ათასწლეულების მანძილზე იბრძოდა ებრაელი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ბარ კოხბას აჯანყება (132-135 წწ) ებრაელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე რომაული სახელმწიფოს გაძლიერებისა და მისი საზღვრების არნახულად გაზრდის შემდეგ მის შემადგენლობაში აღმოჩნდა მრავალი ქვეყანა და ხალხი, მათ შორის პალესტინაც. ებრაელები არ ეგუებოდნენ რომაელთა ბატონობას და ყველა შესაძლო შემთხვევაში ცდილობდნენ არასასურველი უღლის გადაგდებას. მათთვის მიუღებელი იყო არა მხოლოდ რომაელთა ბატონობის სიმძიმე, არამედ მათი წარმართული პანთეონიც. მონოთეიზმის აღმსარებელი ხალხისთვის ცოდვის ტოლფასი იყო მრავალღმერთიანი ბატონების მსახურება.
ებრაელი ხალხის წინააღმდეგობა მით უფრო ძლიერი იყო, რაც მეტი იყო რომაელების მხრიდან რელიგიური წნეხის გაძლიერება. განსაკუთრებული სისასტიკით იმპერატორ ადრიანეს დროს (117-138 წწ) ავიწროებდნენ ებრაელებს, რომლებსაც აყრილი ჰქონდათ ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლებები, დევნიდნენ და ქონებას ართმევდნენ. სიკვდილით დასჯა ელოდა ყველას, ვინც თავს არ დაანებებდა მოსეს რჯულს, მაგრამ მოსახლეობა და, განსაკუთრებით, სწავლულები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ რომაელთა მოთხოვნებს. აივსო მოსახლეობის მოთმინების ფიალაც. მას შემდეგ, როდესაც იმპერატორმა გადაწყვიტა იერუსალიმის ადგილზე დაეარსებინა ახალი კოლონია ელია კაპიტოლიუმელი (13,59) და სოლომონის ტაძრის ადგილზე აეშენებინა იუპიტერ კაპიტოლიუმელის ტაძარი (7, 197).
აჯანყებას სათავეში ჩაუდგა სიმონ ბარ კოზიბა. იგი წარმოშობით ქალაქ კოზიბადან იყო და ფიზიკური აღნაგობით გამოირჩეოდა (Dიონ Kასიი, XXIV, 17). მან თავის თავს უწოდა კოხბა, რაც ებრაულად ვარსკვლავს (ვარსკვლავის ძეს) ნიშნავს და თავისი სახელი გამოჰყავდა ძველი აღქმის „რიცხვთა” წიგნებიდან, სადაც ნათქვამია: „ამოვა ვარსკვლავი იაკობისა და აღსდგება კვერთხი ისრაელისა და მოსრავს მთავართა მოაბისა და გაანადგურებს ყველას ძეთა სითოისა”. ბარ კოხბამ აჯანყებული ხალხი რომაელების წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმა. მას მხარში ამოუდგა დიდი სასულიერო მოღვაწე და სწავლული რაბინი აკიბა, რომელიც ქალაქიდან ქალაქში, კარიდან კარზე დადიოდა და ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდებდა.
იუდეაში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ არა ერთიანობისა და რომაელების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ, არამედ მათთან შერიგებისა და დამორჩილებისაკენ. ისინი სიმონის ღვთის რჩეულობას დასცინოდნენ და მას „ბარ კოხბას” ნაცვლად „ბარ კოზიბას” (ძე სიცრუისა) უწოდებდნენ. მიუხედავად საზოგადოების ასეთი ნაწილის არსებობისა, აჯანყება დაიწყო დიდი თავგანწირვითა და ფანატიზმით. იმპერატორმა ადრიანემ დაუყოვნებლივ გაგზავნა პალესტინაში რჩეული ლეგიონები იულიუს სევერუსის მეთაურობით. ბრძოლა სამი წელი გაგრძელდა. რომაელებმა მთელი პალესტინა ააოხრეს და გააპარტახეს.
ბარ კოხბას ამბოხს მკვლევარები თვლიან ებრაელთა საყოველთაო აჯანყებად. მართლაც, რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ აღსდგა მთელი ებრაელი ხალხი, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის, პალესტინასა თუ დიასპორაში და რითიც შეეძლო, იმით თანაუგრძნობდა აჯანყებას. ამ დროისათვის მახლობელი აღმოსავლეთი მოფენილი იყო მრავალრიცხოვანი ებრაული გალუთებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად არ კარგავდნენ კავშირს დედასამშობლოსთან.
ამ საერთო აჯანყების სულისჩამდგმელად მიჩნეულია თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სწავლული რაბინი აკიბა. მის შესახებ მრავალი ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავია შემონახული. ახალგაზრდობაში იგი მდიდარი იერუსალიმელის ქალბა-საბუნის მწყემსი იყო და შეუყვარდა მისი ქალიშვილი. სასიმამრო ამ სიყვარულის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ამიტომ ქალ-ვაჟი გაიპარა და მალულად იქორწინა. ახალშეუღლებულნი სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ, მაგრამ სიღარიბემ ვერ გატეხა აკიბას სურვილი, დაუფლებოდა სწავლა-განათლებას. მან მიატოვა მეუღლე და იმ დროისათვის განთქმულ ბენ ჰირკანისა და გიმზოელი ნახუმის სასწავლებლებში გაემართა, სადაც მიიღო საფუძვლიანი განათლება და დაბრუნდა იერუსალიმში (8,630). მას უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული ხალხში და სიმამრმაც მოწიწებით მიიღო. რაბინი აკიბა გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც შეძლო მოენახა წმინდა წიგნში საუკუნეებით დაგროვილი ზეპირი წყაროების განმარტებანი. მან წმინდა წიგნთან ერთად ზეპირი გადმოცემებიც აუცილებელ კანონებად გამოაცხადა. რაბინი აკიბას განმარტებები, რომლებსაც ეწოდება მიდოთი, სამ ნაწილად იყოფა: მიდრაში (წმინდა წიგნის განმარტება), ჰალახა (ზეპირ კანონთაშეთანხმება დაწერილ, ანუ მოსეს კანონებთან) და ჰაგადა (თქმულებანი, იგავნი) (5, 163).
რაბინი აკიბა მრავალი რელიგიური წესის დამმკვიდრებელი გახდა. ძველი თქმულება გადმოგვცემს, რომ პასექის შემდეგ გაჩენილა ეპიდემია, რომელსაც ყოველდღე მიჰქონდა რაბინის ათობით მოწაფის სიცოცხლე. ეპიდემია პასექის 33 დღეს შეწყდა. რაბინმა აკიბამ დაადგინა, რომ ამიერიდან პასექის პირველი დღიდან არც ერთი ებრაელის ოჯახში არ ჩატარებულიყო სამხიარულო დღეების აღნიშვნა. ეს წესი დღემდე მკაცრადაა დაცული ყველა მორწმუნე ებრაელის ოჯახში და „ყომერი“ ეწოდება.
ბარ კოხბას ამბოხის შესახებ ისტორიული წყაროებიდან ჩვენამდე შემორჩა დიონ კასიუსისა და ევსევი კესარიელის თხზულებებში. ებრაულ თქმულებებსა და ლიტერატურულ ძეგლებში შემორჩენილია ძირითადად მისი ფინალი ციხესიმაგრე ბეთარას ალყა და დაცემა (13,59). აგრეთვე გამარჯვებული ამბოხებულების მიერ მოჭრილი მონეტები. აჯანყებულებმა საკუთარ კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გამოაცხადეს ახალი ერა ,,ისრაელის დახსნა ისრაელის პატრიარქის შიმონ ბარ კოხბას მიერ“ (7,197). აჯანყებამ იმდენად საყოველთაო სახე მიიღო, რომის იმპერიას თითქმის სამწელნახევარი დასჭირდა აჯანყებული ებრაელობის დასაშოშმინებლად. საუკეთესო ლეგიონები იქნა მივლენილი პალესტინაში წესრიგის დასამყარებლად და 135 წლის ზაფხულში აჯანყება ჩაახშეს. აჯანყებულებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულებს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული იყო მიწისქვეშა გვირაბებით (დიონ კასიუსი LXIX, 12). ბოლო დასაყრდენი ბეთარას ციხე რომაელებმა აიღეს და მისი დამცველები სიკვდილით დასაჯეს. მოსახლეობა ზოგი ბრძოლებში გაწყდა, ზოგი დაიფანტა. ვარაუდობენ რომ ლტოლვილთა ერთი ნაკადი ქართლშიც შემოვიდა.
არსებობს მოსაზრება, რომ ცნობილი სწავლულის რაბინი აკიბას მოგზაურობა სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ დაეინტერესებინა ყველაზე შორეულ ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები. ამ მიზნით იგი ეწვია სპარსეთს, მცირე აზიას, კაპადოკიას და ფრიგიას. როგორც ვარაუდობენ, აზიისა და აფრიკის სხვა ქვეყნებსაც. ერთ-ერთი უძველესი დიასპორა ებრაელებს საქართველოში ჰქონდათ. ქართული ნარატიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ, ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორ II გაანადგურა იერუსალიმი, გაფანტული მოსახლეობის მცირე ნაწილი სწორედ ქართლში შემოიხიზნა. ისინი დასახლდნენ ქართლში, სამეფო ქალაქ მცხეთაში, და საზოგადოებრივად საკმაოდ მაღალ საფეხურსაც მიაღწიეს. გარდა ამ პერიოდისა, ებრაელების მორიგი მიგრაციული ტალღები საქართველოში შემოსულა სხვა დროსაც: ძვ. წ. 169 წ. (გ. მელიქიშვილის მიხედვით) (1,452), ან ძვ. წ. 136 წ. (ე. მამისთვალიშვილის) (4,102) მიხედვით, ძვ. წ. 70-60-იანი წლები, ახ. წ. 70-იანი წლები-ფლავიუსების მიერ იუდეის განადგურების შედეგად).
ებრაული დასახლებები საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე. ებრაული სამყარო სწორედ საქართველოდან გაიცნო ჩრდილოკავკასიელმა ხალხმა. ეს კავშირი ორ ერს შორის იმდენად მჭიდრო ყოფილა, რომ ჩამოყალიბდა აზრი ამ ორი ხალხის ეთნიკური ნათესაობის შესახებაც. ებრაული დიასპორისა და აბორიგენი ხალხის შერევის შემდეგ ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ანთროპოლოგიური ტიპი, რომელმაც შეინარჩუნა რა ებრაული ტიპაჟისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, შეითვისა ქართული ანთროპოლოგიური ტიპის პარამეტრებიც და ჩამოყალიბდა თავისებური ლიმოტროპული ეთნიკური ერთეული, რომელსაც დღეს ქართველ ებრაელებს ვუწოდებთ.
გადმოცემით, რაბინ აკიბას უმოგზაურია ამიერკავკასიაში, კერძოდ არმენიასა და საქართველოში, სადაც იგი ცდილობდა მოეგროვებინა შესაწირი იმ საყოველთაო აჯანყების დასახმარებლად, რომელიც ბარ კოხბას მეთაურობით დაიწყო პალესტინაში. რაბინი აკიბას მოგზაურობის დეტალები ჩვენთვის უცნობია. იმ დროისათვის, ესე იგი 132-წლისათვის საქართველოში ნამდვილად რომ არსებობდა ძლიერი ებრაული თემი, ამას მრავალი ისტორიული, როგორც ნარატიული, ასევე არქეოლოგიური წყარო ადასტურებს. ებრაელები ცხოვრობდნენ ქართლის დიდ ქალაქებში, ფლობდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას, ზოგიერთი მათგანი სარგებლობდა საკმაოდ მაღალი სოციალური სტატუსით (6,98-99) და ამდენად, შორეული თანამოძმეების დასახმარებლად მატერიალური სახსრების გაღება არ უნდა გასჭირვებოდათ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართლში მცხოვრები ებრაელები განუწყვეტლივ საქმის კურსში იყვნენ შორეულ სამშობლოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებისა (4,136), ცხადი ხდება, რომ ბარ კოხბას ამბოხის მზადების შესახებ ქართლში უკვე არსებობდა გარკვეული ინფორმაცია.
როგორც აღვნიშნეთ, ბარ კოხბამ თავისი დროშის ქვეშ გააერთიანა ნახევარ მილიონზე მეტი მეომარი ებრაელი, რომლებსაც ქვეყნის რომაელთაგან გათავისუფლება სურდათ. პირველივე ბრძოლების შემდეგ რომაელი პროკურატორი ანი რუფი მხლებლებთან ერთად გაიქცა. გამარჯვებულებმა მოახერხეს მრავალი ციხისა და დასახლების გათავისუფლება, გამარჯვების აღსანიშნავი ერთ-ერთი მოვლენა იყო დამოუკიდებელი ქვეყნის სიმბოლოს-მონეტის მოჭრა. ბარ კოხბას ამბოხის შედეგად ორი სახის მონეტა მოიჭრა. ერთ მათგანზე გამოსახული იყო ოთხსვეტიანი კოლონადა, რომლის ცენტრში მოთავსებული იყო აღთქმის კიდობანი. არქიტრავზე მოთავსებული იყო დავითის ვარსკვლავი, თუმცა აჯანყების ბელადის სახელიც ვარსკვლავთან იყო დაკავშირებული (7,200). ამ მონეტებზე მოთავსებული იყო წარწერა „შიმონ“ ანუ ,,იერუშალემ“. სხვა სახის მონეტები წააგავს ხასმონეელების (66-70 წლების ხასმონეველების დინასტიის და ებრაელთა აჯანყების) პერიოდის მონეტებს. მათზე გამოსახული იყო სხვადასხვა საკულტო ხასიათის საგნები: შოფარი, პალმისა და სხვა მარადმწვანე მცენარეთა ფოთლები, რომლებიც გამოიყენებოდა სუქოთის დღესასწაულის დროს, ლირა, რომელიც აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა დღესაწაულების დროს, აგრეთვე ყურძნის მტევნები, რომლებიც სიმბოლურად დამახასიათებელი იყო ქვეყნის ტრადიციულ სასოფლოსამეურნეო კულტურებთან (7,200).
აჯანყებულებმა შეძლეს იუდეის მნიშვნელოვან ნაწილზე კონტროლის დაწესება. ბარ კოხბას ხელში გადავიდა სამოქალაქო ხელისუფლება, სამხედრო საქმე, ნიშნავდა სამოქალაქო თანამდებობის პირებს. იმ პაპირუსებს შორის, რომლებიც აღმოჩნდა ხებერსა და მურააბათში, არის ბარ კოხბას მიერ გაცემული მიწის არენდის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, სადაც ის მოხსენიებულია როგორც ისრაელის პატრიარქად. ეს დოკუმენტები დათარიღებულია 132 წლის დასასრულისა და 133 წლის დასაწყისით (7, 201).
ბარ კოხბას აჯანყება ისეთი მასობრივი მოვლენა იყო, რომ იგი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს როგორც ებრაელთა საყოველთაო აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამ აჯანყების დაწყებამდე მიმდინარეობდა საყოველთაო იდეოლოგიური და მატერიალური სამზადისი. ამ მიზნით ებრაელი აგიტატორები გაემართნენ ისეთ შორეულ ადგილებშიც კი, როგორიც იყო აზიის ქვეყნები.
საქართველოშიც არსებობდა ძლიერი ებრაული თემი, რომელიც საკმაოდ დაწინაურებული იყო. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ შორეული პალესტინიდან ჩამოსულიყო აჯანყების სულისჩამდგმელი და უდიდესი ავტორიტეტის მქონე რაბინი აკიბა, რომელიც ცდილობდა პატრიოტული გრძნობები გაეღვივებინა ამიერკავკასიაში მაცხოვრებელი თანამოძმეებისთვის. ბარ კოხბას აჯანყების ჩახშობამ პალესტინელი ებრაელებისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოიტანა. ისედაც დაფანტული მოსახლეობა კიდევ უფრო დაიფანტა. მათი ერთი ნაწილი შეიძლება შემოსულიყო საქართველოშიც (3, 340)
დამოწმებანი:
1. მელიქიშვილი გ., ქართული პოლიტიკური და ეთნიკური წარმონაქმნები ელინისტურ ხანაში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, (445-467).
2. საქართველოს ისტორია, 1, თბ., 2008.
3. ჭიჭინაძე ზ.,ქართველი ებრაელნი საქართველოში, 1904.
4. მამისთვალიშვილი ე., ქართველ ებრაელთა ისტორია,თბ., 1995.
5. ბათოშვილი ა., ებრაელი ხალხის ისტორიიდან, თბ., 1991.
6. ჩოჩიშვილი დ., ებრაულ-ქართული ურთიერთობების ისტორია, თბ., 2004.
7. Евреи в Римской Империи в эроху Талмуда, Тель-Авив, 1999.
8. Еврейская энсиклопедия, т. 1, С.Пб.,изд-во Брокгауз- Ефрон
9. Еврейская энсиклопедия, т. 2, С.Пб., изд-во Брокгауз- Ефрон
10. Еврейская энсиклопедия, т. 9, С.Пб., изд-во Брокгауз- Ефрон
11. Никольский Н., Древний Израиль, М., 1992.
12. Jigael Jadin., Bar Kochba. Archäologen auf den Spuren des letzten Fürsten von Israel, Hamburg 1971.
13. Rogel Michael Kean, Die Romischen Kaizer, Augsburg, 2009.
Комментариев нет:
Отправить комментарий