VI
ს-ის ანონიმი სირიელი ავტორის „ფირან გუშნასპის წამება“
„პეროზის მეფობიდან მოყოლებული ხოსროს მეფობის მეათე წლამდე (541 წ.) სპარსეთში ქრისტიანები მოსვენებით, უვნებლად და თავისუფლად ცხოვრობდნენ, ხოლო ამ წელს მოგვებმა მათ დევნულობა აუტეხეს. ხოსროს მეფობის მეათე წელს მაგებმა დაიწყეს ქრისტიანთა დევნა. სადაც ქრისტიანები სუსტები იყვნენ ტაძრები და მონასტრები დაანგრიეს. ამ დროში ცხოვრობდა ადამიანი რეიში, სპარსეთში განთქმული საგვარეულოს მიჰრანის გვარიშვილი, რომელსაც თავიდან ერქვა ფირან გუშნასპი, ხოლო მონათვლის შემდეგ უწოდეს გრიგორი. იგი სპარსეთის მეფისაგან ჩრდილოეთის საზღვრის გამგე უფროსად იყო დანიშნული და გურზანის (იბერია) და არანის (ალბანეთი) ქვეყანაში სანაპირო საზღვრის დაცვა ჰქონდა ჩაბარებული. მის ხელქვეით იქ ბევრი ათასეული მხედარი იყო.
კავადის მეფობის ოცდამეათე წელს (518 წ.) ფირანი გაქრისტიანდა და, რის გამოც, 3 წელი წყლიან ავზში გაატარა. შემდეგ (521 წელს) სპარსეთის მეფე დაარწმუნა კვლავ ძველი თანამდებობაზე დაებრუნებინა. როცა სპარსელებსა და რომაელებს შორის გურზანისა და არანის მხარეში ომი დაიწყო (527-531 წლებში) ფირან გუშნასპი სპარსელთა ჯარს სარდლობდა და დამარცხდა, რომაელებმა იგი დაატყვევეს, იმპერატორს მიგვარეს და ციხეში ჩასვეს. ზავიდან მეორმოცე წელს ხოსრო ავიდა ტახტზე და უბრძანა თავის სამ წარმომადგენელს წასულიყვნენ რომაელებთან, რომ გაგრძელებულიყო ზავი ორ სამეფოს შორის. იმპერატორმა კარგად მიიღო ელჩობა, დათანხმდა ზავზე (532 წ.) და გრიგორიც ტყვეობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც (533 წელს) სპარსეთის მეფემ იმ მხარეთა მმართველობა დაუბრუნა, რომელთაც ადრე მართავდა.
ამის მიუხედავად იგი ქრისტიანად რჩებოდა, რის გამოც განაწყენდნენ მისი ახლობლების მიჰრანის სახლიდან, იჩივლეს მეფესთან და მოითხოვეს მისი დასჯა. გრიგოლი გადააყენეს, დააპატიმრეს და მოთხოვეს ქრისტიანობაზე უარის თქმა. გრიგოლმა უარი თქვა და ყველანაირ წამებას გაუძლო. გურზანისა და არანის მმართველად გრიგოლის ძმა (არვანდ გუშნასპი) დანიშნეს. ამ დროს რომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო.
მეფობის მეცხრე წელს (540 წ.), სპარსეთის მბრძანებელმა სირიაში გაილაშქრა, ანტიოქია დაანგრია და გადასწვა.
ერთი წლის შემდგომ, სპარსეთის მეფე იძულებული იყო ჰეგართა ქვეყანაში (ეგრისი) გაელაშქრა (542 წელს). გამარჯვების შემდგომ შინ მიმავალმა ხოსრო მეფემ იმ ჰეგართა ქვეყანაში სანაპიროს დასაცავად სწორედ ფირან გუშნასპი დატოვა.
მოგვების მოთხოვნით მეხუთმეტესა წელსა მეფობისა ხოსრო სპარსთა მეფისა (546 წ.), გამოიცა მეფისაგან ბრძანება თავის საბრძანებლის ყველა ქვეყნისადმი, რომ ვინც სპარსთა ტომისაგან ქრისტეს აღმსარებელი აღმოჩნდება, შეიპყრონ, ციხეში დაამწყვდიონ, მკაცრი ტანჯვით ღვთისმსახურების დატევება აიძულონ და მზესა და ცეცხლს თაყვანი აცემინონ. გრიგოლი, როგორც ქრისტიანი, შეპყრობილ იქნა და დიდად ტანჯული ქართველთა მარზპანისაგან, რომელსაც ერვანდ ვშნასპი ერქვა. მრავალრიცხოვანი წარჩინებული ქრისტიანების თხოვნის მიუხედავად გრიგოლის გათავისუფლება ამჯერად ვეღარ მოხერხდა, რადგან მისი სტატუსი ამის საშუალებას არ იძლეოდა. დიდი ხანი წამების მიუხედავად ვერ გატეხეს, რის გამოც გაასამართლეს და თავი მოკვეთეს“.
კავადის მეფობის ოცდამეათე წელს (518 წ.) ფირანი გაქრისტიანდა და, რის გამოც, 3 წელი წყლიან ავზში გაატარა. შემდეგ (521 წელს) სპარსეთის მეფე დაარწმუნა კვლავ ძველი თანამდებობაზე დაებრუნებინა. როცა სპარსელებსა და რომაელებს შორის გურზანისა და არანის მხარეში ომი დაიწყო (527-531 წლებში) ფირან გუშნასპი სპარსელთა ჯარს სარდლობდა და დამარცხდა, რომაელებმა იგი დაატყვევეს, იმპერატორს მიგვარეს და ციხეში ჩასვეს. ზავიდან მეორმოცე წელს ხოსრო ავიდა ტახტზე და უბრძანა თავის სამ წარმომადგენელს წასულიყვნენ რომაელებთან, რომ გაგრძელებულიყო ზავი ორ სამეფოს შორის. იმპერატორმა კარგად მიიღო ელჩობა, დათანხმდა ზავზე (532 წ.) და გრიგორიც ტყვეობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც (533 წელს) სპარსეთის მეფემ იმ მხარეთა მმართველობა დაუბრუნა, რომელთაც ადრე მართავდა.
ამის მიუხედავად იგი ქრისტიანად რჩებოდა, რის გამოც განაწყენდნენ მისი ახლობლების მიჰრანის სახლიდან, იჩივლეს მეფესთან და მოითხოვეს მისი დასჯა. გრიგოლი გადააყენეს, დააპატიმრეს და მოთხოვეს ქრისტიანობაზე უარის თქმა. გრიგოლმა უარი თქვა და ყველანაირ წამებას გაუძლო. გურზანისა და არანის მმართველად გრიგოლის ძმა (არვანდ გუშნასპი) დანიშნეს. ამ დროს რომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო.
მეფობის მეცხრე წელს (540 წ.), სპარსეთის მბრძანებელმა სირიაში გაილაშქრა, ანტიოქია დაანგრია და გადასწვა.
ერთი წლის შემდგომ, სპარსეთის მეფე იძულებული იყო ჰეგართა ქვეყანაში (ეგრისი) გაელაშქრა (542 წელს). გამარჯვების შემდგომ შინ მიმავალმა ხოსრო მეფემ იმ ჰეგართა ქვეყანაში სანაპიროს დასაცავად სწორედ ფირან გუშნასპი დატოვა.
მოგვების მოთხოვნით მეხუთმეტესა წელსა მეფობისა ხოსრო სპარსთა მეფისა (546 წ.), გამოიცა მეფისაგან ბრძანება თავის საბრძანებლის ყველა ქვეყნისადმი, რომ ვინც სპარსთა ტომისაგან ქრისტეს აღმსარებელი აღმოჩნდება, შეიპყრონ, ციხეში დაამწყვდიონ, მკაცრი ტანჯვით ღვთისმსახურების დატევება აიძულონ და მზესა და ცეცხლს თაყვანი აცემინონ. გრიგოლი, როგორც ქრისტიანი, შეპყრობილ იქნა და დიდად ტანჯული ქართველთა მარზპანისაგან, რომელსაც ერვანდ ვშნასპი ერქვა. მრავალრიცხოვანი წარჩინებული ქრისტიანების თხოვნის მიუხედავად გრიგოლის გათავისუფლება ამჯერად ვეღარ მოხერხდა, რადგან მისი სტატუსი ამის საშუალებას არ იძლეოდა. დიდი ხანი წამების მიუხედავად ვერ გატეხეს, რის გამოც გაასამართლეს და თავი მოკვეთეს“.
VI
ს-ის ანონიმი ავტორის „ევსტათი
მცხეთელის წამება“
ივლისის თვის 29-ში
მარტვილობა და მოთმინება წმინდა ევსტათი მცხეთელისა
1. ხოსრო მეფის მეათე წელს (541 წ.) და ქართლში არვანდ გუშნასპის მარზაპნობისას (მარზპანი - შაჰის მოხელე, მხარის მმართველი) მოვიდა სპარსეთიდან, სოფელ არშაკეთიდან,
ერთი კაცი, მოგვის ძე. წარმართი იყო იგი და მას სახელად ერქვა გვირობანდაკი.
ასაკით ჭაბუკი იყო იგი, დაახლოებით
30 წლის.
მოვიდა იგი ქალაქ მცხეთაში და განისწავლებოდა მეხამლეობის (მეწაღეობის) ხელობაში. ხედავდა იგი ქრისტიანების სჯულს, ქრისტეს მსახურებას და წმინდა ჯვრის ძალის გამოჩინებას. შეიყვარა მან ქრისტიანების სჯული და იწამა ქრისტე, ხოლო როდესაც ისწავლა მეწაღეობა, ითხოვა მან ქრისტიანი ცოლი, თავადაც ქრისტიანი გახდა და ნათელიღო, ხოლო ნათლისცემისას უწოდეს მას სახელი ევსტათი. და ცხოვრობდა წმინდა ევსტათი (ბერძნულად „კეთილადმდგომი“)
ქრისტიანობით და ქრისტეს სათნოებით.
(546 წელს ხოსრომ გამოსცა კანონი მის სამფლობელოებში ქრისტიანობის დევნის შესახებ).
2. იმ დროს შეიკრიბნენ სპარსელები, რომლებიც მცხეთაში იყვნენ, მეჯადაგეები („მეჯადაგე“ საბას განმარტებით „მეჯღანეა“ თუმცა ძველ ქართულში „ჯადაგი“/„ჯადაგო“
ნიშნავდა „მჭევრმეტყველს”, „ორატორს“)
და მეწაღეები, და, ტოზიკობდნენ
რა, შეუთვალეს ნეტარ ევსტათის და უთხრეს: „მოდი და შემოგვიერთდი
ჩვენს განცხრომაში“. მაგრამ ნეტარმა ევსტათიმ გაიცინა და უთხრა მათ: „თქვენი ტოზიკიც (ტოზიკობა - განცხრობა, დღესასწაულობა, მსხვერპლშეწირვა) ბნელია და თქვენ, მეტოზიკეებიც, ბნელნი ხართ. ხოლო მე ქრისტეს ბეჭედი მიმიღია და ქრისტეს ტოზიკს ვტოზიკობ
(ე.ი. აღდგომას ვდღესასწაულობ), რადგან ქრისტეს ბეჭდით ვარ აღბეჭდილი და მაგ სიბნელეს განვეშორე“.
როდესაც ტოზიკი გადაიხადეს (როგორც ჩანს მაზდეანები ზეიმობდნენ ახალწლის დღესასწაულს, ნავროზობას, რომელიც ამ დროს აღდგომას ემთხვეოდა. მაზდეიანთა ახალი წელი, ნავროზობა, დადებული იყო გაზაფხულის დამდეგს, ის გრძელდებოდა 22 მარტიდან 28-მდე /სხვათა შორის, ქრისტიანთა აღდგომის წითელი კვერცხი ხმარებაში იყო მაზდეიანთა ამ დღესასწაულზედაც/, ქრისტიანთა აღდგომა 22 მარტიდან 28-მდე მოდიოდა 547 წელს. ამ წელს ის 24 მარტს მოდიოდა, მაშასადამე, პირველად ევსტათი 547 წელს დაუბეზღებიათ), შეიკრიბნენ იგივე მეჯღანეები და მეხამლეები, მოითათბირეს მცხეთელი ერისთავის უსტამის წინაშე და თქვეს: „აქ არის ერთი კაცი ჩვენი სჯულისა, ჩვენთან ტოზიკზე არ მოდის, ცეცხლს არ გამოსცემს და ჩვენს სჯულსაც გმობს, თანაც გვაგინებს ჩვენ და ამბობს, რომ მე ქრისტიანი ვარო. ახლა კი შენ უხმე და გამოჰკითხე, რადგან ამ ქალაქში ხელისუფალი ხარ”.
უსტამმა, მცხეთის ციხისთავმა, მოისმინა მათი ნათქვამი ევსტათის შესახებ და გააგზავნა ერთ-ერთი მხედარი ნეტარი ევსტათის მოსახმობად, რომელმაც მრისხანედ უთხრა მას: „გიხმობს შენ ციხისთავი”.
ხოლო წმინდა ევსტათი ოდნავ შეფერხდა და უნდოდა გარიდება, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა და თქვა: „ესენი ჩემი ახლობლები არიან. თუ ამათგანაც შევშინდები, შემდეგ დიდ მთავართა წინაშე როგორ წარვდგე?! პირიქით, მივალ მასთან და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რადგან მსმენია წმინდა სახარებისგან, უთქვამს რა ასე: ‘ვინც მაღიარებს მე ადამიანების წინაშე, მეც ვაღიარებ მას ჩემი ზეციერი მამის წინაშე, და ვინც უარმყოფს მე ადამიანების წინაშე, მეც უარვყოფ მას ჩემი მამის წინაშე, რომელიც არის ცათა შიგნით”. გადაიწერა მან ჯვარი შუბლზე და გულზე და თქვა: ‘უფალი ჩემთანაა”.
და მოვიდა ნეტარი ევსტათი და წარმოდგა იგი მცხეთელი ციხისთავის უსტამის წინაშე. წარგზავნილმა უთხრა უსტამს: „ესაა ჩვენი სჯულის მაგინებელი”. მიხედა ციხისთავმა ნეტარ ევსტათის და უთხრა: „შენ გეუბნები, ადამიანო, მითხარი მე, რომელი ქვეყნისა ხარ ან რომელი ქალაქისა ანდა რომელი სჯული გაქვს”?
წმინდა ევსტათიმ უთხრა მას: ‘მე სპარსეთის ქვეყნისა ვიყავი, არშაკეთის ხევიდან. ქალაქ განძაკისა ვიყავი. ჩემი მამა მოგვი იყო და მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ მე მოგვობა არ ვინდომე, რადგან ქალაქ განძაკში ქრისტიანები უფრო მეტნი არიან და ჰყავთ მათ ეპისკოპოსი და მღვდლები. სწორედ მათგან ყველაფერს ჩავწვდი, რადგან ყველა სჯულზე აღმატებულია ქრისტიანობა ... ვიდრე უღვთოება(?). და ახლა მე ქრისტე მწამს და ქრისტეს მსახურებაში ვარ”.
ხოლო უსტამ ციხისთავმა უთხრა მას: ‘არავინ დაგანებებს ქრისტეს მსახურად ყოფნას და თუ მშვიდობიანად არ დატოვებ მაგ სიცოფეს, დიდი ტანჯვა მოიწევა შენზე”. ხოლო წმინდა ევსტათიმ უთხრა: ‘არათუ მარტო ტანჯვისთვის ვარ გამზადებული ქრისტეს სიყვარულის გამო, არამედ სიკვდილისთვისაც ჩემი თავი არ მებრალება”.
როდესაც ნახა უსტამმა გადაწყვეტილად შეუძრავობა ნეტარი ევსტათისა, აწონ-დაწონა და თქვა: ‘ამ ადამიანის არანაირი დასჯის უფლებამოსილი მე არ ვარ, არც ძელზე გასმის, არც შეპყრობისა, არამედ წავუყვან მას ქალაქ თბილისში არვანდ გუშნასპს, ქართლის მარზაპანს, და რაც შესაფერისი იქნება, იგი უზამს, რადგან ქართლის ყველა ადამიანის სიკვდილი და სიცოცხლე მის უფლებამოსილებაშია”.
და უბრძანა უსტამმა, მცხეთის ციხისთავმა, ორ მხედარს ნეტარი ევსტათის თბილისში წაყვანა. მაშინ შეიკრიბნენ იგივე მეჯღანეები და მეწაღეები, მივიდნენ უსტამთან და უთხრეს: ‘არიან აქ სხვებიც ჩვენი სჯულისა და ისინიც ქრისტიანები არიან. ბრძანე იმათი ხმობაც და მათი წაყვანაც თბილისში”.
უსტამმა უთხრა მათ: ‘ვინ არიან ისინი?” მათ აუწყეს იმათი სახელები და უთხრეს: ‘ერთს გუშნაკი ჰქვია, მეორეს ბახდიადი, მესამეს ბურზო, მეოთხეს პანაგუშნასპი, მეხუთეს პეროზაკი, მეექვსეს ზარმილი, მეშვიდეს სტეფანე”.
ბრძანა უსტამმა მათი ხმობა, მაგრამ არანაირი მათი განსჯა არ მოუხდენია, მხოლოდ ამ რვავეს შეკვრა და თბილისში არვანდ გუშნასპთან, ქართლის მარზაპანთან, გაგზავნა ბრძანა, თან ასე შეუთვალა მას: „ეს ადამიანები ჩვენი სჯულისა იყვნენ და ქრისტიანთა სჯული აქვთ, მე კი შევიპყარი ისინი და შენ, ბატონს, გამოგიგზავნე, რადგან შენს უფლებამოსილებაშია მათი განსჯა”.
3. და წარუდგინეს ეს რვავე მარზაპანს, მან კი უთხრა მათ: „ვინ ხართ, ან რომელი სჯული გაქვთ?” ყოველმა მათგანმა სათითაოდ აუწყა თავისი ქვეყანა და დაბა, და ყველამ უთხრა: ‘მამისეულ სჯულზე როდესაც ვიყავით, სპარსელების სჯული ვიცოდით, მაგრამ როდესაც ქართლში შემოვედით და ქრისტიანების სჯული ვნახეთ, ქრისტიანები გავხდით და ახლა ქრისტიანები ვართ, რადგან ქრისტიანთა სჯული წმინდაა და სურნელოვანი. მეტად კარგია იგი და მშვენიერი, ხოლო სხვა სჯული ვერ გაუთანაბრდება ქრისტიანთა სჯულს”.
ხოლო ამათ შორის მსაჯულისადმი პასუხის გამცემი ნეტარი ევსტათი იყო. როდესაც მსაჯულს ამგვარი სიტყვები მოესმა მათგან, გული განურისხდა და უბრძანა თავის მსახურებს, რომ სახეში ეცემათ ამ ნეტარებისთვის და გარეთ გაეყვანათ ყველანი, თანაც ბრძანა: ‘მოპარსეთ მაგათ თმა და წვერი, გაუხვრიტეთ მაგათ ცხვირები, ჯაჭვი დაადეთ მაგათ კისერზე, ბორკილები შეასხით ფეხებზე და შესვით ეგენი საპყრობილეში, ხოლო თუ ვინმე მათგანი აღიარებს მამისეულ სჯულს, გაუშვით და ჩემთან მოიყვანეთ, მე კი გავამდიდრებ მას დიდი საბოძვარით, მაგრამ ვინც მამისეულ სჯულს არ აღიარებს, იგი საპყრობილეში მოკვდეს”.
როდესაც გაიგონეს მარზაპნის სიტყვა, რომ „ვინც აღიარებს. იმას ვაცოცხლებო, და ვინც არ აღიარებს მამისეულ სჯულს, საპყრობილეში მოკვდესო”, მაშინ ეშმაკი შეუვიდა ბახდიადისა და პანაგუშნასპის გულს, უარყვეს ქრისტე და უღვთოება აღიარეს, რის გამოც მათ ჯვარმცმელებთან მიიღეს ნაწილი, ხოლო ნეტარი ევსტათი, გუშნაკი, ბურზო, პეროზაკი, ზარმილი და სტეფანე გადაწყვეტილად და მტკიცედ იდგნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე. როდესაც უთხრეს მარზაპანს, რომ ორმა მათგანმა აღიარა მამისეული სჯული, გაიხარა მარზაპანმა, ბრძანა მათი შემოყვანა, გვერდით დაისვა ისინი და ჰპირდებოდა მათ დიდ სიმდიდრეს და კარგად მოპყრობას, ხოლო ნეტარი ევსტათისა და მისი სხვა მეგობრებისთვის ბრძანა თავისა და წვერის მოპარსვა, კისერზე ჯაჭვის დადება და ბორკილებით ჩასმა მათი საპყრობილეში. მსახურებმა აღასრულეს მარზაპნის ბრძანება, მოპარსეს მათ თმა და წვერი და ჯაჭვითა და ბორკილით საპყრობილეში ჩააგდეს, ხოლო ბახდიადსა და პანაგუშნასპს მარზაპანმა ნუგეში სცა და გაუშვა, ის სიმდიდრე და სიკეთე კი, რასაც ჰპირდებოდა მათ, არაფერი მისცა, ერთი კალათიც (= ფიალას) კი.
წმინდა ევსტათი და მისი სხვა მეგობრები შეპყრობილნი იყვნენ თითქმის ექვსი თვეღა. და ექვსი თვის შემდეგ (ე.ი. დაახლოებით 547 წლის ოქტომბერში) სპარსელთა მეფის წარგზავნილი მოვიდა არვანდ გუშნასპთან. როდესაც მეფისკენ მიემართებოდა მარზაპანი, შეიკრიბნენ ქართლის მთავრები და მარზაპნის გასაცილებლად მოვიდნენ.
როდესაც უნდა ამხედრებულიყო მარზაპანი, ადგნენ ქართლის მთავრები, სამოელ ქართლის კათალიკოსი, გრიგოლ ქართლის მამასახლისი, არშუშა ქართლის პიტიახში და სხვა სეფეწულები, და უთხრეს მარზაპანს: ‘ვევედრებით მაგ შენს უფლებამოსილებას, ერთ სათხოვარს გთხოვთ”. მან კი უთხრა მათ: ‘თქვით, რაც გნებავთ. რა უნდა იყოს, რასაც თქვენ არ მოგმადლებთ?” ყველამ უთხრა: ‘გევედრებით შენ, რომ ინებო შენ, ბატონო, იმ მცხეთელი ადამიანების გაშვება, რომლებიც ქრისტიანობისთვის საპყრობილეს არიან გადაცემულები”. უთხრა მათ მარზაპანმა: ‘ის ადამიანები მოსაკლავები ჩანდნენ, მაგრამ თქვენი შუამდგომლობით გავუშვებ მათ”. გადაუხადეს მადლობა და მანაც ბრძანა იმათი გაშვება. გამოიყვანეს ისინი საპყრობილიდან და მოვიდნენ თავიანთ სახლებში ქრისტიანობით. და ღვთისსათნოდ ცხოვრობდენ ეს ნეტარები. ზოგმა მათგანმა დროთა განმავლობაში შეისვენა (ე.ი. გარდაიცვალა) ღვთის ნებით, ზოგი კი ცოცხალია. (ასე რომ 547 წელს მარზპანმა ორმაგი ნაბიჯი გადადგა: ერთის მხრივ სიკვდილით დასაჯა ძმა, რითაც მოგვების გული მოიგო და გაათავისუფლა ევსტათი, რითაც ქრისტიანების გული მოიგო).
ხოლო იმათგან, რომლებმაც უარყვეს ქრისტე, ბახდიადი ეშმაკეული გახდა და მძიმედ მოკვდა, ხოლო უბადრუკმა პანაგუშნასპმა გლახაკობით გარდავლო დღენი, რომელსაც პური არ ჰქონდა საჭმელად და სხეულის საფარველი არ მოეპოვებოდა სამოსლად. სანამ ცოცხალი იყო, მწუხარებით და გაჭირვებით იყო მისი დღეები.
4. სამი წლის შემდეგ (550 წ.) შემოვიდა ვეჟან ბუზმირი ქართლის მარზაპნად. და წავიდნენ სპარსელები, ნეტარი ევსტათის დამბეზღებლები, მცხეთიდან თბილისში, წარდგნენ ისინი მარზაპან ვეჟან ბუზმირის წინაშე და უთხრეს: ‘არიან ჩვენი სჯულის ადამიანები მცხეთაში, რომლებიც განდგომილები არიან ჩვენგან და ქრისტიანობენ. ახლა მათი განსჯა თქვენს უფლებამოსილებაშია”. უბრძანა ვეჟან ბუზმირმა ორ მხედარს წასვლა და მოხმობა წმინდა ევსტათისა და სტეფანესი. როდესაც მივიდნენ მხედრები, უთხრეს ევსტათის და სტეფანეს: ‘გიხმობს თქვენ მარზაპანი”. მათ უთხრეს: ‘მოვდივართ თქვენთან ერთად, არას ვწუხვართ, არც გვეშინია”.
და როცა უნდა წასულიყვნენ ევსტათი და სტეფანე თბილისში, უთხრა ევსტათიმ თავის სიდედრს, ცოლს, თავის შვილებს და თავის მონა-მხევლებს: ‘გშორდებით თქვენ, რადგან მე აქ აღარ შემოვბრუნდები. ქრისტეს მე არ უარვყოფ და ისინი მე აღარ გამიშვებენ ცოცხალს. ხოლო ჩემი სიკვდილი თბილისში მოხდება საპყრობილეში და თავი მომეკვეთება მე, ჩემი სხეული კი აქვე მოვა ღვთის ნებით”.
უთხრა რა ეს, ყველას განეშორა, მათ კი, ყველამ, გადაიწერეს ჯვარი. და გაემართნენ თბილისისკენ ის და სტეფანე მხედრებთან ერთად, ხოლო ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები მისტიროდნენ უკან. როდესაც მდინარის გაღმა ველზე გადავიდნენ და მიაღწიეს მცხეთის წმინდა ჯვარს, აღაპყრო თავისი ხელები წმინდა ევსტათიმ და თქვა: ‘უფალო ღმერთო იესო ქრისტე, თუკი შენი სახელისათვის სიკვდილის ღირსად გამხდი ქრისტიანობით, ნუ ინებებ ჩემი სხეულის გარეთ გაგდებას და ძაღლებისა და ცის ფრინველებისგან შეჭმას, არამედ ბრძანე ჩემი სხეულის აქვე მობრუნება და მცხეთაში დამარხვა, სადაც ვარ ნათელღებული".
როდესაც ეს სიტყვები თქვა ნეტარმა ევსტათიმ, თაყვანი სცა ჯვარს, განეშორა იქაურ კრებულს და გაემართნენ თბილისისკენ. როდესაც მივიდნენ ის მხედრები, წარადგინეს ევსტათი და სტეფანე მარზპან ვეჟან ბუზმირის წინაშე და თქვეს: ‘ესენი არიან ის მცხეთელი ახალქრისტიანები". ვეჟან ბუზმირმა უთხრა ევსტათის და სტეფანეს: ‘ვინ ხართ ან რა სჯული გაქვთ?" მაშინ წამოდგნენ სირიელი მთავარკაცები (ე.ი. დიდებულები) სტეფანეს გამო და უთხრეს: ‘ეს კაცი ჩვენ ვიცით, ჩვენი თანამემამულეა. მაგისი მამა, დედა, ძმები და დები ქრისტიანები არიან და ეგეც ქრისტიანია". და მათი სიტყვებით სტეფანე გაუშვეს, ხოლო წმინდა ევსტათის მარზპანმა უთხრა: ‘შენ საიდან ხარ, ან კიდევ რომელი სჯულით ცხოვრობ?"
წმინდა ევსტათიმ თქვა: ‘თუ მეკითხები, ისმინე გულმოდგინედ და გეტყვი შენ ყველაფერს. მე ვიყავი სპარსეთის ქვეყნიდან, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. ჩემი მამა მოგვი იყო და ჩემი ძმებიც მოგვები იყვნენ. მამა მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ მე მამისეული სჯული არ მიყვარდა და ვთქვი გონებაში: ‘ეს სჯული არ მიყვარს, ახლა ებრაელებისასაც მოვისმენ და ქრისტიანებისასაც და რომელიც უკეთესი იქნება, იმ სჯულს შევიყვარებ". დღისით მამაჩემი მოგვობას მასწავლიდა, ღამით კი, როდესაც ქრისტიანები დარეკავდნენ, მოვდიოდი ეკლესიაში და ვისმენდი მათ ჟამობას (წირვა) და ვუყურებდი ქრისტიანთა მსახურებას, რასაც აღასრულებდნენ ღვთისთვის. ებრაელებთანაც შევდიოდი ბაგინში (ტაძარი, სალოცავი ადგილი) და მათ მსახურებასაც ვუცქერდი, მაგრამ ქრისტიანების ლოცვისას მათი ხმა მესმოდა როგორც ანგელოზის ხმა (მეტად სურნელოვანია და საამო მათი ჟამობა), ბაგინში კი ღამე შევდიოდი ებრაელებთან და ვერ ვიგებდი, რას ამბობდნენ; შემდეგ კი, როდესაც კვლავ შევედი ეკლესიაში, მომეგება მე სამოელ მთავარდიაკონი, სჯულის მცოდნე, და მითხრა მე: ‘რად შემოხვედი შენ ეკლესიაში ასე გულმოდგინედ?" მე კი ვუთხარი მას: ‘ბატონო, შენც მიცნობ, ვინ ვარ მე, მაგრამ მე არ მიყვარს ჩემი ეს მამისეული სჯული, მინდა ვინმემ გამაცნოს სჯული ებრაელებისა და ქრისტიანებისა, და რომელი სჯულიც უფრო წმინდა იქნება, ის რომ შევიყვარო".
„მაშინ სამოელ მთავარდიაკონმა მითხრა მე ‘თუ გინდა ჭეშმარიტად შეცნობა მათი, ორსავე სჯულს მე გაუწყებ შენ სათანადოდ, ხოლო გამორჩევა არათუ შენია, არამედ როგორც უფალი გიბრძანებს", მე კი მეტად ვევედრე და ვუთხარი მას: ‘რითაც ღვთისთვის სათნო გავხდები, ის სჯული მინდა მქონდეს და შენც ის მამცნე". დაიწყო სამოელ მთავარდიაკონმა თხრობა და მითხრა მე: ‘გულმოდგინედ ისმინე ძმაო! ადრე სპარსელების სჯული იყო, როგორც შენ თვით იცი, მაგრამ ღმერთს სძაგდა სპარსელთა სჯული და არ ესათნოებოდა. შემდეგ ებრაელები გამოირჩია ღმერთმა, ისათნოვა ისინი და მისცა მათ სჯული და მცნება დასაცავად. შემდეგღა ქრისტიანები ისათნოვა ღმერთმა ებრაელებზე მეტად". კვლავ ვევედრე სამოელ მთავარდიაკონს და ვუთხარი: ‘უფალო, ნუ დაგეზარება და კარგად მაცნობე", შემდეგ კი ვკითხე: ‘ბატონო, ებრაელები რომლები იყვნენ, საიდან მოვიდნენ და რად შეიყვარა ისინი ღმერთმა?" მაშინ მითხრა სამოელ მთავარდიაკონმა: ‘ებრაელების ამბავი გრძელია, ძმაო, მაგრამ თუ შენს სმენას გახსნი და გულმოდგინედ მოისმენ, მეც დაუზარებლად გეტყვი და გაცნობებ შენ ყველაფერს".
5. ერთი უბიწო და ღვთისმოყვარე კაცი იყო სპარსელების ქვეყანაში და ბაბილონელთა ქალაქში, რომელსაც ერქვა სახელად აბრაჰამი. და ეჩვენა მას ღმერთი ღამის ჩვენებაში და უთხრა აბრაჰამს: ‘გამოდი შენ მაგ ქვეყნიდან, წაგიყვან შენ სხვა ქვეყანაში, გაგამრავლებ შენ, მეტად დიდად აგაღორძინებ შენ, და გაგხდი შენ მრავალი ტომისა და ურიცხვი ხალხის მამად". აბრაჰამმა ირწმუნა ღვთის სიტყვა. და თქვა აბრაჰამმა: ‘იყოს, უფალო, ჩემზე ეგ შენი სიტყვა!" და გამოვიდა აბრაჰამი ქალდეველთა ქვეყნიდან და მოვიდა შუამდინარეთის ქვეყანაში, ქალაქ ქანაანში, ევფრატის ახლოს. ანგელოზის წინამძღვრომით მოვიდა იგი და დასახლდა ქანაანში, შემდეგ კი ანგელოზმა გადაანაცვლა იქიდან და მოიყვანა იგი ქანაანის(?) ქვეყანაში. და დასახლდა იგი ქებრონში. ჰყავდა აბრაჰამს ისაკი, ისაკს იაკობი, იაკობს კი ჰყავდა თორმეტი ძე. და უბრძანა ღმერთმა აბრაჰამს და უთხრა: ‘წინადასცვითე ისაკს, იაკობს და იაკობის ყველა ძეს და ეს იყოს თქვენთვის საუკუნო სჯულად".
„აბრაჰამმაც გააკეთა ისე, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. გაიზარდნენ და გამრავლდნენ აბრაჰამის ნაშიერები მეტად დიდად. ესენი არიან ებრაელები. უყვარდა ღმერთს ებრაელები მეტად დიდად, როგორც უყვარს მამას საყვარელი შვილი, და უწოდა მან ებრაელებს სახელი ‘ისრაელ" (ხოლო ‘ისრაელი” განიმარტება როგორც ‘ღვთის ხალხი"). განდიდდა და განივრცო ღვთის ხალხი ისრაელი; და გადმოვიდა ღმერთი ზეციდან მიწაზე და მოვიდა სინას მთის თხემზე. დაწერა ღმერთმა თავისი ხელით ქვის ფიცრებზე სჯული და მცნება ასე:
პირველი მცნება ასე: ‘შეიყვარეთ უფალი ღმერთი თქვენი მთელი თქვენი გულით, მთელი თქვენი სულით და მთელი თქვენი გონებით". და შემდეგ ეს: ‘ნუ კლავ ადამიანს, ნუ იპარავ, ნუ ისიძვებ, ნუ გწადია შენი მეგობრის ცოლი, ცრუდ ნუ იფიცებ, ნუ სწამებ ცილს, ორ სიტყვას ნუ იტყვი, პატივი მიაგე შენს მამას და შენს დედას, შეიყვარე შენი მოყვასი როგორც საკუთარი თავი, ჩემი შაბათები დაიცავით, დღესასწაულები, შესაწირავები, უქმობები აღასრულეთ". ეს სჯული და მცნება დაწერა ღმერთმა და მისცა მოსეს, თავის მონას. მოსემ მიიღო ეს ფიცები და ამოუკითხა მთელ ისრაელს. და გაიხარა მთელმა ისრაელმა და თქვა: ‘ყველაფერი, რაც გვიბრძანა უფალმა, გავაკეთოთ და აღვასრულოთ, მხოლოდ უფალი იყოს ჩვენთან". და ამაღლდა უფალი ზეცად. როდესაც ეს სჯული შეისმინეს ებრაელებმა, სწირავდნენ ისინი შესაწირავებს, საკმეველსა და მსხვერპლს, შაბათებს იცავდნენ და ღმერთი იყო მათთან. ამ დროს უცხოტომელები შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ისრაელს, მაგრამ ღმერთმა ერთი ადამიანის ხელით განდევნა ისინი; ზოგი მოკლეს, ზოგი ტყვედ წამოიყვანეს, ზოგი კი აიძულეს გაქცეულიყო; და ასე გახდნენ მტრებისგან უშიშარნი, რადგან ღმერთი იყო მათთან.
დროთა განმავლობაში მეფე ითხოვა მთელმა ისრაელმა ღვთისგან, რომ შებრძოლებოდა იგი მათ მტრებს. და დაუყენა მათ ღმერთმა მეფე და განაგო ღმერთმა შარავანდედობის წესი. დროთა განმავლობაში მოკლეს მეფე ომში, რადგან აეღირა მას თავი და დანდობილი იყო თავის თავზე და არა თავის ღმერთზე.
„შემდეგ დავითი მეფობდა; ხოლო დავითიც ღვთისთვის საყვარელი იყო და დავითსაც ღმერთი უყვარდა. აღასრულა დავითმა საკურთხები, შესაწირავები, მსხვერპლშეწირვები; და დღესასწაულები და შაბათები კარგად აღასრულა . მის შემდეგ მეფობდა მისი ძე სოლომონი, რომელიც განდგა ღვთისგან. განდგა და ღვთისგან გნდრიკა ხალხი. მსახურებდნენ ისინი ყრუ, ხელით გაკეთებულ კერპებს, უსულო ქვებს, ხეებს, მაღალ სერტყებს და ხეების კენწეროებს. ღმერთი უარყვეს მათ. წინასწარმეტყველები ღაღადებდნენ, და ამბობდნენ: ‘არ შეიძლება ცხოველი ღვთის დატოვება და ქვების ანდა სხვა რამეთა მსახურება. აჰა უკვე მოავლენს ღმერთი თქვენზე სიკვდილს, შიმშილს, მახვილს, ტყვეობას და ასე მოგსპობთ თქვენ". იმათ არ უნდოდათ წინასწარმეტყველთა ხმის სმენა, რადგან ისრაელის ხალხი გაშლეგებული იყო. ბრძანეს მათ წინასწარმეტყველთა დახოცვა, ზოგისა მახვილით, ზოგისა ცეცხლით; ზოგი ხერხით გახერხეს, ზოგი მხეცებს მისცეს, ზოგი მღვიმეში ჩააგდეს, ზოგი ქვით ჩაქოლეს.
6. მაგრამ ღმერთი ტკბილია და კაცთმოყვარე, არ უნდოდა ისრაელის დაღუპვა და უნდოდა მისი მოქცევა. მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქრისტე ქვეყნად, რომელიც შევიდა წმინდა ქალწულის მუცელში, ხორცი შეისხა და განკაცდა წმინდა მარიამისგან, წმინდა საშოდან გამოვიდა და ღმრთეება ხორცით დაიფარა. ღმრთეება რომ ხორცით არ დაეფარა, ადამიანი ვერც მიეახლებოდა ღმერთს, რადგან მზე ღვთის ქმნილებაა და ვერავინ უსწორებს თვალს და სფეროს მზისას ვერავინ უყურებს. ღმრთეებას ადამიანი ვერ მიეახლებოდა. ამიტომ, ხორცი შეისხა მან, რომ ისრაელი როგორმე მოექცია ცხოველი ღვთისკენ. თავისი განკაცებისას ნათელიღო მან მდინარე იორდანეში იოანეს ხელით და როდესაც ამოვიდა წყლიდან აჰა ცანი გაიხსნა და სულიწმინდა, როგორც სპეტაკი მტრედი, გადმოვიდა და დაივანა მასზე. ხმა იყო ზეციდან, რომელმაც თქვა: ‘ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე ვისათნოვე. მაგისი ისმინეთ და ცხონდებით".
„და როდესაც შევიდა იერუსალიმში, დაიწყო მან სასწაულთა მოხდენა, ნიშები და კურნებანი აღასრულა. ოცდათვრამეტი წლის სნეული იდო ლოგინზე, მან კი ნახა და სიტყვით უბრძანა: „ადექი, აიღე შენი ლოგინი და იარე!" მყისიერად ადგა ისიც, დადიოდა ჯანმრთელი და ადიდებდა ღმერთს.
შემდეგ დაბადებიდან ბრმა ნახა, თიხა შექმნა ნერწყვით, მის თვალებს დააგლისა და უბრძანა მას წყლით მობანა. აეხილა თვალები ბრმას. მკვდრები აღადგინა მან, კოჭლებს სიარული დააწყებინა, კეთროვნები განწმინდა. მრავალი კურნება მოახდინა ქრისტემ მათ შორის, რომ ერწმუნათ ებრაელებს და მოქცეულიყვნენ ცხოველი ღვთისკენ. უნდოდა მას, რომ არ გაგდებულიყვნენ ღვთისგან. ‘მაგრამ ებრაელები კიდევ უფრო გაშლეგდნენ, დიდი ღვარძლით განიმსჭვალნენ ქრისტესადმი და უნდოდათ მისი მოკვლა. მაგრამ ქრისტე განერიდა მათ გარე სოფლებსა და დაბებში, და იქ მიმოდიოდა. ისინი, რომლებმაც ირწმუნეს ქრისტე, უკან გაჰყვნენ მას.
და მიდიოდა იგი ერთ დაბაში, სადაც გამოჰქონდათ დედისერთა მკვდარი, ქვრივის ძე. როდესაც დაინახა მან იგი, ბრძანა და დადგეს საცხედრე, მან კი მოჰკიდა ყრმას ხელი და მისცა იგი თავის დედას ჯანმრთელი.
„შემდეგ მიდიოდა ერთ დაბაში. გაჰყვა მას მრავალი ხალხი და რადგან ხალხის სიმრავლის გამო ვერ მოახერხეს დამბლადაცემულის პირდაპირ მიყვანა მასთან, სახურავი გადააძრეს სახლს და იქიდან ლოგინით ჩაუშვეს იგი, მან კი აღადგინა, და ისიც თავისი ფეხით წავიდა თავის სახლში. დიდძალი ხალხი გაჰყვა უფალს და ადიდებდნენ ღმერთს, მან კი ამ ხალხისგან გამოარჩია თორმეტი ადამიანი, უწოდა მათ მოწაფე და რასაც უბრძანებდა, იმას აკეთებდნენ.
„შევიდა იგი ერთ დაბაში. იქ ქორწილი იყო. და შევიდა იესო სეფაში. ღვინო არ იყო იქ, რადგან გამოლეულიყო და ცარიელი სარწყულები იდგა იქ. მაშინ უბრძანა იესომ მოწაფეებს მოეტანათ წყალი, და აავსეს სარწყულები წყლით. აკურთხა ქრისტემ ეს წყალი და გახდა იგი ღვინო, პირველ ღვინოზე უფრო საამური. ბევრს უკვირდა. ირწმუნეს მისი და გაჰყვნენ მას.
„და შემდეგ, ქალი, რომელსაც თორმეტი წელი ჰქონდა სისხლდენა, მოვიდა შეუმჩნევლად იესოს ზურგიდან, ხელი მოჰკიდა მისი სამოსლის კიდეს და განიწმინდა იგი. ‘შემდეგ კი, მოდიოდა ქრისტე ერთ ადგილას და იყო იქ მშვენიერი ველი. მან მოხედა ხალხს, რომელიც უკან გაჰყვა მას, და უთხრა მოწაფეებს: ‘ეს ხალხი, ამდენი დღეა, რაც უჭმელია, და მებრალება. წადით ქალაქში, იყიდეთ პური და მიეცით ამ ხალხს”. ამასთან, ქრისტემ უთხრა მოწაფეებს: ‘არავის გაქვთ პური აქ?” უთხრა ერთმა მოწაფეთაგანმა: ‘მე მაქვს ხუთი პური და ორი თევზი”. უთხრა ქრისტემ: ‘მომიტანეთ ის აქ”. როდესაც მოუტანეს ხუთი პური და ორი თევზი, ბრძანა ქრისტემ ხალხის დასხმა მიწაზე, აამაღლა ზეცისკენ ის ხუთი პური და ორი თევზი, აკურთხა, დატეხა და აწვდიდა თავის მოწაფეებს, მოწაფეები კი აწვდიდნენ ხალხს. ხალხმა ჭამა და დანაყრდა. თორმეტი სავსე გოდორი აიღეს ნარჩენი, ხოლო ის ხალხი, რამდენმაც ჭამა, იყო დაახლოებით ხუთიათასი, გარდა ბავშვებისა და დედებისა. ‘მაშინ უბრძანა ქრისტემ იმ ხალხს ხმელეთის მიწით მოსვლა, ხოლო ქრისტე და მისი მოწაფეები გადიოდნენ ზღვას როგორც ხმელეთს და მათი ფეხები არ სველდებოდა; და როდესაც გავიდნენ ხმელეთზე, შეხვდა მათ ერთი კაცი, რომელთანაც იყო ლეგეონი ეშმაკი. ღაღადყო მან და თქვა: ‘ქრისტე, შემეწიე მე, რადგან ბოროტად ვიგვემები”. ქრისტემ შერისხა ლეგეონი ეშმაკი და როდესაც გავიდა იმ კაცისგან, ეს კაცი ადიდებდა ღმერთს, ეშმაკი კი ღაღადებდა და ამბობდა: „ქრისტე, გიცნობ შენ, ვინც ხარ, წმინდა ღმრთისა. მხოლოდ ჩემს დასაღუპად მოხვედი“. ხოლო ქრისტემ უბრძანა მიწას, გაიღო იგი და დანთქა ეშმაკი, რომელიც ჩავარდა ჯოჯოხეთში, ქვესკნელში.
„და შემდეგ მოვიდა იგი იმ დაბაში, რომელსაც სახელად ერქვა ბეთანია, სადაც მის მისვლამდე ოთხი დღით ადრე მომკვდარიყო ლაზარე და იდო იგი სამარეში. მივიდა ქრისტე სამარის კართან, დაიძახა და თქვა: ‘ლაზარე, გამოდი”, და ქრისტეს ერთი დაძახებით სამარიდან გამოვიდა იგი მხიარული, ხალხს კი უკვირდა და ეს ხალხი უფრო გამრავლდა დიდი სარწმუნოებით.
ამის შემდეგ ავიდა ქრისტე იერუსალიმში, შევიდა ღვთის ტაძარში და ნახა იქ შიგნით გაშლილი დახლი, სადაც ყიდდნენ. აიღო ქრისტემ შოლტი, გამოყარა ის ადამიანები, მიმოუბნია დახლი, გადააბრუნა მაგიდები და თქვა: ‘ასეა დაწერილი: ‘ჩემი მამის სახლს ეწოდება სალოცავი სახლი”, თქვენ კი გაგიხდიათ იგი როგორც ავაზაკთა გამოქვაბული”. შემდეგ თქვა: ‘დავშლი ამ ტაძარს და მესამე დღეს ავაშენებ მაგას”. როდესაც ებრაელებმა გაიგონეს ეს, მეტად განრისხდნენ და თქვეს: ‘ჩვენ ვიცით მისი მამა იოსები და მისი დედა მარიამი, და ძმებიც ჰყავს მას, თავის თავს კი ღვთის ძედ წარმოაჩენს და ღვთის ტაძარს მამისეულად იჩემებს”. და შემდეგ თქვეს: ‘სოლომონმა ორმოც წელიწადში ააშენა იგი, ეს კი ამბობს, რომ დაშლის მას და მესამე დღეს ააშენებს”. ამ სიტყვის გამო გაწყრნენ ებრაელები, შური ჩაიდეს გულში და განიზრახეს მისი შეპყრობა და მოკვლა.
„შეიპყრეს მათ ქრისტე და მოიყვანეს იგი მღვდელმოძღვრებისა და მოხუცებულების წინაშე. უთხრეს ქრისტეს მღვდელთმოძღვრებმა და მოხუცებულებმა: ‘შენ როგორ წარმოაჩენ შენს თავს ღვთის ძედ? ღვთის ძე ხარ შენ?” ქრისტემ კი უთხრა მათ: ‘ეგ თქვენ თქვით”.
„შემდეგ უთხრეს ქრისტეს: ‘სოლომონმა ორმოც წელიწადში ააშენა ეს ტაძარი და შენ თქვი: ‘დავშლი და მესამე დღეს ავაშენებ მაგასო”. მაშინ ქრისტემ უთხრა მათ: ‘მე ძალმოსილი ვარ დავშალო და მესამე დღეს ავაშენო იგი”. მაშინ კი განრისხდნენ ებრაელები, ატეხეს და ააფორიაქეს ებრაელთა ხალხი და თქვეს: ‘მოსაკლავად ჩანს ეს კაცი”, და მისცვივდნენ ქრისტეს და დაიწყეს მისი ცემა და დაცინვა. ზოგი სცემდა მის თავს მათრახის ტარით, ზოგი კი ლერწმით სცემდა მის წმინდა თავს. ზოგი ყვრიმალში სცემდა მას, ზოგი კი ანერწყვებდა მის ნათელ პირისახეს. აღმართეს ძელი, ჯვარს აცვეს ქრისტე და შეასვეს მას ჯვარზე შეზავებული ძმარი და ნაღველი.
„მაშინ აახილა მან თვალები ზეცისკენ მამისადმი და თქვა: „მამაო ჩემო! ყოველივე აღვასრულე, ისრაელმა კი არ ისმინა ჩემი და ამგვარი ტანჯვა მოაწიეს ჩემზე”. და მოხარა მან თავი და ამოუშვა სული. სწრაფად გადმოიყვანეს იგი ჯვრიდან. ერთი კაცი იყო ხელმწიფე და ქრისტეს მოწაფედ მყოფი. მან აიღო ქრისტეს სხეული, დადო იგი ახალ სამარეში და დიდი ლოდი მიაგორა სამარის კარზე. მესამე დღეს გათენებისას, სწორედ ცისკარზე, ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან და გადააგორა ის ლოდი იმ საფლავიდან. ქრისტე აღდგა, გამოვიდა სამარიდან, ეჩვენა ორ მოწაფეს, აგრეთვე მარიამ მაგდანელს და სხვა დედებს, და უთხრა მათ ქრისტემ: ‘უთხარით ჩემს მოწაფეებს: წადით გალილეაში, თაბორისკენ და იქ მნახავთ მე”.
და ის თორმეტი მოწაფე წავიდა დიდი სიხარულით თაბორის მთაზე, ნახეს ქრისტე, თაყვანი სცეს მას და ეამბორნენ მის წმინდა ფეხებს, ხოლო ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს: „ახლა აღარ გერქმევათ თქვენ მოწაფე, არამედ მოციქული გერქმევათ თქვენ, მე კი ახლა ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”, ხოლო მოციქულებს შთაჰბერა ცხოველი სული და უთხრა მათ: ‘მიიღეთ თქვენ სიცოცხლის სული; წადით თქვენ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში ქვეყნიერების კიდით-კიდემდე, მოახდინეთ ნიშები, სასწაულები და კურნებანი, მოაქციეთ წარმართები, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით და ასწავლეთ მათ ყოველივე, რამდენიც გამცნეთ თქვენ, მე კი აჰა თქვენთან ვარ თქვენი ცხოვრების ყველა დღეს და ვიდრე სოფლის აღსასრულამდე. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე მიეცით მათ”.
და ქრისტე ამაღლდა ზეცად ანგელოზებთან ერთად, ხოლო ის თორმეტი მოციქული წავიდა და მიმოვლო მახლობელი ქვეყნები, ქალაქები, დაბები. ისინი ახარებდნენ და ქადაგებდნენ ქრისტეს, აღდგომილს მკვდრეთით, ახდენდნენ ნიშებს, სასწაულებს და კურნებებს, წარმართები კი მოიქცეოდნენ და ნათელს-იღებდნენ მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით.
„აი, ასე გამრავლდა და მოეფინა ქრისტიანობა. განივრცო იგი ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. განაჩინეს ეპისკოპოსები და მღვდლები, ეკლესიები ააშენეს და მასში ჯვარი აღიმართა. მთელმა ქვეყნიერებამ ირწმუნა ქრისტე და მთელი ქვეყნიერება აივსო ქრისტიანებით. ყველა ქვეყანაში ქადაგებულ იქნა ქრისტე. როგორც წინასწარმეტყველები აუწყებდნენ ებრაელებს, ისე მოიწია მათზე: ზოგნი მახვილით ამოწყდნენ და მოისპნენ, ზოგნი შიმშილით, ზოგნი სიკვდილით, სხვები კი ტყვეობის შედეგად მიმოიფანტნენ, რადგან არ დაიცვეს მათ ცხოველი ღვთის სჯული, ამჟამად კი ქრისტიანებს უწოდა მან ისრაელი, რადგან ‘ისრაელი” განიმარტება როგორც ‘ერი ღვთისა და მონა ქრისტესი”, რომლისაც არის დიდება უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
7. „მაშინ, როგორც კი გავიგე და შევიცანი ყოველივე სამოელ მთავარდიაკონისგან, - ყოველივე დასაბამიდან ვიდრე აქამდე, - და ჩავწვდი ებრაელებისა და ქრისტიანების მთელ სჯულს, ვირწმუნე მე დაუსაბამო ღმერთი, მისი ძე იესო ქრისტე და მისი წმინდა სული. ამით მოვნათლულვარ და ვერავინ გამაშორებს მე ქრისტესგან ვიდრე ჩემი სულის ამოსვლამდე; ხოლო ჩემი მამისეული სჯულის გამო სიტყვის თქმაც კი მზარავს და მრცხვენია კიდეც, რადგან ღმერთმა შექმნა ცა, მიწა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ზღვა, ხმელეთი, მდინარეები, წყალსატევები, მთები, ბორცვები, ველები, ტყეები, შეშა, ცეცხლი, ოთხფეხი პირუტყვი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები. შემდეგ ადამიანები შექმნა ღმერთმა და ამ ყოველივეზე გააბატონა იგი. ყოველივე ეს ამ ადამიანს დაუმორჩილა მან და ნუთუ ჩვენ ამ ყოველივეს შემქმნელი ღმერთი უნდა დავტოვოთ და ამ ღმერთის დაბადებულს ღმერთად ვუხმობდეთ? ნუ მოხდება ეს!
„მზე, მთვარე და ვარსკვლავები არ არიან ღმერთები, არამედ ღმერთმა მზეს დღის განათება უბრძანა, მთვარეს და ვარსკვლავებს კი უბრძანა განათება ღამისა, მაგრამ ისინი ღმერთები არ არიან.
„ღმერთივე უბრძანებს ღრუბელს და მოეფინება და აბნელებს ბრწყინვალებას მზისას და მთვარისას. ამიტომ არ არიან ისინი ღმერთები. შემდეგ, კიდევ, ცეცხლი არ არის ღმერთი იმის გამო, რომ ცეცხლს ადამიანი ანთებს და ადამიანივე აქრობს, რადგან ადამიანია ცეცხლის ბატონი.
„ამიტომ არ არის ღმერთი ცეცხლი, რომელიც თუ ვინმეს გაექცევა და წავა, რასაც მიადგება, თუნდაც ტყეს, ან თუნდაც ველს, ანთუ სახლს (თუგინდ ადამიანი დახვდეს მას), დაწვავს კიდეც, მაგრამ თუ ცეცხლს წყალი მოხვდება, ჩააქრობს იგი ცეცხლის ესოდენ ძალას და ეს ცეცხლი გაქრება. ამის გამო, არაა იგი ღმერთი, თუმცა ჩვენ ღმერთად გვწამს.
მაგრამ ჩვენ ღმერთმა ცეცხლი მოსახმარად მოგვცა, ყინულის გასათბობად და ყოველგვარი სანოვაგის გასაკეთებლად. როდესაც მოგვინდება, ვანთებთ მას, და როდესაც მოგვინდება, ვაქრობთ. ამიტომაც არ არის ღმერთი ცეცხლი.
„შემდეგ, ღვთისგან შექმნილი ადამიანები პირუტყვი ცხოველების მსგავსნი ვიყავით და ისევე როგორც პირუტყვებმა მამლობა-დედლობის დროს არ იციან არც მშობელი, არც მათგან შობილი და ასე აღრეულად იკმაყოფილებენ თავიანთ მამლობა-დედლობას, ამგვარადვე ჩვენც, გონიერი ადამიანები, პირუტყვების მსგავსნი ვიყავით, რომლებმაც არ ვიცოდით არც მშობელი ჩვენი, არცთუ შობილი და აღრეულად ვიკმაყოფილებდით ჩვენს ბუნებას.
„მაგრამ ახლა, ღვთის მადლით, მას შემდეგ, რაც დაწესდა ნათლისღება და ქრისტიანობის სჯული იციან ადამიანებმა, ამიერიდან მოისპო და აღმოიფხვრა ეს უწესო საქმე... ხოლო ამას გევედრები, ჩვენო უფალო იესო ქრისტე, რომ ჩემი სხეული დაიმარხოს მცხეთაში, სადაც ნათელვიღე სამოელ კათალიკოსის ხელით და ღირსი გავხდი ქრისტიანთა სჯულისა. ამიერიდან ვერავინ გამაშორებს მე შენს სიყვარულს, სარწმუნოებასა და სურვილს, როგორც დაწერილია: „ვერც ტანჯვა, ვერც გვემა, ვერც საპყრობილეში შიმშილი, ვერც მახვილი, ვერც ამ ჩემი ხორცის სიკვდილი ვერ შეძლებს ჩვენს გამიჯვნას შენგან, უფალო იესო ქრისტე”.
მაშინ უთხრა მას ბუზმირ მარზაპანმა:
„ჩემო შვილო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ შეამცირებ შენი ცხოვრების დღეებს ქრისტიანობის გამო, ნუ დააქვრივებ შენს ცოლს, ნუ დააობლებ შენს შვილებს, ნუ მოსწყდები შენს მეგობრებს ამ ცხოვრებაში.
უთხრა მას წმინდა ევსტათიმ: ‘შენზე ადრე სხვა მთავრებმა მტანჯეს მე ძალიან და მგვემეს, მაგრამ არ დავემორჩილე მათ და ახლა შენსას დავიჯერებ? ნუ მოხდება ეს ჩემზე”.
8. მაშინ, როდესაც შეიცნო მარზაპანმა ნეტარი ევსტათის მტკიცე და შეუძრავი გული და გონება, რომელსაც ვერც დაშინებითა და ტანჯვით, ვერც კარგი რამის დაპირებით ვერ დააჯერა მამისეული სჯულის დაცვა, უბრძანა მსახურებს: ‘წაიყვანეთ ეგ საპყრობილეში და ღამით ჩუმად წაჰკვეთეთ თავი, რომ არც ერთმა ქრისტიანმა არ გაიგოს და არ მიაგოს პატივი მის სხეულს. წაიღეთ მისი ნეშტი ქალაქგარეთ და მიმოაბნიეთ მხეცებისა და ფრინველების შესაჭმელად”.
მსახურებმა კი წაიყვანეს ნეტარი ევსტათი საპყრობილეში, რომ შეესრულებინათ მარზაპანის ნაბრძანები.
უთხრა მათ წმინდა ევსტათიმ: „ცოტა ხნით მადროვეთ მე, ჩემო ძმებო (რადგან თქვენს ხელთ ვარ), რომ ვილოცო მე ჩემი ღვთის მიმართ”. მათაც ცოტა ხნით მოითმინეს, აცალეს მას და უთხრეს: ‘ასე ვიზამთ”. მაშინ მოიდრიკა მუხლები ევსტათიმ, თავისი თვალები ზეცისკენ აახილა და თქვა: ‘უფალო ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელსაც ყველა ადამიანის ცხონება გნებავს”, ვინც კი სარწმუნოებით სასოებს შენს წმინდა სახელს; შენ, რომელმაც შეისმინე იმ პირველმოწამეთა ლოცვა, ზოგი რომ მახვილის პირით დაიხოცა, ზოგი - ტბის ყინულით, ზოგი ზღვაში ჩაყრით მოისრა, ზოგი - ცეცხლით, ზოგი კი მხეცებისგან შეიჭამა შენი სახელის გამო და მიიღო ის შენმიერი დანაპირები, ‘რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, ადამიანის გულამდე არ მოსულა, რაც გაუმზადე შენს წმინდა მოწამეებს”; მეც, უფალო, ღირსი გამხადე მათთან მონაწილეობისა, მათეული სამკვიდრებლისა, მათთან სიხარულისა, მათთან დაუსრულებელი შვებისა, მე - მოწამეთაგან უკნინესი ბოლო დროისა, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „მე ვარო უკნინესი მოციქულთაგან”. შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რომ არავინ ვირჩიე შენზე მეტად, არც მამა, არც დედა, არც ძმები, არც ნათესავები, არამედ ერთადერთი შენ შეგიყვარე, უფალო, და შენი სახელის გამო აჰა თავი წამეკვეთება დღეს. ამას ვლოცულობ, გევედრები და ვითხოვ შენგან, კეთილისგან, რომ არ დარჩეს ჩემი სხეული აქ, თბილისში, არამედ დაიმარხოს იგი წმინდა მცხეთაში, სადაც შენ გამომიჩნდი, და ჰქონდეთ ჩემს ძვლებს მადლი და კურნება, როგორც იმ პირველთ” (ე.ი. იმ პირველ წმინდანთა ძვლებს).
და მოესმა ხმა, რომელიც ეუბნებოდა ევსტათის, უთხრა რა ასე: ‘არ იქნები შენ კურნების მადლით უფრო ნაკლები იმ პირველებზე, რომლებმაც მირწმუნეს მე, ხოლო შენი სხეულისთვის ნუ ზრუნავ; ისე იქნება, როგორც შენ თქვი, რომ მომხდარიყო”. გამხიარულდა ნეტარი ევსტათი და ჰმადლობდა ღმერთს. ამასთან, წმინდა ევსტათის ადრევე შეეტყობინებინა ნეტარი სტეფანესთვის: ‘როდესაც გეუწყება ჩემი სიკვდილი, სწრაფად წაიღე ჩემი სხეული მცხეთაში და დამარხეთ იქ, სადაც მოვინათლე”.
და როდესაც დაასრულა მან ლოცვა-ვედრება და თხოვნა უფლის მიმართ, უთხრა მარზაპნის მსახურებს: ‘ახლა შეასრულეთ ჩემზე განჩინებული ბრძანება”. მათ არ უნდოდათ მისი მოკვლა, მაგრამ ერთმა მათგანმა უთხრა მათ: ‘ჩვენ დავიხოცებით, თუ ეგ ცოცხალი დარჩება”. მაშინ გაიწვდინეს მისკენ თავიანთი ხელები, დაარტყეს მახვილი მის პატიოსან კისერს და წაკვეთეს მისი თავი; და მიაბარა მან თავისი სული მეუფე ქრისტეს.
ხოლო მისი სხეული ღამე გარეთ გაიტანეს და იქ დააგდეს, მაგრამ გაიგეს ეს ვიღაც ქრისტიანებმა და წაიღეს იგი მცხეთაში, რადგან სტეფანეს ეუწყებინა ამის შესახებ იქ მყოფი ქრისტიანებისთვის. როდესაც მივიდნენ მცხეთაში, შეატყობინეს სტეფანეს, სტეფანემ კი აუწყა სამოელ კათალიკოსს, ხოლო მან მეტად გაიხარა და დამარხა იგი დიდი დიდებითა და პატივით მცხეთის წმინდა ეკლესიაში. ვიდრე აქამდე ხდება იქ სნეულთა კურნებანი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლით, რომლისაც არის სუფევა, ძლიერება, პატივი, სიმტკიცე და მოუკლებელი დიდება სულიწმინდითურთ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
Комментариев нет:
Отправить комментарий