ჭანეთი მდებარეობს დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებთან, თურქეთის ლაზისტანის აღმოსავლეთ ნაწილში, ოფ-სურმენეს მხარიდან მდინარე ჭოროხის შესართავამდე, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით. III–IV ს-ში იგი მოიცავდა შავიზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მთიანეთს, მდინარე ჭოროხის ზემო წელის აუზს. მოგვიანებით სახელწოდება გავრცელდა მის მიმდებარე ზღვის სანაპირო ტერიტორიაზეც. იგივეა, რაც ბერძნული თიანიკე. სამხრეთით მისი საზღვარი ჭანეთ-პონტოს ანუ ლაზისტანის ქედზე გადიოდა, რომელსაც ანტიკურ ხანაში სკვიდისის ქედი ერქვა.
ვახუშტი მოგვითხრობს: „ბაიბურთისა და ფორჩხის სამხრეთით, ჭანეთის მთას იქით, არის ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არის ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ მდინარის იქით არის ხოფა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფისა... კვლავ მოერთვის ზღვას მდინარე ხოფას (იგივე ხუფათი) იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა... ამ მდინარის დასავლეთით არის ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდან. და ეს არის საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა (ე.ი. ბიზანტია-ტრაპზონი). აქა არის რკინის პალო, აქავ არის სატყეპელა“.
გურიისა და ჭანეთ-ლაზეთში გავრცელებული თქმულებების მიხედვით კი, საზღვარი გადიოდა ფაზარის (ანტიკური ათინა) დასავლეთით ქემერთან – ზღვიდან ამოშვერილ უზარმაზარ ფრიალო კლდესთან.
დღეისთვის შესაძლებელი ხდება „სატყეპელას“ მდებარეობის დადგენა. პ. ინგოროყვა მიიჩნევდა, რომ „სატყეპელა“ არის იგივე „სატრაპელა, სოტიროპილი“, ანუ დღევანდელი ოფი. სწორედ დღევანდელ ოფსა და რიზეს შუა, სპერის წყლის გაყოლებაზე და არა დღევანდელ ბორჩხასთან, მდებარეობს პონტოს მთების უმაღლესი მწვერვალი Demir Kapi, რაც პირდაპირი თარგმანია „რკინის კარისა“. პ. ინგოროყვას მიხედვით, რკინის-პალო არის სახელწოდება ისტორიული ციხისა, რომელიც მდებარეობდა მდინარე კალოს ხეობაში. ამის დასავლეთით მდებარეობდა სატყეპელა.
ახლა რაც შეეხება ჭანეთის მოსახლეობას. ჭანების გაერთიანება ჩამოყალიბდა ძვ.წ. I–ახ.წ. I საუკუნეებში კოლხების ახლო მონათესავე ხალხების: მაკრონების, დრილების, ბეხირების, მოსინიკების, მარების და ნაწილობრივ ტიბარენებისა და ხალიბ-ხალდების შერწყმის შედეგად, რასაც ხელს უწყობდა მეზობელი სახელმწიფოების (პონტო, არმენები, რომი) აგრესია მათ მიმართ. შედეგად ახ.წ. I საუკუნიდან აღნიშნული ხალხების სახელები ქრება და მათ ანაცვლებს კრებითი სახელი „ჭანები“. მიუხედავად ამისა ცალკეული ხალხები დიდხანს ინარჩუნებდნენ ერთგვარ თვითმყოფადობას, რაზეც მიუთითებს პროკოპი კესარიელის სიტყვები: „ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან“.
დღევანდელი მონაცემებით ლაზ-ჭანების საერთო რაოდენობა 500000 კაციდან 1,5 მილიონ კაცამდე აღწევს. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარაში, მდინარე ჭოროხის აუზში და სამეგრელოში ენგურის შესართავთან (ანაკლია). ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის მეგრულ-ჭანური ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსლიმები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.
რას მოგვითხრობს ბერძნული და რომაული წყაროები ჭანების შესახებ?
სტრაბონი: „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს.
პლინიუსი: „ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი (ვიწეწყალი, ვიძე სუ ან ტაიროღლუ) ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი“.
ფლავიუს არიანე: „ტრაპეზუნტიდან ნაპირის გასწვრივ ცურვის დროს ჩვენ გავიარეთ შემდეგი მდინარეები: ჰისოსი (დღევ. მანაოზ ჩაი), რომლისაგანაცაა სახელწოდება ჰისოს ნავსადგურისა; ნავსადგური ტრაპეზუნტისაგან დაშორებულია 180 სტადიონით (32 კმ); ოფისი (ოფიუნტი, დღევ. სატაკლი ჩაი), რომელიც დაშორებულია ჰისოს ნავსადგურს 90 სტადიონით (17 კმ) და გამოჰყოფს კოლხების ქვეყანას თიანიკისაგან (ჭანეთისგან).
ათინიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწეწყალი, ტაიროღლუ ირმაქი). ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანნები (ჭანები) არიან. ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული...“
თუ მდინარე პრიტანიდის მდებარეობას ათინადან დაშორებულობის მანძილის მიხედვით ვივარაუდებთ, მაშინ მაკრონების და ჰენიოხების მეფის, ანქიალეს სასახლე დაახლოებით ახლანდელი ვიწეს მახლობლად უნდა ვიგულისხმოთ. თუ ეს მცდარი არაა, მაშინ მდ. ოფიდან მოყოლებული ჭანების მიწა-წყალი ყოფილა, ხოლო ვიწეს ჩრდილო აღმოსავლეთით მაკრონების და ჰენიოხების თემი ყოფილა.
თ. ყაუხჩიშვილის დასკვნით, რამდენადაც არიანე იყენებს ოთხ პარალელურ ფორმას (სანნოი, ტსანნოი, თიანნოი//ტიანნოი, ტუანნოი), ცხადია, რომ ბერძენს უჭირს ქართული ჭ-ს წარმოთქმა.
იოანე მალალა (491–578): „თეოდოსის მეფობის (ე.ი. 379–395 წლებში) დროს ჭანები შეიჭრნენ კაპადოკიაში, კილიკიაში და სირიაში. მოარბიეს იქაურობა და უკან გაბრუნდნენ“.
პროკოპი კესარიელი (507–554): „ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. მათ საზღვრებს, რომ გადახვალ, ხევი არის, ღრმა და მეტად დაქანებული, რომელიც კავკასიის მთებამდეა გაჭიმული. აქ ადგილები ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული და ვენახი და სხვა ხეხილიც საკმაოდ ხარობს; დაახლოებით სამი დღის სავალი გზის მანძილამდე ეს ხევი რომაელების ხელშია, იმის შემდეგ კი პერსარმენიელთა საზღვრები იწყება...“
530 წლის ქვემოთ მოთხრობილი ამბებისაც პროკოპი გვამცნობს: „ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების (პროკოპი ხმარობს ფორმას „ტზანები) ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. თუ რანაირად მოხდა ეს, ეხლავე იქნება ნათქვამი.
530 წლის ქვემოთ მოთხრობილი ამბებისაც პროკოპი გვამცნობს: „ცოტა ხნის წინათ მოხდა, რომ მათ დაიმორჩილეს ჭანების (პროკოპი ხმარობს ფორმას „ტზანები) ტომი, რომელნიც, თვითთავადნი, ძველითგანვე დამკვიდრებულან რომაელთა მიწაწყალზე. თუ რანაირად მოხდა ეს, ეხლავე იქნება ნათქვამი.
არმენიის ადგილებიდან პერსარმენიაში რომ მიდიხარ, მარჯვნივ არის ტავრი, მიმავალი იბერიაში და იქ მოსახლე ხალხებამდე, ხოლო მარცხნივ მეტად დაქანებული, დიდ მანძილზე გადაჭიმული გზა არის, და აღმართულია მეტად ციცაბო და მუდამ ნისლითა და თოვლით დაფარული მთები, საიდანაც ხმაურიანად გამოდის მდინარე ფასისი და მიდის კოლხეთის ქვეყნისაკენ. აქ მოსახლეობს ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად წოდებულნი; ირგვლივ მოსახლე რომაელების მძარცველნი; ისინი უაღრესად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ და მუდამ ქურდობით ირჩენდნენ თავს. მიწა ხომ არაფერს აძლევდა სარჩოდ; ამიტომაც იყო, რომ რომაელთა მეფე ყოველწლიურად მათ ოქროს განსაზღვრულ რაოდენობას უგზავნიდა, რათა მათ აღარასოდეს არ გაეძარცვად ის ადგილები. ისინიც იძლეოდნენ ამაზე მათში მიღებულ მამაპაპეულ ფიცს, მაგრამ შემდეგ ფიცს ივიწყებდნენ და თავს ეხმოდნენ, მეტწილად მოულოდნელად, დააწიოკებდნენ არა მარტო არმენიელებს, არამედ რომაელებსაც, რომელნიც ვიდრე ზღვამდე მათი მეზობლები იყვნენ: ცოტა ხნის შემდეგ, თავდასხმას რომ მოათავებდნენ, ისინი მაშინვე შინ ბრუნდებოდნენ და ვინიცობაა ისინი რომაელთა ჯარს შეემთხვეოდნენ, ბრძოლაში მარცხდებოდნენ. ხოლო მათი ადგილების სიმტკიცის გამო, მთლიანად მათი დამორჩილება არ ხერხდებოდა. სიტამ, მაინც, ბრძოლაში დაამარცხა ისინი ჯერ კიდევ ომამდე, და იმით, რომ მომხიბლველად ელაპარაკებოდა და ეპყრობოდა მათ, მან სრულიად შეძლო მათი გადმობირება: მკაცრი ცხოვრება უფრო კულტურულზე შეცვალეს და ეწერებოდნენ რომაულ რაზმებში და ამიერიდან რომაელთა ჯართან ერთად მტრების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. სარწმუნოებაც უფრო სანდომიერზე გამოიცვალეს, ყველანი ქრისტიანები გახდნენ. ასეთი იყო საქმის ვითარება ჭანებში.
ზოგიერთი ავტორი ამბობს, რომ ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი არიან სანები, რომელთაც ახლა ჭანები ეწოდებათ. ჭანები ზღვის ნაპირს ძალიან არიან დაშორებულნი და არმენიელები ცხოვრობენ შუახმელეთზე და შუაში აღმართულია მრავალი, მეტად მიუვალი და სრულიად ციცაბო, უზარმაზარი ქვეყანა, სრულიად უკაცური, გადაუვალი თხრილები, ტყიანი მწვერვალები და უგზო-უკლო ნაპრალები; ყველა ამით ჭანები გამოირჩევიან, როგორც არაზღვისპირა მცხოვრებლები.
ტრაპეზუნტიელთა საზღვრები ვრცელდება დაბა სურმენემდე და ე.წ. რიზემდე, რომელიც ლაზიკეში ზღვით მიმავალისათვის ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული ტრაპეზუნტს. თაფლი ტრაპეზუნტის გარშემო მდებარე ყველა ადგილას მწარეა, და, ამრიგად, მხოლოდ აქ საწინააღმდეგო წარმოდგენა არსებობს თაფლის შესახებ. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომი არმენიელები ცხოვრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად ბოასი (ჭოროხი), რომელიც მის შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი. ვინაიდან, როდესაც ის ზღვის მახლობლად მიდის, ივლის ამ სახელს და იქიდან სხვა სახელწოდებას მიირქმევს: სახელს ის თავის მიმდევართაგან იძენს. მას სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსისს უწოდებენ იმის გამო, რომ მისი დამორჩილება, ზღვასთან შეერთების ადგილას შეუძლებელი ხდება, ვინაიდან ისეთი სისწრაფითა და სიმწვავით უერთდება და ისიეთი დიდი ხმაურით მიიწევს წინ, რომ ზღვის კარგა მოშორებით მომდინარეც შეუძლებელს ქმნის ზღვაში შეცურვას: ასე რომ ევქსინის პონტოს ამ ადგილას მცურავნი ვერც სიგ ლაზიკეში ახერხებენ შენავებას, ვერ იქიდან გამოსვლას და ვერც ახლოს გაცურვას, ვინაიდან არსად არ შეუძლიათ დაიმორჩილონ წყლის მდინარება, არამედ შორს უნდა ავიდნენ ზღვაში, სადმე შუა პონტოში მივიდნენ და ასე აიცდინონ მდინარის შესართავი.
რიზეს მოსდევს მიწა-წყალი ერთი ხალხისა, რომელიც რომაელებსა და ლაზებს შორის მოსახლეობს (იგულისხმება ჭანები). იქ მდებარეობს ერთი სოფელი, სახელად ათინა. ათინის შემდეგ მდებარეობს არქაბე და აფსარუსი, რომელიც სამი დღის სავალი გზით არის რიზეს მოშორებული. ეს ქალაქი (აფასაროსი) ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მაჩვენებელია. ამჟამად აქედან სხვა არაფერია დარჩენილი, გარდა გარდა შენობათა საძირკვლებისა.
ამბობენ რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს იქ (ე.ი. ტრაპეზუნტსა და აფსაროსს შორის მხარეში) ვიდრე ლაზების და საგინების (სანიგების) ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაული ჯარები. ამჟამად კი იქაური მცხოვრებლები არც რომაელთა და არც ლაზთა მეფის ქვეშევრდომები არ არიან, გარდა იმისა, რომ რადგან ისინი ქრისტიანები არიან, ლაზთა ეპისკოპოზები უწესებენ მათ მღვდელმსახურებს. ისინი ისწრაფვიან ორივესთან მშვიდობიან და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ და ყოველთვის თანხმდებიან ხოლმე მიაცილონ ერთი მხრიდან მეორესთან მიმავალი მოციქულები. ასე იქცევიან ისინი ჩვენს დრომდე: ისინი თავიანთი მსუბუქი ხომალდებით მიაცილებენ ხოლმე ერთი მეფის გზირებს, რომელნიც მეორე მეფესთან მიდიან. დღემდე ისინი არავითარ გადასახადს არ იხდიან. ამ ადგილების მარჯვნივ აღმართულია მეტად ციცაბო მთები და გადაჭიმულია უმეტესად უდაბური ადგილები. ამის გადაღმა ცხოვრობენ ე.წ. პერსარმენიელები და არმენიელები, რომლებიც რომაელთა ქვეშევრდომები არიან და რომაელთა მიწაწყალი იბერიის საზღვრებამდე ვრცელდება.
ჭანები ძველითგანვე თვითთავადნი იყვნენ და არვის ემორჩილებოდნენ და ველურ ცხოვრებას ეწეოდნენ; ღმერთებად ჭალებს, ფრინველებსა და სხვა რაღაც ცხოველებს ისახავდნენ და თაყვანს სცემდნენ, ყოველთვის ცათმბჯენსა და უზარმაზარ მთებში ცხოვრობდნენ, მიწას კი არასდროს არ ამუშავებდნენ. არამედ მუდამ ყაჩაღობითა და ქურდობით გაჰქონდათ თავი. თვითონ ხომ არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მიწა დაამუშავონ, და მიწაც მათ იქ, სადაც დაქანებული მთები არაა ჩამოშვებული, ხნარცვიანი აქვთ. ბორცვები კი არაა, მიწაზე აღმართული, არც მიწისებური, არც ნაყოფის მოცემა შეუძლია მას, კიდევაც რომ იზრუნონ ამაზე მცხოვრებლებმა, არამედ უმეტესწილ ხრიოკი და სრულიად მწირი და ყოველგვარ ნაყოფიერებას მოკლებული ადგილებია ეს. აქ არც მიწის მოხვნაა რამენაირად შესაძლებელი, არც ნათესის მომკა და არც თიბვა; ხეებზედაც კი, რომლებიც ჭანეთში ჭარბადაა, ყვავილი არ გამოდის და ისინი სრულიად უნაყოფონი არიან, ვინაიდან იმთავითვე არც წელიწადის დროები ენაცვალებიან ერთმანეთს: ამჟამადაც მიწას წელიწადის დროის შესაფერისი ტენიანობა და სიცივე არ ხვდება, არც მზის სითბო ესალმუნება, მთელი ქვეყანა დაუბოლოვებული ზამთრის ხვედრი გამხდარა და მუდმივი თოვლით მოფენილა. ამის გამო ჭანები ძველად თვითთავადად ცხოვრობდნენ. იუსტინიანეს მეფობის დროს კი ისინი დამარცხდნენ რომაელებთან ბრძოლაში – რომაელებს სიტა სარდლობდა, – დაჰყარეს იარაღი და ყველანი პირდაპირ მიეკედლნენ მას: ნაცვლად სახიფათო თავისუფლებისა იოლი მონობა აირჩიეს. თავისი სარწმუნოებაც გადაცვალეს მაშინვე სათნო სარწმუნოებაზე და ყველანი ქრისტიანენი გახდნენ, თავისი მკაცრი ცხოვრებაც უფრო ფაქიზად აქციეს, თავი გაანებეს ყოველგვარ ყაჩაღობას და რომაელებთან ერთად ლაშქრობდნენ ხოლმე მუდამ თავიანთი მტრის წინააღმდეგ. მაგრამ რადგან იუსტინიანეს ეშინოდა, რომ ჭანებს არ გადაეხვიათ ოდესმე ამ წესიერი ცხოვრების გზისათვის და კვლავ არ დაბრუნდებოდნენ თავიანთ ველურ ცხოვრებას. მან მოისაზრა შემდეგი.
ძნელსავალია ჭანეთი ფრიად, ცხენოსანი სრულიად ვერ გაივლის იქ, ვინაიდან ყოველგნით მორკალულია უმეტესწილ კლდიანი და ტყიანი ადგილებით. ამის გამო ჭანებს არ ეხერხებათ ურთიერთობა იქონიონ მეზობლებთან იქონიონ მეზობლებთან მეზობლებთან და კარჩაკეტილად გაველურებულნი ცხოვრობდნენ მსგავსად მხეცებისა. ამიტომ იუსტინიანემ გააჩეხინა მთლიანად ხეები, რომლებიც გზაზე ეღობებოდა ადამიანს, შეაკეთა იქაური ძნელსავალი ადგილები და ისინი ადგილსავალ და საცხენო გზებად აქცია, და ამრიგად შესაძლებელი გახადა ჭანების დაახლოება დანარჩენებთან და ურთიერთობის დაჭერა მეზობელ მცხოვრებლებთან. შემდეგ კი აუშენა მათ ე.წ. სქამალინიხონში (სხამალინიხონ) ეკლესია და ბრძანება გასცა ეკურთხათ იგი, მიეყოთ ხელი მღვდელმსახურებისათვის, ედიდებინათ ღმერთი ლოცვებით და სხვა ყოველგვარი საღმრთო ვალი გადაეხედათ და, ერთი სიტყვით, ეცხოვრათ როგორც გონიერ ადამიანებს. გარდა ამისა მთელ ამ ქვეყანაზე ციხე-სიმაგრეები ააგო და მუდმივ მცველებად ჩააყენა იქ ძლიერი რომაული გარნიზონები და, ამრიგად, შესაძლებელი გახადა ჭანებისათვის დანარჩენ მცხოვრებლებთან დაუბრკოლებელი კავშირი ჰქონოდათ. თუ სად ააშენა მან ჭანეთის ციხე-სიმაგრეები ოდესღაც, ახლავე ვიტყვი.
აქ ქვეყანა სამ ჯვარედინ გზად არის გასერილი. აქედან იწყებენ ხომ გაყრას რომაელთა, პერსარმენიელთა და თვით ჭანთა საზღვრები. აქ იუსტინიანემ ძალიან ძლიერი ციხე ააგო, რომელიც წინათ არ ყოფილა, სახელად ჰორონონი, და ამით საფუძველი ჩაუყარა ზავის საქმეს. პირველად ხომ აქედან გახდა შესაძლებელი ჭანეთში შესვლა, ამიტომ აქვე ჩააყენა ჯარის სარდალი, რომელსაც „დუკს“ (ნიშნავს ბელადს, მეთაურს) ეძახიან. ჭანები მრავალ ტომებად განიყოფებიან. ერთ სოფელში, რომელიც ჰორონონისაგან ორი დღის სავალი გზით არის დაშორებული და სადაც საზღვრებია ე.წ. ოკენიტის ჭანებისა, რაღაც სიმაგრე იყო, ძველადვე მცხოვრებთა მიერ აშენებული, რომელიც უკვე კარგა ხანია ნანგრევებად ქცეულა მოუვლელობის გამო; მისი სახელია ხართონი (ქართონი). იუსტინიანემ ის განაახლა, ჩაასახლა იქ ხალხი კარგა ბლომად და დაავალა ამ ადგილის დაცვა და მოვლა. იქიდან რომ მიდიხარ აღმოსავლეთის მიმართულებით, ერთი კლდიანი ნაპრალია, გადაჭიმული ჩრდილოეთისაკენ; აქ იუსტინიანემ ციხე ააგო, სახელად ბარხონი. გადაღმა მთის ძირში ბოსლებია, სადაც ე.წ. ოკენიტის ჭანების საქონელია მოთავსებული, რომელსაც ჭანები ინახავენ იქ არა მიწის ხვნის დროს გამოსაყენებლად, ვინაიდან ჭანები სრულიად უქნარნი არიან და მათთვის მიწათმოქმედების სამუშაოები უცხოა, როგორც უკვე ვთქვია, და მათ არც ხვნა იციან და არც მიწათმოქმედების სხვა საქმიანობა; საქონელს ისინი ინახავენ იმისთვის, რომ წველონ ხოლმე და მისი ხორცით გამოიკვებონ თავი. შემდეგ მთის ძირისა, სადაც დავაკებულ ადგილას სოფელი კენა არის, დასავლეთის მიმართულებით რომ იარო, არის ერთი ციხე – სახელი მისი სისილისსონი, რომელიც ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო ძველადვე აუშენებიათ, ხოლო დროთა ვითარებაში გაუკაცრიელებულა; იუსტინიანე მეფემ ის განაახლა და, როგორც სხვა დანარჩენ ციხეებშიაც, აქაც რომაელ ჯარისკაცთაგან შემდგარი საკმაორიცხოვანი მცველი რაზმი ჩააყენა. აქედან რომ მიდიხარ მარცხნივ ჩრდილოეთის მიმართულებით, არის ერთი ადგილი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ლონგინეს თხრილს ეძახიან, რადგან წინა ხანებში რომაელთა სტრატეგოსი ლონგინე, ტომით ისავრიელი, ერთხელ ჭანების წინააღმდეგ რომ ულაშქრია, აქ დაბანაკებულა. ამ ჩვენმა მეფემ ააშენა ციხე, სახელად ბურგუსნოესი, რომელიც სისილისსონის ციხისგან დაშორებულია ერთი დღს სავალით. ეს სიმაგრე, ისევე, როგორც სისილოსსონის ციხე, ამავე მეფის მიერ არის მტკიცედ აშენებული. აქედან ე.წ. კოქსილინის (ქოქსილინის) ჭანთა საზღვრები იწყება. ამჟამად აქ აგებულია ორი ციხე: ერთი – ე.წ. სქამალინიხონი და მეორე – ის, რომელსაც ტზანზაკონს (ჭანჭახა) უწოდებენ. აქ იუსტინიანემ ჯარის მეორე მთავარიც ჩააყენა“.
„ხართონი“ უნდა იყოს ქართული „ღართი“, რომელიც ბიზანტიისა და ჭანეთის საზღვარს დაშორებულია ორი დღის სავალზე. ეს კი ზედმიწევნით უდგება ბაიბურთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხართს, რომელიც ჭოროხის სათავეებთან დარაჯობს ჭანეთში მიმავალ გზას.
„სქამალინიხონ“ (სხამალინიხონ) ნამდვილად ჭანურია და შეიძლება წარმომდგარიყოს „შქა-მალი-ნოღა“-სგან. „შქა“ ჭანურად შუას ნიშნავს, ხოლო „ნოღა“ საბაზრო ადგილს, ქალაქს, მაშასადამე „შქამალი ნოღა“ შეიძლება „შუაქალაქად“ გადმოვთარგმნოთ, რაც მის მდებარეობასაც შეეფერება.
„ბარხონი“ უნდა უდრიდეს ქართულ „პარხალს“. ღართის ჩრდ-აღმ-ით მართლაც გადაჭიმულია პარხალის მთები.
„ბურგუსნიოსი (ბურღუსნიოსი) წარმომდგარი უნდა იყოს „ბურღი“-საგან, რაც ჭანურად ტყის ერთს მრავალფურცლიან მცენარეს ჰქვია და ამავე ფესვისა უნდა იყოს მეორე ჭანური გეოგრაფიული სახელი „მურღული“-ც (მურღულის ხეობა).
„ჭანჭახა“, როგორც საგეოგრაფიო სახელი სამცხეში და ქართლშიც არის და უნდა წარმომდგარი იყოს „ჭანჭი“-საგან, რაც ნოტიო, ჭაობიან ადგილს ნიშნავს.
„კენა“ უდრის „კაენ“-ს და სწორედ ასე კაენა პარემბოლა იწოდება იგი ლათინურად.
იუსტინიანე I 535 წლის იანვარში გამოცემულ ნოველაში წერს: „ჭანები, რომელნიც მხოლოდ ახლა მოიქცნენ რომაელთა ძალაუფლების ქვეშ, ქვეშევრდომთა რიცხვში გვყვანდნენ. ასეთი რამ დღემდე არასოდეს მიუნიჭებია რომაელებისთვის ღმერთს, – მხოლოდ ჩვენს მეფობაში მოგვენიჭა ეს მადლი“.
აგათია სქოლასტიკოსი: ჭანების საბოლოო დამორჩილება 557 წელს.
„ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქალაქ ტრაპეზუნტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა და სრულიადაც არ ფიქრობდა ურჩობას, უმეტესი მათგანი კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა, დათარეშობდა პონტოს გასწვრივ მდებარე სოფლებში, ანადგურებდა ყანებსა და ძარცვადა მგზავრებს; ისინი თავს ესხმოდნენ არმენიასაც, სადაც კი ახერხებდნენ, ძარცვა-გლეჯას ეწეოდნენ და ერთი სიტყვით, სრულიად არაფრით განირჩეოდნენ აშკარა მტრისაგან. ამიტომ მათ წინააღმდეგ გაიგზავნა თეოდორე ჭანი, რომელსაც რომაელ სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეკავა. მან, როგორც ქვეყნის კარგმა მცოდნემ, იცოდა თუ საიდან დასხმოდა მათ თავს, სად დაბანაკებულიყო; ზედმიწევნით იცოდა აგრეთვე, თუ როგორ მიეგნო მტრის კვალისათვის, – ასე რომ სრულიად მიზანშეწონილი იყო, რომ მეფემ მას დაავალა ეს საქმე. ის დაიძრა კოლხიდიდან დიდძალი ჯარით, ფასისი გადაღმა მოუარა დასავლეთით ჭანების საზღვრებს და უცბად შევიდა მტრის მაშინდელი მიწა-წყლის შუა გულში. მან დაიბანაკა ქალაქ თეოდორიადისა და ე.წ. რიზეს გარშემო, იქ ჯარისათვის შემოავლო თხრილი და თავისთან მოიხმო ჭანების ის ნაწილი, რომელიც წყნარად და მეგობრულად იყო განწყობილი და ჯერ არ გამდგარიყო; ესენი მან საჩუქრების საშუალებით თავისკენ მიიმხრო და ძალიან უქო კეთილგონიერება; ისინი კი, ვინც უტიფრად განდგა და პირობები დაარღვია, გადაწყვიტა დაესაჯა, რაც შეიძლებოდა მალე და შეუდგა ომის სამზადისს. მაგრამ იმათ აღარ დააყოვნეს და გაჩნდნენ იმ თხრილის წინ; იქვე მახლობლად ერთ გადმოშვერილ ბორცვზე თავი მოუყარეს ლაშქარს და შუბები და ისრები დაუშინეს რომაელებს ზემოდან, ისე რომ რომაელების მთელი ჯარი შეიძრა ჭანთა ამ მოულოდნელი სითამამისგან. ბევრი რომაელი მაინც ამოვიდა თხრილიდან და გაშმაგებით ეცა მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ისინი უმწყობროდ მოდიოდნენ, არც უცდიდნენ, რომ ისინი ქვემოთ, გაშლილ ადგილას, გაეწვიათ საბრძოლველად; ისინი რისხვას მისცემოდნენ და უმწყობროდ მორბოდნენ; თავ-ზევით გაეშვირათ მრუდე ფარები, თვითონ თავები ჩაექინდრათ და ასე ცდილობდნენ ბორცვზე აცოცებულიყვნენ. ჭანები კი ხშირ-ხშირად უშენდნენ ზემოდან შუბებს, აგორებდნენ ქვებს და სწრაფად განდევნეს მოწინააღმდეგენი: გამოძრვნენ საფარიდან და ორმოცამდე კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სამარცხვინოდ აოტეს. ამ მოულოდნელი გამარჯვებით გათამამებული ბარბაროსები სასწრაფოდ მიუახლოვდნენ ბანაკს; აქ ატყდა ფიცხელი ბრძოლა: ჭანები ცდილობდნენ შიგნით შეჭრილიყვნენ და ყველანი დაეწიოკებინათ, რომაელებს კი სამარცხვინოდ მიაჩნდათ არა მარტო ის, რომ მტერს სწრაფლ ვერ გააგდებდნენ, არამედ ის – თუ საბოლოოდ ვერ მოსპობდნენ მას. ორივენი ეცნენ ერთმანეთს, შეეპირისპირნენ, ხელდახელაც შეებნენ და ოდნავაც არ შეუსუსტებიათ გულადობა. ასე მიმდინარეობდა ბრძოლა მეტწილად თანაბარი წარმატებით ორივე მხარისათვის: იქაურობა შეძრა აურზაურმა და შერეულმა ყვირილმა; ბრძოლა გადაუწყვეტელი დარჩა.
თეოდორემ დაინახა მოწინააღდეგენი უსარდლოდ იყვნენ და მაინცადამაინც არც უშიშარ პირობებში უხდებოდათ ბრძოლა; დაინახა ისიც რომ თხრილის ყველა ადგილას კი არ იყვნენ ჩამდგარნი, არამედ ყველანი ერთ ადგილს ჩაჰკირკიტებდნენ, უბრძანა ზოგიერთ ჯარისკაცებს თავიანთ ადგილას მდგარიყვნენ და ასე გაეწიათ წინააღმდეგობა მტრისათვის; მეტი წილი ჯარისა კი ფარულად გააგზავნა და დაავალა ზურგიდან დასცემოდა ბარბაროსებს. ისინიც ჩუმად წავიდნენ და ზურგით რომ მოექცნენ მტერს, მორთეს საზარელი და სმენის წამღები ყვირილი, ისე რომ დაფორიაქებულმა ჭანებმა, ცხადია, სხვა ვერაფერი მოისაზრეს და ალყაში მოქცევის შიშით თავზარდაცემულები ლაჩრულად გაიქცნენ. ასე ოტებული და თავგზააბნეული ჭანები რომაელებმა ადვილად მოსპეს: 2000 კაცი მოკლეს, დანარჩენები კი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტეს. ასე მთელი ტომი რომ დაიმორჩილა თეოდორემ, მეფეს შეატყობინა ყველაფერი და თანვე შეეკითხა, როგორ მოვიქცე მათ მიმართო. მეფემ უბრძანა განსაზღვრული ყოველწლიური ხარკი დაადე, რათა იმათ შეიგნონ, რომ ისინი ქვეშევრდომნი, მოხარკენი და საბოლოოდ დამორჩილებულნი არიანო. მაშინვე ყველანი აღწერეს და დაავალეს ხარკის გადახდა; მას აქეთ ისინი მუდამ ბეგარას იხდიან. ასე დამთავრდა ჭანების თავგასულობის საქმე და თეოდორეც მაშინვე გაბრუნდა ლაზეთში სტრატეგოსებთან“.
* * *
ჭანების დამორჩილების შემდეგ იუსტინიანემ მათი საცხოვრისი ქ. ტრაპეზუნტთან ერთად, დაუქვემდებარა ახლად შექმნილ პროვინცია არმენია I მაგნას. VII საუკუნის მეორე ნახევარში, თემების სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად, მთელი ყოფილი პონტოს სამეფოს რეგიონი გახდა არმენიაკონის თემის (კაპადოკიის მიწებთან ერთად) ნაწილი, თავდაპირველად როგორც ხალდიის სამმართველო, შემდეგ კი ხალდიის ნახევრად-სამთავრო.
სახელწოდება არმენიაკონი მექანიკურად ჰქონდა მიკუთვნებული ამ რაიონებს და ბიზანტიის ხელისუფლების მიერ, მცირე აზიისა და ზღვის სანაპირო ტერიტორიების უბრალო სამხედრო-ადმინისტრაციული გადამიჯვნის საფუძველზე იყო წარმომდგარი.
824 თუ 840 წელს „ხალდია“ ცალკე თემად ჩამოყალიბდა, რომლის მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას ქართველური ხალხი წარმოადგენდა; მისი კრებითი სახელი თავიდან იყო „ჭანები“, რომელიც საუკუნეების მანძილზე „ლაზებმა“ შეცვალა. სახელი ბიზანტიელებმა ძველი პერიოდის დიადი ქართველური ხალხის – ხალიბების საპატივცემულოდ დაარქვეს, რომლებიც ნაწილობრივ ამ მხარეებშიც ცხოვრობდნენ და რომლებსაც გვიანანტიკურ ხანაში ბერძენ-რომაელი ავტორები სწორედ ხალდებს უწოდებენ.
ხალდიის ქალაქები იყო კერასუნტი (გირესუნი) ტრაპეზუნტი, პაიპერი (ბაიბურთი), ერზინჯანი, ხერიანი. სამხრეთით მდებარე მთიანეთი, ცნობილი როგორც მესოქალდია (შუა ქალდია), უფრო მეჩხრად იყო დასახლებული და პროკოპის მიერ ის აღწერილია როგორც მიუწვდომელი, მაგრამ მდიდარი სხვადასხვა მინერალური წიაღისეულით, განსაკუთრებით ტყვიით, მაგრამ ასევე ოქროთი და ვერცხლით. აქ მდებარე მაღაროების მეშვეობით, რეგიონის ძირითად დასახლებას არგიროპოლისი (ვერცხლის ქალაქი თანამედროვე გუმუშჰანე) ეწოდა.
აფხაზეთის სამეფოს შექმნის (VIII საუკუნის ბოლოს) შემდეგ ჭანეთის ნაწილი ჭოროხიდან მდ. არქაბემდე მის შემადგენლობაში მოექცა და ამიერიდან ჭანეთის აღმ. საზღვარმა მდ. არქაბეზე გადმოინაცვლა. შესაბამისად იგივე ტერიტორიაზე გადიოდა ჯერ საქართველო–ბიზანტიის, შემდეგ საქართველო–ტრაპიზონის და ბოლოს საქართველო–ოსმალეთის საზღვარი ვიდრე XVII საუკუნეებამდე.
IX და X საუკუნის არაბი გეოგრაფები სხვადასხვაგვარად აღწერენ თემს: იბნ ხორდადბეჰი აღწერს, რომ თემი ითვლიდა 6 ციხესიმაგრეს, ქუდამა იბნ ჯაფარის ცნობით „თემა ხალდიადან 4000 მებრძოლი გამოჰყავდათ“. ეს რიცხვი უდრის დანარჩენი თემებიდან თვითოეულისათვის სავალდებულო გამოსაყვან მებრძოლთა რიცხვს. მაშასადამე, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, ხალდია სხვა თემებს არ ჩამოუვარდებოდა.
განცალკევებული, ფაქტიურად მონოეთნიკური თემის „ხალდიის“ ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ადგილობრივ ქართველურ მოსახლეობას შეენარჩუნებინა ეთნიკური და კულტურული თვითმყოფადობა, რის გამოც ამ მხარეში საუკუნეში ერთხელ მაინც ხდებოდა ანტიბიზანტიური აჯანყებები.
ასე მაგ. 922 წელს ხალდიის თემის მოსახლეობა აჯანყდა ადგილობრივი ფეოდალის ადრიანეს მეთაურობთ. აჯანყებულებმა აიღეს პაიპერი. ბიზანტიის ჯარებმა კურკურასის სარდლობით მოახერხეს აჯანყებულთა დამარცხება, აიღეს მათი მტავარი ციხე და მეთაურები დასაჯეს.
XI საუკუნეში ტრაპიზონში ძალაუფლება ეკუთვნის თეოდორე გაბრას (ფალმერეიერი გვამცნობს, გაბრა ძველი ხალდური სიტყვაა და ნიშნავს მამაცს, გმირს. გაბრა-ვა ძალიან გავრცელებული გვარია დღევანდელ სამეგრელოშიც). გერმანელი მკვლევარის ფ. ფალმერაიერის გამოკვლევით იგი იყო ადგილობრივი ჭანური წარმომავლობის ფეოდალი. (ამას ადასტურებს აკ. უსპენსკიც). მან მოიგერია როგორც თურქ-სელჩუქების, შემდეგ დავით აღმაშენებლის შემოტევა და ტრაპზონში განიმტკიცა ძალაუფლება, რის შემდეგაც უარი გამოუცხადა ბიზანტიის ხელისუფლებასაც.
ავგუსტმა ალექსი კომნენმა თეოდორეს შვილი გრიგოლ გაბრა დაამარცხა ციხე-სიმაგრე კოლონიას მახლობლად 1107 წელს და იგი ტყვედ წაიყვანა კონსტანტინეპოლში. თუმცა ერთი წლის შემდეგ შეიწყალეს და დააბრუნეს ტრაპიზონში ხალდიის თემის გამგებლად.
გრიგოლის შვილმა კონსტანტინე გაბრამაც გამოაცხადა ურჩობა იოანე II კომნენოსის წინააღმდეგ და 1126–1140 თემს დამოუკიდებლად მართავდა და იგერიებდა ავგუსტის იერიშებს.
ჯვაროსანთა იერიშების დროს ტრაპიზონში უკვე ძალაუფლება კომნენებს ეპყრათ, თუმცა ამისოსის მხარის მართველად ჩანს თეოდორ II გაბრა.
1204 წელს, IV ჯვაროსნული ომის შედეგად, ბიზანტიის იმპერიის დაშლასთან ერთად ხალდიის თემის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ტრაპიზონის იმპერია.
1284 წელს დავით ნარინმა ჭანეთი დაიპყრო და ლიხთიმერეთს შეუერთა. XIII საუკუნის ბოლოს ტრაპიზონის იმპერიამ დაიბრუნა და 1297 წელს სამცხის მთავარ ბექას გადასცა.
ტრაპიზონის იმპერიის აღმოცენებისთანავე, მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელმძღვანელ როლს ასრულებენ ადგილობრივი (ე.ი. ჭანური) დაწინაურებული საგვარეულოები თავიანთი გამოჩენილი წევრების საშუალებით. ეს საგვარეულოები და მათი წარმომადგენლები, ერთი მრივ, ებრძვიან ტრაპზონის იმპერატორებს, ეცილებიან მათ ხელისუფლებაში და, მეორე მრივ, ებრძვიან ერთმანეთს უმაღლესი სახელმწიფო – სამოხელეო თანამდებობებისათვის.
ამის ნათელი მაგალითია XIV საუკუნის I ნახევარში ტრაპიზონის სახელმწიფოში მიდმინარე ურთიერთშორის დაუნდობელი და სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელიც 20 წელს გაგრძელდა და რომაელმაც ზოგი საგვარეულო მთლიანად იმსხვერპლა, ზოგიც კი საკმაოდ გააჩანაგა (დეტალურად იხილეთ Ф. И. Успенский „Очерки из истории Трапезундской империи“).
ამ ბრძოლის მთავარი მონაწილენი არიან შემდეგი საგვარეულოები: სქოლარიები, მიზიმატები, კავასიტები, ჭანიხიტები, კომახიტები. თავი რომ დავანებოთ პირველ ორს, უკანასკნელი სამი დღემდეა საქართველოში გადარჩენილი კავსაძის, ჭანიშვილისა და კომახიძის სახით.
თვითოეულ ამ საგვარეულოს ძველ ხალდიაში თვალსაჩინო ადგილი და როლი განეკუთვნებოდა.
კავასიტების გვარი წარმომდგარი უნდა იყოს იმ გეოგრაფიული სახელწოდებიდან, რომელიც დღემდე შემონახულია სამსუნის (ყოფ. ამისოსი) მახლობლად მდებარე სოფ. კავსას სახელწოდებაში.
ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა აგრეთვე ციხესიმაგრე ჭანჭა, ანუ შემდგომი გიუმუშჰანე და ხალდიის სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები იმპერიის სამხრეთ საზღვრებზე.
უსპენსკის სიტყვით: „ტრაპიზონიდან არზრუმის მიმართულებით სამხრეთი ოლქები, რომლებიც დაცული იყო მთებითა და ციხე-სიმაგრეებით, კავასიტების ხელთ იყო, რომელთან ოდითგანვე ეკუთვნოდათ ნახევრად დამოუკიდებელი მდგომარება ხალდიაში“.
კავასიტებს სხვადახვა დროს ჰქონდათ ხალდიის თემის დუკას (ანუ მხარის სამხედრო და სამოქალაქო გუბარნატორის) თანამდებობა. ტრაპიზონის იმპერიაში კი ჰქონდათ დიდი დომესტიკისა და დიდი ლოგოთეტის წაოდებანი.
ციხე-სიმაგრე ჭანიხის მფლობელ ჭანიხიტებს დიდი თანამდებობები ეკავათ, როგორც ხალდიის თემში, ისე ტრაპიზონის იმპერიაში. უკანასკნელში ეჭირათ მაგ. დიდი მეჯინიბეთუხუცესის თანამდებობა, რომლის მფლობელი ასევე იყო მაცუკას ოლქს ჯარის უფროსი (სხვათაშორის საქართველოში არის გვარი მაცუკაშვილი).
კომახიტების გვარი წარმოსდგა მათი ციხე-სიმაგრე კომახადან, რომელიც ზოგჯერ კემახადაც იწოდებოდა და რომლის ნაშთები დღემდე შემორჩენილია.
1461 წელს ოსმალეთმა დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია და მის ადგილზე ტრაპიზონის ვილაიეთი დააარსა.
1463–1502 წლებში ჭანეთი გურიის სამთავროს შემადგენლობაშია, 1502–1535 წლებში – სამცხე-საათაბაგოს ეჭირა, 1535–47 წლებში კვლავ გურიას ეკუთვნის. ჭანეთი ოსმალეთმა საბოლოოდ 1547 წელს მიიტაცა და დაიწყო ამ მხარის გათურქება.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნიდან „ქართველთა გულისცემა“.
„აჭარაში გამაჰმადიანება ლივანიდან შემოუტანიათ. პირველად მაჰმადიანობა აჭარის მარჯვენა მხარის სოფლებისკენ გაუვრცელებიათ, მარცხენა მხარის სოფლები კი ისე დაუტოვებიათ. მარჯვენა მხარის სოფლები გავამაჰმადიანოთ და მარცხენა მხარის ხალხი თვითონ მოგვყვებაო. გამაჰმადიანებულთ და ქრისტეანთ შორის ყოველნაირი მეგობრობა მოსპობილა.
ლიგანის ხევი დღეს ლივანად იწოდება. ლიგანი ძველად იწყებოდა შესართავთან და იქიდან ართვინამდის მიემართებოდა. ოსმალთა მონების ქვეშ შესვლას შედეგად მოჰყვა მთელი ამ ადგილების გამაჰმადიანება. ქართველთ ოსმალთ წინააღმდეგ მკაცრად იწყეს ბრძოლა. ბრძოდნენ გმირულად, მაგრამ ბოლოს ქანცგაწყვეტილებმა იწყეს აქეთ-იქით ლტოლვა, დაბა და სოფლებმა იწყეს ვერანად ქცევა. ოსმალნი ოც, ოცდაათ სოფელს დაეცემოდნენ, ამ სოფლის ხალხს ერთად შეჰყრიდნენ, გარს ოსმალოს ჯარს შემოაკრავდნენ და თათრობას ეუბნებოდნენ. ქართველთაგან ესმოდათ: „არ გავთათრდებით, რაც უნდა იქმნეს!“
– დაგხოცავთ სუყველას, არც ერთს არ დაგარჩენთ ცოცხალს, – ეუბნებოდნენ ოსმალნი.
– ნება თქვენი გახლდეს, როგორც გერჩიოთ, ისე ჰქმენით საქმეო, – პასუხობდნენ ქართველნი.
პატიმარ ქართველებს მოუყრიდნენ ერთად თავს და ყველა ესენი წყობა-წყობა მიჰყავდათ ართვინის ხიდის გვერდით, რომელი ხიდიც ჭოროხზე იდგა. აქ აყენებდნენ ქართველთა და გარს ჯარისკაცნი სცავდნენ. პყრობილ ქართველთა პირდაპირ, ხიდის გვერდით, დაასვენეს ერთი ძველი ქართველთა ხატი, რომელსაც ქართველნი დიდ პატივს სცემდნენ. ეს ხატი ართვინის ეკლესიისათვის წაერთმიათ ოსმალებს. ხატის გვერდით იყო თავსაკვეთი ქვა და იდგნენ ჯალათები თავსაკვეთით აღჭურვილნი. პყრობილ ქართველთაგან სამ-სამნი მოჰყვანდათ ქართველთა ხატის წინაშე, გაკრძალვით აყენებდნენ და თან ეუბნებოდნენ: „თათრდები თუ არა? თუ თათრდები, ხომ კაი, თუ არადა, აი, თავსაკვეთი და ჯალათიო...“ ხატზე მიფურთხების შემდეგ მიმფურთხავს ათავისუფლებდნენ და იქვე ათათრებდნენ. ორი დღის განმავლობაში რვაას ქართველს მოსჭრეს თავი და გადაყარეს ჭოროხში, რომელთაც ვერ გაბედეს ხატზედ მიფურთხება. ზოგნი კი ასახელებენ, რომ ათას ოთხას კაცს მოსჭრეს თავიო. ასე და ამგვარად, ართვინის ხიდის გვერდით დიდძალი ქართველობა გაწყვეტილა ოსმალთა წინაშე ბრძოლაში მაჰმადიანობის გამო. დახოცილებში ბევრი დედაკაციც რეულა და მღვდლებიც. ამ ადგილებში ქართველები გათათრდნენ, მაგრამ ქრისტიანობას მაინც არ სტოვებდნენ, საიდუმლოდ ქრისტიანობდნენ. ეს ამბები ოსმალთ შეიტყვეს, ამიტომ მათ ქართველებს სასტიკად უწყეს დევნა და ტანჯვა-წამება. უკანასკნელ საქმე იქამდის მივიდა, რომ ლივანელ და კლარჯელ ქართველებს ქართულ ენაზე ლაპარაკიც კი დაუშალეს... აი უმთავრესი მიზეზები იმისა, რომ ართვინის ახლო-მახლო ქართული ენა ზოგიერთ სოფლებში სრულიად მოისპო. ბევრმა მათგან იწყეს კათოლიკეთ თავის აღიარება, ზოგმა სომხობა და ამით გადაირჩინეს თავი წამებისაგან, რადგანაც ოსმალნი კათოლიკებსა და სომხებს არ ატანებდნენ ძალას. მარტოდ ქართველებს მტრობდნენ, რომ ამათ საქართველოს მეფესა და ერთან კავშირი არა ჰქონიყოთ.
მურღულში რომ შესვლა დაიწყეს ოსმალთა, მურღულელებმა ისინი არ შეუშვეს. შეკრეს მურღულის შესავალი კარი და ოსმალთ შეუთვალეს: „ეს ქვეყანა თამარ დედოფლისა არის, ამას ვერა სახელმწიფო ვერ აიღებს, ჩვენ არავის მივსცემთ ამის აღების ნებასო. ბევრის სისხლის ღვრის შემდეგ ოსმალთა სძლიეს მურღულელებს, მთლად აიღეს. მურღულის ერი მოსდრიკეს, მონების ბორკილი დაადეს კისერზედ. დამონების უმალვე გათათრება უთხრეს, მაგრამ ამაზედ უარი მიიღეს. ოსმალთა მალე მღვდლების გარეკვა დაიწყეს, მოკლე დროის განმავლობაში მურღულში ერთი მღვდელიც არ დარჩა, თვით მღვდელ-მთავარნიც გამოაგდეს. საჩქაროდ ეკლესიების ნგრევა-დაქცევა დაიწყეს. ისე უწყალოდ და შეუბრალებლად მათ არსად დაუქცევიათ ქართველთა სისხლი და ეკლესიები, როგორც მურღულში. მურღულის ქართველობამ თითქმის ასახელა თავისი არსებობა; ესენი ოსმალებს სჯულის გულისთვის დაუცხრომლად 1790-იან წლებამდის ებრძოდნენ. ამ ხანამდე აქ ბევრს სოფელში ქართველნი ქრისტიანობდნენ. ოსმალნი დაწყნარდნენ და მურღულის ქართველებს მიუყენეს ჭანელი მოლა-ხოჯები. მურღულელების ზოგი თუ გაათათრეს, ზოგი სულ ვერ გატეხეს.
1840 წელს ოსმალთა დიდი მეცადინეობით შეიტყვეს, რომ მურღულში თურმე გათათრებული ქართველები ჩუმად ქრისტიანობდნენ და ეს ჩუმი ქართველი ქრისტეანები მთელს მურღულის ხეობის ქართველებსაც ამაგრებდნენ სჯულზე, ამათ მიმხრობილი ჰყავდათ თვით მოლა და ხოჯები. ქრისტიანობას ესენი ასრულებდნენ ღამე: მათ ერთი ოთახი ჰქონდათ ამორჩეული, ეს ოთახი ერთი მოსახლის ქვეშ იყო გაკეთებული სარდაფივით. დანიშნულ დროს ამ ოთახში გროვდებოდნენ და აქ ლოცულობდნენ ქრისტიანულად. ამათ ჰყავდათ მღვდელი; ეს მღვდელი ტრაპიზონში იყო ნაკურთხი, ბერძენი ეპისკოპოსისგან. ეს მღვდელი დღისით ნამდვილი მუსლიმანი იყო და ღამე ქრისტიანი, ერის კაცის ტანთსაცმლით იარებოდა ხალხში, სალოცავს ოთახში კი იგი ფილონით შეიმოსებოდა. მღვდელი საეკლესიო ნივთებსაც ინახავდა. ყველა ესენი მათ სწყობიათ სალოცავ ოთახის ერთს დოლაბში, რომლის კარებიც კედელში ისე ოსტატურად ყოფილა ჩატანებული, რომ ხამი კაცი იმას ვერ გაარჩევდა. საიდუმლო ქრისტეან ქართველები, საიდუმლო ლოცვის გარდა, მცირედ კარშიაც ქრისტიანობდნენ. მაგალითებრ, შობა ღამეს იმათ იცოდნენ „ალილოს“ თქმა: პატარა ბიჭები ერთად შეიკრიბებოდნენ და აქა-იქ ქართველებთან „ალილოს“ ძახილით წავიდოდნენ. ოსმალთა მოლა-ხოჯები კი ასე ჰფიქრობდნენ, ვითომც ბავშვები მღერიანო. ქართველნი ყველა ქრისტიანულ დღესასწაულსაც იგონებდნენ ხოლმე და ნამეტურ უქმობდნენ შობას, აღდგომას, წყალკურთხევას, ახალ წელიწადს და ელიობას, ქრისტიანულ მარხვასაც ინახავდნენ.
ოსმალებმა გამოძიება მოახდინეს და რამდენიმე ბავშვი გატეხეს, რომ იგინი ქრისტეანობდნენ. პატარები რომ არ გამოეტეხათ, დიდრონებთაგან ვერას შეიტყობდნენ. საქმის გამოძიების და გარკვევის შემდეგ საიდუმლო ქრისტეანე ქართველები სიკვდილით იქმნენ განკითხულნი. დანიშნულ დღეს გაიყვანეს ისინი და ზოგი სახრჩობელაზედ ჩამოჰკიდეს და დააღრჩვეს, ზოგს თავი მოჰკვეთეს და ზოგიც დასჩეხეს, მაგრამ არც ერთმა მათგანმა ამ დროს წარბიც არ შეიხარა... ამგვარად მოსპეს მურღულში ქრისტეანობა.
აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტეანობაზედ მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ. ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყოველგან სულ ქრისტეანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების რჯულზედ გადახვიდეთო. მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა... ამ ხიდზედ დაუდიათ თავსაკვეთი, მოხუც ქრისტეანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო. ეს საქმეები მომხდარა 1790 წლებში.
აჭარაში გათათრების გამო ყველაზედ დიდი ბრძოლა დანდალოს ხალხმა გამოიარა. ამათი გმირობის საქმეები ყველასათვის საკვირველი და სამაგალითო ყოფილა. მთელი დანდალო მკაცრად დადგა ოსმალოს წინააღმდეგ სჯულის გამოცვლის გამო. თვით დედაკაცებმაც კი აიღეს ხმალ-ხანჯარი ხელში და ოსმალოს წინააღმდეგ გამოვიდნენ საბრძოლველად. ამათ გარდაწყვიტეს, რომ ან მამა-პაპის რჯულზედ უნდა დავრჩეთ და ან უნდა გავწყდეთო, ჩვენი გათათრება არ შეიძლებაო. ამათ დაიწყეს ბრძოლა, საკვირველი საქმე დაჰმართეს ოსმალთ. ოსმალნი ათასობით დაჰხოცეს. მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალნი მოერივნენ, რადგან ამათ მიიშველიეს ახალ გათათრებული ქართველნი. დანდალოს ერი დამარცხდა და ამ დამარცხებით მთლად გაწყდა ხალხი, გაწყდა ისე, რომ არსად ერთი კაციც არ დარჩენილა, ქალი-ბავშვი და სხვანი მთლად დახოცეს, გაწყვიტეს, რადგან ამათ დიდი ზარალი მისცეს ოსმალთ, დიდძალი ხალხი დაუხოცეს, ამის გამო მოსპეს ოსმალთ ესენი და ვინც დარჩა, ისინიც ოსმალში გარეკეს. მთელი დანდალო ცარიელი დარჩა. სახლები, სოფლები უპატრონოთ იყო დაშთენილი და შიგ კაცი აღარ იყო მცხოვრები.
ქრისტიანობისთვის დიდი ტანჯვა და წამება სოფელ ვაიოს ხალხს გამოუცდია. ზოგნი ამბობენ, რომ „ვაიო“ იმიტომ დაერქვა იმას, რადგანაც გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ „ვაის“ ჰყვიროდაო... ზოგნი ამბობენ, რომ როცა ქართველებს ამაჰმადიანებდნენ, მაშინ ბევრი არ გამაჰმადიანდნენ და ცოცხალნი დარჩნენ, თავიანთს ნათესავებს ჰგლოვობდნენ და ტიროდნენ და ჰყვიროდნენ „ვაიო, ვაიო“ და ამიტომ დაერქვაო... გამაჰმადიანების შემდეგ აჭარის ქართველებში მევენახეობა ამოვარდნილაო. ამბობდნენ ხოლმე, რომ მთელი აჭარა სულ ვენახებად იყო გარდაქცეული და სოფლიდან სოფლამდის სულ ვენახებით იყო დაფარულიო...“
ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით ჭანეთი ნაყოფიერი მხარე იყო: „არის თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. მართალია ჭანეთი არის ფრიად ტყიანი, გორა-მთა-ღელიანი, თუმცა ხილიანი, ვენახიანი, მარცვლებით მოსავლიანი ბრინჯ-ბამბითურთ, და ნაყოფიერებს ფრიად. პირუტყვნი, ნადირნი ფრიად მრავალნი, ფრინველნი და თევზნი ურიცხუნი, მწერნი მრავალნი, ფუტკარი და თაფლი ბევრად“. ჭანები (ე. წ. ლაზები) განთქმული მუშაკები იყვნენ: „კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, მხოლოდ მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტიანენი, თუმცა იციან კვლავ ქართული ენა ვიეთთამე“. ქართული ენა ძირითადად ზედაფენის წარმომადგენლებმა იცოდნენ და მათ ვინც დასავლეთ საქართველოში ხის სამუშაოდ დადიოდნენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჭანეთი ხანგრძლივად მოწყვეტილი იყო საქართველოს, მის მკვიდრებს სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოსთან ჰქონდათ.
ჭანები კაცნი არიან სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კვლავ ქართული ენა ვიეთამე... აქ არ არის ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი ანუ სამი, დიდნი და მცირედნი, და ეგრეთვე ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერენით“.
ინგლისის კონსული ვ. ჯიფფორდ პალჰერი თავის 1868 წელს ტრაპიზონში დაწერილ მოხსენებაში ამბობს: „ტრაპიზონის ვილაიეთში, რომელიც შეკვეთილიდან იწყება და ყიზილ ირმაქამდის (ძველი ჰალისი) გასტანს, ოფიციალური ცნობებით 850000-მდე მცხოვრებია, მათ შორის 56000 ქრისტიანია (ორი მესამედი თავის თავს ბერძნებს ეძახის, ხოლო დანარჩენი სომხები არიან); მაჰმადიანები განსაკუთრებით ლაზები არიან; ხოლო თვით ლაზისტანში ლაზების მეტი არავინ ცხოვრობს, თერევას კაიმაკანში (ოლქში) ქ. კერასუნდისკენ ერთს მაზრაში (კაზა) განსაკუთრებით ლაზები ცხოვრობენ“.
მისივე ცნობით ტრაპიზონის ვილაიეთი ოთხ სანჯაყად (ოლქად) იყოფოდა. ესენია: ლაზისტანი, ტრაპიზონის ოლქი, ჭანიკი (ჯანიკი, მოიცავდა სამსუნის მხარეს) და გიუმუშჰანე. სულ ოთხივეში ცხოვრობდა 2151750 სული, რომელთა ¾ ჭანები-ლაზები უნდა ყოფილიყო.
არხავეს კაიმის (რაიონს) მოსახლეობის შესახებ პალჰერი წერს: ეს ნამდვილი ლაზისტანია, რადგან მოსახლეობა შედგება მთლიანად ლაზებისგან. აღწერამ დააფიქსირა 51 სოფელი და 19551 მცხოვრები, რომელთაგან 18115 მაჰმადიანია, ხოლო 1438 ბერძენი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ე.წ. ბერძნები რეალურად ქრისტიანი ლაზები არიან, რომელთაც დღემდე შეინარჩუნეს სარწმუნოება.
პროფ. ნიკო მარმა ადგილობრივებზე დაკვირვებით გამოარკვია, რომ ისლამის წყალობით ლაზების გათურქება სწრაფი ნაბიჯით წინ წასულა: „ამჟამად ლაზური ან ჭანური მოსახლეობა მხოლოდ რიზეს სინჯაყით განისაზღვრება, რომელსაც ლაზისტანის სინჯაყსაც უწოდებენ. მაგრამ ეს მიწაწყალიც ორ მთავარ ნაწილად უნდა გაიყოს: რიზესა და ათინას ოლქად. პირველში ხალხს უკვე დედაენა დავიწყებული აქვს. და თურქული შეუთვისებია, მეორეში კი მცხოვრებთა დედაენა ჭანური ანუ ლაზურია. ეს ათინას ოლქი საკუთრივ ათინას და ხოფას მაზრებისგან შესდგება. სამხრეთ-დასავლეთით მისი საზღვარი ქემერის კონცხთან (ქემერბურუნ) იწყება, შემდეგ აჰყვება მდ. ყინლიდერეს, გადასჭრის ათინას წყალისა და ბეიუკ-დერეს სათავეებს და მიადგება პონტოს ქედის მწვერვალს, რომელსაც ვარსამბეკი (ვერშემბეკი) ჰქვია. აქედან მოყოლებული ჭანეთის მიწა-წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება და პონტოს ქედსა და შავ ზღვას შუაა მოქცეული. ეს ზოლი თანდათან ვიწროვდება და ბათუმის ოლქში სარფთან თავდება.
ათინას ოლქი ექვს უბნად იყოფა: ხოფას, არქაბეს, ვიწეს, არტაშენის, ათინას და ხემშინის უბნებად. სულ 178 სოფელი არის, აქეთგან 39 სოფელი ხემშინის ოლქში ითვლება, რომელშიც 12778 სული მცხოვრებია. ხემშინები გამაჰმადიანებული და გათურქებული სომხები არიან. თვით ლაზთა რაოდენობის შესახებ ზედმიწევნითი ცნობები იმგვარადვე, როგორც ოსმალეთში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა შესახებ, არ მოიპოვება“.
პროფ. დ. ზავრიევის გამოანგარიშებით, 1872 წელს ტრაპიზონის საფაშოს დაახ. 940000 მოსახლიდან ლაზების რაოდენობა 600000 ივარაუდება, ხოლო 1940 წლისთვის 298300, და ისიც საორიენტაციოდ. ტრაპიზონის მხარეში თურქებისა და ქურთებს გამოკლებით სხვა დანარცენი მაჰმადიანური მოსახლეობა ქართველი მაჰმადიანია. მისივე სიტყვით სტატისტიკური აღწერის დროს, ხშირად სხვადასხვა რაიონისა და კერძოდ კი, ბათუმის ოლქის ქართველ მაჰმადიანებს, აღრიცხავდნენ, როგორც თურქებს. საერთო კი ლაზების განმათავისუფლებელი მოძრაობის შიშით თურქეთის ხელისუფლება ხშირად ასახლება ქვეყნის შიდა რაონებში. ერთი დიდი ასეთი გადასახლება იყო მაგ. 1934 წელ. ლაზთა და სხვა ქართველთა მასობრივ გადასახლებას ადგილი ჰქონდა აგრეთვე მეორე მსოფლიო ომის დროსაც.
პ. შუბინსკი 1911 წელს წერდა, რომ ტრაპიზონის მოსახლეობის 2/3-ს ლაზები შეადგენენ.
პროფეს. იოსებ ყიფშიძის მიერ ადგილობრივ შეკრებილი ცნობების მიხედვით ათინას ოლქში მკვიდრ ლაზთა რაოდენობა თუ მეტი არა, 80000-მდე მაინც უნდა ყოფილიყო.
რუსეთის გენერ. შტაბის საიდუმლო გამოცემაში გენ. ავერიანოვს თავის მონოგრაფიაში „Этнографическій и военно-политическій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской имперіи“. (1912 წ.) ლაზების რაოდენობა 200000-ად აქვს აღრიცხული, როდესაც რუსეთის ჯარმა I მსოფლიო ომის დროს ლაზისტანი დაიჭირა, მცხოვრებთა უმრავლესობამ ოსმალთა ჯართან ერთად უკან დაიხია და ადგილზე მხოლოდ 35000 ლაზიღა იყო დარჩენილი. ამის მიზეზი კი რუსეთის იმპერიის ბოროტი ზრახვები იყო:
საქართველოში 1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლების ჩახშობისა და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მკვლელობის შემდეგ, დამოუკიდებლობის მომხრეების (როგორც მაშინ უწოდებდნენ – „სამოსტოინიკების“) დიდი ნაწილი ჟანდარმერიამ და „ოხრანკამ“ ერთიმეორის მიყოლებით გაანადგურა; გადარჩენილებმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველეს.
ყოფილ მეამბოხეთათვის საუკეთესო თავშესაფრად იმხანად ოსმალეთის იმპერიის ტრაპიზონის ვილაიეთის შემადგენლობაში შემავალი ლაზისტანის სანჯაყი ანუ ისტორიული ლაზეთი იქცა; ბევრი ქართველი დამკვიდრდა ასევე ქალაქ ტრაპიზონშიც.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის სპეცსამსახურების მესვეურებმა რუსეთის იმპერიის „შიგნიდან დანგრევის“ მრავალპროფილიანი გეგმა შეიმუშავეს, რომლის აღსრულებაშიც გადამწყვეტი როლი იმპერიის უღელქვეშ მყოფ არარუს ხალხებს უნდა ეთამაშათ. 1914 წელს გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ დააარსეს.
იმავდროულად, 1914 წლის 2 აგვისტოს გერმანიამ და ოსმალეთმა სამოკავშირეო ხელშეკრულება დადეს, რომლის ძალითაც ოსმალური არმია და ფლოტი, ფაქტობრივად, ბერლინის ხელში მოექცა. გერმანიასთან ამ ხელშეკრულების დადება ოსმალეთის სულთანს, მეჰმედ V რეშადს პროგერმანულად განწყობილმა სამხედრო მინისტრმა, ისმაილ ენვერ ფაშამ აიძულა, რომელიც იმხანად ორ სხვა ფაშასთან ერთად (აჰმედ ჯემალი და მეჰმედ თალაათი) მთელი ოსმალეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. „სამი ფაშას რეჟიმის“ წყალობით, 1914 წლის 10 აგვისტოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ორი გერმანული კრეისერი – „გებენი“ და „ბრესლაუ“ შევიდა; 29 ოქტომბერს კი ოსმალეთმა ანტანტის ქვეყნებს უკვე ოფიციალურად გამოუცხადა ჯიჰადი.
სწორედ ამ დროს სტამბოლში „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, სოციალისტ-ფედერალისტი ლეო კერესელიძე ჩავიდა, რომელმაც ოსმალეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ქართული ლეგიონის ჩამოყალიბების თაობაზე სამ ფაშასთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართა. „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მესვეურთა აზრით, ქართული ლეგიონი პირველ ეტაპზე ემიგრანტი და ოსმალეთის ქვეშევრდომი ქართველებისგან უნდა შემდგარიყო, მერე კი მათ სამხედრო ტყვეებიც მიემატებოდნენ.
სამხედრო მინისტრმა და ოსმალეთის არმიის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელმა ენვერ ფაშამ მალე ქართული ლეგიონის ჩამოყალიბების თაობაზე სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელსაც 11 პუნქტიანი ინსტრუქციაც ერთვოდა. იგი განსაზღვრავდა ქართული ლეგიონის მთავარ განმასხვავებელ ნიშნებს – ფორმას, დროშასა და წესდებას. საინტერესოა, რომ ლეგიონის ოფიციალურ შტანდარტად დამტკიცდა ორფეროვანი (წითელ-შავი) ალამი, რომელიც ოსმალეთის სახელმწიფო დროშასთან ერთად უნდა ეტარებინათ. ფორმა კი ოსმალური ყაიდისა იყო, თუმცა მისგან ოდნავ განსხვავებული. ლეგიონში ოფიციალურ ენად, რასაკვირველია, ქართული გამოცხადდა.
ამასთან, როცა დღის წესრიგში ლეგიონის პირადი შემადგენლობის საკითხი დადგა, ლეო კერესელიძემ და მისმა ძმამ – ნესტორმა იმედიანი მზერა ლაზისტანის სანჯაყს (ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი, შედგებოდა ათინისა და ხოფის მაზრებისგან) მიაპყრეს. სანჯაყის მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის იმპერიის ქუთაისის გუბერნიასთან, სადაც ლაზები სამუშაოდ და სავაჭროდ ხშირად დადიოდნენ. გარდა ამისა, ლაზისტანში ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში გამომავალი ქართული ჟურნალ-გაზეთებიც აღწევდა და საგანგებოდ მუსლიმანთათვის გამოცემული „დედა ენაც“ ვრცელდებოდა; იქ ქართულ რევოლუციურ პარტიებსაც უამრავი გულშემატკივარი და მოკავშირე ჰყავდა და ძმებ კერესელიძეებსაც სწორედ მათი იმედი ჰქონდათ.
1915 წლის დასაწყისში, „ქართული ლეგიონი“, რომლის შემადგენლობაშიც სულ 600-მდე ჯარისკაცი (ძირითადად ემიგრანტები) ირიცხებოდა, ტრაპიზონის ვილაიეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ლეგიონს ამ დროისათვის უკვე გააჩნდა საბრძოლო გამოცდილება – 1914 წლის 9–12 დეკემბერს ოსმალური არმიის VII და VIII პოლკების მხარდამხარ არტაანის აღების ოპერაციაში მონაწილეობდა. ქართველმა ლეგიონერებმა, გერმანელ პოლკოვნიკ შტანკეს მეთაურობით, თავიც ისახელეს, თუმცა რუსების კონტრშეტევის შემდეგ უკან დაიხიეს. სწორედ მაშინ მიიღეს სტამბოლში ქართველთა ტრაპიზონში გადაყვანის გადაწყვეტილება.
ტრაპიზონის ვილაიეთის ქვედანაყოფების მეთაური იმხანად აჭარელი მუჰაჯირების შთამომავალი, აჰმედ ავნი ფაშა (ლორთქიფანიძე) იყო. ლეგიონის სარდალმა, გენერალმა ლეო კერესელიძემ მისი დახმარებით ფრონტისპირა ზონად ქცეულ ლაზეთში შეაღწია და ძველ ნაცნობს – 1905–1907 წლების რევოლუციური გამოსვლების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს, სოფელ ლიმანის მკვიდრ რასიმ კოსტ-ოღლის შეხვდა. მას 1905 წლის დეკემბერში, სოჭის ამბოხებაში მონაწილეობისთვის რუსული ჟანდარმერია და „ოხრანკა“ წითელი ცირკულარით ეძებდა, ხოლო ოსმალმა ჟანდარმებმა მისი თავი 20 ათას ოსმალურ ლირად შეაფასეს.
რამდენიმე დღეში, ტრაპიზონში დაბრუნებულ ლეო კერესელიძეს ლაზ ფირალთა მთელი „დელეგაცია“ ეწვია, რომელსაც რასიმ კოსტ-ოღლი და მუსტავა ფირაღა-ოღლი ხელმძღვანელობდნენ. ფირალებმა ლეგიონში შემოსვლის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლაზეთის დატოვება არ მოუწევდათ: „ოსმალურ ჯარში სამსახური რომ არ გვინდოდა, ფირალები იმიტომ გავხდით... ფორმას არ ჩავიცვამთ, სხვაგვარად კი ჩვენი თავი გენაცვალოთ!..“ – უთხრა მუსტავა ფირაღა-ოღლიმ ლეო კერესელიძეს, რომელსაც ამ სიტყვებზე თავში ბრწყინვალე იდეა მოუვიდა – „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ფილიალი უშუალოდ ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიაზე დაეარსებინა და ლაზი ფირალები მისთვის დაექვემდებარებინა, როგორც ე.წ. „აქციონერები“ ანუ ტერორისტულ აქტთა მომწყობები. გადაწყდა, რომ რამდენიმე დღეში ლეგიონის მთავარი შტაბის მესვეურები ლაზეთში თავადვე ჩავიდოდნენ.
აჰმედ ავნი-ფაშამ ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული ფორმალობები მართლაც მალე მოაგვარა, რადგან პარალელურად, ლეო კერესელიძემ საქმის კურსში ოსმალეთის იმპერიაში გერმანული სარდლობის წარმომადგენლობაც ჩააყენა. ლაზისტანის სანჯაყის ყველა ის მკვიდრი, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი ან კრიმინალური საქმიანობის გამო იძებნებოდა და „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წევრობა სურდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თალაათ-ფაშამ შეიწყალა, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის იმჟამინდელი ვალი (გუბერნატორი), ჯემალ აზმი-ბეი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ფირალთა შეწყალება არც თავად თალაათ-ფაშას სიამოვნებდა, მაგრამ გერმანელთა წინააღმდეგ წასვლა არ შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ის ფირალი, რომელიც ლეო კერესელიძესა და მის ლეგიონს დაუკავშირდა, 1907–1908 წლებში „ახალგაზრდა თურქთა“ რევოლუციაში მეტად აქტიურად მონაწილეობდა; იმხანად ტრაპიზონში ავსტრიელი ფოტოგრაფი, ვინმე ჰაინრიხ კრეჩმარი მუშაობდა. მას ფირალთა ტიპაჟები ძალიან მოეწონა და მათი სურათებით ღია ბარათების მთელი სერია შექმნა, სათაურით შოუვენირ დე ტრებიზონდე („სახსოვარი ტრაპიზონიდან“), რომელიც იმდროინდელ ევროპაში პოპულარობით სარგებლობდა. საინტერესოა, რომ ამ სერიის ბარათები პირველი მსოფლიო ომის პერიოდშიც რამდენჯერმე გამოიცა.
ამგვარად, 1915 წლის იანვარში, როცა რუსები დღე-დღეზე ლაზისტანის სანჯაყში შემოჭრას გეგმავდნენ, ლაზეთის ვიწეს თემის სოფელ აბუნოღაში „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი“ დაარსდა. მის ხელმძღვანელად ფირალებმა ყოფილი ტერორისტი, 1905–1907 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე, ოზურგეთელი ბესო ჭყონია აირჩიეს, რომელიც 1908 წლიდან თავს ლაზისტანის სანჯაყს აფარებდა და ვიწეში ცხოვრობდა. იგი ხელობით მჭედელი იყო და ლაზები „უსტა ბესოს“ („ოსტატ ბესოს“) ეძახდნენ. მეთაურის მოადგილეები იყვნენ ვიწელი მესუდ ფეილევან-ოღლი, ხოფელი შეფიკ-აღა კლარჯი-ოღლი, არქაბელი მემეტ თიბუკ-ოღლი და ათინელი მუსტავა ჯუვეწ-ოღლი; ასევე, უკვე ნახსენები რასიმ კოსტ-ოღლიც – მას „რუსეთის ლაზისტანი“ (სარფი, მაკრიალი, ლიმანი და ჩხალის ხეობა) ებარა.
სწორედ კომიტეტის დაარსების დღიდან დაიწყო ლაზეთში ე.წ. „ანსანერობის“ ეპოქა – ლაზებმა სიტყვა „აქციონერი“ (რაც მაშინ „დივერსანტის“ სინონიმი იყო) თავისებურად გადააკეთეს და წარმოთქვეს, როგორც „ანსანერი“. ლაზურად თავზე ხელაღებულ, მაგრამ სამართლიან კაცს დღესაც ასე ეძახიან. იმხანად ყველა, ვისაც იარაღის ხელში ჭერა შეეძლო, „ანსანერი“ იყო და ამით ძალიან ამაყობდა. ბესო ჭყონიამ, რომელმაც „გურიის რესპუბლიკის“ პერიოდში უდიდესი გამოცდილება მიიღო, მოკლე ხანში კომიტეტი გავლენიან ძალად აქცია. ლაზისტანის სანჯაყში, სადაც ოსმალური არმიის პოზიციები მაინცდამაინც ძლიერი არ იყო, უბრალო ხალხს სწორედ „ანსანერების“ იმედი ჰქონდა.
1915 წლის თებერვლის დასაწყისში, რუსულმა არმიამ ბათუმის ოლქში შემოჭრილ ოსმალებს უკან დაახევინა და საომარი მოქმედება უშუალოდ ლაზეთის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც მათ სწორედ „ანსანერები“ დაუპირისპირდნენ, რადგან ოსმალურმა არმიამ პირველივე შემოტევის შედეგად უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. ტრაპიზონიდან ლაზისტანის სანჯაყის დასაცავად მეტყვიამფრქვევეთა სამთო ასეული გაიგზავნა, რომელსაც სერგო ლაბაძე მეთაურობდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ასეულმა რუსულ არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია; ამიტომაც, ლაზისტანის ფრონტზე რუსებმა სისასტიკითა და შოვინიზმით საყოველთაოდ ცნობილი გენერალი ვლადიმირ ლიახოვი მიავლინეს. მან რუსული სამხედრო ფლოტის მხარდაჭერით, ხოფა-პირონითის რაიონში ლეგიონერთა კორდონთა გარღვევა სცადა, მაგრამ ვეღარ მოახერხა და უკუიქცა.
1915 წლის გაზაფხულზე ლაზეთის კომიტეტმა მტრის ზურგში – ბათუმის ოლქში „ანსანერების“ ათკაციანი ჯგუფი შეაგზავნა, რომელსაც რასიმ კოსტ-ოღლი და მუსტავა ფირაღა-ოღლი მეთაურობდნენ. „ანსანერებს“ ლაზისტანის სანჯაყის მოსაზღვრე მურღულის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყება ევალებოდათ, რაც ბრწყინვალედ შეასრულეს – აპრილ-მაისში, როცა გენერალი ლიახოვი ლაზისტანის სანჯაყის მიმართულებით შეტევის წამოწყებას გეგმავდა, ბათუმის ოლქის მურღულისა და ჩხალის საბოქაულოებში მოულოდნელად ანტირუსული გამოსვლები დაიწყო: „ანსანერთა“ თაოსნობით იქიდან რუსული ადმინისტრაციის მოხელეები გააძევეს ან დასაჯეს და, ქართული ლეგიონის წითელ-შავი დროშაც აღმართეს.
გენერალმა ლიახოვმა ლაზისტანის სანჯაყის ნაცვლად, მურღულისა და ჩხალის ხეობებში დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო. ამან ოსმალებს სულის მოთქმისა და ლაზისტანის ფრონტზე დამატებითი ძალების გადმოსროლის შესაძლებლობა მისცა; აჰმედ ავნი-ფაშა ამის შემდეგ მურღულის ხეობის მიმართულებით შეტევასაც გეგმავდა, მაგრამ რატომღაც სტამბოლიდან ამის ნება არ დართეს – ენვერ ფაშას ტრაპიზონის გამაგრება უფრო აინტერესებდა, ვიდრე ბათუმის ოლქში აჯანყებული ლაზების მხარდაჭერა. არადა, აჰმედ ავნი ფაშას მაშინ რომ შეტევა წამოეწყო, რუსები ნამდვილად კრიზისულ სიტუაციაში ჩაცვივდებოდნენ და ოსმალურ არმიას თბილისის ასაღებად გზა ხსნილი ექნებოდა.
ბათუმის ოლქში აჯანყებულები, ფაქტობრივად, მიტოვებული აღმოჩნდნენ და წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში შეძლეს. ბრიტანელი ისტორიკოსი, დევიდ ლენგის გამოკვლევით გენერალ ლიახოვის კაზაკებმა მურღულის მაზრაში 1915 წლის აპრილიდან ივნისამდე 100 ათასამდე ქართველი მშვიდობიანი მოსახლე გაანადგურეს. ამათგან დიდი უმრავლესობა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი იყო; ხოლო მათი „დანაშაული“ კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ქართველები იყვნენ და იმხანად გერმანიაში მოქმედ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ თანაუგრძნობდნენ. მურღულსა და ჩხალაში ჯოჯოხეთი 1915 წლის აგვისტო–სექტემბერში კი 15000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები გაჟლიტეს, დანარჩენები კი აიძულეს, მამაპაპეული საცხოვრისიდან აყრილიყვნენ და ოსმალეთში მუჰაჯირად წასულიყვნენ. „ანსანერთა“ ათეულიდან ცოცხლად მხოლოდ სამი კაცი გადარჩა – რასიმ კოსტ-ოღლი და ტყუპი ძმა ფორიაზ-ოღლი, რომელთაც შურის საძიებლად გენერალ ლიახოვის მოკვლა გადაწყვიტეს.
1915 წლის სექტემბრის ბოლოს, მურღულის ხეობის სოფელ ისქებიდან, სადაც მაშინ რუსული არმიის მთავარი ბაზა მოეწყოთ, ლიახოვი კაზაკთა ოცეულთან ერთად ბათუმისკენ მიემგზავრებოდა. სოფელ ქურასთან, გზისპირა კლდოვანში ჩასაფრებულმა რასიმ კოსტ-ოღლიმ გენერლის ესკორტს ზემოდან ბომბები დაუშინა. კაზაკები აირივნენ და სანამ რაიმეს მოახერხებდნენ, მოპირდაპირე მხრიდან სულეიმან ფორიაზ-ოღლიმ გენერალს დამბაჩით ორჯერ ესროლა. ლიახოვი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა. ამ დროს კაზაკებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს და ფირალებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მათ მიმალვა მოასწრეს. იმავე ღამით სამივემ ლაზისტანის სანჯაყის საზღვარი გადაკვეთა და ვიწეში მყოფ თანამებრძოლებს შეუერთდა.
მეორე მნიშვნელოვანი ტერაქტი „ანსანერებმა“ 1917 წლის 10 ივლისს, რუსთა მიერ ოკუპირებულ რიზეში მოაწყვეს. იმხანად ლაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, რაც რუსული აგენტურის მანიპულაციების ლოგიკური შედეგი გახლდათ – ჯერ კიდევ 1916 წელს, როდესაც გენერალ ლიახოვის ნაწილები ტრაპიზონის მიმართულებით შეტევას ახორციელებდნენ, რუსთა მოსყიდული მოლები ლაზებს უკიჟინებდნენ, რომ „გიაურები“ ყველა მუსლიმანს, ვინც არ გაიქცეოდა, ძალით მონათლავდნენ. ამას თან ლიახოვის ზღვარგადასული სისასტიკეც ერთვოდა, რომლის შემხედვარე ლაზების უმრავლესობა, ბუნებრივია, დაშინდა და ლაზეთის დატოვება დაიწყო. რუსთა მიზანიც სწორედ ეს იყო – სანქტ-პეტერბურგში იმხანად სერიოზულად განიხილავდნენ ტრაპიზონის ყოფილი ვილაიეთის ტერიტორიაზე პონტოურ-ბერძნული, ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნის იდეას, ლაზისტანის სანჯაყის მაჰმადიანები კი „ბალასტად“ მიაჩნდათ.
1917 წლის ივნისის ბოლოს, ბათუმიდან რიზეში მიავლინეს კაპიტანი ოჰანეზოვი, რომელსაც ლაზისტანის სანჯაყის დაცარიელებული სოფლების აღრიცხვა ევალებოდა, რათა მერე იქ მთავრობას ყუბანელ კაზაკთა ოჯახები ჩაესახლებინა. „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტს“ ეს ამბავი ცნობილმა სარფელმა საქმოსანმა იბრაჰიმ თანთ-ოღლიმ (თანდილავამ) აცნობა. კომიტეტის წევრებმა კაპიტნის განადგურება ერთხმად გადაწყვიტეს და ამ საქმის აღსრულება ათინელი მუსტავა კაკალ-ოღლის ცხრაკაციან ჯგუფს მიანდეს.
მუსტაფა კაკალ-ოღლის დაჯგუფებამ კაპიტან ოჰანეზოვს ტერაქტი 1917 წლის 10 ივლისს მოუწყო – ფირალები ეტლით მომავალ ოჰანეზოვს რიზეს ცენტრალურ ქუჩაზე დაუხვდნენ და მისი დაცვა ბომბებით მოცელეს; თავად კაპიტანს კი ტყვია ვინმე ალი ბაცა-ზადემ პირდაპირ შუბლში ჰკრა. სხვათა შორის, ცხრავე თავდამსხმელი რიზელთა ხელშეწყობით მიიმალა, ხოლო პოლიციამ სრულიად უდანაშაულო ხალხი დააპატიმრა, რამაც მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია.
უსამართლოდ დაპატიმრებულთა გამოსახსნელად ბესო ჭყონიამ და კომიტეტის კიდევ რამდენიმე წევრმა ოსმალურ და რუსულ ენებზე შეადგინეს პროკლამაცია, სადაც ტერაქტის მიზეზები დაწვრილებით იყო ახსნილი და ისიც ეწერა, რომ დაკავებულებს მომხდართან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ. ლაზისტანის სანჯაყის იმჟამინდელმა სამხედრო გუბერნატორმა, ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ დავით კლდიაშვილმა, რომელიც ლაზთა დიდი ქომაგი იყო, საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და მცირე ხნის შემდეგ, დაკავებულები გაათავისუფლა.
1917 წლის ბოლოს, როცა კავკასიის ფრონტი მოიშალა და რუსულმა არმიამ ტრაპიზონის ვილაიეთიცა და კავკასიაც მიატოვა, „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტსა“ და „ანსანერებს“ ბრძოლამ პონტოელ ბერძნებთან მოუწიათ – როგორც უკვე აღინიშნა, ამ უკანასკნელთა სახელმწიფოს შექმნას მხარს „ანტანტის“ ქვეყნები (რუსეთი, ინგლისი და საფრანგეთი) უჭერდნენ. იმავე წლის ოქტომბერში მარსელში პონტოელმა ინდეპენდენტისტებმა „პონტოს რესპუბლიკის“ რუკა გამოსცეს, რომელზეც ლაზისტანის სანჯაყი ამ სახელმწიფოს საზღვრებში იყო მოქცეული. რა თქმა უნდა, ლაზებს პონტოელებთან გაერთიანება არ სურდათ; ამიტომაც ბრძოლის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩენოდათ.
ოსმალურმა არმიამ ტრაპიზონი ჯერ კიდევ რუსების შემოსვლამდე – 1916 წლის მარტში დატოვა. ტრაპიზონის ვილაიეთის ვალიმ (მმართველმა), ჯემალ აზმი-ბეიმ ქალაქის გასაღები ბერძენ მიტროპოლიტ ხრისანთოსს ჩააბარა: „ეს ქვეყანა ჩვენ თქვენგან მივიღეთ და თქვენვე გაბარებთ. მართეთ ის, როგორც გსურდეთ და ტაძრები, რომლებიც ოსმალებმა მეჩეთებად გადააკეთეს, ისევ თქვენი წესით აკურთხეთ“ – განუცხადა ოსმალო დიდმოხელემ ბერძენ მღვდელთმთავარს. იმავე წლის აპრილში ტრაპიზონში რუსული არმია შევიდა. მიტროპოლიტმაც მის სარდლობასთან საერთო ენა მალევე გამონახა.
რუსული საოკუპაციო ხელისუფლების აშკარა თუ ფარული ხელშეწყობით, 1917 წლის დასაწყისში, პონტოელმა ბერძნებმა ტრაპიზონში შექმნეს დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში კვლავაც ხრისანთოსი ჩაუდგა. გარდა ამისა, სამხრეთ რუსეთში მცხოვრებმა პონტოელებმა ე.წ. „პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტი“ დააარსეს. მათ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის მთელ ტერიტორიაზე – სინოპიდან ბათუმამდე, „პონტოს ბერძნული რესპუბლიკის“ შექმნა სურდათ; ამ მიზნით, ანტანტის ქვეყნებში ფართომასშტაბიან პროპაგანდას ეწეოდნენ. „ეროვნული კომიტეტის“ მთავარი შტაბბინა, როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთში, ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარეობდა, ხოლო ფილიალები მარსელიდან სტამბოლამდე იყო გაბნეული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის“ რიგებში მასობრივად გაწევრდნენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ 1908–1909 წლებში – „ახალგაზრდა თურქთა“ რევოლუციის დროს, სულთნის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა. ასე რომ, ბერძენი „ჩეტეჯიები“ (ამგვარად უწოდებდნენ „პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის“ გასამხედროებული ჯგუფის წევრებს) და ლაზი „ანსანერები“ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.
იმავდროულად, 1916 წლის დეკემბერში გერმანიის უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანებით, „ქართული ლეგიონი“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ყველა თურქული ფილიალი გაუქმდა, გარდა ვიწეს ფილიალისა, რომელიც, როგორც ითქვა, უკვე ღრმა იატაკქვეშეთში, რუსთაგან ოკუპირებულ მიწებზე არსებობდა და ამის გამო გერმანელებსა და ოსმალებს მასზე ხელი არ მიუწვდებოდათ; 1917 წლის მაისში კი, „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ დავალებით, ოსმალეთის სარდლობის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ლეგიონის წევრები რუმინეთში გადაიყვანეს. სწორედ ამ ფონზე, მიტროპოლიტმა ხრისანთოსმა დრო იხელთა და „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის“ წევრებს თანამშრომლობა შესთავაზა – მათ შემდგომში ტრაპიზონის დროებით მთავრობასთან კოორდინირებით უნდა ემოქმედათ, ხოლო სანაცვლოდ კი ლაზეთი – რიზედან ბათუმამდე, „პონტოს რესპუბლიკის“ შემადგენლობაში ავტონომიას მიიღებდა. სხვათა შორის, ხრისანთოსი ლაზების გულის მოსაგებად იმაზეც კი წავიდა, რომ სახელმწიფოს დასახელებიდან სიტყვა „ბერძნული“ საერთოდ ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ იმხანად ლაზეთში საკმაოდ იყვნენ ე.წ. „ფარული ქრისტიანები“ ანუ ისინი, ვინც მხოლოდ გარეგნულად, მოსაჩვენებლად მუსლიმანობდნენ, შინაგანად კი მამა-პაპათა სარწმუნოების ერთგული რჩებოდნენ. ეს ხალხი დღისით ჩვეულებრივი მორწმუნე მუსლიმანივით ცხოვრობდა, ხოლო ღამით კი ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს საიდუმლოდ აღასრულებდა. რასაკვირველია, ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანობის აშკარად აღიარება არ ისჯებოდა, მაგრამ ლაზ „ფარულ ქრისტიანებს“ ტრაპიზონის ბერძენი მიტროპოლიტისადმი დამორჩილება არ სურდათ, რადგან ქართველები იყვნენ და კვლავაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევდნენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ XVII საუკუნის შუა წლებიდან ლაზისტანის სანჯაყში ქართული ეკლესიის მოღვაწეობა მკაცრად იყო აკრძალული.
რასაკვირველია, ხრისანთოსმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა და იმედოვნებდა, რომ ლაზი „ფარული ქრისტიანები“ პონტოს რესპუბლიკაში შემოსვლას დათანხმდებოდნენ. აქვე დავძენთ, რომ რუსთა ოკუპაციის პერიოდში, მისი დავალებით, „პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის“ შეიარაღებული რაზმების ხელმძღვანელმა, გენერალმა ისტულაღადისმა „ანსანერებთან“ მჭიდრო კავშირი დაამყარა; თუმცაღა, 1917 წლის ოქტომბერში, როცა რუსული არმიის ტრაპიზონიდან გასვლის შესახებ ხმა დაირხა, ბერძნებსა და ლაზებს შორის ურთიერთობა გამწვავდა.
სწორედ იმხანად, საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მცხოვრებმა პონტოელმა ბერძენმა კონსტანდინოს კონსტანდინიდისმა გამოსცა „პონტოს რესპუბლიკის“ რუკა, რომელზეც ლაზისტანის სანჯაყი აღნიშნული „სახელმწიფოს“ საზღვრებში იყო მოქცეული; ამავე დროს, ბერძენი ჩეტეჯიების რაზმმა ქალაქ ათინას (დღევ. ფაზარი) დასაკავებლად 1917 წლის ოქტომბრის ბოლოს შეტევა წამოიწყო. ბერძნები ლაზისტანის სანჯაყის პირველ დასახლებულ პუნქტს, სოფელ ოფს უბრძოლველად დაეუფლნენ, რადგანაც იქ მათივე თანამემამულეები ცხოვრობდნენ; თუმცაღა სოფელ ქემერთან მათ „ანსანერების“ 100-კაციანი ქვედანაყოფი დაუხვდა, რომელთაც არქაბელი ძმები – მუსტავა და მემეტ თიბუკოღლები (ორივე ფარული ქრისტიანი იყო) მეთაურობდნენ. ლაზებმა მომხდურებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და სამსაათიანი ბრძოლის შედეგად უკან დაახევინეს. 1917 წლის 25 ოქტომბერს, ადრე დილით, ბერძნებმა ისევ სცადეს შეტევის წამოწყება, მაგრამ ამაოდ – „ანსანერებმა“ ამის საშუალება არ მისცეს. მომხდურმა საბოლოოდ დაიხია უკან და ოფში გამაგრდა.
ჩეტეჯიების ათინაზე თავდასხმის ამბავი სწრაფად გახმაურდა იმხანად სინოპში, ტრაპიზონსა თუ გირესუნში მყოფ, ომის გამო იძულებით გადაადგილებულ ლაზებს შორის. ამ უკანასკნელთ შეეშინდათ, მათ უკან დაბრუნებამდე ლაზეთი ბერძნებს არ დაეკავებინათ და ბუნტი ატეხეს – ჯერ „პონტოელ ბერძენთა ეროვნული კომიტეტის“ აქტივისტები ჩაიგდეს მძევლად, მერე კი ნავსადგურებშიც შეიჭრნენ და მშობლიურ მხარეში დასაბრუნებლად გემების გადაცემა მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მძევალთა აყვანა ტრაპიზონსა და გირესუნში ერთდროულად განხორციელდა. ამასთან, ტრაპიზონში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა – მიტროპოლიტი ხრისანთოსი აჯანყებულ ლაზ მუჰაჯირებს პირადად შეხვდა, გემებიც გამოუყო მათ და მძევლებიც უკან უვნებლად დაიბრუნა; გირესუნში კი აჯანყებას მსხვერპლი მოჰყვა – ადგილობრივმა ჩეტეჯიებმა მოლაპარაკებისას ვერაგულად მოკლეს „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის“ ძველი აქტივისტები, ძმები ჰუსეინ და იუსუფ ქუჩუკოღლები, რომლებიც ბუნტს მეთაურობდნენ. მიუხედავად ამისა, ბუნტმა თავისი საქმე გააკეთა – ბერძნებმა ლაზისტანის სანჯაყზე ბოლოს მაინც უარი თქვეს.
ამ ამბებიდან კარგა ხნის შემდეგ, 1934 წელს მიტროპოლიტმა ხრისანთოსმა, ვინც მაშინ უკვე საბერძნეთში ცხოვრობდა, ათენში გამოსცა წიგნი, სახელად „ტრაპიზონის ეკლესიის ისტორია“, რომლის 134-ე გვერდზე წერს: „რიზეს აღმოსავლეთით მდებარე მიწებს ოდითგანვე ქართველი მღვდელთმთავრები განაგებდნენ; ამიტომაც იქ დღემდე შემორჩა ლაზთა ტომი, რომელიც ბერძნულისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს“ – ეს ციტატა ეხმაურება ერთ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ 1918 წელს, ხრისანთოსი თავად შეხვდა ქართველ მღვდელმთავრებს და ლაზეთის მთელი ტერიტორია – როგორც საერო, ისე ეკლესიური თვალსაზრისით – საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარა.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი“ 1918 წლამდე კვლავაც არსებობდა. მისი წევრები ლაზისტანის სანჯაყის ტერიტორიიდან რუსების გასვლის შემდეგ (1917 წლის დეკემბერი) პოლიციის ფუნქციების შეთავსებასაც ეცადნენ, თუმცა მალევე მოუწიათ შეტაკება ოსმალური არმიის საუკეთესო რეგულარულ ნაწილებთან, რომლებმაც 1918 წლის იანვარ-თებერვალში სანჯაყის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს. ოსმალები „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ ახლა უკვე მტრულ ძალად განიხილავდნენ, რადგან ამიერკავკასიაში რუსეთის ხელისუფლება (რომელთანაც ოსმალეთს ოფიციალურად ზავი ჰქონდა დადებული) აღარ არსებობდა და ამ რეგიონს „ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატი“ განაგებდა. კომისარიატში კი ოსმალეთის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი.
ამასთან, „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი“ ცდილობდა, როგორმე მიეპყრო „ამიერკავკასიის საგანგებო კომისარიატის„ ყურადღება და ლაზეთი ოსმალური არმიის შემოსვლისაგან ქართული საჯარისო ფორმირებების მეშვეობით გადაერჩინა. ამ მიზნით ბესო ჭყონიამ და მესუდ ფეილევანოღლიმ ბათუმში თავიანთი წარმომადგენელი გაგზავნეს, ვინმე იბრაჰიმ ჭერვათოღლი, თუმცაღა ეს უკანასკნელი დანიშნულების ადგილზე ვერც კი ჩავიდა, ხოფასთან მძარცველებს გადაეყარა და მათთან შეტაკებისას დაიღუპა.
ოსმალური არმიის ვიწეში შემოსვლისას „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტმა“ ერთხმად გადაწყვიტა არმიისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა. ამ დროისთვის მის შემადგენლობაში ირიცხებოდა მხოლოდ და მხოლოდ 70-მდე მებრძოლი. ამის მიუხედავად, კომიტეტმა მაინც არ დაიხია უკან, რადგან მისი წევრები ფიქრობდნენ, რომ ბათუმიდან დამხმარე ძალა მალე მოვიდოდა. ამის საფუძველი მათ ერთმა ყალბმა ინფორმაციამ მისცა – ვიწეში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ ლაზეთში ქართული სახალხო ლაშქარი შემოდიოდა.
1918 წლის 10 მარტს, ლაზეთის კომიტეტის მიერ შეკრებილმა მებრძოლებმა ვიწეს მისადგომებთან ოსმალები ერთი დღით შეაჩერეს, თუმცაღა მაშველი არსად ჩანდა. უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ კომიტეტის ხელმძღვანელი ბესო ჭყონია, მუსტაფა თიბუკოღლი და ჰაფიზ ბიბინოღლი. შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ და ჯელალ გურჯიოღლიმ მიმალვა მოახერხეს, ხოლო მესუდ ფეილევანოღლი ოსმალებმა ცოცხლად ჩაიგდეს ხელში.
იმავე საღამოს მესუდ ფეილევანოღლი ვიწეს ბაზარში, ხალხის სასეიროდ თავის მოსაკვეთად გაიყვანეს. მესუდი ღიმილით ავიდა სახელდახელოდ მოწყობილ ეშაფოტზე და სწორედ აქ მოხდა ის, რასაც ლაზები დღესაც სიამაყით იგონებენ. კომიტეტის წევრმა ოსმალოთა სარდალს, „კარგად იყავიო“, უთხრა და სახეში შეაფურთხა. ამან, ცხადია, სარდალი გააშმაგა და საპასუხოდ მანაც იგივე გააკეთა. ეშაფოტზე მდგარი მესუდ ფეილევანოღლი კინაღამ სიცილით მოკვდა. გაოცებულ ოსმალებსა და ბაზარში შეკრებილ ლაზებს მესუდმა ასე მიმართა: „სარდალმა სამაგიერო ვერ გადამიხადა, – მე ამ შეფურთხებულ სახეს ახლავე მოვიშორებ, ეგ კი სიცოცხლის ბოლომდე სულ შეფურთხებული ივლისო!“
1918 წლის შემდეგ „ანსანერობა“ ლაზეთში შესუსტდა, თუმცაღა „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის“ ყოფილი წევრები მონაწილეობდნენ თითქმის ყველა კონფლიქტში, რაც კი იმხანად სამხრეთ საქართველოში ხდებოდა. მათი დიდი ნაწილი ყოველთვის პროქართულ პოზიციაზე იდგა, მაგრამ ლაზეთი დედასამშობლოს მაინც ვერ შემოუერთდა. საბოლოოდ „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის“ სახელი 1920 წლის დეკემბერში გახმაურდა, როცა სტამბოლში შეფიკ-აღა კლარჯიოღლიმ მესუდ ფეილევანოღლის გამო შური იძია. მან ის გენერალი მოკლა, ვინც 1918 წლის 10-11 მარტს ვიწეს აღებას ხელმძღვანელობდა, თუმცა გაქცევა ვეღარ შეძლო და პოლიციელებმა ქუჩაშივე ჩაცხრილეს.
ლიახოვზეც შური იძიეს
1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდგომ გენერალი ლიახოვი, რომელიც მანამდე კავკასიის პირველ საარმიო კორპუსს მეთაურობდა, „თეთრ მოძრაობას“ შეუერთდა და 1918 წლის ზაფხულში ანტონ დენიკინის „მოხალისეთა რუსულ არმიაში“ შევიდა. იგი სათავეში ჩაუდგა პლასტუნთა დივიზიას, რომელიც ვლადიკავკაზის რკინიგზას იცავდა. ლიახოვმა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა შორის მალე გაითქვა სახელი, როგორც ერთ-ერთმა უსასტიკესმა გენერალმა – მისი სახელით ჩეჩნები და ინგუშები ურჩ ბავშვებს აშინებდნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ მთიელებმა რვაჯერ სცადეს ვლადიმირ ლიახოვის მოკვლა, მაგრამ გენერალმა თავდამსხმელები რვაჯერვე დახოცა, თავები მოჰკვეთა და ვლადიკავკაზში, თავისი შტაბის შენობის წინ მარგილებზე ჩამოაცვა.
რაც შეეხება „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტს“, 1918 წლის მარტში, ლაზისტანში შემოსულ ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში მისი წევრების დიდი ნაწილი და მეთაურები განადგურდნენ. ვინც გადარჩა, ტყეს შეაფარა თავი და ძველ ხელობას – ფირალობას დაუბრუნდა. 1919 წლის დასაწყისში, ხოფელი პატრიოტის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თაოსნობით, ეს ხალხი ისევ შეიკრიბა და საქართველოსთან შეერთებისათვის დაიწყო ბრძოლა.
1919 წლის მარტის ბოლოს, გენერალი ლიახოვი ბათუმში ინკოგნიტოდ ჩავიდა და კადეტ მასლოვს ეწვია. ცხადია, ამ უკანასკნელმა იგი დიდი პატივით მიიღო და გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისსაც წარუდგინა. ბათუმის ბრიტანულ ადმინისტრაციაში გავლენის მოპოვება ვლადიმირ ლიახოვს არ გასჭირვებია – ინგლისელმა გუბერნატორმა იგი „თეთრი მოძრაობის“ საგანგებო წარმომადგენლად ოფიციალურად აღიარა და შემდეგ კი ანტონ დენიკინსაც ნოვოროსიისკში რამდენჯერმე იარაღის სოლიდური პარტია გაუგზავნა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ლიახოვს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დავალებაც ჰქონდა – მას ბათუმში, ყველასაგან საიდუმლოდ, მძლავრი პრორუსული გაერთიანება უნდა შეექმნა, რომ რეფერენდუმის ჩატარებისა და ბრიტანელების გასვლის შემდგომ, დენიკინის დახმარებით, მთელ ოლქში ძალაუფლება ხელში ჩაეგდო. ამ მიზნით, ვლადიმირ ლიახოვი ბათუმის რუსული დიასპორის წარმომადგენლებს თავის ირგვლივ იკრებდა.
იმ დროს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უმთავრესი პრობლემა პროოსმალურად განწყობილი ელემენტების განუსჯელი პარპაში იყო – კადეტ პეტრე მასლოვთან თავს ცნობილი ახალციხელი კრიმინალი და პატრიოტ ქართველთა მოსისხლე მტერი, სერვერ-ბეგ ქვაბლიანელი აფარებდა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის ოსმალური რესპუბლიკის დევნილ მთავრობას“ ხელმძღვანელობდა და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ ბათუმი ოსმალებს დარჩენოდათ. სერვერ-ბეგის ხალხი ბრიტანული ადმინისტრაციის ფარული მხარდაჭერითაც სარგებლობდა; ისინი ბათუმში გამოსცემდნენ გაზეთს „სედაი მილლეთ“ (ოსმალურად – „ხალხის ხმა“), რომლის რედაქტორიც ტრაპიზონის ვილაიეთის ყოფილი პროკურორი, ნეჯათი-ბეი მემიშოღლი იყო. რაც შეეხება ქართულ პარტიებსა და დაჯგუფებებს – ბათუმში ყველაზე მეტნი მენშევიკები და სოციალისტ-რევოლუციონერები (ესერები) იყვნენ.
ცხადია, ვლადიმირ ლიახოვი ბათუმში გამოჩენისთანავე ჩაერია ქართულ-ოსმალურ დაპირისპირებაში – მან ბათუმის საქალაქო საბჭოში ე.წ. „ეროვნებათაშორისი კომისია“ შექმნა და ბრიტანელებს აღუთქვა, რომ ქართველებსა და ოსმალებს შორის ბათუმელი რუსები ჩადგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ „ეროვნებათაშორისი კომისია“ ფაქტობრივად, დამსჯელ რაზმად იქცა – ეთნიკური დაპირისპირების აღკვეთის საბაბით, ლიახოვის ხალხი ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში რეიდებს აწყობდა, „ურჩ მუჟიკებს“ სჯიდა და „წესრიგს“ ამყარებდა. გენერალი სერვერ-ბეგის ბანდიტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა გამო ქართველ მაჰმადიანებს აწიოკებდა და ქრისტიან ქართველობასაც მათ წინააღმდეგ განაწყობდა; ბათუმის ქართულმა პარტიებმა ამგვარი უსამართლობა ერთხანს ითმინეს, მაგრამ როცა სხვა გზა აღარ დარჩათ, შოვინისტი რუსი გენერლის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტეს; თუმცაღა, აქ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი – ვლადიმირ ლიახოვი გენერალ-გუბერნატორ კუკ კოლისის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, მენშევიკებსა და ესერებს კი ბრიტანულ ადმინისტრაციასთან დაპირისპირება არ სურდათ, რადგანაც საქართველოს მთავრობას მაშინ მკვეთრად პრობრიტანული კურსი ჰქონდა აღებული და ცდილობდა, ბათუმი მშვიდობიანი გზით შეეერთებინა. კუკ კოლისთან დაპირისპირებას, შესაძლო იყო, რეფერენდუმის გადატანა მოჰყოლოდა, ეს კი საქართველოს მთავრობის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
აქედან გამომდინარე, ბათუმის ქართული პარტიების მესვეურებმა მოილაპარაკეს, რომ ლიახოვის ლიკვიდირება „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტისათვის“ შეეთავაზებინათ – ლაზეთში გენერლის სიკვდილი ისედაც ბევრს სურდა, რადგან 1915 წელს, მურღულის ხეობაში მომხდარი გენოციდი კარგად ახსოვდათ. თუკი მკვლელობას ლაზისტანის ყოფილი სანჯაყის მკვიდრნი ჩაიდენდნენ, ბრიტანული გამოძიება საბაბად სწორედ 1915 წლის მოვლენებს ჩათვლიდა, მენშევიკები და ესერები კი საქმიდან „სუფთად“ გამოვიდოდნენ. მართლაც, მენშევიკები და ესერები ხოფაში ჰელიმ ჩოხატაროღლის და მის ხალხს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. ჩოხატაროღლი დათანხმდა, მაგრამ საყვედურიც გამოთქვა – აქამდე რატომ არაფერი გაგვაგებინეთ, მაგ გიაურის მოსაკლავად რუსეთშიც კი მინდოდა ხალხის გაგზავნაო.
საბოლოოდ, „ლაზეთის კომიტეტმა“ ტერაქტის მოწყობა ხუთ კაცს – აზლაღელ რასიმ კოსტოღლის, სუნდურელ მემედ-ალი ჭერკეზოღლის, პაპილათელ ენვერ დელიკურტოღლის, ლიმანელ სულეიმან ჩაქიროღლის და ხოფელ ზაბით აბდულოღლის დაავალა. ხუთივენი სახელგანთქმული ფირალები იყვნენ, განსაკუთრებით კი – რასიმ კოსტოღლი, რომელმაც ლიახოვს პირველად 1915 წელს, მურღულის ხეობაშივე მოუწყო ტერაქტი, თუმცა მძიმედ დაჭრილი გენერალი მაშინ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა; ხოლო რასიმმა კი ფიცი დადო, რომ ადრე თუ გვიან, დახოცილი მურღულელების გამო, შურს აუცილებლად იძიებდა. 1919 წლის ივნისის ბოლოს, ფირალთა ხუთეული მისი მეთაურობით, ბათუმის ოლქში შეუმჩნევლად გადავიდა და სოფელ მახოში ჩასიძებული ვიწელი ხუროს – ბესიმ გენჯალოღლის სახლში დაიდო ბინა; გენერალს რამდენიმე დღე უთვალთვალეს, კარგად დააზუსტეს ყველაფერი და ტერაქტიც დაგეგმეს.
1919 წლის 4 ივლისს, ფირალები ვლადიმირ ლიახოვს თავს სწორედ მაშინ დაესხნენ, როცა ეს უკანასკნელი, ორიოდე თანმხლებთან ერთად, ეტლით სახლისაკენ მიიჩქაროდა. დღევანდელ გამსახურდიას ქუჩაზე, „სურბ-პრკიცის“ სომხურ ეკლესიასთან ჩასაფრებულმა მემედ-ალი ჭერკეზოღლიმ ეტლს თვითნაკეთი ბომბი ესროლა, რომელიც რატომღაც არ აფეთქდა. ლიახოვი მიხვდა, რომ ეს ტერაქტი იყო, სწრაფად იძრო რევოლვერი და იქით ისროლა, საიდანაც ბომბი გადმოვარდა. ამ დროს, ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან რასიმ კოსტოღლიმ გახსნა ცეცხლი, თუმცაღა გენერლის ერთ-ერთმა მხლებელმა „მაუზერით“ მისი მძიმედ დაჭრა მოახერხა – ფირალს ტყვია ყელში მოხვდა. ლიახოვის ბედზე, იქვე ახლოს თურმე, სიქჰი ჯარისკაცების პატრული გადაადგილდებოდა, რომელმაც სროლის ხმის გაგონებისთანავე ქუჩა გადაკეტა და თავდამსხმელებს შეუტია. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცები მეტნი იყვნენ, ფირალებმა გაქცევა და მიმალვა მაინც შეძლეს; მძიმედ დაჭრილი რასიმ კოსტოღლიც თან წაიყვანეს.
ვლადიმირ ლიახოვზე თავდასხმის გამო, ბათუმის ქუჩები იმწამსვე გადაიკეტა და კონტროლიც გამკაცრდა. ფირალებმა ქალაქიდან გასვლა ვეღარ გაბედეს – ეს სახიფათო იყო; მით უმეტეს, რასიმ კოსტოღლიც მძიმედ იყო დაჭრილი და ექიმი ესაჭიროებოდა. მათ თავი აზიზიეს (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე მდგარ პატარა დუქანს შეაფარეს, რომელიც ერთ-ერთ ლაზ ვაჭარს ეკუთვნოდა. წარუმატებლობის მიუხედავად, ფირალებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ – გადაწყვიტეს, რომ გენერლის მოკვლა ისევ ეცადათ, ოღონდ ამჯერად არა ხმაურიანი ტერაქტით, არამედ უჩუმრად. ამასობაში კი, ბრიტანულმა ადმინისტრაციამ ქალაქში ტერორისტთა სავარაუდო პორტრეტები გაავრცელა და მათ დამჭერებს ჯილდოდ სოლიდური თანხა – 100 ათასი ოსმალური ოქროს ლირა (იმხანად ბათუმის ოლქში ძირითადი ფულის ერთეული ლირა იყო) აღუთქვა. ასე რომ, ფირალები ბათუმში აშკარად ვეღარ გამოჩნდებოდნენ, რადგან ლაზური ჩაქურები ეცვათ და ძალზე იოლად ამოიცნობდნენ.
ამავდროულად, რასიმ კოსტოღლიმ, რომელიც გენერლის ლიკვიდაციაში, ცხადია, მონაწილეობას უკვე ვეღარ მიიღებდა, მასპინძლის პირით ლაზეთში, სოფელ აზლაღაში თავის 14 წლის ძმას შეუთვალა, სასწრაფოდ ჩამოდიო. საქმე ის იყო, რომ კოსტოღლის რამდენიმე ახლო ნათესავი გენერალ ლიახოვს პირადად ჰყავდა დახვრეტილი; ამდენად, რასიმს სისხლი აუცილებლად უნდა აეღო, მაგრამ შეეშინდა – არ მოვკვდეო და, ძმასაც ამიტომ უხმო. 14 წლის იბრაჰიმ კოსტოღლი ბათუმში ორიოდე დღეში მართლაც ჩავიდა და მძიმედ დაჭრილი ძმა რომ დაინახა, მაშინვე „მაუზერი“ მოითხოვა. ფირალებმა ბიჭი დაამშვიდეს და ლიახოვის დასჯა მეორე დღისთვის დაგეგმეს.
1919 წლის 10 ივლისს, დილით ადრე, გენერალ ლიახოვის სახლის კარზე იბრაჰიმ კოსტოღლიმ დააკაკუნა. ბიჭს გიმნაზიელის ფორმა ეცვა და ხელში მოზრდილი კონვერტი ეკავა. ჩვეულებისამებრ, კარი გენერლის მსახურმა, პავლე კარპოვმა გააღო და იბრაჰიმს ჯერ რუსულად, მერე კი დამტვრეული ოსმალურით ჰკითხა, რა გნებავთო. პასუხად, 14 წლის ტერორისტმა მოულოდნელად, კონვერტიდან ხმისჩამხშობიანი რევოლვერი ამოიღო და კარპოვს ერთი გასროლით ბოლო ისე მოუღო, რომ ამ უკანასკნელმა დაყვირებაც კი ვერ მოასწრო. იბრაჰიმმა იქვე, სადარბაზოში ჩასაფრებულ ფირალებს ანიშნა და, ისინიც ლიახოვის ბინაში უცებ, ფეხაკრეფით შევიდნენ. როგორც აღმოჩნდა, გენერალს ეძინა და სწორედ მაშინ გამოეღვიძა, როცა თავდამსხმელები უკვე საწოლ ოთახში იყვნენ. „პავლე სად არის?“ – ამის კითხვაღა მოასწრო მან და ზაბით აბდულოღლიმაც უცებ „მაუზერის“ სასხლეტს თითი გამოჰკრა. ვლადიმირ ლიახოვს ტყვია შუბლში მოხვდა და მაშინვე სული განუტევა. ამის შემდეგ კი, ფირალებმა სახლი გაჩხრიკეს და ხელს მხოლოდ დენიკინის ნაჩუქარი „მაუზერი“ გააყოლეს.
ვლადიმირ ლიახოვის გვამი მეზობლებმა ოთხიოდე საათის შემდეგღა აღმოაჩინეს და ამის თაობაზე ბრიტანულ ადმინისტრაციას აცნობეს. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ დამნაშავეებს ვერ მიაგნეს – ლაზი ფირალები უკვე სამშვიდობოს იყვნენ გასულები.
გენერალ ლიახოვის მკვლელობის საქმე აღძვრიდან სულ ორიოდე თვეში – 1919 წლის სექტემბერში დაიხურა. მეგობრის მკვლელების მოძებნას თავად ანტონ დენიკინიც ცდილობდა; მან მათი ვინაობა მართლაც დაადგინა, მაგრამ ბოლშევიკთა გადამკიდეს, საზღვარგარეთ გაქცევამ მოუწია ისე, რომ სხვა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.
მადლობთ ბატონო უჩა, იმისათვის რომ დიდი პავლე ინგოროყვას შემდეგ, კიდევ ელთხელ მაგრძნობინეთ წინაპართა სისხლი ჩემს ძარღვებში.
ОтветитьУдалитьმადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის და საერთოდ საიტისათვის.
ОтветитьУдалить