ძვ.წ. I ს. I ნახევარში მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე მძლავრი პოლიტიკური ძვრების შედეგად, რომელიც მოჰყვა პონტო-რომის დაპირისპირებას, მითრიდატე VI ევპატორის (ძვ.წ. 120-63წწ.) და შემდეგ რომაელთა დაპყრობებს აზიაში, კოლხეთმა დიდი ხნით დაკარგა დამოუკიდებლობა. იგი ჯერ მითრიდატეს ვრცელი სამეფოს შემადგენლობაში იქნა ჩართული, ხოლო ძვ.წ. 65წ. პომპეუსის მიერ პონტოს სამეფოს საბოლოოდ განადგურების შემდეგ, რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მაგრამ რომაელთა კოლხეთში ლაშქრობას არ მოჰყოლია ამ ქვეყნის უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვა.
გარკვეული დროის მანძილზე კოლხეთს რომაელთა მიერ დანიშნული მმართველი განაგებდა, ხოლო ძვ.წ. 35-33წწ. იგი შეყვანილ იქნა რომის მიერ აღდგენილი ვასალური სამეფოს – პოლემონიდური პონტოს შემადგენლობაში, რის შემდეგაც ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლხეთი პონტოს განუყოფელი ნაწილი იყო და მისი დამოკიდებულება რომზე ამ სამეფოს მეშვეობით ხორციელდებოდა1.
კოლხეთის პოლიტიკური სტატუსის ცვლილება და მისი რომის პროვინციულ სისტემაში ჩართვა დაკავშირებული იყო იმპერატორ ნერონის (54-68წწ.) აღმოსავლურ პოლიტიკასთან. ახ.წ. 63 წ. ნერონმა, გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, გააუქმა პოლემონიდური პონტოს სამეფო2. მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, გალატიის პროვინციას შეუერთეს3. ახალი პროვინციის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი გახდა ქ. ტრაპეზუნტი. აქვე იყო საზღვაო ფლოტის ბაზაც4. ნერონის ბრძანებით, კოლხეთის სანაპირო პუნქტებში – აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში განლაგებულ იქნა რომაული სამხედრო ნაწილები5. ამდენად, 63წ. კოლხეთი რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა და აქ პოლემონიდთა არცთუ ისე ძლიერი ხელისუფლება უშუალოდ რომაულმა ადმინისტრაციამ შეცვალა.
ნერონის მიერ პონტოს სამეფოს ოკუპაციას ადგილობრივ ძალთა მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია და მის სიცოცხლეში მეოტიდა-პონტოსპირეთში შენარჩუნებული იყო „3000 ჰოპლიტისა და 40 სამხედრო ხომალდის“6 ძალით დამყარებული „რომაული წესრიგი“. თუმცა, პონტოს სამეფოს გაუქმებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ მოგვიანებით მაინც იჩინა თავი. 69წ. იმპერიაში ვიტელიუსსა და ვესპასიანეს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, როგორც კი შესუსტდა რომაელთა საოკუპაციო ჯარების სიძლიერე, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იფეთქა დიდმა ანტირომაულმა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ედგა პონტოს სამეფო ფლოტის ყოფილი სარდალი ანიკეტი7.
მიუხედავად იმისა, რომ ანიკეტის აჯანყებას შედარებით ლოკალური ხასიათი ჰქონდა და შემოფარგლული იყო ტრაპეზუნტით8, იგი გამოხატავდა საერთოდ აღმოსავლეთ პონტოსპირეთისრომაულ სამფლობელოთა განწყობას და კოლხეთის მდგომარეობასაც ახასიათებდა9. მართალია, აჯანყება მარცხით დასრულდა, მაგრამ მან გარკეული როლი შეასრულა მთლიანად რეგიონის მიმართ იმპერიის პოლიტიკური კურსის შეცვლაში. თუმცა რომი, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა კოლხეთსა და მთლიანად ამიერკავკასიაზე თავისი გავლენის შესუსტებას და იმპერატორი ვესპასიანე (69-79წწ.) თავდაცვის მაღალორგანიზებული სისტემის მეშვეობით ცდილობდა სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გაკონტროლებას რეგიონში. ამ დროიდან აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულმა სასაზღვრო-თავდაცვითმა სისტემამ. გარდა ამისა, 72წ. კოლხეთი შეყვანილ იქნა ე.წ. „კაპადოკიურ კომპლექსში“, რომელიც შეიქმნა პროვინციების – გალატიისა და კაპადოკიის გაერთიანებით10.
„კაპადოკიური კომპლექსის“ შექმნის ძირითადი მიზანი იყო რომის აღმოსავლური საზღვრების თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. თუმცა, ამ ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს დიდხანს არ უარსებია და დომიციანეს (81-96წწ.) დროს კოლხეთი კვლავ გახდა რომის პროვინციალური პოლიტიკის კიდევ ერთი ცვალებადობის ობიექტი. დომიციანეს, როგორც ჩანს, შეეშინდა გაერთიანებული პონტო-კაპადოკიის პროვინციის ერთი მმართველისათვის გადაცემა და მისი ბრძანებით „კაპადოკიური კომპლექსი“ კვლავ გალატიისა და კაპადოკიის პროვინციებად დაიშალა11. კოლხეთი კაპადოკიის პროვინციის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი12.
ამიერიდან კოლხეთი საკმაოდ ხანგრძლივი დროით (დაახლ. 50 წელი) უშუალოდ რომაულ ადმინისტრაციას დაემორჩილა. ჩვენ არავითარი მონაცემი არ გაგვაჩნია რომის პროვინციალურ სისტემაში ჩართვის შემდეგ კოლხეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილზე რომაული მმართველობის მექანიზმების შესახებ, მაგრამ კოლხეთის ადგილობრივი, ისტორიულად ჩამოყალიბებული რეალიების, რომის საერთო-პროვინციალური პოლიტიკისა და პროვინციების მოსახლეობის მართვის რომაული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლებლად მიგვაჩნია გარკვეული ჰიპოთეტური მოსაზრების გამოთქმა.
როგორც ცნობილია, კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბების დროიდანვე მრავალტომიანი ქვეყანა იყო და მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული ტომები ყოველთვის ინარჩუნებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. ერთიანი კოლხეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ეს ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ჯგუფები თანდათან ჩამოყალიბდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებად, ე.წ. „სკეპტუხიებად“.13 ეს „სკეპტუხიები“, წარმოადგენდნენ რა „ჯერ კიდევ კლასობრივი საზოგადოების წინა ხანაში არსებულ სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს“,14 აერთიანებდნენ კოლხეთის სამეფოში შემავალ ცალკეულ ტერიტორიულ-ეთნიკურ ჯგუფებს და ყოველთვის იჩენდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას15.
ძვ.წ. I ს. კოლხეთში მომხდარი პოლიტიკური კატაკლიზმების, კოლხეთის სამეფოს დაცემისა და მისი ტერიტორიის ჯერ მითრიდატე VI-ის ვრცელი სამეფოს შემადგენლობაში მოქცევის, შემდეგ კი რომაელების მიერ კოლხეთის დაპყრობის შემდეგ, სკეპტუხთა ეს ტენდენციები შეიზღუდა16. ჩვენ არ გაგვაჩნია კონკრეტული ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო კოლხეთის საშინაო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის სისტემა, მისი ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაცია მითრიდატე ევპატორის სახელმწიფოსა და რომაელთა ვასალური პოლემონის პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ სავარაუდოა, რომ მრავალტომიან კოლხეთში პონტოს მმართველებს არ შეეძლოთ, უარი ეთქვათ ტერიტორიულ-ტომობრივ ერთეულებზე და, როგორც ფიქრობენ, კოლხეთში კვლავ შენარჩუნებულ იქნა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფა ტრადიციულ „სკეპტუხიებად“.17 პოლემონიდთა მმართველობის დროს „სკეპტუხები“ კვლავ აგრძელებდნენ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და მათ გამგებლობაში მყოფი ადმინისტრაციული ერთეულების ცალკე სამთავროდ გადაქცევისათვის, მაგრამ პოლემონიდები მეტნაკლებად ახერხებდნენ „სკეპტუხთა“ ამ მისწრაფებების ალაგმვას. 63წ. ნერონის მიერ პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუქმდა პოლემონიდთა მმართველობის აპარატი პერიფერიებშიც. პონტოელთა ხელისუფლება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უშუალოდ რომაულმა ადმინისტრაციამ შეცვალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ რომის მმართველი წრეები კოლხეთშიც ისეთივე ღონისძიებებს გაატარებდნენ, როგორსაც პროვინციულ სისტემაში ჩართულ სხვა ქვეყნებში. გლობალური საგარეო ექსპანსიის, სხვადასხვა ისტორიული წარსულის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მქონე ქვეყნების დაპყრობის შედეგად შექმნილ რომის იმპერიას ძალზე რთული პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურა ჰქონდა. რომაელები დაპყრობილ ქვეყნებში თავდაპირველად ანგარიშს უწევდნენ ადგილობრივ ტრადიციებს, ადათ-წესებს, ეყრდნობოდნენ ადგილობრივ კანონებსა და მმართველობის ორგანიზაციას18 და მეტნაკლებად ითვალისწინებდნენ კონკრეტული ქვეყნის ისტორიული განვითარების დონეს. როგორც ცნობილია, რომაული პროვინციების შემადგენლობაში შედიოდა არა მარტო თვითმმართველობის მქონე ქალაქები, მათთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებით, არამედ ცალკეულ ტომთა გაერთიანებებიც19. ტომთა ეს გაერთიანებები რომაული სამხედრო ნაწილების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და ემორჩილებოდა მათ ტერიტორიაზე მყოფი საოკუპაციო სამხედრო შენაერთის მეთაურებს – პრეფექტებს, რომლებიც ტომთა გაერთიანებების უზენაეს ხელისუფლად ითვლებოდნენ20. მაგალითად, პროვინცია მეზიის შექმნის დროს, რომაელებმა, მხედველობაში მიიღეს რა ქვეყნის ისტორიული განვითარების შედეგად შექმნილი მდგომარეობა, პროვინციული სისტემის ფარგლებში შეინარჩუნეს ადგილობრივი სატომო ორგანიზაციები მათივე ბელადების მეთაურობით, რომელთაც ადმინისტრატორებად დაუნიშნეს უახლოესი რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურები, პრეფექტები (პრაეფეცტუს ცივიტატის).21 პრაეფეცტუს ცივიტატის იყო არა მარტო სამხედრო, არამედ ადმინისტრაციული თანამდებობა. ასე რომ, ერთ პრეფექტურაში გაერთიანებული სხვადასხვა ტომების უზენაეს ხელისუფლად რომაული ჯარის ოფიცრები ითვლებოდნენ22. ასევე იყო სხვა პროვინციებშიც – დალმაციაში, პანონიაში, აფრიკაში და ა.შ.23 რომის სამხედრო ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება24.
ამ ფუნქციებს ტომთა თუ თემთა გაერთიანებების წარჩინებული წარმომადგენლები ასრულებდნენ, რომლებიც პანონიის წარწერებში „პრინციპეს“-ად ანუ უხუცესებად იხსენიებიან25. სწორედ მათ ევალებოდათ თავიანთ თანატომელებთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა და რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება26. ერთი სიტყვით, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურთა მიერ ზურგმომაგრებული და მათზე დაქვემდებარებული „უხუცესები“ თავიანთი თანამემამულეებისათვის იყვნენ რომის ხელისუფლების პირდაპირი წარმომადგენლები.
კიდევ უფრო რთული იყო რომის აღმოსავლური პროვინციების პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტრუქტურა. თითქმის ყველა აღმოსავლური პროვინცია შექმნილი იყო ადრე დამოუკიდებელი სამეფოების ბაზაზე, სადაც ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით ძლიერი იყო ადგილობრივი, ძველაღმოსავლური მემკვიდრეობისა და ელინური ტრადიციების სინთეზი, რის გამოც აქ ერთმანეთის გვერდით არსებობდა – ელინისტური ქალაქები, ადგილობრივი ტიპის ძველაღმოსავლური ტრადიციების მატარებელი საქალაქო ცენტრები, რომაელთა მიერ დაარსებული კოლონიები და მუნიციპიუმები. გარდა ამისა, ყველა პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიური სატაძრო ტერიტორიები, ტომთა გაერთიანებები, ცალკეული პოლიტიკური ერთეულები – სატრაპიები და პატარა სამეფოებიც კი27.
ასეთი იყო რომაული პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ, როგორც აღვნიშნეთ, არ გაგვაჩნია პირდაპირი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო კოლხეთის ადმინისტრაციული დაყოფა პოლემონიდების სამეფოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი საფიქრებელია, რომ რომის ხელისუფალთ გაეუქმებინათ კოლხეთის ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, „სკეპტუხიები“. როგორც ვნახეთ, რომის მმართველი წრეები პროვინციების ორგანიზებისას ითვალისწინებდნენ ადგილობრივ ისტორიულ-პოლიტიკურ მდგომარეობას, თანაც კოლხეთში რომაულ ადმინისტრაციას დახვდა მისთვის ძალზე ხელსაყრელი ვითარება. დასავლეთის პროვინციების ჩამორჩენილი, განვითარების დაბალ დონეზე მყოფი ტომებისა და მათი ბელადების ნაცვლად, რომს აქ დახვდა სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული მართვის გამოცდილების მქონე წვრილწვრილი ტომობრივი ერთეულები, რომელთა მმართველებს – „სკეპტუხებს“, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურებისა თუ პრეფექტების ხელმძღვანელობით, შეეძლოთ შეენარჩუნებინათ რომის გავლენის სტაბილურობა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. კოლხეთის ცალკეულ „სკეპტუხიათა“ მეთაურებისა და აქ დისლოცირებული რომაული გარნიზონების მჭიდრო კავშირი იყო სწორედ ის ნიადაგი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილების უზრუნველსაყოფად უნდა დაყრდნობოდა ტრაპეზუნტის (ახლადშექმნილი პროვინციის ცენტრი) რომაული ადმინისტრაცია.
ამრიგად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებისა და მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზაციის – „სკეპტუხიების“ უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ ზღვისპირა ზოლში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მეთაურები. მაგ., აფსაროსის დამხმარე შენაერთების უფროსის (პრაეპოსიტუს) კონტროლქვეშ იმყოფებოდა ამ ციხე-ქალაქის სიახლოვეს თუ მისგან მოშორებით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა28. რადგანაც რომაული გარნიზონები კოლხეთის ტერიტორიაზე II ს. შუახანებამდე მხოლოდ სამ პუნქტში – აფსაროსში, ფასისსა და დიოსკურიაში იყვნენ დისლოცირებულნი, როგორც ჩანს, გარნიზონების მეთაურებსა თუ სამხედრო პრეფექტებს ერთდროულად რამდენიმე „სკეპტუხიის“, რამდენიმე სხვადასხვა ტომის გაკონტროლება ევალებოდათ. მაგ., იმავე აფსაროსის გარნიზონის უფროსს, ალბათ, ევალებოდა ზიდრიტებისა (რომლებზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა იბერიის გავლენა) და მაკრონ-ჰენიოხების მეთვალყურეობა, ფასისის რომაულ გარნიზონს – ლაზებისა და ქვეყნის შიდა რაიონებში არსებული „სკეპტუხიების“, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს – სანიგების, აბაზგებისა და აფსილების გაკონტროლება.
ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ რამდენიმე სხვადასხვა ტომის გაკონტროლების პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული რომის პროვინციებში. მაგ., დუნაისპირეთის ორი დიდი ტომი – მეზები და ტრებალები ერთი პრეფექტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ29, ხოლო ნორიკუმის პირველი კოჰორტის პრეფექტი, რომელიც ასევე დუნაის სანაპიროს იცავდა, ერთდროულად ბოიებისა და აზალების თემთა გაერთიანებებს უწევდა კონტროლს30. როგორც ჩანს, ასე იყო კოლხეთშიც.
რაც შეეხება ადგილობრივი არისტოკრატიის ფუნქციებს, ანალოგიებიდან გამომდინარე, მათ მოვალეობად თანამემამულეების რომაულ არმიაში გაწვევის ორგანიზებასა და გადასახადების აკრეფას მიიჩნევენ31, რაც, ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანი მოსაზრებაა, მხოლოდ მიგვაჩნია, რომ ეს ფუნქციები და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები, პირველ რიგში, „სკეპტუხების“ კომპეტენციას შეადგენდა.
ასე რომ, რომაელთა უშუალო მფლობელობის ქვეშ მოქცეული იყო კოლხეთის მხოლოდ ზღვისპირა ნაწილი, ქვეყნის შუაგულში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები არ გააჩნდათ. ეს რაიონები ადგილობრივი მმართველების ხელში იყო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული გარნიზონების მეთაურთა წინაშე. მაგრამ რამდენად ეფექტური და მოქნილი იყო რომის სამხედრო ნაწილების მიერ ქვეყნის შიდა რაიონებზე განხორციელებული კონტროლი, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ რომაულმა პროვინციული მმართველობის სისტემამ კოლხეთში, საბოლოო ჯამში, ვერ გაამართლა და ახ.წ. II ს. დასაწყისში რომი იძულებული გახდა, ეცნო კოლხეთის ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა გარკვეული სუვერენიტეტი.
შენიშვნები
1. იხ. კ. ფიფია. კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიიდან (ძვ.წ. I საუკუნე). – „საისტორიო ძიებანი“, I. თბ., 1998, გვ. 23-28; კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. I საუკუნეში. – „საისტორიო ძიებანი“, II. თბ., 1999, გვ. 8-18.
2.. ტაც., ისტ., III, 47; სუეტ., Nერო, 18; შHA, Vიტ. Aურელ., XXI, 11; Eუტრ., Bრევ., VII, 14; С. Ю. Сапрыкин. Понтийское царство. М., 1996, გვ. 338; D. Mაგიე. ღომან ღულე ინ Aსია Mინორ. Vოლ. I (თეხტ), ვოლ. II (Nოტეს). Pრინცეტონ, Nჟ, 1950, ტ. I, გვ. 561-562, ტ. II, გვ. 1417-1418, შენ. 62.
3. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 364; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимноотношения. Тб., გვ. 1981, გვ. 209.
4. А. И. Амиранашвили. Иберия и римская экспансия в Азии. – „Вестник древней истории“, 1938, №4(5), გვ. 171; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს ფრომ ტჰე ჩაპპადოციან Lიმეს. – ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს, LXIV, 1974, გვ. 163; შდრ. М. И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причер- номорья. М.-Л., 1956, გვ. 318.
5. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1995, გვ. 44-47; კ. ფიფია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული გარნიზონების ჩადგომის დროის საკითხისათვის. – სოხუმის უნივერსიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბ., 1999, გვ. 131-133.
6. ჟოს. Fლავ., Bელლ. ჟუდ., II, 366-368.
7. ტაც., ისტ., III, 47-48.
8. Н. Ю. Ломоури. Восточное Причерноморье и Рим в I в. н.э. – „Историко-филологические разыскания“, I. Тб., 1980, გვ. 143-145.
9. ნ. ლომოური. ქართული პოლიტიკური სამყარო საერთაშორისო არენაზე ძვ.წ. I და ახ.წ. II საუკუნეებში. – „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები“, ნაწ. I. თბ., 1998, გვ. 61; კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 22.
10. О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72). – „Вестник древней истории“, 1955, №2, გვ. 70-71.
11. „კაპადოკიური კომპლექსის“ შესახებ დაწვრ. იხ.: კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 22-24; О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия.., გვ. 69-71.
12. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბ., 1970, გვ. 538; კ. ფიფია. დასავლეთ საქართველოს.., გვ. 24.
13. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის. – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXVI, #6, 1961, გვ. 785-789.
14. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს.., გვ. 788.
15. მ. ინაძე. კოლხეთის სამეფოს.., გვ. 789.
16. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 22.
17. Т. Т. Тодуа. Колхида в составе Понтийского царства. Тб., 1990, გვ. 81.
18. F. Dე Mარტინო. შტორია დელლა ცონსტიტუზიონე ღომანა. II. Nაპოლი, 1958, გვ. 298; А. Б. Ранович. Восточные провинции Римской империи I-III вв. М.-Л., 1949, გვ. 71.
19. Н. А. Машкин. История древнего Рима. Л., 1948, გვ. 463; История древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 230-233.
20. Т. Д. Златковская. Мёзия в I и II веках н.э. М., 1951, გვ. 46; Ю. К. Колосовская. Паннония в I-III веках. М., 1973, გვ. 61.
21. Т. Д. Златковская. Мёзия.., გვ. 46.
22. Т. Д. Златковская. Мёзия.., გვ. 46.
23. Т. Д. Златковская. Мёзия.., გვ. 46, შენ. 2.
24. М. С. Садовская. Романизация провинции Британии (I-II вв. н.э.). – Ученые записки Московского государственного педагогического института имени В. И. Ленина, №153, 1960, გვ. 77; М. И. Решина. Происхождение и расселение Фризов. – сб. „Романия и Барбария“. М., 1989, გვ. 135.
25. Ю. К. Колосовская. Паннония.., გვ. 61.
26. Ю. К. Колосовская. Паннония.., გვ. 61.
27. История древнего Рима, под редакцией В. И. Кузищина, გვ. 233.
28. თ. თოდუა. რომაული სამყარო.., გვ. 205.
29. Т. Д. Златковская. Мёзия в I-II веках нашей эры, გვ. 46.
30. A. Dობო. Iნსცრიპტიონეს ეხტრა ფინეს Pანნონიაე და ციაეგუე რეპარტაე ადრეს ეურუნდენ პროვინციარუმ პერტინენტეს. Bუდაპესტ, 1940, გვ. 238.
31.თ. თოდუა. რომაულისამყარო..., გვ. 206.
Комментариев нет:
Отправить комментарий