четверг, 17 декабря 2020 г.

ოსმალეთი – ადამიანით ვაჭრობის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი საქართველოში XVI-XVII საუკუნეებში (ა. კილასონია)

XVI საუკუნის შუა ხანებიდან მთელ კავკასიაში ფართოდ გავრცელდა ქრისტიანებით დანაშაულებრივი ვაჭრობა – ტყვის სყიდვა. მას განაპირობებდა იმჟამინდელი ზესახელმწიფოების – ირანისა და ოსმალეთის მონოპოლიური ბატონობა რეგიონში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ირანსა და ოსმალეთს შორის გადანაწილებული, დაშლილ-დაქუცმაცებული საქართველო. ქართველი ტყვეების ძირითადი მომხმარებლები იყვნენ ირანი, თურქეთი, ეგვიპტე და მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები.
გამორჩეული იყო ამ ვაჭრობის განვითარებაში ოსმალეთის როლი. მას ამ უბედურებაში ლომის წილი ედო. სამწუხაროდ, სწორედ თურქი ისტორიკოსები და საზოგადოებათმცოდნეები არიდებდნენ და არიდებენ დღემდე თავს ამ მოვლენის წარმოჩენას. თურქულ ისტორიოგრაფიაში აქამდე არ დაწერილა არც ერთი ნაშრომი, რომელიც, საერთოდ, ოსმალეთში მონობის პრობლემას შეეხებოდეს. თურქი ისტორიკოსები თვლიან, რომ ის უმნიშვნელო იყო მათი ქვეყნის ცხოვრებაში. თურქეთის ისტორიის ფუნდამენტურ გამოცემებში აღნიშნული საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო „ისლამის ენციკლოპედია“ შემოიფარგლება მხოლოდ მონათა იურიდიული მდგომარეობის აღწერით. ტყვე-მონების – იასირების როლსა და მდგომარეობაზე არაფერია ნათქვამი მეჰმედ ზეკი პეკალინის „ისტორიულ ტერმინთა ლექსიკონშიც“.1 ეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი გამოყენება ქრისტიან ტყვეებს ოსმალეთში ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, ოსმალეთი იყო მათი კლასიკური მომხმარებელი გვიანი შუა საუკუნეების მთელ მანძილზე. ახალგაზრდა ტყვე ქალები სულთნისა და სხვა დიდებულების ცოლები და ხასები ხდებოდნენ, ვაჟებს კი ოსმალურად ზრდიდნენ, სამხედრო საქმეში წვრთნიდნენ და სულთნის გვარდიაში ამწესებდნენ. ყოფილი ქრისტიანები, სათანადოდ აღზრდილნი, იმპერიის დიდი მოხელეების უმრავლესობას შეადგენდნენ. ტყვეების დიდ ნაწილს სხვა სფეროშიც მოიხმარდნენ: მენიჩბე მოსამსახურეებად გემზე, მექარავნეებად, შონამოსამსახურეებად, საჭურისებად და ა.შ.
შუა საუკუნეების თურქეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და თვითმყობად მოვლენას იანიჩართა სამხედრო სისტემა შეადგენდა. იანიჩარები ყველანი ყოფილი ქრისტიანები იყვნენ, გულადი მეომრები და ქრისტიანობის ყველაზე დიდი მტრები.1. ისინი მოწყვეტილი იყვნენ ოჯახებს, ყოველგვარ საზოგადოებრივ კავშირებს და იზოლირებულად იზრდებოდნენ სულთნის კარზე, მათ არაფერი არ აკავშირებდა ხალხთან და მხოლოდ სულთანზე იყვნენ დამოკიდებული.
XV ს. მიწურულს სულთნის კარზე მხოლოდ 4 ათასი იანიჩარი ყოფილა.2 XVIს. შუა ხანებში – 12 ათასი,3 ხოლო 1580 წლის მონაცემით, საიანიჩაროდ მოსამზადებლად ოსმალეთის იმპერიის პროვინციებიდან და ხელდებული ქრისტიანული ქვეყნებიდან ჩამოყვანილი იყო და სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდა 26 ათასი მონა-ტყვე თხუთმეტ წლამდე ასაკისა და მათი აღზრდა ყოველწლიურად 52 ათასი დუკატი ჯდებოდა.4
XVII საუკუნეში, სერალში – დიდი სულთნის სასახლეში მონებისა და მსახურების ნაწილი სულთანს ძღვენის სახით მოუდიოდა ხელდებული ქრისტიანული ქვეყნებიდან, ნაწილი კი ნაყიდი იყო. ისინი აქ იზრდებოდნენ, სწავლობდნენ ისლამს, სამხედრო და საერო მეცნიერებებს. ასაკით რვიდან ოც წლამდე იყვნენ, რიცხვით 500-600; იარაღს არ ატარებდნენ, მაგრამ აცმევდნენ ლამაზად და მდიდრულად. დიდობაში სულთანი ნიშნავდა მათ სხვადასხვა თანამდებობაზე იმისდა მიხედვით, თუ ვის რა ნიჭსა და მიდრეკილებას შეამჩნევდა და რამდენად კეთილგანწყობილი იყო მათ მიმართ.1
კასტელის ცნობით, სულთანი ყმაწვილებიდან გამორჩეულად ნიჭიერებს დიდობაში ძალზე მაღალ თანამდებობებს აძლევდა, ხშირად თავის მრჩევლებად და ვეზირებადაც ნიშნავდა. მის დროს იმპერიის დიდი ვაზირი წარმოშობით აფხაზი ყოფილა, აფხაზი ყოფილა მისი წინამორბედი დიდი ვაზირიც, რომელთა სახელებს, სამწუხაროდ, ის არ ახსენებს.2
XVII ს. შუა ხანების თურქი მოგზაურის ევლია ჩელების მოწმობით, ქართული წარმოშობის ყოფილა მისი თანამედროვე დილავერ ფაშა, აფხაზი – არზრუმის ფაშა, ასევე აფხაზი ყოფილა სეიდ აჰმედ ფაშა.3
საუკუნეების მანძილზე ყოფილი ქრისტიანები ოსმალეთში დიდ მოხელეთა უმრავლესობას შეადგენდნენ. ამის გამო, ხელდებული ქრისტიანი ხალხები თითქოს შეგუებულ იყვნენ ამ უბედურებას და ტყვედ გაყიდვას დიდ ბოროტებად არ აღიქვამდნენ.1 ქრისტიანი ტყვეების წარმოჩენილი როლი და მნიშვნელობა და მათზე მზარდი მოთხოვნილება გარკვეულად განსაზღვრავდა კიდეც ოსმალეთის პოლიტიკას დაპყრობილი ქრისტიანული ქვეყნების თუ უშუალოდ იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქრისტიანი ხალხების – ბერძნების, სომხების და სხვათა მიმართ. ის უფრთხილდებოდა მისთვის ასე საჭირო ადამიანების წყაროებს და მაინცდამაინც არ ცდილობდა მათ გამაჰმადიანებას. მაგალითად, თავისი ხანგრძლივი ბატონობის მანძილზე ოსმალეთს არასოდეს არ მოუთხოვია ისლამის მიღება დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებისთვის. შემთხვევითი არ იყო, რომ XVI-XVII საუკუნეებში იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში არც ერთი მაჰმადიანი მმართველი არ მჯდარა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა ოსმალთა უძლურობის, არამედ შეგნებული პოლიტიკის შედეგი და ამ პოლიტიკას ქრისტიანების როლი და ამ „საქონლის“ მნიშვნელობა განსაზღვრავდა.2
თურქული ისტორიოგრაფიის ტენდენციურობის შეძლებისდაგვარად წარმოჩენის შემდეგ ჩვენ შევეცდებით ვუჩვენოთ, თუ რა მასშტაბით იყვნენ ოსმალები ჩაბმული ამ დანაშაულებრივ ვაჭრობაში შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე და რამდენად იყვნენ მისი ორგანიზატორები და სულისჩამდგმელები. მითუმეტეს, რომ XVII ს. დასაწყისიდან ცალკეული დოკუმენტებიც არსებობს და უხვი და მრავალფეროვანი ცნობებიც თვითმხილველ-თანამედროვეებისა.
XVII ს. I ნახევარში კათოლიკე მისიონერის ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის მოწმობით, ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებიდან გადიოდნენ თურქების გემები, რომელთაც გაჰყავდათ „სამეგრელოში, იმერეთსა და ქართლში გაყიდული ყმაწვილები“.1 მეორე მისიონერი, პიეტრო ავიტაბილე ხშირად ყოფილა საქართველოში ადამიანების გატაცება-გაყიდვის მოწმე და ეს, მისი თქმით, კაცს „ჯოჯოხეთის დიდ დღესასწაულს მოაგონებდა“. ტყვეებს მაჰმადიანებზე ჰყიდდნენ, ერთ დროს მათი ფასი იქამდე დაცემულა, რომ ხუთ პიასტრამდე ჩამოსულა.2
სხვაგან იგივე ავტორი დიდი გულისტკივილით წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ბევრ ნავსადგურში ადამიანებით სამარცხვინო ვაჭრობა დაუფარავად წარმოებს, „აქ წვრილი ვაჭრების ნავებიც ჭიანჭველებივით მიდი-მოდიან, გარდა იმ ორი დიდი გემისა, რომელიც ყოველ წელს მოადგება ხოლმე ნაპირს, რა თქმა უნდა, მეტად მწუხარე ოხვრის გარეშე არ შეიძლება მათი ცქერა, მათზე რამის მოსმენა და დაწერა“.3 საქართველოდან კონსტანტინოპოლში მგზავრობისას ავიტაბილე იმ ხომალდზე იმყოფებოდა, რომლითაც ქალ-ვაჟები გადაჰყავდათ. ხომალდი ბერძნების და თურქების ნაყიდი ტყვეებით იყო დატვირთული. ეს ვეღარ ავიტანე და სხვა გემზე გადავედიო, წერს ის.1
ოსმალო ვაჭრებისთვის ადგილობრივი საქონლიდან ყველაზე მომგებიანი ადამიანი იყო. ისინი დიდი ხალისით ცვლიდნენ მათზე ყველაფერს. „მონად გაყიდულ კოლხ ყრმებში მაჰმადიანი ვაჭრები აძლევდნენ ვერცხლს, ოქროსა და მისთანას“. „ამავე გზით შემოდიოდა ქვეყანაში მარილი, რკინა, ტანსაცმელი და სხვა საქონელიო“,2 წერს მეორე თვითმხილველი. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს აღწერისას იგივეს ამბობს თურქი მოგზაური ევლია ჩელებიც.3
თვითონ ჩელების საქართველოში ყოფნისას რამდენიმე ქართველი ბიჭი შეუძენია, ზოგი საჩუქრად მიუღია ადგილობრივი მმართველებისგან და, ყირიმში რომ ჩასულა, უკვე 18 მონა-ბიჭი ჰყოლია.4 შემდეგ აფხაზეთში უყიდია ორი ბიჭი,5 თავრიზის ხანს „ერთი ქართველი ბიჭი“ უჩუქნია,6 ახალციხის განმგებელ საფარ-ფაშას – „ორი ქართველი ბიჭი“,7 ყარსის ფაშას – „ორი ქართველი ბიჭი“,8 არზრუმის ფაშას – „ორი ქართველი მონა“,9 და სხვ. ამ ხნის მანძილზე მას სხვადასხვა პირებისგან საჩუქრად 37 ქართველი და აფხაზი ჭაბუკი მიუღია. სამეგრელოში თარეშისას ოსმალო სარდალ ქუთფაჯ-ფაშას მეომრებს ორი ულამაზესი, „ვარსკვლავივით ქალიშვილი“ მოუტაცნიათ. ისინი სეიდ აჰმედ ფაშას ათას-ათას ყურუშად უყიდია და ოც სხვა ქალიშვილთან ერთად სულთან იბრაჰიმ ხანისთვის გაუგზავნია.10 ამავე სეიდ აჰმედ ფაშას სამეგრელოში ლაშქრობის შემდეგ არზრუმის ფაშასთვის საჩუქრად მიურთმევია „ორასი მეგრელი ტყვე, ასორმოცდაათი მონა და ასი მხევალი“.11
არქანჯელო ლამბერტი საგანგებოდ მიაქცევს ყურადღებას, თუ როგორ სარგებლობდნენ ოსმალები ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირითა და იზოლაციით. ოსმალეთი იყო სამრეწველო საქონლის ერთადერთი მიმწოდებელი რეგიონისათვის. „ახლო ქალაქებიდან – რიზე, გონიო, ტრაპიზონი – მოდის მრავალი თურქი ვაჭარი, – წერს ლამბერტი, – მათ მოაქვთ ბლომად ფული და ტანისამოსი, რაც ფრიად ეჭირვება აქაურ ხალხს, თურქები კი სამაგიეროდ მხოლოდ ტყვეებს თხოულობენ. ამიტომაც აქ მოჰყავთ თურქებზე ტყვედ გასასყიდად ქართველებიც და აფხაზებიც. ყველანი ისე არიან დახელოვნებული ამ საქმეში, რომ ადვილად იპარავენ მამაკაცებს, დიდებსაც და პატარებსაც“.1
ქრისტოფორო კასტელი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ თვით ქართველებივე ჰყიდდნენ თურქებზე თავისსავე მოდგმის რჩეულ ყმაწვილებს, რითაც ხელს უწყობდნენ ერის გადაშენება-გადაგვარებას. „საკუთარი თვალით მინახავს კოლხეთში გაყიდული მრავალი ყმაწვილი, – წერს ის, – ისინი კონსტანტინოპოლში წაიყვანეს და იქ ვნახე სწორედ ისევე, როგორც კორონტოს ზღაპარშია მოთხრობილი, როცა სიმბას გადაჰყავდა დასჯილი სულები ჯოჯოხეთში. როცა იტალიაში მივემგზავრებოდი, გემი სავსე იყო გაყიდული ტყვეებით. არაერთხელ დამსველებია ცრემლებით თვალები, როცა ვხედავდი, თუ როგორ ჰყიდდნენ ბატკნებივით ხელშეკრულ ყმაწვილებს თურქებზე“.2
1640 წლის სექტემბერში რომში გაგზავნილ რელაციონში პატრი ჯუზეპე ჯუდიჩე წერს, რომ „ამ თვეში მიდიან სამეგრელოდან კონსტანტინოპოლში თათრების გემები, დატვირთული ამ ქვეყნის საქონლით და, განსაკუთრებით, ურიცხვი ქრისტიანი ყმაწვილებით, რომლებიც თათარს (სულთანს) მიჰყიდეს მეგრელებმა და ქართველებმა“.3
1672წ. სამეგრელოში მყოფი ჟან შარდენიც მეტად შეუწუხებია აქ ნანახს. ქვეყანაში, სადაც „არავითარი სურსათი არ იყიდებოდა, სადაც ფულს გასავალი არ ჰქონდა და სადაც საცხოვრებელი ბინის შოვნაც კი არ შეიძლებოდა“, თურქეთში გასაყვანად გამზადებული ყოფილა „უამრავი ტყვე ყველა ასაკისა და ორივე სქესისა. ერთნი ბორკილგაყრილნი, მეორენი ერთმანეთზე ორ-ორად გადაჯაჭვულნი“, რომელთაც „ავაზაკური და კაცისმკვლელის სახის მქონე ზედამხედველები“ ადგნენ თავზე.1 აუტანელი ვითარება ყოფილა გემზე, რომლითაც შარდენს უმგზავრია. მისი თქმით, „კაპიტანი, თურქი და ქრისტიანი ვაჭრები მათ (ტყვეებს – ა.კ.) ცვლიდნენ იარაღზე, მრავალგვარ წვრილმან საქონელზე. ისინი აძლევდნენ ყველაფერს და მაინც დიდძალ მოგებას ნახულობდნენ. მამაკაცები ოცდახუთიდან ორმოცი წლის ასაკამდე ღირდა მხოლოდ თხუთმეტი ეკიუ, ორმოცზე მეტი ხნის – რვიდან ათამდე. ლამაზი ქალები ცამეტიდან თვრამეტ წლამდე – ოცი ეკიუ. სხვები უფრო იაფად ფასობდნენ. ქალები თორმეტად, ბავშვები – სამ ან ოთხ ეკიუდ“.2
მისიონერი ძამპი, რომელიც სამეგრელოში XVII საუკუნის 70-იან წლებში იმყოფებოდა, შეწუხებული წერს, რომ განუწყვეტელმა ომებმა, მომხდურთა თარეშმა და ტყვის სყიდვამ ერთ დროს აყვავებული ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებამდე მიიყვანა. 1675 წლის 10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ის რომში თავის ხელმძღვანელებს ატყობინებს, რომ აქ „უმანკო ბავშვებს, ვაჟებს თუ ქალებს სავაჭრო მოედანზე ჰყიდიან ოხერ ფასად, რათა მით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა. გვესმის და ვხედავთ მათ ჟღავილს და ტირილს: ამ დროს ზოგი მდინარეში თავს იგდებს, ზოგი თვალებს ითხრის და ზოგი ცხვირს იჭრის, რათა ურწმუნოებმა აღარ იყიდონ და წმინდა სარწმუნოება არ დაატოვებინონ“.3
აუნაზღაურებელი იყო ქვეყნისთვის ამ დანაშაულებრივი ვაჭრობით მიყენებული ზიანი. ჯუზეპე ჯუდეჩის ცნობით, XVII ს. შუა ხანებში ყოველ წელს გაყიდულთა რიცხვი არანაკლებ ორ-სამ ათასს აღწევდა.1 ამავე პერიოდის სხვა ცნობით, მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროდან `წელიწადში ოთხი ათასი მაინც გაჰყავდათ ან ხარკის სახით აგზავნიდნენ~.2 თეიმურაზ I-ის მიერ 1639წ. რუსეთის მეფისთვის გაგზავნილი წერილის მიხედვით, თითქმის მარტო სამეგრელოს მთავარი ჰყიდდა წელიწადში 10-15 ათასს, ხოლო გურიისა 10-12 კაცს.3
ჟან შარდენის მოწმობით, XVIIს. 70-იან წლებში სამეგრელოდან „ყოველწლიურად შვიდი-რვა ათასი ტყვე მიჰყავდათ“, აქედან მხოლოდ კონსტანტინოპოლში „სამი ათასამდე კაცი“.4 მისი იქ ყოფნისას, 1672 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ოსმალთა დამსჯელმა რაზმმა თურმე „ორი ათასი ტყვე წაიყვანა“, ხოლო აფხაზმა მოთარეშეებმა, რომლებიც ვითომ სამეგრელოს მთავრის დასახმარებლად იყვნენ მოსული, „წაიყვანეს ათასორასი კაცი“. გემზე, სადაც მაშინ მოგზაური იმყოფებოდა, უკვე ყოფილა 40 ტყვე და „კიდევ მოჰყავდათ“.5
მსგავსი მასალის დამოწმება კიდევ შეიძლება. აშკარაა, რომ წყაროთა მონაცემები გაყიდულ-გატაცებულთა რაოდენობაზე მეტად განსხვავებულია, ზოგჯერ, შესაძლოა გადაჭარბებულიც. ერთობ დიდი ჩანს თეიმურაზ I-ის წერილში აღნიშნული რაოდენობა, მაგრამ არც ის უნდა იყოს სარწმუნო, რომ დას. საქართველოდან მაშინ თითქოს 2 ათასი კაცი გაჰყავდათ, ისიც ქართლის მიმატებით. სინამდვილესთან უფრო ახლოს ჩანს პიეტრო ავიტაბილეს და ჟან შარდენის ცნობები. უნდა ვივარაუდოთ, რომ XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოდან გაჰყავდათ 4-დან 7-8 ათასამდე კაცი. დაახლოებით იგივე ვითარება უნდა ყოფილიყო XVIII საუკუნის I ნახევარში.
ამ აზრს უჭერს მხარს XV-XVIII საუკუნეების დემოგრაფიული სურათიც _ მოსახლეობის რაოდენობის კატასტროფული შემცირება აღნიშნულ საუკუნეებში. თუ XV საუკუნეში საკუთრივ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მოსახლეობა ერთად აღებული შეადგენდა 800 ათას კაცს, მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე ის განახევრდა და XVII ს. შუა ხანებისთვის იყო მხოლოდ 400 ათასი, ხოლო მომდევნო საუკუნეში კიდევ 100 ათასით შემცირდა.1
ეს მშრალი სტატისტიკაა. წყაროებში არსებობს ეს მონაცემები და ჩვენ უნდა დავეყრდნოთ მათ, თუმცა ვერავითარი სტატისტიკა ვერ დაიტევს იმ უბედურებას, რომელიც ამ მოვლენაში დევს. მისი ტოლფასი საქართველოს ისტორიაში მეორე არ მოიძებნება. მას სხვა განზომილებები აქვს.
შენიშვნები
1. ამაზე დეტალურად: В. Ханзель. Проблема ясыря в польско-турецких отношениях XVI-XVII веков. – Россия, Польша, Причерноморье в XVI-XVII вв. Под редакцией акад. Б. А. Рыбакова. М., 1979, გვ. 147-148.
2. დონ ქრისტეფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. ტექსტი გაშიფრა, თარგმნა და გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბ. გიორგაძემ. თბ., 1976, გვ. 129.
3. Записки янычара. Написанны Константином Михаиловичем из Островицы. М., 1978, გვ. 99, 101.
4. Приключение чешского дворянина Вратислава в Константинополе и в тяжской неволе у турок с австрийским посольством в 1591 г. Перевод с чешского К. П. Победоносцева. М., 1904, გვ. 240.
5. Приключение чешского дворянина Вратислава в Константинополе, გვ.240. იანიჩართა სამხედრო ოსტატობის შესახებ ისტორიოგრაფიაში, თვით თურქულის ჩათვლით, არ არსებობს მონოგრაფიული გამოკვლევა. ერთადერთი გამონაკლისია გ. კლეიმანის საკანდიდატო დისერტაცია (Г. А. Клейман. Кризис военной системы феодальной Турции к истории уничтожения янычарского корпуса. Автореферат канд. дисс. М., 1949), აგრეთვე ი. პეტროსიანის სტატია (И. Е. Петросян. К истории создания янычарского корпуса. – Туркологический сборник. 1978. М., 1984) თურქულში 1943წ. ანკარაში გამოცემული ერთი წიგნი (Q. H. Uზუნ-Gარşული. Oსმალი დევლეტი ტეş Kილâტინდან. Kაპიკულუ აცაკლერი. Aნკარა, 1943). სანამ ეს საკითხი საფუძვლიანად შესწავლილი არ იქნება, იანიჩართა ჯარში ქართველების ადგილზე ერთნიშნად რაიმის თქმა ძნელია.
6. დონ ქრისტეფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი.., გვ. 140.
7. დონ ქრისტეფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი.., გვ. 177.
8. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ, ნაკვ. I. თბ., 1971, გვ. 338; 341. კავკასიელთა როლსა და მნიშვნელობას XVIIს. ოსმალეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში საგანგებო სტატია მიუძღვნა დ. გუდიაშვილმა (იხ.: დ. გუდიაშვილი. კავკასიური ელემენტი ოსმალეთის პოლიტიკურ სარბიელზე ევლია ჩელების „სეიაჰათ ნამეს“ („მოგზაურობის წიგნის“) მიხედვით. _ საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წ. II. თბ., 1979, გვ. 95-106). საკუთრივ ქართველთა ადგილს ოსმალეთის იმპერიაში შეეხეო მ. სვანიძე (იხ.: მ. სვანიძე. ქართველები თურქეთში, თბ., 1998.) ქართველ და კავკასიელ ტყვეთა სოციალურ და სამართლებრივ მდგომარეობას მახლობელი აღმოსავლეთის დესპოტიებში ეძღვნება ჩვენი წერილიც. (იხ. ა. კილასონია. „ქრისტიან ტყვე-მონათა სამართლებრივი მდგომარეობა მახლობელი აღმოსავლეთის დესპოტიებში XVI-XVII საუკუნეებში“. _ საისტორიო ძიებანი, წელიწდეული, II თბ., 1999, გვ. 272-284).
9. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. ფრანგულიდან, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 251.
10. ა. კილასონია. ოსმალთა რელიგიური პოლიტიკის შესახებ დასავლეთ საქართველოში მე-16-მე-18 საუკუნეებში. – თსუ სოხუმის ფილიალის პროფესორ-მასწავლებელთა II სამეცნიერო კონფერენციის მასალები. სოხუმი, 1991, გვ. 27-28: ა. კილასონია. ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაშიXVI-XVIIIსს. ისტორიულ-სამართლებრივი
ასპექტები. თბ., 2006, გვ. 65-66.
11. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. წერილები საქართველოზე. XVII საუკუნე. იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ . თბ., 1976, გვ. 45.
12. დონ პიეტრო ავიტაბილე. ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე). შესავალი, ცნობები, კომენტარები ბ. გიორგაძისა. თბ., 1977, გვ. 34.
13. დონ პიეტრო ავიტაბილე. ცნობები საქართველოზე, გვ. 74.
14. დონ პიეტრო ავიტაბილე. ცნობები საქართველოზე, გვ. 77.
15. დონ ქრისტეფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი.., გვ. 54.
16. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 103.
17. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 122.
18. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 103-104.
19. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 243.
20. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 302.
21. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 311.
22. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 336.
23. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 332.
24. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გვ. 332.
25 არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა, თარგმანი იტალიურიდან ა. ჭყონიასი. თბ., 1937, გვ. 76.
26. დონ ქრისტეფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი.., გვ. 54.
27. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. წერილები.., გვ. 54.
28. ჟან შარდენის მოგზაურობა.., გვ. 207.
29. ჟან შარდენის მოგზაურობა.., გვ. 211-212.
30. მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე. ტფ., გვ. 250.
31. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. წერილები.., გვ. 45, 119.
32. დონ პიეტრო ავიტაბილე. ცნობები საქართველოზე, გვ. 34.
33. Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 по 1770 гг. СПб, 1861, გვ. 22-23.
34. ჟან შარდენის მოგზაურობა.., გვ. 123, 204.
35. ჟან შარდენის მოგზაურობა.., გვ. 212, 215, 250.
36. ს. კაკაბაძე. მოსახლეობის რიცხვი საქართველოში XV-XVIII საუკუნეების სიგრძეზედ. კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ. ტფ., 1920. გვ. 27-56; ვ. ჯაოშვილი, საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში. დემოგრაფიულ-გეოგრაფიული გამოკვლევა. თბ., 1984, გვ. 33, 41, 48.

Комментариев нет:

Отправить комментарий