понедельник, 11 января 2021 г.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი (ჯ. ანჩაბაძე)

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სერიოზულ პრობლემებს წააწყდა. ეს იყო: დაცარიელებული ხაზინა, მოშლილი მრეწველობა, გაჩანაგებული სოფლის მეურნეობა, დაქვეითებული საშინაო და საგარეო ვაჭრობა, გარესამყაროსაგან იზოლაცია, ენერგეტიკული კრიზისი, უმუშევრობა, ინფლაცია, სპეკულაცია, შიმშილი, რუსეთის მიერ დამკვიდრებული ეკონომიკის მართვის სისტემისა და ჩამორჩენილი ეკონომიკური აზროვნების გადმონაშთები, ბოლშევიკების ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ა.შ.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულ საქართველოში სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება არანაკლებ შეაფერხა მთავრობის მიერ დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმაც. დავიწყოთ იმით, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო ქვეყნის მმართველობის მის მიერვე ჩამოყალიბებული კონცეფციის სრულად რეალიზება. ამ კონცეფციის მიხედვით საქართველოს მთავრობას თავიდან უნდა აერჩია ქვეყნის კაპიტალისტური განვითარების გზა, რომელიც საფუძველს მოამზადებდა მომავალი სოციალიზმისათვის.
ეს იყო დემოკრატიული სოციალიზმის ევროპული მოდელი, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია სამი მთავარი ფუნქციის _ სახელმწიფოს, დიდი ბიზნესისა და პროფკავშირების ჰარმონიულად თანამშრომლობის პრინციპზე1. ამ პრინციპის რეალიზაციამ დიდი ეკონომიკური აღმავლობისა და სულიერი დონის ამაღლების ამოუწურავი შესაძლებლობა მისცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია და სხვ.2
შვედეთმა უკვე 50-იანი წლებიდან დაიმკვიდრა ადგილი განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომელთაც ერთ სულ მოსახლეზე საერთო საშინაო პროდუქტების წარმოების ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებლები ჰქონდათ. შემდგომ წლებში შვედეთი შედიოდა ყველაზე განვითარებული ქვეყნების პირველ ათეულში3. დემოკრატიული სოციალიზმის ფუძემდებლური ელემენტებია წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების დამკვიდრება და საბაზრო მექანიზმების სრულყოფა, რაც რადიკალურად განასხვავებს მას სოციალიზმის ბოლშევიკური გაგებისაგან, რომელიც გულისხმობს ბურჟუაზიის, როგორც კლასის განადგურებას.
საქართველოში ამ მხრივ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ხელისუფლებამ ვერ შესძლო, სათანადოდ უზრუნველეყო ქვეყანაში კაპიტალიზმის თავისუფალი განვითარება. მმართველ პარტიაში, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში აღმოჩნდნენ სოლიდური ძალები, რომლებიც წინ ეღობებოდნენ ქვეყნის ბურჟუაზიულ განვითარებას. ბურჟუაზიისადმი სიძულვილს ისინი საჯაროდ გამოხატავდნენ პარლამენტისა და მთავრობის სხდომებზე, პრესის ფურცლებზე.
აი, რას ამბობს ამის თაობაზე პარლამენტის წევრი ესერთა ფრაქციიდან გრ. ნათაძე: „საქართველოს სათავეში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტია მართალია, შესაძლებლად ვერ თვლის კერძო საკუთრების ერთი ხელის მოსმით გაუქმებას, მაგრამ დღიდან ჩადგომისა სახელმწიფოს სათავეში, იგი მედგრად არღვევს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის ბურჟუაზიულ პრინციპს. მას ყოველდღე უხდება ბრძოლა იმ პარტიებთან, რომლებიც დგანან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობისა და მუდმივობის თვალსაზრისზე. ამას დამტკიცება არ ესაჭიროება. ამ ბრძოლას თქვენ ამოიკითხავთ თუნდაც დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიული ანგარიშებიდან. მეორე პრინციპი, რომლის გარშემო უხდება მმართველ პარტიას ბრძოლა ყოფილი გაბატონებული კლასების პარტიებთან _ ვაჭრობა-მრეწველობის თავისუფლების პრინციპია. სახელმწიფო მონოპოლია, რომელსაც მტკიცედ დაადგა ჩვენი სახელმწიფო, სულ უფრო ფართოვდება, ამასთან ვიწროვდება ვაჭრობა-მრეწველობის თავისუფლება. იდეალი, რომლისაკენ მიდის ჩვენი სახელმწიფო, მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ვაჭრობა-მრეწველობა სახელმწიფოს ხელში გადავიდეს“.4
მოვიყვანთ მეორე მაგალითს: 1920 წლის 29 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „ჩვენ, რასაკვირველია, ბურჟუაზიის მტერი ვართ, მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ ეს დღესვე მოხდეს“5 (სტილი დაცულია _ ჯ.ა.). ანალოგიური განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სისტემატურად კეთდებოდა. ამას ადასტურებენ პარლამენტისა და მთავრობის სხდომების სტენოგრაფიული ჩანაწერები.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაუფარავად ამხელდნენ მთავრობას ქვეყნის ბოლშევიკური მეთოდებით მართვაში. ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ალ. ასათიანმა დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა: „მთავრობა გატაცებულია საზოგადოებრივი მეურნეობებით, კერძო ინიციატივა იდევნება, ეს მაშინ, როდესაც ამ წარმოებებზე მრავალი მილიონი ხაზინის ფული უშედეგოდ იხარჯება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი საზოგადოებრივი წარმოებების მხარდაჭერისა, თუ ისინი სარგებლობას მოუტანენ სახელმწიფოს... თქვენ ძალით ართმევთ ქარხნებს მის მეპატრონეებს, ხშირ შემთხვევაში აიძულებთ მათ თვითონ წავიდნენ6. მთავრობას, მის თავმჯდომარეს ბევრჯერ განუცხადებიათ, რომ ისინი არ ებრძვიან კერძო ინიციატივას, მაგრამ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკა საწინააღმდეგოზე მიუთითებს“.7 ანალოგიური ხასიათის განცხადებები კეთდებოდა ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან დამფუძნებელი კრების თითქმის ყველა სხდომაზე. ისინი მოუწოდებდნენ მთავრობას და მმართველ პარტიას, ხელი აეღოთ ამ მავნე პრაქტიკაზე და კანონმდებლობით უზრუნველეყოთ ბურჟუაზიის თავისუფალი განვითარება8.
ყურადღებას იმსახურებს ასევე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიასა და კავკასიაში დისლოცირებული დიდი ბრიტანეთის ჯარების სარდლის გენერალ უოკერს შორის გამართული საუბარი. ნოე ჟორდანიას ერთ-ერთ შეკითხვაზე, თუ რა დახმარებას მოელოდეს მენშევიკური საქართველო ინგლისელებისაგან, გენერალმა უპასუხა: „...რაც შეეხება კერძო კაპიტალის მოდენას, თქვენში არსებული სოციალიზმის პირობებში მოკავშირეთა კაპიტალები აქ ვერ მოვლენ“.9
დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს სერიოზულად აფერხებდა პოლიტიკური პარტიების, უმთავრესად მმართველი პარტიის საქმიანობაში დამკვიდრებული ზედმეტი პარტიულობისა და ნაკლები სახელმწიფოებრიობის პრაქტიკა. ეს ფაქტორი უცხოელებსაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. მოვიყვანთ ერთ მაგალითს: 1918 წლის აგვისტოში საქართველოში სტუმრად მყოფმა ავსტრია-უნგრეთის დელეგაციის მეთაურმა ვ. ფრანკშტეინმა, მის მიერ საქართველოს მთავრობის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას, გაიხსენა გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ II-ის მიერ 1914წ. ქ. ბრემენში წარმოთქმული სიტყვა. „მე, _ განუცხადებია იმპერატორს. _ არ ვცნობ პარტიებს, მე ვცნობ მხოლოდ გერმანელებს“. ანალოგიური სიტყვით მიმართა სტუმარმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს: „მე არ ვცნობ პარტიებს, მე ვცნობ მხოლოდ ქართველებს“.10 სტუმარმა დელიკატურად მიანიშნა, თუ რა ზიანი მოაქვს ერისა და ქვეყნის ინტერესების იგნორირებას და მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს სახელმწიფოებრივი აზროვნებისაკენ11.
მმართველ პარტიას სახელმწიფოს მართვის გამოცდილება აკლდა. მას თავის დროზე ქვეყნის დამოუკიდებლობაზე არ უზრუნია. საქართველოს მაშინდელი ხელისუფალნი სრულიად რუსეთის სოციალდემოკრატიული პარტიის მემარჯვენე ფრთის ქართული ფრაქციის წარმომადგენლები იყვნენ სახელმწიფო სათათბიროში. ისინი რუსეთის იმპერიისადმი ერთგულებით და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლით გამოირჩეოდნენ. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას გავამახვილებთ ერთ დეტალზე, რომელიც ნათელს მოჰფენს საქართველოს მომავლისადმი მათ დამოკიდებულებას.
სახელმწიფო სათათბიროს 1912 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე სოციალ-ფედერალისტმა დეპუტატმა ქუთაისის გუბერნიიდან, ვარლამ გელოვანმა სრულიად მოულოდნელად საქართველოს ავტონომია მოითხოვა12. ქართველმა დეპუტატებმა _ კარლო ჩხეიძემ, ევგენი გეგეჭკორმა, აკაკი ჩხენკელმა და სხვებმა აღშფოთება ვერ დამალეს გელოვანის „სეპარატისტული“ განცხადების გამო. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს არ სჭირდება ავტონომია. თუ ვინმეს ეს სჭირდება, ალბათ იმიტომ, რომ იქ შოვინიზმი ააყვავოსო13. საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგ ქართველი დეპუტატების ასეთი ენერგიული გამოსვლების შემდეგ უკიდურეს რეაქციონერ და შოვინისტ დეპუტატ პურიშკევიჩსა და მის თანამოაზრეებსაც კი საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგ გამოსვლა ზედმეტად მიუჩნევიათ.
ქართველი ეროვნულ-დემოკრატების ჟურნალმა „კლდემ“ კ. ჩხეიძე და ა. ჩხენკელი საქართველოს გულზე ორ გველად გამოსახა _ გველები, რომელთაც მარტო შხამი აქვთ და გველის სიბრძნე არ გააჩნიათო14.
საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არა მარტო ზემოხსენებული მენშევიკი ლიდერები, არამედ მთელი პარტია გამოდიოდა. აი, რას ამბობს ამის შესახებ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი: „ქართველი სოციალ-დემოკრატები ყოველთვის რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შემადგენლობაში იყვნენ. საქართველოში ისინი სასტიკად და, უმეტესწილად, როგორც თვითონ ეგონათ, წარმატებით ებრძოდნენ საქართველოს ავტონომიის მომხრეებს „ცენტრალიზმის“ დასაცავად“.15
არც ნოე ჟორდანია ყოფილა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის იდეების ავტორი. ადრე და დღესაც ნოე ჟორდანიას პიროვნების, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. მისი დამოკიდებულება საქართველოს მომავლისადმი უარყოფით რეაქციას იწვევდა პატრიოტულად განწყობილ ქართულ საზოგადოებაში. ნ. ჟორდანიას ურუსეთოდ საქართველოს არსებობა ვერ წარმოედგინა. რუსეთის იმპერიის დემოკრატიულ გარდაქმნებში და მასთან განუყოფლობაში ხედავდა საქართველოს ნათელ მომავალს. „ქართველობა რომ რაიმე მანქანებით თავის საკუთარ საზღვრებში მოემწყვდეს, ერთ წელიწადსაც თავს ვერ გადაირჩენს“,16 _ ამბობდა იგი. ნოე ჟორდანიას უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან. ჟორდანიასთვის ილია დრომოჭმული ფეოდალური ურთიერთობების განსახიერება იყო. მისი აზრით, ქართველი ხალხი უფრო სოციალური საკითხით იყო დაინტერესებული, ხოლო ეროვნული საკითხი ილია ჭავჭავაძისა და სხვა ნაციონალისტების მოგონილად მიაჩნდა.
ილია ნ. ჟორდანიას ეროვნული ნიჰილიზმის უპირველესი ოპონენტი იყო. იგი ამბობდა: „ჟორდანიასა და მისი კამპანია, რომ ქვეყანას ააშენებს მე წილს ნუ დამიდებთ, ეს რუსული მარქსიზმის თავაბმული თუთიყუში ამაოდ ცდილობს წუთისოფლის ბორბლის ღერძი გამოცვალოს“.17 ნ. ჟორდანიას ბრძოლა ი. ჭავაჭავაძის წინააღმდეგ ისე შორს წავიდა, რომ, უნდა ვიფიქროთ, მან და სხვა ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა ილიას მკვლელობა იდეურად შეამზადეს.
ნ. ჟორდანიას და მისი გუნდის პოლიტიკური მოღვაწეობა, მათი დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი ცალკე კვლევის საგანია და უფრო ღრმა შესწავლას მოითხოვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია _ სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავიდან არ იბრძოდა და არც საამისო პროგრამა ჰქონდა შემუშავებული. გარეშე ფაქტორებით ნაკარნახევი მოულოდნელი დამოუკიდებლობის ვითარებაში მან ვერ შესძლო ქვეყნის ეკონომიკური სადავეების ხელში აღება, რის გამოც ფერხდებოდა სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბება და ქვეყანა ასე ადვილი ლუკმა შეიქნა დამპყრობლისათვის.
შენიშვნები
1. ნ. ტერაშვილი. სოციალიზმის „შვედური მოდელი“, გაზ. „თბილისი“, 1989, 23 დეკემბერი.
2. იქვე.
3. იქვე.
4. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919 წ. 26 აგვისტო.
5. საქართველოს დამფუძნებელი კრება, სტენოგრაფიული ანგარიში, 29-ე სხდომა, 1920წ. 29 ივლისი.
6. იქვე.
7. იქვე.
8. იქვე.
9. სცსსა, ფ. 1878, ანაწ. 1, საქ. 48, ფურც. 20.
10. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918წ. 17 აგვისტო.
11. იქვე.
12. გაზ. „იმერეთი“, 1912, #75.
13. იქვე.
14. ჟურნ. „კლდე“, 1913, #5.
15. ზ. ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1990, გვ. 17.
16. „ძველი და ახალი ქუთაისი“, ქუთ., 1912, გვ. 8.
17. ლ. სანიკიძე. მესამე დასის საქართველო, თბ., 1989, გვ. 274.

Комментариев нет:

Отправить комментарий