მათეოს ურჰაეცი, მათე ურჰაელი, ედესელი (სომხ. Մատթէոս Ուռհայեցի) — XII საუკუნის I ნახევრის სომეხი ბერი და ისტორიკოსი. ცხოვრობდა ქ. ედესაში (ახლანდელი ქ. ურფა, თურქეთი). მის ნაშრომში „ჟამთააღმწერლობა“ გადმოცემულია 952-1136 წლების ისტორიული მოვლენები (შემდეგ თხზულების წერა გააგრძელა სომეხმა ისტორიკოსმა გრიგოლ ხუცესმა და მოვლენათა თხრობა 1162 წლამდე მიიყვანა).
მათეოს ურჰაეცის ნაშრომი სომხეთის ისტორიის გარდა შეიცავს ცნობებს ახლო აღმოსავლეთსა და, კერძოდ, საქართველოზე. მათეოს ურჰაეცი იმ სომეხ ისტორიკოსთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლებიც ერთიანი ქართული მონარქიის დახმარებით ფიქრობდნენ სომხეთის სახელმწიფოს აღდგენას. „ჟამთააღმწერლობა“ ფართოდაა გამოყენებული ქართულ ისტორიოგრაფიაში.
ავტორი დეტალებისადმი დიდ დაკვირვებას იჩენს და ცდილობს ყველაფერი მოგვითხროს წარმოდგენილი საკითხების შესახებ, რის გამოც მისი წყარო ძალიან მნივნელოვანია. ავტორის მთავარი პრობლემა არის ციფრები. ის ლამის ათჯერ ბერავს მუსლიმანთა ჯარების ცფრებს. მაგალითად ილ ღაზს ჯვაროსნებთან ომში სხვა წყაროებით 18000-მდე მეომარი ჰყავდა, ავტორი კი 80000-ს ამბობს; დიდგორში განძის ათაბაგს 400000 კაცი ჰყავდაო, არადა, 2 წლის შეემდეგ საქართველოსკენ წამოსულ დიდ სულთანთან შესაერთებლად სხვა წყაროებით 4000 კაცი ჰყავდა. თუ შევაჯამებთ ქართული ჯარის ციფრებს ის სრულიად რეალურია, ხოლო მუსლიმთა კოალიცია ურჰაეც=ცის ციფრებით ზუსტად 10-ზეა გამრავლებული. არადა უცხოური წყაროების ანალიზით იგივე ილღაზს ალბათ 15000 კაცამდე უნდა ჰყოლოდა დიდგორში 150000-ის ნაცვლად, ხოლო ათაბაგს და მელის სულთან 4000.
სომხური ტექსტი თარგმნა და შევიშვნები დაურთო ლიანა დავლიანიძემ.
ტექსტის ნაწყვეტები
კვლავ სომეხთა წელთაღრიცხვის 570 (1121) წელს ვინმე ამირამ, განძაკის ქვეყნიდან, სახელად ხაზიმ1, კაცმა სისხლისმღვრელმა, ბილწმა ღა ბოროტმა ეშმაკმა, რომელიც ქართველთა ქვეყნის მოსაზღვრე იყო და კეთილგანწყობით მორჩილებაში იმყოფებოდა ქართველთა მეფე დავითთან, იმ წელიწადს ბოროტი ზრახვანი განიზრახა. წაიყვანა ხაზიმ 30000-ანი თურქთა ლაშქარი და ქართველთა ქვეყანაში შევიდა. ერთი ნაწილი დაატყვევა და გააძევა ქართველთა ქვეყნიდან, [ხოლო თვითონ] წავიდა და დაბანაკდა თავის ადგილას.
როდესაც შეიტყო ეს [ამბავი] ქართველთა მეფე დავითმა, ჯარები გაგზავნა ამ ქართველთა ქვევნისა, [თვითონაც] მოვიდა [და] მოულოდნელად თავს დაესსა თურქთა ჯარებს. გაჟლიტა მათგან 30000 კაცი, ყველა მათი ცოლი და შვილი, ხოლო მათი უთვალავი ცხვრის ფარა გამორეკა მრავალ და ურიცხფლ ალაფთან ერთად და წამოიყვანა ქართველთა ქვეყანაში.
მაშინ თურქთა ჯარებიდან გადარჩენილები საშინლად შეშფოთდნენ. შემოიფლითეს თავიანთი ტანსაცმელი, თავზე მიწა დაიყარეს, შავადმოსილნი და თავშიშველწი შეჰღაღადებდნენ ქალაქ განძაში თავიანთ სულთანს მელიქს2 ტაფარის შვილს, გლოვით იჩივლეს მის წინაშე თავიანთი დანაკარგის გამო. ხოლო სხვებმა მიაღწიეს არაპკელთა მხარეს კარმიანის ქვეყანამში3 ამირა ხაზიმდე4, [რომელიც იყო] არდუხის ძე და საშინელი ტირილით მოუთხრეს მას თავიანთი გაწყვეტის შესახებ.
ხოლო მან თავისი უფლებამოსილებით და სიამაყით ბრძანა შეკრებილიყო მისი დიდი ჯარი ყოველი თურქთა ტომიდან, დაწყებული ბერძენთა ქვეყნიდან, ვიდრე აღმოსავლეთამდე – მთელი კარმიანის [ჩათვლით]. მისი ჯარები რიცხვით 150000 გახდა. გაგზავნა მან (ეს ჯარი) სამხრეთის მხარის ბარბაროსთა ქვეყანაში. შემდეგ იხმო თავისთან არაბთა მეფე, რომელსაც ერქვა საღა ტუპაისის ძე5 ის წამოვიდა მასთან 10000-ანი [ჯარით].
ეს იყო კაცი, მხნე და მეომარი. მან დაატყვევა ქალაქი ბაღდადი და სამი ბრძოლა გადაიხადა სპარსთა სულთან ტაფარინთან, რომელიც სძლია და გაიმარჯვა. [საღა]იყო რავატის ტომიდან, მეტად მაგინებელი მაჰმადისა და მთელი მისი წესებისა. მან დაიბანაკა კარვებით ეთიოპიასა და ინდოეთს შორის. სწორედ ამ ხანებში წავიდა სპარსეთის ამირა ხაზისთან და დაესიძა მას.
ამავე წელს დაიძრა ხაზი მრავალი ჯარითურთ და მიაღწია განძაკის ქვეყანას, [რათა იქიდან] წასულიყო ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ.
ამავე დროს გამოვიდა განძაკის სულთანი მელიქი 400000 მამაცი ცხენოსანით, გაეშურა უდიდესი ლაშქრით და შევიდა ქართველთა ქეეყანაში. თბილისის მხარეს მთის [მიმართულებით], რომელსაც დეკორი6 ეწოდება.
როდესაც შეიტყო ამის შესახებ ქართველთა მეფე დავითმა ბაგრატის ძემ, გიორგის შვილმა, წავიდა საბრძოლველად თურქთა ჯარის წინააღმდეგ 40000 ძლიერი და მამაცი ვაჟკაცით და ომში ნაცადი მეომარით. ჰყავდა აგრეთვე სხვა ლაშქარიც, ხაფჩახთა (ყივჩაღთა) მეფისაგან – 15000 მამაცი და რჩეული კაცი; ალანთა ტომისაგან – 500 კაცი, ხოლო ფრანგი – 100.
აგვისტოს თვის 13-ს, ღვთის, მშობლის მარხვის ხუთშაბათს მოხდა სასტიკი ბრძოლა ორ მთას შორის. ლაშქართა საშინელ ყიჟინს მთები ბანს აძლევდნენ. მაშინ ღვთის წყალობამ უწია ქართველთა ლაშქარს და ბრძოლათა შენივთებისას თურქთა მთელი ლაშქარი სირბილით უკუაქცია.
იმ დღეს მოხდა თურქთა ჯარების სასტიკი ღა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მთათა ხევები და მდინარეები გვამებით აივსო და მთების ყოველი ქარაფნი დაფარა. თურქთა ლაშქარში დახოცილთა რიცხვი 400000-ს უდრიდა, ხელთ იგდეს 30000 კაცი, დაცემულთა ცხენებითა და იარაღით კი მთელი მინდვრების პირი დაიფარა.
რვა დღის [განმავლობაში] ხაფჩახთა და ქართველთა ჯარები ქალაქ ანის საზღვრებამდე სდევნიდნენ [მათ]. ხოლო სპარსეთის სულთანი მელიქი და ხაზი დიდი სირცხვილით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში გაქცევით ძლივს გადარჩენილნი. [საერთოდ] ათასიდან ასი არ გადარჩენილა.
ამავე წელს აიღო ქართველთა მეფე დავითმა ქ. თბილისი სპარსელებისაგან და სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოახდინა ქალაქში, ხოლო 500 კაცი წვეტიან სარზე წამოაცვა და წამებით დახოცა.
***
კვლავ, სომეხთა წელთაღრიცხვის 572 წელს (1123) ქართველთა მეფე დავითმა სპარსთაგან 60000 კაცი მოსპო, რადგანაც მრავალი ჯარით მოვიდა განძაკის სულთანი, მდინარე მტკვარზე ნავებით ხიდი გასდო და 60000 კაცი გადაიყვანა აფხაზთა ქვეყანაში. როდესაც [ეს ამბავი] ქართველთა მეფემ შეიტყო, გაგზავნა ჯარები, ჩაანგრევინა ხიდი და მთელი ჯარი, რომელიც [სულთანმა] გადმოიყვანა, ერთიანად გაჟლიტა. თვითონ სულთანი სპარსეთში გაიქცა და თავის ბიძასთან ქალაქ ავზკანში შევიდა.
ხოლო ეს მეფე დავითი იყო მამაცი ღა ძლიერი სპარსეთის წინააღმდეგ (მიმართულ) ომებში. მან მრავალჯერ სძლია უცხოელთა ჯარები და დაამხო მთელი მათი ძლიერება. მრავალი და სახელოვანი მხარენი აიღო სპარსთაგან მახვილითა და ძალით. აიღო თბილისი და დმანისი, აიღო შრუანი (შარვანი), შაქი და შამქარი, აიღო აგრეთვე სხვა მრავალი მხარეც.
იყო მეფე დავითი წმინდა და სათნო, ყოვლად შემკული ღვთის მოსავობით და კეთილი სამართლიანობით: ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარული სომეხთა ტომისა. მის გარშემო შეიკრიბა სომეხთა გადარჩენილი ლაშქარი. მან ააშენა სომეხთა ქალაქი ქართველთა ქვეყანაში, განამტკიცა ეკლესიები და მონასტრები მრავლად, ხოლო ქალაქს სახელად უწოდა გორა7 (გორი). დიდის სიხარულით და აღფრთოვანებით ექცეოდა მას მთელი სომეხი ხალხი.
ჰყავდა აგრეთვე მეფე დავითს ერთი ღვიძლი შვილი სომხის ქალისაგან, რომელსაც სახელად ერქვა დემეტრე, ხოლო მეფის ძმას უწოდებდნენ თოტორმეს.
***
კვლავ სომეხთა წელთაღრიცხვის 573 (1124) წელს, ქართველთა მეფე დავითმა მოახდინა სპარსთა ჯარების სასტიკი ჟლეტა. თითქმის 20000 [კაცი მოსპო] და აიღო სომეხთა სატახტო ქალაქი ანი, ხოლო მანუჩეს შვილები8 გააძევა ანიდან და თბილისს გაგზავნა. [მან] გაათავისუფლა მონობისაგან სატახტო ქალაქი ანი, რომელიც 60 წელს იმყოფებოდა ტყვეობაში, (აგრეთვე) საკვირველი და დიდებული ეკლესია ანისა წმინდა კათოლიკე, რომელიც მიზგითად ექციათ. შეკრიბა სომეხთა ქვეყნის ეპისკოპოსნი, მღვდელნი და მოწესენი და აკურთხა წმინდა კათოლიკე დიდის ზეიმით. იყო სიხარული ყოველი სომხის სახლში, რადგანაც იხილეს განთავისუფლებული წმინდა კათოლიკე მონობისაგან.
***
ხოლო სომეხთა წელთაღრიცხვის 574 (1125) წელს გარდაიცვალა ქართველთა ქვეყნის კეთილმსახური და წმინდა მეფე დავითი. მის ტახტზე დასვეს მისი ძე დემეტრე, კაცი მხნე და ღვთისმოყვარული, მსგავსი თავისი მამა დავითისა ყოველი კეთილი საქმით. მან დააბრუნა მანუჩეს შვილები ქალაქ ანიში და მრავალი ფიცით დაადგინა ისინი თავის მორჩილ მსახურებად მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე. მისცა მათ ანი.
მრავლი შევიწროვება განიცადა ანიმ სპარსთა ლაშქრისაგან იმ დროს, როდესაც გარდაიცვალა დავითი. ასევე სხვა საზრუნავი ბრძოლათა და მხარეთა თავს დაატყდა ქართველთა მეფე დემეტრეს რომელიც იყო შვილი) სომხის ქალისა.
ხოლო მანუჩეს შვილებმა დასდეს მტკიცე ფიცი, რომ წმინდა კათოლიკე, რომელიც ანიში მდებარეობდა, სამუდამოდ სომხებს ექნებოდათ და არ შეუშვებდნენ მასში ტაჭიკებს ან სხვა მუსულმან ხალხს.
შენიშვნები
1. მათე ურჰაელის ამირა ხაზი (ღაზი), განძაკის ქვეყნიდან, სხვა ამირაა და არა ის, რომელიც დიდგორის ბრძოლაში სათავეში ედგა თურქთა გაერთიანებულ ლაშქარს და რომელიც ცნობილია ღაზი, ილ-ღაზი ანდა ნეჯმ-ად–დინ–ილღაზის სახელით. ჩვენი ავტორის თქმით, ეს ამირა ხაზი ყოფილა ქართველთა ქვეყნის მოსაზღვრე. ის 1121 წელს (დიდგორის ბრძოლამდე) 30000-იანი ჯარით თავს დასხმია ქართველებს და ზარალი მიუყენებია მათთვის, ხოლო, როდესაც დავით აღმაშენებელს საპასუსო ლაშქრობა მოუწყვია და სასტიკად დაუმარცხებია თურქები, მაშინ აწიოკებულ თურქობას ელჩები გაუგზავნიათ ქ. განძაში სულთან მელიქთან და არაპკელთა (არაბთა) მხარეში ამირა ხაზისთან (ილ-ღაზი). ეს უკანასკნელი ხაზი კი, ცხადია, განძის ამირა ხაზი არ არის.
აღსანიშნავია, რომ დ. ბაქრაძეს მოჰყავს მათე ურჰაელის „ჟამთაღმწერლობიდან“ ეს ნაწყვეტი. ის განძაკის ამირას უწოდებს ღაზის, ხოლო არდუხის ძე ამირას ილ-ღაზის მაშინ, როდესაც სომხურ ტექსტში. ორივეგან არის „ხაზი“. ცხადია, დ. ბაქრაძე ამით ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ორი ღაზი ერთიდაიგივე პიროვნება არ არის.
ისმება კითხვა, ვინ უნდა იყოს განძაკის ამირა ხაზი (ღაზი)? იმ ხანებისათვის ღაზი ცნობილია მხოლოდ ერთი. (შენიშ. 4), რომელთანაც თურქთა ელჩობა იყო გაგზავნილი და შემდეგ სათავეში ედგა მათ გაერთიანებულ ლაშქარს ქართველების წინააღმდეგ.
მათე ურპაელისავე ცნობით, განძაში იმყოფებოდა სულთანი მელიქი (იხ. შენიშ. 2). წყაროებით დამოწმებულია, რომ სულთანი მელიქი იმ დროს მცირეწლოვანი უნდა ყოფილიყო, სოლო მისი ათაბაგი ქენ-თოღდი თითქმის დამოუკიდებლად მოქმედებდა. განძის ათაბაგს იხსენიებს დავით აღმაშენებლის მემატიანეც. თუმცა სახელის აღუნიშნავად, აქაც განძის ათაბაგი დამოუკიდებელი ჩანს, რამდენადაც მას საკუთარი ლაშქარიც ჰყოლია. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: უბრძანეს სალაშქროდ გამოსვლა „ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა“-ო, იქნებ მათე ურჰაელის განძაკის ამირა ხახი იგივე ათაბაგი ქენ-თოღდია, მაშინ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ მას „ქართველთა ქვეყანა“ დიდი ჯარით დაელაშქრა.
2. მათე ურპაელის განძის სულთანი მელიქი ტაფარის ძე არის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მალიქი სულთანის ძე. ქ. განძაში იმხანად მართლაც მჯდარა მელიქი თოღრული მოჰამედის ძე, როგორც მას არაბი მემატიანე იბნ ალ–ასირი უწოდებს. მაგრამ ერაყის სელჩუკიანთა სულთანი იმჟამად იყო არა მოჰამედი, არამედ მაჰმუდ მოჰამედის ძე, ამის გამო პროფ. შ. მესხია ვარაუდობს, რომ განძის სულთანი მელიქი, რომელიც წოდებულია „სულთანის ძედ“, უნდა იყოს არა ძე სულთნისა, არამედ ძმა სულთან მაჰმუდისა, რომელიც აგრეთვე იყო მოჰამედის ძე. იქნებ დავითის ისტორიკოსის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში ასეც ეწერა: „როდესაც ელჩობამ სულთანს მიმართა დასახმარებლად მან „მოსცა ძმა თვისი მალიქი“ და არა „ძე თავისი მალიქი“. თუ ეს ასეა – მაშინ ძმა სულთანისა მალიქი უნდა იყოს მელიქ თოღრულიო.
რაც შეესება მათე ურჰაელის მიერ მელიქის ტაფარის ძედ წოდებას, ამასაც თავისი გამართლება მოეძებნება. „თოღრულის მამა მოჰამედი, როგორც წყაროებიდან ჩანს, ზოგჯერ მოჰამედ-ტაფად ან კიდევ, უბრალოდ, „ტაფარადაც“ იწოდებოდა. ამიტომაც მოუხსენებია მათე ურჰაელს სულთანი მელიქი ტაფარის ძედ.
ზოგ მკვლევარს თოღრულის ანუ მელიქ ტაფარის ძის მონაწილეობა დიდგორის ომში საეჭვოდ მიაჩნია.
3. არაპკელთა მხარე იგივე არაბთა მხარეა, რაც შეეხება კარმიანის ქვეყანას, აკად. მარი ბროსეს ის მიუჩნევია კაბადოკიად, ამჟამად ასევე აქვს ახსნილი პროფ. შ, მესხიასაც.
4. ამირა ხაზი (ღაზი) არდუხის ძე იგივეა რაც დავითის მემატიანს ილღასი და ალ-ფარიკის ნეჯმ-ად–დინ-ილღაზი. როგორც ქართველი მემატიანე გვაუწყებს, ილღაზი დანიშნული იყო სელჩუკიანთა სულთანის მიერ თურქთა გაერთიანებული ლაშქრის მეთაურად. სტენლი ლენ-პულის ცნობით, 1108 წელი ილ-ღაზისათვის მიუციათ მარდინი, რის შემდეგაც განაგებდა ორთუქიდების ორი შტო, ერთი კაიფში, ხოლო მეორე მარდინში... ილ-ღაზი ითვლება მარდინის შტოს დამაარსებლად.
ილ-ღაზი იყო ისლამის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი დამცველი ჯვაროსნების წინააღმდეგ. 1117 წელს მან ხელთ იგდო ალეპო, ხოლო 1121 წელს სელჯუკიანთა სულთანმა მაჰმუდმა ის დანიშნა მაიაფარიკინის გამგებლად. როგორც მათე ურჰაელი, ასევე დავითის ისტორიკოსი და გოტიე ილ-ღაზის ასასიათებენ, როგორც უფლებამოსილს, მრავალღონესა და ამაყს.
5. მათე ურჰაელის ცნობით, საღა ტუპაისის ძე არის ე.წ. არაბთა მეფე, მეომარი და გულადი კაცი, რომელსაც დაუმარცხებია სპარსეთის მეფე ტაფარინი, აუღია ქ. ბაღდადი. ამ დროისთვის მას სულთანმა ყველაფერი წაართვა და ბაღდადთან ახლოს მდებარე ქ. ხილას მფლობელი იყო. სავარაუდოდ იგი ძშიიტი იყო. არსებობს აზრი, რომ მათე ურჰაელის საღა არის შვილი სეიფ ედ-დულა სადაკისა ანუ საღასი და არა თვით საღა (სადაკა). ამ მოსაზრებას ადასტურებს ქართველი მემატიანე – დავითის ისტორიკოსი, რომელიც აღნიშნავს, რომ „სულტანმა მოუწოდა არაბეთისა მეფეს დურბეზს, სადაყას ძესა“ და არა თვით „სადაყას“, ასევე აქვთ აღნიშნული იბნ ალ-ასირსა და ალ-ფარიკს დიდგორის ბრძოლამდე დურბეისს ცოლად შეურთავს ილ-ღაზის ასული გოჰარ-ხათუნი. ამაზე მიუთითებენ როგორც არაბული წყაროები, ასევე მათე ურჰაელი.
6. დეკორი – აკად. ივ. ჯავახიშვილი იმ ადგილის შესახებ, სადაც მათე ურჰაელი წერს: დეკორი, შენიშნავს რომ უნდა ეწეროს დიდგორი და გადამწერების დამახინჯებული უნდა იყოსო.
7. მათე ურჰაელის გორა იგივე ქ. გორია. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ დავით IV-ის ნებით და ხელის შეწყობით XII ს. დამდეგს გორის ციხე და მისი მიმდგომი დაბა ქალაქად იქცა. პროფ. დ. გვრიტიშვილი აღნიშნავს „მეთერთმეტე საუკუნის ბოლო წლებიდან მტერთა შემოსევამ ერთგვარად იკლო... ამ საერთო აღმავლობის დროს გორმაც თავისი ძველი მნიშვნელობა აღიდგინა, თანდათან მოშენდა და სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. ეს მდგომარეობა უდევს საფუძვლად, როდესაც გორის აშენებას დავით აღმაშენებელს მიაწერენ“.
დავით აღმაშენებელის ბრძანებით გორში სომეხი ვაჭრები ჩაასახლეს. ყველა ამ მოსაზრებას ადასტურებს, როგორც პირველწყარო მათე ურჰაელის ცნობა. რომ დავითმა ქ. გორი ააშენა და შიგ სომხები დაასახლა.
8. მანუჩეს შვილები - 1123 წელს (მათე ურჰაელით 1124 წ.) დავით აღმაშენებელმა აიღო სოწეხთა სატახტო ქალაქი ანისი. იმ დროს ანისის ამირა მანუჩე უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ქალაქს მისი შვილი „მხდალი და ლაჩარი“ აბულსოვარი ფლობდა. როდესაც დავითმა ანისი აიღო, ქართველი მემატიანის ცნობით, მან „წამოიყვანა ბულასვარ რვათა ძეთა მისთა თანა, და მხევალთა და სძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი წესსნი და წარმოვიდა ქართლად“. ასეთივე ცნობა მოეპოვება სომეს ისტორიკოსს ვარდანს. რაც შეეხება მათე ურჰაელს, ის დავითის მიერ თან წაყვანილებს მანუჩეს შვილებს უწოდებს. დავითმა რადგანაც აბულსოვარიც თან წაიყვანა, რომელიც მართლაც მანუჩეს ძე იყო, მაშინ შესაძლებელია დავუშვათ, რომ მათე ურჰაელს საერთოდ მათთვის (აბულსოვარისა და მისი შვილებისათვის) მანუჩეს შვილები ეწოდებინა.
Комментариев нет:
Отправить комментарий