თარგმნა და შენიშვნები დაურთო ე. ასტახიშვილმა
ჩვენამდე მოღწეული ძველი ასურეთის წერილობითი წყაროებიდან აღსანიშნავია შუა ასურული ეპოქის კულტურულ-ისტორიული და ყოფითი ცხოვრების ამსახველი ისეთი მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლები, როგორიცაა ე.წ. შუა ასურული კანონები. ძეგლი შედგება 14 ლურსმული ფირფიტისა და ცალკეული ფრაგმენტებისაგან, რომელთაგანაც ნაწილი კარგად არის შემონახული, ნაწილი კი თითქმის არ იკითხება. მათ, ჩვეულებრივ. აღნიშნავენ ლათინური ასოებით A-დან O-მდე. შუა ასურული კანონები წარმოადგენს აშურის ქალაქ-სახელმწიფოს საქალაქო თემის სამართლის წესთა კრებულს. კანონები თარიღდება ძვ. წ. 1450–1250 წლებით, თუმცა ჩვენამდე მოღწეული: ასლები მიეკუთვნებიან ძვ. წ. XII–XI სს. კანონები დაწერილია აქადური ენის შუა ასურულ დიალექტზე. შუა ასურული კანონები საშუალებას იძლევა წარმოდგენა შეგვექმნეს აღნიშნული პერიოდის საზოგადოების კლასობრივი და წოდებრივი სტრუქტურის დამახასიათებელ ნიშნებზე, მიწაზე, საკუთრების ფორმებზე, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის რეგულირებაზე და სხვაზე.
კანონები
§ 1. უკეთუ ქალი, – იქნება ეს ცოლი კაცისა, თუ – შვილი კაცისა – შევა ღვთაების სახლში (ტაძარში) [და] ტაძრიდან მოიპარავს ტაძრის წმინდა ადგილის კუთვნილ [ნივთს]. (ხოლო) მას (ნივთს) იპოვნიან (ქალის) [ხელში], ამხილებენ (ქალს) ფიცის ქვეშ, ან (სხვა საშუალებით) დაამტკიცებენ მის დანაშაულს, ნაქურდალი მას უნდა ჩამოართვან და მიმართონ (ჰკითხონ) ღვთაებას; რასაც იგი (ღვთაება) ბრძანებს, ისე უნდა მოექცნენ მას (დამნაშავე ქალს).
§ 2. უკეთუ ქალი, – იქნება ეს ცოლი კაცისა, თუ შვილი კაცისა – ჩაიდენს მკრეხელობას, ან უგვიანობას, [მხოლოდ] იგი (ეს ქალი) დაისჯება, (მისი) ქმარი, ძენი და ქალიშვილები არ უნდა დაისაჯონ.
§3. უკეთუ კაცი ავად გახდება, ან მოკვდება, ხოლო მისი ცოლი (ქმრის) სახლიდან რაიმეს მოიპარავს და მას (ნაქურდალს) გადასცემს კაცს, ან ქალს, ვისმე სხვას, მაშინ ეს (ქალი) ცოლი კაცისა, და ასევე (ნაქურდალის) ამღები, უნდა მოკლან, ხოლო თუ ჯანმრთელი კაცის ცოლი ქმრის სახლიდან (რაიმეს) მოიპარავს და გადასცემს მას კაცს, ქალს, ვისმე სხვას, ქმარმა ფიცით უნდა ამხილოს ცოლი და დასაჯოს იგი. გათხოვილი ქალის მხრიდან კი ნაქურდალი უნდა დააბრუნოს (ნივთის) ამღებმა და იგი დაისაჯოს იმავე სასჯელით, რა სასჯელსაც ქმარი დაუწესებს თავის ცოლს.
§ 4. უკეთუ მონა ან მხევალი რაიმეს (ნაქურდალს) მიიღებენ გათხოვილი ქალის (ხელიდან) მონას არ მხევალს უნდა მოაჭრან ცხვირი დღა ყურები, [ხოლო] ნაქურდალი მათ უნდა დააბრუნონ. კაცს შეუძლია მოჭრას ყურები თავის ცოლს, მაგრამ, თუ იგი გაათავისუფლებს ცოლს და არ მოაჭრის მას ყურებს, მაშინ მონას ან მხევალსაც არ უნდა მოაჭრან ცხვირი და ყურები და ისინი არ არიან ვალდებული დააბრუნონ ნაქურდალი1.
§ 5. უკეთუ ცოლი კაცისა სხვა კაცის სახლიდან (რაიმე) ნივთს მოიპარავს, [თუ] იგი აიღებს 5 მინა კალაზე [მეტი ღირებულების ნივთს], ნაქურდალის პატრონმა უნდა დაიფიცოს: „მე არ დამირთავს ნება მისთვის, აეღო ეს (ნივთი)“ და კიდევ ამგვარად: „ჩემს სახლში ქურდობა მოხდა“. თუ ქმარს სურს, იგი დააბრუნებს ნაქურდალს, [ამით] გამოისყიდის თავის ცოლს და მოაჭრის მას ყურებს, ხოლო თუკი ქმარს არ სურს გამოისყიდოს იგი (თავისი ცოლი), მაშინ მოპარული ნივთის პატრონს შეუძლია იგი (ქალი) წაიყვანოს და მოაჭრას მას ცხვირი.
§6. უკეთუ ცოლი კაცისას რაიმე (ნივთს) დამალავს სახლს გარეთ, (ნივთის ამღები) პასუხს აგებს, (როგორც ნაქურდალის შემნახველი)2.
§7. უკეთუ ქალი ხელს აღმართავს მამაკაცზე და (მას) ამაში ამხელენ, მან უნდა გადაიხადოს 30 მინა კალა და მას უნდა დაჰკრან 20 ჯოხი.
§ 8. უკეთუ ქალი ჩხუბის დროს დაუზიანებს მამაკაცს სათესლე ჯირკვალს, მას (ქალს) უნდა მოკვეთონ თითი. ხოლო იმისდა მიუხედავად, რომ ექიმმა სათესლე ჯირკვალზე დაადო სახვევი, მასზე ანთებითი პროცესი დაიწყება და მოკვდება, ან თუ (კაცს) ჩხუბის დროს მეორე ჯირკვალიც დაუზიანდება, ქალს უნდა მოკვეთონ ორივე ძუძუს თავი.
§9. უკეთუ კაცი ხელს აღმართავს გათხოვილ ქალზე და მოექტევა ისე, როგორც პატარა ბავშვს3 და (კაცს) ბრალს დასდებენ და ამხელენ, მას უნდა მოკვეთონ თითი. ხოლო თუკი იგი ქალს აკოცებს, საჭიროა მისი ქვედა ტუჩი მიიტანონ ნაჯახის პირთან და მოკვეთონ.
§ 10. უკეთუ კაცი ან ქალი შევლენ (სხვა) კაცის სახლში და მოკლავენ კაცს ან ქალს, მკვლელები უნდა გადასცენ სახლის პატრონს. თუ მას სურს, მას შეუძლია ისინი მოკლას. თუ მას სურს, მას შეუძლია (მკვლელების) ქონების წართმევით აინაზღაუროს ზარალი. თუ (მკვლელების) სახლიდან წასაღები არაფერია, მაშინ (ისინი) ძეს ან ასულს მისცემენ... სახლში.
§ 11. დაზიანებულია და არ იკითხება.
§ 12. უკეთუ გათხოვილი ქალი მიდის ქუჩაში. მას მამაკაცი ხელს წაავლებს და ეტყვის: „ნება მომეცი დავწვე შენთან“ (და თუ) იგი არ დათანხმდება, თავს დაიცავს, მაგრამ (მამაკაცი) ძალით დაიმორჩილებს, დაწვება მასთან და თუ მას (მამაკაცს) წაასწრებენ გათხოვილ ქალთან, ან მოწმეები ამხელენ მასზედ. რომ იგი (ამ), ქალთან იწვა, მამაკაცი უნდა მოკლან, ხოლო ქალი არ დაისჯება4.
§ 13. უკეთუ ქალი გამოვა თავის სახლიდან. წავა კაცთან იქ, სადაც იგი ცხოვრობს და თუ მას (მამაკაცს) ეცოდინება, რომ ქალი გათხოვილია და მაინც დაწვება მასთან, მამაკაციცა და ქალიც უნდა მოკლან.
§ 14. უკეთუ მამაკაცი დაწვება გათხოვილ ქალთან, იქნება ეს ფუნდუკში, თუ ქუჩაში, ეცოდინება რა, რომ იგი გათხოვილია, მაშინ მამაკაცს უნდა მოექცნენ ისევე, როგორც ქმარი მოისურვებს მოექცეს თავის ცოლს. თუ მამაკაცი დაწვება ქალთან და არ ეცოდინება, რომ იგი გათხოვილია, მაშინ იგი (მამაკაცი) უდანაშაულოა5.
ქმარს შეუძლია ფიცის ქვეშ ამხილოს თავისი ცოლი და მოექცეს მას ისე, როგორც სურს.
§ 15. უკეთუ მამაკაცი წაასწრებს თავის ცოლს [სხვა] კაცთან, ბრალს დასდებს, ამხელს და ორივეს მოკლავს, [ამაში] ის დამნაშავე არ იქნება. თუ იგი შეიპყრობს მას (ცოლთან მწოლიარე მამაკაცს), მიიყვანს მეფესთან ან მსაჯულებთან, ფიცის ქვეშ ბრალს დასდებს მას და ამხელს, [მაშინ] თუ ქმარი მოკლავს თავის ცოლს, მას შეუძლია მოკლას კაციც, [ხოლო], თუ თავის ცოლს მოაჭრის ცხვირს, უფლება აქვს დაასაჭქურისოს კაცი, ან დაუმახინჯოს მას სახე. ხოლო თუ იგი (ქმარი) გაათავისუფლებს თავის ცოლს, მაშინ იგი ვალდებულია გაათავისუფლოს მამაკაციც.
§16. უკეთუ ქალი შეაცდენს მამაკაცს და იგი (მამაკაცი) დაწვება მასთან, [მამაკაცი] უდანაშაულოა. ქმარს შეუძლია თავისი სურვილისამებრ დასაჯოს ცოლი. [ხოლო] თუ იგი (მამაკაცი) ძალით დაწვება ქალთან და მას ამხელენ და ბრალს დასდებენ, მაშინ მისი სასჯელი ისეთივე უნდა იყოს, როგორც გათხოვილი ქალისა6.
§17. უკეთუ მამაკაცი ეტყვის მეორე მამაკაცს: „შენი ცოლი როსკიპია“7, – და მას (ბრალდების) მოწმეები არა ჰყავს, ისინი შეთანხმდებიან და წავლენ მდინარესთან8.
§ 18. უკეთუ მამაკაცი ეტყვის თავის თანასწორს, საიდუმლოდ იქნება ეს თუ ჩხუბის დროს: „შენ ცოლი როსკიპია“, და კიდევ: „მე თვითონ ბრალს დავდებ მას ფიცის ქვეშ“ და ბრალს არ დასდებს მას და არ ამხელს, ამ კაცს უნდა დაჰკრან 40 ჯოხი. ერთი თვის განმავლობაში იგი შეასრულებს სამეფო სამუშაოს, მას დადაღავენ და გადაახდევინებენ 1 ტალანტ კალას.
§ 19. უკეთუ მამაკაცი ცოლს დასწამებს თანასწორს, იტყვის: „მასთან წვანან“, ან ჩხუბის დროს სახალხოდ ეტყვის: „შენთან წვანან“ და კიდევ: „მე ფიცის ქვეშ გამხელ შენ“, მაგრამ არ ამხელს და ბრალს არ დასდებს, ასეთ კაცს უნდა დაჰკრან 50 ჯოხი. ერთი თვის მანძილზე მან უნდა შეასრულოს სამეფო სამუშაო. იგი უნდა დადაღონ და გადაახდევინონ 1 ტალანტი კალა.
§ 20. უკეთუ მამაკაცი დაწვება თანასწორთან და მას ამხელენ და ბრალს დადებენ, თავად მასთან უნდა დაწვნენ და (შემდეგ) დაასაჭურისონ9.
§ 21. უკეთუ მამაკაცი დაარტყამს (სხვა) მამაკაცის ქალიშვილს და (დარტყმის შედეგად) მას მუცელს მოუშლის, და მას ამხელენ და ბრალს დასდებენ მან უნდა გადაიხადოს 2 ტალანტი და 30 მინა კალა, მას უნდა დაჰკრან 50 ჯოხი და ერთი თვის მანძილზე უნდა ამყოფონ სამეფო სამუშაოზე.
§ 22. უკეთუ გათხოვილ ქალს მამაკაცი – არა მამა მისი, არა ძმა მისი, არა შვილი მისი – გააგზავნის სამოგზაუროდ, (და) არ ეცოდინება, რომ იგი გათხოვილია, მან უნდა დაიფიცოს (ამის შესახებ) და ქალის ქმარს გადაუხადოს ორი ტალანტი კალა. თუ მან იცის, რომ ქალი გათხოვილია, უნდა გადაიხადოს საზღაური და ამგვარად დაიფიცოს: „ვფიცავ, რომ მე არ ვწოლილვარ მასთან!“ ხოლო თუკი გათხოვილი ქალი იტყვის: „ის იწვა ჩემთან“, მაშინ, გადაუხდის რა ქმარს საზღაურს, (ბრალდებული) შეთანბმების გარეშე წავა მდინარესთან. თუ იგი თავს აარიდებს მდინარეს, მაშინ მას უნდა მოექცნენ ისევე, როგორც ქმარი მოექცევა თავის ცოლს.
§ 23. უკეთუ გათხოვილი ქალი თავის სახლში მიიყვანს სხვა გათხოვილ ქალს და მისცემს მას მამაკაცს, რათა იგი დაწვეს მასთან და მამაკაცმა იცის, რომ იგი გათხოვილი ქალია, მაშინ მას (მამაკაცს) უნდა მოექცნენ ისე, როგორც (ექცევიან) გათხოვილ ქალთან მწოლარეს, ხოლო მაჭანკალს უნდა მოექცნენ ისე, როგორც ქმარი მოექცევა თავის ორგულ ცოლს. ხოლო თუკი ქმარი არარას დაუშავებს თავის მოღალატე ცოლს, მაშინ არაფერი არ უნდა დაუშავოს ცოლთან (მწოლიარე) მამაკაცს და მაჭანკალს. ისინი უნდა გაათავისუფლონ. ხოლო თუკი გათხოვილმა ქალმა არა უწყოდა რა და მისი სახლში შემყვანი ქალი მოტყუებით მიიყვანს მასთან მამაკაცს, რომელიც მასთან დაწვება და, მიატოვებს რა სახლს, იგი, (გათხოვილი ქალი, თავისი ნებით) განაცხადებს, რომ მასთან იწვნენ, ქალი უნდა გაათავისუფლონ, ხოლო მასთან მწოლიარე მამაკცი და მაჭანკალი უნდა მოკლან. თუ მან (დახარალებულმა ქალმა არაფერი) არ თქვა. ქმარს ძალუძს თავისი სურვილისამებრ დასაჯოს იგი, ხოლო (ქალთან) მწოლიარე (მამაკაცი) და მაჭანკალი უნდა მოკლან.
§ 24. უკეთუ გათხოვილი ქალი თვითნებურად წავა ქმრისაგან და შევა ამავე დასახლებაში მცხოვრები ასურელის სახლში, ან სხვა (დასახლებაში), (იქ), სადაც მას მისცეს თავშესაფარი, დასახლდება სახლი დიასახლისთან და იქ გაათევს რამოდენიმე ღამეს, მაგრამ სახლის პატრონს არ ეცოდინება, რომ მის სახლში ცხოვრობს გათხოვილი ქალი, მაშინ მას შემდეგ, რაც მას (გათხოვილ ქალს) აღმოაჩენენ, ქმარს შეუძლია დაამახინჯოს იგი და არ წაიყვანოს უკან. გათხოვილ ქალს, ვისთანაც (გაქცეული) ცოლი ცხოვრობდა, უნდა მოაჭრან ყურები. თუ მის ქმარს სურს, შეუძლია გადაიხადოს 3 ტალანტი და 30 მინა კალა (როგორც გამოსასყიდი) ან თუ მას სურს, შეუძლია წაიყვანოს (ამ კაცის) ცოლი. ხოლო თუკი სახლის პატრონმა იცოდა, რომ მის სახლში, მის ცოლთან ცხოვრობდა გათხოვილი ქალი. მან სამმაგად უნდა გადაიხადოს. თუ იგი უარზეა და ამბობს: „მე არ ვიცოდი“, მაშინ უნდა წავიდეს მდინარესთან. და თუ მამაკაცი, რომლის სახლშიც იმყოფებოდა ქალი თავს აარიდებს მდინარეზე წასვლას, იგი (ე. ი. კაცი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა გათხოვილი ქალი) თავისუფალია, ხოლო (გათხოვილი ქალის ქმარი) გადაიხდის ორდალიასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ხოლო თუკი მამაკაცმა, ვისი ცოლიც თვითნებურად წავიდა, არ დაამახინჯა იგი და მხოლოდ დააბრუნა უკან, მაშინ სხვებიც არ დაისჯებიან.
§25. უკეთუ ქალი, ჯერ კიდევ თავისი მამის სახლში ცხოვრობს10, ხოლო მისი ქმარი მოკვდა და ძმებმა (მემკვიდრეობა) არ გაინაწილეს და მას (ქალს) ჯერ კიდევ არა ჰყას შვილი, ქმრის ძმებს შეუძლიათ წაიღონ საქორწილო საჩუქრები, რომლებიც ქმარმა ცოლს მისცა და რომლებიც არ დაკარგულა. დანარჩენის (დაკარგულის) თაობაზე მათ შეუძლიათ მიმართონ ღვთაებებს11. მოითხოვონ და წაიღონ. (ქალის ოჯახს) არ უნდა დააძალონ არც მდინარეზე წასვლა და არც ფიცის დადება.
§ 26. უკეთუ ქალი ჯერ კიდევ თავისი მამის სახლში ცხოვრობს, ხოლო მისი ქმარი მოკვდა, მაშინ ის საქორწილო საჩუქრები, რომლებიც ქმარმა მას მისცა, ქმრის შვილებს, თუ ისინი არიან (თუ ქმარს შვილები ჰყავდა), საჩუქრები შეუძლიათ უკან წაიღონ. თუ ქმრის შვილები არ არიან, საჩუქრები თვითონ მას (ქალს) დარჩება.
§ 27. უკეთუ ქალი ჯერ კიდევ თავისი მამის სახლში ცხოვრობს და მისი ქმარი ხშირად მიდის მასთან, მაშინ ყველა საჩუქარი, რომელიც ქმარს უჩუქებია, მას შეუძლია უკან წაიღოს, როგორც თავისი საკუთრება, მაგრამ მას არ შეუძლია წაუყენოს პრეტენზიები ცოლის მამას.
§ 28. უკეთუ ქვრივი ქალი შევა მამაკაცის სახლში და სახლში შეიყვანს თავის შვილს (გაჩენილს პირველი ქმრის სიკვდილის შემდეგ) და იგი გაიზრდება მამობილის სახლში, მაგრამ მისი შვილად აყვანის შესახებ არ შედგება დოკუმენტი, მას (შვილობილს) არ შეუძლია მოითხოვოს მამობილის მემკვიდრეობის ნაწილი და პასუხს არ აგებს მის ვალებზე. მან უნდა მიიღოს კუთვნილი (სამემკვიდრეო) წილი თავისი მშობელი [მამის] სახლიდან.
§29. უკეთუ ქალი შევა თავისი ქმრის სახლში, მზითევი და მამის სახლიდან მოტანილი, ასევე მამამთილის ნაჩუქარი ყველა ნივთი ხელმისაწვდომია მისი შვილებისათვის. მამამთილის შვილებმა მასზე პრეტენზიები არ უნდა წამოაყენონ. ხოლო თუ ქმარი ცოლს გააგდებს12, მაშინ მას (ქმარს) შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით მისცეს (ქალის) შვილებს ის, რაც მას სურს.
§ 30. უკეთუ მამა თავისი შვილის სიმამრის სახლში მიიტანს საქორწინო საჩუქრებს13, მაგრამ ქალი ჯერ კიდევ არ არის მისი შვილის ცოლი, ხოლო მისი მეორე შვილი, რომლის ცოლიც ჯერ კიდევ თავისი მამის სახლში ცხოვრობს, მოკვდება, მას (კაცის მამას) შეუძლია თავისი მკვდარი შვილის (დაქვრივებული) ცოლი მიათხოვოს შვილს, რომლის საქორწინო საჩუქრებიც მიტანილი აქვს სიმამრის სახლში. თუ ქალიშვილის პატრონი, რომელმაც მიიღო საქორწინო საჩუქრები არ მოისურვებს მისცეს თავისი ქალიშვილი, მაშინ მამას,
რომელმაც მიიტანა საჩუქრები, შეუძლია, უკეთუ მოისურვებს, წაიყვანოს რძალი და მისცეს თავის შვილს. ან თუ იგი მოისურვებს, შეუძლია წაიღოს მის მიერ მიტანილი კალა, ვერცხლი, ოქრო, – ყველაფერი ის, რაც საკვებს არ წარმოადგენს. მას არა აქვს უფლება მოითხოვოს მის მიერ (საჩუქრად) მიტანილი საკვები14.
§31. უკეთუ კაცი თავისი სიმამრის სახლში მიიტანს საქორწილო საჩუქრებს და (ამის შემდგომ) მისი ცოლი მოკვდება. [მაგრამ] მის სიმამრს ჰყავს [სხვა] ქალიშვილებიც. მაშინ, უკეთუ სიმამრი მოისურვებს, მას (მამაკაცს) შეუძლია თავისი გარდაცვლილი ცოლის სამაგიეროდ შეირთოს სიმამრის სხვა ქალიშვილი. ან მას (მამაკაცს) შეუძლია უკან წაიღოს მიტანილი ვერცხლი. მას არ მისცემენ არც მარცვლეულს, არც ცხვარს, ან სხვა რამ საკვებს. იგი მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ ვერცხლს.
§ 32. უკეთუ ქალი ჯერ კიდევ თავისი მამის სახლში ცხოვრობს და თუკი მას მიღებული აქვს (საქორწილო) საჩუქრები, მაშინ, მნიშვნელობა არა აქვს, მიღებულია, თუ არ არის მიღებული იგი (ქალი) მამამთილის სახლში. იგი პასუხს აგებს ქმრის ვალებზე, ცოდვებზე და დანაშაულზე.
§ 33. უკეთუ ქალი ჯერ კიდევ მამის სახლში ცხოვრობს და მისი ქმარი მოკვდება, მაგრამ მას (ქალს) ჰყავს შვილები, მას შეუძლია იცხოვროს რომელიმე მათგანის სახლში, თუ მას არა ჰყავს შვილები. მამამთილს შეუძლია შერთოს იგი თავის რომელიმე შვილს, ან თუ მისი (ქალის) მამა ისურვებს, მას შეუძლია შვილი შერთოს მძახალს. თუ მოკვდება ქმარიც და მამამთილიც და ქალს არა ჰყავს შვილები, ის ქვრივია და შეუძლია თავისი სურვილის მიხედვით მოიქცეს15.
§ 34. უკეთუ კაცი საქორწილო ხელშეკრულების გარეშე მიიყვანს [თავის სახლში] ქვრივ ქალს და იგი (ქალი) მასთან იცხოვრებს 2 წელიწადს, მაშინ იგი მისი ცოლია, და იგი (ქალი) არ უნდა წავიდეს.
§35. უკეთუ ქვრივი ქალი შევა მამაკაცის სახლში, მაშინ ყველაფერი ის, რასაც იგი მიიტანს, ეკუთვნის მის ქმარს. უკეთუ მამაკაცი შევა ქვრივი ქალის სახლში, მაშინ ის, რასაც იგი მიიტანს ქალს ეკუთვნის.
§ 36. უკეთუ ქალი ჯერ კიდევ მამასთან (მამის სახლში) ცხოვრობს, ან ქმარი დაასახლებს მას ცალკე, და თუ ქმარი წავა სხვაგან და არ დაუტოვებს ცოლს არც ზეთს, არც მატყლს, არც ტანსაცმელს, არც საკვებს და არც სხვა რას და ის (ცოლი) არ ღებულობს საკვებს. (მას არავინ ამარაგებს). ქალმა უნდა უცადოს ქმარს 5 წლის მანძილზე. მას უფლება არა აქვს იცხოვროს (მეორე) ქმართან. თუ მას ჰყავს შვილები [დაე] მათ იმუშაონ, [დაე] ისინი დადგნენ ქირაზე და თავი ირჩინონ. ქალი კი უნდა ელოდოს ქმარს და არ უნდა იცხოვროს სხვა კაცთან. თუ მას არა ჰყავს შვილები, მან უნდა უცადოს ქმარს 5 წელი. მეექვსე წლის დადგომისას, მას შეუძლია საცხოვრებლად [წავიდეს] იმასთან, ვისთანაც ისურვებს. მის (ყოფილ) ქმარს, თუ დაბრუნდება, უფლება არა აქვს მოითხოვოს ცოლის უკან დაბრუნება. ის (ცოლი) თავისუფალია მეორე ქმრისათვის.
[მაგრამ] თუ იგი (ქმარი) დააგვიანებს ხუთ წელიწადზე მეტს, დააგვიანებს არა თავისი ნებით; ავად გახდება და დააგვიანებს. ან მას (შეცდომით) მიიჩნევენ ქურდად და შეიპყრობენ [და] დაბრუნებისას ის შეძლებს (ამის) დამტკიცებას, მას [უფლება აქვს] დაიბრუნოს ცოლი და (მეორე ქმარს) მისცეს სამაგიერო ქალი.
ხოლო თუ იგი მეფის მიერ იქნა გაგზავნილი სხვა ქვეყანაში და იქ დაყოვნდება 5 წელიწადზე მეტ ხანს, ცოლი მას უნდა ელოდოს და მას უფლება არა აქვს იცხოვროს სხვა კაცთან. უკეთუ იგი (ცოლი) 5 წლის გასვლამდე წავა საცხოვრებლად (მეორე) ქმართან და შობს (შვილს), ქმარს შეუძლია დაბრუნების შემდეგ, ვინაიდან იგი (ცოლი) შეთანხმების მიუხედავად არ დაელოდა მას და გათხოვდა სხვაზე, დაიბრუნოს ცოლი ნაშობთან ერთად16.
§ 37. უკეთუ კაცი უარს იტყვის ცოლზე, თუ მას სურს, შეუძლია მისცეს ცოლს რაიმე, ხოლო თუ არ სურს მისცეს, მაშინ ცოლი წავა ხელცარიელი.
§ 38. უკეთუ ცოლი ჯერ კიდევ მამის სახლში ცხოვრობს. ხოლო ქმარი მასზე უარს იტყვის, (ცოლისთვის) მიტანილი ძვირფასეულობა მას შეუძლია უკან წაიღოს; (რაც შეეხება) საქორწილო საჩუქარს. (თერხათე), მას (ქმარს) უფლება არა აქვს მისი უკან მოთხოვნისა. იგი რჩება ცოლს.
§ 39. უკეთუ კაცი გაათხოვებს სხვა კაცის შვილს, ხოლო [გათხოვებამდე] (ქალის) მამამ იგი გირაოს სახით დაასახლა [კრედიტორთან] და (ახლა) მოვა კრედიტორი, მას შეუძლია ქალის ფასი მიიღოს მისი გამთხოვებლისაგან. თუ ანაზღაურება ვერ მოხდება, მაშინ მას (კრედიტორს) უფლება აქვს წაიყვანოს (ქალის) გამთხოვებელი. ხოლო თუ ქალს ცუდად ექცეოდნენ (კრედიტორის სახლში), მაშინ იგი თავისუფალია თავისი ქმრისათვის. ხოლო თუ კაცი, რომელიც მას ცოლად ითხოვს, დააკმაყოფილებს [კრედიტორს] (ქალის) ფასით – შეადგენს დოკუმენტს, ან მას წარუდგენს სარჩელს, ამ შემთხვევაში (ქალის) გამთხოვებელი თავისუფალი იქჩება.
§ 40. დაე, ქუჩაში გამოსული ქალები, იქნებიან ისინი გათხოვილები, ქვრივები თუ ... ნუ ივლიან თავშმიშვლები თავსაფრით, ტანსაცმლით .. უნდა იყვნენ თავდაფარულნი; დაე, მათ ნუ ექნებათ თავი შიშველი. არ უნდა დაიფარონ, მაგრამ, როდესაც მარტონი გამოვლენ ქუჩაში, მათ (თავი) დაფარული უნდა ჰქონდეთ. ქუჩაში ქალბატონთან ერთად მოსიარულე მხევალს თავი დაფარული უნდა ჰქონდეს. ტაძრის გათხოვილი მსახური ქალი ქუჩაში უნდა დადღიოდეს თავდაფარული, ხოლო გაუთხოვარი – თავშიშველი. მეძავი არ უნდა იყოს თავდაფარული, მისი თავი შიშველი უნდა იყოს. ის, ვინც დაინახავს თავდაფარულ მეძავს, ვალდებულია დააკავოს იგი და მოწმეებთან ერთად მიათრიოს სასახლის კარებთან. დამკავებელმა არ უნდა წაართვას მას სამკაულები მხოლოდ სამოსელი შეუძლია მას თან წაიღოს. მეძავს) უნდა დაჰკრან 60 ჯოხი და თავზე დაასხან ფისი; თუ მამაკაცი დაინახავს თავდაფარულ მეძავს და არ დააკავებს მას, არ მიიყვანს სასახლის კართან. მას (ამ კაცს) უნდა დაჰკრან 50 ჯოხი, (ხოლო) დამსმენს შეუძლია წაიღოს მისი სამოსი. მას უნდა გაუხვრიტონ ყურები, გაუყარონ თოკი და შეუკრან კეფაზე. ერთი თვის განმავლობაში იგი უნდა ასრულებდეს სამეფო სამუშაოს. მხევლები არ უნდა დადიოდნენ თავდაფარულნი, |ამიტომ!), ის, ვინც დაინაბავს თავდაფარულ მხევალს. ვალდებულია დაიჭიროს და მიიყვანოს სასახლის კარებთან. მას უნდა დააჭრან ყურები, ხოლო მიმყვანს შეუძლია წაიღოს (მისი) სამოსი; ხოლო თუ კაცი დაინახავს თავდაფარულ მხეველს, არ შეიპყრობს ღა არ მიიყვანს სასახლის კარებთან და მას ამაში ფიცის ქვეშ ამბელენ და ბრალს დასდებენ, მას უნდა დაჰკრან 50 ჯოხი, გაუბვრიტონ ყურები. გაუყარონ თოკი და შეუკრან კეფახე. მის დამსმენს შეუძლია ტანისამოსის წაღება, ხოლო იგი (დამნაშავე) ერთი თვის მანძილზე უნღა ასრულებდეს სამეფო სამუშაოს.
§41. უკეთუ მამაკაცი მოისურვებს პირბადით დაფაროს თავისი მხევალი, მან უნდა მოიწვიოს ხუთი ან ექვსი მეზობელი (თემის წარმომადგენელი), მათი თანდასწრებით დაფაროს (პირბადით მხევალი) და თქვას: „ეს ჩემი ცოლია“. ამის შემდგომ ის – მისი ცოლია. მხევალი, რომელიც დაფარული არ ყოფილა მოწმეების თანდასწრებით, რომლის ქმარსაც არ უთქვამს: „ეს ჩემი ცოლია“, – მხევალია, და არა ცოლი.
§42. უკეთუ მამაკაცი ზეთისცხების დღეს ქალიშვილის თავზე ზეთს წასცხებს, ან მიიტანს საქორწილო საჩუქარს (ნადიმზე) გასამასპინძლებლად, (საჩუქარი) არ უნდა მოითხოვოს უკან17.
§ 43. უკეთუ მამაკაცი [ქალიშვილის] თავზე ზეთს წასცხებს, ან მიიტანს საქორწილო საჩუქარს (ნადიმზე) გასამასპინძლებლად, და შვილი, რომლისთვისაც მას უნდოდა ცოლი, მოკვდა, ან დაიკარგა, მას შეუძლია ქალიშვილი ცოლად შერთოს თავისი შვილებიდან იმას, რომელსაც მოისურვებს, უფროსიდან ყველაზე უმცროსამდე, რომელიც ათი წლის იქნება. თუ მამა მოკვდა და მოკვდა ძეც, რომლისთვისაც განკუთვნილი იყო ცოლი, მაგრამ მას დარჩა 10 წლის შვილი, მას (შვილს) უფლება აქვს იგი (ცოლად) შეირთოს, მაგრამ უკეთუ [გარდაცვლილი] შვილის შეილები ათ წელზე ნაკლები ასაკისანი არიან, ქალის მამას, თუკი მოისურვებს, შეუძლია მისცეს თავისი ქალიშვილი, [რომელიმე მათგანს], ან თუ მას სურს, შეუძლია დააბრუნოს საჩუქრები, [ან] მათი სანაცვლო ფასი. თუ ძე არ არის (გარდაცვლილს არა ჰყავს ძმები და შვილები) მან. [საქმროს მამამ] უნდა დააბრუნოს იმდენი, რამდენიც მიიღო: ძვირფასეულობა და [ყველაფერი] ის, რაც საკვებად არ გამოდგება, ხოლო საკვები მან არ უნდა დააბრუნოს.
§44. უკეთუ ასურელი მამაკაცი, ან ასურელი ქალი თავიანთი ფასის გირაოდ ცხოვრობენ მამაკაცის სახლში და შესყიდულნი იქნებიან (ვალის გადაუხდელობის გამო) მთლიან ფასად. მას (სესხის მიმცემს) შეუძლია მათი ცემა, [თმებით] თრევა, დამახინჯება, ან ყურების გახვრეტა.
§ 45. უკეთუ ქალი გათხოვილია, მაგრამ მის ქმარს ტყვედ ჩაიგდებს მტერი, ხოლო მამამთილი ან შვილი მას არა ჰყავს, იგი ვალდებულია ორი წლის მანძილზე ქმრის ერთგული იყოს. თუ ამ ორი წლის მანძილზე მას არ ექნება საჭმელი, იგი უნდა წავიდეს და განაცხადოს. უკეთუ იგი – სასახლის..., მაშინ მისმა [უფროსმა?] იგი უნდა გამოკვებოს, ხოლო იგი (ქალი) ვალდებულია მისთვის იმუშაოს18. ხოლო თუ იგი ხუფშუს19 ცოლია, მაშინ მისი ქმრის (მეთაური?) ვალდებულია (ქალი) გამოკვებოს, ხოლო მან მისთვის (მეთაურისთვის) უნდა იმუშაოს. ხოლო თუ მის ქმარს თავის დასახლებაში მოჰქონდა მინდვრით და სახლით (სარგებლობისათვის დაწესებული) გადასახადი, ცოლი უნდა წავიდეს მსაჯულებთან და განაცხადოს: „მე არა მაქვს საჭმელი“. მსაჯულები ვალდებულნი არიან გამოკითხონ მამასახლისს და დასახლების უხუცესთ და, ვინაიდან, მას (ქმარს) თავის დასახლებაში მოჰქონდა მინდვრისა და სახლის გადასახადი, მის (ცოლს) უნდა გამოუყონ არსებობისათვის საჭირო მინდორი და სახლი ორი წლის ვადით. იგი (ქალი) ვალდებულია იქ იცხოვროს და ისინი მას დაუწერენ დოკუმენტს(?). ორი წლის გასვლის შემდეგ მას (ქალს) შეუძლია დასახლდეს ახალ ქმართან და მას, როგორც ქვრივს, შეუდგენენ დოკუმენტს. უკეთუ ყოველივე ამის შემდე დაკარგული ქმარი დაბრუნდება ქვეყანაში, მას შეუძლია ცოლის უკან წაყვანა. მას უფლება არა აქვს მოითხოვოს ახალ ქმართან ნაშობი შვილები. მხოლოდ მეორე ქმარს შეუძლია მათი წაყვანა. (ცოლის) გამოსაკვებად მთლიან ფასად გაყიდული სახლი და მინდორი ქმარს შეუძლია გამოისყიდოს და უკან დაიბრუნოს. თუ იგი მოკვდება, მეფეს შეუძლია მისი კუთვნილი სახლი და მინდორი სხვაზე გასცეს.
§46. უკეთუ ქალი, რომლის ქმარი მოკვდა, ქმრის სიკვდილის შემდეგ არ მიდის მისი სახლიდან, ხოლო ქმარს მისთვის არაფერი დაუტოვებია, მას (ქალს) შეუძლია იცხოვროს თავის რომელიმე შვილთან. ქმრის შვილებმა იგი უნდა გამოკვებონ, მათ უნდა დადონ შეთანხმება (დედის), როგორც თავიანთი მოყვარული რძლის, საჭმლითა და სასმელით [უზრუნველყოფის] თაობაზე. ხოლო თუ იგი (ქალი) მეორე ცოლია და შვილები არა ჰყავს, მას შეუძლია იცხოვროს [ქმრის შვილთაგან] რომელიმესთან, ხოლო ისინი ვალდებულნი არიან შეთანხმდნენ [და] არჩინონ იგი. თუ მას შვილები ჰყავს, ხოლო (ქმრის) [პირველი] ცოლის შვილებს არ სურთ მისი გამოკვება, მას შეუძლია იცხოვროს თავის საკუთარ რომელიმე შვილთან, რომელთანაც ის მოისურვებს. მისმა საკუთარმა შვილებმა იგი უნდა გამოკვებონ, ხოლო მან მათთვის უნდა იშრომოს. ხოლო, თუ ქმრის რომელიმე შვილი მას მიიღებს, ის ვინც (მას) მიიღებს, მას გამოკვებავს20, ხოლო მისი საკუთარი შვილები ვალდებულნი არ იქნებიან ის გამოკვებონ.
§47. უკეთუ კაცი, ან ქალი[ც] დაამზადებენ ჯადოსნურ ბანგს, და ის ნაპოვნი იქნება მათ ხელში და მათ ფიცის ქვეშ ამხელენ და ბრალს დასდებენ, ჯადოსნები უნდა დახოცონ. ადამიანი, რომელიც ხედავდა, თუ როგორ ამზადებდნენ ჯადოსნურ ბანგს, ან გაიგონა ამის შესახებ მოწმის პირიდან, რომელმაც უთხრა: „მე თვითონ ვნახე [ეს]“, უნდა მივიდეს და უთხრას მეფეს. უკეთუ მოწმე უარს იტყვის მის მიერ მეფისთვის ნათქვამზე, ის (დამსმენი) ვალდებულია შამაშის ძის, ხარ-ღმერთის წინაშე თქვას (დაიფიცოს) „ვფიცავ,
მან მე მითხრა!“ – და ის თავისუფალი იქნება. მოწმეს კი, რომელმაც თქვა, ხოლო [შემდეგ] უარყო. დაე, მეფემ თავისი სურვილისამებრ კარგად დაკითხოს და შეიტყოს მისი საიდუმლოება21. ქურუმმა შემლოცველმა განწმენდის დღეს უნდა აიძულოს ეს კაცი ილაპარაკოს, და ამგვარად უნდა უთხრას მას: „არავინ გაგათავისუფლებს შენ მეფისა და მისი ძის სახელით [დადებული] ფიცისაგან, რომლითაც შენ დღეს შეკრული ხარ, შენ შეკრული იქნები ამ ფირფიტის სიტყვებით, რომლებიც შეგკრავენ შენ მეფისა და მისი ძის სახელით“22.
§ 48. უკეთუ კაცი, რომლის სახლშიც ცხოვრობს მისი მოვალის ქალიშვილი, ნებართვას აიღებს მამისაგან, მას (სესხის მიმცემს) შეუძლია იგი გაათხოვოს, ხოლო, თუ მამამისი თანახმა არ არის, მან იგი არ უნდა გაათხოვოს. ხოლო თუ მამამისი მოკვდება, მან (სესხის მიმცემმა) უნდა ჰკითხოს (ქალიშვილის) რომელიმე ძმას, ხოლო მან უნდა შეატყობინოს (დანარჩენ) ძმებს. უკეთუ (რომელიმე) ძმა იტყვის: „დას ჩემსას მე ერთი თვის განმავლობაში გამოვისყიდი“, და თუ ერთი თვის მანძილზე არ გაათავისუფლებს, კრედიტორს თავისი სურვილისამებრ შეუძლია მისი (ვალისაგან) გათავისუფლება და გათხოვება, [ან მისცემს ფულის ფასად, თანახმად მისი დოკუმენტისა]...
§ 49. ... როგორც ... როგორც ძმა ... და ... თუ მეძავი მოკვდება, მისი ძმების განცხადების შესაბამისად, მისი (მეძავის)... უნდა გაიყოს (ორ ნაწილად) ძმასა და დედის ძმებს შორის ...
§ 50. უკეთუ კაცი დაარტყამს გათხოვილ ქალს და მას მუცელს მოუშლის, საჭიროა მუცლის მომშლელი კაცის ცოლს (დაზარალებული) ქალის ქმარი მოექცეს ისე, როგორც მოექცნენ მის ცოლს. ნაყოფისათვის მან სიცოცხლე [სიცოცხლით] უნდა ზღოს. თუ ქალი მოკვდა, მამაკაცი უნდა მოკლან. (ქალის) ნაყოფისათვის მან სიცოცხლით უნდა ზღოს, ხოლო თუ (დაზარალებული) ქალის ქმარს არა ჰყავს ძე და (კაცი) დაარტყამს მის ცოლს და მას მუცელს მოუშლის, დამრტყმელი ნაყოფის საზღაურად უნდა მოკლან. [მაგრამ] თუ (ქალის) ნაყოფი გოგოა, მან (დამრტყმელმა) სიცოცხლე [სიცოცხლით] უნდა ზღოს.
§ 51. უკეთუ მამაკაცი დაარტყამს ქალს, რომელიც შვილებს არა ზრდის და მას მუცელს მოუშლის, სასჯელი ამგვარია: ორი მინა კალა მან უნდა გადაიხადოს23.
§ 52. უკეთუ მამაკაცი დაარტყამს მეძავს, და მას მოცელს მოუშლის, დარტყმისათვის მას უნდა დაარტყან და მან [სიცოცხლე] უნდა ზღოს სიცოცხლით.
§ 53. უკეთუ ქალი თვითნებურად მოიშლის მუცელს და მას ფიცის ქვეშ ბრალს დასდებენ და ამხელენ, იგი უნდა დასვან სარზე და არ უნდა დამარხონ. თუ იგი მუცლის მოშლის შედეგად მოკვდება, მაინც უნდა დასვან სარზე და არ დამარხონ. უკეთუ ქალს მუცლის მოშლის ჟამს დამალავენ და მეფეს არ შეატყობინებენ...
§ 55, უკეთუ ქალს, მცხოვრებს მამის სახლში, რომელსაც არ დაწვებია ქალური ციკლი, რომელიც იყო ქალწული, არ ყოფილა გათხოვილი, [რომლის მიზეზითაც] მოსარჩლეს არ წარუდგენია სარჩელი მისი მამის გვარისთვის, მამაკაცი იძულებით ნამუსს ახდის, გოგონას მამას შეუძლია წაიყვანოს მისი შვილის ნამუსის ამხდელის ცოლი და ნამუსი ახადოს მას. იგი ვალდებული არ არის დაუბრუნოს ის (ცოლი) თავის ქმარს. შეუძლია იგი თან ჰყავდეს. მამას შეუძლია თავისი ნამუსახდილი შვილი ცოლად შერთოს ნამუსის ამხდელს. თუ მას (ნამუსის ამხდელს) ცოლი არა ჰყავს, მან უნდა გადაიხადოს გოგონას სამმაგი ფასი ვერცხლი. ნამუსის ამხდელმა იგი ცოლად უნდა შეირთოს [და] მას უარის თქმის უფლება არა აქვს. თუ მამას არ სურს, მას შეუძლია მიიღოს გოგონას სამმაგი ფასი ვერცხლი და მიათხოვოს იგი მას, ვისაც სურს.
§56. უკეთუ ქალიშვილი საკუთარი სურვილით დანებდება მამაკაცს, [ამის გამო] მამაკაცმა უნდა დაიფიცოს და მის ცოლს ხელი არ უნდა ახლონ. ნამუსის ამხდელმა უნდა გადაიხადოს ქალიშვილის
სამმაგი ფასი ვირცხლი, [ხოლო მის] მამას შეუძლია მოექცეს თავის შვილს ისე, როგორც მას სურს.
§ 57. იქნება ეს ცემა, იქნება ეს გათხოვილი ქალის..., რაც ჩაწერილია ფირფიტაზე. მსაჯულების წინაშე უნდა აღსრულდეს.
§ 58. ყოველგვარი სასჯელის სისრულეში მოყვანისას, იქნება ეს ამოთხრა, გათხოვილი ქალისთვის [სხეულის რომელიმე ნაწილის] მოკვეთა, დაე ამცნონ ქურუმს. დაე ის მოვიდეს, როგორც ფირფიტაშია ჩაწერილი.
§ 59. ფირფიტაზე დაწერილი, გათხოვილი ქალისადმი (დაწესებული) სასჯელის გარდა, კაცს შეუძლია ცემოს თავის ცოლი, [თმებით] ათრიოს (იგი), დაუზიანოს და გაუხვრიტოს მას ყურები. ეს დანაშაულად არ ჩაითვლება.
შენიშვნები
1. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში, ქმარი მოპარულ ნივთს ჩუქნის ცოლს.
2. ამ პარაგრაფის თარგმანი, ტექსტის დაზიანების გამო საკამათოა. როგორც ჩანს, § 3 განსხვავება იმაში მდგომარეობს რომ ცოლი ნაქურდალს მალავს სხვის სახლში.
3. შესაძლოა იგულისხმებოდეს თავისუფალი მოპყრობა, რაც თავისთავად დაუშვებელია გათხოვილი ქალის მიმართ (ზუსტი თარგმანი – „ის ეფერება მას“).
4. როგორც ჩანს, დამნაშავე გაიქცა და ის მხოლოდ მოგვიანებით შეიპყრეს.
5. ამ მუხლის მიხედვით მამაკაცს ეპატიება ჩადენილი დანაშაული, თუ იგი გათხოვილ ქალს მიიჩნევს მეძავად
6. ტექსტის დაზიანების გამო თარგმანი ეჭვს იწვევს, ამ მუხლის შესახებ გამოთქმულია არაერთი მოსაზრება, მაგრამ დღემდე მკვლევარნი არ მისულან საერთო აზრამდე.
7. ზუსტი თარგმანი: – „შენს ცოლს შეიცნობენ სხვები“.
8. იგულისბმება ორდალია, – ბრალდებულის წამება გახურებული შანთით, მდუღარე წყლით და მისთ. მისი დამნაშავეობა-უდანაშაულობის გასარკვევად; თუ წამებას გაუძლებდა, გამართლებულად ჩათვლიდნენ.
9. ტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მამათმავლობა სამარცხვინოდ ითვლებოდა მხოლოდ აქტის პასიური მონაწილისათვის, ვინაიდან იგი განიცდის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიურ ზემოქმედებას.
10. ხშირ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა უწლოვანი ბავშვების დაქორწინებას, რომლებიც სრულწლოვანებამდე ცხოვრობდნენ მშობლების სახლში.
11. ე.ი. მიმართონ ღვთაების გამოსახულებებს, რომლებიც დგანან სასამართლო წარმოების ადგილას.
12. ამ ფრაგმენტის თარგმანი ექვს იწვევს.
13. ტექსტში წარმოდგენილია დღემდე დაუდგენელი ორი ტერმინი.
14. ეს მუხლი წარმოაჩენს ლევირატის წესს. ეს არის წესი, რომელიც უშვილოდ გარდაცვლილი ძმის ქვრივის ცოლად მოყვანას ადგენდა, მისთვის შთამომავლობის უზრუნველყოფის მიზნით.
15. ამ პარაგრაფში გვხვდება ბევრი ხარვეზი, რომლის გამოც შინაარსის გაგება გაძნელებულია და დღემდე საკამათოა.
16. ამ შემთხვევაში იგულისხმება არაკანონიერი შვილი.
17. რიტუალის დანიშნულება გაუგებარია,
18. ეს ფრაზა ძნელად ასახსნელია ხარვეზის გამო. როგორც ჩანს, საქმე ეხება სასახლისადმი გარკვეულ დამოკიდებულებას.
19. იგულისხმება დამოკიდებულ ადამიანთა ერთ-ერთი კატეგორია, სავარაუდოა დამხმარე ჯარისკაცი.
20. ამ ფრაზას ხშირად თარგმნიან როგორც „ცოლად შეირთავს“, მაგრამ ტექსტის მთლიანობა, ჩვენი აზრით, შემოთავაზებული თარგმანის სიზუსტეს ადასტურებს.
21. შესაძლოა გულმოდგინე დაკითხვაში იგულისხმებოდეს წამება.
22. განწმენდის რიტუალით შეიძლება ადამიანს მოეხსნას ცრუ დაფიცების ცოდვა. ამ შემთხვევაში დამნაშავეს უარი უნდა ეთქვას განწმენდის რიტუალზე,
23. ამ შემთხეევაში იგულისხმება ქალი, რომელსაც ბუნებრივდ ეშლება მუცელი, ან რომლის ბავშვებიც ადრეულ ასაკში კვდებიან.

Комментариев нет:
Отправить комментарий