вторник, 29 апреля 2025 г.

დავით ქობაირელის (XII ) ცნობები დემნა-ორბელთა აჯანყების შესახებ

    სომეხი ბერი და სასულიერო სტილის ისტორიკოსი დავით ქობაირელის „მოსახსენიებელი“ უძვირფასეს ცნობებს მოიცავს დემნა-ორბელთა აჯანყების შესახებ. ავტორი XII საუკუნის (გარდ. დაახლ 1205 წ.) სასულიერო პირია და ობიექტურად აღწერს ვითარებას. იგი სოფელ ქობერიდან იყო და ახპატის მონასტერში მოღვაწეობდა და აქვეა დაკრძალული. აჯანყების ამბავი მისი ერთადერთი ისტორიული ხასიათის შრომაა და სამწუხაროდ მას ბოლო ფურცლები აკლია.
    ტექსტი თარგმნა გურამ მაისურაძემ. ორი ადგილი გამართა ზაზა ალექსიძემ.
ტექსტი
    ეს შრომა ექვსას ოცდაშვიდ წელს დაიწერა, სომხური ქორონიკონით, ახალი  წელთაღრიცხვის მიხედვით   ოთხმოცდათოთხმეტ წელს, ცხოველმყოფელის შობიდან ათას ას სამოცდაცხრამეტ წელს, რომაული წელთაღრიცხვის მიხედვით  კი  – 498 წელს. 
    აქამდე ერთი წლით  ადრე,  აპრილის  ახალი  კვირის  პირველ  საათზე, დაბნელდა  მზე  და შფოთის ნიშნებიც  გამოჩნდა:  მეფის  კარავი  გაიპო. ქართველთა ქვეყნის დიდებულებს დიდი ხანია  განზრახული  ჰქონდათ  მეფისაგან  განდგომა და გამოძებნეს კიდეც შესაფერისი დრო თავიანთ  ძველ  ბოროტზრახვათა  განსახორციელებლად. ორბელებმა – ივანე სპასალარმა, მისმა ძმამ ლიპარიტმა, მათმა შვილებმა და ნათესავებმა გადაიბირეს იმავე  მეფის ძმისწული, მოიყვანეს აგარაკის  სიმაგრეში  და  გაამეფეს, რათა  ვერავის  შესძლებოდა  მათი საქმისთვის  ხელის  შეშლა. 
    თავდაპირველად [აჯანყებულებმა] მიუდგომელი კაიანის და კაიწონის მხარეთმმართველები და მეციხოვნეები დაითანხმეს მის [მეფის] წინააღმდეგ, რათა მათ მოსახლეობასაც ხელი  შეეწყო.  და როცა, პირობისამებრ,  შაქის  ჰერეთისა  და  კახეთის  მხარეების  მთავრები  აჯანყდნენ,  ესენიც  [კაიანის და კაეწონის  მმართველები] თავიანთ ადგილებში გამაგრდნენ და მათი მოსაზღვრე მეფის მხარეები აიკლეს. ისენი აქედან [გაემართნენ] ახალი  მეფით [სათავეში და] აიღეს  სამეფო საჯდომი სოფელი; იმავე მარჯვე მომენტში გაგზავნეს [მოციქულები] ყველა თანამზრახველის იქ შესაკრებად, რათა მეფე განედევნათ ან ძალით [შეპყრობილი] მოეყვანათ. 
    ხოლო იგი  [გიორგი  III], რადგან  ჯერ  კიდევ  ხელთ  ეპყრა  თავის  საკუთარ  სამეფოში  ქალაქები და  სიმაგრეები  და  სამეფო  კარის განძეულები,  სასწრაფოდ  გაემართა  დიდ  სამეფო  ქალაქ  თბილისისაკენ  და  მოიწვისა  სათათბიროდ მისი  ერთგულნი. მათთან თათბირის შემდეგ გადასწყვიტა დამსახურების მიხედვით გაუყოს ოქროსა და ვერცხლის განძეული და საპატიო სამოსლები იმ  ნარევი  ქვეითი მეომრების ბრბოს, დვალეთისა და ქართლის  მხარის საზღვრებში  რომ  არიან.  შემდეგ ყველა ესენი ქვევითი მეომრები ერთ ადგილას  შეაგროვა  და მხედართუფროსის  მამეულ  მხარეში [მამულში] წავიდა: იავარჰქმნა, მოიალაფა და მათი სასახლეები დაწვა. თვით აჯანყებულებისაკენ გაემართა. აჯანყებულებმა შორიდან რომ დაინახეს გონება დაკარგულები გაიქცნენ და სადაც მოუხერხდათ, იქ გამაგრდნენ. მხედართუფროსმა ივანემ  კი,  შვილებით,  ცოლითა  და  მთელი  სახლეულით,  თავი  შეაფარა  მიუდგომელ  ლორეს.  მისმა  ძმამ  ლიპარიტმა,  თავისი  ხალხით,  წაიყვანა მეფის  ძე  დემეტრე  და  მიუვალ კაიანს  მიმართა. 
    მეფის  ბრძანებით,  მათ  დაედევნა  კეთილმსახური თბილის ამირთმთავარი ქურდი, დაეწია  მათ ვიწრო  გზაზე თავის საკუთარ მხარეში, რომელსაც მაჰკაბერდი ეწოდება. დასცა მათ ბრძოლ ყიჟინა და უკანვე  გამოაქცია, დაედევნა და წამოიღო  იმ  ჯარის  დავლა და ალაფი.  მხოლოდ  ცხენოსნებმა  დააღწიეს  თავი  და  ლორე), სიმაგრეში მოვიდნენ,  ყველა  აჯნყებული ერთ  ადგილას შეიყარნენ.  ეს რომ კაიანში  გამაგრებულებმა   ნახეს, მეფეს დამორჩილდნენ. ასევე მოიქცნენ ყველა თანამოსაზღვრეებიც [ციხის ახლო-მახლოს მცხოვრებნი].
    მეფემ  კი  მრავალგზის   გაგზავნა   მოციქულები  [ივანესთან], და   დაყვავებით  ეხვეწებოდა დაზავებას. [აჯანყებულებმა] საწინააღმდეგო პასუხი გასცეს: ცოცხალი არ დაგვენახო, თუ ნახევარ სამეფოს არ დაგვითმობო. [ასე მოთხოვეს], რომ მარჯვე დროს მეორე ნახევარიც წაერთვათ. ამას არ დაეთანხმა მეფე, თუმცაღა ეჭვობდა  ჯარის  ერთგულებაში. დესპანები  საშუალებით  თავისთან  შეკრიბა ყველა  მხრიდან  ორგულნი  საეჭვონი  და  ერთგულნი და  ალყა  შემოარტყა  აგარაკის მტკიცე  სიმაგრეს.  ალყა  ორთვენახევარს  გაგრძელდა;  აჩქარებდა ზღუდეებისა და შიგნითა სასახლეების მანქანებით დანგრევას. ციხის შიგნით მყოფნი ბრძოლაში გამოცდილები იყვნენ მაგრამ, რადგან წყლის გზაც მოჭრილი ჰქონდათ,  შეწუხდნენ წყურვილითა და ადამიანებისა და  პირუტყვთა  მძორის  სუნით. უნებლიედ ჩამოვიდნენ და დაუთმეს  სიმაგრე.
    ამის შემდეგ მეფემ შეკრიბა ჯარი და მოადგა აჯანყებულებს ლორეში. შიგნით მოციქულები შეგზავნა რათა  ძმისშვილი  მიეცათ და, შეწყნარებასაც  შეჰპირდა. ასე  შეუთვალა  მრავალჯერ, მაგრამ  არ  ერწმუნენ.  მხედართუფროსმა  ჯერ  კიდევ  მეფის  მოსვლამდე  გაგზავნა  თავისი  ძმა  ლიპარიტი  სამი  შვილით  და  თავისი უმცროი  შვილიც  გააყოლა სპარსთა  მხედართმთაეარ  ხიზილთან (ყიზილ-ასლან ოსმანი, ელდიგუზ ათაბაგის ძე), რათა ან ჯარით გაემართა ხელი, ანდა თვითონ მოსულიყო, განედევნა  მეფე  და  მისი  სამფლობელო  დაეპყრო. მართლაც, იგი,  თხოვნისამებრ,  მრავალრიცხოვანი  ჯარით წამოვიდა  და მეფის საზღვრებს  მოადგა.  მაგრამ,  როცა  თვალით  იხილა  ის ლაშქარი, მისი  სიმრავლისაგან  თავგზააბნეული  ჩუმად  უკან  გაბრუნდა.
    ამასობაში  მეფის ჯარი თავს დაესხა ძორაგეტის მხარეში გამაგრებულთ,  ძალით აიღო მრავალი სიმაგრე  და  იავარჰყო  მთელი  ქონება,  [და  ასე  იქცეოდა],  სანამ ყველანი  ძალაუნებურად  არ  დამორჩილდნენ  და  არ დათმეს ციხე-სიმაგრეები. როდესაც  დახმარების  იმედი  ყოველი  მხრიდან ამოიწურა,  რადგან  თვისტომნიც გადაუდგნენ  [ივანეს] და  მეფეს დამორჩილდნენ...  შევიწროებულნი  და  ილაჯგაწყვეტილნი,  პატიების  ფიცით  დაიმედებულნი, გარეთ გამოვიდნენ  და თალხად  შემოსილნი განრთხმულნი წარუდგნენ  მეფეს, - მით  უმეტეს, რომ მეფის ძმისწული ფარულად ჩამოვიდა ზღუდეზე გოდრით და მივიდა  მეფესთან...

Комментариев нет:

Отправить комментарий