ამ პარლამენტში თავმოყრილი სასულიერო და საერო ლორდებისა და თემების მიერ მისი უდიდებულესობისადმი წარდგენილი პეტიცია მის ჟვეშევრდომთა სხვადასხვა უფლებისა და თავისუფლებათა თაობაზე მისი უდიდებულესობის მეფის მიერ პარლამენტის სრული შეკრებილობის დროს მასზე გაცემული პასუხით.
მის სამეფო ყოვლადოწმინდეს უდიდებულესობას.
1. პარლამენტში თავმოყრილი სასულიერო და საერო ლორდები და თემები უმორჩილესად წარუდგნენ ჩვენს უმაღლეს ხელმწიფე მეფეს ქვემომოყვანილს.. მეფე ედუარდ I-ის მეფობის დროს გამოცემული სტატუტით... გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ ამ სამეფოში. მეფე ან მისი მემკვიდრეები არ დაგვბეგრავენ ან არ გადაგვახდევინებენ არავითარ ხარკს ან ბაჟს არქიეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, გრაფების, ბარონების, რაინდების, მოქალაქეთა და ამ სამეფოს თემების სხვა თავისუფალი ადამიანების კეთილი ნებისა და თანხმობის გარეშე, და მეფე ედუარდ III-ის მეფობის ოცდამეხუთე წელს მოწვეული პარლამენტის ძალაუფლებით გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ მომავალი დროისათვის არავინ არ უნდა იყოს იძულებული თავისი ნებასურვილის წინააღმდეგ აძლიოს სესხად ფული მეფეს. რამდენადაც ასეთი სესხი ეწინააღმდეგება სამართლიანობას და ქვეყნის თავისუფლებებს, და ამ სამეფოს სხვა კანონებით დადგენილია, რომ არავის არ უნდა დაედოს ნებაყოფლობით ნაბოძარად წოდებული ბეგარა ან გადასახადები, ან მათი მსგავსი ხარკი, და ზემოთ აღნიშნული სტატუტისა და სხვა კეთილი კანონებისა და ამ სამეფოს სტატუტების ძალით თქვენმა ქვეშევრდომებმა მემკვიდრეობად მიიღეს ის თავისუფლება, რომ ისინი არ შეიძლება იძულებული იყვნენ გადაიხადონ რაიმე გადასახადი, გამოსაღები, ხარკი ან სხვა მსგავსი ბეგარა, რომელიც პარლამენტში საერთო თანხმობით არაა დადგენილი.
2. მაგრამ, ამის მიუხედავად, ახლახან გამოიცა საგრაფოს კომისრებისადმი მიმართული სხვადასხვა ბრძანება ინსტრუქციებით, რომელთა ძალით ჩვენს ხალხს თავი მოუყარეს სხვადასხვა ადგილას და აიძულეს გარკვეული თანხა ესესხებინა თქვენი უდიდებულესობისათვის და ზოგიერთი ამის გაკეთებაზე უარის თქმის შემდეგ დააფიცეს ამ სამეფოს კანონებისა და სტატუტების საწინააღმდეგოდ და აიძულეს გამოცხადებულიყვნენ დაკითხვაზე თქვენს საიდუმლო საბჭოში და სხვა ადგილებში, ბევრი სხვა იმავე მიზეზით შეიპყრეს და ჩააგდეს საპყრობილეში და შეავიწროვეს და შეაშფოთეს სხვა ხერხებით. ბევრ საგრაფოში ლორდნაცვლებმა, საადგილმთავრო დეპუტატებმა, დათვალიერების კომისრებმა, მომრიგებელმა მოსამართლეებმა და სხვებმა თქვენი ხალხი სხვადასხვა გადასახადით დაბეგრეს თქვენი უდიდებულესობის ან თქვენი საიდუმლო საბჭოს ბრძანებით, ან მითითებით სამეფოს კანონებისა და თავისუფალ ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ.
3. რამდენადაც „ინგლისის თავისუფლებათა დიად ქარტიად“ წოდებული სტატუტით (იგულისხმება ქარტიის 39 სტატია) გამოცხადებული და დაკანონებულია, რომ არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იქნეს შეპყრობილი, საპყრობილეში ჩაგდებული, თავის მიწას ან თავისუფლებებს მოკლებელი, კანონს გარეშე დატოვებული, სხვა რამ საშუალებით გაძევებული ან შევიწროვებული... თუ არა მხოლოდ თანასწორთა მიერ გამოტანილი კანონიერი განაჩენისა ან ქვეყნად მოქმედი კანონების საფუძველზე.
4. მეფე ედუარდ III-ის მეფობის ოცდამერვე წელს გამოცხადდა და დაკანონდა პარლამენტის ძალაუფლებით, რომ არც ერთ ადამიანს, წოდებისა და მდგომარეობის მიუხედავად, არ შეიძლება წაერთვას საკუთრების ან სარგებლობის უფლებით დადგენილი მისი კუთვნილი მიწა, შეპყრობილ იქნეს ან წაერთვას მემკვიდრეობა, ან სიკვდილით დაისაჯოს, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული სამართალწარმოების კანონიერი წესით.
5. მაგრამ, ამის მიუხედავად, აღნიშნული და თქვენი სამეფოს სხვა კანონებისა და სტატუტების არსის საწინააღმდეგოდ ბევრი თქვენი ქვეშევრდომი ახლახან საპყრობილეში ჩააგდეს რაიმე მიზეზის მიუთითებლად, და როცა გასათავისუფლებლად ისინი თქვენს მოსამართლეებთან მიიყვანეს ჰაბეას კორპუსის (იგულისხმება დაპატიმრებისას ჩასატარებელი პროცედურები) შესახებ თქვენი უდიდებულესობის მითითებით, რომ მათ მოქცეოდნენ სასამართლოს განკარგულების თანახმად საპყრობილის ზედამხედველებმა ბრძანებაზე – მიეთითებინათ შეპყრობის მიზეზი, არ მიუთითეს არავითარი მიზეზი, გარდა იმისა, რომ ეს პიროვნებები დაპატიმრებული ჰყავდათ თქვენი საიდუმლო საბჭოს ლორდების მიერ დადასტურებული თქვენი უდიდებულესობის განსაკუთრებული განკარგულებით და ამის მიუხედავად, ისინი გაამწესეს სხვადასხვა სატუსაღოში, თუმცა მათ წინააღმდეგ არ წამოუყენებიათ არავითარი ბრალდება, რომელზეც მათ შეიძლებოდა პასუხი ეგოთ კანონის თანახმად.
6. რამდენადაც უკანასკნელ ხანს ჯარისკაცებისა და მეზღვაურთა საგრძნობი რაზმები ჩააყენეს სამეფოს სხვადასხვა საგრაფოში და ობივატელებს საკუთარი: ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ შინ მიეღოთ ისინი და მიეცათ მათთვის სათავსები ამ სამეფოს კანონებისა და წეს-ჩვეულებების საპირისპიროდ და ხალხის უდიდესი უკმაყოფილებისა და შევიწროების მიუხედავად...
7. ვინაიდან, ედუარდ III-ს მეფობის ოცდამეხუთე წელს მოწვეული პარლამენტის ძალაუფლებით გამოცხადდა და დაკანონდა, რომ არავინ უნდა გასამართლდეს სისხლის სამართლის დანაშაულით გარდა იმ წესებისა, რომელიც დიდი ქარტიითა და სხვა კანონებით და თქვენი სამეფოს სტატუტებით არის დადგენილი. რომ არავის უნდა მიესაჯოს სიკვდილი გარდა ამ სფეროში უკვე დადგენილი კანონებისა და პარლამენტის აქტებისა; და მეორე მხრივ, რომ არც ერთი კრიმინალი, როგორიც არ უნდა იყოს ის, არ უნდა გათავისუფლდეს მართლმსაჯულების დაწესებული პროცესისგან და ამ სფეროს კანონებითა და წესდებით დაწესებული სასჯელებით; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ახლახან გამოიცა სხვადასხვა ბრძანება თქვენი უდიდებულესობის დიდი ბეჭდით, რომლითაც გარკვეული პირები დაინიშნენ კომისრებად, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება და უფლებამოსილება, ომის კანონების მიხედვით, სამხედრო კანონების შესაბამისად, ისეთი ჯარისკაცები, მეზღვაურები და სხვა მავნე პირები, რომლებიც შეუერთდნენ მათ, როგორც დამნაშავეები მკვლელობაში, ძარცვაში ან სხვა დანაშაულში; და გაასამართლოს და განსაჯოს ასეთი დამნაშავეები სამართალწარმოების იმავე შემოკლებული წესით, როგორც გამოიყენება საომარი მდგომარეობის დროს და ჯარში ომის დროს, და დაისაჯოს და სიკვდილით დასაჯონ ისინი ომის კანონების მიხედვით.
8. და ამ მიზეზით თქვენი უდიდებულესობის ზოგიერთი ქვეშვრდომი სიკვდილით დასაჯეს ხსენებულმა კომისარებმა, ხოლო თუ ისინი იმსახურებდნენ სიკვდილს ქვეყნის კანონებითა და დებულებით, ისინი მხოლოდ იმავე კანონებითა და წესდებით უნდა დასჯილიყვნენ და არა სხვა წესით.
9. და ასევე ბევრი მძიმე დამნაშავე, რომელიც ამ საბაბით გათავისუფლებას ითხოვს, გაექცა იმ სასჯელებს, რომლებიც დაიმსახურეს თქვენი სამეფოს კანონებისა და წესდების მიხედვით, იმის გამო, რომ ზოგიერთმა თქვენმა თანამდებობის პირმა და იუსტიციის მინისტრმა უკანონოდ უარი თქვა ან თავი აარიდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, ამ კანონებისა და წესდების მიხედვით, ასეთი დამნაშავეების წინააღმდეგ, მხოლოდ გონიერი უფლებამოსილებით და საბაბით დაისაჯონ, როგორც აღვნიშნეთ ზემოთ. ასეთი უფლებამოსილებები და ყველა სხვა მსგავსი სახის ქმედებები სრულიად და პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენი სამეფოს აღნიშნულ კანონებსა და წესდებას.
10. ყოველივე ამის შედეგად სასულიერო და საერო ლორდები და თემები უმორჩილესად სთხოვენ თქვენს ყოვლადუწმინდეს უდიდებულესობას, რომ მომავალში არავინ არ აიძულონ გადაიხადოს ან გაიღოს რაიმე ძღვენის, სესხის, შეწირულების, გადასახადის ან რაიმე მსგავსი ხარკის სახით პარლამენტის აქტით მოცემული საერთო თანხმობის გარეშე: და რომ არავის მოთხოვონ პასუხი, დაფიცება, იძულებითი სამსახური, არ დაიჭირონ ან სხვა მხრივ არ შეავიწროონ, ან არ შეაწუხონ ამ გადასახადების ან მის გადახდაზე უარის თქმის გამო, რომ არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ ჩააგდონ საპყრობილეში ან არ დააპატიმრონ ისე, როგორც ზემოთ არის ნახსენები, რომ თქვენმა უდიდებულესობამ ინებოს ჯარისკაცებისა და მეზღვაურების გაძევება რომლებზეც ზემოთ ითქვა და რომ თქვენი ხალხი მომავლისათვის არ იყოს ამის მსგავსად შევიწროვებული, რომ სასამართლოს წარმოების ომის დროის კანონებით მინიჭებული ზემოაღნიშნული რწმენებები გაუქმდეს როგორც ომის დროს, ასევე საერთოდ მომავალშიც. არავითარი მსგავსი უფლებამოსილებანი არ მიეცეს რომელიმე პირს ან პიროვნებებს, რადგანაც მათი საბაბით თქვენი უდიდებულესობის ქვეშევრდომები არ დაისაჯონ სიკვდილით ქვეყნის კანონებისა და თავისუფლებათა საწინააღმდეგოდ.
11. ყოველივე აღნიშნულის შესახებ ისინი უმორჩილესად შუამდგომლობენ თქვენს ყოვლადუწმინდესი უდიდებულესობის წინაშე, როგორც ამ სამეფოს კანონებისა და სტატუტების შესაბამის თავიანთ უფლებებსა და თავისუფლებებზე, და გთხოვენ, ამის გარდა, რომ თქვენმა უდიდებულესობამ ინებოს დაადასტუროს, რომ რომელიმე ზემოაღნიშნულ პუნქტში ხალხის საზიანო გადაწყვეტილებებს, მოქმედებებსა და ჩვევებს მომავლისათვის ადგილი აღარ ექნება, რომ მსგავსი მაგალითი აღარ განმეორდება. და რომ თქვენმა უდიდებულესობამ უმოწყალესად ინებოს ხალხის რაც შეიძლება უკეთ დაკმაყოფილებისა და დამშვიდებისათვის გამოაცხადოს თავისი მეფური ნება-სურვილი, რომ ზემოაღნიშნულ საქმეებში თქვენი ყველა მოხელე და თანამდებობის პირი გემსახურებოდნენ თქვენ ამ სამეფოს კანონებისა და სტატუტების თანახმად, როგორც ამას მოითხოვს თქვენი უდიდებულესობის სახელი და ამ სახელმწიფოს კეთილდღეობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий