понедельник, 6 августа 2018 г.

ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის აღმოცენება და მისი საგარეო-პოლიტიკური გარემო (ზ. პაპასქირი)

1. საერთო-პოლიტიკური სიტუაცია ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში X ს. II ნახევარსა და XI ს. დასაწყისში
X ს. 70-იან წლებში, ბაგრატ უფლისწულის ქართლში მმართველად დასმით (975 წელს), ხოლო შემდეგ მისი „აფხაზეთში“ (დასავლეთ საქართველო) გამეფებით (978 წელს) დაიწყო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ბრძოლის ახალი, გადამწყვეტი ეტაპი. ეს ორი ღონისძიება სავსებით მართებულად მიჩნეულია პირველ რეალურ ნაბიჯებად, რომელსაც შემდგომ მოჰყვა ძირითადი ქართული მიწების („აფხაზეთი“ - დასავლეთ საქართველო, ქართლი, ტაო-კლარჯეთი, კახეთ-ჰერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარი ეს ცვლილება, პირველ რიგში, რასაკვირველია, განპირობებული იყო ბაზისური მოვლენებით, ე.ი. იმ სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრებით, რომლებიც წარმოშვა ქვეყნის ფეოდალურმა განვითარებამ. ამასთან, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს აღმოცენება-ჩამოყალიბება მნიშვნელოვანწილად იყო დაკავშირებული იმ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებასთან, რომელიც შეიქმნა ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში X ს. II ნახევარსა და XI ს. დასაწყისში. როგორი იყო ეს საერთაშორისო ვითარება და რა გავლენა იქონია მან საქართველოში მიმდინარე გამაერთიანებელ მოძრაობაზე?
X ს. 70-იან წლებში, განსაკუთრებით II ნახევრიდან, მახლობელ აღმოსავლეთში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ვერც ბიზანტია და ვერც ხალიფატი ვერ ახერხებდნენ პოლიტიკური ჰეგემონის როლში გამოსვლას ამ რეგიონში. ხანგრძლივმა ურთიერთჭიდილმა, აგრეთვე ორივე ქვეყანაში არსებულმა შინაპოლიტიკურმა გართულებებმა შეარყია მათი საგარეოპოლიტიკური პოტენციალი. მიუხედავად იმისა, რომ X ს. II ნახევარში ბიზანტიის იმპერია არ ეხსნებოდა თავს დიდმპყრობლურ პოლიტიკას და ცალკეულ შემთხვევებში აღწევდა კიდეც თვალსაჩინო წარმატებებს როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთითაც, არ შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ეს პერიოდი იყო საგარეო-პოლიტიკურ არენაზე იმპერიის მხოლოდ ძლიერების ხანა. პირიქით, იოანე ციმისხის გარდაცვალების (976 წ.) შემდეგ (რომელმაც თავის წინამორბედ იმპერატორ ნიკიფორე ფოკასთან ერთად გარკვეულ წარმატებებს მიაღწია როგორც ბალკანეთში, ისე აღმოსავლეთის არაბული საემიროების წინააღმდეგ ომებში და, ერთგვარად, საფუძველი ჩაუყარა ბასილი II-ის დროინდელ აღმავლობას XI ს. I მეოთხედში1) ერთი პერიოდი (დაახლოებით 70-იანი წლების I ნახევარი - 90-იანი წლების დასაწყისი) ბიზანტიის იმპერია იძულებული შეიქნა დროებით თავი შეეკავებინა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებისგან.
რაც შეეხება არაბულ სამყაროს, X ს. II ნახევრისათვის ის უკვე დიდი ხნის დაქუცმაცებული იყო. როგორც ცნობილია, ერთიანი არაბთა ხალიფატის დაშლა დაიწყო ჯერ კიდევ VIII ს. II ნახევრიდან. იგი გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, უზარმაზარი იმპერიის სხვადასხვა მხარეებში ფეოდალიზაციის პროცესის გაღრმავებით, ხოლო მეორე მხრივ - დაპყრობილ ქვეყნებში გამათავისუფლებელი ბრძოლების აზვირთებით.2 X ს. II ნახევრისათვის ერთიანი არაბული სახელმწიფოს ნაცვლად უკვე არსებობდა ცალკეული პოლიტიკური ერთეულები: ფატიმიდების სახელმწიფო ეგვიპტეში, კორდოვის ხალიფატი პირინეის ნახევარკუნძულზე, საკუთრივ აბასიდების ხალიფატი ბაღდადით ცენტრში.3 გარდა ამისა, ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში გაჩნდა უამრავი არაბული საემირო, რომლებიც პრაქტიკულად წარმოადგენდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებს. ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის იყო ჯაფარიდების თბილისის საამიროც, რომლის ტერიტორია დღითიდღე კლებულობდა და X ს. მიწურულისათვის, ფაქტობრივად, მოიცავდა მხოლოდ ქ. თბილისსა და მის შემოგარენს.4
1. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии во второй половине X – первой четверти XI в. – История Византии, в трех томах, т. II. М., 1967, გვ. 216.
2. Всемирная история. т. III. М., 1957, გვ. 119, ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან. თბ., 1957, გვ. 107, 113, 115, 118.
3. К. Э. Босворт. Мусульманские династии. Справочник по хронологии и генеалогии. Перевод с английского и примечания Н. А. Грязневича. М., 1971, გვ. 5; Е. А. Беляев. Арабы, ислам и Арабский халифат в раннее средневековье. 2-ое изд. М., 1966, გვ. 219.
4. თბილისის საამიროს საზღვრების შესახებ იხ.: დ. მუსხელიშვილი. კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები. - საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III. თბ., 1967, გვ. 72-76; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბ., 1980, გვ. 136-139; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ., 1973, გვ. 490.
X ს. მეორე ნახევრისათვის, როდესაც დაიწყო ქართული მიწების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანება, არც ერთი არაბულ-მუსლიმური პოლიტიკური წარმონაქმნი არ წარმოადგენდა საქართველოსათვის მეტ-ნაკლებად საშიშ ძალას, ყოველი შემთხვევისათვის, ქართულ სამეფო-სამთავროებს მუსლიმური საემიროების მხრიდან ამ დროს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა, დროდადრო მათთან ცალკეულ გართულებებს მაინც ჰქონდა ადგილი.
აღნიშნულ პერიოდში მძიმე ვითარება იყო მეზობელ სომხეთშიც. თუ არაბთა ბატონობის ხანაში სომხეთი რამდენადმე მაინც ინარჩუნებდა ერთიანობას,1 IX ს. მიწურულიდან ყოფილი „არმინიის“ ოლქის ნანგრევებზე, თანდათანობით, რამდენიმე პოლიტიკური ერთეული წარმოიქმნა. X-XI საუკუნეებში სომხეთში დაქუცმაცების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა და ანისის სამეფოს გვერდით, რომელიც წარმოქმნის დღიდან გამოდიოდა სომხური მიწების გაერთიანების ჰეგემონის როლში, გაჩნდნენ: ვასპურაკანის, სიუნიქის, ფარისოსის, ვანანდის, ტაშირ-ძორაგეტის სამეფოები და სხვა უფრო წვრილ-წვრილი სამთავროები.2
IX-X საუკუნეებში ამ სამეფო-სამთავროებში სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული ვითარება იყო და მათ შორის, ამ მხრივ, ისეთი განსხვავება იყო, რომ შეუძლებელი იყო ერთიანი სომხური სახელმწიფოს შექმნა.3 ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს, რომლებსაც ხანგრძლივი ბრძოლების გადატანა მოუხდათ არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ, ამჯერად ბიზანტიის იმპერია ემუქრებოდა. ბიზანტიის აგრესიის გაძლიერება, აგრეთვე წინააღმდეგობების გამწვავება სხვა სომხურ სამეფოებთან, არ აძლევდა საშუალებას ანისის მეფეებს, გამოეჩინათ აქტიურობა და ებრძოლათ ამიერკავკასიაში ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნისათვის, რასაც ისინი ასე თავგამოდებით ცდილობდნენ მთელი X ს. დამდეგს და უფრო ადრეც.4
1. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში. თბ., 1988, გვ. 173.
2. С. Т. Еремян. Присоединение северо-западных областей Армении к Византии в XI в. – Вестник общественных наук АН Армянской ССР. № 3, 1971, გვ. 7; К. Н. Юзбашян. Армян{8}ские государства эпохи багратидов и Византия IX-XI вв. М., 1988, გვ. 72; ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 205-206.
3. К. Н. Юзбашян. Армянские государства.., გვ. 72.
4. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე. - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. თბ., 1979, გვ. 191-192; М. Д. Лордкипанидзе. История Грузии XI – начала XIII вв. Тб., 1974, გვ. 77. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 169-211.
პოლიტიკურად უაღრესად ჭრელი იყო აღმოსავლეთ ამიერკავკასიის რეგიონიც. X საუკუნეში აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დიდი ნაწილი არაბული, ირანული და ქურთული წარმოშობის დინასტიების მორჩილებისა და გავლენის ქვეშ იყო მოქცეული,1 რომელთა შორის უძლიერესად უნდა ჩაითვალოს შარვანის სამეფო და შადადიანთა არანის სახელმწიფო. თუ შარვანშაჰებს საქართველოსთან ტრადიციულად ლოიალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებდათ, მათგან განსხვავებით განძა-არანის მმართველნი, პირიქით, შესაძლებლობისამებრ, ყოველთვის ცდილობდნენ ზიანი მიეყენებინათ მეზობელი ქართული ქვეყნისათვის — „ჟამითი ჟამად მეკობრეობით და პარვით“ დაერბიათ და „ადგილთ ადგილად“ ეძარცვათ ქვეყანა.2 მაგრამ X ს. 70-იან წლებში განძა-არანი ჯერ კიდევ ვერ იჩენდა ამგვარ აქტიურობას.
არც ჩრდილოეთ კავკასია იყო ამ პერიოდისათვის ეთნიკურად და პოლიტიკურად ერთფეროვანი რეგიონი. ამ დროისათვის აქ არსებობდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელთაგან უმთავრესი იყო ოვსეთის სამეფო - „მულქ ალ-ალანი“ (ეკავა დიდი ტერიტორია იმიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში)3 და დაღესტნურ ტომთა გაერთიანებები: სერირი, გუმიკი, ტაბარსარანი, დარუბანდი და სხვები.4 თითოეული ამ სამეფო-სამთავროთაგან განიცდიდა გარკვეულ სიძნელეებს და მათ არ შესწევდათ უნარი, რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ ამიერკავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ერთი სიტყვით, X ს. 70-იანი წლებისათვის ამიერკავკასიაში შექმნილი იყო რამდენადმე მშვიდი საერთაშორისო ვითარება.5 ერთადერთი ძალა, რომელიც ასე თუ ისე აცხადებდა აქ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კონტროლის გაწევის პრეტენზიას, შეიძ{ლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ბიზანტიის იმპერია. ბიზანტიის იმპერატორი X ს. 70-იანი წლებისათვის, ჯერ კიდევ რჩებოდა ამიერკავკასიის მთელი რიგი ქრისტიანული სამეფო-სამთავროების სიუზერენად; მათ შორის ტაო-კლარჯეთის საკურაპალატოსი ანუ „ქართველთა“ სამეფოსი, რომლის ლიდერი დავით კურაპალატი მოგვევლინა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთ ინიციატორად და ორგანიზატორად.
სწორედ მისი აქტიური მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა გაერთიანებული საქართველოს მომავალი მეფის ბაგრატ III-ის ჯერ (975 წ.) ქართლში მმართველად დასმა, ხოლო შემდეგ (978 წ.) — მისი „აფხაზეთში“ (დასავლეთ საქართველო) გამეფება. სწორედ ამ ორმა ღონისძიებამ დაუდო საფუძველი შემდგომ ძირითადი ქართული მიწების („აფხაზეთი“, ქართლი, ტაო-კლარჯეთი, კახეთ-ჰერეთი) ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებას. როგორი იყო ბიზანტიის იმპერიის რეაქცია საქართველოში მიმდინარე ამ პოლიტიკურ ცვლილებებზე და იქონია თუ არა მან რაიმე გავლენა ქართული ქვეყნების გამაერთიანებელ მოძრაობაზე მთლიანად? ამ კითხვაზე სწორი და ამომწურავი პასუხის გასაცემად საჭიროა რამდენადმე დაწვრილებით მიმოვიხილოთ ბიზანტიის იმპერიასთან საქართველოს, კერძოდ კი ტაოკლარჯეთისა და მისი ლიდერის - დავით კურაპალატის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი X ს. ბოლო მესამედში.
1. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI-XII საუკუნეებში. თბ., გვ. 169-211.
2. მატიანე ქართლისა. - ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 279; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 169-211.
3 А. П. Новосельцев. К истории аланских городов. – Материалы по археологии и древней истории Северной Осетии, т. II. Орджоникидзе, 1969, გვ. 132; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимоотношений. Тб., 1982, გვ. 47.
4. Р. М. Магомедов. Дагестан. Исторические этюды. Махачкала, 1975, გვ. 45; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских.., გვ. 47, 70-71.
5. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი იყო საგარეო საშიშროების საფრთხე. პირიქით, როგორც ეს სამართლიანად არის აღნიშნული ისტორიოგრაფიაში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი არაბთა და ბიზანტიელთა უღლისაგან განთავისუფლების პარალელურად მიმდინარეობდა, მაგრამ აქვე მითითებულია, რომ გარეშე მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლა ამ პერიოდში საგრძნობლად იყო გაადვილებული ხელსაყრელი საგარეო ვითარებით, კერძოდ კი, ბიზანტიისა და არაბების შედარებით დასუსტებით (მ. ლორთქიფანიძე. ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა. — საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბ., 1973, გვ. 507-508). როდესაც ვლაპარაკობთ ერთგვარ პოლიტიკურ სიმშვიდეზე ამიერკავკასიაში X ს. II ნახევარში, პირველ რიგში, სწორედ ეს გარემოებები გვაქვს მხედველობაში.
2. დავით კურაპალატი და საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი X ს. ბოლო მესამედში
ბიზანტიის იმპერიას თავისი არსებობის ათას წელზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში ქართულ სამყაროსთან მუდამ ჰქონდა მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კონტაქტები. მთელი ამ ხნის მანძილზე საქართველო- ბიზანტიის ურთიერთობანი, ბუნებრივია, არ ყოფილა ყოველთვის ერთნაირი. „ზოგჯერ ის თითქოს მეგობრულ ხასიათს ატარებდა, რაც ჩვეულებრივ, საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესებით იყო განპირობებული; ზოგჯერ კი ეპოქისათვის დამახასიათებელი მტრობა და ბრძოლა იჩენდა ხოლმე თავს“.1
X ს. მეორე ნახევრისათვისაც ბიზანტიის ურთიერთობა ქართულ სამეფო-სამთავროებთან სხვადასხვაგვარი იყო. ბიზანტიის იმპერია, „რომელიც ამიერკავკასიაზე ბატონობის ძველ რომაულ ტრადიციას არ ეხსნებოდა“,2 ყოველმხრივ ცდილობდა აქ თავისი პოზიციების განმტკიცებას. მაგრამ ამ დროისათვის კონსტანტინოპოლს მნიშვნელოვნად შერყეული ჰქონდა თავისი პრიორიტეტი საქართველოში. თუ ადრე, საუკუნეების მანძილზე, ბიზანტია, (უნდა ითქვას რეალურადაც) თავს დასავლეთ საქართველოს (IV-VIII სს.), დროდადრო კი (განსაკუთრებით VII ს. I ნახ.) მთელი საქართველოს ბატონ-პატრონად თვლიდა, X ს. 70-იანი წლებისათვის მას რამდენადმე ხელი მიუწვდებოდა მხოლოდ ტაო-კლარჯეთზე - „ქართველთა“ სამეფოზე, რომლის ლიდერთაგან ერთ-ერთს ტრადიციულად ანიჭებდა კურაპალატის ტიტულს. ისტორიოგრაფიაში სავსებით სამართლიანად არის შენიშნული, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლებისათვის ბიზანტიის საიმპერატორო კარის საკარისკაცო ტიტულების (კურაპალატის, მაგისტროსის თუ ანტიპათოსის) მინიჭება, პირველ რიგში, მიმართული იყო ამ ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცებისაკენ, ხოლო შემდეგ იმპერიის მხრივ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებზე ფორმალური სიუზერენობის შენარჩუნების მიზნებს ემსახურებოდა.3
ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ კურაპალატისა თუ სხვა ტიტულების მინიჭება ყოველთვის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მას არასოდეს რეალური შინაარსი არ ჰქონია. უთუოდ გასათვალისწინებელია, ის, რომ, თავის დროზე ტაო-კლარჯეთის ბიზანტიასთან დაკავშირება გამოწვეული იყო არაბობის წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროებით (აშოტ კურაპალატი) და მანამ, სანამ არაბთა მხრიდან რაიმე საფრთხე არსებობდა, ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები იძულებულნი იყვნენ კეისრის ხელისუფლებისათვის ანგარიში გაეწიათ.4 დროთა განმავლობაში, როცა ეს საშიშროება მოიხსნა, ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები თანდათანობით გათავისუფლდნენ ბიზანტიისათვის ანგარიშის გაწევის გრძნობისაგან და ბიზანტიისადმი ტაო-კლარჯეთის დამოკიდებულება კიდევ უფრო ფორმალური გახდა.5 მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არენაზე ტაო-კლარჯეთი, ისევე როგორც მეზობელი სომხური სამეფო-სამთავროები, „ბიზანტიის ქვეყნებად“ განიხილებოდა და კონსტანტინოპოლიც, შესაძლებლობისამებრ, აკონტროლებდა საერთო პოლიტიკურ სიტუაციას ამ მხარეში.
1. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში. თბ., 1969, გვ. 5.
2. ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში. — საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II. თბ., 1965, გვ. 24.
3. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 14.
4. იქვე, გვ. 21.
5. იქვე, გვ. 22. ეხებოდა რა ამ საკითხს, აკად. ს. ჯანაშია წერდა: „...постепенно потомки Ашота (იგულისხმება აშოტ ბაგრატიონი, რომელსაც იმპერატორმა, როგორც ცნობილია, კურაპალატის ტიტული უბოძა - ზ.პ.) фактически освобождаются от этой вассальной зависимости и в X веке являются сюзеренными правителями, сохраняя вместе с тем прежние титулы, и прежде всего титул курапалата...“ (იხ. С. Н. Джанашия. Об одном примере искажения исторической правды. По поводу книги Н. Токарского: Архитектура древней Армении». Тб., 1947, გვ. 22).
ამიტომ ბიზანტიის ხელისუფლება, ბუნებრივია, ვერ დარჩებოდა გულგრილი X ს. 70-იან წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების მიმართ. იმპერიის მმართველი წრეებისათვის ალბათ ვერ იქნებოდა სასურველი და მოსაწონი უშუალოდ მათი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მომავალში, შესაძლოა, წინ აღუდგებოდა ბიზანტიის აგრესიულ ზრახვებს აღმოსავლეთში. მაგრამ წყაროებში არავითარი მინიშნება არ გვხვდება კონსტანტინოპოლის რაიმე რეაქციაზე დავით კურაპალატის მიერ ბაგრატის გასამეფებლად გატარებული ღონისძიებების მიმართ.
უდავოა, რომ ბიზანტიის იმპერიის მესვეურებს იმხანად, გართულებეული საშინაო თუ საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის გამო, არ შეეძლოთ რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ გაერთიანების გზაზე მდგარ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებზე. საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის სწორედ ასეთი შეფასება უდევს საფუძვლად დასკვნას იმის შესახებ, რომ 975, 978 წლების აქტები განხორციელდა ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების პირობებში. საერთაშორისო სიტუაციის ამგვარი შეფასება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების დასაწყის სტადიაში, მიუხედავად იმისა, რომ მასზე სპეციალურად ყურადღება ნაკლებად არის გამახვილებული, საყოველთაოდ არის მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში.1 ამდენად, მასზე საგანგებოდ შეჩერება არც იქნებოდა გამართლებული, რომ არა ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება: ამ უკანასკნელ ხანს ისტორიოგრაფიაში არის სერიოზული ცდა გადაისინჯოს X ს. 70-იანი წლების საერთაშორისო სიტუაციის ზემოთ მოტანილი შეფასება. კერძოდ, ეჭვს ქვეშაა დაყენებული დავით კურაპალატის - ბიზანტიის იმპერიის ვასალის - ქართული მიწების გაერთიანების ინიციატორისა და ორგანიზატორის როლში გამოსვლის შესაძლებლობა.
ამგვარი ცდა წარმოდგენილია აკად. გ. მელიქიშვილის მიერ ამ რამდენიმე წლის წინ გამოცემულ ნაშრომში, რომელშიც ახლებურადაა დასმული და გადაჭრილი ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისა და ქვეყანაში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი პრობლემები.2 სპეციალურად ეხება რა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში დავით კურაპალატის როლისა და 975, 978 წლების აქტებისადმი ბიზანტიის იმპერიის დამოკიდებულების საკითხებს, ერთ-ერთ მიზეზად, რომლის გამოც დავითს თითქოს არ შეეძლო „გამოსულიყო საქართველო-კავკასიის ფარგლებში დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ინიციატორად და განმახორციელებლად“, აკად. გ. მელიქიშვილი ასახელებს ტაოს მმართველის ვასალურ დამოკიდებულებას ბიზანტიის იმპერიის მიმართ. მეცნიერის აზრით, საქართველოს გამაერთიანებლის როლში გამოსვლა შეეძლო ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა კონსტანტინოპოლისაგან (საქართველოს გაერთიანება უნდა მომხდარიყო ბიზანტიასთან ბრძოლაში), ასეთ ძალად კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს დავითი, იმიერ-ტაოს მმართველი, ბიზანტიის საიმპერატორო კარის კურაპალატი.3
ამასთან, გ. მელიქიშვილი, ჩვენი აზრით, რამდენადმე აზვიადებს ბიზანტიის იმპერიის საგარეო-პოლიტიკურ შესაძლებლობებს X ს. 70-იან წლებში, როცა ცდილობს 975 და 978 წლების აქტებში დავითის ზურგს უკან კონსტანტინოპოლის ხელი დაინახოს. პირველ შემთხვევაში მკვლევარი მიიჩნევს, რომ ტაოს მმართველის პოზიცია 975 წელს (როდესაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ბაგრატის ქართლში გაბატონებით ამ მხარის „აფხაზეთისგან“ ჩამოშორებას და მის ტაოსთან შეერთებას) შეესაბამებოდა ბიზანტიის პოლიტიკურ კურსს და შეიძლება სანქცირებულიც კი ყოფილიყო საიმპერატორო კარის მიერ, რაც შეეხება 978 წელს ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფებას, მეცნიერის აზრით, იმპერიის მმართველ წრეებში სერიოზული შეშფოთება უნდა გამოეწვია და გამორიცხული არ არის, დავით კურაპალატის მიერ „აფხაზეთში“ გამეფების სანაცვლოდ მძევლების აყვანა ბიზანტიელთა მოთხოვნა ყოფილიყო.
საერთოდ, გ. მელიქიშვილის მსჯელობას ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობაზე, კერძოდ ბიზანტია-ტაო-კლარჯეთის ურთიერთობაზე და იმპერიის დამოკიდებულებაზე X ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი, მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ დავით კურაპალატი იყო არა თუ საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთი თაოსანი და განმახორციელებელი, არამედ იმპერიის კონტრაგენტი, რომელიც გამოდიოდა რა იმპერიის ინტერესების დაცვის პოზიციიდან, ყოველმხრივ ხელს უშლიდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას. ამაზე მეტყველებს თუნდაც ავტორისეული მსჯელობა რატი ბაღვაშის გამო ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის ჩამოვარდნილ კონფლიქტზე; ან კიდევ ბასილი კეისარსა და დავით კურაპალატს შორის 989 წელს დადებული შეთანხმების (რომლის თანახმადაც კურაპალატის სიკვდილის შემდეგ მთელი მისი სამფლობელო გადადიოდა არა მისი შვილობილის - „აფხაზთა“ მეფის ბაგრატის ხელში, არამედ იმპერატორის ხელში) ანტიაფხაზურ (ე.ი. გაერთიანებული საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული) მიმართულებაზე ყურადღების გამახვილება.4
1. მ. ლორთქიფანიძე. ქართული ფეოდალური.., გვ. 507-508
2. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი. თბ., 1973, გვ. 4-24.
3. იქვე, გვ. 12-17.
4. იქვე, გვ. 18-24.
ჩვენი ნაშრომის ხასიათი, რასაკვირველია, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვრცლად და ყოველმხრივ შევეხოთ დავით კურაპალატის გამაერთიანებელი მოღვაწეობის შეფასების საკითხს. ჩვენი მთავარი ამოცანაა გავარკვიოთ ბიზანტიის პოზიცია 975-978 წლების აქტების მიმართ. მაგრამ საკითხის მნიშვნელობა გვაიძულებს, გაკვრით მაინც შევეხოთ აკად. გ. მელიქიშვილის ზოგიერთ სხვა არგუმენტსაც, რომლის გამოც თითქოს დავით კურაპალატს არ შეეძლო გამოსულიყო საქართველოს გაერთიანების ინიციატორად და ორგანიზატორად.პირველ რიგში, მხედველობაში გვაქვს მეცნიერის დასკვნა იმის შესახებ, თითქოს „მატიანე ქართლისაიში“ (და სხვა წყაროებშიც) ადგილი ჰქონდეს დავით კურაპალატის განდიდებას და საქართველოს გაერთიანების საქმეში მისი როლის უსაფუძვლო გაზვიადებას. მეცნიერის აზრით, ეს აიხსნება ავტორის ქართლელობით. ამასთან დაკავშირებით გ. მელიქიშვილი ყურადღებას ამახვილებს თავის დროზე ივ ჯავახიშვილის1 მიერ წამოყენებულ და დღეს ისტორიოგრაფიაში ფართოდ გავრცელებულ შეხედულებაზე2 იმის შესახებ, რომ „მატიანე ქართლისაიში“ ძირითადად გადმოცემულია ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს — ზ.პ.) ისტორია, რომ სხვა მხარეები, კერძოდ, „აფხაზეთი“ (დასავლეთ საქართველო) იმდენად ფიგურირებს ამ მატიანეში, რამდენადაც ის დაკავშირებულია ქართლის ამბებთან.
ჩვენ, რასაკვირველია, არ უარვყოფთ, რომ „მატიანე ქართლისაიში“ (ისევე როგორც „ქართლის ცხოვრების“ სხვა ქრონიკებში) ყურადღების ცენტრში მოქცეულია საკუთრივ ქართლი, რომლის ირგვლივ იკრიბება მთელი საქართველო, მაგრამ აღნიშნულ წყაროში მეტ-ნაკლებად აისახა სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების, კერძოდ კი „აფხაზთა“ სამეფოს ისტორიული წარსულიც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ VIII-XI საუკუნეების დასავლეთ საქართველოზე ჩვენ საერთოდ არ გაგვაჩნია „მატიანეზე“ ვრცელი და მდიდარი წყარო. შესაძლებელია, მატიანე ყოველთვის ვერ გვაწვდის ისეთ სრულ ინფორმაციას „აფხაზთა“ სამეფოზე (თუმცა გადაჭრით არც ამის თქმა შეიძლება)3 როგორც საკუთრივ ქართლზე, მაგრამ, ვფიქრობთ, არა გვაქვს არავითარი საფუძველი მხოლოდ ამის გამო „მატიანე ქართლისაოს“ ავტორის მიერ საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთ ინიციატორად და მოთავედ დავით კურაპალატის წარმოჩენა მისი ტენდენციურობით ავხსნათ. თვით წყაროში მოიპოვება ისეთი მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, ნათლად ადასტურებს მემატიანის მიუკერძოებლობას.
1. ივ. ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა. - თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VIII. თბ., 1977, გვ. 202.
2. В. Н. Габашвили. Историография Грузии XI-XVII вв. – Очерки истории исторической науки СССР, т. I. М., 1955, გვ. 142; М. Д. Лордкипанидзе. Введение. – წგნ.: Матиане Картлиса. Перевод, введение и комментарии М. Д. Лордкипанидзе. Тб., 1976, გვ. 15, 17.
3. უკანასკნელ ხანს მკვლევარმა გ. წულაიამ სამართლიანად მიუთითა, რომ „მატიანის“ ავტორი საკმაოდ ღრმად და საფუძვლიანად იცნობს არა მარტო ქართლს, არამედ სხვა მხარეებსა და ოლქებსაც, და, რომ საკუთრივ ქართლის დაწვრილებითი აღწერა აიხსნება არა მხოლოდ ავტორის გათვითცნობიერებით, არამედ ამ მხარის განსაკუთრებული მნიშვნელობითაც IX-X საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, იხ.: Г. В. Цулая. Источниковедческие проблемы «Летописи Картли». - წგნ.: Летопись Картли. Перевод, введение и примечания Г. В. Цулая. Тб., 1982, გვ. 28.
პირველი, რაც ამაზე მიგვითითებს, არის ის, რომ „მატიანის“ ავტორი აბსოლუტურად არ ცდილობს იოანე მარუშის ძის დამსახურების მიჩქმალვას. თუ ამას მემატიანის ქართლელობის პოზიციიდან გავიაზრებთ, ეს გაუგებარიც კი იქნება, რადგან, როგორც ცნობილია (და ამას გ. მელიქიშვილიც აღნიშნავს),1 იონე მარუშის ძე იყო ქართლში „აფხაზთა“ მეფის მიერ დაყენებული მოხელე.2 არა ქართლელი მოღვაწე, არამედ დასავლეთ საქართველოს მმართველი წრეების ერთერთი მესვეური. თუ „მატიანის“ ავტორს, როგორც აღმოსავლელს, სურს მიჩქმალოს „აფხაზთა“ სამეფოს მესვეურთა როლი საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში და მთლიანად დაუკავშიროს ეს პროცესი „ქართველთა“ სამეფოს პოლიტიკურ ძალებს, კერძოდ, დავით კურაპალატს, მაშინ, რატომ არ შეეცადა ისტორიკოსი დაემალა იოანე მარუშის ძის აქტიურობა. აშკარაა, რომ „მატიანის“ მიხედვით, სწორედ ეს უკანასკნელი იყო ბაგრატ III-ის ჯერ ქართლში გადაყვანისა და შემდეგ „აფხაზეთში“ გამეფების ინიციატორი, დავით კურაპალატი კი ამ აქტების განმახორციელებლად მოჩანს. „მატიანე ქართლისაის“ ავტორი რომ არ აჭარბებს დავით კურაპალატის საქმიანობის შეფასებაში, იქიდანაც ჩანს, რომ ის რაიმე განსაკუთრებულს, ისეთს, როგორსაც არ ამბობდეს სხვა (თუნდაც „აფხაზთა“ მეფეებზე) მოღვაწეებზე, ტაოს ლიდერის შესახებ არ წერს. შედარებისთვის ზედმეტი არ იქნება მოვიტანოთ ის ნაწყვეტები „მატიანიდან“, სადაც მოცემულია დასავლეთ საქართველოს იმ მეფეების ქება-დიდება, რომლებმაც ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს საქართველოსათვის ბრძოლაში (ეს კი ყოველთვის ნიშნავდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში ჰეგემონობის ხელში ჩაგდებას) და ფაქტობრივად მიუერთეს ეს მხარე „აფხაზთა“ სამეფოს. აი რას წერს ისტორიკოსი გიორგი „აფხაზთა“ მეფის შესახებ: „იყო იგი სრული ყოველთა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა; ღმრთის მოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა ეკლესიათა მაშენებელი, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი, და ყოველთა კეთილთა და სათნოებითა სრული სრული. ამან განაგნა და განაწყუნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: აღაშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ; და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმინდათა მარტვილთათა“.3
ასე მაღალფარდოვნად ახასიათებს ავტორი მის ძეს ლეონს, რომლის მეფობა ისევე „განადიდა უფალმან ღმერთმან“, როგორც მისი მამისა, რადგან „იყო იგიცა ღმრთისა მოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა“.2 ახლა კი ვნახოთ რას წერს მემატიანე თვით დავითზე: „ესე დავით კურაპალატი უმეტეს განადიდა ყოველთა მეფეთა ტაოსთა, რამეთუ იყო პირველად ღმრთის-მოყუარე და გლახაკ-მოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთ-მოყუარე, და ფიჩოსანთამოყუარე, ყოველთათვის კეთილისმყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა, ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმინდა ეკლესია ხახულისა“.4
1. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 9.
2. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959, გვ. 163; ვ. ცისკარიშვილი. ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო. თბ., 1959, გვ. 14; მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. თბ., 1963, გვ. 253, 257.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 265.
4. იქვე, გვ. 273-274.
როგორც ვხედავთ, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეთა აქ მოცემული დახასიათება-შეფასებები თითქმის ერთნაირია, რაიმე განსაკუთრებულს და უფრო მნიშვნელოვანს დავითის მისამართით მემატიანე არ ამბობს. უფრო მეტიც, წერს რა ბაგრატ III-ის გონივრულ საქმიანობაზე „აფხაზეთში“, „მატიანის“ ავტორი აღნიშნავს, რომ „იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა დიდისა გიორგი მეფისა, გინა უმეტადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისასა თვისისა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისა, და იხილვებოდა მისთანა ყოველი საქმე კეთილისა“.2 ე.ი. ჩვენი ისტორიკოსი ახალგაზრდა მეფეს, პირველ რიგში, უდარებს მის პაპას - დიდ გიორგი „აფხაზთა“ მეფეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამზრდელს - დავით კურაპალატს.
ვფიქრობთ, რომ „ქართველთა“ სამეფოს მესვეურების წარმოჩენით დაინტერესებული და მათი გულშემატკივარი ავტორი ამდენ ხოტბას არ შეასხამდა იმ „აფხაზ“ მეფეებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ქართლს ართმევდნენ ბაგრატიონებს და ამით ხელში იგდებდნენ პირველობას საქართველოს გაერთიანების საქმეში. თუ მემატიანე დავით კურაპალატის აპოლოგეტია და მაინცდამაინც სურს დაუმსახურებლად მიაწეროს მას საქართველოს გაერთიანების ხელმძღვანელობა, მაშინ ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ის, როგორც აღმოსავლელი (ქართველი) საერთოდ წინააღმდეგია დასავლეთ საქართველოს მეფეების ჰეგემონობით ქვეყნის გაერთიანებისა. გადაჭრით შეიძლება იმის მტკიცება, რომ „მატიანის“ ავტორის ამგვარი „ანტიაფხაზური“ განწყობილების არავითარ კვალს ნაწარმოებში ვერ ვხედავთ. ასე რომ, სრული საფუძველი გვაქვს, მოვუხსნათ მას საქართველოს გაერთიანების საქმეში „აფხაზეთის“ მესვეურთა როლს უგულებელყოფისა და მათდამი ტენდენციური მიდგომის ბრალდება. აქედან გამომდინარე, ასევე არ მიგვაჩნია გამართლებულად ლაპარაკი იმაზეც, თითქოს „მატიანე ქართლისაის“ მონაცემები დავით კურაპალატის გამაერთიანებელ მოღვაწეობაზე საეჭვო იყოს.3
1. მატიანე ქართლისა, გვ. 273-274. {18}
2. იქვე, გვ. 275, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
3. აკად. გ. მელიქიშვილი ასევე თვლის, რომ დავით კურაპალატის პიროვნების ყოველმხრივ განდიდებას ადგილი აქვს სომხურ წყაროებშიც. ამ მოსაზრების უსაფუძვლობა დამაჯერებლად აჩვენა ა. აბდალაძემ. იხ.: ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 240-241.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქვე შევეხოთ გ. მელიქიშვილის კიდევ ერთ არგუმენტს, რომელიც თითქოს უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ დავით კურაპალატი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის ინიციატორი. აკად. გ. მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ დავით კურაპალატს (როგორც ბიზანტიის ვასალს) არათუ არ შეეძლო გამოსულიყო საქართველოს გაერთიანების ინიციატივით, არამედ არც სურდა ბაგრატისა და „აფხაზთა“ სამეფოს მესვეურობით საქართველოს გაერთიანება.
მეცნიერის ეს დასკვნა აგებულია „მატიანე ქართლისაის“ ერთი ცნობის, ჩვენი აზრით, მეტად საეჭვო ინტერპრეტაციაზე. ეს არის ცნობა იმის შესახებ, რომ დავითს გაუჭირდა ბაგრატის „აფხაზეთში“ გაშვება და „დიდით იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი; ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისავე კერძოს ტაოსა. გარნა რაჟამს უმკვიდრო ქმნილ იყო ქვეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა“.1
„მატიანე ქართლისაის“ ეს ცნობა, აკად. გ. მელიქიშვილის აზრით, უნდა ადასტურებდეს იმას, რომ დავითი არათუ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფების და შემდგომ მის გარშემო სხვა ქართული მიწების შემოკრების ინიციატორი და მოთავე, არამედ, პირიქით, ის იყო ამგვარი გაერთიანების („აფხაზეთი“+ქართლი+ტაო-კლარჯეთი) პრინციპული მოწინააღმდეგე. თუ დავითი იმთავითვე სახავდა ბაგრატს სამივე ქართული ქვეყნის ხელმწიფედ, - მიუთითებს მეცნიერი, 0 მაშინ გაუგებარი ხდება მისი ყოყმანი და სიფრთხილე („დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი“), ან იგი (დავით კურაპალატი - ზ.პ.) თავიდანაც არ იღვწოდა ამისათვის („აფხაზეთში“ ბაგრატის გამეფებისათვის - ზ.პ.) და მემატიანე მიაწერს მას ამ ზრახვებს, ანდა მოხდა რაიმე ისეთი, რამაც აიძულა იგი თავის გეგმებზე ხელი აეღო“.2
გ. მელიქიშვილი უფრო იქითკენ იხრება, რომ დავითს არ შეიძლებოდა არ გაეთვალისწინებინა ის საშიშროება, რომელიც შეექმნებოდა მის ხელისუფლებას ბაგრატის დასავლეთ საქართველოში გაბატონებით. ეს უკანასკნელი თავის მომხრეთა დასის (იოანე მარუშის ძის მეთაურობით) აქტიური მხარდაჭერის მეშვეობით განიმტკიცებდა თავის ხელისუფლებას როგორც ქართლში, ისე სხვა ქართულ რეგიონებში, ამით კი საფრთხე შეექმნებოდა დავით კურაპალატის ხელისუფლებას.3
1. მატიანე ქართლისა, გვ. 275.
2. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს..., გვ. 19.
3. ამ ასპექტში განიხილავს გ. მელიქიშვილი ბაგრატის მიერ ქართლის აზნაურთა გამოსვლის ჩახშობას და რატი ბაღვაშის მორჯულებას. იხ.: გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 10, 19-23.
ასე რომ, ტაოს მმართველი, აღნიშნავს გ. მელიქიშვილი, - არ შეიძლებოდა ყოფილიყო ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფების და მის გარშემო მთელი საქართველოს გაერთიანების მოსურნე. მისი აქტიურობა კი ბაგრატის ქართლის მმართველად დასმის აქტში, რომელსაც „მატიანე ქართლისაის“ და თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია მიიჩნევს საქართველოს გაერთიანებისაკენ გამიზნულ ღონისძიებად, აიხსნება იმით, რომ დავითს სურდა მხოლოდ და მხოლოდ ქართლის „აფხაზეთისაგან“ საბოლოოდ ჩამოცილება და მისი ტაო-კლარჯეთისათვის შემოერთება. მკვლევრის აზრით, მხოლოდ ამ ქვეყნების (ტაო-კლარჯეთი, ქართლი) მომავალ მმართველად დავით კურაპალატს თავისი გაზრდილი და არა მთელი საქართველოს მეფედ.1 დავითისათვის ბაგრატი სასურველი იყო, როგორც ქართლის მფლობელი, რადგან ამ გზით ის ქართლს შეიერთებდა მაშინ, როდესაც ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფებით საერთოდ ქრებოდა ამ მხარის დაუფლების იმედი „და ეს უკანასკნელი მტკიცედ გადადიოდა აფხაზეთის ხელში“.
მოვლენათა ამგვარი მსვლელობა კი დავით კურაპალატისათვის არ უნდა ყოფილიყო ხელსაყრელი, რადგან ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფებას მოჰყვებოდა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდა „აფხაზეთი“ (დასავლეთ საქართველო), ქართლი და ტაოს გარკვეული ნაწილი მაინც. ასეთ სახელმწიფოში კი წამყვან პოზიციებს, ბუნებრივია, დაიკავებდნენ დასავლეთ საქართველოს მმართველი წრეები. ნათელი იყო, - ასკვნის გ. მელიქიშვილი, - ამით გაკეთდებოდა არა მისი (დავით კურაპალატის - ზ.პ.) საქმე, არამედ სხვისი - „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველოს) მმართველი წრეებისა, რომელთაც მიეცემოდათ შესაძლებლობა მშვიდობიანი გზით მიეღოთ ის, რასაც მათ ვერ მიაღწიეს ძალით - მიეერთებინათ „აფხაზეთისათვის“ არა მარტო ქართლი, არამედ ტაოს ის ნაწილიც, რომელიც ბაგრატს მემკვიდრეობით ერგებოდა.2 როგორც ვხედავთ, „მატიანე ქართლისაის“ ერთი ცნობის საფუძველზე კეთდება საკმაოდ შორს მიმავალი დასკვნა და დავით კურაპალატი გამოცხადებულია ბაგრატ III-ის ირგვლივ ქართული მიწების გაერთიანების არა თუ მოთავედ, არამედ მოწინააღმდეგედ.
1. გ. მელიქიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით კურაპალატს, ბაგრატი, მთელი საქართველოს მეფედაც კი ესახებოდა, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ მის იმედებს... განხორციელება არ ეწერა (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.) და ამ საქმის (საქართველოს გაერთიანების - ზ.პ.) ინიციატივა და განხორციელება ისევ საკუთრივ აფხაზეთის ხელში აღმოჩნდა. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება..., გვ. 24.
2. ასე გამოკვეთილად ეს აზრი გამოხატულია რუსულ რეზიუმეში. იხ.: გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 195.
აკად. გ. მელიქიშვილის არგუმენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის დამაჯერებელი და მისაღები. „მატიანე ქართლისაის“ ავტორის მიერ შენიშნული დავით კურაპალატის ერთგვარი სიფრთხილე ბაგრატ III-ის „აფხაზეთში“ გამეფების დროს, ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, თითქოს დავით კურაპალატს არ სურდა ბაგრატისა და „აფხაზთა“ სამეფოს მესვეურობით საქართველოს გაერთიანება. ტაოს მმართველის მიერ „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველოს) დიდებულებისაგან მძევლების აყვანა, ჩვენი აზრით, საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს ბაგრატის გამეფების წინააღმდეგ გამიზნულ ღონისძიებად.
მძევლების აყვანის ფაქტი არც თუ ისე იშვიათია ისტორიაში. როგორც წესი, მას ყოველთვის მიმართავდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური აქტის წარმატებით დაგვირგვინების უზრუნველსაყოფად.1 ამის საილუსტრაციოდ დავასახელებთ ერთ მაგალითს ქართული ისტორიული სინამდვილიდან. ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთაში“ მოტანილია ცნობა სომეხთა მეფის მიერ ქართლის დიდებულებისაგან მძევლების აყვანის შესახებ. საინტერესოა, რომ თხზულების ავტორი გვიხატავს დაახლოებით ისეთსავე სიტუაციას, როგორიც გვხვდება „მატიანე ქართლისაიში“ .
სიზუსტისათვის მოვიტანთ შესაბამის ნაწყვეტს ლეონტი მროველის ნაწარმოებიდან: „შეითქუნეს ერისთავნი ქართლისანი უმრავლესნი და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და რქუეს: „მეფე ჩვენი (ლაპარაკია ქართლის მეფე ფარნაჯომზე, რომელიც დაუპირისპირდა თავის ქვეშევრდომებს - ზ.პ.) გარდახდა რჯულსა მამათა ჩვენთასა, აღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, - შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩვენდა. გუაშუელდე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლისა სჯულისა, და იყოს მეფედ ჩვენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩვენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩვენთა. მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და რქუა მათ: „უკეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავსთ მეფედ თქვენდა ძე ჩემი, თქვენ ყოველთა ერისთავთა მომეცით მე მძევალი და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქვენდა, და ყოვლითავე ნიჭითა აღგავსნე“. მაშინ ერისთავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები...“.2
როგორც ვხედავთ, სომეხთა მეფემ მძევლები აიყვანა არა იმისათვის, რომ არ სურდა თავისი ვაჟის ქართლში გამეფება, არამედ, პირიქით, მას ძლიერ ესიამოვნა („სთნდა“) ქართველ ერისთავთა წინადადება და მძევლები მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო მათი განზრახვის „ჭეშმარიტებასა“ და „უბიწოებაში“ და უზრუნველეყო წამოწყებული საქმის წარმატებითი დაგვირგვინება. ერთი სიტყვით, მოცემულ ცნობაში ჩვენ გვაქვს კლასიკური გაგება იმისა, თუ რა შემთხვევაში და რა მიზნით მიმართავდნენ მძევლის აყვანას.
1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის განმარტებით: „ძველ საქართველოში მძევალი იყო პირობის სიმტკიცისათვის (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.) ან ერთგულება-მორჩილებისა თუ მშვიდობიანობის საწინდრად გამორთმეული ანდა შეპყრობილი ადამიანი“. იხ.: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. თბ., 1984, გვ. 259. {22}
2. ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. - ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ქართული ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 29. ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
ასეთივე სიტუაცია შეიქმნა X ს. 70-იან წლებში, როდესაც იოანე მარუშის ძემ აუწყა დავით კურაპალატს ქართლისა და „აფხაზეთის“ ერისთავთა განზრახვა ბაგრატ უფლისწულის დასავლეთ საქართველოში გამეფების თაობაზე, დავითმა ეს საკითხი, როგორც ჩანს, ერთბაშად ვერ გადაწყვიტა („დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი“), ეტყობა დინჯად შეაფასა საქმის ვითარება და მხოლოდ მაშინ დათანხმდა იოანე მარუშის ძის წინადადებას, როცა მიიღო „სიმტკიცისა“ და ერთგულების პირობა, აიყვანა მძევალი. დავით კურაპალატის ამგვარი საქციელი, ჩვენი აზრით, ადვილი ასახსნელი იქნება, თუ გავიხსენებთ იმ გართულებებს, რომელიც მოჰყვა თავის დროზე ბაგრატის ქართლში გაბატონებას.
როგორც „მატიანე ქართლისაის“ მასალებიდან ირკვევა, ბაგრატის ქართლში დასმას გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყოლია, რაც იმის შედეგი იყო, რომ ქართლში ყველა არ იყო იოანე მარუშის ძის კურსის მომხრე. „ვითარ წარხდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნიმე, - წერს მემატიანე, - იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩვეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანეს ლაშქარნი კახეთით; და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გურანდუხტ, წარიყვანეს კახეთად. რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმან დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა~ და გამოიხსნა დატყვევებულნი.1
1. მატიანე ქართლისა, გვ. 274-275 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ დავეთანხმოთ აკად. გ. მელიქიშვილის აზრს იმის შესახებ, რომ ქართლის ბაგრატის ხელში გადასვლა არ უნდა მივიჩნიოთ „აფხაზთა“ სამეფოს მიერ ამ მხარის დაკარგვად. მაგრამ აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ძნელი წარმოსადგენია, ბაგრატის დაფუძნება ქართლში ნიშნავდეს ამ რეგიონის დავით კურაპალატის ხელში (იურიდიულად - ზ.პ.) გადასვლას და ისიც თავის დროზე ტაოს მმართველის მიერ „აფხაზთა“ მეფის თეოდოსისადმი აღმოჩენილი დახმარების კომპენსაციის სახით, როგორც ამას უშვებს გ. მელიქიშვილი (იხ. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება.., გვ. 10-11). რამდენადმე გაუგებარია, თუ ბაგრატი ქართლს იღებდა, როგორც „აფხაზეთის“ სამეფო გვარის წარმომადგენელი - „აფხაზთა“ მეფე გიორგი II-ის შვილიშვილი (უთუოდ ეს ასეც იყო) და დასავლეთ საქართველოს სამეფო კარის სანქციით, მაშინ რატომ უნდა გამხდარიყო საჭირო, ჯერ ერთი, ბაგრატის გამზრდელის (და არა მამის ან თუნდაც პაპის „ქართველთა“ მეფის) ასეთი აქტიური ჩარევა ამ ამბებში; მეორეც, როგორ შეიძლება ქართლი საერთოდ გადასულიყო დავით კურაპალატის ხელში ისე, რომ ის „აფხაზთა“ მეფეს არ დაკარგვოდა. ე.ი. გამოდის, რომ „აფხაზთა“ მეფე თავის ნაცვლად ქართლში ნიშნავს თავისსავე დისწულს და ამით ქვეყანას უთმობს მის გამზრდელს, თავის ყოფილ მოკავშირეს დავით კურაპალატს, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს ქართლის „აფხაზეთიდან“ გამოყოფას და დავითის სამფლობელოებთან მის შეერთებას.
როგორც ვხედავთ, დავითის მიერ ქართლში ბაგრატის დაყენება ამ უკანასკნელისათვის არცთუ ისე უხიფათო გამოდგა. უეჭველია, გაცილებით უფრო საშიში და სარისკო იქნებოდა ახალგაზრდა უფლისწულის „აფხაზეთში“ გამეფება (პირველ რიგში, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ დასავლეთ საქართველოში ბაგრატის გახელმწიფებას უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც მოქმედი მეფის - თეოდოსის გადაყენება). მიუხედავად იმისა, რომ წყარო თითქოს ხაზს უსვამს დასავლეთ საქართველოს (ისევე როგორც ქართლის) დიდებულთა ერთსულოვნებას ბაგრატის მეფედ მოწვევის საკითხში („ამანვე ივანე მარუშის ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისაგან“),1 აშკარაა, რომ „აფხაზეთში“ იმთავითვე არსებობდა ბაგრატის მიმართ გარკვეული ოპოზიცია.
ამას ადასტურებს „მატიანის“ ავტორიც, რომელიც მოგვითხრობს რა ახალგაზრდა მეფის პირველ სახელმწიფოებრივ ღონისძიებებზე, საგანგებოდ აღნიშნავს მის მიერ ყოფილი მეფის - თეოდოსის - ტაოში - დავით კურაპალატთან გაგზავნას: „რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა გინა შიში უწესობისათვის მისა მიმართ აქუნდეს“.2 როგორც ჩანს, უსინათლო თეოდოსის დატოვება „აფხაზეთში“ საფრთხეს უქმნიდა ბაგრატის ხელისუფლებას. დასავლეთ საქართველოს დიდებულთა ნაწილი რომ არც შემდგომში იყო მაინცდამაინც ლოიალური ახალი მეფისადმი „მატიანე ქართლისაის“ მომდევნო ცნობიდანაც ჩანს, რომლის თანახმად ქართლიდან (ქავთარ ტბელის გამოსვლის ჩახშობისა და იქაური საქმეების მოგვარების შემდეგ) მობრუნებულმა მეფემ „ვითარცა ხელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა; რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკვე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთგული და მისანდობელი თვისი“.3 კიდევ ერთხელ (რატი ბაღვაშის მოთოკვის შემდეგ) მოუხდა ბაგრატს დასავლეთ საქართველოს დამშვიდება: „კუალად ვითარ წარხდეს ამის შინა ჟამნი რაოდენნიმე ვითარ ვთქუ პირველივე, მოწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა“.4
1. მატიანე ქართლისა, გვ. 275, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
2. იქვე, გვ. 276.
3. იქვე, გვ. 276. {25}
4. იქვე, გვ. 278. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.)
როგორც „მატიანე ქართლისაისაგან“ აქ მოტანილი მასალიდან ჩანს, „აფხაზთა“ სამეფო ტახტის დაკავებიდან შედარებით მოკლე დროის განმავლობაში (არაუმეტეს ათი წლისა) ახალგაზრდა მონარქს სამჯერ მაინც მოუხდა „აფხაზეთის“ დაწყნარება. ეს კი იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ დასავლეთ საქართველოში მაინცდამაინც ყველა არ ყოფილა თეოდოსის ბაგრატ III-ით შეცვლის მოსურნე, რომ გარკვეული ოპოზიცია აქ თავიდანვე არსებობდა და ალბათ ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა ახალგაზრდა ბაგრატიონის ხელისუფლების განმტკიცებისათვის.
ვფიქრობთ, რომ დავით კურაპალატს, როგორც წინდახედულ პოლიტიკოსს, არ შეეძლო არ განეჭვრიტა ყოველივე და ერთგვარი სიფრთხილე არ გამოეჩინა ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმის წინ. სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს ის, რომ დავითს ერთბაშად გაუჭირდა იოანე მარუშის ძის წინადადების მიღება და ეტყობა მხოლოდ მაშინ დათანხმდა თავისი შვილობილის დასავლეთ საქართველოში გამეფებაზე, როცა მიიღო მისი უვნებლობის გარანტია, ე.ი. იმის შემდეგ, რაც მისცეს სიმტკიცის პირობა და მძევლები. ასე რომ, მძევლების აყვანა ბაგრატის უშიშროების უზრუნველყოფის გარანტია იყო და არა „აფხაზეთში“ მისი გამეფების საწინააღმდეგო აქტი.
ახლა დავუბრუნდეთ საკითხს იმის შესახებ, თუ რამდენად შეეძლო ბიზანტიის საიმპერატორო კარის კურაპალატობას ხელი შეეშალა დავით ბაგრატიონისათვის სათავეში ჩადგომოდა გამაერთიანებელ მოძრაობას საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გ. მელიქიშვილი რამდენადმე აზვიადებს იმპერიის იმდროინდელ (X ს. 70-იანი წლები) საგარეოპოლიტიკურ პოტენციალს და შესაძლებლად მიიჩნევს მის აქტიურ ჩარევას საქართველოს საშიანაო საქმეებში 975-978 წლებშიც კი. ჩვენი აზრით, არავითარი საფუძველი არა გვაქვს ამგვარი მტკიცებისათვის.
თუ ჩავუკვირდებით იმდროინდელი ბიზანტიის საშინაო თუ საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას, არ შეიძლება არ დავრწმუნდეთ იმპერიის სრულ უძლურებაში არათუ ჩაერიოს სხვა ქვეყნების (კერძოდ საქართველოს) შინაურ საქმეებში, არამედ დამოუკიდებლად გადაჭრას ის პოლიტიკური გართულებები, რომლებიც თავს დაატყდა ბასილი II-ის მთავრობას X ს. 70-იან წლებში.
პირველ რიგში, შევეხოთ საშინაო-პოლიტიკურ მდგომარეობას. როგორც ცნობილია, X ს. 70-იანი წლების II ნახევრიდან ბიზანტიის იმპერიის საშინაო საქმეები მეტად აიწეწა. ეს გამოწვეული იყო იმ ხანგრძლივი შინაომით, რომელმაც მოიცვა ბიზანტია 976-979 წლებში. ისარგებლა რა ბასილი II-სა და კონსტანტინე VIII-ის მცირეწლოვნებით, კონსტანტინოპოლის ხელისუფლებას აუჯანყდა მცირე აზიის სამხედრო-ფეოდალური არისტოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი ბარდა სკლიაროსი; მისმა ჯარებმა 978 წ. პირველ ნახევარში მოიპოვეს მთელი რიგი წარმატებები ბასილი კეისრის მომხრეებზე და უაღრესად სერიოზული საფრთხე შეუქმნეს მაკედონელთა დინასტიის ბატონობას იმპერიაში.1 თუ რამდენად მძიმე და სერიოზული იყო ვითარება მმართველი დინასტიისათვის, აშკარა ხდება სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონაცის (ასოღიკი) თხზულებიდან: „სკლიაროსმა ორად გაყო ბერძენთა სამეფო და ბითვინიამდე მივიდა. ოთხი წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა მეფე ბასილთან და სისხლით იყო შეღებილი მთელი მხარე... ომი მოედო მთელს საბერძნეთს, ისე, რომ სოფელი სოფელთან და ქალაქი ქალაქთან ჩაება ომში (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.) და ყველგან სისხლი იღვრებოდა. საშინელი შიმშილი დაიწყო მთელ სამეფოში, ყოველდღიურად იზრდებოდა ქალაქებში და მოედნებზე ადამიანთა გვამების რიცხვი“.2
1. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии во второй половине X – первой четверти XIв. – История Византии, т. II, გვ. 218; Н. Ю. Ломоури. К истории восстания Варды Склира, - თსუ შრომები, ტ. 67. თბ., 1957, გვ. 29-31; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 31.
2. Всеобщая история Степаноса Таронского – Асохика по прозванию, писателя XI столетия. Перевод с армянского Н. Эмина. М., 1864, გვ. 134; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 32; ე. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველობიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში. - მრავალთავი, II. თბ., 1973, გვ. 170-171.
ასეთი მძიმე სიტუაციიდან ბასილი კეისრის ხელისუფლება გამოიყვანა ტაოს მმართველმა დავით კურაპალატმა. საისტორიო წყაროებში, როგორც ქართულსა და სომხურში, ისე ბიზანტიურშიც დაფიქსირებულია დავით კურაპალატის მიერ მაკედონელთა დინასტიისათვის გაწეული შემწეობის ფაქტი, მაგრამ ქართულ-სომხური მასალებისაგან განსხვავებით, ბიზანტიური წყაროები (კედრენე) მხოლოდ გაკვრით იხსენიებენ დავითის დახმარებას და ქართული ლაშქრის მონაწილეობას ბარდა ფოკას „ქართველთა კურაპალატთან“ მეგობრობით ხსნიან.1
ბიზანტიურ ტრადიციებზე2 დაყრდნობით ზოგიერთი რუსი და ევროპელი მკვლევარი ცალმხრივად აშუქებდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში ქართველთა მონაწილეობის საკითხს და ფაქტობრივად უგულებელყოფდა დავით კურაპალატის როლს სკლიაროსის დამარცხების საქმეში.3 ქართველმა მეცნიერებმა არაერთხელ მიუთითეს ამ თვალსაზრისის მცდარობაზე და სათანადო მასალების მოშველიებით, დამაჯერებლად აჩვენეს, რომ ამბოხებული სკლიაროსის წინააღმდეგ ქართველთა ლაშქრის გამოსვლის წინაპირობა იყო არა ბარდა ფოკასთან დავით კურაპალატის მეგობრობა, არამედ კონკრეტული შეთანხმება იმპერიის მესვეურებთან, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს მოიცავდა.
1. გიორგი კედრენე. ქრონოგრაფია. - გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, ტ. V. თბ., 1963, გვ. 30.
2. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: სომეხი ისტორიკოსის ნ. ადონცის თორნიკე ბერისადმი მიძღვნილი სპეციალური ნაშრომი: „Thornik le Moine (Etude Armeno-Bizantiqes“. Lisbonne, 1965, გვ. 298-308). ამ შრომის კრიტიკული ანალიზი მოცემულია: შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და დასავლეთ ევროპასთან. თბ., 1984, გვ. 25-30.
3. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии.., გვ. 218; Г.Ф. Герцберг. История Византии. Перевод, примечания и приложения П. В. Безобразова. М., 1896, გვ. 167; Г. Гельцер. Очерк политической истории Византии. – Очерки по истории Византии. Под редакцией и предисловием В. К. Бенешевича. Вып. I, 1912, გვ. 100; Ш. Диль. История Византии. М., 1948, გვ. 92; G. Ostrogorsky. Geschichte des byzantinischen Staates. München, 1940, გვ. 211-212; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 46-47; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები.., გვ. 16.
ამჯერად, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას - ეს საკმაოდ საფუძვლიანადაა გაკეთებული ისტორიოგრაფიაში,1 ხაზი გვინდა გავუსვათ მხოლოდ შემდეგ გარემოებას. მიმართვის ის ფორმა, რომელსაც იყენებს კონსტანტინოპოლის ხელისუფლება დავით კურაპალატთან მოლაპარაკებებისას და რომელიც დაფიქსირებულია გიორგი მთაწმინდელის თხზულებაში („წიგნები ვედრებისაი დაწერეს“), აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ იმპერიას იმ დროს არ შეეძლო მოქცეოდა დავითს ისე, როგორც ჩვეულებრივ ვასალს და მოეთხოვა მისგან აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოსვლა.
რამდენად გადაჭარბებულიც არ უნდა მოგვეჩვენოს გიორგი მთაწმინდელის მიერ აღწერილი სურათი,2 ძნელია დავეჭვდეთ იმაში, რომ დავით კურაპალატი ამ შემთხვევაში მოჩანს, როგორც საკმაოდ დამოუკიდებელი ხელმწიფე, რომელიც იქით უყენებს პირობებს ბიზანტიის მთავრობას („ხოლო თორნიკ კურაპალატისა და თვისისა წიგნები მეფეთა წინაშე წარსცა და ყოველი ნება კურაპალატისა აუწყა და მაშინ მოსცნეს მეფეთა ზემონი ქუეყანანი3 საბერძნეთისანი კურაპალატსა, რათა თ¢სსა სიცოცხლესა ჰქონდინ“).4
1. მ. კახაძე. ქართველები ბიზანტიის პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. თბ., 1954, გვ. 38-41; გეორგიკა. ტ. V, გვ. 32-45; Н. Ю. Ломоури. К истории восстания Варды Склира, გვ. 29-31; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 36-39; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობა.., გვ. 19-45.
2. ამ ცნობის შესახებ დაწვრილებით იხ.: შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან.., გვ. 26-38.
3. ამ სამფლობელოების ბოძების იურიდიული ბუნების საკითხისათვის დაწვრილებით იხ.: კ. კეკელიძე. ორი ექვთიმე ძველ ქართულ მწერლობაში. - ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. IV. თბ., 1957, გვ. 82; პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. მწერალი X საუკუნისა. თბ., 1954, გვ. 524-525; ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია, ივ. ჯავახიშვილი. საქართველოს ისტორია, ნაწ. I. თბ., 1946, გვ. 158; С. Н. Джанашия. Об одном примере искажения исторической правды.., გვ. 28-29; Н. Ю. Ломоури. К истории восстания Варды Склира.., გვ. 32; Н. Ш. Асатиани, В. И. Копалиани, Ш. А. Месхия, Э. В. Хоштария. Некоторые замечания ко второму тому «История Византии». – Вопросы истории, № 9, 1969, გვ. 179-180; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 36; შ. ბადრიძე. საქართველო და ბიზანტია (პოლიტიკურ ურთიერთობათა უმთავრესი დეტალის დადგენისათვის), - მნათობი, 1974, 2, გვ. 166-174; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასა და დასავლეთ ევროპასთან, გვ. 57-73.
რასაკვირველია, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ დავით კურაპალატმა მთლიანად გაითავისუფლა თავი ბიზანტიის „მფარველობისაგან“ (თუმცა აშკარაა, რომ ქართველი მეფე-მთავრები, შესაძლებლობისამებრ, ცდილობდნენ თავი დაეღწიათ ბიზანტიელთა გავლენისაგან).2 საერთაშორისო არენაზე „ქართველთა“ სამეფო ჯერ კიდევ განიხილებოდა „ბიზანტიის ქვეყნად“ - საკურაპალატოდ, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ დავითი წარმოადგენდა იმპერიის რიგით ვასალს და „მთელი მისი საქმიანობა (ქართლში ბაგრატის მმართველად დასმა და „აფხაზი“ დიდებულებისაგან მძევლების აყვანაც კი - ზ.პ.) კონსტანტინოპოლის საიმპერატორო კარის მუდმივი (ე.ი. 975-978 წლებშიც კი - ზ.პ.) კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა.3 ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ აკად. ივ. ჯავახიშვილის ცნობილი შენიშვნა იმის შესახებ, რომ „კეისრის უფლება საქართველოში არასდროს მაინც უბრალო მფარველობისა და გავლენის ზღვარს არ გადასცილებია, სამეფოს შინაურ საქმეებში გარევის უფლება არა ჰქონია“.4 ვფიქრობთ, რომ თუ ეს სტატუსი ვინმეზე ვრცელდებოდა, პირველ რიგში ისეთ მოღვაწეზე, როგორიც იყო დავით ტაოელი.
1. გიორგი მთაწმინდელი. ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩვენისა იოვანესი და ეფთვიმესი. - ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა). თბ., 1978, გვ. 229 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. Н. Ю. Ломоури. К истории восстания Варды Склира.., გვ. 42.
3. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 16.
4. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II. - თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. II. თბ., 1983, გვ. 112, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.
ძნელი წარმოსადგენია, რომ ბასილი II-ის მთავრობას, რომელიც, ფაქტობრივად, სულს ღაფავდა და იქით საჭიროებდა ქართველი კურაპალატის მხარდაჭერასა და დახმარებას, შეეზღუდა ამ უკანასკნელის აქტიურობა და არ მიეცა მისთვის საშუალება გამოსულიყო „საქართველო-კავკასიის ფარგლებში დიდი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ინიციატორად და განმახორციელებლად“. ბიზანტიის იმპერია ამ დროს მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ აქციებში ვერ იჩენდა საჭირო სიმტკიცეს, მარცხს მარცხზე განიცდიდა და ამით სერიოზულად დაბლა სცემდა თავის ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, X ს. 70-იანი წლების II ნახევრიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე კონსტანტინოპოლს უფრო მეტი მარცხი ჰქონდა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე, ვიდრე წარმატება. ამ მხრივ, პირველ რიგში, ყურადსაღებია წარუმატებლობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ბიზანტიამ არათუ ვერ ჩაახშო ბულგარელთა აჯანყება (დაიწყო 976 წელს), არამედ საერთოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ბულგარეთის ერთიანი სამეფოს წარმოქმნას, ხოლო 986 წელს ბულგარელებმა ისეთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ბასილი II-ის ჯარებს, რომლის მსგავსი ბიზანტიას არ ეგემა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.1
1. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии.., გვ. 218. იხ. აგრეთვე: В. Г. Василевский. К истории 976-986 гг. – Журнал Министерства народного просвещения (შემდგომ: ЖМНП), ч. 184, 1876; А. Л. Липовский. Из истории греко-болгарской борьбы в X-XI вв. М., 1960, გვ. 261-263; П. П. Петров. Восстание Петра и Бояна в 976 г. и борьба комитопулов с Византией. – Byzantinobulgarica, т. I. Sofia, 1962, გვ. 121-144.
არც აღმოსავლეთით ჰქონია რაიმე სერიოზული წარმატება ბიზანტიის იმპერიას, სადაც მის მთავარ მოწინააღმდეგედ გამოდიოდნენ ეგვიპტის ფატიმიდი ხალიფები, რომლებიც სულ უფრო მოიწევდნენ სირიისაკენ და ემუქრებოდნენ აქ ბიზანტიის სამფლობელოებს. ბიზანტიის დამოუკიდებლობისაგან თავის დაღწევა სცადა ალეპოს ემირმაც, რომელმაც ისარგებლა რა ბარდა სკლიაროსის აჯანყებით, დაარღვია 969 წ. ხელშეკრულება და უარი თქვა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარკის გადახდაზე.1 X ს. 80-იან წლებში ბიზანტიის ხელისუფლებას არაერთხელ მოუხდა ალეპოს მმართველების დაშოშმინება და მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისისათვის მიაღწია ბასილი II-მ სასურველ შედეგს ამ მიმართულებით - განამტკიცა თავისი კავშირი ალეპოს ემირთან. თუმცა ბიზანტიის ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო ამ საამიროს შენარჩუნება.
90-იან წლებში ფატიმიდებმა რამდენჯერმე დაამარცხეს ბიზანტიელთა ჯარები, ხოლო XI ს. დასაწყისში (1015-1016 წწ.) მათ საერთოდ მოახერხეს ალეპოს დამორჩილება.2 მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერიამ ბასილი II-ის ხელმწიფობის წლებში საგარეო პოლიტიკაში მიაღწია დიდ წარმატებებს და საგრძნობლად აიწია თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი,3 ამ, თავისი დროის უდავოდ თვალსაჩინო, პოლიტიკური მოღვაწის მმართველობის ხანაში იყო პერიოდი, როდესაც იმპერიის საგარეო-პოლიტიკური ძლიერება რამდენადმე შეირყა, და ის შესაფერის კონტროლს ვერ უწევდა მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ქრონოლოგიურად ეს პერიოდი სწორედ იმ დროს დაემთხვა, როდესაც გამაერთიანებელმა ძალებმა საქართველოში შეძლეს გადაედგათ პირველი ნაბიჯები ქართული ქვეყნების ერთი მმართველის ხელისუფლების ქვეშ მოქცევისათვის.
1. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика.., გვ. 224.
2. იქვე, გვ. 225.
3. იქვე, გვ. 225.
ასეთ ვითარებაში, საეჭვოა, რომ ბიზანტიის იმპერიას შეძლებოდა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებისათვის ხელის შეშლა. თუ ბიზანტიის იმპერიას კვლავინდებურად (974, 978 წლებშიც კი) შეეძლო გაეწია კონტროლი კურაპალატის საქმიანობისათვის საქართველოში და დაეშვა აქ მხოლოდ ის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც თვით მოსწონდა (მაგალითად, ბაგრატის ქართლში გაბატონებით თავისი ვასალის - დავით კურაპალატის სამფლობელოების გაფართოება), რატომ ვერ შეძლო იმპერიის ხელისუფლებამ (თუნდაც ენერგიული ვასალის - დავით ტაოელის მეშვეობით) უფრო მედგარი წინააღმდეგობის გაწევა (ვიდრე მძევლების აყვანა იყო) ბაგრატის „აფხაზეთში“ გამეფებისათვის. ასევე გაუგებარია, რატომ არ უნდა დავინახოთ დავით კურაპალატის 989 წ. გამოსვლაში (როდესაც ის ბასილი კეისრის წინააღმდეგ მებრძოლ ბარდა ფოკას ამოუდგა მხარში) ანტიბიზანტიური აქტი, რომელიც მიმართული იყო იქითკენ, რომ ტაოს მმართველი უფრო მტკიცედ დაუფლებოდა იმ მიწა-წყალს, რომელიც მას 979 წელს იმპერატორმა მხოლოდ სიცოცხლის პერიოდში მფლობელობის პირობით უბოძა.1
1. გ. მელიქიშვილი შენიშნავს, რომ დავით კურაპალატი არც ერთ მომენტში არ შეიძლება ჩაითვალოს საერთოდ იმპერიასთან „თავისი სამფლობელოების სრული დამოუკიდებლობისათვის და ბიზანტიისგან სრული ჩამოშორებისათვის“ მებრძოლად. ამასთან, მეცნიერი, ფაქტობრივად, გვერდს უვლის დავითის ზემოაღნიშნულ გამოსვლას ბასილი კეისრის წინააღმდეგ 989 წელს და ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ, ჩვენის აზრით, უდავოდ საფუძვლიან მოსაზრებას (ვ. კოპალიანი, მ. ლორთქიფანიძე, შ. ბადრიძე და სხვები), რომლის მიხედვითაც, დავითის გამოსვლა ბარდა ფოკას მხარეზე ახსნილია კურაპალატისათვის 979 წელს „ზემო ქვეყნების“ პირობითად გადაცემით გამოწვეული უკმაყოფილებით, მხოლოდ ვარაუდად აცხადებს. (იხ.: გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 17). ამასთან დაკავშირებით სწორად შენიშნავს ე. ცაგარეიშვილი, რომ დავით კურაპალატის პოზიცია ჯერ 976-979-სა და შემდეგ 986-989 წლების ამბებში აშკარად მიუთითებს მის ნომინალურ დამოკიდებულებაზე ბიზანტიის იმპერიისადმი, დავით კურაპალატი „ყოველ თავის მოქმედებაში, - წერს მკვლევარი, - უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობდა საკუთარი ინტერესებით და არა ბიზანტიის იმპერიის საჭიროებებით“ და აქვე დასძენს, რომ იმიერტაოს მმართველი დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ე. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ XXI საუკუნეებში. - „მრავალთავი“. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, II. თბ., 1973, გვ. 161).
ისტორიოგრაფიაში საკმაოდ კარგად არის შესწავლილი დავით კურაპალატის 987-989 წლების ბარდა ფოკას აჯანყებაში მონაწილეობის საკითხი. მკვლევარები ერთხმად მიუთითებენ, რომ ტაოს მმართველის გამოსვლა ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანაყებაში გამოწვეული იყო იმით, რომ ე.წ. „ზემონი ქვეყანანი“, რომლებიც უბოძა დავით კურაპალატს ბასილი II-მ ბარდა სკლიაროსის ამბოხების ჩახშობაში გაწეული დახმარებისათვის, დავითის ხელში გადავიდა არა მემკვიდრეობით, არამედ მხოლოდ პირობით მმართველობაში („თავისა სიცოცხლესა ჰქონდინ“).1 ამჯერად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მოვლენის ყოველმხრივ გაშუქებას, მაგრამ ზოგიერთი ჩვენთვის საინტერესო საკითხის დასაზუსტებლად საჭიროდ მიგვაჩნია ყურადღების გამახვილება ბარდა ფოკას აჯანყებისა და მასში დავით კურაპალატის მონაწილეობის ცალკეულ ასპექტებზე.
1. დაწვრილებით იხ.: მ. კახაძე. ქართველები ბიზანტიის პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში, გვ. 40-41; პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე, გვ. 67. Н. Ю. Ломоури. К истории восстания Варды Склира.., გვ. 29-46. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 50-58; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 479-480; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან და.., გვ. 67.
როგორც უკვე აღინიშნა, 986 წ. 17 აგვისტოს ბიზანტიის ჯარები განადგურებულ იქნა ბულგარელების მიერ.1 ამ საგარეო-პოლიტიკურმა მარცხმა ერთბაშად დაძაბა შინაპოლიტიკური ვითარება და 987 წ. დასაწყისში იფეთქა ახალმა აჯანყებამ. მაკედონელთა დინასტიის წინააღმდეგ ამჯერადაც გამოვიდა ბარდა სკლიაროსი. აჯანყების ჩახშობა ბასილი კეისარმა დაავალა ბარდა ფოკას, მაგრამ ამ უკანასკნელმა თვითონ გამოაცხადა თავი იმპერატორად და დაიძრა კონსტანტინოპოლისაკენ.2 ბარდა ფოკამ მოტყუების გზით შეძლო ბარდა სკლიაროსის შეპყრობა, ხოლო მისი რაზმები თავის ჯართან გააერთიანა.3 ფოკა დაუკავშირდა დავით კურაპალატსაც და სთხოვა დახმარება.
1. ამის შესახებ იხილეთ ზემოთ.
2. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии.., გვ. 219.
3. იქვე, გვ. 219.
ტაოს მმართველმა ბიზანტიელ სარდალს „მიაშველა მონა თვისი ათასი მხედრითა და აგრეთვე ალხალიდიის მფლობელი პატრიკოსები, ბაგრატის ორი ვაჟი, ათასი ცხენოსნით“.1 მაგრამ ბასილი კეისარმა მოახერხა ძალების მოკრება2 და 989 წ. 13 აპრილს აბიდოსთან გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა ამბოხებულებს.3 ბარდა ფოკას აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბასილი II მოიცალა დავით კურაპალატისათვისაც.
1. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების შესახებ X ს. ბოლო მეოთხედსა და XI ს. პირველ მეოთხედში. — ქართული წყაროთმცოდნეობა, VI. თბ., 1986, გვ. 115.
2. ბასილი კეისარმა მოიშველა რუსთა 6-ათასიანი რაზმი, რომელიც მას გაუგზავნა კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმერ სვიატოსლავის ძემ. სწორედ ამ მაშველი ჯარის წყალობით ჩაახშო იმპერატორმა ამბოხება, ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: В. Г. Василевский. Русско-варяжеская и варяго-английская дружина в Константинополе. – Труды В. Г. Василевского, т. I. СПБ, 1908, გვ. 316-325; Г. Г. Литаврин. Византия и Русь. – История Византии, т. II. М., 1967, გვ. 235-236; В. Т. Пашуто. Внешнаяя политика Древней Руси. М., 1968, გვ. 74.
3. ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ბარდა ფოკას მოულოდნელმა სიკვდილმა, რომლის შემდეგ აჯანყებულებმა, ფაქტობრივად, შეწყვიტეს წინააღმდეგობა, ხოლო ბარდა სკლიაროსმა, რომელიც გათავისუფლებულ იქნა ფოკას სიკვდილის შემდეგ, იმპერატორთან მორიგება არჩია. Г. Г. Литаврин. Внутренняя и внешняя политика Византии, გვ. 219.
საინტერესო მასალას გვაწვდის ამის თაობაზე იაჰია ანტიოქიელი: „განრისხებული იყო ბასილი მეფე ტაოს პატრონ დავით ქართველთა მეფეზე და ბაგრატის1 ორ ვაჟზე იმის გამო, რომ მათ დახმარება გაუწიეს ფოკას, და გააგზავნა ჯარი მათ წინააღმდეგ პატრიკიოს ჯაქრუსის მეთაურობით. მან ბრძოლა გაუმართა ბაგრატის ვაჟებს და უფროსი მოკლა, ხოლო უმცროსი გადაასახლა. დავით ქართველთა მეფემ პატიება და შეწყალება ითხოვა, ბასილს მორჩილება განუცხადა და აღუთქვა, რომ ვინაიდან თვითონ ძლიერი მოხუცი იყო, ხოლო ვაჟი და სხვა მემკვიდრე არ გააჩნდა, გარდაცვალების შემდეგ თავისი სამფლობელო მის სახელმწიფოს შეერთებოდა. იგი მეფეს სთხოვდა, რომ ნება დაერთო, გაეგზავნა დიდებულები სამეფო კარზე, რათა შეძლებოდა მიეღო მათგან ფიცი და პირობა იმისა, რომ თავიანთი პატრონის გარდაცვალებისთანავე მის ქვეყანას ჩააბარებდნენ. ბასილი მეფემ მოიწონა მისი მოქმედება და დანიშნა კურაპალატად,2 გაუგზავნა მას ძვირფასად მორთული ტანსაცმელი. დავითმა ჩაიცვა იგი და უბრძანა, მის სამეფოში ბასილ მეფეზე ელოცნათ. (შემდეგ კი) ქართველთა კათალიკოსი სახელმწიფოს სხვა მრავალ დიდებულთან ერთად მეფის კარზე გააგზავნა. მეფემ მათ ტიტულები ჩამოურიგა, მოწყალება უყო და ისინი დავითთან დაბრუნდნენ“.3 როგორც ვხედავთ, ბარდა ფოკას აჯანყებაში მონაწილეობა დავით კურაპალატს ძალიან ძვირად დაუჯდა. მან, ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი თავის სამფლობელოზე. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ის, რომ იაჰია ანტიოქიელი ამ აქტს განიხილავს როგორც სასჯელს, რომელიც დაადო იმპერატორმა თავის ურჩ ვასალს.
1. ბაგრატი იყო 967 წელს ბიზანტიის ხელისუფლების მიერ გაუქმებული ტარონის უკანასკნელი მეფის აშოტის ვაჟი, რომელიც ტარონის ერთ-ერთი თემის ალ-ხალიდიათის მმართველად იყო დანიშნული. დაწვრილებით იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 60.
2. იაჰია ანტიოქიელი აქ შეცდომას უშვებს. დავით ბაგრატიონს კურაპალატის ტიტული უფრო ადრე, ჯერ კიდევ 979 წელს მიენიჭა ბარდა სკლიაროსის პირველი აჯანყების ჩაქრობაში იმპერიის ხელისუფლებისათვის გაწეული დახმარებისათვის. ამის შესახებ იხ.: ივ. ჯავახიშვილი. ქართული პალეოგრაფია. თბ., 1949, გვ. 170; С. Н. Джанашия. Об одном примере искажения исторической правды.., გვ. 27; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა. - საქართველოს ისტორიიის ნარკვევები, ტ. II. თბ., 1973, გვ. 476; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 33, 68.
3. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების.., გვ. 115. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლება არცთუ იშვიათად მიმართავდა ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწისათვის ამგვარი „ანდერძის“ თავის მოხვევის მეთოდს და ამ გზით ახერხებდა მათი სამფლობელოების „მშვიდობიანად“ მიერთებას. ამის მკაფიო მაგალითია ბიზანტიელთა მიერ ვასპურაკანისა და ანისის სომხური სამეფოების გაუქმება და ამ ტერიტორიებზე უშუალოდ ბიზანტიური მფლობელობის დამყარება.1 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია მართებულად აზრი იმის შესახებ, რომ იმპერიის ცენტრალური ხელისუფლება არ იღწვოდა დავით კურაპალატის ძალაუფლების შესაზღუდავად, რომ „ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებდა (იმპერიის ხელისუფლება - ზ.პ.) მაშინაც კი, როდესაც იგი (ე.ი. დავით კურაპალატი - ზ.პ.) ერეოდა კეისრის ტახტის გარშემო ატეხილ ბრძოლებში და დამარცხებულის მხარეზე აღმოჩნდებოდა“.2 როგორც უკვე დავინახეთ, 989 წელს ბასილი II-მ არათუ არ შეზღუდა დავითის ხელისუფლება, არამედ საერთოდ ჩამოართვა სუვერენიტეტის ყოველგვარი ატრიბუტი, აიძულა რა ხელი მოეწერა ანდერძზე, რომლის მიხედვითაც კურაპალატის სიკვდილის შემდეგ მისი ქვეყანა მთლიანად გადადიოდა იმპერატორის ხელში.3
1. ამ საკითხზე საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა არსებობს. ყველა მკვლევარი, ვინც იხილავს აღნიშნული სომხური სამეფოების გაუქმებისა და ბიზანტიასთან სომხური ტერიტეორიების უშუალოდ შეერთების საკითხს, ერთხმად მიუთითებს, რომ ბიზანტიელთა მიერ სომეხი მეფეებისათვის მათთვის არასასურველი „ანდერძის“ თავს მოხვევა იყო სასჯელი იმ ანტიბიზანტიური საქმიანობისათვის, რომელსაც ეწეოდნენ ეს მეფეები (ვასპურაკანისა - სენექერიმ არწრუნი, ხოლო ანისისა - იოვანე-სუმბატი) საქართველო-ბიზანტიის 1021-1022 წლების კონფლიქტის დროს, როდესაც ისინი გიორგი I-ის მოკავშირეებად გამოდიოდნენ. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: С. Т. Еремян. Присоединение Северно-западных областей Армении к Византии в XI в. – Вестник общественных наук АН Армянской ССР, 1971, №3, გვ. 4-15; Р. М. Бартикян. К вопросу о политической ориентации Григория Магистра. – Страницы истории и филологии армянского народа. Ереван, 1971, გვ. 63-72; К. Н. Юзбашян. «Повествование» Аристакеса Ластивертци и закат «Эпохи Багратидов». Автореферат докт. дисс. Л., 1975, გვ. 9-12; В. П. Степаненко. О причинах и датировке передачи Васпуракана Византии, – Византийский временник, 38, 1977, გვ. 72-79; К. Н. Юзбашян. Скилица о захвате Анийского царства в 1045 г. – Византийский временник. 1979, გვ. 76-95; В. П. Степаненко. К идентификации личности «Веста» «Матиане Картлиса». – Византийский временник, 41, 1980, გვ. 163-172; В. А. Арутюнова- Фиданян. Армянские средневековые историки об экспансии Византийской империи на Восток в X-XI вв. – Историко-филологический журнал, №2, 1978, გვ. 15. C. Toumanoff. The Background to Manazckert. – Proceedings of the XIII-th Internatioanl Congress of Byzantine Stu{36}dies. London, 1968, გვ. 425; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 72.
2. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 17.
3. ისტორიოგრაფიაში არ არის ერთი აზრი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი სამფლობელოები უანდერძა დავით კურაპალატმა იმპერატორს. თავის დროზე აკად. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ დავითმა მთელი თავისი მიწა-წყალი დაუტოვა ბასილი II-ს (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II.., გვ. 128, 130). აკად ს. ჯანაშიას აზრით კი, ნაანდერძევ სამფლობელოებში უნდა იგულისხმებოდეს არა საკუთრივ იმიერტაო, არამედ ის „ზემონი ქვეყანანი“, რომლებიც 979 წელს ბასილი კეისარმა დროებით მფლობელობაში გადასცა დავით კურაპალატს (С. Н. Джанашия. Об одном примере искажения.., გვ. 29). ეს თვალსაზრისი უკანასკნელ ხანს ახალი არგუმენტებით გაამაგრა შ. ბადრიძემ (შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 70-71). ამ საკითხზე სპეციალურად შეჩერდა ვ. კოპალიანი, რომელმაც სამართლიანად მიუთითა, რომ ბასილი კეისარი მხოლოდ „ზემო ქვეყანათა“ დაბრუნებას არ დასჯერდებოდა, რადგან ეს ოლქები მას ისედაც ერგებოდა დავითის სიკვდილის შემდეგ და, ამრიგად, დავითი, ფაქტობრივად, დაუსჯელი რჩებოდა (ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 67). მ. ლორთქიფანიძეც ასევე ფიქრობს, რომ დავითი მთელ თავის სამფლობელოს უანდერძებდა ბიზანტიის იმპერატორს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ანდერძში „ზემო ქვეყნებზეც“ იყო ლაპარაკი (მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 481. იხ. აგრეთვე: მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე. - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. თბ., 1979, გვ. 157.) უკანასკნელ ხანს ამ საკითხს ყურადღება მიაქცია ბ. სილაგაძემ, რომელმაც შენიშნა, რომ იაჰია ანტიოქიელის ცნობის სათანადო ადგილას წერია: „და ჩაიბარა მეფემ აფხაზის (იგულისხმება დავით კურაპალატი - ზ.პ.) მთელი ქვეყანა“ ე.ი. დავით კურაპალატის სამეფო მთლიანად (ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 119, შენ. 5).
ამრიგად, დასკვნა, თითქოს ბიზანტია ითმენდა (შეიძლება მხარს უჭერდა კიდეც) დავით კურაპალატის აქტიურობას,1 რადგან {37} ის მაინც რჩებოდა იმპერიის ვასალად, ხოლო სულ სხვანაირად ექცეოდა ბაგრატ III-ს, „აფხაზთა“ სამეფოს, „რომლის სულ მცირე წინსვლაც... ბიზანტიის მხრით მკვეთრ რეაქციას იწვევდა“,2 მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ეს აზრი მით უფრო სადავოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ არ გაგვაჩნია არც ერთი ფაქტი ბასილი კეისრის რაიმე განსაკუთრებული „უკიდურესად მკვეთრი რეაქციისა“ ბაგრატის პოლიტიკის მიმართ. როგორც ცნობილია, 978-დან 1014 წლამდე, როდესაც ყველა ძირითადი ქართული რეგიონი („აფხაზეთი“ დასავლეთ საქართველო, ქართლი, კახეთ-ჰერეთი, ტაო-კლარჯეთი - იმიერ-ტაოს გამოკლებით) თანმიმდევრულად გაერთიანდა ერთიან სახელმწიფოში, ბასილი კეისრის მხრიდან ბაგრატ III-ის წინააღმდეგ არც ერთ სერიოზულ აქციას არ ჰქონია ადგილი.
მთელი ამ ხნის მანძილზე ბიზანტიის იმპერატორმა განახორციელა მხოლოდ ერთი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გაძლიერების გზაზე მდგარი ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ეს იყო 989 წ. „შეთანხმების“ შედეგად მისთვის „ნაანდერძევი“ დავით კურაპალატის სამემკვიდროს დაუფლება 1001 წელს, მაგრამ ამ ერთადერთ აქტს ბიზანტიის მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეში ჩარევისა ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში, როგორც ვნახეთ, ჰქონდა გარკვეული იურიდიული საფუძველი - 989 წ. „შეთანხმება-ანდერძი“, რომლის ძალითაც ბასილი II, როგორც „კანონიერი“ მემკვიდრე, იკავებდა გარდაცვლილი კურაპალატის სამფლობელოებს. ასე რომ, ბიზანტიის იმპერატორის მიერ დავით კურაპალატის სამემკვიდროს დაკავება „კანონიერი“ აქტი იყო და ის არ შეიძლება ჩაითვალოს ბაგრატ III-ის მიმართ ბიზანტიის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული „უკიდურესად მკვეთრი რეაქციის“ გამოვლინებად.
1. იგულისხმება ის აქტიურობა, რომელიც გამოიჩინა დავით კურაპალატმა ქართლში ბაგრატის დასმის დროს და არა მისი მოღვაწეობა X ს. 90-იან წლებში - ძლევამოსილი კამპანია მეზობელი მაჰმადიანი მფლობელების წინააღმდეგ, რომელიც, გ. მელიქიშვილის აზრით (ამავე შეხედულებას იზიარებენ ვ. კოპალიანი და მ. ლორთქიფანიძე), სანქცირებული იყო ბიზანტიის ხელისუფლების მიერ და შეესაბამებოდა კონსტანტინოპოლის პოლიტიკურ კურსს. იხ.: გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 16.
2. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 17.
989 წ. „შეთანხმებისა“ და დავით კურაპალატის ბიზანტიასთან ურთიერთობის პრობლებმის გაშუქებისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კიდევ ერთ, ფრიად მნიშვნელოვან საკითხს - ამ შეთანხმების „ანტიაფხაზურ“ ხასიათზე მსჯელობას. როგორც უკვე აღინიშნა, გ. მელიქიშვილი ყურადღებას ამახვილებს რა ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ ზოგიერთი წყაროს (იაჰია ანტიოქიელი) მიერ დავითის უშვილობის აღნიშვნა უნდა ნიშნავდეს ტაოს მმართველის მხრიდან ბაგრატ III-ისადმი ადრე მიცემული პირობის დარღვევას (მ. ლორთქიფანიძე),1 მიიჩნევს ამას აღნიშნული ხელშეკრულების „ანტიაფხაზური“ სულისკვეთების გამოვლინებად.2
საკითხის ასე დასმა არ უნდა იყოს გამართლებული. ვფიქრობთ, იაჰია ანტიოქიელის მიერ დავითის უშვილობის საგანგებო აღნიშვნა არაა უტყუარი არგუმენტი იმის ხელაღებით მტკიცებისათვის, თითქოს დავით კურაპალატი ამ დროისათვის უკვე აღარ თვლიდა ბაგრატ III-ს თავის მემკვიდრედ და რომ ამის მიზეზი იყო დავითსა და მის შვილობილს შორის რატი ბაღვაშის სამფლობელოების გარშემო 988 წელს ამტყდარი კონფლიქტი. როგორც სათანადო წყაროებიდან ირკვევა, 988 წელს დავით კურაპალატსა და ბაგრატ III-ს შორის მართლაც სერიოზულ შეხლაშემოხლას ჰქონდა ადგილი. მასში მონაწილეობა მიუღია, პრაქტიკულად, ყველა წამყვან პოლიტიკურ მოღვაწეს და აგრეთვე მეზობელი სომხეთის ლიდერებსაც.
1. М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских взаимоотношений на грани X-XI вв. – საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, II. თბ., 1972, გვ. 36.
2. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 19.
უმთავრესი საისტორიო წყაროს - „მატიანე ქართლისაის“ მიხედვით, ბაგრატ III-მ გაილაშქრა კლდეკარის ერისთავის - რატი ბაღვაშის წინააღმდეგ, რომელიც „არა მორჩილებდა კეთილად ბაგრატ მეფესა“, მაგრამ „აუწყეს (ეტყობა ეს რატიმ გააკეთა - ზ.პ.) მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არა სადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა“.1 დავით კურაპალატმა დაიჯერა ეს და მანაც „მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თვისსა და უხმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა“.2 ბაგრატ IIIს მიეშველა მამამისი - გურგენი, დავითს კი მხარში ამოუდგა „ქართუელთა მეფე“ ბაგრატ II (რეგუენი), რომელსაც „ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისაგან წაღებისა მეფობისასა“.3 დავითის ლაშქარმა სწრაფად იმოქმედა, ბაგრატის მოსვლამდე შეებრძოლა გურგენის ჯარს და გააქცია იგი. თრიალეთს მისულმა ბაგრატმა მზვერავი გააგზავნა დავითის ჯარში და „იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინააღმდეგობა... დაუტევნა სპანი თვისნი ადგილსა ზედა და თვით მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: „სხვისა არა რომლისათვის მოვედ, გარნა არა მორჩილებისათვის რატისა“. დავითმა დაუჯერა თავის შვილობილს და მისცა რატის დამორჩილების დასტური.4
როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ „მატიანის“ ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაგრატი მიდიოდა რატი ბაღვაშის შესაპყრობად, მის ნაამბობში არის ერთი ადგილი, რომელიც გვაეჭვებს „აფხაზთა“ მეფის კეთილ ზრახვებში თავისი გამზრდელის მიმართ: „გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ არა ეგებოდა წინააღმდეგობა დავით კურაპალატისა. მაშინ დაუტევა სპანი თვისნი ადგილსა ზედა, და თვით მარტო მოვიდა წინაშე მისსა, ითხოვა შენდობა და აუწყა: სხვისა არა რომლისათვის მოვედ, გარნა არა მორჩილებისათვის რატისა“.5 ე.ი. ბაგრატს რომ არ შეშინებოდა დავით კურაპალატის ჯარის სიმრავლისა, ის შეებრძოლებოდა თავის გამზრდელს.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 276-277.
2. იქვე.
3. იქვე.
4. იქვე.
5. იქვე. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
სწორედ „მატიანის“ ეს ცნობა აფიქრებინებთ მეცნიერებს, რომ ბაგრატ III იმთავითვე დავით კურაპალატის წინააღმდეგ მოდიოდა და რომ ეს გამოსვლა სავსებით კანონზომიერი იყო - იგი ბუნებრივად გამომდინარეობდა ბაგრატ III-ის მიერ ჩატარებული საერთო ღონისძიებებიდან, რომელიც მიზნად ისახავდა უკლებლივ ყველა ქართული რეგიონის ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებას.1 მაგრამ „აფხაზთა“ მეფემ, ეტყობა, სათანადოდ ვერ გაითვალისწინა კონფლიქტის მასშტაბები და დამარცხების შიშით უკან დახევა ამჯობინა.2 ყურადღება ექცევა, აგრეთვე, სტეფანოს ტარონაცის მონაცემებსაც, რომლებიც მოწმობენ, რომ კონფლიქტის მთავარი მიზეზი იყო უთანხმოება ბაგრატ II „ქართველთა“ მეფესა და მის შვილს გურგენს შორის.3
ჩვენ არაფერი გვაქვს ამ მოსაზრების საწინააღმდეგო და ვფიქრობთ, რომ ის უდავოდ არ არის საფუძველს მოკლებილი. მაგრამ მაინც უფრო ლოგიკურად მიგვაჩნია, რომ დავით კურაპალატისა და ბაგრატ III-ის ეს კონფლიქტი გაუგებრობის ნიადაგზე ყოფილიყო აღმოცენებული. მართლაც, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად ბაგრატ III მოდიოდა კლდეკარის ერისთავის შესაპყრობად, მაგრამ ამ უკანასკნელმა „ნაცად ხერხს“ (ნ. ბერძენიშვილი) მიმართა, „დაასმინა“ ბაგრატ მეფე დავით კურაპალატთან და დაარწმუნა იმაში, რომ „აფხაზთა“ მეფე იმიერ-ტაოს დასაპყრობად მოდიოდა.4 ამ თვალსაზრისით, ყურადსაღებია ერთი გარემოება, რომელიც, ამგვარ დაშვებას უნდა ამართლებდეს. მხედველობაში გვაქვს „მატიანე ქართლისაის“ მინიშნება იმაზე, რომ სანამ ბაგრატ III თრიალეთს მიაღწევდა, დავითის ჯარს უკვე გურგენის ლაშქარი დამარცხებული ჰყავდა. საინტერესოა ისიც, რომ კურაპალატმა პირველმა შეუტია მოწინააღმდეგეს. ე.ი. მანამ, სანამ ბაგრატ III მოვიდოდა სამხრეთ საქართველოში, დავით კურაპალატი (ცხადია, ეს რატი ბაღვაშის ავანტიურის შედეგი იყო) უკვე მოქმედებდა მის წინააღმდეგ და გურგენი - ბაგრატ III-ის მამა და მთავარი მოკავშირე - დამარცხებულიც კი ჰყავდა. ასეთ სიტუაციაში „აფხაზთა“ მეფე შესაძლებელია განაწყენდა კიდეც თავის გამზრდელზე და დააპირა მასთან შებრძოლება, მაგრამ რახან შეამჩნია, რომ ძალთა თანაფარდობა მის მხარეზე არ იყო, უკანდახევა არჩია.
1. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს.., გვ. 156. {40}
2. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 156.
3. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 180-181; М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских.., გვ. 36.
4. უნდა აღინიშნოს, რომ ნ. ბერძენიშვილიც ვარაუდობდა, რომ რატი ბაღვაშმა მიმართა დავით კურაპალატს. იხ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VII. თბ., 1974, გვ. 14.
მოვლენათა ამგვარი მსვლელობა ჩვენ უფრო ბუნებრივად მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაღვაშების სამფლობელოს გარშემო უწინაც არაერთხელ დაძაბულა ურთიერთობა „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფეებს შორის, რომლის დროსაც „ქართველეთა“ მეფეები, როგორც წესი, ტრადიციულად იცავდნენ კლდეკარის საერისთავოს „აფხაზთა“ მეფეების ხელყოფისაგან.1 საფიქრებელია, რომ ბაგრატ III-ს დავითის ეს გამოსვლა რატი ბაღვაშის დაცვის სურვილით აეხსნა და ეს მიეჩნია იმ პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო აქტად, რომელსაც ასე თანმიმდევრულად ატარებდა ახალგაზრდა „აფხაზთა“ მეფე და რომლის უკან აქამდე იდგა თვით დავით კურაპალატი.
ამ შემთხვევაში ბაგრატ მეფისათვის, რასაკვირველია, გაუგებარი და უაღრესად საწყენი იქნებოდა მოხუცი მამობილის გამოსვლა და, შესაძლებელია, განაწყენებულმა ძალის წინააღმდეგ თვითონაც ძალის გამოყენება გადაწყვიტა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ არ გააკეთა, რომ ის მეტოქის რიცხობრივმა უპირატესობამ შეაშინა. უდავოა, რომ დავით კურაპალატმა დაუჯერა თავის შვილობილს და საქმის გამოძიების შემდეგ ის კმაყოფილი დარჩა, რადგან დართო რატის დამორჩილების ნება. „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელი უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ვითარცა სახედ გწადიან“.2 ე.ი., როგორც ვხედავთ, კონფლიქტი ამით ამოწურულა და ბაგრატ III გამობრუნებულა „სიხარულითა სავსე“. რამდენიმე ხნის შემდეგ კი: „ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა,3 მოვიდა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოადგა კლდე-კართა. იხილა რა ესე რატი გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თვისი ბაგრატს, და თ¢ით დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს“.4
1. დაწვრილ. იხ.: ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VII, გვ. 12-14.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 277.
3. ეს უნდა იყოს 988-989 წლების ზამთარი. იხ.: ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II.., გვ. 177; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო.., გვ. 158.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 277-278.
ამრიგად, ბაგრატ III-მ მიაღწია დასახულ მიზანს. მან დაიმორჩილა განდგომილი ვასალი. ესე იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნისა და ცენტრალური ხელისუფლების შემდგომი განმტკიცების გზაზე. ამ საქმეში, როგორც დავინახეთ, ბაგრატ III-ისათვის დავით კურაპალატს ხელი არ შეუშლია. ეს გვაფიქრებინებს, რომ დავით კურაპალატსა და ბაგრატ III-ს შორის მამაშვილური ურთიერთობა არ დარღვეულა და მსჯელობა იმის თაობაზე, თითქოს დავით კურაპალატი 988 წლის კონფლიქტის შემდეგ არ თვლიდა ბაგრატს თავის მემკვიდრედ, ასე უცილობლად მისაღები არ უნდა იყოს.1
1. ამ საკითხზე მსჯელობისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ა. აბდალაძის მიერ ამ ბოლო დროს წამოყენებულ მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს დავით კურაპალატისა და ბაგრატ III-ის 988 წ. კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი იყო ბაგრატ „აფხაზთა“ მეფის ლტოლვა გამიჯვნოდა თავის მამობილსა და გამზრდელს და გამოსულიყო მისი უზენაესობიდან, რადგან ამ უკანასკნელს დასჯა ელოდა კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში მონაწილეობისათვის. ალ. აბდალაძის აზრით, დავით კურაპალატისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი ბაგრატს ადრეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „აფხაზთა“ მეფის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ უნდა გაეძლიერებინა შიშს, რომ ბასილი II პრეტენზიას განაცხადებდა დამარცხებული დავით კურაპალატისადმი დაქვემდებარებული ბაგრატ III-ის სამფლობელოზეც. აქვე მკვლევარი იმასაც დასძენს, რომ ბაგრატ III-ს, შესაძლოა, განეზრახა ბიზანტიისათვის დასწრება და დავით კურაპალატის სამფლობელოს ან, მისი ერთი ნაწილის მაინც, დაკავება (ალ. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 253, 255). ალ. აბდალაძის ეს დასკვნა ძნელი გასაზიარებელია. ჯერ ერთი, არა გვაქვს არავითარი საფუძველი ბაგრატ III-ის „აფხაზთა“ სამეფო (მიუხედავად იმისა, რომ ბაგრატის დასავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე დასმაში იმიერტაოს მმართველმა გადამწყვეტი როლი შეასრულა) მივიჩნიოთ „ქართველთა“ კურაპალატისადმი იურიდიულად დაქვემდებარებულ (საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსით მაინც) პოლიტიკურ ერთეულად. საერთო-ქართულ პოლიტიკურ სამყაროში დავით კურაპალატის რეალური ლიდერობა, რასაკვირველია, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია არა საქმის ფაქტობრივი, არამედ იურიდიული მხარე. ამ მხრივ კი აშკარაა, რომ დავითის იურიდიული უფლებები არა თუ „აფხაზთა“, არამედ თვით „ქართველთა“ სამეფოზეც კი არ ვრცელდებოდა, სადაც, როგორც ცნობილია, ამ დროს, მეფობდა ბაგრატ II „რეგუენი“. გარდა ამისა, ჩვენ არ გაგვაჩნია არც ერთი ფაქტი (თუ მხედველობაში არ მივიღებთ რატი ბაღვაშის სამფლობელოების ირგვლივ ატეხილ დავას, რომელიც როგორც უკვე გავარკვიეთ, სავსებით შესაძლებელია, უბრალო გაუგებრობის შედეგი ყოფილიყო) ბაგრატ-დავითის დაპირისპირებისა. პირიქით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს (და ამაზე ქვემოთაც გვექნება მსჯელობა), რომ დავითი სიცოცხლის ბოლომდე ენერგიულად ზრუნავდა ბაგრატ III-ის პოზიციების განმტკიცებისათვის. ამასთან, საერთოდ ძნელი დასაჯერებელია, რომ ბაგრატ III-სა და მის ახლომდგომთ ჯერ კიდევ 988 წელს შეძლებოდათ წინასწარ განეჭვრეტა, თუ რა სასჯელს დაადებდა ბიზანტიის იმპერატორი 989 წელს დავით ბაგრატიონს და აგრეთვე, თუ რამდენად შეძლებდა ბასილი მეფე, მოხუცი კურაპალატის სიკვდილის შემდეგ, რეალურად დამუქრებოდა მისი გაზრდილის - ბაგრატ III-ის სახელმწიფოს.
აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია იმის მტკიცება, თითქოს დავით კურაპალატი იმიტომ იყო გამოცხადებული უშვილოდ და უმემკვიდრეოდ იაჰია ანტიოქიელის თხზულებაში, რომ 988 წლის ამბების შემდეგ ტაოს მმართველი არ თვლიდა თავის მემკვიდრედ ბაგრატ „აფხაზთა„ მეფეს. ასევე არ არის გამართლებული ამის საფუძველზე ბასილი კეისარსა და დავით კურაპალატს შორის 989 წელს დადებულ „შეთანხმებაში“ „ანტიაფხაზური“ მიმართულების ძიება. ე.ი. იმის თქმა, რომ დავით კურაპალატმა იმიტომ გადასცა თავისი მიწა-წყალი ბიზანტიის კეისარს, რომ მას ამ დროისათვის ბაგრატ III-ისადმი, როგორც მემკვიდრისადმი, თავისი დამოკიდებულება გადასინჯული ჰქონდა.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, მისაღები იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ გვექნებოდა იმისი დამამტკიცებელი მასალა, რომ დავით კურაპალატმა ნებით გადასცა იმპერატორს თავისი ქვეყანა, რომ ტაოს მმართველს, როგორც იმპერიის ერთგულ ვასალს, მართლაც, არ აწყობდა დანარჩენ საქართველოსთან იმიერტაოს შერწყმა. იგი „აფხაზთა“ მეფისგან თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, თანახმა იყო სიკვდილის შემდეგ ეს ტერიტორია საქართველოს საერთოდ ჩამოშორებოდა და ბიზანტიას გადასცემოდა. ასეთი მასალა კი, როგორც ვნახეთ, არა გვაქვს. პირიქით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დავით კურაპალატმა სწორად ვერ შეაფასა ძალთა თანაფარდობა, ნაჩქარევად დაუჭირა მხარი ბასილი კეისრის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხებას და დაისაჯა კიდევაც ამის გამო. ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრაც, რომ 989 წ. „შეთანხმება“ ისევე თავსმოხვეული იყო ურჩი ვასალისათვის, როგორც ზემოთხსენებული ანალოგიური „შეთანხმება“ ანისის მეფე იოვანე-სუმბატთან, რომლის ძალითაც, როგორც უკვე აღინიშნა, ბიზანტიამ მიიტაცა ეს პოლიტიკური ერთეული. ერთი სიტყვით, დავით კურაპალატმა იმიტომ კი არ უანდერძა ბასილი II-ს თავისი მიწა-წყალი, რომ ის ბაგრატ III-ს არ ჩავარდნოდა, არამედ იმიტომ, რომ მას თავის გადარჩენის სხვა საშუალება არ აღმოაჩნდა და იძულებული შეიქნა ამ მძიმე ხვედრს შერიგებოდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს ძალზე თვალნათლივ ჩანს იაჰია ანტიოქიელის თხზულების ზემოთ მოტანილი ნაწყვეტიდან - „განრისხებული იყო ბასილი მეფე ტაოს პატრონ დავით ქართველთა მეფეზე... დავით ქართველთა მეფემ პატიება ითხოვა, ბასილს მორჩილება განუცხადა და „აღუთქვა... იგი მეფეს სთხოვდა“ და სხვა.1
ამრიგად, თამამად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დავით კურაპალატი თავისი ნება-სურვილით არ დათანხმებულა ბასილი კეისრის პირობებზე. რაც შეეხება იაჰია ანტიოქიელის მიერ დავითის უშვილობის ხსენებას, ეს ადვილი ასახსნელი უნდა იყოს. ბიზანტიის იმპერიაში ალბათ კარგად იცოდნენ, რომ დავით ბაგრატიონი მართლაც უშვილო იყო და პოლიტიკური მარცხით დაუძლურებულ მოხუც კურაპალატს ალბათ გაუჭირდებოდა ძლევამოსილი იმპერატორისათვის აეხსნა, თუ რატომ იყო „აფხაზთა“ მეფე - ბაგრატი - მისი შვილი. ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის 988 წელს მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კიდევ ერთ საინტერესო საკითხს, რომელიც ამ უკანასკნელ ხანს წამოიჭრა და უშუალოდ არის დაკავშირებული ქართული პოლიტიკური ერთეულების ბიზანტიასთან ურთიერთობის პრობლემასთან ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პერიოდში. მხედველობაში გვაქვს მ. ლორთქიფანიძის ჰიპოთეზა იმის შესახებ, თითქოს 988 წელს ბაგრატ-დავითის კონფლიქტი ინსპირირებული ყოფილიყოს კონსტანტინოპოლის მიერ.2
1. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის.., გვ. 115. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино.., გვ. 36-37.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზანტიის ხელისუფლება არ შეიძლებოდა ყოფილიყო უშუალოდ მის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ საზღვრებთან გაერთიანებული ძლიერი სახელმწიფოს შექმნის მოსურნე, რომელიც უთუოდ დაუპირისპირდებოდა იმპერიის ინტერესებს აღმოსავლეთში. ამდენად, ბუნებრივია, საიმპერატორო კარი შეეცდებოდა გამოეყენებინა ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე გამაერთიანებელი პროცესების შესაჩერებლად. მ. ლორთქიფანიძე სავსებით სამართლიანად მიუთითებს რა ამ გარემოებაზე, უშვებს, რომ 988 წელს, შესაძლებელია, ბიზანტიამ შესძლო დავით კურაპალატისა და მისი შვილობილის წაკიდება.1 მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბარდა ფოკას წინააღმდეგ ბრძოლაში ბასილი კეისარი საკმაოდ მასშტაბურად მოქმედებდა და ახერხებდა არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული ძალების მობილიზებას, არამედ ამყარებდა, ფართო საერთაშორისო კონტაქტებს და მეზობელი სახელმწიფოების ძალებსაც იშველიებდა (იგულისხმება კავშირი კიევის რუსეთთან - ზ.პ.).
ყოველივე ამის გათვალისწინებით მ. ლორთქიფანიძე შესაძლებლად მიიჩნევს ბასილი კეისრის მიერ „აფხაზთა“ მეფის ჩაბმას ბარდა ფოკას მოკავშირე დავით კურაპალატის წინააღმდეგ. მეცნიერის აზრით, ამგვარი დაშვების სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს ის ფაქტი, რომ, როდესაც 1001 წელს დავით ბაგრატიონი გარდაიცვალა, ტაოში მოსულ იმპერატორს გარდაცვლილი კურაპალატის სამემკვიდრეოს მიღების იმედით ეახლნენ ბაგრატ „აფხაზთა“ მეფე და გურგენ „ქართველთა“ მეფე.2 თუ გავიხსენებთ, რომ ბასილი კეისარი 989 წ. ხელშეკრულებით თვითონ იყო გამოცხადებული ტაოს მმართველის მემკვიდრედ - აღნიშნავს მ. ლორთქიფანიძე, გაუგებარია, რის საფუძველზე ჰქონდა ბაგრატ III-ს კურაპალატის სამამკვიდრეოს მიღების იმედი. მკვლევრის ვარაუდით, გამორიცხული არაა, რომ ეს დაკავშირებული იყო იმ სამსახურთან, რომელიც მან გაუწია იმპერატორს 988 წელს (ე.ი. როცა „აფხაზთა“ მეფე გამოვიდა დავითის წინააღმდეგ).3
ეს მოსაზრება მთლიანად აგებულია იმაზე, რომ 988 წელს ბაგრატ III იმთავითვე დავით კურაპალატის წინააღმდეგ გამოვიდა და რატი ბაღვაშის წინააღმდეგ ლაშქრობის ვერსია მხოლოდ ტაოს მმართველის ყურადღების მოსადუნებლად გამიზნული მანევრი იყო.4 ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ეს დასკვნა მაინცდამაინც უკრიტიკოდ მისაღები არ უნდა იყოს. ბაგრატისაგან განდგომა და მისთვის, როგორც ერთადერთ მემკვიდრეზე, უარის თქმა, რაც თითქოს 989 წელს მოხდა, ნიშნავდა გამაერთიანებელლი მოძრაობისაგან დავითის ჩამოშორებას.
1. М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских.., გვ. 36-37.
2. იქვე, გვ. 37.
3. იქვე, გვ. 37.
4. იქვე, გვ. 36.
ვფიქრობთ, რომ „მატიანე ქართლისაის“ ზემოთ განხილული მასალა, აგრეთვე დავით კურაპალატის მთელი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მოღვბაწეობა არ უნდა გვაძლევდეს ასეთი შორს მიმავალი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ჩვენ არა თუ არ გვგონია, რომ დავით კურაპალატმა გადასინჯა თავისი დამოკიდებულება ბაგრატ III-ის მიმართ და უარი თქვა მასზე, როგორც მემკვიდრეზე, არამედ გვიჭირს იმის დაშვებაც კი, რომ მან საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და 989 წლის შემდეგ საერთოდ არ უცდია მდგომარეობის გამოსწორება. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს დავით ტაოელის სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობა X ს. 90-იან წლებში.
როგორც ცნობილია, X ს. 90-იან წლებში დავით კურაპალატმა განავითარა მძლავრი შეტევა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მისი ამ შეტევის ობიექტი გახდა ის სომხური მხარეები და ქალაქები, რომლებიც ამ დროისათვის არაბთა მფლობელობაში იყვნენ შესული და რომელთაც დიდი ხანია მაჰმადიანი ამირები განაგებდნენ.1 ეს საამიროები, არაბთა სახალიფოს ნანგრევებზე აღმოცენებულ სხვა მუსლიმურ- პოლიტიკურ ერთეულებთან ერთად, ბიზანტიის იმპერიას არ ეპუებოდნენ და შესაძლებლობისამებრ ცდილობდნენ ამიერკავკასიაში თავიანთი გავლენის დამყარებას.2
1. ესენია ქალაქები: ხლათი, არჭეში, მანაზკერტი, ბერქერი და სხვ. დაწვრილებით იხ.: Н. В. Скабаланович. Византийское государство и церковь. СПБ, 1884, გვ. 191; Я. А. Манандян. О торговле и городах Армении в связи с мировой торговлей древних времен. Ереван, 1954, გვ. 215-219; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 68; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 482; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 51.
2. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 40.
ეს გარემოება აიძულებდა ქართველ და სომეხ პოლიტიკურ მოღვაწეებს ფხიზლად ყოფილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში ენერგიულად ებრძოლათ ამ საამიროების წინააღმდეგ. სწორედ ამით იყო განპირობებული დავით კურაპალატის გამოსვლაც 990 წელს, როდესაც მან ისარგებლა ნეპერკერტის (მაიაფარიკინის) ამირა ბადის1 გარდაცვალებით და ალყა შემოარტყა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს მანასკერტს, რომელიც ამავე დროს მსხვილ სავაჭროეკონომიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა.2 დავით კურაპალატმა აიღო ეს ქალაქი და იქ ქართველები და სომხები ჩაასახლა.3
მანასკერტის დაცემამ აამხედრა მაჰმადიანური სამყარო და მათ უმალ მიმართეს საპასუხო ღონისძიებებს. მუსლიმ ხელისუფალთა გაერთიანებულ ლაშქარს აზერბაიჯანის ცნობილი ამირა მამლან ბ. აბუ-ლ-ჰაიჯა ჩაუდგა სათავეში.4 დავით კურაპალატმა თავის მხრივ, „ქართველთა“ მეფე ბაგრატ II, ანისის მეფე გაგიკ I და ვანანდის მეფე აბასი მოიშველია და ბაგრევანდის მხარეში ქ. ვალაშკერტში დაიბანაკა.5 მაგრამ მაჰმადიანებმა თავი მოარიდეს ბრძოლას და უკან გაბრუნდნენ. გზად მათ მოაოხრეს ბაგრევანდის მხარის ბევრი სოფელი.6
1. ბადი იყო მაიაფარიკინის მარვანიანთა ქურთული დინასტიის ფუძემდებელი. К. Босворт. Мусульманские династии.., გვ. 87-88; А. Тер-Геводян. Арабские эмираты в Армении при Багратидах. – Краткие сообщения института народов Азии, 47, 1961, გვ. 74; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 186.
2. დაწვრილ. იხ.: Я. А. Манандян. О торговле и городах Армении, გვ. 215-219; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 68.
3. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 191; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 69; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების.., გვ. 482.
4. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 40, 186. ამის შესახებ იხ. აგრეთვე: М. Х. Шарифли. Феодальные государства Азербайджана второй половины IX-XI вв. Баку, 1965, გვ. 63-66.
5. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 191-192; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 483; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 186-187.
6. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 191-192; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 483; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 187.
ასე რომ, დავით კურაპალატმა ამ ეტაპზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და თავის კონტროლს დაუქვემდებარა სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი რეგიონი. მაგრამ კონფლიქტი მაჰმადიან ამირებთან ამით არ ამოწურულა, მოგვიანებით - 998 წელს კვლავ გამწვავდა ურთიერთობა მათთან. მამლან ბ. აბუ-ლ-ჰაიჯამ ამჯერად თავრიზში მოუყარა თავი თავის მოკავშირეებს და 100-ათასიანი ლაშქრით ტაოსკენ გამოეშურა.1 მაჰმადიანთა ჯარმა განვლო ვასპურაკანის ქვეყანა და აპაჰუნიკის ოლქში დაბანაკდა.2
დავით კურაპალატმაც არ დააყოვნა და თავის მხედრიონი შეაგება მტერს. აღსანიშნავია, რომ დავითის ლაშქარში სხვებთან (გაგიკ სომეხთა მეფისა და ვანანდის მეფე აბასის რაზმებთან) ერთად იყო „მეფეთ მეფე“ გურგენის მიერ გამოგზავნილი 6000 რჩეული მეომარი.3 გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა აპაჰუნიკის ოლქში, სოფ. წემბოსთან, რომელშიც ამირა მამლანის ჯარები სასტიკად დამარცხდნენ.4 ქართველ-სომეხთა ლაშქარმა გაქცეულ მტერს არჭეშამდე სდია და უკან დიიდ ალაფით დატვირთული მობრუნდა.5
ამრიგად, დავით კურაპალატმა თავისი მოღვაწეობის მიწურულს მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს მიაღწია და თავის ხელისუფლებას საბოლოოდ დაუმორჩილა ზემოხსენებული ტერიტორიები. ისტორიოგრაფიაში, ჩვენი აზრით, არცთუ უსაფუძვლოდაა შენიშნული, რომ ამ მხარეთა დაპყრობა ემსახურებოდა არა მართო სტრატეგიულ და სავაჭრო-ეკონომიკურ,6 არამედ ქართულ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამოცანებსაც.7
1. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 483; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 187
2. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 187
3. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 483; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 187.
4. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური.., გვ. 187.
5. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194-196; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური სამთავროები.., გვ. 483;
6. ჩვენ ზემოთაც აღვნიშნეთ ამ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა, ამჯერად დავუმატებთ იმას, რომ აქ გადიოდა იმდროინდელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მაგისტრალი, რომელზედაც მდებარეობდა ქალაქები: არწნი, თეოდოსიოპული (ანუ არზრუმი - ქართული კარნუ-ქალაქი), და რომელიც სახალიფოდან არტანუჯის გავლით დვინზე გადიოდა და ტრაპეზუნისკენ მიემართებოდა. ეს სავაჭრო გზა ტაოკლარჯეთის დიდ მატერიალურ შემოსავალს აძლევდა, ამდენად, ბუნებრივია, დავით კურაპალატის სურვილი მტკიცედ დაპატრონებოდა ამ სავაჭრო არტერიას. ამის შესახებ დაწვრილებით იხ. Я. А. Манандян. О торговле и городах Армении, გვ. 214; ლ. ჭილაშვილი. ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, II. თბ., 1970; გვ. 87-96; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური.., გვ. 484.
7 მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების.., გვ. 484. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ტარონელის ერთი ცნობა, რომელსაც ყურადღება მიაქცია მ. ლორთქიფანიძემ, და რომელიც მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ დავით ბაგრატიონი, უპირველეს ყოვლისა, იღწვოდა დაკავებული ტერიტორიების გაქართველებისათვის.1 მოგვყავს ეს ცნობა რუსული თარგმანის მიხედვით: „Армянскую церковь, бывшую за городской стеною, архиерейский дворец, места, куда в цветущее их время ходили армяне на поклонение, (церковь) во имя святого креста и святого Гамалийла – все это обращено было в конюшни и стоянки для иверийского войска. С городских стен Татчики кричали: «так ли вы, христяне, чествуете святыню христианскую?» Иверийцы отвечали: «Мы одинаково смотрим на армянскую церковь и на вашу мечеть»“.2
როგორც ვხედავთ, სომეხი მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოლაშქრე იბერიელები სომხურ ეკლესიებსა და მუსლიმურ მეჩეთებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავდნენ. რასაკვირველია, ქართველ მეომართა ამგვარი განწყობილება შემთხვევითი არ უნდა იყოს. ის ერთგვარი გამოვლინება იყო იმ აშკარად გამოხატული ქართული პოლიტიკისა, რომელსაც დღენიადაგ ატარებდა დავით კურაპალატი.3 ჩვენ ამ გარემოებას იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ ძნელად დასაჯერებლად მიგვაჩნია აზრი იმის შესახებ, თითქოს დავით კურაპალატის მთელი ეს კამპანია X ს. 90-იან წლებში, რომელიც ასე წარმატებით დამთავრდა, მხოლოდ და მხოლოდ კონსტანტინოპოლის სანქციით იყო განხორციელებული და მარტო ბიზანტიის იმპერიის სასიცოცხლო ინტერესებს ემსახურებოდა.
1. М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских.., gv. 40.
2. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 193; М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских.., gv. 40.
3. М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских.., გვ. 40. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება დავივიწყოთ ის დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც წარმართავდა დავით კურაპალატი და რომელიც მისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ორგანული ნაწილი იყო. აფასებდა რა დავით ბაგრატიონის როლს ქართული ეროვნული ცხოვრების გამოცოცხლებაში, აკად. ნ. ბერძენიშვილი სამართლიანად მიუთითებდა, რომ ის იყო „დიდი პოლიტიკოსი, დიდი პროგრესული მოღვაწე, დიდი პატრიოტი... ქართული კულტურისათვის ესოდენ დიდ ჭირნახულობა მან იმით დააგვირგვინა, რომ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას მტკიცე საფუძველი დაუდო. ქალკედონიტი დავით კურაპალატი, - წერდა ნ. ბერძენიშვილი, - ბიზანტის კულტურულსა და პოლიტიკურ სამყაროში ქართული ეროვნული შეგნების მესაჭე და მოღვაწეა, ქართულ ენას დავითის ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის აქ განსაკუთრებულ როლს თამაშობს (ამის მოწმობაა ტაოელი ქართველების ეს განსაკუთრებული ზრუნვა ქართულ ენაზე, ქართულ კულტურაზე. ათონზე ტაოელთა იდეა ბატონობს...), დავითის ფული ქართული ზედწერილით, დავითის მშენებლობა (ქართული წარწერანი), დავითის დროშა-ჯვარი ქართული წარწერით, დავითის ქვეყანაში ქართული სავანეები... დავითის დაუცხრომელი ზრუნვა ქართული ქრისტიანული ლიტერატურის გამდიდრებაგავრცელებისათვის, ყველაფერი ეს მოწმობს, რომ ამ მეფის პოლიტიკაში ქართულ ენას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანა აკისრია“. ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება.., გვ. 23-24 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ამ საკითხზე იხ. აგრეთვე: შ. ბადრიძე. პირველ ათონელთა მოღვაწეობის ისტორული ფონი. - ივირონი. ათონის ქართველთა მონასტერის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული. თბ., 1983, გვ. 56-70; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 52.
სავსებით სამართლიანად მიუთითებს შ. ბადრიძე ამ შეხედულების მცდარობაზე და აღნიშნავს, რომ უცნაური და გაუგებარი იქნებოდა დავითის მხრივ თავისი მოლაშქრეების სისხლის დაღვრა „იმ ტერიტორიების ასაღებად, რომელიც მისი აზრით, ფატალურად იყვნენ განწირულნი ბიზანტიის მფლობელობაში გადასასვლელად... თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, როგორი ენერგიით იბრძვის დავითი 90-იან წლებში 979 წელს ნაბოძები მიწების ერთი ნაწილის შემოსამტკიცებლად, - განაგრძობს მკვლევარი, - არ ვიქნებით შემცდარი, თუ ვიფიქრებთ, რომ ბარდა ფოკას დამარცხების შემდეგაც კი დავით დიდი თავის რეალურ და უახლოეს მემკვიდრეებად, კვლავ ქართველ ბაგრატიონებს თვლიდა (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.), ბიზანტია კი, მისი აზრით, საკურაპალტოს ასეთივე მესაკუთრე იყო, როგორც წინა პერიოდში“.1
დავით ბაგრატიონს 988 წლის შემდეგ რომ არ გადაუხვევია 975 წელს აღებული კურსიდან და არ დაურღვევია თავისი მამაშვილური დამოკიდებულება ბაგრატ III-ის სამეფო სახლის მიმართ, იქიდანაც ჩანს, რომ 998 წლის კამპანიის დროს მის მოკავშირეთა შორის ვხედავთ გურგენ „მეფეთ მეფეს“ - იმ გურგენს, რომელმაც 988 წლის კონფლიქტის დროს სასტიკი მარცხი იგემა ტაოს ლიდერისაგან და რომელიც, ამის შემდეგ, თავის შვილთან ბაგრატ III-სთან ერთად, ბუნებრივია, მტრად უნდა მოკიდებოდა მოხუც კურაპალატს.
გურგენის მონაწილეობის ახსნა 998 წლის კამპანიაში გაჭირდება იმის დაშვებით, თითქოს 988 წლის კონფლიქტის შემდეგ დამარცხებული გურგენი დავითის ყურმოჭრილ მონად იქცა და ამიტომ ამოუდგა მას მხარში მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერ ერთი, ძნელი წარმოსადგენია, რომ ბიზანტიასთან კრახგანცდილ კურაპალატს შეძლებოდა სხვა ქართველი მოღვაწეებისაგან, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მოეთხოვა ძველებური მორჩილება, და მეორეც, მოვლენათა მსვლელობას თუ იმგვარად გავიაზრებთ, რომ დავითი ხლათ-არჭეშის დალაშქვრით მხოლოდ ბიზანტიის საქმეს აკეთებდა, მაშინ მით უფრო წარმოუდგენელია მისთვის ამ საქმეში დახმარება გაეწია გურგენს, რომელიც, როგორც შემდგომ დავინახეთ, არაერთხელ დაპირისპირებია ბიზანტიის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას აღმოსავლეთში.
1. შ. ბადრიძე. საქართველო და ბიზანტია.., გვ. 55; შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან.., გვ. 68-69. მკვლევრის ამ დასკვნას წინ უძღვის ვრცელი და დამაჯერებელი მსჯელობა ბიზანტიის იმპერატორის მიერ 979 წელს „ზემო ქვეყნების“ დავით კურაპალატისათვის „ბოძების“ იურიდიული შინაარსის დადგენისა და საერთოდ ბიზანტია-ტაო-კლარჯეთის ურთიერთობის ხასიათზე. დაწვრილ. იხ.: შ. ბადრიძე. საქართველოს ურთიერთობები ბიზანტიასთან და.., გვ. 57-67.
ერთი სიტყვით, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ X ს. 90-იანი წლების კამპანია, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავდა დავითის „საბრძანებლის საზღვრების გაფართოებას“, რომლის თავისი შვილობილისათვის გადაცემის იმედი მას არასდროს არ დაუკარგავს.1 სწორედ ამით უნდა აიხსნას დავით ბაგრატიონის ასეთი ენერგიული გამოსვლა მაჰმადიანური საემიროების წინააღმდეგ და ის აქტიური მხარდაჭერაც, რომელიც მას აღმოუჩინა „მეფეთ-მეფე“ გურგენმა და, რომელიც ასევე იღწვოდა თავისი სამეფო ერთადერთი მემკვიდრისათვის - ბაგრატ „აფხაზთა“ მეფისათვის დაეტოვებინა.
ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს კიდევ ერთ გარემოებას, რომელიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ დავით კურაპალატი ნამდვილად არ აპირებდა იმპერატორისადმი მიცემული პირობის შესრულებას და მისთვის თავისი ქვეყნის დატოვებას. მხედველობაში გვაქვს XI ს. სომეხი ისტორიკოსის არისტაკეს ლასტივერტცის ცნობა დავით კურაპალატის მოწამვლის შესახებ.
მოგვითხრობს რა დავითის გარდაცვალების შემდეგ ბასილი კეისრის მოსვლაზე ტაოში, არისტაკესი წერს: „თვითმპყრობელი მეფე ბასილი, თავისი მეფობის ოცდამეხუთე წელს, დაიძრა მძიმედ შეიარაღებული, გამოემართა და მოაღწია ეკეღეაცის გავარს,2 ისე რომ, ბევრ ადგილას არც კი შეჩერებულა. ტაოელ აზნაურთა ჯარი შეეგება მას. თითოეული მათგანი ღირსეულად იყო მისგან (ე.ი. იმპერატორისგან - ზ.პ.) განდიდებული ძღვენით, მიაღწიეს რა ძლევამოსილებას, პატივსა და დიდებას, ფრიად განიხარეს. მაგრამ აღსრულდა მათზე სულიწმინდის შთაგონებით მომღერლის, დავითის წინასწარმეტყველება... მეფე გადავიდა აღორის ქვეყანაში3 და ჰავაჭიჭის ციხის4 მახლობლად ღამე გაათია. არ ვიცი რა მიზეზით, დასავლეთის ჯარი, რომელსაც რუზები ერქვა და აზნაურთა გუნდი, ერთმანეთს შეეტაკნენ. იმავე ადგილას აზნაურთაგან ფრიად საპატიო ოცდაათი კაცი დაიღუპა.5 ეს მათ ტყუილუბრალოდ არ შემთხვევიათ, რადგანაც მათ დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს სასმელს, შეასვეს მას (დავით კურაპალატს - ზ.პ.), ღამით მოახრჩვეს ნეტარი არსება. მათ მობეზრდათ მისი არსებობა. ყოველივე ეს გააკეთეს იმ დაპირებებისათვის, რომელიც მათ მეფემ (ე.ი. ბასილი II-მ - ზ.პ.) აღუთქვა. ამისათვის ღმერთმა სამართლიანად მიუზღო (აზნაურებს) სამაგიერო მათი საქმეების შესაფერისად. ამ დღეს ტაოელთაგან არც ერთი აზნაური არ გადარჩენილა. მათ ბოლო მოუღო მოულოდნელმა სიკვდილმა და განაშორა სიცოცხლეს“.6
1. სავსებით სამართლიანად მიუთითებდა აკად. ივ. ჯავახიშვილი, რომ მიუხედავად იმპერატორთან დადებული ხელშეკრულებისა, დავით კურაპალატი არ კარგავდა თავისი სამფლობელოების ბაგრატ III-ისათვის დატოვების იმედს. იხ.: ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 128, 130.
2. ამ ოლქისა და ჩამოთვლილი სხვა გეოგრაფიული სახელების შესახებ დაწვრილებით იხილეთ ელ. ცაგარეიშვილის კომენტარები დართული არისტაკეს ლასტივერტცის თხზულების მის მიერ გამოცემული ქართული თარგმანისადმი (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1974, გვ. 138-139).
3. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, ქართული.., გვ. 140.
4. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, ქართული.., გვ. 140.
5. ამ კონფლიქტის შესახებ დაწვრილებით იხ. З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических.., გვ. 27-29.
6. არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 41 (ხაზგასმა ჩვენია). დავითის მოკვლის ფაქტს უფრო დაწვრილებით აღწერს მათეოს ურჰაეციც: „რამდენიმე წლის შემდეგ მათ - (ე.ი. აზნაურებმა - ზ.პ.) ბოროტება განიზრახეს წმინდა და მართალი მთავრის დავითის მიმართ: (გადაწყვიტეს) მისი მოკვლა. კაენისა და სხვა მკვლელთა მსგავსი ბოროტი მთავრები ამხედრდნენ და თავიანთი ბოროტი ზრახვებით შეაშინეს ქართველთა ქვეყნის ეპისკოპოსი. ამ ილარიონმა ღმერთი კვლავ ჯვარზე გააკრა, რადგანაც ცხოველმყოფელი სისხლი და ხორცი ქრისტესი სასიკვდილო წამალს შეჰრია და მხსნელი მკვლელი შეიქნა. შემდეგ კი მკვლელმა თავისი ძღვენი პირში ჩაუდო წმინდა მთავარს; ღვთის მოყვარე დავითმა იცოდა (ყოველივე), არაფერი არ თქვა, არამედ აიღო განსაკუთრებული წამალი და მით დაიყუჩა სხეულის სატკივარი, ხოლო ურჯულო ეპისკოპოსი ილარიონი კვლავ აღენთო ბოროტი განზრახვით, (ერთ დღეს), შევიდა მის ოთახში და ვიდრე კეთილმსახურ დავითს მშვიდი ძილით ეძინა, აიღო მისი ბალიში, დაადო დავითს პირზე, ზედ დაეცა ძლიერი ძალით და წამებით მოახრჩო ღვთის მოყვარე დავით კურაპალატი. რამდენიმე წლის შემდეგ ბასილი მეფემ შეიპყრო ურჯულო ეპისკოპოსი ილარიონი, დიდი ქვა შეაბა მის კისერზე და ... სხვა... მომხრე აზნაურებთან ერთად ზღვაში ჩააგდო. ასე ამოწყდნენ ისინი წყევლით“ (მათე ურჰაელი. ისტორია, ნაწილი პირველი — ელ. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების შესახებ X-XI საუკუნეებში. — მრავალთავი, II. თბ., 1973, გვ. 198-199. იხ. აგრეთვე, ელ. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტეცი და მისი „ისტორია“.., გვ. 19-20). როგორც ვხედავთ, არისტაკესისგან განსხვავებით, მათეოს ურჰაეცი, რატომღაც, არაფერს ამბობს ბასილი კეისრის მონაწილეობაზე დავითის მკვლელობაში და მთლიანად ამ აქტს „ბოროტ მთავრებს“ მიაწერს. უფრო მეტიც, ბიზანტიის იმპერატორი სომეხ ისტორიკოსს „სამართლიანობის დამცველადაც“ გამოჰყავს, რომელმაც შური იძია დავით კურაპალატის მოკვლისათვის და სასტიკად დასაჯა დავითის მკვლელები. მათეოს ურჰაეცის მონათხრობს იმეორებს ძირითადად სომეხი ისტორიკოსი სუმბატ სპარაპეტიც (იხ. სუმბატ სპარაპეტი. მატიანე. - ელ. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის.., გვ. 200-201).
ეს ცნობა მრავალმხრივ არის საინტერესო, მაგრამ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი რამ - მასში პირდაპირ არის ნათქვამი ის, რომ დავით კურაპალატის სიკვდილი მისი სიბერით არ იყო გამოწვეული, რომ ის მოწამლეს საკუთარმა დიდებულებმა უშუალოდ ბიზანტიის იმპერატორის დავალებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ არისტაკეს ლასტივერტეცი უაღრესად გათვითცნობიერებული (განსაკუთრებით ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლური პოლიტიკის საკითხებში)1 ისტორიკოსია და მისი ცნობების რეალურობაში ძნელია ეჭვის შეტანა. ამდენად, მის მიერ მოტანილი ფაქტები დავით ბაგრატიონის მოწამვლის შესახებ, ძალზე მნიშვნელოვანია.
1. აი რას წერს ამასთან დაკავშირებით კ. იუზბაშიანი: „Осведомленность Аристакеса в вопросах, связанных с византийской действительностью, носила не только книжный характер, так как он происходил из той части Армении, которая с конца IX в. Была включениа в состав империи“. К. Н. Юзбашян. Аристакес Ластивертци и его исторический труд. – „Повествование“ вардапета Аристакэса Ластивертци. Перевод с древнеармянского, вступительная статья, комментарии и приложения К. Н. Юзбашяна. М., 1968, გვ. 24. ამ საკითხზე დაწვრილებით იხ. აგრეთვე ე. ცაგარეიშვილი. არისტაკეს ლასტივერტეცი და მისი „ისტორია“. - არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 24.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, რამ აიძულა ბასილი II მიემართა ასეთი რადიკალური ზომებისათვის? განა მხოლოდ იმან, რომ ის ბოლომდე არ ენდობოდა იმიერტაოს მმართველს და, უბრალოდ, „შესაფერის მომენტს ეძებდა მის მიერ დავით კურაპლატისათვის ბოძებული მიწა-წყლის კვლავ უკან დასაბრუნებლად“, როგორც ამას ფიქრობს ელ. ცაგარეიშვილი?1 არა გვგონია. ჯერ ერთი, ბასილი კეისარი 989 წლის შემდეგ ითვლებოდა კურაპალატის მემკვიდრედ და ისედაც ერგებოდა დავითის მიწა-წყალი და მეორეც, ტაოს მმართველი X ს. მიწურულისათვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო2 და იმპერატორს დიდი ხნის ლოდინი არ დასჭირდებოდა ნაანდერძევი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად.
მაშ, რაში დასჭირდა ბიზანტიის ხელმწიფეს მოვლენების ფორსირება და მოხუცი კურაპალატის გზიდან ჩამოცილება? ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე ის შეიძლება იყოს, რომ ამ დროისათვის ცბიერი კეისარი რატომღაც დაეჭვდა თავისი ვასალის ერთგულებაში. ეტყობა, ამ დროისათვის მოხდა ისეთი რამ, რამაც დაარწმუნა იმპერატორი იმაში, რომ კურაპალატი არ აპირებდა თავისი პირობის შესრულებას და ამიტომ მისი მოშორება გადაწყვიტა. ნიშანდობლივია ასევე ტაოელ დიდებულთა პოზიციაც. ისინი მხარში ამოუდგნენ ბასილი II-ს და საჩქაროდ ჩააბარეს იმიერტაო, რისთვისაც მისგან დიდება და პატივი დაიმსახურეს.
1. ელ. ცაგარეიშვილი. სომხური წყაროები.., გვ. 164. {55}
2. ცნობილია, რომ 998 წ. ლაშქრობაში ამირა მამლანის წინააღმდეგ, დავით კურაპალატმა მოხუცებულობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო და ამიტომ სარდლად გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე დანიშნა (იხ.: Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 194-196; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 129; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების.., გვ. 483).
რა იყო ტაოელ დიდაზნაურთა ასეთი აჩქარების მიზეზი? რა ისეთი აუტანელი პირობები შეექმნათ მათ მაინც და მაინც მაშინ, როდესაც დავით კურაპალატი საცაა უნდა მომკვდარიყო? ვფიქრობთ, ამ მოვლენების ერთადერთი ახსნა შეიძლება მხოლოდ იმაში ვეძიოთ, რომ ორივე მხარეს, როგორც ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებას, ისე დავითის ხელქვეით მყოფ აზნაურებს, ეშინოდათ დანარჩენ საქართველოსთან იმიერტაოს მიერთების და იქ ბაგრატ III-ის ერთპიროვნული სამეფო ხელისუფლების დამყარებისა. ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს ფეოდალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტიპური სიტუაცია, როდესაც აკად. ნ. ბერძენიშვილის მოსწრებული თქმით იშლება „ყოველივე ეროვნული საზღვარი, კლასობრივი ინტერესების დაკმაყოფილების იმპერატივის ქვეშ“.1 სავსებით დასაშვებია, რომ იგრძნო რა სიკვდილის მოახლოება, დავით კურაპალატმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები კეისართან დადებული „შეთანხმების“ დარღვევისა და, შესაძლებელია, სიცოცხლეშივე, მთელი თავისი მიწა-წყალის ბაგრატ III-ისათვის გადასაცემად.
ეს, ალბათ, განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა 990 და 998 წლების სამხედრო კამპანიის დროს, როდესაც დავით კურაპალატმა, როგორც ზემოთ დავინახეთ, განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლის მიზანი იყო დაპყრობილ ტერიტორიებზე არა ბიზანტიური მფლობელობის დამყარება, არამედ იქ ქართული მოსახლეობის ჩასახლება და ამ მხარის მთლიანად გაქართველება. ამას კი, რასაკვირველია, ვერ მოითმენდა ბიზანტიის ხელისუფლება და მანაც საპასუხო ღონისძიებები არ დააყოვნა.2 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, დაბეჯითებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი მსჯელობა 989 წელს ბასილი კეისარსა და დავით კურაპალატს შორის დადებული „შეთანხმების“ „ანტიაფხაზურ“ (ე.ი. ბაგრატ III-ის სახელმწიფოს საწინააღმდეგო) მიმართულებაზე საფუძველს მოკლებულია.
ამრიგად, ჩვენი დაკვირვებები დავით კურაპალატის საშინაო თუ საგარეო-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ იმიერტაოს მმართველის ვასალური დამოკიდებულება ბიზანტიის საიმპერატორო კარისადმი (90-იან წლებამდე მაინც) საკმაოდ ფორმალური იყო, ფაქტობრივად გამორიცხავდა იმპერიის აქტიურ ჩარევას საქართველოს საშინაო საქმეებში და დავითის გამაერთიანებელი საქმიანობისათვის ხელის შეშლას, მით უფრო, რომ ბიზანტიას ამის საბაბი არც ექნებოდა, რადგან არც ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლა ბიზანტიის ჰეგემონობის წინააღმდეგ ბრძოლის დროშის ქვეშ ეწარმოებინათ.
1. ნ. ბერძენიშვილი. კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება.., გვ. 22 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. ეხება რა ამ საკითხებს ალ. აბდალაძე ასევე საეჭვოდ არ მიიჩნევს, რომ ბიზანტიის მესვეურებმა მოაწყვეს დავით კურაპალატის მკვლელობა. მკვლევრის აზრით, 989 წლის ანდერძი არ იყო გულწრფელი და ბიზანტიის იმპერიას სულაც არ ჰქონდა გარანტირებული დავით კურაპალატის სიკვდილის შემდეგ მთელი მისი სამფლობელოს ხელში ჩაგდება და ამიტომ კეისარს აფიქრებდა კიდეც დავითის წარმატებები. (ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში.., გვ. 247). დავით კურაპალატს ბასილი კეისრის აგენტების მიერ მოწამლულად თვლის აგრეთვე ვ. სტეპანენკოც. (იხ. В. П. Степаненко. К датировке получения сана курапалата Давидом II, Багратидом Тао. - თსუ შრომები, ტ. 227. თბ., 1982, გვ. 76-77). განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ საკითხზე ცნობილ ქართველ ისტორიკოსს ზ. ავალიშვილის, რომელსაც სომხურ წყაროებში ასახული ვერსია დავით კურაპალატის მოკვლის შესახებ ანტიბერძნულ და ანტიქალკედონიტურ წრეში გაჩენილად მიაჩნდა და მას მაინც და მაინც სანდოდ არ თვლიდა. ამასთან, მეცნიერი უშვებდა, რომ დავით კურაპალატი შეიძლებოდა თავისი სიკვდილით არ მომკვდარიყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში მის სიკვდილში ის ბაგრატ III-ის ხელს ხედავდა (Avalishvili Z. La succession du curapalate David d’ Iberie, dynaste de Tao – Byz., VIII, 1933, გვ. 190-191; К. Н. Юзбашян. Армянские государства эпохи Багратидов и Византия.., გვ. 141). კ. იუზბაშიანი არ ეთანხმება ზ. ავალიშვილის დასკვნას და სამართლიანად {57} შენიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება (ე.ი. დავითის მოკვლის შესახებ ვერსიის შექმნა ანტიქალკედონურ და ანტიბერძნულ წრეში - ზ.პ.) უფრო მეტყველებს დავითის სიკვდილის მიზეზების არისტაკესისეული ახსნის სისწორეზე. აქვე მკვლევარი სავსებით სწორად დასძენს, რომ „Баграт III становился серьезным соперником и Василий II решил предупредить события“ (К. Н. Юзбашян. Армянские государства эпохи.., გვ. 141).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური ერთეულების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ამ ეტაპზე, სრულებითაც არ იყო აუცილებელი ამ ბრძოლისათვის ანტიბიზანტიური ხასიათის მიცემა. ამდენად, ის აზრი თითქოს ერათიანი ქართული სახელმწიფო მაინც და მაინც ბიზანტიასთან შეურიგებელ ბრძოლაში უნდა აღმოცენებულიყო, ისევე როგორც თავის დროზე ლეონ II-ის „აფხაზთა“ სამეფო,1 სწორად არ გვეჩვენება. ეს შეხედულება მით უფრო საეჭვოა, რომ ჩვენ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვაქვს არც ერთი, რამდენადმე ხელმოსაკიდი ფაქტი ბაგრატ III-ის მხრიდან ბიზანტიის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლისა.
ზემოთ შევნიშნეთ, რომ 978-დან 1014 წლამდე, როდესაც ბაგრატ III-მ თანმიმდევრულად შემოიმტკიცა ყველა ძირითადი ქართული რეგიონი და საფუძველი ჩაუყარა ერთიან ქართულ სახელმწიფოს, ბიზანტიის იმპერიას პრაქტიკულად არ გადაუდგამს რამდენადმე სერიოზული ნაბიჯი საქართველოს გაერთიანების პროცესის შესაჩერებლად; ერთადერთი ფაქტი, რომელიც გამოიწვევდა (და გამოიწვია კიდეც) ქართული პოლიტიკური წრეების უკმაყოფილებას, 1001 წელს ბასილი კეისრის მიერ დავითის სამფლობელოების დაკავება იყო, მაგრამ ამ აქტს, ვიმეორებთ, იურიდიული საფუძველი ჰქონდა და ამდენად ის, მაინცდამაინც, ვერ ჩაითვლება ბაგრატ III-ისა და საქართველოში მიმდინარე გამაერთიანებელი მოძრაობის წინააღმდეგ გატარებულ „განსაკუთრებულ“ ღონისძიებად, თუმცა სხვა სიტუაციაში, ალბათ, საქართველოს პოლიტიკური ძალები შეეცდებოდნენ (მოგვიანებით შეეცადნენ კიდეც) აღეკვეთათ ბასილი კეისრის მიერ ტაოს მიწების ანექსია.
1. გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 13.
იმ დროისათვის კი, ეტყობა, არ იყო სამხედრო და პოლიტიკური რესურსები ძლევამოსილი იმპერატორისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. მართალია, „მეფეთ-მეფე“ გურგენმა ვერ დამალა უკმაყოფილება და ენერგიულად გაიბრძოლა დავითის სამემკვიდრეოსათვის, მაგრამ მის ამ გამოსვლას, როგორც ეს ნაჩვენები იქნება ქვემოთ, არა ჰქონია ქართული პოლიტიკური სამყაროს, საერთოდ ბიზანტიასთან დაპირისპირების პრეტენზია. რაც შეეხება „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ III-ს, მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული ანტიბიზანტიური მოქმედებების ვერავითარ კვალს ვერ ვხედავთ, პირიქით, იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა კეთილმეზობლური ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან, მან ბასილი კეისრის უზენაესობაც კი (უნდა ვივარაუდოთ ფორმალური) ცნო და ამის დასტურად კურაპალატის ტიტულიც მიიღო. ამაზე შორს ბიზანტიის იმპერია „აფხაზთა“ სამეფოსთან, შემდგომ კი - გაერთიანებულ საქართველოსთან, ურთიერთობაში ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში არ წასულა.
ყოველივე ეს, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, სრულიადაც არ ნიშნავს, იმას, რომ ბიზანტია მოსურნე იყო საქართველოს გაერთიანება-განმტკიცებისა. პირიქით, იმპერიის ხელისუფლება, რომელიც ყოველმხრივ ზრუნავდა სომხური და ქართული ტერიტორიების ხარჯზე თავისი საზღვრების გაფართოებას აღმოსავლეთში (ამან, როგორც დავინახავთ, განსაკუთრებით ფართო მასშტაბები მიიღო XI ს. 20-იანი წლებიდან), ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ არ ჰყოლოდა მოქიშპე ამ რეგიონში. მაგრამ იმ საშინაო და საგარეო-პოლიტიკურმა გართულებებმა, რომელიც თავს დაატყდა ბასილი კეისრის მთავრობას X ს. 70-80-იან წლებში, იმპერიის ხელისუფლებას საშუალება არ მისცა ხელი შეეშალა „აფხაზთა“ სამეფოს ირგვლივ დანარჩენი საქართველოს გაერთიანებისათვის. უფრო მეტიც, კონსტანტინინეპოლი, ეტყობა, იძულებული შეიქნა ოფიციალურად ეცნო ბაგრატის სახელმწიფო.
ბასილი კეისრის მიერ ბაგრატ III-ისათვის კურაპალატის ტიტულის მინიჭება, ჩვენი აზრით, არა იმდენად „აფხაზთა“ მეფის მიერ იმპერატორის უზენაესობის აღიარების გამოხატულება იყო, რამდენადაც იმპერიის მიერ „აფხაზთა“ სამეფოს ახალ საზღვრებში ცნობისა და ბაგრატ III-ის ქართული პოლიტიკური სამყაროს ლიდერად აღიარების აქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბაგრატ III, ფაქტობრივად, ბიზანტიის ისეთივე „ვასალად“ იქცა, როგორიც იყო დავით კურაპალატი. მაგრამ ამით მას სრულებით არ შეშლია ხელი წარმატებით დაეგვირგვინებინა 975-978 წლებში წამოწყებული საქართველოს გაერთიანების საქმე.1
1. ბაგრატ III-მ, როგორც ცნობილია, კურაპალატობა მიიღო 1001 წელს დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იგი ჯერ კიდევ მხოლოდ „აფხაზთა“ მეფედ რჩებოდა. მისი სამფლობელოების ნამდვილი გაფართოება კი სწორედ 1001 წლის შემდეგ დაიწყო. 1008 წელს ის, როგორც ჩანს, ყოველგვარი გართულების გარეშე, დაეუფლა მამის - გურგენის კუთვნილ „ქართველთა“ სამეფოს, ხოლო შემდეგ კახეთ-ჰერეთიც შემოიმტკიცა. ამავე დროს ბაგრატმა მიიერთა კლარჯეთის ბაგრატიონების სამფლობელოები, რომელთა წარმომადგენლები (ბაგრატ სუმბატის ძე და დემეტრე გურგენის ძე) იძულებული შეიქნენ ბიზანტიის ხელისუფლებისათვის ეთხოვათ თავშესაფარი, არც ერთ ამ აქციას ბიზანტიის მხრიდან არათუ „უკიდურესად მკვეთრი“, არამედ საერთოდ არავითარი რეაქცია არ გამოუწვევია. თუ ბასილი კეისარი კახეთ-ჰერეთს ვერ გაწვდებოდა, „ქართველთა“ სამეფოსათვის მაინც უნდა გამოედო თავი და არ დაენებებინა იგი „აფხაზთა“ მეფისათვის (აკი ბიზანტია ცდილობდა წინაღდგომოდა „აფხაზეთის“ ჰეგემონობით საქართველოს გაერთიანებას). მაგრამ, ეტყობა, ბიზანტიას იმხანად არ შეეძლო რაიმე სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა გაძლიერებული ბაგრატისათვის და, როგორც იტყვიან, „ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებდა“.
ერთი სიტყვით, არც ბაგრატ III მოჩანს საქართველოში ანტიბიზანტიური ძალების მესვეურად და არც მისი სახელმწიფო ბიზანტიასთან შეურიგებელ ბრძოლაში შექმნილ პოლიტიკურ ერთეულად, ლეონ II-ის სახელმწიფოსგან განსხვავებით. ქართული მიწების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ამ ეტაპზე (975-1014 წწ.), ეტყობა, სრულებითაც არ ყოფილა აუცილებელი ამ ბრძოლისათვის აშკარად ანტიბიზანტიური ხასიათის მიცემა. ქვეყნის გაერთიანებისათვის ამ დროს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა (ეს, რასაკვირველია, იმპერიის დროებითი დაუძლურებით აიხსნება) ბიზანტიასთან კეთილმეზობლური, მშვიდობიანი (თუნდაც, კონსტანტინოპოლის აღიარების ხარჯზე) ურთიერთობის შენარჩუნება. ასე რომ, ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების (როგორც დავით კურაპალატის, ისე ბაგრატ III-ის) ბიზანტიისადმი ვასალური დამოკიდებულება X ს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში ვერ იქცა ხელის შემშლელ გარემოებად საქართველოს გაერთიანების საქმეში. ბიზანტიის იმპერიამ ვერ შეძლო სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია გამაერთიანებელი მოძრაობისათვის საქართველოში და იძულებული გახდა ოფიციალურადაც კი ეცნო ბაგრატ III-ის ჰეგემონობით შექმნილი ერთიანი ქართული სახელმწიფო.1
1. ამრიგად, „მატიანე ქართლისაის“ და სხვა წყაროების მასალებზე დაყრდნობით, თანამედროვე ისტორიოგრაფიაში მიღებულ შეხედულებას დავით კურაპალატზე, როგორც ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ინიციატორსა და მოთავეზე, სრული საფუძველი გააჩნია. ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს სრულებითაც არ ნიშნავს გამაერთიანებელ მოძრაობაში „აფხაზთა“ სამეფოს და მისი მესვეურების როლის დაკნინებას. პირიქით, ჩვენ სავსებით ვიზიარებთ იმ აზრს, რომ სწორედ დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურმა წრეებმა, იოანე მარუშის ძის მეთაურობით, გამოიჩინა ინიციატივა და გადადგეს პირველი ნაბიჯები ბაგრატ უფლისწულის „აფხაზეთში“ გამეფებისა და მის გარშემო სხვა ქართული მიწების შემოკრების საქმეში. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ იოანე მარუშის ძისა და მისი მომხრეების პოლიტიკური გეგმების რეალიზაცია დავით კურაპალატის (და არა სხვა ვინმეს) ძალითა და უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა. ეს კი შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ არა მარტო „აფხაზთა“ სამეფოს მესვეურები, არამედ ტაო-კლარჯეთის პოლიტიკური ლიდერებიც და, პირველ რიგში, დავით კურაპალატი აშკარად ამჟღავნებდნენ გამაერთიანებელ მისწრაფებებს. ამ ტენდენციების ნათელი გამოხატულება იყო უშვილო დავითის მიერ თავის მემკვიდრედ ბაგრატ უფლისწულის აყვანა. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ იმიერტაოს მფლობელის მიერ თავის მემკვიდრედ, მაინცდამაინც ბაგრატის (რომელსაც მამის მხრიდან ტაოს დანარჩენი ნაწილი უნდა რგებოდა, ხოლო დედის ხაზით, „აფხაზთა“ მეფის შვილიშვილად მოდიოდა) შერჩევა იმთავითვე გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით გაკეთდა. რასაკვირველია, ამ საქმის ინიციატორად დავითი უნდა მივიჩნიოთ. არც ის უნდა იწვევდეს ეჭვს, რომ ამ დროისათვის (X ს. 70-იანი წლების შუა ხანებში) დავით კურაპალატი, ფაქტიობრივად, მთელი ტაო-კლარჯეთის განმგებელი იყო და სხვა ბაგრატიონ ხელისუფლებზე (ბაგრატ II, გურგენი) აშკარად მაღლა იდგა. ასე რომ არ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა აგვეხსნა თუნდაც ის აქტიურობა რომელიც ტაოს მმართველმა გამოიჩინა 975 და 978 წლებში. ასევე საინტერესოა, რომ იოანე მარუშის ძემ ბაგრატის ქართლში დასმისა და შემდგომ მისი „აფხაზეთში“ გამეფების ნებართვა სთხოვა არა ნამდვილ მამას - გურგენს ან პაპას „ქართველთა“ მეფე - ბაგრატ II-ს, რომელთა სამფლობელოები გაცილებით უფრო ახლოს იყო ქართლთან, ვიდრე იმიერტაო, არამედ გამზრდელს - დავით კურაპალატს. ეს ფაქტი აშკარად მოწმობს, რომ X ს. ბოლო მესამედში „ქართველთა“ საქმეფოში სწორედ მას შეეძლო გაძღოლოდა გამაერთიანებელ მოძრაობას და განეხორციელებინა ის აქტები, რომლებმაც შემდგომში შესაძლებელი გახადა ქართული მიწების გაერთიანება და ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, საკითხი იმის შესახებ, რომ 975 და 978 წლების აქტების უკან იდგა კონსტანტინოპოლი და რომ დავით ბაგრატიონს ბიზანტიის საიმპერატორო კარის ვასალობა არ მისცემდა საშუალებას სათავეში ჩადგომოდა გამაერთიანებელ მოძრაობას საქართველოში, უნდა მოხსნას.
3. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის აღმოცენება XI ს. დასაწყისში და მისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში
ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთული იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა X ს. 70-იანი წლებიდან, როდესაც ფეოდალური საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა წრეებმა, დავით კურაპალატის ხელმძღვანელობით, განახორციელეს ორი უაღრესად მნიშვნელოვანი აქტი: ჯერ (975 წელს) ქართლში მმართველად დასვეს, ხოლო შემდეგ (978 წელს) „აფხაზეთში“ გაამეფეს ახალგაზრდა ბაგრატ უფლისწული რომლის გარშემო თანმიმდევრულად გაერთიანდა ძირითადი ქართული რეგიონები: „აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოები, კახეთ-ჰერეთი და XI ს. დასაწყისში ჩამოყალიბდა ერთიანი ცენტრალიზებული მონარქია.
ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნით სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში. ამიერიდან საერთაშორისო არენაზე ოთხი სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულის ნაცვლად, გამოსვლას იწყებს ერთიანი ძლიერი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც, საერთოდ, მთელი ქართული სამყაროს პოლიტიკური ინტერესების დამცველი უნდა ყოფილიყო და ამდენად სრულიად განსხვავებული სტატუსი ექნებოდა საერთაშორისო ურთიერთობებში. ადრე, როგორც ცნობილია, თითოეულ ქართულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებას თავისი მეტ-ნაკლებად სუვერენული სტატუსი გააჩნდა და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ასეთ ვითარებას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, როდესაც ქართლისა და ეგრისის სამეფოების ნანგრევებზე აღმოცენებული სამეფო-სამთავროების (კახეთი, ჰერეთი, „აფხაზთა“ სამეფო), ტაო-კლარჯეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულებად ფორმირების ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმად იქცა მათ მიერ დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური სტატუსის მოპოვება.
თითოეული ამ სამეფო-სამთავროთაგანის ჩამოყალიბება, როგორც ცნობილია, უშუალოდ იყო დაკავშირებული მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ გართულებებთან. კახეთის სამთავრო არაბებთან ბრძოლაში აღმოცენდა,1 ჰერეთის სამთავრო კი, პირიქით, კახეთის სამთავროს საპირისპირო კურსს ატარებდა.2 ასევე არაბ ამირასთან წინააღმდეგობების გამწვავებამ აიძულა ქართლის ერისმთავარი - აშოტ ბაგრატიონი - გაქცეოდა არაბებს და საფუძველი ჩაეყარა ახალი ქართული სახელმწიფოსათვის ტაო კლარჯეთში, რომელმაც შემდგომ „ქართველთა“ სამეფოს სახელწოდება მიიღო. ეს პოლიტიკური აქტი ბიზანტიის იმპერიის მფარველობით და მხარდაჭერით განხორციელდა.3
ძლიერი „აფხაზთა“ სამეფოს წარმოქმნას დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბიზანტია-ხაზარეთის დაპირისპირებამ, რომლითაც ისარგებლა „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველოს) მთავარმა ლეონ II-მ და ხაზართა ხაკანის დახმარებით უარყო ბიზანტიის იმპერატორის უზენაესობა და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა.4 თანდათანობით ცალკე ჩამოყალიბდა თბილისის საამიროც, რომელმაც დროთა განმავლობაში ისარგებლა რა ხალიფატის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით, ასევე მოიპოვა დამოუკიდებელი პოლიტიკური სტატუსი.5
1. მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური.., გვ. 78; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 380-381, 382, 595; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო. თბ., 1982, გვ. 158.
2. მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 176; მ. ლორთქიფანიძე ახალი ფეოდალური.., გვ. 405, 409; თ. პაპუაშვილი. ჰერეთის ისტორიის საკითხები. თბ., 1970, გვ. 173-190.
3. С. Н. Джанашия. Об одном примере искажения исторической правды.., გვ. 20; მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, გვ. 173; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 449, 462-463.
4. С. Н. Джанашия. О времени и условиях возникнивения Абхазского царства. – შრომები, ტ. II. Тб., 1952, გვ. 339. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии, Сухуми, 1959, გვ. 96; მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება.., გვ. 185; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური.., გვ. 418.
5. მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 494.
ამ დროიდან (VIII-IX სს. მიჯნა) დაწყებული, დაახლოებით ორი საუკუნის განმავლობაში, ეს სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ საერთაშორისო არენაზე და ცდილობდნენ ისეთი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარებას, რომელიც უზრუნველყოფდა მათ ცალკე არსებობას და ხელს შეუწყობდა წარმატებით ბრძოლას პოლიტიკური ჰეგემონობის მოპოვებისათვის საქართველოში. ამიტომ, ძალიან ხშირად, ქართული სამეფო-სამთავროების საგარეოპოლიტიკური ინტერესები სრულიად საპირისპირო იყო და ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი ერთეულის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ქვეყნის შიგნით მიმდინარე ფეოდალური შინაომები განსაზღვრავდა.
თავის მხრივ, უცხო ძალები მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჩარეულან საქართველოს საშინაო საქმეებში. ყველა ისინი, არაბები იყვნენ თუ ბიზანტიელები, ან მეზობელი სომხეთის პოლიტიკური მოღვაწენი, ცდილობდნენ, საბოლოო ანგარიშში არ დაეშვათ რომელიმე ქართული პოლიტიკური ერთეულის ისე გაძლიერება, რომ მას მოეხერხებინა დანარჩენი ქართული ქვეყნების „ჩაყლაპვა“ და ძლიერი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც მტკიცედ დაიკავებდა თავის ადგილს საერთაშორისო არენაზე და თვით განაცხადებდა ლიდერობის პრეტენზიას კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. ყოველივე ეს უთუოდ ართულებდა შინა-პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში, მნიშვნელოვნად აფერხებდა ერთიანი საგარეო-პოლიტიკური კურსის შემუშავებას და შეუძლებელს ხდიდა საერთაშორისო არენაზე საერთო პოლიტიკური კურსით გამოსვლას.
მაგრამ X ს. 70-იან წლებში, როდესაც დაიწყო ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების დასკვნითი ეტაპი, კავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში, როგორც უკვე აღინიშნა, არ იყო ისეთი ძალა, რომელიც შეძლებდა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და ქვეყნის გაერთიანების პროცესის შეჩერებას. მიუხედავად ამისა, ბაგრატ III თავის გამაერთიანებელ საქმიანობაში მაინც წააწყდა გარკვეულ წინააღმდეგობებს. მართალია, ჩვენი ნაშრომის მიზანს არ შეადგენს უშუალოდ ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთანებისათვის ბრძოლის აღნიშნული ეტაპის გაშუქება, მაგრამ იმისათვის, რომ სრულყოფილად წარმოვაჩინოთ იმ სახელმწიფოებრივი ერთეულის როლი და ადგილი XI ს. დასაწყისის საერთაშორისო ურთიერთოებებში, რომელიც შექმნა ბაგრატ III-მ, საჭიროდ მიგვაჩნია, ყურადღების გამახვილება ზოგიერთ ისეთ საკითხზეც, რომელიც უშუალოდ ეხება ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფორმირების შინა-პოლიტიკურ ასპექტებს და, ერთი შეხედვით, არავითარი კავშირი არა აქვს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობასთან. კერძოდ, შევჩერდებით ცალკეული ქართული პოლიტიკური ერთეულებისა თუ ფეოდალური წრეების ბაგრატ III-ის ცენტრალისტური მისწრაფებებისადმი დამოკიდებულების ზოგიერთ მომენტზე.
როგორც უკვე ნაჩვენები იყო წინა თავში, X ს. 70-იანი წლებისათვის, როდესაც გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთაინებისათვის, ქვეყანაში (განსაკუთრებით კი „აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოებში) აშკარად ჭრბობდნენ გაერთიანების მომხრე ძალები. მიუხედავად ამისა, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი სრულებითაც არ ყოფილა მშვიდობიანი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ცალკეული რეგიონები, კერძოდ კი კახეთი და ჰერეთი აშკარად ამჟღავნებდნენ საწინააღმდეგო ტენდენციებს და ყოველმხრივ ცდილობდნენ თავიანთი დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებას საშინაო თუ საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ მხრივ განსაკუთრებით კახეთის საქორეპისკოპოსოს მმართველი წრეები აქტიურობდნენ.
როგორც ცნობილია, კახეთის სამთავროს წარმოქმნის დღიდან აქტიურად ჩაება საქართველოში პოლიტიკური ჰეგემონობის მოპოვებისათვის ბრძოლაში, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქორეპისკოპოსმა გრიგოლმა (VIII ს. დასასრული), ისარგებლა რა ქართლის ერისმთავრის აშოტ ბაგრატიონის ტაო-კლარჯეთში გადასვლით, უმალ დაისაკუთრა შიდა ქართლი.1 ამ დროიდან, მთელი ორი საუკუნის განმავლობაში, კახელები არ ეხსნებოდნენ ამ ოლქს2 და დროდადრო ახერხებდნენ კიდეც მის ხელში ჩაგდებას. მას მერე, რაც „აფხაზთა“ მეფეები გაძლიერდნენ (დაახლოებით IX ს. II ნახევრიდან), ისტორიული ქართლის ეს ნაწილი ძირითადად მათ კონტროლის ქვეშ მოექცა; თუმცა საკმარისი იყო „აფხაზთა“ სამეფოს რაიმე სიძნელეები შექმნოდა, რომ კახეთი ეგრევე გადადიოდა შეტევაზე და ცდილობდა შიდა ქართლის „სამეფოსაგან“ ჩამოცილებას.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 252-253. {65}
2. საისტორიო მეცნიერებაში საგანგებოდ არის აღნიშნული შიდა ქართლის მნიშვნელობა. მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში ჰეგემონობისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ობიექტი სწორედ ეს რეგიონი იყო. ის წარმოადგენდა „ქვეყნის შუაგულს“ (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 101. მ. ლორთქიფანიძე. ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა.., გვ. 513-516. Г. В. Цулая. Источниковедческие проблемы «Летописи Картли». — Летопись Картли. Перевод... Г. В. Цулая, გვ. 28.)
ასე მოხდა 70-იან წლებშიც, როდესაც კახეთის ხელისუფლება შეეცადა გამოეყენებინა „აფხაზთა“ სამეფოს დასუსტება (რაც გამოწვეული იყო დასავლეთ საქართველოში ამტყდარი შინა-ფეოდალური ომით) და მოინდომა შიდა ქართლის მიტაცება. კახელთა ამ ზრახვებს წინ აღუდგა ქართლის ერისთავი იოანე მარუშის ძე, რომელმაც „წარავლინა მოციქული“ დავით კურაპალატთან და შესთავაზა მას ან თვითონ დაეკავებინა ქართლი, ან ებოძებინა ის ბაგრატისათვის, „რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“.1 როგორც „მატიანე ქართლისავს“ ამ ცნობიდან ჩანს, ქართული ქვეყნების ბაგრატ უფლისწულის ირგვლივ შემოკრების იდეა შემუშავდა კახთა მოძალების საპირისპიროდ. ეს იმას ნიშნავს, რომ „აფხაზეთისა“ (დასავლეთ საქართველო) და „ქართველთა“ სამეფოს მესვეურები, კახეთის ხელისუფალთაგან განსხვავებით გამაერთიანებელი ტენდენციების მატარებლები იყვნენ.2
1. მატიანე ქართლისა, გვ. 272.
2. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში არცთუ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა დინასტიურმა მომენტებმა: ამასთან დაკავშირებით, არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ მემატიანე ხაზგასმით მიუთითებს „აფხაზეთის“ პრიორიტეტზე ბაგრატის დინასტიური მდგომარეობის გაშიფვრისას: „ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი“, ე.ი. წინა პლანზეა წამოწეული ბაგრატის, როგორც „აფხაზთა“ მეფეთა მემკვიდრის, მდგომარეობა, მაშინ, როცა ხსენება არ არის „ქართველთა“ სამეფო სახლის მემკვიდრეობაზე. ყოველივე ეს იმას ნიშნავს, რომ ბაგრატის ქართლში დასმა არ იყო „ანტიაფხაზური“ აქტი, რაც თითქოსდა იმაში გამოიხატა, რომ შიდა ქართლი უფლისციხითურთ გადავიდა დავით კურაპალატის მფლობელობაში, როგორც ამას ფიქრობს ზოგიერთი მკვლევარი (იხ.: დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II. თბ., 1980, გვ. 225). პირიქით, ქართლის ბაგრატის ხელში გადასვლა მიზნად ისახავდა „აფხაზეთის“ ხელისუფლების განმტკიცებას აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან ის (ე.ი. ბაგრატი) ქართლში ჯდებოდა როგორც დასავლეთ საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელი. ეს კი იმის მაჩვენებელი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში ჰეგემონურ როლს ისევ და ისევ „აფხაზთა“ სამეფო ინარჩუნებდა. (გ. მელიქიშვილი. ფეოდალური საქართველოს.., გვ. 18-24). სხვა საკითხია, რომ ყოველივე ამის უკან იდგა დავით კურაპალატი, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა თავისი შვილობილის - „აფხაზთა“ მეფის ბაგრატ III-ის ირგვლივ ქართული მიწების თავმოყრას.
კახეთის სამთავროს მესვეურებს კარგად ჰქონდათ შეგნებული, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლდა ბაგრატის ქართლში გაბატონებას და ამიტომ მათ ენერგიულად გაილაშქრეს შიდა ქართლში ახალი ხელისუფლების დამყარების წინააღმდეგ. კახეთის ხელისუფალთა ეს გამოსვლა, ისევე როგორც ადრე, ამჯერადაც უშუალოდ იყო დაკავშირებული ქართლის ფეოდალური წრეების სეპარატისტულ მოძრაობასთან. შიდა ქართლის დიდაზნაურებმა სხვაზე უწინ იგრძნეს ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების დამყარების საშიშროება და უმალვე შეეცადნენ ბაგრატის თავიდან მოცილებას. კახელებმა და ქართლის აზნაურობამ დალაშქრეს უფლისციხე და შეიპყრეს „გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გურანდუხტ“.1
დავით კურაპალატის ენერგიული ჩარევის შედეგად გაათავისუფლეს დატყვევებულნი, თუმცა, როგორც ჩანს ტაოს მმართველმა სრულ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. ამ დროს ვერ მოხერხდა ბაგრატის ხელისუფლების აღდგენა ქართლში. დავით კურაპალატს, შესაძლებელია, ერთგვარ დათმობაზე წასვლა მოუხდა ქართლის აზნაურებისა და მათი კახელი მფარველების მიმართ და იძულებული გახდა ქართლის მმართველად დაეტოვებინა არა უფლისწული ბაგრატ, არამედ მისი დედა გურანდუხტი, მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას „მატიანე ქართლისაის“ ერთი შეხედვით უცნაური ცნობა იმის შესახებ, რომ „მას ჟამსა (ე.ი. იმ დროს, როდესაც კახელებმა დავით კურაპალატის მოთხოვნით გაათავისუფლეს დატყვევებული ბაგრატ და მისი დედ-მამა - ზ.პ.) ეპყრა უფლისციხე და ქართლი გურანდუხტ დედოფალსა“.2
დავით კურაპალატმა, რომ მართლაც ვერ მიაღწია გადამწყვეტ გამარჯვებას კახელებზე, იქიდანაც ირკვევა, რომ მათ ქართლისა და უფლისციხის დათმობის სანაცვლოდ „წირქუალის ციხე და გრუი... დაიჭირეს“.3 საინტერესოა აგრეთვე „მატიანე ქართლისაის“ ზოგიერთი სხვა მასალაც, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ გურანდუხტ, ერთი პერიოდი, ნამდვილად იყო ქართლის განმგებელი. მხედველობაში გვაქვს „მატიანის“ ცნობები უკვე „აფხაზეთში“ გამეფებული ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ქართლის აზნაურთა გამოსვლის შესახებ. „შემდგომად ამისა გარდამოვიდა (ბაგრატ- ზ.პ.) ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი. მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთამე არ ენება გარდამოსვლა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გურანდუხტისა. იწინამძღურეს ქავთარ ტბელი,4 მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თვისთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა (ე.ი. ბაგრატი - ზ.პ.) უფლისციხეს აღიღო ციხე დედისაგან თვისისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედა თვისი და წარვიდა ქუეყნად აფხაზეთისა“.5
1. მატიანე ქართლისა, გვ. 274.
2. იქვე, გვ. 275.
3. იქვე, გვ. 275.
4. ტბელთა საგვარეულოსა და მათი როლის შესახებ ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწვრილებით იხ.: მ. ლორთქიფანიძე. ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნა.., გვ. 524-528; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, II, გვ. 216-217; ნ. შოშიაშვილი. V-X სს. ქართული ლაპიდარული წარწერების ისტორიულ-პალეოგრაფიული მიმოხილვა. - ქართული წარწერების კორპუსი. ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1980, გვ. 59-60.
5. მატიანე ქართლისა, გვ. 276 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
როგორც ვხედავთ, ქართლის აზნაურობა წინააღმდეგია ქართლში უშუალოდ ბაგრატ „აფხაზთა“ მეფის ხელისუფლების დამყარებისა და ამიტომ ყველანაირად ებღაუჭება აქ გურანდუხტის გამგებლობის შენარჩუნებას. მართალია, მოტანილ ნაწყვეტში პირდაპირ არაა ნათქვამი, რომ გურანდუხტი ამბოხებულთა კრეატურას წარმოადგენს და ამდენად უპირისპირდება თავის ვაჟს, მაგრამ ამ უკანასკნელ ხანს გაჩნდა დამატებითი მასალა, რომელიც აშკარად მეტყველებს გურანდუხტის კავშირზე ფეოდალურ ოპოზიციასთან.
მხედველობაში გვაქვს ატენის სიონის ერთ-ერთი სომხური წარწერა, რომელშიც ვკითხულობთ: „ეს მე გერგიუმ ერჰასანის ძე, ვინც ვინც ამას კითხულობს, ღმრთის მქანდაკებელი (მოიხსენიეთ). ბაგრატ აფხაზთა მეფე როცა დედოფალს ქართველთა შეედავა და (სატახტო) უფლისციხე დაიკავა“.1 ამ ცნობაზე დაყრდნობით ზ. ალექსიძემ სავსებით სამართლიანად დაასკვნა, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი მაინც და მაინც არ უნდა იყოს პირუთვნელი ბაგრატ III-ის წინააღმდეგ ქართლის აზნაურთა ამ გამოსვლაზე საუბრისას, რომ ის რატომღაც ცდილობს მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს გურანდუხტის ნების გარეშე მოხდა ეს კონფლიქტი.2
სინამდვილეში კი ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ქართლის აზნაურობა და გურანდუხტი ერთ ბანაკში არიან. ზ. ალექსიძემ ყურადღება მიაქცია აგრეთვე იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ წარწერაში გურანდუხტი მოხსენიებულია არა როგორც „დედოფალი“ ზოგადად, არამედ როგორც „ქართველთა დედოფალი“.3 სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ქართლის აზნაურთა პოლიტიკური იდეალი - ჰყოლოდათ თავიანთი, ადგილობრივი ხელისუფალი. ერთი სიტყვით, ქართლში შექმნილია განვითარებული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი ისეთი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ფეოდალურ არისტოკრატიას, ძლიერი ცენტრალიზირებული სახელმწიფო ხელისუფლების ნაცვლად, სურს ჰყავდეს ადგილობრივი მარიონეტული მთავრობა, რათა „თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა“.
1. ზ. ალექსიძე. ატენის სიონის სომხური წარწერები. თბ., 1978, გვ. 52, (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
2. იქვე, გვ. 56.
3. იქვე, გვ. 57.
ქართლის აზნაურთა ამგვარი ლტოლვა „აფხაზთა“ მეფის ცენტრალიზებული ხელისუფლებისაგან თავის დასაღწევად ახალი არ იყო. თავის დროზე ასევე აუმხედრდნენ ისინი გიორგი „აფხაზთა“ მეფეს (922-957 წწ.) და გადაიბირეს რა ქართლის მმართველად დანიშნული კონსტანტინე, შეეცადნენ ამ უკანასკნელის გამეფებას ქართლში: „და ვითარ დაყო სამი წელიწადი (ე.ი. კონსტანტინემ ქართლში მმართველად - ზ.პ.) იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხვანი მრავალნი აზნაურნი“.1
საინტერესოა, რომ ამ გამოსვლასაც იგივე ტბელები მეთაურობდნენ. სწორედ ამ დროიდან უნდა გამხდარიყო ეს საგვარეულო ქართლში „აფხაზთა“ მეფის ხელისუფლების დამყარების წინააღმდეგ ბრძოლის მედროშე.2 ამ ბრძოლის მიზანი კი უნდა ყოფილიყო „აფხაზეთისაგან“ შიდა ქართლის ჩამოცილება და აქ თავიანთი მარიონეტული სამეფო ხელისუფლების შექმნა, ე.ი. ისეთივე სახელმწიფოებრივი ერთეულის ჩამოყალიბება, როგორიც იყო სხვა ქართული სამეფოსამთავროები („აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოები, კახეთი, ჰერეთი), საკუთარი სამეფო დინასტიითა და სუვერენული საგარეო-პოლიტიკური უფლებებით.3 მაგრამ ქართლის აზნაურთა ამ მისწრაფებებს განხორციელება არ ეწერათ. გიორგი „აფხაზთა“ მეფემ შეძლო განხეთქილების შეტანა ამბოხებულთა რიგებში და მკაცრად ჩაახშო ეს გამოსვლა.4 ქვეყნის გაერთიანებისა და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციის მომხრეთა გამარჯვებით დამთავრდა აგრეთვე ქართლის აზნაურთა ზემოხსენებული გამოსვლაც ბაგრატ „აფხაზთა“ მეფის წინააღმდეგ და ამიერიდან5 შიდა ქართლში ეტყობა საბოლოოდ ამოიკვეთა სეპარატისტული განწყობილებები.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 267-268.
2. მ. ლორთქიფანიძე. ქართული ფეოდალური მონარქიის.., გვ. 525.
3. ფეოდალურ საქართველოში მიმდინარე ამ მოვლენების საოცრად მსგავს სურათს ვხედავთ მოგვიანებით (XII საუკუნეში) კიევის რუსეთში, როდესაც საბოლოოდ გაფორმდა ფეოდალური დაქუცმაცებულობა, როგორც პოლიტიკური სისტემა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ერთი მომენტი ძველი რუსული (კიევის) სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებიდან. მხედველობაში გვაქვს ცნობილი რუსი მთავრის ანდრია ბოგოლუბსკის „გაქცევა“ კიევიდან, მამამისის, კიევის დიდი მთავრის, იური დოლგორუკის დაუკითხავად და მისი ვლადიმირში დამკვიდრება. ისტორიოგრაფიაში მიღებულია აზრი, რომ ანდრია ბოგოლუბსკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რუსეთში დაფუძნება მოხდა ადგილობრივ ბოიართა ინიციატივითა ინიციატივითა და სურვილით და რომ ამით იქაური ფეოდალური წრეები: „желали наравне с другими землями обзавестись своим князем, своей династической ветвью чтобы прекратить перемещения князей, не связанных с интересами данной земли“ (Б.А. Рыбаков. Русь в эпоху «Слова о полку Игореве». Обособление самостоятельных русских княжеств в XII начале XIII в. – История СССР. С древнейших времен до наших дней. В двух сериях, в двенадцати томах, т. I. М., 1966, გვ. 617, ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ. იხ. აგრეთვე: Б. Д. Греков. Киевская Русь. - Избранные труды, т. II. М., 1950, გვ. 419). აშკარაა, რომ ანდრიას „გაქცევა“ და ახალი სახელმწიფოებრივი ერთეულის ჩამოყალიბება ძლიერ ჩამოჰგავს „აფხაზთა“ მეფის ძის - კონსტანტინეს სურვილს „მეფობის ძიებისა“ ქართლში, და რომ ამ საქმის ინიციატორი ქართლის აზნაურობისა და ვლადიმირ-სუზდალის ქვეყნის ბოიართა მისწრაფებები დაახლოებით ერთნაირია.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 267-268.
5. აკად. ივ. ჯავახიშვილი ქართლის აზნაურთა ამ გამოსვლას 980 წლის ახლო ხანებით ათარიღებდა (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 126). იგივე თარიღი მოჰყავს მ. ლორთქიფანიძეს (იხ.: მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან... გვ. 155). ნ. შოშიაშვილი და ვ. ცისკარიშვილი ამ მოვლენას 982-986 წლებში ათავსებენ (ნ. შოშიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი. სოფელ დოდოთის ცხრაკარის ეკლესიიიის წარწერა - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XIX-XXს. 1957, გვ. 94, შენ. 2.), ზ. ალექსიძე კი მას 982 წლით ათარიღებს (ზ. ალექსიძე. ატენის სიონის.., გვ. 56).
ბაგრატ III-ის ხელისუფლების შემდგომი განმტკიცების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო რატი ბაღვაშის სამფლობელოების შემომტკიცება 989 წელს. თრიალეთს, ისევე როგორც ჯავახეთს, უაღრესად დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში.1 ამდენად, ამ რეგიონში გაბატონება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შექმნის საქმეში. მაგრამ არც ეს აქტი მომხდარა ერთბაშად და გართულებების გარეშე, მას, როგორც დავინახეთ, კინაღამ საერთო ქართული მასშტაბის კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობა მეზობელი სომხეთის პოლიტიკურმა ლიდერებმაც კი მიიღეს.
994 წელს გარდაიცვალა „ქართველთა“ მეფე ბაგრატ II „რეგუენად“ წოდებული და განთავისუფლებული სამეფო ტახტი დაიკავა მისმა ძემ გურგენმა, რომელიც იწოდა „მეფეთ-მეფედ“. ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე ამას შემდეგნაირად ხსნის: „...გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული, დემეტრესი და თევდოსესი. „ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფეთ მეფობა ეწოდა“.2 მაგრამ სუმბატის ეს მინიშნება არ უნდა გავიაზროთ ისე, თითქოს ქართულ პოლიტიკურ სამყაროში ამიერიდან დაწინაურდა გურგენი და ბაგრატი მისდამი რამდენადმე დაქვემდებარებულ ხელმწიფედ გადაიქცა. „ქართველთა“ მეფის სტატუსი, ჩვენი აზრით, მართალია, ფორმალურად მაინც გამოხატავდა მისი მფლობელის უზენაესობას სხვა მთავრებზე, მაგრამ არა მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არამედ მხოლოდ ტაო-კლარჯეთის („ქართველთა“ სამეფოს) ფარგლებში1 და ამდენად მის უზენაესობა ვერ გავრცელდებოდა „აფხაზთა“ მეფეზე. ამ დროს, ჯერ კიდევ, ორივე სამეფო ცალ-ცალკე არსებობდა და ოფიციალურად თავ-თავიანთი სუვერენიტეტი ჰქონდა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. სხვა საკითხია, რომ მამა-შვილი ყოველთვის შეთანხმებულად მოქმედებდნენ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას უწინდებურად ერთმანეთის მხარდამხარ გამოდიოდნენ.
1. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. I. თბ., 1964, გვ. 52-53; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული.., II, გვ. 224.
2. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. - ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I. თბ., 1955, გვ. 382.
ის, რომ გურგენ „მეფეთ-მეფე“ არ გამოდიოდა ლიდერის როლში და არ განასახიერებდა უზენაეს ხელისუფლებას საქართველოში, ნათლად გამომჟღავნდა 1001 წელს, როდესაც ტაოში მოსულმა ბასილი II-მ, არა მას, არამედ მის ძეს - ბაგრატ „აფხაზთა“ მეფეს მიანიჭა კურაპალატის ტიტული. ამით, ჩვენი აზრით, ბიზანტიის იმპერატორმა ოფიციალურად აღიარა ბაგრატ III-ის პრიორიტეტი ქართულ პოლიტიკურ სამყაროში. ამ ფაქტს სრულიად სხვაგვარად ხსნის სუმბატ დავითის ძე: „მივიდეს მის (ბასილი II-ის - ზ.პ.) წინაშე, - წერს ბაგრატიონთა „ისტორიის“ ავტორი, - ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი - გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანეთის მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა“.2
ე.ი. სუმბატ დავითის ძეს მიაჩნია, რომ ტიტულების ამგვარი განაწილება არ იყო სამართლიანი (კურაპალატობა გვარში უფროსს უნდა კუთვნებოდა), ეს ბასილი კეისარმა მხოლოდ მამა-შვილის ერთმანეთისათვის წაკიდების მიზნით გააკეთა. XI ს. ისტორიკოსის ეს შეხედულება თითქმის უკრიტიკოდ არის გაზიარებული თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში.3 მართლაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სუმბატ დავითის ძემ, როგორც თავისი ეპოქის წარმომადგენელმა, ამგვარი ახსნა მისცა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის ბიზანტიური ტიტულების ბოძების ზემოაღნიშნულ ფაქტს.
როგორც სავსებით სწორად მიუთითებს მ. ლორთქიფანიძე, აღნიშნული ფაქტის სუმბატისეული გაგება უდავოდ ნიშანდობლივია, საერთოდ, „იმდროინდელი საზოგადოების ამ პატივისადმი (ე.ი. კურაპალატის ტიტულის ბოძებისადმი - ზ.პ.) დამოკიდებულების თვალსაზრისით“.4 მაგრამ, ამასთან, ჩვენ გვიჭირს ბასილი კეისრის მიერ „აფხაზთა“ მეფე ბაგრატ III-ისათვის უფრო მაღალი საკარისკაცო ტიტულის - კურაპალატის - მინიჭება მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორის ვერაგული ზრახვებით ავხსნათ. ჩვენი აზრით, ბასილი II ქართველი მეფეებისათვის ბიზანტიური ტიტულების ბოძებისას, პირველ რიგში, ითვალისწინებდა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ კონიუნქტურას.
1. ამ მხრივ უაღრესად საინტერესო მასალას შეიცავს ყალა-ბოინის ციხის ეკლესიის 993 წლის წარწერა, რომელშიც თავდაპირველად დასახელებულია „ქართველთა“ მეფე (იგულისხმება ბაგრატ II), და მხოლოდ შემდეგ დავით კურაპალატი: „სახელითა ღმრთისაითა... აღვაშენე წმინდა ესე ეკლესია, იოვანე სახლისა ჩემისა სადიდებლად და სალოცავად ძმისა და შვილთა ჩუენთა... ბაგრატ ქართველთა მეფობასა დავითის კურაპალატობასა - ერთობით ადიდენ ღმერთმან“ (ქართული წარწერების კორპუსი. ლაპიდარული წარწერები, I, გვ. 269. ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). ამ წარწერაში „ქართველთა“ მეფის კურაპალატზე წინ დასახელება აშკარად უნდა მოწმობდეს იმას, რომ „ქართველთა“ მეფე ფორმალურად მაინც კურაპალატზე მაღლა იდგა (დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, II, გვ. 225, შენ. 76), თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტაო-კლარჯეთის (შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს) ნამდვილი პოლიტიკური ლიდერი დავით კურაპალატი იყო.
2. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 382 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
3. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 131; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 75; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი.., გვ. 172.
4. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-.., გვ. 172.
ბიზანტიის ხელისუფლება კარგად ხედავდა, რომ ამ დროისათვის სწორედ ბაგრატ III, როგორც ყველაზე ვრცელი და ძლიერი სახელმწიფოს - „აფხაზთა“ სამეფოს - მეთაური და ამასთან, „ქართველთა“ სამეფო სახლის ერთადერთი მემკვიდრე, წარმოადგენდა მთავარ ფიგურას ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის; მაშინ, როდესაც გურგენ „მეფეთ-მეფე“, რეალურად მხოლოდ ერთი პატარა მხარის ამიერ-ტაოს მფლობელიღა იყო.1 ერთი სიტყვით, კონსტანტინოპოლის მმართველი წრეების თვალში ბაგრატ „აფხაზთა“ მეფე უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ვიდრე მისი მამა „მეფეთ-მეფე“ გურგენ. მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ ბაგრატ III-ს კურაპალატის ტიტული ერგო როგორც დავით კურაპალატის შვილობილსა და მემკვიდრეს. ბიზანტიის მთავრობა ამ აქტს განიხილავდა როგორც ერთგვარ პოლიტიკურ კომპენსაციას იმ დანაკარგისათვის, რომელიც განიცადა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ თავისი მამობილის სამფლობელოს - იმიერტაოს - დაკარგვით.2
ამით კონსტანტინოპოლი, რასაკვირველია, არაფერს კარგავდა. პირიქით, „აფხაზთა“ მეფის ბაგრატ III-ისათვის კურაპალატის ტიტულის მინიჭებით, ბიზანტიის იმპერატორი უფრო იფართოებდა თავის გავლენის სფეროებს და იძენდა (ფორმალურად მაინც) ძლიერ ვასალს. ცხადია, ბიზანტიის კეისარს მხოლოდ მამა-შვილის ურთიერთწაკიდების მიზნით არ უბოძებია ბაგრატ „აფხაზთა“ მეფისათვის კურაპალატის ტიტული. ეს აქტი გაცილებით უფრო სერიოზული პოლიტიკური მომენტებით იყო განპირობებული და სუმბატ დავითის ძის მიერ მოყვანილ მოტივს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა.
1. ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის.., გვ. 79.
2. იქვე, გვ. 79.
შესაძლებელია, ბაგრატისათვის უფრო დიდი ტიტულის მინიჭება სულაც გურგენთან შეთანხმებით მომხდარიყო. როგორც ვიცით, გურგენი მუდამ მხარში ედგა თავის ვაჟს და ძალ-ღონეს არ იშურებდა მისი ავტორიტეტის ამაღლებისათვის. ასეთ ვითარებაში, მოსალოდნელია, რომ გურგენი თვით ყოფილიყო დაინტერესებული ბაგრატის გაკურაპალატებით, რადგან ამ დროს კურაპალატობა ჯერ კიდევ ითვლებოდა დიდ პატივად და ეტყობა, მართლაც, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა მის მფლობელს საერთაშორისო არენაზე.1 გარდა ამისა, კურაპალატობის მინიჭებით ბიზანტიის იმპერია ამტკიცებდა ამ ტიტულის მფლობელის მემკვიდრეობით უფლებებს ტაო-კლარჯეთში.2 ე.ი. კურაპალატის ტიტული ერთგვარი „იარლიყი“ იყო „ქართველთა“ სამეფოში პოლიტიკური პირველობის მოპოვებისათვის. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, გურგენი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა თავისი ერთადერთი მემკვიდრის გამაერთიანებელი ღონისძიებების წარმატებით დასაგვირგვინებლად, ამ გზით იმთავითვე უმაგრებდა ბაგრატს პოზიციებს ტაო-კლარჯეთში.
1. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე.., გვ. 172. აქვე არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ კურაპალატის ტიტულის მოპოვებისათვის ლტოლვა სრულებითაც არ იყო დამახასიათებელი გაერთიანებული საქართველოს უკლებლივ ყველა მეფისათვის XI ს. დავით აღმაშენებლამდე. ვფიქრობთ რომ ფეოდალური საქართველოს გაერთიანების შემდეგ ქართველი მეფეები (გიორგი I, ბაგრატ IV) ბიზანტიის კეისრისადმი დამოკიდებულების დამადასტურებელი ნიშნების მოშორებაზე უფრო ზრუნავდნენ, ვიდრე მათ მიღებაზე.
2. Н. А. Бердзенишвили, В. Д. Дондуа. Феодальные княжества в Грузинских землях в VII-IX вв. – Очерки истории СССР. III-IX вв. Ответственный редактор: академик Б. А. Рыбаков. М., 1958, გვ. 512-513; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური და საგარეო ვითარება.., გვ. 173.
ჩვენს ამ დასკვნას მხარს უნდა უჭერდეს ერთი ფრიად საინტერესო, მაგრამ ამასთან რამდენადმე გაუგებარი ფაქტი ბაგრატ III-ის „ქართველთა“ მეფედ მოხსენიებისა ჯერ კიდევ მამის - გურგენის სიცოცხლეში. როგორც ცნობილია, ისტორიოგრაფიაში ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილმა მიუთითა, რომ ბაგრატ III-მ „ქართველთა“ მეფის ტიტული მიიღო 1008 წელს - მამის გარდაცვალების შემდეგ.1 იგივე აზრია გატარებული „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომშიც2 და სხვა ზოგადი ხასიათის შრომებში.3 ეს აზრი აგებულია ქართველ მემატიანეთა მონაცემებზე, რომლებიც, ჩვენი აზრით, ძირითადად სწორად ასახავენ იმდროინდელ ვითარებას.
ასე მაგალითად, „მატიანე ქართლისაიში“ ბაგრატი „ქართველთა“ მეფედ პირველად იხსენიება მხოლოდ მამამისის გარდაცვალების შემდეგ: „განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი. (იგი) იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თვითვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა“.4 სუმბატის ქრონიკაში კი ვკითხულობთ: „გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა და დაუტევა ძე ესე თვისი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი“.5 მართალია, ამ ნაწყვეტში გურგენი არ არის მოხსენიებული უშუალოდ „ქართველთა“ მეფედ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სწორედ ის არის ბაგრატ II „ქართველთა“ მეფის წილხვდომილი ქვეყნის განმკარგულებელი, ხოლო ბაგრატის ტიტულატურაში კი ზუსტად და გამოკვეთილად არის ნაჩვენები: „აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი“.
1. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 130-131.
2. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა-პოლიტიკური.., გვ. 159.
3. ვ. გუჩუა. ბაგრატ III. - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. II. თბ., 1977, გვ. 128; საქართველოს ისტორია, შემდგენელი რ. მეტრეველი. თბ., 1979, გვ. 106.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 278 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
„მატიანე ქართლისაის“ ტექსტის ეს მონაკვეთი ს. ყაუხჩიშვილის გამოცემაში, ჩვენი აზრით, არაზუსტად არის მოყვანილი - მასში არ არის სწორად დასმული სასვენი ნიშანი - წერტილი, რაც რამდენადმე გაუგებარს ხდის ნაწყვეტის შინაარსს: „განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თვითვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა“. (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 278). ამ ნაწყვეტის მიხედვით მკითხველი (ყოველ შემთხვევაში, გაუთვითცნობიერებელი მაინც) ერთბაშად ვერ მიხვდება, რომ ბაგრატ „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფე, რომელიც გაწყრა და კურაპალატი, რომელიც იმყოფებოდა დლივს, ერთიდაიგივე პიროვნებაა. ეს გაუგებრობა უფრო თვალსაჩინოა „მატიანე ქართლისაის“ რუსულ თარგმანებში. ასე მაგალითად, გ. ამიჩბას თარგმანში ვკითხულობთ „Прогневался Баграт, царь абхазов и картлийцев. И Курапалат в то время находился в Дливи, ибо занимался делами Тао и Картли...“ (Сообщения средневековых грузинских письменных источников об Абхазии. Тексты собрал, перевел на русский язык, предисловием и комментариями снабдил Г.А. Амичба. Тб., 1986, გვ. 42. ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). დაახლოებით ასევეა თარგმნილი ეს ნაწყვეტი მ. ლორთქიფანიძის (Матиане Картлиса.., გვ. 41) და გ. წულაიას მიერ (Летопись Картли.., გვ. 60). ვფიქრობთ, რომ ტექსტი უფრო გამართული და გასაგები იქნებოდა, თუ წერტილს დავსვამდით არა „ქართველთა მეფის“, არამედ მომდევნო სიტყვის - „და კურაპალატის“ შემდეგ. ამით მთლიანს გავხდიდით ბაგრატ III-ის ტიტულატურას: „აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი“, რომელიც იმყოფებოდა ამ დროს დლივს და აგვარებდა თავის სამემკვიდრეო საქმეებს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მკვლევარი (მართალია, ყოველგვარი განმარტების გარეშე) არ სვამს წერტილს „ქართველთა მეფის“ შემდეგ და სწორი ფორმით გადმოსცემს აღნიშნულ ცნობას: „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს...“ (იხ. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეორგაფიის საკითხები, II, გვ. 229), თუმცა ამ შემთხვევაშიც, თუ ნაწყვეტს მთლიანად მოვიტანთ, არ იქნება ტექსტი საბოლოოდ გამართული, რადგან მასში ზედმეტი ხდება სიტყვა „განუწყრა“, რომლითაც იწყება ეს წინადადება („განუწყრა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს“). ამიტომაც არის ალბათ, რომ დ. მუსხელიშვილს ციტატა მოჰყავს დასაწყისის („განუწყრა“) გარეშე. ერთი სიტყვით, აუცილებელი და გამართლებულია ტექსტში კონიექტურული ჩარევა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მოცემული ნაწყვეტის დასაწყის ნაწილში გადაადგილდეს წერტილი (ან შეიცვალოს მძიმით) და ჩაემატოს დამაკავშირებელი სიტყვა „იგი“, ან „რომელიც“.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 282.
მაგრამ ქართველ მემატიანეთა მონაცემებს რამდენადმე ეწინააღმდეგება ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ერთ-ერთი წარწერა, რომელშიც ბაგრატ III „აფხაზთა და ქართველთა მეფედ“ ნახსენებია გურგენის სიცოცხლეშივე: „მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევითაო, უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფე, თანა: მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით ამენ“.1
ასეთივე ტიტულითაა მოხსენიებული ბაგრატ III აგრეთვე ხცისის ტაძრის 1002 წლით დათარიღებულ2 წარწერაში: „...აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და დედისა მათისა... გურანდუხტ დედოფლისა“.3 რომ არაფერი ვთქვათ ხცისის ტაძრის წარწერის მონაცემებზე, ბაგრატის ტაძრის ზემოთ მოტანილი წარწერა რომ გურგენის სიცოცხლეშივე იყო გაკეთებული, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს.4 მიაქცია რა ყურადღება ამ ფაქტს, წარწერის გამომცემელმა ვ. სილოგავამ, სავსებით ლოგიკურად წამოაყენა მოსაზრება ბაგრატ III-ის „ქართველთა“ მეფედ ყოფნის შესახებ 1008 წლამდეც, ამასთან, მკვლევარმა ბაგრატ III-ის მიერ ამ ტიტულის მოპოვება დავით კურაპალატის სიკვდილს დაუკავშირა და დაასკვნა, რომ „აფხაზთა“ მეფეს „ქართველთა“ მეფის ტიტული 1001 წლის შემდეგ უნდა მიეღო.5 ბაგრატ III-ის მიერ „ქართველთა“ მეფის ტიტულის მოპოვების დაკავშირებას დავით კურაპალატის გარდაცვალებასთან, რასაკვირველია, აქვს გარკვეული საფუძველი.
1. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ. I (IX-XIIIსს.), შეადგინა და გამოსაცემად მომაზადა ვ. სილოგავამ. თბ., 1980, გვ. 54.
2. Р. О. Шмерлинг. К датировке Убисского храма. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, XVI, 2, 1955, გვ. 154. Р. О. Шмерлинг. Древний Цвимоетский храм близ с. Хциси. – Ars Georgica, IV, თბ., 1955, გვ. 154.
3. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II.., გვ. 53.
4. ამას ვერ ვიტყვით ბაგრატის ტაძრის მეორე წარწერაზე, რომელშიც ბაგრატ III ასევე მოხსენიებულია „აფხაზთა და ქართველთა მეფედ“ („შეწევნითა ღმრთისათა, ბაგარატისაგან - ნებითა ღმრთისა¡თა აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და დედისა მათისა - გურანდუხტ დედოფლისა, აღეშენა წმინდა ესე საყდარი ხელითა...“. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II.., გვ. 53). მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარწერის მონაცემები არ იძლევა საბაბს 1001-1008 წლებით დათარიღებისათვის. ამ შემთხვევაში უთუოდ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ წარწერაში არ ჩანს გურგენი, რაც, თავის მხრივ, იმას უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ის წარწერის ამოჭრის მომენტში ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო.
5. ქართული წარწერების კორპუსი, II.., გვ. 52-53. ანალოგიური აზრი გამოთქვა უფრო ადრე (1977 წ.) ნ. შოშიაშვილმა, რომელმაც ასევე დაასკვნა, რომ ბაგარატ II-ის შემდეგ „ქართველთა“ მეფის ტიტული დავით კურაპალატს ეტარებინა (ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, I.., გვ. 56; ც. ქურციკიძე. ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის შესახებ. - მწიგნობარი. თბ., 1980, გვ. 120).
მართალია, წყაროებში დავით ბაგრატიონი ძირითადად უბრალოდ მეფედ ან კურაპალატად იხსენიება,1 მაგრამ არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელშიც მისი „ქართველთა“ მეფობაც არის დაფიქსირებული. ეს არის ათონის ლავრაში გადაწერილი ერთი ხელნაწერი, რომელიც ექვთიმე ათონელის თხზულებებს შეიცავს.2 აღნიშნულ ხელნაწერს დართული აქვს გადამწერის - ვინმე იორდანე მაირინისელის ანდერძმინაწერები, რომლებშიც ექვსი შემთხვევიდან ოთხში დავითი მოხსენიებულია „ქართველთა მეფედ“.3
მაგრამ აღნიშნულ დოკუმენტში გაკვირვებას იწვევს გადამწერის მიერ დავით ბაგრატიონის ყველაზე პოპულარული ტიტულის - კურაპალატის (თანაც ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ მონასტერში) სრული უგულებელყოფა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ანდერძ-მინაწერთა ავტორი, ამ შემთხვევაში, „ქართველთა“ მეფეს ხმარობს უბრალოდ ქართველების (ან შეიძლება საერთოდ საქართველოს, რადგან ის მას ქართული სამყაროს მესვეურად მიაჩნია) მეფეს გაგებით და მასში არ აქვს ჩადებული ის პოლიტიკური შინაარსი, რომელიც გააჩნდა „ქართველთა“ მეფის ტიტულს X ს. II ნახევარში.
1. „მატიანე ქართლისაიში“ დავითი სულ ორჯერ მოიხსენიება მეფედ: პირველ შემთხვევაში „ტაოს მეფედ“ („ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდნა ყოველთა მეფეთა ტაოსთა“ - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 273). და მეორეჯერ, უბრალოდ „დიდ მეფედ“ („რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა (ბაგრატ III - ზ.პ.) ქცევასა გამზრდელისასა თვისისა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა“ - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 275). სუმბატის ქრონიკაში იმიერტაოს მმართველი საერთოდ არ არის მეფედ მოხსენიებული, თუმცა ხაზგასმულია მისი დიდი ავტორიტეტი („გარდაიცვალა დავით კურაპალატი...“ - ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 382). ქართულ ლაპიდარულ წარწერებში დავითი უმთავრესად კურაპალატად არის მოხსენიებული (ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I.., გვ. 260, 281, 288, 199), და მხოლოდ ერთგან - ოპიზის ეკლესიის წარწერაში ვხვდებით აღნიშვნას: „ქ(რისტ)ე ა(დიდე) დ(ავი)თ მ(ეფე) კ(ურაპალატი)“ (ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I.., გვ. 288); სომხურ წყაროებშიც ხაზგასმულია დავითის კურაპალატობა. სომეხი ავტორები მას ძირითადად „ტაოს კურაპალატს“ ან „დავით კურაპალატს“ უწოდებენ (იხ.: ე. ცაგარეიშვილის კომენტარები წიგნში: არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია.., გვ. 137). ასევე კურაპალატად არის მხოლოდ მოხსენიებული დავით ტაოელი გიორგი მთაწმინდელის თხზულებაშიც (გიორგი მთაწმინდელი. იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება. - ქართული პროზა, ტ. I. თბ., 1982, გვ. 373-374, 376, 378-379, 386, 390 და სხვ.).
2. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ც. ქურციკიძე. ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის შესახებ, გვ. 112-120.
3. ც. ქურციკიძე. ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის.., გვ. 119. ამ ანდერძ-მინაწერებში მოხსენიებული „დავით ქართველთა მეფე“, პირველად კ. კეკელიძემ გააიგივა დავით კურაპალატთან (კ. კეკელიძე. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, გვ. 164). ც. ქურციკიძემ, რომელმაც ამ ბოლო დროს სპეციალურად შეისწავლა აღნიშნული ანდერძ-მინაწერთა ტექსტები, ასევე დაასკვნა, რომ მათში მოხსენიებული „დავით ქართველთა მეფე“ დავით კურაპალატი უნდა იყოს (ც. ქურციკიძე. ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის შესახებ, გვ.119-120). იმავე მასალაზე დაყრდნობით, დავითის „ქართველთა მეფობას 994-1001 წლებში აღიარებს მ. ლორთქიფანიძეც. (იხ.: М. Д. Лордкипанидзе. Возникновение новых феодальных государств. – Очерки истории Грузии, т. II. Тб., 1988, გვ. 338-339).
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ წყაროში დავით ბაგრატიონი „მეფეთ-მეფეთაც“ კი იხსენიება.1 მაგრამ, აქედან გამომდინარე, ძნელია ის მივიჩნიოთ ამ ტიტულის ოფიციალურ მატარებლად.1 უფრო მეტიც, იაჰია ანტიოქიელის თხზულების ერთ ადგილას დავით კურაპალატი სულაც „აფხაზთა“ ხელისუფლად არის გამოცხადებული: - „და ჩაიბარა მეფემ აფხაზის (დავით კურაპალატის - ზ.პ.) მთელი ქვეყანა“.2 გარდა ამისა (და ეს, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია), ხელნაწერში არ არის არავითარი მინიშნება, რომ ის მაინცდამაინც 994 წლის შემდეგ (როდესაც გარდაიცვალა „ქართველთა“ მეფე ბაგრატ II „რეგუენი“) გადაიწერა. არის თუ არა აბსოლუტურად გამოსარიცხი, რომ გადამწერს 994 წლამდე არ შეეძლო დავითის „ქართველთა (ქართველებია) მეფედ“ მოხსენიება? საინტერესოა, რომ არაბი ავტორი იაჰია ანტიოქიელი დავით კურაპალატს - „ქართველთა მეფედ“ იხსენიებს 988-990 წლების ამბებთან დაკავშირებითაც,4 ე.ი. მაშინ, როდესაც ამ ტიტულის მატარებელი ბაგრატ II ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ დავით კურაპალატის ტიტულატურის გარკვევის საკითხი საკმაოდ რთულია და მის მიერ 994 წელს „ქართველთ“ მეფის ტიტულის მოპოვება, ასე ერთბაშად, ძნელი გასაზიარებელია.
1. თ. ჟორდანია. ქრონიკები, II. ტფ., 1895, გვ. 95.
2. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ დავით კურაპალატის ლიდერობა საერთო-ქართულ პოლიტიკურ სამყაროში არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ იქვე დავძინეთ, რომ იურიდიულად დავით ბაგრატიონის ძალაუფლება მხოლოდ იმიერტაოზე თუ ვრცელდებოდა, რადგან ჩრდილოეთ ტაოს ამ დროს განაგებდნენ „ქართველთა“ მეფე ბაგრატ II „რეგუენი“ და მისი ვაჟი გურგენი. ის კი არადა, როგორც ვნახეთ, წყაროებში მისი მეფედ მოხსენიების მხოლოდ რამდენიმე ფაქტიღა გვაქვს. ყოველივე ამის შემდეგ გვიჭირს დავეთანხმოთ ს. ჯანაშიას რედაქციით გამოსულ „საქართველოს ისტორიის“ სახელმძღვანელოში გატარებულ აზრს იმის შესახებ, რომ დავით კურაპალატმა, თითქოს, „პირველმა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთაგან მიიღო „მეფეთა მეფის წოდებულობა“. (ნ. ბერძენიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. საქართველოს ისტორია. თბ., 1948, გვ. 158). ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სუმბატ დავითის ძის ცნობას „მეფეთ-მეფის“ ტიტულის, პირველად სწორედ გურგენის მიერ მიღების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სუმბატ დავითის ძე სპეციალურად განმარტავს, თუ რატომ ეწოდა გურგენს „მეფეთ-მეფე“: „ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა დისწული დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთის, და ამისთვის გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა“ (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 382 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.). აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ხდება დავით კურაპალატის სიცოცხლეში და რომ ის (ე.ი. დავითი) ყოფილიყო პირველი „მეფედ მეფე“, ძნელი დასაჯერებელია, რომ გურგენს გაებედა ამ ტიტულის მიღება, რადგან, როგორც უკვე გავარკვიეთ, დავით კურაპალატს, მიუხედავად 989 წელს განცდილი მარცხისა, მაინც, სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ის კვლავ რჩებოდა ყველაზე ავტორიტეტულ მოღვაწედ საქართველოში.
3. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები.., გვ. 119.
4. იქვე, გვ. 119.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ისმის კითხვა, მაშ როდის უნდა მიეღო ბაგრატ III-ს „ქართველთა“ მეფის ტიტული? როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, 994 წლამდე „ქართველთა“ მეფე იყო ბაგრატ II „რეგუენი“ - სუმბატ კურაპალატის ძე, რომლის გარდაცვალების (994 წ.) შემდეგ „ქართველთა“ მეფის გათავისუფლებული ტახტი წესით მის ვაჟს გურგენს უნდა დაეკევებინა. სუმბატ დავითის ძეც, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ზემოთ, თითქოს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბაგრატ II-მ თავის მემკვიდრედ დატოვა გურგენი („დაუტევა ძე თვისი უხუცესი გურგენ“), მაგრამ ბაგრატიონთა მემატიანის ცნობით, გურგენი იწოდა არა „ქართველთა“ მეფედ, არამედ „მეფედ-მეფედ“, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ „გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთვის გურგენს მეფედ-მეფობა ეწოდა“.1 აღსანიშნავია, რომ რატომღაც არც სხვა რომელიმე წყაროშია მოხსენიებული გურგენი „ქართველთა“ მეფის ტიტულით.
1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 382.
რასაკვირველია, გურგენის „მეფეთ-მეფობა“ თავისთავად უნდა გულისხმობდეს, პირველ რიგში, მის „ქართველთა მეფობას“ და ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ ჩრდილოეთ ტაოს ერთადერთ რეალურ განმგებლად, მაგრამ წყაროების მიერ გურგენის მაინცდამაინც მხოლოდ „მეფედ-მეფედ“ (და არა „ქართველთა“ მეფედაც) მოხსენიება არ უნდა იყოს შემთხვევითი. მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ დავინახეთ, ცალკეულ შემთხვევებში „ქართველთა“ მეფის ტიტულით მამის სიცოცხლეშივე იხსენიება ბაგრატ „აფხაზთა“ მეფე.1
ყოველივე ეს ადვილი ასახსნელი იქნება, თუ დავუშვებთ, რომ ბაგრატ „რეგუენის“ გარდაცვალების შემდეგ „ქართველთა“ მეფედ იწოდა არა მისი ძე გურგენი, არამედ ამ უკანასკნელის ვაჟი ბაგრატ „აფხაზთა“ მეფე და ეს გაკეთდა ბაგრატ III-ის ლეგიტიმური უფლებების განსამტკიცებლად ტაო-კლარჯეთში. ამ ღინისძიებების ინიციატორად უნდა მივიჩნიოთ თვით გურგენი (შეიძლება დავით კურაპალატიც), რომელიც, როგორც არაერთხელ იყო აღნიშნული ზემოთ, ყოველ ღონეს ხმარობდა თავისი ვაჟის პოლიტიკური აქციების ასაწევად საქართველოში. თავის მხრივ, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნის გზაზე.
ამდენად, ჩვენ მიერ ზემოთმოტანილ წარწერაში ბაგრატ III-ის „ქართველთა“ მეფის ტიტულით მოხსენიება მამის - გურგენის სიცოცხლეში შეიძლება იმის მაჩვენებლი იყოს, რომ საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულმა პოლიტიკურმა წრეებმა ბაგრატ „აფხაზთა“ მეფე, როგორც ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე, პაპამისის - ბაგრატ II „რეგუენის“ გარდაცვალების შემდეგ, იმთავითვე აღიარა „ქართველთა“ მეფედ, ხოლო მამამისს „მეფეთ-მეფის“ საპატიო ტიტული მიანიჭა. მაგრამ ყოველივე ეს, სრულებითაც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ბაგრატ III რეალურად იყო „ქართველთა“ მეფე მამამისის სიცოცხლეშივე და არც იმას, რომ გურგენ ბაგრატიონი „მეფეთ-მეფედ“ გახდომის შემდეგ გახდა „აფხაზთა“ და „ქართველთა“ სამეფოების უზენაესი ხელისუფალი; ტიტულების ამგვარი განაწილება ალბათ უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ის უფრო ბაგრატ-გურგენის ურთიერთთანამშრომლობის და ერთმანეთისადმი მხარში ამოდგომის აქტი უნდა ყოფილიყო.
1. საინტერესოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილიც მოიხსენიებს ბაგრატ III-ს „აფხაზთა და ქართველთა მეფედ“ გურგენის სიცოცხლეში (ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. - ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ., 1973, გვ. 138).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავსებით დასაშვებად მიგვაჩნია, რომ ბასილი კეისრის მიერ ბაგრატ III-ისათვის უფრო მაღალი ტიტულის მინიჭება იმთავითვე იყო შეთანხმებული გურგენთან და ის მთლიანად შეესაბამებოდა ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი წრეების პოლიტიკურ კურსს. რაც შეეხება გურგენის აქტიურ გამოსვლას ბასილი კეისრის წინააღმდეგ ოლთისის ციხის დასაკავებლად, რომელსაც იმავე 1001 წელს ჰქონია ადგილი,1 ეს არ უნდა ყოფილიყო მაგისტროსის ტიტულის მინიჭებით განაწყენებული გურგენის შურისძიება, როგორც ვარაუდობდა ივ. ჯავახიშვილი.2 ეს აქტი მიმართული უნდა ყოფილიყო საერთოდ ბიზანტიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ და წარმოადგენდა პირველ აშკარა პროტესტს ბიზანტიის იმპერატორის მიერ იმიერტაოს ქართული მიწების დაკავების გამო.3 ეხება რა ასოღიკის ზემოთმოტანილ ცნობას გურგენის განაწყენების შესახებ და აგრეთვე შესაბამის მასალებს სუმბატის თხზულებიდან, მ. ლორთქიფანიძე სავსებით სწორად მიუთითებს, რომ გურგენი იყურებოდა უფრო შორს და ის ასოღიკზე უკეთესად ჭვრეტდა მოსალოდნელ მძიმე შედეგებს, რომლებიც მოჰყვებოდა ბიზანტიელთა მიერ იმიერტაოს დაკავებას. ამიერიდან იმპერიის ექსპანსიის შემდეგი ობიექტი, პირველ რიგში, მისი სამფლობელო - ამიერტაო შეიქმნებოდა.4 სწორედ ამაში უნდ ვეძიოთ გურგენის აქტიური გამოსვლის უმთავრესი მიზეზი ბიზანტიის კეისრის წინააღმდეგ და არა მის განაწყენებაში, იმის გამო, რომ მაგისტროსის ტიტულის მიღებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
1. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 202; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 130-131.
2. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 130. ივ. ჯავახიშვილი ამ შემთხვევაში ეყრდნობოდა სტეფანოს ტარონაცის მინიშნებას იმის შესახებ, რომ გურგენი განაწყენებული იყო მისთვის მხოლოდ მაგისტროსის წოდების მინიჭებით და ამიტომ გამოვიდა მის წინააღმდეგ („Царь Иверийский Гурген, считал для себя унижением достоинство магистра, – пожалованное ему царем Василием... отложился от него и со всем своим войском напав на Таойскую страну завладел ею“. იხ.: Всеобщая история.., გვ. 201-202).
3. ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენად წარმატებული იყო გურგენის ეს გამოსვლა. სტეფანოს ტორონაცის მონაცემებით ივერიელთა მეფეს ვერც ოლთისი აუღია და ვერც სხვა რომელიმე ციხე, მაგრამ ამასთან ბასილი კეისრის წარმომადგენელს — კანიკლ მაგისტროსს გურგენისათვის იმპერატორის სახელით მისი სურვილების აღსრულება აღუთქვამს, რის შემდეგ გურგენსა და ბიზანტიელებს შორის ზავი დადებულა (Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 201-202; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. წ. II, გვ. 130-131; ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა.., გვ. 81). არც ასოღიკი და არც სხვა წყაროები, სამწუხაროდ, არაფერს გვამცნობენ იმის შესახებ, თუ რა სურვილები აუსრულა იმპერატორმა გურგენ „მეფეთ-მეფეს“. ამასთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს მკვლევართა ყურადღება მიიპყრო მეორე სომეხი ისტორიკოსის - არისტაკეს ლასტივერტცის ერთმა ცნობამ, რომელშიც გაკვრით არის მინიშნებული, რომ ბაგრატ III-ს რგებია რაღაც მამულები დავით კურაპალატის მემკვიდრეობიდან, მაგრამ არ ჩანს როდის და რა ვითარებაში. არც სხვა წყაროებში ვხვდებით რაიმე ინფორმაციას ბასილი კეისრის მიერ უშუალოდ ბაგრატისათვის რაიმე ტერიტორიების ბოძების შესახებ, თუმცა ზოგიერთი მკვლევრის (მაგ. კ. იუზბაშიანის) აზრით ამგვარ ბოძებას ჰქონდა ადგილი (К. Н. Юзбашян. Аристакес Ластивертци и его исторический труд.., გვ. 22). მ. ლორთქიფანიძე უშვებს რომ შესაძლებელია არისტაკესის ცნობაში ნაგულისხმევი იყოს ის ტერიტორია (იმიერტაოს ნაწილი ანდა მთლიანად იმიერტაოც კი), რომელიც ერგო გურგენს კანიკლ მაგისტროსთან მოლაპარაკების შედეგად და მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით შეეძლო მიეღო მის ძეს — ბაგრატ III-ს (М. Д. Лордкипанидзе. Из истории грузино-византийских взаимоотношений.., გვ. 39-40). აქვე მეცნიერი მიუთითებს, რომ ეს მიწები ეტყობა (ჯერ გურგენმა, ხოლო შემდეგ), ბაგრატმა მიიღო მხოლოდ დროებით (სიცოცხლეში), რადგან 1014 წელს, როდესაც იგი გარდაიცვალა, ბასილი კეისარმა გიორგი I-ისაგან მათი უკან დაბრუნება მოითხოვა: „რაც კი (დავით) კურაპალატის წილიდან მამაშენს ძღვნად მივეცი, თავი ანებე და მხოლოდ საკუთარი მამული განაგეო“ (არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია, გვ. 42). ისტორიოგრაფიაში სხვაგვარადაცაა გააზრებული არისტაკეს ლასტივერტცის ეს ცნობა. დ. მუსხელიშვილის აზრით, ბაგრატისათვის ბასილი კეისრის მიერ გადაცემული ტერიტორიები უნდა იყოს არა ბასიანტაოს მხარეში, არამედ მამულები „კოლა-არტაანთ ჯავახეთს“, რომელთაც „მატიანე ქართლისაის“ ცნობის თანახმად (ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 288), ასევე ფლობდა დავით კურაპალატი. ამ დასკვნის საბუთად მეცნიერს მოჰყავს „მატიანე ქართლისაის“ ცნობა იმის შესახებ, რომ მოგვიანებით (1008 წელს) ამ მხარეში, კერძოდ ჯავახეთში (დლივს), საკმაოდ თავისუფლად მოქმედებდა და აგვარებდა თავის სამემკვიდრეო საქმეებს (მამის გარდაცვალების შემდეგ) ბაგრატ III (დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, II, გვ. 229-230). დ. მუსხელიშვილის შეხედულება ამ საკითხზე უფრო სწორი უნდა იყოს. ჯერ ერთი, რომ ბაგრატის ჯავახეთში (დლივს) ყოფნა მართლაც სამემკვიდრეო ტერიტორიების დაუფლებასთან არის დაკავშირებული და მეორეც, კოლა, ჯავახეთი და არტაანი ჩანს საცილობელ ტერიტორიად მოგვიანებით გიორგი I-ის ხანაში, როდესაც საქართველო-ბიზანტიის ომის დროს ეს მხარე იქცა ბასილი კეისრის შემოსევის მთავარ ობიექტად. სწორედ ეს მხარე („ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა ბასიანს, კოლაარტაანთა და ჯავახეთს“ - მატიანე ქართლისა, გვ. 288 - ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.) მიითვისა ბიზანტიის იმპერატორმა გიორგი I-თან დადებული ზავის შედეგად, გარდა ცალკეული ადგილებისა და სოფლებისა, რომლებიც „დაულოცნა გიორგი მეფესა“ (მატიანე ქართლისა, გვ. 288).
4. М. Д. Лордкипанидзе. Из истории.., გვ. 38.
ამრიგად, 1001 წელი ერთგვარი ტეხილია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ დროს გადაიდგა კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბაგრატ III-ის პოზიციების განსამტკიცებლად. ბიზანტიის იმპერიამ ცნო საქართველოში მიმდინარე ცვლილებები და აღიარა ბაგრატ III-ის ჰეგემონობა საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბასილი II-ის მიერ ბაგრატ III-ისათვის კურაპალატის ტიტულის ბოძება ნიშნავდა იმპერიის მიერ „აფხაზთა“ სამეფოს ახალ საზღვრებში ცნობას და ბაგრატ III-ის ქართული პოლიტიკური სამყაროს ლიდერად აღიარებას. ეს, ამ ეტაპზე, გამაერთიანებელი ძალების მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ბიზანტიის ხელისუფლება დაკმაყოფილდა იმიერტაოს მიტაცებით (რომლის ბაზაზე შეიქმნა შეიქმნა ახალი ბიზანტიური ადმინისტრაციული ერთეული, ე.წ. იბერიის საკატეპანო)1 და ამის შემდეგ იმპერია პრაქტიკულად არ ჩარეულა საქართველოს საშინაო საქმეებში. ამით შეიქმნა ხალსაყრელი საგარეო-პოლიტიკური ვითარება ბაგრატ III-ის გამაერთიანებელი ღონისძიებების წარმატებით დაგვირგვინებისათვის.
1008 წელს, გურგენ „მეფეთ-მეფის“ გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III რეალურად დაეუფლა მამისეულ „ქართველთა“ სამეფოს და კიდევ უფრო გააფართოვა თავისი სახელმწიფოს საზღვრები. ამავე ხანებში „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფემ კახეთ-ჰერეთს შეუტია, მაგრამ კონფლიქტი კახეთ-ჰერეთთან გაჭინაურდა. ბაგრატ III-ის ცენტრალისტური ტენდენციების წინააღმდეგ დაირაზმა კახეთ-ჰერეთის სეპარატისტული ძალები. 1008 წელს, მას მერე, რაც კახეთის ქორეპისკოპოსმა უარყო ბაგრატის ულტიმატუმი ქართლის იმ ციხეების დაბრუნების შესახებ, რომლებიც კახელებს ეკავათ, „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფე დაიძრა `ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ხიდი მცხეთისა. და მიერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსვრად კახეთისა. და ვერ წინაღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხითა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთის, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა“.2
1. ეს ფაქტი თავის „ქრონოლოგიურ ჩანაწერებში“ აღნიშნა კ. მარქსმა: „Василий II обеспечивает северную границу Малой Азии присоидинением Кавказской горной страны Иберии“. – Архив Маркса и Энгельса, т. V, 1948, გვ. 43.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 278-279; თ. პაპუაშვილი. რანთა.., გვ. 204.
როგორც ვხედავთ, ბაგრატ III-ის ეს გამოსვლა ჰერეთის შემოერთებით დამთავრდა. ამით „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფემ ფეხი მოიკიდა ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთში და შექმნა ერთგვარი პლაცდარმი კახეთზე თავდასასხმელად. კახეთის მმართველი წრეები რა თქმა უნდა, ასე ერთბაშად ვერ შეურიგდებოდნენ ბაგრატ III-ის მიერ ჰერეთის დაკავებას. დავით ქორეპისკოპოსმა გამოიყენა ჰერეთის ფეოდალთა უკმაყოფილება და მათი დახმარებით შეძლო მისი დაკავება: „რაჟამს წარმოვიდა ბაგრატ აფხაზთა მეფე - წერს მემატიანე, - კუალად მიიქცნეს კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს; აღიღო დავით ჰერეთი“.1 მაგრამ არც ბაგრატ III-მ დაიხია უკან და 1010 წელს ხელახლად ილაშქრა ჰერეთს: „აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თვისად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი, შეაწყუდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენა ციხესა გარშემო მცველნი წელიწადმდი, წარიღო ბოჭორმაცა და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კ¢რიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა“.2
ამრიგად, 1010-1011 წლებში ბაგრატ III-მ თავის სახელმწიფოს კახეთ-ჰერეთის ტერიტორიაც შემოუერთა და ამით, თუ არ ჩავთვლით თბილისის საამიროს, დაასრულა ისტორიული ქართლის მიწა-წყლის თავისი ხელისუფლების ქვეშ მოქცევა. ჯერ ჰერეთისა და შემდეგ კი კახეთის შემომტკიცებამ შესაბამისად ასახვა ჰპოვა ბაგრატ III-ის ტიტულატურაში. თუ ნიკორწმინდის წარწერაში ბაგრატი მოხსენიებულია მხოლოდ „აფხაზთა და რანთა მეფედ და ქართველთა კურაპალატად“,3 კაცხის წარწერაში გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ტიტულატურა უკვე ასე გამოიყურება: „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოისა, და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურაპალატი“.4 ამით ძირითადად დასრულდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი და შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია.
1. მატიანე ქართლისა, გვ. 279; თ. პაპუაშვილი. რანთა.., გვ. 204-205.
2. თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო, გვ. 206.
3. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ. 55; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო, გვ. 206.
4. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი, II, გვ. 56; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო, გვ. 206.
ერთიანი ქართული სამეფოს წარმოქმნამ გარკვეულწილად შეცვალა ძალთა თანაფარდობა ამიერკავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. გაერთიანებული საქართველოს სახით საერთაშორისო არენაზე გაჩნდა საკმაოდ დიდი პოტენციის მქონე სახელმწიფო, რომელიც იმთავითვე იქცა აქტიურ პოლიტიკურ ძალად კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთაც. ყოველივე ამას არ შეიძლებოდა გარკვეული რეაქცია არ გამოეწვია მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ამ დროს, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში არ არსებობდა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლო რამდენადმე შეეზღუდა საქართველოს მეფის აქტიურობა. მიუხედავად ამისა, XI ს. დასაწყისში მაინც გაჩნდნენ გარეშე ძალები, რომელებიც შეეცადნენ წინააღდგომოდნენ ბაგრატ III-ის გავლენის სფეროების გაფართოებას. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს განძის შადადიანი ამირა ფადლონი, რომელთანაც მოუხდა შებრძოლება გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს.
განძის საამიროს ეკავა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მტკვარ-არაქსის აუზში, რაც შადადიან ამირებს აძლევდა საშუალებას თავიანთი კონტროლი დაემყარებინათ ამიერკავკასიის მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ და სამხედრო სტრატეგიულ რაიონებზე.1 X ს. 60-70-იანი წლების მიჯნაზე შექმნილი შადადიანთა სახელმწიფოს დაწინაურება იმავე საუკუნის მიწურულიდან იწყება, როდესაც სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ამირა ფადლ ბ. მუჰამედი (985-1031 წწ.), რომელსაც ისტორიკოსები განძის სახელმწიფოს მეორე ფუძემდებლად თვლიან.2 სწორედ ამ პერიოდში (XI ს. I მეოთხედი) მიაღწია ამ სახელმწიფომ ძლიერების ზენიტს, გადაიქცა რა ამიერკავკასიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.3
საქართველოსა და გაძლიერებული განძის საამიროს ინტერესები ერთმანეთს შეეჯახნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. როგორც უკვე აღინიშნა, ბაგრატ III-მ, მას მერე, რაც განიმტკიცა თავისი ხელისუფლება აფხაზეთსა, ქართლში და ტაო-კლარჯეთში, კურსი აიღო კახეთ-ჰერეთის შემომტკიცებისაკენ და როგორც ვნახეთ, წარმატებით განახორციელა ეს აქტი. ყოველივე ამან გააღიზიანა განძის ამირა ფადლონი, რომელიც ეტყობა თვით აცხადებდა პრეტენზიას აღმოსავლურ-ქართული გაერთიანებების დაუფლებაზე. ქართველი მემატიანის ცნობით, მან „იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად“.4 ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფადლონის ეს რბევა-ლაშქრობები სხვა არაფერი იყო, თუ არა „ერთდროული ალაფისა და ნადავლისათვის გათვალისწინებული სამხედრო თარეში, რომელიც ასე ჩვეულებრივი იყო ფეოდალურ ერთეულებს შორის ურთიერთობაში“.5
1. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 53, 233.
2. იქვე, გვ. 65.
3. იქვე, გვ. 234.
4. მატიანე ქართლისა, გვ. 279.
5. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 189.
ერთი შეხედვით, შეიძლება, მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელი განძის მმართველთა ამბიციებს1 და იმასაც, რომ ფადლონი განსაკუთრებით მას მერე გააქტიურდა, რაც ბაგრატმა კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა, შეიძლება იმის დაშვებაც, რომ განძის ამირას გამოსვლები, საერთოდ მიზნად ისახავდა კახეთ-ჰერეთში „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის ხელისუფლების აღკვეთას და ამ რეგიონში საკუთარი ხელისუფლების დამყარებას. შესაძლებელია, ამიტომაც მიიტანა გულთან ასე ახლოს ფადლონის „კადნიერება“ ბაგრატ III-მ და მოაწყო კოალიციური ლაშქრობა მის წინააღმდეგ: „...იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი (ფადლონისი - ზ.პ.), დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწვია, რათა იძიოს შური ფადლონისაგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“.2
1. განძის ამირა ფადლონი, როგორც ცნობილია, ფართო დაპყრობით პოლიტიკას ატარებდა; მან განავრცო თავისი სახელმწიფოს საზღვრები (994 წელს დაიპყრო ბაილაყანი და ბარდავი). ვარდანის თქმით, ამირა ფადლონი „დაეუფლა ხაჩენს, გოროზს, სევ-ორდიქს და დაუწყო ბრძოლა გაგიკს, ძოროგოთის მეფეს, კვირიკეს აღვანის მეფეს და ბაგრატს, ივერთა მეფეს და არ აძლევდა მათ მოსვენებას“. (Всеобщая история Вардана Великого, გვ. 145; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 66). ამავე ავტორის ცნობით, ფადლონს დაუპყრია დვინი და დაუკისრებია სომხეთისათვის ხარკისამი ათასი დინარის ოდენობით. (Всеобщая история Вардана Аеликого, გვ. 145). არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირის მონაცემებით კი ფადლონის ხელში მოქცეულა აზერბაიჯანის ნაწილი (П. Жузе. Материялы по истории Азербайджана из «Тарах ал-Камил Ибн ал-Асира». Баку, 1940, გვ. 115. დაწვრილ. იხ.: პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 66-77.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 279-280.
ის, რომ ბაგრატს ფადლონის წინაშე დასჭირდა ანისის მეფის მოშველიება, თავისთავად, მიუთითებს განძის ამირას სიძლიერეზე და მის შორს მიმავალ მიზნებზე.1 ძორაკეთს შეკრებილმა ქართველ-სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მიმართა „ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარისა მსახურთასა. და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა და წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესვლად“.2 ქართველთა და სომეხთა ჯარი გამოედევნა ფადლონს და „ამან დიდმან და ყოვლითურთ ძლევა შემოსილმან მეფემან ბაგრატ წარმოტყუენა ქვეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორსა, დაუდგნა ფილაკავანნი, და მცირედითა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი“.3
შევიწროებულმა ფადლონმა უმალ ითხოვა ზავი: „ითხოვა შენდობა; აღუთქვა დღეთა შინა სიცოცხლისა მისა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა“.4 ბაგრატ III-ს, ეტყობა, ჯერ კიდევ ჰქონდა ქალაქის იერიშით აღების იმედი და დიდებულებთან ბჭობა გამართა, მაგრამ ამ უკანასკნელთ დაარწმუნეს მეფე, რომ ქალაქის ძალით დაკავება გაჭირდებოდა „უფროს ამისთვის, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს“.5 ამის შემდეგ „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფე დათანხმდა ზავზე: „მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი, სიტყვით აღთქმული, საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა, და წარმოვიდა შინა გამარჯვებული“.5
1. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 189.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 280.
3. იქვე.
4. იქვე.
5. იქვე.
6. იქვე.
ამრიგად, განძის ამირას დამარცხებით,1 ბაგრატ III-მ მნიშვნელოვნად განიმტკიცა თავისი პოზიციები აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ამ ძლევამოსილი კამპანიის მთავარი შედეგი იყო განძის ამირა ფადლონის გაერთიანებული საქართველოს მეფის ყმადნაფიცად გადაქცევა, რომელიც იურიდიულად იქნა დაფიქსირებული საზავო ხელშეკრულებაში. როგორც „მატიანე ქართლისაის“ ზემოთმოტანილი მასალებიდან ირკვევა, ფადლონი აღიარებდა ბაგრატ III-ის უზენაესობას და კისრულობდა მის მხარეზე სამხედრო ძალით გამოსვლას საჭიროების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყოველივე ეს ფადლონმა „დაუწერა“ ბაგრატ III-ს, ე.ი. დიპლომატიურად წერილობით გააფორმა.2 ამ შემთხვევაში, ტერმინი „დაწერილი“, რომელიც ზოგადად ქართულ დიპლომატიკაში „იურიდიული შინაარსის წერილობით დოკუმენტს აღნიშნავს“,3 წარმოგვიდგება კონკრეტულად საზავო ხელშეკრულების აღმნიშვნელ ტერმინად.
1. ისტორიოგრაფიაში არ არის ერთი აზრი ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობის თარიღის ირგვლივ. ივ. ჯავახიშვილი, გამოდიოდა რა „მატიანე ქართლისაის“ მონათხრობიდან, ასკვნიდა, რომ ლაშქრობას ადგილი უნდა ჰქონოდა 1010-1014 წლებს შორის (ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 132). XI ს. 10- იანი წლებით ათარიღებს ბაგრატის განძაში ლაშქრობას მ. ლორთქიფანიძეც (მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს ში ნაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე.., გვ. 195). საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოში კი ნაჩვენებია 1011-1012 წწ. (იხ. ნ. ბერძენიშვილი, ვ. დონდუა, მ. დუმბაძე, და სხვ., საქართველოს ისტორია. დამხმარე სახელმძღვანელო. ტ. I. თბ., 1958, გვ. 141).
2. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 190.
3. ნ. ბერძენიშვილი. მიწათმფლობელობის ფორმირებისთვის საქართველოში. ტერმინი „დაწერილისათვის“. - საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. III. თბ., 1966; პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 190.
ფადლონზე გამარჯვებამ თვალსაჩინოდ აამაღლა საქართველოსა და მისი მეფის ავტორიტეტი ამიერკავკასიაში. ამის ერთგვარ გამოძახილად მკვლევრებს (პ. თოფურია, დ. მუსხელიშვილი)1 მიაჩნიათ ბაგრატ III-ის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება, რომელსაც ვხვდებით სუმბატ დავითის ძის თხზულებაში: „დაიპყრა ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთიდგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო .2 თუ განძაადარბადაგანის მიმართ, ბაგრატის ზემოთ ხსენებული ლაშქრობის შემდეგ, ქართველ ისტორიკოსს უთუოდ გააჩნდა ამგვარი განცხადების გაკეთების ერთგვარი საფუძველი, ამას ვერ ვიტყვით შარვანზე. ამ პერიოდისათვის ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე ხელმოსაკიდი მასალა, რომელიც ადასტურებდეს ბაგრატ III-ის აქტიურობას შარვანის მიმართულებით,3 თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსი (დ. მუსხელიშვილი) მაინც დასაშვებად თვლის, რომ ბაგრატს მეფობის ბოლო წლებში შეიძლება შარვანიც მოხარკედ ექცია.4 ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით ბაგრატიონთა მემატიანის ამ შეფასებას, ახლა კი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ საქართველო-სომხეთის ურთიერთთანამშრომლობის ფაქტზე ფადლონის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ქართული ფეოდალური მონარქიის აღმოცენებისა და განმტკიცების დასაწყის სტადიაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სომხურ პოლიტიკურ სამყაროსთან ურთიერთობას.5 როგორც ცნობილია, IX-X საუკუნეების მთელ მანძილზე მიმდინარეობდა პერმანენტული ბრძოლები საქართველოსა და ამიერკავკასიაში პოლიტიკური ჰეგემონობის მოპოვებისათვის. ამ ბრძოლაში არაერთხელ დაპირისპირებია ერთმანეთს სომხური და ქართული პოლიტიკური ერთეულები.6 სომხურ სამეფო-სამთავროებიდან საქართველოსთან განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ანისის (შირაქის) ბაგრატუნიანთა სამეფოს, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა, აცხადებდა პრეტენზიას ამიერკავკასიის მასშტაბით ერთიანი ქრისტიანული სახელმწიფოს შექმნაზე.7
1. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები.., გვ. 190; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 242.
2. მატიანე ქართლისა, გვ. 282. (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
3. პ. თოფურია. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის.., გვ. 191.
4. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 243.
5. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინა.., გვ. 191.
6. იქვე.
7. იქვე.
X ს. II ნახევრიდან საქართველოს დაუმეზობლდა ტაშირ-ძორაგეტის სომხური სამეფო, რომელიც წარმოიქმნა ქვემო ქართლის („სომხითი“ – „გუგარქი“) ისტორიულად ქართულ მიწა-წყალზე.1 მანამდე ეს მხარე ანისის მეფეებს ეკავათ, მაგრამ აშოტ III „მწყალობლის“ უმცროსმა შვილმა - გურგენ ბაგრატუნმა, რომელიც მამის მიერ გუგარქის მმართველად იყო დანიშნული, უარი თქვა მეფისნაცვლობაზე და საფუძველი ჩაუყარა საკუთარ სამეფოს.2 X ს. მიწურულს ტაშირ-ძორაგეტის მეორე მეფემ - დავით „ანჰოლინიმ“ („უმიწაწყლო“) მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამეფოს საზღვრები. ამ დროს ტაშირ-ძორაგეტის შემადგენლობაშია ე.წ. „ქართველთა ველი“. დავით „უმიწაწყლო“ დაეუფლა აგრეთვე დმანისს.3 მანვე შემოიმტკიცა მარზპან დემეტრეს სამფლობელოები, რომელიც ქართული ორიენტაციის მოღვაწე ყოფილა და ქართველადაც კი მონათლულა.4 დავითი წარმატებით ებრძოდა თბილისის ამირასა და განძის ამირა ფადლონსაც.5 მან ანისის მეფისაგან თავის დაღწევაც კი მოინდომა, მაგრამ ამაოდ. 1001 წელს გაგიკ სომეხთა მეფემ გაილაშქრა ტაშირს, სამშვილდეს და „ქართველთა ველს“ და კვლავ თავის გავლენის ქვეშ მოაქცია ტაშირ-ძორაგეტის სამეფო.6
როგორც ვხედავთ, გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბევრი რამ ჰქონდა გასარკვევი სომხურ პოლიტიკურ სამყაროსთან. უმთავრესად, რასაკვირველია, ქვემო ქართლის ტერიტორიების საკითხი, მაგრამ ბაგრატ III-ის წინაშე, როგორც მართებულად მიუთითებს მ. ლორთქიფანიძე, ამ დროს სხვა უფრო გადაუდებელი ამოცანები იდგა და ამიტომ ის გაგიკ სომეხთა მეფესთან მშვიდობიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა.7
1. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: ლ. ჯანაშია. ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1962, გვ. 176-177; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I. თბ., 1977, გვ. 152; დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 1979, გვ. 21; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო, გვ. 227-229.
2. თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო, გვ. 234.
3. ალ. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 108-109. იხ. აგრეთვე: ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 131; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 192; თ. პაპუაშვილი. რანთა და .., გვ. 237-238.
4. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 181-182; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 131; დ. ბერძენიშვილი. ქვემო ქართლის გეოგრაფიიდან. - მაცნე, ისტორიის... სერია, 6, 1969, გვ. 102-104; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 193; ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა, გვ. 108-109.
5. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 181-182; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 193; თ. პაპუაშვილი. რანთა და კახთა სამეფო.., გვ. 238.
6. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 203; ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, გვ. 131; მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 193.
7. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან.., გვ. 193. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიზიარებთ ა. აბდალაძის მიერ ამ ბოლო დროს გამოთქმულ აზრს იმის შესახებ, რომ ბაგრატ III გაცილებით ნაკლებად აქტიურობდა სომხური სამეფო-სამთავროების დაქვემდებარებისათვის, ვიდრე დავით კურაპალატი, გიორგი I და ბაგრატ IV (ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა.., გვ. 211-212; ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 257), მაგრამ, ამასთან, რამდენადმე სადავოდ მიგვაჩნია ამ მოვლენის ა. აბდალაძისეული ახსნა. ჩვენი აზრით, საეჭვოა, რომ ბაგრატ III-ს მხოლოდ იმიტომ შეეკავებინა თავი აქტიური პოლიტიკის გატარებისაგან სომეხი მეფე-მთავრების მიმართ, რადგან ეს უკანასკნელნი მისი გამზრდელის ვასალები იყვნენ. საკითხის ასე დასმა, ვფიქრობთ, გაუმართლებელია - იგი ნიშნავს დავით კურაპალატისა და ბაგრატ III-ის პოლიტიკური ინტერესების ერთიანობის ერთგვარ უარყოფას, რაც, როგორც აღვნიშნეთ, პრაქტიკულად, არც ერთ სიტუაციაში (თვით რატი ბაღვაშის ირგვლივ 988 წელს ატეხილ კონფლიქტშიც კი) არ გამომჟღავნებულა. დავითის სიცოცხლეში შესაძლებელი რომ ყოფილიყო საქართველოს გავლენის დამყარება მეზობელ სომხურ ერთეულებზე, იმიერტაოს მმართველისადმი სომეხი მეფე-მთავრების ვასალური დამოკიდებულება არა თუ ხელს შეუშლიდა, არამედ პირიქით, უფრო გაუადვილებდა კიდეც „აფხაზთა“ მეფეს მათ დამორჩილებას. რაც შეეხება კურაპალატის გარდაცვალების შემდგომ პერიოდს, აქ მკვლევარი სწორად შენიშნავს, რომ ბაგრატ III-ს რომც სდომოდა სომხური სამეფო-სამთავროებზე თავისი დიქტატის დამყარება, ამას მოერიდებოდა ბასილი კეისრის შიშით, რომელიც სხვა „არგუმენტებთან“ ერთად, სომხური პოლიტიკური ერთეულების დამორჩილების საქმეში მართლაც, უდავოდ გამოიყენებდა გარდაცვლილი დავით კურაპალატის მემკვიდრის როლში ყოფნას. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 258-259.
სომხურ პოლიტიკურ ერთეულებთან და კერძოდ ანისის სამეფოსთან ამგვარ ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ X ს. 70-იან წლებში, როდესაც ანისის მეფე სუმბატი მხარში ამოუდგა დავით კურაპალატს ბაგრატ უფლისწულის „აფხაზეთში“ გამეფების საქმეში.1 საერთოდ უნდა ითქვას, რომ დავით კურაპალატს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ანისის მეფეებთან. როგორც ვიცით, ანისის მეფე სუმბატი თავისი ძმით გაგიკითურთ და აგრეთვე კარის მეფე აბასთან ერთად დაეხმარნენ მას 988 წელს, როდესაც რატი ბაღვაშის მიერ პროვოცირებულ იქნა კონფლიქტი ბაგრატ III-სა და დავით კურაპალატს შორის.2 სომეხთა მეფე გაგიკი აქტიურად უჭერდა მხარს დავით კურაპალატს მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ ბრძოლაში X ს. 90-იან წლებში.3
1. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 180. მ. ლორთქიფანიძე. საქართველოს შინაპოლიტიკური.., გვ. 192.
2. ამის შესახებ იხ. ზემოთ.
3. დაწვრილ. იხ.: ვ. კოპალიანი. ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის წარსულიდან. თბ., 1962, გვ. 140-142. ამ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე დაყრდნობით, ისტორიკოსები (ივ. ჯავახიშვილი, ლეო, რ. გრუსე და სხვ.) ეჭვგარეშედ მიიჩნევდნენ დავით კურაპალატის უზენაესობას სომეხ მეფე-მთავრებზე (სათანადო ლიტ. იხ.: ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა.., გვ. 231), მაგრამ ბოლო დროს აქა-იქ ვხვდებით ამ სწორი შეხედულების უსაფუძვლოდ გადასინჯვის ცდებს (იხ. В. А. Арутюнова-Фиданян. Из истории северо-Восточных областей Византийской империи в XI в. – Историко-филологический журнал, №1, 1972, გვ. 92; Р. А. Хонелия. Некоторые вопросы истории Абхазии и абхазов по армянским источникам. - Историко- филологический журнал, №4, 1965, გვ. 102). ვითვალისწინებთ იმას, რომ ა. აბდალაძემ გულდასმით გაანალიზა სათანადო ქართულსომხური მასალები და დამაჯერებლად აჩვენა დავით კურაპალატის სიუზერენიტეტი იმდროინდელ სომეხ მმართველებზე (ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა.., გვ. 231-241), ჩვენ ზემეტად მიგვაჩნია ამ პრობლემაზე სპეციალურად შეჩერება და მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით ვკმაყოფილდებით.
ბაგრატ III-მ, როგორც ჩანს, გააგრძელა თავისი მამობილის პოლიტიკა სომხური ერთეულების მიმართ. ყოველი შემთხვევისათვის, განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ბაგრატ III-ისა და გაგიკის ერთობლივი გამოსვლა საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლური დამოკიდებულების და თანამშრომლობის აქტად უნდა მივიჩნიოთ.1 ქართულ-სომხური თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე, როგორც ნაჩვენები იქნება ქვემოთ, კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური გახდა გიორგი I-ის ხანაში, როდესაც ისინი ერთობლივად გამოვიდნენ ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ.
ახლა მივუბრუნდეთ ბაგრატ III-ის მოღვაწეობის სუმბატ დავითის ძისეულ შეფასებას და მის შუქზე მოკლედ შევეხოთ საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობას ჩრდილოეთის მეზობლებთან. როგორც უკვე აღინიშნა, იმ დროს, როდესაც საფუძველი ეყრებოდა ერთიან ქართულ ფეოდალურ მონარქიას, ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენდა ეთნიკურად მეტად ჭრელ რეგიონს. ქართულ პოლიტიკურ სამყაროს მუდამ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და ტომებთან. წყაროებში ვხვდებით არაერთ საინტერესო მასალას ქართველი და ცალკეული ჩრდილოეთ- კავკასიური ტომის კეთილმეზობლური, მშვიდობიანი ურთიერთობის შესახებ, თუმცა დროდადრო მათ შორის კონფლიქტებსაც ჰქონდა ადგილი.2
სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგავაჩნია რაიმე კონკრეტული მასალა გაერთიანებული საქართველოს კონტაქტები ჩრდილოეთის მეზობლებთან ბაგრატ III-ის ხანაში, ამდენად, სუმბატ დავითის ძის განცხადება: „დაიპყრა (ბაგრატ III-მ - ზ.პ.) ყოველი კავკასია თვითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“,3 ერთი შეხედვით თითქოს გაზვიადებულიც კი ჩანს, თუმცა, როგორც სამართლიანად მიუთითებენ მკვლევრები (დ. მუსხელიშვილი), გარკვეული საფუძველი ამგვარი განცხადებისათვის სუმბატ დავითის ძეს, შეიძლება, ჰქონდა კიდეც.
1. მკვლევარი ალ. აბდალაძე, აკვირდება რა „მატიანე ქართლისაის“ მონაცემებს ფადლონის წინააღმდეგ ქართველთა ერთობლივი გამოსვლის შესახებ, იმ დასკვნამდე მიდის, რომ მათში იგრძნობა გაგიკ სომეხთა მეფეზე ბაგრატ III-ის უზენაესობა. იხ.: ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა.., გვ. 212.
2. ამის შესახებ დაწვრილებით იხ.: გ. თოგოშვილი. საქართველოოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (უძველესი დროიდან XIV სმდე). სტალინირი, 1958; ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I. თბ., 1969; А. И. Шавхелишвили. Из истории взаимоотношений между грузинским и чечено-ингушским народами. Грозный, 1963; М. Р. Гасанов. Из истории дагестано-грузинских взаимоотношений (С древнейших времен до конца XIV в.). Автореферат кард. дисс. Махачкала, 1968 და სხვ.
3. ქართლის ცხოვრება, I, გვ. 382 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
პირველ რიგში, ყურადღება ექცევა X ს. I ნახევრის ზოგიერთ მასალას, რომელიც ნათლად მეტყველებს საქართველოს (კერძოდ, „აფხაზთა“ სამეფოს) გაზრდილ ავტორიტეტზე ჩრდილოეთ კავკასიაში. მხედველობაში გვაქვს ცნობები „აფხაზთა“ მეფე გიორგი II-ის (922-957 წწ.) მიერ ალანია-ოვსეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელსაც გვაწვდის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი.1 მიჩნეულია, რომ ეს მონაცემები რეალურად ასახავენ იმდროინდელ ვითარებას და დასაშვებს ხდიან „აფხაზ“ მეფეთა პოლიტიკური სუვერენიტეტის არსებობას ალანებზე.2
გარდა ამისა, წყაროები („მატიანე ქართლისაი“) მანამდეც უსვამენ ხაზს ოვს მეფე-მთავართა მონაწილეობას „აფხაზთა“ მეფის სამხედრო-პოლიტიკურ აქციებში. ასე მაგალითად, IX ს. მიწურულს „აფხაზთა“ მეფე ბაგრატმა, რომელიც თავის ცოლისძმასთან ერთად იბრძოდა „შიდა ქართლისათვის“, მოიშველია ოვსთა ლაშქარი მათი მთავრის ბაყათარის მეთაურობით.3 X-XI სს. მიჯნაზე ალანეთის მისადგომებისათვის იბრძოდა „აფხაზთა“ მეფე კონსტანტინე III (889-922წწ.), რის შესახებაც ცნობას გვაწვდის სომეხი ისტორიკოსი იოანე დრასხანაკერტეცი: „ეგრისის მეფე კონსტანტინემ... შეკრიბა ჯარი და გაემართა ჩრდილოეთის მხარით კავკასიის მთის ხევებით, რათა გუგართა ქვეყანა და ალანთა კარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ერთხელვე თავის ხელქვეით დაემორჩილებინა“.4 ამ შემთხვევაში, მართალია, დასავლეთ საქართველოს მეფემ ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა - მას წინ აღუდგა სომეხთა მეფე სუმბატ ბაგრატუნი.5 მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მოგვიანებით, გიორგი II მეტად თავისუფლად მოქმედებს ალან-ოვსეთში, რაც აშკარად უნდა მიგვანიშნებდეს იმას, რომ ალან-ოვსები ამ პერიოდში „აფხაზთა“ მეფის ქვეშევრდომები იყვნენ.6
ქართველ ისტორიკოსთა ამ დასკვნას ხელს არ უნდა უშლიდეს X ს. არაბი ავტორის მასუდის ცნობა, რომლის მიხედვითაც X ს. შუა ხანებში ალანთა მეფე თითქოს მთავრობდა „აფხაზებზე“.7 ამასთან დაკავშირებით, სავსებით სწორად შენიშნავს დ. მუსხელიშვილი, როდესაც მიუთითებს, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია „ან მასუდი გაცილებით ძველ ამბავს აღნიშნავს, - წერს მეცნიერი, - ანდა ტექსტი აქ შერყვნილია და დედანში სწორედ „აფხაზთა“ ალანებზე მთავრობის შესახებ იყო საუბარი და არა - პირუკუ“.8
1. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვ. II. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1952, გვ. 214.
2. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 235.
3. მატიანე ქართლისა, გვ. 261; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი, ტ. II, გვ. 236.
4. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია.., გვ. 109; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 443. ამის შესახებ იხ. აგრეთვე: Иованнес Драсханакертци. История Армении. Перевод с древнеармянского, вступительная статья и комментарий М. О. Дарбинян-Меликян. Ереван, 1986, გვ. 152.
5. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია.., გვ. 109; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების.., გვ. 443.
6. მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება, გვ. 197-198; მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა.., გვ. 442-443; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის.., II, გვ. 236.
7. В. Ф. Минорский. История Ширвана и Дербенда, М., 1963, გვ. 209; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 236.
8. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული.., II, გვ. 236.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია საქართველო-ოსეთის რაიმე კონტაქტებზე ბაგრატის ხანაში. მაგრამ ეს გარემოება ვერ გამოდგება იმის სამტკიცებლად, რომ ბაგრატ III-მ ვერ განაგრძო თავის წინამორბედ „აფხაზ“ მეფეთა მიერ აღებული კურსი ოვსეთის შემომტკიცებისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბაგრატ III-ის ხანაში „აფხაზთა“ სამეფოს სიძლიერე განუხრელად იზრდებოდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფეს გარკვეული გავლენა არ ჰქონოდა თავის ოვს მოკავშირეებზე.1 ამის საბუთად შეიძლება გამოვიყენოთ XI ს. სომეხი ავტორის სტეფანოს ტარონაცის ერთი ირიბი ცნობა, რომელმაც ამ ბოლო დროს მიიქცია ისტორიკოსთა ყურადღება. მოგვითხრობს რა, ჩვენ მიერ ზემოთ არა ერთხელ ნახსენებ ბაგრატ III-ისა და დავით კურაპალატს შორის 988 წლის კონფლიქტზე, ასოღიკი შენიშნავს, რომ „აფხაზთა“ მეფეს მოჰყავდა „დიდძალი ლაშქარი სარმატთა ქვეყნიდან“.2 დ. მუსხელიშვილი სავსებით სამართლიანად სვამს საკითხს ბაგრატ III-ის მიერ ჩრდილოეთ კავკასიელ ტომთა (შეიძლება ალან-ოსთა, ან საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელთა) გამოყენების შესაძლებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ბაგრატს ხელი მიუწვდებოდა იმიერკავკასიაზე.3
საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ურთიერთობის თვალსაზრისით XI ს. დასაწყისში ამ უკანასკნელ ხანს სპეციალისტების ინტერესი გამოიწვია ასომთავრულმა წარწერამ, რომელიც გაკეთებულია ერთ-ერთ მოოქროვილ ვერცხლის ფირფიტაზე.4 „ქრისტე, ადიდე ბახტიშორ ხუასრო მეფე“. ამ წარწერას აქვს მინაწერი „ქრისტე შეიწყალე სახლისა მეჭურჭლე“. მეორე ფირფიტაზე კი იმავე ასოებით წერია „ქრონიკონი იყო სკ“ ე.ი., 1008 წ.5 წარწერაში ნახსენები ბახტიშორ ხუასრო მეფე, დ. მუსხელიშვილის აზრით, უნდა იყოს სარირის ცნობილი მმართევლი ბუხტ იშო, რომელიც მოხსენიებულია 1025 წლის ახლო ხანებში.6
1. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული.., II, გვ. 236.
2. Всеобщая история Степаноса Таронского.., გვ. 181; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის.., II, გვ. 236.
3. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 236-237.
4. ეს ფირფიტები XX ს. 20-იან წლებამდე ინახებოდა შემოქმედის (გურია) მონასტერში, სადაც ის გადმოუტანიათ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ზარზმიდან (სამცხე) ქართული ოქრომჭედლის სხვა ნიმუშებთან ერთად. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: Г. Н. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство. Тб., 1959, გვ. 105-106; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 238.
5. Г. Н. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство, გვ. 105-106; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 238.
6. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, II, გვ. 38.
სერირი („სარირი“) ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთაინება იყო. მას ეკავა თანამედროვე დაღესტნის ასსრ-ს დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი, ძირითადად თანამედროვე ავარიის მიწა-წყალი მიმდებარე რაიონებით.1 სარირის საზღვრები ჩრდილოეთით ხაზართა ქვეყანამდე აღწევდა. აღმოსავლეთით და სამხრეთით კი მისი მეზობლები იყვნენ სხვა დაღესტნური გაერთიანებები: კაიტაკი, შანდანი, ზირიხ-გერანი, გუმიკი, ფილანი.2 XI საუკუნეში სარირი გამოდიოდა როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გაერთიანება.
მოგვიანებით (XII ს. ბოლო - XIII ს. დამდეგი) ფიქრობენ, რომ სარირი დაქუცმაცდა წვრილ ფეოდალურ სამფლობელოებად და მის ნანგრევებზე შეიქმნა რამდენიმე სასოფლო თემთა კავშირი, აგრეთვე ძლიერი ხუნძახის სანუცალო.3 დადგენილია, რომ სარირის ტერიტორიაზე საკმაოდ მრავლად არის შემორჩენილი ქართული ქრისტიანული კულტურის ძეგლები,4 რაც აქ ქართული ქრისტიანობის გავრცელებაზე უნდა მიგვანიშნებდეს. X ს. არაბი ავტორის მასუდის ცნობით კი სარირის მეფე (943 წ.) ქრისტიანია.5 უფრო ადრე (900 წ.) მეორე {99} არაბი ავტორის იბნ რუსტეს მონაცემებით არა მარტო მეფე, არამედ ღუნძთა ზედაფენაც მთლიანად გაქრისტიანებული ყოფილა.6
1. В. Ф. Минорский. История Ширвана и Дербенда, გვ. 133; Д. М. Атиев. Нагорный Дагестан в раннем средневековье. Махачкала, 1963, გვ. 3; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских.., გვ. 70.
2. В. М. Беилис. Из истории Дагестана VI-XIвв. (Серир). – Исторические записки, т.. 73, 1963, გვ. 249; История Дагестана, т. I. М., 1967, გვ. 123; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских.., გვ. 70.
3. В. М. Беилис. Из истории Дагестана VI-XI вв.., გვ. 265; А. Р. Шихсаидов. Дагестан в X-XIVвв. Махачкала, 1975, გვ. 11; З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических.., გვ. 70.
4. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს.., II, გვ. 239.
5. В. Ф. Минорский. История Ширвана и Дербенда, გვ. 203; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული.., II, გვ. 239.
6. В. Ф. Минорский. История Ширвана.., გვ. 134; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის.., II, გვ.239.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აზრი იმის შესახებ, რომ, XI ს. დასაწყისისათვის, შეიძლება, ბაგრატ III-ს მართლაც დაემყარებინა თავისი კონტროლი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიაზეც („გურგენადმდე“), საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს. ასე რომ, სუმბატ დავითის ძის გამონათქვამი: „დაიპყრა ყოველი კავაკასია თ¢ითმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“ რეალურ შინაარსს იძენს.
ვიდრე შევაჯამებდეთ საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას XI ს. დასაწყისში, შევეხოთ კიდევ ერთ ფრაგმენტს ბაგრატ III-ის მოღვაწეობის სუმბატისეული შეფასებიდან: „დაიპყრა ყოველი კავკასია... და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.1 აღნიშნული ფრაგმენტიც, ისევე როგორც მთელი ციტატა, ერთი შეხედვით გაზვიადებულია. ჩვენ საკმაოდ დაწვრილებით მიმოვიხილეთ საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ცალკეული საკითხები X ს. დამდეგს და დავრწმუნდით, რომ ამ პერიოდში საქართველო ჯერ კიდევ რჩებოდა „ბიზანტიის ქვეყნად“ და რომ 1001 წელს ბასილი II-ის მიერ ბაგრატ III-ისათვის კურაპალატის ტიტულის მინიჭება, ფორმალურად მაინც ნიშნავდა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ვასალურ დამოკიდებულებას კონსტანტინოპოლის ხელისუფლებისადმი. მაგრამ, ამასთან, ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ ბაგრატ III-ს გაკურაპალატება ნიშნავდა ბიზანტიის მმართველი წრეების მიერ „აფხაზთა“ და „ქართველთა“ მეფის სიძლიერის ცნობას და მისთვის ანგარიშის გაწევას.
1. ქართლის ცხოვრება. ტ. I, გვ. 382 (ხაზგასმა ჩვენია - ზ.პ.).
ჩვენ ვიცით, რომ ბიზანტიის იმპერატორი არ შეიძლებოდა ერთიანი, ძლიერი საქართველოს შექმნის მოსურნე ყოფილიყო, მაგრამ იმ ეტაპზე, აწეწილი საშინაო თუ საგარეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო, არ შეეძლო ჩარეულიყო საქართველოს გაერთიანება-განმტკიცების პროცესში. ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ ბასილი კეისარმა ვერ მოახერხა დაეცვა ბაგრატის ხელყოფისაგან კლარჯეთის ბაგრატიონები, რომლებმაც, უეჭველია, სთხოვეს კონსტანტინოპოლის დახმარება. ყოველივე ეს აშკარად მიუთითებს, რომ ბიზანტიას ძალა არ შესწევდა რაიმე ეღონა საქართველოს შემდგომი გაძლიერების შესაჩერებლად და ყოველმხრივ ცდილობდა საშიში „ვასალისათვის“ არაფერი დაეშავებინა. სწორედ ამ ასპექტში უნდა გავიგოთ ჩვენ სუმბატის გამონათქვამი: „ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა“ - ბაგრატ III-ისა.1
ამრიგად, XI ს. დასაწყისში ძირითადად დასრულდა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთაიანების ხანგრძლივი პროცესი და შეიქმნა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია, რომელიც იმთავითვე გადაიქცა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული საქართველოს მეფეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოპოვებული სრული დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერიისაგან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მოქმედებდა სავსებით თავისუფლად და ფაქტობრივად ამყარებდა თავის (და არა ბიზანტიის) სუვერენიტეტს კავკასიაში. საქართველოს სამეფო გადაიქცა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ.2 ბიზანტიის ხელისუფლება, რასაკვირველია, ვერ შეურიგდებოდა საქართველოს სახელმწიფოს ამგვარ დაწინაურებას და შეეცდებოდა პირველივე ხელსაყრელი შემთხვევა გამოეყენებინა ურჩი მეზობლისა და „ვასალის“ დასასუსტებლად. მწიფდებოდა დიდი კონფლიქტი იმპერიასთან, რომლის შედეგზე ბევრად იყო დამოკიდებული ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემდგომი ბედ-იღბალი. ამ კონფლიქტმა დიდხანს არ დააყოვნა და მთელი ძალით იფეთქა XI ს. 10-იანი წლების მიწურულს გიორგი I-ის ხანაში.
1. ვ. კოპალიანი მუთითებდა, რომ ბიზანტიის ხელისუფლებას ეშინოდა საქართველოს სახელმწიფოს არ დაებრუნებინა იმიერტაოს მიწები და ამიტომ „აქუნდა შიში“. იხ.: ვ. კოპალიანი. საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური.., გვ. 88.
2. ცნობილი მეცნიერის - კ. თუმანოვის შენიშვნით, ბაგრატ III თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში „იყო ყველაზე უფრო ძლიერი ხელისუფალი, ხოლო მისი სამეფო ყველაზე უფრო ძლევამოსილი სახელმწიფო კავკასიაში“. იხ.: C. Toumanoff. The Background of Manzikert. – Proceedings of the XIII Congress of Byzantine Studies. Oxford, 1967, გვ. 425; ა. აბდალაძე. „ქართლის ცხოვრება“ და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა.., გვ. 75.
წყარო: ზურაბ პაპასქირის წიგნი: „ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი“

Комментариев нет:

Отправить комментарий