пятница, 3 августа 2018 г.

პოტსდამის კონფერენცია (17 ივლისი-2 აგვისტო 1945)

$1. დიპლომატიური სამზადისი დიდი სამეულის მორიგი სამიტის მოსაწყობად და პირველი კონტაქტები. კონფერენციის დღის წესრიგის შემუშავება
ევროპაში ომის დასკვნით დღეებში მოკავშირეთა დღის წესრიგში დადგა „დიდი სამეულის“ მორიგი სამიტის მოწყობის საკითხი. ყირიმის კონფერენციის დასრულების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა მოკავშირეთა ურთიერთობებში და ის მკვეთრად გაუარესდა. ამის პირველი მიზეზი იყო „ბერნის ინციდენტი“, რომლის შემდეგაც რუზველტმა დაასკვნა, რომ „სტალინი მას მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა“. „ბერნის ინციდენტის“ დარეგულირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1945 წ. 12 აპრილს გარდაიცვალა ფრანკლინ დელანო რუზველტი და აშშ-ს 33-ე პრეზიდენტი გახდა ჰარი ტრუმენი. ამ ფაქტმა გერმანიის ხელმძღვანელობის უმაღლეს ეშელონებში ახალი იმედები გააღვიძა. ჰიტლერმა ეს მოვლენა მიიჩნია იმის ნიშნად, რომ გერმანია გადარჩებოდა. მისი აზრით, რუზველტის სიკვდილის შემდეგ სამხედრო კონფლიქტი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს შორის გარდაუვალი იქნებოდა.
ჰიტლერის ამ იმედებს თითქოს ჰქონდა კიდეც გარკვეული საფუძველი. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ხომ სწორედ ის ჰარი ტრუმენი იყო, რომელმაც გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის პირველ დღეებში შემდეგი განცხადება გააკეთა: „თუ ჩვენ ვნახავთ, რომ იმარჯვებს გერმანია, მაშინ უნდა დავეხმაროთ საბჭოთა კავშირს, ხოლო თუ რუსები დაიწყებენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ გერმანიას, და დაე მათ ხოცონ ერთმანეთი“. ასევე ცნობილი იყო ტრუმენის უფრო მკვეთრი ანტისაბჭოური განცხადებაც: „ნაციზმთან ომში კომუნისტების გამარჯვება არანაკლებ და უფრო სახიფათოც კი არის, ვიდრე ჰიტლერის მიერ რუსეთის დაპყრობა“.1
ბუნებრივია, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ამგვარი განცხადებები ჰიტლერსა და მის გუნდს ნამდვილად აძლევდა ერთგვარი ოპტიმიზმის საფუძველს, მაგრამ იმედი, რომელსაც ისინი თეთრი სახლის ახალ პატრონზე ამყარებდნენ, ფუჭი აღმოჩნდა. 1945 წ. აპრილში ტრუმენი სულაც არ აპირებდა გერმანიის ხსნას. 22 აპრილს, მოლოტოვთან შეხვედრისას, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის დაიცავდა რუზველტის მიერ ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას. თუმცა, როგორც სულ მოკლე ხანში გახდა ნათელი, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ტრუმენი მომავალში გააგრძელებდა რუზველტისეული დათმობების პოლიტიკას. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისართან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე თეთრ სახლში შედგა საგანგებო თათბირი, რომელზეც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მიმართ ის გაცილებით უფრო ხისტ პოლიტიკას გაატარებდა.
ტრუმენზე გაცილებით უფრო შორს მიდიოდა ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომელთაც ღრმად სწამდათ, რომ ცოტა ხანში უკვე სსრ კავშირის წინააღმდეგ მოუწევდათ ომის წარმოება. მათ ასეთი ომის გაჩაღების პროპაგანდაც დაიწყეს, თუმცა მათი აზრი პრეზიდენტმა არ გაიზიარა. მიუხედავად ამისა, 22 აპრილის ზემოხსენებული შეხვედრისას ტრუმენი იმდენად მკაცრი ტონით ესაუბრა მოლოტოვს პოლონეთის საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელმა კინაღამ დატოვა სან ფრანცისკო და ლამის ჩაშლის საფრთხის წინაშე დააყენა გაეროს დამფუძნებელი კონფერენცია.
1. დაახლოებით იგივე ტონით საუბრობდა რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი რობერტ ტაფტი, რომელიც აღნიშნავდა, რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის განსხვავება არ იყო. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, კომუნიზმი უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ფაშიზმი, რადგანაც ის უფრო ფართო მასებზე იყო გათვლილი.
ასეთი იყო ვითარება, როდესაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გააქტიურა მოქმედება „დიდი სამეულის“ ახალი შეხვედრის მოსაწყობად. პირველად მან ეს აზრი გააჟღერა ტრუმენისადმი 1945წ. 6 მაისს გაგზავნილ წერილში, სადაც ის აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მიმოწერით საკითხების გადაწყვეტა უკვე შეუძლებელი იყო. ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი ხაზს უსვამდა, რომ დასავლეთელ მოკავშირეთა არმიები აუცილებლად უნდა დარჩენილიყვნენ თავის პოზიციებზე იუგოსლავიიდან დანიამდე. ტრუმენმა 9 მაისის წერილში მოიწონა ეს აზრი, თუმცა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა ასეთი შეხვედრის იდეა სტალინისაგან წამოსულიყო და სთხოვა ჩერჩილს, მოემზადებინა შეხვედრაზე განსახილველი საკითხების ნუსხა.
11 მაისს ბრიტანეთის პრემიერმა არ გაიზიარა წინადადება კონფერენციის მოწყობის ინიციტივის საბჭოთა ლიდერისათვის გადალოცვის შესახებ. ჩერჩილის აზრით, მას და ტრუმენს ან ერთობლივად უნდა დაეყენებინათ სტალინის წინაშე საკითხი შეხვედრის შესახებ, ან ცალ-ცალკე, მაგრამ ერთდროულად მიეწერათ მისთვის სამიტის მოწყობის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი ხაზს უსვამდა, რომ ამჯერად შეხვედრა არ უნდა გამართულიყო საბჭოთა ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.1 ამავე დღეს გაგზავნილ მეორე წერილში კი ჩერჩილმა ღიად განაცხადა, რომ თუ არ მოხდებოდა სასურველი შედეგების მიღწევა ყველა სადავო საკითხზე, მოკავშირეებს არ უნდა დაეხიათ იმ მომენტისათვის დაკავებული პოზიციებიდან. ის ხაზს უსვამდა, რომ საჭირო იყო დამაკმაყოფილებელი შეთანხმებების მიღწევა საბჭოთა მხარის მიერ კონტროლირებად ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით მანამ, სანამ აშშ-ს სამხედრო ნაწილები ევროპაში შესუსტებული იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთის პრემიერს სავსებით შესაძლოდ მიაჩნდა მესამე მსოფლიო ომის დაწყებაც კი. პასუხად ტრუმენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეხვედრის ინიციატორის როლში სტალინის გამოსვლა მისთვის ბევრად უფრო სასურველი იყო.
1. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, „დიდი სამეულის“ პირველი შეხვედრა შედგა თეირანში, რომელსაც იმ დროს საბჭოთა სამხედრო შენაერთები აკონტროლებდნენ (1941 წლიდან ირანი ოკუპირებული იყო საბჭოთა და ბრიტანული ჯარების მიერ და თეირანი საბჭოთა ზონაში შედიოდა), მეორე კონფერენცია კი საერთოდ სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ყირიმში გაიმართა.
13 მაისის წერილში ჩერჩილი დაეთანხმა ტრუმენს, რომ საქმეში ჩაერთოთ ელჩები. ამავე დროს, მან გამოთქვა ეჭვი, რომ სტალინი თავად მოისურვებდა შეხვედრას. 15 მაისს ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთი დეპეშა გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ შესთავაზებდა საბჭოთა ლიდერს სამმხრივი შეხვედრის მოწყობას, თუმცა, როგორც ოფიციალური მიმოწერიდან ჩანს, ჩერჩილმა მსგავსი წერილი სტალინს მხოლოდ 26 მაისს გაუგზავნა. ბრიტანეთის პრემიერის დეპეშა დაემთხვა მოსკოვში ჰარი ჰოპკინსის ვიზიტს, რომლის დროსაც ამერიკელმა დიპლომატმა წამოჭრა საკითხი სამიტის მოწყობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, სტალინმა 27 მაისს ჩერჩილთან წერილში აუცილებლად ჩათვალა შეხვედრის მოწყობა და მისი ჩატარების სავარაუდო ადგილად ბერლინი დაასახელა. ვინაიდან ბერლინი და მისი შემოგარენი ტრუმენისა და ჩერჩილისთვისაც პრაქტიკულად ერთადერთი ვარიანტი იყო,1 შეხვედრის ჩატარების ადგილის შესახებ ამჯერად არანაირი დებატები არ გამართულა.2
1. ბერლინის ერთადერთ ალტერნატივად მათ წარმოედგინათ ვენა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდებოდა წინასწარი შეთანხმება ავსტრიის დედაქალაქის ოთხმხრივი _ სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი _ ოკუპაციის შესახებ.
2. მოგვიანებით გადაწყდა, რომ მხარეები ბინას დაიდებდნენ ბერლინის შემოგარენ ბაბელსბერგში, ხოლო უშუალოდ კონფერენცია ჩატარდებოდა პოტსდამში, კრონპრინც ვილჰელმ ჰოჰენცოლერნის სასახლე ცეცილიენჰოფში.
სამაგიეროდ, არც ისე იოლი შესათანხმებელი აღმოჩნდა, ვინაიდან მხარეებს, პირველ რიგში კი, ჩერჩილს და ტრუმენს, სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ბრიტანეთის პრემიერს სურდა, რომ შეხვედრა რაც შეიძლება მალე, უკვე ივნისში გამართულიყო და ამისთვის მას საკმაოდ სერიოზული მიზეზებიც ჰქონდა: ივლისის დასაწყისში ინგლისში დაგეგმილი იყო არჩევნები, რომლის შედეგებიც 26 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო. სწორედ ამიტომ ჩერჩილი მეტად უარყოფითად შეხვდა სტალინის მიერ მისთვის 30 მაისს გაგზავნილ წერილს, რომელშიც საბჭოეთის ლიდერი იტყობინებოდა, რომ ტრუმენმა მას ჰოპკინსის პირით შესთავაზა შეხვედრა 15 ივლისს. ბრიტანეთის პრემიერმა ეს თარიღი დაგვიანებულად ჩათვალა და თავის კოლეგებს გაუგზავნა ერთი და იმავე შინაარსის წერილი, რომელშიც ითხოვა შეხვედრის დაწყება 15 ივნისს. ვინაიდან ამ შემთხვევაში ინიციატივა აშშ-ს პრეზიდენტისაგან მომდინარეობდა, სტალინმა თავი შეიკავა თარიღის შემდგომი დაზუსტებისაგან, რის შესახებაც აცნობა კიდეც ჩერჩილს. ამ უკანასკნელმა კი, მას შემდეგ, რაც მიიღო კიდევ ერთი წერილი ტრუმენისაგან, რომ 15 ივლისზე ადრე ის უბრალოდ ვერ შეძლებდა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას,1 ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და 6 ივნისს დათანხმდა შემოთავაზებულ თარიღს.
1. ტრუმენმა ეს ახსნა ფისკალური წლის დასასრულით, რაც, ჩვენი აზრით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ფისკალური წელი იმ პერიოდში მართლაც 30 ივნისს სრულდებოდა (დღეისათვის ის 30 სექტემბერს მთავრდება), ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის მოქმედებების რეალური მოტივი იყო შეხვედრის მაქსიმალურად მიახლოება ბირთვული იარაღის პირველი გამოცდის თარიღთან _ 16 ივლისთან. როგორც ჩანს, ის აპირებდა ბირთვული იარაღის ფაქტორის გამოყენებას კონფერენციაზე დიპლომატიური წარმატებების მისაღწევად. ქვევით ჩვენ უფრო დაწვრილებით შევჩერდებით ამ მომენტზე.
1945წ. 16 ივლისს მთავრობათა მეთაურები ჩავიდნენ ბერლინში და დაიწყეს დაბინავება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩერჩილს სურდა, რომ კონფერენცია არ შემდგარიყო საბჭოთა ჯარების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მართალია, ბაბელსბერგი საბჭოთა საოკუპაციო ზონაში იყო განლაგებული, მაგრამ კონფერენციის დაწყების მომენტისათვის საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობამ უკვე გადასცა შესაბამისი შენობები ამერიკულ და ბრიტანულ შენაერთებს, რომლებმაც ასევე დაიდეს ბინა ქალაქში. შესაბამისად, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჯერად კონფერენცია პრაქტიკულად ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგა. სამივე ქვეყნის დელეგაციაში, დიპლომატებთან ერთად, წარმოდგენილი იყვნენ სამხედრო პირებიც, რომლებსაც ევალებოდათ იაპონიის წინააღმდეგ ჩასატარებელი ოპერაციების შეთანხმება და დაკავებულ ქვეყნებში საოკუპაციო რეჟიმების მუშაობის კოორდინირება. საბჭოთა კავშირის დელეგაციაში, საკუთრივ იოსებ სტალინის გარდა, შედიოდნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ვიაჩესლავ მოლოტოვი, მისი მოადგილე ანდრეი ვიშინსკი, სსრკ-ს ელჩები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ანდრეი გრომიკო და ფ. გუსევი, გენერალი ალექსი ანტონოვი და სხვ. აშშ-ს დელეგაციას, პრეზიდენტ ტრუმენთან ერთად, წარმოადგენდნენ სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბირნსი, აშშ-ს ელჩი სსრკ-ში ავერელ ჰარიმანი, სახელმწიფო მდივნის მრჩევლები: ჩარლზ ბოლენი, ბენ კოენი, ჰენრი ფრიმენ მეთიუზი, ადმირალი უილიამ ლიჰი, გენერალი ჯორჯ მარშალი და ა.შ.
დანარჩენებისაგან განსხვავებული იყო დიდი ბრიტანეთის დელეგაცია, რაც, პრინციპში, არც იყო გასაკვირი, რადგანაც უშუალოდ კონფერენციის მსვლელობისას უნდა გამხდარიყო ცნობილი ჩატარებული არჩევნების შედეგები და ჩერჩილმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ბრიტანულ მხარეს კონფერენციაზე, პრემიერ მინისტრ უინსტონ ჩერჩილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონი იდენთან ერთად წარმოადგენდნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კლემენტ ეტლი და მომავალი ლეიბორისტული კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი.1 გარდა ამისა, ბრიტანულ დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდერ კადოგანი, ფელდმარშალი ალან ბრუკი და საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სამხედრო უწყებების სხვა წარმომადგენლები.
1. აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტულ პარტიაში არ იყო ერთსულოვნება პოტსდამში ეტლისა და ბევინის გამგზავრებასთან დაკავშირებით. პარტიის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ, პროფესორმა ჰაროლდ ლასკიმ ისიც კი განაცხადა, რომ ეტლი უნდა წასულიყო პოტსდამში, ოღონდ როგორც „მუნჯი მონაწილე“, რომელიც თავის თავზე არ აიღებდა პასუხისმგებლობას იქ ჩერჩილის მიერ გაფორმებულ შეთანხმებებზე. ლასკის ამ სიტყვას იმდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა ბრიტანეთში, რომ ეტლი იძულებული გახდა, ჩერჩილისთვის პირადად მიეცა პირობა მსგავსი შეთანხმებების შესრულების შესახებ. ჩვენი მხრიდან უნდა დავამატოთ, რომ ეტლი მართლაც ლამის „მუნჯი მონაწილის“ როლში იყო არა მარტო კონფერენციის პირველ ნაწილში, არამედ მისი განახლების შემდეგაც, როდესაც ის უკვე პრემიერ მინისტრის რანგში დაბრუნდა პოტსდამში.
როგორც შემდეგ გაირკვა, ჩერჩილის გადაწყვეტილება სავსებით სწორი გამოდგა, რადგანაც არჩევნებში გამარჯვება ლეიბორისტულმა პარტიამ იზეიმა და, შედეგად, 28 ივლისიდან კონფერენციის მსვლელობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მონაწილეობას უკვე იღებდნენ კ. ეტლი და ე. ბევინი.1 უნდა აღინიშნოს, რომ ამან ნამდვილად იქონია გავლენა სამიტზე, ვინაიდან ეტლი არ იყო ჩერჩილის რანგის პოლიტიკოსი და ამის გამო კონფერენციის დასკვნითი ნაწილი აშკარად განსხვავებულ ხასიათს ატარებდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი პრაქტიკულად არ იღებდა მონაწილეობას განხილვებში და საგარეოპოლიტიკურ საკითხებში მთლიანად დაუთმო ინიციატივა ე. ბევინს. შედეგად, არც არის გასაკვირი, რომ მხარეებმა ფაქტობრივად მიაფუჩეჩეს კონფერენციის ბოლო დღეები და საკმაოდ ბევრი საკითხის გადაწყვეტა სამომავლოდ გადასდეს.
1. ბოლო სხდომა, რომელზეც ჩერჩილი წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთს, შედგა 1945 წ. 25 ივლისს.
პოტსდამის კონფერენციის მსვლელობა ასახულია საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა კრებულებში. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ჩანაწერები გაცილებით უფრო ვრცელია, ვიდრე რუსული. საბჭოური გამოცემის ძირითად ნაწილში მხოლოდ მთავრობათა მეთაურებისა და საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სხდომების მასალებია,1 რომლებსაც, ამავე დროს, აშკარად ეტყობა გარკვეული რედაქტირების კვალი. ამერიკულ კრებულში, თავის მხრივ, შესულია მთავრობათა მეთაურების ყოველი სხდომის ორ-ორი ჩანაწერი2 და საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირების დეტალური ანგარიში შემდგომ მომზადებულ მოხსენებებთან ერთად. ეს უკანასკნელი გარემოება ნამდვილად ფასეულია, ვინაიდან პოტსდამში, განსხვავებით იალტის კონფერენციისაგან, სწორედ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები იღებდნენ გადაწყვეტილებების უმრავლესობას და მთავრობათა მეთაურები მათ შემდგომ ამტკიცებდნენ. გარდა ამისა, ამერიკულ კრებულში მოცემულია არაოფიციალური შეხვედრებისა თუ სადილების ჩანაწერებიც, რაც, რასაკვირველია, საშუალებას აძლევს მკვლევრებს, კომპლექსური შთაბეჭდილება დარჩეთ კონფერენციის მსვლელობისა და მასზე არსებული ატმოსფეროს შესახებ.
1. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრების ამსახველი მასალები უფრო მოკლე შინაარსს წარმოადგენს, ვიდრე სრულ სტენოგრამას, რაც, ბუნებრივია, ამცირებს მათ სამეცნიერო ღირებულებას.
2. ამერიკულ ჩანაწერებს აწარმოებდნენ ჰ. ფ. მეთიუზი, ლ. თომპსონი და ბ. კოენი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრივ ამერიკული დოკუმენტები ხშირ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. ძირითადად, ეს გამოწვეულია იმით, რომ სტენოგრამას, როგორც ჩანს, აწარმოებდა მხოლოდ კოენი, რის გამოც მისი ჩანაწერი მთელ რიგ შემთხვევებში უფრო ზუსტია თომპსონის ან მეთიუზისაზე, რომლებიც საუბრის დროს ჯერ ინიშნავდნენ საკითხებს, შემდეგ კი აღადგენდნენ სხდომის მიმდინარეობას.
16 ივლისს პლენარული სხდომა დანიშნული არ იყო და შედგა მხოლოდ პირადი ხასიათის შეხვედრები მთავრობათა მეთაურებსა და საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა შორის. ტრუმენისა და ჩერჩილის საუბრისას, აშშ-ს პრეზიდენტის მოწმობით, არაფერი საინტერესო მომხდარა და ისინი არც შეხებიან კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს.1 გაცნობით ხასიათს ატარებდა ტრუმენისა და სტალინის შეხვედრაც, რომელიც მეორე დღეს შედგა, თუმცა აქ რამდენიმე საინტერესო მომენტი მაინც გამოიკვეთა. საბჭოეთის ლიდერმა დააყენა ესპანეთის საკითხი და მოითხოვა ფრანკოს რეჟიმის სრული იზოლაცია, რათა ესპანელ ხალხს თავად დაემყარებინა სასურველი ხელისუფლება ქვეყანაში.2 მხარეები შეეხნენ ჩინეთთან დაკავშირებულ პრობლემებსაც და სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინელებს არ ესმოდათ, თუ რაში მდგომარეობდა სსრ კავშირის უპირატესი უფლებები მანჯურიის რკინიგზებსა და პორტებში.3 გარდა ამისა, სტალინი დაჰპირდა ტრუმენს, რომ სსრ კავშირი იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა აგვისტოს შუა რიცხვებში.
1. აღსანიშნავია, რომ ორივე ლიდერმა სწრაფად გამონახა საერთო ენა და აღმოჩნდა, რომ მათი შეხედულებები პრაქტიკულად ყველაფერში ერთმანეთისას ემთხვეოდა.
2. ოფიციალურ ამერიკულ გამოცემაში ამ შეხვედრის ფრაგმენტული ჩანაწერი არის მოცემული, თუმცა ბოლოს ასევე მოყვანილია 1960 წელს, კრებულის გამოცემის პერიოდში ჩ. ბოლენის მიერ, საკუთარი შენიშვნების საფუძველზე (ის თარჯიმნის მოვალეობას ეწეოდა სტალინისა და ტრუმენის საუბრისას), მომზადებული უფრო ვრცელი მასალა.
3. ჩვენი აზრით, ეს არც იყო გასაკვირი, რადგანაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რუზველტმა და სტალინმა იალტაში ისე მოილაპარაკეს ამის შესახებ, რომ გომინდანის ხელისუფლებას არც კი დაეკითხნენ ამის შესახებ.
განსხვავებით მთავრობათა მეთაურების შეხვედრებისაგან, ბევრად უფრო პრინციპული საკითხები იქნა განხილული მოლოტოვისა და იდენის შეხვედრაზე, თუმცა, რასაკვირველია, მათი საუბარი ერთგვარად მოთელვითი ხასიათის იყო. საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები შეეხნენ როგორც პოლონეთის, ისე იუგოსლავიის პრობლემებს. თუ პოლონეთთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ჰქონია და მხარეები უმალ შეთანხმდნენ, რომ მდგომარეობა პოლონეთში უკეთესობისკენ მიდიოდა, იუგოსლავიასთან დაკავშირებით იდენმა გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ტიტო-შუბაშიჩის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ბუნებრივია, მოლოტოვმა უმალ მოუძებნა იუგოსლავიის ლიდერის მოქმედებებს ახსნა და აღნიშნა, რომ ტიტო უკმაყოფილო იყო ისტრიის ნახევარკუნძულის გარშემო განვითარებული ამბებით. მანვე შენიშნა, რომ იუგოსლავიური სკუპშჩინის გაფართოება ჯერ ვერ ხერხდებოდა, რადგანაც მასში ომამდე ბევრი იყო პროჰიტლერული ელემენტი.
და მაინც, უმთავრეს მომენტად, რის გამოც ამ შეხვედრას შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს, იქცა თურქეთის საკითხი. საუბარი ამ თემაზე ჩამოაგდო იდენმა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები თურქებთან ლონდონში. პასუხად მოლოტოვმა შენიშნა, რომ თურქებმა ალბათ მას ინფორმაცია მიაწოდეს მოსკოვში შემდგარი მოლაპარაკებების შესახებ.1 ამის შემდეგ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა პირდაპირ განაცხადა, რომ 1921წ. თურქეთმა ისარგებლა საბჭოთა სახელმწიფოს სისუსტით და მას წაართვა საბჭოთა სომხეთის ნაწილი.2
1. 1945წ. ივნისში მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს შორის. ამგვარი შეხვედრის მიზეზი გახდა ოფიციალური მოსკოვის მიერ 1945წ. 19 მარტს თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის 1925წ. 17 დეკემბერს გაფორმებული მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის შესახებ ხელშეკრულების დენონსაცია. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებების დროს საბჭოთა მხარემ თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა, რის შესახებაც, სავარაუდოდ, ოფიციალურმა ანკარამ აცნობა კიდეც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას.
2. ჩვენი აზრით, მოლოტოვმა აქ განგებ აურია წელი. ყოველ შემთხვევაში, 1921წ. თურქეთს უკვე გასაბჭოებული სომხეთისთვის ნამდვილად არ წაურთმევია არანაირი ტერიტორიები. ეს უფრო ადრე, 1920წ., ჯერ კიდევ სომხეთის გასაბჭოებამდე მოხდა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოლოტოვმა 1921წ. დაუკავშირა ყარსის ხელშეკრულებას, რომლითაც დადგენილ იქნა თურქეთ-საქართველოს და თურქეთ-სომხეთის საზღვრები და რომელიც მართლაც 1921წ. დაიდო, ჩნდება კითხვა: რატომ არ ახსენა მან აქ საქართველოც, მითუმეტეს, რომ მოგვიანებით, მთავრობათა მეთაურების 22 ივლისის სხდომაზე სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის გამოსვლაში საქართველოს და სომხეთის პრეტენზიები ერთად ფიგურირებდა. როგორც ჩანს, ეს ტაქტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული. ეტყობა, საბჭოთა დიპლომატს კარგად ახსოვდა, თუ რა დაინტერესებას იჩენდნენ სომხეთისადმი მოკავშირეები პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაკვირვება გამოხატა თავისი კოლეგის შენიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას აქამდე არაფერი სმენოდა საბჭოთა ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ თურქეთის მიმართ.1 პასუხად მოლოტოვმა შენიშნა, რომ სსრ კავშირს ტერიტორიული პრეტენზიები გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ანკარამ ითხოვა ხელშეკრულების გაფორმება და იკითხა, თუ რა პირობები ჰქონდა საბჭოთა მხარეს. როდესაც იდენმა განაცხადა, რომ თურქები არ იყვნენ თანახმა ტერიტორიების დათმობაზე,2 მოლოტოვმა პარალელი გაავლო თურქეთსა და პოლონეთს შორის და აღნიშნა, რომ პოლონელებმა, რომლებმაც ასევე წაართვეს ტერიტორია საბჭოთა მხარეს, გადაწყვიტეს მისი დაბრუნება და ახლა უკვე თურქეთის ჯერი იყო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აშკარად არ მოეწონა ეს პარალელი და განაცხადა, რომ თურქეთთან მიმართებაში არ არსებობდა კერზონის ხაზის მსგავსი საზღვარი, თუმცა საუბრის სხვა თემაზე გადატანა ვერ მოახერხა. მოლოტოვმა ხაზგასმით დაიწყო მტკიცება, რომ სომხეთის კუთვნილი ტერიტორიისა და იქ მცხოვრები სომხების დაბრუნება სამართლიანი იქნებოდა. შედეგად, იდენი იძულებული გახდა, უბრალოდ დაესრულებინა საუბარი, რათა თავიდან აეცილებინა საკითხის შემდგომი განხილვა.
1. იდენი, ალბათ, თვალთმაქცობდა ამ შემთხვევაში, რადგანაც გარკვეული ინფორმაცია ინგლისელებს ამის შესახებ უნდა ჰქონოდათ. ყოველ შემთხვევაში, ჩერჩილის ზემოთ უკვე ნახსენები 11 მაისის წერილი ტრუმენისადმი მოწმობს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი განიხილავდა თურქეთს საბჭოთა საფრთხის ქვეშ მყოფ სახელმწიფოდ.
2. იდენის ეს რეპლიკა ადასტურებს, რომ თურქებმა ლონდონს მართლაც შეატყობინეს საბჭოთა პრეტენზიების შესახებ.
პირველი პლენარული სხდომა გაიმართა 17 ივლისს. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარედ, სტალინის წინადადებით, არჩეული იქნა აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, რაც უკვე ერთგვარ ტრადიციასაც წარმოადგენდა.1 მთავრობათა მეთაურების პირველი სხდომა ძირითადად დაეთმო კონფერენციის დღის წესრიგის შემუშავებას. აშშ-ს პრეზიდენტმა დამსწრეთ გააცნო თავისი მოსაზრება სპეციალური საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელშიც შევიდოდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირის, საფრანგეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და რომელიც მოამზადებდა სამშვიდობო კონფერენციას. უნდა ითქვას, რომ იმ მომენტისათვის მონაწილე მხარეებს აშკარად არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუ რა ფუნქციები დაეკისრებოდა საბჭოს, ვინაიდან არსებობდა მხოლოდ ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები სამოთხ თვეში ერთხელ შეხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხების განსახილველად. როგორც დისკუსიიდან გაირკვა, ტრუმენს ეს გადაწყვეტილება დროებითად მიაჩნდა, ჩერჩილს კი მაინცდამაინც არ სურდა უარის თქმა ასეთი თათბირების მოწყობაზე. ამავე დროს, მას სულაც არ მოეწონა ჩინეთის წარმომადგენლის აღმოჩენა საბჭოს შემადგენლობაში, რომელსაც, პირველ რიგში, ევროპული საკითხების განხილვა დაევალებოდა. ბრიტანეთის პრემიერს მხარი აუბა სტალინმაც, რომელმაც საერთოდ გაუგებრად ჩათვალა ამ საბჭოში ჩინეთის წარმომადგენლის ყოფნა.
1. თეირანსა და იალტაში სხდომების თავმჯდომარე იყო ფრანკლინ რუზველტი.
კამათმა ამ საკითხზე რამდენიმე ხანს გასტანა, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა წარმოადგინა პროექტი, რომელიც განსაზღვრავდა გერმანიისათვის სპეციალურად შესაქმნელი საკონტროლო საბჭოს ფუნქციებს. ჩერჩილმა ითხოვა დრო დოკუმენტის გასაცნობად და განაცხადა, რომ დღის წესრიგის აღნიშნული პუნქტი მოითხოვდა უშუალოდ მთავრობათა მეთაურების მიერ მის შესწავლას და მხოლოდ შემდეგ, ისიც საჭიროების შემთხვევაში, გადაცემას საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის.1
შემდეგი საკითხი, რომელსაც ტრუმენი შეეხო, იყო განცხადება, რომელშიც ასახული იქნებოდა, თუ როგორ სრულდებოდა იალტაში მიღებული დეკლარაციის განთავისუფლებული ევროპის შესახებ. აშშ-ს პრეზიდენტი ითხოვდა რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების დაუყოვნებლივ რეორგანიზაციას. აღნიშნულ პუნქტს რაიმე წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, ვინაიდან, როგორც ჩანს, სტალინმა არ ჩათვალა საჭიროდ თავისი პოზიციის დაუყოვნებლივ დაფიქსირება. სამაგიეროდ, კამათი გამოიწვია იტალიის საკითხმა. ტრუმენმა წარმოადგინა წინადადება იტალიის გაეროში მიღების შესახებ, რაც გაამართლა მის მიერ იაპონიისათვის ომის გამოცხადებით, თუმცა ის წააწყდა ჩერჩილის წინააღმდეგობას. ბრიტანეთის პრემიერს არ მოეწონა ეს აზრი, ვინაიდან, მისი თქმით, ბრიტანეთი ძალზე დააზარალა იტალიის ჩაბმამ ომში და სერიოზული პრობლემები შეუქმნა კიდეც მას. სიტუაცია განმუხტა სტალინმა, რომელმაც შეახსენა დამსწრეთ, რომ საუბარი მიდიოდა მხოლოდ დღის წესრიგის განსაზღვრაზე და დისკუსიის გამართვა მოგვიანებით იქნებოდა შესაძლებელი.
1. აღსანიშნავია, რომ აქ საბჭოთა და ამერიკულ ჩანაწერებს შორის გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს. რუსული სტენოგრამის თანახმად, ჩერჩილი დათანხმდა საკითხის გადაცემას საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის, თუმცა ამერიკული ჩანაწერები ამ შემთხვევაში ერთსულოვანი არიან, რომ ბრიტანეთის პრემიერმა საკითხის მეორე დღეს, უშუალოდ პლენარული სხდომის დროს განხილვა ითხოვა, რასაც სტალინიც დაეთანხმა. ჩვენი აზრით, აქ ადგილი აქვს უბრალოდ თარჯიმნის შეცდომას რუსულ ჩანაწერში და ეს ხარვეზი მიზანმიმართულ ხასიათს არ ატარებს.
იტალიის საკითხის განხილვის შემდეგ სხდომაზე ერთგვარადკურიოზული მომენტი დაფიქსირდა. ტრუმენს მოულოდნელად გაახსენდა, რომ მას მადლობაც კი არ უთქვამს თავმჯდომარედ არჩევისათვის და გადაწყვიტა შეცდომის გამოსწორება. ამავე დროს, მხარეებმა გაიხსენეს პრეზიდენტი რუზველტიც, რის შემდეგაც დაუბრუნდნენ დღის წესრიგის შემუშავებას. ჩერჩილმა ითხოვა პოლონეთის საკითხის დამატება. თავის მხრივ, სტალინმაც დააყენა დღის წესრიგში შესატანი პუნქტები: გერმანიის სავაჭრო ფლოტის გაყოფის საკითხი; რეპარაციების მიღება გერმანიისა და იტალიისაგან; სამანდატო ტერიტორიები. ბრიტანეთის პრემიერმა რეპარაციებთან დაკავშირებით იკითხა, თუ რას აპირებდნენ ბულგარეთსა და რუმინეთთან დაკავშირებით, რაზეც მოლოტოვმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა უკვე გადაწყვეტილი იყო.
ჩერჩილს კითხვები გაუჩნდა სამანდატო ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. ბრიტანეთის პრემიერი დაინტერესდა, საბჭოეთის ლიდერი გულისხმობდა მხოლოდ ევროპულ ტერიტორიებს თუ ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ მიწებს გულისხმობდა, რაზეც სტალინმა უმალ უპასუხა, რომ მას არ ჰქონდა ჯერ გარკვეული ეს საკითხი, თუმცა საბჭოთა მხარე დაინტერესებული იყო დამარცხებული ქვეყნებისაგან ტერიტორიების მიღებით. ამავე დროს სტალინმა მოითხოვა დღის წესრიგში კიდევ ერთი პუნქტის _ ესპანეთის საკითხის შეტანა. მან აღნიშნა, რომ ესპანელ ხალხს ფრანკოს რეჟიმი თავს მოახვიეს გერმანიამ და იტალიამ, რის გამოც ახლა უნდა შეექმნათ შესაბამისი პირობები, რათა ესპანელებს თავად გადაეწყვიტათ თავისი მთავრობის ბედი. ბრიტანეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა დღის წესრიგში შესაბამისი პუნქტის შეტანას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა სხდომისას, როდესაც თავისი აზრი გამოთქვა ეტლიმაც.
ამის შემდეგ სტალინმა ისურვა დღის წესრიგში ტანჟერის, ლიბანისა და სირიის საკითხების შეტანა. ბრიტანეთის პრემიერმა მას მიუთითა, რომ აღნიშნული პრობლემების განხილვა მხოლოდ წინასწარი ხასიათის შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან კონფერენციაზე არ იყო წარმოდგენილი საფრანგეთის დელეგაცია, თუმცა საბჭოეთის ლიდერისთვის, როგორც გაირკვა, სავსებით საკმარისი იყო დიდი სამეულის წევრების თვალსაზრისის გაგება ამ საკითხების გარშემო. და ბოლოს, სტალინმა მოითხოვა პოლონეთის, კონკრეტულად კი პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის ლიკვიდაციის საკითხის შეტანა დღის წესრიგში. აღსანიშნავია, რომ ჩერჩილმა მას მხარი დაუჭირა და პოლონეთის ლონდონის მთავრობის დაშლას დაეთანხმა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა პოლონეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.
დღის წესრიგის შემუშავება ამით დასრულდა, თუმცა მთავრობათა მეთაურებმა, სტალინის ინიციატივით, გადაწყვიტეს განეხილათ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შექმნის საკითხი, რომელსაც უნდა მოემზადებინა სამშვიდობო კონფერენცია. საბჭოეთის ლიდერს აფიქრებდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა საბჭოში, ვინაიდან აღნიშნულ ორგანოს ძირითადად ევროპული საქმეები ჰქონდა გადასაწყვეტი. სტალინს მხარი აუბა ჩერჩილმაც, რომელმაც სავსებით საკმარისად ჩათვალა კონსულტაციებში სამი მინისტრის მონაწილეობა.
საბოლოო ჯამში, მცირე წინააღმდეგობის შემდეგ, ტრუმენი დათანხმდა ჩინეთის წარმომადგენლის გამოყვანას საბჭოდან და შემდგომი განხილვისათვის საკითხის საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გადაცემას. უნდა აღინიშნოს, რომ აქ კიდევ ერთი, საკმაოდ საინტერესო პრობლემა წამოიჭრა. როდესაც ჩერჩილმა საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის იმ საკითხის გადაცემაც მოითხოვა, ოთხი წევრი უნდა ყოფილიყო მომავალ საბჭოში თუ ხუთი, სტალინმა სამი წევრით შემოფარგვლის იდეა წამოაყენა. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ეს საკითხი, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა, მოემზადებინათ საგარეო საქმეთა მინისტრებს და შემდგომში გამოეტანათ მთავრობათა მეთაურების განსახილველად.
პირველი სხდომის მიწურულს სტალინმა დააყენა გერმანული ფლოტის საკითხიც და იკითხა, თუ რატომ არ სურდა ჩერჩილს საბჭოთა მხარისათვის კუთვნილი წილის გადაცემა. ბრიტანეთის პრემიერმა იუარა, რომ ის წინააღმდეგი იყო საკითხის ამგვარი გადაწყვეტისა და ფლოტის გაყოფა ან ჩაძირვა ჩათვალა საჭიროდ. საბჭოეთის ლიდერმა ამაზე მეტად მოსწრებულად მიუგო, რომ თუ ჩერჩილი ფლოტის ჩაძირვას აპირებდა, მას შეეძლო ასე მოქცეოდა ბრიტანეთის კუთვნილ გერმანულ გემებს, თავად ის კი ნამდვილად არ გაანადგურებდა თავის წილს. აქ ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ იმ მომენტისათვის გერმანული ფლოტი თითქმის მთლიანად დასავლეთელ მოკავშირეთა ხელთ იყო, რაც ერთგვარი შეცდომა გამოდგა. სტალინმა უმალ განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სწორედ ამიტომ იყო საჭირო. ამით პირველი სხდომა დასრულდა კიდეც. მთავრობათა მეთაურებმა მოილაპარაკეს, რომ შემდეგი სხდომა გაიმართებოდა მეორე დღეს, 16 საათზე.3
პირველი სხდომის შედეგად პრაქტიკულად შედგა კონფერენციის დღის წესრიგი, რომელშიც შევიდა შემდეგი საკითხები: გერმანიის ომისშემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობა; რეპარაციები და რესტიტუციები; პოლონეთის დასავლეთ საზღვარი და პოლიტიკური მოწყობა; საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შექმნა და სამშვიდობო კონფერენციის მომზადება; იალტაში მიღებული განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხორციელების მიმდინარეობა; სამანდატო ტერიტორიების ბედი; შორეული აღმოსავლეთი; ესპანეთი; ლიბანის, სირიისა და ტანჟერის მომავალი, ირანის საკითხი. ქვემოთ ჩვენ დაწვრილებით შევეხებით თითოეულ მათგანს.
$2. გერმანიის ომისშემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე
გერმანიასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას პოტსდამის კონფერენციაზე ძალიან დიდი დრო დაეთმო, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხი სამიტის მონაწილეთათვის. ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო უკვე საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ სხდომაზე, როდესაც მოლოტოვმა, იდენმა და ბირნსმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმეს გერმანიის საკონტროლო საბჭოს პოლიტიკური უფლებამოსილებისსაკითხს. მათ განიხილეს აშშ-ს დელეგაციის მიერ მომზადებული წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა საკონტროლო საბჭოსათვის უზენაესი ხელისუფლების გადაცემას სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში, რომელიც მთელ გერმანიას ეხებოდა.
აღნიშნულ საკითხებში საკონტროლო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება ევალებოდათ შესაბამისი საოკუპაციო ზონების სარდლებს. ამავე დროს, იმ საკითხებში, რომლებიც მხოლოდ რომელიმე საოკუპაციო ზონას ეხებოდა, სრული ძალაუფლება ეძლეოდა ადგილობრივ უმაღლეს მთავარსარდალს და იმ მთავრობას, რომელსაც ის წარმოადგენდა. გარდა ამისა, ამერიკელთა წინადადება შეიცავდა მთელ რიგ პუნქტებს გერმანიის სრული დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შესახებ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად კი უნდა მომხდარიყო გერმანიის დეცენტრალიზაცია.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბევრი იკამათეს ამა თუ იმ პუნქტის ფორმულირებაზე და გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ქვეკომისიები, რომლებიც უშუალოდ ჩამოაყალიბებდნენ დოკუმენტის თითოეულ მუხლს. პოლიტიკური საკითხების ქვეკომისიის წევრებად საბჭოთა მხარემ დაასახელა ა. ვიშინსკი და სემიონოვი, ბრიტანულმა _ უ. სტრენგი და ჰარისონი, ამერიკულმა _ ჰ. ფ. მეთიუზი და ბ. კოენი. ეკონომიკური საკითხების ქვეკომისიაში კი შესაბამისად შევიდნენ ი. მაისკი და ა. არუთიუნიანი (სსრკ), დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები სარეპარაციო კომისიაში დ. უეილი და ჯ. კულსონი1 (დიდი ბრიტანეთი) და უ. კლეიტონი და ე. პოული (აშშ).
საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებები დღის მეორე ნახევარში წარდგენილი იქნა მთავრობათა მეთაურებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის საკონტროლო კომისიის პოლიტიკური უფლებამოსილების შესახებ პროექტის წინასწარი ტექსტიძირითადში მოწონებული იქნა მხარეების მიერ და მასში პრაქტიკულად ერთადერთი შესწორება იქნა შეტანილი. კერძოდ, სტალინის თხოვნით, ამოღებულ იქნა მე-5 პარაგრაფის ბოლო წინადადება, რომლითაც გერმანელებს უფლება ექნებოდათ დაეკავებინათ ადმინისტრაციული პოსტები მხოლოდ „კარგად მოქცევის“ შემთხვევაში. მცირე დავა გამოიწვია მხოლოდ სიტყვა „გერმანიამ“. ჩერჩილმა მოითხოვა განმარტება, თუ რომელი გერმანია იგულისხმებოდა ამ შემთხვევაში. აქვე მან აღნიშნა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა ეს ფორმულირება, თუ ის მოიცავდა მხოლოდ ომამდელ გერმანიას.
1. უნდა აღინიშნოს, რომ კულსონს პრაქტიკულად არ მიუღია მონაწილეობა ქვეკომისიის მუშაობაში და ბრიტანეთის მხარეს შეხვედრებზე ძირითადად წარმოადგენდნენ, დ. უეილთან ერთად, უ. მონკტონი და მ. ტერნერი, რომლებიც ასევე შედიოდნენ სარეპარაციო კომისიის შემადგენლობაში.
სტალინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბჭოთა მხარისთვის ეს ტერმინი ნიშნავდა ომისშემდგომ გერმანიას, ხოლო ავსტრია გერმანიის ნაწილი არ იყო. როდესაც ტრუმენმა იკითხა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ეგულისხმათ 1937 წლის გერმანია, საბჭოეთის ლიდერმა უმალ დაამატა რეპლიკის სახით: „იმის გამოკლებით, რაც მან დაკარგა“. როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტი ვერ მიხვდა, თუ რატომ სურდა სტალინს ამ მომენტის დაფიქსირება, ვინაიდან მან კვლავ გაიმეორა, რომ საჭირო იყო რაიმე განსაზღვრება ცნებისა „გერმანია“ თუნდაც გეოგრაფიულ ასპექტში. საბჭოთა ლიდერმა მაშინ ჰკითხა ტრუმენს, ხომ არ აპირებდა ის გერმანული ადმინისტრაციის აღდგენას სუდეტენლანდში, რაზეც აშშ-ს პრეზიდენტმა სავსებით რეზონულად უპასუხა, რომ საუბარი იყო 1937 წლის გერმანიაზე.1 მხოლოდ ამის შემდეგ გახსნა კარტები სტალინმა ბოლომდე და განაცხადა, რომ ეს ფორმალურად არასწორი იქნებოდა, რადგანაც თუ გერმანული ადმინისტრაცია გამოჩნდებოდა კენიგსბერგში, საბჭოთა მხარე მას უბრალოდ გამოაძევებდა იქიდან.
აქ უკვე ტრუმენმა შეახსენა მას, რომ ტერიტორიული ცვლილებები სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სტალინმა არ მიიღო ეს არგუმენტი. მან პირდაპირ მოითხოვა პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხის გადაწყვეტა, რაც, მისი თქმით, ბევრად უფრო ნათელს გახდიდა გერმანიის პრობლემას.2 მიუხედავად ამისა, კამათი მალე შეწყდა. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ამოსავალ წერტილად მიიჩნევდა გერმანიის 1937წ. საზღვრებს, სტალინი დათანხმდა ამგვარ ფორმულირებას, რომელსაც მან უბრალოდ „სამუშაო ჰიპოთეზა“ უწოდა. გერმანიასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე მეორე სხდომაზე დიდი დავა არ ყოფილა. ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ მათზე იმუშავებდა ქვეკომისია, რომლის უფლებამოსილების სფეროში შევიდოდა გერმანიისაგან მისაღები რეპარაციების საკითხიც.
1. სუდეტენლანდი (გერმანელებიტ დასახლებული სუდეტის მხარე ჩეხეთში) გერმანიას გადაეცა 1938წ. 29-30 სექტემბრის მიუნხენის კონფერენციის გადაწყვეტილებების თანახმად 1938წ. ოქტომბერში და, შესაბამისად, ტრუმენი არანაირად არ მოიაზრებდა მას გერმანიის შემადგენლობაში.
2. როგორც შემდგომმა სხდომებმა აჩვენა, პოლონეთის საკითხი სტალინს აქ შემთხვევით არ ჰქონდა წამოწეული. პირველ რიგში, მას იმიტომ არ აწყობდა გერმანიის მოაზრება 1937წ. საზღვრებში, რომ ამ ფარგლებში შედიოდა ის ტერიტორიებიც, რომელსაც უკვე ფაქტობრივად პოლონელები აკონტროლებდნენ. ამის შესახებ ჩვენ უფრო დაწვრილებით ქვემოთ, პოლონეთის საკითხისადმი დათმობილ პარაგრაფში შევჩერდებით.
გერმანიის საკონტროლო კომისიის პოლიტიკური უფლებამოსილების შესახებ პროექტის ტექსტის განხილვა გაგრძელდა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა მეორე შეხვედრის დროსაც, თუმცა ამჯერად რეალურად მინისტრების ქვეკომისიის მიერ შემუშავებული ფორმულირებების დამტკიცებით იყვნენ დაკავებულნი და რაიმე კამათს ამ თემაზე ადგილი არ ჰქონია. გადაწყდა, დაზუსტებული ტექსტი წარედგინათ მთავრობათა მეთაურებისათვის, ხოლო ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დაეყენებინათ მთლიანი შეთანხმების გამოქვეყნების საკითხი. უნდა აღინიშნოს, რომ „დიდი სამეულის“ ლიდერებს არანაირი შენიშვნა არ გასჩენიათ ამ დოკუმენტისადმი და მესამე სხდომაზე, 19 ივლისს დაამტკიცეს ის.
პოლიტიკური საკითხებისაგან განსხვავებით, ეკონომიკური პრობლემების გარშემო განხილვა გაცილებით უფრო რთულად მიდიოდა. ქვეკომისიის წევრები ვერაფრით ვერ თანხმდებოდნენ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც უნდა გატარებულიყო გერმანიაში. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავის მესამე სხდომაზე მოსთხოვეს ქვეკომისიიას, შემდეგი დღისათვის წარმოედგინა თავისი დასკვნები. დაპირისპირების ძირითადი მიზეზი ერთდროულად დაკავშირებული იყო როგორც ეკონომიკურ პრინციპებთან საერთოდ, ისე რეპარაციებთან. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ ჯერ უნდა განსაზღვრულიყო აუცილებელი იმპორტის მინიმუმი, რომელიც დასჭირდებოდა გერმანიას და რომლის შეძენაც მოხდებოდა თავად გერმანიაში წარმოებული საქონლისა თუ კაპიტალური მოწყობილობების ხარჯზე, შემდეგ კი გადახდილიყო რეპარაციები. საბჭოთა მხარეს კი მიაჩნდა, რომ ჯერ უნდა ამოღებულიყო რეპარაციები და შემდეგ, დარჩენილი საქონლიდან, დაფარულიყო იმპორტისათვის საჭირო ხარჯები. საბოლოო ჯამში, დოკუმენტი ბოლომდე არც იქნა შეთანხმებული ქვეკომისიაზე და ისე წარედგინა 21 ივლისს მთავრობათა მეთაურებს.1
1. ვინაიდან დოკუმენტი გვიან იქნა წარდგენილი, მთავრობათა მეთაურებმა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისი განხილვა კიდევ ერთი დღით, 22 ივლისისათვის გადადეს.
აღნიშნული საკითხის განხილვა გაგრძელდა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების მეხუთე სხდომაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაემტკიცებინათ მხოლოდ უკვე შეთანხმებული პუნქტები, დანარჩენები კი, რომლებიც ძირითადად რეპარაციებს ეხებოდა, გაეტანათ უშუალოდ მთავრობათა მეთაურების მეშვიდე სხდომაზე 23 ივლისს. მიუხედავად ამისა, დისკუსიამ ამ საკითხზე მაინც საკმაოდ დიდ დროს გასტანა. პრობლემა შეიქმნა 18-პუნქტიანი დოკუმენტის მე-13 და მე-18 პუნქტებთან დაკავშირებით. მე-13 პუნქტის განხილვისას მოლოტოვმა მოითხოვა, რომ პირველ წინადადებას _ „ოკუპაციის პერიოდში გერმანია უნდა განხილულ იქნას როგორც ერთიანი ეკონომიკური ერთეული“ _ დამატებოდა ფრაზა: „იმ ინსტრუქციების თანახმად, რომელსაც გამოსცემს საკონტროლო საბჭო აღნიშნულ შეთანხმებაში დადგენილი პრინციპების თანახმად“. იდენმა მოიწონა შესწორება, თუმცა ბირნსმა დრო ითხოვა მის შესასწავლად. რაც შეეხებოდა მე-18 პუნქტს, რომლითაც გერმანიის სხვადასხვა რაიონებს, მათ შორის ბერლინს, განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, სურსათი და ნედლეული უნდა მიეღოთ იმ რეგიონებიდან, საიდანაც ისინი ჩვეულებრივად მარაგდებოდნენ ომამდე და ეს ყველაფერი არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული საოკუპაციო ზონებად დაყოფაზე, მოლოტოვის მოთხოვნა მის ამოღებაზე არ იქნა დაკმაყოფილებული. შედეგად, გადაწყდა, ამ ორ პუნქტთან მიმართებაში განხილვა გაგრძელებულიყო.
მეორე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაგრძეს საკითხის განხილვა. მოლოტოვმა უკან წაიღო თავისი წინადადება მე-13 პუნქტთან დაკავშირებით, რითაც ეს პუნქტიც დამტკიცებულ იქნა. სამაგიეროდ, ის კვლავ ითხოვდა მე-18 პუნქტის ამოშლას, თუმცა ისევ წააწყდა იდენისა და ბირნსის წინააღმდეგობას. გარდა ამისა, მან ითხოვა დოკუმენტისათვის კიდევ ერთი, მე-19 მუხლის დამატება. აღნიშნული პუნქტით უნდა მომხდარიყო პრიორიტეტების განსაზღვრა რეპარაციებსა და გერმანიისათვის აუცილებელი პროდუქციის იმპორტისათვის საჭირო საექსპორტო საქონელს შორის. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის წინადადებით, რეპარაციების გადახდის შემდეგ გერმანელ ხალხს უნდა დარჩენოდა საკმარისი რაოდენობით რესურსი, რათა არ დასჭირვებოდა გარეშე დახმარება. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი რესურსები საკმარისი არ იქნებოდა ერთდროულად რეპარაციებისა და იმპორტირებული საქონლის საფასურის გადასახდელად, ყველანაირი ხარჯები (მათ შორის, რეპარაციებიც) უნდა შემცირებულიყო შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნული წინადადება მიუღებელი გამოდგა ამერიკული მხარისათვის, რომელმაც განაცხადა, რომ არ აპირებდა საკუთარი ხარჯებით შეენახა გერმანიის მოსახლეობა და დაეფინანსებინა მისთვის საჭირო პროდუქციის შემოტანა. უფრო მეტიც, ბირნსმა პირდაპირ აღნიშნა, რომ არანაირ რეპარაციებს არ ექნებოდა ადგილი, სანამ არ იქნებოდა გადახდილი ამერიკული საოკუპაციო ზონისათვის საჭირო იმპორტირებული პროდუქციის საფასური. მისი თქმით, ეს საკითხი განხილვას საერთოდ არ ექვემდებარებოდა.
წააწყდა რა ამერიკელთა ესოდენ მწვავე რეაქციას, მოლოტოვმა გადაწყვიტა შეერბილებინა თავისი პოზიცია. მან წარმოადგინა მე-19 პუნქტის შეცვლილი ფორმულირება, რომელშიც უკვე იმპორტირებული საქონლის გადასახადის დასაფარავ საექსპორტო პროდუქციას პრიორიტეტი მიენიჭა რეპარაციებთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, არც ეს წინადადება იქნა მოწონებული და გადაწყდა საკითხის გადაცემა განსახილველად „დიდი სამეულის“ ლიდერებისათვის. უნდა ითქვას, რომ მხარეთა მიდგომაში არსებული განსხვავება ამ შემთხვევაში არსებითი იყო, ვინაიდან ამერიკელებს 1945 წელს მართლაც არ სურდა ერთი ცენტის დახარჯვაც კი გერმანელების შენახვაზე,1 საბჭოთა დელეგაციას კი სურდა მიეღო პრაქტიკულად სრული კარტბლანში საკუთარ ზონაში.2 სწორედ ამიტომ იყო მე-18 პუნქტი ესოდენ მნიშვნელოვანი და ამიტომ ცდილობდა საბჭოთა მხარე მის შეცვლას ახალი პარაგრაფით.
მიუხედავად ადრე მიღებული გადაწყვეტილებისა, 23 ივლისს, მთავრობათა მეთაურების მეშვიდე სხდომაზე გერმანიის ეკონომიკური პრობლემები არ იქნა განხილული. სამაგიეროდ, „დიდი სამეულის“ ლიდერებმა ამ დღეს იმსჯელეს კენიგსბერგის პრობლემაზე. სტალინმა უმალ აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა თეირანის კონფერენციაზე და მიიღო დაპირება ზამთარში ფუნქციონირებადი რომელიმე ბალტიისპირა პორტის გადაცემასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ყველა საბჭოთა ბალტიისპირა პორტი ზამთარში იყინებოდა, ამიტომ სსრ კავშირს სჭირდებოდა ერთი პორტი მაინც, გერმანიის ხარჯზე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებდა.
1. 1947 წლისათვის მათი პოზიცია შეიცვლება და, შედეგად, წარმოდგენილი იქნება ე.წ. „მარშალის გეგმა“, რომლითაც გერმანია ათეულობით მილიარდ დოლარს მიიღებს უსასყიდლოდ.
2. ამასთან დაკავშირებით, მეტად საყურადღებოა საბჭოთა მიდგომა ე.წ. „სამხედრო ნადავლისადმი“, რაზეც ქვემოთ, რეპარაციებისათვის განკუთვნილ ქვეთავში გვექნება საუბარი.
საბჭოეთის ლიდერის ამ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერი დაეთანხმნენ, თუმცა ორივე მათგანს აშკარად ეტყობოდა, რომ არ ჰქონდათ რეალური გადაწყვეტილების მიღების სურვილი. ტრუმენმა აღნიშნა, რომ მისთვის პრინციპში მისაღები იყო კენიგსბერგის სსრ კავშირისათვის გადაცემა, მაგრამ აუცილებელი იქნებოდა ეთნიკური და სხვა საკითხების შესწავლა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. აშშ-ს პრეზიდენტის შემდეგ თავისი მოსაზრება გამოთქვა ჩერჩილმაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი ეს სიტყვა იყო დემაგოგიის ნამდვილი შედევრი. ჩერჩილმა ჯერ გაიხსენა რომ ამ თემაზე მას სტალინთან საუბარი ჰქონდა არა მარტო თეირანში, არამედ მოსკოვშიც, კერზონის ხაზთან დაკავშირებითაც. შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა შენიშნა, რომ ის პარლამენტშიც კი გამოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით და მოახსენა დეპუტატებს საბჭოთა მხარის სურვილის შესახებ. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ აშკარად არ მოსწონდა საბჭოთა წინადადების პროექტი, რომლის მიღებაც, ჩერჩილის აზრით, ნიშნავდა აღმოსავლეთ პრუსიის გაქრობას, კენიგსბერგის რაიონის გამოყვანას გერმანიის საკონტროლო საბჭოს იურისდიქციიდან და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ლიტვის გაწევრიანების აღიარებას.1 ბოლოს კი ბრიტანეთის პრემიერმა ჩათვალა, რომ ეს საკითხი ნამდვილად სამშვიდობო კონფერენციის გადასაწყვეტი იყო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პერსონალურად ის მხარს უჭერდა სტალინის პოზიციას კენიგსბერგთან დაკავშირებით. საბჭოეთის ლიდერიც, რომელსაც ჩერჩილზე არანაკლებად ეხერხებოდა დემაგოგიური ხრიკების გამოყენება პოლემიკისას, დაეთანხმა ჩერჩილს პროექტის დახვეწის აუცილებლობაში და დაჰპირდა მას, რომ კომუნიკეში უფრო ზოგადი ტერმინები იქნებოდა გამოყენებული.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ლიტვის ხსენება ჩერჩილის მხრი დან უბრალოდ დიპლომატიური მანევრი არ იყო. დიდი ბრიტანეთის, ისევე როგორც აშშ-ს, ხელისუფლებამ მართლაც არ სცნო ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ანექსია და ოფიციალურად არასდროს არ უღიარებია საბჭოთა კავშირის ომისშემდგომი საზღვარი.
კენიგსბერგის საკითხზე საუბრით დასრულდა გერმანიის საკითხის განხილვა მთავრობათა მეთაურების სხდომაზე. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის განმავლობაში გერმანიის ეკონომიკური მოწყობის დოკუმენტზე მუშაობა უბრალოდ შეწყდა. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა მოლაპარაკებების გაგრძელებას ამ საკითხზე, სანამ არ იქნებოდა მიღწეული შეთანხმება რეპარაციების გარშემო. ამავე დროს, გადაწყდა, რომ გერმანიის ერთიან ერთეულად განხილვა და ზონებს შორის ამერიკელი, საბჭოთა, ბრიტანელი და ფრანგი წარმომადგენლების თავისუფალი მიმოსვლა, პირველ რიგში, პოლიტიკური საკითხი იყო და ამიტომ ეს საკითხი „დიდი სამეულის“ ლიდერების წინაშე უნდა დაეყენებინათ.
ამ პერიოდში გერმანიასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი პრობლემა იქნა განხილული. 25 ივლისის მთავრობათა მეთაურების სხდომაზე მხარეები შეეხნენ გერმანული მოსახლეობის ჩეხოსლოვაკიიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან გადასახლების საკითხს. შეხვედრისას გაირკვა, რომ ჩეხოსლოვაკიიდან პრაქტიკულად ყველა გერმანელი უკვე განდევნილი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში. ჩერჩილმა შვებითაც ამოისუნთქა, როდესაც გაირკვა, რომ ისინი მთლიანად საბჭოთა საოკუპაციო ზონაში იყვნენ თავმოყრილი. სამაგიეროდ, ის არ დააკმაყოფილა იმ ფაქტმა, რომ პოლონელები, მოსავლის აღების შემდეგ, აპირებდნენ კიდევ მილიონნახევარი გერმანელის გასახლებას. მისი თქმით, ეს იყო საბჭოთა საოკუპაციო ზონა, საიდანაც მოსახლეობის ძალდატანებითი მიგრაცია სერიოზულ პრობლემებს წარმოშობდა. სტალინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პოლონელები არავის არ ეკითხებოდნენ ამას და თავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.1 საბოლოოდ, კამათი იმ დღეს უშედეგოდ დასრულდა და შემდგომ რამდენიმეჯერ გაგრძელდა, თუმცა კონსენსუსი მხოლოდ 31 ივლისს იქნა მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადმოსახლებული გერმანელები საოკუპაციო ზონებში პროპორციულად იქნებოდა გადანაწილებული, ხოლო პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის მთავრობებს მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ გერმანული მოსახლეობის შემდგომი გამოძევებისაგან საკონტროლო საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე.
1. საბჭოთა ჩანაწერში არ არის მოყვანილი სტალინის ეს ფრაზა, სამაგიეროდ მოცემულია მისი სიტყვები, რომ საჭირო იყო პოლონელთა მდგომარეობის გათვალისწინება, რადგანაც ხუთნახევარი წლის განმავლობაში გერმანელებმა მათ დიდი ზარალი მიაყენეს.
გერმანიის ეკონომიკური მოწყობის საკითხის განხილვა განახლდა მხოლოდ ბრიტანეთის დელეგაციის ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ. 28 ივლისს, ტრუმენისა და ეტლის პირველივე შეხვედრაზე, გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი აღმოსავლეთ პრუსიის საბჭოთა კავშირისათვის გადაცემის წინააღმდეგი იყო.5 30 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრების მეათე სხდომაზე საკმაოდ დაწვრილებით იქნა განხილული გერმანიის ომისშემდგომი მოწყობის დოკუმენტის პოლიტიკური ნაწილი. ბრიტანულმა დელეგაციამ წარმოადგინა ორი დამატება: 1. გერმანიის მოსახლეობისადმი მოპყრობა, შეძლებისდაგვარად, უნდა ყოფილიყო ერთნაირი გერმანიის მთელ ტერიტორიაზე (პუნქტი 1); 1 2. საკონტროლო საბჭოში წარმოდგენილი სახელმწიფოების მოქალაქეებს უნდა შეძლებოდათ თავისუფალი მიმოსვლა ზონებში (პუნქტი 9). თუ პირველი დამატება სერიოზული კამათის გარეშე იქნა მიღებული და მხოლოდ საბოლოო ფორმულირების დახვეწა ჩათვალა სასურველი მოლოტოვმა, მეორე შემთხვევაში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა საკითხის დამატებითი შესწავლა მოითხოვა. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაწყვეტა არ შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრების კომპეტენციაში და ის უნდა განხილულიყო უშუალოდ საკონტროლო საბჭოში.
1. შემდგომში ეს ფრაზა ცალკე იქნა გამოყოფილი და დოკუმენტს დაემატა მე-2 მუხლის სახით.
ჩვენი აზრით, მოლოტოვი ამ შემთხვევაში უბრალოდ ნაცარს აყრიდა თვალებში თავის კოლეგებს, ვინაიდან საგარეო საქმეთა მინისტრებს პრაქტიკულად ნებისმიერი საკითხის განხილვა შეეძლოთ. ყოველ შემთხვევაში, მათ კომპეტენციაში ნამდვილად შედიოდა საკითხის მომზადება და მისი წარდგენა „დიდი სამეულის“ მეთაურებისათვის, რომლებიც იღებდნენ კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, სტალინს და მოლოტოვს არ აწყობდათ ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საბჭოთა ზონაში, რადგანაც ისინი ადვილად მიიღებდნენ ინფორმაციას, თუ რით იყო დაკავებული საბჭოთა მხარე. ეტყობა, მაინცდამაინც არც ამერიკელები იყვნენ იმ მომენტში სერიოზულად დაინტერესებული ამ პრობლემით, ვინაიდან ბირნსმა შესაძლებლად ჩათვალა საკითხის გადაგზავნა საკონტროლო საბჭოში და მისი განხილვის გადადება საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ შეხვედრამდე, რომელსაც ადგილი 1945 წლის შემოდგომაზე უნდა ჰქონოდა. ერთი შეხედვით, მოლოტოვს უნდა მოსწონებოდა ეს იდეა, მაგრამ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა საკმარისად მიიჩნია ამ პუნქტის უბრალოდ საკონტროლო საბჭოში განხილვა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საჭირო იქნებოდა სპეციალური კომიტეტის შექმნა საკითხის სრულად შესასწავლად. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ორგანო იმ მომენტისთვის რეალურად არც არსებობდა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამით საკითხი რეალურად დასამარდებოდა. როგორც ჩანს, მოლოტოვმაც სწორედ ამიტომ არ ჩათვალა საჭიროდ საკითხის საგარეო საქმეთა მინისტრებამდე მობრუნება.
თავის მხრივ, საბჭოთა მხარემ ასევე წარმოადგინა ამ სხდომაზე ერთი შესწორება, რომელიც გერმანიაში ცენტრალური ხელისუფლების არსებობას ეხებოდა (მუხლი 8, ქვემუხლი IV). იმ მომენტისათვის ასეთი მთავრობის შექმნა გერმანიის მასშტაბით არ იგეგმებოდა, თუმცა საბჭოთა მხარე გამოვიდა წინადადებით, შეექმნათ ერთობლივი ადმინისტრაცია, რომელიც რამდენიმე სფეროს (ვაჭრობა, ფინანსები, მრეწველობა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები) გააერთიანებდა და იმოქმედებდა საკონტროლო საბჭოს დირექტივების შესაბამისად. სწორედ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გატარება მთელი გერმანიის მასშტაბით იქნებოდა აღნიშნული ადმინისტრაციის მთავარი ფუნქცია. ბირნსმა მოიწონა იდეა, მაგრამ ბევინმა ჩათვალა, რომ საბჭოთა წინადადება ზედმეტად ვრცელი და დეტალური იყო. მისი თქმით, ის არ იყო წინააღმდეგი რაიმე სახის ცენტრალური მმართველი ორგანოს შექმნისა, მაგრამ ამ უკანასკნელის ფუნქციების განსაზღვრა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აზრით, საკონტროლო კომისიის ფუნქციებში შედიოდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მხარეების მორიგება გადაწყვიტა და შესთავაზა მხარეებს, უბრალოდ აღენიშნათ ცენტრალური ადმინისტრაციის შექმნის აუცილებლობა და თავი შეეკავებინათ მისი ფუნქციების განსაზღვრისაგან. ბევინი ამას დაეთანხმა, თუმცა მაინც ითხოვა დრო, რათა მთელ დელეგაციას გადაეხედა საბჭოთა წინადადებისათვის. გადაწყდა, რომ მხარეები საკითხს მეორე დღეს დაუბრუნდებოდნენ.
პოლიტიკური ნაწილის გარდა, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური ნაწილიც. კერძოდ, ბრიტანელებმა წარმოადგინეს დამატება, რომლითაც კონკრეტდებოდა, რომ გერმანიის საექსპორტოდ გამზადებული პროდუქციიდან, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახდილიყო იმპორტირებული საქონლის საფასური. ბუნებრივია, ეს მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა მხარისთვის. მოლოტოვმა, აღნიშნული ფორმულის დამტკიცების სანაცვლოდ, თავის მხრივ, ითხოვა, რომ ყველა დანარჩენ საკითხთან მიმართებაში პრიორიტეტი რეპარაციებს უნდა ჰქონოდა, რასაც უკვე ბირნსი და ბევინი არ დათანხმდნენ. შედეგად, ამ საკითხის განხილვაც სამომავლოდ გადაიდო.
30 ივლისს საბჭოთა მხარემ წინ წამოსწია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში იხილებოდა შედარებით დაბალ დონეზე. ეს იყო სამხედრო დამნაშავეების გასამართლების საკითხი, რის შესახებაც მოლოტოვმა თავის ამერიკელ კოლეგას გადასცა საბჭოთა მხარის მიერ მომზადებული დოკუმენტი. პრინციპში, ეს არ იყო ისეთი საკითხი, რომელიც დიდ დავას გამოიწვევდა, ვინაიდან მხარეები ისედაც შეთანხმებული იყვნენ, რომ მოხდებოდა სამხედრო დამნაშავეების საჯარო გასამართლება, მაგრამ სსრ კავშირის დელეგაციამ მოითხოვა კონფერენციის მონაწილეებისაგან კონკრეტული პირების დასახელება, რომლებსაც ბრალს დასდებდნენ პირველ პროცესზე. საკითხის განხილვისას საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო პროცესი გაიმართებოდა ნიურნბერგში, მაგრამ, ამავე დროს, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა უარი განაცხადეს ამა თუ იმ კონკრეტული ბრალდებულების დასახელებაზე, რაც ბუნებრივიც იყო, ეს ფაქტობრივად ნიშნავდა გამოძიების გარეშე ამა თუ იმ პიროვნების პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადებას. სწორედ ამ საკითხის გარშემო გაგრძელდა განხილვა იმავე დღეს მთავრობათა მეთაურების სხდომაზე და შემდგომი ორი დღის განმავლობაში ყველა დონეზე. სტალინმა მხოლოდ 1 აგვისტოს დაიხია უკან და დათანხმდა, რომ პირველი სია, თუ რომელი სამხედრო დამნაშავეები იქნებოდნენ გასამართლებული, გამოქვეყნდებოდა კონფერენციის დასრულებიდან ერთ თვეში.
საკუთრივ გერმანიის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობის საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნა მთავრობათა მეთაურების მე-11 სხდომაზე, 31 ივლისს. ეს მოხერხდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა მოილაპარაკეს რეპარაციებთან დაკავშირებით. შედეგად, საბჭოთა მხარემ მოხსნა თავისი შესწორება რეპარაციებთან დაკავშირებით, რომელიც მას ჰქონდა წარმოდგენილი და დათანხმდა ბრიტანელების ფორმულას მე-19 პუნქტთან დაკავშირებით.1 ამავდროულად, ამოღებულ იქნა მუხლი ბერლინის მომარაგებასთან დაკავშირებით, რადგანაც ის საერთოდ ცალკე საკითხად გავიდა. შედეგად, ეკონომიკური ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად შეთანხმებული აღმოჩნდა, თუმცა მასში მაინც იქნა შეტანილი ერთი შესწორება, რისი მიზეზიც გახდა საბჭოთა მხარის მიერ დოკუმენტის პოლიტიკურ ნაწილში წარმოდგენილი შემოკლებული ვარიანტი გერმანიის ცენტრალური ადმინისტრაციის მოწყობის შესახებ. ამჯერად, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა მოიწონეს საბჭოთა დელეგაციის მიერ წარმოდგენილი წინადადება, რის შემდეგაც ეკონომიკური ნაწილის ბოლო პუნქტში გარკვეული ცვლილებები გახდა საჭირო. ამიტომ ის დაუბრუნეს ეკონომიკურ ქვეკომიტეტს ჩასასწორებლად.
1. მას შემდეგ, რაც დოკუმენტში ჩამატებულ იქნა მე-2 მუხლი, ეს პუნქტი მე-19 აღმოჩნდა.
დოკუმენტზე მუშაობა განახლდა მომდევნო დღეს, მაგრამ ეკონომიკურ ქვეკომიტეტში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მთავრობათა მეთაურების სხდომაზე მოხდა. აქ დოკუმენტს დაამატეს კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც მიანიჭეს მე-18 ნომერი და რომელიც საკონტროლო საბჭოს ანიჭებდა უფლებას, განეგო საზღვარგარეთ არსებული გერმანული აქტივები იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული ერების კონტროლს ქვეშ. გარდა ამისა, შეთანხმებულ იქნა ბოლო პუნქტის ფორმულირებაც. მიღებულ იქნა ერთგვარად კომპრომისული ვარიანტი, რომლითაც გერმანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, პირველ რიგში, უნდა მიმართულიყო შემოსატანი საქონლის საფასურის დასაფარავად, თუმცა ეს მუხლი არ გავრცელდებოდა დასავლური ზონებიდან საბჭოთა კავშირის მიერ მისაღებ რეპარაციებზე.
საბოლოო ჯამში, კონფერენციის ოქმსა და კომიუნიკეში შევიდა 19-პუნქტიანი დოკუმენტი რომელსაც ეწოდა: „საწყის საკონტროლო პერიოდში გერმანიის მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრინციპები“. დოკუმენტი ორ ნაწილისაგან შედგებოდა. პოლიტიკურ ნაწილში შევიდა 10 პუნქტი, ეკონომიკურში კი _ 9. ერთი შეხედვით, დოკუმენტი ნამდვილად დაბალანსებული იყო, თუმცა თუ მის ტექსტს კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის შეიცავდა რამდენიმე მომენტს, რომლის ამოქმედებაც პრაქტიკულად ძალას უკარგავდა ამა თუ იმ პუნქტს. ასე, მაგალითად, პირველი მუხლით ცხადდებოდა, რომ გერმანიაში უზენაესი ხელისუფლება ექნებოდა საკონტროლო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შევიდოდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები გერმანიის ტერიტორიაზე. ამავე დროს, იქვე ნათქვამი იყო, რომ ყოველ მათგანს ექნებოდა სრული ძალაუფლება საკუთარ საოკუპაციო ზონაში. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავდა გერმანიის ოთხ ნაწილად დაყოფას.
მეორე მუხლით ცხადდებოდა, რომ მოსახლეობას გერმანიის მთელ ტერიტორიაზე ერთნაირად უნდა მოპყრობოდნენ, მაგრამ იქვე მიწერილი იყო სიტყვები: „შესაძლებლობის ფარგლებში“. ვინაიდან ამ მინაწერის ავტორი იყო საბჭოთა მხარე, ძნელი არ არის მიხვედრა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ამ ფორმულას გამოიყენებდა თავისი მოქმედებების გასამართლებლად საკუთარ საოკუპაციო ზონაში. პოლიტიკურ ნაწილში სხვა ყურადსაღები გარემოება ნამდვილად არ იყო. მესამედან მეშვიდე მუხლის ჩათვლით, ძირითადად საუბარი იყო გერმანიის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე. მერვე პუნქტით უნდა მომხდარიყო სამართლებრივი სისტემის მისადაგება დემოკრატიული ნორმებისადმი გერმანიის ტერიტორიაზე და უნდა უზრუნველყოფილიყო ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვა. მეცხრე მუხლი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გერმანიის ტერიტორიაზე ადგილობრივი და ცენტრალური ადმინისტრაციების უფლებებს განსაზღვრავდა, ხოლო მეათე პუნქტი კი განსაზღვრავდა სიტყვის, პრესისა და რელიგიის თავისუფლებას და დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნის უფლებას, ოღონდ ყოველივე ეს დაქვემდებარებული უნდა ყოფილიყო სამხედრო უსაფრთხოების ნორმების მიმართ. ბუნებრივია, ყოველივე ეს ამცირებდა ამ მუხლის რეალურ მნიშვნელობას, ვინაიდან იმავე საბჭოთა მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო აკრძალვების შემოღება საკუთარ ზონაში და ამის გამართლება სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით.
დოკუმენტის ეკონომიკურ ნაწილში ყურადღება გამახვილებული იყო გერმანიის სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე. მე-11 მუხლით უნდა განხორციელებულიყო კონტროლი სამხედრო დანიშნულების მქონე მრეწველობის დარგებზე. მე-12 პუნქტით უნდა მომხდარიყო გერმანიის გერმანიის ეკონომიკის დეცენტრალიზაცია, მე-13-ით კი განსაზღვრული იყო, რომ გერმანიაში ძირითადად უნდა განვითარებულიყო სოფლის მეურნეობის დარგები.
მე-14 მუხლით გერმანია ცხადდებოდა ერთიან ეკონომიკურ ერთეულად ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ აქვე მითითებული იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა მომხდარიყო ადგილობრივი პირობების გათვალისწინება, რაც, ბუნებრივია, აძლევდა მხარეებს მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას საკუთარ საოკუპაციო ზონებში. მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტებში აღნიშნული იყო, რომ მოკავშირეებს უნდა განეხორციელებინათ კონტროლი გერმანიის ეკონომიკაზე და ჩამოთვლილი იყო ზომები, რომლებიც უნდა განეხორციელებინათ მათ ამისთვის ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების ჩათვლით. მე-18 მუხლი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკონტროლო საბჭოს ანიჭებდა უფლებას, განეგო საზღვარგარეთ არსებული გერმანული აქტივები იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჯერ კიდევ არ იყო გაერთიანებული ერების კონტროლს ქვეშ. მე-19 პუნქტით კი გერმანიის მიერ წარმოებული პროდუქცია, პირველ რიგში, უნდა მიმართულიყო შემოსატანი საქონლის საფასურის დასაფარავად, თუმცა ეს მუხლი არ გავრცელდებოდა დასავლური ზონებიდან საბჭოთა კავშირის მიერ მისაღებ რეპარაციებზე. როგორც უკვე აღინიშნა, ეს მუხლი კომპრომისულ ხასიათს ატარებდა, თუმცა, ჩვენი აზრით, საბჭოთა მხარისთვის ის მაინც უფრო მომგებიანი იყო, რასაც უფრო დეტალურად რეპარაციების საკითხის განხილვისას შევეხებით.
გერმანიის მართვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრინციპების განმსაზღვრელი დოკუმენტის გარდა, კონფერენციის ოქმსა და კომუნიკეში ცალკე იქნა გამოყოფილი აგრეთვე კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელიც დაკავშირებული იყო გერმანიასთან: 1. გერმანიის რეპარაციები; 2. გერმანიის ფლოტი; 3. კენიგსბერგის და მისი მიმდებარე ტერიტორიის საბჭოთა კავშირისათვის გადაცემა, 4. სამხედრო დამნაშავეების საკითხი; 5. გერმანული მოსახლეობის გადასახლება პოლონეთიდან და ჩეხოსლოვაკიიდან.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საკითხი ოდნავი უპირატესობით მოიგო სტალინმა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებები, რაც მან გერმანიასთან დაკავშირებით მიიღო, ნაკლებად იყო დაკავშირებული დიპლომატიასთან და უფრო სამხედრო წარმატებებით იყო განპირობებული. განსაკუთრებით ეს ეხებოდა კენიგსბერგის საკითხს, რომლის განხილვისასაც საბჭოეთის ლიდერმა ფაქტობრივად აგრძნობინა თავის ბრიტანელ და ამერიკელ კოლეგებს, რომ ის არცერთ შემთხვევაში არ შეცვლიდა თავის პოზიციას. ამის უფლებას მას ამ ტერიტორიის სრული სამხედრო კონტროლი აძლევდა. ერთადერთი, რაც მოახერხეს დასავლეთელმა მოკავშირეებმა, იყო ის, რომ უშუალოდ პოტსდამში მხოლოდ პრინციპში დაეთანხმნენ კენიგსბერგისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სსრ კავშირისათვის გადაცემას და აღუთქვეს სტალინს თავისი მხარდაჭერა სამშვიდობო კონფერენციაზე1 ამ საკითხთან დაკავშირებით.
1. ამგვარი კონფერენცია საერთოდ არ გამართულა.
$3. რეპარაციების საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე
ზოგადად გერმანიის საკითხთან მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული რეპარაციების საკითხი. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან სწორედ გერმანიისაგან ითხოვდა საბჭოთა კავშირი რეპარაციებისძირითად ნაწილს. გარდა ამისა, რეპარაციების საკითხს უკავშირდებოდა ე.წ. „სამხედრო ნადავლის“ პრობლემაც. სწორედ ამ უკანასკნელი საკითხის განხილვას მიეძღვნა მთავრობათა მეთაურების მესამე სხდომა, 19 ივლისს. საუბარი ეხებოდა გერმანიის სამხედრო და სავაჭრო ფლოტის ბედ-იღბლის განსაზღვრას. უკვე აქ გაირკვა, რომ მხარეები სხვადასხვანაირად უდგებოდნენ ამ საკითხს. აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის სავაჭრო ფლოტი, მისი აზრით, რეპარაციებად უნდა შეფასებულიყო და, საბოლოო ჯამში, მისი ბედი სარეპარაციო კომისიას უნდა გადაეწყვიტა. აქვე ტრუმენმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ დაინტერესებული იყო გერმანიის სავაჭრო ფლოტის გამოყენებით იაპონიის წინააღმდეგ ომში. თავის მხრივ, სტალინმა აღნიშნა, რომ სამხედრო ფლოტი, ისევე როგორც სხვა სამხედრო აღჭურვილობა, წარმოადგენდა ნადავლს, ხოლო საკითხი იმის შესახებ, თუ რად ჩაეთვალათ სავაჭრო ხომალდები, შეიძლებოდა განხილულიყო. მიუხედავად ამისა, მან უმალ დაამატა, რომ იტალიის შემთხვევაში როგორც სამხედრო, ისე, სავაჭრო ფლოტი ნადავლად იქნა მიჩნეული, რაც, ჩვენი აზრით, ნათლად მეტყველებს, რომ საბჭოეთის ლიდერს ნამდვილად სურდა, სავაჭრო ხომალდებიც ნადავლის სახით მიეღო, და არა რეპარაციების.
სტალინის ასეთი პოზიცია არ აღმოჩნდა მისაღები ჩერჩილისათვის, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენციაზე მიღწეული უნდა ყოფილიყო საერთო შეთანხმება ფლოტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ის არ იქნებოდა მისი გაყოფის წინააღმდეგი. ამავე დროს, ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ იტალიური გემების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო იტალიასთან შეთანხმების კონტექსტში. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ ინგლისმა ომში განიცადა უზარმაზარი ზარალი ხომალდების თვალსაზრისით _ 10 ავიამზიდი და სახაზო გემი და 20-მდე კრეისერი _ და საჭირო იყო მისი ანაზღაურება. ჩერჩილი დაეთანხმა ტრუმენსაც, რომ გერმანული ფლოტი უნდა გამოყენებულიყო იაპონიასთან ომშიც. ამავე დროს, ბრიტანეთის პრემიერი თვლიდა, რომ გერმანული წყალქვეშა ნავები, გარდა უახლესი მოდელებისა, რომლებიც მოკავშირეებს უნდა გაეყოთ, უნდა განადგურებულიყო. გარდა ამისა, ჩერჩილმა განაცხადა, რომ ის არ იყო საბჭოთა მხარისათვის ფერმანული ფლოტის ნაწილის გადაცემის წინააღმდეგი. უფრო მეტიც, მისი თქმით, ასეთ დიდ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა ძლიერი სამხედრო-საზღვაო ძალები. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ სავაჭრო გემების შენარჩუნება იაპონიასთან ომის დასრულებამდე, ვინაიდან ისინი აუცილებელი იყო არა მარტო საზღვაო ოპერაციების საწარმოებლად, არამედ ევროპის მოსამარაგებლადაც.
ამის შემდეგ ჩერჩილმა აღნიშნა, რომ საბჭოთა მხარემ მოახდინა ფინეთის სავაჭრო ფლოტის სრული კონფისკაცია და ხელთ იგდო ორი რუმინული ხომალდიც. ამიტომ ბრიტანეთის პრემიერი თვლიდა, რომ გერმანული ფლოტის გაყოფის შემთხვევაში ფინური და რუმინული ხომალდებიც უნდა გადაენაწილებინათ. აქ სტალინი ჩაერთო საუბარში და უარყო ინფორმაცია, თითქოს საბჭოთა მხარეს ფინეთისათვის რომელიმე სავაჭრო ხომალდი ჰქონდა წართმეული. რუმინეთთან დაკავშირებით კი მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ხომალდი იქნა რეკვიზირებული და ისიც დაჭრილების გადასაყვანად. მიუხედავად ამისა, ჩერჩილზე სტალინის ამ რეპლიკამ არანაირად არ იმოქმედა. მან აღნიშნა, რომ საჭირო იყო პრინციპზე შეთანხმება და ხაზი გაუსვა, რომ „დიდი სამეულის“ გარდა კიდევ იყვნენ ქვეყნები, მაგალითად, ნორვეგია, რომლებმაც დიდი რაოდენობით ხომალდები დაკარგეს ომის პერიოდში. ამიტომ ბრიტანეთის პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ფლოტი დაეყოთ ოთხ ნაწილად, საიდანაც ერთი წილი განსაზღვრული იქნებოდა სხვა დაზარალებული სახელმწიფოებისათვის.
აქ საუბარში ჩაერთო აშშ-ს პრეზიდენტიც, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მისაღები იყო გერმანული სამხედრო და სავაჭრო ფლოტების სამ ნაწილად გაყოფა, თუმცა ასევე სასურველად მიიჩნია სავაჭრო გემების შენარჩუნება იაპონიასთან ომის დასრულებამდე და იგივე მიზეზები დაასახელა, რაც ჩერჩილმა. სამხედრო გემებთან დაკავშირებით კი ტრუმენმა გამოთქვა მზადყოფნა, გაენადგურებინა ისინი და აღნიშნა, რომ იაპონიასთან ომის დასრულების შემდეგ აშშ გაყიდდა როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო ხომალდებს. აქ სტალინმა, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე მობეზრდა ყოველ წამს იაპონიის ხსენება, შეახსენა თავის კოლეგებს, რომ საბჭოთა კავშირსაც უნდა მიეღო მონაწილეობა იაპონიის წინააღმდეგ ომში. აშშ-ს პრეზიდენტმა პასუხად მხოლოდ ის აღნიშნა, რომ როდესაც სსრკ მზად იქნებოდა იაპონიასთან საომრად, მისთვის გამოყოფილი იქნებოდა შესაბამისი წილი. მაშინ საბჭოთა ლიდერმა პრინციპულად მოითხოვა იმის დაზუსტება, მიიღებდა თუ არა საბჭოთა კავშირი გერმანიის საზღვაო ფლოტის მესამედს. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი გარანტიის მიღების შემთხვევაში საბჭოთა მხარე არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ მის კუთვნილ წილს გამოიყენებდნენ იაპონიის წინააღმდეგ ომში, რასაც ტრუმენიც დაეთანხმა.
საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაედოთ კონფერენციის დასკვნითი ეტაპისათვის.1 ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაუშვებდნენ ერთმანეთის წარმომადგენლებს მათ ხელთ მყოფ გერმანულ პორტებში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინი დაეთანხმა ჩერჩილის მოთხოვნას, ჩაეძირათ გერმანული წყალქვეშა ნავების უდიდესი ნაწილი და ამავდროულად ხაზი გაუსვა იმას, რომ საბჭოთა მხარის ხელთ არსებული გერმანული სუბმარინების დიდი უმრავლესობა აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. ამით შეწყდა საკითხის განხილვა მთავრობათა მეთაურების სხდომაზე.
1. მიუხედავად ამისა, უკვე 21 ივლისს შემუშავებული იქნა მემორანდუმი, რომელიც, ძირითადად, აღნიშნული საუბრისას გამოთქმულ აზრებს ითვალისწინებდა. გადაწყდა, რომ როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო ფლოტი გაყოფილი იქნებოდა სამ ნაწილად, თუმცა საბჭოთა მხარე სავაჭრო გემების თავის წილს მიიღებდა მხოლოდ იაპონიასთან ომის დასრულების შემდეგ. წყალქვეშა ნავების დიდი ნაწილი კი უნდა განადგურებულიყო.
მომდევნო დღეს, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის მოკავშირეების მიერ გადასახდელ რეპარაციებს, კერძოდ, მოლოტოვი დაინტერესდა, დაეკისრებოდა თუ არა რეპარაციები იტალიას. როგორც ჩანს, ეს მაინცდამაინც არ მოეწონა ბირნსს, რომელმაც იკითხა, კონკრეტულად რით უნდა გადაეხადა იტალიას რამე. მართალია, იდენი დაეთანხმა თავის ამერიკელ კოლეგას და ასევე ხაზი გაუსვა იტალიის გადახდისუუნარობას, თუმცა იქვე დაამატა, რომ პრინციპში ასეთი ვალდებულება მას მაინც უნდა დაკისრებოდა. უნდა ითქვას, აღნიშნულმა საკითხმა საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აცხადებდა, რომ მისმა მთავრობამ უკვე აღმოუჩინა იტალიას 200 მლნ დოლარის დახმარება, თუმცა საჭირო იყო კიდევ დაახლოებით 400-500 მლნ დოლარის გამოყოფა. იდენი მას ასევე ეთანხმებოდა, რომ იტალიას უბრალოდ არაფრის გადახდა არ შეეძლებოდა. მოლოტოვი კი მაინც ჯიუტად ითხოვდა რეპარაციების დაკისრებას და მოჰყავდა ფინეთის მაგალითი, რომელიც, მისი თქმით, ბევრად უფრო მცირე სახელმწიფო იყო, მაგრამ დაწესებული ჰქონდა დიდი რაოდენობით გადასახადი. საბოლოოდ, მხარეები მორიგდნენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას მიანდობდნენ რეპარაციების ქვეკომიტეტს. ამავე ორგანოს უნდა განეხილა ავსტრიის რეპარაციების საკითხიც.
22 ივლისს საკმაოდ ცხარე დებატები გაიმართა რუმინეთში საბჭოთა მხარის მიერ ჩატარებული რეკვიზიციების ირგვლივ. იდენმა პროტესტი გამოთქვა ნავთობსამრეწველო სექტორიდან ბრიტანული კომპანიების კუთვნილი ტექნიკის გატანის გამო. მოლოტოვმა თავის მართლება სცადა და ამ მიზნით ა. ვიშინსკიც მოიყვანა, რომელმაც განაცხადა, თითქოს ნადავლის სახით ამოღებული მოწყობილობა მხოლოდ გერმანელებს ეკუთვნოდათ და გერმანიაში იყო წარმოებული (და მხარი არ დაუჭირა ამ საკითხზე კომისიის შექმნას), მაგრამ ინგლისელები ამან არ დააკმაყოფილა. იდენმა პირდაპირ მიახალა საბჭოთა დელეგაციის წევრებს, რომ ეს არგუმენტი მათ კონფერენციამდეც ჰქონდათ გამოყენებული, მაგრამ მაშინვე გამოაშკარავდა მისი უსუსურობა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ვიშინსკის მეორე განცხადებაც იმის შესახებ თითქოს ამოღებული მილები სამხედრო ნადავლს წარმოადგენდა და სავსებით რეზონულად მიუგო, რომ მოკავშირეთა საკუთრება ამ მოკავშირეთაგან რომელიმესთვის ვერაფრით ვერ იქცეოდა ალაფად.
ამასობაში აღმოჩნდა, რომ თავისი პრეტენზიები ამ შემთხვევაში ჰქონდათ ამერიკელებსაც. ბირნსმა კატეგორიულად განაცხადა, რომ საბჭოთა მხარეს არ ჰქონდა არანაირი უფლება, ნადავლის სახით ამოეღო ამერიკელ მოქალაქეთა ქონება. მან ხაზი გაუსვა, რომ კაპიტულაციის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები ცალსახად არეგულირებდა ამგვარ სიტუაციებს.5 წააწყდა რა ერთობლივ წინააღმდეგობას, ვიშინსკიმ აღნიშნა, რომ საკონტროლო საბჭო რუმინეთში სავსებით დარწმუნებული იყო მილების გერმანულ წარმომავლობაში, მაგრამ ოპონენტები მაინც ვერ დააჯერა საბჭოთა მხარის სიმართლეში. უფრო მეტიც, იდენმა კიდევ ერთი, მეტად არასასიამოვნო ბრალდება წაუყენა საბჭოთა დელეგაციას. მისი თქმით, რუმინეთში მომხდარი ფაქტი იყო საბჭოთა სარდლობის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგი. აქვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი უკვე მიჩვეული იყვნენ ამგვარ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს.
როგორც ჩანს, იდენის უკანასკნელი სიტყვები მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მოლოტოვისთვის, რომელიც აქამდე ინიციატივას ვიშინსკის უთმობდა და პასიურობდა. სსრ კავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბჭოთა არმიებმა უზარმაზარი ტერიტორია დაფარეს, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიქმნა. თავის მხრივ, ვიშინსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამოღებული მოწყობილობა გერმანული იყო. აქვე მან დაამატა, რომ გერმანელები იყენებდნენ ნავთობსაც და მილებსაც მოკავშირეების წინააღმდეგ. ვიშინსკის ეს არგუმენტი ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ბირნსისათვის, რომელმაც შენიშნა, რომ თუ გერმანელები იყენებდნენ ამერიკელების ქონებას, ამით ის გერმანელების კუთვნილი ვერ გახდებოდა. აქ უკვე იდენი მიხვდა, რომ სასურველი შედეგის მიღწევა იმ დღეს უბრალოდ შეუძლებელი იყო და წამოაყენა წინადადება კომისიის შექმნის შესახებ, რათა გარკვეულიყო საკითხი, თუ რატომ გასცა საბჭოთა სარდლობამ ბრძანება რეკვიზიციის შესახებ საკონტროლო საბჭოს სახელით, ისე რომ არც მოეთათბირა მის ამერიკელ და ბრიტანელ წევრებს. ბირნსს იდეა მოეწონა, მაგრამ მოლოტოვმა ეჭვი შეიტანა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაში. ამავე დროს, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად საკითხის ღიად დატოვება და საჭიროდ მიიჩნია თითოეულ მხარეს გამოეყო წარმომადგენელი მის გადასაწყვეტად. მიუხედავად ამისა, მხარეები ისე დაიშალნენ, რომ არანაირი შეთანხმება არ მიუღიათ. ამის მიზეზი გახდა დროის უქონლობა. ერთადერთი, რაც იდენმა აღნიშნა მოლოტოვის ბოლო წინადადებასთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ამ იდეის განხილვა სამომავლოდ უნდა გადადებულიყო.
23 ივლისს გერმანიის რეპარაციების საკითხის განხილვა გაგრძელდა ბირნსისა და მოლოტოვის კონფიდენციალური შეხვედრის დროს. ამჯერად საბჭოთა მხარემ დააყენა საკითხი რეპარაციების რაოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეხვედრისას სცადა ამ პრობლემის ერთგვარად გაიოლება. მან განაცხადა, რომ, ამერიკელების გამოთვლებით, საბჭოთა ზონაში იყო გერმანიის მთელი სიმდიდრის 50% და, შესაბამისად, სსრ კავშირს შეეძლო საკუთარი საოკუპაციო ტერიტორიიდან ამოეღო რეპარაციების თავისი წილი. ჩვენი აზრით, ბირნსი ამ შემთხვევაში აშკარად თვალთმაქცობდა. ჯერ ერთი, მეტად საეჭვო იყო, რომ საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, რომელიც შემდგომში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად იქცა, თავმოყრილი ყოფილიყო გერმანიის არსებული ქონების 50%, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ეს ტერიტორია, ბერლინის გამოკლებით, გაცილებით ნაკლები ინტენსიურობით იბომბებოდა ომის პერიოდში.1 სხვას რომ თავი დავანებოთ, დასავლურ საოკუპაციო ზონებში შედიოდა რურის ოლქი, რომელიც იმ პერიოდში წარმოადგენდა გერმანიის მთავარ სამრეწველო რაიონს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოლოტოვმაც მშვენივრად იცოდა, ამიტომ მან პირდაპირ განაცხადა, რომ სტალინს სურდა რეპარაციები მთელ გერმანიაზე გავრცელებულიყო და გამოთქვა მზადყოფნა, გარკვეულწილად შეემცირებინა საბჭოთა მხარის მოთხოვნები. თავის მხრივ, ბირნსმა აღნიშნა, რომ აშშ არ დათანხმდებოდა არც ერთ ვარიანტს, რომელიც მოითხოვდა მისგან გერმანელების საკვების დაფინანსებას ამერიკულ ზონაში და რომ ეს გავრცელდებოდა სხვა სახელმწიფოებზეც, რომლებსაც გადასახდელი ექნებოდა რეპარაციები. ამის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად მას სურდა მთელი არსებული საწარმოების სარეპარაციო ფონდში გადაცემა, მაგრამ შემდეგ გაირკვა რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც გატანილი საწარმოების ნაწილი, საბჭოთა მხარის თქმით, სამხედრო ნადავლს წარმოადგენდა. ამით აღნიშნული შეხვედრა დასრულდა კიდეც და მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ განეხილათ ეს საკითხი იმავე დღეს უკვე იდენთან ერთად.2
1. საბჭოთა საოკუპაციო ზონის ნაკლები ინტენსიურობით დაბომბვას ჰქონდა თავისი მიზეზები. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა მხარე პრაქტიკულად არ იყენებდა შორეულ მანძილზე მოქმედ ბომბდამშენებს, რომლებიც, მას, მართალია, გააჩნდა, მაგრამ არც ისე დიდი რაოდენობით. ამიტომ გერმანიას ძირითადად ბომბავდა ბრიტანული და ამერიკული ავიაცია, რომელიც უბრალოდ ვერ წვდებოდა აღმოსავლეთ გერმანიას ბერლინის იქით. რასაკვირველია, ეს ტერიტორიაც იბომბებოდა, თუმცა ამას არ ჰქონია ისეთი ინტენსიური ხასიათი, როგორიც, ვთქვათ, საჰაერო შეტევებს ბრემენზე, სადაც ომის განმავლობაში შენობების დიდი უმრავლესობა იქნა დანგრეული. ერთადერთ გამონაკლისად აღმოსავლეთ გერმანიაში იქცა დრეზდენის განადგურება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს იყო პრაქტიკულად ერთჯერადი აქცია და ქალაქი მანამდე თითქმის არც მოხვედრილა მოკავშირეთა ავიაციის დარტყმების ქვეშ (დრეზდენის დაბომბვის შესახებ.
2. აღსანიშნავია, რომ ბირნსმა იმავე დღეს აცნობა იდენს მოლოტოვთან მისი საუბრის შინაარსი.
მიუხედავად შეთანხმებისა, მხარეებმა ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მაინც არ განიხილეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ საბჭოთა მხარემ დაგვიანებით მიაწოდა ბრიტანელებს და ამერიკელებს თავისი წინადადებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ბირნსმა კატეგორიულად მოითხოვა, არ ყოფილიყო რაიმე კონფიდენციალური შეხვედრები ამ საკითხთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საკითხი იმის შესახებ, თუ რას უნდა მინიჭებოდა პრიორიტეტი: რეპარაციებს თუ აუცილებელი პროდუქციის იმპორტს. საბჭოთა დელეგაციამ წარმოადგინა გეგმა, რომლითაც უნდა მომხდარიყო იმპორტის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მიერ წარმოებული საქონლის ექსპორტი ვერ დაფარავდა შესასყიდი პროდუქციის ფასს. ბუნებრივია, ეს ვარიანტი არ მოიწონეს ბრიტანელებმა და ამერიკელებმა. ბირნსმა პირდაპირ შენიშნა, რომ არსებობდა უკვე შეთანხმებული მინიმალური იმპორტის რაოდენობა, რომლის შემცირება უბრალოდ შეუძლებელი იყო. შედეგად, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და გადაწყდა, საკითხი დაეყენებინათ მთავრობათა მეთაურების სხდომაზე, თუმცა მანამდე თავად საგარეო საქმეთა მინისტრები დაუბრუნდნენ პრობლემას არაოფიციალურ შეხვედრაზე,“ რომელიც იმავე დღეს შედგა.
აღნიშნული არაფორმალური შეხვედრის ძირითად თემად იქცა საბჭოთა დეფინიცია ტერმინისა „სამხედრო ნადავლი“. ბირნსმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ი. მაისკის მიერ რეპარაციების კომისიაში აშშ-ს წარმომადგენლისათვის მოწოდებული განმარტება, რომლის თანახმადაც „ალაფად“ ითვლებოდა ყველანაირი საქონელი და მოწყობილობა.1 მოლოტოვმა დაუდასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღნიშნული ინფორმაცია. მაშინ ბირნსმა იკითხა, თუ შეესაბამებოდა სინამდვილეს ცნობები, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა ახდენდა საოჯახო ნივთების: ავეჯის, სანტექნიკის, ვერცხლეულობის და ა.შ. რეკვიზიციას. საბჭოთა დიპლომატმა მართლაც დაუდასტურა მას, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.2 როგორც ჩანს, თავად მოლოტოვიც მიხვდა, რომ ეს ფაქტი არცთუ სასიამოვნო ჭრილში აჩვენებდა საბჭოთა მხარეს. ჩვენი აზრით, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან უმალ გამოთქვა სურვილი, 300 მილიონი დოლარით შეემცირებინა საბჭოთა კავშირის წილი რეპარაციებში, რაც იქნებოდა უკვე ჩატარებული რეკვიზიციის საფასური.
1. ი. მაისკის მიერ მიწოდებულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ „ნადავლს“ წარმოადგენდა ყველაფერი, რასაც იყენებდნენ საჯარისო ნაწილები ან გასამხედროებული ფორმირებები და რასაც შესაძლებელი იყო ჰქონოდა სამხედრო დანიშნულება.
2. როგორც ვხედავთ, ისევე როგორც XXს. 40-იან წლებში, რუსი ჯარისკაცები დღესაც არ თაკილობენ საოჯახო ნივთების აღებას. უფრო მეტიც, როგორც 2008წ. რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, არც მათი გემოვნება შეცვლილა და ის აბსოლუტურად ზუსტად დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საბჭოთა ჯარისკაცების მხრიდან დაფიქსირებულ ძარცვის შემთხვევებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება სტალინის ეპოქის საბჭოური ხელმძღვანელობის ნამდვილი სულიერი მემკვიდრეა.
უფრო მეტიც, როდესაც ბირნსმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ ომში 400 მილიარდი დოლარი დახარჯა, მოლოტოვმა კიდევ უფრო შეამცირა მოთხოვნა და განაცხადა მზადყოფნა დაკმაყოფილებულიყო 9 მილიარდი დოლარის რეპარაციებით ნაცვლად წინათ მოთხოვნილი 10 მილიარდი დოლარისა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნისათვის არც ეს აღმოჩნდა მისაღები თანხა და მან კვლავ გაიმეორა მტკიცებულება, თითქოს გერმანიის მთელი სიმდიდრის 50% საბჭოთა ზონაში იმყოფებოდა.1 ბუნებრივია, ამ საკითხზე გაიმართა კამათი, რომელშიც ი. მაისკიც და ე. პოულიც ჩაერთვნენ, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ, მოლოტოვმა კიდევ ერთ დათმობაზე გადაწყვიტა წასვლა: ის მზად იყო შეემცირებინა საერთო სარეპარაციო მოთხოვნა 8 მილიარდ დოლარამდე, თუ რურიდან, ფიქსირებული სახით, მიწოდებული იქნებოდა 2 მილიარდი დოლარის მოწყობილობა. სხვა ტიპის შეთანხმებაზე, მისი თქმით, საბჭოთა კავშირი არ წავიდოდა. ამავე დროს, მოლოტოვმა შესაძლოდ ჩათვალა ბრიტანული და ამერიკული ზონების გერმანული მოსახლეობის საბჭოთა ზონიდან საკვებითა და ქვანახშირით მომარაგების საკითხის განხილვაც. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შეხვედრისას იდენმა და ბირნსმა მას არანაირი დაპირება ამ მიმართულებით არ მისცეს.
1. ბირნსმა დააკონკრეტა, რომ საბჭოთა ზონაში იყო გერმანიის რესურსების 50%, ბრიტანეთის ზონაში _ 30%, ამერიკულ და ფრანგულ ზონაში კი ერთად იყო 20%.
საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა რეპარაციების საკითხის განხილვა გააგრძელეს მომდევნო დღეს, როდესაც საბჭოთა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები ავსტრიისა და იტალიის რეპარაციების შესახებ. ამჯერად განხილვა არცთუ დიდხანს გაგრძელდა, ვინაიდან მინისტრებმა სასურველად ჩათვალეს, აღნიშნული პროექტი ჯერ რეპარაციების ქვეკომიტეტში განხილულიყო.1 არც რუმინეთში საბჭოთა მხარის მიერ რეკვიზირებული მოწყობილობის ბედ-იღბლის გადაწყვეტა მოხერხდა იმ დღეს, ვინაიდან მოლოტოვმა უარი განაცხადა ნებისმიერი კომიტეტის შექმნაზე იმ მოტივით, რომ ბრიტანელების მიერ წარმოდგენილი ვარიანტი მას შესწავლილი არ ჰქონდა. სულ ბოლოს კი უკვე ამერიკელებმა აღარ დაუშვეს რეპარაციების კომიტეტის მიერ მიღებული პირველადი შეთანხმების დამტკიცება მოკავშირეთა წილებთან დაკავშირებით.2 ასე რომ, შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა და საკითხის განხილვა გაგრძელდა მხოლოდ 27 ივლისს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სხდომაზე.3
1. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ჩანაწერში, რომელიც ამჯერად საკმაოდ ვრცელია, ეს პუნქტი არ არის დაფიქსირებული, თუმცა ამერიკული დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საბჭოთა მხარემ ითხოვა რეპარაციების დაკისრება ავსტრიაზე 250 მილიონი დოლარის, იტალიაზე კი _ 600 მილიონი დოლარის ოდენობით.
2. აღნიშნული დოკუმენტით, სსრკ-ს უნდა გამოყოფოდა 56%, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს კი _ 22-22%. ამასთან, სამივე ქვეყანას უნდა დაეთმო თავისი წილის მცირე ნაწილი ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ოკუპაციის შედეგად და გამოთქვამდნენ სურვილს, მიეღოთ გარკვეული კომპენსაცია.
3. ვინაიდან დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი კლემენტ ეტლი და საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბრუნებული ლონდონიდან, ინგლისის მხარეს ამ სხდომაზე წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ა. კადოგანი.
აღნიშნული შეხვედრისას ინიციატივა ხელთ მოლოტოვმა იგდო. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა რეპარაციების ქვეკომისიის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა. ამავე დროს, მან გამოთქვა ეჭვი, რომ ყირიმის კონფერენციის შემდეგ აშშ-ს დელეგაციამ შეცვალა თავისი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით და იკითხა, რჩებოდა თუ არა ძალაში იალტაში მიღწეული შეთანხმებები. პასუხად ბირნსმა აღნიშნა, რომ ყირიმის კონფერენციაზე არ იყო შეთანხმებული თანხის რაოდენობა და იქ დასახელებული 20 მილიარდი წარმოადგენდა მხოლოდ საფუძველს განხილვისათვის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ იმ მომენტისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს თანხა უბრალოდ არარეალური იყო. მაშინ მოლოტოვმა იკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ შეუძლებელი იქნებოდა იალტაში შეთანხმებული 10 მილიარდი დოლარის გამოყოფა საბჭოთა კავშირისათვის. ბირნსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არასდროს არავინ არ დათანხმებია 20 მილიარდ დოლარს და რომ თავის დროზე ეს წინადადება მიღებულ იქნა მხოლოდ მოლაპარაკებების საფუძვლად.
უნდა აღინიშნოს, რომ ბირნსი ამ შემთხვევაში ნამდვილად სწორი იყო და მოლოტოვი უბრალოდ ცდილობდა რეალობად გაესაღებინა საბჭოთა მხარის სურვილი. როგორც ზემოთ აღინიშნა, თანხა რეპარაციებთან დაკავშირებით იალტაში მართლაც მხოლოდ განხილვის საფუძვლად იქნა ჩაწერილი. ასე რომ, ამერიკელებს სრული უფლება ჰქონდათ, უარი ეთქვათ ამ თანხის დაფიქსირებაზე. სწორედ ეს აღნიშნა კიდეც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, როდესაც განმარტა, რომ პოული 35 დღის განმავლობაში იხილავდა ამ საკითხს მოსკოვში და აგრძელებდა მასზე მუშაობას პოტსდამში სარეპარაციო კომისიის დანარჩენ წევრებთან ერთად. ამჟამად კი, ბირნსის თქმით, ის, ისევე როგორც პოული, თვლიდნენ, რომ ამდენი თანხის ამოღება გერმანიიდან უბრალოდ შეუძლებელი იყო. მან აღნიშნა, რომ იალტის შეთანხმებების შემდეგ გერმანიას უზარმაზარი ზარალი მიადგა როგორც საბჭოთა, ისე ამერიკული ჯარების მხრიდან. აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ თავის დროზე ამერიკელები ვარაუდობდნენ რეპარაციების გადახდას ფაბრიკა-ქარხნების მოწყობილობების ხარჯზე, მაგრამ თუნდაც ბერლინის მაგალითზე ისინი დარწმუნდნენ ამის შეუძლებლობაში. ბირნსმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინში, აშშ-ს კუთვნილ ზონაში მათ ნახეს ამერიკული კომპანიის კუთვნილი სატელეფონო სადგური, რომელიც მთლიანად გაძარცვული იყო საბჭოთა მხარის მიერ. სწორედ ამიტომ, მას მიაჩნდა, რომ საჭირო იყო უბრალოდ ყველა მხარეს თავისი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა საკუთარი საოკუპაციო ზონიდან.
მოლოტოვი სულაც არ დარჩა აღფრთოვანებული ბირნსის ამ იდეით. მისი თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდებოდა, ეს ნამდვილად ასე მოხდებოდა, მაგრამ მას ეს მაინც არ მოსწონდა. საბჭოთა დიპლომატის თქმით, არც აშშ და არც დიდი ბრიტანეთი არ ყოფილა ოკუპირებული გერმანიის მიერ, მაშინ როდესაც სსრ კავშირის დიდი ნაწილი გერმანელების კონტროლქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ამიტომ მას მიაჩნდა, რომ სსრ კავშირს და პოლონეთს უნდა მიეღოთ რეპარაციები. ბირნსმა, თავის მხრივ, შენიშნა, რომ საბჭოთა კავშირს უნდა მიეღო შესაბამისი რეპარაციები, მაგრამ მოლოტოვი არ დააკმაყოფილა ამ, მისი თქმით, ლიტონმა სიტყვებმა. როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და სასწრაფოდ დაამატა, რომ მას სურვილი ჰქონდა, შეემუშავებინათ რაიმე გეგმა, რომელიც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა შექმნილ სიტუაციაში. კერძოდ, ბირნსს მიაჩნდა, რომ საჭირო იყო დალოდებოდნენ ეტლის დაბრუნებას, რადგანაც რურში არსებული მოწყობილობა ბრიტანულ ზონაში შედიოდა. თავის მხრივ, კადოგანმაც დაადასტურა ბრიტანეთის ხელმძღვანელობის ერთგულება იალტაში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და იქვე დაამატა, რომ ეტლი მომდევნო დღეს დაბრუნდებოდა პოტსდამში.1 საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის განხილვა გადადებული იქნებოდა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შემდეგ შეხვედრამდე, რის შემდეგაც შედეგებს აცნობებდნენ მთავრობათა მეთაურებს.
გერმანიისაგან მისაღები რეპარაციების გარდა მხარეებმა განიხილეს ავსტრიისა და იტალიის საკითხიც. მოლოტოვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საბჭოთა მხარის სურვილი, მიეღო 250 მილიონი დოლარი ავსტრიისაგან, რაც უნდა გადანაწილებულიყო „დიდი სამეულის“ ქვეყნებსა და იუგოსლავიაზე. იტალიისა და, განსაკუთრებით, ავსტრიის რეპარაციების საკითხმა კიდევ ერთი დაპირისპირება გამოიწვია ბირნსსა და მოლოტოვს შორის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შენიშნა, რომ რეპარაციების ერთადერთი სახე, რომელიც შეეძლო მიეღო საბჭოთა კავშირს იტალისაგან, იყო იმ სამხედრო ქარხნების მოწყობილობები, რომელთაც არ გააჩნდათ სამშვიდობო დანიშნულება. ბირნსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ არ აპირებდა თანხის გამოყოფას იტალიისა და ავსტრიისათვის, რათა მათ გადაეხადათ რეპარაციები. ამერიკელ დიპლომატზე არ იმოქმედა არც მოლოტოვის განცხადებამ, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უამრავი საწარმო იქნა განადგურებული. ბირნსის თქმით, დიდი განსხვავება არ იყო შენობების განადგურებასა და ფინანსურ დანახარჯებს შორის და ამ შემთხვევაში აშშ-ს ზარალი ძალიან დიდი იყო და 400 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მიუხედავად ამერიკული მხარის ამგვარი რეაქციისა, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ძალიან არ სურდა ამ საკითხში დათმობა. მან განაცხადა, რომ თუ რუმინეთი იხდიდა რეპარაციებს, მაშინ ავსტრიასაც უნდა დაკისრებოდა რაიმე გადასახადი, თუმცა ის ისევ წააწყდა ბირნსის წინააღმდეგობას.1 ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ არ იღებდა რეპარაციებს რუმინეთისაგან, ხოლო ავსტრიას სჭირდებოდა დახმარება გაერთიანებული ერების დახმარებისა და რეაბილიტაციის სააგენტოსაგან (UNRRA – United Nations Relief and Rehabilitation Administration), რაც ავტომატურად გამორიცხავდა რაიმე გადასახადების დაკისრებას ქვეყანაზე. მოლოტოვმა პასუხად განაცხადა, რომ აშშ-ს შეეძლო ნებისმიერ დროს მოეთხოვა რეპარაციები რუმინეთისაგან, ხოლო ავსტრიის მონაწილეობა UNRRA-ის პროგრამაში ხელს არ უშლიდა გადასახადების დაწესებას. ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით ბირნსმა უმალ შენიშნა, რომ მას სხვა მონაცემები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით და საჭირო იყო ამის შემოწმება. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა სცადა იტალიის საკითხშიც მცირე ცვლილებების შეტანა და მხოლოდ მოწყობილობების აღნიშვნა ფორმულირებაში, რადგანაც, მისი თქმით, აქ საუბარი იყო რეპარაციებზე და არა სამხედრო ნადავლზე.2 ამან აშკარად გამოიწვია ამერიკელი დიპლომატის გაღიზიანება, რომელმაც კატეგორიულად განაცხადა, რომ იტალიიდან შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ არასამშვიდობო დანიშნულების სამხედრო ქარხნების მოწყობილობისა და ტექნიკის მიღება. საბოლოო ჯამში, შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკითხს მოგვიანებით მიუბრუნდებოდნენ.
1. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში იყო სერიოზული განსხვავება: ავსტრია დაპყრობილი იქნა გერმანიის მიერ და მას არ მიუღია დამოუკიდებლად მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში (სხვათა შორის, ეს მოგვიანებით თავად სტალინმაც აღიარა, მაშინ როდესაც რუმინეთმა გამოჰყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები სსრ კავშირის წინააღმდეგ და უკრაინის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა 1941-1944 წლებში.
2. მოლოტოვს აშკარად არ სურდა იმის დაფიქსირება, რომ სამხედრო დანიშნულების ობიექტები არ იყო სამხედრო ნადავლი. ეს სავსებით გასაგებიცაა, რადგანაც საბჭოთა მხარე ასეთ საწარმოებს ალაფად აღიქვამდა, ხოლო იმის ზევით კიდევ რეპარაციების მიღება სურდა.
იტალიის რეპარაციების გარშემო კონსულტაციები განახლდა მომდევნო დღეს, უშუალოდ მთავრობათა მეთაურების სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ ამჯერად „დიდი სამეულის“ შეხვედრებისათვის მეტად უცნაური ფაქტი მოხდა და სტალინმა თითქმის ყველა პუნქტში დათმო თავისი პოზიციები. ის დათანხმდა, უარი ეთქვა რეპარაციების მიღებაზე ავსტრიისაგან და იტალიისათვის გადასახადის შემცირებაზე. ამასთან, საბჭოთა ლიდერი დაკმაყოფილდა მხოლოდ იტალიური სამხედრო დანიშნულების ობიექტებიდან ამოღებული ტექნიკის მიღებით, რაც ერთჯერადი პროცესი უნდა ყოფილიყო. ამით აღნიშნული საკითხის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და მხარეებს მხოლოდ გერმანიის რეპარაციების საკითხი დარჩათ გადასაწყვეტი.
გერმანიის რეპარაციების პრობლემას მხარეები მომდევნო დღეს, ტრუმენისა და მოლოტოვის შეხვედრისას მიუბრუნდნენ. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, პირველ რიგში, მოუბოდიშა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ სტალინი, გაციების გამო, ვერ ესტუმრა მას და ვერც მთავრობათა მეთაურების სხდომას დაესწრებოდა. შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ1 წარმოადგინა გეგმა, რომლითაც ყველა მხარე ამოიღებდა რეპარაციებს საკუთარი ზონებიდან, ხოლო საბჭოთა კავშირი დამატებით მიიღებდა 25%-ს რურში სარეპარაციოდ განკუთვნილი მოწყობილობებიდან.
1. ტრუმენის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ ბირნსი და ადმ. ლიჰი.
მოლოტოვს ეცოტავა 25%, რომელიც, მისი თქმით, განუსაზღვრელი თანხიდან უნდა გამოყოფილიყო და ალბათ ძალიან მცირე იქნებოდა. ამიტომ მან მოითხოვა ორი მილიარდი დოლარის ღირებულების ან 5-6 მილიონი ტონის წონის ტექნიკა.1 შემდგომი განხილვისას მოხდა საბოლოო შეთანხმება, რომ საბჭოთა კავშირს უნდა რგებოდა რეპარაციების 50%,2 მაგრამ, სამაგიეროდ, საკმაოდ რთულად წარიმართა მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიეღოთ ეს ციფრი. მოლოტოვი კვლავინდებურად მოითხოვდა ზუსტი თანხის დაფიქსირებას, ბირნსი და ტრუმენი კი სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობდნენ მას. საბოლოოდ, საბჭოთა მხარემ დრო ითხოვა აღნიშნული წინადადებების შესასწავლად, რომელთა თანახმადაც სსრ კავშირს უნდა გადასცემოდა ან რურში არსებული ტექნიკის 25%, ანაც ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებში სარეპარაციოდ გამზადებული მოწყობილობის 12,5%.
1. ტექნიკის წონით მოთხოვნამ ამერიკელები გააოცა, მაგრამ ვინაიდან მათთვის მიუღებელი იყო კონკრეტული ციფრის დასახელება, ამ შემთხვევაში ბირნსმა და ტრუმენმა არ მიაქციეს ყურადღება საბჭოთა წინადადებას.
2. ამერიკელების მტკიცების საპასუხოდ, თითქოს საბჭოთა ზონაში გერმანიის სიმდიდრის 50% იმყოფებოდა, მოლოტოვმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ეს ციფრი 42%-ს შეადგენდა და საჭირო იყო მისი შევსება დანარჩენი საოკუპაციო ზონებიდან.
მომდევნო დღეს ბირნსმა და მოლოტოვმა განაგრძეს საკითხის განხილვა. ამჯერად სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი დაინტერესდა იმით, თუ ვინ განსაზღვრავდა რურში, თუ მოწყობილობის რა რაოდენობა იქნებოდა გამოყოფილი რეპარაციებისთვის საერთოდ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა აზრი, რომ რადგანაც რური ბრიტანულ ზონაში შედიოდა, ეს იქნებოდა ბრიტანული მხარე. მოლოტოვისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა და მან რეზონულად შენიშნა, რომ მსგავსი პროცედურა მხოლოდ ერთობლივად უნდა მომხდარიყო და მასში საბჭოთა წარმომადგენლებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ამიტომ, მისი აზრით, ეს ან საკონტროლო კომისიას უნდა გაეკეთებინა, ანაც რეპარაციების კომისიას. ამავე დროს, მოლოტოვმა ისურვა 25%-მდე გაზრდილიყო ყველა ზონიდან საბჭოთა კავშირისათვის გამოსაყოფი სარეპარაციო ტექნიკის რაოდენობა.
ბუნებრივია, საბჭოთა დიპლომატის უკანასკნელმა წინადადებამ ვერ ჰპოვა ბირნსის მხარდაჭერა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ბრიტანელები ამას არასდროს არ დაეთანხმებოდნენ. საბოლოო ჯამში, მოლოტოვმა აღნიშნა, რომ მას მხოლოდ წინასწარი აზრის გამოთქმა შეეძლო, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სტალინის მისაღები იქნებოდა, რითაც გერმანიის რეპარაციების საკითხზე საუბარი დასრულდა. სამაგიეროდ, საბჭოთა დიპლომატმა ბირნსს გადასცა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა ავსტრიისა და იტალიის გადასახდელ რეპარაციებს, სადაც იტალიას 300 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრებოდა, ხოლო ავსტრიის მიერ გადასახდელი თანხა უნდა დაკონკრეტებულიყო კომისიის მიერ. ამასთან, ავსტრიას რეპარაციები უნდა გადაეხადა სსრკ-სა და იუგოსლავიისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ბირნსმა გაოცება ვერ დამალა ამ დოკუმენტში ავსტრიის მოხსენიების გამო, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სტალინმა მთავრობათა მეთაურების სხდომაზე მოხსნა ეს საკითხი დღის წესრიგიდან. ჩვენი აზრით, საბჭოთა მხარემ ამ შემთხვევაში ავსტრია სავაჭროდ გამოიყენა, რათა, ერთი მხრივ, იტალიისგან რეპარაციები მიეღოთ და, მეორე მხრივ, იუგოსლავიისთვის გამოყოფილიყო რაიმე თანხა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაიხსენა სტალინის თანხმობა ავსტრიის ამოღებაზე რეპარაციების გადამხდელი ქვეყნების რიცხვიდან, მოლოტოვმა უმალ დათმო თავისი პოზიციები და არ გამორიცხა საბჭოთა წინადადების შეცვლა ამ პუნქტში თუ იუგოსლავიას სხვა წყაროებიდან დააკმაყოფილებდნენ.
გადამწყვეტი განხილვა რეპარაციების საკითხის გარშემო გაიმართა 30 ივლისს, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სხდომაზე. ამჯერად სამივე მხარემ წამოაყენა თავისი წინადადებები. საბჭოთა დელეგაციამ ითხოვა მოწყობილობის 25% რურიდან საკვებისა და ქვანახშირის სანაცვლოდ და 25% მთლიანად დასავლური ზონებიდან უსასყიდლოდ. საბჭოთა მხარის მიერ გამოთქმულ სურვილს, ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში, სავაჭრო ფუნქცია ეკისრებოდა, ვინაიდან ალბათ სტალინსაც და მოლოტოვსაც კარგად ესმოდათ, რომ ეს ციფრები არარეალური იყო. მართლაც, ამერიკელების წინადადება ამ შემთხვევაში შეადგენდა შესაბამისად 25%-ს გადახდით და 15%-ს გადახდის გარეშე, ოღონდ მხოლოდ რურის ოლქიდან, ხოლო ბრიტანელების ვარიანტი კი იყო 10% მთლიანად დასავლური ზონიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ მაინცდამაინც დიდი განსხვავება ბრიტანელებისა და ამერიკელების წინადადებებს შორის არ იყო, მაგრამ მოლოტოვს მაინც არ მოეწონა ბევინის მიერ შეთავაზებული რაოდენობა. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თქმით, საბჭოთა მხარის სურვილებთან უფრო ახლოს იდგა ამერიკული ვარიანტი, თუმცა საჭირო იყო რურიდან ამოსაღები მოწყობილობის საფასურის ან წონის დაზუსტება. მოლოტოვის მოთხოვნით, რურიდან სსრ კავშირს უნდა მიეღო არანაკლებ 800 მილიონი დოლარის ან 2 ათასი ტონის მოწყობილობა. ამჯერად უკვე ბირნსისთვის აღმოჩნდა მიუღებელი საბჭოთა წინადადება, ვინაიდან, მისი აზრით, შეუძლებელი იყო გერმანიაში არსებული მანქანა-დანადგარების საერთო ღირებულებისა თუ წონის განსაზღვრა. ამავე დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საჭირო იყო საფრანგეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც.
ვაჭრობა ამ საკითხზე დიდხანს გაგრძელდა და როდესაც გაირკვა, რომ საბჭოთა მხარე უკვე ითხოვდა მოწყობილობას ორივე ზონიდან, ბირნსმა და ბევინმა გაანახევრეს ამერიკული წინადადება. მათ შესთავაზეს მოლოტოვს მანქანა-დანადგარების 12,5%-ის სხვადასხვა პროდუქციის სანაცვლოდ და 7,5%-ის უსასყიდლოდ გადაცემა. საბჭოთა დიპლომატს ეს არ მოეწონა და ახალი ციფრები დაასახელა: შესაბამისად 20% და 25%.5 საბოლოო ჯამში, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხეს, ისევე როგორც ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა განესაზღვრა რა ტიპის მოწყობილობები იქნებოდა შეტანილი სარეპარაციო ნუსხაში დასავლეთის სახელმწიფოების ზონაში. ბევინის აზრით, ეს უნდა ყოფილიყო იქ განლაგებული ჯარების სარდალი, თუმცა, მოლოტოვს მიაჩნდა, რომ ეს ფუნქცია უნდა ჰქონოდა საკონტროლო საბჭოსაც. ამასთან, საბჭოთა დიპლომატის თქმით, სწორედ ამ ორგანოს კომპეტენციაში უნდა შესულიყო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ეს არ აღმოჩნდა მისაღები ბევინისა და ბირნსისათვის, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სარდალს უნდა ჰქონოდა ვეტოს უფლება. შედეგად, ორივე საკამათო საკითხის განხილვა გადაეცა მთავრობათა მეთაურებს.
რეპარაციების საკითხის განხილვა გაგრძელდა 31 ივლისს, მთავრობათა მეთაურების მე-11 პლენარულ სხდომაზე. აშშ-ს დელეგაციამ ოფიციალურად წარმოადგინა შეცვლილი გეგმა, რომლის თანახმადაც საბჭოთა მხარეს უნდა მიეღო დასავლეთის სახელმწიფოების ზონებში არსებული სარეპარაციოდ განკუთვნილი მოწყობილობების 12,5% სხვადასხვა პროდუქციის სანაცვლოდ და 7,5% უსასყიდლოდ. თავის მხრივ, საბჭოთა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი წინადადებები, რომელთა შორის ყურადღებას იქცევდა მე-4 და მე-5 პუნქტები. მე-4 მუხლით სსრ კავშირის დელეგაცია ითხოვდა 500 მილიონი დოლარის ღირებულების მოწყობილობას დასავლეთის ზონებში არსებული საწარმოებიდან, მე-5 პუნქტით კი განსაზღვრული იყო, რომ ყოველწლიური რეპარაციები გაგრძელდებოდა 10 წელს და მათი რაოდენობა 8 მილიარდი დოლარის ტოლი უნდა ყოფილიყო, საიდანაც ნახევარი საბჭოთა მხარის წილი იქნებოდა.
როგორც შემდგომი დებატებიდან გაირკვა, ამ შემთხვევაში სტალინს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა მაქსიმალური დათმობა მიეღო მოკავშირეებისაგან. მან შესაძლებლად ჩათვალა ამერიკულ დოკუმენტზე დათანხმება, თუ პროცენტები გაზრდილი იქნებოდა 12,5-დან 15-მდე და 7,5-დან 10-მდე. არცთუ ხანგრძლივი კამათის შემდეგ ამერიკული და ბრიტანული დელეგაციები დათანხმდნენ მის მოთხოვნას, რის შემდეგაც გერმანიის რეპარაციების საკითხის განხილვა კონფერენციაზე პრაქტიკულად დასრულდა. დარჩა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის პრობლემები, რომელთა შეთანხმებაც დაევალა სპეციალურ კომიტეტს.1
რეპარაციების გარშემო შეჯერებული ტექსტი განხილული იქნა მთავრობათა მეთაურების მიერ კონფერენციის დასკვნით დღეს, 1 აგვისტოს. საბოლოოდ იქნა დადასტურებული, რომ საბჭოთა მხარე მიიღებდა სამრეწველო ტექნიკის 15%-ს დასავლური ზონებიდან პროდუქციის სანაცვლოდ და 10%-ს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, სტალინმა კი უარი თქვა გერმანიის კუთვნილ ოქროზე. გარდა ამისა, საბჭოთა მხარემ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ უარი თქვა პრეტენზიებზე გერმანული კომპანიების საკუთრებაზე საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საბერძნეთში, ჩეხოსლოვაკიაში, იუგოსლავიაში1 და მისი საოკუპაციო ზონის ფარგლებს მიღმა გერმანიასა და ავსტრიაში. სანაცვლოდ ინგლისელებმა და ამერიკელებმა მსგავსი დაპირება მისცეს რუმინეთში, ბულგარეთში, ფინეთსა და უნგრეთში არსებულ გერმანულ აქტივებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ჩააბარეს ეს სახელმწიფოები საბჭოთა კავშირს, თუმცა, რასაკვირველია, ოფიციალურად მათ ეს არ უთქვამთ.2
1. კოენს რატომღაც მითითებული აქვს, თითქოს სტალინი ჩეხოსლოვაკიას, იუგოსლავიას და დასავლეთ ავსტრიას განიხილავდა მოკავშირეთა ზონის ნაწილად, თუმცა ეს სიმართლეა მხოლოდ ავსტრიასთან მიმართებაში. საბჭოთა ჩანაწერის თანახმად, სტალინმა უარი თქვა (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) პრექტენზიებზე, რაც, ჩვენი აზრით, ნამდვილად განსხვავდება ამერიკული დოკუმენტის არსისაგან და გაცილებით ზუსტად ასახავს შექმნილ ვითარებას. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ უპირატესობა რუსულ ჩანაწერს მივანიჭეთ.
2. პრინციპში, უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილება რუმინეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში მოქცევის შესახებ უფრო ადრე, 1944წ. ოქტომბერში, ჩერჩილისა და სტალინის მოლაპარაკებების დროს იქნა მიღებული მოსკოვში. ასე რომ, პოტსდამში დამტკიცებული ფორმულა მხოლოდ უკვე არსებული შეთანხმების კიდევ ერთხელ დადასტურებას წარმოადგენდა.
საბოლოო ჯამში, რეპარაციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულ იქნა ერთგვარი შუალედური ვარიანტი. მართალია, სტალინმა მიიღო მეტი ტექნიკური მოწყობილობა დასავლეთ ზონებიდან, ვიდრე მას თავდაპირველად აძლევდნენ მოკავშირეები, მაგრამ, სამაგიეროდ, მას მოუწია უარის თქმა თანხის დაფიქსირებაზე, რაც, ბუნებრივია, მისთვის არ იყო მაინცდამაინც იოლი დათმობა. ამავე დროს, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ავსტრიას არ დაეკისრებოდა რაიმე გადასახადი, რაც ასევე შეიძლება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების აქტივში ჩაითვალოს. ასე რომ, პრინციპში, რეპარაციების საკითხი, მცირე უპირატესობით, ალბათ მაინც ამერიკელებისა და ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა, რაც, პირველ რიგში, ჩვენი აზრით, მათი შეთანხმებული მოქმედებებით იქნა განპირობებული. წააწყდა რა ერთობლივ ფრონტს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან, სტალინი იძულებული გახდა კომპრომისზე წასულიყო. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც აშკარა ხდება, რომ საბჭოეთის ლიდერის წარმატებები მნიშვნელოვანწილად იყო დაფუძნებული მისდამი რუზველტის მხარდაჭერაზე. აქედან გამომდინარე, აშშ-ს 32-ე პრეზიდენტისადმი მკვლევართა დიდი ნაწილის მიერ წაყენებული ბრალდება სსრ კავშირის მიმართ კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებაში არცთუ უსაფუძვლო არის. როგორც ჩანს, რუზველტს რომ დაეჯერებინა ჩერჩილისათვის და ერთობლივი ფრონტი დაეპირისპირებინა სტალინისათვის, სავსებით შესაძლებელია, დასავლეთელი მოკავშირეების ომისშემდგომი პოზიციები გაცილებით უფრო უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ეს იყო პოტსდამში.
$4. პოლონეთის საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე
1944წ. ზაფხულიდან მოყოლებული „დიდი სამეულის“ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეკავა პოლონეთის პრობლემას. პოტსდამის კონფერენციაზეც სწორედ ამ საკითხს დაეთმო ყველაზე მეტი დრო გერმანიის ომისშემდგომი მოწყობისა და რეპარაციებთან დაკავშირებული პუნქტების შემდეგ. აღნიშნულ თემაზე მსჯელობისას, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პოლონეთის პრობლემა, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფოდა: 1. ლონდონის ემიგრანტული მთავრობის ბედ-იღბალი; 2. პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხი. პირველ საკითხს კონფერენციაზე მაინცდამაინც დიდი დებატები არ მოჰყოლია. როგორც ზემოთ აღინიშნა, მთავრობათა მეთაურების პირველივე სხდომაზე ჩერჩილმა გამოთქვა თანხმობა ლონდონის ემიგრანტული მთავრობის დაშლის შესახებ, რაც სტალინისათვის უკვე დიდ გამარჯვებას წარმოადგენდა. მომდევნო დღეს კი უკვე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბირნსმაც დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა თანახმა იყო ამ საკითხის განხილვაზე, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა პოლონეთის ლონდონის მთავრობის აღსასრულს.1 ამავე დროს, იდენმა კვლავ გაუსვა ხაზი ყირიმის კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას პოლონეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ. საბოლოოდ, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ პრობლემა უნდა განეხილათ მთავრობათა მეთაურებს.
1. პრინციპში, ემიგრანტული მთავრობის ბედი კონფერენციის დაწყებამდეც იყო გადაწყვეტილი, რადგანაც ჯერ კიდევ 1945 წ. 5 ივლისს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაწყვიტა ურთიერთობა მასთან. მიუხედავად ამისა, ემიგრანტულმა მთავრობამ არაოფიციალურად განაგრძო თავისი ფუნქციონირება ლონდონში 1992 წლამდე, პოლონეთში კომუნისტთა მმართველობის დამხობასა და იქ თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე, თუმცა საპრეზიდენტო ძალაუფლება უკვე 1990 წ. გადაეცა პოლონეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ლეხ ვალენსას.
„დიდი სამეულის“ ლიდერებმა იმავე დღეს დაიწყეს მსჯელობა პოლონეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. წარმოდგენილ იქნა საბჭოთა წინადადება, რომლის თანახმადაც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს უნდა დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობები პოლონეთთან და გაეწყვიტათ ყველანაირი კავშირი არციშევსკის მთავრობასთან. გარდა ამისა, ყველა პოლონური შენაერთი უნდა დაქვემდებარებოდა პოლონეთის დროებით მთავრობას. აღნიშნული დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ჩერჩილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უკვე გაწყვეტილი ჰქონდა ყველანაირი ურთიერთობა ლონდონის ემიგრანტულ მთავრობასთან, რომელსაც დააცლევინა საელჩოს შენობა და ჩამოართვა პრაქტიკულად ყველა სახის საკუთრება. უნდა ითქვას, რომ სტალინმა სცადა შეპასუხებოდა ინგლისის პრემიერ მინისტრს. მან განაცხადა, რომ არციშევსკის მთავრობა განაგრძობდა ფუნქციონირებას, ჰყავდა საკუთარი წარმომადგენლები და აწყობდა პრეს-კონფერენციებს. ჩერჩილმა სწრაფად მოიგერია სტალინის შემოტევა და ხაზი გაუსვა, რომ დიდ ბრიტანეთში არავის ეკრძალებოდა პრესასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ გაყინულ იქნა ინგლისსა და კანადაში არსებული ანგარიშები, რომლებზეც ინახებოდა 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი ოქროთი, რომელიც ეკუთვნოდა პოლონეთის სახელმწიფოს.1
1. არ არის გამორიცხული, რომ ჩერჩილს სურდა ამ თანხის მიღება, ვინაიდან მან იქვე ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ხარჯებს, რომელიც მოხმარდა პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის შენახვას ომის პერიოდში, რამაც 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.
ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერი გადავიდა მთავარ პრობლემაზე, რომელიც მას აწუხებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ პოლონელი ჯარისკაცების ბედ-იღბალზე, ვინც იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე და იტალიაში. მათი რაოდენობა 200 ათასამდე იყო და დიდ ნაწილს ეშინოდა დაბრუნება პოლონეთში, რადგანაც კომუნისტებისადმი უარყოფითად იყო განწყობილი. ჩერჩილის თქმით, ის ძალიან გააბრაზა გენ. ანდერსმა, რომელმაც პირდაპირ უთხრა თავის ხელქვეითებს, რომ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ისინი ციმბირში იქნებოდნენ გადასახლებულნი.1 ბრიტანეთის პრემიერს ეშინოდა პოლონელი ჯარისკაცების ამბოხის და ამიტომ მან ითხოვა დრო, რათა შეემზადებინა ისინი პოლონეთში დაბრუნებისათვის. უნდა ითქვას, რომ სტალინი „გაგებით მოეკიდა“ ჩერჩილის თხოვნას და უარი თქვა ყველა პუნქტზე, რომელიც პრობლემებს შეუქმნიდა ინგლისის მთავრობას. ჩვენი აზრით, ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც სტალინს არ უნდა ჰქონოდა პოლონელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების დიდი სურვილი, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი ომის დროსაც კი უარს ამბობდა საბჭოთა ჯარებთან თანამშრომლობაზე და სპარსეთის გავლით დატოვა სსრ კავშირი 1942 წ. ამიტომ გადაწყდა საკითხის გადაცემა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც შეიმუშავებდნენ კიდეც ახალ შეთანხმებას პოლონეთის საკითხზე. ამასთან, სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთის ხელისუფლება უარს არ ამბობდა არჩევნების ჩატარებაზე.
1. გენ. ვლადისლავ ანდერსი აბსოლუტურად სწორი იყო თავის შეფასებებში. ერთადერთი, რაშიც ის ცდებოდა, იყო ის, რომ დაბრუნებულებს ციმბირში გადაასახლებდნენ. ეს ამ შემთხვევაში არ წარმოადგენდა აუცილებლობას, რადგანაც პოლონეთის პროკომუნისტური მთავრობა უბრალოდ ციხეში სვამდა ან სიკვდილით სჯიდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. სავარაუდოდ, თავად ანდერსს, მეორე მსოფლიო ომის გმირს, დიდი ბრიტანეთის ბათის ორდენის, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენისა და აშშ-ს ღირსების ორდენის კავალერს, დაბრუნების შემთხვევაში სწორედ ასეთი ბედი ელოდა, ვინაიდან 1946 წ. პოლონეთის პროკომუნისტურმა მთავრობამ მას ჩამოართვა მოქალაქეობა და სამხედრო წოდება (ანდერსი გარდაიცვალა ლონდონში 1970 წ. და სამოქალაქო და სამხედრო უფლებებში აღდგენილ იქნა 1989 წ.).
19 ივლისს, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ერთბაშად ორი დოკუმენტი, ბრიტანული და საბჭოთა, პოლონეთის მომავალთან დაკავშირებით. ერთადერთ პრინციპულ სხვაობას მათ შორის წარმოადგენდა ის, რომ ინგლისელები აყენებდნენ თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხს, საბჭოთა მხარე კი გვერდს უვლიდა ამ თემას. საბოლოო ჯამში, გადაწყდა ბრიტანული დოკუმენტის გადამუშავება მხარეთა პოზიციების საბოლოოდ შესათანხმებლად, რისთვისაც გამოყოფილი იქნა სპეციალური კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ ა. კლარკ კერი, დ. ალენი (დიდი ბრიტანეთი), ა. ჰარიმანი, ჩ. ბოლენი (აშშ), ა. ვიშინსკი და ს. გოლუნსკი (სსრკ).
რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ 21 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას წარდგენილ იქნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მხარეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა 5 პუნქტთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, უნდა შევნიშნოთ, რომ საკითხების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად უშლიდა ხელს საბჭოთა დელეგაციის აშკარად არაკონსტრუქციული პოზიცია. კერძოდ, საბჭოთა დელეგაცია წინააღმდეგობას უწევდა დოკუმენტში პოლონეთის დროებითი მთავრობის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წინაშე ფინანსური ვალდებულებების შესახებ პუნქტის შეტანას, რადგანაც ის მიიჩნევდა, რომ ეს საერთოდ არ იყო კონფერენციის განსახილველი საკითხი და მონაწილე მხარეებს ერთმანეთთან შეთანხმებით ცალკე უნდა გადაეწყვიტათ ის. ვერც საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა შეძლეს ამ შემთხვევაში პრობლემის გადაწყვეტა. მოლოტოვი წინააღმდეგი წავიდა დოკუმენტში პოლონეთის ხელისუფლების რაიმე ფინანსური ვალდებულებების მოხსენიებაზე იმ მოტივით, რომ პოტსდამში არ იმყოფებოდნენ პოლონეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები. შედეგად, ამ პუნქტის ფორმულირების დაზუსტება მომავლისათვის გადაიდო.
მეორე პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მოხერხდა პოზიციების შეთანხმება, იყო პოლონელების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ინგლისელები ითხოვდნენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ გარანტიებს, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებოდნენ ყველა უფლებით, მაშინ როდესაც საბჭოთა დელეგაციას სურდა ჩაწერილიყო მოკლე წინადადება, რომლის თანახმადაც „დიდი სამეული“ „ელოდა დაბრუნებულთათვის პოლონეთის ყველა მოქალაქის თანაბარი უფლებების მინიჭებას“.1 საბოლოოდ, ამ საკითხზე საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებმა მიაღწიეს კომპრომისულ ფორმულირებას, რომლის თანახმადაც პოლონეთის ხელისუფლებას უნდა აეღო ვალდებულება, რომ იმოქმედებდა ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
1. ბრიტანელებს აქ განსაკუთრებით არ მოსწონდათ სიტყვა „ელოდა“ და ითხოვდნენ მის შეცვლას „გარანტიებით“.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კომიტეტმა ვერ მიაღწია კონსენსუსს. კერძოდ, მოლოტოვმა მოხსნა საბჭოთა მხარის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ბრიტანელებს არ უნდა დაეპატიმრებინათ სამშობლოში დაბრუნების მოსურნე პოლონელები. ამ შემთხვევაში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა გაითვალისწინა იდენის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ აღნიშნული წინადადების შეტანა დოკუმენტში, რომელიც შეეხებოდა პოლონელების დაბრუნების პროცესს, მეტად უარყოფით ფონს შექმნიდა საზოგადოებაში და თავად პოლონელებში. სამაგიეროდ, ვერ მოხერხდა მხარეთა პოზიციების დაახლოება პოლონეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. საბჭოთა დელეგაციას სურდა შეემსუბუქებინა ფორმულირებები, რომლებიც პოლონეთის ხელისუფლებას ავალდებულებდა თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და პრესის სრული თავისუფლების უზრუნველყოფის, ვინაიდან ეს, მათი თქმით, პოლონელების საშინაო საქმე იყო და მათ გარეშე გადაწყვეტას არ ექვემდებარებოდა. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, აღნიშნული საკითხები გაეტანათ უშუალოდ „დიდი სამეულის“ ლიდერების სხდომაზე.
იმავე საღამოს მთავრობათა მეთაურებმა, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების თანდასწრებით, იმსჯელეს პოლონეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. მხარეებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს პოლონეთის ვალებს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს წინაშე. როგორც ჩანს, სტალინს სურდა, მხარეებს არ დაეკისრებინათ ლონდონის ემიგრანტული მთავრობის დანახარჯების ანაზღაურება ვარშავის ახალი ხელისუფლებისათვის. მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირმაც გაუწია სერიოზული დახმარება პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს, სიკორსკის მთავრობას და დროებით მთავრობას, მაგრამ პოლონელი ჯარისკაცების მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ ის არ აპირებდა მოეთხოვა ვალების დაფარვა. საბოლოო ჯამში, მან ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას ამ მიმართულებით. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს დელეგაციები დათანხმდნენ ამ პუნქტის ამოღებას, თუმცა განაცხადეს, რომ საკითხს გადაწყვეტდნენ უშუალოდ პოლონეთის დროებით მთავრობასთან მოლაპარაკებების დროს.
მხარეებს შორის კამათი გაგრძელდა პოლონეთში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა და პრესის თავისუფლების საკითხების გარშემოც. სტალინმა დემაგოგიურად განაცხადა, რომ მედიის საშუალებებს პოლონეთში არავინ ზღუდავდა და, შესაბამისად, ამის მოხსენიება დოკუმენტში პოლონელებს შეურაცხყოფდა. მიუხედავად ამისა, ჩერჩილმა და ტრუმენმა თავისი გაიტანეს და დოკუმენტში ჩაიწერა შემდეგი ფრაზა: „მოკავშირეთა პრესის წარმომადგენლებს სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, რათა ამცნონ მსოფლიოს პოლონეთში არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ“. მართალია, ეს თითქოს სტალინის მხრიდან დათმობა იყო, მაგრამ მას ამ შემთხვევაში უბრალოდ გამოსავალი არ ჰქონდა.
ამავე სხდომაზე მხარეები პირველად შეეხნენ პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხს და საკმაოდ სერიოზულად იკამათეს კიდეც. ტრუმენმა გამოთქვა თავისი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონელებს ფაქტობრივად გააჩნდათ საოკუპაციო ზონა. აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რეპარაციების საკითხის გადაწყვეტა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, თუ გერმანია იმ მომენტისთვის უკვე დანაწევრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ამასთან, მან განსაკუთრებით გამოთქვა თავისი უკმაყოფილება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხზე არანაირ კონსულტაციას არ ჰქონია ადგილი. როდესაც სტალინმა სცადა თავისი პოზიციის დაცვა ყირიმში მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც პოლონეთის დასავლეთ საზღვარი უნდა გადაწეულიყო, ტრუმენმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავდა ზონის გამოყოფას.
აქ საბჭოთა ლიდერმა განაცხადა, რომ პოლონეთის დროებითმა მთავრობამ უკვე გამოთქვა თავისი აზრი დასავლეთ საზღვართან დაკავშირებით და ჰკითხა აშშ-ს პრეზიდენტს, თუ რას ფიქრობდა ის ამ საკითხის შესახებ. ტრუმენმა აღნიშნა, რომ წინა დღით ბირნსმა მართლაც მიიღო შეტყობინება პოლონეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებისაგან, მაგრამ მან ვერ მოასწრო გაცნობოდა მას. მაშინ სტალინმა დაიწყო ახსნა, თუ რატომ აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე პოლონური ადმინისტრაცია. მისი თქმით, მიუხედავად ბრიტანელების და ამერიკელების თხოვნისა, არ დაეშვათ პოლონელები სადაო მიწებზე, საბჭოთა მხარე იძულებული გახდა, შემოეშვა ისინი, რადგანაც გერმანული მოსახლეობა უბრალოდ გაიქცა. სტალინმა აღნიშნა, რომ წითელ არმიას სჭირდებოდა ადგილობრივი ადმინისტრაცია, რომელიც წესრიგს დაამყარებდა დაკავებულ ტერიტორიაზე. ამასთან, მას არ დაუმალავს ისიც, რომ პოლონელების შემოშვება ნიშნავდა მათთვის ამ მიწების გადაცემას. ბოლოს კი სტალინმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ გამოიწვია ამ საკითხმა ასეთი ვნებათაღელვა.
ტრუმენმა სწორედ ამ უკანასკნელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აუცილებელი იყო შეთანხმების დაცვა ოთხ ზონასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ვერ მოხერხდებოდა რეპარაციების საკითხის გადაწყვეტა, თუ გერმანია დაკარგავდა ტერიტორიებს. როგორც ჩანს, ტრუმენი იმედოვნებდა, რომ სტალინზე რეპარაციების ხსენება იმოქმედებდა, მაგრამ ის შეცდა. საბჭოეთის ლიდერმა პასუხად შენიშნა, რომ სსრ კავშირი უარს ამბობდა რეპარაციებზე ამ რეგიონიდან.1 ტრუმენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მის ქვეყანას რეპარაციები საერთოდ არ სჭირდებოდა და მისი მიზანი უბრალოდ იყო, არ გადაეხადა მეტი, როგორც ეს წინათ მოხდა.2 როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტს ამ შემთხვევაში მხედველობაში ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი სიტუაცია, როდესაც გერმანიის დასახმარებლად (რათა მას რეპარაციები გადაეხადა) აშშ-მ დიდი რაოდენობით თანხა გამოყო კრედიტის სახით, რომლის დიდი ნაწილიც შემდგომში ფაქტობრივად დაკარგა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო.
ამის შემდეგ სტალინი შეეხო პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხს და შეახსენა თავის კოლეგებს, რომ ყირიმში უბრალოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პოლონეთისათვის ტერიტორიების გადაცემაზე, მაგრამ კონკრეტული საზღვარი მონიშნული არ ყოფილა. ამიტომ, მისი თქმით, საკითხი ღიად რჩებოდა და საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა არანაირი ვალდებულებები ამასთან დაკავშირებით.3 არ არის გამორიცხული, რომ სტალინის ეს სიტყვები შემთხვევითი არ იყო. ჩვენი აზრით, საბჭოეთის ლიდერმა აგრძნობინა დასავლეთელ მოკავშირეებს, რომ პოლონეთ-გერმანიის საზღვარი გაივლიდა იქ, სადაც მას სურდა. ამავე დროს, ვალდებულების არარსებობის დაფიქსირება იმის მაჩვენებელიც იყო, რომ სტალინისთვის ეს საკითხი ბოლომდე პრინციპული არ იყო.
1. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ჩანაწერები ამ შემთხვევაში განსხვავდება რუსულისაგან. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოებულ სტენოგრამაში რატომღაც დაფიქსირებულია, რომ სტალინი საერთოდ რეპარაციებზე ამბობდა უარს, კოენის ჩანაწერის თანახმად კი, საბჭოთა ლიდერი გამოთქვამდა დაინტერესებას რეპარაციებით, მაგრამ მზად იყო უგულებელეყო ისინი. ჩვენ ამ შემთხვევაში უპირატესობა რუსულ ჩანაწერს მივანიჭეთ, ვინაიდან ის აშკარად უფრო ზუსტი ჩანს აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. როგორც ჩანს, მოხდა შეცდომა თარგმნისას.
2. საბჭოთა ჩანაწერში ტრუმენის რემარკის მეორე ნაწილი არ გვხვდება.
3. სტალინის სიტყვის ბოლო ნაწილი, რომ საბჭოთა კავშირს არ გააჩნდა არანაირი ვალდებულებები, არ არის დაფიქსირებული რუსულ სტენოგრამაში, მაგრამ ვინაიდან ის გვხვდება ორივე ამერიკულ ჩანაწერში, ჩვენ სწორედ მათ მივანიჭეთ უპირატესობა. ამ შემთხვევაში არსებობს კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც ამერიკული სტენოგრამა უფრო ზუსტად უნდა მივიჩნიოთ. საქმე იმაშია, რომ, სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერის თანახმად, ტრუმენმა ჰკითხა სტალინს, მართლა ჰქონდა თუ არა რაიმე ვალდებულება სსრ კავშირს და ამ უკანასკნელმა გაიმეორა თავისი პასუხი.
ჩვენი აზრით, ამას ორი მიზეზი განაპირობებდა: 1. პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო სტალინის სასარგებლოდ და იქ არანაირი ცვლილება არ იყო მოსალოდნელი; 2. პოლონეთისათვის დასავლეთში გადასაცემი ტერიტორია ისედაც სსრ კავშირის საოკუპაციო ზონაში ხვდებოდა და, შედეგად, იქ მაინც საბჭოთა კონტროლი დამყარდებოდა. სამაგიეროდ, დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს ექნებოდათ სერიოზული პრობლემები, ვინაიდან ისინი, ერთი მხრივ, დათანხმდნენ პოლონეთის ტერიტორიის საბჭოთა კავშირისათვის გადაცემას და, მეორე მხრივ, არ უზრუნველყვეს მისი ინტერესების დაცვა დასავლეთში. როგორც ჩანს, ჩერჩილიც და ტრუმენიც მიხვდნენ სტალინის თამაშს, რადგანაც მათ საგანგებოდ აღნიშნეს, რომ ამჟამად პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საბოლოო დაზუსტება შეუძლებელი იყო და ეს სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა მომხდარიყო.
მიუხედავად ამისა, სტალინმა განაგრძო თავისი ხაზის გატარება. მან პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანული ადმინისტრაციის აღდგენა ამ ტერიტორიებზე ძალიან რთული იქნებოდა, რადგანაც პრაქტიკულად ყველა გერმანელი გაიქცა. ამასთან, მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაშიც კი იქნებოდა ძნელი, გერმანული მოსახლეობა ადგილზეც რომ დარჩენილიყო, ვინაიდან იქ უმრავლესობას პოლონელები შეადგენდნენ. სტალინის განცხადებით, სწორედ ამიტომ საბჭოთა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მისდამი მეგობრულად განწყობილი პოლონელებისაგან ადმინისტრაციის შექმნას ამ რაიონებში.
უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის მიერ ამ შემთხვევაში მოყვანილი არგუმენტები, ძირითადად, დემაგოგიური იყო. პირველ რიგში, ამ ტერიტორიებზე პოლონური ადმინისტრაციის შექმნა კონფერენციის მუშაობის დასრულებამდე უბრალოდ არალეგიტიმური იყო, ვინაიდან მართლაც არ არსებობდა გადაწყვეტილება, თუ სად უნდა გაევლო საზღვარს. თანაც საუბარი იმაზე, რომ პოლონელებმა პრაქტიკულად თავად შექმნეს ადმინისტრაცია ამ რეგიონებში, უბრალოდ სასაცილოა. ბუნებრივია, ამით სტალინმა პრაქტიკულად ფაქტის წინაშე დააყენა თავისი კოლეგები, რომლებმაც აშკარად ვერ დაფარეს თავიანთი უკმაყოფილება ამის გამო. მეორეც, არსებობდა გადაწყვეტილება, რომ გერმანია დაყოფილიყო ოთხ საოკუპაციო ზონად და აქ საუბარი მიდიოდა ომამდელ გერმანიაზე. საბჭოთა მხარის ქმედების გამო ეს პრინციპი უკვე დარღვეული იყო, მიუხედავად იმისა, შედიოდა ეს ტერიტორია მის კუთვნილ ზონაში თუ არა. გარდა ამისა, ამით სტალინი ფაქტობრივად ტორპედირებას ახდენდა პრინციპის, რომლითაც გარდამავალ ეტაპზე გერმანიის ტერიტორია ერთიან ეკონომიკურ სივრცედ უნდა აღქმულიყო, რასაც ასე ითხოვდნენ კონფერენციაზე ამერიკელები და ბრიტანელები და რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
ტრუმენი და ჩერჩილი კარგად მიხვდნენ, თუ რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი. ამიტომ მათ სწორედ ეს უკანასკნელი მიმართულება აირჩიეს თავიანთი არგუმენტების განსამტკიცებლად. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგიონი (საუბარი ძირითადად სილეზიაზე მიდიოდა _ თ.პ.) მეტად მნიშვნელოვანი იყო საკვების წარმოების თვალსაზრისით და გერმანიის დიდ ნაწილს ამარაგებდა. თავის მხრივ, ტრუმენმა აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა საოკუპაციო ზონაში და სწორედ ის აგებდა პასუხს იქ მიმდინარე მოვლენებზე. სტალინმაც დაუდასტურა აშშ-ს პრეზიდენტს, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა ზონას, თუმცა იქვე სხვა საკითხზე გადაიტანა საუბარი. მან აღნიშნა, რომ ეს ტერიტორიები მხოლოდ ქაღალდზე იყო გერმანული და ფაქტობრივად კი უკვე პოლონელებს ეკუთვნოდა, რადგანაც გერმანელები გაიქცნენ.
როგორც ჩანს, ტრუმენმა ვერ დაიჯერა, რომ ამ ტერიტორიაზე გერმანელები საერთოდ არ იყვნენ დარჩენილი და იკითხა, თუ სად იყო ის ცხრა მილიონი გერმანელი, რომელიც მანამდე ცხოვრობდა იქ. სტალინის პასუხმაც არ დააყოვნა, რომ ისინი გაქცეული იყვნენ. აქ საუბარში ჩერჩილი ჩაერთო, რომელიც სხვა კუთხით მიუდგა პრობლემის განხილვას. მისი თქმით, აღმოსავლეთიდან გადმოსახლებულ პოლონელებს საქმე კარგად ჰქონდათ, რადგანაც ისინი ამ ტერიტორიებზე დაბინავდებოდნენ, მაგრამ 8 მილიონზე მეტი გერმანელის მიერ საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა სერიოზული პრობლემა იქნებოდა თუნდაც მათი დაპურების მხრივ. ბრიტანეთის პრემიერს მხარი აუბა ტრუმენმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრანგეთს სურდა რურისა და საარის ოლქები, რის შემდეგაც გერმანიაში უკვე არაფერი დარჩებოდა.
საინტერესოა, რომ სტალინმა ამ შემთხვევაში მხოლოდ ტრუმენს გასცა პასუხი და განაცხადა, რომ პოლონეთთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეტენზიებისაგან განსხვავებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. ვინაიდან საბჭოეთის ლიდერმა მისი რეპლიკა უპასუხოდ დატოვა, ჩერჩილმა საჭიროდ ჩათვალა, კვლავ მიბრუნებოდა მოსახლეობის საკითხს და აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული მონაცემებით რეგიონში 2-3 მილიონი გერმანელიმაინც იყო დარჩენილი. სტალინს აშკარად შეეტყო, რომ მას არ სურდა ამ თემაზე საუბარი. მან განაცხადა, რომ დისკუსია საზღვრების საკითხიდან გერმანიის საკვებით მომარაგებაზე გადადიოდა, მაგრამ ბრიტანეთის პრემიერმა სავსებით რეზონულად შენიშნა, რომ ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. მაშინ სტალინმა კვლავ თავის ნაცად ხერხს _ დემაგოგიას მიმართა.
პირველ რიგში, მან სცადა იმის ჩვენება, რომ მოსახლეობა არა მარტო დასავლური სახელმწიფოების ზონაში გაიქცა, არამედ აღმოსავლეთ პრუსიაში დარჩენილი გერმანელების ნაწილი კენიგსბერგის მიდამოებში გადავიდა, რადგანაც პოლონელების კონტროლის ქვეშ ყოფნას რუსებთან (სტილი დაცულია _ თ.პ.) ურთიერთობა არჩიეს.1 საბჭოეთის ლიდერის თქმით, ოდერსა და ვისლას შორის ტერიტორია პრაქტიკულად დაიცალა გერმანელებისაგან და მაგალითად მოიყვანა შტეტინი (ამჟამინდელი შჩეცინი პოლონეთში), სადაც 500 ათ. მოსახლისაგან მხოლოდ 8 ათ. დარჩა. ამიტომაც იქ, სტალინის თანახმად, მხოლოდ პოლონელები იყვნენ მიწის დამმუშავებლებად და ისინი არ დათანხმდებოდნენ გერმანელების დაბრუნებას.
1. უნდა ითქვას, რომ თუ ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა, ეს იქნებოდა ერთეული შემთხვევები და სტალინი აშკარად ცრუობდა, როდესაც ამას ამბობდა. მიუხედავად ამისა, ტრუმენმა და ჩერჩილმა ვერ გაბედეს მისი მხილება.
სტალინის ეს პასუხი ტრუმენისათვის დამაკმაყოფილებელი არ გამოდგა. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პოლონეთის საზღვრების საკითხის დადგენა კონფერენციაზე ვერ მოხერხდებოდა და რომ აუცილებელი იყო გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფის შეთანხმების დაცვა. თავის მხრივ, ჩერჩილმა აღნიშნა, რომ ის პირადად დაეთანხმა პოლონეთისათვის აღმოსავლეთში დაკარგული მიწების კომპენსირებას გერმანიის ხარჯზე, მაგრამ, მისი თქმით, ამჯერად ბალანსი იყო დარღვეული, რადგანაც პოლონელებმა მიიღეს გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე გადასცეს საბჭოთა კავშირს. ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თუ გერმანელები გაიქცნენ თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან, ისინი უკან უნდა დაებრუნებინათ. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ საკვების გარეშე გერმანიის მოსახლეობის დატოვება გამოიწვევდა ისეთივე მდგომარეობის შექმნას, როგორიც იყო ომის პერიოდში გერმანიის ტერიტორიაზე არსებულ საკონცენტრაციო ბანაკებში, ოღონდ გაცილებით უფრო დიდ მასშტაბებში.
სტალინზე ჩერჩილის გამოსვლამ, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა დემაგოგიის ნიშნები, არანაირი გავლენა არ მოახდინა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ახდენდა საკვების იმპორტს და მოუწევდა ამ პრაქტიკის გაგრძელება. ბრიტანეთის პრემიერმა პასუხად აღნიშნა, რომ გერმანიას ნამდვილად მოუწევდა ამის გაკეთება, თუ მას ამ რეგიონებს წაართმევდნენ. ამას საბჭოეთის ლიდერის რეპლიკა მოჰყვა, რომ გერმანელებს შეეძლოთ საკვების ყიდვა პოლონელებისაგან. უნდა ითქვას, რომ ეს იყო სარეპარაციო პრინციპის უხეში დარღვევა, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. ჩერჩილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პოლონელები შვედეთში ჰყიდდნენ სილეზიაში მოპოვებულ ქვანახშირს. მისი თქმით, ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც დიდი ბრიტანეთი მომავალ ზამთარს გასათბობი საშუალებების დიდი დეფიციტით შეხვდებოდა, ამ დროს კი სილეზია უნდა ყოფილიყო სარეპარაციო ზონაში. თავის მხრივ, ტრუმენმაც აღნიშნა, რომ აშშ თავად განიცდიდა ქვანახშირის დეფიციტს, მაგრამ მაინც აგზავნიდა მას ევროპაში საკმაოდ დიდი რაოდენობით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სილეზია იყო გერმანიის ნაწილი რეპარაციების თვალსაზრისით და რომ პოლონელებს, აღნიშნულ პერიოდში, არ გააჩნდათ მისი დაკავებისა და გერმანიის ეკონომიკისაგან ჩამოცილების არანაირი უფლება. მიუხედავად ამისა, ტრუმენის ეს სიტყვები გარკვეულწილად შეასუსტა მის მიერვე ბოლოში დამატებულმა რეპლიკამ, რომ მთავარი საკითხი იყო, რჩებოდა ძალაში შეთანხმება საოკუპაციო ზონების შესახებ, თუ გერმანიას უკვე ახლავე ჩამოართმევდნენ მისი ტერიტორიის ნაწილს. ჩვენი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის ბოლო ნაწილი შეცდომა იყო, რადგანაც მან ამით, როგორც ჩანს, უნებლიედ, აგრძნობინა სტალინს, რომ შესაძლო იყო პრობლემის ამგვარად მოგვარება.
ტრუმენის პასუხად საბჭოეთის ლიდერმა განაცხადა, რომ სილეზიაში მდგომარეობა შემდეგნაირი იყო: ან პოლონელები აამუშავებდნენ მაღაროებს, ან ისინი საერთოდ არ იფუნქციონირებდა, რადგანაც გერმანელები გაქცეული იყვნენ, საბჭოთა კავშირს კი არ ჰყავდა საკმარისი რაოდენობით მაღაროელები. მაშინ ჩერჩილმა სავსებით ლოგიკური გამოსავალი მოძებნა და წამოაყენა წინადადება, რომ პოლონელებს ემუშავათ საბჭოთა ხელისუფლებაზე და არა პოლონეთის მთავრობაზე. სტალინი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც ბრიტანეთის პრემიერის მიერ გამოთქმული თვალსაზრისი ნამდვილად სწორი იყო, ამიტომ ის იძულებული გახდა კვლავ დემაგოგიისთვის მიემართა. საბჭოეთის ლიდერის თქმით, ეს შეუძლებელი იყო, რადგანაც გააფუჭებდა ორ ქვეყანას შორის (იგულისხმება სსრკ და პოლონეთი _ თ.პ.) არსებულ ურთიერთობებს. ბუნებრივია, ეს არგუმენტი დამაკმაყოფილებელი ვერ იქნებოდა და, ალბათ, სტალინი თავადაც გრძნობდა მის სისუსტეს, ამიტომ მან სასწრაფოდ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე. კერძოდ, სტალინმა აღნიშნა, რომ პოლონელების მოთხოვნები ტერიტორიულ ასპექტში მართლაც შეუქმნიდა პრობლემებს გერმანიას.
სტალინის იმედი მართლაც გამართლდა. ჩერჩილმა და ტრუმენმა უმალ დაიწყეს საუბარი, რომ პოლონეთის მთავრობის წინადადება პრობლემებს არა მარტო გერმანიას შეუქმნიდა, არამედ მოკავშირეებსაც. მაშინ საბჭოეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქმის ვითარება ამ მხრივ განსხვავებული იყო, რადგანაც საჭირო იყო გერმანიისთვის სირთულეების შექმნა, რათა ის კვლავ არ დამდგარიყო ფეხზე. ამავე დროს, სტალინმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ რაც ნაკლები იქნებოდა მრეწველობა გერმანიაში, მით უფრო მოგებული იქნებოდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს კომპანიები. აღსანიშნავია, რომ ჩერჩილს და ტრუმენს არაფერი უთქვამთ ამ უკანასკნელ არგუმენტთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ თავადაც ჰქონდათ ამ მიმართულებით გარკვეული ინტერესები. ბრიტანეთის პრემიერმა მხოლოდ ის შენიშნა, რომ გერმანიის მოსახლეობა შიმშილით არ უნდა მომკვდარიყო, მაგრამ ის სტალინმა დაამშვიდა. მისი განმარტებით, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნებოდა.
სხდომის ბოლოს ჭეშმარიტად „ისტორიული“ მოვლენა მოხდა. სიტყვა ითხოვა ეტლიმ, რომელიც მანამდე გამართული ოთხი პლენარული შეხვედრის დროს ერთადერთი ფრაზით გამოირჩა. ბრიტანელ ლეიბორისტთა ლიდერმა მხარი დაუჭირა ჩერჩილს და ტრუმენს და განაცხადა, რომ საჭირო იყო 1937წ. გერმანიის ყველა რესურსის გამოყენება და დანარჩენი გერმანიის მუშახელის ჩაყვანა იმ რეგიონებში, სადაც მისი ნაკლებობდა შეინიშნებოდა. მისი თქმით, პოლონელებს მოკავშირეებისთვის პრობლემა არ უნდა შეექმნათ. სტალინმა შეახსენა ეტლის, რომ პოლონეთიც მოკავშირეს წარმოადგენდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში პოლონელების კომპენსირება სხვა მოკავშირეების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. აქ საუბარში კვლავ ჩაერთო ტრუმენი, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ დაეთანხმებოდა გერმანიისათვის აღმოსავლეთ ნაწილის ჩამოშორებას ამ პირობებში და რომ ეს საკითხი უნდა განხილულიყო რეპარაციებისა და გერმანიის მოსახლეობის მომარაგების პრობლემების კონტექსტშიც. ამით სხდომა დასრულდა და საკითხის განხილვა განახლდა მომდევნო დღეს, მთავრობათა მეთაურების მეექვსე პლენარულ შეხვედრაზე.
22 ივლისს თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მხარეები პრაქტიკულად არც ისაუბრებდნენ პოლონეთის პრობლემაზე. როდესაც გაირკვა, რომ მათი პოზიციები უცვლელი იყო, ტრუმენმა დღის წესრიგის მომდევნო საკითხზე გადასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ჩერჩილმა აღნიშნა პრობლემის განხილვის აუცილებლობა მის გამგზავრებამდე.1 მაშინ სტალინმა იკითხა, თუ იყო შესაძლებელი გერმანიასთან საზღვრის შესახებ პოლონეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებული წინადადების გაზიარება. ბრიტანეთის პრემიერმა აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია პოლონელთა წინადადება ხუთი მიზეზის გამო, რომლებიც წინა დღეს იყო ნახსენები. მიუხედავად ამისა, მან გაიმეორა ისინი:
1. საზღვრები სამშვიდობო კონფერენციაზე უნდა დადგენილიყო;
2. არ იყო სასურველი პოლონეთისათვის გერმანიის ტერიტორიის ეგზომ დიდი ნაწილის გადაცემა;
3. ეს გააუარესებდა გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობას და საოკუპაციო ძალებს ზედმეტ ტვირთად დააწვებოდა;
4. არსებობდა მორალური პასუხისმგებლობა მოსახლეობის გადაყვანაზე. ბრიტანეთი თანახმა იყო კერზონის ხაზის აღმოსავლეთით მყოფი პოლონელების გადმოსახლებაზე, მაგრამ 8-9 მილიონი გერმანელისთვის საცხოვრებელი ადგილის იძულებით შეცვლა უბრალოდ არასწორი იქნებოდა;
5. საჭირო იყო ამ უკანასკნელი რიცხვის დაზუსტება, ვინაიდან საბჭოთა მხარე აცხადებდა, რომ ამ ტერიტორიაზე გერმანელები პრაქტიკულად არ იყვნენ დარჩენილი, მაგრამ არსებობდა მონაცემები 2-3 მილიონი გერმანელის იქ ყოფნის შესახებ.
1. როგორც უკვე აღინიშნა, ბრიტანეთის დელეგაცია ლონდონში უნდა დაბრუნებულიყო არჩევნების შედეგების გამოცხადებისათვის.
სტალინმა ჩერჩილის არგუმენტებიდან მხოლოდ ორზე გადაწყვიტა პასუხის გაცემა. მისი თქმით, გერმანიას სილეზიის გარეშეც საკმაო რაოდენობით რჩებოდა საწვავი, რადგანაც ქვანახშირის ძირითადი მარაგი რურსა და რაინლანდში გააჩნდა.1 გარდა ამისა, საბჭოეთის ლიდერმა განაცხადა, რომ არც 8, არც 6, არც 3 და არც 2 მილიონი გერმანელი ამ ტერიტორიაზე არ იყო დარჩენილი, რისი მიზეზი იყო ჯარში გაწვევა და წითელი არმიის შიში. სტალინმა აღნიშნა, რომ ამის შემოწმება ძალიან იოლი იყო და საჭირო იქნებოდა უბრალოდ პოლონეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლების მოწვევა კონფერენციაზე. ბრიტანეთის პრემიერი დაეჭვდა, რომ ეს მოხერხდებოდა, რადგანაც მსგავსი სიტუაციისას, იუგოსლავიის საკითხის განხილვისას აშშს პრეზიდენტმა უარი თქვა ტიტოს წარმომადგენლების გამოძახებაზე. მაშინ სტალინმა წამოაყენა წინადადება, რომ საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოში განეხილათ, რასაც ტრუმენმაც დაუჭირა მხარი. დისონანსი ამ შემთხვევაში ისევ ჩერჩილმა შეიტანა, რომელმაც შეახსენა თავის კოლეგებს, რომ აღნიშნული საბჭო ჯერ უნდა შექმნილიყო და შემდეგ შეკრებილიყო, რაც 1 სექტემბერზე ადრე ვერ მოხერხდებოდა. სტალინისთვის მისაღები აღმოჩნდა ასეთი გადავადება. მან ისიც კი აღნიშნა, რომ იმ დროისათვის ყველა მხარე შეძლებდა საჭირო ინფორმაციის მოძიებას. სამაგიეროდ, ბრიტანეთის პრემიერმა ამჯობინა პოლონელების მიწვევა პოტსდამში, რადგანაც, მისი თქმით, საკითხი სასწრაფოდ იყო გადასაწყვეტი.
1. აღსანიშნავია, რომ სტალინმა აქ არ ახსენა საარის ოლქი, რომელიც ასევე მდიდარია ქვანახშირით. როგორც ჩანს, ის იმ პერიოდში არ გამორიცხავდა საარლანდის საფრანგეთისათვის გადაცემას. ყოველ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ის არ განიხილავდა საარის ოლქს გერმანიის ნაწილად.
უნდა ითქვას, რომ ტრუმენისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, თუ რატომ ერჩივნა ჩერჩილს პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვა. მისი თქმით, ეს სულაც არ იყო პრობლემა, რომელიც სასწრაფო შეთანხმებას ითხოვდა. ბრიტანეთის პრემიერს მოუწია აშშ-ს პრეზიდენტისათვის იმის ახსნა, რომ აღნიშნული საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა განეხილათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონელები მაქსიმალურად გამოიყენებდნენ დროს თავის სასარგებლოდ და ნამდვილ ბატონპატრონებად იქცეოდნენ ამ მიწაზე. ამავე დროს ჩერჩილმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა სტალინთან და ზოგად შეთანხმებასაც მიაღწია, რომ საზღვარი ოდერზე გასულიყო. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბერლინი ადრე თავისი ქვანახშირის ნაწილს სილეზიიდან იღებდა. ამასთან, მისი თქმით, ძნელი სათქმელი იყო, მოხდებოდა თუ არა შეთანხმება სექტემბერშიც.
ტრუმენმა პასუხად აღნიშნა, რომ ის სავსებით ეთანხმებოდა ყირიმის კონფერენციის გადაწყვეტილებებს პოლონეთის დასავლეთ საზღვართან დაკავშირებით, მაგრამ მას აწუხებდა ის, რომ პოლონელებს უკვე პრაქტიკულად გააჩნდათ საოკუპაციო ზონა. აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლებელი იყო პოლონეთისათვის ზონის გამოყოფა, მაგრამ მას არ მოსწონდა, თუ როგორ მოახდინეს პოლონელებმა ტერიტორიის ოკუპირება „დიდი სამეულის“ დაუკითხავად. სტალინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ არსებობდა ორი გზა: 1. პოლონეთის მთავრობის წინადადების დამტკიცება; და 2. პოლონური დელეგაციის დაბარება პოტსდამში და შემდეგ საკითხის გადაწყვეტა. მისი აზრით, მეორე ვარიანტი უმჯობესი იყო. აქვე მან აღნიშნა, რომ ყირიმში რუზველტმა და ჩერჩილმა წამოაყენეს წინადადება, გერმანია-პოლონეთის საზღვარი გასულიყო მდ. ოდერსა და მდ. აღმოსავლეთ ნოისეზე.
საბჭოეთის ლიდერის განმარტებით, მას ეს ვარიანტი არ მოსწონდა, რადგანაც ამ შემთხვევაში პოლონეთს გარეთ რჩებოდა შტეტინი და ბრესლაუ (ამჟამინდელი ვროცლავი პოლონეთში _ თ.პ.) თავისი ოლქით. ამიტომ, სტალინის აზრით, გამიჯვნა უნდა მომხდარიყო ოდერსა და მდ. დასავლეთ ნოისეზე. ამავე დროს მან დაიცვა პოლონელები და აღნიშნა, რომ მათი ჩართვა გერმანიის ოკუპაციაში შექმნილი ვითარებით იყო გამოწვეული და, პირველ რიგში, საბჭოთა მხარის ბრალი იყო. ტრუმენმა უმალ აღნიშნა პასუხად, რომ სწორედ ამის შესახებ საუბრობდა ის ორი დღის განმავლობაში და, როგორც ჩანს, დაკმაყოფილდა სტალინის აღიარებით. ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩერჩილმა გამოთქვა სურვილი, მიეწვიათ პოლონური დელეგაცია პოტსდამში, აშშ-ს პრეზიდენტი უმალ დაეთანხმა ამ წინადადებას, ოღონდ ითხოვა, რომ ისინი მხოლოდ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს შეხვედროდნენ.1 ამით საკითხის განხილვა დასრულდა და გადაიდო პოტსდამში პოლონელი წარმომადგენლების ჩამოსვლამდე.
1. ტრუმენმა შემდგომში გადაიფიქრა და მაინც შეხვდა პოლონელებს.
დებატები პოლონეთის საკითხზე განახლდა 24 ივლისს, როდესაც პოლონური დელეგაცია (მასში შედიოდნენ პრეზიდენტი ბოლესლავ ბერუტი, პრემიერ მინისტრი ედვარდ ოსუბკა-მორავსკი, ვიცე-პრეზიდენტი სტანისლავ გრაბსკი, პრემიერ მინისტრის მოადგილეები სტანისლავ მიკოლაიჩიკი და ვლადისლავ გომულკა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვინცენტ ჟიმოვსკი, მარშალი მიხალ როლა-ჟიმერსკი და ჟიგმუნტ მოძელევსკი) ჩავიდა პოტსდამში. პოლონეთის წარმომადგენლებმა მოკავშირეთა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იყო დასავლეთ საზღვრად მდ. ოდერისა და მდ. დასავლეთ ნოისეს არჩევის ეკონომიკური და ისტორიული საფუძვლები. გარდა ამისა, ბერუტმა, ჟიმოვსკიმ და მიკოლაიჩიკმა ასევე წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები, რითაც დაარწმუნეს ბრიტანელები და ამერიკელები, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლონელი, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, ერთნაირად ფიქრობდა.
თავის მხრივ, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები მაინცდამაინც არ აქტიურობდნენ. მხოლოდ მოლოტოვმა გააკეთა ვრცელი კომენტარი და აღნიშნა, რომ საბჭოთა მხარე თავს ვალდებულად თვლიდა, დახმარებოდა პოლონეთს დასავლეთი საზღვრის საკითხში, ვინაიდან ის მისი მეზობელი იყო და მათ შორის ტერიტორიული საკითხი მოგვარდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. პასუხად ბირნსმა შენიშნა, რომ აშშ პოლონეთის მეზობელი არ იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ამ ქვეყნისადმი, შეხვედრის დასასრულს იდენმა კი შეახსენა დამსწრეთ, რომ დიდი ბრიტანეთი ომში სწორედ პოლონეთის გამო ჩაება.
საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ პოლონური დელეგაცია შეხვდა ჯერ ჩერჩილს, შემდეგ კი _ ტრუმენს. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან საუბარი ორი ნაწილისაგან შედგებოდა. თავდაპირველად ჩერჩილმა პრაქტიკულად ლექცია წაუკითხა ბერუტს და მის თანმხლებ პირებს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ კომუნისტებსა და ფაშისტებს გარდა არსებობდა კიდევ მრავალი პარტია, რომელთა უმრავლესობაც ნამდვილად დემოკრატიული იყო. საუბრის მეორე ნაწილი კი შეეხო სწორედ პოლონეთის დასავლეთ საზღვარს და ბრიტანეთის პრემიერი დაჰპირდა პოლონელებს საკითხის სამართლიანად გადაწყვეტას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენად გაიზიარებდა ის მათ წინადადებას.
ტრუმენისა და პოლონური დელეგაციის შეხვედრისას აშშ-ს პრეზიდენტმა, ისევე როგორც ჩერჩილმა, ხაზი გაუსვა, რომ მას სურდა პოლონელების სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილება, თუმცა იქვე აღნიშნა არსებობდა საოკუპაციო ზონების შესახებ შეთანხმების არსებობა და განაცხადა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მეხუთე საოკუპაციო ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით. ტრუმენმა მაგალითად მოიყვანა საფრანგეთიც და შენიშნა, რომ ფრანგებს სურდათ რური და რაინლანდი, მაგრამ გერმანიის დასავლეთ ნაწილს მათ არავინ არ გადასცემდა მოკავშირეთა მიერ საერთო შეთანხმების მიღწევამდე.
„დიდი სამეული“ პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხს მიუბრუნდა 25 ივლისის პლენარულ სხდომაზე, თუმცა საუბარი ამ თემაზე ამჯერად მცირე ხანს გაგრძელდა. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ, როგორც მან პოლონურ დელეგაციასთან საუბრებიდან გაარკვია, სადაო ტერიტორიებზე მილიონიდან მილიონნახევრამდე გერმანელი იყო დარჩენილი. ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ საკითხი მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული რეპარაციებისა და საოკუპაციო ზონების პრობლემებთან, რაშიც მას აშშ-ს პრეზიდენტიც დაეთანხმა. იქვე ტრუმენმა მოახსენა დამსწრეებს, რომ ბირნსი აგრძელებდა მოლაპარაკებებს პოლონელებთან და შესთავაზა მათ საკითხის განხილვის გადადება, რაც მიღებულ იქნა კიდეც. მხარეებმა აქ აშკარად გაითვალისწინეს ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელობა ბრუნდებოდა ლონდონში და მის დაბრუნებას დაელოდნენ. მანამდე კი პოტსდამში მხოლოდ ცალკეული კონსულტაციები ჩატარდა პოლონეთის წარმომადგენლებთან, რომლებსაც ერთგვარი დაზვერვითი ხასიათი გააჩნდათ. ასე, მაგალითად, ა. ჰარიმანთან შეხვედრისას ამერიკელმა დიპლომატმა პოლონეთის დელეგაციას დაწვრილებით აუხსნა, რომ საჭირო იყო გერმანიის მოსახლეობისათვის საკვებისა და სხვა პროდუქციის მიწოდება მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
საკითხის განხილვა განახლდა 29 ივლისს, ტრუმენისა და მოლოტოვის შეხვედრისას.1 ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა ახალი გეგმა, რომელიც თითქმის მთლიანად აკმაყოფილებდა პოლონელების მოთხოვნებს, მაგრამ საზღვარი გაჰყავდა მდ. აღმოსავლეთ ნოისეზე დასავლეთ ნოისეს ნაცვლად. ტრუმენმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი წინადადება დიდი დათმობა იყო აშშ-ს მხრიდან და იმედი გამოთქვა, რომ საბჭოთა დელეგაცია ამ გარემოებას გაითვალისწინდებდა. მოლოტოვმა პასუხად მხოლოდ ის შენიშნა, რომ გადასცემდა ახალ გეგმას სტალინს, მაგრამ დაეჭვდა საბჭოეთის ლიდერის თანხმობაში, ვინაიდან ის უკიდურესად დაინტერესებული იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ ნოისეს შორის მდებარე ტერიტორიის პოლონეთისათვის გადაცემით.
1. როგორც ზემოთ აღინიშნა, სტალინი იმ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობდა და შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
ეტყობა, ამერიკელებმა უბრალოდ ნიადაგი მოსინჯეს, ვინაიდან მეორე დღეს, ბირნსისა და მოლოტოვის საუბრისას მათ წარმოადგინეს შეცვლილი გეგმა, რომელიც პრაქტიკულად სრულად ითვალისწინებდა პოლონეთის დროებითი მთავრობის მოთხოვნებს, რასთან დაკავშირებითაც სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა თავისი კმაყოფილება გამოთქვა. ამასთან, სავარაუდოა, რომ აშშ-ს დელეგაციის პოზიციის ცვლილება გამოიწვია სურვილმა, მიეღწიათ მათთვის მისაღები შედეგისათვის რეპარაციების საკითხსა და გაეროში გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, იმის გამო, რომ საბჭოთა მხარეს პოლონეთისთვის ტერიტორიების გადაცემა პრაქტიკულად დასრულებული ჰქონდა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს ფორმალური დათმობით მიეღოთ დივიდენდები სხვა პრობლემებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ დაუკავშირა ეს საკითხები ერთმანეთს ბირნსმა 30 ივლისის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების სხდომაზე. ამით საკითხი პრაქტიკულად დაიხურა, თუმცა მისი საბოლოო დამტკიცება უნდა მომხდარიყო მთავრობათა მეთაურების სხდომაზე.
პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხს მხარეები განხილვა დასრულდა „დიდი სამეულის“ მეთაურების 31 ივლისის სხდომაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, აშშ-ს და საბჭოთა დელეგაციებმა ამ მომენტისათვის უკვე მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ პრობლემის საბოლოო გადაწყვეტისათვის საჭირო იყო ბრიტანელების თანხმობაც. მართალია, ინგლისელებს არ გააჩნდათ რაიმე ბერკეტები სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბევინმა ახსნა-განმარტებები ითხოვა. მას სურდა გაეგო, მთლიანად გადაეცემოდა ზონა პოლონელებს და თუ დარჩებოდა იქ საბჭოთა ჯარები. ამავე დროს, ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ინსტრუქციები არ ითვალისწინებდა აღმოსავლეთ ნოისეს იქით საზღვრის გადაწევას და რომ მას სჭირდებოდა სერიოზული არგუმენტები პარლამენტში მიღწეული შეთანხმების დასაცავად. ამიტომ ბევინმა აღნიშნა პოლონეთში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. აქვე მან ხაზი გაუსვა პრესის თავისუფლების უზრუნველყოფის საჭიროებასაც. გარდა ამისა, ინგლისელმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიის ადმინისტრაციულად პოლონელებისთვის გადაცემის მიუხედავად, ტექნიკურად ის მაინც მოკავშირეთა სამხედრო კონტროლის ქვეშ იქნებოდა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მიწების ტრანსფერი სამშვიდობო კონდერენციის გარეშე, რასაც დასჭირდებოდა საფრანგეთის თანხმობაც.
აქ საუბარში ჩაერთო სტალინი, რომელმაც განაცხადა, რომ ფრანგებს არაფერი ესაქმებოდათ რუსულ (ასეა ტექსტში _ თ.პ.) ზონასთან. ბევინმა მაშინ სავსებით რეზონულად იკითხა, თუ ჰქონდა უფლება ბრიტანეთს სხვა მოკავშირეების დაუკითხავად დაერიგებინა თავისი ზონის ნაწილები. პასუხად საბჭოეთის ლიდერმა, რომელიც საკმაოდ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ისღა თქვა, რომ პოლონეთს არანაირი საზღვარი არ გააჩნდა დასავლეთში და ამ სიტუაციას ანალოგი არ გააჩნდა მსოფლიოში. ითქვას, რომ სტალინი ამ შემთხვევაში ნამდვილად დემაგოგიას ეწეოდა და აშკარად მცდარ პოზიციას იცავდა, რაზეც მას მიუთითა კიდეც ბევინმა. ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა დამსწრეთ, რომ გერმანია მოიაზრებოდა ერთიან ტერიტორიად 1937წ. საზღვრებში, რომელიც უნდა განეგო საკონტროლო საბჭოს. აქ უკვე ბირნსი ჩაება საუბარში და განაცხადა, რომ ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, რადგანაც, საბჭოთა მხარის თანხმობით, პოლონეთი უკვე აკონტროლებდა ტერიტორიას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა, რათა არ ყოფილიყო შემდგომი კამათი რეგიონის ადმინისტრირების გარშემო. ამავე დროს, ამერიკელმა დიპლომატმა საჭიროდ არ ჩათვალა პოლონეთის წარმომადგენლის შეყვანა საკონტროლო საბჭოში, რაც, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად სწორი პოზიცია იყო, ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია პრაქტიკულად უკვე არც ეკუთვნოდა გერმანიას.
ბირნსის პასუხი ბევინისთვის დამაკმაყოფილებელი გამოდგა და მან მხოლოდ კიდევ ერთხელ იკითხა, თუ გაიყვანდა საბჭოთა კავშირი ჯარებს ზონიდან. სტალინმა განმარტა, რომ წითელი არმია დატოვებდა რეგიონს გარდა ორი საკომუნიკაციო ხაზისა, რომლებიც სჭირდებოდა გერმანიაში დისლოცირებული ნაწილების მოსამარაგებლად. როგორც ჩანს, ბევინმა ჩათვალა, რომ მან უკვე შეასრულა თავისი მისია ამ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ის ითხოვა საბჭოთა ლიდერისაგან, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საჰაერო მიმოსვლა ლონდონსა და ვარშავას შორის. ინგლისელი დიპლომატის თქმით, საჭირო იყო საბჭოთა მხარის თანხმობა, რადგანაც თვითმფრინავებს გზის ნაწილის დაფარვა ამ უკანასკნელის საოკუპაციო ზონის გავლით უწევდათ.
როგორც ჩანს, სტალინმა ხუმრობით უპასუხა ბევინის თხოვნას, რომ ამისათვის საჭირო იყო საბჭოთა პილოტების დაშვება ლონდონში პარიზის გავლით საფრენად. შემდეგ კი უკვე მთელი სერიოზულობით აღნიშნა, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, პოლონელებთან იყო შესათანხმებელი და დაჰპირდა თავის ძალისხმევას ამ მიმართულებით. განხილვის ბოლოს კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომხდარი ცვლილების თაობაზე ამცნობდნენ საფრანგეთის ხელისუფლებას. საკუთრივ პოლონელებს კი მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია 1 აგვისტოს მიაწოდა ტრუმენმა, რომელსაც ბერუტმა და მიკოლაიჩიკმა დიდი მადლობა გადაუხადეს თანადგომისათვის.
ასე დასრულდა პოლონეთის საკითხის განხილვა პოტსდამის კონფერენციაზე. შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა მოიგო ამ პრობლემის გარშემო გამართული დებატები და ეს, პირველ რიგში, განპირობებული იყო სიტუაციით, რომელიც ფაქტობრივად მან ხელოვნურად შექმნა იმ ტერიტორიებზე, რომელთა გადაცემაც პოლონეთისათვის სურდა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანელმა და, განსაკუთრებით, ამერიკელმა დიპლომატებმა ამჯერად ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს საბჭოეთის ლიდერს. მათ შეძლეს გარკვეული დათმობების მიღება იმის სანაცვლოდ, რაც პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში უკვე წაგებული ჰქონდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში დასავლეთელ მოკავშირეებს ყირიმის კონფერენციის დროსაც ექნებოდათ უკეთესი შედეგების მიღწევის შანსი.
$5. დებატები საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შექმნის თაობაზე პოტსდამის კონფერენციაზე
პოტსდამის კონფერენციაზე საკმაოდ დიდი დრო დაეთმო საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული საკითხი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯერ კიდევ პირველ პლენარულ სხდომაზე დადგა და მაშინ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს გადაეცათ განსახილველად. სწორედ ამ პუნქტის განხილვით დაიწყო კიდეც მათი პირველივე სხდომა 18 ივლისს. ჩვენ უკვე გავამახვილეთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების ამსახველი რუსული ჩანაწერი ჩვეულებრივ ძალიან მოკლეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უბრალოდ არასწორიცაა, რაც, ჩვენი აზრით, ნამდვილად არ ატარებს შემთხვევით ხასიათს.
მაგალითისთვის საკმარისია ითქვას, რომ რუსულ ჩანაწერში მითითებულია, თითქოს საბჭოთა დელეგაციამ მოითხოვა საბჭოს შექმნა, რომელშიც ევროპულ საკითხებთან დაკავშირებით შევიდოდა ოთხი წევრი, ყველა დანარჩენის განხილვაში კი ხუთი მონაწილე იქნებოდა. სინამდვილეში კი მოლოტოვმა სულ სხვა წინადადება წამოაყენა. თავდაპირველად მან აღნიშნა, რომ თუ საბჭო განიხილავდა როგორც ევროპულ, ისე სხვა საკითხებს, მასში ხუთი წევრი უნდა შესულიყო. მცირე ხნის შემდეგ კი საბჭოთა დიპლომატმა პირდაპირ მიუთითა, რომ ამ ორგანოს მთავარი ფუნქცია უნდა ყოფილიყო ევროპულ სახელმწიფოებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების პირობების შემუშავება და რომ მთელ რიგ შემთხვევებში, კერძოდ, უნგრეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და ფინეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას არა მარტო ჩინეთის, არამედ საფრანგეთის წარმომადგენლის მონაწილეობაც არ იქნებოდა სწორი, ვინაიდან ფრანგები არ იყვნენ დაზავების ხელისმომწერთა რიგებში. როდესაც იდენმა შენიშნა, რომ ეს მეტად გაართულებდა საქმეს, რადგანაც ზოგი საკითხის განხილვაში საბჭოში სამი წევრი მიიღებდა მონაწილეობას, ზოგისაში _ ოთხი, დანარჩენში კი _ ხუთი, მოლოტოვმა უბრალოდ უპასუხა, რომ საქმის ვითარება სწორედ ასეთი იყო.
საბჭოთა დიპლომატი არც ამით შემოიფარგლა. როდესაც იდენმა აღნიშნა, რომ თუ ვიშის ხელისუფლება არ იბრძოდა მოკავშირეების მხარეზე, ამას აკეთებდა დე გოლის მოძრაობა. ამასთან, მან მოიყვანა მაგალითი, რომ თავად დიდ ბრიტანეთსაც არ მიუღია მონაწილეობა ფინეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. მიუხედავად ამისა, არც ამ არგუმენტმა იმოქმედა მოლოტოვზე, რომელმაც განაცხადა, რომ საფრანგეთს შეეძლო ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, მაგრამ არ ექნებოდა მისი მომზადების უფლება. ბოლოს მან საერთოდ განაცხადა, რომ საბჭოში სამი წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვი უნდა გაზრდილიყო სხვადასხვა საკითხების განხილვისას. იდენმა კვლავ გამოთქვა აზრი, რომ პირადად მას ოთხი ერჩივნა, მაგრამ მოლოტოვმა სამით დაწყება ურჩია და აღნიშნა, რომ შემდგომში ცვლილებების შეტანა ყოველთვის შესაძლებელი იქნებოდა. ამით საკითხის განხილვა დროებით შეწყდა და დოკუმენტის შემუშავება დაევალა სპეციალურ კომიტეტს, რომელშიც სამივე მხარის ორ-ორი წარმომადგენელი შევიდა.
ამრიგად, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის პოზიცია პირველი სხდომისას ძირეულად განსხვავდებოდა რუსული დოკუმენტების კრებულში დაფიქსირებული დებულებებისაგან. ჩვენი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი. სავარაუდოდ, აქაც, ისევე როგორც ყირიმის კონფერენციის მასალების რედაქტირებისას, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა მიეჩქმალა საკუთარი ცუდი დამოკიდებულება საფრანგეთის მიმართ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სხვა საქმეა, რომ ამ დოკუმენტებს რეალურად მხოლოდ შიდა მოხმარების ეფექტი გააჩნდა, ვინაიდან პოტსდამის კონფერენციის ამსახველი რუსული მასალები გაცილებით უფრო გვიან გამოიცა, ვიდრე ამერიკული და, შესაბამისად, დანარჩენ მსოფლიოში სიმართლე უკვე დიდი ხნის ცნობილი იყო. შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართებით საინფორმაციო ვაკუუმში მხოლოდ სსრ კავშირის მოსახლეობა იყო.1
1. პრინციპში, იგივე პროცესი დღესაც გრძელდება რუსეთში, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის დიპლომატიური ისტორიის საკითხებზე მომუშავე მკვლევრები პრაქტიკულად არ იყენებენ ამერიკულ ჩანაწერებს.
მოლოტოვის უარყოფითი დამოკიდებულება საფრანგეთის მიმართ გაგრძელდა საგარეო საქმეთა უწყებების მეთაურების მეორე სხდომისას, როდესაც მხარეები მიუბრუნდნენ საკითხის განხილვას. შედეგად, დოკუმენტში შევიდა შესწორება, რომლის თანახმადაც სამშვიდობო შეთანხმების პირობებს შეიმუშავებდა მხოლოდ საზავო ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი სახელმწიფოები. გამონაკლისი საფრანგეთისთვის დაწესდა მხოლოდ იტალიის მიმართ, სადაც მას არ ჰყავდა წარმომადგენელი დაზავების მომენტში, მაგრამ მაინც მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა საბოლოო საბჭოს მუშაობაში. ყველა დანარჩენ სახელმწიფოს კი მიიწვევდნენ საჭიროების მიხედვით.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შესახებ დოკუმენტის პირველი შეთანხმებული ვარიანტი მესამე სხდომაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც გაირკვა, სპეციალური კომიტეტის წევრები იმდენად დაკავებული იყვნენ სხვა კომისიებში მუშაობით, რომ ვერ მოასწრეს ტექსტის შემუშავება, რის გამოც საკითხის განხილვა გადაიდო და გაგრძელდა იმავე დღეს მთავრობათა მეთაურების შეხვედრისას. სხდომაზე მოლოტოვმა წარადგინა მუშა ჯგუფის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, რომელიც ერთხმად იქნა მოწონებული „დიდი სამეულის“ ლიდერების მიერ. გადაწყდა, რომ შეექმნათ დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირის, ჩინეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებისაგან შემდგარი საბჭო, რომლის სამდივნოც ლონდონში იქნებოდა.1
1. ამა-თუ იმ სესიის ჩატარების ადგილი როტაციას ექვემდებარებოდა და თავად მისი წევრების გადასაწყვეტი იყო, თუმცა პირველი შეკრება აუცილებლად ლონდონში უნდა მომხდარიყო.
ამ ორგანოს უპირველეს ამოცანად უნდა ქცეულიყო იტალიასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და უნგრეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებების შემუშავება და ევროპაში ტერიტორიული საკითხების მოგვარება. ამავე დროს, საბჭოს უნდა მოემზადებინა ანალოგიური დოკუმენტი გერმანიის მიმართ, რომელსაც შემდგომში ხელს მოაწერდა გერმანიის ახალი ხელისუფლება. სამშვიდობო ხელშეკრულებების შემუშავებისას საბჭოს შემადგენლობა უნდა განსაზღვრულიყო დაზავების პირობებზე ხელისმომწერი მოკავშირე სახელმწიფოებისაგან, რომლებთანაც, იტალიის შემთხვევაში, გათანაბრებული იქნებოდა საფრანგეთი. გარდა ამისა, საბჭოს სხვა წევრები (ე.ი. საფრანგეთი და ჩინეთი _ თ.პ.) მიწვეული იქნებოდნენ იმ საკითხების განხილვისას, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებოდათ. და ბოლოს, თუ საბჭო განიხილავდა არაწევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაძლებელი იყო ამ ქვეყნის წარმომადგენლების მიწვევა, თუმცა რომელ ეტაპზე მოხდებოდა ეს, ამ ორგანოს წევრების გადასაწყვეტი იყო.
20 ივლისის სხდომაზე მიღებული შეთანხმების შემდეგ დასადგენი იყო მხოლოდ თუ როდის უნდა შეკრებილიყო პირველად საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო. ბუნებრივია, ეს არ იყო მაინცდამაინც პრინციპული საკითხი და მომდევნო დღეს მოლოტოვმა, ბირნსმა და იდენმა, დიდი დებატების გარეშე, გადაწყვიტეს, რომ პირველ სესიას მუშაობა უნდა დაეწყო არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბოლოოდ კი ეს პუნქტი მათ დაამტკიცეს 23 ივლისს. 24 ივლისს კი ბირნსმა და მოლოტოვმა, სადილის შემდეგ, დააზუსტეს დოკუმენტის რამდენიმე დებულება. კერძოდ, ისინი შეთანხმდნენ, რომ პირველ შეხვედრას საორგანიზაციო ხასიათი ექნებოდა, რომელიც მაქსიმუმ 10 დღეს გაგრძელდებოდა. გარდა ამისა, მოლოტოვმა გაიზიარა ბირნსის წინადადება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს დასჭირდებოდათ მოადგილეები, რომელთაც ექნებოდათ უფლება თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები და რომლებიც ძირითადად იმუშავებდნენ შედარებით მეორეხარისხოვან საკითხებზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საბჭოს რეკომენდაციით „დიდი სამეულის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ისინი გააცნობდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
ბირნსის და მოლოტოვის საუბრით დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა პოტსდამის კონფერენციაზე. მონაწილე მხარეები მხოლოდ ერთხელ მიუბრუნდნენ მას და ისიც მოსაწვევების გასაგზავნად მათი ფრანგი და ჩინელი კოლეგებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გადასახედიდან ამგვარი საბჭოს შექმნა, ერთი შეხედვით, არ წარმოადგენდა რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას მსოფლიო პოლიტიკისთვის, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო, უფრო სწორად, სსრ კავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ უწყებათა ხელმძღვანელები, მოიაზრებოდა რეალურ გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ მსოფლიო პრობლემების გარშემო და ახლადდაარსებული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავისი უშიშროების საბჭოთი პრაქტიკულად სტატისტი უნდა აღმოჩენილიყო. შესაბამისად, რუზველტის იდეის პერიფრაზს თუ მოვახდენთ, მსოფლიო უნდა განეგო „სამ პოლიციელს“.
მიუხედავად ამისა, როგორც შემდეგ გაირკვა, ამ იდეამ არ იმუშავა და საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ საკმაოდ მალე შეწყვიტა არსებობა.1 მთლიანობაში კი, შეიძლება ითქვას, რომ პოტსდამში ამ საკითხის განხილვისას მცირე გამარჯვებას მიაღწია საბჭოთა მხარემ, რადგანაც არ დაუშვა საფრანგეთის მონაწილეობა ყველა საკითხის განხილვაში, თუმცა ეს არც ისე დიდი მნიშვნელობის გამოდგა შემდგომში. სამაგიეროდ, საბჭოთა მხარის ანტიფრანგული განწყობილება პოტსდამის კონფერენციის განმავლობაში ნამდვილად ყურადსაღები გარემოება გახლავთ და მნიშვნელოვანწილად ხსნის, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს დე გოლისა და ფრანგების მიმართ.
1. სულ შედგა 6 სესია, თუმცა უკვე IV სესიის შემდეგ ამ ორგანოს პრაქტიკულად არანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო დასავლეთელ მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული მუდმივი დაპირისპირების გამო.
$6. განთავისუფლებული სახელმწიფოებისა და გერმანიის ყოფილი მოკავშირეების საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს პოტსდამის კონფერენციის მონაწილეებმა, იყო ევროპის განთავისუფლებულ სახელმწიფოებისა და გერმანიის ყოფილი მოკავშირეების საკითხი. „დიდი სამეულის“ ინტერესების სფეროში ამ შემთხვევაში მოექცნენ იუგოსლავია, იტალია, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ფინეთი და აგრეთვე ესპანეთი, რომელიც, მართალია, ფორმალურად არ მონაწილეობდა ომში გერმანიის მხარეს,1 მაგრამ „ღერძის“ ქვეყნების თანამოაზრედ მიიჩნეოდა. პოტსდამში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც კონკრეტულად ამა თუ იმ სახელმწიფოს შესახებ, ისე ზოგადად ყველა მათგანში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.
ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი ამ მხრივ ეკავა ყირიმში მიღებული განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის სისრულეში მოყვანისათვის საჭირო ღონისძიებების განხილვას. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ დოკუმენტს დიდი ბრიტანეთის და, განსაკუთრებით, აშშ-ს ხელისუფლება ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სწორედ ამიტომ იყო ამ საკითხის პოტსდამის კონფერენციის დღის წესრიგში შეტანის ინიციატორი ტრუმენი, რომელმაც პირველივე სხდომაზე გაავრცელა შესაბამისი დოკუმენტი რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების რეორგანიზაციის მოთხოვნით. გარდა ამისა, ამერიკულ მხარეს სურდა, რომ ამ ქვეყნებში, საბერძნეთთან ერთად, თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
1. მართალია, ესპანეთის მმართველმა, გენერალისიმუსმა ფრანსისკო ფრანკომ აღმოსავლეთის ფრონტზე გააგზავნა ე.წ. „ცისფერი დივიზია“, მაგრამ ის ოფიციალურად მოხალისეებით იყო დაკომპლექტებული და გერმანულ ფორმას ატარებდა. ასე რომ, ესპანეთი ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა ომის მონაწილედ.
აღნიშნული დოკუმენტის განხილვა აშშ-ს პრეზიდენტმა პირველად სცადა 19 ივლისს, მესამე პლენარულ სხდომაზე, მაგრამ სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა მხარე ამზადებდა საკუთარ წინადადებებს და საკითხის განხილვის გადადება ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. სამაგიეროდ, იმ დღეს „დიდი სამეულის“ ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ესპანეთისა და იუგოსლავიის საკითხებზე. პირველ შემთხვევაში სსრ კავშირის დელეგაციამ წარმოადგინა თავისი წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა მოკავშირეთა მხრიდან ესპანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასა და ესპანელი ხალხისათვის დახმარების გაწევას, რათა ამ ქვეყანაში მოსულიყო დემოკრატიული მთავრობა.
როგორც შეხვედრის მსვლელობიდან გაირკვა, ეს სულაც არ შედიოდა დიდი ბრიტანეთის ინტერესებში. მართალია, ჩერჩილმა უმალ განაცხადა, რომ ის ვერ იტანდა ვერც გენერალ ფრანკოს1 და ვერც მის მთავრობას, მაგრამ შემდეგ აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. ინგლისის პრემიერმა ეს ახსნა ესპანელი ხალხის ხასიათით, რომელიც, მისი თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ფრანკოს დაუდგებოდა გვერდში, რაც გააძლიერებდა კიდეც ესპანეთში არსებულ ხელისუფლებას. ამავე დროს, ჩერჩილი მიიჩნევდა, რომ არ შეიძლებოდა ძალის გამოყენება ფრანკოს რეჟიმის შესაცვლელად და სასურველად თვლიდა დიპლომატიური მეთოდების ბოლომდე გამოყენებას. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გაეროს წესდების თანახმად არ შეიძლებოდა ამა თუ იმ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც, ბრიტანეთის პრემიერის აზრით, შექმნიდა მეტად არასასურველ ფონს ესპანეთის მიმართ მსგავსი აქციის გატარების შემთხვევაში.1 თავის მხრივ, ტრუმენმაც განაცხადა, რომ ის ვერ იტანდა ფრანკოს, მაგრამ ხაზი გაუსვა ამ პრობლემის თავად ესპანელების მიერ გადაწყვეტის აუცილებლობას.
1. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ჩერჩილის მიერ ფრანკოს გენერლად მოხსენიება. არადა, როგორც ჩანს, ეს სულაც არ იყო შემთხვევითი. ჩვენი აზრით, ბრიტანეთის პრემიერი ამით ცდილობდა სტალინისათვის ეჩვენებინა მისი უარყოფითი დამოკიდებულება ესპანეთის მმართველისადმი.
ბუნებრივია, სტალინისათვის მიუღებელი გამოდგა ჩერჩილისა და ტრუმენის ამგვარი პოზიცია და თავის ჩვეულ ხერხს, დემაგოგიას მიმართა. მისი თქმით, ფრანკოს რეჟიმი არ იყო ესპანეთის საშინაო საქმე, რადგანაც, ერთის მხრივ, იგი ჰიტლერისა და მუსოლინის ხელშეწყობით იქნა ჩამოყალიბებული და, მეორეს მხრივ, ის ეხმარებოდა ნახევრად-ფაშისტურ მთავრობებს სხვა სახელმწიფოებში. როგორც ვხედავთ, სტალინი აშკარა ტყუილსაც კი არ მოერიდა, როდესაც ესპანეთს ბრალი დასდო პროფაშისტური რეჟიმების მხარდაჭერაში, თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩერჩილმა და ტრუმენმა თავი შეიკავეს საპასუხო რეპლიკისაგან. საბჭოეთის ლიდერმა კი განაგრძო თავისი მსჯელობა და აღნიშნა, რომ თუ მოკავშირეები ღიად არ დააფიქსირებდნენ თავიანთ ნეგატიურ დამოკიდებულებას ფრანკოს რეჟიმისადმი, ისინი ფაქტობრივად აღიარებდნენ მას. ბრიტანეთის პრემიერმა აქ შენიშნა, რომ სსრ კავშირს ისედაც არ გააჩნდა დიპლომატიური ურთიერთობები ესპანეთთან, ასე რომ მას ვერავინ დასდებდა ამაში ბრალს, მაგრამ სტალინი ამან არ დაამშვიდა. მისი თქმით, არ შეიძლებოდა თვალების დახუჭვა იმ ფაქტზე, რომ ფრანკოს რეჟიმი ფაშისტებს აძლევდა თავშესაფარს და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა.
მიუხედავად ამისა, ჩერჩილმა არ დაიხია უკან და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ინგლისს და ესპანეთს გააჩნდათ სავაჭრო ურთიერთობები, რომელთა გაწყვეტაც არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედიოდა. ამავე დროს, მან გაამართლა საბჭოთა მხარის უკმაყოფილება ესპანეთით, რადგანაც „ცისფერი დივიზია“ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში აღმოსავლეთის ფრონტზე, თუმცა იქვე განაცხადა, რომ ესპანელებმა თავი შეიკავეს ბრიტანელების წინააღმდეგ სამხედრო აქციებისაგან მაშინ, როდესაც მზადდებოდა ოპერაცია „ტორჩი“. ჩერჩილმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა იმ პერიოდში უდიდეს ზარალს მიაყენებდა მოკავშირეებს.
პასუხად, სტალინმა სცადა იმის დამტკიცება, რომ ესპანეთმა ისედაც მიაყენა ზიანი ინგლისს, როდესაც გერმანელებს დაუთმო ბაზები წყალქვეშა ნავებისათვის, მაგრამ ვერც ამჯერად მიაღწია საწადელს. ჩერჩილმა უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია ამ განცხადებას. მაშინ საბჭოეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ დაზარალდა ესპანეთისაგან და ვინ არა. მისი თქმით, ფრანკოს რეჟიმი უბრალოდ საფრთხეს წარმოადგენდა ევროპისათვის. აქვე სტალინმა აღნიშნა, რომ რადგანაც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მიუღებელი აღმოჩნდა, ამის გაკეთება აუცილებელი არ იყო და საკმარისი იქნებოდა უბრალოდ ესპანელი ხალხის დემოკრატიისადმი სწრაფვის მხარდაჭერა. მისი აზრით, ამ შემთხვევაში ფრანკო ძალაუფლებას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა და შესთავაზა კოლეგებს, რომ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს შეემუშავებინათ უფრო მსუბუქი განცხადება.
ტრუმენისათვის, რომელსაც, როგორც ჩანს, მობეზრდა ამ საკითხზე პოლემიკის სმენა, ეს მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ ჩერჩილმა უარი თქვა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისაგან და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უშუალოდ „დიდი სამეულის“ ლიდერების გადასაწყვეტი იყო. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ შეიძლებოდა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა, თუმცა სტალინმა პასუხად განაცხადა, რომ ეს არ იყო ესპანეთის შიდა საქმე, ვინაიდან ფრანკოს რეჟიმი წარმოადგენდა საერთაშორისო საფრთხეს. ჩერჩილმა ამჯერად უპასუხოდ არ დატოვა სტალინის დემაგოგიური რეპლიკა და პირდაპირ უთხრა მას, რომ ამგვარი ბრალდება ნებისმიერს შეეძლო ეთქვა სხვა ქვეყნის ხელისუფლების მისამართით. საბჭოეთის ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ ესპანეთისთანა რეჟიმი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ იყო დარჩენილი,1 რაზეც ბრიტანეთის პრემიერმა მას შეახსენა, რომ პორტუგალიაში ასევე არსებობდა დიქტატორი, მაგრამ სტალინმა პასუხად, სავსებით სამართლიანად, ხაზი გაუსვა გარეშე ძალების როლს ფრანკოს რეჟიმის წარმოშობაში.
1. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის ეს სიტყვები წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე საკითხის განხილვის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებასთან, თითქოს ესპანეთი მხარს უჭერდა ნახევრად ფაშისტურ სახელმწიფოებს. ბუნებრივია, თუ ასეთი რეჟიმები არ არსებობდა, ფრანკო მათ მხარს ვერ დაუჭერდა.
როგორც ჩანს, ჩერჩილს ყელში ამოუვიდა სტალინის ამგვარი შეტევა ფრანკოს მისამართით და საკმაოდ მკვახე პასუხი გასცა მას. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ვერ ურჩევდა პარლამენტს ესპანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას. იქვე მან აღნიშნა, რომ პირადად ნამდვილად სურდა ესპანეთში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება, რომელიც გამოაცხადებდა ამნისტიას პოლიტიკური პატიმრების მიმართ. გარდა ამისა, ჩერჩილმა გამოთქვა იმედი, რომ ფრანკოს მმართველობა დასასრულს უახლოვდებოდა.1 და ბოლოს, მან ხაზი გაუსვა, რომ ფრანკო დიდი ხნის წინ მოვიდა ხელისუფლებაში და რომ თავის დროზე ესპანეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში, ფაშისტურ სახელმწიფოებთან ერთად, საბჭოთა კავშირიც იღებდა მონაწილეობას.
1. ჩერჩილი ამ შემთხვევაში აშკარად შეცდა. ფრანკომ კიდევ 30 წელი გაძლო ესპანეთის სათავეში.
უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ფრაზა, რომელიც, რასაკვირველია, არ არის დაფიქსირებული რუსულ ჩანაწერში, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს „დიდი სამეულის“ შეხვედრების პერიოდში. არასდროს მანამდე ჩერჩილს, პირისპირ დიალოგისას, არ დაუყენებია ერთ სიბრტყეზე ფაშისტური ბლოკი და სსრ კავშირი. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ საყურადღებო შემთხვევაა და ის გამოწყვეული იყო იმით, რომ პოტსდამში ბრიტანეთის პრემიერი გაცილებით უფრო დიდ მხარდაჭერას იღებდა აშშ-ს პრეზიდენტისაგან, ვიდრე ეს ხდებოდა თეირანსა და იალტაში.
სტალინმა ამჯერად მიზანშეწონილად ჩათვალა, არ შეემჩნია ჩერჩილის რეპლიკა და წამოაყენა წინადადება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს მოემზადებინათ მსუბუქი ფორმის განცხადება, რომელშიც შევიდოდა ბრიტანეთის პრემიერის რწმენა ფრანკოს რეჟიმის ახლო დასასრულის შესახებ. მისი თქმით, ამგვარი დოკუმენტი შესაძლებელი იყო მომზადებულიყო არა კონკრეტულად ესპანეთთან, არამედ ზოგადად ევროპაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მიუხედავად სტალინის აშკარად კომპრომისული წინადადებისა, ის მაინც მიუღებელი აღმოჩნდა ჩერჩილისათვის. ამ უკანასკნელმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთი არ წარმოადგენდა არც მეომარ მხარეს და არც გერმანიის სატელიტს, ასე რომ, მის საშინაო საქმეებში ჩარევა არ უნდა მომხდარიყო. აქვე მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაცია იყო, რადგანაც ისინი განთავისუფლებულ იქნენ მოკავშირეთა მიერ. სწორედ ამიტომ ბრიტანეთის პრემიერს შესაძლოდ მიაჩნდა მათი საშინაო მოწყობის საკითხების განხილვა პოტსდამში. აქ ტრუმენი კიდევ ერთხელ ჩაერთო სტალინისა და ჩერჩილის პაექრობაში და უპრიანად მიიჩნია საკითხის გადადება, რადგანაც, მისი აზრით, შეთანხმების მიღწევა იმ მომენტისათვის უბრალოდ შეუძლებელიიყო. საბჭოეთის ლიდერის მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა და მხარეები უკვე იუგოსლავიის საკითხის განხილვას შეუდგნენ.
იუგოსლავიასთან დაკავშირებით გამართული დებატებისას მხარეების როლები აშკარად შეიცვალა. ამჯერად უკვე ჩერჩილი გამოვიდა ტიტოს რეჟიმის მთავარი ბრალმდებლის, ხოლო სტალინი _ ადვოკატის როლში. უფრო მეტიც, საბჭოეთის ლიდერმა სცადა, საერთოდ წინ აღსდგომოდა ამ საკითხის შეტანას დღის წესრიგში. მისი თქმით, იუგოსლავია მოკავშირე იყო და მისი წარმომადგენლების მოსმენის გარეშე მასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა არ შეიძლებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სტალინი გარკვეულწილად მართალი იყო, რადგანაც იუგოსლავია, ფორმალურადაც კი, არ იყო გერმანიის მოკავშირე ომის პერიოდში. გარდა ამისა, მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი განთავისუფლებული იქნა ადგილობრივი პარტიზანების მიერ. ასე რომ, იუგოსლავიის მდგომარეობა ნამდვილად განსხვავდებოდა სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებისაგან. თუმცა, ამავე დროს, ჩერჩილს აქ თავისი კოზირები გააჩნდა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირთან ერთად, წარმოადგენდა ტიტო-შუბაშიჩის ხელშეკრულების1 ერთ-ერთ გარანტს. ინგლისის პრემიერმაც უმალ გაუსვა ხაზი, რომ იუგოსლავთა ლიდერები ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში და მათი ჩამოყვანის შემთხვევაში ერთიანი პოზიცია არ ექნებოდათ. სტალინმა კვლავ დემაგოგიას მიმართა და განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ტიტოსა და შუბაშიჩს შორის უთანხმოების არსებობის შესახებ2 და მათი ჩამოყვანა ითხოვა ამის გასარკვევად, მაგრამ წააწყდა ტრუმენის უარყოფით რეაქციას. აშშ-ს პრეზიდენტმა უხერხულად ჩათვალა იუგოსლავთა ლიდერების გამოძახება პოტსდამში, თანაც ეჭვი გამოთქვა, რომ საკითხი საკმარისად მნიშვნელოვანი იყო ამისთვის.
1. 1944წ. 17 ივნისს, კ. ვისზე ხელი მოეწერა შეთანხმებას იუგოსლავიის ემიგრანტული მთავრობის მეთაურს ივან შუბაშიჩსა და იუგოსლავი პარტიზანების კომუნისტ ლიდერს იოსიპ ბროზ ტიტოს შორის. აღნიშნული შეთანხმებით უნდა მომხდარიყო კოალიციური მთავრობის შექმნა და იუგოსლავიის ტრანსფორმაცია დემოკრატიულ სახელმწიფოში. ხელშეკრულების გარანტები იყვნენ დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი.
2. რასაკვირველია, სტალინი თვალთმაქცობდა, რადგანაც ტიტოსა და შუბაშიჩს შორის დაპირისპირების არსებობა მთელი მსოფლიოსთვის იყო ცნობილი და საკუთრივ საბჭოეთის ლიდერსაც დასჭირდა ამ საკითხის განხილვა იმავე ჩერჩილთან მიმოწერაში.
ჩერჩილმა უმალ აღნიშნა, რომ იუგოსლავიის პრობლემა ნამდვილად სერიოზული იყო. მისი თქმით, არ განხორციელებულა იალტაში მიღწეული შეთანხმება, ქვეყანაში არ ჩატარებულა არჩევნები, არ იქნა გაფართოებული დროებითი ასამბლეა. გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ტიტომ მკაცრი პარტიული და პოლიციური კონტროლი დაამყარა ქვეყანაზე, პრესა კი ისეთივე დღეში ჩააგდო, როგორც ფაშისტურ ქვეყნებში. ჩერჩილმა გამოთქვა თავისი წუხილი იმის გამო, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები იუგოსლავიაში და აუცილებლად მიიჩნია იალტაში მიღებული გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარება. ბუნებრივია, სტალინმა დაიცვა ტიტო და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პრემიერის მიერ მოყვანილი ცნობები არ ეთანხმებოდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ იუგოსლავებს თავად მისცემოდათ ბრალდებებზე პასუხის გაცემის უფლება. აქ ჩერჩილმა შენიშნა, რომ მან უბრალოდ დაიჩივლა და არა ბრალდებები წაუყენა იუგოსლავიის მთავრობას. მაშინ სტალინმა განაცხადა, რომ მას, რასაკვირველია, შეეძლო სიტყვა „ბრალდებების“ შეცვლა სიტყვით „ჩივილი“, მაგრამ არავის არ ჰქონდა სახელმწიფოს გასამართლების უფლება მისი წარმომადგენლების მოსმენის გარეშე.
ტრუმენს, როგორც ჩანს, მობეზრდა იმდღევანდელი დებატები ჩერჩილსა და სტალინს შორის. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოტსდამში ჩავიდა დიდი ბრიტანეთისა და სსრ კავშირის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად და სულაც არ იყო დაინტერესებული ტიტოსთან, ფრანკოსა და დე გოლთან საუბრებით. ამიტომ მან მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ხელისუფლებასაც ჰქონდა გარკვეული შენიშვნები იუგოსლავიის მთავრობის მიმართ. თავის მხრივ, სტალინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭირო იყო ჯერ ტიტოს არგუმენტების გაგება და შემდეგ დასკვნის გამოტანა, თუმცა ამ მომენტისთვის უკვე ნათელი იყო, რომ იუგოსლავიის ხელისუფალს არავინ გამოიძახებდა პოტსდამში. შედეგად, იმ დღეს საკითხის განხილვა გადაიდო.
20 ივლისს, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრისას, კონფერენციის მონაწილეები მიუბრუნდნენ წინა დღით განხილულ საკითხებს. პირველ რიგში, იდენმა და ბირნსმა დაუჭირეს იტალიის მიღებას გაეროში და დეკლარაციის გამოქვეყნებას, რომელიც უარს ეუბნებოდა ესპანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე. ამასთან ამ დოკუმენტში უნდა მიეთითებინათ, რომ გაეროს კარი ღია იქნებოდა სხვა ნეიტრალური სახელმწიფოებისათვის.1 მოლოტოვმა ითხოვა, რომ სხვა სახელმწიფოების რიცხვში, რომლებსაც მიეცემოდათ გაეროში გაწევრიანების უფლება, მიეთითებინათ ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ფინეთი, რაზეც იდენსა და ბირნსს პროტესტი არ გამოუთქვამთ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხოლოდ შენიშნა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ისევე როგორც იტალიის შემთხვევაში, მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რაც სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმაც მოიწონა. საბოლოო ჯამში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეექმნათ კომისია, რომელიც დააზუსტებდა საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღების საკითხებს.
1. როგორც შემდგომი დისკუსიიდან გაირკვა, ამ ქვეყნების ქვეშ ბრიტანელი და ამერიკელი დიპლომატები გულისხმობდნენ შვედეთს, პორტუგალიას და შვეიცარიას, თუმცა ამ უკანასკნელმა თავად განაცხადა უარი გაეროში შესვლაზე და მხოლოდ 2002 წელს გახდა მისი სრულუფლებიანი წევრი.
ამის შემდეგ საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები გადავიდნენ იალტის დეკლარაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე. მოლოტოვმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც ძალიან მკაცრ ტონში იყო დაწერილი. პირველ რიგში, საბჭოთა მხარე ითხოვდა, რომ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელობას უახლოეს ხანებში ეცნოთ რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობები, რომლებიც ასრულებდნენ კაპიტულაციის პირობებს და რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოკავშირეებს გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ომის დასკვნით ეტაპზე. გარდა ამისა, საბჭოთა მხარე ეხებოდა საბერძნეთში არსებულ სიტუაციას და გმობდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც თურმე „სამხედრო ძალებით ემუქრებოდა ალბანეთსა და ბულგარეთს“. ამასთან ის მოითხოვდა მთავრობის დაუყოვნებლივ რეორგანიზაციას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საბერძნეთში.
ჩვენი აზრით, ეს დოკუმენტი ერთგვარ იმპროვიზაციას წარმოადგენდა და სსრ კავშირის დელეგაციამ ის მართლაც პოტსდამში, ამერიკული წინადადებების ხილვის შემდეგ მოამზადა. ჩვენს ამ ეჭვებს აძლიერებს სტალინის მიერ გამოთქმული ფრაზა 18 ივლისს ჩერჩილთან პირადი შეხვედრის დროს. კერძოდ, საბჭოეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის მეტად გულნატკენი იყო ამერიკელების მიერ რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობების საკითხის წინ წამოწევით და უსამართლოდ მიაჩნდა ეს, რადგანაც სსრ კავშირი არ ერეოდა საბერძნეთის საქმეებში. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა დოკუმენტების კრებულში რატომღაც არ არის შესული ამ შეხვედრის ამსახველი მასალა, რაც, ჩვენი აზრით, ნამდვილად არ არის შემთხვევითი. სავსებით სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი გახდა სწორედ ე.წ. „საპროცენტო შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხები, რომლის არსებობასაც რუსული ისტორიოგრაფია (როგორც საბჭოთა პერიოდის, ისე პოსტსაბჭოთა) ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა. უნდა ითქვას, რომამ შემთხვევაში სტალინი ნამდვილად არ თვალთმაქცობდა და მართლაც იცავდა ჩერჩილის მოსკოვში ვიზიტის დროს, 1944წ. ოქტომბერში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის რეგიონის ქვეყნები გაყოფილ იქნა გავლენის სფეროებად.1 სწორედ ამიტომ სსრ კავშირს არ გამოუთქვამს არანაირი პროტესტი საბერძნეთში მიმდინარე პროცესებში ინგლისელების ჩარევის გამო. თავის მხრივ, არც ბრიტანელებს ჰქონიათ რაიმე რეაქცია, როდესაც საბჭოთა წარმომადგენლებმა რუმინეთის მეფე მიხაის მთავრობა შეაცვლევინეს. ასე რომ, ივლისისთვის ამ მიმართულებით შეთანხმება დაცული იყო. სწორედ ამიტომ ერთგვარად უცნაურიც კი ჩანს, რომ ამერიკელებმა ბულგარეთისა და რუმინეთის მთავრობების საკითხი დააყენეს დღის წესრიგში.
1. 1944წ. ოქტომბერში მიღწეული შეთანხმების თანახმად რუმინეთი, უნგრეთი და ბულგარეთი საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში აღმოჩნდა, საბერძნეთი დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს ერგო, ხოლო იუგოსლავია თანაბრად იქნა გაყოფილი).
ერთი შეხედვით, აქ შეიძლება ერთგვარი ჰიპოთეზის სახით იმის აღნიშვნა, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ უბრალოდ არ იცოდა ამ შეთანხმების შესახებ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ბირნსს, რომელიც იმყოფებოდა ყირიმის კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაციის შემადგენლობაში, არ გააჩნდა მონაცემები იქ რუზველტისა და სტალინის მიერ შორეული აღმოსავლეთის საკითხზე გაფორმებული შეთანხმების შესახებ, მსგავსი ვარაუდის გამოთქმა ნამდვილად იყო შესაძლებელი. მითუმეტეს, რომ კონფერენცია „ტოლსტოის“ დროს მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ-ს ელჩი სსრ კავშირში ავერელ ჰარიმანიც მონაწილეობდა, მაგრამ მას არ ჰქონდა ე.წ. „საპროცენტო შეთანხმების“ განხილვაზე დასწრების უფლება. შესაბამისად, ის ვერც სრულ ინფორმაციას მიაწვდიდა სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხთან დაკავშირებით.1
1. ჰარიმანმა შეძლო გარკვეული ინფორმაციის მოპოვება და მისი მიწოდება რუზველტისადმი.
მართალია, ჩერჩილმა რუზველტს კი აცნობა შედეგების შესახებ, მაგრამ მხოლოდ ზოგადად. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, ამგვარი ვარაუდის გამოთქმა შეცდომა იქნებოდა, რადგანაც უკვე 13 ოქტომბერს აშშ-ს ელჩმა თურქეთში ლოურენს სტეინჰარდტმა სახელმწიფო მდივანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დიდი სიზუსტით იყო გადმოცემული „საპროცენტო შეთანხმების“ არსი. ამერიკელმა დიპლომატმა ამცნო კორდელ ჰალს, რომ საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროში აღმოჩნდნენ ბულგარეთი (80%) და უნგრეთი (80%), ხოლო იუგოსლავია თანაბრად იქნა გაყოფილი.1 ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნდა შესაბამისი ინფორმაცია და რომ ბირნსს აშკარად გაცნობიერებული ჰქონდა საკუთარი წინადადებების სავარაუდო ეფექტი. როგორც ჩანს, მას პრინციპულად სურდა საკითხის განხილვა პოტსდამში, რაც აშკარად არ უნდა ყოფილიყო საბჭოთა დელეგაციის ინტერესებში.
ამერიკელთა წინადადებებმა გამოიწვია საბჭოთა მხარის მიერ საბერძნეთზე ყურადღების გადატანა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ პირველი მცდელობა სტალინს ჩერჩილთან ზემოაღნიშნული 18 ივლისის პირადი შეხვედრისას ჰქონდა. სწორედ მაშინ განაცხადა საბჭოეთის ლიდერმა, რომ თურმე ბერძნები ემუქრებოდნენ ბულგარეთს და ალბანეთს.2 სწორედ ამიტომ ჩერჩილმა მთავრობათა მეთაურების 19 ივლისის პლენარული სხდომის დასაწყისში ამცნო დამსწრე საზოგადოებას, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის საზღვარზე არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ბერძნებს საზღვარზე მხოლოდ 7 ათასი კაცი ჰყავდათ, მაშინ როდესაც მეორე მხრიდან მობილიზებული იყო 30 ათასი ალბანელი, 30 ათასი იუგოსლავი და 24 ათასი ბულგარელი ჯარისკაცი.
1. სტეინჰარდტის წყარო ამ შემთხვევაში იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი თურქეთში სერ მორის დრამონდ პიტერსენი.
2. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დოკუმენტების კრებულში ამ შეხვედრის მასალა არ არის დაფიქსირებული, ამ შემთხვევაში საბჭოთა რედაქტორებს მაინც „გაეპარათ“ ერთი შეცდომა, რადგანაც რუსულ ჩანაწერში მოყვანილია მთავრობათა მეთაურების 19 ივლისის სხდომაზე სტალინის რეპლიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ბულგარეთისა და ალბანეთის წინააღმდეგ ბერძნული აგრესიის შესახებ თქვა არა პლენარულ სხდომაზე, არამედ პირადი შეხვედრის დროს.
ამასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერმა სთხოვა „დიდ სამეულს“, გაეკეთებინა განცხადება, რომლითაც უნდა გაეფრთხილებინა მხარეები, არ დასხმოდნენ თავს ერთმანეთს, რადგანაც მსგავსი ქმედება უფრო დააზარალებდა მათ პრეტენზიებს სხვადასხვა ტერიტორიებთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ ჩერჩილის გამოსვლამ გამოიწვია სტალინის ერთგვარი გაგულისება. საბჭოეთის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ იყო მთავრობათა მეთაურების განსახილველი და რომ მან ის წამოჭრა პირადი საუბრის დროს. ჩერჩილი დაეთანხმა სტალინს, რომ ამ თემას ისინი კონფიდენციალური შეხვედრისას შეეხნენ, თუმცა დაიტოვა უფლება, დაბრუნებოდა მას უშუალოდ კონფერენციაზე, თუკი ის დღის წესრიგში იქნებოდა შეტანილი.
ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ინგლისელების რეაქცია, თუ საბჭოთა მხარე არ წამოწევდა საბერძნეთის საკითხს, მაგრამ, როგორც ჩანს, სსრ კავშირის დელეგაციის მიერ 20 ივლისის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე წარმოდგენილმა დოკუმენტმა ხელ-ფეხი გაუხსნა ბრიტანელებს. იდენმა, რომელიც ძლივს მალავდა აღშფოთებას, საბერძნეთთან დაკავშირებით ფაქტების სრული დამახინჯება უწოდა საბჭოთა განცხადებას. მისი თქმით, სსრ კავშირს არ გააჩნდა წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, თუმცა სრული უფლება ჰქონდა ამის გაკეთების. გარდა ამისა, იდენმა შენიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებს, მთელი მსოფლიოდან, შეეძლოთ საბერძნეთში ჩასვლა და იქ მიმდინარე მოვლენების ყოველგვარი ცენზურის გარეშე გაშუქება. ბრიტანელმა დიპლომატმა პირდაპირ განაცხადა, რომ ყოველივე ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელი იყო რუმინეთში ან ბულგარეთში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იყო საბერძნეთისაგან, რომლის მთავრობაც მზად იყო ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების ეგიდის ქვეშ.
იდენის ეს გამოსვლა აღმოჩნდა დასაწყისი საკმაოდ ხანგრძლივი კამათისა, რომელმაც სხდომის უდიდესი ნაწილი წაიღო. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ რუსულ ჩანაწერში პრაქტიკულად არ არის მოყვანილი აქ გამართული დებატები და მხოლოდ აღნიშნულია, რომ მხარეები სხვადასხვანაირად აფასებდნენ საბერძნეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში მიმდინარე მოვლენებს. აქვე მითითებულია, რომ მოლოტოვი დათანხმდა პრესისათვის უფრო თავისუფალი მოქმედების უფლების მინიჭებას, თუმცა ერთი სიტყვაც არ არის დაძრული იდენისა და ბირნსის მოთხოვნაზე რუმინეთსა და ბულგარეთში არჩევნების ჩატარების შესახებ.
მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მხარეებმა უბრალოდ განიხილეს აღნიშნული საკითხი და მცირე უთანხმოება ჰქონდათ პრესასთან დაკავშირებით, რომელიც იქვე აღმოიფხვრა კიდეც. სინამდვილეში კი პრესის საკითხი მხოლოდ ერთი მცირე ნაწილი იყო დისკუსიისა, რომელიც ძირითადად არჩევნების განხილვას დაეთმო. ბირნსმა პირდაპირ განაცხადა, რომ, იალტაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, უნდა მომხდარიყო თავისუფალი არჩევნების ჩატარება განთავისუფლებულ ქვეყნებში, რის შემდეგაც აშშ-ს ხელისუფლება უპრობლემოდ სცნობდა ახალ მთავრობას. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შექმნილ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება რუმინეთთან და ბულგარეთთან უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
მოლოტოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამერიკული და ბრიტანული დელეგაციების არგუმენტები. მან გაიმეორა, რომ საბერძნეთში არსებული მდგომარეობა გაცილებით უარესი იყო და გადაწვდა იტალიასაც, სადაც არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა, მაგრამ აშშ-ს უკვე ჰყავდა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლები. უნდა ითქვას, რომ მოლოტოვი ნამდვილად მართალი იყო იტალიასთან დაკავშირებით. პრინციპში, საბერძნეთში შექმნილი მდგომარეობაც, ერთი შეხედვით, უფრო მძიმე იყო, ვიდრე რუმინეთსა და ბულგარეთში, თუმცა, როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა,1 ორივე ამ ქვეყანაში საკმაოდ რთული ვითარება იყო და კომუნისტების ძალაუფლებას მხოლოდ საბჭოთა არმიის იქ ყოფნა განაპირობებდა. უფრო მეტიც, საბჭოთა მხარე არ რისკავდა ბულგარეთში ჩვეულებრივი არჩევნების ჩატარებას და შეადგინა ე.წ. „სია“, რომელშიც შევიდნენ რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები (ძირითად ნაწილს, რასაკვირველია, კომუნისტები წარმოადგენდნენ) და ხმის მიცემა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ამ სიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. იდენმა უმალ შეახსენა მოლოტოვს ამის შესახებ, თუმცა საბჭოთა დიპლომატმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან. მაშინ ბირნსმა განაცხადა, რომ თუ არჩევნები ჩატარდებოდა „დიდი სამეულის“ დამკვირვებლების გარეშე, ეს გამოიწვევდა ურთიერთობების გაუარესებას. ამავე დროს, ხალხისთვის თავისი ნების თავისუფლად გამოხატვის უფლების მიცემის შემთხვევაში ამერიკელი დიპლომატი პირობას დებდა, რომ აშშ სცნობდა ნებისმიერი სახის მთავრობას.
1. პირველ რიგში, აქ ყურადღებას გავამახვილებთ 1946წ. ჩატარებულ გაყალბებულ არჩევნებზე, რომლის შემდეგაც ისედაც მცირერიცხოვან ოპოზიციონერებს ბულგარეთსა და რუმინეთში საერთოდ წაართვეს არსებული მანდატებიც.
როგორც ჩანს, მოლოტოვი მიხვდა, რომ ამ საკითხის გარშემო კამათი მისთვის არცთუ სახარბიელო იყო და სასწრაფოდ გადაიტანა ყურადღება საბერძნეთზე, რომელსაც ბრალად დასდო აგრესიული ზრახვები მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. იდენმა პასუხად აღნიშნა, რომ მან იცოდა იუგოსლავიური პრესის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. საბჭოთა დიპლომატმა, მართალია, უარყო რაიმე კავშირი საბჭოთა დოკუმენტსა და იუგოსლავიის მთავრობას შორის, მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უმალ გაუსვა ხაზი ერთი და იმავე ფორმულირებებს. უფრო მეტიც, მან პირდაპირ დაადანაშაულა მოსკოვი და ბელგრადიარასწორი ინფორმაციის გავრცელებაში.
სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, განეცხადებინა, თითქოს საბერძნეთის მთავრობის განცხადებები საკუთრივ ბრიტანული პრესიდან იყო ამოღებული. მოლოტოვის ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, ყველაფრის ყირამალა დაყენების მცდელობა იყო. საქმე იმაშია, რომ სწორედ საბჭოთა მხარის წაქეზებით, იუგოსლავია ღიად უჭერდა მხარს პროკომუნისტურ ძალებს საბერძნეთში და მოგვიანებით ხელი შეუწყო კიდეც ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას ეპირში. ასე რომ, ეს იყო რუსული დიპლომატიის კლასიკური ნიმუში, თუმცა ამ შემთხვევაში ამერიკელები და, განსაკუთრებით, ბრიტანელები აშკარად არ აპირებდნენ საბჭოთა მხარისათვის დათმობას. იდენმა ისიც კი აღნიშნა, რომ მას უნდა გადაეცა მოლოტოვის მიერ მიწოდებული დოკუმენტი ჩერჩილისათვის, რადგანაც ის შეიცავდა სერიოზულ ბრალდებებს ინგლისის მთავრობის მისამართით. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა სცადა იდენის დამშვიდება და განაცხადა, რომ პრეტენზიები მხოლოდ საბერძნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო გამოთქმული, მაგრამ ბრიტანელმა დიპლომატმა უმალ უპასუხა, რომ ამ ქვეყანაში იდგა ინგლისის სამხედრო შენაერთები და, შესაბამისად, საბჭოთა ბრალდებები მათაც ეხებოდა.
მიუხედავად ასეთი სერიოზული დიპლომატიური ზეწოლისა, რომელიც მოახდინეს იდენმა და ბირნსმა მოლოტოვზე, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მაინც არ დაიხია უკან და ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის ბოლოს, რომ საბჭოთა მხარეს კვლავინდებურად დაუშვებლად მიაჩნდა რუმინეთსა და ბულგარეთში არჩევნების ჩატარება „დიდი სამეულის“ ეგიდით. ასე რომ, დეკლარაციის ტექსტის განხილვა პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა.
იმავე დღეს, მთავრობათა მეთაურების სხდომაზე „დიდი სამეულის“ ლიდერები შეეხნენ იტალიის საკითხს. უნდა ითქვას, რომ დისკუსია პრაქტიკულად იმავე არგუმენტების მოშველიებით გაგრძელდა, რომელსაც საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები იყენებდნენ. აშშ-ს დელეგაციამ წარმოადგინა პროექტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო დაზავებისა და იტალიის კაპიტულაციის პირობების ამსახველი დოკუმენტების შეცვლა. ამერიკელებს მიაჩნდათ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ იტალიის მთავრობა შეინარჩუნდებდა მხოლოდ იმ სამხედრო, საზღვაო თუ საჰაერო ძალებს, რომელთა ყოლის უფლებასაც ექნებოდა მოკავ- შირეების მხრიდან. აღნიშნულ შემთხვევაში, იტალიაზე კონტროლი განხორციელდებოდა მხოლოდ იმ მასშტაბებით, რაც აუცილებელი იქნებოდა სამხედრო თვალსაზრისით და ტერიტორიული დავების სამართლიანი გადაწყვეტისათვის.
სტალინს რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს ამერიკული წინადადების მიმართ, თუმცა სასურველად ჩათვალა, რომ საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრებს განეხილათ. ამავე დროს, მისი თქმით, სასურველი იყო აქვე მოეხსენებინათ ფინეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, რაც ტრუმენმაც მოიწონა. სამაგიეროდ, ჩერჩილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა იტალიასთან დაზავების პირობების გაუქმება იქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებამდე. ამავე დროს, ინგლისის პრემიერს იტალია, მიუხედავად ყველა იმ პრობლემისა, რომელიც მან შეუქმნა ბრიტანეთის იმპერიას, ბულგარეთზე უფრო მეტად ესიმპათიურებოდა. ჩერჩილის თქმით, ამ ბალკანურმა სახელმწიფომ ბევრი დანაშაული ჩაიდინა საბერძნეთსა და იუგოსლავიაში, ხელი შეუშალა თურქეთის ომში ჩართვას იმ დროს, როდესაც ეს განსაკუთრებით ეფექტური იქნებოდა და ცუდად ეპყრობოდა ტყვეებს. ინგლისის პრემიერს უკვირდა, რომ არ იყო წინადადება ბულგარეთის განიარაღებისა და მისთვის რეპარაციების დაკისრების შესახებ. შესაბამისად, ჩერჩილს ერჩივნა სამშვიდობო ხელშეკრულების იტალიასთან გაფორმება და არა ბულგარეთთან.
სტალინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ იტალიამ საბჭოთა კავშირსაც მიაყენა დიდი ზარალი, ისევე როგორც რუმინეთმა და ფინეთმა. მას არ უარუყვია არც ბულგარეთის უარყოფითი გავლენა სიტუაციაზე ბალკანეთში,1 თუმცა იქვე განაცხადა, რომ ბულგარელები გადაუხდიდნენ რეპარაციებს იუგოსლავიას და საბერძნეთს. საბჭოეთის ლიდერი მიიჩნევდა, რომ „დიდ სამეულს“ არ უნდა ეფიქრა შურისძიებაზე და საჭირო იყო გერმანიის ყოფილი მოკავშირეების მდგომარეობის შემსუბუქება. ამისათვის კი ის სთავაზობდა ჩერჩილს და ტრუმენს, აღედგინათ დიპლომატიური ურთიერთობები მათთან, მითუმეტეს, რომ ინგლისს და აშშ-ს უკვე ჰქონდათ ეს გაკეთებული იტალიასთან, საფრანგეთსა და ბელგიასთან. სტალინის პასუხად, აშშ-ს პრეზიდენტმა შენიშნა, რომ ნამდვილად იყო შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა გერმანიის ყველა მოკავშირესთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე და სასურველად ჩათვალა ამ საკითხის გადაცემა განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის. საბოლოო ჯამში, „დიდი სამეულის“ ლიდერები სწორედ ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ ამ შემთხვევაში მაინცდამაინც საკამათო არც არაფერი იყო. იდენმა, ბირნსმა და მოლოტოვმა სწრაფად დაასკვნეს, რომ მთელი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, ერთი განცხადება უნდა გაკეთებულიყო თუ ორი. ეს საკითხი კი ისევ „დიდი სამეულის“ ლიდერების გასარკვევი იყო.
1. ბულგარეთს სსრ კავშირის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
ამავე დღეს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სხდომაზე უნდა გაგრძელებულიყო განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ამერიკულმა დელეგაციამ წარმოადგინა კიდეც ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა იტალიაში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში არჩევნების „დიდი სამეულის“ დამკვირვებლების ეგიდით ჩატარებას და პრესისათვის ინფორმაციის თავისუფლად გადაცემის უფლების მინიჭებას. წინა პროექტისაგან განსხვავებით, აქ უკვე იტალიაც იყო დამატებული, ასე რომ, ეს ერთგვარად კომპრომისული ვარიანტი იყო, თუმცა მისი განხილვა გადაიდო, რადგანაც მოლოტოვმა დოკუმენტის გასაცნობად დრო ითხოვა.
შედეგად, დებატები ამ საკითხის გარშემო განახლდა 22 ივლისს. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა სასტიკი უარი განაცხადა ამერიკელების წინადადებაზე. მისი თქმით, არ არსებობდა არანაირი საფუძველი არჩევნებზე დაკვირვებისათვის. ამავე დროს, მოლოტოვმა ჩათვალა, რომ პრესისთვის პირობები ისედაც გაუმჯობესებული იყო და ამის ხსენება დოკუმენტში აუცილებელი არ იყო. კამათმა კვლავ საკმაოდ დაძაბული ხასიათი მიიღო. მოლოტოვი სისტემატურად აკეთებდა აქცენტს იტალიაში არსებულ ვითარებაზე და სწორედ ის მიაჩნდა სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო მოდელად. მისი განცხადებით, რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში მოკავშირეთა წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ ზუსტად ის უფლებები, რაც გააჩნდა საბჭოთა მხარეს იტალიაში. საბოლოო ჯამში, შეთანხმების მიღწევა კვლავინდებურად ვერ მოხერხდა და გადაწყდა კომისიის გამოყოფა, რომელიც დაახლოებდა მხარეთა პოზიციებს და შეათანხმებდა დოკუმენტის ტექსტს.
24 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრები მიუბრუნდნენ გერმანიის ყოფილი მოკავშირეების საკითხს და საკმაოდ ცხარე დისკუსიაც გამართეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ამერიკელებისა და ბრიტანელების მიერ შემუშავებული დოკუმენტი. დასავლეთელი მოკავშირეები საჭიროდ თვლიდნენ იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების სასწრაფოდ გაფორმებას და მის მიღებას გაეროში. ამავე დროს, ისინი აცხადებდნენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანება შეეძლო ნებისმიერ სხვა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს, მათ შორის, იმ ნეიტრალური ქვეყნებს, რომლებიც შეესაბამებოდნენ გაეროს წესდების პუნქტებს. ამავე დროს, მოკავშირეები აღნიშნავდნენ, რომ ესპანეთის ხელისუფლება არანაირად არ აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნებს და მისი განაცხადი, წარდგენის შემთხვევაში, უარყოფილი იქნებოდა. მოლოტოვს არ მოეწონა იდენისა და ბირნსის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რადგანაც, მისი აზრით, საჭირო იყო რუმინეთთან, ბულგარეთთან, ფინეთსა და უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და ამის დაფიქსირება განცხადებაში. საბჭოთა დიპლომატმა უარიც კი განაცხადა განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, თუ მისი წინადადება გათვალისწინებული არ იქნებოდა.
როგორც ჩანს, მოლოტოვის ხისტმა პოზიციამ გააბრაზა იდენი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ რუმინეთისა და ბულგარეთის მთავრობები წარმოადგენდა უმცირესობის მთავრობებს, რომლებიც ძირითადად კომუნისტებისაგან შედგებოდა და დასავლეთელი მოკავშირეებიც სწორედ ამიტომ ამბობდნენ უარს მათ ცნობაზე.1 როდესაც სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა აღნიშნა, რომ კომუნისტების რაოდენობა რუმინეთისა და ბულგარეთის ხელისუფლებაში მცირე იყო, ინგლისელმა დიპლომატმა, ბუნებრივია, არ დაიჯერა ეს. მაშინ მოლოტოვმა განაცხადა, რომ რუმინეთში საერთოდ მეფემ დანიშნა მთავრობა, მაგრამ იდენმა შეახსენა მას, რომ ეს ა. ვიშინსკის „მცირე დახმარების“ შემდეგ მოხდა. აქ საუბარში თავად ვიშინსკიც ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, თითქოს მისი წყალობით მთავრობაში ბევრი არაკომუნისტი მოხვდა.1 ბირნსმა სცადა მხარეების მორიგება და წარმოადგინა შესწორება, რომელიც პრაქტიკულად იტალიის მსგავსი ფორმულირებით მოიხსენიებდა ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და ფინეთს და განსხვავდებოდა მხოლოდ იმით, რომ ამ ქვეყნების მთავრობებს სიტყვა „პასუხისმგებელი“ ერთვოდა წინ. მიუხედავად ამისა, მოლოტოვმა ჩათვალა, რომ აღნიშნული წინადადების ჩამოყალიბება უკეთესადაც შეიძლებოდა და მოითხოვა, საკითხი უშუალოდ მთავრობათა მეთაურების სხდომაზე განეხილათ.
1. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებით ვიშინსკიმ თავადვე დაადასტურა თავისი გადამწყვეტი როლი რუმინეთის მთავრობის ფორმირებაში.
იმავე დღეს განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციისა და გერმანიის ყოფილი სატელიტების გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხები კვლავ უშუალოდ მთავრობათა მეთაურების განხილვის საგნად იქცა. აშშ-ს დელეგაციამ წარმოადგინა წინადადება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს თავდაპირველად განეხილა იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავების საკითხი და სასწრაფოდ დაესრულებინა ის, რათა იტალია დროულად შესულიყო გაეროში. ამერიკელები კვლავინდებურად ხაზს უსვამდნენ, რომ შეუძლებლად თვლიდნენ ესპანეთის გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბრიტანელებმა მოიწონეს აშშ-ს დელეგაციის პროექტი, მაგრამ სტალინისათვის ის მიუღებელი აღმოჩნდა. საბჭოეთის ლიდერის აზრით, იტალია არანაირად არ უნდა ყოფილიყო გამორჩეული დანარჩენი სატელიტებისაგან, რომლებმაც გაცილებით ნაკლები ზარალი მიაყენეს მოკავშირეებს. მისთვის განსაკუთრებით გაუგებარი იყო ეს იმ ფონზე, რომ იტალიაში არ ჩატარებულა არჩევნები. აქ საუბარში მოლოტოვიც ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ იტალიას უკვე გააჩნდა დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთელ მოკავშირეებთან, მაშინ როდესაც გერმანიის ყოფილ სხვა სატელიტები ჯერ კიდევ ელოდნენ თავიანთ რიგს.
ტრუმენისათვის მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოთა მხარის არგუმენტები. მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ბულგარეთთან, რუმინეთსა და უნგრეთთან შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ თავისუფალი არჩევნების შედეგად მათი მთავრობების რეორგანიზაციის შემდეგ. ამას მოჰყვა მაშინ საბჭოთა დელეგაციის რეპლიკა იმის შესახებ, რომ ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლებს შეზღუდული უფლებები გააჩნდათ იტალიაში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელებმა და ამერიკელებმა პასუხის გარეშე დატოვეს ეს რეპლიკა, თუმცა მანამდე ისინი ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა. გარდა ამისა, სტალინმა სცადა ტრუმენის დარწმუნება, რომ რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობები უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე იტალიისა, თუმცა აქედან არაფერი გამოუვიდა. მის კოლეგებზე არ იმოქმედა არც არგენტინის ხსენებამ, რომელიც, საბჭოთა ლიდერის თქმით, სულაც არ წარმოადგენდა დემოკრატიულ სახელმწიფოს მაგრამ მაინც გახდა გაეროს წევრი.
მაშინ სსრ კავშირის დელეგაციამ სხვა მხრიდან სცადა მოვლა. სტალინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს და სსრ კავშირს გააჩნდათ დიპლომატიური ურთიერთობები იტალიასთან, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს კი არ ჰყავდათ ელჩები. ჩერჩილმა პასუხად განაცხადა, რომ ინგლისელები თავის წარმომადგენელს ელჩად აღიქვამდნენ, მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა. საბჭოეთის ლიდერმა უმალ ითხოვა, რომ ინგლისელებს ასეთი ელჩები გაეგზავნათ რუმინეთსა და ბულგარეთში, რის წინააღმდეგაც გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერი. მან დაასაბუთა, რომ იტალია მცირე ხნის წინ იქნა სრულად განთავისუფლებული და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი მთავრობის რეორგანიზება, განსხვავებით ბულგარეთისა და რუმინეთისა, რომლებიც თითქმის ერთი წლით ადრე გადავიდნენ მოკავშირეთა მხარეს. მიუხედავად ამისა, იტალიაში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო თავისუფლების თვალსაზრისით, ვიდრე რუმინეთსა და ბულგარეთში, სადაც მოკავშირეთა წარმომადგენლებს საკუთარი მისიების ფარგლებს გარეთ ფეხის გადგმაც კი უჭირდათ.
ჩერჩილის ამ სიტყვებმა, როგორც ჩანს, გააღიზიანა სტალინი, რომელმაც უბრალოდ „ზღაპარი“ უწოდა ბრიტანეთის პრემიერის გამოსვლას. უფრო მეტიც, მისი თქმით, სწორედ საბჭოთა წარმომადგენელს არ გააჩნდა არანაირი უფლებები იტალიაში, რადგანაც ის საკონტროლო კომისიის წევრიც კი არ იყო. აქ უკვე ტრუმენიც ჩაერთო საუბარში და განაცხადა, რომ დასავლეთელ მოკავშირეთა დიპლომატებს ნამდვილად უჭირდათ გადაადგილება და ინფორმაციის მოპოვება რუმინეთსა და ბულგარეთში. ამის შედეგად კამათი ახალი ძალით გაჩაღდა. მოლოტოვმა ითხოვა დოკუმენტში ჩაწერილიყო ფრაზა, რომლის თანახმადაც თითოეული სახელმწიფო თვითონ დაამყარებდა დიპლომატიურ ურთიერთობებს გერმანიის ყოფილ სატელიტებთან, რაც, სხვათა შორის, აშშ-ს პრეზიდენტსაც მოეწონა, მაგრამ ჩერჩილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ეს არ ცვლიდა საქმის ვითარებას, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ უახლოეს ხანებში ეცნოთ ეს სახელმწიფოები, მაგრამ ეს აშკარად არ მოხდებოდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის პოზიციის გამო. საბოლოო ჯამში, დოკუმენტი დაუბრუნდა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს ტექსტის შესათანხმებლად.
26 ივლისს გაიმართა ქვეკომიტეტის სხდომა, რომელსაც ევალებოდა ტექსტის შემუშავება იალტის დეკლარაციის განხორციელების თაობაზე. შეხვედრისას გაირკვა, რომ საბჭოთა მხარეს, რომელსაც წარმოადგენდნენ ა. გრომიკო და ს. გოლუნსკი, ჰქონდა ახალი წინადადება, მაგრამ ის მიუღებელი აღმოჩნდა მოკავშირეებისათვის. ბრიტანელებს და ამერიკელებს არ მოეწონათ, რომ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი ადგილობრივი პრესის უფლებებზე, ხოლო საბერძნეთთან დაკავშირებით გრძელდებოდა უსაფუძვლო ბრალდებები. შედეგად, შეჯერებული იქნა მხოლოდ რუმინეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში მოქმედი საკონტროლო კომისიების მუშაობის წესი და გაუმჯობესდა ამ ქვეყნებში დასავლეთელი მოკავშირეების წარმომადგენლების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ 1 აგვისტოს იქნა დამტკიცებული მთავრობათა მეთაურების მიერ.
საკითხის განხილვა უნდა გაგრძელებულიყო 27 ივლისს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელთა სხდომაზე, მაგრამ მათ უარი თქვეს დეკლარაციის განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების მსჯელობაზე. სამაგიეროდ, გაგრძელდა კამათი გერმანიის სატელიტების გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც უშედეგო გამოდგა და გადაწყდა საკითხის გადაცემა უშუალოდ „დიდი სამეულის“ ლიდერებისათვის. მართლაც, მომდევნო დღეს სტალინმა, ტრუმენმა და ეტლიმ იმსჯელეს ამ პრობლემაზე. საბჭოთა მხარე კვლავინდებურად ითხოვდა, რომ ბრიტანელებს და ამერიკელებს დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობები რუმინეთთან, უნგრეთთან და ბულგარეთთან, მაგრამ წააწყდა ინგლისელთა წინააღმდეგობას, რის გამოც საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო.
30 ივლისისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ გაერთიანებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხორციელებისათვის საჭირო ზომების შეთანხმება შეუძლებელი იყო და, შედეგად, ამერიკულმა მხარემ შეცვალა ტაქტიკა. მოლოტოვთან შეხვედრისას ბირნსმა წარმოადგინა ახალი დოკუმენტი, რომელიც მოკავშირეებს მოუწოდებდა, უსწრაფეს დროში მოეწესრიგებინათ ურთიერთობები იტალიასთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და ფინეთთან. სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ ამ ქვეყნებს მიეცემოდათ გაეროში გაწევრიანების უფლება. ამავე დროს, „დიდი სამეულის“ წევრებს უფლება ეძლეოდათ, ჯერ კიდევ ასეთი დოკუმენტების შემუშავებამდე თავისი ნება-სურვილით დაემყარებინათ დიპლომატიური ურთიერთობები აღნიშნულ სახელმწიფოებთან.
გერმანიის სხვა სატელიტებთან შედარებით, იტალიას მხოლოდ ერთი უპირატესობა ეძლეოდა: სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება მასთან დაჩქარებული ტემპით უნდა მომხდარიყო, რასაც ამერიკელები სავსებით არგუმენტირებულად ამართლებდნენ იმით, რომ იტალიამ პირველმა გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეების წინაშე. ბირნსმა ფაქტობრივად გაიზიარა საბჭოთა მხარის მიდგომა პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. ამერიკელთა წინადადებაში მოთხოვნილი იყო მხოლოდ მოკავშირეთა ჟურნალისტების უფლებების დაცვა უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ფინეთში და არაფერი იყო ნათქვამი მასმედიის ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის ნორმალური პირობების შექმნაზე. და ბოლოს, ესპანეთის გაეროში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ს დელეგაცია მკვეთრად უარყოფით აზრს გამოთქვამდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოლოტოვმა საბოლოო პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ეს დოკუმენტი სავსებით მისაღები იყო საბჭოთა მხარისათვის.
მართლაც, 31 ივლისს, მთავრობათა მეთაურების სხდომაზე სტალინმა გაიზიარა ამერიკელების წინადადება. საბოლოო ფორმულირება კი შეთანხმებული იქნა მომდევნო დღეს, მთავრობათა მეთაურების ბოლო, მე-13 პლენარულ სხდომაზე. მანამდე კი, საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრისას, გაიმართა საკმაოდ სერიოზული კამათი რადიორეპორტიორების ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებთან გათანაბრებასთან დაკავშირებით. ამერიკელები და ბრიტანელები აცხადებდნენ, რომ რადიოში მომუშავე ჟურნალისტები არაფრით განსხვავდებოდნენ ჟურნალ-გაზეთებში მოღვაწე კოლეგებისაგან, მაგრამ საბჭოთა მხარემ არ გაიზიარა მათი ეს მოსაზრება. შედეგად, რადიორეპორტიორები არც კი ახსენეს კომუნიკეში, რაც სტალინის კიდევ ერთ გამარჯვებას წარმოადგენდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საბჭოეთის ლიდერმა თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია. მან პრაქტიკულად გაუთანაბრა ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი იტალიას, ესპანეთის გაეროში გაწევრიანებაზე კი მოკავშირეებს უარი ათქმევინა. გარდა ამისა, საბერძნეთის საკითხის წინ წამოწევით სტალინმა არ დაუშვა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არჩევნებზე დაკვირვების საშუალება. ამავე დროს, მან შეძლო პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები შემოეფარგლა მხოლოდ მოკავშირეთა ბეჭდვითი მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტებით. საბჭოთა ლიდერმა აგრეთვე მოახერხა განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხილვის დაბლოკვა და ფიქციად აქცია აღნიშნული დოკუმენტი. ასე რომ, ეს საკითხი ფაქტობრივად სტალინის სრული გამარჯვებით დასრულდა.
$7. თურქეთისა და შავი ზღვის სრუტეების საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე
პოტსდამის კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული საკითხი, რომელსაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო, იყო თურქეთისა და შავი ზღვის სრუტეების პრობლემა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ საკითხის განხილვა ჯერ კიდევ კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე დაიწყო, მთავრობათა მეთაურების სხდომების დღის წესრიგში კი ის შევიდა 21 ივლისს, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ინიციატივით. მიუხედავად ამისა, იმ დღეს დისკუსიის გამართვა ამ პრობლემის გარშემო ვერ მოხერხდა, ვინაიდან მხარეებმა მთელი დრო დაუთმეს პირველ პუნქტად შეტანილ პოლონეთის საკითხს. შედეგად, თურქეთის გარშემო საუბარი შედგა მომდევნო დღეს, „დიდი სამეულის“ ლიდერების მე-6 პლენარულ სხდომაზე.
როგორც უკვე აღინიშნა, საკითხის წინ წამოწევის ინიციატორი ბრიტანეთის დელეგაცია იყო. ამჯერადაც სწორედ ჩერჩილმა დაიწყო საუბარი თურქეთის პრობლემის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერმა მეტად ოსტატურად ააგო თავისი სიტყვა. მან თავიდანვე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებლად უნდა მომხდარიყო მონტრეს კონვენციის რევიზია და რომ ის მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირის პრეტენზიებს ამ მიმართულებით. ჩერჩილმა გაიხსენა ისიც, რომ ამის თაობაზე მან დაპირებაც მისცა საბჭოთა მხარეს. ამის შემდეგ კი ინგლისის პრემიერმა გამოთქვა თავისი შეშფოთება სსრ კავშირის ხელმძღვანელობის უკანასკნელი ქმედებებით. მისი თქმით, ბულგარეთში საბჭოთა და ბულგარული არმიების კონცენტრაციამ, საბჭოთა პრესაში და რადიოგადაცემებში თურქეთზე განუწყვეტელმა პროპაგანდისტულმა შეტევებმა და მოსკოვში გამართულმა მოლაპარაკებებმა მოლოტოვსა და თურქეთის ელჩ სელიმ სარპერს შორის სერიოზულად შეაშფოთა ოფიციალური ანკარა.
ჩერჩილმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს აშინებდა საბჭოთა მხარის მიერ საზღვრის გადასინჯვისა და სრუტეებში სსრ კავშირის ბაზის განთავსების მცდელობა, რადგანაც ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ერთიანობასა და კონსტანტინოპოლს.1 მართალია, ბრიტანეთის პრემიერმა აქვე აღნიშნა, რომ, როგორც მას ესმოდა, ეს არ იყო მოთხოვნა და მხოლოდ საბჭოთა მხარის წინაპირობას წარმოადგენდა თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ, მაგრამ იქვე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოფიციალური ანკარა მაინც გამოხატავდა სერიოზულ შეშფოთებას. ამიტომ ჩერჩილს სურდა გაეგო, თუ როგორი იყო საბჭოთა მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის დელეგაცია აშკარად თვალთმაქცობდა ამ შემთხვევაში. ინგლისელები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა გეგმები გააჩნდა საბჭოთა კავშირს თურქეთთან მიმართებაში. ლონდონში გამართული მოლაპარაკებების დროს იდენმა მხარი დაუჭირა თურქებს არა მარტო ტერიტორიების საკითხში, არამედ სრუტეებთან დაკავშირებითაც. ინგლისელებმა პირდაპირ წააქეზეს თურქები, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ თავის პოზიციებზე და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმებოდნენ საბჭოთა მოთხოვნებს. ბრიტანელების მსგავსად, ამერიკულმა დელეგაციამაც შეისწავლა აღნიშნული საკითხი კონფერენციის დაწყების შემდეგ. უფრო მეტიც, საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავა გაერთიანებული შტაბების კომიტეტმაც. სამხედროებმა პირდაპირ აღნიშნეს, რომ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსები თურქეთის დასაცავად, თუ საბჭოთა კავშირი დააპირებდა სრუტეების საკითხის შეიარაღებული გზით გადაწყვეტას. ამიტომ მათ საჭიროდ მიაჩნდათ დროის გაწელვა და პრობლემის საერთო სამშვიდობო კონფერენციაზე გატანა. სამხედროების თქმით, თუ მოხდებოდა ბოსფორისა და დარდანელის სრული ნეიტრალიზაცია, ეს აშშ-ს ხელისუფლებისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურქეთის გარდა რომელიმე სხვა სახელმწიფოს (იგულისხმ. სსრკ) კონტროლის ქვეშ სრუტეების აღმოჩენა უკვე ამერიკელებისთვის საზიანო იქნებოდა.
აღნიშნული წინადადება თითქმის მთლიანად მოიწონა სახელმწიფო დეპარტამენტმაც, თუმცა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საქმეების განყოფილების დირექტორის მოადგილე ჯ. ალენმა შეუძლებლად მიიჩნია ბოსფორისა და დარდანელის დემილიტარიზაცია თურქეთის წინააღმდეგობის გამო და ნეიტრალიზაციის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებლად ჩათვალა მხოლოდ ოფიციალური ანკარის თანხმობის შემთხვევაში. ასე რომ, ბრიტანელებიც და ამერიკელებიც კარგად იყვნენ მომზადებულნი თურქეთის საკითხის განხილვისათვის.
ჩერჩილის გამოსვლის შემდეგ საბჭოთა პოზიციის დაფიქსირება სტალინმა მოლოტოვს დაავალა. ჩვენი აზრით, ეს არ არის შემთხვევითი. საბჭოეთის ლიდერი საკმაოდ ხშირად მიმართავდა ამ მეთოდს მოლაპარაკებებისას, როდესაც სურდა იმის ჩვენება, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ბუნებრივია, სინამდვილეში ეს ტაქტიკა მიზნად ისახავდა სსრ კავშირის დელეგაციის პოზიციების გაძლიერებას მოლაპარაკებების დროს. თუმცა ამ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ სტალინს უბრალოდ საერთოდ არ სურდა აღნიშნული საკითხის კონფერენციაზე განხილვა. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა, საბჭოთა მხარე მზად იყო განეხილა სრუტეების საკითხი პოტსდამში, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებაზე მოლაპარაკებები ინგლისელებთან და ამერიკელებთან სტალინს არაფერში არ სჭირდებოდა. ამას გარკვეულწილად ადასტურებს მოლოტოვის გამოსვლაც.
სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა თავისი სიტყვა დაიწყო ახსნა-განმარტებებით, თუ რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი. მან აღნიშნა, რომ ივნისის დასაწყისში ოფიციალური ანკარისაგან წამოვიდა წინადადება სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების შესახებ. მოლოტოვმა მიუთითა, რომ საბჭოთა მხარემ შესაძლებლად ჩათვალა ასეთი დოკუმენტის გაფორმება, თუ აღდგებოდა სამართლიანობა და თურქეთი დააბრუნებდა 1921წ. საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა საქართველოსაგან მიტაცებულ ყარსის, ართვინისა და არდაგანის ოლქებს.1 აქვე მან წარმოადგინა ამ ტერიტორიების რუკა.1
1. როგორც ვხედავთ, მოლოტოვი კვლავ ხაზს უსვამს, თითქოს ეს ტერიტორიები საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა საქართველოსთვის იქნა წართმეული. სინამდვილეში კი ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ ოფიციალური მოსკოვი იყო ყარსის ხელშეკრულების გაფორმების მთავარი ინიციატორი და იმ პერიოდში თურქეთს თავის მოკავშირედ განიხილავდა. როგორც ჩანს, 1945წ. საბჭოთა მხარემ, მოკავშირეებზე ზემოქმედების მიზნით, გადაწყვიტა საკითხი ისე გაეშუქებინა, თითქოს აღნიშნული ტერიტორიები უშუალოდ სსრ კავშირისთვის იყო წართმეული, თუმცა ბრიტანელებმა და ამერიკელებმა უბრალოდ უყურადღებოდ დატოვეს ეს პასაჟი.
მიუხედავად ამგვარი შესავლისა, მოლოტოვს აშკარად ეტყობოდა, რომ ამ საკითხზე მსჯელობის გამართვა საბჭოთა დელეგაციის ინტერესებში არ შედიოდა. ის სასწრაფოდ გადავიდა სრუტეების პრობლემაზე და მოითხოვა მონტრეს კონვენციის რევიზია. საბჭოთა პოზიციებს აქ ნამდვილად აძლიერებდა ის გარემოება, რომ მონტრეს კონვენციის ერთ-ერთი გარანტი იყო იაპონია, რაც უდავოდ ანაქრონიზმს წარმოადგენდა 1945წ. მოლოტოვმა ისიც აღნიშნა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება არ იყო მზად ტერიტორიების საკითხის გადასაწყვეტად, მაშინ საბჭოთა მხარე დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ სრუტეების პრობლემის მოგვარებით და გადასცა კიდეც ჩერჩილს და ტრუმენს დოკუმენტი, რომელშიც მოყვანილი იყო საბჭოთა გეგმა. სწორედ მოლოტოვის მიერ გაკეთებული უკანასკნელი რეპლიკა და, აგრეთვე, საბჭოთა მხარის წინადადების შინაარსი, სადაც ერთი სიტყვითაც კი არ იყო ნახსენები ტერიტორიების საკითხი, გვაფიქრებინებს, რომ სტალინი არ იყო დაინტერესებული ამ პრობლემის ამერიკელებსა და ინგლისელებთან განხილვით. საბჭოთა გეგმა ითვალისწინებდა სრუტეებზე საბჭოთა კავშირის ბაზის შექმნას და ბოსფორისა და დარდანელის ერთობლივ გაკონტროლებას მოსკოვისა და ანკარას მიერ.
საბჭოთა მხარის წინადადების გაცნობის შემდეგ ჩერჩილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს გეგმა სცილდებოდა მანამდე გამართული მოლაპარაკებების დროს გამოთქმული ვარიანტების ფარგლებს. მან გამოთქვა ეჭვი, რომ თურქები არასდროს არ დათანხმდებოდნენ საბჭოთა კავშირის ბაზის შექმნას სრუტეებში.1 მოლოტოვმა პასუხად შენიშნა, რომ ამგვარი ხელშეკრულებების რუსეთსა და თურქეთს შორის მანამდეც არსებობდა და გაიხსენა 1805წ. შეთანხმება და 1833წ. უნკიარ-ისკელესის ხელშეკრულება. სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა პირდაპირ მიუთითა, რომ დასახელებული შეთანხმებები სრუტეებზე რუსეთისა და თურქეთის ერთობლივ კონტროლს ამყარებდა.2 როგორც ჩანს, ჩერჩილმა არ დაიჯერა მოლოტოვის ეს სიტყვები და აღნიშნა, რომ ის უნდა გაცნობოდა ამ ხელშეკრულებებს. ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ის კვლავინდებურად მზად იყო, ზემოქმედება მოეხდინა თურქეთის მთავრობაზე მონტრეს კონვენციის რევიზიის მიზნით, თუმცა ახალ წინადადებებთან მიმართებაში ბრიტანეთის პრემიერი იტოვებდა თავისუფლად მოქმედების უფლებას, რაც სტალინმაც დაუდასტურა. თავის მხრივ, ტრუმენმაც განაცხადა, რომ ის მზად არ იყო საკუთარი აზრის გამოსათქმელად და ითხოვა დრო საბჭოთა წინადადებების შესასწავლად, რის შემდეგაც საკითხის განხილვა გადაიდო.
1. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინგლისის მთავრობა ყველანაირად უწყობდა ხელს, რათა თურქებს არ მიეღოთ საბჭოთა წინადადებები.
2. მოლოტოვი მთლად სწორი არ იყო ამ შემთხვევაში. აღნიშნული შეთანხმებებით მყარდებოდა არა ერთობლივი კონტროლი სრუტეებზე, არამედ რუსეთს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერ დროს გაეყვანა სამხედრო ფლოტი სრუტეებში. ვინაიდან დასახელებული ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფოებს ასეთ უფლებას უკრძალავდა, ეს მართლაც იყო რუსეთის დიპლომატიის დიდი წარმატება, თუმცა ორივე შემთხვევაში შეთანხმებები საკმაოდ სწრაფად იქნა გადასინჯული.
თურქეთის საკითხს მხარეები დაუბრუნდნენ 23 ივლისს, მთავრობათა მეთაურების სხდომაზე. ტრუმენმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ბრიტანეთის პრემიერს არ ჰქონდა დასრულებული საკუთარი აზრის გამოთქმა პრობლემასთან დაკავშირებით და სიტყვა გადასცა მას, თუმცა, როგორც გაირკვა, ჩერჩილს არაფერი არ ჰქონდა დასამატებელი. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ის მხარს ვერ დაუჭერდა საბჭოთა კავშირის ბაზის გახსნას სრუტეებში და რომ თურქეთი, სავარაუდოდ, არ დაეთანხმებოდა ამ წინადადებას.
აქ საუბარში ჩაერთო სტალინი, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პრემიერის მიერ წინა დღით გაკეთებული განცხადება, თითქოს თურქებს ეშინოდათ სსრ კავშირის, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო წითელი არმიის შენაერთების კონცენტრაცია ბულგარეთში, მოძველებული ინფორმაცია იყო და რომ ბულგარეთში სინამდვილეში საბჭოთა ჯარების რაოდენობა უფრო მცირე იყო, ვიდრე ბრიტანელებისა საბერძნეთში. მისი თქმით, ინგლისელებს იქ განთავსებული ჰყავდათ ხუთი დივიზია. სტალინის ამ გამოსვლას უმალ მოჰყვა ჩერჩილის პროტესტი. ინგლისის პრემიერმა განაცხადა, რომ სულ საბერძნეთში იყო ორი ბრიტანული დივიზია 40-ათასიანი პირადი შემადგენლობით და რომ დეტალების მოხსენება ფელდმარშალ ალექსანდერს შეეძლო. თავის მხრივ, არც სტალინი დარჩა ვალში და აღნიშნა, რომ ბულგარეთში მხოლოდ 30 ათ. საბჭოთა ჯარისკაცი იმყოფებოდა, უფრო დაწვრილებით ინფორმაციას კი, საჭიროების შემთხვევაში, დამსწრე საზოგადოებას გენ. ანტონოვი გააცნობდა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ თურქებს არაფრის შიში არ უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან მათ 23 დივიზია გააჩნდათ.
ჩერჩილთან ამ მცირე პოლემიკის შემდეგ, სტალინი გადავიდა ტერიტორიულ საკითხზე. მან აღნიშნა, რომ თურქებს სინამდვილეში ალბათ პირველ მსოფლიო ომამდელი საზღვრების აღდგენის შესაძლებლობა აშინებდა. კერძოდ, მან მაგალითად მოიყვანა ყარსი, რომელიც, თავის დროზე, სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა და საქართველოს კუთვნილი არდაგანის ოლქი. საბჭოეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თურქეთის ხელისუფლებას სურდა ალიანსის გაფორმება საბჭოთა კავშირთან. თუ ოფიციალური ანკარა უარს იტყოდა საზღვრების შესწორებაზე, მაშინ არც ხელშეკრულების დადება იქნებოდა შესაძლებელი. სტალინის თქმით, არც ამაში იყო რაიმე შემაშფოთებელი თურქებისათვის.
ამის შემდეგ საბჭოთა მთავრობის მეთაური უკვე სრუტეების საკითხზე გადავიდა. მისი თქმით, ბოსფორისა და დარდანელის გარშემო შექმნილი სიტუაცია უბრალოდ სასაცილო იყო, ვინაიდან სსრ კავშირს გააჩნდა იმდენივე უფლებები, რამდენიც იაპონიას. აქვე სტალინმა აგრძნობინა ჩერჩილს, რომ მან კარგად იცოდა, თუ როგორი იყო ინგლისელების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პატარა ქვეყანა, რომელსაც მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი, უბრალოდ გასაქანს არ აძლევდა დიდ სახელმწიფოს და რიტორიკულად იკითხა, თუ როგორ მოიქცეოდნენ ინგლისში ან აშშ-ში მსგავსი ვითარება გიბრალტართან და სუეცის არხთან ან შესაბამისად პანამის არხთან დაკავშირებით რომ შექმნილიყო. საბჭოეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სსრ კავშირს უნდა ჰქონოდა სრუტეების თავისუფლად გავლის უფლება და ვინაიდან თურქეთი მეტისმეტად სუსტი იყო ამგვარი გარანტიების მისაცემად, მას სურდა ძალით დაეცვა ბოსფორი და დარდანელი. სტალინმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა კავშირის ფლოტის განთავსება ბოსფორსა და დარდანელში ისევე საჭირო იყო, როგორც ამერიკელი და ბრიტანელი მეზღვაურების ყოფნა პანამისა და სუეცის არხებში. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ თუ თურქებისათვის მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირის საზღვაო ბაზები სრუტეებში, მაშინ საჭირო იყო ასეთი ბაზის გამოყოფა სადმე სხვა ადგილას, საიდანაც საბჭოთა ხომალდები, მოკავშირეებთან ერთად, შეძლებდნენ ბოსფორისა და დარდანელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
სტალინის გამოსვლის შემდეგ საუბარში ჩაერთო ტრუმენი, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა მონტრეს კონვენციის რევიზიაზე და დაუკავშირა საკითხი საერთოდ შიდა წყლებში შეუზღუდავ გადაადგილებას. ამასთან დაკავშირებით მან თავის კოლეგებს გააცნო ამერიკული დელეგაციის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალ გადაადგილებას საერთაშორისო შიდა წყლებში, კერძოდ, დუნაისა და რაინზე. ტრუმენის თქმით, იგივე ზომები უნდა განხორციელებულიყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისა და კილის არხის მიმართ. აშშ-ს პრეზიდენტი შეეხო ტერიტორიულ საკითხსაც და განაცხადა, რომ ის უშუალოდ სსრ კავშირისა და თურქეთის გადასაწყვეტი იყო.
ტრუმენის გამოსვლას მხარი აუბა ჩერჩილმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა საერთაშორისო შიდა წყლებში შეუზღუდავი გადაადგილების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მონტრეს კონვენციის რევიზიისადმი თავისი თანხმობა. აქვე ბრიტანეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სტალინი დაფიქრდებოდა სრუტეებში ბაზის გახსნის ასეთ ალტერნატივაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ხომალდებს უფლებას მისცემდა, თავისუფლად ემოძრავათ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში. აქ საუბარში კიდევ ერთხელ ჩაერთო ტრუმენი, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა არანაირი ეჭვი მონტრეს კონვენციის რევიზიის აუცილებლობის შესახებ. როგორც ჩანს, ყოველივე ამან სტალინი დაარწმუნა, რომ ვერ შეძლებდა კონფერენციაზე თავისი მიზნების მიღწევას თურქეთთან მიმართებაში და ითხოვა სხვა საკითხების განხილვაზე გადასვლა იმ მოტივით, რომ სჭირდებოდა აშშ-ს პრეზიდენტის წინადადების უკეთესად გაცნობა.
თურქეთის საკითხის განხილვა დასრულდა 24 ივლისის მთავრობათა მეთაურების სხდომაზე. ტრუმენმა კიდევ ერთხელ სცადა მისი დაკავშირება საერთაშორისო შიდა წყლების პრობლემასთან, მაგრამ სტალინმა სასტიკი უარი განაცხადა ამაზე. უფრო მეტიც, საბჭოეთის ლიდერმა ჩათვალა, რომ შეთანხმების მიღწევა არ იყო შესაძლებელი და უმჯობესი იყო განხილვის გადადება, თუმცა ეს მიუღებელი აღმოჩნდა ჩერჩილისათვის. ბრიტანეთის პრემიერმა სასურველად ჩათვალა სრუტეების სრული დემილიტარიზაცია და მათი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემა, რასაც მხარი დაუჭირა აშშ-ს პრეზიდენტმაც. როგორც გაირკვა, ეს არ იყო სასურველი საბჭოთა მხარისათვის. მოლოტოვმა იკითხა, თუ მოქმედებდა იგივე პრინციპი სუეცის არხის მიმართ. უკვე ეს რეპლიკა ნათელს ხდიდა, რომ საბჭოთა დელეგაციას არ უნდოდა სრუტეების საერთაშორისო კონტროლის ქვეშ მოქცევა.
ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა შემდგომი დებატებისას. ჩერჩილმა მოლოტოვის პასუხად განაცხადა, რომ ეს არ წარმოადგენდა განხილვის საგანს, ვინაიდან არხი ყველასათვის ღია იყო როგორც ომის, ისე მშვიდობიანობის პერიოდში, მაგრამ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ამან არ დააკმაყოფილა. მან რიტორიკულად იკითხა, თუ რატომ არ უნდა დაემყარებინათ სუეცის არხზე საერთაშორისო კონტროლი, რომელიც ასეთ კარგ მექანიზმს წარმოადგენდა. ბრიტანეთის პრემიერმა შენიშნა, რომ არსებული შეთანხმება სუეცთან დაკავშირებით 70 თუმცა მოლოტოვი არ დაეთანხმა. მისი თქმით, საჭირო იყო ეგვიპტის პოზიციის გაგება ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხად იდენმა აღნიშნა, რომ ეგვიპტეს გააჩნდა ხელშეკრულება ეგვიპტესთან, მაგრამ აქ უკვე მოლოტოვმა განაცხადა, რომ, როგორც თავად ბრიტანელები ამტკიცებდნენ, საერთაშორისო კონტროლი უკეთეს მექანიზმს წარმოადგენდა.
საბჭოთა მხარის მიერ სუეცის არხის სისტემატურმა ხსენებამ აიძულა ჩერჩილი, შეეცვალა ტაქტიკა. ინგლისის პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანელთა წინადადება განპირობებული იყო სურვილით, გაეთვალისწინებინათ საბჭოთა მხარის პოზიცია და მიეცათ მისთვის შავი ზღვის სრუტეებში თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ჩერჩილის თქმით, თურქეთი უბრალოდ ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას ამ წინადადებისათვის, თუ მას „დიდი სამეული“ დაუჭერდა მხარს. ამასთან, ინგლისის პრემიერს მიაჩნდა, რომ სსრ კავშირისთანა დიდი სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული თურქეთის თანხმობაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს ეშინოდა საბჭოთა ხომალდების გადაადგილების. თავის მხრივ, ტრუმენმაც აღნიშნა, რომ სრუტეებში თავისუფალი გადაადგილების საერთაშორისო გარანტიები მშვენიერი გამოსავალი იყო და რომ მისთვის არ იყო მისაღები რაიმე სახის გამაგრებები ბოსფორსა და დარდანელში. სტალინისათვის ნათელი გახდა, რომ მოლაპარაკებები მისთვის არასასურველი მიმართულებით წარიმართა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ სხდომაზე აშკარად გამოვლინდა, რომ სსრ კავშირის დელეგაციას არანაირად არ სურდა სრუტეებზე კონტროლის ინტერნაციონალიზაცია. სწორედ ამიტომ სტალინმა რომ საკითხის განხილვის სამომავლოდ გადადება მოითხოვა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ კონფერენციაზე პრობლემის განხილვა ბრიტანელების ინიციატივით მოხდა. ეს ფაქტობრივად იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ საბჭოთა მხარე არ იყო დაინტერესებული ამ თემაზე საუბრით. პასუხად ჩერჩილმა უმალ შენიშნა, რომ ინგლისის დელეგაციამ საკითხი დღის წესრიგში დააყენა იმის გამო, რომ საბჭოთა ლიდერმა მონტრეს კონვენციის გადასინჯვის სურვილი გამოთქვა. მაშინ სტალინმა აღნიშნა, რომ საკითხი ჯერ არ იყო მომწიფებული განსახილველად და რომ საჭირო იყო თურქებთან მოლაპარაკებების გაგრძელება. მისი თქმით, საბჭოთა მხარემ მხოლოდ დროებით შეწყვიტა კონსულტაციები ოფიციალურ ანკარასთან. ამავე დროს, სტალინმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, თურქეთი არ დათანხმდებოდა სრუტეების საერთაშორისო კონტროლს. ეს არგუმენტი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ გამოდგა, რადგანაც ჩერჩილმა უმალ შენიშნა, რომ გაცილებით უფრო ნაკლებ სავარაუდო იყო თურქების თანხმობა ბოსფორისა და დარდანელის ერთობლივ კონტროლზე მოსკოვთან და იქ საბჭოთა კავშირის ბაზის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს აშკარად სწორი რეპლიკა იყო, სტალინმა მაინც არ გამორიცხა მოვლენების ასეთი განვითარების შესაძლებლობა.
ეს აღმოჩნდა აღნიშნული საკითხის ბოლო განხილვა და შემდგომ მხარეები მას კონფერენციის მსვლელობისას არც მიბრუნებიან. უფრო მეტიც, თურქეთთან დაკავშირებული პრობლემები საერთოდ არ იქნა მოხსენიებული კომიუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა სამიტის დასრულების შემდეგ. მხოლოდ კონფერენციის ოქმში ჩაიწერა რომ მხარეებმა განიხილეს სრუტეების საკითხი და დაადგინეს მონტრეს კონვენციის რევიზიის აუცილებლობა, რისთვისაც მოკავშირეებს ცალ-ცალკე უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ოფიციალურ ანკარასთან. ოქმში საერთოდ არ იყო ნახსენები საბჭოთა ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ფორმულირება წამგებიანი იყო სტალინისათვის და ის სრულად ჯდებოდა გეგმებში, რომელიც ჰქონდათ ინგლისელებს და ამერიკელებს კონფერენციის დაწყების წინ. ტერიტორიული საკითხის უკანა პლანზე დატოვება კი, საბოლოო ჯამში, მეტად გონივრული ნაბიჯი გამოდგა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებისათვის. 1947წ. ტრუმენმა ისარგებლა მომენტით და ამერიკული ბაზები განათავსა თურქეთსა და საბერძნეთში, რითაც შეუძლებელი გახადა საბჭოთა სამხედრო ოპერაციები ამ ქვეყნების წინააღმდეგ. უფრო მეტიც, მიუხედავად დაპირებისა, მონტრეს კონვენციის რევიზია 40-იან წლებში არ მომხდარა და თურქეთი დღემდე ინარჩუნებს ექსკლუზიურ უფლებას სრუტეებში სამხედრო ხომალდების გატარებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მოგვიანებით თურქეთმა სრუტეების სამშვიდობო პერიოდში დახურვის უფლებაც კი მიიღო. ასე რომ, ჩერჩილისა და ტრუმენის ოსტატური დიპლომატიის წყალობით, თურქეთის საკითხი პოტსდამში სტალინმა პირწმინდად წააგო.
$8. იაპონიის საკითხი პოტსდამის კონფერენციაზე და ბირთვული დიპლომატიის გამოყენების პირველი მცდელობა
პოტსდამის კონფერენციის მსვლელობისას იყო ერთი საკითხი, რომელიც პრაქტიკულად არ გამხდარა „დიდი სამეულის“ უშუალო განხილვის საგანი, მაგრამ რომელზეც კონსულტაციები ყოველდღე იმართებოდა სამხედროებს შორის. ეს იყო იაპონიასთან ომის მიმდინარეობის საკითხი. მართალია, ოპერაციების შემუშავებაში ძირითადად მონაწილეობდნენ ამერიკელი და ბრიტანელი ოფიცრები, თუმცა 24 ივლისს შედგა ერთობლივი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა საბჭოთა გენერალიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. გარდა ამისა, სწორედ იაპონიასთან დაკავშირებით იქნა პირველად ისტორიაში დაფიქსირებული ბირთვული დიპლომატიის გამოყენების მცდელობა.
24 ივლისის სამხედროების სამმხრივი სხდომა რამდენიმე ასპექტის გამო არის საყურადღებო. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სსრ კავშირის გენერალური შტაბის უფროსმა, გენ. ანტონოვმა გააცნო მოკავშირეებს საბჭოთა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მანჯურიაში არსებული მოწინააღმდეგის შენაერთების განადგურებას. აქვე მან აღნიშნა, რომ იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა არმია დატოვებდა მანჯურიის ტერიტორიას. ჩვენი აზრით, აქ აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი ერთ გარემოებას: გენ. ანტონოვი ნამდვილად კარგად იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რამდენი დივიზია ჰყავდა იაპონიას კვანტუნის არმიაში. მან დაასახელა ციფრი 20 დივიზია, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა შენაერთების დამატებით გაზრდილიყო დაახლოებით 30 დივიზიამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვეულებრივი იაპონური დივიზია დაახლოებით 20 ათასი ჯარისკაცისაგან შედგებოდა,1 კვანტუნის არმია იმ დროისათვის, საბჭოთა მონაცემებით, ითვლიდა დაახლოებით 600 ათას კაცს, რაც საკმაოდ ზუსტი რიცხვია. სხვა საქმეა, რომ საბჭოთა მხარე თავად კონფერენციის დროსაც და შემდგომშიც სისტემატურად ცდილობდა როგორც ამ რიცხვის გაზრდას, ისე კვანტუნის არმიის რეალური ძალის გაბუქებას.2
1. იაპონური დივიზია სულ სამი სახის იყო: A, B და C. პირველი ტიპის დივიზიაში (ე.წ. A ტიპის დივიზია) იყო დაახლოებით 29400 ჯარისკაცი, მეორეში (ე.წ. B ტიპის დივიზია) _ 20000, მესამეში (ე.წ. C ტიპის დივიზია) კი _ 13000. ჩვეულებრივ, იაპონიის არმიის პირადი შემადგენლობის რაოდენობას სწორედ B ტიპის დივიზიით საზღვრავენ, ვინაიდან სწორედ ეს იყო ყველაზე გავრცელებული ტიპი.
2. კვანტუნის არმიის აბსოლუტურად ზუსტი რაოდენობის დადგენა დღეისთვისაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ფორმალურად 1945 წლის აგვისტოსათვის ის ითვლიდა 24 დივიზიას, თუმცა ფ. ჯოვეტის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მისი რეალური ძალა 8 დივიზიას შეადგენდა. თუ ფორმალურ მაჩვენებელსაც კი გავამრავლებთ მაქსიმალურ რაოდენობაზე (დაახლოებით 29400 ჯარისკაცი), მაშინაც კი მივიღებთ მხოლოდ 705600 ჯარისკაცს (აღსანიშნავია, რომ თავად ფ. ჯოვეტს 750000 ჯარისკაცი ჰყავს დასახელებული. ამ დროს კი საბჭოურ ისტორიოგრაფიაში სულ სხვა ციფრები სახელდება. ასე, მაგალითად, „დიდი სამამულო ომის ისტორიაში“ (История Великой Отечественной войны Советского Союза 1941-1945гг. Т. 5. Победоносное окончание войны с фашистской Германией. Поражение империалистической Японии (1945г.). М., 1963, გვ. 548) მოყვანილია რიცხვი 881 ათ., „მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში“ (ix.: История Второй мировой войны. 1939-1945. Т. 11. Поражение империалистической Японии. Окончание Второй мировой войны. М., 1980, გვ. 182) კი ეს რიცხვი უკვე გაიზარდა და მეტად ზოგადი სახე _ მილიონზე მეტი _ მიიღო. ყველაზე გავრცელებულ მონაცემად საბჭოთა პერიოდში იქცა 1040000 ჯარისკაცი (პირველად იქნა გამოყენებული 1965წ., იაპონიის წინააღმდეგ ომის დასრულების 20 წლისთავის აღმნიშვნელ პუბლიკაციაში., რომელიც, როგორც ჩანს, აღებულია 1951წ. გამოცემული იაპონური მონოგრაფიიდან. დღეისათვის რუსულ ისტორიოგრაფიაში ძირითადად შუალედურ რიცხვს _ დაახლოებით 1 მილიონ ჯარისკაცს ასახელებენ (ix.: М. А. Гареев. Маньчжурская стратегическая наступательная операция 1945 года. – Новая и новейшая история, №5, 2005, გვ. 4). ჩვეულებრივ, დასავლეთელ მკვლევართა უმრავლესობა კვანტუნის არმიის ფორმალურ ძალას განსაზღვრავს 600-750 ათ. ჯარისკაცით (მაგალითად, ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი დევიდ გლანცი მიუთითებს რიცხვს 700 ათ.). უნდა ითქვას, რომ საკუთრივ ოფიციალური იაპონური წყაროები ასახელებენ 713 ათ. ჯარისკაცს, რომელიც, როგორც ჩანს, შეესაბამება კიდეც სინამდვილეს.
ჩვენი აზრით, სწორედ ამიტომ აღნიშნა ანტონოვმა, რომ იაპონელებს მიემატებოდა 20 მანჯურიული დივიზია. გარდა ამისა, მან შესაძლოდ ჩათვალა, რომ კვანტუნის არმიის დასახმარებლად გადასროლილი იქნებოდა კიდევ 17 დივიზია და განაცხადა, რომ საბჭოთა არმიის შეტევის წარმატებისათვის აუცილებელი იყო მათი ტრანსფერის აღკვეთა. სინამდვილეში, იაპონელებს ნამდვილად არ გააჩნდათ ასეთი რეზერვები, მანჯურიული დივიზიების რაოდენობა 20 ნამდვილად არ იყო1 და ის არსებული 600- ათასიანი არმიაც ძირითადად შედგებოდა გამოუცდელი ჯარისკაცებისაგან, რომელთაც ტექნიკის საკმარისი რაოდენობაც არ გააჩნდათ.2 ასე რომ, ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა საბჭოთა მხარე, იყო შორეულ აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი გზების, უფრო სწორად, ერთადერთი რკინიგზის შეზღუდული გამტარუნარიანობა, რაც ართულებდა წითელი არმიის შენაერთების დროულ თავმოყრას შემტევ პოზიციებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ანტონოვმა მოკავშირეებს ამის შესახებ ამცნო კიდევაც.
1. უნდა აღინიშნოს, რომ მანჯურიელებს იაპონელები ძირითადად საფორტიფიკაციო სამუშაოებისთვის იყენებდნენ, ასე რომ, მათი რაოდენობა საერთოდ არც არის მისათვლელი კვანტუნის არმიაზე. სხვათა შორის, დ. გლანცი იძლევა სტატისტიკას როგორც მანჯურიელების ჩათვლით, ისე მათ გარეშე, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ისინი პრაქტიკულად არ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
2. იაპონელების ცუდ შეიარაღებაზე თავად საბჭოური ისტორიოგრაფიაც კი წერდა. რაც შეეხება მათ სამხედრო მომზადებას როგორც იაპონური წყაროები ცხადყოფენ, კვანტუნის არმიაში შემავალი არც ერთი დივიზია არ იყო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და მათი დიდი ნაწილის გაწვრთნის დონე მხოლოდ 15%-ით განისაზღვრებოდა.
თავის მხრივ, ამერიკელებმა საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის უფროსს გააცნეს საკუთარი გეგმები და აღუთქვეს ყოველნაირი დახმარება კვანტუნის არმიისათვის დამხმარე ძალების მიწოდების აღკვეთის საქმეში. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამერიკელები და ინგლისელები იაპონიის საბოლოო დამარცხებას საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესად თვლიდნენ. კონფერენციის მსვლელობისას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო წარმომადგენლების მიერ დამტკიცებულ იქნა დოკუმენტი, რომელშიც იაპონიასთან ომის დამთავრების თარიღად ჩაწერილი იქნა 1946წ. 15 ნოემბერი. მართალია, მხარეები არ გამორიცხავდნენ ომის უფრო სწრაფად დასრულებას, რამაც ასახვა ჰპოვა ამავე დოკუმენტში ამ თარიღის პერიოდული გადახედვის მოხსენიებაშიც, მაგრამ ძირითადად ისინი მაინც იხრებოდნენ იმ აზრისკენ, რომ იაპონიის წინააღმდეგ ომი დაახლოებით ერთ წელს მაინც გაგრძელდებოდა.
უნდა ითქვას, რომ მათ გათვლებში თითქმის არანაირი როლი არ ენიჭებოდა ბირთვული იარაღის ფაქტორს. მიუხედავად იმისა, რომ 16 ივლისს, კონფერენციის გახსნის წინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა პირველი ატომური ბომბის წარმატებული გამოცდა, არც ამერიკელ და არც ბრიტანელ სამხედროებს ბოლომდე არ ჰქონდათ გათავისებული მისი შესაძლო როლი იაპონიის წინააღმდეგ ომში. ერთი შეხედვით, ეს მართლაც უცნაურია, რადგანაც ტრუმენი საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამ მოვლენას. უფრო მეტიც, 24 ივლისს, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მან სტალინს გაანდო ინფორმაცია, რომ აშშ-ს გააჩნდა ბომბი, რომლის დამანგრეველი ძალა ბევრად აღემატებოდა ყველა მანამდე არსებულს და რომ ამერიკელები მალე გამოიყენებდნენ მას იაპონიის წინააღმდეგ. ტრუმენი და ჩერჩილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ საუბარს. ბრიტანეთის პრემიერმა უკვე 17 ივლისს იცოდა, რომ მანჰეტენის პროექტი წარმატებით დასრულდა. გარდა ამისა, ტრუმენმა და ჩერჩილმა იმაზეც ისაუბრეს, თუ როდის უნდა ეთქვათ სტალინისათვის ახალი იარაღის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერი დაუფარავად აღნიშნავს თავის მემუარებში, რომ მან იცოდა, რას აპირებდა აშშ-ს პრეზიდენტი 24 ივლისს. უფრო მეტიც, ის უნდა დაკვირვებოდა სტალინის რეაქციას.
1. მას ამის შესახებ აცნობა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჰ. სტიმსონმა. მიუხედავად ამისა, ამერიკელებმა თავი შეიკავეს ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისაგან, სანამ მიღებულ არ იქნა დეტალური ანგარიში.
ბუნებრივია, ასეთი მზადება ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. ტრუმენს და ჩერჩილს კარგად ესმოდათ, რომ ბირთვული იარაღი დასავლეთელი მოკავშირეების სასარგებლოდ ცვლიდა ძალთა ბალანსს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელებს უკვე აშკარად არ სურდათ საბჭოთა კავშირის ჩაბმა აშშ-ს წინააღმდეგ ომში. პრობლემა ის იყო, რომ მათ არ იცოდნენ, თუ რა სტადიაზე იყო საბჭოთა კავშირი ბირთვული იარაღის დამუშავების საქმეში. სწორედ ამიტომ ჰქონდა სტალინის რეაქციას დიდი მნიშვნელობა. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში საბჭოეთის ლიდერმა შესაშური სიდინჯე გამოიჩინა, რაც მისი, როგორც დახვეწილი დიპლომატის ტალანტზე მეტყველებს და ერთი წამითაც არ უგრძნობინებია ტრუმენისათვის, რომ მიხვდა, თუ რა ტიპის იარაღზე იყო საუბარი. ამან ამერიკელები და ბრიტანელები დაარწმუნა, რომ საბჭოთა კავშირი ძალიან ჩამორჩენილი იყო ატომური ბომბის შექმნის საქმეში. არ არის აგრეთვე გამორიცხული, რომ ამ შეხვედრამ იქონია გარკვეული გავლენა ამერიკელი ექსპერტების შეფასებებზეც, რომლებიც თვლიდნენ, რომ სსრ კავშირი ბირთვულ ბომბს ვერ შექმნიდა XXს. 50-იანი წლების შუახანებამდე. ჩვენის მხრივ კი დავძენთ, რომ სავსებით შესაძლოა, სტალინს ტრუმენთან შეხვედრამდეც ჰქონდა ინფორმაცია ატომური იარაღის წარმატებული გამოცდის შესახებ, ვინაიდან „მანჰეტენის პროექტში“ მონაწილე რამდენიმე მეცნიერი საბჭოთა დაზვერვას აწვდიდა ინფორმაციას. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნამდვილად შეიძლება დაზუსტებით ითქვას: სტალინმა ძალიან კარგად იცოდა, თუ რა ტიპის ბომბზე მიდიოდა საუბარი1 და რა ზეგავლენა ექნებოდა ამას პოლიტიკური თვალსაზრისით.
1. უფრო მეტიც, სტალინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ლ. ბერიას და მოსთხოვა ბომბზე მუშაობის დაჩქარება.
გარდა სამხედრო საკითხების განხილვისა, პოტსდამში მიღებული იქნა პოლიტიკური დეკლარაციაც, რომელსაც ხელს ტრუმენი, ჩერჩილი და ჩან კაიში აწერდნენ. ამ დოკუმენტით აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის მთავრობათა მეთაურები მოუწოდებდნენ იაპონიას, გამოეცხადებინა კაპიტულაცია. დეკლარაციის თანახმად, იაპონელებს სასწრაფოდ უნდა მოეხდინათ მთავრობის შეცვლა და იაპონიის აგრესიულ ქმედებებში დამნაშავე პირების განთავისუფლება თანამდებობებიდან. გარდა ამისა, იაპონიას უარი უნდა ეთქვა სამხედრო მრეწველობაზე და განევითარებინა მხოლოდ ის დარგები, რომლებიც ხელს შეუწყობდა რეპარაციების გადახდას. უნდა მომხდარიყო იაპონიის არმიის სრული დემობილიზაცია, ხოლო საკუთრივ იაპონიის ტერიტორია, კაიროს დეკლარაციის თანახმად, უნდა შემოფარგლულიყო ოთხი ძირითადი და რამდენიმე მცირე კუნძულით, სადაც გარკვეულ ადგილებში განთავსებული იქნებოდა მოკავშირეთა საოკუპაციო ძალები. აღნიშნული შენაერთები გაყვანილი იქნებოდა მას შემდეგ, რაც იაპონია შეასრულებდა კაპიტულაციის პირობებით წაყენებულ მოთხოვნებს.
პოტსდამის დეკლარაცია გამოქვეყნებული იქნა 1945 წ. 26 ივლისს და მას უმალ მოჰყვა საბჭოთა მხარის პროტესტი. მოლოტოვმა იმავე საღამოს დაურეკა ბირნსს და სთხოვა მას ამ დეკლარაციის გამოქვეყნების ორი-სამი დღით გადავადება. როგორც შემდგომ ამერიკელმა დიპლომატმა აუხსნა თავის კოლეგას, ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგანაც იმ დროისთვის დეკლარაცია უკვე გადაგზავნილი იყო პრესისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოლოტოვმა ვერ დამალა თავისი წყენა ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა მხარემ ინფორმაცია მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის გავრცელებული იქნა მასმედიის საშუალებებით. თავის მხრივ, ბირნსმა უპასუხა, რომ კონსულტაციები სსრ კავშირის ხელმძღვანელობასთან არ შედგა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ იღებდა მონაწილეობას იაპონიის წინააღმდეგ ომში. უნდა ითქვას, რომ ბირნსის ამ განცხადებას რამდენადმე არ ეთანხმება ტრუმენის მიერ მემუარებში მოყვანილი ფრაზა, თითქოს მან სტალინს კონფერენციის მსვლელობისას აცნობა ასეთი დოკუმენტის მომზადების შესახებ, თუმცა, ჩვენი აზრით, შესაძლოა, ამ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტს მთლად ზუსტად არ ახსოვდა მოვლენების თანამიმდევრობა. ყოველ შემთხვევაში, 28 ივლისის პლენარულ სხდომაზე საბჭოეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისთვის არ შეუტყობინებიათ ამგვარი დოკუმენტის მომზადების შესახებ.
აღნიშნულ სხდომაზე სტალინმა აგრეთვე ამერიკელებს და ბრიტანელებს აცნობა იაპონიის მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა პრინც კონოეს ვიზიტს მოსკოვში, რათა საბჭოთა მთავრობას ეთამაშა შუამავლის როლი საომარი მოქმედებების შეწყვეტაში. სტალინმა განაცხადა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როდესაც იაპონელებმა დააყენეს პრინც კონოეს მოსკოვში ჩასვლის საკითხი, თუმცა ამჯერად მათი წინადადება უფრო კონკრეტულ ხასიათს ატარებდა. მიუხედავად ამისა, სტალინის თქმით, მისი პასუხი ამ შემთხვევაშიც უარყოფითი იქნებოდა.
ჩვენი აზრით, აქ ხაზი უნდა გაესვას რამდენიმე გარემოებას. პირველ რიგში, საბჭოთა მხარემ მხოლოდ 28 ივლისს ამცნო ამერიკელებს და ბრიტანელებს იაპონელების ინიციატივის შესახებ, მაშინ როდესაც პირველად მან იაპონურ მხარეს უარი, ს. ლოზოვსკის პირით, ჯერ კიდევ 18 ივლისს შეუთვალა. ამასთან, იაპონიის ელჩს საბჭოთა კავშირში, ნაოტაკი სატოს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში სტალინს აშკარად ჰქონდა კონსულტაციები „დიდი სამეულის“ სხვა წევრებთან, რაც, როგორც კონფერენციის დოკუმენტებიდან ჩანს, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. გარდა ამისა, ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ ადანაშაულებდა საბჭოთა მხარე ბრიტანელებს და ამერიკელებს ინფორმაციის დამალვაში, როდესაც თავადაც არ ატყობინებდა მათ იაპონელების ინიციატივების შესახებ. განსაკუთრებით უცნაური კი ის არის, რომ არც ტრუმენს და არც ჩერჩილს არ მოსვლიათ აზრად, ეკითხათ სტალინისათვის, თუ რატომ არ ამცნო მათ ოფიციალურმა მოსკოვმა ასეთი წინადადებების შესახებ 28 ივლისამდე.
იაპონიის საკითხის განხილვა დასრულდა 29 ივლისს, როდესაც მოლოტოვმა აცნობა ტრუმენს საბჭოთა მთავრობის პოზიცია, რომ სასურველი იქნებოდა აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, წყნარი ოკეანის აუზში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილე სხვა მოკავშირეებთან ერთად, სსრ კავშირის ხელმძღვანელობისთვის ომში ჩაბმა ეთხოვა. საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის თქმით, იაპონიის ხელისუფლების მიერ დეკლარაციის მიღებაზე უარის თქმა,1 კარგი საფუძველი იქნებოდა ასეთი თხოვნისათვის. ტრუმენი დაპირდა მოლოტოვს ამ საკითხის განხილვას და 31 ივლისს სტალინს გადასცა კიდეც ასეთი წერილის წინასწარი ვარიანტი. როგორც ჩანს, საბჭოეთის ლიდერმა მოიწონა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიწოდებული დოკუმენტი. მართალია, არ არსებობს რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის გარშემო შემდგომი მიმოწერის შესახებ, მაგრამ იაპონიისათვის ომის გამოცხადებისას საბჭოთა მთავრობამ მოიხსენია მოკავშირეთა თხოვნა. ასე რომ, სავარაუდოდ, ტრუმენმა უკვე მომზადებული დოკუმენტი პოტსდამშივე გადასცა სტალინს, რის გამოც ის არ იქნა დაფიქსირებული სახელმწიფო დეპარტამენტის საბუთებში.
ასე დასრულდა იაპონიის საკითხის განხილვა კონფერენციაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემის ირგვლივ დიპლომატიური ბატალიები არ გამართულა, ვინაიდან დებატებს პრაქტიკულად არ ჰქონია ადგილი, მაგრამ, ჩვენი აზრით, სტალინმა მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებას. პირველ რიგში, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მან ფაქტობრივად ურეაქციოდ მიიღო ინფორმაცია ახალი ტიპის იარაღის შექმნის შესახებ. ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ამერიკელები გაცილებით უფრო გვიან ვარაუდობდნენ საბჭოთა კავშირის ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევას, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა. გარდა ამისა, მან პრაქტიკულად აიძულა ამერიკელები, ფორმალური თხოვნით მიემართა სსრ კავშირისათვის იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად, რისი სურვილიც ტრუმენს უკვე ნამდვილად არ ჰქონდა.
1. 28 ივლისს, პრეს-კონფერენციაზე იაპონიის პრემიერ მინისტრმა კანტარო სუძუკიმ უარი თქვა დეკლარაციის პირობების მიღებაზე.
$9. საერთაშორისო შიდა წყლების, სამეურვეო ტერიტორიებისა და ირანის საკითხები პოტსდამის კონფერენციაზე
კიდევ სამი პუნქტი, რომელიც განხილული იქნა „დიდი სამეულის“ ბოლო სამიტის დროს, იყო საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის, სამეურვეო ტერიტორიებისა და ირანის საკითხები. როგორც ზემოთ აღინიშნა, 23 ივლისის პლენარული სხდომისას, აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა სრუტეების პრობლემა დააკავშირა გემების თავისუფალ გადაადგილებასთან კილის არხსა და დუნაისა და რაინის აუზებში, თუმცა მოგვიანებით სტალინმა უარი თქვა ამ პუნქტების ერთად განხილვაზე. ამიტომ ის მხოლოდ 25 ივლისს გადაეცა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებს განსახილველად. თავის მხრივ, ამ უკანასკნელებმა იმავე დღეს გამოყვეს ქვეკომიტეტი, რომელსაც უნდა შეემუშავებინა დოკუმენტი საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის რეგულირებასთან დაკავშირებით. 27 ივლისს, აღნიშნული ორგანოს პირველსავე სხდომაზე საბჭოთა მხარემ უბრალოდ განაცხადა, რომ არ იყო მზად ამ საკითხის განსახილველად პოტსდამში და კვლავინდებურად უარი თქვა სრუტეებისა და კილის არხის ერთმანეთთან დაკავშირებაზე, რითაც მოლაპარაკებები ამ პუნქტის გარშემო ჩიხში შეიყვანა. მართალია, ტრუმენმა კიდევ ერთხელ სცადა საკითხის წამოჭრა „დიდი სამეულის“ მეთაურების პლენარულ სხდომაზე 31 ივლისს, მაგრამ მისი ეს მცდელობაც უშედეგო გამოდგა. საბჭოთა დელეგაციამ მოითხოვა ამ პრობლემის განხილვის გადავადება. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსათვის გადაეცათ აღნიშნული საკითხის დარეგულირება.
მიუხედავად ამისა, 1 აგვისტოს, მე-12 პლენარული სხდომის დროს, ტრუმენი კვლავ დაუბრუნდა საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის დარეგულირების პრობლემას და ითხოვა, კომუნიკეში აღენიშნათ წინა დღეს მიღებული გადაწყვეტილება საკითხის საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის გადაცემის შესახებ. ერთი შეხედვით, ეს სავსებითი უწყინარი წინადადება იყო, მაგრამ მოულოდნელად ის მიუღებელი აღმოჩნდა სტალინისათვის. საბჭოეთის ლიდერმა კატეგორიული უარი განაცხადა კომუნიკეში ამ პუნქტის შეტანაზე.1 მან აღნიშნა, რომ წინა სამიტების დროს გადაწყვეტილებების ნაწილი მხოლოდ კონფერენციის ოქმში იყო მოხსენიებული, რაც სულაც არ ნიშნავდა მათ გასაიდუმლოებას. მაშინ ტრუმენმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სრუტეების საკითხის შესახებ მიღებული დადგენილება შედიოდა როგორც ოქმში, ისე კომუნიკეში. პასუხად სტალინმა აშშ-ს პრეზიდენტს კომუნიკედან ამ უკანასკნელი პუნქტის ამოღებაც შესთავაზა, რაც შეთანხმებული იქნა კიდეც. შედეგად, საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის საკითხი შეტანილ იქნა კონფერენციის ოქმში XVII მუხლის სახით. უფრო მეტიც, XVIII პუნქტში ჩაიწერა, რომ მოეწყობოდა სპეციალური კონფერენცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც სსრ კავშირიც მიიღებდა მონაწილეობას.
1. საბჭოთა ჩანაწერში არ არის დაფიქსირებული ტრუმენის მიერ საკითხის დაყენების ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ სტალინი არ დაელოდა თარგმანს და ინგლისურად განაცხადა: „არა! მე უარს ვამბობ!“ („No! I say no!“).
ჩვენი აზრით, სტალინის უარყოფითი დამოკიდებულება საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის დარეგულირებასთან მიმართებაში ორი მიზეზით იყო გამოწვეული: 1. მას ეშინოდა, რომ, საბოლოო ჯამში, ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამოყენებულიყო სრუტეებთან დაკავშირებითაც, რომელთა ინტერნაციონალიზაციაც საბჭოთა მხარეს აშკარად არ აწყობდა; და . სტალინს მაინცდამაინც არ აინტერესებდა რაინის აუზი, რომელთანაც შეხება ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ის აკონტროლებდა მთლიანად კილის არხს და მდ. დუნაის აუზის უდიდეს ნაწილს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, საბჭოეთის ლიდერს უბრალოდ არ სურდა ამ ტერიტორიაზე მოკავშირეების სავაჭრო ფლოტის შემოშვება. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში პირველი არგუმენტი უფრო მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა არც მეორე ფაქტორის უგულებელყოფა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა მხარე ყოველთვის დაინტერესებული იყო მდ. დუნაის კონტროლით. აღსანიშნავია ისიც, რომ ვერც საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ შეძლო საერთაშორისო შიდა წყლებში ნაოსნობის წესების შემუშავება. უფრო მეტიც, აღნიშნული საკითხი არც დღეისათვის არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და დღესდღეობითაც რჩება გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით.
კონფერენციის მსვლელობისას საკმაოდ დიდი ყურადღება დაეთმო სამეურვეო ტერიტორიების საკითხებს. აქ, ძირითადად, მოლაპარაკებები სამი პუნქტის გარშემო მიმდინარეობდა: 1. ტანჟერის საერთაშორისო ზონის აღდგენა; 2. იტალიის კუთვნილი ტერიტორიების მომავალი; და 3. სირიისა და ლიბანის საკითხი. უნდა ითქვას, რომ პოტსდამის კონფერენციაზე სამივე საკითხის დღის წესრიგში შეტანისა და განხილვის ინიციატორი საბჭოთა მხარე იყო. ამ შემთხვევაში, სტალინი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ტანჟერის საკითხით, რაც განპირობებული იყო იქ ესპანელთა მმართველობით, რომელიც 1940წ. დამყარდა.1 ამერიკელებს არ სურდათ მოლაპარაკებების წარმოება ესპანეთის გარეშე და იმასაც კი ცდილობდნენ, რომ არ დაეშვათ საბჭოთა მხარე ტანჟერის საკითხის გარშემო ჩასატარებელ კონფერენციაზე, თუმცა ბრიტანელებს საპირისპირო აზრი გააჩნდათ. თავის მხრივ, საკმაოდ აქტიურობდა ესპანეთის ხელისუფლებაც, რომელიც იმუქრებოდა, რომ საერთოდ ეჭვსქვეშ დააყენებდა საერთაშორისო ზონის სტატუსს, რისი უფლებაც მას ჰქონდა არსებული შეთანხმებებით.
1. როგორც ცნობილია, 1906 წ. ალხესირასის კონფერენციის გადაწყვეტილებებით (ალხესირასის 1906 წ. კონფერენციის დადგენილებები, მაროკოზე დამყარებული იქნა საფრანგეთისა და ესპანეთის საპოლიციო კონტროლი, ხოლო 1912 წ. ფესის ხელშეკრულებით ქვეყანა პრაქტიკულად გაყოფილი იქნა ამ ორი სახელმწიფოს მიერ. შედეგად, ტანჟერმა სპეციალური სტატუსი მიიღო, 1923 წ. კი ის იქცა საერთაშორისო ზონად საფრანგეთის, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის გამგებლობის ქვეშ, რომელთაც 1928 წ. შეუერთდნენ იტალია, პორტუგალია და ბელგია. 1940 წ. ესპანეთმა განავრცო თავისი კონტროლი ტანჟერის რეგიონზე, რაც, პრინციპში, არ წარმოადგენდა არსებული ხელშეკრულებების დარღვევას, რომელიც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ აძლევდა მხარეებს საერთაშორისო ზონის სტატუსის გადასინჯვის უფლებას.
ტანჟერის საკითხის განხილვა დაიწყო 22 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრების მე-5 სხდომაზე. საბჭოთა მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი, რომლითაც ითხოვდა საერთაშორისო ზონის აღდგენას ტანჟერში და მისი ახალი სტატუსის განსაზღვრას დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, სსრ კავშირისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მიერ. ესპანეთს მომავალში, დემოკრატიული ხელისუფლების დამყარების შემდეგ, შეეძლო შეერთება აღნიშნულ სახელმწიფოებთან, როგორც საერთაშორისო ზონის ერთ-ერთ გარანტს. ამერიკელებმა და ბრიტანელებმა იმ დღეს უარი თქვეს ამ წინადადების განხილვაზე და შემდგომი სხდომისათვის გადაიტანეს საკითხი. 23 ივლისს იდენმა თანხმობა განაცხადა საბჭოთა წინადადების პირველ პარაგრაფზე, რომელშიც საუბარი იყო ტანჟერის ზონის საერთაშორისო სტატუსის შენარჩუნების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ყველა დანარჩენ საკითხზე საჭირო იყო ალხესირასის 1906წ. 7 აპრილის აქტზე ხელმომწერი ყველა სახელმწიფოს შეკრება. თუმცა აქვე მან გამოთქვა სურვილი, აგვისტოს დასაწყისში მოეწყოთ ამ საკითხის განხილვა პარიზში, სადაც „დიდი სამეულის“ ქვეყნების გარდა, წარმოდგენილი იქნებოდა საფრანგეთიც. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ შეხვედრისას აუცილებელი იქნებოდა ესპანეთის პოზიციის გათვალისწინებაც.
საბოლოო ჯამში, სწორედ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოთქმული იდეა იქნა მოწონებული და მიღებული. ამავე დროს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ დადგენილებას, მიუხედავად მოლოტოვის მოთხოვნისა, ოფიციალურად არ გამოაქვეყნებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ `დიდი სამეულის~ ლიდერების ბოლო პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ დადგა ტანჟერის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკეში შეტანის საკითხი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უცვლელად დარჩა და ტანჟერის შესახებ მიღწეული შეთანხმება შევიდა მხოლოდ კონფერენციის ოქმში.
იტალიის ყოფილი კოლონიების საკითხით საბჭოთა მხარე კონფერენციის დაწყებამდეც გამოთქვამდა თავის დაინტერესებას. 1945წ. 9 ივნისს სსრ კავშირის ელჩმა აშშ-ში ა. გრომიკომ გააკეთა განაცხადი, რომ მოსკოვს სურდა გამხდარიყო მეურვე. პოტსდამში ჩასვლისთანავე კი სტალინმა უკვე 17 ივლისს, ტრუმენთან შეხვედრისას დააფიქსირა თავისი სურვილი, მომხდარიყო იტალიური კოლონიური ტერიტორიების გადანაწილება. 20 ივლისს საბჭოთა მხარემ გაავრცელა თავისი წინადადება, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს უნდა დავალებოდა იტალიის ყოფილ კოლონიებზე სამეურვეო სისტემის შემოღება და განეხილა იქ აშშ-ს, სსრ კავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივი ანაც დაცალკევებული კონტროლის დაწესება. ნათელი იყო, რომ საბჭოთა მხარეს აშკარად სურდა ფეხის ჩადგმა აფრიკის კონტინენტზე თუ არა, ხმელთაშუაზღვისპირეთში მაინც.
ჩვენი აზრით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯსაც სტალინი განიხილავდა თურქეთის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციისათვის მზადების ჭრილში, ვინაიდან თუ საბჭოთა კავშირი მიიღებდა იტალიის რომელიმე ყოფილ კოლონიას სამეურვეო ტერიტორიის სახით, მის სამხედრო ხომალდებს უკვე საკმაოდ სერიოზული საბაბი ექნებოდათ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში ხშირად გასასვლელად. ამავე დროს, როგორც ჩანს, ბრიტანელების ინტერესებში სულაც არ შედიოდა ოფიციალური მოსკოვის სურვილების გათვალისწინება ამ საკითხთან დაკავშირებით. 22 ივლისს მოლოტოვსა და იდენს შორის პირველი შეხლა-შემოხლა მოხდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჰკითხა თავის ბრიტანელ კოლეგას, თუ რატომ განაცხადა მან რამდენიმე ხნით ადრე თემთა პალატაში, რომ იტალიამ დაკარგა თავისი კოლონიები აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში. ამასთან, ის დაინტერესდა, თუ ვის ჰქონდა „ნაპოვნი“ აღნიშნული ტერიტორიები. იდენმა მაშინ უპასუხა, რომ იტალიას კოლონიები წაართვა ბრიტანეთის არმიამ და რომ საკითხი გადაწყდებოდა იტალიასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთანავე.
იმავე დღეს საკითხი დადგა „დიდი სამეულის“ ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში. მოლოტოვმა წარუდგინა მხარეებს საბჭოთა მოთხოვნა სამეურვეო ტერიტორიების გამოყოფასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მან იტალიურ კოლონიებთან ერთად დააყენა კორეის საკითხიც. ჩერჩილმა სცადა, დაებლოკა ამ პრობლემის განხილვა და განაცხადა, რომ ის შედიოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომპეტენციაში, მაგრამ წააწყდა ტრუმენის წინააღმდეგობას ამ შემთხვევაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ვერაფრით ვერ გაიგო, და სავსებით სამართლიანადაც, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ საკითხის დაყენება კონფერენციაზე, თუმცა ამავე დროს გამოხატა სურვილი, რომ ის გადაეცათ საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის. ამის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა გაიმეორა იგივე არგუმენტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე გამოიყენა იდენმა მოლოტოვთან საუბრისას და განაცხადა, რომ ლიბია, კირენაიკა და ტრიპოლი1 მხოლოდ ბრიტანეთის არმიის მიერ იქნა დაკავებული.
1. 1945 წლისათვის აღნიშნული ტერიტორიები ერთიან ერთეულად არ განიხილებოდა.
უნდა ითქვას, რომ ეს სუსტი არგუმენტი გამოდგა და სტალინმა ხელიდან არ გაუშვა ჩერჩილის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენების შესაძლებლობა. მან რეპლიკის სახით დააფიქსირა, რომ ბერლინი საბჭოთა არმიამ აიღო. მიხვდა რა თავის შეცდომას, ბრიტანეთის პრემიერმა დემაგოგია მოიხმო და საუბარი გადაიტანა ინგლისის ბედკრულ მდგომარეობაზე. ჩერჩილმა აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ დიდი ზარალი განიცადა, დაკარგა უამრავი საბრძოლო ხომალდი და მხოლოდ ერთის ჩაშვება მოახერხა ამ პერიოდში. ამავე დროს, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ამის მიუხედავად ინგლისს არ მოუთხოვია რაიმე ტერიტორიები, მათ შორის, არც ბალტიის ქვეყნები და არც კენიგსბერგი.
ერთი შეხედვით, ჩერჩილის მიერ გაკეთებული მინიშნება საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო, თუმცა მან არ იქონია რაიმე ეფექტი საბჭოთა მხარეზე, რომელმაც უბრალოდ არ შეიმჩნია ეს განცხადება. ამიტომ ბრიტანეთის პრემიერს მოუწია თავისი ტირადის გაგრძელება. ამჯერად მან „ახსნა“, თუ რა ჰქონდა მხედველობაში იდენს თემთა პალატაში გამოსვლისას. მისი თქმით, ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ დააფიქსირა, რომ იტალიას არანაირი უფლება არ ჰქონდა, უკან მოეთხოვა კოლონიები, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სამშვიდობო კონფერენციას არ შეეძლო ამ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება მისთვის. თავისი გამოსვლა კი ჩერჩილმა დაასრულა იმის აღნიშვნით, რომ იტალიელებს ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ გაკეთებული ტრიპოლისა და კირენაიკაში და, შესაბამისად, არ იყო გამოსარიცხი მათთვის ზოგიერთი კოლონიის დაბრუნების საკითხის განხილვა.
აშკარაა, რომ ჩერჩილი ამ შემთხვევაში არ იყო გულწრფელი. ფაქტია, რომ კონფერენციის დაწყებამდე ბრიტანეთის ხელისუფლება აზრადაც არ უშვებდა იტალიელებისათვის კოლონიების დაბრუნების შესაძლებლობას. როგორც ჩანს, ეს იდეა ინგლისის პრემიერს მხოლოდ საბჭოთა მხარის მოთხოვნის მოსაგერიებლად დასჭირდა, თუმცა საუბარი ამ საკითხის გარშემო გაგრძელდა. მაშინ ჩერჩილმა კიდევ ერთი არგუმენტი მოიხმო. მისი თქმით, შესამოწმებელი იყო, თუ იქნებოდა შესაძლებელი რომელიმე ამ კოლონიის გამოყენება ებრაელების დასასახლებლად. მოკლედ, აშკარა იყო, რომ ჩერჩილს არ სურდა ხმელთაშუაზღვისპირეთში ბრიტანეთის კონკურენტის შემოშვება.
მიუხედავად ჩერჩილის სასტიკი წინააღმდეგობისა, სტალინმა კვლავ განაგრძო საუბარი იტალიის კოლონიების ბედ-იღბალზე და აღნიშნა, რომ თუ საკითხის განხილვა ნაადრევად ჩანდა, შესაძლებელი იყო მისი გადადებაც. ბრიტანეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და განაცხადა, რომ ეს საკითხი საბოლოო ჯამში გაეროს გადასაწყვეტი იქნებოდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. საბჭოეთის ლიდერმა სავსებით სწორად შენიშნა, რომ საუბარი იყო არა პრობლემის გადაწყვეტაზე, არამედ მხოლოდ მის განხილვაზე. როგორც ჩანს, ჩერჩილი მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და დათანხმდა საკითხის გადაცემას საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის.
პრინციპში, ეს ნამდვილად არ იყო დიდი დათმობა, ვინაიდან აშკარად ჩანდა, რომ აშშ-ს ხელისუფლება არ დაუჭერდა მხარს საბჭოთა მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში კი იდენს არ გაუჭირდებოდა მოლოტოვის შემოტევების მოგერიება და ეს მოვლენათა შემდგომმა განვითარებამაც ცხადყო. 23 ივლისს საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, საბჭოთა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში იტალიური კოლონიების საკითხი, თუმცა ამჯერად აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წინააღმდეგობასაც წააწყდა. ბირნსმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის ვერ ხედავდა ამ საკითხის კონფერენციაზე განხილვის აუცილებლობას, ვინაიდან ის გადაწყდებოდა ლონდონში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს პირველი სესიისას, როდესაც შემუშავებული იქნებოდა იტალიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი. როგორც ჩანს, მოლოტოვი მიხვდა, რომ ამ შემთხვევაში მას არაფერი გამოუვიდოდა. მართალია, მან იკითხა, თუ რატომ ხდებოდა პოლონეთის დასავლეთ საზღვრის საკითხის განხილვა პოტსდამში, როდესაც ის ასევე შედიოდა საგარეო საქმეთა მინისტრების კომპეტენციაში, მაგრამ შემდეგ დაკმაყოფილდა იმის დაფიქსირებით, რომ საკითხი განხილული იქნებოდა ლონდონში. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს წინადადება იქნა შეტანილი კონფერენციის ოქმში.
სამეურვეო ტერიტორიებთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი, კერძოდ, სირიისა და ლიბანის მომავალი „დიდი სამეულის“ ლიდერების მიერ პირველად განხილული იქნა 22 ივლისს. ჩერჩილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბრიტანელებისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. მისი თქმით, ინგლისელებს სურდათ ჯარების გამოყვანა რეგიონიდან, მაგრამ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო, რადგანაც გამოიწვევდა იქ მყოფი ფრანგების გაჟლეტას. ამიტომ ბრიტანეთის პრემიერი დაინტერესებული იყო, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა წინადადებები. სტალინმა პასუხად შენიშნა, რომ სსრ კავშირის პოზიცია დაფიქსირებული იქნა 1945წ. 1 ივნისის ნოტით, რომელიც გამოწვეული იყო სირიის მთავრობის მიმართვით. უნდა აღინიშნოს, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ დიპლომატიურ დოკუმენტში არ იყო და საბჭოთა მხარე მხოლოდ გამოთქვამდა თავის შეხედულებას, რომ საბრძოლო მოქმედებები რეგიონში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო და კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებულიყო. ამით საკითხის განხილვა პრაქტიკულად შეწყდა, ვინაიდან ტრუმენმა საჭიროდ ჩათვალა მისი გადატანა მომდევნო დღისათვის. შემდგომ პლენარულ სხდომაზე, 23 ივლისს საბჭოთა მხარემ წარმოადგინა წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა სირიასა და ლიბანში არსებული ვითარების შესწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სსრ კავშირისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მიერ. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმული იყო ფრანგების თანხმობის აუცილებლობა საკითხის განსახილველად. ჩერჩილს არ მოეწონა საბჭოთა მხარის შეთავაზება, თუმცა უარის თქმამდე მან მოკლედ აღწერა რეგიონში შექმნილი ვითარება. ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ინგლისელები არ იყვნენ დაინტერესებულნი სირიასა და ლიბანში ყოფნით. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გაიყვანდა ჯარებს ამ ქვეყნებიდან როგორც კი საფრანგეთი მათთან გააფორმებდა შეთანხმებას. ამავე დროს, ჩერჩილმა გააკრიტიკა დე გოლი, რომელმაც 500 ჯარისკაცი გააგზავნა რეგიონში, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება, რომელიც გადაიზარდა სამხედრო დაპირისპირებაში. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ეს იყო სულელური ნაბიჯი, რადგანაც 500 კაცი არაფერს შველოდა, სამაგიეროდ კი გამოიწვია აჯანყება, რომელიც სერიოზული მსხვერპლით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ჩერჩილი შედარებით მშვიდად უყურებდა შექმნილ ვითარებას, ვინაიდან ის თვლიდა, რომ დე გოლის მხრიდან სირიისა და ლიბანის დამოუკიდებლობის აღიარება განმუხტავდა მდგომარეობას. სხვა სახელმწიფოების ჩარევა კი ინგლისის პრემიერს იმიტომ მიაჩნდა მიუღებლად, რომ არ სურდა დამორჩილებოდა რაიმე ორგანოს იმ დროს, როდესაც სიტუაციის კონტროლში მხოლოდ ბრიტანული ძალები იღებდნენ მონაწილეობას.
ჩერჩილის გამოსვლის შემდეგ ტრუმენი და სტალინი დაინტერესდნენ მხოლოდ იმით, ექნებოდა თუ არა საფრანგეთს რაიმე სახის პრივილეგირებული პოზიცია ამ ქვეყნებში, რაზეც ბრიტანეთის პრემიერმა უპასუხა, რომ ეს საკუთრივ სირიისა და ლიბანის მთავრობების გადასაწყვეტი იყო. აშშ-ს პრეზიდენტი და საბჭოეთის ლიდერი დააკმაყოფილა ამ განცხადებამ. უფრო მეტიც, მათ აღნიშნეს, რომ სირიელები აშკარად არ აპირებდნენ ფრანგებისათვის რაიმე განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას. საუბრის ბოლოს კი სტალინმა განაცხადა, რომ საბჭოთა დელეგაციას უკან გაჰქონდა თავისი წინადადება, რითაც მეტად გაახარა თავისი კოლეგები. ამით დასრულდა კიდეც საკითხის განხილვა კონფერენციაზე.
სამეურვეო ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემებისაგან განსხვავებით, კონფერენციაზე ირანის საკითხის განხილვის ინიციატორად ბრიტანეთის მხარე მოგვევლინა. 21 ივლისს იდენმა გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სსრკ-ინგლისის 1942წ. ხელშეკრულების ამოქმედებას და ირანიდან ჯარების გაყვანას. ინგლისელების წინადადებით, პირველ ეტაპზე ბრიტანეულ და საბჭოთა ჯარებს უნდა დაეტოვებინათ თეირანი, შემდეგ მთლიანად ირანი გარდა ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მდებარე რამდენიმე ქალაქისა, ბოლოს კი ეს უკანასკნელი პუნქტებიც. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო ექვსი თვის განმავლობაში. „დიდი სამეულის“ ლიდერებმა ბრიტანული დოკუმენტი განიხილეს 23 ივლისს. უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი აშკარად არ იყო დაინტერესებული ირანიდან ჯარების გაყვანით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სსრკ-ინგლისის ხელშეკრულებით სამხედრო შენაერთებს უნდა დაეტოვებინათ ირანის ტერიტორია გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხებიდან ექვს თვეში და იაპონიაზე გამარჯვების მოპოვებამდე ამ საკითხზე მსჯელობა ნაადრევი იყო. საბჭოეთის ლიდერი თანახმა იყო მხოლოდ თეირანიდან ჯარების გამოყვანაზე, რის შემდეგაც საკითხი განეხილა საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა განეხილათ. დარწმუნდა რა, რომ მეტის დათმობას სტალინი არ აპირებდა, ჩერჩილი დასჯერდა ამ ვარიანტს. ამავე დროს, საბჭოეთის ლიდერმა დაამშვიდა ტრუმენი, რომ მას არ ჰქონდა განზრახული ირანის წინააღმდეგ რაიმე სამხედრო აქციის განხორციელება.
ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში სტალინი ნამდვილად გულწრფელი იყო და პოტსდამში ყოფნის პერიოდში მართლაც არ გააჩნდა აგრესიული ზრახვები ირანის მიმართ. ამავე დროს, არ არის გამორიცხული, რომ მას ირანში განთავსებული ჯარების სულ სხვა მიზნებით გამოყენება სურდა. სავსებით შესაძლებელია, რომ სტალინი იმიტომ აყოვნებდა ირანიდან საბჭოთა არმიის ნაწილების გამოყვანას, რომ ფიქრობდა მათ გამოყენებას თურქეთის წინააღმდეგ ოპერაციაში. ამ შემთხვევაში თეირანს ნამდვილად არ ჰქონდა რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობა და იქიდან, სავარაუდოდ, წითელი არმიის ნაწილების გადაჯგუფება მოხდებოდა ირან-თურქეთის საზღვრისაკენ. ყოველ შემთხვევაში, მისი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ირანიდან ჯარების სწრაფად გამოყვანასთან დაკავშირებით სხვანაირად უბრალოდ აუხსნელია.
23 ივლისის სხდომაზე გამართული მოლაპარაკებებით ირანის საკითხის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა. „დიდი სამეულის“ ლიდერები მხოლოდ დასკვნით პლენარულ სხდომაზე მიუბრუნდნენ მას და ისიც იმის დასადგენად, რომ მიღწეული შეთანხმება დაფიქსირდებოდა მხოლოდ კონფერენციის ოქმში და არ იქნებოდა მითითებული კომუნიკეში, თუმცა, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება საიდუმლოდ არ დარჩებოდა.
$10. პოტსდამის კონფერენციის შედეგები და მათი შეფასება
პოტსდამის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1 აგვისტოს. უნდა აღინიშნოს, რომ, განსხვავებით თეირანისა თუ ყირიმის სამიტებისაგან, პოტსდამის კონფერენციის შედეგებით დაინტერესება დასავლეთელ მკვლევართა შორის ბევრად უფრო ნაკლები გამოდგა. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო ის, რომ ამ კონფერენციაზე ქარიზმატული ფრანკლინ რუზველტის ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა ჰარი ტრუმენი, რომელიც აშკარად არ სარგებლობდა თავისი წინამორბედის მსგავსი პოპულარობით. სავარაუდოდ, თავისი როლი ითამაშა უინსტონ ჩერჩილის მოულოდნელმა დამარცხებამაც ბრიტანეთში გამართულ არჩევნებში, რის შედეგადაც კონფერენციის დასკვნითი ნაწილი უბრალოდ ჩაიფარცხა. გარდა ამისა, შესაძლოა, ბრიტანელ და ამერიკელ ისტორიკოსთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ პოტსდამში არ მომხდარა რეალურად სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და ის ფაქტობრივად იალტის სამიტის შედეგების დაკანონებას წარმოადგენდა, რის გამოც ძირითადი ყურადღება სწორედ ყირიმის კონფერენციაზე გადაიტანა. ყოველ შემთხვევაში, „დიდი სამეულის“ უკანასკნელი შეხვედრისადმი ინტერესი გაცილებით ნაკლები გამოდგა, რაც პირდაპირ აისახა კიდეც უშუალოდ სამიტისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების რაოდენობაში.
პოტსდამის კონფერენციის შედეგები თავდაპირველად პოზიტიურად იქნა აღქმული. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯ. ბირნსმა ის წარმატებულად მიიჩნია და განაცხადა, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობდა ევროპის სწრაფ სტაბილიზაციას, თუმცა მალე ნათელი გახდა, რომ ბირნსი ცდებოდა. გაცილებით უფრო სწორად შეაფასა კონფერენცია ა. იდენმა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ პოტსდამში საბჭოთა მხარე ცდილობდა მაქსიმალურად ბევრი სარგებელი მიეღო. გამოჩნდნენ კრიტიკოსებიც. უილიამ ჩემბერლინმა 1950წ. თავის წიგნში: „ამერიკის მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა“ _ აღნიშნა, რომ ბირნსის მიერ დასახელებული ოთხი მთავარი პუნქტიდან, რომელიც ამერიკულ დელეგაციას ყველაზე მეტად აღელვებდა პოტსდამში (დამარცხებულ სახელმწიფოებთან სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმების ეფექტური მექანიზმის შემუშავება, გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური მოწყობის პრინციპების ჩამოყალიბება, განთავისუფლებული ევროპის შესახებ დეკლარაციის ამუშავება და რეპარაციების საკითხის ახლებურად გადაწყვეტა), პრაქტიკულად ვერცერთზე ვერ მოხერხდა სასურველი შედეგის მიღწევა. დროთა განმავლობაში, დასავლეთელმა მკვლევრებმა უფრო დაბალანსებული შეფასებების გამოთქმაც დაიწყეს. ჯეიმს გორმლიმ თავის წიგნში: „პოტსდამიდან ცივ ომამდე: დიდი სამეულის დიპლომატია 1945-1947 წლებში“ _ აღნიშნა, რომ სამივე მხარემ მოახერხა გარკვეული წარმატებების მიღწევა. ეს აზრი გაიზიარა უ. სმაიზერმაც.
რუსული საბჭოური ისტორიოგრაფია გარკვეულწილად კმაყოფილებას გამოთქვამდა პოტსდამში მიღწეული შედეგებით. ოფიციალურ გამოცემებში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ სსრ კავშირი მტკიცედ იდგა დემოკრატიული პრინციპებისა და ანტიჰიტლერული კოალიციის ერთიანობის სადარაჯოზე. ამავე დროს, ხაზგასმით იყო აღნიშნული აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციების წინააღმდეგობა ამ საკითხებში. უნდა ითქვას, რომ თანამედროვე რუსი ისტორიკოსები ამ შემთხვევაში კვლავინდებურად საბჭოური ისტორიოგრაფიის „მიღწევების“ ერთგული რჩებიან და აცხადებენ, რომ ამერიკელები და ინგლისელები პოტსდამში უკვე ფაქტობრივად ეწეოდნენ „ცივ ომს“ სსრ კავშირის წინააღმდეგ, თუმცა ყველანაირად ცდილობენ, ყურადღება არ მიაქციონ სსრ კავშირის რეაქციულ ზრახვებს.
როგორც ვხედავთ, ისევე როგორც წინა კონფერენციებთან დაკავშირებით, მკვლევრები განსხვავებულად აფასებენ პოტსდამის სამიტის შედეგებს. უნდა ითქვას, რომ, პრინციპში, ამ შემთხვევაში ნამდვილად არსებობს გარკვეული საფუძველი აზრთა სხვადასხვაობისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოტსდამში ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია დიპლომატიურ ტრიუმფს. რასაკვირველია, ერთი შეხედვით, საბჭოთა კავშირმა ყველაზე მეტი დივიდენდი მიიღო კონფერენციიდან, მაგრამ ამჯერად ეს პრაქტიკულად არ იყო განპირობებული საკუთრივ სამიტის მიმდინარეობით. თითქმის ყველა შემთხვევაში სტალინმა შედეგს მიაღწია არსებული სამხედრო სიტუაციიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ეს ეხება განთავისუფლებული ევროპის შესახებ ყირიმის კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციის ამოქმედების დაბლოკვას, რასაც საბჭოთა მხარემ უბრალოდ მოლაპარაკებების სრული იგნორირებით მიაღწია.
ბუნებრივია, იქიდან გამომდინარე, რომ აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოში სსრ კავშირს თავისი ჯარები ჰყავდა და მარიონეტული მთავრობა ჰქონდა ჩამოყალიბებული, ამერიკელებმა და ბრიტანელებმა უბრალოდ ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა ამ საკითხთან მიმართებაში. თითქმის იგივე განმეორდა პოლონეთის პრობლემასთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასევე საბჭოთა მხარის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა აქ იყო გარკვეული პოზიტიური მომენტები დასავლეთელი მოკავშირეებისთვისაც. ამჯერად ინგლისელებმა და ამერიკელებმა შეთანხმებულად იმოქმედეს, რაც, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენისა და სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბირნსის დამსახურება იყო. შედეგად, მართალია, მათ მოუწიათ დათმობებზე წასვლა პოლონეთის დასავლეთ საზღვართან დაკავშირებით, მაგრამ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა 1945წ. ზაფხულში უბრალოდ შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, ამერიკული დელეგაციის მიერ საკითხების დაჯგუფებამ შედეგი გამოიღო და პოლონეთთან დაკავშირებით სასურველი ფორმულირების გასატანად სტალინს დასჭირდა სხვა საკითხებში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა.
საბჭოთა მხარისათვის მთლიანად მისაღები არც გერმანიის საკითხის გადაწყვეტაც აღმოჩნდა. მართალია, სსრ კავშირს გადაეცა კენიგსბერგი და მისი მიმდებარე ზონა, მაგრამ აქაც ამერიკელებს და ბრიტანელებს უბრალოდ სხვა არაფერი დარჩენოდათ სტალინის განცხადების შემდეგ, რომ ის უბრალოდ არ შემოუშვებდა არავის ამ ტერიტორიაზე. სამაგიეროდ, რეპარაციებთან დაკავშირებით საბჭოთა მხარეს მოუწია საკუთარი მოთხოვნების შემცირება გერმანიიდან ამოსაღები თანხებისა თუ სამრეწველო დანადგარების მიმართ და უარის თქმა ავსტრიისაგან რაიმე სახის კომპენსაციის მიღებაზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში რაიმე დიპლომატიურ ტრიუმფზე საუბარიც ზედმეტია.
თავის მხრივ, ამერიკელებს და ბრიტანელებს საკუთარ აქტივში საკმაოდ ბევრი მიღწევის ჩაწერა შეუძლიათ კონფერენციაზე. მათ პრაქტიკულად მოახერხეს საბჭოთა მოთხოვნების დაბლოკვა იტალიის (სსრ კავშირს გადაეცა მხოლოდ მცირე სარეპარაციო თანხა), ესპანეთის და თურქეთის სრუტეების მიმართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხებში დასავლეთელმა მოკავშირეებმა სტალინს პრაქტიკულად პირწმინდად აჯობეს და ეს, პირველ რიგში, ტაქტიკურად სწორად წარმართული დიპლომატიური მანევრების შედეგი იყო. სტალინმა ვერ მიიღო რაიმე სამეურვეო ტერიტორია ირანშიც. ის პრაქტიკულად აიძულეს, დაეწყო ინგლისთან არსებული შეთანხმების სისრულეში მოყვანა. კონფერენციის უმთავრესი შედეგი კი, ჩვენი აზრით, იყო ის, რომ მან დაამტკიცა რუზველტის მიდგომის სიმცდარე. აშკარაა, რომ სტალინთან მოლაპარაკებების წარმოება შეიძლებოდა მხოლოდ იმავე მეთოდებით, რომელსაც ის თავად იყენებდა. პოტსდამში ინგლისური და ამერიკული დელეგაციები პირველად მოქმედებდნენ შეთანხმებულად პრაქტიკულად ყველა საკითხზე და სწორედ ამიტომაც მოახერხეს გაცილებით უკეთესი შედეგების მიღება, ვიდრე თეირანსა და იალტაში.
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3

Комментариев нет:

Отправить комментарий