вторник, 14 августа 2018 г.

ადრექრისტიანული ხანის ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ერთი ფრაგმენტის შესახებ (ბ. ხურცილავა)

IV საუკუნის ცნობილი რომაელი მემატიანის ამიანე მარცელინეს ცნობით, 368-369 წწ-ში ქართლის (იბერიის) სამეფოს მთლიანობა დაირღვა: მისი ერთი ნაწილი რომაელთა მომხრე სავრომაკს (<საურმაგ) ერგო, მეორე კი – სპარსელთა ფავორიტ ასპაკურეს (<ასფაგურ/ვარაზ-ბაკურ)1. ამ უკანასკნელს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი ქართული საისტორიო წყაროებში ნახსენებ მეფე ვარაზ-ბაკურთან (ვარაზ-ბაქართან) აიგივებს2. თუმცა ამ პირთა იდენტიფიცირების საკითხში მეცნიერთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც3. 1. ამიანე მარცელინე. „გეორგიკა“. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, თბილისი, 1961. 2. ბოგვერაძე ა., ქართლის (იბერიის) სამეფოს 369 წლის გაყოფის საკითხისათვის. კრებული „ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან“, თბილისი, 1976, გვ. 89, შენ. 6; გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბილისი, 1990, გვ. 87-89; გორგაძე ს. წერილები საქართველოს ისტორიიდან, III, თბილისი, 1913, გვ. 58; მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტ. IV, ნაკ. I. თბილისი, 1958, გვ. 170; ხურცილავა ბ. „მოქცევაი ქართლისაი“-ს მატიანის ერთი ფრაგმენტის აღდგენისათვის. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საისტორიო ალმანახი „კლიო 13“, თბილისი, 2001, გვ. 38; ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1960, გვ. 234-235. 3 კაკაბაძე ს., ძიებანი ქართველთა IV-VII საუკუნეების ისტორიის შესახებ. „საისტორიო კრებული“, წ. II, თბილისი, 1928, გვ. 13; კეკელიძე კ., იბერიის ქრისტიანიზაციის საწყისებთან, „ეტიუდები“, III, თბილისი, 1955, გვ. 22; ლომოური ნ., საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში. თბილისი, 1989, გვ. 11. ამჯერად ჩვენ გვერდს ვუვლით ასპაკურესა და ვარაზ-ბაკურის ურთიერთმიმართების საკითხს და მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ „მოქცევაი ქართლისაისა“ და „ქართლის ცხოვრების“ იმ ცნობებს, რომლებშიც ვარაზ-ბაკურის (ვარაზ-ბაქარის) ზეობის პერიოდია მოცემული. „მოქცევაი ქართლისაის“ შატბერდულ ხელნაწერში (X ს.) დაცული ცნობა, როგორც წესი, ლაკონიურია: „დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ, და მისა ზევე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდეს სივნიეთა და იგი ხიდარდუკუჯდა. და მთავარებისკოპოსი იყო იგივე იობ. და მაშინ მოვიდა ქრამხუარბორზად სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისად ქალაქად, ციხედ, და ქართლი მისსა ხარკსა შედგა და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი. და მისაზე აღაშენეს აზნაურთა წმიდაი იგი ეკლესიაი მცხეთას და დაამოთაულეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა“1. ეს ცნობა საზოგადოდ ისტორიკოსთა დიდ ინტერესს იწვევს, რადგან, როგორც ამას თავის დროზე ნ. ჯანაშია აღნიშნავდა, აქ საუბარია იბერიის სამეფოს ჩვენთვის ცნობილ პირველად დახარკვის ფაქტზე2; ის ამ ფაქტს IV ს-ის 70-იანი წლების მიწურულით ათარიღებდა3. ე. აბაშიძე ქართულ მატიანეებში აღწერილ ამბებს IV ს-ის 60-იანი წლების ბოლოთი ათარიღებდა და მათ იბერიაში ორმეფობის შემოღების ფაქტს უკავშირებდა4. მსგავს თვალსაზრისზე დგას ვ. გოილაძეც5. ნ. ლომოურმა იბერიაში პიტიახშის მოსვლისა და ქვეყნის დახარკვის ფაქტის დათარიღებისაგან საერთოდ თავი შეიკავა6. მ. ჩხარტიშვილის აზრით, რადგან შატბერდულ რედაქციაში ვარაზ-ბაკურის მეფედ „დადგომაზეა“ საუბარი ნაცვლად მოსალოდნელი „დაჯდომისა“, ეს თითქოს მის მიერ სამეფო ტახტის დაკავების დროებით ხასიათზე უნდა მიუთითებდეს7. მაგრამ მას შემდეგ, რაც ქრონიკის უძველესი, ე.წ. სინური რედაქცია (სინ 48) აღმოჩნდა, სადაც ვარაზ-ბაკურის მეფედ „დაჯდომაზეა“ საუბარი, ცხადია, მეცნიერის ზემოხსენებულ ვარაუდსაც სიმყარე მოაკლდა. სინურ ხელნაწერში მცირეოდენი ნიუანსობრივი განსხვავების მიუხედავად შატბერდულის მსგავსი ტექსტია მოცემული, „ქრამხუარბორზადის“ ნაცვლად კი იქ გვაქვს სახელის განსხვავებული ფორმა: „ქარზამხუარბარზადურ“8. 1. მოქცევაი ქართლისაი. კრებული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, I, თბილისი, 1963, გვ. 91-92. 2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბილისი, 1973, გვ. 80. 3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II. თბილისი, 1973, გვ. 80-81 4. აბაშიძე ე. „ქართლის ცხოვრებისა“ და „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტების შედარებითი შესწავლის საკითხისათვის. კრებული „ქართული წყაროთმცოდნეობა“ VII, თბილისი, 1987, გვ. 53-60. 5. გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, თბილისი, 1990, გვ. 85. 6. ლომოური ნ., საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში, თბილისი, 1989, გვ. 11. 7. ჩხარტიშვილი მ., ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემა, თბილისი, 1987, გვ. 40. 8. იხ. ალექსიძე ზ., ახალი ცნობა „რუვისთაველთა სახლის“ შესახებ. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, #14 (5 აპრილი), 1991. ამთავითვე გვსურს იმის აღნიშვნა, რომ ქრონიკის აღნიშნული ცნობა მხოლოდ ქართლის სამეფოს ისტორიის ერთი ეპიზოდის შესწავლისთვის როდია საგულისხმო, არამედ, როგორც ამას დავინახავთ, ის საინტერესოა მეზობელი სომხეთის ისტორიისათვისაც. კერძოდ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო V ს-ის სომეხი მემატიანის მოვსეს ხორენაცის იმ ცნობებმა, რომლებიც ეხმიანებიან და ნათელს ჰფენენ ქართულ წერილობით წყაროებში აღწერილ ამბებს. სომეხი ავტორი, მოგვითხრობს რა სპარსელებსა და რომაელებს შორის 387 წელს დადებული ზავის შესახებ, როდესაც მხარეებმა სომხეთი ერთმანეთში გაიყვეს (ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ზავის თანახმად სპარსეთის ხელქვეით იბერია და ალბანეთიც მოექცნენ. იხ. История Ирана. Москва, 1977, стр. 112)., იქვე იმასაც დასძენს, რომ სომეხთა მეფე ხოსროვ IV-ს (383-388 და 390-391 წწ.) კეისრისთვის უთხოვნია, რომ „მიენდო მისთვის ბერძენთა წილი სომხეთი, რომელსაც ძველებურ ბარაქას შეუნარჩუნებდა და უკლებლივ გადაიხდიდა ყოველივეს, რასაც კეისარი თავისი მოხელეების მეშვეობით იღებდა“1, რაზედაც მას თანხმობა მიუღია. ამის შემდეგ ხოსროვმა სპარსელთა დაუკითხავად სომხეთის ეკლესიის გარდაცვლილი მეთაურის ადგილზე საჰაკი დაადგინა, რითაც შაჰ შაბურ III-ის (383-388 წწ.) გულისწყრომა დაიტეხა თავს. შაჰის მუქარას სომეხთა მეფემ საკმაოდ კადნიერად უპასუხა, მისი მოციქულები შეურაცხყოფილნი გააბრუნა უკან და კეისარს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამასობაში შაჰმა თავისი ვაჟის არტაშირის წინამძღოლობით სომხეთში დიდი ჯარი მიავლინა და ვინაიდან ხოსროვს აღარც კეისარი და „არც სხვა რომელიმე უცხო ნათესავი“ არ დაეხმარა, მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო და თვითონ ეახლა სპარსელ მეფისწულს, რომელმაც იგი გადააყენა მეფობიდან, სომხეთში დიდი რაზმი დატოვა, უფლებააყრილი ტყვე კი ქტეზიფონს წაიყვანა და იქ ანუშად წოდებულ ციხეში გამოამწყვდევინა2. ის ფაქტი, რომ სპარსელებს ხელი არ უხლიათ არც საჰაკ კათალიკოსისათვის და არც ხოსროვისგან დანიშნული ნახარარებისთვის, მოწმობს იმას, რომ სომეხთა მეფის მხრივ მღვდელმთავრის თვითნებურად დაყენება მხოლოდ საბაბი იყო ირანელთა სომხეთზე გალაშქრებისთვის, რეალური მიზეზი კი მეფე ხოსროვის მხრიდან 387 წლის ზავის პირობების შეცვლისა და რომის იმპერიის გავლენის სფეროში გადასვლის მცდელობაში უნდა ვეძიოთ. 1. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ. თბილისი, 1984, გვ. 218. 2. იქვე გვ. 219. ახლა იმის შესახებ, თუ რა კავშირშია აღნიშნული ზემოთ დამოწმებული ქართული წყაროების ცნობებთან. როგორც ვიხილეთ, სომეხთა მეფემ სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებაში დახმარება ვერსაიდან ვერ მიიღო. „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკაში დაცული ცნობით, სპარსელი მარზპანები სივნიეთს (სიუნიქს) მისულან და ვარაზ-ბაკური მათი შიშით ხიდარს გახიზნულა. მიზეზი მისი ამ „უკუჯდომისა“ წყაროში არ არის დაკონკრეტებული, თუმცა მასზე ინფორმაციას უკვე „ქართლის ცხოვრების“ შესაბამის ადგილზე ვპოულობთ. აქ გარკვევით არის ნათქვამი, რომ ვარაზ-ბაქარის ზეობისას „გამოგზავნა სპარსთა მეფემან ერისთავი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დადებად“1, რის შემდგომ „სომეხთა მოგზავნესვარაზ-ბაქარისსა მოციქული და რქუეს, რათა შეკრბენ და მოირთონ ძალი ბერძენთაგან, და განახუენენ კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნეთ ოვსნი და ლეკნი და წინააღუდგნენ სპარსთა, და წარჩინებულნი თვისნიცა ეტყოდეს წინააღდგომასა სპარსთასა“. მაგრამ ქართლის მეფემ „არა ისმინა არცა სომეხთა, არცა წარჩინებულთა თვისთა, რამეთუ იყო ჩუკენი და მოშიში. უკუჯდა იგი ხევსა კახეთისასა, და აღაშენა ციხე ხიდარს და განამაგრა ციხე-ქალაქნი, და უბრძანა ყოველთა დამალნენჯუარნი. და მოვიდეს სპარსნი პირველად სომხითს, და მოაოხრეს სომხითი2. 1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955, გვ. 135. 2. იქვე გვ. 135-136 დაკვირვებული თვალი იოლად შენიშნავს ქართული და სომხური წერილობითი წყაროების ცნობებს შორის მსგავსებას; ისინი ურთიერთს ავსებენ. სამივე განხილული წყარო უთითებს იმაზე, რომ სპარსელთა ლაშქრობა ძირითადად მიმართული იყო სომხეთზე, რის მიზეზობრივ ახსნას იძლევა მხოლოდ მოვსეს ხორენაცი. ქართველთა მიმართ სპარსეთის შაჰის გულისწყრომის მიზეზს კი არცერთი წყარო არ ასახელებს. სავარაუდოდ, შაჰს ქართლის მეფისათვის ხოსროვისთვის შენათვალის მსგავსი მოთხოვნები უნდა წაეყენებინა. თუ კი, მოვსეს ხორენაცის ცნობით, ხოსროვი სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყებაში რომაელთა და „სხვა უცხო ნათესავთა“ დახმარებას იმედოვნებდა, „ქართლის ცხოვრებაში“ ჩვენ ვხედავთ თუ კონკრეტულად ვინ იგულისხმებოდნენ რომაელთა („ბერძენთა“) გარდა ხოსროვის პოტენციურ მოკავშირეებში. ესენია: ქართველები, ოსები და ლეკები. მოვსეს ხორენაცი არაფერს ამბობს სპარსელთაგან იბერიის დალაშქვრაზე. მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ სპარსელთა დიდი რაზმი სომხეთში დაბანაკდა, ხოლო ჯარის წინამძღოლი მეფისწული არტაშირი სასწრაფოდ ქტეზიფონს გაეშურა მისი მამის – შაბურ III-ის ხანდაზმულობით შეფიქრიანებული. ამის შემდეგ წყაროში საუბარია შაჰის გარდაცვალებაზე. საინტერესოა, რომ ზუსტად იმავე 388 წელს, რა დროითაც აღნიშნული მოვლენები თარიღდება, სპარსეთის სამეფო კარზე შინაარეულობის შედეგად საკუთარი ხელქვეითების მიერ მოკლული იქნა შაბურ III. ჩანს, რომ სწორედ ეს ფაქტია ოდნავ სახეცვლილად არეკლილი სომეხ მემატიანესთან. წყაროთა ცნობების შეჯერება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შაბურ III-ის სიცოცხლეში სპარსელებს იბერია არ დაულაშქრავთ. ეს უნდა მომხდარიყო სპარსეთის სამეფო ტახტზე ახალი შაჰის – ბაჰრამ IV-ის (388-399 წწ.) ასვლისთანავე. სპარსელები, არ დაჯერდნენ რა სომხეთის დახარკვას, ანალოგიური განზრახულობით იბერიასაც მოადგნენ. აქ მოსულ სპარსელ პიტიახშს თავის რეზიდენციად თბილისი, კალას ციხე შეურჩევია. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ „ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ითხოვა მშვიდობა“ სპარსთაგან, „ხოლო ერისთავმან სპარსთამან რქუა მას: ... გაქუნდესუკუე ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა ხუასროვანთა“, შემდეგ „განუკუეთა ხარკი, ... უკუსცა ტფილისი ... და მიერით განიქმნნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი“1. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვითაც „ქართლი მისსა (ე.ი. პიტიახშის) ხარკსა შედგა და სომხითი და სივნიეთი და გუასპურაგანი“. რომაელთა რეაქცია ამ ფაქტზე ნეგატიური იყო. როგორც „ქართლის ცხოვრებაშია“ ნათქვამი, „განდგეს კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვითგან არსიანთამდე“2, ხოლო ვარაზ-ბაკურის ხელქვეით დარჩა „ქართლი - თვინიერ კლარჯეთისა“. ფიქრობენ, რომ აქ ის ტერიტორიაა ნაგულისხმები, რომელიც 369 წლიდან მოყოლებული რომაელთა გავლენის სფეროს განეკუთვნებოდა3. 1. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955, გვ. 136 2. იქვე, გვ. 136-137. 3. მუსხელიშვილი დ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბილისი, 1977, გვ. 201. ამრიგად, ქართული და სომხური საისტორიო წყაროთა ცნობების ურთიერთშედარებით ირკვევა, რომ ქართლის სამეფოს სპარსელთაგან დახარკვა მოხდა 388 წლის ახლო ხანებში, ხოსროვ IV-ის სომხეთის სამეფო ტახტიდან გადაყენების შემგომ. „ქართლის ცხოვრება“ არ უთითებს არც იმ სპარსელი ერისთავის (პიტიახშის) სახელს, ვინც ხარკი დაუწესა ქართველებს, და არც სპარსეთის იმ შაჰის სახელს, ვის მიერაც იქნა იბერიაში ეს მოხელე გამოგზავნილი. სამაგიეროდ, „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკამ იცის ერთ-ერთი ამათგანის სახელი. შატბერდულ ხელნაწერში გვაქვს „ქრამხუარბორზად სპარსთა მეფისა პიტიახში“, სინურ ხელნაწერში კი - „ქარზამხუარბარზადურ სპარსთა მეფისა პიტიახში“. რაკიღა „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკაში ნახსენები „პიტიახში“ - ტერმინის ადგილობრივ შესატყვისად „ქართლის ცხოვრების“ მატიანეში „ერისთავია“ მოცემული, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ „ქრამხუარბორზად“ არის იმ სპარსელი პიტიახშის სახელი, ვინც იბერიას ხარკი განუწესა. მაგრამ თვით ქრონიკაში მოცემული ცნობის შინაარსით ამგვარი თვალსაზრისი ცრუვდება, რაზედაც ყურადღება აქამდე არავის გაუმახვილებია. თვალსაჩინოებისათვის იმავე ქრონიკიდან წარმოვადგენთ კონსტრუქციის თვალსაზრისით მსგავს წინადადებას: „და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ“1. უბრალო შედარებაც კმარა იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენთვის საინტერესო წინადადებაში მოცემული სახელი „ქრამხუარბორზად“ (ან „ქარზამხუარბარზადურ“) ეკუთვნის არა სპარსთა მეფის პიტიახშს, არამედ თვითონ სპარსეთის ხელმწიფეს და რომ წყაროში პიტიახშის სახელი ფაქტიურად გვაკლია. შატბერდული და სინური ხელნაწერების მონაცემთა გათვალისწინებით, აღნიშნული კომპოზიტური სახელის ოთხიდან სამი წევრი უტყუარად აღდგება, როგორც „ხუარ-ბურზადურ“, რაც საშუალო სპარსულიდან ქართულად ითარგმნება „მზის მაღალი ცეცხლის“ მნიშვნელობით2. რაც შეეხება კომპოზიტის საწყის წევრს - სიტყვა „ქრამ“-ს, ის თითქოს სინურ ხელნაწერში დამოწმებული „ქარზამ“-სიტყვის ნაშთი ჩანს. მაგრამ ასეთი შესაძლებლობის დაშვებას ეწინააღმდეგება თვითონ „მოქცევაი ქართლისაის“ მონაცემები. ქრონიკის სხვა ადგილას მანამდე ჩვენ ვხვდებით სახელს „ქარძამ“ და ამის გვერდით „ქარზამ“ - ფორმის გამოჩენის ფაქტი რთული ასახსნელია. ჩვენი აზრით, „ქრამ“-ი კი არ წარმოადგენს „ქარზამ“-ის შემოკლებულ ფორმას, არამედ პირიქით, სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს პირვანდელი „ქრამ“-ის ნიადაგზე მოგვიანებით წარმოქმნილი. ამ აზრის სასარგებლოდ მეტყველებს შემდეგი: ქართული და სომხური წერილობითი წყაროების ცნობათა ურთიერთშეჯერების ნიადაგზე ჩვენ უკვე ვიხილეთ ის, რომ ქართლის სამეფოს დახარკვის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბაჰრამ IV-ის სპარსეთში გამეფების დროს (388/89 წ.). მოვსეს ხორენაცი კი ამ ფაქტის აღნიშვნისას წერს შემდეგს: „გამეფდა ვრამი (=ბაჰრამი), რომელსაც კრმანიც ერქვა“3. ძნელია არ შენიშნო სახელების „ქრამ“ და „კრმან“ მსგავსების ფაქტი. ცნობილია, რომ უფლისწული ბაჰრამი მისმა მამამ, მეფე შაბურ III-მ თავის დროზე ქერმანის (ძვ. ბერძნული „კარმანია“) მხარის მმართველად განამწესა. ტრადიციით სწორედ ბაჰრამს მიეწერება მოგვიანებით ქალაქ ქერმანშაჰის დაარსება. მემატიანეების აგათიასა (IV. 26) და ალ-ტაბარის ცნობათა მიხედვით, იგი დამატებით ქერმანშაჰადაც (ანუ ქერმანის მხარის მბრძანებლად) იწოდებოდა. ბრიტანეთის მუზეუმში დაცულ ერთ ამეთვისტოს ინტალიოზეც გვაქვს იგივე სახელი ფაჰლაური შრიფტით წარწერილი: „ვაჰრანქერმან შაჰი“4. აი, სწორედ ეს „ქერმან“/„ კარმანია“ სახელი გახლავთ სომხურ წყაროში ქართულთან შედარებით ნაკლებად დაზიანებული ფორმით შემონახული, ხოლო ქართულ წყაროში სომხურთან შედარებით უფრო სახეცვლილად დაცული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სრულიად ცხადია, რომ „ქრამ“-ი „ქარზამ“-ისგან ვერ წარმოსდგებოდა, საპირისპირო შესაძლებლობა კი ლოგიკურად დასაშვებია. 1. მოქცევაი ქართლისაი. კრებული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, I, თბილისი, 1963, გვ. 91. 2. ჩხეიძე თ., ნარკვევები ირანული ონომასტიკიდან. თბილისი 1984, გვ. 64. 3. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბილისი, 1984, გვ. 221. 4. Herzfeld E. Paikuli I, Berlin, 1924, P. 78. ამრიგად, „მოქცევაი ქართლისაის“ ქრონიკაში ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სპარსეთის მეფე ბაჰრამ IV-ის კუთვნილი სახელი სრული კომპოზიტური ფორმით: „ქერმან-ხუარბურზ-ადურ“. ამ მხრივ ქართული ქრონიკის ცნობა ავთენტურთან ერთად უნიკალურადაც უნდა ჩაითვალოს. შეგვიძლია განვაცხადოთ ისიც, რომ ქართულ წყაროებში მოთხრობილი იბერიის დახარკვის ამბავი სავსებით ემორჩილება ზუსტ დათარიღებას (388/89 წწ.). თავშივე ვთქვით, რომ ქართული წყაროების მეფე ვარაზ-ბაკური (ვარაზ-ბაქარი) ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მიერ გაიგივებულია იბერიის მეფედ ამიანე მარცელინესგან ნახსენებ „ასპაკურთან“. მაშასადამე, გამოირკვა ისიც, რომ 388/89 წლისათვის ქართლის სამეფოს ორ ნაწილად გაყოფას (369 წ.) ადგილი უკვე აღარ ჰქონდა. სავსებით სწორად მიუთითებდა თავის დროზე ისტორიკოსი ა. ბოგვერაძე ამიანე მარცელინეს ცნობების ანალიზის შედეგად იმაზე, რომ ორმეფობას იბერიაში ბოლო მოეღო 377 წელს და ქვეყანა მთლიანად სპარსელთა ფავორიტი ასფაგურის ხელში გადავიდა. ხოლო რაკიღა 388/89 წელს ეს ასფაგურ/ვარაზ-ბაკური სპარსელებს ტახტიდან გადაუყენებიათ. შესაბამისად ამისა „ქართლის ცხოვრების“ ის ცნობაც, რომ უკვე ხანდაზმული და თავის დროზე (368 წ.) სამეფო ტახტიდან სპარსელთაგან ასევე გაძევებული თრდატ რევის ძე (=სავრომაკ/საურმაგ) ადგილობრივმა წარჩინებულებმა ხელმეორედ აღაზევეს ქართლის სამეფო ტახტზე, სიმართლის მარცვალს უნდა შეიცავდეს.
დამოწმებანი:
1. აბაშიძე ე., „ქართლის ცხოვრებისა“ და „მოქცევაი ქართლისაის“ ტექსტების შედარებითი შესწავლის საკითხისათვის. კრებული „ქართული წყაროთმცოდნეობა“, VII, თბილისი, 1987. 2. ალექსიძე ზ., ახალი ცნობა „რუვისთაველთა სახლის“ შესახებ. გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ #14 (5 აპრილი), 1991. 3. ამიანე მარცელინე, „გეორგიკა“. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. I, თბილისი, 1961. 4. ბოგვერაძე ა., ქართლის (იბერიის) სამეფოს 369 წლის გაყოფის საკითხისათვის. კრებული „ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან“, თბილისი, 1976. 5. გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია. თბილისი, 1990. 6. გორგაძე ს., წერილები საქართველოს ისტორიიდან, III, თბილისი, 1913. 7. კაკაბაძე ს., ძიებანი ქართველთა IV-VII საუკუნეების ისტორიის შესახებ. „საისტორიო კრებული“, წ. II, თბილისი, 1928. 8. კეკელიძე კ., იბერიის ქრისტიანიზაციის საწყისებთან. „ეტიუდები“ III, თბილისი, 1955. 9. ლომოური ნ., საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობა V საუკუნეში. თბილისი, 1989. 10. მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომები, ტ. IV, ნაკ. I, თბილისი, 1958. 11. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბილისი, 1984. 12. მოქცევაი ქართლისაი, კრებული „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები“, I, თბილისი, 1963. 13. მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. თბილისი, 1977. 14. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბილისი, 1973. 15. ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955. 16. ჩხარტიშვილი მ., ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემა, თბილისი, 1987. 17. ჩხეიძე თ., ნარკვევები ირანული ონომასტიკიდან, თბილისი, 1984. 18. ხურცილავა ბ., „მოქცევაი ქართლისაი“-ს მატიანის ერთი ფრაგმენტის აღდგენისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საისტორიო ალმანახი „კლიო 13“, თბილისი, 2001. 19. ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1960. 20. История Ирана, Москва, 1977. 21. Herzfeld E. Paikuli I, Berlin, 1924.

Комментариев нет:

Отправить комментарий