I. გივი II ანდუყაფარის ძე (1689-1754 ან 1757)
XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლის სამეფოს ერთერთი გამოჩენილი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი. მამამისი, ანდუყაფარი, 1703 წლიდან მცირე ხანს იყო გორის მოურავი, რადგან ნადირობისას დაიღუპა1. ქართლის გამგებელმა ლევანმა 1704 წელს ამილახვრობა უბოძა და გორის მოურავად დანიშნა გივი ამილახვარი, რომელიც ამ სახელოს განაგებდა (1714-1716 წლების გამოკლებით) 1752 წლამდე2.
II. გივი პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან. ამ დროიდან იწყება ქართლის სამეფოს პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მწვავე პერიოდი.
ვახტანგ VI-ის დამოუკიდებელმა პოლიტიკამ და რუსეთთან კონტაქტებმა ირანთან ურთიერთობა გაამწვავა. შაჰ თამაზ II-ემ ვახტანგის დასჯა განიზრახა. ამას დაემატა ოსმალეთის სამზადისი ქართლში სალაშქროდ. გამწვავდა ურთიერთობა ვახტანგსა და კახეთის მეფე კონსტანტინეს II-ს (მამად ყული-ხანი) შორისაც. ეს უკანასკნელი ირანისა და დაღესტნელების მხარდაჭერით ქართლში გამეფებას ცდილობდა. ქართლი ომის არენად გადაიქცა. განსაკუთრებით კახთბატონი აქტიურობდა.
1. კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულო ისტორიული გუჯრები // ძველი საქართველო, II ტფ., 1913, გვ. 136.
2. როგორც ქვემოთ ვნახავთ, გივი ამილახვარი გორის მოურავად იყო არა სიკვდილამდე, არამედ 1752 წლამდე, შდრ. იქვე, გვ. 137.
1723 წლის დასაწყისში კონსტანტინე ქართლში შეიჭრა და თბილისს მიადგა. ვახტანგმა „აჰყარა დედოფალი და ბარგი მძიმე და გაგზავნა გორსა“1. თავდაპირველად კონსტანტინე თბილისს ვერ დაეუფლა, მაგრამ, როცა მას ლეკის ჯარი მოუვიდა, ვახტანგმა თავდაცვა ვეღარ შეძლო და „წაბრძანდა გორს, ძე მისი ბაქარ წავიდა დუშეთს“2. შემდეგ, ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ბაქარიც გორში მივიდა3.
ვახტანგი მცირე ხანს გაჩერდა გორში და ცხინვალში გადავიდა და იქ ელოდა თავისი სიმამრისაგან, არაგვის ერისთავ გიორგისაგან დახმარებას4. მაგრამ გიორგი ერისთავმა კონსტანტინეს დაუჭირა მხარი.
ვახტანგის თხოვნით, ოსმალთა 20 ათასიანი ჯარი შემოვიდა ქართლში და თბილისს მიადგა. 1723 წ. 10 ივნისს კონსტანტინე თავისი ნებით თბილისიდან გავიდა, ოსმალებს მიეგება და ქალაქის კლიტენი მიართვა, 11 ივნისს ოსმალებმა თბილისი დაიკავეს, კონსტანტინე შეიპყრეს და ბაქარს გადასცეს. ბაქარმა კონსტანტინეს პატიოსანი სიტყვა ჩამოართვა, რომ ის ქართლის წინააღმდეგ აღარასოდეს ამხედრდებოდა, და გაათავისუფლა. იმავე წელს, ვახტანგის ძმა იესე, რომელიც მანამდე შაჰის სამსახურში იყო, საერთო ენას გამონახავს ოსმალებთან და ქართლის გამგებლობას მიიღებს.
1. საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა / ქართლის ცხოვრება, II, ჩუბინაშვილის გამოცემა, სანკტ-პეტერბურგი, 1854, გვ 331; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, III (1700 წლიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე) / გამოსაცემად მოამზადეს გ. ჟორდანიამ და შ. ხანთაძემ, თბილისი, 1967, 88.
2. საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა, გვ. 331.
3. ქართლის ცხოვრება, IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა / ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, 504.
4. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, III, გვ. 89.
III. 1723 წლიდან გივი ამილახვარი, ქართლის ზოგიერთ სხვა თავადებთან ერთად ოსმალებს ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართლის მეფე იესე (ვახტანგ VI-ის ძმა) ოსმალებს მიემხრო და ქართლის გამგებლობა მიიღო, გივი მაინც ბრძოლას აგრძელებდა და ოსმალები გუფთასთან დაამარცხა კიდეც. მაგრამ იესემ მტერი გაამხნევა და გივი იძულებული გახდა უკან დაეხია1.
სავარაუდოა, გივი ამილახვარის ოსმალებთან შერიგება მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც მათ, 1726 თბილისის სიონის მიზგითად გადაქცევა და ქართველების გამაჰმადიანება განიზრახეს. ოსმალთა ამ განზრახვას წინ აღუდგა გივი ამილახვარი. მან სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, ფაშასთან მივიდა, საჩუქრები მიართვა და სიონის განზრახვაზე ხელი ააღებინა. ამილახვარის ასეთი მოქმედება მართლმადიდებლებში მისადმი დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოიწვევდა, რაც კიდევაც ნათლად გამოჩნდა ხალხის გარეშე თუ შინაური მტრების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ბუნებრივია, მართლმადიდებელი ეკლესიის გივი ამილახვრისადმი პატივისცემა.
გივისათვის მიცემულ წიგნში თბილელ-ბოლნელი მიტროპოლიტი დომენტი აღნიშნავდა: „რადგან ახალკვირის შაბათს იყო ჩვენი განსაცდელი და საყდრის გამორთმევის ამბავი, ისევ ახალკვირის წინა დღე, შაბათი, განვაწესეთ თქვენთვის მოსახსენებლად. ამ დღეს იქით ყოვლის წლისათვის იმ შაბათს ჩვენ და ჩვენნი კრებულნი ერთობილნი ჟამს გიწირევდით თქვენ და თქვენთა შვილისშვილთა დაუვიწყებლად მოვიხსენებდეთ“1.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 508.
დამპყრობლები, ითვალისწინებდნენ რა გივი ამილახვრის სიმამაცეს და მის ავტორიტეტს ქართლის მოსახლეობაში, მისი თავიანთ სამსახურში ჩაყენება მოინდომეს. 1727 წელს, როდესაც მეფე იესე გარდაიცვალა, ოსმალებმა ქართლში მეფობა გააუქმეს და ის ექვს მსხვილ ფეოდალს გაუნაწილეს. ზემო ქართლი გივი ამილახვარს არგუნეს. ოსმალების სამსახურში ჩამდგარი გივი ამილახვარი, როგორც მისი თანამედროვე ისტორიული ცნობებიდან ჩანს, რაც დრო გადიოდა ოსმალების ნდობასა და პატივს იმსახურებდა. ის მათ ეხმარებოდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, რითაც სინამდვილეში იცავდა ქართლის ისედაც გაწამებულ მოსახლეობას.
ოსმალობის პერიოდის გივი ამალახვარის დასახასიათებლად მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის აქამომდე უცნობი 1728 წლის 30 ნოემბრის დოკუმენტი, გაცემული ფადიშაჰის მიერ. ფადიშაჰის ფირმანი ისედაც მრავალმხრივ საინტერესოა. მასში ჩანს, როგორ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გივი ამილახვარი, როგორ გადადიოდნენ ოსმალო ხელისუფალთ სამსახურში ქონებასა და თანამდებობებს მოწყურებული ქართველი ფეოდალები, როგორ ცდილობდა ოსმალო ხელისუფლება სხვადასხვა პრივილეგიების მინიჭებით ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფისაკენ წაექეზებინა მართლმადიდებელი ქართველები. ეს საინტერესო დოკუმენტი, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, გაიცა გივი ამილახვრის თხოვნით. ის რეკომენდაციას უწევს თავის მეგობარ არისტოს, რათა მას უწყალობონ ოსმალო ხელისუფლების მიერ დევნილი აბდულქერიმის მამული.
1. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955, გვ. 410.
ამ მოკლე, მაგრამ საინტერესო დოკუმენტს მოვიყვან მთლიანად. „თბილისელი ქართველი ბეგის მიერ ისლამის მიღების შესახებ. ჩაბარდეს დანიშნულებისამებრ. 19 ზილკჰიჯე წელი 1141. თბილისის სანჯაყის ბერათლის რაიონში სოფელ გუმულეთის _ 7900 აქჩიან თიმარზე ჩაწერილი აბდულქერიმი სამხედრო ვალდებულებას არ ასრულებს. თანაც სხვა ადგილას ცხოვრობს და თიმარის საქმეებით არ ინტერესდება. ამ მიზეზით ხსენებული თიმარი 40-50 წელია თბილისელი თავადის იმლაჰორ ოღლუ გივის (გივი ამილახვარი) მეგობრის, არისტო ბეის მფლობელობაშია. იგი წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში ერთგულად და გულმოდგინედ მსახურობს. არისტომ ბოლოს თბილისის სასამართლოში ისახელა თავი ისლამური რელიგიის ცოდნით. მის მიერ ისლამის მიღების შემდეგ კიდევ მეტი ადამიანი შეიყვარებს და მოინდომებს ისლამის მიღებას. არისტო, რომელმაც ახალი სახელი აბდულაჰი დაირქვა, ითხოვს უწყალობონ აბდულქერიმის მიერ მიტოვებული თიმარი. ფირმანი ფადიშაჰისაა“1.
გივი ამილახვარი რომ თავის ერთგულ ადამიანებს მფარველობდა ოსმალების წინაშე, ამის სხვა მაგალითს შემდგომშიც გავეცნობით.
1. საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში, სტამბული, 2012, გვ. 181.
ზემოთ აღინიშნა, რომ ოსმალებმა ქართლი ექვს მსხვილ ფეოდალს გაუნაწილეს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით დაყოფა მოხდა 1728 წელს1. დამპყრობლებმა ზემო ქართლის გამგებლობა გივი ამილახვარს არგუნეს. როგორც ჩანს, გივიმ, რომელსაც თავისი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით გორის მოურავობა ეკუთვნოდა, ოსმალებთან იმ წარმატებასაც მიაღწია, რომ გორის გარკვეულ ტერიტორიაზე საკუთრების და დასახლების უფლება მოიპოვა. შესაბამის ადგილას ითქვა, რომ ამილახვრებს საუკუნეების განმავლობაში გორში, გორელების სასტიკი წინააღმდეგობის გამო, დასახლების უფლება არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის მოურავის სახელო მათ ეკუთვნოდათ.
გივი ამილახვრის ოსმალების წინაშე დამსახურებაზე ნათქვამია სულთან აჰმედ III-ის მიერ 1727 წელს გივი ამილახვარისათვის ნაბოძებ ფირმანში. მას ებოძა თბილისის სანჯაყსა და გორის ნაჰიეში მდებარე სოფელი სხილვანი 66832 ახჩის შემოსავლით. ფირმანის მიხედვით, გივი ამილახვარმა ეს ჯილდო იმით დაიმსახურა, რომ ის ერთგულად ემსახურებოდა სულთანს. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გორის ციხის ლეკებისაგან დაცვისას. „თბილისის ვილაიეთში მცხოვრებ თავადთაგან მაღალღირსეული სამეფო ფირმანის მქონე ამილახორი გივი ამ ქვეყნის... დაპყრობის დროიდან მოკიდებული სრული მორჩილებითა და ერთგულებით გვემსახურება, ლეკთა შემოსევის ჟამს თავისი ქვეშევრდომებით დღე და ღამ იცავდა გორისციხესა და მის შემოგარენს, იბრძოდა და დახმარებას უწევდა მუსლიმებს...“2.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ 510.
2. აბულაძე ც., ოსმალობის ხანის სამი თურქული ფირმანი // აღმოსავლური ფილოლოგია, III, თბილისი, 1973, 296.
სულთანმა გივი ამილახვარს გამოუყო ოთხი სოფელი: ტბეთი, ფხვენისი, ქორდი და ბიჯნისი, 52060 ახჩა შემოსავლით1. ტბეთი და ფხვენისი საამილახვროში იყო, ბიჯნისი საციციანოში, ქორდი კი, საერთოდ ნახსენები არ არის გორის ლივას სოფლების ნუსხაში.
დავთარი გარკვეულ ცნობებს გვაწვდის ოსმალობის პირველი პერიოდში გივი ამილახვარის ქონების შესახებ. მასში ნათქვამია, რომ „მეორე კუდულეთი ექვემდებარება გივი ამილახვარს, ექვემდებარება ხსენებულს“, ე. ი. საციციანოს2. ეს სოფელი სხვა მხრივაც არის საინტერესო. იქ ერთი სახლია და მასში ცხოვრობს 4 კაცი: ამელ ძე დათუნასი, როსტომ ძმა მისი, ავთანდილ ძმა მეორე, ფარსვან ძმა მეორე (უნდა იყოს ძმა მესამე) მუსლიმია3. როგორც ჩანს, გამუსლიმანების პროცესი იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ იგი იჭრება ისეთ მივარდნილ და მცირე მოსახლეობიან სოფელშიც კი, როგორიც მეორე კუდულეთია.
ამილახვრის ნაჰიეს მეთაურის მთავარი სიმდიდრე იყო „მამული ჭალა ამილახვრის შვილის გივის მფლობელობაში ექვემდებარება ხსენებულს“. ჭალაში ცხოვრობენ გივი და მისი ძმები თავიანთი ოჯახებით: თვით „გივი ძე ანდუყაფარისა4, ანდუყაფარ ძე მისი, იოთამ ძმა მისი, დიმიტრი ძმა მისი, იასე ძმა მისი, ბარძინ ძმა მისი, ამირინდო ძმა მისი, ოთარ ძმა მისი, თეიმურაზ ძმა მეორე, ეროსო ძმა მისი, ბარამ ძმა მისი, დავით ძმა მეორე, რევაზ ძმა მისი, იოთამ ძმა მისი“, ყველა ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ, აქვთ 20 დღიური სამეუფეო ველი, 5 დღიური სამეუფეო ვენახი. ისინი ერთობლივად იხდიან 3000 ახჩას5. გივი ამილახვრის სამფლობელოებში ყველა თავადი და აზნაური ერთობლივად იხდიდა 8200 ყურუში ესედის გადასახადს6.
1. იქვე, 297.
2. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. I. / ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ, თბ., 2009, გვ. 223
3. იქვე, 223.
4. ანდუყაფარ III. ირანიდან დაბრუნებულმა ლევან ვახტანგ V-ის ძემ 1704 წელს ამილახვრობა მას უბოძა, მაგრამ მალე (1704 წ.) ნადირობისას დაიღუპა. კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულო გუჯრები // ძველი საქართველო, II, გვ 109.
5. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. I, 407-408.
6. ყურუში ესედი _ მონეტის ერთ-ერთი სახეობა, რომლის ოდენობა ცვალებადი იყო. სამი ოსმალური წყარო თბილისის ისტორიისათვის (1730-1732) / თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ, თბილისი, 2008, გვ. 16.
XVIII ს. 20-იან წლებში, „ოსმალობის“ დროს, გივიმ იმას მიაღწია, რომ გორში სასახლე და ე. წ. ამილახვრების ეკლესია ააშენა. მან ისიც შესძლო, რომ ქალაქის იმ ნაწილზე, სადაც მას სასახლე და საგვარეულო ეკლესია ჰქონდა, ოსმალებმა განსაკუთრებული უფლება მიანიჭეს. ეს ის დასახლება უნდა ყოფილიყო, რომელსაც 1728 წლის აღწერის დავთარში „გივის დასახლება“ ჰქვია. ვფიქრობ, იგი მდებარეობდა იქ, სადაც 1802 წლის გორის გეგმაზე, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ამჟამინდელი ი. ბ. სტალინის მემორიალური კომპლექსის, IX საჯარო სკოლისა და სასტუმროს ტერიტორიაზე აღნიშნულია ამილახვრების ეკლესია. იქვე უნდა აშენებულიყო მათი პირველი სასახლე გორში. ოსმალობის პერიოდამდე ამილახვრების სასახლე გორში საისტორიო წყაროებში არ აღინიშნება.
IV. როგორც XVIII ს. 30-იანი წლების დასაწყისის ცნობებით ირკვევა, გივი ამილახვარი ოსმალებთან თანამშრომლობის პერიოდში, იმავე ოსმალების მიერ დევნილი, რუსეთში გადახვეწილი ვახტანგ VI-ის და ბატონიშვილ ბაქარის აღმოსავლეთ საქართველოში დევნილ ერთგულთა შემწედ გვევლინება. ამაზე მიგვანიშნებს ბარძიმ არაგვის ერისთავის მიერ რუსეთში ვახტანგთან გაგზავნილი 1731 წლის წერილი. წერილიდან ვიგებთ, რომ ბარძიმი ვახტანგ მეფეს გაჰყოლია რუსეთში და წერილის გაგზავნის დროისათვის ის ახალი დაბრუნებული უნდა იყოს საქართველოში, რაღაც საგანგებო დავალებით1. კახეთის მეფე კონსტანტინეს ბარძიმი ქართლის გამგებელ ისაყ-ფაშასთან დაუბეზღებია. ბარძიმი ვახტანგს შესჩივის: „რა წამს ხევს მოველ, სულ ჩემი ყმა მოვიდნენ და შემომეხვეწნენ. ახლა კახმა ბატონმა ფაშასთან დაგვაბეზღა. „მეფეს [ვახტანგს ბარძიმისთვის] ჯარი მოუცია, ჯარით მოვიდაო, უკან ჯარით ბაქარი მოსდევსო~. როგორც ბარძიმი წერს, კონსტანტინეს შენათვალს ისაყ-ფაშა ძლიერ შეუშინებია და ბარძიმთან შუაკაცად გივი ამილახვარი მიუგზავნია, რომელიც ერისთავს თავდებად დაუდგა2. სავარაუდოა, ბარძიმისათვის ხიფათის არიდების მიზნით გივი ამილახვარმა თვითონ შესთავაზა ფაშას ერისთავთან შუამდგომლობა და მისგან მტკიცე პირობაც მიიღო ბარძიმის უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ წერილში ეს არ ჩანს. გივი რომ ერისთავის მიმართ მტრულად განწყობილი ყოფილიყო, მას ძალა შესწევდა სხვაგვარად ემოქმედა და ფაშაზეც გავლენა მოეხდინა.
1. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 353.
2. დ. გვრიტიშვილს სხვაგვარად აქვს გაგებული ბარძიმის წერილის ეს ადგილი და აღნიშნავს, რომ გივი ამილახვარმა ერისთავს ისაყფასასთან უშუამდგომლაო. იქვე. ბარძიმის წერილში კი ნათქვამია: „ამაში ისაყ-ფაშა დიაღ შეშინებული იყო, ამილახვარი ვადას გამოეგზავნა. თავდებად დამიდგა და იქ [თბილისს] ჩაველ“. Переписка грузинских царей с российскими государями от 1639 г. по 1770 г. С. Петербург, 1861, с. 190.
გივის და ბარძიმის კარგ ურთიერთობაზე მეტყველებს, შემდეგი: ისაყ-ფაშას შემცვლელმა როსტომ-ფაშამ კახთ ბატონის წაქეზებით ბარძიმი ვახტანგ VI-ისადმი ერთგულების ბრალდებით შეიპყრო და ნარიყალაში ჩაამწყვდია. არაგვის საერისთავოს პატიმარი ერისთავის ნდობით გივი ამილახვარი განაგებდა1. რაც შეეხება ქსნისა და არაგვის ერისთავების ურთიერთობას, იგი ხშირად არაკეთილმეზობლური იყო.
გივი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო იმერეთის სამეფოში ფეოდალური აშლილობის დროს მეფე ალექსანდრე V-სა (1720-1741, 1741-1746, 1749-1752) და ოტია დადიანის დაპირისპირების განმუხტვაში. ოსმალებმა, რომლებსა იმერეთის მეფის გაძლიერება არ აწყობდათ, ალექსანდრეს დატყვევებული ოტიას განთავისუფლება მოსთხოვეს. საქმეში ჩაერია ქართლის გამგებელი ისაყ-ფაშა, რომელმაც დადიანისაგან დიდი ქრთამი აიღო და იმერეთში გაგზავნა ოსმალებისა და ქართველებისგან შემდგარი ჯარი მამედბეგისა და გივი ამილახვარის მეთაურობით. იმერეთის მეფე დათმობაზე წავიდა და დადიანი გაათავისუფლა.2
ქართლში უმეფობის ხანაში გივი რომ უპირველესი პოლიტიკური და წარმატებული სამხედრო ფიგურა იყო, ჩანს ლეკებთან ბრძოლებში მოპოვებული წარმატებებიდან. 1732 წელს ლეკებმა ტეზერი, ბეკამი, გვერდისუბანი აიკლეს და დიდძალი ნადავლი იშოვეს, წრომში გადავიდნენ, სადაც გორის ფაშა დაამარცხეს და მოკლეს. გათამამებულ ლეკებს მეჯვრისხევთან გივი ამილახვარი დახვდა, დაამარცხა და მთლიანად ამოწყვიტა3. იმავე წლის ზაფხულში გივი „გორის ჯართან“ ერთად მონაწილეობდა იკორთასთან ლეკების განადგურებაში. დეკემბერში ლეკები კვლავ შემოიჭრნენ, მაგრამ გივის მეთაურობით წლევთან გაანადგურეს4.
1. Там же, 191.
2. ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება / ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962, გვ. 176
3. საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა, გვ. 335.
4. იქვე.
V. ოსმალთა ბატონობამ ისეთი მახინჯი სახე მიიღო, რომ მისადმი უკმაყოფილოთა რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. ქართლში არსებული გაუსაძლისი მდგომრეობის, ანტიოსმალური ძალებისა და ვახტანგ VI-ის ან მისი ძის ბაქარის დაბრუნებისა და წარმატების შანსის შესახებ, საინტერესო ცნობებია შანშე ქსნის ერისთავის მიერ 1733 წელს ვახტანგისათვის გაგზავნილ წერილში. მასში მნიშვნელოვან ცნობებს ვხვდებით გივი ამილახვრის როლზე ანტიოსმალური აჯანყების დროს.
შანშე ერისთავი ვახტანგ მეფეს სთხოვს დაუბრუნდეს თავის სამეფოს: „ნეტავი ღმერთმან ისე მაღირსოს თქვენი ხმა გავიგონოთ და მითომ ჩემს ჟამში ავი არა მინახამს რა... თუ რაც ჭკუა მაქსს და ვხედავ, თუ არ თქვენის სამჯობისაროსათვის ამას უკეთესი დრო არ იქნება აქა, და მანდ რა მოსვლია, არ ვიცით: საქართველოს გაერთებსა ბძანებდით რომ. `შუღლობთო, თქვენ ერთმანერთის მტერნი ხართო“1.
1. Переписка грузинских царей с российскими государями от 1639 г. по 1770 г., с. 205. ვახტანგ VI, როდესაც შანშეს და ქართლის დაუდეგარ სხვა ფეოდალებს საყვედურობს, „შუღლობთო, თქვენ ერთმანერთის მტერნი ხართო“, მას პირველ რიგში შანშე და მისი მამა ჰყავს მხედველობაში. როდესაც ვახტანგი 1712 წელს ირანში გაიწვიეს, მან ქართლის მეფედ ბაქარი დატოვა, რომელსაც შანშეს მამა დათუნა ქსნის ერისთავი აუჯანყდა. ბაქარმა აჯანყება ჩააქრო და საერისთავოს დაეპატრონა. შანშე ირანში შაჰთან გაიქცა, მაგრამ ის დააპატიმრეს და ბაქარს გამოუგზავნეს, რომელიც „პატიმარ-ჰყო ტფილისს“. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 496-497.
ირანიდან ახალდაბრუნებულ ვახტანგს 1719 წელს შანშე აუჯანყდა. აჯანყება იმდენად სეროზული იყო, რომ მეფემ მისი ჩაქრობა იმერლების, კერძოდ, შოშიტა რაჭის ერითავის და სვიმონ და ლევან აბაშიძეების დახმარებით შეძლო. შანშე მეფეს დანებდა. იმერეთში გაბრუნებულ სტუმრებს მეფემ შანშე თან გააყოლა. მაგრამ ერისთავი გაიპარა, თავისმ მამულში დაბრუნდა და 1720 წელს ახალი აჯანყებისათვის მზადებას შეუდგა. მან ისევ მარცხი განიცადა და მეფეს ერთგულების ფიცი მისცა. მეფემ შეუნდო და `მისცნა მამულნი სრულიად~. იქვე, გვ. 498. ამის შემდეგ შანშემ თითქოს ხასიათი გამოიცვალა და ვახტანგს ერთგულობდა. გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 318.
ოსმალებმა ქართლის დაპყრობისთანავე შანშეს საერისთავო ჩამოართვეს. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 508. ამის შემდეგ შანშე არ ეპუებოდა ოსმალებს და უჯანყდებოდა კიდეც. იქვე, გვ 510, 511.
ბარძიმ ერისთავი მეფე ვახტანგის ამ საყვედურს სამართლიანად მიიჩნევს და, თავის მხრივ, იმასაც უმატებს, რომ თქვენს წინაშეც ბევრი დავაშავეთო. ბარძიმი ქართველ თავადთა ურთიერთ დაპირისპირების და მეფისადმი დაუმორჩილებლობის საქციელს ყმაწვილობითა და სიგიჟით ხსნის. წერილში განსაკუთრებით საინტერესოა მეფის მიერ ხაზგასმა, რომ ბარძიმ ერისთავი და გივი ამილახვარი, ეს ორი უმსხვილესი ფეოდალი ერთმანეთს იყვნენ დამდურებული, მაშინ, როდესაც მათ ერთობლივად ბევრის გაკეთება შეეძლოთ ქვეყნის სასიკეთოდ. ბარძიმი თავისი ეპოქისათვის დამახასიათებელ ამ მოვლენას მარტივად განმარტავს: დროებითი დაპირისპირება საყვარელ მამა-შვილს შორისაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინი კვლავ ასეთად დარჩებიან. რაც შეეხება კონკრეტულად გივი ამილახვარს, ამჟამად ის ჩვენთან არის და შენი ერთგულიაო. ამის დასტურად ის მეფეს სწერს: „თვითონ ამილახვარმაც წიგნი გაახლოთ. შენ ნუ მომიკვდები, დაიჯერეთ, დიდად ერთგული არის თქვენი და დიდის სამსახურის მცდელი არის და მომჭირნე. ამაზე გუნება დააჯერეთ. ამას გონებაში თქვენი ურიგო და უმსახურება არა ძეს, ამისი თავდები და მოპირე მე ვიყო“1.
ბარძიმი მეფეს აცნობებს თავისი დიდი ხნის მეტოქის არაგვის ერისთავის მეფისადმი ერთგულების შესახებ: „არაგვის ერისთავია და ესეც ერთგულია. რომ არ იყოს, არ იქნება. დამიჯერეთ, ეს ორი კაცია, ნამეტნავად ამილახვარი, ჩემგან ითხოვეთ“2. როგორც ჩანს, ქსნის ერისთავი პასუხისმგებლობას იღებს ორ უმსხვილეს ფეოდალზე _ გივი ამილახვარსა და ბარძიმ ერისთავზე. ბარძიმი რომ გივის წინაშე ვალში იყო, ამის შესახებ ზემოთ ითქვა, გივიმ ის ისაყ-ფაშასთან მოარიგა და, საგულისხმოა, მოცემულ პერიოდში ისინი ერთ პოლიტიკური პოზიციაზე იდგნენ, ვახტანგ VI-ს ერთგულობდნენ.
ბარძიმი მეფეს არწმუნებს: „ეს ორი კაცია, ნამეტნავად ამილახვარი, ჩემგან ითხოვეთ, სხვა ვინ არის ქართლში, რომ უარი და ჩვენი დაუჯერებლობა ქნას და შეიძლოს: თქვენი სიძისა აბაშიძისა თქვენ იცით“. ბარძიმ ერისთავი ოსმალების ქართლიდან გაძევებასა და ვახტანგის მეფობის ქართლში აღდგენაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას გივი ამილახვარის მხარდაჭერას ანიჭებს: „ამას უკეთესი დრო არ იქნება, ამილახვარმაც ხომ მოგწერათ და ზეპირადაც დააბარა“3. რაც შეეხებოდა მეფე ვახტანგს, ბარძიმის აზრით, მას რუსეთის მთავრობის მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინა, რათა სამი პოლკი რუსული ჯარი წამოეყვანა. ბარძიმს წარმატების მნიშვნელოვან პირობად დასუსტებული ირანი მიაჩნდა. „ღმერთი მამეცეს თავდებად, დაიჯერეთ ესე ქვეყანა დაკარგული არის თქვენგანა, თუ თავს არ შეიდებთ, დამიჯერეთ, ახსენე ღმერთი და ეცადენით რასმე, ღმერთმა მოგაყენათ დრო, ნუ გვიანობთ, თუ ეს ქვეყანა გინდათ დრო ეს არის, თუ არა და ნება თქვენია“4.
1. იქვე, გვ. 206.
2. იქვე.
3. იქვე.
4. იქვე, გვ. 207
ეხლა გავეცნოთ გივი ამილახვარის მიერ რუსეთში გადახვეწილი მეფის გარემოცვიდან ვინმე გივისათვის (ამილახვარი მას „სეხნის“ უწოდებს) გაგზავნილ, მაგრამ „ჩვენის ხელმწიფის მოსამსახურებისათვის“ გასაცნობ იმ წერილს, რომლის შესახებ რამდენჯერმე აღნიშნავს ბარძიმ ერისთავი. გივის წერილი არ შეიცავს, რაიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან სამხედრო ხასიათის ინფორმაციას. ეს მოკლე წერილი მხოლოდ ოსმალობის პერიოდში მისი დამპყრობლებთან სამსახურის გამო მონანიებას გვამცნობს, მაგრამ ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მეფის უარყოფითი აზრის ჩამოყალიბებაში ამილახვარის არაკეთილ მოსურნეებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. „...თუ რაც ჩვენს უმსახურობას გაეწყობა ამას... ბატონი არ გვიწყრებოდეს, ამათი ბედნიერად ყოფნის ანბავი გვიწყალობოს: ვიცით, ჩვენ ხელმწიფეს ჩვენი უმსახურობა მოგონობიათ, თორემ, ერთხელაც არის მათის ბედნიერად ბძანების ანბავს გვიწყალობებდა: რაღა თავი ვაწყინოთ. თუ რომ შევსცოდეთ, ღმერთმან დიდად გარდაგვახდევინა ჩვენი ამგვარი განსაცდელი. თუ ბატონს არ მოხსენდება, თქვენ მაინც შეიტყობთ. ხელმწიფეს თუ ჩვენი ბევრი არ მოხსენებოდათ, უღირსად მოწყალეს გულს ასე არ გამოიცვლიდენ: დასაჯერი ხომ არ არის რომ მე მაგათი ორგული ვიყო. ეგების მართალი მოხსენდებოდესთ, რაღა თავი ვაწყინოთ, არც ეს გაიბედებოდა ჩემგან: ღთია გუნების გამკითხავი, სხვა აქიდამ რა შეიტყობა; ღმერთმან ამდენი მოწყალება მაღირსოს. მაგათ წინ სისხლი დავაქციო, ხომ კარგია, თუეს არ მეღირსა, სხვით რით ვიმართლებ თავსა“1.
1. იქვე, გვ. 203-204.
VI. 1734 წ. ქართლში ანტიოსმალური აჯანყება დაიწყო, თბილისის მიდამოებში მყოფი ოსმალები ამოწყვიტეს, გივი ამილახვარი „შეეტყუა გორის ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი და დაიპყრა ციხე“1.
როგორ „შეეტყუა“ გივი ამილახვარი გორის ციხეს, ამაზე დაწვრილებით მოგვითხრობს სეხნია ჩხეიძე: „ამავე ქორონიკონსა ღვინობის თვეს (1735 წ. ოქტომბერი _ ე.მ.) შემოადგა თამაზ ხან ციხესა განჯისასა, მოუვიდა ქართველთ ბრძანება და აშლა ურუმთა, დაიწყეს ბრძოლა, შეყარა ჯარი ამილახორმა გივმა, მოვიდა ბერბუკს ღამით, დაიქვეითა თვითონ და მუხრანის ბატონმა მამუკამ, გორელთ მისცეს პირობა, შევიდნენ ღამით და დაიმალა ჯარი სასახლეშია, ვერა იგრძნეს ურუმთ, ციხეში მიუჩინეს ოთხი გამოჩენილი ვაჟკაცი, მისცეს საბოძვარი, ვითარცა ურუმნი ხეებსა ზიდავენ, ვიცა აუტანდათ არას უკითხევდნენ. გათენდა, ამ ოთხმა კაცმა შეიდვეს ძელები მხარეთა, იყო ნიშანი ამათი, რომ ციხის კარზე ერთი იქით დაუდვან, ერთი აქათ, რომ ციხის კარი ვეღარ მოუგდონ. გააღეს კარი ციხისა და გამოვიდნენ ციხიდან ურუმნი, ჩამოვიდნენ ქალაქსა გორისასა, აიტანეს ძელები და დააგდეს კართა ზედა: იდროეს, გამოვიდა დამალული ჯარი, თურმე ყარაულმა იგრძნა, მოასწრეს კარი ქვეითა გალავნისა, შეიქმნა ცემა გორში. ამ ოთხმა კაცმა გაიკრა სატევარს ხელი, თურმე დამალული ჰქონდათ. შეუხდენ ციხეში, მოკლეს ერთი ურუმი, მოუხდენ ენგიჩარ აღას, დასჭრეს: გამოვიდნენ მშვიდობით. ჩამოვიდნენ კარსა გალავანისასა, მოკლეს მცველი კარისა, დალეწეს კლიტენი, გამოვიდნენ უზიანოდ და, ვინცა ციხიდამ ურუმნი გამოვიდნენ, ამოსწყვიტეს, დაიჭირეს“2.
გივი ამილახვარმა გორის ციხეში ჯარი ჩააყენა. გამარჯვების მაცნედ მან შაჰის სარდალთან კაცი გაგზავნა და ოსმალთა მოკვეთილი თავები გაატანა. მცირე ხნის შემდეგ გივიმ და ყიზილბაშებმა თბილისის განთავისუფლება სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ. გივი გორში დაბრუნდა და აქედან თავს ესხმოდა ბორჯომის ხეობასა და ახალციხეში მოკალათებულ ოსმალებს3.
1. სხვა წყაროში გორის განთავისუფლება 1735 წლით არის დათარიღებული და ნათქვამია შემდეგი: „გივმა ამილახორმა შემოიყარა რჩეულნი ვაჟკაცნი და მოვიდა რამე ბერბუქს, აქედან ეზრახა გორელებსა, შეუხდა გორის ციხეში და ურუმთა ჯარი ამოწყვიტა“, საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა, 438.
2. იქვე, 438.
3. იქვე.
VII. 1735 წლიდან ოსმალობა კიდევ უფრო მძიმე ყიზილბაშობით შეიცვალა. აღნიშნულ წელს ნადირ-შაჰმა სომხეთში ერევანში შაჰ-თამაზ II-სთან დაიბარა თეიმურაზ II და ქართლისა და კახეთის დიდებულები. ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, ისინი, ვინც ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყების მეთაურები იყვნენ, მათ შორის, გივი ამილახვარიც, დააპატიმრეს. კ. კუციას ვარაუდით, შაჰ თამაზ II-ის სარდალი თამაზ-ყული-ხანი (შემდეგში ნადირ-შაჰი) ეჭვობდა, რომ ქართველ დიდებულებს კავშირი ჰქონდათ ვახტანგ VI-სთან, რაც უნდა ყოფილიყო მათი დაპატიმრების მიზეზი1 შაჰ-თამაზის მიერ გივი ამილახვრის დაპატიმრების მიზეზი, სეხნია ჩხეიძის მიხედვით, ის ყოფილა, რომ მან ამ ქართველ დიდებულ, ამილახვარს ქალიშვილი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. შაჰმა გივი დააპატიმრა. მიუხედავად იმისა, რომ ამილახვარმა ბოლოს დაუთმო და თავისი ქალიშვილი შაჰს მისცა, იგი მაინც არ გაათავისუფლეს.
სხვა ვერსიით, გივი ამილახვრის, ამ ძლიერი ფეოდალის სიძეობა სურდა ქართლის ტახტის მაძიებელ უფლისწულს, იესე მეფის ძე თეიმურაზს და დაინიშნა კიდეც. მაგრამ ნიშნობა ჩაშალა კახეთის მეფე თეიმურაზ II-ის მეუღლემ, დედოფალმა თამარმა. თამარს, როდესაც თეიმურაზ-ანტონთან ერთად ნადირ-შაჰთან სტუმრობდა, შაჰისთვის უთქვამს: გივი ამილახვარს მეტად ლამაზი ქალი ჰყავს, შაჰის ცოლობის ღირსიო. ამით სურდა თეიმურაზ-ანტონის და გივის ნათესაობა-მოკავშირეობის ჩაშლა, რადგან თეიმურაზ II-ს თვითონ ეჭირა თვალი ქართლის ტახტზე. თამარ დედოფალმა მიზანს მიაღწია. 1736 წელს გივი ამილახვარი იძულებული გახდა შაჰისათვის თვითონვე მიეგვარა თავისი ასული. თეიმურაზ-ანტონი კი იმერეთში გადავიდა და ბერად შედგა2.
1. კუცია კ., ნადირ-შაჰი და საქართველო // ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, III, თბ., 2002, გვ. 120.
2. გაჩეჩილაძე კ., ერთი ფურცელი სასულიერო ფეოდალიზმის ისტორიიდან// ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 11, თბ., 2004, გვ. 510-511.
1735 წლის 6 ოქტომბერს თამაზ-ყული-ხანი თბილისში შევიდა. აქედან დააგზავნა თავისი რაზმები აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა მხარეებში და დაიმორჩილა. აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ყიზილბაშობა.
გივი უპირისპირდებოდა ქართლში გამეფების მოსურნე კახეთის მეფე თეიმურაზ II-ს (1733-1744), რომელიც ქართლის ტახტზე პრეტენზიას აყენებდა იმის გამო, რომ იყო ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე (1688-1703) და კახეთის მეფე კონსტანტინე II მამად-ყული ხანის (1722-1732) ძმა. თეიმურაზ II-ს გივი ამილახვარი დაუპირისპირდა, რომელიც მხარს უჭერდა ქართლის ტახტის მეორე პრეტენდენტს, მეფე იესეს (იესე ქართლში ორჯერ მეფობდა _ 1714-1716 და 1725-1727 წლებში) ვაჟს თეიმურაზს (შემდეგში კათალიკოსი ანტონI).
1735 წლის ოქტომბერში თამაზ-ყული ხანი თბილისისკენ წამოვიდა და დატყვევებული ქართველები თან წამოიყვანა. გზაში ტყვეები გაიპარნენ. თეიმურაზი კახელებითურთ ფშავში გადავიდა. ქართლის თავადებმა კი იმერეთსა და რუსეთს შეაფარეს თავი1. ქართლელი დიდებულებმა _ გივი ამილახვარი, მუხრანბატონი და ქაიხოსრო ავალიშვილი თავიანთ საბატონოებში დაბრუნდნენ2. გივი შემდეგ იმერეთს გადავიდა. სხვებმაც სხვადასხვა მხარეს შეაფარეს თავი.
1736 წელს შაჰ-ყული-ხანი გამეფდა ნადირ-შაჰის სახელით (1736-1747). მუღანის ყურულთაიზე, სადაც მისი არჩევა მოხდა, სეხნია ჩხეიძის მოწმობით, მონაწილეობდნენ ქართველებიც _ ქართლის დიდებულები. ხელდასხმის შემდეგ ისინი გამოუშვეს ქართლში, რომელსაც დააკისრეს 3 ათასი თუმანი, ხოლო ხუთასი შეიარაღებული ნოქარი თავიანთი ოჯახებით უნდა მდგარიყო თბილისში. ზემოქართლელებმა ვერ შეძლეს ამ მოთხოვნის შესრულება. შანშე ქსნის ერისთავმა, გივი ამილახვარმა, ვახუშტი აბაშიძემ და მთლიანად ზემო ქართლმა და თარხან ლუარსაბმა და მისმა ნათესავებმა ქართლის გამგებლად დანიშნულ ყიზილბაშ სარდალს, სეფიხანს სთხოვეს: „როგორც სხვა შაჰებს ვემსახურებოდით და როგორი მოვალეობანიც გვეკისრა, ნება მოგვეცით ასე ვიმსახუროთ, ძველი დროიდან ჩვენ შაჰის ყურმოჭრილი ყმები ვიყავით“3. როდესაც ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს, უკმაყოფილოთა შორის განხეთქილება მოხდა: ბარძიმ არაგვის ერისთავი, ყველა ციციშვილი, ყველა ბარათაშვილი ყიზილბაშებს მიემხრო.
ყიზილბაშებმა დაიწყეს განდგომილთა მამულებზე თავდასხმები. რამდენჯერმე შეიჭრნენ ქსნის საერისთავოში, მაგრამ წარუმატებლად. კეხვში სამჯერ დაესხნენ გივი ამილახვარს, მაგრამ სამჯერვე გივიმ გაიმარჯვა და ყიზილბაშები ამოწყვიტა. იმავდროულად თავს დაესხნენ სააბაშიოს, საჩხეიძოს და სურამის ხეობას, დაწვეს და გაძარცვეს, მაგრამ გამაგრებული ადგილები ვერ დააზიანეს. აჯანყებულები სხვაგანაც წარმატებით მოქმედებდნენ4.
1. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, თბ., 1973, გვ. 320-322; აბრაამ ერევანცი, ომების ისტორია / ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლიანიძემ, თბ., 1976, გვ.14
2. საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა, გვ. 336.
4. Сехниа Чхеидзе, История Грузии («Жизнь царей») / Перевод выполнил, предисловием снабдил Н. Т. Накашидзе, Тб., 1976, с. 46. აღმოსავლეთ საქართველოში ყიზილბაშობის დროს მძვინვარე ეკონომიკურ გაჭირვებაძე ვრცლად იხ. კუცია კ., ნადირ-შაჰი და საქართველო, გვ. 125-131.
4. Там же, с. 45-46.
ამგვარად, 1736 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ აღსდგა ქართლის მოსახლეობა, რის მიზეზიც ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველების მიმართ უნდობლობა და მძიმე ხარკი იყო. აჯანყების მთავარ კერად ქსნის საერისთავო გადაიქცა. დამარცხებულმა ქართლის გამგებელმა სეფიხანმა ფხვენისში დაიწყო მოლაპარაკება განდგომილებთან და და მოჩვენებით შეურიგდა კიდეც. ამის შემდეგ ის ხელთუბანში გადავიდა, სადაც მიიწვია კახთბატონი თეიმურაზი, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახვარი, კახთა სახლთუხუცესი გივი ჩოლოყაშვილი, თარხანი ლუარსაბი, ქიზიყის მოურავის ძმა თამაზი, ქაიხოსრო ჩერქეზისვილი, ყველანი შეიპყრო და თბილისის ციხეში დაატყვევა1. ვახუსტი ბატონიშვილის მიხედვით სეფიხანს თავისი ვერაგული ქმედება გორში მოუხდენია, შანშე ქსნის ერისთავს გაქცევა მოუსწრია, ხოლო დანარჩენი დატყვევებულნი ისპაჰანში გაუგზავნიათ: „მოიტყუვნა გორს ქართველნი, შეიპყრა თეიმურაზ, გივი ამილახვარი, ბარძიმ ერისთავი და სხვანი, ხოლო შანშე ივლტოდა. და წარუვლინა ისპაანს შაჰნადირს“2. სეხნია ჩხეიძის მიხედვით შაჰსეფი ამის შემდეგ მივიდა გორში, რომლის ნაიბად (გამგებლის ნაცვალი) დანიშნა მეფე იესეს შვილი აბდულა-ბეგი3.
შაჰმა შეიწყალა თეიმურაზ II, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახვარი, თარხანი ლუარსაბი, ისინი დაასაჩუქრა და ხალათები უბოძა. როცა ნადიე-შაჰი ყანდაჰარში გაემგზავრა, დასახელებული ქართველები თან წაიყვანა4.
1738 წელს შაჰმა გივი ამილახვარი ქართლში დააბრუნა და აჯანყებულ შანშე ერისთავთან დასაპირისპირებლად ქსნის საერისთავო გადასცა და „დასდვა ამ ქვეყნის ბელადობა“5. მასვე ჩააბარა „ვექილობა ქართლისა“6.
1. Там же, с. 46-47.
2. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 515.
3. Сехниа Чхеидзе, История Грузии («Жизнь царей»), ც. 47.
4. Там же, с. 47.
5. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი / ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები ე. ცაგარეიშვილისა, თბ., 1981, გვ. 47
6. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 518.
1740 წელს სარდალი ქაიხოსრო ორბელიანი და გივი ამილახვარი ინდოეთიდან დაბრუნებულ ნადირ-შაჰს ყაზვინში ეახლნენ და ქართლში არსებული ვითარება გააცნეს. შაჰმა გაგზავნა შიკრიკი და ქართლის დიდებული თავადები თავისთან დაიბარა. თავადები მაშინვე გაემგზავრნენ. აუდიენციის დროს მათ შაჰს „მოახსენეს ქვეყნის გაოხრება ლეკისაგან, შანშე ერისთავისაგან ბელადის ძლევა და შეჭირვება ყოველი. იწყინა ხელმწიფემ და დაჰპირდა დაღისტნის გასწორებასა. მოსცა ჯარი შანშე ერისთავის წასახდენად: „თუ დამიჭიროთ შანშე, ყოველი თქვენი საწადელი აღვასრულო და მოგცე წყალობა უშურველიო“. შაჰმა გივი ამილახვარს მისცა ქსნის ერისთაობა „და დასდვა იმ ქვეყნის ბელადობა“. შანშე და მისი ძმა ახალციხეში გადავიდნენ, სადაც „შეიწყნარეს პატივით და დააყენეს ქალაქსა შინა“1. ქართლის ნაიბმა (ნაცვალი) იმამ-ყული-ხანმა ბეგლარ-ბეგობა მიიღო და დიდი ჯარით ქართლში გაიგზავნა. ქსნის საერისთავო სასტიკად აიკლეს2.
ნადირ-შაჰი დაღესტანში შეიჭრა. მან ქართველი დიდებულები თავისთან დაიბარა. ამილახვართა სახლიდან გივი და ოთარი ეახლნენ შაჰს, რომელიც მათ „დახვდა მხიარულის პირითა და დაუმადლა ერთგულობა“. გივი ამილახვარს მიანიჭა მეორე ვექილობა, ქსნის ერისთაობა და ასი თუმანი დაუნიშნა3.
1. 1741 წელს ნადირ-შაჰმა ახალციხის ფაშას სთხოვა შანშე ერისთავის და მისი ძმის გადაცემა. ფაშას ბრძანებით შანშე შეიპყრეს და დაბორკილი თბილისში ჩაიყვანეს, მცირე ხნის შემდეგ კი შაჰს გაუგზავნეს, რომელიც იმ დროს დაღესტნელებს ებრძოდა და იქ მიჰგვარეს. შაჰმა მისი მოსმენა არ ინება და დარუბანდის ციხეში გამოკეტეს, შემდეგ მაშათში გადააგზავნეს. იქვე ჩაიყვანეს ძმების ცოლებიც. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 51.
2. იქვე, გვ. 46-47.
3. იქვე, გვ. 49
VIII. გივი ამილახვარს კიდევ ერთხელ მოუწია იმერეთში მეფე-ფეოდალების კონფლიქტში ჩარევა 1741 წელს. ალექსანდრე V-მ თავის სიძის (დის ქმარი), ზურაბ აბაშიძის შვილი დავითი და პაპუნა წერეთელი სიკვდილით დასაჯა. მეფის ასეთი მოქმედებით აღშფოთებულმა იმერეთის დიდებულებმა _ ზურაბ აბაშიძემ, გრიგოლ რაჭის ერისთავმა და ოტია დადიანმა მეფეს დიდი ზიანი მიაყენეს. მეფე ალექსანდრემ თავისი ძმა გიორგი და ლევან აბაშიძე ქართლში თავშეფარებული ვახუშტი აბაშიძის შესაპყრობად გაგზავნა. მათ მეფის ბრძანება შეასრულეს. ვახუშტის განთავისუფლების შუამდგომლობით ალექსანდრეს მიმართა კათალიკოსმა დომენტიმ და ქართლის გამგებელმა, მაგრამ უარი მიიღეს. იმერეთის მეფის მიმართ საყოველთა უკმაყოფილებამ აიძულა ალექსანდრე მცირე მხლებლებით ქართლში გადმოსულიყო1 და სურამთან გაჩერდა. გივი ამილახვარი ამ დროს სურამში იდგა. მეფემ მას აცნობა თავის გასაჭირის შესახებ. გივი წავიდა ხანთან, რომელიც ზემო ქართლში იმყოფებოდა და მოახსენა მნიშვნელოვანი სტუმრის შესახებ. ხანმა გივის დაავალა ალექსანდრე მეფის მასთან მიყვანა. ხანმა მეფეს შესაფერისად უმასპინძლა და მის შესახებ მაშინვე ნადირ-შაჰს აცნობა. შაჰის ბრძანებით, ალექსანდრე ჯერ თბილისში ამყოფეს საუკეთესო პირობებში, შემდეგ ახალციხის ფაშის თხოვნით შაჰმა იმერეთის მეფე ახალციხეში გაგზავნა, ფაშამ კი იგი ისევ სამემკვიდრეო ტახტზე აღადგინა2.
1741-1742 წლებში ნადირი დაღესტნელებს ეომებოდა და ქართლის დიდკაცობა დაღესტანში დაიბარა. ამილახვართა სახლიდან შაჰს გივი და ოთარი ეახლნენ. შაჰმა გივის მეორე ვექილობა, ქსნის ერისთავობა მისცა და ასი თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა3.
1. ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გვ. 177.
2. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 50-51.
3. იქვე, გვ. 49.
აღმაშფოთებელი იყო ქართლის ხანის მოქმედება (1741 წ.), როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი დომენტი IV (1705-1741) გარდაიცვალა და ახლადარჩეულ აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ნიკოლოზ X-ს (1741-1744) „რაც მცხეთას საქონელი იყო, წირვის იარაღი ანუ ეკლესიისა, სულ თავისთან მიატანინა“. როგორც პაპუნა ორბელიანი ამბობს, ვიღაცამ ხანს ჩააგონა, რომ, როცა კათალიკოსი გარდაიცვლება, „საქონელი“ სახელმწიფოსი არისო. „მაგრამ სამღთო ძალმა აღარ მიუშვა. ორბელიანი, სარდალი ქაიხოსრო და გივი ამილახორი გულმოდგინებით გაისარჯნენ. ისევ დაიხსნეს და მიაბარეს უკლებრივ კათალიკოზს საქონელი მცხეთისა“1.
IX. ირანელთა ბატონობა სულ უფრო მძიმდებოდა. ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლებოდა, განსაკუთრებით მაშინ გახდა ნათელი, როცა ისედაც ეკონომიურად უდიდეს გასაჭირში მყოფ მოსახლეობას შაჰმა კიდევ უზარმაზარი გადასახადი და ბეგარა შეაწერა2. დაიწყო აჯანყება, რომლის სულისჩამდგმელი და მეთაური იყო გივი ამილახვარი. როგორც ზემოთ მრავალჯერ აღინიშნა გივი ამილახვარს პირად ცხოვრება ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ სამდურავი არ ეთქმოდა, მას არც თანამდებობა და არც ქონება არ აკლდა და ქვეყანაშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მაგრამ მან პირადული გვერდზე გადასდო და ქვეყნისა და ხალხის გასაჭირით შეწუხებული სახიფათო გზას დაადგა. „ამა ამბავთა შინა, თვესა აპრილსა ია (11 _ ე. მ.), ღამესა ბზობისასა, ქალაქიდამ (თბილისი – ე. მ.) ღამე გაიპარა და ამილახორი, რომელი იჯდა ვექილად, წავიდა თავისის ცოლშვილით და თან გაიტანა პაატა აბაშიძის ცოლი და სარიდან ერისთავისშვილის ცოლი“3.
1. იქვე, გვ. 52-53.
2. იქვე, გვ. 55.
3. იქვე, გვ. 53.
როგორც მოვლენების შემდგომი განვითარებიდან ჩანს, ამილახვარს წინასწარ შემუშავებული ჰქონდა აჯანყების გეგმა და მომხრენიც მრავლად ჰყავდა – ზემო ქართლმა, ქსნის და არაგვის ხეობებმა მას ერთიანად მხარი დაუჭირეს: პაატა აბაშიძე და ის სხვა თავადები, რომლებიც ქართლის ხანს იორზე ახლდნენ, იმავე ბზობის ღამეს გამოიპარნენ და გივისთან დადგნენ; აჯანყებას მიემხრო არაგვის ერისთავი ბეჟანი თავის ჯარით, ქსნისა და არაგვის ხევისკაცები და სხვ. ყველამ ერთგულების ფიცი მისცეს გივი ამილახვარს1.
შაჰისა და მისი მოხელეების კითხვაზე, თუ რა იყო აჯანყების მიზეზი, გივი ამილახვარი პასუხობდა: „ქვეყანა ოხერ შეიქმნა და არა გამოდიოდის რაო. ვეღარ შევძელ სამსახური ხემწიფისა და წაველო“2.
აჯანყება სულ უფრო სერიოზულ სახე იღებდა და შაჰის კარის შეშფოთებას იწვევდა. ამილახვარი ოსმალებს და ლეკებს დახმარებას სთხოვდა და რუსეთში მცხოვრებ ვახტანგ VI_ის ვაჟის ბაქარის ჩამოყვანას ცდილობდა.
1. იქვე, გვ. 53-54.
2. იქვე, გვ. 54.
გივი ამილახვრის მიერ დაწყებულ განმათავისუფლებელ ომს ყიზილბაშებმა დამსჯელი ექსპედიციებით უპასუხეს. შაჰმა გივი ამილახვრის აჯანყების ჩაქრობა სპეციალურად გამოგზავნილ ხანს დაავალა. ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან – მეორე. ქვეყანა ეკონომიკურად ნადგურდებოდა. ხანმა პირველ რიგში შიდა ქართლსა და გორს შეუტია. გივი ამილახვარი გორში არ იმყოფებოდა, ზემო ქართლის ციხეებს ამაგრებდა. გივის ეკავა სურამის ციხე და ბორჯომის ხეობაში პეტრეს ციხე. გივის მნიშვნელოვან დახმარებას ახალციხის ფაშა უწევდა, კერძოდ, ტყვია-წამალს უგზავნიდა. ახალციხესთან სტაბილური კავშირის განსახორციელებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა პეტრეს ციხეს ენიჭებოდა. ასევე მნიშვნელოვან როლს ანიჭებდა გივი ამილახვარი ცხინვალს. ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ გივი საგვარეულო რეზიდენციაში სხვილოში დადგა.
ქართლში შაჰის ნაცვალმა იმამ-ყულ-ხანმა აჯანყებულთა რიგებში განხეთქილების შეტანის მიზნით, განმდგარ თავადებთან მოლაპარაკება დაიწყი, რომელთაც მრავალ სიკეთეს დაჰპირდა. მან მოკლე ხანში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზაალ როსტომის ძე ავალისშვილმა „შეაპარნა კაცნი, აიღო ციხე და და გამოასხა კაცნი ამილახორისანი. შეიყვანა კაცნი თვისნი, უბოძა ხალათი ხანმა და უიმედა წყალობა ფრიადი“. ყიზილბაშების მხარეს გადავიდა ვახუშტი აბაშიძე1.
1. იქვე, გვ. 56.
ზოგიერთი თავადის აჯანყებისაგან ჩამოცილების მიუხედავად, მტერი გივი ამალახვარის ძლევას ვერ ახერხებდა. წარუმატებელი იყო ყიზილბაშების შეტევა სხვილოზე, არაგვის საერისთავოზე. პერიოდულ გამოხდომებს ახდენდნენ ყიზილბაშები და მათი მომხრე ქართველი თავადები გორიდან სურამის მიმართულებით. მათ შეძლეს კასპის ციხის აღება. რადგან ბრძოლებისა და აკლებისაგან ყველაზე მეტად ზემო ქართლი ზარალდებოდა, მას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტოვებდა და მთელი კომლებით საქართველოს სხვა პოლიტიკურ ერთეულებში ან უცხოეთში მიდიოდა. მარტო საამილახვროდან 3 ათასი კომლი კახეთში გადავიდა. ყიზილბაშებმა აჯანყების შესუსტება გივისათვის თეიმურაზ მეორის დაპირისპირებით შეძლეს. ქართლის ფეოდალები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი კახეთის მეფე თეიუმრაზ II-ს უჭერდნენ მხარს, მეორენი კი – გივის. რაც დრო გადიოდა, პირველი ბანაკის რიგები იზრდებოდა, მეორესი სუსტდებოდა. გივი, მდგომარეობის თავის სასარგებლოდ გამოსწორების მიზნით, ქართლში ხან ოსმალებს და ხან ლეკებს ეპატიჟებოდა. ორივენი კი ქვეყანას დაუზოგავად იკლებდნენ.
1744 წლის ივლისში ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II, ხოლო კახეთისა-ერეკლე II სცნო. შაჰმა თეიმურაზს გივის შეპყრობა დაავალა და დამხმარედ 4 ათასი კაციც გაუგზავნა. თეიმურაზმა გივის სამყოფელ სურამის ციხეს ალყა შემოარტყა, რამდენჯერმე მისი აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ხან თეიმურაზი და ხანაც შაჰი გივი ამილახვარს სხვადასხვა დაპირებებს აძლევდნენ, მაგრამ იგი ციხიდან ვერ გამოიყვანეს. ბოლოს, როდესაც სურამის ციხის კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი ააფეთქეს, გივიმ მეფეს შეუთვალა: „ბატონი დედოფალი მობრძანდესო და იმას მივენდობიო“1. მართლაც დედოფალი თამარი მივიდა, გივი ციხიდან გამოვიდა და შეფიცა: „თქვენი მოღალატე აღარ ვიყოო“. მეფე-დედოფალიც, თავის მხრივ, ამილახვარს დაპირდნენ, რომ „არაფერი არც წახდენითა და არც სიკვდილით არ გიშავდეს რაო“. ამის შემდეგ გივიმ თეიმურაზს გადასცა სურამის ციხე. დედოფალი თამარი თბილისში წავიდა და გივიც თან წაიყვანა. თეიმურაზმა შაჰთან სარდალი ქაიხოსრო გაგზავნა და გივი ამილახვრის შემორიგება აცნობა და მისი დანაშაულის პატიება სთხოვა2.
შაჰმა ერთი პირობა თეიმურაზის თხოვნა შეასრულა, ხელმწიფის რაყამი უბოძა, რომლითაც თეიმურაზს უბრძანა: „ამილახორი თავისის საქონლით შენთვის გვიბოძებიაო და მაგისი სისხლიც შენთვის გვიპატიებიაო“3.
1. იქვე, გვ. 96.
2. იქვე.
3. იქვე, გვ. 97.
თეიმურაზ II-მ გივი ამილახვარს სახლთუხუცესობა უბოძა „და განაგეს ყოველი ვე საქმე ხელმწიფური, ვითაც ძველთაგან წესი ყოფილიყო ქართველთა მეფეთაგან“. მაგრამ შემდეგ, მოულოდნელად შაჰს „ებრძანა გივის ამილახორის ციხეების დაქცევა“. ბრძანების შესაბამისად დაანგრიეს სურამისა და კეხვის ციხეები. ახალდაბის ციხესა და სხვილოს ციხეში თეიმურაზის სანდო რაზმები იდგა. არ გაუვლია დიდ ხანს და მოვიდა ახალი ბრძანება გივი ამილახვარის დაპატიმრებისა და შაჰთან წაყვანის შესახებ. ფრიად შეწუხდნენ მეფე და დედოფალი, მაგრამ ბრძანების შეუსრულებლობა არ შეეძლოთ. გივი „ხელხუნდით“ ირანს გაგზავნეს, მაგრამ მეფის კაცს ხელმწიფესთან თხოვნა გაატანეს ამილახვარის შეწყალების შესახებ. შაჰმა შეისმინა ქართველი მეფისა და დედოფლის თხოვნა და გივი გაანთავისუფლა. ნადირმა „ისმინა აჯა მეფისა“1 და გივის „თვეში ათი თუმანი გაუჩინა“2. მან გივი მაშინვე სამშობლოში კი არ დააბრუნა, არამედ ჯერ ხორასანში გაგზავნა3. მაგრამ არ ვიცით, რას საქმიანობდა ის ამ პროვინციაში.
1. იქვე.
2. იასე ოსეს ძე ბარათაშვილი, ცხოვრება-ანდერძი // ა. იოსელიანის გამოცემა. მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 28, თბ., 1950, გვ. 13.
3. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 98.
X. ვიდრე ნადირ-შაჰი ცოცხალი იყო, საფიქრალია, ის საქართველოში მყოფ გივი ამილახვარს ვერ ენდობოდა, მაგრამ კარგად ხედავდა და ჯეროვნად აფასებდა ამ ნიჭიერი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის შესაძლებლობებს, ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გამოყენება საკუთრივ ირანში. გივი ამილახვრის საქართველოდან ირანში წაყვანით შაჰმა, ფაქტიურად ბოლო მოუღო წინააღმდეგობის კერას ზემო ქართლში _ საამილახვროში, ზოგადად, აღმოსავლეთ საქართველოში. ამ ღონისძიებით მან განუმტკიცა ხელისუფლება თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს. გივი დიდხანს დატოვეს ირანში, სადაც მან შაჰის ნდობა დაიმსახურა იმდენად, რომ 1747 წელს ნადირმა, როგორც ა. ამილახვარი გადმოგვცემს, შესთავაზა: „გაძლევ ოცდათოთხმეტი ათას ჯარის კაცს, წადი საქართველოში და სამეფოს მართვა-გამგეობა იკისრე, ხოლო თეიმურაზი მისი ვაჟი ირაკლითურთ დაიჭირე და გამომიგზავნე!“ გივის, იმავე ავტორის თქმით, უარი არ უთქვამს და საქართველოში წამოსვლის სამზადისს შესდგომია. მაგრამ მისი გამომგზავრების წინა ღამეს ნადირ-შაჰი მოკლეს1. ახალმა შაჰმა გივი კიდევ უფრო აამაღლა, „მრავალი უბოძა და რადგან შემძლებელი კაცი იყო, ყულარაღასობაც2 მისცა და მაზანდარას ერთი ციხის ქალაქის გაკეთებაც უბრძანა“3. გივი ამილახვარს ირანში სახელი შეუცვალეს შაჰ-ყული-ხანი დაარქვეს4. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გივი ამილახვარმა ირანში ისე იმოღვაწა, რჯული არ შეიცვალა. პაპუნა ორბელიანი შენიშნავდა, რომ მას ირანში „ერთი დიდი პატივი ეს მიენიჭა, რომ ყულარაღასობა მისცეს და სჯული ვერ დააგდებინეს და ეგრევე ქრისტიანობით მოვიდა ქართლში“5. იგი ძლიერ გამდიდრდა და „გამოგზავნა ქართლში ოქრო და ვერცხლი მრავალი თვისისა მსახურ აზნაურ-შვილთათვის და ესენიც სულ თვისი ძმისწულიც დავით დაებარებინა თავრიზს, გაიკეთეს იარაღი ყოველთა ოქროსი და წავიდნენ6. გივი არც მეფეს, დედოფალს და ქართველ დიდებულებს ივიწყებდა. მათაც უგზავნიდა საჩუქრებს. იგი არც ეკლესია-მონასტრებს ტოვებდა უყურადღებოდ და ისინი სადაც არ უნდა ყოფილიყო-იმერეთში თუ სამხრეთ საქართველოში, გარკვეულ შესაწირავს უგზავნიდა. „ამ ქვეყნებში ვისაც იცნობდა დიდრონის კაცებისათვის, ყოველთვის მრავალი ოქრო და ანუ ლარი ტურფა მიუძღვნა ყოველთა ცალკ-ცალკე“.
1. ამილახვარი ალ., გეორგიანული ისტორია // „მნათობი“, 1939, #8, გვ. 136.
2. თურქულად ყული ჯარის უფროსს ნიშნავს. პირველი ყულარაღასი იყო ალავერდი ხანი უნდილაძე. ეს თანამდებობა ყოველთვის ქართველ უფლისწულს ან ფეოდალს ეკავა.
3. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 150.
4. იქვე, გვ. 151.
5. იქვე, გვ. 159.
6. იქვე.
1749 წელს მთელი ირანი ანარქიამ მოიცვა. იქ მყოფი ქართველი თავადაზნაურობა დიდ გაჭირვებაში ჩავარდა. მათ გივის სთხოვეს დახმარება. „მან მისცა ქართველთა, ვის როგორ ეფერებოდა ან საზრდელი და რაც კლებულობა ჰქონდათ, ყველა გაურიგა ქართველთა, გამოუძღვა ასე ლომგულად და კაის სარდლობით მოიქცა შაჰ-ყული-ხან (გივი ამილახვარი - ე.მ.), როცა საცა მტერი აუჩნდის, რისხვა ღვთისა დასცა და ეგრე ხლმის ძალით მოვიდნენ ქვეყანასა ქართლისათა... დიდი პატივის მისცა მეფემან თეიმურაზ და მეფემნა ერეკლემ, დადგა ქალაქში და აღარ წავიდა სამკვიდროსა თვისსა და სუფევდა მდიდრობით ქალაქსა თბილისასა“1.
1752 წელს გივი თბილისის მოურავად დაინიშნა2. როგორც ჩანს, მას აჯანყების დროს ჩამორთმეული ზემო ქართლის სადროშოს სარდლობა და, შესაბამისად, გორის მოურავობა აღარ აღუდგინეს. თბილისის მოურავად ყოფნის პერიოდში გივიმ ქაშუეთის ეკლესია ააშენა და ამის შემდეგ მალე გარდაიცვალა კიდეც. გივი ამილახვარი, პაპუნა ორბელიანის მიხედვით, გარდაიცვალა 1754 წელს, „რომელი იყო დიდებული და მდიდარი კაცი და ყოველგან სახელგანთქმული“3.
აქვე შეიძლება გავიხსენოთ იმავე ისტორიკოსის მიერ დახასიათებული „გივი ამილახორი, რომელსა ერქვა შაჰყული-ხან, მნახავთათვის სასიამოვნო იყო, დიდისა დიდებითა და გამოჩენით, ვითაც შეეფერებოდა სიმდიდრესა და სიმაღლესა მისსა... ესე იყო სიკეთე მისი, რომელსაც სიძნელესა საქმესა ჩავარდის, ასე რიგად მოიყვანეს საქმე, რომ დიდება და პატივი არ მოაკლდის და უმაღლესსა ხარისხსა აღვიდის სიბრძნით და მხნე და ქცევით თვისთა“4. სხვა ვერსიით გივი ამილახვარი გარდაიცვალა 1757 წელს.
1. იქვე, გვ. 159.
2. იასე ოსეს ძე ბარათაშვილი, ცხოვრება-ანდერძი, გვ. 17.
3. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 211.
4. იქვე, გვ. 159.
XI. დამთავრდა ე. წ. გივი ამილახვარის აჯანყება ქართლში, რომელიც დ. გვრიტიშვილმა დაყო სამ ძირითად ეტაპად და იგი ასახავს მხოლოდ ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყებას1. ვფიქრობ, გივი ამილახვარის მოღვაწეობა როგორც უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლისა, უნდა გაიყოს ორ მთავარ (ოსმალობის და ყიზილბაშობის) და რამდენიმე ქვეპერიოდად.
ოსმალობა:
I პერიოდი: 1723 _ 1726 წწ. გივი ამილახვარი, ქართლის ზოგიერთ სხვა თავადებთან ერთად, ოსმალებს ებრძვის.
II პერიოდი: 1733 წ. გივი ამილახვარი ანტიოსმალური აჯანყების მომზადებაში მონაწილეობს; 1734 _ 1735 წწ. გივი ამილახვარი იარაღით ხელში ებრძვის ოსმალებს.
ყიზილბაშობა:
I პერიოდი: 1742 წ. აპრილი _ 1743 წლის გაზაფხული, ანტიყიზილბაშობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება, რომლის მეთაურია გივი ამილახვარი. დ. გვრიტიშვილმა აჯანყების ამ პერიოდს პროგრესული უწოდა.
II პერიოდი: 1743 წ. გაზაფხული _ 1744 წ. ივნისი. აჯანყების დაქვეითება. გივის მომხრეთა რიცხვი მცირდება. ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლი გივი ოსმალების აგენტად გადაიქცა.
III პერიოდი: 1744 წ. ზაფხული _ 1745 წლის ზაფხული. „აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, მან რეაქციული ხასიათი მიიღო, იგი თავადთა ურთიერთთავდამსხმელ ავანტიურად გადაიქცა“2.
1. გვრიტიშვილი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვარის აჯანყება // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ. III, თბ., 1953, გვ. 131.
2. იქვე.
დამოწმებანი:
აბრაამ ერევანცი, ომების ისტორია / ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლიანიძემ, თბ., 1976
აბულაძე ც., ოსმალობის ხანის სამი თურქული ფირმანი // აღმოსავლური ფილოლოგია, III, თბილისი, 1973
1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წ. I. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ, თბ., 2009
ამილახვარი ალ., გეორგიანული ისტორია // მნათობი, 1939, #8
ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VI, თბ., 1973
გაჩეჩილაძე კ., ერთი ფურცელი სასულიერო ფეოდალიზმის ისტორიიდან // ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 11, თბ., 2004
გვრიტიშვილი დ., ქართველი ხალხის ბრძოლის ისტორიიდან თურქ და სპარს დამპყრობლების წინააღმდეგ XVIII ს. პირველ ნახევარში (გივი ამილახვარის აჯანყება) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის მიმომხილველი, ტ. III, თბ., 1953.
გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955,
იასე ოსეს ძე ბარათაშვილი, ცხოვრება-ანდერძი //ა. იოსელიანის გამოცემა. მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 28, თბ., 1950
კარბელაშვილი პ., ამილახვართა საგვარეულო ისტორიული გუჯრები // ძველი საქართველო, II ტფ., 1913
კუცია კ., ნადირ-შაჰი და საქართველო // ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, III, თბ., 2002
ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება / ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962
პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი / ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები ე. ცაგარეიშვილისა, თბ., 1981, გვ. 51.
საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში, სტამბული, 2012
საქართველოს ცხოვრება სეხნია ჩხეიძისა // ქართლის ცხოვრება, II, ჩუბინაშვილის გამოცემა, სანკტ-პეტერბურგი, 1854
ქართლის ცხოვრება, IV. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ.,1973
ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ. III (1700 წლიდან XIX საუკუნის
60-იან წლებამდე) / გამოსაცემად მოამზადეს გ. ჟორდანიამ და შ. ხანთაძემ, თბილისი, 1967
Сехниа Чхеидзе, История Грузии («Жизнь царей») / Перевод выполнил, предисловием снабдил Н. Т. Накашидзе, Тб., 1976
Переписка грузинских царей с российскими государями от 1639 г. по 1770 г. С. Петербург, 1861
Комментариев нет:
Отправить комментарий