понедельник, 18 мая 2020 г.

„ფეოდალური რევოლუცია“ VIII-IX საუკუნეების საქართველოში და მისი განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები (ა. ჩიქობავა)

    საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში უამრავი ნაშრომი დაიწერა და ბევრი დისკუსია გაიმართა.1

თანამედროვე ევროპულ ისტორიოგრაფიაში დღემდე აქტუალურია ფეოდალიზმის საკითხი. მისი გენეზისის ფორმირების შესახებ კვლავ მიმდინარეობს დისკუსიები, უარყონ თუ აღიარონ ფეოდალიზმის დღემდე არსებული კონცეპტი. ისტორიკოსები ცდილობენ რა ყოველივე ეს სისტემაში მოაქციონ, მაინც ერთადერთ შედეგამდე მიდიან. მიუხედავად ფეოდალიზმის არაერთგვაროვანი შეფასებისა მისი უარყოფა შეუძლებელია, რაც ხატოვნად შეაფასა ინგლისელმა ისტორიკოსმა პიტერ კოსმა: „ფეოდალიზმი გავიდა ფანჯრიდან, რათა შემდეგ კარიდან შემოსულიყო,“ რითაც ცნება „ფეოდალიზმის“ ჩაკეტილ რკალს გაუსვა ხაზი. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები საქართველოს ტერიტორიაზე ფეოდალური ურთიერთობების დამყარების შესახებ, მით უფრო რადიკალურად განსხვავებულია შეხედულებები განვითარებული ფეოდალიზმის (ბატონყმობის) ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ჩვენი კვლევის მიზანია საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის გამარჯვების ხელშემწყობი ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზი და ამ სოციალური ტეხილისთვის დამახასიათებელი თავისებურებების აღნიშვნა.2
„ფეოდალიზმს“ ქართულ ისტორიოგრაფიაში ხშირად „პატრონყმობით“ ანაცვლებენ, რაც მიუთითებს ვასალიტეტზე დამყარებული სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრების წესზე. რას გულისხმობს ფეოდალიზმი-პატრონყმობა? როგორი ურთიერთობების სტრუქტურას წარმოადგენს იგი? ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელია:
1. გლეხის მიწაზე მიმაგრება.
2. ფეოდალის მიერ გლეხის მიწიანად, ზოგჯერ უმიწოდ გაყიდვის უფლება.
3. სენიორის მიერ სასამართლო უფლების შეუზღუდავად (სენიორიის იმუნიტეტის ფარგლებში) გამოყენება.3
ფეოდალიზმის არსი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით სოციალური განვითარებით აიხსნება, არამედ გარეშე სამხედრო-პოლიტიკური გარემოებებითაც, რაც ხშირად ხელს უწყობს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ერთიანი მონარქიის და მკაცრად ლეგიტიმიზებული ადგილობრივი მმართველობის აპარატის ჩამოყალიბებას,
4. ეს შეიძლება იყოს ახალი მიწების შემოერთება-ათვისება, ქვეყნის შიგნით არსებულის გადანაწილება ან ახალი „ქვეყნების“ წარმოქმნა.5 ფეოდალიზმი არ შეიძლება გავიგოთ, როგორც მხოლოდ სენიორულ სისტემაზე დამყარებული მოვლენა, რადგან, მარკ ბლოკის თქმით, სენიორია ფეოდალიზმზე უფრო ადრინდელი მოვლენაა და მისგან წარმოქმნილ სუბიექტს არ წარმოადგენს, ფეოდალიზმი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ერთიანი სისტემა ყველასთვის, დაწყებული მეფიდან დამთავრებული მიწაზე მიმაგრებული გლეხით.6
საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის დამყარების შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ქრონოლოგიური ზღვარი VIII-XIII საუკუნეებს შორის მერყეობს.7 ჩვენ ვემხრობით მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც განვითარებული ფეოდალიზმის ფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე VIII საუკუნიდან ხდება, X საუკუნის დასაწყისისთვის კი უკვე სანქცირებულ სახეს იღებს, უფრო კონკრეტულად კი VIII-IX საუკუნეები ესაა ბატონყმობის გამარჯვების, იგივე განვითარებული ფეოდალიზმის ხანა საქართველოში.8 VIII-IX საუკუნეები სწორედ ის პერიოდია, როდესაც მაინცდამაინც უნდა მომხდარიყო ადრეული ფეოდალიზმიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლა, რადგან ფეოდალიზმი დაქუცმაცებულობის პერიოდში ვითარდება, რისი ხელშემწყობი გარეშე ფაქტორები, არაბთა ბატონობა, ბიზანტიის გავლენა აფხაზეთზე და ჩრდილო კავკასიელთა თავდასხმები ამ პერიოდისთვის სახეზე გვაქვს.9
VIII საუკუნე საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური ტეხილით აღინიშნა. ხდება მთისა და ბარის ერთ „ქუეყნებად“ ჩამოყალიბება ანუ „ხევები“-ს გაერთიანება.10 აღსანიშნავია, რომ ეს ტეხილი სიტყვათა სემანტიკურ ცვლილებაშიც აისახა. მაგალითად ძველ ქართულში ქვეყანას „სოფელი“ ეწოდებოდა, სოფელს „დაბა“ VIII საუკუნიდან მოყოლებული „ქვეყანა“ იმ მნიშვნელობით იხმარება, როგორც დღეს.11.
მიუხედავად იმისა, რომ ფეოდალიზმი ყველა ქვეყანაში თავისებურად ვითარდებოდა და მეცნიერები რიგ ქვეყნებში მის არსებობასაც უარყოფენ, ის მაინც უნივერსალურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს და ამგვარი სოციალური ტეხილები სწორედ, რომ სხვადასხვა ენაში პოვებენ ასახვას. სიტყვათა სემანტიკის ცვლილების დაახლოებით ამდაგვარი სურათი შემოინახა ძველმა სლავურმა, ძველმა რუსულმა და ევროპულმა ენებმა (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქ ასევე ფონეტიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე). მაგალითად:
Сторона _ ძველ რუსულად და ძველ სლავურად აღნიშნავს ქვეყანას-страна.12
Сторона- страна > земля >область >народ 13
Сторона _ свет – мир – სამყარო. _ ქვეყანა > მიწა > მხარე > ერი. 14
აღსანიშნავია, რომ აარონ გურევიჩი, როდესაც ევროპულ ფეოდალიზმზე საუბრობს, მიუთითებს ადამიანთა აღმნიშვნელი სიტყვების „მანნ“ _ „ჰომო“-ს სემანტიკის ცვლილებაზე. ეს სიტყვები ადრეულ შუასაუკუნეებში არათავისუფალი ადამიანის აღმნიშვნელად იხმარებაю ფეოდალიზმის განვითარებულ ეტაპზე გადასვლისას კი თავისუფალ ადამიანს აღნიშნავს ვასალიტეტის ჩარჩოებში ანუ „mann“ შეიძლება ფეოდალიც კი იყოს. ძველ ინგლისური ტერმინი „cnitt“ და გერმანული „knicht“, მონა-ყმა იცვლის მნიშვნელობას და საჭურჭლემტვირთველისა და რაინდის მნიშვნელობით იხმარება.
სიტყვა, რომელიც თავიდან მთელი სამყაროსა და ქვეყნის აღმნიშვნელად იხმარებოდა, დღეს მხოლოდ, მხარეს, კიდეს აღნიშნავს (მაგ. მოწინააღმდეგე მხარე, გემის კიდე). იგივე ფონეტიკურ-სემანტიკურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე სიტყვა „ლანდ“–თან დაკავშირებით, რომელიც როგორც სამყაროს, ქვეყანას, ასევე მიწას მხარეს აღნიშნავს ადმინისტრაციულ მოწყობაში. დაახლოებით იმავეს, რასაც ქართული ისტორიულ-გეოგრაფიული „ქუეყანა“ ან „მიკროქვეყანა“.15
დაახლოებით იდენტური სიტუაცია გვაქვს ქართულ რეალობაშიც, ტერმინი „ყმა“-ს ცვლილებასთან დაკავშირებით. თავდაპირველად „ყმა“ ყრმა ბავშვის, ახალგაზრდას აღმნიშვნელად იხმარებოდა მოგვიანებით კი სოციალურ სტატუსს იძენს. მაგალითად სახარების ტექსტში შემდეგი მნიშვნელობები აქვს:
1. ბავშვი.
2. ახალგაზრდა.
3. ვაჟი.
4. სოციალური მოსამსახურე.
„შუშანიკის წამება“-ში ის ორივე სტატუსით იხმარება, „ვეფხისტყაოსანში“ უმთავრესად ვასალის, სხვაზე დამოკიდებულის აღმნიშვნელია. ბაგრატ კურაპალატის სამართალში კი „ყმა“ ორჯერ იხმარება და ორივეჯერ ფეოდალს-აზნაურს აღნიშნავს ვასალის სახით.16
განვითარებული ფეოდალიზმის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია „ციხე-სიმაგრე“, ციხე, როგორც სოციალური ბატონობის იარაღი. ევროპულ მედიევისტიკაში „ციხე-სიმაგრის“ როლზე სოციალურ ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ყურადღება გაამახვილა იტალიელმა ისტორიკოსმა პ. ტუბერმა. ადრე ითვლებოდა, რომ ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობა უმთავრესად თავდაცვითი ფუნქციას ასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ამ ციხე-სიმაგრეთა ძირითადი ნაწილი X_XI საუკუნეებშია აგებული, როდესაც გარეშე მტრების, არაბების, ნორმანების და უნგრელების თავდასხმები ჩავლილი ეპიზოდია, მაგრამ ციხეები ამ პერიოდის ევროპაში სოკოებივით მრავლდება, რასაც ტუბერმა „ინცასტელლამენტო“ ანუ „გაციხოვნების“ პერიოდი უწოდა და ახალი ციხეების, ახალი სოციალური სტატუსით აღჭურვა განვითარებული ფეოდალიზმისთვის დამახასიათებელ მოვლენად წარმოაჩინა.
ბაგრატ კურაპალატის პერიოდისთვის (IX საუკუნეში) „ყმა“-ს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური სტატუსი გააჩნია და სანქცირებულ ფორმას ატარებს, რაც აშკარად ამ პერიოდისთვის პატრონყმობის გამარჯვებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.17
ციხე-სიმაგრეთა სიმრავლის მხრივ ჩვენთვის საინტერესოა VIII_IX საუკუნეების საქართველო, რომელიც პარალელს ავლენს ე.წ. „ფეოდალური რევოლუციის“ პერიოდის ევროპასთან. ამ მხრივ კახეთის ტერიტორია შესწავლილია და მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.18
რა ფუნქციის მატარებელია ციხე?
1. ციხე _ პოლიტიკური ხელისუფლების ნიშანი.
2. ციხე _ ადმინისტრაციული ხელისუფლების ნიშანი.
3. ციხე _ „თავადობის“ ნიშანი.
4. ციხე _ ქვეყნის დაპყრობის ნიშანი.19
ნიკო ბერძენიშვილის აზრით, ვინც ფლობს ციხეს, ის ფლობს ქვეყანას, VIII საუკუნიდან კი ციხეს უკვე არა ხალხი-ერი, არამედ „მთავარი“ ფლობს,20 იგივე სენიორი. ახალი ციხეების წარმოქმნა და სოციალური სტატუსის შეძენა სწორედ, რომ არჩილის „რეფორმას“ უნდა უკავშირდებოდეს კახეთში, სადაც ახალი ერისთავები, ახალი ტაძრეულები და ახალი „ქუეყნები“ ჩნდება.21
დ. მუსხელიშვილის აზრით, ციხე-გოჯის დამცავი რკალის ციხე-სიმაგრეები (აბედათში, კოტიანეთში, შხეფის, სენაკში, ეკის, ჭაქვინჯის, წარჩეს, „სათანჯო“, სკური და სხვა) სწორედ რომ „ფეოდალური სენიორიების“ წარმოქმნას უნდა უკავშირდებოდეს.
საინტერესოა რა ხდება ამ თვალსაზრისით დასავლეთ საქართველოში?22 ეს ციხეები VI-VII საუკუნეებშია აგებული და ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა ჰქონდეს ჩვენ მიერ განსახილველ პერიოდთან (VIII-IX სს.) და დ. მუსხელიშვილის მოსაზრებაც თითქოს აზრს კარგავს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ზემოთ აღნიშნული ციხეები VIII-IX საუკუნეებში ახალ სიცოცხლეს იძენენ, სავარაუდოდ, ახალ სტატუსსაც, რადგან არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ამ პერიოდში კონკრეტულ ციხეებზე ხდება საცხოვრებელი პალატებისა და ეკლესიების მიშენება,23 რაც ციხეების „სენიორთა“ რეზიდენციებად გარდაქცევაზე უნდა მიუთითებდეს.
მაგრამ ვინ არიან ეს „სენიორები“ და რა ახალი „სენიორიები“ იქმნება ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოში?
ლეონ აფხაზთა მთავარი VIII საუკუნის ბოლოს თავს აღწევს ბიზანტიის გავლენას აერთიანებს ეგრის და აფხაზეთს და „აფხაზთა“ მეფის (786-798) ტიტულს იღებს, რაზედაც ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს: „ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრო ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი და განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთოდ: დასუა აფხაზეთს და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე; დასუა ცხომს და მისცა ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ; დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლით ცხენისწყლამდე; ვინაითგან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამხრეთისანი განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, ეწოდა გურია და დასუა მუნ ერისთავი თვისი; დასუა რაჭა-ლეჩხუმსა; შორაპანისვე, რიონს და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულად არგუეთისა; დასუა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანის-წყლის დასავლით გურიამდე და რიონს დასავლით ცხენისწყლამდე. ამანვე აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, ვითარცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთაისი …- ამან ლეონ მოაწყო აფხაზეთი და განაგო ყოველივე“.24 მესამე მისცა ნერსე ნერსესიანსა, რომელი იგი იყო წარჩინებული“.
როგორც ვხედავთ ლეონ მეფემ მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა „აფხაზთა“ სამეფოში, რის შედეგადაც გაჩნდა ახალი საერისთავოები _ „ქუეყნები“, რასაც ფეოდალური ფენის საკმაო გაძლიერება უნდა მოყოლოდა. ყველა ამ ახალ წარმოქმნილ „ქუეყანა“-ს საკუთარი ცენტრი უნდა ჰქონოდა ციხე-სიმაგრის სახით. იგივე ერისთავის რეზიდენცია, (რადგან უციხო სენიორი არ შეიძლება არსებობდეს), რაც ხელს შეუწყობდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები თავისუფალი მეთემეს მიწაზე მიმაგრებას და სრულ დაყმევებას, ყოველივე ეს კი განვითარებული ფეოდალიზმის ერთ-ერთ დამახასიათებელი ნიშანია. ლეონის ამგვარ რეფორმაში მიწების ხელახალი გადანაწილება უნდა ვიგულისხმოთ, რადგან აქაც ხდება მთისა და ბარის გაერთიანება (რამდენადაც ეს დასავლეთ საქართველოში შეიძლება წარმოვიდგინოთ). „აფხაზთა სამეფო“ ამ პერიოდში ცხოვრების ახალ სოციალურ-პოლიტიკურ საფეხურზე გადადის, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ბატონყმობის საწყის ეტაპად VIII საუკუნე მოვნიშნოთ. უნდა ითქვას, რომ ლეონის რეფორმა მსგავსებას ავლენს არჩილის მიერ VIII საუკუნის I ნახევარში კახეთში გატარებულ ე.წ. „რეფორმასთან“. მირის გარდაცვალების შემდეგ, არჩილმა, ძმის ანდერძის თანახმად, „მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა და მისცნა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამისა ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი: მეორე მისცა პიტიახშსა ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასე ადარნასიანსა და ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელი არს ქართლი. მეხუთე მისცა ვარაზმანს და მისცა კოტმანითგან ქურდისხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექვსე მისცა ჯუანშერ ჯუანშერიანსა, რომელი იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილითაგან რევისათა და მისცა ჯუარ და ხერკი და ყოველი მთიულეთი მანგლისის ხევი და ტფილისი. ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ხევთაგან და განუტევა მთავარნი ესე ცოლებითურთ თვი-თვისად ადგილად, ხოლო არჩილი მოვიდა „კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყვნა იგინი“25
ამჯერად ჩვენ არ შევეხებით ჯუანშერთან მოხსენებულ ერისთავთა იდენტიფიკაციის საკითხს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ „რეფორმის“ (რომლის ლოგიკურ გაგრძელებას ლეონის რეფორმა წარმოადგენს) არსი, სადაც კარგად აისახა იმ პერიოდის ისტორიულ-გეოგრაფიული ცვლილებები.26 ნ. ბერძენიშვილის თქმით, არჩილის „რეფორმის“ მთავარი აქცენტი იმაში მდგომარეობს, რომ მოხელე ერისთავები ამიერიდან მემკვიდრე ერისთავებად, მფლობელებად იქცნენ.27
არჩილისა და ლეონის „რეფორმების“ შედეგად იქმნება ახალი „ქუეყნები“ ხდება მთისა და ბარის გაერთიანება ერთ პოლიტიკურ სუბიექტად, (ამიერიდან მათ ერთი „მთავარი“ სენიორი განაგებს). ყოველ „ქვეყანას“ თავისი ცენტრი აქვს, რადგან „ქვეყანა“ უცენტროდ ვერ წარმოჩინდება, როგორც ცენტრი „უქვეყნოდ“, ამიტომ ადვილი მისახვედრია თუ რატომ ჩნდება ამდენი ციხე-სიმაგრე, სწორედ რომ არჩილისა და ლეონის რეფორმების შედეგად მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე. ციხე-სიმაგრეთა პარალელურად ინფეოდალიზაციას ხელს უწყობს ქალაქების წარმოშობა და გაძლიერების პროცესი,28 რაც საქართველოში ჯიუტად VIII-IX საუკუნეებზე მოდის.29
ჩვენი აზრით, სოციალური კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანია მდინარეების ბზიფისა და კოდორის ხეობებში არსებული ციხე-სიმაგრეთა არსებობა, რომლებიც მ. ლორთქიფანიძის აზრით, VIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული და ჩრდილოეთიდან ალანთა შესაჩერებლად გამოიყენებოდა.
პერიოდზე, რომელიც ჩვენ განვითარებული ფეოდალიზმის ე.წ. „ფეოდალური რევოლუციის“ პერიოდად მიგვაჩნია.30 შესაძლოა, VIII საუკუნის საწყის ეტაპზე ასეც ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლეონ მეფემ აფხაზეთი რვა საერისთავოდ დაყო, მეტნაკლებად მოხდა მთისა და ბარის გაერთიანება ერთ საერისთავოში ანუ „ქუეყანა“-ში. ცხუმის საერისთავო ამ პერიოდისთვის საკუთრივ ალანებსაც აერთიანებს თავის საზღვრებში, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს ციხეები პოლიტიკურ ბატონობასთან ერთად სოციალური დაყმევებისთვისაც გამოიყენება, რადგან მთის შერწყმა ბართან, ეს ბარის არისტოკრატიის გაძლიერების მცდელობას ნიშნავს.31 ლეონის რეფორმის შემდეგ, „აფხაზთა“ სამეფოში ორი ციხე-ქალაქი იძენს მთავარ სტატუსს ქუთაისი და ანაკოფია. ქუთაისის მნიშვნელობა VIII პირველ ნახევარშიც აქტუალურია აფხაზეთიში გახიზნული არჩილისთვის, „წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათის“, ეუბნება იგი ლეონს, მამის, სტეფანოზის ცხედარი „დავფლა საყდარსა ქუთათისსა რათა იპოვოს იგი საწამებლად სამკვიდროსა ჩვენისა“ აქ უკვე აშკარაა ციხე-გოჯისა და ქუთაისის მეტოქეობა. ქუთაისი თანდათან იბრუნებს თავის პოლიტუკურ და სოციალურ სტატუსს, რაც დროებით ციხე-გოჯმა მიისაკუთრა, რადგან დედაქალაქის გადატანა შიდა ტერიტორიაზე თავდაცვის მეტი შანსებით იყო ნაკარნახევი,32 მეორე მნიშვნელოვანი ცენტრი „ფხაზთა“ სამეფოში არის ანაკოფია, „ვითარცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთაისი“.
ხოლო როდესაც ციხე-ქალაქის სოციალური სტატუსი ინფეოდალიზაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხდება ქუთაისის ხელმეორე აღორძინება და ლეონმა ის „ჰყო ტახტად“.33 მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ ანაკოფია არა საკუთრივ აფხაზთა საერისთავოში არამედ ცხუმის (ქალაქი აფშილეთისა _ ცხუმი) შემადგენლობაშია შეყვანილი, თუმცა „მატიანე ქართლისა“ მას, როგორც „თავადი ციხე აფხაზეთისა“ მოიხსენიებს.34
„აფხაზთა“ სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით საინტერესო მომენტია აღწერილი „მატიანე ქართლისაში“: „ამას ჟამსა გამოვიდა გიორგი აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ძე აქ კი საკუთრივ აფხაზეთია ნაგულისხმევი და არა მთელი დასავლეთ საქართველო. XVII საუკუნის I ნახევრამდე ოდიშის სამთავროს ეთნიკური საზღვარი ანაკოფიაზე გადიოდა. აღსანიშნავია, რომ ოდიშის ერისთავები და შემდეგ მთავრები აფხაზეთზეც ავრცელებდნენ თავიანთ პოლიტიკურ გავლენას, რაც, სავარაუდოდ, ანაკოფია „თავადი ციხის“ მეშვეობით ხორციელდებოდა. როგორც ჩანს, ეს ციხე გვიან შუასაუკუნეებამდე ინარჩუნებს თავის სოციალ-პოლიტიკურ მნიშვნელობას.
„მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ტინენ ძე დემეტრესი“.35 როგორც ვხედავთ, გიორგი „აფხაზთა“ მეფემ (861-868 წწ.) ჩიხის ერისთავად დასვა თავისი ძმის დემეტრეს (825-861 წწ.) შვილი. ხომ არ შეიძლება აქ „საუფლისწულოს“ შექმნის კონტურები მოვხაზოთ ჩიხის საერისთავოს სახით? ჩიხა მოგვიანებით არგვეთის შემადგენლობაშია ანუ სასაზღვრო რაიონშია ქართლის სამეფოსთან, რომლის შემოერთებასაც ცდილობენ „აფხაზთა“ მეფეები. ამიტომაც აქ სამეფო ოჯახის წევრის დასმა უპრიანი იქნებოდა. გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი, „აფხაზთა“ მეფის ტახტი მემკვიდრეობით ეკუთვნის ჩიხის ერისთავ ტინენ დემეტრეს ძეს,36 რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს ჩიხის საერისთავოს სტატუსის გაძლიერებით, რომელიც შემდეგ ქართლის სამეფოს დაპყრობის ფორპოსტად მოიაზრებოდა. (ისტორია სხვაგვარად წარიმართა და ტინენ დემეტრეს ძე, ჩიხის ერისთავი საკუთარმა ბიცოლამ, „აფხაზთა“ მეფის გიორგის ცოლმა, შავლიანებთან შეთანხმებით მოკლა. ამ შუალედში კი სამეფო ტახტი რამდენიმე წლით შავლიანებს უპყრიათ).37 რაც არ უნდა უცნაური იყოს, „საუფლისწულოების“ შექმნისა ამდაგვარი პროცესი ჩვენ ოდიშის საერისთავოში და შემდგომ სამთავროშიც შევნიშნეთ, სადაც სასაზღვრო ზოლში ერისთავის ან მთავრის ოჯახის წევრი, შვილი ან ძმა ინიშნება მოხელედ. ჩვენი დაკვირვებით, საუფლისწულოების შექმნის ზემოთ აღნიშნული თავისებურება მხოლოდ დასავლეთ საქართველოსთვის არის დამახასიათებელი. ტინენ დემეტრეს ძის ჩიხის ერისთაობა დაახლოებით IX საუკუნის 60 წლებიდან 868 წელზე უნდა მოდიოდეს.38
თუ ჩვენი დასკვნა სწორია, მაშინ IX საუკუნის 60-იან წლებში „აფხაზთა“ სამეფოში ჩიხის საერისთავოს მეფის სახლის წევრი წარმოადგენს.
ამგვარად სახეზე გვაქვს სენიორალური სისტემის შერწყმული ხასიათი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პერიოდში საქართველოში განვითარებული ფეოდალიზმის არსებობას.
ქართული საისტორიო წყაროებისა გაანალიზებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ VIII_IX საუკუნეები ესაა ფეოდალიზმის გამარჯვების ეპოქა საქართველოში. სოციალურ-პოლიტიკური ტეხილის შედეგად, მოხდა „ხევების“, ბარისა და მთის ერთ „ქუეყნად“ გაერთიანება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა VIII საუკუნეში განვითარებული ფეოდალიზმის ეტაპზე გადასასვლელად. VIII-IX საუკუნეების საქართველოს ტერიტორიაზე გვაქვს ყველა ის აუცილებელი სოციალური ატრიბუტი, რაც ბატონყმობის ანუ განვითარებული ფეოდალიზმისთვისაა დამახასიათებელი: სენიორიების წარმოშობა, ახალი ფეოდალური ფენის გაჩენა, ციხე-სიმაგრეთა ფართო ქსელი, რომელიც სოციალური დაყმევებისთვის გამოიყენება; გლეხის და თავისუფალი მეთემის მიწაზე მიმაგრება, ბარის დაწინაურება მთასთან მიმართებაში, ახალქალაქობის პერიოდი და ქალაქის როლის მეტნაკლები ზრდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, VIII საუკუნეში დაწყებული ფეოდალიზაციის პროცესი X საუკუნისთვის დასაწყისისთვის უკვე დასრულებული ჩანს და სანქცირებულ ხასიათს ატარებს, რამაც სხვადასხვა სახის დოკუმენტებში თუ სამართლის ძეგლებში ჰპოვა ასახვა.
შენიშვნები
1. საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია. თბ. 1980.
2. Л. Ю. Кухенбух. «Феодализм» о стратегиях одного неудобного понятия. Журн.: «Журнальный зал». М. 2006, №68. ჰტტპ://მაგაზინეს.რუსს.რუ/ნლო/2006/81/კუ4.ჰტმლ. 2011 წელი; И. В. Дубровский. Как я понимаю феодализм. Очерки социальной истории средних веков. М. 2010, გვ.Q19-35.
3. გ. ჯამბურია. ბატონყმობა საქართველოში. კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია. თბ. 1980, გვ. 95.
4. М. А. Барг. Проблемы социальной истории в освещении современой медиевистики. М. 1973, გვ. 40, 44.
5. А. Я. Гуревич. Проблемы генезиса феодализма в Западной Европе. М. 1970, გვ. 151; 161. ლ. ტუხაშვილი. `ყოველი საქართველოს~ პოლიტიკური სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი და პერიოდიზაციის პრობლემა. კრ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია. თბ. 1980, გვ. 111.
6. М. А. Барг. Проблемы социальной истории, გვ. 45-46.
7. საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის პერიოდიზაცია. თბ. 1980.
8. გ. ჯამბურია. ბატონყმობის საკითხისათვის (კრ: ქართული ფეოდალიზმის საკითხები) თბ. 2007, გვ. 86; ივ. სურგულაძე. საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ზოგიერთი საკითხი. თსუ შრომები. ტ. 94. თბ. 1963, გვ. 130-132.
9. ლ. ტუხაშვილი. „ყოველი საქართველოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ზოგიერთი საკითხი..., გვ. 109.
10. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. წ. II. თბ. 1980, გვ. 114.
11. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. II. თბ. 1965, გვ. 6
12. М. Фасмер. Этимологический словарь русского языка. т. III. М. 1971, გვ. 768.
13. И. И. Срезневский. Материалы для словаря древнерусского языка. т. III. М. 1903, გვ. 535-536.
14. Словарь Русского языка (Институт Русского языка АН СССР). Т. III. М. 1984, გვ. 45.
15. А. Я. Гуревич. Проблемы генезиса феодализма в Западной Европе.., გვ. 201.
16. გ. ჯამბურია. ბატონყმობის საკითხისათვის..., გვ. 69.
17. Ю. Л. Бессмертный. «Феодальная революция» X-XI веков? Журн.: «Вопросы истории». М. 1984. №1, გვ. 59-60; Ж. Дюби. Средние века (История Франции) от Гуго Капета до Жанны д’Арк 987-1460. Перевод с французского Г. А. Абрамова. В. А. Павлова. М. 2000, გვ. 78-89.
18. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის.., გვ. 86-117.
19. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. VIII. თბ. 1975, გვ. 155.
20. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. VIII, გვ. 127.
21. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წგნ. VIII, გვ. 167.
22. დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში. თბ. 2003, გვ. 442.
23. პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე. ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება. თბ. 1991; К. Н. Мелитаури. Крепости дофеодальной и раннефеодальной Грузии. Тб. 1972, გვ. 40.
24. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბ. 1973, გვ. 796.
25. ჯუანშერი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ. 1955, გვ. 241.
26. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის... ტ. II, გვ. 70; მ. ბახტაძე. არჩილ მეფის „რეფორმის“ შესახებ. თბ. 2004, გვ. 3-15
27. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წ. IX. თბ. 1979, გვ. 158 (ამ მხრივ საინტერესოა ტაო-კლარჯეთის ე.წ. კოლონიზაციის პროცესი, რამაც ახალი „სახლების“ და სენიორიების წარმოქმნას შეუწყო ხელი).
28. Ж. ле Гофф. Интелекутуалы в средние века. СПб. 2003; Ж. ле Гофф. Цивилизация средневекого запада (общая редакция Ю. Л. Бессмертного). Часть вторая. Средневековая Цивилизация. Глава V. Генезис. СПб. 2000.
29. Ш. А. Месхия. Города и городской строй феодальной Грузии. Тб. 1959, გვ. 26-38.
30. მ. ლორთქიფანიძე. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX-Xსს). თბ. 1963, გვ. 197.
31. თ. დუნდუა. ნ. ფიფია. პრიმიტიული კომუნიზმი, პროტოფეოდალიზმი და ფეოდალიზმი. მასალები სალექციო კურსისთვის. VII. თბ. 2009, გვ. 17.
32. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის.., გვ. 82.
33. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 796.
34. მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ. 1955, გვ. 317.
35. მატიანე ქართლისა.., გვ. 258.
36. ზ. პაპასქირი. საინტერესო ნაშრომი „აფხაზთა“ სამეფოს ისტორიაზე. რეცენზია შალვა გლოველის საკანდიდატო დისერტაციაზე: „აფხაზთა სამეფო“. „საისტორიო ძიებანი“, წელიწდეული, VI. თბ. 2004, გვ. 313-327.
37. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მემატიანე „აფხაზთა სამეფოს“ მოხელე ერისთავებთან ერთად შავლიანებს იხსენიებს როგორც მთავარს. თითქოს იქმნება შთაბეჭდილება ამ დროის აფხაზეთში ერისთავის ტიტულთან ერთად მთავრის ტიტულიც არსებობდა.
38. შ. გლოველი. აფხაზთა სამეფო. თბ. 2005, გვ. 85.

Комментариев нет:

Отправить комментарий