1898 წლის მეორე ნახევარში მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო კონფლიქტურმა სიტუაციამ აფრიკაში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ინგლისი და საფრანგეთი ნილოსის ზემო წელის დაპატრონებისათვის ბრძოლაში. პრაქტიკულად, საკითხი ეხებოდა მთელ სუდანზე ბატონობას. ინგლისს განზრახული ჰქონდა გზის მშენებლობა ქაიროდან კაპშტატამდე - რაც კიდევ უფრო განამტკიცებდა ინგლისის ბატონობას ეგვიპტესა და სუეცის არხზე. ინგლისს ამ მიზნების განხორციელებაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა საფრანგეთის სახით. გადალახა რა ცენტრალური აფრიკის ჯუნგლები და ჭაობები, ფრანგი კაპიტნის მარშანის ექსპედიციამ ორწლიანი მძიმე ლაშქრობის შემდეგ მდინარე ნილოსს მიაღწია. მდინარის მარცხენა ნაპირზე 1898 წლის 10 ივლისს, სუდანში მან დაიკავა პატარა პუნქტი ფაშოდა. იქ მარშანმა, მიტოვებული ძველი ეგვიპტური სიმაგრის კოშკზე ფრანგული დროშა აღმართა. შილუკების ტომის ბელადს მარშანმა თავს მოახვია შეთანხმება პროტექტორატის შესახებ.
საფრანგეთის რაზმის შესახვედრად, ზემო ნილოსიდან მოემართებოდა ინგლისელი გენერლის კიტჩენერის საექსპედიციო კორპუსი, რომელიც შედგებოდა ინგლისური და ეგვიპტური ნაწილებისაგან. 1898 წლის 2 სექტემბერს კიტჩენერის ჯარებმა დაამარცხეს არაბები ომდურმანთან - ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, სუდანის დედაქალაქ ხართუმის მახლობლად. ხართუმი გამარჯვებულებმა დაიკავეს. ამ ბრძოლაში მონაწილეობდა ახალგაზრდა ბრიტანელი ოფიცერი უინსტონ ჩერჩილი1. სუდანის დერვიშთა სახელმწიფოს მეთაური ხალიფა აბდალაჰი გაიქცა. ხართუმში ინგლისელმა კოლონიზატორებმა, დამარცხებულთა მიმართ, მხეცური სისასტიკე გამოიჩინეს. ომდურმანთან ბრძოლიდან ოთხი დღის შემდეგ, კიტჩენერმა ცნობა მიიღო, რომ ფაშოდაში ფრანგების რაზმი იმყოფებოდა. კიტჩენერი დაუყოვნებლივ გაემართა ფაშოდასკენ, მდინარით და თან გაიყოლია ხუთი ჯავშნოსანი. ფაშოდას რომ მიუახლოვდნენ კიტჩენერმა ნავით გააგზავნა ოფიცერი, რომელმაც მარშანს გადასცა კიტჩენერის წერილი, რითაც აცნობებდა მას დერვიშებზე ინგლისელთა გამარჯვების შესახებ და თავის მომავალ ვიზიტზე ფაშოდაში.
კიტჩენერის ფლოტილია 19 სექტემბერს მიადგა ფაშოდას. მარშანი გაემართა კიტჩენერის ჯავშნოსანზე და განუცხადა მას, რომ საფრანგეთის მთავრობამ დაავალა მას შილუკების ქვეყნის და ბახრ-ალ-გაზალის ოლქის ოკუპაცია თეთრი ნილოსის მარცხენა ნაპირზე ფაშოდამდე. კიტჩენერმა პასუხად განუცხადა მარშანს, რომ არ ცნობდა ნილოსის ხეობაში ნებისმიერი რაიონის ოკუპაციას ფრანგების მხრივ, რომ ეს იყო ინგლისისა და ეგვიპტის მთავრობათა უფლებების დარღვევა და მოთხოვა მარშანს დაეტოვებინა ფაშოდა. მარშანი არ შეუშინდა ასეთ განცხადებას და უპასუხა კიტჩენერს, რომ ფაშოდას მხოლოდ საფრანგეთის მთავრობის ბრძანებით დატოვებდა.
1. Бриггс Э., Клэвин П. Европа нового и новейшего времени. Пер. с англ., М., 2006, 172.
ამასთანავე, მარშანმა სთხოვა კიტჩენერს მისი გემით წაეყვანა ფრანგი ოფიცერი ქაირომდე, რომ იქიდან ტელეგრაფით დაკავშირებოდა პარიზს და მიეღო ინსტრუქციები. კიტჩენერმა ყურადღება არ მიაქცია მარშანის განცხადებას და ფაშოდის დატოვებისას მისი ბრძანებით ინგლისის დროშა აღმართეს ფრანგულისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. იქ დატოვეს გარნიზონი ეგვიპტური ჯარების ბატალიონის და ერთი ჯავშნოსნის შემადგენლობით.
მეორე დღეს კიტჩენერმა გააგრძელა გზა სამხრეთისკენ. ამ მდინარეზე აიკრძალა ყოველგვარი სამხედრო მასალების გადაზიდვა, რაც მარშანის რაზმის ბლოკადას ნიშნავდა. 9 ოქტომბერს ფაშოდაში ჩავიდა ინგლისის ჯავშნოსანი, რომელსაც მარშანის ერთ-ერთი ოფიცერი უნდა ჩაეყვანა ქაიროში, რათა მას კონტაქტი დაემყარებინა საფრანგეთის დიპლომატიურ აგენტთან ადგილზე და პარიზთან.
ინგლისისა და საფრანგეთის ძალები აშკარად უთანაბრო იყო. სუდანში ინგლისელებს გააჩნდათ საექსპედიციო კორპუსი 20 ათასზე მეტი ადამიანით. ისინი კარგად იყვნენ შეიარაღებული და ჰქონდათ აუცილებელი კომუნიკაციები და მომარაგების მყარი ბაზა ეგვიპტეში. ფრანგებს ყავდათ 100-ზე ცოტა მეტი ადამიანი და ჰქონდათ ერთი სამდინარო გემი და რამდენიმე შალანდა (მცირე მოცულობის ბარჟა ტვირთის გადასატანად).
ფაშოდის დაკავების შემდეგ, მარშანს არ გააჩნდა არც სატელეგრაფო, არც სხვა კავშირი თავის მთავრობასთან. ის ელოდებოდა დახმარებას ეთიოპიიდან, მაგრამ ვერ მიიღო. ამ პერიოდისათვის ინგლისმა გააუმჯობესა თავისი ურ- თიერთობები გერმანიასთან - მართალია დროებით, მაგრამ საჭირო. ზღვებზე ინგლისს დიდი უპირატესობა გააჩნდა ფრანგულ ფლოტთან შედარებით. 1898 წლისთვის ინგლისს ჰქონდა 34 ჯავშნოსანი 16 კვანძის სიჩქარით. საფრანგეთს ასეთი მხოლოდ 10 ხომალდი ჰქონდა, რუსეთს კი-17, თუმცა მათი ნაწილი ჩაკეტილი იყო შავ ზღვაში. ითვლებოდა, რომ ინგლისი ზღვებზე უფრო ძლიერი იყო, ვიდრე რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთად აღებული. ინგლისს ადვილად შეეძლო ხელში ჩაეგდო საფრანგეთის კოლონიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სავაჭრო ფლოტი და საზღვაო ვაჭრობა. ამასთანავე, ინგლისის კონფლიქტი საფრანგეთთან ადვილად შეეძლო გამოეყენებინა გერმანიას, რომელთანაც საფრანგეთს დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა ფრანკფურტის ზავის შემდეგ1.
ინგლისის ბურჟუაზია ერთსულოვანი იყო მისწრაფებაში საკუთარ ხელში ჰქონოდა ზემო ნილოსის კონტროლი. ის ამაში ხედავდა საშუალებას განემტკიცებინა ბატონობა ეგვიპტეზე. ეს თავისთავად უზრუნველყოფდა ბატონობას სუეცის არხზე, ე.ი. ინდოეთისკენ, აღმოსავლეთ აფრიკისკენ, ავსტრალიისკენ და შორეული აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზებზე. სუეცი, თითქმის მთელი ბრიტანული კოლონიური სისტემის ღერძი გახდა. თუმცა, სუდანში წყდებოდა არა მარტო საკითხი სუეცის არხის შესახებ. სუდანისთვის ბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული, როგორც ტერიტორიული კავშირის დამყარება აფრიკის კონტინენტზე გადაჭიმულ ბრიტანეთის კოლონიებს შორის, ისე რკინიგზის მშენებლობის შესაძლებლობა ქაიროდან კაპშტატამდე (სამხრეთი აფრიკა). როდესაც პარიზმა გადაწყვიტა მარშანის რაზმის გაგზავნა ფაშოდაში, იმედი ჰქონდა, რომ ამ აქციით ის ზეწოლას მოახდენდა ინგლისზე, ეგვიპტის საკითხში, რომელიც ყველაზე დიდი კოლონიური დავის საგანი იყო.
1898 წლის ივნისის ბოლოს საფრანგეთში მთავრობა შეიცვალა. ახალ კაბინეტს სათავეში ჩაუდგა რადიკალი ბრისონი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი გახდა თეოფილ დელკასე2, რომელმაც ეს პოსტი რვა წელს შეინარჩუნა - 1906 წლამდე. საფრანგეთის კოლონიების სამინისტრო მიიჩნევდა, რომ მარშანს მხოლოდ ფაშოდა უნდა დაეკავებინა და წინსვლა შეეჩერებინა მისი რაზმის სიმცირის გამო. მაგრამ, ვიდრე ინსტრუქციას მოამზადებდნენ მარშანისთვის, კოლონიების მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრი ჰკითხა. სამინისტროს მოხელეთა დასკვნიდან გამომდინარეობდა, რომ საფრანგეთს უნდა დაეპყრო ტერიტორია ზემო ნილოსის აუზში, მდინარის მარცხენა ნაპირზე სამხრეთით, კონგოს სახელმწიფოს საზღვრიდან და მე-10 პარალელამდე ჩრდილოეთით, ფაშოდისა და ბახრ-ალ-გაზალის ოლქის და მდინარე შარის მთელი აუზის ჩათვლით. სამინისტრო მზად იყო ეცნო ინგლისის სამფლობელოდ სუდანი მე-10 პარალელიდან ჩრდილოეთით. ამის სანაცვლოდ, მას იმედი ჰქონდა, მიეღო მისი თანხმობა ევაკუაციაზე და ეგვიპტისა და სუეცის არხის ნეიტრალიზებაზე. ყოველივე ამის გაკეთებას პარიზი ფიქრობდა მარშანის მცირერიცხოვანი რაზმით. დელკასემ არ მიიღო თავისი აპარატის ეს რჩევა, ამიტომ ვერც პასუხს აძლევდა კოლონიების მინისტრს. მას არ სურდა კონფლიქტი დიდ სახელმწიფოსთან და ვერც გამოსავალი ეპოვნა.
1. ჩოჩია ვ., ბისმარკი და გერმანიის პრობლემა. 1862-1882. თბ., 2011, 150-152.
2. История дипломатии, т. II. М., 1963, 426.
1 სექტემბერს დელკასე პეტერბურგში შეკითხვას აგზავნის. მან დაავალა ელჩს, გრაფ მონტებელოს, გაეგო რუსეთის მთავრობის აზრი შექმნილ სიტუაციაზე1. ვიდრე დელკასე პასუხს ელოდა, მოვიდა კოლონიების სამინისტროს მეორე შეხსენება. საქმის გაჭიანურება აღარ გამოდიოდა და დელკასე იძულებული გახდა, თავისი აზრი გამოეთქვა. მან აღნიშნა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, რომ უკანასკნელ ხანს საერთაშორისო სიტუაცია შეიცვალა საფრანგეთისათვის არახელსაყრელად, რადგან გერმანია დაუახლოვდა თურქეთს - ეგვიპტის სიუზერენს და ინგლისს (გერმანიამ შეძლო თურქეთთან დაახლოება, როდესაც მან შეცვალა საფრანგეთი და ინგლისი თურქეთის არმიის რეორგანიზაციის საქმეში.
1. Documents Diplomatiqes Français (1871-1914). T. 1-41. Paris, 1929-1959. -1-ère série, t. XIV, #315, 496.
1885-1895 წლებში გერმანელი ინსტრუქტორების ჯგუფს ხელმძღვანელობდა გერმანელი გენერალი ფონ დერ გოლცი, რომელმაც შეძლო თურქეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. კრუპის და მაუზერის ქარხნები კი იარაღს აწვდიდნენ თურქეთს. გერმანელი ინსტრუქტორები შემდგომ წლებშიც იმყოფებოდნენ თურქეთში). შექმნილ სიტუაციაში, საჭირო იყო რჩევა მიეცათ მარშანისთვის, კეთილგონიერება გამოეჩინა და წინ აღარ წაწეულიყო. მინისტრთა საბჭომ მხარი დაუჭირა დელკასეს. 1898 წლის 9 სექტემბერს კოლონიების მინისტრმა დეპეშა გააგზავნა ლიბრევილში, საფრანგეთის კონგოს გენერალურ კომისართან დავალებით, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინათ მარშანისთვის მთავრობის ინსტრუქცია დელკასეს წინადადებათა გათვალისწინებით, მაგრამ ინსტრუქციამ მარშანამდე ვერ მიაღწია1.
7 სექტემბერს დელკასემ მიიღო ინგლისის ელჩი მონსონი. მინისტრი ყოველმხრივ ცდილობდა, შეერბილებინა სიტუაცია. მან გამოთქვა სურვილი, თავიდან აეცილებინათ კონფლიქტი და მთავრობებს გადაეწყვიტათ შექმნილი სიტუაცია. დელკასემ გამოხატა იმედი, რომ ლონდონი მიაწვდიდა კიტჩენერს დირექტივებს, რომელიც თავიდან ააცილებდა ორ ქვეყანას შეჯახებას. ელჩმა დაუყოვნებლივ გადასცა ლონდონში დელკასეს განცხადება. იქ კარგად დაინახეს, რომ საფრანგეთს არ სურდა ვითარების გამწვავება. 9 სექტემბერს სოლსბერი (მარკიზი სოლსბერი 1895 წლის ივნისში მესამედ გახდა ინგლისის პრემიერ-მინისტრი. 1900 წლამდე მან შეინარჩუნა აგრეთვე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.
1. История дипломатии, 429.
1902 წელს სოლსბერი გადადგა) დეპეშით ატყობინებს მონსონს დირექტივას, რომელიც განსაზღვრავდა ინგლისის პოზიციას ფაშოდის კონფლიქტში. ლონდონს არ სურდა უკან დახევა საკითხში, რომელიც შეეხებოდა ნილოსის აუზს, ფაშოდის ჩათვლით. მას მიიჩნევდნენ ინგლისისა და ეგვიპტის კუთვნილებად. ლონდონი თანახმა იყო ეწარმოებინა მოლაპარაკებანი ტერიტორიულ საკითხზე მხოლოდ ნილოსის აუზის გარეთ. ეს ნიშნავდა, რომ ლონდონმა გადაწყვიტა გაეძევებინა ფრანგი კონკურენტი და განემტკიცებინა თავისი ბატონობა ეგვიპტეზე, ნილოსის ზემო წელის ხელში ჩაგდებით, რომელიც კვებავდა ეგვიპტეს. სოლსბერის, როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთი დათმობდა და უკიდურესობამდე არ მიიყვანდა საქმეს.
1898 წლის 10 სექტემბერს მონსონმა გადასცა დელკასეს სოლსბერის დეპეშის ტექსტი. 13 სექტემბერს კი პარიზში მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მურავიოვის პასუხი პარიზის შეკითხვაზე, რომელიც დელკასემ გააგზავნა პეტერბურგში. პასუხი გამამხნევებელი იყო. მურვიოვი წერდა, რომ ყველა საკითხში, რომელიც ეხებოდა ეგვიპტეს, რუსეთის მთავრობა მზად იყო, საფრანგეთისათვის მხარი დაეჭირა1.
27 სექტემბერს ლონდონმა მემორანდუმით აცნობა პარიზს, რომ არ ცნობდა ნილოსის ხეობაში ნებისმიერი ნაწილის ოკუპაციას საფრანგეთის მიერ. იმავე დღეს, დელკასემ ლონდონის მემორანდუმის შესახებ მოახსენა მინისტრთა საბჭოს. საღამოს დელკასე შეხვდა მონსონს და აცნობა, რომ საფრანგეთის მთავრობა მზად იყო წასულიყო დიდ დათმობებზე, მაგრამ ამას გააკეთებდა არა ზეწოლის გამო, არამედ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით.
28 სექტემბერს მონსონმა პარიზს გადასცა სოლსბერის დეპეშის ტექსტი. მასში ნათქვამი იყო, რომ სოლსბერი თანახმა იყო გადაეცათ დელკასეს შეტყობინება მარშანისთვის, მაგრამ ინგლისი პასუხს არ აგებდა მარშანის უსაფრთხოებაზე, თუ ის სწრაფად არ დატოვებდა მის მიერ დაკავებულ ტერიტორიას2. რა თქმა უნდა, ეს შეუნიღბავი მუქარა იყო.
შემდგომ დღეებში მოლაპარაკებანი განაგრძო საფრანგეთის ელჩმა ლონდონში დე კურსელმა. ის ატარებდა დელკასესთან შეთანხმებულ კურსს - საფრანგეთი დატოვებს ფაშოდას, მაგრამ შეინარჩუნებს ნილოსზე მისასვლელს, ე. ი. მისი მარცხენა ნაპირის ნაწილს ფაშოდის სამხრეთით, კონგოს საზღვრებამდე.
1. История дипломатии, 430.
2. British Documents on the Origins of the War. 1898- 1914. Vol. 1-11. London, 1927-1936. - Vol. I., #197, 170-171.
1898 წლის 15 ოქტომბერს ფაშოდის კონფლიქტის გამწვავების პერიოდში, მურავიოვი ვიზიტით ჩავიდა პარიზში და დელკასეს შეხვდა, რომელმაც დაარწმუნა მურავიოვი, რომ ის ერთგული იყო საფრანგეთ-რუსეთის კავშირისა. შემდეგ მან მურავიოვს გააცნო ინგლის-საფრანგეთის მოლაპარაკებათა მსვლელობა ფაშოდის თაობაზე და გამოხატა რწმენა, რომ სადავო საკითხი მალე მოგვარდებოდა. საფრანგეთი ფაშოდის საკითხში დათმობით მიიღებდა დაკმაყოფილებას თეთრი ნილოსის მარცხენა სანაპიროზე თავისუფალი მისასვლელის სახით1. პრეზიდენტი ფელიქს ფორი, რომელიც ასევე შეხვდა მურავიოვს, არ შეხებია ფაშოდის ინციდენტს და მხოლოდ საფრანგეთის მიმართ ინგლისის მტრობაზე ლაპარაკობდა.
20 ოქტომბერს ინგლისის ხაზინის კანცლერმა ჰიკსბიჩმა, რომელიც მთავრობაში მეორე პირად ითვლებოდა, საჯარო სიტყვაში განაცხადა, რომ ფაშოდის საკითხში ინგლისი არ დათმობდა2. ამასთანავე, ლონდონში იცოდნენ, რომ რუსეთი საფრანგეთს უჭერდა მხარს, რის შესახებაც დელკასემ დაუფარავად განაცხადა3. 1898 წლის 23 ოქტომბერს დელკასემ გარკვევით გაუმეორა მონსონს, რომ თუ ლონდონი პარიზს პრინციპულ თანხმობას მისცემდა ნილოსზე გასვლის შესახებ, მაშინ საფრანგეთის მთავრობა დაუყოვნებლივ მისცემდა მითითებას მარშანს ფაშოდა გაეთავისუფლებინა.
1. История дипломатии, 431.
2. История дипломатии, 435.
3. British Documents on the Origins of the War. 1898-1914, #218, 183.
ამ წინადადებას ინგლისის მთავრობა იხილავდა 1898 წლის 27 ოქტომბერს. იმავე დღეს, სოლსბერი შეხვდა საფრანგეთის ელჩს და შეპირდა, რომ მონახავდა ფორმას, რომელიც ხელს შეუწყობდა კრიზისის დასრულებას1. 27 ოქტომბერს გამოჩნდა სოლსბერის პასუხი საიდუმლო სამახსოვრო ჩანაწერის სახით. მასში ნათქვამი იყო, რომ თუ მარშანი მიიღებდა ბრძანებას ფაშოდის დატოვების შესახებ, მაშინ მოიხსნებოდა წინააღმდეგობანი დისკუსიისათვის ტერიტორიული გამიჯვნის საკითხზე.
ელჩი დე კურსელი თავის მთავრობას სთავაზობდა ეს ფორმულა მიეღო. ამასობაში, ბრისონის მთავრობა გადადგა. 1 ნოემბერს მთავრობის მეთაური გახდა დიუპუი. ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა ფაშოდიდან საფრანგეთს რაზმი გამოეწვია. 3 ნოემბერს დელკასემ, რომელმაც შეინარჩუნა თავისი პოსტი, დიპლომატიური აგენტის მეშვეობით მარშანს ბრძანება გაუგზავნა ქაიროში. მარშანს ევალებოდა ფაშოდის დატოვება და თავისი რაზმით საფრანგეთში დაბრუნება. უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ ეთიოპიაზე გავლით ჯიბუტიდან2. ამ გადაწყვეტილების შესახებ და კურსელმა ოფიციალურად აცნობა ინგლისის პრემიერ-მინისტრს 4 ნოემბერს.
9 ნოემბერს სოლსბერი გამოვიდა საჯარო სიტყვით ყოველწლიურ პოლიტიკურ ბანკეტზე ლონდონის ლორდმერთან. პრემიერმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფაშოდის გამო შეიქმნა ომის წარმოშობის შესაძლებლობა, მაგრამ ის აიცილეს კეთილგონიერების წყალობით, რომელიც გამოიჩინა საფრანგეთის მთავრობამ3. თუმცა, საერთო მდგომარეობა მსოფლიოში, სოლსბერის აზრით, საშუალებას არ აძლევდა ინგლისს ხელი აეღო მის მიერ ჩატარებულ სამხედრო ღონისძიებაზე. ინგლისის ფლოტი სრულ მზადყოფნაში რჩებოდა.
1. Documents Diplomatiqes Français (1871-1914), #459, 719-720.
2. British Documents on the Origins of the War. 1898-1914, #226, 188.
3. Documents Diplomatiqes Français (1871-1914), #492, 768.
ეს დაკავშირებული იყო არა მარტო ბურებთან მოსალოდნელი ომისათვის მზადებასთან, არამედ საფრანგეთთან მომავალ მოლაპარაკებებთანაც. 15 ნოემბერს ჩემბერლენი გამოვიდა სიტყვით მანჩესტერში, რომელშიც საფრანგეთისგან მოითხოვდა დათმობებს ყველა სადავო საკითხებში. რაც შეეხებოდა ნილოსის აუზს, საფრანგეთს მასზე საერთოდ უარი უნდა ეთქვა1.
ინგლის-საფრანგეთის ურთიერთობები დაძაბული რჩებოდა. 1898 წლის დეკემბერში ლონდონში ჩავიდა საფრანგეთის ახალი ელჩი - პოლ კამბონი. ის თავაზიანად მიიღეს, თუმცა არცერთ მინისტრს არ გამოუთქვამს სურვილი მოლაპარაკება გაემართა მასთან. ლონდონში კარგად ხედავდნენ, რომ საფრანგეთს არ შესწევდა უნარი ბრძოლაში ჩაბმულიყო ინგლისთან, მით უმეტეს, რომ გერმანიასთანაც დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა. სიტუაცია აიძულებდა საფრანგეთს უკან დაეხია ინგლისის წინაშე. მან უარი თქვა ბახრ-ალგაზალის ოლქზე და ნილოსის გასასვლელზე. ეს საფრანგეთის სრული მარცხი იყო. ინგლისმა კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები ეგვიპტეში. იმისათვის, რომ საფრანგეთი მტრულად არ განწყობილიყო ინგლისის მიმართ, ორი ქვეყნის აფრიკული სამფლობელოები გაიმიჯნა. საზღვარი ძირითადად გავიდა ჩადის ტბის და მდინარე კონგოს აუზებს შორის, ერთი მხრივ, და ნილოსის აუზს შორის - მეორე მხრივ. სანაცვლოდ, საფრანგეთმა მიიღო სუდანის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ტერიტორიის მიღებამ საშუალება მისცა საფრანგეთს, ტერიტორიულად გაემთლიანებინა საფრანგეთის სამფლობელოები ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში, მის კოლონიებთან ცენტრალურ აფრიკაში.
1. История дипломатии, 439.
2. Бриггс Э., Клэвин П. Европа нового и новейшего времени, 172.
1899 წლის შეთანხმება ინგლისსა და საფრანგეთს შორის ამთავრებდა ცენტრალური აფრიკის გაყოფას2. თუმცა, წინ იყო ბრძოლა დიდ ქვეყნებს შორის აფრიკის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილებისათვის. რაც შეეხებოდა სამხრეთს, ლონდონი უკვე მზად იყო ბურების რესპუბლიკის დაპყრობისათვის1.
ამას ხელი შეუწყო აღმოსავლეთ სუდანისა და ნილოსის მთელი აუზის დაპყრობამ. ახლა საჭირო იყო ტრანსვაალის ოქროს საბადოების ხელში ჩაგდება, რომელიც ეკონომიკურად უკვე მათ ხელში იყო. ამასთანავე, დაიპყრობდნენ მის მოკავშირე ორანჟის რესპუბლიკასაც.
დამოწმებანი:
1. ჩოჩია ვ., ბისმარკი და გერმანიის პრობლემა. 1862- 1882. თბ., 2011.
2. Бриггс Э., Клэвин П. Европа нового и новейшего времени. Пер. с англ., М., 2006.
3. История дипломатии, т. II. М., 1963.
4. British Documents on the Origins of the War. 1898- 1914. Vol. 1-11. London, 1927-1936. - Vol. I.
5. Documents Diplomatiqes Français (1871-1914). T. 1-41. Paris, 1929-1959. -1-ère série, t. XIV
Комментариев нет:
Отправить комментарий