вторник, 7 марта 2017 г.

ბაგრატიონთა წარმომავლობის საკითხი (უ. მურღულია)

ბაგრატიონთა პირველი წარმომადგენლების შესახებ ცნობები ბაგრატიონთა კარის ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის (V–VII ს-ბი) „არმენიის ისტორიაში“ არის დაცული, რომელიც არმენიის ნახარარის საჰაკ ბაგრატიონის დავალებით შეადგინა. ნაშრომი არმენიის გაბმული ისტორიის დაწერის პირველი ცდაა. მოვსეს ხორენაცმა ნაშრომში თავი მოუყარა ზეპირ, წერილობით, ეროვნულ და უცხოურ წყაროებს, პირველმა გამოიყენა ძველი სომხური ეპოსი. თუმცა ისტორიკოსმა არსებული ფაქტები ვერ გადაამუშავა და ერთმანეთში აურია მეფეთა სახელები და სხვადასხვა ხანაში მომხდარი მოვლენები. შესაბამისად ნაშრომიდან მწყობრი აზრის გამოტანა ძნელია. აქედან გამომდინარე მოვიტანთ მხოლოდ მოკლე ცნობებს, რომელიც ბაგრატიონების მოღვაწეობას ეხება.
ხორენაცი თავისი შრომის დასაწყისშივე საგანგებოდ აფრთხილებს სომეხ მკითხველებს, რომ სომეხი ბაგრატიონები არ არიან სომხური წარმომავლობის: „ზოგიერთი პირები, რომლებიც არ არიან ღირსნი ნდობის და არ ხელმძღვანელობენ ჭეშმარიტებით, თვითნებურად ამბობენ, რომ გვირგვინის-დამდგმელთა ბაგრატოვანთა გვარი თითქოს მომდინარეობს ჰაიკისგან (სომხების ლეგენდარული მამამთავარი). ამაზედ გეტყვი: არ ერწმუნო ასეთ სულელურ სიტყვებს იმიტომ, რომ ასეთ სიტყვებში არ არის არავითარი კვალი, არავითარი ნიშან-წყალი სიმართლისა“.
ავტორი არაერთხელ იმეორებს, რომ ბაგრატიონები სპერიდან იყვნენ, თუმცა წარმოშობით ებრაელებად მიიჩნევს და ამას მხოლოდ მათი სახელებით ხსნის. არმენიელი ისტორიკოსის სიტყვით ბაგრატიონების საგვარეულო სახელი სმბატი (სუმბატი) იგივე ებრაული შამბაშია, აშოტი – ასუდი, ვარაზი – ვაზარია, ბაგარატი (ბაგრატი) – ბაგადია და ასე შემდეგ. ხორენაცის ეს მსჯელობა მცდარია, რადგან მიუხედავად მსგავსებისა ამ სახელებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ.
ბაგრატიონების თითქოს ებრაული წარმომავლობა ხორენაცის მოგონილი ახირება არ უნდა იყოს. იმ დროში როდესაც ხორენაცის შრომა იწერებოდა (V ს-ის ბოლოდან – VII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდში) ბაგრატიონები უარს ამბობენ ძველ პოზიციებზე – მეფის მსახურებასა და მეფის შემდეგ მნიშვნელოვან თანამდებობებზე და პირველკაცობისთვის აწარმოებენ ბრძოლას. იქედან გამომდინარე რომ არმენიაში ცნობილი იყო სპერიდან მათი წარმომავლობის შესახებ, არმენიელობას ვეღარც დაიჩემებდნენ, პატარა სპერიდან წარმომავლობა კი პირველ გვარად გამოცხადებისთვის საკმარისი არ იყო. აღნიშნულ პერიოდში ქრისტიანობის მოძლიერებასთან ერთად მთავარი წიგნი ხდება ბიბლია და შესაბამისად ბიბლიაში მოხსენიებული პირები გვარის წინაპრებად დიდი უპირატესობის მიმნიჭებელი იყო. მაგ. ამავე ეპოქაში მეორე დიდი არმენიული გვარი მამიკონიანები, რომელთა სამშობლო ტაო იყო, უფრო შორსაც წავიდა და წინაპრებად ჩინელი მეფეები დაასახელა. VIII–IX საუკუნეებში როდესაც ბაგრატიონთა ძალაუფლება ლამის ნახევარ კავკასიას მოედო, განვითარდა მათი წარმომავლობის თეორიაც და ჯერ მათი წინაპარი ებრაელი ტყვე ბელადი იქცა ისრაელის ძველი მეფეების – დავითისა და სოლომონის შთამომავლად, ცოტა მოგვიანებით კი, როდესაც ქრისტიანულმა ეკლესიამ საზოგადოებაზე მყარი გავლენა მოიპოვა, ბაგრატიონთა წარმომავლობის ხაზში ჩაუმატეს იესო ქრისტე, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ლეგენდა ბაგრატიონების დავითიან – სოლომონიან – იესიან წარმომავლობაზე. 
ახლა რაც შეეხება წყაროთა მონაცემებს:
ბაგრატიონთა პირველი წარმომადგენელი იყო სმბატ I (სუმბატი), რომელიც ხორენაცის ლეგენდარული ცნობით იყო „ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებული ერთ-ერთი ებრაელი ბელადი, რომელიც გათავისუფლების შემდეგ დასახლდა ჩვენს ქვეყანაში და მისგან მომდინარეობს ბაგრატუნების გვარი“.
სუმბატის შვილი იყო ბაგარატი (ბაგრატი). ხორენაცი მოგვითხრობს: ბაგარატი მოღვაწეობდა სომხეთის მეფე ვალარშაკთან, რომელიც პართიის მეფემ, მისმა ძმამ დანიშნა არმენიის ტახტზე. ბაგარატი საკუთარი სურვილით ჩადგა ვალარშაკის სამსახურში. ვალარშაკმა აჩუქა მას მემკვიდრეობითი უფლება არშაკუნების გვირგვინის დამდგმელობისა, ხოლო მის გვარს მისივე სახელის მიხედვით ბაგრატუნი; ეს გვარი ახლა წარმოადგენს დიდი ნახარარულ გვარს ჩვენს ქვეყანაში. ამასთან იგი დაინიშნა მმართველად მხარისა, რომელიც მდებარეობს არმენიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც არ ისმის არმიანული საუბარი, და აგრეთვე ათიათასობით მეომრის მეთაურად".
 ვალარშაკი აწარმოებს დიდ დაპყრობით ომებს, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაგარატი თავისი მამაცი მეომრებით. დამსახურებისთვის მეფემ ბაგრატს აგრეთვე უბოძა ასპეტის წოდება და უფლება მისცა ეტარებინა პატარა გვირგვინი (არა ოქროს). ამის მიუხედავად ბაგრატმა უარი თქვა მეფის შეთავაზებაზე გადასულიყო მის სარწმუნოებაზე და საკუთარი რელიგიის ერთგული დარჩა.
ვალარშაკის მემკვიდრე არშაკი კატეგორიულად მოითხოვდა ბაგრატის ძეებისგან სარწმუნოების შეცვლას, მაგრამ ისინი უარზე იყვნენ და სარწმუნოებისათვის ბრძოლას შეეწირა კიდეც ორი მათგანი. მაშინ არშაკმა აკრძალა ბაგრატუნებისათვის ნახარართა წრიდან საცოლის მიცემა.
რელიგიურ პოლიტიკას აკრძელებს მეფე ტიგრანი, რომელსაც წინააღმდეგობას უწევენ ბაგრატუნები. მაშინ ტიგრანმა ერთ-ერთ მათგან აშოტს ენა მოაჭრა და ჩამოართვა ბაგრატუნებს მთავარსარდლობა, თუმცა დაუტოვა გვირგვინის დამდგმელისა და ასპეტის წოდებები.
მეფე არშამის დროს ბაგრატუნების წარმომადგენელი იყო ენანოსი. არშამმა ჩამოართვა მას თანამდებობები, დაუწყო წამება და კატეგორიულად მოსთხოვა უარი ეთქვა თავის სარწმუნოებაზე, საპასუხოდ კი ყველაფერს დაუბრუნებდა. ენანოსი ითმენდა, მაგრამ იმის შემდეგ, როდესაც მის და წამების საყურებლად მოყვანილი მისი ვაჟების (საპარია, აზარია) წინაშე მოკლა მათი ნათესავი სარია, შვილების დაკარგვის შიშითა და ცოლების თხოვნით დათანხმდა მეფეს მთელი გვარით გადასულიყო მის სარწმუნოებაზე.
შემდეგ ბაგრატიონების მეთაური, ასპეტი და სპერის მმართველი იყო სმბატ II ბიურატის ძე (ქართული წყაროების სუმბატ ბივრიტანიანი). ხორენაცი მოგვითხრობს: „მეფე სანატრუკის (მისი აღმზრდელი იყო ბიურატ ბაგრატუნის და, და ხოსრენ არწრუნის ცოლი სანოტი) სიკვდილის შემდეგ არეულობამ დაისადგურა და ტახტი ხელთ იგდო ვინმე ერვანდმა, რომელიც ქალის ხაზით იყო მხოლოდ არშაკუნის გვარიდან, თუმცა წესის დარღვევით, რადგან მისთვის გვირგვინი არ დაუდგამთ ბაგრატუნებს (ანუ უკანონო იყო).
გახდა რა მეფე, უფრთხოდა რა მეტოქეობას, ერვანდმა ამოხოცა სანატრუკის შვილები. მხოლოდ უმცროსი არტაშესი წაიყვანა მისმა ძიძამ, გაიქცა ხერის მხარიდან მალხაზანში (ურმიის ჩრდ-ით მხარეები) და გაუგზავნა ცნობა აღმზრდელს, სმბატს, ბიურატის ძეს სპერის მხარეში, სოფელ სმბატავანში. მიუვიდა რა საშინელი ცნობა სანატრუკისა და მისი ვაჟების სიკვდილის შესახებ, სმბატმა განათავსა თავისი ქალიშვილები სმბატანუიში და სმბატურხი ბაიბერდში (ბაიბურთი) და დაუტოვა ციხე-სიმაგრეს მცველებად მამაცი კაცები; ხოლო თვითონ ცოლთან და რამდენიმე თანამგზავრთან ერთად გაემგზავრა არტაშესის საძებნელად. გაიგო რა ამის შესახებ, ერვანდმა გაგზავნა მდევრები. ამიტომ სმბატი გადაცმული დადიოდა ფეხით ახალშობილ არტაშესთან ერთად მანამ სანამ არ ჩავიდა პართიის მეფესთან. რადგან სმბატს სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც მამაც ადამიანს, აქ მიიღეს პატივით, ისევე როგორც სპარსეთის სარდლებს იღებდნენ, ხოლო არტაშესი მიიღეს ისევე როგორც უფლისწული. საცხოვრებლად მათ აირჩიეს ბადი და ოზომნი.
ერვანდი შეშინებული იყო იმ ფიქრებით, რომ სპარსეთში მის წინააღმდეგ ცუდი რამ მზადდებოდა, ამიტომ დაუკავშირდდა სპარსეთის მეფეს და თხოვა გადაცემა არტაშესისა, რომელზეც ეუბნებოდა, რომ სულაც არ არის არტაშესი, უბრალოდ სმბატმა ნახა სხვა ბავშვი და იტყუებაო. მაგრამ პასუხად მწარე სიტყვები მიიღო. მაშინ გაგზავნა კაცები, რომელთაც აიღეს ბაიბერდი, შეიპყრეს სმბატის ქალიშვილები და ანის ციხესიმაგრეში (ევფრატზე, არშაკუნების საძვალე. არ უნდა აგვერიოს მოგვიანო ხანის არმენიის დედაქალაქში, რომელიც მდ. ახურიანის ნაპირზე მდებარეობდა) გამოკეტეს.
როდესაც ახალგაზრდა არტაშესმა და სმბატმა ბევრი გმირობა ჩაიდინეს, სპარსთა მეფემ მიმართა თავის ნახარარებს, რომ გაეგო რა სურს ამ მამაც მამაკაცს. სმბატმა მიუგო, რომ სურს მხოლოს ერთი, სპარსთა მეფის ნათესავი არტაშესი, სანატრუკის ძე დასვან ტახტზე. მეფეთა მეფე დათანხმდა და მისცა ასირიისა და ატროპატაკანის ძალები ამ საქმისთვის.
უტიკში მყოფმა ერვანდმა ყველაფერი შეიტყო თუ არა, გაამაგრა მხარე და გაეშურა თავის დედაქალაქში, საიდანაც მოუწოდა მეომრებს ყოველი მხრიდან, შეკრიბა და დახმარებისთვის რომსაც მიმართა. არმენ ნახარარებსა და მეომრებს გულუხვი საჩუქრები დაურიგა. იბერთა ლაშქარი მოვიდა, ხოლო რომაელები არა.
ამასობაში უტიკში ჩავიდა სმბატი არტაშესთან ერთად, სადაც ჯარით დახვდნენ ამ მხარის მეომრები და ერვანდის დატოვებული ნახარარები. როდესაც დანარჩენმა ნახარარებმა გაიგეს, რომ სმბატი მოვიდა, ხოლო რომაელები არ ჩანან ერვანდის დასახმარებლადო, დაიწყეს ფიქრი თუ როგორ განდგომოდნენ მეფეს. ერვანდი კი განაგრძობდა ნახარართა უხვ დასაჩუქრებას, თუმცა მის მიმართ სიძულვილი იზრდებოდა.
სმბატი და არტაშესი მივიდნენ ჯარით გელამის ტბასთან (სევანი), არაგაცის მთასთან. ამ დროს ერვანდი დაბანაკებული იყო მდ. ახურიანზე დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 300 სტადიონზე. როდესაც სმბატი ერვანდს მიუახლოვდა, მეფეს ყველაზე ძლიერი მოკავშირე არგამ მურაცეანიც განუდგა.
ბრძოლა იბერებმა დაიწყეს, რომელნიც ფარსმანის მეთაურობით ისრების ტყორცნით თამამად გადავიდნენ იერიშზე, თუმცა სმბატის ჯარებმა უკუაქციეს. მაშინ ტავრელებმა მიიტანეს იერიში არტაშესზე, რადგან პირობა ჰქონდათ მიცემული ერვანდისათვის მოეკლად იგი ნებისმიერ ფასად. მაშინ ტავრელთა წინააღმდეგ გამოვიდა არტაშესის ძიძის შვილი გისაკი, რომელმაც გმირული სიკვდილის ფასად მოახერხა თავდამსხმელთა მოგერიება. შემდეგ სმბატი და არტაშესი გადავიდნენ შეტევაზე და მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
მეორე დღეს გამარჯვებულები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, სადაც ერვანდი შეფარებულიყო. სმბატმა მოწინავე ძალებით მოახერხა ქალაქში შეჭრა. ამ დროს მისმა ერთმა მებრძოლმა თავში დაჭრა ერვანდი, რომელიც მალევე მოკვდა. მაშინ სმბატმა სამეფო საგანძურში მოძებნა სანატრუკის გვირგვინი და არტაშესს დაადგა თავზე. არტაშესმა გულუხვად დააჯილდოვა როგორც სპარსელი მებრძოლები ისე მთავარი მოკავშირეები არგამი და სმბატი. დაღუპული გისაკის ძე ნარსეს უბოძა ნახარარობა.
შემდეგ არტაშესმა სმბატს დაავალა წასულიყო ციხე-სიმაგრე ბაგადანში და მოეკლა ერვანდის ძმა ერვაზი. სმბატმაც შეიპყრო იგი, შებოჭა და ჩააგდო მდინარის მორევში, რის შემდეგაც გაძარცვა მისი სასახლე და სიმდიდრე და მონები გარეკა. არტაშესმა მონები მასვე აჩუქა, ხოლო განძეული სპარსეთის მეფეს გაუგზავნა.
სმბატმა დაასახლა ეს მონები მასისის მთასა და ძერაკერტს შორის და ასევე უწოდა ბაგარანი, შემდეგ კი თვითონ საჩუქრების წასაღებად წავიდა სპარსეთის მეფესთან. ამ დროს არმენიის საზღვრებთან მოვიდნენ რომის ავგუსტის ხარკის ამკრეფნი დიდი ლაშქრის თანხლებით. არტაშესმა მოახერხა მათი დამშვიდება თხოვნითა და ორმაგი ხარკის გადახდით.
ცოტა ხნის შემდეგ ალანები გაერთიანდნენ ყველა მთიელებთან, მოიმხრეს იბერიის ქვეყნის ნახევარი და დიდძალი ხალხით შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში. არტაშესმა შეკრიბა ლაშქარი, შეებრძოლა და უკან დაახევინა. ალანებმა უკან დაიხიეს და გადავიდნენ მტკვარზე. არტაშესი მდინარის სამხრეთით განლაგდა.
რადგან ალანელთა მეფის ძე შეპყრობილ იქნა არმენიელი მეომრების მიერ და მიგვარეს არტაშესს, ალანთა მეფე ითხოვა ზავი შესთავაზა არტაშესს, მისცემდა რაც სურდა, მისცემდა ფიცს და დაუდებდა ხელშეკრულებას, იმისთვის რომ ალანებს აღარ მოეწყოთ ამიერიდან მეკობრული თავდასხმები არმენიელთა ქვეყანაზე.
არტაშესმა უარის თქვა, რის შემდეგაც მოლაპარაკებაში ალანთა მეფის ულამაზესი ასული სატინიკი, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდა არმენიელთა ახალგზარდა მეფეს და დაავალა სმბატს მოეგვარებინა მასთან დაქორწინების საქმე. ალანთა მეფე დათანხმდა, ოღონდ საპასუხოდ თავისი ძის გათავისუფლების გარდა დიდძალი ოქროც უნდა გადაეხადა გამოსასყიდათ. არტაშესი დათანხმდა და ყველაფერი მოგვარდა. სატინიკმა მას უშვა არტავაზდი და სხვა ძეები.
ერთხელაც ვინმემ არტაზის ქვეყნიდან დაამარცხა სატინიკის ძმა და წაართვა ალანთა მეფის ტახტი. მაშინ არტაშესმა გაგზავნა სმბატი, რომელმაც დაამარცხა უზურპატორი, განდევნა, არტაზის მხარე (VII ს-ის ანონიმით ჩრდ. კავკასიაში იყო მხარე არდოზი) მოარბია და ტყვეები წამოასხა. არტაშესმა ისინი მასისის სამხრეთ-აღმოსავლეთით შავარშაკანის მხარეში დაასახლა, რომელსაც ამიერიდან არტაზი ეწოდა.
ცოტა ხნის შემდეგ არტაშესს განუდგა კასბების ქვეყანა (კასპიანა), რომლის წინააღმდეგ გაგზავნილ იქნა სმბატი. სმბატმა გაძარცვა კასბების ქვეყანა და იმაზე მეტი ტყვე წამოიყვანა (მათ შორის მეფე ზარდმანოსი), ვიდრე არტაზიდან. ამ დამსახურებისთვის არტაშესმა მას აჩუქა სამეფო წილი გოლტნის სოფლებში და ულტის სათავეებში და მთელი ნადავლი დაუტოვა. ამან გამოწვია არტავაზდის შური და უფლისწულმა გადაწყვიტა მოეკლა მთავარსარდალი. სმბატმა დათმობა არჩია, გადადგა არმენიის ჯარების მთავარსარდლობიდან (რომელიც სურდა არტავაზდს) და წავიდა ასირიის მიწებისკენ. არტაშესის ბრძანებით ის დასახლდა ტმორიკში, რომელსაც ახლა ეწოდება კორდრიკი (უკიდურესი სამხრეთი მხარე, ვანის ტბის სამხრეთით) და განათავსა ყველა ტყვე დასახლება ალკში.
მოხუცებულობაში სმბატი დაქორწინდა ქალზე მეზობელი ასირიის მხარიდან და დარჩა ამ მხარეში. არტავაზდმა მიიღო სასურველი მთავარსარდლობა, თუმცა ამჯერად მას ძმები აუმხედრდნენ, რომელთაც აქეზებდნენ მეუღლეები. ამიტომ არტაშესმა ერთ-ერთი მათგანი ყველაზე ჭკვიანი ვრუირი დანიშნა ათასისთავად და უბოძა სამეფო საქმეთა მმართვა, ხოლო მაჟანს – ქ. ანში არამაზდის უმაღლესი ქურუმის წოდება.  არტაშესმა 4 ნაწილად გაჰყო არმიის სარდლობა: აღმოსავლეთის ჯარი დაუტოვა არტავაზდს, დასავლეთის ჯარი მისცა ტირანს, სამხრეთის ჯარი სმბატს და ჩრდილოეთის ჯარი ზარეჰს. ზარეჰი იყო ამაყი, კარგი მონადირე, მაგრამ სამხედრო საქმეში იყო მორიდებული და ზარმაცი.  ეს შეამჩნია ვინმე ქარძამმა, იბერიის მეფემ, წააქეზა ქვეყანა ბუნტზე და შეიპყრო ზარეჰი, გამოამწყვდია კავკასიის მთებში სიბნელეში. არტავაზდი და ტირანი სმბატთან ერთად დაესხა თავს მას და ამოიყვანეს ძმა სიბინძურით სავსე ორმოდან.
დასავლეთში ამ დროს რაღაც ბუნტი მოხდა და ამ გათვლით არტაშესმა ხარკი შეუწყვიტა რომს. საპასუხოდ ავგუსტმა დომიციანემ გამოგზავნა სადამსჯელო არმია, რომელმაც განდევნა ტირანი და დასავლეთის არმენიის ჯარები ბასიანის ფართო ხეობამდე. აქ მოვიდა არტავაზდი მეფის ყველა ძეებით, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის არმიებით სათავეში. ისინი ჩაერთვნენ ბრძოლაში, მაგრამ ჩავარდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუმცა ბოლოს მოუსწრო სმბატმა სამხრეთის ჯარებით, ჩაერთო ბრძოლაში, გადაარჩინა მეფის ძეები, დაასრულა ბრძოლა გამარჯვებით. უკვე მოხუცმა, ახალგაზრდული ენერგიით  ჩაატარა შეტევა და შემდეგ მოუწყო დევნა რომაელებს თვით კესარიის საზღვრამდე. არტაშესის საბედნიეროდ ამ დროს მოკვდა დომიციანე და მის შემდგომ მეფობდა ნერვა, არაუმეტეს ერთი წლისა“.
ხორენაცის ცნობით სუმბატის შემდეგ ბაგრატიონთა მეთაური გახდა თრდატი, რომელიც იყო ზემოთ მოხსენებული სმბატის ასული სმბატუხის ძე. „თრდატი იყო ტანდაბალი, თუმცა უშიშარი და ძლიერი. მეფე ტირანმა შერთო მას თავისი ასული ერანეაკი. ულამაზეს ერანეაკს სძულდა თავისი უშნო მეუღლე და ცუდად ექცეოდა. ერთხელაც თრდატმა სასტიკად სცემა მეუღლე და წავიდა მარების უშორეს ქვეყნამდე, თუმცა როცა მიაღწია სიუნის მხარემდე შეიტყო მეფე ტირანის გარდაცვალების შესახებ და გაჩერდა იქ.
ერთხელს სიუნიელთა გვარის დამაარსებელმა ბაკურმა დაპატიჟა იგი სადილზე. ღვინით შეზარხოშებულ თრდატს მოეწონა ახალგაზრდა ულამაზესი მსახური ნაზინიკი და თხოვა მისი მიცემა ბაკურს. ბაკურმა უარით მიუგო. მაშინ თრდატმა ხელი სტაცა ქალს, მოიგერია თანამეინახენი და ბაკურის მსახური გაიტაცა, რის შემდეგაც დაბრუნდა სპერში“.
ბაგრატიონთა შემდეგ მეთაურად ხორენაცი ახსენებს ბაგარატ II-ს, რომელიც არმენიის გამაქრისტიანებელი მეფე თრდატ IV-ის (298–330) სარდალი და ასპეტია. სხვათაშორის ხორენაცი იბერიის გამაქრისტიანებელ მეფე მირიანს (უწოდებს მიჰრანს) იბერთა მეთაურთან ერთად უწოდებს აგრეთვე თრდატის სარდალსაც, რომელმაც არმენიის მეფის ნდობა დაიმსახურა იბერთა გაქრისტიანების გამო.
ხორენაციც ცნობით თრდატის სიკვდილის შემდეგ არმენიაში იმპერატორ კონსტანტინეს დამხმარე ჯარმა ანტიოქეს სარდლობით გაამეფა ტრდატის ძე ხოსროვი. შემდეგ ანტიოქმა სარდლობა შეუნარჩუნა ძველ სარდლებს: ასპეტ ბაგარატს, დასავლეთის არმიის მეთაურს; მიჰრანს – იბერთა მეთაურს, გუგარქის ბდეხშს და ჩრდილოეთის ჯარების მეთაურს და სხვებს და მათთან ერთად მოაწყო ლაშქრობა პატაკარანში გამეფებული სანატრუკის წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ.
მოგვიანებით სანატრუკის მოწოდებით ჩრდილო კავკასიელმა ხალხებმა გაერთიანებული ძალებით გაანადგურეს „არმენიის ჩრდილოეთ არმია და მოკლეს მიჰრანი, რის შემდეგაც შეიჭრნენ შუა არმენიაში. ბაგარატმა და ვაჰანმა დიდი გაჭირვებით მოახერხეს მათი შეჩერება და მოგერიება. მეფე ხოსროვმა მიჰრანის ადგილზე თითქოს დანიშნა გარჯუილ მალხაზი, ხორხორუნის გვარის დამფუძნებელი“. არცერთი სხვა წყარო არ ადასტურებს მირიანის არმენიისადმი დაქვემდებარებას.
მეორე არმენიელი ისტორიკოსი ფავსტოს ბიზანტიელი, რომლის ცნობები ხორენაცისგან განსხვავებით სანდოდ არის მიჩნეული, გარჯუილ მალხაზს არმენიის რიგით ნახარარად წარმოგვიდგენს, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს არმენიაში და არანაირი კავშირი არ აქვს იბერიასთან. ფავსტოსი იცნობს ასევე ბაგარატ ბაგრატუნს, რომელსაც ასპეტად და დიდ მთავრად მოიხსენიებს. შედეგად აშკარა ხდება რომ ამ ბაგარატის მოღვაწეობის ხანის დათარიღება ხორენაცს სწორად აქვს მოცემული.
380-იან წლებში წყაროებში ჩანს სპერელ ბაგრატიონთა ახალი მეთაური საჰაკი.
ფავსტოს ბიზანტიელი გვამცნობს: „სპარაპეტმა მანველმა (მამიკონიანი) მისცა ცოლად თავისი ასული ვარანდუხტი ყმაწვილ არშაკ არშაკუნს (არშაკ III, დას. არმენიის მეფე 384–390 წლებში; მთელი არმენიის მეფე 386–387 წლებში). ასევე მანვე მოაწყო ქორწილი მისი ძმა ვალარშაკისთვის (არმენიის თანამეფე 384–386 წლებში), მისცა ცოლად მას ასული ასპეტ ბაგრატუნისა სპერის გავარიდან, და ეს ბაგრატუნები ძველთაგანვე იყვნენ არშაკუნების გვარისთვის „გვირგვინის დამდგმელები“.
ხორენაცი გვამცნობს: „როდესაც არმენიის ნახარარებმა, რომლებიც ფლობდნენ სამფლობელოებს სპარსულ ნაწილში, გაიგეს რომ შაპუჰმა (შაპურ III, სპარსეთის შაჰინ შაჰი 383–388 წლებში) დანიშნა მეფედ მორწმუნე არშაკუნის გვარიდან და ნახეს სათანადო ბრძანება, მიატოვეს არშაკი, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისში, გამოკლებით სამი ყმაწვილისა, რომელიც იზრდებოდნენ მეფესთან ერთად, ახლო მეგობრები – დარა ძე სიუნიქის მფლობელ ბაბიკისა, არშაკის სიმამრისა, გაზავონი, შირაკისა და არშარუნიკის მფლობელ სპანდარატის ძე და პეროზი გარდცანცთა გვარიდან; აგრეთვე მათ მიემხრნენ ატატ გნუნი, კენან ამატუნი, სურა მოკცი, რსტომ არავენეანი და რამდენიმე სხვა უცნობი. საპასუხოდ ხოსროვმა (ხოსროვ IV, აღმ. არმენიის მეფე 387–392; 414–415 წლებში) შაპუჰის ბრძანებით ჩამოართვა მათ ყველა სამფლობელო და არც მათ მამებსა და ძმებს მისცა უფლება ესარგებლათ საკუთარი შვილებისა და ძმების ყოფილი ქონებით.
აღმოჩნდნენ ისეთი ნახარარები, რომლებიც ფლობდნენ სამფლობელოს არშაკის ნაწილში და სურდათ გადასვლა ხოსროვის მხარეს. ასეთი იყო მაგალითად ასპეტი საჰაკი, არშაკის ძმა ვალარშაკის სიმამრი. არშაკი მას უყურებდა ეჭვის თვალით, რადგან არწმუნებდა მეუღლე, თითქოს ის ინახავდა სამეფო ძალაუფლების ნიშნებს, დარჩენილ სიძისგან (ვალარშაკისგან). ამას დაემატა მის შესახებ მოსული ტყუილი ბრალდება, რომელიც მოვიდა მისი ნათესავებისგან სპერიდან. ყველაფერი ამის გამო არშაკმა საჰაკი აწამა. შედეგად საჰაკი ამიერიდან ეძებდა გზას გაქცეულიყო ხოსროვთან და მას ამ განზრახვაში შეუერთდნენ სურენ ხორხორუნი, ვაჰან არაველეანი და აშჰადარ დიამკსეანი. საჰაკმა მოახერხა გაქცევა, ხოლო ზემოთხსენებული მომხრენი კი შეიპყრეს არშაკის მეომრებმა და უკან დააბრუნეს.
ხოსროვმა სიხარულით მიიღო ასპეტი საჰაკი და დანიშნა თავისი არმიის სარდლად. მან დაუბრუნა მას მამამისის სამფლობელოები და მიანიჭა სხვა წოდებები და აგარაკები სპარსულ ნაწილში“.
ამიერიდან საჰაკის შტო გამოეყო სპერის ბაგრატიონებს, სამუდამოდ დასახლდა არმენიის ცენტრალურ ნაწილში და ტიპიურ არმენიელ ნახარარად იქცა. რაც შეეხება სპერის არმენიულ ნაწილს, ის დას. არმენიასთან ერთად ბიზანტიის ნაწილად სპერის ჭანურ ნაწილთან ერთად.
„ამ დროს ხოსროვს განუდგა ვანანდეცის გვარი. ისინი დამკვირდნენ ტაიკის (ტაო) მთიან მხარეში და აწყობდნენ არმენიის მეფეთა სამფლობელოებზე ყაჩაღურ თავდასხმებს. ხოსროვის მთავარსარდალი ასპეტი საჰაკი დაიძრა მათ წინააღმდეგ და განდევნა ისინი სირიის მოსაზღვრე არმენიის მხარეში, სადაც შეეფარნენ სხვა ყაჩაღებს. დიდი ხნის დევნის შემდეგ საჰაკმა განდევნა ისინი მანანალის (ხეობა ევფრატის ზემო დინებაში) საზღვრამდე.
სურენ ხორხორუნიმ, ვაჰან არაველანმა და აშჰადარ დიმაკსეანმა, როდესაც ნახეს ხელსაყრელი დრო გაიპარნენ ხოსროვთან. არშაკის ახლობელი სამველ მამიკონიანი დაედევნა მათ და შერეკა მანანალის მხარეში მიუღწეველ ხელობაში, რის შემდეგაც შეატყობინა არშაკს და დაიწყო მზადება იერიშისთვის.
ამ დროს აქ მოვიდა ასპეტი საჰაკი თავისი ჯარით, რომელიც დევნიდა ყაჩაღებს. მან მიატოვა ყაჩაღთა დევნა, იერიში წამოიწყო სამველზე, განდევნა, გამოიყვანა მეგობრები და მიიყვანა ხოსროვთან. ხოსროვმაც შეიკედლა ისინი და დაასაჩუქრა სამფლობელოებით თავის ნაწილში. ამან გამოიწვია დაპირისპირება არშაკსა და ხოსროვს შორის.
არშაკმა ჯერ მოლაპარაკებით სცადა ყოფილი ქვეშევრდომების დაბრუნება, შემდეგ კი დაიძრა ჯარით. ხოსროვიც სასწრაფო დაიძრა ჯარით, რათა არ დაეშვა მისი შემოჭრა თავის სამფლობელოებში, თუმცა უკანასკნელს უკვე გადმოელახა საზღვარი ვანანდის მხარეში. ისინი შეხვდნენ ერეველის ველზე სადაც გაიმართა სასტიკი ბრძოლა. არშაკის ჯარი დამარცხდა, მისი სარდალი დარა სიუნი დაიღუპა და არშაკმა მცირე რაზმით შეძლო გაქცევა. ხოსროვის სარდალმა ასპეტმა საჰაკმა შეუპოვარი დევნა მოუწყო. ამ დროს გაზავონ სპანდარატის ძე მობრუნდა, თავისი რაზმით მამაცურად ეკვეთა მდევნელთ და არშაკს საშუალება მისცა გასცლოდა საფრთხეს.
არშაკი ჩავიდა ეკლეცის მხარეში, სადაც მალე დაავადდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბერძნებმა აღარ დანიშნეს მეფე თავიანთ ნაწილში, ხოლო ნახარარებს მეთაურობდა მამაცი გაზავონი. თავის მხრივ ბერძნები მხარის მმართველად ნიშნავდნენ კომიტებს“.
ამ ამბიდან ცოტა ხანში საჰაკი გარდაიცვალა და ასპეტის წოდება და მამის მამულები ერგო მის ვაჟ სმბატ III-ს (გარდ. 423 წ.), ხოლო აღმ. არმენიის მთავარსარდლობა (სპარაპეტობა) ჰამაზასპ მამიკონიანს. ამიერიდან სპარაპეტობას თითქმის მუდმივად მამიკონიანები ფლობდნენ.
სმბატ III იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნახარარი აღმ. არმენიაში და მოღვაწეობდა მის ბოლო ოთხივე მეფის (ვრამშაპური, ხოსროვ IV, შაპური, არტაშეს IV) კარზე.
V საუკუნისთვის, როდესაც საბოლოოდ დაეცა არშაკუნიანთა დინასტია, ბაგრატიონთა მფლობელობაში მოექცა მათი კუთვნილი კოგის პროვინცია (აირარატის მხარე), რომლის ცენტრი დარონქი (დღევ. დოღუბაიაზით) არმენიელ ბაგრატიონთა მთავარი რეზიდენცია გახდა. ამავე ხანებში ბაგრატიონებმა ხელთ იგდეს აირარატის მხარის მეორე პროვინცია ბაგრევანდიც. შედეგად ბაგრატიონების გვარი ღრმად დაუკავშირდა არმენიას, საბოლოოდ გაარმენდა და მის ხელისუფლებაში მოსვლისათვის ბრძოლა დაიწყო.
სმბატ III-ის მემკვირე იყო ტიროც I (გარდ 450 წ.). 428 წელს არმენიის დიდი ნახარარების თხოვნით ბაჰრამმა საბოლოოდ გააუქმა არმენიის სამეფო და იგი სპარსეთის პროვინციად აქცია, რომელსაც სპარსელი მოხელე – მარზპანი მართავდა. პირველ მარზპანად დაინიშნა ვეჰ მიჰრ შაპური (428–442), რომლის თანაშემწე გახდა ნახარარი ვაჰან ამატუნი. დიდი თანამდებობები გაინაწილეს სხვა ნახარარებმა: ტიროც ბაგრატუნმა, ვასაკ სიუნიკმა (სიუნკიკის მთავარი. გვარი სისაკიანი, ჰაიკაზუნების განაყოფი), ვარდან მამიკონიანმა და ნერშაპურ არწრუნმა. მართალია მარზპანი იყო ქვეყნის მეთაური, მაგრამ ნახარართა სამფლობელოების შიდა საქმეებში იგი არ ერეოდა. ანუ სამეფოს გაუქმება ნახარართა თავისუფლების ზრდას ხელს უწყობდა და ქვეყნის ცენტრალიზაციასა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას ძირს უთხრიდა.
ტიროცი მონაწილეობდა 449–452 წლების ანტისპარსულ აჯანყებაში და შეეწირა კიდეც მას.
ტიროც I-ის მემკვიდრე (გარდ. 482 წ.) იყო საჰაკ II უკვე სპარსეთის მეფის სამსახურში დგება და არმენიის მარზპანობასაც აღწევს (481–482). თუმცა, როგორც კი არმენების მორიგი აჯანყება დაიწყო, იგი ამბოხებულებს შეუერთდა და გმირულადაც დაღუპა ჭარმანაირის ველზე გამართულ ბრძოლაში, რომელშიც არმენებისა და იბერების გაერთიანებულმა ლაშქარმა სასტიკი მარცხი აწვნია საოკუპაციო ჯარებს.
საჰაკის შემდეგ ასპეტის თანამდებობაზე ჩანს სპანდიატ (სანპდიატ) ბაგრატუნი (ჩანს 506 წლის დვინის კრებაზე), რომელიც სავარაუდოდ სავარაუდოდ მისი შვილია. VI საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობს ვარაზ ტიროც I, რომლის შვილები იყვნენ მანველი და აშოტ I (გარდ 560 წ.). მანველის შვილის სმბატ IV-დან (არმენიის მარზპანი 604–611/616) მოყოლებული მისი შთამომავალი ბაგრატუნები ხშირად ფლობდნენ არმენიის მარზპანის და მთავრის წოდებებს. IX–X საუკუნეებში სმბატ IV ბაგრატუნის შთამომავლებისგან წარმოიშვა ანის-შირაქის, ყარს-ვანანდისა და ტარონის სამეფო დინასტიები. მათივე განაყოფი ნერსე ვასაკის ძის შთამომავლები მოვიდნენ კლარჯეთში და საფუძველი ჩაუყარეს ქართველ ბაგრატიონთა დინასტიას.
სწორედ მანველისა და სმბატ IV-ის თანამედროვე იყო ქართველი ბაგრატიონების მამამთავარი გუარამ კურაპალატი.
*       *       *
ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარა ხდება, რომ ბაგრატიონები სპერიდან იყვნენ. პ. ინგოროყვას გამოკვლევით ისტორიული სპერის ტერიტორია ანტიკური ხანიდან მოყოლებული სამ ნაწილად იყო გაყოფილი. არმენიის, იბერიის და ჭანურ ნაწილებად.
არმენიული სპერი (ზემო სპერი) ანუ სპერის ის ნაწილი რომელიც არმენიასთან იყო შეერთებული ძვ. წ. 160-იან–ახ. წ. 59 წლებში და ახ. წ. 299 წლიდან, პროკოპი კესარიელის ცნობებით მოიცავდა ჭოროხის სათავეებს ბაიბურთის ჩათვლით (პროკოპის ცნობით ციხე-სიმაგრე ბაიბერდონი იუსტინიანემ დააარსა). 387 წელს არმენიის დაყოფის შედეგად სპერის ეს ნაწილი დას. არმენიის შემადგენლობაში მოექცა, რომელმაც არსებობა 389–391 წლებში შეწყვიტა და ბიზანტიის პროვინციად იქცა.
ჭანური ზონა (შუა სპერი) მდებარეობდა ბაიბურთის ჩრდილოეთით და მოიცავდა ღართის ველს.
იბერიის სპერი (ქვემო სპერი) მოიცავდა ჭოროხის ხეობის იმ ნაწილს სადაც მდებარეობს ქალაქი სპერი (დღევ. ისპირი). ჯუანშერის ქრონიკის ნაწილი, რომელიც 628 წლის ახლო ამბავს ეხება სწერია: „მაშინ კვლავ წაიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვის-პირი“. საერთოდ კი „საზღვარი ქართლისა სპერი“ ძირძველი ქართული მხარის კლარჯეთის საერისთავოს ნაწილი იყო.
ანტიკური და ბიზანტიური წყაროებიდან ნათლად ჩანს, რომ სპერის ჭანურ და იბერიულ ნაწილში ქართველური მოსახლეობა (ჭანები, მოსხები, სასპერ-იბერები). არასომხური მოსახლეობა ყოფილა არმენიულ სპერშიც რასაც ადასტურებენ თვით სომეხი ისტორიკოსები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხორენაცის ცნობით, ბაგრატ ბაგრატუნის სამფლობელო „დასავლეთ მხარეში“ (ანუ სპერში) არ ისმის არმიანული საუბარი. იგივეს ამბობს სომეხი საეკლესიო მწერალი სტეფანოს სიუნეცი (685–735), რომელიც ანტიკური გრამატიკოსის დიონისე თრაკიელის შრომის თარგმნისას აღნიშნავს, რომ „სპერში არმიანულ ენას გავრცელება არ ჰქონია“.
ამრიგად აშკარა ხდება, რომ ე.წ. არმენიული სპერის“ მოსახლეობაც ქართველური იყო და რამდენადაც ჭოროხის ხეობა და მიმდებარე მიწები ძირითადად ჭანებით იყო დასახლებული აკად. ნ. მარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაგრატიონები ჭანური წარმოშობის გვარეულობაა.
ამას ადასტურებს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, სახელდობრ, ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში, და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით „ტი“: ბაგრა-ტი, სუმბა-ტი, ბივრა-ტი, აშო-ტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ-ქართულ გვარეულობაშიაც, რომელიც ჭანეთიდან იყო წარმოშობით, სახელდობრ, ორბელიანთა გვარში (ჭან-ბაკურიან-ორბელიანნი) – მიღებული იყო ანალოგიურ სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ელემენტით „ტი“: ლიპარი-ტი, რა-ტი (ჰრა-ტი).
საერთო კი, სომხური ონომასტიკონის საკითხები კარგად არის შესწავლილი და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ბაგრატიონთა ამ სახელებს კავშირი არ აქვს სომხურ სამყაროსთან და იქ გავრცელდა მხოლოდ ბაგრატიონების გასომხების შემდეგ.
ჩვენ გვაქვს აგრეთვე იმავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით „ტი“, რომელიც შერჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. ჯიბუ-ტი, ღლონ-ტი, ჟღენ-ტი, ხუბუ-ტი (აქედან ხუბუ-ტი-ა), მეჩხე-ტი, ჩხე-ტი (აქედან მეჩხე-ტის-ძე, ჩხე-ტის-ძე და სხვანი.
დაბოლოება „ტი“, ჩანს, არის ჭანურ-მეგრული ექვივალენტი ქართულ საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა „თი“, რაც მიღებული ყოფილა საშუალო საუკუნეთა საქართველოში – კერძოდ, ჭოროხის ხეობაში (იხ. სულთა-მატიანე მიჭიბიანის ხევისა).
ავღნიშნავთ ამასთან, რომ დაბოლოების „ტი“||„თი“ ძველ ქართულში დიალექტურად ენაცვლება დაბოლოება „თა“: ბაგრა-ტი || ბარა-თა, ბივრა-ტი || ბივრა-თა, აშოტი || შო-თა.



Комментариев нет:

Отправить комментарий