среда, 15 марта 2017 г.

კაპადოკიის სამეფო

სტრაბონი მოგვითხრობს
„კაპადოკია იყოფა მრავალ ნაწილად, რომელთაც განიცადეს ბევრი ცვლილება. კაპადოკიელები საუბრობენ ერთ ენაზე და არიან ისინი, რომელთაც სამხრეთიდან ესაზღვრება ე.წ. კილიკიური ტავრი; აღმოსავლეთიდან – არმენია, კოლხიდა და მათ შორის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხები; ჩრდილოეთიდან – ევქსინის პონტო ჰალისის შესართავამდე; დასავლეთიდან – პაფლაგონიელები და გალატების ტომები, რომელთაც დასახლებული აქვთ ფრიგია ლიკაონებისა და კილიკიელების მხარემდე და კლდოვანი კილიკია.
ამ ტომებიდან, რომლებიც საუბრობენ ერთ ენაზე, ერთერთს – კატაონებს – ძველად თვლიდნენ დამოუკიდებელ ხალხად, უპირისპირებდნენ რა მათ კაპადოკიელებს, როგორც სხვა ტომელებს. ხალხების ჩამოთვლისას კატაოენებს აყენებდნენ კაპადოკიის შემდეგ, შემდეგ ევფრატსა და მასზე მცხოვრებ ტომებს, ისე რომ კატაონიას ათვლიდნენ აგრეთვე მელიტენას; უკანასკნელი დევს კაპადოკიასა და ევფრატს შორის, კომაგენას მეზობლად; მელიტენა წარმოადგენს კაპადოკიის 1/10 ნაწილს, რადგან თავის მხრივ ქვეყანა იყოფა 10 სასტრატეგოდ. ასეთი დაყოფა ჩამოყალიბეს ჩვენს ეპოქაში მეფეებმა, რომლებიც მართავდნენ არქელაოსამდე (იგიულისხმება არქელაოს I, ძვ.წ. 36–ახ.წ. 17). კატაონია წარმოადგენდა კაპადოკიის ასევე 1/10 ნაწილს. ჩვენს დროში ყოველ ამ ნაწილს ჰყავს საკუთარი სტრატეგოსი. კატაონებს დღეისთვის არ აქვთ არანაირი განსხვავება ენასა და სხვა წეს-ჩვეულებებში დანარჩენ კაპადოკიელებთან, ასე რომ გასაკვირია როგორ გაქრა კვალი მათი სხვა ხალხისადმი კუთვნილებისა. ყოველ შემთხვევაში ადრე ისინი იყვნენ ცალკე ტომი; არიარათმა, რომელიც პირველი ატარებდა კაპადოკიელთა მეფის ტიტულს (ალბათ იგულისხმება არიარათ I, რომელმაც მეფედ თავი 331 წელს გამოაცხადა, თუმცა სპარსეთის სატრაპი იყო 350 წლიდან), შემოუერთა ისინი თავის სამეფოს.
ეს ქვეყანა წარმოადგენს თითქოს ყელს დიდი ნახევარკუნძულისა, მოქცეული ორ ზღვას შორის – ისიკოსის უბიდან კლდოვან კილიკიამდე და ევქსინის პონტოთი სინოპსა და ტიბარენების სანაპიროს შორის.
კაპადოკია სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად ფულად გადასახადებს გარდა აძლევდა 1500 ცხენს, 2000 ჯორს, 50000 ცხვარს. (კაპადოკიის უძველესი მცხოვრები ტიბარენები ძველი ავტორების მიერ ცხვარმრავლობით იყვნენ ცნობილნი. საერთოდ კი ტერმინი კაპადოკია სპარსულად „ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს.)
კაპადოკია წაართვეს მაკედონელებმა უკვე ორ სატრაპიად გაყოფილი. მაკედონელებმა დაუშვეს ნაწილობრივ თავისი სურვილით, ნაწილობრივ სურვილის წინააღმდეგ სატრაპიების სამეფოებად ქცევა. ერთერთ ამ სამეფოთაგან მაკედონელებმა უწოდეს საკუთრივ „კაპადოკია“ და „კაპადოკია ტავრთან“, აგრეთვე „დიდი კაპადოკია“, მეორეს კი „პონტო“, თუმცა სხვები უწოდებენ მას პონტოს კაპადოკიას.
დიდი კაპადოკიის მოწყობა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. რადგან არქელაოსის სიკვდილის შემდეგ კეისარმა (ტიბერიუსმა) და სენატმა გადაწყვიტეს აქციონ იგი რომის პროვინციად. არქელაოსისა და მისი წინამორბედი მეფეების დროს ქვეყანა დაყოფილი იყო 10 სასტრატეგოდ. 5 სასტრატეგო იყო ტავრში – მელიტენა, კატაონია, კილიკია, ტიანიტიდა და გარსავრიტიდა; დანარჩენი ხუთი იყო – ლავიანსენა, სარგარავსენა, სარავენა, ხამანენა და მორიმენა. მოგვიანებით რომაელებმა არქელაოსის წინაპრებს ჩამოართვეს მეთერთმეტე სასტრატეგო კილიკიის ერთერთი ოლქი კასტაბალი და კიბისტრი დერბამდე, რომელიც ეკუთვნოდა მეკობრე ანტიპატრეს; არქელაოსს კი მისცეს კლდოვანი კილიკიის ნაწილი, ელეუსის ირგვლივ მდებარე მხარე.
მელიტენა ჰგავს კომაგენას. მხოლოდ ეს მხარე არის მთელს კაპადოკიაში ხეხილით მდიდარი, ასე რომ ის აწარმოებს ზეითუნის ზეთს, არამედ ღვინოსაც, რომელიც არ ჩამოუვარდება ელინურ ღვინოებს. მელიტენა დევს სოფენას პირისპირ, რომელსაც გამოჰყოფს მისგან ევფრატი, მიედინება რა მისსა და კომაგენას საზღვარზე. მდინარეს მეორე მხარეს მდებარეობს კაპადოკიის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე ტომისი. იგი მიჰყიდეს სოფენის მმართველს 100 ტალანტად, მოგვიანებით კი ლუკულუსმა აჩუქა კაპადოკიის მმართველს, რომელიც იყო მისი მოკავშირე მითრიდატეს წინააღმდეგ ომში.
კატაონია არის ფართო დაბლობების მხარე, სადაც იზრდება ყველა მცენარე გარდა მარადმწვანეებისა. იგი გარშემორტყმულია მთებით. სამხრეთიდან ეტყმის ამანის მთები, რომელიც წარმოადგენს კილიკიის ტავრისა და ანტიტავრის ნაწილს და გადაჭიმულია კატაონიიდან კილიკიამდე და სირიის ზღვამდე დასავლეთით და სამხრეთით, ერტყმის რა ირგვლივ ისიკოსის უბესა და კილიკიის ვაკეებს.
აღნიშნულ ანტიტავრზე მდებარეობს ღრმა და ციცაბო ხეობები, რომელშიც განლაგებულია ქალაქი კომანი და ენიოს სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ „მა“-ს. ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს მორწმუნეები და ტაძრის მსახურები. ქალაქის მოსახლეები არიან კატაონები; საერთოდ ისინი ექვემდებარებიან მეფეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ემორჩილებიან ტაძრის ქურუმს. ქურუმი არის ტაძრისა და ტაძრის მონების მეთაური. უკანასკნელნი ჩემი იქ ყოფნის დროს იყვნენ 6000 მამაკაცი და ქალი ერთდროულად. ტაძარს ეკუთვნის აგრეთვე აგრეთვე მიწის დიდი ნაკვეთი თავისი შემოსავლებით, რომლითაც სარგებლობს ქურუმი. იგი მნიშვნელობით წარმოადგენს კაპადოკიაში მეფის შემდეგ მეორე პირს. ტრადიციულად მმართველი ქურუმები სამეფო ოჯახიდან იყვნენ. ამ ქალაქზე მიედინება მდინარე სარ, რომელიც ტავრის ხეობის გავლით გადის კილიკიის ვაკეებზე და ჩადის ზღვაში. კატაონიაზე გადის აგრეთვე სანაოსნო მდინარე პირამი.
არც კატაონიის ვაკეზე და არც მელიტენეში არ არის ქალაქი, თუმცა არის ძლიერი ციხე-სიმაგრეები ამაზორისა და დასტარკის მთებში, რომელთა ირგვლივ მიედინება მდინარე კარმალი. აქ მდებარეობს კატაონური აპოლონის ტაძარი, რომელსაც პატივს სცემენ მთელს კაპადოკიაში. კაპადოკიელები ტაძრებს აგებენ მისი ნიმუშის მიხედვით. ყველა სხვა სასტრატეგოს, გარდა ორისა არ აქვს ქალაქები. სარგარავსენეში არის პატარა ქალაქი გერპა და მდინარე კარმალი, რომელიც ასევე ჩაედინება კილიკიის ზღვაში. სხვა სასტრატეგოში მდებარეობს არგოსი – ციხე-სიმაგრე ტავრთან და ნორისთან (ახლა ეწოდება ნეროასი), სადაც დიადოქოსმა ევმენემ გაუძლო ხარგძლივ ალყას. ჩვენს დროში ეს იყო სისინის ხაზინის საცავი, რომელიც ცდილობდა კაპადოკიაზე გაბატოებისთვის. მას ეკუთვნოდა ქალაქური ტიპის მოწყობის მქონე კადენი, რომელიც წარმოადგენდა მის დედაქალაქს. ლიკაონიის საზღვართან მდებარეობს პატარა ქალაქი გარსავირი, რომელიც, როგორც ამბობენ, ოდესღაც წარმოადგენდა ქვეყნის მთავარ ქალაქს. მორიმენეს სასტრატეგოში, ვენესაში არის ზევსის სახელობის უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომლის ქურუმი ძალაუფლებით არის მეორე კომანის ქურუმის შემდეგ. ინიშნება კომანის ქურუმივით სიცოცხლის ბოლომდე. მას ემსახურება 3000 ტაძრის მონა და აქვს ნაყოფიერი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქურუმისთვის ყოველწლიურად მოაქვს 15 ტალანტი შემოსავალი.
მნიშვნელობით მესამეა მორიმენეში, დაკიეისის ზევსის სახელობის ტაძარი. აქ მდებარეობს ლამის ტბის ზომის მარილიანი წყლით სავსე აუზი; ის გარშემორტყმულია ძალიან მაღალი და ციცაბო ბორცვებით.
მხოლოდ ორ სასტრატეგოში არის ქალაქი. ტიანიტიდეში ქალაქი ტიანი, რომელიც გალაგებულია ტავრის ძირში, კილიკიის კართან, სადაც მდებარეობს ყველაზე ადვილი შესასვლელი ყველასთვის კილიკიასა და სირიაში. მას უწოდებენ „ტავრის ევსევია“-ს. ეს არის ნაყოფიერი და დიდწილად ვაკიანი მხარე. ტიანიში განლაგებულია სემირამიდას ლამაზად გაგამგრებული მიწაყრილები. ამ ქალაქის შორიახლოს მდებარეობენ პატარა ქალაქები – კასტაბალი და კიბისტრი, რომლებიც უფრო ახლოს არიან მთასთან. კასტაბალაში არის პერასიის არტემიდას ტაძარი, სადაც, როგორც ამბობენ ქურუმები უმტკივნეულოდ დადიან ფეხშიშველა ცხელ ნახშირზე.
მე ამ 10 სასტრატეგოს არ ვათვლი შემდგომ მიერთებულ კასტაბალის, კიბისტრის და კლდოვანი ტავრის ადგილებს, სადაც მდებარეობს საკმაოდ ნაყოფიერი კუნძული ელეუსსა; უკანასკნელი დასახლებულ იქნა არქელაოსის მიერ, რომელიც ატარებდა იქ თავისი დროის დიდ ნაწილს.
ტიანიტიდაში მდებარეობს ქალაქი ქალაქი ტიანი და ე.წ. მაზაკი - მთავარი ქალაქი ტომისა განლაგებული კილიკიაში. ამ ქალაქს მეორე სახელით „ევსევია“ და დევს არგეის მთის ძირში. ეს მთა ყველაზე მაღალია და მის წვეროზე მუდამ დევს თოვლი; როგორც ამ მთაზე ასული ადამიანები ამბობენ (ასეთები კი ძალიან ცოტაა), მისი წვეროდან მოჩანს ორივე ზღვა – პონტო და ისიკოსის. საერთოდ ეს რაიონი ბუნებით წარმოადგენს უსარგებლო ადგილს ქალაქური დასახლებისთვის; ქალაქი მოკლებულია წყალს, არ არის გამაგრებული არც ბუნებით და არც ხელოვნური კედლით. გარეუბნები ასევე ძალიან უნაყოფოა და უვარგისია მიწათმოქმედებისთვის; ისინი ქვიაშიანია და ნაწილობრივ ქვიანი. თუ ცოტა შორს გავივლით, შევხვდებით ცეცხლოვანი კრატერებით დაფარულ ვულკანურ ვაკეებს. ამიტომ სიცოცხლისთვის საჭირო რესურსები მოაქვთ შორიდან და ის რაც უხვადაა შეიცავს საფრთხეს. მართალია კაპადოკია თითქმის სრულად უტყეოა, არგეას მიდამოებში გვხვდება ტყეები, თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილი მინდვრიანია. ზოგან გვხვდება ჭაობებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ტყის რეწვითაა დაკავებული, თუმცა იგი ძალიან სახიფათოა. ხიფათი განსაკუთრებით ემუქრება პირუტყვს, რომელიც ცვივა ცეცხლოვან კრატერებში.
ვაკეზე, ქალაქიდან 40 სტადიონზე მიედინება მდინარე მელასი; მდინარის შენაკადები განლაგებულია უფრო დაბალ ადგილზეა ვიდრე თვით ქალაქი. ასე რომ მდინარის კალაპოტი ქმნის ჭაობსა და ტბას და გამოუსადეგარია საცხოვრებლად; ზაფხულში მდინარე ახშობს ქალაქის ირგვლივ ჰაერს, რითაც ურთულებს სამუშაოს ქვისმთლელებს. ამუშავებენ რა ქვებს მაზაკენები, აწარმოებენ სახლის ასაშენებელ დიდძალ მასალებს; თუმცა კი მდინარით დაფარული ქვის ფილები ძნელი მოსაპოვებელია. რადგან მელასს ჰქონდა გასასვლელი ევფრატში ხეობის გავლით, მეფე არიარათმა დააკეტინა იგი და აქცია მახლობელი ვაკე ზღვის მსგავს ტბად; იქ მან გამოჰყო რამდენიმე კუნძული სადაც ატარებდა დროს. მაგრამ, როდესაც წინაღობა გაირღვა ევფრატის დაგუბებულმა წყალმა წალეკა კაპადოკიის ბევრი ძველი დასახლება და გაანადგურა აგრეთვე გალატების ბევრი მხარე. გალატებმა მოთხოვეს არიარათს მიყენებული ზარალის 30 ტალანტით ანაზღაურება და საქმე გადასაწყვეტად გადასცეს რომაელებს. ასეთივე უბედურება შეემთხვა გერპასაც, რადგან არიარათმა გადაკეტა მდინარე კარმალას კალაპოტი. როდესაც მდინარემ წინაღობა გაანგრია, გაანადგურა მალლას მახლობელი ადგილები და მეფეს მოუწია დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება. მართალია მაზაკელების მხარე ბევრი რამის გამო არ ვარგოდა საცხოვრებლად, თუმცა მეფეები მაინც ირჩევდნენ მას, რადგან ამ ტერიტორიას ჰქონდა ტყის რესურსები, ქვა სახლების ასაშენებლად და მეცხოველეობისთვის აუცილებელი საძოვრები. ასე რომ ქალაქი მეფისთვის ერთგვარი ბანაკი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კაპადოკიის მეფეები უსაფრთხოებას თავისთვისა და მისი მონებისთვის პოულობდნენ მთის მრავალრიცხოვან ციხე-სიმაგრეებში, რომელთა ნაწილი სამეფო იყო, ნაწილი კი მეფის მეგობრების. მაზაკი დაშორებულია პონტოსგან სამხრეთით თითქმის 800 სტადიონზე, ხოლო ევფრატი რამდენიმეჯერ ნაკლებ ვიდრე ორჯერ; კილიკიის კარიდან და მეინეკეს ბანაკიდან ტიანის გავლით 6 დღის გზაა. შუა გზაზე მდებარეობს ტიანი, კიბისტრიდან 300 სტადიონზე. ტიგრანმა, არმენიის მეფემ მაზაკელები ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში კაპადოკიაზე თავდასხმის დროს; მეფემ გარეკა ყველა მაზაკელი მესოპოტამიაში და შეადგინა მათგან ტიგრანოკერტის მოსახლეობა. მოგვიანებით, ტიგრანოკერტის რომაელთა მიერ აღების შემდეგ ვინც შეძლო დაბრუნდა სამშობლოში.
დიდი კაპადოკიის სიგრძე პონტოდან ტავრამდე 1800 სტადიონამდეა, ხოლო სიგანე ლიკაონიიდან და ფრიგიიდან ევფრატამდე და არმენიამდე – 3000 სტადიონამდე. იგი მდიდარია ნაყოფით, განსაკუთრებით პურით და სხვადასხვა სახის პირუტყვით და მდებარეობს პონტოს სამხრეთით, თუმცა მასზე უფრო ცივია. ბაგადანიაში მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკეა, მდებარეობს ყველაზე სამხრეთით ტავრის ძირებში, მცირე რაოდენობით იზრდება ხეხილი; მდელოებზე მრავლად არის ველური ვირები როგორც ამ მხარეში, ისე ქვეყნის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით გარსავირში, ლიკაონიასა და მორიმენში. კაპადოკიაში აწარმოებენ ე.წ. სინოპურ კინოვარს (წითელი ფერის მინერალი), რომელიც ყველას სჯობია; თუმცა მას კონკურენციას უწევს იბერიული. მან სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ თავდაპირველად სინოპელებს შემოჰქონდათ, ვიდრე ეფესოელმა ვაჭრებმა სინოპელების შუამდგომლობის გარეშე შეაღწიეს კაპადოკიაში. როგორც ამბობენ, გალატიის მახლობლად არქელაოსის მაღაროელები მოიპოვებდნენ მთის ხრუსტალის ფირფიტებსა და ონიქსის ქვებს. აგრეთვე იქ რომელიღაც ადგილებში მოიპოვებდნენ თეთრ ქვებს, რომლისგან ამზადებდნენ ხმლის სახელურებს. ბოლოს, ერთი ადგილი აძლევდათ ისეთ დიდ ნაჭრებს გამჭირვალე ქვისა ფანჯრებისთვის, რომ ისინი გაჰქონდათ აგრეთვე საზღვრებს გარეთ. პონტოსა და კაპადოკიის საზღვარს წარმოადგენს ტავრის პარალელური მთიანი მხარე; იგი იწყება ხამმანენის დას. დაბოლოებით, რომლის ციცაბო დაქანებულ ადგილზე დასმენდის ციხე-სიმაგრე, და ვრცელდება ლავიანსენის აღმ. დაბოლოებამდე. აქ არის კაპადოკიის სასტრატეგოები – ხამმანენა და ლავიანსენა.
როგორც კი ანტიოქოს III-ის დამარცხების შემდეგ რომაელებმა დაიწყეს აზიური საქმეების მოწესრიგება, დადეს ხელშეკრულებები ხალხებთან და მეფეებთან მეგობრობისა და კავშირის შესახებ, ისე მოხდა რომ, ეს პატივი ყველა სხვა მეფეს მიანიჭეს პირადად, ხოლო კაპადოკიის მეფეს ხალხთან ერთად. როცა შეწყდა სამეფო შტო, რომაელები მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დათანხმდნენ მიენიჭებინათ ამ ხალხისთვის თავისუფლება, თუმცა ჩამოსულმა ელჩებმა უარი თქვეს თავისუფლებაზე, რადგან მათივე სიტყვებით არ შეუძლიათ თავისუფლების მხრებით ზიდვა და მოითხოვეს მეფის მიცემა. რომაელებს გაუკვირდათ, რომ არსებობს ხალხი თავისუფლებით ასეთი შეშინებული და ნება დართეს აერჩიათ ხმის მიცემით მეფე ვისაც ისურვებდნენ. და მათ აირჩიეს არიობარზანი. როცა მისი შტო მესამე თაობაზე შეწყდა, ანტონიუსის მიერ მეფედ დაყენებულ იქნა არქელაოსი. ასეთია ჩემი ცნობები კაპადოკიის შესახებ“.




















Комментариев нет:

Отправить комментарий