воскресенье, 19 марта 2017 г.

მთავარ დავით დადიანის მოღვაწეობის ისტორიიდან (მ. ჯოლბორდი)

ხანგრძლივი ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს შორის XIX საუკუნის დასაწყისში იმით დასრულდა, რომ მთავარმა გრიგოლ დადიანმა (1788-1804) „მტკიცე ზურგის“ უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, სამეგრელოს სამთავრო მის მფარველობაში მიეღო. იმერეთის მეფის, სოლომონ II (1789-1810) ყველა მცდელობა, შემოერიგებინა მეტოქე, უშედეგო აღმოჩნდა – 1803 წლის ივლისში გრიგოლ დადიანმა რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა, ხოლო 1803 წლის 2 დეკემბერს ხელი მოეწერა სამფარველო ხელშეკრულებას.1 მომდევნო წელს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა* და მთავრის ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა – ლევანმა დაიკავა (1805-1840). თანამედროვეთა შეფასებით, იგი რბილი ბუნებისა და კეთილშობილი თვისებების მატარებელი პიროვნება იყო, მაგრამ სამთავროს მართვა-გამგეობა მთლიანად გადააბარა ნიკოლოზ ბატონიშვილს („დიდ ნიკოს“), თვითონ კი დროს ნადირობასა და გართობაში ატარებდა. სწორედ ამიტომაც, სიკვდილის შემდეგ 15000 მანეთი (1500 თუმანი) ვალი დარჩა ქუთაისელი ებრაელებისა და მოგვიანებით ეს თანხა მისი მემკვიდრის, დავით დადიანის გადასახდელი შეიქნა.2 გარდაცვალებამდე ლევან V დადიანმა თავისი უფროსი ვაჟი, დავითი, აღსაზრდელად მიაბარა ჯერ თავად ვასილ ბებუთოვს, ხოლო შემდეგ ბარონ გრიგოლ როზენს, 1804 წელს კი, მისი თხოვნის თანახმად, რუსეთის იმპერატორმა დავით დადიანი სამეგრელოს მმართველად დანიშნა3. 1846 წელს, ლევან V დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ნიკოლოზ პირველის განკარგულებით დავით დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა (1840-1853). როგორც მისი მმართველობით დაინტერესებული მკვლევრები აღნიშნავენ, იგი იყო ევროპულად აღზრდილი და განათლებული მთავარი, რომელიც კარგად იცნობდა მაშინდელი რუსეთის სახელმწიფო წყობილებას და პოლიტიკურ ცხოვრებას4. სწორედ დავით დადიანის მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული სამეგრელოს სამთავროს სამეურნეო ცხოვრების აღმავლობის თვალსაზრისით. მარი ბროსე, რომელიც 1848 წელს ეწვია სამეგრელოს, წერდა: „ვინც იცნობს დავით დადიანს, ყველამ იცის, რომ სრულიად არა სჭირია მას კაცმა აქოს. ეს თავადი შესანიშნავია თავისი ჭკუით, შესანიშნავი თავისი აღზრდით, რომელიც მან ს.პეტერბურგში მიიღო, უცხოვრია ევროპაში და იქ ცხოვრების დროს გაცნობია ახალ აზრებს და იცის რა აკლია მის ხალხს, მის ქვეყანას“5. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავითს ხელისუფლებაში მოსვლისას სამთავროში არასახარბიელო მდგომარეობა დახვდა, რის შესახებაც თვითონაც შეშფოთებული სწერდა თავის ძმას – გრიგოლს ჯერ კიდევ 1835 წელს: „ვცდილობ საქმეების წარმართვას შორის რეგვენთა და ბრიყვთა გონებათა. ნუ დამგმობ აქამომდე თუ ვერა შემოვიყვანე დიადი ცვლილება, ხელნი და ფეხნი შეკრულნი მაქვნ“6. დავით დადიანმა საქმიანობა მართვა-გამგეობის მოწესრიგებით დაიწყო – სამთავრო დაყო ოლქებად და თითოეულს სათავეში მდივანბეგი ჩაუყენა, რომელიც განაგებდა სასამართლო და საპოლიციო საქმეებს, დააარსა სამდივნო (კანცელარია), შექმნა მოხელეთა შტატი, რომელიც სახელმწიფო ჯამაგირზე გადაიყვანა. დანიშნა 12 დამოუკიდებელი იურისტი, რომლებიც მართლმსაჯულების საბოლოო არბიტრებს წარმოადგენდნენ. მათ საშუალება მიეცათ, სასამართლო სისტემა დიდგვაროვანთა კონტროლიდან გამოეყვანათ. მთავარმა ასევე აკრძალა ადამიანებით ვაჭრობა, გააუქმა მზითევის ტრადიცია, თანამდებობების მემკვიდრეობით გადაცემა და მოხელეების არჩევა-დანიშვნა მისი სურვილის მიხედვით ხდებოდა7 იგი სამეგრელოდან გაქცეულ ყმებს ქართლ-კახეთიდან აბრუნებდა, მაგრამ ამავე დროს ამ დაბრუნებულებს თავისი მამულების კარი გაუღო და ყველა მათგანი მთავრის მამულებზე დასახლებას ცდილობდა8. მანვე 1842 წელს სამღვდელოება გაანთავისუფლა ბატონყმური დამოკიდებულებისგან. რა თქმა უნდა, ამ გარდაქმნებს და სამთავროს სასახლის მდიდრულ ცხოვრებას დიდი ხარჯები სჭირდებოდა, ამიტომ დავით დადიანი იძულებული გახდა არაპოპულარული ნაბიჯებიც გადაედგა – მან რამდენიმე ახალი გადასახადი დააწესა, თუმცა ამ დროს სამეგრელოში შემოჭრილი იყო რუსეთისა და უცხოეთის კაპიტალი* და ეს გარემოება უკარნახებდა მთავარს ხელი შეეწყო წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებისათვის. საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მთავრები, განსაკუთრებით კი „სამეგრელოს მთავარი დადიანი (დავითი, მ. ჯ) ცდილობდნენ მიებაძათ ვორონცოვისათვის და თავიანთი სამთავრო სახლების ინტერესებისათვის გამოეყენებინათ მისი მხარდაჭერა; თავიანთ ფეოდალურ მეურნეობათა მოწყობის მხრივაც მთავრები (განსაკუთრებით სამეგრელოს მთავარი) უხვად სარგებლობდნენ რუსეთის მთავრობის დახმარებით. ვორონცოვის დროს კვლავ დაისვა სამეგრელოში რუსული კოლონიის შექმნის საკითხი. დადიანი კისრულობდა, რომ რუს კოლონისტებს დიდი რაოდენობით მიწებს გამოუყოფდა და მეურნეობის გაჩაღებაშიც დახმარებას აღმოუჩენდა... ცოტა ხნის შემდეგ იქ, სადაც მდინარე ცხენისწყალი რიონს ერთვის, სკოპცების სამხედრო მოსახლეობა შეიქმნა9. ორპირში დასახლებული სკოპცები იხდიდნენ შრომით ბეგარას და მოწეული მოსავლის მეოცედს. მათი დასახლება (1854 წელს მათი გადმოსახლება შეწყდა) ყულევ-თბილისს შორის სამდინარო და სახმელეთო გზაზე მნიშვნელოვან სასაწყობო და სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა10. როგორც იმ დროს სამეგრელოში მყოფი რუსი მოხელე კ. ბოროზდინი აღნიშნავს, დავითი „დილითგან საღამომდე საქმეებში იყო გართული, შეჩვეული იყო თვითონ პირადად ეკეთებინა ყველაფერი, არ უყვარდა თავის საქმეებში სხვა ვინმე ჩაერივნა“11. დავით დადიანმა სამეგრელოში დაიწყო კომბოსტოს და კარტოფილის (ზოგი ცნობით, მარწყვის) თესვა, კუბიდან ჩამოიყვანა დარგის სპეციალისტები და სენაკის მიდამოებში დააწყებინა ენდროს მოშენება, ასევე ააღორძინა თუთის ხეების დარგვის ძველი ტრადიცია, გააშენებინა ზეთისხილის ბაღები, ასევე ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებულ სასახლის ბაღში, უცხოელი სპეციალისტების დახმარებით და უცხოეთიდან გამოწერილი ნერგებითა და თესლებით, ათ წელიწადში წალკოტი გაჩნდა. როგორც კ. ბოროზდინი იხსენებს: „ბაღთან იყო საუცხოვო სათბური და საგრუნტე ფარდულები, სადაც 500-ზე მეტი ხე იყო ფორთოხლისა, ლიმონისა, პაპელმოსისა, ბანანებისა და სხვა იშვიათი ხეხილისა“12. მთავარმა „კავკასიის სამეურნეო საზოგადოებიდან გამოიწერა 3 ამერიკული გუთანი, ასევე ხელი მიჰყო საუკეთესო ჯიშის პირუტყვის მოშენებას სამთავროში13. შედეგმაც არ დააყოვნა: უკვე 1846 წელს სამეგრელოდან დიდი რაოდენობით სიმინდი იქნა გატანილი ირლანდიაში. იმდროინდელ პრესაში (გაზეთი „გუთნისდედა“ ავტ. სერებრიაკოვი და სხვ.) მრავლადაა ცნობები ამის შესახებ. უკვე 1862 წელს კი გურიიდან და სამეგრელოდან ევროპაში (უფრო მეტად ინგლისში) გატანილი იქნა მილიონი მანეთის სიმინდი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით იყიდებოდა თურქეთშიც15. ამავე პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თამბაქოს კულტურის გავრცელების მიზნით, გამოიწერა სხვადასხვა ჯიშის თამბაქოს ამერიკული და ევროპული ნიმუშები. ეს თესლები დაურიგდათ მთელ რიგ ქართველ მემამულეებს და მათ შორის დავით დადიანს. ამის შესახებ წერს კ. ბოროზდინიც: „აქაურს მიწას არავითარი გაპატივება არ სჭირია*, ისე ხორბალი ერთ-ორმოცად მოდის; სიმინდი და ღომი პირდაპირ საარაკო მოსავალს იძლევიან; კარგად მოდის ბამბა, უმაღლეს ხარისხის თუთუნი, რომელიც ბაზრობაზე ოსმალურ თუთუნის სახელით საღდება; თუთის ხე და ვაზი ყოველ ეზოშია...“16. მოკლე ხანში სამეგრელოში მოყვანილი ამერიკული თამბაქო მიეწოდებოდა თბილისის თამბაქოს ფაბრიკებს, ასევე გადიოდა რუსეთსა და ევროპაში. 1840 წელს სამეგრელოში ჩამოვიდა ფრანგი ვაჭარი, გრაფი ალფრედ როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში 1847 წელს (ზოგი ცნობით, 1848 ან 1850 წელს) გამართა აბრეშუმსახვევი საწარმო. მან საფრანგეთიდან ჩამოიტანა მანქანა ინსტრუმენტები, ჩამოიყვანა ამ საქმეში გამოცდილი ფრანგი ქალები (ზოგიერთი მათგანი შემდგომში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისთხოვდა), აქვე დაასაქმა 15 ადგილობრივი ქალიც. საწარმო წელიწადში ამზადებდა 50 ფუთზე მეტ აბრეშუმს, ფუთის ღირებულება მერყეობდა 270-დან 295 მანეთამდე, რაც დიდ მოგებას იძლეოდა. მარტო 1851 წელს აქ დაამუშავეს 13 ფუთი ძაფი, რომელიც ლიონში ფუთი 250 მანეთად გაიყიდა17. ყირიმის ომის დროს (1853-1856) აბრეშუმსახვევი საწარმო დაიწვა, თუმცა მეპატრონემ 1858 წელს მეფისნაცვლისაგან მიიღო 4 000 მანეთი საწარმოს აღსადგენად. როზმორდიუკი ამასაც არ დასჯერდა, ჩავიდა სტამბოლში და უჩივლა ომერ-ფაშას საფრანგეთის ელჩთან ტუვენელთან, რომლის დიდი მცდელობით, ოსმალეთის მთავრობამ ზარალის სანაცვლოდ გრაფს 15 000 მანეთი გადაუხადა18. XIX საუკუნის 60-იან წლებში კავკასიაში აბრეშუმის ჭიის ავადმყოფობის გაჩენამ სანედლეულო კრიზისი წარმოშვა და 1866 წელს საწარმო საბოლოოდ დაიხურა. დავით დადიანი შეეცადა, როზმორდიუკი თამბაქოს წარმოებითაც დაეინტერესებინა. მისი 1852 წლის „უსტარის“ თანახმად, „გაისყიდების წელიწადში ვიდრე თხუთმეტის ათასიდან ოცს ათას ფუთამდე (იგულისხმება თამბაქო, მ. ჯ.); ეხლა წესდება სიგარის ფაბრიკა ზუგდიდსა შინა ზედამხედველობასა ქვეშე გრაფის როზმორდუქისა...“ ყირიმის ომმა ეს იდეაც ჩაშალა. დავითმა ასევე მოაწყო არყის გამოსახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში19. ბოროზდინის ცნობით, ამავე პერიოდში სოფელ ორპირში იტალიელ მეწარმე დეზიდორს ძაფის სართავი ქარხანა ჰქონია, სადაც ორთქლზე მომუშავე ორმოცდაათი დაზგა იდგა20. დავით დადიანმა ადგილობრივი ვაჭრობის განსავითარებლად ზუგდიდში ბაზარი გახსნა, რამაც ჯერ ადგილობრივ მცხოვრებთა გაოცება, შემდეგ კი დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ბაზარში მისულ მყიდველებს მრავლად დახვდათ ფართლეულის, აბრეშუმის ქსოვილების, შუშის ჭურჭლეულის, რკინეულობის, ხამი აბრეშუმის, თუთუნის და სხვა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი საქონლის დუქნები21. ასევე ბაზრობები იმართებოდა რელიგიურ დღესასწაულებზე, სადაც საქონელი საკმაოდ იაფი ღირდა. კ. ბოროზდინის ცნობით: „ერთი ფუთი აბრეშუმი აქ ოთხი თუმანი ღირდა, რასაც შემდეგ ებრაელი ვაჭრები ხუთმაგ ფასში ჰყიდდნენ სტამბოლში, ქილა სიმინდი ორ აბაზად იყიდებოდა, ქათამი - ორ შაურად, ბატკანი კი – ოთხ აბაზად. რაც შეეხება ღვინოს, აქაური ღვინოები მაღალ საგემოვნო თვისებებით არ გამოიჩეოდა, თუმცა... ერთი ჯიშის თეთრი ღვინო - პოპულა, საკმაოდ სასიამოვნო სასმელი იყო“22. დადიანის მმართველობის პერიოდში მის და მისი ძმების მამულებში შხეფიდან სალხინომდე გაშენდა საუკეთესო ვენახები... აქ მოწეული მოსავლიდან აყენებდნენ მაღალი ხარისხის ღვინოებს, რომელთა შორის პირველობდა მთავრის ვენახებში მოყვანილი ძვირფასი ოჯალეში. 1852 წლის „უსტარში“ დავით დადიანი შენიშნავდა, რომ სამეგრელოს „კარგი ხარისხის“ ღვინო შავი ზღვის პირის სიმაგრეებსა და იმერეთში იყიდებოდა, თუმცა 50-იანი წლებიდან ვაზის სოკოვანმა დაავადებამ საუკეთესო ვაზის ჯიშები გაანადგურა და მეღვინეობის განვითარებაც შეფერხდა*23. სამეგრელოს ადგილობრივი წარმოება სხვადასხვა დარგებით იყო წარმოდგენილი – მხეიძენი, ქოჩაკიძენი, მიქაძენი ხე-ტყის წარმოებას, საეკლესიო აზნაურები და გლეხები ხვნა-თესვას, მევენახეობას, ჩალვადრობას, მეაბრეშუმეობას და მენავეობას მისდევდნენ. დაბა სუჯუნაში დიდი ვაჭრობა იყო გაჩაღებული – ვაჭრები აქაური ებრაელები იყვნენ, რომლებიც წმ. გიორგის ეკლესიას ეკუთვნოდნენ24. დავით დადიანის მმართველობის პერიოდში ცნობილი ვაჭრები იყვნენ – ცხაკუნია და აბრამა მიხაელაშვილები, დათაია და ერისთო ჭედიები, გიგო ჯანუაშვილი, ოსმან შერ-ოღლი, ხუშუტ-საინ ოღლი. დათაია ჭედია იყო პირველი ვაჭარი, რომელსაც განსაკუთრებული უნარებისათვის დავით დადიანმა აზნაურობა უბოძა, 1852 წელს კი სათანადო ნდობით აღჭურვილი სამეგრელოს სავაჭრო წარმომადგენლად დანიშნა სტამბოლში. განვითარდა მევახშეობაც, დავით დადიანი ვაჭრობის წამომწყებთ 10%-იანი სესხის საფუძველზე საბრუნავ თანხას აძლევდა25. როგორც აღვნიშნეთ, დავით დადიანი ყველანაირად ცდილობდა სამეგრელოს სამთავროში სამეურნეო საქმიანობა მოწინავე პოზიციაზე გაეყვანა, თუმცა მისი მოღვაწეობის შეფასება ამ კუთხით ცალკეულ მკვლევართა მიერ მთლად პოზიტიურად არ იქნა შეფასებული. ჯერ კიდევ მისი თანამედროვე კირილ ბოროზდინი თავის მოგონებაში აღნიშნავდა: „დავითმა იცოდა, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, ყველაფერში ცოდნა ეტყობოდა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხშირად პირადის სარგებლობისათვის მოქმედებდა... მთელი მისი ზრუნვა და მეცადინეობა იმისკენ იყო მიმართული, რომ თავისი ქონებრივი ინტერესები ისე მოეწყო, მისი ოჯახი რაც შეიძლება კარგათ ყოფილიყო უზრუნველყოფილი მომავალში“26. ი. მეუნარგიას ნაშრომის წინასიტყვაობაში – „სამეგრელო დავით დადიანის დროს“ – გამომცემელი სოლომონ ცაიშვილი არ ეთანხმება ავტორს, რომ „დავითი კარგი მმართველი იყო და ხალხისათვის „კეთილმოამაგე“, რადგან მთავრის ზოგიერთი რეფორმა ნაადრევი გამოდგა, მისი მოვლა და გაფურჩქვნა მეტ საშუალებას ითხოვდა, ვიდრე მის განკარგულებაში არსებობდა, ამავე დროს არასწორი იყო მთავრის მოქმედება გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით“27. გარკვეულწილად კრიტიკულია მ. დუმბაძის შეფასებაც, რომელიც წერდა: „საკმაოდ ფართო და ბაზართან დაკავშირებული მეურნეობა ჰქონდა დავით დადიანს. მთელი მისი სამეურნეო მოღვაწეობა მისივე გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდა... მიუხედავად ენერგიული ცდებისა, დადიანმა მაინც ვერ შესძლო თავის ვრცელ მამულებზე ფართო სასაქონლო მეურნეობის მოწყობა“28. წარმოდგენილ მკვლევართა შეფასებები დავით დადიანის, როგორც მმართველისა და სანიმუშო მეურნის შესახებ, წინააღმდეგობრივი და სუბიექტურია. ჩვენი აზრით, ეს შეხედულებანი იდეოლოგიური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავით დადიანს მემკვიდრეობით ცარიელი ხაზინა და გადაუხდელი ვალები დარჩა და ახალი წამოწყებებისათვის, ბუნებრივია, სახსრები სჭირდებოდა. ამიტომ პატარა ფეოდალური სამთავროს ახალგაზრდა და ენერგიული მმართველი იძულებული გახდა, გარკვეული გადასახადები დაეწესებინა. ვფიქრობთ, არც ისაა გასაკვირი, რომ ამ თანხების ნაწილი მთავრის ოჯახის მოთხოვნილებებსაც ხმარდებოდა. როგორც ცნობილია, რუსულ ხელისუფლებას ხელშეწყობაზე კარგად ხელისშეშლა ეხერხებოდა, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეზღუდული ავტონომიის პირობებში დავით დადიანს მასთან გამკლავება გაუჭირდებოდა. უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, მთავარმა სპეციალური სტი პენდია დააწესა, რომლითაც ყოველწლიურად სამეგრელოდან 10 ახალგაზრდა იგზავნებოდა თბილისში პროფესიული განათლების მისაღებად, იყო შემთხვევები, როდესაც რეფორმებს დავით დადიანი პირადი ქონების გაყიდვითაც კი აფინანსებდა. ამდენად, ვფიქრობთ, დავით დადიანი იყო ევროპული ტიპის სახელმწიფო მოღვაწე და, რომ არა ნაადრევი გარდაცვალება* და განსაკუთრებით კოლონიური რეჟიმის პირობებში ცხოვრება, მისი საქმიანობა ბევრად უფრო წარმატებული და მასშტაბური იქნებოდა.
შენიშნვნები
1. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959, გვ. 154. * კ. ბოროზდინის ცნობის თანახმად, იმერეთის მეფე სოლომონ მეორემ, გულმოსულმა ლეჩხუმი როგორ წამართვაო, მოაწამვლინა გრიგოლ დადიანი, იხ., კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 4. 2. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 5. 3. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, 1885, стр. 180. 4. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 154. 5. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. 30. 6. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. 8. 7. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 155. 8. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 267. * საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1832 წელს, როგორც ტურისტი, სამეგრელოს ეწვია მდიდარი ოსტზეელი მემამულე, გრაფი შტაკელბერგი. მას ძალიან მოეწონა აქაური ბუნება და მდინარე ცხენისწყლის პირას, სოფელ ხუნწთან აირჩია ადგილი ახალშენისათვის, სადაც გერმანელებსა და ლატვიელებს დაასახლებდა. გრაფმა ხელსეკრულება დადო ლევან დადიანთან, რომელიც დაამოწმა საქართველო-იმერეთის სამოქალაქო პალატამ. იგი საკუთარი ხარჯით კისრულობდა 500 კოლონისტის გადმოყვანას, სულს სამუდამო საკუთრებაში ეძლეოდა 10 დესეტინა მიწა (მთავარი თითო დესეტინაზე 5 შაურს ითხოვდა). ხელშეკრულების დადების შემდეგ, გრაფი წავიდა სამშობლოში და რატომღაც აღარ დაბრუნდა. 1859 წელს მისმა შვილიშვილმა ბაბუის ქაღალდებში ნახა ეს ხელშეკრულება და კავკასიის რუსული ხელისუფლებისათვის მიუმართავს კითხვით, პაპიჩემის ხელშეკრულებით თუ შემიძლია ვისარგებლოო, უპასუხიათ – დაიგვიანეთო (იხ. კ. ბოროზდინი, სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 104). 9. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959, გვ. 276-277. 10. გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. I, თბ., 1949, გვ. 632-633. 11. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 63. 12. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 63. 13. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. 95. 14. გოგოლაძე დ., კაპიტალისტური საწარმოები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში რეფორმამდელ საქართველოში, თბ., 1959, გვ. 22; ჯოლბორდი მ., ლიპარტელიანი ნ., ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო-საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში, თბ., 2016, გვ. 277. * ამასთან დაკავშირებით, კ. ბოროზდინი ერთ ძალზე საინტერესო ამბავს გვიყვება – ერთხელ ორპირში იგი ორ ფრანგ მებაღეს შეხვედრია, რომელთაგან ერთს, აღტაცებულს სამეგრელოს ნიადაგით, აუღია ერთი მუჭა მიწა და მიუმართავს მისთვის ფრანგულად: „იცით, რომ ერთი მუჭა ასეთი მიწისა, პარიზში 20 ფრანკი ღისრ, მიწა კი არა – შოკოლადია...“ (ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 235). 15. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861,მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 99. 16. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. 152; მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 158. 17. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 48. 18. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941, გვ. 158. 19. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 307. 20. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. 31. 21. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 236. * მოგვიანებით დასავლეთ საქართველოს მეღვინეობაში წამყვანი ადგილი დაიკავა ყირიმიდან შემოტანილმა ვაზის ახალმა ჯიშმა „იზაბელამ“ („ადესა“). 22. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959, გვ. 333-334. 23. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 234. 24. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959, გვ. 363. 25. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 9, 65. 26. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939, გვ. VI-VII. 27. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959, გვ. 341. * იგი 1853 წლის აგვისტოში, 42 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა კუჭის ქრონიკული კატარით, თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ მოწინააღმდეგე დასმა მოაწამლინა (ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934, გვ. 7).
დამოწმებანი:
1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, т. X, 1885. 2. ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი, 1854-1861, მოგონებანი, თარგმნილი თ. სახოკიას მიერ, 1934. 3. გოგოლაძე დ., კაპიტალისტური საწარმოები სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში რეფორმამდელ საქართველოში, თბ., 1959. 4. გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. I, თბ., 1949. 5. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის I ნახევარში, თბ., 1959. 6. მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941. 7. მეუნარგია ი., სამეგრელო დავით დადიანის დროს, მასალები და დოკუმენტები სოლომონ ცაიშვილის რედაქციით, თბ., 1939. 8. ჯოლბორდი მ., ლიპარტელიანი ნ., ქართველი და უცხოელი მეწარმეების სამეურნეო-საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოში, თბ., 2016.

Комментариев нет:

Отправить комментарий