вторник, 23 марта 2021 г.

ფრანკების ეთნოგენეზის საკითხისათვის (ნ. გამისონია)

დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მობინადრე „ბარბაროს“ 1 ტომთა შორის ფრანკები იყვნენ პირველნი, რომლებმაც უმსხვილესი ტომობრივი კავშირის ჩამოყალიბების შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას. ახ.წ. III-IV საუკუნეებში ფრანკები თავიანთი სამეურნეო და სოციალური ყოფა-ცხოვრებით თითქმის არ გამოირჩეოდნენ მეზობელი ტომებისაგან, მაგრამ V საუკუნიდან მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში იწყება გარდატეხა, რომელიც ხელს უწყობს მათ დაწინაურებას.
VI ს. დასაწყისში ფრანკები თავიანთ ირგვლივ იკრებენ გალო-რომაელებსა და მდინარე რაინის აუზში მცხოვრები ტომების უმრავლესობას, VII-VIII საუკუნეებში კი – კელტებისა და გერმანელების თითქმის ყველა ტომს, რის საფუძველზეც ფრანკები დასავლეთ ევროპაში ქმნიან ყველაზე დიდ ფეოდალურ-მონარქიულ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ფრანკების წარმოშობის საკითხი ყველაზე ნაკლებად აისახა ისტორიულ წყაროებში. ცნობილი რომაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე გაიუს იულიუს ცეზარი2 და რომაელი ისტორიკოსი პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი3 კონკრეტულად ფრანკებს არ იხსენიებენ ისეთ მნიშვნელოვან წყაროებში, როგორიცაა: ცეზარის „კომენტარები გალებთან ომის შესახებ“ და ტაციტუსის „გერმანია“ (თუმცა მოგვითხრობენ ფრანკთა ტომობრივ კავშირში შემავალ ზოგიერთ გერმანულ ტომზე: უბიებზე, სიკამბრებზე, ბრუქტერებზე, ტენქტერებზე და სხვ.). ამან მკვლევართა გარკვეულ ნაწილს საშუალება მისცა, გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ფრანკები საერთოდ არ მოეხსენიებინათ და აღნიშნული პოლიტიკური ერთეული უძველესი გერმანული ტომების გაერთიანების შედეგად ჩაეთვალათ. ისინი თვლიდნენ, რომ თითქოსდა „ფრანკები“, როგორც ცალკე ფრანკების ტომობრივი გაერთიანება არ არსებობდა, რომ ეს ტერმინი გაჩნდა III ს. II ნახევარში მდ. რაინის ქვემო წელში და ის გერმანული ტომების საერთო სახელწოდებაა4.
გუსტავ რიხტერის აზრით, გერმანული ტომები: ხამავები, ატუარიები, ამპსივარიები, სიგამბრები, სალიელები და სხვები IIIს. II ნახევაში „ფრანკების“ საერთო სახელწოდების ქვეშ გაერთიანდნენ, თუმცა ეს ტომები კიდევ დიდხანს ინარჩუნებდნენ თავიანთ სახელწოდებას5 და, ბუნებრივია, ყოფასა და კულთურაში ლოკალურ თავისებურებებსაც.
სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინ „ფრანკი“-ს წარმომავლობაზე რამდენიმე ვერსიაა ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტომობრივი გაერთიანების სახელწოდება – ეთნონიმი „ფრანკი“ მომდინარეობს საბრძოლო იარაღ „ფრამეა“-დან. გერმანულ ტომთა გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული სოციალურ-პოლიტიკური ერთეულისათვის „ფრამეა“ იქცა ეროვნულ იარაღად და აქედან ჩამოყალიბდა აღნიშნული გაერთიანების საერთო სახელწოდება „ფრანკი“.6
მოტანილი არგუმენტი ჩვენ არ გვეჩვენება დამაჯერებლად. გერმანელი ტომები „ფრამეა“-ს აღნიშნულ პერიოდამდეც ატარებდნენ, რის შესახებაც ჯერ კიდევ ტაციტუსი გვაწვდის ცნობებს: „რკინაც, თუ ვიმსჯელებთ მათ მიერ დამზადებული იარაღის მიხედვით, არა აქვთ უხვად. იშვიათად თუ ხმარობს ვინმე დიდი ზომის მახვილებსა და შუბებს, ისინი ატარებენ შუბებს, ანუ, ისინი მათ თავიანთ ენაზე უწოდებენ, ფრამეებს, ვიწრო და მოკლე ბუნიკებით, თუმცა იმდენად ბასრი და მოსახერხებელია ბრძოლაში, რომ ამ იარაღით, ვითარებიდან გამომდინარე, იბრძვიან როგორც შორიდან, ასევე ხელჩართული შეტაკებისას. და მხედარიც ასევე კმაყოფილდება ფარითა და ფრამეით“,7 მაგრამ ეთნონიმის აღმნიშვნელად ის არც ერთ ტომში არ ქცეულა. და მეორეც, ტაციტუსისავე ცნობით, ფრამეას ატარებდნენ არა მარტო ის ტომები, რომლებიც ფრანკთა კავშირში შევიდნენ, არამედ ისინიც, ვინც ამ გაერთიანების მიღმა დარჩნენ.
ვფიქრობთ, ორი აზრი არ უნდა არსებობდეს იმაზე, რომ საერთო წარმომავლობის ტომების კონსოლიდაცია ხანგრძლივი დროის პროცესია და გერმანულ ტომებში მიმდინარე ეთნო-სოციალური პროცესების დროს აღნიშნულ ტომთა გაერთიანება უნდა მომხდარიყო ერთ-ერთი ტომის ჰეგემონობის ქვეშ, რომელიც „ფრანკი“-ს სახელწოდებას ატარებდა. ანალოგიური ეთნოსოციალური პროცესები მიმდინარეობდა როგორც ევროპაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზეც. იბერიის, კოლხეთის, ლაზიკის, „აფხაზთა“ სამეფოები არ იყვნენ თითო ტომით დაკომპლექტებულნი. საზოგადოების განვითარების გარკვეულ ეტაპებზე ქართველური ტომები ატარებდნენ იმ ტომის სახელს, ვისი ჰეგემონობის ქვეშაც მოხდა მათი კონსოლიდაცია და აქედან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ერთეულების – სამეფოების ჩამოყალიბება. ეს იყო ქართველური წარმომავლობის ტომების, ქართული საზოგადოების განვითარების უწყვეტი ხაზი, რამაც ქართველი ერის, ქართული ეთნოსის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანა. რაც შეეხება ტერმინ „ფრანკ“-ის წარმომავლობის მეორე ვერსიას, იაკობ გრიმის აზრით, ფრანკთა გაერთიანების საერთო სახელწოდება წარმოშობილია სიტყვა „თავისუფალისაგან“ (Frei)8.
ერთადერთი საბუთი, რომელიც იაკობ გრიმს აქვს გამოყენებული თავისი შეხედულების დასასაბუთებლად, არის „სალიკური სამართლის“ პროლოგი. იაკობ გრიმს თავისი შეხედულების დამამტკიცებლად თვით ფრანკთა საზოგადოების სტრუქტურა მიაჩნია. მისი აზრით, ფრანკთა საზოგადოება თავისუფალი ადამიანებისაგან შედგებოდა, რომელიც თავის ირგვლივ იკრებდა და აერთიანებდა მეზობელ ტომებს. „სალიკური სამართლის“ პროლოგში ნათქვამია: „ფრანკთა ხალხი არის სახელოვანი, შემოქმედი ღვთის მიერ შექმნილი, იარაღით ძლიერი, სამშვიდობო ხელშეკრულებაში ურყევი, რჩევაში ბრძენი, სხეულით კეთილშობილი, სისუფთავის მხრივ წუნდაუდებელი, წარმოსადეგობით საუცხოო, გაბედული, კათოლიკურ რჯულზე მოქცეული, ერესისაგან თავისუფალი“...9
სალიელი ფრანკების ამ დახასიათებაში, რომელიც „სალიკური სამართლის“ პროლოგშია შეტანილი, ნამდვილად ჩანს ხალხის ამაღლებული, თავისუფალი, თავისუფლებისათვის მებრძოლი სული, მაგრამ აქ არაფერია ნათქვამი საზოგადოების შიგნით არსებულ სოციალურ ორგანიზაციაზე, საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებიც ჩაგვრას განიცდიდნენ და, ამდენად, არ შეიძლება მათ – მთელ ხალხს – ვუწოდოთ თავისუფალი. „სალიკური სამართლის“ X ტიტულში ლაპარაკია მონა-სერვის მოპარვაზე, სადაც მონა ცხენთან და შესაბმელ პირუტყვთანაა გათანაბრებული: „უკეთუ ვინმე მოიპარავს მონას, ცხენს ან შესაბმელ პირუტყვს, გადაიხდის 1200 დენარს, რაც შეადგენს 30 სოლიდს“.10 XV ტიტული თავისუფალი ადამიანის მოკვლისათვის 200 სოლიდს აწესებს, ხოლო ლიტის ვერგელდად – 100 სოლიდს: „უკეთუ ვინმე მოკლავს თავისუფალ ადამიანს.., გადაიხდის 8000 დენარს, რაც შეადგენს 200 სოლიდს11... უკეთუ რომელიმე თავისუფალი ადამიანი მეფის დასწრებით გაააზატებს სხვის ლიტს, ამ უკანასკნელის ბატონის თანხმობის გარეშე და მხილებული იქნება, გადაიხდის 4000 დენარს, რაც შეადგენს 100 სოლიდს“.12
„სალიკური სამართლის“ მოქმედების პერიოდში ფრანკების საზოგადოებაში სოციალური დიფერენციაციის პროცესი საკმაოდ შორს იყო წასული. აღნიშნულ პერიოდში თემური ორგანიზაციის გადმონაშთები საკმაოდ რელიეფურია, მაგრამ მთელ რიგ საკითხებში დემოკრატიზმის პრინციპები აშკარად დარღვეულია. ეს ფეოდალიზმის წინა ხანისა და წყობისათვის სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. მართალია, მეფეებს, სამხედრო ბელადებსა და სხვებს საერთო კრება ირჩევდა, მაგრამ ირჩევდა არა თემის ყველა წევრთაგან, არამედ ეს პატივი უპირატესად წარჩინებულ გვართა წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ. ტაციტუსის გადმოცემით, თემი ხშირად მძიმე მდგომარეობაში ვარდებოდა იმ მხრივ, რომ განუწყვეტელი ომების შედეგად სოციალურად დაწინაურებული ფენები იჟლიტებოდნენ. ასე მოუვიდათ ხერუსკებს, რომლებსაც ამოუწყდათ სამეფო გვარის ყველა წარმომადგენელი იტალიკის გარდა, რომელიც, თავის ტომს მოწყვეტილი, რომში ცხოვრობდა და რომაული კულტურის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ამიტომ, ჩვეულებრივ პირობებში, მისი მეფედ არჩევა არ შეიძლებოდა, მაგრამ რადგანაც იგი სამეფო გვარის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ხერუსკები იძულებულნი გახდნენ, ის მეფედ მოეთხოვათ13.
ტაციტუსის ამ ცნობით, აშკარაა გერმანულ ტომებში თავისუფალი თემის დაშლის და მის საფუძველზე ფეოდალიზაციის პროცესის შორსწასულობა. გერმანულ ტომებში ტრადიციით დამახასიათებელი ყოფილა ომის დამთავრების შემდეგ ბელადისათვის საჩუქრების მირთმევა. „გერმანულ ტომებში, – აღნიშნავს ტაციტუსი. – არსებობს ჩვეულება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა ნებაყოფლობით უნდა გამოუყოს ბელადს რაიმე საქონლიდან და მიწის ნაყოფიდან და ყოველივე ეს, ბელადების მიერ მიღებული პატივისცემის ნიშნად, ემსახურება ასევე მათი საჭიროების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მათ განსაკუთრებით ახარებთ საჩუქრები მეზობელი ტომებისაგან, რომელთაც უგზავნიან არა მარტო ცალკეული პირები, არამედ ბევრჯერ მთელი ტომიც კი. ასეთი საჩუქრებია: საუკეთესო, რჩეული ცხენები, ბრწყინვალედ მორთული იარაღი, ფალერები და საპატიო ხელსაკიდები; ახლა კი ჩვენ მათ ვასწავლეთ საჩუქრად ფულის აღებაც“.14
ცხადია, ხშირი ომიანობის პირობებში ბელადებისათვის, გვარის უხუცესებისათვის ასეთი საჩუქრების მირთმევა იწვევდა ამ პირთა ეკონომიკურ და სოციალურ აღზევებას. ამიტომ გერმანულ ტომებში არსებული მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას I-II საუკუნეებშიც კი ვილაპარაკოთ მეთემეთა ეკონომიკურ და უფლებრივ თანასწორობაზე. ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს გერმანელებში მონობის არსებობა. ტაციტუსის აღწერილობით, სერვს (მონას), რომაელებისაგან განსხვავებით, ჰქონდა ბინა და მართავდა თავის მეურნეობას. ბატონი მათ, კოლონის მსგავსად, აკისრებდა გამოსაღებს – პურის განსაზღვრულ რაოდენობას, წვრილფეხა პირუტყვს და ტანსაცმელს15.
მოყვანილი მონაცემების მიხედვით, იერარქიული კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგარი საზოგადოებრივი ფენა არ შეიძლება მონებად მივიჩნიოთ. ეს იყო მიწაზე დამაგრებული და დაგლეხებული მეთემე ან მონათყოფილი – ნატყვევარი, რომელსაც ბატონის მიმართ გარკვეული ვალდებულებები – ბეგარის გადახდა ევალებოდა. მათზე მაღლა იდგნენ ე.წ. „თავდახსნილნი“. ვფიქრობთ, ეს უკანასკნელნი იყვნენ ლიტები, რომელთაც ეკავათ საშუალო მდგომარეობა თავისუფალ მეთემეთა და სერვებს (მონებს) შორის.
ამგვარად, მოტანილი მონაცემების მიხედვით, სახეზე გვაქვს არა მონათმფლობელური, არამედ წინაფეოდალური და ადრეფეოდალური ურთიერთობანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფრანკებში მონების არსებობა მთლიანად გამოსარიცხავია. III საუკუნის ფრანკებში მონების არსებობას ადასტურებს იაკობ გრიმი. ის სამართლიანად მიიჩნევს, რომ მონების ფენას ქმნიდნენ სამხედრო ტყვეები და ისინი არ წარმოადგენდნენ საზოგადოების ნამდვილ წევრებს. სწორედ ამ დებულების გამო იგი ფრანკთა საზოგადოებას თავისუფალ ადამიანთა საკრებულოდ მიიჩნევდა.
აღნიშნული გარემოება დასტურდება კავკასიის მთიანეთის მაგალითზეც. აქ მონების ფენას სწორედ სამხედრო ტყვეები და შარაგზებზე მოტაცებული პირები ქმნიდნენ. მოტაცებული, რომელიც სრულ მონის მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში ემსახურებოდა მას, ვინც ის მოიტაცა, რის შემდეგაც ხდებოდა მონის მიწაზე დამაგრება, დაგლეხება და ადგილობრივ ნიადაგზე მათი სრული ასიმილაცია. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მიდიოდა ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების გზით, რამაც ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში სრულყოფილად დასრულებული სახე ბოლომდე ვერ მიიღო. რაც შეეხება გერმანულ ტომებს, იმავე იაკობ გრიმის მონაცემების მიხედვით, ისინი სამხედრო ტყვეებს, რომლებიც მონურ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რა ეთნიკური წარმომავლობისაც არ უნდა ყოფილიყვნენ, თავიანთ მიწაზე ასახლებდნენ და საკუთარი მეურნეობის მოწყობის უფლებას აძლევდნენ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ გერმანულ ტომებშიც ეს ხდებოდა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რასაც შედეგად მოსდევდა ადგილობრივ ნიადაგზე მათი სრული ასიმილაცია.
ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა გერმანული ტომებისათვის დამახასიათებელი ერთი ჩვეულება, რომელსაც ტაციტუსი გვამცნობს: „გერმანელები თამაშობენ ძვლებს და რაც გასაკვირია, ამას ჩადიან, როგორც სერიოზულ საქმეს და ფხიზლები. წაგების ან მოგების დროს ისეთ გატაცებას ააშკარავებენ, რომ როდესაც უკვე ყველაფერი წაგებულია, ძვალს ისვრიან და უკანასკნელ სანაძლეოდ საკუთარ თავისუფლებასა და სხეულს აღიარებენ. ძლეული ნებაყოფლობით ხდება მონა, და რა გინდ ახალგაზრდა და მძლავრი არ უნდა იყოს, იგი დაუშვებს თავის შებორკვას და გაყიდვას“.16
მონათა ფენის გაჩენასთან დაკავშირებით, ფ. ენგელსი ხაზს უსვამს ტომთა შორის ომებსა და ძარცვა-გლეჯას. მისი სიტყვებით, გერმანულ ტომებში ომი უფრო საპატიო საქმედ ითვლებოდა, ვიდრე საწარმოო შრომა: „ომს ახლა აწარმოებდნენ მხოლოდ ძარცვა-გლეჯის გულისათვის. იგი შემოსავლის მუდმივი წყარო ხდება. ახლად გამაგრებულ ქალაქებს ამაოდ როდი არტყია გარს მრისხანე კედლები. მათ თხრილებში გვაროვნული წყობილების სამარეა პირდაღებული. ხოლო მათი კოშკები ცივილიზაციას ებჯინებიან... მაგრამ ეს არასდროს არ მოხდებოდა, სიმდიდრისადმი ხარბ მისწრაფებას რომ გვარის წევრები მდიდრებად და ღარიბებად არ გაეთიშა, რომ ქონებრივ განსხვავებას ერთი და იმავე გვარის ფარგლებში ინტერესთა ერთობა გვარის წევრებს შორის ანტაგონიზმად არ ექციათ“.17
მართალია, აქ ენგელსი პირდაპირ ფრანკებზე არ მიუთითებს, მაგრამ ის, რაც მის მიერ საერთოდ გერმანელებზეა ნათქვამი, ფრანკებსაც ეხება. ენგელსს ფრანკებზე აქვს სპეციალური გამოკვლევა: „ფრანკული პერიოდი“. ამ გამოკვლევაში ენგელსი ისეთსავე თვალსაზრისს ავითარებს ფრანკების საზოგადოებრივ სტრუქტურაზე, როგორც საერთოდ გერმანელებზე. იგი ეხება სამარკო წყობას და აღნიშნავს, რომ გერმანელებისათვის ეს სისტემა იყო დამახასიათებელი მთელი შუა საუკუნეების ბოლომდე. ერთი მხრივ, სამარკო წყობა იყო ფორმა, რომელშიაც სახალხო თავისუფლება ხორციელდებოდა და, მეორე მხრივ, მონობის საფუძველი. „საუკუნეების მანძილზე ის არსებობდა ფორმად, რომელშიც გერმანელი ტომების თავისუფლება ხორციელდებოდა, შემდეგ კი იქცევა ათასწლოვანი მონობის საფუძვლად“.18
მაშასადამე, თემურ-გვაროვნული წყობილება არ გამორიცხავს მონობას, უფლებრივ და ქონებრივ უთანასწორობას. ეს არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების გარკვეული ეტაპი. „ფრანკულ პერიოდში“, იქ, სადაც ენგელსი არკვევს ხალხის რიცხობრივი ზრდისა და ამის შედეგად გვაროვნული კავშირის რღვევის საკითხს, ზემოთქმულ აზრს იგი კიდევ უფრო განამტკიცებს. „ხალხის რიცხობრივი ზრდისა და საზოგადოების შემდგომი განვითარების შედეგად, – აღნიშნავს ენგელსი. – სულ უფრო და უფრო ივიწყებდნენ სისხლით ნათესაობაზე დამყარებულ კავშირებს. რჩებოდა მხოლოდ საერთო ისტორია და საერთო ენა“.19
ამრიგად, ფრანკების ისტორია არ ამართლებს იაკობ გრიმის თვალსაზრისს. ისტორიული სინამდვილე ეწინააღმდეგება მის შეხედულებას იმაზე, რომ III საუკუნეში ფრანკთა საზოგადოება თავისუფალ ადამიანთაგან შემდგარიყოს და ფრანკთა სახელწოდებაც თითქოს ამის მიხედვით წარმოშობილიყოს.
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტომის სახელწოდება „ფრანკ“-ი არ არის წარმოშობილი სიტყვა „თავისუფალი“-საგან (Fრეი). სახელწოდება „ფრანკ“-ი, როგორც ეტყობა, უნდა რქმეოდა ერთ-ერთ რომელსამე ტომს, რომელმაც შესძლო თავისი ჰეგემონობის ქვეშ გაეერთიანებინა სხვა ტომები და შეექმნა ძლიერი ტომობრივი კავშირი, რომელშიც ფრანკების ტომი დიდი პრივილეგიებითა და უფლებებით სარგებლობდა. ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს „სალიკური სამართლის“ ცალკეული ტიტულები. მაგალითად, XXXII ტიტულში – „თავისუფალი ადამიანის შებორკვის შესახებ“ – მითითებულია: „უკეთუ რომაელი უდანაშაულოდ შებორკავს ფრნაკს, გადახდება 1200 დენარი, რაც 30 სოლიდის ტოლია. ხოლო თუ ფრანკი უდანაშაულოდ შებორკავს რომაელს, გადახდება 600 დენარი, რაც შეადგენს 15 სოლიდს“.20 ან კიდევ: „უკეთუ ვინმე მოკლავს თავისუფალ ფრანკს ან ბარბაროსს, რომელიც სალიკური კანონის მიხედვით ცხოვრობს და მხილებული იქნება, მიესჯება 8000 დენარის გადახდა, რაც შეადგენს 200 სოლიდს“;21 „უკეთუ ვინმე მოკლავს მას, ვინც მეფის რაზმშია, ანდა თავისუფალ ქალს, მიესჯება 24000 დენარის გადახდა, რაც შეადგენს 600 სოლიდს“;22 „უკეთუ ვინმე მოკლავს რომაელ კაცს – მეფის თანამეინახეს და მხილებულიც იქნება, მიესჯება 12000 დენარის გადახდა, რაც შეადგენს 300 სოლიდს“,23 ხოლო „ის ვისაც იგი მოკლავს, რომელიც მიწათმფლობელია და არა მეფის თანამეინახე, მიესჯება 4000 დენარის გადახდა, რაც შეადგენს 100 სოლიდს“.24
უკეთუ ყველაფერ ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, ვფიქრობთ, ტომის სახელწოდება „ფრანკ“-ი გადაიქცა სიტყვა თავისუფალის სინონიმად და არა პირიქით, თუმცა ეს არ გამორიცხავს III საუკუნისათვის ფრანკთა საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალური ფენების არსებობას.
ფრანკებზე არსებულ ადრეული პერიოდის წყაროებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრანკების პირველ ისტორიკოსს, „ფრანკთა ჰეროდოტედ“ წოდებულ გრიგოლ ტურელის ცნობებს, რომელმაც დაწერა „ფრანკების ისტორია“. ამ ნაშრომით მან პირველმა სცადა მეროვინგების ეპოქის ფრანკთა ისტორიის ყოველმხრივი და თანმიმდევრული შესწავლა, აშუქებდა მეროვინგთა საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ, სამეურნეოეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, განიხილავდა ყოფით საკითხებს. განსაკუთრებით ფასეულია ის გარემოება, რომ პრობლემების დამუშავებისას გრიგოლ ტურელი ეყრდნობოდა ისტორიულ თქმულებებს, ლეგენდებს. მას არ ღალატობდა ინტუიცია, ჰქონდა შესანიშნავი კრიტიკული ალღო, თუმცა ზოგჯერ ამახინჯებდა ფაქტებს, როდესაც ამას კათოლიკური ეკლესიის ინტერესები უკარნახებდა25.
დიდ ყურადღებას იმსახურებს გრიგოლ ტურელის მიერ გამოყენება ისტორიული თხზულებებისა, რომელნიც მასზე ადრე დაიწერა. ასეთთა შორის იგი განსაკუთრებით ემყარება V საუკუნის ისტორიკოსების ალექსანდრე სულპიციუსისა და რენატუს პროფუტურუს ფრიგერიდუსის თხზულებებს26, რომლებიც დაკარგულია და მათი არსებობის შესახებ ისტორიკოსები გებულობენ მხოლოდ და მხოლოდ გრიგოლ ტურელის თხზულებების წყალობით.
გრიგოლ ტურელი თავის თხზულების მეორე წიგნის მე-8 პარაგრაფში გამოყოფს თავს იმის შესახებ, რას მოგვითხრობენ ისტორიოგრაფები ფრანკების შესახებ. იგი წერს: „ბევრმა არ იცის, ვინ იყო ფრანკების პირველი მეფე, თუმცა ამაზე ბევრი ლაპარაკია ალექსანდრე სულპიციუსის ისტორიაში“. თუმცა იგი სრულიადაც არ ასახელებს მათ პირველ მეფეს, მაგრამ მიუთითებს, რომ მათ ჰყავდათ ბელადები. სესხულობს რა ზემოთ დასახელებულ ისტორიკოსთაგან ფრანკთა მოხსენიებას და მათ დახასიათებას, გრიგოლ ტურელს შემდეგი ცნობები შეაქვს ფრანკთა შესახებ: სახელდობრ, როდესაც სულპიციუსი სასოწარკვეთილ იმპერატორ მაქსიმე II-ის27 შესახებ მოუთხრობდა, რომ აკვილეაში მისი ყოფნის ჟამს, 386 წელს, იგი თურმე უმატებს, რომ „ფრანკები, რომელთაც იმჟამად ბელადებად ჰყავდათ გენობაუდი, მარკომერი და სუნონი, შეიჭრნენ გერმანიაში28 და გადალახეს რა საზღვარი, ამოწყვიტეს მრავალი იქ მცხოვრები, ააოხრეს უნაყოფიერესი ოლქები და შიშის ზარი დასცეს აგრიპინას კოლონიის29 მცხოვრებთ.., ააოხრეს რა მდიდარი ოლქები, მტრები ნადავლით დაბრუნდნენ რაინს გაღმა, დატოვეს რა რომის მიწა-წყალზე მრავალი თავისიანთაგანი, რომელნიც მზად იყვნენ განეახლებინათ ეს გაუკაცრიელება. ბრძოლა ამ ფრანკებთან მოხდა რომაელთათვის ხელსაყრელ პირობებში და მრავალი ფრანკთაგან შეიქნენ მახვილის მსხვერპლნი ნახშირის ტყის30 მახლობლად“.
ამის შემდეგ სულპიციუსის თხზულებაში მოთხრობილი ყოფილა ფრანკთა წინააღმდეგ კვინტინუსის სარდლობით რომაელთა ლაშქრობის შესახებ. ამ ნაამბობის თანახმად, ფრანკებს დაუხევიათ თავიანთ ტყეებში, ხოლო რომაელებს გადაუწვიათ მათ მიერ მიტოვებული საცხოვრისი, დაუწყიათ დევნა უკან დახეული ფრანკებისა, რომელთაც რომაელთა ლაშქარი შეუტყუებია ჭაობებში, სადაც ბევრი დამხრჩვალა, ბევრიც თავიანთი მოწამლული ისრებით შეუმუსრავთ ფრანკებს31. ეს ცნობა შეტანილი ყოფილა სულპიციუსის მესამე წიგნში. გრიგოლ ტურელი აგრძელებს თხრობას სულპიციუსის მე-4 წიგნის მიხედვით და წერს: სულპიციუსმა მოუთხრო თურმე რომაელთა იმ ლაშქრობის შესახებ, რომელიც მათ წამოიწყეს ფრანკთა წინააღმდეგ, რომის იმპერატორის გავლენიანი მსახურის, ფრანკი არბოგასტის32 ინიციატივით. რომაელებისათვის ეს ლაშქრობა წარმატებული ყოფილა. ფრანკებს მიუციათ რომაელთათვის მძევლები. აქ სულპიციუსს მოუხსენებია ფრანკებთან მეფეთა ღირსების მქონე ორი ბელადი – მარკომერი და სუნონი33.
სულპიციუსსავე იმპერატორ ვალენტინიანე II-ის ჟამს34 მოუხსენიებია, რომ ამ იმპერატორს მთელი მმართველობა ჩაუბარებია ხსენებული ფრანკი არბოგასტისათვის, ხოლო „ზრუნვა სამხედრო საქმეზე – დაქირავებული ფრანკი მეომრებისათვის“, და თურმე ამ ისტორიკოსმა მოუთხრო იმ ლაშქრობის შესახებ, რომელიც მოაწყო არბოგასტმა თავისი ფრანკი დაქირავებული მეომრებით ფრანკი „მცირე მეფეების“ მარკომერისა და სუნონის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობისას არბოგასტს გადაულახავს მდინარე რაინი და აუოხრებია ფრანკთა ტომების კავშირში შემავალი ბრუქტერების, ხამავების, ამპსივარიებისა და ხატების მიწა-წყალი, – ამთავრებს გრიგოლ ტურელი სულპიციუსის მე-4 წიგნის შინაარსის თხრობას.
ასევე გადმოსცემს გრიგოლ ტურელი რომაელი ისტორიკოსის რენატუს პროფუტურუს ფრიგერიდუსის ნაამბობს იმ ომის შესახებ, რომელიც გაიმართა ფრანკებსა და ვანდალებს შორის. ფიცხელ ბრძოლაში გაუმარჯვიათ ფრანკებს და ამოუწყვეტიათ თითქმის 20000 ვანდალი, რომელნიც სრული განადგურებისაგან უხსნია მათი მოკავშირე ალანების დახმარებას. ამ ბრძოლაში დაღუპულა ვანდალების მეფე გოდეგიზილი35. თანახმად გრიგოლ ტურელის გადმოცემებისა, ამავე ისტორიკოსის რენატუს პროფუტურუს ფრიგერიდუსის მონათხრობის მიხედვით, „ფრანკთა მეორე შემოსევისას ქალაქი ტრევერუსი (ტრირი) მათ გაძარცვეს და დაწვეს“.36
ფრანკთა ერთ-ერთ პირველ მეფედ გრიგოლ ტურელი ასახელებს ხლოგიონს, ანუ ხლოდიონს, ანდა ხლოიონს, ფრიად ენერგიულსა და კეთილშობილ კაცს, რომელიც ცხოვრობდა თავის ციხე-სიმაგრე დისპარგში. მას დაუპყრია ქალაქი კამბრე, მთელი ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ გალიაში, ვიდრე მდ. სომამდე. ამავე გვარიდან ყოფილა წარმომდგარი ლეგენდარული მეფე მეროვეი, ანუ მეროვეხი, რომლის სახელიდანაც წარმოშობილია „მეროვინგთა“ (ე. ი. „მეროვეის ძეთა“, „ინგ“ და „ლინგ“ ხომ ძველგერმანულ ენაზე ძის აღმნიშვნელი სიტყვები იყო) დინასტიის სახელწოდება. ხოლო მეროვეის ძედ გრიგოლ ტურელი ასახელებს ჰილდერიკს, შვილიშვილად კი – ხლოდვიგს (ხლოდოვეხს). უკეთუ გრიგოლ ტურელის ცნობებს დავეყრდნობით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ფრანკები, როგორც ეთნიკური ერთეული წარმოშობილან მდ. რაინის ქვედა წელში მცხოვრები ტომების კონსოლიდაციის შედეგად. როგორც ეტყობა, ფრანკების ტომთა გაერთიანება მონათესავე ტომთა კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა ფრანკების ჰეგემონობის ქვეშ და ამიტომაც ტომთა ამ გაერთიანებამ მიიღო საერთო სახელწოდება „ფრანკი“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფრანკების ტომობრივ გაერთიანებაში შედიოდნენ მონათესავე გერმანული ტომები: ბრუქტერები, ხამავები, ამპსივარიები, ხატები და სხვ. ისინი ინარჩუნებდნენ, როგორც ეთნიკური ერთეული, გარკვეული დროის მანძილზე, თავიანთ სახელწოდებას, ყოფასა და კულტურაში ლოკალურ თავისებურებებს. „ფრანკი“ ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება გავიგოთ ორი მნიშვნელობით: პირველი, ვიწრო მნიშვნელობით, როგორც ეთნიკური სახელწოდება, ერთი სატომო გაერთიანების, ეთნიკური ჯგუფის აღმნიშვნელი; და მეორე, აღნიშნული პერიოდისათვის ის შეიძლება დასრულებული არ იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ურთულეს, მეტად საინტერესო საკითხებში ჩაღრმავებას არ ვაპირებთ, რადგან ის ჩვენი კვლევის სფეროს სცილდება.
ამრიგად, ფრანკები, ძირითადად, დამოუკიდებელ და ამავე დროს, განსხვავებულ გერმანულ ტომთა ჯგუფია, რომლებიც არსებობდნენ დამოუკიდებელი ტომთა კავშირის სახით, ისე, როგორც სხვა დანარჩენი გერმანული ტომები. ფრანკები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ მსოფლიო ისტორიაში III საუკუნიდან, როდესაც ისინი თავის ირგვლივ აერთიანებდნენ სხვადასხვა გერმანულ ტომებს და საფუძველს უყრიდნენ მსხვილი მონარქიულ-ფეოდალური სახელმწიფოს ფორმირებას.
ფრანკთა დაპყრობითმა ომებმა დააჩქარა ფრანკთა სახელმწიფოს შექმნა. ფრანკული სახელმწიფოებრიობის წარმოშობის ღრმა საფუძვლები ფრანკთა თავისუფალი თემის რღვევაში, კლასობრივი ნიშნით, ცალკეული ფენების ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, რასაც ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ძვ.წ. პირველ საუკუნეებში. ფრანკთა სახელმწიფო წინაფეოდალურ მონარქიას წარმოადგენდა. ის წარმოიშვა თემურ-გვაროვნულიდან ადრეფეოდალურ საზოგადოებაზე გარდამავალ პერიოდში, რომელმაც განვითარების პროცესში განვლო მონათმფლობელობის სტადია. ეს საზოგადოება ხასიათდება მონათმფლობელურ, გვაროვნულ-ტომობრივ, წინაფეოდალურ და ადრეფეოდალურ ურთიერთობების შერწყმით, ფეოდალური საზოგადოების ძირითადი კლასების ჩამოყალიბების პროცესის დაუსრულებლობით. სწორედ ამიტომ, წინაფეოდალური სახელმწიფო ატარებს ძველი თემური ორგანიზაციისა და სამხედრო დემოკრატიის ნიშნებს.
ფრანკთა სახელმწიფომ განვლო განვითარების ორი ძირითადი პერიოდი: პირველი – V-VII საუკუნეებში, და მეორე – VIII-IX საუკუნეებში. ამ პერიოდების განმაცალკევებელი ზღვარი ხასიათდება არა მარტო მმართველი დინასტიების შეცვლით (მეროვინგების დინასტია შეიცვალა კაროლინგების დინასტიით); იგი იქცა ფრანკთა საზოგადოების ღრმა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების ახალ ეტაპად, რომლის დროსაც თანდათანობით ყალიბდებოდა საკუთრივ ფეოდალური სახელმწიფო სენიორალური მონარქიის ფორმით. მეორე პერიოდში ძირითადად სრულდება მსხვილი ფეოდალური მიწათმფლობელობის ფორმირება, ხდება ფეოდალური საზოგადოების ორი ძირითადი კლასის: მსხვილი მებატონე ფეოდალებისა და მათ მიერ ექსპლოატირებული ყმა გლეხთა ჩამოყალიბება. წინაფეოდალურ და ადრეფეოდალური სახელმწიფოს შედარებით ცენტრალიზაციას კი ცვლის ფეოდალური დანაწევრება.
შენიშვნები
1. „ბარბაროსს“ ძველი ბერძნები და რომაელები ყველა უცხოელს უწოდებდნენ.
2. გაიუს იულიუს ცეზარი (კეისარი) – ცნობილი რომაელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, იმპერიის ფუძემდებელი (ძვ.წ. 100-44წწ.).
3. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი – რომაელი ისტორიკოსი (ახ.წ. 55-117წწ.).
4. იხ.: F. Dაჰნ. Dიე Kონიგე დერ Gერმანენ, VIIბ.; ჭიტერსჰეიმ. Gესცჰიცჰტე დერ Vოლკერწანდერუნგენ; I. ჭ. Lოებელლ. Gრეგორე ვონ თოურს უნდ სეინე ძეიტ; O. Bრემერ. Eტჰნოგრაპჰიე დერ Gერმანისცჰენ შტამმე; ჭ. Aრნოლდ, I. I. Mოსცოუ< A. Dედერიცჰ, ჭუტტკე და სხვ. ამ ავტორებს გავეცანი გ. ბელთაძის საკანდიდატო დისერტაციის მიხედვით. იხ.: Â. ÁÄËÈÀÞÄ. ფრანკთა ეთნოგენეზისის საკითხისათვის, საკანდიდატო დისერტაციის ხელნაწერი, თბ., 1955, გვ. 11-17.
5. G. ღიცჰტერ. Aნნალენ დერ Dეუტსცჰენ Gესცჰიცჰტე, ბტ. 1, Mუნცჰენ, 1873, გვ. 1.
6. A. Dედერიცჰ. Dერ Fრანკენბუნდ, Hანნოვერ, 1873, გვ. 72.
7. თაც., Gერ, XI.
8. I. Gრიმმ. Gესცჰიცჰტე დერ Dეუტსცჰენ შპრაცჰე, Lეიპზიგ, 1889, გვ. 513.
9. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ადრინდელი ფეოდალური სამართლის ძეგლები É. ÃÏËÉÞÉÓ თარგმანითა და კომენტარებით, თბ., 1950, გვ. 50.
10. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული X – „მონის ან ნივთების მოპარვის შესახებ“, §1.
11. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XV – „მკვლელობის შესახებ ან თუ ვინმე მოიტაცებს სხვის ცოლს“, §1.
12. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XXVI – „გააზატებულთა შესახებ“, §1.
13. თაც., Aნნ, XI, XVI.
14. თაც., Gერ, XV.
15. თაც., Gერ, XXV.
16. თაც., Gერ, XXIV.
17. ×. ÄÍÂÄËÓÉ. ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა, თბ., 1978, გვ. 168.
18. К. Маркс, Ф. Энгельс. Соч., т. XVI, ч. 1, გვ. 390.
19. К. Маркс, Ф. Энгельс. Соч., т. XVI, ч. 1, გვ. 390.
20. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XXXII – „თავისუფალი ადამიანის შებორკვის შესახებ“, §2, დამატებები პირველი და მეორე.
21. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XLI – „ჯგუფის მიერ ადამიანის მკვლელობის შესახებ“, §1.
22. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XLI – „ჯგუფის მიერ ადამიანის მკვლელობის შესახებ“, §3.
23. „ÓÀËÉÊÖÒÉ ÓÀÌÀÒÈÀËÉ“, ტიტული XLI – „ჯგუფის მიერ ადამიანის მკვლელობის შესახებ“, $5.
24. იქვე, $6.
25. БСЭ, т. XII, გვ. 602.
26. ამ ისტორიკოსთა შესახებ იხ. რუსულ ენაზე გრიგოლ ტურელის თხზულებათა მთარგმნელის ვ. სავუკოვას მიერ შედგენილი შენიშვნები, რომლებიც ერთვის გრიგოლ ტურელის მეორე წიგნს (Г. Турский. История Франков, М., 1987, გვ. 361-362, შენ. 52, 59).
27. მაქსიმე II იყო რომის იმპერატორი 383-388 წლებში.
28. იგულისხმება რომაელთა პროვინცია „გერმანია“, მდებარე მდინარე რაინის მარცხენა სანაპიროზე. იხ.: Г. Турский. История Франков, გვ. 362, შენ. 61.
29. „აგრიპინას კოლონია“ ეწოდა მისგან წარმოშობილ გერმანულ ქალაქს, უდიდესს შუა საუკუნეებში, რომელმაც რომაული კოლონიის სტატუსი მიიღო ახ.წ. 50წ. იმპერატორ კლავდიუსის დროს, რომელმაც ეს სახელწოდება შეარქვა მას დედოფალ აგრიპინას პატივსაცემად. „ჩოლონია“-დან წარმოსდგა ქალაქის დღევანდელი გერმანული სახელწოდება „კიოლნი“ (Köლნ).
30. „ნახშირის ტყე“ (ჩარბონარია სილვა) რომაელებმა შეარქვეს არდენის ტყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, რომელიც მდებარეობდა ბრაბანტსა და ჰენეგაუს შორის. ეს „ნახშირის ტყე“ იხსენიება „სალიკური სამართლის“ 48-ე ტიტულში. იხ.: Г. Турский. История Франков, გვ. 362.
31. Г. Турский. История Франков, გვ. 362, შენ. 36-38.
32. არბოგასტი წარმოშობით ფრანკი იყო და მიაღწია იმპერატორის კარზე დიდ გავლენას. იმპერატორების გრაციანუსისა და თეოდოსიუსის ჟამს. იგი დიდი გავლენით სარგებლობდა 384 წლამდე. იხ.: Г. Турский. История Франков, გვ. 362, შენ. 68.
33. Г. Турский. История Франков, გვ. 38.
34. იგულისხმება ვალენტინიანე II, „უმცროსად“ წოდებული, რომლის იმპერატორობა მოდის 385-402 წლებზე. იხ.: Г. Турский. История Франков, გვ. 362, შენ. 69.
35. Г. Турский. История Франков, გვ. 39.
36. იქვე.
37. იქვე.

Комментариев нет:

Отправить комментарий