1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლის ძალითაც ქართული პოლიტიკური პარტიების კოალიციის საფუძველზე შექმნილ ამ ორგანოს მიენიჭა სახელმწიფოებრივი ფუნქციები; ჩამოყალიბდა კოალიციური მთავრობა, შეიქმნა დამოუკიდებელი დიპლომატიური სამსახური. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება და მეტროპოლიასთან სახელმწიფოებრივი კავშირების გაწყვეტა არ წარმოადგენდა შემთხვევითობას.
ეს მოვლენა, შეიძლება ითქვას, წინასწარ იყო განსაზღვრული პროცესთა ისტორიული მდინარებით. მაგრამ ისტორიული კანონზომიერების რეალიზაციის ეს აქტი, თავისთავად, ბევრს არაფერს ნიშნავდა 1918-1919 წლების კონკრეტულ ვითარებაში შექმნილი საერთაშორისო კონიუნქტურისათვის. საჭირო იყო ამ კონიუნქტურის ფარგლებში საქართველოს სუვერენული პოლიტიკური არსებობის უზრუნველყოფა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აუცილებელი იყო სტრატეგიული საერთაშორისო გარანტიებით უზრუნველყოფილი დამოუკიდებლობა. ამასთან, არსებობდა ამგვარი გარანტირების ორი ურთიერთგამომრიცხავი მექანიზმი _ საერთაშორისო ცნობა ან მანდატირება-პროტექტორატის რეჟიმი. 1919 წლის პირველ ნახევარში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოს პოლიტიკური არსებობა ამ უკანასკნელთან დააკავშირეს.
პარიზის საზავო კონფერენციაზე (გაიხსნა 1919 წლის 18 იანვარს) მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ფარგლებში, 1919 წლის მარტივნისში შეიქმნა ამიერკავკასიაში პროიტალიური გეოპოლიტიკური ბლოკის ჩამოყალიბების პროექტი. სტრატეგიულ ნაწილში პროექტი ითვალისწინებდა საქართველოსა და აზერბაიჯანში იტალიის შეიარაღებული შენაერთების დისლოკაციას, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში _ რეგიონზე იტალიის მანდატის დაწესებას (მანდატირების რეჟიმი უნდა დადგენილიყო ერთა ლიგის სტატუტის1 საფუძველზე)2.
მაგრამ პროექტი ვერ განხორციელდა. 1919 წლის ივნისში იტალიის პარლამენტმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა ვ. ორლანდოს მთავრობას, ფრანჩესკო ნიტის ახალმა კაბინეტმა კი თავისი პირველივე აქტით გააუქმა საექსპედიციო კორპუსის ამიერკავკასიაში გაგზავნის დადგენილება. დიპლომატიურ ენაზე ეს ნიშნავდა „აქტიური კავკასიური პოლიტიკის“ უარყოფას.
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში იტალიის დიპლომატიურ კურსში მომხდარი ეს მეტამორფოზა დაყვანილი იყო მხოლოდ ბოლშევიკურ რუსეთთან იტალიის შესაძლო სამხედრო კონფლიქტის პერსპექტივამდე. ამგვარი მტკიცების არგუმენტაცია ეყრდნობოდა ფ. ნიტის ერთ მოსაზრებას, რომელსაც ეს უკანასკნელი უკავშირებდა თავის ცნობილ გადაწყვეტილებას. კერძოდ, იტალიის მაშინდელი პრემიერი წერდა: „რა თქმა უნდა, მოკავშირეებს (პარიზის კონფერენციაზე ანტანტის ბლოკს მოკავშირეთა კოალიციას უწოდებდნენ _ დ. ჯ.) არ ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა ავანტიურას უმზადებდნენ იტალიას... ექსპედიციის შედეგი (იგულისხმება საქართველოში საექსპედიციო კორპუსის გაგზავნა _ დ.ჯ.) უეჭველად იქნებოდა იტალიის პირდაპირი ომი მოსკოვის მთავრობასთან, რაც გამოიწვევდა გაუთვალისწინებელ შედეგებს“.3
მიგვაჩნია, რომ ნიტის მემუარების ამ ერთ მონაცემზე დამყარებული საბჭოური ისტორიოგრაფიის ზემოთმოყვანილი ფორმულა სრულყოფილად ვერ ასახავს აღნიშნული ცვლილების საერთაშორისო-პოლიტიკურ მიზეზებს და, ამდენად, გადასინჯვას საჭიროებს. ახალმა საარქივო თუ სხვა სახის მასალებმა, საშუალება მოგვცა, შეძლებისდაგვარად მოგვეხდინა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილების განმაპირობებელი ობიექტური ფაქტორების დიფერენცირება და თავიანთი, ასე ვთქვათ, „შინაგანი ანატომიის“ მიხედვით ისინი სამ მთავარ ფაქტორამდე დაგვეყვანა: „რუსეთის ფაქტორი“, „ვაშინგტონის ფაქტორი“ და საკითხის წმინდა ფინანსურ-ეკონომიკური ასპექტები.
ამჟამად ჩვენი დაინტერესების სფეროში შემოდის ე.წ. „ვაშინგტონის ფაქტორი“, რომლის არსი მოკლედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: აშშ-ს ადმინისტრაციის უკმაყოფილება ამიერკავკასიის სუბრეგიონულ დონეზე იტალიის გააქტიურებასთან დაკავშირებით. პარიზის საზავო კონფერენციაზე იტალიასა და აშშ-ს შორის წინააღმდეგობებს, ასე ვთქვათ, კომპლექსური, ზერეგიონული ხასიათი ჰქონდა. კონფერენციაზე განსახილველ და იტალიის სტრატეგიულ და ტერიტორიულ ინტერესებთან დაკავშირებულ თითქმის ყველა საკითხში პრეზიდენტ ვ. ვილსონსა და სახელმწიფო მდივან რ. ლანსინგს აშკარად გამოხატული ანტიიტალიური პოზიციები ჰქონდათ. ჯერ კიდევ თავის ცნობილ „14 პუნქტში“ (ომისშემდგომი მოწესრიგების ეს პროგრამა ვილსონმა 1918 წლის 8 იანვარს გაუგზავნა აშშ-ს კონგრესს.) აშშ-ს პრეზიდენტმა კატეგორიული ფორმით უარყო ლონდონის 1915 წლის 26 აპრილის საიდუმლო შეთანხმების საფუძველზე იტალიის ტერიტორიული პრეტენზიების დაკმაყოფილების იდეა4. IX პუნქტი, რომელიც უშუალოდ იტალიას შეეხებოდა, ასე იყო ფორმულირებული: „იტალიის საზღვრების შესწორება უნდა მოხდეს აშკარად გამოხატული ეროვნული საზღვრების საფუძველზე“.5
ეყრდნობოდა რა ამ საპროგრამო ხასიათის დებულებას, პარიზის კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაციამ განახორციელა ანტიიტალიურ დიპლომატიურ აქციათა მთელი სერია: ადრიატიკის საკითხში მხარი დაუჭირა სერბია-ხორვატია-სლოვენიის ფედერაციას, დოდეკანეზის კუნძულებისა და სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის საკითხში _ საბერძნეთს, ალბანეთის საკითხში კი _ ალბანურ ეროვნულ მოძრაობას. ამ გარემოებამ საგრძნობლად დაძაბა იტალია-აშშ-ს ურთიერთობანი. კონფერენციაზე „იტალიური საკითხის“ განხილვის ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა გახდა ე.წ. „ფიუმეს პრობლემა“. იტალიის დელეგაცია გადაჭრით მოითხოვდა ადრიატიკის ამ სტრატეგიული დანიშნულების სანავსადგურო ქალაქზე სუვერენულ უფლებებს, რაზეც ინგლის-საფრანგეთ-აშშ-ს ბლოკი არ თანხმდებოდა. უარის მოტივირების დამატებით კოზირს მათთვის ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ ქ. ფიუმეს იტალიისათვის გადაცემას თვით 1915 წლის „ლონდონის ოქმიც“ კი არ ითვალისწინებდა. მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს 1919 წლის 21 აპრილის სხდომაზე საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა ჟორჟ კლემანსომ და დევიდ ლოიდ ჯორჯმა დაითანხმეს ორლანდო და მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ფიუმეზე უარის საკომპენსაციოდ იტალიას უნდა მიეღო მანდატი ანატოლიის ფართო ტერიტორიებზე, თუმცა „იტალიური საკითხის“ გადაწყვეტის ამ ფორმატს ვილსონი არ დაეთანხმა, რის გამოც საკითხი ღიად დარჩა6. სიტუაციის გამწვავებამ იმ დონეს მიაღწია, რომ 24 აპრილს ორლანდომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა კ. სონინომ პროტესტის ნიშნად გარკვეული ხნით კონფერენციაც კი დატოვეს7.
აშშ-იტალიის წინააღმდეგობანი კიდევ უფრო გაამწვავა ვილსონის ანტიიტალიურმა დემარშებმა ერთა ლიგის სამანდატო სისტემაში იტალიის ჩართვის საკითხში. რამდენადაც ამ საკითხის ფარგლებში წარმოიშვა ამ ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციის ახალი სფერო, რომელშიც მოექცა „საქართველოს საკითხიც“, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მას შედარებით დაწვრილებით შევეხოთ.
1917 წლის 19-21 აპრილს გამართული სენ-ჟან დე მორიენის კონფერენცია დასრულდა სპეციალური შეთანხმებით, რომლის ძალითაც ანტანტამ იტალიას მისცა გარანტია სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე კონტროლის უფლებისა. სენ-ჟან დე მორიენის შეთანხმებამ, ერთი მხრივ, იტალიაც ჩართო ჯერ კიდევ 1916 წლის მაისში რუსეთ-საფრანგეთ-ინგლისის მიერ დადებულ ხელშეკრულებაში აზიური თურქეთის დანაწილების შესახებ (ე.წ. „საიქსპიკოს პროექტი“), მეორე მხრივ, გააფართოვა იტალიის შესაძლო კონტროლის ქვეშ ნავარაუდევი გეოგრაფიული სივრცე მცირე აზიაში. მართლაც, თუ ლონდონის 1915 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებით იტალიას უნდა მიეღო მხოლოდ ადალიის (თან. ანტალიის) პროვინცია, სენ-ჟან დე მორიენის შეთანხმებით მას დაჰპირდნენ ქ. სმირნას, კონიის ვილაიეთის ნაწილს, კერძოდ აიდინს, ისპარტასა და ადანს8.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვილსონმა უკანონოდ სცნო სენ-ჟან დე მორიენის შეთანხმება და უარი თქვა სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიაში იტალიის პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე. ამის საპასუხოდ იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა რიგი სტრატეგიული აქციების განხორციელება მცირე აზიაში ბალანსის შესაცვლელად. იტალიელთა პოზიცია გასაგებია _ მათ სურდათ კონფერენციის, ასე ვთქვათ, მცირე აზიის იტალიური ოკუპაციის ფაქტის წინაშე დაყენება. 1919 წლის აპრილის ბოლოს იტალიის მთავრობამ, ანტანტასთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები გაგზავნა სმირნასა და სხვა მცირეაზიურ ნავსადგურებში; 5 მაისს იტალიის ჯარებმა აიღეს მარმარისი ადალიის სანჯაყში; მოხდა საბერძნეთ-იტალიის ლოკალური სამხედრო შეტაკებანი კ. როდოსზეც9.
იტალიის ამ ცალმხრივი აქციების შედეგად მცირე აზიაში წონასწორობის შეცვლამ საგრძნობლად შეაშფოთა ინგლისი და განსაკუთრებით აშშ. ვილსონის ინიციატივით, ლოიდ ჯორჯმა ანტანტის უმაღლესი საბჭოს 1919 წლის 5 მაისის სხდომაზე წარმოადგინა „მცირე აზიაში მოკავშირეთა ჯარების გადანაწილების“ ასეთი სქემა: აშშ-ს _ სომხეთი და კონსტანტინეპოლი, ფრანგები შევლენ სირიაში, ბერძნები _ სმირნაში, ბრიტანელები წავლენ კავკასიიდან...“10 მართალია, ამ სქემაში იტალია არ ფიგურირებდა, მაგრამ ინგლის-იტალიის 1919 წლის 8 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოსა და აზერბაიჯანში იტალიის ჯარების მიერ ბრიტანელთა შეცვლას, ცხადია, რომ ლოიდ ჯორჯი ბრიტანელების მიერ გამოთავისუფლებულ კავკასიაში იტალიის ჩართვას გულისხმობდა. ამ სქემის საფუძველზე პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭომ“ 14 მაისს მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება ოსმალეთის იმპერიის არათურქულ პროვინციებში სამანდატო რეჟიმის შემოღების შესახებ11.
სამანდატო სისტემის გეოგრაფიული არეალი ასე გადანაწილდა: აშშ-მ მიიღო მანდატი კონსტანტინეპოლსა და სრუტეებზე, ასევე კილიკიასა და სომხეთზე12; საფრანგეთმა _ ჩრდილოეთ ანატოლიაზე; საბერძნეთმა _ სმირნაზე, აიდინსა და დოდეკანეზის კ-ბზე. 14 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მანდატების საზღვრები და მანდატორ სახელმწიფოთა სტატუსი შემდგომში უნდა დადგენილიყო აშშ-ს, ინგლისის, საფრანგეთისა და იტალიის ცალკე შეთანხმებით. როგორც ჩანს, ლონდონის 1915 წლის ოქმითა და სენ-ჟან დე მორიენის 1917 წლის ხელშეკრულებით იტალიის კონტროლქვეშ გადასაცემი ტერიტორიები საბერძნეთს მიეკუთვნა, რაშიც ლომის წილი სწორედ აშშ-ს დიპლომატიას ეკუთვნის. თუ ბალკანეთ-ადრიატიკის პრობლემების ირგვლივ ვილსონის დიპლომატია თავის ანტიიტალიურ პოზიციებს ეროვნული თვითგამორკვევისა13 და ტერიტორიული სტატუს-ქვოს შენარჩუნების აუცილებლობით ხსნიდა, ამიერკავკასიის საკითხში ანტიიტალიური დემარშების მიზეზები საკუთრივ აშშ-ს სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ინტერესებში უნდა ვეძიოთ. ჯერ კიდევ პარიზის კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო კომიტეტმა მოამზადა სადირექტივო დოკუმენტი ამიერკავკასიაში ამერიკის მიზნების შესახებ14. არსებითად ეს დოკუმენტი წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ პროექტს. მის მიხედვით, აშშ-ს კავკასიური პოლიტიკის ღერძად მიჩნეული იყო დაშნაკური სომხეთი, რომლის ეგიდითაც რეგიონში უნდა შექმნილიყო ფედერაციული გაერთიანება აშშ-ს პროტექტორატის ქვეშ. მაშასადამე, ვილსონის დიპლომატიური სტრატეგია ითვალისწინებდა ამიერკავკასიაში ფედერაციული გაერთიანების ჩამოყალიბებას, თანაც ფედერაციის ბირთვად სომხეთის წახალისებას, რომლის ირგვლივაც უნდა წარმართულიყო რეგიონალური ინტეგრაცია მასთან საქართველოსა და აზერბაიჯანის „მიერთებით“. ამ ფონზე შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სომხეთსა და კილიკიაზე მანდატის მიღების შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ახალი მოთხოვნა წამოაყენა: ამ მანდატის განვრცობა მთელს ამიერკავკასიაზე, ე. ი., ზემოთნახსენები სადირექტივო დოკუმენტის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, სომხეთის მანდატთან საქართველოსა და აზერბაიჯანის მანდატთა „მიერთება“.
„ოთხთა საბჭოს“ 1919 წლის 21 მაისის სხდომამ დააკმაყოფილა ვილსონის მოთხოვნა და მიიღო შემდეგი დადგენილება: „... თუ ამერიკის სენატი დაამტკიცებს აშშ-ს მანდატს კილიკიასა და სომხეთზე, მაშინ შესაძლებელი იქნება მანდატის მოქმედების გავრცელება საქართველოზე, აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიაზე“.15 სხვა საკითხია, რომ 1919 წლის ნოემბერში აშშ-ს სენატმა ჩაშალა ვერსალის ხელშეკრულებისა და პარიზის კონფერენციის მიერ მიღებული სხვა აქტების რატიფიკაცია. ყოველ შემთხვევაში, 1919 წლის ზაფხულში კავკასიაზე ამერიკული მანდატის დაწესების პერსპექტივა სავსებით რეალური ჩანდა. ეს პერსპექტივა ნათლად გამოკვეთა პარიზის კონფერენციის თავმჯდომარემ, საფრანგეთის პრემიერმა ჟ. კლემანსომ, აღნიშნა რა, რომ „რუსეთის აღდგენამდე (იგულისხმება ბოლშევიკური რეჟიმის დამხობა და დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა _ დ. ჯ.) აშშ-მ უნდა გაავრცელოს თავისი კონტროლი კავკასიაზე“.16
ძნელი არ უნდა იყოს იმის გაცნობიერება, რომ „ოთხთა საბჭოს“ 14 და 21 მაისის აქტები ანტიიტალიურ ხასიათს ატარებდა და „ამერიკული მანდატის“ სახით საქართველოსა და აზერბაიჯანზე ადრე ნავარაუდევი „იტალიური მანდატის“ ალტერნატივის საერთაშორისო წანამძღვრებს ქმნიდა. აღნიშნულმა აქტებმა საფუძველი ჩაუყარეს საერთაშორისო დონეზე „ამიერკავკასიის საკითხის“, ასე ვთქვათ, ახალ თვისობრიობას _ მათ გამოკვეთეს რეგიონზე აშშ-ს პოლიტიკური კონტროლის პერსპექტივა და ადრე გეგმაში მყოფი იტალიის სამანდატო პაქტის სანაცვლოდ აქ პროამერიკული ბლოკის შესაძლო ჩამოყალიბება.
„ოთხთა საბჭოს“ 21 მაისის დადგენილების შემდეგ პარიზის კონფერენციაზე მყოფმა აშშ-ს დელეგაციამ მიმართა რიგ აქტიურ დიპლომატიურ აქციებს: 27 მაისს ვილსონი შეხვდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დელეგაციის მეთაურს კ. ჩერმოევს, 28 მაისს კი _ აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელს მ. თოფჩიბაშევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კავკასიური პოლიტიკის აქტივიზაციის ფონზე მოხდა საქართველოს მთავრობისა და პარიზის კონფერენციაზე მივლინებული ქართული დიპლომატიური მისიის საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების შეცვლა, რაც გამოიხატა „იტალიური მანდატის“ ნაცვლად „ამერიკულ მანდატზე“ აქცენტის გაკეთებით. ამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მეტამორფოზის ყველაზე მეტყველი გამოვლინება იყო კონფერენციაზე მყოფი საქართველოს დელეგაციის 1919 წლის 10 ივნისის მემორანდუმი აშშ-ს მთავრობისადმი17. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული იყო საქართველოს მთავრობის თვალსაზრისი აშშ-საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარეებზე.
ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს მემორანდუმის ის ნაწილი, რომელშიც საქართველო მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის ამერიკულ იდეას. ამ იდეისადმი საქართველოს პოზიტიური დამოკიდებულების საილუსტრაციოდ უაღრესად საინტერესოა ოფიციალური თბილისის ინიციატივით მოწვეული საერთო-კავკასიური კონფერენციის18 მასალები. „კონფერენციის მიზანი იყო, _ ნათქვამია მემორანდუმში. _ ფოსტატელეგრაფის, ფინანსების, საბაჟოების, საქონელბრუნვის, საზღაურებისა და სხვა პრობლემების მოწესრიგება მთელი ამიერკავკასიისათვის“.19
მემორანდუმში საქართველო ოფიციალურად ადასტურებდა თავის არა მარტო მხარდაჭერას, არამედ მზადყოფნასაც ამიერკავკასიის ფედერალიზაციის ამერიკული გეგმის განხორციელებისათვის. რა თქმა უნდა, საქართველოს მესვეურები არ იცნობდნენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებულ სადირექტივო დოკუმენტს, მაგრამ მათ გააჩნდათ სრული ინფორმაცია აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის დელეგაციებთან ამერიკელთა მოლაპარაკებების შინაარსზე და კარგად იცოდნენ, რომ ამიერკავკასიის ფედერალიზაცია და ამ ფედერალურ გაერთიანებაზე პროტექტორატის დაწესება აშშ-ს კავკასიური პოლიტიკის ცენტრალურ მიმართულებას წარმოადგენდა.
ამდენად, საქართველოს მხრიდან ამიერკავკასიის ფედერალური გაერთიანების ჩამოყალიბების გეგმის მხარდაჭერა აპრიორი გულისხმობდა თანხმობას ამერიკულ მანდატზე. შეიძლება ითქვას, რომ 10 ივნისის მემორანდუმით საქართველომ, პირველად თავისი დამოუკიდებელი არსებობის პერიოდში, გამოთქვა ერთა ლიგის ფარგლებში აშშ-ს მანდატირებულ სახელმწიფოდ ყოფნის (რა თქმა უნდა, გარკვეული დროით) ოფიციალური თანხმობა.
1919 წლის 11 ივნისს პარიზში გაიმართა ქართული დიპლომატიური მისიის მეთაურის ნ. ჩხეიძის მოლაპარაკება პრეზიდენტ ვილსონის მთავარ მრჩეველთან, პოლკოვნიკ ჰაუზთან20. შეხვედრაზე დაწვრილებით იქნა განხილული აშშ-სათვის საქართველოზე მანდატის გადაცემის საკითხთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა აშშ-ს სამხედრო ნაწილების სომხეთში შეყვანის შემდეგ მათი დისლოკაციის არეალში საქართველოს ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილის მოქცევას; მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება პოლიტიკურ (ე. ი. მანდატის) საკითხშიც იმ განსხვავებით, რომ ამ აქციის განხორციელების პირობა უნდა ყოფილიყო ერთა ლიგის სტატუტის რატიფიკაცია აშშ-ს კონგრესის მიერ. „იმ შემთხვევაში, თუ ერთა ლიგის დებულებას რატიფიკაცია უყო ჩრდილო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, _ ნათქვამია ჩხეიძე-ჰაუზის შეთანხმებაში. _ და თუ ამერიკამ მიიღო მანდატი სომხეთზე, მაშინ არ არის შესაძლებლობა მოსპობილი, რომ შეერთებული შტატები თავის თავზე მიიღებს ზოგიერთ ვალდებულებას საქართველოს მიმართაც“.21 ერთა ლიგის ფარგლებში ინიცირებული ყოველგვარი ვალდებულება კი ავტომატურად გულისხმობდა ამ ორგანიზაციის მიერ სანქცირებულ მანდატს, ასე რომ, ყველაფერი გასაგებია. სწორედ ამ მოვლენას უნდა ასახავდეს ქართული დიპლომატიური მისიის წევრის ზ. ავალიშვილის მოსაზრება, რომ „საქართველოს მთავრობის იტალიაზე ორიენტაციამ სიძლიერით იჩინა თავი, მაგრამ მალე გაჰქრა“.22
საგულისხმოა, რომ 1919 წლის ივნისის ბოლოს იტალიის მთავრობის მიერ მიღებულმა დადგენილებამ საქართველოში საექსპედიციო კორპუსის არგაგზავნის შესახებ, ერთგვარი სტიმული მისცა აშშ-ს დიპლომატიის ზემოხსენებულ ტენდენციებს. 28 ივნისს ახლო აღმოსავლეთში სასურსათო დახმარების ამერიკული კომიტეტის უფროსმა ჰ. ჰუვერმა და მისმა მოადგილემ ა. მორგენტაუმ სპეციალური ბარათით მიმართეს პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭოს“, რის საფუძველზეც დაიწყო სომხეთში მოკავშირეთა უმაღლესი კომისრის დანიშვნის საკითხის განხილვა. ამერიკის დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ აღნიშნულ პოსტზე სწორედ ამერიკელი ოფიცერი დანიშნულიყო. 5 ივლისსმოკავშირეთა უმაღლეს კომისრად სომხეთში დაინიშნა პოლკოვნიკი ჰასკელი. ყურადღებას იქცევს „ოთხთა საბჭოს“ რეზოლუცია ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჰასკელის ოფიციალური თანამდებობა იყო „მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი სომხეთში“, რეზოლუციის თანახმად, არა მარტო სომხეთში, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანში მყოფ სხვადასხვა მისიებს (მათ შორის, იტალიის მისიასაც) უნდა მიეღოთ საკუთარი ინსტრუქციები პოლკოვნიკ ჰასკელთან კონტაქტების, თანამშრომლობისა და მისთვის ყოველგვარი დახმარების გაწევის შესახებ. ამდენად, „ოთხთა საბჭოს“ 5 ივლისის რეზოლუცია, ხაზს უსვამდა რა ჰასკელის მისიის განსაკუთრებულ სტატუსს, ფაქტობრივად მას უქვემდებარებდა იტალიურ, ინგლისურ და ფრანგულ მისიებს, ყოველ შემთხვევაში, აწესებდა ამ უკანასკნელთა მოღვაწეობაზე ჰასკელის მისიის მუდმივი კონტროლის მექანიზმს. როგორც პოლკოვნიკ ჰასკელის, ასევე ცოტა მოგვიანებით გენერალ ჯ. ჰარბორდის მისიების უმთავრესი მიზანდასახულობა იყო რეგიონში აშშ-ს გავლენის განმტკიცება და „ამერიკული მანდატისათვის“ ყოველმხრივ გარანტირებული პირობების შემზადება. ვფიქრობთ, პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭოს“ 1919 წლის 14 და 21 მაისის აქტებმა, ასევე კონფერენციაზე აშშ-ს დელეგაციის 11 ივნისის მოლაპარაკებამ ქართულ დიპლომატიურ მისიასთან, რასაც წინ უძღოდა ამ მისიის მემორანდუმი აშშ-ს მთავრობისადმი, რეალურად დაარწმუნეს იტალიის მთავრობა საქართველოსა და აზერბაიჯანზე მანდატის მიღების უპერსპექტივობაში. მთავრობის ახალი პრემიერი ფრანჩესკო ნიტი, რომელიც, ცხადია, კარგად იყო ინფორმირებული პარიზის კონფერენციაზე გამართული დისკუსიებისა და აშშ-ს მიერ გამოჩენილი ანტიიტალიური ობსტრუქციების შესახებ, მიხვდა, რომ საქართველოში იტალიის ინტერესების რეალიზაციის საქმეს ძლიერი, სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალითა და საერთაშორისო-პოლიტიკური წონით იტალიაზე გაცილებით მაღლა მდგომი კონკურენტი გამოუჩნდა. საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა განლაგების ფონზე ამერიკელთა „ამიერკავკასიური პოლიტიკის“ უკუგდების კურსი არათუ უძნელეს და გაუმართლებელ, არამედ ავანტიურისტულ საქმედ ჩანდა. იტალიისათვის აშშ-სთან დიპლომატიურ თუ სხვა სახის კონფრონტაციასფაქტობრივად აზრიც არ ჰქონდა.
აქვე დავძენთ, რომ ამიერკავკასიაში პროიტალიური ბლოკის შექმნის პროექტის უარყოფის ე.წ. „ვაშინგტონის ფაქტორი“ ერთ-ერთი რგოლი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე დიდ სახელმწიფოებს შორის ახალი ომისშემდგომი წესრიგის დამყარების პრობლემის ირგვლივ არსებულ წინააღმდეგობათა საერთო ჯაჭვში. ეს მომენტი, სხვათა შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს „საქართველოს საკითხის“ აქტუალობას იმდროინდელი საერთაშორისო სისტემის განვითარების პროცესში.
შენიშვნები
1. ერთა ლიგის სტატუტი პარიზის კონფერენციამ მიიღო 1919 წლის 28 აპრილს.
2. დაწვრილებით იხ.: დ. ჯოჯუა. საქართველო-იტალიის ურთიერთობა 1919-1921 წლებში, თბ., 1997, გვ. 46-100.
3. Ф. Нитти. Европа без мира, М.–Л., 1923, გვ. 123-124.
4. იტალიასა და ანტანტას შორის დადებული ამ საიდუმლო შეთანხმებით ომის შემდეგ იტალიას უნდა მიეღო ტრენტინო, მთელი ციზალპური ტიროლი, გორიცისა და გრადისკას საგრაფოები, ისტრიის ნახევარკუნძული, ტრიესტი, ჩრდ. დალმაცია, დოდეკანეზის კუნძულები, ცენტრალური ალბანეთი (პროტექტორატის უფლებით) და ადალიის პროვინცია მცირე აზიაში (Международные отношения в эпоху империализма, сер. 3, т. VI, ч. 2, М.-Л., 1935, გვ. 259-260.).
5. История дипломатии, т. III, М., 1965, გვ. 113.
6. А. Чохели. Политика Франции в отношении Грузии в 1917-1921 годах, Тб., 1980, გვ. 140.
7. История дипломатии, т. III, გვ. 156.
8. Ф. Нотович. Дипломатическая борьба в годы первой мировой войны, т. II, М.-Л., 1948, გვ. 157-158.
9. А. Чохели. Политика Франции.., გვ. 141.
10. იქვე, გვ. 142.
11. იქვე, გვ. 143.
12. საკითხის ამგვარმა გადაწყვეტამ არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგანაც პარიზის კონფერენციაზე სომხეთზე მანდატის დაწესების პრობლემა იდგა თურქეთის იმპერიის რეგიონებზე მანდატის შემოღების კონტექსტში.
13. აღნიშნული ტერიტორიების ეთნიკური სტრუქტურა ძირითადში არაიტალიური _ სლავურ-ბერძნული იყო.
14. დოკუმენტი პირველად გამოქვეყნდა წიგნში: გ. ღამბაშიძე. ინგლისისა და აშშ-ს აგრესიული პოლიტიკა საქართველოსა და ამიერკავკასიის მიმართ, თბ., 1964, გვ. 141.
15. გ. ღამბაშიძე. ინგლისისა და აშშ-ს.., გვ. 149.
16. Б. Штейн. "Русский вопрос" на Парижской мирной конференции (1919-1920гг.), М., 1949. გვ. 149.
17. ზ. ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, თბ., 1929, გვ. 178.
18. კონფერენცია გაიმართა თბილისში, 1919 წლის აპრილ-ივნისში.
19. გ. ღამბაშიძე. ინგლისისა და აშშ-ს.., გვ. 151.
20. ზ. ავალიშვილი. საქართველოს დამოუკიდებლობა.., გვ. 178-179.
21. იქვე.
22. იქვე, გვ. 175.
Комментариев нет:
Отправить комментарий