понедельник, 22 марта 2021 г.

კოსოვოს სერბების საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროს (ფ. შეყლაშვილი)

    კოსოვოსა და მეტოქიის1 ტერიტორიებიდან სერბების მასობრივი განდევნა, მსოფლიო კულტურის
ძეგლების ნგრევა, ტერორისტული აქტები, ეთნიკური წმენდა რომლის მოწმეც გავხდით საუკუნის
გასაყარზე, მოწმობს იმ ფაქტს, რომ ქრისტიანული სამყაროსთვის ფრიად ღირებული რეგიონის
ისტორია კვლავ უკანონობის და ძალადობის მაგალითებმა დაჩრდილა. დაახლოებით მეოთხედი
მილიონი სერბი და სხვა არაალბანური წარმომავლობის მოსახლეობა იძულებული გახდა,
დაეტოვებინა თავისი მშობლიური კერა და სერბეთსა და ჩერნოგორიას თავშეფარებულნი
ლტოლვილად ქცეულიყო. ალბანელმა ექსტრემისტებმა დაუნდობლად გაანადგურეს
მართლმადიდებლური ძეგლები, ეკლესიები, სასაფლაოებიც კი.
ის, რაც კოსოვოსა და მეტოქიაში მოხდა სულ ახლო ისტორიულ წარსულში, ადვილად პოულობს ანალოგს კოსოვოს ისტორიის ერთერთ ყველაზე მძიმე პერიოდთან, რომელიც უკავშირდება მეორე მსოფლიო ომს.
1941 წლის აპრილში ფაშისტებთან იუგოსლავიის მარცხისთანავე ქვეყანაში დამყარდა საოკუპაციო რეჟიმი, რომლის ხელშეწყობით ალბანელმა ნაციონალისტებმა გააჩაღეს ტერორისტული საქმიანობა სერბი მოსახლეობის წინააღმდეგ. დაიწყო სერბეთიდან და ჩერნოგორიიდან სერბული ელემენტის გაძევება, ფიზიკური ლიკვიდაცია, მათი სახლების და ქონების დატაცება. პირველ მსხვერპლად იქცნენ სერბი კოლონისტები, ისინი, ვინც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდნენ კოსოვოსა და მეტოქიაში. ალბანელთა რაზმები დაუნდობლად აძევებდნენ მათ საკუთარი საცხოვრებლებიდან. გაჩაღდა დიდი ალბანური ნაციონალიზმის აქტიური პროპაგანდა. ალბანურ მოსახლეობაში ნერგავდნენ და აღვივებდნენ სერბების მიმართ სიძულვილს, შედეგად, ანტისერბული განწყობა გაძლიერდა და ყოფილი მეზობლები ერთმანეთის მტრებად გადაიქცნენ.
1941 წლის აპრილიდან სერბები მუდმივ ტერორში, სიკვდილის მუქარის ქვეშ ცხოვრობდნენ. 1942 წელს სერბეთის სამხრეთ საზღვარი აღმოჩნდა გერმანელთა საოკუპაციო ზონაში. აპრილში მიტროვიცასა და რაშკაში გამართულ კონფერენციაზე შეიკრიბა დაახლოებით 60 ათასი ლტოლვილი, განიხილეს სერბი ლტოლვილების დაბრუნების საკითხი, მაგრამ ამ ფაქტმა შედეგი ვერ გამოიღო. სერბების გასახლებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. 1942 წლის ივნისში კოსოვოში იმყოფებოდა ალბანეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი მუსტაფა ქრუი, რომელიც შეხვდა ალბანელ ლიდერებს. მისი მითითებით, ყველა სერბი უნდა გამოეცხადებინათ კოლონისტად და ამ რანგში გადაეცათ ალბანური და იტალიური ხელისუფლებისათვის, რომლებიც მათ გადააგზავნიდნენ ალბანეთის ტერიტორიაზე განლაგებულ საკონცენტრაციო ბანაკებში. სერბების მასობრივი მკვლელობები და დეპორტაცია შეუქცევადი გახდა.
სერბული მართლმადიდებლური ეკლესიების წმინდა სინოდის კანცელარიის დოკუმენტებში მოთხრობილია იმ საშინელი დანაშაულების შესახებ, რომელიც თავს დაატყდა კოსოვოს სერბებს: ძალადობა, ეკლესიების ნგრევა, ქონების დატაცება, მასობრივი დაპატიმრება, განდევნა საკუთარი ქვეყნიდან. 1941 წლის 17 აპრილს ქ. პრიზრენში შევიდნენ იტალიელი მებრძოლები. დაიწყო დაპატიმრებების და გადასახლების ახალი ეტაპი. კოსოვოდან და მეტოქიიდან განდევნილების საერთო რაოდენობა აღწევდა 100 ათასს, ოკუპაციის დროს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დადგენილი არ იყო. ტრაგიკული ბედი გაიზიარეს სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმაც. რაშკა-პრიზრენის ეპარქიის არქივში საკმაო ინფორმაციაა დაცული ომში დაღუპული ეკლესიის მსახურების შესახებ. მაგალითად, დევიჩის მონასტრის წინამძღვარი დამასკინ ბოშკოვიჩი ჯერ სცემეს, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს და დახვრიტეს. ასეთივე ბედი ეწიათ ქ. პეჩის საპატრიარქოს იღუმენს იოან ზეტევიჩს, ბინჩის მონასტრის წინამძღვარს იოან მინოვიჩს, მღვდლებს რადულ ბოჟოვიჩს, ტიხომირ ბალშიჩს, უროშ პოპოვიჩს, ლუკა პოპოვიჩს და მრავალ სხვას. დაარბიეს და გაძარცვეს ეკლესიები, დააზიანეს ფრესკები, ხატები, ღვთისმსახურებისთვის საჭირო ჭურჭელი და საეკლესიო ნივთები. ოკუპანტებმა გაძარცვეს სერბების სულიერი და ეროვნული მემკვიდრეობა, ისევე როგორც მატერიალური სიმდიდრეები.2
„სერბეთში გერმანიის მეურნეობის წარმომადგენლის“ ნეიჰაუზენის მითითებით, მთელი პური, პროდუქტები, ტყის მასალები და მინერალები უნდა გადაეგზავნათ გერმანიაში. გერმანელმა მრეწველებმა დაიტაცეს და თავის კონტროლს დაუქვემდებარეს მსხვილი ფაბრიკები და ქარხნები, სავაჭრო და სატრანსპორტო ორგანიზაციები, მათ ხელში აღმოჩნდა თითქმის ყველა ძლიერი საწარმოს აქციები“.3
სერბი ეპისკოპოსის ათანასი ევტიჩის, რომელმაც აღწერა კოსოვოს და მეტოქიის სერბების ტრაგედია 1941-1990 წლებში, ჩანაწერებში, მრავალთა შორის, დაცულია 1941 წლის 20 ივლისით დათარიღებული ცნობა, რომელიც ეკუთვნის მღვდელ დიმიტრი შეკულარაცს. იგი აღწერს: „მე მეუღლით და ექვსი ბავშვით მაშინ გავიქეცი, როცა ჩვენს მოკვლას აპირებდნენ, ისევე როგორც ეს გაუკეთეს სერბების უმრავლესობას. ქვეყანაში სრული ქაოსია, ალბანელები შეუბრალებლად ესხმიან თავს სერბებს, ძარცვავენ, სცემენ, ჰკლავენ, რამდენჯერმე ვცადეთ მათ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. სერბი ხალხი პანიკაშია, სტოვებენ ყველაფერს და გარბიან. მე მცირეწლოვანი ბავშვებით, რომელთაგან უფროსი 11 წლისაა, ქ. პეჩში გავიქეცი, სადაც რაშკა-პრიზრენის ეპისკოპოსი და ორი მღვდელი დაგვეხმარა და ერთად მივმართეთ გერმანელთა მთავარსარდალს (ისინი უკვე შემოსულები იყვნენ), დაგვხმარებოდნენ ალბანელებისგან თავის დაცვაში და მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ მათ (გერმანელებს) არ ჰყავდათ საკმარისი მებრძოლები სოფლის დასაცავად. პეჩიდან ჩაკორის მიმართულებით წასვლა გადავწყვიტე, მივრბოდით ტყეში და ალბანელები ფეხდაფეხ მოგვსდევდნენ. ჩემი ეკლესია დაანგრიეს, მდგომარეობა აუტანელია. უკან ალბათ არასდროს დავბრუნდები...“.4
ამავე ჩანაწერებშია მოყვანილი სტუდენტ ბრანისლავ ლესკოვიცის ცნობა: „იუგოსლავიის ნაწილის კაპიტულაციისთანავე პრიზრენში შემოვიდნენ იტალიელი მებრძოლები. პრიზრენის ალბანური მოსახლეობა გულითადად შეეგება იტალიურ ნაწილებს. ჩვენთვის ეჭვს აღარ იწვევდა ის ფაქტი, რომ მომავალში ჩვენი (სერბების) მდგომარეობა გაუარესდებოდა. დაახლოებით 1941 წლის 20 აპრილიდან დაიწყო სერბების დაპატიმრება. 20-30 ადამიანი, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, გამოკეტეს პრიზრენის მუნიციპალიტეტის შენობაში, სახლის ფანჯრიდან ვხედავდი, როგორ გაჰყავდათ ისინი შენობის... ეზოში და მხეცურად სცემდნენ, ხოლო რამდენიმე დღის შუალედით ხუთი ადამიანი ქალაქგარეთ გაჰყავდათ და ხვრეტდნენ. მათი მსხვერპლი გახდა ორი ძმა მარიანოვიჩი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და მრავალი სხვა...“.5
პრიზრენში თანდათან ჩამოყალიბდა ალბანური ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ძირითადად ომამდელი ალბანეთის ჩინოვნიკებით იყო დაკომპლექტებული. ალბანელთა ალიანსი დამპყრობლებთან არც იყო გასაკვირი. ცნობილი ფაქტია, რომ ისტორიულად, ჯერ კიდევ ოსმანთა დაპყრობების პერიოდიდან, ალბანელები ადვილად ექცეოდნენ დამპყრობლების გავლენაში. ეს განპირობებული იყო ალბანელების ჩამორჩენილი ცხოვრების დონით, მათ არ გააჩნდათ მყარი რელიგიური საყრდენი და უფრო ეფექტურად ინტეგრირებული აღმოჩნდნენ ოსმანთა იმპერიის სოციალურ-პოლიტიკურ სტრუქტურაში. სერბული ელემენტი თანდათან იდევნებოდა კოსოვოსა და მეტოქიის ტერიტორიებიდან, შესაბამისად, საუკუნეების შემდეგ, სერბული ეთნოსი საშინელ უმცირესობაში მოექცა (ცნობისათვის: 1455წ. კოსოვოში მოსახლეობის 98% იყვნენ სერბები, 1% _ ალბანელები, 1% _ დანარჩენი, ხოლო 2007წ. _ სერბები _ 5%, ალბანელები _ 92%, დანარჩენი _ 3%).6
სამხედრო ხელისუფლება იტალიურმა არმიამ იგდო ხელთ. შეიქმნა ჟანდარმერია, მოგვიანებით კი _ ალბანურ-იტალიური პოლიცია, სადაც ჭარბობდა ალბანელთა გავლენა. სერბების დაპატიმრების ახალი ეტაპი გაგრძელდა 1943 წლამდე. მათ გზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში. შემოდგომაზე დაიწყო ტერორის ახალი ტალღა, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ხორვატი უსტაშებიც.7 ემზადებოდნენ რა კაპიტულაციისთვის, იტალიელებმა, სამოქალაქო ხელისუფლება ჯერ კიდევ ზაფხულში თანდათან გადააბარეს ალბანელებს. შედეგად, სერბები სრულად მოექცნენ ალბანელების ტერორის ქვეშ. 1941 წელს მეტოქიის ნაწილი ფორმალურად იქნა ანექსირებული ალბანეთის სასარგებლოდ. ალბანელები, გერმანელებთან შეთანხმების თანახმად, მეტოქიის დარჩენილ ნაწილს და მთლიანად კოსოვოს „ახალ ალბანეთად“ მოიაზრებდნენ.8 კოსოვოს და მეტოქიის წარმომადგენლები შეიყვანეს ტირანას ერთიან ალბანურ პარლამენტში, „დიდი ალბანეთის“ შექმნის იდეა თანდათან რეალური ხდებოდა.
ალბანელებმა 1941 წლის აპრილიდან 1942 წლის აგვისტომდე დაახლოებით 10 ათასი სერბი გაანადგურეს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ტრაგიკული ბედი მათთან ერთად გაიზიარეს ეკლესიის მსახურებმაც. რაშკა-პრიზრენის ეპარქიის არქივში დაცული უამრავი ცნობებით და წერილებით, რომლებიც სიკვდილით დასჯილ მართლმადიდებელ სერბებს ეკუთვნით, ცნობილი ხდება, რომ სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურები იქცნენ არა მარტო ალბანელების, არამედ ოკუპანტებისა და პარტიზანი კომუნისტების მსხვერპლად. მათ ფაქტობრივად ყველაფერი გაანადგურეს. ეკლესიებს საპატიმროებად იყენებდნენ. დარბეულ სერბულ სიწმინდეებს შორის იყო კოსოვოს გმირების ძეგლიც.
ოკუპანტებისგან ქვეყნის განთავისუფლების შემდეგაც კი განდევნილმა სერბებმა ვერ შეძლეს დაბრუნებოდნენ წინანდელ კერას. ხელმძღვანელობდა რა პოლიტიკური მოტივებით, იუგოსლავიის კომუნისტურმა ხელისუფლებამ შეაფერხა მათი დაბრუნების საკითხი. 1945 წ. 6 მარტს მიიღეს დადგენილება „კოლონისტების წინანდელ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების დროებითი აკრძალვის“ შესახებ, რის გამოც 100 ათასამდე სერბმა ვერ შეძლო დაბრუნება კოსოვოში.9 1946 წლის იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციით ჩამოყალიბდა კოსოვოს და მეტოქიის სოციალისტური ავტონომიური მხარე. იოსიფ ბროზ ტიტო იმედოვნებდა ალბანეთის შესვლას იუგოსლავიის შემადგენლობაში და ახალისებდა ალბანელების გადასახლებას კოსოვოში, ხოლო სერბი მოსახლეობის დაბრუნებისას დაწესდა ზღვარი. ვინაიდან ცხოვრების დონე კოსოვოში უკეთესი ჩანდა, ვიდრე მეზობელ ალბანეთში, გაძლიერდა ლტოლვილთა ნაკადი ალბანეთიდან.
იოსიფ ბროზ ტიტოს ომისშემდგომი კომუნისტური პოლიტიკა ფაქტობრივად ამყარებდა ალბანელების მიღწეულ პოზიციებს. შემდეგშიც კოსოვოს ავტონომიურ ოლქში ალბანური გავლენა ძლიერდებოდა. ყოველგვარი ალბანური უპირატესობით სარგებლობდა, რაც, გარკვეულწილად, ხდებოდა სერბული ეთნოსის შევიწროების ხარჯზე.
60-70-იან წლებში ალბანელი რადიკალების ტალღამ საგრძნობლად გააფართოვა კოსოვოს ავტონომია. გახშირდა შეტაკებები ეროვნულ ნიადაგზე, დაპირისპირება კიდევ მეტად გაძლიერდა 80-90-იან წლებში. 1999 წლის ომის შემდეგაც ალბანელი ლტოლვილების ძირითადი მასა უკან დაბრუნდა, სერბი მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი რეგიონის გარეთ ეძებნა. ამ და სხვა ფაქტორებმა ძალზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ეტაპზე კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, სადაც დღეს დიდ უმრავლესობას წარმოადგენს ალბანური მოსახლეობა. ეპოქების განმავლობაში სერბების მუდმივმა დევნამ საკუთარი კერიდან, ომის დროს განხორციელებულმა გენოციდმა და მათ წინააღმდეგ ჩადენილმა ბევრმა მსგავსმა დანაშაულმა სერბები საკუთარ სამშობლოში, კოსოვოსა და მეტოქიაში („ძველი სერბეთი“), უმცირესობაში მოაქცია. ეს ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თანამედროვე ეტაპზე კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში.
შენიშვნები
1. მეტოქია სერბულ ენაზე ნიშნავს „საეკლესიო მიწას“. ალბანელები, თავი რომ აარიდონ სახელწოდების ქრისტიანული წარსულის მინიშნებას, კოსოვოს და მეტოქიის ავტონომიურ ოლქს იხსენიებდნენ კოსოვოს სახელით. სერბებისთვის კი „კოსოვოს“ და „მეტოქიას“ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ეს გარკვეულწილად ხაზს უსვამს სერბების ისტორიულ უფლებას ამ ტერიტორიებზე. მეტოქია დღევანდელი კოსოვოს ტერიტორიის 35%-ს მოიცავს. რაც შეეხება თანამედროვე მსოფლიოს აზრს, მან ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა _ ამ მხარეს ცნობს, როგორც „კოსოვო“-ს. Е. Ю. Гуськова. История югославского кризиса (1990-2000). М., 2001, გვ. 698.
2. K. Oლსჰაუსენ. ძწისცჰენსპიელ აუფ დერ Bალკან. Dიე დეუტსცჰე Pოლიტიკ გეგენüბერ ჟუგოსლაწიენ უნდ Gრიეცჰენლანდ ვომ Mäრზ ბის ჟული 1941. Bეიტრäგე ზურ Mილიტäრ- უნდ Kრიეგსგესცჰიცჰტე. ჰრსგ.ვ. Mილიტäრგესცჰიცჰტლიცჰენ Fორსცჰუნგსამტ. B/14. შტუტტგარტ, 1973, გვ. 308.
3. ფ. შეყლაშვილი. გერმანიის ექსპანსია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში XX სის 30-იან წლებში და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. თბ., 2009, გვ. 153.
4. K. Oლსჰაუსენ. ძწისცჰენსპიელ აუფ დერ Bალკან, გვ. 308-309.
5. K. Oლსჰაუსენ. ძწისცჰენსპიელ აუფ დერ Bალკან, გვ. 320.
6. ფ. შეყლაშვილი. კოსოვო _ გადაჭრილი პრობლემა თუ ახალი კრიზისის დასაწყისი. _ „საისტორიო ვერტიკალები“, #16, 2008, გვ. 76.
7. მსოფლიო ომში ფაშისტების მომხრე ხორვატმა უსტაშებმა მილიონნახევრამდე სერბი მხეცურად მოკლეს. მათ ჰქონდათ გარკვეული მიზანი _ სერბების ნაწილი გაენადგურებინათ, ნაწილი _ სამშობლოდან განედევნათ, ნაწილი კი _ მოექციათ კათოლიკურ სარწმუნოებაზე.
8. K. Hილდებრანდ, K. Dრეცჰსლერ, H. Dრესს, G. Hასს. Eუროპაპლäნე დეს დეუტსცჰენ Iმპერიალისმუს იმ ზწეიტენ ჭელტკრიეგ. – ძეიტსცჰრიფტ ფüრ Gესცჰიცჰტსწისსენსცჰაფტ. №7, 1971, გვ. 14.
9.ფ. შეყლაშვილი. კოსოვო _ გადაჭრილიპრობლემა.., გვ. 76.

Комментариев нет:

Отправить комментарий