среда, 11 ноября 2020 г.

პართია-იბერიის ბრძოლა სომხეთისათვის I ს. 30-50-იანი წლების დამდეგს (კ. ფიფია)

ძვ.წ. I ს. 60-იან წლებში იბერიის სამეფო, ისევე როგორც მახლობელი აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა, რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ იბერია „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა, რომაელთა ამიერკავკასიაში შემოსვლა მისთვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა.1
პომპეუსის ლაშქრობის შედეგად მითრიდატული პონტოს ძლიერი მონარქია დაემხო, ხოლო ტიგრან II-ის „დიდი არმენია“ დაიშალა2 და მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ იქცა. ძვ.წ. I ს. 50-იანი წლების ბოლოდან კი, პართია-რომის დაპირისპირების დაწყებისა და წინა აზიაში „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის3 ჩამოყალიბების შემდეგ, არმენია გახდა „ბუფერული“ სამეფო, რომსა და პართიას შორის გაუთავებელი და სისხლისმღვრელი ომების ძირითადი ასპარეზი.4
მძლავრი მეზობლების დაცემამ იბერიას ახალი პერსპექტივები დაუსახა და მის გაძლიერებას შეუწყო ხელი. სწორედ აზიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში იწყება იბერიის სამეფოს აღმავლობა და იგი თანდათანობით მახლობელ აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.5 იბერიის მზარდი ამბიციები და პოლიტიკური გავლენის გაძლიერება განპირობებული იყო იმ ფაქტორითაც, რომ იგი აკონტროლებდა დარიალის გადმოსასვლელს, რომლის მეშვეობითაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო იმიერკავკასიელ მომთაბარეთა გადმოყვანა და მათი სამხედრო ძალის საკუთარი სურვილისამებრ გამოყენება.6
იბერიის მმართველი წრეები, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოყენებინათ რეგიონში შექმნილი ხელსაყრელი სიტუაცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისა და თავისი სამეფოს საზღვრების გაფართოებისათვის. ამ მხრივ ისინი იმდენად მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, რომ ახ.წ. Iს. 30-იანი წლებიდან იბრძვიან არა მარტო სომხეთის მიერ ძვ.წ. II ს. დასაწყისში მიტაცებული სამხრეთის ცალკეული ოლქების7 დასაბრუნებლად, არამედ საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად. გარდა ამისა, იბერიის მეფეები რომისაგან საკმაოდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახორციელებდნენ და მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ „რომაელი ხალხის მეგობრობა- მოკავშირეობას“.8
I ს. 30-იან წლებში რომის საგარეო პოლიტიკის წინაშე კვლავ მწვავედ დადგა სომხეთის საკითხი. 34წ. გარდაიცვალა რომაელთა მიერ სომხეთის ტახტზე დასმული ზენონ-არტაშესი, რითაც ისარგებლა პართიის მეფე არტაბან III-მ (13-38წწ.) და სომხეთში თავისი ვაჟი არშაკი გაამეფა.9 საპასუხოდ იმპერატორმა ტიბერიუსმა (14-37წწ.) პართიაში გასამეფებლად გაგზავნა არშაკიდთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, ფრაატ IV-ის (ძვ.წ. 37-2წწ.) შვილიშვილი, რომში მცხოვრები, ტირიდატე,10 ხოლო სირიის ახალდანიშნულ ლეგატს, ლუციუს ვიტელიუსს, არტაბანის საწინააღმდეგო შეთქმულების ორგანიზება დაავალა.11
პარალელურად ტიბერიუსმა არშაკიდთა საწინააღმდეგო დიპლომატიური საქმიანობა გააჩაღა ამიერკავკასიაშიც. მისი გეგმით, არტაბანს პრობლემები უნდა შექმნოდა როგორც საკუთრივ პართიაში, ასევე სომხეთშიც და ეს უკანასკნელი, საბოლოოდ უნდა გათავისუფლებულიყო პართიის გავლენისაგან. მაგრამ სომხეთში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად იმპერატორს საკმარისი ძალები არ ჰყავდა. ამიტომ სომხეთის პრობლემის გადასაწყვეტად იგი ახალ ტაქტიკას ირჩევს და არმენიიდან პართელთა გასაძევებლად მეზობელი იბერიის ძალებს ეყრდნობა.
ტიბერიუსმა სომხეთში გამეფებულ არშაკის წინააღმდეგ წააქეზა იბერიის სამეფო სახლი და მის ერთ-ერთ წარმომადგენელს _ ფარსმან მეფის ძმას, მითრიდატეს, სომხეთის ტახტი შესთავაზა.12 როგორც მ. ინაძე აღნიშნავს, „რომი ყოველ ღონეს მიმართავს, რათა გამოიყენოს იბერია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ამის მისაღწევად იგი მოხერხებულად იყენებს გაძლიერებული იბერიის მისწრაფებებს, მიმართულს თავის სამხრეთ მეზობელ არმენიაზე გავლენის გავრცელებისა და ტერიტორიული გაფართოებისაკენ“.13 თავის მხრივ, იბერიის მმართველი წრეები, რა თქმა უნდა, ასეთ ხელსაყრელ წინადადებაზე უარს არ იტყოდნენ და ენერგიულადაც ამოქმედდნენ. ფარსმანმა და მითრიდატემ არშაკი მისსავე მსახურებს მოაწამვლინეს და დიდძალი ლაშქრით სომხეთში შეიჭრნენ.
იბერებმა სწრაფად აიღეს არტაშატი და სომხეთის ტახტზე მითრიდატე აიყვანეს. საპასუხოდ არტაბანმა სომხეთში თავისი მეორე შვილის, ოროდის სარდლობით მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა. ამასთან, მან იმიერკავკასიელი ნომადების დაქირავებაც სცადა.14 თუმცა, ტაციტუსის ცნობით, „ფარსმანმა დაიხმარა ალბანები, მოუწოდა სარმატებს, რომელთა სკეპტუხები, იღებენ რა საჩუქრებს ორივე მხრიდან, მამაპაპური ჩვეულების თანახმად, ორივე მხარეს ემხრობიან. მაგრამ ადგილების მფლობელმა იბერებმა კასპიის გზით15 სწრაფად გადმოუშვეს არმენიელების მოწინააღმდეგე სარმატები; ხოლო მათ, ვინც პართებთან მიდიოდნენ, ადვილად აჩერებდნენ“.16 გადამწყვეტ ბრძოლაში იბერებმა სასტიკად დაამარცხეს პართელები, ფარსმან მეფემ კი ორთაბრძოლაში მძიმედ დაჭრა პართელთა სარდალი ოროდი.17 როგორც ტაციტუსის ცნობიდან ირკვევა, პართელთა დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა ბრძოლებში განთქმულმა სარმატთა კავალერიამ.18
არტაბანი, რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა სომხეთის დაკარგვას და იგი მთელი თავისი ძალებით პირადად დაიძრა არმენიიდან იბერების გასაძევებლად, თუმცა უშედეგოდ. ადგილმდებარეობის ცოდნის წყალობით იბერები უკეთ იბრძოდნენ.19 ამასთან არტაბანის მიერ პართიის დატოვება და მისი სომხეთში დაყოვნება რომაელთა გეგმებშიც შედიოდა.20 რომაულმა ლეგიონებმა ვიტელიუსის სარდლობით ევფრატი გადალახეს, ხოლო პართიაში იფეთქა კარგად მომზადებულმა აჯანყებამ. არტაბანის მმართველობით უკმაყოფილო სატრაპებმა სამეფო კარზე გატრიალება მოაწყვეს. არტაბანი იძულებული გახდა პართიის აღმოსავლეთ რაიონებში გაქცეულიყო, თუმცა მან მალევე შეძლო ძალაუფლების დაბრუნება, რის შემდეგაც 36წ. რომსა და პართიას შორის დაიდო ზავი. ზავის თანახმად, პართელებმა სომხეთის მეფედ მითრიდატე იბერი აღიარეს.21
მომდევნო იმპერატორის გაიუს კალიგულას (37-41წწ.) მმართველობის დროს, მითრიდატე რომში გამოიძახეს და რაღაც მიზეზის გამო დააპატიმრეს.22 უმეფოდ დარჩენილი არმენია კვლავ პართელებმა დაიპყრეს.23 თუმცა, მოგვიანებით იმპერატორმა კლავდიუსმა (41-54წწ.) მითრიდატე ტყვეობიდან გაათავისუფლა და ამ უკანასკნელმა 47წ. რომაელებისა და იბერთა ჯარების დახმარებით კვლავ დაიბრუნა არმენიის ტახტი.24
ამრიგად, I ს. 30-იანი წლებიდან რეგიონში იბერიის სახით გამოჩნდა ახალი გეოპოლიტიკური ძალა, რომელიც აქტიურად ჩაება პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. იბერიას, როგორც 35 წლის მოვლენებმა აჩვენა, ჩრდილოკავკასიელი ნომადების მრისხანე ურდოებთან კავშირში, შეეძლო თვით ძლევამოსილი პართიის სამეფოს დამარცხებაც. თუმცა თუ არმენიისათვის ბრძოლის პირველ ეტაპზე იბერია რომის ერთგული მოკავშირის საფარველქვეშ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებას,25 I ს. 50-იანი წლებიდან ის აშკარად არ ერიდება თავისი მიზნების დემონსტრირებას და თავად რომისათვის მიუღებელ პოლიტიკასაც ატარებს.
51 წ. იბერიის მეფე ფარსმანი დაუფარავად იწყებს ბრძოლას სომხეთის მეფის, მითრიდატეს წინააღმდეგ. ტაციტუსი პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარსმანს სურდა ხელში ჩაეგდო არმენიის სამეფო.26 ბრძოლა არმენიის ტახტისათვის იბერიის სამეფო სახლის წარმომადგენელთა შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა და საშინელი ტრაგედიით დასრულდა.
ტაციტუსის ცნობით, ფარსმანმა გადაწყვიტა არმენიაში თავისი ვაჟი, რადამისტი გაემეფებინა. რადამისტი მითრიდატესთან სომხეთში გამოცხადდა იმ საბაბით, თითქოს მას მამასთან უთანხმოება მოუვიდა. მითრიდატემ დიდი სიხარულით მიიღო ძმისწული, ამ უკანასკნელმა კი, სამეფო კარის ინტრიგების წყალობით, ნიადაგი მოამზადა სახელმწიფო გადატრიალებისათვის, კვლავ იბერიაში დაბრუნდა და ფარსმანს განუცხადა, რომ „რაც მზაკვრობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი კი იარაღით უნდა აღსრულდესო“.27 ფარსმანსაც ომის საბაბის გამონახვა არ გასჭირვებია, მითრიდატეს რომაელთა ინტერესების ღალატში დასდო ბრალი და სომხეთისაკენ რადამისტის სარდლობით ძლიერი არმია დაძრა. ომისათვის მოუმზადებელმა მითრიდატემ თავი რომაული გარნიზონით გამაგრებულ ციხესიმაგრე გორნეას (თანამ. გარნისი – კ.ფ.) შეაფარა. რადამისტმა, რაკი პირდაპირი იერიშით ვერ შეძლო ციხის აღება, მოისყიდა რომაული გარნიზონის მეთაური, ღალატის გზით მითრიდატე ხელში ჩაიგდო და ფარსმანის საიდუმლო განკარგულებით, მოაკვლევინა. მითრიდატესთან ერთად მისი ცოლ-შვილიც დახოცეს.28
თუმცა რადამისტის მეფობა სომხეთში დიდხანს არ გაგრძელებულა. მისმა მკაცრმა მმართველობამ მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რითაც ისარგებლა პართიის ახალმა მეფემ ვოლოგეზ (ვალარშ) I-მა (52-80წწ.), არმენიაში შეიჭრა და იქ მეფედ თავისი ძმა ტირიდატე დანიშნა. პართელთა გამოჩენისთანავე იბერებმა სომხეთი უბრძოლველად დატოვეს.29 მაგრამ, მკაცრი ზამთრისა და სურსათის ნაკლებობის გამო, პართელები იძულებული გახდნენ სომხეთი დაეტოვებინათ. დაცარიელებული არმენია კვლავ რადამისტმა დაიპყრო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი აჯანყება მოჰყვა და 53წ. იგი ხელმეორედ გააძევეს სომხეთიდან30. როგორც ჩანს, რადამისტმა და იბერებმა ამის შემდეგაც არაერთხელ სცადეს სომხეთის დამორჩილება, მაგრამ პართელთა ზეწოლის შემდეგ, ყოველთვის უბრძოლველად ტოვებდნენ მას.31 მოგვიანებით კი, 57წ. რადამისტი ფარსმან მეფის ბრძანებით მოკლეს.32
I ს. 30-50-იანი წლების მოვლენები დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას და არაერთხელ ყოფილა განხილვა-ანალიზის საგანი. თუმცა, მისი შემდგომი შესწავლა არ შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. ჩვენ აქ გვინდა შევჩერდეთ ერთ საკითხზე, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში რატომღაც სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, 35წ. იბერებმა, რომაელების დაუხმარებლად, შეძლეს პართელების სომხეთიდან გაძევება. ამის შემდეგ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომშიც პართელთა ძირითად მეტოქეებად კვლავ იბერები გამოდიან. საყურადღებოა, რომ ტაციტუსი, ამ ომის პერიპეტიების გადმოცემისას, საბაბსაც კი ვერ პოულობს, თუნდაც გაკვრით მაინც აღნიშნოს საომარ მოქმედებებში რომაელთა მიერ იბერებისათვის გაწეული რაიმე დახმარების შესახებ,33 მაშინ როცა ვრცლად აღწერს სარმატთა რაზმების აქტიურ როლსა და დიდ დამსახურებას პართელთა დამარცხებაში.34 მაგრამ თუ I ს. 30-იან წლებში იბერია სომხეთისათვის ბრძოლებში საკმაოდ თავდაჯერებულად გამოდის და სარმატებთან კავშირში მას არ უჭირს პართელთა დამარცხება, 51-53 წლებში სიტუაცია იცვლება.
ამ პერიოდში სომხეთისთვის მიმდინარე ბრძოლებში წყაროები სარმატებს უკვე აღარ ახსენებენ, იბერები კი ვერ ახერხებენ პართელებისათვის რეალური წინააღმდეგობის გაწევას. ფაქტია, რომ რადამისტი, რომელიც საკმაოდ ძლიერი სამხედრო მოღვაწე ჩანს და დიდი სახელიც ჰქონდა მოხვეჭილი,35 პართელებთან ბრძოლას თავს არიდებს. ფაქტობრივად, მან პართელების სომხეთში შესვლისთანავე ყოველთვის ისე დატოვა ქვეყანა, რომ მათთან ერთი ბრძოლაც კი არ გაუმართავს. ტაციტუსი პირდაპირ წერს, რომ რადამისტი „ხშირად იპყრობდა იქ (სომხეთში _ კ.ფ.) სამეფო ხელისუფლებას და მერე გარბოდა“.36 როგორც ჩანს, ამ პერიოდში იბერია იმდენად ძლიერად ვერ გრძნობდა თავს, როგორც 35წ. და იგი თავს იკავებდა პართელთა წინააღმდეგ პირდაპირი საომარი მოქმედებების დაწყებაზე, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მას ზურგს უკვე აღარ უმაგრებდა ძლიერი სამხედრო ძალა ჩრდილოკავკასიელი სარმატების სახით.
I ს. 40-50-იანი წლების მიჯნაზე, სარმატულ ტომებს შორის დაპირისპირების შედეგად, ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკური სიტუაცია იბერიის საზიანოდ შეიცვალა. იმიერკავკასიაში განსახლებული სარმატული ტომები ორ ძირითად დაჯგუფებად, სირაკებისა და აორსების პოლიტიკურ გაერთიანებად იყოფოდა. სირაკებს ეჭირათ იმიერკავკასიის ტერიტორია აზოვის ზღვიდან თერგ-სუნჯის რაიონამდე, ხოლო მათი აღმოსავლეთით, მდ. სულაკამდე, დასახლებული იყვნენ აორსები.37 სირაკები და აორსები ისტორიულად ერთმანეთის მტრები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა მუდმივად დაძაბული იყო.38
I ს. 50-იან წლებამდე, იმიერკავკასიაში დარიალის ხეობის მისადგომები სირაკთა ხელში იყო. ისინი ტრადიციულად იბერიის მოკავშირეებს წარმოადგენდენ. სწორედ სირაკები ეხმარებოდნენ 35წ. ფარსმანს პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო სარმატთა მეორე ნაწილი, რომელიც, ტაციტუსის ცნობით, პართელების დასახმარებლად მიდიოდა, აორსები იყვნენ. თუმცა მათ ვერ მოახერხეს ამიერკავკასიაში შემოსვლა, რამდენადაც დერბენტის გზა ზაფხულობით გაუვალი იყო, ხოლო კავკასიის სხვა გასასვლელებს იბერები და სირაკები აკონტროლებდნენ.39
სირაკებისა და აორსების ხანგრძლივი მტრობა, 49წ. გამანადგურებელ ომში გადაიზარდა. სირაკებმა მხარი დაუჭირეს რომაელთა მიერ გაძევებულ ბოსფორის მეფე მითრიდატე VII-ს. მათ წინააღმდეგ კი, რომაულ ლეგიონებთან ერთად, გამოვიდნენ აორსთა ცხენოსანი ურდოები. აორსთა კონფედერაციისა და რომაელთა ძალებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს სირაკების ტომთა კავშირს,40 რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დაკარგა ჰეგემონობა თერგი-სუნჯის რაიონში. დარიალის გადმოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია კი დაიკავა სარმატთა ახალმა ჯგუფმა – ალანებმა.41 ალანები სირაკების მოსისხლე მტრები იყვნენ და, ამდენად, პირველ ხანებში, მტრულად იყვნენ განწყობილი სირაკთა ამიერკავკასიელი მოკავშირეების, იბერების მიმართაც.42
ამრიგად, I ს. 40-50-იან წლების მიჯნაზე, იბერიამ დაკარგა ძლიერი მოკავშირე და, ჩვენი აზრით, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ვერ მოახერხა სომხეთის შენარჩუნება.
შენიშვნები
1.. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან. – ქართული დიპლომატია, I. თბ., 1994, გვ. 52; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 115.
2. Aპპ. Mიტჰრ., 114-118; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. პოლიტიკური ურთიერთობები. თბ., 2005, გვ. 30.
3. ამის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ. წ. I ს. შუახანებში და „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის შექმნა წინა აზიაში. _ კავკასიის მაცნე, XII. თბ., 2005, გვ. 67-70.
4. Я. А. Манандян. Тигран второй и Рим. Ереван, 1943, გვ. 202-215; История армянского народа, ч. I. Под редакцией Б. Н. Аракеляна и А. Р. Иоаннисяна. Ереван, 1951, გვ. 50-55.
5. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან, გვ. 52; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 8-9.
6. ს. ჯანაშია. ადრეული ფეოდალიზმი. _ შრომები, II. თბ., 1952, გვ. 181-182; მ. ინაძე. კასპიის კარი (დარიალი, დარუბანდი) ახ. წ-ის I-VI საუკუნეთა საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში. _ ქართული დიპლომატია, 3. თბ., 1996, გვ. 49-54; კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 29-30; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 105-106.
7. ამ ტერიტორიების შესახებ იხ. ს. ჯანაშია. იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიისათვის უძველეს პერიოდში, _ შრომები, II. თბ., 1952, გვ. 257-259; ნ. ლომოური. იბერიის (ქართლის) სამეფოს პოლიტიკური საზღვრების ისტორიისათვის. – მ. გორკის სახ. სოხუმის პედინსტიტუტის შრომები, VII, 1955, გვ. 3-4; ნ. ლომოური. რომისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთობისთვის ახ. წ. I საუკუნეში. – თსუ შრომები, ტ. 77. თბ., 1959, გვ. 128; გ. მელიქიშვილი. ქართული პოლიტიკური და ეთნიკური წარმონაქმნები ელინისტურ ხანაში. – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბ., 1970, გვ. 466-467.
8. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან, გვ. 52; კ. ფიფია., ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 9; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 112.
9. თაც. Aნნ., VI, 31; შუეტონ. თიბერიუს, 41; ჟოს. Fლავ. Aნტიქ. ჟუდ., XVIII, 4,4.
10. თაც. Aნნ., VI, 32, 37; ჩასს. Dიო, LVIII, 26, 2.
11. თაც. Aნნ., VI, 32, 36; ჟოს. Fლავ. Aნტიქ. ჟუდ., XVIII, 4,4.
12. თაც. Aნნ., VI, 32. შდრ. ჩასს. Dიო. LVIII, 26, 3-4.
13. მ. ინაძე. იბერიისა და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ნახევარში. – ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I. თბ., 1955, გვ. 314.
14. თაც. Aნნ., VI, 33.
15. იგულისხმება დარიალის გასასვლელი (იხ. გ. გოზალიშვილი. კასპიის კარი. _ ენიმკის მოამბე, V-VI. თბ., 1940, გვ. 469-477; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ. თბ., 1973, გვ. 131, შენ. 23; В. И. Модестов. Сочинения Корнелия Тацита, т. II. М., 1887, გვ. 280, შენ. 180; Корнелий Тацит. Сочинения в двух томах, т. I. Анналы, Л., 1970, გვ. 420, შენ. 48.
16. თაც. Aნნ., VI, 33.
17. თაც. Aნნ., VI, 34-35.
18. თაც. Aნნ., VI, 35.
19. თაც. Aნნ., VI, 36.
20. ჩასს. Dიო. LVIII, 26, 3.
21. ამ მოვლენების შესახებ დაწვრ. იხ. Т. Моммзен. История Рима, V. М., 1949, გვ. 342-343; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II. М., 1966, გვ. 176-179; N. ჩ. Dებევოისე. A. Pოლიტიცალ Hისტორყ ოფ Pარტჰია. ჩჰიცაგო-Iლლინოის, 1938, გვ. 155-157.
22. თაც. Aნნ., XI, 8; ჩასს. Dიო. LX, 8, 1; შენეცაე. Dიალ, IX, XI, 12; ჩვენამდე მოღწეულ წყაროებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გახდა მითრიდატეს რომში გაწვევის მიზეზი. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო ლიტერატურაში კალიგულას მიერ მითრიდატეს დატყვევებას სხვადასხვანაირად ხსნიან. – იხ. ნ. ლომოური. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1966, გვ. 119-123; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 161-167. იქვე პრობლემის გარშემო არსებული ლიტერატურა.
23. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 344, შენ. 1.
24. თაც. Aნნ., XI, 8-9; ჩასს. Dიო. LX, 8, 1.
25. იხ. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 341; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, გვ. 155-165.
26. თაც. Aნნ., XII, 47.
27. თაც. Aნნ., XII, 44-45.
28. თაც. Aნნ., XII, 45-47.
29. თაც. Aნნ., XII, 50.
30. თაც. Aნნ., XII, 50.
31. თაც. Aნნ., XIII, 6.
32. თაც. Aნნ., XIII, 37. Iს. 50-იან წლებში იბერიისა და სომხეთის სამეფო კარზე მომხდარი მოვლენების შესახებ დაწვრილებით იხ. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, წ. I. _ თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. I. თბ., 1979, გვ. 209-211; Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 346, 350; Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии, გვ. 341-343.
33. В. Д. Дондуа. Некоторые замечания на коллективный труд – История армянского народа. – მიმომხილველი, III, თბ., 1953, გვ. 311.
34. თაც. Aნნ., VI, 35.
35. თაც. Aნნ., XII, 44.
36. თაც. Aნნ., XIII, 6.
37. ზ. ანჩაბაძე, თ. ბოცვაძე, გ. თოგოშვილი, მ. ცინცაძე. ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვ. I. თბ. 1969, გვ. 24.
38. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа. – Чечено- ингушский научно-исследовательский институт при совете министров ЧИАССР, Труды, т. VI. Грозный, 1963, გვ. 161-164; История Северо-Осетинской АССР, т. I. Орджоникидзе, 1987, გვ. 47-51.
39. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 161; История Северо-Оссетинской АССР, გვ. 59-60.
40. თაც. Aნნ., XII, 15-17; В. Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 327-328; В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 161; История Северо-Оссетинской АССР, გვ. 51.
41. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 164.
42. В. Б. Виноградов. Сарматы Северо-Восточного Кавказа, გვ. 164.

суббота, 7 ноября 2020 г.

კონსტანტინე III „აფხაზთა“ მეფე (ლ. ახალაძე)

„აფხაზთა“ მეფეებს შორის პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მებრძოლი ბუნების ხელისუფალი იყო კონსტანტინე III (893-922წწ.), რომელსაც „მატიანე ქართლისას“ ავტორი მეტად მიზანსწრაფულ და დიდი პოლიტიკური ამბიციების მქონე მეფედ გვიხატავს. მისი მოღვაწეობის დროს „აფხაზთა“ სამეფოს ინტერესები კიდევ უფრო გაიზარდა: ბრძოლა ქართლისო შემომტკიცებისა და კახეთის შემოერთებისათვის, ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოება და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გაქრისტიანება, დარიალის კარის დაუფლება და კავკასიაში გადამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზის გაკონტროლება. ყველა პრობლემა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ისტორიულ ამოცანასთან, რომელიც მომავალში უზრუნველყოფდა „აფხაზთა“ სამეფოს პოლიტიკური საზღვრების გაზრდა-გაფართოებას, ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან „აფხაზთა“ სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დარიალის კარის, როგორც განსაკუთრებული სტრატეგიული და სავაჭრო მნიშვნელობის გადასასვლელის „აფხაზთა“ სამეფოს მიერ გაკონტროლებას.
თავის წინამორბედებთან შედარებით კონსტანტინე III უფრო აქტიურ პოლიტიკას ატარებდა აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ. იგი კარგად იცნობდა ქართლს და, როგორც ჩანს, ბაგრატ I-ის მეფობის დროს გარკვეული პერიოდი ამ რეგიონს ერისთავის (გამგებლის) ტიტულით განაგებდა. ამის შესახებ ცნობა დაცულია მეჯუდასხეობის ცნობილ წარწერაში, რომელიც ბერი და გიორგი ხევისუფლებს ეკუთვნის; „...ესე ხელი ჩუენ ბერმან და გიორგი დავწერეთ, ოდეს კოსტანტი ქართლისა გამგებელი იყო“.1 წარწერა, კონსტანტინე III-ის მეფობის მიხედვით, დათარიღებულია X ს. 20-იანი წლებით,2 რაც, ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს სწორი, რადგან კონსტანტინე წარწერაში „გამგებლის“ ტიტულით არის წარმოდგენილი, ხოლო „აფხაზთა“ მეფეები წერილობით წყაროებში, ჩვეულებრივ, „მეფის“ ტიტულით არიან დასახელებულნი. თვით კონსტანტინე მეფეც სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებში მეფის ტიტულით გვხვდება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მეჯუდასხეობის წარწერის შესრულების დროს იგი ჯერ კიდევ არ ატარებდა `მეფის“ ტიტულს და ქართლში გამგებლად (ერისთავად) იჯდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, წარწერის დათარიღება უნდა გასწორდეს IX ს. 80-იანი წლების მიწურულითა და 90-იანი წლების დასაწყისით.
მართალია, კონსტანტინეს გამეფების შემდეგ „აფხაზთა“ სამეფომ შიდა ქართლი დროებით დაკარგა, მაგრამ კონსტანტინე III-მ ქართლისათვის ბრძოლა მალევე განაახლა. „მატიანე ქართლისას“ ცნობით ამ დროს შიდა ქართლს ადგილობრივ ფეოდალთა წარჩინებული ფენა ფლობდა: „და იპყრობდეს ქართლს აზნაურნი. მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერკალი“.3
იოანე დრასხანაკერტცის ცნობით, კონსტანტინე III-სა და სომეხთა მეფეს შორის დაწყებულ კონფლიქტში თავიდანვე ჩაერია ადარნასე „ქართუელთა“ მეფე, რომელმაც „სასწრაფოდ მისწერა ეგრისის მეფეს თავის სიძეს, რომ გაეფანტა, დაეშალა და ამოეგდო გულიდან ეს ფუჭი, უსამართლო და ამაო გადაწყვეტილება და არ გაეწია წინააღმდეგობა მასზე უფრო დიდისათვის.4
როგორც ჩანს, კონსტანტინემ არ გაითვალისწინა ადარნასეს რჩევა და ბრძოლა განაგრძო, „მაშინ სუმბატ მეფემ დიდი ჯარით შეუტია და თან წაიყვანა ქართველთა მეფე [ადარნასე]. ისინი ერთად წავიდნენ კონსტანტინეზე თავდასასხმელად“.5 სუმბატმა ქართლი და უფლისციხე დაიკავა. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მეომარი მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წავიდნენ. კონსტანტინემ გააგზავნა ელჩობა სომეხთა მეფესთან, რის პასუხადაც სუმბატმა ადარნასე „ქართუელთა“ მეფე და სომეხ წარჩინებულთა დელეგაცია გამოაგზავნა.6 მოლაპარაკების დროს ადარნასე მეფის უშუალო მონაწილეობით კონსტანტინე შეიპყრეს და სუმბატ ბაგრატუნს მიჰგვარეს, რომელმაც დაპატიმრებული კონსტანტინე მეფე ანისის ციხეში ჩასვა და იქ ოთხი თვე ჰყავდა საპყრობილეში.7 ბუნებრივია, ამ დროს სუმბატ ბაგრატუნი ქართლს დაეუფლა. სომეხი მემატიანის ცნობით, „სუმბატ მეფემ მრავალი სიმაგრე დაიპყრო გურიის (?) ქვეყანაში და იმ მხარეებში თავისი გამგებელნი დააყენა“.8
მალე სომეხთა და აფხაზთა შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, რომლის მიხედვითაც სუმბატმა კონსტანტინეს ქართლი დაუბრუნა და ეს ურთიერთობები დინასტიური ქორწილითაც კი განმტკიცდა.9 სომეხ-აფხაზთა შერიგება გამოიწვია იმან, რომ ეგრისში კონსტანტინეს ნაცვალის დასმას აპირებდნენ. მ. ლორთქიფანიძისა და ზ. პაპასქირის აზრით, არაა გამორიცხული, რომ ქუთაისში ახალი ხელისუფლების მოსვლას მხარს უჭერდა ადარნასე, რომლისთვისაც კონსტანტინე რატომღაც მიუღებელი იყო და სუმბატმა ქუთაისის ტახტზე სასწრაფოდ დააბრუნა კონსტანტინე, რითაც ჩაფუშა ადარნასეს გეგმები.10 როგორც ჩანს, სუმბატისათვის ადარნასე „ქართუელთა“ მეფის გაძლიერება უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, ვიდრე კონსტანტინე III-ის მიერ ქართლის ფლობა.
ამრიგად, სუმბატ სომეხთა მეფისა და ადარნასე „ქართუელთა“ მეფის წინააღმდეგობათა ფონზე 904 წელს კონსტანტინე III-მ შეძლო აღედგინა თავისი ძალაუფლება შიდა ქართლსა და უფლისციხეში, სადაც კვლავ თავისი ერისთავი დასვა. 907წ. ადარნასე მეფე კვლავ გამოვიდა სუმბატ ბაგრატუნის წინააღმდეგ, ამჯერად, იგი მხარში ამოუდგა არმენია-აზერბაიჯანის ამირა იუსუბ იბნ აბუ საჯის. არაბებმა ამიერკავკასია დალაშქრეს. მაგრამ მათი მთავარი მიზანი სომეხთა მეფის სუმბატ ბაგრატუნის დამორჩილება იყო. სუმბატმა მტერს ვერ გაუწია წინააღმდეგობა და თავი მოკავშირე „აფხაზთა“ მეფის კონსტანტინე III-ის სამფლობელოს შეაფარა. იუსუბმა დალაშქრა ქართლი, რომელიც ამ დროს „აფხაზთა“ სამეფოს ნაწილი იყო. ვერც კონსტანტინე III-მ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა მტერზე. „მატიანე ქართლისას“ უცნობი ავტორის ცნობით: „შემოვიდა ქართლად (აბუსჯისძე), მოაოხრა ქართლი...“ და რათა არ გამაგრებულიყო ქართლში „მოარღუინეს ზღუდენი უფლისციხისანი, რომელ არა დაიმჭირონ“.11
მართალია, დასავლეთ საქართველო გადაურჩა ამ შემოსევებს, მაგრამ აფხაზთა მეფემ, როგორც ჩანს, ახლად გამაგრებული უფლისციხის კედლები დაანგრია, რადგან იქ არაბები არ გამაგრებულიყვნენ. აბულ-კასიმის წასვლის შემდეგ კონსტანტინე III-ის პოლიტიკა აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო აქტიური გახდა.
მალე კახეთის ქორეპისკოპოსმა კვირიკემ აფხაზთა მეფე კონსტანტინე III ჰერეთში სალაშქროდ მიიწვია. კვირიკე კახთა მეფემ და კონსტანტინე III-მ ჰერეთი დალაშქრეს, რომლის შემდეგ აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში გადავიდა ორი სიმაგრე ჰერეთში: არიში და გავაზი. აღნიშნულ ისტორიულ მოვლენებს ეხმაურება ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც, ძირითადად, მოგვითხრობენ კონსტანტინე მეფის მიერ წარმოებული საეკლესიო მშენებლობის შესახებ, მაგრამ გვერდს ვერ უვლიან ამ პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებს. წყაროებიდან ჩანს, რომ კონსტანტინე III-ის ინიციატივით აიგო ერედვისა და სამწევრისის ტაძრები, რასაც აქ დაცული საამშენებლო წარწერები მიუთითებენ.
ერედვის წარწერა გვაუწყებს: „[სახ]ელითა ღ(მრთისა)თა მ[ამისა ძისა და] სუ[ლისა წმიდისათა], მეოხებითა წმ(ი)დ(ი)სა ღ(მრ)თი[სმშ]ობელისათა [შეწევნითა წ(მი)დ(ი)სა გი](ორგი)სითა, ხელმწიფობასა ღ(მრ)თ(ი)ვდამყარ[ე]ბულისა წმიდ[ი]სა კ[ოსტანტი]ნე მეფისასა, რ(ომე)ლ(მა)ნ ბრძანა და ჩავიდა ჰერე/თს [შ]იგან, ჰერთა მეფ[ე] გა(ა)[ქ]ცია და მუნით მშუიდობით იქცა, ცისკრად ა/ლავერდს ილოცა, [მ]წუხ(რ) ბრეძას გადაჰხთა, მეორედ კ(უ)ლა ავიდა ვეჯინ/ისა ციხე დალეწა; ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივენესა, მთავა/რე[ბი]სკო[სო]ბასა სანატრელისა ყ(უარყუარ)ესა, ჯ(უა)რითა მისითა; გაზრახვითა ნიქოზ/ე[ლი]სა _ სანატრ[ე]ლისა სტეფანე ებისკოსისათა, ძალითა, შეწევნითა მოყუას/თათა, მე თ(ევდორ)ე თაფლასძემან დავდე საძირკველი _ წელნი იყ(უ)ნეს ხფი, ქორონიკ[ონსა რკვ]“.12
წარწერის შინაარსში იკითხება ეკლესიის მშენებლობის დასაწყისი _ ხფი _ 906 წელი, თუმცა წარწერაში დასახელებული ისტორიული მოვლენები ოდნავ გვიან მოხდა. აღნიშნული მოვლენები ზუსტ ასახვას პოულობენ სხვა ისტორიულ წყაროებში, კერძოდ, „მატიანე ქართლისას“ ავტორი წერს, რომ აბულ-კასიმის მეორედ ლაშქრობის შემდეგ „უხმო კვირიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა, ჩავიდა ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჯინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ კერძო და კვირკე ქვემოთ. და ვითარ მისწუდეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი და კვირიკეს ორჭობი. ვითარ დაიზავნეს და შემოიქცეს. მოვიდა კოსტანტი, ილოცა ალავერდს წმ. გიორგის წინაშე შემოსა ხატი მისი ოქროთა“.13
როგორც ვხედავთ, ორივე წყარო, წარწერა და მატიანე ერთი და იმავე მონაცემებს გვაწვდის კონსტანტინე „აფხაზთა“ მეფის მიერ ჰერეთს ლაშქრობის შესახებ. აღნიშნული ლაშქრობა მატიანის მიხედვით, საქართველოში აბულ კასიმის მეორედ ლაშქრობის, ე.ი. 914 წლის შემდეგ მოხდა. მაშასადამე, ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის მშენებლობა კონსტანტინე მეფის ინიციატივით, ხუროთმოძღვარ თევდორე თაფლაისძეს 906 წელს დაუწყია და 914 წლის შემდეგ დასრულებულა.
საყურადღებოა, კოსტანტინე მეფისა და კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსის ჰერეთში ერთობლივი ლაშქრობის ისტორიის ცალკეული დეტალები, რომელშიც მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს კონსტანტინე მეფის დამოკიდებულებას აღმოსავლურ ქართული სიწმინდეების მიმართ. „აფხაზთა“ მეფეს ამ დროს მყარად „უჭირავს შიდა ქართლი, რომელსაც მის მიერ დასმული ერისთავი უფლისციხიდან განაგებდა, მაგრამ ჰერეთს ლაშქრობის შემდეგ კონსტანტინემ მიიღო „არიში და გავაზნი“ _ ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამიერიდან, პრაქტიკულად ქართლი მთლიანად (გარდა თბილისის საამიროსი, რომლის ტერიტორია თანდათან მცირედებოდა) „აფხაზთა“ მეფეს დაემორჩილა, რაც „აფხაზთა“ მეფეთა მიერ IX ს. 60-იან წლებში საფუძველჩაყრილი პოლიტიკის _ ქართული მიწების გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე ფურცელი იყო.
კონსტანტინე III-ის საეკლესიო საამშენებლო საქმიანობის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წყაროა სამწევრისის წარწერა, რომელიც წარმოადგენს მამასახლის დომნინოსისა და გიორგი თუალოსძის წარწერას კონსტანტინე მეფის მოხსენიებით. „† ზ(ედ)ა წელსა კ-ს კოსტანტინე მეფისა მე, დომნინოს, სამწევრისა ჯუარისა მამასახლისმან და გი/ორგი თუალოსძემან მოვიღეთ რუვი ესე ჯუარად./ და არავი[ნ] არს სხუა მო[მ]ხუმარე და [უფალი] რუვისა ამის, გარნა/ პატიოსანი ჯუარი და გიორგი, ვინე სე აღმოიკითხოს მე, დომნინოს, მონა ჯუარისა,  [ლოცვასა მომიხსენეთ და თუალოს]ძეცა/ გ(იორ)გი ქ(რისტე) მ(ა)ნ შე(ი)წყ(ალე)ნ. ამენ. იყავნ“.14
წარწერა დათარიღებულია კონსტანტინე მეფის ზეობის მე-20, ე. ი. 912 წლით. თუ გავითვალისწინებთ, ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერისა და „მატიანე ქართლისა“-ს ზემოთ მოყვანილ მონაცემებს, სწორედ ამ პერიოდში ფლობდა „აფხაზთა“ მეფე კონსტანტინე III ქართლის მნიშვნელოვან ნაწილს. ერედვისა და სამწევრისის ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე „აფხაზთა“ მეფის დასახელება არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ ადგილობრივი საერო და საეკლესიო ფენის წარმომადგენლებისთვის სავალდებულო იყო მეფის ზეობის წლებით დაეთარიღებინათ დიდი მშენებლობები. რასაკვირველია, ეს ვერ მოხდებოდა „დამპყრობელი“ მეფის მიერ, როგორც ამას წარმოგვიდგენს ზოგიერთი აფხაზი ისტორიკოსი და უკანასკნელ ხანს სოხუმში გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოს აფხაზი ავტორები – ო. ბღაჟბა და სტ. ლაკობა. ისინი იცნობენ სამწევრისისა და ერედვის წარწერებს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთის ლოკალიზაციას კახეთში ახდენენ.15 ავტორების აზრით, კონსტანტინე III-მ ქართლი დაიპყრო და ხაზს უსვამენ, რომ ბრძოლა ქართლისათვის მიმდინარეობდა აფხაზთა და სომეხთა სამეფოებს შორის. არსად, ამ სახელმძღვანელოს არცერთ გვერდზე არ არის ნახსენები ტაო-კლარჯეთის სამთავრო (ქართველთა საკურაპალატო), ან კახეთის სამეფო, მაშინ როდესაც ადარნასე „ქართუელთა მეფე“ ამიერკავკასიის პოლიტიკურ არენაზე საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რასაც მოწმობს მისი აქტიური ჩარევა სომხური სამეფო-სამთავროების საშინაო საქმეებში. სტ. ლაკობასა და ო. ბღაჟბას წიგნის მიხედვით, მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ თანამედროვე საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი მაშინ სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში იყო და ბრძოლა მიმდინარეობდა აფხაზურ და სომხურ სამეფოებს შორის.16 აფხაზი ავტორები იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტსაც, რომ აფხაზთა მეფეთა საქმიანობის ამსახველი ეპიგრაფიკული ძეგლები და მათი დაკვეთით შესრულებული წარწერები ქართულ ენაზეა დაცული და არსად არ ახსენებენ რატომ წერდნენ ისინი თავიანთი საქმიანობის შესახებ ქართულად და არა ბერძნულად? მაშინ, როცა ბიზანტიელი მოხელის მიერ მიერ კონსტანტინე III-ისადმი გამოგზავნილი ბულის ბერძნულენოვან წარწერაზე საგანგებოდ ჩერდებიან და ეს ერთადერთი წარწერა აღმოჩნდა „არგუმენტი“ იმის „დასაბუთებისა“, რომ „აფხაზთა“ მეფეები ბერძნულად აწარმოებდენ სამეფო კანცელარიის საქმიანობას.
კონსტანტინე III-ის გეგმებში ალანთა კარის მიმდებარე ქვეყნების დაემორჩილებინაც შედიოდა, რითაც სურდა ქართლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადამავალი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის გზა გაკონტროლება. სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის ცნობით: „ეგრისის მეფე კონსტანტინემ…... შეკრიბა ჯარი და გაემართა ჩრდილოეთის მხრით კავკასიის მთის ხევებით, რათა გუგართა ქვეყანა და ალანთა კარის ახლოს მცხოვრები მოსახლეობა თავის ხელქვეით დაემორჩილებინა“,17 აფხაზთა მეფის ამ განზრახვას, დრასხანაკერტელის ცნობით, წინ აღუდგა სომეხთა მეფე სუმბატ ბაგრატუნი. მართალია, კონსტანტინე III ამ ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ვერც სუმბატმა ვერ შეძლო ალანთა კარის მიმდებარე ტერიტორიის დაკავება, თუმცა ქართლს ოთხი თვის მანძილზე ფლობდა. ჩვენი აზრით, სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო სუმბატ სომეხთა მეფის მიერ ატენის სიონის ფრესკული მოხატულობის განახლება. ცნობილი ფაქტია, რომ სუმბატი გამოსახულების განმარტებითი ქართული წარწერითურთ იქვე არის გამოსახული.18 ატენის სიონში სუმბატის ფრესკული გამოსახულების გვერდით ჩანს მამაკაცი დიდებულის სამოსით, რომელსაც ახლავს დაზიანებული გამოსახულების განმარტებითი წარწერა: „მამაი გიორგი მეფისაი, შემომწირველი ჯუარმეწამულისაი“. აღნიშნული ფრესკა და წარწერა თავის დროზე შ. ამირანაშვილის მიერ მიჩნეული იქნა კონსტანტინე მესამედ, რადგან სუმბატის, მისი ძის, უფლისწულ აშოტისა და კონსტანტინე მესამის ფრესკული გამოსახულებები ერთი და იმავე ეპოქის მხატვრობის ფენად მიიჩნია.19
მომდევნო პერიოდში კონსტანტინე III-ის ფრესკულ გამოსახულებასთან შესრულებული წარწერის „მამა გიორგი მეფისა, შემომწირველი ჯუარმეწამულისა“, საფუძველზე გიორგი მეფე მიჩნეული იქნა გიორგი II საქართველოს მეფედ (1072-1089), ხოლო ფრესკაზე გამოსახული მეფე _ ბაგრატ IV-დ (1027-1072). ჩვენი აზრით, ეს არასწორი უნდა იყოს, რადგან მხატვრობის ეს ფენა (სუმბატის, მისი ძისა და კონსტანტინეს ფრესკები) შ. ამირანაშვილის მიერ დათარიღებული იქნა ერთი და იმავე პერიოდით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ატენის ფრესკულ წარწერის შინაარსი „მამა გიორგი მეფისა“. ანუ გიორგი მეფის მამა. მსგავს ფორმულირებას ქართულ წარწერებში ვერსად ნახავთ, როგორც ჩანს, ამ დროს გიორგი მეფის მამა ცოცხალი უნდა იყოს და ატენის ფრესკული მოხატულობის განახლებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ რატომ არ არის გამოსახული თავად გიორგი მეფე?
ჩვენი აზრით, სწორი იყო შ. ამირანაშვილისეული დასკვნა, რომ ფრესკაზე გამოსახულია კონსტანტინე III. ამ დროს ქართლში გამგებლად ზის კონსტანტინე III-ის უფროსი ვაჟი უფლისწული გიორგი, რომელიც მამის დავალებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხელმძღვანელობდა ატენის განახლებას, შესაბამისად ატენის ფრესკებში მან საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში კონსტანტინე III გარდაიცვალა და გიორგი II (922-957) გამეფდა, შესაბამისად, წარწერის ოსტატმა ფრესკულ წარწერაში გიორგი მეფის მოხსენიება უფრო მართებულად მიიჩნია. მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას ფრესკაზე გამოსახული მეფის წარწერაში მოუხსენიებლობა. ამრიგად, კონსტანტინე III, როგორც ვხედავთ, აქტიურ მონაწილეობას იღებდა, როგორც სამწევრისისა და ერედვის, ასევე ატენის სიონის განახლებაშიც. ალანთა კარის ხელში ჩაგდების გარდა, კონსტანტინე III-ს უფრო შორს მიმავალი მიზნებიც ჰქონდა, რადგან „აფხაზთა“ სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ალანთა გაქრისტიანების საკითხს. ბიზანტიის იმპერია აქტიურად ცდილობდა ოსეთში ქრისტიანობის გავრცელებას, მაგრამ ეს პრობლემა IX-X საუკუნეებამდე კვლავ გადაუჭრელი იყო. მართალია, ოსები ქრისტიანობას ადრიდანვე იცნობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა აქ ფეხს ვერ იკიდებდა.
IX საუკუნიდან ოსების გაქრისტიანება შედარებით წარმატებით წარიმართა.20 ბიზანტიის იმპერიისა და გაძლიერებული „აფხაზთა“ სამეფოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსეთზე გავლენის მოპოვებას. მ. ლორთქიფანიძის აზრით, ბიზანტიის იმპერია და „ეგრის-აფხაზეთი ერთნაირად ცდილობდნენ ოსთა დამორჩილებას და ამ მიზნით, ორივე ქვეყანა იყენებდა იდეოლოგიურ საშუალებას, ქრისტიანულ სარწმუნოებას და ცდილობდა ქრისტიანობის შეტანასა და გავრცელებას ალანებში.21 ჩვენი აზრით, „აფხაზთა“ სამეფოს ალანების და საერთოდ, ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების მიმართ სხვა მიზნები და მისწრაფებები ამოძრავებდა. კერძოდ, ეს უნდა ყოფილიყო „აფხაზთა“ სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრების უსაფრთხოების საკითხი. კონსტანტინე III, სწორედ ამ მიმართულებით წარმართავდა თავის ღონისძიებებს, კერძოდ, მისი მხარდაჭერით ალანთა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაიგზავნა არქიეპისკოპოსი. ეს, რა თქმა უნდა ბიზანტიის ინტერესებშიც შედიოდა, ამიტომ კონსტანტინე მეფის ამ ღონისძიებას, როგორც ჩანს, ბიზანტიის მმართველი წრეები და ბერძენი პატრიარქიც იწონებდა.
ამ ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს ბიზანტიის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის (914-925) წერილები გიორგი II „აფხაზთა“ მეფისადმი, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ ალანებში ქრისტიანობის შეტანის საქმე კონსტანტინე III-ის დროს დაწყებულა. ცნობილია ნიკოლოზ მისტიკოსის სამი წერილი გიორგი II აფხაზთა მეფისადმი. უკანასკნელ ხანს გამოითქვა მოსაზრება რომ ნიკოლოზ მისტიკოსის #51 წერილი კონსტანტინე III-ადმია მიწერილი.22 კერძოდ, ნიკოლოზ მისტიკოსის ამ წერილში აღნიშნავს: „შენ ღვთის ცნების მიხედვით დიდი ამაგი დასდე და განანათლე ალანიის მმართველი და ყველა ისინი, ვინც მასთან ერთად ღირსი გახდა წმინდა ნათლისღებისა“.23 ეს წერილი კონსტანტინე მეფისადმი მიწერილი უნდა იყოს, რადგან აქ ალანთა მთავრის გაქრისტიანების საკითხზეა საუბარი, ხოლო გიორგი II-სადმი მიწერილ წერილში კი ნიკოლოზ მისტიკოსი თხოვს მას გააგრძელოს მამის საქმიანობა, რომელმაც „ალანთა მმართველის გაქრისტიანება შეძლო“. ჩვენი აზრით, აქ აშკარად ჩანს, რომ ნიკოლოზ მისტიკოსი მამა-შვილს სხვადასხვა დროს უგზავნის წერილებს და ეს მოსაზრება გასაზიარებელია. „აფხაზთა“ სამეფოს ინტერესები ალანებისადმი, ჯერ კიდევ მაშინ გამოიკვეთა, როცა კონსტანტინე მეფემ ალანთა კარის შემოერთება გადაწყვიტა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ შეძლო.
როგორც ჩანს ეს ბრძოლა იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც ითვალისწინებდა ჩრდილოეთკავკასიელი ხალხების მხრიდან „აფხაზთა“ სამეფოს საზღვრების უსაფრთხოებას და შესაბამისად, იქ ქრისტიანობის ქადაგებას, რაც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური დასაყრდენი იქნებოდა „აფხაზთა“ სამეფოს მომავალი პოლიტიკური გაფართოებისათვის.
როგორც ვხედავთ, წერილობითი წყაროების ანალიზი საშუალებას გვაძლევს აღვადგონოთ აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ის, ენერგიული და ამბიციური სახელმწიფო მოღვაწის სახე: ქვეყნის გაერთიანებისათვის დაუნდობელი მებრძოლი, მაგრამ სათნოებით აღსავსე, „ოქროთი ხატის მმოსავი“, „ალავერდს მლოცველი წმ. გიორგის წინაშე“ და „შემომწირველი ჯუარმეწამულისა“. სწორედ კონსტანტინე III-ისა და მისი მემკვიდრეების თავდაუზოგავმა ზრუნვამ, მიმართულმა თავიანთი სახელმწიფოს შემდგომი ტერიტორიული განვრცობისა და გაძლიერება-განმტკიცებისაკენ, შექმნა მყარი საფუძველი ქუთაისის ტახტის ეგიდით ერთიანი ქართული სახელმწიფოს წარმოქმნისათვის X-XI საუკუნეების მიჯნაზე.24
შენიშვნები
1. ქართული წარწერების კორპუსი, I. ლაპიდარული წარწერები. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-Xსს.) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1980, გვ. 144.
2. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ. 144.
3. მატიანე ქართლისა. _ ქართლის ცხოვრება ტ. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1955, გვ. 262.
4. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1965, გვ. 109.
5. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, გვ. 109-110.
6. მ. ლორთქიფანიძე, ზ. პაპასქირი. ახალი სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში და მათი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობებში. საშინაო დიპლომატია (IX ს. და X ს-ის I ნახევარი). ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები ტ. I. თბ. 1998. გვ. 194.
7. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, გვ. 110-111; მ. ლორთქიფანიძე, ზ. პაპასქირი. ახალი სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში.... გვ. 194; З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (V-XVII вв), Сухуми, 1959, გვ. 121.
8. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, გვ. 110.
9. მატიანე ქართლისა, გვ. 262.
10. მ. ლორთქიფანიძე, ზ. Pპაპასქირი. ახალი სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში, გვ. 194.
11. მატიანე ქართლისა, გვ. 263.
12. ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ. 171. ლ. ახალაძე, ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“) მეფეთა წარწერები. _ „აფხაზეთი“, საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი, I. თბ., 2004, გვ. 56-57.
13. მატიანე ქართლისა, გვ. 264.
14. ქართული წარწერების კორპუსი, I.., გვ. 222; ლ. ახალაძე, ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“) მეფეთა წარწერები, გვ. 57.
15. О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времен до наших дней. 10-11 классы. Учебник для обшеобразовательных учебных уч- реждений. Сухум, 2006, გვ. 133.
16. აღნიშნულ სასკოლო სახელმძღვანელოში სომხური თემა საერთოდ ძალზე ფართო და მრავალფეროვანია, მაგალითად, კლისურის ციხე სომხებს აუგიათ, კერძოდ, ვინმე თომა სომეხს, ასევე აფხაზეთის მთებში ციბილიუმის კომენდატი VIII საუკუნეში სომეხი ყოფილა, 550წ. პეტრას დამცველთა რიგებში იოანე სომეხიც იყო და ა.შ. ქართლი ან სომხების ხელშია, ან აფხაზების, არსებობდა თუ არა ქართული სამეფო-სამთავროები, არ ჩანს.
17. იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1965, გვ. 109.
18. ქართული წარწერების კორპუსი. ფრესკული წარწერები, I. ატენის სიონი, გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გ. აბრამიშვილმა და ზ. ალექსიძემ. თბ., 1989, გვ. 161.
19. Ш. Я. Амиранашвили. История грузинской монументальной живописи. т. I. Тб, 1957, ტაბულა 82.
20. გ. თოგოშვილი, საქართველო-ოსეთის ურთიერთობის ისტორიიდან. უძველესი დროიდან XIV საუკუნემდე. სტალინირი, 1958, გვ. 108-115.
21. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ქართული სამთავროების წარმოქმნა. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II. თბ., 1973, გვ. 443.
22. Е. К. Аджинджал. Из истории христианства Абхазии. Сухум, 2000, გვ. 89, 91. შდრ. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა. თბ., 2005, გვ. 112-113.
23. ნიკოლოზ მისტიკოსი. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. ტ. IV, ნაკვ. II, თბ., 1952, გვ. 213-214.
24. ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვ ეაფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ., 2004, გვ. 55.

რომის მიერ დას. საქართველოში მეფობის აღდგენა (კ. ფიფია)

ახ. წ. 63 წ. იმპერატორ ნერონის მიერ პოლემონის პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, ისტორიული კოლხეთი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე პოლემონიდთა სამეფოს განუყოფელი ნაწილი იყო, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ მოექცა, მაგრამ რომაელთა ძალაუფლება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მყარი არ აღმოჩნდა. ახ.წ. Iს. ბოლოდან აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების, კოლხეთის ეთნო-ტერიტორიული წარმონაქმნების _ ე.წ. „სკეპტუხიების“ გააქტიურებისა და მათი ცენტრიდანული ტენდენციების გაძლიერების შედეგად რომის მმართველი წრეები იძულებული გახდნენ, ანგარიში გაეწიათ ადგილობრივ ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების პრეტენზიებისათვის და ეცნოთ კოლხეთის ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ერთეულების გარკვეული სუვერენიტეტი1.
ასე რომ, ახ. წ. II ს. დასაწყისიდან ერთ დროს ერთიანი კოლხეთის სახელმწიფოებრივ სივრცეში გაჩნდნენ ახალი ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებები _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების „სამეფო“-ები, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ რომთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ და იმპერიისაგან ფორმალურ დამოუკიდებლობასა და საკუთარ „სამეფო ხელისუფლებასაც“ ღებულობენ.
როდის უნდა მომხდარიყო რომის მიერ აღნიშნულ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულთა ოფიციალური ცნობა, ე. ი. ადგილობრივ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა?
კოლხეთის ტერიტორიაზე ახლადჩამოყალიბებული ცალკეული პოლიტიკური ერთეულების შესახებ პირველხარისხოვანი ცნობები არის შემონახული კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის, ცნობილი ისტორიკოსის ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175წწ.) მიერ 131წ. შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშში _ ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, რომელიც დართული ჰქონია იმპერატორ ადრიანესადმი გაგზავნილ ლათინურ წერილს2. არიანეს ცნობით, უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობის ქვეშ მოქცეული სანების „გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები. მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები _ ძიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან... სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი“.3
აღნიშნულ „სამეფოთა“ წარმოქმნის თარიღს პირველად ს. ჯანაშია შეეხო. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ, არიანეს ცნობით, აფსილების მეფემ ხელისუფლება იმპერატორ ადრიანეს მამისაგან მიიღო. აქ, ცხადია, იგულისხმება ადრიანეს მამობილი და წინამორბედი იმპერატორი ტრაიანე (98-117წწ.). ს. ჯანაშიას აზრით, სხვა სამთავროებიც, რომელნიც გარშემო ერტყნენ აფსილებისას, ამ უკანასკნელზე უფრო ახალგაზრდა არ უნდა ყოფილიყვნენ. ამდენად, არიანეს მიერ დასახელებული პოლიტიკური ერთეულები უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს ახ. წ. I საუკუნის მეორე ნახევრისა4.
ამ „სამეფოთა“ წარმოქმნის თარიღს შეეხო აგრეთვე გ. მელიქიშვილი. მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ, განსხვავებით სხვა „მეფეებისაგან“, არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისგან ჰქონდა მიღებული ძალაუფლება „მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე“ ანქიალეს. მკვლევარის აზრით, ეს განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან შედარებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა და იგი უკვე I ს. შუახანებიდან იწყებს აქტიური როლის შესრულებას კოლხეთისა და მეზობელი რაიონების პოლიტიკურ ცხოვრებაში5.
ჯერ კიდევ პოლემონის პონტოს სამეფოს არსებობის დროს, ახ. წ. 58წ. რომაელთადმი მეგობრულად განწყობილი ჰენიოხები თავს დასხმიან სომხეთს და ამით დახმარება აღმოუჩენიათ რომაელი სარდლის კორბულონისათვის (ტაც., ანნ., XIII, 37). გ. მელიქიშვილის აზრით, ეს სამოკავშირეო ურთიერთობები შემდგომში უფრო უნდა განმტკიცებულიყო: 115 წ. იმპერატორმა ტრაიანემ პართიაზე ლაშქრობის დროს სატალაში საჩუქრები უძღვნა „ჰენიოხებისა და მახელონების მეფე ანხიალს“ (დიო კასს., LXVIII, 19, 2) და როგორც აღნიშნავს მკვლევარი, „უნდა ვიფიქროთ, რომ „მახელონებისა და ჰენიოხების“ ეს ერთგულება რომისადმი მნიშვნელოვანწილად შეპირობებული იყო ძლიერი მეზობლებისაგან (სომხეთი, იბერია) თავდაცვის მიზნით, რომელნიც, უამისოდ, ადვილად მოუღებდნენ მას ბოლოს“.6
ეგების რომსა და „მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს“ შორის ასეთი ურთიერთობის გამო აუცილებელი არ იყო იმპერატორის მიერ „მაკრონ-ჰენიოხების მეფის“ ფორმალური დანიშვნა თუ დამტკიცება7 და რომსა და ამ ერთეულს შორის ურთიერთობა ისეთ გაფორმებას (მმართველის „დანიშვნის“ აქტს) არც საჭიროებდა, როგორსაც ადგილი ჰქონდა ლაზების, აფსილების ან სანიგების სამთავროთა მიმართ8.
ჩვენი აზრით, მაკრონებისა და ჰენიოხების „სამეფოს“ წარმოქმნა უნდა მომხდარიყო სხვა პოლიტიკურ ერთეულთა ჩამოყალიბების თანადროულად. მართალია, მაკრონებისა და ჰენიოხების „სამეფო“ მთელი II ს. მანძილზე გამოდის რომაელთა მოკავშირედ აღმოსავლეთში, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს „სამეფო“ ჩამოყალიბებული ყოფილიყო ახ. წ. 58 წ. და მას დახმარება აღმოეჩინა რომაელებისათვის. ჯერ ერთი, ტაციტუსის „ანალების“ იმ ეპიზოდში, რომელსაც ეყრდნობა გ. მელიქიშვილი, საუბარია რომაელთადმი მეგობრულად განწყობილ ტომზე, რომლებიც თავს დაესხმიან სომხეთს9, მაგრამ ამ ტომის ვინაობის შესახებ ტაციტუსის ცნობა არაზუსტია და ხელნაწერში ისინი „ინსოხი“-ებად მოიხსენებიან. ამ „ინსოხი“-ებს კი გ. მელიქიშვილი „ჰენიოხებად“ ასწორებს, ხოლო მკვლევართა ნაწილი მას „მოსხებად“ მიიჩნევს10, რაც, ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნოა, რადგანაც, როგორც აღნიშნავს ნ. ლომოური, ტაციტუსის თხზულების მოცემულ კონტექსტში საუბარია იბერიის მეფის ფარსმან I-ის სურვილზე, დაუმტკიცოს რომაელებს თავისი ერთგულება. ამდენად, უფრო მართებული ჩანს ამ ტომის „მოსხებად“ მიჩნევა11. ყოველ შემთხვევაში, ტაციტუსის ეს ცნობა ძნელია მივიჩნიოთ ამ პერიოდში მაკრონ-ჰენიოხთა „სამეფოს“ დამოუკიდებლად არსებობის კონკრეტულ მოწმობად12.
გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკური ერთეულებიდან მაკრონ-ჰენიოხების „სამეფოს“ სხვებთან შედარებით უფრო ადრე ჩამოყალიბება ნაკლებად სავარაუდოა იმის გამოც, რომ პოლემონიდთა სამეფოს არსებობის პერიოდში, პონტოელთა ძალაუფლება რეგიონში საკმაოდ ძლიერი და სტაბილური იყო, ხოლო მაკრონ-ჰენიოხების ტერიტორია კოლხეთის ტერიტორიულ-ტომობრივი ერთეულებიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობდა და უშუალოდ ესაზღვრებოდა პოლემონიდთა სამეფოს ცენტრალურ რაიონებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ არიანე არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვისგან მიიღო ხელისუფლება მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე ანქიალემ, შეიძლება იმით აიხსნას, რომ რომში კარგად იცნობდნენ ამ მეფეს, ის აქტიურად ეხმარებოდა რომაელებს ჯერ კიდევ ტრაიანეს დროს, ამიტომ არიანემ ზედმეტად მიიჩნია ადრიანესათვის შეეხსენებინა, თუ ვის მიერ იყო მეფედ დანიშნული ანქიალე13.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არიანეს ცნობით, ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეებმა“ ძალაუფლება მიიღეს ადრიანესაგან (117-138წწ.), ხოლო აფსილების მმართველმა იულიანემ _ წინამორბედ იმპერატორ ტრაიანესაგან. ამ ფაქტთან ერთად გ. მელიქიშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ განსხვავებით ლაზების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეთა“ სახელებისაგან, რომელნიც ადგილობრივ იერს ატარებენ, აფსილთა მეფის სახელი (იულიანე) აშკარად რომაულია. ამის საფუძველზე გ. მელიქიშვილი ვარაუდობს, რომ აფსილები უფრო ადრე დაადგნენ რომაული ორიენტაციის გზას და „მეფედ“ დამტკიცების პრაქტიკა დამკვიდრდა აფსილების მიმართ შედარებით ადრე _ ტრაიანეს მმართველობის დროს, ხოლო დანარჩენთა მიმართ _ ადრიანეს ხანაში14. თუმცა მკვლევარი დასაშვებად მიიჩნევს იმასაც, რომ ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეთა“ წინამორბედებსაც ძალაუფლება მიეღოთ ტრაიანესაგან ან რომელიმე სხვა იმპერატორისაგან15.
კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბების დროის საკითხს შეეხო ნ. ლომოური, რომლის აზრით, ამ „სამეფოთა“ წარმოქმნის პოსტ გუემ ნონ თარიღად ახ. წ. I ს. დასასრული უნდა მივიჩნიოთ16.
რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ცალკეულ ეთნიკურ გაერთიანებათა მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის თარიღის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა მ. მაქსიმოვამ. მისი შეხედულებით, არიანეს მიერ დასახელებული თითქმის ყველა მეფე ადრიანეს მიერ იყო დანიშნული და მათი დამტკიცება უნდა მომხდარიყო იმპერატორის აღმოსავლეთის პროვინციებში მოგზაურობის დროს, როდესაც 131წ. ის ეწვია ტრაპეზუნტს და შესაძლოა სებასტოპოლისსაც17.
ამ პრობლემაზე თავის მსჯელობას მ. მაქსიმოვა აგებდა გერმანელ მეცნიერთა (j. Dürr და w. weber) ნაშრომებზე18, რომელთა გაცნობის საშუალება ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა. ამდენად, ძნელია იმის თქმა, თუ რა არგუმენტები მოჰყავთ აღნიშნულ მკვლევარებს ადრიანეს ტრაპეზუნტში ყოფნის 131 წლით დათარიღებისას და მისი სებასტოპოლისში სტუმრობის დასამტკიცებლად. საერთოდ, ადრიანეს აღმოსავლეთში მოგზაურობის მარშრუტი და ქრონოლოგია არ არის ბოლომდე დაზუსტებული19, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმპერატორ ადრიანეს სებასტოპოლისში ვიზიტის შესახებ წყაროებში არავითარი მინიშნება არ არის. ამასთან, ადრიანეს სებასტოპოლისში ყოფნა შეუძლებელია არ ასახულიყო არიანეს „პერიპლუსში“. ასე რომ, მოსაზრებას ადრიანეს სებასტოპოლისში ჩასვლის შესახებ რეალური საფუძველი არ უნდა გააჩნდეს, განსხვავებით ტრაპეზუნტისაგან, სადაც ადრიანეს სტუმრობა ეჭვს არ იწვევს. ასევე ვერ დავეთანხმებით ამ ვიზიტის 131 წლით დათარიღებას, რადგანაც არიანეს „პერიპლუსიდან“ აშკარად ჩანს, რომ ადრიანე ტრაპეზუნტს 131 წ.-მდე, ე. ი. არიანეს მიერ ჩატარებულ საინსპექციო მოგზაურობამდე სწვევია20. თანაც თუ გავიზიარებთ მ. მაქსიმოვას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცება უნდა მომხდარიყო ადრიანეს ტრაპეზუნტში ყოფნის დროს, მაშინ ფლავიუს არიანეს იმავე წელს არ უნდა დასჭირვებოდა, შეეხსენებინა იმპერატორისათვის, თუ ვის მიერ იყო დანიშნული ეს „მეფეები“. აშკარაა, რომ მ. მაქსიმოვას ზემოთმოტანილ მსჯელობაში დარღვეულია მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. მკვლევარი არიანეს მოგზაურობის თარიღადაც, რომელსაც, როგორც ცნობილია, ადგილი ჰქონდა 131 წ., შეცდომით მიიჩნევს 134 წ.21 მიუხედავად მ. მაქსიმოვას მიერ დაშვებული ფაქტობრივი შეცდომებისა, ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ იმპერატორს რომის აღმოსავლეთის პროვინციებში ყოფნის დროს „სამეფო ხელისუფლება“ გადაეცა კოლხეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ზოგიერთი პოლიტიკური ერთეულის მმართველისათვის. ჩვენ ამ ფაქტს დაწვრილებით ქვემოთ განვიხილავთ. ახლა კი გვინდა, კვლავ დავუბრუნდეთ ზემოთმოტანილ ზოგიერთ მოსაზრებას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არიანეს ცნობებზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, რომ ლაზების, აბასგებისა და სანიგების „მეფეთა“ წინამორბედებსაც შესაძლებელია თავისი ძალაუფლება ტრაიანესაგან ან უფრო ადრე, სხვა იმპერატორისაგან მიეღოთ22. მაგრამ ტრაიანეს მმართველობამდე არც ერთ წყაროში მინიშნებაც არ არის კოლხეთის ტერიტორიაზე „სამეფო“ ხელისუფლების არსებობაზე, ტრაიანეს დროიდან კი დასახელებულ „მეფეებს“ ერთბაშად რამდენიმე ავტორი აფიქსირებს (არიანე, დიონ კასიოსი, ევტროპიუსი), თანაც დომიციანეს (81-96წწ.) მმართველობის პერიოდში, მართალია, რომის გავლენა კოლხეთზე ძალიან შესუსტდა და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა23, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროს დაიშალა ე.წ. „კაპადოკიური კომპლექსი“ და კოლხეთი ოფიციალურად შეყვანილ იქნა პროვინცია კაპადოკიის შემადგენლობაში24. დომიციანეს შემდგომ, იმპერატორ ნერვას (96-98წწ.) ხანმოკლე მმართველობისას აღმოსავლეთში არავითარი ცვლილება არ მომხდარა და, ამდენად, რომის მიერ კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა ტრაიანეს მმართველობამდე გამორიცხულია.
გარდა ამისა, ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ „სამეფო ხელისუფლება“ ყველაზე ადრე აფსილთა გაერთიანების მეთაურს მოუპოვებია და რომ იმპერიის მიერ „მეფედ დამტკიცების“ პრაქტიკა დამკვიდრდა აფსილების მიმართ შედარებით ადრე _ ტრაიანეს მმართველობის დროს, ხოლო დანარჩენთა მიმართ _ ადრიანეს ხანაში25. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო“ ხელისუფლების გადაცემა უნდა ყოფილიყო ერთდროული აქტი და იგი უნდა განხორციელებულიყო ტრაიანეს მიერ რეგიონში წარმოქმნილი გაერთიანებებიდან თუ ყველას არა, რამდენიმეს მიმართ მაინც ერთდროულად. ყოველ შემთხვევაში, მაკრონ-ჰენიოხებისა და ლაზების გაერთიანებების მიმართ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მაკრონ-ჰენიოხების შესახებ ჩვენ გაგვაჩნია დიონ კასიოსის ზემოთ ერთხელ უკვე აღნიშნული ცნობა, რომლის თანახმადაც 114-115წწ. ტრაიანეს აღმოსავლეთში ლაშქრობისას მათ უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“ ანქიალე, რომელიც აქტიურ დახმარებას უწევს რომაელებს და იმპერატორისაგან საჩუქრებსაც იღებს26. ანქიალე „მეფედ“ სწორედ ტრაიანეს მიერ იქნებოდა დამტკიცებული, რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტრაიანეს მმართველობამდე აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ოფიციალური ცნობა რომის მიერ გამორიცხულია.
გარდა ამისა, ჩვენთვის ძალზე საყურადღებოა ცნობა არის დაცული IV ს. ისტორიკოს ევტროპიუსთან. ამ ცნობის თანახმად, 114-115წწ. ტრაიანემ „სომხეთი, რომელიც დაკავებული ჰქონდათ პართელებს, გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მოკლა მისი მმართველი პართამასირისი, ალბანელებს მისცა მეფე, ხოლო იბერების, სავრომატების, ბოსფორელების, არაბების, ოსდროენებისა და კოლხების მეფეები ქვეშევრდომობაში მიიღო“.27 ასე რომ, ევტროპიუსის ცნობით, ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის კონტექსტში 115წ. ამბებში სხვა მეფეთა შორის იხსენიება „კოლხების მეფე“. ისტორიულ-რეალურად ვინ უნდა ყოფილიყო ეს „კოლხების მეფე“? თვითონ კოლხების პატარა ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც ამ დროისათვის უკვე დაკარგული ჰქონდა ძველი დიდება და ეთნო-პოლიტიკური მნიშვნელობა, მოსახლეობდა ტრაპეზუნტის მახლობლად28. მათ სამეფო ხელისუფლება არ გააჩნდათ და ისინი უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი29.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში „სამეფო ხელისუფლება“ ტრაიანეს დროს წყაროთა პირდაპირი მოწმობით, როგორც ვნახეთ, მიღებული ჰქონდათ მაკრონ-ჰენიოხებსა და აფსილების მმართველებს. მაგრამ ევტროპიუსისეულ „კოლხების მეფეში“ არ შეიძლება რომელიმე მათგანი იგულისხმებოდეს. მაკრონ-ჰენიოხების გაერთიანება რომაელების ერთგული მოკავშირე და „რომაული წესრიგის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო აღმოსავლეთში და ის ამ პერიოდის რომაელ ავტორთათვის კარგად იყო ცნობილი. ამდენად, გამორიცხულია, რომ ევტროპიუსს მაკრონ-ჰენიოხების „მეფე“ „კოლხების მეფედ“ მოეხსენიებინა.
ასევე ძალზე ძნელია, ტრაიანეს მოკავშირე „კოლხების მეფედ“ აფსილთა გაერთიანების მეთაურის მიჩნევა. მართალია, აფსილები მოსახლეობდნენ ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე და მათ ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, მაგრამ, ჯერ ერთი, ისინი არც ერთ წყაროში არ გამოდიან კოლხების სახელით და მეორეც, საეჭვოა, რომ აფსილების „სამეფოს“, რომელიც ყველაზე სუსტი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიულ-ეთნიკური გაერთიანებათა შორის30, ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაეწია ტრაიანესათვის*, რომ იგი ევტროპიუსს თავის ძალზე ლაკონურ და სწორხაზოვან, რომის საგარეო პოლიტიკის შესახებ მოკლე, საცნობარო ხასიათის ნაშრომში _ ე.წ. „ბრევიარიებში“ დაეფიქსირებინა31.

* ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ევტროპიუსის ამ ერთ ლაკონურ ფრაზაში გაერთიანებულია ყველა, ვინც ეხმარებოდა ტრაიანეს პართელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. _ იხ.: Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 185.

ევტროპიუსის „კოლხების მეფე“ რეალურ-ისტორიულად ლაზების „მეფე“ უნდა იყოს, რადგანაც ლაზები გვიანანტიკურ მწერლობაში კოლხების მემკვიდრეებად არიან მიჩნეული და ტერმინი „კოლხიდა“ და „ლაზიკა“ ერთმანეთის იდენტურია32. ასე რომ, ევტროპიუსის მიერ ლაზთა „მეფის“ „კოლხების მეფედ“ მოხსენიება უფრო ძველი ტრადიციის ინერციით გაგრძელებას წარმოადგენს, ვიდრე II ს. დასაწყისში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რეალურად შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის ასახვას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ევტროპიუსის ამ ცნობაში ზედაპირულად აირეკლა კოლხეთის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი _ „კოლხების მეფის“, ე.ი. რეალურად ლაზების „მეფისა“ და ახალი პოლიტიკური გაერთიანების _ ლაზების „სამეფოს“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა. ასე რომ, ევტროპიუსის ცნობის თანახმად, 115 წ., ე. ი. იმპერატორ ადრიანეს მიერ ლაზების „მეფე“ მალასასათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამდეც, ლაზებს ჰყავდათ ტრაიანეს მიერ დამტკიცებული „მეფე“, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოგვინახა.
ამრიგად, ახ. წ. IIს. დასაწყისში, ტრაიანეს მმართველობის ეპოქაში, ანტიკური წყაროები აფიქსირებენ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების „მეფეებს“, რომლებსაც „სამეფო ხელისუფლება“ სწორედ ხსენებული იმპერატორისაგან ჰქონდათ მიღებული. კონკრეტულად რომელ წლებში უნდა მომხდარიყო ტრაიანეს მიერ აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების ცნობა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა? როგორც ვნახეთ, 114-115 წწ. კოლხეთი ევტროპიუსის ცნობაში რომის მოკავშირე სხვა სამეფოებთან ერთნაირ კონტექსტში იხსენიება და ამ დროისათვის კოლხებს (ე. ი. რეალურ-ისტორიულად ლაზებს) უკვე ჰყავთ საკუთარი „მეფე“, რომელსაც ტრაიანე სხვა მეფეებთან ერთად ღებულობს ქვეშევრდომობაში.** 

** ევტროპიუსის ამ ცნობის თითქმის იდენტურია ასევე IV ს. ავტორის ფესტუსის ცნობა: „ტრაიანემ წაართვა პართელებს სომხეთი... ალბანელებს მისცა მეფე, იბერები, ბოსფორელები და კოლხები კი რომაელთა ქვეშევრდომობაში მიიღო“ (Fესტ., XX; В. В. Латышев. Известия.., გვ. 281.). როგორც ვხედავთ, ფესტუსის ეს ცნობა ევტროპიუსის ცნობის თითქმის ანალოგიურია, თუმცა აქ არ არის დაფიქსირებული კოლხების „მეფე“, მაგრამ ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც „კოლხების რომაელთა ქვეშევრდომობაში მიღება“ და მათი იბერების, ბოსფორელებისა და ალბანელების გვერდით დასახელება, ჩვენი აზრით, აშკარად მიუთითებს, რომ კოლხები უკვე აღარ ემორჩილებიან უშუალოდ რომის პროვინციულ მმართველობას და რომ მათაც საკუთარი „მეფე“ ჰყავთ, რაც უფრო ზუსტად არის დაფიქსირებული ევტროპიუსის მიერ, როდესაც ის საუბრობს „კოლხების მეფის“ რომის ქვეშევრდომობაში მიღებაზე.

ამდენად, 114-115 წწ. ლაზების მმართველისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა უკვე მომხდარი ფაქტია. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა მმართველებს „სამეფო ხელისუფლება“ რომ 114 წლამდე ჰქონდათ მიღებული, მოწმობს ისიც, რომ როცა პართია-სომხეთზე სალაშქროდ მიმავალ ტრაიანესთან ქ. სატალაში გამოცხადდა მაკრონ-ჰენიოხთა გაერთიანების მეთაური ანქიალე, იგი უკვე ფლობდა „მეფის“ ტიტულს33. ასე რომ, ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულთა ოფიციალურ ცნობას და მათი მმართველების „მეფედ“ დანიშვნა-დამტკიცებას ადგილი უნდა ჰქონოდა 114 წლამდე, დიდი აღმოსავლური ლაშქრობის დაწყებამდე.
კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა მმართველებისათვის იმპერიის მიერ „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის კონკრეტული თარიღის დადგენა, ჩვენი აზრით, შესაძლებელი ხდება იმ დროს რომაულ აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის გაანალიზების შედეგად. როგორც ცნობილია, რომის სახელმწიფოს სათავეში ტრაიანეს მოსვლისთანავე ძირითადი ყურადღება და იმპერიის ექსპანსიონისტური მისწრაფებები გადატანილ იქნა დუნაის საზღვარზე, სადაც რომაელებმა დაკიის სამეფოს წინააღმდეგ 101-102 და 105-106 წწ. გადაიხადეს სისხლისმღვრელი ომები34. ამ პერიოდში ტრაიანე მთლიანად დაკავებული იყო იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების დაცვით და რომაული აღმოსავლეთის, მით უმეტეს, კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა სტატუსის საკითხისათვის მას ნამდვილად არ ეცალა. მართლაც, თავისი მმართველობის პირველ წლებში ტრაიანეს არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია აღმოსავლეთთან ურთიერთობაში35, თუ არ ჩავთვლით რომაელთა მიერ 100 წ. ვასალური იუდეის სამეფოს36, ხოლო 106 წ. არაბეთში, ბოსტრასა და პეტრას რაიონებში არსებული ასევე რომზე დამოკიდებული ნაბატეელთა სამეფოს ლიკვიდაციას37. ამ უკანასკნელი ფაქტიდან გამომდინარე კი ტრაიანესა და მის გარემოცვას თუნდაც რომ მიექცია ყურადღება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საკითხისათვის, საეჭვოა, რომ ამ ეტაპზე, ე. ი. აღმოსავლეთში რომზე დამოკიდებული სამეფოების გაუქმებისა და მათი ანექსიის პირობებში, მოეხდინა, მართალია, არც თუ ისე მორჩილი, მაგრამ ოფიციალურად მაინც რომის პროვინციულ სისტემაში ჩართული კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკური გაერთიანებების გარკვეული დამოუკიდებლობის ცნობა და ამ პოლიტიკურ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, IIს. დასაწყისში რომაულ სამყაროში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ანტიკური წყაროების მონაცემების გაანალიზების შედეგად შესაძლებელი ხდება ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ტერიტორიულ ერთეულთა მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის როგორც ქვედა, ასევე ზედა ქრონოლოგიური ზღვარის დადგენა და ეს წლებია შესაბამისად 106 და 114 წწ. სწორედ ამ წლებს შორის უნდა მომხდარიყო რომის მიერ კოლხეთის ტერიტორიულ-ეთნიკურ გაერთიანებათა გარკვეული დამოუკიდებლობის აღიარება და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა. 106 წლიდან იწყება რომის საგარეო პოლიტიკის რადიკალური შემობრუნება აღმოსავლეთის საკითხისაკენ და 106-114წწ. შორის ტრაიანეს მიერ აღმოსავლეში გატარებული პოლიტიკურ-სტრატეგიული ღონისძიებები, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ ერთ დამატებით საბუთს წარმოადგენს ჩვენს მიერ გამოთქმული თვალსაზრისის სასარგებლოდ. ამასთან, 106 წლიდან 114 წლამდე აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განხილვა საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დაკონკრეტდეს ჩვენთვის საინტერესო პოლიტიკური აქტის თარიღი.
106 წ. შემდეგ, დუნაისპირეთიდან რომში ტრიუმფალური გამარჯვებით დაბრუნებისთანავე, ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის _ პართიის სამეფოს დამხობასა და აზიაში რომსა და პართიას შორის პერმანენტული დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას. ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა პართიასთან ომისათვის, ყურადღებით აანალიზებდა მომავალი ოპერაციის როგორც სამხედრო-ტექნიკურ მხარეს, ასევე მორალურ-პოლიტიკურ სიტუაციასაც არა მარტო მოწინააღმდეგის ქვეყანაში, არამედ იმპერიის აღმოსავლური პროვინციების მოსახლეობაშიც38. ტრაიანე და მისი გარემოცვა ხანგრძლივი დროის მანძილზე ემზადებოდა პართია-სომხეთში შესაჭრელად, ისინი გულდასმით სწავლობდნენ პართიის საზღვრებთან შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. ტრაიანეს კავშირი ჰქონდა პართიის აღმოსავლეთის მეზობელ და მეტოქე ქუშანის სამეფოსთან, გათვალისწინებული ჰქონდა პართიის ჩრდილოეთის საზღვრების დაუცველობა ალანთა მუდმივმოქმედი საფრთხის წინაშე39. დიდი სამუშაოები ჩატარდა მომავალი სამხედრო ასპარეზის მარჯვენა ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც. რომაელებმა დიდ სამხედრო ბანაკები ააგეს ბოსტრასა და დანავეში (პალმირასა და დამასკოს შორის), აშენებულ იქნა ახალი კასტელუმები, გაიყვანეს სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულების გზები40.
მომავალი ფართომასშტაბიანი ომისათვის ასეთი საფუძვლიანი მომზადების პირობებში ტრაიანეს გამორიცხულია, არ გაეთვალისწინებინა რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, რომელსაც დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა სომხეთის მიმართ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს არა მარტო ამ პერიოდში, არამედ მისი რომთან ურთიერთობის დაწყების დროიდანვე სრულიად განსაზღვრული ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში, როგორც უსაფრთხო ზურგსა და ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სწორედ პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დომიციანეს დროიდან კოლხეთზე რომის გავლენა ფაქტობრივად დაკარგული იყო და იგი აქ მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კოლხეთის რომის გავლენის სფეროში დაბრუნების შემდეგ კი ტრაიანეს, საჭიროების დროს, შეეძლო აქედანაც განეხორციელებინა სამხედრო ღონისძიებანი სომხეთის წინააღმდეგ და ასეთ შემთხვევაში სომხეთი აღმოჩნდებოდა თითქმის ყველა მიმართულებიდან: დასავლეთიდან _ კაპადოკიის, სამხრეთ-დასავლეთიდან _ ჩრდილოეთ სირიის, ხოლო ჩრდილოეთიდან _ კოლხეთის მხრიდან რომაული ჯარების დარტყმების საშიშროების წინაშე. სწორედ მომავალი საომარი ასპარეზისათვის ჩრდილოეთის ფლანგების გამაგრების და ახალი დამხმარე ძალების მოზიდვის მცდელობად მიგვაჩნია ჩვენ ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ-ტომობრივ ერთეულთა მმართველებთან ახალი, სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარება და მათთვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა.
ამრიგად, დიდი აღმოსავლური კამპანიის მზადების პერიოდში, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის დეტალურად გაანალიზებისა და მომავალი ოპერაციებისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით, დიდი სამხედრო-საკომუნიკაციო ღონისძიებების გატარების დროს ტრაიანემ, გაითვალისწინა რა ისიც, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთზე იმპერიის კონტროლი ფაქტობრივად დაკარგული იყო, შეეცადა ამ რეგიონის კვლავ რომის გავლენის სფეროში დაბრუნებას. კოლხეთის პოლიტიკურ-ეთნიკურ ერთეულთა მმართველების მიმხრობის მიზნით ტრაიანემ გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და ამ ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს _ „სამეფო ხელისუფლება“, რითაც უზრუნველყო პართიასთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა.
ტრაიანეს მიერ ხელდასმულ და რომაული გარნიზონებით ზურგგამაგრებულ „მეფეს“ უკეთ შეეძლო სამოკავშირეო დამხმარე ჯარებისათვის კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და, ამდენად, უფრო ქმედითი სამხედრო დახმარების გაწევა. როგორც შემდგომმა მოვლენებმა გვიჩვენა, ტრაიანეს ამ ნაბიჯმა გაამართლა კიდეც და 114-115წწ. მას აქტიურ დახმარებას უწევენ მაკრონ-ჰენიოხებისა41 და ლაზების „მეფეები“42. რაც შეეხება ტრაიანეს მიერ აღნიშნული ეთნიკური გაერთიანებების მეთაურებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროს, ჩვენი აზრით, ამ აქციას ადგილი უნდა ჰქონოდა ტრაიანეს მიერ აღმოსავლური კამპანიისათვის მზადების საწყის ეტაპზევე. როგორც ცნობილია, ტრაიანემ, რომელიც საფუძვლიანად ემზადებოდა მომავალი გრანდიოზული ომებისათვის, 108 წ. პირადად იმოგზაურა აღმოსავლეთის პროვინციებში, რათა ადგილზე გაცნობოდა იქ შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას43. სავარაუდოა, რომ ამავე წელს, ტრაიანეს აღმოსავლეთში ყოფნის დროს მომხდარიყო მის მიერ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და აფსილების ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცება თუ დანიშვნა. შედარებით უფრო ძნელია მსჯელობა აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებათა შესახებ. როგორც ზემოთ ვნახეთ, არიანეს ცნობით, მათ „მეფეებს“ _ რესმაგასა და სპადაგას ძალაუფლება ადრიანესაგან ჰქონდათ მიღებული44, მაგრამ, მოვლენათა განვითარების საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ამ „მეფეთა“ წინამორბედებსაც თავისი ხელისუფლება ასევე ტრაიანესაგან მიეღოთ, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ტრაიანეს 108 წ. ნაკლები ყურადღება მიექცია კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებული აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებებისათვის, რამდენადაც მათი ტერიტორია უფრო მოშორებული იყო მოვლენათა ერთ-ერთ ძირითად ეპიცენტრს _ სომხეთს და, აქედან გამომდინარე, ამ გაერთიანებათა მეთაურების „მეფედ“ დამტკიცების პრაქტიკა მოგვიანებით, ადრიანეს დროიდან დაწესებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია, ადრიანეს დროს ხდება კოლხეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ერთბაშად სამი მმართველის „მეფედ“ დამტკიცება. ლაზების, აბაზგებისა და სანიგების „მეფეთათვის“ ძალაუფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო იმპერატორ ადრიანეს მცირე აზიაში მოგზაურობის დროს, როგორც ამას მიიჩნევს მ. მაქსიმოვა, თუმცა მისი მოსაზრების ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი ანალიზის შემდეგ ამ აქციის თარიღად ვერ მივიჩნევთ 131 წ. და მას ვერ დავუკავშირებთ იმპერატორის ტრაპეზუნტში ვიზიტს. ჩვენი აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ აღნიშნულ მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემა მომხდარიყო 129 წელს.
ადრიანეს ბიოგრაფის ელიუს სპარტიანეს ცნობით, კაპადოკიაში ყოფნისას იმპერატორმა „მეგობრულ შეხვედრაზე მოიწვია ადგილობრივი მმართველები და მეფეები. მოწვეულ იქნა პართიის მეფე ხოსროც, დაუბრუნა მას ქალიშვილი და შეჰპირდა წართმეული ტახტის უკან დაბრუნებას. როცა მასთან გამოცხადდა ზოგიერთი მეფე, მათ ისე მოექცა, რომ იმათ, ვინც არ ისურვა მასთან მისვლა, სანანებელი გაუხდათ“.45
ჩვენი აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ამ „ადგილობრივ მმართველებში და მეფეებში“ ლაზების, აბაზგებისა და სანიგების ეთნიკურ გაერთიანებათა მეთაურებიც იგულისხმებოდნენ და, შესაძლებელია, რომ ადრიანეს მიერ სწორედ კაპადოკიაში*** 129წ. მოწვეული კრების46 დროს მომხდარიყო აღნიშნულ მმართველთა „მეფედ“ დამტკიცება. შესაძლებელია, რომ ტრაიანეს მიერ შემოღებული „მეფედ“ დამტკიცების წესი აბასგთა და სანიგთა გაერთიანებების მიმართ პირველად ამ დროს გავრცელებულიყო, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ, ისევე როგორც ლაზების „მეფე“ მალასას, მათაც ძალაუფლება მიეღოთ წინამორბედი „მეფის“ ჩვენთვის უცნობი მიზეზით შეცვლის შემდეგ.

*** ადრიანეს მიერ კაპადოკიაში მოწვეული აღმოსავლეთის ქვეყნების მმართველების შეხვედრის და კრების ჩატარების ზუსტი ადგილი არ არის ცნობილი. მკვლევართა ნაწილის აზრით, ეს შეკრება უნდა ჩატარებულიყო სატალაში (D. Mაგიე. ღომან ღულე ინ Aზია Mინორ, Pრინცეტონ, 1950, ვოლ. I, გვ. 621; A. B. Bოსწორტჰ. Aრრიან ანდ ტჰე Aლანი, – Hარწარდ შტუდიეს ინ ჩლასსიცალ Pჰილოლოგყ, 1977, 81, გვ. 228.), სხვების აზრით კი _ სამოსატაში (იხ. D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, გვ. 211-212.). იქვე იხ. სათანადო ლიტერატურა.

ამრიგად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული ეთნო-პოლიტიკური გაერთიანებების რომის მიერ ოფიციალური ცნობისა და მათი მმართველებისათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის კონკრეტულ თარიღებად შეიძლება მიჩნეულ იქნას 108 და 129 წლები. 108 წ. ადგილი უნდა ჰქონოდა ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თუ ყველა არა, ყოველ შემთხვევაში, მაკრონ-ჰენიოხებისა, ლაზებისა და აფსილების ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა ცნობას და მათი მმართველების „მეფედ“ დამტკიცებას, ხოლო რაც შეეხება აბასგებისა და სანიგების გაერთიანებებს, იმპერიის მიერ მათი ოფიციალური აღიარება უნდა მომხდარიყო თუ იმავე 108 წ. არა, 129წ. მაინც, როცა, ჩვენი აზრით, იმპერატორმა ადრიანემ, ლაზთა ახალ „მეფე“ მალასასთან ერთად, „სამეფო ხელისუფლება“ გადასცა აბასგთა და სანიგთა მმართველებს _ რესმაგასა და სპადაგას. რომაელ იმპერატორთა მიერ კოლხეთის ეთნოპოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემამ საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ „სამეფო“-სამთავროებს და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომზე დამოკიდებულების ახალ პოლიტიკურ ფორმას _ ვასალურ-სამოკავშირეო ურთიერთობას, რომელმაც დიდი გავლენა იქონია დასავლეთ საქართველოს შემდგომ ისტორიულ განვითარებაზე.
შენიშვნები
1. კოლხეთის ტერიტორიაზე ახალი პოლიტიკური ერთეულების წარმოქმნის მიზეზების შესახებ დაწვრ. იხ.: ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968, გვ. 12-24; მისივე, იბერია და კოლხეთი ახ. წ. I-II საუკუნეების საერთაშორისო ურთიერთობებში, _ „ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები“, I, თბ., 1998, გვ. 60-62; მისივე, დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ. წ. II-III საუკუნეებში, _ ქართული დიპლომატია, „წელიწდეული“, 6, 1999, გვ. 74-75. იქვე იხ. პრობლემის ირგვლივ არსებული ლიტერატურა.
2. ფლავიუს არიანესა და მისი თხზულების შესახებ იხ.: მ. ინაძე. ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისათვის (ფლავიუს არიანე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ), სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერი), თბ., 1953; ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, _ თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნათელა კეჭაყმაძისა, თბ., 1961; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, _ ძველი ბერძნულიდან
თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1983, გვ. 94-116, 153-160.
3. Aრრ., PPE, §11. ქართული თარგმანი მოყვანილია ნ. კეჭაღმაძის აღნიშნული გამოცემის მიხედვით: ფლავიუს არიანე. მოგზაურობა.., გვ. 42-43.
4. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, _ შრომები, ტ. I, თბ., 1949, გვ. 210; მისივე, ეგრისის სამეფოს წარმოშობა, _ შრომები, ტ. II, თბ., 1952, გვ. 310-311.
5. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии, Тб., 1959, გვ. 367, 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის მოსახლეობა ახ. წ. პირველ საუკუნეებში. ლაზთა სამეფოს წარმოქმნა და განმტკიცება, _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970, გვ. 541, 546.
6. გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
7. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372.
8. გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
9. თაც., Aნნ., XIII, 37.
10. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 350; В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе, Вестник древней истории, 1949, №3, გვ. 219; ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ, _ ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ა. გამყრელიძემ, თბ., 1973, გვ. 87; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981, გვ. 225-226.
11. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 226.
12. იქვე, გვ. 227.
13. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 227.
14. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
15. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372.
16. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 12.
17. М. И. Максимова. Античные города юго-восточного Причерноморья, М.-Л., 1956, გვ. 405.
18. იქვე, შენ. 5.
19. D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, – “Kლიო”, ვოლ. 73, 1991, #1, გვ. 211-215.
20. Aრრ., PPE, 1.
21. М. И. Максимова. Античные города.., გვ. 405.
22. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 12.
23. М. П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии), автореферат диссертации, Тб., 1953, გვ. 13-14.
24. О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72гг.), Вестник древней истории, 1955, #2, გვ. 69-71; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 538.
25. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
26. Dიო ჩასს., LXVIII, 19, 2; დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, _ ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა, თბ., 1966, გვ. 82.
27. Eუტრ., Bრევ., VIII, 3; В. В. Латышев. Известия.., გვ. 281.
28. Aრრ., PPE., 11.
29. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 7.
30. Г. А. Меликишвили. К истории.., გვ. 372; გ. მელიქიშვილი. ისტორიული კოლხეთის.., გვ. 546.
31. ევტროპიუსისა და მისი თხზულების შესახებ იხ.: В. С. Дуров. Художественная историография древнего Рима, СПб., 1993, გვ. 119; ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები, თბ., 1998, გვ. 276-278
32. ნ. ლომოური. საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში, _ კრ. „საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია“, თბ., 1993, გვ. 73-78.
33. Dიო kასს.., LXVIII, 19, 2.
34. И. Т. Кругликова. Дакия в эпоху римской оккупации, М., 1955, გვ. 64-72; Т. Д. Златковская. Мёзия в I и IIвв. н. э., М., 1951, გვ. 71-84; Н. А. Чаплыгина. Римляне на Дунае (I-III века н. э.), Кишинев, 1990, გვ. 42-53.
35. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 359.
36. იქვე, გვ. 359, 428, 453, 482; თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ, ვოლ. XI, ჩამბრ., 1954, გვ. 237.
37. Т. Моммзен. История Рима, V, М., 1949, გვ. 359, 428; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, М., 1966, გვ. 230-231.
38. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 227.
39. იქვე, გვ. 225-226, 233.
40. იქვე, გვ. 231-234.
41. Dიო ჩასს., LXVIII, 19, 2.
42. Eუტრ., VIII, 3; Fესტ., XX. ევტროპიუსისა და ფესტუსის ამ ცნობებში ტრაიანეს მოკავშირეთა შორის (იხ.: Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 185.), როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასახელებულია „კოლხების“, ე. ი. რეალურად ლაზების „მეფე“.
43. თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ, ვოლ. XI, გვ. 241, შენ. 2; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 232-233.
44. Aრრ., PPE, 11.
45. Eლ. შპარტ., Hადრ., 13; Авторы жизнеописаний Августов, – перевод С. П. Кондратьева, под редакцией А. И. Доватура, Вестник древней истории, 1957, №1, გვ. 263.
46 G. Kერლერ. Dიე Aუბენპოლიტიკ ინ დერ Hისტორია Aუგუსტა, Bონნ, 1970, გვ. 34; ღ. შყმე. Hადრიან ანდ ტჰე Vასსალ Pრინცეს, – ინ: Aტჰენაეუმ, 59, 1981, გვ. 276; D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს, გვ. 211-212.