суббота, 25 октября 2025 г.

ვანდალების სამეფო ჩრდილოეთ აფრიკაში

ვანდალთა ტომები ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანელების შტოს მიეკუთვნებოდნენ  და მდინარე ოდერის შუაწელის სანაპიროებზე ცხოვრობდნენ. პირველი საუკუნისთვის ისინი ორ ჯგუფად  იყოფოდნენ:  სილინგებად და ხარინებად. ხარინების  სახელწოდება  შემდეგ  მათი  მეთაურების  საგვარეულოს  მიხედვით „ასდინგებად“ შეიცვალა. სამხრეთისაკენ  მოძრაობა ვანდალებმა II საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. გუთებთან და მარკომანებთან ერთად ისინი მდ. ტისას (დუნაის მარცხენა და უგრძესი შენაკადი) აუზში განლაგდნენ და ერთად  თავს  ესხმოდნენ  იმპერიის  საზღვრებს,  რის  გამოც  იმპერატორი  მარკუს  ავრელიუსი  იძულებული  გახდა მათთვის  მიწები  მიეცა პროვიცნია დაკიის ჩრდ-დასავლეთში და  იქ ფედერატობის საფუძველზე  დაესახლებინა  ისინი.
ვანდალები სხვა გერმანელებთან ერთად III საუკუნიდან აქტიურად იწყებენ რომაულ ბალკანურ პროვინციებზე თავდასხმებს, რის გამოც საუკუნის შუა ხანებიდან რომაელებმა დატოვეს გალია და ამ ზონაში გამაგრებული საზღვარი დუნაიზე გადმოიტანეს. ვანდალები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ხან მეზობელ გერმანელებს ესხმოდნენ, ხანაც დუნაის გადალახვით პანონიას არბევდნენ, ვიდრე იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) არ დაამარცხა და უკან არ გაყარა. ცოტა მოგვიანებით ვანდალების მოგერიება უწევს პრობუსსაც (276-282), რომელმაც ახალი მიწები გადასცა მათ. ამ დროისთვის, რომაული წყაროებით ვანდალებში თემური წყობილების ბოლო ფაზა - სამხედრო დემოკრატიის წყობილებაა. ჰყავთ ორი მეფე-ბელადი, რომელთა ძალაუფლება დიდად არ განსხვავდება სხვა უხუცესებისგან.
დაკიაში  ვანდალებმა  IV  საუკუნის  30-იან წლებამდე დაჰყვეს. 330-ან წლებში მდ. მაროშთან (ტისას მარცხენა შენაკადი) ასდინგი ვანდალები ვიზიმარის მეთაურობით სასტიკად დამარცხდნენ გოთების მეფე გებერიხის ლაშქართან. გადარჩენილი ვანდალები იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა პანონიაში დაასახლა. როგორც  ჩანს,  ვანდალებმა  ამ  ხანებში  მიიღეს  არიანული  სარწმუნოება.
378 წლის ადრიანოპოლის ბრძოლის შემდეგ გოთები ალატეისა და საფაკის მეთაურობით შეიჭრნენ პანონიაში. 380-იანი წლებიდან პანონიას შემოესივნენ ჰუნებიც. მაშინ ვანდალები ახლო-მახლო მცხოვრებ ალანებთან ერთად დასავლეთით დაიძრნენ და გალიას მიადგნენ, რომელთა შეკავება იმპერატორმა გრაციანმა (375-383) ითავა. მოგვიანებით ვანდალებმა გააგრძელეს სვლა და 406 წელს მეფე გოდაგისლის მეთაურობით მდ. რონას მიადგნენ, სადაც რომის ფედერატ ფრანკებთან მარცხი განიცადეს. ბრძოლის წინ ალანებმა მეფე რესპენდიალის მეთაურობით მიატოვეს ვანდალები, რითაც რომაელების საქმე გააკეთეს. 20000 ვანდალი დაიღუპა გოდაგისლის ჩათვლით.
406 წლის დეკემბერში ვანდალები ალანებთან და  სვევებთან ერთად გადავიდნენ გაყინულ რეინზე მაინცისა და ვორმსის ახლოს და შევიდნენ გალიაში. დას. რომის ხელისუფლება ბარბაროსებისგან იტალიას იცავდა და ვანდალებისთვის ვეღარ მოიცალა. მათაც ისაგრებლეს და გალიის სიღმეში შეიჭრნენ, ლამის ესპანეთამდე. ამ დროს ასდინგებს მეთაურობდა გოდაგისლის უმცროსი ვაჟი გუნდერიხი (407-428), რომელიც ძმასთან, გაიზერიხთან ერთად გამოცხადდა ვანდალთა ბელადად. ესპანელი ქრონისტი იდაციუსის ცნობით გაერთიანებაში 418 წლამდე წამყვან რომს თამაშობდნენ ალანები.
ისტორიკოს ზოსიმეს ცნობით რომის უზურპატორმა კონსტანტინე III-მ (407-411) დაამარცხა ვანდალები და გამოდევნა ისინი ცენტრალური გალიიდან, რის გამოც სამხრეთ გალიის გავლით ესპანეთისკენ დაიძრნენ. 409 წლის ოქტომბერში ვანდალთა, ალანთა და სვევთა პირველი ნაწილი შევიდა პირენეების გავლით ესპანეთში. 411 წელს მათ ესპანეთი ასათვისებლად ასე გაინაწილეს: გუნდერიხმა ვანდალებით აირჩია გალეცია (გალისია), სვევებმა მათ დასავლეთით ოკეანემდე მიწა და გალეციის ნაწილი, ყველაზე მრავალწიცხოვანმა ალანებმა აირჩიეს ლუზიტანია და კარტახენა, ხოლო სილინგი ვანდალებმა მეფე ფრიდუბალდის მეთაურობით აირჩიეს ბეტიკა. ჩრდილოეთ ესპანეთი, ტარაკონის პროვინცია დარჩა რომს.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც გამაგრებულ ქალაქებს იყვნენ შეფარებული, დამორჩილდნენ მოსულებს. ბარბაროსებმა მიწები ხელახლა გადაანაწილეს, არისტოკრატია ამოხოცეს ან გააძევეს, ღარიბი რომანიზებული მოსახლეობა კი შეიერთეს.
რომის წაქეზებით ვესტგოთები მეფე ათაულფის მეთაურობით შეიჭრნენ ესპანეთში ვანდალებთან საომრად და ნელნელა ერეკებოდნენ სამხრეთით. ვესტგოთთა მეფე ვალიამ 418 წელს რომის სახელით დაამარცხა სილინგი-ვანდალები ბეტიკაში. ეს ტომი თითქმის სრულად დაიღუპა მეფე ფრიდუბალდთან ერთად.
მანვე გაანადგურა ალანები, რომელთა დიდი ნაწილი მეფე ატაკსის მეთაურობით დაიღუპა. ალანთა გადარჩენილი ნაწილი გალისიელი ვანდალების მეფე გუნდერიხს შეუერთდა, რომელმაც ამიერიდან მიიღო მთელი ვანდალებისა და ალანების მეფის წოდება.
მალე ვესტგოთები წავიდნენ. მაშინ გუნდერიხმა 419 წელს დაარბია სვევები, გადალახა მთიანი გალისია და წავიდა სილინგების დატოვებულ მდიდარ ბეტიკაში. 422 წელს აქ ვანდალებმა გაანადგურეს რომაელთა და ვესტგოთთა გაერთიანებული ლაშქარი კასტინის სარდლობით.
428 წელს გუნდერიხის სიკვდილის შემდეგ ვანდალთა და ალანთა მეფის წოდება მიიღო მისმა ძმამ ჰგაიზერიხმა (428–477).
რომაელებისა  და  ვესტგოთების  მიერ  ალან-ვანდალების ერთობლივ შევიწროებას  მნიშვნელოვანი  გარემოება  დაემთხვა. V საუკუნის  დასაწყისში  ჩრდილოეთ  აფრიკაში  კვლავ  გაძლიერდა აგონისტიკური  მოძრაობა (მიმართული იყო მსხვილი მიწათმფლობელებისა და მევახშეების წინააღმდეგ), რომელიც საფუძვლიანად  არყევდა რომაელთა  ბატონობას  აფრიკაში,  მაგრამ  რომის  მესვეურთა მთელი ყურადღება ამ ხანებში  მიპყრობილი  იყო იმპერიის  ჩრდილოეთი საზღვრებისაკენ, რომლებსაც  ბარბაროსები მოსწოლოდნენ. ამ გარემოებამ აფრიკის მმართველი, დამოუკიდებლობის მოსურნე   ბონიფაციუსი  (422–432) უფრო  მეტად  გაათამამა  და  განდგომის  გზაზე  დააყენა.
ბონიფაციუსმა თავისი გეგმის წარმატებით განხორციელებისათვის დაიწყო ჯარების  შეგროვება და 427–428 წლებში არაერთხელ დაამარცხა რომიდან გამოგზავნილი სადამსჯელო რაზმები. მიუხედავად პოლიტიკური გართულებისა, იმპერიაში  მოსალოდნელი იყო იმპერატორს დამსჯელი  ჯარები გამოეგზავნა  აფრიკაში  განდგომილი  ბონიფაციუსის  წინააღმდეგ.  ასეთი შემთხვევისათვის  ბონიფაციუსმა თავისი  შეიარაღებული  ძალები  საკმარისად  არ  ჩათვალა  და  მოლაპარაკება  დაიწყო ვანდალების  მეფე გაიზერიხთან (428–477).  ვანდალები მან თავის დასახმარებლად ჩრდილოეთ აფრიკაში მოიწვია  და  ამისათვის  გაიზერიხს  საკმაო  თანხაც შეაძლია და მიწების გამოყოფასაც დაჰპირდა.  429 წლის მაისში ვანდალებმა  და ალანებმა  გაიზერიხის მეთაურობით (80  ათას  კაცამდე)  გადალახეს  გიბრალტარის  სრუტე და ჩრდილოეთ  აფრიკაში  გადავიდნენ და უკუაგდენ რომიდან გამოგზავნილი ძალები. მაშინ რომმა მარცხი აღიარა და ბონიფაციუსი კვლავ ცნო „აფრიკის“ მმართველად.
„აფრიკის“ ადგილობრივი  მოსახლეობის  დაბალი ფენები – მონები,  კოლონები, თავისუფალი  გლეხები  და  სხვები, რომლებიც მონათმფლობელებისაგან  და, საერთოდ,  რომის ბატონობისაგან მეტად შევიწროებული იყვნენ, სიამოვნებით გადადიოდნენ მოსულთა მხარეზე. სალვიანეს თქმით, კართაგენის ღარიბი მოსახლეობა ღმერთს საჯაროდ  ევედრებოდა,  რომ  მათთვის  მხსნელად  ბარბაროსები  გამოეგზავნა.  ამით წაქეზებულმა ვანდალ-ალანებმა თვითნებურად დაიწყეს სხვადასხვა ადგილების დაკავება.  ბონიფაციუსის დაჟინებული მოთხოვნა ვანდალების უკან გაბრუნების შესახებ არ შესრულებულა.
დამპყრობლებმა 430-31 წლებში დაამხეს ბონიფაციუსი, ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავეს და მათი გავლენა  კირენაიკამდე  გავრცელდა. 431 წლის ბოლოს რომიდან ახალი მაშველი ძალები გაიგზავნა, მაგრამ კვლავ ვანდალებმა იმარჯვეს და მაშინ ბონიფაციუში იტალიაში გაიწვიეს, სადაც აეციუსთან სამოქალაქო ომში ჩაერთო და სასიკვდილო ჭრილობით გარდაიცვალა.
435 წელს იმპერატორმა ვალენტინიანმა ზავი დადო ვანდალებთან, აღიარა მათი დაპყრობები, თუმცა ყოველწლიური ხარკი დააკისრა. ამით ოფიციალურად დაარსდა ვანდალთა სამეფო აფრიკაში, რომლის პირველი სატახტო პატარა ქალაქი ჰიპონი გახდა.
ვანდალები და ალანები ჯერ კიდევ აფრიკაში გადასახლებამდე უფრო  „რომანიზებულნი“  იყვნენ,  ვიდრე ზოგიერთი  სხვა  გერმანელი  ტომი – ანგლები,  საქსები,  ფრიზები  და თვით  ვესტგუთებიც  კი.   მათ  აფრიკელ  მიწათმფლობელებს  უძრავი  და მოძრავი  ქონების  გარკვეული  ნაწილი  ჩამოართვეს,  რითაც  გაბატონებული კლასი ეკონომიკურად შეასუსტეს.  მაგრამ  ამავე  გარემოებამ სულ მოკლე  ხნის  განმავლობაში  თვით  ვანდალებში  წარმოქმნა  მსხვილი მონათმფლობელური მიწათმფლობელობა;  მათშიც  გაჩნდნენ  მონები  და კოლონები. სოციალური ანტაგონიზმი  მოსახლეობის  დაბალ  ფენებსა და ვანდალთა შეძლებულ ნაწილს შორის თანდათან უფრო მწვავდებოდა,  ყველაფერ ამას ემატებოდა  აგრეთვე  რელიგიური  წინააღმდეგობა:  ვანდალთა  არიანული ეკლესია  ყოველმხრივ  დევნიდა  დიოფიზიტურს  და  ცდილობდა სრულ გაბატონებას.
 439 წელს  ვანდალებმა ზავი დაარღვიეს და 19 ოქტომბერს ბრძოლით აიღეს კართაგენი – „აფრიკის  რომი“, რომელიც  შემდეგ  ვანდალ–ალანთა  სამეფოს  სატახტო  ქალაქად გადაიქცა. დაიწყო შეძლებული რომანიზებული მოსახლეობის დახოცვა/გაძევება მიწებიდან ან დამონება. იხურებოდა დიოფიზიტური ეკლესიები და ეპისკოპოსებს (სულ 120  კართაგენის არქიეპისკოპოსის ჩათვლით) აძევებდნენ სარდინიაში, მათ ქონებას კი ითვისებდნენ. აქაური ბერბერული ტომი მავრუსები ან ექვემდებარებოდა ვანდალებს, ანდა მათთან კავშირში შედიოდა.
 442  წელს ვალენტინიანე III იძულებული  გახდა ვანდალებთან ხელშეკრულება დაედო და,  ამგვარად,  ეცნო  მათი  სამეფოს გაფართოება  ჩრდილოეთ  აფრიკაში.  გაიზერიხის ვაჟი დანიშნეს იმპერატორის ქალიშვილ ევდოკიაზე. მიუხედავად ამისა, მათ განაგრძეს იერიშების მიტანა დასავლეთ რომის იმპერიაზე.
454 წელს იმპერატორის თხოვნით გაიზერიხმა შეწყვიტა დიოფიზიტების დევნა და აღადგინა კართაგენის საარქიეპისკოპოსო, თუმცა მისი მოკვლის შემდეგ დევნა გაგრძელდა და 457 წელს არქიეპისკოპოსის სიკვდილისთანავე კათედრა გაცარიელდა და აღარავინ დანიშნეს.
455 წელს გაიზერიხი თავს უკვე თვით რომს დაესხა. 455 წლის 16 მარტს შეთქმულებმა მოკლეს (მოკლა აეციუსის მეგობარმა გოთმა ოპტილამ) გარყვნილი, უხეირო და სასტიკი იმპერატორი. შემდეგ დღეს შეთქმულების ორგანიზატორმა სენატორმა პეტრონიუს მაქსიმუსმა თავი იმპერატორად გამოაცხადა და ვალენტინიანეს ქვრივი შეირთო. შემდეგ გადაწყვიტა იმპერატორის ასული ევდოკია თავის ძე პალადიუსზე დაექორწინებინა და ამით ტახტზე პრეტენზიები კანონიერად ექცია.
როგორც კი ეს ყველაფერი გაიზერიხმა გაიგო, გადაწყვიტა საკუთრივ რომზე ელაშქრა. რომში ადრიდანვე გაიგეს გაიზერიხის ფლოტის გამომგზავრება, რასაც ქალაქში პანიკა მოჰყვა და იმპერატორის ხელისუფლება ჩამოიშალა. მაქსიმუსი გაქცევას აპირებდა, მაგრამ 31 მაისს მისსავე ჯარისკაცებმა მოკლეს.
455 წლის 2 ივნისს ვანდალთა ფლოტი მეფე გაიზერიხის მეთაურობით იტალიის ნაპირებს მიადგა, აუყვა მდინარე ტიბრს და რომაელთათვის მოულოდნელად ქალაქის კედლებთან აღმოჩნდა. რომი მზად არ იყო თავდაცვისათვის. ქალაქის გადასარჩენად ბარბაროსებთან კვლავ რომის პაპი ლეო I გაემართა. გაიზერიხი რომაელებს საშინელი ხოცვა-ჟლეტით ემუქრებოდა, მაგრამ ლეო I-თან მოლაპარაკებისა და მისგან უზარმაზარი ძღვენის მიღების შემდეგ, ის დათანხმდა, არ დაეხოცა მოსახლეობა, არ გადაეწვა ეკლესიები, არ გაეპარტახებინა რომის მთავარი ტაძრები და ქალაქის ძარცვა „მხოლოდ“ 14 დღით შეეზღუდა.
„მარადიული რომის“ მეორე დაცემა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა  პირველისაგან. ამჯერად რომის დარბევა თოთხმეტი დღე გრძელდებოდა. ყველა კულტურული დაწესებულება, ქანდაკება, ხუროთმოძღვრების  საუკეთესო ძეგლი  და  სხვ. ცეცხლითა და მახვილით  განადგურდა. კაპიტოლიუმის ტაძარს მოოქროვილი სპილენძის სახურავი ჰქონდა, რომელიც ვანდალებმა მოხადეს და წაიღეს. გაიზერიხმა თავისი  ხომალდები  ოქროთი,  ვერცხლით, სპილენძით და სამეფო  სამკაულებით  დატვირთა და კართაგენში დაბრუნდა. რომის განადგურების  მომსწრეთა  აზრით,  ქალაქის  გაძარცვისას  ვანდალებმა ყოველგვარ  ზომიერებას  გადააჭარბეს.  მას  შემდეგ უდიდესი  ნგრევისა და   განადგურების  ცნების  ამსახველად   ხმარობენ   ტერმინს  „ვანდალიზმს“.
ნაძარცვთან ერთად ვანდალებმა ძვირფასი ტყვეებიც გაიყოლეს: დედოფალი ევდოკსია, მისი ვალენტინიანესთან შეძენილი ქალიშვილებით: ევდოკიათი და პლაციდიათი. აგრეთვე ბევრი არისტოკრატი, რომელთაც აიძულეს თავი გამოესყიდათ. ევდოკია 5 წლის შემდეგ შერთეს გაიზერიხის შვილ ჰუნერიხს. მისი და და დედა 462 წელს გაათავისუფლეს და შინ გაუშვეს.
რომზე იმდენად ძლიერ იმოქმედა ვანდალთა თავდასხმამ, რომ ერთი თვე ვერ მოახერხეს იმპერატორის არჩევა. ბოლოს იმპერატორად აკურთხეს გალო-რომაელი სარდალი მარკუს ავიტუსი (455-456), რომელიც აეციუსისა და ვესტგოთთა მეფე თეოდორიხ II-ს მეგობარი იყო.
ამიერიდან ვანდალები გამუდმებით ძარცვავდნენ იტალიას, სიცილიას, ილირიას, საბერძნეთსა ეგეოსის ზღვის კუნძულებს. 459 წელს იმპერატორმა მაიორიანმა ლიგურიაში ჯარების შეკრება დაიწყო აფრიკაზე სალაშქროთ. შემდეგ 300 გემიანი ფლოტით ჩავიდა პორტ ილისიტანუსში (დღევ. ელჩე), სადაც ელოდა სახმელეთო ჯარებს. გაიზერიხმა სცადა მასთან ზავზე მოლაპარაკება, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ ვანდალებმა ჯერ ის ხმელეთის ადგილი გააპარტახეს და წყლის რესურსი მოწამლეს, სადაც რომაელები უნდა შეკრებილიყვნენ. შემდეგ მოისყიდეს მაიორიანის ხალხი, რომელთაც კარტახენას პორტში 460 წლის 13 მაისს დაწვეს რომაელთა ფლოტი. მაშინ მაიორიანმა დაშალა დიდი არმია. მოგვიანებით ის მოკლეს და რიციმერმა იმპერატორად გაიყვანა ლიბიუს სევერუსი (461-465).
461 წლის ბოლოს გაიზერიხის ფლოტმა დაიკავა კორსიკა, სარდინია, მალტა, სიცილიის ნაწილი, ბალეარის კუნძულები და განაგრძო თავდასხმები იტალიასა და საბერძნეთზე. რიციმერი ამ დროს მტრობდა სიცილიის მცველ სარდალ მარცელინუსს, რომელსაც ჰუნების ჯარი ჰყავდა დაქირავებული. რიციმერმა მოისყიდა ჰუნები, რომელთაც მიატოვეს მარცელინუსი და მივიდნენ რიციმერთან. მაშინ მარცელინუსი დალმაციაში წავიდა და ბიზანტიის იმპერატორ ლეონ I-ს შეეფარა. ამით ისარგებლეს ვანდალებმა და 462 წელს დაიპყრეს მავრიტანიის პროვინციები და გააპარტახეს სიცილია. ლეონმა ამ დროს თვალი დახუჭა და მეტიც, ვანდალებთან ზავის სანაცვლოდ ბიზანტიაში წაღებული ვალენტინიანე III-ის სიმდიდრის ნაწილი ვანდალებს გაუგზავნა.
ლეონ I ცდილობდა ვანდალებთან ზავის დადებას, მაგრამ გაიზერიხი უარობდა, რადგან მთელი იტალია უნდოდა.  და მოაწყო კიდეც მათი ქალაქების ასაოხრებელი მორიგი ლაშქრობა. რიციმერს არ სურდა ვანდალებთან ომი და თვალს არიდებდა. მაშინ ლეონი იძულებული გახდა 464/5 წელს დაებრუნებინა ჯარით მარცელინუსი სიცილიაზე, რათა დაეცვა კუნძული ვანდალებისგან.
465 წლის 15 აგვისტოს მოკვდა ლიბიუს სევერუსი, ხოლო ვანდალთა შეთავაზებული ოლიბრიუსი (გაიზერიხის ვაჟის ქვისლი) რიციმერმა და ლეონმა დაიწუნეს. ასე რომ დას. რომის იმპერია 20 თვე იმპერატორის გარეშე იყო. 467 წელს, როცა იტალია და სიცილია უკვე ვანდალთა წინაშე დაცემის პირას იდგა, ლეონ I-მა რიციმერთან შეთანხმებით იმპერატორად თავისი სარდალი პროკოპიუს ანთემიუსი (467-472. მას ცოლად ჰყავდა მარკიანესა და არკადიუსის ქალიშვილის ქალიშვილი ევფემია) გაიყვანა და მარცელინუსთან ერთად გაგზავნა იტალიაში.
დაიწყო დიდი ლაშქრისა და ფლოტის შეკრება ვანდალთა წინააღმდეგ ლეონის ცოლიძმა ბასილისკის სარდლობით. ანთემიუსმა თავის მხრივ, რიციმერის ნების საწინააღმდეგოდ დას. რომის ჯარების სარდლად დანიშნა მარცელინუსი. შეკრებილ იქნა 1113 ხომალდი 100000-იანი არმიის გადასაყვანად.
468 წელს მარცელინუსმა უპრობლემოდ დაიუბრუნა სარდინია. მეორე სარდალმა ჰერაკლემ ეგვპიტიდან ილაშქრა ტრიპოლიტანიაში სწრაფად დაძლია ვანდალთა მცირე წინაღმდეგობა და მარცელინუსთან ერთად გაემართა ბასილისისკენ. ბასილისკმა სიცილიასთან გაფანტა ვანდალთა ბლოტი, მაგრამ საქმე არ მიიყვანა ბოლომდე და დააყენა თავისი ფლოტი მერკურის (დღევ. ბონის) კონცხთან, კართაგენიდან 60 კმ-ზე. გაიზერიხმა მოითხოვა 5 დღე ზავის მისაღებად, შეკრიბა ჯარი და ხელსაყრელი ქარის დროს ღამით დაეცა რომაელების ფლოტს და გაანადგურა მისი ნახევარი. ბასილისკი დარჩენილი ფლოტით გაიქცა სიცილიაში მარცელინუსთან შესაერთებლად და ბრძოლის გასაგრძელებლად. მაგრამ, ამასობაში მარცელინუსი მოკლეს და ბასილისკიც ბიზანტიაში წავიდა, ხოლო კართაგენისკენ მიმავალი ჰარაკლეც უკან გაბრუნდა.
2 წლის შემდეგ გაიზერიხმა განაახლა თავდასხმები იტალიაზე, რის გამოც რიციმერმა დადო მასთან შეთანხმება და იმპერატორად გაიყვანა ვანდალთა კანდიდატი ოლიბრიუსი. ამის შემდეგ ვანდალთა თავდასხმები ხმელთაშუაზღვაზე თანდათან შეწყდა.
474 წელს ბიზანტიის იმპერატორი გახდა ლეონ I-ის ქალიშვილის ქმარი ზენონი, რომელმაც მოლაპარაკებები დაიწყო გაიზერიხთან. ელჩმა სევერუსმა მიაღწია შეთანხმებას, რომ ვანდალებს გაეთავისუფლებინათ ბერძნულ ნიკოპოლისიდან და ეპირიდან წაყვანილი ტყვეები. ზოგადად აყვანილ ტყვეებს ვანდალთა მეფე თანამებრძოლებს უნაწილებდა, რათა ყველას მიეღო მათი გამოსყიდვით შემოსავალი. გაიზერიხმა პირადი ტყვეები უფასოდ გამოუშვა, ხოლო დანარჩენი სევერუსმა გამოისყიდა.
475 წელს გაფორმდა „სამუდამო ზავი“ ბიზანტიასა და ვანდალთა და ალანთა სამეფოს შორის, რომლითაც ბიზანტიამ აღიარა მისი საზღვრები. ზავი არ დარღვეულა 533 წლამდე.
476 წელს იტალიის მეფე გახდა გერმანელი ოდოაკრი, რომელმაც ფაქტობრივად ბოლო მოუღო დას. რომის იმპერიას (იურიდიულად ეს 480 წელს დალმაციაში გაქცეული იმპერატორ ნეპოტის გარდაცვალების შემდეგ მოხდა). გაიზერიხმა ცნო ოდოაკრი, გადასცა მას სიცილია, თუმცა დააკისრა ყოველწლიური ხარკი.
477 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა გაიზერიხი და ტახტი მისმა ძემ, ჰუნერიხმა (477-484) დაიკავა. მან მამისგან განსხვავებით მეტი ყურადღება მიაქცია ქვეყნის შიდა მოწესრიგებას არიანული ეკლესიის დახმარებით. ის დევნიდა მანიქეელებს და ცდილობდა მორიგებას დიოფიზიტებთან. უკანასკნელის მხარდაჭერა ჰუნერიხს ტახტის მემკვიდრეობის წესის შესაცვლელად სჭირდებოდა. გაიზერიხის შემოღებული კანონით მეფე ოჯახში უფროსი უნდა ყოფილიყო და არა მეფის უფროსი ძე.
მაგრამ დიოფიზიტებთან მორიგება არ გამოვიდა, რადგან 1. მისი წარმომადგენლები უმეტესად პრობიზანტიური განწყობის იყვნენ; 2. არიანელ ეპისკოპოსებს არ სურდათ მათთან კავშირი. შედეგად დიოფიზიტების დევნა დაიწყო. ზენონმა ჰუნერიხს 480-1 წლებში მოთხოვა კართაგენში ვაკანტურ საეპისკოპოსო კათედრებზე ბიზანტიის კანდიდატების დანიშვნა. საპასუხოდ ჰუნერიხმა მოითხოვა ბიზანტიაში არიანულ ეკლესიას დიოფიზიტებთან თანაბარი უფლებები ჰქონოდა. თუ ეს არ მოხდება, აფრიკიდან დიოფიზიტ ეპისკოპოსებს „მავრებთან“ (ანუ ამ შემთხვევაში სამხრეთით უდაბნოებში) გავაძევებო.
რადგან უარი მიიღო, 482 წელს ჰუნერიხმა დაიწყო დიოფიზიტი სასულიერო პირების დევნა: მათ სხვადასხვა მეთოდით წამებით ხოცავდნენ. ახალი კანონით ყველა დიოფიზიტი 484 წლის 1 ივლისამდე უნდა გადასულიყო არიანელობაზე. წინააღმდეგობა კი სასტიკად ისჯებოდა. ამან თავის მხრივ დიდი განხეთქილება შეიტანა სამეფოს საზოგადოებაში, რომელიც მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური იყო და იქ ვანდალები უმცირესობას შეადგენდნენ. განხეთქილებას აღრმავებდა ჰუნერიხის დამოუკიდებულება ვანდალ არისტოკრატიასთან. მათ ნაწილს დევნიდა იმის გამო, რომ ემხრობოდნენ ტახტის გადაცემის ტრადიციულ გზას, ნაწილს კი დიოფიზიტურ ეკლესიასთან დაახლოების გამო. მეფე დევნიდა აგრეთვე ძმების, გენზონისა და თეოდორიხის ოჯახებსაც, გააძევა მათი ვაჟები უდაბნოში და იმათთან კავშირში ეჭვმიტანილები დახოცა.
სახელმწიფოს დასუსტებით ისარგებლეს სამხრეთით, ნუმიდიის მთებში მავრუსებმა, რომლებიც ვანდალების ძველი მოკავშირეები იყვნენ, აჯანყდნენ და დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მეფეს არ შეეძლო მათ წინააღმდეგ გალაშქრება.
484 წლის 23 დეკემბერს ავადმყოფობით გარდაიცვალა ჰუნერიხი, რომელსაც 24 წლის ჰილდერიხი დარჩა. გაიზერიხის კანონით მეფედ აირჩიეს ოჯახში უფროსი, გენტონის ძე 34 წლის გუნტამუნდი (484-496). მან შეცვალა საეკლესიო პოლიტიკა და 486 წელს ნება მისცა დევნილ დიოფიზიტებს დაებრუნებინათ საეპიკოპოსო ტახტები. 494 წელს მათ საეკლესიო მიწები და სხვა ქონება დაუბრუნა, რითაც რელიგიური დაპირისპირება შეწყდა.
ამასობაში ბერბერო-მავრუსების შემოსევები ძლიერდებოდა. ისინი თანდათან ქმნიდნენ საკუთარ სამეფოების და იტაცებდნენ ვანდალთა მიწებს. გუნტამუნდი ამაოდ ცდილობდა მათ შეკავებას.
490 წელს, როდესაც ოდოკარსა და ოსტგოთებს შორის ომი მიმდინარეობდა, ვანდალები შეიჭრნენ სიცილიაში, მაგრამ ოსტგოთებმა ისინი დაამარცხეს და 491 წლისთვის მთელი კუნძული დაიპყრეს. დაიკარგა იტალიიდან მომავალი ხარკიც.
496 წელს გარდაიცვალა გუნტამუნდი და ვანდალთა მეფე გახდა მისი ძმა ტრაზამუნდი (496-523). იგი დაუბრუნდა ძველ საეკლესიო პოლიტიკას და ორთდოქსებს ფულით, ქონების ან თანამდებობით დაპირებით აიძულებდა გადასულიყვნენ არიანელობაზე. სხვა შემთხვევაში დაწინაურების შანსი არ ექნებოდათ. დამნაშავეებსაც კი უხსნიდა ბრალს რელიგიის გამოცვლის შემთხვევაში.
ამასობაში ტრაზამუნდს ცოლი მოუკვდა და უშვილოდ დარჩა. მაშინ ოსტგოთების მეფე თეოდორიხს თხოვა მისი დის, ახალდაქვრივებული ამალაფრიდას ხელი. 500 წელს ეს ქორწინება შედგა, რომლის მზითევში მოაყოლეს სიცილიის დას. სანაპირო ოლქი ქალაქ ლილიბეიუმით. ამასთან კართაგენში ახალ დედოფალს გააყოლეს რჩეული 1000 მეომარი და 5000 პირადი მსახური.
ვანდალებს თეოდორიხმა მოთხოვა დახმარება 507-508 წლებში იტალიაზე ბიზანტიის ფლოტის თავდასხმების დროს, მაგრამ ტრაზამუნდმა ვერ გაბედა მათთან საომრად წასვლა. 510/11 წელს ვანდალებმა ვესტგოთების ტახტზე მხარი გაზელეხს დაუჭირეს, რომელსაც ებრძოდა თეოდორიხი, რის შემდეგაც ვანდალებისა და ოსტგოთების ურთიერთობა გაფუჭდა და ლილიბეუმთან მცირე შეტაკებაც მოხდა. მაგრამ შემდეგ ტრაზამუნდმა მოიბოდიშა და ბოლომდე შეინარჩუნა ოსტგოთებთან საკავშირო ურთიერთობა.
პარალელურად ტრაზამუნდი თბილ ურთიერთობებს ინარჩუნებდა ბიზანტიის იმპერატორ ანასტასიოს I-თანაც (491-518) და საფრთხე ვანდალებს ამ მხრიდანაც არ ელოდა.
523 წელს ვანდალები შეეცადნენ ტრიპოლიტანიაზე თავისი ძალაუფლების აღდგენას, მაგრამ ბერბერებთან მორიგი მარცხი განიცადეს. ამა წლის 6 მაისს ტრაზამუნდი გარდაიცვალა და მეფე გახდა მისი ბიძაშვილი, ჰილდერიხ ჰუნერიხის ძე (523-530).
ახალი მეფე ძალიან კეთილი, შემწყნარებელი და სუსტი პიროვნება იყო. ის არავის დევნიდა და ომის გაგონებაც კი არ სურდა, ამიტომ სამხედრო საქმეები მის ძმისწულს, ოამერს გადააბარა, რომელიც ამ საქმეში გამოცდილი იყო.
მეფე ცდილობდა მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას ბიზანტიასთან და დიოფიზიტურ ეკლესიასთან. მან დააბრუნა დევნილი დიოფიზიტი ეპისკოპოსები და ცარიელი საეპიკოპოსო ადგილებიც შეავსებინა. მეტი უსაფრთხოებისთვის ჰილდერიხმა ბიზანტიის ფორმალური უზენაესობა აღიარა და მონეტებს იმპერატორ იუსტინე I-ის (518-527) პორტრეტის გამოსახვით ჭრიდა. დიდი პატივისცემით ეპყრობიდა მის მემკვიდრე იუსტინიანესაც, რომელიც ქვეყანას ბიძამისის იმპერატორობის პერიოდიდან მართავდა. ჰილდერიხი და იუსტინიანე ხშრად უგზავნიდნენ ერთმანეთს ძვირფას საჩუქრებს.
ქვრივი ამალაფრიდა დაუპირისპირდა ჰილდერიხის ასეთ პოლიტიკას და შეთქმულების მზადებაც დაიწყო, თუმცა გაუგეს, დასაჯეს და მისი თანმხლები ოსტგოთებიც ამოხოცეს. საპაუხოდ მეფე თეოდორიხმა შექმნა 1000-მდე ხომალდისგან შემდგარი ფლოტი და 526 წლის 13 ივნისს დაიძრა კართაგენისკენ, მაგრამ გზაში ავად გახდა, გარდაიცვალა (30 აგვისტოს) და ფლოტიც უკან დაბრუნდა.
ამასობაში ბერბერთა შემოსევები განახლდა, რომელთაგან ვანდალები წარმატების მიღწევას ვერ ახერხებდნენ. განსაკუთრებით მძიმე იყო ბიზაკიასთან მცხოვრებ მავრუსებთან მარცხი, რომელთაც ანტალა მეთაურობდა. გარკვეული დროით ვანდალთა არაერთი მხარე ბერბერთა ხელ იყო მოქცეული.
530 წელს მეფის პრობიზანტიური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ვანდალთა მეორე დაჯგუფება გელიმერის მეთაურობით, რომელიც ტრაზამუნდის ძმის, გილარისის ძე იყო. ის ხაზს უსვამდა, რომ მეფე უუნარო იყო და მის ხელში ბერბერებმა ბევრი მიწა წაგვართვესო.
გელიმერი ადრიდანვე გამოირჩეოდა როგორც სამხედრო უნარებით, ასევე ლიდერობის უნარით და ჰილდერიხის მეფობის დროს თითქმის სამეფო ძალაუფლებით სარგებლობდა. ის ოჯახში ასაკით შემდეგი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ ცდა არ უნდოდა და გადაწყვიტა მეფობა უმალვე დაეწყო.
მალე მთელი ელიტა გელიმერს მიემხრო, მეფე, მისი ძმა ავაგეი, ძმისშვილი ოამერი შეიპყრეს და კართაგენის ციხის ბნელ კედლებში ჩაკეტეს. იუსტინიანეს დიპლომატიურმა მცდელობებმა შეპყრობილთა გასათავისუფლებლად მხოლოდ  ის შედეგი გამოიღო, რომ პატიმართა ყოფა გაუარესდა.
გელიმერის მეფობის (530–533) დაბრუნდა ანტიდიოფიზიტური და ანტიბიზანტიური პოლიტიკა, რამაც კვლავ დაძაბა ურთიერთობა რომანიზებულ მოსახლეობასთან. ამას ემატებოდა ბერბერთა შემოსევები და სამეფო ჯახის წევრების დატყვევების გამო ვანდალთა ნაწილის განაწყენება. ყველაფერი კი გელიმერის ძალაუფლებას ასუსტებდა.
იუსტინიანე I-მა ზუსტად შეაფასა ვითარება და გადაწყვიტა ვანდალთა სამეფოს დაპყრობა. ამისათვის მან ირანთან ომი დადო და დიდი ძალები დასავლეთისკენ გადაისროლა. მალე ვინმე პუდენციამ ააჯანყა ტრიპოლიტანიელები ვანდალთა წინააღმდეგ და მხარის ბიზანტიასთან შეერთება გამოაცხადა. შემდეგ იმპერატორთან ელჩები გააგზავნა და ჯარით დახმარება ითხოვა. იუსტინიანემ მცირე რაზმი გაუგზავნა, რომლის შეერთების შემდეგ პუდენციამ ისარგებლა რა მხარეში ვანდალთა ჯარის არყოფნით, მთელი ტრიპოლიტანია დაიქვემდებარა.
ამასობაში განდგა სარდინიაც. კუნძულის მმართველად და ყოველწლიური ხარკის ამკრეფად გელიმერს აქ დაენიშნა თავისი ყოფილი მსახური, წარმოშობით გოთი გოდა. მან კი რაზმი შეკრიბა, ვანდალებს ურჩობა გამოუცხადა და აკრეფილი ხარკი თვით დაიტოვა. შემდეგ იუსტინიანეს კაცები გაუგზავნა და ითხოვა მფარველობა. იმპერატორმა 400 მებრძოლი გაუგზავნა არქონტ კირილეს სარდლობით.
გელიმერმა დროებით ტრიპოლიტანიაზე ხელი ჩაიქნია, რადგან ელოდა ბიზანტიელთა შემოსევას შიდა მხარის გამოაგრებაზე ფიქრობდა. ამასთან 120 რჩეული ხომალდი შეარჩია და 5000 კაცით თავისი ძმის ცაზონის სარდლობით გაგზავნა სარდინიის დასაბრუნებლად.
ამასობაში იუსტინინეს სარდლებმა შეკრიბეს 10000 ქვეითი, 5000 მხედარი ფედერატი ბარბაროსების (ძირითადად ჰუნები, აგრეთვე გოთები და ჰერულები) ჩათვლით შეკრიბეს. ისინი მოათავსეს 500 სამგზავრო ხომალდზე, რომელსაც ემსახურებოდა 32000 ზღვაოსანი და მენიჩბე ეგვიპტიდან, იონიიდან და კილიკიიდან. ამასთან იყო 92 გრძელი საბრძოლო ხომალდი, რომელზეც იყო განთავსებული 2000 ბიზანტიელი, რომელიც მენიჩბეებიც იყვნენ და მეომრებიც. ფლოტის მეთაურად დაინიშნა ალექსანდრიელი კალოდიმი. ხოლო ყველა მებრძოლის მეთაურად დანიშნულ იქნა გამოცდილი ბელიზარიუსი, რომელსაც იმპერატორმა მისცა რწმუნება ნებისმიერ სიტუაციაში მოქცეულიყო როგორაც ჩათვლიდა საჭიროდ.
533 წლის ზაფხულისთვის მზადება დასრულდა და ფლოტი გაეშურა აფრიკისკენ. 31 აგვისტოს იგი მივიდა კაპუტ-ვადეში (დღევ. რას კაპუდია), კართაგენამდე 5 დღის გზაზე. გელიმერი ასე ადრე არ ელოდა ბიზანტიელებს, ამიტომ ფლოტი გოდას წინააღმდეგ ჰყავდა გაშვებული, კართაგენი არასაკმარისად დაცული ჰქონდა და თვითონ კი ბერბერებს ებრძოდა. როცა ბიზანტიელთა მოახლეობა შეიტყო უზურპატორი მეფე მოვიდა ქ. გერმიონში, სანაპიროდან 4 დღის გზაზე.
ბიზანტიელებმა აიღეს სანაპირო ქალაქი სილექტი. ბელიზარიუსმა აუკრძალა მის ჯარებს შეეწუხებინათ ქალაქის რომანიზებული მოსახლეობა და სასტიკად სჭიდა მაროდიორებს. ამით იგი ადგილობრივებს უჩვენებდა, რომ ვანდალთა ჩაგვრისგან გასათავისუფლებლად მოვიდა. ამან თავიდან შედეგი გამოიყო და ქალაქები ერთი-მეორის მიყოლებით ნებდებოდნენ. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ დაპყრობის დროს გაიზერიხმა ციხე-ქალაქებს მოუნგრია სიმაგრეები, რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა მისი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ლეპტისა და გადრუმეტის გავლით მიადგნენ სოფლე გრასს, კართაგენიდან 65 კმ-ზე. აქ იყო ვანდალ  მეფეთა რეზიდენცია და დასავენებელი პარტი, სადაც ბიზანტიელებმა კარგად დაისვენეს და განაგრძეს სვლა. წინ ავანგარდად ბიზანტიელები მიდიოდნენ იოანეს სარდლობით; მარცხნივ, საიდანაც ვანდალთა თავდასხმა იყო მოსალოდნელი, ჰუნები იდგნენ, მარჯვნიდან კი ზღვა იცავდა, სადაც მათი ფლოტი მოცურავდა. ბელიზარიუსი რჩეულებით კი უკან მიდიოდა. მან შეამჩნია, რომ გერმიონიდან მოყოლებული გელიმერი ჩუმად მოყვებოდა უკან მოულოდნელად თავდასახმელად.
როდესაც მტრის მოახლოება შეიტყო, გელიმერმა უბრძანა მის ძმას, ამატს მოეკლა ხილდერიკი მისი ოჯახის წევრებით, რაც აღსრულებულ იქნა. შემდეგ შეეკრიბა ვანდალები და ქალაქის მოსახლეობა კართაგენის წინ მდებარე დასახლება დეციმუმის ხეობაში, სადაც  ალყაში უნდა მოექციათ ბიზანტიელები და გაეჟლიტათ.
13 სექტემბერს ბიზანტიელები დეციმუმთან (კართაგენიდან 13 კმ-ზე) მოვიდნენ. იმავ დღეს გელიმერმა ძმისწული გიბამუნდი 2000 ვანდალით გაგზავნა მარცხნიდან შემოსავლელად, თვითონ მარჯვნიდან და ამატი კართაგენიდან უნა გადასულიყვნენ შეტევაზე და ალყაში მოექციათ მტერი. ამატი დათქმულზე ადრე მივიდა დეციმუმში, გამოყო ჯარის დიდი ნაწილი და გაგზავნა ბიზანტიელებზე, თვითონ კი მცირე რაზმით შეება იოანეს ავანგარდს. ამატმა მოკლა 12 ბიზანტიელი მებრძოლი, თუმცა თვითონაც დაეცა. მაშინ მისი რაზმი პანიკურად გაიქცა უკან და ეს პანიკა გადასდო კართაგენიდან მომავალ ჯარებსაც, რომლებიც ასევე გაიქცა. იოანე მათ დაედევნა და კართაგენამდე წინააღმდეგობის გარეშე ხოცავდა მათ, ისე რომ მთელი გზა კართაგენამდე ვანდალების ცხედრებით დაიფარა.
ამასობაში გიბამუნდი 2000 კაცით გადაეყარა ჰუნებს და სრულიად განადგურდა. ამასობაში მათთან მოვიდა გელიმერი, რომელმაც გააქცია ჰუნები, თუმცა აღარ დაედევნა და თვალცრემლიანმა ძმის დაკრძალვა დაიწყო.
ბელიზარიუსმა შეაჩერა გაქცეულნი, დაალაგა და სწრაფად დაიძრა გელიმერისკენ. ვანდალებმა ვეღარ მოასწრეს საბრძოლოდ დაწყობა, ვერ გაუძლეს მოწოლას და გაიქცნენ ველიდან, დაკარგეს რა ბევრი მებრძოლი. ისინი გაიქცნენ ბულის ვაკისკენ, ნუმიდიისკენ მიმავალ გზაზე.
მეორე დღის გვიან საღამოს ბელიზარიუსი კართაგენს მიადგა. კართაგენელებმა მთლიანად გაანათეს ქალაქი და ბიზანტიელებს გაუღეს კარები. ქალაქში დარჩენილი ვანდალები ტაძრებში დაიმალდნენ და პატიებას ითხოვდნენ. ბელიზარიუსმა ღამით არავინ შეუშვა ქალაქში, რადგან ვერ გააკონტროლებდა მათ და ცუდი ქცევას შეეძლო ქალაქის მოსახლეობის ამბოხება.
15 სექტემბრის დილით ბიზანტიელები მშვიდად შევიდნენ კართაგენში. მოსახლეობისგან შეისყიდეს საკვები და ხელი არავის არ შეუშალეს. დაიწყო ქალაქის კედლების აღდგენა.
გელიმერმა ბულის ვაკეზე, კართაგენიდან 4 დღის გზაზე, შეკრიბა ვანდალები და მეგობარი მავრუსები ბრძოლის გასაგრძელებლად. ამ დროს მავრიტანიისა და ნუმიდიის ბევრმა მმართველმა ელჩები გაუგზავნეს ბელიზარიუსს, თავი იმპერატორის ქვეშევრდომად ცნეს და მზადყოფნა გამოაცხადეს მათთან ერთად საომრად. ზოგი შვილებსაც სთავაზობდნენ მძევლებად. თუმცა-კი მათ ჯარები არ გამოაგზავნეს, იცდიდნენ და ომის განვითარებას ელოდნენ. ბელიზარიუსი მათი ნეიტრალიტეტითაც კმაყოფილი იყო და ელჩები ფულით დაასაჩუქრა.
გელიმერმა ვესტგოთთა მეფე ტეუდისს სთხოვა კავშირი, მაგრამ უარი მიიღო. შემდეგ სოფლის გლეხობას შესთავაზა ბიზანტიელების მკვლელობაში, თავის მიტანის დასტურით ფულით დასაჩუქრებას. ისინი ჩუმად კლავდნენ ძირითადად ბიზანტიელთა მონებსა და მსახურებს ჰკლავდნენ, მეომრებად ასაღებდნენ და ფულსაც იღებდნენ. გლეხობის ასეთი ქცევა არსებითად იმითაც იყო გამოწვეული, რომ სოფლების დაბალი ფენები სულაც არ იყვნე მოხიბლულნი ბიზანტიელთა მოსვლით, რადგან ვანდალების მოსვლამ ისინი ძველი არისტოკრატიის ზეგავლენისგან გაათავისუფლა და მცირერიცხოვანმა ვანდალებმა, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი გახდა არისტოკრატი, იგივე ზეგავლენას ვერ ახდენდა მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
ამასობაში ცაზონი ჩავიდა სარდინიაში, მოკლა პირველივე ბრძოლაში უზურპატორი გოდა და მალევე, ძმის მოწვევისთანავე დაბრუნდა უკან გელიმერთან. შეაგროვა რა მთელი დარჩენილი ძალები, გელიმერი დაიძრა კართაგენზე. მათ დაანგრიეს ქალაქის წყალმომარაგება და გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი გზები. შემდეგ მიწერეს ჰუნებს და შესთავაზე პატივი მათ მხარეს გადმოსვლის შეთმხვევაში, რომელთაგანაც თანხმობა მიიღეს, ბრძოლის დროს თქვენსკენ გადმოვალთო.
ვანდალებმა ქონება, ქალები და ბავშები დატოვეს ბანაკში და მივიდნენ ქ. ტრიკამარასთან, კართაგენიდან 25 კმ-ზე, სადაც მოვიდა ბიზანტიელთა მხედრობა, ხოლო ქვეითებმა ვერ მოასწრეს მოსვლა. ჰუნები გვერდით, ცოტა მოშორებით განლაგდნენ. ბიზანტიელებმა დაამარცხეს და გააქციეს ვანდალები, რა დროსაც დაიღუპა ცაზონი 800-მდე თანამებრძოლთან ერთად. ჰუნებმა როცა დაინახეს ვანდალთა გაქცევა, ისინიც დაედევნენ მათ ცოტა ხნით. ბიზანტიელებმა 50-მდე მებრძოლი დაკარგეს, მკვდარი ვანდალები გაძარცვეს და დაისვენეს.
საღამოს მოვიდნენ ქვეითებიც. მაშინ ბელიზარიუსი ვანდალთა ბანაკისკენ დაიძრა. ამის გაგებაზე გელიმერი შეჯდა ცხენზე და ოჯახის წევრებთან და მსახურებთან ერთად გაიქცა ნუმიდიისკენ მიმავალ გზაზე. როცა ვანდალებმა ყველაფერი გაიგეს, ბიზანტიელები უკვე მოსულიყვნენ და თავქუდმოგლეჯილებმა დატოვეს მთელი ქონება და ყოველ მხარეს უწესრიგოდ გარბოდნენ. ბიზანტიელებმა ხელთ იგდეს მათი ქონება, დაედევნენ და  ხოცავდნენ ვინც ხელში მოხვდებოდათ, კაცები, ქალები თუ ბავშვები.
გელიმერი ამასობაში გაიქცა ნუმიიდიის საზღვარზე მდებარე პაპუას მთიან მხარეში, სადაც მისი მეგობარი მავრუსები ცხოვრობდნენ და თავს დაცულად გრძნობდა. ბიზანტიელებს მთებში ასვლა კარგს არაფერს უქადდა, ამიტომ ბელიზარმა დაადევნა რაზმი და მთისძირებთან დააბანაკა, რომ დალოდებოდნენ, მანამ სანამ არ ჩამოვიდოდა გელიმერი და არ მიეცათ საშუალება საკვები მოემარაგებინა.
ბელიზარიუსმა სარდინიისა და კორსიკას დასაპყრობად გაგზავნა კირილე ფლოტით და თან გაატანა ცაზონის თავი, იმის ნიშნად, რომ ადგილობრივებისთვის ეთქვათ ვანდალთა სამეფო განადგურებულია და დაგვმორჩილდითო. ისინიც დანებდნენ და ბიზანტიური გადასახადებით დაიტვირთნენ.
შემდეგ ერთი რაზმი ბელიზარიუსმა გაგზავნა მავრიტანიის ქალაქ კესარეაში (კართაგენიდან 30 დღის გზაზე), მეორე კი გიბრალტარის სრუტესთან მდებარე სიმაგრე სეპტონის დასაკავებლად. ისინი დათითქმის მთელი სანაპირო ზოლი ადვილად დაიკავეს. მათ ქვემოთ ცხოვრობდნენ მავრიტანული ტომები. მესამე რაზმი გაიგზავნა იბიცას, მაიორკასა და მენორკას დასაკავებლად. მეოთხე გაიგზავნა ტრიპოლისში პუდენციასა და ტატიმუტთან დასახმარებლად, რომლებიც იქაურ მავრებს ებრძოდნენ. ყველაფერი შესრულდა. არ გამოვიდა მხოლოდ ლილიბეიუმის ოლქის დაკავება სიცილიაში, სადაც შეხვდნენ ოსტგოთები და განუცხადეს, რომ ეს ოლქი უკვე აღარ ეკუთვნით ვანდალებს.
ამასობაში ჰერულების რაზმი ფარას მეთაურობით გამოეყო ბიზანტიელებს და შეუტიას პაპუას მთებს, მაგრამ მავრებმა მოიგერიეს და ბევრი დახოცეს. შემდეგ ფარამ დაიწყო მოლაპარაკება გელიმერთან დანებდი და პატრიციის სამოსში გაატარებ მცირე აზიაში დარჩენილ ცხოვრებასო. ამასობაში 3 თვე გავიდა და საკვები ილეოდა. 534 წლის აპრილის დასაწყისში გელიმერი დანებდა და ბიზანტიელებს წაყვა კართაგენში.
ამასობაში იმპერატორთან მიიტანეს ჭორები თითქოს ბელიზარიუსი იქ ტახტზე ასვლას აპირებსო. ამიტომ იმპერატორმა გაიწვია სარდალი, რომელმაც თან წაიყვანა გელიმერი 2000 ტყვე ვანდალით კონსტანტინოპოლში. ბელიზარიუსს დიდი ტრიუმფი მოუწყვეს. გელიმერი გალატიაში გადაასახლეს და დიდი მიწები გამოუყვეს, მაგრამ პატრიციობას ვერ ეღირსა, რადგან არიანელობის დათმობაზე უარი თქვა, და კანონით არიანელი პატრიციად ვერ იკურთხებოდა. მოგვიანებით ვანდალები ბიზანტიის არმიაში ჩარიცხეს და სპარსეთთან საომრად გაგზავნეს.
ვანდალთა სამეფოს ხანმოკლე  არსებობის  გამო, ამ სამეფოში ფეოდალიზმის განვითარება  არ მომხდარა. ვანდალების გავლენიანი პირები სწრაფად მიეჩვივნენ რომაულ ყაიდაზე ფუფუნების ცხოვრებას. მათ მოიწყვეს ბაღები და ფანტანები. ელიტა ყოველდღიურად დადიოდა ძველ აბანოებში და აგებდა ახალს. სვამდნენ ღვინოს და არა როგორც გერმანელებში იყო მიღებული, ლუდს. დაიწყეს ოქროს სამკაულებისა და ძვრიფასის სამოსს, ესწრებოდნენ თეატრს, ეტლებით შეჯიბრებებს, ერთობოდნენ ნადირობითა და მუსიკით. კართაგენში მუშაობნენ რომაელი პოეტები, რომლებიც ულამაზებდნენ ვანდალურ არისტოკრატიას ცხოვრებას. აქაურები ქმნიდნენ გრამატიკულ, ფილოლოგიურ და სხვა ტიპის შრომებს. გელიმერი 19 წლიან გადასახლებაში ქმნიდა თხზულებებს თავისი უიღბლო ცხოვრების შესახებ და კითარას თანხმებით ასრულებდა კიდეც.
ტესტი
1. ვინ მოიწვია ვანდალები ჩრდილოეთ აფრიკაში, რამაც საბოლოოდ მათი სამეფოს დაარსება გამოიწვია?
A. აეციუსი, დასავლეთ რომის სარდალი
B. რომის პაპი ლეო I
C. იმპერატორი ვალენტინიანე III
D. ბონიფაციუსი, აფრიკის რომაელი მმართველი

2. რა იყო 455 წელს ვანდალების მიერ რომის აოხრების უშუალო მიზეზი?
A. რომის მიერ ვანდალებთან სავაჭრო ხელშეკრულების დარღვევა
B. ვანდალების მიერ არიანული სარწმუნოების რომისთვის თავს მოხვევის მცდელობა
C. იმპერატორ ვალენტინიანე III-ის მკვლელობა და მისი ქვრივის იძულებითი ქორწინება
D. რომაელების მიერ კართაგენის დაბრუნების მიზნით დაწყებული სამხედრო კამპანია

3. ვანდალების რომელმა მეფემ დაუდო 475 წელს ბიზანტიის იმპერიას „სამუდამო ზავი“?
A. გაიზერიხი
B. ჰუნერიხი
C. ტრაზამუნდი
D. გელიმერი

4. რა უნიკალური წესი დაადგინა გაიზერიხმა სამეფო ტახტის მემკვიდრეობისთვის?
A. ტახტი სამეფო ოჯახის ასაკით ყველაზე უფროს მამაკაცს გადაეცემოდა.
B. ტახტი მეფის უფროს ვაჟს გადაეცემოდა.
C. ახალ მეფეს ვანდალების არისტოკრატია ირჩევდა.
D. მემკვიდრეს ბიზანტიის იმპერატორი ამტკიცებდა.

5. რა გახდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ისთვის ვანდალების სამეფოში შეჭრის საბაბი?
A. ვანდალების მიერ არიანელი ქრისტიანების დევნა
B. გელიმერის მიერ სიცილიასა და იტალიაზე თავდასხმა
C. ვანდალებისა და სპარსეთის იმპერიის სამხედრო კავშირი
D. ბიზანტიის მომხრე მეფე ჰილდერიხის ჩამოგდება გელიმერის მიერ

6. რა კრიტიკული შეცდომა დაუშვა ვანდალების უკანასკნელმა მეფე გელიმერმა ბელიზარიუსის შეჭრის წინ?
A. საუკეთესო ფლოტი და 5000 მეომარი სარდინიაზე აჯანყების ჩასახშობად გაგზავნა
B. დედაქალაქი კართაგენიდან ნაკლებად დაცულ ქალაქში გადაიტანა
C. ოსტგუთების სამეფოსთან ომი წამოიწყო და ორ ფრონტზე მოუწია ბრძოლა
D. ეკონომიკური პრობლემების გამო ჯარის დიდი ნაწილი დაითხოვა

7. ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის რომელი ფენა დაუჭირა მხარი ვანდალების მოსვლას რომაული მმართველობისადმი წინააღმდეგობის გამო?
A. აგონისტური (დონატისტური) მოძრაობის მიმდევრები და დაბალი სოციალური ფენები
B. მავრების (ბერბერების) ტომები
C. რომანიზებული არისტოკრატია და მიწათმფლობელები
D. ვესტგუთი მოსახლეობა

8. რომელი ორი გერმანული ტომი შეუერთდა ვანდალებს 406 წელს გაყინული რაინის გადაკვეთისას?
A. ფრანკები და ბურგუნდები
B. საქსები და ანგლები
C. ალანები და სვევები
D. გუთები და ფრანკები

9. რა ბედი ეწიათ სილინგ ვანდალებსა და ალანებს ესპანეთში, აფრიკაში გადასახლებამდე?
A. ისინი ასდინგ ვანდალებზე ადრე, დამოუკიდებლად გადასახლდნენ აფრიკაში
B. ისინი ნებაყოფლობით შეერწყნენ ადგილობრივ რომაულ მოსახლეობას და დაკარგეს იდენტობა
C. ისინი თითქმის სრულად გაანადგურეს ვესტგუთებმა, გადარჩენილები კი ასდინგ ვანდალებს შეუერთდნენ
D. მათ წარმატებით დააარსეს დამოუკიდებელი სამეფო ბეტიკას პროვინციაში

10. როგორ დასრულდა 468 წელს ვანდალების წინააღმდეგ წამოწყებული მასშტაბური აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიების ერთობლივი საზღვაო ექსპედიცია?
A. ექსპედიცია დაწყებამდე შეწყდა რომის შიდა პოლიტიკური კონფლიქტების გამო
B. რომაელებმა წარმატებით აიღეს კართაგენი, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს
C. ვანდალებმა მოტყუებით და ღამის თავდასხმით გაანადგურეს რომაელთა ფლოტის უდიდესი ნაწილი
D. გაიზერიხი იძულებული გახდა დაედო დამამცირებელი ზავი და დაეთმო დაპყრობილი კუნძულები

11. რომელი მეფის მმართველობის დროს მიაღწია პიკს დიოფიზიტი ქრისტიანების დევნამ ვანდალების სამეფოში?
A. გუნტამუნდი
B. ტრაზამუნდი
C. ჰუნერიხი
D. ჰილდერიხი

12. დეციმუმის ბრძოლაში, რა იყო გელიმერის სტრატეგიული გეგმა ბელიზარიუსის ჯარის გასანადგურებლად?
A. ბიზანტიელთა ჯარის სამი მხრიდან ალყაში მოქცევა და სრული განადგურება
B. მოკავშირე მავრების დახმარებით ბიზანტიელთა ავანგარდის განადგურება
C. კართაგენის კედლებთან ბიზანტიელების შეტყუება და შემდეგ ზურგიდან თავდასხმა
D. ბიზანტიელთა ფლოტის განადგურება და სახმელეთო ჯარის მომარაგების გარეშე დატოვება


Комментариев нет:

Отправить комментарий