1944 წლის 16 დეკემბერს გერმანიის არმია გადავიდა ფართომასშტაბიან შეტევაზე დასავლეთის ფრონტზე. ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დასკვნითი ეტაპის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ომის შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ ისტორიოგრაფიაში დღემდე არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ამ ბრძოლის შეფასებებში. თუ ამერიკელი და ბრიტანელი მკვლევრები პრაქტიკულად ერთხმად აცხადებენ, რომ ბრძოლა არდენებში მოგებული იქნა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცების სიმტკიცისა და გმირობის ფასად,1 რუსი ისტორიკოსები ყოველნაირად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ გადამწყვეტი როლი დასავლელი მოკავშირეების წარმატებაში მიუძღოდა გერმანელების წინააღმდეგ საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წლის 12 იანვარს პოლონეთში დაწყებულ შეტევას.2
ამგვარი საკამათო სიტუაციის წარმოშობას საკმაოდ შეუწყო ხელი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და მის მიერ 1945 წლის 6 იანვარს სტალინისადმი გაგზავნილმა წერილმა, რომლითაც ჩერჩილმა, ფაქტობრივად, დახმარება სთხოვა საბჭოთა ლიდერს დასავლეთის ფრონტზე კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.3
არდენებში დაწყებული შეტევა მოკავშირეებისათვის საკმაოდ მოულოდნელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა მთავარსარდლობა უშვებდა გერმანელების მხრიდან შემოტევის შესაძლებლობას, მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ ეს ამდენად მასშტაბური ოპერაცია იქნებოდა.4
უფრო მეტიც, თვით შეტევის დაწყების შემდეგ გენ. ბრედლი (მოკავშირეთა მთავარსარდლის დუაიტ ეიზენჰაუერის მოადგილე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამერიკულ არმიებს) თვლიდა ამ ოპერაციას შეზღუდული ხასიათის კონტრშეტევად, რომელიც მიზნად ისახავდა მოკავშირეთა ახალი იერიშების თავიდან აცილებას.5
თავი იჩინა თავდაჯერებულობამაც. არდენებში შესაძლო კონტრშეტევის შესახებ აშშ-ის სტრატეგიული სამსახურების სამმართველომ (OSS – Offi ce of strategic services) სარდლობას ჯერ კიდევ დეკემბრის პირველ რიცხვებში შეატყობინა, მაგრამ მე-9 ამერიკული არმიის სარდალმა, გენ. ჰოჯესმა, ამ ინფორმაციის მომწოდებლებს „ჭკუიდან გადასულები“ უწოდა.6
საჰაერო დაზვერვაც ცხადყოფდა, რომ გერმანელები თავს უყრიდნენ მნიშვნელოვან ძალებს, მაგრამ ამერიკელმა სარდლებმა ყურადღება არც ამ მონაცემებს მიაქციეს.7 გერმანელებმა შეტევის მიმართულებად აირჩიეს არდენები _ მთიანი და ტყიანი რეგიონი ბელგიასა და საფრანგეთში. მოსალოდნელი გარღვევის ადგილას თავმოყრილ იქნა ოცამდე გერმანული დივიზია, რის წინააღმდეგაც 75-კილომეტრიან მონაკვეთზე ამერიკელებს მხოლოდ ოთხი დივიზია ჰყავდათ განთავსებული.8
თავის მხრივ, გერმანელების მიზანი იყო ანტვერპენის აღება და მოკავშირეებისათვის ახალი დიუნკერკის მოწყობა. ოპერაციის მთავარსარდლად დაინიშნა ფელდმარშალი გერდ ფონ რუნდშტედტი, თუმცა ამ უკანასკნელს არ სწამდა ოპერაციის წარმატების და, ფაქტობრივად, მხოლოდ ნომინალურად ასრულებდა თავის ფუნქციებს. ბ. ლიდელჰარტის ცნობით, მან შეტევის ხელმძღვანელობა თავის ხელქვეითებს მიანდო, თავად კი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისაგან განზე გადგა.9
გერმანელი სარდლის სკეპტიციზმის მიუხედავად, შეტევა უაღრესად წარმატებულად დაიწყო. 17 დეკემბერს გერმანელებმა გაარღვიეს ფრონტის ხაზი და წაიწიეს მდ. მაასისაკენ. შეტევის ცენტრალურ მონაკვეთზე ამერიკელებმა თითქმის 100 კილომეტრით დაიხიეს უკან. გერმანელებმა ალყა შემოარტყეს საკვანძო პუნქტ ბასტონს, რომლის დასაცავადაც ამერიკელებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს. გარდა ამისა, ამერიკელების მდგომარეობა გაართულა იმანაც, რომ მე-9 და 1-ლმა ამერიკულმა არმიებმა კავშირი დაკარგეს ბრედლის შტაბთან. 19 დეკემბერს ეიზენჰაუერი იძულებული გახდა, ისინი დაექვემდებარებინა ბრიტანული არმიების სარდალ ბერნარდ მონტგომერისათვის.10 ამავე დღეს, გენერალმა პატონმა (მე-3 ამერიკული არმიის სარდალი) მიიღო ბრძანება, მთელი შესაძლო ძალებით დაძრულიყო ბასტონის გარნიზონის დასახმარებლად. მართლაც, 23 დეკემბერს პატონი სამი დივიზიის თანხლებით საარის ოლქიდან ბასტონისაკენ გაემართა და 26 დეკემბერს გაარღვია ალყა,11 თუმცა ამის შემდეგაც გერმანელები ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ ამ საკვანძო პუნქტის დაუფლებას.
მიუხედავად პირველი წარმატებებისა, გერმანელებმა ვერ შეძლეს დასახული მიზნების სისრულეში მოყვანა და სკეპტიციზმი სარდლობაში კიდევ უფრო გამყარდა. 1944 წლის 25 დეკემბერს ფელდმარშალმა გუდერიანმა მოსთხოვა ჰიტლერს, შეეწყვიტა ოპერაცია არდენებში, რომელიც აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო, და სანამ ეს დაგვიანებული არ იქნებოდა, გამოეყვანა იქიდან მთავარი ძალები და გადაესროლა ისინი აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც, მისი აზრით, უმოკლეს ხანებში მოსალოდნელი იყო საბჭოთა ჯარების შეტევაზე გადასვლა.12
ამასობაში მოკავშირეებმა დაიწყეს არდენებში კონტრშეტევის მომზადება. ეიზენჰაუერისა და მონტგომერის ურთიერთშეთანხმებით, ეს კონტრშეტევა უნდა დაწყებულიყო 1945 წლის 3 იანვარს. მართლაც, დათქმულ დროს 1-ლი ამერიკული არმია გადავიდა შეტევაზე არდენის შვერილის ჩრდილოეთით და მოკავშირეებმა მთლიანად ხელთ იგდეს ინიციატივა არდენებში. ამიერიდან გასარკვევი იყო მხოლოდ შემდეგი საკითხი: შეძლებდნენ თუ არა მოკავშირეები, ეფექტურად გაერღვიათ მოწინააღმდეგის თავდაცვა და სწრაფად გადაელახათ თოვლიანი არდენები, რათა გაენადგურებინათ, ან ხელთ ეგდოთ გერმანელთა მნიშვნელოვანი ძალები.13
მიხვდა რა არდენებში შეტევის ჩაფლავებას, ჰიტლერმა სცადა მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებით და ბრძანა იერიშზე გადასვლა ვოჟის მთებში. 1945 წლის 1 იანვარს გერმანელებმა წამოიწყეს ოპერაცია „ჩრდილოეთის ქარი“ („Nordwind“). პირველ დღეს გერმანელებმა მოახერხეს 12 კმ-ით წინ წაწევა, რითაც საფრთხე შეუქმნეს არმიათა მე-6 ჯგუფში შემავალ გენ. პეტჩის მე-7 ამერიკულ არმიასა და გენ. დე ლატრ დე ტასინის 1-ლ ფრანგულ არმიას. ამიტომ ეიზენჰაუერმა უბრძანა არმიათა მე-6 ჯგუფის სარდალ გენ. დევერსს, ეკონომიურად გამოეყენებინა ძალები და დაეტოვებინა სტრასბური.14 ბუნებრივია, ამან გამოიწვია სერიოზული წინააღმდეგობა ფრანგების მხრიდან და 3 იანვარს შარლ დე გოლმა კატეგორიულად მოსთხოვა ეიზენჰაუერს სტრასბურის დაცვა. ამ საუბარს შეესწრო ჩერჩილიც, რომელიც იმ დროს ეიზენჰაუერის შტაბში იმყოფებოდა.15 საბოლოოდ, დე გოლის არგუმენტებმა გასჭრა და ეიზენჰაუერმაც შეცვალა პირვანდელი გადაწყვეტილება. მან მისცა სათანადო მითითებები გენ. დევერსს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ელზასში გერმანელთა შეტევის დაწყების შემთხვევაში.16 5 იანვარს ამერიკელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც სიტუაცია ამ მიმართულებით მთლიანად შეიცვალა.17 ამ დღეს გერმანულმა სარდლობამ პრაქტიკულად აღიარა მარცხი ვოჟის მთებში, რის მიზეზადაც მიიჩნია ჯარების გადაღლა, რაც გამოწვეული იყო უმძიმეს ვითარებაში წარმოებული შეტევებით.18 მართალია, ამავე დღეს გერმანელებმა მდგომარეობის გამოსასწორებლად წამოიწყეს შეტევა ელზასში, მაგრამ ეიზენჰაუერის მითითებები დევერსისადმი აბსოლუტურად სწორი აღმოჩნდა და შეტევა პრაქტიკულად იმავე დღეს იქნა შეჩერებული.19
და აი, ასეთ ვითარებაში, როდესაც არ იყო არავითარი საფუძველი შიშისათვის, ჩერჩილმა 1945 წლის 6 იანვარს საბჭოთა ლიდერს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ დასავლეთის ფრონტზე მძიმე სიტუაცია შეიქმნა და მოკავშირეთა მთავარსარდლობას შეიძლებოდა ყოველ წუთს დასჭირვებოდა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება. მან სთხოვა სტალინს, ეცნობებინა მისთვის, დაიწყებდა თუ არა უახლოეს მომავალში საბჭოთა არმია ფართომასშტაბიან შეტევას აღმოსავლეთის ფრონტზე და ხაზი გაუსვა, რომ ამის ცოდნა სჭირდებოდა ეიზენჰაუერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.20
ჩერჩილის ამ წერილმა უაღრესად დიდი გამოხმაურება პოვა ომის შემდგომ. საბჭოურმა ისტორიოგრაფიამ ის გამოიყენა იმის სამტკიცებლად, რომ დასავლელი მოკავშირეები არდენებში კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ისინი კრახისაგან მხოლოდ საბჭოთა არმიის მიერ პოლონეთში დაწყებულმა შეტევამ იხსნა. თავის მხრივ, ინგლისელმა და ამერიკელმა მკვლევრებმა, რომლებმაც ნათლად დაამტკიცეს, რომ წერილის დაწერის დღისათვის ბრძოლა როგორც არდენებში, ისე ვოჟის მთებსა და ელზასში მოკავშირეებს პრაქტიკულად მოგებული ჰქონდათ, ვერანაირი ლოგიკური ახსნა ვერ მოუძებნეს ბრიტანეთის პრემიერის მოქმედებას. ამიტომ დასავლურ ისტორიოგრაფიაში ეს წერილი ან საერთოდ არ მოიხსენიება,21 ან ცხადდება, რომ ჩერჩილი „არასწორად“22 და „უჭკუოდ“23 მოიქცა ამ ბარათის გაგზავნით.
დავუბრუნდეთ 6 იანვრის წერილს. მისი შინაარსიდან თითქოს მხოლოდ იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მოკავშირეებს ძალიან უჭირდათ და სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ დახმარება. ეს კი სრულებით არ შეეფერებოდა რეალობას და ჩერჩილმაც ბრწყინვალედ იცოდა ამის შესახებ, რადგანაც თვითონ იმყოფებოდა 3 იანვარს ეიზენჰაუერის შტაბში.
უფრო მეტიც, 7 იანვარს მონტგომერიმ მოაწყო პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ არდენებში ბრძოლა მოგებული იყო და თავი ამერიკელების მხსნელად გამოაცხადა.24 აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: 9 იანვარს ჩერჩილმა სტალინს სულ სხვა შინაარსის წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დასავლეთში მდგომარეობა უკვე არც ისე ცუდი იყო და სავსებით შესაძლებელი ხდებოდა გერმანელების განდევნა შვერილიდან და მათთვის დიდი ზიანის მიყენება.25 საბჭოთა მკვლევრებს რატომღაც ავიწყდებოდათ ეს და ყურადღებას ამახვილებდნენ 9 იანვრის წერილის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელშიც ჩერჩილი მადლობას უხდიდა სტალინს საბჭოთა შეტევის უახლოეს ხანებში დაწყების შესახებ მიწოდებული ცნობისათვის.26 მისი თქმით, ეს დაარწმუნებდა ეიზენჰაუერს, რომ გერმანელებს მართლაც მოუწევდათ ორ ფრონტს შორის რეზერვების გაყოფა.27 არადა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ფრონტებზე ამ სამი დღის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა ყოველივე ეს არ ცვლის საქმის ვითარებას. როდესაც ჩერჩილმა წერილი დაწერა (6 იანვარს), მდგომარეობა სულაც არ იყო კრიტიკული. და ეს მან თვითონაც მშვენივრად იცოდა. ამას ადასტურებს მისი 5 იანვრის წერილი სტალინისადმი, რომელშიც აღნიშნავს, რომ მოკავშირეები „არდენებში სიტუაციის ბატონპატრონები იყვნენ“,28 და 6 იანვრის წერილი რუზველტისადმი ამერიკელების მიერ უმძიმესი ბრძოლების შემდეგ არდენებში მიღწეული გამარჯვებების მილოცვით.29
მაშ, რამ განაპირობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ასეთი წერილის გაგზავნა, როდესაც, ხაზს ვუსვამთ, სიტუაცია დასავლეთის ფრონტზე არ იძლეოდა შეშფოთების რაიმე საბაბს? თავად ჩერჩილმა საკუთარ მემუარებში ეს ახსნა იმით, რომ ეიზენჰაუერს სჭირდებოდა ინფორმაცია, დაიწყებდა თუ არა საბჭოთა მხარე უახლოეს ხანებში შეტევას, რათა ამის საფუძველზე განესაზღვრა მოკავშირეთა ოპერაციის დაწყების ზუსტი ვადები.30 მართლაც, ეიზენჰაუერმა ასეთი თხოვნა დიდი ხნით ადრე გაუგზავნა გაერთიანებული შტაბების უფროსებს და 1944 წ. დეკემბერში მიიღო ინფორმაცია, რომ სტალინმა აღუთქვა პრეზიდენტ რუზველტს ამ საკითხის განხილვა სამხედრო წარმომადგენელთან შეხვედრისას.31 მოსკოვში გაიგზავნა მარშალი ტედერი, მაგრამ მან ამინდის გაუარესების გამო ორ კვირაზე მეტ ხანს ვერ ჩააღწია მოსკოვში. ამიტომ ეიზენჰაუერმა მხოლოდ ჩერჩილისაგან შეიტყო მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მაგრამ აქ აღსანიშნავია სამი გარემოება:
1. ეიზენჰაუერმა თავისი სურვილი პირველად გამოთქვა არა იანვარში, არამედ დეკემბერში, ამერიკელთა მხრიდან არდენებში კონტრშეტევის დაწყებამდე, თუმცა ბრიტანეთის პრემიერმა მაშინ თავი შეიკავა საბჭოთა ლიდერთან კონტაქტისაგან;
2. თუ, რაც ნამდვილად სავარაუდოა, 1945 წლის იანვრის დასაწყისში ეიზენჰაუერმა გაუმეორა თავისი თხოვნა ჩერჩილს ამ უკანასკნელის მის შტაბში ყოფნის დროს, საინტერესოა, რატომ არ შეეხო ამ საკითხს ბრიტანეთის პრემიერი სტალინისადმი 5 იანვარს გაგზავნილ წერილში, რომელზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი; და
3. თუ წერილის დაწერისას ჩერჩილი ხელმძღვანელობდა მხოლოდ ეიზენჰაუერის თხოვნით, რა საჭირო იყო სტალინისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მდგომარეობის დამძიმება? საბჭოთა ლიდერი ისედაც უპრობლემოდ მისწერდა ბრიტანეთის პრემიერს, აპირებდა თუ არა შეტევაზე გადასვლას აღმოსავლეთის ფრონტზე უახლოეს ხანებში, იმის მიუხედავად, თუ როგორ ითხოვდა ჩერჩილი ამას, მით უმეტეს, რომ ტედერი უკვე ერთ კვირას მაინც აგვიანებდა და ეს მშვენიერი გასამართლებელი საბუთი იყო.
როგორც ჩანს, ჩერჩილს სხვა მიზანიც ჰქონდა, როდესაც წერილს სწორედ ამ სახით წერდა. ჩვენი აზრით, აქ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ გარემოებას: 1945 წლის დასაწყისისათვის ინგლის-ამერიკის ჯარები დასავლეთში და საბჭოთა ნაწილები აღმოსავლეთში თითქმის თანაბარ მანძილზე იყვნენ ბერლინიდან და, რასაკვირველია, ბრიტანეთის პრემიერს სურდა დაესწრო სტალინისათვის გერმანიის დედაქალაქის აღება. მას კარგად ესმოდა, რომ ომის შემდეგ უფრო მოგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ის მხარე, რომლის ძალებიც პირველი შევიდოდნენ ბერლინში. ამიტომ, შესაძლოა, მან იფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საბჭოთა არმია გადავიდოდა ფართომასშტაბიან შეტევაზე აღმოსავლეთში. ჩერჩილი ალბათ იმედოვნებდა, რომ ასეთ ვითარებაში გერმანელები მთელ თავის ძალებს გადაისროდნენ ამ ფრონტზე, რაც ინგლისელებს და ამერიკელებს ხელ-ფეხს გაუხსნიდა დასავლეთში. როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ გერმანელები არ მისცემდნენ საბჭოთა ჯარებს პოლონეთში სერიოზული წინსვლის საშუალებას, რისთვისაც საჭირო იქნებოდა დასავლეთის ფრონტიდან ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთების აღმოსავლეთში გადაყვანა. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ინგლისელები და ამერიკელები თითქმის უპრობლემოდ გადალახავდნენ ზიგფრიდის ხაზს და მოახდენდნენ რაინის ფორსირებას. მაგრამ საბჭოთა ჯარებმა ისეთი სისწრაფით გაარღვიეს გერმანელთა თავდაცვის ხაზი, რომ 1 თებერვლისათვის დაახლოებით 500 კმ-ით წაიწიეს წინ და, ფაქტობრივად, მთელი პოლონეთი დაიკავეს.32 ამით პრაქტიკულად გადაწყდა, თუ ვის ერგებოდა ბერლინი. ასე რომ, ჩერჩილის პროგნოზები და იმედები ამ მიმართულებით არ გამართლდა. რაც შეეხება საკუთრივ დასავლეთის ფრონტზე განვითარებულ მოვლენებს, გერმანელებმა მართლაც გადაიყვანეს აქედან აღმოსავლეთში 6 დივიზია, თუმცა ამ დროისათვის უკვე აშკარა იყო, რომ ბრძოლა არდენებში მათ წააგეს.33 ეს ნათელი გახდა 1945 წ. 16 იანვარს, როდესაც მოკავშირეთა ნაწილები შეერთდნენ უფალიზთან და არ გვგონია, რომ ეს საბჭოთა ჯარების დამსახურება ყოფილიყო. იანვრის ბოლოსათვის მოკავშირეებმა აღადგინეს 16 დეკემბრამდელი პოზიციები და დაიწყეს მზადება ახალი შეტევისათვის, რომელიც 8-10 თებერვლისათვის დაიგეგმა.34
რასაკვირველია, პოლონეთში საბჭოთა არმიის შეტევაზე გადასვლამ ხელი შეუწყო არდენებში გერმანელთა უკან დახევას,35 მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ დროის თვალსაზრისით. ბრძოლის ბედი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო.
შენიშვნები
1. H. Cole, The Ardennes. Battle of the Bulge (Washington, 1965), p. XIXII; J. Ehrman, Grand Strategy. October 1944 – August 1945, vol. VI (London, 1956); B. H. Liddell Hart, The History of World War II (London, 1970), p. 603; J. Toland, Battle. The Story of the Bulge (New York, 1959), p. 379-380 და სხვა.
2. Ã. À. Äåáîðèí, Âòîðàÿ ìèðîâàÿ âîéíà (Ìîñêâà, 1958), ñ. 357; Â. Ì. Êóëèø, Âòîðîé ôðîíò. Îïåðàöèè â Çàïàäíîé Åâðîïå â 1944-1945ãã. (Ìîñêâà, 1960), ñ. 307; Â. Ì. Êóëèø, Èñòîðèÿ âòîðîãî ôðîíòà (Ìîñêâà, 1971), ñ. 545; Â. Ë. Èñðàýëÿí, Äèïëîìàòè÷åñêàÿ èñòîðèÿ Âåëèêîé Îòå÷åñòâåííîé âîéíû (Ìîñêâà, 1959), ñ. 277-279; Â. Ë. Èñðàýëÿí, Äèïëîìàòèÿ â ãîäû âîéíû (Ìîñêâà, 1985), ñ. 325-327; Í. Í. ßêîâëåâ, Ôðàíêëèí Ðóçâåëüò – ×åëîâåê è ïîëèòèê. Íîâîå ïðî÷òåíèå (Ìîñêâà, 1981), ñ. 384; Âåëèêàÿ Îòå÷åñòâåííàÿ âîéíà Ñîâåòñêîãî Ñîþçà 1941-1945. Êðàòêàÿ èñòîðèÿ (Ìîñêâà, 1984), ñ. 384; Î. À. Ðæåøåâñêèé, Èñòîðèÿ âòîðîãî ôðîíòà: Âîéíà è äèïëîìàòèÿ (Ìîñêâà, 1988), ñ. 36; Â. À. Ñåêèñòîâ, Âîéíà è ïîëèòèêà (Ìîñêâà, 1989), ñ. 402; Î. À. Ðæåøåâñêèé, Ñòàëèí è ×åð÷èëëü. Âñòðå÷è. Áåñåäû. Äèñêóññèè. Äîêóìåíòû, êîììåíòàðèè. 1941-1945 (Ìîñêâà, 2004), ñ. 490 და სხვა.
3. Ïåðåïèñêà ïðåäñåäàòåëÿ ñîâåòà ìèíèñòðîâ ÑÑÑÐ ñ ïðåçèäåíòàìè ÑØÀ è ïðåìüåð-ìèíèñòðàìè Âåëèêîáðèòàíèè âî âðåìÿ Âåëèêîé Îòå÷åñòâåííîé âîéíû 1941-1945ãã., â 2-õ òîìàõ, ò. I, Ïåðåïèñêà ñ Ó. ×åð÷èëëåì è Ê. Ýòòëè (èþëü 1941ã. – íîÿáðü 1945ã.) (Ìîñêâà, 1957), ñ. 298.
4. N. Gelb, Ike and Monty: Generals at War (London, 1994), p. 381.
5. იქვე, გვ. 382-383.
6. R. Dunlop, Donovan: America’s Master Spy (Chicago – New York – San Francisco, 1982), p. 460; H. R. Smith, OSS: The Secret History of America’s First Central Intelligence Agency (Berkeley, CA, 1972), p. 358. ჰოჯესი ვერც შეტევის დაწყების შემდეგ მიხვდა, თუ რა იყო გერმანელთა მიზანი და ჩათვალა, რომ მათ სურდათ მხოლოდ რურის დამბების წინააღმდეგ მიმართული მოკავშირეთა ოპერაციის შეჩერება (იხ.: G. Forty, Road to Berlin: The Allied Drive from Normandy (London, 1999), p. 140)
7. The Army Air Forces in World War II, vol. 3. Europe: Argument to V-E Day. January 1944 to May 1945 (Chicago, IL., 1951), p. 673-682; H. St. George Saunders, Royal Air Force 1939-1945, vol. 3, The Fight is Won. With concluding chapter by Hilary St. George Saunders and Denis Richards (London, 1993), p. 205.
8. D. Eisenhower, Crusade in Europe (New York, N.Y., 1948), p. 342.
9. B. H. Liddell Hart, დასახელებული ნაშრომი, გვ. 603.
10. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან არ მოეწონა ბრედლის, თუმცა სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში უბრალოდ არ იყო (იხ.: N. Gელბ, დასახ. ნაშრომი, გვ. 383). თავის მხრივ, მონტგომერი უაღრესად გახარებული დარჩა ამგვარი გადაწყვეტილებით და თავის დღიურში ისიც კი ჩაწერა, რომ ჰოჯესი (მე-9 ამერიკული არმიის სარდალი) და სიმპსონი (1-ლი ამერიკული არმიის სარდალი) კმაყოფილები იყვნენ, რომ ახლა მათ ჰყავდათ მტკიცე ბრძანებების გამცემი მეთაური (The Memoirs of Field-Marshal the Viscount Montgomery of Alamein (London, 1958), p. 455; W. B. Breuer, Feuding Allies: The Private Wars of the High Command (New York, 1995), p. 266).
11. მ. ჯიევანევსკის თქმით, სწორედ პატონი, რომელმაც `განახორციელა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში უმსხვილესი შენაერთის უმოკლეს დროში გადასროლა ყველაზე გრძელ მონაკვეთზე~, იქცა მოკავშირეების ნამდვილ მხსნელად არდენებში (იხ.: M. Dziewanewski, War At Any Price: World War II in Europe, 1939-1945 (Eaglewood Cliffs, NJ., 1987), p. 316). ა. ტეილორი კი თვლის, რომ პატონის ძალების ბასტონის დამცველებთან შეერთების შემდეგ გერმანელების გამარჯვების ყველანაირი შანსი გაქრა (A. Taylor, The Second World War (London, 1975), p. 215).
12. J. Erickson, The Road to Berlin: Continuing the History of Stalin’s War with Germany (Boulder, CO., 1983), p. 431.
13. ცნობილი გერმანელი გენერლის, ჰასო ფონ მანტოიფელის დაკვირვებით, მოკავშირეთა კონტრშეტევა ნაადრევად იქნა დაწყებული. მისი აზრით, ეს რომ ოდნავ მოგვიანებით მომხდარიყო, გერმანელთა დაჯგუფება მთლიანად იქნებოდა განადგურებული (იხ. Õ. ôîí Ìàíòåéôåëü, Àðäåííû, წიგნში: Ðîêîâûå ðåøåíèÿ (Âîñïîìèíàíèÿ íåìåöêèõ ãåíåðàëîâ), ðåä. Ï. À. Æèëèí (Ìîñêâà, 1958), ñ. 215). მისი თქმით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ გარემოებამ, რომ გერმანელები წლების განმავლობაში მიჩვეული იყვნენ თოვლსა და ყინვაში ყოფნას, რისი წყალობითაც მათ დროულად დაიხიეს უკან (H. Jacobsen, J. Rohwer, Decisive Battles of the Second World War: The German View (New York, 1965), p. 410). არსებობს სხვა მოსაზრებაც: გენ. ჯ. პატონი თვლიდა, რომ არდენებში შესაძლებელი იყო გერმანული არმიის მთლიანად ხელში ჩაგდება, მაგრამ მონტგომერის პასიურობამ ხელი შეუშალა სრული წარმატების მიღწევას (G. S. Patton, War As I Knew It (Boston, MA., 1946), p. 377).
14. პ. კალვოკორესი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობა იყო (იხ.: P. Calvocoressi, G. Wint, J. Pritchard, Total War. The Causes and Courses of the Second World War (London, 1989), p. 551). საბჭოთა მკვლევრების (ო. რჟეშევსკი) მტკიცებით, ეს ოპერაცია უდიდეს საფრთხეს უქმნიდა დასავლელ მოკავშირეებს, თუმცა კ. ბონის მონოგრაფიიდან, რომელიც მიძღვნილია ვოჟის მთების კამპანიისადმი, ნათელი ხდება, რომ ეს შეტევა არ წარმოადგენდა დიდ საფრთხეს, ხოლო 5 იანვრისათვის უკვე თვით გერმანელებისათვის გახდა ცხადი, რომ ის ჩაფლავდა (იხ.: K. E. Bonn, When the Odds Were Even: The Vosges Mountains Campaign, October 1944 – January 1945 (Novato, CA., 1994), p. 209).
15. როგორც ირკვევა, ჩერჩილის ვიზიტის მთავარი მიზეზი სწორედ სტრასბურის საკითხი იყო და მას სურდა, დაერწმუნებინა ეიზენჰაუერი, რათა ამ უკანასკნელს შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება სტრასბურის დატოვების შესახებ, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას ჩარევა არც დასჭირდა (იხ.: J. S. D. Eisenhower, The Bitter Woods. The Dramatic Story, Told at All Echelons – from Supreme Command to Squad Leader – of the Crisis that Shook the Western Coalition: Hitler’s Surprise Ardennes Offensive (New York, 1969), p. 404).
16. D. Eisenhower, დასახელებული ნაშრომი, გვ. 363.
17. H. Michel, The Second World War (New York, 1975), p. 667.
18. K. E. Bonn, დასახელებული ნაშრომი, გვ. 209.
19. J. J. Clarke, R. R. Smith, Riviera to the Rhine: United States Army in World War II. The European Theater of Operations (Washington, DC, 1993), p. 519-520. ჯ. კიგანის აზრით, ამ შეტევებს რაიმე სერიოზული საგანგაშო სიტუაცია არ მოჰყოლია (იხ.: J. Keegan, The Second World War (London, 1989), p. 446).
20. Ïåðåïèñêà, I გვ. 298.
21. ჩერჩილის ეს წერილი იგნორირებულია ისეთ გამოცემებშიც კი, რომლებშიც, ერთი შეხედვით, ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხსენიებული. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც უკანასკნელ ათწლეულში გამოცემული რამდენიმე მონოგრაფია, რომლებიც ან საკმაოდ დაწვრილებით აშუქებს არდენის ბრძოლებს (იხ.: V. Stewart, Three Against One: Churchill, Roosevelt, Stalin vs Adolph Hitler (Santa Fe, N.M., 2002), p. 202-209), ან მიძღვნილია უშუალოდ `დიდი სამეულის~ ლიდერების დიპლომატიური ურთიერთობებისადმი (L. Rees, WWII, Behind the Closed Doors: Stalin, the Nazis, and the West (New York, N.Y., 2008); C. Catherwood, Winston Churchill: The Flawed Genius of World War II (New York, N.Y., 2009).
22. Th. D. Parrish, Roosevelt and Marshall. Partners in Politics And War. The Personal Story (New York, 1989), p. 485.
23. H. Cole, დასახელებული ნაშრომი, გვ. 603.
24. N. Gelb, Ike and Monty, p. 396. ამ განცხადებას მოჰყვა ამერიკელი სამხედროების, განსაკუთრებით პატონის, გაბრაზება, რის შედეგადაც მონტგომერი იძულებული გახდა, უკან წაეღო სიტყვები ამერიკელების `ხსნაში~ მის მთავარ როლზე (N. Polmar, Th. B. Allen, World War II: America at War 1941-1945 (New York, 1991), p. 98-99).
25. Ïåðåïèñêà, I, gv. 299.
26. სტალინმა 7 იანვარს ამცნო ჩერჩილს, რომ საბჭოთა სარდლობა დაჩქარებული ტემპებით ემზადებოდა შეტევის დასაწყებად (Ïåðåïèñêà, I, გვ. 298-299).
27. Ïåðåïèñêà, I, გვ. 299.
28. Ïåðåïèñêà, I, გვ. 297.
29. W. S. Churchill, The Second World War. Vol. 6. Triumph and Tragedy (Boston, MA, 1953), p. 277-278; W. F. Kimball, Churchill and Roosevelt: The Complete Correspondence. Vol. III. The Alliance Declining. February 1944 – April 1945 (Princeton, N.J., 1987), p. 498-499 (წერილი რუზველტმა 7 იანვარს მიიღო, ამიტომ უ. კიმბოლს ის ამ თარიღით აქვს მოყვანილი).
30. W. S. Churchill, დასახელებული ნაშრომი, გვ. 285.
31. Report by the Supreme commander to the Combined Chiefs of Staff on the operations in Europe of the Allied Expeditionary Force, 6 June 1944 to 8 May 1945 (Washington, D.C., 1946), p. 83.
32. Èñòîðèÿ Âåëèêîé Îòå÷åñòâåííîé âîéíû (SemdgomSi ÈÂÎÂ), â 6 òîìàõ. ò. 5 (Ìîñêâà, 1963)‚ ñ. 80; Èñòîðèÿ âòîðîé ìèðîâîé âîéíû (SemdgomSi ÈÂÌÂ), â 12 òîìàõ, ò. 10, Ïðåäñåäàòåëü ðåäàêöèîííîé êîìèññèè Ä. Ô. Óñòèíîâ (Ìîñêâà, 1979)‚ ñ. 86. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მკვლევრები სისტემატურად ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მოკავშირეთა მოთხოვნის გამო საბჭოთა მხარემ დაგეგმილზე ადრე დაიწყო შეტევა პოლონეთში (Â. Ì. Êóëèø, დასახელებული ნაშრომი, გვ. 542; Â. À. Ñåêèñòîâ, დასახელებული ნაშრომი, გვ. 402 და სხვა.), თუმცა მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ შეტევის დაწყების ვადამ გადმოიწია მხოლოდ 8 დღით _ 20 იანვრიდან 12 იანვარზე. ამ სპეკულაციას გარკვეული შედეგებიც მოჰყვა და მათ ზოგიერთმა არარუსმა მკვლევარმაც აუბა მხარი (იხ.: C. Kondapi, Allied War Diplomacy and Strategy, 1940-1945 (Madras, 1994), p. 412). საინტერესოა, მაგრამ ამის შესახებ არაფერია ნათქვამი ოფიციალური გამოცემების შესაბამის თავებში (იხ.: ÈÂÎÂ, 5‚ ñ. 47-91; ÈÂÌÂ, 10‚ ñ. 52-87). გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში ჰაინც გუდერიანმა, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნა, რომ საბჭოთა შეტევა დაიწყებოდა სწორედ 12 იანვარს (იხ.: J. S. D. Eisenhower, The Bitter Woods, p. 404). არ არის გამორიცხული, რომ არანაირ ვადის შეცვლას ადგილი საერთოდ არ ჰქონია, ან თუ ჰქონდა, ეს ნამდვილად ჩერჩილის წერილამდე მოხდა. თავის მხრივ, სტალინმა ყირიმის კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ ბრიტანელებისა და ამერიკელების მხრიდან არ ყოფილა რაიმე მოთხოვნა აღმოსავლეთის ფრონტზე შეტევის დაწყების შესახებ და საბჭოთა მხარე არ განიცდიდა რაიმე ზეწოლას ამ მიმართულებით (Foreign Relations of the United States. Diplomatic Papers. The Conferences at Malta and Yalta (Washington, 1957), p. 587; Ñîâeòñêèé Ñîþç íà ìåæäóíàðîäíûõ êîíôåðåíöèÿõ ïåðèîäà Âåëèêîé Îòå÷åñòâåííîé âîéíû 1941-1945ãã. T. IV. Êðûìñêàÿ êîíôåðåíöèÿ ðóêîâîäèòåëåé òðåõ ñîþçíûõ äåðæàâ – ÑÑÑÐ, ÑØÀ è Âåëèêîáðèòàíèè (4-11 ôåâðàëÿ 1945ã.), Ñáîðíèê äîêóìåíòîâ (Ìîñêâà, 1979), ñ. 61-62).
33. ჰიტლერმა არდენებში თავი დამარცხებულად სცნო და ბრძანა ძალების გამოყვანა 8 იანვარს (იხ.: A Military History of World War II with Atlas. V. I. Operations in the European Theaters (West Point, NY, 1953), p. 531), თუმცა დამარცხების მთავარ მიზეზად მან მიიჩნია მისი ბრძანებების არშესრულება (H. P. Wilmott, The Great Crusade: A New Complete History of the Second World War (London, 1989), p. 436).
34. D. Eisenhower, დასახელებული ნაშრომი, გვ. 364.
35. აღსანიშნავია, რომ ამერიკელების განცხადებით, საბჭოთა შეტევის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ არდენებში გერმანელთა უშედეგო შეტევამ. ჯ. მარშალის თქმით, არდენის ბრძოლის შემდეგ გერმანიას არ დარჩა სტრატეგიული რეზერვები, რის გამოც ვერ მოახერხა საბჭოთა შეტევების შეჩერება პოლონეთში (იხ.: The War Reports of General of the Army George C. Marshall, Chief of Staff, General of the Army, H. H. Arnold, Commander General Army Air Forces, Fleet Admiral Ernest J. King, Commander in Chief US Fleet and Chief of Naval Operations (Philadelphia–New York, 1947), p. 147, 198).
ბიბლიოგრაფია
A Military History of World War II with Atlas, vol. I, Operations in the European Theaters (West Point, N.Y., 1953).
Bonn K. E., When the Odds Were Even: The Vosges Mountains Campaign,
October 1944 – January 1945 (Novato, C.A., 1994).
Breuer W. B., Feuding Allies: The Private Wars of the High Command (New
York, 1995).
Calvocoressi P., Wint G., Pritchard J., Total War. The Causes and Courses
of the Second World War (London, 1989).
Catherwood C., Winston Churchill: The Flawed Genius of World War II
(New York, N.Y., 2009).
Churchill W. S., The Second World War, vol. 6, Triumph and Tragedy
(Boston, M.A., 1953).
Clarke J. J., Smith R. R. Riviera to the Rhine: United States Army in World
War II. The European Theater of Operations (Washington, D.C., 1993).
Cole H., The Ardennes. Battle of the Bulge (Washington, 1965).
Correspondence Between the Chairman of the Council of Ministers of the USSR and the Presidents of the USA and the Prime Ministers of Great During the Great Patriotic War of 1941-1945, Vol. 1.
Correspondence with Winston S. Churchill and Clement R. Attlee (July
1941-November 1945) (Moscow, 1957) (in Russian).
Deborin G. A., The Second World War (Moscow, 1958) (in Russian).
Dunlop R., Donovan: America’s Master Spy (Chicago-New York-San Francisco, 1982).
Dziewanewski M., War At Any Price: World War II in Europe, 1939-1945
(Eaglewood Cliffs, N.J., 1987).
Ehrman J., Grand Strategy. October 1944 – August 1945, vol. VI (London,
1956).
Eisenhower D., Crusade in Europe (New York, NY, 1948).
Eisenhower J. S. D., The Bitter Woods. The Dramatic Story, Told at All Echelons – from Supreme Command to Squad leader – of the Crisis that
Shook the Western Coalition: Hitler’s Surprise Ardennes Offensive (New
York, 1969).
Erickson J., The Road to Berlin: Continuing the History of Stalin’s War with
Germany (Boulder, CO., 1983).
Foreign Relations of the United States. Diplomatic Papers. The Conferences at
Malta and Yalta (Washington, 1957).
Forty G., Road to Berlin: The Allied Drive from Normandy (London, 1999).
Gelb N., Ike and Monty: Generals at War (London, 1994).
History of the Great Patriotic War, In 6 vols, vol. 5 (Moscow, 1963) (in Russian).
History of the Second World War, In 12 vols, vol. 10, Editor-in-Chief D. F.
Ustinov (Moscow, 1979) (in Russian).
Israelian V. L., The Diplomatic History of Great Patriotic War (Moscow,
1959) (in Russian).
Israelian V. L., War Years’ Diplomacy (Moscow, 1985) (in Russian).
Jacobsen H., Rohwer J. Decisive Battles of the Second World War: The German View (New York, 1965).
Jakovlev N. N., Franklin Roosevelt – Person and Politician. The New Reading (Moscow, 1981) (in Russian).
Keegan J., The Second World War (London, 1989).
Kimball W. F., Churchill and Roosevelt: The Complete Correspondence. Vol.
III. The Alliance Declining. February 1944 – April 1945 (Princeton,N.J., 1987).
Kondapi C., Allied War Diplomacy and Strategy, 1940-1945 (Madras,
1994).
Kulish V. M., History of the Second Front (Moscow, 1971) (in Russian).
Kulish V. M., The Second Front. Operations in the Western Europe in 1944-
1945 (Moscow, 1960) (in Russian).
Liddell Hart B. H., History of the Second World War (London, 1970);
Manteufel H. von., Ardennes, in: The Fatal Decisions (German Generals
Remember), ed. by P. A. Zhilin (Moscow, 1958) (in Russian).
Michel H., The Second World War (New York, 1975).
Patton G. S., War as I Knew it (Boston, MA, 1946).
Parrish Th. D., Roosevelt And Marshall. Partners in Politics and War. The
Personal Story (New York, 1989).
Polmar N., Allen Th. B., World War II: America at War 1941-1945 (New
York, 1991).
Rees L. WWII, Behind the Closed Doors: Stalin, the Nazis, and the West
(New York, N.Y., 2008).
Report by the Supreme Commander to the Combined Chiefs of Staff on the
operations in Europe of the Allied Expeditionary Force, 6 June 1944 to 8
May 1945 (Washington, D.C., 1946).
Rzheshevsky O. A., History of the Second Front: War and Diplomacy (Moscow, 1988) (in Russian).
Rzheshevsky O. A., Stalin and Churchill. Meetings. Conversations. Discussions. Documents. Commentaries. 1941-1945 (Moscow, 2004) (in Russian).
Saunders H., Royal Air Force 1939-1945, vol. 3, The Fight is Won. With
concluding chapter by Hilary St. George Saunders and Denis Richards (London, 1993).
Sekistov V. A., War and Politics (Moscow, 1989) (in Russian).
Smith H. R., OSS: The Secret History of America’s First Central Intelligence
Agency (Berkeley, CA., 1972).
Stewart V., Three Against One: Churchill, Roosevelt, Stalin vs Adolph Hitler
(Santa Fe, NM., 2002).
Taylor A., The Second World War (London, 1975).
The Army Air Forces in World War II, vol. 3, Europe: Argument to V-E
Day. January 1944 to May 1945 (Chicago, IL, 1951),
The Great Patriotic War of the Soviet Union, 1941-1945. The Short History (Moscow, 1984) (in Russian).
The Memoirs of Field-Marshal the Viscount Montgomery of Alamein (London, 1958).
The Soviet Union at the International Conferences during the Great Patriotic
War of 1941-1945, Vol. IV, The Crimean Conference of the Heads of
Three Allied States – USSR, USA and Great Britain (4-11 February
1945). The Collection of Documents (Moscow, 1979) (in Russian).
The War Reports of General of the Army George C. Marshall, Chief of Staff,
General of the Army, H. H. Arnold, Commander General Army Air
Forces, Fleet Admiral Ernest J. King, Commander-in-Chief of the US
Fleet and Chief of Naval Operations (Philadelphia-New York, 1947).
Toland J., Battle. The Story of the Bulge (New York, 1959).
Wilmott H. P., The Great Crusade: A New Complete History of the Second World War (London, 1989).
Комментариев нет:
Отправить комментарий