суббота, 27 июля 2019 г.

საქართველო XIII საუკუნის ინგლისელ ავტორთა ცნობებში (გ. კუტალია)

თურქ-სელჩუკებისა და მონღოლების მოძალეობამ, რომელმაც XIII საუკუნეში ევროპის ქვეყნებსაც შეუქმნა საფრთხე, ცალკეულ ადამიანებს იმის სურვილი გაუჩინა, რომ ეძებნათ მოკავშირეები აღმოსავლეთის ქრისტიანულ ხალხებსა და სახელმწიფოებში. ასეთი სურვილის მატარებელია ინგლისელი ქრონისტების – ბართლომე ინგლისელის, მათე პარიზელისა და როჯერ ბეკონის ცნობები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ქართველებიც. სწორედ ისინი უყრიან საფუძ-ველს ინგლისურ საზოგადოებაში საქართველოზე წარმოდგენას. ბართლომე ინგლისელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1190–1250 წლებში. ის იყო ფრანცისკანელი ორდენის ბერი, რომელიც 1230 წლიდან მოღვაწეობდა გერმანიაში, იქ კრებდა მასალებს თავისი წიგნისათვის – „საგანთა თვისებების შესახებ“. ამ წიგნის გეოგრაფიულ ნაწილში1, წერია: „იბერია – ეს ქვეყანაა აზიაში პონტოს ზღვის ახლოს, მეზობელია სომხეთისა. იქ იზრდება ბალახები, რომლებიც სასარგებლოა სამკურნალო ნაყენებისათვის, როგორც ისიდორე ლაპარაკობს XV წიგნში“1 (ხაზგასმა აქაც და შემდეგშიც ჩვენია). როგორც ვხედავთ, ამ მცირე ცნობაში ავტორი კმაყოფილდება მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის მითითებით და იმის აღნიშვნით, რომ აქ იზრდება სხვადასხვა სამკურნალო ბალახი2. წარმოდგენილი ტექსტი დიდი ორიგინალობით არ ხასიათდება, თანაც საზრდოობს ადრეული შუა საუკუნეების აღიარებული „ეტიმოლოგიების“ ავტორის, ესპანელი საეკლესიო მოღვაწის ისიდორე სევილიელის (560–636) მონაცემებით, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვანია იმით, რომ გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს (ინგლისელებს და მთელ ევროპელ ხალხს) საქართველოსა და მის ხალხზე, მასთან ურთიერთობის სარგებლიანობაზე. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ცნობები მათე პარიზელისა, რომელიც თითქმის ბართლომე ინგლისელის თანამედროვეა, ცხოვრობდა დაახლოებით 1200–1259 წლებში, იყო ბენედიქტელთა მონასტრის ბერი. იგი ავტორია არაერთი თხზულებისა, რომელთაგან ჩვენთვის ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანია „დიდი ქრონიკა“, ერთგვარი დოკუმენტების კრებული, რომლებშიც თხრობა გრძელდება 1259 წლამდე. მართალია, „დიდი ქრონიკა“ ძირითადად კომპილაციური ხასიათის მატარებელია, მაგრამ აქ მოცემული ბევრი ცნობა, როგორც ისტორიკოსი ვ. მატუზოვა შენიშნავს, უნიკალურია, რადგან, ისინი დაფუძნებულია არა მარტო წიგნიერ ტრადიციაზე, არამედ ასახავენ ქრონისტის პირად დაკვირვებასაც (მას არაერთხელ უმოგზაურია ინგლისის ფარგლებში; ყოფილა ნორვეგიაში როგორც საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ელჩი)1; ირკვევა, რომ „დიდი ქრონიკის“ ავტორს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნდა, ხელი მიუწვდებოდა სამეფო არქივზეც, პაპისეული და იმპერატორისეული მრავალი მიმართვა შემონახულია მხოლოდ „დიდ ქრონიკაში“2. სწორედ „დიდ ქრონიკას“ შემოუნახავს კონსტანტინოპოლის პატრიარქის გერმანე II-ის (1222–1240) მიერ რომის პაპისადმი, გრიგოლ IX-სადმი, 1232 წელს გაგზავნილი ეპისტოლეს ლათინური თარგმანიც (წერილის ბერძნული ტექსტი არაა გამოცემული)3, რომელშიც ქართველები მოხსენიებულია „მრავალ დიდ ხალხთა“ და „ძლიერთა“ შორის. ეპისტოლეში, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია იმ „უწინდელ“ დროზე, როცა „ლათინები და ბერძნები გაერთიანებული იყვნენ ერთი რწმენით“ და ერთიანად გამოდიოდნენ „ეკლესიის მტრების“ წინააღმდეგ, როცა რომი „თავშესაფარს“ აძლევდა აღმოსავლეთიდან დევნილ ქრისტიანებს, ან კიდევ, როცა ბარბაროსების მიერ დაპყრობილი რომისათვის აღმოსავლეთის ქრისტიანებს არაერთხელ დაუბრუნებიათ თავისუფლება. ასეთი ურთიერთდახმარება ორივე ეკლესიის უწმინდესი მოვალეობა უნდა იყოს. „თუკი ბერძნები დასუსტდებიან, – ნათქვამია ეპისტოლეში, – ლათინების მოვალეობაა ფეხზე წამოაყენონ ისინი“. ერთი სიტყვით, მასში ის აზრია გატარებული, რომ უნდა დაინგრეს ის კედელი, რომელიც აღმართულია ლათინურ და ბერძნულ ეკლესიებს შორის, რათა „უფრო მტკიცე გახდეს“ მათი ერთიანობა1. ამასთან, სთა-ვაზობდა რა წინადადებას ბერძნული და ლათინური ეკლესიების უნიის2 შესახებ, რათა გაერთიანებული ძალით ებრძოლათ „ეკლესიის მტრების“ წინააღმდეგ, გერმანე II პაპს არწმუნებდა ბერძნების „მსგავსი რწმენის“ მქონე ხალხების ეკლესიისადმი ერთგულებასა და სიძლიერეში, იმაში, რომ მათთან კავშირს უდიდესი სარგებლობის მოტანა შეეძლო მთელი საქრისტიანოსათვის. ჩამოთვლიდა რა ამ ხალხებს, პატრიარქი უძლიერესთა შორის, პირველ რიგში, ქართველებს ასახელებს. აი, ეს ტექსტიც: „...კიდევ ერთს დავუმატებ და ამით მოვრჩები, რომ, როგორც ჩანს, არსებობს მრავალი და დიდი ხალხი, რომლებსაც ისეთივე რწმენა აქვთ, როგორც ჩვენ, და ჩვენთან, ბერძნებთან, ყველაფერში მსგავსნი არიან. პირველ რიგში, ისინი, ვინც ცხოვრობს ახლო აღმოსავლეთში: ეთიოპები, შემდეგ სირიელები და სხვანი, კიდევ უფრო მნიშ-ვნელოვანნი და ძლიერნი, სახელდობრ: იბერები, ლაზები, ალანები, გოთები, ხაზარები, უთვალავი რუსი ხალხი და ძლევამოსილი ვულგართა სამეფო (იგულისხმება ბულგართა სამეფო – გ.კ.) და ყველა ისინი თითქმის ჩვენი დედის (ეკლესიის) მორჩილნი, აქამდე, უცვლელად იმყოფებიან ძველ ორთოდოქსიაში...“1 ამრიგად, როგორც ეს მითითებული ნაწყვეტიდან ჩანს, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ერთმორწმუნე ქართველებში (რა თქმა უნდა, აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანებთან ერთად) ხედავდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შეეძლო თავისი წვლილი შეეტანა „ეკლესიის მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივად დგება კითხვა: ვინ იყვნენ ეკლესიის ეს მტრები? სამწუხაროდ, კონკრეტულად ვის გულისხმობდა ამაში ავტორი, ეს არ ჩანს ეპისტოლეს ტექსტიდან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გერმანე II-ის მიმართვა გაგზავნილია ნიკეის იმპერატორის იოანე III დუკა ვატაცის (1222–1254) ბრძანებით1, მაშინ ცხადი ხდება, რომ წერილის ავტორს მხედველობაში ჰყავდა ის ძალები, რომლებმაც უშუალო საფრთხე შეუქმნეს ნიკეის იმპერიას. საქმე ისაა, რომ XIII საუკუნის დასაწყისში მონღოლთა გამოჩენამ აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში. 20-იანი წლების დასაწყისში შუა აზიის დაპყრობამ და მონღოლთა ურდოს შეჭრამ (ჯებესა და სუბუდაის ხელმძღვანელობით) ამიერკავკასიაში მუსლიმთა მასიური გაქცევა გამოიწვია ამ ოლქებიდან; ისინი გარბოდნენ იკონიის სასულთნოსა და ნიკეის იმპერიაში. თურქული წყაროების თანახმად, მათი რიცხვი 70 ათასს კაცს აღემატებოდა2. მუსლიმური მოსახლეობის ამ მოზღვავებას შედეგად მოჰყვა სასაზღვრო კონფლიქტები. როგორც ამ ამბების თანამედროვე სირიელი ქრონისტი იბნ ნატიფი წერს, „1230 წლის ახლოს მოხდა ორი ბრძოლა იკონიის სულთან კეი-კუბადასა (1220–1237) და ლასკარს (იგულისხმება იმპერატორი იოანე III დუკა ვატაცი – გ.კ) შორის: პირველში გაიმარჯვეს სელჩუკებმა, მეორეში კი – ბერძნებმა“3. ამ მუსლიმებთან ერთად, ვფიქრობთ, „ეკლესიის მტრებში“ მონღოლებიც იგულისხმებიან. ნიკეის იმპერატორ იოანე III-სა და პატრიარქ გერმანე II-ს არ შეიძლება არ გაეთვალისწინებინათ ის საფრთხე, რომელიც მათ მონღოლთა მხრიდან ელოდათ; შეუძლებელია მათ ინფორმაცია არ ჰქონოდათ იმის შესახებ, რომ მონღოლები ებრძოდნენ არა მარტო მუსლიმებს, არამედ ქრისტიანებსაც. აკი რუსების დამარცხება კალკასთან 1223 წელს მაშინვე იცოდნენ ევროპაში1. რომის პაპს (ამ გზით, ალბათ, ევროპის ქვეყნებსაც) საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია გააჩნდა მონღოლების შესახებ ამავე პერიოდში გაგზავნილი იმ ეპისტოლეებიდან, რომლებიც ეკუთვნოდათ საქართველოს მეფე რუსუდანსა და მის მხედართმთავარს ივანე მხარგრძელს2. აი, რას წერდა ივანე მხარგრძელი პაპს: „როცა... ვაპირებდით წასვლას ქრისტიანების შესაწევნად და წმინდა ადგილების დასახსნელად3, ამ დროს თათარნი, ჯვართა წამძღვარებულნი შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში, ქრისტიანობის მოჩვენებით მოგვატყუეს და ექვსი ათასამდე კაცი გაწყვიტეს. ხოლო შემდგომ, რა ვცანეთ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ, თქვენის (ე.ი. პაპის – გ.კ) ლოცვის ძალით და წმინდა ჯვარის შემწეობით წინ აღ-ვუდექით“4. ასევე ცნობილი იყო მონღოლების დაუნდობლობა და სისასტიკე, რომელიც ყოველგვარ საზღვარს სცილდებოდა. მონღოლთა პირველი შემოსევების მომსწრე არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის გადმოცემით, უბედურება, რომელიც მაშინ დატრიალდა, ადამის დროიდან დღემდე ქვეყნიერებას არ განუცდია, არ ინდობდნენ რა არავის, თათრები ხოცავდნენ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს კი მუცელს უფატრავდნენ1 ცხადია, ამგვარი ინფორმაცია გერმანე II-საც ექნებოდა. მას ეცოდინებოდა ისიც, რომ მონღოლთა ჯარის ერთი ნაწილი 1231 წელს ჩრდილოეთ ირანიდან კავკასიისაკენ დაიძრა2, მეორე ნაწილი კი 1232 წელს ვოლგის ბულგარეთის საზღვრებთან იდგა3. სწორედ ასეთ ვითარებაშია გაგზავნილი გერმანე II-ის 1232 წლის ეპისტოლეც. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ „ეკლესიის მტრები“, რომელთა წინააღმდეგაც გაერთიანებული ძალით ბრძოლის წინადადებას იძლეოდა წერილის ავტორი, სხვა არავინ არიან, თუ არა ის მუსლიმები, რომლებმაც უშუალო საფრთხე შეუქმნეს ნიკეის იმპერიას, მასში იგულისხმებიან აგრეთვე მონღოლებიც, რომლებიც, ერთხელ გამოჩენის შემდეგ, კვლავ დაიძრნენ ქრისტიანული ქვეყნებისაკენ. საინტერესოა, თუ როგორ მოხვდა გერმანე II-ის ეპისტოლე მათე პარიზელის „დიდ ქრონიკაში“. ეპისტოლეს ლათინური თარგმანი 1237 წელსაა შესრულებული. თუ დავუჯერებთ ვ. მატუზოვას მტკიცებას, რომლის მიხედვით „ქრონიკაში“ მოცემული დოკუმენტებიდან არც ერთი არაა შემთხვევით შესული4, მაშინ ცხადი გახდება, რომ ქრონიკაში ამ წერილის შეტანასაც გამიზნული დანიშნულება ჰქონდა. საქმე ისაა, რომ „ქრონიკის“ თხრობის ცენტრში მონღოლ–თათრები დგანან5 (ჯვაროსნულ ლაშქრობებს აქ მცირე ადგილი უკავია)1, ამ ფონზე მასალებიც ისეა შერჩეული, რომ ყველგან საუბარია კარზე მომდგარი საფრთხის შესახებ, აგრეთვე იმ სავალალო მდგომარეობაზე, რომელშიც ჩავარდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანი ხალხები და სახელმწიფოები; გამოთქმულია წუხილი და სინანული მოსალოდნელი საფრთხის სათანადო შეუფასებლობის გამოც, რომელსაც იჩენენ ევროპის სახელმწიფოთა მეთაურები და თვით რომის პაპი. მეტიც, დაგმობილია იმპერატორისა და პაპის ურთიერთმტრობაც, რომლებსაც გამოეპარათ ის გარემოება, რომ მონღოლთა ძლევამოსილი მეფე ის-ის არის გამოვა მათ წინააღმდეგ2. დაბოლოს, ყველგან ის აზრია განვითარებული, რომ აუცილებელია ერთიანი მოქმედება მონღოლების წინააღმდეგ. ეს აზრი ყველაზე მკაფიოდაა გამოთქმული იმ წერილში, რომელიც გერმანელი ერის რომის საღმრთო იმპერატორს ფრიდრიხ II-ს გაუგზავნია 1241 წელს ინგლისის მეფე ჰენრი III=ისათვის.3 ჩვენი აზრით, ამგვარი პოზიციით უნდა აიხსნას „ქრონიკაში“ გერმანე II–ის ეპისტოლეს შეტანის ფაქტიც; ჩანს, რომ ეპისტოლეს იდეა ახლოს იყო „დიდი ქრონიკის“ ავტორთან, რომელსაც სურდა დაერწმუნებინა თავისი მკითხველი, უპირველეს ყოვლისა კი, ევროპის მმართველი წრეები – ბერძნული რწმენის მქონე ხალხების სახით, თუ რა ძლიერი მოკავშირის შეძენა შეეძლოთ მათ. თუ რამდენად განსახორციელებელი იყო ეს იდეა მაშინდელ ევროპაში, ეს სხვა საქმეა (ამჯერად ეს არც შეადგენს ჩვენი კვლევის საგანს), მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერ პატრიარქმა გერმანე II-მ, შემდეგ კი „დიდი ქრონიკის“ ავტორმა ასეთი იდეა წამოაყენეს, მრავლისმეტყველია. დასახელებულ წყაროებთან მიმართებაში ინტერესმოკლებული არც როჯერ ბეკონის ცნობებია. მისადმი ინტერესს ისიც აძლიერებს, რომ მისი ავტორი განეკუთვნება არა რიგით ქრონისტებს, არამედ თავისი დროის დიდ მოაზროვნეებს. თანამედროვენი მას მისი აზროვნების თავისებურებებისა და მომხიბვლელობის გამო „საოცარ დოქტორს“ უწოდებდნენ. ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა 1214–1294 წლებში, სწავლობდა ოქსფორდისა და პარიზის უნივერსიტეტებში, ეცნობოდა არისტოტელეს თხზულებებს, ისმენდა ალბერტ მაგნუსისა (დიდი) და თომა აკვინელის ლექციებს. შემდეგ, დაუბრუნდა რა ოქსფორდის უნივერსიტეტს, აქვე იწყო ლექციების კითხვა, გააჩნდა თავისი ლაბორატორია, ცდილობდა ბუნების საიდუმლოებათა გაგებას, მან განჭვრიტა მიკროსკოპის, ტელესკოპის, თვითმფრინავის გამოგონება, შექმნა მაშინდელი კომპასი – წყალზე დასმული ისარი, რისთვისაც იგი ფრანცისკანელებმა ჯადოქრად გამოაცხადეს და ჩასვეს ციხეში, სადაც 14 წელი დაჰყო. გამოსვლის შემდეგ მალე გარდაიცვალა. ბეკონი ავტორია მრავალი წიგნისა. ჩვენთვის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი „დიდი თხზულება“, რომელიც, როგორც ფიქრობენ, დაწერილია 1266–1268 წლებში1. მსგავსად წინამორბედი ავტორებისა, არც ბეკონი ყოფილა საქართველოში; მას უსარგებლია იმ ცნობებით, რომლებიც დატოვეს ადრინდელი საუკუნეების მწერლებმა და მისმა თანამედროვეებმა – პლანო კარპინიმ და რუბრუკვისმა. ამის მიუხედავად, ამ დიდი მოაზროვნის ცნობა, თუნდაც კომპილაციური ხასიათისა, მაინც ძვირფასია ჩვენთვის მიზანდასახულობის თვალსაზრისით. საქართველოს შესახებ ბეკონს „დიდი თხზულების“ მეოთხე წიგნში აქვს საუბარი. აღწერდა რა აქ მონღოლთა მიერ დაპყრობილ ხალხებს ჩრდილოეთში, ბეკონი იქვე დასძენდა: „ამ თათრული მხარის სამხრეთით, პონტოს ზღვის გადაღმა, ცხოვრობენ იბერები და ქართველები. საქართველოში არის სატახტო ქალაქი, რომელსაც ტეფელისი ეწოდება, და რომელშიც ძმა მქადაგებელთ აქვთ ტაძარი1. მართალია, ამ მცირე ცნობაში დაშვებულია უზუსტობა, როცა „იბერები და ქართველები“ ცალკე ხალხებადაა წარმოდგენილი (ამ შემთხვევაში ბეკონი იმეორებს იმ შეცდომას, რომელიც დაშვებული აქვს პლანო კარპინს2), მაგრამ ეს ფრაგმენტი, ადრე განხილული სხვა ცნობებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში ხაზგასმულია საქართველოს სახელმწიფოს არსებობაზე, საუბარია მის „სატახტო ქალაქზე“. ცნობა ნიშანდობლივია იმითაც, რომ მასში ქართველების ქრისტიანობაზე პირდაპირ არაფერია ნათქვამი, მხოლოდ მინიშნებულია ფრაზით „თბილისში... ძმა–მქადაგებელთ აქვთ ტაძარი“. ამასთან, ჩვენი აზრით, ბეკონის მიერ მოხსენიებულ ტაძარში იგულისხმება ის მონასტერი, რომელიც 1240 წელს დაარსეს თბილისში რომის პაპის მიერ გამოგზავნილმა „წმინდა დომინიკეს ორდენის მონაზვნებმა“ და რომლებიც, როგორც მ.თამარაშვილი წერს, „საქართველოს ერის გასანათლებლად შრომობდნენ“1. „ძმა–მქადაგებელთა ტაძრის“ ამგვარი მოხსენიებით, ვფიქრობთ, „დიდი თხზულების“ ავტორს იმის თქმაც სურდა, რომ ქართველები იყვნენ ტოლერანტები და კეთილმოსურნედ ეკიდებოდნენ კათოლიკეებსაც. მართალია, „დიდ თხზულებაში“ პირდაპირ არაფერია ნათქვამი, თუ როგორ ეკიდებოდა მისი ავტორი მონღოლების უღელქვეშ მყოფი ქართველების ბედს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი თანაგრძნობით ეკიდებოდა მონღოლების „მოხარკე“ სხვა ხალხების ბედს, მაშინ ცხადი გახდება, რომ ბეკონი არც ქართველი ხალხის ბედისადმი იქნებოდა გულგრილი. ამასთან, არ გამორიცხავდა რა მონღოლების მიერ „ლათინთა“ (ე.ი. ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოების – გ.კ.) გარემოცვის საშიშროებას2, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბეკონს ქართველებში უნდა დაენახა ძალა, რომელთანაც ურთიერთობას და კავშირს სარგებლობის მოტანა შეეძლო ინგლისელებისათვის და საერთოდ ევროპელებისათვის. ამრიგად, მოტანილი მცირე ცნობები გვარწმუნებენ, რომ, როგორც რომში, ასევე ინგლისში იმდრიონდელი მოწინავე ადამიანები საქართველოსთან მოკავშირეობისა და ურთიერთობის სურვილს გამთქვამდნენ. ამაზე მიუთითებს მათ მიერ საქართველოზე წარმოდგენილი ცნობები. ეს ცხადყოფს იმას, რომ საქართველოს არ დაუკარგავს ავტორიტეტი თვით მონღოლთა უღლის ქვეშ მოქცევის შემდეგაც.
შენიშვნები
1. ამ წიგნის უიშვიათესი ეგზემპლარი (ალბათ, ერთადერთიც), გამოცემული ნიურნბერგში 1492 წელს /ინახება მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ ბიბლიოთეკაში. 2. Bartholomeus Anglicus. De proprietatibus. rerum. Apud A. Koburger, Nurenbergi, 1492, lib.XV, cap.LXXVII; „Hiberia est region in Asia iuxta Pontum Armeniae iuncta. In hac nascuntur herbae quae utiles sunt tincturae, ut/di/cit Ysidorus/libro/XV“. ამ ტექსტში, როგორც ვ. მატუზოვა შენიშნავს, დაშვებულია მცირე უზუსტობა. „ეტიმოლოგიების“ XIV წიგნის ნაცვლად, მითითებულია XV წიგნი. Матузова В. И. Английские средневековые источники IX-XIII вв. М.,1979) 3. მედეას დროიდან ბერძენ და რომაელ ავტორებს არაერთი ცნობა აქვთ კოლხეთსა და იბერიაში გავრცელებული სამკურნალო მცენარეების შესახებ (იხ. შენგელია მ. უძველესი კოლხურ-იბერიული მედიცინა, თბ., 1979). 4. Матузова В. დასახ. ნაშრ., გვ.108. 5. იქვე. 6. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამ ეპისტოლს ფრანგული თარგმანიც; იგი შესულია წიგნში: Les Regastes des actes du Patriarcat de Constantinople, vol. 1(4), par V. Zaurent, Paris, 1971 (დოკუმენტების ნომერია 1257). 7. Matthei Parisiensis, Monachi Sancti Albani, Chronica Majora, ed H.R. Luard.-Rolls Series, №57, vol.III, London, 1876, pp. 459-460. 8. აღსანიშნავია, რომ რომის ეკლესიასთან „ერთიანობის“ სურვილი, რომელსაც ავლენს კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე II, ქართულ ეკლესიას თვით 1054 წლის ამბების შემდეგაც (XIII ს. ჩათვლით) არ განელებია, არ გაუწყვეტია კავშირი მასთან. მ. თამარაშვილის თქმით, ამ ურთიერთობაში ერთგვარი ბზარი გაჩნდა მხოლოდ 1230-1235 წლებში (თამარაშვილი მ. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ. 13). ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ პერიოდშია (1232 წ.) გაგზავნილი გერმანე II-ის მიმართვაც. (ამ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაწვრ. იხ: მამისთვალიშვილი ე. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, IV, თბ., 2014, გვ.345–346; პაპაშვილი მ. საქართველო რომის ურთიერთობა, თბ., 1995, გვ.83–84; მისივე, 1274 წლის ლიონის კრება და საქართველო, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. შრომათა კრებული, №14, თბ., 2016, გვ. 257-267) 9. Matthei Parisiesis, Op.cit. p.460: „Hoc solum addam, et verbo finem imponam, quod vide licet multae et magnae gentes sunt, quae nobicum sapient, et nobiscum, qui Graeci sumus, conveniunt in omnibus. Primi, illi qui in prima parte Orientis habitant Ethiopes, beinde Syri, et alii qui graviores sunt, et magis virtuosi, scilicet Hyberi, Lazi, Alani, Gothi, Ghazari, innumerabilis plebs Rusiae, et regnum magnae Victoriae Wegarorum. Et hi omnes tanguam matri nostrae obediunt, in antiqua orthodoxia immobiles hactenus permanente…“. ამ ტექსტში, როგორც ვ. მატუზოვა შენიშნავს, მათე პარიზელს გამორჩენია „ავსგი“ (ე.ი. აფხაზები), რომელსაც ვხვდებით ორიგინალში აქ მოხსენიებულ ხალხებს შორის (Матузова В. დასახ. ნაშრ., გვ. 162). საბედნიეროდ, ამ შეცდომისაგან დაზღვეულია ზემოაღნიშნული ფრანგული თარგმანი, რომელიც უშუალოდ ბერძნულიდანაა შესრულებული, თუმცა ამ თარგმანშიც გვხვდება ლაფსუსი: ტექსტიდან ამოვარდნილია „ლაზები“ (Les Regestes des actes du Patrircat de Constantinople, vol.1, p.66). 10. Матузова В. dasax. naSr., gv. 162. 11. Werner E. Die Geburt einer Grossmacht-die Osmann (1300-1481), Berlin, 1972. S. 53. 12. Cahen Cl. Pre-Ottoman Turkey. New-York, 1968, p. 135. 13. Пашуто В. И. Внешная политика Древней Руси. М., 1968, გვ. 287. 14. თამარაშვილი მ. დასახ. ნაშრ., გვ. 7–9. 15. აქ იგულისხმება ჯვაროსნებისადმი ლაშა გიორგის დახმარების ის განზრახვა, რომელიც ჰქონდა მას მონღოლთა შემოსევების წინ. ეს ჩანს რუსუდანის წერილში. 16. თამარაშვილი მ. დასახ. ნაშრ., გვ. 9. 17. Ибн-ал Асир. Тарих-ал-Камиль. Баку, 1940, gv. 135. 18. Пашуто В. И, დასახ. ნაშრ., გვ. 184. 19. იქვე, გვ. 283. 20. Матузова В. И. Монгольское нашествие в свете политических взглядов Матвея Парижского (по материалам „Великой хроники„).-Методика изучения древнейших источников народов СССР. М.,1978, gv. 182. 21. იქვე. 22. იქვე, გვ. 186. 23. Matthei Parisiensis. Chronica Majora, ed H.R.Luard-RS, №57, vol.VI, London, 1882, p. 115. 24. Ibid, vol. I, London, 1877, pp. 112-119. 25. Матузова В. Английские средневековые источники..,გვ.189. 26. The Opus Majus of Roger Bacon, vol. I, p.361“ „A meridie vero istius regionis Tartarum super mare Ponticum sunt Hiberi et Georgian. Et in Georgia est metropolis civitas, quae vocatur Thephelis, in qua fratres preadicatores habent domum…“ 27. პლანო კარპინი. ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ. – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. II, თბ., 1942, გვ. 52. 28. თამარაშვილი მ. დასახ. ნაშრ., გვ. 17; ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, თბ., 1987, გვ. 17; პაპაშვილი მ. 1274 წლის ლიონის..., გვ. 272. 29. The Opus Majus of Roger Bacon, vol.I, p. 370.
დამოწმებანი:
1. Bartholomeus Anglicus. De proprietatibus. rerum. Apud A.Koburger, Nurenbergi, 1492, lib.XV. 2. Матузова В. И. Английские средневековые источники IX-XIII вв. М.,1979. 3. Matthei Parisiensis. Chronica Majora, ed H.R.Luard-RS, №57, vol. III, London, 1876. 4. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902. 5. Les Regestes des actes du Patriarcat de Constantonople, vol.1(4), par V.Zaurent, Paris, 1971. 6. შენგელია მ. უძველესი კოლხურ–იბერიული მედიცინა, თბ., 1979. 7. Werner E. Die Geburt einer Grossmacht-die Osmann (1300-1481), Berlin, 1972. 8. Cahen Cl. Pre-Ottoman Turkey. New-York, 1968. 9. Пашуто В. И. Внешная политика Древней Руси. М.,1968. 10 . Ибн-ал Асир. Тарих-ал-Камиль. Баку, 1940. 11. Матузова В. И. Монгольское нашествие в свете политических взглядов Матвея Парижского (по материалам „Великой хроники„).-Методика изучения древнейших источников народов СССР. М.,1978. 12. The Opus Majus of Roger Bacon, ed. J-H.Bridges, vol. I, Oxford-London, 1897. 13. პლანო კარპინი. ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ. – მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. II, თბ., 1942. 14. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, IV, თბ., 2014. 15. პაპაშვილი მ., საქართველო რომის ურთიერთობა, თბ., 1995. 16. პაპაშვილი მ., 1274 წლის ლიონის კრება და საქართველო, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. შრომათა კრებული, №14, თბ., 2016.

Комментариев нет:

Отправить комментарий