понедельник, 22 июля 2019 г.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების თავისებურებები (ა. დაუშვილი)

საბჭოთა პერიოდში ქართულ ისტორიოგრაფიაში საქართველოს გასაბჭოებაზე ძალიან ბევრს წერდნენ: გ. ხაჭაპურიძე, ა. სურგულაძე, კ. შელია, ი. კაჭარავა, ა. ირემაძე და სხვები1, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაბატონებული კომუნისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, ცალსახად დადებითად აფასებდნენ ამ მოვლენას და ამტკიცებდნენ, რომ „საქართველოს კომპარტიის ცკ-ამ მიიღო სათანადო გადაწყვეტილება და დანიშნა აჯანყების დრო. საქართველოს კომუნისტური ორგანიზაციები მოყვანილ იქნა საბრძოლო მზადყოფნაში. მუშებისა და გლეხების შეიარაღებული რაზმები აჯანყების სიგნალს ელოდნენ“ და ა.შ.
საბჭოთა სისტემის კრახის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში უკვე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია. მაგალითად, ლ. თოიძე, 1991 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში სრულიად ბუნებრივად სვამს შემდეგ შეკითხვას, თუ რამდენად კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება, როცა ერთი ქვეყნის მოსახლეობა (ვთქვათ, სომხეთის), მეორე ქვეყნის (საქართველოს) გასაბჭოებას ცდილობს და ისიც მესამე ქვეყნის (რუსეთის) დახმარებით?2 ამის დასასაბუთებლად მას მოაქვს თავისი მეტად საინტერესო არგუმენტები.
მოსკოვში, სამეცნიერო მივლინების დროს, რუსეთის სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ცენტრალურ არქივში (ყოფილი „იმელის“) მუშაობისას შემთხვევით გადავაწყდით ასეთ საქაღალდეს: „სომხეთის ბურჟუაზიის წინააღმდეგ ლორეს სააჯანყო რაზმის ბრძოლის მოხსენებები, შეტყობინებები, ანგარიშები“. ამ საქაღალდეში ჩვენ მივაგენით ი. ლაზიანის მიერ რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისათვის დაწერილ (მანქანაზე ნაბეჭდ) რამდენიმე გვერდიან მოხსენებით ბარათს, რომელსაც ჰქვია „ქართველებსა და სომხებს შორის ნეიტრალურ ზონაში 1921 წლის თებერვალის აჯანყების შესახებ“. ამ ანგარიშს ი. ლაზიანი ხელს ასე აწერს „აჯანყების პასუხისმგებელი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი“3. მოხსენებას თარიღი არ აქვს, მაგრამ ის ჩაკრულია 1921 წლით დათრიღებულ საქაღალდეში, ამრიგად ის ლორეს მოვლენებთან შედარებით ახლოს არის და ამიტომაც უფრო სანდოდ გვეჩვენება.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ი. ლაზიანის მოგონებები, რომლითაც ძირითადად სარგებლობდნენ საბჭოთა მკვლევრები, არის მოკლე ვერსია, ხოლო ის, რასაც ჩვენ მოსკოვის არქივში გადავაწყდით – შედარებით სრულია, გამდიდრებულია მეტად საინტერესო ფაქტოლოგიური მასალით ქართული საჯარისო შემადგენლობის აღჭურვილობის შესახებ ცნობებით და სხვა მასალით, რაც ქართული ისტორიოგრაფიისათვის მას გამორჩეულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამასთან, მას თან ერთვის საქართველოს დემოკრატიული მთავრობის სამხედრო შენაერთების დისპოზიციის სრული ჩამონათვალი მათი შეიარაღების მითითებით და იმ აქტივისტების სია, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში.
ი. ლაზიანის ამ მოგონებების, ჩვენთვის საინტერესო პრობლემის გარშემო გამოქვეყნებული თუ ჩვენს მიერ მოპოვებული წყაროების, არსებული მდიდარი ლიტერატურის გააზრების საფუძველზე ჩვენ შევეცდებით მოკლედ დავახასიათოს საქართველოში გასაბჭოების თავისებურებები.
თავისებურება I. საქართველოს კომუნისტური პარტიის ბრძოლისუუნარობა და მისი დამცრობილი მდგომარეობა პოლიტიკურ ველზე.
რა თქმა უნდა, ისმის ლოგიკური შეკითხვა – იყვნენ კი საქართველოს ბოლშევიკები სერიოზული ორგანიზაციული ძალა – 1920 წლის დასასრულს, რომელთაც ხელეწიფებოდათ რევოლუციური გადატრიალება განეხორციელებინათ როგორც მთლიანად საქართველოში, ისე ნეიტრალურ ზონაში? გ. ხაჭაპურიძე, რომელიც ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს, ეყრდნობა ცნობილი ბოლშევიკის, მ. ორახელაშვილის, მოხსენებას რკპ(ბ) ცკ კავბიუროს სხდომაზე 1920 წლის 12 დეკემბერს, რომელშიც შეფასებულია საქართველოს კომპარტიაში არსებული რეალური ვითარება 1920 წლის დასასრულისათვის4. მაგრამ მკვლევარი, საბჭოთა ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელი მანერით, საქმის მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას. აღნიშნულ დოკუმენტში კი, სხვასთან ერთად, სხვა საყურადღებო მინიშნებასაც წავაწყდით: „ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობას აღვადგინოთ დანგრეული ორგანიზაციები“. ამრიგად, საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი საჯაროდ აცხადებდა, რომ საქართველოში ბოლშევიკური ორგანიზაციების ნაწილი დანგრეული იყო.
ამ მხრივ საინტერესოა ლორეს აჯანყების ფაქტობრივი ხელმძღვანელის ი. ლაზიანის მოხსენებით ბარათში მინიშნებული ერთი დეტალიც: „საქართველოში ჩვენი (იგულისხმება ბოლშევიკური – ა. დაუშვილი) ორგანიზაციები დანგრეული იყო“5. აშკარაა, რომ საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციები მენშევიკური რეპრესიების გამო დანგრეული იყო. რა თქმა უნდა, დაშლილი, დეზორგანიზებული ბოლშევიკური ორგანიზაციები რევოლუციის ექსპორტისათვის არ გამოდგებოდა.
რამ გამოიწვია საქართველოს კომუნისტური ორგანიზაციების ასეთი სავალალო მდგომარეობა, როცა 1918 წელს ისინი განსაკუთრებული შემართებით გამოირჩეოდნენ. ალექსანდრე გეგეჭკორს სამეგრელოში 1000 კაციანი ბოლშევიკური რაზმიც კი ჰყავდა და წარმატებით ეწეოდა რევოლუციის ექსპორტს ჩრდილო კავკასიაში.
სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქართველ ბოლშევიკებს 1919 წელს განხორციელებულმა წარუმატებელმა პროვოკაციამ – საბჭოთა აჯანყების განხორციელების მცდელობამ, რის გამოც საქართველოს I რესპუბლიკის ხელისუფლებამ ორგანიზატორები და აქტივისტები დააპატიმრა. ამან სერიოზულად შეამცირა ქართველი ბოლშევიკების რაოდენობა – გასაბჭოების წინ საქართველოს კომუნისტური პარტიის რიგებში 9000-მდე კომუნისტი იყო გაერთიანებული, ეს მაშინ, როცა მარტო მენშევიკური პარტიის გურიის ორგანიზაცია 60 ათასზე მეტ პარტიის წევრს მოითვლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის მაისის მოსკოვის ხელშეკრულების ძალით მოხდა საქართველოს ბოლშევიკების ლეგალიზაცია – შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველოს კომუნისტური პარტია, მას მიეცა საქმიანობის შესაძლებლობები, თუმცა მან თავისი დაკარგული მდგომარეობა ვეღარ აღადგინა.
აქედან გამომდინარე საქართველოს კომპარტიაში შექმნილი ვითარების შესახებ როგორც მ. ორახელაშვილის, ისე ი. ლაზიანის შეხედულებებით - „საქართველოში ჩვენი ორგანიზაციები დანგრეული იყო“ – სიმართლეს შეესაბამება და ასეთი ორგანიზაცია სახელმწიფო გადატრიალებას ნადვილად ვერ მოახერხებს.
თავისებურება II. საქართველოს ხელისუფლების – მემარჯვენე სოციალ-დემოკრატების აშკარა მოდუნება, არაორგანიზებულობა და დაბნეულობა მთელი ლორეს კრიზისის პერიოდში. მათ დიდ მიღწევად ჩათვალეს 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და რატომღაც ზედმეტად მიენდნენ ვ. ი. ლენინის სიტყვას. ქართველმა მენშეიკებმა არ გაითვალისწინეს თვალსაჩინო მენშევიკის, მოსკოვში საქართველოს ელჩის, გაბრიელ ხუნდაძის საოცრად ლოგიკური მინიშნება: „მიმდინარე ეპოქაში, როცა ნაკერებზე ირღვევიან უზარმაზარი სახელმწიფოები, ფორმალური ხელშეკრულებები და შეთანხმებები განსაკუთრებულ ფასეულობას სრულიად არ წარმოადგენენ, უფრო მეტიც – მათ მიერ არ განისაზღვრება ფაქტობრივი ურთიერთობები“6. ამ ჭეშმარიტებას დღესაც არ დაუკარგავს თავისი ცხოველმყოფელობა. მაგრამ მაშინ ამ ხელშეკრულებამ საქართველოს ხელისუფლებაში ზედმეტი ეიფორია გამოიწვია და მისი ყურადღება აშკარად მოადუნა. როგორც ჩანს, ეს ყურადღება მოდუნდა სამხედრო მიმართულებითაც. ეს ყველაზე კარგად ჩანს ნ. ჟორდანიას შემდეგ გამონათქვამში: „11 თებერვალს აჯანყდნენ ბორჩალოს „სომხები“, გარეკეს ჩვენი ჯარი, დაატყვევეს ბევრი. ... მაშინვე დავიბარე ოდიშელიძე და მოვსთხოვე ამ სირცხვილის ანგარიში. მან მომცა ასეთი განმარტება: ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწილებული და შეერთება ვერ მოასწრეს (ხაზგასმა ჩვენია – ა. დაუშვილი). ...ეს მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარემ აკ. ჩხენკელმა დეკემბერში.“7
როგორც ჩანს, კატასტროფის მთავარი მიზეზი არის სამხედრო ხელმძღვანელობის უუნარობა, და ის პოლიტიკური ურთიერთობები, რაც დამახასიათებელი იყო დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისათვის თავისი არსებობის ბოლო ეტაპზე (პოლიტიკური და სამხედრო ფუნქციების აღრევა, პარტიული იმპერატივი, უპასუხისმგებლობა და ა.შ.). ნ. ჟორდანიას მოგონებებიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა ცნობა ბორჩალოს მაზრაში აჯანყების პროვოცირების შესახებ და ის ამტკიცებდა, რომ გენერლებს სრული „კარტ ბლანში“ მისცეს, მაგრამ მხოლოდ კატასტროფის შემდეგ გაიგო, თუ როგორ იყვნენ დისლოცირებული ქართული საჯარისო ფორმირებები ნეიტრალურ ზონაში და, რაც მთავარია, ამას აკონტროლებდა და აწესრიგებდა არა საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ პოლიტიკური მოღვაწე – დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი.
აკ. ჩხენკელის პერსონალურ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა გენერალი გ. კვინიტაძეც თავის განსაკუთრებით საინტერესო მოგონებებში8.
ჩვენი აზრით, სწორედ ამაშია ამ კატასტროფის მიზეზი. რა თქმა უნდა, ქართული სამხედრო ძალების ამ დაქსაქსვამ მთავარი და დამღუპველი როლი ითამაშა ამ კატასტროფაში. დღეს მავანნი, საქმეში ჩაუხედავნი, ცდილობენ აკ. ჩხენკელი დიდების არეალით შეამკონ, მაშინ, როცა, თუ კი I დემოკრატიული რესპუბლიკა იარსებებდა, მას მხოლოდ სამხედრო ტრიბუნალი ელოდა და, აქედან გამომდინარე, მკაცრი სასჯელიც – ფაქტია მისმა ამ ქმედებამ აშკარად ხელი შეუწყო XI წითელი არმიის გამარჯვებებს. წინასწარგანზრახული ქმედება იყო ეს თუ სამხედრო უვიცობის – ამას ამ საკითხის მომავალი ჩაღრმავებული კვლევა გამოავლენს.
თავისებურება III. მოსკოვის გამორჩეული პოზიცია საქართველოს მიმართ, საქართველოს გეო-სტრატეგიული მდგომარეობით განსაკუთრებული დაინტერესება. საქართველოსთან მიმართებაში კრემლი მუდამ თვალთმაქცობდა. მან ჩინებულად იცოდა, რომ 1920 წლის ხელშეკრულება ფარსი იყო. ამას გვაფიქრებინებს კომუნისტური რუსეთის საგარეო საქმეთა კომისრის მოადგილის ლევ კარახანის საიდუმლო დეპეშა სერგო ორჯონიკიძისადმი, რომელიც ფაქტობრივად ამ ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს გაუგზავნა თავის მეგობარს. ეს წერილი ჩვენ აღმოვაჩინეთ სერგო ორჯონიკიძის პირად არქივში. აი, რას წერდა მეგობარს კომუნისტი დიპლომატი: „ჩვენთვის უფრო სასარგებლოა, რომ ინგლისელები საქართველოდან, ბათუმიდან განიდევნონ ბურჟუაზიული საქართველოს ხელით, ვიდრე ჩვენი ჯარები ჩაებნენ ინგლისთან ომში. საქართველო ჩვენ გვჭირდება როგორც დროებითი ბუფერი. ის რომ საბჭოთა იყოს, ის ვერ შეასრულებს ამ მნიშვნელოვან როლს...“9
როცა ოფიციალურ დიპლომატიას ასეთი დამოკიდებულება აქვს საერთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერის მეორე დღეს – რა თქმა უნდა იმ რეგიონში მშვიდობა დიდი ხნით არ დამყარდება.
ამაში არის თავისი ლოგიკაც – აზერბაიჯანის, სომხეთის გასაბჭოების შემდეგ საქართველოს გასაბჭოება უკვე დროის საკითხი იყო. აზერბაიჯანის ნავთობის საზღვარგარეთ გასატანად ბათუმის პორტი იყო აუცილებელი. ბაქოს ნავთი მსოფლიოს იმჟამინდელი მოპოვების დაახლოებით 50 პროცენტს შეადგენდა და მას საბჭოთა ხელისუფლება ხელიდან ვერ გაუშვებდა. ამიტომ აუცილებელი იყო მისი გატანის საშუალებაც – ბათუმის პორტი. აქედან გამომდინარე, 1920 წლის ხელშეკრულება მხოლოდ დროის გადავადება იყო. საქართველოს ანექსია ანუ „გასაბჭოება“ დღის წესრიგში აუცილებლობით დადგებოდა.
თავისებურება IV. საქართველოს ხელისუფლების გარკვეული შეცდომები საშინაო პოლიტიკის, ეროვნებათაშორისო ურთიერთობების დარგში. დღეს არის მცდელობები, რომ ზედმეტად იდეალურად წარმოადგინონ ვითარება საქართველოს I რესპუბლიკაში, რომ ეს იყო „პატარა ოქროს ხანა“. მაგრამ, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ორწელიწადნახევარში ვერცერთ ქვეყანაში ვერ მოხერხდება საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა, მით უფრო I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, მკვეთრი სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში. შემორჩენილია საქართველოს დამფუძნებელი კრების რამდენიმე დეპუტატის საყურადღებო დაკვირვება საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის შესახებ. მაგალითად მოვიტანთ ამონარიდს დამფუძნებელი კრების წევრის პ.ი. ბრულის სადეპუტატო ანგარიშიდან. 1920 წლის ნოემბერში ის გაემგზავრა ბორჩალოში ადგილზე ვითარების გასაცნობად. მან 16 ნოემბერს დამფუძნებელ კრებას წარუდგინა თავისი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბორჩალოს მაზრაში შექმნილ ვითარებას უწოდა „უმაღლეს დონეზე შემაშფოთებელი და მძიმე“. დეპუტატი წერს: „ყველან შეიმჩნევა დარღვევები, რასაც ბევრი უსინდისო ჩადის. საკუთარი მოვალეობისადმი უამრავი ჩინოვნიკის დამოკიდებულება გულგრილია“10.
ამრიგად, გარკვეულად პოლიეთნიკურ რეგიონებში შესამჩნევი იყო ურთიერთობის გაუარესება, რაც შეიძლება გამოეყენებინა და გამოიყენა კიდეც პოტენციურმა მტერმა.
თავისებურება V. სომხეთის კომუნისტური პარტიის გადაჭარბებული აქტივობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თავისებურებათა შორის განსაკუთრებით გამორჩეული და გადამწყვეტიც კი გვესახება. საქართველოში გასაბჭოების ტალღა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრიდან დაიწყო. რა რეგიონი იყო ეს?
როგორც ცნობილია, ლორე ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც რუსეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფით ბორჩალოს მაზრაში შედიოდა. საქართველო-სომხეთის 1918 წლის კონფლიქტის შემდეგ ინგლისელების ინიციატივით შეიქმნა ე.წ. „ნეიტრალური ზონა“ კონფლიქტის შემდეგ ბორჩალოს მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი საქართველოს დაუტოვეს, სამხრეთი – სომხეთს, ხოლო ცენტრალური – ლორეს რაიონი – გამოცხადდა ნეიტრალურ ზონად ქართულ-სომხური შერეული ადმინისტრაციით. როცა 1920 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლკას გაურთულდა ურთიერთობა თურქეთთან, სამთვიანი შეთანხმებით, საქართველოს მთავრობამ შეიყვანა ნეიტრალურ ზონაში თავისი ჯარები.
მაგრამ, როცა მოსკოვის კრემლში პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გასაბჭოება, ეს პარტიული დავალება მათ ორჯონიკიძესა და კიროვს მიანდეს შესასრულებლად. ი. ლაზიანი აჯანყების ინიციატორთა შორის ლეგრანსაც ასახელებს. ის აღნიშნავს: „ორჯონიკიძესა და ლეგრანის ინიციატივით გადაწყდა ზონაში აჯანყების ორგანიზაცია სომხეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ეგიდით“11 (ხაზგასმა ჩვენია – ა. დაუშვილი). ამ ამოცანის განსახორციელებლად სომხეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი ლეგრანის მითითებით 1920 წლის 20 დეკემბერს ზონაში აგზავნის კომუნისტების ჯგუფს ასტრატიანის, ალაბიანის, სტეფანიანის, ბენგლიანის და სხვების შემადგენლობით. მხოლოდ სამი დღის შემდეგ იგივე ლეგრანის მითითებით, აჯანყების ორგანიზაციისათვის სომხეთის კპ ცკ დადგენილებით გაიგზავნა ი. ლაზიანი.
როგორი იყო ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგება ნეიტრალურ ზონაში? ამ მონაცემებს საქართველოს არქივსაცავებში ვერ მივაკვლიეთ, სამაგიეროდ ის მთლიანად აქვს მოტანილი ი. ლაზიანს, რაც მიუთითებს, რომ სომეხ კომუნისტებს დაზვერვა სოფლებში ჩინებულად ჰქონიათ დაყენებული. დოკუმენტში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგება ზუსტად არის დაფიქსირებული. ჩვენ მოვიტანთ ძირითად პუნქტებს: სოფელ შაგალთან განლაგებული იყო 70 ქვეითი და 5 ფეხოსანი პოლკი. სადგურ შაგალთან – 200 ქვეითი, 2 ტყვიამფრქვევი „მაქსი“ და 2 ტყვიამფრქვევი „ლუისი“. სოფელ დზიხისთან – 250 ქვეითი, 4 ტყვიამფრქვევი, 5 ფეხოსანი პოლკი, სოფ. უზუნლიართან – 400 ქვეითი, 4 ტყვიამფრქვევი, 5 ფეხოსანი პოლკი. სადგურ სანაინთან – 100 ქვეითი, 2 ტყვიამფრქვევი, 5 ქვეითი პოლკი, სოფელ ალავერდთან – 100 ქვეითი, სოფელ შნიხთან – 500 ქვეითი, სოფელ ჩოჩკანთან – 500 ქვეითი, სადგურ სადახლოსთან – 1000 ქვეითი, ბზობდელისის უღელტეხილთან – სამხედრო განრიგის ნახევარი, სოფელ რუსულ გერგორთან – 400 ქვეითი, სომხურ გერგორთან – 400, სოფელ ბეტოღლუსთან – 100 ქვეითი და ა.შ.12 ამრიგად აშკარაა, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ი. ლაზიანის ინფორმაციით, ბორჩალოს მაზრაში სერიოზული სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა – დაახლოებით 7 ათასი კაცი.
1920 წლის დეკემბრის ბოლოდან სომხეთის კომპარტიის წარმომადგენლებმა ნეიტრალურ ზონაში ფართო პროპაგანდისტული და ორგანიზაციული მუშაობა გაშალეს, შექმნეს შტაბი ყარაკლისში, რომელშიც შევიდნენ ი. ლაზიანი, სამხედრო ხელმძღვანელი, შტაბის უფროსი ტ. ანიევი და შტაბის მდივანი – ს. შოროხოვი. შტაბში, როგორც ვხედავთ, არცერთი ქართველი არ არის.
უფრო მეტიც: მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მიკვლეულ ი. ლაზიანის ინფორმაციაში რამდენიმე მომენტია განსაკუთრებით საინტერესო: 1. „ერევნიდან მიღებული ცნობით ზონის გათავისუფლება უკვე დაუკავშირდა მთელი საქართველოს სოვეტიზაციას“ და 2. „ჩვენ განვახორციელეთ დაზვერვა მთელი საქართველოს მასშტაბით. უკვე 6 იანვარს მე გავაგზავნე თბილისში ამხ. ტევოსიანი, რომელიც დაბრუნდა 20 იანვარს ყარაკლისში მდიდარი ინფორმაციით. პერიოდულად ვაგზავნიდით სხვა ამხანაგებსაც“.
ამრიგად, საქართველოს სოვეტიზაციის საკითხები ერევანში მუშავდებოდა. რა თქმა უნდა, რკპ(ბ) კავბიუროს მითითებით და აჯანყების ორგანიზატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემისრები გაეგზავნათ მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციის მისაღებად და არა ერთხელ. ეს საქართველოს ხელისუფლების, განსაკუთრებით კი ლორეში განლაგებული სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელთა სრულ უნიათობაზე მიუთითებს.
1921 წლის 15 იანვრიდან, როგორც ამტკიცებს ი. ლაზიანი, მათ გააძლიერეს სამზადისი. მენშევიკების მიერ განადგურებული პარტიული ორგანიზაციები სწრაფად აღადგინეს, ქმედითი გახადეს პროპაგანდისტული მუშაობა სოფლებში, მოახერხეს ქართული საჯარისო ნაწილების სატელეფონო ქსელში ჩართვაც კი. წინასწარ ზონა 5 ნაწილად დაჰყვეს: ვორონცოვკის, დზიხის, უზუნლარის, ჯალალ-ოღლინის, შნიხის უბნებად. გააერთიანეს სოფლების ორგანიზაციები, შექმნეს საიდუმლო რევკომები. ყველგან სათავეში აჯანყების შტაბის წარმომადგენელი ჩაუყენეს. გაანაწილეს სამხედრო ფუნქციებიც. სამხედრო გეგმა სამ მიმართულებას ითვალისწინებდა: ლორეს, შნიხ-ჩიჩკანის და შაგალის ხიდის მიმართულებებს. ლორეს ჯგუფში 6 რაზმი იყო გაერთიანებული. წინასწარ შემუშავებული სამხედრო გეგმა ითვალისწინებდა აჯანყების ერთდროულად დაწყებას.
აი, როგორ აღწერს ი. ლაზიანი აჯანყების დაწყებას და მსვლელობას: „ზუსტად ღამის 2 საათზე მთელ ზონაში დაიწყო აჯანყება, სტეპანიანმა გაწყვიტა ნაღმების როზეტები, დააპატიმრა გამნაღმელები და განაიარაღა შაგალის ხიდის გარნიზონი – 400 კაცი. ეს ისე სწრაფად მოხდა რომ გამნაღმელებმა ღილაკს თითი ვერ დააჭირეს. უფრო მძიმე იყო საქმე უზუნლარის და დზიხის რაიონებში. 40 კაციანი აჯანყებულთა რაზმი თავს დაესხა 300 კაციან გარნიზონს, წაართვეს 2 ტყვიამფრქვევი და დააპატიმრეს 40 კაცი. დანარჩენებმა თავი შეაფარეს ეკლესიას, რომელსაც ალყა შემოარტყეს. ალყის შემდეგ მენშევიკები დაგვნებდნენ. 13 თებერვალს აჯანყებულთა შტაბი გადავიდა სადგურ სანაინში, სადაც დატყვევებული მენშევიკები მოჰყავდათ. სამდღიანი გმირული ბრძოლის შედეგად ნეიტრალური ზონა გაიწმინდა 7 ათასიანი მენშევიკური არმიისაგან. აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს 3000 კაცი, 40 ტყვიამფრქვევი, 3 ორთქლმავალი გაზისა და ნავთის ცისტერნებით დატვირთული. ამ დამარცხების შემდეგ მენშევიკები ამზადებდნენ რევანშს. მაშინ აჯანყებულებმა მიმართეს თხოვნით XI არმიის ხელმძღვანელობას მოსულიყვნენ დასახმარებლად.
ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და გასცა განკარგულება საქართველოზე შეტევის განსახორციელებლად“14.
ამის შემდეგ ყველაფერი ნაცნობი სცენარით განვითარდა – 16 თებერვალს შულავერში შეიქმნა საქართველოს რევოლუციური კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელად გამოცხადდა ფილიპე მახარაძე, რომელიც იმჟამად მოსკოვში იმყოფებოდა. რევკომში შევიდნენ: მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ბ. კვირკელია, გ. ელისაბედაშვილი, ა. ნაზარეტიანი. ისინი შემოუძღვნენ საქართველოში კომუნისტური რუსეთის XI არმიას. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ რევკომის წევრები კანონგარეშე გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე კომუნისტრი ინტერნაციონალის წითელი დროშა აღიმართა – საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება.
შენიშვნები
1. გ. ხაჭაპურიძე, ბრძოლა პროლეტარული რევოლუციისათვის საქართველოში, თბ. 1954; ა. სურგულაძე, ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917-1921 წწ.) თბ.; კ. შელია, საქართველოს კომუნისტების ბრძოლა სახალხო მეურნეობის აღდგენისა და ხალხთა მეგობრობის ლენინური პოლიტიკის გატარებისათვის, სოხუმი, 1957 და ა.შ.
2. ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბ-ჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1993. გვ. 88.
3. Государствененый архив социално-политической истории РФ (ГФСПИ РФ), ф. 64, оп. 1. д. 139, с. 5.
4. ГФСПИ РФ, ф. 64, оп. 1. д. 82, с. 1.
5. ГФСПИ РФ, ф. 64, оп. 1. д. 139, с. 9.
6. Г. Хундадзе.Советская власть и грузинское посольство в России, Тифлис. 1920. с.25-26.
7. ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990, გვ.121.
8. გ. კვინიტაძე, მოგონებები, ტ. II, თბ., 1999, გვ. 42.
9. Государствененый архив социално-политической истории РФ, ф. 85, оп. 10. д. 14, с. 16-17.
11. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1833, აღ. 1, ს.153. ფურც. 512.
12. Государствененый архив социално-политической истории РФ, ф. 64, оп. 1. д. 139, с. 6.
14. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 99.политической истории РФ, ф. 64, оп. 1. д. 139, с. 19.
12. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 99.
დამოწმებანი:
1. Государствененый архив социално-политической исто-рии РФ, ф. 64, оп. 1. д. 139
2. Государствененый архив социално-политической исто-рии РФ, ф. 85, оп. 1. д. 14.
3. Государствененый архив социално-политической исто-рии РФ, ф. 64, оп. 1. д. 82, с. 1.
4. საქართველოს ცენტრალური საისტირიო არქივი, ფ. 1833, აღ. 1, ს.153.
5. გ. ხაჭაპურიძე, ბრძოლა პროლეტარული რევოლუციისათვის საქართველოში, თბ. 1954;
6. ა. სურგულაძე, ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917-1921 წწ.) თბ.;
7. კ. შელია, საქართველოს კომუნისტების ბრძოლა სახალხო მეურნეობის აღდგენისა და ხალხთა მეგობრობის ლენინური პოლიტიკის გატარებისათვის, სოხუმი, 1957. და ა.შ.
8. ლ. თოიძე, ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1993, გვ. 88.
9. Г. Хундадзе.Советская власть и грузинское посольство в России, Тифлис, 1920.
10. ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990.
11. გ. კვინიტაძე, მოგონებები, ტ. II, თბ., 1999.

Комментариев нет:

Отправить комментарий