среда, 24 июля 2019 г.

ეკატერინე II-ის დიპლომატია იმერეთის სამეფოს გაერთიანების წინააღმდეგ 1768-74 წლების ომის დროს (ე. მამისთვალიშვილი)

ეკატერინე II-ის მთავრობა დიდად იყო მოწადინებული, რომ საქართველოს სამეფო-სამთავროები ომში ჩაბმულიყვნენ როგორც მისი მოკავშირეები, მაგრამ ისე, რომ არ მომხდარიყო მათი გაერთიანება, თითოეულ მათგანი ცალ-ცალკე დაკავშირებოდა რუსეთის მთავრობას. რუსეთს რომ შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა საქართველოს მიმართ და მისი განხორციელებისათვის მყარ ნიადაგს ამზადებდა, ნათლად გამოჩნდა სამეგრელოს სამთვროსა და იმერეთის სამეფოს დაპირისპირების დროს, როდესაც რუსეთი ცალსახად ცდილობდა სამთავროს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და ამყარებდა კავშირის მასთან, როგორც დამოუკიდებელ სამთავროსთან.
1769 წლის 19 სექტემბერს ეკატერინე II-მ ასტრახანის გუბერნატორ გენერალ ბეკეტოვს გაუგზავნა წყალობის სიგელი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ერეკლე II-ს, სოლომონ I-ს, კაცია დადიანის და სხვა მთავრების (ისინი ვინც მზადყოფნას აცხადებდნენ რუსებთან ერთად მიეღოთ მონაწილეობა ოტომანის პორტას წინააღმდეგ ომში), წარმომადგენლები თუ ჩავიდოდნენ ყიზლარსა და ასტრახანში, შეუფერხებლად გაეშვათ პეტერბურგისკენ. რესკრიპტი შეიცავდა მნიშვნელოვან ცნობებს დასავლეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ და იქვე ჩანდა რუსული დიპლომატიის თვალთმაქცობა, რომლისთვისაც, ბუნებრივია, ყველფერზე მაღლა იდგა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები.
ეკატერინე II წერდა ბეკეტოვს, რომ როგორც სოლომონ მეფის წარმომადგენელს თავად კვინიხაძეს ყიზლარის კომენდანტ პოტაპოვისათვის განუცხადებია, დადიანის სამფლობელოები წინათ იმერეთის მეფის ქვეშევრდომობაში იყო, ამიტომ იმერეთის მეფე ითხოვდა დასახელებული სამთავრო კვლავ მის მორჩილებაში ყოფილიყო. ამასთან ერთად, სოლომონ მეფე ითხოვდა, რომ პეტერბურგში საიმპერატორო კარს არ მიეღო დადიანის წერილები და მისი წარმომადგენლები. როგორც ჩანს, სოლომონის მდივანბეგსა და დიპლომატს, დავით კვინიხაძეს არც იმის თქმა დაავიწყდა, რომ კაცია დადიანი ერეკლეს II-ს ნათესავი იყო და ცდილობდა თავის წარმომადგენლი გაეგზავნა პეტერბურგში, მაგრამ ერეკლე არ უჭერდა მხარს და მომხრე იყო მისი სიძე, ოდიშის მთავარი, დამორჩილებოდა მეფე სოლომონს1. როგორც ჩანდა, ერეკლე II, ყველაფრის მიუხედავად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებითა და პოლიტიკური მოსაზრებით, სოლომონ მეფეს უჭერდა მხარს თავისი სიძის კაცია დადიანის საწინააღმდეგოდ2. კვინიხიძე, როგორც დიპლომატი, ყოველთვის სიმართლეს არ ლაპარაკობდა და ერეკლე მეფის ამგვარი პოზიციის დაფიქსირებით ცდილობდა რუსეთის მთავრობისათვის ეჩვენებინა, რომ ავტორიტეტული მეფე ერეკლე კაცია დადიანთან ნათესაობის მიუხედავად სოლომონ მეფეს უჭერდა მხარს. სინამდვილეში ერეკლეს ამ პერიოდიში ასეთი პოზიცია არ ეკევა.
ეკატერინე და მისი მთავრობა კი დადიანთან დაკავშირებით სულ სხვაგვარად ფიქრობდა. მან ასტრახანის გუბერნატორს, ბეკეტოვს დაუფარავად გაუმხილა თავის დამოკიდებულება და გეგმები ოდიშის სამთავროს შესახებ. მისი აზრით, მიმდინარე ომის დროს სამეგრელოს მთავარი შეიძლებოდა რუსეთის ინტერესებისათვის გამოეყენებინათ. კაცია დადიანი შეეცდებოდა პეტერბურგიდან მხარდაჭერით გათავისუფლებულიყო იმერეთის მეფეების პრეტენზიებისგან. იმერეთის მეფე სოლომონი სუსტი იყო და ვერ იღებდა რაიმე გადაწყვეტილებას ადგილობრივ თავადებთან შეთანხმების გარეშე. სამეგრელოს სამთავროს მდებარეობა შავ ზღვასთან, ძალიან მოხერხებული და ძალიან საჭირო იყო. მისი მთავრისადმი საიმპერატორო კარის კეთილგანწყობა. ამიტომ მისი წარმომადგენელი მოხელეებს უნდა მიეღოთ. როგორც იმპერატრიცა ფიქრობდა, შემდგომში გაირკვევოდა რამდენად ემთხვეოდა ერთმანეთს სოლომონ მეფის, სამეგრელოს მთავრისა და, საერთოდ, საქართველოს ინტერესები3. იმპერატრიცას პოზიციიდან ამჯერად და შემდგომშიც მრავალჯერ გამოჩნდა, რუსეთის მთავრობა მზად იყო როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, ანგარიში არ გაეწია სოლომონისა და ერეკლეს სამეფოების პოზიციისათვის ამა თუ იმ საკითხში.
თავად მოურაროვის გრაფ პანინისადმი გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ 26 სექტემბერს იმერეთის საზღვართან, მდ. სურამულას შენაკად კორტოხთან ტოტლებენი შე-ხვდა სოლომონ მეფეს და მის ძმა კათალიკოს იოსებს 100 იმერელთან ერთად. ტოტლებენმა სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის წერილი გადასცა იმერეთის მეფეს. 28 ოქტომბერს ტოტლებენმა სოლომონს მოახსენა, რომ გამოგზავნილია, რათა ყველა მისი ქვეშევრდომი მორჩილებაში მოიყვანოს და თურქები გააძევოს იმერეთიდან და ის, სოლომონი, სრულიად იმერეთის მფლობელი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება თუ ვერ მოხერხდება, მაშინ მეფე და მთელი მისი გვარი წაიყვანოს რუსეთში, სადაც მიიღებენ ისე, როგორც მის სამეფო ღირსებას შეჰფერის. სინამდვილეში რუსეთის გენერალი, ყველაფერს აკეთებდა იმერეთის სამეფოს საზიანოდ. მან უარი სთქვა შორაპნის ციხის დაპყრობაზე, სადაც მხოლოდ 23 თურქი მეომარი იმყოფებოდა. ეს ჩაიდინა მაშინ, როდესაც მეფის სამფლობელოებს კაცია დადიანი იკლებდა. ტოტლებენმა შორაპნის ციხე მიატოვა და ქართლში დაბრუნდა4.
ერეკლე მეფეს აუცილებლად მიაჩნდა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში სოლომონ მეფისა და დადიანის მონაწილეობა. მაგრამ მათ შორის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანდა. ამიტომ ის ტოტლებენს სთხოვდა თავისი რომელიმე ოფიცერი გაეგზავნა იმერეთში და ისინი შეერიგებინა5. მაგრამ რუსეთის გენერლის მოქმედება საქართველოში საეჭვოს ხდიდა, რომ ის დაინტერესებული იყო სოლომონისა და დადიანის შერიგებით.
განსაკუთრებით საინტერესოა ეჭვებითა და უნდობლობის სენით შეპყრობილი ტოტლებენის წერილები გაგზავნილი პეტერბურგში, რომლებშიც ის დაასმენდა საქართველოს მეფეებს და ზოგიერთ რუსეთის ოფიცერს. ის განსაკუთრებულ მტრობას ავლენდა ა. მოურავოვის მიმართ, რომელიც მისი გაგებით იყო «излишеством грузинец... всегда пользу своих однородцов предпочитал». ა. მოურავოვი ექომაგებოდა სოლომონსა და ერეკლეს, რის გამოც იმსახურებდა ტოტლებენის რისხვას. არაერთხელ მისწერა რუსეთის მთავრობას იმ გასაჭირის შესახებ რომელიც სუფევდა იმერეთში, რომ სოლომონს არ შეეძლო მის ტერიტორიაზე გადასული რუსეთის რაზმების გამოკვება. ტოტლებენი ბრალს სდებდა სოლომონ მეფეს, რომ მან, იმის გამო, რომ მის სამფლობელოებს იკლებდა კაცია დადიანისა და თურქების რაზმები, შოროპნიდან წავიდა მომხვდურთა გასაძევებლად; რუსეთის სარდალი არ იწონებდა სამეფოს გაერთიანებისათვის სოლომონის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და სხვ.
საინტერესო ცნობებს შეიცავს 1770 წლის დეკემბერში იაზიკოვის მიერ პანინისათვის გორიდან გაგზავნილი მოხსენება. მან სცადა შეერიგებინა სოლომონ მეფე და კაცია დადიანი, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამის შემდეგ ის გადავიდა ერეკლე მეფესთან ბორჩალოში და გადასცა იმპერატრიცას სიგელი, რომლითაც ერეკლე რუსეთის მფარველობას იღებდა. მეფემ განაცხადა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში ელოდა ტოტლებენის ბრძანებას, სად შეერთებოდა თავისი ჯარით რუსეთის კორპუსს, მაგრამ ამაოდ. მან გრაფი დაადანაშაულა იმის გამო, რომ მისი ბრალი იყო ჯარი სურსათის ნაკლებობას რომ განიცდიდა. მან დროულად არ მოიმარაგა ყველფარი ის, რაც ჯარს სჭირდებოდა და ასე წავიდა ლაშქრობაში. ერეკლემ იაზიკოვს სთხოვა შეეხვედრებინა ტოტლებენთან, სადაც ის მოისურვებდა, თავის მხრივ კი ასეთ ადგილად გორი შეარჩია და შეხვედრის დროდ 25 ნოემბერი დაასახელა.
ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების მეფეებს სურდათ მათ ჯარებს მოსურნე ებრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ რუსთა კორპუსთან ერთად. ერთობლივ მოქმედებას ხელს უშლიდა რუსეთის საიმპერატორი კარის დიპლომატია, რომლის მიზანი იყო არ მომხდარიყო მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანება იმერეთის მეფის ხელქვეით და ამ პოლიტიკის გამტარებელ გრაფ ტოტლებენთან გაგზავნილი კურიერი 21 ნოემბერს დაბრუნდა წერილით, რომელშიც ნათქვმი იყო, რომ მას არავითარი სურვილი ჰქონდა ერეკლესთან და სოლომონთან ურთიერთობის, მას მხარში უდგნენ დადიანი და გურიელი. იაზიკოვის აზრით (როგორც ჩანს ის ჯეროვნად არ იყო ჩახედული რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში), ტოტლებენს რომ მოეხერხებინა ერეკლეს, სოლომონის, დადიანის და გურიელის მათი ჯარებითურთ გაერთიანება და რუსული არტილერიით გაძლიერება, ამ მხარიდან თურქებისთვის დიდი ზარალის მიყენებას შეძლებდნენ. მეფე ერეკლე, იაზიკოვის შეფასებით, სრულიად ბრმად ერთგული იყო იმპერატრიცასადმი, მაშინ, როდესაც ტოტლებენზე ვერაფერმა გაჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს იაზიკოვმა უჩვენა ეკატერინე II-ის ბრძანება.
ერეკლე მეორეს კარგად ესმოდა, რაში მდგომარეობდა სოლომონ მეფისა და კაცია დადიანის დაპირისპირების მიზეზი და მოწინააღმდეგეებს მოუწოდებდა შერიგებისაკენ, მაგრამ ის იმავე დროს იცავდა კაცია დადიანის, თავისი ნათესავის, ინტერესსა და დამოუკიდებლობას. წერილობითი ცნობები კაცია დადიანის ერეკლე I-ის ოჯახთან ნათესაობის სხვადასხვა ხარისხზე მიუთითებენ. მოურავოვი წერდა: „ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეც დადიანს უჭერს მხარს, რადგან მისი ცოლი, დედოფალი დარეჯანი დადიანის ბიძაშვილია“6; კაპიტანი ლვოვიც აღნიშნავდა, რომ „დედოფალი, ერეკლე მეფის მეუღლე ნათესავია დასახელებული დადიანის“7; ლეონ ბატონიშვილმა და ანტონ I-მა კათალიკოსმა გრაფ პანინს განუცხადეს: „საქართველოს დედოფალი კნიაზ დადიანის და არის“8. ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს დარეჯან დედოფლის წერილი თავად მოურავოვისადმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან „სამეგრელოს მფლობელთან, თავის ძმა კაცია დადიანთან გაგზავნა თავადი მამუკა ხიდირბეგიშვილი, რათა დაიყოლიოს მიიღოს მონაწილეობა თურქეთის წნააღმდეგ მომავალ ომში“9. მთავარი ისაა, რომ კაცია, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარისათვის ახლობელი, ნათესავი იყო. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ ლეონ უფლისწულმა და ანტონ კათალიკოსმა და, რაც მთავარია დარეჯან დედოფალმა ყველაზე უკეთ იცოდნენ, ვინ იყვნენ ერთმანეთისა ქართლ-კახეთის დედოფალი და კაცია დადინი10.
სოლომონი, ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე, მთავრებისაგან სრულ მორჩილებას მოითხოვდა. ის სამეფოსა და ოდიშის სამთავროს შორის ჩამოვარდნილ მტრობაში მთლიანად კაცია დადიანსა და მის წინაპრებს სდებდა ბრალს.
არსებობს 1771 წლის თებერვლის ერთი საინტერესო წერილი გაგზავნილი სოლომონ მეფის მიერ რუსეთის იმპერატორისადმი, რომელშიც მოკლედ გადმოცემულია იმერეთის მეფის ოდიშის და გურიის სამთავროებთან ურთიერთობის მოკლე ისტორია, მათი იმერეთის მეფის, რუსეთისა და იმერეთის სამეფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება: როცა ტოტლებენმა ფოთზე გაილაშქრა და ალყაში მოაქცია, – წერდა სოლომონ მეფე, – დადიანმა და გურიელმა ამის შესახებ აცნობეს თურქებს. შეიტყო რა მათი ღალატი და ისიც აცნობეს, რომ თურქები გურიის საზღვრებს უახლოვდებოდნენ, მეფემ დაუყოვნებლივ შეკრიბა ჯარი და მათ წინააღმდეგ გაილაშქრა. თურქები იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მეფე დაეუფლა გურიელის სამფლობელოებს და იქაურები დააფიცა იმპერატორის ერთგულებაზე. სოლომონმა ეკატერინეს გურულების დაფიცების დოკუმენტიც გაუგზავნა11. მეფემ გადააყენა გურიელი გიორგი V და დაადგინა მამია IV. ამის შემდეგ მეფე დაბრუნდა ქუთაისში.
სოლომონ I ეკატერინე II-ს აცნობებდა იმერეთ-სამეგრელოს დაპირისპირების მიზეზებს და თავისი კანონიერი უფლების აღდგენას მოითხოვდა, რაშიც გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა იმპერატრიცას. სოლომონ მეფე აღნიშნავდა: ამჟამინდელი დადიანის – კაციას წინაპარი, თავადი საღირაძე, სოლომონის მამა-პაპათა ერთგული და ქვეშევრდომი ყოფილა, ამიტომ ერთგულად მსახურებისათვის ერთ-ერთ საღირაძეს უბოძა ოდიშის დადიანობა, ე.ი. „მანდატურთ-უხუცესობა ეშიკაღასბაშობისა“. როცა თურქები გაძლიერდნენ და დაიპყრეს აფხაზეთის ანაკოფია, შემდეგ კი, მთელი აფხაზეთი, დადიანმა ისარგებლა არეულობით, განუდგა იმერეთის მეფეს და ახალციხის ჯარის დახმარებით კიდევ უფრო გაძლიერდა. სოლომონის პაპა ალექსანდრემ შეკრიბა იმერეთის ჯარი და დადიანი და თურქები დაამარცხა. თვით დადიანი შეიპყრო და მთელი მისი ოჯახი სიკვდილით დასაჯა. ასე ამოწყდა დადიანის მთელი გვარი, გადარჩა მხოლოდ მისი უკანონო შვილი, რომელიც არჩილმა წაიყვანა რუსეთში. სოლომონ მეფის პაპამ დადიანების მაგიერ დააწინაურა თავისი ახლობელი აზნაურებიდან გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ლეჩხუმის თემის მართველად დანიშნა. მისი ჩამომავალი არის კაცია დადიანი, რომელმაც უღალატა მეფეს და მიემხრო თურქებს. მან სოლომონის პაპა მოკლა, ლეჩხუმი მიითვისა და მთელი იმერეთი თურქების მონობაში მოაქცია. თურქებმა კაცია ოდიშის დამოუკიდებელ მთავრად გახადეს. იმ დროიდან დადიანები იმერეთის მეფეს აღარ ემორჩილებოდნენ. როცა სოლომონ მეფემ ოსმალეთის სულთანთან დადო ზავი და დაარწმუნა, რომ მთელი ოდიში მის სამფლობელო იყო, ამის თაობაზე სულთანმა გამოსცა ბრძანება, რომ დადიანი მეფეს დამორჩილებოდა. სოლომონ მეფემ სულთნის ბრძანება რუსეთის კარს გაუგზავნა.
სოლომონ I სთხოვდა იმპერატორს, რომ მასაც ებრძანებინა კაცია დადიანისათვის დამორჩილებოდა მეფეს, ხოლო ლეჩხუმი მეფის საკუთრებაში დაებრუნებინა. თუ ეს ასე მოხდებოდა, მაშინ იმერეთის სამეფოში მშვიდობა დაისადგურებდა და მეფე მთელ თავის ყურადღებას ოსმალეთზე გადაიტანდა. იმერეთის სამეფოს მთელი მოსახლეობა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა საერთო მტრის დასამარცხებლად და გასანადგურებლად12.
რუსეთს დაპირისპირებული მხარეების შერიგება იმგვარად უნდოდა, რომ იმერეთის სამეფოს და ოდიშის სამთავროს გაერთიანებული ძალით ეომათ ოსმალეთის წინააღმდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაძლიერებულიყო სოლომონ I.
1771 წლის ივნისში სოლომონ მეფე და გენ. სუხოტინი გადმოვიდნენ ქართლში, სოფ. ხელთუბანში, სადაც 15 ივნისს შეხვდნენ ერეკლეს მეფეს და შეთანხმდნენ იმ გეგმაზე, რომელიც სუხოტინმა შეიმუშავა 5 ივლისს ქუთაისის მახლობლად, ბანაკში. დოკუმენტს თავისი შენიშვნები დაურთო და ხელი მოაწერა ერეკლე მეფემ 27 ივლისს თრიალეთში.
გეგმის მიხედვით, თურქებისათვის უნდა ჩამოეშორებინათ სამეგრელოს და გურიის სამთავროები. ფუნქციები განაწილებული იყო შემდეგნაირად: გენ. სუხოტინს რუსული ჯარით ალყაში უნდა მოექცია ფოთი, ქართველები კი მას დაიცავდნენ ალყაში მოქცეული ფოთის ციხეში გამაგრებული თურქების დასახმარებლად გამოგზავნილი ჯარისგან.
გეგმის მიხედვით ერეკლე მეფის რაზმებს ქვეყანა უნდა დაეცვათ იმ მხარეებიდან, საიდანაც მოსალოდნელი იყო ლეკების თავდასხმები. თვით მეფე ერეკლე კი 20 ივლისს ძირითადი ძალებით (10 ათასი კაცით, 8 ზარბაზნით) ახალქალაქ-ახალციხე-ყარსის მიმართულებით უნდა შეჭრილიყო და თავისკენ მიეზიდა თურქთა ძალები, რათა ისინი არ მიშველებოდნენ ფოთის ციხეში გამაგრებულ თურქებს.
მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანა სოლომონ მეფეს: ის თავისი 6000-ნი ჯარით უნდა გამოსულიყო ბაღდადიდან და გადაეკეტა ახალციხიდან იმერეთისკენ მიმავალი ხეობები.
ასევე მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეესრულებინათ გურიელსა და დადიანს: გურიელს უნდა დაეჭირა გურიაში „შემოსავალნი გზანი ტრაპიზონიდგან, ზღვიდამ და ახალციხიდამ“, რათა ვერავის შეძლებოდა ფოთის ციხისათვის დახმარება.
დადიანს უნდა დაეცვა აფხაზეთიდან ფოთისკენ მიმავალი გზაზე არსებული ხიდები, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირი ისე უნდა გაემაგრებინა ცელის კარამდე, რომ სუხოტინს ჰქონოდა ქუთაისამდე მიმოსვლის თავისუფალი გზა. მოკავშირეთა ჯარებს უნდა ჰქონებოდათ 6 კვირის სამყოფი სურსათ-სანოვაგე.
გენ. სუხოტინი ითვალისწინებდა ასეთ მომენტსაც: შეიძლებოდა ახალციხელ თურქებს იმის იმედით, რომ ამ ქალაქს მტკიცე კედლები აქვსო, ქალაქში დამცველთა მცირე რაზმი დაეტოვებინათ და დანარჩენი ჯარით ფოთის დასახმარებლად წასულიყვნენ, ასეთ შემთხვევაში, ერეკლე და სოლომონ მეფეებს, ახალციხის ალყისათვის საჭირო ჯარი დაეტოვებინათ და ძირითადი ძალებით ფოთისაკენ წასულ თურქთა ჯარს უკან დადევნებოდნენ.
ერეკლე მეფემ თავისი ხელით მიაწერა გეგმას დამატებით შვიდი პუნქტი, რომელშიც ის გეგმის განხორციელებისათვის დიდ მონდომებას აღნიშნავდა13.
ამგვარად, სუხოტინის მიერ შემუშავებული 5 ივლისის გეგმა ითვალისწინებდა სამხედრო კამპანიაში კაცია დადიანის მონაწილეობას. მაგრამ ამის გაკეთება ოდიშის მთავრის სოლომონ მეფესთან შერიგების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გენ. სუხოტინმა დადიანს სოლომონთან შერიგება მოსთხოვა და მასთან პოდპოლკოვნიკი იური ბიბიკოვი გაგზავნა. იმავე თვის 27 ივლისს კაცია სუხოტინს სთხოვდა, რომ ის ხუნწში მისულიყო და უშუალოდ მიეღო მონაწილეობა მათ შერიგებაში. ისევე, როგორც სხვადასხვა მიზეზებით, ვერ განხორციელდა სუხოტინის ფოთის დაპყრობის გეგმა, ასევე ამ დროისათვის ვერ მოხერხდა დადიანისა და სოლომონის შერიგება14. ასევე ღიად დარჩა გურიელის მეფესთან შერიგების საკითხი15.
ქართლ-კახეთის მეფე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში, მას ანგარიშს უწევდა ოსმალეთის სულთანი, მაგრამ ერეკლესა და სოლომონს შორის განხეთქილების ვაშლად გადაიქცა კაცია დადიანისა და მისი სამთავროს საკითხი.
სოლომონ მეფეს შიში ჰქონდა, თუ ერეკლეს არ შეურიგდებოდა, დადიანი თურქების მხარდაჭერით იმერეთზე თავდასხმა ყოველთვის მოახერხებდა. ამიტომ ის თავს იკავებდა ოსმალეთის წინააღმდეგ სამხედრო აქციების დაწყებაზე. კაპიტანი ლვოვი ამასთან ერთად აღნიშნავდა, რომ რამდენიმე დღის წინ დადიანის ძმა ნიკოლოზი, საკმაოდ დიდი რაზმით მიუახლოვდა იმერეთის საზღვარს, მაგრამ სოლომონმა ისინი გარეკა და დადიანის რამდენმე სოფელი აიკლო, სამაგიეროდ დადიანი შეიჭრა რაჭაში და მანაც სოლომონის კუთვნილი რამდენიმე სოფელი დაარბია16.
საქართველოდან რუსეთის ჯარის წასვლა და ერეკლეს და სოლომონს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება, რომლის მე-6 მუხლში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ მეფეები ერთმანეთს დაეხმარებოდნენ სამეფოების შიგნით „შფოთის“ ჩამომგდებთა წინააღმდეგ, გარკვეული გაგებით, მიანიშნებდა ერეკლე მეფის სამეგრელოს სამთავროსადმი პოზიციის შეცვლაზე. ბუნებრივია, შეცვლილი ვითარებით შეშფოთდა კაცია დადიანი და მან დახმარების თხოვნით მიმართა დედოფალ დარეჯანს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
კაცია დადიანის წერილი (1773 წლის თებერვალი) დარეჯან დედოფლისადმი არის მფარველის მაძიებელი იმედგაცრუებული მართველის აღსარება. ის დედოფალს უყვება თავის თავდადებულ სამსახურზე იმპერატრიცას გენერლების – ტოტლებენისა და სუხოტინისადმის: „ექვსს თვეს ასრე ვიახელი (ტოტლებენს – ე.მ.), სახლიც არ მინახავს და არც გავყრივარ თვით, ძმით, სახლიკაცით და ყმით“17. ტოტლებენმა, როგორც მისთვის დამახასიათებელი იყო, კაციას თავდადება და ხარჯი არ დაუფასა. მისი შეპყრობა მოინდომა და კაციამ მხოლოდ თავისი ძმის გიორგის მძევლათ მიცემით დაიხსნა თავი. ტოტლებენმა კაციას მისწერა: „შენი ძმა გიორგი ხელმწიფესთან უნდა წავიყვანოო. გიორგის ეს სიტყვა ეყურებინა, დაჭერილის შეეშინა და გამოექცა“. კაცია მთელი შეძლებით ემსახურა გენერალ სუხოტინსაც, მაგრამ ბოლოს იმანაც მძევალი სთხოვა. დადიანმა სუხოტინს თავადი ჩიჩუა მისცა, რომელიც სუხოტინმა რუსეთში წაიყვანა18.
კაცია დადიანის დედოფლისადმი მინაწერიდან ისე ჩანს, რომ მან მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, ვერ შეძლო რუსი გენერლების გულის მოგება, რათა მათ დაეცვათ მთავარი სოლომონ მეფის პრეტენზიებისაგან და ეხლა დარეჯან დედოფალს სთხოვს შუამავლობას: „მაგრამ ამ მეფეს (სოლომონი – ე.მ.) და ჩვენ თუ ვერ მოგვარიგებთ, რარიგათ მოხდება ჩვენი სამსახური და ან ჯარში ასე დამტერებული თუ გავერევით, თორემ თუ გავრიგდით, სამსახური, ღ[ვ]თის მოწყალებით, რაც სხვას შეუძლია, ჩვენც შევიძლებთ“19.
სოლომონს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა თავის ძმა კათალკოს იოსებთანაც. ამ უკანასკნელმა მეფე-ძმისაგან დაცვა სთხოვა კაპიტან ი. ლვოვს, რომელიც შუამავალი იყო მეფისა და კათალიკოსის მოსარიგებლად. კათალიკოსი იოსები ბრალს სდებს ი. ლვოვს, რომ მას დაუჯერა: „მე და მეფე რომ ვიმდუროდით და თქვენის სიტყვით და შუამდგომლობით რომ გავრიგდით, მაშინ ჩემი ყოველი საქმე გამოგიცხადე და რომელიმე თვალით ნახეთ. რადგან მაშინ ინებეთ და შუამდგომელ იქმენით და გაგვარიგეთ, მე თქვენს სიტყვას ვერწმუნე, თვარა ამათი ამბავი დია კარგად ვიცოდი, და რაც მითხარ, დაგემორჩილე, მერმეთ წიგნი ვაახელ მეფეს და გაძლებას ვევედრე, რომ ან გამაძლებინეთ, ან ერთი გზა მომეცი-მეთქი. ამაზედ რაც მამული მქონდა, სრულიად წამართო და რომელიც საკათალიკოსო შესამოსელი და სამღთო იარაღი იყო, სულ ყველა მთხოვა. მე, ჩემის სათხოველის მაგივრად, ეს მიყო“. რაადგან ხელმწიფემ შენ დაგნიშნა მთელი საქართველოს მაყურებლად, მიმართავს იოსებ კათალიკოსი ი. ლვოვს, გაიგე რას მემართლება მეფე ასე უმოწყალოდ რომ მომეპყროო. მეფე კათალიკოსს უარს ეუბნებოდა ისეთი სიგელის მიცემაზე, რომლითაც მას მიეცემოდა იმერეთის სამეფოდან წასვლის უფლება. კათალიკოსი პირდაპირ სდებდა ბრალს ი. ლვოვს: „რადგან თქვენ გაგვარიგეთ, ვალი გაქვს, რომ ჭეშმარიტებით შეიტყო ჩემი დანაშაული და, თუ არაფერი დანაშაული მაქვს, შენგან ვიყავი გარიგებული და შენგანვე ვითხოვ, რომ ამის მაგიერი პასუხი სწორებით მიბძანოთ“20.
კაცია დადიანის ზემოთ ციტირებული დარეჯან დედოფლისათვის გაგზავნილი წერილიდან ისეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ მთავარი მზად იყო გარკვეულ კომპრომისზე წასულიყო მეფესთან დარეჯანის შუმავლობით გამართულ მოლაპარაკების დროს21. როგორც გამოჩდა, დედოფალი სრულიად სხვაგვარად ფიქრობდა: მისთვის მიუღებელი იყო იმერეთის მეფის იმდენად გაძლიერება, რომ სამეგრელოს მთავარი მისი მორჩილი გამხდარიყო. წერილის მიხედვით, ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კაცია დადიანი მზად იყო შერიგებოდა სოლომონ მეფეს და დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნები, რის მომხრე, ალბათ, მეფე ერეკლეც იყო. მაგრამ, როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდა დარეჯან დედოფალი. მისი პრინციპული პოზიცია იყო კაცია დადიანისათვის იმერეთის მეფისგან სრული დამოუკიდებლობის შენარჩუნება და რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შეყვანა.
დარეჯან დედოფლის დამოკიდაბულება კაციას და მეფის შერიგებისადმი კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდება სხვა ნარკვევში.
მაშინ, როდესაც ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეები აქტიურ ანტიოსმალურ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ, დადიანი და გურიელი ძველებურად კეთილ ურთიერთობაში იყვნენ თურქებთან და მათ მოკავშირე აფხაზებთან22.
შენიშვნები
1. იქვე, გვ. 424.
2. ა. მოურავოვი 1769 წლის 12 ოქტომბერს სწერდა გარფ ნ. ი. პანინს, რომ როგორც საიმედო ადამანებისგან შევიტყე გურიელი და დადიანი არც თუ ისეთი მამაცი მებრძოლები არიან, როგორც სოლომონი. მაგრამ დადიანს უფრო მეტი სამფლობელოები აქვს, ვიდრე სოლომონს. მათ ეხმარებიან თურქები სოლომონის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ მეფემ არ დაჯაბნოს ისინი. როგორც შევამჩნიე, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეც დადიანს უჭერს მხარს, რადგან მისი ცოლი, დედოფალი დარეჯანი დადიანის ბიძაშვილია. დედოფალმა მეც მომწერა, რომ დადიანი თვითონ მივა ტოტლებენთან, როდესაც ის იმერეთში შევა. მეც მქონდა განზრახვა მიმეწერა დადიანისა და გურიელისათვის, რათა ჩემთვის მოეცათ ნება მივსულიყავი მათთან, მაგრამ სოლომონმა არ გამიშვა და გამომიცხადა, რომ არავითარი აზრი არა აქვს მათთან მოლაპარაკებას, რათა თურქების წინააღმდეგ გამოვიდნენ, უმჯობესი იქნება მათი ნახვა სხვა დროისთვის გადასდოო. იქვე, გვ. 434; Цагарели А., I, Грамоты т. I, ც. 75.
3. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწ. III, ნაკვ. I, გვ. 424-425.
4. იქვე, გვ. 436.
5. იქვე, გვ. 491-493.
6. Цагарели А., I, Грамоты..., т. I, ც. 75.
7. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწილი III, ნაკვ. II, გვ. 899.
8. იქვე, გვ. 909.
9. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწ. III, ნაკვ. I, გვ. 427-428.
10. რუსეთის სამხედრო კორპუსი ახალი შემოსული იყო საქართველოში, როდესაც დარეჯან დედოფალმა თავადი მამუკა ხიდირბეგიშვილი გაგზავნა კაცია დადიანთან და ურჩია მიეღო მონაწილეობა თურქების წინააღმდეგ ომში. Цагарели А., I, Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, т. II, вып. II, ც 1769 по 1801 год, С.-Петербург, 1902, с. 245.
11. 1771 წლის თებერვალში გაფორმდა გურიელის შეთანხმება მეფე სოლომონთან: „დაუსაბამო ღმერთის მადლით, ამ პირუთვნელ ფიცს ვაძლევთ ჩვენს ხელმწიფე მეფე სოლომონს, ჩვენ, გურიელი მამია, მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისთავი დავითი, თავგირიძე მამუკა, მაჩუტაძე იოანე, ნაკაშიძე გიორგი, ტანდარუხ საყვარელი, გუგუნავა, ჩიტან შალიკაშვილი, როსტომი და კიდევ როსტომი, ყველა ჟორდანია და ჭყონია, ზაალი და ყველა ჯაყელი, ყველა ლეხეურელი, ყველა აკანელი, ყველა ხატაიელი და გურიის ყველა მოსახლე იმაზე, რომ, როდესაც უწმინდურმა აგარიანელებმა გამოილაშქრეს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარის წინააღმდეგ, მაშინ თქვენ მოხვედით ჩვენს ქვეყანაში, იხილეთ რა იქ დიდი არეულობა და უწესრიგობა, ჩვენ ყველას გაგვირისხდით და ყველა დაგვაფიცეთ მისი იმპერატორობის უდიდებულესობისა და თქვენს ერთგულებაზე, რომელიც ჩვენ უნდა შევინახოთ და ვიბრძოლოთ უწმინდური თურქების წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ვიყვეთ ყოვლისშემძლე ღმერთის, დიდებით შემოსილი წმინდა სამების, ოთხი პატრიარქისა და თორმეტი მოციქულის მიერ გადაცემულნი ანათემას, ჩაგვთვალოს ხელმწიფემ თავის მტრებად, თქვენ კი გაანადგურეთ ჩვენი მოდგმა. მამია გურიელი“. Тамже, с. 291.
12. Цагарели А., Грамоты..., I, 289-290; მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწილი III, ნაკვ. II, გვ. 571-573; წერილის დასაწყისში სოლომონ მეფე ეკატერინე II-ს უწოდებს „თვითმპყრობელს რუსეთის, აფხაზეთის, იმერეთის, სვანეთისა და სამეგრელოსი“.
13. მაჭარაძე ვ., მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწილი III, ნაკვ. II, გვ. 654-659. ხელთუბნის გეგმის შესახებ ვრცლად იხ. იქვე, გვ. 62-68.
14. იქვე, გვ. 672.
15. იქვე, გვ. 680-681.
16. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწ. III, ნაკვ. II, გვ. 866.
17. იქვე, გვ. 880-881.
18. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწ. III, ნაკვ. II, გვ. 881. 1771 წლის ივლისში, როდესაც სუხოტინმა შეიმუშავა ფოთის ციხის აღების გეგმა, წერილი გაუგზავნა ერეკლე II-ს, რომელშიც აცნობებდა, რომ 5 ივლისისათვის დანიშნული ლაშქრობა გადაიდო 20 ივლისისათვის, იმავე დროს ერეკლეს სთხოვდა კამპანიის გეგმაზე მოეწერა ხელი და გენერლისათვის გაეგზავნა მძევალი ახლობელ ნათესავათაგან. იქვე, გვ. 664. საპასუხო წერილში ერეკლე მეფე საყვედურობდა გენერალს, რომ ის თუ გაითვალისწინებდა მეფის ერთგულ სამსახურს საერთო მტერთან ბრძოლაში, „აღარ იყო საჭირო (მძევლის _ ე.მ.) თხოვნა ამისი ჩვენთვის“. იქვე, გვ, 679. XVI-XVII საუკუნეებში რუსეთის სამეფო კარის მიერ საქარველოდან სხვადასხვა ფორმით მძევლების წაყვანის მცდელობის შესახებ იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, გვ. 418-433.
19. მაჭარაძე ვ., მასალები..., ნაწ. III, ნაკვ. II, გვ. 882
20. იქვე, გვ. 885.
21. 1773 წლის 29 სექტემბერს გაგზავნილ ამ წერილზე კათალიკოსს იოსებს, როგორც მისი სხვა წერილიდან ჩანს კაპიტან ი. ლვოვისაგან პასუხი მიღებული არ ჰქონდა 1774 წლის 15 თებერვალს. იქვე, გვ. 914. 1771 წლის ივნისში სოლომონ მეფეს, სუხოტინის წინადადებით დადიანთან მოსალაპარაკებლად თავისი ძმა, კათალიკოსი იოსები, გაუგზავნია, მაგრამ დადიანმა მკვლელები მიუგზავნა, იოსები გადარჩა, დაჭრეს მისი ერთ-ერთი მცველი. იქვე, გვ. 643. იოსები მანამდეც ასრულებდა სოლომონის დიპლომატიურ დავალებებს. იხ. რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო, 1462-1810, გვ. 212.
22. პ. გ. ბუტკოვი წერდა: 1770 და შემდგომ წლებშიც კაცია დადიანი აცხადებდა რუსეთის იმპერატორისადმი თავდადებულ ერთგულებას, ისევე როგორც ორივე ქართველი მეფისადმი, მაგრამ რამდენჯერმე იქნა მხილებული თურქებთან საიდუმლო მოლაპარაკებაში, მაშინ, როცა მისი მეუღლე იყო რაჭის ერისთავის მოგვარე, და კი, სოლომონ მეფის მეუღლე. Бутков П. Г., Материалы..., I, ც. 284.

Комментариев нет:

Отправить комментарий