воскресенье, 30 апреля 2017 г.

„ლიბერი“ და „ლიბერალიზმი“

ძველ რომში, ავენტინის ბორცვზე იდგა სამი ღმერთის - კერესის (ცერერა, ქალღმერთი), ლიბერისა და ლიბერას (ქალღმერთი, ლიბერის ცოლი) საკულტო ნაგებობები, რომელთაც ავენტინურ ტრიადად მოიხსენიებენ. ეს ადგილი ასოცირებული იყო რომაული საზოგადოების დაბალ და ამავე დროს ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილთან - პლებსთან. საზოგადოების ეს ფენა დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, ხელოსნობით და რომის ეკონომიკის საყრდენს წარმოდგენდნენ. მათი რჩეული ღმერთებიც მათსავე საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. ცერესი, ლიბერი და ლიბერა წარმოადგენდნენ ბერძნული ღმერთების დიონისეს, დემეტრასა და პერსეფონეს რომაულ ვარიანტს. ლიბერი იყო მამრობითი სქესის ღმერთი, ხოლო ლიბერა მისი მდედრობითი ანალოგი. ის ითარგმნება „თავისუფალი“-ს მნიშვნელობით, რომაელები მას ასევე უწოდებდნენ Liber Pater, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს თავისუფალ მამას, თუმცა საზოგადოებრივი დატვირთვით ლიბერი თავისუფლების დამცველი ღმერთი იყო.
ძველ რომში მონარქიისა და რესპუბლიკის პერიოდში მუდმივად არსებობდა დაპირისპირება პლებსსა და არისტოკრატიას (პატრიციებს) შორის. ამ დაპირისპირების მთავარი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ პატრიციები ცდილობდნენ ადრეულ პერიოდშივე მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, ხოლო პლებეები თავიანთი უფლებების გაზრდას. ამიტომ გასაკვირი არა რის, რომ პლებეების ერთ-ერთი სათაყვანებელი ღმერთი სწორედ თავისუფლებასთან ასოცირდებოდა.
გარდა უფლებრივი დატვირთვისა, ლიბერი და ლიბერა წარმოადგენდნენ პლებეებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის - მიწათმოქმედების დამცველ ღმერთებს. აღსანიშნავია, რომ დღესასწაული ლიბერალია (Liberalia) ტარდებოდა 17 მარტს. მიწათმოქმედების ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულების გაზაფხულობით გამართვა დამახასიათებელია არა მხოლოდ რომაული კულტურისთვის. საგაზაფხულო სამუშაობის დაწყებისას ძველი ბერძნები, ეგვიპტელები, შუამდინარეთის ხალხები მიწათმოქმედების ღმერთებს მიაგებდნენ პატივს. რომში ლიბერალიის დღესასწაულზე ფალოსის სიმბოლო გაჰქონდათ ქალაქგარეთ მინდვრებზე, რათა მათი წარმოდგენით მომხდარიყო მიწის განაყოფიერება.
გარდა ამისა, ლიბერალიის დღესასწაულზე 14-15 წელს მიღწეული ახალგაზრდა რომაელი მამაკაცები პირველად იცვამდნენ მათთვის განკუთვნილ ახალი ფორმის ტოგას - toga virilis, toga pura, რაც ზრდასრულ ასაკში გადასვლას მიანიშნებდა.
გარდა მიწათმოქმედებისა და უფლებების დაცვისა, ავენტინის ტრიადა წარმადგენდა რომში არსებული კაპიტოლიუმის ტრიადის საპასუხო კულტს. კაპიტოლიუმის ბორცვი თავის მხრივ ასოცირდებოდა პატრიციებთან და წარმოადგენდა რომის ციტადელს, მისი სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრს. მსგავსი ძალაუფლება რომის მონარქიისა და რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში მხოლოდ პატრიციების პრივილეგიას წარმოადგენდა. კაპიტოლიუმზე იყო აშენებული რომაელი პატრიციების სათაყვანო სამი ღმერთის - იუპიტერის, მარსისა და კვირინუსის ტაძრები.
* * *
ლიბერალიზმი (ფრანგ. libéralisme) არის იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა. იდეოლოგია დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში (ფრანგ. siècle des lumières, გერმ. Aufklärung) იღებს დასაბამს. ლიბერალიზმის ძირითადი პოლიტიკური დებულებები XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა, რომელიც ასე გამოიყურება:
განმარტება 1834 წელს გამოცემული ენციკლოპედიური ლექსიკონიდან.
„დღეისათვის „ლიბერალური“ ეწოდება ყველა ქვეყანაში გავრცელებულ პარტიას, რომელიც ესწრაფვის ხალხის თავისუფლებას, იცავს რა ინდივიდუალურ თავისუფლებას, ერთის მხრივ, მთავრობის შემზღუდველი დაწესებულებებისაგან, მეორეს მხრივ კი, მასების ძალადობრივი ქმედებებისგან.
ლიბერალური პარტიის უმთავრეს მიზნებში შერწყმულია კონსტიტუციური წესრიგის შექმნის მისწრაფებები და ბრძოლა ყველა იმ დაბრკოლების ასალაგმად, რომელიც თითოეული ადამიანის სულიერი და მატერიალური ძალების განვითარებას ეწინააღმდეგება.
ეს პარტია არ უგულვებელყოფს ისტორიას, ის პატივს ცემს არსებულს, მაგრამ მას სურს არსებულის განვითარება დროის მოთხოვნების შესაბამისად. კონსტიტუციამ უნდა აღკვეთოს ხელისუფლის მხრიდან ინდივიდის სამართლებრივი უფლებების ხელყოფა, კანონის წინაშე თანასწორობამ უნდა დაიცვას ადამიანი ჩაგვრისგან, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლებრიობის გარანტია, პრესის თავისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი აზრის თავსუფალი გამოხატვა, ტოლერანტობამ ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი აზრის განვითარებას“.

Комментариев нет:

Отправить комментарий