среда, 5 апреля 2017 г.

შუშანიკის წამება (იაკობ ცურტაველი)

ოქტომბრის თვის 17-ში
წამება წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისა
და ახლა დამტკიცებით გეტყვით თქვენ წმინდა და სანატრელი შუშანიკის (სომხურად ნიშნავს შროშანს) აღსასრულის შესახებ.
1. სპარსელთა მეფის (პეროზი, 457/9-484) მერვე წელს სამეფო კარისკენ გაემართა ვასქენ პიტიახში, არშუშას ძე; თავდაპირველად ისიც ქრისტიანი იყო და ქრისტიანი მამისა და დედის ნაშობი, და მის ცოლად იყო სომეხთა სპასპეტის, ვარდანის (მამიკონიანი, 449-51 წლების აჯანყების გმირი) ასული, რომლის შესახებაც მოგწერეთ თქვენ. მამისგან სახელი ჰქონდა ვარდანი, სიყვარულით კი მისი სახელი იყო შუშანიკი, მოშიში ღვთისა, როგორც ვთქვით, თავისი სიყრმიდან; ხოლო თავისი ქმრის უკეთური ბუნების გამო იგი მუდამჟამს ფიქრებში იყო და ყველას ევედრებოდა მისთვის ლოცვის აღვლენას, რომ ღმერთს შეეცვალა იგი უგუნურების ბუნებისგან და მიახლებოდა ქრისტეს გონიერებას.
ხოლო უბადრუკი და სამგზის შესაბრალისი ვასქენის, ამ ყოვლად განწირულის, შესახებ როგორღა თქვას ვინმემ, თუ როგორ უკუაგდო მან სანატრელი იმედი ქრისტესი? ანდა ვინ არ იტირებს მას, რომელსაც არც ჭირი ენახა, არც შიში, არც მახვილი, არც პყრობილება ქრისტესთვის?
რადგან როდესაც მივიდა და წარდგა იგი სპარსელთა მეფის წინაშე, წარდგა არათუ პატივის მისაღებად, არამედ ძღვნად სწირავდა თავის თავს ამ მეფეს ჭეშმარიტი ღვთის უარყოფით და თაყვანს სცემდა ცეცხლს, რომ ყოველმხრივ გაეშორებინა თავისი თავი ქრისტესგან. ამასთან, ეს საბრალო, ცოლს ითხოვდა სპარსელთა მეფისგან, რომ მოსწონებოდა იგი მეფეს, და ასე ეუბნებოდა: რომლებიც თავდაპირველი ცოლია და შვილები, იმათაც ისევე მოვაქცევ შენს მსახურებაზე, როგორც - მე (იმას ჰპირდებოდა იგი, რაც შუშანიკისგან ხელთ არ ჰქონდა). მაშინ გაიხარა მეფემ და ბრძანა მის ცოლად ასული მეფისა.
2. და წამოვიდა სპარსელთა მეფისგან პიტიახში, ხოლო როდესაც მოაღწია მან ქართლის საზღვრებს, ჰერეთის მხარეს, განიზრახა, რომ შეეტყობინებინა და წინ მიჰგებებოდნენ მას აზნაურები, თავისი ძეები და თავისი მსახურები, რომ მათ მიერ ქვეყანაში გველივით შემოსულიყო. წარმოგზავნა მან მონა მალემსრბოლის ცხენით; და როდესაც ეს მონა მოვიდა იმ დაბასთან, რომელსაც სახელად ერქვა ცურტავ1, და რაჟამს შევიდა იგი წმინდა შუშანიკთან, ჩვენს დედოფალთან (დიდაზნაურის ცოლებსაც დედოფლებს უწოდებდნენ), მოკითხვა უთხრა მას, ხოლო სანატრელმა შუშანიკმა, როგორც წინასწარმეტყველმა, თქვა: თუკი სულით ცოცხალია იგი, სიმრთელით იყავით ისიც და შენც, ხოლო თუ სულით მომკვდარი ხართ, ეგ შენი მოკითხვა შენვე მოგიბრუნდეს. იმ კაცმაც ვერ გაბედა სიტყვის თქმა, წმინდა შუშანიკი კი აფიცებდა და ეკითხებოდა მას დაჭეშმარიტებით, ხოლო იმ კაცმა უთხრა მართალი და აუწყა, რომ ვასქენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი.
როგორც კი გაიგონა ეს ნეტარმა შუშანიკმა, დაეცა იგი მიწაზე, თავს ქვევით ურტყამდა და მწარე ცრემლით ამბობდა:საცოდავი გახდა უბადრუკი ვასქენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი (არტოშანი, მაზდეანობა) და შეერთო იგი უღმრთოებს. ადგა შუშანიკი, დატოვა თავისი ტაძარი (სასახლე) და ღვთისმოშიშებით შევიდა ეკლესიაში. თან მიიყვანა მან თავისი სამი ძე და ერთი ასული, წარუდგინა ისინი ღმერთს საკურთხევლის წინ და ასე ლოცულობდა და ამბობდა: უფალო ღმერთო, შენი მოცემულები არიან და შენ დაიცავი ესენი, სულიწმინდის მადლით წმინდა ემბაზისგან (ბავშვის მოსანათლი ჭურჭელი) განათლებულნი, რომ იყვნენ ერთი სამწყსო ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი.
და როდესაც მწუხრის მსახურება აღასრულეს, ნახა მან ერთი პატარა სახლაკი (ქოხი) ეკლესიის ახლოს, შევიდა იქ, შიგნით, სიმწარით სავსე, მიეყრდნო ერთ კუთხეს და მწარე ცრემლით ტიროდა.
3. ხოლო პიტიახშის სახლის ეპისკოპოსი, რომელსაც სახელად ერქვა აფოცი, არ იმყოფებოდა იქ, არამედ ვიღაც წმინდა კაცის ვანში (სახლში) იყო მისული მოსაკითხად და მეც, დედოფლის ხუცესი, მასთან ერთად ვიყავი იმ ვანში (დაბალი ფენის სახლი). და მყისვე მოვიდა შინიდან დიაკონი და უთხრა მას ეს ყოველივე: პიტიახშის მოსვლა და დედოფლის საქმეები, ხოლო ჩვენ ავივსეთ მწუხარებით და გამწარებულნი ვტიროდით დიდი ტირილით ჩვენი ცოდვების წარმოჩენისთვის.
ხოლო მე ადრე წამოვედი და მოვედი იმ დაბაში, სადაც იყო ნეტარი შუშანიკი. როდესაც ვნახე იგი მეტად გამწარებული, მეც ვტიროდი მასთან ერთად. ამასთან, ვუთხარი ნეტარ შუშანიკს: დიდ ბრძოლაში შედიხარ, ჩემო დედოფალო. გაუფრთხილდი ქრისტეს სარწმუნოებას, რომ არ ნახოს საძოვარი შენთან მტერმა, როგორც განგრენამ. ხოლო წმინდა შუშანიკმა მითხრა მე: ხუცესო, მეც დიდი ბრძოლისთვის გამზადებული ვარ. და მე ვუთხარი მას: ეგ ეგრეა. მხნე იყავი შენ, მომთმენი და სულგრძელი. მან კი მითხრა მე: მარტო ჩემთვისაა ეს ჭირი. და მე ვუთხარი მას:შენი ჭირი ჩვენი ჭირია და შენი სიხარული ჩვენი სიხარული. ჩვენი არა მხოლოდ დედოფალი იყავი, არამედ ჩვენ ყველას როგორც შვილებს ისე გვხედავდი.
და მე ვუთხარი ამ სანატრელს: ჩანაფიქრით რა როგორ გაქვს განზრახული, მითხარი მე, რომ ვიცოდე და აღვწერო შენი ღვაწლი, მან კი მითხრა მე: რისთვის მეკითხები ამას? მეც მივუგე და ვუთხარი: მტკიცედ დგახარ?” და მან მითხრა მე: ‘ნუ მოხდება ჩემზე, რომ ვეზიარო მე ვასქენის საქმეებსა და ცოდვებს. მე მივუგე და ვუთხარი: მწარე განზრახვა აქვს მას, დიდ გვემასა და ტანჯვაში ჩაგაგდებს შენ; ხოლო მან მითხრა მე: უმჯობესი იქნება მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეყრა და ჩემი სულის წარწყმედა, რადგან მსმენია პავლე მოციქულისგან: არ არის დამონებული ძმა ანდა და, არამედ გაიმიჯნოს. და მე ვთქვი: ასეა.
4. და სანამ ჩვენ ამ საუბარში ვიყავით, ერთი სპარსელი კაცი მოვიდა, შევიდა იგი ნეტარ შუშანიკთან და ტირილით ამბობდა: მშვიდობის ასეთი სახლი როგორ შესაბრალისი გახდა და როგორ გადაიქცა სიხარული მწუხარებად? მაგრამ ვასქენისგან ჰქონდა მას დარიგება და მზაკვრულად ამბობდა ამას, რადგან უნდოდა მონადირება ამ ნეტარისა, წმინდანმა კი შეიცნო მისი მზაკვრული ჩანაფიქრი და შემოიმიჯნა თავისი თავი მტკიცედ.
და სამი დღის შემდეგ მოვიდა ვასქენ პიტიახში. უთხრა მას იმ სპარსელმა ფარულად: „მე როგორც შემიცვნია, შენი ცოლი გამდგარია შენგან, და მე გეუბნები შენ: რაიმე მკაცრ სიტყვას ნუ ეუბნები მას, რადგან ქალთა ბუნება ვიწროა.
მეორე დღეს, როდესაც ადგა პიტიახში, გვიხმო ჩვენ, ხუცესებს, და მივედით. სიყვარულით მიგვიღო მან და თქვა: ახლა ნურაფრისთვის მერიდებით მე, ნურც გძულვართ. ჩვენ კი მივუგეთ და ვუთხარით: დაღუპე შენი თავი და ჩვენც დაგვღუპე. მაშინღა დაიწყო მან ლაპარაკი და თქვა: რატომ იუფლა ჩემზე ჩემმა ცოლმა ამგვარის ჩასადენად? ახლა მიდით და უთხარით: შენ ჩემი ხატიც დაამხე და ჩემს საწოლს ნაცარი გადააყარე, შენი ადგილი დაგიტოვებია და სხვაგან წასულხარ.
ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა: არათუ მე აღმემართა ის ხატი, რომ მე დამემხო, მაგრამ შენმა მამამ აღმართა სამარტვილეები და ეკლესიები ააშენა, შენ კი შენი მამის საქმეები შებილწე და გააუკუღმართე მისი სიკეთეები. შენმა მამამ წმინდანები შემოიყვანა თავის სახლში, ხოლო შენ დევები (ეშმაკები) შემოიყვანე. მან აღიარა და ირწმუნა ცისა და მიწის შემქმნელი ღმერთი, შენ კი ჭეშმარიტი ღმერთი უარყავი და ცეცხლს ეთაყვანე. ამიტომ, როგორც შენ შეურაცხყავი შენი შემოქმედი, ასევე მე შენ შეურაცხგყოფ, და თუნდაც ბევრი ტანჯვა მომაყენო მე, არ ვეზიარები შენს საქმეებს. ჩვენც ეს ყოველივე ვაუწყეთ პიტიახშს, ის კი განრისხდა და ბრდღვინავდა მის გამო.
5. შემდეგ მიაგზავნა მან ჯოჯიკი, თავისი ძმა, და ჯოჯიკის ცოლი, თავისი ძმისცოლი, აგრეთვე თავისი სახლის ეპისკოპოსი, და უთხრა მათ: ასე უთხარით: - ადექი, შენს ადგილას მოდი და მაგნაირი განზრახვა ნუ გაქვს, თორემ თრევით მოგათრევთ აქ უმოწყალოდ.
როდესაც ესენი მივიდნენ და შევიდნენ დედოფალთან, მრავალ დამარწმუნებელ სიტყვას ეუბნებოდნენ მას; მაშინ კი წმინდა შუშანიკმა უთხრა მათ: ბრძენო ადამიანებო, თქვენ კარგად ამბობთ, მაგრამ ნუ დაგიჯერებიათ, რომ მისი ცოლი ვიყავი. მეგონა მე, რომ მას ჩემკენ მოაქცევდით და აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, და ახლა მე მაიძულებთ ამის გაკეთებას? ნუ მოხდება ეს ჩემზე! შენ კი, ჯოჯიკ, აღარ ხარ ჩემი მაზლი და არც მე ვარ შენი ძმისცოლი, არცთუ შენი ცოლია ჩემი და, რომლებიც მის მხარეს და მისი საქმეების მოზიარეები ხართ. უთხრა მას ჯოჯიკმა: ვიცი მე, ახლა გამოგზავნის მსახურებს და თრევით წაგიყვანს შენ. წმინდა შუშანიკმა უთხრა: თუკი შემკრავს მე და მათრევს, გამიხარდება, რადგან ამ სახით იქნება ჩემი გადარჩენა მისგან. როდესაც ეს გაიგონეს მისგან, აცრემლდა ყველა, ჯოჯიკი კი ადგა და ცრემლით გარეთ გამოვიდა. წმინდა შუშანიკმა უთხრა ეპისკოპოსს: „როგორ მეუბნები შენ, რომ დავუჯერო მე მას, რადგან მან ღმერთი უარყო? მაგრამ ჯოჯიკი ევედრებოდა: ჩვენი და ხარ, ნუ დაღუპავ ამ სამეფო სახლს. უთხრა მას წმინდა შუშანიკმა: ვიცი, რომ და ვარ, ერთად გაზრდილები, მაგრამ ვერ ვიზამ მაგას, რომ სისხლი დაიქცეს და თქვენ ყველანი პასუხისმგებლები გახდეთ, და როდესაც ძალიან შეაწუხეს, ადგა ნეტარი შუშანიკი, თან წაიღო თავისი სახარება და ტირილით ასე ამბობდა: უფალო ღმერთო, შენ იცი, რომ მე მთელი გულით სიკვდილისკენ მივდივარ.
ეს თქვა და წავიდა მათთან ერთად. თან წაიღო მან თავისი სახარება და მოწამეთა წმინდა წიგნები. როდესაც შევიდა იგი სასახლეში, დაჯდა არა თავის ტახტზე, არამედ - პატარა სენაკში. აღიპყრო თავისი ხელები ზეცად წმინდა შუშანიკმა და თქვა: „უფალო ღმერთო, არც რომელიმე მღვდელთაგანი აღმოჩნდა მოწყალე, არცთუ საეროთაგანი ვინმე გამოჩნდა ამ ხალხში, არამედ ყველამ მიმგვარა მე სასიკვდილოდ ღვთის მტერს ვასქენს“.

6. ორი დღის შემდეგ მოვიდა ის მგელი სასახლეში და უთხრა თავის მსახურებს: დღეს მე, ჯოჯიკი და მისი ცოლი ერთად პურს შევჭამთ, სხვას კი ნურავის ექნება ჩვენთან შემოსვლის ნება.

როდესაც შეღამდა, მოუხმეს ჯოჯიკის ცოლს და ინებეს განმარტოებით პურისჭამა, რომ მოეყვანათ წმინდა შუშანიკიც. როგორც კი დადგა პურობის დრო, შევიდნენ ჯოჯიკი და მისი ცოლი წმინდა შუშანიკთან, რომ მისთვისაც ეჭმიათ პური, რადგან მთელი ის დღეები უზმოდ გადაევლო. როდესაც მეტისმეტად აიძულეს, ძალით წაიყვანეს სასახლეში, მაგრამ მან არაფრის გემო არ გასინჯა, ჯოჯიკის ცოლმა კი მიართვა ჭიქით ღვინო და აიძულებდა მას, რომ მხოლოდ იგი შეესვა. უთხრა მას წმინდა შუშანიკმა რისხვით: როდის ყოფილა აქამდე, რომ კაცებსა და ქალებს ერთად ეჭამოთ პური? გაიქნია მან ხელი, ჭიქა სახეში შეალეწა და ღვინო დაიქცა.

მაშინ დაიწყო უწესოდ გინება ვასქენმა და თავისი ფეხით წიხლავდა მას; აიღო აქანდაზი, დაჰკრა თავზე და ჩამარხა. დაუსივა მას ერთი თვალი, თანაც სახეში მჯიღით სცემდა უმოწყალოდ და თმით მიმოათრევდა; როგორც მძვინვარე მხეცი, გაჰკიოდა და ყვიროდა იგი, როგორც გიჟი. მაშინ საშველად ადგა ჯოჯიკი, ვასქენის ძმა, და იბრძოდნენ, სანამ არ გვემა ისიც. და კუბასტიც (თავსაბურავი) მოჰგლიჯა მის თავს, და გაჭირვებით, როგორც მგელს - კრავი, გამოაცალა მას ხელებიდან იგი. და იდო მიწაზე წმინდა შუშანიკი, როგორც მკვდარი, ვასქენი კი აგინებდა მის თესლ-ტომს და ოჯახის მაოხრებელს უწოდებდა მას. შემდეგ ბრძანა მისი შეკვრა, და მის ფეხებზე ბორკილების დადება.

როდესაც ვასქენი ცოტათი დაცხრა გულისწყრომისგან, მოვიდა ის სპარსელი და მხურვალედ ევედრებოდა მას, რომ ბორკილებისგან გაეთავისუფლებინა წმინდა შუშანიკი, და რადგან ძალიან ევედრებოდა, ბრძანა გაეშვათ და ერთ სენაკში შეეყვანათ, ამასთან, საიმედოდ იცავდა მას ერთი მსახურის მიერ და სხვა არავინ შედიოდა მის სანახავად, გინდ კაცი ყოფილიყო, გინდ ქალთაგანი.

7. და როდესაც ჯერ კიდევ ცისკარი იყო, იკითხა მან და უთხრა თავის მსახურს: როგორ არის ჭრილობისგან?მან კი უთხრა მას: ვერ გადარჩება იგი. მაშინ თვითონ შევიდა, ნახა იგი და გაუკვირდა მისი სიმსივნე. შემდეგ ამცნო მსახურს და უთხრა: ნურავინ შევა მის სანახავად, და თვით სანადიროდ წავიდა.

ხოლო მე ავდექი, მივედი და ვუთხარი იმ მცველს: მხოლოდ მე მარტო შემიშვი და ვნახავ მის ჭრილობას. მან კი მითხრა მე: იქნებ გაიგოს და მომკლას მე. და მე ვუთხარი მას: „ჰოი უბადრუკო, მისი გაზრდილი არ ხარ შენ? მის გამო რომც მოგკლას, რა არის?მაშინ შემიშვა მე ფარულად.

როდესაც შიგნით შევედი, ვნახე მისი სხეული დამსკდარი და გასიებული. ხმა გამიქრა ტირილისგან, წმინდა შუშანიკმა კი მითხრა მე: ნუ ტირი ჩემთვის, რადგან სიხარულის სათავე გახდა ჩემთვის ეს ღამე. ვუთხარი მე წმინდა შუშანიკს: მიბრძანე და მოგბან მაგ სისხლს სახეზე და ნაცარს, რაც შენს თვალებშია ჩაცვენილი. სალბუნსა და წამალს დაგადებ, რომ იქნებ, მაშ, ღამით განიკურნო. მაგრამ წმინდა შუშანიკმა მითხრა მე: ხუცესო, ნუ ამბობ მაგას, რადგან ეგ სისხლი ჩემი ცოდვების გამწმენდია. ხოლო მე დავაძალე ცოტათი საჭმლის მიღება, რაც მოერთმიათ სამოელ ეპისკოპოსს და იოანეს, რადგან ფარულად ზრუნავდნენ მასზე და ანუგეშებდნენ. მაშინ მითხრა მე წმინდა შუშანიკმა: ხუცესო, არ შემიძლია გემოს გასინჯვა, რადგან ყბები და ზოგი კბილი ჩამტვრეულია. მაშინ ავიღე ცოტათი ღვინო და პური, დავალბე და ცოტათი გემო გასინჯა.

მე კი ვჩქარობდი გამოსვლას. მაშინ მითხრა მე წმინდა შუშანიკმა: „ხუცესო, გავუგზავნი ამ სამკაულს, იქნებ თხოულობს, რადგან მე ამ ცხოვრებაში აღარაფრად მჭირდება. მაგრამ მე ვუთხარი: ნურას ჩქარობ, იყოს შენთან.
და როდესაც ჩვენ ამ ბჭობაში ვიყავით, მოვიდა ერთი ჭაბუკი და თქვა: „იაკობი მანდ არის? მე ვუთხარი: რა გნებავს? მან თქვა: უხმობს პიტიახში. მე გამიკვირდა, თუ რატომ მიხმობს ამ დროს. მივიჩქარე და მივედი, მან კი მითხრა მე: „იცი, ხუცესო, მე ჰუნებზე საბრძოლველად მივდივარ და ჩემს სამკაულს მას არ დავუტოვებ. რადგან იგი ჩემი ცოლი არ არის, მოინახება ის, ვინც გაცვეთს მას. წადი და მომართვი მე აქ ის ყოველივე, რაც კი რამ არის. მეც მივედი და ვუთხარი წმინდა შუშანიკს, მან კი მეტად გაიხარა და მადლობა უძღვნა ღმერთს, შემდეგ მომიტანა ყოველივე და მივართვი პიტიახშს, მან კი მიიღო ჩემგან, დაათვალიერა და ნახა ყველაფერი დაცულად და კვლავ თქვა: „შემდეგაც მოინახება ვინმე, ვინც ამას დაიმშვენებს“.
8. და როდესაც დადგა დიდმარხვა, მივიდა ნეტარი შუშანიკი ეკლესიის მახლობლად, მოძებნა პატარა სენაკი და მასში განმარტოვდა. იყო იმ სენაკში პატარა სარკმელი და ისიც ჩაკეტა. და იმყოფებოდა იგი იმ სიბნელეში მარხვით, ლოცვითა და ტირილით.
უთხრა კი პიტიახშს ვიღაცამ, მისმა ახლობელმა: „ამ წმინდა მარხვებში ნურაფერს ეტყვი მას“.
და როდესაც დადგა აღვსების ორშაბათი და დაბრუნდა პიტიახში ჰონების წინააღმდეგ ბრძოლისგან, მის გულს ეშმაკი თხრიდა. ადგა იგი, მივიდა ეკლესიაში და ეუბნებოდა ეპისკოპოს აფოცს: მომეცი მაქედან ჩემი ცოლი, რად გამაშორებ მე?” და დაიწყო მან გინება და სასტიკად ღვთის გმობა, ერთმა ხუცესმა კი უთხრა მას: „ბატონო, რისთვის აკეთებ ასე, რომ ამგვარად უკეთურს ამბობ, აგინებ ეპისკოპოსს და წმინდა შუშანიკს რისხვით ეუბნები?” მაგრამ მან დაჰკრა კვერთხი იმ ხუცესს ზურგზე და იმან ვეღარ გაბედა სიტყვის თქმა.
და ასე, თრევით წამოათრია წმინდა შუშანიკი ტალახში და ეკლებზე. და ეკლესიიდან ტაძრამდე (სასახლემდე) მიეთრია იგი როგორც მკვდარი, თან ადგილ-ადგილ ქვეშ ძეძვი (ბუჩქოვანი მცენარე) დაეფინა, თვითონ მას ფეხები დაედგა ძეძვებზე, ხოლო შუშანიკის კალთები და სხეული წვრილ-წვრილად დაეგლიჯა ამ ძეძვს. ასე მოიყვანეს იგი სასახლეში. ვასქენმა ბრძანა მისი შეკვრა და ცემა, თან ფიცხობდა და ამბობდა: აი, არ გარგო შენ შენმა ეკლესიამ, არც მაგ შენმა ზურგმა - ქრისტიანებმა და მათმა უფალმა. როდესაც დაჰკრეს მას კვერთხი თითქმის სამასჯერ, არანაირი ვაება არ აღმოხდომია მის პირს, არცთუ კვნესა. მაშინ კი უთხრა წმინდა შუშანიკმა უსჯულო ვასქენს: „უბადრუკო, შენ შენი თავიც კი არ შეიწყალე და ღვთისგან განდექი და მე შემიწყალებ?“
და როდესაც ვასქენმა დაინახა დიდძალი სისხლი, რაც ჩამოსდიოდა შუშანიკის რბილ სხეულს, მაშინ ბრძანა მან, ჯაჭვი დაედოთ მის კისერზე, და უბრძანა ერთ მესენაკეს, წაეყვანა წმინდა შუშანიკი ციხეში და ბნელ საპყრობილეში ჩაეკეტა, რომ მომკვდარიყო იქ, შიგნით.
9. და იმ ეკლესიის ერთი დაიკონი იდგა შუშანიკთან იმ დროს, როდესაც გამოჰყავდათ იგი სასახლიდან და უნდოდა, რომ ეთქვა: „მტკიცედ დადექი!“ მაგრამ თვალი ჰკიდა პიტიახშმა და რადგან სხვა ვეღარაფრის თქმა ვეღარ დასცალდა, ასე უთხრა მხოლოდ: მტკი... და დადუმდა კიდეც და გასაქცევად მიბრუნდა სწრაფად.
მაშინ წამოიყვანეს და მოჰყავდათ ნეტარი შუშანიკი ფეხშიშველი და თმაგადაშვებული როგორც ერთი ვინმე მდაბიოთაგანი და ვერავინ გაბედა დაფარება მის თავზე, რადგან პიტიახში ამხედრებული მიჰყვა უკან მის კვალს და აგინებდა მას მრავალი გინებით.
და მიდიოდა წმიდანთან ერთად დიდძალი ხალხი კაცებისა და ქალებისა, - ურიცხვი სიმრავლე, რადგან უკან მიჰყვნენ მას, ხმა აემაღლებინათ, ტიროდნენ, იცემდნენ მკერდზე, იკაწრავდნენ თავიანთ ღაწვებს, და შესაბრალისად ღვრიდნენ თავიანთ ცრემლებს წმინდა შუშანიკისთვის, წმინდა შუშანიკმა კი უკან მოჰხედა ხალხს და უთხრა მათ: „ნუ ტირით, ჩემო ძმებო და დებო, და ჩემო შვილებო, არამედ ლოცვაში მომიხსენეთ, ხოლო მე ამიერიდან განშორებული ვიყო თქვენგან, რადგან ვეღარ მნახოთ გამოსული ციხიდან ცოცხალი”. როდესაც დაინახა პიტიახშმა ეს ხალხი და ტირილი კაცებისა და ქალებისა, მოხუცებულებისა და ახალგაზრდებისა, ამხედრებული აქეთ-იქით დასდევდა და დევნიდა მათ ყველას. როდესაც მიაღწიეს ციხის ხიდს, უთხრა პიტიახშმა წმინდა შუშანიკს: ‘შენთვის მაგდენად იკმარებს შენი ფეხით სვლა, რადგან ცოცხალი ვეღარ გამოხვალ, არამედ ოთხი თუ გამოგიტანს”.
და როდესაც შევიდნენ ციხეში, ნახეს ერთი პატარა ოთახი ჩრდილოეთ მხარეს, მცირე და ბნელი, და იქ ჩაკეტეს წმინდანი, ჯაჭვი კი, რაც კისერზე ჰქონდა მას დადებული, ისევე ედო; უსჯულო ვასქენმა დაბეჭდა იგი თავისი ბეჭდით, ხოლო წმინდა შუშანიკმა თქვა: „მე ამით ვარ გახარებული, რომ აქ დავიტანჯები და იქ მოვისვენებ”. პიტიახშმა კი უთხრა მას: „ჰო, ჰო, მოისვენე!”
მაშინ დაუყენა მას მცველები და ამცნო მათ, რომ შიმშილით მოეკლათ იგი, ეუბნებოდა რა ასე: გეუბნებით თქვენ, თუ ვინმე შევა მასთან ან კაცი ანდა ქალი, მერე ნახეთ თქვენი თავი, თქვენი ცოლები, შვილები და სახლები. უდანაშაულო ვიქნები, რასაც გაგიკეთებთ თქვენ”.
10. მაშინ გამოვიდა იგი ციხიდან. და მესამე კვირას მოუხმო მან ერთ მცველს, ჰკითხა მას და უთხრა: „აქამდე კიდევ ცოცხალია ის საწყალი?” მან კი უთხრა: „ბატონო, სიკვდილისკენ უფროა საფიქრებელი ვიდრე სიცოცხლისკენ, ხოლო შიმშილით უფრო მეტად კვდება, რადგან არაფერს იღებს საჭმელს”. მან კი უთხრა: „ნურაფერი გაწუხებს, დაე მოკვდეს”.
მე კი დიდი ხვეწნით ვუთხარი იმ მცველს და დავპირდი მისთვის რაღაც ნივთს. ძნელად აიღო მან თავის თავზე ჩემი შეშვება და მითხრა მე: ‘როდესაც დაღამდება, მოდი მხოლოდ შენ მარტო”.
და როდესაც შემიყვანა იმ მცველმა, ვნახე ქრისტეს ტარიგი, სასძლოსებრ ლამაზად შემკული იმ ბორკილებით. მეც, რადგან ვერ მომითმინა ჩემმა გულმა, ვტიროდი ძალიან, წმინდა შუშანიკმა კი მითხრა მე: „ამ სიკეთეებისთვის ტირი, ხუცესო?” მცველმა კი მითხრა მე: ეს რომ მცოდნოდა, არ შემოგიშვებდი შენ”. დავიწყე ლაპარაკი და მისი განმტკიცება, რამდენადაც მომცა მე ღმერთმა სათქმელად; შემდეგ გავცილდი მას და წავედი სწრაფად ჩემს სახლში.
პიტიახში კი ჩორში (დარუბანდი) წავიდა. ჯოჯიკი, მისი ძმა, არ შეესწრო, როდესაც ეს ამბავი მოხდა წმინდა შუშანიკზე. როდესაც მოვიდა ჯოჯიკი, უკან მისდია პიტიახშს, დაეწია ჰერეთის საზღვრებთან და ძალიან ევედრებოდა მას, რომ ებრძანებინა იმ ბორკილებისგან მისი განთავისუფლება, და რადგან ძალიან შეაწუხა, უბრძანა მან, მხოლოდ ბორკილებისგან გაეთავისუფლებინათ იგი. როდესაც მოვიდა ჯოჯიკი, მოაცილა ჯაჭვი მის კისერს, ბორკილებისა კი არ განიკუთვნა წმინდა შუშანიკმა, ვიდრე არ აღესრულა იგი ამ ბორკილებთან ერთად, რადგან ექვსი წელი ციხეში დაასრულა მან და ყვაოდა იგი საღვთო წესიერებით: მარხვით, მარადის მღვიძარებით, ლოცვა-ვედრებით, ზედგომით, თაყვანისცემითა და ცრემლით მოუწყენლად და წიგნთა კითხვით დაუზარებლად. განაბრწყინა და განამშვენა მან მთელი ის ციხე სულიერი ქნარით.
11. და ამის შემდეგ გაითქვა მთელ ქართლში მისი ამბავი. მოდიოდნენ მამები და დედები აღთქმულთა შესაწირად და ვისაც რა სჭირდებოდა, მიემადლებოდა ნეტარი შუშანიკის წმინდა ლოცვით (რასაც აძლევდა მას კაცთმოყვარე უფალი): უშვილოებს შვილი, სნეულებს განკურნება, ბრმებს თვალის ახელა.
იყო ერთი ვიღაც სპარსელი ქალი მოგვი, რომელსაც კეთროვნების ტკივილი ჰქონდა. მოვიდა იგი სანატრელ შუშანიკთან, ის კი ასწავლიდა მას, რომ დაეტოვებინა მოგვობა და გამხდარიყო ქრისტიანი; იმ ქალმაც მალევე განიკუთვნა ეს, შუშანიკი კი ასწავლიდა ამ ქალს და ეუბნებოდა: „მიდი იერუსალიმში და განიწმინდები მაგ შენი კეთროვნებისგან”. იმანაც გულმოდგინედ შეისმინა, გაემართა იმ გზაზე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და განიკურნა ტკივილისგან.
როდესაც შემობრუნდა იგი დიდი სიხარულით და მოაღწია იქვე, მოვიდა წმინდა შუშანიკთან მადლობის გადასახდელად და სიხარულით წავიდა თავის სახლში გამოჯანმრთელებული.
12. წმინდა შუშანიკმა კი ძვირფას სამოსელზე ზრუნვის სანაცვლოდ დიდი გულმოდგინებით აიღო ხელში დავითნიდა ცოტა დღის შემდეგ დაისწავლა ასორმოცდაათი ფსალმუნი, რითაც დღე და ღამე ზენა მეუფის მიმართ სათნო გალობას სწირავდა ცრემლით.
და უთხრეს ნეტარ შუშანიკს: შენი შვილები მოგვობაზე მიაქცია ვასქენმა. მაშინ დაიწყო მან ღვთისადმი დიდი ტირილით თაყვანისცემა და, თავის თავს ქვევითკენ ურტყამდა რა, ამოიოხრა და თქვა: გმადლობ შენ, უფალო ჩემო, რადგან იყვნენ-კი არა ჩემნი, არამედ შენი მოცემულნი. როგორც გნებავს, იყოს შენი ნება, უფალო, და მე დამიცავი მტრის საქმეთაგან.
და მე მივედი და ვნახე წმინდა შუშანიკი ტირილისგან მოწყლული და გახევებული, და რომ მისთვის საჭმელი მოეტანა წმინდა ეპისკოპოსს. როდესაც ძალიან ვაიძულე, მხოლოდ ცოტათი გასინჯა, და ვმადლობდით ღმერთს. ამ დრომდე მოდიოდნენ მისი შვილები თავიანთი დედის სანახავად, მაგრამ როდესაც გადაიბირეს ისინი და ღმერთი უარყვეს მათ, ვეღარ გაბედეს მისი ნახვა. პირიქით, მათი სახელის მოსმენაც კი სძაგდა მას.
13. შემდეგ შუამავლები გაუგზავნ მას პიტიახშმა და უთხრა: „ან ჩემს ნებას დაჰყევი და მოდი სასახლეში, ანდა, თუკი არ მოხვალ შინ, სახედრით გაგგზავნი შენ ჩორში ან კიდევ კარში”. წმინდა შუშანიკმა ასე შეუთვალა: ‘უბადრუკო და უგუნურო, მე თუ კარში ან ჩორში გამგზავნი, ვინ იცის, იქნებ იქ რაიმე კარგს შევეყარო და ამ ბოროტს განვერიდო”. ფიქრებში იყო პიტიახში ამ სიტყვების გამო (მას რომ უთხრა: „ვინ იცის, იქნებ რაიმე კარგს შევეყაროო”), რომ: „იქნებ ვინმე მთავართაგანს ეცოლოს”, და ამის შემდეგ აღარავინ მიაგზავნა მასთან, თუმცა წმინდა შუშანიკი ამ ბოროტ გვემულებათა მოთმენის გამო ამბობდა, რომ სათნო გამხდარიყო ღვთისთვის.
ხოლო პიტიახშმა გამოარჩია თავისი საკუთარი ძუძუმტე, რომ მას მოეყვანა შუშანიკი სასახლეში. და როდესაც უთხრა მას ამ კაცმა: „ისმინე ჩემი, ჩამოდი სასახლეში და ნუ აოხრებ თქვენს სახლს”, წმინდა შუშანიკმა ასე მიუგო: უთხარი იმ უღვთოს: შენ მომკალი და მითხარი მე: ჯანმრთელი ფეხით ვერ გამოხვალ შენ მაგ ციხიდან; ახლა კი, თუ შეგიძლია მკვდრის აღდგინება, პირველად შენი დედა აღადგინე, რომელიც ურდშია დამარხული, მაგრამ თუ მისი აღდგინება არ ძალგიძს, ვერც ჩემი აქედან გაყვანა შეგიძლია, მხოლოდ თრევით თუ გამათრევ. როდესაც ეს სიტყვა უთხრეს პიტიახშს, მან თქვა: ნამდვილად ვთქვი ეგ.
მეორე დღეს შემოვიდა ვიღაც და უთხრა წმინდა შუშანიკს: კარგად მიუგე მას ის სიტყვა, რადგან მაგ გზით ჰქონდა მას განზრახული შენი მოტყუება და სხვა ჩანაფიქრი ედო გულში სიბოროტისა შენს მიმართ”. წმინდა შუშანიკმა უთხრა მას: „და შენ ღმერთი ძილში ნუ გგონია, რომელიც განუმზადებს სიტყვებს ადამიანის პირს, რადგან თვით უფალი ამბობს: „მე მივუგებ სიტყვას თქვენს ნაცვლად”.
14. და როდესაც სრულდებოდა მეექვსე წელი საპყრობილეში, თავისი მხნეობის ღვაწლში დიდი შრომის შედეგად ავადმყოფობის სნეულება მოიწია მასზე, რასაც წინასწარვე ვუცხადებდი და ვეუბნებოდი: „ძალიან ნუ, რადგან დაუმძიმებ მაგ სხეულს, ვერ დაგითმობს რა, და შემდეგ ვეღარაფერს შესძლებ, რომ რაიმე კარგის გამკეთებელი იყო, მაგ ზომის მკაცრი მარხვით, მუდამჟამს ზედგომით და მთელი ღამე გარჯით, ფსალმუნებითა და გალობით”. და მცირედითაც კი არ მისცა მოსვენება თავის სხეულს, და იმგვარი გახდა და ისე დადნა როგორც ფერფლი.
ხოლო აღვსების დიდ მარხვაში, იმ ორმოცდაათ დღეს, ექვსი წლის განმავლობაში არც დღისით და არც ღამით არ დამჯდარა იგი ქვევით, არც დაუძინია, არც რამ საჭმელი მიუღია, თუ არა ის, რომ კვირადღეს ეზიარებოდა ჩვენი ღვთის, ქრისტეს, ხორცსა და სისხლს და მხოლოდ ცოტათი ბოსტნეულისგან გაკეთებულ წვენს, იმასაც ცოტათი, იღებდა, ხოლო პურის გემოს არ სინჯავდა ვიდრე აღდგომამადე.
და იმ დღიდან, რაც დაატყვევეს იგი ციხეში, სასთუმალზე თავი არ დაუდია, არამედ ერთი აგური ჰქონდა დადებული სასთუმლად, ქვეშსაგებად კი იყო ნაგლეჯი ერთი ძველი, ადამიანთა თვალისთვის კი ტყავის ერთი ბალიში ჰქონდა სასთუმლად და თაყვანისცემის აღსავლენად ტყავის ერთი პატარა ნაჭერი წაეგდო ქვევით, და წარმოუდგენელი რწყილი და ტილი იყო მოდებული იმ ადგილას. იქ ზაფხულის დროს იყო ცეცხლივით დამწველი მზის მხურვალება, ცხელი ქარები და მავნებელი წყლები, და ამ ადგილის მკვიდრნი სნეულებით იყვნენ სავსენი, წყლით დასიებულები, გაყვითლებულები, დასვრეტილები, მოწყლულები, დამუნიანებულები, სახედაავადებულები, პირისახედასიებულები და დღემოკლედ მცხოვრებნი; იმ მხარეებში არავინ არის მოხუცებული. აი, ამგვარ ციხეში ექვსი წელი იყო იგი დატყვევებული და მძიმე ბორკილებში მყოფი ადიდებდა ღმერთს.
15. და როდესაც დგებოდა მეშვიდე (472/4) წელი, მოიწია წმინდა და სანატრელ შუშანიკზე მისი სხეულის დაწყლულება. დაუცხრომელ ღვაწლთა გამო დაუსივდა მას თავისი ფეხები და ჩირქი ამოსდიოდა ადგილ-ადგილ. დიდ-დიდი წყლულები იყო და მატლიც მოსდებოდა წყლულებს, რაც აიღო მან თავისი ხელით, მიჩვენებდა მე და, მადლობდა რა ღმერთს, თქვა: „ხუცესო, სამძიმოდ ნუ გიჩანს ეს, რადგან იქაური მატლი უფრო დიდია და არ კვდება”. მე კი, როდესაც ვნახე ის მატლი, წარმოუდგენლად დიდად დავმწუხრდი და ძალიან ვტიროდი. კვლავ მითხრა მან მე მრისხანედ: „ხუცესო, მწუხარე რად ხარ? იმ უკვდავ მატლთაგან შეჭმას ამ მოკვდავთაგან შეჭმა უნდა გვიჯობდეს ამ სააქაო ცხოვრებაშივე”. მე კი მივუგე და ვუთხარი: „ნუთუ ძაძის სამოსი ცოტა გეჩვენა საგვემად და ახლა მაგ მატლთა გამო ხარ მხიარული?” მან კი თხოვნით მითხრა მე: „ნურავისთან იტყვი ძაძის სამოსის შესახებ ჩემს სიცოცხლეში, რადგან მალე მოხდება ამ ჩემი უბადრუკი სხეულის დატოვება”. ეს მითხრა, რადგან შიგნით ძაძა ეცვა და არავინ იცოდა ჩემს გარდა, ხოლო გარედან ადამიანთა თვალისთვის ანტოქიის პერანგი ჰქონდა შემოსილი.
16. და როდესაც შეიტყო ჯოჯიკმა, რომ მიახლოებულია სიკვდილს ნეტარი დედოფალი წმინდა შუშანიკი, წავიდა და თან წაიყვანა თავისი ცოლ-შვილი და მონა-მხევლები, და მივიდა ციხეში სანატრელი შუშანიკ მარტვილის სანახავად. როდესაც მიაღწია, ძალისძალადღა შევიდა, თაყვანი სცა პატიოსან ჯვარს, მოიკითხა წმინდა შუშანიკი, გვერდით დაუჯდა და ეკითხებოდა მის ტკივილებზე, წმინდა შუშანიკმა კი უთხრა: „კარგად ვარ, როგორც ღმერთს უნდა, მაგრამ ყველას წასასვლელ გზაზე მეც მივდივარ”, ხოლო ჯოჯიკი სწრაფად ადგა, პირვანდელ უწესო საქმეებს აღიარებდა და ევედრებოდა წმინდა შუშანიკს და ეუბნებოდა: „ქრისტეს სძალო და მხევალო, ითხოვე ღვთისგან, რომ მომიტევოს მე ჩემი მრავალი შეცოდება”, წმინდა შუშანიკმა კი უთხრა მას: „თუ შენ სხვაგვარად არაფერი ჩაგიდენია ახალგაზრდულად, ღმერთმა მოგიტევოს შენ”. და ჯოჯიკმა უთხრა: „მაგ მიზნით მოვედი მე შენთან, რომ რაც კი რამ სათნო არ იქნება ღვთისთვის, არ გავაკეთო”. წმინდა შუშანიკმა უთხრა: „თუკი ამას ამგვარად იზამ შენ, უკვდავი გამიხდები მე მაგ სიტყვით და ღმერთი შეჰმატებს შენი ცხოვრების დღეებს”.
   შემდეგ კი, როდესაც შეატყო ჯოჯიკმა, რომ იმ დღეს გავიდოდა წმინდანი ამ სხეულიდან, უთხრა მას: „მაკურთხე მე, ჩემი ცოლი, - შენი მხევალი, - და ჩემი შვილები და ჩემი მონა-მხევლები, და თუ რამ შეგცოდეთ, როგორც საწუთროს ადამიანებმა და სოფლისმოყვარეებმა, მოგვიტევე და ნუ გაიხსენებ ჩემს უკეთურებებს”. ხოლო წმინდა შუშანიკმა უთხრა ჯოჯიკს და მის ცოლს: „უგულისყუროდ მოექეცით ჩემს საქმეს, რადგან არავინ აღმოჩნდა ადამიანთაგანი, რომელსაც ექნებოდა სიბრალული და თანაგრძნობა ჩემდამი, ვინც შეაჯერებდა ამ წუთიერ უღვთო მეუღლეს”, მათ კი მიუგეს: „ჩვენ შენს გარეშე ძალიან გავისარჯეთ, მაგრამ არ იყო არც გაგონება, არც პასუხი”. მაშინ წმინდა შუშანიკმა უთხრა: „განვისჯებით მე და ვასქენ პიტიახში იქ, სადაც არ არის პირმოთნეობა მსაჯულთა მსაჯულისა და მეუფეთა მეუფის წინაშე, სადაც არ არის გარჩევა მამაკაცისა და ქალისა, სადაც მე და ის თანასწორ სიტყვას ვიტყვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მიაგებს მას უფალი, როგორც მან უდროოდ მომკა ჩემი ნაყოფი, ჩემი სანთელი ჩააქრო, ჩემი ყვავილი დააჭკნო, ჩემი სილამაზის მშვენიერება დააბნელა და ჩემი დიდება დაამდაბლა. ამიტომ, ღმერთმა საჯოს მას და ჩემს შორის, მე კი ახლა ამას ვმადლობ ღმერთს, რომ მისგან ტანჯვით მე შეწყალებას ვპოვებ, და მისგან გვემათა და თრევათა გამო მე მოსვენებას მივაღწევ, და მისი უგულისხმოებისა და შეუბრალებლობის სანაცვლოდ მე წყალობას მოველი ჩემი უფლის იესო ქრისტეს მიერ”.
   ხოლო ისინი მის ყველა ამ სიტყვაზე ტიროდნენ მწარედ; და უთხრეს მას: „მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და გვაკურთხე, ქრისტე ღმერთის წმინდა მოწამეო და სანატრელო მარტვილო”. წმინდა შუშანიკმა კი უთხრა: „ღმერთმა მოგიტევოთ, რაც კი რამ ჩაიდინეთ”. მაშინღა აკურთხა მან ჯოჯიკი და მისი ცოლი, მისი შვილები, მონა-მხევლები მისი და ყოველი ეზო და სასახლე მისი. და ამცნებდა მათ ღვთის გზებით სიარულს და ეუბნებოდა: „მთელი ეს ცხოვრება, როგორც ველთა ყვავილი, წარმავალია და არამდგრადი. ვინც დათესა, მოიმკო, ხოლო ვინც მიმოფანტა გლახაკთათვის, შეკრიბა, და ვინც დაღუპავს თავის თავს, იგი იპოვის იმას, ვინც ადიდა იგი”. და განიშორა და გამოუშვა ისინი მშვიდობით.
   17. შემდეგ, ჯოჯიკის მომდევნოდ, მოვიდნენ ეპისკოპოსთა თავი სამოელი და იოვანე ეპისკოპოსი, მისივე სამღვდელოების წევრი, რომლებიც იყვნენ მისი განმამტკიცებლები და დიდად დამაშვრალები, სახლეულითურთ თანამყოფობდნენ მასთან მომსახურედ და მისეულ ღვაწლთა მონაწილე და თანაზიარნი იყვნენ და მადლიერებით გზავნიდნენ მას ქრისტეს ნავსადგურისკენ. ამგვარივე სახით მოვიდნენ ქართლის ქვეყნის დიდი აზნაურები და დიდგვაროვანი ქალები, აზნაურები და მდაბიოები. ასევე, რომლებიც მის ღვაწლთა გულმოდგინე მონაწილენი იყვნენ, ნეტარყოფდნენ მას და, როგორც ახოვანსა და მხნეს, ქრისტეს აბარებდნენ.
   და სათხოვარს ერთს ითხოვდა მისგან ყველა ის ეპისკოპოსი და აზნაური ერთობლივად, რომ მის ფეხთა ბორკილი ყველასთვის განეჩინა დამცველად და ნაკურთხევად, რაზეც წმინდა შუშანიკმა უთხრა მათ: „მე რა ვარ, ეს უღირსი, თუმცა თქვენი ღვთისმოყვარეობის გამო ხუცესმა შეგისრულოთ თქვენი წადილი მაგ მიზნით, მე კი რისიღა შემძლე ვარ, მაგრამ ყოვლადსავსე ქრისტემ აგავსოთ თქვენ ყველა სიკეთით, რომლებიც კი ჩემს გამო აქ მოხვედით და ეზიარეთ ჩემს ამ ვნებულებებს, ჭირსა და ტანჯვას, ხოლო მე, საყვარელნო, წინასწარ გამზადებულ საუკუნო გზაზე მივდივარ. ამ ჩემი ჭირის სანაცვლოდ ქრისტე მომმადლებს მე სიხარულს, ამ სატანჯველთა სანაცვლოდ - მოსვენებას, ამ ჩემს გვემათა, თრევათა და შეურაცხყოფათა ნაცვლად მივეახლები მე ცათა შინა დაუსრულებელ დიდებასა და პატივს”. და ისინი, განშორებულნი და ცრემლით სავსენი, ამ მძლეობისთვის დიდებას სწირავდნენ ღმერთს.
და გამოვიდნენ ისინი ციხიდან და წავიდნენ.
18. და დადგა მისი ხმობის დღე. და მოუხმო მან თავისი სახლის ეპისკოპოსს აფოცს და მადლობას უძღვნიდა მისდამი თანალმობისათვის. მას, როგორც მამასა და გამზრდელს, ჩამაბარა მე, კაცი ცოდვილი და გლახაკი.
აბარებდა მას აგრეთვე თავისი ძვლების ნეშტს და უბრძანებდა, რომ დაეკრძალა ისინი იმ ადგილას, საიდანაც პირველად გამოათრიეს, და ეუბნებოდა: „თუკი რაიმეთი ღირსი ვარ მე, ეს უკანასკნელი, - მეთერთმეტე, - მშრომელი ვენახისა, კურთხეული იქნებით ყველანი უკუნისამდე დროთა”.
და ჰმადლობდა რა ღმერთს, თქვა: „კურთხეულია ჩემი უფალი ღმერთი, რადგან მშვიდობით დავწექი და დავიძინე მასზე”, და მიაბარა თავისი სული ყოველთა შემწყნარებელ უფალს.
19. და მაშინ კი სწრაფად მოიტანა სანატრელმა ეპისკოპოსმა იოანემ წმინდა ტილო მის წმინდა და პატიოსან ნაწილთა შესახვევად, და ასევე სხვებმაც ავიღეთ ის სხეული, მეტად დამაშვრალი და მატლებით დაჭმული, და გავბანეთ იგი მიწიანი მატლისა და ჩირქისაგან, და შევმოსეთ იმ ტილოთი. მაშინ კი იმ ორთავე ეპისკოპოსმა, იოანემ და აფოცმა, როგორც ზენა საუნჯისთვის დაუღლვილმა მხნე ხარებმა, მთელი კრებულითურთ, სულიერი ფსალმუნებით, ანთებული კანდლით და სურნელოვანი საკმევლით ავიღეთ პატიოსანი ძვლები და გამოვიტანეთ წმინდა ეკლესიაში. და დავკრაძალეთ წმინდა შუშანიკის წმინდა, დიდებული და პატივმიგებული ნაწილები მათთვის გამზადებულ ადგილას, და იმ ღამეს, ანგელოზთა მსგავსად, ის ღამე გავათენეთ და დავითის ქნარით ყოვლადძლიერ ღმერთს და მის ძეს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვადიდებდით, რომელიც ყველაფრით ყველას მიმართ შემძლეა, განამხნევებს რა კაცებსაც და ქალებსაც, და თავისიანებს თავის მძლეობას მიჰმადლებს ძლიერებისას, - ყველას, ვინც ეძიებს მას ერთი გულით.
20. და არის წმინდა შუშანიკის ტანჯვათა დასაწყისი აპნისის (იანვრის) თვეში, თვის რვაში და ორშაბათ დღეს, და მეორედ მისი გვემა შემდეგ, აღვსების ზატიკში, ორშაბათ დღეს, და კიდევ, ტანჯვა ვარდობის (მაისის) თვის ცხრამეტში, და მისი აღსასრული ოქტომბრის თვის ჩვიდმეტში, წმინდა და სანატრელი მოწამეების კოზმან და დამიანეს ხსენებისას, და დღე ხუთშაბათი იყო, რომელ დღესაც დავაწესეთ წმინდა შუშანიკის ხსენება ღვთის სადიდებლად და საქებრად, - მამის, ძისა და სულიწმინდისა, - რომელსაც შეჰფერის დიდება უკუნითი-უკუნისამდე. ამინ
                                                           შენიშვნა
   1. ცურტავი იყო ქვემო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია ჰერეთის საზღვართან. X ს-ის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ცურტავს მოიხსენიებდა, როგორც ყოფილ დიდ და სახელოვან დედაქალაქს. „ცურტავს ეს სახელი, რომელსაც ისტორიაში მუდამ და ყოველთვის ვახსენებდით და მოვიხსენიებთ, მაშინ ერქვა, ხოლო ეხლა ეწოდება გაჩიანი. მაშინ სავსე და ვრცელი, დიდი და სახელოვანი დედაქალაქი იყო, ხოლო ახლა შემცირებული და ზომიერი დაბა-ქალაქია მდინარის პირზე, რომელსაც ეწოდება გაჩენაგეტ, მხარეში, რომელსაც „ვრაც დაშტი“ (ქართველთა ველი) ჰქვია, რომელიც შუა საზღვარია სომეხთა და ქართველთა ქვეყნებს შორის ... ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარქთა დიდი პიტიახშისა“. ცურტავს ასახელებს „პიტიახშის სახლის კარად“ მოსე ცურტავის ეპისკოპოსიც. რაც შეეხება გაჩიანზე ვახუშტი წერს; „ხოლო შულავერის დასავლეთით არს მამხუტის-ხევი, და ამის დასავლეთით ტალავრის-ხევი. ხევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი. და ამას სწერენ გაჩიანად. მაგრამ არ არის ეს დასავლეთით ხუნანისა, არამედ სამხრეთით, და არის წილი გარდაბანისა და არა გაჩიოსი. ხოლო არქევანი პირველად იყო გაჩიანი, და სანადირო ქალაქი, შემდეგ ქაოზიანი, და აწ ესე დაბა რომელიც დასავლეთით არის ხუნანისა და საზღვარიცა მათი. არამედ ჭაპალის ჩრდილოეთით ქციის კბოდე-ზედ, არის არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაც არის დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესე არს გაჩიანი“.
   ლ. მელიქსეთ-ბეგის ვარაუდით, ცურტავი (იგივე გაჩიანი), უნდა ყოფილიყო ახლანდელ არუხლოსთან, ძველ ნახიდურთან. მდ. დებედას ქვემო დინებაზე, სოფ. ქაჩაგანში მდინარის მარჯვენა მხარეს შემთხვევით აღმოჩნდა ქვაჯვარი ჯვრის ამაღლების გამოსახულებით, რომელსაც ჩუბინიშვილი ათარიღებს VIII ს-ით. აღნიშნული სოფელი მდებარეობს ქვემო ქართლში, ისტორიულ ქართველთა ველზე. ნ. ბერძენიშვილის ვარაუდით, ეს ადგილი „ცურტავია, ესაა გაჩიანი, ესაა სანადირო ქალაქი, ესაა საზამთრო ადგილი, ესაა ჰერეთის გვერდში... ესაა ზაფხულის გაუსაძლისი, აქაა ცენტრალური მნიშვნელობის ციხე – პიტიახშების ციხე“. ს. კაკაბაძის ვარაუდით, ცურტავი იგივე გაჩიანია ... სომხურად ცურტავი ცივს ნიშნავს. ეს ადგილი ცივია.
   დღევანდელი სოფელი ცურტავი (ყოფ. ქოლაგირი) მდებარეობს ბოლნისის რაიონში, თამარისის თემში, მდინარეების – მაშავერასა და ხრამის შესართავთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий