воскресенье, 13 ноября 2016 г.

მასალები კავკასიის ალბანეთის შესახებ

    „ალბანეთი“ „მთიან მიწას“ ნიშნავს. ასე უწოდეს ანტიკურმა ისტორიკოსებმა დაღესტანური წარმოშობის 26 ტომით (მათ შორის სიმრავლით გარგარები გამოირჩეოდნენ) დასახლებულ ქვეყანას. ისინი საუბრობდნენ სამხრეთ დაღესტანურ ენაზე - აგვანულზე. ძვ.წ. III-II საუკუნეებში „ალბანელებმა" ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით, კავკასიონის მთეებში სამეფო ჩამოაყალიბეს რომლის დედაქალაქი ახ.წ. VI საუკუნემდე იყო ყაბალა (გაბალა), შემდეგ კი ბარდავი.
        ძვ. წ. I საუკუნეში ალბანეთის სამეფო რომს დაემორჩილა, ახ.წ. II ს-იდან პართიას, III ს-დან სასანიდურ სპარსეთს. 360-იან წლებში მეფე ურნაირმა ალბანეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის სპარსეთის ერთგულ მოკავშირედ დარჩენილიყო. იგივე პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდა მის მემკვიდრეებსაც. ამით კმაყოფილმა სპარსეთის შაჰმა 387 წელს „დიდი არმენიის სამეფოს" დანაწილებისას მისი 3 პროვინცია - უტიკა, არცახი და შაკაშენი ალბანეთს შეუერთა. V საუკუნის  I ნახევარში ალბანეთი უკვე თანამედროვე აზერბაიჯანის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. V საუკუნის შუა ხანებში სპარსელებმა ალბანეთში მაზდეანობის ძალით დანერგვა დაიწყეს, რასაც ალბენეთის მეფე ვაჩე II-ის აჯანყებები მოყვა. ამით გაბრაზებულმა პეროზ შაჰმა ალბანეთის სამეფო გააუქმა და სპარსეთის რიგით სამარზპანოდ აქცია.
         487-510 და 628-705 წლებში ალბანეთის სამეფო ისევ აღსდგა, თუმცა პირველ რიგში ისევ სპარსელებმა, შემდეგ კი არაბებმა დაიპყრეს. VIII საუკუნიდან ალბანეთი „არმენიის საამიროში" გაერთიანდა არ-რანის სახელით.
     რას მოგვითხრობენ ანტიკური წყაროები?
   სტრაბონი: „ალბანელები უმეტესწილად მისდევენ მეცხვარეობას და ახლოს დგანან მომთაბარეებთან; თუმცა არც ველურები არიან, და არც ძლიერი მეომრები. ისინი ცხოვრობენ იბერიასა და კასპიის ზღვას შორის. ჩრდილოეთიდან ამ ქვეყანას ესაზღვრება კავკასიის მთები. იმის გამო, რომ ეს მთები მაღლდება ვაკეებზე, მათ ეწოდება კერავნიის მთები (სტრაბონის გულისხმობს კავკასიის მთების ჩრდილოეთ მთისწინეთს). სამხრეთიდან ალბანიას ესაზღვრება არმენია; არმენია ნაწილობრივ წარმოადგენს ვაკეს, ნაწილობრივ კი მთიანი მხარეა, ისევე როგორც კამბისენე, (კამბეჩოვანი) სადაც არმენები ესაზღვრებიან ერთდროულად, როგორც იბერებს, ისე ალაბანელებს.
    მდ. კიროსი, მიედინება რა ალბანეთის ტერიტორიაზე, მის შენაკადებთან ერთად ზრდის მიწის ნაყოფიერებას. ადამიანები იქ მაღლები, ლამაზები, უბრალოები და არამეწვრილმანენი არიან. ისინი ნაკლებად მოიხმარენ მონეტებს და ვაჭრობას ძირითადად გაცვლით აწარმოებენ. სხვა ცხოვრებისეული საკითხების მიმართაც გულგრილნი არიან. მათ არ იციან 100-ზე ზემოთ რიცხვები და არც ზომა-წონის ზუსტი ერთეულები. ომის, სახელმწიფო მოწყობისა და მიწათმფლობელობის საკითხებს უდგებიან მსუბუქად. თუმცა ომის დროს ისინი იბრძვიან როგორც ქვეითად წყობაში, ასევე ცხენზე, როგორც მძიმე ისე მსუბუად შეიარაღებულნი მსგავსად არმენებისა.
    მეომრები მათ გამოჰყავთ იბერიელებზე მეტი. ისინი აიარაღებენ 60000 ქვეითსა და 22000 მხედარს. სწორედ ეს რაოდენობა გამოიყვანეს მათ პომპეუსის წინააღმდეგ. მომთაბარეები მათ ეხმარებიან ბრძოლის დროს, ისევე როგორც იბერიელებს. თუმცა ისინი მაინც ესხმიან თავს მათ და ხელს უშლიან მიწათმოქმედებაში. ალბანელები შეიარაღებულნი არიან მოკლე შუბებით და მშვილდებით; ისინი ატარებენ აბჯარს და დიდ წაგრძელებულ ფარებს, ასევე ნადრითა ტყავისგან დამზადებულ მუზარადებს, იბერიელთა მსგავსად. ალბანელებს ეკუთვნით კასპიანას მხარე, უკვე გამქრალი ტომის მოსახელე, რომელთა სახელიც ეწოდება აგრეთვე მეზობელ ზღვას. გზა იბერიიდან ალბანეთში მიემართება უწყლო და უსწორ-მასწორო მხარე კამბისენაზე (კამბეჩოვანი) და მდინარე ალაზანზე. როგორც თვითონ ალბანელები, ასევე მათი ძაღლები ძალიან მიდრეკილნი არიან ნადირობის მიმართ, თუმცა არცთუ წარმატებულნი არიან ამ საქმეში.
      მათი მეფეები ასევე მშვენიერნი არიან. მართალია, ახლა მათ ჰყავთ ერთი მეფე, რომელიც მართავს ყველა ტომს, თუმცა ადრე ყოველ ტომს საკუთარი მეფე ჰყავდა. მათ 26 ენა აქვთ, რის გამოც რთულად ამყარებენ ერთმანეთთან კავშირ-ურთიერთობას. ამ ქვეყანაში არის ზოგიერთი შხამიანი ქვეწარმავალი, ასევე მორიელები და შხამიანი ობობები.
    ალბანელნი ღმერთებისავით თაყვანს სცემენ მზეს, ზევსს და მთვარეს, მეტადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი იბერიის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყველაზე უფრო პატივცემულ კაცად ის ითვლება, ვინც ტაძარს ემსახურება; იგი დიდსა და მჭიდროდ დასახლებულს ხატის მამულს განაგებს და ხატის ყმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე; იმას, ვინც მეტად აღტაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალობს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად კარგად ასუქებენ ხოლმე; მერე მას მირონცხებულს სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავენ ხოლმე. მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან: ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის საშუალებით იციან ხოლმე. ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხიდან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით შიგ გულში ჰკრავს ხოლმე. როცა ლახვარ-ნაკრავი მსხვერპლი დაეცემა მიწაზე, ქურუმები სხვადასხვა ნიშნებისდა მიხედვით მკითხაობენ და საჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს დანიშნულ ადგილას მიიტანენ, ყველანი თავიანთ თავის განსაწმენდად ფეხს დაადგამენ ხოლმე.
      მოხუცებს ალბანელები ძალიან სცემენ პატივს, თუმცა გარდაცვლილებზე ზრუნვა და მათი მოხსენიებაც კი ურწმუნოებად ითვლება. გარდაცვლილს თან ატანენ სამარხში მთელს მის ქონებას, რის გამოც ალბანელები ცხოვრობენ სიღარიბეში.
       როგორც ამბობენ ალბანეთის მთებში ცხოვრობენ ამაზონები (სახელწოდება წარმოიშვა ირანული სიტყვისგან „ჰა-მაზან“, რაც მეომარ ქალს ნიშნავს). თეოფანე, რომელიც თან ახლდა პომპეუსს ალბანეთში ლაშქრობისას, მოგვითხრობს რომ სკვითური ხალხები – გელები და ლეგები (აშკარად დაღესტანუტი ტომი ლეკები უნდა იყოს) ცხოვრობენ ამაზონებსა და ალბანელებს შორის. ამაზონებსა და ამ ტომებს შორის საზღვარზე მიედინება მდინარე მერმადალიდა. სხვა მწერლები (მაგ. მეტროდორ სკეპსინელი და ჰიპსიკრატი) გვარწმუნებენ, რომ ამაზონები ცხოვრობენ გარგარელების (ჩეჩნების წინაპრებად თვლიან) მეზობლად, კავკასიის მთების ამ ნაწილის მთისწინეთში, რომელსაც ეძახიან კერავნიის მთებს. ამაზონები საკუთარ თავზე თვითონ ზრუნავენ. ეწევიან ხვნა-თესვას, მებაღეობას, უვლიან პირუტყვს, განსაკუთრებით ცხენებს; ამაზონთაგან ძლიერნი ცხენზე ამხედრებულნი ნადირობენ და ომში მიდიან. ბავშვობიდან მათ უწვავენ მარჯვენა ძუძუს, რომ თავისუფლად იხმარონ მარჯვენა ხელი ყველა საქმისთვის, განსაკუთრებით კი შუბის სატყორცნად. ისინი ხმარობენ აგრეთვე მშვილდს, საბრძოლო ნაჯახს, მსუბუქ ფარს, ნადირის ტყავისგან დამზადებულ მუზარადს, მოსასხამს და ქამარს. გაზაფხულობით მათ აქვთ ორი განსაკუთრებული თვე, როდესაც ისინი ადიან მთაზე, რომელიც აშორებს მათ ქვეყანას გარგარებისგან. ამ დროს გარგარების მამაკაცებიც ადიან იქ  და ამაზონებთან ერთად ატარებენ მსხვერპლშეწირვას, რომლის შემდეგ სიბნელეში საიდუმლოდ წყვილდებიან, ისე რომ არავინ იცის ვინ ვისთან მოხვდება. როდესაც ქალი დაფეხმძიმდება გარგარელი უშვებს მას სახლში. თუ იბადებოდა გოგონა ამაზონები იტოვებდნენ, ხოლო ვაჟები მიჰყავდათ გარგარებთან და ისინი მათ ღზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს.
         მდ. მერმოდა (ან მერმოდალიდა) ხმაურით ეშვება მთებიდან, გაივლის ამაზონთა ქვეყანას, სირაკენას (ამ შემთხვევაში არა მოგვიანო ხანის შირაქი, არამედ სირაკების ადრინდელი საცხოვრისი ჩრდ. კავკასიაში უნდა იგულისხმებოდეს), შემდეგ გადაჭიმულ უდაბნოს და ჩაედინება მეოტიდაში. როგორც ამბობენ გარგარელები ამაზონებთან ერთად გადმოვიდნენ აქ თემისკირიდან; შემდეგ მათ დაიწყეს ამაზონებთან ომი; ბოლოს დაიდო ზავი, რომლის მიხედვით მათ კავშირი ექნებათ მხოლოდ შვილების გასაჩენად და დარჩენილ დროში კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იცხოვრებდნენ“.      პლინიუს უფროსი: მთელ დაბლობზე, რომელიც გადაჭიმულია მდინარე კიროსიდან (მტკვარიდან) ცხოვრობს ხალხი ალბანები, შემდეგ (დასავლეთით) იბერები, რომლებიც გამოყოფილია მათგან მდინარე ოკაზანით (ალაზანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან და ჩაედინება კიროსში. ალბანელთა მთავარი ქალაქი არის კაბალაკა1. ალბანეთის საზღვრის მეორე მხარეს, მთების წინა მხარეში ცხოვრობენ ველური ტომი სილვები2, და ქვემოთ ლუპენიები3, შემდეგ დიდურები4 და სოდიები5.
   ალბანების ტომი დასახლებლი კავკასიის მთებიდან მდინარე კიროსამდე, რომელიც ქმნის საზღვარს იბერიასა და არმენიას შორის,6 ზემოთ, მათ და უდინების ტომის7 ზღვისპირა ტერიტორიებზე და ცხოვრობენ სარმატები, უტიდორსები, აორსები და აროტერები, ხოლო მათ უკან ამაზონები და სავრომატიდები. ალბანიის გავლით ზღვაში ჩაედინებიან მდინარეები: კასუსი (პტოლემაიოსის კესიია. ლოკალიზაცია სადაოა) და ალბანი (დღევ. სუმგაით-ჩაი), შემდეგ კამბისი (დღევ იორი, მის ნაპირებზე მდებარეობდა ისტორიული მხარე კამბისენე/კამბეჩოვანი), რომელიც მოედინება კავკასიის მთებიდან, შემდეგ კიროსი (მტკვარი), რომელიც მოედინება კორაქსული მთებიდან. კიროსის შესართავიდან ზღვა იღებს სახელს – „კასპიის“, აქ სანაპიროზე ცხოვრობენ კასპიები8.
შენიშვნები
1. პტოლემეის ხაბალა; დღევ. ჩურუხ კაბალა. ქ. გაბალადან 25 კმ-ზე.
2. ლოკალიზდებიან სურფუნ-იალის მთის ტყიან ძირებში,
3. ლუპენიების ტომი ცხოვრობდა კავკასიის ქედის სამხრეთ ძირებსა და ალაზნის ხეობაში. პტოლემე იბერიის ჩრდ-აღმოსავლეთში ათავსებს სოფელ ლუბიონს. VII საუკუნის რავენელი ანონიმი აქ ათავსებს პატრია ლეპონს და ჰირკანიის ქალაქებს სორის ლიპონისსას. ე.წ. პეიტინგერის რუკა (რომის იმპერიის რუკა, დგებოდა იმპერატორების დავალებით ძვ.წ. I საუკუნიდან – ახ.წ. V საუკუნემდე. შემონახულია მისი XIII საუკუნის ასლი) ასახელებს ხალხს ლუპენებს, რომელსაც ათავსებენ მტკვარის შესარტავიდან კასპიის ზღვის დას. სანაპიროს ბოლომდე. ელნიცკი ამ ტომს დაღესტანურ ტომად თვლიდა. მილერის 1916 წელს წერდა, რომ რავენელი ანონიმის ქ. ლეპონი = თანამედროვე Lbnissi-ს მდ. ქსნის სათავეებთან. შესაძლოა პლინიუსი, პევტინგერის რუკა და რავენელი ანონიმი საუბრობენ ალბანურ ტომ ლპინებზე, რომლებსაც კარგად იცნობენ IV-VII საუკუნეების სომხური წყაროები. ამ აზრს იზიარებენ - მაკვარტი, ერემიანი, აკოპიანი, მურავიოვი. ერემიანის აზრით რავენელის ქალაქი ლიპონისსა უნდა მდებარეობდეს მდ. აკსტაფის (მისი მეორე სახელია ლოპნასი) დაბლობებზე.
4. პტოლემე ათავსებს კავკასიისა და კერავნულ მთებს შორის. უნდა უდრიდეს ლეზგინურ დიდოს და ქართული წყაროების დიდოეთს, რომელიც მოიცავს დაღესტანში – წუნტის, ბეჟეტის და ნაწილობრივ წუმადის რაიონებს მდ. სულაკის შენაკად ანდის ყოისუს აუზში.
5. = ან პტოლემეოსის ისონდებს, რომელთაც გეოგრაფი ათავსებს კავკასიონსა და კასპიის ზღვას შორის ოლონდებთან და გერამებთან ერთად; ვინოგრადოვის დასუსტებით პტოლემეოსის ისონდები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ან ალბანეთში მტკვრისა და ალაზანის შეერთების ადგილას პტოლემეოსი ათავსებს დასახლებულ პუნქტ სიოდს. საერთოდ ისტორიკოსთა ერთი ნაწილი სოდებს ვეინახებად თვლიან, ხოლო მეორე ნაწილი ალბანელებად. უკანასკნელნი სოდებს უკავშირებენ არმენიული წყაროების ცოვდებს/ცოდებს და ქართული წყაროების სოჯებს.
6. აქ ისე გამოდის იბერიის ტერიტორია მტკვარს სამხრეთით არმენიას ეკუთვნის, რაც შეცდომაა. ყველა ამ ეპოქის ავტორის ცნობით ალაზნის შესართავიდან თითქმის სათავეებამდე მტკვრის ორივე მხარე იბერიის შემადგენლობაშია. 
7. = პტოლემაიოსის უდებს, რომლებიც პევტინგერის რუკის მიხედვით ცხოვრობდნენ მდ. უდონზე, რომელიც თანამედროვე მდ. კუმაა ჩრდ. კავკასიაში.
8. ცხოვრობდნენ თანამ. მტკვრის შესართავიდან თალიშამდე. სტრაბონის ცნობით ეს მხარე ალბანეთს ეკუთვნის, თუმცა იგივე ავტორის ცნობით თავიდან მიდია ატროპატენას ეკუთვნოდა და შემდეგ დიდმა არმენიამ წაართვა.

   დიონ კასიუსი: მას შემდეგ, რაც პომპეუსმა არმენია რომის გავლენის სფეროში მოაქცია, 66 წლის შემოდგომის მიწურულს ლეგატ ლუციუს აფრანიუსის სარდლობით აქ სამეთვალყურეოდ დატოვა თავისი არმიის ერთი ნაწილი. თვითონ მთავარსარდალი ძირითადი ძალებით დაიძრა ჩრდილოეთისკენ კავკასიის ხალხთა წინააღმდეგ. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ იბერები და ალბანები. იბერების მხარე ვრცელდება მოსხურ მთებამდე და ევქსინის პონტომდე, ხოლო ალბანელები ცხოვრობენ მათ აღმოსავლეთით კასპიის ზღვამდე.
   დაზამთრდა. რომაელები მიუახლოვდნენ კირნის (მტკვარი) ზემო წელს, სადაც პომპეუსმა არმია სამ ნაწილად გაჰყო და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა. ერთს თვით მთავარსარდალი მეთაურობდა, დანარჩენ ორს – მისი ლეგატები, მეტელუს ცელერი და ლუციუს ფლაკუსი. ალბანთა მეფე ოროისემ პომპეუსს განუცხადა, რომ გაატარებდა თავს ქვეყანაზე, თუმცა საიდუმლოდ რომაელებზე თავდასხმას აპირებდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ოროისი ფიქრობდა, რომ პომპეუსი მის ქვეყანაში შეჭრას აპირებდა, ამიტომ გადაწყვიტა ზამთარშივე დაესწრო, ვიდრე რომაელები ცალ-ცალკე იდგნენ და ისვენებდნენ. 17 დეკემბერი იდგა, რომაელთათვის სატურნალიების საზეიმო დღე. ოროისემ იფიქრა, რომ სწორედ ამ დღეს რომაელები ზარზეიმით გაერთობოდნენ და საომარ ყურადღებას გაინელებდნენ.
   40000 ალბანელი მიადგა მტკვრის ზემო წელს. ოროისემ თავისი არმია სამად დაჰყო და ცალ-ცალკე შეუტია რომაელთა ბანაკებს, თვით მეფე თავს დაესხა მეტელუს ცელერის ბანაკს, სადაც ეგულებოდა შეპყრობილი სომეხი უფლისწული. ცელერი მტრის მოულოდნელ თავდასხმას მედგრად დაუხვდა და ძლიერი კონტრშეტევით უკუაქცია. ალბანელთათვის განსაკუთრებით მძიმე შეიქნა რომაულ „კასტრასთან“ (სამხედრო ბანაკი) ბრძოლა; ლუციუს ფლაკუსს თავისი ბანაკისათვის ორრიგი თხრილები შემოევლო და როცა მან მოჩვენებითი უკუქცევით ალბანელები პირველი თხრილის შიგნით შეიტყუა, ლეგიონერები ერთბაშად მოუბრუნდნენ და ჩეხვაზე გადავიდნენ. ბევრმა უკუქცეულმა ალბანელმა ფართო თხრილის გადალახვა ვეღარ მოახერხა და იქვე დაიღუპა. პომპეუსმა სწრაფად დაამარცხა მის წინააღმდეგ წამოსული ალბანელები და ბრძანება გასცა სამივე ბანაკი ერთიან იერიშზე გადასულიყო. მტკვრის გადალახვისას ალბანთა ლაშქარი კვლავ ძლიერ დაზარალდა. ოროისემ რომაელებს დაზავება სთხოვა. პომპეუსს ალბანთა დასჯა ძალიან სურდა, მაგრამ ზამთრის გამო გადადო და სამშვიდობო წინადადებაზე დათანხმდა.
   65 წელს არმენიიდან პომპეუსი ჩრდილოეთისაკენ გაეშურა და მდინარე კირნს მიადგა (დღევანდელი ყაზახისა და აღსტაფის მახლობლად). მდინარის მარცხენა ნაპირი მაღალი ხის ღობურებით იყო გამაგრებული. რომაელებმა მაინც შეძლეს მეორე ნაპირზე გადასვლა. აქედან რომაელები გაემართნენ მდ. კამბისის (იორის) გასწვრივ და რამდენიმე დღის განმავლობაში მიემართებოდნენ (კამბისენეს) სიცხიან ველებზე. ძლივს მილასლასებდნენ სიცხისა და წყურვილისაგან დაოსებულნი, მიუხედავად იმისა, რომ გზის ძირითადი ნაწილი ღამით გაიარეს. ტყვე მეგზურები ცდილობდნენ არასწორი გზით წაეყვანათ დაუპატიჟებელი სტუმრები. მდინარე მათ არაფერში ეხმარებოდა. მისი წყალი, რომელსაც სვამდნენ იყო ძალიან ცივი და ბევრისთვის მომწამვლელი. რადგან ეს ტერიტორია წინააღმდეგობის გარეშე გაიარეს, გააგრძელეს გზა მდ. აბასის (პლუტარქეს აბანტი, უნდა იყოს ალაზანი) გასწვრივ, რომლის დროსაც მიჰქონდათ მხოლოდ წყლის მარაგი, რადგან სურსათს ადგილობრივი მოსახლეობა აძლევდა, რის გამოც არ აწყობდნენ ადგილობრივთა ძარცვას.
   ალაზნის გადალახვისთანავე პომპეუსმა მიიღო ცნობა, რომ ახლოვდებოდა ალბანთა მეფე ოროისე. პომპეუსს გაცილებით მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა, ამიტომ სურდა სასწრაფოდ გამოეწვია ოროისე ბრძოლაში ვიდრე შეიტყობდა რომაელთა არმიის რიცხოვნობის შესახებ. მან წინა ხაზზე განალაგა კავალერია; უკან, ფარებს ამოფარებული ქვეითი ლეგიონები დაალაგა, დაჩოქილნი, – მტერს რომ არ შეენიშნა ისინი ვიდრე არ მიუახლოვდებოდა. ალბანელები დანახვისთანავე ეძგერნენ რომაულ მხედრობას. პომპეუსის ცხენოსნებმა მტერს ზურგი აქციეს. ალბანელები სწრაფად დაედევნენ და გადააწყდნენ უკან ჩასაფრებულ ლეგიონებს. ლეგიონებიც შუაზე გაიყვნენ და შიგ შემოუშვეს წინგაჭრილი ალბანელები, რის შემდეგაც ალყაში მოაქციეს და აჩეხვა დაუწყეს. ამ დროს რომაელთა კავალერიამ ორივე ფლანგიდან მოუარა ალბანელთა უკანა ნაწილს და ისიც ალყაში მოაქცია.
   ალბანელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, მხოლოდ მცირე რაოდენობამ ტყეში გაქცევით გაასწრო სიკვდილს.
   პომპეუსმა დაიპყრო ეს ქვეყანა და დადო ალბანელებთან ზავი. ზავი გააფორმა აგრეთვე კავკასიის მთებში მცხოვრებლებთან, რომელთა ელჩებიც პომპეუსს მოუვიდა. ალბანთა მეფის თხოვნას და ზავი შეკრა მასთან. ალბანეთის მეფე რომაელი ხალხის „მეგობრად და მოკავშირედ“ გამოცხადდა“.
   პლუტარქე: „ოროისს ჰყავდა 60000 ქვეითი და 12000 მხედარი, თუმცა მეომრები ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი და ემოსათ ცხოველის ტყავები. ჯარს მოუძღვებოდა მეფის ძმა კოსიდი. როგორც კი ხელჩართული ბრძოლა დაიწყო, იგი მიეჭრა პომპეუსს და მკერდზე მძლავრად აძგერა შუბი. რომაელის ფარფლებიანმა ბექთარმა აისხლიტა ალბანელის შუბი. წამსვე პომპეუსმა მოიქნია მახვილი და მოკლა კოსიდი ადგილზე. ამ ბრძოლაში როგორც გადმოგვცემენ მონაწილეობდნენ ასევე მდ. თერმოდონტის მთებიდან მოსული ამაზონები. მართლაც, ბრძოლის შემდეგ, როცა რომაელებმა დაიწყეს ბარბაროსთა ცხედრების ძარცვა, ნახულობდნენ ამაზონების ფარებსა და ფეხსაცმელს, თუმცა ქალის არცერთი სხეული არ იქნა შემჩნეული. ამაზონები ცხოვრობენ კავკასიის იმ ნაწილში, რომელიც ვრცელდება ჰირკანიის (კასპიის) ზღვამდე, თუმცა ისინი უშუალოდ არ ემეზობლებიან ალბანელებს, არამედ მათ შორის ცხოვრობენ გელები და ლეგები. ამ ტომებს ისინი ყოველწლიურად ხვდებიან მდინარე თერმოდონტზე და ატარებენ მათთან ორ თვეს და შემდეგ ბრუნდებიან თავის სამშობლოში, სადაც ცხოვრობენ მამაკაცების გარეშე“.

VII საუკუნის „სომხური გეოგრაფია“: (იყენებს პტოლემაიოსს და სხვა ანტიკურ წყაროებს)
   ალბანეთი, იგივე აგუანქი1, იბერიის აღმოსავლეთითა, სარმატიასთან მდებარეობს კავკასთან და ვრცელდება კასპიის ზღვიდან არმენიამდე მტკვარზე. ის მოიცავს ნაყოფიერ ველებს, ქალაქებს, ციხე-სიმაგრეებს, სოფლებს, მრავალრიცხოვან მდინარეებსა და ძლიერ ლერწამს. ალბანეთი მოიცავს შემდეგ პროვინციებს2: 1. იეხნი, 2. ბეხ, 3. კამბეჩანი3, 4. შაკე4, 5. ვოსტანი-მარცპანი5, 6. დაშტი-ბელასაკანი6. ამასთან იმავ ალბანელებმა წაართვეს არმენიელებს ოლქები: შიკაშენი, გარდმანი, კოლტი, ზავე და კიდევ 20 ოლქი, განფენილი არაქსის მტკვართან შეერთებამდე.
შენიშვნები
   1. Агуанк, есть точная, армянская передача имени албан, в котором как и в слове — λώπεξ и в имени булгарского царя Τερβέλης, стоит вместо губной, а вместо л. Так как эту провинцию персы издавна называли Аран, то у армян уже с V века существует легенда, по которой Албания получила свое имя от потомка Сисака, Арана (персидское название Албании), прозванного Агу, приятный (Агуанк, откуда армянское название). При существовании народного у армян названия Агуанк, или Агванк, предположение Бера, будто Албания получила свое название от реки Аксу (белая вода, река), что римляне перевели через Fluvius Albus, или Aqua Alba, конечно теряет почву.
   На основании географических данных Авесты и Бундехеша, г. Юсти отожествляет Аран с Arianem Vâejô.
   2. Здесь перечислено только шесть чисто албанских областей, тогда как в тексте Сен-Мартена их 10. Издатели нашего текста уверяют, что так было в трех древнейших рукописях:
   Первые два названия: Ехни, Бех, в двух новейших списках соединены в одно: Иехнибих, а в тексте Сен-Мартена Нибух. Встречающееся у Масуди (Дорн, Каспий, 259) ияджни с его вариантами (Mél. Asiat VI, 356, 42) и пр. м. б. стоит вместо Иехни. Что касается до Бех, то я не мог его найти у других писателей, и следовательно не знаю, не искажено ли оно.
   3. Камбечан, у Страб. Καμβυσηνή, вероятно мусульманских писателей.
   4. Шаке, то же что Шеки.
   5. В тексте стоят отдельно: Востан, Имарцпан. Мы читаем их вместе, как одно имя: vostani-marzpan, что по-персидски должно было быть, порог т. е. столица Марзбана и его округ. Предположение г. Дорна (Каспий, 259), что Масуди следовало бы читать этим подтверждается.
   6. Баласакан (var. у Сен-Мартена, Ибалакан, где начальное и есть изафет) очевидно получил свое название от народа багов, или балов, как и самый Баласакан, часто встречающихся у армянских писателей. От балов могло произойти название области Балакан, что совершенно отожествлялось бы с, вернее и все имя можно бы было написать т. е. равнина Балакан. Баласакан же другая форма этого имени и в связи с именем народа багасчик (Фауст, 15, 17), в котором отбросив этническое чик, получим багас, или балас, откуда уже правильно может образоваться Баласакан след. и.
Четыре лишних названий в тексте Сен-Мартена следующие: Hoghmagh, Эрор, Шакет, Hambasi. Последнее не имеет ли связи с? См. Дорн, Каспий, 529. Шакет, может быть, груз. форма 4. Шаке.

როლანდ თოფჩიშვილის სტატია ალბანელთა შესახებ
   კავკასიელი ალბანელების შთამომავლებს უდიები წარმოადგენენ. უდიები (უტიები) სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ძველი, მკვიდრი ეთნოსია. ცხოვრობენ აზერბაიჯანსა (სოფლები ვართაშენი, ახლანდელი ოღუზი და ნიჯი) და საქართველოში (ყვარლის რაიონის სოფელი ზინობიანი). საქართველოში უდიები 1920-1922 წლებში ვართაშენიდან გადმოსახლდნენ. სოფლის თავკაცმა ზინობი სილიკაშვილმა თანამემამულები სისხლიან დაპირისპირებას გამოარიდა. მათ მშვიდობიანი თავშესაფარი საქართველოში იპოვეს: აზერბაიჯანის მოსაზღვრე საქართველოს ყვარლის რაიონში დასახლდნენ. უდიებს აქ მუხნარი ტყე გაუკაფავთ და ახალი სოფელი ზინობიანი დაუარსებიათ. უდიები დღეს ცხოვრობენ აგრეთვე რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში. აქ უდიელთა მიგრაცია ძირითადად 1980-იან წლებში მოხდა.
   დღეს უდიების რაოდენობა 7-დან 8 ათასამდეა. უდიების დაახლოებით 80% აზერბაიჯანში, სოფელ ნიჯში ცხოვრობს (5400 კაცი ნიჯში და 700  ვართაშენში. უკანასკნელი მონაცემებით, ვართაშენში, ანუ ოღუზში მხოლოდ 100-მდე უდიელი დარჩა). საქართველოში, სოფელ ზინობიანში კი უდიების რაოდენობა დაახლოებით 300 კაცს შეადგენს. 1989 წელს რუსეთის ფედერაციაში 1,1 ათასი უდიელი იყო აღრიცხული.
1886 წლის საოჯახო სიებით, აზერბაიჯანში (ნუხის მაზრაში) უდიები 7201 სულს შეადგენდნენ. XIX საუკუნეში უდიები, ნიჯს გარდა, ცხოვრობდნენ აგრეთვე სოფელ მელიკში (198 სული), ყაზახის მაზრის სოფელ ყირზენეში (160 სული). ყირზენის მკვიდრი უდიები გვიან გასომხებულან. ყირზენის მოსახლეობა 1886 წელს უდიებად იყო ჩაწერილი, 1910 წლის „კავკაზსკი კალენდარი“ კი მათ სომხებად მოიხსენიებს. დასავლეთ აზერბაიჯანში არცთუ დიდი ხნის წინ სხვადასხვა სოფელში იყვნენ მოხუცები, რომლებმაც უდიური იცოდნენ.
   უდიური ენა კავკასიურ ენათა ოჯახის ნახურ-დაღესტნური ჯგუფის ერთ-ერთი ენაა. უდიები კავკასიის ალბანელთა შთამომავლები არიან. მიიჩნევენ, რომ დღევანდელ აზერბაიჯანელებში უფრო მეტნი არიან ძველ ალბანელთა ფიზიკური მემკვიდრეები, ვიდრე თურქული წარმოშობისანი. 
   უდიები ქრისტიანები არიან. სოფელ ვართაშენისა და საქართველოს მკვიდრი უდიები მართლმადიდებლობას მისდევენ, ნიჯელები  მონოფიზიტობას. ნიჯელი უდიებიც თავის დროზე მართლმადიდებლები იყვნენ და სომხურ-გრიგორიანული აღმსარებლობა გვიან მიიღეს, რამაც მათი იდენტურობის შენარჩუნება განაპირობა. XIX საუკუნეში უდიებში შემონახული იყო გადმოცემა XV საუკუნის ქართველი მქადაგებლის  იოანეს მოღვაწეობის შესახებ. სოფელ ვართაშენში 1822 წელს უდიებმა წმინდა ელისეს მართლმადიდებლური ეკლესია ააგეს (წმინდა ელისე II საუკუნეში ალბანეთში, უტიკის ტერიტორიაზე  ქრისტიანობას ქადაგებდა).
   V საუკუნის ბოლოს ალბანეთის ეკლესიას თავისი არქიეპისკოპოსი ჰყავდა, რომლის რეზიდენციაც ქალაქ პარტავში (ბარდავში) იყო. VIII საუკუნის დასაწყისში ალბანეთის ეკლესიამ ავტოკეფალია დაკარგა; ის სომხურმა ეკლესიამ დაიქვემდებარა. უდიელთა ზოგიერთი ჯგუფი მართლმადიდებლობას მისდევდა, რამაც მათ გასომხებისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. უდიელთა შორის ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტრადიციული რწმენა-წარმოდგენებიც. ვართაშენთან წმინდა გიორგის სალოცავთან ლოცულობდნენ როგორც მართლმადიდებლები, ისე გრიგორიანელები. ფერიცვალების დღესასწაულზე ვართაშნელი გოგონები კრეფდნენ ხილს და მინდვრის ბალახებისაგან ჯვრებს წნავდნენ. განთიადისას ხილი, რომელზედაც ყვავილების ჯვარი იდო, ნაცნობებსა და ნათესავებთან მიჰქონდათ. 
   ალბანელთა შორის წამყვანი იყო ოთხი ეთნოგრაფიული ერთეული (უტიები, გარდმანელები, გარგარელები და წავდეელები). XIX-XX საუკუნეებში გამოთქმულმა მასაზრებამ, რომ ძველი ალბანელების ერთადერთი მემკვიდრეები უდიები (უტიები) არიან, უკანასკნელ წლებში, აკადემიკოს ზაზა ალექსიძის მიერ სინას მთაზე აღმოჩენილმა ძველი ალბანური დამწერლობის ძეგლებმა და მათი უდიური ენის საშუალებით გაშიფვრამ, ეს ვარაუდი საბოლოოდ გაამართლა და არცთუ მცირერიცხოვან სკეპტიკოსთა მიერ გამოთქმულ საწინააღმდეგო შეხედულებებს არსებობის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. ამდენად, კავკასიის ალბანეთის ისტორია უდიების (უტიების) მცირერიცხოვანი ეთნოსის კუთვნილებაა. 
ეროვნების დაკარგვა
   VII საუკუნის მეორე ნახევარში ალბანეთში არაბები შეიჭრნენ. VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბებმა ალბანეთი საბოლოოდ და მთლიანად დაიპყრეს. 866 წელს ალბანელმა მთავარმა ჰამამმა ცოტა ხნით აღადგინა ალბანეთის სამეფო. ამ დროიდან იწყება ალბანური ეთნოსის დეეთნიზაციის პროცესი, რომელიც XI საუკუნეში თითქმის მთლიანად დასრულდა. ალბანეთის სამეფოს მოსახლეობის ნაწილის დეეთნიზაციის პროცესი უფრო ადრეც მიმდინარეობდა. IV-V საუკუნეებში არმენიზებულ იქნა არცახი (ყარაბაღი). VI-VII საუკუნეებში ასევე მნიშვნელოვნად იყო არმენიზებული უტიკიც. რაც შეეხება თურქიზაციას, მას ინტენსიური ხასიათი XI საუკუნიდან ჰქონდა და ძირითადად გამოწვეული იყო ალბანეთის ტერიტორიაზე თურქ-ოღუზების გადმოსახლებით. 
   ქრისტიანობის მიღებამდე ალბანელები მთვარესა და მზეს ეთაყვანებოდნენ. ალბანელებს შორის კარგა ხნის განმავლობაში შემორჩენილი იყო ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ბუნების ძალთა აღორძინებასთან იყო დაკავშირებული.
   ალბანელებმა ქრისტიანობა IV საუკუნის დასაწყისში მიიღეს. რამდენადაც ალბანეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (არცახი, უტიკი) ხშირად სომხეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო, ალბანური ეკლესიაც ხშირად მათი გავლენის ქვეშ ექცეოდა. სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ ალბანეთის დიდ ნაწილში ქალკედონისტობასთან ბრძოლაში საბოლოოდ განსაზღვრულ წარმატებებს მიაღწია. თუმცა ქართლის მოსაზღვრე დასავლეთ ალბანეთის ტერიტორიაზე, დიოფიზიტობამ გაიმარჯვა, განსაკუთრებით შექის სამთავროში, იქ, სადაც დღეს ძველი ალბანელების (უდიელების) ორი სოფელია შემორჩენილი.
   უდიელთა წინაპარ ალბანელებს V საუკუნიდან ჰქონდათ საკუთარი ანბანი, დამწერლობა. ქრისტიანობის მიღება ალბანელებში არა მარტო ხალხის სოციალურ, არამედ კულტურულ დაწინაურებაზეც მიუთითებს. V-VIII საუკუნეებში არსებობდა ორიგინალური სასულიერო ლიტერატურა. ალბანურმა დამწერლობამ დაახლოებით ოთხ საუკუნეს იარსება და ეთნიკური პროცესების შედეგად, VIII საუკუნეში არსებობა შეწყვიტა.
   ამდენად, ძველი ალბანელების ერთადერთი უშუალო მემკვიდრეები უდიები არიან, რომლებმაც დღემდე შემოინახეს წინაპართა ენა. ალბანელთა ეთნოგრაფიულმა ერთეულებმა  გარგარელებმა, გარდმანელებმა, წავდეელებმა, არცახელებმა, აგრეთვე ქართული წყაროებით სახელდებულმა მოვაკანელებმა, რანებმა  ჩვენამდე ვეღარ მოაღწიეს. მათი დიდი ნაწილი ფიზიკურად არ გადაშენებულა; დროთა განმავლობაში ისინი სხვა ეთნოსთა (სომხების, აზერბაიჯანელების, ქართველების) ნაწილი გახდნენ.
   ალბანეთი განვითარებული მეურნეობის ქვეყანა იყო. მისდევდნენ მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას. ალბანეთის საზამთრო საძოვრებზე ცხვარს ჩრდილოეთკავკასიელი მთიელებიც კი აბალახებდნენ. ალბანელთა შთამომავლების, უდიების ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა სარწყავი მიწათმოქმედებაა. თესდნენ ხორბალს, ქერს, ფეტვს, განვითარებული იყო მევენახეობა (უდიები აყენებდნენ მაღალი ხარისხის ღვინოს). ფრიად განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. უდიებში მესაქონლეობას დიდი მასშტაბი არ ჰქონია. საქართველოში გადმოსახლებულმა უდიელებმა მეურნეობის ტრადიციული დარგები განავითარეს, განსაკუთრებით კი მეაბრეშუმეობა და მევენახეობა.
    აზერბაიჯანში მცხოვრები უდიები კრამიტის დამზადების შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. ძველ ალბანელთა შთამომავლებში გავრცელებული იყო აგრეთვე მეთუნეობა.
   აზერბაიჯანში უდიელთა სოფლები მთისწინა ზოლშია განლაგებული. უდიელის კარ-მიდამო მოიცავს არა მარტო საცხოვრებელ კომპლექსს, არამედ სამეურნეო ნაგებობებს, ხილის ბაღს. კარ-მიდამო, ჩვეულებრივ, შემოღობილი ჰქონდათ წნული ღობით ან ქვის გალავნით. ბაღებში ბევრი აქვთ მოშენებული კაკალი, თხილი, წაბლი. უდიები ნაწილობრივ ვაჭრობასაც მისდევდნენ. გასაყიდად გაჰქონდათ აბრეშუმი, აბრეშუმის პარკი, წეკო, კაკალი, თხილი, ბრინჯი, წაბლი, ბლის კერკი...
   უდიებს ქვის ან აგურის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლები ჰქონდათ. სახლები კრამიტით ჰქონდათ გადახურული. უფრო ადრე იშვიათი არ ყოფილა ჩალით გადახურული სახლები. XIX საუკუნეში უდიელთა სახლებში სინათლე, ჩვეულებრივ, ერდოდან შედიოდა. საცხოვრებელი სახლის შუაში მოწყობილი იყო კერა. კერა არასოდეს არ ქრებოდა. აქ ამზადებდნენ საჭმელს. სახლის კედლებში ოსტატურად გამოჰყავდათ თახჩები, სადაც ლოგინს, ჭურჭელს, მწნილიან ქოთნებს ათავსებდნენ. ფქვილს თიხისგან დამზადებულ ყუთებში ინახავდნენ. საქართველოში გადმოსახლებული უდიები თავდაპირველად ხის სახლებს აგებდნენ. საერთოდ, უდიები ხის დამუშავების კარგი ოსტატები იყვნენ.
   XIX საუკუნის ბოლოს ყოფიდან გაქრა უდიელთა ტრადიციული ტანსაცმელი. 1800-იანი წლებში უდიელთა და ყარაბაღელი სომხების ტანსაცმელი ერთნაირი იყო. ორ ხალხს შორის კულტურის ამ ელემენტის მსგავსება საერთო წარმომავლობით უნდა აიხსნას.
    უდიების ტრადიციული საკვები მცენარეული პროდუქტები იყო: ლობიო, ბრინჯი, კაკალი, ბოსტნეული, ხილი, კენკრა. პურს, ჩვეულებრივ, ხორბლის ფქვილისგან თორნეში აცხობდნენ. განსაკუთრებით პოპულარული იყო ფლავის სხვადასხვა სახეობა, მოხალული და მოხარშული წაბლი, რომელსაც უდიები თბილისელ და ბაქოელ შემსყიდველებზე ყიდდნენ. ნიგვზისგან ხდიდნენ ზეთს.
   XIX საუკუნეში თითქმის ყველა უდიურ ოჯახს ასამდე ქათამი მაინც ჰყავდა. მოხარშული ფეტვით გასუქებულ ქათამს ბრინჯით ტენიდნენ და ბუხარში წვავდნენ. უდიების საკვების მნიშვნელოვან ნაწილს რძის პროდუქტები (მაწონი, არაჟანი, კარაქი, ერბო) შეადგენდა. დღესასწაულზე და სტუმრიანობისას აუცილებელი იყო ხორციანი კერძები (ჩიხირთმა, ტოლმა). ძალიან გავრცელებული იყო თევზის კერძები. კვების რაციონში აუცილებლად იყო თაფლი და ჰალვა. სხვადასხვა ხილისგან (ყურძენი, მსხალი, ვაშლი, თუთა, შინდი) იცოდნენ არყის გამოხდა. დახელოვნებული იყვნენ მწნილების დამზადებაში.
გვარები უცხო დაბოლოებებით
   ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხები, უდიებიც უაღრესად სტუმართმოყვარენი არიან. ტრადიციულია ასაკით უფროსისადმი, მოხუცისადმი პატივისცემა და მოწიწება. უდიელთა წინაპარ ალბანელებში ამ წეს-ჩვეულების შესახებ ბერძენი გეოგრაფი სტრაბონიც წერდა: „ალბანელები მოხუცებულობას მეტისმეტად სცემენ პატივს, არა მარტო თავისი მშობლებისას, არამედ სხვებისასაც“. სტუმართან სუფრაზე ვაჟი არ ჯდებოდა. ის სუფრის სიახლოვეს ტრიალებდა და ემსახურებოდა. ქალები კაცებთან ერთად არ სადილობდნენ. მეზობელთან ან სტუმრად წასვლისას ქალს ქმრისგან აუცილებლად ნებართვა უნდა მიეღო.
   უდიები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნათესაობას. გვარი ერთ სანათესავო წრეს წარმოადგენდა. ის ეგზოგამიური იყო. ქორწინება მკაცრად იყო აკრძალული შვიდი თაობის განმავლობაში. სომხურ-გრიგორიანული ეკლესია საქორწინო აკრძალვას ოთხი თაობით განსაზღვრავდა. შვიდ თაობამდე საქორწინო ურთიერთობის აკრძალვა კი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ნიჯელი უდიები მართლმადიდებლები იყვნენ და გვიან გახდნენ მონოფიზიტები. უდიებში მკაცრად იყო აკრძალული ქორწინება დედის მხრიდან ნათესავებზე.
   აზერბაიჯანში მცხოვრები უდიების გვარ-სახელები ორი სუფიქსით ბოლოვდებოდა. ნიჯელთა გვარები სომხური სუფიქსით (-იან) ბოლოვდებოდა, ხოლო ვართაშნელებისა  რუსული (-ოვ) სუფიქსით. ბოლო დროს ბევრმა უდიელმა გვარ-სახელის მაწარმოებელი სომხური სუფიქსი ტრადიციული უდიური ან აზერბაიჯანული ფორმანტით შეიცვალა, მაგალითად, კოჩარიანი  კოჩარლი და სხვ. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ უდიებს, მათი გვარები ძირითადად ქართულ -შვილი სუფიქსს ირთავენ. აღნიშნული სუფიქსებით ნაწარმოები უდიელთა გვარ-სახელები ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტებშია შეტანილი. უდიები დედაენაზე როცა მეტყველებენ და ამა თუ იმ გვარს ახსენებენ, უდიურ გვარებს სომხურ, ქართულ და რუსულ სუფიქსებს არ ურთავენ. ჩვეულებრივ, თითოეულ უდიურ გვარ-სახელს უდიური ფორმა აქვს. ნიჯელი დალაქიანების გვარის უდიური ფორმაა დალახო, ხამიანებისა  ხამარხო, ვაზირიანისა ვაზირხო. ვართაშნელი კანანჩოვის გვარს გამოთქვამდნენ როგორც კანარჩი, პაჯიკოვისას  პაჯიკი და სხვ. ვართაშენიდან გადმოსახლებულებს გვარებიც აქედან გადმოჰყვათ, ოღონდ გვარ-სახელები -შვილი სუფიქსით გაიფორმეს: პაჭიკი  პაჭიკიშვილი, ნემუში  ნემუშაშვილი... 
   უდიელთა ყველა გვარს თავისი სალოცავი („ჯილისა“) ჰქონია. ნიჯელებს საერთო სასოფლო სალოცავი არ ჰქონიათ. მათთვის ასეთი სალოცავი იყო ვართაშენის „იეღიშ არაქელ“. ვართაშნიდან საქართველოში გადმოსახლებულ უდიებს თან სალოცავის ნიში („ეველ“) გადმოუტანიათ, რომელიც ვართაშნის სალოცავ „წიმერიდან“ წამოღებული ქვის, მიწისა და ჯვრისგან შედგება. 
   კავკასიის სხვა ხალხების მსგავსად, უდიებმაც იცოდნენ ხელოვნური დანათესავება. შვილის შერჩენის მიზნით, სცოდნიათ ბავშვის „ყიდვა-გაყიდვა“. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნათლიას („ხაშბაბა“). უდიებში ნათლიაობა მემკვიდრეობითი ყოფილა, ამიტომ ქორწინება იკრძალებოდა არა მარტო ნათლიისა და ნათლულის ოჯახის წევრებს, არამედ მათ შთამომავლებს შორისაც. ნათლია ყველაზე პატივსაცემ სტუმრად ითვლებოდა. ის საქორწილო რიტუალშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. „ხაშ“ უდიურად მთვარეს, ნათელს ნიშნავს, შესაბამისად, „ხაშბაბა“ ნათლიას, ნათლიმამას, მთვარე-მამას. ასე რომ, „ხაშბაბა“ მთვარის ღვთაებას უკავშირდება. ძველი ალბანელებისთვის კი მთვარე ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო.
პატარძალი აუცილებლად ქალწული უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უდიებს ჰქონდათ ტრადიცია არაქალწული პატარძლისთვის ქურქის უკუღმა ჩაცმისა და მამის სახლში დაბრუნებისა. ისევე როგორც კავკასიის სხვა ხალხებისთვის, უდიებისთვისაც დამახასიათებელი იყო უმძრახობის წეს-ჩვეულება. დღეისთვის ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა.

   გარდაცვალებისთანავე მიცვალებულს განბანდნენ, სუდარაში ახვევდნენ, შემდეგ მღვდელს იწვევდნენ წესის ასაგებად. წესის აგების შემდეგ, მიცვალებული ლეიბით ეზოში გამოჰქონდათ და საგანგებოდ გაკეთებულ კიბეზე აწვენდნენ. აქედან ცხედარი ეკლესიაში მიჰქონდათ. ღამე იქ ტოვებდნენ. მეორე დღეს, ლიტურგიისა და გლოვის შემდეგ, მიცვალებულს კრძალავდნენ. ქელეხს მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. ტრაპეზი ყველის, პურის, მოხარშული ხორცის, ყაურმისა და შილაფლავისგან („შილახუა“) შედგებოდა.

კავკასიის ალბანეთის მეფეები (დაარსდა ძვ.წ. I ს-ში) დედაქალაქი კაბალა

ორონტე (ოროისი) ძვ.წ. 65 წ. ახლო ხანებში
კოსისი 
ზობერი ძვ.წ. 36 წ.
არშაკიდული დინასტია
ვაჩაგან I 276-293 (პართიის უკანასკნელი მეფე ვოლოგეზ VI-ის ვაჟი)
ვაჩე I ვაჩაგანის ძე 293-313
ურნაირი 313-371
ვაჩაგან II ურნაირის ძე 371-383
მირჰავანი 383-388
სატოი 388-399
ასაი 399-424
ასუაგენი 424-444
ვაჩე II 444-463
463-487 სპარსეთის ოკუპაცია
ვაჩაგან III 487-510
510-628 სპარსეთის ოკუპაცია
მიჰრანიდული დინასტია. დედაქალაქი პარტავი (მომავალი ბარდავი)
გარდმანისა და მოვაკანის მპყრობელები
ფეროზი 390-იანი-430-იანი
?
ხურსი ?-430
ბარზაბოდი 430-440
ვარაზ-ბაკური 440-450
მიჰრ I (მიჰრანი) 450-480
არმაიელი 480-510
ვარდ I 510-540
ვარდან I 540-570
ვარდ II 570-590
მიჰრ II (მიჰრანი) 590-600
ვარდანი 600-615
ვარაზმან ვარდანის ძე 615-628
ალბანეთის მეფეები
ვარაზ გრიგორ ვარდანის ძე 628-636
ვარაზ პეროზი  636
ჯევანშირ ვარაზ გრიგორის ძე 637-680
ვარაზ თრდატ I ჯევაშირის ძე 680-699; 704-705
შირუი ჯევანშირის ძე 699-704
   667 წელს მიჰრანიდები არაბთა ვასალები გახდნენ. 705 წელს არაბებმა ალბანეთი დაიპყრეს, ბევრი პროვინცია ჩამოაჭრეს და არაბულ პროვინცია არმენიას შეუერთეს.
არაბი მოხელე მიჰრანიდები, მცირე ალბანეთის ანუ გარდმანის მმართველები
გაგიკი 705-740
სტეფანოზ I 740-790
სტეფანოზ II 790-821
ვარაზ თრდატ II 821-822
    ვარაზ თრდატი ოჯახიანად ამოწყვიტა შაქის მთავარმა საჰლ იბნ სუმბატმა და ამ ტერიტორიას დაეუფლა. შაქის სამთავრო გადაიქცა ჰერეთის ვრცელ სამეფოდ, არაბულ წყაროებში არ-რანად რომ იწოდებოდა.

2 комментария:

  1. მოგესალმებით, ზემოხსენებული ეპოქის ალბანელები თურქულენოვანი ხალხი იყო?

    ОтветитьУдалить
  2. სტატია პირდაპირ იწყენა დაღესტანური ხალხი იყოო და თურქულენოვანი როგორ იქნებოდა.

    ОтветитьУдалить