четверг, 4 февраля 2021 г.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობა 1918-1921წწ. (დ. პერტაია)

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ხელისუფლებაში მოვიდნენ მენშევიკები, რომლებიც თითქმის სამი წლის განმავლობაში სათავეში ედგნენ და წარმართავდნენ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სოციალ-დემოკრატიული პარტია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავიდანვე არ იბრძოდა და არც საამისო ეკონომიკური პროგრამა ჰქონდა შემუშავებული. საგარეო სიტუაციით შეპირობებული მოულოდნელი დამოუკიდებლობის ვითარებაში მმართველ პარტიას ყველაზე მეტად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგება გაუჭირდა. ძალიან რთული პერიოდი იყო. 4 წლის მანძილზე მიმდინარე პირველმა მსოფლიო ომმა შთანთქა ყველა მეომარი ქვეყნის დოვლათი, მოშალა ნორმალური ცხოვრება. ასეთ ვითარებაში, გ. რობაქიძის სიტყვებით, „ლტოლვილნი და შევიწროებულნი მიუხედავად მათი რწმენისა და სარწმუნოებისა საქართველოში პოულობდნენ მშვიდ თავშესაფარს. და ყოველივე ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თვით საქართველო დამშეული იყო, ვინაიდან მის ირგვლივ და მის წინააღმდეგ საშინელი ბრძოლა წარმოებდა, როდესაც ოსმალეთი მას თავის მტრად რაცხდა, დიდ ანტანტას თავის მოწინააღმდეგე ბანაკის დამხმარედ მიაჩნდა და ფარულ ბოლშევიკობას სწამებდა, თეთრი რუსეთი იმპერიის შენობის დამრღვევათ და კომუნიზმის აგენტად ნათლავდა, წითელი რუსეთი კი კონტრრევოლუციის ბუდესა და დენიკინის მოკავშირეს უწოდებდა, ხოლო ორივე ერთად თანაბრის სისასტიკითა და ვერაგობით საშინელ სასურსათო და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკადის რკალს არტყამდა ირგვლივ და მოუსვენრად მუშაობდა მის შიგნიდან ასაფეთქებლად“.1 საქართველოს მოსახლეობა 1900-1921წწ. დაახლოებით 2,5 მლნ იყო. მოსახლეობის 4/5 სოფლად ცხოვრობდა და უმთავრესად სოფლის მეურნეობას ეწეოდა, დანარჩენი _ სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობას უპირატესად ქალაქებში. 18 ათ. თავადაზნაურული ოჯახიდან მხოლოდ 3 ათ.-მდე მსხვილი და საშუალო მემამულე მიეკუთვნებოდა ეკონომიკურად გაბატონებულ კლასს2. გაბატონებული კლასის უმრავლესობას შეადგენდა გაბურჟუებული ზედაფენა. თავადაზნაურთა 3/4 ეკონომიკურად საშუალო გლეხობას უთანასწორდებოდა, კულაკი, რომელიც გლეხობის 4-5%-ს შეადგენდა, თავს ქალაქელ ვაჭარს და სოფლის მსხვილ მემამულეს უთანაბრებდა, გაიზარდა მსხვილ ვაჭარ-მრეწველთამ რიცხვი, გლეხობის 3/5 პროლეტარებსა და ნახევრადპროლეტარებს წარმოადგენდა. ოფიციალური მონაცემებით, საკუთრივ სოფლის პროლეტართა რაოდენობა საუკუნის დამდეგისათვის 33 ათ. კაცს აღწევდა, მუდმივ სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო მუშათა რიცხვი კი 10 ათ. აღემატებოდა3. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე საქართველოს მთავრობა შეუდგა თურქების იერიშების მოგერიებას. მათ მიერ წამოყენებული ულტიმატუმი მთელ საქართველოს თურქეთის ჯარებით ოკუპაციას უქადდა. ამ მძიმე მდგომარეობაში საქართველომ გერმანიის დახმარება მიიღო, რომელმაც შესთავაზა, რომ შეაჩერებდა თურქეთის შეტევას და აიძულებდა მას, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით განსაზღვრული საზღვრებიდან დაეხია. გერმანია უანგაროდ არ აკეთებდა ამას. გერმანიის პარლამენტის 1918წ. 24-25 ივნისის სხდომაზე გაკეთებულ ფონ ვესტარფის მოხსენების ამონაწერიდან ჩანს, რომ „...გერმანიისათვის საქართველოს მნიშვნელობა განისაზღვრება ძირითადად მისი წიაღისეულით (ნავთობი, სპილენძი, მარგანეცი), აგრეთვე ნაყოფიერი მიწითა და კლიმატური პირობებით, მაგრამ მომავალში წამყვანი მნიშვნელობა მის გეოგრაფიულ მდებარეობას ექნება, როგორც გამავალ გზას შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და მის იქით. სწორედ ამ გზით გერმანია უზრუნველყოფს თავის მეურნეობას საჭირო ნედლეულით, რასაც მომავალში გერმანიისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.4 ფონ კრესის აღიარებით, გერმანელებმა საქართველოდან გაიტანეს 31000 ტ. მარგანეცი, 66,7 ტ. სპილენძი, 360 ტ. მატყლი, 45 ტ. ძონძები, 40350ც. ცხვრის ტყავი, 340 ც. რეზინის სალტე, 1201 ც. ავტოსაფარი და სხვ. „სამაგიეროდ, _ აცხადებდა ფონ კრესი, _ გერმანელებს საქართველოში განზრახული ჰქონდათ შემოეზიდათ გერმანული საქონელი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ჯერჯერობით, რადგან... გერმანიის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და საქონლის ყოველგვარი მარაგი ამოუწურიაო“.5 გერმანელებმა 1918წ. 26 დეკემბერს დატოვეს საქართველო. მალე ისინი ინგლისელებმა შეცვალეს. საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ბრძოლა მათ წინააღმდეგ უმთავრესად პოლიტიკური თუ დიპლომატიური ხასიათის იყო. ინგლისელებმა წასვლის წინ აჭარა საქართველოს „დაუტოვეს“. საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეებით დაინტერესებას იჩენდა იტალია. 1919წ. თებერვალში დიდი ბრიტანეთის ძალები უნდა შეცვლილიყო იტალიელებით, მაგრამ ეს არ მოხერხდა. 1919წ. აპრილში საქართველოს ეწვია იტალიის საგანგებო სამხედრო მისია პოლკ. გაბას მეთაურობით. მისიის საქმიანობა ძირითადად ეკონომიკური სფეროთი იჩენდა დაინტერესებას. მისია აგროვებდა ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციებს, რეკომენდაციებს უწევდა საქართველოს მთავრობის წინაშე იტალიელ ვაჭარ-მრეწველებს და ფირმების წარმომადგენლებს, ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ნედლეულის შესყიდვასა და გატანაში6. ხანგრძლივმა ომმა, ინტერვენტების თარეშმა, ქვეყნის სამეურნეო ორგანიზმის მოშლამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე. თუ 1913წ. შემოდგომის პურის ნათესს 107,8 ათ. ჰა ეკავა, 1921 წლისათვის ის 100 ათ. ჰა-თი შემცირდა, ვენახის ფართობი _ 29,5 ათ. ჰა-მდე. სოფლის მეურნეობაში ყველაზე ჩამორჩენილი დარგი იყო მეცხოველეობა. 1917წ. მონაცემებით საქართველოში გლეხურ მეურნეობათა 14,9%-ს საერთოდ არ ჰყავდა პირუტყვი, 37%-ს _ ძროხა. სამეურნეო ნაწილის მოშლის ვითარებაში ჩაკვდა საშინაო და საგარეო ვაჭრობა. 1919წ. 1 იანვრიდან 1920წ. 1 იანვრამდე საგარეო ვაჭრობის საერთო ბრუნვიდან შემოზიდვა 66%-ს უდრიდა, გაზიდვა _ 34%-ს7. უაღრესად მწვავედ დადგა მიწის საკითხი. ამიტომ მენშევიკები მათ მიერ წინათ აღიარებული მიწის მუნიციპალიზაციის უარყოფამდე მივიდნენ. „...წვრილ წარმოებას კერძო საკუთრება უფრო ეგუება. ამიტომ ავიღეთ ჩვენ ხელი მუნიციპალიზაციაზე და შევჩერდით ისეთ ფორმაზე, რომელიც არც ეკონომიკურ განვითარებას შებორკავს და არც გლეხებისათვის იქნება მიუღებელი _ ეს არის მიწის კერძო საკუთრება,~ _ წერდა გაზ. ერთობა 1918წ. ნოემბერს. 1919 წლის 22 იანვარს დამფუძნებელი კრების მიერ მოწონებულ იქნა აგრარული კანონი, რომელიც მიწაზე კერძო საკუთრების დაწესებას და სახელმწიფო ფონდიდან გლეხობაზე მიწების მიყიდვას ითვალისწინებდა. „ჩვენი სოციალიზმი უმთავრესად გამოიხატა აგრარულ რეფორმაში. ის, რაც ჩვენში მოხდა ამ სფეროში უფრო ეწოდება რევოლუცია, ნამდვილათ კი ეს იყო რეფორმა. რატომ? იმიტომ რომ ეს ჩატარდა ყოველივე ძალადობის, არეულობის და ბრძოლის გარეშე... უსასყიდლოთ მადნების ჩამორთმევა, უბრალო კონფისკაცია დემოკრატიული გზით, ყველა პირობებში იქნებოდა ეკონომიკური კატასტროფა, სამოქალაქო ომის გამომწვევი, ხოლო აგრარულ პირობებში კი ის თავისთავად საგულისხმოდ გადაიქცა“,8 _ იგონებდა ნ. ჟორდანია. ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მენშევიკურმა მთავრობამ შემდეგნაირად განსაზღვრა: „ჩვენი ნაციონალური აღორძინება პირველყოვლისა მოითხოვდა მთელი ხალხის დაინტერესებას... არა სიტყვით, პროპაგანდით, არამედ რეალურათ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით. თავისუფალ საქართველოს მისთვის უნდა მიეცა რაღაც მეტი... ეს იყო საგარეო მყუდროების გარდა ეკონომიკური გაუმჯობესება... ჩვენი ხელმძღვანელი აზრი იყო.., გლეხობას დაენახა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობამ მას მოუტანა მიწა, მისცა ცხოვრების ახალი საშუალებანი. ასე რომ, აგრარული რეფორმა გახდა უაღრესათ ნაციონალური რეფორმა ჩვენში“.9 ფაქტს იმისა, რომ ქართველი გლეხი იარაღით არ შეიძლებოდა დაპირისპირებოდა ეროვნულ მთავრობას და ეს ყველაფერი საბჭოთა რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული, ადასტურებს 1919 წლის დამლევს სპეციალური დავალებით საქართველოში მყოფი ა. კობახიძე (მირსკი) თავის წერილში ლენინისა და სტალინისადმი, სადაც აღნიშნავს, რომ გლეხობა საქართველოში პასიურია. ქართველი მენშევიკების აგრარულმა პოლიტიკამ მას კერძო საკუთრებაში გადასცა მიწის განსაზღვრული ნორმა, რამაც განაპირობა, რომ გლეხობა მხარს უჭერს მენშევიკებსო10. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, არც მუშათა კლასი აუჯანყდა მთავრობას. ის მხოლოდ თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობდა, რასაც თვითონ ბოლშევიკებიც ადასტურებენ. იგივე ა. კობახიძე (მირსკი) აღნიშნავს, რომ მენშევიკები შედარებით სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს მუშათა მოთხოვნებს. თეთრი პური კერძო გაყიდვაში 30 მანეთი ღირს 1 ფუთი, მუშისათვის კი _ 4 მანეთი, ხოლო დეფიციტი ამ ღონისძიების შედეგად _ დაახლოებით 150 მლნ მანეთი _ იფარება ხაზინითო11. 1924 წლის რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ოქტომბრის პლენუმზე გაკეთებულ მოხსენებაში ს. ორჯონიკიძე, ეხებოდა რა საქართველოს მდგომარეობას, აღიარებდა: „...ჩვენსა და მენშევიკებს შორის ატეხილი დავა ჯერ კიდევ 1904-1905 წლებში მენშევიკთა სასარგებლოდ გადაწყდა... მუშები 1921 წელს მასობრივად გამოეხმაურნენ მენშევიკთა მთავრობის მოწოდებას შაშხანით ხელში გამოელაშქრათ ჩვენ წინააღმდეგ, როცა მენშევიკებს შევუტიეთ“.12 ცხადია, ქართველი თავადაზნაურობა ვერ დარჩებოდა კმაყოფილი მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით (მათ ხომ მიწის გარკვეული რაოდენობა დაკარგეს), თუმცა ცნობილია, რომ ეს რეფორმები სრულებითაც არ ატარებდნენ რადიკალურ ხასიათს. ისიც ცნობილია, რომ ქართველმა თავადაზნაურობამ 1917 წლის შემოდგომაზე ჯერ თავადაზნაურთა საგუბერნიო კრებებზე, შემდეგ კი _ ქართულ ეროვნულ თავყრილობაზე, „თავადაზნაურობის კოლექტიური ქონება“ ქართველ ხალხს გადასცა ნებაყოფლობით. ამ ქონებაში შედიოდა თბილისისა და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკები, თბილისისა და ქუთაისის ქართული გიმნაზიები, კახეთის რკინიგზა, ქართული კლუბის შენობა და 800 დეს. მიწა თბილისსა და წინამძღვართ კარში, რის გამოც ნ. ჟორდანიამ ეროვნულ ყრილობაზე მათ მადლობა გადაუხადა13. მძიმე იყო მდგომარეობა მრეწველობაში. სამრეწველო საწარმოები სათბობისა და ნედლეულის მწვავე ნაკლებობას განიცდიდნენ. მოძველებული და შეუკეთებელი დაზგებისა და მოწყობილობების მწარმოებლურობა მეტად დაბალი იყო. ამის გამო სამრეწველო საქონელი უმნიშვნელო რაოდენობით მზადდებოდა. სახალხო მეურნეობაში წინათ დაგროვილი საქონლის მარაგი მალე ამოიწურა და მიმდინარე მოხმარების უზრუნველსაყოფად ერთი მთავარი გზა დარჩა _ იმპორტი. მაგრამ იმპორტისათვის საჭირო იყო ოქროს მარაგი ან უცხოური ვალუტის მუდმივი წყარო. არც ერთი და არც მეორე ომით გაჩანაგებულ ეკონომიკურად ჩამორჩენილ ქვეყანას არ მოეპოვებოდა. უკეთესი მდგომარეობა არც სოფლის მეურნეობაში იყო. შემცირდა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოება. განსაკუთრებით დაეცა ის დარგები, რომლებიც რუსეთის და უცხოეთის ბაზრებთან იყო დაკავშირებული _ მევენახეობა, მეთამბაქოება, მეაბრეშუმეობა. სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაქვეითება მძიმე მდგომარეობას უქმნიდა ქალაქების სურსათით მომარაგებას. „კვების საქმე მართლაც ცუდათ იყო მოწყობილი, _ იხსენებდა ნ. ჟორდანია. _ რუსეთი... პურს ჩვენსკენ არ უშვებდა, ყუბანის დემოკრატიული მთავრობის მიერ გამოგზავნილი მთელი გემი ხორბლეულისა დააკავეს დენიკინელებმა და უკან დააბრუნეს ტუაფსეში. უცხოეთიდან ვერ ვღებულობდით ბლოკადის გამო... ხანდახან უცაბედათ ვახერხებდით სტამბოლის გზით პურის გამოპარებას უცხოეთიდან... მეც სანოვაგეს ჩემი სახლიდან ვიღებდი ხშირათ. ერთხელ ჩამოვიდა დედაჩემი მრავალნაირი სანოვაგით, გაგვიხარდა რასაკვირველია. დედა მეუბნება: მითხრეს შენ მინისტრი ხარო, რავა დავიჯერო, ჩემი სარჩენი მინისტრი ვის გაუგონიაო. მართლაც, გამოდიოდა, რომ მე მას კი არ ვარჩენდი, არამედ ის მე“.14 საქონლის მწვავე ნაკლებობამ შექმნა ხელსაყრელი პირობები სპეკულაციის აყვავებისათვის. ეწყობოდა სააქციო საზოგადოებები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სპეკულაციური ვაჭრობის წარმოებას. 1919 წლის დეკემბერში, როცა მენშევიკურ მთავრობას დამფუძნებელ კრებაზე ნაციონალ-დემოკრატებმა უსაყვედურეს, რომ ის ხელს არ უწყობს კერძო ინიციატივის გაშლას მრეწველობაში, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა ს. ავალიანმა საპასუხოდ განაცხადა: „ჩვენ ერთი წლის განმავლობაში 20 სააქციო საზოგადოებას დავრთეთ ნება, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საზოგადოებამ მრეწველობას არ მოჰკიდა ხელი, უმრავლესობამ სპეკულაციის წარმოება დაიწყო“.15 საქართველოს მრეწველობის დარგების უმეტესობას მაშინ ადგილობრივი სათბობი ბაზა, ნედლეული არ გააჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მის წინააღმდეგ გატარებულმა ბოიკოტმა ფაბრიკა-ქარხნების ტექნიკური მომარაგება მთლიანად ან ნაწილობრივ ჩაშალა. მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაცემას ზედ ერთვოდა სატრანსპორტო სიძნელეები. რკინიგზაზე მასალების ნაკლებობის გამო მოძრავი შემადგენლობების რემონტი არარეგულარულად წარმოებდა. იგი ცუდად მარაგდებოდა სათბობით. ამავე დროს რკინიგზის მთელ ხაზზე უცხოელი ოკუპანტები დათარეშობდნენ. საზღვაო ტრანსპორტიც მათ ხელში იყო. ცხადია, ასეთ მდგომარეობაში ტრანსპორტი ვერ უზრუნველყოფდა გადაზიდვებს და კიდევ უფრო აძლიერებდა ეკონომიკურ ქაოსს. მენშევიკურ მთავრობას უჭირდა რეალური ბიუჯეტის შედგენა, რადგანაც თავის განკარგულებაში არ გააჩნდა არც ოქროს მარაგი, არც საქონლის მნიშვნელოვანი ფონდები. ს. ავალიანის ანგარიშით, მენშევიკური სახელმწიფოს 1918-1919 წლების ბიუჯეტის წმინდა დეფიციტი 75%-ით გამოიხატა, ხოლო 1919-1920 წლებისა _ 60%-ით. საქართველოს ბიუჯეტის შემოსავალი 1918 წლის 1 ივნისიდან 1919 წლის 31 მაისამდე უდრიდა 57 მლნ მანეთს, გასავალი კი _ 649 მლნ-ს16. ნ. ჟორდანია საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას ასე ხსნიდა: „საქართველოს სახელმწიფო ხაზინას... 1917 წლის ოქტომბრიდან ცალი კაპიკი არ მიუღია რუსეთიდან, ადვილად წარმოიდგენთ ჩვენ ფინანსურ გაჭირვებას. ხოლო, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, ხაზინა სრულად ცარიელი იყო... მართალია შემოსავლის წყარო ფინანსური თვალსაზრისით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ ბონების ბეჭდვის მეტი სხვა რა გზა გვქონდა“.17 ასეთ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში „ყველა პირი თუ დაწესებულება მთავრობას სთხოვდა დახმარებას... საიდან, სად აქვს მთავრობას ფული არავინ კითხულობდა... დაგვრჩა ფულის საბეჭდი მანქანა ერთად-ერთ წყაროდ შემოსავლისა... ვაძლევდით სესხად ყველას, ვინ კი მოგვთხოვდა, ხოლო სესხის დაბრუნებაზე არავის უფიქრია. ვიყავით მეტად ხელგაშლილი, ძველი თავადივით“.18 ფულის საბეჭდი მანქანის განუწყვეტელი მუშაობის შედეგი კი ასეთი იყო: 1918 წელს ოქროს მანეთი ბონზე 4 მანეთს, ხოლო 1920 წელს კი _ 2000 მანეთს ფასობდა19. გამუდმებული სამხედრო მოქმედებები, როგორც გარეშე მტრების, ისე ქვეყნის შიგნით დამოუკიდებლობისადმი მტრულად განწყობილი ელემენტებისა და მათ მიერ ინსპირირებული რეგიონების წინააღმდეგ, დიდ ხარჯებს მოითხოვდა. მენშევიკური მთავრობის უპირველესი საზრუნავი სახელმწიფო შემოსავლის გადიდება იყო. ამისათვის მათ ზოგიერთი საექსპორტო საქონლის სახელმწიფო მონოპოლიის შემოღებას მიმართეს. სახელმწიფო მონოპოლია დაწესებულ იქნა მარგანეცის, მატყლის, აბრეშუმის პარკის, ფურცლოვანი თამბაქოს და მთრიმლავი მასალების უცხოეთში გატანაზე20. დანარჩენი საქონლის ექსპორტი თავისუფალი იყო. რაც შეეხება უცხოეთის საქონლის იმპორტს, აქ მთავრობის ჩარევა ბაჟის გადახდევინებით განისაზღვრებოდა. უცხოეთის ფირმების რჩევით, ნ. ჟორდანიას მთავრობამ 1920 წლის სექტემბერში სპეციალური დეკლარაციაც გამოაქვეყნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მონოპოლიზებული საქონლიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მარგანეცი იყო. ვალუტის უქონლობის გამო მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ საერთაშორისო ბაზრებზე საქონელი მარგანეცზე გაცვლით შეეძინათ. მომარაგების სამინისტროს ერთ-ერთმა აგენტმა მოახერხა ამ გზით ფქვილის შესყიდვა, რკინიგზის უწყების წარმომადგენლებმა კი _ მათთვის საჭირო მასალების. ასეთი ფაქტები ბევრი იყო21. მაგრამ ვინაიდან მარგანეცის გაყიდვის უფლების მქონე მრავალი აგენტის გამოსვლა მსოფლიო ბაზარზე მადნის ფასის დაცემას იწვევდა, დაარსებული იქნა აქციონერთა „ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო საზოგადოება“, ანუ, როგორც მას ოფიციალურად უწოდებდნენ, „ჩემო“, რომელსაც მენშევიკურმა მთავრობამ განსაზღვრული პირობით გადასცა სახელმწიფო მონოპოლიური უფლება მარგანეცის გატანისა საზღვარგარეთ. „ბევრი მსჯელობა გვქონდა მინისტრებისა და პოლიტიკური ორგანოების თათბირებზე სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. ერთი მხრით საჭირო იყო ჩვენი ნორჩი სახელმწიფოს გამაგრება ნივთიერი საშუალებებით, ხოლო მეორე მხრით აუცილებელი იყო კერძო და საზოგადო ინიციატივის გაძლიერება. ბევრი დავის შემდეგ ეს ორი პრინციპი შევაერთეთ და მუხლებრივ ჩამოყალიბდა. ამ გზიდან არ გადაგვიხვევია ყველა სხვადასხვა მონოპოლიების შემოღებაში და გატარებაში“,22 _ იხსენებს ნ. ჟორდანია. მენშევიკურმა მთავრობამ ფართო გასაქანი მისცა კერძო ინიციატივას. მენშევიკური ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანცელარიის საქმეებიდან ირკვევა, რომ იმ ხანებში დაარსდა: აბაშის სავაჭრო-სამრეწველო ბანკი, სამეგრელოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკი ახალსენაკში, ოზურგეთის კომერციული ბანკი, ჭიათურის ბანკი, ქიზიყკახეთის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბანკი23. ახალდაარსებული ამიერკავკასიის ბანკის, საქართველოს კოოპერაციული ბანკის, „ცენტრობანკის“ გვერდით შეუფერხებლად განაგრძობდნენ მუშაობას რევოლუციამდე არსებული ბანკებიც, ასევე ევროპა-კავკასიის სავაჭრო ბანკი, იტალია-კავკასიის გამნაღდებელი ბანკი, მთელი რიგი სხვა უცხოური ბანკების განყოფილებები და სააგენტოები. ნაციონალური კაპიტალი მრეწველობაში ახალ პოზიციებს იჭერდა. ჭიათურაში მოქმედი31 მადანსარეცხი ქარხნიდან 22 ქარხანა ქართულ კომპანიას და ცალკეულ ქართველ მრეწველებს ეკუთვნოდათ. ქართული კაპიტალის ხვედრითი წილი იმდენად მაღალი იყო 1919 წლის დასასრულს, რომ მისთვის ადგილზე მოქმედ უცხოურ ფირმებს უკვე აღარ შეეძლოთ მეტოქეობის გაწევა24. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში პროფ. ი. ტაბაღუას მიერ მოძიებული ცნობით, საქართველოში სავაჭრო და სამრეწველო საწარმოების საერთო რიცხვი 1920 წელს შეადგენდა 17418-ს, მათ შორის 3370 იყო სამრეწველო საწარმო, სადაც მუშების რიცხვი 17 ათ.-ზე მეტი იყო და წლიური პროდუქცია შეადგენდა 23 მლნ მანეთზე მეტს ოქროთი. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ირიცხებოდა 113 საბანკო და კომერციული დაწესებულება, რომელთა ძირითადი კაპიტალი ითვლიდა 119 მლნ მანეთს ოქროთი25. საქართველოში სუსტდებოდა სომხური კაპიტალის პოზიციები და მის ადგილს, მართალია, ნელი ტემპით, ქართული კაპიტალი იკავებდა. ამ პროცესს ხელს უწყობდა მენშევიკური მთავრობის ღონისძიებები. მაგალითად, მთავრობამ გამოისყიდა ტყიბულის ნახშირის მაღაროები მთელი დამხმარე მეურნეობით, რომელიც ტყიბულის სამთო-სამრეწველო საზოგადოება „ნახშირას“ ეკუთვნოდა26. ასევე გამოსყიდული იქნა თბილისში გ. ადელხანოვის სააქციო საზოგადოების ცნობილი ქარხანა და არამიანცის მიერ სასტუმროს მოსაწყობად აგებული შენობა (დღ. სასტუმრო „თბილისი“). უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში 2 გზით შეიძლებოდა _ სესხის მიღებითა და კონცესიების გაცემით. ომისშემდგომი ევროპის ქვეყნებში საფინანსო სისტემის მოშლის გამო სესხის მიღება ძნელი იყო. უფრო უტყუარ საქმედ ჩანდა კონცესიების გაცემა. ამიტომაც მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლები უცხოელებთან პოლიტიკური და ეკონომიკური მოლაპარაკების დროს მათ სხვადასხვა დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეთა დამუშავების უფლებას სთავაზობდნენ. მთავრობამ ევროპაში გააგზავნა საგანგებო ეკონომიკური მისია ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის კ. კანდელაკის მეთაურობით. მისიის შემადგენლობაში ნიკო ნიკოლაძეც იყო. `ვალუტის შესაქმნელად, _ წერდა გაზ. „ერთობა“ 1920 წლის 30 მარტს. _ მისიას დასჭირდა საქართველოს სხვადასხვაგვარი სიმდიდრის გამოყენება“. მაგრამ მისიამ იმედები ვერ გაამართლა, რაზედაც თავისი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვითარების გამწვავებამ, კერძოდ იმან, რომ ევროპასა და ამერიკაში იმ დროს სამრეწველო კრიზისი დაიწყო. საბჭოთა რუსეთი უცხოელთა ინტერვენციიდან გამარჯვებული გამოვიდა, რის გამოც ლონდონსა და პარიზში ამ მისიასთან სერიოზულ გარიგებაზე არ ჩქარობდნენ. „თქვენი პირობები სავსებით მისაღებია, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ როგორია თქვენი პოლიტიკური მდგომარეობა? _ კითხულობს ინგლისელი და აშკარად ატყობთ, რომ მას ეშინია, ეშინია და რისკზე ვერ მიდის იმ ქვეყანაში, სადაც დღეს თუ ხვალ ბოლშევიზმი იფეთქებს, ქვეყანა გადატრიალდება და იგიც, რასაკვირველია, თავის კაპიტალს დაკარგავს“,27 _ წერდა გაზ. „ერთობა“ 1920 წელს. მისიამ 8 თვის მოლაპარაკების შედეგად დადო 3 მნიშვნელოვანი ხელშეკრულება: 1. ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან _ 1,5 მლნ გირვანქა სტერლინგის სესხის მიღების შესახებ; 2. იტალიურ ფირმა „ილვასთან“, იტალია-კავკასიის გამნაღდებელ ბანკთან და „იტალიის კავკასიურ კომპანიასთან“ _ მათთვის ტყვარჩელის ქვანახშირის საბადოს დამუშავების კონცესიით გადაცემის შესახებ; 3. ფრანგ მრეწველ ფერანთან _ მისთვის საქართველოში აბრეშუმის ძაფსაღები და ძაფსართავი ფაბრიკების მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე კონცესიის მიცემის შესახებ. ამასთანავე მისია მოლაპარაკებას აწარმოებდა უცხოელ კაპიტალისტებთან საქართველოს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრის კონცესიით გაცემის შესახებ. დიდი იყო იმედი ამ კონცესიებზე. „ჩვენ გვწამს, რომ ამ ხელშეკრულებებს მოყვება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები“,28 _ აცხადებდა კ. კანდელაკი რკინიგზელთა III ყრილობაზე 1921 წლის იანვარში, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდათ. 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში იმოგზაურეს II ინტერნაციონალის ლიდერებმა და თავიანთი აზრი გამოთქვეს აქ შექმნილ მდგომარეობაზე. ინგლისის ლეიბორისტული პარტიის ბელადი რამსეი მაკდონალდი 1920 წლის 16 ოქტომბერს წერდა: „ქართველმა სოციალისტებმა შეძლეს ის, რაც ევროპაში სახელმწიფოს სათავეში მყოფმა სოციალისტებმა ვერ შესძლეს... შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით... ვისურვებდი ასე მოწყობილი მენახოს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში“. ცნობილი ბელგიელი სოციალისტი ემილ ვანდერველდე 1920 წლის 20 ოქტომბერს წერდა: „...მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა იძლევა დიდ დადებით პერსპექტივებს ქართველ მუშათა კლასის ინტერესების, მთელი ერის ეკონომიკური წარმატებისათვის, მაგრამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია თუ საქართველოს არ ექნა საერთაშორისო სტატუსი, უფლება, თუ იგი არ იქნა ცნობილი ყველა სახელმწიფოს მიერ“.29 მეორე ინტერნაციონალის ლიდერებმა მოიარეს და შეისწავლეს საქართველო, მათ დაინახეს, რომ დამოუკიდებელ საქართველოს დახმარება სჭირდებოდა. კ. კაუცკიმ 1920წ. ოქტომბერში ეკონომიკურ თათბირზე მენშევიკებს მიმართა: „თქვენ ვერ გაძლებთ დასავლეთ ევროპის დაუხმარებლად... თქვენ იძულებული იქნებით უცხო კაპიტალი მოიწვიოთ თქვენს ქვეყანაში, თუკი თქვენს ქვეყანაში თქვენ მოახერხებთ სესხის აღებას უცხოეთში _ მაშინ უცხოელების მიერ თქვენში საწარმოო დაწესებულებების დაარსების გვერდის ავლა შეუძლებელი იქნება.., თქვენი მოვალეობა იქნება გამონახოთ ისეთი ფორმები, რომლებიც კაპიტალს არ დააფრთხობენ“.30 საქართველოში იდეალური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო. ეკონომიკურად ყველას უჭირდა. ცალკეულ რაიონებში შიმშილობის ელემენტებიც შეინიშნებოდა. დაღმავალი გზით მიდიოდა მთელი სახალხო მეურნეობა, ფინანსები, ტრანსპორტი, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ ასეთივე ან უარესი მდგომარეობა იყო მეზობელ ქვეყნებშიც. ამის დამადასტურებელი იყო თუნდაც ქართული ფული, რომელსაც, არნახული ინფლაციის მიუხედავად, უფრო მაღალი კურსი ჰქონდა, ვიდრე საბჭოთა რუსეთის (1:100), საბჭოთა აზერბაიჯანის (1:100) და საბჭოთა სომხეთის (1:150) ფულის ნიშნებს. ქართული ბონების ეს კურსი შენარჩუნებული იქნა საქართველოს გასაბჭოების პირველ წელსაც31. საქართველოს ეკონომიკურ სიდუხჭირეზე მმართველი პარტიის ლიდერებიც მიუთითებდნენ. 1920წ. 13 ოქტომბერს რესპუბლიკის ეკონომიკურ თათბირზე ნ. ჟორდანია ამბობდა: „ჩვენ ვამბობდით, რომ ეკონომიურ მხრივ კატასტროფისაკენ მივისწრაფვით. ბევრს არ სჯეროდა ამ აღიარების და ეგონა, რომ მათ ჩვენ მხოლოდ ვაშინებდით. დღეს ეს სიტყვები უკვე გამართლებულია. დღეს თითოეული ჩვენთაგანი გრძნობს, თვითეული მწვავედ განიცდის, რომ ჩვენ არა თუ მივდივართ კატასტროფისაკენ, _ ჩვენ უკვე მივედით იქამდე“.32 კიდევ უფრო მოურიდებლად ლაპარაკობდნენ მასზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მოხერხებულად იყენებდნენ ამ მომენტს უმთავრესად სოციალ-დემოკრატებისაგან შემდგარი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკისათვის. კავკასიიდან მოსკოვს დაბრუნებულმა ი. სტალინმა 1920 წ. 30 ნოემბერს გაზ. „პრავდის“ ფურცლებზე ოფიციალურად განაცხადა: „საქართველოს კატასტროფული სამეურნეო და სასურსათო მდგომარეობა ფაქტია, რასაც ახლანდელი საქართველოს მესვეურებიც კი აღნიშნავენ. ანტანტის ბადეში გახვეული საქართველო, რომელმაც ამის გამო დაკარგა როგორც ბაქოს ნავთი, ისე ყუბანის პური, საქართველო, რომელიც ინგლისისა და საფრანგეთის იმპერიალიზმის ოპერაციების ძირითად ბაზად გადაიქცა და ამიტომ საბჭოთა რუსეთთან მტრული ურთიერთობა დაამყარა, _ ეს საქართველო ამჟამად თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის“.33 მართალია, იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკა სხვადასხვა მიზეზის გამო მართლაც სავალალო მდგომარეობაში იყო და ამას არც ქართველი მენშევიკები მალავდნენ. ყველაფერი კი იმისათვის კეთდებოდა, რომ შემდეგისათვის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია გამართლებულიყო. „ჩვენ ვაკეთებდით იმას, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ასეთ პირობებში. გასაკვირი იყო არა ის, რაც გვაკლდა, არამედ ის, რაც გვქონდა, როგორ ვიტანდით ამდენ გაჭირვებას, როგორ ვებრძოდით მოზღვავებულ დაბრკოლებათ“,34 _ ასკვნის ნ. ჟორდანია. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საშინაო ცხოვრებას არ ახასიათებდა კრახის ტენდენციები. მისი ეკონომიკური გასაჭირი დროებითი იყო. ქვეყანა თანდათანობით გამოდიოდა კრიზისული მდგომარეობიდან, სძლევდა იზოლაციას და უცხოეთთან კონტაქტების გაფართოებით ახერხებდა სახალხო მეურნეობის ყველა დარგში აღმავლობის გზების დასახვას. რუსეთში და რუსეთიდან გამოყოფილ ბევრ სახელმწიფოში, ისე როგორც თვით ევროპის დიდად განვითარებულ ქვეყნებში, ნორმალური ეკონომიკური მდგომარეობის შესაქმნელად საჭირო გახდა არანაკლებ 7-8 წლისა. დამოუკიდებელ საქართველოს არ დასცალდა ამდენ ხანს არსებობა. იგი დაპყრობილ იქნა საბჭოთა რუსეთის მიერ სწორედ მაშინ, როცა უკვე ჩასახული იყო მისი ეკონომიკური გამაგრების საშუალებანი.
შენიშვნები
1. ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991, გვ. 81. 2. А. Бендианишвили. Грузинская деревня в 1864-1917гг., Тб., 1968, გვ. 70. 3. იქვე, გვ. 70-74. 4. ახალი საქართველო. _ მემორანდუმი სტატისტიკური ცხრილითა და რუკის სქემით მიხეილ წერეთლისა, აგრეთვე დანართი _ ამონაწერი გერმანიის პარლამენტის 1918 წლის 24-25 ივნისის სხდომის ოქმიდან, გვ. 5-8; ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც.., გვ. 78. 5. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918წ. 19 ნოემბერი. 6. ამ საკითხზე დაწვრილებით იხ.: დ. ჯოჯუა. საქართველო-იტალიის ურთიერთობა 1919-1921 წლებში, თბ., 1997; ი. ტაბაღუა. საქართველოს მანდატი, _ გაზ. „კომუნისტი“, 1989წ. 6 ივნისი; ი. ტაბაღუა. იტალიის არქივებში. მასალები საქართველოს შესახებ, _ გაზ. „თბილისი“, 1990წ. 2 თებერვალი. 7. ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, თბ., 1972, გვ. 597. 8. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული (მოგონებანი), თბ., 1990, გვ. 100. 9. იქვე, გვ. 102. 10. გაზ. „სახალხო განათლება“, 1989წ. 24 მაისი. 11. იქვე. 12. მლი ცპა, ფ. 17, აღწ. 2, საქ. 154; ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც.., გვ. 121-123. 13. გაზ. „ერთობა“, 1917, #203. 14. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული, გვ. 102. 15. გაზ. „ერთობა“, 1920, #235. 16. კ. ჩარკვიანი. ქართველი მენშევიკების ანტიხალხური ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, თბ., 1970, გვ. 23. 17. ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის.., გვ. 598. 18. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული, გვ. 114. 19. ა. სურგულაძე. საქართველოს მენშევიკური მთავრობის.., გვ. 598. 20. კ. ჩარკვიანი. ქართველი მენშევიკების.., გვ. 24. 21. იქვე, გვ. 25. 22. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული, გვ. 110. 23. კ. ჩარკვიანი. ქართველი მენშევიკების.., გვ. 39. 24. იქვე, გვ. 43. 25. ი. ტაბაღუა. საქართველო და ევროპის სახელმწიფოები. საფრანგეთის არქივში შენახული ცნობა. _ გაზ. „თბილისი“, 1989წ. 15 ივლისი. 26. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, #47. 27. გაზ. „ერთობა“, 1920, #200. 28. გაზ. „ერთობა“, 1921, #11. 29. კ. ინასარიძე. პატარა „ოქროს ხანა“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1918-1921. _ რადიოდოკუმენტაცია, _ მიუნხენი, 1984, გვ. 398-409; ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც.., გვ. 83. 30. გაზ. „ერთობა“, 1920, #238. 31. ლ. თოიძე. ინტერვენციაც, ოკუპაციაც.., გვ. 75. 32. გაზ. „ერთობა“, 1920, #235. 33. ი. სტალინი. თხზულებანი, ტ. 4, თბ., 1955, გვ. 440. 34. ნ. ჟორდანია. ჩემი წარსული, გვ. 105.

Комментариев нет:

Отправить комментарий