понедельник, 8 февраля 2021 г.

ადრიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და იბერია (ხ. პერტია)

ართულ სამყაროსთან რომის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში II ს. 20-30-იანი წლები, იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) მმართველობის ხანა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფურცელია. ეს ეპოქა დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას და შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე კარგადაა შესწავლილი, თუმცა, ბუნებრივია, ბოლომდე ამოწურულად არ შეიძლება ჩაითვალოს და ადრიანეს ეპოქის რომისა და იბერიის ურთიერთობის საკითხის გარშემო ჯერ კიდევ ბევრი რამაა საკვლევი და დასაზუსტებელი.
რომისა და ქართული პოლიტიკური ერთეულების ურთიერთობებს საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ. 65წ., როდესაც რომაელმა სარდალმა გნეუს პომპეუსმა, იბერიასა და კოლხეთში ძლევამოსილი ლაშქრობის შემდეგ, ეს ქვეყნები, მის მიერ აზიაში დამორჩილებული სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების მსგავსად, რომის ხელდებულ ქვეყნებად გამოაცხადა1. მიუხედავად იმისა, რომ იბერია „რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე“ ქვეყნად იქნა გამოცხადებული, რაც რომაულ პრაქტიკაში ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა2, რომის გავლენა მასზე ცვალებადი და არამყარი იყო. ამასთან, პომპეუსის აღმოსავლური კამპანია იბერიის სამეფოსათვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა, რამდენადაც ამ ლაშქრობის შედეგად იბერია განთავისუფლდა მძლავრი მეზობლების – მითრიდატული პონტოს სამეფოსა და „დიდი არმენიის“ პოლიტიკური გავლენისაგან3. პონტოს სამეფოს დაცემის, ტიგრან II-ის (ძვ.წ. 95-56წწ.) მიერ რომის უზენაესობის აღიარების და ძლიერი „დიდი არმენიის“ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ გადაქცევის შემდეგ, იბერიის წინაშე ახალი პერსპექტივები დაისახა4.
სწორედ ამ პერიოდიდან იწყება იბერიის სამეფოს გაძლიერება და მისი პოლიტიკური ამბიციების ზრდა, რასაც ხელს უწყობდა ქვეყნის სტრატეგიულ-გეოგრაფიული მდებარეობა. იბერია აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიის უღელტეხილებს, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარიალის გადმოსასვლელს, რომელთა მეშვეობით ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო იმიერკავკასიელი მრავალრიცხოვანი მეომარი ნომადების გადმოყვანა5.
იბერიის მმართველ წრეებს, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მეომართა რაზმებთან კავშირში, საჭიროების დროს, შეეძლოთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაცვა და რეგიონის მასშტაბით ნებისმიერი სახელმწიფოსათვის პრობლემის შექმნა.
ახ. წ. I ს. იბერია საკმაოდ აქტიურ და დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებდა. ხშირად ეს პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდიოდა რომის აღმოსავლურ პოლიტიკასთან (მაგ., ფარსმან I-ის დროს, I ს. 30-იან წლებში). თუმცა, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარების, იმპერიის პართიასთან განუწყვეტელი დაპირისპირებისა და სომხეთისათვის მუდმივი ბრძოლის პირობებში, რომის მმართველი წრეები იძულებული იყვნენ, იბერიის მხოლოდ ფორმალური ვასალობით დაკმაყოფილებულიყვნენ, რათა ეს უკანასკნელი არ მიმხრობოდა მოწინააღმდეგის ბანაკს6.
ახ. წ. II ს. 20-30-იანი წლები იბერია-რომის ურთიერთობა ახალ ფაზაში შედის, რაც დაკავშირებული იყო, ერთი მხრივ, თვითონ იბერიის გაძლიერებასთან და, მეორე მხრივ, იმპერიის საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალურ ტრანსფორმაციასთან. იმპერატორ ადრიანეს მმართველობის დროს რომი იძულებულია, უარი თქვას წინამორბედი იმპერატორის – ტრაიანეს (98-117წწ.) დროს დაწყებულ გლობალურ ექსპანსიაზე და კვლავ იმპერიის საზღვრების დაცვის, დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნების ავგუსტუსისეულ დოქტრინას დაუბრუნდეს7. რომის საგარეო-პოლიტიკური კურსის მკვეთრი ცვლილება განპირობებული იყო იმპერიაში შექმნილი საშინაო და საგარეო მდგომარეობით.
მიუხედავად იმისა, რომ ანტონინუსების მმართველობის პერიოდი (96-192წწ.) რომაული სამყაროს ისტორიაში „ოქროს ხანად“ არის ცნობილი, რომის სახელმწიფოში უკვე შეიმჩნეოდა სოციალურ-პოლიტიკურ წინააღმდეგობათა ზრდა8. მონათმფლობელური მეურნეობის კრიზისი აშკარად დაეტყო იმპერიის ცენტრს – იტალიას9, საქალაქო ცხოვრება ქვეითდება, იზრდება ლუმპენპროლეტართა რიცხვი. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს პროვინციებშიც10. ადრიანეს მიერ ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე უარის თქმა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ბაზის შესუსტების გარდა, ნაკარნახევი იყო იმპერიის საზღვრებზე შექმნილი არასტაბილური მდგომარეობით. ადრიანეს მმართველობის დასაწყისში კვლავ გრძელდებოდა ტრაიანეს დროს დაწყებული ებრაელთა აჯანყება11. დუნაის საზღვარზე ზეწოლა გააძლიერეს „ბარბაროსულმა“ ტომებმა _ სარმატებმა და როქსოლანებმა, უკმაყოფილების ტალღამ მოიცვა ბრიტანეთი და მავრიტანია12. 132წ. იფეთქა იუდეველთა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც სამი წელი გაგრძელდა. ამ აჯანყების შედეგად გაუკაცრიელდა და გაიძარცვა იუდეა. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო რომის საიმპერატორო ხაზინაც. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სირიის პროკონსულად ნამყოფ აღმოსავლეთის საკითხში კარგად ჩახედულ იმპერატორს შეუძლებლად მიაჩნდა პართიასთან ომის გაგრძელება. ადრიანეს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად საგარეო სტაბილურობის დაცვა იქცა. მისი ბიოგრაფის ელიუს სპარტიანეს ცნობით, „ადრიანე ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაუბრუნდა მოქმედების ძველ წესს (იგულისხმება თავდაცვითი სტრატეგია – ხ.პ.) და მთელი თავისი ძალისხმევა წარმართა საყოველთაო მშვიდობის დამყარებისაკენ. ამიტომ მან ევფრატსა და ტიგროსს გაღმა მიწები მაშინვე დატოვა“.13 რომსა და პართიას შორის საზღვარი კვლავ მდინარე ევფრატი გახდა14, ტრაიანეს დროს პროვინციად გამოცხადებულ არმენიაში კი აღდგენილ იქნა ადგილობრივი სამეფო არშაკიდებით სათავეში15.
იმპერატორის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე უარის თქმამ უკმაყოფილება გამოიწვია უმაღლესი მთავარსარდლების წრეში. ტრაიანეს საუკეთესო სარდლებმა – კუზიუსმა, კვიეტუსმა, ცელსუსმა და პალმამ შეთქმულება მოაწყვეს ადრიანეს წინააღმდეგ. მართალია, შეთქმულება გასცეს და მათ სასტიკად გაუსწორდნენ, მაგრამ ადრიანეს არ შეეძლო თავი სავსებით მშვიდად ეგრძნო16. იმპერატორმა ნათლად დაინახა, რომ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ასეთ ვითარებაში, ადრიანე საბოლოოდ უარს ამბობს დაპყრობით ომებზე და საზღვრების მთელ პერიმეტრზე გლობალურ თავდაცვაზე გადადის. იმპერიის ყველაზე პრობლემატურ საზღვრებზე იწყება გრანდიოზული სამხედროსაფორტიფიკაციო მშენებლობები17. იმპერატორმა ადრიანემ თავისი მმართველობის დიდი ნაწილი მოგზაურობებში გაატარა, რომლებსაც, პირადი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების გარდა, სამხედრო- ადმინისტრაციული ინტერესებიც ედო საფუძვლად. მოგზაურობისას იმპერატორი ამოწმებდა რომაული გარნიზონების სამხედრო მომზადებასა და ბრძოლისუნარიანობას, თვალყურს ადევნებდა სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის – ე.წ. „ლიმესების“ მშენებლობას, პირადად აკონტროლებდა რომაული ადმინისტრაციის საქმიანობას პროვინციებში, სწავლობდა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას18. ადრიანეს პრინცეპსობის დროს ძალზე გაიზარდა პროვინციების როლი, იმპერიის კულტურის ცენტრმა კი ბერძნულენოვან სამყაროში გადაინაცვლა19. იმპერატორს მიაჩნდა, რომ საჭირო იყო საგარეო-პოლიტიკური კურსის აღმოსავლეთისაკენ წარმართვა და „პაქს რომანა“-ს დამყარება, უპირველეს ყოვლისა, მახლობელ აღმოსავლეთში, რომელსაც იმპერიისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც გეოსტრატეგიული, ასევე მატერიალური თვალსაზრისით.
იმპერიის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლასა და მისი სამხედრო ძალების შესუსტებას ევფრატის საზღვარზე არ გამოუწვევია კარდინალური ცვლილებები მახლობელი აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რომის აღმოსავლურ სამფლობელოებზე არ გაძლიერებულა პართიის ზეწოლა, რამდენადაც ტრაიანეს ლაშქრობებმა ძალზე დაასუსტა პართიის სამეფო და მას იმის უნარიც კი არ აღმოაჩნდა, რომ შექმნილი მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ადრიანეს მიერ შეთავაზებული ზავი არშაკიდთა სამეფო სახლმა ყოველგვარი ზედმეტი პრეტენზიების გარეშე მიიღო20.
ასე რომ, ადრიანეს მმართველობის დასაწყისში საერთო-პოლიტიკური სიტუაცია მახლობელ აღმოსავლეთში მკვეთრად შეიცვალა. პართია-რომის ხანგრძლივი კონფრონტაცია წინა აზიაში ჰეგემონობისათვის თანდათან შენელდა. აღმოსავლეთში პოლიტიკური სიმძიმის ცენტრმა ევფრატის საზღვრიდან ჩრდილოეთით, კავკასიისკენ გადაინაცვლა. ადრიანეს პრინცეპსობისას რომის აღმოსავლური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ჩრდილო-კავკასიელი ნომადური ტომების, ალანების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისა და ამ პრობლემასთან გარკვეულწილად დაკავშირებული, რომის „მოკავშირე და მეგობრის“ – იბერიის სამეფოს აგრესიული ქმედებების განეიტრალება იქცა. აღმოსავლეთში შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ აღმავლობის გზაზე მდგარ იბერიის სამეფოს ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. საზღვრების გაფართოების აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა ახ.წ. I ს. მეორე ნახევრიდან ატარებდა, ადრიანეს დროს კულმინაციას აღწევს. გაძლიერებული იბერიის სამეფოს სათავეში, ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობებით, ენერგიული მეფე ფარსმანი დგას, რომელთანაც კავშირის შენარჩუნებას ასე უფრთხილდებოდა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა იმპერატორი. სპარსთა მხედრობის წინააღმდეგ მებრძოლი მეფე ქართულ წყაროებში „ქველის“ ეპითეტითაა შემკული. იბერიის მეფე ფარსმან II (II ს. 20-40-იანი წლები) არ ერიდება თვით რომის ავტორიტეტსაც კი და იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული ქართული კოლხეთის ერთ-ერთ ზღვისპირა სექტორს – მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზებს შორის მოსახლე ზიდრიტთა ოლქს ეუფლება21.
კაპადოკიის პროვინციის პროკონსული, ცნობილი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე (დახლ. 95-175წწ.) 131წ. მის მიერ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩატარებული საინსპექციო ვიზიტის ოფიციალურ ანგარიშში იმპერატორ ადრიანესადმი, პირდაპირ აღნიშნავს, რომ ზიდრიტთა ტომი ფარსმანის ქვეშევრდომი იყო22. რამდენადაც არიანე საჭიროდ არ თვლის, სპეციალურად აღნიშნოს, თუ რომელ ფარსმანზეა საუბარი, უეჭველია, რომ აქ იგულისხმება ადრიანესთვის კარგად ცნობილი იბერიის მეფე23. ამდენად, თუ პლინიუსის (ახ.წ. 23/24-79წ.) ცნობით, I ს. 70-იანი წლებში იბერიის სამეფოს ძალაუფლება არ ვრცელდებოდა შავი ზღვის სანაპირომდე24, 131წ., ფარსმან II-ის დროს, იგი უშუალოდ ზღვის სანაპირო ზოლის ერთ ნაწილსაც აკონტროლებს.
თუ გავითვალისწინებთ იმ დროს რომსა და იბერიას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას, ძნელი სავარაუდოა, რომ ფარსმანის მიერ ზიდრიტთა ოლქის დაკავება რომის თანხმობით მომხდარიყო25, თუმცა, როგორც აღნიშნავს კ. ფიფია, უშუალოდ საომარ მოქმედებებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, რადგანაც კოლხეთის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე, უშუალოდ ზიდრიტთა სამოსახლო ტერიტორიაზე, რომაული გარნიზონები არ ყოფილა დისლოცირებული26. ამასთან, ზიდრიტთა ტომი არიანეს მიერ აღწერილ სხვა ტომებთან შედარებით ყველაზე მცირერიცხოვანი და სუსტი ჩანს და, საფიქრებელია, რომ იბერიის მიერ ამ ოლქის დაპყრობას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა არ უნდა შეხვედროდა27. ფარსმანის მიერ ზიდრიტთა ოლქის დაპყრობას ადგილი უნდა ჰქონოდა ადრიანეს მმართველობის დასაწყისში, როდესაც რომს ძალზე გართულებული ჰქონდა საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენი აზრით, ფარსმანის მიერ განხორციელებული ეს აქცია გახდა იმ კონფრონტაციის მიზეზი, რომელიც ადრიანეს პრინცეპსობის მთელ მანძილზე შეიმჩნეოდა იბერიასა და რომს შორის.
ფარსმან II რომთან გართულებული ურთიერთობის კონტექსტში კიდევ რამდენჯერმე ფიგურირებს ანტიკურ წყაროებში. ადრიანეს ბიოგრაფის, ელიუს სპარტიანეს ცნობით, იმპერატორმა მცირე აზიაში მოგზაურობისას, კაპადოკიაში ყოფნის დროს, „მეგობრულ შეხვედრაზე მოიწვია ადგილობრივი მეფეები და მმართველები; მოწვეულ იქნა პართიის მეფე ხოსროც, რომელსაც დაუბრუნა ტრაიანეს მიერ დატყვევებული ქალიშვილი და შეპირდა წართმეული ტახტის უკან დაბრუნებას. როდესაც მასთან გამოცხადდა ზოგიერთი მეფე, მათ ისე მოექცა, რომ იმათ, ვინც არ ისურვეს მასთან მისვლა, სანანებელი გაუხდათ. ის ასე, პირველ რიგში, ფარსმანის გამო მოიქცა, რომელმაც ქედმაღლურად უარყო მისი (ე. ი. ადრიანეს – ხ.პ.) მოწვევა28. საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს უკანასკნელ ხანებში გამოთქმული მოსაზრება, რომ ფარსმანის მიერ ადრიანესთან გამოცხადებაზე დემონსტრაციული უარის თქმას რაღაც მიზეზი ექნებოდა და ეს მიზეზი, შესაძლებელია, სწორედ ზიდრიტთა ოლქის დაპყრობის გამო ურთიერთობის გაფუჭება ყოფილიყო29.
კაპადოკიაში 129 წ. ჩატარებული კრების შემდეგ30 რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გართულებულიყო, თუმცა შეურაცხყოფილ ადრიანეს ძალა არ შესწევდა იმიერკავკასიელი ნომადებით ზურგგამაგრებული ფარსმანის დასასჯელად. ამიტომ იმპერატორი კვლავ დათმობას არჩევს და პირიქით, უხვად ასაჩუქრებს ფარსმანს31. ელიუს სპარტიანეს ცნობით, ადრიანემ ბევრს დაურიგა საჩუქრები, მაგრამ ყველაზე მეტად დაასაჩუქრა „იბერიის მეფე, რომელსაც ბრწყინვალე საჩუქრების გარდა, უძღვნა სპილო და ხუთასკაციანი კოჰორტა“.32 ს. ჯანაშიას სამართლიანი შენიშვნით, „ფარსმანს, ჯერ ერთი, სათანადო სამხედრო მოთხოვნილებანი უნდა ჰქონოდა, რაკი მას ასეთ ძღვენს აძლევდნენ. შემდეგ, მას თვითონაც უნდა ჰყოლოდა ასეთი მუდმივი რაზმებიც, და საფიქრებელია, უფრო ძლიერიც, რომ ამ უცხოელებს, სამეფო კარზე რეალურ ძალთა მეფისათვის არასასურველი განწყობა არ შეექმნათ33. საერთოდ, ელიუს სპარტიანეს ეს ცნობა აზრთა დიდ სხვადასხვაობას იწვევს. ჯერ ერთი, „ავგუსტუსთა ისტორიის მწერლების“ (სკრიპტორეს Hისტორიაე Aუგუსტაე) სხვადასხვა გამოცემებში ადრიანეს მიერ ფარსმანისთვის ნაჩუქარ მეომართა რაოდენობა სხვადასხვანაირადაა მითითებული. ზოგ გამოცემაში საუბარია 50,34 ხოლო სხვაგან კი 500-კაციან რაზმზე35. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ ადრიანეს ძღვენი სინამდვილეში იყო იბერიის წინააღმდეგ მიმართული აქტი, თითქოს რომს ამ მეომრების სახით მცხეთაში შენიღბული გარნიზონის ჩაყენება სურდა.
საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს ა. ბოსუორთის მოსაზრება. იგი არ ეთანხმება მკვლევართა იმ ნაწილს, რომელიც ადრიანეს მიერ გაგზავნილ მეომრებს საჩუქრად თვლის და ასევე არასწორად მიიჩნევს ამ რაზმის რაოდენობას 50 კაცით განსაზღვრას36. ა. ბოსუორთის აზრით, ქართლის მეფეს გამოგზავნილი 500-კაციანი რაზმი, უპირველეს ყოვლისა, კავკასიის გადასასვლელების დასაცავად და მცხეთის გასამაგრებლად უნდა გამოეყენებინა37.
იმ დროს ამიერკავკასიაში შექმნილი ვითარებიდან და ადრიანეს მიერ ამ რეგიონში გატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე იმპერატორის მიერ იბერიაში 500-კაციანი კოჰორტის გაგზავნა, როგორც ჩანს, უფრო ამ ქვეყანაში რომის პოზიციების განმტკიცებას ისახავდა მიზნად, ვიდრე ფარსმანის დასაჩუქრებას. როგორც აღვნიშნეთ, 129წ. კაპადოკიაში ადრიანესთან არგამოცხადების შემდეგ, იბერია-რომის ურთიერთობა განსაკუთრებით უნდა გართულებულიყო. თუმცა ადრიანე, რომელიც მუდამ არიდებდა თავს პირდაპირ საომარ მოქმედებებს, ფარსმანზე ზემოქმედების მოსახდენად იწყებს იბერიის უშუალო სიახლოვეს, კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაციას. ამ პროცესს, როგორც გაარკვია კ. ფიფიამ, ადგილი ჰქონდა სწორედ 129-131წწ.38 რომაელების მიერ განსაკუთრებით გამაგრებულ იქნა აფსაროსის კასტელუმი, რომელიც ესაზღვრებოდა უშუალოდ ზიდრატთა ოლქს და წარმოადგენდა ძირითად ფორპოსტს იბერიის სამეფოს წინააღმდეგ. აქ ადრიანეს დროს დისლოცირებული იყო საკმაოდ სერიოზული ძალა – 5 კოჰორტა (3000 მეომარი). რაც, პირველ რიგში, სწორედ იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით იყო განპირობებული39.
გამაგრებულ იქნა ფასისის ციხეც, რომელიც სამხედრო მანქანებითაც ყოფილა აღჭურვილი40. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს იქნა გაგზავნილი იბერიაშიც 500-კაციანი რაზმი, რომელსაც, ადრიანეს ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკიდან გამომდინარე, ოფიციალურად იმპერატორის საჩუქარი ეწოდა.
თუმცა ადრიანემ მაინც ვერ მოახერხა ურჩი ფარსმანის დაშოშმინება. ფარსმანს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა უშუალოდ მისი საზღვრების სიახლოვეს, ზიდრიტთა ახალშემოერთებულ ოლქთან, რომაული ფორპოსტების გაძლიერება. თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად იბერთა მეფემ დარიალის კარები გაუხსნა მომთაბარე ალან-ოსებს. დიონ კასიოსის ცნობით: „ამასობაში იუდეველთა ომი დამთავრდა, ხოლო მეორე ომი ალანების ქვეყნიდან (რომლებიც მასაგეტები არიან) ატეხილ იქნა ფარსმანის მიერ. ომმა ძალზე შეაწუხა ალბანია და მიდია, შეეხო აგრეთვე არმინიასა და კაპადოკიას, ხოლო მას შემდეგ, რაც ალანები, ერთი მხრივ, ვოლოგეზის საჩუქრებით იქნენ მოსყიდულნი და მეორე მხრით, კი კაპადოკიის მმართველის ფლავიუს არიანეს მიერ შეშინებულნი, ომი შეწყდა“.41
ამ მოვლენებს, როგორც დიონ კასიოსის ცნობიდან ჩანს, ადგილი ჰქონდა იუდეველთა ომის, ე.ი. 132-135წწ. იუდეაში სიმონ ბარ-კოხბას მეთაურობით მიმდინარე აჯანყების დასრულების შემდეგ. ამასთან, ალანების შემოსევა მას შემდეგ შეწყდა, რაც კაპადოკიის ლეგატს, ფლავიუს არიანეს ისინი შეუშინებია. არიანე კი კაპადოკიის მმართველი იყო 131-137წწ. ასე რომ, ალანთა შემოსევას ადგილი ჰქონია 135-137წწ.42
ფარსმანის მიერ მოწყობილმა ალანთა ლაშქრობამ დააზარალა ალბანეთი, სომხეთი, მიდია და რომის პროვინცია კაპადოკია43. თუ ალანთა სომხეთში ლაშქრობას მანამდეც ჰქონდა ადგილი (72-74წწ.) და რომი ამ ფაქტს დიდ ყურადღებას არ აქცევდა, კაპადოკიაზე თავდასხმა უკვე აშკარად ანტირომაულ აქციას წარმოადგენდა44. ამასთან, ალანთა მიერ მიდიის დალაშქვრით, ფარსმანმა თავის წინააღმდეგ განაწყო პართიის სამეფოც. როგორც ჩანს, ფარსმან II ამ პერიოდში იმდენად გაძლიერდა, რომ იგი არ ერიდება პართიისა და რომის ერთდროულად გაღიზიანებას და მას შესწევს უნარი დაუპირისპირდეს ამ სახელმწიფოებს45.
ალანთა ლაშქრობამ, ეტყობა, დიდი ზიანი მიაყენა პართიის სამეფოს. მეფე ვოლოგეზ II-მ (104-147წწ.) ალანთა თავდასხმის შეჩერება მხოლოდ სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ შეძლო და, ფარსმანის მხრიდან მოსალოდნელი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, იძულებული გახდა დახმარება თავისი მეტოქისათვის – რომისათვის ეთხოვა. დიონ კასიოსის ცნობით, ვოლოგეზმა ფარსმანზე საჩივარი გააგზავნა რომში და იმპერატორმა ადრიანემ იბერიის მეფისაგან მომხდარ ფაქტზე ოფიციალური განმარტება მოითხოვა46. მაგრამ ფარსმანმა არც ამჯერად ისურვა რომში გამოცხადება და მისი წერილობითი პასუხი სენატში ელჩებს წაუკითხავთ47.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დიონ კასიოსი ალანთა მიერ დალაშქრულ ქვეყნებს შორის იხსენიებს ალბანეთსაც. როგორც ცნობილია, იბერიის სამეფოს აღმოსავლეთისაკენ, ალბანეთის სამფლობელოთა ხარჯზე, ტერიტორიული გაფართოების მცდელობა შეიმჩნეოდა ჯერ კიდევ ახ.წ. I ს.-ში, მეფე ფარსმან I-ის დროს. სავარაუდოა, რომ ფარსმან II-ის მმართველობისას, იბერიის გაძლიერება-აღმავლობის პერიოდში, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდა და ფარსმან II-მ ამ მიმართულებით უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატარა. სწორედ ასეთ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს ფარსმანის მიერ ალბანეთში ალანთა შეჭრის ინსპირირება48. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ პერიოდში მომხდარიყო იბერიის მიერ ალბანეთის
დასავლეთ ოლქის – ჰერეთის შემოერთება49. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ფარსმანმა ალანთა გადმოყვანით და თავისი რეალური ძალის დემონსტრირებით საკმაოდ გაამყარა იბერიის პოზიციები ამიერკავკასიაში, შეინარჩუნა დაპყრობილი ზიდრიტთა ოლქი და მოგვიანებით მიაღწია იმასაც, რომ ანტონინუს პიუსის (138-161წწ.) პრინცეპსობისას იმპერიამ ცნო იბერიის ტერიტორიული შენაძენი კოლხეთის ზღვისპირეთში.
შენიშვნები
1. პომპეუსის იბერია-კოლხეთში ლაშქრობის შესახებ იხ.: კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2004, გვ. 25-32; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 99-117.
2. იბერიასა და რომს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ იხ.: Л. Алексидзе. К Вопросу о международно-правовых взаимоотношениях Иберии (Картли) с Римом. _ თსუ შრომები, ტ. 65, 1957, გვ. 161-179; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 140; შდრ. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. _ წგნ.: ს. ჯანა- შია. შრომები, I. თბ., 1949, გვ. 182-192.
3. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სათავეებთან. _ ქართული დიპლომატია, წელიწდეული, I. თბ., 1994, გვ. 52.
4. ნ. ლომოური. საქართველოს საგარეო.., გვ. 52; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 115.
5. ს. ჯანაშია. ადრეული ფეოდალიზმი. _ წგნ.: ს. ჯანაშია. შრომები. II. თბ., 1952, გვ. 181-182; კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 27; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 105-106.
6. გ. მელიქიშვილი. საქართველოს ახ. წ. I-III სს. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I. თბ., 1970, გვ 525; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 293.
7. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 98-99; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 187-192.
8. იხ.: Н. А. Машкин. История древнего Рима. Л., 1948, გვ. 458-459; А. Г. Бокщанин. Социальный кризис Римской империи в I веке н.э. М., 1954, გვ. 60-61.
9. А. Г. Бокщанин. Социальный кризис.., გვ. 46-62.
10. С. И. Ковалёв. К вопросу о характере социального переворота III-V вв. в Западной Римской империи. – „Вестник древней истории“, 1954, №3, გვ. 38-40; А. В. Ранович. Восточные провинции Римской империи I-III вв. М.-Л., 1949, გვ. 76-90.
11. Г. Л. Лившиц. Классовая борьба в Иудее и восстания против Рима. Минск, 1957, გვ. 310-311.
12. Eლ. შპარტ., Hადრ, V, 2; Eუსებ., Eცცლ. Hისტ., IV, 2.
13. Eლ. შპარტ., Hადრ., V, 3.
14. Eუტრ., Bრევ., VIII, 6,2.
15. Eლ. შპარტ., Hადრ., XXI, 11; Dიო ჩასს., LXVIII, 33.
16. Dიო ჩასს., LXVIII, 32; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим. Ч. II. М., 1966; К. Крист. История времен Римских императоров от Августа до Константина. Т. I, Ростов-на-Дону, 1997, გვ. 420.
17. Eლ. შპარტ., Hადრ., XII, 6.
18. Н. А. Машкин. История.., გვ. 445-446; История древнего Рима. Подред. В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 222; К. Крист. История времен.., გვ. 426; შ. ჟოჰნსონ. Hადრიან’ს ჭალლ. L., 1997, გვ. 9.
19. История древнего мира. Древний Рим. Минск, 1998, გვ. 409.
20. М. М. Дьяконов. Очерки истории древнего Ирана. М., 1961, გვ. 225- 228; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 253-254.
21. ზიდრიტებს ეკავათ დაახლოებით დღევანდელი აჭარა-ქობულე- თის მხარე (იხ.: ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968, გვ. 10; შდრ. თ. ქემერტელიძე. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონი ძველაღმოსავლურ და ანტიკურ ხანაში. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 1998, გვ. 215).
22. Агг., РРЕ, 11; ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა . თბ., 1961, გვ. 43.
23. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 192.
24. Pლინ., NH, VI, 12.
25. გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ. წ. I-III სს., გვ. 526; Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб, 1959, გვ. 354.
26. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 100-102.
27. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 100-102.
28. Eლ. შპარტ., Hადრ., XIII, 8-9.
29. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 101-102.
30. ღ. შყმე. Hადრიან ანდ Vასსალ Pრინცეს. – Aტჰენაეუმ, 59, 1981, გვ. 276; D. Bრაუნდ. Hადრიან ანდ Pჰარასმანეს. – Kლიო, ვოლ. 73, 1991, №1, გვ. 211-212.
31. Eლ. შპარტ., Hადრ., XVII, 10-11, XXI, 13.
32. Eლ. შპარტ., Hადრ., XXI, 17.
33. ს. ჯანაშია. საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, გვ. 206.
34. Eლ. შპარტ., XVII. 11.
35. Eლ. შპარტ., Hადრ., XXI, 17. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – Вестник древней истории, 1949, №3, გვ. 376.
36. A. Bოსწორტჰ. Aრრიან ანდ ტჰე Aლანი. – Hარვარდ შტუდიეს ინ ჩლასსიცალ Pჰილოლოგყ, 1977, 81, გვ. 215-217.
37. A. Bოსწორტჰ. Aრრიან ანდ ტჰე Aლანი, გვ. 225.
38. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 102-103.
39. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია, გვ. 8, 36; 376; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 228-229; А. В. Леквинадзе. Понтийский Лимес. – Вестник древней истории, 1969, №2, გვ. 77; A. Bოსწორტჰ. Aრრიან ანდ ტჰე Aლანი, გვ. 220.
40. Агг., РРЕ, 11.
41. Dიო ჩასს., LXIX, 15,1; თარგმანი მოყვანილია ნ. ლომოურის გამოცემის მიხედვით _ იხ.: დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა. თბ., 1966, გვ. 82.
42. ა. გამყრელიძე. ახლადაღმოჩენილი ლათინური წარწერა ფარსმან მეფისა. _ „ცისკარი“, 1959, #9, გვ. 139; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 193.
43. В. А. Кузнецов. Очерки истории алан. Орджоникидзе, 1984, გვ. 193-194.
44. В. А. Кузнецов. Очерки истории алан, გვ. 193-194.
45. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб, 1959, გვ. 357.
46. Dიო ჩასს., LXIX, 15, 1-2.
47. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ.: მ. ინაძე. იბერიისა და რომის ურთიერთობა II ს. პირველ ნახევარში. _ ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I. თბ., 1955, გვ. 321-322.
48. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 194.
49. Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 194.

Комментариев нет:

Отправить комментарий