суббота, 13 февраля 2021 г.

რუსების 1830 წლის ლაშქრობა აფხაზეთში (ბ. ხორავა)

1828-1829წწ. რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვებამ საბოლოოდ გადაწყვიტა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს საკითხი. ადრიანოპოლის ზავით (1829წ. 14 სექტემბერი) კავკასიაში რუსეთის ხელში გადავიდა ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილი _ სამცხე-ჯავახეთი ძველი ქართული ქალაქებით: ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური და სხვ. აგრეთვე შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ქალაქებით: ანაპა და ფოთი1. ბრწყინვალე პორტა უარს ამბობდა ყოველგვარ პრეტენზიაზე რუსეთ-თურქეთის ახალი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიებზე და მათ „რუსეთის იმპერიის სამუდამო მფლობელობაში“ ცნობდა. ამ ტერიტორიებში შედიოდა ჩრდილო-დასავლეთი კავკასია, რომელიც, მართალია, თურქეთის მფლობელობაში არ იყო, მაგრამ მასზე ბრწყინვალე პორტას პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა2. თურქეთის ეს ნომინალური გავლენა იმით იყო გამოწვეული, რომ სულთანი ყველა მაჰმადიანის, მათ შორის, კავკასიელი მთიელების უზენაეს მფარველად და მბრძანებლად ითვლებოდა. პოლიტიკურად ისინი სრულიად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით ცნობდნენ სულთნის უზენაესობას. ამდენად, თუმცა თურქეთმა დასავლეთი კავკასია რუსეთის მფლობელობაში ცნო, ეს მხარე ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ დასაპყრობი ჰქონდა.
სანამ რუსეთი ჩრდ. კავკასიას, მათ შორის, ყუბანის მხარეს არ დაიპყრობდა, მისი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში მტკიცე ვერ იქნებოდა. ამიტომ ცარიზმი ამ საკითხის გადაწყვეტისათვის ზრუნვას შეუდგა. როდესაც ნიკოლოზ I (1825-1855) კავკასიის მთავარმართებელსა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს, გენერალ-ფელდმარშალ ი. პასკევიჩს (1827-1831) 1829წ. 25 სექტემბრის წერილში რუსეთ-თურქეთის ომში გამარჯვებას ულოცავდა, წერდა: „...кончив таким образом, одно славное дело, предстоит вам другое, в моих глазах столь же славное, а в рассуждении прямых польз гораздо важнейшее, – усмирение навсегда горских народов или истребление непокорных“.3 იმპერატორის დირექტივა _ „მთიელთა სრული დამორჩილება ან მათი ამოწყვეტა“ _ ნათლად ახასიათებს ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის არსს და მიზანს კავკასიაში.
ირანთან და თურქეთთან ომებში გამარჯვების შემდეგ, XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ჯარებმა გაააქტიურეს მოქმედება ჩრდილოეთ კავკასიაში, მათ შორის, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ნიკოლოზ I-ის დირექტივის რეალიზების მიზნით ი. პასკევიჩმა შეიმუშავა კავკასიის მთის ხალხების, მათ შორის, აფხაზების სწრაფი დამორჩილების გეგმა, რომელიც იმპერატორმა 1829წ. ოქტომბერში დაამტკიცა4. გეგმა ითვალისწინებდა დას. კავკასიაში _ ყუბანის მხარეში და კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მცხოვრები ადიღური ტომების დამორჩილებას, რისთვისაც საჭიროდ იყო მიჩნეული შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებული სიმაგრეების _ რედუტ-კალე, სოხუმი, ანაპა _ გარდა ახალი სიმაგრეების აგება, მათი ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირება სანაპირო გზით; ყუბანის მხარესა და შავი ზღვის სანაპიროს შორის მტკიცე კავშირის დამყარებას საუღელტეხილო გზების გაყვანით; ჩრდილოეთიდან რამდენიმე ექსპედიციის მოწყობას ყუბანის მხარეში5.
ამ გეგმის რეალიზების მიზნით განზრახული იყო სამხედრო ექსპედიციის მოწყობა აფხაზეთში. აფხაზეთის ექსპედიციის მიზანი იყო სოხუმიდან ანაპამდე სანაპირო ზოლის დაკავება, გამაგრებული სანაპირო ხაზის შექმნა და სიმაგრეებს შორის სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა, საბოლოო ჯამში კი, დასავლეთ კავკასიის მთიანეთში რუსული სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობის დამყარება6.
გეგმის უმთავრესი ნაწილი იყო ფოთსა და ანაპას შორის მტკიცე და მუდმივი სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფა. ასეთი სახმელეთო კავშირი არ არსებობდა თვით რედუტ-კალესა და სოხუმ-კალეს შორისაც. ამ ციხეებს შორის ურთიერთობა ზღვით ხორციელდებოდა. კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სოხუმ-კალესა და რედუტ-კალეს შორის სახმელეთო კავშირის დამყარებას ხელს უშლიდა რთული ბუნებრივი პირობები, პირველ რიგში, მრავალი წყალუხვი მდინარე, რომლებზეც ხიდები არ იყო, უგზოობა, ასევე აფხაზთა მშფოთვარე ხასიათი. აფხაზები ხშირად გამოდიოდნენ მთავრის მორჩილებიდან და ყოველთვის მზად იყვნენ თავს დასხმოდნენ რუსეთის ჯარის მცირერიცხოვან ნაწილებს, აფხაზეთიდან ანაპისკენ კი რუსეთის ჯარის ნაწილები არასდროს წასულან. ი. პასკევიჩი ფიქრობდა აფხაზეთის ექსპედიციაში მონაწილე ჯარის ნაწილების დაბანაკებას ლიხნში, აფხაზეთის მთავრის რეზიდენციასთან, რათა განემტკიცებინა მთავრისადმი ქვეშევრდომთა მორჩილება და მთელი აფხაზი ხალხის მორჩილება იმპერატორისადმი. მისი აზრით, თუ აფხაზებს ანაპისკენ ლაშქრობაში მონაწილეობაზეც დაიყოლიებდა, ექსპედიციის წარმატებისათვის ეს ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათ მიერ მხარის კარგი ცოდნის გამო7.
ი. პასკევიჩი ექსპედიციის მოწყობას 1830 წლის აპრილში გეგმავდა, მაგრამ 14 თებერვალს სამხედრო მინისტრმა ა. ჩერნიშევმა აუწყა, რომ ხომალდები, რომლებიც მას სჭირდებოდა, ივლისამდე ვერ გადმოეცემოდა. ამიტომ ექსპედიციის მოწყობა ივლისისთვის გადაიდო8.
1830წ. 28 მარტს ი. პასკევიჩმა ვრცელი წერილი გაუგზავნა იმერეთის მმართველსა და დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალ-მაიორ კ. გესეს (1827-1831), რომელიც თავისი მდგომარეობის გამო აფხაზეთის ექსპედიციის უშუალო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. მთავარსარდალი წერდა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო ფოთსა და ანაპას შორის რუსეთის მფლობელობაში უნდა შესულიყო. ეს მხარე ძალზე მნიშვნელოვანი იყო როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო თვალსაზრისით და დიდი ხანია იქცევდა მთავრობის ყურადღებას. იმპერატორმა დაამტკიცა გეგმა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსპედიციის მოწყობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების მტკიცედ დამკვიდრებას ამ მხარეში, და ფოთის ციხესა და ანაპას შორის სახმელეთო კავშირის დამყარებას. ექსპედიციის მოსაწყობად გამოიყო რაზმი, მისთვის ზღვიდან მხარი უნდა დაეჭირა ხომალდებს.
ამასთან, შექმნილ ვითარებას, შესაძლოა, მოეთხოვა რაზმის ერთი ადგილიდან მეორეზე ზღვით გადაყვანა, საჭირო იქნებოდა რაზმის სურსათით მომარაგებაც, რისთვისაც ხომალდებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნებოდა. ი. პასკევიჩი კ. გესეს განუმარტავდა, რომ ექსპედიციას რუსეთისთვის უნდა დაემორჩილებინა თავისი მთებითა და უღრანი ტყეებით მიუდგომელი და ველური მხარე; ამასთან, ეს ღონისძიება დიდ წინდახედულებას მოითხოვდა: „по грубому невежеству обитателей ея абазинцев и черкесских племен с буйным и своевольным нравом, требует много соображений и большой осмотрительности“. მთავარსარდლის აზრით, ეს განსაკუთრებით იმ ტომებს ეხებოდა, რომლებიც გაგრიდან ანაპამდე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ეს ტომები განსხვავებულ ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ, განსხვავდებოდნენ ენით, დაყოფილი იყვნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თემებად. ისინი მხოლოდ გარეგნულად აღიარებდნენ პორტას ხელისუფლებას და ეწეოდნენ მასთან ვაჭრობას, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობას; პორტას მხოლოდ მაშინ ემორჩილებოდნენ, როცა ანაპის ფაშები, რომელთა გამგებლობაშიც ისინი შედიოდნენ, თავიანთ მოთხოვნებს იარაღის ძალით ამაგრებდნენ.
თურქეთის იმპერიის დასუსტების შემდეგ, სულთანს არ შეეძლო ამ მხარეში სამხედრო ნაწილების მუდმივად შენახვა, ამიტომ ამ მხარის მკვიდრთა დამოუკიდებლობა იმ ზომამდე გაიზარდა, რომ რუსეთის ხელისუფლებისადმი მათი დამორჩილება განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვდა. ასეთი ვითარების გამო ი. პასკევიჩს მიზანშეწონილად მიაჩნდა ექსპედიციის ორ ეტაპად გაყოფა.
პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო მდ. ენგურიდან ბიჭვინთამდე სანაპირო ზოლის მტკიცედ დაუფლება, ხოლო მეორე ეტაპზე ის ფიქრობდა ლაშქრობის გაგრძელებას ანაპისკენ9.
რადგან ექსპედიციის მეორე ნაწილის წარმატება უშუალოდ იყო დამოკიდებული პირველი ნაწილის წარმატებაზე, ი. პასკევიჩის აზრით მთავარი ყურადღება უნდა მიქცეოდა აფხაზეთის დაკავებას. ამასთან, ის კ. გესეს ყურადღებას მიაპყრობდა იმ სირთულეებს, რაც ჯარს შეიძლება შეხვედროდა, სახელდობრ, რთული ბუნებრივი პირობების გამო; კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფა ფოთსა და ანაპას შორის, ყუბანისპირეთის მთიელთა დასამორჩილებლად, ვაჭრობის უზრუნველყოფისათვის ამიერკავკასიასა და რუსეთს შორის, ბოლოს, სიმშვიდის უზრუნველსაყოფად ამ მხარეში10.
კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მშვენივრად იცოდა, რომ აფხაზთა შორის ბევრი იყო ოსმალოფილი. პორტას ტრაპიზონის ფაშას მეშვეობით ჰქონდა კავშირი აფხაზებთან და მხარს უჭერდა მათ არაკეთილგანწყობას რუსეთისადმი. ი. პასკევიჩის აზრით, რუსეთის მფლობელობის განმტკიცება აფხაზეთში მოხდებოდა მუდმივად აქ ჯარის ნაწილის განლაგებით, რომელიც ყოველთვის მზად იქნებოდა დაეცვა მთავრის ხელისუფლება და სიმშვიდე ამ მხარეში. ამიტომ მას განზრახული ჰქონდა 44-ე ეგერთა პოლკის შტაბ-ბინა სამეგრელოდან აფხაზეთში გადაეტანა, მთავრის რეზიდენციასთან ახლოს; აქვე ახლოს იყო მშფოთვარე ჯიქების მიწა-წყალი, რომელთა ალაგმვაც ჯარის უმთავრესი მოვალეობა იქნებოდა; ზღვის სიახლოვე უზრუნველყოფდა ჯარის მომარაგებას. მთავარსარდლის აზრით, ექსპედიციას შეეძლო აფხაზების მხრიდან წინააღმდეგობა გამოეწვია აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) მეამბოხე ბიძის, ასლან-ბეის მომხრეებისა და თურქოფილების წაქეზებით; აგრეთვე იმიტომაც, რომ აფხაზები შეჩვეულნი არ იყვნენ რუსებს. მას სასურველად მიაჩნდა ამ მხარის ნელ-ნელა დამორჩილება, როდესაც მოსახლეობა გაიგებდა მშვიდობის ფასს, ნორმალურ ცხოვრებას და ვაჭრობას მიჰყოფდა ხელს, რუსეთის ჯარის ნაწილებთან ერთად მონაწილეობა საერთო მტრის _ მთიელების წინააღმდეგ, კიდევ უფრო დააახლოებდა მათ რუსებთან11. რაც შეეხება აფხაზების მხრიდან წინააღმდეგობას, მთავრის ბიძა ჰასან-ბეი შარვაშიძე მთავარსარდალს ჰპირდებოდა, რომ ხალხს მოამზადებდა, რათა მშვიდობიანად შეხვედროდნენ რუსებს და თვითონ გააცილებდა ჯარს12.
ი. პასკევიჩმა მითითებები მისცა კ. გესეს, რომ ჯარის ნაწილებისთვის თავი მოეყარა 1 ივლისისთვის რედუტ-კალეში 44-ე ეგერთა პოლკის მეთაურის, პოლკოვნიკ ა. პაცოვსკის მეთაურობით; თვით კ. გესე რედუტ-კალეში უნდა ყოფილიყო და მოემზადებინა აფხაზეთის ექსპედიცია. ამასთან, მას შარვაშიძეები უნდა მოეწვია და მათი აზრი გაეთვალისწინებინა. თუ ჰასან-ბეი დაარწმუნებდა, რომ ჯარის სახმელეთო გზით სოხუმისკენ მსვლელობა სისხლისღვრას არ გამოიწვევდა, შეიძლებოდა ჯარის ნაწილის ხმელეთით გაგზავნა, ხოლო ნაწილი ზღვით უნდა გადაეყვანათ13.
ექსპედიციაში მონაწილეობა უნდა მიეღო 2400-მდე მეომარს. ი. პასკევიჩი ყოველნაირად ცდილობდა, აფხაზებთან შეტაკებისთვის თავი აერიდებინა. მან კ. გესეს საგანგებოდ დაავალა, რომ ჯარი მოსახლეობას კარგად მოპყრობოდა; წებელდელებისა და მთელი აფხაზეთის მოსახლეობისათვის პროკლამაციების მეშვეობით განემარტა, რომ სულთანმა რუსეთს გადასცა ფოთიდან ანაპამდე მიწა-წყალი. მთავარსარდლის აზრით, ამჯერად წებელდის დამორჩილება ვერ მოხერხდებოდა და ეს შემდეგისთვის უნდა გადაედოთ14.
ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ გელენჯიკის ყურესთან, სოფ. ჯუბღაში ცხოვრობდა აჰმეთ-ფაშა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ განაწყობდა მთიელებს და მათ იარაღ-საჭურვლით ამარაგებდა. ჯერ კიდევ რუსეთ-თურქეთის 1828-1829წწ. ომის დაწყებამდე, ოსმალეთის სერასკირმა, წარმოშობით ლაზმა ოსმან-ფაშამ, სულთნის ნებართვით, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჩერქეზეთში, გააგზავნა თავისი ბიძაშვილი, ორთუღიანი ფაშა აჰმეთი, რათა ემართა ეს მხარე და რუსეთის წინააღმდეგ შეეიარაღებინა. ჩერქეზეთში იმყოფებოდა აგრეთვე ასლან-ბეი შარვაშიძე. მას სულთნის მიერ სამუდამო პენსია ჰქონდა დანიშნული. იგი დიდი გავლენით სარგებლობდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ტომებში, ამხედრებდა მათ რუსეთის წინააღმდეგ და აქტიურად ეხმარებოდა ფაშას15.
ი. პასკევიჩს აუცილებლად მიაჩნდა ასლან-ბეის ხელში ჩაგდება ან მისი ლიკვიდაცია, რასაც შეეძლო დაეჩქარებინა წესრიგის დამყარება აფხაზეთში; თურქეთისა და სხვა უცხო სახელმწიფოების მხრიდან კავკასიის მთიელებთან ურთიერთობის აღკვეთის მიზნით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ კრეისირება უნდა მოეწყოთ რუსეთის ხომალდებს; ლიხნში ჩასვლისთანავე, ა. პაცოვსკის უნდა შეეკრიბა ცნობები ანაპისაკენ მიმავალი გზის, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომების, მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების, რუსეთის ხელისუფლებისადმი განწყობის, მათი მმართველების, აგრეთვე აფხაზეთიდან ჩრდ. კავკასიაში მიმავალი გზებისა და სხვათა შესახებ16.
აფხაზეთის ექსპედიციის მომზადების პერიოდში სამთავროში პოლიტიკური სიტუაცია გართულდა. 1830წ. მარტში სოხუმის კომენდანტმა, კაპიტანმა ჟილინმა გენერალ კ. გესეს აცნობა, რომ 4 ათასამდე წებელდელი სოხუმიდან 20 ვერსზე, სოფ. მერხეულის მახლობლად დაბანაკდა იმ განზრახვით, რომ თავს დასხმოდნენ სოფ. კელასურს და შემდეგ სოხუმის ციხეს, მაგრამ მთავრის ბიძამ თაიარ-ბეიმ გადააფიქრებინა, ყოველ შემთხვევაში, ჰასან-ბეის თბილისიდან დაბრუნებამდე, სადაც ის ი. პასკევიჩთან იყო აფხაზეთის ექსპედიციის თაობაზე დეტალების შესათანხმებლად. ამის შემდეგ ბევრი წებელდელი უკან გაბრუნდა, მაგრამ ნაწილი ადგილზე დარჩა, თუმცა გაურკვეველ მდგომარეობაში17.
29 მარტს ხუთმა ჩერქეზმა, როგორც რუსული ადმინისტრაცია ფიქრობდა, ადგილობრივ მცხოვრებთა მხარდაჭერით, ბიჭვინთის ტაძარი გატეხა და გაძარცვა. კ. გესე თვლიდა, რომ ასეთი ფაქტები აფხაზეთში მაშინაც კი არ ხდებოდა, როცა ეს მხარე მთლიანად მაჰმადიანთა დამოკიდებულებაში იყო18.
წებელდელმა მარშანიებმა და აბჟუის ოლქის უფროსმა ალიბეი შარვაშიძემ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ არ ცნობდნენ რუსეთის ბატონობას და რუსეთის მიერ დაყენებული მთავრის მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლებას19. გახშირდა წებელდელების მიერ საქონლის გარეკვის, ძარცვის, ტყვედ გატაცების ფაქტები20. ტყვედ გაიტაცეს სოხუმის ციხის გარნიზონის ერთი არტილერისტი ჯარისკაცი, რომელიც რაზმთან ერთად იყო გამოსული ციხიდან შეშისთვის. ამ ფაქტის შემდეგ კაპ. ჟილინმა ყოველი შემთხვევისთვის ფორშტატი გაამაგრა და, როგორც აღმოჩნდა, დროულად. სოხუმის ციხის გარნიზონმა 6-დან 7 და 7-დან 8 აპრილის ღამით სოხუმის ფორშტატზე აფხაზთა ორი შემოტევა მოიგერია. მიხეილ შარვაშიძემ კ. გესეს აცნობა, რომ მის სამფლობელოში შემოპარული მღელვარება თანდათან იზრდებოდა.
მსტოვრები კ. გესეს ატყობინებდნენ, რომ წებელდელი თავადები და ალი-ბეი არა მხოლოდ არ უშვებდნენ მიხეილ შარვაშიძეს თავიანთ სამფლობელოში, არამედ აპრილის დამდეგს, თავს დაესხნენ მის სახლს ფოქვეშში, გაძარცვეს და მისი მამული აიკლეს. თავდამსხმელებმა ერთი ქალი ადგილზე მოკლეს, ხოლო მარშანიამ 10 სული ტყვე გაიტაცა. მიხეილ შარვაშიძეს სახიფათოდ მიაჩნდა ლიხნში ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა საცხოვრებლად სამეგრელოს მთავრის სამფლობელოში _ სამურზაყანოში გადასვლა21.
ამ ამბების შესახებ ჰასან-ბეიმაც მიიღო ცნობა. მისი ინფორმაციით მიხეილ შარვაშიძე წაეკიდა ალი-ბეის და წებელდელ მარშანიებს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ბზიფელების მძარცველობით. ამიტომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს ბზიფის თემთან და ბზიფელებს არ აძლევდნენ მათ სამფლობელოზე გავლის ნებასაც კი. ორივე მხარე უცდიდა ჰასან-ბეის ჩასვლას, რომელსაც ისინი უნდა შეერიგებინა22.
კავკასიის რუსული ადმინისტრაცია შეშფოთებული იყო. აფხაზეთში შექმნილი ვითარება სერიოზული შიშის საფუძველს იძლეოდა, აფხაზეთში რუსეთის დამკვიდრებას შეიძლებოდა იმაზე მეტი სირთულეები შეხვედროდა, ვიდრე თავიდან ჩანდა. ი. პასკევიჩი ფიქრობდა, რომ შექმნილ ვითარებაში მომავალი სისხლისღვრის თავიდან აცილება შეიძლებოდა აფხაზებზე ჰასან-ბეის გავლენის კეთილგონივრული გამოყენებით23.
კ. გესემ სოხუმის ციხის გარნიზონის გაძლიერება გადაწყვიტა, რომელიც მაშინ 44-ე ეგერთა პოლკის მხოლოდ ერთი ასეულისაგან შედგებოდა. მან დაუყოვნებლივ გააგზავნა ხომალდებით სამხედრო ნაწილები სოხუმში და კომენდანტს უბრძანა სიფრთხილე გამოეჩინა. ეს ღონისძიება დროული აღმოჩნდა, რადგან 21 აპრილს აფხაზები კვლავ დაესხნენ თავს სოხუმის ფორშტატს, თუმცა უშედეგოდ24.
ი. პასკევიჩმა სამხედრო მინისტრს, გენერალ-ადიუტანტ ა. ჩერნიშევს აცნობა, რომ მისი სურვილი, მტკიცე ფეხით ჩამდგარიყო აფხაზეთში, აგვისტოს ბოლომდე ვერ განხორციელდებოდა, რადგან ამ დროისთვის კავკასიის ხაზზე უნდა მოსულიყო მე-20 და 22-ე ქვეითთა დივიზიები. იგი ითხოვდა, 1 ივლისისთვის რედუტ-კალეში გამოეგზავნათ ხომალდები აფხაზეთში ჯარის გადასაყვანად და მინისტრს აუწყებდა, რომ განზრახული ჰქონდა 44-ე ეგერთა პოლკის ბიჭვინთაში დაბანაკება, სადაც სამეგრელოსთან შედარებით უკეთესი კლიმატი იყო. ამასთანავე, აქედან ადვილი იქნებოდა დას. კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ მოქმედება, რაშიც იგი აფხაზთა სახალხო ლაშქრის გამოყენებასაც ფიქრობდა მიხეილ და ჰასან-ბეი შარვაშიძეების მეთაურობით.
რაც შეეხება აფხაზეთის ექსპედიციას, ი. პასკევიჩი აღნიშნავდა, რომ მისი მომზადება გენერალ კ. გესეს დაავალა, ხოლო რაზმის უშუალო ხელმძღვანელობა, პოლკოვნიკ ა. პაცოვსკის25. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია სიფრთხილეს იჩენდა. გენშტაბის ოფიცერს, ბარონ აშს და ჰასან-ბეი შარვაშიძეს დაევალათ აფხაზეთში არსებული ვითარების გარკვევა და რედუტკალედან სოხუმამდე სანაპირო გზის დათვალიერება. აპრილის ბოლოს ბარონი აში და ჰასან-ბეი თბილისიდან აფხაზეთში გაემგზავრნენ. ისინი ჯერ რედუტ-კალეში ჩავიდნენ, იქიდან კი, ანაკლიის გავლით _ სოფ. ნაბაკევში და შემდეგ სოფ. ილორში.
მათთვის ცნობილი გახდა, რომ ჰასან-ბეის შესახებ გავრცელდა ხმები, თითქოს ის კვლავ რუსეთში წაიყვანეს და არ დაბრუნდებოდა; ამბობდნენ იმასაც, რომ მას რუსის ჯარი მოჰყავდა აფხაზეთში; გაურკვეველი სიტუაციის გამო გახშირდა ყაჩაღობის ფაქტები. სოფ. გალის მახლობლად მათ შეხვდათ ბზიფის თემის აზნაური კაც მარღანია, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა აფხაზებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ აზნაური იყო, თავადები დიდ პატივს სცემდნენ და მასთან მეგობრობას ეძიებდნენ. მან ბარონ აშს უთხრა, რომ დიდი ხანია სურდა, გენერალ კ. გესეს ხლებოდა და დაედასტურებინა თავისი მზადყოფნა, ემსახურა იმპერატორისთვის, თუმცა, ადრე, სამეგრელოს მთავართან უთანხმოების გამო უფრთხოდა ამის გაკეთებას. აშს მიაჩნდა, რომ ხელისუფლება უნდა მოფერებოდა მას26.
ილორიდან ბარონი აში და ჰასან-ბეი აფხაზეთში, სოფ. ტამიშში ჩავიდნენ, სადაც შეკრებილი იყვნენ ალი-ბეი შარვაშიძე, წებელდელი მისოუსტ მარშანია და სხვა თავად-აზნაურები შეიარაღებული ხალხის თანხლებით, რომელთა შორის, როგორც ბარონიაში მოგვიანებით თავის მოხსენებაში აღნიშნავდა, „განსაკუთრებით წებელდელები გამოირჩეოდნენ თავიანთი ველური გარეგნობით“.
ალი-ბეიმ და წებელდელმა თავადებმა აშს სთხოვეს, ეცნობებინა თავისი უფროსებისთვის, რომ თუ რუსეთის ჯარი აფხაზეთში შევიდოდა, ისინი მას მშვიდობიანად შეხვდებოდნენ, თუმცა ითხოვდნენ იმ მიწების შენარჩუნებას, რასაც მათი მამები ფლობდნენ. საღამოს აშს თაიარ-ბეიც შეხვდა, რომელსაც, როგორც მოგვიანებით ბარონი აღნიშნავდა, რუსების მიმართ არაკეთილგანწყობა სახეზე ეწერა27.
სამურზაყანოს საზღვრიდან სოფ. კელასურამდე, სოფლები დაცარიელებული იყო. მოსახლეობა მთებში გახიზნულიყო მიხეილ შარვაშიძის შიშით, რომელიც, როგორც ხმები დადიოდა, ალი-ბეისა და მისი მოკავშირე წებელდელების დასჯას აპირებდა. აშის დაკვირვებით, აფხაზები ორ პარტიად იყვნენ გაყოფილი. ბზიფის თემი მთავარს უჭერდა მხარს. მის წინააღმდეგ იყო განწყობილი აბჟუა ალი-ბეის მეთაურობით, რომელსაც წებელდაც გვერდში ედგა. ჰასან-ბეი ცდილობდა ორი დაპირისპირებული პარტიის შერიგებას. აში დარწმუნებული იყო, რომ ჰასან-ბეი თავისი გავლენის წყალობით შეძლებდა ამ მისიის შესრულებას. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავადებს შორისაც არ იყო ერთიანობა, ფარულად ყველა ერთმანეთს მტრობდა. მთავარსა და ჰასან-ბეის შორისაც უთანხმოება იყო. პატივმოყვარე მიხეილ შარვაშიძეს არ სურდა ჰასან-ბეის რჩევების გაზიარება. ეს უკანასკნელი კი, როგორც მისი ბიძა და აფხაზი თავადებიდან წარმოშობით ყველაზე მნიშვნელოვანი, დამამცირებლად თვლიდა უმცროსი და ხალხში ნაკლები გავლენის მქონე მთავრისადმი დამორჩილებას. აში ფიქრობდა, რომ ეს წინააღმდეგობა იყო აფხაზეთში ყველა უთანხმოების მიზეზი28.
30 აპრილს აში და ჰასან-ბეი სოხუმში ჩავიდნენ. ამის იქით ჰასან-ბეის გავლენა არ ვრცელდებოდა29. აშს არც უცდია ლიხნისკენ გზის გაგრძელება, მითუმეტეს, არც ჰქონდა ასეთი დავალება. მისი ცნობით, აფხაზებს არ სჯეროდათ, რომ თურქეთმა რუსეთს დაუთმო შავი ზღვის სანაპირო ანაკლიიდან ანაპამდე. ამის დასტურად იმ ფაქტს იშველიებდნენ, რომ აჰმეთ-ფაშა ჯერაც ჩერქეზებთან იმყოფებოდა. მეორენი აღნიშნავდნენ, რომ რუსეთიდან და თურქეთიდან ჩერქეზეთსა და აფხაზეთში უნდა გამოეგზავნათ ჩინოვნიკი იმის გასარკვევად, თუ ვისი მორჩილება სურდა ხალხს, რუსეთის თუ თურქეთის30. სოხუმის კომენდანტის ცნობით, აჰმეთ-ფაშა ავრცელებდა ხმებს, თითქოს მთელი ჩერქეზთა სანაპირო თურქეთს ეკუთვნოდა და მის დასაცავად მალე ჯარი ჩამოვიდოდა. როგორც კაპიტანი ჟილინი აღნიშნავდა, მიხეილ შარვაშიძემ მას დაუდასტურა, რომ ასეთი ხმები გავლენას ახდენდა ვითარებაზე აფხაზეთში31.
თავის მოხსენებით ბარათში ბარონი აში აღნიშნავდა, რომ სამარცხვინო ვაჭრობა ტყვე მეგრელებითა და რუსი ჯარისკაცებით კვლავ გრძელდებოდა მთელ აფხაზეთში და, განსაკუთრებით, სოფ. კელასურში, სადაც 60-მდე თურქის ოჯახი ცხოვრობდა. მათთვის ამ ვაჭრობას დიდი სარგებელი მოჰქონდა. აფხაზეთის ყველა მდინარის შესართავში თურქული კანჯოები იდგა სიმინდისა და ტყვეების საყიდლად. ადამიანებით ვაჭრობას ფრთა ჰქონდა გაშლილი, რადგან არავინ ეწინააღმდეგებოდა. აფხაზები ცდილობდნენ ჩქარა გაეყიდათ რუსი ჯარისკაცები, რადგან რუსეთის ჯარის შემოსვლის ეშინოდათ. იქვე, ბარონი აში თავის მოსაზრებასაც გამოთქვამდა, თუ როგორ უნდა შებრძოლებოდნენ ტყვეებით ვაჭრობას. მისი აზრით, აუცილებელი იყო მდინარეების: ღალიძგას, მერკულას, ტამიშის, კოდორის, კელასურის შესართავების დაკავება; ამასთანავე, ანაკლიიდან ღალიძგამდე და კოდორიდან კელასურამდე შუალედური საგუშაგოების მოწყობა, რითაც განმტკიცდებოდა კავშირურთიერთობა სანაპირო გზით რედუტ-კალესა და სოხუმს შორის32.
მაისის დასაწყისში მიხეილ შარვაშიძემ შეკრიბა 1300 კაციანი სახალხო ლაშქარი, 8 მაისს სოხუმის ციხეს მოადგა და იქვე დაბანაკდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა ალი-ბეის დასჯა, რომელსაც დაუმორჩილებლობასა და წებელდელებთან კავშირში ადანაშაულებდა. ჰასან-ბეიმ წინასწარ განჭვრიტა ამ ლაშქრობის მთელი უხერხულობა, ენერგიული ზომები მიიღო მთავრისა და ალი-ბეის შესარიგებლად და დაძაბული სიტუაცია განმუხტა33. 12 მაისს მიხეილ შარვაშიძემ დაითხოვა ბზიფის ოლქის სახალხო ლაშქარი, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში სოხუმის ციხესთან იდგა. მთავარი და ალი-ბეი შერიგდნენ და შეთანხმდნენ, იმერეთის მმართველს გაერკვია მათი უფლებები სოფ. ფოქვეშზე, რაც მათ შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მიხეილ შარვაშიძე სოფელს მამის ნაყიდად თვლიდა და მისი დასაკუთრება სურდა, ხოლო ალი-ბეი არ უთმობდა. იმავდროულად, წებელდელები ცდილობდნენ, აეძულებინათ მიხეილ შარვაშიძე, თავისი და ერთ-ერთი მარშანიასთვის მიეთხოვებინა და ამ მიზნით მისი რამდენიმე კაცი ტყვედ გაიტაცეს34. კაპიტან ჟილინის ცნობით, მთავარსა და რამდენიმე თავადს ერთმანეთთან უთანხმოება ჰქონდათ. ამით სარგებლობდნენ წებელდელები და სხვა ყაჩაღები და მრავალ კანონდარღვევას სჩადიოდნენ35.
1830 წლის 15 მაისის წერილში ა. ჩერნიშევისადმი ი. პასკევიჩი შეეხო აპრილის მოვლენებს აფხაზეთში. მისი აზრით, ეს ამბები არ მოხდებოდა ჰასან-ბეის იქ ყოფნისას. შესაძლოა, მისმა დაყოვნებამ თბილისში მისცა საბაბი არაკეთილმოსურნეებს, გაევრცელებინათ ხმა, რომ ხელისუფლება არ აძლევდა მას აფხაზეთში დაბრუნების ნებას, რისიც ჰასან-ბეისაც ეშინოდა. მთავარმართებელი აღნიშნავდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. იგი ეჭვობდა, რომ, შესაძლოა, მას გაუფრთხილებლობით და მოურიდებლობით მიეცა უკმაყოფილების საბაბი ალი-ბეისთვის, რომელიც აქამდე წყნარად იყო. მისი განზრახვა, დაეტოვებინა თავისი სამფლობელო, ნათლად აჩვენებდა, თუ რამდენად მცირე გავლენა ჰქონდა მას და რამდენად მცირე შემწეობის იმედი უნდა ჰქონოდა ხელისუფლებას მისგან. რამდენადაც აფხაზეთი მიხეილ შარვაშიძეს არასოდეს ემორჩილებოდა, ი. პასკევიჩი სვამდა კითხვას, ამ მხარეში მტკიცე მშვიდობისა და რუსეთის პრესტიჟის შენარჩუნებისათვის კვლავ დაეჭირათ მისთვის მხარი მთავრის სტატუსში, თუ დაეტოვებინათ ის მხოლოდ თავისი ბზიფის მამულის მფლობელად და არ დაემორჩილებინათ მისთვის სხვა აფხაზი მფლობელები. ის სთხოვდა სამხედრო მინისტრს, გაერკვია ეს საკითხი იმპერატორთან და მისი აზრი ეცნობებინა36.
იმავდროულად, აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთის ექსპედიციის მომზადება. ივნისში რედუტ-კალეში თავი მოიყარეს აფხაზეთის ექსპედიციაში მონაწილე ჯარის ნაწილებმა. 25 ივნისს აქ შეიკრიბნენ: კ. გესე, მიხეილ, ჰასან-ბეი და ალი-ბეი შარვაშიძეები და ექსპედიციის გეგმის განხილვას შეუდგნენ. ალი-ბეი და ჰასან-ბეი თავიანთ ოლქებში სიმშვიდის გარანტიას იძლეოდნენ და სარდლობას ჯარის სოხუმამდე მშვიდობიანი გადასვლის ხელშეწყობას აღუთქვამდნენ, მაგრამ მიხეილ შარვაშიძე ვერ იძლეოდა ბზიფის ოლქში სიმშვიდის გარანტიას, სადაც მას სუსტი გავლენა ჰქონდა. ყოველი შემთხვევისთვის, გადაწყდა ჯარის ზღვით გადაყვანა სოხუმში. ივნისის მიწურულს გემებზე მოთავსდნენ ჯარის ნაწილები და 30 ივნისს მათ სოხუმისკენ აიღეს გეზი. იმავე დღეს, ექსპედიციაში მონაწილე მხედართა ცხენები კაზაკთა ასეულისა და აფხაზ თავადთა თანხლებით, სანაპირო გზით ასევე სოხუმისკენ გაისტუმრეს37.
3 ივლისს ესკადრა სოხუმში ჩავიდა და ჯარი ზღვის სანაპიროზე დაბანაკდა. სოხუმში კ. გესემ ცნობა მიიღო, რომ რუსეთის ჯარის აფხაზეთში გამოჩენის გამო აფხაზები, რომლებმაც ამ ფაქტში საფრთხე დაინახეს, კვლავ მღელვარებამ მოიცვა. ბზიფის თემის თავად-აზნაურები ჩერქეზებთან გაემართნენ რუსების წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად. ჩერქეზებმა გადაწყვიტეს გაგრის გასასვლელის დაკავება, შემდეგ ლიხნში მთავრის სასახლის აკლება და ბზიფის თემის აფხაზებთან ერთად რუსების წინააღმდეგ მოქმედება. ასეთ პირობებში კ. გესემ გაგრის გასასვლელის საჩქაროდ დაკავება გადაწყვიტა, რათა არ დაეშვა ჩერქეზების აფხაზებთან შეერთება38.
გაგრის გასასვლელის დაკავების შემდეგ კ. გესეს განზრახული ჰქონდა ბიჭვინთის კონცხის დაკავება და 44-ე ეგერთა პოლკის დროებით იქ დაბანაკება, შემდეგ კი შედგომოდა სიმშვიდის დამყარებას აფხაზეთში, რათა დიდი წინააღმდეგობისა და მსხვერპლის გარეშე მიეღწია ექსპედიციის პირველი ეტაპის მიზნისთვის: აფხაზეთში მტკიცედ დამკვიდრება და 44-ე ეგერთა პოლკის ლიხნში დაბინავება. ამიტომ მის განკარგულებაში მყოფი ესკადრის (მეთაური _ კაპ.-ლეიტ. სტერლინგოვი) ექვს ხომალდზე მოათავსა 44-ე ეგერთა პოლკის ბატალიონი _ 604 მეომარი, აგრეთვე 50 მესანგრე, 10 არტილერისტი ქვემეხებით, 6 ივლისს ღამით სოხუმის ყურედან გავიდა და გაგრისაკენ გაემართა. ზღვაზე უქარო ამინდის გამო ესკადრა გაგრის ყურეში მხოლოდ 8 ივლისის დილით შევიდა39.
გაგრის მაღალი, მრისხანე, ხშირი ტყით დაფარული მთები ბუნებრივ სიმაგრედ ჩანდა გიგანტური ბასტიონებით, რომელსაც ჯიქები, უბიხები და შაფსუღები იცავდნენ. ესკადრამ ისარგებლა ზღვის სიღრმით, ნაპირს მიუახლოვდა და ხომალდის ქვემეხებიდან ცეცხლი დაუშინა ტყეს ჟოეკვარისა და გაგრიფშის ხეობაში, რამაც მთიელები აიძულა მიმალულიყვნენ40.
კ. გესემ პოლკ. ა. პაცოვსკის უბრძანა გაგრის ტაძრის ტერიტორია დაეკავებინა და მდ. გაგრიფშთან პოზიცია მოეწყო. როგორც კი დესანტი ნაპირზე გადასხდა, მთიელებმა მოპირდაპირე მთებიდან ცეცხლი გახსნეს და შეეცადნენ, ხელი შეეშალათ მათთვის პოზიციის დაკავებაში, მაგრამ გემებიდან არტილერიის ცეცხლმა უკუაგდო ისინი. დესანტმა დიდი დანაკარგების გარეშე ავანპოსტები დაიკავა. ახლომახლო მაღლობებზე მაშინათვე გაიგზავნა რაზმები, რომლებსაც მთიელებისაგან უნდა გაეწმინდა შემოგარენი. იმავდროულად, სანაპიროზე დარჩენილი ასეულები გულმოდგინედ მუშაობდნენ მიწაყრილების ამოყვანაზე და ეკლესიის ქვის გალავნის გამაგრებაზე. მთიელებმა რამდენჯერმე განაახლეს შეტევა, მაგრამ ფრეგატებიდან დაშენილმა კარტეჩის ცეცხლმა ისინი აიძულა ქედის თხემებს იქით მიმალულიყვნენ41.
გაგრა მაშინ წარმოადგენდა ამავე სახელწოდების მდინარის ორივე ნაპირზე, სუროთი და ეკალბარდით გადახლართულ ხშირ ტყეში გაშლილ მცირე ვაკეს, რომელსაც ზედ ადგებოდა ხშირი ტყით დაფარული ციცაბო მთების კალთები, რომლებიც კეტავდნენ ზღვის სანაპიროზე არსებულ ვიწრო გასასვლელს აფხაზეთისკენ. ეკლესია, რომელიც მდ. გაგრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა, ნაწილობრივ დანგრეული იყო. მას მთის ძირიდან ზღვის ნაპირამდე 65 საჟენზე შემოვლებული ჰქონდა ქვის კედელი, რომელიც ასევე რამდენიმე ადგილას დანგრეული იყო42.
ამრიგად, გაგრის დაკავების ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. მასში მონაწილეობას ღებულობდა მიხეილ შარვაშიძის მიერ გამოგზავნილი 30 აფხაზიც, მათ შორის, კაც მარღანია და თავად როსტომ ინალიფას შვილი ნაულჩუკი43.
გენერალი კ. გესე თვლიდა, რომ ეს პუნქტი დაკავებული უნდა ყოფილიყო გაძლიერებული გარნიზონით, რადგან ჩერქეზები აფხაზეთში სწორედ ამ გზით იჭრებოდნენ. მართალია, არსებობდა მთებით გადასასვლელი ბილიკები გაგრის გვერდის ავლით, თუმცა მხედრებისათვის მოუხერხებელი. ჩერქეზებს ერთმეოდათ აფხაზეთში დაუბრკოლებლად შემოჭრისა და თარეშის, აგრეთვე ბზიფის თემის აფხაზებისათვის დახმარების შესაძლებლობა, ამიტომ კ. გესეს აზრით, ისინი ამ ფაქტს ვერ შეურიგდებოდნენ და გააძლიერებდნენ თავდასხმებს გაგრაზე, რომლის გარნიზონის გაძლიერებაც ყოველთვის პრობლემა იქნებოდა, რადგან სანაპირო გზა სოხუმიდან გაგრამდე არ არსებობდა44. კ. გესემ შეარჩია ადგილი სიმაგრის ასაგებად, უკანასკნელი მითითებები გასცა, დატოვა ჩამოყვანილი რაზმი მთლიანად, მაიორ პოლიაკოვის მეთაურობით, და ესკადრა, ხოლო თვითონ 10 ივლისს სოხუმში დაბრუნდა, რათა ამჯერად სანაპირო გზით წასულიყო ლიხნში და შემდეგ ბიჭვინთაში45.
13 ივლისს კ. გესე სოხუმში დარჩენილი რაზმით ლიხნისაკენ გაემართა, სადაც 16 ივლისს ჩავიდა. გზაში მან მიიღო ცნობა, რომ გაგრის გარნიზონს 11-დან 12 ივლისის ღამით და 12 ივლისს დღისით სამჯერ დაესხნენ ჩერქეზები. გარნიზონმა მოიგერია თავდასხმები, მაგრამ მსხვერპლიც იყო. მაიორ პოლიაკოვის ცნობით, ძნელი იყო ერთდროულად სიმაგრის აგებაზე მუშაობა და თვალყურის დევნება მოწინააღმდეგისათვის, ამიტომ დამატებით ძალებს ითხოვდა. კ. გესემ ჩათვალა, რომ გაგრის გარნიზონს ნამდვილად სჭირდებოდა დახმარება და 18 ივლისს ლიხნიდან გაგრაში სამეგრელოს ქვეითთა პოლკის ერთი ასეული გაგზავნა46.
ლიხნში აფხაზეთის ექსპედიციას მიხეილ შარვაშიძე შეუერთდა. კ. გესემ 44-ე ეგერთა პოლკის დასაბინავებლად ლიხნიდან 4 ვერსზე შეარჩია ადგილი, რომელსაც ბომბორას ეძახდნენ. ამის შემდეგ აფხაზეთის ექსპედიციის მიზანი ბიჭვინთის კონცხის დაკავება იყო. ბიჭვინთისაკენ გზა ბზიფის თემზე გადიოდა, აფხაზი თავადების: ნარჩოუ, დარუყვა და ტაგუ ინალიშვილების და სხვათა მამულებზე, რომლებიც არ აპირებდნენ ჯარის გატარებას. კ. გესემ მოლაპარაკებები გამართა მათთან და განუმარტა, თუ რა უსიამოვნებებს დაიტეხდნენ თავზე ასეთ შემთხევაში და მიხეილ შარვაშიძის, ჰასან-ბეისა და სხვა თავადების მხარდაჭერით, რომლებსაც ნათესაური კავშირები ჰქონდათ მათთან, შეძლო დაერწმუნებინა ისინი, რომ რუსეთის ჯარების მიერ აფხაზეთის დაკავებისას მათი მამულები მათსავე მფლობელობაში დარჩებოდა. ის დათანხმდა აგრეთვე დარუკვა ინალიფას შეწყალებაზე, რომელიც დიდი ხანი არ ემორჩილებოდა მიხეილ შარვაშიძეს47.
როდესაც კ. გესე დარწმუნდა, რომ ბიჭვინთამდე ლაშქრობა უსაფრთხო იქნებოდა, 19 ივლისს გავიდა ლიხნიდან. რაზმს რთული გადასვლა მოუხდა მთებისა და ტყეების გავლით უგზოობის პირობებში და 21 ივლისს ბიჭვინთას მიაღწია. ბიჭვინთის კონცხზე, ზღვის სანაპიროზე, სოფ. ბიჭვინთის მახლობლად იდგა ნახევრად დანგრეული ტაძარი. კ. გესემ ბრძანება გასცა ტაძრის ქვის გალავანი დაეკავებინათ და აქ სიმაგრე მოეწყოთ48.
ამდენად, აფხაზეთის სანაპირო ზოლში _ ბომბორა, ბიჭვინთა, გაგრა, _ რუსები სიმაგრეების აგებას შეუდგნენ. ბომბორაში დაბინავდა აფხაზეთის ექსპედიციის შტაბი. ამ სიმაგრეებს ჯიქებისა და უბიხებისთვის უნდა გადაეკეტა ის სანაპირო გზა, რომლითაც ისინი აფხაზეთში იჭრებოდნენ; აგრეთვე, მათ უნდა განემტკიცებინათ რუსების ბატონობა აფხაზეთში49. ექსპედიციის შედეგების შესახებ ანგარიშში ი. პასკევიჩი ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძეს ნამდვილად არ ჰქონდა გავლენა აფხაზეთში და თვით მის სამკვიდრო მამულშიც, ბზიფშიც არ სარგებლობდა დიდი პატივისცემით; რაც შეეხება ჰასან-ბეის, მან ყველაფერი გააკეთა აფხაზეთის ექსპედიციის წარმატებისათვის50.
ივლისის ბოლოს ჩერქეზების თავდასხმები გაგრაზე განახლდა, თუმცა გარნიზონმა მოიგერია ისინი. ამის შემდეგ, უბიხების ერთ-ერთმა წინამძღოლმა, მიხეილ შარვაშიძის აღმზრდელმა ჰაჯი დაგუმოყვა ბარზეგმა 2 ათასამდე კაცით მდ. გაგრიფშის ხეობიდან ცეცხლი დაუშინა გაგრის ციხეს. 16 აგვისტოს ისინი შეეცადნენ შტურმით აეღოთ სიმაგრე, მაგრამ გარნიზონმა, რომელსაც ზღვიდან ხომალდებიც უჭერდნენ მხარს, უკუაგდო ისინი. მთიელებმა დიდი მსხვერპლი ნახეს. მათ დაღამებისას ბრძოლის ველიდან გაიყვანეს დაჭრილები და დახოცილები, 17 აგვისტოს კი საერთოდ დატოვეს იქაურობა. ჩერქეზი თავადის ლაზ ანჩაბაძის ცნობით, რომელსაც რუსეთის ერთგულების ფიცი ჰქონდა დადებული, ჩერქეზებში მსხვერპლი დიდი იყო, თვით ჰაჯი დაგუმოყვა ბარზეგიც მძიმედ იყო დაჭრილი51.
მალე დასრულდა სიმაგრეების აგება. ბომბორის სიმაგრეს დიდი პარალელოგრამის ფორმა ჰქონდა ბასტიონებით. შიგნით დაყოფილი იყო ექვს სწორ ნაწილად, სადაც აგებული იყო პატარა შეთეთრებული სახლები, გრძელი ყაზარმა და პროვიანტის მაღაზიები. მალე, სიმაგრესთან გაჩნდა პატარა ფორშტატი, რომელიც დასახლებული იყო სომეხი და ბერძენი ვაჭრებით. პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით ბომბორის სიმაგრის მდებარეობა ხელსაყრელი იყო, რადგან საშუალებას აძლევდა გარნიზონს, თვალყური ედევნებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის და მოვალე იყო, დაეცვა მთავრის ხელისუფლება, რომლის რეზიდენციაც რამდენიმე ვერსზე იყო. თუმცა მას ორი ნაკლი ჰქონდა: მოუხერხებელი ყურე, რის გამოც გემები ნაპირიდან სამ მილზე უნდა გაჩერებულიყვნენ, და ციებიანი კლიმატი, რის გამოც ჯარისკაცები მალარიით ავადმყოფობდნენ52. ბიჭვინთის სიმაგრე მონასტრის ტერიტორიაზე აიგო. მონასტრის გალავანი განაახლეს და კუთხეებში ხის კოშკები ააგეს. აქვე აიგო ყაზარმა ჯარისკაცებისთვის. თავიდან ბიჭინთაში ორი ასეული იდგა, მაგრამ მალე, მალარიის გამო ერთ ასეულამდე შეამცირეს53. გაგრაშიც სიმაგრის ასაგებად ტაძრის ქვის კედელი გამოიყენეს, რომელიც სანაპიროდან მთის ძირამდე მიემართებოდა. გარნიზონის მდგომარეობა მძიმე იყო, სიმაგრის ეზოში თავისუფლად გავლაც არ შეიძლებოდა, რადგან ახლო-მახლო მთებიდან მთიელები განუწყვეტლივ ცეცხლს უშენდნენ სიმაგრეს; ლაზარეთი სავსე იყო მალარიით დაავადებული ჯარისკაცებით და, ფაქტობრივად, სიმაგრე გარესამყაროს მოწყვეტილი იყო54.
1830წ. 23 აგვისტოს ი. პასკევიჩმა პროკლამაციით მიმართა აფხაზებსა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს, სადაც აღნიშნავდა, რომ აჰმეთ-ფაშას ისინი შეცდომაში შეჰყავდა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები და მათი მეზობელი ხალხები ეკუთვნოდნენ არა პორტას, არამედ რუსეთის იმპერატორს და სულთანმა აჰმეთ-ფაშა და ყველა ჩინოვნიკი გაიწვია. იგი მთიელებს მოუწოდებდა, დაეყარათ იარაღი, დამორჩილებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას და ერთგულების ფიცი დაედოთ, რისთვისაც ხელმწიფის მოწყალებას ჰპირდებოდა55.
როგორც გათვალისწინებული იყო, აფხაზეთის ექსპედიციის პარალელურად, ოქტომბერში ექსპედიცია მოეწყო ყუბანისპირეთშიც, შაფსუღეთში, რომელსაც უშუალოდ ი. პასკევიჩი ხელმძღვანელობდა. რუსეთის ჯარის ნაწილების გამოჩენამ იმ ადგილებში, რომელსაც შაფსუღები გაუვალად თვლიდნენ, შიში დანერგა მათში და ი. პასკევიჩს მორჩილება გამოუცხადეს; იმავდროულად, მთავარმართებელმა მდ. ყუბანზე რამდენიმე სიმაგრე ააგო56. მაგრამ რუსეთის ჯარის ნაწილების გასვლის შემდეგ შაფსუღები კვლავ გამოვიდნენ მორჩილებიდან. ი. პასკევიჩიც თვლიდა, რომ ასეთ ექსპედიციებს დროებითი მნიშვნელობა ჰქონდა და შიშის დანერგვას ემსახურებოდა. მთიელები გაურბოდნენ გადამწყვეტ ბრძოლას და პარტიზანულ ომს ეწეოდნენ. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ მთიელებისათვის საარსებო საშუალებების წართმევით, მათი მიწა-წყლის მუდმივად დაკავებით, აქ სიმაგრეების აგებითა და სამხედრო დასახლებათა მოწყობით შეიძლებოდა მათი დამორჩილება57.
რაც შეეხება აფხაზეთს, კავკასიის რუსული ადმინისტრაცია თვლიდა, რომ ამ მხარის შემომტკიცების პროცესი გაჭიანურდებოდა. აფხაზები მიჩვეულნი იყვნენ მშფოთვარე ცხოვრებას: ყაჩაღობას, ძარცვას, თითქმის არ ემორჩილებოდნენ მთავარს, ამიტომ გაძნელდებოდა მათი მორჩილებაში მოყვანა. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო რედუტ-კალედან გაგრამდე სანაპირო ზოლის დაკავება საგუშაგოებით და კარანტინებით, სახმელეთო მიმოსვლის უზრუნველყოფა. ამით აღიკვეთებოდა აფხაზების ურთიერთობა თურქებთან, რომლებიც მათ იარაღითა და ტყვია-წამლით ამარაგებდნენ და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდნენ.
რუსეთის გემები, რომლებიც კრეისირებას ეწეოდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ, ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ თურქების აფხაზებთან ურთიერთობის აღკვეთას. რედუტ-კალედან გაგრამდე სანაპირო ზოლში საჭირო იყო რუსეთის ჯარის ნაწილების დამატებითი ძალები58. ამის შესაძლებლობა მაშინ რუსეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა.
ამრიგად, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, სრულად ვერ იქნა მიღწეული აფხაზეთის ექსპედიციის მიზანი. რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიკავეს აფხაზეთის სანაპირო ზოლი, მაგრამ გაგრის ჩრდილო-დასავლეთით წინსვლა შეფერხდა ჯიქებისა და უბიხების მედგარი წინააღმდეგობის გამო და ანაპისკენ ლაშქრობა მომავლისთვის გადაიდო.
შენიშვნები
1. История дипломатии. Т. I. Под ред. В. А. Зорина. М., 1959, გვ. 544; მ. დუმბაძე. იმერეთის სახელმწიფოს გაუქმება და ცარიზმის ბატონობის გაფართოება საქართველოში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 884.
2. А. В. Фадеев. Россия и Кавказ первой трети XIX в. М., 1960, გვ. 339.
3. М. М. Щербатов. Генерал-фельдмаршал князь Паскевич-Эриванский. Т. III. СПБ., 1891, გვ. 229-230.
4. Утверждение наше в Абхазии. – „Кавказский сборник“, т. Х. Тифлис, 1889, გვ. 123.
5. „Кавказский сборник“. Материалы к истории. Под редакцией подпол ковника Эсадзе. Т. XXXII, ч. II. Тифлис, 1912, გვ. 41-42.
6 А. В. Фадеев. Убыхи в освободительном движении на Западном Кавказе. – „Исторический сборник“, 4. М.-Л., 1935, გვ. 142-143.
7 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 41-43.
8 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 58.
9 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 45-47.
10 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 47-49.
11 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 50-51.
12 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 52.
13 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 51-52.
14 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 53-54.
15 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 54; АКАК, т. VII. Тифлис, 1878, #859, გვ. 886.
16 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 54-56.
17 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 60.
18 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 61.
19 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 61.
20 М. М. Щербатов. Генерал-фельдмаршал.., т. III, გვ. 266.
21 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 61, 63.
22 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 62.
23 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 62.
24 М. М. Щербатов. Генерал-фельдмаршал.., т. III, გვ. 267.
25 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 58.
26 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 67.
27 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 67.
28 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 68.
29 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 67-69.
30 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 67-69.
31 АКАК, т. VII, №336, გვ. 403.
32 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 67-69.
33 АКАК, т. VII, #336, გვ. 402-403.
34 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 90
35 АКАК, т. VII, #336, გვ. 403.
36 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 64.
37 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 74
38 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 70-71, 74, 76.
39 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 71, 75.
40 ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი. რუსულიდან თარგმნეს, შესავალი და კომენტარები დაურთეს ზურაბ პაპასქირმა და ბეჟან ხორავამ. თბ. 2002, გვ. 100.
41 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 71, 75; ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა.., გვ. 100-101.
42 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 75-76; ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა.., გვ. 101.
43 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 71, 75.
44 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 71-73, 76.
45 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 72, 75.
46 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 77.
47 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 77.
48 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 78.
49 Д. Афанасьев. К истории Черноморского флота. – „Русский архив“, кн. I. М., 1902, გვ. 427. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი, გვ. 101.
50 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 76.
51 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 80-81.
52 А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия и Сухум в XIX столетии. – Известия Кавказского Отдела Императорского Русского Географического Общества, т. XX, №2, 1909-1910, გვ. 161-162.
53 А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия и Сухум.., გვ. 162.
54 А. Н. Дьячков-Тарасов. Абхазия и Сухум.., გვ. 162.
55 АКАК, т. VII, #338, გვ. 403.
56 М. М. Щербатов. Генерал-фельдмаршал.., т. III, გვ. 281-284; Г. Филипсон. Воспоминания. М., 1885, გვ. 120; ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. გაგრა და მისი შემოგარენი, გვ. 99.
57 М. М. Щербатов. Генерал-фельдмаршал.., т. III, გვ. 284-286.
58 „Кавказский сборник“, т. XXXII, ч. II, გვ. 72-73.

Комментариев нет:

Отправить комментарий