четверг, 9 декабря 2021 г.

ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება. ფარნავაზ მეფე (უ. მურღულია)

1. მაკედონელთა შემოსვლა და აზოს მეფობა
ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“-ს და „მოქცევა ქართლისა“-ს მიხედვით
ძვ.წ. IV საუკუნეში აღმ. საქართველოს მოსახლეობას ერთიანი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ჰქონდა და მოსახლეობა პატარ-პატარა პოლიტიკურ გაერთიანებებში ცხოვრობდა, რომლებსაც მამასახლისები მართავდნენ. მათ შორის ყველაზე გავლენიანი იყო ქ. მცხეთის მამასახლისი სამარა.
„როდესაც გაძლიერდა ალექსანდრე მაკედონელი და დაიპყრა ყოველი ქვეყანა. შემდგომ მოვიდა ქვეყანასა ქართლისასა და იპოვა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლში: წუნდა1; ხერთვისი2 მტკვრისა; ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა3; თუხარისი4 მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსაც ჰქვია ჭოროხი; ურბნისი5, კასპი6 და უფლისციხე7; ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისი: სარკინე8, ციხე-დიდი9, ზანავი10, უბანი ურიათა (ანუ ებრაელთა); რუსთავი; დედა-ციხე სამშვილდე11; მტვერის-ციხე, რომელიც არის ხუნანი12, ხერკის ქვეყანა13 და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა იპოვა კაცნი სასტიკად მებრძოლნი. გაჰყო ლაშქარი თავისი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა. შემდეგ თვით მიადგა მცხეთას, დაუდგინა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქვემოთ. შემდეგ აზო დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსაც ჰქვია ნასტაკისი14.
ხოლო მტვერის ციხესა და თუხარისსა არა ებრძოლა, რამეთუ ვერ შეძლებდა მათ დაპყრობას. ხოლო სხვანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრა ექვს თვეში. ხოლო სარკინელთა აგინეს ალექსანდრესა. გაუწყრა ალექსანდრე და აღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და უთხრა მათ: „ვინაიდან მაგინეთ მე, დაგხოცავთ ყველას“. და მოიცვა ქალაქი სარკინე, ისე რომ ვერ გამოვიდოდა შიგნიდან ერთი კაცი. ხოლო სარკინელთა გაუჭირდათ, რამეთუ იბრძოდნენ თერთმეტი თვე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და გახვრიტეს კლდე იგი, სადაც რბილი იყო და ადვილად სახვრეტელი. და გაიკრიფნენ ხვრელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდნენ კავკასიად, და დატოვეს ცარიელად ქალაქი.
დაიპყრა ალექსანდრემ ყოველი ქართლი, და მოსრა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრა და დაატყვევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევა მათ ზედა ერისთავად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქვეყანით მაკედონით, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა. ესენი იყვნენ კაცნი ძლიერნი და მხნენი.
და უბრძანა ალექსანდრემ აზონს, რათა პატივს სცემდენ მზესა და მთვარესა და ვარსკვლავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყველი და მოძღვარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავლა და ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრემ, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წავიდა ალექსანდრე.
აზონმა მოარღვია ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტოვა ოთხი ციხენი, რომელნიც მოსდგმიდნენ პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელიც არის არმაზი; ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლეთით, მცხეთა მტკვარსა ზედა. და ესენი მომტკიცა, და გაავსო ისინი ლაშქრითა. ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოურღვია ზღუდენი, და დაიპყრო ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთიდან15. და ბერდუჯის მდინარიდან (დებედა) ვიდრე ზღვამდე სპერისა. დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა16, და მოხარკე ყვნა დურძუკნი17, სარმატნი18 და ლეკნი.
ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნა ორი კერპნი გაცი და გაიმ“. გაცის კერპი ოქროსგან იყო დამზადებული, გაიმ კი – ვერცხლისგან. მათ ჩვილ სეფეწულებს სწირავდნენ: „შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწვად და მტვერი გარდაბნევად თავსა კერპისასა“.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მოსაზრებით გაცი და გა(იმ) წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა-ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ-გე და Γᾶ-გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი-გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა-ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.
„აზო, ძე არიან-ქართლისა მეფისა (მოქცევა ქართლისა), და მას ებოძა მცხეთა საჯდომად ჰქონდა საზღვარი მას ჰერეთი, და ეგრის წყალი (ღალიძგა), და სომხითი და მთა ცროლისა19.
ხოლო ეს აზო წავიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წამოიყვანა რვა სახლი თავისი და ათი სახლი მამა-მძუძეთანი (ე.ი. ნათესავები), და დაჯდა ძველ მცხეთას და თანა-ჰყავდა კერპნი ღმრთად – გაცი და გაიმ. და ეს იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა („მოქცევა ქართლისა“).
იყო კაცი ძნელი, მესისხლე და მოშურნე. ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა: „ყოველმან ქართველთაგანმან რომელსაც ჰქონდეს საჭურველი, მოკალით იგი“. ამიერიდან ვინცავინ გამოჩნდებოდა ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, უმალ მოკლავდნენ. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა“.
როდის მოხდა ეს და სინამდვილეში ვინ გამოგზავნა აზონი?
ძვ.წ. 334–324 წლებში მაკედონიის მეფე ალექსანდრე III-მ (336–323) ეგეოსის ზღვიდან ინდოეთამდე აზიის დიიდი ნაწილი დაიპყრო და თავისი იმპერიის დედაქალაქად ბაბილონი გამოაცხადა. 323 წელს იგი ახალი ლაშქრობების მზადების პროცესში უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა, რის შემდეგაც იმპერიის რეგენტი გახდა ალექსანდრეს სარდალი პერდიკა.
ალექსანდრეს კავკასიაში არ ულაშქრია. ერთადერთი შეხება კავკასიასთან ალექსანდრე იყო არმენიის სატრაპად მამის მოღალატე მიჰრანის დანიშვნა (331 წ.). მცირე აზიის ჩრდ. ნაწილისა და კავკასიისთვის მოიცალა მხოლოდ პერდიკამ, რომელმაც 323 წელს მიდიის სატრაპს ატროპატს მხარის მხოლოდ ჩრდ-დას. ნაწილი დაუტოვა, რომელსაც ატროპატენა ეწოდა, ხოლო მიჰრანს ჩამოართვა არმენია და თავის სარდალ ნეოპტოლემეოსს (ეპირის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი) მისცა. 322 წელს პერდიკამ დაიპყრო კაპადოკიის სამეფო და თავის სარდალ ევმენეს დაუთმო. მასვე მიუმატა მცირე ფრიგია, დიდი ფრიგია, ლიკია და კარია. ევმენეს უნდა დაქვემდებარებოდა არმენიის სატრაპიც, თუმცა ნეოპტოლემეოსმა ამაზე უარი თქვა, თუმცა ევმენესთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. მაშინ სატრაპობა დაუბრუნეს მიჰრანს. 321 წლის ბოლოს ეგვიპტის სატრაპ პტოლემეოსთან ომში პერდიკა დაიღუპა (ევმენემ ყველაფერი დაკარგა), რითაც იმპერიის ერთიანობა საბოლოოდ დასრულდა და დიადოქოსთა მრავალწლიანი ომები დაიწყო. ამით ისარგებლეს არმენიის სატრაპებმა მიჰრანმა და მისმა ვაჟმა ერვანდმა (317–260) და სრული დამოუკიდებლობა მოიპოვეს. უკანასკნელი არმენიისა და სოფენას მეფის ტიტულსაც კი ატარებდა.
მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრეს ქართლში და საერთოდ კავკასიაში არ ულაშქრია ეს არ უარყოფს ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობის შესაძლებლობას. ამდენად აღნიშნული ლაშქრობა მართლა შედგა და თუ დავაკვრდებით განვითარებულ მოვლენებს ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ, 323–321 წლებში უნდა მომხდარიყო, ქართლის მეზობელ არმენიას როდესაც არმენიას მართავდა ნეოპტოლემეოსი და მას უნდა ჰქონოდა დავალებული აგრეთვე კავკასიაში მაკედონელთა ბატონობის დამყარება. ამდენად აზოს ქართლში მმართველად დასმა დაახლოებით ძვ.წ. 323–322 წლებით უნდა განისაზღვროს. შესაბამისად იგი თავდაპირველად ოდენ სატრაპი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მის შემდეგ, რაც დიადოქოსთა ომები გაჩაღდა და კავკასიისთვის აღარავის ეცალა, არმენიის სატრაპ მიჰრანთან ერთად აზოსაც თავი მეფედ უნდა გამოეცხადებინა. ამით უნდა იყოს გამოწვეული ქართული წყაროების განსხვავებული ცნობა აზონის სტატუსის შესახებ.
რაც შეეხება აზონის წარმოშობას: „ქართლის ცხოვრებით“ ის არის იარედოსის ძე, ხოლო „მოქცევა ქართლისა“-ს ცნობით არიან-ქართლის მეფე. ისტორიკოსების აზრით იარედი არიანის სახეცვლილი ვარიანტი უნდა იყოს და რეალურად ქვეყნის სახელი უნდა იყოს, რომელიც ლეონტიმ, ანდა მისმა გადამწერმა მამის სახელად აღიქვა. მეტიც: აშკარად გამოგონებული ჩანს აზონის სახელი, რომელიც ბერძენი დამპყრობელი არგონავტების მეთაურის იაზონის სახელიდან უნდა წარმოშობილიყო. არგონავტების სხვადასხვა ვერსიებში ხომ იაზონი არამარტო კავკასიას, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც იპყრობს. ასე რომ ფარნავაზის წინამორბედის სახელი დიდი ალბათობით სხვა უნდა ყოფილიყო.
როგორც აღვნიშნეთ აზოს საქართველოში გაბატონება 323–322 წლებით უნდა განისაზღვროს, რადგან სწორედ ამ დროს დამყარდა მაკედონელთა ბატონობა სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ მეზობელ დიდი არმენიის სამეფოში. აქედან გამომდინარე, რომ ნეოპტოლემეოსის გარდა კავკასიის დასაპყრობად დიადოქოსებს ამ პერიოდში სხვა სარდალი არ გამოუგზავნიათ უნდა ვივარაუდოთ რომ ე.წ. ალექსანდრეს ლაშქრობა სინამდვილეში არმენიის სატრაპ ნეოპტოლემოსის ლაშქრობა უნდა იყოს და აზოც მას უნდა დაეტოვებინა. თუ მოვაცილებთ „არიან-ქართლს“ – „ქართლს“, რომელიც ისტორიკოსს სპეციალურად, პატრიოტულ-იდეოლოგიური კონცეფციიდან გამომდინარე უნდა მიემატებინა, გვრჩება „არიან“, რაც ძალიან ჰგავს „არმიან-არმენიას“. ასე რომ ჩემის აზრით აზო/აზონი „დიდი არმენიის“ მმართველის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

შენიშვნები
1. წუნდას ციხე-ქალაქი იყო ჯავახეთის ცენტრი. მდებარეობს ასპინძის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. ხერთვისის ციხე-ქალაქი მდებარეობს ასპინძის რაიონში, ასპინძიდან 14 კმ-ზე, ფარავნისწყლისა და მტკვრის შესართავში, დღევანდელი ხერთვისის ციხის ტერიტორიაზე.
3. ივანე ჯავახიშვილის აზრით – ამ ლიხის მთას სულ სამხრეთ-დასავლეთისკენ აქვს მიმართულება არჯევანის მთამდე, რომელიც ვითარცა თრიალეთის მთების წვერი აღმოსავლეთით დასავლეთისაკენ მიმდინარე ლიხის მთას დასავლეთით უდგება და იმასთან ერთად ბორჯომის ვიწრო ხეობას ჰქმნის. ამ ადგილიდან მოყოლებული ლიხის მთების მიმართულება ერთბაშად იცვლება და პირს დასავლეთისაკენ იქცევს. ლიხის მთების ამ გაგრძელებას ღადო ერქვა. ლეონტი მროველი ამბობს, რომ ქართლოსის სამფლობელოს მესხეთში ჰქონდა „ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვალს ჰშტოდ კავკასიისაგან და მოჰკიდავს წუერი ღადოსი დასასრულსა (მთისასა), რომელსა ჰქვია ლიხი“.
4. თუხარისის ციხე-ქალაქი მდებარეობდა ტაო-კლარჯეთის საზღვარზე. ვახუშტის ცნობით „ტბეთის პირისპირ, ჩრდილოეთით კერძოდ მდინარის გაღმა, არის ციხე თუხარისი. ბუბა კუდავას მოსაზრებით ციხე-ქალაქი ერკინისთან (Demirkent) მდებარეობს. სავარაუდოდ ის უნდა იყოს დიაოხის ეპოქის უტუხაი.
5. ციხე-ქალაქი ურბნისი მდებარეობდა ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ურბნისის ტერიტორიაზე.
6. კასპის ციხე მდებარეობს კასპის რაიონში, კასპიდან ჩრდილოეთით, 5 კმ დაშორებით, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირის მაღალ მთაზე.
7. უფლისციხის ნანგრევები მდებარეობს გორის რაიონში, გორის აღმოსავლეთით 8 კმ-ზე, სოფ. ქვახვრელის მოპირდაპირედ, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
8. სარკინე ლოკალიზდება მცხეთის დასავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, შიომღვიმის მიდამოებში, ჯოჯოხეთის ხევიდან მდ. ქსნამდე და ნასტაგისამდე, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე.
9. ციხედიდის ციხესიმაგრე მდებარეობდა ახლანდელ სოფელ ძეგვსა და მარტაზისხევს შორის (ახლანდელი მცხეთის რაიონი), მდ. მტკვრის დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.
10. ზანავი დღეს სოფელი ბორჯომის რაიონში (ყვიბისის თემი). ბორჯომის ხეობაში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ბორჯომიდან 9 კილომეტრზე.
11. ციხე-ქალაქი სამშვილდეს ნანგრევები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, დღევანდელი სოფ. სამშვილდის მახლობლად. თეთრიწყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ის დაშორებით, მდ. ქციისა და ჭივჭავის შესართავს შორის წარმოქმნილ მაღალ კონცხზე.
12. ხუნანის ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდ. თაუზჩაის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქ, სადაც მტკვრის პირას აღმართულია მთა „თოფრახ-კალა“, რომლის სახელწოდებაც ზუსტი თურქული შესატყვისია ხუნანის მეორე სახელწოდებისა – „მტვერის ციხე“, რაც ნიშნავს ალიზით, მიწით ნაგებ ციხეს. ასე უწოდებს ხუნანს ქართლის. ნაქალაქარი ხუნანი ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მდებარეობს თაუზის რაიონში, ქ. თაუზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 22 კმ-ის დაშორებით.
13. „ხერკის ქვეყანა“ მდებარეობდა მდ. არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (ახლანდელი მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი). ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია. ვახუშტი ბატონიშვილის ლოკალიზაციით აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით – ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით – ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით – მდ. არაგვი. ხერკის ცენტრი იყო ზედაზნის ციხე. ანტიკურ ხანაში ხერკი მუხრანთან ერთად მცხეთის „სამოქალაქოს“ (მცხეთის საგამგებლო რეგიონი) ქმნიდა.
14. ნასტაკისი მდებარეობდა მცხეთის რაიონში, თანამედროვე ნასტაკისის ველზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მდ. ქსნის შესართავთან. ნასტაკისის ველს ჩრდილოეთიდან საზღვრავს სავანეთის ქედი, სამხრეთიდან მდ. მტკვარი, დასავლეთიდან მდ. ქსანი, აღმოსავლეთიდან ნასპარსევის ხევი.
15. ლეონტის ცნობით: „ჰერეთის მხარეში შედიოდა ქვეყანა მტკვრისა ჩრდილოეთით, მცირისა ალაზნისა (იორი) შესართავიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსა აწ ჰქვია გულგულა. ცენტრი მხარისა აშენებულ იყო შესაკრებელთა შორის ორთავე ალაზანთასა და ეწოდა სახელი ჰერეთი. და აწ მას ადგილსა ჰქვია ხორანთა“.
16. ამ დროს არსებობს კოლხეთის სამეფო, რომელიც ალბათ მართლა დაემორჩილა მაკედონელთ. ეგრისი კოლხეთის სამეფოს მხოლოდ ერთ ნაწილს ერქვა (იხ. ზემოთ „ძველი კოლხეთის სამეფო“), თუმცა ქართულმა წყაროებმა მხოლოდ ეს სახელი შეინარჩუნა და არა კოლხეთის სამეფო.
17. დურძუკები ანუ ძურძუკები, თანამედროვე ვეინახთა (ჩეჩნების, ინგუშებისა და ბაცბების საერთო სახელწოდება) წინაპრები.
18. სარმატები ირანულენოვანი მომთაბარე ტომთა დიდი გაერთიანება, რომლებიც ძვ.წ. IV საუკუნიდან ახ.წ. IV-მდე ცხოვრობდნენ სამხრეთ ურალიდან და დას. ყაზახეთიდან მდ. დუნაიმდე. ძვ.წ. IV საუკუნისთვის მათ დაიკავეს თანამედროვე უკრაინისა და ჩრდილოეთ კავკასიის დიდი ნაწილი. მათ ხშირად საომრად ქირაობდნენ როგორც ქართლის, ისე პართიისა და რომის ხელისუფლები. ახ.წ. I საუკუნეში ისინი რამდენიმე ტომად გაიყვნენ: აორსები, სირაკები, როქსოლანები, იაზიგები, ალანები. ალანთა შთამომავლებს წარმოადგენენ თანამედროვე ოსები.
19. ცროლის მთა მდებარეობს ხევსურეთში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 3955 მ.

2. მეფე ფარნავაზი (დაახლ. 298–233)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსაც ერქვა სახელი ფარნავაზ (სპარსულად – „უბრწყინვალესი“, „დიადი“, „ხელბედნიერი“, „მჭერმეტყველი“). ეს ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელი მოსლვასა მას აზონისა მცხეთელ მამასახლისი ყოფილიყო.
ესე სამარა და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო აზონისგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წაეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და იქ აღზრდილიყო.
როდესაც გახდა ფარნავაზი ოცისა წლისა წამოვიდა და მოვიდა მცხეთად მამულსა თვისსა და შეეწყნარა აზონს, მაგრამ არ განუცხადა აზონს თუ ვისი ძე არის იგი.
ეს ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხნე, ახოვანი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი, სწრაფი და ცქვიტი. ხოლო მონადირეობითა მისითა გაეცნო აზონისა, და შეიყვარა იგი აზონმან მონადირეობისათვის, ფრიად სიკეთისა მისისათვის, და პატივს უყოფდა მას.
ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ერიდე აზონს და ნუ გამოაჩენ თავისა შენისა სიკეთესა, თორემ მოგკლავენ შენ“.
იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. როდესაც გამრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, უთხრა ფარნავაზს დედამან მისმან: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წამიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერიდე შენ ცოცხალი ხელისაგან აზონისა“.
დაამტკიცეს განზრახვა ესე, წასლვა ასპანისა. უჭირდა ფარნავაზს დატოვება საყოფელსა მამათა მისთასა, მაგრამ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წასლვა. მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, როცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულებოდა გასლვა და ვერ გავიდა.
მაშინ შემოვიდა სარკმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და გაიყვანა სარკმელსა მას. და როდესაც გავიდა ველად, იხილა მზე ქვე-მდაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოხოცა ცვარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა. გაიღვიძა ფარნავაზმა და გაუკვირდა, და თქვა: „სიზმარი არის ეს, მე წავალ ასპანს, და იქ კეთილსა მივეცემი“.
ხოლო მას დღესა შინა გავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდნენ ირემნი ხევთა შინა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ გაიარა ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; ამ დროს შეღამდა და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა დაეყო იქ ღამე და დილას წასულიყო.
ხოლო კლდისა მის ძირსა გამოქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილ იყო ქვითა ძველად, და სიძველითა შეჰქმნოდა დარღვევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზმა ამოიღო ჩუგლუგი (მცირე წერაქვი) და გაარღვია კარი გამოქვაბულისა მის, რათამცა იქ შიგა შეფარებოდა წვიმისაგან, და შევიდა გამოქვაბულსა მას. და იხილა იქ შინა განძი ურიცხვი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა ურიცხვი.
ფარნავაზს გაუკვირდა და აივსო სიხარულითა. მოაგონდა სიზმარი და ამოკეტა კარი გამოქვაბულისა ეგრეთვე. მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედას თვისსა და ორთა დათა მისთა. და მასვე ღამესა წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯვითა თვისითა. ხოლო როდესაც გათენდებოდა, კვლავ ამოქოლავდნენ კარსა გამოქვაბულისა მის. ასე გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამეში და დაიგულეს სიმარჯვითა.
ფარნავაზმა წარგზავნა მონა თავისი ეგრისის მმართველ ქუჯის თანა და შეუთვალა: „მე ვარ ძმისწული სამარა მამასახლისისა, და არის ჩემთან განძი დიდძალი. აწ ინებო, რათა ამ განძითა მოვიდე შენთანა, და ვიყვეთ ჩვენ ძმა და ვიხმაროთ ჩვენ განძი იგი ორთავე. გამოვჩნდეთ ჩვენ მტერად აზონსა, და სვემან ჩვენმან მოგვცეს ჩვენ ძლევა კეთილი“.
მაშინ გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და შემოუთვალა: „აღდეგ და მოხვედ ჩემ თანა, და ნუ დაიშურებ განძსა შენსა, და ხვასტაგითა შენითა გაამრავლე სპანი შენი ვიდრე გამოვჩნდებით მტერად აზონისა. მაშინ გაიხარონ ყოველთა ქართველთა აწყვედილთა მისგან და მიწყვდეულთა. და ვგონებ, რომელ აზონის ხალხთაგანცა შემოგვიერთნენ. რამეთუ ურიცხვნი აწყვედილ არიან მათგანნიცა აზონისგან“.
მაშინ ფარნავაზ ფარულად წავიდა სიხარულითა, რომელიც შესაძლებელ იყო განძისა მისგან წაიღო თან, და დედაცა და დანი მისნი მისთანა. მივიდა ქუჯისთან და უთხრა მას ქუჯიმ: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ განძსა შენსა, რათა გავამრავლოთ სპანი; და უკეთუ მოგვეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩვენი და მე ვარ მონა შენი“.
მაშინ ეზრახნენ და შეიერთეს სარმატნი და ლეკნი. ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ სძულდათ მათ სიბოროტისათვის და არ სურდათ ხარკისა მიცემა აზონისათვის და გამოიყვანეს სარმატნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი. ეგრისში შეიკრიბნენ ურიცხვი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თვისთა და შემოიკრიბა.
ამ დროს ათასი მხედარი რჩეული, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგნენ აზონს და მოვიდნენ წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგნენ აზონს. ხოლო სპანი რომელიც დარჩა აზონს, ვეღარ მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. იხილა რა აზონმან, რომელ ვერღარა ძალ-ედვა წინააღმდეგობა ფარნავაზისა, ვინაიდან განუდგნენ თავისი მხედრობანიცა და ერნი ქართლისანი, ივლტოდა ჯავახეთად და მივიდა კლარჯეთს, გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა და ყოველი სიმდიდრენი თვისნი შეიტანა სიმაგრეთა მისთა შინა“. ეს ამბავი ძვ.წ. 298 წელს უნდა მომხდარიყო.
„მაშინ მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრო ოთხი იგი ციხენი მცხეთისანი. და მასვე წელიწადსა შინა დაიპყრო ყოველი ქართლი გარდა კლარჯეთისა. ფარნავაზმა გაგზავნა მოციქულნი წინაშე მეფისა სელევკოს დიდსა („სელევკიდური სირიის“  დამაარსებელი სელევკ I ნიკატორი. 312–281), გაუგზავნა ძღვენი დიდძალი, აღუთქვა მას მსახურება და ითხოვა მისგან შეწევნა აზონთან ომში. ხოლო სელევკოსმა შეიწყნარა ძღვენი მისი, უწოდა შვილი თვისი, გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი და უბრძანა მეფეთა სომხეთისათა (ე.ი. დიდი და მცირე არმენიების მეფეებს), რათა შეწეოდნენ ფარნავაზს. ფარნავაზმა დაიდგა თავზე გვირგვინი და იწოდა მეფედ იბერთა.
ხოლო წელსა მეორესა აზონმა შემოიერთა სპანი საბერძნეთისგან (ალბათ დახმარება ანტიგონე ცალთვალას ვაჟ დემეტრესგან მოუვიდა, რომელიც სელევკ ნიკატორს მტრობდა), გაძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზმა გაამრავლა მხედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უხმო ქუჯის და სარმატთა. და შეიკრიბნენ ესე ყოველნი, და მოერთნენ სომხეთის მეფენი. და ესე ყოველნი შეიკრიბა ფარნავაზთან და მიეგება მხარესა არტანისა, რომელსაც ერქვა ქაჯთა ქალაქი, იგივე ჰური. მოეწყვნენ იქ და იქნა ბრძოლა დიდი. მოსწყდნენ ორივესგან ურიცხვი. ხოლო იძლივნენ აზოს მებრძოლნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხვნი სპანი მათნი მოსრეს და ტყვედ ქმნეს.
წავიდა ფარნავაზ და მოარბია საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა, მივიდა კლარჯეთს, და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა“.
„ეს იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა, და მოკვდა. შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ქვია არმაზ“ – გვამცნობს „მოქცევა ქართლისა“.
ანძიაძორა იგივე ანძორეთი ეკლეცის ანუ აკილისენას დასავლეთით მდებარეობდა და უნდა ყოფილიყო დარანალის ანუ ანალიბას მხარე, რომლის მთავარი ქალაქი  იყო ანი („ძორ“ ხეობას ნიშნავს, შესაბამისად ანძიაძორ-ანძორეთი ანის ხეობას, ანუ ანის მხარეს ნიშნავს) ანუ თანამედროვე კემაჰი მდ. კარა-სუზე. ეკლეცი იგივე აკილისენა, მდ. კარა-სუზე, დღევ. თერჯანის მხარის აღმოსავლეთით მდებარეობდა. თერჯანი თავის მხრივ ძველი დერჭანი ანუ დერქსენე/ქსერქსენეა. როგორც ჩანს ეს მხარეები დემეტრე ანტიგონიდს ეკუთვნოდა ამ დროისთვის.
ლეონტი განაგრძობს: „დაიპყრა ფარნავაზმა კლარჯეთი და წამოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხვასტაგი აზონის-ცა, და იქმნა სიმდიდრე ურიცხვი.
ფარნავაზმა მისცა და თვისი სარმატთა მეფესა ცოლად, და მეორე და თვისი მისცა ქუჯის ცოლად.
3. საერისთავოებად დაყოფა
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა (შავი ზღვა). ქართლს ჰქონდა ციხენი: ორბისა, რომელსაც აწ ჰქვია სამშვილდე, მტვერის-ციხე, რომელსაც აწ ჰქვია ხუნანი, დედა-ციხე და ბოსტან-ქალაქი, რომელსაც აწ ჰქვია რუსთავი“. ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგრისსა ზედა. განამრავლა მხედარნი, განაწესა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.
მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითგან მთამდე, რომლის შინა არის ეგრისი და სვანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად იქ. ქუჯიმ ააშენა ციხე-გოჯი1.
მეორე გაგზავნა მარგვის (არგვეთის) ერისთავად, და მისცა მცირე მთიდან, რომელიც არის ლიხი, ვიდრე საზღვრადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ“. არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე. „და ამან-ვე ფარნავაზ ააშენა ორი ციხენი, შორაპანი2 და დიმნა3“.
მესამე გაგზავნა კახეთის ერისთავად, და მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე, რომელიც არის კახეთი და კუხეთი“.
კუხეთი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არაგვიდან და მტკვრის მარცხენა სანაპიროს ჟინვალიდან – მდ. იორამდე და გარეჯის უდაბნომდე ვრცელდებოდა. ცენტრი ქ. რუსთავი (ბოსტანქალაქი). ცნობილია აგრეთვე სხვა ცენტრებიც – კაწარეთი და ბოდი. 
კახეთის მხარეში შედიოდა ტერიტორია კავკასიასა და კახეთის მთასა შორის, არაგვიდან ვიდრე ტყეტბამდე, რომელსაც აწ ჰქვია გულგულა4 და არის საზღვარი ჰერეთისა. კახეთში შედიოდა ციხე ჩელეთი5 (ჟალეთის) ციხე.
მეოთხე გაგზავნა ხუნანის ერისთავად, და მისცა ბერდუჯის (დებედა) მდინარიდან (და მდ. პასანსუდან) ვიდრე მცხეთამდე და გაჩიანამდე (მდ. ძეგამჩაიმდე), რომელიც არის გარდაბანი (იგულისხმება ისტორიული მხარე და საერისთავო, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ ქალაქ გარდაბანთან).
გარდაბანის მხარეს ჰქონდა ციხე ხუნანი და ედო საზღვარი: აღმოსავლეთით მდინარე ბერდუჯისი; დასავლეთით ქალაქი გაჩიანი; სამხრეთით მთა, რომელიც მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელიც მიჰყვების დასავლეთით კერძო, რომლისა წყალი გადმოდის ჩრდილოეთით კერძო და მიერთვის მტკვარსა; ჩრდილოეთით მტკვარი. ე.ი. გარდაბანი მოიცავდა მდინარეების ძეგამჩაის, თოუზჩაის, აღსთაფჩაის აუზებს (დღევ. აზერბაიჯანის ტერიტორია) და ქციის და ალგეთის უკიდურესი ქვემო წელის ველს (დღევ. საქართველოს ტერიტორია). ამ ტერიტორიაზე არსებობდა ჯერ ხუნანის, შემდეგ გაგის საერისთავოები.
მეხუთე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად, და მისცა სკვირეთის მდინარიდან (მდ. ვერე) ვიდრე მთამდე, რომელიც არის ტაშირი და აბოცი. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: გაჩიანი, რომელსაც მაშინ ერქვა სანადირო ქალაქი (სავარაუდოდ მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა) და ორბის ციხე (ანუ სამშვილდე).
აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად XVII–XVIII ს-ში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.
აბოცს ვახუშტი ასე ახასიათებს: „ახლა ყაიყული ეწოდება. იგი გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა. აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან, ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, „მდებარეობს სამხრეთიდან ჩრდილოეთით კერძ“. მაღალია, მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი“. დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბა „პალაკაციოს (ჩილდირი) და აბოცს“ შორის მდებარეობდა და ამასთანავე იყო „საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა“.
ამ აბოცში მდებარეობდა „ყაზანჩი“, რომელიც „იყო ქალაქი მცირე“. ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. „ყაიყული-ყაზანჩის“ სახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.
მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყება იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარადაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის საზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის საზღვარს არ მიადგება.
ტაშირი ქვემო ქართლის განაპირა კუთხე იყო. იგი შემოსაზღვრული იყო ლოქის, ლელვარის, ყარაღაჯის და ბამბაკის მთებით, მოიცავდა ტაშირისწყლის ხეობას. ეს მხარე ხშირად XI საუკუნიდან ლორედ იწოდებოდა, რადგან ცენტრი ლორის ციხე იყო.
მეექვსე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფარავნის ტბიდან ვიდრე თავამდე მტკვრისა, რომელიც არის ჯავახეთი, კოლა (ანტიკური წყაროების ხორძენე) და არტანი6. მასში იყო ორი ციხე-ქალაქი: წუნდა და ქალაქი არტანისა (ე.ი. არტანის მხარის ქალაქი), რომელსაც მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწ ჰქვია ჰური7.
მეშვიდე გაგზავნა ოძრხის ერისთავად, და მისცა ტაშისკარიდან8 ვიდრე არსიანამდე, ნოსტის9 თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა. ოძრახეს მხარეში შედიოდა ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა, ქვეყანა კლდოვანი. აგრეთვე ორი ციხე-ქალაქნი: ოძრხე10 და თუხარისი.
მერვე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან სპერის ზღვამდე.
კლარჯეთის საერისთავოში ანტიკურ ხანაში შედიოდა კლარჯეთი, შავშეთი (ვიდრე არსიანის მთამდე), ნიგალი, ტაო (პარხალით), ქვემო სპერი, ზღვისპირა კლარჯეთი ანუ „ბოლო კლარჯეთისა ზღვისპირი“ (ეკექეირების ყოფილი ტერიტორია, ადრე შუა საუკუნეებიდან ჭანეთის ნაწილი). VIII საუკუნისთვის კლარჯეთის საერისთავო უკვე მხოლოდ საკუთრივ კლარჯეთს მოიცავს.
მეცხრე დაადგინა სპასპეტად და მისცა მცხეთიდან და არაგვიდან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. შედიოდა ციხენი: უფლის-ციხე, ურბნისი, კასპი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშ, ადგილთა და ადგილთა, დასვა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა მცხეთიდან და არაგვითგან ვიდრე ტაშისკარამდე და ფარავნამდე, რომელიც არის შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდა ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქვეშ, ადგილთა და ადგილთა, დასვა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
საერისთავოები ეთნო-ტომობრივი ადმინისტრაციული ერთეულები იყვნენ და ერისთავებიც ადგილობრივთა ლიდერებს ანუ ყოფილ მამასახლისებს წარმოადგენდნენ. საერისთავოები ხევებად იყოფოდა,  რომელთა მმართველებს მამასახლისები ეწოდებოდა. ერისთავებს ჯარისა და სამეფო გადასახადების შეგროვება და საერისთავოში წესრიგის შენარჩუნება ევალებოდათ. მათ ემორჩილებოდათ უფრო დაბალი თანამდებობის პირები – სპასალარები, ათასისთავები და ციხისთავები.
მოგვიანო ხანაში ჩამოყალიბდნენ განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე ერისთავები – პიტიახშები. ისინი, როგორც წესი სასაზღვრო მხარეების მმართველები იყვნენ.
სპასპეტი მეფის მოადგილე იყო. იგი წარმოადგენდა შიდა ქართლის ერისთავს, ერისთავთა უფროსს, მთელი ქვეყნის სარდალსა და მთავარ მოსამართლეს.
სპასპეტის შემდეგ ძალაუფლებით მოდიოდა ეზოსმოძღვარი. იგი განაგებდა სამეფო შემოსავალს, ანუ ორგანიზებას უწევდა სამეფო ხარკის აკრეფას. ამასთან მონაწილებდა ბრძოლებში, როგორც ერთ-ერთი დანაყოფის სარდალი.
ლეონტი განაგრძობს: „ასე განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა. და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა.
ფარნავაზმა მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოხრებულნი აზონისგან, ამან ააშენა.
ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვისსა: ეს არის არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა. აღმართა კერპი იგი არმაზი11 (სპილენძის კაცი) თავსა ზედა ქართლისასა, გაც-ისა და გაიმ-ის წინ. და ამიერიდან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთვის აღმართებულისა. მას ოქროს ჯაჭვის პერანგი ეცვა, თავზე ოქროს მუზარადი ეხურა, თვალები ზურმუხტისა და ბივრილის ჰქონდა, ოქროსავე სამხრეები ეკეთა, ხელში კი ხმალი ეჭირა.
ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამოცდახუთ წელს მეფობდა (ე.ი. 298–233 წლებში) ნებიერ. და მსახურებდა იგი მეფეთა სელევკიდთა. და ყოველნი დღენი მისნი, რაც დაჯდა, მშვიდობით დაყო და ააშენა და გაავსო ქართლი.
ხოლო თვენი გაზაფხულისა და შემოდგომისა დაყოფდა მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თვეებსა ზამთრისა დაყოფდა გაჩიანს; ხოლო თვეებსა ზაფხულისა – წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდოდა ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხავდა ეგრელნის და კლარჯნის, და განაგებდა ყოველი საქმე დაშლილს.
ხოლო იგი ათასნი მხედარნი, რომელნიც აზონისგან მოერთნენ ფარნავაზს, ისინი გაანაწილა ხევთა და ქვეყანათა შინა, იპყრა ისინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა დამხმარედ იყვნენ. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.
იყო განსვენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათვის ფარნავაზისსა და იტყოდნენ ამას ყოველნი: „ვმადლობთ სვესა ჩვენსა, რამეთუ მოგვცა ჩვენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩვენთასა და აღგვიხადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ეს ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქველითა, სიმხნითა და სიმდიდრითა.
ესვა ძე და უწოდა სახელი საურმაგ (სპარსულად ნიშნავს „შავხელა“-ს).
ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა გარდა ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული. მოკვდა ფარნავაზი და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა“.

შენიშვნები
1. ციხე გოჯს მოგვიანებით ბერძნებმა არქეოპოლისი (ძველი ქალაქი) უწოდეს, რადგან მისი სახელი არ იცოდნენ. დღეს მისი ნანგრევები ქ. სენაკის რაიონში, სენაკის ჩრდ-აღმ-ით 17 კმ-ზე, მდ. ტეხურის სანაპიროებზე, სოფელ ნოქალაქევში მდებარეობს. არქეოლოგიური მასალებით დგინდება, რომ ე. წ. ციხეგოჯი არაუგვიანეს ძვ. წ. V საუკუნეში უნდა დაარსებულიყო და მისი სახელი „ჯიხა ქუინჯი“ უნდა ყოფილიყო, რაც მეგრულ-ლაზურად ციხის ძირს ნიშნავს. ასე რომ სრულიად შესაძლებელია ლეონტის ფარნავაზის თანამედროვე კოლხი ლიდერის სახელი არც სცოდნოდა და ვარაუდით გამოეგონებინა: ჯიხა-ქუინჯი – ციხე ქუინჯი – ციხე ქუჯი – ციხე-გოჯი.
2. შორაპნის ციხე მდებარეობს ზესტაფონის რაიონში, მდ. ყვირილასა და ძირულას ხეობებში, მათ ხერთვისთან, დღევანდელი დაბა შორაპნის ტერიტორიაზე.
3. ვახუშტის ცნობით „ხანის წყლის აღმოსავლეთით და ყვირილის მდინარის სამხრეთით, ფერსათის კალთას, არის დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არის დაბა“. სოფელი დიმი მდებარეობს ბაღდათის რაიონში, მდ. ხანისწყლის მარჯვენა ნაპირზე.
4. დღევ. სოფელი გულგულა თელავის რაიონში, თელავიდან 6 კმ-ზე, ალაზნის ვაკეზე, მდინარე თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს.
5. ჩელეთი ვახუშტის აზრით მოგვიანო ხანის ჟალეთია კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში.
6. არტანი, არტაანი – ისტორიული მხარე მესხეთის ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. იგი მოიცავს მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. მისი თურქული ფორმაა არდაჰანი. თავდაპირველად არტანი მხარის სახელწოდება იყო. პირველად ამ მხარის სახელს მოიხსენიებს პტოლემეოსი (87–165) და უწოდებს მას „არტანისა“-ს.
7. როგორც ირკვევა ქალაქი არტაანი შუა საუკუნეებში უნდა დაარსებულიყო. რაც შეეხება ისტორიული მხარე არტანის ცენტრს: ქ. ჰური მართლაც არსებობდა მოყოლებული ქრისტეშობამდელი პერიოდიდან. დღევანდელი არდაჰანის ვილაიეთის სოფელ ალთაშთან, არდაჰანის ჩრდ-აღმ-ით. აქ დღემდეა შემორჩენილი უძველესი ციხე-სიმაგრე ჰურის ნანგრევები და უფრო ძველი ნასახლარის/ნაქალაქარის კვალი. ერქვა თუ არა ჰურს უფრო ძველად ქაჯთა ქალაქი ძნელი სათქმელია, ფაქტი კი ერთია: ჰურის აღმოსავლეთით, დაბა ჩილდირის ჩრდილოეთით, სოფელ ილდირიმთეფესთან დღემდე ამაყად დგას უძველესი ციხე-სიმაგრე ქაჯის ციხე.
8. ისტორიული სოფელი ტაშისკარი მდებარეობს ხაშურის რაიონში (ქვიშხეთის თემი), ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს.
9. ნოსტე, ნოსტევი მდებარეობს კასპის რაიონში, მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ნოსტეს ტერიტორიაზე.
10. ოძრხე, ოძრახე, ციხე-ქალაქის ნანგრევები მდებარეობს ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას.
11. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა.

სასპეირები/საპეირები; ტაოხები; ფასიანები (უ. მურღულია)

რას მოგვითხრობს წყაროები სასპეირების შესახებ?
ჰეროდოტე (484–425): „მთებს ფერდობები აქვს და ამ მწყემსს აქ ჰქონდა ხარების საძოვრები ეკბატანიდან ჩრდილოეთისაკენ და ევქსინის პონტოსაკენ. აქ ხომ მიდიელთა ქვეყანა, სასპეირების მეზობლად, ძალიან მთიანი არის, ამასთანავე მაღალიცაა და ყოველივე მხრიდან ტყეებით დაფარული, ხოლო მიდიელთა მთელი დანარჩენი ქვეყანა დაბლობია.
სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეირები, სასპერებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.
(აღმოსავლეთის) მატიენებს, სასპეირებსა და ალაროდიელებს დარიოსისგან შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. ესაა მეთვრამეტე სატრაპია.
ქსერქსეს ლაშქარში კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე. ალაროდიელები და სასპეირები კოლხების მსგავსად შეიარღებულები ლაშქრობდნენ. მათ განაგებდა მასისტიოსი, სირომიტრესის ძე“.
*       *       *
ერთი შეხედვით სასპეირებ-საპეირებში ისტორიული სპერის მოსახლეობა უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც ბუნებრივია ისტორიული სპერის ტერიტორიაზე იცხოვრებდა, მაგრამ როგორც ქვემოთ ნათლად გამოჩნდება, მათ ძველად გაცილებით დიდი ტერიტორია ეჭირათ ვიდრე ისტორიული სპერის მხარე. ჰეროდოტეს ერთი ცნობის მიხედვით ისინი ესაზღვრებოდნენ მიდიელებს, მეორეს მხრივ კი ალაროდიელებსა და მატიენებს (სხვაგვარად ერთ სატრაპიაში ვერ იქნებოდნენ). სასპერები ქსერქსეს არმიაში მოხსენიებულნი არიან აგრეთვე კოლხების ახლოს და თან აღნიშნულია, რომ მათ ერთნაირი შეიარაღება ჰქონდათ. აქედან აშკარა ხდება, რომ სასპერეიები და კოლხები ერთმანეთის მეზობლები უნდა ყოფილიყვნენ.
ისტორიული მიდია არაქსისა და მტკვრის შესართავამდე აღწევდა, ვიდრე 322 წელს პერდიკამ არ გაყო მცირე (ანუ ატროპატენა) და დიდ მიდიად. ალაროდიელები ცხოვრობდნენ მდ. არაქსის შუა წელის აუზში, ხოლო აღმ. მატიენები მათ სამხრეთით – ურმიის ტბის ირგვლივ. გამოდის სასპეირებს უნდა ეცხოვრათ ისეთ ტერიტორიაზე, რომ ერთდროულად მათი მეზობლები (მეტნაკლებად მაინც) ყოფილიყვნენ მიდიელები, კოლხები და ალაროდიელები ან მატიენები. ასეთი ტერიტორია კი არის შემდეგდროინდელი იბერიის სამეფოს ტერიტორია. ამას ადასტურებს შემდეგი ცნობებიც:
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „არსესის კუნძულის (გირესუნ ადა) გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ.
არესის კუნძულის (მოსინიკების სანაპიროსთან) დატოვების შემდეგ მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა კუნძულ ფილირეს ჩაუცურეს. კუნძულ ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა“.
ელიანუს ჰეროდიანი (ახ.წ. II ს.): „საპეირები იგივე სასპეირები არიან“
ფსევდო ორფევსი (ახ.წ. III ს.) ძველ ცნობაზე დაყდნობით მოგვითხრობს: „საპეირების მჭიდრო დასახლებული ქალაქები, სინოპეს კლდოვანი შვერილის აღმ-ით მცხოვრები ტომების – ფილირებისა და ნაპატების გადაღმა და ბიძერების დას-ით არის განლაგებულნი“.
ამიანუს მარცელინუსი (330–395) ძველ ცნობებზე დაყრდნობით მოგვითხრობს: „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს: „საპირები – ტომი შუაგულ პონტოში; ამჟამად მათ ეწოდებათ საბირები“.
    ვინ იყვნენ და სად ცხოვრობდნენ სასპეირები?
    ისტორიკოსები, რომელთაც ძირითადად შავიზღვისპირეთის აღწერა აინტერესებს გვამცნობენ, რომ სასპეირებს უჭირავთ ზღვისპირა ზოლი ბექირებსა და ბიძერებს შორის, ანუ ის ტერიტორია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ს-ის შუა ხანებში ეჭირათ ეკექეირებს, ანუ თანამედროვე არდეშენიდან – ასფოროს დერემდე. ეს ტერიტორია კი შედიოდა ფარნავაზის შექმნილ კლარჯეთის საერისთავოში: „ერთი გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანიდან ზღვამდე“ (ანუ ეს საერისთავო მოიცავდა კლარჯეთის გარდა ნიგალი და მისი ზღვისპირა ზოლი ანუ ეკექეირების ყოფილი ტერიტორია. ისტორიკოსთა აზრით ამავე საერისთაოში უნდა შესულიყო სპერი, ტაო და პარხალი, ანუ ე.წ. პარიადრეს მთისწინეთი, რადგან: 1. ფარნავაზმა კარა-სუმდე ილაშქრა; 2. პარიადრეს მთისწინეთი არმენიამ წაართვა ქართლს ძვ.წ. II ს-ის I მეოთხედში (სტრაბონი).
    „იბერიას“ ქართლის სამეფოს წყაროებში პირველად ბერძნები უწოდებენ. ამაზე ადრე იგივე სახელით ესპანეთს მოიხსენიებდენ (მას დღესაც ჰქვია იბერიის ნ.კ.), რის გამოც ანტიკური ისტორიკოსები მეორე იბერიის გაჩენის შემდეგ დასაზუსტებლად ესპანეთს დას. იბერიას, ქართლს კი აღმ. იბერიას უწოდებენ. საერთოდ კი ერთი რამ ნათელია – იბერი გეოგრაფიული ტერმინი უნდა ყოფილიყო და ბერძნებს სამიტებისგან უნდა ესესხად. სემიტურ ენებში e-ber ნიშნავს „რეგიონის მიღმა (ადგილს)“. ეს სიტყვა არაა სემიტური (აქადური, ბაბილონური, ებრაული) წარმოშობის, არამედ ნასესხებია შუმერული bar ძირიდან, რომელიც ნიშნავს „გარეთ (ადგილს)“. სხვათაშორის ბერძნული სიტყვა „ჰესპერ“, რომელიც გავს „სასპერს“ ასევე გეოგრაფიული ტერმინია და დასავლეთს ნიშნავს. მეტიც ბერძნებისვე ცნობით სასპეირი/საპეირი მოგვიანებით საბირმა შეცვალა. ასე რომ საბირი აბირად და იბერად უნდა ქცეულიყო და იბერიის ანუ ქართლის სამეფო რეალურად ქართების, მოსხებისა (მოსხებზე ზემოთ) და სპერელების სამეფო უნდა ყოფილიყო. ფარსმან ქველის მიერ შავიზღვისპირა ზოლში მცხოვრები ბიძერების შთამომავალი ძიდრიტების დაქვემდებარება და აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია რომთან დაპირისპირების რისკის ფასად ამ ხალხების ძველ ნათესაობაზე უნდა მეტყველებდეს. ამით უნდა აიხსნას აგრეთვე ის ფაქტი, რომ მარკუს ანტონიუსმა სამართლიანად ჩათვალა ფარსმანის პრეტენზია აღნიშნულ მიწაზე (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ცალკე თავში ვისაუბრებთ).
    ყველაფერი ზემოთქმულით უნდა აიხსნებოდეს ის ფაქტი, რომ შავიზღვისპირეთის კარგი მცოდნე ფსევდო სკილაქსი არ იცნობს საპეირებს (შესაბამისად ისინი მის დროს ჯერ არ იყვნენ შავიზღვისპირეთში), ხოლო ჰეროდოტე და აპოლონიოს როდოსელი, რომლებიც კარგად იცნობენ კავკასიას – იბერებს კავკასიაში საერთოდ არ ახსენებენ. სამაგიეროდ სტრაბონიდან მოყოლებული ანტიკური ავტორები უკვე ახსენებენ იბერიას და არ იცნობენ სასპერებს.
    ს. ჯანაშიას აზრით „იბერია“ სუბარ-სასპერი-სპერ ტერმინიდან გამოდის. „ძველბერძნულ ტრადიციაში დაცული წარმოდგენა სასპერების დიდი ხალხის შესახებ (ჰეროდოტეს მიხედვით) (IV, 34) სპარსეთის ყურედან ვიდრე შავ ზღვამდე სულ ოთხი ხალხი ცხოვრობდა – სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები), ბუნებრივია, ნაკვალევი უნდა იყოს ძველისძველი (ასურულ-ბაბილონურ და მიდია-სპარსული) წარმოდგენებისა სუბარის (სუბართუს) დიდი ქვეყნის შესახებ (ეწოდებოდა ხურიტული ტომებით დასახლებულ ხალხებს დიაოხის სამხრეთით). ამ გვიან ხანაში ამ სახელს შეეძლო მრავალგზისი გადასვლა განეცადა ერთი ხალხიდან მეორეზე იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანი დაწინაურდებოდა ამ მიწა-წყალზე. ქართლის ტომებზეც ამ სახელის გავრცელება ამავე საფუძველზე შეიძლება მომხდარიყო. რაც შეეხება სუბარ-სასპერ-ჰესპერ-სპერ ტერმინის „(ი)ბერ“-ად გადაქცევას, საამისო ვარაუდისათვის მნიშვნელოვანი ენობრივი დაბრკოლება არ არსებობს ს>ჲ>ჰ>0 გადასვლა კანონზომიერია ქართველურ ენებში; იგივე კანონზომიერება დამახასიათებელია ძველი სპარსული ენობრივი სამყაროსთვისაც (ირანულში ხმოვნისწინა „ს“ სიტყვის დასაწყისში ადრე გადავიდა „ჰ“-ში) და, მაშასადამე, ეს გარდაქმნები სპარსულ სამყაროს წიაღშიც შეიძლება მომხდარიყო და შემდეგ უკვე სპარსელების გზით სომხურ და ბერძნულ სამყაროში გადასულიყო. ეგების გარკვეული როლი რომელიღაც მსგავსი სახელიდან „იბერ“ ფორმის ჩამოყალიბებაში ბერძნულ სამყაროში შეასრულა აგრეთვე ასოციაციამ პირენეს ნახევარკუნძულის „იბერთა“ სახელთან“.
    დროთა განმავლობაში მცნებები „სპერი“ და „იბერი“ ერთმანეთისგან გაიყვნენ. შედეგად სპერი დარჩა იბერიის ყველაზე დასავლეთ ნაწილს, საიდანაც იწყებოდა სპერ-იბერთა სახელმწიფო და რომელთანაც მუდმივი შეხება ჰქონდათ რომ-ბიზანტიასა და არმენიას. ასე ჩამოყალიბდა „სპერი“-ს ახალი გაგება, რომელიც უდრიდა ერთ კუთხეს.
    ძვ.წ. IV–III საუკუნეებში იბერიის სამეფოს წარმოქმნის დროისთვის, ისტორიული სპერის ტერიტორია იბერიის ნაწილი იყო და სტრაბონი მას „პარიადრის მთიანეთის“ სახელით იხსენიებს. სპერის მხარის ერთი ნაწილი – სამხრეთ (ზემო) სპერი სხვა ძველ ქართულ პროვინციებთან (ტაო, გოგარენე) პერიოდულად გადადიოდა ხან არმენიის, ხან იბერიის მფლობელობაში. არმენიის მფლობელობაში სპერის მხარის ეს ნაწილი მოქცეული იყო ძვ.წ. 160-იან–ახ. წ. 59 წლებში და ახ.წ. 299–770 წლებში. სპერის ოლქის უდიდესი ნაწილი (ქვემო ანუ ჩრდ. სპერი) და საკუთრივ ძველი ქალაქი სპერი თითქმის ყოველთვის ვიდრე 1578 წლიდან ოსმალეთმა არ მიიტაცა. ამჟამად იგი შედის თურქეთის ისპირის ვილაიეთში. სპერი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ეს მხარე არის ბაგრატიონთა საგვარეულოს სამშობლო.
    პ. ინგოროყვა წერს: „საისტორიო წყაროებიდან დასტურდება, რომ ზემო სპერში იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც ეს კუთხე პოლიტიკურად სომხეთთან იყო დაკავშირებული, აქ სომხების მასობრივ ჩამოსახლებას ადგილი არ ჰქონია და არც სომხურ ენას მიუღია გავრცელება. ზემო სპერი მოსახლეობის შემადგენლობასა და აქ გავრცელებული ენის მიხედვით, როგორც თავდანვე იყო, ისე შემდგომაც დარჩენილა ქართულ მხარედ: მოსახლეობის უმრავლესობას აქ, როგორც ირკვევა შეადგენდა ქართული ტომი ჭანები. რაც შეეხება სპერის ქვემო ნაწილს, იქ იბერიელები შეადგენდნენ უმრავლესობას“.
    10. ტაოხები და ფასიანები
    რას მოგვითხრობს წყაროები მათ შესახებ?
    ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „დას. არმენიის მმართველ ტირიბაზს დაქირავებული ჰყავდა ხალიბები და ტაოხები. ელინები მიადგნენ ფასისს (არაქსის ზემო წელს ეძახდნენ ასე), რომელიც სიგანეში 1 პლეთრი (31 მ) იყო. ფასისიდან მათ გაიარეს 2 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) და მიუახლოვდნენ მთას, რომლის უღელტეხილზე და მის შემდეგ ვაკეზე განლაგებულიყო ხალიბების, ტაოხების და ფასიანების გაერთიანებული ლაშქარი.
    მაშინ ლაკედემონელმა ხირისოფმა მტრისგან 30 სტადიონზე (5,34 კმ) შეაჩერა მოწინავეთა რაზმი, დაუცადა სხვებს და სამხედრო საბჭო გამართა. დიდი ხნის თათბირის შემდეგ ქსენოფონტეს ინიციატივით გადაწყდა ღამით, როდესაც მტერი დაიძინებდა ჯარი ორ ნაწილად გაეყოთ, ერთი მთის სიმაღლეებს დაიკავებდა, მეორე კი უშუალოდ უღელტეხილის დაკავებას ეცდებოდა. ასეც მოხდა. დილით მთის სიმაღლეებიდან დაშვებულმა ელინებმა ადვილად დაამარცხეს მათკენ წამოსული ბარბაროსები და მთავარ ძალებთან შესაერთებლად დაიძრნენ. გაქცეულებმა პანიკა დანარჩენებს გადადეს, რის შემდეგაც ელინებს გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ. გაქცევის გამო ბარბაროსთაგან მცირე ნაწილი დაიღუპა და ელინებს ნადავლად მხოლოდ დიდი რაოდენობის ფარები ერგოთ, რომლებიც დალეწეს, რათა გამოუსადეგარად ექციათ. გამარჯვებისთანავე ელინებმა გამართეს მსხვერპლშეწირვა. ვაკეზე ჩასვლისთანავე მათ შეხვდათ სურსათ-სანოვაგით მდიდარი სოფელი. აქ 15 დღე დაისვენეს, გაძარცვეს მოსახლების ფერმები და შეივსეს მარაგი“.
    აქ საუბარია ფასიანთა იმ ტომზე, რომელიც ცხოვრობდა არაქს-ფასისის ზემო წელში არსებულ მთებში. ქსენოფონტესთან ფასისი ძირითადად არაქსის ზემო წელია, ხოლო ფასიანების ქვეყანა ტაოხების, ხალიბების და დას. არმენიელების მეზობლები არიან.
    კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების მიხედვით, არაქსი-ფასისის ახლოსაა ქართული პროვინცია ბასიანი. ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ, არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიანები შემონახული იყოს ტოპონიმ ბასიანის სახით.
    „აქედან (ფასიანებიდან) ელინებმა გაიარეს 5 დღეში 30 ფარსანგი (160,2 კმ) და მივიდნენ ტაოხებთან. ამ დროს სურსათის მარაგი ამოიწურა. ტაოხები ცხოვრობდნენ ძნელადმისასვლელ გამაგრებულ ადგილებში, სადაც ჰქონდათ შენახული სურსათი. შესაბამისად აქ როდესაც ელინები ერთ ასეთ სიმაგრეს მიადგნენ, რომელიც არ წამოადგენდა ქალაქს და საერთოდ მასში სახლები არ იყო, თუმცა მოსახლეობა და მრავალრიცხოვანი პირუტყვი იქ შეკრებილიყო (ე.ი. ეს იყო მხოლოდ გალავანშემოტყმული ბორცვი, რომელშიც ტაოხები მხოლოდ შიშიანობის დროს შეიხიზნებოდნენ ხოლმე.) ხირისოფმა პირდაპირ შეუტია მას. ამასთან დანაყოფები ცალ-ცალკე მოქმედებდნენ და ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს დაღლილობის გამო. ერთიანი ძალებით შეტევა შეუძლებელი იყო, რადგან ეს პუნქტი მდებარეობდა ყველა მხრიდან დამრეც მაღლობზე. როდესაც მივიდა ქსენოფონტე პელტასტებითა და ჰოპლიტებით ხირისოფმა უთხრა მას: „თქვენ მოხვედით დროულად; გამაგრებული ადგილი აუცილებლად უნდა ავიღოთ, რადგან მეომრებს აღარ ექნებათ საკვები, თუ მას ჩვენ ვერ ავიღებთ“. მაშინ სარდალთა საბჭო შეიკრიბა და ქსენოფონტმა ჰკითხა მათ: „რა უშლით ხელთ ელინებს სიმაგრეში შეჭრაში?“
    ხირისოფმა უპასუხა: „მას მხოლოდ ერთი მისადგომი აქვს, ის რომელსაც თქვენს წინ ხედავთ. როგორც კი მასზე გავლას შეეცდები, მტრები უმალ აგორებენ ლოდებს, ისვრიან ქვებს და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ რა მდგომარეობაში აგდებს  ისინი ადამიანებს“ და აჩვენა ფეხებმოტეხილი და ნეკნებჩამსხვრეული მეომრები.
    მაშინ ქსენოფონტმა თქვა: „როდესაც მათ გამოელევათ ქვები, დარჩება კიდევ ჩვენს გზაზე წინააღმდეგობა სიმაგრეში შესაჭრელად? ჩვენ წინააღმდეგ ხომ მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომელთაგან მხოლოდ ორს ან სამს აქვს თან იარაღი. გამაგრებული ადგილი, როგორც ხედავ, მდებარეობს ჩვენგან 3,5 პლეთრზე (108 მ), რომელიც უნდა გავიაროთ ნასროლი ქვების წვიმაში. ამ გზაზე ჩვენგან გზის 2/3-ზე არის ერთმანეთთან დაშორებული დიდი ფიჭვის ხეები და მათ უკან დამალული მეომრებს არაფერი დაუშავდებათ. დანარჩენი 1,5 პლეთრი (47 მ) უნდა გავირბინოთ, როდესაც შეწყდება ქვების სროლა“.
    ხირისოფმა უპასუხა: „მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც კი წინ წავალთ, მაშინვე წამოვა ჩვენსკენ დიდი რაოდენობით ქვები“.
    ქსენოფოტმა უპასუხა: ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ასეთ შემთხვევაში მათ მალე გამოელევათ ქვები. ახლა დავიძრეთ მიზნამდე“. მაშინ ელინთა არიერგარდს გაუძღვნენ ქსენოფონტე, ხირისოფი, კალიმახ პარასიელი, რომელიც მეთაურობდა არიერგარდის ლოხაგებს. დანარჩენი ლოხაგები დარჩნენ უსაფრთხო ადგილას. მათგან 70 კაცი გამოეყო და ფრხილად გათითოკაცებულნი მივიდნენ ფიჭვის ხეებამდე. ამ დროს კალიმახმა ხერხი იხმარა. იგი ხის სამალავიდან 2–3 ნაბიჯით წინ გამოიჭრებოდა და როდესაც მისადმი ქვებს დაუშენდნენ /ერთ ჯერზე 10 ქვა მაინც მოდიოდა/ უკან გამოიქცეოდა. ტაოხებს თანდათან ქვები ელეოდათ. აგასიუს სტიმფალელი, რომელიც შორიდან ადევნებდა კალიმახის ქცევას, იფიქრა, რომ როდესაც ქვები გამოილეოდა, იგი პირველი შეიჭრებოდა სიმაგრეში და მთელი დიდება მას ერგებოდა, ამიტომ სწრაფად გაიჭრა წინ. ამის დანახვაზე განრისხებულმა კალიმახმა ხელი წაავლო მის ფარს და არ უშვებდა. ამ დროს მათ გადაასწრეს არისტონიმ მეტედრეელმა ევრილოხ ლუსელმა /ორივე აგასიუსის მეგობრები იყვნენ და როდესაც აგასიუსი წინ გაჭრა დაინახეს უკან დაედევნენ/. მაშინ აგასიუსი და კალიმახიც გამოედევნენ მათ. ამასობაში ქვების სროლა ფაქტიურად შეწყდა და ოთხეულმა შეაღწია სიმაგრეში. მაშინ ელინების წინაშე გადაიშალა საშინელი სანახაობა. ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ კლდიდან უფსკრულში. მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ. ლოხაგოსმა (ელინთა ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსმა) ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული ტაოხი, რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა. მან სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ ტაოხმა ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ადამიანი იქნა ტყვედ ხელთგდებული. სამაგიეროდ სტუმრებმა ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები იგდეს ხელთ.
    ტაოხებიდან დასავლეთით წასვლის შემდეგ ელინებმა გაიარეს ხალიბების ქვეყანა და დაფარეს 7 დღეში 50 ფარსანგი (267 კმ)“.
    ქსენოფონტე კოტიორაში სინოპეს ელჩებთან საუბრისას აღნიშნავდა: „ასე მაგალითად კარდუხებს, ტაოხებსა და ხალდეებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან მეფეს (იგულისხმება სპარსეთის მეფე) და მისი ძალიან მრისხანე მტრები არიან“.
    თხზულების ბოლოს ქსენოფონტე აჯამებს თუ რომელი ქვეყნები გაიარა და წერს: მეთაურები (სპარსეთის) სამეფო ოლქებისა, რომლებიც ჩვენ გავიარეთ იყვნენ: „ლიდიის არტიმი, ფრიგიის არტაკამი, ლიკაონიისა და კაპადოკიის მითრიდატე, კილიკიის სიენესიი, ფინიკიისა და არაბიის დერნი, სირიისა და ასირიის ველესიი, ბაბილონის როპარი, მიდიის არვაკი, ფასიანებისა და ჰესპერიტების (ჰესპერ = დასავლეთს, ე.ი. დასავლეთ არმენები) ტირიბაზი, პაფლაგონიის კორილა, ბითინიის ფარნავაზი და ევროპული თრაკიის სებთი; – კარდუხები, ტაოხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსსინიკები, კოიტები (?) და ტიბარენები არიან დამოუკიდებელი ტომები.
    დიოდორე სიცილიელი ქსენოფონტეს ლაშქრობის მოკლედ მოთხრობისას ტაოხებს „ხაოჲ“-ს სახელით მოიხსენიებს. იგი უნდა უდრიდეს ჰეკატეოს მილეტელის ხოჲებს, რომლებიც ბექეირიკას მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ. ახ.წ. II ს. ბერძენი ისტორიკოსის აპიანე კი ტაოს უკვე „ხოტენე“-ს უწოდებს.
    ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს ცნობების შეპირისპირებით დგინდება: 1. ტაოხები იყვნენ მრავალრიცხოვანი, თავისუფლების მოყვარე და მეომარი ხალხი; 2. ტაოხები არ შედიოდნენ არცერთ სატრაპიაში, შედეგად არც ხარკს უხდიდნენ მათ და არც მათ კანონებს ემორჩილებოდნენ. მხოლოდ ფულის გადახდის შემდეგ სპარსელთა დაქირავებულ ლაშქარში მსახურობდნენ; 3. ქსენოფონტემ გაიარა ტაოხების ქვეყნის სამხრეთ (მთიანი) ნაწილი, სადაც ტაოხთა მთიანი სოფლები მდებარეობდა.
    ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში „ტაოხების ქვეყანა“ იბერიის სამეფომ შემოიერთა, ძვ. წ. 160-იან წლებში „დიდმა არმენიამ“ დაპყრო და ტაიკი უწოდა. ახ.წ. 59 წელს ტაო იბერიამ დაიბრუნა, თუმცა 299 წელს კვლავ „დიდ არმენიას“ გადაეცა და IV–VII ს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. აღნიშნულის გამო ტაოში ქართულ მოსახლეობასთან ერთად, განსაკუთრებით იმიერ-ტაოში, სომხურიც გაჩნდა. VIII საუკუნის შუახანებში ტაო კლარჯეთის ერისთავმა ადარნასე ბაგრატიონმა იგდო ხელთ. მისმა შვილმა აშოტ ბაგრატიონმა IX საუკუნის დასაწყისში აქ ტაო-კლარჯეთის საკურაპალატო ჩამოაყალიბა, რომელიც მოგვიანებით „ქართველთა სამეფოდ“ გარდაიქმნა.

კოლები, კორაქსები, ჰენიოხები, სანიგები (უ. მურღულია)

რას მოგვითხრობს წყაროები აღნიშნული ხალხების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „კოლები ტომი კავკასიონთან, კოლხური ტომის კორაქსების მახლობლად“.
ჰელანიკე მითელენელი (ძვ.წ. V ს.): „კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი – კორაქსები“.
პალეფატე აბიდოსელი (ძვ.წ. IV ს.): „კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები ფლობენ პართენიოსს (დღევ. კოჯა ირმაკი) ევქსინის პონტომდე“
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „აქაელების შემდეგ ცხოვრობენ ჰენიოხები. ჰენიოხების შემდეგ კორაქსები. კორაქსების შემდეგ მოდის მხარე კოლიკა. კოლიკას შემდეგ (ანუ აღმოსავლეთით) არიან მელანქლაინები (სარმატული ტომი) და მათთან არის მდინარეები  მეტასორისი (მოქვი) და აიგიპოსი (კოდორი). მელანქლენების შემდეგ ცხოვრობენ გელონები (სარმატული ტომი).
გელონების შემდეგ არიან კოლხები, რომელთა ტერიტორიაზეა პოლისი დიოსკურიადა, ელინური პოლისი გიენოსი (ოჩამჩირესთან), და მდინარე გიენოსი (ღალიძგა) და მდინარე ქერობიოსი (კელასური), მდინარე ქორესი (ენგური), მდინარე ქარიუსი (ხობი), მდინარე ფასისი და ელინური პოლისი ფასისი, და ამ მდინარეზე ზევით აყოლებით 180 სტადიონზე (33 კმ) არის დიდი ბარბაროსული ქალაქი, საიდანაც იყო მედეა; იქ არის მდინარე რისი (სუფსა), მდინარე ისისი (ნატანები), მდინარე ლაისტონი, მდინარე აფსაროსი (ჭოროხი)“.
არისტოტელე (ძვ.წ. 384–322): „კავკასიონის ქვემოთ არის ტბა (კასპიის ტბა), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვას უწოდებენ. რადგან ამ ტბას მრავალი და დიდი მდინარე ერთვის და ცხადი გამოსავალი კი არა აქვს, იგი მიწის ქვეშ მიედინება კორაქსებისკენ და გამოდის პონტოს ე.წ. სიღრმეებთან. ფასისის გაყოლებაზე თავდაპირველად ცხოვრობდა ჰენიოხების ველურ ტომი, შემდეგ კი მილეტელები, ქალაქ ფასისის ბერძენ კოლონისტები“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „სინდების მხარე. მათ სამხრეთით ცხოვრობენ აქეელები, ზიგები, ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (ანუ გრძელწვერებიანები). მათ სამხრეთით მდებარეობს ფთიროფაგების (ანუ გირჩისმჭამელები) ხეობა. ჰენიოხების ქვემოთ მდებარეობს კოლხიდა, რომელიც მოთავსებულია კავკასიისა და „მოსხური მთების“ ძირებს შორის.
    სინდების ოლქისა და გეორგიპიის (სინდების დედაქალაქი) შემდეგ ზღვაზე მოდის სანაპირო აქეელების, ზიგების და ჰენიოხების, რომელიც მაღალმთიანია /ეს მთები კავკასიის მთების ნაწილია/ და ღარიბია ნავსაგურებით. მათ სამხრეთით კი პიტიუნტია. ეს ხალხები ცხოვრობენ საზღვაო ყაჩაღობით, რისთვისაც მათ ჰყავთ პატარა, ვიწრო და მსუბუქი ნავები, რომლებიც იტევს დაახლ. 25 კაცს, იშვიათად კი – 30-ს. ასეთი ნავების ფლოტილიით ისინი თავს ესხმიან როგორც სავაჭრო ხომალდებს, ისე პონტოს სანაპირო ქალაქებს და ბატონობენ ზღვაზე. ხანდახან მათ ეხმარება ბოსფორის სამეფოს მოსახლეობა, რომლებიც მათ ხომალდებს აძლევენ სადგომს, ანდა უმართავენ ბაზარს საკვების საშოვნელად. შინ დაბრუნებისას, რადგან არ აქვთ ნავსადგურები, მათ უწევთ ნავის მხარზე გადება და ტყეში წაღება, სადაც თავიანთ საცხოვრებელში შეინახავენ ხოლმე. თავის ქვეყანაში ისინი ტყეში ცხოვრობენ და მწირი მიწის დამუშავებას მისდევენ, მაგრამ ნაოსნობის დრო მოაწევს თუ არა, მაშინვე ნავებს ზღვაზე გაიყვანენ. ასევე იქცევიან ისინი როდესაც უცხო ქვეყნის ნაპირებთან მოუწევთ შეჩერება. სასწრაფოდ ნავებს ტყეში შეიყვანენ და იქ დამალავენ, ხოლო თვითონ ფეხით დადიან დღე და ღამე, როდესაც მსხვერპლს მარტოკას მოიხელთებენ, შეიპყრობენ რათა მონად გაჰყიდონ. თუ მსხვერპლი გამოთქვამს გამოსასყიდის მიცემის სურვილს, უკავშირდებიან მის ნათესავებს და გამოსასყიდლის გადახდის შემდეგ მას სიხარულით ათავისუფლებენ. ამ მხარეების მმართველები ხშირად ეხმარებიან ტყვედ ჩავარდნილ საკუთარ მოსახლეობას. ისინი ხშირად თავს ესხმიან მეკობრეთა ხომალდებს და ატყვევებენ თავისი ეკიპაჟით. რომზე დაქვემდებარებული ოლქები კი უფრო სუსტად დაცულია, რადგან რომის გამოგზავნილი მმართველები ნაკლებად ზრუნავენ აქაურებზე.
ასეთია აქაურთა ცხოვრება. მათ მართავენ სკეპტუხები, რომლებიც თავის მხრივ ექვემდებარებიან ტირანებსა და მეფეებს. მაგ. როდესაც მითრიდატე ევპატორი, პომპეუსის მიერ თავისი ქვეყნიდან დევნილი გარბოდა ბოსფორისაკენ ჰენიოხების მიწის გავლით, ამ დროს ჰენიოხებს ჰყავდათ 4 მეფე. აქედან მითრიდატემ გაიარა ზიგებისა და აქეელების მიწები და ჩავიდა ბოსფორში, გაიარა რა სულ ფასისიდან დაახლ. 4000 სტადიონი (712 კმ).
ბატის (დღევ. ნოვოროსიისკთან) შემდეგ არტემიდორი (არტემიდორ ეფესელი ძვ.წ. II–I) ასახელებს კერკეტების სანაპიროებს /სადაც არის დასახლებები და ნავმისადგომები/ სიგრძით 850 სტადიონი (151 კმ); შემდეგ აქეელების სანაპირო 500 სტადიონი (89 კმ); შემდეგ ჰენიოხების სანაპირო 1000 სტადიონი (178 კმ); შემდეგ დიდი პიტიუნტი, საიდანაც დიოსკურიამდე 360 სტადიონია (64 კმ). მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა და სოანებს და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): „ევქსინის პონტოს დანარჩენი ნაწილი ამ სანაპიროს დასახლებულია ველური და გაუნათლებელი ხალხებით. ისინი ცხოვრობენ ღია ზღვასთან. ესენი არიან – მელანქლენები, სერები, სირაკები (სერები და სირაკები სკვითური ტომები იყვნენ და ნოვოროსიისკის რაიონში ცხოვრობდნენ), კოლიკები, კორაქსები, ფთიროფაგები, ჰენიოხები, აქეელები, კერკეტები და სინდები. უკანასკნელნი ცხოვრობენ პონტოსა (შავი ზღვის) და მეოტიდის (აზოვის ზღვის) საზღვარზე.
ჰენიოხების მხარეში არის ქალაქი დიოსკურიადა, დაარსებული კასტორისა და პოლუქსის მიერ, რომლებიც მოვიდნენ იაზონთან ერთად“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით (დღევ. ვიწეწყალი, ვიძე-სუ ანუ ტაიროღლუ), რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი. აბსაროსთან ახლოს, მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კი – ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მიედინება მდინარეები აკამფსეონი (აკამფსისი, ჭოროხის შესართავი ნაწილი).
ფასისის შესართავიდან პონტოს სანაპიროების გაყოლებით არის კიდევ ერთი მდინარე ხარიენტი (ან ქარიენტი, ფსევდო სკილაქსის ხარიუსი, არიანეს ხარიენტი, პტოლემეოსის ხარიუსტი = დღევ. ხობის წყალი) და ხალხი – სალტიები, რომელთაც ადრე ეძახდნენ ფთიროფაგებს, შემდეგ სხვა ხალხი სანნები (აქ ტექსტში შესაძლოა შეცდომაა და სუანები უნდა ეწეროს), მდინარე ხობოსი (ან ქობოსი = ფსევდო სკილაქსის ხორსის/ ქორსის და დღევ. ენგურს) კავკასიონიდან სუანების (ანტიკური ავტორები სვანებს – სუანებს, ან სოანებს ეძახიან), მხარის გავლით მოედინება. შემდეგ მდინარე როანი (დღევ. ჭურია ენგურის სამხრეთით, ხობის რაიონში, ან გაგიდა ენგურის ჩრდილოეთით, გალის რაიონში), ეკრიგტიკას (ეგრისი) მხარე, მდინარეები: სიგამა (ან სიგანია, ზიგანი, დღევ. ოქუმი), ტერსოსი (=არიანეს ტარსურა მოხე; დღევ. მოქვის წყალი), ასტელეფოსი (კოდორის ჩრდ. შესართავი), ხრისორროასი (დღევ. მდ. კელასური), აბსილების (=აფსილები) ტომი, სებასტოპოლისის ციხე-სიმაგრე (დიოსკურიადას ნანგრევებზე და მის აღმოსავლეთით) ფასისიდან 100 მილზე (148 კმ), სანიკების (სანიგების) ტომი, ქალაქი კიგნუმი (გიენოსი? მდებარეობით არ ემთხვევა) და მდინარე და ქალაქი პენიუსი (პიტიუნტი და ბზიფი). შემდეგ მოდის ჰენიოხების ტომები, რომლებიც გამოირჩევიან სხვადასხვა სახელით.
მათ ემიჯნება პონტოს მხარე კოლიკა. პონტოს აღმ. სანაპიროს დანარჩენი ნაწილი დასახლებულია ველური ხალხებით: მელანქლენებით, კორაქსებით, რომლებიც ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა); ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ ტიმოსთენეს თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენები (ე.ი. რომაელები) თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით.
დიოსკურიადადან შემდეგი ქალაქია ჰერაკლია სებასტოპოლისიდან 70 მილზე (103,6 კმ). ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ აქეელები, მარდები და კერკეტები (ჩერქეზთა წინაპრები), მათ უკან სერრი და კეფალოტომები (ნიშნავს თავის მკვეთავებს). ამ მხარის ყველაზე ბრწყინვალე ადგილი იყო უმდიდრესი ქალაქი პიტიუსი (პიტიუნტი, ბიჭვინთასთან), აწ გაძარცვული ჰენიოხების მიერ“.
მემნონ ჰერაკლეელი (ახ.წ. I–II ს-ბის მიჯნა): „ჰერაკლეის ისტორიის“ ფრაგმენტებში წერს: სინოპელი კლეოხარეს მიმდევრები „ნავებზე დასხდნენ და გაიქცნენ პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთის მხარეებში. ამ ადგილებში ხომ სახლობდნენ სანიგები და ლაზები“.
დიონისე პერიეგეტი (ახ.წ. II ს.): „სავრომატების მეზობლად, ერთმანეთის მიყოლებით ცხოვრობენ სინდები, კიმერიელები, და ევქსინთან ახლოს განლაგებული კერკეტები, ტორეტები და გავლენიანი აქეელები. მათ შემდეგ მეზობელ მიწაზე ცხოვრობენ ჰენიოხები, და ზიგები, წამოსულები პელაზგთა მიწიდან. პონტოს ყველაზე შორეულ ნაპირთან, ტინდარიდების ქვეყანასთან ცხოვრობენ კოლხები“.
აპიანე (II ს.) ჰენიოხებს ასახელებს მითრიდატეს მოკავშირეებში ტავრების, აქეელების, ლევკოსირების, ხალიბების, სკვითებისა და არმენიელების გვერდით.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ათინიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწეწყალი, ტაიროღლუ). ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან (სანებს სხვა ისტორიკოსები მაკრონებთან აიგივებენ). ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები (აბაზგები) არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი. მდინარე აქეუნტი ჰყოფს ძილქებსა და სანიგებს. ძილქების მეფე სტაქემფაკია. ამასაც შენგან აქვს ტახტი მიღებული“.
 დიონ კასიუსი (153–235): „არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ ტრაიანე მივიდა სატალაში (არმენიის ქალაქი, აწინდელი სოფელი სადაღი, მდ. კელკიტ-ჩაის ნაპირას) და ანქიალე – ჰენიოხებისა და მაქელონების მეფე საჩუქრებით დააჯილდოვა“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „ფაზისის შემდეგ ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ე. წ. კოლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლხების ტომია იქ. მდინარე აქეუნტიდან მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ. ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და შემდეგ მდინარე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლაინები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი აგრეთვე ცხოვრობენ ზიქები“.
სტეფანე ბიზანტიელი (VI ს.): „კოლები – ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია. კორაქსების კედელი (იგულისხმება კელასურზე სპარსელთა სასაზღვრო-დამცავი კედელი, რომელიც სწორედ VI ს-ში აიგო) და კორაქსების ქვეყანა“.
პროკოპი კესარიელი (VI ს.): „აბაზგების საზღვრების შემდეგ კავკასიონის მთის გასწვრივ ცხოვრობენ ბრუქები, აბაზგებსა და ალანებს შუა. ხოლო ევქსინის პონტოს ნაპირას ზიქები არიან დამკვიდრებული. ზიქებს ძველად რომაელთა თვითმპყრობელი უყენებდა მეფეს, ამჟამად კი ეს ბარბაროსები არაფერში აღარ ემორჩილებიან რომაელებს. ამათ შემდეგ ცხოვრობენ საგინები (ე.ი. სანიგები). საგინების შემდეგ დამკვიდრებულია ჰუნთა მრავალი ტომი“.
    და სად ცხოვრობდნენ – კოლები, კორაქსები, ჰენიოხები და სანიგები?
ფსევდო სკილაქსის ცნობით გამოდის რომ კოლხებს უჭირავთ აფხაზეთის შავიზღვისპირა დაბლობების ზონა (კოლხეთის დაბლობის გაგრძელება) მდ. გუმისთადან და დიოსკურიადან. მათ ზევით აფხაზეთის მთიან ზონაში, კოდორის ქედის აღმ. ნაწილში ცხოვრობდენ გელონები. მათ დასავლეთით კოდორის ქედის აღმ. ნაწილსა და ჩხალთის ქედზე ცხოვრობდნენ მელანქლაინები. მელანქლაინების და დიოსკურიასთან მცხოვრები კოლხების და მდინარე გუმისთას დასავლეთით მდებარეობდა კოლიკას მხარე (კოლების საცხოვრისი). მათ დასავლეთით ცხოვრობდნენ კორაქსები, კორაქსების დასავლეთით ჰენიოხები, ხოლო ჰენიოხების დასავლეთით აქაელები.
სტრაბონის ცნობით:
1. აფხაზეთის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სკვითური ტომია ჩამოსახლებული – ფთიროფაგები. 2. ჰენიოხები უკვე პიტიუნტის (ბიჭვინთის) ჩრდილოეთით ბზიფის ქედამდე აღწევენ და უჭირავთ სანაპიროს 178 კმ-იანი ზოლი. მათ 4 ბელადი ჰყავთ, ანუ 4 ტომისგან შედგებიან.
პომპონიუს მელას ცნობით დიოსკურია ჰენიოხების მხარეში მდებარეობს.
    პლინიუსის ცნობით: მელანქლენები და კორაქსები ცხოვრობენ კოლხების ქალაქ დიოსკურიასთან ახლოს, მდ. ანთემუნტთან (დღევ. გუმისთა). ჰენიოხები ცხოვრობენ პენიუს-ბიჭვინთასა და ბზიფის დასავლეთით და მათ მიერ გაძარცვულია პიტიუს-ბიჭვინთა.
    პტოლემაიოსის რუკის ანალიზით ისტორიკოსები ასკვნიან რომ მდ. კორაქსი თანამედროვე მდინარე ბზიფია, ხოლო კორაქსული მთები თანამედროვე მდ. ბზიფის ირგვლივ მდებარე – ბზიფისა და გაგრის ქედები. შესაბამისად აქ უნდა ეცხოვრათ კორაქსებსა და კოლებს. პლინიუსი კორაქსულ მთებს ანუ ჰენიოხების მთებსაც უწოდებს, რაც უფრო სარწმუნოს ხდის აღნიშნულ აზრს, რადგან ყველა მონაცემით ჰენიოხები კავკასიის მთების აფხაზურ და მის მიმდებარე ნაწილში ცხოვრობდნენ მდინარე შახემდე.
    რუკის დასალაგებლად აუცილებელია ფთიროფაგების საცხოვრისის განსაზღვრა.
    1. სტრაბონის აზრით ისინი კოლხებისა და სვანების მეზობლად ცხოვრობენ. გირჩისმჭამელები დადიოდნენ დიოსკურიაში სავაჭროდ (და შესაბამისად ეცნობოდნენ აფხაზეთის სანაპიროებს).
    2. პლინიუსიც კოლხებისა და სვანებს შორის ათავსებს და თან აზუსტებს მდინარეებით: ფთიროფაგებამდე ათავსებს ხობს, ხოლო შემდეგ ენგურს. ამასთან მოიხსენიებს მათ სახელს – სალტიებს. ასე რომ სტრაბონისა და პლინიუსის ცნობათა შეჯამებით ფთიროფაგებ-სალტიების საცხოვრისი გამოდის ეგრისის ქედიდან კოდორის ქედამდე, ანუ ფსევდო სკილაქსის გელონების მეზობლად. აქვე გავიხსენოთ ჰეროდოტეს ცნობა, რომლის მიხედვითაც გელონები ცხოვრობდნენ ჩრდ. კავკლასიაში მდ. დონსა და მდ. ყუბანს შორის ბუდინების მეზობლად. ბუდინები კი სკვითების ქვეყანაში ერთადერთი გირჩისმჭამელი ტომი იყო. შესაბამისად გამოდის შემდეგი: ძვ.წ. V–IV საუკუნეებში აზოვის ზღვისპირეთიდან გადმოსახლდნენ სკვითურ-სარმატული ტომების – მელანქალაინების, გელონებისა და ბუდინების ნაწილი და განლაგდნენ ჩხალთის, კოდორისა და ეგრისის ქედებზე. გელონები საკმაოდ მალე გაითქვიფნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და გაქრნენ, ბუდინებმა კი დაკარგეს თავიანთი სახელწოდება და პლინიუსის დროს უკვე სალტიებად იწოდებოდნენ.
    3. არიანეს ცნობით „პიტიუნტიდან ქ. ნიტიკემდე 150 სტადიონია (28 კმ. რადგან ბიჭვინთადან გაგრამდე 22 კმ-ია არიანეს გამოთვლით გამოდის რომ ნიტიკე გაგრიდან დასავლეთით 5–6 კმ-ზე მდებარეობს. აქ კი ანტიკური ნაქალაქარის ნაშთები აღმოჩენილი არ არის.). აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. მათ ის ფთიროფაგებს (გირჩის მჭამელებს) უწოდებს. ეს აზრი დღემდეა შემონახული მათ შესახებ“.
    4. V ს. ანონიმის ცნობით „პიტიუნტიდან აბასკოსამდე ანუ (ბზიფიდან ფსოუმდე) მხარეს ეწოდებოდა სტენიტიკის მხარე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდებოდა) ამ ქვეყანაში წინათ სკვითური ტომი მოსახლეობდა, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის მჭამელია. მართლაც, ეს აზრი ახლაც არსებობს ამ ტომის შესახებ“.
    არიანესა და ანონიმის ცნობით ფთიროფაგებს ტრიგლიტები ეწოდება და ისინი უკვე ბზიფსა და ნიტიკეს (ან ფსოუს) შორის ზღვისპირა ზოლში ცხოვრობენ. მართალია ჩვენთვის უცნობი რჩება ის ფაქტი, რომ სალტიები გადმოსახლდნენ აფხაზეთის ბოლოში, თუ ბუდინების ახალი ტალღა შემოვიდა აქ, თუმცა ის მაინც გავარკვიეთ თუ რომელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ისინი.
    აქედან გამომდინარე ძვ.წ. VI–I საუკუნეებში კოლები ცხოვრობდნენ მდ. გუმისთადან – მდ. ბზიფამდე ზღვისპირა ზოლში. ბზიფის შესართავთან და ბზიფის ხეობის გაყოლებით ბზიფის ქედზე ცხოვრობენ კორაქსები. ბზიფის შესართავის და მის შენაკად გეგას დასავლეთით მდ. შახემდე ცხოვრობდნენ ჰენიოხები, რომლებიც 4 ტომისგან შედგებიან. კოდორისა და ჩხალთის ქედზე ცხოვრობენ მელანქლაინები.
    როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარების ანალიზით ვგებულობთ ჰენიოხებს თავს ესხმიან ჯიქები, რაც აჩქარებს ჰენიოხთა 4 ტომიანი კავშირის დაშლას (მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო აღნიშნული ტომების მომწიფება სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შესაქმნელად). შედეგად ჰენიოხთა ძველ საცხოვრისსა მის აღმოსავლეთით მდებარე აფხაზეთის მონაკვეთში ჩნდება სამი ახალი ხალხი; სანიგები (როდესაც ჰენიოხები სამხრეთით მიდიან, მათი ყოფილი ტერიტორიის დიდ ნაწილს სწორედ სანიგები იკავებენ), აბასკები და აფსილები. რაც შეეხება საკუთრივ ჰენიოხებს, (რომლებიც ალბათ კავშირში ყველაზე მრავალრიცხოვანნი იყვნენ და ამის გამო მოიხსენიებდნენ ყველა ამ მონათესავე ხალხებს ამ ერთი – კრებითი სახელით) ახ.წ. I ს-ის შუა ხანებიდან რიზეს რაიონში სახლდება, მაკრონებს უერთდება და საერთო სამეფოს ქმნის.
    ახ.წ. I საუკუნის მეორე ნახევრიდან პლინიუსის ცნობით სებასტოპოლისამდე (დიოსკურიას გვერდით აიგო) ალბათ მელანქლაინების შევიწროვების ხარჯზე ცხოვრობენ ახალი ხალხი – აბსილები (აფსილები/აფშილები), სებასტოპოლისსა და პიტიუნტს შორის ზღვისპირა ზოლში კოლების შევიწროვების ხარჯზე ცხოვრობენ ახალი ხალხი – სანიგები.
    ახ.წ. 131 წლისთვის არიანეს ცნობით აფხაზეთის ტერიტორიაზე კელასურამდე ცხოვრობენ აფსილები და აბასკები, კელასურიდან აქეუნტამდე სანიგები, რომელთა ტერიტორიაზეა სებასტოპოლისი. აქეუნტიდან დასავლეთით კი ცხოვრობენ ზიხები/ჯიქები. ამდენად ახ.წ. II საუკუნისთვის აფხაზეთის ზღვისპირა მონაკვეთში ძველი მცხოვრებლები – მელანქლაინელები, კორაქსები, კოლები და ჰენიოხები აღარ სჩანან. სამაგიეროდ ჰენიოხებს ახ.წ. I–IV საუკუნეებში მაკრონებთან ერთად სამეფო აქვთ რიზეს მხარეში (ამაზე მაკრონების საკითხის მიმოხილვისას ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით.).
    ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე დგინდება, რომ მელას ცნობა დიოსკურიის ჰენიოხთა ქვეყანაში მდებარეობის შესახებ არ უნდა იყოს სწორი. სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებითაც გარკვევით ვგებულობთ რომ ჰენიოხები ძლიერი მეკობრეები იყვნენ, თავს ესხმოდნენ ზღვისპირა ქალაქებს და აპარტახებდნენ. მათ მიერ იყო გაძარცვული პიტიუნტი. ასე რომ სრულებით შესაძლებელია ჰენიოხების თავდასხმები ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი დიოსკურიის დაცარიელებისა და ჰენიოხთა ნაწილი დასახლებულიყო მის ტერიტორიაზე. სწორედ ამ კუთხით უნდა გავიგოთ მელას ცნობა.
    ახ.წ. V საუკუნის ანონიმის ცნობით კორაქსებსა და კოლების ქვეყნის ადგილზე ახლა მელანქლაინების ტომია, ხოლო სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) სპარსელების მიერ VI საუკუნის შუა ხანებში მდ. კელასურზე აგებულ კედელს კორაქსულ კედელს უწოდებს. თუ ამ ცნობებს სიმართლედ მივიღებთ, გამოვა რომ, მელანქლაინებმა ბზიფის აუზში გადაინაცვლეს, ხოლო კორაქსებმა პირიქით, ჩხალთის ქედზე. მიუხედავად იმისა, რომ სრულებით შესაძლებელია ავტორები სიზუსტეში ცდებოდნენ (ანონიმის შეცდომებზე სხვა თავებშიც ვისაუბრეთ), არც იმის გამორიცხვა შეიძლება რომ მსგავსი გადაადგილებები მართლაც მოხდა. ალბათ უფრო ზუსტნი ვიქნებით ამ ცნობებს თუ მივუმატებთ არიანეს ცნობებს, რის შემდეგაც მივიღებთ შემდეგ ვითარებას: მელანქლაინებს მოაწვნენ ჰენიოხებს გამოყოფილი აფსილები და აბასკები და მათი ადგილები დაიკავეს კოდორის მთებსა და მის საპირისპირო ზღვისპირა ზოლში, ხოლო მელანქლაინებმა უფრო დასავლეთით გადაინაცვლეს და კორაქსებს შეერივნენ. სანიგებმა კი კოლებისა და კორაქსების ტერიტორია დაიკავეს ზღვისპირა ზოლში, ისინი აიძულეს მთლიანად მთებში ასულიყვნენ და ცოტა აღმოსავლეთისკენ გადაადგილებულიყვნენ (დასავლეთიდან ზიქები აწვებოდნენ). სანიგებს შორის ბზიფიდან ფსოუმდე ზღვისპირა ზოლში ცხოვრობენ გირჩისმჭამელთა ტომი.
    ახ.წ. V საუკუნისთვის აფხაზეთში საზღვრები ახლებურად არის გადანაწილებული. აბასკები უფრო დასავლეთით წაწეულან (ფსოუმდე), ხოლო სანიგებს დარჩათ ტერიტორია აქეუნტიდან (შახედან) აბასკოსამდე. პროკოპის ცნობით აბაზგების ცენტრი არის ტრაქეა (ანაკოფია ან გაგრა) და მათ შემდეგ არიან ჯიქები და მხოლოდ შემდეგ სანიგები. VII საუკუნიდან მოყოლებული კი სანიგების ბოლო საცხოვრისი უჯვე ჯიქებს აქვთ დაკავებული და ამიერიდან სანიგების ხსენება წყაროებში ქრება. უკანასკნელად სანიგეთს თამარის პირველი ისტორიკოსი იხსენიებს XII საუკუნის ამბების თხრობისას.

ბექირები, ბიძერები, ეკექეირები (უ. მურღულია)

რას მოგვითხრობს წყაროები ამ ხალხების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „ხოჲები ბექეირიკას მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ“. ე.ი. ბექირები ხოიებსა დიძერებს (ბიძერები) შორის ცხოვრობდნენ. დიონისე პერიეგეტი მოგვითხრობს რა ქსენოფონტეს ლაშქრობას ტაოხების ნაცვლად ხმარობს ტოპონიმს – ხაოებს. აპიანე იგივე ხალხს უწოდებს ხოტენელებს. ასე რომ სრულებით შესაძლებელია ჰეკატეოსის ხოიებში ტაოელები იგულისხმებოდეს.
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „კოლხების შემდეგ ცხოვრობენ ბიძერები, რომელთა ტერიტორიაზეა მდ. არქაბონი (არქაბე-არჰავი) და მდინარე არიონი (ბუიუქ დერე, მდ. ვიწეწყალის აღმოსავლეთით).
ბიძერების შემდეგ არიან ეკექეირები, რომელთა ტერიტორიაზეა მდინარე პორდანისი (ფირტინა დერე), მდ. არაბისი (ძაგატისი=მოდაჩარ დერე, ფირტინა დერეს დასავლეთით), პოლისი ლიმნა, ელინური პოლისი ადიენოსი (გოდიენოსი, არდინეოსი, აბინეოსი = თანამ. ყანლუ-დერე).
ეკექეირების შემდეგ არიან ბექეირები, რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ბექეირიკა, ელინური პოლისი ბექეირიადა.
ბექეირების შემდეგ არიან მაკროკეფალები (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები), რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ფსორონი (დღევ. არაკლი, სურმენეს დასავლეთით) და ელინური პოლისი ტრაპეზუსი“.
ნ. კეჭაყმაძის მიერ მოძიებული სხვადასხვა წყაროს ცნობით ქ. ბექირიკა, ბექირთა ქვეყანაში იყო შემდგომი ბერძნული ქალაქი რიზიოსი (ბერძნულად რიზა ფერდობს ნიშნავს). ძვ.წ. VI ს-ში ქალაქი ბექეირიკა ჯერ კიდევ ადგილობრივთა ხელშია. ბერძენთა კოლონიზაციის შედეგად ძვ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში ბექირიკა უკვე ელინური პოლისია და საკუთარი პორტი აქვს. როდის შეეცვალა საბოლოოდ სახელი ქალაქს? ამის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ არიანე 131 წელს უკვე რიზიოსად იხსენიებს, რომელიც აფსაროსიდან 500 სტადიონზე (86 კმ) არის დაშორებული. რიზიოსი ითვლებოდა ლაზიკის ქალაქად ტრაპეზუნტიდან 2 დღის სავალზე (პროკოპი, შენობათა შესახებ). ის იუსტინიანემ განაახლა. ქალაქ რიზიოსის საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა პოლემონის პონტოს ეპარქიაში.
ე.ი. ფსევდო სკილაქსის ცნობით ბიძერები ცხოვრობენ ზღვისპირა ზოლში კოლხებსა და ეკექეირებს შორის ჭოროხიდან – არდეშენამდე. ეკექეირები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ბიძერებსა და ბექირებს შორის არდეშენიდან – ასფოროს დერემდე. ბექირები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ეკექეირებისა და მაკრონებს შორის ასფოროს დერედან – სურმენემდე.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „მოსინიკების შემდეგ ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალრიცხოვანი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ.
ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა“.
ბექირებს საპირები სამხრეთიდან უნდა ემიჯნებოდნენ. ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ საპირები სპერის მოსახლეები იყვნენ.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ჰეპტაკომიტებმა (შკვითინიებმა) გაანადგურეს პომპეუსის 3 მანიპულა (დაახლ. 350 მებრძოლი), როდესაც ისინი გადიოდნენ ამ მთიან მხარეს; ბარბაროსებმა გზაზე დაალაგეს ჯამები დამათრობელი თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა იქაური ხეებიდან. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ თაფლისგან გონებადაკარგულ პომპეუსის მეომრებს და ამოჟლიტეს. ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგანი თავს ეძახდა ბიძერებს“.
ბიძერებს სამხრეთიდან ლაზისტანის ქედი ესაზღვრებოდა, სადაც ცხოვრობდნენ კიდეც ჰეპტაკომიტები ანუ შკვითინიები.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): „მოსინიკების მეზობლები – მაკროკეფალები (მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (ძვ. კერასუნტი – დღევ. ვაკფიკებირი) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი)“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკროკეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (ძვ. კერასუნტი – დღევ. ვაკფიკებირი) კორდილეს პორტი (დღევანდელი – აკჩაკალე, ფენერის კონცხთან), ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში) მაქორონები...“
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან“.
დიონისე პერიეგეტი (ახ.წ. II ს.): „კოლხეთიდან და ფასისიდან დასავლეთით და გავუყევი ევქსინის სანაპიროებს, პირველები მოდიან ბიზერები, მათ მეზობლად ბექირების, ფილირების, მაკრონების ტომები, და ასევე ისინი რომლებიც ცხოვრობენ ხის მოსინებში“.
ფსევდო ორფევსი (ახ.წ. III ს.) ძველ ცნობებზე დაყრდნობით წერს: „საპეირების მჭიდრო დასახლებული ქალაქები, სინოპეს კლდოვანი შვერილის აღმოსავლეთით მცხოვრები ტომების – ფილირებისა და ნაპატების გადაღმა და ბიძერების დასავლეთით არის განლაგებულნი“.
ამიანუს მარცელინუსი (330–395) ძველ ცნობებზე დაყრდნობით წერს: „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „მდინარე არქაბიდან მოკიდებული ვიდრე ოფიუნტის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ე.წ. ეკქირიელების ტომი, ხოლო ამჟამად ცხოვრობენ მაქელონები (მაკრონები) და ჰენიოხები. აფსარის წყლიდან ვიდრე მდინარე არქაბემდე წინათ ცხოვრობდნენ ე.წ. ბიძერები; ამჟამად ცხოვრობენ ძიდრიტები“.
თ. ყაუხჩიშვილის შენიშვნით, ბიძერების სახელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ტოპონიმი ვიწე (ქალაქი თურქეთში, თურქულად ფინდიკლი.); ვიწე ლაზურად ტოტს, განშტოებას ნიშნავს. იგი მდებარეობს მდინარე ვიწეწყალის შესართავთან, რომელსაც თურქები ვიძე-სუს უწოდებენ (ძველი პიქსიტე). გ. მელიქიშვილს ამ ტერმინის დანაშთად მიაჩნია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული ოლქის სახელი უიტერუხ-უიძერუხ-ოძრხე.
    სად ცხოვრობდნენ ბექირები, ბიძერები და ეკექეირები?
ფსევდო სკილაქსის ცნობით ბიძერები ცხოვრობენ ზღვისპირა ზოლში კოლხებსა და ეკექეირებს შორის ჭოროხიდან – არდეშენამდე. ეკექეირები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ბიძერებსა და ბექირებს შორის არდეშენიდან – ასფოროს დერემდე. ბექირები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ეკექეირებისა და მაკრონებს შორის ასფოროს დერედან – სურმენემდე.
აპოლონიოს როდოსელის, ფსევდო ორფევსისა და ამიანე მარცელინეს ცნობებიდან აშკარა ხდება, რომ ეკექეირების ყოფილი ტერიტორია ბექირებსა და ბიძერებს შორის უკვე ძვ.წ. III საუკუნიდან სასპეირ-საპეირებს უჭირავთ.
რაც შეეხება ამ ხალხების მხარეთა პოლიტიკურ სტატუსს. მაკრონების საცხოვრისის განხილვისას აღვნიშნეთ, რომ ძვ.წ. VI–IV საუკუნეებში აზოს ლაშქრობამდე სკიდისეს ქედსა და შავ ზღვას შორის ტერიტორია კერასუნტ-ვაკფიკებირიდან – ჭოროხამდე კოლხეთის სამეფოს ნაწილი უნდა ყოფილიყო. აქ მცხოვრები ხალხები კოლხთა მეფის ქვეშევრდომები უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მათი მხარეები კი შესაბამისად კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიები. ბუნებრივია ცენტრალური სკეპტუხიებიდან განსხვავებით ამ მხარის სკეპტუხიებს გაცილებით მეტი დამოუკიდებლობა ექნებოდათ და შიდა საკითხებს ალბათ სრულიად დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ თემური პრინციპებით განაგებდნენ. აზოს ლაშქრობისა და იბერიაში მისი გაბატონების პერიოდიდან კოლხეთის სამეფო დასუსტდა, რამაც ხელი შეუწყო აღნიშნული ხალხების დამოუკიდებლობას. უკვე ფარნავაზის პერიოდიდან იბერიის შემადგენლობაში მოექცა ეკექეირების ტერიტორია, რის გამოც მათ ტერიტორიაზე როდოსელი და სხვა ისტორიკოსები უკვე საპეირებს ანუ იბერებს იხსენიებენ (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ). ძვ.წ. II დასაწყისითვის იბერიის სამეფო დასუსტდა, რითაც ისარგებლეს კოლხებმა და არმენიელებმა და ამ რეგიონიდან იბერიელები განდევნეს. შედეგად მცირე ხნით აღსდგა კოლხების გავლენა ამ ხალხებზე. ამით უნდა აიხსნას კოლხეთის მეფის მონაწილეობა 179 წლის მცირე აზიის პოლიტ-ლიდერთა შეკრებაზე. ძვ.წ. 106/5 წელს კოლხეთი ამ მხარესთან ერთად აღმოჩნდა მითრიდატეს შექმნილ პონტოს სამეფოში. მოგვიანებით კი პონტო კოლხეთთან ერთად რომის იმპერიაში აღმოჩნდა. შედეგად აღნიშნული ხალხები მეზობელ ქართველურ ხალხებს შეერწყა და ჭანების ხალხის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა.


მარები, მაკრონები, დრილები (უ. მურღულია)

3. მარები
რას მოგვითხრობს წყაროები მარების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476): „მარები, ტომი მოსინიკების გვერდით“.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „მარებს თავზე ადგილობრივი მოწნული მუზარადები ეხურათ; ეჭირათ ტყავის პატარა ფარები და ხელშუბები. ხოლო კოლხებს თავზე ხის მუზარადები ჰქონდათ, გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები. ამას გარდა დანები. მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია“.
ამ ცნობებით აშკარა ხდება, რომ მარები მოსინიკებსა და კოლხებს შორის ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს მათ ეკავათ გირესუნის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის ბოლო მონაკვეთი, მდ. დოღანკენტის დასავლეთ სანაპირო მხარე. არმიის შემადგენლობაში მარების მოუხსენიებლობა და უკვე მოსინიკებისა და მაკრონების ერთ არმიაში მოხსენიება მიუთითებს ერთის მხრივ ამ ხალხების ახლო მეზობლობას, მეორეს მხრივ კი იმას, რომ მარები მცირერიცხოვანი ხალხია და ამ შემთხვევაში მათი სახელი გადაფარა მოსინიკების სახელმა. როგორც ჩანს ცოტა მოგვიანებით მარები საბოლოოდ შეერწყნენ მოსინიკებს და როგორც ცალკე ხალხი გაქრნენ. ამით უნდა აიხსნებოდეს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ, მომდევნო ხანის ავტორები მარებს აღარ იხსენიებენ და მათი საცხოვრისიც სრულად მოსინიკების საცხოვრისად ითვლება.

4. მაკრონები
რას მოგვითხრობს წყაროები მაკრონების შესახებ?
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549–476) იცნობს მაკრონებს, თუმცა თუ რას მოგვითხრობდა მათ შესახებ ჩვენთვის უცნობია.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „სირიელები, (იგივე ლევკოსირები, აიგივებს ავტორი კაპადოკიელებთან) რომლებიც მდინარე თერმოდონტთან და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მაკრონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს წინდაცვეთა ახლახან.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს დარიოსისგან შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა XIX სატრაპია. (1 ტალანტი 60 მინა ანუ 2,4 კგ ოქროს ან ვერცხლს უდრის).
მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხებისავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს (მოსინიკებს) განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა“.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „შკვითინიების ქვეყნის გავლის შემდეგ შკვითინმა მეგზურმა ელინებს ასწავლა ახლო სოფელი სადაც დაისვენებდნენ და ზღვისაკენ გზა, რომელიც მაკრონების ქვეყანაზე გადიოდა. დაღამებისთანავე მეგზურმა მიატოვა ელინები და დაიმალა.
დასვენების შემდეგ ელინებმა 3 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) იარეს მაკრონთა ქვეყანაზე. პირველივე დღეს მივიდნენ მაკრონებისა და შკვითინიების სასაზღვრო მდინარემდე (უნდა იყოს დოღანკენტის სათავე ნაწილი, მის შენაკად პირამეტ დერესთან შეერთებამდე). ელინთაგან მარჯვნივ აღმართული იყო მიუწვდომელი მთები, ხოლო მარცხნივ სხვა მდინარე, რომელშიც ჩაედინებოდა კიდეც ეს სასაზღვრო მდინარე. ამ მდინარის /რომელშიც სასაზღვრო მდინარე ჩაედინებოდა/ გასვწრივ მიემართებოდა ხშირი ტყით იყო დაფარული გზა, რომელზეც უნდა გაეარათ ელინებს. ელინები მდინარის გაყოლებას აყვნენ, ჭრიდნენ ხეებს და სწრაფად მიიწევდნენ წინ, რათა დროულად გაეღწიათ ამ ქვეყნიდან. მაკრონები ბეწვის მოსასხამებში, შუბებითა და ფარებით შეიარაღებულნი განლაგებულიყვნენ მდინარის მეორე ნაპირზე და იქედან ქვებს უშენდნენ ელინებს, თუმცა ისინი მდინარეში ცვიოდა და სტუმრებს არაფერი დაშავებიათ.
ამ დროს ქსენოფონტთან მივიდა ერთი პელტასტი, რომელიც ადრე ათენში მონად იყო და განუცხადა, რომ მაკრონია, იცის ადგილობრივთა ენა და მოელაპარაკება მათ. ქსენოფონტი დათანხმდა. როდესაც პელტასტმა ჰკითხა მაკრონებს თუ ასე რატომ იქცეოდნენ, მაკრონებმა უპასუხეს, რომ ისინი მტრები არიან და მათ ქვეყანაზე მიაბიჯებენ. მაშინ ელინებმა მიუგეს, რომ მტრები არ არიან, აუხსნეს თავისი ვითარება და თხოვეს მშვიდად გატარება ზღვამდე. საპასუხოდ მაკრონებმა ფიცის დადება მოითხოვეს. მაკრონთა ლიდერმა და ქსენოფონტემ ფიცის ნიშნად შუბები გაცვალეს, შემდეგ საკუთარ ღმერთებს მოუხმეს. ამის შემდეგ მაკრონები ელინებს შეუერთდნენ და ერთად ჭრიდნენ ხეებს გზის გასაყვანად, თან გზაში სტუმრებს საყიდლად სთავაზობდნენ თავიანთ სხვადასხვა საქონელს.
3 დღეში მაკრონები და ელინები მივიდნენ კოლხების საზღვრამდე, სადაც იწყებოდა მაღალი მთები (კალკანის მთები), რომელზეც განლაგებული იყვნენ შეიარაღებული კოლხები“.
ფსევდო სქილაქსი (ძვ.წ. IV ს.): „ეკექეირების შემდეგ არიან ბექეირები, რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ბექეირიკა, ელინური პოლისი ბექეირიადა. ბექეირების შემდეგ არიან მაკროკეფალები (გრძელთავიანები, იგივე მაკრონები), რომელთა ტერიტორიაზეა ელინური ნავსადგური ფსორონი (დღევ. არაკლი, სურმენეს დასავლეთით) და ელინური პოლისი ტრაპეზუსი (ტრაპიზონი).
მაკროკეფალების შემდეგ არიან მოსსინიკები, რომელთა ტერიტორიაზეა ზეფირიოსის (ზეფფრე, თანამ. კაიკ-ლიმანი) ნავსადგური, ელინური პოლისი ხოირადესი (ჰეკატეოსის ცნობით ხოირადესი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს) და კუნძული არეია (არესის კუნძული, თანამ. გირესუნ-ადა). ისინი ცხოვრობენ მთებში“.
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის (გენეტის ანუ დღევ. ჩამის) კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ შემდეგ ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალრიცხოვანი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ.
ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. ამის შემდეგ კოლხთა მიწა იწყებოდა“.
დიონიოს პერიეგეტი (II ს.): „კოლხეთიდან და ფასისიდან დასავლეთით და ევქსინის სანაპიროებზე, თრაკიის სრუტემდე პირველები მოდიან ბიზერები, მათ მეზობლად ბექირების, ფილირების, მაკრონების ტომები, და ასევე ისინი რომლებიც ცხოვრობენ ხის მოსინებში. მათ შემდეგ მრავალრიცხოვანი წვრილფეხა პირუტყვის მფლობელი ტიბარენები; მათ შემდეგ ცხოვრობენ მოუსავლიან მიწებზე ხალიბები, რომლებიც მუდმივად ამუშავებენ მყარ რკინას“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები (ე.ი. ჭანები), რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს (იგივე აზრს იზიარებს მემნონიც). აქვეა „მცირე არმენია“. ამ ადგილების ახლოს ცხოვრობენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს, რომლებიც კოლხიდის ზევით (სამხრეთით) მდებარეობენ; მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60) ძველ ცნობაზე დაყრდნობით მოგვითხრობს: „მოსინიკების მეზობლები – მაკრო-კეფალები (ე.ი. მაკრონები), ბექერები, ბუზერები (ე.ი. ბიძერები) – ნაკლებად ველურები არიან, თუმცა გამოირჩევიან მძიმე ხასიათით. ქალაქები აქ ცოტაა, ყველაზე დიდია კერასი (ძვ. კერასუნტი – დღევ. ვაკფიკებირი. ეს ქალაქი მელას დროს უკვე დიდი ხნის განადგურებულია) და ტრაპეზი (ტრაპეზუნტი)“.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (დღევ. ვაკფიკებირი) კორდილეს პორტი (დღევ. ს. აკჩაკალე, ფენერის კონცხის აღმოსავლეთით), ტომები ბექირები და ბუქსერები (ბიძერები), მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში), მაქორონები, მოსხების მთების დასავლეთით მაკერონები მდინარე აბსაროსამდე. ტრაპეზუნტის სანაპიროს ახლოს მიედინება მდინარე პიქსიტი (ვიწეწყალი/ვიძე სუ) ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, რომელზეც არიან სანები-ჰენიოხები. შემდეგ მოდის მდინარე აბსარუსი (აფსაროსი, დღევ. ჭოროხი)“.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები (არიანე ამ დროს ახალი დანიშნულია კაპადოკიის მმართველის თანამდებობაზე და კოლხების ტრაპიზონთან ცხოვრების შესახებ ცნობა მექანიკურად გადმოიტანა ქსენოფონტეს ანაბასისიდან) და ხალხი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანნები (ჭანები) არიან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა, რომლის სამეფო სასახლე მდინარე პრიტანიდთანაა (ფორტუნა, დღევ. ფირტინა დერე, ეს მდინარე ათინა-ფაზარიდან აღმოსავლეთით 7–8 კმ-ზე მდებარეობდა). მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან“.
ე.ი. ტრაპიზონის მხარეში ცხოვრობენ ჭანები, შემდეგ მაკრონებისა და ჰენოხების სამეფო, რომლის ცენტრი მდ. ფირტინა დერეზე იყო, შემდეგ კი ძიდრიტების ტომი, რომლებსაც უნდა ეცხოვრათ ჭოროხის შესართავამდე, რადგან აქედან ლაზების სამეფო უნდა დაწყებულიყო.
ანქიალეს და მაქელონებისა და ჰენიოხების სამეფოს აღნიშნულ ტერიტორიაზე ათავსებს დიონ კასიუსიც. მისი ცნობით 115 წელს ავგუსტი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია.
ამიანუს მარცელინუსი (330–395) ძველ წყაროზე დაყრდნობით გვამცნობს: „ამ ადგილების მეზობლად არიან ...ხალიბები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა. მათ შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ ბიზარებს, საპირებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს და ფილირებს – ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
ახ.წ. V საუკუნის ანონიმი: „ტრაპეზუნტიდან ვიდრე არეტიადის კუნძულამდე (გირესუნ ადა) და ფარნაკიამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი ე.წ. მაკრონებისა ანუ გრძელთავიანებისა. მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები“.
ევსტათი თესალონიკელი (XII ს.), რომელსაც დიონისე პერიეგეტის კომენტარები ეკუთვნის, აღნიშნავს, რომ ბექეირების სამხრეთით მცხოვრებ მაკრონებს მის დროს სანნები ეწოდებოდათ, ხოლო მდაბიოურად – ტზანები; როგორც აღნიშნავენ, „ტზ“ კომპლექსით ბერძნულისათვის უცხო აფრიკატი „ჭ“ არის გადმოცემული და სანნების „მდაბიური“ სახელწოდება უნდა ყოფილიყო – ჭანი.
სად ცხოვრობდნენ მაკრონები?
ჰეროდოტეს ცნობებიდან ვგებულობთ, რომ მაკრონები პირველ რიგში მოსინიკების მეზობლები არიან. ქსენოფონტეს ცნობების ანალიზით ირკვევა, რომ: მაკრონები ცხოვრობდნენ მდ. დოღანკენტის სათავიდან – კალკანის ქედამდე. მათ სამხრეთ-აღმ-დან ესაზღვრებოდნენ შკვთინიები, დასავლეთიდან დრილები, ჩრდილოეთიდან კი ტრაპიზონის მხარის კოლხები ანუ კოლხეთის სამეფო. ჰიპოკრატეს ცნობით მაკრონები ცხოვრობენ ტრაპეზუნტისა და კერასუნტთან (ე.ი. შავი ზღვისპირა ზოლში). ფსევდო სკილაქსიდან ვგებულობთ რომ მაკრონები ცხოვრობდნენ ზღვისპირა ზოლში ბექირებსა და მოსინიკებს შორის და მათ ტერიტორიაზეა ტრაპეზუნტი და ფსორონი (სურმენეს დასავლეთით). შესაბამისად მაკრონთა და ბექირთა საზღვარი ჰისოს-სურმენეზე უნდა გასულიყო. მოსინიკების აღმ. საზღვარი ზღვისპირა ზოლში გადიოდა ფილოკალეია-გიორელესა და კერასუნტ-ვაკფიკებირს შორის, საიდანაც იწყებოდა კოლხეთის სამეფო. ამას გარდა ქსენოფონტესა ადასტურებს პლინიუსიც, რომელიც მაკრონების ტერიტორიაზე იხსენიებს კერასუნტ-ვაკფიკებირსა და კორდილე–აკჩაკალეს (ფენერის კონცხთან). შესაბამისად მაკრონების ტერიტორია გიორელედან – სურმენემდე უნდა ყოფილიყო გადაჭიმული.
და თუ ტრაპეზუნტის ირგვლივ სულ მაკრონები ცხოვრობდნენ რატომ უწოდებს ამ მხარის ხალხს ქსენოფონტე კოლხებს? ის ხომ პირადად შეხვდა მათ და საკმაო ხანი გაატარა ამ მხარეში? ვფიქრობ საკითხი გაცილებით მარტივად გადაიჭრება, თუ მოვიშველიებთ იმ ფაქტს, რომ კერასუნტამდე ტერიტორია ძვ.წ. 400 წლისთვის კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფებოდა და აქ მაცხოვრებელ ყველა ხალხს ქსენოფონტე კოლხებს უწოდებს პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე (ისევე როგორც პაფლაგონიას უწოდებს ხალიბების მიწებსაც და ასე შემდეგ). ამდენად ძვ.წ. VI–IV საუკუნეებში აზოს ლაშქრობამდე სკიდისეს ქედსა და შავ ზღვას შორის ტერიტორია კერასუნტ-ვაკფიკებირიდან – ჭოროხამდე კოლხეთის სამეფოს ნაწილი უნდა ყოფილიყო. შესაბამისად ზღვისპირა მაკრონების ტერიტორია ამ დროისთვის კოლხეთის სკეპტუხია იყო. რაც შეეხება კალკანის ქედის სამხრეთით მცხოვრები მაკრონებს, ისინი VI–V საუკუნეებში სპარსეთის XIX სატრაპიაში იყვნენ გაერთიანებული; V საუკუნის ბოლოდან ვიდრე ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისამდე კი დამოუკიდებლობა ჰქონდათ.
სიტუაცია შეიცვალა ძვ.წ. 320-იანი წლებისთვის, როდესაც ალექსანდრე მაკედონელის გამოგზავნილმა აზომ კავკასია დალაშქრა. შედეგად დასუსტებულმა კოლხეთის სამეფომ კერასუნტ-ვაკფიკებირიდან – ჭოროხამდე ტერიტორია დაკარგა და აღნიშნულ მხარეში მცხოვრებმა ხალხებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძვ.წ. IV ს-ის ბოლოს კოლხებმა და სასპერ-იბერებმა დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, თუმცა ძველი კოლხეთის საზღვარი ერთხანს კვლავ ჭოროხზე დარჩა და მაკრონებს დამოუკიდებლობა უნდა შეენარჩუნებინათ. ამ რეგიონში კი იბერიის სამეფომ შემოაღწია, რომელმაც მიიტაცა ეკექეირების ყოფილი ტერიტორია (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ).
ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისითვის იბერიის სამეფო დასუსტდა, რითაც ისარგებლეს კოლხებმა და არმენიელებმა და ამ რეგიონიდან იბერიელები განდევნეს. შედეგად მცირე ხნით აღსდგა კოლხების გავლენა შავიზღვისპირა ზოლზე ჭოროხიდან – ჰისოსამდე (მანაოზ ჩაიმდე), ხოლო მაკრონების მიწა ტრაპეზუნტის მხარესთან ერთად პონტოს მოკავშირე მცირე არმენიამ შეიერთა. კოლხეთის მცირე აზიის სანაპიროებზე დაბრუნებით უნდა აიხსნას მისი მეფის მონაწილეობა 179 წლის მცირე აზიის პოლიტ-ლიდერთა შეკრებაზე. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოსთვის მცირე არმენიისა და კოლხეთის სამეფოები ერთად აღმოჩნდნენ მითრიდატე ევპატორის შექმნილ პონტოს იმპერიაში. მაკრონთა ტერიტორია პონტოს სამეფოს შემადგენლობაში დარჩა ამ სამეფოს გაუქმებამდე.
ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე სტრაბონის ცნობით მაკრონები აღარ არსებობენ და მათი მემკვიდრეები სანები (ჭანები) არიან. ცოტა მოგვიანებით პლინიუსი იხსენიებს მაკროკეფალებს (მაკრონთა ერთე-ერთი სახელი) ძველ ადგილზე, მაქორონებს ბიძერების შემდეგ მდინარე მელასზე (შავი მდინარე = კარა დერეს, ზღვაში ჩაედინება ქ. არაკლის სანაპიროზე) ანუ ფსევდო სკილაქსის ნახსენებ ქალაქ ფსორონის რაიონში (დღევ. არაკლი) და მაკერონებს მოსხების მთების დასავლეთით აბსაროსამდე (ჭოროხამდე). აგრეთვე მდინარე პიქსიტზე (ვიწეწყალი/ვიძესუ) სანებ-ჰენიოხებს. სანებ-ჰენიოხები უნდა უდრიდეს არიანეს მაკრონ-ჰენოხთა სამეფოს, დიონ კასიუსისა და V საუკუნის ანონიმის მაქელონ-ჰენიოხების სამეფოს. აღნიშნულ ცნობათა შეპირისპირებით კი ვგებულობთ, რომ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის მაკრონები რამდენიმე ნაწილად დაიყვნენ: ერთნი – სამხრეთით მთებში მცხოვრებნი ჭანებად იქცნენ და საუკუნეების მანძილზე რომთან დაპირისპირებას აწარმოებდნენ, მეორენი კი ჩრდ. კავკასიიდან გადმოსახლებულ ჰენიოხებს შეუერთდნენ და ერთობლივი სამეფო შექმნეს, რომელიც რომის ვასალი იყო.
რაც შეეხება მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს საზღვრებს: V ს-ის ანონიმი ერთადერთია ვინც საზღვრებზე მოგვითხრობს, თუმცა ისინი ზოგჯერ მიახლოებითაა სწორი, ზოგჯერ თითქმის სრულად მცდარი მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია: „მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები. მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე წინათ ცხოვრობდნენ ე. წ. ბიძერები ახლა კი ცხოვრობენ ძიდრიტები“.
ბიძერებ-დიძერების შთამომავლები შესაძლოა მართლაც ძიდრიტები (დ და ძ გადანაცვლებით მიღებული – დიძერები, ძიდერები-ძიდერიტები-ძიდრიტები) იყოს. თ. ყაუხჩიშვილის გამოკვლევით ძიდრიტები პრიტანიდიდან – აფსაროსამდე (ანუ ფორტუნადან – ჭოროხამდე) ცხოვრობდნენ. მაგრამ იმის გათვალიწინებით, რომ ფორტუნაზე იყო მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს ცენტრი, სავარაუდოა, რომ ცენტრს საზღვარზე არ დადებდნენ და ძიდრიტებ-მაკრონ-ჰენიოხთა საზღვარი უფრო აღმ-ით არტაშენ-არდეშენზე უნდა გასულიყო. რაც შეეხება მაკრონ-ჰენიოხთა სამეფოს დას. საზღვარს იგი მართლაც მდ. ოფიუნტზე (ოფის, დღევ. სატაკლი) უნდა დებულიყო. ახ.წ. V საუკუნიდან მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო ქრება და მისი ტერიტორიის ზღვისპირა ზოლი აფსაროსში მჯდარ რომის მოხელეს ექვემდებარება, ხოლო სამხრეთ ნაწილი ჭანებით დასახლებული ჩანს. როგორც ჩანს ჰენიოხები მაკრონებთან და სხვა ქართველურ ეთნო-ჯგუფებთან ერთად აითქვიფნენ ლაზ-ეგრებში და ჭანებში.
5. დრილები
რას მოგვითხრობს წყაროები დრილების შესახებ?
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „ტრაპეზუნტში დასვენების შემდეგ ელინებმა ტრადიციული მსხვერპლშეწირვა გამართეს, შემდეგ რბოლაში იასპარეზეს და დაიწყეს მსჯელობა თუ რომელი გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ამასობაში დიდი დრო გავიდა და საკვები გამოელიათ. მაშინ ქსენოფონტემ ლაშქარი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ბანაკის დასაცავად დატოვა, მეორეთი კი მთიან მხარეში მცხოვრები დრილების გასაძარცვად წავიდა და მეგზურად ერთი ტრაპიზონელი გაიყოლა. წესით საკვები მახლობლად, დაბლობში მცხოვრებ მდიდრულ კოლხურ სოფლებში უნდა ეძიათ, რაც ადვილიც იყო და უკანაც სწრაფად მობრუნდებოდნენ, მაგრამ ტრაპიზონელი მეგზური კოლხებთან მეგობრობდა, ამიტომ ელინები მთიან მხარეში მცხოვრები დრილების საძარცვავად წაიყვანა.
პონტოს მთების ყველაზე მეომარი ხალხი დრილები ძნელადმისაგდომ სიმაგრეებში ცხოვრობდნენ, საიდანაც ადვილად უქმნიდნენ პრობლემებს სტუმრებს. ამასთან, როდესაც დაინახავდნენ, რომ სიმაგრეს ვერ დაიცავდნენ, წაიღებდნენ რასაც შესძლებდნენ და დანარჩენს ცეცხლს აძლევდნენ. ასე რომ რამდენიმე სიმაგრიდან ბერძნებმა მცირეოდენი შინაური პირუტყვი იპოვეს, რომლებიც ცეცხლს გამოქცეოდნენ და ახლა ელინთა ლუკმად იქცნენ.
ბოლოს ელინები მიადგნენ დრილების მთავარ ციხე-ქალაქს, სადაც შეკრებილიყვნენ ყველა დრილები. მას ირგვლივ ღრმა ხევი ჰქონდა და შესაბამისად ძნელადმისადგომი იყო. ელინების მსუბუქმა ქვეითებმა (1000-მდე კაცი) გადალახეს ხევი და დაინახეს ბევრი ცხვარი და სხვა სიმდიდრე, რის შემდეგაც სიხარულით გაემართნენ სიმაგრის ასაღებად, მაგრამ ეს არცთუ იოლი იყო. სიმაგრეს მახლობლად ღრმა თხრილი ჰქონდა, შემდეგ მაღალი მიწაყრილი, მასზე კი ახლო-ახლოს იდგა მაღალი ხის კოშკები. მათ დანახვაზე ქალაქიდან გამოიჭრნენ დრილები და ელინებს უკან დაახევინეს. ისინი კვლავ ხევს უახლოვდებოდნენ და დაღუპვის პირას იყვნენ. ამ დროს ქსენოფონტე მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე და მძიმე ბრძოლით დაიკავა ქალაქი, რომლის დიდი ნაწილი გაძარცვეს. მაშინ გადარჩენილი დრილები აკროპოლისში შეიკეტნენ, რომელიც სრულიად აუღებელი ჩანდა. მაშინ ელინებმა უკანდახევა იწყეს. ამის დანახვაზე ქალაქის ერთ ნაწილსა და აკროპოლისში შეფარებული დრილები გამოიჭრნენ და მტერს შეუტიეს. ხელჩართული ბრძოლა ქუჩებსა და სახლებში გაჩაღდა. ბევრი ელინი დაეცა ან დაიჭრა. მაშინ ქსენოფონტმა დრილების ხის სახლები ცეცხლს მისცა, რამაც მთელი ქალაქი შთანთქა.
მეორე დღეს ელინები ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. იქ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხომალდები არ იყო ზღვით შინისაკენ წასასვლელად, ამიტომ ქსენოფონტემ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, ავადმყოფები, ქალები და ბავშვები ხომალდებზე დასვა და გაუშვა, ხოლო დანარჩენი ჯარით ფეხით გაემართა შინისაკენ“.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 86–160): „ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი. ქსენოფონტი მათ დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან“.
სად ცხოვრობდნენ დრილები?
ქსენოფონტეს აღწერით და ფსევდო სკილაქსის ცნობების მასთან შეპირისპირებით გამოდის რომ დრილებით დასახლებული მთიანი მხარე უნდა იყოს კალკანის ქედის აღმ. ნაწილი, ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო კოლხების სამხრეთით, მაკრონების აღმოსავლეთით, შკვითინიების ჩრდილოეთით და ბექირების დასავლეთით. არიანეს აზრით დრილები იგივე სანები ანუ ჭანებია. სტრაბონის აზრით სანები ძველი მაკრონები არიან. არიანე ცოტა ზევით იხსენიებს მაკრონებისა და ჰენიოხების სამეფოს, რომელსაც პლინიუსი სანები-ჰენიოხებს უწოდებს. დაახლ. ახ.წ. V ს-დან აფსაროსიდან დოღანკენტამდე მცხოვრებთა აღსანიშნავად მხოლოდ ჭანეთი და ხალდია გამოიყენება. შემდეგში მათ ლაზეთი ფარავს. ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით აშკარა ხდება, რომ დრილები მაკრონების უახლოესი განაყოფები იყვნენ და უმეტეს შემთხვევაში დრილებს მაკრონების სახელი ფარავდა. სწორედ ამიტომ არ უნდა იხსენიებდნენ არცერთი სხვა ავტორი მათ ქსენოფონტეს გარდა.