пятница, 12 декабря 2025 г.

უძველესი შუმერული ისტორიული და დიპლომატიური ტექსტები ლაგაშის მეფე ენთემენას მბრძანებით შედგენილ თიხის კონუსებზე:

ენთემენას  კონუსების  ტექსტები (ძვ.წ. XXIV  ს. I ნახევარი) 
    ენთემენა იყო ლაგაშის მეფე, მეფე ენენატუმ I-ის ძე. ენთემენა, მისივე ტესტის ცნობით, აკონტროლებდა სამხრეთ მესოპოტამიის ქალაქებს ბადტიბირიდან ურუქამდე: „იმ დროს ენთემენამ ბადტიბირაში ააშენა და აღადგინა ე-მუშ, მისი საყვარელი ტაძარი, ღმერთ ლუგალ-ემუშისთვის და გაათავისუფლა ურუქის, ლარსას და ბადტიბირას მოქალაქეები.“

    ტექსტის ორი ვერსიაა შემორჩენილი თიხის კონუსებზე:
ტექსტი 1. უმას მეფესთან სასაზღვრო გუედენას ველისთვის ბრძოლის ისტორია
    I. ღვთაება  ენლილმა1,  ქვეყნიერების  მეუფემ,  ღვთაებების  მამამ,  თავისი  ურყევი  სიტყვით  ღვთაება  ნინგირსუსა2  და  ღვთაება შარას3  დაუდგინა  თავთავისი  საზღვრები4,  ხოლო  მესილიმმა,  ქიშის მეფემ,  თავისი  ღვთაების  სათრანას5  თანხმობით  მიუზომა  მათ  მიწები და  თან  სამანიც  ჩააგდო8. მაგრამ უშმა,  უმას მმართველმა, ღვთაებების  განჩინება და ადამიანების სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია, სასაზღვრო  სტელა  მოთხარა და ლაგაშის ველებზე შეიჭრა. მაშინ,  ნინგირსუმ, ენლილის  გმირთაგმირმა  ენლილის ჭეშმარიტი  სიტყვით  გამხნევებულმა  უმაელებს  ბრძოლა  გაუმართა.   ენლილისავე  რჩევით  მან   უმაელებს   დიდი  ბადე8  ესროლა; მტრის  ძვლები  მიწის  მტვერს  შეურია  და გროვად  დაყარა  აქა-იქ.
    II. ბრძოლის  დამთავრების  შემდეგ ეანათუმმა,  ლაგაშის  მმართველმა,  ლაგაშის  ახლანდელი  მმართველის  ენთემენას  პაპამ, უმას მმართველ  ენაქალთან  ხელახლა დაადგინა  საზღვარი:  ნუნის  არხიდან  სასაზღვრო  თხრილი  გაავლო გუედენას  ველამდე.  უმაელების მიერ  მიტაცებული  ნინგირსუს  მინდორი  უმას  მხრიდან  220 გარდუს (126000 მეტრი) სიგრძეზე ჩამოჭრა. სამეფო  მინდორი9  კი მას არ  აუღია,  როგორც იყო, ისე დატოვა.  სასაზღვრო თხრილზე  წარწერიანი  სტელა  აღმართა  და  მესილიმის  ძველი  სტელაც  თავის   ადგილზე   დააყენა. უმას  კუთვნილი ველი  ეანათუმს არ მიუტაცნია. მან იქ, ნამნუნდაქიგარას  დასახლებაში  ააგო: ნინგირსუს  მიწაყრილი და ღვთაებების   ენლილის,  ნინხარსაგის10,   ნინგირსუსა და  უთუს11 სალოცავები.
    III.   გარდა  ამისა  ეანათუმმა   ყოველ   უმაელს   გამოსაღებად დაუწესა  თითო  გურუ  მარცვალი  ნანშესა12  და  ნინგირსუს  კუთვნილი  იმ  ქერის   ასანაზღაურებლად,  რაც  უმაელებმა  შეჭამეს. გუედენას  მიტაცების  პერიოდში,  აღებულ  იქნებოდა  სულ 344000 დიდი გურუ  მარცვალი, მაგრამ  ეს მარცვალი  არ  იქნა  გადახდილი. უფრო  მეტიც:  ურლუმამ,  უმასს  მმართველმა,  მოუწყვიტა წყალი ნინგირსუსა  და ნანშეს სასაზღვრო  თხრილებს13,  მათი სტელები მოთხარა და ცეცხლს მისცა, ნამნუნდაქიგარაში აგებული  ღვთაებათა  სალოცავები კი  დააქცია  და უცხო ქვეყნების  დახმარებით გაძლიერებულმა ნინგირსუს   სასაზღვრო  თხრილი  გადმოლახა.
    ლაგაშის   მმართველი  ენანათუმი  შეებრძოლა მას  ნინგირსუს მინდვრებისა და ყანების  ტერიტორიაზე  მდებარე   უგიგას   მინდორზე.
    IV.   ენთემენამ,  ენანათუმის   საყვარელმა   შვილმა,  დაამარცხა იგი.   ურლუმა  გაიქცა,   ხოლო  მისი   ჯარი  ენთემენამ  თვით   უმაში გაანადგურა.   მტრის  რჩეული  60-კაციანი  რაზმი  კი  ლუმაგირნუნთას  არხის  ნაპირას  მოსპო.  ურლუმას  ხალხის  გვამები  ველებზე  მიმოფანტა  ფრინველ-მხეცთა  საჯიჯგნად,  ხოლო მათი  ძვლები  მიწის მტვერს  შეურია  და  გროვებად  დაყარა  ხუთ  სხვადასხვა ადგილას...
    ამ  დროს  ილმა,  ზაბალამის  დასახლების მთავარმა  ქურუმმა, ძლევამოსილად  განვლო  მთელი   მხარე   გირსუდან  უმამდე,  თავი უმას  მმართველად  გამოაცხადა და წყალი მოუწყვიტა  ნინგირსუსა და  ნანშეს   სასაზღვრო  თხრილებს,  ნინგირსუს  მიწაყრილსა და მდინარე  ტიგროსამდე  გადაჭიმულ  გირსუს  არხთა  ნაპირების  გასწვრივ  მდებარე  მიწებს,  ნამნუნდაქიგარაში  აგებულ ენლილის,  ენქისა14 და ნინხარსაგის  სალოცავებს;  ლაგაშისათვის  სარგო  ხარკიდან 3600 გურუ მარცვალი  მიითვისა.
    V.  ენთემენამ   ლაგაშის   მმართველმა,  რამდენჯერმე   მიუგზავნა ილს  მოსალაპარაკებლად  თავისი   ხალხი,  მაგრამ  ილმა,  უმას  მმართველმა,   მინდორ-ყანების  მიმტაცებელმა  და  ბოროტების  მქადაგებელმა,  განაცხადა: „ნინგირსუს  სასაზღვრო  თხრილი  და  ნანშეს სასაზღვრო  თხრილი  ჩემია!“.  ნათქვამს ესეც  დაუმატა:  „ანთასურადან   მოკიდებული,  ვიდრე დიმგალაბზუს  ტაძრამდე  მდებარე  მიწებიც მე უნდა  მეკუთვნოდეს“.  მაგრამ  ენლილმა  და  ნინხარსაგმა  არ  მისცეს  ამის  განხორციელების საშუალება.
    ენთემანამ, ლაგაშის მმართველმა, ნინგირსუს  მიერ  გამორჩეულმა, ენლილის,  ნინგირსუსა და ნანშეს ჭეშმარიტი  სიტყვის  შესაბამისად  გაიყვანა სასაზღვრო  არხი მდინარე ტიგროსიდან  ნუნის არხამდე;  ნამნუნდაქიგარას კედლის საძირკველი კი ქვით  ააშენა;  თავისი  საყვარელი  მეუფის  ნინგირსუსათვის  და თავისი საყვარელი  დედოფლის  ნანშესათვის  ეს   ადგილები  ისევ   უკან   დაიბრუნა15.
 VI. ენთემენა, ლაგაშის მმართველი, ენლილისაგან სკიპტრაბოძებული,  ენქისაგან  სიბრძნეშთანერგილი,  ნანშეს  მიერ  გულში  სიყვარულით  ხსენებული, ნინგირსუსაგან ხელდასხმული,  დიდებული  მმართველი,  ღვთაებათა  სიტყვის  შემსმენელი!  მისმა მცველმა ღვთაებამ  შულუთულამ  დაე,  ილოცოს  ნინგირსუსა  და  ნანშეს  წინაშე  ენთემენას ხანგრძლივი სიცოცხლისათვის.
    თუ  ვინმე  უმადან  ოდესმე  გადმოლახავს  ნინგირსუსა  და  ნანშეს სასაზღვრო  თხრილებს ლაგაშის კუთვნილი ყანებისა და მინდვრების  ძალით  მისატაცებლად,  –   კუმას   მოქალაქე   იქნება   ის თუ  სხვა  უცხო  ქვეყნელი –  დაე,  განგმიროს  იგი  ენლილმა,  დაე ნინგირსუმ  დიდი  ბადე  ესროლოს  მას და დათრგუნოს  იგი თავისი ძლიერი ხელ-ფეხით, დაე, რისხვით  აღსდგეს  მის   წინააღმდეგ  საკუთარი  ქალაქის  მოსახლეობა  და დაამხოს  იგი   თავდაღმა  მისსავე ქალაქში.
შენიშვნები
1. ენლილი - შუმერული  პანთეონის უმაღლესი  ღვთაება,  ჰაერის  მეუფე.
2. ნინგირსუ - დამუშავებული  მინდვრებისა  და  არხების    მფარველი  ღვთაება:  თაყვანს სცემდნენ  ქალაქ  ლაგაშში, ითვლებოდა  ამ  ქალაქის  მეუფედ.
3. შარა - ქალაქ  უმას  მფარველი  ღვთაება,  ითვლებოდა  ბრძოლის  ღმერთად.
4. იგულისხმება  ამ    ღვთაებების  სამეუფო  ქალაქებისათვისს  საზღვრების  დადგენა.
5. სათრანა - ითვლებოდა  სამართლიანობის  მფარველ  ერთ-ერთ  ღვთაებად.
6. როგორც  ჩანს,   მესილიმის    მმართველობის  დროს  (XVII   ს:)  უმა   და  ლაგაში  ქალაქ  ქიშის  მეფეს ემორჩილებოდა.
7.  ტექსტის  ავტორს  სურს  საქმე ისე წარმოადგინოს, რომ უმაელების წინააღმდეგ  ლაგაშელთა  ბრძოლა  თვით  ღვთაება  ნინგირსუს  ბრძოლა  იყო.
8. მრისხანე   ღვთაებრივი  საბრძოლო  იარაღი,   იკონოგრაფიულად  მას   ღვთაების  ხელში  ჩვეულებრივ ბადედ  გამოსახავდნენ.
9.  იგულისხმება გუედენას  ველის  ის ნაწილი, რომელიც ქალაქ უმას ეკუთვნოდა.
10. ნინხარსაგი - შუმერული პანთეონის დედა  ღვთაება.
11. უთუ - მზის  ღვთაება.
12. ნანშე - ლაგაშის მფარველი ღვთაება. ითვლებოდა ნინგირსუს დად, იყო  სიზმრის და  წინასწარმეტყველების ღვთაება.
13. ყველაფერი,  რაც  ქალაქ  ლაგაშს  ეკუთვნოდა ოფიციალურად გამოცხადებული  იყო  ამ   ქალაქის  მფარველი  ღვთაებების  ნინგირსუსა და   ნანშეს  საკუთრებად.
14. ენქი  მიაჩნდათ  სიბრძნის  ღვთაებად.
15. ენთემენამ,  როგორც ჩანს,  ზოგიერთი  დათმობის  ფასად  უმასთან  საქმე დაზავებით  დაამთავრა.





    ტექსტი 2: ურუქის ლუგალ-კინიშე-დუდუსთან დადებული კავშირი. იგი ორ მეფეს შორის სამშვიდობო დიპლომატიური ხელშეკრულების უძველესი ხსენებაა. ტექსტი ასევე ორ კონუსზეა შემორჩენილი.
    I. „ინანასთვის1 და ლუგალ-ემუშისთვის2, ენთემენასთვის ლაგაშის მმართველისთვის ე-მუშისთვის, მათი საყვარელი ტაძარი ააშენა და შეუკვეთა ეს თიხის ლურსმნები. ენთემენამ რომელმაც ააშენა ე-მუში“,
    II. „მისი პირადი ღმერთი არის შულ-უტული3. იმ დროს, ენთემენამ ლაგაშის მმართველმა და ლუგალ-კინეშ-დუდუმ4, ურუქის მმართველმა, დაამყარეს ძმობა“.
შენიშვნები
1. ინანა - უძველესი მესოპოტამიური ქალღმერთია, რომელიც ომის, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ის ასევე ასოცირდება პოლიტიკურ ძალაუფლებასთან, ღვთაებრივ კანონთან, სექსუალურობასთან, გამრავლებასა და სილამაზესთან. თავდაპირველად შუმერებში სცემდნენ თაყვანს, აქადელები, ბაბილონელები და ასურელები მას იშთარის სახელით იცნობდნენ. მისი ძირითადი ტიტულია „ცის დედოფალი“ . ინანა იყო ქალაქს ურუქის მფარველი ქალღმერთი.
2. ლუგალ-ემუში - იგულისხმება დუმუზიდი/დუმუზი - დაკავშირებული იყო სოფლის მეურნეობასთან და მწყემსებთან, რომელიც ასევე იყო ქალღმერთ ინანას (მოგვიანებით ცნობილი როგორც იშტარი ) პირველი და მთავარი მეუღლე. შუმერულ მითოლოგიაში დუმუზიდის და იყო გეშტინანა, სოფლის მეურნეობის, ნაყოფიერებისა და სიზმრების ახსნის ქალღმერთი. შუმერულ მეფეთა სიაში დუმუზიდი მოხსენიებულია, როგორც ბად-ტიბირას ქალაქის წარღვნამდელი მეფე და ასევე ურუქის ქალაქის ადრეული მეფე.
3. შულ-უტული - იყო მესოპოტამიური ურ-ნანშეს დინასტიის ლაგაშის მმართველების პირადი ღმერთი. მისი სახელი შუმერულად „ახალგაზრდა მწყემსს“ ნიშნავს.
4. ლუგალ-კინიშე-დუდუ იყო ურუქის და ურის მეფე, რომელმაც მისივე ტექსტის ცნობით ქიშიც შემოიერთა: „ანის, ყველა ქვეყნის მეფისა და ინანას, იანას ქალბატონისთვის, ლუგალ-კინიშე-დუდუსთვის, ქიშის მეფისთვის. როდესაც ინანამ ლუგალ-კინიშე-დუდუს მეფობის გარდა, სამეფო ძალაუფლებაც მისცა, მან მას ურუქში სამეფო ძალაუფლების განხორციელების უფლება მისცა და ურშიც .“




Комментариев нет:

Отправить комментарий