1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიამ საბოლოოდ ხელ-ფეხი გაუხსნა ოს სეპარატისტებს, რომელთა მიზანი საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფა იყო. სამხრეთ ოსეთის რევკომისა და პარტიული კომიტეტის 1921 წლის 6-8 სექტემბრის გაერთიანებულ სხდომაზე მიღებული დადგენილებით სამხრეთ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნის იდეა გამოიკვეთა. საკითხი საბოლოოდ საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს, საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტსა და რკპ(ბ) ცენტრალურ კომიტეტის კავბიუროს უნდა გადაეწყვიტა. 1921 წლის 31 ოქტომბერს სწორედ კავბიურომ მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთის არა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, არამედ ავტონომიური ოლქის შექმნასთან დაკავშირებით. კავბიუროს დადგენილებით, 1921 წლის 17 ნოემბერს საქართველოს კომისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა ა. ჯატიევისა და მ. ორახელაშვილის მოხსენების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცენტრად ცხინვალი განსაზღვრა.1
1921 წლის 23 ნოემბერს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმმა დაამტკიცა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც უნდა დაედგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. პრეზიდიუმმა საქართველოს რევკომს წინადადება მისცა ამ კომისიაში შეეყვანა კაკაბაძე, შოტი და გაგლოევი.2 კომისია მუშაობას 1921 წლის 5 დეკემბრიდან შეუდგა. კომისიის თავმჯდომარედ კირილე კაკაბაძე აირჩიეს, მდივნად - სერგო გაგლოევი.3 სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცენტრად ცხინვალის გამოცხადებას, ასევე ოლქის შემადგენლობაში ქართული სოფლების გადაცემას დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, ასევე ფრონის ხეობაში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. სპეციალური კომისიის მიერ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს წარედგინა მოხსენებითი ბარათი, საიდანაც ჩანს, რომ ცხინვალის შემოგარენ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა აღშფოთებული იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეყვანით. მათ მიერ სპეციალური წერილები დაეგზავნა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, ისინი გორის მაზრაში დარჩენას ითხოვდნენ.4 სოფლებში სპეციალური კრებები ჩატარდა, სადაც შემუშავებულ იქნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობაში გადასაგზავნი ოქმები.
თუ როგორ აპროტესტებდა ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე გადაცემას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დიდი და პატარა ლიახვის ხეობების რამდენიმე სოფლის მაგალითზე. სოფელ დგვრისის მოსახლეობის მიერ შედგენილ ოქმში ვკითხულობთ: „31 დეკემბერს 1921 წ. ჩვენ სოფ. დგვრისში მცხოვრებნი შევიკრიბენით და ვიქონიეთ მსჯელობა შესახებ საგანგებო კომისიის თავმჯდომარე კაკაბაძის (იგულისხმება მთავრობის მიერ შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე კირილე კაკაბაძე - გ.ს) და გამოცხადებისა ცხინვალის გადაცემაზე სამხრეთ ოსეთის მმართველობაში და მივიღეთ რა მხედველობაში მისი განცხადება ჩვენ ერთხმად დავადგინეთ, რომ ემცნოს უმაღლეს მთავრობას ჩვენი განმეორებითი და დაბეჯითებითი უარის თქმა ჩვენ მიერ ამორჩეული და ნდობით აღჭურვილი კაცის გაგზავნით უმაღლეს მთავრობაში. ვსთხოვთ მთავრობას, რომ მიიღოს ჩვენი რწფელი განცხადება და ჩვენ სოფელს ნუ გადასცემს სამხრეთ ოსეთის მმართველობაში, რადგან ჩვენი სოფელი ქართველი მცხოვრებლებისაგან შესდგება. რაც შეეხება მეზობლურ განწყობილებას, ჩვენ კავშირს არა ვწყვეტთ და ყოველგვარად დავეხმარებით როგორც გადაცემულებს შეძლების დაგვარად.“ დოკუმენტს ხელს აწერენ სოფელ დგვრისის მცხოვრებნი.5
დგვრისელთა მსგავსად მთავრობას პროტესტით მიმართა კეხვის მოსახლეობამ: „1921 წელს ქრისტეშობისთვის 28 დღეს ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერელნი გორის მაზრის ცხინვალის რაიონისა სოფელს კეხვი მოვახდინეთ კრება და ამოვარჩიეთ კაცი ზურა გაიოზის(?) ძე მელანაშვილი და დათა ივანეს ძე კახნიაშვილი გასაგზავნად ქალაქის ცენტრში მასზედ, რომ ამათ გაიგონ დანამდვილებით შესახებ დაბა ცხინვალის რაიონის სოფლების გადასულა სამხრეთ ოსეთის განკარგულების ქვეშ. გაიგონ თუ რა მიზეზით ჩამოგვაშორეს ჩვენ საქართველოს. ეს არის ჩვენი სრული ოქმი და ხელსაც ვაწერთ მთელი სოფელი.“ დოკუმენტს 64 ხელმოწერა ახლავს.6
ასეთივე ოქმი შეუდგენიათ სვერის და ქემერტის მკვიდრ მოსახლეობას: „რწმუნების ქაღალდი 1921 წელსა დეკემბრის 24 დღესა, ჩვენ ქვემორე ამის ხელის მომწერელნი გორის მაზრის, ცხინვალის რაიონის სოფ. სვერსა და ქემერტში მცხოვრებელნი მოქალაქენი, ჩვენს საერთო კრებაზედ ერთ ხმათ ვირჩევთ ამომრჩევლად დელეგატებისა ამავე სოფ. ქემერტში მცხოვრებს შაქრო ისაკის ძე კასრაძეს. აღნიშნული კასრაძე ვისაც ამოირჩევს ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. მხოლოთ საქართველოს ცენტრალურ რევკომში მთავრობასთან გასაგზავნ დელეგატებს ჩვენგან ევალებათ შემდეგი: წარსდგნენ საქართველოს მთავრობის წინაშე და გადასცენ ჩვენი უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ ეროვნებათა თვითგამორკვევის აღსასრულებლათ რაისათვის უნდა ვიქნეთ მოქცეულნი - ოსების თვით გამორკვევის ფარგალში? ვინაიდგან მთელი სამი მხარე ცხინვალის რაიონისა და ჩვენს ჩრდილოეთი მცირე გამონაკლისი დასახლებული 1921 წლისა შეხიზნულია შიშიანობის გამო სოფ. ქემერტში.“ დოკუმენტს ხელს აწერს ქემერტის 61 მცხოვრები და სვერის 12 მკვიდრი.7 საბჭოთა მთავრობას საპროტესტო წერილებით მიმართეს პატარა ლიახვის ხეობის სოფლების წარმომადგენლებმაც. სოფელ ერედვში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს 250 ადამიანი აწერს, ვკითხულობთ: „1921 წელს, დეკემბრის 24 დღეს, ჩვენ სოფელ ერედვის მცხოვრებნი ვადგენთ ამ ოქმს სოფლურად იმის შესახებ, რომ გადაეცეს ეს ოქმი ჩვენს მიერ ამორჩეულ კაცებ, ე.ი დელეგატებს ს.ს.რ. მთავრობასთან წარსადგენად. დელეგატებს ევალებათ გააგებინოს სოფელს მთავრობის მიერ ცხინვალის რაიონში გამოგზავნილი კომისიის მუშაობისა და გადაწყვეტილების შინაარსი. კომისია გამოგზავნილი იყო იმ მიზნით, რომ ადგილობრივ გამოეკვლია ხალხის დაკითხვით წინააღმდეგნი ხომ არ იქნებოდნენ, რომ ცხინვალის რაიონის სოფლები გადასულიყვნენ ოსეთის რესპუბლიკის მმართველობის ქვეშ. ზემოაღნიშნულ კომისიის მიერ დაბა ცხინვალში მოწვეულ რაიონის სოფლების წარმომადგენელთა ყრილობაზე გამოირკვა, რომ ხალხი ერთხმად წინააღმდეგია საქართველოს რესპუბლიკას ჩამოშორდეს და მიეწეროს ოსეთის რესპუბლიკას. მიუხედავათ ასეთი აშკარა პროტესტისა ყრილობაზე არ იყო ოფიციალად გამოტანილი რეზულუცია და მიღებულ დადასტურებული ყრილობის მიერ. ვინაიდან ასეთი მოპყრობა მშრომელი ხალხისადმი სრულიად უსამართლოდ მიგვაჩნია. ვინაიდან ხალხმა არ იცის კომისია რა აზრით და გადაწყვეტილებით წარსდგება ს.ს.რ. მთავრობასთან ამ ფრიად მწვავე და მნიშვნელოვან საკითხის შესახებ. ვირჩევთ დელეგატებს და მოვითხოვთ მათ გამოარკვიონ ზემოთაღნიშნული და განმეორებით მოახსენენონ მთავრობას, რომ სოფ. ერედვის 250 კომლი მცხოვრებნი, ერთხმად, როგორც ერთი კაცი მთელი თავისი არსებით წინააღმდეგია ოსეთის რესპუბლიკათან შეერთებისა. სოფ. ირჩევს გადასახლდეს (ამ ადგილზე ერთი სიტყვა გაურკვევლად წერია) ადგილებიდან სხვა მიწა მოძებნოს, ვინემ საქართველოს რესპუბლიკას ჩამოშორდეს... მასთან ერთად გავალებთ დელეგატებს გადასცენ ს.ს.რ. მთავრობას რომ უკეთუ მათ არ დაუჯერებენ ამ ოქმის სიმართლეს, მაშინ ჩვენ მზადა ვართ ქუდზე კაცი გავგზავნოთ მთავრობასთან ჩვენი გულის ნადების გადასაცემად.“8
როგორც ჩანს, კომისიას, რომელსაც კ. კაკაბაძე ჩაუდგა სათავეში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეთანხმებით უნდა ემოქმედა და დიალოგის ფორმატში განეხილა ისტორიული ქართული სოფლების სამხრეთ ოსეთზე გადაცემის საკითხი, მაგრამ კომისიის მუშაობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა. ერედველების მსგავსად საპროტესტო წერილი მთავრობას სოფელ დიცის მაცხოვრებლებმაც გაუგზავნეს: „1921 წელი დეკემბრის 26 დღე. ჩვენ სოფელ დიცში მცხოვრებელნი გორის მაზრის ვადგენთ რა ამ ოქმს სოფლეურად მასზედ, რომ გადაეცეს ეს ოქმი ჩვენს მიერ ამორჩეულ კაცებს ე.ი. დელეგატებს წარსადგენათ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასთან რომ გაგვაგებინონ შინაარსი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც გადასწყდა მთავრობის მიერ გამოგზავნილ კომისიის ამხანაგ კაკაბაძის თავმჯდომარეობით დაბა ცხინვალში, რომელიც იყო ყრილობა მოხვდენილი კომისიის მიერ დეკემბრის რიცხვებში ვითომ და გადაცემის შესახებ ცხინვალის და მის რაიონის ოსების ხელში; განმეორებით უცხადებთ ჩვენ 150 კომლი მცხოვრებელნი პროტესტს ცხინვალის გადაცემაზე ოსების ხელში. კომისიის წინაშე იყო მოთხოვნილება, რომ კომისიას წაეკითხა ჩვენთვის ყრილობის რეზულუცია, მათ წაგვიკითხეს ესე „კრება ერთხმად უარს არის, რომ ცხინვალი გადაეცეს ცენტრად ოსეთს“. ჩვენ მოვითხოვეთ ამის პირი რომ საბუთათ გვქონოდა მათი რეზულოციისა, კომისიაც დაგვპირდა ხვალ დილით რევკომში დავაბეჭდინებთ და გადმოგეგზავნებათ თქვენ რევკომებში, მეორე, მესამე დღეს გავგზავნეთ კაცები რევკომში რეზულუციის მისაღებად, მაგრამ ვერ ვეღირსეთ მის მიღებას და დავრჩით მოტყუებულნი კომისიის მიერ, თუ მოისურვებს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობა, რომ დანამდვილებით გაიგოს ხალხის გულის პასუხი გავუგზავნით ორ-სამ კაცის მაგიერ ქუდზე კაცს და ანდა იყოს გამოგზავნილი ახალი კომისია კიდევ ცხინვალში დასაკითხად ხალხისა. პირველს მოვითხოვთ ჩვენ, რომ ოსეთის რევკომი, რომელიც ცხინვალში იყოს გადატანილი ს. ჯავაში, რომელიც შეადგენს ოსეთის შუა გულს, რომელზედაც ხელს ვაწერთ.“ დოკუმენტს აქვს სოფელ დიცის მცხოვრებთა ხელმოწერები. სულ 150 ხელმოწერა, ვინაიდან სოფლის მცხოვრებლებმა წერაკითხვა არ იცოდნენ მათ ნაცვლად ხელ აწერს დოკუმენტის შემდგენი (სავარაუდოდ უნდა ეწეროს მ. ხომასურიძე).9
როგორც აღნიშნული დოკუმენტიდან ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოსახლეობის თვალის ასახვევად ცხივნალში დროებით კომისიის სხდომა ჩაატარა და ხალხს დადგენილების ნაყალბევი ვარიანტი გააცნო, სადაც ცხინვალი თითქოს არ ცხადდებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონიური ოლქის ცენტრად. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, კომისიამ ყრილობის რეზულუცია არ გააცნო. დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებნი ახალი კომისიის დანიშვნას ითხოვდნენ. ამ თხოვნაში იყო ასევე გაჟღერებული ოსეთის რევკომის გადატანა ს. ჯავაში.
საბჭოთა მთავრობას ოცამდე სოფლის საპროტესტო წერილი გაეგზავნა.10 საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ცხინვალი და მისი მიმდებარე ქართული სოფლები დროებით გორის მაზრის რაიონულ რევკომს დაუქვემდებარა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად ცხინვალი მიიჩნია.11 ხელისუფლების კომპრომისი დროებითი იყო, 1922 წლის 20 აპრილს კრემლმა ოფიციალურად გააფორმა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა12. გამოიცა დეკრეტი (#2) „სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერდნენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ს. ქავთარაძე და აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი თ. კალანდაძე.13 ქართველებით იყო დასახლებული სოფლები იძულებით შეიყვანეს ახლად შექმნილ ავტონომიურ ოლქში. ამის შესახებ მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მაგრამ ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.14
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა – ა. გეგეჭკორმა 1922 წლის 20 აპრილის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეკრეტის გამოცემის შემდეგ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტის პრეზიდიუმს წარუდგინა მოხსენებითი ბარათი, სადაც დეკრეტის მე-2 პუნქტის გადასიჯვას ითხოვდა (ეს ეხებოდა სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში გადასაცემ ტერიტორიებს), ა. გეგეჭკორი წერდა: „რაც შეეხება იმ საკითხის დეტალურ გარკვევას, თუ რა ცვლილებანი იქმნას შეტანილი ამ დეკრეტში, ეს მიენდოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, რომელსაც დაევალოს საკითხის განხილვა სპეციალურ კომისიაში სამხრეთ-ოსეთის წარმომადგენლის მონაწილეობით. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი – ა. გეგეჭკორი.“15 როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლება გარკვეულ სიფრთხილეს იჩენდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ქართული სოფლების გადაცემასთან დაკავშირებით და ეს საკითხები იმ კომისიას უნდა განეხილა, რომელსაც, როგორც მივუთითებდით, კ. კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიუხედავად ცხინვალსა და მის შემოგარენში არსებული დაძაბული ვითარებისა 40 ქართული სოფელი და 1 ქალაქი ახლად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გადასცა. მოსახლეობის პროტესტი ხელისუფლებამ ყურად არ იღო. შინაგან საქმეთა კომისრის მიერ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათს თან ერთვოდა ქართულ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტის გამომხატველი ოქმები, აღნიშნული ოქმები გამოქვეყნებული აქვს ლ. თოიძეს. თიღვისა, ოქონისა, სუნისისა, ნაბაკვევისა, ტყის უბნისა, შინდარისა, ნედლათისა, ალი-ბარისა, ახალშენისა და ხუნდისუბნის მცხოვრებელთა ოქმში, რომელიც შედგენილია მკათათვის 11-ს (11 ივლისს) ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთის ხაზის გავლების დროს მოვყევით მის ფარგლებში, რაც წარმოადგენს ეკონომიური თვალსაზრისით დიდ უხერხულობას – ა) ცხინვალში სიარული არ გვეხერხება, ძველთაგან ჩვეულნი ვართ გომში, სურამში და გორში სიარულს, რომელთა ბაზრითაც ვსარგებლობდით მუდამ და სადაც საღდება ყოველი ჩვენი ნაწარმოები; ბ) ცხინვალის გზები იმდენად ძნელი სასიარულოა, რომ ყოვლად აუტანელია ჩვენთვის და ჩვენი საქონლისათვის და გ) დაწესებულებებში სიარულის დროს, ჩვენი საქმეებისა გამო, მიგვაქვს იმავე დროს გასასყიდლათ ყოველი ჩვენი ნაწარმოები და ამით ვიმატებდით სამუშაო დღეებსო... დავადგინეთ: ვინაიდან სამხრეთ ოსეთის ოლქზე მიწერა გამოიწვევს დაღუპვას, კატეგორიულად მოვითხოვთ, რათა ჩვენი სოფლები დარჩეს გორის მაზრის ფარგლებში და მიეწეროს მახლობელ საციხურის თემს.“16
23 აგვისტოთი დათარიღებულ ოქმში ოლქში შესვლას აპროტესტებდნენ სოფ. ჭარების (პატარა ლიახვის ხეობა) მცხოვრებნი.17 ტყვიავის თემის სოფელ დისევის და კულბითის მცხოვრებნი ა/წ 26 აგვისტოს წერილით ხელისუფლებას ასე მიმართავდნენ: „სამხრეთ-ოსეთზე ჩვენი მიწერა არც ისტორიულად, არც გეოგრაფიულად, არც ეთნოგრაფიულად და არც ეკონომიურად მიზანშეწონილათ და სამართლიანად არ მიგვაჩნია, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ჩვენ ქართველებს გვარტომობით, უცხო ტომის ხელში არ გადაგვცემს, რომელთანაც ჩვენ არ გვაკავშირებს როგორც ზემოხსენებული გარეუბანი, ისე არც ენა და არც ზნე-ჩვეულებანიო“.18 ასეთივე პროტესტს გამოხატავდნენ რაჭის მაზრაში შემავალი ქართული სოფლების წარმომადგენლები. ისინი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისადმი 20 აგვისტოთი დაღარიღებული წერილში აღნიშნავდნენ: „რაჭის მაზრის ქართველ გლეხობის საბუთებით შეძენილი უძრავი ქონება, სახნავი, საძოვარი მიწები და ტყეები მოჰყვა სამხრეთ-ოსეთის ოლქში და დღეს თითქმის სადაოთ ხდება ეს მათი საკუთრება, რადგან ამ ადგილებს ოსები თავიანთ საკუთრებათ სთვლიან... გლეხობისთვის ტყით სარგებლობა იმ მხრითაც უხერხული ხდება, რომ ნებართვოს ასაღებათ მათ ცხინვალში უნდა წავიდნენ, რომელიც 70 ვერსის მანძილზეა... აღმ. კომიტეტი თხოულობს: შეჩერებულ იქმნას ოსეთის ფარგლებში შეტანა იმ ტყეებისა, რომელნიც ქართველ გლეხობის საკუთრებას შეადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი ოსებსა და ქართველებს შორის მოსალოდნელიაო“.19 იგივე აზრს გამოხატავდნენ რაჭის მაზრის წედისის თემის სოფ. წედისის, ქვედის... მცხოვრებთა რწმუნებულნი 6 სექტემბერს დაწერილ მიმართვაში: „ოსების საზღვრებში მოხვდა ზემო-რაჭის თითქმის ყველა სატყეო აგარაკები, სათიბები და სახნავი ყანები, რომელთა შორის უფრო საყურადღებოა წედისის თემის სატყეო აგარაკი, სახნავი და სათიბი ადგილები, რაიც ზემოაღნიშნულ სოფლების საკუთრებას შეადგენს; ეხლა კი ოსეთის განკარგულებაში გადავიდა. უნდა მოვახსენოთ ცენტრი. აღმასკომს (განცხადება ცენტრ. აღმ. სახელზეა), რომ თუ ის არ მიაქცევს ყურადღებას ასეთს მნიშვნელოვან საკითხს, იძულებული გავხდებით ყველამ თავები დავიხოცოთ და ჩვენი ოჯახები წყალში ჩავყაროთ, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, ჩვენს აგარაკს, სათიბებს, სახნავ მიწებს ისევ ჩვენ დაგვიბრუნებთ ე.ი. მოაქცევთ საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაში“.20 ასეთივე შინაარსის წერილით მიმართეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სოფ. ძვილეთის მცხოვრებლებმა 5 ივლისს (მკათათვის): „სოფ. ძვილეთი აღმოსავ. დასავლეთით და სამხრეთით გარს შემორტყმულია ქართული სოფლებით და ეს სოფლები და თვით ძვილეთი ეკუთვნიან ზემო ქართლს. წინად ვიყავით მიწერილი დირბის საზოგადოებაზე ანუ შემდეგ დირბის თემზე, ახლა მიგვაწერს სამხრეთ-ოსეთის ოლქზე. ჩვენ პიტალო ქართველები ვართ, ოსური ენა სრულიად არ ვიცით. დირბის სასამართლო ჩვენგან სამ ვერსზეა, ხოლო თუ სამხრეთ-ოსეთის ფარგლებში დავრჩით, მაშინ წუნარში 15 ვერსტზე მოგვიხდება სიარული. ამასთანავე მდ. დვანის ფრონე დიდია და ჩვენთვის ძალიან ძნელია იქ სიარული, ამიტომ გთხოვთ მიგვაწეროთ ისევ დირბის თემზე...“21
ხელისუფლებას თხოვნით მიმართა ასევე ქსნის თემმა (დუშ. მაზ). 21 ოქტომბერს.
„გამოგვეცხადა რა, რომ ქსნის თემი გადადის სამხრეთ-ოსეთზე, ჩვენ ეს ყოვლად შეუძლებლათ მიგვაჩნია“: ა) ცხინვალი დაშორებულია ჩვენს თემზე 50 ვერსით მეტზე და ამ სიშორეზე სიარული საჩივრებისა თუ სხვადასხვა საქმის გამო შეუძლებელია, რადგან მოითხოვს მუშა-კაცისგან მოცდენას, წასვლა-წამოვლაში არა ნაკლებ 3-4 დღისა, რაიც დამღუპველ იქნება იქ სიარული, მაშინ, როდესაც დუშეთი ჩვენზეა 18 ვერსის მანძილზე... რაც უნდა გაგვიჭირდეს ჩვენ ცხინვალში ვერ ვივლით და ბევრი უსამართლობა და ჩვენი გაჭირვება დარჩება მთავრობას გაუგებარი. ძლიერ მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეზობელ სოფლებთან, რომლებიც მდებარეობენ დუშეთისაკენ, გვაქვს ახლო დამოკიდებულება მამულის და სხვა საქმეებისა გამო და ამათთან საქმის მოსაგვარებლათ უნდა ვიაროთ დუშეთს და ისინი კი თუ ჩვენზე საჩივარი ექნებათ, - ცხინვალს ამნაირად სულ აგვეწეწება საქმე, ამიტომ, ვთხოვთ მთავრობას მიგვაწეროს ისევ დუშეთს და აგვაცდინოს მრავალი გაჭირვება და უსიამოვნება... ამგვარად, ქართველი მოსახლეობა გორის მაზრისა დაჟინებით კატეგორიულათ ერთსა და იმავეს, ითხოვს არაერთხელ, - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახით (წერილობით თუ პირადად დეპუტაციის საშუალებით). ერთსა და იმავე სურვილს გამოსთქვამს ოთხჯერ – არ დაუმორჩილონ იგი ოსთა ხელისუფლებას“.22
საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ამ მწვავე პროტესტის მიუხედავად, უამრავი ქართული სოფელი ხელოვნურად შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის შემადგენლობაში მოექცა, რამაც გრძელვადიანი პოლიტიკური ნაღმის ეფექტი იქონია. სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია ხელისუფლების მიერ XX საუკუნის 90-იან წლებში შექმნილი ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკამ სოფლები, სადაც უძველესი დროიდან ქართველთა ცხოვრების უწყვეტი კვალია, ოსურ მიწა-წყლად მიიჩნია, ხოლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთის მიერ თავსდატეხილი აგრესიის შედეგად იმ მოსახლეობის შთამომავალნი, რომლებიც თავის დროზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შესვლას მწვავედ აპროტესტებდნენ, საკუთარი საცხოვრებლებიდან გამოდევნეს და ქართული სოფლები მიწის პირისაგან აღგავეს.
შენიშვნები
1. თოიძე, როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბ., 1991, გვ. 67.
2. იქვე, გვ. 68.
3. იქვე.
4. იქვე, გვ. 75-76.
5. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საოკუპაციო მუზეუმი.
6. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საოკუპაციო მუზეუმი.
7. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საოკუპაციო მუზეუმი.
8. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საოკუპაციო მუზეუმი.
9. საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 284, აღწ. 1, საქ. 62, ფურც. 81; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საოკუპაციო მუზეუმი.
10. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 75.
11. იქვე, გვ. 75.
12. იქვე, გვ. 80.
13. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 84.
14. იქვე, გვ. 76, 77, 78.
15. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 85.
16. ლ. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 85.
17. იქვე.
18. იქვე.
19. იქვე.
20. იქვე.
21. იქვე.
22.იქვე, გვ. 86-87.
Комментариев нет:
Отправить комментарий