понедельник, 17 августа 2020 г.

ინგლის-გერმანიის წინააღმდეგობათა გამწვავება სამხრეთ აფრიკაში (ვ. ჩოჩია)

(XIX ს. 80-90-იანი წლების პირველი ნახევარი)
XIX ს. 70-80-იან წლებში ინგლისმა დაიპყრო სტრატეგიულად მმნიშვნელოვანი კუნძულები წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში, იმპერიას შეუერთა ბირმა და გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ინგლისი ცდილობდა ჩინეთსა და ავღანეთში შეჭრას, მაგრამ განსაკუთრებით აქტიურად ლონდონი აფრიკის კონტინენტზე მოქმედებდა. კოლონიური ექსპანსიის საკითხებში, როგორც კონსერვატორები ისე ლიბერალები ერთნაირ პოლიტიკას ატარებდნენ. ამას ადასტურებდა საგარეო საქმეთა მინისტრი დიზრაელის მთავრობაში, ლორდი დერბი, რომელიც 1885 წელს პრემიერ-მინისტრ უ. გლადსტონს სწერდა: „ანექსიებისაკენ სწრაფვა დემოკრატიის გაბატონებული იდეაა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ცვალებადი განწყობა“ (ციტ. 10: 37).
გაერთიანების შემდეგ გერმანია უცბად გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ (იხ. 1: 47-71). გერმანული პრესა აქტიურ პროპაგანდას უწევდა კოლონიურ-ექსპანსიონისტურ პოლიტიკას (9: 101). პრესის მიხედვით, კოლონური ექსპანსია საზოგადოების სოციალური სიძნელეებისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება იყო (9: 105-106). წინ იყო ბრძოლა უკვე გაყოფილი მსოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის (6: 282).
XIX ს. მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა დიდი კაპიტალისტური სახელმწიფოების კოლონიურ გეგმებში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა ინგლისსა და გერმანიას. სამხრეთ აფრიკას ინგლისი განიხილავდა როგორც პოლიტიკურ და სტრატეგიულ პოზიციას ინდოეთის, შორეული აღმოსავლეთის და ავსტრალიისკენ მიმავალ გზაზე. გარდა ამისა, ამ რეგიონს განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ინგლისის კოლონიური სამფლობელოების ერთიანი სისტემის გეგმებში ქაიროდან კაპშტატამდე. აქედან გამომდინარე, ინგლისი მტრულად ეკიდებოდა აფრიკის სამხრეთში ორი დამოუკიდებელი ბურების რესპუბლიკის - ტრანსვაალის და ორანჟის სახელმწიფოს არსებობას.
XIX ს. 80-იან წლებში, გერმანია შეუდგა კოლონიური იმპერიის შექმნას. 1883-1885 წლებში გერმანიამ ხელში ჩაიგდო პირველი კოლონიები აფრიკასა და ოკეანიაში, რომელთა საერთო ფართობი შეადგენდა 2 მლნ. 907 ათ. კვ. კმ-ს, მოსახლეობა კი - 14,4 მლნ-ს (5: 188). 1884 წელს გერმანიამ ხელში ჩაიგდო სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორია. ბერლინი ცდილობდა კონტაქტების დამყარებას პორტუგალიასთან სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ბურების მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა. 1884 წელს ტრანსვაალის პრეზიდენტი პ. კრიუგერი ეწვია ბერლინს, სადაც ოფიციალური მიღების დროს გამოთქვა აზრი თავისი ქვეყნის გერმანიასთან მტკიცე ურთიერთობის შესახებ. ყველაფერი ეს ლონდონის სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა, რადგან არ სურდა სამხრეთ აფრიკაში თავისი ბატონობის გაყოფა ვინმესთან. ამ ნიადაგზე აღმოცენებული წინააღმდეგობანი ინგლისსა და გერმანიას შორის გამწვავდა კიდევ ერთი გარემოების გამო. XIX ს. 70-80-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში გაიხსნა ალმასისა და ოქროს დიდი საბადოები, რამაც გამოიწვია ინგლისელი და გერმანელი მსხვილი მრეწველების, აგრეთვე ფინანსური წრეების დიდი ინტერესი. XIX ს. 80-იანი და 90-იანი წლების პირველ ნახევარში მათ შორის გაიშალა მწვავე ბრძოლა, ტრანსვაალში გავლენის სფეროებისა და კაპიტალის დაბანდებისათვის.
1886 წელს ტრანსვაალში აღმოაჩინეს ოქროს მდიდარი საბადოები. იმ 300 ათასი კგ. ოქროდან, რომელსაც ყოველთვიურად მოიპოვებდნენ მთელ მსოფლიოში, 80 ათასი კგ. მოდიოდა ინგლისის კოლონიებზე და თითქმის ამდენივე ტრანსვაალზე. მაშასადამე, ინგლისს თავისი დაპყრობითი გეგმები სისრულეში რომ მოეყვანა ამ სახელმწიფოს მიმართ, მაშინ მას ექნებოდა ოქროს მსოფლიო მოპოვების ნახევარი (15: 96). სპეციალისტები ტრანსვაალის საბადოს საერთო ღირებულებას განსაზღვრავდნენ 12-14 მილიარდი ფრანკის ოდენობით (7: 242). ბურების არმიის მთავარსარდალ ჟუბერს კარგად ესმოდა რას ნიშნავდა ეს მილიარდები ინგლისისათვის, ამიტომ ამბობდა: „ ეს ოქრო იმის მიზეზი გახდება, რომ ჩვენი ქვეყანა სისხლით გაიჟღინთება“ (13: 135).
ინგლისის კოლონიური წრეები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ლონდონში, ენერგიულად შეუდგნენ მზადებას ტრანსვაალის დაპყრობისათვის. მთავარი როლი ამ გეგმების შესრულებაში ეკუთვნოდა სესილ როდსს. მრავალი წლის მანძილზე ის იყო მძლავრი სინდიკატის „დე-ბეერს“-ის ერთერთი დირექტორი. ეს სინდიკატი აკონტროლებდა ალმასების მსოფლიო მოპოვების 90%-ს. 1888-1889 წლებში როდსმა დააფუძნა ბრიტანეთის სამხრეთ აფრიკული კომპანია, რომლის კონტროლსაც დაექვემდებარა უზარმაზარი ტერიტორია. მას მოგვიანებით როდეზია ეწოდა (2). ამ კომპანიის ძირითადი კაპიტალი 3,5 მლნ. ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მისი საქმიანობის შედეგად, პირველი ათი წლის განმავლობაში გაიყვანეს 300 მილზე მეტი სიგრძის რკინიგზის ხაზი, დაარსდა შვიდი ქალაქი, აშენდა სატელეგრაფო ხაზების ფართო ქსელი, ხელს უწყობდნენ ოქროს ახალი საბადოების გახსნას და ბოლოს, გაიყიდა 1070 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით დაახლოებით 6,4 მლნ. აკრი (8: 12-13).
XIX ს. 90-იანი წლების შუა ხანებში ინგლისის დაპყრობით პოლიტიკას სამხრეთ აფრიკაში დაუპირისპირდა ახალგაზრდა და ძლიერი გერმანიის იმპერია, რომელიც გვიან გამოვიდა კოლონიურ ასპარეზზე და ახლა ცდილობდა დანაკარგის ანაზღაურებას (3: 171). გერმანია ჯერ კიდევ 1876 წელს შეეცადა ტრანსვაალში შეჭრას. მმართველი ზედაფენა კარგად ხედავდა, რომ კოლონიების შეძენა ამ რეგიონში მას მილიარდობით მარკას დაუზოგავდა კოლონიურ ნედლეულზე (12: 57).
გერმანიის გეგმებში შედიოდა რკინიგზის ხაზის გაყვანა დელაგოადან პრეტორიამდე. ეს ხაზი ბურებს ოკეანის სანაპიროზე გაიყვანდა. ამ საკითხზე 1884 წელს ბერლინში შედგა მოლაპარაკებანი კრიუგერს, ვილჰელმ I და ბისმარკს შორის. 1884 წლის შემოდგომაზე გერმანიამ დელაგოაში ორი სამხედრო ხომალდი გააგზავნა, შეძლო ფართო ტერიტორიების შეძენა სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში და ცდილობდა მიახლოებოდა ტრანსვაალს. იმავე დროს, ინგლისმა ხელში ჩაიგდო ბეჩუანალენდი და ამით ტრანსვაალსა და გერმანიის სამფლობელოებს შორის ჩადგა.
სამხრეთ აფრიკაში გერმანიის ფინანსური კაპიტალის ინტერესები მხოლოდ ვაჭრობით არ იყო განპირობებული. ტრანსვაალით დაინტერესდა „გერმანული ბანკი“ სიმენსის მეთაურობით.1893 წელს სიმენსმა იოჰანესბურგში შექმნა დიდი სააქციო საზოგადოება. გერმანული საინვესტიციო კაპიტალი ტრანსვაალში, იმ დროს, 500 მლნ. მარკას შეადგენდა (11: №2613). ტრანსვაალის სიმდიდრე მრავალ გერმანულ კოლონისტს იზიდავდა. მარტო იოჰანესბურგში 15 ათასამდე გერმანელი დასახლდა. (11: №2613). თუმცა, ისინი ინგლისელებზე ნაკლები იყვნენ, რომლებიც დაახლოებით 62 ათას ადამიანს შეადგენდნენ (4: 129). გერმანელი კოლონისტები აქტიურობით გამოირჩეოდნენ და საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ბირთვად, საიდანაც უნდა აღმოცენებულიყო „ახალი დიდი გერმანია სამხრეთ აფრიკაში“ (14: 7). ეს იდეა მჭიდროდ უკავშირდებოდა მეორე იდეას - 1891 წელს შექმნილი პანგერმანული კავშირის იდეოლოგები ამტკიცებდნენ, თითქოს გერმანელებსა და ბურებს შორის არსებობდა მჭიდრო სისხლისმიერი „ტომობრივი კავშირი“. აქედან გამომდინარე, პანგერმანელები აკეთებდნენ დასკვნას, რომ მომავალში ბურები გერმანელების მიერ უნდა ყოფილიყვნენ ასიმილირებული. სინამდვილეში, ეს ნიშნავდა ტრანსვაალისადმი გერმანიის პრორექტორატის დამყარების სურვილს, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო იმ საფრთხის აღმოფხვრა, რომელიც ინგლისისაგან მომდინარეობდა.
ბურების საკითხის ამგვარად გადაწყეტას მხარს უჭერდნენ გერმანიის სამრეწველო და ფინანსური კაპიტალის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ესწრაფოდნენ სამხრეთ აფრიკაში კოლონიური ექსპანსიის გაფართოებას. მათ მხარს აძლევდა იმპერიის მმართველი ზედაფენა. სტატს - მდივნის მარშალ ფონ ბიბერშტეინის გამოთქმით, ისინი ერთად გამოხატავდნენ იმ „საზოგადოებრივ აზრს“, რომელიც „მოუწოდებდა მთავრობას მტკიცე პოზიცია დაეკავებინა ბურების რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხში“ (11: №2589).
ინგლისისაგან განსხვავებით, გერმანიას არ შეეძლო ემოქმედა პირდაპირი დაპყრობის მეთოდით. ამის მიზეზი იყო ის, რომ გერმანიას არ გააჩნდა პლაცდარმი, მომზადებული კადრები, სამხედრო და სხვა წანამძღვრები, რომლებიც აუცილებელი იყო სამხრეთ აფრიკაში ანექსიის პოლიტიკის განხორციელებისათვის. ამ თვალსაზრით, გერმანიასთან შედარებით ინგლისს მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნდა. ასე მაგალითად, ლონდონის მიერ ბურებისათვის თავსმოხვეული 1884 წლის კონვენციის თანახმად, მას ეძლეოდა უფლება განეხორციელებინა კონტროლი ტრანსვაალის საგარეო პოლიტიკაზე. ინგლისს გარშემორტყმული ჰყავდა ტრანსვაალი თავისი სამფლობელოებით და ცდილობდა ის გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. მაგრამ, ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან პრეტორია დაკავშირებული იყო პირდაპირი სარკინიგზო ხაზით პორტუგალიის ნავსადგურ ლორენსუ-მარკიშთან დელაგოას ყურეში, რომელიც ძირითადად გერმანული კაპიტალის მიერ იყო გაყვანილი.
ინგლისის ელჩს, მელეტს, გერმანიის საგარეო უწყების სტატს-მდივანმა - მარშალმა განუცხადა, რომ გერმანია დელაგოაში არავითარ მიზნებს არ ისახავდა სტატუს კვოს გარდა, რომ ბერლინი მკვეთრად უარყოფდა როდსის ცდებს დაერღვია „პორტის და რკინიგზის ხაზის კომერციული დამოუკიდებლობა“ (11: №2577).
ლონდონი რომ დაერწმუნებინათ გერმანიის მტკიცე პოზიციაში - დაეცვა თავისი ინტერესები, 1895 წ. იანვარში ბერლინმა დემონსტრაციულად გააგზავნა დელაგოაში ორი სამხედრო გემი. ამის თაობაზე გარკვევით გამოთქვა თავისი აზრი, პრეტორიაში გერმანიის კონსულმა 1895 წ. 27 იანვარს, იმპერატორ ვილჰელმ II-ის დაბადების დღესთან დაკავშირებულ ზეიმზე. მან განაცხადა, რომ გერმანია ტრანსვაალის საუკეთესო მეგობარი იყო და ამიტომ არ დაუშვებდა პოლიტიკური წონასწორობის დარღვევას სამხრეთ აფრიკაში. „ მე ვიცი, რომ მომავალში შეიძლება გერმანელების იმედი მქონდეს, - უპასუხა ტრანსვაალის პრეზიდენტმა კრიუგერმა, - ჩვენი პატარა რესპუბლიკა მხოლოდ იკრებს ძალებს და ჩვენ ვგრძნობთ, რომ როდესაც ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოს სურს ფეხი დაგვაბიჯოს, მეორე ცდილობს ამას ხელი შეუშალოს“ (4: 132).
ამრიგად, ინგლისსა და გერმანიას შორის წინააღმდეგობების მკვეთრი გამწვავება სამხრეთ აფრიკაში XIX ს. 90-იანი წლების შუა პერიოდისათვის, გამოწვეული იყო თითოეული მხარის მიერ მისწრაფებით - უპირატესობა მიეღო ტრანსვაალში. ორივე სახელმწიფოს კოლონიურ ექსპანსიაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა მსხვილი კაპიტალი. მაგრამ ამ პერიოდში მხოლოდ დაიწყო საბანკო და სამრეწველო კაპიტალის შერწყმა, ჯერ კიდევ არ არსებობდა ფინანსური ოლიგარქია და საკითხი ეხებოდა მხოლოდ კაპიტალის ექსპორტის დაწყებით ეტაპს სამხრეთ აფრიკაში. ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული „შავი კონტინენტის“ ტერიტორიული გაყოფა კოლონიურ სახელმწიფოებს შორის. ეს პროცესი წინ იყო. თუმცა, არსებული ვითარება არ ასუსტებდა ინგლის- გერმანიის წინააღმდეგობებს აფრიკის კონტინენტის ამ ნაწილში. XIX ს. 90-იანი წლების შუა პერიოდი წარმოადგენდა ამ დაპირისპირების ზრდის პერიოდს, რომელსაც მოგვიანებით უნდა გამოეწვია სერიოზული პოლიტიკური შედეგები.
დამოწმებანი:
1. ჩოჩია ვ., ბისმარკი და გერმანიის საგარეო პოლიტიკა (1871-1882). თბ., 1996.
2. როდსის შესახებ იხ.: Давидсон А.Б. Создание южноафриканской компании. – Империализм и борьба рабочего класса. М., 1960, с. 143-161.
3. Бриггс Э., Клэвин П., Европа нового и новейшего времени с 1789 года и до наших дней. Пер. с анг., М., 2006;
4. Дармштеттер П., История раздела Африки (1870-1919гг.). М., 1925.
5. Всемирная история, т. VII. М., 1960.
6. История дипломатии, т. II. М., 1963.
7. Рабинович М.Б., Англо-германский конфликт в южной Африке в 1896 г. – Страны и народы востока. М., 1969, вып. 9.
8. Сборник консульских донесений. СПб., 1899, вып. 1.
9. Чарный И.С., Начало колониальной экспансии Германии в Африке (1879-1885). М., 1970.
10. Chamberlain M., New Imperialism. N.Y., 1970.
11. Die Grosse Politik der europäischen Kabinette. 1871-1914. Sammlung der Diplomatischen Akten des Auswärtigen Amtes. Bd. 11. Berlin, 1923.
12. Hagen M., Bismarcks Kolonialpolitik. Stuttgart, 1923.
13. Krüger P., Lebenserinnerungen. München, 1902.
14. Wud J.A., Die Rolle der Buren republiken in der auswärtigen und kolonialen Politik des Deutschen Reiches in der Jahren 1883 - 1900. Nürnberg, 1927.
15. Zikursch J., Politiche Geschichte des neuen DeutschenKaiserreiches. Bd. 3. Frankfurt a/M., 1930.

Комментариев нет:

Отправить комментарий