вторник, 25 декабря 2018 г.

„ისტორიანი და აზმანი“, ბასილი ეზოსმოძღვარი და ლაშა-გიორგის მემატიანე თანამედროვე ქართულზე

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი
ვინაიდან ღვთისმხილველი და მომავლის წინასწარმცნობი მოსე, [მიზეზად] თავისი ენაბრგვნილობის მომტანი, ეურჩა იმას, ვინც ის ისრაელებს მიუვლინა, მიერულა ურულოსა, როგორც მომავლის დამსახველს. როგორ გავბედო ამგვარი რამ მე, რომელსაც არ ძალმიძს ვილაპარაკო აღმატებულზე. თუკი ის [მაყვლოვანის], ცეცხლიდან სიტყვების [მომსმენი] და გადამცემი, კვერთხის გველად ქცევით და ხელის ფერის შეცვლით ვერაფერს აგებინებდა მოწინააღმდეგებს, მე როგორ ჩავბერო სულამიტის სახედ ახმიანებულ „ქებათა ქებას“, რომელსაც სიბრძნით გალობს მეიგავე სოლომონი, რომლისაგან წარმომავლობის შემსხმელად საკმაო არ არის ოლიმპიელთა გადმოცემები, _ თამარისას ვამბობ, _ ხელმწიფეთა სახელის და პირველი დავითის დიდების [მქონეს], [რომელიც] არსთა გამრიგე ღმერთის ხელითქმნილებით [იყო] აღტაცებული. რომელიც ჩვილობიდანვე გამსჭვალავს სულსა და გულში ერთი კაცის ერთმთავრობას და ერთუფლებას, რომელიც ერთი ღმერთის და სრული კაცის მიერ სრულ კაცად იქნა გამოჩენილი და გამობრწყინებული. ამიტომ ამან შეარწყო თავისი სულის წყარო ჭვრეტათა პირველ წყაროს _ ქრისტეს, მამის ნათელს, რომელმაც შექმნა ხუთი მგრძნობელობა: ხედვა, სმენა, შეხება, გემო და ყნოსვა, გონების ასფოდელოდ (ბაღად) ქცევით, ისინი დაამორჩილა კლდესა მას _ ქრისტეს, არ არის თავისი ნების შემქმნელი.
ეს იყო შვილი ძირითა და შთამომავლობით შესაფერისი და შემკული მშობლებისა. როგორც ხე ნაყოფით იცნობება და ნაყოფი _ ხისგან, [ისიც იცნობება] დავითიანთაგან და ხოსროვანთაგან და პანკრატოვანთაგან, რომელთა სახელი მზეზე და მთელ ქვიშაზე და მის მიმდებარეზე უფრო ცნობილი იყო, რომელმაც ნებროთის ასაკში მოიპოვა ჰაოსის ძეთა სამთავროები, რომელთა შესხმა შეეფერება ომიროსს. ალექსანდრეს შესახებ გრძლად იმეტყველა პლუტარხოსმა, მწერლობაში ხელმწიფეების შესხმითი ისტორიების ზე წამომწევმა, დრო და დრო თუ როგორ ზეგარდმო ნებით ნათელივით გამოჩნდებიან ქვეყნის მფლობელები. თითოეული [თავისი] საქმის შესატყვისად მიიღებს სიტყვით და საქმით შემკობას, ზოგიერთი დასაგმობი [თავის] ბოროტ საქმეებში ძეგლად აღწერა.
ახლა მე ის, რაც მინახავს, ან ბრძენი და გონიერი კაცებისგან გამიგონია, უნდა გადავსცე ისტორიას და ვასილოგრაფს, რაც ნიშნავს „მოთხრობას მეფეთა შესახებ“. ვინაიდან ლუკა [თავისი] სიტყვის აღმავლობას იძლევა სეითის, ადამის და ღვთის შესახებ, მეც ასევე უნდა დავიწყო სამგზის სანატრელი და სამებისგან ოთხად თანააღზავებული თამარის შესახებ, რომელიც ხელმწიფეთა შორის [ეთეროანი] იქნა, რომლის სახესა და სახელს [ჩემი] სიტყვა თავის ადგილას საცნაურ ჰყოფს. მამა იყო გიორგი, მეფეთა მეფე, ძე დიმიტრი მეფისა (რომელსაც დავითიც ჰყავდა შვილი), ძესა დავითიანისა, აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მხარის მეციხოვნისა, ზღვართა დამდებლის და ზღვიდან ზღვამდე მპყრობელისა, რომლის დიდებით, სიმხნითა და გვაროვნობით ცხოვრებას აჩვენებს იოვანე ფილოსოფოსი ჭიმჭიმელის შესხმა-მოთხრობა.
დიმიტრის, შეტაკებებში მხნეს და ბრძოლაში მძლეს, ორი ძე ჰყავდა, რომელთაც სახელად დავითი და გიორგი ერქვათ. უმცროსი ძის გამომრჩევი [უფროსის] მაგინებელი და გამკიცხავი იყო, როგორც ისააკი _ იაკობის მიმართ. ვედრების შემსმენელმა ღმერთმა დავითის დღეების შემოკლება მამის [დღეების დამთავრებაზე] ადრე აღასრულა. მამამ [ღმერთმა] ძესთან [ქრისტესთან] ერთად სასურველი ძე, მამის მსგავსი, თავისთან აღამაღლა და ძის თანასწორ მოსაყდრედ გამოაჩინა: მზე _ მნათობებს შორის; ალექსანდრე და ქაიხოსრო _ [მეფე] -მპყრობელებს შორის; აქილევსი, სამსონი და ნებროთი _ გმირებს შორის; სპანდიარი, თაჰამთა და სიაოში _ გოლიათებს შორის; სოლომონი, სოკრატე და პლატონი _ ბრძენთა შორის.
მამამ ამას [გიორგის] თავისი მეფობის დროს ცოლად მოჰგვარა ხუდდანის მეფის ასული, სახელით ბურდუხანი, თვით ისეთივე შესატყვისი პირ-მზე და ტან-ლომი ქმრისა! თვით მზეთა-მზე მშვენებით და [სხივ]მომფენობით, როგორც ითქმის მართლებსა და ცოდვილებზე, რომელსაც უყვარდა მართალნი და იწყალებდა დამნაშავეებს. მისი ქრისტესშემოსილობის გამო მაქვს შიში და რიდი, რომ მასთან [შესადარებლად] გარეშეთა ან ზოგიერთების სატრფიალო სახეები მოვიყვანო. [იგი] ეკატერინესა და ირინედ-ქცეული პენელოპეს, და თვით ცისა და ქვეყნის განმანათლებელი მარიამის სახე არის მადლით, სიბრძნით, შეწევნითა და მეოხებით, [ყველაფრით], გარდა ქმრის ყოლისა. ვაითუ, უზომო დაძაბვით გონების თვალი დაბნელდეს და სახეების ძებნაში ჩემდა საზიანოდ ორმო გავითხარო ისე, რომ გზებზე მარჯვნივ თუ მარცხნივ გადაუხვევლად მავალმა გზის ამგვარი გამრუდება დამაბრალოს!
ახლა ძალისა და შესაძლებლობის შესაფერისად დავიწყებ ასე. ნათელ-შემოსილი შვილის [თამარის] მამა გორგასლიანი, ვახტანგის ნეტარებათა აღმასრულებელი, რომელზედაც აღსრულდა დავითის მამობაში ვედრებით ღვთის აღთქმული, რომ „მისი ტომისაგან აღედგინა“ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მასავით მპყრობელი. ამიტომ ვინმე მოლექსე ამგვარად დალექსავს:
შენ, ვახტანგ, სანატრელი ხარ შენთვის ღვთისმაქებარისა,
შეიტყოს შენი, მზესავით შვების მომცემის, მტრების დამარცხება,
მუსულმანთა გამწყვეტისა, ქრისტიანთა განმამტკიცებელისა,
ვინც დაგბადა, მანვე იცის დაბადება ბუნებისა.
[შენ ვახტანგ, სანატრელი ხარ შენთ¢ს ღვთის მაქებარისა,
ცნამცა შენი მტერთა ძლევა, თ¢თ მზეებრ მაშუებარისა,
მუსულმანთ ამწყუედელისა, ქრისტიანთ მშენებარისა,
ვინ დაგბადა, მანვე უწყის დაბადება ბუნებისა].
მან, როცა შვიდ სამეფოდ განწესებული მეფობის შარავანდედი მიიღო, ზენა პორფირითა და გვირგვინით შემკულმა, მკლავებიც აღიჭურვა ქრისტეს რჯულის მოწინააღმდეგების _ აგარიანების, ისმაიტელების და მაჰმადიანების _ შესამუსრად და დასამხობად.
თავდაპირველად, იმიერებისა და ამიერების, ზემოურებისა და ქვემოურების, დიდებულებისა და აზნაურების, სპასალარებისა და სპასპეტების, შინაურებისა და გარეშეებისთვის წყალობის მიმფენელმა [ლაშქარი] შეყარა და ქალაქ კაღზევანზე გაილაშქრა, დაიპყრო აშორნის, სომეხთა მეფედ წოდებული შაჰ-არმენის, ყველა კლდოვანი ხეობა და ქალაქი.
ამის შემდეგ ისევ შეკრიბა თავისი ლაშქარი და დიდ და სახელგანთქმულ ქალაქს [დვინს], მიადგა, რომელიც ახლა არის არარატის ძირას სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარი, მამული თრდატ გოლიათისა, რომელიც ოდესღაც გრიგოლ პართეველის მიზეზით ღორად იქცა. საბრძოლოდ მდგომმა და გამზადებულმა, ყველაზე წინ მიმქროლავმა, შეუტია იმათ, რომელნიც ქალაქგარეთ მოამწყვდია. თავისი ლაშქრის წამქეზებელმა აიღო და დაიპყრო ქალაქი. ტყვეებისა და საუნჯის სიმრავლემ ველებისა და მთების ზედაპირი დაფარა. სამეფო ქალაქი ტფილისი ისე გაივსო, რომ გამყიდველებისაგან ტყვეს თითო დრამად ან ხის საწყაოდ ყიდულობდნენ. ამის შემდეგ სანადიროდ მთები და ველები მოიარა, როგორც იონათან მშვილდ-კაპარჭოსანმა, როგორც ჩუბინმა, აუცდენლად მსროლელმა, მტრისა და მხეცის სწრაფად მომსრველმა, არტემი[და]ს მსგავსად, რომელიც „მთაფოლოდ“ იწოდება, რომელიც ნიშნავს „მონადირე ღმერთს“.
ისევ ინება [ლაშქრის] შეყრა და გალაშქრება და მიმართა დიდ ქალაქს, ანისს, რომელიც ოდესღაც ბერძენ მეფეთა სახლი და რეზიდენცია იყო, რომელშიც დღევანდლამდე არის ათასერთი ეკლესია. ბერძნებისგან თავის არიდებით, და დროის შეცვლის შემდეგ [ამ ქალაქზე] დაყენებულ დიდგვაროვან გამგებლებს, ვინმე შადადიანებს, მეყსეულად მიუხტა. სამი დღე გაატარა ცხარე ომსა და ჰუნეთა ძგერაში. ბოლოს, სიტყვით და საქმით გატეხეს. შადადიანის გარდახვეწის შემდეგ, როგორც ეკალ-ბარდის ამომგდებმა და ელვათა შორის მეხის დამცემმა, თავისი სურვილისამებრ ხელთ იგდო ქალაქი, არ დაუბრუნებია და სადგომად, თავისი ტახტის შესანახად და გასამაგრებლად დაიკავა. [იქ] ივანე ორბელი, მანდატურთუხუცესი და ამირ-სპასალარი დატოვა, დამხმარედ [მიუჩინა] სარგის მხარგრძელი და სხვა თემის დიდებული აზნაურებისგან შეწუხებული თავის სათამაშო და სასიხარულო სანადირო [ადგილებს] დაუბრუნდა.
ჯავრისაგან აგარიანები და ისმაილიტელები განრისხება-სიფიცხემ და ქედმაღლობამ შეიპყრო. შარიარმა, თავის თავს სულთანს რომ უწოდებდა, მოიწვია მთელი შამი, ჯაზირი და დიარბაგი გარდმანის თურქებთან ერთად: არდოხის ძე, რომელიც პაპის მხრივ დიდგვაროვანი კუზის ძე იყო, რომლის მამამ, ლაშქრობებში სპათა სიმრავლით სახელგანთქმულმა, გამოჩენილი ივანე აბულეთის ძე გააქცია; სალდუხ სელჩუკიანი, რომელიც სულთნების გვარტომი იყო; მრავალ დიდ მეპატრონესა და სპარსეთის ფადიშაჰებთან ერთად, მხეცების მსგავსად კბილების ლესვით, დიდი და მიუწვდომელი ძალით და უამრავი ლაშქრით მოვიდა და ანისს მოადგა, ცხენების ძგერებითა და აბჯრის ჟღარუნით ყოველ დღე [ქალაქის] კარებთან იბრძოდა.
ეს შეიტყო ნაჭარმაგევში სათამაშო სახლში მყოფმა მეფეთამეფე გიორგიმ, მამაცმა კაცმა და ბრძოლებში გამოჩენილმა, იხმო გუნდი და გუნდი, ცხენოსნები და ქვეითები ერთმანეთთან დააწყო, როგორც ყველა ხილულის უპირატესობას, წინ დაუდგა ჩრდილოეთს და აღმოსავლეთს. და როგორც ითქმის, „გმირმა, გზად მოსწრაფემ, შეირტყა [იარაღი], გაემართა და სუფევდა“, ყურადღება არ მიაქცია [თავისიანების] მცირე [რაოდენობას], არ დაელოდა სახელგანთქმულ ლიხთს-იქითა ჭაბუკებს და ზოგიერთ აქეთურსაც, მინდობილი იყო წყალობათა შემძლებელს, როგორც ამბობს ალექსანდრე [ისკანდერ] მაკედონელის ისტორია. მოუწოდა ძალთა ძალას, რომელიც მეუფებს ცათა ცაზე და აღრიცხავს გარსმომდგარი მტრის სიმრავლეს. მტრის მახვილთა ელვა არ იყო განლეული, მთები გადაიარა, შირაკში ჩავიდა. ვეზირად ახლდნენ იოვანე მწიგნობართუხუცესი და სუმბატ სვიმონ-ყოფილი, რომელიც სხვა საჭურველთან ერთად საქმის [ცოდნითაც] იყო აღჭურვილი და ლაშქრის სიმცირის გამო [ურჩევდა], ახლოს არ მისულიყო. არ დამორჩილდა მხნეთა მხნე და გოლიათთა გოლიათი, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღვაწლისა და გვირგვინისა, სეხნიობითაც მისი მსგავსი, გიორგი. მან თუ ერთ გველეშაპს სძლია, ამან, უძლეველმა მხედარმა, ბევრზე ბევრი სახის ასპიტსა და იქედნეს სძლია გონების მოხმობით. სარკინოზთა ლაშქრის მხილველი გაემართა [მათკენ], თვალები ზეცად აღაპყრო, ილოცა და ევედრა, იოვანეს ძელი ცხოვრებისა [ჯვარი] მისცა წინ წასაძღოლად. მხურვალე გულებით ამხედრდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ. ცხოვრების შვილები სიკვდილს თავს არ არიდებდნენ.
მეფემ, ცხენზე მტკიცედ ამხედრებულმა, ხოსროიანი ხმით ღაღადებით და ჭკუის დარიგებით მიმართა მხედრებს: კაცნო, ძმანო, ერთსულნო და ერთრჯულნო, როგორი დიდი სიკეთეა საღმრთო რჯულისა და ქრისტეს სახარებისათვის სიკვდილი [ჩვენი], რომელნიც მარადიულად შევნატრით ქრისტეს კვალზე შემდგარებს და ბუნებით მოკვდავი სხეულით გარდაცვლილებს! ხედავთ, რამდენად უფრო სასახელოა ვაჟკაცურად სიკვდილი, ვიდრე ავადმყოფობისგან გამოფიტვით დაუძლურებაში [სიკვდილი], ვინაიდან კარგი მაგალითი და სახელი საუკუნოდ გაგვყვება გზაზე. ძველი მომთხრობელებისგან გვსმენია, თუ საღმრთო რჯულისთვის რამდენი თავდასხმა გადაიტანა ებრაელთა ტომმა არტარქსერქსის დროს, ელინებმა _ როცა მათ შეუმცდარი სპასპეტი თემისტოკლე მიუძღოდათ მსოფლიოს მპყრობელი ძლევამოსილი არტარქსერქსის წინააღმდეგ, რომელმაც ზღვა უომრად ფეხქვეშ დაუგო თავის ლაშქარს, ხოლო ათენელების ერთი ქალაქის მიერ უკუქცეულ იქმნა. „ახლა ჩემო ფრთოსანო ლომებო, ჩვენთვის ლახვარცემულისთვის ავიღოთ ლახვრები და შუბები და განვგმიროთ, ვისაც მისი ღვთაებრიობა არ სწამს!“
ბოლო ლოცვა წარმოთქვა და მოუწოდა თავის ამილახვარს, ლიპარიტ სუმბატის ძეს, ბექა სურამელს, ქირქიშ აბულეთის ძეს და სამ ათას [მხედართან] ერთად მბრძანებელმა ღიმილით და სიცილით ლაღად თქვა: „მოყმენო, ის აჯობებს, ვინც უსწრაფესად დასცემს მედროშეს, მისი დაცემით დავცეთ ნავალის და, მსმენია, კიდარიდან ჩამოსულების, ბანაკი“.
ასე იმედიანად მოქადულმა ჩამოიარა რაზმები და მთელი წყობა, შუბები განალაგა აფროდისის მსგავსად, რომელსაც მტკიცე წყობა ჰქონდა.
და როცა [მტრებმა] იხილეს აქილევსური მკლავით დაცემული დროშა, ბასრად მჭრელი მახვილები, [თავიანთი] ცხენების ძალის შესაფერისად გაიქცნენ. ასე აღსრულდა ნათქვამი: ერთის მიერ დაემხობა ამირსპასალარები, დიდებულები და ლაშქარი. ამათ აქეთ და იმათ იქით სისხლის ღვარი ადინეს. თვითონ მეფე, ალექსანდრეს ბედითა და სიაოშის ვაჟკაცობით [მოსილი], მისდევდა [მტერს], იცვლიდა რაზმებს, ურტყამდა და მასაც ურტყამდნენ, ხოცავდა და ისროდა, მისი ბუმბერაზები ეხმარებოდნენ მას.
ხედავდნენ როგორც ისრაელის ერი, და მზეც, ვით ისო-ნავეს დროს, დადგა, ვერ დამმორჩილებელი განგებით ეტლების სრბოლას, მათ დევნაში ჩაესვენა.
უკან დაბრუნებულებმა იხილეს უამრავი დახოცილი და გაწყვეტილი ხელმწიფეები და დიდებულები, ლომი აზნაურები და მონები, კარვებისა და სამეფო სადგომების სიმრავლე; თვალმარგალიტის, ოქროჭედილისა და უჭედელის, აქლემების, ცხენების, ჯორებისა და ყოველგვარი განძის, ამქვეყნიური საუნჯისა და მონაპოვრის სიმდიდრე, აღსარიცხად შეუძლებელი. უამრავ ცოცხალთან ერთად იხილეს ოთხ მკვდარზე ზრუნვა. [მეფემ] უბრძანა ათასობით ამ მდგომარეობაში მყოფთა მიმართ იმავეს გაკეთება, რომ ორმოებთან დაეწყოთ [მათი გვამების] შეგროვება.
მეფე კონსტანტინემ იხილა თავისი საყვარელი ვეზირები, სპასალარები, ხელისუფალნი და თავადები, დიდებულები და აზნაურები, მონები და რაინდები. მთელმა ერმა შეჰღაღადა მას და დაჭრილებმა და ნაცემ-ნაგვემებმა ასე მიმართეს შემოსილ ხელმწიფეს: „მშვიდობა [შენდა]“. რა სახით აღიწერებოდა, თუ როგორ იშვებდნენ მხიარულები და ღვთისა და ღვთის მიერ თავის სახედ გაჩენილი პატრონის მმადლობელები, მამა ძის მპოვნელი და ძე _ მამისა, ძმა _ ძმისა და ნათესავი _ ნათესავისა, პატრონი _ ყმისა და ყმა _ პატრონისა. გამარჯვებულები და ყველაფრით აღვსილნი სიხარულით იღიმებოდნენ, ერთმანეთს ამბორს უყოფდნენ.
მეფობდა რა ამგვარ სიხარულსა და განცხრომაში, თვით მეფემ, თავის ლაშქართან ერთად მყოფმა, თაყვანი სცა ზენა განგებას, უგალობდა არა რჯულის სიმტკიცეს, არც მამაკაცის ძლიერ ფეხებს, არამედ ზენა ხვედრსა და ზე წმიდის განგებას, სიმდაბლით მიწაზე დაეცა უფალი ღმერთის, საბაოთის ძალების წინაშე და ცრემლებისგან დამშვიდებული, დასასვენებლად დაჯდა და უამრავი ნადავლიდან ძალზე მცირე აიღო.
და ამნაირად, იარაღითა და განძით აღვსილმა, ხელმწიფეების, დიდებულების, აზნაურებისა და მონების შემკრებელმა, ანისის კარებთან სამი დღე დაჰყო, ქალაქზე იზრუნა, იქ ამირა დააყენა, ლაშქარი აყარა და მხიარული სახით მახარობელი გამოაგზავნა ფილოსოფოსებისა და პატრიარქის წინაშე, რომლის ლოცვა შემწედ თან ახლდა. და თვითონ ნათელი პირით პირველად თავისი გამზრდელის, დედოფალთ-დედოფალ თამარის, წინაშე მივიდა, რომელმაც [სახე] ჯერ ცრემლებით დაივლტო, შემდეგ კი _ უზომო სიხარულით. და კვლავ, შეურცხვენელი პირითა და ახოვანი სახით თავის ცოლს შეხვდა.
ამგვარ დიდებაში, აღზევებასა და აღმატებულებაში, რომელიც ყველაფრით გასცილდა მამა-პაპათა საზღვრებს, ხმა გაისმა შამის, ჯაზირის, სომხეთისა და არზრუმის ლაშქართა, ხელმწიფეებისა და დიდებულების ამოწყვეტის შესახებ. [ეს] ესმათ ხვარასნისა და ერაყის სულთანს, დიდი ბაბილონის მპყრობელს, სარკინოზობის ცრუ რჯულის მდებელ ხალიფას და სპარსეთის ვარაზგ ათაბაგს. იხმეს და შეკრიბეს ისლამისტები, გაიხსენეს და მოძებნეს ზოროასტრის, რომელიც იყო პირველი მეფე და ვარსკვლავთმრიცხველი სპარსელთა შორის, ცეცხლისგან გალეული ძვლები, რომელთა შესახებ ასე ითქვა: „სანამ ესენი გექნებათ, არ დაკნინდება სპარსელების მეფობა“. რანში შეიყარნენ, სომხეთის ქვეყნის ქვემო მხარისკენ გამოემართნენ და გაგის ციხეს მოადგნენ. ის აიღეს და მის გარშემო ყველაფერი მოაოხრეს.
ეს შეიტყო სახელგანთქმულმა და უძლეველმა მხედარმა, უებრო ჭაბუკმა გიორგი მეფემ, სასწრაფოდ შეკრიბა თავისი შვიდივე სამეფოს [ლაშქარი], იმერნი და ამერნი, გამოიყვანა ოსები და დიდძალი მხარეები, და გაემართა სულთნის წინააღმდეგ, რომელსაც აურაცხელი და უამრავი ლაშქარი ახლდა. აქეთაც მრავლად იყვნენ კარგი და რჩეული [მეომრები]. გამოემართნენ და მათი ლაშქრის [პირისპირ] გავიდნენ. როგორც კი ეს გაიგეს სულთანმა, ათაბაგმა და მათმა ყველა ფალავანმა და დიდებულმა, თქვეს: „დღეს ქვეყანაზე კაცი არ არის, პირისპირ შეებას გიორგის და მის ლაშქარს, თავი ავარიდოთ და გავეცალოთ!“ მთელი სანოვაგე დაყარეს, განსაკუთრებით გაგში მყოფებმა, გადაიარეს ეკლეცის წყალი. სწრაფმა გაქცევამ და შეხლა-შემოხლამ ისინი დააბრკოლა. [მათ] ლაშქრის მოწინავენი დაეწივნენ, ხოცვა დაუწყეს.
როცა ეს გაიგო სვეგანდიდებულმა, აქილევსის მკლავიანმა და მაგნიტის გულის მქონე ხელმწიფემ, მხეცივით შეუტია, მაგრამ გამარჯვებისთვის ასეთმა მზად-ყოფნამ უქმად ჩაიარა. ზოგიერთმა დიდებულმა წინააღმდეგობა გაუწია, თვით იქამდე, რომ სადავეები დაუჭირეს, განსაკუთრებით კი ვარდან კოლონკელიძემ, ხანში შესულმა და ბრძოლებში ძლიერმა და გამოცდილმა კაცმა, რომელსაც იმ დროს ჰერეთის ერისთავობა ეკავა. შესაძლოა, ერთმანეთის შურმა და მტრობამ ყო [ეს], რადგან კარგი და სრულყოფილი ნამოქმედარის დაშლა ორი მიზეზით ხდება: ან ძალის უქონლობით ან შურით. ხოლო ყველა ძალაზე ურჩეულესი და ყველაზე აღმატებული არის ღმერთი, როგორც ყველა ძალისა და მოქმედების დამბადებელი. არავის არ შეუძლია, შეებრძოლოს და ძალა წაართვას მის მიერ ყველაზე რჩეულად დაბადებულს, რადგან ძალებზე ზე მდგომი მიზეზებით შეიქმნა ის. თუ შურის მიერ დასამხობად დატოვე იგი, როგორ შეინარჩუნოს ყველაში გამორჩეულმა თავისი ზემქონებლობა და ბუნებათკეთილობა? რადგან სიკეთისთვის უცხოა შური, როგორც [ამას] მაგალითები ცხად-ჰყოფენ.
არ მიუშვეს ამის მთქმელებმა: „რადგან სულთანი მთელი თავისი ლაშქრით გაქცეულა, გაამაყებული ნუ თავხედობ ღვთის მიმართ“. ეს იყო _ უმიზეზო მიზეზი, უსიტყვო სიტყვა, უქმი საქმე. ვინაიდან მეფე გონებით ბრძენი და მომსმენი იყო, დაემორჩილა [მათ], ლაშქარი დაშალა და ისევ თავის გართობას, სიხარულსა და ნადირობას დაუბრუნდა.
ამის შემდეგ სულთანი და ათაბაგი მთელი თავიანთი ძალებითა და ლაშქრით გელაქუნში ავიდნენ. ძალა შეიმატა, მოვიდა და ანისის კარებს მოადგა, ხოლო ზემოდან _ შაჰარმენი და არაბეთის ყველა ხელმწიფე. იმ დროს ანისს ამაგრებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე. მან, გარე მხარეების დამშლელმა, მარბიელმა და ამაოხრებელმა, საბრძოლო [იარაღები] და მანქანები მოამზადა.
ქვეყანაში ეს ამბავი რომ გახმიანდა, მეფემდე მიაღწია, რომელიც მონადირე და მხიარული, მცირე ლაშქრით ლორისა და დმანისის მთებს შორის იდგა. მასთან მოვიდა სულთნის მოციქული, კაცი მოგვი და ლაქუცა, საქმის მცოდნე, [იგი] ლაშქართა წყობას აკვირდებოდა და ზვერავდა. როგორც ნათქვამია იგავი ბუსა და ყვავების შესახებ ინდოელთა მიერ აღწერილ „ქილილა და დამანაში~, ამანაც ლაშქრის დაზვერვის შემდეგ, ყვავის მსგავსად, ფრთები შეისხა, აფრინდა, სულთანთან და ათაბაგთან მივიდა და ასე მოახსენა: აჰა, ჩვენი შურისძიების ჟამი. ახლა თუ არ მიხვალთ, სხვა [უკეთეს] დროს ვერ იპოვით“.
ვინაიდან იხილა მცირე [ლაშქრით] მდგომი, მკლავ-მაგარ და სვეამაღლებულ მეფეზე შემმართებელი ძალით განლაღებულმა ღამე იარა და განთიადისას მძინარეებს თავს დაესხა ისე, რომ [მეფემ] ძლივს მოასწრო შეიარაღება და ცხენზე ამხედრება. ივანე ამირ-სპასალარმა და სხვა დიდებულებმა ლამის მოტაცებით წამოიყვანეს და გამოემართნენ, თან ეუბნებოდნენ: „ნუ, მეფეო! ჟამი არის ომისა და ჟამი _ გარიდებისა, ვინაიდან ყოველსავე საქმეს თავისი ჟამი აქვს. ოდესღაც ალექსანდრეც დედაკაცის მიერ დამარცხდა, ასევე სამსონი _ დალილას მიერ და სოლომონი _ სიბილას მიერ“. და ხელმწიფეთა დამარცხების სხვა მაგალითები წინ დაუყენეს. „ნუთუ რაღაცით განვარისხეთ შენი შარავანდედობის ზე-მპყრობელი და მამამ მამობრივად ჭკუა ასწავლა თავისი ძის თანასწორად აღზევებულ დავითიანის ძეს, ვინაიდან იგი, მეფე და წინასწარმეტყველი, უფრო მეტად, ღვთის ძის მამად განწესებული, საულის მიერ იდევნებოდა? ახლა ჩვენც ავიღოთ ჩვენს თავზე ეს გაქცევა, რომ ძლევის მომნიჭებელმა ჩვეულებისამებრ გამარჯვება მოგვანიჭოს“.
ასე, იძულებით წამოყვანილი და გადმოსული ის და მისი მოყმეები რაზმში მრავალჯერ ნახეს,რომ უკუაქცევდნენ და ხოცავდნენ [მტრის] მეომრებს. მათ ისეთი ვაჟკაცობა, უცხო და საკვირველი საქმე აჩვენეს, რომ არც დიდებული, არც აზნაური, არც ყოჩაღი და რამით ცნობილი აზნაურის ყმაც კი არ გამოკლებიათ ლაშქარში, გარდა ერთი ჯვარისმტვირთველისა, ქანის ძისა და ერთი უბრალო აზნაური კაცისა, მაგრამ ჯვარი უვნებლად გამოიტანეს.
ო, გასაოცარი სიმხნე და სიქველე და უფლის ხელი! როგორ, რომელ ბრძოლებში, ძველად თუ ახლა, გაგონილა, რომ ასე უვნებლად გადარჩენილიყვნენ მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ? ამის შემდეგ მათი ხელიდან თავდაღწეულმა ისმაილიტებმა ასე განიზრახეს და თქვეს: `რადგან მოულოდნელად თავს დავესხით და ხელთ ვერ ვიგდეთ, ახლა მომლოდინენი [არიან] და მათი დევნა _ აჩრდილის დევნაა და ქარების უბეში მოქცევა. ახლა რაც ღმერთმა მოგვცა, იმისი მმადლობელნი [ვიყოთ და] უკან დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში.
ვინც ამას წაიკითხავს და გაიგებს, ეს ამ სახით გაითავისე: „საზღვარი დადე და ვერ გადალახავენ“ [ფსალმ. 103, 9]. მზესავით დიდი ბასილი, კესარიელთა მნათობი, არსთა ქმნადობის ბუნებითმეტყველებისას „ექვსთა დღეთაში“ ამბობს: „ჩიტი ალკუნი ზღვის ნაპირას დებს კვერცხებს, ზღვის შფოთვა და ღელვა-ტეხილობა ღვთის ბრძანებას ვერ გადავა და იცავს ალკუნის თესლს“. ზენა განგებას რომ მიეშვა და სულთნის გაქცევას წინ არ აღდგომოდა, სარკინოზების ყველა მაღნარი (სიმრავლე) დაქცეული იქნებოდა. ასევე, მეფისა და მისი ლაშქრის მიმართ შიშისა და ვაჟკაცობის გამო რომ არ გაქცეულიყვნენ, დაპყრობილი იქნებოდა წარმტაცი არე და ადგილები.
ამის შემდეგ ანისი თავის თანამემამულეს უბოძა და თავის ყმად გაიხადა იგი. ელდიგუზ ათაბაგი შემოეხვეწა, სულთანსა და ქართველებს შორის [შუამავლად] დადგა და ზავი ითხოვა. აქედან რუსუდან დედოფალი, მისი და, სულთნის ცოლყოფილი, ჩაუდგა [შუაში] და რამდენიმე ხნის მანძილზე მშვიდობა და ზავი ჩამოვარდა.
თვითონ მეფე სიხარულს, დასვენებასა და ნადირობას მიეცა. ზოგჯერ, ზამთრის პერიოდში, ლიხთ-იმერეთს გადავიდოდა და პონტოს ზღვამდე მიდიოდა. გამოვიდოდა და ინადირებდა ალანთა ქვეყანაში, რომელიც არის აფხაზეთი, ზოგჯერ კასპიის ზღვამდე [მიდიოდა]. ასე მეფობდა და იხარებდა ოლიმპიური მეუფებით.
ვინაიდან ამ სამეფოს ლაშქარი და დიდებულები უსაქმოდ იყვნენ, მათ [მეფეს] შეჰკადრეს: „ლაშქრობისა და რბევის გარეშე უსაქმოდ ვერ ვრჩებით“. ამის მსმენელმა მეფემ შინაურებს ზავი და ფიცი გამოართვა და ამნაირად გაილაშქრა: ლიხს-იქით მყოფმა ლაშქრობა დათქვა, ერთი დრო დანიშნა და ტაოელებს, კლარჯებსა და შავშელებს ოლთისისა და ბანის დარბევა უბრძანა; მესხებსა და თორელებს _ კარისა და აშორნისა; ამირ-სპასალარსა და სომხითარებს _ მტკვარს აქეთ ვიდრე განჯამდე; თვითონ ხასაგანიანებთან, ლიხთ-იმერლებთან და ქართლელებთან ერთად _ განძის ქვემოთ მტკვრის პირი იმიერ და ამიერ, ვიდრე ხოლთამდე; ჰერებსა და კახელებს _ ალაზნის შესართავიდან ვიდრე შარვანამდე. ისეთი არნახული ლაშქრობა შეიქმნა, რომლის სიგრძეში [გაჭიმულობა] აქამდე არავის არ ენახა.
მის სწრაფად და მხნედ გადაადგილებას ვინღა იტყვის? შესაძლოა, ამბაკუმზე, დანიელზე ან ილიაზე უსწრაფესად, რომელმაც სინაზე ერთი ღრუბლიდან მოაგროვა წვიმა ან ელვის ეტლით [ცაზე] ავიდა? სწრაფმავალი ფეხების ან ფრთოსანი ვეფხვის, დანიელის მსგავსმა ერთ წამში დალაშქრა და აურაცხელი და მიუწვდომელი სიმდიდრით ერთი დღეღამის განმავლობაში გეგუთში გაჩნდა ისე, რომ იქ მყოფებმა ძლივს ირწმუნეს მისი იქ ყოფნა.
ხოლო ახლა ენა ან გონება თითოეული ამის მოყოლას თუ შეუდგება, აღწერილი მოსაწყენი იქნება სათქმელის გაგრძელების გამო. ვინაიდან ღვთის ცხებულს დავითიანობა და სოლომონიანობა გვარით მოსდგამდა, ქვეყნის ყველა მეფე სოლომონის მსგავსად ემორჩილებოდა მას.
ერთხელ მოვიდა ანდრონიკე კომნენი, დიდი მანოელ კეისრის, მთელი დასავლეთისა და საბერძნეთის მეფის, მამის ძმისწული, თავის მშვენიერ და სახებრწყინვალე ცოლთან, შვილებთან და დისწულთან ერთად. ღმერთის მადლიერმა, როგორც მართებდა, ისე მიიღო და მისი გვარიშვილობის შესაფერისი პატივი მიაგო. საკმარისად უბოძა ქალაქები და ციხეები, სადგომი გაუმზადა თავისი ტახტის ახლოს თავისი მამის დისწულის, აღსართანის, პირდაპირ, რომელიც შირვანისა და დარუბანდიდან ხირხალამდე ზღვის პირის მეფე იყო. მეფეს იგი შვილად მიაჩნდა, როგორც ერთი თავისი დიდებულთაგანი. ოდესღაც დარუბანდელი ხაზარების მიერ შეჭირვებული შარვანშა [მეფეს] შემოეხვეწა. მაშინ იმიერიდან და ამიერიდან ლაშქარი შეიყარა, თვით ბერძენთა მეფის ძმა ანდრონიკე წაიყვანა და დარუბანდის კარებამდე მივიდა. მოაოხრა მუსკურისა და შარაბამის ქვეყანა, აიღო ქალაქი შაბურანი. მეფეს, რომელიც ბრძოლას უმზერდა, და მის ლაშქარს ძალიან მოეწონათ ანდრონიკეს [ვაჟკაცობა]. ის ქალაქი თავისი მამის დისწულს, შარვანშას, უბოძა და იქიდან მოყოლებული, ბასიანის დამრბევი, რაც ადამიანის ძალისათვის შეუძლებელი იყო, მობრუნდა და გამარჯვებული თავის სამყოფლოში იშვებდა და ერთობოდა.
ზოგჯერ თავის ლაშქარსა და სპასალარებს ნახჩევნის კარებამდე აგზავნიდა, ზოგჯერ _ დმანისამდე და ღაღვამდე, ზოგჯერ _ ბარდავამდე და ბელაქნამდე. ამგვარ წარმატებებსა და ზეობაში საგანძური გაზარდა. მის მიერ მოგებული და მისი ტყვეებისაგან მონაგები უჯარმის ციხეში დადო, რომელიც ვახტანგ გორგასლის მიერ იყო აშენებული. თვითონაც, ლომთა ლომი და გოლიათთა გოლიათი, იქ გარდაიცვალა. სანადირო ქორების და ძაღლების სიმრავლე, სილამაზე და აღკაზმულობა [რაც მას ჰქონდა], არასოდეს არავის არ ჰქონია და არც მომავალში ექნება ვისმე.
მთელი ქვეყნისა და ამქვეყნიური ცხოვრების ამგვარ სრულყოფილებაში გაიზარდა მისი ძმისწული, მისი უხუცესი ძმის, დავითის შვილი, სახელად დემეტრე, გარეგნობით ლამაზი, ყოველ საქმიანობაში მარჯვე, ნასწავლი, მათი გვარიშვილობის მსგავსი, მაგრამ რაც ყოველგვარ სიკეთესა და სწავლულებას, გარეგნულ უზადობასა და ახალგაზრდობას ამაოს ხდის, ის გახდა მისი მომსპობი და ცხოვრების გამამწარებელი: ღვთის მიმართ შიშის არ ქონა და ქრისტეს რჯულის მცნებათა წინააღმდეგ მოქმედება, რაც იყო ამ სამეფოს გვარის წარმომადგენელთა თანდაყოლილი უბედურება. როგორც მამამისმა, დავითმა, უღალატა და განუდგა რა თავის მამას დემეტრეს, ამოწყვიტა ამ სამეფოს დიდებულები _ ზოგი განდევნით, ზოგი სიკვდილით, ზოგი პატივ-აყრით, ახლაც მის მსგავსად, ეშმაკი შეუჩნდა ამის გულსა და გონებას. ამის გამო განურისხდა ღმერთი ორბელებსა და მათ მომხრე ყველა ტომს: სამცხელებს, ჰერებს, კახელებს და [ყველას], სადაც კი მათი მოდგმა და ერთგული ვინმე იყო დარჩენილი. შეიქნა განდგომა, ბრძოლა, ხოცვა, სისხლი და რბევა. სამართლის მომქმედმა ღმერთმა, რომელიც [ბოროტებას] არ დაუშვებს, აბესალომს უფლება არ მისცა [ეჯობა] დავითისთვის, რაზეც წმიდა სახარებაში ნათქვამია: „უკეთუ შვილმა მშობელს უთხრას „კორბან“ _ „ძღვენი“, ჩემგან სარგებელი გეყოს, სიკვდილით მოაკვდინა“. ამის გამო გიორგიმ, მძლეთა მძლემ, ლაშქარი შეკრიბა და ქალაქ თბილისიდან სომხეთის მთებში მყოფ [მტრებს] მიაშურა, დაიფრინა, გააქცია, ლორის ციხეში შელალა და ყველა ციხე და სიმაგრე წაართვა. დემეტრეს ჩამოშორდა ორბელთა ძმა და ახლობელი სარგის მხარგრძელი შვილთან და ძმისწულთან ერთად. მეფემ ტკბილად და სიყვარულით მიიღო იგი და მისი გვარიშვილობის [შესაფერისი] ნდობა გამოუცხადა. მოარბია ტაშირი და ლორეს კარი და აგარებში დაიბანაკა. გაგზავნა ლაშქარი, რომელიც მისი ერთგული იყო და სხვა მხრის [მეომრები]: მესხები, თორელები, ქართლელები, სომხითარები და თვით თავისი გაზრდილი მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი, და ჰერეთის ქვეყანაში მივიდნენ. იმ მხრიდან მოვიდნენ ჰერეთის ერისთავი და ყველა ჰერი სრულიად ლეკებითა და კავკასიელებით. შეიქნა ფიცხელი ომი და შეხლა-კვეთება, რადგან [ბრძოლაში] გამოცდილი და ლომივით ჭაბუკები იყვნენ. ამ [ბრძოლაში] სძლია მსჯავრისა და სიმართლის მქონემ, და ჰერები, დიდებული აზნაურები და ლეკები გააქციეს. შეიპყრეს ხმლით დაჭრილი გრიგოლ ასათის ძე, რომელსაც ცხენი მოუკლეს, უკვალოდ დაიკარგა ომის დროს. შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელიც თავიდანვე საფლავის გამთხრელად ითვლებოდა, ასევე [შეიპყრეს] შოთაც, ართავაჩოსძის ძე. ესენი, როგორც წინასწარ განზრახვით შინაგამცემელნი, ხელში ჩაიგდეს და წამოსულებმა გამარჯვებულ, აღმატებულ მეფესთან მოიყვანეს. დიდი სიხარულით ფრიად გაიხარეს. ვინაიდან ხედავდა გამარჯვების მომნიჭებელ ღმერთს.
მაშინ აგარაში მყოფი მეფე დაიძრა და ლორეს მოადგა. იქიდან სპარსეთში იყვნენ გაქცეულები ქართლის ერისთავი ლიპარიტ სუმბატის ძე, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნიც გიორგის მიერ იყვნენ ხელდასმული, და ანანია დვინელი, ზოგი _ შაჰარმენთან, ზოგი _ ელდიგუზის ძეებთან. თუმცა უშველეს და გამოჰყვნენ, მაგრამ ქრისტეს მართლმსაჯულებამ უქმად უკან დააბრუნა. ამასობაში ლორეში მდგომებს ძალა გამოეცალათ. დემეტრემ თოკი გამოაბა, ციხიდან გამოიპარა და თავის ბიძას მიაშურა. ციხეში დარჩენილი ამირსპასალარი და სხვები მათი ბედისა და სვის შესაფერისად გამოიყვანეს. [მეფემ] ლორე აიღო და თავისთვის დაისაკუთრა. იმავე დროს კმაყოფილი და განდიდებული წამოვიდა თავისი ურჩებისა და მტრების წინააღმდეგ და მათი საქმეების შესაფერისი მისაგებელი მიაგო. თვითონ ნაჭარმაგევში მოვიდა და მტრებზე რისხვის დამცემი, იხარებდა და იშვებდა.
ამის შემდეგ, მეორე წელს, ღანუყიდან ნაჭარმაგევში მობრუნებულმა მთელი თავისი სამეფო შეყარა. შვიდივე სამეფოს შემყრელმა მოიწვია დედოფალთ-დედოფალი, თავისი ბედნიერი და სვიანი ცოლი ბურდუხანი და შვილი, მათი თვალების ნათელი და ბრწყინვალება, ყველა მეფის სამკაული და ყველა ხელმწიფის გვირგვინი, თამარი.
მეფობის მიმნიჭებელი ზენა ხვედრის განწესებითა და გამორჩევით, განგებითა და გაგონებით, ყველა პატრიარქის და ეპისკოპოსის, იმიერი და ამიერი დიდებულების, ვეზირების, სპასალარებისა და სპასპეტების თანადგომით მეფედ გამოაცხადა თამარი. და მარჯვნივ დაისვა მეფე და დედოფალი. [იგი] იყო შემკული და შემოსილი სხვადასხვა ფერის ოქროვანი სამოსლით, ბისონითა და ოქროქსოვილით. უწოდა მას ღმერთის მთა, მთა გლუვი, მთა გრეხილი, თავზე დაადგა ოქროს გვირგვინი, ოფაზის ოქროსი, შემკული იაგუნდით, ზურმუხტითა და სმარაგდით. ხალხის გამორჩეული მდიდრები ზეიმობდნენ მასთან ერთად. თვითონ მეფემ, რომელმაც მას ერთგულება და ერთსულობა შეჰფიცა, რომელიც, ცრემლად დაღვრილი, ევედრებოდა ღმერთს, აკურთხა ისე, როგორც აკურთხებდნენ [შვილებს] აბრაამიდან ისაკამდე, ისაკიდან _ იაკობამდე, იაკობიდან ვიდრე იოსებამდე. როგორც ჰაერში ჩანს უღრუბლო მზე, ისე [ჩანს] დღევანდლამდე მამის კურთხევა დავითის მსგავს საყვარელ, ნანატრ და მშვიდ შვილზე, რომელიც ლოდივით გამოვიდა დანიელის მიერ ხილული მთიდან, იმატა, იმატა და შემდეგაც იმატა, ვიდრე არ გახდა დიდი მთა, ლოდი ქვაკუთხედი და არა _ დაბრკოლების ლოდი. შემუსრა ოქროსა და ვერცხლის, რკინის, რვალისა და თიხის ყველა ხატი და ყველა კერპი, ზოგი უხილავ ძალთა, ზოგი ხილული მოწინააღმდეგეებისა და მებრძოლების ძეგლები და ქანდაკებები.
ამის შემდეგ კეთილდღეობასა და სვებედნიერობაში მოიწია ამ ქვეყნად მოვლენილთა [გადასახდელი] ვალი, მაგრამ განწესებული ცხოვრების ტრიალის უდროო და გამოუსწორებელი შემცირებით. გარდაიცვალა თამარის დედა, დედოფალი ბურდუხანი, ღმერთის ძის დედის დარი. რომელი ენა გამოთქვამს, თუ რა უზომო ვაება და გლოვა შეიქმნა, რაც მოიწია, იმის სადარი? მაგრამ რაც მოიწია, იმის პატივსაცემად და დასამტკიცებლად მხოლოდ ამას ვიტყვით.
გეგუთში მყოფ მეფეს მოახსენეს ეს თავზარდამცემი ამბავი. ოქროსთმიანი აბესალომის მსგავსად, თმა და წვერი დაიგლიჯა, ნაკადულივით ცრემლების ღვრით და ათასჯერ და ათი ათასჯერ მკერდში მჯიღის ცემით, თავის მოკვლამდე მისულმა, თმები აღიკვეცა და ასეთი შემუსრვილი გულით შეხვდა საყვარელი და ტკბილი დედით დაობლებულ თავის [შვილს], რომელსაც თავისი გარეგნობის ნათელი ცისკროვნება ბნელად გადაქცეოდა. ერთმანეთის ხვევნისას ორივეს თვალებიდან ცრემლთა ნაკადი სამოთხის [მდინარე] გეონის მსგავსად დიოდათ. ვინაიდან ასეთი გახდა ქართლის ქვეყანა, კვლავ ნუგეშმცემელი და დამამშვიდებელი საყვარელი და ლამაზი შვილისა, ორმხრივად უზომოდ იმედის მიმცემი ექმნა: სიყვარულის მინიჭებით და გლოვის შეწყვეტით. ქართლი დატოვა და ქვემო [მხრისკენ] წავიდა. როცა გლოვისა და მომხდარი უბედურების დრო გავიდა, მონადირე, როგორც წესი იყო, კვლავ შეუდგა გართობას მთასა და ბარში. [იგი] ბრძანებლობით ფლობდა აღმოსავლეთსა და [დასავლეთს], ჩრდილოეთსა და სამხრეთს. მას ძღვენს აძლევდნენ და ეძმობილებოდნენ ბერძენთა, იერუსალიმში ალამანების, რომაელთა, ინდოელთა მეფენი და ჩინელები; ასევე ემორჩილებოდნენ ხორასნის, ბაბილონის, სირიის, ეგვიპტისა და იკონიის სულთნები. ამათ შემდგომნი _ სკვითები, ხაზარები, ალანები, ხორასნელები, ხვარაზმშა, ბეირუთელები, აბისინიელები, არაბები, მიდიელები, ელამიტელები და შუამდინარის [მცხოვრებნი], ყველა ენა და მოდგმა _ მაშრიყიდან მაღრიბამდე.
ამქვეყნიური სიუხვისა და დიდების უსაზღვროობაში, ევას დაწყევლისა და ადამის შეცთომილებათა გამო, სასჯელი მოიწია მართალ აღმსარებელთა მიმართ აბელ მართლიდან, ვიდრე ზაქარიამდე და მის ძმა იოვანემდე. ჯოჯოხეთი არგუნეს ჩვენს მკვლელსა და თვით თავის მკვლელს სამოელს, ცათა ციდან ქვესკნელის უფსკრულში ჩასულს, ანგელოზობისა და ნათელმოსილობის სიბნელედ მქცეველს და ეშმაკად გადაქცეულს, რომელსაც ხელთ უპყრია ისინი, ვისაც ღმერთი უყვარს და ისინიც, რომლებიც ღმერთს უყვარს. მისგან ცთომილი ადამიანების ხსნის მსურველმა ღმერთმა კაცობრივი სახით იმოქმედა, არა ძალის გამოყენებით, რადგან ოცდაათი წელი იქმოდა ნიშსა და სასწაულებს და მეუფებდა ამ ქვეყანაზე, ცისა და ქვეყნის მეუფე და შემოქმედი. ამის შემდეგ თავის თავზე აიღო ცვალებადი და ხრწნადი სოფლის ცოდვები და შეცოდებანი, უკვდავმა სიკვდილი მიიღო, მაგრამ ჩვენგან მიღებული სხეულით, ჩვენი გადარჩენისათვის. ვინაიდან უკვდავმა უწინარეს საუკუნეთა ღმერთმა და ძემ არა უკვდავ ყო მის მიერ მიღებული სხეული, სხვა რა წარმოვიდგინო, სხვა რა ნუგეშინისმცემელი დავისახო, როცა მესმის ოთხი სტიქიონის მიერ სულის სხეულში დავანება? მზეთა მზე და ხელმწიფობის შარავანდედი, ახალი ნებროთი, ალექსანდრე და აქილევსი მიწიდან ცაზე ავიდა. ესეც გარდაიცვალა ვნების მეშვიდე [დღეს], ისე „ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“, ვინაიდან მან სხეულით, სიგლახაკითა და სიმდაბლით ცხოვრების ტრიალის ოცდაცამეტი წელი გაატარა, ხოლო ამან არა იმგვარად, მაგრამ როგორც ღმერთის ხატად გამოჩენილმა.
სამმნათობიერმა, მეფეთ-მეფისაგან მეფედ დასმულმა თამარმა, ქალაქ თბილისში, ისნის ციხე-სასახლეში მყოფმა, შეიტყო ეს საგოდებელი და უბედურებათა მოსაწევარი, კლდეთა გამხეთქი და კარის საბლის გამპობი, ციდან მანანისა და ვარსკვლავების ჩამომყრელი საშინელება. სამოთხის მსგავსი სამყოფელი ჯოჯოხეთს დაემსგავსა, შვებისა და სიმღერის ნაცვლად ვაებისა და გოდების ხმა გაისმა, მიუაჩრდილებელი ნათელის ნაცვლად ყოველი არსი და წარმოსახვითი არსი დაემხო. თამარი, ეთეროვანი სახე, უღრუბლო ჰაერი და უჩრდილო ნათელი, სიბნელეში ჩაიკეტა, თმებს იგლეჯდა, ცრემლების წყაროს სისხლის წყარო უსწრებდა. ამის შეკავების მიზნით პატრიარქი და დიდებულები სამშვილდეში წავიდნენ, საზარელი, საშინელი და სათქმელად ძნელი ამბავი აცნობეს და წამოიყვანეს მეფის და, რუსუდან დედოფალი, თავის გაზრდილთან ერთად. მათ მიეგებნენ. ურთიერთს მოეხვივნენ და სისხლ-გარეული ცრემლებით ლტობილნი სამეფო სასახლეში შევიდნენ. თვალები ზე აღაპყრეს და იხილეს ცამდე ამაღლებულის ტახტი გაბაონიანის ნათელი მზის და ჰალონიანის შუქ-მფენარი სვისა და ბედნიერებისაგან დაცლილი იყო. გარშემო მიმოიხედეს და იხილეს მიქაელ პატრიარქი ყველა ეპისკოპოსთან ერთად მდგარი, ვეზირი ანტონი და ამირსპასალარი ყუბასარი და სხვა ხელისუფალნი: მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი, მცველთუხუცესი ვარდან დადიანი, მეჯინიბეთუხუცესი ჭიაბერი, მსახურთუხუცესი აფრიდონი, ივანე... და დიდებულები, აზნაურები, მონები და რაინდები, იქვე იყო პორფირი, გვირგვინ-სკიპტრა და [მის მიერ] მარჯვედ ნახმარი იარაღი. ისევ მიმოიხედეს და წარმოუდგათ: მეომრებით სავსე სასახლის კედლები, რაზმები, ლაშქარნი, მებრძოლები, დანგრეული და ოხერქმნილი ქალაქები და ციხეები. და თვითონ ის ნახეს ტანად გორგასლიანი, აქილევსის მკლავით და გაბრწყინვებული პირისახით, გმირად საგონებელი კაცი. რომელი ენით გამოთქვან, ან როგორ გამოხატონ ის შეუდარებელი დღე? რა გლოვა, რა თავში ცემა, რა ვაება, რა ათასკეცი სისხლნარევი ცრემლის ნაკადი, რა მოთქმა და გახსენება ადამიდან მართალ აბელამდე, დავითიდან იონათანამდე და იაკობიდან იოსებამდე!
ამისთანა უნუგეშობა, საჭურვლის უქონლობა, ძაძის ჩაცმა და დაფენა, ყოველგვარი საკვებისგან განდგომა _ ესენი, რაც აქამდე [ვთქვი].
ხოლო ამიერიდან გონების მოხმობით უნდა გამოვიჩინო შემართება, ბრძოლა. და როგორც ქვისა და რკინის დარტყმის შედეგად, უნდა გადმოვაფრქვიო სიყვარულის, ქების და სურვილის ცეცხლი, ცამდე აღვატყინო და ავამაღლო ალი [მისი]. მასში უნდა აღმოვაჩინო ცეცხლის ეთერი და ქვეყანა, ურჩების ცეცხლით მომსპობი, და მეგობრებისა და მოყვარეებისთვის ცეცხლივით ძლიერი და სასარგებლო. თუ მაშინ ნაბუქოდონოსორმა სამ ყრმათა შორის მეოთხედ იხილა სამებისაგან ერთი, აქ სამებასთან ოთხებად ჩანს [მათი] დარი და აღმატებული თამარი.
შვიდივე სამეფოდან შეკრებილმა მთხრობელ-მოლაპარაკეებმა დედოფალ რუსუდანს ჰკადრეს და მოახსენეს: „დღეს შენ ხარ მისი მშობლების ნაცვლად. ვინაიდან ახალგაზრდა თამარს ვხედავთ არა ახალგაზრდული, არამედ მცოდნე, შეგნებული, გამჭრიახი და ბრწყინვალე გონებით, ტრადიციის თანახმად, თქვენი გამგონეა და პატივისმცემელი, შენ გხედავს თავისი მშობლების უჩინარ სახედ, _ ურჩიე, უთხარი და მოახსენე, რომ შეწყვიტოს ამგვარი გლოვა და სადაც თქვენმა ძმამ და მისმა მამამ თავისი ზეობისა და კარგადმყოფობის დროს დასვა, იქ აღასრულოს თქვენი გვარ-ტომის ხელმწიფობისა და მეფობის გაბრწყინვება. ოლიმპიური გამარჯვებების მოპოვება და აღსრულება გაცნობიერებული რომ არ ჰქონოდა, მას, მეფობის გვირგვინსა და მშვენებას, არც ანდობდნენ დავითის ტახტსა და სოლომონის ბეჭედს. ახლა ვინაიდან მან ხელი უნდა მიჰყოს მეფობას და კურთხევით გვირგვინოსანი გახდეს, უნდა ამაღლდეს და თავის მამათა ტახტზე დაჯდეს ძელი ცხოვრების ამაღლებითა და წინამძღოლობით და მელქისედეკის კურთხევით, [მსგავსად იმისა], რაც მან ჰყო აბრაამის მიმართ. მან უნდა დაიპყრას ქვეყნის მხარეები და მეფობდეს ზღვიდან ზღვამდე“.
ეს მოისმინა, მოიწონა და დაიჯერა დედოფალმა, ურჩია და მოახსენა თამარს, მეფესა და დედოფალს. [იგი] დაემორჩილა შვიდივე სამეფოს დიდებულების მიერ კადრებულ პირველსავე რჩევას, მოისმინა თხოვნა და იძულებული შეიქნა, დამორჩილებულიყო.
მამაპაპეულ ტახტზე აიყვანეს და დასვეს მზეთა მზე, ნათელთა ნათელი, ელვარება და სხვებისთვის მზესავით მანათობელი. მოიტანეს გვირგვინი. მგალობლებმა ხმა აიმაღლეს გამარჯვებით გვირგვინოსნობასა და ძლევამოსილ მეფობაზე, გაიხსენეს, როგორ გამოუჩნდა ჯვარი კონსტანტინეს ზეთისხილის მთაზე. ამგვარ შესხმასა და გალობაში, ვინაიდან წესი იყო სამეფო გვირგვინის ლიხთ-იმერეთიდან [მოწვეულის მიერ] დადგმა, მოიწვიეს ღირსეული და მადლშემოსილი მონაზონი, ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონი საღირისძე, რომ გვირგვინი მოერთმია. მეორე მხარეს, რაჭისა და თაკვერის ერისთავი კახაბერი. სახელოვანმა და დიდებულმა ვარდანის-ძეებმა, საღირის-ძეებმა და ამანელის-ძეებმა მოიტანეს და შეაბეს ხმალი. ამ დროს დაჰკრეს დაფ-დაფებს, [ჩაჰბერეს] ბუკებს, ქოსებსა და წინწილებს, ქალაქში ატყდა ერთი ზარი და ზეიმი, უიმედოდ ქმნილთა სიხარული და შვება და იმედი. შვიდივე სამეფოს ლაშქარმა თაყვანისცა, დალოცა და ადიდა. თითოეულმა დროულად დაიკავა თავისი ადგილი. შვიდმნათობიერი თამარი ადიდა მან, რომელმაც ექვს დღეში შექმნა და დაბადა ყოველი ხილული არსი და მეშვიდე დღეს დასვენება მისცა.
თამარის შესახებ ნათქვამია „დასვენება მშვიდ და წრფელ სულში“, მოხარულ იქნა თავისი აღზრდილის აღზევებისა. მხილველმა ნახა, რომ პირველ ნათელზე უმეტესი ნათელი იყო. „და კარგი იყო და ნათელს უწოდა დღე“. ამას უწოდა ოლიმპიელთა შორის დიდი ბედნიერების ნათელი. ამან სიბრძნის შვიდი სვეტი გაამზადა, მათზე შვიდი სამფლობელოს განმანათლებლად შვიდი მადლის ტაძარი და სადგომი ააგო. დღეში შვიდგზის ღვთის მადიდებელმა შვიდჯერ გაწმინდა სიტყვები მოაბადისა და მეფის მსგავსად, როგორც ამბობს ზოგს ესაია და ზოგს _ დავითი. სოლომონის სიტყვების მსგავსად, „შვიდის პატივისმცემელი ნაწილს აძლევს მერვეს“, შვიდი სამწყსოს ერთად განმაბრწყინვებელი. ყოველ კვირაში შვიდჯერ და სამოცდაათ შვიდჯერ შეუნდობს დამნაშავეებს. ცის შვიდ სარტყელს და სფეროს მნათობებს, რომელნიც არიან კრონოსი, ზევსი, აფროდიტე, ჰერმესი, აპოლონი და არესი _ამათ დაამსგავსა მიწიერი სფერო მგრძნობელობის ხუთი ორგანოს შვიდად გადაქცევით, მიუმატა რა მათ სული და გონება. ოდესღაც ზენა მნათობს ემსგავსებოდა ქვენა მნათობი გინდაც არაჩვეულებრივი და შეუდარებელი სილამაზით, გინდაც სიბრძნის სისავსით, გინდაც მზესავით სიუხვითა და სხივების მოფენით მართლებსა და ცოდვილებზე, გინდაც გამარჯვებებით სძლევდა [ყოველგვარ] სიძნელეებს.
ჩანართი (V)
ამგვარად ასწავლა ხუთი საგრძნობელი, და სატანისა და გველის მხრივ ცთუნების გარეშე ღვთის შიშით შეიზღუდა ხედვა, ყნოსა, სმენა, გემო და შეხება. ბიწისაგან შეუხებელმა როგორც მილში, ისე უვნებლად გაიარა ეს მარად დაუდგრომელი და ქვენა გრძნობების გამღვიძებელი წუთისოფელი. ამგვარ დიდებაში და უზომო სიმდიდრესა და სიმაღლეში ისე ცხოვრობდა, თითქოს არაფერი არ ჰქონოდა და ყველა ადამიანზე უმდაბლესად და უგლახაკესად თვლიდა თავის თავს, რადგან მუდამ ახსოვდა ხმა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი ვფიქრობ წასვლას“. ნუთუ ამგვარ ღვთისმსახურებასა და კრძალვაში ეს ქვეყნიური მეფობა დიდების გარეშე და განუგებელად დატოვა? არავითარ შემთხვევაში! ყველა მეფეზე, ბრძენზე და ფილოსოფოსზე უკეთესად განაგო, შეამკო, წარმართა ისე, როგორც შეუძლებელი იყო სხვა ადამიანის მიერ, როგორც ამბობს სამეუფო სიტყვა: „შეუძლებელია ორი უფლის მონება“. ამან, თავდაპირველად სასუფევლის მეძიებელმა და ზენა სუფევის მოსურნემ, ქვენა დიდება და სიმდიდრეც უხვად და სრულად მიიღო აღთქმისაებრ იმისა, ვინც ტყუილი არ იცის: „პირველად ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე და ყოველივე ეს შეგეძინება“. გონება ზემოთ მიმართა და მშვიდი სულით განიცადა მისთვის წილხვდომილი საქმის სიდიადე, ხედვა თავის წარმმართველს მიაპყრო. როგორც ფრთამალი ორბი, ზევით აფრინდა და თვალების გუგები [გარშემო] მიმოავლო.
თავისი გონების სივრცით ყოველი საღმრთო და საერო წესი და განგება შემოიკრიბა.
ამათ და ამნაირ მნათობებსა და ზოდიაქოებს თუ ვინმე იკვლევს, ასაკთან ერთად უფრო და უფრო გაზრდის თავის შესაძლებლობებს. ავგუსტოვანი ზენა ხვედრისაგან შთამომავალმა გარდაქმნა თავისი თავი, როგორც სამოთხე, ღმერთის ხელით დანერგილი და სურნელებით საყნოსელის მაცოცხლებელი. აქ კრეფდნენ გონებათა და სულთა, გრძნობათა და აღორძინებათა მონაძღვენს. გონება ღმერთად უქცევია და სული _ არსთამხედის მჭვრეტელად, და იქ რჩება, შეუმცდარი სატანისა და გველის მიერ. აჰა, ის ჩანს, როგორც მილი, მცენარეზე გადმოდინებული ნაკადისა, და ისე, როგორც პითოდორა და კრიტია აშენებული [ძეგლებით] შეიცნობიან. ქაიხოსროს მგავსმა ხელმწიფემ ხელი მიჰყო წყალობის გაცემას და შეწყალებას, დარიგებას და დასაჩუქრებას. გახელილი თვალებით გახსნა მის პაპათა და მამათა მიერ მონაგები საგანძურები. უპირველესად, გარკვეული ნაწილი გადადო პირველისა და მარადიულისთვის, პირველისა ზეცისათვის და ჩვენი იმაქვეყნისათვის, რომლის მცნებანი, მაღლისა და უბიწოსი, გაითავისა ბიწისაგან დაცულ ადგილას დამდებელმა. დღევანდლამდე იმდენი გასცა, მშობლების დარად, რომლის რაოდენობა ურიცხვია და რიცხვი _ განუზომელი. მოვალეები ვალისაგან გაათავისუფლა, ობლებს შემწეობა მისცა და ქვრივებს _ ქორწინების უფლება. გლახაკები გააძლიერა და ძლიერები გაამდიდრა. დედოფალი რუსუდანი [მის] სწორად იქნა აღიარებული, თვით მისი და მისი გაზრდილის გამო, მისცეს საკუთრად ქალაქები, ხევები, სოფლები.
სანამ ის წყალობას ურიგებდა შვიდივე სამეფოს ამიერებს თუ იმიერებს, ზემოურებსა თუ ქვემოურებს, ზოგიერთებმა დაიწყეს ძველებური, ადამიანთა დაუდგრომელობის შესაფერისი საქმეები. ზოგმა დიდებულმა ხელისუფალმა ასეთი ფიცი დადო: ვერ დავრჩებით ძველი ხელისუფლების და საქმის გამგებლების ფირმანის ქვეშ, ვინაიდან მათ მიერ გაძარცული ვართ და ბალიშზე ჯდომას მოკლებული, გვაროვანი და ნამსახური ოჯახები უპატიოდ და უსახელოდ გაძევებული ვართ უგვარო და უმაქნისების მიერ.
თუმცა ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარი, პატრონების მიერ გაზრდილი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, მაგრამ დამბლად წოდებული სენისგან ენა, ხელი და ფეხი წართმეული ჰქონდა. თამარ მეფეს ურჩიეს, [მისთვის] წაერთმია მთელი ქონება და სიმდიდრე, მაგრამ განზრახვა გაუცუდდათ, რადგან თამარი მოწყალე იყო და კეთილი. გაიხსენა მისი ერთგულება, სამსახური და ზრდილობა და არაფერი არ ჩამოურთმევია, გარდა თანამდებობისა და ლორესი. გარდაცვალებამდე ასე დიდი სიყვარულითა და პატივით ეპყრობოდა.
და კიდევ, აფრიდონი, რომელიც ღვთის მობაძაობით, აზნაურის ყმობიდან ადამიანი გახდა, მსახურთუხუცესობამდე ამაღლდა, თმოგვისა და სხვა ციხე-ქალაქთა პატრონობამდე აღზევდა, ლაშქრის ნებითა და სურვილით დააქვეითეს და დაამხეს. ბრძოლის დამწყებებმა ძალაუფლებისა და დიდებისათვის ერთმანეთს დაუწყეს ძიძგილი.
ერთიც საშინელი მოსაგონარი: ყუთლუ-არსლანმა, ჯორის მსგავსად ორი ბუნების მქონე ცხვარმა, როგორც ამას მზაკვარი გონება ჩაადენინებს ბიჭებს, სპარსელების მიერ დაწესებული რაღაც წესი შემოიღო, ისნის ველზე, „საგოდებლის“ სანახებში, კარვის დადგმა ითხოვა და თქვა: „იქ შევიკრიბოთ, განვაგოთ, რა გავცეთ და რა მივიღოთ, ვინ შევიწყალოთ და ვინ შევრისხოთ, შემდეგ [ეს] შევკადროთ და ვაცნობოთ თამარს, მეფესა და დედოფალს, მაშინ შესრულდება ჩვენს მიერ განგებული“.
როგორი საწყენიც ეს იყო _ პატრონის ხელმწიფობის დასასრულის მომტანი _ ისე იწყინა, გაიკვირვა და გაიგო გონებით აღსავსემ და სიბრძნის საუნჯემ. გადაწყვიტა მოქმედთა მეთაურის დაჭერა. ახლობლებისა და ერთგულთა თანამზრახველობით შეიპყრო ყუთლუ-არსლანი, მეჭურჭლეთუხუცესი, რომელიც ამირსპასალარად და სომხეთში, ლორეში, სომეხთა მეფის ტახტზე დასაჯდომად ემზადებოდა.
როგორც კი ეს გაიგეს მასთან შეფიცულმა და მისი გამთიშველობისა და უკეთურების ხელისშემწყობებმა, შეიყარნენ და განუდგნენ თამარს. მტკიცედ დაადგინეს ახალი გეგმა ყუთლუ-არსლანის გასათავისუფლებლად და იქადოდნენ, რომ არ დაუშვებდნენ მისთვის რამე ზიანის მიყენებას. მოემზადნენ ისანზე თავდასასხმელად. მაგრამ ვინაიდან უფლის მარჯვენა და მაღალი მკლავი შეეწეოდა და თანამბრძოლ ექმნებოდა მის მებრძოლებს, და მის ნაცვლად იარაღისა და ფარის ამღებელი, დასამხობად ეკვეთებოდა მის მოწინააღმდეგებს, ამაო გამოდგა მათი განზრახვა, როგორც აბიათარ მღვდლისა და იოაბ სპასპეტის განზრახვა, რომელნიც სოლომონის ძმას, ორნიას, შეუერთდნენ. თამარმა [ყუთლუ-არსლანთან] ორი საპატიო მანდილოსანი გააგზავნა: ხვაშაქ ცოქალი, ქართლის ერისთავთ-ერისთავის, რატის, დედა, და კრავაი ჯაყელი, ახლანდელი სამძივარების დედა. უბრძანა, ფიცის ქვეშ დანებებოდნენ და არავის არ დასჯიდა. დიდებულები დაემორჩილნენ პატრონის ბრძანებას, მასთან მოსულებმა მუხლმოყრით თაყვანი სცეს, პატრონისგან ფიცი მიიღეს და თავიანთი ერთგულებისა და მორჩილების პირობა მისცეს.
ისევ დაჯდა ღვთის მიერ ცხებული თამარ ცამდე ამაღლებულ ტახტზე აფროდიტეს მსგავსი მშვენებით და აპოლონის მზეებრი სიუხვით, საჭვრეტად სასიამოვნო _ გულის წაღებამდე და ყველა მნახველის _ ველად გაჭრამდე და თავისი ბრწყინვალე მარგალიტის დარი, ღვთივქმნული, შეუდარებელი გარეგნობით მნახველების თავდავიწყებამდე მიმყვანი. [იგი] ზრუნავს და ზრუნავდა ყველა იმაზე, ვინც ზრუნვას საჭიროებდა.
უპირველეს ყოვლისა, ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის, მიქაელ მირიანის ძის და ამირსპასალარ გამრეკელ-თორელის გარდაცვალების შემდეგ, ორი _ ვეზირი და სპასპეტი რომ აერჩიათ, შვიდივე სამეფოს დიდებულების თანადგომითა და თანხმობით ჭყონდიდლად, მწიგნობართუხუცესად და ვეზირად ბრძანა მისი მამის გაზრდილის, ბრძენი და გონიერი, პატრონების ერთგული და გამგებლობის მცოდნე ანტონის დამტკიცება. ამირსპასალარად კი დაადგინა სარგის მხარგრძელი, დიდგვაროვანი და ბრძოლებსა და ახალგაზრდულ [შემართებებში] გაწვრთნილი, უბოძა ლორე, სათავადო და სამთავრო სომხეთში. მის ვაჟს, ზაქარიასაც, დალოცვით წყალობა უყო.
ჩანართი (V)
ზაქარია და ივანე, მხარგრძელის ძეები, მეფეებისთვის თუმცა ერთგული და ბრძოლებში დიდად გამოცდილი, სახელოვანი ადამიანები იყვნენ, მაგრამ სარწმუნოებით სომხები იყვნენ. ივანემ ზედმიწევნით იცოდა წმიდა წერილი, რომლის გამო შეიცნო თავისი რჯულის სიმრუდე, მოინათლა და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა, რასაც ქვემოთ ნათქვამი სიტყვები ცხად-ჰყოფენ.
მისი უმცროსი შვილი ივანე დარბაზის ყმად ითაყვანა. დაამტკიცა. ჭიაბერს მანდატურთუხუცესობა უბოძა და ხელში ოქროს კვერთხი მისცა, ტანზე ძვირფასი სამოსი ჩააცვეს. ოქროთი მოჭედილ სავარძლებში დასვეს, ზოგი მის მარჯვნივ, ზოგი _ მის მარცხნივ. მეჭურჭლეთუხუცესობა დიდგვაროვან კახაბერ ვარდანის ძეს უბოძა, მსახურთუხუცესობა _ ვარდან დადიანს, მცველთაუხუცესობა _ მარუშიანს, ჩუხჩარეხის ძეს. ვინაიდან ორთავე ამათი მამები მოხუცებული იყვნენ, მამების პატივი მათ მიანიჭა და ბალიშებზე დასხა. ამილახვრობა გამრეკელ თორელს უბოძა, რომელიც სარგის მხარგრძელის შემდეგ ამირსპასალარიც გახდა.
იმ დროის ერისთავები იყვნენ: ბარამ ვარდანის ძე _ სვანების ერისთავი; კახაბერ კახაბერის ძე _ რაჭისა და თაკვერის ერისთავი; ოთაღო შარვაშის ძე _ ცხუმის ერისთავი; ამანელის ძე _ არგვეთის ერისთავი; ბედიანი _ ოდიშის ერისთავი. ლიხს აქეთ: რატი სურამელი _ ქართლის ერისთავი; ბაკურ-ყმა ძაგანის ძე _ კახეთის ერისთავი; ასათ გრიგოლის ძე _ ჰერეთის ერისთავი, რომელმაც ძალითა და მძლავრობით წაართვა [თანამდებობა] საღირ კოლონკელიძეს, მცირე ხანს ეკავა და მერე ითხოვა არიშიანის ადგილას ბალიშზე დაჯდომა და ჰერეთის ერისთაობა თავის შვილს, გრიგოლს გადასცა; სამცხის ერისთავად და სპასალარად განაწესეს ბოცო ჯაყელი. სხვა ხელისუფალნი, სამეფო სასახლისა და ტახტის წინაშე მდგომელნი, სასახლის წესების მიხედვით განაწესეს.
ამასთან ერთად ეპისკოპოსები და ტაძრები შესაწირავით გაავსო, ეკლესიები ხარკისა და ბეგარისაგან გაანთავისუფლა. მისი მეფობის დროს მიწის მუშაკები გააზნაურდნენ, აზნაურები _ დიდებულები გახდნენ, დიდებულები ხელისუფალნი შეიქნენ., რაც ჩანს სამგზის სანატრელი თამარის [მეფობის] თერთმეტი წლის აღწერაში. მან დავითისეული სიმშვიდით, სოლომონისეული სიბრძნით, ალექსანდრესეული სიმხნითა და დღევანდელი საზრუნავის ხვალისთვის არ გადადებით, დაიკავა [ქვეყანა] პონტოს ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სპერიდან დარუბანდამდე, კავკასიის ამიერ და იმიერ [მცხოვრებნი] ხაზარეთამდე და სკვითებამდე. [თავისი] ცხოვრებით ნეტარების მიმღები იქმნა, რომელიც ისეთ დიდ სიბრძნესა და გონიერების სიმშვიდეს ფლობდა, რომ თავისი გამგებლობის თორმეტი წლის მანძილზე არავის გაროზგვა არ უბრძანებია, ყოველგვარი სისხლის დაღვრისაგან, თვალების დათხრისა და სხეულის ნაწილების მოკვეთისაგან შორს იდგა, მტკიცე ნების მქონე, შიშისა და ზარის დამცემი, მშვიდობიანი და მშვიდობის მოქმედი, ხარობს და მეფობს თავის სამეფოში და სამფლობელოში. არავის არსად არ უნახავს, რომ მის გარდა ვინმეს ასე უვნებელად და მშვიდობიანად მოეთოკოს ადამიანთა ქედფიცხელობა და ურჩება.
ხოლო სხვა ჩვევების შესახებ, როგორიცაა: გამარჯვებები, საზღვრების მოვლა, მამაკაცებისა და მისი თანატომელების ვაჟკაცობა; ხან რაინდობა და მხედართა ქვეითი წვრთნები და ცხენოსნობა, გმირობად ჩასათვლელი, ხან მშვიდი და წყნარი საუბრები, _ თუ რა და როგორი იყო, [ამას] წინამდებარე [თხრობიდან] გაიგებს მკითხველი.
თამარის პირველი ქმარი
კეთილი და ტკბილი პატრონის წყალობა და კეთილგანწყობა ლაშქრისა და რაინდების მიმართ სრული რომ ყოფილიყო, შეიყარნენ [მის ბედზე] დაფიქრებული [ადამიანები] და განიზრახეს გამოსავლის მოძებნა:
ქმრის მოყვანა, რომელსაც შეეფერებოდა, რომ თითქოს ყოფილიყო გმირებისა და გოლიათების, ან „გარეშედ“ წოდებული ელინების მსგავსად სისხლის დაღვრის, ან გადარეული მიჯნურების მსგავსად ველად გაჭრის დრო
როგორც თამთა _ თუმიანისთვის,
როგორც ამირანი _ ხორეშნისათვის,
როგორც ხოსრო-შანშა _ ბანუისთვის,
როგორც მზეჭაბუკი _ ხაზართა მზისათვის,
როგორც იაკობი _ რაქელისთვის,
იოსები _ ასანეთისთვის,
დავითი _ ბერსაბესთვის და აბისაკისათვის,
როგორც პელოპი, მხნედ მებრძოლი, იპოდამისთვის, ონომაოს ასულისა,
როგორც პლუტონი _ პერსეფონესათვის,
როგორც რამინი _ ვისისათვის,
როგორც ფრიდონი _ შაჰრინოს-არნავაზისათვის,
როგორც შადბერი _ აინლიეთისათვის.
საჭირო იყო, რომ გამოჩენილიყო ვინმე: ან გმირთა მსგავსი გმირები, ან დიდებული და ვაჟკაცურად მებრძოლი მამამთავრების მსგავსი მამები, ან გარეშეთა (ელინების) მსგავსად შეყვარებულისათვის სისხლის დამნთხეველნი, ან მიჯნური ლომები და მზენი, ველად გაჭრილნი ამ მზისა და მზეზე უმეტესისთვის, და მათ მიერ მოთხრობილ მზედ და მნათობად აღიარებულებზე უფრო ბრწყინვალისა და უნათლესისათვის. მაგრამ ვინაიდან ძნელი მოსაფიქრებელი იყო, რადგან ღმერთს ამისი თანასწორი არ დაუბადია და მგონია, რომ არც დაიბადება, გამოჩნდა თბილისის მკვიდრი ვინმე თავადი, მეფეთ-მეფისაგან წყალობით ხელდასმული, ქართლისა და თბილისის ამირა, სახელით აბულასანი, რომელმაც თქვა: „მე ვიცი შვილი რუსთა მთავრის, ხელმწიფე ანდრია დიდისა, რომელსაც რუსთა სამასი მთავარი ემორჩილება. იგი მამის შემდეგ მცირეწლოვანი დარჩა, ბიძის, სავალათ წოდებულის, მიერ ექსორია-ქმნილი გადმოიხვეწა და ამჟამად ყივჩაღთა მეფის, სევინჯის, ქალაქშია“.
მას მოუსმინეს და იხმეს ერთი ადგილობრივი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. იგი ცხენების სწრაფი ცვლით მივიდა [იქ], წამოიყვანა და დათქმულ დროზე ადრე მოიყვანა ლამაზი შესახედავი, კარგი აღნაგობის, გვარიშვილობით მნახველებზე შთაბეჭდილების მომხდენი [ვაჟკაცი]. მისმა მნახველებმა და გამცნობებმა _ პატრიარქმა, დიდებულებმა, ვეზირებმა და მეომრებმა _ თამარს მოახსენეს და მისი ნებართვის გარეშე ქორწილი მოამზადეს. თამარი გულწრფელი იყო და რჯულის მტკიცედ დამცველი. ზოგიერთები დამწუხრებულები ურჩევდნენ ქმრად ალექსის მოყვანას, რომელიც [მისი] ახლო ნათესავი და მამით ბერძენთა მეფის ძმისწული იყო. ის იმ დროს იქ იმყოფებოდა _ და იმის შიშით, რომ ეს არ მომხდარიყო, ქორწინების საერთოდ არ მოსურნემ ითხოვა, რომ ქმრის შერთვისგან გაენთავისუფლებინათ. მაგრამ დედოფალმა და მეომრებმა აიძულეს, ეს გაეკეთებინა და როგორიც მისი ოლიმპიური დიდებულებისა და მეფობის ხვედრი და წესი იყო, ისეთი ქორწილი შედგა, შეუდარებელი და იგავმიუწვდენელი, მრავალნაირი სანახაობანი იყო, თვალ-მარგალიტის, ოქროჭედილისა და უჭედელის, სიმდიდრისა და ლარის, შეკერილისა და შეუკერავის ჩუქება და ბოძება. ერთი კვირა გრძელდებოდა სიხარული, გართობა, საჩუქრების გაცემა.
ხოლო მე ამ საწყენ და მძიმე საქმესაც გაუწყებ: მოსული იყვნენ ოსეთის მეფის შვილები, მშვენიერი და ლამაზი, ღირსეული და ჭაბუკობის განმასახიერებელი მოყმეები, მთხოვნელები: „ღირსი რომ ვიყოთ, [თამარს] მოვეწონოთ და ზენა ბედს ვეწიოთ!“ და ვინაიდან მათ განზრახვას აღსრულება არ ეწერა, უკან თავის მამულში დაბრუნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ვერ გაუძლო თამარის სიყვარულსა და სურვილს, ბნედისაგან ლოგინად ჩავარდა და ნიქოზში, წმინდა რაჟდენის საყდარში გარდაიცვალა. იქვე დაკრძალეს.
და სხვა [ამბებს], თუ რამდენი ხელმწიფის ძე, ამაზე თავდავიწყებამდე გამიჯნურებული და გახელებული, თავის სურვილს რომ ვერ ერეოდა, ამას ქვემოთ ნათქვამი ცხად ჰყოფს.
ამის შემდეგ ლაშქრობა წამოიწყეს. რუსთა, და უფრო აფხაზთა მეფე თბილისიდან გავიდა. აღმართეს ძლევამოსილი და [ბრძოლებში] ნატარები დროშა, წინ წაიძღოლიეს მეფეთა სკიპტრის მფარველი ცხოველმყოფელი ჯვარი. პირველად ყარსისა და კარნიფორის ქვეყანაში გაილაშქრეს და ბასიანამდე მოარბიეს. გამარჯვებულები და [ალაფით] სავსენი მობრუნდნენ და ღვთივგანათლებულ პატრონთან მოვიდნენ, აივსნენ სიყვარულითა და სიხარულით.
ამაზე უწინ არანისა და გელაქუნის თურქთა ლაშქარი ფარავნისა და ძაღლისხევად წოდებულ მხარეში მოვიდა. თავდამსხმელთა წინააღმდეგ გამრეკელი კახას ძე გამოვიდა და უძლეველი თამარის ბედის წყალობით, მცირე ლაშქარმა სძლია [მათ] დიდ ლაშქარს, გააქციეს, ამოწყვიტეს და დიდი ნადავლი მოართვეს თვითმპყრობელს.
იმავე დროს მოვიდნენ ცხენოსანი და ქვეითი კარნუქალაქელები, შამელები და გარმიანის თურქები, გაივსო შავშეთისა და კლარჯეთის ქვეყანა. აქეთა მხარეს შეიყარნენ ტაოელი გუზან აბულასანის ძე და მისი ქვეყნის ლაშქარი, ბოცო და მისი მხლებელნი, მიუსწრეს მესხებმა და მარბიელ-მოთარეშეებს იქვე შეებნენ. თამარის ბედმა და სვემ სძლია, იქაც გააქციეს და დახოცეს. იქიდანაც ურიცხვი ტყვე და ცხენი მოასხეს ღვთივგვირგვინოსანი, დღითიდღე აღმატებული და წარმატებული მეფის წინაშე. ამით ხარობდნენ, იშვებდნენ, ნადირობდნენ და ლაღობდნენ.
ამის შემდეგ წავიდნენ სარგის და ვარამ მხარგრძელების ძენი, ჩინებული მოყმეები, უფროსები ზაქარია და ზაქარია, დალოცვილნი, და ივანე და სარგისი, დაულოცველნი, და ილაშქრეს დვინის ქვეყანაში. გამარჯვებულებს და ალაფით დატვირთულებს დვინელთა და სურმანელთა ლაშქარი წამოეწიათ. ლომის შემართებას ჰგავდა, ამიტომ საბოლოოდ გააქციეს. გამარჯვებულები და ალაფით დატვირთულები სახელოვნად მოვიდნენ მეფეებთან. მათ წყალობა მიაგეს და მადლი გადაიხადეს.
ამის შემდეგ გარკვეული ხანი ქვემონი ქვემოთ ლაშქრობდნენ, ზემონი _ ზემოთ, შუანი _ შუა და ყველგან გამარჯვება და ძლევა რჩებოდათ.
მეფემ, თამარის ბრძანებით, ლაშქარი შეკრიბა და დვინისკენ გაემართა, პართელების ქვეყანა მოაოხრა, ქალაქი აიღო, წამოიღო იქაური განძეულობა, ტყვეები წამოიყვანა და სვებედნიერ და ნათელ-ბრწყინვალე, თვალ-დაუღამებელ და დღე-მარადიულ, სულისა და სხეულის საწადელ და საშვებელ თამართან მოვიდა.
ზოგჯერ ლაშქრობებისგან ისვენებდნენ და მომლხენნი ჩვეულებისამებრ იმერეთის ქვეყანაში გადადიოდნენ. ზოგჯერ შირვანის საზღვრამდე ჩადიოდნენ. შარვანშა დიდი საჩუქრითა და ძღვენით მოდიოდა, ერთად ნადირობდნენ მინდვრებში და მხიარულები ისევ გაიყრებოდნენ. საბოძვარს მრავლად უბოძებდა და ძმური პატივით გაისტუმრებდა. ისიც ყმასავით მონურად ემორჩილებოდა და ემსახურებოდა.
ამის შემდეგ დიდძალი ლაშქარი შეკრიბა და დაიძრა გელაქუნისაკენ, რიმელთანაც ბრძოლა ძალიან ძნელი იყო თურქმანთა ზღვის ქვიშასავით სიმრავლის გამო. თავს დაესხნენ, ამოწყვიტეს, ხელთ იგდეს დიდძალი ტყვე და ნადავლი. წამოსულებს გელაქუნის მთელი თურქმენობა წამოეწია სირიელი დიდებულების, როსტომისა და იალღუზ-ალფესის, წინამძღოლობით, რომელნიც იმ დროს თავისთან ჰყავდა ყიზილ-არსლან ათაბაგს. და როცა საბრძოლო წყობამ და რაზმმა ერთმანეთს შეუტია, თამარის მოყმეებმა თავისი აჩვენეს, მოხუცი ახალგაზრდას უსწრებდა და ახალგაზრდა _ მოხუცებულს, პატრონი _ ყმას და ყმა _ პატრონს. გააქციეს, ამოწყვიტეს და დახოცეს. და თავიანთ სამეფოში მოვიდნენ, მთელი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფისა და დედოფლის წინაშე.
ამის შემდეგ, ასათ გრიგოლის ძის მიწვევით დიდი და სასახელო ლაშქრობა მოაწყვეს განჯას ქვემოთ ბელაქანამდე, შემდეგ _ არაქსის ზემო პირას მასისამდე. იქაც, დიდი ლაშქრის დევნისას, თავი ისახელეს ამ სამეფოს ბუმბერაზებმა: მსახურთუხუცესმა ვარდან დადიანმა, ოთხივე მხარგრძელმა და სხვა დიდებულებმა და აზნაურებმა, თითონ მეფის დასწრებით, დიდი და მძიმე ომი გადაიხადეს, გააქციეს და იქიდანაც გამარჯვებულები და სიხარულით აღსავსენი დაბრუნდნენ.
ამგვარი მშვიდობის, გამარჯვებისა და ზეობის დროს თავი იჩინა ყოვლად უცხო და უმსგავსო, კაცის გონებისათვის შეუფერებელმა და დაუჯერებელმა საქმემ: სვე-უბედური რუსის, სკვითად წოდებულის, გულში სატანამ დაიბუდა, ხელმწიფეთა მზეს და მეფეთა ელვა-ცისკროვნება თამარს საწყენი სიტყვებით მიმართავდა. თავისი თავის იუდად მყოფელმა არ იცოდა, რა ექნა. დამარცხებული და შვიდ სულზე უბოროტესი პირველი [სულის] მიერ დამონებული, სოდომურ ცოდვასაც აჰყვა, ქცევით დაქცეულ-განადგურებული და წარწყმედით წარწყმედილი. თამარ წყნარი და ნარნარი, საზრიანი და გონიერი ითმენდა ამ უცხო და ურიგო საქმეს. ასე გრძელდებოდა ორი თუ მეტი წელი უცხო განსაცდელის მოთმენაში.
როგორც კი ვეზირებმა და დიდებულებმა ეს გაიგეს, შეწუხებულებმა ერთხმად დაასკვნეს, რომ ეს ძველი მტრისაგან მოდიოდა, რომელმაც ძმას ძმა მოაკვლევინა, მამას _ შვილი და პირველი ადამიანი სამოთხიდან გამოაძევა, როგორც ახლა ამ ხილული სამოთხისა და უბრწყინვალესი ედემიდან შეუმზადებია გამოძევება, რადგან ძველი ხაკან სკვითის მსგავსად მოსდგომია მას. იქ თუ იგი ქალაქთა დედოფალს მოადგა, აქ ეს _ დედოფალთა-დედოფალს და მეფეთა-მეფეს. ბოლოს, რაკი არ ენდობოდნენ ეშმაკთა მსახურებისაგან დაუძლურებულს [გიორგი რუსს], ჯერ კიდევ მოწყალე და განურისხებელმა თამარმა ცრემლების ღვრით გააძევა, მაგრამ აურაცხელი ლარი, სიმდიდრე და განძი [გაატანა]. ის, ვინც სიკვდილს იმსახურებდა, არავის დაანება სასიკვდინოდ, მზეებრი სიუხვით არავინ მიუშვა, რომ ის გაეძარცვათ. ნავში ჩასვეს და ზღვით კონსტანტინოპოლში ჩავიდა. გარკვეული დრო იქ იმყოფებოდა.
ამის შემდეგ [თამარის] უფრო და უფრო მეტ, უკეთეს და უკეთეს ხელისუფლებასა და ხელმწიფობაზე ალაპარაკებს ყოველ უცხოელს საუფლო ხელი და მაღალი მკლავი, ბრძოლებში დამხმარე და გამარჯვების მომპოვნებელი, მის მამა-პაპათაგან, მით უმეტეს, მხოლოდ ბედზე მინდობილი წარმართებისაგან განსხვავებული ბედი და სვე.
მას ძღვენს აძლევდა ყველა მეფე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, მისთვის კარგავდნენ ჭკუას მისი სახებრწყინვალების შესახებ ამბის მცნობელნი. ბერძენთა მეფის მანუელის შვილი, პოლიკარპოს მოყმე, ყველაზე ადრე გაიჭრა და გახელდა [მისი სიყვარულით], ანდრონიკეს თავისი მეფობისა და ბერძნების ამოწყვეტის დროს რომ არ შეეპყრა და არ დაესაჯა იგი. მსგავსი იყო ასურეთისა და შუამდინარეთის ანტიოქიის მეფის შვილი, მას რომ შესძლებოდა სხადასხვა ბარბაროსებს შორის გზის გაკვალვა, წამში აქ აღმოჩნდებოდა. კიდევ, სულთან ყიზილ-არსლანის ერთი შვილთაგანი, [თამარის] ამბის სმენით გადარეული, ძლივს დააკავა მამამ, რადგან ეშინოდა, რჯულს შეიცვლისო.
ხოლო ახლოს მყოფებს იმგვარი ტრფიალება ჰქონდათ, რომ უღირსებს თავიანთი უღირსობის რიდი და სირცხვილი არ ჰქონდათ, არც ნათესავებს _ ნათესაობის რიდი. როგორც მზის შუქი აშუქებს ციდან მიწიერებს, რომ მას უჭვრიტონ, ისე თამარის ხელმწიფობის შუქის ნათელი-ბრწყინვალება მიწიდან ეფინება ცის გუმბათს.
ამის მცნობელი სალდუხის ძის ძე, სახელად მუტაფრიდანი, მშობლების უნებართვობის არად ჩამგდები და მაჰმადის სიამეთმოყვარეობის რჯულის უარმყოფელი, [მაჰმადისა], რომელმაც ადამიანების მიზიდვით თავის ნებაზე უმოძღვრა ადამიანებს ეს წუთისოფელი, სურვილით და ტურფა გარეგნობის გაგონებით ძლეული, თვითმფლობელის, ყველა მეფეზე უზენაესის, თამარის წინაშე მოვიდა თავისი სამფლობელოდან დიდი ლაშქრით, მრავალი დიდებულით, ხოჯათი და საჭურისით, მონებით და მხევლებით, ბარგითა და სიმდიდრით, სახელმწიფოებისთვის საკმარისი ძღვენით, თვალ-მარგალიტთან, საგანძურთან და ლართან ერთად ავაზებისა და ტაიჭების სიმრავლით. ხელმწიფის სახლის წესის შესაბამისად, დიდებულები პატივითა და სიყვარულით მიეგებნენ, სამეფო სასახლეში მოიყვანეს. მისი პაპა, სალდუხ ეზდინი, ამის პაპას დემეტრეს, დიდსა და სახელგანთქმულ ხელმწიფეს, გორგასლიან ჭაბუკს, ოდესღაც ძალით და დიდი გარჯით ხელში ჩაეგდო და მოეყვანა. ამჟამად ამან [თამარმა] სიტყვით, და შესაძლოა, სიტყვის ღირსების გარეშე, მოიყვანა, როგორც მოხარკე მონა. ნელა, მშვიდად და ხანგრძლივ უმასპინძლა [მას], რომელმაც ნახვისთანავე რამინის მსგავსად ცრემლთა ნაკადი გადმოადინა. პატივით დასვა სელის სკამზე და შეიქნა ენით უთქმელი მხიარულება, როგორც შეეფერებოდა ამ სახლის დიდებული მოყმეების ნადიმსა და ენაწყლიანობას, მრავალგვარი სანახაობის, მომღერლებისა და მოთამაშეების განწყობილებას. უამრავი იყო ძღვენი, საბოძვარი და შესამოსელი. ამგვარ სიყვარულში, პატივსა და ბოძებაში ზამთარი სომხითში და თბილისში გაატარა. ძალიან მოსწონდა სანადირო ადგილები და თავად პატრონის მოყმეები, რომლის სიკეთის შესახებ საუბარი კაცთაგან შეუძლებელია. გაზაფხულის პირზე წაიყვანეს და სანადირო ადგილები, მინდვრები, მოედნები და კახეთისა და რანის ქვემო მხარეები აჩვენეს. რანის დიდებული მოყმეები და მოლაშქრეები, რომელთაც ეს ყველაფერი მოსწონდათ და აქებდნენ, ერთობოდნენ, ხარობდნენ, ადიდებდნენ და ელოდნენ თავიანთი უკვდავ-ქმნილი პატრონის [გადაწყვეტილების მიღების] დროს.
ვინაიდან ლაღი და ამაყი თამარი შეუფერებელ შესატყვისობაზე ამაღლდა თავისი გონების ფრთოვანებით, სამეფო ქალაქში შემოსულებმა მისი ტრფიალის ქედმაღლობა მოთოკეს. სელჯუკიანის შვილი საულის საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდა: მან მამის სახედრების ძებნაში მეფობა ჰპოვა, ამან მეფობის და ზესთა მეფეთა მეფობის მძებნელმა, ჰპოვა ის, რაც საულის დანაკარგს შეეფერებოდა.
იყო ვინმე ხარჭის ნაშობი, თითქოს მეფის შვილად აღიარებული. მთქმელებმა, ამაო რომ არ ჰგონებოდათ, უფრო მეტიც, გამაუქმებლებმა, ქორწილი გადაწყვიტეს, შერთეს და სახელოვანი ქორწილი გადაიხადეს. მრავალნაირი სამოსი უბოძეს, ცხენები და აკაზმულობა სხვა საქონელთან და სიმდიდრესთან და ლართან ერთად და თავის სამყოფელში, არზრუმში, გაგზავნეს, მაგრამ როგორი ცრემლითა და გლოვით, კაცთა ენით არ ითქმის.
ამის შემდეგ, ვითომდა სტუმრად, მოვიდა აღსართან შარვანშა, რომელიც სიყვარულისაგან გონებიდან იყო გადასული. ისლამის ძველი და ახალი რჯულის მიხედვით თავისი გვარისგან განდგომილი, თავისი რჯულის უარსაყოფად გამზადებული, აურაცხელი ქრთამის ფასად ევედრებოდა ყველა თანამდებობის პირს, მოძღვარს და კათოლიკოსს. მაგრამ, მართლაც, ამაო და უკეთური ხდებოდა ეშმაკის ზრახვა, რადგან თამარს მტკიცე და თავის ზენაარ ბედს მინდობილი სული ჰქონდა, და გონება, სიტყვის მშობელი, იმ უმაღლესი გონების მიმართ ჰქონდა მიპყრობილი და მეფურად იღებდა ღვთის სიტყვის შვიდწილ განწმედილ ტაძარს. ყველას, ეშმაკისაგან დამარცხებულს და [საეშმაკო] საქმისათვის წამქეზებელს, სატანის მზაკვრობის მიმდევარს, არცხვენდა. როგორც შეეფერებოდა, ისეთი პატივით გააგზავნა [იგი] და დიდ ძღვენთან ერთად თბილად დაარიგა: „კვლავ ნუ ინებებ ამგვარი რამის თქმას“.
მეორე ქმრის ამბავი
მატულობს თამარ სვებედნიერი ხელმწიფის ზარ-ზეიმი, მოყმეები ლაშქრობენ, მთასა და ბარში არის გამარჯვება, სიხარული, სიყვარული, შვება და ნადირობა, მაგრამ გულშემატკივარნი წუხდნენ და განიცდიდნენ უმომავლობას და შვილის არყოლას. და სანამ შვიდივე სამეფო საქმის ამგვარ შეჭირვებას შეეპყრო, ღვთის განგებით, რომელიც მდაბალთ აამაღლებს და თავხედებს შემუსრავს, რომელიც წმიდა სახარებაში ამბობს: „არა რომლებმაც მე გამომარჩიონ, არამედ რომლებიც მე გამოვირჩიე,“ იპოვეს გზა, და როგორც დავითი, რომელსაც გამოჩენა მოუნდა, ამბობს: „ყველაზე პატარა ვიყავი მე ჩემ ძმებს შორის და უმცროსი მამიჩემის სახლში. ხოლო თვითონ უფალმა ინება და მცხო ზეთი თავისი ცხებისა“, და შემდეგი.
დედოფალ რუსუდანის სახლში იყო მოყმე, შთამომავალი ეფრემის ძეთაგან, რომლებიც ოსები არიან, ბრძოლაში შემმართებელი და ძლიერი ვაჟკაცები. იგი დედოფალ რუსუდანს, ვინაიდან მისი ნათესავი იყო მამის დის, დავითის ასულის, ოსეთში გათხოვების შედეგად, აღსაზრდელად თავის სახლში მოეყვანა. იქ მიმავალ-მომავალნი ხედავდნენ, რომ მოყმე ფერ-სახით მშვენიერი, ბრტყელ-ბეჭიანი, სახით ლამაზი, ტანად ზომიერი იყო და ორივე გვარის მხრიდან ხელმწიფობისთვის [შესაფერისი].
სამეფოს მკვიდრებმა შეჰკადრეს და მოახსენეს დედოფალ რუსუდანს, თუმცაღა მისი ნებაც იყო. მისი დახმარებით ვეზირებმა და დიდებულებმა მოახსენეს და ვედრებით მიმართეს თამარს და უთხრეს შემდეგი: „ზენა განგება რომ არ იყოს მის ქმედებაში, თქვენი მეფობა ხედავს, თუ რამდენგზის რამდენი მოყმე, ბერძნების და რომაელების, სულთნებისა და სკვითების, სპარსელების და ოსების ხელმწიფეთა შვილები ცდილობდნენ, მაგრამ სამართლიანად ჩაიშალა, რადგან შეუძლებელი იყო [ეს მომხდარიყო] საუფლო ბრძანების გარეშე“.
მაშინ თამარმა, რომელიც მშობლის დარად ენდობოდა თავის მამის დას და მისგან დიდ წყალობამიღებულ ლაშქარსა და მეომრებს, ბრძანებით თქვა: „ღმერთია ჩვენი მოწამე, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი გული ქმრის მოწადინე, არც ადრე და არც ახლა. ჩემი უმომავლობა რომ არ ემუქრებოდეს ტახტს, რომელიც პირველად ღვთის მიერ და შემდეგ მშობლების მიერ არის ჩემთვის რწმუნებული, ახლაც ამის მთხოვნელი ვარ“.
არ მოეშვნენ და დედოფალს შეჰბედეს. წავიდნენ იმიერი და ამიერი დიდებულები, წამოიყვანეს დედოფალი და მისი გაზრდილი დავითი, ღვთის რჩეული და თბილისის სანახებში დიდუბის სასახლეში მოვიდნენ. იქ გადაიხადეს მათი ხელმწიფობისა და ამაღლებული სახელის შესაფერისი და საკადრისი ქორწილი. დედოფალი რუსუდანი, ყოველგვარი სიბრძნით სავსე, მოქმედებდა: აქეთ [თავად] ბაგრატიონი, ბაგრატიონთა ამაღლებული გვარის შესაფერისად აწყობდა სახლის [დარბაზებს], ქვემოთ, ხორასნისა და ერაყის სულთნების რძლობის შედეგად გაცნობიერებული, იქაურ სანახაობასა და გართობას აწყობდა. გალაღებულნი ხარობდნენ, გლახაკები მდიდრდებოდნენ, იყო მგოსნებისა და მოთამაშეების შეჯიბრება, სანახაობათა მჭვრეტელი ხალხის სიმრავლე, და ამასთანავე სანახაობათა შესრულება. მოსაყოლად შეუძლებელია, თუ როგორ ბედნიერებაში, სვიანობაში ბედნიერი და გამარჯვებული იქნა თამარის დღეკეთილობა დავითიან მოყმესთან, დავითთან, ერთად. ამას გაიგებ წინამდებარე პირდაპირი მოთხრობებით.
დავითმა ერთი წლის მანძილზე გაუსწრო ყველა მშვილდოსანს, ცხენოსანს, მოცურავეს, მოასპარეზეს, მწიგნობარსა და ხელთ საქმეში ყველა გაწაფულს. რომ როგორც დღეს ჩანს, [ქვეყნის] შიგნით ვინ იყო მისი მასწავლებელი ან თანამოსწავლე? ხოლო თუ უცხო ქვეყნიდან მოსულა, მისებრი არავინ არ გამოჩენილა.
მშვიდობისა და მათ მიერ მტრების დამარცხების შემდეგ, ერთხელაც [თამარმა] შეიტყო, რომ ძნელბედი და უბედური რუსი კონსტანტინოპოლიდან წამოსულა და ეზინკის ქვეყანაში, ქალაქ ყარსში მოსულა.
იმჟამად მეჭურჭლეთუხუცესის შემცვლელი, რჯულით ბარბაროზი და ქცევით ტარტაროზი, კეთილი და ალერსიანი პატრონების მიერ გალაღებული, გარკვეული საქმისთვის მოციქულად გააგზავნა. და ქალაქ ყარსში მისვლისას, რუსი და იგი ერთმანეთს შეხვდნენ. შეუერთდნენ იქაურები, რათა რუსი სასახლეში დაებრუნებინათ. მისგან სარგებლის მიღების მოსურნენი შეევედრნენ ამ დიდ მოციქულს, რომელიც აქედან იყო წასული. მაშინ გაიგეს ამ სამეფოს მკვიდრებმა, და უფრო კი _ ეშმაკმა, რომელიც ყოველთვის იბრძვის, როგორც ადამიანთა გულების სიცრუე დავითის გაოცებას [იწვევს], რომელნიც მისი მეფობის თანამოზიარე და მისგან უხვი და გულითადი წყალობით სავსე იყვნენ, იმათაც ჩაიდინეს ყველა ძველსა თუ ახალზე უბოროტესი საქმე. ამ სამეფოში თუ ვინმე ნებსით თუ უნებლიეთ პატრონებს განდგომია, ქვეყნის დასაბამიდან არსად არავის უნახავს ის წარმატებული და გამარჯვებული, მაგრამ ეგრეც მომხდარა თავისიანებისა და ნაშიერების, ამ სახლის შვილებისა და ძმების მიზეზით. მაგრამ ეს საიდან და როგორ?
პირველად გუზანი შეუერთდა, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი, რომელიც პატრონს ძველი მეფეების, ტაოელი დიდებულების ადგილას ჰყავდა გამწესებული. აქედან _ ბოცო, სამცხის სპასალარი, ყოველგვარ ზომაზე მეტად შეწყალებული, სხვა მესხ დიდებულებთან და აზნაურებთან ერთად, ივანე ციხისჯვარელის გამოკლებით, რომელსაც ყვარყვარესაც უწოდებენ. იგი თავის სამფლობელოში გამაგრდა, როგორც შეეფერებოდა მას, რომელსაც ახსოვდა სულას ერთგულება, რომელიც მან ბაღვაშის წინააღმდეგ გაუწია ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთუხუცესი, პატრონი ლიხს აქეთ ორბეთისა და კაენისა, ლიხს იქით ნიკოფსიამდე _ უდაოდ დიდი ქონებისა. თვითონ მაგარ და მტრებისგან მიუვალ ქვეშის ციხეში იმყოფებოდა. იგი, თითქოს პატრონის სურვილით, რაღაც პატარა ]საქმისთვის] წავიდა და გეგუთში მივიდა. შეკრიბა მთელი სვანეთი, აფხაზეთი, სამეგრელო, გურია, ქვემო იმერეთი, რაჭა, თაკვერი და არგვეთი. შეიერთა სანიგები და ქეშიგები და დიდებულები და ქვეყნის ლაშქარი დააფიცა, რომ რუსს გაამეფებდნენ და მას მეფედ გახდიდნენ.
ქვეყნის ლაშქარი გააგზავნა და გუზანთან მივიდნენ. იქიდან რუსი წამოვიდა, შეიკრიბნენ და სამცხეს მიაშურეს. მიეგებნენ ბოცო და მისი მომხრენი. მთა გადაიარეს და გეგუთში ჩავიდნენ. ო, დიდი და ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელი საშინელება! ვინ ან ვისი ტახტის მოზიარე უნდა დაჯდეს დავითიანის ტახტზე?
მაშინ ქალაქში მყოფი თამარი, წარმოუდგენელი და უაზრო საქმით გაკვირვებული, პირველად, ჩვეულებისამებრ, ზენა წყალობას შეევედრა და ბრძანება გასცა თავის ერთგულ ერისთავებზე, ვინც შეიკრიბნენ სპასალარები და დიდებულები ჰერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, სომხითიდან და სამცხიდან. მომხდარით გაკვირვებულებმა ფიცით შეჰკადრეს, რომ ეს საქმე მათი ნებართვის გარეშე იყო მოწყობილი და როგორც კი დააჯერეს, რომ ყველაფერი მათ გარეშე მოხდა, მძაფრად გამხნევდა მათი გულები ერთგულებისა და თავგანწირვისთვის. თვითონ თამარი მეუფებრივი ძალაუფლებით და ოქრონექტარი სიტყვებით მრავალჯერ ცდილობდა მცხოვრებლებისაგან ჭეშმარიტი მიზეზის დადგენას. ხან თევდორე პატრიარქს და ანტონი ქუთათელს, რომელიც იმ დროს მხოლოდ ერთადერთი, თვით სისხლის დაღვრამდეც კი, დარჩა მისი ერთგული ლიხთ-იმერეთში, და სხვა ეპისკოპოსებს აგზავნიდა, ხან _ შინაურ ეჯიბსა და მესტუმრეთუხუცესს, მაგრამ მათგან ვერაფერს ვერ იგებდა.
მაშინ შეიკრიბა ღვთის წინააღმდეგ მებრძოლთა კრებული, აიღეს მახვილები და ლახვრები და გამოემართნენ ღმერთშემოსილი პატრონის წინააღმდეგ. მათი ნახევარი იმასთან ერთად, ვისი გამეფებაც უნდოდათ, ლიხის მთიდან გადმოვიდა. ამოწყვიტეს და ააოხრეს ქართლი და ნაჭარმაგევამდე და გორამდე მოვიდნენ. მეორე ნახევარმა, დადიანის წინამძღოლობით, რკინისჯვარი გადაიარა, ციხისჯვარში ჩავიდა და ქალაქი ოძრხე დაწვა. იქ შეიყარნენ ბოცო და მესხები, ვინც მათი მომხრენი იყვნენ. ღმერთის უკითხავად ამგვარი საქმის ჩამდენებმა, შვილების მზეგრძელობას უხმეს. გადაწყვიტეს პირველად ჯავახეთის, თმოგვისა და ახალქალაქის აღება, შემდეგ თრიალეთისა და სომხითისა, რადგან ქურდვაჭრის იქით მთელი სომხითი გამდგარი იყო: გაგის პატრონი ივანე ვარდანის ძე; კაიწონის პატრონი მაყა (კაენი თითონ ვარდანის [საკუთრება] იყო), სხვა მისი ქვეყნის აზნაურიშვილები, გარდა ზაქარია ვარამის ძისა. იგი ერთგული კაცი და გამოცდილი ჭაბუკი იყო. ყველა ამათ აგარაში შეყრა დათქვეს და იქიდან მათი და ზემო-ქართლში მყოფთა ქალაქის კარებთან მოსვლა, სადაც იმყოფებოდა მზეთა მზე, ნათელთა ნათელი, უმანკო ტარიგი, ქრისტეს მსგავსი, მშვიდი, დავითიანებრი გონებით ზენა განგებას მინდობილი და მისი გულმოწყალე წყალობების მოიმედე [თამარი].
ამირსპასალარ გამრეკელს, ოთხ მხარგრძელს და სხვა თორელებს, ზემოურებს და ქვემოურებს უბრძანა წასულიყვნენ და ჯავახეთის მხარეში წინ შეგებებოდნენ [მტერს], იქვე ეცნოთ მათი ძალა, უფრო კი ღმერთის მართლმსაჯულების ძლიერება. მივიდნენ მტკვართან, რადგან ისინიც იქ მოსულიყვნენ. შეუერთდნენ მის ერთგულად დარჩენილი მესხები. აქეთ ესენი, მტკვართან მისულები, და ისინი იქიდან ხიდზე შეიბნენ.
შეიქნა ომი და სროლა. იმ დღეს დაღამებამ და წყალში ყოფნამ მგაჰყარა [მებრძოლები]. როცა დაღამდა, შეიყარნენ და მოითათბირეს: „ვხედავთ, რომ ამათი ლაშქარი მხეცებივით იბრძვის, ვინაიდან შებმის ძალა და ღონე არა გვაქვს, სიმაგრისაკენ გავეცალოთ და იქიდან ვეცადოთ თავდასხმასა და გამარჯვებას“.
სიმამაცის მომნიჭებელმა [ღმერთმა] თამარის ლაშქარს ამცნო, დაუყოვნებლივ შებმოდნენ და ედევნათ [მტერი]. ხიდი გადაიარეს და მიაშურეს მთას, სახელით ტორნაძიას, რომ რაიმე სიმაგრე ენახათ. იქ ვერ გაჩერდნენ, გაერიდნენ და ნიალის ველს და ხინგრისის წყალს მიაღწიეს. თმოგვსა და ერუშეთს შორის ატყდა ომი, როგორც იმიერ და ამიერ მოყმეებს შეეფერებოდათ, რომელიც ძველი გოლიათებისა და ჭაბუკების ომს მოგაგონებდათ, რომლებზეც ცვიოდა წვეტიანი და გალესილი ისრები, [იდგა] ხმლების ტრიალი და შუბების ხეთქება. ომი გაგრძელდა, თამარის ბუმბერაზებმა და მოყმეებმა გაიმარჯვეს, ზოგი გაქცეული შეიპყრეს, დახოცეს და დაატყვევეს. ამათგან არავინ არ მომკვდარა, არც დაჭრილა, გარდა იმისა, რომ დაიჭრა ივანე სარგისის ძე.
მხიარული სახითა და გაბრწყინებული გულით მობრუნდნენ. [მოწინააღმდეგების] ვედრებისა და აღთქმის შემდეგ, რომ პატრონს არას დაუშავებდნენ, თავისუფლება მისცეს და არ დევნეს. მოვიდნენ ღვთივგვირგვინოსან მეფესა და მეფეთ მეფესთან. [მან] ღმერთს ჯეროვანი მადლობა შესწირა და გაბრწყინვებული სახით, ალერსიანი თვალებით და მინდობილი გულით მოინახულა თავისი მოყმეები.
ვინაიდან გაიგეს ეს ამბავი მახარებლის, სარგის ვარამის ძის, მოსვლამდე, მასთან მყოფებმა თვით ჭიაბერ მანდატურთუხუცესმა, ჰერელებმა და კახელებმა, დიდებულებმა და აზნაურებმა, ყიფჩაღების შემომატებით და შეკრებილმა ქართლის ერისთავებმა და ქართველმა დიდებულებმა დავით სვებედნიერი მეფის წინამძღოლობით, გადაწყვიტეს თავდასხმა ქართლში მყოფებზე, რომლებთანაც ერთად იყო ზოგი ქართველი, მთელი კავკასიისა და მთიულების დიდი სიმრავლე.
მათ როგორც კი გაიგეს ზემო ლაშქრის ამოწყვეტა და გაქცევა, სასწრაფოდ გადაწყვიტეს გადასვლა. მობრუნდნენ და თამართან მოვიდნენ და თხოვეს სომხითიდან გასვლა და აღუთქვეს მისი მეფობისაგან განდგომილებთან და ურჩებთან შებრძოლება. ქრისტემოსილი ხელმწიფე, ღმერთის აურაცხელ წყალობას შეჩვეული, დათანხმდა.
ესეც იცოდეთ, რომ ღვთის შეგონებათა სივრცე ფრიად დიდია, რადგან კეთილ და სიკეთის მრწმუნებელ ადამიანებს სიკეთეს მიუვლენს სასწაულებრივი მინიშნებით და გამარჯვების მინიჭებით, რადგან კეთილი სულისთვის ღვთისმოყვარეა და მისი ახლობელი, როგორც ამბობს ბერძენთა მჭვრეტელობა-მოძღვრების სინათლე პლატონი: „სიკეთე კეთილთათვის არის სიკეთე, ხოლო იგივე სიკეთე ბოროტთათვის ბოროტებაა“.
ხოლო ახლა საჭიროა და უფრო მეტად გააზრება, რომ ნათქვამი არ დავივიწყოთ და ზენა წყალობანი განვჭვრიტოთ, რათა ამგვარი წყალობების ულეველობით დავხუჭოთ თვალი.
ხოლო როცა განდგომილებმა შეიტყვეს ღვთის მიერ მათი ახლობლების შერისხვა, ზოგმა ციხეები და სიმაგრეები, და უფრო ადრე, რჯულისმიერი [წესები] მიატოვა, რადგან ასეთი უმგვანი საქმე იკადრეს თამარის მიმართ. ზოგი ყელზე თოკ-მობმული მოვიდა, ზოგმა თავისი ბიძა მოკლა და ასე მოვიდა. იქაც ჩვეულებრივი გამარჯვება მოხდა: უკან დაბრუნებული იდგა აგარათა ტყეში, მონადირე და მონადიმე, მხიარული და ერთგულებისა და ახლობლების შემწყალებელი.
წყალობა უყო ზაქარია ვარამის ძეს და უბოძა გაგი ქურდვაჭრიდან განჯამდე, ქალაქები, ციხეები და სოფლები: მრავალი _ საკუთარ მფლობელობაში, მრავალი _ სანახევროდ. წყალობა უყო ივანე სარგისის ძეს და უბოძეს მსახურთუხუცესობა, სამეფო სასახლის საპატიო თანამდებობა, და კაენი და კაიწონი გელაქუნთან და სხვა მრავალ ხარკის მომცემ ქალაქთან და ციხესთან ერთად. შეიწყალეს და დალოცეს სხვა მრავალი დიდებული. მობრუნდნენ და გამოემართნენ თავიანთ სასახლეში და კარ-მიდამოში, ნაჭარმაგევში.
ლიხთ-იმერელმა დიდებულებმა მოინანიეს შეცოდებანი და შენდობა ითხოვეს, ითხოვეს ცხოველი ხატები და თვითონ დედოფალი რუსუდანის, კათოლიკოსის, მანდატურთუხუცესისა და სასახლის სხვა ეპისკოპოსების მათთან ყოფნა. გადმოვიდნენ სვანი დიდებულები და მოხევეები და გადმოიყვანეს მეფე-ყოფილი რუსი. დედოფალმა მტკიცე აღთქმა მისცა, რომ უპირველისად, რუსს უვნებლად გაუშვებდა და შემდეგ, იმ დროს დაშვებული შეცოდებისთვის არას მოკითხავდა. დედოფლის წინამძღოლობით ნაჭარმაგევში მოვიდნენ და რუსი, ივანეს მინდობილი, წავიდა, თავის სვეუბედურ გზაზე გაემართა. შეიქნა მშვიდობა, სიხარული და ერთობა ისეთი, რომელიც არავის არსად არ ეხილა.
„ერთად ძოვდნენ ლომი და ხარი, ვეფხვი თიკნებთან და მგელი ცხვართან ერთად ხარობდა“. თამარის სახელი მთელ ქვეყანაში განდიდდა. დავითი ალექსანდრეს ბედის [მქონე] თამარის ბრძანებითა და რჩევით ლაშქრობდა და ზეგარდამო [ძალების] შეწევნით იმარჯვებდა.
ამ დროს გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელი. მის შვილებს არაფერი დააკლეს, გარდა თმოგვისა. ამირსპასალარობა უბოძეს ზაქარია მხარგრძელს, სარგის ამირსპასალარის ძეს, სომეხთა მეფის ადგილზე მჯდომს, ლორეს პატრონს, სპასპეტობის ღირს მოყმეს დამატებით ქალაქი რუსთავიც მისცეს. ჭიაბერ მანდატურთუხუცესს დამატებით უბოძეს ჟინვალი, ქალაქი და ციხე, მთიულეთის დიდ ნაწილთან ერთად. წყალობა უყო სარგის ვარამის ძეს, დალოცეს და უბოძეს თმოგვი. ქვემო წირქვალელები, ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი და კახეთის თავკაცნი, თორღას ძენი _ თითოეულს თავის წესისამებრ წყალობა უბოძეს: ზოგნი _ ახლად დალოცვით, ზოგნი _ [მამულის] მიმატებით. ასევე ქართლელები, სომხითარები, თორელები, მესხები და ტაოელები.
გუზანმა, რომელმაც ადრეც წაიწყმიდა თავისი თავი, ახლაც დაიპყრო ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა მრავალი ციხე და შაჰარმენის ქვეყანაში წავიდა. [მასთან] სამძივარიც [წავიდა] სხვა აზნაურიშვილებთან ერთად, რომლებთან იყო მეღვინეთუხუცესიც, რომელიც თავის თავს კლარჯეთისა და შავშეთის მემკვიდრედ თვლიდა. კოლას მთაზე გავიდნენ. წინ მოეგებნენ ზაქარია ფანასკერტელი და ძინიელები, კალმახელები, შესანიშნავი და პატრონის მიერ შეწყალებული მოყმეები. რომ შეიყარნენ, გაიგეს, რომ გუზანის შვილი და შაჰარმენის ლაშქარი მისულიყვნენ გუზანის ცოლისა და შვილის წასაყვანად და ციხეებში თურქების დასაყენებლად. თუმცა [მოწინაარმდეგების] ლაშქარი დიდი იყო და თორმეტი დროშის ქვეშ იდგა, ხოლო ესენი _ მცირე რაოდენობის [იყვნენ], მაგრამ ახსენეს ქრისტეს რჯული, თამარის ბედი და სამართალი, და შეებნენ. მათი სიმრავლისა და დარაზმულობის გამო ძალიან გაუჭირდათ ომის წარმართვა. ბოლოს ისინი გააქციეს, ამოწყვიტეს, გუზანის ცოლ-შვილი ხელთ იგდეს. უკან დაბრუნებულებმა აიღეს ციხეები და სიმაგრენი. ქვეყანა უკან დაიბრუნეს და თამარის წინაშე მოვიდნენ, რომელმაც წყალობის ნათელი მიჰფინა და მათი სიმხნისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა. მოყმეებმა სახელი მიიღეს, პატრონებმა _ სარგებელი.
ღვთის ამგვარ წყალობათა შორის ორი კარგი საქმის გამჟღავნება გამომრჩა: ლოცულობდნენ მთხოვნელნი ღვთისა და ხატების წინაშე პირმშოთა ძლიერებით მომგონებელნი. ხოლო ვინაიდან წყალობას მოგვრის „დამრეკავს გაღებით, მთხოვნელს ბოძებით, მეძიებელს პოვნით“, როგორც ეს შეემთხვა სარას, გინდა რაქელს, ან ელისაბედს და განსაკუთრებით, ანას, და გავბედავ, მარიამს, თამარი, განწმედილი გონებით და სხეულის სანთლით ღვთის ტაძრის აღმბეჭდველი, მხურვალე გულით და განათლებული სულით, დაფეხმძიმდა. ტაბახმელის ბეთლემად გადამქცეველმა იქ შვა ძე, ღვთის ძის დარი, სახელად თავისი ახოვანი მამის, გიორგის, სახელი უწოდა. რომლის სახით უკვდავთა ნაწილის ყვავილი აგვიყვავილდა.
სამებით სრული ღვთის ამგვარ ყურადღებას, თამარის პირველ დაფეხმძიმებას და გორგასლიანი ძის დაბადებას სიხარულის ან ღვთისადმი მადლობის სათქმელად რა შეეფერებოდა? ხარობდნენ, იშვებდნენ, ზეიმობდნენ ამქვეყნიურ სამოთხეში, ტყვეთა გამანთავისუფლებელები, ეკლესიებისთვის შესაწირავის გამღებნი, მღვდლებისთვის შემწირველნი და მონაზონებისთვის მიმცემნი, გლახაკთა მოწყალენი, ერთდროულად ღვთის მადიდებელნი, შვიდივე სამეფოს ლაშქართან ეპისკოპოსების დამყენებელნი. თვით დედოფალმა რუსუდანმა და მისმა გაზრდილმა დავით მეფემ და თამარის დამ და ამ სამეფოს ყოველმა მკვიდრმა, მოგვების მსგავსად, დაიწყეს მიძღვნა და ჩუქება. [ქვეყნის] გარეთ ამის გამგონე ბერძენმა მეფეებმა, სულთნებმა, ათაბაგებმა და სპარსეთის ამირებმა მდიდარი ძღვენი და განძი გამოაგზავნეს.
ამგვარ დღეკეთილობაში ერმა ნახა ახალი ყრმა, საუკუნეებზე ადრე განწესებული, რომ ყოფილიყო ძე მეფისა, მეფე, ცხებული შვილი დავითიანი. როცა ბუნებრივად ლამაზი დაიბადა და გამოჩნდა, თავის თავში ატარებდა თავის მშობელთა სახესა და მსგავსებას, მნათობები იფარავდნენ მას. ბრწყინვალებდა ზენა სფეროს სული, ბედი ბედს ემატებოდა და კეთილდღეობა-კეთილდღეობას. მეფეთა მხრივ გამარჯვებები მატულობდა. ისეთი ლაშქრობა მოეწყო, როგორიც არცერთი ბაგრატოვანის მიერ არ ჩატარებულა.
პირველად ლაშას, რომელიც „ქვეყნის მანათობელად“ ითარგმნება აფსართა ენაზე, ბედზე და ხვედრზე შეიკრიბნენ, გაეშურნენ დიდ და ძველ ქალაქ ბარდავში. გაანადგურეს არანი, ნებროთის ომების მსგავს მრავალრიცხოვან ომებში აიღეს ჰეროსის ძმის, ბარდოსის, მამული და სამფლობელო. ტყვეთა სიმრავლითა და აურაცხელი საუნჯით ავსილებმა 3000 ტყვე გაანთავისუფლეს თამარისა და მისი ძის დღეგრძელობისათვის.
იქიდან წამოსულებმა, ერთი თვეც არ დაუსვენიათ, სასწრაფოდ გაილაშქრეს არზრუმში, ქალაქ კარინის კართან. იქ იყო მრავალი ომი, ცხენების შეჯახება, აბჯართა ხეთქება. მათ ეხმარებოდნენ სურმანელი, კარელი და შიგნით ნასრ-ადინ სალდუხის ძე და მისი ორი ძე უამრავი ქვეითი და ცხენოსანი ლაშქრით. ცისკრის ბინდში მივიდნენ და ომი დაიწყეს. ღამის ბინდმა გაყარა [ისინი]. ის ღამე რომ მიილია, ლაშქარი მოვიდა უთვალავი და აურაცხელი ალაფით. შიგნით მყოფები მხეცებივით აღრჭიალებდნენ კბილებს და თმა-წვერს იგლეჯდნენ, როცა ხედავდნენ: ზოგნი _ დატყვევებულ ცოლებს, ზოგნი _ შვილებს, ზოგნი _ [წართმეული] ჯოგისა და რემის სიმრავლეს და ტიროდნენ: „საიდან ჩემზე ამგვარი შერისხვა, რადგან არასოდეს გვინახავს ქრისტიანთა მოდგმა ჩვენი სამყოფლის სანახებში“.
როცა გათენდა, ჰკრეს ბუკსა და დაფდაფებს და ქალაქებში შეიქნა ერთი ზარი და მოთქმა. როცა დარწმუნდნენ, რომ მათი სისხლი დაიღვრებოდა, გამოვიდნენ ქალაქის ბჭეებიდან, გააწყვეს ქვეითი და ცხენოსანი რაზმები, გადმოდგნენ ბანებსა და შუკებში ისრისა და ქვების სროლით. როცა დავით მეფემ და მისმა ლაშქარმა იხილა, რომ ისინი გულმოცემულად გამოვიდნენ, იარაღი მოითხოვეს, ცხენებზე ამხედრდნენ, შუბები მოიმარჯვეს. მისვლისთანავე მეხის-ტეხასავით დაატყდნენ თავს, აიღეს და დასცხეს. კატებივით მხდალნი თავისი ჯარით შეიხვეწნენ [ქალაქში], ერთმანეთს ხოცავდნენ, ცოლების მიერ გაკილულები, გასაკიცხი და შესაფურთხი გახდნენ ბიბთა, ელიმებისა და საჭურისების თვალში, კილავდნენ და აგინებდნენ მაჰმადის რჯულმდებლობას. მეფე დავითი და მისი ლაშქარი მოტრიალდა და მხიარულნი მოვიდნენ თავიანთ ქვეყანაში, იქიდან ძლევამოსილები და აქედან თამარის საშოდან ამობრწყინებული, იაკობის ვარსკვლავის მსგავსი ვარსკვლავის მხილველნი, რომელმაც იწინასწარმეტყველა ბედნიერება, იწინასწარმეტყველა გამარჯვებები, იწინასწარმეტყველა ნათელი.
ხოლო მე, რომელიც ვერიდები გაგრძელების გამო [თხრობა] მოსაბეზრებელი არ გახდეს, არ მინდა გამოვტოვო უკანასკნელი, ადრეულზე უკეთესი ომების და გამარჯვებების ამბავი. გული აიძულებს და აამოქმედებს გონების იარაღს, რასაც წარმოადგენს ამგვარ თხრობათა მეტყველი და გამომთქმელი ენა. ერთხელაც შეიკრიბნენ და გელაქუნში გავიდნენ, ხაჩიანი ჩაიარეს და ყარყრისის ქვეყანაში ჩავიდნენ, ბელაქანამდე მიაღწიეს. მოარბიეს მთელი არეზი და განჯის კარი ამოიარეს. კარებთან დიდი შუღლი ატყდა, მაგრამ გააქციეს და ქალაქში შეიკეტნენ. ყარყრისიდან შამქორამდე ექვსი დღე იარეს. დღე არ გასულა, რომ [მტრის] ლაშქარი არ მოწეოდათ და არ შებმოდნენ. ყველგან ძლევამოსილები და გამარჯვებულები შემობრუნდნენ და მთელი ქვეყნის სიხარულთან [თამართან] მოვიდნენ.
ორი ძმა, სარგისის შვილები, ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი, ლორიდან არაქსის ნაპირების დასარბევად წავიდნენ. იქიდან სამეკობროდ და ქარავნების საძარცვავად წამოსული იყო დვინელების, ბიჯნელების და ამბერდელების ლაშქარი. ამათ არ იცოდნენ, შუა გზაში შეიყარნენ, ერთმანეთს ეკვეთნენ. ომზე და მამაცურად ბრძოლაზე უფრო საქებელი იყო მათი ქველობის სულისწამღები აღტყინება. [ნადავლით] სავსენი და სახელოვანნი მოვიდნენ დავით სვეამაღლებულთან და თამარ ღვთივდადგინებულთან.
ამის შემდეგ კაენის პატრონმა, ივანე მსახურთუხუცესმა, დავითი წააქეზა დიდი და სასახელო ბრძოლის დასაწყებად: დიდი გელაქუნის, სპარსი-ბაზრის და გორალაუქის დასარბევად. დღითი-დღე აღმატებული, წარმატებული და ომსა და ლაშქრობებში გამოწრთობილი მოყმე გაჰყვა მას. თავს დაესხნენ, ხელთ იგდეს ქვიშასავით ურიცხვი ტყვე, ჯოგი, აქლემი, ძროხა და ცხვარი. სადაც კი ლაშქარს, ან თავისი დედაწულის დასახმარებლად მაშველს გადაეყრებოდნენ, ხოცავდნენ, გააქცევდნენ, მუსრავდნენ. სპარსი-ბაზრის განადგურების შემდეგ, სულთნის მოედანზე გართობა და ასპარეზობა გამართეს, რაც არავის არასდროს არ უქნია.
იგივე რუსი, ამ სამოთხიდან გაძევებული, კაენის მსგავსად არა ძმის მკლველი, არამედ თავისი თავისა, ღირსი არ იქმნა და [მას] სამოთხეში, ქალაქ კონსტანტინოპოლში, ყოფნაც მოეშალა. არა ყოველი მხრივ მტერ-გაწყვეტილი მეფე, არამედ იალქნებდაწყვეტილი, იგი ათაბაგთან მივიდა და მისგან არანის ქვეყანაში თავისი ბედის შესადარი სამყოფელი მიიღო. შეკრიბა განჯისა და არანის ლაშქარი და იქიდან კამბეჩოვანის ქვეყანაში მოვიდა, იქ მინდვრები მოარბია და უამრავი ტყვე და ნაძარცვი აიღო.
მაშინ ხორნაბუჯის პატრონმა, საღირ მახატლის ძემ ეს გაიგო, მცირედი ლაშქარი შეკრიბა და თავის განწირვის მიზნით სამ შვილთან ერთად დაეწია. ერთი ორს კი არ ებრძოდა, არამედ _ ათს, ორი _ ოცს, მაგრამ თამარის ბედმა და სიმართლემ ღვთის უხილავი რისხვა დასცა [მტერს] და როგორც გედეონის შესახებ გაქვს გაგონილი, მცირედნი დაეწივნენ და გააქციეს, ჩამოყარეს და დახოცეს. რუსმა ძლივს გააღწია.
ხოლო თქვენ, მსმენელებმა, ესეც იცოდეთ, თუმცა მისი [თამარის] გულისთვის მხეცივით ველად გაჭრილების მიმართ [იგი] მძვინვარე ულმობელობას იჩენდა, მაგრამ იხილეთ, თუ როგორი მშვენიერი და ანდამატური მიმზიდველობით იზიდავდა მხეცთა გულებს. ოდესღაც შარვანშას ლომის ბოკვერი გამოეგზავნა, მან გაზარდა. ისეთი დიდი და საზარელი გახდა, რომ მისნაირი არც ველური, არც მოშინაურებული [მხეცი] არავის არ უნახავს. დარბაზში რომ შემოიყვანდნენ, თამარ ღვთივ-განათლებულისკენ ისეთი ლაქუცით, ალერსით და აღტაცებით იწევდა, რომ მიუხედავად მსახურების მიერ ორმაგი ჯაჭვით დაკავებისა, ვერ იჭერდნენ, სანამ თავს კალთაში არ ჩაუდებდა და ლოკავდა, როგორც მოწამეთა ძველი ცხოვრებები მოგვითხრობენ. ზოგჯერ დაიჭერდნენ და დააბამდნენ, თვალებიდან წყაროსავით გადმოღვრილი ცრემლები მიწას ალტობდა.
მტრებისა და მხეცების ამგვარ ძლევაში, შინაური თუ გარეშე მოწინააღმდეგებისა და ურჩების დამხობაში აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე გავარდა შიში და ზარი, სახელი ოთხბუნება და ოთხკუთხა სულის ანგელოზებისა.
ამ დროს მუჰლიდებმა მოკლეს ახლახან გასულთნებული ყიზილარსლან ათაბაგი. მთელი სპარსეთის მფლობელად სამი შვილი ფალავანდი დარჩა, რომლებსაც მამამ და ბიძამ ქვეყნები ასე გაუყვეს: უფროსს, ხუტლუ-ინანჩის _ ერაყიდან ხორასნამდე და ბაბილონამდე. შემდგომს, ამირ-ბუბაქარს _ ადარბადაგანი სომხეთამდე. უმცროსს, ამირ-მირმანს _ არანი კასპიის ზღვიდან გოგჩის ზღვამდე. როგორც მრავალხელისუფლებიანობისას ხდება, მათ შორის შური და ბრძოლა ატყდა. ამირ-ბუბაქარმა სძლია და უფროსი ძმა განდევნა, იგი ათაბაგად დაჯდა. უმცროსი ძმა არანიდან, ამირ-მირმანი შარვანშას დაესიძა. [ამირ-ბუბაქარი] თვით შარვანშას და მას ბელაქნის კარზე თავს დაესხა და გააქცია, თვითონ კი გარკვეულ დრომდე განდიდებული და გალაღებული დარჩა. ხოლო ვინაიდან შარვანშა და ამირ-მირმანი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, რადგან იმ ხანებში შარვანის სახლზე ღვთის რისხვაც მოიწია, „რომელიც შეაზანზარებს სამყაროს, შეძრავს მთებს და კვამლად აქცევს“. შერყევით შეარყია და ძირს დასცა შამახიის ზღუდეები და ციხეები, შიგნით მყოფი ყველა თან დაიტანა, მათ შორის დაიღუპნენ შარვანშას ცოლი და შვილები. ამის გამგონეთ, თავში წაიშინეს, თავზე ნაცარი დაიყარეს, მიმოიხედეს გარშემო, ვერავინ ნახეს მათი მხსნელი და მაცხოვარი, მხოლოდ ღმერთი და ღვთის მიერ ღმერთქმნილი დავითი და თამარი. [მათ] შესავედრებლად მოციქულები გამოაგზავნეს ურიცხვი ძღვენით და ფასდაუდებელი თვალ-მარგალიტით და ეს ითხოვეს: „ვინაიდან თამარის ალექსანდრეს მსგავს ბედს, სიბრძნით გამორჩეულეობასა და ძლიერებას, დავითის მსგავს სიმხნესა და სიქველეს, ლაშქართა უებრობას დიდი ძალა აქვს, ისეთი, რომ მთელი სპარსეთი დაიპყროს, _ ამიტომ მთელი სპარსეთის პატრონად დასვით თქვენი ასული, რომელიც თქვენი შუქმფინარობის ბრწყინვალება და თქვენი სიბრძნის შესატყვისი ნათელი და საამო ნაყოფია“.
სიძობა არ აღირსა, მაგრამ შველისა და ხელის შეწყობის იმედი მისცა. ბრძანება გასცა, შიკრიკები და მალემსრბოლები იმიერ და ამიერ ლაშქრის შესაკრებად გააგზავნა. იმ დროს ყივჩაღთა მეფის, სევინჯის, ძმა, სავალათი, მეფის სამსახურში აქ იყო. დიდი ლაშქარი შეკრიბეს და დასებად განეწყვნენ. მისი სიმრავლით გაივსო მტკვრის ნაპირი, ალგეთის ნაპირი, ქციის ნაპირი და ქურდვაჭრის ნაპირი, ოთხივე მდინარე თბილისიდან ყარაღაჯამდე.
მაშინ მოვიდნენ ამირ-მირმანი ფალავანდის-შვილი და აღსართან შარვანშა მთელი არანის დიდებულებითა და მონა-სპით. სვებედნიერი და ღვთივაღმობრწყინვებული ხელმწიფენი დადგნენ აგარის ჭალებში. მისი ნებამყოფლობის პატივისმცემლებმა დიდი ზარითა და პატივით მოიწვიეს რუსუდან დედოფალი. რომელმა პირმა ან ვისმა გონებამ და ენამ აღმოთქვა დიდების ზარების, კარვებისა და ფარდაგებიანი საფარების, კოშკებისა და სამონადირეო შემოღობილი ადგილების ქება და ბესელიელის, გინდაც სოლომონის მსგავსი მოკაზმულობა და შემკულობა ღვთის ტაძრისა, სადაც იმყოფებოდა ღვთის მიერ ღმერთქმნილი, ღმერთებს შორის ღვთის მსგავსად გამკითხველი [თამარი], რომელსაც გარშემო მიმოეფრქვია სამოთხის სურნელება და შვება, ფუტკარივით დაწაფებოდა ვარდის ბუტკოს, ყვავილ-მცენარეებს, ელისეს მინდვრის მცენარეთა სურნელებას? ან ვის ერგო ბაყათარისა და თარხანის, ეფრემისა და დიდებული ბუმბერაზების და მოყმეების, როსტომისა და გივის მსგავსი დავით მოყმის ქება?
შეიკრიბნენ გონების წამღები ზარ-ზეიმით. დარბაზობა დაიწყო. ოქროჭედილ ტახტზე დასხდნენ თვითონ თამარი, დავითი და მათი ძე გიორგი, თავიანთი გვარ-მოდგმის ძლევამოსილებისა და გვირგვინოსნობის განმადიდებელნი და მასახელებელნი, მისთვის ღვაწლის გამწევნი. როგორ უნდა ითქვას: „შევიწყალო ეს ადამიანები“. ზეადამიანურმა კაცთმოყვარებამ საყვარელ ადამიანებს, რომელნიც დასაბამიდან [არსებულ] ღვთის განგებულებას _ კაცად ქცევით კაცთა ხსნას _ ბაძავდნენ, [უბიძგა] მისი ზენა მკლავისა და ძალის შეწევნით სიკვდილისა და განდევნისაგან ეხსნათ ვედრებითა და ხვეწნით მათ ფეხებთან მუხლმოდრეკილები.
პირველად ქალაქ თბილისიდან გამოსულებს წინ ოსები და ახალი ყივჩაღები მიეგებნენ. ამის შემდეგ _ ჰერელები და კახელები. შემდეგ _ ქართლელნი. შემდგომ _ მესხები და თორელები, შავშ-კლარჯტაოელები. შემდგომ _ სომხითარები. შემდეგ _ აფხაზები და სვანმეგრელ-გურულები, რაჭველ-თაკვერელ-მარგვეთელებთან ერთად. კარვის კარებთან _ ხელისუფალნი და სასახლის კარისკაცები.
ვინაიდან შარვანშა ახლობელი და ნათესავი იყო, პირველად ის შემოვიდა, თაყვანი სცა. წესისამებრ მოიკითხეს და თავის ადგილას დასვეს. მის შემდეგ მოვიდა ამირ-მირმანი, სულთნის ძმისწული და ფალავანდის შვილი. დედამისი ხორასნის მემამულის, ინანჯანის, ასული იყო, რომელიც ახლა ტუღრილ სულთნის ცოლია. პატივითა და ზარ-ზეიმით შემოიყვანეს. მოიკითხეს და პატივით დასვეს. დაუტკბნენ, როგორც საყვარელ შვილს, კარგ და შესახედაობით მშვენიერ მოყმეს. მოიყვანეს დიდებულები, ზოგნი ელდიგოზის შვილები, ზოგნი მათი შვილების შვილები, მათგან თაყვანისცემა მიიღეს და შესატყვისი პატივით მოიკითხეს.
შეიქნა ენით უთქმელი სიხარული. გაოცებულებმა, მათ ფიცით აღუთქვეს: „ადამიანის თვალებს არ უნახავს, არც ძველ და არც ახალ წიგნებში წაგვიკითხავს თამარის სახება და მისი ცხოვრებისა და ქცევის მსგავსი რამ“. [მათ] მოეწონათ თვით მეფე დავითი, დიდებულები, მათი რაინდები, და მხიარულებმა და იმედიანებმა განაცხადეს: „გავიმაგროთ გული და თვალებიდან მოვიშოროთ მწუხარება! ჭეშმარიტად შეუძლია ჩვენი ხსნა და სამშობლოში ჩვენი დაბრუნება“.
მაშინ შეიქნა პურობა, პურობის შემდეგ გაიმართა ნადიმი, [იყო] გამოუთქმელი სიკეთე და სილამაზე, მხიარულება, მგოსნებისა და ჯამბაზების თამაში. ისინი, ის ორივე და მათი ლაშქარი, ძვირფასი სამოსლით შემოსა. ერთი კვირა დაყვეს, ყოველ დღეს მხიარულებაში ატარებდნენ: მათი მხრივ დასაჩუქრება, ამათგანაც ძღვნობა, ნადირობა, ბურთაობა. ისმოდა თვით ამირ-მირმანის, მისი დიდებულებისა და მონა-სპის ასეთი ქება: „ამათი მსგავსი მობურთალები არ არსებობენ ერაყში, ადარბადაგანსა და ირანში“.
მეფემ უბრძანა თავის ამირსპასალარ ზაქარიას, ივანე მსახურთუხუცესს, გრიგოლ ჰერეთის ერისთავს და სხვა მოყმეებს, და მოედანზე გავიდნენ. იქიდან ჩამოვიდა ამირ-მირმანი თავისი დიდებულეებითა და მსახურებით, და თვითონ თამარი, საჭვრეტად ბრწყინვალე და ნათელმფენი სახით. ისმაიტელნი, თავიანთ ცოდნაში დარწმუნებულები და მძლე-მებრძოლნი, მალე დამარცხდნენ დავით მეფისა და მისი მოყმეების მიერ, და დამარცხებულები და მჭმუნვარენი შებრუნდნენ.
ამ სიხარულსა და შვებაში იარაღდებოდნენ და ომისათვის ემზადებოდნენ შუღლის მოსურნენი. მოვიდნენ და აცნობეს ათაბაგს, რომელსაც ნახჭევანიდან მოყოლებული მთელი სპარსეთის [ძალები] შეეკრიბა, არანში მოსულიყო, ხალიფას მისთვის გამოეგზავნა თავისი დროშა და ლაშქარი, ყველაფერ ამასთან ერთად ათასი ხალიფური ოქრო.
მაშინ თამარის წინაშე შეიკრიბა ყველა ვეზირი, მთელი ლაშქარი და თვითონ შარვანშა. გადაწყვიტეს ბრძოლა და ერთი დღეც არ დაუყოვნებიათ თითოეულს თავის მხარეში. თვითონ შარვანშამ და ამირ-მირმანმა იქ ითხოვეს სიტყვა მდაბალი და გამარჯვებული, მძლე და წარმატებული და სვიანი თამარისგან.
დავითი გაემართა, წინ ჯვარი წაიმძღვანა და ბედნიერად ნატარებ ბაგრატოვანთა და უფრო მეტად, გორგასლიან დროშას გაჰყვა.
მისულებმა ელეკეცის მდინარესთან დაიბანაკეს. იქიდან აიყარნენ და შამქორის სიახლოვეს მოვიდნენ პირველ ივნისს, ხუთშაბათ დღეს, როცა პარასკევი თენდებოდა, როცა ჩვენმა ღმერთმა, ქრისტემ შემუსრა მტრის ძლიერება და დაამარცხა ორთავიანი ურჩხული. აქაც იხილეთ ჯვრის ძალა და ძლიერება და პარასკევის პატივისცემა. როგორც კი გათენდა, მოვიდნენ წინამავალი მზვერავები და აცნობეს: „ჩვენი თვალით ვნახეთ ათასეულები და ათი ათასეულები, უამრავი რიცხოვნობა, როგორც კალია და ზღვის ქვიშა, შამქორიდან ვიდრე შოთის მთამდე და ვარდანაშტამდე, განჯის კარამდე თვალები ვერ მისწვდება, რომ განიცადო და წარმოიდგინო.
როცა მეფემ და მისმა ლაშქარმა, შარვანშამ და ამირ-მირმანმა და იმათმა ლაშქარმა გაიგეს, თავდაპირველად გახარებულები იყვნენ და ღვთის მმადლობელნი, რომ მტერი ახლოს დაიგულეს, მაგრამ მალე გაკვირვებამ შეიპყრო, რომ მტერმა განჯისა და არანის ჭალების დატოვების შემდეგ მაგარი მთების საფარველი არ დაიტოვა და სწრაფად გამოემართა მათთან საომრად. მაგრამ ისინი შეგნებულად და მოფიქრებულად მოვიდნენ ამ ადგილას ჯერ თავიანთი სიმრავლისა და აურაცხელობის იმედით და შემდეგ, ხევისა და სიმაგრის სივიწროვის გამო“.
მაშინ მეფე აღიჭურვა, ჯაჭვ-მუზარადი აისხა და ამხედრდა ზერდაგზე, რომელიც თავისი სახელგანთქმულობის გამო ვახტანგ ხაჩენელისგან ჰქონდა შეძენილი ერთი ციხისა და სოფლის, ჭარმანის, საფასურად. მოყმე ამირ-მირმანმა, როგორც მოსიმახოს უცთომელმა მსროლელმა და კენტავრისაგან განსწავლულმა, შუბი აიღო, მშვილდკაპარჭი შეირტყა.
იმ დროს ანტონი მწიგნობართუხუცესიც იქ იყო, გარეგნობით და გვარტომობით რჩეული ადამიანი. [დავითმა] მას უბრძანა წინ ეტარებინა ჯვარი, რომელიც არის მეფეთა სკიპტრა და ჯაჭვ-მუზარადი. ერთმანეთის გამხნევებით და მათთვის ვნებული ქრისტეს მოგონებით, თვალები ღვთის მიმართ აღაპყრეს. მის მიერ შეწყნარებულებმა ვედრებით თაყვანი სცეს, [მას] შეავედრეს თავიანთი სული და სხეული. ერთმანეთს შეახსენებდნენ [თავიანთი] პაპებისა და მამების სიმხნესა და გამარჯვებებს: თუ ძველად, დავითის დროს, ოცდაჩვიდმეტი გმირი როგორ ებრძოდა უცხოტომელებს და როგორ დაამარცხეს ისინი, ასევე ვახტანგის დროს _ ვახტანგის ლაშქარმა. და როგორ გაერთიანდა ახალი დავითის ლაშქარი იერუსალიმში [ძველი] დავითის ლაშქართან, ახლა კი მისი შვილის, თამარის, დავით წინასწარმეტყველის შემდეგ ოთხმოცდამეერთე ცხებული შვილის, [ლაშქარი].
ლაშქრის სპასპეტები ამბობდნენ: „თუ მაშინ იყვნენ სახელის მაძიებლები და ისტორიაში ქება–შესხმისთვის თავის დამდებნი, ახლა ჩვენ ვაჯობოთ [მათ] და მაქებარებსა და შემსხმელებს ქება გამოვსტაცოთ, დავავიწყოთ და გადავფაროთ მათი ომები. მოვიგონოთ ისინი, რომლებმაც რჯულისა და ქრისტეს კვალზე შედგომის გამო თავს დაიტეხეს გახურებული რკინა, მარწუხი და სხვა სატანჯველი. [მოვიგონოთ] გოლიათი გმირები, რომელნიც სახელის ძიებაში სიკვდილს არ ერიდებოდნენ, [მოვიგონოთ] მიჯნურები, რომელნიც თავიანთი მნათობების გამო ყოვლად უწყალოდ ეკიდებოდნენ თავიანთ სულსა და სხეულს. აჰა, ჩვენც ხელი მივმართოთ ხმალს და სული _ ღმერთს“.
ჩაჰბერეს ბუკებს და ზარსა სცეს. რაზმები წესისამებრ დააწყვეს. რაზმის მარჯვენა წვერმა მთას მიუწია, მარცხენამ _ მტკვარს. გაემართნენ და მივიდნენ შამქორის სიახლოვეს, გარს შემოერტყნენ. ქალაქთან მიახლოებისთანავე ომის წინ რაზმი ორად გაჰყო. მეფემ რაზმითურთ შამქორი მარჯვნივ დატოვა და გაეშურა შამქორის მხარეზე მდინარის გადასალახად. უმცირესმა რაზმმა [ქალაქის] კარებთან, ხიდთან ატეხა ომი და სროლა. ვაჟკაცურად გახსნეს ძნელი და ვიწრო გზა და შეეჯახნენ ისლამისტთა მოწინავე რაზმს, რომლის ზარყიჟინა _ უზომო, და რიცხვი _ ურიცხვი იყო სმენისა და თვალთა მზერისათვის. შეიქნა ომი და ბრძოლა, მაგრამ არა მთელი ლაშქრისა, არამედ მხოლოდ მოწინავე რაზმებისა, რომელთაც ყივჩაღთა ენით „ჭალაში“ და „დასნაჭტდა“ ჰქვია.
გრძელი გზის გამო ომი გაგრძელდა, რადგან მეფემ და მისმა რაზმებმა ბექობებისა და ქვა-ღორღის მიზეზით დააყოვნეს. ზაქარია ვარამის ძეს ცხენი მოუკლეს და სხვა მრავალ დიდებულსაც დაუჭრეს. ეს შეიტყვეს მხარგრძელებმა, სარგისის ძეებმა, ზაქარია ამირსპასალარმა და ივანე მსახურთუხუცესმა, გამოეშურნენ, როგორც ფრთოსანი ვეფხვები, და მიუსწრეს გაჭირვებისაგან კინაღამ უკან დახეულებს. მიმოიხედეს და ნახეს: უახლოვდებოდათ მეფე და მისი რაზმი, გორგასლიანი დროშა, რომელიც სინდეთში შესვლის შემდეგ შეურცხვენლად მოდიოდა, ყოვლად პატივცემული იყო ზენა განგებისაგან. და მათ, ადრე მოსულებმა, ლაშქრის და რაზმების ნახევარი გადალეკეს. სანამ მეფე მოვიდოდა, ათაბაგის რაზმი გამაგრდა.
მეფე რომ ნახეს, ღვთის უხილავი რისხვა და მეფის [ლაშქრის] ხმლები და შუბები დაეცათ თავს, რომელიც მუსრს ავლებდა მათ რაზმებს. და აჰა, [მეფის] მისვლამდე გააქციეს. ისრები სისხლით დათვრნენ და ხმლები მათი მტრების ხორცს ჭამდნენ. მეფე აქილევსის მსგავსად იქცეოდა. მდავრიშ ერთმა ნაწილმა განჯის შუამთამდე მიაღწია, მეორე ნაწილმა _ გელაქუნის მთამდე. ერთი ათასს კი არ დევნიდა და ორი _ ათი ათასს, არამედ ერთს ათასი აჰყავდა ტყვედ და ორს _ ათი ათასი _ ხელმწიფეები, დიდებულები და აზნაურები. მაგრამ მხოლოდ ათაბაგმა ერთ მონასთან ერთად მოახერხა თავის დაღწევა.
სამი ქალაქი ხელთ იგდეს, როგორც არის სარკინოზთა ლაშქრის წესი, ქონა ქალაქების და სიმდიდრისა: ერთი ათაბაგისა, მეორე _ ათაბაგის ძის, ბეშქენ ქველისა, ერთიც _ სათმაზ ეზდინის ძისა, რომლის მამის ქონების სიუხვეზე სპარსეთში ასეთ რამეს ამბობდნენ: „ჰათემ თაიელისა“. დროშაც წაართვეს, ხალიფასაგან გამარჯვების ნიშნად გამოგზავნილი. მადლიანი და ჭეშმარიტი პირის მიერ კურთხეული საქმის ამგვარი გამარჯვება აჩვენეს. მეფე ცხენდაცხენ დევნისაგან უკან მობრუნდა, წინ ანტონი ვეზირი მიეგება, ხელაპყრობით ღვთის მადიდებელი, და თვითონ ათაბაგის ლარითა და საგანძურით ავსებული, რომელსაც მონაზნობის მორიდების გამო მახვილი არ მოუღია, მაგრამ სამი ჭაბუკით მისულმა სამასი ჯორი და აქლემი წამოასხა.
მაშინ მოვიდნენ მადიდებელი რაზმები, სპასალარები, სპასპეტები, თვითონ შარვანშა და ამირ-მირმანი, მხიარულად გადმოხტნენ ცხენებიდან, მეფესა და მის ბუმბერაზებს თაყვანი სცეს, დალოცეს და ქება შეასხეს. იმ ღამეს დაიბანაკეს იმათ [მტრის] სადგომში, რომელიც არ იცნობებოდა იმათ მიერ, ვინც გუშინ ნახა. მადრასების ნაცვლად ეკლესიები აღმართეს, [მუეძინების] ყივილის ნაცვლად ზარებს ჩამოკრეს, მოლების ნაცვლად ისმოდა მღვდლების ღაღადისი ადონაის მიმართ: „უფალო, საბაოთ ძალთა!“
როცა გათენდა, შამქორელები მოვიდნენ და კლიტეები მოართვეს. ქალაქისა და მისი მიმდებარე ქალაქებისა და ციხეების ამღებელმა ყველაფერი ამირ-მირმანს უბოძა, რომელიც მას ეთაყვანა. თვითონ განჯისკენ გაემართა და ქალაქთან ახლოს მივიდა. გამოეგებნენ დიდებულები, დიდ-ვაჭრები, მსაჯულები და კანონმდებლები. მიწაზე დაემხნენ, თაყვანი სცეს, დავით მეფეს ქება შეასხეს და ცრემლების ღვრით შეავედრეს თავიანთი თავი და შვილები. ქალაქის კარები გახსნეს, ძვირფას ქსოვილებს უფენდნენ სულთნის სასახლის კარებამდე, თავზე ოქროსა და ვერცხლს, დრამასა და დრაჰკანს აყრიდნენ. როცა სასახლეში შევიდა, ადგა და სულთნის ტახტზე დაჯდა.
გაიმართა დარბაზობა. ამირ-მირმანი და შარვანშა _ თითოეული თავის ადგილას [დასვეს]. ასევე ვეზირები, მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი და მომდევნონი ყველა თავისი წესისამებრ, როგორც იყო მიღებული, ჯდომისა და დგომის წესი, დასვეს. რომელმა ენამ გამოთქვა მაშინდელი ზარ-ზეიმი ან ვისი გონება მისწვდა მეფობისა და სულთნობის ერთად ქმნას, ათაბაგის ძისა და შარვანშას ყმად ყოლას, მთელი მუსულმანობის დამორჩილებას ან იმათ ნახვას, რომელნიც ამას აცდნენ, რადგან მოვიდნენ და მიწამდე თაყვანი სცეს? შეიქნა დროისა და იმ დღის შესაფერისი პურობა და ნადიმი.
მახარობლად მანდატურთუხუცესი ჭიაბერი გამოგზავნეს. ტაბახმელაში მოვიდა და თამარს მოახსენა გამოუთქმელი სიხარულით აღსავსე საქმე. [მან] აუღელვებელი და მშვიდი, სათნო სულით და ლმობიერი გულით ღმერთს მადლობა და ჯეროვანი ქება შესწირა.
ქალაქში შესვლა გადაწყვიტეს და სასახლეში მივიდნენ. მოვიდა მეფე და მასთან ლაშქარი, ღვთის წყალობით, მიუწდომელი სახელით და გამოუთქმელი სარგებელით სავსე. მოიტანეს აურაცხელი საჩუქარი, ძღვენი და განძი: ადამიანი _ ხელმწიფე-აზნაურებიდან მონებამდე _ თორმეტი ათასი, ორმოცი ავაზა, ოცი ათასი ცხენი, შვიდი ათასი ჯორი, თხუთმეტი ათასი აქლემი. სხვადასხვა დროშის, განძეულის, ოქროსი და ლარის აღრიცხვას ვინ შესძლებდა? თამარმა მოწყალება გამოიჩინა: ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა მოიპოვა, დიდ მონასტერში გაგზავნა ხახულის ღვთისმშობლის ხატთან, მსგავსად მათი მამის პაპისა: მაშინ მან დიდგორის ველიდან გაქცევის დროს დორბეზე სადაყაის ძის კისრიდან აგლეჯილი ძვირფასი თვლებით შემკობილი ოქროს მანიაკი გაგზავნა. ძღვნის შეწირვისა და ვედრების მიზეზით, ამანაც [თამარმა] შეთხზა ხუთეული იამბიკო ოცდახუთ სტრიქონად:
***
ცათა ცის დამწყებია ღმერთმთავრობა,
საუკუნითგან არის ძე, პირველი და მარადიული,
სულმა ღმერთმა სრულ ყო მოქმედების უნარის,
სამებით სრულმა ერთი ღმრთეებით
ქვეყნიდან პირველი, პირმშო ადამიანის.
შენ მიერ მისთვის მრუდის მომწესრიგებელი
მრუდი იქცა ვნების მიმართ უვნებელი,
ივნო და პირველი ვნება უვნებელ ყო.
შენგან შობილმა ჩვენ ღირს გვყო ხელმეორედ დაბადებად
სიბნელიდან ნათელში, ნათელთა მზერად.
შენგან, ქალწულო, რომლისთვისაც დავითი
როკავდა, ღვთის ძის შენს ძედ ყოფნას,
მე, თამარ, მიწა შენი და შენ მიერი
ღირს მყავ შენგან ცხებას და სიახლოვეს.
აღმოსავლეთსა და დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს
შუა მფლობელი ნადავლს შენ მოგართმევ,
ხალიფას დროშა მანიაკს
ზედ დავურთე, ცრუ რჯულის მოძღვრის გამარჯვებისკენ წამძღოლი,
დავითმა, ეფრემის ძეების მსგავსად მოისარმა
იარაღი აისხა, მოსრა სულთანთან, ათაბაგთან ერთად.
ირანში იბრძოდნენ ჩემი [ბრძანებით] მის ლაშქართან
ჩვენი მხედრები, შენი მსასოებელნი, რძალო,
დახოცეს, გაწყვიტეს აგარიანთა მოდგმა.
იქიდან მოტანილ საუნჯეთაგან ერთს ამას
შენ შემოგწირავ! მეოხ მეყავ ძესავით, ღმერთო!
***
ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთ-მთავრობა,
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.
შენ მიერ მისთ¢ს დრკუსა მის განმგებელი
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად
ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად.
შენგან, ქალწულო, რომელსა შენთ¢ს დავით
როკვიდა, ძისა ღვთისა ძედ შენდა ყოფად.
მე თამარ, მიწა შენი და მიერივე,
ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა.
ედემს, ღადითად, სიმხნით, და ჩრდილოეთით
შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთმელობ,
ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა
შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღურისა ღაზოდ მძღუანი,
ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან,
მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით.
ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა
ჩუენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო;
მოწყლნეს, მოსწყვიდეს აგარის ნათესავნი.
მუნით მოსმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას.
შენდა შევწირავ! მიოხე ძეებრ, ღმერთო!
ვინაიდან თამარი მზესავით უხვი იყო და ყოვლად უჭკნობ საჩუქარს ღებულობდა, ამის გამო თითოს დასჯერდა და აიღო საპატრონო, ხმელეთისა და ზღვის პატრონმა. მადლი და წყალობა გადაიხადა და ლაშქარი დაითხოვა, ხოლო ტყვეებსა და დაპყრობილებს მწყემსივით ედგა. თვითონ იშვებდნენ, იხარებდნენ, ნადირობდნენ. ოლიმპიური გამარჯვებით სუფევდნენ ბედნიერი და სვიანი თამარი და დავითი ორ ნათელმოსილ და ბრწყინვალე შვილთან ერთად.
ახლა ვთქვათ ეს მძიმე და საწყალობელი [ამბავი]. ვინაიდან აგარიანთა მოდგმას სიბრძნედ და ცოდნით აქვს გრძნებისა და მოგვობის საქმე, ნასწავლი იუნიტანისაგან, რომელიც ნებროთმა ზღვის კიდეზე იხილა კიროსის და დარიოსის დროს, იქიდან მოყოლებული [ისინი] ჯადოქრები, მომწამვლელნი და ღვთის უარმყოფელნი არიან. ახლაც ათაბაგყოფილმა და ნახჭევანში გადახვეწილმა ბუბაქარმა დიდძალი ოქროს დაპირებით ერთ ვინმეს შეაგონა თავისი ძმის, ამირ-მირმანის, მოწამვლა და მოკვდინება. სასიკვდილო წამალი მისცეს და დასნეულდა. გაგზავნეს კაცი მაცნე და იქიდან დიდი შიშითა და ძრწოლით, ასპიტის მსგავსი კბილების ძაგძაგით, ძლივს მოვიდა კაპისის მთასთან, განჯის სიახლოვეს. შეიტყვეს დასტურად მისი სიკვდილი.
ბუბაქარი განჯაში მოვიდა. ამირ-მირმანის ყმები გავიდნენ და შეებრძოლნენ, ზოგი დახოცეს, ზოგი გააქციეს. თვითონ [მეფემ] განჯა შემოიმტკიცა და გამაგრდა. შიშის გამო დიდი ხანი არ დაუყოვნებია იქ და ამირ-მირმანის სიკვდილი არც გაუგია, ისე წავიდა. ყურადღება არ მიაქცია ყოველივეს სიმცირეს, გაემართა და შამქორამდე მივიდა. იქ არანის მტირალი დიდებულები შეეგებნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ, მოახსენეს: „ის აღარ არისო. სიმაგრეები მიუტაცნიათ, ბუბაქარს ამ ქვეყანაზე არავინ დაუდგებაო“.
მეფე დიდებულებთან ერთად შემობრუნდა და თამართან მოვიდა. ალექსანდრეს მსგავსად, როგორც მან დასდო დიდი პატივი პორეს იმით, რომ მის აკლდამაში იჯდა, ასევე ესეც, ნათელი და პირველნათელზე უბრწყინვალესი, შავებით შეიმოსა და ცხარე ცრემლებით გამოიტირა [ამირ-მირმანი]. ამირ-მირმანის დიდებულებს, სახლეულსა და მონებს დიდი პატივითა და სიყვარულით ექცეოდნენ.
ივანე მხარგრძელი მამაცი და ომებსა და ლაშქრობის საქმეებში გამოცდილი იყო, გაემართა და მცირედი ლაშქრით გელაქუნში მივიდა. ჩაუსაფრდა, როგორც მტრის კვალზე დადარაჯებული დათვი, როგორც ლომის ლეკვი, როგორც ისრაელის ძეები _ ბენიამინის ძეებს. მარჯვე ყმა არავინ იახლა თან. ივანემ, რომელიც ჩასაფრებული იყო, შორს იხილა ურიცხვი, მის ლაშქარზე ათჯერ მეტი ლაშქარი, რომელიც განჯიდან მოდიოდა და სურმანში, დვინის ქვეყანაში, მიდიოდა მასისისა და შურის გვირაბების გავლით. თვითონ ბალშანი, ელდიგუზ ათაბაგის გაზრდილი, ჭაბუკი ლომი, დვინისა და სომხითის პატრონი, სურმანელის ძმა, სურმანელთა ლაშქრით; ალი შურიშამი, ახოვანი, მარჯვე კაცი, ასევე დროშის პატრონი. ვინაიდან ივანე გულუშიშარი იყო, არად ჩააგდო თავისი ლაშქრის სიმცირე და მტრების სიმრავლე, გამოუხტა და მიმოფანტა, როგორც შევარდენმა _ წეროები და როგორც ლომმა _ კანჯრის ჯოგი, დახოცა, ამოწყვიტა და მათ თავზე ღვთის რისხვა მოავლინა. დაატყვევა თვითონ ბალშანი, მისი ლაშქარი და დროშები, ცოცხლად გადარჩენილი ოთხი კაცი. თვითმპყრობელებმა დიახაც გაიხარეს, დიდი წყალობა გასცეს და ღმერთს ჯეროვანი მადლი შესწირეს.
მეფე იმიერთა და ამიერთა ლაშქრით განჯის ქვეყანაში გაეშურა, თამარი დვინამდე ჩავიდა. მასთან სამსახურისთვის შარვანშა მივიდა. ლაშქარი გააგზავნა, შემობრუნდა და აგარებში დადგა დიდებითა და სუფევით. [ლაშქარი] განჯის კარს მიუახლოვდა. არანი დაიპყრეს და ამოწყვიტეს, ქალაქის კარებთან ოცდახუთი დღე დაყვეს. ივანე მსახურთუხუცესმა დიდი ლაშქარი და ურიცხვი ალაფი შინ გააგზავნა, ხაჩინელი დიდებულები მეფესთან მოიყვანა. არანის დამპყრობლები და განჯისა და სხვა ქალაქებისგან ხარკის ამკრეფნი ძლევამოსილნი დაბრუნდნენ [თავიანთ] სამეფოში, თან წამოიყვანეს შარვანშა. საბოძვარი უბოძეს, მრავალფეროვან სამოსელში შემოსეს და შინ პატივით გაუშვეს.
წავიდნენ ლიხთ-იმერეთში. პონტოს ზღვასთან მისულებს საზრუნვი გაუჩნდათ, კარგად და ძლიერად შეიარაღდნენ, ვინაიდან ძაღინის ხევის არტანის ქვეყანა პალაკაციო თურქებს აეღოთ.
თამარს, გონიერსა და ბრძენს, არ ავიწყდებოდა ყაბოს მაძიებელი კეკაოსი. მარბიელმა [ლაშქარმა] ბასიანამდე და ყურაბებამდე მიაღწია, [ალაფით] აივსნენ და დაიბანაკეს ადგილს, რომელსაც „სისხლის მუცელი“ ერქვა. ძველად, ოდესღაც ნათქვამისა და მქონელის მსგავსად, ახლაც ჩანდა მათი ქვეყანა და სამყოფელი, როგორც „სისხლის მუცელი“.
ამგვარ ძლევასა და გამარჯვებებში იყო თვითონ მეფეთა მეფე. იგი მადლობის გარეშე არ ტოვებდა იმას, ვისაც მისთვის გამარჯვება მოჰქონდა. თამარი დიდ-ბუნება იყო უსაჩინოეს სკიპტრის-მპყრობელთა შორის.
ამის გამო უდიდეს საქმეებს შეეჭიდა, რომელთა მოსაყოლად მე, უმეცარი და უგუნური, ვერ ვპოვებ სიტყვებს გამოსათქმელად. და ვინაიდან დიდი კეთილი საქმეების დავიწყების საშიშროება გაჩნდა, ვერ შევძელი დადუმება, რომელთა [აღწერა] აღემატება არა მხოლოდ ჩემს, არამედ, მგონია, ძველი მწერლების ძალებს. ამიტომ ჭეშმარიტი სიტყვა ამბობს: „ეძიებდე ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს, და ეს ყოველივე შეგეძინება“.
ამის მსმენელმა და კეთილად გამგებმა თვალები მაღალ ღმერთს მიაპყრო, აიმაღლა ყოვლად ბრძენი და კეთილად შემცნობი გონება, რომელიც მთლიანად შეუერთდა ყოვლის მხედველ მაღალ [ღმერთს] და ნათლად მხედველი თვალები განუწონა, რომ შეიცნოს და მხოლოდ მას ხედავდეს.
ვერ აცდუნა იგი ამ სოფლის სიამეებმა, არც გვირგვინის მეფობამ და სკიპტრამ, არც პატიოსანი ქვების უხვად ქონებამ, არც ლაშქართა სიმრავლემ და ესოდენმა სიმამაცემ, რასაც ნათქვამი გააცხადებს. არ შეიცვალა, ვერც სიმდიდრემ ვერ შეიტყუა, როგორც ოდესღაც ძველად მრავალი მეფე და ყველაზე მეტად ამ სანატრელის მამა, ყველა ბრძენზე უპირატესი და უაღრესი სოლომონი. ეს იმ ბრძენზე უფრო ბრძენი აღმოჩნდა, რომელმაც ისე შეიყვარა ღმერთი იგი და შორს განუდგა ამქვენიურ საცდურებას. ამან ისმინა ჭეშმარიტი სიტყვის ხმა და შეიტკბო იგი. განსაცვიფრებლად ჩვეოდა ღამ-ღამობით მღვიძარება, ლოცვა, მუხლ-მოყრა და ზეზეულად ცრემლებით ვედრება ღვთისა. ღამეს ხელსაქმარზე ატარებდა, რომელიც გლახაკებისთვის იყო განკუთვნილი. მხოლოდ ერთს ვახსენებ.
ლოცვასა და ხელსაქმარზე დაღლილს, ბუნების წესის შესაბამისად, მცირედ მიეძინა. ამ თვლემაში, სიზმარში იხილა რაღაც საყოფელი, სახილველად ლამაზი და სიკეთე-აღმატებული ადგილი, ყვავილებით, სიმწვანითა და ხეებით გამშვენებული. მნახველთათვის ფრიად სასურველი იყო, სამოთხის მსგავსი სიკეთისა და მშვენიერების გადმოცემა შეუძლებელი იყო. ამ ადგილას იყო შესაფერისი ტახტები და სარკმლები, ოქროთი, ზოგი ვერცხლით პატიოსნად შემკული, თითოეული ადამიანისთვის, მის მიერ ჩადენილი საქმეების შესაფერისად, სხვადასხვა ფერად მოკაზმული. ზედა მხარეს იყო ყველა საკარცხულზე უფრო ღირსეული ტახტი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკული. ამ სამოთხეში შეიყვანეს ჭეშმარიტად იქ ყოფნის ღირსი მეფე თამარი. სავარძლები რომ იხილა, თავის გულში გაიფიქრა: „მეფე ვარ მპყრობელი და ჩემია ეს უზენაესი და ყველაზე ღირსეული საჯდომი“. მაშინვე გაემართა იქ დასაჯდომად, მაგრამ წინ დაუდგა ვიღაც ნათლით მოსილი კაცი, ხელი მოჰკიდა, შეხედა და უთხრა: „ის საჯდომი შენი არ არის, რადგან შენ ძალა არ შეგწევს, მას დაეპატრონო“. მეფემ ჰკითხა: „ვინ არის ჩემზე ღირსეული, რომ დაიკავოს ის ყველაზე ღირსეული ტახტი?“ მან უპასუხა: „ის ტახტი შენს დიასახლისს ეკუთვნის, მისი ხელებით მოქსოვილი აცვია იმ თორმეტ მღვდელს, რომლებიც შესაძრწუნებელ და საშინელ ტრაპეზზე წარდგებიან უსისხლო და პატიოსანი მსხვერპლის შეწირვის ჟამს. ამიტომ იგი შენზე უმაღლესია. თუმცა შენ მეფე ხარ, შენთვის საკმარისია ეს დიდება, რადგან შენი სამყოფელი აქვეა“. და უჩვენა უფრო ნაკლები და მდარე [ტახტი].
როცა გაიღვიძა, ბრძანა, მასთან მოეყვანათ ის დიასახლისი. მან აღიარა თორმეტი მღვდლისთვის სრული კვართისა და ფილონის მოქსოვა და მღვდლებისთვის მათი ჩუქება. ამის შემდეგ ამანაც დაიწყო ალექსანდრიიდან ვაჭრების მიერ ჩამოტანილი მატყლისგან ქსოვა და სამოსლის კერვა, ვიდრე თორმეტ ცალს არ შეასრულებდა. ესეც ნათქვამია, თუმცა სიტყვა არ შემორჩენილა, რომ თავისი ხელით აკეთებდა იმის საფასურს, რასაც დღიურად ჭამდა. გლახაკებს ურიგებდა არა სამეფო შემოსავლიდან, არამედ თავის ხელითსაქმარს ყიდდა და იმ ფასს გლახაკებს ახმარდა. საეკლესიო ლოცვისას ლოცვის წესი სრულად სრულდებოდა ისე, როგორც ტიპიკონი ასწავლიდა და პალესტინის მონასტრის განწესება მოგვითხრობდა, ყველაფერი სრულად. სასახლის კარზე მყოფთაგან წირვას ვერავინ ვერ დააკლდებოდა: საღამოს, დილას და სამხარზე, როგორც ნათქვამია.
სამართლიანობის შესახებ რად მჭირდება თქმა? რადგან მის დროს არ იყო დაჩაგრული, არც მტაცებელი, არც ყაჩაღი და მპარავი. ამბობდა: „მე ვარ ობოლთა მამა და ქვრივთა მსაჯული“. მოწყალების [ნიმუშად] საკმარისი იქნება ვარდან დადიანი, გუზანი, რომელიც მხოლოდ დააბრმავეს, ბოცო ბოცოს ძე და მათი მომხრე დიდებულები და აზნაურები, რომლებიც შეიწყალეს. ვინაიდან უდიდესი საქმეები გვიდევს წინ, როგორც ნათქვამია, „ვინ მომცეს მე მტრედის ფრთები?“ რომელმა მეისტორიემ მომცეს მე ღვთისმოყვარე თამარის წინაშე საოცარი და აღმატებული სიხარულით ყოველი ქართველისა და მართლმადიდებლის ამმაღლებელი სასწაულის ქმნა?
მეფესთან სამსახურის გასაწევად მოვიდა ორი ძმა, სარგის ამირსპასალარის ძენი, რომელნიც იმ დროს მეფის მიერ დიდად განდიდებულნი იყვნენ: ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი. ყველა ახლობელი მეფესთან იყო: იოანე კათოლიკოსი, ღვთივსულიერი, ანგელოზების თანამოღვაწე კაცი, მცირე ეპისკოპოსები და საქართველოს სხვა წარჩინებულებიც იყვნენ შეკრებილი. იოანე კათოლიკოსი უსისხლო მსხვერპლს სწირავდა. მან ჟამისწირვა აღასრულა. ჟამისწირვის აღსრულებისას ყველა ღირსი მიდიოდა სეფისკვერის საჭმელად. ზაქარია ამირსპასალარს უნდოდა შეხებოდა და სეფისკვერი აეღო. მაგრამ მღვდლებმა არ მისცეს, რადგან სარწმუნოებით სომეხი იყო, ერთი შეჩვენებულთაგანი. სირცხვილის დასაძლევად ზაქარიამ სეფისკვერის აღება და შეჭმა იკადრა., რისთვისაც ცეცხლივით ანთებულმა კათოლიკოსმა მრისხანედ ამხილა და უთხრა: „მართლმადიდებელი თავისი ნებით არავინ არ იკადრებს მღვდელთმსახურების დროს თქვენთვის, შვიდგზის წყეული სომხებისთვის, სეფისკვერის მიცემას, მიტაცებით კი ძაღლი თუ მიიტაცებს“. სირცხვილნაჭამი ზაქარია თავის კარავში წავიდა.
დარბაზობაზე, პურობის დროს, ზაქარია ამირსპასალარი ცოტა ურწმუნო სიტყვებს ამბობდა, რადგან სიტყვებით ჰგმობდა ჩვენს სარწმუნოებას. ღვთივსულიერი კათოლიკოსი პასუხობდა და უხსნიდა. ზაქარია წინააღმდეგობას ვერ უწევდა და ეუბნებოდა: „მე, მეომარი, კარგად არ ვარ განსწავლული, რომ შენ გიპასუხო, ამიტომ ჩვენი სარწმუნოების მოძღვრებს მოვუხმობ, რომლებიც ჩემს ნაცვლად ჩაგაგდებენ სირცხვილში“. იოანე კათოლიკოსმა უპასუხა; „იყოს ქრისტეს და მარადის ქალწული ღვთისმშობლის ნება, რომლებიც შეარცხვენენ მათ უარისმყოფლებს“. ამ სიტყვებზე ზაქარიამ კაცი გააგზავნა თავიანთ კათოლიკოსთან და ეპისკოპოსებთან, ყველა ვარდაპეტთან და მეცნიერთან. ივანე კი უშლიდა და ეუბნებოდა: „დაეხსენ მაგის გაკეთებას, რადგან ვიცით, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ეს არის“. მაგრამ ზაქარიამ არ ისმინა.
მოვიდა ვანის კათოლიკოსი და ყველა ვარდაპეტი. გამართეს სამსჯავრო. ერთ მხარეს დაჯდა დედოფალი, [ზეციური] დედოფლის მლოცველი, დავით მეფე და საქართველოს წარჩინებულები, მეორე მხარეს _ ზაქარია და ივანე მხარგრძელები. მოუწოდეს იოანე კათოლიკოსს, შევიდა და აღმოთქვა ეს ფსალმუნი: „აღდეგ, ღმერთო, საჯე შენი სჯა, გაიხსენე უგნურთა მხრიდან შენი ყვედრება“. როცა შევიდა, მეფეები წამოდგნენ და პატივით გვერდით დაისვეს. სომეხმა მეცნიერებმა და ვარდაპეტებმა ასევე წესისამებრ პატივი მიაგეს.
მოკითხვის შემდეგ, დრო რომ მოვიდა, ყველანი დადუმდნენ და სომხებმა, რომლებიც კეთილად მოხსენებული იყვნენ, მჭერმეტყველურად და ვრცელი სიტყვებით დაიწყეს თავიანთი სარწმუნოების შესახებ ლაპარაკი. ზეგარდმო ნიჭით აღსავსე კათოლიკოსი გონიერებით უხსნიდა და ბრძნულად პასუხობდა, რომ მათი ნათქვამი გაებათილებინა და საკუთარი დაემტკიცებინა. სიტყვისგება საღამომდე გაგრძელდა.
ისტორიის გაგრძელების შიშის გამო დავკმაყოფილდები შემდეგის თქმით: როგორც იცით სომხების სიტყვა-პასუხის უნარი, ძლიერი ღაღადი იწყეს, პაექრობის შესაფერისი გამარჯვება დარჩებოდათ. ამის გამგონე იოანე კათოლიკოსმა, ღვთისმეტყველის მოსახელემ, შესაძლოა სული წმიდის მიერ აღვსებულმა, ან მართალ სარწმუნოებაზე მინდობილმა, არ ვიცი, დაიწყო შეუვალი სიტყვების ბრძნად წარმოთქმა. ოდესღაც დიდი ელია, ღვთის მლოცველი, მსხვერპლს ცეცხლიდან გადმოხედავდა. ნახეთ, თუ რამდენად უფრო მეტად მისაღებია უსისხლო მსხვერპლი, კაცქმნილი ღმერთის სისხლი და ხორცი, ძროხის მსხვერპლზე, რომელიც აჩრდილს ბუზებს უგერიებდა. იმდენად უბრწყინვალესი და უზენაესია, რომელიც ახლა მოხდა და ითქვა, ვგონებ, სული წმიდის მეოხებით, მისი მსახური კათოლიკოსის პირით. მან თქვა:
„თარგამოსის სახლეულნო, რომელნიც შეკრებილი ხართ მართალი სარწმუნოების მოწინააღმდეგედ და მტრად! იცით, რომ კაცთა მოდგმას ეშმაკი დაეუფლა? გონების თვალის დამშრეტმა ის მისნებს დაუმონა. უვიცები და ღვთის უარმყოფელნი მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს, ხახვს, ნიორს და ჯინჭარს. მაგრამ ღმერთი, რომელიც თავის მიერ დაბადებულებს არ ივიწყებს, ელაპარაკა აბრაჰამს და შემდეგ, მის შთამომავლებს. შემდეგ მოსეს მისცა რჯული და სამართალი. ბოლოს უმეტესი წყალობით აღძრული, ზეციდან გადმოვიდა ერთი სამებისაგანი, ძე და სიტყვა, ქალწული მარიამისგან ხორცი შეისხა და ადამიანების მსგავსი გახდა, რადგან ქალწულის სისხლისაგან მიიღო კაცობრივი სხეული და გონიერი სული, ადამიანთა შორის ტრიალებდა და ყოველივე განგებული აღასრულა. როცა იმ შესაძრწუნებელ ნებსით ჯვარცმას ელოდა, თორმეტ მოწაფესთან ერთად სერი მიიღო და პასექი შეასრულა. როცა შესრულდა, ახალი განმაღმრთობელი საიდუმლო დაიწყო: აიღო პური, გატეხა, მოწაფეებს მისცა და უთხრა: „მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი ცოდვათა მისატევებელად“. ასევე სასმელიც: „დალიეთ ამისგან, ეს არის ჩემი სისხლი“. ადრე ის ამბობდა: „თუ ადამიანის ძის ხორცს არ შეჭამთ, არ გექნებათ ჩემთან ნაწილი“. და ისევ ამბობდა; `ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სისხლია“. და მრავალია ამნაირი სიტყვები. ახლა მიპასუხეთ: „გწამთ მახარებელთა ამნაირი სიტყვები?“ ხოლო მათ მიუგეს: „უცილობელია, რომ თავისი ხორცი და სისხლი მოგვცა, რათა მარადიულად ვჭამდეთ და ვსვამდეთ. ეს დიდი საჩუქარია ჩვენთვის, რომ ქრისტეს ღმერთად აღმსარებელნი მის ხორცს ვჭამდეთ და მის სისხლს ვსვამდეთ“.
კათოლიკოსმა ისევ საზეიმოდ განაცხადა: „კეთილი, შვილებო, რადგან აღიარეთ, ახლა ესეც გწამთ, რომ ახალი რჯული და ახალი პასექი იყო ის სერობა და ყველანი, რომლებიც ქრისტეს ღმერთად და კაცად ვაღიარებთ, მღვდელვმსახურობთ ქრისტეს ვნებების მოგონებით; ვჭამთ მის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს, ის არის ჩვენი რჯული და ახალი მცნება?“.
სომხებმა მიუგეს: „ესეა, ამის უმეცარი არავინ არ არის“.
კათოლიკოსმა თქვა: „ახლა იცოდეთ, თუ თქვენი სარწმუნოება უკეთესია, თქვენ მიერ შეიცვლება პური უფლის ხორცად. თუ ჩვენია უმჯობესი, ჩვენ მიერ მღვდელმოქმედებული შეიცვლება უფლის ხორცად“.
მათ თქვეს: „ეგრეა“.
კათოლიკოსმა მოსასმენად საშინელი სიტყვა თქვა: `საქმით გამოვაჩინოთ, არა სიტყვით!~.
მათ თქვეს: „რასაც აკეთებ, გააკეთე“.
კათოლიკოსმა უთხრა: „ერთ ძაღლს მოგცემთ და სამ დღეს გაცლით, რომ ღამე ლიტანიობასა და ღვთის ვედრებაში გაატაროთ. ძაღლი სამი დღე უჭმელად დატოვეთ. ერთი ძაღლი მე მომეცით, სამ დღეს უჭმელად დავტოვებ, ღამეს ლიტანიობითა და ღვთის ვედრებით გავათენებ და გამოჩნდება მართალი სარწმუნოება. მესამე დღეს აღვასრულებ უსისხლო მსხვერპლს და ჩემი ხელით მოვიტან სეფისკვერს. თუმცა ეს უკადრებელია, მაგრამ წინ დავუდებ იმ ძაღლს, რომელიც თქვენ გყავთ. ასევე მოიტანეთ თქვენი სეფისკვერი და იმ ძაღლს, რომელიც მე მყავს, წინ დაუდეთ. რომლისაც შეჭამოს [ძაღლმა], მისი რწმენა არ არსებობს. თუ თქვენს შეჭამს, თქვენ გრცხვენოდეთ, თუ ჩვენს შეჭამს, ჩვენ ვიქნებით შერცხვენილი“.
როცა მეფეებმა და ერმა ეს გაიგეს, განცვიფრდნენ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ. გონზე რომ მოვიდნენ, კათოლიკოსს უთხრეს: „ეს რა თქვი, მოსასმენადაც საშინელებაა“. კათოლიკოსი უფრო ჯიუტად იდგა თავისაზე. თუმცა სომხებს არ სურდათ, ძაღლები მაინც გაცვალეს ერთმანეთში და თავიანთ კარვებში წავიდნენ. ძლიერ აღელვებულმა მეფემ კათოლიკოსს მიმართა: „რა თქვი ეს, იმდენად გასაკვირია, რომ ვის შეუძლია ამისი გაკეთება, მოფიქრება და გაგება? კათოლიკოსმა დამშვიდებით უპასუხა: „ეს საქმე ჩემ თავში დარწმუნებულმა კი არ წამოვიწყე, არამედ ქრისტე ღმერთის იმედით, რომ მორწმუნეებს აჩვენოს, თუ ვისი სარწმუნოებაა მართალი და ვინ არიან მართლ-აღმსარებელნი და ვისი მღვდელმსახურებით შეიწირავს [ღმერთი] უსისხლო მსხვერპლს და ვის ხელებს განუჩენს ღვთის ტარიგი თავისი თავის დაკლვას, ანუ ვინ ვჭამთ მის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს. მართლმადიდებლობის მინდობით ცხად ვყოფთ ჭეშმარიტებას. მეფეო, შემეწიეთ შენ და თითოეული ქართველი!“ მოისმინეს რა კათოლიკოსის სიტყვები, გაოცდა მეფე და მთელი ერი, და თავ-თავისთვის დაიშალნენ. პარასკევი დღე იყო. დაიწყეს ლიტანიობა: ცალკე მეფემ, კათოლიკოსმა და მთელმა სამღვდელოებამ (ეპისკოპოსები ცოტანი იყვნენ, რადგან მეფეს კრება არ ჰქონდა მოწვეული), და ცალკე სომხებმა და ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა. ორივემ ღამე გაათია. შაბათს კვლავ დაიწყეს ლიტანიობა და ორშაბათი გაათენეს. მზე ამოვიდა და ყველანი ეკლესიაში გაემართნენ, ცრემლებით ევედრებოდნენ ღმერთს. ორივე მხარეს გაამზადეს წმიდა ტრაპეზი. ორივე კრებული ტიროდა. როცა უსისხლო მსხვერპლის შეწირვა აღასრულა, კათოლიკოსმა ფეშხუმით აიღო ჩვენთვის განკაცებული ქრისტე ღმერთის შესაძრწუნებელი ხორცი, წამოვიდა კრებულისკენ, გზადაგზა ამბობდა: `წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, ცანი და ქვეყანა სავსეა მისით“.
მოუწოდა სომეხ ეპისკოპოსებს, მხარგრძელებს და მათი სარწმუნოების მიმდევრებს და უთხრა: „აწ ისმინეთ, თარგამოსის სახლო! იცით, რომ ჩვენთვის განკაცებულმა ღმერთმა თავისი ხორცი მოგვცა საჭმელად და თქვა: `ჩემს ხორცს თუ არ შეჭამთ, ცხონება არ გექნებათ, ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად?“ მოციქულიც ამბობს: „ეს პური, რომელსაც გავტეხავთ, ქრისტეს ხორცის ზიარება არ არის?“ ახლა, თუ თქვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, ეს პური ქრისტეს წმიდა ხორცი იქნება; თუ ჩვენი სარწმუნოება მოსწონს, ჩვენ მიერ იქნება კურთხეული სრულიად უფლის ხორცად. ნუ იქნება, რომ რომელიმემ უარყოფა იკადროს. მოიყვანეთ ძაღლი, რომელიც მე გადმოგეცით. თუმცა საკადრისი არ არის, ამ წმიდა პურს წინ დავუდებ. თუ ძაღლი მიუახლოვდება და შეეხება, არარა არის ჩვენი სარწმუნოება. მოაყვანინეთ თქვენი ძაღლი, დავუდვათ თქვენ მიერ კურთხეული პური. ნახეთ რა იქნება და მაშინ გამოჩნდება, ვისი სარწმუნოება მოსწონს ქრისტეს“.
თუმცა სომხებს არ სურდათ, მაგრამ სიმართლეზე პასუხი არ ჰქონდათ. იძულებული იყვნენ, კათოლიკოსისთვის ეთქვათ: „შენ შეგფერის, აღასრულო შენ მიერვე განწესებული საქმე“. შემოვიდა ხალხის სიმრავლე სანახავად, თუ რა იქნებოდა. ამის მნახველმა კათოლიკოსმა თქვა: „მე ვიზამ“. ბრძანა, რომ ხალხი შორს და გარშემო დამდგარიყო, რათა ყველას დაენახა ღვთის დიდებულება. ხალხი მოშორებით დადგა.
წამოდგა [სათანადოდ] შემოსილი იოანე კათოლიკოსი, ხელთ ეპყრა შიშის დამცემი ის საიდუმლო, ხორცქმნილი და მღვდელთმსახურებით გამზადებული. განცვიფრებული და შეძრწუნებული მეფე და მთელი ხალხი უმზერდა მას. კათოლიკოსი იდგა, როგორც შეურყეველი და ლამაზად აგებული გოდოლი, მტკიცედ იდგა მშვენიერი სახით. ბრძანა, მოეყვანათ სამი დღის უჭმელი ძაღლი. მოიყვანეს შიმშილით გალეული ძაღლი. წამოდგა იოანე კათოლიკოსი და საზეიმო ხმით ბრძანა: „ქრისტე მეუფეო, ადამიანთა ხსნისათვის განკაცებულო, ჩვენთვის ჯვარცმულო, დაფლულო და აღმდგარო და ზეცაში მამასთან ამაღლებულო, რომელმაც მოგვეცი შენი ხორცი, რომ შენდა მოსახსენებლად ვყოფდეთ; შენ, მეუფეო, მოგწონს ქართველთა სარწმუნოება, მოგწონს ეს ჩვენი სარწმუნოება, შეუხებლად და მიუკარებლად დაიცავი ჩვენ მიერ მღვდელმსახურებული შიშის დამცემი ეს შენი ხორცი; შენ შეიწირე ეს უცვლელი და აჩვენე ამ ერს ჭეშმარიტი გზა. მოხედე ამ მსხვერპლს და შეარცხვინე ჩვენი მოწინააღმდეგები“.
როცა ეს ითხოვა, მოშიებული ძაღლის წინ დადო ამ შიშის დამცემი უსისხლო მსხვერპლის ნაჭერი. [ძაღლმა] პური რომ ნახა, მიახტა, როცა მიუახლოვდა მიუახლებელს, მან მაშინვე საშინლად დაიყეფა და პირი არ დააკარა წმიდათა მას წმიდას. ეს გასაოცარი სასწაული რომ ნახეს, გაუკვირდათ მეფეს და მთელ ხალხს. კათოლიკოსმა და მთელმა ხალხმა ხმამაღლა შესძახეს: „დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან შენი საქმენი!“ და სიხარულის ცრემლებით ხმა აიმაღლეს ღვთის სადიდებლად. უღონოებაში ჩავარდნილი სომხები გაკვირვებულები იდგნენ.
მაშინ კათოლიკოსი შეევედრა მეფეს, რომ ხალხი გაეჩუმებინა. და როცა ხმები მიწყნარდა, ნათელმოსილი სახით მიმართა სომეხ მოძღვრებსა და მხარგრძელებს: „მოისმინეთ და იცოდეთ: ღმერთი, უხილავი და მიუახლებელი და ყოველივე ბოროტისაგან შეუხებელი, უბოროტოა და მან თვითონ ბრძანა ამ წმიდა პურის ხორცად ქცევა. ნუ გიკვირთ, რადგან მანვე თქვა: „იყოს ნათელი და კვლავ გამოჩნდა ნათელი“, „ხმელეთი _ და გამოჩნდა“. იმავე სიტყვამ არარასაგან შექმნა ხმელეთი. სახისმეტყველებითად კი არ არის მისი ხორცი, არამედ ჭეშმარიტად. მას რა უნდა შეხებოდა? მისი ხორცი და პური ან ორივე ერთია, ან ერთერთი უმჯობესია“.
სომხებს, მართალია, არ სურდათ, მაგრამ ძალაუნებურად უნდა გაეკეთებინათ ეს. როცა მღვდლები დადგნენ და მოიყვანეს ძაღლი, რომელიც კათოლიკოსს ჰყავდა, და მათი მსხვერპლი მიუგდეს, [მან] მაშინვე პირი დაავლო. ქართველებმა მხიარული ხმით მადლობა გადაუხადეს ღმერთს, აქეთ-იქით აწყდებოდნენ და ამბობდნენ: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან შენი საქმენი!“ შემოსილი კათოლიკოსი თავის ცხენზე შესვეს, ხელთ ლანგარზე [დადებული] სეფისკვერი ეკავა, თან მიჰყვებოდნენ წარჩინებულები, ლაშქარში მიმოდიოდნენ და ასოცდამერვე ფსალმუნს გალობდნენ: „მრავალგზის მავიწროებდნენ ჩემი ყრმობიდან მე ჩემი მტრები და ვერ მერეოდნენ. ბეჭებზე მცემდნენ ცოდვილები და გააგრძელეს მათი ურჯულოება. უფალმა დაამსხვრია ცოდვილთა ზურგები. შერცხვებათ და უკუ იქცევა სიონის ყველა მოძულე. უგალობეთ უფალსა, რადგან დიდებით დიდებულია, უფალმა შემუსრა მებრძოლები, უფალია მისი სახელი“.
ასე მხიარული სახით შემოიარეს მთელი ბანაკი. სომხები, როგორც ბაყაყები ტბის გარეშე, თავდახრილები უხმოდ იდგნენ, როგორც ძველად ასტარტეს მღვდლები. ხოლო თუ რაოდენი სიხარული, ღვთის იმედი და მადლობა მოიწია ქართველებზე, ამის მოყოლა შეუძლებელია. როცა შევიდნენ, მეფემ და კათოლიკოსმა დიდი სერობა გამართეს. შერცხვენილი სომხები მხარგრძელთა კარავში წავიდნენ. ივანე მსახურთუხუცესმა თავის ძმას, ზაქარია ამირსპასალარს, უთხრა: „მე დავა არ მინდოდა, ქართველებს მართალი სარწმუნოება უკავიათ, რა გვიშლის, რომ მართალი სარწმუნოება მივიღოთ და ქართველი კათოლიკოსის მიერ ნათელ-ვიღოთ?“ მან უპასუხა: „ვიცი, ძმაო, რომ ქართველებს მართალი რჯული აქვთ, მაგრამ რომელიც [განკითხვის] დღეს განიკითხება, მას მოსთხოვონ, მე არ შევუერთდები ქართველებს!“ ივანემ ეს მოისმინა და უთხრა: „მიკვირს შენი სიბრძნის გამო, რომ უმჯობესს ვერ არჩევ. მე არ შევუერთდები შენს გადაწყვეტილებას, ქართველების სარწმუნოებაზე მოვინათლები“.
რა საჭიროა სიტყვები? მოვიდა და ჩვენს სარწმუნოებაზე მოინათლა იოანე კათოლიკოსის მიერ. სომხების დიდი რაოდენობაც მოვიდა ნათლისღების მიზნით. შეიქმნა დიდი სიხარული. ზაქარია თავის ურწმუნოებაზე დარჩა.
ამგვარი საჩუქარი და პატივი მიჰმადლა თამარს მის მიერ სათაყვანებელმა ღმერთმა, მაგრამ არც მას დაზარებია ღვთის სათნო საქმეების კეთება. ამიტომ წამოიწყო მისი გამარჯვებების ხელისშემწყობის, ზე-კურთხეული ვარძიის ღვთისმშობლის საყოფლის შენება, ზემო ვარძია ქვემო ვარძიით შეცვალა, კლდეში გამოკვეთა თვით წმინდა ეკლესია, და მონაზონთა სამყოფელო სენაკები, რომლებიც მტრისგან მიუვალი და მიუდგომი გახადა. პირველად ვარძიის [შენება] მის სანატრელ მამას, გიორგის, ჰქონდა დაწყებული, მაგრამ არ დაუსრულებია და ისე დატოვა. ამან დაასრულა და ყოველნაირად შეამკო, მრავალი და დიდი სოფლები შესწირა, უზრუნველყო ტრაპეზის დიდი შემოსავლები, იმდენი, რომ ყველაფრის მოყოლა ძნელია. თუ ვინმეს ნებავს ამის გაგება, ნახოს ვარძია და მის მიერ გაკეთებული საქმეები და ნაშენები გამოქვაბულები. ვინაიდან თამარ მეფემ განიზრახა უბიწო და გასაოცარი, სასწაულთმოქმედი ვარძიის ღვთისმშობლის მსახურება, ამიტომ ადრინდელზე უფრო განდიდდა მისი მეფობა.
ხოლო ისმინეთ მისი სხვა საქმეების, მონასტერთა აშენებისა და შეწირულობის შესახებ. არა მხოლოდ საქართველოში ააშენა მონასტრები, არამედ პალესტინაში, იერუსალიმში პირველად ააშენა მონასტერი. და კიდევ, კვიპროსზე შეამკო ღალია და უყიდა სამფლობელოები, მონასტერი ააშენა და პატიოსანი მონასტრის ყველა წესით შეამკო. და კიდევ, კონსტანტინოპოლში ააშენა მათი მეტოქი. გრძელია მოსაყოლად, რა წყალობაც უხვად მიჰფინა საბერძნეთსა და მთელ ელადაში არსებულ მონასტრებს. საქართველოში პატარა მონასტრიდან დაწყებული საყდარ-ეკლესიები არ დაუტოვებია, რომ წყალობით არ აევსო.
ასე კეთილად იყო მიპყრობილი საუკუნო გონების მიმართ, რისთვისაც წყალობა-მომნიჭებელი [ღმერთი] დღე-კეთილობაში წარუმართავდა საქმეებს. ყველა გარშემო მყოფი მეფე, ქალაქი და ამირა ძღვენითა და ხარკით იმადლიერებდა მის მამაც მეომრებს. ურჩებს არბევდნენ.
აქამდე ყარსი თურქებს ჰქონდათ. ალყის შემოსარტყმელად ლაშქარი გააგზავნა. თურქებმა გაიგეს, ყარსი დატოვეს და გაიქცნენ. მეფემ აიღო, ყარსი დაისაკუთრა და მის მცველად ივანე ახალციხელი დატოვა და მონაპირედ გაამწესა. მასვე უბოძა ათაბაგობა და ამირთაამირობა. ამის გამო თურქებს დიდი წყენა შეემთხვათ. დიდი ზარალი მიაყენა [თურქებს], რადგან მათ გარშემო ქვეყნები წაართვა, მიიღო და დაისაკუთრა. მეფესთან მახარობელი გამოგზავნა და მადლობა დაიმსახურა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქვეყანა. თამარის სამეფო წარმატებული ხდებოდა და დღითი-დღე იზრდებოდა. ყველა სულთანს მეფის შიში და ძრწოლა ჰქონდა.
უდიდესი საქმეები გამომიჩნდა, ამ საქმეების სიდიდის გამოგონება დამიუძლურდა მოსათხრობად, რადგან შეუფერებელია ჩემთვის ამათი თხრობა, მხოლოდ ადრინდელ მწერლებს თუ [შეეფერება].
ეს ესმა სელჯუკთა დიდ სულთანს, რუქნადინს, რომელიც სხვა ყველა სულთანზე უმაღლესი და უდიდესი იყო, რომელიც ბატონობს დიდ საბერძნეთში, აზიასა და კაპადოკიაში ვიდრე პონტოს ზღვამდე. მან თავის მრავალრიცხოვან ლაშქარს მოუწოდა. შეიკრიბა ორმოცჯერ ათიათასი კაცი, რომელიც არის ოთხასი ათასი. მეფესთან მოციქული გამოაგზავნა და წერილი გამოატანა, რომელშიც ეს ეწერა: „მხოლოდ ღმერთზე უმდაბლესისა და ყველა მხარის მპყრობელის! ყოველი დედაკაცი რეგვენია, შენ ქართველებისთვის გიბრძანებია მუსულმანების დასახოცად ხმლის აღება. ესაა ხმალი, რომელიც ბოძებულია დიდი მოციქული მაჰმადისთვის, მისი ერის თავისათვის. ვაგზავნი მთელ ჩემ მხედრობას, რომ გავწყვიტო მაგ ქვეყნის ყველა მამაკაცი. ცოცხალი ის დარჩება, რომელიც წინ მომეგებება, ჩემს კარავს თაყვანსა სცემს, თქვენ სასოება ჯვარს ჩემ წინ დალეწავს და მაჰმადს აღიარებს“.
მეფის პასუხი რუქნადინს
მინდობილმა ყოვლისმპყრობელი ღმერთის ძალას, მარადის ქალწული მარიამის [მიმართ] სასოებით მლოცველმა და პატიოსანი ჯვრის მვედრებელმა წავიკითხე ღვთის განმარისხებელი შენი წერილი, რუქნადინო, და შევიცანი შენი სიცრუენი, რომელთა განმსჯელი მხოლოდ ღმერთი იქნება! შენ ვირით დამტარებელთა ოქროს სიმრავლეზე ხარ მინდობილი, ხოლო მე არც სიმდიდრეზე და არც ჩემი ლაშქრის ძალაზე, არამედ ყოვლისმპყრობელი ღმერთისა და წმიდა ჯვრის ძალაზე, რომელიც შენ დაჰგმე. ვაგზავნი მთელ ჩემ მხედრობას შენს დასახვედრად. იყოს ნება ღვთისა, ნუ _ შენი! მისი სამართალი, ნუ - შენი!“
როცა მოციქული მოვიდა და მეფე თამართან შეიყვანეს, წერილი გადასცა, წარუდგა და უკადრებელი სიტყვები წარმოთქვა: „თუ თქვენი მეფე რჯულს დატოვებს, სულთანი ცოლად შეირთავს. ხოლო თუ რჯულს არ დატოვებს, სულთნის ხარჭა იქნება!“ ეს თავხედური სიტყვები რომ წარმოთქვა, წამოდგა ზაქარია მხარგრძელი და სახეზე მუშტი დაჰკრა. როგორც მკვდარი დაეცა და ეგდო. როცა ასწიეს, ფეხზე დააყენეს და ცნობაზე მოვიდა, ზაქარიამ უთხრა: `მოციქული რომ არ ყოფილიყავი, თავხედური საქციელისთვის პირველად ენის მოკვეთა იქნებოდა შენი სამართალი და მერე _ თავისა. ახლა შენთან ლაპარაკი არ ღირს. ეს წერილი რუქნადინს გადაეცი და უთხარი: „ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად და დასახვედრად, დაე, აღსრულდეს ღვთის სამართალი!“ წერილი მისცა, შემდეგ შემოსეს და საჩუქარიც უბოძეს, მწვავე პასუხით გაგზავნეს. მაშინ მოუწოდეს იმერთა და ამერთა ლაშქარს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ჯავახეთში შეიკრიბნენ. თამარი ვარძიაში წავიდა ვარძიის ღვთისმშობლის წინაშე. ცრემლებით შეავედრა დავით სოსლანი და თავისი ლაშქარი. ვარძიიდან გაატანა თავისი სვიანი და ბედნიერად ნატარები დროშა. ლაშქარი გაემართა. წინამძღოლებად იყვნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ორი ძმა, შალვა და ივანე ახალციხელები, თუმცა შალვა მანდატურთუხუცესი იყო, ჭიაბერი და სხვა თორელები და გაემართნენ ბასიანის მხარეს. თამარ მეფე ოძრხეში მოვიდა. მას ახლდნენ შავთელი, კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსების გამომთქმელი და მოღვაწებით განთქმული; სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული ევლოგი. თამარ მეფე ამათთან იმყოფებოდა დღე და ღამე ლოცვით, ფსალმუნების გალობით, უძილოდ ღამისთევით. ყოველ დღე ღამე ლიტანიობდა, არ ისვენებდა. ბრძანა ყველგან საყდრებში, მონასტრებსა და სოფლებში ლიტანიობა და ღვთისადმი ვედრება [აღევლინათ].
ხოლო დავით მეფემ ის გააკეთა, რომ უნდოდა ზევითკენ წასულიყო, სადაც დაბანაკებული იყო [სულთანი] ბასიანის ადგილას, რომელსაც ბოლოსციხე ეწოდებოდა. მივიდნენ სულთნის ბანაკთან. არ დაითვლებოდა მათი ცხენების, ჯორების, აქლემების, კარვებისა და სადგომების რიცხვი. მინდორი ძლივს იტევდა მათ კარვებს და იქ მყოფებს, ქართველებზე ბევრად მეტი იყვნენ. სულთანი მშვიდად და უშიშრად იდგა. დავითი და ქართველები მიუახლოვდნენ, დააწყვეს რაზმი, სადაც წინამძღოლად იყვნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი, ახალციხელები შალვა და ივანე, და სხვა თორელები. ერთ მხარეს [იყვნენ] აფხაზები და იმერლები, მეორე მხარეს - ამერნი და ჰერ-კახელები. ასე წყნარად მიდიოდნენ. სულთანს დარაჯები არ ეყენა, მაგრამ სულთნის კაცმა იხილა, რომ მოვიდა ურჯულოთა ურიცხვი ლაშქარი. მათი მეფის იმედი წახდა, ისინი შედრკნენ, ჯოგი მოასხეს, შეიარაღდნენ, ცხენებს მოახტნენ, ბარგი და კარვები დატოვეს. კარვებიდან რომ გამოვიდნენ, საბრძოლოდ დაეწყვნენ. ორთავე მხარის პირველი რიგები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ატყდა ფიცხელი და ძლიერი ბრძოლა. ძველად თუ მომხდარა ასეთი მამაცური ომი. ომი დიდხანს გაგრძელდა, გაწყდნენ მებრძოლები ორივე მხარეს, უფრო მეტად სულთნის ლაშქარი წყდებოდა. ომი ისე გაგრძელდა, რომ ცხენი მოუკლეს ივანე მსახურთუხუცესს, ზაქარია გაგელს, შალვა და ივანე ახალციხელებს, მამაც ვაჟკაცს, თაყაიადინ თმოგველს, და სხვა მრავალ თავადს. [ქართველებს] კინაღამ გასაქცევად გაუხდათ საქმე. საქართველოს მამაცი ვაჟკაცები ქვეითად დარჩნენ რაზმებში. მებრძოლებმა ქვეითად მყოფი თავ-თავიანთი პატრონები რომ ნახეს, სასიკვდილოდ თავი გადადეს, ცხენებიდან ჩამოხტნენ და თავიანთ პატრონებს გვერდით დაუდგნენ, ქვეითნი _ ქვეითებს და ასე შეიქნა ძლიერი ომი. და როცა დავით მხნემ ეს იხილა, იმის შიშით, რომ ცხენოსან ქართველებს ქვეითი ქართველები არ გადაეთელათ, მან ერთ მხრისკენ გაარიდა თავი, ზაქარია მხარგრძელმა _ მარჯვენა მხრისკენ და როცა ქართველებს მოშორდნენ, მათ სპარსელების მხარეს მიაშურეს. და როგორც მონადირე გაეკიდება ნადირს, ისეთი სისწრაფით დაესხნენ თავს, ერთ მხარეს დავით სოსლანი და მეორე მხარეს _ ზაქარია, მაგრამ ვინც უფრო ახლოს იყო, უწინარეს ის მივიდა. იმ წუთში მივიდა დავითი და მისი ლაქარი და როგორც ცხვარში მგლები, ისე შეცვივდნენ სულთნის ურიცხვ ლაშქარში. პირველივე შეტაკებაზე და ხმლების დაჯახებაზე წყალობა-აურაცხელმა ღმერთმა მოხედა ჯვარის მოსავებს და ვარძიის ღვთისმშობელმა განადიდა დავითის და თამარის დიდება. ამხელა სიმრავლე უცბად შეირყა, იძლია და დაიფანტა. იმას ჰგავდა, თითქოს თვალუწვდენელი ტყით დაბურული მაღალი ადგილი მიწითურთ მოირღვა და დაზვავდა. სადაც თვალი მისწვდებოდა, ყველგან ტყესავით ხშირი ლტოლვილი ლაშქარი ჩანდა.
ქვეითად მყოფი მამაცი ქართველები, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, ცხენებზე შესხდნენ და ღამის დადგომამდე დევნიდნენ [მტერს], ხოცავდნენ, ძირს ყრიდნენ და ტყვედ აჰყავდათ. ისინიც მთელი ჯარით ვერ ეტეოდნენ [იმ ადგილას] და ერთმანეთს ქელავდნენ.
ამ ამბების მთხრობელს კვლავ დადუმება მომინდა. გაკვირვებული ვარ, თუ როგორი წყალობით მოხედა თავის სამკვიდრებელს ღმერთმა და ვარძიის ღვთისმშობელმა, როგორ უვნებლად დაიცვა მას შევედრებული ქართველი ხალხი და ასე წარმოჩენილი ერი ისე, რომ ამ სიმრავლეში არც ერთი საჩინო, მეფის მიერ გამორჩეული კაცი, არ მომკვდარა. როგორ ივლტოდა [მტრის] მრავალრიცხოვანი ლაშქარი და როგორ უვნებლად დაიცვა თამარის ლაშქარი! აივსნენ ოქროთი, ვერცხლით და პატიოსანი თვლებით. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემის რაოდენობას, რომელიც დაყარეს, ვინ აღრიცხავდა? კარვის საფენებით, შესამოსლით, ლარის შეკვრებით სავსე იყო მათი ბანაკის ადგილსამყოფელი. ისე თავზარდაცემულები გარბოდნენ, რომ სისწრაფეში არ მიხედეს კარვებისა და ფარდაგების სიმდიდრეს. თითო ცხენით გარბოდნენ, მარქაფას ტოვებდნენ.
ასე ძლევა-შემოსილები, ღვთის მადიდებელნი, შემობრუნდნენ და მათ კარვებში დადგნენ. როგორც რიყის ქვა, ისე იდო შაქრის გორები. იმ ადგილას წყაროები იყო: მოვიდოდა კაცი და მუზარადს საფენს ამოფხრეწდა, შაქრით გატენიდა, წყლით აავსებდა და სვამდა. ამგვარად, სახელოვანი დავითი თავის მზესთან გაემართა.
უკვე ვთქვით, რომ თამარ მეფის ოძრხეში ყოფნის დროს მას თან ახლდნენ იოვანე შავთელი და ევლოგი, ღმერთს ევედრებოდნენ, ღამეს ათენებდნენ ლაშქრის გამარჯვებისთვის [ლოცვაში]. ერთ დღეს შავთელი და ევლოგი თამარ მეფესთან ისხდნენ. უეცრად ევლოგის რაღაც საოცრება დაემართა: ზემოთ დაიწყო ყურება. როცა უყურებდა, უეცრად მწუხარე სახით იგი სამჯერ დაეცა ძირს, მაშინვე ადგა და წამოიძახა: „აჰა, ღვთის წყალობა მოიწია თამარის სახლზე!“ გაიქცა და ავიდა მთაზე, რომელსაც არაგანი ჰქვია. მაშინ შავთელმა უთხრა: „იცოდე, მეფეო, რომ სალოსმა ჩვენება იხილა, მაგრამ ჩვენება კეთილი მგონია“. ჩაიწერეს დღე, ღამე და საათი.
მოწყალე ღმერთმა წინასწარ დასახა ყველა ნივთის შექმნა ჩვენი უკანასკნელი ხსნისათვის. მოწყალემ იმავე დღეს თავისი აღდგომით დასახა ჩვენი ხსნა. ამნაირად სახელგანთქმულები, მხიარული სახეებით, ვარძიაში მოვიდნენ, თამარიც მივიდა და ჯეროვანი მადლობა შესწირეს [ღმერთს].
ამგვარ დღითი-დღე წარმატებებსა და განდიდებაში იმყოფებოდა ყველა სკიპტრის-მპყრობელზე უბრწყინვალესი თამარი. უფრო და უფრო უმატებდა ღვთისმსახურებას, ეკლესია და მონასტრების შენებასა და შემკობას, ობოლთა და ქვრივთა შეწყალებას და სამართლის მოფენას. ამგვარად იშვებდნენ და ხარობდნენ სამეფოში. დროდადრო აფხაზეთში გადავიდოდნენ და იქაურ საქმეებს განაგებდნენ. ნადირობდნენ მშვენიერ სანადირო ადგილებში _ გეგუთსა და აჯამეთში. შემდეგ ქართლში, სომხითში გადმოდიოდნენ, დვინში შეჩერდებოდნენ. ხარკით მოდიოდნენ განჯელები და ზემოთა ქალაქელები. გაზაფხულზე ამოივლიდნენ სომხითიდან, ნახჭევანელებს ხარკი მოჰქონდათ. წავიდოდნენ კოლაში, არტაანის თავში, იქიდანაც მოჰქონდათ ხარკი კარინის-ქალაქიდან, ეზინკიდან და სხვა ქალაქების ადგილებიდან.
ასეთ სიხარულს მწუხარება მოსდევს.
მწუხარება მოიწია, რადგან გარდაიცვალა დავით სოსლანი, ყოველგვარი ღვთიური და კაცური სიკეთით აღსავსე კაცი, შესახედავად მშვენიერი, ხოლო ბრძოლებსა და ომებში მამაცი, გულოვანი, უხვი, მდაბალი და სიკეთეაღმატებული. ორი შვილი დატოვა: ყრმა ლაშაგიორგი და ასული რუსუდანი. იტირეს, იგლოვეს და ყველა თანამემამულეს მწუხარება დაუტოვეს.
იმ ხანებში, საკმაოდ ხანგრძლივად, ყველგან მშვიდობამ დაისადგურა. მეფე გეგუთში იმყოფებოდა, რადგან წმიდა მარხვა იდგა. ორივე მხარგრძელი მეფესთან იყო. როგორც კი არდაველის სულთანმა [ეს] შეიტყო, ქრისტიანების სამტროდ აღიძრა, მოუწოდა თავის ლაშქარს, გამოემართა და ანისი ააოხრა, რადგან იცოდა, რომ მხარგრძელები შინ არ იმყოფებოდნენ. წამოვიდა, არაქსის პირი ამოიარა. უჩუმრად ანში მოვიდა. გზა და გზა არავინ დაურბევია და დიდ შაბათს საღამოს ქალაქ ანისში მოვიდა. და როცა ცისკარი დადგა და ძელსა ჰკრეს და ქალაქის კარები გააღეს, მყის მიესივნენ ქალაქის კარებს, ცხენოსნებმა შეუტიეს. ქალაქის კარების დაკეტვა ვერ მოასწრეს. ქალაქში შეცვივდნენ, იწყეს ხოცვა-ჟლეტა, დატყვევება. ხალხის უმრავლესობა ეკლესიაში იყო, როგორც შეჰფერის ქრისტიანეთა რჯულს. ზოგი სასახლეში გამაგრდა, ზოგმა გამოქვაბულებს (რომლებსაც „ქარტუნს“ ეძახიან) მიაშურა. და რომელიც გაერიდა, ან ციხეში, ან ქარტუნში შევიდა, რადგან გარშემო სამი მხრიდან კლდოვანი და ქვებიანი ქარაფი იყო.
ამგვარად ხელთ იგდეს ქალაქი, თორმეტი ათასი კაცი ეკლესიებში ცხვარივით დაკლეს, გარდა იმათი, რომლებიც ქუჩებსა და მოედნებზე დახოცეს. ასე საშინლად მოაოხრეს ანისი, და ტყვითა და ალაფით სავსენი შინ გაბრუნდნენ. ანისის მოოხრების ამბავი ახალ-კვირიაკე დღეს გეგუთში აცნობეს თამარ მეფეს, ზაქარია ამირსპასალარს და ივანე მსახურთუხუცესს. გაიგეს და დიდად შეწუხდნენ. მწუხარებამ მოიცვა და რა ექნათ, არ იცოდნენ. მათი გულები ცეცხლივით იყო ანთებული. მწუხარებითა და გულისწყრომით მოცული მეფე და მისი მეომრები სპარსელებთან საბრძოლველად გაემზადნენ.
მაშინ მხარგრძელებმა მეფეს უთხრეს: „ბოროტება მოიწია ჩვენზე. ღვთის მცნების გარდასვლის გამო. ჩვენი ცოდვების გამო უბოროტესად დაიხოცა ამდენი სული ქრისტიანე სარკინოზების მიერ. მაგრამ ვევედრებით ღვთის წყალობასა და პატიოსან ჯვარს, რომ არ დაუშვას სარკინოზთა მიერ ჯვრის მოსავთა სრული მოსპობა, არამედ შური ვიძიოთ, გავემზადოთ, რომ სანაცვლო მივუზღოთ, მათი ბოროტება მათვე დაუბრუნდეს. მეფეო, აუწყე შენს მოლაშქრეებს, რომ მოემზადონ არდაველის სულთნის წინააღმდეგ. წავიდეთ ანისში და სადაც სპარსელები ვნახოთ, შევიპყრათ. ბევრი ნუ წავალთ, მხოლოდ მცირე [რაოდენობა], რადგან ბევრი რომ წავიდეთ, გაიგებენ და სიმაგრეებში შევლენ. მცირე ლაშქარი დამახმარე. როცა [მათი] შეგინებული მარხვა მოვა, მზად იყვნენ, როცა ჩვენ გაგაგებინებთ“. მეფეს მოეწონა მათი ნათქვამი და ბრძანება გასცა, რომ მისი ლაშქარი მზად ყოფილიყო.
მხარგრძელები ანისისკენ წამოვიდნენ და სამზადისს შეუდგნენ. მოახლოვდა მათი ბილწი რჯულის მარხვა. მეფესთან ლაშქრის მთხოვნელი კაცი გამოუშვეს. მან მესხებს, თორელებს, თმოგველებს, ჰერ-კახელებს, სომხითარებს ბრძანება მისცა; ქართლელები არ წაიყვანეს იმის გამო, რომ არდაველში მყოფებს არ გაეგოთ. შეიკრიბნენ ანისში და არდაველისკენ გაემართნენ. გადაიარეს გელაქუნი, ჩაიარეს ისპიანი, გავიდნენ ხვაფრიდის ხიდზე და არდაველს მიაშურეს. დრო ისე გამოზომეს, რომ აიდი გათენებულიყო, რომელიც არის მათი აღდგომა. იმ ღამეს არდაველს გარს შემოერტყნენ. როცა მათი ბილწი ქადაგების მქადაგებელმა ხმა ამოიღო და გახშირდა მუეძინების ყივილი, მხარგრძელებმა ყოველი მხრიდან ცხენოსნებით შეუტიეს, შეცვივდნენ და უომრად ხელთ იგდეს ქალაქი, თვითონ სულთანი, მისი ცოლები და შვილები და სულთნის ქალაქის მთელი სიმდიდრე. ისე აივსნენ აურაცხელი სიმდიდრით, თვალ-მარგალიტით, ოქროთი და ვერცხლით, ოქროს და ვერცხლის ჭურჭლით, შესამოსლით, ფარდაგებითა და ძალიან მდიდარი ქალაქის ყოველგვარი ქონებით, რომ ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. აივსნენ ცხენებით, ჯორით, აქლემით. საქონელი თვით მათვე სახედრებს ძლივს აჰკიდეს და გამოემართნენ. არდაველის სულთანი მოკლეს, მისი ცოლები და შვილები დაატყვევეს და წამოიყვანეს. თორმეტი ათასი რჩეული კაცი მიზგითებში მოკლეს ისე, როგორც მათ ჩაიდინეს ანისის ეკლესიებში. ხალხის უმრავლესობა დახოცეს, სხვები დაატყვევეს. ამოიარეს იგივე გზა და ასე ძლევამოსილები, დიდად ნუგეშცემულები ანისში მოვიდნენ. მოვიდნენ მეფეთამეფესთან, მზეთა-მზესთან და დედოფალთ-დედოფალთან. მოიტანეს ძღვენი და საბოძვარი, აავსეს ყოველი მთავარი, თვითონ მეფე და ყველა მასთან მყოფი. იმ ხანებში მეფე კოლაში იდგა. მთელი ქვეყანა გაივსო სიმდიდრით, ოქროთი, ვერცხლით, თვალით, მარგალიტით, რაც მოიტანეს ზაქარიამ და ივანემ, რომლის გამო დიდად მადლიერმა მეფემ მრავალი ციხე, ქალაქი და მიწა უბოძა. ღვთის მადიდებელნი ასე იშვებდნენ. მეფე ნებიერად იმყოფებოდა და გარშემო მყოფებისგან ხარკი და ძღვენი მოსდიოდა.
მაგრამ სხვა უდიდესმა საქმეებმა იჩინა თავი. მხარგრძელები, ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი, და ვარამ გაგელი მეფესთან მოვიდნენ და მოახსენეს: „ძლიერო ხელმწიფევ, გვირგვინოსანთა შორის ყველაზე გაბრწყინვებულო, ნახე და დაათვალიერე შენი სამეფო, გაიგე შენი ლაშქრის სიქველე და სიმამაცე. გაიგე, რომ შენს ლაშქარში მრავალი ახოვანი, მამაცი და რჩეული ვაჟკაცია, არ არსებობს მათი მოწინააღმდეგე. თქვენი მეომრების საქმეები უბრალოდ დავიწყებას რომ არ მიეცეს, ბრძანოს თქვენმა მეფობამ, რომ ავამხედროთ ისინი ერაყის, რომ-გურის (რომელიც ხორასანია) წინააღმდეგ. აღმოსავლეთის ყველა ლაშქარმა შეიტყოს ჩვენი ძალა და სიმხნე. უბრძანე საქართველოს ლაშქარს _ მზად იყვნენ ხორასანზე გასალაშქრებლად. თუმცა არავინ ქართველთაგანი ჯერ არ ყოფილა ხორასანში და ერაყში, ბრძანე, რომ შეიარაღდნენ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და მზად იყვნენ“.
როცა მეფემ მხარგრძელების ნათქვამი მოისმინა, მოუწოდა სამეფოს ყველა წარჩინებულს, ამერსა და იმერს და ამცნო მათი ნათქვამი. როცა მხარგრძელების მიერ ლაშქრად გაწვევა გაიგეს, ყველას მოეწონა მათი ნათქვამი და გადაწყვიტეს ლაშქრობა. დაიწყეს სამზადისი.
შემოდგომა მოიწია, ყველანი თბილისში მეფესთან მოვიდნენ. [მან] დაათვალიერა თავისი ლაშქარი, ნახა [ისინი] კარგი და წესიერი აბჯრით აღკაზმულები, მოეწონა მათი აბჯარი და საუკეთესო ცხენები, მეომრების რაოდენობა და სიმხნე, სპარსელებზე შურისძიებით განწყობა. გამოიტანა სვიანად ნატარები, გორგასლიანი და დავითიანი დროშა და ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა. დალოცა დროშა და ლაშქარი და სპარსეთში გააგზავნა. დროშა ზაქარია ამირსპასალარს მისცა და სპარსეთისკენ გაეშურნენ.
ჩაიარეს ნახჭევანის პირი და გავიდნენ ჯუღასა და არაქსში, გაიარეს დარდუზის ვიწრო ყელი და მარანდში ავიდნენ. გაიგეს თუ არა მარანდელებმა, კლდეებში გაიხიზნენ. ესენი მარანდში რომ მივიდნენ, კაცი ვერ იპოვეს, ეგონათ მარანდის მთებში იმყოფებოდა ადარბადაგანის ლაშქარი. ამიტომ შეარჩიეს ხუთასი რჩეული მხედარი დიდებული და აზნაური. მხედართმთავრად თაყაიადინ თმოგველი დაუყენეს. გაეშურნენ, მარანდის აღმართები აიარეს, ავიდნენ მარანდის თავში ვაკეზე და დადგნენ იმ მთაზე, რადგან ზაქარიას ასე უცნობებია: „არავინ არ ჩაერთოს ბრძოლაში, სანამ იგი და მისი ლაშქარი სრულად არ მივიდოდა იმ მთაზე. თუ დიდ ლაშქარს ნახავენ, აცნობონ ზაქარიას და რასაც ის უბრძანებს, ის შეასრულონ“.
დადგა ხუთასი წარჩინებული კაცი. ისინი მთიდან დაინახეს მარანდელებმა, რომელნიც შეხიზნული იყვნენ მაღალ კლდეებსა და ნაპრალებში, რომლებიც მარანდის მთის ზემო მხარეზეა, სხვა მთებზე უმაღლესია და სავსეა ქვითა და კლდით. მარანდელებმა მცირე ლაშქარი ნახეს, შეიარაღდნენ და ყვირილითა და გნიასით შემოესივნენ, რადგან სიმცირის გამო არად ჩააგდეს. ამათ შეუტიეს ისე ძლიერად და გააქციეს ისე, რომ მხოლოდ მცირედი გადაურჩათ. უმრავლესი მოკლეს და სხვებს დიდხანს დევნიდნენ.
ლაშქარი ავიდა. ნახეს ნაომარი მინდორი, დახოცილი ადამიანებითა და ცხენებით სავსე და არც ერთი არ იყო ქართველი. ღმერთმა ისეთი ძლევა მისცა [ქართველებს], რომ ხუთასი შუბი ხუთას კაცსა და ცხენზე იყო [დარჭობილი]. ნახეს და გაუკვირდათ. უკვირდათ, რომ ერთი ქართველი ვერ ნახეს. გაოგნებული და დადარდიანებული ზაქარია ფიქრობდა და არ იცოდა, რა მოემოქმედა. მცირე ხანი დარჩნენ. გამოჩნდნენ დევნისაგან უკან მობრუნებული მოლაშქრეები. ზაქარიამ ნახა და სიხარულმა შეიპყრო. ღმერთს დიდი მადლობა შესწირეს, რომ არც ერთი ქართველი არ მომკვდარა და ისეთი გამარჯვება მოიპოვეს, რომ ხუთას კაცს ხუთასი შუბი ხუთასი ცხენისა და კაცისათვის უძგერებია, ხუთასზე დასობილი [შუბები] ნახეს.
მიუხედავად ასეთი გამარჯვბისა, ძლიერ უსაყვედურეს თაყაიდინს, განსაკუთრებით ზაქარია ეუბნებოდა მკაცრ სიტყვებს, რომ ისე ჩაება ბრძოლაში, სხვებს არ გააგებინა.
გამხიარულებულები და გამარჯვებისთვის ღვთის მადიდებელნი წამოვიდნენ და გაემართნენ ქალაქ თავრიზისკენ. გადაიარეს დევსოფნად წოდებული მთა. როცა თავრიზის მცხოვრებლებმა ქართული ლაშქრის მისვლა გაიგეს, შეშინდნენ და თავრიზის ყველა მკვიდრი ძრწოლამ შეიპყრო. თავრიზის ხოჯებმა, ყველა წარჩინებულმა და მათმა მომხრეებმა გადაწყვიტეს, რომ ხარკის მიცემით, ძღვენით, ხვეწნით და ზენაარი ღმერთის ვედრებით მოეგოთ ქართველი თავადებისა და მოლაშქრეების გული. მოციქული გამოაგზავნეს და მშვიდობა ითხოვეს, ითხოვეს, არ აეოხრებინათ მათი ქალაქი. აღუთქვეს ძღვენი: ოქრო და ვერცხლი, უამრავი თვალი პატიოსანი და ძვირფასი მარგალიტი. გაუკვირდათ ქართველ წარჩინებულებს, ზაქარია და ივანე მხარგრძელებსაც. აღუთქვეს მშვიდობა, და რომ მათ ქვეყანაზე უვნებლად გაივლიდნენ. ფიცით სიტყვა მისცეს. მოვიდნენ მოსამართლეები, ხოჯები, დერვიშები და თავრიზის ყველა თავადი. მოიტანეს ოქრო და ვერცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თვალ-მარგალიტი, შესამოსელი, ლაშქრისთვის საკმარისი სურსათ-სანოვაგე. გამდიდრდა ყველა, დიდი და მცირე.
ქალაქში მცველები დააყენეს და წავიდნენ. გაიარეს ადარბადაგანი, მიაშურეს მიანას. მიანის მელიქმა შეიტყო ქართველების მისვლა და თავრიზელების ნამოქმედარი. მანაც მშვიდობა ითხოვა და ურიცხვი საქონლის მიცემა აღუთქვა. ზაქარიამ მოუსმინა და მოიხმო მშვიდობის დასამყარებლად. იმანაც მოიტანა ოქრო და ვერცხლი და ძვირფასი ქვები, ყოველგვარი სიმდიდრით გაავსო. მიანში მცველები დატოვეს და მიანა დატოვეს და მშვიდობით წამოვიდნენ.
მიაღწიეს პატარა, ალიზის გალავნით გამაგრებულ ქალაქ ზანგანს. ქალაქი ძლიერ გაამაგრეს და ფიცხელი ბრძოლა დაიწყეს. რადგან ომი გაგრძელდა, ქალაქის ზღუდე ადგილ და ადგილ გაინაწილეს, რომ საძირკველი შეეთხარათ. დაიწყეს გალავნის თხრა. ყველაზე ადრე მესხებმა მარჯვენა მხარეზე გათხარეს გალავანი (ალიზისა იყო), პირველები შევიდნენ ქალაქში, დაიწყეს ხოცვა და ჟლეტა, ვინც კი მეომარი იყო. მესხები საქონლით გაივსნენ. ყოველი მხრივ გათხარეს გალავანი და შემოვიდნენ, დაატყვევეს და აივსნენ საქონლით. დადგნენ და მცირე ხანს შეისვენეს. შემდეგ ამხედრდნენ და ხორასანში წავიდნენ და საღამოს მივიდნენ პატარა სოფელ-ქალაქ მუსულმანში, რომელიც მოაოხრეს. იქ ცოტა დაისვენეს.
შემდეგ გაემართნენ ქალაქ ხორასნისაკენ და ყაზმინს რომ მიაღწიეს, ყაზმინისა და აჰვარის მახლობლად, მათ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. მოარბიეს და აივსნენ საქონლით. მათი საქონელი მათსავე სახედრებს აჰკიდეს. ადამიანებს არა დაუშავეს, მამაკაცები და პატარა ბიჭები ტყვედ წამოიყვანეს. გაემართნენ, ლტოლვილებს დაეწივნენ, აქაც აივსნენ ოქროთი და ვერცხლით, მათი ცოლების სამკაულებით და რომ-გურის სიღრმეში შევიდნენ, რომელიც არის ხორასანი.
რა საჭიროა გრძელი სიტყვა? ქალაქ გურგანამდე მიაღწიეს და ის ქვეყანა მოარბიეს. ალაფით ისე იყვნენ დატვირთულები, რომ ვერ გადავიდნენ.
გამარჯვებული და ძლევამოსილი ქართველები შემობრუნდნენ. ქართველთა მოდგმისა არავინ იყო იქ სალაშქროდ მისული, არა მეფე, არა თავადი. ვერც ხორასნის, ვერც ერაყის სულთანი, ვერც რომელიმე ტომი, ვერავინ ვერ აღუდგა წინ სპარსეთში შესულებს. ურიცხვი და უზომო სიმდიდრით მობრუნდნენ და ერაყის მხარეში მივიდნენ. ვინაიდან გურგანის ქვეყნის ამბავი, რაც იქ ქართველებმა მოიმოქმედეს, ასევე ერაყის სულთნის სიკვდილი არავის არ ჰქონდა გაგებული, ვიღაც კაცი მისულა მიანას სულთანთან და ასეთი სიცრუე ეთქვა: თუ როგორ მოვიდა თვითონ დიდი სულთანი და გილანელები, ყოველი მხრივ გზა შეუკრეს ქართველებს, დახოცეს და ამოწყვიტეს, თითქოს იმ უამრავი ლაშქრიდან ერთი კაციც არ გადარჩენილა, მთხრობელიც კი არ მისულა საქართველოში.
ეს რა გაიგეს მიანის მელიქმა და მიანელებმა, გაიხარეს, ქართველების მიერ დატოვებული მიანის მცველები დახოცეს და ძელზე ჩამოჰკიდეს. იმ მცველებიდან ერთი კაცი დაიმალა ქალაქში და როცა გამარჯვებული ქართველები მიანში მოვიდნენ, მიანის სულთანი წინ მიეგება ძღვენით, უნდოდა თავიანთ მიერ ჩადენილი საქმის დაფარვა. ზაქარიამ მიმოიხედა, მოიკითხა მის მიერ დატოვებული მცველები. მათ უთხრეს: `თავრიზში წავიდნენო იქ დატოვებულ მცველებთან~. მოვიდა დამალული მცველთაგანი, აუწყა მიანელების მიერ ჩადენილი [საქმე], მცველების დახოცვა, ტყავის გახდა და ძელზე დაკიდება. მელიქი პირდაპირ ამხილა. ისინი უსიტყვოდ იდგნენ. ეს რომ ზაქარიამ და ივანემ გაიგეს, საშინლად გამწარდნენ და გაბოროტდნენ. შეიპყრეს მელიქი და მისიანები და ყველანი სიკვდილით დასაჯეს. ის თვითონ და მისი შვილები მოკლეს, ტყავები გააძვრეს და საყივარაზე, რომელსაც მინარეთს უწოდებენ, ჩამოჰკიდეს, ქალაქი მოაოხრეს, დაწვეს, დაატყვევეს. ხოლო რაც იქიდან სიმდიდრე წამოიღეს, იმის აღრიცხვაც კი შეუძლებელია.
გაუყვნენ გზას, რომელიც ადარბადაგანზე გადიოდა, მოვიდნენ და მოეგებნენ პირველად უჟენიდან, მერე ურიცხვი ძღვენით თავრიზელები [შემოხვდნენ]. აურაცხელი სიმდიდრე მოართვეს, რომლითაც გაივსო მთელი სამეფო. თვითონ მეფეთა-მზისა და მზეთა-მზისათვის უძვირფასესი, ძნელად საპოვნელი თვლები და უცხო ჭურჭელი გამოატანეს. მშვიდობით დატოვეს ადარბადაგანში მყოფნი და ადარბადაგანის ქალაქები, გამოიარეს არაქსი, შემოიარეს ნახჭევანის პირი და თბილისში მოვიდნენ მეფესთან. გამხიარულდა მეფეთა მეფე, ღვთის მმადლობელი, მხიარული სახით, ზარ-ზეიმით შეეგება. ბუკ-საყვირების ხმა იდგა. ასეთი გამარჯვება ძველად არ მოუპოვებია არცერთ მეფეს და არცერთ მთავარს.
შევიდნენ ისანში. მეფე სამეფო ტახტზე დაბრძანდა. ამირსპასალარი შეუძღვა. თავადები შევიდნენ და წესისამებრ დასხდნენ. შემოიტანეს ურიცხვი ძღვენი და მეფის წინაშე დადვეს. მეფე გაოცდა: ქართველთაგან არავის არ ენახა ესოდენი სიმდიდრე და აურაცხელი თვალ-მარგალიტი. თამარ მეფეც ღვთის მიმართ დიდ მადლიერებას ავლენდა: ასრულებდა ლიტანიობას და ღამისთევას, მრავლად წყალობდა ობლებსა და გლახაკებს, ლაშქარს დიდი განძი გაუნაწილა, ისედაც გამდიდრებულები კიდევ უფრო აავსო. ასეთი გამარჯვების გამო ღმერთს დიდ მადლობას სწირავდნენ.
დიდი მწუხარება მოიწია. გარდაიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისა, დიდად გამოჩენილი და ყოველი სათნოებით სავსე კაცი, გამარჯვებული, მხნე და მამაცურად მებრძოლი, ლორის თემის მთავარი. იგლოვა მეფემ და საქართველოს ყოველმა მცხოვრებმა, რადგან მასავით მხნე მთავარი არავინ იყო იმ ხანებში. წარმოშობაც ხელს უწყობდა: ნათესავი იყო არტაქსერქსე მხარგრძელისა. სარწმუნოებით სომეხი იყო, მაგრამ ყოველი საღმრთო და კაცური სათნოება უხვად ჰქონდა [მინიჭებული]. და ამრიგად, დაკრძალეს მხნე მამა, ერთი შვილის დამტოვებელი, რომელსაც შ’ა (შანშა) ერქვა.
მაშინ მეფემ მოუწოდა ზაქარიას ძმას, ივანე მსახურთუხუცესს. უნდოდა მისი ძმის პატივში აყვანა, ამირსპასალარის პატივის ბოძება. ამით გაკვირვებულმა ივანემ მეფეს უთხრა: „ეს პატივი, რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინე, დიდად დიდია და მე მისი ღირსი არ ვარ. შემეწიე იმით, რომ ჩემი ძმის სახელით მე არ მომიხსენიონ, რომ არ შემრცხვეს მის ნაცვლად დგომა. ათაბაგის პატივი მიბოძე. საქართველოში მეფეებთან წესად და თანამდებობად არ არის ათაბაგობა. ამით განადიდე ჩემზე შენი წყალობა, რომ ახალი და უაღრესი პატივის ღირსი გამხადო და ათაბაგობა მიბოძო. ათაბაგი სულთნების წესია, ათაბაგი მეფეებისა და სულთნების მამად და გამზრდელად იწოდება. ჩემს წინაპრებთან შედარებით, ამით განადიდე შენი წყალობა“. მეფემ აღასრულა და უბოძა ათაბაგობა, რომელიც არ არსებობდა საქართველოს მეფეების კარზე, არც არასდროს უბოძებიათ ვინმესთვის. მსახურთუხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძეს, საპატიო და ლაშქრობებში გამარჯვებულ კაცს. ასე იმყოფებოდნენ ისინი მეფის წინაშე.
თამარ მეფე ზამთრობით დვინში იმყოფებოდა, ზაფხულობით _ კოლაში და ცელის ტბაზე, ზოგჯერ აფხაზეთში _ გეგუთსა და ცხუმში გადადიოდა.
იმ ხანებში მთიულებმა _ ფხოველებმა და დიდოელებმა განგომა დაიწყეს. დიდოელები დამხრჩვალსა და მოუხარშავ [ხორცს] ჭამენ და რამდენიმე ძმას ერთი ქალი მოჰყავს ცოლად. ზოგნი რაღაც უჩინარ ეშმაკს სცემენ თაყვანს, ზოგნი _ უნიშნო შავ ძაღლს. ხოლო ფხოველები ჯვარის მსახურნი არიან და ქრისტიანებად აცხადებენ თავს.
მეფემ მოუწოდა ათაბაგს და ყველა მთიელს: დვალებს, ცხრაზმელებს, მოხევეებს, ხადელებს, ცხავატელებს, ჭართელელებს, ერწოთიანეთელებს, ისინი ივანე ათაბაგს გადასცა და გააგზავნა [განდგომილთა] წინააღმდეგ. ივანე გონივრულად მოიქცა: ავიდა ხადის მთაზე, მთის წვერი გადაიარა, მიადგა ფხოველებისა და დიდოელების მთას, რაც არავის არ უქნია არც ადრე და არც შემდგომ. მის ერთ მხარეს აღმოჩნდა დურძუკეთი, მეორე მხარეს _ დიდოეთი და ფხოვი.
ათაბაგის მისვლა რომ შეიტყვეს, დურძუკელების მეფენი ძღვნით მოვიდნენ, ლაშქარი გამოიყვანეს და გვერდით დაუყენეს. ზემოდან დაიწყეს ბრძოლა, რბევა, კლვა, დატყვევება და დაწვა. უამრავი დიდოელი და ფხოველი გაწყვიტეს. სამი თვე: ივნისი, ივლისი და აგვისტო იქ გაატარეს. ათაბაგის მიერ შევიწროებულებმა მძევლები მისცეს და სამსახურის ნიშნად ხარკი და სიმტკიცის პირობა აღუთქვეს. მძევლები წამოიყვანეს, ზავი დადეს. ამგვარად გამარჯვებით მოვიდა ივანე მეფესთან და მოახსენა: ძლიერო მეფევ, აღსრულდა შენი ბრძანება. მოვაოხრე შენი ურჩი დიდოეთი და ფხოვი“. მეფემ დიდი მადლობა უძღვნა და უფრო მეტ პატივში აიყვანა.
ყველგან იყო მშვიდობა, წარმატება, ღვთივდაცვული თამარის სამეფოს განდიდება. მისი მოლაშქრეები დასვენებაში, ნადირობასა და ბურთაობაში იყვნენ, ხოლო თავადები და წარჩინებულები მეფეს ახლდნენ, ისვენებდნენ და მეფის მხრივ საბოძვარებით ივსებოდნენ.
როგორც დიდი კონსტანტინეს ძმისწულის, ივბიმიანოსის, შესახებ არის დაწერილი, _ რაც ანგელოზმა ივბიმიანოსის სიკვდილის გამო უთხრა ერთ მონაზონს, რომელიც ასე იგლოვდა მას: „რატომ მოაკლო ღმერთმა ქრისტიანებს ამგვარი მეფე, რომელსაც ყველას დასანახავად ანგელოზმა გვირგვინი დაადგა?“ ანგელოზმა უთხრა: „რას ნიშნავს, ბერო, შენ მიერ ღვთის მსჯავრის გამოძიება? აწ გიბრძანებს, დაეხსენ ბოროტებას. არ იცი, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე ყველა ქვეყანა რომ მართლმადიდებელი ყოფილიყო, ისიც კი არ იქნებოდა მისი მეფობის ღირსი, არა თუ მხოლოდ საბერძნეთი?“ _ ახლაც ასევე იქმნა ამ დიდი მეფის საქმე: არა თუ მხოლოდ საქართველო, მთელი სამყარო არ იყო ღირსი მისი მეფობისა.
ამიტომ მოხედა რისხვით მოწყალე ღმერთმა თავის სამკვიდრებელს: თამარ მეფე გარდაიცვალა, როცა იგი ტაბახმელაში იმყოფებოდა. მოიწია დიდი და საქართველოს ყველა მკვიდრისთვის ენით გამოუთქმელი მწუხარება. ათაბაგი და ყველანი, საშინლად გამწარებულები, ქვითინებდნენ, თავზე ნაცარსა და მტვერს იყრიდნენ. იყო ტირილი, ატადესის კალოს მსგავსი, და გოდება, იერემიას გოდების მსგავსი იერუსალიმის მოოხრებისას. და ასეც უნდა ყოფილიყო! ყველგან ატეხილი გოდებისა და ტირილისაგან დაოსებულები იყვნენ სამეფოს მკვიდრნი. ყვებოდნენ მისი წარმოუთქმელი სიკეთის, გამარჯვებებისა და მოწყალების, სამართლიანობისა და სიუხვის, სიმდაბლის შესახებ. [იგი] მათ სამკვიდრებელში, გელათში წაასვენეს და დაკრძალეს პატიოსან სამარხში. სამეფო თავის ძეს, ლაშას, დაუტოვა.
არსენი ამბობს იყალთოელი:
მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი,
ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;
აღვირი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,
გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,
ეგვიპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.
იოანე ამბობს ჭიმჭიმელი:
თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,
მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი,
დავით, _ ვთქუა, _ ზესთა განდიდნეს, მით ხმალი ხორცსა ჭამს მისი,
აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ხამს ისი.
დიდება ღმერთსა!

ბასილი ეზოსმოზღვარი
ცხოვრება მეფეთ მეფისა თამარისი
ტექსტი ძველი ქართულიდან ახალ ქართულზე გადმოიტანეს გამომცემლობა „ახალი ივერონი“-ს დაკვეთით: ნინო მელიქიშვილი, ნანა ჩიკვატია, თამარ მარგიანი
ქორონიკონის 375 წელს (1155 წ.) გამეფდა დავითის ძის, დემეტრეს ვაჟი გიორგი. ძლიერებაში გაატარა მან ცხოვრება, იმეფა კეთილად, შემატა საყდრებს, მონასტრებს, ეპისკოპოსებს. მეფის წუხილის საგანი უშვილობა იყო, მაგრამ უფალმა მოიღო მასზე წყალობა, დაბერა საამო ნიავმა და შეეძინათ ქალი, ყოველმხრივ უნაკლო და ღირსეული. დაარქვეს სახელად თამარი.
გავიდა რამდენიმე წელი და გარდაიცვალა მეფე გიორგი. შეიქნა უზომო გლოვა და მწუხარება. განსაკუთრებულად იგლოვდა მისი და, რუსუდანი.
რუსუდანი შამირამეთის დიდი სულტნების რძალ-ყოფილი იყო – ხვარასნელთა მთელი სამფლობელოს დედოფალი. დაქვრივების შემდეგ სამშობლოში დააბრუნეს და ქართველთა დედოფლად დასვეს, სადიდებლად მისი გვარისა და სამეფოსი. იმ დროისათვის თამარი თავის დასთან ერთად, რომელსაც აგრეთვე რუსუდანი ერქვა, მამიდასთან იმყოფებოდა. აქ ვერ გიამბობთ იმის შესახებ, თუ რამდენად იყო ის შემკული და აღმატებული თავის წინამორბედ დედოფლებთან შედარებით. გავბედავ და ვიტყვი მხოლოდ, რომ ოთხმოცი წლის ასაკში რუსუდანი იყო სიწმიდითა და სიკეთით აღსავსე და `შეიყუარა მტკიცედ ქალწულება“.
დავუბრუნდეთ ჩვენს თხრობას. იგლოვდნენ ჭეშმარიტად ღირსეულნი, მაგრამ სამეფოს წარჩინებულებმა თამარზე ზრუნვის გამო გლოვა არ გააგრძელეს. დასცეს საყვირი, როგორც ეს ოდესღაც სოლომონის გამო მოხდა, დადგეს ვახტანგიანთა სვიანი ტახტი, დავითიანთა საყდარი, რომელიც ადრე მთვარისთვის განამზადა მეფეთ მეფემ, საბაოთ ელოიმმა, რათა ამ გვარს ემართა ქვეყანა ზღვიდან-ზღვამდე და მდინარეებიდან ქვეყნიერების კიდემდე. დიდებულებმა აღმართეს სკიპტრა, ძელი ჯვარისა და მასთან ერთად დავითის დროშა, რომელსაც არასდროს ხვდომია წილად დამარცხება. ერთსულოვნად ჩააბარეს მათ თამარს მამულის ხმალი მამისგან მინიჭებული ტახტითურთ.
დაუმსახურებლად მიიღო ეს ყველაფერი ამ დიდი გონების პატრონმა? არა, არ ყოფილა ასე! გვირგვინი და მეფობა შეუფერებელს მიანიჭეს? განა არ მოხიბლა ყველა თავისი მშვენიერებით? ძველად ნათქვამს გავიმეორებთ: ის, ვინც თამარი ვერ ნახა, ბრმადშობილი ბრმადვე დატოვებს ამ ქვეყანას. მის კარგ აღნაგობას ამშვენებდა თვალთა სილურჯე, ღაწვთა სპეტაკთა ვარდებრივი ფეროვანება, მორცხვი გამოხედვა, ლაღი მიმოხვრა, ტკბილი, მხიარული და თავშეკავებული საუბარი, გამბედავი ბუნება. ტყუილად როდი შეამკო ღმერთმა თამარი ასე. ვფიქრობ, სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ადრევე იქნა ის შექებული დავითის ნათქვამით, რომელიც თამარსაც შეიძლება მივუსადაგოთ: თაყვანი უნდა ეცათ მისთვის მეფეებსა და მთავრებს და წინამძღვრად უნდა ეღიარებინა მთელ გვარს.
ღმერთს ადიდებდა ყველა. იხილეს რა მღვდელთმთავართა მიერ გვირგვინდადგმული მეფე, ქება-დიდება შეასხეს მას, თქვეს, რომ ზეციური ძალებიც მონაწილენი იყვნენ ამქვეყნის მკვიდრთა სიხარულისა. საკვირველებად მიმაჩნია, რომ იმ დროს არ გამოჩენილა მისებრ მამაცი მამაკაცი მეფე და ადამიანები, თითქოს უკვე გამოცდილებამიღებულნი, იმედით აღსავსენი მიისწრაფოდნენ და ერთმანეთს მიუძღოდნენ, სიხარულით აღვსილნი ღმერთს მადლობას სწირავდნენ, მეფეს აქებდნენ და თავიანთ ბედს შენატროდნენ.
ღვთის ნებით, გამეფდა თამარი დასაბამიდან ექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაექვს წელს, ქორონიკონის 403-ში (1183 წ.), ასული მეფეთ მეფისა გიორგისი, რომელიც იყო დიდი დავითის ძის, დემეტრეს ვაჟი. გიორგის ცოლი, ოვსთა მეფის ასული ბურდუხანი, ყველა ქალზე აღმატებული იყო არა მხოლოდ თამარის დედობის გამო, არამედ თავისი სიკეთითაც – სხვა მისებრი რძალი იმ დრომდე არ ეხილა ქართლს. იგი ღირსია აქონ თაობიდან თაობამდე.
რა შეიძლება ითქვას თამარის შესახებ თუ არა ის, რომ სამეფოსა და ერისათვის იგი ღვთის მონაცვალე იყო. მაღალი გონებით და თავმდაბლობით, მასზე დაკისრებული საქმის მნიშვნელობისა და სიდიდის შეგნებით მიაპყრო მზერა მამულს და სულიწმიდის დახმარებით იწყო ქვეყნის მართვა. მახვილი თვალის წყალობით ადვილად გაერკვა თავის გარემოში: იმაში, თუ ვინ იყო წრფელი და ვინ – უკეთური, არამართალი და უმანკო, ერთგული და ორგული. ბრძნული გადაწყვეტილებით თავიდან ყველას თანაბრად მიანიჭა უხვი წყალობა, რათა ნაწილს ერთგულების გამო გამოეხატა თავისი მადლიერება, ხოლო მეორენი გასამრჯელოს მიღების გამო დადუმებულიყვნენ.
რჯულთან მიმართებით თამარმა კოსტანტინეს არ დაუდო ტოლი – მის მსგავსად ეშურებოდა საღმრთო საქმეთა დაწყებას, ალესილი მახვილით ბოროტების თესლის მოსრვას: საჭიროდ მიიჩნია საეკლესიო კრების მოწვევა და მსოფლიო კრებათა დადგენილებების აღიარება.
პირველ რიგში წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან მოუწოდა ნიკოლოზ გულაბერის ძეს, რომელსაც თავმდაბლობის გამო უარი ჰქონდა ნათქვამი ქართლის კათალიკოსობაზე. მისი მოსვლის შემდეგ შეკრიბა სამეფოს მღვდელთმთავარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი, ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ საღმრთო რჯულს და გაანდო მათ სურვილი თავის სამეფოში აღმოეფხვრა მართლმადიდებლობაში შემოთესილი ბოროტი თესლი. უფლის რწმენითა და იმედით თამარმა სწრაფად მიაღწია მიზანს.
როდესაც თავი მოიყარეს ორივე სამთავროს ეპისკოპოსებმა, რომელთაც წინამძღვრობდა ზემოთ ნახსენები ნიკოლოზი, მსგავსი თავისი თანამოსახელისა, და ანტონი ქუთათელი საღირის ძე, დიდად განთქმული სათნოებით, სიტყვითა და ძლიერი საქმით, მიეგება მათ თამარი საოცარი თავმდაბლობით, არა როგორც მეფე, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, მიეგება არა როგორც კაცებს, არამედ როგორც ანგელოზებს. შეკრიბა ისინი ერთ შენობაში, დასხა პატივით, ხოლო თვითონ დაჯდა განმარტოებით, არა როგორც მეფე, და ასე მიმართა: „წმიდანო მამანო, ღვთის მიერ ხართ დადგენილნი ჩვენ დასამოძღვრად და წმიდა ეკლესიის მესაჭეებად, ჩვენი სულებისათვის საზრდოს მოსაცემად. გამოიძიეთ ყოველივე სრულყოფილად, დაადასტურეთ მართალთა სიმართლე, ხოლო ვერაგნი განდევნეთ. დაიწყეთ ჩემგან, რადგან თავს მადგას მეფის და არა ღვთისმბრძოლის გვირგვინი. ნუ იქნებით მიკერძოებულნი მთავრებისადმი მათი სიმდიდრის გამო და ნურც ღატაკებს მოექცევით უდიერად უქონელობისათვის. ერთად დავიცვათ შეგინებისაგან საღმრთო რჯული – თქვენ სიტყვით, მე – საქმით; თქვენ – დამოძღვრით, მე – დასჯით; თქვენ – სწავლებით, მე – წვრთნით. გავაკეთოთ ეს იმისათვის, რათა არ დავისაჯოთ: თქვენ – როგორც მღვდელნი, ხოლო მე – როგორც მეფე; თქვენ – როგორც გამგებელნი, ხოლო მე – როგორც მცველი“.
ესმა რა მამათა კრებულს ყოველივე ეს, მადლობა შესწირა ღმერთსა და ღმრთივგანბრძნობილ მეფეს. კიდევ მცირე ხანი დაჰყო მათთან თამარმა, შემდეგ მიიღო კურთხევა და დაბრუნდა სასახლეში.
კრების წინამძღვრებმა, ნიკოლოზმა და ანტონმა, რომლებიც როგორც ცისკრის ვარსკვლავი ისე აღემატებოდნენ დანარჩენთ სიკაშკაშით, არ ინებეს, რომ მათ შორის ყოფილიყო ქართლის მაშინდელი კათალიკოსი, რადგან გადაუხვია მან ეკლესიის წესებს, მზაკვრობით მოიპოვა უფლისაგან ჭყონდიდელ-მაწყვერელობა და მწიგნობართუხუცესობა. ვერ გადააყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადნენ, მაგრამ მალევე გადააყენა იგი უფლის სასჯელმა. ზოგიერთი ეპისკოპოსიც შეიცვალა და მათ ნაცვლად საღმრთო კაცები დასხეს, ბევრი საეკლესიო წესიც აღადგინეს, უკეთურთა მიერ დარღვეული.
კრების დამთავრებისას შემოვიდნენ სპასალარნი და სამეფოს ერისთავნი და მოახსენეს მამებს, რომ საჭირო იყო ზრუნვა იმაზე, რომ შეერჩიათ სიძე, თამარის მომავალი ქმარი. ასეც მოიქცნენ. ეახლნენ რუსუდან დედოფალს და ერთობლივი გადაწყვეტილებით გაგზავნეს კაცი რუსთა სამეფოში, როგორც ქრისტიანულ და მართლმადიდებელ ქვეყანაში. ვერ წარმართეს კარგად საქმე, რადგან არც წარგზავნილი კაცი იყო იმ დავალების ღირსი და არც მისმა წარმგზავნელებმა იცოდნენ, თუ ვის ჩამოიყვანდა ის.
გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა წარვლინებული და ჩამოიყვანა კაცი დიდგვაროვანი, იმ მხარის ყველა მეფეზე აღმატებული. არც გარეგნობით იყო დასაწუნი. როდესაც იგი იხილეს, ყველას მოეწონა, რადგან არავინ იცნობდა მის ბუნებასა და ზნეს.
შეიკრიბნენ რუსუდან დედოფალთან პატრიარქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი: აცნობეს თამარს, შესთავაზეს ქორწინება და თანაც აჩქარებდნენ.
მაგრამ თამარის პასუხი ასეთი იყო: „კაცნო, როგორ შეიძლება ასეთი მოუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმა? ამ უცხო კაცის შესახებ არაფერი ვიცით – მისი ქცევის, საქმის, მხედრობის, ბუნების, ზნის. დრო მომეცით, სანამ გაირკვევა მისი სიკეთე, ან სიმრუდე“.
ისინი კი წინააღმდეგობას უწევდნენ, უშვილობას ახსენებდნენ, სამეფო სახლის უნაყოფოების გამო შფოთავდნენ, სპათა წინამძღოლს ითხოვდნენ და ყველანაირად აფორიაქებდნენ თამარის სულს, ემსგავსებოდნენ ირემს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ სახის დანახვა, სპილოს მსგავსად არ ამოწმებდნენ, ჰქონდათ თუ არა საყრდენი – ყველანაირად აწუხებდნენ და უფორიაქებდნენ სულს და ასეთ რთულ საქმეს მსუბუქად უყურებდნენ.
რაღა ბევრი გავაგრძელოთ? ხანგრძლივი კამათის შემდეგ თამარის სურვილის გარეშე ქმნეს ქორწილი და დიდი ხნის მანძილზე ილხენდნენ, როგორც ეს მსგავს საქმეს შეეფერებოდა.
არცთუ დიდი დროის შემდეგ ახდა თამარის ნათქვამი: რუსმა გამოავლინა სკვითური ბუნების უარყოფითი მხარე – სიმთვრალეში მრავალ საძაგელ, უწესო საქციელს სჩადიოდა. ამის შესახებ ზედმეტად მიგვაჩნია წერა და საუბარი, რათა სიტყვა არ გაგვიგრძელდეს.
ორნახევარი წლის მანძილზე, ვითარცა გრდემლი, ისე ითმენდა მხნე თამარი რუსის უკეთურებას, მაგრამ სხვამ ვეღარავინ მოითმინა. იწყეს წუხილი და, ამასთან ერთად, ყველას რცხვენოდა თამარის თავიანთი ადრინდელი დავის გამო.
ბრძენმა თამარმა მრავალი რამ იღონა რუსის განსაკურნავად და სანდო მონაზონთა პირით ბევრჯერ მიმართა მას, მაგრამ ამან რუსს სარგებლობა ვერ მოუტანა. ამის გამო თამარმა პირისპირ იწყო მისი მხილება, რამაც რუსი, ღვთის მიერ გამოაშკარავებული, კიდევ უფრო განარისხა. როგორც წერილი ამბობს, „ვკურნავდით ბაბილონს და არ იკურნებოდა“. არათუ არ შეიგონა, არამედ უარესად იწყო მოქცევა – წარჩინებული ადამიანები უდანაშაულოდ გვემა და „ასოთა აღმოგდებით“ აწამა.
აუტანელი შეიქნა ეს ყოველივე თამარისთვის და ყველას წინაშე განუცხადა რუსს: „მართალია, საღმრთო რჯულიდან ვიცი, „არა განშორებად პირველსა საწოლსა“, მაგრამ არავინ არის ვალდებული აიტანოს იმასთან ყოფნა, ვინც წმიდად არ დაიცავს თავის სარეცელს: იგი ამით ღვთის ტაძარს აგინებს. მე არ ძალმიძს მრუდე ხის აჩრდილის გასწორება და ამიტომ უდანაშაულო ვარ, ჩამოვიბერტყავ იმ მტვერს, რომელიც შენ გამო აღმეკრა“.
თქვა ეს, ადგა და მიატოვა იგი, ხოლო რუსუდან დედოფალმა და მთავრებმა გააძევეს რუსი, შესაბრალისი არა იმდენად მეფობის ჩამორთმევის, რამდენადაც თამარის მშვენიერების დაკარგვის გამო.
კვლავ დაიწყო ყველამ წუხილი, რადგან ხედავდნენ თამარს უშვილოდ და მარტოდ მყოფს თავის სასახლეში.
ოვსთა მეფეს ჰყავდა შვილი, რუსუდან დედოფლის გაზრდილი, შესაფერისი ასაკის და, როგორც ეს მეფეთა შთამომავალს შვენის, კარგად აღზრდილი; მხნე და ძლიერი მხედარი, შეუდარებელი რაინდი, მამაცი მშვილდოსანი, ტანით ახოვანი და სიკეთით სრული. ყველამ ერთხმად ინება მისი თამარისთვის შერთვა და ეს საქმე ღმერთს მიანდეს. თამარი, რომელიც იცნობდა ყრმას, დაემორჩილა მათ სურვილს. აღარ დააყოვნეს, არამედ შეიყარნენ დიდუბეს და შერთეს თამარს დავითი.
შემოვიდნენ ტფილისში, დასხდნენ ბედნიერ ტახტზე ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათებელნი. გაიხარა მთელმა ერმა, დიდიდან მცირემდე. მათი წარმატებული ცხოვრების ნიშანი მაშინვე გამოჩნდა: ყველა ლაშქრობა, ზემო და ქვემო მხარეებში, გამარჯვებით სრულდებოდა და არსად ჩანდა მათთვის მეტოქეობის გამწევი.
გარდაიცვალა ქართლის კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ქართველი, მირიანის ძე მიქაელი, რომლის მფლობელობაში იყო სამთავისიც. არავინ შეწუხებულა, არც დიდი და არც პატარა, რადგან ყველას სძულდა იგი.
გარდაიცვალა ამირსპასალარი გამრეკელი და ის ყველამ იგლოვა.
ამ დროს მცირე შფოთი მოაწყეს იმერლებმა და სვანებმა თავიანთი ჩვეული ურჯულობის გამო და მოიყვანეს რუსი კვლავ გასამეფებლად. სურდათ მესხთა მიმხრობაც, მაგრამ ვერ მოახერხეს, მხოლოდ უფრო გადაიმტერეს. გააქციეს შერცხვენილი მეამბოხეები, რადგან ღმერთი ზრუნავდა თამარისთვის.
თამარი ევედრებოდა ღმერთს და ფიქრობდა, თუ ვისთვის მიენდო დავითი, თავისი ჯარი და მთელი სამფლობელო. არ მიატოვა იგი უფალმა, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებით: გონების თვალით მიმოიხილა თამარმა სამეფოს მთავრები და ღმერთის შეწევნის იმედით მოიყვანა გარეჯიდან ანტონ გლონისთავის ძე, რომელიც ადრე ჭყონდიდელი იყო, მაგრამ მიქაელ კათალიკოსმა მოსტაცა მას ეს პატივი მეფის ვერაგი მრჩევლების დახმარებით. სწორედ იგი მოიყვანეს – კაცი, ნამდვილად ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანი, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, ყველას მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, პატრონის უზომოდ ერთგული; ეკლესია-მონასტრებზე საუბარი ხომ ზედმეტია: ამაზე თვითონ მეტყველებენ ანტონის საქმეები როგორც ყველგან სხვაგან, ასევე მღვიმეში და კლარჯეთში, თვით მის მიერ აგებულ მონასტრებში. დასვეს ის ვაზირად, მისცეს ჭყონდიდი, სამთავისი, კისის-ხევი და მწიგნობართუხუცესობა: მართალ ადამიანს თუ ხელს შეუშლი, მაინც ვერ გაანადგურებ.
იწყეს კეთილად ზრუნვა სამეფოსათვის და კიდევ უფრო მეტად – ერისათვის. მოიყვანეს სარგის ამირსპასალარ მხარგრძელის ორი ძე, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მხნენი, ბრძოლებში გამოცდილნი და ჩამომავლობითაც მეფის ერთგულნი, ამის გამო დიდად საყვარელნი თამარის მამა-პაპათათვის. მათკენ მიაპყრო თამარმა მზერა, ამაშიც ღმერთს მიენდო, უბოძა წყალობა: ზაქარიას – ამირსპასალარობა, მასზე უმცროს ივანეს – მსახურთუხუცესობა. ღირსეული ადამიანები იყვნენ: მართალია, რჯულით სომხები, მაგრამ მართლმადიდებლობის სრულად აღმსარებელნი. ივანე ზედმიწევნით იყო განსწავლული საღმრთო წერილში და ამიტომ გაიგო სომეხთა რჯულის სიმრუდე: მოინათლა და გახდა ჭეშმარიტი ქრისტიანი.
ამის შემდეგ მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი მართალი და ერთგული, მისცეს მანდატურთუხუცესობა. დღითიდღე წარმატებულად მიდიოდა თამარის საქმეები, რადგან საუკეთესოდ და სამართლიანად განაგებდა ქვეყანას.
ამიერიდან აღმატებული თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს თამარის საქმეთა წარმატებების ღირსეულად აღწერა: როგორც საკუთარ თმას სათითაოდ ვერავინ დათვლის, ასევე ამასაც ვერავინ გააკეთებს და თუ ვინმე შეძლებს, მაინც საეჭვოდ მიმაჩნია, რომ მოახერხოს მომავალში შემდგომთა დარწმუნება. როგორც ლომი იცნობა ბრჭყალებით, ასევე თამარი – თავისი საქმეებით. ვისაც ამის გაგება სურს, იხილოს ქალაქნი, ციხენი და მხარენი, რომლებიც ადრე სულტანს ეკუთვნოდა და რომლებიც თამარმა ქართველთათვის განაღო, იხილოს ქვეყნის ორჯერ გაფართოებული საზღვრები და ამის მიხედვით იმსჯელოს საქმის გამოძიების მსურველმა. შეიტყოს ქვემოთ, ერაყამდე და ბაღდადის მხარედან მარღამდე მის მიერ დაწესებული ხარკის შესახებ; და ბოლოს, ამის დასტურია შეშინებული, მავედრებელი, მუხლმოყრილი ხალიფა.
წმიდა წერილში ნათქვამია: „დაუძლურდა ბაბილონი და აღაშენა ერმონის მთა, მოისპო კვამლი სუბაკთა და გაძლიერდა კარიბჭე სილიმისა“.
ამგვარ ღვთის წყალობაში იშვებდა ქრისტიანი ერი. ისინი მხოლოდ თამარის უშვილობის გამო წუხდნენ. ღმერთმა, რომელმაც ადრე იზრუნა მანოესა და აბრაამის გამო, ქალების – ანნასა და ელისაბედისათვის, არც ამჟამად დააყოვნა, რადგან მცირე ხნის შემდეგ თამარი დაორსულდა. როდესაც ეს მისმა ქვეშევრდომებმა შეიტყვეს, ლიტანიობით, მარხვით, ლოცვითა და ცრემლით უფალს ევედრებოდნენ, რომ მიეცა მისთვის ვაჟი. ასეც მოხდა – შვა ძე, ყველაფრით პაპას მიმსგავსებული და დაარქვეს მას სახელად გიორგი. ყველამ ენით აუწერელი სიხარულით გაიხარა.
ერთი წლის შემდეგ კვლავ დაორსულდა და შვა ასული, თავისივე მსგავსი, რუსუდანი, რომლის დაბადებამაც კვლავ დიდი სიხარული მოუტანა ყველას.
კიდევ უფრო გაზარდა ქვეყნის კეთილდღეობა ლაშქრის წარმატებებმა. იწყეს ყოველ მხარეს სპარსელთა რბევა და მოიპოვეს საკვირველი გამარჯვებები: ციხეთა ხელში ჩამგდებთათვის ბრძანება იყო საკმარისი, რათა ეს ციხეები დაეცალათ. ტყვეებითა და ალაფით აივსნენ. გადარჩენილი მტრები მელიებივით იმალებოდნენ და თხუნელებივით მიწაში ძვრებოდნენ.
შევიწროვდნენ სპარსელნი ყველგან, სადაც კი იყვნენ, უღონოებამ მოიცვა ისინი და გადარჩენის ერთი იმედიღა დარჩათ – ეს იყო სიკვდილით თავის ხსნა. ამიტომ მოილაპარაკეს და ყოველი მხრიდან შეიკრიბნენ, შეიღებეს სამოსელი და სახე, მივიდნენ ხალიფასთან, აუწყეს თავიანთი გასაჭირი და მოუწოდებდნენ ებრძანებინა სპარსეთისათვის დახმარებოდა მათ. ხალიფა ასე მოიქცა: გახსნა ძველი საგანძური და საიდუმლოდ გაგზავნა კაცი სპარსეთში. მისცა მას აურაცხელი ოქრო, რათა შეეკრიბა ყველა მხრიდან ურიცხვი ლაშქარი. ამასთანავე უბრძანა, რომ სპარსთა სამთავროს, საიდანაც არ წამოვიდოდნენ, თავს დასხმოდნენ და გაენადგურებინათ.
ასეც მოხდა: იწყეს ამოსვლა რომ-გვიროსიდან და ინდოეთიდან, ქვედა მხარეებიდან – სამარყანდამდე და დარუბანდამდე. შეიკრიბა იმდენი, რომ ვერც დათვლა იყო მათი შესაძლებელი და ვერც რომელიმე მხარეში დატევა. თავი მოიყარეს ადარბადაგანში და მხოლოდ მაშინ გაამჟღავნეს თავიანთი განზრახვა.
გაიგო რა ეს თამარმა, იხმო ყველა ვაზირი და იწყო დავალებათა მიცემა: უბრძანა ანტონ ჭყონდიდელს არა უკმეხად, მაგრამ არც ქალური მორიდებით, არამედ ამგვარად: „იჩქარეთ ბრძანების გაცემა, რათა სწრაფად შეიკრიბოს მხედრობა და ასევე ამცნეთ ყველა ეკლესიასა და მონასტერს, რათა განუწყვეტელი ღამისთევანი და ლიტანიობანი აღასრულონ ყველგან. გაგზავნეთ ქონება და სიმდიდრე გლახაკთათვის, რათა მოიცალონ ლოცვისათვის, მოწყალება მივიღოთ ღმერთისაგან და არ ვათქმევინოთ წარმართებს: სად არის მათი ღმერთი?“
ასე ბრძანა მან და ბრძანება საქმედ იქცა. ათი დღის მანძილზე, როგორც შევარდენთა გუნდი, ისე მოფრინავდნენ ყოველი მხრიდან მხედარნი, აღსავსენი სიხარულით და ძლივს იმორჩილებდნენ თავს. შეიკრიბნენ სომხითში. მივიდა თამარიც. მცირე დროით მხედრებიც შეფერხდნენ ლოცვისათვის. შემდეგ თამარმა უთხრა მათ: „ძმანო ჩემნო, ნუ შეშინდებით მათი სიმრავლისა და თქვენი სიმცირის გამო, რადგან ღმერთი ჩვენთანაა. გსმენიათ გედეონის სამასი მხედრისა და მათ მიერ განადგურებული მადიამელთა ურიცხვი სიმრავლის შესახებ? ასევე ეზეკიელის ლოცვით ანგელოზის მიერ ასურასტანელთა ბანაკის უეცარი განადგურების ამბავი? მხოლოდ ღმერთს მიენდეთ, მართალნი იყავით მის წინაშე და იმედი გქონდეთ ქრისტეს ჯვარისა. ისწრაფეთ მათკენ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელის შეწევნითა და უძლეველი ჯვრის ძალით“.
დალოცა ისინი და შეავედრა ღმერთს, წაუმძღვარა ძელი ცხორებისა და თან გააყოლა ანტონ ჭყონდიდელი. თვითონ კი გაიხადა ფეხზე და ფეხშიშველი ჩავიდა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში; წმიდა ხატის წინაშე დაჩოქილმა არ შეწყვიტა ცრემლით ვედრება, სანამ ღმერთმა არ შეასრულა მისი სათხოვარი – ცოტა ხნის შემდეგ ეახლა სარგის მხარგრძელი თმოგველი და აცნობა ლაშქრის გამარჯვება და მხედრების გადარჩენა.
საჭიროა თქმა იმისაც, თუ როგორი შეწევნა მიიღეს ჩვენმა მხედრებმა თამარის ცრემლთაგან. შევიდნენ რა მათ მხარეში, იხილეს მტერი, განძასა და შამქორს შორის დაბანაკებული, სიმრავლით კალიებზე აღმატებული.
მაშინვე ჩამოქვეითდნენ, თაყვანი სცეს ღმერთს, ცრემლით შეევედრნენ წმიდა ჯვარს. როგორც არწივნი, შეიმართნენ და როგორც ვეფხვნი, ისე ეკვეთნენ მოწინააღმდეგეს. პირველსავე შეტევისას მტრის ათჯერ აღმატებული რაზმი დაშალეს, თავიანთი მახვილისა და ღვთის ძალის მეშვეობით როგორც თაგვებს, ისე ანადგურებდნენ, როგორც ქათმებს, ისე იპყრობდნენ მათ ამირებს – ბაღდადელთ და მუსულელთ, აფრიკელთ და ერაყელთ, ადარბადაგანელთ და ირანელთ და კიდევ სხვა მრავალი ადგილიდან მაშველი ლაშქრით ჩამოსულთ; ერთ-ერთი ასეთი მაშველი რაზმი იყო ინდოეთიდან ჩამოსული მკვლელებისა; წვერებით მიათრევდნენ მათ დავით მეფის წინაშე. ცხადი იყო დიდი, საკვირველი და აღმატებული შეწევნა ღვთისა, რადგან მტერს თავად მოჰქონდა თავისი ქონება, აკიდებული ჯორ-აქლემებზე, და თვითონვე დარაჯობდა ტყვეებსა და ნადავლს. ხოლო ათაბაგმა ბუბაქარ „აქო თ¢სი ღონე და ღონიერება“, რადგან, მიიწია რა ერთ პატარა ორმოსთან, მასში დაიმალა.
ამგვარად ავსებულნი ღვთის მოწყალებით მივიდნენ განძამდე, სადაც გამოეგებნენ ქალაქის მცხოვრებნი, ითხოვეს თავიანთთვის მშვიდობა და ქალაქი ნებით ჩააბარეს. შეიყვანეს დავითი დარბაზში, დასვეს სულტნის ტახტზე, „ფანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს“ და ღორის ხორცით დიდი ნადიმი გადაიხადეს. ყველა განძელმა ძღვენი და ხარკი მოართვა. ქართველებმა გახსნეს მათი საჭურჭლეები და მრავალი მშვენიერი ფიალა და ჯამი, თეფში და კიდევ სხვა ურიცხვი განძი წამოიღეს. ცოტა ხნით ქალაქგარეთ დაბანაკდნენ, რადგან ეძებდნენ ათაბაგს, მაგრამ ვერ იპოვეს. ასევე ითხოვეს შამქორელებმა მშვიდობა და ქვეშევრდომობა.
ამჯერად სწორად ვერ მოიქცნენ ზაქარია და ივანე. მხოლოდ ეს იყო ამ გამარჯვების ნაკლი. იყო ვინმე სპარსი, შირვანშახის სიძე, სახელად მირმირანი. იგი რაღაცა თხოვნით თამართან იმყოფებოდა, იმ დროს დავითის სამსახურში მდგომი. ამ მირმირანმა ითხოვა განძა და მისცეს თამარისთვის შეტყობინების გარეშე.
გაიგო თუ არა ბუბაქარმა ჩვენი ლაშქრის შინ დაბრუნება, მოვიდა და განძელებმა ქალაქი მას გადასცეს, თუმცა მირმირანი შიშის გამო ცოცხალი გამოუშვეს.
ცოტა ხნის შემდეგ ლაშქარი უკან გამოემართა, დიდად მოხარული ამ ოლიმპიური ძლევის გამო, რომელიც უფრო მეტ ქებას იმსახურებს, ვიდრე ალექსანდრეს მიერ დარიოსზე მოპოვებული გამარჯვება.
როდესაც მოახლოვდნენ, გამოეგებათ თამარი, რადგან სარგის თმოგველი უკვე მისული იყო მახარობლად. მეფე ხარობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, თითოეულს მოიკითხავდა, როგორც შვილს. ისინიც ხარობდნენ მისი შემხედვარენი. აივსო ყველა ველი ტფილისის გარშემო და ვეღარ იტევდა კაცს, ცხენს, ჯორსა და აქლემს. იმდენად შემაწუხებელი იყო ტყვეთა სიმრავლე, რომ შეჰყავდათ ისინი ქალაქში და ფქვილის ერთ საწყაოდ ყიდდნენ. ამისი მოწმე თვით შეუმცდარი ღმერთია, რომელსაც ვიმოწმებ, რათა ვინმეს ტყუილი არ ეგონოს და მომავალში ზღაპრად არ მიიჩნიოს აქ თქმული.
ერმიონებზე უფრო სახელოვანმა კაცებმა, ზაქარიამ და ივანემ, დამარცხებულთაგან აკრიფეს გადასახადი სამეფო ხაზინისათვის და დიდუბის ველიდან ავჭალამდე გაამწკრივეს დატვირთული აქლემები, შეკაზმული ცხენები, აგრეთვე ყველა ამირა თავ-თავისი დროშით: პირველი იყო ხალიფას დროშა, შემდეგ – ათაბაგის... და ასე ერთი მეორეს მიჰყვებოდნენ. ქალაქის ბჭეებიდან გლდანის ხევამდე გაამწკრივეს ყველა ტყვე. მიიყვანეს თამარი და ეს ყველაფერი მას შესწირეს, თაყვანი აცემინეს მისთვის ყველა სპარს დიდებულს. ბოლოს თვითონაც სცეს თაყვანი და მიულოცეს ღვთის მიერ ბოძებული ბედნიერი მეფობა.
ამის შემდეგ შევიდნენ ქალაქში და თითოეულმა იწყო ძღვენის მირთმევა: ოქროსი და სამკაულის, ძვირფასი ჭურჭლისა და პატიოსანი თვლების, უძვირფასესი მარგალიტების, ჯაჭვების, მუზარადების, ბრძოლებში გამოწრთობილი ხმლების, ფერად-ფერადი ოქროქსოვილებისა და მდიდრული ტანსაცმლის, ცხენებისა და ჯორების, ოქროს ყელსაბამების, მრავალნაირი სულნელების და სპილენძის ჭურჭლით ჩამოტანილი არომატული ნელსაცხებლების. ამას აკეთებდა ყველა – ანაკოფიის ციხიდან გულისტანის ციხემდე. სეფე აზნაურები აივსნენ რჩეული ტყვეებით, ხოლო საჭურჭლენი – ოქროთი, ვითარცა მიწით, ინდური ქვებითა და ურიცხვი რაოდენობის პატიოსანი მარგალიტით.
გაამაყდა ზედმეტად ყველაფერ ამის გამო თამარის გული? ერთხელ მაინც გამოხატა მან ამპარტავანება წარბთა აღზიდვით? არა, არ მომხდარა ასე! კიდევ უფრო დამდაბლდა უფლის წინაშე, მმადლობელი და მისგან წყალობის მთხოველი; უხვად აძლევდა გლახაკთ, უბოძებდა მათ, ვინც ეკლესიებზე, ქვრივებზე, ობლებსა და დავრდომილებზე, გარშემო მყოფებზე ზრუნავდა. უფლის მიბაძვით სწირავდა ძღვენს მას, ვინც სამეფო ჩააბარა და იმასვე უბრუნებდა, ვინც მისცა თავისი უშრეტი და მდიდარი წიაღიდან. ძველ მეფეთაგან განსხვავდებოდა თავისი საქმეებით, ახლებს წინ უსწრებდა, აკეთებდა რა აქამდე არნახულს, როგორც ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით. ჩვენ კი გავიმეორებთ წერილში ნათქვამს: „იყო სიმტკიცე ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მის მთათა მწვერვალებზე“.
მხოლოდ ალაფით არ ამდიდრებდა ქვეყანას თამარი, სარწმუნოებაც მტკიცდებოდა. წმიდა ეკლესიები მრავალფერი სამკაულით იმკობოდა, იმატა ლოცვამ და ღამისთევებმა, თვით სასახლეში განუწყვეტლივ სრულდებოდა წმიდა საიდუმლონი. რაღა ბევრი გავაგრძელო? გამრავლდა ღვთის წყალობა და შესუსტდა ეშმაკის სიბოროტე.
ყველა თავ-თავის საქმეს აკეთებდა, რათა თამარი მოემადლიერებინა. საქებელი საქმეების ჩამდენთ არ უკარგავდნენ სიკეთეს. მონაპირე ერისთავნი დღესა და ღამეს ასწორებდნენ, ვინც ქვეყნის შიგნით იყო, ისიც განაპირა მხარეებში გაშვებას ითხოვდა. სწორედ ამგვარმა გულმოდგინებამ და მოწადინებამ შექმნა ასეთი სამეფო:
პირველი ქვედა სანაპირო იყო გაგი, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა ვარამის მამას, ზაქარია მხარგრძელს. ეს ორნი იცავდნენ ამ მხარეს, კაცნი მხნენი, ბრძოლაში მრავალჯერ გამოცდილნი და გამარჯვებულნი, ღვთის შიშითა და პატრონის ერთგულების გამო დიდად საქებელნი.
აღმა იყო ძორაკერტი და ტაშირი, საიდანაც დაიწყეს თავიანთი ლომებრივი ბრძოლა ზემოთ და ქვემოთ და ყოველ მხარეს ზაქარიამა და ივანემ.
ზემოთ – ჯავახეთი, რომელსაც იცავდნენ სარგის მხარგრძელი თმოგველი და შალვა თორელი.
კიდევ უფრო ზემოთ – არტანი, სადაც მესხნი იდგნენ. მათ შორის იყო ყვარყვარე, სამცხის სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯვებული და მეფეთა ერთგული.
შავშეთისა და სპერის მხრიდან ფანასკერტი იყო. შავშეთის მთებში გამოჩნდა ვინმე კაცი, ასპაანისძე, არა მდაბალი თავისი გვარითა და ქცევით და, ღვთის მადლით, არც უბედო. სახელად ზაქარია ერქვა. არც სახელი შეარცხვინა, არც პატრონის წყალობას დაუკარგა ფასი, არამედ საქებელი საქმეები ჩაიდინა. მარტომ განასრულა მრავალი და დიდი საქმე: აიღო ბანა, ხახული და სხვა ბევრი სახელოვანი ციხე და ადგილი.
ქვემოთ, განაპირა მხარეს, მცველებად იდგნენ გრიგოლის ძენი, განსაკუთრებით კი ტბელი და მახატლის ძენი. მათი შიშით განძასა და ბარდავში ყრმა ვერ აუტირდებოდა დედას და ვერც თურქნი ვერაფერს ავნებდნენ ივრისა და მტკვრის პირის საძოვრებს.
კითხულობთ რა ყოველივე ამას, ნურავინ იფიქრებთ, რომ თამარის ნების გარეშე ვინმეს რაიმე გაებედა, არამედ ამგვარად გაიგეთ თქმული: მონაპირენი აღმოაჩენდნენ ასაღებელ ციხეს, შემოდგომილ თურქმენებს, დასაპყრობ ქალაქს ან დასარბევ ქვეყანას. მოახსენებდნენ თამარს, რომელიც განსჯიდა და გამოიძიებდა ამ საქმეს; თუ საჭიროდ მიიჩნევდა ლაშქრის შეკრებას, უბრძანებდა ზაქარიასა და ივანეს, რომლებიც შეყრიდნენ ჯარს, თვით დავით მეფე წაუძღვებოდა მას და არსაიდან დამარცხებული არ დაბრუნდებოდა. თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი საქმე იყო, უბრძანებდა კარის მხედრობას და ისინიც, როგორც შევარდენნი, აღასრულებდნენ დავალებულს. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, თუ სად იმყოფებოდა თვითონ ამ დროს – სადმე მინდორში ნადირობდა თუ სასახლეში იყო: შეიტყობდა თუ არა რაიმე მსგავსს, მაშინვე აამხედრებდა ღირსეულთ და როგორც არწივნი კაკბებს, ისე დასცემდნენ შიშის ზარს მოწინააღმდეგეს.
არც თვითონ იყო უქმად და არც თავის ყმებს აძლევდა ამის უფლებას – იგივეს ვამბობთ, რაც თქვა ერთმა ჟამთააღმწერელმა ალექსანდრეზე. ამის დასტურად საკმარისია ის, რომ დიდად სახელგანთქმული ქალაქის, ტფილისის, ერთი წლის შემოსავალი ვერ დაფარავდა იმავე წლის მანძილზე მახარობელთათვის გასაცემ თანხას. ხშირად ერთ დღეს სამი და ოთხი მახარობელი მოვიდოდა ხოლმე და აი, რატომ: აღასრულებდნენ რომელიმე ერთ საქმეს და, გამარჯვებულნი, მახარობელს გამოგზავნიდნენ. არ იკმარებდნენ იმ დღეს მხოლოდ ამას – შეეწეოდათ ღმერთი სხვაშიც და ისევ გამოგზავნიდნენ მახარობელს. ამგვარი წარმატებები აურაცხელი იყო, რადგან ზემო მხარეებში მყოფნი ერთს სჩადიოდნენ, ქვემოთები კიდევ მეორეს და ასე, ერთი დღის მანძილზე მრავალი რამ ხდებოდა, მახარობელიც ბევრი მოდიოდა – შეუძლებელია, ყველაფერი ამის აღწერა, თვით ღმერთმა უწყის ყოველივე.
აკეთებდა რა ყოველივე ამას თამარი დაუღალავად, საკუთარი ქონების გაზრდაზე როდი ზრუნავდა; არც სამეფოს გასაფართოებლად ეუფლებოდა ამდენ ქალაქსა და ციხეს. ისევ იმათ აძლევდა, ვისაც ასე დაუზოგავად ასაქმებდა – თავის ლაშქარს. ამაზე მეტყველებს სომეხ მეფეთა დიდი და სახელგანთქმული სამყოფელი, ქალაქი ანისი, რომელიც წაართვა სპარსელებს შანშეობასთან ერთად და რომელიც მანამდე დიდი ხნის მანძილზე მათ ხელში იყო. იგივე შეიძლება ითქვას სპარსთა სახელოვან ქალაქ დვინზე. ამას იგი ორი მიზეზით სჩადიოდა: ერთი მხრივ, რათა წარმართები შურით აღვსილიყვნენ ერთმანეთის მიმართ და სურვილი ჰქონოდათ კვლავ დაებრუნებინათ თავიანთი კუთვნილი, მეორე მხრივ, რათა მოესპო ყველანაირი მიზეზი ქვეშევრდომთა ორგულობისა.
და, გარდა ამისა, კიდევ იმიტომ არ აძლევდა საშუალებას მისცემოდნენ განსვენებას, რომ მოცლილებს სიმხდალე არ დაუფლებოდათ და იმათზე არ გამხდარიყვნენ დამოკიდებულნი, ვინც სიმდიდრის მეშვეობით იყო აღზევებული, ან კიდევ, არ მოეცალათ ერთმანეთის სამტროდ და ერთმანეთთან საბრძოლველად, როგორც ეს უკვე გააკეთეს მისი მეფობის დასაწყისში: ლიპარიტთა საგვარეულოს მრუდ ძირებზე აღმოცენებულმა კახაბერის შვილებმა იწყეს ვერაგობა და ახლობლების წინააღმდეგ ბრძოლა. მათ ვერც მხილებით შეაგონეს, ვერც თამარის წყალობამ შეარცხვინა. გამართლდა მათზე ძველად ნათქვამი: „კუდსა ძაღლისასა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს“; ჩაიდინეს დიდი ბოროტება: დახოცეს ანტონ ჭყონდიდელის ორი ძე, სასოწარკვეთილებაში ჩააგდეს მოკლულთა მამა, კაცი მართალი, განარისხეს უფალი და თამარი: ჭალაში მყოფმა მეფემ დაიბარა ხუთივე და თავისი ბრძნული გადაწყვეტილებით შეიპყრო, ცალ-ცალკე ჩასვა სხვადასხვა ციხესიმაგრეში, რათა იქ გამოსწორებულიყვნენ. მაგრამ ისინი ისეთივენი დარჩნენ, ამიტომ გააძევა საბერძნეთის მაკედონიაში და იქ, როგორც გვესმა, ყივჩაყებთან ბრძოლაში დაიღუპნენ და კარგ მეომრებად წარმოაჩინეს თავი.
ამის გამო არავის აძლევდა უქმად ყოფნის უფლებას: ან თავის კარზე ამყოფებდა, ახარებდა დამსახურების შესატყვისი საბოძვარით, ასვენებდა, ან კიდევ თვითონ წარუძღვებოდა სანადიროდ ივრისა და მტკვრის ნაპირებზე. შემდეგ გადაინაცვლებდნენ ტყიან ადგილებში და იქ შვებას ეძლეოდნენ, სანამ თოვლი არ დაამძიმებდა კარავს. იქიდან სომხითში შედიოდნენ და ნადირობდნენ, თითქოს სასიამოვნო თამაშს იყვნენ მიცემულნი. და თუ ამასობაში რაიმე საფრთხის შესახებ საიდანმე შეიტყობდნენ ან ასეთს დაინახავდნენ, არც ერთი წუთით აღარ დაყოვნდებოდნენ მოსვენებულ მდგომარეობაში და არავის მისცემდნენ საშუალებას რაიმე მოემოქმედა სამეფოსა და თამარის წინააღმდეგ.
ივსებოდა ნილოსი და აკლდებოდა ეგვიპტეს. ღატაკდებოდა ისმაილი, წუხდა აგარი, იკურთხებოდა ისაკი. ეს სხვამ სხვაზე თქვა, მე კი აქ შესავლის სახით იმიტომ მომაქვს, რომ აკლდებოდათ მაჰმადიანებს ძალები, ებანზე დაკვრაც აღარ ისმოდა, რადგან ქრისტიანთა ორღანონი ხმოვანებდნენ კიდიდან კიდემდე. დაკარგეს იმედი მუსულმანებმა და ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა წყალობა მიეღოთ წყალობისმოყვარე თამარისაგან. ამიტომ კვლავ წავიდნენ ხალიფასთან, მაგრამ არა ისე, როგორც პირველად, არამედ სრულიად სხვაგვარად, სთხოვდნენ, რომ შევედრებოდა თამარს მათგან მხოლოდ ხარკი აეღო, შეეჩერებინა მომსრველი მახვილი და აეხსნა მათთვის ბორკილები. ხალიფა ასეც მოიქცა და ორჯერ გამოგზავნა მოციქულები ძვირფასი და ნაირგვარი, მანამდე უნახავი ძღვენით და დიდი თავმდაბლობით შეევედრა თამარს, რათა აეღო ხარკი და შეეწყვიტა რბევა. მოისმინა თამარმა მისი მუდარა და ასე უპასუხა: „აღვასრულებ შენს თხოვნას და ვინც ინებებს საკუთარი თავისათვის მშვიდობას და გადამიხდის ხარკს, შენი ვედრების გამო ვუწყალობებ სიცოცხლეს“. ასეც მოიქცა.
[ეს ყველაფერი აწუხებდა საბერძნეთის დიდ სულტანს, ჩარასლანის ძეს, სახელით ნუქარდინს, რომელიც ყველა სხვა სულტანს აღემატებოდა, ვინც კი ოდესმე განაგებდა დიდ საბერძნეთს, აზიასა და კაბადოკიას პონტოს ზღვამდე].
ვერაგულად იჩემებდა სულტანი სიყვარულს, ხშირად გზავნიდა მოციქულებს, ვითომ მშვიდობისათვის, მშვენიერი ძღვენითურთ. ასევე იქცეოდა თამარიც – ისიც პასუხად მოციქულებს უგზავნიდა ძღვენით. მაგრამ სულტანი ცბიერ განზრახვას მალავდა, ფიცის უკან იმალებოდა და სამეფოს სამტროდ იყო გამზადებული.
[მოუწოდა მან მეომრებს და შეიკრიბა რვაასი ათასი კაცი].
გახსნა სულტანმა მამა-პაპათა საგანძური, გამოყარა აურაცხელი ოქრო და გაგზავნა ის ლაშქრის შესაგროვებლად, თან ატყობინებდა, რომ დადგენილთან შედარებით ორმაგად გადაუხდიდა. გაგზავნა ხალხი სამეფოს ყველა საზღვრის მიმართულებით და იწყო მხედრობის შეკრება მესოპოტამიაში, კალონეროში, გალატიაში, ღანგრაში, ანკვირიაში, ისავრიაში, კაბადუკიაში, დიდ სომხითში, ბითვინიაში, პაფლაგონიის საზღვრებთან და დედაკაცთა გარდა არავინ დატოვა ამ ქვეყნებში, არამედ ყველა აამხედრა.
თვითონ სწრაფად გაემართა უჯად სახელდებული თურქებისაკენ, რომლებიც განთქმულნი იყვნენ ბრძოლებში თავიანთი სიმამაცით და იყვნენ ურიცხვნი, ვითარცა კალიები თუ ჭიანჭველები. მისცა მათ აურაცხელი ოქრო და კიდევ სხვა ბევრი საბოძვარი და შეკრიბა მათგან ასი ათასი შეიარაღებული მხედარი.
შიშის ქვეშ, მათი ნებისდა მიუხედავად, შეიერთა ეზინკელნი, ხალფერდელნი, ქალაქ კარნუს მცხოვრებნი; სალდუხის ძეს, გაწეული სამსახურის დაფასების ნაცვლად, წაართვა ქალაქი კარნუ და იქ თავისი ძმა დასვა.
როგორც ამბობენ, ხმელეთის ზღარბი, რომელიც მრავალშვილიანი ცხოველია, იხილავს რა თავის ურიცხვ ნაშობთ, გამოდის სოროდან ნაშიერებითურთ, გაამწკრივებს მათ, თვითონ კი ზემოდან მოექცევა. ასევე მოიქცა ნუქარდინიც: იხილა რა აურაცხელი სიმრავლე შეკრებილი მხედრებისა, გაამაყდა, მსგავსად სენაქერიმისა, მოინდომა უფალზე აღმატებულება, არ შეეშინდა ადრე ცბიერებით დადებული მრავალი ფიცისა და სიყვარულის აღთქმისა, არამედ სულ საწინააღმდეგოდ ამისა დაიწყო მოქცევა – მიიწია ქალაქ სევასტიამდე და შეუდგა საომარ აღჭურვილობათა მზადებას.
[მაშინ წარმოავლინა თამარის წინაშე მოციქული ამგვარი უსტარით]: „მე, ნუქარდინი, ცისქვეშეთის უმაღლესი სულტანი, ძლიერებით ანგელოსთა მსგავსი, უფლის სწორი, მოვლინებული დიდი მუჰამედისაგან, გამცნობ თამარს, ქართველთა მეფეს: [„ყველა დიაცი რეგვენია. შენ გიბრძანებია ქართველთათვის ხმლის აღება და დახოცვა მუსულმანთა, ისლამის ერისა]; გარდა ამისა, თავისუფალი ხალხისათვის, როგორც ყმათათვის, ხარკი დაგიწესებია. ეხლა მე მოვდივარ, რათა სპარსთა გვარს აღვუდგინო სამართალი, ჭკუა გასწავლო და შენმა ხალხმა ვეღარასოდეს გაბედოს ხელში აღება ხმლისა, რომელიც ღმერთმა ჩვენ გვიბოძა. მხოლოდ მას დავტოვებ ცოცხალს, ვინც მანდ მოსვლამდე ჩემი კარვის წინ მცემს თაყვანს, აღიარებს მუჰამედ მოციქულის მოძღვრებას, უარყოფს შენს სჯულს და ჩემ თვალწინ თავისი ხელით დაიწყებს იმ ჯვრის ლეწვას, რომლის იმედიც ტყუილად გაქვთ. მოლოდინში იყავი იმის სამაგიეროსი, რაც სპარსთ შეამთხვიე“.
მიართვეს რა თამარს წერილი, არ აჩქარებულა, არამედ თავისი მოთმინებით ეზეკიას ემსგავსა. უფლისკენ მიმართა მიღებული ეპისტოლე, ღრმად ამოიოხრა, ცრემლების ღვრითა და ღვთის იმედით მოიხმო ყველა, ვინც მაშინ ახლომახლო იმყოფებოდა და დაიწყო მათთან თათბირი – არა ლაჩრულად, არც მდედრულად და მოუფიქრებლად.
მალემსრბოლთა მეშვეობით ელვისებური სისწრაფით ვრცელდებოდა თამარის ბრძანებები და ეპისტოლეები. ძალიან სწრაფად შეიკრიბნენ მხედრები, სიმკვირცხლით ვეფხვთა მსგავსნი, სიმამაცით კი – ლომთა. ქრისტე ღმერთის იმედი ჰქონდათ. არ დააყოვნეს, არამედ სწრაფად გაეშურნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრისაკენ [ვარძიაში. ვარძიის ღვთისმშობელს ცრემლით შეავედრა თამარმა დავით სოსლანი, მისი ლაშქარი და დროშა, რომელსაც მხოლოდ გამარჯვებები მოჰქონდა. წარმომართა ვარძიიდან ლაშქარი], რომელსაც თვით ფეხშიშველი, ცრემლმდინარე თამარი მიუძღოდა. წარუძღვა მათ ბასიანისკენ და კარიდან ერთი დღის სავალზე დააბანაკა.
[მხოლოდ მაშინ წარუგზავნა სულტანს უკან მოციქულები, გაგზავნა მათთან ერთად თავისი მოციქულიც და საპასუხოდ მისწერა: „მივენდე რა ძალას ყოვლისმპყრობელი ღვთისა, ვევედრე რა მარადქალწულ მარიამს და აღვივსე პატიოსანი ჯვრის იმედით, წავიკითხე შენი ღვთის განმარისხებელი შემონათვალი, ო ნუქარდინ, შევიტყე შენ სიცრუეთა შესახებ, რომელთა განმკითხავი უფალი იყოს: არ გაგიგონია, რომ ვინც ღმერთის სახელს ცრუდ დაიფიცებს, ღმერთისავე მიერ იქნება განადგურებული?
შენ ოქროთი შეკრებილ მევირეთა სიმრავლეს ხარ მინდობილი, უმეცარი ღვთის განაჩენის, მე კი იმედი მაქვს არა სიმდიდრის, მეომართა სიმრავლის ან სხვა რაიმე კაცობრივი საქმის, არამედ ყოვლისმპყრობელი ღმერთისა და ქრისტეს ჯვრის, რომელსაც შენ გმობ.
შენი შემონათვალის შემდეგ წარმოვავლინე ქრისტესმოყვარე მხედრობა არა შენთვის თაყვანის-საცემად, არამედ შენი ამაყი და ამპარტავანი გულის დასამხობად, რათა განისწავლო ღვთის მიერ, რომ არ უნდა დაგმო უფლის სახელი. აღსრულდეს უფლის ნება და არა შენი! იყოს მისი სამართალი და არა შენი! ვიცი შენი მსახურების სიზარმაცე, ამიტომ წარმოვავლინე ჩემი მსახური, რათა დროზე მოგართვას პასუხი წერილზე და გაგაფრთხილოს, რომ ჩემი წარმოგზავნილი მხედრები უკვე შენს კართან დგანან“.
მისცეს ეს ეპისტოლე, შემოსეს, დაასაჩუქრეს და წარავლინეს სულტნის მოციქული.]
უბრძანა თამარმა ლაშქარს ამხედრება, თვითონ ავიდა ამაღლებულ ადგილას, საიდანაც ყველაფერს ხედავდა, დაეცა მუხლებზე და დიდხანს ტირილით ლოცულობდა. როდესაც წამოდგა, იქაურობა ცრემლით იყო სველი.
შემდეგ დაიბარა თავისთან ყველა წარჩინებული და უბრძანა ერისთავებს, რომ თითოეული მათგანი დაჩოქილიყო წმიდა ჯვრის წინაშე და მთხვეოდა მას, აგრეთვე ხელზე მთხვეოდნენ თამარსაც. და ავედრებდნენ დიდებულები მეფეს თავიანთ სახლს, შვილებსა და სულებს, რადგან ერთი ხელით თვით თამარს ეპყრა ძელი ჯვარისა, ხოლო მეორეთი – ჯვრის მტვირთველს, ეზოსმოძღვარ ბასილს. როდესაც დასრულდა ჯვრის ამგვარი თაყვანისცემა, თამარმა აიღო პატიოსანი ჯვარი და სამჯერ გადასახა ის ამხედრებულებს, დალოცა და ლაშქარი, მინდობილი ღმერთსა და თამარის ცრემლებს, წარემართა.
[მეთაურობდნენ ლაშქარს ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი და ორი ახალციხელი ძმა – შალვა და ივანე, რადგან შალვა მანდატურთუხუცესი იყო, აგრეთვე ჭიაბერი და სხვა თორელები. და გაემართა ჯარი ბასიანისკენ.]
მეფე თამარი მიბრუნდა სამცხისკენ, ჩავიდა ოძრხეში და იწყო ლოცვა და მარხვა. იქ მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სიკეთით სავსე, აგრეთვე მრავალი ეპისკოპოსი და ღვთის სათნო მონაზონი.
[მათთან ერთად იყო შავთელი, განთქმული თავისი საოცარი საქმეებითა და ლექსთა გამომთქმელი, აგრეთვე ევლოგი, ქრისტესთვის „სულელი“, რომელსაც ჰქონდა წინასწარმეტყველების მადლი]. იყვნენ მუდმივ ღამისთევაში და სავედრებელ ლოცვებში.
ახლა კი საჭიროა იმის თქმა, თუ როგორი წყალობა მოუვლინა ღმერთმა თავის ერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა და ცხოველმყოფელი ჯვრის შეწევნით. როდესაც ჯარი ბასიანში ჩავიდა, იქ სულტანი იყო დაბანაკებული [ადგილსა, წოდებულსა ბოლოსციხედ. მიუახლოვდნენ რა სულტნის ბანაკს, იხილეს ურიცხვი ცხენი, ჯორი და აქლემი, ფარდაგებით მორთული კარვები, რომელთაც მინდორი ძლივს იტევდა].
უშიშრად გრძნობდნენ თავს, მცველები არ ედგა სულტანს. იქ გააწყვეს ქართველებმა ლაშქარი. მეთაურობდნენ მას ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი, ახალციხელნი – შალვა და ივანე და კიდევ – თორელნი. ერთ მხარეს იდგნენ აფხაზნი და იმერნი, მეორე მხარეს – ამერნი და ჰერ-კახნი. როდესაც ქართველებმა სულტანი იხილეს, ცხენები ცოტა ააჩქარეს და მისკენ წარემართნენ. დაინახეს რა სპარსელებმა, რომ ქართველებს ძლიერი იერიში მიჰქონდათ მათზე, სასწრაფოდ დატოვეს ბანაკი და სიმაგრეებისაკენ უკუიქცნენ, რადგან დიდი შიში მოუვლინა მათ ღმერთმა. როდესაც ქრისტიანებმა დაინახეს გაქცეული მტერი, დაედევნნენ, არ მისცეს გაქცევის საშუალება და ალყაში მოიქციეს.
შეიქნა ფიცხელი, ძლიერი ომი და გაგრძელდა დიდხანს. ორივე მხრიდან ურიცხვი მეომარი დაიღუპა, მაგრამ ძირითადად სულტნის მხედრები დაიხოცნენ. ომი ისე გაგრძელდა, რომ ცხენები დაუხოცეს მსახურთუხუცეს ივანეს, ზაქარია გაგელს, ახალციხელ შალვასა და ივანეს და კიდევ ბევრ სხვა თავადს. თითქმის გააქციეს ქართველნი – რაზმის მამაცი მხედრები ცხენების გარეშე დარჩნენ.
როდესაც მოლაშქრეებმა თავიანთი მეთაურები ქვეითად მყოფნი იხილეს, სასიკვდილოდ გაწირეს საკუთარი თავები, თვითონაც ჩამოქვეითდნენ, პატრონებს გვერდში დაუდგნენ, ქვეითნი – ქვეითებს. შეიქნა ძლიერი ომი. დაინახა რა ეს ყველაფერი მხნე დავითმა, თავისი მხრიდან უკან დაიხია, ასევე მოიქცა მარჯვენა მხარეს ზაქარია მხარგრძელიც, რათა მათ ცხენებს არ გადაეთელათ ქვეითი მეომრები. ყველამ ერთბაშად შეუტია სპარსელებს – ერთი მხრიდან დავით სოსლანმა, მეორე მხრიდან – ზაქარიამ და, როგორც მგლები ცხვრებში, ისე შეცვივდნენ სულტნის ურიცხვ მეომართა შორის.
პირველივე შეტაკებისას და ხმალთა ხეთქებისას უზომოდ მოწყალე ღმერთმა გადმოხედა ჯვრის მმოსავ ქართველებს, ვარძიის ღვთისმშობელმა განადიდა დავითი და თამარი. უეცრად იქნა ძლეული და გაფანტული ეგეოდენი სიმრავლე. ეს თვალუწვდენელი გაქცეული სიმრავლე ლაშქრისა წააგავდა მიწიანად ამოგლეჯილ ტყეს – სადამდეც კი თვალი სწვდებოდა, ყველგან ტყის მსგავსი გაქცეული ლაშქარი ჩანდა.
იმის მოყოლაც საჭიროა, რა მოხდა ოძრხეში, სადაც მეფე თამართან ერთად მყოფნი განუწყვეტლივ ლოცულობდნენ და ღამეებს ათევდნენ ლაშქრის გამარჯვებისათვის. ერთ დღეს, აღესრულა რა საღმრთო ჟამისწირვა ზემოთ ნახსენები ევლოგის მიერ, ჩვენება იხილა მან უეცრად და იწყო ღაღადება სულელის მსგავსად და ზემოთ ცქერა. იხილა რა რაღაც, მწუხარედ დაიძახა და სამჯერ დაეცა. შემდეგ უცბად წამოხტა, ხელები აღმართა და დაიძახა: „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერია. ევლოგის პატრონნო, აღარ უნდა გეშინოდეთ სპარსელების, განუტევეთ იგი, რათა წავიდეს მშვიდობით თავის გზაზე“. ყველა მიხვდა, რომ წინასწარმეტყველება იყო მისი სიტყვები, მაგრამ ევლოგმა არავის გაანდო საიდუმლო, მხოლოდ იოანე შავთელს აუწყა, რომ ღმერთმა ქრისტიანებს მიანიჭა ბარბაროსთა ძლევა. ამის შემდეგ სწრაფად გაშორდა იქ მყოფთ და დაიმალა].
ღმერთმა ხელში ჩაუგდო ქართველებს მტერი და მოხდა საკვირველი რამ – ვინც მახვილს გადაურჩა, თვითონ იპყრობდნენ ერთმანეთს: უფრო დაწინაურებულნი – ნაკლებად აღმატებულთ; უწარჩინებულესნი ცხენის ძუაზე გამობმული მოჰყავდათ. თითო კაცს ოცი კაცი ჰყავდა ერთი საბლით შეკრული, ერთმანეთზე თმებით გადაბმული. ყრმები ერთი-ერთმანეთზე უკეთეს მეომრებს, როგორც თიკნებს, ისე მოასხამდნენ. გარშემო ყველა ადგილი გაჩხრიკეს და გაქცეულები დახოცეს, დანარჩენებს, როგორც წიწილებს, ისე აგროვებდნენ; აურაცხელი სიმრავლე მათი გაანთავისუფლეს, რადგან ას სპარსელზე ერთი წამომყვანი ქრისტიანი ძლივს მოდიოდა. [ასე აღსრულდა ევლოგის წინასწარმეტყველება სწორედ მაშინ, როდესაც მან ჩვენება იხილა].
ასეთი დიდებული გამარჯვებით დააჯილდოვა ღმერთმა თამარის ცრემლები და მტკიცე იმედი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, მოიცალეს მტრის ტვირთისთვისაც – შეუძლებელი იყო თვალის გაწვდენა და აღრიცხვა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის სიმრავლის, ქსოვილებისა, ოქროს სასმისების, თვალ-მარგალიტით შემკული ლანგრების და ჯამების, დოქებისა და ქვაბების, რომლებიც უთვლელი ნადავლით იყო სავსე. ვის შეეძლო დათვლა ცხენ-ჯორთა და აქლემთა, კარვებისა და ფარდაგებისა, რომლითაც სავსე იყო მათი ბანაკი და რაც მათ გაქცევისას დაყარეს?
[და ამგვარად, გამარჯვებულნი და ღვთის მადიდებელნი, დაბრუნდნენ საკუთარ კარვებში].
ამის შემდეგ ტფილისის მცხოვრებლებმა მოკაზმეს ქალაქი – შევიდნენ იქ თამარი და დავითი; როგორც მზე, ისე ჰფენდნენ გარშემო სხივებს; შეიტანეს თან ნუქარდინის დროშა. თამარის წინაშე ჯერ ეზინკელი წარადგინეს, შემდეგ – სხვა წარჩინებულნი, რომელთა ხილვაც მას სურდა. თამარმა ყველა ანუგეშა, გაუმართა ნადიმი, ღირსებისამებრ დააჯილდოვა ტყვეები და სხვადასხვა ციხე-სიმაგრეებში წარგზავნა, გარდა ეზინკელისა, რომელიც ტფილისში დატოვა პატიმრად, ადრინდელი პატივისა და სიყვარულის ნაცვლად, ბოლოს კი ასეთი სახელოვანი და დიდებული კაცი ცხენის ნალში გაცვალა – ეს მან თავისი სახლის პატივისა და დიდებისათვის გააკეთა. ამგვარი რამ დასაბამიდან არავის უქნია: თამარმა ამით განადიდა საკუთარი თავი და დატოვა სამუდამოდ გასახსენებლად.
სამეფო საჭურჭლენი კვლავ აივსო ოქროთი და ოქროს ჭურჭლით, რადგან როგორც მიწას, ისე ყრიდნენ მათში ოქროს; თვალ-მარგალიტს რწყავდნენ და ინახავდნენ, ხოლო ბერძნულ ოქროქსოვილს და სხვა იშვიათ ქსოვილებს, როგორც ცუდ სამოსელს, ისე უპატიოდ ახვავებდნენ. ვერცხლის ჭურჭელი აღარ ფასობდა მეფის სასახლეში, რადგან ხმარებაში მხოლოდ ოქროსი და ბროლისა იყო, ინდური ქვებით შემკული. ასეთი ჭურჭლით აავსო მეფემ ეკლესიები, უბოძა მათ ის წმიდა საიდუმლოთა აღსასრულებლად; ყველა მთხოვნელი უხვად დაასაჩუქრა, დააპურა გლახაკები, აუვსო კალთები.
ასე განადიდებს ღმერთი თავის მადიდებელთ, ასე აღამაღლებს მის წინაშე დამდაბლებულთ, ასე შეეწევა მისი იმედის მქონეთ, ასე დაასაჩუქრებს მასზე მინდობილთ; ასევე მოექცა თამარს, რადგან სხვა არაფერი ჰქონდა მას გულში, თუ არა ის, რომ „დასაბამი სიბრძნისა უფლის შიშია“ და რომ ყველას მიმართ თანასწორად უნდა განაწილდეს სამართალი და წყალობა.
თამარის მეფობის დროს დამყარებული იყო სამართლიანობა და უსასრულო მშვიდობა – მის ბაგეთა მადლი ეფინა ირგვლივ ყველაფერს. ამის გამო აკურთხა თამარი ღმერთმა უკუნისამდე და დაადგა პატიოსნების გვირგვინი, შემოარტყა წელზე ძლიერების მახვილი და დაუმკვიდრა სასუფეველი მისი სიმართლის, სიმშვიდისა და სამართლიანობისათვის.
იმის თქმაც საჭიროა, რომ მრავალმა სხვა ქალმაც იღვაწა ძლიერებით, მაგრამ ვერავინ შეედრება თამარს: არა ცბიერებით ანიჭებდა თამარი თავის ერს ხსნას, არამედ დავითიანთა სიბრძნით, სიმართლითა და უმანკოებით, იაკობის მსგავსი სიმშვიდით, აბრაამისებრი სიუხვით, იესო ღვთის მსგავსი მოწყალებით და სამართლით.
თამარის მეფობისას არავისზე უხმარიათ ძალა მისი ბრძანებით და არც არავინ დასჯილა, თუ არ ჩავთვლით ძველი კანონის გამოყენებას, რომლითაც ავაზაკებს ჩამოხრჩობას უსჯიდნენ. იმათთვისაც კი, ვინც სიკვდილისა და დასჯის ღირსი იყო, არ გადაუხდიათ სამაგიერო, თამარის ბრძანებით არავისთვის მოუკვეთიათ სხეულის რომელიმე ნაწილი, არც თვალები დაუთხრიათ, გარდა გუზანისა, რომელიც ღალატით განუდგა და სადღაც კოლას მთებში ფარულად ავაზაკობდა. თივის მთიბავებმა შეიპყრეს ის და მიიყვანეს დავით მეფის წინაშე. იცოდა რა დავითმა თამარის მოწყალების შესახებ, მის უკითხავად ამოშანთა თვალები გუზანს მის მიერ დაღვრილი მრავალი ქრისტიანის სისხლის სანაცვლოდ.
არა მხოლოდ თამარის სამეფოში სუფევდა კეთილდღეობა, არამედ მთელ საქრისტიანოში. ყველა ქრისტიანს, ვისზედაც ძალას ხმარობდნენ, ამცნო, რომ შეენარჩუნებინათ თავისუფლება და არ დამორჩილებოდნენ მტერს თამარის სიყვარულისა და შიშის გამო“.
გზავნიდა სანდო ადამიანებს და ასე აბარებდა: „დაიწყეთ ალექსანდრიიდან და მოიარეთ ლუბიამდე და სინას მთამდე“. ასე იტყობდა ეკლესიების, მონასტრებისა და ქრისტიან ხალხთა საჭიროებათა შესახებ. იერუსალიმის შესახებ არც არის საჭირო საუბარი, რადგან ყველა იქაურ ეკლესიაში აგზავნიდა ბარძიმ-ფეშხუმებს, სიწმიდეთა საბურავებს, აურაცხელ ოქროს მონაზონთა და გლახაკთათვის.
ტყვეებს ურჯულოთაგან გამოისყიდდა, ხალხისათვის დაწესებულ ხარკს თვითონ იხდიდა და ამით ყველანაირი გასაჭირისაგან ათავისუფლებდა მათ.
იგივეს აკეთებდა ელადისა და მთაწმიდის მხარეებში, აგრეთვე მაკედონიასა და პეტრიწონში, თრაკიის ირგვლივ და კონსტანტინოპოლის მონასტრებში, რომანაში და კიდევ ბევრ სხვა ადგილას, ისავრიაში, კურუსეთში, შავი მთის შემოგარენში და კვიპროსზე. ყველა ეს მხარე აღავსო კეთილი საქმეებით. ყური დამიგდეთ, თუ როგორ მფარველობდა ღმერთი მის ქველმოქმედებას.
ერთხელ, ჩვეულებისამებრ, ეახლნენ მას თხოვნით მონაზონნი შავი მთიდან, ანტიოქიიდან, კუნძულ კვიპროსიდან, მთაწმიდიდან და კიდევ ბევრი სხვა ადგილიდან. თამარმა, როგორც ამას საერთოდ აკეთებდა, ისინი, როგორც ანგელოზნი, ისე მიიღო; მრავალი დღის მანძილზე არ გაუშვა, შემდეგ ყველა დიდად დაასაჩუქრა და ყოველივე საჭიროთი აავსო. ყველაზე შორიდან მოსულთ მისცა დიდძალი ოქრო თვით მათთვის და, აგრეთვე, მონასტრებისთვის. წავიდნენ მონაზონნი და როდესაც კონსტანტინოპოლს მიაღწიეს, შეიტყო ეს ბერძენთა ანგარებიანმა მეფემ, ალექსიმ, რომელმაც თავის ძმას, ისაკს, თვალები ამოშანთა და მეფობა წარსტაცა. იგი ყველანაირად ბოროტი კაცი იყო და მეფობისათვის შეუფერებელი, თავისი ანგარების გამო კი ყველასგან განსაკუთრებით შეძაგებული. იხილა რა დიდძალი ოქრო, რომელიც თამარმა მისცა მონაზვნებს, წაართვა მათ ბოძებული.
როდესაც ეს თამარ მეფემ შეიტყო, იმ წმიდა კაცთათვის კიდევ უფრო მეტი საბოძვარი გაგზავნა და ამით ეშმაკს სძლია. განრისხდა თამარი ბერძენთა მეფეზე, ლიხთ იქითა მხრიდან მცირე ლაშქარი წარგზავნა და წაართვა მას ლაზიკა, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია და ფებლაღონიისა და პონტოს მთელი მიწები. ჩააბარა ეს ყველაფერი თავის ნათესავს, ალექსი კომნენს, ანდრონიკეს შვილს, რომელიც მაშინ თამარ მეფესთან აფარებდა თავს.
გაიგეს რა ფრანგებმა, რომ ბერძნებს აღარ ჰქონდათ დახმარება აღმოსავლეთიდან, გამოვიდნენ ვენეტიკნი და წაართვეს სატახტო ქალაქი მეფის ხელისუფლებასთან ერთად. გაიქცა უბადრუკი ალექსი ბულგარეთში თავის სიძესთან. იხილა რა იგი ბულგარელთა მეფემ, თავისმა სიძემ, შეიყვანა ერთ ციხე-სიმაგრეში, დაუყარა წინ დიდძალი ოქრო და უთხრა: „აჰა, ალექსი, ის, რაც შენ ყველაზე მეტად გსურს. მიიღე ეს ოქრო ყველანაირი საკვებისა და წყლის ნაცვლად, რადგან ამ ოქროს გამო გაანადგურე ქრისტიანთა სამეფო სახლი და ბოლო მოუღე ბერძენთა თვითმპყრობელობას“. და ასე მოკვდა ის უბედური შიმშილით, მოკლებული ღვთის შეწევნას.
ასეთი შიშის მომგვრელი იყო თამარი მტერთათვის, მაგრამ, ამავე დროს, კეთილი და ბოროტების მალე დამვიწყებელი: როდესაც ეს ყველაფერი შეიტყო, დიდი მწუხარებით იგლოვა, თუმცა არ იყო ალექსი ამის ღირსი – თუ ვინმემ რაიმე დაუმსახურებლად მოიპოვა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ თამარი დავრდომილთა და უცხოთა მიმართაც კი ლმობიერი იყო და მოწყალე. ამჯერად ასეთივე აღმოჩნდა ალექსის მიმართ.
ვთქვათ იმის შესახებაც, რომ თავისი მეფობის ოცდამესამე თუ ოცდამეოთხე წელს მოიკითხა თამარმა კარის (ყარსის) საქმეები. დიდი ხნის მანძილზე იბრძოდნენ სარგის თმოგველი, შალვა თორელი და მესხნი მის ასაღებად, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს: სასტიკი ზამთრისა და ყინვის გამო ახლოს ვერ მიდიოდნენ მასთან, ყინვების დროს გაყინული წყლის გამო ბრძოლა შეუძლებელი იყო. გარშემო ყველა ციხე და სოფელი აიღეს და მხოლოდ კარიღა ჰქონდათ დარჩენილი სპარსელებს. თავისი მაღალი გონებით გადაწყვიტა თამარმა გაეგზავნა დავითი ზემო ლაშქრით. თან ივანე და ზაქარია გააყოლა, უბრძანა, რომ იქ განლაგებულიყვნენ და მთელი ძალით შებრძოლებოდნენ მოწინააღმდეგეს. ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდა. თვით თამარი ჯავახეთში ელოდა მათგან ამბავს.
მივიდნენ რა წარგზავნილები, დაიწყეს წყალსაცავის დამცველი კედლის ნგრევა. დიდი დრო დასჭირდათ ამისთვის: დაარღვიეს კედელი, გამოილია წყალი და ამ წყალთან ერთად ბოლო მოეღო ქალაქის მკვიდრთა უმრავლესობასაც. დარჩენილებმა სთხოვეს დავითს, რათა თვით თამარი მისულიყო და მას მინდობოდნენ – ეშინოდათ იმ სალანძღავ სიტყვათა გამო, რომელთაც ადრე ციხიდან ყვიროდნენ.
მოახსენეს ეს ყველაფერი თამარს და იგიც მივიდა. მეციხოვნეებმა მიუტანეს ციხის კლიტენი ჯერ თამარის ძეს, გიორგის, შემდეგ კი თვით თამარს მიართვეს: ითხოვდნენ მისგან მშვიდობასა და ფიცს, რომ მეფე სხვას არ გადასცემდა კარს, როგორც ეს გააკეთა ანისისა და დვინის შემთხვევაში, არამედ თვითონ დაიტოვებდა თავისი სამფლობელოს ფარგლებში. თამარმა მტკიცე პირობა დაუდო და უბრძანა თავის ძეს, გიორგის, რათა შესულიყო და ჩაებარებინა ქალაქი და ციხე. ასეც მოხდა: მხოლოდ ეს ერთი ქალაქი და ციხე დაიტოვა თავისთვის თამარმა ყველა იმათთაგან, რომელნიც აიღო ზორაკერტიდან განძამდე და ჯავახეთიდან სპერამდე.
ვისაც ეცოტავება თამარისა და მისი ლაშქრის მიერ ჩვიდმეტი წლის მანძილზე აღსრულებული საქმენი, ნახოს ის, რაც მათ ერთი წლის მანძილზე შეძლეს: მხოლოდ მხარგრძელთა საგვარეულო ციხეების ხილვა, ზემოთ და ქვემოთ მდებარეთა, საკმარისია ამაში დასარწმუნებლად“.
აქამდე მხოლოდ მხიარულ ამბებზე მოსაუბრე იძულებული ვარ მწუხარებისაკენ მივიქცე, რადგან მთელი ქვეყნის გლოვის მიზეზზე უნდა მოგითხროთ.
ნაჭარმაგევში იმყოფებოდა თამარი, გარშემორტყმული დიდებულთა და წარჩინებულთაგან. იზრუნა და მოაწესრიგა სამეფო საქმეები, განსაკუთრებით ეკლესია-მონასტრებისანი. იქ ყოფნის დროს იჩინა თავი თამარის სენმა, რომელმაც ჩვენ ყველას უბედურება მოგვიტანა. დღითიდღე ძლიერდებოდა ეს სენი თამარში, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ფარავდა, რათა არავინ შეეწუხებინა. როდესაც სენს ვერანაირმა მკურნალობამ ვერ უშველა, მხოლოდ მაშინ განაცხადა მის შესახებ: ქალის ნაზმა აგებულებამ ვერ აიტანა ის ხანგრძლივი სამხედრო საქმეები, რომლითაც თამარი იყო დაკავებული.
მებრალებიან მისი დიდად ერთგული ადამიანები, რომელთაც გამოეპარათ თამარის ავადმყოფობა. ტახტრევანით წამოიყვანეს ტფილისში. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ინებეს ტყეში გასვლა. ჩქარობდნენ, ისევ ტახტრევანით აიყვანეს იქაც, მაგრამ უმოწყალო სენი გართულდა და კვლავ დააბრუნეს აგარის ციხეში.
ამაო აღმოჩნდა მისთვის მკურნალთა ხელოვანება. ამიტომ იქაც, სადაც თამარი იმყოფებოდა, და ყველგან სხვაგანაც, ტარდებოდა უწყვეტი ლიტანიობა, ღამისთევები, ცრემლებად იღვრებოდნენ როგორც მდიდარნი, ასევე ღარიბნი. მაგრამ განგების შეცვლა შეუძლებელი იყო: დღემ იწყო კლება, მზემ – ჩასვლა, სინათლე გაუფერულდა; ცისკარი ბნელი ღრუბლებით შეიმოსა – თამარის ვარდისებრმა ღაწვებმა იწყეს ჭკნობა, თვალები, რომლებიც ტბის მსგავსად მზეს ირეკლავდნენ, ჩაქრნენ; ხელები, რომელთაც არასდროს სწყინდებოდათ გლახაკთათვის მოწყალების გაცემა, დაუძლურდნენ; ფეხნი, რომლებიც არასოდეს იღლებოდნენ საღმრთო საქმეთა კეთებისას, მოდუნდნენ – სიცოცხლის ყველა გამოვლინებამ იცვალა სახე.
საერთო უძლურებამ მოიცვა ყველა და არ იცოდნენ, რა მოემოქმედათ. მთავრები სახეში იცემდნენ ხელს, გლახაკნი – თავში. თამარის სიცოცხლის სანაცვლოდ ღმერთს საკუთარ თავებსა და შვილებს სთავაზობდნენ: „მხოლოდ ეს დატოვე და ჩვენ ყველა დაგვხოცე“ – ამას ამბობდნენ თამარის მოსასვენებელ პალატას გარშემორტყმულნი, სადაც მათი საერთო მწუხარების მიზეზი იმყოფებოდა. რაიმე გამოსავალი რომ ყოფილიყო, ეცდებოდნენ, არ შეეშვათ მასთან სიკვდილი. არაფერი დარჩა, რაც არ სცადეს, ლოცვისა და მწუხარების ჩათვლით, მაგრამ მწოდებელი უკვე კართან იდგა და შეუძლებელი იყო მის ბრძანებას წინ აღდგომოდნენ.
ბრძენმა თამარმა ამჯერადაც გამოიჩინა სიბრძნე: უხმო სამეფოს ყველა წარჩინებულს, მოიკრიბა ძალა და, მხნედ მჯდომმა, ასე მიმართა მათ: „ძმანო ჩემნო და შვილნო! მე მიხმობს საშინელი მსაჯული, რომელიც უფრო საშიშია, ვიდრე ამქვეყნის მეფეები, რომელსაც ძალუძს სული წარსტაცოს მთავრებს. ყველანი მოწმენი ხართ, რომ მუდამ თქვენი სიყვარული მამოძრავებდა და არავის დავაკელი ჯეროვანი პატივი, სიკეთე და კეთილდღეობა, სანამ ღვთის განგებით თქვენი მეფე ვიყავი. ახლა მეც ჩვენი მამების ჩემთვის უცნობ გზას დავადგები, საშინელი ბრძანებითა და საკვირველი გადაწყვეტილებით. გევედრებით, ჩემი ხსოვნის გამო მუდამ კეთილ საქმეებში იყოთ. ჩემ მემკვიდრეებად გიტოვებთ ღმერთის მიერ მოცემულ შვილებს – გიორგისა და რუსუდანს. ესენი მიიღეთ ჩემ სანაცვლოდ და ამათ აღმოგივსონ ჩემგან დაკლებული“.
ასე შეავედრა იქ მყოფთ თავისი შვილები ხატისა და ცხოველმყოფელი ჯვრის წინაშე. შემდეგ უკანასკნელად ამოიღო ხმა და ყველას მშვიდობა უსურვა სიტყვებით: „ქრისტე, ჩემო ერთადერთო ღმერთო, დაუსრულებელო ღმერთო ცისა და ქვეყნისა! შენ გავედრებ ამ სამეფოს, რომელიც შენგან მქონდა ჩაბარებული, და ამ ერს, შენი პატიოსანი სისხლით გამოსყიდულს, და ამ ჩემს შვილებს, რომლებიც შენ მომეცი, და ბოლოს – ჩემს სულს“.
მწარედ ატირებული გამოვიდა ყველა. დაიძინა თამარმა მართალთა ძილით იანვრის თვეში, თვრამეტ რიცხვში; ჩაესვენა მზე ქართლისა; მისი საფლავის სადიდებლად ამ ქვეყნის ქრისტიანები ვალდებულნი ვართ გავაგრძელოთ ცხოვრება.
რა შეიძლება კიდევ ითქვას იმის გარდა, რომ გარშემო გაისმოდა მხოლოდ მწუხარე მოთქმა, გამეფდა ბნელი, რომელშიც არ აღწევდა ნათელი, იყო უნუგეშო გლოვა, რადგან ვის უნდა ეცა ნუგეში ამ საყოველთაო გლოვის დროს?! ქვეყანამ დაკარგა თავისი მომხიბვლელობა – საზარლად შეიცვალა; შეიკვეცა ყველამ თმა, ვისაც კი ოდესმე თამარის სახელი ჰქონდა გაგონილი; გოდების ხმამ ქვესკნელიც კი შეძრა; ადამიანები ძაძით შეიმოსნენ. თითქოს ჩვენთან ერთად გლოვობდა ცა და მთელი ქვეყანა.
რამდენიმე დღის მანძილზე იყო დასვენებული მისი ნეშტი მცხეთაში და ბოლოს დაამკვიდრეს გელათში, სამარხში, სადაც განისვენებდნენ მისი მამა-პაპანი, რათა განდიდებულიყო მათთან – სახელოვან დიდ მეფეებთან ერთად.
შეიცვალა ქართველთა მხიარულება მწუხარებით, ფერი დაკარგეს მათმა ბაგეებმა. ადრე, მის სიკვდილამდე, მათ ხომ პირზე მხოლოდ თამარის სახელი ეკერათ: სახლის კედლებზე აკროსტიხით მის შესხმას წერდნენ, ბეჭდებს, დანებსა და ჯოხებსაც თამარის საქებარი სიტყვებით ამკობდნენ; ყველას ბაგე მუდამ მზად იყო, რათა თამარის სახოტბო სიტყვა აღმოეთქვა: ხნულის გაკვეთისას მეორნატე ყრმები თამარის საქებარ ლექსებს ამბობდნენ; ერაყში მყოფი მუსიკოსები, ებანზე თუ ჩანგზე დამკვრელნი, თამარის შესასხმელ ჰანგებს გამოსცემდნენ; ფრანგი და ბერძენი მენავეები, ზღვაში მშვიდი ამინდის დროს მცურავნი, თამარს აქებდნენ. ამგვარად, მთელი ქვეყანა სავსე იყო მისი ქებით – ყველა ენაზე, სადაც კი ოდესმე მისი სახელი ჰქონდათ გაგონილი, თამარს ადიდებდნენ.
რისთვისღაა საჭირო თამარის საქმეთა შესახებ საუბარი, თუ კიდით-კიდემდე გახდა ისინი ცნობილი და ბრძენის სიტყვისაებრ, ამის დასტურია ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიხილეთ?
არა მგონია, რომ შეუმცდარი ვიყო თამარის ღვაწლის შეფასებაში, რომელიც ჩემს ძალას აღემატება, რადგან სურვილი და შედეგი ამ მცდელობისა ისე ესადაგება ერთმანეთს, როგორც სიმძიმე და პატიოსნება ოქროსი და ფიჩხის ნამწვისა. ვინ მოახერხებს მის ღირსეულად შემკობას, რა უნდა იყოს შექებული პირველ რიგში და რა – დასასრულს? უზომო თავმდაბლობა, ენით აუწერელი ამაღლებულობა, საქები სიმშვიდე, ზომიერი სიხისტე, თანამგრძნობი ლმობიერება და მოწყალება, უზადო უმანკოება, გულწრფელობა, ყოვლისმომცველი სიკეთე, უზომო სიუხვე და, ყველაფრის თავი და თავი, ღვთის შიში და მისი ერთგული მსახურება. ამიტომ მიაღწია მან იმას, რასაც ვერ მიაღწია ვერავინ სხვამ. ამას ადასტურებს ქართლის მახლობლად არსებული ყველა სამეფო: რამდენი დაგლახაკებული მეფე კვლავ გაამდიდრა, რამდენ დამარცხებულს დაუბრუნა სამეფო, რამდენი, საკუთარი სამფლობელოდან გაძევებული, უკან დააბრუნა და რამდენი სიკვდილმისჯილი გაანთავისუფლა. ამის მოწმენი არიან მთავარნი შარვანშეთისა და დარუბანდისა, ღუნძებისა და ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა – ყველა ამათ მიანიჭა თამარმა თავისუფლება და დაიცვა მტერთაგან.
სხვა არავინ იცავდა საღმრთო რჯულს ისეთი თავდადებითა და თავმდაბლობით, როგორც თამარი. ამაში იგი თეოდოსი დიდსაც კი აღემატებოდა. მეეჭვება, რომ მეუდაბნოეთ შესძლებოდათ იმდენი ლოცვა და ღამისთევა, რამდენიც მის სასახლეში აღესრულებოდა. მარხვაზე რაღა ვთქვა, ეს მონაზონთათვის არის სავალდებულო და მის დამრღვევთ სასახლის ხალხი ამხელდა.
ზედმეტია აგრეთვე საუბარი მის სიყვარულზე ხუცესთა და მონაზონთა მიმართ, რადგან ადამიანები, რომლებიც მართალი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მუდამ გარს ეხვივნენ მეფეს. თავისი მოსასვენებელი ადგილის მახლობლად უდებდა მათ ბინას, თვითონ ამარაგებდა საკვებით და არსებობისათვის სხვა ყველაფერი აუცილებელით. თუ ვინმე მათგანი დაუძლურებული იყო, მიდიოდა მოსანახულებლად და ნუგეშის მისაცემად, თვითვე უმზადებდა სარეცელს.
ღატაკთა მისახედად თამარმა სანდო ზედამხედველნი დააწესა: მთელი სამეფოს შიდა და გარე შემოსავლის მეათედი უკლებლივ მათ მიეცემოდათ და ამას ქერის არც ერთი მარცვალი არ დააკლდებოდა. ამას ყველაფერს იგი ღვთის წინაშე ჩადენილ საკმარის სიკეთედ არ მიიჩნევდა, არამედ მოცლილობის ჟამს მიუჯდებოდა საქსოვსა თუ საკერავს და თავისი ხელით გაკეთებულს ხუცესებსა და ღატაკებს თვითონვე უნაწილებდა.
სახიერი ღვთის სათნოებათა გამომხატველ ამ სამუდამოდ დადგენილ წესებს თამარი იცავდა არა მხოლოდ მეფობის დასაწყისში, არამედ ბოლომდე და თავისი შარავანდედის ნათელს ყველას თანაბრად ჰფენდა. გაცემულ წყალობათა მეშვეობით იგი ღვთის წყალობას იზიდავდა. ასე მოიხმარდა თამარი მისთვის ბოძებულ დროს, ამით აძლიერებდა მეგობრებს და არა სიცრუითა და უსამართლობით მოპოვებულით.
დროის ზეწოლით არასოდეს მოდუნებულა, არ შეუსუსტებია სამეფოს მართვის სადავეები; არასოდეს მიუცია გონებისათვის შეღავათი ჩაბარებულ საქმეთა კეთებისას; არ აჰყოლია ისეთ ცდუნებას, რომელიც ადამიანს ძირს დასცემს; არც თავმდაბლობის გამოვლინების ერიდებოდა და არც ის სიმაღლე აკრთობდა, რომელზეც იმყოფებოდა; არც დროულად გამოჩენილი ლმობიერების ეშინოდა და არც სისასტიკეზე ამბობდა უარს – ყველაფერი შეაერთა საკუთარ თავში, რათა მთელი სისრულით წარმოეჩინა თავისი არსი.
ქვეყნიერების შემოქმედის ნება მტკიცედ დაიცვა, რათა არ დაერღვია დადგენილი ციური წესრიგი და არ გადაეხვია მისგან, არ ჩაეთრევინებინა თავი ამქვეყნიურ ღელვაში. არც იმ თოკს აარიდა თავი, რომელიც მიწისკენ იზიდავდა, მაგრამ, ზედმეტად დამდაბლებულმა, გონიერების მეშვეობით ყველაფერი იღონა, რათა მისი ადამიანური ბუნება არ შეცვლილიყო და ვნებათაგან თავისუფალი დარჩენილიყო. რასაც მოისურვებდა, ის მართლაც სასურველი იყო; რასაც მოიწადინებდა, ის ნამდვილად საწადელი იყო. აქებდნენ მას და ნამდვილად ღირსი იყო შექებისა; შენატროდნენ და მართლაც შესანატრი იყო – არ არსებობდა ქვეყნად სიკეთე, რომლის მატარებელიც ის არ ყოფილიყო.
ურჩნი დაამდაბლნა, მოყუარენი აღამაღლნა. არ ცდილობდა უმეზობლოდ დარჩენას, არც საგვარეულოების გაერთიანებას, არც სხვისი მიწების შემოერთებას; საკუთარი საგვარეულო მამულით კმაყოფილდებოდა, რათა უსამართლოდ და მომხვეჭელად არ ჩაეთვალათ, რადგან ზენა სამართლით განისჯება მართალი. დაშინებით კი არ ემუქრებოდა მეზობლებს, არამედ მაშინებელთაგან იცავდა და მტერთა წინააღმდეგ აძლიერებდა. შორს იყო თამარი წურბელას მსგავსი გაუმაძღრობისაგან, მისი ნამოღვაწარის ნაყოფი არ იყო დაგესლილი და მავნე.
მსაჯული იყო თავისსა და მეზობელ მეფეთა შორის, არ აძლევდა მათ ომის დაწყებისა და ერთმანეთის დაჩაგვრის საშუალებას; მაგალითი მათთვის თვითონ იყო და ამის გამო მეფეთა შორის მეორე სოლომონად იქნა აღიარებული. არა მხოლოდ რომელიმე ამ მეფეთაგანს, არამედ ყველას თანაბრად აღეძვროდა მისი ხილვის სურვილი და ვინც ამ სურვილს ვერ შეისრულებდა, დიდი მეფენიც კი, თავიანთ ბედს ემდუროდნენ. ცოტაღა ეკლდა თამარს, რომ არ შეესრუტა მთელი ზღვის წყალი, როგორც ღრუბელს, რომელიც შემდეგ ყველას თანაბრად ასხურებს გამაგრილებელ წვიმას.
გადახედეთ ძველ თუ ახალ მეფეთა მაქებელ ყველა მატიანეს – სიმართლით შექებული თამარის საქმეები აღემატება მათსას, როგორც ეს დასაწყისში უკვე ვთქვით. სიხარულის მომტანი იყო ყველაფერი, მის მიერ თქმული; მორიდებული, ფრთხილი და კეთილი იყო დამოძღვრისას, მოწყალე – დასჯისას, შერისხვის დროს – თანამგრძნობი და ეს ყველაფერი იმისათვის, რათა თვალნათლივ დაენახვებინა ღმრთაებრივობის არსი. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთათვის: პირველთ უნათებდა, მეორეთ – სწვავდა; აღვირი იყო სწორი გზიდან გადასულთათვის, დეზი – უკეთურთათვის; ზნეობის დამდგენელი – მოხუცთათვის და რკინის კვერთხი – ჭაბუკთათვის; სიბრძნით დამცველი სწორი გზით მავალთა და მიკერძოების გარეშე ყველა შემცდარის მგვემელი.
მღვდელთმოძღვრები ღვთის შიშით აღივსნენ; ხუცესებმა იწყეს თავიანთი მოვალეობის შესრულება, მონაზვნებმა – დადგენილი წესით ცხოვრება, მთავრებმა – სიწმიდისა და სიმართლის გზით სვლა; ერს განუმტკიცდა ღვთის შიში და თავისი პატრონის ერთგულება; ყრმები გამოიწვრთნენ ურჯულოების სიძულვილში, რადგან თამარის დროს კვალიც კი გაქრა ბილწებისა და ყრმაებრივი თავაშვებულობისა; შეუძლებელია უპატიოდ მოიხსენიო ის, ვინც ღირსი აღმოჩნდა სასახლეში ყოფნისა თუ მეფის კარზე სამსახურისა.
ღვთის მცნებათა ამგვარი დაცვით დაიმსახურა უფლის წყალობა: აკურთხა ღმერთმა მისი ცხოვრება, განამრავლა ნაყოფი მისი – ნაყოფსავსე შეიქნა ის, როგორც წერილშია ნათქვამი: „ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა“ განთიადისა თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადღე, და მწუხრი მშვიდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თვისსა“. შეამკო ღმერთმა მისი დღეები პატიოსნებით და მისი ჟამი – მშვიდობით. თავისი მეფობის მანძილზე არასოდეს გამოსახვია სახეზე ყოყმანი, რადგან არ დაუტოვებია უპასუხოდ ქვრივთა, ობოლთა და დაჩაგრულთა სათხოვარი. გაიარა მისმა ცხოვრებამ სიხარულში, ყოველდღე ანიჭებდა შვებას გლახაკთ და დავრდომილთ. და ბოლოს, მიეახლა თავის წინაპრებს. დატოვა ორი შვილი – გიორგი და რუსუდანი, მშვენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, სამეფო იერის მქონენი, გონიერებით სავსენი, სიბრძნით შემკობილნი, ყველანაირი სიკეთით აღსავსენი. „თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდია ყოველი გვარი კეთილ-მეფობისა“.
აქ ვამთავრებ თხრობას. დაე, მომავალმა თაობამ შეძლოს მისი ყველა სხვა ამჟამინდელი გამარჯვების აღსაწერად უფრო შესაფერისი სიტყვების პოვნა, ჩვენ კი, პატივისცემით აღვსილნი, დავდუმდებით.

ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე
ცხოვრება დემეტრე მეფისა
დაასრულა დავითმა მეფობა ქორონიკონის 345 წელს (1125 წ.) და სამუდამო სასუფეველში დამკვიდრდა. თავისსავე სიცოცხლეში გაამეფა თავისი ძე, დემეტრე და საკუთარი ხელით დაადგა მას გვირგვინი. ლომებრივ ძლიერი მკლავით მართავდა დავითი სამეფოს, რათა მოეთხროთ ამის შესახებ შექების მოყვარე ბრძენთ. სოლომონ მეფე ამბობს: „მეფეთა რწმენა არის მშვიდობიანობის საფუძველი“. თავიდანვე ღვთისმოშიში იყო, სვიანი და მძლე; თავის აღმატებულებაში და სიმდიდრეში – თავმდაბალი, ღატაკთა შემწყნარებელი, ობოლთა და ქვრივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა, მღვდელთა და მონაზონთა კეთილისმყოფელი, მათთვის სოფელთა და აგარაკთა შემწირველი; სამეფოს დიდებულებთან და თავის კარზე მყოფებთან – ტკბილად მოუბარი, უხვი და მბოძებელი. განავრცო და ააყვავა თავისი სამეფო: როდესაც დიდმა დავითმა ტფილისი აიღო, ჰერეთი და კახეთი შეიერთა, ციხეებისა და ქალაქების გარდა მოსახლეობა არსად იყო. ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, ქვემო და ზემო არტანი, ტაოს განაპირა მხარე მისი მეფობის დროს აღორძინდა.
ჯერ არ იყო დემეტრე გამეფებული, როდესაც დიდმა დავითმა ის შარვანში გაგზავნა. ისეთი ომები და ბრძოლები გადაიტანა, რომ ამის მნახველი ყველა განაცვიფრა. აიღო [366] ციხე ქალაძორი და აივსო უთვალავი ალაფითა და ურიცხვი ტყვით. გააქცია სუქმანეთნი (დემეტრემ სუქმანეთნი ქორონიკონის 350-ში /1130 წ./ გააქცია) – სპარსეთის მთავარი ძალა, დახოცა და ამოწყვიტა ისინი, აავსო საჭურჭლეები და თავისი ლაშქარი.
იყო ერთგულთა შემწყნარებელი და შემცოდეთა სამართლიანად დამსჯელი, რადგან ერთნაირად არ უნდა შეფასდეს ცოდვა მღვდლისა და მეომრისა, მრევლისა და მღვდელთმთავრისა: „ვინც იცის თავისი უფლის ნება და არ ასრულებს მას, მკაცრად დაისჯება“. ყველაფრით მიმსგავსებული იყო დავითის კეთილ ძირს, ღმრთივდანერგილ და ცხებულ ხეს. გაიარა ცხოვრება და სრულყოფილმა მიაღწია სიბერეს. აღიკვეცა ბერად. ბერობაში გაატარა ერთი წელი და მიიცვალა.
გაამეფეს მისი ძე, დავითი. იმეფა ექვსი თვე და მიიცვალა.
მის შემდეგ, ქორონიკონის 375-ში (1155 წ.), გამეფდა მისივე (დემეტრეს) ძე, გიორგი.
ამავე წელს მოკვდა მეფე დემეტრე. დემეტრეს და, თამარი, თიღვის აღმშენებელი, აგრეთვე მონაზონობაში გარდაიცვალა. მეორე და, დედოფალი კატა, საბერძნეთში იყო გათხოვილი.
ამ დავითს დარჩა შვილი დემეტრე, გიორგის ძმისწული. როდესაც ორბელნი განუდგნენ გიორგი მეფეს, დემეტრეც თან წაიყვანეს და ლორეში გამაგრდნენ. გამოდევნა მეფემ იქიდან ორბელნი, შეიპყრო და დახოცა. დემეტრე კლდეკარში დაატყვევეს და თვალები ამოშანთეს. მოკვდა და მცხეთაში დამარხეს.
დემეტრე მეფე ბელტის ციხეში მიიცვალა. გელათში წაასვენეს, მის მიერვე კურთხეულ ახალ მონასტერში. ეს მოხდა ქორონიკონის 374-ში (1154 წ.). დემეტრე აბულეთის ძეს, ივანეს, თავი მოჰკვეთა ჩხერეს მერეში, თავისი მეფობის მეოცე წელს და „მეტეხთა დადვა ფიცისა არ გატეხვისათვის“.
ცხოვრება გიორგი მეფისა
გამეფდა გიორგი, ყველა მეფეზე აღმატებული, მძლე და მორჭმული მტერთა და შეცოდებულთათვის, კეთილმსახური ღვთისა. იყო სიკეთის მქნელი საყდართა, ეპისკოპოსთა, მეუდაბნოეთა, მღვდელთათვის. ვერც დიდი და ვერც პატარა ვერ უბედავდა ურჩობას; იყო შემწყალებელი გლახაკთა და ქვრივთა, უხვი და მბოძებელი ერთგულთათვის.
სპარსეთის სულტნები, შორს და ახლოს მყოფნი, ყველა მისი მოხარკე და ძღვენის მიმრთმევი იყო. თავისი სამეფოს ყველა საზღვარი გამაგრებული ჰქონდა.
ქორონიკონის 380-ში (1160 წ.) აიღო ანისი, ადრიდანვე თურქთაგან წართმეული. შეიპყრო სალდუხი, გაანადგურა მთელი მისი მხედრობა. აიძულა ის, ურიცხვი ძღვენი და საჭურჭლეები მიერთმია. აივსო მისი სამეფო და ლაშქარი.
საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ განძისა და ხლათის სულტნები. შამისა, ჯაზირისა და არდოხის ძე სალდუხი გააქცია და დახოცა. მოვიდა ილდღუზი სპარსეთის დიდი ლაშქრით, დაარბია შავშეთი, კლარჯეთი. გავალის ჯართან ისე დახოცეს, რომ ამბის წამღებიც ვერ გადარჩა.
ორბელნი განუდგნენ გიორგის ქორონიკონის 397-ში (1177 წ.).
აფხაზეთი, სვანეთი და მთელი ერი ჰყავდა დამშვიდებული. ოვსები და ყივჩაყები, რამდენ ათასსაც უბრძანებდა, იმდენი მოდიოდა. ასევე შარვანის გვარიდან.
უბოძა ღმერთმა შვილი გვირგვინის ცოლის, ბურდუხანისაგან, მსგავსად აღთქმით შობილისა, როგორც ანნას სამოელი, რომლისგანაც გამობრწყინდა სიმართლე და დიდი მშვიდობა მისი მმართველობის დროს. იმეფა ოცდარვა წელიწადს და მიიცვალა კახეთში, სტაგირში, მარტის თვეში, ოცდაშვიდ რიცხვში, ვნების კვირის სამშაბათ დღეს. დამარხეს მცხეთაში მძიმე დროის გამო. იმავე წელს გადაასვენეს გელათში.
ცხოვრება დიდისა მეფეთ მეფისა თამარისი
იყო ყველა მეფეზე აღმატებული, სვიანი და ბედნიერი, ღვთისმოშიში, ტკბილი, სიკეთით სავსე (ყოველივე კეთილის სათავე არის ღვთის­მოშიშება და თავმდაბლობა), ეკლესიათა და მონაზონთა მოყვარე, ღატაკთა და მომჩივართა განმკითხავი.
საბერძნეთის მთაწმიდა, იერუსალიმისა და შავი მთის საყდრები და ეკლესიანი, რომლებიც დანგრეული იყო, განაახლა; ზოგიერთი გამოისყიდა უცხოტომელთა ხარკისაგან. საკუთარი ხელით დართული ძაფისგან, რაც საჭირო იყო ღვთის სამსხვერპლოდ და სიწმიდეთა მსახურებისათვის აკერვინებდა, რაც საჭირო იყო და იქაც და აქაც, აღმოსავლეთის ეკლესიებშიც, ადებინებდა.
ლოცვის მოყვარე იყო და მუდმივად აკეთებდა ამას: მონაზონთა მსგავსად ყოველღამ, დაძინებამდე, ლოცულობდა და ფსალმუნებს კითხულობდა.
ვაზირთა და ლაშქართა მიმართ ლმობიერი იყო; ვინც იმსახურებდა, მშობელივით მიაგებდა წყალობას. იმდენად ზრუნავდა ყველაზე, რომ მის სამეფოში არც ერთი მსახური არ დასჯილა, გარდა გუზან ტაოსკარელისა: მას თვალები ამოშანთეს. გაღმა გასული სპარსეთში ზაქარია ასპანის ძემ შეიპყრო და დარბაზს მიჰგვარა.
მისი მეფობის დროს გააქციეს შემდეგი სულტნები, თანაც ქალაქები და ციხეები წაართვეს: განძის ათაბაგი გააქციეს ქორონიკონის 408-ში (1188 წ.); აივსო ტყვეებითა და ალაფით სამეფო. ზაქარია მხარგრძელმა, მანდატურთუხუცესმა და სპასალარმა, და მისმა ძმამ, ივანე ათაბაგმა, დვინი აიღეს თამარის მეფობის მეცხრე წელს, ქორონიკონის 413-ში (1193 წ.). მათვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი ზემოთ ანისამდე და ხუაფრიდის ხიდამდე. არც ვის გაუგია და არც ყოფილან სხვა რომელიმე ხელმწიფის ასეთი ერთგული, სვიანი და მძლე მხედარნი.
მოვიდა რუქნადინი, რათა დაეპყრო სამეფო და თან ჰყავდა ლაშქარი „დიმუშკითა და ალაბით“. წინ მიეგებნენ ბასიანის მხარეში, გააქციეს, დახოცეს მხედრები და ამოსწყვიტეს. ტყვედ აიყვანეს სულტნები და ამირები, ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი; ხელში ჩაიგდეს საჭურჭლის ზანდუკები, სავსე ოქროთი და მარგალიტით, მრავალი სასულტანოს დროშები, ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი, აქლემთა, ჯორთა და ცხენთა სიმრავლემ აავსო მინდორ-ველნი. მოხდა ეს ქორონიკონის 425-ში (1205 წ.).
ამის შემდეგ აიღეს კარი, კარნიფორისა და ვანანდისის ციხეები, რახსის წინ მდებარე ციხეები; მანამდე აიღეს ადრე დაკარგული ხახული, ოშკი და ბანა.
ღვთის ამდენი წყალობის გამო მათ ღვთის კრძალვაც ემატებოდათ. ვერავინ გაბედავდა საყდართა და მონასტერთა ნგრევას. ამერსა და იმერში ვერავინ ძარცვავდა ქარავნებს. აფხაზეთის ძველ სამეფოშიც სიმშვიდე იყო, ერთი ქათამიც კი არსად დაიკვლებოდა: ქურდი და ავის ჩამდენი აღარ არსებობდა. თუ ვინმე მოპარულს იპოვიდა, სამეფო კარზე მიიტანდა და დროშათა ქვეშ დადებდა. ოვსი, მთიული, ყივჩაყი და სვანი ვერ ბედავდა მოპარვას. ისეთი მდიდარი იყო სამეფო, რომ აზნაურთა ყმანი პატრონთა მსგავსად იმოსებოდნენ.
თამარის ქმარი იყო ოვსთა მეფე, დავითი, ბაგრატიონთა გვარიდან; ახალგაზრდა და მამაცი, ყოველმხრივ შესაქები, თამარის ყველა გამარჯვების და მიღწევის თანამონაწილე და შემოქმედი, მარჯვე, სწრაფი მეომარი.
დაანგრიეს სპარსეთის ქალაქები, მარანდი და ერანის მხარე გაანადგურეს. იმ მანძილზე მივიდნენ, სადაც ქართველთა სახელიც კი არ ჰქონდათ გაგონილი.
ორი შვილი მიეცათ: გიორგი და რუსუდანი. გიორგის შობისას გაილაშქრა და აიღო კარი. ამაშიც გამოჩნდა დავითისა და თამარ მეფის ბედნიერება.
თამარის მამის, გიორგის ასული, რუსუდან დედოფალი იყო კეთილი და მოწყალე, გაჭირვებულთა ნუგეშისმცემელი და შემწყნარებელი, ობოლთა და ჩვილთა მზრდელი: მათგან ღირსეულთ აახლებდნენ მას აღსაზრდელად. თავისი ხელით გაკეთებულ შესამკობელს საყდრებსა და ეკლესიებში აგზავნიდა.
ახლომახლო მყოფი სულტნები თამარმა მოხარკედ გაიხადა და სამეფო დაურღვევლად შეინარჩუნა, ყველა შეიტკბო და ყველას მშვიდობა მოუპოვა. ოცდასამი წელი იმეფა და აღვიდა ღმერთთან, იქ, სადაც მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი, მამათმთავარნი და მეფენი, იანვრის თორმეტში, ოთხშაბათ დღეს, სომხითის აგარაში, ქორონიკონის 427-ში (1207 წ.). დამარხეს გელათის ახალ მონასტერში.
დიდი გლოვის, ვაებისა და თმის გლეჯვის ჟამი დადგა იმათთვის, ვინც იმსახურებდა და ვისაც მოაკლდა თამარის ლმობიერება, სიტკბო, მშობლიური მზრუნველობა და ბოძება. საჭირო იყო (ამ გლოვის ჟამს) ბრძენთაგან გულისხმიერების გამოჩენა, ხოლო ნუგეშისმცემელთაგან – მოთქმა. მთელმა სამეფომ იგლოვა იმდენ ხანს, რამდენიც შეეფერებოდა ამ ამბავს. იმავე წელს გაამეფეს მისი ძე, გიორგი. დაე, მისი ცხოვრება იყოს ხანგრძლივი და წარმატებული ამ ცვალებად ქვეყანაში და შემდეგ კი დაიმკვიდროს სასუფეველი.
ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა
დაიბადა ქორონიკონის 413-ში (1193 წ.).
მრავალი გასაჭირი ემუქრებათ მართალთ, ამბობს წინასწარმეტყველი, და ყველა ამ ბოროტებისაგან იხსნის უფალი მისი რიდის მქონეთ. და კვლავ მოციქული: „ჰოი სიბრძნე სიმდიდრისა და სიბრძნისა ღვთისა!“ როგორი ამოუცნობია მისი გზები! ვინ შეიცნობს უფლის გონებას, ანუ ვინ მოახერხებს მისი ნების აღსრულებას?!
თამარ მეფეთ მეფის გარდაცვალების შემდეგ მთელი სამეფო უიმედობამ მოიცვა, მაგრამ ღმერთი, რომელიც არ ჩქარობს მრისხანების გამოჩენას, სწრაფია მოწყალების ბოძებისას: მისცა (ქართველთ) მშობლის მსგავსი, მისგანვე ნაშობი ლაშა.
თორმეტი წლისა გამეფდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყველა ფერით შემკული ყვავილი, ძალით ლომი და გონებით უმანკო, დიდთა და მცირეთა მოყვარული; ყველას მიაგებდა მათი მდგომარეობის შესატყვის პატივს: მთავრებს, მონაზონთ, მღვდელთ. მშვიდი იყო და განურისხებელი – შვიდი სამეფოს მეფეს არც ერთი ქვეშევრდომისთვის არასოდეს მათრახი არ გადაეჭირა; მშვილდოსანი და მამაცი ცხენოსანი: თავის ახალგაზრდა ასაკში მამა-პაპათა თანაბარი ომები გადაიხადა. ბედი სწყალობდა ლაშქრობებში, ბედნიერი იყო აყვავებული ქვეყნის გამო; იყო გაჭირვებულთა განმკითხველი, სამართლიანი მსაჯული, თავისი ასაკისათვის გასაოცრად კარგი პატრონი ქვეყნისა.
სამეფოში დიდი მშვიდობა სუფევდა. ყველა მისი საქმის თანამონაწილენი და მრჩეველნი იყვნენ ჯერ კიდევ მისი მშობლისდროინდელი ზაქარია მხარგრძელი, მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველ მათგანს მისმა მშობელმა, დიდმა თამარ მეფეთ მეფემ მისდა საბედნიეროდ გაალაშქრებინა და აიღო კარი; შემდეგ გაილაშქრა, წავიდა და შევიდა დიდ სპარსეთში, გაიმარჯვა არდაველზე, დაამხო ციხე-ქალაქნი და აავსო სამეფო ალაფით.
ამის შემდეგ გადაწვა და დაარბია ხლათის ქვეყანა, შეივედრა ხლათელნი და გამარჯვებულმა აღუთქვა ზავი მორჩილების შემთხვევაში. და კიდევ: თავისი სამეფოს მოყვრად და ერთგულად გაიხადა კარნუს მოსახლეობა, დაბანაკდა ბასიანში და იქ დრო გაატარეს და განისვენეს ერთად. შალვა თორელმა თავისი ხმლითა და ხოტბის შესხმის ღირსი ომით აიღო კეჩროლი: კაცთა შორის არ მოიპოვებოდა მისებრი ჭაბუკი და მეომარი.
აიღო მეფემ ოროტი და მის გარშემო ყველა ციხე ნახჭევანამდე და განძის მისადგომებამდე, აიღო შანქორიც.
შემოვიდნენ უცხოტომელთა ლაშქრები სომხითსა და ჰერეთში; მცირე ზიანი მიაყენეს მათ ქვეყანას. უკან გაბრუნებულებს დაეწია ბალის წყალთან; პირველი გამარჯვება მტრის მხარეს აღმოჩნდა. შემდეგ, ღვთის წყალობითა და მეფე გიორგის მშვიდი სარდლობით, გააქციეს და ამოწყვიტეს გაქცეულები. შემდეგ წელს კვლავ მობრუნდნენ და დაბანაკდნენ ბარდავის ჭალაში. შეიყარა მთელი სამეფო, შემოუერთდათ კარნუ-ქალაქის ლაშქარიც, დადგნენ ლომთა-გორსა და აგარანს შუა: შებმამდე გაიქცა და გადაიხვეწა მტერი, წავიდნენ დარუბანდის გზით.
ვაქებთ მას ყველას გასაგონად, არ ვცრუობთ და არც გვრცხვენია. როგორც ამბობს დავითი მამა ღმერთის შესახებ: „იქმნენ მშვილდ რვალისა მკლავნი მისნი და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი“.
ამგვარი წარმატებებისა და ბედნიერების დროს დიდმა სულტანმა მელიქმა ითხოვა გიორგის დის, რუსუდანის ხელი ხლათში სადედოფლოდ. მელიქი განაგებდა სპარსეთს ეგვიპტიდან ხლათამდე. ღვთის მოწყალებამ ჩაშალა ეს ამბავი და არ მოხდა ასე.
ამის შემდეგ დიდი ვედრებით ითხოვა იგივე შარვან-შაჰმა. დაჰპირდნენ, რომ შეუსრულებდნენ თხოვნას. გაგზავნა გიორგიმ შარვანში ქართლის ერისთავი და თვითონ ბაგავანში ჩავიდა, რათა ყველაფერი მოემზადებინა დის გასათხოვებლად. დაჰყო იქ ათი დღე; დადგა მისი წასვლის დრო, მაგრამ მოგვაგო ღმერთმა სასჯელი ჩვენი ცოდვების გამო: მოკვდა გიორგი მეფე ბაგავანში იანვრის თვრამეტში, ოთხშაბათ დღეს, ქორონიკონის 442-ში (1222 წ.).
ყველა საშინელმა ტკივილმა მოიცვა, ცრემლის ნაცვლად გულიდან სისხლი სდიოდათ, მისი თანააღზრდილნი და ისინი, ვისაც ახსოვდა მისგან სიკეთე, მზად იყვნენ სიცოცხლეს თვითონაც გამოსთხოვებოდნენ; იყო უზარმაზარი მწუხარება და თავზე ნაცრის დაყრა ვაზირთაგან, დიდებულთაგან, მთელი სამეფოსაგან და თვით მისი გამზრდელის, ივანე ათაბაგისაგან.
ღმერთმა, რომელიც მდიდარია მოწყალებით და მიუწვდომელი ძლიერებით, გადმოხედა და არ გაწირა სამეფო, რისხვა წყალობით შეცვალა: ღვთის ნებით სამეფოში დარჩენილი რუსუდანი იმავე წელს გაამეფეს. ღმერთს რომ დაღუპვისაგან არ ვეხსნეთ, საეჭვო იყო ვინმე გადარჩენილიყო მისი ძმის სიკვდილით მიყენებული ტკივილისაგან.
წაასვენეს მაშინვე გელათში, დაკრძალეს თავისი მამის საფლავში. არ დარჩა გვირგვინის ცოლთან შვილი.
ყოვლადსახიერო ღმერთო, რომელიც არ გაწირავ ღვთისმოშიშთ, დაიცავი სამეფო და მეფე ჩვენი, ღმრთივგვირგვინოსანი რუსუდანი და, ჩვენ გასახარად, ამრავლე მისი ნაშიერნი და მიეცი მეფეს, პირველ რიგში, სიმრავლე წელთა და შემდეგ დაუმკვიდრე სასუფეველი ცათა.

Комментариев нет:

Отправить комментарий