воскресенье, 2 декабря 2018 г.

გოტფრიდ მერცბახერის (1843-1926) ცნობები აფხაზებისა და ოსების შესახებ

შესავლის მაგიერ
1891 წელს მერცბახერმა მოაწყო თავისი ექსპედიცია კავკასიონზე, ხოლო 1901 წელს გამოაქვეყნა ორტომიანი 2000-გვერდიანი ნაშრომი _ კავკასიონის მაღალ რეგიონებში, რომელშიც მოგვცა თავისი მოგზაურობის მეცნიერული დასკვნები და შემოვლილი რეგიონების კარტოგრაფირება.
მისი სამოგზაურო მარშრუტი იყო შემდეგი: მიუნხენი-ვენაოდესა-ბათუმი-ქუთაისი-სვანეთი. აქედან ის ადის უშბა-ლაილა-თეთნულდ-იალბუზზე და ბაქსანის ხეობით გადადის ჩრდილო კავკასიაში. ჩრდილოეთის მხრიდან დალაშქრავს ყაზბეგს და ჩამოდის ტფილისში. აქედან მოივლის ხევსურეთს, ფშავს, თუშეთსა და დაღესტანს (სათანადო მწვერვალებზე ასვლით) და კახეთის გამოვლით ბრუნდება ტფილისში. ყოველმხრივ აღწერილ-გამოკვლეულ ამ მარშრუტს მან დაურთო 195 ილუსტრაცია, 12 პანორამული სურათი, 160-ზე მეტი დასახელების გამოყენებული ლიტერატურის სია, რუკები და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ისტორია-ეთნოგრაფიის შესასწავლად მისი ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია მე-19 საუკუნის მეცნიერ-მოგზაურთა შრომებს შორის. იგი გაეცნო მის წინარე ხანის უამრავ ლიტერატურას, ცდილობს შეავსოს ისინი და ზოგ ცნობას უკრიტიკოდაც არ სტოვებს.
ამჟამად ჩვენ წარმოვადგინეთ გოტფრიდ მერცბახერის ცნობები აფხაზებისა და ოსების შესახებ. ჩვენ გთავაზობთ მერცბახერის ორივე ტომში გაბნეული ცნობების თარგმანს მათი მცირე კომენტირებით. მერცბახერი საუბრობს აფხაზთა სახელწოდებაზე, ენაზე, განსახლებაზე ზღვის სანაპიროზე თუ მეზობელ მთებში; ჩერქეზებისა და ყაბარდოელების მეზობლობაზე, მათ მუჰაჯირობაზე. ავტორი ეხება მათ გარეგნობას, სარწმუნოებას, დასაქმებას, ვაჭრობას. მერცბახერი გვაწვდის ზოგიერთი პუნქტის აღწერას (ბიჭვინთა, ათონი, სოხუმი), ურთიერთობას რუსებთან, სამეგრელოს მთავართან. არ ავიწყდება მოკლე ისტორიული ექსკურსები. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზების შესახებ ავტორის ცნობები არაა სრულყოფილი და თვითონაც ვერაა ბოლომდე გარკვეული მათი წარმომავლობის, ადგილსამყოფელისა თუ ისტორიის საკითხებში (სამწუხაროა ამ ძველი ხალხების წარმომავლობის სიბნელე-). თუმცა ჩანს, რომ იცნობს მრავალ წყაროს _ ევროპულსა თუ ქართულს. რაც შეეხება ფაქტებს, ისინი უნდა ვირწმუნოთ, როგორც თვალით დანახული, მაგრამ დასკვნებს ყოველთვის ვერ გავიზიარებთ.
რაც შეეხება ოსებს, მერცბახერმა ფაქტიურად მოიარა ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ოსების სამოსახლოები და გვაძლევს მათ აღწერას; ასევე საკმაო ადგილს უთმობს ოსთა აბორიგენობისა თუ მოსულობის საკითხს, რასაც თავის შენიშვნებსაც ურთავს, რადგან მკვლევართა ყველა ცნობას არ იზიარებს (მაგ., ოსების გერმანელებთან მონათესავეობას ეჭვის თვალით უყურებს). საქართველოში მცხოვრებ ოსებს ნაკლები ადგილი ეთმობა, თუმცა ბევრგან იყენებს ვახუშტის შრომას (ცხადია, მის ბროსესეულ გამოცემას). განსაკუთრებით ხევსურეთის აღწერისას ზოგ ჩვეულებას ოსებისას ამსგავსებს.
მერცბახერი ასევე გვაწვდის ცნობებს ოსური ენის, სარწმუნოების, მშენებლობის წესის შესახებ. ვრცლად აგვიწერს სამარხთა ტიპებს, ქალთა და მამაკაცთა გარეგნობასა და საქმიანობას, მათ ბუნებას. არ ავიწყდება ოსური ლუდი და ურემი. ეხება ქართულ მოდგმას _ დვალებს. საინტერესოა სამგზავრო სადგურ-სასტუმროთა აღწერა: მოგზაურობის საფასური, ტრანსპორტთა ტიპები და მანძილები სადგურთა შორის. ჩვენს ყურადღებას იქცევს მსჯელობა როკის გადასასვლელის სარკინიგზო მაკავშირებლად გამოყენების შესახებ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცნობები საინტერესოა და ყურადსაღები, როგორც პირველწყაროს მნიშვნელობის მქონე. თარგმანში ჩვენ ვიცავთ მერცბახერისეული ტექსტის მიმდევრობას; ამიტომ შეიძლება, რომ ერთი და იგივე საკითხზე მსჯელობა სხვა და სხვა ადგილას შეგვხვდეს. იქ სადაც მასახერხებელი იყო მათი გაერთიანება, სქოლიოში მივუთითეთ. სქოლიოები ძირითადად მერცბახერს ეკუთვნიან.
მერცბახერი აფხაზების შესახებ
(გვ. 163) აფსუა დღეს აფხაზეთად იქცა.
(გვ. 182_186) მე ვისაუბრებ კავკასიის ქედის სამხრეთ ფერდებზე, უკიდურეს დასავლეთით, შავი ზღვისკენ დასახლებულ უძველეს ხალხზე _ აფხაზებზე, რომელიც თავის თავს აფსუას, ქვეყანას კი აფსნეს უწოდებს.
ჩვენ იმაზე მეტი არაფერი ვიცით ამ ხალხების წარმომავლობისა და მოსვლის თაობაზე,1 რაც ისტორიულ ცნობებშია დაცული, რომ ისინი პონტოს ნაპირებზე და მეზობელ მთებში ათასწლებია სახლობენ [1]. ბერძენი და ბიზანტიელი მწერლები მათ ხშირად ახსენებენ სახელით აბასი და ავოგაზები. სტრაბონი მათ ჩერქეზებთან (ძიგები) ერთად სარმატულ მოდგმად მიიჩნევს. ჩვენ იმ დროის სხვათა ცნობებიდანაც ვიგებთ, რომ ისინი პონტოზე მდებარე აყვავებული ბერძნული სავაჭრო კოლონიებისთვის, საზღვაო ყაჩაღობის გამო, საშიში მეზობლები ყოფილან. მითრიდატესა და მისი მემკვიდრეთათვის, რომაელებისა და ბიზანტიელებისთვის მხოლოდ ნომინალურად იყვნენ მორჩილები. სინამდვილეში არავის ემორჩილებოდნენ, მაგრამ ასევე არასოდეს არ მოუწყვიათ მტკიცე სახელმწიფო. შავ ზღვაზე ერთმანეთის მომდევნო სავაჭრო ფაქტორიებთან _ ბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ და მოგვიანებით გენუელებისა _ მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ნაპირების ბატონებმა ვერასდროს შეძლეს თუნდაც მორჩილების ჩრდილში მოექციათ მთის ეს ურჩი ხალხი.2
1. რაფ . Zichys-ის ნაშრომში მოგზაურობა კავკასიაში(ბუდაპეშტი 1897, . I, გვ. 101) აფხაზები ჩერქეზულ მოდგმისად კლასიფიცირდება, როგორც იდენტური ჩერქეზ აბაზებთან. ანთროპომეტრული და ლინგვისტური კვლევები ამას არ უნდა ადასტურებდნენ. ასევე ზოგი სხვა მონაცემების მიხედვით ამ ნაშრომის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ამას მე არ ვეთანხმები.
2. აქ, გვ. 183, მოცემულია აფხაზი შეიარაღებული მამაკაცის სურათი _ . .
ქართველები მათ უწოდებენ ობაზა- ასევე ობეზა-. ქართული ქრონიკა1 საუბრობს აფხაზეთის ქვეყნის შესახებ და ამბობს, რომ ადრე მას ერქვა ეგრისი, თარგამოსის ვაჟის ეგროსის მიხედვით, რომელიც პირველად დაეუფლა მას. სახელწოდება ეგრისი აერთიანებს არა მარტო აფხაზეთის მხარეს, ვიწრო გაგებით, არამედ აგრეთვე დღევანდელ სამეგრელოსა და იმერეთს. თუ დავესესხებით ისტორიულ ცნობებს, ქართველ მეფეებს სახელმწიფოს უდიდესი ძლიერების ხანაშიც აფხაზეთის მხოლოდ მცირე ნაწილი ემორჩილებოდა2. დღესაც, ჯერ კიდევ არსებულმა აფხაზური მთავრის გვარმა შერვაშიძემ, რომელმაც მე-18 საუკუნეში მიიღო აფხაზეთის მთავრისტიტული და ფლობდა ვრცელ მამულებს ქვეყანაში, თავის ძალაუფლებას ამ აულაგმავი ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი დაუმორჩილა.
ძველი აფხაზების პატარა რაოდენობას შეხვდები დღეს კავკასიაში ერთმანეთთან დაკავშირებულს, სახელდობრ, სოხუმ-კალეს სამხრეთითა და აღმოსავლეთით. მთიელ აფხაზებს, რომლებიც საერთო აფხაზური ენის ოდნავ განსხვავებულ დიალექტზე ლაპარაკობენ, ვხვდებით მცირე გაფანტულ ჯგუფებად მათ ადრინდელ სამოსახლოებში ენგურის ჩრდილო-დასავლეთი შენაკადების ხეობებში, აგრეთვე ძნელად გასავლელ კოდორის ქვაბულის და ბზიფის ველურ ტყეებში. უმეტესი ნაწილი იქ ერთ დროს მცხოვრები საინტერესო ხალხისა, დაახლოებით 120000 სული, 1864 წელს ჩერქეზთა დამორჩილების შემდეგ, მტრულად შეხვდა საბოლოოდ დამყარებულ ვითარებას, ახალ წესებს, მმართველობას და თურქეთში (უმთავრესად მცირე აზიაში) გადავიდა. აფხაზთა ერთი, უფრო პატარა შტო უკვე რამდენიმე საუკუნეა ჩრდილოეთის ფერდზე ჩერქეზული სამკვიდროს მახლობლად გადასახლდა; მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქვეყანა რუსებმა დაიპყრეს, მეტწილად თურქეთში გადავიდნენ; ხოლო ვინც ადგილზე დარჩა, ახალმა ბატონებმა აიძულეს დასახლებულიყვნენ ნაკლებ მთიან მხარეებში, რათა უკეთ ემეთვალყურათ;3 სახელდობრ, მდინარეების კუმასა და სელენჩუკის ქვემო დინებაზე, ბატალფაშინსკთან[2].
1. ვახუშტი, გვ. 335, 403.
2. რას გულისხმობს ავტორი მცირე ნაწილში, ან რომელი რჩება აფხაზეთის დიდ ნაწილად, ძნელი სათქმელია _ . .
3. ამ გვერდზე (184) მოცემულია აფხაზი ქალის სურათი _ . .
ეს მასობრივი გადასახლება ისევე სამწუხაროა, როგორც ამ ძველი ხალხის წარმომავლობის სიბნელე. მათი ახალი ისტორია და ცოდნა უძველესი რელიგიური წეს-ჩვეულებების, ძველი გვარებისა და ადგილთა სახელების, ასევე მათთან დაკავშირებული ტრადიციები იქნებოდა ამოსავალი წერტილი ხალხის ბნელი წარსულის ასახსნელად, რასაც სრული გაქრობა ემუქრება. აფხაზური ენა დამოუკიდებელია, მხოლოდ სადღაც ენათესავება ჩერქეზულს1, როცა ლექსიკური და გრამატიკული წყობა სახეზეა. ამის ახსნა შეიძლება უძველესი დროიდან აფხაზებისა და ჩერქეზების მჭიდროდ მეზობლად ცხოვრებით [3]. პანტუხოვის მიერ ჩატარებული თავის ქალის გაზომვების (კრანიომეტრია _ . .) მიხედვით2 თუ ვიმსჯელებთ, ზოგი მკვლევარის ვარაუდი ამ ორი ხალხის ნათესაობის შესახებ არ დასტურდება, რადგან ჩერქეზების 17% ბრაქიცეფალები (განიერი და მოკლეთავა _ . .) არიან, აფხაზებში კი 50%. სამაგიეროდ ჩერქეზებში 63% მეზოცეფალია (საშუალო ზომის თავი _ . .), აფხაზებში მხოლოდ 38%; მაშინ როცა დოლიქოცეფალების (გრძელთავა _ . .) შეფარდებაა 20% და 12%. ამავე დროს აფხაზებისა და ჩერქეზების უმეტესობას მუქი ფერის (ყავისფერი და შავი) თმები და თვალები აქვთ. რაც შეეხება აღნაგობას (ტანის სილამაზეს), ჩერქეზთა ელეგანტურ ტანადობას და მათ ლამაზ, სწორ ნაკვთებს ესენი (აფხაზები _ . .) ვერ შეედრებიან. ამათ აქვთ უფრო ძლიერი, ჯმუხი და დაბალი ტანადობა, მკაცრი, უხეში, არასწორი ნაკვთები, უფრო ბრტყელი თავი და გულგრილი, ველური (ხეპრე) გამომეტყველება. ასევე ნაკლებ შეედრება მათი ტლანქი, აულაგმავი, მყარი წყობისადმი გულგრილობა _ ნიჭიერი, ორგანიზატორული და რაინდული ჩერქეზებისას3.
1. ერკერტი: ენები და ა. შ. I, გვ. 271. დაწვრილებით ამის შესახებ „კრებულში ადგილთა და ხალხთა აღწერისათვის“.., სადაც ბარონ ფონ უსლარის გამოკვლევებია გამოქვეყნებული აფხაზური ენის შესახებ. ასევე ა. შიფნერი: დეტალური მოხსენება ბარონ ფონ უსლარის აფხაზური შტუდიების თაობაზე.
2. პანტუხოვი: წერილები და ა. შ. I, გვ. 140. იხ. ასევე ჩჰანტრე, ტ. IV. გვ. 143 და 149 სქ.
3. ამ (185) გვერდზე მოთავსებულია აფხაზი გოგონას სურათი _ გ. გ.
რაც შეეხება სარწმუნოებას, ისინი ფორმალურად მაჰმადიანები არიან, თუმცა არც თუ დიდი ხანია; ჯერაც ისლამს მათში არ აქვს ღრმა ფესვები გამდგარი. სინამდვილეში, ყოველგვარი განსაკუთრებული რელიგიური მოწყობის გარეშე, მისდევენ უძველეს წარმართულ ჩვევებს, რაც ემყარება ელემენტარულ კულტს და წარმართულ წარმოდგენებს; თუმცა ქრისტიანობა ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში (V საუკ.) შემოიღეს იქ. ამაზე მეტყველებს ქვეყანაში მრავლად არსებული ძველ ეკლესიათა ნაშთები; დიდი ხნის მანძილზე იქ არსებობდა წარმართული მსხვერპლშეწირვა და აფხაზთა მიერ მაჰმადიანობის მიღების მიუხედავად, ეს ძველი ეკლესიები დღესაც დიდ პატივში ჰყავთ. კავკასიაში დღესაც მცხოვრები აფხაზების რიცხვი 40000-ს არ უნდა აღემატებოდეს1.
(გვ. 188) ყარაჩაელები ცხოვრების ზოგიერთი ფორმით, ასევე გარეგნობით თუმცა ჰგვანან აფხაზებს და ყაბარდოელებს „დიდი ყაბარდოდან“, რომლებსაც დიდი ხნის მანძილზე უხდიდნენ ხარკს და რომელთა გავლენასაც განიცდიდნენ, ... მიუხედავად ამისა, მაინც ტიპოლოგიურად განსხვავდებიან მეზობლებისგან: აფხაზების, ჩერქეზების და თვით ყაბარდოელებისგანაც. ამ უკანასკნელთაგან ჩაცმულობაც გადაიღეს... [4]
(195-196 გვ.) ქალთა სამოსი თავისებურია და მდიდრული; ის გადაიღეს მეზობელმა ხალხებმა _ აფხაზებმა, ყარაჩაელებმა და მთიელმა თათრებმა2...
(238 გვ.) მოგზაურებმა (ფრეშფილდის ჯგუფი 1889 წელს _ გ. გ.) მივარდნილი კოდორის ხეობით მიაღწიეს სუხუმ-კალეს შავ ზღვაზე. დიდი ხნის მანძილზე ეს უკაცრიელი, საოცარი ტყეებით დაფარული მხარეები _ ამჟამად გაველურებული, უწინ აფხაზების სამოსახლო [5], ევროპელი მოგზაურების მიერ აღარ ყოფილა მონახულებული. 3
(229 გვ.) ბ-ნი გროვეს ჯგუფი 1874 წელს ყარაჩაელ თათართა მხარიდან გადმოვიდა მთავარ ქედზე ნახარის უღელტეხილით კოდორის ხეობაში; ამ უკაცრიელი, თვალწარმტაცი აფხაზური ხეობით ჩააღწიეს შავი ზღვის ნაპირებამდე4.
(260-266 გვ.) გერმანული სახელი ადლერი, რაც ასეთ მხარეში საკვირველია, არის უბრალოდ დამახინჯებული არდილერი, როგორც ადრე ამ ადგილს ერქვა აქ მცხოვრები ჩერქეზების (უბიხების) ბელადის არდილის გამო5. იქაური ჩერქეზული სიმაგრის აღებისას 1836 წელს გმირულად დაეცა რუსი პოეტი ბესტუჟევ (მარლინსკი).6 ახლა ამ ლამაზ და ნაყოფიერ სანაპირო ადგილზე არის ხალხმრავალი სოფელი. გემი პირდაპირ მიადგა სანაპიროს; ადამიანთა ჯგუფები ჭიანჭველებივით მიდი-მოდიოდნენ ნაპირზე...
1. განსაკუთრებით დეტალური ცნობები აფხაზების ისტორიის, ენის, წეს-ჩვეულებების და ტრადიციების შესახებ აქვს ჯანაშვილს: აფხაზეთი და აფხაზები (1894, რუსულად). შდრ. კოხის მოგზაურობა, I ტ. XV თავი.
2. 194-195 გვერდებზე ყაბარდოელთა ფოტო-სურათებია ეროვნულ სამოსში _ გ. გ
3. ალპური ჟურნალი XIV და XV, 1890 #110 _ თჰე შოლიტუდე ოფ Aბკჰასია.
4. ფ. კ. გროვე _ ყინულოვანი კავკასია, ლონდონი, 1875.
5. კოხი, მოგზაურობა... I, გვ. 325. სწორი სახელია არდოლიარი. ბერძნულ ეპოქაში იქ უნდა მდგარიყო ჰერაკლეს ტაძარი, მოგვიანებით კი განთქმული სოფია.
6. იხ. კოხი, II, გვ. 314 _ ამ ტრაგიკული ეპიზოდის ვრცელი აღწერა.
გაგრამდე სანაპირო ერთფეროვანია; უმნიშვნელო სახლების ჯგუფი მელანქოლიურად იმზირებოდნენ ტყის პირას და ზღვის მოქცევისას საღამოს მზეზე. ერთ დროს იქ ყვაოდა მილეთის ახალშენი, მოგვიანებით კი გენუელების. კაპიტანმა მითხრა, რომ ორივეს ნანგრევები დღესაც არსებობდნენ. მცირე ხნის შემდეგ სანაპირო ქმნის განიერ კონცხს და ჩვენ მივუახლოვდით ბიჭვინთას, ბიზანტიელთა პიტუის.
სანაპიროს მიდამო კარგად დამუშავებული ჩანს. დავინახეთ ყანები, ბაღები სავსე დეკორატიული და ხილის ხეებით; მოგრძო სათევზაო ნავები, შეფარებული მძლავრი მთის მდინარის ბზიფის შესართავთან (შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ადგილი თევზითაა მდიდარი)1. ნაპირზე, ცოტა სიღრმეში ვხედავთ თუ როგორ გამოირჩევა ბნელი ტყიანი მთების ფონზე ნათელი ქვის კედელი; ფართო მწვანე მდელობზე აღიმართება ბიჭვინთის ძველი კათედრალის დიდებული ფორმები. ძველებური მშვენიერი შენობა აგებული უნდა იყოს VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს დროს, როცა ეს სანაპირო ჯერ კიდევ მდიდარი კულტურის სანერგე იყო და ბიზანტიური ძალაუფლება და კულტურული გავლენა მთელ აფხაზეთზე, სამეგრელოსა და იმერეთზე ვრცელდებოდა 2 [6]. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ეს მხარე, განსაკუთრებით მისი მაცხოვრებლები _ წნეხისგან განთავისუფლებული ურჩი აფხაზები დაუბრუნდნენ სრულ ბარბაროსობას და ამაყი შენობა დაინგრა. ახალ ხანებში ბევრჯერ შეაკეთეს; 1885 წელს აღადგინეს და ამჟამად დაუბრუნდა ღვთისმსახურების საქმეს, რადგან მხარემ, ყაჩაღური მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლების შემდეგ, საკმაო უსაფრთხოება მოიპოვა3. ნაპირს ბიჭვინთის შემდეგ ბევრგან კვეთენ ზღვამდე დაშვებული შიშველი ფერდები (=კბოდე _ გ. გ.), რომლებიც მხოლოდ მოგვიანებით დაბლდებიან [6].
1. როგორც მე მოგვიანებით შევიტყე, აქ იჭერენ უზარმაზარ ორაგულს და ტბის კალმახს.
2. ვახუშტის ქრონიკის მიხედვით (გვ. 407), ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ნიკოფსია (ანაკოფია), სადაც მოციქული სიმონ კანანელია დაკრძალული [7].
3. ბიჭვინთაში გენუელებს შუა საუკუნეებში ჰქონდათ აყვავებული სავაჭრო ახალშენი.
შემდეგ ტყე ეშვება ხრეშიან ვაკე ნაპირამდე; მის იქით საკმაო სიმაღლეზე ჩანან სოფლები. ბოლოს, წყნარ, მოლურჯო ყურეში, დიდი ფოთლოვანი ხეების კარვისებურ გვირგვინებსა და ბაღებს შორის გაფანტულად ჩნდებიან ახალი-ათონის სამონასტრო შენობები _ დაარსებული ხალქიდიკეს ძველი-ათონის განთქმული მონასტრის ბერების მიერ. კულტურულმა ქმნილებამ, ჩანს, ამ სასიამოვნო სანაპირო ზოლზე საკმაო ფართობი მოიპოვა. მის ზემოთ, ციცაბოდ დაშვებული ფრიალო კლდის თავზე მდგომი, რამდენიმე გუმბათით დაგვირგვინებული დიდებული შენობა (ალბათ ჯერაც დაუმთავრებელი) შორიდან გვესალმება ზღვაში. მშვიდი, ყოველივესგან გამოყოფილი ყურე, აყვავებული, მრავალფეროვნად დანაწევრებული არე, დამრეცი და ლამაზი (ცალკეული შიშველი კლდეებით), ირგვლივ სამოთხის მცენარეული! მის უკან ნახევარსფეროსებრი ბნელი კედელი მაღლა აზიდული ტყიანი მთების, ლიკვას მთები; მცირე ამფითეატრი მთლიანად გამოკეტილი ამ სამყაროსგან; მის ზემოთ, ცის სილურჯეში მბრწყინავი მუდმივი თოვლის ზოლი, რომლებიც დიდებული ღვთიური სამყაროდან გვესალმებიან! ყოველივე მშვენიერი ამ თავშესაფარში გაერთიანებულა. მართლაც, ჩაფიქრებული (მოაზროვნე) სამონასტრო ცხოვრებისთვის უკეთეს ადგილს ვერც შეარჩევდნენ! [8]
ბოლოს ჩვენმა გემმა შემოუარა სოხუმის შემხვედრ ბრტყელ კონცხს, რომელსაც ზღვა ხმაურით ეხეთქება და მუქი ლურჯი მოქცევისას ალერსიანად სრიალებს ყურის სიღრმისკენ. აქ კი, მთის ძირში, მართლაც მშვენიერ გარემოში, გაშლილია სოხუმ-კალეს1 დაბალი თეთრი სახლები; ისინი საფეხურებადაა ჩაფლული მრავალფეროვანი მცენარეულის ჩრდილებში. მდიდარ ყანებსა და ხილის ბაღებს შორის ვხედავ მუქი კედრების წვეტიან მოხაზულობას. ლიმონისა და ფორთოხლის ფოთლოვან უძრავ გვირგვინებს გამოეყოფიან პირამიდის ფორმის ევკალიპტების ნათელი, ლამაზი ფოთლები; მათ შორის კი ქარში ირწევიან ელეგანტური პალმები. ერთი შეხედვით ვიფიქრე, რომ შევდიოდით სამხრეთსიცილიურ ან ტუნისის სანაპიროს ყურეში. მალე ატმოსფეროში მზის სხივის თამაში სხვანაირად, მძიმედ ვიგრძენი სხეულზე. აქ მე მაკლდა ხმელთაშუა ზღვის ლანდშაფტის იდუმალი ეთერის სინაზე, ჰაეროვანი ბრწყინვალება, ასევე მომაჯადოებელი უღრუბლობა. იქ ატმოსფეროზე გამომშრობად მოქმედებს ვრცელი აფრიკული უდაბნოს სიახლოვე; ასე რომ ის ხდება უფრო გამჭვირვალე და ნათელი. აქ, სანაპიროს შიგნით, უმაგალითოდ ხშირი მცენარეულით შემოსილი ჭაობიანი დაბლობი ჰაერს ბურუსიანს ხდის. ამდენად ყოველი ფიზიკური სხეულის მოხაზულობა არაა მკვეთრი, ფერები მუქია და მძიმე. მაგრამ სანახაობა მაინც თვალწარმტაცი იყო! თუმცა, როგორც ყველგან, მსგავს, არც თუ დიდი ხნის წინ კულტურას ნაზიარებ ქვეყნებში, როცა ახლოს დაუკვირდები, ყოველივე ისე სამოთხისებურად არაა, როგორც ის შორიდან გეჩვენება. მხოლოდ სამხრეთისკენ გახსნილი ნავსადგური კარგია და ქედებით (მთებით) დაცული, რის გამოც ჰავა რბილია2.
1. კოხს (იხ. „მოგზაურობა“, II, გვ. 211) მიაჩნია, რომ სახელი წარმოსდგება სა-გუმ-იდან; ეს ნიშნავს ქვეყანა გუმ-ზე. ეს არის ძველი სახელი სოხუმთან ზღვაში ჩამავალი მდინარის, რომელსაც დღევანდელ რუკებზე გუმისთა ეწოდება. კალე თურქულად ნიშნავს ციხეს.
2. ზამთრის საშუალო ტემპერატურაა +7გრ.ჩ; იანვრის საშუალო ტემპერატურა +6.1 გრ., თებერვლის +6.4, დეკემბრის +7. 9; ზაფხულის საშუალო ტემპერატურაა +22გრ.ჩ; საშუალო წლიური _ +14.7გრ (ვაიდენბაუმი, გვ. 217).
ამით ბედნიერი ყურე სარგებლობს, რაც თავისთავად გასაგებია. ქალაქს თუმცა ბოროტი ციების ბუდის სახელი აქვს, მაგრამ ქ-ნი ფამა ჩვეულებისამებრ დაუოკებელი იყო; ახალ დროში ახლოს მდებარე ტყეებისა და გვიმრის ამოძირკვით და სხვა სანიტარული ღონისძიებებით ბევრი გაკეთდა ადგილის გაჯანსაღებისთვის.
ძველი დროიდანვე ეს სანაპირო ზოლი დასახლებული იყო; აქ ელინური ინიციატივით დაარსდა აყვავებული (მილეტელთა) ახალშენი სებასტოპოლისი და პიტიუსი, ცოტა სამხრეთით _ განთქმული დიოსკურია. მხოლოდ მათი კედლების მცირე ნაშთებია, მეტწილად სანაპირო წყალქვეშ აღმოჩენილი. ალბათ გაცილებით მეტი ძევს უზარმაზარი დანალექის ქვეშ, რაც აქ შესართავთან ჩამოაქვს მდინარე კოდორს. ასევე ბევრი ძველი საშენი მასალა უეჭველად გაიტანეს თურქებმა თავიანთი სიმაგრეების ასაგებად, რაც მათ ნანგრევებზე დღესაც შეიმჩნევა. ასევე გენუელებსაც უნდა დაეარსებინათ სამოსახლო, რომლის ნაშთებიც არ ჩანან.
დღევანდელ ქალაქს _ თუკი 1000 მცხოვრებიან ადგილს ასე შეიძლება ეწოდოს _ სრულიად ახალი განლაგება აქვს, რადგან უწინდელი სამოსახლო რუსეთ-თურქეთის უკანასკნელი ომის დროს თურქებმა გადაწვეს.1 განიერი, სწორი, ალეებიანი ქუჩები, გასწვრივ მდგომი დაბალი, შეთეთრებული სახლებით შექმნიდნენ მოსაწყენ შთაბეჭდილებას, რომ არა მდიდარი მცენარეული, რომელიც წარმოადგენს ბუჩქნარისა და ხეების მონაცვლეობას და ყველგან ყვავილთა სიჭრელე. ამ რბილი ნესტიანი ჰავის პირობებში ყველაფერი ირგვება და მწიფდება, რაც სხვა რომელიმე განედზე იზრდება და მოდის. ჩრდილოეთის ხილი _ ვაშლი, მსხალი და სხვა შერეულია სამხრეთულ ფორთოხალთან, ლეღვთან და ლიმონთან. წიწვიანების გვერდით იზრდება აგავა, ვერბენა და მაგნოლია; ხოლო სამხრეთის აკაციები გვერდში უდგანან ძლიერ ევკალიპტებს. მარადმწვანე დეიცეასა და ბროწეულის მუქწითელ ყვავილიანი ბუჩქებიდან ამოზიდულია პალმები; ყვავილებით დაფარული, ხშირი ვარდების ხერგული ყველგან გარს ერტყმიან ბაღებს; თუმცა აკლია მარეგულირებელი ხელი. აქ არ შეუძლიათ სისუფთავისა და ზრუნვის ევროპული მასშტაბების შეთავაზება, მითუმეტეს, რომ ასეთი ჰავის პირობებში ყველგან, სადაც ადამიანის ხელი ვერ წვდება, მიწა უცბად იფარება სარეველებით. ბეჯითი ხელი ამ მხარეში იშვიათი მოვლენაა. მწყალობელი ბუნება მუდამ ხელგაშლილია აქ; ხოლო, სადაც ბუნება უხვია, იქ ადამიანს მუშაობა არ უყვარს. ახალ სახლებსა და ბაღებს შორის გაბნეულია მიშვებული მიწები და დანგრეული ნაგებობების ნაშთები. ყველაფერი თითქმის მოუვლელად თავის ნებაზე იზრდება _ კეთილშობილიც და სარეველაც.
1. იგულისხმება 1877-1878 წლების ომი _ გ. გ.
ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია ყველა ჩვენგანში ე. წ. ბოტანიკურმა ბაღმა 1, რომლის შესახებაც გემის თანამგზავრებმა გადაჭარბებული აღწერა მოგვაწოდეს. ის მდებარეობს ქალაქიდან დაახლოებით 3/4 საათის სავალზე; იქამდე მივყევართ მტირალა ტირიფებით გარშემორტყმულ მტვრიან ქუჩას (გზას). მე გამიხარდა, როცა ვიხილე დიდი რაოდენობით იშვიათი ხეები, რომლებიც მეტწილად უცხო, შორეულ სამხრეთის ზონას განეკუთვნებოდნენ. განსაკუთრებით ლამაზია წიწვიანები: P. ტაურიცა _კედარის მსგავსი _ და ნამდვილი კედრები, ასევე არაუკარიები, შემდეგ აკაციათა ოჯახის ნამდვილად საუცხოო ეგზემპლარები, სრულიად საღი პალმების სხვადასხვა სახეობები; კრიპტომერიები, გლედიჩიები, ძალზე მაღალი იუიკა შერეული ნათელი ფერებით აყვავებულ მაგნოლიებთან, როდოდენდრონებთან და გრაკლასთან, რომლებიც დაფნის და მურტის მუქ ფოთლებს შორის გამოირჩევიან. ამასობაში იწყებდა გაშლას ჩაისა და სხვა სასარგებლო მცენარეთა ნარგავები.
განსაკუთრებული მოვლა მხოლოდ ზოგ ადგილებში შეიმჩნევა და სახელწოდება „ბოტანიკური ბაღი“ გაზვიადებული მეჩვენა. ქალაქში ამაყად მაჩვენეს ახალი პარკის დაწყება, რომელიც ზღვის პირის გასწვრივ გაჰყავთ. ესაა ცუდად მოვლილი სასეირნო ადგილის მსგავსი, რომელსაც, როგორც აქ სჩვევიათ, გაზვიადებულად ამაყი სახელი `ბულვარი~ უწოდეს. ბაზარი _ ესაა ორი გრძელი რიგი სუფთა ხის ფარდულებისა (დუქნების), რომლებიც მოგზაურებს თავდაპირველად აღმოსავლეთის სუსტ განცდას აძლევენ. გამოტანილია აღმოსავლურ გემოვნებასთან შეგუებული იაფი წვრილმანი საქონელი. გამყიდველები ძირითადად თათრები და მეგრელებია; ხალხი კიდევ უფრო მეტად მაგონებს აღმოსავლურ ცხოვრებას და მის შესაბამის ფორმათა სიმდიდრეს. დასავლეთ კავკასიისა და მისი მეზობელი თურქული მხარის ყველა ხალხია აქ წარმოდგენილი და თვალს იზიდავენ ნაწილობრივ ლამაზი ჩაცმულობით. თუმცა სურათი არაა ფერებით მდიდარი _ კავკასიის ხალხთა ტანსაცმელში ჭარბობს რუხი, შავი და თეთრი ფერები. მამაკაცთა აღნაგობა მთლიანობაში მშვენიერია, ზოგჯერ დიდებულიც; მეტწილად მეტყველი, სწორი სახის ნაკვთებით, მამაცი გამომეტყველებით, დიდი, შავი, ცოცხალი თვალებით და სქელი, ხშირი წვერით. თუკი იყო საფუძველი, რომ რუსეთისთვის გვეწოდებინა წვერისა და ქუდის ქვეყანა, კავკასიას კიდევ უფრო მეტი უფლება აქვს ამ თვალსაზრისით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მამაკაცთა თავსაბურავი არაა ისე მრავალნაირად და მშვენივრად განვითარებული და უამრავი ფორმების. გემის გასვლამდე დიდხანს ვისეირნეთ აყვავებული ვარდების და ფორთოხლის სურნელით გაჟღენთილ რბილ საღამოს ჰაერზე ზღვის ნაპირის გასწვრივ, მაღლა აწვდილ მუქ კედრებს შორის, დიდებული ტირიფების, ჭადრებისა და პტეროკორიების ქვეშ. დაბალ ნაპირს რიტმული ინტერვალებით რეცხავდნენ წამოსული ტალღები, რომელთა თანაბარტაქტიანი შრიალი მკაფიოდ გვესმოდა ყურში. სასიამოვნო მელანქოლიის სუნთქვა მწუხრთან ერთად დაეშვა მოალერსე სანაპიროზე. სევდიანი, მონატრებული მელოდიასავით მიწყნარდა ცხელი დღე. ამ სურათს ახლოს ჰარმონიულად ერწყმოდა აღმართული ძველი გალავანი და საუცხოოდ შეეფერებოდა ელეგიურ განწყობას, რასაც ის იწვევდა! ესაა ნარჩენები ერთ დროს აყვავებული და განთქმული გენუელთა ახალშენისა. იქიდან ახლოს ნაპირზე გვხვდება ხამანწკა, რომლებიც დამუშავებული სახით ტფილისელი გურმანების სუფრას ამდიდრებენ; ხამანწკები ძალზე პატარებია და არც თუ უგემური, თუ მას შევადარებთ ჩრდილოეთის ზღვისას.
1. თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა როგორც აკლიმატიზაციის საცდელ ბაღს.
მე ძალიან ვწუხდი, რომ ფოთისა და ბათუმისკენ ღამის სიბნელეში გვიხდებოდა ცურვა! სახელდობრ, ნაპირი არ გვთავაზობდა სხვადასხვა სანახაობას, როგორც უფრო ჩრდილოეთით. სამეგრელოს მთები ნაპირიდან გაცილებით შორს დარჩნენ უკან; ზღვისკენ თანდათან დავაკდნენ. ნაპირი ოჩამჩირესა და ფოთს შორის დაბლობია და მცირე დაქანებით ზღვაში ჩამავალი მდინარეებითა და განსაკუთრებით რიონის წყლებით ძალზე დაჭაობებულია. სწორედ ამ ზოლიდან მოწმენდილ ამინდში გემიდან ჩანს იალბუზის თოვლიანი გუმბათი, რომელიც ეულად აღმართულა სხვა მწვერვალებზე, როგორც მბრძანებელი1...
(285 გვ.) ქუთაისი იყო იმერეთის სამეფოს ძველი დედაქალაქი. ერთხანს ასევე ითვლებოდა გაერთიანებული მხარის _ სამეგრელოს, იმერეთისა და აფხაზეთის, ანუ ძველი კოლხეთის დედაქალაქად. დღეს ის არის ცენტრი და რეზიდენცია გუბერნატორისა, რომლის ხელისუფლება მოიცავს მთელ დასავლეთ ამიერკავკასიას _აღმოსავლეთით როკის უღელტეხილიდან, დასავლეთით ზღვის ნაპირამდე, სამხრეთით თურქულ საზღვრებამდე და ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი ქედის ზედა ხაზამდე..
(287 გვ.) ... VIII საუკუნის ბოლოს ხდება ბიზანტიის ძალაუფლების თანდათანობითი გადავარდნა კოლხეთში და სასანიდური სპარსეთის დაცემა, რომლებმაც ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი ნაწილი წაართვეს. აბაზები _ ქართული ქრონიკის აფხაზები _ სავარაუდოდ ბერძენი გეოგრაფების მიერ ჰენიოხებად წოდებული კავკასიური ხალხის მოდგმა, მაშასადამე დღევანდელი აფხაზები, განთავისუფლდნენ. მათი ერისთავი ლეონი 785 წელს გამეფდა, მთელი კოლხეთის მიწები დაიმორჩილა და ქუთაისი დედაქალაქად გააშენა (ყოველ შემთხვევაში, ძველი ქალაქის ადგილას). ის დარჩა მეფეთა საჯდომად ჯერ აფხაზების, შემდეგ ბაგრატიდების დროს, როცა X ს-ის ბოლოს ბაგრატ III-მ (980-1014) კოლხური მიწები დიდ ქართველურ სამეფოს შეუერთა და ქუთაისი მცხეთასა და ტფილისთან ერთად რეზიდენციად დაიტოვა.2
(330 გვ.) ზოგიერთი ტერიტორიების გამო დადიანი მუდამ ებრძოდა თავის მეზობლებს; ასე მაგალითად, სამურზაყანოს დასაუფლებლად, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით, მდ. ენგურსა და მდ. ღალიძგას შორის, ებრძოდა შერვაშიძეების აფხაზურ დინასტიას... [9]
1. მერცბახერი შემდეგ მხატვრულად აღწერს ღამის ზღვის სანახაობას, ანაკლიისა და რედუტ-კალეს შუქურების ნათებას და შუაღამეზე ფოთში ჩასვლას _გვ. 266, ტ. I _ გ. გ.
2. შემდეგ საუბარია ქუთაისის მოკლე ისტორიაზე რუსუდანიდან 1810 წლამდე (287-288 გვ.) _ გ. გ.
(599 გვ.)... იალბუზის დღევანდელი სახელი წარმოსდგება სპარსულიდან: ალ-ბურს; სხვებს მიაჩნიათ თათრულიდან მომდინარედ: იალ-ბუს, ე.ი. ყინულის ფაფარი1. ყარაჩაელები მას ეძახიან მინღი-თაუს, რაც ნიშნავს თეთრ მთას; აფხაზები უწოდებენ ორსიიტუბს, ეს ნიშნავს ნეტართა სადგომს; მსგავსად ჩერქეზებისა _ აშხამახვა, ე. ი. ღმერთების მთა, აგრეთვე ნაშ-ჰამახო, ე. ი. წმინდა მთა....
(715 გვ.)... ირმები დღესაც ბინადრობენ სვანურ მხარეში, ... შემდეგ დასავლეთით კი აფხაზებითა და ჩერქეზებით ძველად დასახლებულ და მათი გადასახლების შემდეგ კვლავ გაველურებულ მხარეებში; განსაკუთრებით მარუხის, სელენჩუკის, ბზიფის, კოდორის, ურუბის, ლაბას, ბელაიას და ა. შ. სათავეების მიდამოებში [10]. აქ მათი რაოდენობა დიდია და ჯოგებში 100-150-ს ითვლიან2.
(46 გვ.)... იალბუზიდან დასავლეთით მდებარე ქედები, პონტოაფხაზეთის ალპები...
(73 გვ.)... პონტო-აფხაზეთის ქედის უღელტეხილები: მარუხი, ნახარი, ქლუხორი...
(83-85 გვ.) [მოთავსებულია კავკასიონზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გამავალი უღელტეხილების ცხრილი, რომელშიც მოცემულია მათი სახელწოდება, სიმაღლე, მიმართულება, ხეობები ან ადგილები, რომლებსაც ისინი აერთებენ _ გ. გ.].
პსეგაშკა _ 2097 მ., _ სამხ.-დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ არდლერს პსებაისთან, პატარა ლაბას ხეობაში. სანჩარი _ 2580 მ., _ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ ფსირცხას და სუხუმ-კალეს დიდი ლაბას ხეობაში პსემენსკთან. ადანგე _ ? _ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, _ ბიჭვინთას და ბზიფს ადანგეს ხეობასთან კოდორისკენ. მარუხი _ 3500 მ., _ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ კოდორის ხეობას ავიკალ-აჯადარას ხეობით მარუხის, სელენჯუკის და ყუბანის ხეობებთან. ნიხარი _ ? _ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ კოდორის ხეობას ფთიშთის ხეობით თებერდა-ყუბანის ხეობასთან. ქლუხორი _ 2813 მ. _ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ კოდორის ხეობას კლიუჩის ხეობით თებერდა-ყუბანის ხეობასთან. ნახარი _ 2867 მ. _ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, _ კოდორის ხეობას კლიუჩის ხეობით ყუბანის ხეობასთან.
1. ვახუშტის ქრონიკის მიხედვით (გვ. 451) იალ-ბუს ნიშნავს ყინულოვან ქარს; მის მიხედვით სპარსელები ამ სახელით აღნიშნავენ ზოგადად „მთებს ვალაგირიდან და ფაიქომიდან“, ე. ი. ოსეთიდან.
2. რადდე _ პონტოს აღმოსავლეთი სანაპირო და ა. შ.
(93-94 გვ.) აფხაზეთის ალპები ვრცელდება ტუბინის უღელტეხილიდან ნახარის უღელტეხილამდე... ტუბინის გადასასვლელამდე კი ანაპიდან ზღვის პარალელურად ვრცელდება პონტოს ალპები [შემდეგ მოცემულია ამ ქედის გეოლოგიური აღნაგობა _ გ. გ.].
მცირე კომენტარები
[1-4] საინტერესოდ გვეჩვენება მერცბახერის ცნობები „აფხაზთა“ განსახლების შესახებ, რომ `აფსუა~ დღეს „აფხაზებად“ იქცნენ და თავის თავს „აფსუას“, ხოლო ქვეყანას „აფსნეს“ უწოდებენო. როგორ უნდა გავიგოთ ავტორისეული სიტყვები, რომ „აფხაზთა“ დასახლება უკვე რამდენიმე საუკუნეა არსებობს ჩრდილოეთის ფერდზე ჩერქეზთა მახლობლად და რომ „აფხაზთა“ ადრინდელი სამოსახლოები ენგურის ჩრდილო-დასავლეთის შენაკადების, ასევე კოდორისა და ბზიფის სათავეებთან ყოფილა?
ხოლო როცა რუსებს 120000 სული თურქეთში გაექცა, „აფხაზთა“ დანარჩენი ნაწილი რუსებმა მთებიდან მდ. კუმასა და მდ. სელენჯუკის ქვემო დინებაზე გადაიყვანეს.
ამას გარდა, „აფხაზური“ ენის ჩერქეზულთან ნათესაობას ხსნის „უძველესი დროიდან მათი მჭიდრო მეზობლობით“; ხოლო ყარაჩაელები ჰგვანან და განსხვავდებიან კიდეც მეზობელი „აფხაზებისაგან“, რომელთა ქალებმაც მეზობელი ყაბარდოული სამოსი გადაიღეს. ყოველივე ზემოთქმულს თუ დავუმატებთ მერცბახერისეულ დახასიათებას, სადაც ის „აფხაზებს“ უწოდებს „მთის ურჩ ხალხს, რომელთაც არასოდეს მტკიცე სახელმწიფო არ შეუქმნიათ“, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აფსუები“ არ იყვნენ პონტოს სანაპიროს მცხოვრებნი ძველად, რომ მათი სამოსახლოები მხოლოდ კავკასიონის ფერდებზე (უფრო ჩრდილოეთით, ვიდრე სამხრეთით) არსებულა.
[5] როგორც ცნობილია, აფხაზეთი XVIII ს-ში ხუთ ერთეულად იყოფოდა: 1. ბზიფის ხეობა (აღმოსავლეთით გუდაუთამდე); 2. აფხაზთა სათემო (გუდაუთასა და კოდორს შორის); 3. აფშილეთის (კოდორსა და ღალიძგას შორის); 4. სამურზაყანო (ღალიძგასა და ენგურს შორის ზღვის პირამდე); 5. წებელდა (კოდორის ხეობის შუა წელი). ჯერ კიდევ 1840 წელს წებელდის მაღალი ადგილებიდან _ დალიდან, რუსებმა აჰყარეს მოსახლეობა, რადგან ისინი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1864 წელს საბოლოოდ შეიერთა აფხაზეთი, 1866 წელს მოხდა აფხაზთა აჯანყება, რასაც მოჰყვა მოსახლეობის დედა-ბუდიანად თურქეთში განდევნა და კოდორისა და მისი შენაკადების ხეობების სრულიად გაუკაცრიელება. ეს მხარე XIX ს-ში მარშანიების სამფლობელო იყო. ცნობილი მუჰაჯირობის შემდეგ, რასაც მერცბახერიც გვამცნობს, ცხადია, ევროპელ მოგზაურ-მთამსვლელებს _ ჯერ გროვეს და შემდეგ ფრეშფილდს (XIX ს-ის 70-80-იანი წლები), ასევე ჩვენს ავტორსაც, ეს „აფხაზური ხეობა“, თუ „აფხაზთა უწინდელი სამოსახლო“ გაველურებულ-გაუკაცრიელებული დახვდათ. ყოველივე ნათქვამთან ერთად, ხომ ცნობილია რუსული მთავრობის პოლიტიკა ქართული მოსახლეობის მიმართ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე!
[6] ძალზე ბუნდოვანია მერცბახერის ფრაზა _ „ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ეს მხარე, განსაკუთრებით მისი მცხოვრებნი _ წნეხისგან განთავისუფლებული ურჩი აფხაზები დაუბრუნდნენ სრულ ბარბაროსობას“... ქვემოთ კი, ბიზანტიელთა გავლენის გადავარდნის შემდეგ, საუბარია აფხაზთა ერისთავ ლეონზე, ხოლო შემდეგ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლაზე. საგულისხმოა, რომ გაბარბაროსება XV ს-ის შემდგომაა სავარაუდებელი, როცა ხდება ერთი მხრივ ოსმალოთა შემოტევა, ხოლო მეორეს მხრივ მთიელ აფსუათა ბარად ჩამოსვლა. ასევე გენუელთა ფაქტორიების არსებობა და გადაშენება. ეს კარგად ჩანს აფხაზეთში სარწმუნოებრივი მდგომარეობის ავტორისეული აღწერისასაც. ამასვე უნდა ეხმიანებოდეს ფრაზა: ამჟამად „მხარემ, ყაჩაღური მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლების შემდეგ საკმაო უსაფრთხოება მოიპოვა“.
[7] გიორგი მთაწმინდელი 1057 წელს პაექრობისას პასუხობდა ანტიოქიის პატრიარქს _ „ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი, სვიმონს ვიტყვი კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების“.
როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს („ქართლის ცხოვრება“, IV, თბ. 1973, გვ. 62), „მოვიდნენ მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკუდა მუნ და დაფლეს ნიკოფსიას~. ვახუშტი როცა ეხება ბიჭვინთას, წერს (გვ. 786) _ `ამას ვგონებ ნიკოფსიად, და ეკლესიასა მასზედ აღშენებულსა მისთვის, ვინაითგან ნიკოფსიას დაფლულ არს მოციქული სვიმონ კანანელი~. მაშ რატომ წერს მერცბახერი ფრჩხილებში `ნიკოფსია (ანაკოფია)-ს~? გამოდის, რომ ის უსწორებს ვახუშტის და ბიჭვინთის მაგიერ ანაკოფიას გვთავაზობს ნიკოფსის სანაცვლოდ. როგორც თანამედროვე მეცნიერები ფიქრობენ, ნიკოფსია ისტორიული ციხე-ქალაქია ქ. ტუაფსეს მახლობლად; აქ VII-VIII საუკუნეებში საეპისკოპოსო კათედრა იყო; VIII ს-ში შედის ეგრის-აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში.
[8] რაც შეეხება ანაკოფიას, მის შესახებ ვახუშტი წერს (გვ. 781): „ცხომის დასავლით არის ანაკოფია _ აღაშენეს ბერძენთა ქალაქი_ იყო კეთილი, ზღუასა ზედა წაშენებული, ბაგრატიონთაგან განდიდებული, აწ ოხერ არს“... ესაა თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე არსებული ციხე-ქალაქი _ VII-VIII საუკუნეებში აფხაზთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი; VIII ს-დან აფხაზთა სამეფოს მთავარი ქალაქი. აქ გენუელებმა მდ. ფსირცხის შესართავთან XIV-XV ს-ში ფაქტორია დააარსეს. 1875 წელს ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი, როგორც ათონის (საბერძნეთის) რუსული მონასტრის ფილიალი, რომელიც დაიწვა 1877-78 წლების ომისას. შემდეგ აღადგინეს და იქცა შავიზღვისპირეთის უდიდეს საეკლესიო ცენტრად. აქვეა სიმონ კანანელის გუმბათიანი, ეკლესია (IX-X სს.).
[9] როგორც ვახუშტი წერს (გვ. 782), ოდიშის სასაზღვროა ანაკოფია _ აქ ლევან დადიანმა აფხაზთაგან თავდასაცავად შეავლო ზღუდე. მის დასავლეთით აფხაზეთია-ო! ეს ხდება XVII საუკუნეში.
[10] ისევ აფხაზთა განსახლებას ეხება. შდრ. [1-4] კომენტარები.
მერცბახერი ოსების შესახებ
(90გვ.) ეთნოგრაფიული საზღვარი ჩრდილოეთით ოსებსა და მთიელ თათრებს შორის; სამხრეთით _ ოსებს, იმერლებსა და სვანებთან.
(99გვ.) დიგორის ალპები ფასის-მთიდან გოდი-ცვიკის უღელტეხილამდე. ამ ქედის გასწვრივ ცხოვრობს ოსური ხალხის ის შტო, რომელიც თავს დიგორელებს უწოდებს...1
(101-102გვ.) ოსური ალპები ვრცელდება არდონის ხეობიდან აღმოსავლეთით თერგის და არაგვის ხეობებამდე. ესაა ყველაზე დიდი ჩაღრმავება ცენტრალურ კავკასიონზე _ დასავლეთით მამისონის უღელტეხილიდან, აღმოსავლეთით საქართველოს [სამხედრო] გზამდე... ამ ხეობაში ცხოვრობს ოსების უმრავლესობა... სასაზღვრო ხაზი ჩრდილოეთით არის არდონის, ფიაგ-დონის, გიზელ-დონის, გენალ-დონის და მათი შენაკადების ხეობებზე; სამხრეთით _ თეთრი არაგვის გასწვრივი ხეობა, ასევე დიდი ლიხვის სათავეების ნაოჭა მთები; აღმოსავლეთით თერგ-არაგვის ხაზი, ე. ი. საქართველოს გზა. გეოლოგიური თვალსაზრისით კი ეს არ ემთხვევა. ოსური ალპები ორ ჯგუფად იყოფა: ა) მთავარი ქედი _ საკი-თრუსოს ქედი.
1. აქედან წარმოსდგება სახელწოდება ამ მხარის მთავარი ქალაქის _სტირდიგორი, რომელიც ქედის ძირში მდებარეობს.
ერთი მხრივ მდ. საკის ხეობით, მეორე მხრივ თერგის (თრუსოს) ახალგაზრდა მაღალი გვერდითი ქედით შემოიფარგლება. ბ) ჩრდილოეთის გვერდითი ქედი, ანუ ყაზბეგ-გიმარაი-ტეპლის ჯგუფი.
151-154 გვერდებზე ლიტერატურის ვრცელი სიაა მოთავსებული, რომელიც საერთოა კავკასიის ეთნოგრაფიისთვის _ გ. გ.].
(163გვ.) ოსები წარმოსდგებიან რან-იდან და ირონი-დან, როგორც თავის თავს უწოდებენ ისინი.1
(196-205გვ.) [ყაბარდოელების] შემდეგ აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მივადგებით კავკასიონის შუაგულზე ცნობილ ხალხს _ ოსებს ან ოსეთებს, რომლებიც ცხოვრობენ ურუხის, ბელაიას ზემო დინებებზე, ასევე თერგის სამხრეთი შენაკადების არ-დონის, ფიაგ-დონის, გიზალ-დონის და გენალ-დონის მთელ ხეობებში; შემდეგ თვით თერგზე, ლარსსა და ბალთას შორის და ბესლანსა და ელხოტოვს შორის. მათი სამოსახლოები არის აგრეთვე მთავარი ქედის სამხრეთითაც _ ორივე ლიახვის, ქსნის და არაგვის მიდამოებამდე აღმოსავლეთით. ეს თავისებური ხალხი, ეჭვგარეშეა, ენათესავება ირანულ და არა კავკასიურ სხვა ენებს; მას მედო-სპარსული წარმოშობისად განიხილავენ; ასევე სახელებსაც რან, ირონი, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ. თუმცა, ანთროპოლოგიური ნიშნებით, ჩვეულებებით, ტრადიციებით და ხალხური თქმულებებით, ვიწრო გაგებით, უფრო კავკასიურ მოდგმებს ეკუთვნიან. მე აქ მოვიტან ხშირად გავრცელებულ ზოგ ჰიპოთეზას მათი წარმომავლობის შესახებ.
ჯერ კიდევ ბერძნული წყაროები _ ჰეროდოტე და სხვ. _ ასევე ნინევიური ლურსმული წარწერები2 გვამცნობენ, რომ ასურეთის მეფეები ომის ტყვეებს თავიანთი სამეფოს ყველაზე განაპირა საზღვრებთან ასახლებდნენ. ხოლო, რადგანაც ასურელთა გავლენა გარკვეული დროის განმავლობაში ნამდვილად ძალზე შორს ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, არ შეიძლება არ ვივარაუდოთ, რომ მიდიური პატიმრები კავკასიის მთებში დასახლდნენ. მსგავსი ისტორიული წყაროებით ვიცით აგრეთვე ჩრდილოეთიდან სკვითების, კიმერიელების ან ხაზარების თავდასხმების შესახებ ასურეთზე... ამრიგად ხაზარებმა თუ სკვითებმა მიდიელი ტყვეები, რომლებიც, ჩვეულების მიხედვით, თავის სამშობლოში წამოასხეს, დაასახლეს კავკასიაში და არაა დაუჯერებელი, რომ მათი შთამომავლები შეიძლება დღევანდელი ოსები იყვნენ. დიოდორე სიცილიელისა და ჰეროდოტეს თანახმად გადმოსახლება უნდა მომხდარიყო ძველი წელთაღრიცხვის VII საუკუნეში. ჩრდილოეთ კავკასიაში გადმოსახლებული მიდიელები შეიძლება შემდგომ ჩამოყალიბდნენ ძლიერ ხალხად.
1. სახელწოდება რან-ი უეჭველად მიუთითებს ირანულ, ე. ი. სპარსულ წარმომავლობაზე. სახელი ოსი, ასი, რომლისგანაც წარმოსდგება დღევანდელი სახელები ოსები, ოსეთები, ამ ხალხს ქართველებისგან უნდა ჰქონდეთ შერქმეული; ხოლო სახელები ასი და იას-ები რუსებისგან. ორივე სახელი ალბათ უნდა მიუთითებდეს რანის შერევას არა ირანულ, არამედ სკვითური წარმოშობის ხალხებთან.
2. როულინსონის ტექსტების მიხედვით.
ლეგენდებით აღსავსე ვახუშტისეული ქართული ქრონიკა სრულებით განსხვავებულ ახსნას იძლევა ოსების შესახებ. მის მიხედვით ოსეთის ქვეყანა თარგამოსის ძეებს ლეკანს და კავკასოსს ერგოთ სამემკვიდროდ. როცა ლეკანმა ეს მხარე მხოლოდ თავისად მიითვალა, ხაზარების მეფემ, რომელიც სამხრეთის ერთ-ერთი ომიდან უკან ბრუნდებოდა, კვლავ ჩამოართვა და კავკასოსს დაუბრუნა.
ამასვე გადასცა მეფემ თავისი რან-ელი და მოვაკან-ელი (ალბათ მიდია და მცირე აზია იგულისხმება) ტყვეები. ამ კავკასოსისგან მიიღო ალბათ კავკასიამ სახელი, ხოლო წინამდებარე ვაკემ კავკასოსის ბოლო მარცვლიდან ოს, უფრო სწორად ოსი; ეს დაუჯერებელ საფუძვლად უნდა ჩაითვალოს, რადგან ოს არის არა ქართველური, არამედ ბერძნული დაბოლოება. ურბანოსმა ანუ უობოსმა, ხაზართა მეფის ვაჟმა მოგვიანებით კავკასოსი და მისი გვარი გააგდო და ქვეყანა დაისაკუთრა; აგრეთვე იქ ქართლელი და სომხითელი ტყვეები დაასახლა _ ე. ი. ქართველი მხვნელები (მიწათმოქმედნი) _ და მას მერე ჰქვია მხარეს ოვსეთი. ხაზარულად ეს გამოთქმა ნიშნავს „მთესველ ხალხს“, რომელიც მან გადმოასახლა კავკასოსის გვარის ამოწყვეტის შემდეგ. [1] იმავე წყაროს მიხედვით უობოსეთი-დანაც შეიძლებოდა სახელწოდება ოსეთი-ს მიღება.1
პლინიუსი და სხვა რომაელი ავტორები კასპიის კარის ახლოს (სადაც დღეს ოსები ჯერაც სახლობენ) მცხოვრებ ხალხს უწოდებენ ალანებს; ამავე სახელით იხსენებენ მათ არაბი გეოგრაფები შუა საუკუნეებშიც. აქედან წარმოსდგებიან დღევანდელი სახელწოდებები: დარიალის ხეობა, დარიალის გზა, დარიალის გასასვლელი _ თერგის ვიწრო ხეობისთვის, სახელდობრ, დარ-ი-ალან-იდან = ალანთა კარს.2
1. შდრ. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 632. ვახუშტისთან სახელი უობოსი არ ფიგურირებს _ გ. გ.
2. ასე უწოდებდნენ თავდაპირველად სპარსელები ადრეულ ხანებში მათ მიერ აგებულ სიმაგრეებს სკვითური ხალხის_ალანების თავდასხმების წინააღმდეგ, რაც თერგის ხეობას ჩრდილოეთიდან კეტავდა. არაბმა გეოგრაფებმაც ამის მსგავსად ხეობის ჩამკეტს უწოდეს ბაბ-ალ-ალან = ალანთა კარი. [აქ ჩვენ ტექსტში გადმოვიტანეთ მერცბახერთან გვ. 791-792-ზე მოთავსებული ცნობები, რაც იგივე საკითხს შეეხება _ გ. გ.]
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ არაბი მწერლების _ აბულფედას და მასუდის1 „ბაბ-ალ-ალან“ (ალანთა კარი) უნდა გულისხმობდეს თერგის ხეობას. ეს სახელი სპარსელებისგან მოდის, რომლებიც ძველ დროში ამიერკავკასიის ქვეყნებზე ბატონობდნენ და ჩრდილოეთით მცხოვრები ალანების ხშირი შემოსევების საწინააღმდეგოდ გადასასვლელი გაამაგრეს და დაარქვეს „დარ-ი-ალან“ _ ალანების კარი. აქედან აწარმოეს ქართველებმა მთელი რიგი სახელები: დარგამი, დარგალი, დარიალმანი, დარიალანი და დარინა და ბოლოს აქედან წარმოსდგა სახელი _ დარიალის გასასვლელი, რომლის მიხედვითაც უწოდებენ დღევანდელ გზასაც... ოსები გადასასვლელს უწოდებენ დაირან-ს, სომხები _ ტარიალ-ს.
ვახუშტის ქრონიკის მიხედვით ქართველთა მესამე მეფემ მირიანმა ააგო დარიელის-ციხე ხაზარებისა და ოსების თავდასხმათა წინააღმდეგ თავდასაცავად. ასევე მეფე დავით აღმაშენებელმა (1089-1125) ოსეთის გზაზე ააგო ციხე. აქვე ქრონიკის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სახელწოდება დარიელ-ი შესაძლოა წარმოსდგებოდეს თურქულიდან, სახელდობრ, დარ-იოლ-იდან (გზის კარი), ან დარ-იელ-იდან (ქარების კარი).
ახალი ავტორებიც ცდილობენ ოსებისა და ალანების იდენტურობის დადგენას (კოხი, კლაპროტი). კოხი წერს: „მცირე აბაზას (ჩერქეზეთის ნაწილია) ზემოთ დასახელებულ საზღვრებში, ქედის მთლად თხემზე ცხოვრობს მოდგმა, რომელსაც ყველა ირგვლივ მცხოვრები ხალხი უწოდებს ალანებს, და ეჭვგარეშეა, რომ ესაა ნარჩენები ძველი ხალხის _ ალანებისა“2.
1. მასუდი ძველი დარიელის ციხის აგებას მიაწერს დარიოს ჰისტასპს, რომელიც სკვითების წინააღმდეგ ბრძოლისას უნდა აეგო. იაკუტ-ალ-ჰამასი XIII ს-ში წერდა, რომ ის ააგო ხოსრო I ანუშირვანმა (530-578) და უწოდა მას დარინატ-ი.
2. კოხი: მოგზაურობა, I, გვ. 318; ასევე ჰაქსტჰაუზენი, II, გვ. 16 სქ.
შემდგომ იგივე ავტორი ამყარებს ამ აზრს იმ მონაცემებით, რაც მოგზაურობისას უბრალო ოსმა ნანახი ადგილობრივის შესახებ ამცნო, რომ დასახელებული დასავლეთელი ალანები იყო ოსი ხალხისგან გამოყოფილი შტო. ამასთან ახსენებს ამის თაობაზე არსებულ ძველ ცნობებს გრაფ პოტოცკის, ი. ნ. დე ლ’ისკის, მამაო ლამბერტის, რაინეგსის და სხვათა. ალანების გადასახლების შესახებ, რომლებიც ალბათ სკვითური წარმოშობის ხალხია, ჩვენ სხვადასხვა სანდო წყაროებიდან ვიგებთ; განსაკუთრებით ამიანე მარცელინეს საინტერესო ცნობებიდან. ერთი მხრივ უტყუარია ცნობები ალანებისა თუ სკვითების ჩრდილოეთიდან თავდასხმების შესახებ სამხრეთის ქვეყნებზე _ მიდიაზე, სომხეთზე და ა. შ.; მეორე მხრივ ცნობები მიდიური დასახლებების შესახებ კავკასიონის ჩრდილოეთ ზოლზე; დაბოლოს, თანამედროვე ოსების თავდაპირველი კუთვნილება ირანულ რასასთან სარწმუნოზე მეტია. ყოველივედან გამომდინარე, ალანები კავკასიაში გადასვლის შემდეგ შეეჯახნენ და დაიმორჩილეს იქ უკვე მაცხოვრებელი ოსები ანუ რან-ი, ხოლო მერე შეერივნენ დამორჩილებულ ხალხს.
რადგან ეს უკანასკნელები დამპყრობლებზე გაცილებით მრავალრიცხოვანი და უფრო ძლიერი ინდივიდუალობისა იყვნენ, ამათ [ალანებმა _ გ. გ.] ნამდვილად დათმეს. მათ ასევე მიიღეს დამორჩილებულთა ენა, ხოლო სახელწოდება ალანი მეზობელი ხალხების მეხსიერებაში კიდევ გარკვეული ხანი უნდა დარჩენილიყო. სკვითურ ტომებთან შერევაზე სხვა წყაროებიც მიუთითებენ. ყველა მათგანის მოხსენიება ამ ნარკვევის ფარგლებს გასცილდებოდა. განსაკუთრებით შეიძლება გამოვყოთ სტრაბონი, რომელიც ალანებს სკვითებს მიათვლის. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული წყაროები ამ თვალსაზრისით არ სცილდება ძვ. წ-ის VII საუკუნეს. სახელები _ სკვითები, კიმერიელები, გიმირები, ხაზარები, ალანები უნდა ყოფილიყო კრებითი სახელები გარკვეული (ზოგიერთი) აზიელი ხალხებისა, რომლებიც შუა აზიიდან ბაქტრიის გავლით ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის ველებზე მოვიდნენ და შემდეგ სხვა და სხვა ტომთა სახელებით გააგრძელეს თავისი გზა დასავლეთითა და სამხრეთით და დუნაისპირა ქვეყნებშიც კი შეიჭრნენ.1
...რაც შეეხება გიმარაი-ხოხ-ის სახელწოდებას, ის მას უნდა უმადლოდეს მის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ჯიმარა-ს, ან სამხრეთ ფერდზე მდებარე სოფელ გიმარა-ს, სადაც იგივე სახელის მდინარე უერთდება თერგს. ანდა, ხომ არაა ეს დაკავშირებული ძველი კიმერიელების შემოსევასთან? ასევე სახელწოდება ჩმი, რომელიც ოსურ სხვადასხვა სოფლებს ჰქვია, ჟღერადობით მასთან ნათესაობაზე უნდა მიუთითებდეს. ზოგიერთები ოსებს სკვითებად მიიჩნევენ, ან, სულ მცირე, რანების ანუ ოსების ნარევად მათ დამპყრობელ სკვითებთან, რომლებიც ბევრჯერ დაესხნენ თავს კავკასიის ხეობებს. სკვითები ესაა კრებითი სახელი შიდა აზიიდან შემოჭრილი სხვადასხვა ხალხებისა: ალანების, ხაზარების, ჰუნების, სარმატების, კიმერიელების (აგრეთვე გიმირაიდ მოიხსენებენ). არის რაიმე კავშირში აღნიშნული მთისა და სოფლების სახელები ძველ გიმირაი-ს ხალხებთან? მე იმ აზრის ვარ, რომ კავკასიის ძველი პუნქტების სახელები გამოდგება ბნელი ეპოქების გასაშუქებლად და ზოგი ხალხების ეთნოლოგიისთვის; მაშინ როცა ანალები უარს ეუბნებიან (არ პასუხობენ) ისტორიას, გარკვეული წვლილის შეტანაში...
1. აქ ჩვენ ტექსტში გადმოვიტანეთ მერცბახერთან გვ. 879-880-ზე მოთავსებული ცნობები, რაც იგივე საკითხს შეეხება _ გ. გ.
ოსების ენა გამოიკვლიეს სიოგრენმა, დრ. გ. როზენმა, ვ. ფ. მილერმა, ჰიუბშმანმა და სხვებმა1. ამ გამოკვლევების შედეგებით მტკიცედ დადგინდა, რომ ის არ ენათესავება სპეციფიურ კავკასიურ ენებს და უნდა მიეკუთვნოს ინდო-გერმანული ენების ირანულ ჯგუფს; ის უფრო მეტად უნდა უახლოვდებოდეს ზენდურს. ამავე დროს ბევრი სიტყვის ფუძე მიუთითებს ევროპულ ენებთან მათ მსგავსებაზე. შეკრებილია ძველი ოსური საგმირო თქმულებები, რომლებსაც დღესაც ყველა დღესასწაულებზე იმეორებენ2. ასევე კოვალევსკიმ შეაგროვა და გამოსცა სამართლებრივი ჩვეულებები3, მაგრამ მაინც მათი ძველი ისტორია ჯერაც ბნელითაა მოცული და სხვადასხვა ჰიპოთეზები მის შესახებ ჯერაც საჭიროებს ბევრ კვლევას.
ოსების ფიზიონომიური ნაკვთების, აღნაგობის, სახის წყობის თვალსაზრისით (მეტწილად გვხვდება ქერა თმა და ცისფერი თვალები) 4, ასევე ზოგი ჩვეულებისა და ადათ-წესების მიხედვით სურთ დაადგინონ მათი ახლო ნათესაობა ევროპელ ხალხებთან, განსაკუთრებით გერმანელებთან.
1. სიოგრენი (შჯოგრენ): ოსური ენის გრამატიკა, მოკლე ოსურ-გერმანული და გერმანულ-ოსური ლექსიკონით, სპბ. 1844. მისივე: ოსური შტუდიები ინდო-ევროპული ენების საგანგებო გათვალისწინებით. როზენი დრ. გ.: ოსური ენა მეგრული, სვანური და აფხაზური ენების მიმოხილვასთან ერთად. დეტმოლდი, 1846. მილერი, ვ. ფ.: ოსური შტუდიები. სტ. პეტერბურგი 1881-87 (რუსულად). ჰიუბშმანი: ოსური ენის ეტიმოლოგია და ფონეტიკა. სტრასბურგი. 1887.
2. შეაგროვეს აკადემიკოსებმა შიფნერმა და ვ. მილერმა; ახლახანს კაიტმაზოვმა; ამათი კრებულებიდან ჰანმა ზოგი გერმანულად თარგმნა.
3. კოვალევსკი, მ.: სამართალი და ადათ-წესები კავკასიაში, მოსკოვი, 1890 (რუსულად). მისივე: ოსების ხალხური სამართალი... მოსკოვი, 1886 (რუსულად).
4. ანთროპოლოგიური თვალსაზრისით იხილეთ: გილჩენკო ნ. ვ.; პანტუხოვი; ერკერტი; შანტრი; დიუბუა დე მონპერე; ვახუშტი; ჰაქსტჰაუზენი; ჰანი.
ამ თვალაზრისით, კავკასიის სხვა ხალხებისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, უნდა დასახელდეს მისალმების წესი ქუდის მოხდით; შემდეგ ზოგი წესის მგავსება, განსაკუთრებით ქორწინებისა გერმანულთან; ასევე საოჯახო მოწყობა და სამეურნეო ჭურჭელი, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ გერმანულ მხარეებში იგივე მიზნით ხმარებულთან. კავკასიის სხვა ხალხებისგან განსხვავებულია ჯდომა სკამებზე და მაგიდასთან; ჭამის დროს კოვზების, დანისა და ჩანგლის ხმარება; საწოლებში დაძინება; ლუდის სიყვარული და მისი ხარშვის ოსტატობა და სხვა. ოსების ევროპული წარმომავლობის ჰიპოთეზას ამაგრებენ უძველესი სამკაულების ანალოგიითაც, რომლებიც ნახეს ოსეთში ყობანის, კამუნთას, კუმბულთას და სხვა ნეკროპოლებში და გალიაში ფრანკების შეჭრის დროინდელ სამარხებში ჰალშტატის პერიოდიდან1. მაშინ როცა ერთნი, ამ გარემოებათა გამო, ძველი ოსების ანუ ალანი-ხალხის ძლიერ მიგრაციას ხედავენ ევროპისკენ, ახალი მკვლევარები (ლომბარდი, რაინახი და სხვა), ამის საწინააღმდეგოდ, მიიჩნევენ ევროპული წარმოშობის ოსი-ხალხის ევროპიდან კავკასიაში გადასახლებას. ამ რთული საკითხის გადასაწყვეტად ამჟამად არ არსებობს საკმაო დამადასტურებელი მასალები; მეტიც, დადგენილი არ არის ყობანის ნეკროპოლიდან მოპოვებული თავის ქალების მსგავსება ოსეთის დღევანდელი მცხოვრებლების მონაცემებთან. მხოლოდ შეიძლება ითქვას, რომ ოსები ძველად, როგორც ძლიერი ხალხი, ფლობდნენ კავკასიონის წინამდებარე სტეპებს მდინარე დონამდე, რომლის სახელიც ოსურ „დონ“-ში (ნიშნავს წყალს ან მდინარეს) შეგვიძლია დავინახოთ.
ზოგიერთი ძველი გეოგრაფიული სახელწოდება ამ მდინარის შესართავთან მცხოვრები ხალხისა, როგორც ტანაისი დონისა და აორზენი (რომლებიც სტრაბონის მიხედვით ასევე ტანაისად წოდებულ ქალაქში მნიშვნელოვან ვაჭრობას მისდევდნენ) იმაზე უნდა მიუთითებდნენ, რომ ოსები ძალზე შორეულ წარსულში ამ მხარეში სახლობდნენ. ისტორიულად დადგენილია, რომ ხალხები, რომლებიც ცხოვრობდნენ ოსების დღევანდელ სამოსახლოებში და მის ჩრდილოეთით, ხშირად ესხმოდნენ თავს ამიერკავკასიას, სომხეთს, მიდიას, ასურეთს, პალესტინას. მაგრამ ეს თავდასხმები, როგორც დრ. ფონ უნგერნშტერნბერგმა გამოიკვლია, სინამდვილეში მიეწერება თუ არა დღევანდელი ოსების წინაპრებს, თუ ამ მხარეებში უფრო ადრე მცხოვრებ ხალხს, დღესდღეობით არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ძნელი დასადგენია. თუმცა ქართული ქრონიკა ამბობს, რომ ოსები დასაბამიდან მთებში დასახლდნენ, მაგრამ მალე ჩრდილოეთით ვაკეზე საკმაოდ გაფართოვდნენ; მოგვიანებით კი შიდა აზიიდან მოსულმა ხალხებმა გააძევეს იქიდან 2. დასავლეთისკენ მიგრაციის შესახებ, ისევე როგორც ადრეულ ხანაში ოსების შეჯახებაზე აღმოსავლეთიდან მოსულ ხალხებთან (ხაზარები, სკვითები, ჰუნები, ავარები და ა. შ.), სხვადასხვა ნიშნები მიგვითითებენ.
1. ამ გვერდზე (201) მოცემულია ფოტოსურათი _ ოსი მამაკაცი თოფ-იარაღით და ქალი ზურგზე მოკიდებული წყლის ჭურჭლით _ გ. გ.
2. ვახუშტი, გვ. 427 [შდრ. „ქართლის ცხოვრება“, IV, გვ. 654-655 _ გ. გ.]
ამ ბრძოლების შედეგად ოსების ნაწილი გაძევებულ იქნა დასავლეთისკენ, ხოლო დარჩენილებმა, რიცხობრივად ძალზე შემცირებულებმა, დამპყრობელთა გავლენით მრავალგვარი ცვლილება განიცადეს გარეგნობაში, ჩვეულებებსა და ა. შ. ადრეული სარმატული დასახლებები ქვემო დუნაიზე, საითაც ოსებმა, ალბათ ჰუნებისგან თან წალეკილებმა ჩააღწიეს1, ნამდვილად რომ პირველებისგან წარმოსდგებიან, ჯერ-ჯერობით არაა დადგენილი. სახელწოდება დონაუ (დუნაი _ გ. გ.) მომდინარეობს ოსური დონ-იდან (=წყალს) და იმაზევე მიუთითებს2, როგორც ქალაქ იასას სახელწოდება ოს ხალხზე, ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, ასი ან იასი-ს. ის, რომ ოსები სკანდინაველი აზების იდენტურია, როგორც ამას ზოგი მკვლევარი გვეუბნება3, არის უფრო საეჭვო; ასევე ნაკლებადაა ცნობილი, რომ მათ ტაციტუსის ოსი-სთან ჰქონდეთ რაიმე საერთო. ისტორიიდან ვიცით ჩინგიზ-ხანისა და თემურ-ლენგის ურდოების შემოსევების შესახებ, რომელთა შედეგად კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე მცხოვრები ოსი ხალხი თითქმის მთლიანად ამოწყდა4. დარჩენილები გაიქცნენ მაღალი ხეობებისკენ, სადაც ოსები დღესაც სახლობენ. შესაძლებელია მათი ერთი ნაწილი უკვე მაშინვე ცხოვრობდა იქ და ქედებისგან დაცულმა ხალხური თვითმყოფობა შეინარჩუნა. ჩანს, რომ სამხრეთ კალთებისკენ ოსები ჩერქეზებმა გამოდევნეს უფრო დასავლეთით მდებარე მხარეებიდან; ეს უფრო მოგვიანებით მოხდა, მას შემდეგ, რაც ამათ (ოსებმა _ გ. გ.) თავის მხრივ იქ მცხოვრები დვალეთის ქართული მოდგმა განდევნეს5. სახელი დვალთა ანუ თვალთა, როგორც ამიერკავკასიელ ამ ოსებს დღეს ეძახიან, შეიძლება ამით აიხსნას [2].
1. ჰუნებთან შეხებაზე მიუთითებენ ძველი ადგილების სახელები ოსებთან; ასე მაგ., ორ სოფელს თმენკოვის ჩრდილოეთით ჰქვიათ: ხუსურ-ხუნძაგ და ცაგატ-ხუნძაგ.
2. დუნაის ძველ სახელწოდებად ფიქრობენ ისტერ-ს, რომელიც ასევე დნესტრს გვახსენებს.
3. ვივიენ დე სტ. მარტინი: ხაზართა შესახებ, პარიზი 1851.
4. ვახუშტი, გვ. 461 და 437 სქ. [შდრ. „ქართლის ცხოვრება“, IV, გვ. 654 _ გ. გ.]
5. დვალ, სხვათაშორის, ქართულად ნიშნავს „ქვეყანას“; ამიტომ დვალეთი არის ძნელად საღიარებელი ეთნოგრაფიული ცნება.
როგორც ჩანს, ოსებს წინაისტორიულ ხანაში მყარი, ერთიანი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია არ ჰქონიათ; თუმცა მათ ლეგენდებში, ასევე ქართულ ქრონიკაში ხშირადაა საუბარი ოს მეფეებზე. ოსები ალბათ განსაკუთრებული გვარების ბელადებს (=არისტოკრატიის გარკვეული სახეობა) (ვახუშტიგვ. 437.) შორის იყვნენ დაყოფილნი, რომლებიც თავდასხმის ან თავდაცვისას საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ ერთიანდებოდნენ. დღესაც ისინი სხვადასხვა გვარებად იყოფიან, რომლებიც როგორც გარეგნულად, ასევე მკვეთრად განსხვავებული დიალექტებითაც გამოირჩევიან ერთმანეთისგან. შემდეგ დასავლეთით, ურვანის სათავეების ხეობებში სახლობენ დიგორელები, არდონის ხეობაში _ ალაგირელები, სა-დონისა და ფიაგ-დონის მიდამოებში ქურთაელები, ხოლო თერგზე, გიზალ-დონსა და გენალ-დონზე _ თაგაურელები. ეს ბოლო სამნი ლაპარაკობენ დიგორულისგან მკვეთრად განსხვავებულ განსაკუთრებულ დიალექტზე, ე. წ. ირიულზე ანუ ირონიულზე. სამხრეთ კალთებზე მცხოვრები ოსების ენა, თვალთა(დვალთა)-სგან საპირისპიროდ, ძალზე ჰგავს ირიულს. ოსების ნაწილი მაჰმადიანები, ნაწილი ქრისტიანები არიან; თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ სახელებით და ზოგიერთი წესჩვეულებებისა და მოქმედებების (საქმიანობის) ზედაპირული გამოვლენით[3]. სინამდვილეში თავისი ჩვეულებებით და რელიგიური წესებით, ძველი წარმართული ტრადიციებით ცხოვრობენ, რაც მიუთითებს ადრეულ ელემენტარულ კულტზე და უფრო მეტად კი მათში მოგვიანებით ქრისტიანობისა და ისლამის შემოტანაზე. ახალ დროებაში ორთოდოქსული ეკლესიის წარმატებები მეტად უნდა ჩანდეს1.
საცხოვრებლების ბუნებიდან გამომდინარე, ოსები უმთავრესად მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, თუმცა დიდი სიბეჯითით არ გამოირჩევიან. ძირითადი სამუშაოები, ასევე მინდვრისა, ქალთა კისერზეა. ხალხის ჩვეულებები და ცხოვრებისეული წესები შეესაბამებიან უმრავლესი კავკასიელი მთიელების კულტურის დონეს; ეს კი ნამდვილად მთელი საფეხურით დაბლა დგას ამიერკავკასიის ვაკეზე მცხოვრებ ქართველ ხალხზე2. ოსთა რაოდენობა დაახლოებით 130000-ს შეადგენს.
1. იხ. ქვემოთ გვ. 812-814 _ გ. გ.
2. საოცრად ახასიათებს ვახუშტის ქრონიკა(გვ. 431) ხალხის ჩვეულებებს; ხაზგასმულია, რომ ოსები სახლში მცირედი პურითა და რძით კმაყოფილდებიან, მაგრამ სტუმრად ყოფნისას გაუმაძღრები არიან. ასევე არ არიან მამაცები და ეშინიათ ომების; მაგრამ ღამით არიან გულადი ქურდები; არიან უხეშები წეს-ჩვეულებებში, ამაყი და თავხედი, სისხლის მოყვარული, ყაჩაღი, ქურდი და მატყუარა. ქალები სანამ გათხოვდებიან არიან სათნონი, მაგრამ გათხოვების შემდეგ ტრაბახობენ თაყვანის- მცემლების რაოდენობით [შდრ. „ქართლის ცხოვრება“ IV, გვ. 637 _ გ. გ.]. რელიგიური წესების, ეკლესიების, არქიტექტურის, ჩვეულებების, სუფრის შესახებ ვრცელ ცნობებს გვაწვდიან კოხი (მოგზაურობა, II, გვ. 85-135); აბიხი (სამოგზაურო წერილები); ჰანი (კავკასიიდან); ერკერტი, დრ. ვ. პფაფი (მოგზაურობა ჩრდილო ოსეთის ხეობებში); ასევე ჰაქსტჰაუზენის, კლაპროტის, კოვალევსკის და სხვათა შრომები.
(690-691გვ) ჩეგემის აკლდამების აღწერისას მერცბახერი ამბობს: „მათ უფრო ოსურს ამგვანებენ; თუმცა განსხვავდებიან ჩემს მიერ ნანახი ოსი ხალხის აკლდამებისგან სახურავის სხვა კონსტრუქციით და შიდა სივრცის მოწყობით. მაინც არაა დაუჯერებელი, რომ ისინი ოსური წარმოშობისა იყვნენ; ასევე ამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ ეს მხარე ოდესღაც ოსებით იყო დასახლებული, სანამ თათრები შემოიჭრებოდნენ.
(793გვ.) ქართველთა სამეფოს დასუსტებასთან ერთად თაგაურების ოსურმა გვარმა დაიკავა თერგზე არსებული ყველა გადასასვლელი და უღელტეხილიც (გასასვლელი), რათა ეძარცვათ მოგზაურები და ტვირთიანი ქარავნები. მხოლოდ ძლიერი დაცვით იყო შესაძლებელი უღელტეხილზე გადასვლა; თუმცა, არც თუ იშვიათად, გაცემული ხარკი ვერ იცავდა მათ თავდასხმისაგან.
(795გვ.) სადგურების სახელები, მათი მდებარეობა ზღვის დონიდან და დაშორება ერთმანეთისგან:
1. ვლადიკავკაზი _ 715 მ
2. ბალთა _ 839 მ _ 12 1/4 ვერსი
3. ლარსი _ 1122 მ _ 17 1/4 ვერსი
4. დარიალის ციხე _ 1257 მ
5. ყაზბეგი _1750 მ _ 14 ½ ვერსი
6. კობი _ 1981 მ _ 17 1/2 ვერსი
7. უღელტეხილი _ 2379 მ
8. გუდაური _ 2209 მ _ 16 ვერსი
9. მლეთი _ 1513 მ _ 14 1/2 ვერსი
10. ფასანაური _ 1050 მ _ 18 ½ ვერსი
11. ანანური _ 712 მ _ 21 ვერსი
12. დუშეთი _ 938 მ _ 16 1/4 ვერსი
13. წილკანი _ 611 მ _ 17 3/4 ვერსი
14. მცხეთა _ 487 მ _ 14 3/4 ვერსი
15. ტფილისი _ 453 მ _ 20 1/3 ვერსი
სულ _ 200 1/2 ვერსი
(806-825გვ.) ... იქ სადაც მდ. კისტინკა აღმოსავლეთიდან და სორგომი დასავლეთიდან ერთვიან ერთმანეთს, არის პატარა სიმაგრე ყაზარმით; ფორტი ჯერახოვსკი დარაჯობს ამ მიდამოს, რომელიც წარმოადგენს მკვეთრ ეთნოგრაფიულ საზღვარს აღმოსავლეთით ჩეჩნებისა და დასავლეთით ოსების სამოსახლოებს შორის და კავკასიის ომის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (როცა პირველად დასახელებული ხალხი რუსეთის მოსისხლე მტერი იყო) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ფორტის საპირისპირო მხარეს, მაღალ ტერასაზე განლაგებულია ოსური სოფელი ჩმი. ეს პუნქტი გერმანიაშიც ცნობილია იქ აღმოჩენილი მნიშვნელოვანი სამი სამარხით, რომლებიც წინაისტორიული პერიოდისაა _ ერთი ბრინჯაოს, ხოლო ორი რკინის ხანისა. ამ პატარა სოფლის სახლები უხეში, უთანაბრო ფიქალის ნაჭრებისგანაა ნაგები. ისინი [სახლები _ გ. გ.] ერთმანეთზე დევს საფეხურებად, შუაში მორღვეული ოთხკუთხა კოშკებით; ფანჯრების მაგივრად აქვთ სათოფურების მსგავსი ღიობები. ყოველივე ქმნის ღარიბულ და პირქუშ შთაბეჭდილებას _ უფრო ჰგავს ყაჩაღ რაინდთა ძველ საკონტრაბანდო ნანგრევებს, ან მელიების და ბუების სამყოფელს, ვიდრე ადამიანთა საცხოვრებელს1. აქ ცხოვრობენ თაგაურელი მოდგმის მაჰმადიანი ოსები.=... [9 საათიანი ღამის მარშის შემდეგ მივიდნენ სანივაში]... მეორე დილით დროულად გამოჩნდა სნეული სტარშინა _ პატარა ოსი წარჩინებული(აზნაური)2... სანივა არის ორად გაყოფილი (ზემო და ქვემო _ გ. გ.) ხალხმრავალი აული. [ქვემო სანივაში] სუფთად მოვლილ სახლებს, რომელთა კედლები დუღაბის გარეშე საოცრად გულდაგულაა ნაგები სხვადასხვა ზომის ქვებით, აქვთ ბრტყელი (ბანური) სახურავი, დაფარული უხეში ფიქალის ფილებით და ქვებით დამძიმებული[5]. ზოგ [სახლს] ჰქონდა ფანჯრები მინების გარეშე; ხშირად შეიმჩნეოდა ხის ირგვლივი აივნები ქართულ ყაიდაზე. ბეღელი იშვიათია; თივა, ჩალა და მარცვლეული უბრალოდ სახლის გარშემო აწყვია მაღალ გროვებად (ზვინებად). ზემო სოფელს კი რაინდთა ნახევრად დანგრეული სიმაგრის საბრძოლო შესახედაობა აქვს. ის საკმაო ხნისა ჩანს და აქვს მუქი ფიქალის კედლები, რომლებიც აღმართულია მცირე ტერასის ციცაბო ნაპირზე _ ქვემო სოფლისკენ დაშვებულ ფერდზე; მას აქვს ცილინდრული (საკვამლე მილის მსგავსი), 12-15 მეტრი სიმაღლის, ზემოთკენ დავიწროებული კვადრატული კვეთის კოშკები. მხოლოდ სათოფურების მსგავსი ხვრელებიდან შედის სინათლე ცალკეულ სათავსებში, რომლებისგანაც შედგებიან ციხეთა ეს ჯგუფები3.
1. აქ, (გვ. 807) მოცემულია სოფელ ჩმის სურათი _ გ. გ.
2. თუმცა წოდებრივი დაყოფა ოსებთან არ არის _ ისევე როგორც არასდროს ჰქონიათ წესიერი სახელმწიფოებრივი მოწყობა: ძველთაგან ცალკეული გვარის უფროსები (ბელადები) ჰყავდათ. განსაკუთრებით გამოჩენილი მებრძოლები (ნარტები) იმსახურებდნენ საგანგებო ძალაუფლებას და გავლენას ხალხის ცალკეულ ჯგუფებზე. უფროსებს დღესაც დიდ პატივს სცემენ. წარჩინებულ ოს გვართაგან ვახუშტი ასახელებს _ ბადელიძეს, თაგაურს, სიდამო-ს, ჩერკელიძე-ს, ჯახალიძე-ს და ა. შ. [4]. სახალხო ცხოვრების საფუძველს ქმნიან გვარების კავშირები და არა ხალხთა გაერთიანება (ჰაქსტჰაუზენი, II. გვ. 26).
3. ძველი ოსური სოფლების მშენებლობისა და განლაგების შესახებ დაწვრილებით ნახავთ ჰაქსტჰაუზენთან (II, გვ. 4, 11, 48).
სტარშინას ცნობით, სოფლის ეს ძველი ნაწილი ამჟამად სანივაში მცხოვრები ოსების მიერ არ უნდა ყოფილიყო ნაშენი, არამედ დიდი ხნის წინ აქედან გადასახლებული ხალხის მიერ. როგორც ოსების უმეტეს მაღალ ხეობებში, მიუხედავად ზღვის დონიდან მნიშვნელოვანი სიმაღლისა, მარცვლეულის კულტურა ძალზე მოსავლიანია. ქერი მწიფდება 2400 მეტრზე მაღლა, ჭვავი 2000 მეტრამდე. მაღალი კირქვიანი კედლები ჩრდილოეთიდან იცავენ ამ დახურულ ოსურ მხარეს სტეპების მშრალი, ძლიერი ქარებისგან... ტყეები საერთოდ არაა, მხოლოდ ერთეული ხეების ჯგუფები და ძალზე მეჩხერი ბუჩქნარია ამ ფიქალიან ტერასებზე...
გარეგნულად ჩანს მოსახლეთა ერთგვარი შეძლებულობა(კეთილდღეობა). ყველგან გვხვდებიან ტანადი, კარგად ჩაცმული მამაკაცები, რომლებიც მეტწილად უსაქმოდ მიდი-მოდიან, მაშინ როცა ქალები ყანებსა და სახლში მძიმე სამუშაოთი ბეჯითად არიან დაკავებული. ქალი თვით ქრისტიან ოსებშიც სასაპალნე პირუტყვივით არის დამცირებული, ხოლო ცხოვრებით ტკბობის უფლება, როგორც ჩანს, კაცს ეკუთვნის. ქალებს არასდროს მისცემიათ ნება სახალხო დღესასწაულისას შესულიყვნენ ეროვნულ წმინდა ადგილებში (წმინდა გამოქვაბულები, ჭალები და ა. შ.). ჩვენი ქალები, რომლებიც თანასწორუფლებიანობის გამო ემეტოქებიან მამაკაცებს, უსამართლოდ მიაწერენ თავიანთი საზოგადოებრივი სტატუსის არასრულყოფილებას დასავლეთის კულტურის თავისებურ განვითარებას. ოსების შეგნებაში, მსგავსად აღმოსავლეთის სხვა ხალხებისა, ქალებს თუმცა თავისი შრომითი შესაძლებლობებისთვის ზღვარი ფართოდ აქვთ გახსნილი, მაგრამ ევროპის საპირისპიროდ, მათ გზას უხსნის შრომისა და არა სიამოვნებისკენ. ასეთი მაჰმადიანურად მიღებული, სინამდვილეში საყოველთაო აზიური ცხოვრების გაგება, აქაც გაბატონებულია.
ოსური მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს ქრისტიანად თვლის; ოღონდ ნარევია ცრუმორწმუნეობის, მკითხაობის. ძღვენის მირთმევა, წმინდად მიჩნეული საოცარი კლდოვანი შვერილები ან წმინდა გამოქვაბულები და ხეები, ზვარაკთან და ქეიფთან ერთად, ჩათვლილია ქრისტიანულ ჩვეულებებად. ოსების ცხოვრებაში წმინდანთა თაყვანისცემა თვალში საცემია. ამათ შორის ყველაზე განთქმულნი არიან გიორგი (გერკი), ელიას-ი (ილია), ნიკოლაუსი (ნიკოლოზი); მათი სახელობისაა ნახსენები, წმინდად მიჩნეული ადგილები. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანულმა წმინდანებმა ქრისტიანობის წინარე ხანის ღვთაებრივი პერსონიფიკაციების ადგილი დაიკავეს1. მთელი რელიგიური ქმედება ჩვეულებრივ შემოიფარგლება პირჯვრის გადაწერით და წმინდად მიღებული სიტყვების ბუტბუტით, განსაზღვრულ დროს კი წმინდა ადგილებში მახვერპლშეწირვით. ბერძნულ-ორთოდოქსულმა კულტმა ძალზე ნელა გაიკვლია გზა. ამ თვალსაზრისით არც ისლამის მიმდევარ ოსებშია უკეთესად საქმე. დღესაც საკმაოდ მართლდება ვახუშტის სიტყვები, რომ ქრისტიანები და მაჰმადიანები ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ ერთნი ჭამენ ღორის ხორცს, მეორენი ცხენისას2. სანივას და მეზობელი სოფლების მოსახლეობამ არც თუ დიდი ხნის წინ მიიღო ქრისტიანობა. ახლოს მდებარე პატარა ეკლესია თავისი არქიტექტურით გვიჩვენებს, რომ თავდაპირველად ის იყო მეჩეთი.
1. წმ. ელიასი, როგორც ქუხილის ღმერთი, იცავს უამინდობისას; აქ იგრძნობა ებრაული გავლენა, როგორც ყველა კავკასიელებში. ნიკოლოზს კარგი მოსავალი მოჰყავს; გიორგის წყლის გაჭირვებისას უხმობენ. გარკვეული ბორცვები, გამოქვაბულები, ხეები, ასევე შიშველი ქვების გროვები _ აღმართული ნაცნობ მთებზე, წარმოადგენენ კულტის საგანს, რომლებსაც როგორც ქრისტიანები, ისე მაჰმადიანები ეროვნულ სიწმინდეებად მიიჩნევენ. ასეთ ადგილას მიცემულ ფიცს ან დაპირებას აქვს ვალდებულებითი მნიშვნელობა ცხოვრებაში. გარკვეულ დღეებში მომლოცველები მოდიან აქეთ დღესასწაულებთან, მსხვერპლშეწირვასთან და ქეიფთან დაკავშირებით. სწირავენ მსხვერპლს: ჭრელ ნაკუწებს ამაგრებენ ხეებზე და კლავენ ცხვარს, რომლის ხორცს მაშინვე ხარშავენ და მიირთმევენ, ხოლო მის გარკვეულ ნაწილებს, როგორც შესაწირს, ხეზე ჰკიდებენ. შესაწირად მოაქვთ აგრეთვე ფული, ჭურჭელი, ხის ნაჭრები, პირუტყვის რქები (მეტწილად მთის თხის). შემდეგი წმინდა ადგილებია განსაკუთრებით საპატიო: გორაკი ტატარ-ტებე თერგზე; გამოქვაბული ვაჩ-ილია-ლეხეტე გიზელ-დონის ხეობაში (სოფელ ლამარდონის ახლოს); გამოქვაბული გენალა-ტარნილი-დაგგენალ-დონის ხეობაში; გამოქვაბული ოლისაი-დონა ურუხის ხეობაში; რეკომის ეგვტერი არდონის ხეობაში; იქვე წმინდა ჭალა; იგივე აბანოთის ხეობაში და წმინდა ხეების ჯგუფი ჯავასთან ლიახვზე. [უფრო დაწვრილებით ამის და ლეგენდების შესახებ VIII თავში და ავტორებთან: დიუბუა დე მონპერე (ტ. II, თავი32-34), დალბეშევი, ჰაქსტჰაუზენი(ტ. II, გვ. 4-50), კლაპროტი, ჰანი (მოგზაურობანი კავკასიაში), შანტრი (ტ. IV, გვ. 154, 162), კოხი (ტ. II, გვ. 85-135), ერკერტი, კოვალევსკი, ვ. ფ. მილერი, პფაფი და ა. შ. დაბოლოს აბიხის სამოგზაურო წერილები (ტ. I)...
2. შდრ. „ქართლის ცხოვრება“, IV, გვ. 632 _ გ. გ.
სანივაში შევხვდი სიმპატიური და ღია სახის გამომეტყველების მრავალ პიროვნებას; ამასთან არც თუ ცოტას ჰქონდა ღია ფერის თვალები და ქერა თმა. შესაფერის სამოსში რომ გვენახა, შეიძლებოდა გაგვხსენებოდა ვესტფალიელი სოფლელები. ქართველებისგან ოსები განსხვავდებიან ზემოდასახელებული ნიშნებით, ასევე ძვალმსხვილობით, უფრო დიდი ხელებითა და ფეხებით, მაღალი და განიერი შუბლით, ვიწრო ნიკაპით, გამოწეული ღაწვებით, მეგობრული, მშვიდი გამომეტყველებით და ტლანქი მიხრა-მოხრით. თათრებისგან განსხვავდებიან მეტი სიმაღლით, დიდი თვალებით და ძლიერი მუსკულატურით1. ისე ხშირად და იმდენი თქმულა ოსების გერმანელებთან ნათესავობაზე, რომ ბოლოს მათაც დაიჯერეს. ამიტომ არავითარ საგანგებო ყურადღებას არ იქცევდა, როცა ესმოდათ, რომ ახლად მოვლენილი „ბარინი“ გერმანელია.
რაც შეეხება ოსების სახლის შიდა მოწყობას და ჭურჭელს, რომლებიც ბევრმა მოგზაურმა ჩრდილოგერმანელი გლეხებისას შეადარა, მე უნდა ვაღიარო, რომ ის სახლები, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში მოვინახულე, ასეთი დასკვნების გამოტანის საშუალებას ნაკლებ იძლევიან. თუკი უხეშ, დაბალ სამფეხა სადგამს მაგიდად, მსგავს ტაბურეტს სკამად, თაროს მსგავს ხის ხარაჩოს საწოლად წარმოადგენ (დახატავ), ხოლო ხისგან გამოთლილ კათხას „რომერად“2 ჩათვლი, პატარა, უხეშად გაფორმებულ თიხის ტოლჩებს კი გერმანულ ლუდის ქვის კათხებად, მაშინ ეს აღწერა-დახასიათებები დასაბუთებულად გამოჩნდება. მხოლოდ ერთი ავეჯი ვნახე ოსურ სოფლებში მოგზაურობისას, რომელიც, მიუხედავად უხეში გარანდვისა, ამჟღავნებდა გარკვეულ მიდრეკილებას უკეთესი ცხოვრების ყაიდისკენ. ეს იყო სამფეხა, ნახევრად მომრგვალებული (ნახევარწრისებური) სავარძელი (გოლატკირ), ფორმით დაახლოებით სამეფო ტახტისა, რომელზეც ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდებოდა3.
ოსურ ლუდს, რომლის დამზადებაშიც ოსებს განსაკუთრებულ ოსტატობას უქებენ, ისევე როგორც მის სმაში, მე ჯანმრთელობის შერყევის გამო მხოლოდ იმდენად ზედაპირულად გავეცანი, რომ ამ მნიშვნელოვანი საგანგებო საქმისადმი არასაკმარისი მიდგომის გამო ალბათ ყველა გამოცდილი მიუნხენელის საკმაო უკმაყოფილებას დავიმსახურებ. ჩემი გაგებით, ასევე ჩემი ტიროლელის აზრით, რომელიც უკეთ გაეცნო თმენკაუსა და სანივაში მორთმეულ კათხებს, ვერ დავეთანხმები ზოგი მოგზაურის მაქებარ გამოთქმებს ოსური ლუდის მიმართ. ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ოსებმა ამასობაში ან უკან გადადგეს ნაბიჯი ლუდის გამოხდის საქმეში, ან ოსური ხმაურის აქამდელ მსაჯულებს საერთოდ არასდროს არ გაუსინჯავთ „ნამდვილი წვეთი“. ჩემი აზრით, ახლო მომავალში „ოსური ლუდი“ ლუდის მსმელთა შორის არ ჩაითვლება უპირატეს ხარისხისად.
1. უფრო დაწვრილებით მათი აღნაგობის, თმისა და თვალების ფერის, თავის ქალის ფორმის და ა. შ. შეხვდებით ვილჩენკოს და პანტუხოვის ნაშრომებში და შანტრთან (ტ. IV, გვ. 172).
2. ესაა ზემოთკენ შევიწროებული ბოკალი _ გ. გ.
3. ჰაქსტჰაუზენის შემდეგ, რომელმაც მოგვცა ოსური ავეჯის სურათები, შესაძლებელია, ოსთა სახლების მოწყობილობაში ბევრი რამ შეიცვალა. ძველი ფორმები ნაწილობრივ გაქრა ან შეიცვალა, ხოლო მათი ადგილი ქართული და რუსული წარმოშობისა და ფორმების ინვენტარმა დაიკავა.
ახლა ვთხოვ მკითხველს, გამომყვნენ, სახელდობრ, სანივას სასაფლაოზე. თავისი ნაგებობებით და სამარხის ფორმით იგი წარმოაჩენს ყველა თავისებურებებს, რომელთა უმეტესობა ძველ ოსურ სასაფლაოზე გვხვდება, ანუ მის ტიპიურ სურათს1. სამარხის ორი ფორმაა გავრცელებული: კოშკი, ეწოდება საპპად; კვადრატული (იშვიათად რვაწახნაგა) გეგმარების, სამშენებლო ხსნარით ნაგები წყობა, თავისებური შავი ფიქალის ნაჭრებით და ფენოვანი პირამიდის ფორმის სახურავით. ამას გარდა საცხობი ღუმელის ფორმის დაბალი, ქვით გაწყობილი, ასევე ფიქალის ფილებით ფენებად დალაგებული ორფერდა სახურავით2. ორივე სახეობა მკვეთრად განსხვავდება მოგვიანო ფორმისგან, რაც განსაკუთრებით მრავლადაა წარმოდგენილი სანივაში. ესაა მომცრო, სწორად გამოთლილი ქვებისგან გულდაგულ ნაგები აკლდამა, ზემოთ ოდნავ შევიწროებული და ჩვეულებრივ 7 ფუტი სიგრძის, 4 ფუტი სიგანისა და 3 ფუტი სიმაღლის. მათ გვერდით გვხვდება აგრეთვე ახალი დროის ქრისტიანული საფლავები თავისებური (საკუთარი) სტელებით; აგრეთვე მაჰმადიანთა საფლავის ბორცვები, მათზე დადებული დაუმუშავებელი ქვის ფილებით3.
მაშინ როცა ყველა ჩემს მიერ გამოკითხული ოსი მარწმუნებდა, რომ ზემოთ აღწერილი ორივე ტიპის სამარხი მათი წარმომავლობის არაა, არამედ ამ მხარეში მათ მოსვლამდე მცხოვრებ ხალხს ეკუთვნოდა, პროფესორმა დალბეშევმა მითხრა, რომ ყველა ისინი „ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით დღეს იქ მცხოვრებ ოსურ მოდგმას უნდა ეკუთვნოდეს. გადმოცემა ასახელებს გვარებს, რომლებიც ამა თუ იმ კოშკს ადრე სხვადასხვა წევრების დასასაფლავებლად იყენებდნენ. ეს ცნობა ჩადის მეშვიდე, ზოგჯერ მეათე თაობამდე და ამდენად ჩვენამდე 200-300 წლით ადრე უნდა თარიღდებოდნენ. მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ფაქტიურად 50-60 წლის წინ გვამებს ხანდახან იმ კოშკებში ათავსებდნენ, საიდანაც შემდეგ მიცვალებულებს მოგვიანებით მარხავდნენ; ამდენად უკანასკნელი დასაფლავება ამ კოშკებში სულ დიდი 50 წლის წინ მოხდა“.
1. 816 გვ-ზე მოცემულია სასაფლაოს ჩანახატი. სურათი #98 _ გ. გ.
2. აბიხი: სამოგზაურო წერილები, I, გვ. 567. ხშირად ესენი საოცრად გვანან ძველი ეტრურიის სამარხებს; იხსენებს კორნეტოში ნანახ ოსური ნაგებობის ტიპს.
3. სამარხთა არსებობა ხალხის წარმართობის ხანიდან, ისევე როგორც ქრისტიანული და მაჰმადიანური ეპოქებიდან ერთი და იგივე სასაფლაოზე, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ნაკლებ ღრმაა ფესვები ამ ორი დასახელებული კულტის რელიგიასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული შეუწყნარებლობისა; რაც სამარხთა თვალსაზრისით დღმდე ამ ხალხთან (ოსებთან_გ. გ.) ზღვარდადებულია.
აქ ნათლად ჩანს წინააღმდეგობა ერთი მხრივ მხარეებისა და ხალხის მკვლევარსა და მეორე მხრივ _ ადგილობრივების მიერ ჩემთვის მრავალჯერ განმეორებულ მტკიცებას შორის. აგრეთვე არ წარმოადგენდა ჩემთვის სიძნელეს, გავცნობოდი კოშკს შიგნით: თუ რა შეჰქონდათ ოსებს თავისი ოჯახის გარდაცვლილი წევრებისთვის წმინდა დღეებში. უეჭველია, ამ სამარხებს ჯერ კიდევ არსებული გვარებისად განიხილავენ. მე სურვილი მქონდა სამარხებიდან ნიმუშები წამეღო. მოსახლეობის მჭიდრო დაკავშირება ნაწილობრივ ქრისტიანულ, ნაწილობრივ მაჰმადიანურ რელიგიურ ფორმებთან აიხსნება თვალშისაცემი ფაქტებით. შესაძლებელია აგრეთვე, რომ მაცხოვრებელთა ჯანმრთელობისათვის მავნე გავლენის გამო, რასაც მიცვალებულთა „სახლები“ გამოსცემენ მომწამლავი ანაორთქლის სახით, უარი თქვეს მიწისზედა დასაფლავების ამ წესზე. კოშკებს, როგორც საცხობ ღუმელების კამერას, კარების ნაცვლად კედელში ჩვეულებრივ დატანებული აქვს ფანჯრისმაგვარი ღიობი (ხვრელი), რომლის დასაგმანს წარმოადგენს ფიქალის ფილა. გვამი ამ ხვრელით შეაქვთ შიგნით და მელიებისა და ტურებისგან დასაცავად ფიქალის ფილით ხურავენ. ზოგიერთ სათავსში (კამერაში) 10-12 გვამი იდო გვერდი-გვერდ, რომელთაგან ზოგი ჩონჩხად ქცეულიყო, ზოგი მთლიანად მუმიფიცირებული ან გაქვავებული იყო. ზოგი კედლის გასწვრივ დაბალ ქვის მერხზე ზის, ზოგი გაჭიმული წევს იატაკზე. როგორც ნახევრად სიბნელეში დავინახე, გვამების გვერდით და მათზეც ეწყო თიხის დოქები (კათხები), ლარნაკები და სხვა ჭურჭელი. ზოგი გვამი შემოსილია, მაშინ როცა ცალკეულ კოშკებში გვხვდება შეუმოსავიც. ასეთ შემთხვევაში ტანისამოსი კედელში შერჭობილ ჯოხზე ვნახე დაკიდული. უცნაური შესახედავია მჯდომარე გვამები. ასე მაგალითად, ძველი, გამხმარი ოსი ბატონი მედიდურად დაჭიმული იჯდა თავის სკამზე და დაუპატიჟებელ სტუმარს თვალების ბუდეებიდან თითქოს ბოროტად აშტერდებოდა. მეორეს, ფიქრებში წასულს, თავი მკერდზე დაეხარა; ზოგს კი სულაც მუხლებს შორის ჩამოვარდნოდა. ზოგიერთი კოშკის გარე კედლებზე უბრალოდ მიეყუდებინათ მიცვალებული, რომელთა კარგად შენახული ჩონჩხები დღესაც იქ დგანან. ყოველი ჩონჩხის გვერდით აწყვია თიხის დოქები (კათხები), რომლებსაც მიცვალებულის ყოველწლიურ დღეებში ავსებენ შესაწირი სასმელით _ლუდით ან არყით. ზოგიერთ ამ „ბატონს“თავი უკვე გვერდზე გადავარდნია. როგორც თმენ-კაუს მაცხოვრებლებმა დინნიკს1 უამბეს, გვამებით აკლდამების (კოშკების) გადავსება მოხდა 100 წლის წინ ეპიდემიის გამო; ამიტომ იქ ადგილი აღარ მოიძებნებოდა. პირველად მაშინ დაიწყეს სხვა სახის დამარხვაზე გადასვლა. ასევე დასნეულების შიშით ვეღარავინ ბედავდა კოშკებში შესვლას.
1. „ფიაგ-დონისა და გიზელ-დონის ხეობები~, (რუსეთის საიმპ. გეოგრ. საზ. კავკ. განყ.-ის ჩანაწერები, ტ. XV, გვ. 80).
დღევანდელი ოსები მიცვალებულს მიწაში მარხავენ და საფლავებზე საოცრად თავისებურ სტელებს დგამენ (ქვის წყობიანი, სარკოფაგის მსგავსი ნაგებობები უკვე გარდასულ ეპოქას განეკუთვნებიან). ეს სტელები 4 ფუტი სიმაღლის და 1 ½ ფუტი სიგანისაა; თეთრ ფონზე მათ ჭრელი ნახატი ახლავს, რომელიც ერთი შეხედვით შვარცვალდურ საათს მოგაგონებთ. როცა კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ჭრელ ხაზებს შორის პატარა ასოებია ხან განივად, ხან სიგრძივად მოთავსებული. შემხვდა როგორც ქართული, ისე არაბული დამწერლობა. ყოველ სტელას აქვს მომცრო გადმონაშვერი (დამცველი სახურავი). მთლად განსხვავებულია სტელები, რომლებიც გზის სიახლოვეს განმარტოებით დგანან ტრიალ მინდვრებზე; ისინი დაახლოებით 4 ფუტი სიმაღლის ქვის ვიწრო ფილებია თავისებური ჭრელი ნახატით (გამოსახულებით): იარაღის, ცხენების, აბჯრის და სარაინდო სხვა ატრიბუტების. ზოგიერთ მათგანზე ვხედავთ ქართულ ჯვარს; ზოგზე ქართული, ზოგზე არაბული წარწერებია. მე ვერ დავადგინე, იყო ეს საფლავის ძეგლი, ყანის სამანი (მიჯნა), თუ დიდებული გვარის უფროსის მემორიალური დაფა1. შეიძლება ესაა მემორიალური დაფები, რომლებიც გვანან ტიროლის ზოგიერთი მხარეების საფლავის დაფებს. მიცვალებულთა პატივისცემა ძველთაგან ოსების ცხოვრების ლამაზი და მნიშვნელოვანი წესია. ვახუშტი წერს ცხენებით შეჯიბრზე2, როცა ოსი წარჩინებული გარდაიცვლება. მხედრებს გზავნიან ძალიან შორს გარკვეული მიზნით; შემდეგ, რომელიც ყველაზე მალე დაბრუნდება, ასაჩუქრებენ და ყოველგვარი პატივით ხვდებიან. ამას ოსები განსაკუთრებული შემართებით იცავენ მიცვალებულის სულის გადასარჩენად [6].
ხომ არ აქვთ მემორიალურ ქვებს ამასთან საერთო?.. ...გზად გაიარეს სოფელი ჯახათი, რომლის მცხოვრებლები მეგობრულად შეხვდნენ. „აქ შევნიშნე ბევრი ლამაზი, სასიამოვნო სახის გრაციოზული ახალგაზრდა ქალიშვილი. ზოგიერთმა მამაკაცმა მუყაითად შემოგვთავაზა მორიგება ტვირთის გადასაზიდად“...
1. ჰაქსტჰაუზენი (II, გვ. 21) ამბობს, რომ ადამიანებს, რომელთაც მეხი კლავს, ითვლებიან წმინდანებად და წმ. ელიას მიერ წაყვანილად; რომ იმ ადგილზე მარხავენ, სადაც მეხი დაეცათ და ამ საფლავს პატივს სცემენ.
2. ვახუშტი, გვ. 441 [შდრ. „ქართლის ცხოვრება“, IV, გვ. 641 _ გ. გ.].
სოფელი თმენკაუ მდებარეობს 1900 მ სიმაღლეზე. მის ირგვლივ არე-მარე მოშენებულია და შეიძლება მცხოვრებთა კეთილდღეობაზე იფიქრო; ოღონდ არსად ახარებს თვალს ხე და ბუჩქი. სოფლის ახლოს განზე არის ზემოთ აღწერილის მსგავსი სასაფლაო. შენების ტიპი ყველა ოსური სოფლისთვის დამახასიათებელია: შეუხედავი სახლები აგებულია საკმაო გულისყურით დუღაბის გარეშე ფიქალის ნატეხებით; მათ შორის კვლავ ციხის მსგავსი ძველი წარმოშობის შენობები კოშკებით. ქვიშაქვის ფილების მშვენიერი, სოლიდური კედლების ფრაგმენტები, საგულდაგულოდ დამუშავებული გალავნის თაღის და სხვა სამშენებლო ელემენტების ნაწილები, რომლებიც სახლების პრიმიტიულ კედლებშია ჩასმული, იმაზე მიუთითებენ, რომ აქ ერთ დროს ადრეული კულტურული ეპოქის უკეთესი მშენებლობა უნდა არსებულიყო [7]. ალბათ ეს არის ეკლესიის ნაშთები. თუმცა საცხოვრებლები აქაც დიდი სისუფთავით გამოირჩევიან; სოფლის მრავალრიცხოვან მოსახლეობაში სიამოვნებით ვნახე სუფთა და მოვლილი ტანსაცმელი, როგორსაც შეიძლება შეხვდე კავკასიის მთებში. ბავ- შვებიც კი, რომლებიც სხვაგან ნახევრად შიშვლები, ჭუჭყიანები და ძონძებში დადიან, აქ სუფთად და ლამაზად იყვნენ ჩაცმული. თუ კაცებს ლამაზი და ტანადი ეთქმით, „სოფლის ლამაზები“ ამ სახელს სრულად იმსახურებენ. ძალზე მიმზიდველია მათი სახის წყობა; მუქი მბრწყინავი თვალები სასიამოვნოდ უპირისპირდება (კონტრასტშია) კანის ნაზ ფერს. სხეული იშვიათი პროპორციულია, ხოლო მოძრაობის გრაცია ზოგ ქალაქელ ქალბატონსაც შეარცხვენდა. ადამიანთა ჯიში მიუთითებს ქართულ ან ჩერქეზულ სისხლთან შერევაზე [8]. აქ ჩვენ გაგვიმასპინძლდნენ ლუდით, იყვნენ ზრდილობიანი და თავაზიანი; მხოლოდ დამღალა ამ ბუნებისშვილების მომაბეზრებელმა ცნობისმოყვარეობამ. [მერცბახერის მდგომარეობა გაუარესდა _ სიცხე, გულისცემა და გადაღლა _ გ. გ.]. ამ სოფელში ცხოვრობს ძველი ჯიხვებზე მონადირე, სახელად ტიფსარხო ცარახო, რომელიც ითვლებოდა მაღალმთიანეთის არე-მარის საუკეთესო მცოდნედ. ის 1889 წელს გაყოლია რუს ტოპოგრაფ პასტუხოვს ყაზბეგზე...1
1. ამ მონადირეს შეხვდა ცოტა მოგვიანებით და აღწერს მის გარეგნობას და ასვლას ყაზბეგზე ჩრდილოეთის მხრიდან (გვ. 831-832) _ გ. გ.
2. ამ საზიდარის სურათი მოცემულია I ტომის 763-ე გვერდზე. ესაა ორ- თვალა ურემი. ქვეშ მიწერილია _ კავკასიური არბა _ გ. გ.
თავისებური შესახედაობა აქვს ოსების საზიდარს, რომლითაც ისინი თივას ეზიდებიან ხეობის გარედან. ძირითადი ფორმებით ის ჰგავს ქართულ ურემს (არბას)2, ოღონდ უფრო უხეშადაა გამოთლილი და უზარმაზარ ბორბლებს შორის ჰკიდია ტირიფის წნულის კალათები, რომლებიც ქვემოთ წვეტიანია, დაახლოებით კილიანი ნავის ფორმისა. უბრალოდ, მაგრამ გააზრებულად დამაგრებული კალათები მუდამ ჰორიზონტალურად დაკიდებული რჩებიან, რაც არ უნდა დახრილად იდგეს საზიდარი. ბორბლის სალტეები, ერთთავად ხის პატარა ნაჭრებისგან უხეშად შეერთებული, მრგვალი ფორმის მაგივრად სინამდვილეში მრავალწახნაგაა. ამ საოცრად მოუქნელ ურემს ეწევიან ხარები ძალზე ციცაბო ფერდობის გასწვრივ; ამასთან, ხშირად ერთი ბორბალი ქვედაზე რამდენიმე ფუტით მაღალ დონეზე მოძრაობს, თუმცა ამის გამო საზიდარი არ გადაბრუნდება და არც ტვირთი კარგავს წონასწორობას...1
(801 გვ.) [გუდაურიდან მლეთისკენ გზაზე] ...ზემოდან მარცხნივ, არაგვის ხეობის ზემო შვერილების ირგვლივ და მარჯვნივ, ქსნის ხეობაში, როგორც პატარა სათამაშოები, ისე ჩანდა მრავალი ოსური სოფელი...2
1. გამოვტოვეთ გზად ცხელი სამკურნალო წყლის შესახებ ცნობა, რომელიც მყინვარის გვერდზე გადმოდის, სადაც ხალხი სამკურნალოდ ადის. ის მდებარეობს 2330 მ სიმაღლეზე. აღწერილია წყლის შემადგენლობა, ტემპერატურა და ა. შ. (828-829 გვ). აქ მან ხუთი დღე ავადმყოფობაში გაატარა (გვ. 836) _ გ. გ.
2. აქ ჩვენ გამოვტოვეთ ყაზბეგის მწვერვალებისა და მყინვარების აღწერა (841-845 გვ.); ზვავები და კატასტროფები თერგის ხეობაში (845-846 გვ.) და ლეგენდები გერგეტზე (848-50 გვ.) _ გ. გ.
(851-852გვ.) სახელწოდება „ყაზბეგი“ არაა მთის თავდაპირველი და ნამდვილი სახელი, არამედ ის პირველად რუსებმა შეარქვეს. ქართველები მას უწოდებენ მყინვარს, ე. ი. ყინულოვანი, სიტყვიდან ყინული. ოსები მას ეძახიან ურს-ხოხ-ს, ე. ი. თეთრი ან თოვლიანი მთა (_ ანუ მეორე მონბლანი), ასევე წერისტი-წუბ-ს, ე. ი. ქრისტეს მთა. პირველად ამ საუკუნის დასაწყისში იხმარეს სახელწოდება ყაზბეგი. როცა ქართული სამეფო კიდევ არსებობდა, მის ჩრდილო საზღვარზე, ყაზბეგის ძირას, სოფელ სტეფანწმინდაში გზის დასაცავად დააყენეს საზღვრის მმართველი (მოურავი) სახელად ყაზბეგი. მის მოვალეობას შეადგენდა თავისი ხალხით წესრიგში ჰქონოდა გზა, ხიდები, მიწაყრილები და ა. შ., დაეცვა მოგზაურები, მიეცა მათთვის მზიდავები, ეტლები და ცხენები. ეს მნიშვნელოვანი დავალებები მათ ბევრჯერ აკავშირებდა მოგზაურ რუს მაღალი თანამდებობის პირებთან. მოურავის სახელო ყაზბეგის გვარისათვის მემკვიდრეობითი იყო; და როცა რუსებმა მხარე და მისი ბატონიც დაიმორჩილეს, სოფელ სტეფანწმინდასაც და მის საპირისპიროდ აღმართულ მთასაც ყაზბეგი უწოდეს...1
(903 გვ.) [როდესაც მერცბახერმა ცხელ წყაროებთან არსებულ ქოხის პატრონს ზედმეტი ფული გადაუხადა, ამ უკანასკნელმა] დიდი მადლობის გამოსახატად მოინდომა აუცილებლად ხელზე ეკოცნა. ადამიანურად! _ ოსებში, როგორც ევროპაში...
(907-913 გვ.)... [ღამე გაატარა ლარსში, რადგან სურდა სახელგანთქმული საქართველოს სამხედრო გზა დღისით ენახა _ გ. გ.].
საქართველოს გზის სადგურის შენობები ისეთი დიდი და ელეგანტური ნაგებობებია, თითქოს ევროპულ სასტუმროებს ხედავდე და მიმნდობნი შესვლისას ელიან კომფორტულ სასტუმრო ოთახებს საუკეთესო საწოლებითა და სხვა ფუფუნებით, მაგრამ სადგურთა უმრავლესობაში მსგავსი არაფერია; აქვთ ცოტა რაოდენობით დიდი ოთახები მოგზაურთა საერთო სარგებლობისთვის. კედლის გასწვრივ დგანან ტყავგადაკრული მერხები, რომლებზეც საკუთარი საბნებითა და ქვეშაგებით უნდა მოიწყო ღამის სათევი. არ აქვთ ცალკე ოთახები და საწოლები. მხოლოდ ზოგიერთ სადგურზე შეიძლება ცხელი საკვების მიღება; სამაგიეროდ ბუფეტის კარადა სავსეა ცივი და საკმაოდ საეჭვო დელიკატესებით _ ყოველნაირი ძეხვეულისა და ყველის სახით, ასევე ბოთლების მთელი ჯარი აუცილებელი არაყით და სხვა შნაპსებით. ჭრელი ეტიკეტებით ჩამწკრივებული ეს ბოთლები ქმნიან კედლის მორთულობას. არც კახური ღვინო აკლიათ; ტფილისური ლუდიც და საეჭვო შამპანური მაცდუნებელი წარწერით ელიან მოყვარულს (გურმანს). დაბოლოს, მოგზაურს სურვილისამებრ ეძლევა სამოვარი, რათა თვით მოიდუღოს ჩაი. ყოველი სადგურის გადაღმა, როგორც წესი, დგას ერთი ან რამდენიმე დუქანი, სადაც შეიძლება იყიდო პური, ხორცი და სხვა პროდუქტები... თავის მოსაწესრიგებელი წყალიც კი ყველგან შესაძენია (შეიძლება იშოვნო). თუმცა სიმართლის სიყვარულით ცნობილი ნეტარი ალექსანდრე დიუმა ამბობდა, რომ სიტყვა „წყლის ტაშტი“ რუსულ ლექსიკონში არ გვხვდება და რომ რუსეთში, პეტერბურგისა და მოსკოვის გარდა, წყალს მდინარეთა გარდა ვერსად ნახავ, ისიც თოვლის დნობის პერიოდში. გონებამახვილი ფანტასტი შემდგომ გვიამბობს, რომ ერთხელ მას მიაწოდეს პირსაბანი ტაშტი (ჯამი), ამასთან ვერცხლის, მაგრამ ცარიელი და მეპატრონემ გაიკვირვა, როცა მასში ჩასხმული წყალიც მოინდომა. ზოგიერთ სადგურზე მოყვარულები ნახულობენ გასაყიდად გამოტანილ ჯიხვის რქებს და დიდი რაოდენობით კრისტალებს.......... ლარსის სადგური ძევს ბუჩქნარით დაფარული მაღალი, გუმბათოვანი (მომრგვალებული) თხემის მქონე ციცაბო ფერდის ძირში; ეს კლდეები ეკუთვნიან ყაზბეგის ჯგუფის ჩრდილოეთწინა მწვერვალებს... ფიქალიანი ფერდის (კედლის) წინწამოწეულ კალთაზე აღმართულია დანგრეული ციხის უძველესი ქვის კედელი. მისი მეპატრონეები განთქმული იყვნენ სიმამაცით, რომლითაც, გერმანელი ყაჩაღი რაინდების მსგავსად, ერთ დროს თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მიმავალ მგზავრებს.
1. აქ გამოვტოვეთ ასვლები ყაზბეგზე (852-54 და 862-70 გვ.) _ გ. გ.
თერგის კალაპოტში, სადგურის საპირისპიროდ, გვაოცებს უზარმაზარი დაგორებული ლოდები, რომლითაც ძალზე მდიდარია ხეობა ზემოთ სამხრეთისკენ. ცნობილია ერმოლოვის ლოდი; ესაა 29 მეტრი სიგრძის, 15 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის გრანიტის ბლოკი....
[8 ოქტომბერს დილით] ექვსცხენშებმული, ოთხადგილიანი ეტლი გველოდა ტფილისისკენ წასაყვანად. მგზავრობის ფასი _ 47. 88 მან. არ უნდა იყოს მაღალი მანძილის სიგრძის (დაახლ. 170 ვერსი) და ცხენების ცხრაგზის შეცვლის გათვალისწინებით. ეტლი ძალიან კარგი იყო, ბევრად კომფორტული, ვიდრე ომნიბუსი, რომელიც მხოლოდ 5 მანეთით იაფი ჯდებოდა1.
სამ კილომეტრზე ლარსის გზა გადადის თერგის მარჯვენა ნაპირზე ალექსანდრეს დიდი ხიდით და მიემართება 1800 მ სიმაღლის პირქუშ, შვეულ კედლებს შორის.....
1. ამას გარდა მგზავრების გადასაყვანად დანიშნულია რეგულარული მიმოსვლა დილიჟანსით, რომელშიც ვლადიკავკაზ-ტფილისის მთელი მარშრუტისთვის პირველი კლასის ადგილი 18 მან. ღირს, მეორე კლასის _ 12 მან., მესამე კლასის _ 11 მან. აქედან ჩანს, რომ ოთხკაციანი ჯგუფი უფრო იაფად მგზავრობს, როცა ეტლს იქირავებს, ამასთან უფრო კომფორტულადაც.
მგზავრობის სიჩქარე დამოკიდებულია ნაჩუქარი ფულის (ნა-ჩაი, ნავოდკა) სიდიდეზე, რომელსაც აძლევ ყოველ სადგურზე შეცვლილ მეეტლეს. ბატონი გულუხვია თუ არა, ამას შეცვლილი მეეტლე მაშინვე ატყობინებდა მომდევნოს. 20-30 კაპიკი მინიმუმია, მაგრამ გირჩევნია გასცე 50 კაპიკი და ცხენების შემბმელ მსახურს მცირე საჩუქარი უბოძო. ეს ხელგაშლილობა დაფასდება ცხენების სწრაფი და მზრუნველი შებმით. ე. წ. ტელეგა (ოთხთვალა) რომ დაიქირავო, საშინელი რყევისა და ჯანჯღარის გამო მგზავრობა ამ ურესორო ყუთში უაზრობაა; განსაკუთრებით, როცა ბევრი ბარგი გაქვს, რადგან ტელეგა ყველა სადგურზე იცვლება და ბარგის გადატანაც ხელახლა გიხდება. მეეტლეები _ მეტწილად თათრები _ არაჩვეულებრივად მარჯვე არიან და ცხენს უცვლელად მიაჭენებენ აღმართებშიც და დაღმართებშიც. ამასთან მკვეთრ მოსახვევებში ისეთივე შიშის მომგვრელი გაბედულებით შედიან, როგორც ენგადინელი (=ხეობა შვეიცარიის ალპებში _ გ.
გ.) საფოსტო გზის მეეტლეები.
[ბნელი ვიწრო ხეობიდან გამოვიდნენ ჯერ წიკლაურის წყაროსთან და მივიდნენ სტეფანწმინდაში (ყაზბეგში). აქვეა მისი და შემოგარენის ხედი _ გ. გ.]. ჩვენი მგზავრობისას ყველგან გზაზე ჩანდა საშინელი განადგურების კვალი, რაც წვიმიანი ზაფხულის წყალდიდობამ ჩაიდინა. მრავალი ასეული მუშა დაკავებული იყო მიყენებული ზარალის აღსადგენი სამუშაოებით. განსაკუთრებით ყაზბეგის სადგურთან ირეოდა ხალხი ჭიანჭველებივით, რომლებიც წაღებულის ნაცვლად ახალ ხიდს სდებდნენ თერგზე; სხვები კი, გზისთვის უსაფრთხო სახე რომ მიეცათ, გადმოვარდნისგან თავის დასაცავად, თოკით ეკიდნენ კლდოვან კედელზე და გნომებივით ურტყამდნენ უროს...... კობი არის ბოლო სოფელი ქედის ჩრდილოეთ მხარეზე....... ზოგან, მაგალითად, ე. წ. კულოგინის ხიდთან გზა კვეთს ისეთივე ველურ ხეობას1, როგორიც დარიალია. აქ ყურადღებას იქცევს ზოგან ხის, ზოგან ქვის გალერეები, რომლებმაც ზამთრის ზვავების დროს უნდა დაიცვან მგზავრთა მიმოსვლა.... მეორე თვალშისაცემი მოვლენაა დაკლაკნილ გზაზე მთათა კედლებიდან გადმომავალი მინერალური წყაროები, რომლებიც ისეთი რაოდენობით და სიძლიერით მოჩქეფენ, რომ არა მარტო ფერდს აძლევენ მოყვითალო-წითელ ფერს, არამედ გზის გამყოლ წყალუხვ ნაკადულებსაც ღებავენ. ზოგი 25-30 მ სიმაღლიდან ჩანჩქერად ვარდება მდინარეში. ესაა ცივი, ნახშირმჟავით ძალზე მდიდარი წყაროები.....
(74 გვ.) როკის გადასასვლელით (2992 მ) _ ლიახვის ხეობიდან, რომელიც მტკვარს ერთვის, საკის ხეობაში გადადიხარ; ის არდონის აღმოსავლეთის შენაკადია. რადგან არდონი იწყება მთავარი ქედის სამხრეთით და მას კვეთს ჩრდილოეთისკენ დინებით, ამიტომ ეს გადასასვლელი უშუალოდ აერთებს სამხრეთს ჩრდილოეთთან. საკმაო სიმაღლის მიუხედავად, შედარებით დამრეცი ფერდების გამო მან კავკასიის კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი როლის შესრულება უნდა შეძლოს: როგორც სარკინიგზო მაკავშირებელს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, ამ ადგილზე ყველაზე მცირე ტექნიკური დაბრკოლებები შეხვდებოდა. დანარჩენი გადასასვლელები თოვლიანია და მხოლოდ ზაფხულშია მათზე გზა გახსნილი.
1. ეს ვიწრობი ცნობილია ბაიდარა-ხეობის სახელით, რომელიც მომდინარეობს ოსი ბელადის ბაიდარას სახელიდან; მას რუსების მიერ ამიერკავკასიის დაკავებამდე ქართველ მეფე ერეკლე II-თან ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა: მას ევალებოდა ამ ძნელ მონაკვეთზე ტრანსპორტისა და მგზავრების დახმარება.
II ტომი
(56 გვ.) როცა ავტორი საუბრობს ხევსურებთან სისხლის ფასზე, მიყენებული ჭრილობის საფასზე ხორბლის მარცვლის რაოდენობით, ჰაქსტჰაუზენზე დაყრდნობით (ტ. II. გვ. 30) ამბობს, რომ მსგავსი წესი არსებობს ოსებთანაც.
(77 გვ.) როცა მერცბახერი საუბრობს ჩრდილო ხევსურეთში ხატს შეწირულ ჯიხვის (ირმის) რქებს ხანჯლით ჩეხენ, რომ ქურდებმა არ მოიპარონ ვლადიკავკაზში გასაყიდადო, ამბობს, რომ მსგავსი სამსხვერპლოები არის ოსებშიცო და იშველიებს აბიხს (ტ, I, გვ. 567).
(89 გვ.) ოსებში შეინიშნება ხევსურების ანალოგიური ზოგი წეს-ჩვეულება.
(100 გვ.) მიცვალებულებს ხევსურები ძველად მიწის ზემოთ კამერებში ათავსებდნენ; ახლა კი მიწაში მარხავენ... ოსების მსგავსად.
(102 გვ.) მიცვალებულის სახელზე ხევსურეთში დოღი იმართება; ისეთი, როგორც სანივაში ოსებთან აღვწერე.
(106 გვ.) ოსების საშუალო სიმაღლე თერგის მხარეში არის 1, 695 მ.
მცირე კომენტარები
[1] ვახუშტი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს:„ხაზართა მეფემან მისცა ქუეყანა კავკასოსი ძესა თვისსა ურბანოსს და ტყუენი ქართლ-სომხითისანი. ამან ამოსწყვიდა ნათესავი კავკასოსი, და დაეშენა აქა თვისითა და ტყვითა მით და უწოდა ოვსეთი. ესე არს ხაზარულად „ზოგი თესვად“, ვითამ _„ზოგი მოვსწყვიდე და ზოგი დავსხი თესვად“ (ქართლის ცხოვრება, IV, ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით. თბილისი, 1973. გვ. 632).
[2] ქ-ცხ. ვახუშტი: „ემძლავრნენ ოვსთა იქით თათარხანნი და აქეთ ლაქთემურის ელნი მაჰმადიანნი, და შემოივლტოდნენ კავკასიასა შინა, და დაიპყრნეს კავკასთა ნათესავნი, რომელ არიან დუალნი... განყოფასა ქართლისასა სამ სამეფოდ, დაშთა... დუალეთი ქართველთა მეფეთა, რომელნი მოსცემენ დღემდე ხარკთა მეფეთა“ (გვ. 654-655).
„პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გადმოსახლებულან ოსნი, და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან“ (გვ. 363-364).
„სარწმუნოებით არიან ძუელად ქრისტეანენი და სამწყსონი ნიქოზლისანი, და უფროს დუალნი. არამედ აწინდელთა ჟამთა დუალნი სახელით ოდენ ქრისტეანენი...“(გვ. 638).
როგორც ჩანს, დვალეთი ძველთაგან საქართველოს ეკუთვნოდა. აქ იყო „კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდკამარიანი მდინარესა ზედა... ... მეფეთაგან ქმნული“, რომ „არა ვიდოდენ თვინიერ მათსა ოვსნი“ (გვ. 655, 639). მას ჩრდილოეთისკენ ჰქონდა ერთი გასასვლელი, მაშინ როცა სამხრეთისკენ _ თერთმეტი. XIX ს-ში ჯერ ტფილისის გუბერნიის მთიულეთის ოლქში შედიოდა, შემდეგ შეუერთეს თერგის ოლქს.
[3] ვახუშტი (გვ. 638) „თავნი და წარჩინებულნი მათნი არიან მაჰმადიანნი, და დაბალნი გლეხნი ქრისტეანენი, გარნა უმეცარნი ორივეს რჯულისანი“...
4] ვახუშტისთან ეს გვარები ასეა დასახელებული: „ესე ოვსი განიყოფების ესოდენ გუარად: სიდამონად, ჭახილიძედ, თაგაურად, ქურთაულად, ბადელიძედ, ჩერქესიძედ, ბასიანად და არიანცა ესენი უწარჩინებულესნი სხუათა ზედა“... (გვ. 639 და 634).
[5] და [7] რაც შეეხება მშენებლობას, ვახუშტი ამბობს: „არღარა ხმარობენ ქვიტკირსა. გარნა აღაშენებენ სახლთა უსარკმელოდ, და მრავალსა ერთმანერთსა ზედა, და კოშკსა ფიქალთა ქვათაგან მიწით... ხოლო ძუელადნი არიან ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვიტკირისანი მეფეთაგან ნაშენნი...“(გვ. 640).
[6] ვახუშტი შემდეგნაირად აღწერს ამ შეჯიბრს: „უწყიან სულთა მკუდართა მათთა სახსრად და მოსახსენებლად, რომელსა უწოდებენ დოღსა, რამეთუ ცხენოსანთა კაცთა ორის სამის დღის სავლიდამ გამოუშვებენ, და რომელი მათგანი უპირველეს მივალს, მას მისცემენ ნიჭსა და გარდაიხდიან პურობასა და ლხინსა დიდსა, ვის რაი ძალ-უცს, და ჰგონებენ ამას სალხინებელად და საცხორებელად სულთათვის მკუდართა მათთა“ (გვ. 641).
[8] ვახუშტიც უქებს ოსებს გარეგნობას: „ხოლო კაცნი და ქალნი არიან შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ-თუალ-წარბნი, შავ-თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი“(გვ. 637).

Комментариев нет:

Отправить комментарий