სახელმწიფოებრიობის
სათავეების ძიების
პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია საქართველოს
ისტორიოგრაფიაში. უკანასკნელ დრომდე ამ
მიმართულებით მუშაობისას
ძირითადად ძველაღმოსავლური, ბერძნული, რომაული
და ძველი
ქართული წერილობითი წყაროებით ხელმძღვანელობდნენ
[მელიქიშვილი, 1989; გიორგაძე, 2001, 6-20; მუსხელიშვილი,
2001, 4-5; ლორთქიფანიძე ო.,
2001, 31-97; ლორთქიფანიძე მ.,
2001, 136-141; 2007, 148-152; ყორანაშვილი, 2001, 98-134; 2002,
103-189].
ბოლო
წლებში ივრის
ზეგანზე, არქეოლოგიური
დაზვერვების, სატელიტური და
აეროფოტოგადაღებების დეშიფრაციის შედეგად გამოვლინდა
ძვ.წ.
II ათასწლეულის დასასრულისა
და ძვ.წ.
I ათასწლეულის საწყისი
საუკუნეების პროტოქალაქური
დასახლებების მთელი
სისტემა, რომლის
სტაციონარული არქეოლოგიური შესწავლა, ვფიქრობ,
მეტ სიცხადეს
შეიტანს ამ
პრობლემის მეცნიერულ
დამუშავებაში.
ამ
საფუძველზე შესაძლოა
კარდინალურად შეიცვალოს
კავკასიის ტერიტორიაზე
უძველესი სახელმწიფოების
აღმოცენებისა და განვითარების კვლევის
პერსპექტივა, ერთ
ბლოკში გაერთიანდეს იგი წინააზიურ
ცივილიზაციებთან და
სრულიად ახლებურად
დააყენოს ამ
რეგიონში სახელმწიფო
ინსტიტუტის ჩამოყალიბების
პრობლემა.
კავკასიური
კულტურის ჩამოყალიბებისა
და განვითარების
ძირითადი საფუძველია
შიდა, მდიდარი
ბუნებრივი რესურსები
და ამ მყარ საძირკველზე
აღმოცენებული საზოგადოების
ეკონომიკური და
პოლიტიკური ინტერესების
ერთიანობა.
ამასთან
ერთად, საუკუნეების
განმავლობაში კავკასიური
კულტურის წინსვლის
ერთ-ერთ
მთავარ მამოძრავებელ
ძალას წარმოადგენს გარე სამყაროსთან
აქტიური კონტაქტები
და განსაკუთრებით კი ძველი
აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან
მეზობლობა.
კავკასია,
ორ ზღვას
შორის მდებარე
ხმელეთის ეს
ვიწრო ზოლი, ორი სამყაროს
– ევროპისა და
აზიის ერთ-ერთი
ძირითადი დამაკავშირებელი
რგოლია და,
ბუნებრივია, აქ
გამავალი სატრანზიტო გზებით იგი
საერთაშორისო ურთიერთობათა
სისტემაშია ჩართული,
ისტორიის ყველა
საფეხურზე.
მთაგორიან
კავკასიაში ეს
გზები მიემართება
ამ თვალსაზრისით ყველაზე მოსახერხებელი
მარშრუტებით, უმთავრესად
მდინარეთა ხეობებით.
გეოგრაფიული გარემოთი განპირობებული, მთათა
შორის გამავალი
ეს მაგისტრალები
ტრადიციული და
სტაბილური იყო, თუმცა, როგორც
თვით კავკასიაში,
ისე გარე
სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ და
ეკონომიკურ პროცესებთან
კავშირში ისინი
ხან აქტიურად
იყო დატვირთული,
ხან კი
სრულიად წყვეტდა ფუნქციონირებას. ამაზე დამაჯერებლად
მიგვითითებს არქეოლოგიურ ძეგლთა განლაგების
ტოპოგრაფია, რომელიც
ამ გზების
გასწვრივ ფიქსირდება.
სამხრეთ
კავკასიაში ამგვარ
ძირითად არტერიებს
წარმოადგენდა მდინარეების
– მტკვრის, რიონისა და არაქსის დაბლობები და ის ხეობები, რომლებიც დიდი კავკასიონის ქედის
უმთავრეს – ჯვრის და მამისონის უღელტეხილებს
უკავშირდება. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით გამოყენებული
იყო შავი და კასპიის ზღვების სანაპირო ზოლებიც.
სრულიად ცხადია, რომ ამ
ძირითადი საგზაო მაგისტრალების პარალელურად, სამხრეთ
კავკასიაში არსებობდა მათი განშტოებებიც, ასევე მდინარეთა ხეობების გაყოლებით, რომლებიც
ბუნებრივ რესურსებთან ერთად უაღრესად
მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდნენ ამა თუ იმ
კუთხის ადგილობრივი კულტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში და სიცოცხლისუნარიანობას მატებდნენ ძირითად სატრანზიტო არტერიებს.
როგორც ჩანს, სამხრეთ
კავკასიის ამგვარი, ბუნებრივი პირობებით მდიდარ რეგიონზე გამავალი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შიდა საგზაო მაგისტრალი უნდა ყოფილიყო, მდინარე
მტკვრის პარალელურად, ივრის ხეობის გაყოლებითაც,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში
მეტ-ნაკლები აქტიურობით ფუნქციონირებდა. ჩვენ ხელთ არსებულ, ძალიან ნაკლულ ფაქტობრივ
არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, მის
სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს
დღეს არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით – კერძოდ, სატელიტური და აეროფოტო მასალების დეშიფრირების
შედეგად მიღებული ინფორმაციაც.
ამ მონაცემებით ივრისპირებში და
მთლიანად ივრის ზეგანზე, მიმდებარე მტკვრის დაბლობის ჩათვლით, დაფიქსირდა ეპოქალურად მკვეთრად ცვალებადი რაოდენობის არქეოლოგიური ძეგლები. მისი ერთი ნაწილი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო, ძვ.წ. II ათასწლეულის
დასასრულისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი
საუკუნეების ქრონოლოგიურ ჩარჩოებში
თავსდება და მრავალი ღირსშესანიშნავი თავისებურებით გამოირჩევა.1 კერძოდ,
ივრის ზეგანზე,
ყოველი 3-4 კილომეტრის მანძილზე განფენილია
მძლავრი საფორტიფიკაციო
სისტემით დაცული ამ დროის
დიდი დასახლებები,
რომლებიც, როგორც
წესი, ორი ნაწილისაგან
შედგება. მთის
თხემზე განლაგებულია
ციტადელი, რომელიც რამდენიმე
მძლავრი გალავნით
და თავდაცვითი თხრილით არის
გარშემორტყმული. უშუალოდ
მათ გაგრძელებას მთის ფერდობზე
კი წარმოადგენს
ტერასებად დაგეგმარებული
საცხოვრებელი კვარტალები,
რომლებიც ასევე
მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობებით არის
დაცული (სურ.
2,3,4,5,6). იშვიათად, მაგრამ მაინც,
არის რამდენიმე
შემთხვევა განსაკუთრებით
მძლავრი თავდაცვითი
სისტემით გამაგრებული
ამ დროის
ნამოსახლარების აღმოჩენისა
ივრის ზეგნის
ვაკობ ადგილებში
– კერძოდ, დიდი შირაქის ველზე.
აქაც ისინი
ორწილადია – ციტადელი
და მისი გარე დასახლება.
თუმცა, ამ
შემთხვევაში ყურადღებას
იქცევს მათი განსაკუთრებით მოზრდილი
მასშტაბები (სურ.
5).
ივრის
ზეგანზე ამ
დროის დიდი
დასახლებების ირგვლივ
უმეტესწილად გვხვდება
მცირე დასახლებებიც.
ისინი თითქმის
ყოველთვის კომპაქტურ
ჯგუფებად არის
განლაგებული და,
ვფიქრობ, მათი გააზრება
კომპლექსურად, ერთობლიობაშია
აუცილებელი. ეს სრულიად რეალურად
მეჩვენება, რადგან
ერთი აეროფოტოს
დეშიფრირების მიხედვით,
ნაზარლების მთიანეთში,
რამდენიმე ასეთი დასახლების ირგვლივ
თითქოს ერთი,
საერთო გალავნის
არსებობაც კი
ფიქსირდება. თუმცა,
სრულიად აშკარად,
ამ შემთხვევაშიც ყველა ცალკეულ
მცირე დასახლებას
ირგვლივ დიდი
დასახლებების მსგავსი
დავდაცვითი ნაგებობები
ზღუდავს.
აერო
და სატელიტურ
გადაღებებზე კარგად
იკითხება, რომ
დიდი დასახლებების
უმეტესი ნაწილი
წინასწარ შედგენილი
პროექტის მიხედვით,
ერთდროულად ჩანს
აგებული. ამაზე
მიგვითითებს გალავნის შიგნით განლაგებული
სათავსოების მწყობრი
გეგმარება და
თვით თავდაცვითი
ნაგებობები, რომლებიც
ერთიან, რელიეფთან კარგად შერწყმულ,
მძლავრ საფორტიფიკაციო
სისტემას წარმოადგენს (სურ.
2-7).
1.
არსებობს რიგი მინიშნება, რომ ივრის ზეგანზე გავრცელებული ძვ.წ.
II ათასწლეულისა და ძვ.წ.
I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების კულტურის ძეგლები ერთ ბლოკშია განსახილველი მეზობელი რეგიონების და განსაკუთრებით მდინარე მტკვრის შუა დინების დაბლობის არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, როგორც ზოგადად – შინაარსობრივად, ისე კონკრეტულად – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
დიდი
დასახლებების დამცავ
გალავნებში ჩართულია
კარიბჭეები, რომლებიც საგანგებოდაა
გამაგრებული მძლავრი
ოთხკუთხი კოშკებით.
ამასთან ერთად,
ციტადელის საფორტიფიკაციო
სისტემაში სხვადასხვა
გალავნის კარიბჭე
ერთიმეორის მიმართ
ერთ ხაზზე არასოდეს არ
არის განლაგებული,
რათა მომხდურს
მაქსიმალურად დიდი
სიძნელეები შექმნოდა
ციტადელის ცენტრალურ
ნაწილში შესაღწევად.
ამავე მიზნით,
რიგ შემთხვევაში,
გარე კარიბჭე
ციტადელს უკავშირდება
საგანგებო, ვიწრო,
ორი მხრიდან
მძლავრი გალავნით დაცული დერეფნით.
ამგვარად,
ამ დასახლებების
თავდაცვითი ნაგებობების
გეგმარების ჩემთვის
ცნობილი თითქმის
ყველა დეტალი
წინააზიური ქალაქების თავდაცვითი სისტემის
იდენტურია [Hoofdstuk, 1947; Bittel, Naumann,
1952].
ეს
თანაბრად შეეხება
ივრის ზეგანზე
დაფიქსირებული ამ
დროის ყველა
დასახლების საფორტიფიკაციო
ნაგებობების სამშენებლო ტექნიკასაც. ეს
არის ქვის
მოზრდილი ბლოკების
მშრალი წყობით ნაგებ, 4-5 მეტრის
სიგანის საძირკველზე
ამოყვანილი, დიდი
ხის მორების
ბადური, ჰორიზონტალურად
განლაგებული დაფენებები, რომელთა ღიობები
შევსებულია ქვა-ღორღით.
ამგვარად აგებული გალავნის შიდა
და გარე
მხარე, როგორც
ჩანს, იფარებოდა
წნული სარ-ლასტით
და შემდეგ
ილესებოდა თიხის
სქელი ფენით.
ამ კონსტრუქციის აღდგენა შესაძლებელი
გახდა დედოფლისწყაროსთან „ტახტიფერდას“ ძვ.წ.
XVII-XVI საუკუნეების ნაციხარის
გათხრების დროს.
აღნიშნული ძეგლი
მიწისძვრისა და
მძლავრი ხანძრის
შედეგად ჩანს
განადგურებული, რის
გამოც მისი
გალავნისა და
ოთხკუთხი კოშკების
მშენებლობის ამგვარი
წყობა კარგად
ფიქსირდება დამწვარი
ძელებისა და
სხვა ბევრი
მონაცემის მიხედვით.
მხოლოდ ამ
აღმოჩენის შედეგად
გახდა შესაძლებელი
იმის ახსნა,
თუ რატომ იყო ივრის
ზეგანზე ძვ.წ.
II ათასწლეულის დასასრულისა
და ძვ.წ.
I ათასწლეულის
დასაწყისის ნამოსახლართა
ციტადელების ირგვლივ არსებული გალავნების
ქვის საძირკვლები
დაფარული წვრილი
ქვაღორღის სქელი
ფენით. ქვის
საძირკვლებზე ამგვარი
ყრილები გვხვდება
ივრის ზეგნის
თითქმის ყველა
დასახლების ციტადელის და ხშირად
ქვედა დასახლების
ირგვლივაც, რაც
გვაფიქრებინებს, რომ დამცავი
ნაგებობების მშენებლობის
ეს ტექნიკა,
ისევე როგორც მთელ წინა
აზიაში (Naumann, 1971), ძვ.წ.
II ათასწლეულის ბოლოს
და ძვ.წ.
I ათასწლეულის საწყის
საუკუნეებში ივრის
ზეგანზეც ტრადიციულია.
დამცავი კედლების
ამგვარი კონსტრუქციის
არსებობა ივრის
ზეგანზე კარგად
დაადასტურა ძვ.წ.
XII-XI სს. უდაბნოს ქალაქური ტიპის
დასახლებების გათხრებმაც
[Pitskhelauri, 2002;
Korfmann, Picxelauri, Bertram, Kastl, 2003].
არსებითია, რომ
იგი სამხრეთ
კავკასიის ცენტრალური
ნაწილის არქეოლოგიურ
ძეგლებზე მოგვიანებითაც
გვხვდება.
სატელიტური
და აეროფოტოგადაღებების
დეშიფრირება ხშირად საშუალებას იძლევა
აღვადგინოთ ამ
დასახლებების წყალმომარაგების საკმაოდ რთული
სისტემაც, რომელიც,
როგორც ჩანს,
მთის თხემზე
არსებულ ციტადელს
საიდუმლო გვირაბებით
აკავშირებდა წყლის
რესურსებთან. აღნიშნული
დანიშნულების ნაგებობების
მშენებლობა საკმაოდ
რთულია და
დიდ საინჟინრო
ცოდნაგამოცდილებას მოითხოვდა.
იგი, ისევე
როგორც ამ
დროისათვის გრანდიოზული
თავდაცვითი სისტემების
დაგეგმარება და
მშენებლობა, უაღრესად შრომატევად
სამუშაოებთან არის
დაკავშირებული, რაც მძლავრი
და სოციალურად
მაღალ საფეხურზე
მდგომი საზოგადოების
მიერ ადამიანთა
მნიშვნელოვანი მასების
კარგ ორგანიზაციაზე უნდა ყოფილიყო
დაფუძნებული.
ძვ.წ.
II ათასწლეულის დასასრულისა
და ძვ.წ.
I ათასწლეულის საწყისი
საუკუნეების არქეოლოგიური
ძეგლები ივრის
ზეგანზე, გარდა ნამოსახლართა
კარგად გააზრებული
ტოპოგრაფიული განლაგებისა და ერთიმეორის
მსგავსი სამშენებლო
ტექნიკით ნაგები, მწყობრად დაგეგმარებული
მძლავრი საფორტიფიკაციო
და საცხოვრებელი კვარტალების ერთიანი
ხასიათისა, გამოირჩევა
დახვეწილი ტექნოლოგიით
დამზადებული კერამიკული
და ბრინჯაოს
ნაწარმის იდენტურობითაც.
ივრის ზეგანზე განსაკუთრებული სიმრავლით იქცევს ყურადღებას ამ დროის ბრინჯაოს საბრძოლო იარაღი – მახვილები, სატევრები,სხვადასხვა ზომის და დანიშნულების შუბისპირები, ცულები, ისრისპირები და სხვ. [Picchelauri, 1997. Taf. 11-26; 37-46, 47 (627-630), 51-61, 62(955-957), 72-86, 99-102].
თუ ამ დროის შესწავლილი სამარხების მიხედვით ვიმსჯელებთ, თითქმის ყველა მამაკაცი, თავის სამოქალაქო საქმიანობასთან ერთად, ერთდროულად მეომარიც იყო, რადგან, როგორც წესი, საომარი იარაღის თანხლებით არის დაკრძალული. ამ შემთხვევაში კი ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ საზოგადოებას, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ, საჭიროების შემთხვევაში შეეძლო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ლაშქრის შეკრება.
ამ დროის საბრძოლო იარაღის საჩამომსხმელო ტექნიკა დაკონსტრუქცია, თავისი მაღალი დონით და დახვეწილობით, გამორჩეულია მთელ გარე სამყაროში.
ჩვენ თემატიკასთან დაკავშირებით აუცილებელია შევჩერდეთ ბრინჯაოს ე.წ. ბოლოკვეთილ მახვილებზე [Picchelauri, 1997, Taf. 37- 44; Pizchelauri, 1984, Abb. 45, 46, 55-58, 63], (სურ. 81). მას აქვს ლითონის ძლიერი ტარი, განიერი და გრძელი სამუშაო პირი კი ორპირლესილია, ბოლოში მომრგვალებული ან წაკვეთილი, რომელიც საგანგებოდ არის გამსხვილებული და დამძიმებული, რაც მას განსაკუთრებულ საჩეხ ფუნქციას ანიჭებს. ამ მახვილების მოზრდილი ზომები და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ ისინი მხოლოდ მხედრისთვის იყო გათვალისწინებული და კონკრეტულად ცხენდაცხენ საჩეხი დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ასევე, ღრმა ანალიზის შედეგად არის ჩამოყალიბებული მათი თანადროული, ივრისა და ალაზნის ზემო დინებისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს მოკლე მახვილების ყველა დეტალი. მათი საბრძოლო პირის ბოლო ასევე გამსხვილებულია, დამძიმებული და საჩეხ ფუნქციას ატარებს, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, ფეხოსანი მეომრებისთვის არის განკუთვნილი და, შესაბამისად, ორჯერ უფრო მოკლეა და მსუბუქი [Picchelauri, 1997, Taf. 45, 46(610-620)], (სურ. 72).
ბრინჯაოს გრძელი ბოლოკვეთილი მახვილების დიდი რაოდენობა და მათი მხოლოდ ცხენდაცხენ სახმარი დანიშნულება, ცხადია, მიგვანიშნებს, რომ ივრის ზეგნის თანადროულ საზოგადოებას შეეძლო ომის შემთხვევაში ლაშქარში ჰყოლოდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ცხენოსანთა შეიარაღებული ერთეულებიც უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დატვირთვით. ამის დასტური უნდა იყოს ისიც, რომ ივრის ზეგნის ძეგლებზე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების ბრინჯაოს და რკინის ლაგმები. კერძოდ, ამ დანიშნულების ნივთები მელაანის ომის ღვთაების ტაძარში ათეულობით არის შენაწირი დიდ ჯგუფებად [Picchelauri, 1997, Taf. 92; Pizchelauri, 1984, Abb. 53,54], (სურ. 7), რაც ამ პერიოდში ცხენოსნობის განსაკუთრებულ განვითარებაზე მიგვითითებს.
ივრის ზეგნის ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების საზოგადოების მნიშვნელოვან სოციალურ დაწინაურებაზე და დიდ სამხედრო პოტენციალზე უნდა მეტყველებდეს ის ფაქტიც, რომ, როგორც ჩანს, მათ სამხედრო აღჭურვილობაში ჰქონდათ საბრძოლო ეტლებიც, რაც სამხედრო შენაერთებში რეგულარული ნაწილების არსებობასაც არ უნდა გამორიცხავდეს. ამაზე კონკრეტულად მიგვითითებს დედოფლისწყაროსთან, მთა გოხებზე, სამლოცველოზე აღმოჩენილი საბრძოლო ეტლის ბრინჯაოს ცხენებშებმული მოდელი [Pizchelauri, 1984, Abb. 62], რომელიც თანმხლები მასალის მიხედვით კარგად თარიღდება ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეებით. არსებითია, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში საბრძოლო ეტლი უკვე ძვ.წ. XIV-XIII საუკუნეებიდან ჩნდება, როდესაც მთელ ამ რეგიონში, ივრის ზეგნის ჩათვლით, ჯერ კიდევ ერთიანი კულტურის არსებობაა დადგენილი [ფიცხელაური, 1973, 148, 161, 163, 164; ფიცხელაური კ.კ., 2005]. ამას გვიდასტურებს სევანისპირეთში, ლჭაშენის სამარხებში საბრძოლო ეტლების ბრინჯაოს მოდელების აღმოჩენა [Мнацаканян, 1960, рис. 5,7; Деведжян, 1981, рис. 6; Esayan, 1990, ABB 4,5].
თუ ყოველივე ზემოაღნიშნულს გავითვალისწინებთ, არ უნდა გამოირიცხოს, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს და უფრო კი ძვ.წ. I ათასწლეულის საწყის საუკუნეებში, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში არსებობდა საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ჰქონდა საფორტიფიკაციო ნაგებობებით საიმედოდ გამაგრებული დასახლებები და საჭიროების შემთხვევაში ბრძოლის წინ შეეძლო შეეკრიბა კარგად შეიარაღებული ლაშქარი ქვეითი, ცხენოსანი და საბრძოლო ეტლების ქვეგანაყოფებით და ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია საუკეთესოდ შეიარაღებული საჯარისო ნაწილების შემოსევისათვის.
მე დასაშვებად მიმაჩნია ვიფიქროთ, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, სწორედ ამგვარი ძალა აღუდგა წინ ურარტუს ძლიერ სამხედრო შენაერთებს და შეაჩერა მისი წინსვლა ჩრდილოეთით. ამაზე შეიძლება მიგვითითებდეს ის, რომ სევანის ტბის მიდამოები ურარტული კულტურის ძეგლების ჩრდილოეთით გავრცელების მკვეთრი საზღვარია. უფრო ღრმად კი სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მხოლოდ თითო-ოროლა ურარტული ნივთის აღმოჩენაა დადასტურებული [ფიცხელაური, 1965, ტაბ. XIV(3); ფიცხელაური, 1973, გვ. 164; Kossak, 1983, Abb. 29,30; Погребова, 1967], რაც, არ არის გამორიცხული, სამხედრო ნადავლს წარმოადგენდა.
მაგრამ, ცხადია, ყოველივე ამასთან ერთად, პირველ რიგში აუცილებელია იმ ეკონომიკური საფუძვლების ძიება, რაც ამ, ჩემს მიერ დასაშვებად მიჩნეული ცივილიზაციის ჩამოყალიბების ძირითადი საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნა სამხრეთ კავკასიაში ეს ის ეპოქაა, როდესაც საზოგადოება ეუფლება რკინის წარმოებას. მეცნიერებაში მიღებული თეზაა, რომ აღნიშნული სიახლე მეტალურგიულ წარმოებაში ძირფესვიანად ცვლის განვითარების ტემპებს, რის გამოც მას რევოლუციურ როლს ანიჭებენ ადამიანის საზოგადოების წინსვლის პროცესში. ამგვარად, საერთო აღიარებით, საზოგადოება, რომელსაც ათვისებული ჰქონდა რკინის წარმოება ამ ადრეულ პერიოდში, ეკონომიკურად გამორჩეულად ძლიერი უნდა ყოფილიყო და, შესაბამისად, დაწინაურებული სოციალური წყობა ჰქონოდა.
როგორც ჩანს, ივრის ზეგანზე მცხოვრებ საზოგადოებას განვითარების ამ ეტაპების დასაუფლებლად ყველა წინაპირობა ჰქონდა.
ამ რეგიონში საგანგებოდ ჩატარებული გეოლოგიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ იგი მდიდარია უმაღლესი ხარისხის, იმ დროისათვის საკმარისი რაოდენობის რკინის მადნით [მგელიაშვილი, 1988]. არქეოლოგიურმა დაზვერვებმა კი ისიც დაადასტურა, რომ აღიშნული მადანგამოვლინებები ინტენსიურად მუშავდებოდა უკვე ძვ.წ. II-I ათასწლეულთა მიჯნაზე. ამაზე მიგვითითებს აქ არსებული რკინის მადნის მომპოვებელი არაერთი ძველი ღია კარიერი და რკინის გადამამუშავებელი მრავალი სახელოსნო.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ამ რეგიონიდან რკინის არტეფაქტები ნაკლებადაა ცნობილი, შეიძლება დავუშვათ, რომ ივრის ზეგანზე ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე არსებული ცივილიზაციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური საფუძველი და განვითარების წარმმართველი ძალა რკინის მეტალურგიული წარმოება იყო. არ უნდა გამოირიცხოს, რომ იგი განსაკუთრებული სოციალური დაწინაურების ბერკეტადაც ქცეულიყო.
ამგვარად, ყოველივე ეს – ა) ნამოსახლართა წინასწარი პროექტით აგება და მკაცრი, მთლიანი სისტემური გეგმარება; ბ) ერთიმეორისაგან მკვეთრად გამოყოფილი შიდა ციხე-ციტადელი და მის გარეთ საცხოვრებელი დასახლება; გ) ერთიანი დიდი ტრადიციების მქონე, მაღალგანვითარებული სამშენებლო ტექნიკით ნაგები მძლავრი საფორტიფიკციო ნაგებობები, რომლებიც უახლოეს პარალელებს წინა აზიის ცივილიზაციების ძეგლებთან პოულობს; დ) დახვეწილი ტექნოლოგიით დამზადებული და უმაღლესი თვისებების მქონე საომარი იარაღით აღჭურვილი ქვეითი, ცხენოსანი და საბრძოლო ეტლების სამხედრო შენაერთები, რაც ივრის ზეგნის საზოგადოების უდიდეს სამხედრო პოტენციალზე მეტყველებს; ე) სასარგებლო წიაღისეულის და გეოკლიმატური პირობების საფუძველზე განვითარების უმაღლეს დონეზე ასული საწარმოო ძალები და საშუალებები – სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, მეთუნეობა, ბრინჯაოს და რკინის მეტალურგია და ლითონდამუშავება და სხვ. ამის აშკარა დასტური უნდა იყოს ივრის ზეგანზე დასახლებებიდან განცალკევებით არსებული სამეთუნეო და ლითონდამუშავების დიდი სახელოსნო კომპლექსების გამოვლენა (ხირსა, ქვემო ქედი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა სახის საწარმოო იარაღის მრავლად აღმოჩენა, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნედლეულის დასამუშავებელ ხელსაწყოებს; ვ) ივრის ზეგნის მდებარეობა კავკასიაზე გამავალ ერთ-ერთ ძირითად სატრანზიტო საგზაო მაგისტრალზე, რაც უდიდესი ფაქტორია აღნიშნული რეგიონის გარე სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან დასაკავშირებლად და იქიდან მომდინარე პროგრესული იმპულსების მისაღებად; ზ) საზოგადოების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებზე დაფუძნებული ერთიანი იდეოლოგიური პრინციპების არსებობა, რასაც სამოსახლოებიდან მოშორებით მდებარე დიდი სამლოცველოები გვიდასტურებს [Pizchelauri, 1984[, სადაც მთავარი ადგილი ეკავა ნაყოფიერებისა და ომის ღვთაებისადმი მიძღვნილ კულტმსახურებას; თ) რკინის მეტალურგიის და ლითონდამუშავების უპირატესი განვითარება, რაც საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ძირითადი მასტიმულირებელი შეიძლება გამხდარიყო; ი) სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის მთასა და ბარში ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების ნამოსახლარებისა და სამაროვნების განსაკუთრებით ხშირი ქსელის არსებობა, რაც წინა პერიოდებში არ შეინიშნებოდა – რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ ეპოქაში მოსახლეობის მნიშვნელოვან დემოგრაფიულ აფეთქებაზე უნდა მიგვითითებდეს, რაც, ცხადია, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესთან და პოლიტიკურ სტაბილურობასთან.
ბუნებრივია, რომ ზემოაღნიშნულთან შესაბამისობაში იყო თანადროული საზოგადოების განვითარების სოციალური დონეც, რომელიც, სავარაუდოა, წინა საფეხურებს ბევრად უსწრებდა წინ.
ვფიქრობ, ყოველივე ამასთან ერთად, ჩემ ვარაუდს – ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნის ახლო ხანებში სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მძლავრი პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო არსებობის შესახებ, რაც მე ადრეც მქონდა შენიშნული [ფიცხელაური, 1973, გვ. 164], მეტ დამაჯერებლობას შეძენს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ივრის ზეგნის მოპირდაპირედ, ყარაბაღის მთიანეთის წინა ზოლში, სოფ. ბორსუნლუსა და სოფ. სარიჩობანის მახლობლად, ამ დროით დათარიღებული მდიდრული ყორღანული სამარხების აღმოჩენა [Джафаров, 1986, 1993]. აქ დიდ დასაკრძალავ დარბაზებში, ივრის ზეგნის იდენტურ მრავალრიცხოვან ადგილობრივ და იმპორტულ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, აღმოჩნდა მთავარი მიცვალებულისათვის შეწირული არაერთი ადამიანი და შეკაზმული ცხენები, რაც აღნიშნულ სამარხებში დაკრძალული პიროვნების არა მარტო ქონებრივ გამორჩეულობაზე, არამედ უმაღლეს სოციალურ სტატუსზეც უნდა მიუთითებდეს თანადროულ საზოგადოებაში.
ყოველივე ეს, ერთობლიობაში, თითქოს ქმნის იმის რეალურ საფუძველს, რათა ვივარაუდოთ, რომ არქეოლოგიურ ძეგლთა ეს კომპლექსი სოციალურად საკმაოდ დაწინაურებულ საზოგადოებას ეკუთვნოდა.
ვფიქრობ, ახლად მოშველიებულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, მეტი სიცხადით შეიძლება საუბარი ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში და უფრო ადრეც, სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ქართული ეთნოსის არსებობის შესახებ.
ამ საკითხზე მსჯელობისას მე ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი წერილობითი წყაროს, XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის თხზულების _ „ცხოვრება ქართუელთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა“-ს იმ ნაწილზე [ლეონტი მროველი, 1955, 3-11], სადაც იგი, როგორც ფიქრობენ, მის ხელთ არსებულ ძველ წყაროებზე დაყრდნობით, ზოგადად კავკასიის და კერძოდ, ქართველ ტომთა შესახებ წინაკლასობრივი ეპოქის სანდო ისტორიულ-გეოგრაფიულ ცნობებს გვაწვდის [ჯავახიშვილი, 1945, 183; კეკელიძე, 1923, 54; Церетели, 1941; ლორთქიფანიძე, 1966, 11; ჭილაშვილი, 1958, 5-14,19 და რუკა; ყორანაშვილი, 2002, 180, 294].
დ. მუსხელიშვილმა ეს ცნობები კონკრეტულად ძვ.წ. IV-III საუკუნეების ვითარების ამსახველად მიიჩნია [მუსხელიშვილი, 1966]. მეც მქონდა შესაძლებლობა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი, სადაც აღნიშნული ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობების ერთი ნაწილი უფრო ძველ ეპოქას მივაკუთვნე და ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულის თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ამბების ამსახველად მაინც ჩავთვალე [ფიცხელაური, 1973, 196-197].
ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჩემი ძირითადი არგუმენტი იყო აღნიშნულ წერილობით წყაროში მოცემული ისტორიულგეოგრაფიული ცნობების, კერძოდ, ქართველ ტომთა განსახლების საზღვრების დამთხვევა კონკრეტული პერიოდის არქეოლოგიური კულტურების განვრცობის ფარგლებთან.
ამჟამად ამ მტკიცებულებას თითქოს მეტი საფუძველი ეძებნება და შესაძლებლობა გვეძლევა ამ ცნობების ერთი ნაწილი უფრო ძველ ეპოქასაც კი დავუკავშიროთ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული წერილობითი წყარო საქართველოს ისტორიის უძველესი ეპოქის გადმოცემას იწყებს ბიბლიური პერსონაჟით თარგამოსით, რომელმაც თავისი წილი ქვეყანა – კავკასია რვა შვილს გაუყო – ჰაოსს, ქართლოსს, ბარდოსს, მოვაკანს, ლეკს, ჰეროსს, კავკასს და ეგროსს [მროველი, 1955, 4]. ამ რვა შვილს შორის ერთ-ერთი იყო ქართველთა მამამთავარი ქართლოსი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ ქართლოსის კუთვნილი ქვეყანა მის ხუთ შვილს – მცხეთოსს, გარდაბოსს, კახოსს, კუხოსს და გაჩიოსს შორის გაანაწილა [მროველი, 1955, 8-9].
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წერილობით წყაროში მითითებული როგორც ქართლოსის, ისე მისი ძმის ჰეროსის და ქართლოსის შთამომავლების კუთვნილი ტერიტორიების საზღვრები, რომელიც წყაროში სკრუპულოზურად არის აღწერილი, ემთხვევა არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადგენილი, გარკვეული პერიოდების არქეოლოგიური კულტურებისა და მათი ლოკალური ვარიანტების გავრცელების საზღვრებს2.
კერძოდ, ჩემ ხელთ არსებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით, სრულიად უეჭველია, რომ ქართლოსისა და მისი ძმის ჰეროსის წილი ქვეყნების საზღვრები ერთად, ემთხვევა შუაბრინჯაოს ხანის – ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრის თრიალეთური კულტურის [Кушнарева, 1983; 1993, 98-171, სურ. 33(1); ჯაფარიძე, 2003, 165-172; გოგაძე, 1972; Puturidze, 2003, 112; Мартиросян, 1964, 74; ჯაფარიძე, 1969, 9-13; Куфтин, 1949, 16,34-35] და მასთან გენეტიკურად დაკავშირებული მისი მომდევნო დროის – გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის გავრცელების საზღვრებს [კ. ფიცხელაური, 1973, 163, 164; კ.კ. ფიცხელაური, 2005], როდესაც ეს კულტურები მეტ-ნაკლებად ერთიანი სახით არის წარმოდგენილი, ცხადია, გარკვეული შიდა ნიუანსებით.
2. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მხარეში ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ერთნაირი სისრულით არ არის შესწავლილი, რის გამოც კვლევის ამ ეტაპზე მე შემოვიფარგლე წერილობითი წყაროს მონაცემებისა და არქეოლოგიური კვლევის შედეგების მხოლოდ ნაწილობრივი შეჯერებით. ამ მიზეზით ჩემი მხედველობის სფეროდან შეგნებულად გამოვტოვე წერილობითი წყაროს მიხედვით ქართლოსის შვილების – გარდაბოსისა და გაჩიოსის წილხვედრი ტერიტორიები.
როგორც დავინახეთ, წერილობითი წყაროს მიხედვით, ქართლოსის წილი ქვეყანა მისი გარდაცვალების შემდეგ ნაწევრდება. ამასთან დაკავშიორებით განსაკუთრებით არსებითია ის, რომ წერილობითი ცნობების მსგავსად, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვითაც, იმავე ტერიტორიაზე, განვითარების შემდგომ საფეხურებზე იწყება ერთიანი ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის დანაწევრება. ჯერ გვიანბრინჯაოს ხანის II პერიოდში, ძვ.წ. XIII საუკუნეში მდინარე მტკვრის შუა დინების დაბლობში, დღევანდელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩნდება ე.წ. ფოთლისებური სატევრისპირების კულტურა3, რომლის გავრცელების არეალიც თითქმის ზუსტად ემთხვევა წერილობით წყაროში დადასტურებულ, ქართლოსის ერთ-ერთი შვილის მცხეთოსის წილი ქვეყნის განვრცობის საზღვრებს. ქართლოსის ძმის ჰეროსის კუთვნილ ტერიტორიაზე კი ამ დროს მრავალი თავისებური ნიშნით გამორჩეული, წინარე ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის ფესვებზე აღმოცენებული ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევრების და მახვილების კულტურა გამოიყოფა, რომელიც მოიცავს არა მარტო ჰეროსის წილი ქვეყნის ფარგლებს, არამედ მთლიანად იორ-ალაზნის ორმდინარეთს, დასავლეთით მდინარე არაგვამდე და სამხრეთით მტკვრამდე.
განვითარების შემდგომ საფეხურზე, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში კი ამ რეგიონში არქეოლოგიური კულტურის სეგმენტაციის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომლის შეჯერება წერილობით წყაროს მონაცემებთან საკმაოდ მყარ საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ იმ საზოგადოების ეთნიზაციაზე მსჯელობისათვის, რომელსაც არქეოლოგიურ მასალათა ეს ჯგუფები ეკუთვნოდა.
3. აქ არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ამ კულტურის უმთავრესი არტეფაქტი – ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრისპირი, და არა მხოლოდ ის, ადგილობრივ ფესვებზე არ ჩანს აღმოცენებული. მისი წინარე ხანის სატევრები, როგორც სამხრეთ კავკასიის მთელ ცენტრალურ ნაწილში, ისევე ამ რეგიონში, სულ სხვა ტიპისაა – ბრინჯაოსტარიანია და განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას. ამასთან ერთად, საყურადღებოა ისიც, რომ ფოთლისებური სატევრისპირების შემდგომი დროის იგივე დანიშნულების იარაღი იმავე ტერიტორიაზე დიამეტრალურად განსხვავდება მისგან. ეს კვლავ ბრინჯაოსტარიანი სატევრებია, რომლებიც ძველი ადგილობრივი კულტურის ტრადიციებზე ჩანს განვითარებული. ამგვარად, ფოთლისებური სატევრისპირები, რომლებიც გვიანბრინჯაოს ხანის II საფეხურის არქეოლოგიური მასალებისთვის არის დამახასიათებელი, ამ რეგიონში სრულიად უცხო სხეული ჩანს და დროის მხოლოდ მოკლე მონაკვეთში არსებობს. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, მას უახლოესი პარალელები ეძებნება დასავლეთ ევროპულ თანადროულ მასალებთან როგორც ზოგადად ფორმით, ისე ცალკეული დეტალების მიხედვითაც კი. ვფიქრობ, შემდგომში ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ეს დისონანსი ადგილობრივი კულტურის განვითარებაში საგანგებო განსჯის საგნად უნდა იქცეს. მითუმეტეს, რომ ამ ეპოქის არქეოლოგიური მასალის კვლევა-ძიებისას, სამხრეთ კავკასიის ევროპასთან კავშირურთიერთობის გააქტიურებას საკმაოდ რეალურ საფუძველს უძებნიან [კ.კ. ფიცხელაური, 2008].
ეს მონაცემები შემდეგია. პირველი და უმთავრესი ის არის, რომ მტკვრის შუა დინების დაბლობში, რომელიც ქართლოსის ერთერთი შვილის მცხეთოსის წილი ქვეყანაა და სადაც გვიანბრინჯაოს ხანის მეორე საფეხურზე, დაახლოებით ძვ.წ. XIII საუკუნეში, ამ მხარისათვის უცხო არტეფაქტების შემცველი ე.წ. ფოთლისებური სატევრისპირების კულტურა იყო გავრცელებული, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, სტაბილურად ძველ საზღვრებში, ამ მხარისათვის დამახასიათებელი ხდება თავისებური არტეფაქტების მთელი ბლოკი, რომელიც გენეტიკურად ძველ, გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ცენტრალურამიერკავკასიური კულტურის ტრადიციებს აგრძელებს, მის ფესვებზე ჩანს აღმოცენებული და განვითარებული. აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ, როგორც შევნიშნეთ, ამ ჯგუფის მასალების განვრცობის საზღვრები, ისევე როგორც მასზე ქრონოლოგიურად უწინარესი ბრინჯაოს ფოთლისებურპირიანი სატევრების კულტურის ბლოკისა, ზუსტად თავსდება წერილობით წყაროში მოცემული ქართლოსის შვილის – მცხეთოსის წილი ქვეყნის საზღვრებში. ბუნებრივია, მატერიალური კულტურის გავრცელების ამდენად მყარი საზღვრების არსებობა განვითარების საკმაოდ დიდი მონაკვეთის განმავლობაში და მისი დამთხვევა წერილობით წყაროში მოცემული ერთ-ერთი ქართული ტომის თუ მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფის განსახლების საზღვრებთან, ამ მონაცემთა ურთიერთდაკავშირებას აუცილებელს ხდის.
ასევე ნიშანდობლივია, რომ ამავე ეპოქაში, იორ-ალაზნის ორმდინარეთში, დასავლეთით არაგვის ხეობამდე, სამხრეთით კი მტკვრის დაბლობის ჩათვლით და შესაძლოა უფრო სამხრეთითაც, სადაც გვიანბრინჯაოს ხანის II საფეხურზე ძვ.წ. XIII საუკუნეში, შედგენილტარიანი ბრინჯაოს სატევარ-მახვილების კულტურა იყო გავრცელებული, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში, მისი განვითარების საფუძველზე ჩნდება მრავალი თავისებურებით გამორჩეული, მაგრამ აშკარად მაინც ერთ ფუძეზე აღმოცენებული არქეოლოგიური მასალების სამი ჯგუფი, რომელთა განვრცობის საზღვრები თითქმის ზუსტად ემთხვევა წერილობით წყაროში მოცემულ – ერთ შემთხვევაში ჰეროსის კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს, მეორე შემთხვევაში კი ქართლოსის ორი შვილის კახოსისა და კუხოსის კუთვნილი ტერიტორიების ფარგლებს.
ჩემის აზრით, ჩამოთვლილი ფაქტობრივი მონაცემები საფუძველს მაძლევს, შესაძლოა რამდენიმე წინასწარული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც საკმაოდ სარწმუნო მოსაზრებების კონსტატაციისათვის.
1. წერილობით წყაროში ხაზგასმულია ჰეროსის, ქართლოსის და ბუნებრივია ქართლოსის და მისი შთამომავლობის ურთიერთ ნათესაური კავშირი. ამასთან დაკავშირებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ მათი განსახლების ტერიტორიაზე გავრცელებული არქეოლოგიური კულტურები და მათი შემადგენელი ლოკალური ჯგუფები ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან მოკიდებული ერთ ფუძეზეა აღმოცენებული, ერთიმეორის თანამიმდევრულ განვითარებას წარმოადგენს, ადამიანთა ერთი ჯგუფის თითქმის ათასწლოვანი ნააზრევის პროდუქტია, მრავალი თავისებურებით გამოირჩევა მთელი გარე სამყაროსგან და ამ საკმაოდ ვრცელი პერიოდის განმავლობაში ერთიმეორესთან მჭიდროდ დაკავშირებულ, მრავალი საერთო ნიშნის მატარებელ კონგლომერატის სახეს ინარჩუნებს. ამდენად, წერილობითი წყაროს მონაცემები და არქეოლოგიური კვლევაძიების შედეგები ამ თვალთახედვით ერთიმეორესთან სრულ ჰარმონიაშია.
2. საგულისხმოა ისიც, რომ, ისევე როგორც წერილობით წყაროში, ქართლოსის დროს არსებული ერთიანობა, როგორც ჩანს, იშლება მისი გარდაცვალების შემდეგ და მისი წილი ქვეყნის ტერიტორიაზე ცალ-ცალკე რეგიონში მისი შვილები იწყებენ გამგებლობას, ზუსტად ასევე არქეოლოგიური მასალების მიხედვითაც, შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ადრეულ საფეხურზე, ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში ძვ.წ. XIV ს ჩათვლით, ამ რეგიონში ერთიანი კულტურაა, შემდგომ კი ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყის საუკუნეებში ეს ერთიანობა იშლება, წინა საფეხურთან გენეტიკურად დაკავშირებულ ცალკეულ ლოკალურ ჯგუფებად. ამგვარად, ამ მხრივაც წერილობით წყაროში აღწერილი ამბები ზუსტად ემთხვევა ამ რეგიონის არქეოლოგიური კულტურის განვითარების ეტაპებს.
3. არქეოლოგიური კულტურების შესაცნობად და მათი ეთნოკულტურული არსის განსაზღვრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის აუცილებელი ფაქტიც, რომ ჩვენს მიერ განხილულ წერილობით წყაროში მოცემული ჰეროსისა და ქართლოსის წილი ქვეყნების საზღვრები ემთხვევა ამ რეგიონისათვის დამახასიათებელ ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრისა და შუა ხანების კულტურათა განვრცობის საზღვრებს, ხოლო განვითარების მომდევნო საფეხურზე, ერთიანი არქეოლოგიური კულტურის ჯგუფებად დანაწევრების შემდგომ, ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყის საუკუნეებში, ქართლოსის შთამომავალთა კუთვნილი მიწების საზღვრებს.
4. ცხადია, ერთდროულად ამდენი დამთხვევა წერილობით წყაროში მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ფაქტობრივი მასალისა და არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილი კულტურების განვრცობის საზღვრებისა, მრავლისმეტყველია და, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. ეს კი, ცხადია, იძლევა იმის იმედს, რომ შესაძლოა საკმაოდ დამაჯერებლად დათარიღდეს წერილობით წყაროში მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობები. კერძოდ, ქართლოსისა და ჰეროსის კუთვნილი მიწა-წყლის საზღვრების რეალური არსებობა შეესაბამოს ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს ძვ.წ. XIV საუკუნის ჩათვლით. ქართლოსის შვილებთან დაკავშირებული ისტორიულ-გეოგრაფიული ცნობების თარიღი კი განისაზღვროს ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეებით.
5. ვფიქრობ, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე უკვე ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სარწმუნო საყრდენი შეიქმნას სამხრეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის ძვ.წ. II ათასწლეულისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების არქეოლოგიური კულტურების ეთნიზაციისათვის.
ამ პრობლემაზე სარწმუნო მსჯელობისათვის აუცილებელი ფაქტობრივი მასალის არსებობაზე უკვე გვაქვს სხვა ავტორიტეტული მითითებებიც [მელიქიშვილი, 1965, 103; მუსხელიშვილი, 2002, 6,7].
ვფიქრობ, ყოველივე ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში გამოყოფილი ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრისა და ძვ.წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეების ცივილიზაცია პროტოქართულის სახელწოდებით მოვიხსენიოთ.
ამგვარად, მე შევეცადე ჩამომეყალიბებინა ჩემი შეხედულება კავკასიაში დღემდე უცნობი ცივილიზაციის არსებობის შესახებ, გარკვეული ეთნოგენეტური ატრიბუციით, რათა ნათელი გამეხადა რამდენად აუცილებელია ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელება – დამატებითი მასალის მოძიება და მისი ამ ფონზე გააზრება.
მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ ჩემ დასკვნებს, კვლევის ამ ეტაპზე, რამდენადმე მტკიცებითი ფორმა მიეცეს, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ იგი ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოსაა.
ვიმეორებ, ჩემთვის მთავარია დასმული პრობლემა ფუნდამენტური კვლევის საგნად იქცეს, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით, რადგან მისმა შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კავკასიის უძველესი წარსულის ერთი მონაკვეთის ახლებულ გააზრებაში.
იმედია, სამეცნიერო საზოგადოება დაინტერესდება ჩემი წინადადებით, საჭიროდ მიიჩნევს ამ მიმართულებით კვლევის გაფართოებას და აქტიურ მონაწილეობს მიიღებს მის განხორციელებაში.
მითითებული ლიტერატურა
გ. გ ი ო რ გ ა ძ ე (2001), დაიაენი-დიაუხი: არაქართველური სამყარო? კრებულში – ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბილისი.
ე. გ ო გ ა ძ ე (1972), თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბილისი.
კ. კ ე კ ე ლ ი ძ ე (1923), ლეონტი მროველის ლიტერატურული წყაროები, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, III, ტფილისი.
მ. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე (1966), ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბილისი.
ო. ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე (2001), იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთში. კრებულში _ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბილისი.
თ. მ გ ე ლ ა შ ვ ი ლ ი (1988), წინასწარი მონაცემები დავით გარეჯის უდაბნოს რკინის მადანგამოვლინების შესახებ. კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის შრომები, VIII, "გარეჯი", თბილისი.
გ. მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი (1965), საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბილისი.
ლ. მ რ ო ვ ე ლ ი (1955), ცხოვრება ქართველთა მეფეთასა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, თბილისი.
დ. მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი (1966), ციხე-ქალაქი უჯარმა, თბილისი.
დ. მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი (2001), რედაქტორისაგან. კრებულში _ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბილისი.
დ. მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი (2002), ქართველთა ეთნოგენეზის პრობლემისათვის. კრებულში – ქართველი ხალხის ეთნოგენეზი, თბილისი.
კ. ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი (1965), იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბილისი.
კ. ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი (1973), აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები, თბილისი.
კ. კ. ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი (2005), ცენტრალურამიერკავკასიური არქეოლოგიური კულტურა, თბილისი.
კ. კ. ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი (2008), სამხრეთ კავკასია, ჩრდილო შავიზღვისპირეთი და ევროპა ენეოლით-ბრინჯაოს ხანაში, არქეოლოგიურ კულტურათა კონტაქტების დინამიკა, თბილისი.
ლ. ჭ ი ლ ა შ ვ ი ლ ი (1958), ქალაქი რუსთავი, თბილისი.
ი ვ. ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი (1945), ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა. წიგნი I, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბილისი.
ო. ჯ ა ფ ა რ ი ძ ე (1969), არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბილისი.
ო. ჯ ა ფ ა რ ი ძ ე (2003), საქართველოს ისტორიის სათავეებთან, თბილისი.
გ. ყ ო რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი (2001), ძველ კოლხეთში სახელმწიფოებრიობის არსებობის საკითხი. კრებულში _ ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბილისი.
გ. ყ ო რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი (2002), საქართველოს ძველი ისტორიის პრობლემები, თბილისი.
С. Д е в е д ж я н (1981), Лори-Берд I. Результаты раскопок 1969- 1973 гг. Ереван.
Г. Д ж а ф а р о в (1986), Борсуылу – погребение племенного вождя, Баку.
Г. Д ж а ф а р о в (1993), Курган эпохи бронзы вблизи Сарычобана, Советская археология, № 4, Москва.
Б. А. К у ф т и н (1949), Археологическая маршрутная экспедиция 1945 года в Юго-Осетию и Имеретию, Тбилиси.
К. Х. К у ш н а р е в а (1983), К проблеме выделения археологических культур периода средней бронзы на Южном Кавказе. Краткие сообщения Институа археологии (Средняя Азия и Кавказ), 176, Москва.
К. Х. К у ш н а р е в а (1993), Южный Кавказ в IX-II тыс. до н.э. Этапы культурного и социально-экономического развития, Санкт-Петербург.
А. М а р т и р о с я н (1964), Армения в эпоху бронзы и раннего железа, Ереван.
Г. М е л и к и ш в и л и (1989), Древнейшие раннефеодальные государства и племенные союзы Западной Грузии, очерки истории Грузии, I, Тбилиси.
А. М н а ц а к а н я н (1960), Древние повозки из курганов бронзового века на побережье оз. Севан, Советская археология, № 2, Москва.
М. Н. П о г р е б о в а (1967), Урартские мечи из Закавказья, Советская археология, № 2, Москва.
Г. Ц е р е т е л и (1941), Армазская билингва, Тбилиси.
K. B i t t e l und R. Naumann (1952), Bogazkoy-Hattusa. Ergebnisse der Ausgrabungen des Deutschen Archäologischen Instituts und der Deutschen Orientgesselschaft in den Jahren 1931-1939. Architektur. Topographie. Landskunde in Siedlungsgeschichte, Stuttgart.
S. E s a y a n (1990), Schutzwaffen aus Armenien. Beiträge zur Allgemeinen und Vergleichenden Archäologie, Band 9-10, Mainz am Rhein.
E. H o o f d s t u k (1947). Der Hethietische Vestingbouwkunde. Kermonenten der Antieke Beschaving en Haar Moderne Beleving, Leiden.
G. K o s s a k (1983), Tli Grab 85. Bemerkungen zum Beginn des skythenzeitlichen Formenkreises im Kaukasus. Beiträge zur Allgemeinen und Vergleichenden Archäologie, Band 5, München.
M. L o r d k i p a n i d z e (2007), The Problem of the Origin and Continuity of Statehood in Georgia. In: Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, vol. 175, no. 3. Tbilisi.
M. K o r f m a n n, K. P i c x e l a u r i, J. B e r t r a m, G. K a s t l (2003), Erster Vorbericht zu den Vermessung und Ausgrabungsarbeiten in Udabno (Ost-Georgien) 2000-2004, Archäologische Mitteilungen aus Iran und Turan, Band 35-36, Berlin.
R. N a u m a n n (1971), Architektur Kleinasiens von ihrem Anfängen bis zum Ende der bethitischen Zeit. Tübingen.
K. P i z c h e l a u r i (1984), Jungbronzezeitliche bis ältereisenzeitliche Heiligtümmer in Ost-Georgien. Materialen zur Allgemeinen und Vergleichenden Archäologie, Band 12, München.
K. P i c c h e l a u r i (1997), Waffen der Bronzezeit aus Ost-Georgien. Espelkamp.
K. P i t s k h e l a u r i (2002), South Caucasian Ancient Civilisation in Gareji Desert (Udabno), Festschrift für M. Korfmann, Mauerschau, Band 2, Remshald-Crunbach.
M. P u t u r i d z e (2003). Social and Economic Shifts in the South Caucasian Middle Bronze Age. Archaeology in the Borderlands. Investigations in Caucasia and Beyond, Los Angeles.
Комментариев нет:
Отправить комментарий