ხელისუფალთა მიერ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვა დროსა და სივრცეში უნივერსალურია. ამ თვალსაზრისით, პირველ მაგალითებს ძველ ახლო აღმოსავლეთში ვხვდებით. სახელმწიფოს მესვეურები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავდნენ.
ძვ. წ. II-I ათასწლეულის ძველახლოაღმოსავლური (ხეთური, ხურიტული, ასურულ-ბაბილონური, იეროგლიფურ-ლუვიური, ურარტული და ძველბერძნული) წერილობითი ძეგლების და ძველი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალის ურთიერთშეჯერება და ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ თვალსაზრისით ჩატარებული ღონისძიებანი სტერეოტიპულია. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ექცეოდა სახელმწიფოების, დედაქალაქების, მსხვილი დასახლებული პუნქტების, საკულტო ცენტრების საზღვრების დაცვას. ამ მიზნით, ხელისუფლება უზრუნველყოფდა სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრეების აღმშენებლობას. სამხედრო დანიშნულების ამ ნაგებობებს, როგორც წესი, ქვეყნის დომინანტი ეთნოსის წარმომადგენლები ემსახურებოდნენ. ამ ასპექტით, ყურადღებას, ძველახლოაღმოსავლური ქვეყნების არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შესწავლის შედეგები იმსახურებს. ასე, მაგალითად, დღეს უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ქალაქ სუზას მასიური გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული და იქვე მდინარის პირას აგებული ციტადელიც ე. წ. „ხალცუც“ თავდამსხმელებისაგან საგანგებოდ იცავდა. ციკლოპური ტიპის ნაგებობებით იყო დაცული ძველახლოაღმოსავლური მეორე მნიშვნელოვანი ცენტრი – ნუზი [1, 52].
ხეთური ციხე-სიმაგრეებიც, დიდ კლდოვან ბორცვებზე იყო განლაგებული. დღესაც სანიმუშოდ ითვლება ბუიუქ-კალეს ციხე-სიმაგრე ტაძრებით, მეფისა და დედოფლის რეზიდენციებით, ფართო გალავნითა და მძლავრი ალაყაფის კარებით, რომელიც ერთ მთლიან არქიტექტურულ ანსამბლს ქმნიდა[4, 156].
ურარტუს ციხე-სიმაგრეები სხვადასხვა დანიშნულებისა იყო: ხშირ შემთხვევაში ეს იყო თავდაცვითი, ადმინისტრაციული ცენტრი, ზოგიც დიდი ლაშქრობის მოსამზადებელ ბაზას წარმოადგენდა.
თავდაცვითი ნაგებობანი ძნელად მისადგომ ადგილებში, მაღალ ბორცვებზე ან ციცაბო კლდეებზე იყო აგებული. არგიშთიუნა სარგონ II-ის წარწერაში „ძლიერ“ ციხე-სიმაგრედ მოიხსენიება, რომელიც „ვარსკვლავის მსგავსად ელვარებდა“ და მისი სიმაღლე 120 მეტრს აღწევდა.
არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, ციხე-სიმაგრის კედლის სისქე 3 მეტრს შეადგენდა. თეიშებაინის ციხე-სიმაგრე 120-დან 150-მდე ნაგებობას მოიცავდა. სიმაგრეს ორი შესასვლელი ჰქონდა სამხრეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან. ჩვენი აზრით, ამ მხარეებს უპირატესობა მოსალოდნელი პოლიტიკური საშიშროების გამო ენიჭებოდათ. ჭიშკრები როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე ოთხთვალა ეტლისათვის იყო გათვლილი. კედლები ალიზით, ყოველგვარი დუღაბის გარეშე იყო ნაშენი. ციხე-სიმაგრის განუყოფელ ნაწილს კონტრფორსები და მასიური კოშკები შეადგენდნენ. კედლების სიმაღლე სხვადასხვა ადგილას 6-დან 12 მეტრამდე მერყეობდა[2, 34].
არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა სადაზვერვო სამსახურს, რომელთა წარმომადგენლები სასაზღვრო ზოლში აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე აგროვებდნენ ინფორმაციას და სპეციალური არხებით ოპერატიულად გადასცემდნენ ცენტრს. ამ მხრივ, ძალზედ საყურადღებო მონაცემებს გვაწვდიან ძვ. წ. VIII-VI სს-ით დათარიღებული ასურული ტექსტები, სადაც სკრუპულოზურადაა აღწერილი ურარტუ-ასურეთის საზღვარზე განლაგე-ბული ასურეთის სადაზვერვო აპარატის მიერ მოძიებული მონაცემები. არანაკლებ მნიშვნელოვანი ალბათ ისიცაა, რომ ამ სადაზვერვო სამსახურის სათავეში სხვადასხვა დროს ასურეთის მეფეების უშუალო მემკვიდრეები (სინაქერიბი, ასარქადონი, აშურბანიფალი...) იდგნენ. „მე მოვათავსე შენი მაჟორდორმი [ჩემს] სახლში. ასეთია აშურიცუას შეტყობინება. შულმუბელი, დამხმარე სახელმწიფო უწყებაში ჩემთან მოვიდა და მითხრა: ურზანამ მომწერა: როდესაც ურარტუს მეფე მოვიდა გამირში, მისი ჯარი მოწყდა. ოლქის მმართველი უასი მოკლეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია, როგორც კი მივიღებთ, მაშინვე გამოვგზავნი შეტყობინებას“; „დაე მეფეს ჰქონდეს კეთილდღეობა, კეთილდღეობა ასურეთს, კეთილდღეობა ტაძრებს, კეთილდღეობა მეფის ყველა ციხე-სიმაგრეს. უკიეცმა მომწერა: როცა ურარტუს მეფე გამირში გაემართა, მისი ჯარი მთლიანად მოწყდა. მისი 11 ოლქის მმართველი თავიანთი ჯარით უკუგდებულია. მისი [ტურტანი] და ორი ოლქის მართველი ტყვედ ჩავარდა...ასეთია უკიეცის შეტყობინება. აშურიცუამ მომწერა: ურარტუს შესახებ რომ მოგწერე...ახლა მათი ქვეყანა წყნარადაა, მისი ყველა დიდებული წავიდა თავის ოლქში. კაკადანუ, მისი ტურტანი ტყვედ ჩავარდა...ნაბულეიმ, ბირატეს ოლქის მმართველმა მომწერა: ციხე-სიმაგრეების გარნიზონთა უფროსებს, რომლებიც საზღვარზეა ურარტუს მეფის თაობაზე შეტყობინება დავწერე. როცა ის გაემართა გამირში, მისი ჯარი დამარცხდა, მისი 3 დიდებული თავიანთი ჯარით დამარცხდა. თვითონ ის გაიქცა და მივიდა თავის ქვეყანაში. მისი ლაშქარი ჯერ კიდევ არ მისულა. ასეთია ნაბულეის შეტყობინება“; [16, 167,171]. სინაქერიბის გარდა, სარგონ II-ს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას სხვა პირებიც აწვდიდნენ. ასე, მაგალითად, აშურიცუას, რომელიც კუმმეს ოლქის მმართველი იყო, სარგონ II-ს შემდეგს ამცნობს: „...დაე კეთილდღეობა ჰქონდეს ჩემს მეფეს, ბატონს. გურიანა ურარტუსა და გამირს შორის მდებარე ოლქი. იგი ურარტუს ხარკს უხდის. როცა ურარტუ გამირის წინააღმდეგ გაემართა, ამან ურარტუს მარცხი მოუტანა. ყველა ბრძოლა, რომელიც აქედან [გაიქცნენ] გურიანში... როცა [ურარტუს მეფემ] თავისი მტრისგან [გაიქცა?...] 8 ათასი [მეომარი] თოვლი? [ოლქის მმართველები?] ურარტელები, რომლებიც […] ასე თუ ისე (ან წინააღმდეგ) ურარტუს მეფის […] ეს ოლქის მმართველები […] მეფის თვალებში […] ციხე-სიმაგრეები [..] მეფემ, ჩემმა ბატონმა [თქვა?...] მოვიდა […] შიკრიკები მოვლენ მათ წინააღმდეგ [ზურგამდე?] ცნობა მეფეზე: იგი ტუშფაშია“ [16, 177-178]. ასეთივე ხასიათისაა ასურეთის მეფე ასარქადონისადმი მოწოდებული სადაზვერვო წერილობითი ინფორმაცია, რომელიც ასახულია ასარქადონის სახელით შედგენილ „პრიზმებზე“, „ცილინდრებზე“, თილ-ბარსიფის სტელაზე, ბაბილონურ „ქრონიკაში“, აშურის ორაკულისადმი დასმულ შეკითხვებში და ა. შ.. ანალოგიურ ვითარებას ვადასტურებთ ასარქადონის მეფობის დროსაც.
ზემოაღნიშნულთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სხვა, კარგად მოფიქრებული და გათვლილი სტრატეგიაც ხორციელდებოდა. მხედველობაში გვაქვს სამხედრო ოპერაციების დროს ტყვედჩავარდნილთა (ქალები, მამაკაცები, ყრმები) ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში გადმოსახლების ტრადიციადქცეული პრაქტიკა. როგორც ხეთურ, ასევე ასურულ და ურარტულ წყაროებში, ძირითადად, „ანალების“ ტიპის წერილობით ძეგლებში ამა თუ იმ სამხედრო ოპერაციის აღწერისადმი მიძღვნილ კონტექსტების დასკვნით ნაწილებში ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობასთან ერთად ხშირადაა ხაზგასმული საკუთარი ქვეყნიდან მათი აყრისა და გამარჯვებული ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ შიდა რაიონებში მათი გადასახლების შესახებ [11, 86]. ასე, მაგალითად, დეპორტირებული მოსახლეობის ქვეყნის ცენტრში გადასახლების შესახებ ცნობებს პირველად ადრეული ხანით დათარიღებულ ხეთურ ლურსმულ ტექსტებში ვხვდებით. „ანითას ტექსტის“ მიხედვით, „ფიუსთი, მე[ფე] ქ. ხათისა შემდეგ მეორედ მო[ვიდა... (თვითონ ფიუსთი)] და დამხმარენი მისი, რომლებიც მან მოიყვანა, ისინი [ სალამფაში] დავამარცხე. ქ. სალათივარასკენ სახე მივაბ[რუნე] ... და ქ. სალათივარას წინააღმდეგ სა[ომარი ეტლები?] და რაზმები შეიკრიბა და ისინი ქ. ნეს[ას ამოვიყვანე] [9, 105-106]. საკვლევ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელო-ვანესია ხეთების ძველი სამეფოს ისტორიის ამსახველი თელიფინუს ტექსტიც: „იგი (მურსილი) ხალფას გაემართა და ხალფა დაანგრია, ხოლო ხალფას ნამრა (=დეპორტირებულები) და მისი ავლა-დიდება ხათუსაში ჩამოიტანა. შემდგომად ამისა კი იგი ბაბილონს გაემართა და ბაბილონი დაანგრია. ბაბილონის ნამრა და ავლა-დიდება ხათუსაში ჩამოიტანა” [5, 179]. ანალოგიური ვითარება დასტურდება თუთხალია I/II-ის „ანალებში“: „ჩამოთვლილი ქვეყნები, რომლებიც [მტრუ]ლად იყვნენ განწყობილი, ღვთაებებმა მე გადმომცეს. ყველა ეს ქვეყანა ხელთ ვიგდე და გამოძევებული მოსახლეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, ქვეყნების ქონება ხათუსაში წავასხი“. ასეთივე მონაცემები რამდენიმეგზის მოწმდება „სუფილულიუმას საქმენი“-ს ფრაგმენტებში: „ქვემო ქალაქიდან მან წამოიყვანა მოსახლე[ობა], ვერცხლი, ოქრო და ბრინჯაოს ნივთები და წაასხა ქალაქ ხათუსაში. წარტყვევნილების რიცხვი, რომელიც მან სასახლეში მოიყვანა, სამი ათას სამასოცდაათი იყო. [მაშინ როცა] ისინი, რომლებიც ხე[თებმა] მოიყვანეს (სახლში), [ურიცხვი იყო]“. ამგვარი ქმედება ინტენსიურ ხასიათს ხეთების ახალი სამეფოს დროსაც იძენს. მურსილი II-ის ათწლიან „ანალებში“ შემდეგს ვადასტურებთ: „ქასქების ქვეყნის ქალაქმა თურმითამ ომი გამომიცხადა და ... მე შემდეგ ქასქების ქალაქი კვლავ მოვიდა და დაუსრულებელი თავდასხმებით მაწუხებდა მაშინ, ჩემმა მზემ, გავილაშქრე მის წინააღმდეგ. ქასქების მთავარ ქალაქებს, ხალილასა და დუდუსქას თავს დავესხი. ხელთ ვიგდე წარტყვევნილი მოსახლეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ისინი ქალაქ ხათუსასკენ წამოვასხი“; „მთელი არცავას მოსახლეობა გაიქცა. ...ყველა ღვთაება გვერდში მედგა და მე ...დავამარცხე. იმ წარტყვევნილი მოსახლეობის რიცხვი, რომელიც მე წამოვასხი 15 500 იყო, ხოლო ფეხოსანი და ცხენოსანი ლაშქარი იყო უთვლელი. მაშინ გავგზავნე წარტყვევნილი მოსახლეობა ქალაქ ხათუსაში და ისინი ადგილზე მიიყვანეს“; „წარტყვევნილი მოსახლეობა, რომლებიც მდინარე სეხას ქვეყანაში იყვნენ 4000. ისინი ქალაქ ხათუსაში გავგზავნე“. „...ფიგაინარესას ქვეყანა [გადა]ვაწვევინე. წარტყვევნილი მოსახლეობა, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი კი ხელთ ვიგდე და ქ. ხათუსაში წამოვასხი“; „...ხელთ ვიგდე ქალაქი არიფსა და დუქამა ბრძოლით. იმ წარტყვევნილი მოსახლეობის რიცხვი, რომელიც სამეფო სასახლეში წამოვასხი, 3000 იყო“. [10, 20, 44, 73, 88, 90, 92, 95, 96]. ასეთივე ვითარება მოწმდება ძვ. წ. II-I ათასწლეულის ასურელ მეფეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილ ლურსმულ ტექსტებში. ასე, მაგალითად, სარგონ II ე. წ. „სადღესასწაულო წარწერაში“ გვამცნობს: „შინუხთუელმა კიაკიმ, რომელმაც გადაიგდო უღელი ღვთაება აშურისა და შეაჩერა თავისი შესაწირი, [სარგონმა] ტყვედ იგდო მისი 30 ეტლოსანი 7350 მეომარი ... მე წავიყვანე ასურეთში“. სარგონ II „ანალებში“ ხაზგასმით მიუთითებს: „...ამბარისი, ბით-ბურუტაშის მეფე თავის ნათესავებსა და ამალასთან ერთად 100 ორთვალით წამოვიყვანე აშურში“; „...თარხუნაზი და მათი მეფე თავის მებრძოლებთან ერთად რკინის ჯაჭვებით დავაბი, ხოლო მისი ცოლი, ვაჟიშვილები და ქალიშვილები 5000 ტყვე მეომართან ერთად ჩემს ქალაქ აშურში მოვიყვანე” [11, 43, 45]; იგივეს ვადასტურებთ ურარტუს მეფეთა წარწერებშიც. მენუას წარწერა პირდაპირ მიუთითებს დაპყრობილი ქვეყნებიდან მოსახლეობის დედაქალაქში გადასახლებაზე: „...მე გავილაშქრე ქვეყანა ლუხიუნის – ქვეყანა (ტომი) ერეკუახის, ... (რომელიც ჯერ არავის დაუპყრია) მომცა ღვთაება ხალდიმ ... ზოგი ცოცხალი წავიყვანე 1700 ... ტუშფა ქალაქში”; „...გავემართე ქვეყანა ერეკუახის წინააღმდეგ, ზოგი დავხოცე, ზოგიც ცოცხალი წამოვიყვანე...“[15. 76, 77]. არგიშთი I-ის მატიანე უმნიშვნელოვანეს სტატისტიკურ მონაცემებს გვაწვდის: „...სამი ქვეყანა (კადა, შაშილუ და აშკალაში – ნ. ხ., ნ. ბ.) მე მოვგლიჯე, (მათი) მოსახლეობა ჩემს ქვეყანას მივუმატე: 15 ათას 181 ყრმა, 2734 მამაკაცი, 10 ათას 604 დედაკაცი“; „...გავემართე მე სალაშქროდ ართამურის ქვეყანაზე ... 11 ათას ქალი, სულ 20279 კაცი ზოგი გავჟლიტე, ზოგი წავიყვანე“; „...მე გავემართე მანას წინააღმდეგ, ბრძოლით დავიპყარი, მივედი ... 18243 ადამიანი ზოგი გავჟლიტე, ზოგიც ცოცხალი წავიყვანე“. სარდურ II ასევე აგრძელებს სამახსოვრო წარწერებში „საგმირო საქმენის“ აღნიშნვას: „...ქვეყანა ... მე იქიდან წამოვიყვანე კაცები და ქალები, დავდგი იქ წარწერა. 12610 ყრმა მე წავიყვანე, 1829 ცოცხალი მამაკაცი, 7751 დედაკაცი“; „...გავემართე მე სალაშქროდ არკუკინის ქვეყნის წინააღმდეგ...ცალკე კაცები და ქალები მეომრებს მივეცი. აი, როგორი ვაჟკაცობა ჩავიდინე მე იქ: 10000 ყრმა წამოვიყვანე, 4600 მამაკაცი ცოცხლად წამოვიყვანე…“[8. 275, 276, 277, 278, 280, 282, 287-8, 290,
294]. არგიშთი
II ტანაატის
წარწერაში
სიამაყით
აღნიშნავს:
„გამოცხადდა
ჩემს წინაშე... ეთიუნის ქვეყნის მეფე, მომცა ხარკი, თავისი ქვეყნის. ... აქედან მამაკაცები, ქალები მე წავიყვანე, ქალაქი გადავწვი“. რუსა II-ის სახელით შედგენილ წარწერაშიც იგივეს ვადასტურებთ: „...განვდევნე ქალები მტრული ქვეყნებიდან...“ [15. 325, 336].
ჩვენი აზრით, დეპორტირებულთა განსახლების აღნიშნული პრაქტიკა რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა: უპირველეს ყოვლისა, იგი სახელმწიფოს საშუალებას აძლევდა დაპყრობილი მოსახლეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. ამასთანავე, გამოეყენებინა იგი მუშახელის და მომსახურე პერსონალის სახით. და რაც მთავარია, დაეჩქარებინა მათი დეეთნიზაციის პროცესი.
ყურადღებას სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის კიდევ ერთ მექანიზმზე გავამახვილებთ. ესაა ნაკლებად დაცული ერთი სასაზღვრო ზოლიდან უკვე ათვისებულ მეორე სასაზღვრო რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დეპორტაცია ან ქვეყნიდან საერთოდ გაძევება. საინტერესოა, ვანის კლდეზე არგიშთი I-ის სახელით შესრულებული წარწერა, სადაც იგი აღნიშნავს: „მიწა უკაცრიელი იყო (?) (და) არაფერი არ იყო წინათ იქ აგებული. ძლევამოსილი საქმენი მოვიმოქმედე მე იქ ხათესა (და) ცუფანის 6 (?) ათას 600 მეომარი მე იქ დავასახლე“. მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ურარტუს მეფე რუსა II ურარტუს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მუშქების, ხათეს და ხალიტუს ქვეყნებიდან იძულებით აყრილ მოსახლეობას „ღვთაება ზიუკუნის ქვეყანაში“ ასახლებს: „რუსა არგიშთის ძე ამბობს: (მე) განვდევნე ქალები მტრული ქვეყნებიდან... (ქვეყანა) მუშქების, ხათის (ქვეყნიდან), ხალიტუს (ქვეყნიდან)...“ და სავარაუდოდ, ისინი აქვე დაასაქმა [3, 45]. ანალოგიურ ვითარებას ვადასტურებთ აზითავათას ორენოვან (იეროგლიფურ-ლუვიური, ფინიკიური) ცნობილ წარწერაში ყარათეფედან, სადაც ვკითხულობთ: „ვძლიე ციხე-სიმაგრეები დასავლეთში...მე, აზითავათამ, დავანგრიე ისინი და აღვგავე პირისაგან მიწისა. იქ მცხოვრებნი (ჩემი ქვეყნის) აღმოსავლეთ საზღვართან დავასახლე“ [12, 110].
მსგავს სიტუაციას ვადასტურებთ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის (ძვ. წ. 604-562 წწ.) მეფობის წლებში, როდესაც მან ჯერ ძვ. წ. 597 წელს იუდეის მეფე იოაკიმი ოჯახით და წარჩინებულებითურთ დაატყვევა და ბაბილონში წაიყვანა, ხოლო ძვ. წ. 587 წელს იერუსალიმი, ფაქტობრივად, უდაბნოდ აქცია და იუდეის მოსახლეობის 20% (ძირითადად ხელოსნები) ბაბილონში გადაასახლა.
ქვეყნის უსაფრთოხების დაცვას ემსახურებოდა, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებების ცალკეული მუხლებიც. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხეთებსა და ქასქებს/ქაშქებს შორის ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებები, სადაც პუნქტობრივადაა ასახული ხეთების იმპერიის მოთხოვნები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი მკაცრი სანქციები. ხელშეკრულება ქასქებს ავალდებულებდა შემდეგი პირობები შეესრულებინათ: თუკი რომელიმე „მტერი“ (იგულისხმებოდნენ ხეთებისადმი მტრულად განწყობილი ქასქები) მიუახლოვდებოდნენ ხეთების ტერიტორიას, ქასქებს მათთვის წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ და ამავე დროს, ყოველივე „მზისთვის“ (მეფე – ნ. ხ., ნ. ბ.) შეეტყობინებინათ; მოკავშირე ქასქას ტერიტორიაზე ხეთების ლაშქრის გავლისას ქასქებს მისთვის წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიათ; მას ხეთების მტრისთვის ნება არ უნდა დაერთო ქასქების დასახლებაში შემოსულიყო და მისთვის პური და წყალი მიეწოდებინათ; ხეთების რომელიმე დასახლების წინააღმდეგ წამოსული მტრისთვის ქასქებს ბრძოლა უნდა გაემართათ, თუ ისინი მტერს ვერ მოერეოდნენ, ხეთებისათვის მაცნე უნდა გაეგზავნათ; მოკავშირე ქასქებთან დადებულ ზოგიერთ ხელშეკრულებაში გარკვეული ადგილი ეკავა საკითხს ლტოლვილთა (გაქცეულთა) შესახებ. თუკი ვინმე ხეთების მეფეს შეურაცხყოფდა, ხოლო შემდეგ მოკავშირე ქასქას ქვეყანაში როგორც ლტოლვილი გაიქცეოდა, ქასქებს იგი უნდა შეეპყროთ და უკან დაებრუნებინათ. საინტერესო ცნობებს შეიცავს არნუვანდა III-ის მიერ ქასქებთან დადებული ხელშეკრულებაც, სადაც საუბარია ქასქების მიერ დამხმარე რაზმების რაოდენობის შესახებ: „ქანუ[...] და მასთან ერთად 190 მეომარი, კაცები [რომელიღაც დასახლებისა] საუსქა […]და მასთან ერთად 216 მეომარი, კაცები; ნანაცითი, (რომელიც არის) ფიქურიალი(?), კაცი ისხუფითადან და მასთან ერთად 5 კაცი“. რაც შეეხება მკაცრ სანქციებს, ეს ნათლად ჩანს ხათუსილი III-ის ხელშეკრულებიდან: შეიარაღებული ქვეითი ან ეტლოსანი ქასქელი ქ. თილიურაში არ უნდა შესულიყო, თუ ქასქელი თილიურაში ქალს ითხოვდა, მათ ქალაქი უნდა დაეტოვებინათ, თუკი ამ ქალაქში ქასქელი ღამეს გაათევდა და ეს ცნობილი გახდებოდა, იგი დილეგში უნდა ჩაეგდოთ, შემდეგ კი დაეჯარიმებინათ ხარებითა და ცხვრებით, თუ იგი რაიმე დანაშაულს ჩაიდენდა ან ბოროტ სიტყვას წარმოთქვამდა, ასეთი ქასქელი უნდა მოესპოთ. თილიურას მეზობელ ქასქებში, სავარაუდოდ, გავრცელებული უნდა ყოფილიყო რაღაც ავადმყოფობა, რისგანაც თავი უნდა დაეცვათ თილიურელებს [7, 73-88]. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია მურსილი II-ის მიერ ამურუს მმართველ დუფი-თეშუბთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ჩრდილოეთ სირიაში ხეთების პოზიციების განმტკიცებას ისახავდა. იგი ე. წ. „ვასალურ“ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და პირდაპირ მიუთითებს დეპორტირებულებთან დაკავაშირებული პრობლემური საკითხების მოგვარების იქ არსებულ სისტემაზე: „თუკი რომელიმე ქვეყნის მცხოვრები ანდა ლტოლვილი ადგება და ხათის ქვეყნისაკენ გამოიწევს და შენს ქვეყანაზე გამოივლის, იგი შენ უვნებლად სწორ გზაზე დააყენე, ხათის ქვეყნისკენ გზა უჩვენე და მას კარგი სიტყვები უთხარი. სხვაგან კი არსად არ გაგზავნო. მაგრამ თუკი შენ მათ (სწორ) გზაზე არ დააყენებ და მათ ხათის ქვეყნის გზას არ მიუთითებ, შენ (ამით) ფიცს დაარღვევ... შემდგომში თუკი ლტოლვილი [შენს ქვეყანაში] მოვა, თუკი შენ მოისურვებ, რაიმე მას წაართვა, (ამის შესახებ) ხათის მეფეს დაეკითხე... შემდგომში თუკი ლტოლვილი [შენს ქვეყანაში] მოვა, შეიპყრე იგი...“ მომდევნო ტექსტი დაზიანებულია და ხელშეკრულება მთავრდება „ათასი ღვთაების“ მოხმობით და კრულვის ტრადიციული ფორმულით: „ღვთაება ქულითა, ხათის ზაბაბა, მთანი, მდინარენი, დიდი ზღვა, ცა, და დედამიწა, ქარი ღრუბლები... იყვნენ ამ ფიცის მოწმენი. დაე დუფი-თეშუბი თავისი თავითურთ, მეუღლითურთ, შვილითურთ... ამ ფიცმა გაანადგუროს!“ [6, 201]
სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ მეთოდს, ქვეყნიდან არასანდო ელემენტების გაძევებაც წარმოადგენდა. ზემოთ მოხსენიებული აზითავათას წარწერაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მან დაამხო „თვითდაჯერებულნი და ბოროტნი, ქვეყანაში რომ იყვნენ. გავაძევე ისინი ქვეყნიდან...“ [12, 110].
ძველი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების მეფეებს სრულად ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა საფრთხის შემცველი იყო ქვეყანაში გავრცელებული სხვადასხვა სახის ეპიდემია. აღნიშნულის კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხეთების მეფე მურსილი II-ის (ძვ. წ. 1318-1290 წწ.) საკმაოდ კარგად ცნობილი ჰიმნი და ლოცვა არინას მზის ღვთაებისადმი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ხეთების სამეფოზე თავსდატეხილი უბედურების – შავი ჭირისაგან „დაცვის“ მიზნითაა შედგენილი. საკმაოდ შთამბეჭდავია ამ ტექსტის ცალკეული პასაჟები. მურსილი II მუქ ფერებში გვიხატავს ქვეყანაში შავი ჭირის შედეგად შექმნილ სიტუაციას: „ღვთაებებო, ეს რა ჩაიდინეთ? შავი ჭირი გაავრცელეთ და მთელი ხათის ქვეყანა ამოწყდა! ამის შედეგად აღარავის შეუძლია თქვენთვის შესაწირი პურისა და ღვინის მორთმევა. გლეხები, რომლებიც ღვთაებათა მინდვრებსა და ყანებს ამუშავებდნენ, ამოწყდნენ. ვეღარავინ იღებს მოსავალს. მეწისქვილე ქალები, რომლებიც ღვთაებებისათვის „სქელ“ პურებს აცხობდნენ ხოლმე, ისინიც ამოწყდნენ. ... ხარების და ცხვრების მწყემსებიც ამოწყდნენ, მათ მიატოვეს ბოსლები (და) გომურები“ [9, 86]. ლოცვისა და ჰიმნის დასკვნით ნაწილში მეფე არინას მზის ღვთაებას ვედრების სიტყვებით მიმართავს: „არინას მზის ქალღმერთო, შენ ამისთვის მოგიხმობთ!... გაჭირვებულმა [დაე კვლავ იცოცხლოს!] [მურსილი – მეფეს და] ხათის ქვეყანას [სიკეთე] მოუვლინე!... სიცოცხლე, ჯანმრთე[ლობა, ძალა], მომავალში [სიხარული] და [დღეგრძე]ლობა უბოძე!“ [9, 88]. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ამავე ლოცვაში მურსილი II არინას მზის ღვთაებას არა მხოლოდ თავისი ქვეყნის გადარჩენას შესთხოვს შავი ჭირისაგან, არამედ მის სამეფოსთან დაპირისპირებულ ქვეყნებში ანალოგიური უბედურების დატრიალებას: „თქვენ, ღვთაებებო, კვლავ შეიწყალეთ ხათის ქვეყანა, რომელსაც, ერთის მხრივ, შავი ჭირი დაეუფლა და, მეორეს მხრივ, მტერმა შეავიწროვა. გარშემო თანასწორი ქვეყნები – მათ შორის მითანი და არცავა... ისინი ღვთაებებს აღარ ემსახურებიან და ფიცს არღვევენ. ისინი ტაძრების გაძარცვას ცდილობენ. უკვე ეს უნდა გახდეს ღვთაებათათვის შურისგების (მიზეზი). შავი ჭირი, შუღლი, შიმშილი და დამღუპველი გვალვა გაავრცელეთ მითანის და არცავას ქვეყნებში, დოვლათიან და შფოთისთავ ქვეყნებში! ხათის ქვეყანა კი ჯანგაცლილია. იხსენით ეს ჯანგაცლილი (ქვეყანა), აყვავებულ (ქვეყანას) კი ქედი მოახრევინეთ! ხათის ქვეყნის კუთვნილმა ქვეყნებმა – ქასქამ, ღორების მწყემსები და მთელავები რომ იყვნენ, არავანამ, ქალასმამ, ლუკამ (და) ფითასამ, ხარკის გადახდაზე უარი თქვეს და ხათის ქვეყანაზე თავდასხმა კვლავ დააპირეს. ... დაე, ეს არინას მზის ქალღმერთის შურისძიების (მიზეზი) გახდეს! [9, 87].
კვლევა-ძიების პროცესში ისიც გაირკვა, რომ ძველი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვის მიზნით პროვინციებადქცეულ დაპყრობილ ქვეყნებში პირველ პირებად არა დომინანტი ეთნოსის წარმომადგენელს, არამედ ირანის მეფესთან ახლო ნათესაურ ურთიერთობაში მყოფ პირებს ნიშნავდნენ. ამ ასპექტით საყურადღებო ცნობები ჰეროდოტეს (ძვ. წ. V ს.) და ძველბერძენ სხვა ავტორთა თხზულებებმაც შემოგვინახა.
ირანში აქემენიდური დინასტიის დამფუძნებლის დარიოს I-ის ბეჰისტუნის ცნობილი წარწერისგან განსხვავებით, სადაც მის მიერ დაპყრობილი 23 ქვეყნის ჩამონათვალს ვხვდებით, მაგრამ ამ ქვეყნების პირველ პირთა შესახებ ინფორმაცია არ სახელდება [13,358-363], ჰეროდოტეს „ისტორიის“ მოწმობით, ყველა დაპყრობილ ქვეყანაში პირველ პირებად ქვეყნის ცენტრიდან გამოგზავნილი, მეფესთან დაახლოებული, წარმოშობით სპარსელი მოხელეები იდგნენ. ასე მაგალითად, „სპარსელები... მოიყვანა მათმა გამგებელმა ოტანესმა, რომელიც ქსერქსესის მეუღლის, ამესტრისის მამა იყო... მიდიელებს გამგებლად ჰყავდათ ტიგრანესი, აქამენიდი... კისიელებს განაგებდა ანაფესი, ოტანესის ძე, ხოლო წინამძღოლად ჰყავდათ მეგაპანოსი, შემდეგ ბაბილონის მეურვე... ქალდეები, განაგებდა მათ ოტასპესი არტაქაესის ძე... ბაქტრიებსა და საკებს განაგებდა ჰისტასპესი, შვილი დარიოსისა და კიროსის ასულის ატოსასი... ინდოელებს უფროსად ფარნაძათრეს არტაბატესის ძე იყო დაყენებული... პართებსა და ხორასმიებს არტაბაძოსი, ფარნაკესის ძე, სოგდებს – აძანესი, არტაოსის ძე, განდარიებსა და დადიკებს – არტიფიოსი, არტაბანესის ძე განაგებდნენ... კასპიებს წინამძღოლად ჰყავდათ არიომარდოსი, არტიფიოსის ძმა. სარანგებს განაგებდა ფერენდატეს მეგაბაძოსის ძე. პაქტიებს გამგებლად ჰყავდათ არტაინტეს ითამიტრესის ძე. უტიებსა და მიკებს – არსამენესი, დარიოსის ძე, ხოლო პარიკანიებს – სირომიტრეს ოიობაძოსის ძე. არაბებსა და ეთიოპებს განაგებდა არსამესი, დარიოსისა და არტისტონეს (კიროსის ასულის) შვილი... ლიბიელებს გამგებლად ჰყავდათ მასაგეს ოარიძოსის ძე... პაფლაგონელებსა და მატიენებს დოტოსი განაგებდა, მეგასიდროსის ძე, ხოლო მარიანდინებს, ლიგიებსა და სირიელებს – გობრიესი, დარიოსისა და არტისტონეს შვილი... ფრიგიელებს მართავდა არტოქმესი, რომელსაც დარიოსის ასული ჰყავდა ცოლად... ლიდიელებსა და მისიელებს განაგებდა არტაფრენესი, შვილი იმ არტაფრენესისა, რომელიც მარათონში შეიჭრა დატისთან ერთად. აზიელ თრაკიელებს განაგებდა ბასაკესი, არტაბანოსის ძე... ხალიბებს... კაბელ-მეიონებს, მილიებს... ყველა ამათ განაგებდა ბადრესი, ჰისტანესის ძე... მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსის და პარმისის შვილი იყო, მაკრონებსა და მოსინოიკებს განაგებდა არტაიკტესი, მარებსა და კოლხებს განაგებდა ფარანდატეს ტეასპისის ძე... ალაროდიელებსა და სასპეირებს განაგებდა მასისტიოსი სირომიტრესის ძე“ (ჰეროდოტუს, VII,61-80) [14,431-435].
ჩვენს მიერ მოძიებული ძველახლოაღმოსავლური, სხვადასხვაენოვან წერილობით ძეგლებში დამოწმებული მონაცემები, რომელთაც სისრულის პრეტენზია არ გააჩნია, საშუალებას გვაძლევს ქართულ ისტორიოგრაფიაში, ფაქტობრივად, პირველად დასმული პრობლემის ძველახლოაღმოსავლური სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვის მოდელის რეკონსტრუქციაში გარკვეული წვლილი შეიტანოს.
მიგვაჩნია, რომ საკვლეევი პრობლემა აქტუალური და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ძველახლოაღმოსავლური სახელმწიფოების ისტორიის, არამედ მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისითაცაა.
წყაროები
და ლიტერატურა
1. ასტახიშვილი ე., საქალაქო დასახლებათა ტიპები ძველ წინა აზიაში, ბიბლიური და არქეოლოგიური კვლევის ამერიკულ-ქართული ინსტიტუტის ბიულეტენი, #4-5, კორნუელის უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის საეხელმწიფო უნივერსიტეტი, 2006-7.
2. ბახსოლიანი ნ., ურარტუს ქალაქები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები IV, ბათუმი, 2009.
3. ბახსოლიანი ნ., დიდი კაპადოკია ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბილისი, 2008.
4. გიორგაძე გრ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბილისი, 1988.
5. გიორგაძე გრ., თელიფინუს ტექსტი, წიგნში: ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია, თბილისი, 1990.
6. გიორგაძე გრ.,მურსილი II-ის ხელშეკრულება ამურუს მმართველ დუფი-თეშუფთან, წიგნში: ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია, თბილისი, 1990.
7. გიორგაძე გრ., ხეთური და ასურული ლურსმული ტექსტების ქასქების (ქაშქების) და აბეშლაელების ეთნიკური წარმომავლობისათვის, ახალციხე, 2000.
8. მელიქიშვილი გ. ურარტული წყაროები, წიგნში: ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია, თბილისი, 1990.
9. ტატიშვილი ი., ხეთური რელიგია, თბილისი, 2001.
10. ღამბაშიძე მ., ხეთური ანალისტიკა (სამეფო დღიურები), ნაწილი I, თბილისი, 2006.
11. ხაზარაძე ნ., აღმოსავლეთ მცირე აზიის ეთნიკური და პოლიტიკური გაერთიანებები ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში, თბილისი, 1978.
12. ხაზარაძე ნ., ლუვიური იეროგლიფების სამყაროში, თბილისი, 2006.
13. ხაზარაძე ნ., ბახსოლიანი ნ., ძველი სპარსული ლურსმული წარწერების კატპატუკა, კრებულში: დავით კაციტაძე 80, კავკასიისა და აღმოსავლეთის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2009, გვ. 358-370, 424-425; აგრეთვე, Kent R.
G., Old Persian, Grammar, Texts, Lexikon, New Haven, Connecticut, 1953.
14. ჰეროდოტე, ისტორია, II, თბილისი, 1976. ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა.
15. Арутюнян Н. В. Корпус Урартских Клинообразных
Надписей, Ереван, 2001.
16.
Иванчик А. И. Киммерийцы, Москва, 1996.
Комментариев нет:
Отправить комментарий