საქართველოში მონღოლთა ბატონობის ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი საკითხთაგანია ის, თუ როდის შეუწყვიტა საქართველომ ხარკის ძლევა მონღოლ მბრძანებლებს, როდის ამოიკვეთა აქ სათათრო ხარკი და, სწორედ ამასთან დაკავშირებით, როდის დასრულდა ფაქტიურად მონღოლთა ბატონობა.
ქართულ სამეცნიერო-საისტორიო მწერლობაში აღნიშნულია, რომ გიორგი ბრწყინვალემ 1330 წელს შეუწყვიტა ხარკის ძლევა მონღოლებს. მაგრამ XIV ს-ის სპარსულ წყაროებში საქმის ვითარება სულ სხვანაირადაა წარმოდგენილი. ამიტომ ამ ცნობების შემოტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში მნიშვნელობას არ უნდა იყოს მოკლებული და მომავალში მათი გათვალისწინება აღებული ხანის საქართველოს ისტორიის მკვლევართა მიერ, ალბათ, აუცილებელი იქნება.
ინგლისელმა მკვლევარმა დ. ლენგმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სპარსელი ისტორიკოსის ჰამდალაჰ ყაზვინის ცნობა საქართველოზე დაწესებული ხარკის ოდენობის შესახებ ეკუთვნის 1336 წელს1. ჰამდალაჰ ყაზვინის გეოგრაფიული თხზულება „ნოზჰათ ალყოლუბ“ („გულთა სიამე“) კი, საიდანაც ეს ცნობაა ამოღებული, დაწერილია 1339-40 წლებში.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, ჰამდალაჰ ყაზვინი აღნიშნავს ორი თუ სამი წლით ადრე მომხდარ ფაქტს. ისტორიკოსი გვევლინება აღწერილი ამბის თანადამხდურად. ამას კი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს მისი ცნობის კრიტიკული შესწავლისას.
მართლაც, ჰამდალაჰ ყაზვინი დასახელებულ თხზულებაში თვითონვე ამბობს, რომ მის დროს, სახელდობრ 1336 წელს, საქართველოდან შემოვიდა 120,2 თუმანი (უდრის 1.202.000 დინარს ან 7.212.000 დირჰემს)2. სწორედ ამ ცნობამ დ. ლენგს საბაბი მისცა აღენიშნა, რომ აღმ. საქართველო მონღოლებს ხარკს უხდის 1330 წლის შემდეგაც.
საქართველოდან შემოსული მონღოლური ხარკი 1336 წლისათვის მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ასე, მაგალითად, ეს თანხა ვერ აღწევდა რუსუდან მეფის დროინდელი საქართველოს შემოსავლის ერთ მეოთხედსაც კი და იმის ნახევარს, რასაც ქვეყანა მონღოლებს ილხნობაში უხდიდა3. შემოსავლის ასეთ შემცირებას დ. ლენგი უკავშირებს დინასტიურ ბრძოლებსა და ფეოდალურ შინაომებს, რაც თან ახლდა მონღოლთა სახელმწიფოს დაშლას ირანში4.
ჰამდალაჰ ყაზვინის მიერ მოწოდებული ცნობა ეხება იმ დროს, როდესაც ილხანთა სახელმწიფო უკვე დაშლილი იყო. ამიტომ, ბუნებრივია, თუ ჰამდალაჰ ყაზვინის ცნობას სარწმუნოდ მივიღებთ, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ საქართველო 1335 წლის შემდეგაც ხარკს უხდის ილხანთა პოლიტიკურ მემკვიდრეებს ირანში.
1. D. M. Lang,
Georgia in the reign of Giorgi the Brilliant, Bulletin of the School of
Oriental and African Studies, XVII/1,
1955, გვ. 85.
2. Nuzhat
al-Qulub (GMS, XXIII/1), გვ. 93.
3. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 85. 4 იქვე.
საქართველოს ხარკის გადამხდელ ქვეყნებს შორის ასახელებს სხვა სპარსელი მწერალიც. ეს მწერალი ჰამდალაჰ ყაზვინზე ცოტა გვიან მოღვაწეობდა. ესაა აბდალაჰ იბნ მოჰამედ იბნ ქია ალ-მაზანდარანი, „რესალეÁე ფალაქია“-ს ავტორი. საინტერესოა, რომ მისი საქართველოს ხარკთან დაკავშირებული ცნობა 1349-50 წ. განეკუთვნება, ხოლო თვითონ დოკუმენტი, სადაც ეს ცნობაა მოტანილი, შედგენილია 1363 წელს, შეიხ უვეის ჯალაირის მბრძანებლობაში.
ხსენებული დოკუმენტი გამოსცა გერმანელმა ორიენტალისტმა ვალტერ ჰინცმა5. ვალტერ ჰინცმა დასახელებული დოკუმენტის თარიღი საეჭვოდ გამოაცხადა იმ მოსაზრებით, რომ მასში მოხსენიებული გილანი, შირვანი, საქართველო და მცირე აზია ამ დროს (1349-50 წ.) ხარკს ვერ გადაუხდიდნენ შეიხ ჰასან ჯალაირს, უვეისის წინამორბედს. ამიტომ მან დოკუმენტში დამოწმებული ციფრობრივი მონაცემები გადაიტანა აბუ-საიდის ილხანობაში (1316-1335). დ. ლენგი არ იზიარებს ვ. ჰინცის ამ თვალსაზრისს და ალ. მაზანდარანის მიერ 1349-50 წ. ფისკალურ ცნობას უტყუარად მიიჩნევს. მისი აზრით, ვ. ჰინცს მხედველობიდან რჩება ის, რომ 1350 წელს დასახელებული ქვეყნები ემორჩილებოდნენ მალიქ აშრაფს და მის მარიონეტს ანუშირვანს. საამისოდ იგი იმოწმებს ვ. მინორსკის მიერ „ისლამის ენციკლოპედიაში“ მოთავსებულ მბრძანებლების სახელით იჭრებოდა გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალებიდან ექვსი წლის შემდეგაც8. ნიმუშებს შორის დასახელებულია ოლჯეითუს სახელზე მოჭრილი მონეტების სერია 705-715 წლების მანძილზე: აბუ-საიდის 715-735 წლების მონეტები, არფა-ხანის 736 წ. მონეტა, შეიხ ჰასან ჯალაირის, დიდად წოდებულის, მარიონეტის მოჰამედ-ხანის 738 წ. მონეტა, უფლისწული ქალის სათი-ბეგის 739 წლის მონეტა, შეიხ ჰასან ჩობანიანის, მცირედ წოდებულის, მარიონეტის სულეიმან-ხანის 744 წლის მონეტა, ანუშირვან-ხანის, მალიქ აშრაფის მარიონეტის, მონეტები 745 წლიდან 752 წლამდე9.
ილხანების პოლიტიკური მემკვიდრეების ზარაფხანებში მოჭრილი მონეტები დასახელებული აქვთ ქართველ ნუმიზმატებსაც. ნუმიზმატი დ. კაპანაძე ასახელებს არფა-ხანის, მუსას და მუჰამედის მონეტებს, რომლებიც 1335 წლის შემდეგ საქართველოს ზარაფხანებში მოუჭრიათ10.
საზოგადოდ ცნობილია, რომ XIV ს-ის დამდეგიდან საქართველოს ზარაფხანებში მონეტები იჭრებოდა მუსლიმანური ზედწერილებით და ილხანების სახელით, მაშინ როდესაც XIII ს-ის მეორე ნახევარში მოჭრილ მონღოლურ მონეტებს, ილხანთა სახელებთან ერთად, ახლდა ჯვრის გამოსახულება. ამ მონეტებს სავსებით მართებულად ქართულ-ჰულაგუიდური ეწოდება11. XIII ს-ის 80-იანი წლებიდან კი ჩნდება მონეტები ქართველ მეფეთა სახელებით და ქართული ზედწერილებით. მაგრამ ყაზან-ყაენის (1295-1304) სამონეტო რეფორმის შემდეგ აღარ იჭრება არც ქართულ-ჰულაგუიდური და არც საკუთრივ ქართული მონეტები. მათ მაგიერ გავრცელებულია ყაზანური თეთრი, ვერცხლის მონეტა, „რომლის წონა 2,15 გრამის ფარგლებში დაკანონდა“12.
ყაზანური თეთრის შემოღება და გავრცელება საქართველოში ადვილად აიხსნება. იგი უშუალოდ უკავშირდება სამონეტო სისტემის უნიფიკაციას ილხანთა ირანის სახელმწიფოში.13
სამაგიეროდ ძნელი ასახსნელია ის, თუ რატომ იჭრება საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის აღდგენის შემდეგ მონეტები მუსლიმანური ზედწერილებით და ილხანთა პოლიტიკური მემკვიდრეების სახელით საქართველოს ზარაფხანებში. ამ ნუმიზმატიკურ ფაქტს, ცხადია, ახსნა სჭირდება, რადგან კარგადაა ცნობილი, რომ დასახელებული მონეტები თბილისის, ანისის, დმანისის და ახალციხის ზარაფხანებში იჭრებოდა.
ქართულ ნუმიზმატიკურ ლიტერატურაში დამოწმებულია თბილისის, ანისის, დმანისის და ახალციხის მონეტები. მაგრამ არსებობდა მეხუთე ზარაფხანაც საქართველოს ფარგლებში, სადაც ილხანთა სტანდარტული დირჰემები იჭრებოდა. ეს იყო ყარაღაჯის ზარაფხანა კახეთში, შირვანის საზღვარზე. ყარაღაჯში ზარაფხანა დაარსდა 1337 წლის ახლო ხანში და მოქმედებდა ოცი წლის განმავლობაში14. ამ ზარაფხანაშია მოჭრილი მოჰამედ-ხანის მონეტები 738 წ. ჰიჯრით, სულეიმან-ხანის (740-744 წლით დათარიღებული) და ანუშირვანის მონეტები 745 წლიდან 756 წლამდე15.
8. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 85.
9. იქვე, გვ. 86.
10. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1950, გვ. 68.
11. И.Л. Джалагания, Из истории монетного дела в
Грузии XIII века, Тб., 1958, გვ. 65-82.
12. დ. კაპანაძე, დასახ. ნაშრ., თბ., 1950, გვ. 67-68.
13. И.Л. Джалагания, დასახ. ნაშრ., გვ. 81-82.
14. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 86; დ. კაპანაძე, ზარაფხანათა და მონეტების გამომშვები ცენტრების ლოკალიზაციისათვის ძველ საქართველოში, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, ტ. XXVII, #4, თბ., 1959.
15. აღებული ხანის ქართული ნუმიზმატიკის საკითხები დ. ლენგს უფრო დაწვრილებით განხილული აქვს მონოგრაფიულ გამოკვლევაში: Studies in the numismatic
history of Georgia in Transcaucasica. New York, 1955; რეცენზია ამ წიგნზე იხ. Journal of Near Eastern
Studies, vol. XVIII, 1959, გვ. 98-99.
როგორც ვხედავთ, მუსლიმანური მონეტები საქართველოს ზარაფხანებში იჭრება 1335 წლის შემდეგაც, როდესაც ილხანთა ირანის სახელმწიფო ფაქტიურად უკვე აღარ არსებობდა. აღნიშნული ნუმიზმატიკური მონაცემები თავისთავად აყენებენ საქართველოს ილხანთა მემკვიდრეებთან პოლიტიკური დამოკიდებულების თავისებურებათა გამორკვევის საკითხს. ამდენადვე შეუძლებელია მათი გაუთვალისწინებლობა.
მაგრამ, ამავე დროს, ქართული წერილობითი წყაროებიდან ცნობილია, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობაში მოიჭრა ქართული ვერცხლის მონეტა ე.წ. „გიორგაული“. დ. ლენგი, რომელიც მონღოლთა მფარველობის გახანგრძლივებას საქართველოში, როგორც ვნახეთ, ნუმიზმატიკური ფაქტებითაც ამაგრებს, რა თქმა უნდა, „გიორგაულს“ ვერასგზით გვერდს ვერ აუხვევდა. ამასთან მას გათვალისწინებული აქვს, რომ გიორგი მეფის დროინდელი თეთრი დამოწმებულია ბექას და აღბუღას სამართალში16. ის არც უარყოფს ქართული მონეტის არსებობას გიორგი ბრწყინვალის მეფიბაში. ოღონდ „გიორგაულს“ აიგივებს „კირმანეულთან“17 და სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოთქვამს სრულიად ორიგინალურ შეხედულებას „გიორგაულის“ არსებობის თაობაზე.
კირმანეული დას. საქართველოშია მოჭრილი, რაც, თავისთავად ცხადია, იქ ზარაფხანის არსებობის უტყუარ მოწმობასაც წარმოადგენს. ცნობილია ისიც, რომ კირმანეულის ნიმუშად მიჩნეულია ტრაპიზონული ვერცხლის ასპრები. ამასთან კირმანეულის ზოგიერთ ნიმუშზე დამოწმებულია როგორც ქართული ზედწერილები, ისე ქრისტიანული იკონოგრაფია. ამ მონეტების ცალ გვერდზე გამოსახულია მეფე, მეორეზე - წმინდა ევგენი18. ყველა ამის გამო ნუმიზმატი დ. კაპანაძე აღნიშნავს: იშვიათ შემთხვევაში კირმანეულზე ქართული წარწერებიც ჩნდება: ცნობილია, მაგალითად, ცალი, რომელზედაც არის ასომთავრული კ, ან მონეტის შუბლზე, კეისრის გამოსახულების გვერდით ასომთავრულად (მეფე) და ზურგზე წმინდანის გამოსახულებასთან გიორგის დაქარაგმებული სახელი ასევე ასომთავრულად (გრ); ასეთი სულ ერთ ან ორ ცალად ცნობილი ვარიანტები ძალიან გადასულებია19.
დ. კაპანაძემ დააყენა საკითხი, თუ ვის ეკუთვნის მონეტის ზურგზე გამოსახული წმინდანის გვერდით მოთავსებული დაქარაგმებული სახელი: „საკითხი, თუ ვის ეკუთვნის ეს სახელი - მეფესა თუ წმინდანს ძნელი გადასაჭრელია, რადგან შეიძლება მონეტა ვინმე მეფე გიორგის მოუჭრია; ხოლო რადგან ეს სახელი წმინდანის გვერდით არის მოთავსებული, შეიძლება სწორედ მას ეკუთვნოდეს. გიორგის სახელით აღბეჭდილი ამ კირმანეულის უხეშად შესრულებული გამოსახულებისა და შემცირებული წონის მიხედვით, მონეტა მოგვიანო უნდა იყოს და XIV ს-ის დამლევით ან უფრო XV საუკუნით თერიღდება“20. დ. კაპანაძის მსჯელობაში კატეგორიულია მხოლოდ კირმანეულის შესწავლილი ვარიანტების დათარიღება. ვარაუდის სახით კი გამოთქმულია მოსაზრება, რომ „შეიძლება მონეტა ვინმე მეფე გიორგის მოუჭრია“ ანდა „რადგან ეს სახელი (გიორგი, ვ. გ.) წმინდანის გვერდით არის მოთავსებული, შეიძლება სწორედ მას ეკუთვნოდეს“. ამრიგად, დ. კაპანაძის აზრით სახელი გიორგი შეიძლება მეფესაც ნიშნავდეს და წმინდანსაც.
16. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 87.
17. იქვე.
18. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, გვ. 74.
19. იქვე.
20. იქვე.
დასახელებულ მონეტას დ. კაპანაძე არ უკავშირებს „გიორგაულს“. მისი „ქართული ნუმიზმატიკის“ ქართულ გამოცემაში საზოგადოდ არაფერი არის ნათქვამი „გიორგაულზე“. მეფე გიორგის მონეტაზე მას საუბარი აქვს ამ ნაშრომის რუსულ გამოცემაში, რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა.
„ქართული ნუმიზმატიკის“ რუსულ გამოცემაში დ. კაპანაძე იმოწმებს ძველ ქართულ წყაროებში დაცულ ცნობებს, რომ გიორგი ბრწყინვალემ შემოიღო ახალი ტიპის მონეტა, რომელმაც „გიორგაულის“ სახელწოდება მიიღო21. ამას მკვლევარი დასძენს, რომ დღემდე ეს ცნობები არ დასტურდებოდა ნუმიზმატიკური მასალებით, მაგრამ ახლა, განაგრძობს იგი, არსებობს იმის ზოგიერთი მონაცემი, რომ ეს სამონეტო ტიპი უკვე ნაპოვნია22.
ასეთად დ. კაპანაძე სთვლის ვერცხლის მონეტას, რომელიც მის მიერ პირველადაა გამოცემული და რომელიც, მისივე სიტყვით, სამი თუ ოთხი ეგზემპლარის სახით არის ცნობილი. მან ამ მონეტაზე ყურადღება მიაქცია რელიგიური ხასიათის არაბული ფორმულის მსგავსს ნიშნებს და ასოომთავრულ ქართულ ზედწერილებს. ეს ზედწერილები წაკითხულია როგორც „მეფეთა მეფე გიორგი“. ამავე მონეტის რევერსზე, გამომცემლის დაკვირვებით, მოთავსებულია სამსტრიქონიანი არაბული წარწერა, რომლითაც გადმოცემულია სუნიტური რწმენის სიმბოლო23.
დ. კაპანაძე მიუთითებს, რომ მონეტას თარიღი არ მოეპოვება, მაგრამ ზომა და წონა მას უახლოვებს XIV ს-ის მეორე მეოთხედის საერთო ჰულაგუიდური ტიპის დირჰემებს. მასვე შენიშნული აქვს შემდეგი საყურადღებო გარემოება: ახალი მონეტის შექმნისას მასში შეტანილ ეროვნულ ნიშნებთან ერთად მონეტის მომჭრელ ოსტატს უნდა გამოეყენებინა ამდროინდელი საქართველოს ფულის ტრიალში არსებული და შეთვისებული მონეტების ტიპოლოგიურ სქემა24.
ამავე ტიპის მონეტას უკავშირებს დ. კაპანაძე სოფ. ალში ნაპოვნი მონეტების განძში გარეულ ხუთ მონეტას (# 121), რომლებიც, მისი სიტყვით, დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ზემოთ აღწერილი ტიპის მონეტებთან25. განძის მონეტები თარიღდება XIV ს-ის დამლევით და, მკვლევარის სიტყვით, სრულის უეჭველობით ეკუთვნიან გიორგი VIII-ს, ბაგრატ V-ის ძეს. მისი დაკვირვებით, განძის მრავალრიცხოვანი მონეტებისაგან მკვეთრად განსხვავდება 5 მონეტა, რომლებიც თავიანთი ნიშნებით ენათესავებიან XIV ს-ის პირველი ნახევრის მონეტებს და, ამდენადვე, დაასკვნის მკვლევარი, ისინი არ შეიძლება მივაწეროთ გიორგი VIII-ს26. დ. კაპანაძეს, როგორც ჩანს, სწორედ აღწერილი მონეტები მიაჩნია „გიორგაულებად“ და ამიტომ მათს მოჭრას გიორგი ბრწყინვალის ხანას უკავშირებს. მაგრამ ეს მის მიერ გადაჭროთ და კატეგორიულად მაინც არ არის ნათქვამი. „გიორგაულის“ არსებობის საკითხს ფაქტიურად იგი ღიად ტოვებს. მკვლევარი ამის გამო შემდეგს აღნიშნავს: „Но материал еще недостаточен для категорического утверждения, что рассматриваемые монеты действительно являются пресловутыми гиоргаули“27.
21. Д.Г. Капанадзе, Грузинская нумизматика, М., 1955, გვ. 99-100.
22. იქვე.
23. იქვე, გვ. 100.
24 იქვე.
25. იქვე.
26. იქვე.
27. იქვე.
დ. კაპანაძისაგან განსხვავებით დ. ლენგი, როგორც აღვნიშნეთ, გიორგაულებად მიიჩნევს კირმანეულებს, რომლებზედაც მოთავსებულია ქართული ზედწერილები და ქრისტიანული იკონოგრაფია. კირმანეულის და გიორგაულის მსგავსების ერთ-ერთ არგუმენტად მას მოაქვს ის, რომ წმინდა ევგენის გამოსახულება მონეტების რევერსზე ამჟღავნებს მსგავსებას წმინდა გიორგის გამოსახულებასთან. მხედველობაში იღებს იგი კირმანეულის ზოგიერთ ნიმუშზე მოთავსებულ ასომთავრულად დაქარაგმებულ სახელსაც: გრ (გიორგი). ამიტომ მას შესაძლებლად მიაჩნია, რომ ქართველებს ევგენი, მათთვის სრულიად უცხო და უცნობი ფიგურა, ტრაპიზონელი წმინდანიდან გადაექციათ საქართველოში კარგად ცნობილ წმინდა გიორგად.
ამრიგად, დ. ლენგის აზრით, კირმანეულის ზურგზე გამოსახული ფიგურა ქართველების თვალსაზრისით არის წმინდა გიორგი, ხოლო დაქარაგმებული სახელი კი ამ წმინდანის აღმნიშვნელი. ეს მკვლევარს საფუძველს აძლევს თქვას, რომ სათანადო მონეტებს ეწოდებოდა კირმანეულიც, კეისარ მანუელის სახელის მიხედვით, და გიორგაულიც, წმინდანის მიხედვით, რომელიც მონეტების რევერსზე იყო გამოსახული.
კირმანეულის და გიორგაულის იგივეობის დასამტკიცებლად დ. ლენგს სხვა მასალაც აქვს. მან ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბექასა და აღბუღას სამართლის მიხედვით გიორგი მეფის დროინდელი თეთრის ორი ნიმუშის ღირებულება უდრიდა სუფთა ვერცხლის ხუთ დანგს. მართლაც, ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის შესავალში ნათქვამია: „ამა ჟამსა შინა ყაზანაურობა არღარა იყო, დიდისა მეფისა გიორგის ჟამისა თეთრი გავაჩინეთ: ორიანი ხუთი დანგი. წმიდა ვერცხლი და, როგორც თეთრი იყოს, ანგარიშად იმა წესით აიღებოდეს“28. დამოწმებული ცნობა, აშკარად ჩანს, იძლევა გიორგი მეფის ჟამში მოჭრილი მონეტის წონითი ოდენობის გამორკვევის საშუალებას.
დ. ლენგი თავისი მსჯელობის საბუთად იღებს იმას, რომ გიორგი მეფის დროინდელი თეთრის ორი ნიმუშის ღირებულება უდრიდა სუფთა ვერცხლის ხუთ დანგს. კირმანეულის წონა კი, მისი დაკვირვებით, ირყეოდა 1,7 და 2,2 გრამს შორის. ასე რომ თვითეული კირმანეულის საშუალო წონა უდრიდა 1,9 გრამს. დ. ლენგის გამოანგარიშებით კირმანეულის ორი ნიმუში (3,8 გრამი) მჭიდროდ უახლოვდება 5 დანგს ან 5/6 მისხალს. ეს კი, განაგრძობს იგი, სავსებით შეეფარდება ბექასა და აღბუღას სამართლით განსაზღვრულ გიორგაულის საშუალო წონას. და იქვე გაკეთებულია დასკვნა: გიორგაულის წონითი ოდენობა იმდენივეა, რამდენიც კირმანეულის. ამის საფუძველზე დ. ლენგი იხრება იმ მოსაზრებისაკენ, რომ გიორგი V-ის დროს მოჭრილი გიორგაული მონეტები ფაქტიურად წარმოადგენდნენ იმ ტრაპიზონული ასპრების იმიტაციას, რომლებიც საქართველოში უფრო მეტად კირმანეულის სახელით იყვნენ ცნობილი29.
ამგვარადაა დასმული და გაშუქებული გიორგაულის საკითხი დ. ლენგის იმ ნაშრომში, რომელშიაც აღმოსავლური წყაროების მიხედვით გიორგი ბრწყინვალის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაა შესწავლილი. მკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ ინგლისელი მკვლევარის დაკვირვებები და დასკვნები უეჭველად გასათვალისწინებელია. ამდენადვე თავისთავად დგება ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული და განმტკიცებული შეხედულებების გადასინჯვის საჭიროება. ახლებურად ისმის, კერძოდ, გიორგაულის საკითხი. ცნობილია: ნუმიზმატიკურ კოლექციებში გიორგაულის არც ერთი ნიმუში არ გვხვდება. თვითონ სახელი „გიორგაული“ XVIII ს-ის წყაროშია დამოწმებული, XIV ს-ის წყაროებში კი მის მაგიერ გიორგი მეფის ჟამის თეთრი იხმარება.
28. ი. დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953, გვ. 266.
29. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 87-88.
ისმის კითხვა: როდის და როგორ გაჩნდა მონეტის აღმნიშვნელი სახელწოდება „გიორგაული“ ან რომელი მონეტაა საგულვებელი თუ ნაგულისხმევი ამ სახელწოდებს ქვეშ? გიორგაული, თუ არ ვცდებით, იხსენიება მხოლოდ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში. იქ ნათქვამია: „პირველს ჟამურს თეთრს გიორგაულს ეძახდნენ. ის თურმე საქმობდა სისხლშიაცა და ისრეც, გიორგაული რა ერთიც წონა ყოფილა, ის ძველს წიგნებში სწერია და იმით იცნობთ: კიდევ ერთი რიგი სხვა თეთრიცა ყოფილა კირმანეულს ეძახდნენ“ (ვახტანგის სამართლის წიგნი, კარი თეთრის გარიგებისა, $ 15). ვახტანგ VI, როგორც ვხედავთ, XIV საუკუნისათვის ერთდროულად გულისხმობდა ორი ქართული მონეტის - გიორგაულის და კირმანეულის არსებობას. გიორგაულის წონის გამოსარკვევად კი იგი მიუთითებდა ძველ წიგნებზე (XIV ს-ის სამართლის წიგნები), რასაც შემდეგ სხვა მკვლევრებიც აღნიშნავდნენ. შეცდომას კი იმ მხრივუშვებდა, რომ გიორგაული მას „პირველ ჟამურ თეთრად“ მიაჩნდა.
აკად. ივ. ჯავახიშვილი ვახტანგ VI-ის ამ ცნობის გამო შენიშნავდა: „სახელოვან გვირგვინოსან მეცნიერს ეს ფული „პირველ ჟამურ თეთრად“ მიაჩნდა. ეს გარემოება ცხადჰყოფს, რომ ვახტანგ VI ამ ფულზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონია. რასაკვირველია, „გიორგაული“ პირვანდელი ქართული ფული არ ყოფილა. ათაბაგ აღბუღას თავისი პაპისა და თავისი სამართლის წიგნში ნათქვამი აქვს: პაპა ჩემს ბექას ყაზანური თეთრი დაეწესებინა სისხლის საზღაურად, მაგრამ ჩვენს დროს ამგვარი ფული უკვე აღარ არსებობდა და ჩვენ „დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამისა თეთრი გავაჩინეთ“-ო30. აკად. ივ. ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ „მე-XIV ს. პირველი ნახევრითგან მოყოლებული გიორგი ბრწყინვალის „გიორგაულად“ წოდებული თეთრი იხსენიება როგორც „ძეგლის დებაში”, ისევე აღბუღას სამართალში“31. მაგრამ ტერმინი „გიორგაული“ არ გვხვდება არც გიორგი ბრწყინვალის და არც აღბუღას სამართალში. პირველში უბრალოდ მხოლოდ თეთრია მოხსენიებული, მეორეში მეფე გიორგის ჟამის თეთრი. ჩვენი აზრით, აქედან უნდა ეწარმოებინა ვახტანგ VI-ს „გიორგაული“ და მას პირველად უნდა შემოეღო ეს ტერმინი ხმარებაში.
აღბუღა ასახელებს არა „გიორგაულს“, არამედ „მეფის გიორგის ჟამის თეთრს“. ეს ცნობა XIV ს-ის 80-იან წლებს მიეკუთვნება32. ბექა მანდატურთუხუცესის დროს კი ყაზანური თეთრი იყო გაბატონებული. მის დროს „ყოველგვარი ქონებრივი საზღაურის გადახდა ამ ფულის ერთეულით იყო ნავარაუდევი და სწორედ „ყაზანური თეთრი“ იყო დაწესებული“33. მაგრამ ყაზანური თეთრი გაქრა არა მარტო საქართველოში, არამედ ილხანთა ირანშიც. ეს შენიშნა და სათანადოდ შეაფასა აკად. ივ. ჯავახიშვილმა. მისი სიტყვით, „ირანის ილხანების საყაანოს დასუსტებასა და სრულიად მოსპობასთან ერთად, ისეთი ჯანსაღი ფულის ერთეულიც კი, როგორიც ყაზანური თეთრი იყო, სწრაფად გაქრა და უკვე აღბუღა ათაბაგამირსპასალარის დროს „ყაზანაურობა არღარა იყო“34.
30. ივ. ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა მეტროლოგია, თბ., 1925, გვ. 21.
31. იქვე, გვ. 17.
32. იქვე.
33. ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის სამართალი, თბ., 1957, გვ. 9.
34. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1941, გვ. 172.
ამრიგად, თუ აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის დროს ყოველგვარი ქონებრივი საზღაურის გადახდა გიორგი მეფის ჟამის თეთრით იყო ნავადაუდევი, მაშინ ამ თეთრში თანამედროვეები, ცხადია, სრულიად გარკვეულ მონეტას გულისხმობდნენ. ასეთი მონეტა არ შეიძლება მთლიანად გამქრალიყო ისე, რომ არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოეღწია. მაშასადამე, „გიორგაულში“, უნდა ვიფიქროთ, იგულისხმება ისეთი მონეტა, რომლის ნიმუშიც შეიძლება დავამოწმოთ ნუმიზმატიურ კოლექციებში. ასეთ მონეტაზე, ცხადია, მოთავსებული უნდა ყოფილიყო ქართული ზედწერილები. ასეთია მხოლოდ დ. ლენგის მიერ შესწავლილი კირმანეულები და დ. კაპანაძის მიერ მითითებული ახალი ტიპის მონეტა, რომლის ზომა და წონა უახლოვდება XIV ს-ის მეორე მეოთხედის საერთო ჰულაგუიდური ტიპის დირჰემებს.
დ. ლენგმა, როგორც ვნახეთ, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კირმანეულის ზოგიერთი ნიმუშის რევერსზე გამოსახული წმინდანის გვერდით მოთავსებულია ასომთავრულად დაქარაგმებული სახელი: გრ (გიორგი). საეჭვოა აქ გიორგი აღნიშნავდეს წმინდანს, როგორც ამას ფიქრობს დ. ლენდი და ვარაუდობს დ. კაპანაძე. წმინდა გიორგის გამოსახულებას თითქოს ასეთი განმარტება არ უნდა დასჭირვებოდა ქართულ სინამდვილეში. რამდენადაც ვიცით, ქართული ნუმიზმატიკა არ იცნობს ასეთ ფაქტს. ამასთან მონეტის შუბლზე ასომთავრულით წერია მეფე, ხოლო მის ზურგზე გიორგი. ვის აღნიშნავს მეფე? კეისარს, რომელიც მონეტის შუბლზეა გამოსახული, თუ მეფე გიორგის? დ. კაპანაძემ შესაძლებლად დაინახა, რომ კირმანეულის სათანადო ვარიანტის მონეტა „ვინმე მეფე გიორგის მოეჭრა“. ეს ვინმე მეფე გიორგი, ცხადია, ან გიორგი ბრწყინვალე უნდა იყოს, ანდა გიორგის სახელის მატარებელი XIV-XV სს. რომელიმე მეფე. დ. კაპანაძემ გიორგი ბრწყინვალე ალბათ იმიტომ გამორიცხა, რომ მონეტის შემცირებული წონა მისი მეფობის ხანას (ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება და სხვ.) არ შეეფარდებოდა. მისი სიტყვით, „გიორგის სახელით აღბეჭდილი ამ კირმანეულის უხეშად შესრულებული გამოსახულებისა და წონის მიხედვით, მონეტა მოგვიანო უნდა იყოს და XIV საუკუნის დამლევით ან უფრო XV საუკუნით თარიღდება“. ამ დროს მეფედ საქართველოში გიორგი VII (1393-1407) იჯდა, მაგრამ არც ამ გიორგიზე ამბობს რამეს დ. კაპანაძე.
გიორგი ბრწყინვალის დროს რომ მონეტის წონა მკვეთრად იყო შემცირებული, ამაზე გარკვევით ლაპარაკობს ის გარემოება, რომ აღაბუღამ გააჩინა გიორგი მეფის ჟამის თეთრის „ორიანი ხუთი დანგი“ და სწორედ ამასთან დაკავშირებით კანონმდებელი საჭიროდ სთვლის აღნიშნოს: „წმინდა ვერცხლი... ანგარიშად იმა წესით აიღებოდეს. ამად არ ჩამოვამცრევით, რომე ავი საქმე ნუ ვისგან გაადვილდების“35.
ფულის გაუფასურება ილხანთა ირანში ყაზან-ყაენის მემკვიდრეების დროს კარგად ცნობილი ფაქტია. ასეთ ვითარებაში მოიჭრა გიორგი ბრწყინვალის მონეტა, რომელსაც ტრადიციით გიორგაული ეწოდება. მაგრამ თავისი ღირებულებით ის, ჩანს, აშკარად განსხვავდებოდა სრულფასოვანი ყაზანური თეთრისაგან.
ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის შესავალში, როგორც ვნახეთ, ლაპარაკია ყაზანური თეთრის შეცვლის თაობაზე. მაგრამ გავრცელებული ყაზანური თეთრის გიორგის თეთრით შეცვლა მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ მეფე გიორგიმ საკუთარი თეთრი მოჭრა. აღბუღას ეს გარემოება თითქოს არც აქვს მხედველობაში. პირიქით, მას, როგორც ჩანს, ყაზანური თეთრი უფრო სრულფასოვნად მიაჩნია, ვიდრე მეფე გიორგის ჟამის თეთრი. ამიტომ კირმანეულის სათანადო ვარიანტების კავშირს გიორგი ბრწყინვალესთან არ უნდა გამორიცხავდეს მონეტის წონის შემცირება. ეს მოვლენა XIV ს-ის გარკვეული პერიოდიდან მოყოლებული თანაბრად იყო დამახასიათებელი მთელი წინა აზიისათვის. წონაში კლებულობდა აღმ. საქართველოს ზარაფხანებში მოჭრილი ილხანურ-მუსლიმანური მონეტებიც.
35 ი. დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, გვ. 286.
აღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებს დ. კაპანაძეც. მას ნათქვამი აქვს: „უკვე ულჯაითუ სულტნის მმართველობის მიწურულში და აბუ საიდის ტახტზე ასვლისთანავე, დირჰემის წონამ შემცირება იწყო და მალე 1,73 გრ-ზე დავიდა (შესაბამისად: ნახევარ დრამიანისა - 0,87, ორიანისა - 3,5). ამ დონეზე ეს წონა 1333 წლამდე რჩებოდა. XIV ს-ის მეორე მესამედიდან დირჰემის წონამ მორიგი დაცემა განიცადა და 1,40 გრ-მდე შემცირდა (შესაბამისად: ნახევარგრამიანი - 0,7 გ., ორმაგი - 2,8)36.
სპარსული და ქართული ვერცხლის მონეტების ღირებულების მოკლებას XIV ს-ის მეორე მეოთხედში ხაზგასმით აღნიშნავს დ. ლენგიც („It is important to note that the value of the Persian and Georgian silver coinage had declined sharply during the second quarter of the 14th century“)37. დ. ლენგს საამისოდ შესწავლილი აქვს თბილისისა და ყარაღაჯის ზარაფხანებში მოჭრილი იმ ვერცხლის მონეტების წონა, რომლებიც ნიუ-ორკის ნუმიზმატიკური საზოგადოების მუზეუმშია დაცული. ქვემოთ მთლიანად მოგვაქვს მის მიერ შედგენილი ვერცხლის მონეტების წონის სწრაფი დაცემის გამომხატველი ტაბულა:
გრ
1301 . . . 2,14
1305 . . . 2,15
1312 . . . 2,08
1319 . . . 1,70
1334 . . . 1,41
1349 . . . 1,26
1359 . . . 1,0138
ვერცხლის მონეტების ღირებულების საერთო დაცემის ფონზე გასაოცარი არ უნდა იყოს კირმანეულის წონის მეტისმეტად შემცირება. დ. კაპანაძე ამის გამო შენიშნავს: „XIII-XIV საუკუნეების სხვა მონეტების მსგავსად კირმანეული თეთრი თანდათანობითი დაწვრილებისა და გაუარესების პროცესს განიცდის“39. ადვილად შესაძლებელია, რომ სწორედ ამის გამო იყოს გაჩენილი გიორგის ჟამის თეთრი ათაბაგ აღბუღას მიერ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ნაგულისხმევი იყოს კირმანეული, რომელსაც გიორგის სახელი ახლავს. საამისო საბუთად გამოდგება ის, რასაც დ. ლენგმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, სახელდობრ, წონითი ოდენობის თანაფარდობის დამთხვევა ბექა-აღბუღას სამართლის გიორგაულსა და კირმანეულს შორის.
კირმანეული, როგორც ცნობილია, დას. საქართველოში იჭრებოდა და იგი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იყო უფრო მეტად გავრცელებული. ამ საზღვრებში იყო წარმოდგენილი ისტორიულადაც და გეოგრაფიულადაც ათაბაგის სამფლობელოც. ამდენადვე, თავისთავად იგულისხმება, კირმანეული აქაც უნდა ყოფილიყო ფულის ტრიალში. აღნიშნული გარემოება შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დამატებითი საბუთი კირმანეულის და გიორგაულის იგივეობის დასადასტურებლად. მაგრამ ამავე დროს აღმ. საქართველოში იჭრება მონეტები, რომელთაც დ. კაპანაძემ მიაქცია ყურადღება. მანვე ეს მონეტები დაუნათესავა XIV სის მეორე მეოთხედის ჰულაგუიდური ტიპის მონეტებს, ხოლო მათზე გამოსახული დაქარაგმებული სიტყვები წაიკითხა როგორც „მეფეთა მეფე გიორგი“ და, რაც მთავარია, შესაძლებლად დაინახა მათი დაკავშირება გიორგაულთან.
36. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, გვ. 68.
37. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 89.
38. იქვე; ილხანთა მიერ სახელმწიფოს სხვა ზარაფხანებში მოჭრილი მონეტების წონის შესახებ იხ. А. К. Марков, Каталог джелаиридских монет, СПб., 1897, გვ. XXVIII-ХХХ; Г.А. Федоров - Давыдов, К вопросу о денежном курсе золота в Ира
ისმის კითხვა: რომელია „გიორგაული“? დას. საქართველოში მოჭრილი კირმანეულები თუ აღმ. საქართველოში მოჭრილი ახალი ტიპის მონეტები? თუ დავუშვებთ, რომ ორთავე გიორგი ბრწყინვალის დორს არის მოჭრილი, მაშინ უნდა დავუშვათ ისიც, რომ დას. საქართველოში გიორგი მეფის სახელით კირმანეული იჭრებოდა, ხოლო აღმ. საქართველოში მისივე სახელით ჰულაგუიდური ტიპის მონეტა ქართული ზედწერილებით.
გიორგაული, ცხადია, მხოლოდ ქართული მონეტა შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ თუ კირმანეულებისათვის ქართულ ზედწერილებთან ერთად დამახასიათებელია ქრისტიანული იკონოგრაფია, აღმ. საქართელოში მოჭრილი მონეტებისათვის ქართულ ზედწერილებთან ერთად მუსლიმანური იკონოგრაფიაა დამახასიათებელი. ასეთ შთაბეჭდილებას რამდენადმე ანელებს მონეტის მომჭრელი ოსტატის მიერ გათვალისწინებული ეროვნული მოტივები, რასაც დ. კაპანაძემ მიაქცია ყურადღება და რაშიც მან დაინახა იმის მონაცემები, რომ გიორგაულის სამონეტო ტიპი უკვე ნაპოვნია. ეს გარემოება, ჩვენი აზრით, საფუძველს აცლის დ. ლენგის დებულებას, რომლის მიხედვით გიორგაული კირმანეულის სათანადო ვარიანტებთან არის გაიგივებული. თუ ეს ასეა, მაშინ არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს ორი ქართული მონეტის ერთდროულად არსებობამ XIV ს-ში40.
გიორგაულის შესწავლისას გასათვალისწინებელია აგრეთვე შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება: კირმანეულის სათანადო ვარიანტი უფრო ახლო დგას ქართულ მონეტასთან, ვიდრე აღმ. საქართველოში მოჭრილი ის მონეტები, რომლებიც დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ XIV ს-ის ჰულაგუიდური ტიპის მონეტებთან. აღნიშნული მოვლენა, რა თქმა უნდა, სათანადო ახსნას საჭიროებს. მაგრამ საკითხის თითქმის სრული შეუსწავლელობის პირობებში ამჯერად მხოლოდ სახელდახელო მოსაზრება შეიძლება გამოითქვას.
ქართული მონეტა ასომთავრული ზედწერილებით და ქრისტიანული იკონოგრაფიით დას. საქართველოში შემთხვევით არ უნდა გაჩენილიყო. აქ ფაქტიურად ადგილი არ ჰქონდა მონღოლთა მფლობელობას და უკვე XIII ს-ის შუა წლებიდან მოყოლებული ჯერ ტრაპიზონული ასპრების მსგავსი კირმანეულები იჭრებოდა, შემდეგ ქართულ ზედწერილებიანი კირმანეულები, ხოლო XIV ს-ში კირმანეულის ის ვარიანტი, რომელსაც დაქარაგმებული ქართული ზედწერილები და გიორგის სახელი ახლავს. ეს უკანასკნელი უკვე ნამდვილად ქართული მონეტაა. დ. ლენგმა მისი გაჩენა დაუკავშირა იმას, რომ დას. საქართველოში მონღოლთა მფლობელობას ადგილი არ ჰქონდა, აღმ. საქართველოში კი ეს მფლობელობა ისევ გრძელდებოდა. მართლაც, თუ დ. კაპანაძის მიერ შესწავლილი მონეტები გიორგი ბრწყინვალის ხანას განეკუთვნება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მის დროს კვლავ აღსდგა ქართულჰულაგუიდური ტიპის მონეტა, რომელიც XIII ს-ის მეორე ნახევარში იჭრებოდა. ამის თქმის საბაბს გვაძლევს ამ ახალი ტიპის მონეტის მუსლიმანური იკონოგრაფია. რა ვითარებაში შეიძლებოდა მომხდარიყო ეს?
ქართული ზედწერილებიანი მონეტების გაჩენა ილხანურ-მუსლიმანური მონეტების გვერდით შემთხვევით არ აიხსნება. ეს, უეჭველია, მონღოლთა მფლობელობის შესუსტებით იყო განპირობებული. ამასთან გიორგი მეფის თეთრის არსებობა XIV ს-ის წყაროებით დადასტურებული ფაქტია. საამისოდ საჭირო პირობები უნდა შეექმნა ილხანთა ბატონობის დასუსტებას ირანში, რამაც გიორგი ბრწყინვალეს შესაძლებლობა მისცა ენერგიულად შესდგომოდა საქართველოს პოლიტიკური ერთიანობის აღდგენის საქმეს.
40. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ ვახტანგ VI ერთდროულად ასახელებს ორ მონეტას: „გიორგაულსა“ და „კირმანეულს“.
გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკა ილხანთა ირანის სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ მდგომარეობაში ექცეოდა ეს სახელმწიფო ფეოდალური შინაომების განვითარების შედეგად.
ასეთ ვითარებაში უნდა მოჭრილიყო „გიორგაული“, ჩვენი აზრით, დაახლოებით 1327-1335 წლებში. დას. საქართველოს შემოერთების შემდეგ კი გიორგი მეფეს თავისი სახელი კირმანეულზეც უნდა აღებეჭდა. თუ ეს ასეა, მაშინ გიორგი ბრწყინვალეს ერთდროულად ორი მონეტა უნდა მოეჭრა: აღმ. საქართველოში „გიორგაული“, ხოლო დას. საქართველოში კირმანეული. ორი ქართული მონეტის ერთდროულად არსებობა განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ ქვეყანა ახლად იყო პოლიტიკურად გაერთიანებული. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1357 წლამდე აღმ. საქართველოს ზარაფხანებში სისტემატურად იჭრებოდა ილხანურ-მუსლიმანური მონეტები. როგორ მოვუაროთ ამ ფაქტს? ამ ფაქტმა, როგორც ვნახეთ, დ. ლენგს იმის აღნიშვნის საბაბი მისცა, რომ მონღოლთა მფლობელობა საქართველოში XIV ს-ის პირველი ნახევრის მთელ მანძილზე გრძელდებოდა. ასეთ შეხედულებას მხარს უჭერენ არა მარტო ნუმიზმატიკური ფაქტები, არამედ აღმოსავლური წყაროებიც.
ასე მაგალითად, რაშიდ ედ-დინის თხზულების გამგრძელებელთა (ჰაფეზე აბრუ, აბდ არრეზაყ სამარყანდელი) საისტორიო ნაწარმოებებში აზერბაიჯანი და საქართველოს ნაწილი წარმოდგენილია ჩობანიანების და ჯალაირების სახელმწიფოს ფარგლებში როგორც XIV ს-ის 40-იან, ისე 50-იან წლებში. სხვათა შორის, დ. ლენგი იმოწმებს ჰაფეზე აბრუს სათანადო ცნობასაც. ამიტომ მონღოლთა საქართველოში მფლობელობის მოსპობის თარიღად მას აღებული აქვს 1357 წელი, რომლის შემდეგ მართლაც ილხანურ-მუსლიმანური მონეტები უკვე აღარ იჭრებოდა.
მაგრამ მონღოლთა მფლობელობის გაგრძელება XIV ს-ის პირველი ნახევრის მთელ მანძილზე სწორი არაა, რადგან მონღოლთა ერთიანი და ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ამ დროს ირანში უკვე აღარ არსებობდა. ილხანთა ირანის სახელმწიფო 1335 წელს დაიშალა. მის ნანგრევებზე წარმოიქმნა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური ერთეულები. აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ ირანში ჯერ ჩობანიანები ბატონობდნენ, შემდეგ ჯალაირები. მახლობელსა და შუა აღმოსავლეთში მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებები XIV ს-ის შუა წლებში არ არსებობდა. ოსმალთა ფეოდალური სამთავრო (ოსმან-ოღლუს ბეილიქი) ამ დროს სამხედრო-ფეოდალურ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. მის გვერდით კი ჯერ ისევ ცოცხლობდნენ ბიზანტიისა და ტრაპიზონის საკეისროები.
ამ უკანასკნელში საქართველო თავისი ოდინდელი პოლიტიკური გავლენის აღდგენას ცდილობდა (ქართველთა ლაშქრობა ტრაპიზონში 1341 წელს). ერთადერთ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა შორეული ეგვიპტის სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს ცხოველი დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული. ასეთი იყო ძალთა განწყობილება წინა აზიაში ილხანთა ირანის სახელმწიფოს დამხობის შემდეგ.
გიორგი ბრწყინვალეს მარჯვედ უნდა ესარგებლა წინა აზიის პოლიტიკური სიტუაციით და უზრუნველეყო ერთიანი საქართველოს არსებობა. მაგრამ თვითონ ამ ერთიანობას აღარ ჰქონდა მყარი შინაგანი პირობები. ცნობილია: აღზევებულ-გაძლიერებულმა ქართველმა ფეოდალებმა წარმატებით გამოიყენეს მონღოლთა მფლობელობის პოლიტიკური შედეგები და უკვე XIII საუკუნეში განკერძოებისათვის ბრძოლას შეუდგნენ. გიორგი ბრწყინვალეს ისევე ჰქონდა საქმე ცენტრმსრბოლი ძალების მოქმედებასთან (მოწინააღმდეგე ფეოდალების ამოწყვეტა ცივზე), როგორც მის წინამორბედებსა და მემკვიდრეებს. ამასთან მონღოლთა მფლობელობის ეკონომიკურმა შედეგებმა (სათათრო ხარკი, მიწების ექსპროპრიაცია, მონღოლურ-თურქული მომთაბარული ტომების ჩამოსახლება, სავაჭრო-სატრანზიტო გზების გადანაცვლება) გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართული ფეოდალური საზოგადოების ინტენსიურ მეურნეობას, ქალაქებს, ხელოსნობას, ვაჭრობას. საქართველოს ეკონომიკური მოღონიერება გიორგი ბრწყინვალის მეფობის პირველ პერიოდში დროებითი აღმოჩნდა. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა 1335 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს მეზობელი ქვეყნები დაუსრულებელი ფეოდალური შინაომების ასპარეზად გადაიქცნენ.
გიორგი ბრწყინვალის მეფობის უკანასკნელი წლების შესასწავლად, როგორც ცნობილია, ქართული წყაროები არ მოგვეპოვება. საამისო ცნობებს მხოლოდ XVIII ს-ის ქართულ წყაროებში ვპოულობთ. დ. ლენგმა სწორედ ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება და უპირატესობა თანამედროვე (სპარსულ-არაბულ) წყაროებს მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით მას აღნიშნული აქვს, რომ გიორგი V-ის მეფობის მეორე ნახევრის (1327-1346) შეფასებაში თვალსაჩინო აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ერთი მხრივ, XVIII ს-ის ქართულ წყაროებსა და, მეორე მხრივ, XIVXV სს. სპარსელ და არაბ მწერალთა ცნობებსა და მონეტების მონაცემებს შორის41.
დ. ლენგი გიორგი ბრწყინვალის მეფობის მეორე ნახევარს უკავშირებს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დაქვეითებას, აგრეთვე საქართველოს პრესტიჟის დაცემას მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობის სარბიელზე42. ამის ერთერთ მიზეზად იგი აცხადებს გიორგი მეფის მფარველის და აბუ-საიდის ყოვლისშემძლე ვეზირის ჩობანის დამხობას 1327 წელს. მაგრამ მას თითქოს მხედველობიდან რჩება ის, რომ აბუსაიდის ილხნობის უკანასკნელ წლებში მონღოლები ირანში იმდენად დასუსტდნენ, რომ მათი ბატონობის პოლიტიკური რეალიზაცია საქართველოს მიმართ დიდად უნდა შეზღუდულ იყო. ილხანთა ირანის სახელმწიფოს დამხობის შემდეგ მონღოლთა მფლობელობა იმ ხასიათის მატარებელი ვერ იქნებოდა, როგორიც იყო XIII ს-ში ანდა XIV ს-ის პირველ მესამედში, როცა სამხრეთის ერთიანი მონღოლური ულუსი მოიცავდა ირანის, მცირე აზიის და აღმ. ამიერკავკასიის ტერიტორიას.
გიორგი ბრწყინვალე რომ 1327 წლის შემდეგაც აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებას ეწევა, ეს კარგად ჩანს მისი იმ პოლიტიკიდან, რომელიც მან სამცხე-საათაბაგოს და დას. საქართველოს მიმართ განახორციელა. ამ პოლიტიკის უშუალო შედეგი იყო საქართველოს ერთიანობის აღდგენა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტები, როგორც ცნობილია, ქრონოლოგიურად 1327-1335 წლებში თავსდება. ამ ფაქტებს არც დ. ლენგი უარყოფს. ამასთან იგი იმოწმებს ქართველთა ტრაპიზონში ლაშქრობასაც. მაგრამ ყველაფერი ეს მას მაინც არ მიაჩნია მონღოლთა მფლობელობის მოსპობის და მონღოლების საქართველოდან განდევნის დამადასტურებლად.
1327 წლის შემდეგაც აქტიურია არა მარტო გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკური, არამედ კულტურული და საკანონმდებლო მოღვაწეობაც. ამას მოწმობს, მაგალითად, ძეგლის დადების შედგენა. პროფ. ი. დოლიძემ ცხადყო, რომ გიორგი ბრწყინვალის სამართალი შედგენილია 1334-1335 წლებში43. სამართლის წიგნის შესავალში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საკანონმდებლო ღონისძიებები „მრავალფეროვანი ულუსობის“44 წინააღმდეგ იყო მიმართული. ყოველგვარი ულუსობა კი მონღოლთა მფლობელობის შედეგი იყო. და, ამდენადვე, გიორგი ბრწყინვალის საკანონმდებლო მოღვაწეობა მონღოლთა მფლობელობის დროს დამკვიდრებული წესების გაუქმებას, მათ მაგიერ ქართული წესების აღდგენას ისახავდა მიზნად. ამავე მიზნითაა შედგენილი „ხელმწიფის კარის გარიგება“. მაშასადამე, ძნელია ვილაპარაკთ მონღოლთა მფლობელობაზე იმ დროს, როდესაც გიორგი ბრწყინვალის საკანონმდებლო ღონისძიებანი „მრავალფეროვანი ულუსობის“ წინააღმდეგ ხორციელდება. ამ მიმართულებით სათანადო ღონისძიებების შემუშავება ან მათი განხორციელება ყოვლად შეუძლებელი უნდა ყოფილიყო მონღოლთა ფაქტიური მფლობელობის პირობებში.
41. D. Lang, დასახ. ნაშრ., გვ. 83.
42. იქვე.
43. ი. დოლიძე, გიორგი ბრწყინვალის სამართალი, გვ. 13-15.
44. იქვე, გვ. 104.
ისმის კითხვა: როგორ მოვუაროთ ნუმიზმატიკურ ფაქტებს ან იმ სპარსული წერილობითი წყაროების ცნობებს, რომლითაც საქართველო (უკეთ აღმ. საქართველო ან, უფრო სწორად, მისი ერთი ნაწილი) მოხარკე ქვეყნებს შორის ირიცხება 1335 წლის შემდეგაც? ჩვენი აზრით, სინამდვილესთან უფრო ახლოს დგას ბ. შპულერი, რომლის მიხედვით „მხოლოდ გარეგნული ფორმით რჩებოდა საქართველო დაახლოებით 1350 წლამდე მონღოლებზე დამოკიდებული, რაც, მაგალითად, თავის გამოხატულებას პოულობს მონეტების ზედწერილებში“45. ბ. შპულერიც, როგორც ვნახეთ, საამისოდ ნუმიზმატიკურ ფაქტებს იმოწმებს. მაგრამ მას ილხანთა მემკვიდრეების სახელზე მოჭრილი მონეტები საქართველოს მონღოლებზე დამოკიდებულების მხოლოდ გარეგნულ გამოხატულებად მიაჩნია. ილხანთა ირანის სახელმწიფოს დამხობის შემდეგ საქართველოში ბატონობის შენარჩუნებას ცდილობდნენ ჩობანიანები და ჯალაიერები. ამას ცდილობდა ყველა მედროვე, ვინც კი დროებით წარმატებას აღწევდა: არფა-ხანი, შეიხ ჰასან ჯალაირი, შეიხ ჰასან ჩობანიანი, მალიქაშრაფი. ყველა ამთგანს ჰყავდა მარიონეტი ილხანთა დინასტიის ნაშიერებიდან (მოჰამედ-ხანი, სულეიმან-ხანი, ანუშირვანი), რომელთა სახელზეც აღმ. საქართველოში მონეტები იჭრებოდა.
ყოველი ახალი მბრძანებლის ბატონობას და მასზე დამოკიდებული ახალი „ილხანის“ ტახტზე ასვლას ომის ბედი სწყვეტდა. გამარჯვებული ცდილობდა თავისი ბატონობისა და გავლენის ილხანთა ირანის სახელმწიფოს ყოფილ სამფლობელოებზე (საქართველო, მცირე აზია...) გავრცელებას. ყველაფერი ეს მიმდინარეობდა და სწრაფად იცვლებოდა დაუსრულებელი ომების პირობებში.
1335-1350 წლებში საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. მრავალწლოვანი ფეოდალური შინაომები არანაკლებ გამანადგურებელი იყო ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის, ვიდრე მონღოლთა მფლობელობის ყველაზე მკაცრი პერიოდები XIII-XIV საუკუნეებში. ამ ფეოდალური შინაომების ძირითად ასპარეზს აზერბაიჯანი წარმოადგენდა, მაგრამ ეს ომები საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებზეც ვრცელდებოდა.
სწორედ ასეთ ვითარებაში, ჩვენი აზრით, უნდა გაჩენილიყო სათათრო ხარკიც და მონეტაც. მაგრამ მედროვე მბრძანებლების მერყევი მდგომარეობის პირობებში „თათრის მფლობელობა“ ვერ მიიღებდა იმ სახეს, რა სახეც ამ მფლობელობას ჰქონდა XIII ს-ში და XIV ს-ის პირველ მეოთხედში. მონღოლებზე დამოკიდებულება ახლა მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელი უნდა ყოფილიყო.
ამდენადვე ჰამდალაჰ ყაზვინის ცნობა, რომლის მიხედვით 1336 წელს საქართველო ხარკს უხდიდა მონღოლებს, უფრო ეპიზოდურ შემთხვევას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე მონღოლური სახარკო სისტემის ბატონობას საქართველოში. ეპიზოდური ხასიათისა უნდა იყოს ალ-მაზანდარანის ცნობაც 1349-50 წწ. საქართველოში ხარკის დაწესების შესახებ. ყოველი ახალი ხარკი ალბათ წესდებოდა წარმატებით დამთავრებული ლაშქრობის შედეგად. ამ ლაშქრობათა შესახებ ცნობებს გვაწვდიან XV ს-ის სპარსულენოვანი ისტორიკოსები.
45. „Nur in der aüsseren Form blieb Georgian noch bis etwa 1350 von den Mongolen abhängig, was sich zB. in der Aufschrift der Münzen auswirkte”. B. Spuler, Die Mongolen in Iran, Berlin, 1955, გვ. 126.
რაშიდ ედ-დინის გამგრძელებელი ჰაფეზე აბრუ გვაწვდის ცნობას, რომლის მიხედვით 1338 წელს საქართველო დაულაშქრავს და დაუპყრია ჩობანიან შეიხ ჰასან მცირეს (ქუჩუქს), თიმურთაშის შვილს. ჰასან მცირემ მარიონეტად დასვა სათი-ბეგი (ოლჯეითუს ასული), რომლის ძალაუფლებას, ჰაფეზე აბრუს სიტყვით, დაექვემდებარა აზერბაიჯანი, საქართველოს ნაწილი, ირანის ერაყი და რიგი სხვა ოლქებისა46. სათი-ბეგმა მოინდომა ჰასანქუჩუქის გადაყენება, მაგრამ ჰასანმა მას დაასწრო, ტახტზე ჰულაგუ-ყაენის ჩამომავალი სულეიმან-ხანი დასვა და სათი-ბეგი მასზე გაათხოვა. ამის შემდეგ ჰასან ქუჩუქს საქმე ჰქონდა ჰასან დიდ (ბოზორგ) ჯალაირთან. ჰასან მცირესა და ჰასან დიდს შორის ბოლომოუღებელი ომი გაიმართა. ამ გამანადგურებელი ომის შედეგი იყო აზერბაიჯანის სოფლებისა და ქალაქების გაპარტახება, რაიათების (გლეხების) მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება. ამ ომების ასპარეზს, ჩანს, აღმ. საქართველოს სანაპირო ოლქებიც წარმოადგენდა. საამისო ცნობებს იმავე ჰაფეზე აბრუს საისტორიო თხზულებაში ვხვდებით.
ასე მაგალითად, 1342 წელს, მოგვითხრობს ჰაფეზე აბრუ, როცა მალიქ-აშრაფი თავის ძმას ჰასან მცირეს აუჯანყდა და დამარცხდა, მან საქართველოსაკენ დაიხია და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა. მალე ჰასან მცირე მოკლულ იქმნა. ძალაუფლება ხელთ იგდო მალიქაშრაფმა, რომელმაც ილხანად ანუშირვანი დასვა. ამ ანუშირვანის სახელზეა მოჭრილი მონეტები აღმ. საქართველოს ზარაფხანებში 745 წლიდან 752 წლმდე. მის დროსვე, 1349-1350 წელს, ალ-მაზანდარანის ცნობის მიხედვით, საქართველომ 400.000 დინარის ოდენობით გადაიხადა ხარკი.
ასეთნაირად გადმოგვცემენ გიორგი ბრწყინვალის მეფობის უკანასკნელ წლებთან დაკავშირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის მოვლენებს აღმოსავლური წყაროები.
ერთი რამ უდავოდ ირკვევა: 1335 წლის შემდეგ საქართველო სწრაფად უნდა დასდგომოდა პოლიტიკური დასუსტებისა და ეკონომიკური დაქვეითების გზას (ამის ერთ-ერთი უეჭველი საბუთთაგანია მონეტების წონის შემცირება, მათი გაუფასურება). ეკონომიკური დაქვეითების ერთი მთავარი მიზეზთაგანი უნდა ყოფილიყო ფეოდალური შინაომები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე განსაკუთრებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. ამას ზედ დაერთო შავი ჭირი, რომელმაც აუარებელი ხალხი იმსხვერპლა.
შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა 1338-1339 წლებში შუა აზიაში. 1346 წელს შავი ჭირი მოედო ყირიმის ნავსადგურებს და დაახლოებით იმავე ხანებში გავრცელდა კავკასიაში47. „დიდი სიკვდილიანობა“ დამოწმებულია თანამედროვე ქართულ საბუთშიც.
გიორგი ბრწყინვალე 1346 წელს გარდაიცვალა. 1348 წელს ხუცესმა ავგაროზ ბანდაისძემ თავის გადაწერილს ეტრატის პარაკლიტონში შემდეგი შინაარსის ცნობა ჩაწერა: „შევუდექი მე მწერალი ავგაროზ ბანდაის ძე აღწერად... ამის წიგნისა... დიდსა სიგლახაკესა და ეტრატის სიძვირესა და შფოთსა და უცალობასა შინა წელსა მას, რომელსა იყო სიკვდილიანობა, ქორონიკონი იყო ღვ (36), ე.ი. 1348 წ.48
დიდი სიგლახაკე და შფოთი (ფეოდალთა თვითნებობა თუ ფეოდალური შინაომი) 1348 წლამდე უნდა დაწყებულიყო, რომ მას ქვეყნის სამეურნეო და კულტურული ცხოვრების ყველა მხარე მოეცვა. დამოწმებული ქართული საბუთის შინაარსი თავისებურად ეხმაურება იმ აღმოსავლურ წყაროებს, რომელთა ცნობები გიორგი ბრწყინვალის მეფობის ბოლო წლებს ეხება.
46. ჰაფეზეაბრუ, ზეილე ჯამი’ ათ-თავარიხე რაშიდი, სპარსული ტექსტი, წინასიტყვაობა და შენიშვნები ხანბაბა ბაიანისა, თეირანი, 1317; შდრ. А.А. Али-заде, Социально-экономическая и политическая история Азербайджана в XIII-XIV вв., Баку, 1950, გვ. 330.
47. დამოწმებულია დ. ლენგის სტატიის მიხედვით, გვ. 74.
48. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, გვ. 178.
1348 წლით დათარიღებული საბუთი ერთადერთი ქართული წყაროა, რომელიც გვიხასიათებს გიორგი ბრწყინვალის მეფობის ბოლო წლებში შექმნილ პოლიტიკურსა და ეკონომიკურ ვითარებას. სამწუხაროდ, ამ ხანისათვის ჩვენ სხვა ქართული წყაროები არ მოგვეპოვება. მაგრამ ავგაროზ ბანდაისძის მოკლე და ლაკონური ცნობა საფუძველს გვაძლევს აღვნიშნოთ, რომ გიორგი ბრწყინვალის დროს დაწყებული საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა-განვითარება უკვე მისი მეფობის დასასრულს შეფერხდა. ეს პერიოდი შეიძლება მოვათავსოთ 1341-1346 წლებში, ე.ი. ქართველთა ტრაპიზონში ლაშქრობის შემდეგ. 1342 წელს ჰაფეზე აბრუს ცნობით საქართველო დალაშქრა მალიქ-აშრაფმა, რომელმაც ხანგრძლივი დროით შეძლო თავისი ბატონობის შენარჩუნება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. საგულისხმო ფაქტია, რომ აღმ. საქართველოს ზარაფხანებში მრავალი წლის მანძილზე მისი მარიონეტების სახელზე იჭრებოდა მონეტები. მასვე უნდა აღედგინა სათათრო ხარკი ილხანთა ირანის სახელმწიფოს ყოფილ სამფლობელოებში. მხოლოდ აღნიშნულ გარემოებათა შედეგად ხდება გასაგები, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო ხარკის გადამხდელთა შორის 1349-1350 წელს.
ამდროინდელი „სათათრო ხარკი“, ვფიქრობთ, ისეთივე მოვლენაა, როგორიც დამახასიათებელი იყო საქართველოსათვის ნაგვიანევი შუა საუკუნეების თითქმის მთელ მანძილზე (რა თქმა აუნდა, ეპიზოდურად). ამას მოწმობს, მაგალითად, 1448 წლის საბუთში მოხსენიებული „სათათრო მალი“, რომლის გამოც თათრის მფლობელობა ამ დროს „უდავო ამბად ითვლება“49.
ანალოგიის გასავლებად საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1448 წელსაც სათათრო ხარკი დაწესდა ალექსანდრე მეფის ენერგიული და ინტენსიური მოღვაწეობის ახლო ხანში. ალექსანდრე მეფის ღონისძიებებში კი, როგორც ცნობილია, ერთი მნიშვნელოვანთაგანი იყო სწორედ „სათათრო მალის“ ამოკვეთა. ამიტომ 1448 წლის საბუთით დამოწმებული „სათათრო მალი“ და „თათრის მფლობელობა“ ისევე ეპიზოდური ხასიათის უნდა ყოფილიყო, როგორც იყო 1349-1350 წ. სათათრო ხარკი, რომლის შესახებაც ცნობას გვაწვდის XIV ს-ის მეორე ნახევარში მოღვაწე სპარსელი მწერალი ალ-მაზანდარანი. მაგრამ ეს ნიშნავდა არა მონღოლთა ბატონობას, როგორც ამას ფიქრობდა დ.ლენგი, არამედ მაჰმადიანური პოლიტიკური წარმონაქმნების მოძალების შედეგად დამყარებულ „თათრის მფლობელობას“, იმ გაგებით, რა გეგიბითაც ეს გამოთქმა იხმარებოდა XVI-XVIII საუკუნეების ქართულ წყაროებში.
დამახასიათებელია, რომ XIII-XIV საუკუნეების შემდეგაც სათათრო გადასახდელი (სათათრო მალი, საური და ულუფა) სათათრო ხარკს, მისართმეველს და სამასპინძლოს აღნიშნავდა. თათარი კი ქართულ სინამდვილეში მაჰმადიანის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა.
ამრიგად, ცხადია, ნაგვიანევ საუკუნეებში დამოწმებულ „თათრის მფლობელობას“ და „სათათრო ხარკს“ არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონოდათ საკუთრივ მონღოლებთან და მონღოლთა ბატონობასთან.
თვითონ გამოთქმა „თათრის მფლობელობა“ და „სათათრო ხარკი“ ილხანთა ირანის სახელმწიფოს დამხობის შემდეგ მონღოლთა ბატონობის შედეგებთან იყო დაკავშირებული და არა მათს უშუალო ბატონობასთან.
49. ნ. ბერძენიშვილი, XV საუკუნის ფეოდალური ურთიერთობიდან (დოკუმენტები კრიტიკული წერილით), მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. I, 1937, გვ. 15.
ჩვენი წერილი უკვე დასაბეჭდად იყო გადაცემული, როდესაც გამოქვეყნდა თ. აბრამიშვილის „XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული)“. ავტორს სპეციალურად აქვს შესწავლილი კირმანეულების წარმოშობის, სახეების, მათი გავრცელების არისა და ქრონოლოგიის საკითხები. განხილულია კირმანეულის ის ვარიანტიც, რომელზედაც მეფე გიორგის სახელია აღბეჭდილი. ავტორის აზრით, ამ მონეტის გამო მკვლევართა მიერ გამოთქმული „მოსაზრებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა მოტანილი“50. მას მიაჩნია, რომ ამ ტიპის მონეტები XIV-XV სს. იჭრებოდა. ამავე დროს, პალეოგრაფიული თვალსაზრისით „იგი XIV საუკუნეს ვერ გადასცდება“51. ამ საუკუნეში კი, აღნიშნავს ავტორი, გიორგის სახელით სამი მეფეა ცნობილი, რომელთა ნიშანდობლივი ვინაობის გარკვევა მას მომავლის საქმედ მიაჩნია52. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ამ ტიპის მონეტა თავისი პალეოგრაფიული თავისებურებების გამო XIV საუკუნეს ვერ გადასცდება და, ამავე დროს, მის მომჭრელად, ეს აშკარად ჩანს ავტორის მსჯელობიდან, არც გიორგი ბრწყინვალეა გამორიცხული. ამდენადვე შესაძლებელია იგი დავუკავშიროთ XIV საუკუნის პირველ ნახევარსაც.
50. თ. აბრამიშვილი, XIII-XIV სს. დასავლურ-ქართული ფული (კირმანეული), თბ., 1959, გვ. 83.
51. იქვე.
52. იქვე, გვ. 83-84.
Комментариев нет:
Отправить комментарий