четверг, 9 декабря 2021 г.

დიაოხის სამეფო და უძველესი ქართველური ტომები (უ. მურღულია)

    დიაოხისა და უძველესი ქართველური ტომების შესახებ პირველ დამადასტურებელ ცნობებს ვხვდებით ასურულ ლურსმნულ ტექტებში.
    ძვ.წ. XIII საუკუნის პირველ ნახევარში ასურელებმა დაასრულეს მითანის სამეფოს დაპყრობა და დაიწყეს ჩრდილოეთში მისი მემკვიდრეობის ათვისება. ყოფილი მითანის სამეფოს ჩრდილო რაიონებში, როგორც ჩანს, ამ დროს ყალიბდება მრავალი მცირე გაერთიანება, რომლებიც ამასთანავე მჭიდრო კონტაქტში ჩანან ერთმანეთთან და შემოსეულ მტერს გაერთიანებული ძალით ხვდებიან. ასურეთის მეფეებს ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობისას ამ დროს ძირითადად ბრძოლა უხდებათ სამ დიდ დაჯგუფებასთან. ესენია: სუბართუს ქვეყნები, ნაირის ქვეყნები და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნები. „სუბართუ“ მოიცავდა ტერიტორიას ქაშიარის მთასა (დღევ. ტურ-აბდინი) და არაცანის (დღევ. მურატი) დინებას შორის, „ნაირი“ მდებარეობდა მის ჩრდილოეთით მდ. კარა-სუს (დასავლეთ ევფრატი) დინებაზე და მასსა და მურატის დინებათა შორის მდებარე მხარეში, ხოლო „ზემო ზღვისპირა ქვეყნები“ კიდევ უფრო ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მხარეს გულისხმობდა.
    სუბართუს სახით ასურელებს წინ აღუდგა ხურიტული გაერთიანებების კავშირი. მას შემდეგ, რაც ძვ.წ. XIII ს-ის ბოლოს დასავლეთიდან წამოსული „ზღვის ხალხებისა“ და მეზობელი მცირეაზიელი ტომების დარტყმებით ხეთების სამეფო განადგურდა, ასურელებს შეტაკება მოუხდათ აგრეთვე იმათთან, ვინც ხეთებზე ეს გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ თავისი წარმატების განვითარება აღმოსავლეთის – ჩრდილო მესოპოტამიის მიმართულებით განიზრახა. ასეთებს წარმოადგენენ სწორედ ის მუშქები/მოსხები და ქასქები, რომლებთანაც ბრძოლები გადახდათ ასურელებს.
    მუშქების დამორჩილების ტიგლათფილესერ I-ს „ნაირის ქვეყნებთან“ ომი უწევს, რომელთაც, როგორც ჩანს დიოახი მეთაურობს. ისტორიულ წყაროებში ამ ქვეყნის სახელი სხვადასხვაგვარად გვხვდება: ასურულად დაიაენი, ურარტულად დიაუხი, ბერძნულად ტაოხი, სომხურად ტაიქი, ქართულად ტაო, რომლის ძველი ფორმა უნდა ყოფილიყო ტაია, ხოლო „ნი“ და „ხი“ ხურიტული კუთნილების აღმნიშვნელი სუფიქსებია. შესაბამისად დაიაენი და დიუხი ტაიას ხალხს, ანუ ხალხს ტაიას ქვეყნიდან. ისტორიოგრაფიაში ამ ქვეყნის აღსანიშნავად მიღებულია „დიაოხი“.
    ტიგლათფილესერ I მოგვითხრობს: „ჩემი მეფობის მესამე წელს ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის, დიადი ძალით, მამაცი ღვთაება შამაშის ერთგული წყალობით, დიად ღვთაებათა შემწეობით, მე, ტიგლათფილესერი, რომელიც სამყაროს ოთხივე მხარეზე სამართლიანად ვბრძანებლობ, რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში, შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, რომელნიც ზემო ზღვის ნაპირას ცხოვრობენ და რომელთაც არ იცოდნენ თუ რა არის მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამგზავნა. გავემართე გაუვალი გზებითა და მძიმე გადასასვლელებით, რომელთა წიაღიც არ უხილავს წინათ არც ერთ მეფეს; დახშული გზებითა და ჩაკეტილი ბილიკებით გადავლახე მთები ელამა (ალამუნის ანუ ელამუნის ქვეყანა მდ. დიდი ზაბის ზემო დინებაში მდებარეობდა. მასთან უნდა ყოფილყო ეს მთა), ამადანა, ელხიშ, შერაბელი, თარხუნა, თირქახული, ქისრა, თარხანაბე, ელულა, შახთარაე, შახიშარა, უბერა, მილიადრუნი, შულიანზი, ნუბანაშე და შეშე – 16 უზარმაზარი მთა. კარგ ადგილას ჩემი ეტლით მივდიოდი, ხოლო ძნელად გასავლელებში კი ბრინჯაოს წერაქვებით ვიკვლევდი გზას... მთის ხეები მოვჭერი და ხიდები გავდე ჩემი ჯარების გასავლელად. გადავედი მდინარე ევფრატზე. თუმეს მეფე, თუნუბეს მეფე, თუალის მეფე, ქინდარის მეფე, უზულას მეფე, უნზამუნის მეფე, ანდიაბეს მეფე, ფილაქინის მეფე, ათურგინის მეფე, ქულიბარზინის მეფე, შინიბირნის მეფე, ხიმუას მეფე, ფაითერის მეფე, უირამის მეფე, შურურიას მეფე, აბაენის მეფე, ადაენის მეფე, ქირინის მეფე, ალბაიას მეფე, უგინას მეფე, ნაზაბიას მეფე, აბარსიუნის მეფე, დაიაენის მეფე, სულ ნაირის ქვეყნების 23 მეფემ, შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისათვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ. ღვთაება ადადის ნიაღვრის მსგავსად აღვასრულე მათი მრავალრიცხოვანი ჯარების განადგურება. მათი მეომრების გვამები მიმოვფანტე... მთების მწვერვალებსა და მათი ქალაქების მახლობლად. მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე. ნაირის ქვეყნების 60 მეფეს, მათთან ერთად, რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ, ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდიე. მათი დიდი ქალაქები დავიპყარი, მათი ნადავლი, მათი ქონება, მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე. მათი ქალაქები ცეცხლში დავწვი, დავარბიე, დავანგრიე, ნანგრევთა გორაკებად და ნამსხვრევებად ვაქციე ისინი. ცხენების, ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრების პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე. ნაირის ყველა მეფე ჩემმა ხელმა ცოცხლად დაატყვევა. ეს მეფეები შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუნარჩუნე. ისინი, დატყვევებულნი და შებოჭილნი, შამაშ ღვთაების, ჩემი მეუფის, წინაშე გავათავისუფლე და ფიცი მსახურებისა ჩემს დიად ღვთაებათადმი დავადებინე მომავლის დღეთათვის და სამარადისოდ. მათი ძენი, მათი სამეფო ნაშიერნი, მძევლებად გამოვართვი. 1200 ცხენი, 2000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხარკად დავადე და თავიანთ ქვეყნებში გავუშვი მე ისინი. სენი, მეფე დაიაენის ქვეყნისა, რომელიც არ ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიად ღვთაებათა მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის. ნაირის ვრცელ ქვეყნებს მთლიანად დავეუფლე და მათი ყველა მეფე ჩემს ფეხთ წინაშე დავამხე. იმავე ლაშქრობის გაგრძელებისას წავედი ქალაქ მილიდიის (ხეთური ქვეყანა იშუვას ქალაქი) ამაყი და დაუმორჩილებელი ხალხის წინააღმდეგ. მათ შეეშინდათ ჩემთან ომის და მოეხვივნენ ჩემს ფეხებს, მე ისინი შევიწყალე, ეს ქალაქი არ დავიპყარი, მხოლოდ გამოვართვი მძევლები; დავაკისრე ყოველწლიური ხარკად მაგნიუმი მსხვერპლშეწირვისთვის.
    დაიაენის განსაკუთრებული მდგომარეობა ნაირის ქვეყნებში კარგად ჩანს ამ წარწერიდან. ასურეთის მეფე ნაირის მეფეთა შორის მხოლოდ დაიაენის მეფეს ასახელებს; მხოლოდ იგი მიჰყავს ასურეთში, მაშინ, როდესაც სხვა „მეფეებს“ ადგილზევე ათავისუფლებს და უშვებს თავთავიანთ ქვეყნებში. ამ განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი ალბათ ისაა, რომ დაიაენი (დიაოხი) ყველაზე ძლიერი იყო ნაირის მეფეთა შორის, და მათ კოალიციას ედგა სათავეში.
    ცნობიდან ჩანს აგრეთვე ის ფაქტიც, რომ დიაოხში განვითარებულია მეცხოველეობა, მეტალურგია, სამხედრო ხელოვნება, მრავლად აქვთ საბრძოლო ეტლები და ასე შემდეგ.
    ნაირის ქვეყნების ეს კავშირი არ უნდა იყოს შემთხვევითი. როგორც ჩანს, საქმე ეხება გარკვეულ დაჯგუფებას, რომელიც გარეშე მტრის მიმართ მაინც მუდამ ერთად მოქმედებს. ამაზე მიგვითითებს, კერძოდ ის, რომ ძვ.წ. XIII ს-ის ბოლოს ამ ადგილებში მოლაშქრე ასურეთის მეფე თუქულთი-ნინურტა I-ს ბრძოლა მოუხდა აგრეთვე დიდ კოალიციასთან – „ნაირის 40 ქვეყნის გაერთიანებასთან“.
    ნაირის ქვეყნების ეს გაერთიანება, რომლის სათავეშიც ძვ.წ. XII ს-ის დასასრულს დაიაენის (დიაოხის) ვხედავთ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლე ტომებს მოიცავდა. დაიაენი ამათგან, ჩანს, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა. ყველაზე უფრო სამხრეთით იყო თუმე – აქედან იწყებს ტიგლათფილესერ I ნაირის ქვეყნების ჩამოთვლას. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ტიგლათფილესერ I სხვა წარწერებში არაერთხელ ეძახის თავს „ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან ვიდრე დაიაენიმდე“. ეტყობა, ამით იგი გამოჰყოფს ნაირიში მის მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან ასურეთთან ყველაზე ახლო (ე. ი. ყველაზე სამხრეთით) და ყველაზე უფრო შორს (ყველაზე ჩრდილოეთით) მდებარე ქვეყნებს.
    აშკარაა, რომ დაიაენის (დიაოხის) გავლენა ვრცელდებოდა აგრეთვე მის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებზედაც. ტიგლათფილესერ I-ის ზემომოყვანილ წარწერებში ყურადღებას იქცევს ის, რომ ნაირის იმ ქვეყნების კოალიციის საშველად, რომელსაც სათავეში დაიაენი ედგა, მოდის სხვა „60 მეფის“ ლაშქარი, რომელთაც ტიგლათფილესერი ამარცხებს და მიერეკება „ზემო ზღვამდე“, ე. ი. ალბათ ამ ქვეყნების უკიდურეს პუნქტამდე. ამრიგად, აქ საქმე უნდა ეხებოდეს „ზემო ზღვის“ ნაპირას მცხოვრებ მრავალრიცხოვან ტომებს, რომლებიც ალბათ სწორედ დაიაენის მეფის მოწოდებით წამოსულან მისი და ნაირის სხვა ქვეყნების ლაშქრის მისაშველებლად. ამრიგად, აქ ჩვენ წინაშე თავს იჩენს ჩრდილოეთის ტომთა კიდევ ერთი, მესამე დაჯგუფება, რომელთანაც ბრძოლა აქვთ ძვ.წ. XII–XI საუკუნეთა მიჯნაზე ასურელებს. რომ არც ეს დაჯგუფებაა შემთხვევითი, იქიდანაც ჩანს, რომ ტიგლათფილესერ I-ის მეფობაზე ადრეულ ხანაშიც „ზემო ზღვისპირას მცხოვრები მეფეები (ტომები)“ ასევე გამოკვეთილად, ნაირის დაჯგუფების გვერდით, უპირისპირდებიან ასურელებს. მაგალითად, მეფე თუქულთი-ნინურტა I (1245–1209) ბევრს ლაპარაკობს თავის ბრძოლებზე „ნაირის 40 მეფესთან“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ თავის წარწერაში იგი უკვე მარტო ნაირის ქვეყნების შესახებ როდი ლაპარაკობს, არამედ „ნაირის ქვეყნებისა და ზემო ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყნების შესახებ“. ერთ-ერთ ასეთ წარწერაში ვკითხულობთ: „როდესაც ღვთაება ასურმა ნაირის ქვეყნებზე და ზემო ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყნებზე გამგზავნა... ნაირის ყველა ქვეყანა და ზემო ზღვის ნაპირას მდებარე ყველა ქვეყანა ჩემმა ხელმა დაიპყრო. მათი 40 მეფე დავიმორჩილე, ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე და ხარკი დავადე“. თუქულთი-ნინურტა I-ის კიდევ ერთი წერწერა იხსენიებს „ნაირის ქვეყნებისა და ზემო ზღვიპირა ქვეყნების 40 მეფეს“ და მათგან ქალაქ ასურში ხარკის მიღებას.
    თუქულთი-ნინურტა I-ის „ზემო ზღვა“ აშკარად ვანის ტბაა, ხოლო ტიგლათფილესერ I-ის მოყვანილი წარწერის „ზემო ზღვა“ აშკარად შავი ზღვაა და ეს ერთადერთი შემთხვევაა შავი ზღვა ამ სახელით მოიხსენიება. როგორც წესი ასურულ წყაროებში შავ ზღვას ეძახიან „დიდი ზღვას“, ხოლო ვანის ტბას „ზემო ზღვას“. ის რომ ტიგლათფილესარის „ზემო ზღვა“ შავი ზღვაა ადასტურებს შემდეგი:
    1. ასურეთის მეფემ ლაშქრობის დროს გადალახა 16 მთის უღელტეხილი. ამდენი უღელტეხილი ნინევიიდან ვანის ტბამდე არ არის, ამასთან აღნიშნულ რაიონში ტიგლათფილესარის სხვა ლაშქრობების დროს მსგავსი ტოპონიმები აღნიშნული არ არის.
    2. უკან მობრუნებისას ასურეთის მეფემ გაიარა მილიდია, რაც მოგვიანო ხანის მელიტენაა, დღევ. ქ. მალათიას ადგილზე. ვანის ტბიდან კი იქ ვერ მოხვდებოდა. მაშასადამე 60 ქვეყნის კავშირი შავი ზღვისპირას მცხოვრები ტომების კავშირია.
    ამ კუთხით საინტერესოა აგრეთვე ტიგლათფილესარის სხვა წარწერები: „მესამეჯერ წავედი ნაირის ქვეყნის წინააღმდეგ, დავიპყარი ნაირის ქვეყნები თუმედან დაიაენამდე – ხიმუა, პაიტერი და კილხი, ნაირის 30 მეფე დავაჩოქე ჩემს ფეხებთან, გამოვართვი მძევლები, მივიღე მათგან ხარკად ცხენები, დავაკისრე ყოველწიური ხარკი. მათი ქვეყნების 22000 მეომარი დავამარცხე. 4000 ურუმეელი და აბეშლაელი, ხეთების ქვეყნის დაუმორჩილებელი ხალხები შევიპყრე და ჩავწერე ჩემი ქვეყნის ხალხში.
    ტიგლათფილესარი, გავლენიანი მეფე, სამყაროს მეფე, ასურეთის მეფე, ოთხივე მხარის მეფე, დამყრობელი ნაირის ქვეყნებისა თუმედან დაიაენამდე, დამპყრობელი კილხის ქვეყნისა დიდ ზღვამდე.
    4000 ქასქაელი და ურუმეელი, ხეთების ქვეყნის დაუმორჩილებელი ხალხები, რომლებმაც ძალით დაიპყრეს ჩემი მბრძანებელის აშურის დაქვემდებარებული შუბართუს ქვეყნის დასახლებები, გაიგეს სუბართუში ჩემი მისვლის შესახებ, ჩემი ვაჟკაობის ბრწყინვალებამ დაამხო ისინი, ბრძოლას ისინი შეუშინდნენ და მოეხვივნენ ჩემს ფეხებს. მე მივიღე ისინი და ჩავთვალე ჩემს ხალხში“.
    „კილხი“-ს, უეჭველია კოლხა/კოლხეთის ასურული ვერსია უნდა იყოს. იგი კი ნამდვილად „დიდ ზღვასთან“ ანუ შავ ზღვასთან მდებარეობდა. როგორც ჩანს ნაირის ქვეყნების განადგურების შემდეგ ტიგლათფილესერის წინაშე ქედი მოიხარა კოლხეთის მეფემაც. სამწუხაროდ ასურეთ-კოლხეთის ურთიერთობის შესახებ მეტი არაფერი ვიცით.
    ტიგლაფილესარის გარდაცვალებიდან მალევე ასურეთი დასუსტდა და ორი საუკუნე მძიმე თავდაცვით ომებს აწარმოებდა არამეელი ტომების წინააღმდეგ. ასურეთს ამ დროს არა აქვს შესაძლებლობა შეტევა განახორციელოს ისეთი შორეული ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც დიაოხი ანდა კოლხა იყო.
    ძვ.წ. IX საუკუნეში ასურეთი ხელახლა ძლიერდება და იწყებს ძველი პოზიციების დაბრუნებას. ასურეთის მეფე სალმანასარ III (858–824) ძვ.წ. 856 წლის ლაშქრობის აღწერისას, მოგვითხრობს: გადავლახე მდ. არაცანი (მურატი, იგივე აღმოსავლეთი ევფრატი) და მივედი  სუხმუს ქვეყანაში (თანამედროვე ერზურუმის დასავლეთით, მაზგირთსა და ერზინჯანს შორის); დავიპყარი უაშტალი, მისი გამაგრებული ქალაქი, სუხმუ მთლიანად ავიღე, გადავწვი და დავანგრიე; შევიპყარი სუა, მათი დასახლების მეთაური. გამოვედი სუხმუდან და გავემართე დაიაენის ქვეყნისკენ, დავიპყარი, სრულად გადავწვი და დავანგრიე მისი დასახლებები ხელთ ვიგდე მათი მრავალრიცხოვანი ქონება და სიმდიდრე. გამოვედი დაიაენიდან და მივედი არზაშკუნიმდე (დღევ. ადილჯევაზი, ვანის ტბის ჩრდ. სანაპიროზე), არამე ურარტუელის (მეფე 859–844 წლებში) სამეფო ქალაქში.
    შემდგომ 855 წლის ლაშქრობისას სალმანასარი ისევ ესხმის დიაოხს: „უკან მობრუნებისას გავიარე ალზის ქვეყანაზე. დავიპყარი ქვეყნები ალზი (მურატი/არაცანის შუა წელის აუზში), სუხმუ, დაიაენი, თუმმე, არზაშკუნი, არამე ურარტუელის სამეფო ქალაქი, ქვეყნები გილზანუ (ურმიის ტბის აღმოსავლეთით) და ხუბუშქია ურარტუს სამხრეთ საზღვარზე) მე დავიპყარი.
    ხათის ქვეყანა დავიპყარი მის ბოლო ზღვრამდე, მელიდის ქვეყანა (ანტიკ. მელიტენე, დღევ. მალათიას მხარე), ქვეყნები დაიაენი და სუხმუ, არზაშკუნი, არამე ურარტუელის დედაქალაქი, ქვეყნები გილზანუ და ხუბუშქია, ტიგროსის სათავიდან ევფრატის სათავემდე, ზამუას ქვეყნის ზღვიდან, რომელიც მდებარეობს მის შიგნით, ქალდეის ქვეყნის (სამხრეთ შუამდინარეთში) ზღვამდე (ე.ი. სპარსეთის ყურემდე) დავაჩოქე ჩემს ფეხებთან.
    ენზითეს ქვეყანაზე (ენზი, ანტიკური ანზიტენა – რაიონი ტიგროსის სათავიდან მდინარე მურადამდე და გიოლჯიკის ტბამდე) გავლისას მე შევედი სუხმეს ქვეყანაში, დაიაენში, ურარტუ სრულად დავიპყარი“.
    დიაოხზე მოწყობილ შემდგომ ლაშქრობაში, მისი ადგილმდებარეობა კიდევ უფრო არის დაკონკრეტებული. სალმანასარ III ნიმრუდის სასახლის „ფრთოსან ხარებზე“ დატოვებულ წარწერაში მოგვითხრობს: „ჩემი მეფობის XV წელს (ძვ.წ. 844 წელს) გავემართე ნაირის ქვეყნაზე, ტიგროსის სათავესთან კლდოვან მთებზე, იქ საიდანაც წყალი გამოდის, გამოვკვეთე ჩემი მეფურობის გამოსახულება, დავწერე მასზე ჩემი ძლევამოსილების გამარჯვება და შემართების გზები. თუნიბუნის ზეკარით გადავიარე არამე ურარტუელის ქალაქებზე ევფრატის სათავემდე და დავანგრიე, აღვგავე და ცეცხლით გადავწვი. მივედი ევფრატის სათავესთან, მსხვერპლი შევწირე ჩემს ღმერთებს; ღვთაება აშურის იარაღი მე განვბანე ამ წყაროში. ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, მოეხვია ჩემს ფერხთ, ხარკი და ძღვენი, ცხენები მივიღე მისგან. ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში. დიაოხიდან დაბრუნებისას გავიარე სუხმუს ქვეყანა, გადავწვი და დავანგრიე. ღირსეული წინააღმდეგობა ვერავინ გამიწია. გადავლახე ევფრატი ქალაქ ენნამთან...“.  ამით ასურულ წყაროებში დიაოხის შესახებ ცნობები წყდება.
    მდინარე ევფრატი (უფრო ზუსტად, დასავლეთი ევფრატი ანუ კარა-სუ) მრავალრიცხოვან წყაროთა შეერთების შედეგად არის წარმოქმნილი, რომელთა რიცხვიც, ზოგიერთი ცნობით, ასზე მეტია. ევფრატის სათავის დასადგენად საგანგებო ძიება XIX საუკუნის შუა ხანებში ჩაატარა გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა მორიც ვაგნერმა. მისი ცნობით, ევფრატის სათავე წყაროს წარმოადგენს დუმლუ-სუ, რომელიც გიაურ დაღის განშტოების შემადგენელ დუმლუდაღის ფერდობიდან გამოედინება. აშკარაა, რომ დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი, უნდა მდებარებულიყო იმ მთათა სისტემაში, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს. მკვლევართა მიერ სავსებით გამორიცხულია, რომ სალმანასარის მიერ მონახულებულ მდინარის სათავეში აღმოსავლეთი ევფრატი (იგივე მურატი, ძველი არაცანი) ყოფილიყო ნაგულისხმევი, ვინაიდან იგი ძველად ამ სახელით არ მოიხსენებოდა.
    შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეში ჩამდინარე მდინარეების წყალგამყოფია გიაურ დაღი, კლასიკური ხანის მწერლების ე.წ. მოსხური მთების სამხრეთული სექტორი, მისგან ჩრდილოეთით მდ. ჭოროხის შენაკადები თორთომის-წყალი (თორთუმ-ჩაი) და ოლთისის-წყალი (ოლთუ-ჩაი) მიედინებიან, ხოლო სამხრეთით მდ. ევფრატის შენაკადები კარა-სუს სათავე მდინარე დუმლუ-სუ და სერჩამ სუ. სწორედ აქ, სერჩამ-სუს სათავის მახლობლად მდებარეობს კოპ-დაღი (კოპის ქედი), რომელიც ევფრატისა და ჭოროხის წყალგამყოფად ითვლება. ერთ-ერთი ვერსიით დაიაენის მეფის ასიას ძვ. წ. IX–VIII სს. სატახტო ქალაქი ამ მთათა სისტემაში მდებარეობდა, რომელიც ჭოროხის, სერჩამ-სუს, თორთომის-წყლის, კარა-სუსა და ოლთისის-წყლის წყალგამყოფს წარმოადგენს.
    სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დიაოხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ მეცნიერთა აზრით ასიას სამეფო ქალაქი უნდა იყოს სწორედ სასილო. მდინარე ევფრატის (ყარა სუ) სათავე მდინარე დუმლუ-სუს სათავეებიდან ჩრდ-დას-თით 15–20 კმ-ზე, იმიერტაოში, თორთუმისწყლის ზედა წელთან, თორთუმის ციხეს დასავლეთის მხრიდან ეკვრის არის თურქული სოფელი საირი, რომლის ძველქართული სახელი არის სასირე. „სასირე“ ხომ ძველქართულად „ჩიტების ადგილს“ ნიშნავს. მდ. ევფრატის სათავეების მხარეში, მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიჭარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლის) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება – Kargapazarlı dağları ანუ „ყვავთა ბაზრის მთები“, ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას – Kuş-kuşların baş-ი ანუ „ჩიტთა თავების მთას“.
    სწორედ თორთუმის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ. რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს გაყოლებითა და „ქართლის ყელის“ („გურჯიბოღაზის“) გავლით სამხრეთით, ქ. ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართვათან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.
    ასურელებთან უბრძოლველად გამოცხადება და ცხენების მირთმევა დაიაენის (დიაოხის) მეფის მხრივ ასურელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ შიშით როდი იყო გამოწვეული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიაოხის მეფეს შორსმიმავალი იმედები ამოძრავებდა – იგი იმედოვნებდა ძლიერი ასურეთის მოკავშირედ გახდომას და მისი დახმარებით უფრო საშიში მტრების – ურარტუსა და კოლხას (კოლხეთის) შემოტევის მოგერიებას. მაგრამ ასურეთზე ორიენტაცია დიაოხისათვის უპერსპექტივო აღმოჩნდა. ძვ.წ. IX ს-ის ბოლოსა და VIII ს-ის I ნახევარში გაძლიერებულმა ურარტუმ ასურეთს არა მარტო გზა გადაუღობა ასე ჩრდილოეთისკენ, არამედ ბევრად უფრო სამხრეთით დაუწყო მას შევიწროება. ამიერიდან დიაოხს მთავარი საფრთხე სწორედ ურარტუსგან ელოდა.
    ისტორიოგრაფიაში ნავარაუდევია, დაიაენის ქვეყნის სამხრეთი საზღვრის პალანდიოქენის ქედამდე გავრცელება და შესაბამისად, ერზერუმის მხარის მის ფარგლებში მოქცევა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები სალმანასარ III-ის ზემოხსენებული წარწერის ტექსტი, საიდანაც ირკვევა, რომ ტერიტორია მდ. ევფრატის სათავემდე ურარტუს მეფეს – არამეს ეკუთვნოდა და არა დაიაენის მეფეს – ასიას. ამავე დროს ცხადია, რომ ასიას ქვეყანა ევფრატის სათავეებთან მდებარეობდა და რომ ეს სათავეც და მის მახლობლად მდებარე მაღლობებიც მისივე კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო. არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ერზურუმ-ჰორასანს შორის მდებარე მხარე, ანუ შუა საუკუნეების საქართველოში შემავალი პროვინცია ბასიანი, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც მიკვლეულია დიაუხის ქვეყანაში ურარტელთა ლაშქრობების ამსახველი წარწერები, ასიასათვის სამფლობელოდ სალმანასარს გადაეცა.
    ურარტუს სახელმწიფოს აღმოცენებისას მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ასურეთის აგრესიამ. არ შეიძლება არ დავეთანხმოთ პ. ციმანსკის, რომ ურარტული სახელმწიფო ძალის გამოყენების შედეგად შეიქმნა – ომი იყო მისი აღმოცენების გამომწვევი მიზეზიცა და პასუხიც. მთელი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა ასახავს უდიდეს ზრუნვას თავდასხმითი და თავდაცვითი სამხედრო საქმიანობისადმი. როდესაც მზარდმა ახალასურულმა სახელმწიფომ ძვ.წ. IX საუკუნის მანძილზე გაფართოება დაიწყო, მისმა ლაშქრობებმა ჩრდილოეთის მიმართულებით სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო, ამას შედეგად მოყვა არა ასურელთა კონტროლის დამყარება რეგიონზე, არამედ მათ მიმართ მძაფრი წინააღმდეგობა; მანამდე დანაწევრებული „ნაირის ქვეყნები“ გაერთიანდა ვანის ტბის მხარის დინასტიის ხელქვეით, რომელმაც დაცვა აღუთქვა დამორჩილებულებს და ძალით დაიქვემდებარა ურჩები. ურარტული ხელისუფლების გავრცელებას აღმოსავლეთ ანატოლიის, ჩრდილო-დასავლეთ ირანისა და სამხრეთ ამიერკავკასიის დიდ ფართობებზე ხელი უნდა შეეწყო ასურელთა ლაშქრობების შედეგად ამ მხარეებისათვის ამ უკანასკნელთა მიერ მიყენებულ ზარალს. დაიაენის ადგილმდებარეობა განსხვავებული იყო, ურარტელთა ზურგს უკან იგი შედარებით ნაკლებად ექვემდებარებოდა ასურულ აგრესიას.
    ასურელთა სამხედრო დაწოლას უნდა განეპირობებინა ურარტუს ტერიტორიაზე ადრეარსებულ, ადგილობრივ სოციალურ და პოლიტიკურ ტრადიციებთან რადიკალური განხეთქილება. თუმცა, ამასთანავე, აუცილებული იყო საკუთრივ ადგილობრივი საზოგადოების მზადყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებისათვის – პირველი, ნამდვილი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის რკინის ხანაში. უკანასკნელ დროს გამოითქვა აზრი, ურარტუს სახელმწიფოებრივი ტრადიციის საწყისების არსებობის თაობაზე სამხრეთ ამიერკავკასიაში, სადაც უკვე ძვ.წ. II ათასწლეულში არსებობდა ციკლოპურკედლიანი ციხე-სიმაგრეები და მათთან დაკავშირებული საირიგაციო არხების ქსელები. იგულისხმება არა უშუალოდ ურარტუს სახელმწიფო აპარატის სამხრეთამიერკავკასიური წარმომავლობა, არამედ სამხრეთ ამიერკავკასიაში არსებული გვიანი ბრინჯაოს ხანის სახელმწიფოებრივი ტიპის წარმონაქმნებში აღმოცენებული პოლიტიკური ტრადიციის – ინსტიტუციონალური ფორმებისა და მმართველობითი სტრატეგიის ერთობლიობის – არეკვლა ურარტუს პოლიტიკურ ცხოვრებაში; სხვა სიტყვებით, ურარტუს სამეფო წარმოადგენდა ნახევარი ათასწლეულით უფრო ადრე, გვიანი ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიაში ჩასახული გარკვეული პოლიტიკური ტრადიციის აპოგეას. ა. სმითისა და თ. თომპსონის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ურარტუს წარმატება, ე.წ. სომხეთის მთიანეთის ერთიან პოლიტიკურ ერთეულში გაერთიანებისა, წარმოადგენდა სამხრეთკავკასიური პოლიტიკური ტრადიციის უმაღლეს რეალიზაციას. იგი იყო, ამავე დროს, აღნიშნული ხანგრძლივი ტრადიციის ზედა ზღვარი. ურარტუს დაცემის შემდეგ აქ აქემენიდური და გვიანელინისტური ტრადიციების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული პოლიტიკური ძალაუფლების ახალი მოდელები სჭარბობენ.
    ასურელებთან პირისპირ კონფრონტაციაში ურარტული ჯარი ნაკლებად ეფექტური იქნებოდა; მაგრამ ეფექტურ თავდაცვით სისტემას ციხე-სიმაგრეები ქმნიდნენ, რომლებიც აგებული იყო ცენტრალური ხელისუფლების მიერ მაშინაც კი, თუ მათი თავდაცვა დამოუკიდებლად, რეგიონალური ძალების საშუალებით ხდებოდა. ურარტული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთანავე შექმნილი იყო ხელოვნური თავდაცვითი სისტემა, რათა ბუნების მიერ ბოძებული სადამცველო პოტენციალი კიდევ უფრო გაზრდილიყო. მკვლევართა დაკვირვებით, მასიური ურარტული ციხე-ციტადელების კომპლექსები წარმოადგენდნენ, ძველი ახლო აღმოსავლეთის ანალოგიურ ძეგლთა კონტექსტში, საერო არქიტექტურის უაღრესად განსხვავებულ სახეობას; ისინი ფუნქციონირებდნენ როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სამხედრო და საკულტო ინსტიტუტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი პოლიტიკური ძალაუფლების სივრცობრივად გადაბმული ცენტრები და ამდენად სინთეზირებას ახდენდნენ იმ ძირეული შემადგენელი ნაწილებისა, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ურარტული სახელმწიფოს პოლიტიკური ორგანიზება ერთ, მკვეთრად გამოხატულ და ხელოვნურად ჩამოყალიბებულ სივრცედ.
    პ. ციმანსკის ვარაუდით, ურარტუ შეიძლებოდა აღმოცენებულიყო მხოლოდ რკინის ხანაში, ვინაიდან გამძლე და ძლიერი რკინის წერაქვის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კლდეთა ძირითადი ქანის დამუშავება ციხე-სიმაგრეებისათვის პლატფორმის მოსაწყობად. იგივე შეიძლება ალბათ ითქვას ციხე-სიმაგრეების სიმრავლით გამორჩეული დიაუხის ქვეყნის აღმოცენების ხანის შესახებ; ქსენოფონტის ხანაშიც ხომ ტაოხები სიმაგრეებში სახლობდნენ მთელი თავისი ავლა-დიდებითურთ.
მთაგრეხილებით დაყოფილი ურარტუს ტერიტორია ძირითადად წარმოადგენდა თვითუზრუნველყოფილი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთეულების მოზაიკას, ხოლო მის განაპირას მდებარე დაიაენი/დიაუხის ქვეყანა ერთ-ერთი ასეთი ერთეული იყო, რომლის თავის ორბიტაში მოქცევა წარმოადგენდა ამ დიდი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ ამოცანას. ურარტუმ შედარებით უმტკივნეულოდ მოახერხა სხვა მსგავსი პოლიტიკური ერთეულების დაუფლება. ეს მომენტი შესაძლოა ურარტუსა და დიაუხის მოსახლეობის მკვეთრ ეთნიკურ განსხვავებაზე მიგვანიშნებდეს.
    ურარტუს ძირითადი მოსახლეობა – ურარტელები ხურიტების მონათესავე ტომია. ისინი თავის ქვეყანას ბიაინილის ეძახდნენ. ურარტელები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში. ძვ.წ. IX ს-ში მათ ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, რომლის დედაქალაქიც გახდა ტუშფა (დღევანდელი ქ. ვანის ადგილას თურქეთში). IX ს-ის დასასრულსა და VIII საუკუნეში ურარტუს მეფეები იშფუინი, მენუა, არგიშთი I და სარდური II აწარმოებდნენ დიდ შეტევით ომებს მეზობლების წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი სამეფოს საზღვრები – დაეუფლნენ ჩრდ. მესოპოტამიისა და ურმიისპირეთის მნიშვნელოვან ტერიტორიას, დაიმორჩილეს აგრეთვე ჩრდილო სირიასა და ვანის ტბის სამხრეთით არსებული ბევრი ხალხი. ასევე ინტენსიური იყო ამ დროს ურარტუს მეფეთა შემოტევა ჩრდილოეთისაკენ, სამხრეთ ამიერკავკასიაში მცხოვრები მოსახლეობის  მიმართულებით. ურარტელებმა დაიკავეს არარატის ველი, სევანის ტბის მიდამოები, ააგეს აქ ციხე-ქალაქები, მოაწყვეს დიდი სახელმწიფო მეურნეობები და სხვა. ადგილობრივი მოსახლეობა ურარტელთა ადმინისტრაციის მხრივ სასტიკ ექსპლუატაციას განიცდიდა. იხდიდა გადასახადებს, გამოდიოდა სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოებზე და სხვა, მაგრამ ასე მტკიცედ ფეხის მოკიდება სამხრეთ ამიერკავკასიის ყველა რაიონში ურარტელებმა ვერ შეძლეს. აქ მცხოვრები ბევრი ტომი მტკიცედ იცავდა თავის დამოუკიდებლობას. ურარტული სამეფო წარწერები სავსეა ამ ტომებით დასახლებული მიწა-წყლის მრავალგზისი დალაშქვრის აღწერით.
დაახლ. 815 წელს ეთიუნის მხარის ქვეყნების – ლუსას (ლუშა ან ლოსა), კატარზას, უიტერუხის (უიძერუხი) და ეთიუხის სხვა ქვეყნების გაერთიანებული ჯარები ურარტუს ქალაქ ანაშეს (მდებარეობდა მდ. არაქსზე თანამ. თურქ. ქალაქ კაგიზმანის სამხრეთით, მდ. მურატამდე) თავს დაესხნენ. ურარტუს მეფემ სასწრაფოდ შეკრიბა ლაშქარი მტრის წინააღმდეგ გაემართა. მეფე იშფუინი (828–809) მოგვითხრობს: „იშფუინი სარდურის ძემ და მუნუა იშფუინის ძემ მოიგერიეს ლუსას და კატარზას ლაშქარი. იშფუინი და მენუა დაიძრნენ სალაშქროდ ლუსას წინააღმდეგ. მათ ჰყავდათ 66 საბრძოლო ეტლი, ...1460 მხედარი და 15760 ქვეითი მებრძოლი. უიტერუხის, ლუსას და კატარზას დასახმარებლად მოვიდა ეთიუხის ქვეყნის მეფეთა მაშველი ლაშქარი. იშფუინი და მენუა დაიძრა უიტერუხის, ლუსას, კატარზას და მათი მაშველი ეთიუხის წინააღმდეგ. გააქციეს ისინი და მივიდნენ ქალაქ ანაშემდე და ქალაქ დიდ კუქურუმდე. ...ათას720 კაცი, ...ათას670 ქალი, ...ას26 ცხენი, 13540 წვრილფეხა რქონასნი პირუტყვი ხელთ იგდო ბიანლინის მეფემ“.
    ეთიუხი/ეთიუნი ურარტუელებისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის ვრცელი მიწა-წყლის სახელი იყო: იგი ვრცელდებოდა ყარსის რაიონიდან (დასავლეთში), ვიდრე სევანის ტბის რაიონამდე (აღმოსავლეთში) და თანამედროვე სამცხე-ჯავახეთამდე ჩრდილოეთით.
    აღნიშნული ქვეყნები დიაოხს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. უიტერუხი-უიძერუხი–ოიძერუხი–ოძრახე და უიტერუხი–ვიტერუხი–ვიძერუხი–ბიძერები. ბიძერები (ვიძერები) ძვ.წ. V ს-ში ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, მდ. ჭოროხის  სამხრეთით, ნაწილობრივ კი პონტოს მთებშიც. სხვათაშორის ლაზეთში, თურქეთის ტერიტორიაზე არის დაბა „ვიწე“. ოძრახე კი იბერიის სამეფოს საერისთავო იყო და მოიცავდა ტერიტორიას ტაშისკარიდან ვიდრე არსიანის ქედამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა. აქედან გამომდინარე სრულიად რეალური გამოვა უიტერუხ-ვიტერუხის შთამომავლები იყვნენ ბიძერები-ვიძერები, ხოლო მათგან უნდა მიეღო სახელი ოძრახე-ოძრხეს საერისთავოს, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ალბათ ისინი შეადგენდნენ.
    რაც შეეხება საკუთრივ უიტერუხს, მას უნდა მოეცვა ერუშეთის და ნაწილობრივ სამცხის ტერიტორია. ერუშეთში არის სოფლები ური (თურქ. ალტაშ.), ხოდურეთი (თურქ. დილეკდერე), ორუშეთი (თურქ. ოღუზიოლუ). უიტერუხის სამეფო ქალაქს ერქვა ურიერუნი. თუ მოვაშორებთ „ნი“ დაბოლოებას გვრჩება ურიერუ. ამრიგად თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, გამოდის რომ უიტერუხი/უიძერუხი ძვ.წ. V–IV საუკუნეებში უფრო ჩრდ-დასავლეთით არის გადანაცვლებული, რაც გასაკვირი სრულიად არ არის თუ გავითვალისწინებთ ურარტუელთა გამუდმებულ ლაშქრობებს ამ ქვეყანაში.
    კატარზა უიტერუხის სამხრეთით მდებარეობდა. შესაბამისად თუ უიტერუხი ერუშეთის ტერიტორიაზეა, კატარზა არტაანის ან კოლას ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. სხვათაშორის ანტიკური წყაროების კოტარძენე–კოტარზენე–კორაძენე–ხორძენე, რომელიც ქართლის ერთ-ერთი საერისთავო იყო ძვ.წ. II საუკუნიდან სწორედ ერუშეთის სამხრეთით, კოლას და ალბათ ხორტევანის და ნაწილობრივ არტაანის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
    ბიანი ალბათ ბანას ადრინდელი სახელია. კუარზანი/კოარზანი ბიანის აღმოსავლეთით მდებარეობდა. ბანას მხარის აღმოსავლეთით კი მდებარეობს კოლა. (კოარზანი ძალიან ჰგავს კოლა-არტანის. ეს ორი მხარე კი საუკუნეების მანძილზე ერთ მხარედ განიხილებოდა). კოარზანი ჰგავს ზემოთ ნახსენებ კოტარზენესაც, რომელიც იგივე ტერიტორიებზე მდებარეობდა. ამდენად კატარზა და კუარზანი მეზობელი ქართველური მხარეები უნდა ყოფილიყო.
    ლუსა-ლოსა კატარზას სამხრეთით იყო, რადგან ურარტუელები იქ პირველები შედიან და აქედან გადადიან კატარზასა და უიტერუხში. ამდენად გამოდის, რომ ლუსა კოლას ტერიტორიაზე იყო განლაგებული. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით ლუსა ლაზების ადრინდელი სახელი უნდა იყოს. ლაზებად ახ.წ. I საუკუნის რომაული წყაროები ჭოროხის ჩრდილოეთით მცხოვრებ ხალხს მოიხენიებენ. ისინი კი თავიანთ თავს კოლხების შთამომავლებს ეძახდნენ. გვიან შუასაუკუნეებში ლაზები ჭანებს დაერქვათ და ასეა დღესაც. სხვათაშორის კოლას ტერიტორიაზე ლოსას ქვეყნის გვერდით – ჩრდილოეთით ან ჩრდილოეთ ნაწილში უნდა არსებულიყო ქ. ფუტე. ფუტე ლაზურად „უფალს“ ნიშნავს (სვანურად ფუსტ). უფალის დარქმევა ქალაქის სახელად ცნობილი ამბავია. ამის ნათელი მაგალითია უძველიესი ქალაქი უფლისციხე.
    ეს კი ერთი პატარა დამადასტურებელი საბუთია ლუსას და ლაზის იგივეობისა. თუ ჩვენი მსჯელობა სწორია, გამოდის, რომ უიტერუხები–უიძერუხების მსგავსად ლუსა–ლაზებიც ურარტუელებისა და სხვა დამპყრობლების შემოსევების გამო მოგვიანებით გადასახლდნენ უფრო ჩრდილო-დასავლეთით და გახნდნენ კოლხეთის სამეფოს წამყვანი ძალა.
    ამის შემდეგ დიაოხის ჯერი დგება. ურარტუს მეფე მენუა I (809–782) მოგვითხრობს: „ღვთაება ხალდის ძლიერებით გავემართე სალაშქროდ ძლევამოსილი ქვეყანა დიაუხის წინააღმდეგ. დავიპყარი მე დიაუხის ქვეყანა, დავიპყარი მისი სამეფო ქალაქი სასილო, სამეფო ქალაქი. ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები დავანგრიე, მივედი შეშეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი (უთუხაი) შევიწყალე. უტუფურში მეფე დიაუხისა, მოვიდა ჩემს წინაშე, მომეხვია ფეხებზე, თავქვე დაემხო. მე მას მოწყალედ მოვექეცი, შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით. მომცა მან ოქრო  და ვერცხლი, მომცა ხარკი. ის ტყვეები, რომლებიც დაბრუნდნენ, დამიბრუნა მთლიანად.
    ორი მეფე იქაურობას მოვაცილე: ბალთულხის ქვეყნის მეფე და ქალაქ ხალდირიულხის ქვეყნის მეფე. გამაგრებული ადგილები, რომლებიც კი იყო ამ ქვეყანაში მე მას მოვწყვიტე“. ეს ლაშქრობა დაახლ. ძვ.წ. 805 წელს მოხდა.
    წარწერაში მენუას ფრაზას: „ის ტყვეები, რომლებიც დაბრუნდნენ, მან დააბრუნა მთლიანად“, ისტორიკოსები დიდი ხნის მანძილზე იგებდნენ ისე, რომ ეს მენუას პირველი ლაშქრობა არაა დიაოხში რასაც ადასტურებს ადრე წაყვანილი და შემდეგ დიაოხში დაბრუნებული (ანუ გამოქცეული) ტყვეების მენუას მიერ ხელახლა წაყვანა. თანამედროვე ისტორიკოსების აზრით კი ეს წარწერა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ „ტყვეებში“, აუცილებლად დიაუხური წარმომავლობის იმ ურარტელთა მონების დაბრუნება ვივარაუდოთ, რომლებიც ურარტუდან იყვნენ თავის ქვეყანაში გაქცეულნი. შესაძლოა საქმე ეხებოდეს, დიაუხელთა მიერ ადრე დატყვევებულ ურარტუს ქვეშევრდომებს, რომლებიც დიაუხის მეფემ უკან დაუბრუნა მენუას, მითუმეტეს, რომ იმავე წარწერის დასაწყისში მენუა დიაუხს მოიხსენიებს, როგორც „ძლევამოსილ“ ქვეყანას. შენიშნულია, რომ მოწინააღმდეგე ქვეყნის ასეთი განმადიდებელი ეპიტეთით მოხსენიება, გამონაკლისი შემთხვევაა ურარტუს მეფეთა ტექსტებში.
    მენუას სხვა წარწერაში, რომელიც მხოლოდ ნაწყვეტია, ეჭვს გარეშეა, ლაპარაკი იყო დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლების შესახებ, რადგანაც აქ იხსენიება დიაოხის „სამეფო ქალაქი“ სასილო. ამ წარწერაში ვკითხულობთ: „დავიპყარი ქალაქი სასილო. დავუდგი ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს. ღვთაება ხალხის სიდიადით მენუა, იშფუინის ძე, მეფე ძლიერი, მეფე დიდი, მეფე ბიაინილის ქვეყნისა, მმართველი ტუშფა ქალაქის. ვინც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გატეხს, ვინც მას დამალავს, მოსპონ იგი ღვთაება ხალდიმ, ღვთაება თეიშებამ, ღვთაება შივინიმ, ყველა ღმერთმა მზის ქვეშ...“.
    შეშეთი შავშეთი უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში სახელის გარდა მდებარეობაც ემთხვევა. მენუას იაზილითაშისა და არგიშთი I-ის სურბ საჰაკის წარწერათა შეპირისპირება, როგორც უკვე ითქვა, ცხადყოფს, რომ შეშეთი დიაუხის ქვეყნის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენდა, ვინაიდან არგიშთის მიერ ნახსენები დიაუხის სამეფო ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი), მენუას წარწერის მიხედვით შეშეთის ქვეყანაშია. მეორეს მხრივ, დაიაენის ტერიტორიისა და შეშეთის თანხვდენაზე შესაძლოა მიუთითებდეს ტიგლათფილესერ I-ის წარწერა, რომლის მიხედვითაც დაიაენი ნაირის ქვეყანათა ჩამოთვლისას, ხოლო „შეშეს მთა“ ნაირის მთებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსენიებიან, რაც მათ ყველაზე უფრო ჩრდილოურ მდებარეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, მათთან ერთად ერთ კონტექსტში ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებთან და მთებთან შედარებით; შესაბამისად ამისა, მათ ადგილმდებარეობას მდ. ჭოროხის შუა დინების ჩრდილოეთით განსაზღვრავენ ხოლმე. აქვე, შავშეთსა და ჭოროხს შორის, მდებარეობდა ვახუშტის ცნობით, მთა შავშეთისა. დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე ეძებენ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ მოხსენიებულ შეშის მთასაც: „მთა ესე მაღალი არს. თავი ყოველთა ამათ ქედთა, რომელსა ჰქვია თავი შეშეთა…“.
    ზუა/ზუანი/ზუაინა მდებარეობით ზოგან შეშეთის ტერიტორიაზეა, ზოგან კი „ულდინი“-ს (გ. მელიქიშვილი მას კითხულობს „დიდი“-თ). მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ორი მხარე ერთი და იგივეა. ფაქტია, რომ ზუას მხარე შეშეთის მხარის სამხრეთით ეკვრის. თუ შეშეთი შავშეთია მაშინ ისიც ამ მხარეში მდებარეობდა. სხვათაშორის ზუარეთი სათიბის სახელია შავშეთ-იმერხევში, სოფელ მიქელეთში. მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სოფელი გარყლობი, რომელშიც, გარყლობის მთაზე (2225 მ.) აღმართულია  გარყლობის ციხე. იგი „ქართლის ცხოვრებაში“ ერთადერთ ადგილას იხსენიება – „1028 წელს ჩანჩახი ფალელი მიერთო ბერძენთა და ციხეც მათ მიართვაო“. შუა საუკუნეებში ციხე იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ გზას. უცნაურ კლდეზე დაშენებული ციხე საგულდაგულოდ, უმოწყალოდ, ქვა-ქვა უნგრევიათ. ამიტომაც არ ჩანს არაფერი შორიდან. დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ უნგრევიათ არა გუშინ და გუშინწინ, როგორც ეს კარგად ჩანს ხოლმე სხვა ძეგლების შემთხვევაში, არამედ მაშინ, როცა მისი მფლობელები შიშობდნენ, გზაგასაყარზე მდგარი ციხე მტერს არ ჩავარდნოდა ხელში. მის ძირში ხომ მნიშვნელოვანი გზები ერთდებოდა თუ იყრებოდა. ამაზე მეტყველებს ციხის სახელიც, გარყლობის, გარყილობისა თუ გაყრილობის სახით რომ გვხვდება „ქართლის ცხოვრების“ სხვადასხვა ხელნაწერში.
    ტოპონიმ „ზუა“-სთან მიმართებაში გასათვალისწინებელი გახდებოდა ქართული ფუძე ზუ, აქედან მ-ზუ-არ-ე, რაც ნიშნავს „მზიან ადგილს“. სულხან-საბას მიხედვით: „მზუარე, ადგილი მზის მდეგი (მზე-მდეგი)“. ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მეორე ქართული სიტყვა – „ზუავ-ი“, ანუ გოროზი, ამაყი. ამ შეფასებას კი ნამდვილად შეეფერება გარყლობის ციხე, რომელიც თავის დროზე მაღლიდან მართლაც ამაყად გადმოსცქეროდა არემარეს და წარმოუდგენდლად ძნელი ასაღები იქნებოდა.
    უტუხაი/უთუხაი უნდა იყოს ძველი ციხე თუხარისი (უთუხაი–უთუხარი–თუხარი–თუხარისი), რომელიც უძველეს ეპოქაში იქნა დაარსებული და ფარნავაზის ეპოქაში კლარჯეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. მდებარეობდა ჭოროხის მარჯვენა მხარეს, იშხანის ჩრდილოეთით, ისტორიულ სოფელ ხერსის (თურქ. ზირაზალანი) ჩრდილო-დასავლეთით. ამდენად უთუხაის ქვეყანა ხუშანის ქვეყნის ჩრდილოეთით და ილდამუშის ქვეყნის სამხრეთით მდებარეობდა. ტუხა ლაზურში ადამიანის სახელია. მას მოეპოვება ნაირფეროვანი სუფიქსიანი ვარიანტები: ტუხე, ტუხია, ტუხო, ტუხო. არსებობს გვარები: ტუხაშვილი, ტუხიშვილი, ტუხიაშვილი. „ტუხ“ ფუძეს შეიცავს კომპოზიტი შავ-ტუხ-ა, რაც შავგრემანს ანუ შავის მსგავსს ნიშნავს.
    დიაოხს სამხრეთიდან ესაზღვრებოდა ბალთულხი და ხალდირიულხი. უკანასკნელი აშქარად ქართული ქვეყანაა. ანტიკური ისტორიკოსები ხალდებს იგივე ხალიბებად თვლიან. სხვათაშორის ქსენოფონტე ძვ.წ. 401 წელს ხალდებს სწორედ ტაოხების მეზობლად, ჭოროხსა და დას. ევფრატს შორის იხსენიებს.
    დიაოხის ტერიტორიაზე ან მის მეზობლად, მის სამხრეთ პერიფერიაზე პოზიციების გასამყარებლად მენუას ციხე-სიმაგრეების აუშენებია. არზრუმისავე  რაიონში დატოვებულ ზოგიერთ წარწერაში ლაპარაკია „დიდებული ციხე-სიმაგრის მშენებლობაზე“ ამ ადგილებში.
    ამ პერიოდში დიაუხთან გართულებულ ურთიერთობაზე უნდა მიგვანიშნებდეს უმუდუმ-თეფეზე (კალორ-თეფე), 18 კმ-ით ერზურუმის ჩრდილოეთით, ს. უმუდუმ-ქოიდან (იგივე იმიდიმ-ბაბა) 2 კმ-ით დასავლეთით, გალავანშემორტყმული 50X75 მ ფართის ე.წ. ციკლოპური წყობის ნაგებობის აღმოჩენა, რომელიც ძეგლის შემსწავლელის ა. ჩილინგირ ოღლუს აზრით, საიმედოდ უნდა დათარიღდეს ძვ.წ. გვიანი IX და ადრეული VIII საუკუნეებით ანუ ურარტუს მეფის იშპუინისა და მისი ძის მენუას ზეობის წლებით, თუმცა ავტორი უფრო მენუას ხანით მისი დათარიღებისაკენ იხრება, ადრეულ VIII საუკუნის ურარტულ ციხე-სიმაგრეებში „ციკლოპური ტექნიკის“ გამოყენების შემთხვევების გამო. მიჩნეულია, რომ უმუდუმ თეფე მისგან სამხრეთით მდებარე ერზერუმის ველს იცავდა ჩრდილოეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხისაგან.
    როგორც ჩანს დაიოხის მეფე აგრძელებს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, რის გამოც მის წინააღმდეგ ამჯერად მენუას ძე არგიშთი აწყობს ლაშქრობებს.
    ვანის კლდეზე ამოკვეთილ წარწერაში არგიშთი I (782–756) მოგვითხრობს: „იმავე წელს, (ძვ.წ. 781) მე კვლავ შევკრიბე მეომრები და გავემართე დიაუხის ქვეყნის წინააღმდეგ. დიაუხის მეფე დავამარცხე, დავიპყარი შერიაზის მხარე, ქალაქები დავწვი, ციხესიმაგრეები დავანგრიე. მივედი ქალაქ ფუტემდე... მარცხნივ ქვეყანა ბიანი (დიაოხის მხარე)..., ქვეყანა ხუშანი (დიაოხის მხარე). მარჯვნივ მე შევიწყალე თარიუნის ქვეყანა (დიაოხის მხარე). გავემართე ზაბახას ქვეყნის წინააღმდეგ. დავიპყარი ქვეყანა ზაბახა, მივედი ქალაქ უზინაბითარნამდე, სირიმუთარას ქვეყნამდე, მთიან ქვეყნამდე. მარჯვნივ იგანის (იგანიეხის) ქვეყნის ქალაქი მაკალთუნი მე შევიწყალე. გავემართე ერიახის ქვეყანაზე. უკან მობრუნების შემდეგ გავილაშქრე აფუნის ქვეყნის (დიაოხის მხარე) წინააღმდეგ, დავიპყარი ქალაქი ურიეიუნი, უიტერუხის (ვიტერუხის, ვიძერუხის) სამეფო ქალაქი. 19225 ყრმა, 10140 მეომარი ცოცხლად, 23280 დედაკაცი,  სულ 52675 ადამიანი ამ წელს შევიპყრე, ერთნი გავჟლიტე, სხვები ტყვედ წავიყვანე. 1104 ცხენი, 35015 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ასი ათას..., 1829 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გავდენე. ღვთაება ხალდისათვის ეს საქმენი მე ერთი წლის განმავლობაში აღვასრულე“.
    ზაბახა ჯავახეთის ძველი სახელია, ურარტულ დამწერლობაში „ზ“ ხშირად „ჯ“-საც გადმოსცემდა. ძველად ჯავახეთი უფრო სამხრეთით, ჩილდირის ტბამდე ვრცელდებოდა. მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა უიტერუხი, სამხრეთიდან იგანიეხი, აღმოსავლეთიდან ერიახი, ხოლო ჩრდილოეთიდან სირიმუთარას ქვეყანა.
    იგანიეხი მდებარეობდა ჩირლდირის ტბის სამხრეთით, ზაბახას სამხრეთით, მოგვიანო ხანის პროვინცია პალაკაციოს ადგილზე. მისი სამეფო ქალაქი იყო მაკალთუნი, რომელიც სწორედ ჩილდირის ტბის სამხრეთ სანაპიროზე უნდა არსებულიყო. მაკალთუნს ისტორიკოსები მოგვიანო ხანის მაკრონებთან აიგივებენ, ხოლო იგანიეხს ჰენიოხებთან. მაკალთუნი შეიძლება მართლა უდრიდეს მაკრონებს, ისევე როგორც ხალიტუ/ხალითუ – ხალიბებს, თუმცა იგანიეხის ჰენიოხებთან გაიგივება არასწორი უნდა იყოს.
    ძვ.წ. VI–I საუკუნეებში თემურ წყობილებაში მცხოვრები ველური ჰენიოხები ჩრდ. კავკასიის ზღვისპირა ზოლში, მდ. შახედან – მდ. ფსოუმდე და ბზიფამდე ცხოვრობდნენ და მხოლოდ ახ.წ. დასაწყისიდან ჩამოსახლდნენ რიზეს მხარეში, იმის შემდეგ რაც ჯიქებმა გამოდევნეს თავიანთი საცხოვრისიდან.
    არგიშთის წარწერებიდან ჩანს, ხუშანი და ბიანი უნდა ვეძებოთ ჭოროხის ხეობაში, შავშეთისა და ერზერუმის რაიონებს შორის. „მივედი მე ბიას ქვეყნამდე... ხუშანის ქვეყნამდე. გავედი მე და წავედი „დიდის“ (ე. ი. შეშეთი) ქვეყნის წინააღმდეგ, ქალაქ ზუას წინააღმდეგ...“. სარდურის სხვა წარწერიდან ჩანს, რომ ხუშანი მდებარეობდა კოლხას ერთ-ერთი ოლქისა და ქალაქ ილდამუშას (არტანუჯი) სამხრეთით. ტაოში, ოლთისის აუზში მოიპოვება ტოპონიმები, რომლებიც ფონეტიკურ სიახლოვეს ავლენენ ხუშანთან: სოფელი ხოშვანი (თურქ. ჰოშავანკი), სოფელი ხოში (თურქ. ჰოშკოი), სოფელი ხოშატგილი, სოფელი ხოსორი (თურქ. აივალი), ველი ხოშა ტაოში. ურარტული ხუშანი/ხუშალხი იგივეა რაც ქართული ხოში, ხოშანი, ხოშჩვანი. სხვათაშორის სვანურად „ხოშა“ ნიშნავს „დიდი“-ს, ხოლო „ხუშა“ მეგრულად ნიშნავს ხელის პეშვს.
    არგიშთის წარწერიდან ჩანს, რომ ხუშანის გვერდით მდებარეობს ბიანი. ბიას მხარის ჩრდილოეთით მდებარეობს ქვეყანა „დიდი“ (შავშეთი), ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ხუშანი. ბიანი უნდა იყოს დიაოხის ერთ-ერთი აღმოსავლეთ განაპირა მხარე. ასე რომ როგორც სახელის მსგავსებით, ისე მდებარეობით ბიანი ემთხვევა იყოს ბანას და მდ. ბანასწყლის (ოლთისის შენაკადი) ხეობას; ბიანი-ბიანა-ბანა. თუ ურარტულ „ნი“-ს მოვაცილებთ გვრჩება „ბია“. სამეგრელოში, ხობის რაიონში არსებობს სოფელი ბია.
    ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით ხუშანი მდებარეობდა ოლთისისა და ჭოროხის შესართავის ორივე მხარეს. სამხრეთით ვრცელდებოდა სასილოს მხარემდე, ხოლო ჩრდილოეთით უთუხაის (თუხარისის) მხარემდე.
    თარიუნი–თარიუ–თარი ლოკალიზირდება ხუშანის ჩრდილოეთით მდინარე მტკვრის სათავეებთან, ანუ დღევ. არტაანის მხარეში. აქ არის სოფელი თოროსხევი სადაც მიკვლეულია დიაოხის ეპოქის მეგალითური კომპლექსი. სხვათაშორის აღნიშნულ მხარეებში უნდა ყოფილიყო იბერიის სამეფოს მხარე „თარი“, რომელსაც იხსენიებს სომხური გეოგრაფია. მართალია ეს წყარო     ახ.წ. VII საუკუნეშია შედგენილი, თუმცა ეყრდნობა ანტიკურ წყაროებს.
თარი–თარიუს მხარეს უკავშირებენ ისტორიული მხარე თორის (ბორჯობის რაიონი) ძველ მაცხოვრებლებს. შესაბამისად ამ ვერსიის მომხრენი ფიქრობენ, რომ ჟამთა სიავის გამო თარელ-თორელები სხვა ქართული ხალხების მსგავსად მოგვიანებით გადმოსახლდნენ ჩრდილოეთით. „თარი“ მეგრულად ნიშნავს „უკეთესს“, „მთავარს“.
    შერიაზი არცერთ ტოპონიმს არ ემთხვევა. არგიშთის წარწერით გამოდის რომ იგი ხუშანისა და ბიას აღმოსავლეთითაა, ზაბახას დასავლეთით და თარიუნის სამხრეთ-დასავლეთით. აქედან გამომდინარე იგი უნდა მდებარეობდეს კოლას ტერიტორიაზე, სადაც იყო ქვეყანა ლუსაც.
    აფუნის ქვეყანა უიტერუხის მეზობლად, მის ჩრდილოეთით მდებარეობდა. ახლო-მახლოა აგრეთვე ერიახი. ამდენად იგი თანამედროვე სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო განლაგებული. აქ მოიპოვება მსგავსი ტოპონიმები: სოფელი აფიეთი ადიგენის რაიონში, სოფელი აფნია ახალქალაქის რაიონში. სხვათაშორის აფუნი ლაზურ ენაზე გაზაფხულს ნიშნავს.
    ქალაქ უზინაბითარნა, სირიმუთარას ქვეყნა, მთიანი ქვეყანა ზაბახას მეზობლად არის, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამდენად ეს ქვეყანა თრიალეთის მხარეში უნდა იყოს. სირი ჩიტს ნიშნავს. რადგან მთიანი ქვეყანაა სირიმუთარაც ე.ი. რაღაც ჩიტების სამყოფელს ან რაღაც მსგავსს უნდა ნიშნავდეს, როგორც მაგალითად სასირე-სასილო ჩიტების ქვეყანას, ალამუთი – „არწივის ბუდეს“ და ა. შ. თრიალეთის ძველი სახელია „თრიარი“, რაც გავს თარას – თრიარი-თიარი-თარი-თარა. „მუ“ მეგრულად ნიშნავს „რა“-ს, მაგ „მუ ჭიჭე ბორკი ჩანს“ – „რა წვრილი ფეხები აქვს“. „თარი“ მეგრულად ნიშნავს „უკეთესს“, „მთავარს“.
    ერიახს ისტორიკოსების ნაწილი ჰერეთთან აიგივებენ. რადგან ურარტულში „ჰ“ არ არის და „ხი“ ურარტული დაბოლოებაა გვრჩება „ერია“, რაც ძალიან გავს „ჰერიას“ ანუ ჰერეთს. მიუხედავად ამისა ერიახის ჰერეთთან გაიგივება მაინც არ უნდა იყოს მართებული. უფრო ახლოს უნდა იყოს ერიას ძველქართულ ტომ ერუშებთან (ერუ + ლაზური დაბოლოება – „ში“) გაიგივება. ერიახი მდებარეობდა ზაბახას სამხრეთით, იგანიეხის აღმოსავლეთით და მოიცავდა ალბათ ისტორიული აბოცისა და ქვემო ქართლის (ნინოწმინდის რაიონი) ტერიტორიებს. მას ესაზღვრებოდა აგრეთვე იშკიგულუ, გულუტახი, კულიაინი და სხვა არაქართველული „ქვეყნები“.
    ძვ.წ. 780 წ. არგიშთი კვლავ დაიძრა ჩრდილოეთის მიმართულებით: „დავამარცხე ქვეყანა აბილიანეხი (დიაოხის სამხრეთ-აღმოსავლეთით), ანიშტირგაეს ქვეყანა (დიაოხის სამხრეთ-აღმოსავლეთით), კუარზანის მხარე (დიაოხის მხარე) და ულთუზა (დიაოხის მხარე), დავამხე ისინი ჩემს წინაშე. დავიპყარი ეთიუნის ქვეყანა, მივედი უდური-ეთიუხიმდე (სევანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით), მამაკაცები და ქალები იქედან ტყვედ წავიყვანე.
    ულთუზა–ულთუსა–ოლთუსა ხუშანის სამხრეთით და ბიანის დასავლეთით მდებარეობდა. ეს სახელი კი ძალიან ჰგავს საქართველოს ისტორიულ ციხე-ქალაქ ოლთისის (თურქ. ოლთუ), რომელიც მდებარეობს მდ. ოლთისის ზემო წელის სანაპიროებზე. შესაბამისად ქვეყანა ოლთუსა ხუშანის სამხრეთით მდებარეობდა.
    დაახლ. ძვ.წ. 779 წელს არგიშთი დიაოხის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ლაშქრობს: „მესამეჯერ შევკრიბე მეომრები, წავედი ურმეს ქვეყნის წინააღმდეგ. დავიპყარი ურმეს ქვეყანა. მივედი ბიას ქვეყნამდე... ხუშანის ქვეყნამდე, გავემართე მე სალაშქროდ „დიდის“ (იგულისხმება შეშეთი) ქვეყნის წინააღმდეგ, ქალაქ ზუას წინააღმდეგ. ქალაქი ზუა, დიაოხის ქვეყნის სამეფო ქალაქი, მე გადავწვი; წარწერა დავდგი ქალაქ ზუაში“. შემდეგ არგიშთიმ სამხრეთით მოუხვია. „აქედან წავედი აშკალაშის ქვეყნის წინააღმდეგ (დიაოხის სამხრეთ-დასავლეთ მხარე, მდ. დას. ევრატის სანაპიროებზე. აქ მდებარეობს თურქული ქალაქი აშკალე). 105 ციხე-სიმაგრე დავაგრიე, 453 ქალაქი კი დავწვი. სამი მხარე იქედან მოვწყვიტე, მათი მოსახლეობა ჩემს ქვეყანას შევუერთე; ესენია კადა (ან ქადა, დიაოხის სამხრეთ-დასავლეთ მხარე, სასილოს მხარის დასავლეთით და აშკალაშის აღმოსავლეთით. ქადას მსგავსი ტოპონიმი „ხადა“ ძველქართულად მთას, მთიან ადგილს ნიშნავს), აშკალაში და სასილოს ქვეყანა. 15181 ყრმა, 2734 მამაკაცი, 10604 ქალი, 4426 ცხენი, 10478 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 73770 წრილფეხა რქოსანი პირუტყვი მე წამოვიყვანე. 4 მეფე დავასაჭურისე – შაშქის, არდარაქიხის, ბალთულხის და კაბილუხის მეფეები (დაოხის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთით, დას. ევფრატსა და არაქსს შორის მდებარე ქვეყნები). ჩემი კაცები დავსვი იქ ოლქის მმართველებად. დიაოხის მეფე დავიმორჩილე, შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით. 41 მინა (ურარტული მინა 505 გრამს უდრის) სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი, 10000 მინა სპილენძი, 1000 ცხენი, 300 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აი როგორი ხარკი დავუწესე მე დიაოხის ქვეყანას, რათა მას (ეს ხარკი) ეძლია ყოველწლიურად: (...) მინა სუფთა ოქრო, 10000 მინა სპილენძი, (...) ხარი, 100 ძროხა, 500 ცხვარი, 300 ცხენი გავრეკე.
    არგიშთის ლაშქრობები იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ დიაოხის ურჩი მეფე 16 წელი აღარ იღებდა ხმას. მისი დასჯის შემდეგ უტუფურსის მოკავშირეთა ჯერი დადგა.
    ძვ.წ. 778 წელს „გავემართე სალაშქროდ იარაღით. ვსძლიე ეთიუნის ქვეყანა, დავამხე იგი ჩემს წინაშე. ის მეფენი, რომლებიც დიაოხის მეფის საშველად მოვიდნენ გავანადგურე. ერთ წელში დავიპყარი ლუსას ქვეყანა, კატარზას ქვეყანა, ერიახის ქვეყანა, გულუტახის ქვეყანა (ერიახის მეზობლად). აქედან არგიშთიმ მოუხვია უკან და დაიპყრო უიტერუხის ქვეყანა. მივედი აფუნის ქვეყნამდე. ლუსას ქვეყნის მეფე დავასაჭურისე, ხოლო იგანის ქვეყნის მეფე დავიმორჩილე და დავტოვე თავის ადგილზე; ხარკი მეფე არგიშთის მისცა მან...“.
    ძვ.წ. 768 წ.  წავედი მე ეთიუნის ქვეყნის წინააღმდეგ. დავიპყარი ერიახისა და კატარზას ქვეყნები, მივედი იშკიგულუს ქვეყნამდე; მამაკაცები და ქალები წავიყვანე იქიდან ბიაინილიში. წავედი სალაშქროდ უიტერუხის წინააღმდეგ. დავიპყარი უიტერუხის ქვეყანა; ქვეყანა გავძარცვე, ქალაქები გადავწვი, ... ქალაქი ამეგუ ... ქვეყანა უიტერუხი... მე დავდგი წარწერა მის სამეფო ქალაქში. წასვლის წინ ტყვეებიდან ერთნი დავხოცე, ხოლო სხვები ტყვედ წავიყვანე. 1200 ცხენი, 29504 მსხვილფეხა პირუტყვი, 60000 წვრილფეხა პირუტყვი გავრეკე. ეს ყველაფერი ერთ წელში გავაკეთე.
    ჩემი მეფობის XIX წელს (ძვ.წ. 763 წ.) გავემართე სალაშქროდ ჩემი იარაღით, ვსძლიე აბნულუანის ქვეყანა, დავამხე იგი ჩემს წინაშე. დიაოხი კვლავ აჯანყდა; შევკრიბე მეომრები და წავედი დიაუხის წინააღმდეგ. დიაუხელები შემეგებნენ ომით, ჩემი იარაღით დავამარცხე უტუფურში, დიაოხის ქვეყნის მეფე“. ამით დიაოხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში ქრება.
    მართველობის ბოლო წლებში არგიშთი დიაოხის აღმოსავლეთით, სევანის ტბამდე მდებარე ქვეყნების დასაპყრობად ლაშქრობს: „დავიპყარი ქვეყანა ახურუანი, აიტუხინის ქვეყნის ქალაქი, ხელთ ვიგდე ქალაქ აშტუხინის ხორბლის მარაგი. დავიპყარი ეთიუნის ქვეყანა სრულად, მოვიდნენ დიდძალი ლაშქრები, რომლებიც გავაქციე, დავედევნე, დავხოცე და ტყვეები ხელთ ვიგდე.
    დავიპყარი ულუანის ქვეყანა, ქალაქ დარანის ქვეყანა. დავამარცხე კულიაინის ქვეყანა, დავიპყარი მისი ქალაქი დურუბანი. დავიპყარი ქვეყანა ერიახი, დავიპყარი ქალაქი ირდანიუნი იშკიგულუს ქვეყნამდე. დავიპყარი ქალაქ კუხუნის ქვეყანა. მივედი იშტიკუნივების ქალაქამდე და ტბამდე (იგულისხმება სევანის ტბა)“.
    როგორც შემდეგდროინდელი ცნობებიდან ირკვევა 760-იან წლებში დიაოხმა არსებობა შეწყვიტა. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ურარტუმ შეიერთა, ხოლო ჩრდილოეთ ოლქები (მაგ. ხუშალხი) მეორე ქართველურმა სამეფო კოლხა-კოლხეთმა.
    როდის შეიქმნა დაიაენ-დიაოხის სამეფო? მისი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მეტყველ ფაქტად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მეგალითურ ციხე-ქალაქებს მიიჩნევენ, რომლებიც ძვ.წ. XIV–VIII საუკუნეებში შენდებოდა. წერილობით წყაროებში კი დაიაენი მხოლოდ XII საუკუნის ბოლოს ჩნდება. აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დაიაენი ხეთური წყაროების ჰაიასას ქვეყნის მემკვიდრე იყოს. გარდა ორივე ქვეყნის ჭოროხისა და დას. ევფრატის მხარეებში მდებარეობის დამთხვევისა (უფრო დღევანდ. ქ. ერზინჯანის მიდამოებში), შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (ჰაია-სა, დაია-ენი) ფუძეებისა და ტერმინ „აია“-ს საერთო წარმომავლობის დაშვება, თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულთან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში: ხალიბი/ალიბე, ხარიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ტოსარენე/ოსარენე, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თორეტი/ორეტი, თუნი/უნი და ა. შ.
    ჰაიასას (აცცის) სამეფოს შესახებ ცნობები ხეთურ წყაროებში ჩნდება დაახლ. ძვ.წ. 1500 წლიდან. დაახლ. 1405 წელს ხეთები შეიჭრნენ ჰაიასას მეფე მარიიას სამფლობელოებში, რითაც დაიწყო ომები ორ მეზობელ ქვეყანას შორის, რომელმაც XIII საუკუნის ბოლომდე გასტანა. XII საუკუნიდან ხეთურ წყაროებში ჰაიასას შესახებ ცნობები წყდება. 1178 წელს მუშქების მიერ ხათუსას აღების შემდეგ არსებობა შეწყვიტა ხეთების ერთიანმა სამეფომ. 1112 წლიდან ჰაიასას ტერიტორიაზე ასურული წყაროების ცნობით უკვე არის დაიაენის სამეფო.
    ჰაიასას მოსახლეობის წარმოშობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. ისტორიკოსთან ერთი ნაწილი თვლის რომ მათი მეფეთა სახელები ინდოევროპულია და ამიტომ ეს ხალხიც ინდოევროპული წარმოშობის უნდა იყოს. ჰაისას ცნობილი მეფეთა სახელები ხეთურ წყაროებში ასე გამოითქმის: მარიია I (დაახლ. 1450–1400), კარანნი (დაახლ. 1400–1385), ხუკკანა (დაახლ. 1380–1355), მარიია II (დაახლ. 1355–1345), ანანია (დაახლ. 1345–1316), მუტტი (დაახლ. 1316–1290). საერთოდ ჰაისას ისტორია სუსტად არის შესწავლილი და მის დიაოხთან ანუ ქართულ სამყაროსთან დაკავშირებისგან თავს შევიკავებ და ამჯერად ამ საკითხზე საუბარს ამით დავასრულებ.
    დაიაენი დღეისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოსა და, როგორც ჩანს, ამიერკავკასიაში მიკვლეული უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, რომლის არსებობას უკვე ძვ.წ. XII ს-ში ადასტურებს ასურული წერილობითი წყაროს ცნობა. ამ რეგიონში ადგილი უნდა ჰქონოდა ქართველური, ხურიტული და შესაძლოა ხეთური წარმომავლობის მქონე ტომთა თანაცხოვრებას.
    მომდევნო ხანების წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური კვლევის მონაცემების მიხედვით, დაიაენი/დიაუხის ქვეყანა მდებარეობდა ვრცელი რეგიონის შიგნით, რომლის ფარგლებიც შემოისაზღვრებოდა დასავლეთიდან ლაზისტანის ქედით, ჩრდილოეთიდან შავშეთის ქედითა და მისი განშტოებებით, აღმოსავლეთიდან ალაჰუექბერისა და ჩაქირბაბას ქედებით, ხოლო სამხრეთიდან დაახლოებით თანამედროვე თურქული ქალაქების პასინლერისა და ბაიბურთის შემაერთებელი ხაზით. დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სამხრეთითა და  აღმოსავლეთით განლაგებული ურარტუს სამეფო, ადრეულ ეტაპზე მაინც, „ურუათრის“ ტომთა გაერთიანების მსგავსად, ძირითადად ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ, მის დასავლეთითა და სამხრეთით ანუ მდ. არეზის სამხრეთითა და დასავლეთით მდებარეობდა.
    ასურული და ურარტული წერილობითი წყაროები და დანატოვარი კულტურული ნაშთები მოწმობენ დაიაენი/დიაუხის ქვეყნის სიდიდესა და განვითარების მაღალ დონეს, გამოვლენილს მრავალრიცხოვანი „ქალაქებით“, ციხე-სიმაგრეებით, ციკლოპური ნაგებობებით, მეურნეობის დაწინაურებული სახეობებითა და მეტალურგიით. რეგიონის რესურსების თავდაცვის საჭიროებას ჯერ ასურელთა, ხოლო შემდეგ ურარტელთა ძალმომრეობისაგან და ეკონომიკურ უპირატესობათა საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებისათვის მისწრაფებას უნდა განეპირობებინა რკინით განსაკუთრებით მდიდარი დაიაენი/დიაუხის ქვეყნის წარმოქმნა და ძვ.წ. XII–VIII საუკუნეების მანძილზე ხუთსაუკუნოვანი არსებობა.
    დიაოხში დაწინაურებულ, იერარქიული ტიპის სახელმწიფოებრივ სტრუქტურაზე უნდა მიუთითებდეს მისი სოციალური სისტემის თავისებურებანი: მეფე-სიუზერენი, ცალკეულ პროვინციათა მმართველი „მეფეები“, ერთიანი მმართველის ხელქვეით სხვადასხვა ტომთა გაერთიანება. როგორც ჩანს, ურარტუს სამეფოს მსგავსად დიაუხის ქვეყანაც პროვინციებად იყო დაყოფილი და თითოეულ მათგანს განაგებდა ადგილობრივი მმართველი. როგორც ასურული წყაროები მოწმობენ, ურარტუში ასეთ მმართველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო და ინდივიდუალურად ისინი საფრთხეს ვერ შეუქმნიდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას.
    დიაოხი უეჭველია არ იყო ერთი ხალხის სამეფო, არამედ ის რამდენიმე ქართული ტომის კრებითი ადრეკლასობრივი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ასეთი ეთნო-ტომობრივი ერთეულები (კოლხეთში სკეპტუხიები) იყო მაგ. შერიაზი, შეშეთი, აფუნი, ხუშანი, ბიანი, უთუხაი.
    ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს დიაოხის ქალაქების, ე.წ. მეგალითების შესწავლა. მათმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი მუდმივად საცხოვრებელი არ იყო. იქ მოსახლეობა, მხოლოდ საკულტო რიტუალების ანდა მტრის შემოსევის დროს შედიოდა. იქვე უნდა შეეფარებინათ პირუტყვი და საკვები პროდუქტები. რაც შეეხება მუდმივ საცხოვრისებს, როგორც ჩანს დიაოხებიც ისეთივე სახლებში ცხოვრობდნენ, როგორიც კახეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ამავე პერიოდის ნამოსახლარებმა აჩვენა. ანუ მიწაში ამოჭრილი იყო ნახევარი სახლი და კედლები ქვით სანახევროდ ამოყვანილი. შემდეგ უკვე ხის მასალით გრძელდებოდა და გადასახურავი მასალა ასევე მცენარეული იყო.

მუშქები (უ. მურღულია)

მუშქები – მოსხები – კაპადოკიელები
1. მუშქები
    მუშქების შესახებ ყველაზე მეტს ასურული წყაროები მოგვითხრობენ, რადგან გაძლიერებული ასურეთის სახელმწფო მუდმივად ცდილობდა მათ დამონებას. ასურულ და ურარტულ წყაროებში მათ შემდეგნაირად მოიხსენიებენ:  Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški.
    ი. დიაკონოვი აღიარებს რომ ქართველურენოვან მესხ-ტომის აღსანიშნავად გამოყენებული ბერძნული წყაროების ეთნონიმი Μόσχοι, ფონეტიკური თვალსაზრისით ზუსტად შეესატყვისება ასურულ-ურარტულ Muški-ს. ფორმა mosx- > musx- ქართული ეთნონიმის Mesx-ის ზანური შესატყვისია და ამ უკანასკნელთან ერთად masx-ფორმიდან უნდა იყოს წარმომდგარი.
    სხვადასხვა მონაცემებით დასტურდება მუშქების კავშირი ჩრდილო-ანატოლიური წარმომავლობის მქონე ქასქებთან, რაც უნდა მიგვანიშნებდეს, რომ მათ მსგავსად მუშქებიც მდინარე ტიგროსის სათავის მხარეში, მდინარე ევფრატის მარჯვენა ნაპირიდან იქნებოდნენ გადასულები.
    როგორიც არ უნდა ყოფილიყო მუშქების შემდგომი ისტორია, ნიშანდობლივია, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის გვიანი ხანებისა და I ათასწლეულის I ნახევრის ძველაღმოსავლურ წყაროებში მოხსენიებულ მუშქებს, ძვ.წ. I ათასწლეულის შუახანების ძველ ბერძენ ავტორთა თხზულებებში ენაცვლებიან ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში მოსახლე მოსხები, რომლებიც, თავის მხრივ, ძველი და ახალი წელთაღიცხვების მიჯნაზე უკვე ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დასახლებულნი.
    დაახლ. 1165 წელს მუშქების ერთი ნაწილმა გადალახა ევფრატი და ტიგროსი და ასურეთის ვასალური სამეფოები ალზი (ურარტულად ალზი(ნი), აზირა(ნი), ხეთურად ალშე – მდ. არაცანის ანუ დღევ. მურატის ხეობის შუა ნაწილში.) და ფურუკუზი (ფურულუმზი, მდ. მურატის, ქვემო წელზე. ეკვროდა ალზის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ამავე დროს ვანის ტბის სამხრეთ-დასავლეთით იყო. ორივენი სუბართუს მხარის ქვეყანა იყო) დაიპყრო და თავიანთ ახალ საცხოვრისად მოიწყო. ასურეთის მეფე აშურ-დან I-მა (1179–1133), რომელიც კასიტების ბაბილონთან ომით იყო დაკავებული და სამეფოს ცენტრების უსაფრთხოებაზე ფიქრობდა – მუშქების საქციელზე თვალი დახუჭა. ბაბილონთან ომითა და არსებული საზღვრების შენარჩუნებით იყო დაკავებული აშურ რეშ ში I-იც (1133–1115). მისმა მემკვიდრე ტიგლათფილესერ I-მა (1115–1077) კი პოლიტიკა შეცვალა და მეფობის დიდი ნაწილი ჩრდილოეთით მოწყობილ ლაშქრობებს დაუთმო, რომლის დროსაც ხშირად უწევდა ქართველურ ქვეყნებთან და ტომებთან ომები.
    ტიგლათფილესერ I მოგვითხრობს: „ჩემი მეფობის დასაწყისში 20000 მუშქი და მათი 5 მეფე, რომლებმაც უკვე 50 წელია რაც დაიპყრეს ქვეყნები ალზი და ფურუკუზი, რომელთაც ადრე მიჰქონდათ ხარკი ჩემი უფალი აშურისადმი /ვერცერთმა მეფემ ვერ დაამარცხა ისინი პირისპირ ბრძოლაში/, ირწმუნეს თავიანთი სიძლიერე, დაეშვნენ მთებიდან და დაიპყრეს ქვეყანა ქათმუხი (ქუთმუხის, იგივე ქუმუხის ქვეყანა მდ. ტიგროსის ზემო წელს სამხრეთ მხრიდან ესაზღვრებოდა და მდებარეობდა ქაშიარის მთის ჩრდილოეთით, ჩრდ. მესოპოტამიაში. იგი უნდა უდრიდეს ანტიკური ხანის კომაგენეს. ქათმუხის ერთ-ერთი ცენტრი იყო მათიათუ, დღევ. ქ. მიდიატი მარდინის ილში. ე.ი მუშქები დაიძრნენ ფურუკუზიდან სამხრეთით, გადალახეს ტიგროსის ზემო წელი.). მე შევკრიბე საბრძოლო ეტლები და მეომრები, გადავლახე რთული ადგილი მთა ქაშიარი, შევებრძოლე ქათმუხის ქვეყანაში მათ 20000 მეომარსა და 5 მეფეს, დავამარცხე, მათი გვამები მიმოვფანტე, როგორც აზვირთებულმა ტალღამ, ძლევამოსილ შეჯახებაში. მათი გვამებით დავფარე მთელი ხეობა მთის მწვერვალებამდე, თავები მოვკვეთე და დავალაგე როგორც ხორბლის გორები; მათი ქონება და სიმდიდრე სრულიად ხელთ ვიგდე. 6000 მათი მებრძოლი, რომლებიც გაექცნენ ჩემს იარაღს, მომეხვიეს ფეხებზე, მე მივიღე და ჩავთვალე ჩემი ქვეყნის ხალხში“.
    აშკარად ჩანს, რომ საქმე ეხება გადმოსახლებულ ხალხს და არა ლაშქარს. ისინი ქათმუხიში, მთელი თავისი ავლა-დიდებით ჩამოსახლებულან. უეჭველია, რომ საქმე ეხება იმ ხალხს, რომელმაც მცირე აზიაში თარეში იწყო მისივე მონაწილეობით მომხდარ ხეთების სამეფოს დამხობის შემდეგ.
    მუშქებს არ დაუპყრიათ ქათმუხი მთლიანად, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, რათა იქ დასახლებულიყვნენ. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მუშქების დამარცხების შემდეგ ტიგლათფილესარი სასტიკი ბრძოლით იპყრობს ქათმუხს მთლიანად.
    ძვ.წ. 883 წლის ივლის-აგვისტოში „ასურეთის მეფის ასურნასირაფალის (884–859) არმია გავიდა ნინევიიდან ჩრდილოეთისკენ ნიბურისა (დღევ. ჯუდი დაღი, მდ. ტიგროსის მარცხენა ნაპირზე, ჯეზირენ იბნ ომარის საპირისპიროთ) პაცატას მთების მიმართულებით. ქალაქები ატკუნ (უატკუნ, ატკანა), უშხუ (დღევ. სოფ. შახ, 12 კმ-ზე ჯეზირენ იბნ ომარის აღმოსავლეთით), პილაზი და 20 მახლობელი დასახლება დაიპყრეს და გადაწვეს. შემდეგ ასურელები გადავიდნენ ტიგროსზე და შევიდნენ ქათმუხის ქვეყანაში. აქ ქათმუხისა და მუშქების ქვეყნიდან მოიტანეს ხარკი: ბრინჯაოს ჭურჭელი, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი და ღვინო. ქათმუხიდან ასურელებმა მოუხვიეს სამხრეთით და შევიდნენ მდ. ხაბურის ხეობაში“.
    ამ ცნობიდან ჩანს, რომ მუშქები ამ დროს მისდევენ მეცხოველეობას, მეღვინეობას და ბრინჯაოს წარმოებას. მადნეულობის დამუშავებისა და ღვინის დაყენების ცოდნა, მეტადრე კი ქალაქების არსებობა ამტკიცებს, რომ იმ დროს მუშკებს დაწინაურებული მოქალაქობრივი ცხოვრება ჰქონდათ. ხალხი ძლიერი იყო და ასურეთის ღირსეულ მეტოქედ ითვლებოდა. ტიგლათფილესარიცა და სარგონიც მოწმობენ, ვერცერთ მეფეს ჩვენზე წინათ მუშქები ვერ დაემარცხებინა და ჩვენ წინაპრებს არ ემორჩილებოდნენო; ასურეთის ორსავე ბატონს თავიანთი გამარჯვება დიდ საკვეხურ საქმედ და ღვაწლად მიაჩნდათ.
    მუშქების აქტიური ხსენება აღმოსავლურ წყაროებში უკვე ძვ.წ. VIII საუკუნეში ხდება. თუ XII საუკუნეში მუშქებმა თავის გავლენა გაავრცელეს ალზიში, ფურულუმზში და ქათმუხში, ამჯერად VIII საუკუნეში მათი გავლენა ყიზილ-ირმაქის აუზიდან სირიამდე და კელკით-ჩაიდან მალათიას რაიონამდე. ამ დროისთვის მისი სამხრეთ მეზობლებია ხეთების სამეფოს დანგრევის შედეგად წარმოქმნილი ქვეყნები – ხათის ქვეყანა, ტაბალი, კუმანუ (დღევ. მალათიას მხარეში), მათ სამხრეთით კილიკიასა და ჩრდ. სირიაში – კუე, გურგუმი, ქარხემიში. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აღნიშნულ ქვეყნებს უტევდა ასურეთი. მუშქებს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა ურარტუ. დასავლეთიდან და ჩრდ. დასავლეთიდან მუშქებს ემეზობლებოდა ქასქები, რომლებსაც ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ ჰალისის აუზის აღმოსავლეთ ნაწილი დაეჭირათ. ჩრდილოეთიდან მუშქების მეზობელი იყო ხალიბების ქვეყანა – ხალიტუ. თავს მხრივ ხალიტუ სამხრეთ-დასავლეთიდან ემეზობლებოდა დიაოხ–ტაოხ–ხაოიების ქვეყანას.
    მუშქების მთავარი მტერი ამ ხანებში ასურეთისა და ურარტუს იმპერიები და მომთაბარე კიმერიელები იყვნენ.
    ასურეთმა მცირე აზიაში შეღწევა IX საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო: ასურეთის მეფე სალმანასარ III-ის (859–824) ანალებში ნათქვამია, რომ „ხათის ქვეყანა დავიპყარი მის ბოლო ზღვრამდე, მელიდის ქვეყანა (ანტიკ. მელიტენე, დღევ. მალათიას მხარე), ქვეყნები დაიაენი და სუხმუ (თანამედროვე ერზურუმის დასავლეთით, მაზგირთსა და ერზინჯანს შორის), არზაშკუნი, არამე ურარტუელის დედაქალაქი, ქვეყნები გილზანუ და ხუბუშქია, ტიგროსის სათავიდან ევფრატის სათავემდე, ზამუას ქვეყნის ზღვიდან (ე.ი. ხმელთაშუა ზღვიდან), რომელიც მდებარეობს მის შიგნით, ქალდეის ქვეყნის (სამხრეთ შუამდინარეთში) ზღვამდე (ე.ი. სპარსეთის ყურემდე) დავაჩოქე ჩემს ფეხებთან“. ხათის ქვეყანაში ამ დროისთვის იგულისხმება ხეთების სამეფოს დაშლის შედეგად, მცირე აზიის აღმ. ნაწილში, მდებარე პატარა სამეფო – მუშქებისა და ტაბალის მეზობლად.
    ერთხანს ასურეთი კვლავ დასუტდა და მცირე აზიის ხალხებმა ამოისუნთქეს, თუმცა ტიგლათფილესარ III-ის (745–727) რეფორმებმა ქვეყანა ისევ რეგიონის ფლაგმანად აქცია.
    743 წელს ტიგლათფილესარმა ურარტუს წინააღმდეგ ომი წამოიწყო, რომელმაც 9 წელს გასტანა და სარდურ II-ის სასტიკი მარცხით დასრულდა. 734 წლისთვის ურარტუმ სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.
    ამის შემდეგ ასურეთის მეფეები ტიგლათფილესარ III და სარგონ II (აქადურად შარ-უკინ; 722–705) სხვა ქვეყნების დაპყრობით იყვნენ დაკავებული და ურარტუსთვის აღარ ეცალათ. ამით ისარგებლა რუსა I-მა (734–714) და შეტევაზე გადავიდა. მან რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო ურარტუს სამხრეთით და სევანისპირა ქვეყნების დასაპყრობად.
    ძვ.წ. 717 წელს ასურეთის წინააღმდეგ სამხედრო კოალიცია ჩამოაყალიბდა, რომელშიც მუშკების მეფე მითა, ტაბალის მეფე ამბარისი და ქარხემიშის მეფე პიზირისა შევიდნენ. სარგონმა დაასწრო, დაიპყრო ქარხემიში, მოკლა მისი უკანასკნელი მეფე პიზირისა, შემდეგ კი მის საშველად მომავალი მითა დაამარცხა და აიძულა უკან წასულიყო. ამის შემდეგ ამბარისმა თავი ვასალად ცნო და დიპლომატიური ქორწინებით (სარგონის ასული შეირთო) განამტკიცა კავშირი ასურეთთან.
    სარგონ II მოგვითხრობს: „ჩემი მეფობის მეხუთე წელს (ძვ.წ. 717 წ.) პიზირისა ქარხემიშელმა დაარღვია დიდი ღმერთებისადმი მიცემული აღთქმა და მუშქთა მეფე მითა მტრულად განაწყო ასურეთის წინააღმდეგ. ხელი აღვმართე მათ წინააღმდეგ, განვდევნე ისინი, მოვიტაცე ოქრო-ვერცხლი, მისი სასახლის მთელი ქონება და ქარხემიშის ხალხი, მასავით ცოდვილი, განძეულობით ტყვედ ვიგდე და ასურეთს გავგზავნე. ჩემთვის დავიტოვე 50 ეტლი, 200 სული გამწევი პირუტყვი, 2000 კაცი...
    ძვ.წ. 715 წ. ასურეთის წინააღმდეგ რამდენიმე მხარე (მიდია, მანა და სხვ.) აჯანყდა. აჯანყებულთა შორის იყვნენ მუშქებიც. სარგონ II-ის სიძე ამბარისმა, ტაბალის მეფემ, სამხედრო კავშირი დაამყარა მუშქთა მეფე მითასთან და ურარტუს მეფე რუსასთან. მითას ჯარები თავს დაესხნენ ასურეთის დაქვემდებარებულ მხარე კუეს (იგივე ხიავა; ხეთურენოვანი სამეფო აღმ. კილიკიის ტერიტორიაზე), შტურმით აიღეს მისი სიმაგრეები: ხარრუა, უშნანის, ქალაქი აბ..., ურ... და სხვები. მუშქების რაზმებმა შეუტიეს ასურულ სიმაგრე ხილაკკუს.
    სარგონი სასწრაფოდ ამოქმედდა და რიგრიგობით დააჩოქა მანასა და ურარტუს მეფეები, შემდეგ ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდა მიდიელთა დასახლებებს. ბოლოს კი კუეს მხარისკენ დაიძრა მუშქებთან საომრად. მითამ ვერ გაბედა ასურელებთან პირდაპირ შებრძოლება, უბრძოლველად დათმო კუეს ყველა დასახლება და თავისი სამეფოს საზღვრებში დაბრუნდა. მაგრამ სარგონმა მისი დევნა განაგრძო და მუშქების საზღვარი გადალახა. მაშინ მითა იძულებული გახდა ბრძოლა მიეღო. ბრძოლის შედეგი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ასურელებს უნდა მოეგოთ, მაგრამ როგორც ჩანს გამარჯვება დამაჯერებელი არ იყო და მოწინააღდეგეები დაზავდნენ. სარგონი მოგვითხრობს: „დავიპყარი ქალაქები – ჰარუა და უშნანიზი, ხელთ ვიგდე კუეს მხარის ციხე-სიმაგრენი, რომელთაც მუშქთა მეფე მითა ფლობდა. მოვიხვეჭე ნადავლი... ვსდიე მითას, მუშქთა მეფეს მის ვრცელ ტერიტორიაზე, კუეს მხარის ციხე-სიმაგრეებამდე – ჰარუასა და უშნანიზამდე, რომელთაც იგი დიდხანს ფლობდა, და აღარ გავაჩერე ის თავის ადგილებში“.
    ძვ.წ. 714 წელს სარგონ II მთელი ძალებით დაიძრა ურარტუსკენ. ჯერ მისი ვასალური ქვეყანა მანა დაიპყრო, შემდეგ მოულოდნელად დაესხა თავს ურმიის ტბასთან მდებარე რუსას ჯარებს და გაანადგურა, შემდეგ აიღო ურარტუს წმინდა ქალაქი მუსასირი. ურარტუელთა პანიკური გაქცევის შემდეგ ასურელები ქვეყნის სიღრმეში შეიჭრნენ. მაშინ რუსა I-მა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ურარტუს ახალმა მეფე არგიშთი II-მ (714–685) თავი ასურეთის ვასალად ცნო.
    ამ წარმატებით გათამამებულმა სარგონმა ძვ.წ. 713 წელს ამბარისი დაამხო და ტაბალი ასურეთის პროვინციად აქცია.
    ძვ.წ. 713 წელს „ამბარის ტაბალელს, რომელიც მამამისის, ჰულის ტახტზე დავსვი, ცოლად შევრთე ასული ჩემი და ჰილაკუს (ე.ი. კილიკია) მხარე ვუბოძე, რომელიც უწინ არასდროს ყოფილა მის მამა-პაპათა სამფლობელო. ამით დიდად განვავრცე მისი ქვეყანა; მან კი უღალატა თავის მოვალეობას და დესპანი წარგზავნა ურარტუს მეფე რუსასა და მუშქთა მეფე მითასთან. ამბარისი მოადგა ჩემი ქვეყნის საზღვრებს. შევიპყარი მისი მამისეული სახლის მთელი საგვარეულო, მისი ქვეყნის თავკაცნი, ხელთ ვიგდე 100 ეტლი და ყველაფერი ასურეთს წარვგზავნე. ასურელები, რომლებიც ჩემს ბატონობას აღიარებდნენ, მე იქ დავასახლე, დავუდგინე მათ ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი, ოლქის უფროსი და დავუწესე მათ ხარკი და გადასახადი“.
    აქ აშკარად ლაპარაკია ასურელთა მასიურ დასახლებაზე მცირე აზიის ტერიტორიაზე (და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ცნობები პრაქტიკულად არ გვაქვს შემონახული, სისულელე იქნება იმის მტკიცება, რომ ეს ერთჯერადი ფაქტი იყო), რადგან მათ სარგონი უნიშნავს ოლქის უფროსსა და ამას გარდა უწესებს ხარკ-გადასახადებს. ასეთი ღონისძიებები გამართლებული და საჭირო შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მიმართ. ეს იყო, ასე ვთქვათ, ორგანიზებული ჩამოსახლება ასურელებისა (იგივე სირიელების) მცირე აზიის მიწაზე და წარმოადგენდა ოფიციალურ სახელმწიფოებრივ აქტს.
    აქ ასევე ხაზგასმულია, რომ ასურელი კოლონისტები სახლდებიან ტაბალის (და, ალბათ მუშქებისაც) ტერიტორიაზე, იმ ტომთა მიწაწყალზე, რომლებიც ავტოხთონები იყვნენ.
    ხორსაბადის თიხის კასრების წარწერებში ჩამოთვლილია სარგონის დაპყრობილი ხალხები: „მის მკლავთა ძლიერებამ დაიპყრო ჰაშმარიდან შიმახპატემდე აღმოსავლეთით გადაჭიმული მიდია, ზიმირის ქვეყანა, ელიმის ქვეყანა, მითამბანის ქვეყანა, ფარსუას ქვეყანა, მანას ქვეყანა, ურარტუს ქვეყანა, ქაშქუს ქვეყანა, ტაბალის ქვეყანა მუშქუს ქვეყნამდე“. იქვე სხვა წარწერა მოგვითხრობს: „მოვინადირე როგორც თევზნი იავნები (ძველ აღმოსავლეთში ბერძნებს ჯერ იავანებს ეძახდნენ, შემდეგ იონიელებს), რომლებიც ჩამავალი მზის შუაგულში არიან და წავართვი სიმდიდრე ქაშქუს, ტაბალის და ჰილაკუს ქვეყნებს. უკუვაგდე მუშქუს ქვეყნის მეფე მითა“.
    ამიერიდან ტაბალები ისტორიულ წყაროებში ქრებიან. სამაგიეროდ ბიბლიაში ხშირად ახსენებენ მეშეხის გვერდით თობელებს. მეშეხი აშკარად მესხებს უნდა გულისხმობდეს, ხოლო თობელი ტაბალებს. იოსებ ფლავიუსი ბიბლიერი ტექსტის ანალიზისას აღნიშნავს: „თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ“. აღნიშნულის და ტაბალის ტიბართან მსგავსების გამო ისტორიკოსები თვლიან, რომ ტაბალებმა ასურელებისა და კიმერიელების ზეწოლის შედეგად შეიცვალეს საცხოვრისი, შავიზღვისპირეთში გადასახლდნენ და ტიბარენებად იქცნენ. ამ საკითხს ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგეებიც (ი. დიაკონოვი, ნ, ხაზარაძე და სხვ.), რომლებიც მეცნიერულად ამტკიცებენ, რომ ტიბარენები ქასქებში შემავალი ხალხი იყო; თუმცა ამ თავში ეს საკითხი ჩვენი კვლევის მიზანი არ არის და მასზე სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი.
    როგორც ჩანს ასურეთმა ამჯერადაც ვერ მოახერხა მოსხების ქვეყნის დაპყრობა, რადგან 709 წელს სარგონი მასთან ისევ აწარმოებს ომს. სარგონმა მუშქების სამეფოს წინააღმდეგ გაგზავნა კუეს მხარის მმართველი ურიკკი, რომელმაც დაიკავა მითას რამდენიმე ციხე-სიმაგრე, ხელთ იგდო ტყვეები და მრავალრიცხოვანი ნადავლი. კიმერიელებისა და ასურელებისგან შევიწროვებულმა მითამ ბოლოსდაბოლოს ცნო თავი ასურელთა ვასალად და მიართვა ხარკი. 
    იმავ წელს მითამ შეიპყრო კუეს მხარის მმართველი ურიკკი, რომელიც ურარტუს მეფესთან მიდიოდა ანტიასირიული კოალიციაზე მოსალაპარაკებლად და გადასცა ასურეთის ელჩებს. ამით გახარებულმა სარგონმა მითა თავის მეგობრად და მოკავშირედ გამოაცხადა.
    ურარტუ ხელახლა იწყებს გაძლიერებას რუსა II-ის (685–639) მმართველობის პირველ ხანებში, როდესაც იპყრობენ მუშქებსა და მათ მეზობელ ხალხებს, რაშიც დიდი წვლილი კიმერიელთა საბრძოლო დანაყოფებმა ითამაშეს: „ქალები წამოვიყვანე მტრული ქვეყნიდან... ხალხი ქვეყნების მუშქინის, ხათეს (ესაზღვრებოდა მუშქებს სამხრეთიდან და შეიქმნა ხეთური სახელმწიფოების გაერთიანებით), ხალიტუს, ... ეს ციხე-სიმაგრე და მის ირგვლივ მდებარე ქალაქები შემოვიერთე“. ურარტუს ბატონობა მუშქებზე მხოლოდ 3 წელს (676–673) გასტანა. 
    673 წელს მუშქების მხარის დიდი ნაწილი ამჯერად ასურეთმა დაიპყრო, რამაც ყოფილი მტრები გააერთიანა და ერთხანს ურარტუ და მუშქები ტაბალთან და კიმერიელებთან ერთად ასურეთის წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ.
    VII საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული ერთი საუკუნის მანძილზე უცხოურ (ასურულ და ურარტულ) წყაროებში მუშქების შესახებ ცნობები წყდება, რაც გამოწვეულია ასურეთისა და ურარტუს სამეფოების დასუსტებით.
    ასურბანიფალის დროს (669–627) ასურეთი უკანასკნელად ავიდა სიძლიერის მწვერვალზე. კიმირიელებისა და მიდიელებისგან შევიწროვებული ურარტუს მეფე სარდურ III (639–625) ასურეთის ვასალი ხდება.
    ასურბანიფალის სიკვდილის შემდეგ ასურეთიც ქაოსმა მოიცვა. ამით ისარგებლა მიდია-ბაბილონის კოალიციამ და 609 წელს ასურეთის იმპერია დაიპყრო.
    ძვ.წ. 585 წელს არსებობა შეწყვიტა ურარტუმაც და იგი მიდიის იმპერიის ნაწილი გახდა. მიდიამ დაიქვემდებარა ჰალისამდე მცირე აზიის ცენტრალური და სამხრეთ ნაწილი.
    ძვ.წ. VI ს-ის შუა ხანებში მიდია სპარსეთის აქემენიდური იმპერიის ნაწილი გახდა. იმპერიის დამაარსებელმა კიროსმა თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო. ძვ.წ. VI ს-ის ბოლოს საპარსეთის მეფე დარიოსის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად მუშქები თავიანთ მეზობლებთან ერთად სპარსეთის იმპერიის მეცხრამეტე სატრაპიაში იქნენ შეყვანილნი. აღმ. მცირე აზიის უდიდეს ნაწილის სპარსელებმა კრებითი გეოგრაფიული სახელი „კაპადოკია“ უწოდეს რაც „ლამაზი ცხენების ქვეყანას“ ნიშნავს. ამიერიდან მუშქების შთამომავალ მოსხებზე უკვე ბერძენი ისტორიკოსები მოგვითხრობენ.
    ჰეკატეოს მილეტელი (550–476): „მოსხები კოლხური ტომია; მატიენების მეზობლად მოსახლე“.
ჰეროდოტე (484–425): „მოსხებს თავზე ხის მუზარადები ეხურათ. პატარა ფარები და შუბები ჰქონდათ, ხოლო შუბის წვერები გრძელი იყო. ლაშქრობდნენ ტიბარენები, მაკრონები და მოსინოიკები, რომლებიც მოსხებისავით იყვნენ აღჭურვილნი. მათ მეთაურობდნენ და განაგებდნენ შემდეგი პირები: მოსხებსა და ტიბარენებს – არიომარდოსი, რომელიც დარიოსისა და პარმისის შვილი იყო, ეს უკანასკნელი კი სმერდისის შვილი იყო, კიროსის შვილისა. მაკრონებსა და მოსინოიკებს (ე.ი. მოსინიკებს) განაგებდა არტაიკეტესი, რომელიც ჰელესპონტის სესტოსს მეურვეობდა.
    მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა მეცხრამეტე სატრაპია“.
    ჰეკატეოსის ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ იგი იძლევა მოსხების კოლხური ტომის კაპადოკიაში, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ლოკალიზების საშუალებას, ვინაიდან თვით ჰეკატეოსის სხვა ცნობით, მატიენების ქალაქი ჰიოპეგორდიების მეზობლად მდებარეობს და აქაური ხალხი ისეთსავე ტანსაცმელს ატარებს, როგორსაც პაფლაგონიელები. აშკარაა, რომ მოსხების მეზობელ მატიენებში იგულისხმებიან გორდიონელი ფრიგიელებისა და პაფლაგონიელების მახლობლად მცხოვრები დასავლეთის მატიენები. ჰეკატეოს მილეტელის ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტების ჰეროდოტეს იმ ცნობასთან შეპირისპირებით, რომლის მიხედვითაც მატიენები ცხოვრობდნენ მდ. ჰალისის (ყიზილ-ირმაკი) მარჯვენა ნაპირზე, ხოლო მდინარის მეორე ნაპირი ფრიგიელებს ეკავათ და რიგი სხვა მონაცემების გათვალისწინების შედეგად – რომელთა შორის აღსანიშნავია ჰეროდოტესავე ცნობები მატიენების, პაფლაგონიელების, ლიგიების, მარიანდინების და სირიელების ერთნაირი საბრძოლო აღჭურვილობისა და მატიენებისა და პაფლაგონიელების ერთი წინამძღოლის მეთაურობით გაერთიანების შესახებ, აგრეთვე, I ს-ის I ნახევრის რომაელი მოღვაწის პომპონიუს მელას მიერ ტიბარენების გვერდით „მატიანების“ მოხსენების ფაქტი, – ნ. ხაზარაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ დასავლელ მატიენებს უნდა სჭეროდათ ტერიტორია მდ. ჰალისის რკალის შიგნით, თანამედროვე ქალაქების, ჩორუმ-ზილე-თოქათის სამხრეთითა და დასავლეთით, დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში, ხოლო მოსხებს – ქალაქების თოქათ-კოიულჰისარ-გიუმიუშჰანეს სექტორი. სავსებით გაიზიარა გ. ქავთარაძემ ნ. ხაზარაძის მოსაზრება მატიენების დიდი კაპადოკიის უკიდურეს დასავლეთ ოლქში განსახლების შესახებ, ამავე დროს არადამაჯერებლად მიიჩნია მისი ვარაუდი მატიენების აღმოსავლეთის მიმართულებით ქ. თოქათამდე გავრცელების თაობაზე. პომპონიუს მელას მიერ მატიანებისა და ტიბარენების ერთმანეთის გვერდით მოხსენიება არ არის აუცილებელი მათ უშუალო მეზობლობაზე მეტყველებდეს, ხოლო ჰეკატეოსისა და ჰეროდოტეს ცნობების შეჯერება სწორედ მოსხების განსახლებაზე უნდა მიგვანიშნებდეს მატიენებსა და ტიბარენებს შორის. სავსებით დასაშვებია, ტერიტორია ჩორუმსა და თოქათს შორის მოსხებს სჭეროდათ, მით უფრო, რომ ქ. გიუმიუშჰანეს დასავლეთით, როგორც ჩანს, მოსინიკებს უნდა ეცხოვრათ. ძვ.წ. IV ს-ის ავტორის ფსევდო სკილაქსის „პერიპლუსის“ ცნობით, მოსინიკები სანაპირო ზოლის გარდა მთებშიც ცხოვრობდნენ. რაც შეეხება მატიენების საცხოვრისს, იგი ზემოთ მოყვანილი ცნობების და აგრეთვე ნ. ხაზარაძის მიერვე შენიშნული იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „გორდ“ ფუძის შემცველი ტოპონიმები დასტურდებიან დიდი ფრიგიის იმ სექტორში, რომელიც დასავლეთიდან უშუალოდ აკრავს მდ. ჰალისის აუზს, საფიქრებელია თავსდებოდეს ქალაქების ჩორუმისა და კირშეჰირის „შემაერთებელი ხაზისა“ და მის დასავლეთით მდებარე მდ. ყიზილ-ირმაკს შორის.
    ამდენად XIX სატრაპიაში შემავალ მოსხებში ნაგულისხმევი იქნებოდნენ არა „მოსხური მთებისა“ და ისტორიული მესხეთის ბინადარნი, არამედ ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში, ტიბარენების მეზობლად მოსახლე მოსხები. ვინაიდან მოსხების ადგილსაცხოვრისი, მათ შესახებ არსებული ყველაზე ადრეული – ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანების ცნობების თანახმად, ცენტრალურ ანატოლიაში მდებარეობდა, უფრო ადრე, ძვ.წ. II ათასწლეულის გვიან ხანებში, ტიგროსის ზემო წელსა და ევფრატს შორის მდებარე მხარეში – ალზი-ფურულუმზიში, „ხეთური ქვეყნის“ ხალხებთან – კაშქ-აბეშლაელებთან და ურუმეელებთან ერთად შეჭრილი მუშქებიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა, შემდეგდროინდელი მოსხების კერიდან – ცენტრალური ანატოლიიდან ყოფილიყვნენ გადმოსახლებულები. ამ ტომების წინასაცხოვრისის ლოკალიზების შესაძლებლობას ცენტრალური ანატოლიის ჩრდილოეთ ნაწილში, გარდა ხეთური წერილობითი წყაროების მონაცემებისა (რომელთა მიხედვით ეს მხარე ქასქების სამშობლოს წარმოადგენდა), ალბათ უნდა მოწმობდეს ის გარემოებაც, რომ ალზი-ფურულუმზის მხარეში მდებარეობდნენ ერგანი-მადენის სპილენძის საბადოები, ამას კი ჩრდილოეთ ანატოლიის მეტალურგი ტომების მისაზიდად გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა.
    ძვ.წ. IV საუკუნიდან მოყოლებული ანტიკური ავტორები მესხებს მცირე აზიაში აღარ ახსენებენ. სტრაბონის ცნობით კი მოსხური ქვეყნის ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე – იბერებს და მესამე – არმენიელებს. ანტიკური მწერლების ცნობით, მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას „მოსხური მთები“ ეწოდება. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ ძვ.წ. IV საუკუნეების პირველ ნახევარში, რომ მესხების ნაწილმა იცვალა საცხოვრისი და სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლა.
    სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალზე შემოღწეული მცირეაზიელი მუშქები (მესხები), ჩანს, აქტიურ როლს ასრულებენ ამ მხარის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მას თავის სახელსაც აძლევენ (მოსხების/მესხების ქვეყანა – სამცხე (სამესხე). შემდეგში მესხები აქედან კიდევ უფრო ჩრდილოეთით გავრცელდნენ. მესხური სამოსახლონი უნდა გაჩენილიყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი მესხური სამოსახლო გაჩნდა ალბათ დღევანდელი მცხეთის ტერიტორიაზეც, რადგანაც თვით ეს სახელი მესხების სახელიდან უნდა იყოს წარმოებული (მცხეთა, სა-მცხე). ამასთანავე, ასეთი სატომო სახელის მატარებელი დასახლებული პუნქტის არსებობა მიგვითითებს, რომ იგი უცხო, არამესხური მოსახლეობის წიაღში უნდა გაჩენილიყო.
    მცირე აზიელი მუშქები ხეთურ კულტურულ-რელიგიურ გავლენას განიცდიდნენ. ჩანს, მათ მეტად აქტიური როლი შეასრულეს აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში. ამიტომ მოხდა, რომ იბერიის სამეფოს ოფიციალური პანთეონის სათავეში ხეთურ-მცირეაზიული სახელების მქონე ღმერთები აღმოჩნდნენ. მთავარი ღმერთი იბერიისა არმაზი იგივე ხეთური „არმასი“ უნდა იყოს (მთვარე, მთვარის ღვთაება), რომლის კულტიც ანტიკურ ხანაში ღვთაება მენის კულტით შემოინახა, თუმცა ფიქრობენ, რომ მცირე აზიის ზოგიერთ მხარეში იგი ისევ ძველ სახელწოდებას – Armas-ს ატარებდა. მთვარე, როგორც აკად. ივ. ჯავახიშვილმა დაამტკიცა მდიდარი ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე, წარმართობის დროინდელ ქართველთა უმთავრესი ღმერთი უნდა ყოფილიყო. ძველი იბერიის პანთეონის მეორე უმთავრესი ღვთაება იყო ზადენი. ამ უკანასკნელის სახელიც ხეთურ-მცირეაზიული ჩანს: მას უკავშირებენ ლუვიელთა ღვთაება სანდონის (სანთაშის) სახელს. გამოთქმულია აგრეთვე აზრი, წარმართული მცხეთის ღვთაებების გაცისა და გას (გაიმის) კავშირის შესახებ მცირეაზიულ ღვთაებებთან ატისთან და კიბელესთან.
    ისიც საინტერესოა, რომ იბერიის სამეფოს დედაქალაქის ორი უმთავრესი ციხე-სიმაგრე სწორედ ამ ღვთაებათა სახელებს ატარებდა: არმაზციხე (დღევანდელი ბაგინეთი, ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) და ზადენციხე (სოფ. წიწამურთან). დამახასიათებელია, რომ მცირეაზიული წარმოშობის სახელწოდებები უმკვიდრდება არა მარტო შიდა ქართლის მიწა-წყალზე აღმოცენებულ ციხე-ქალაქებს, არამედ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში წარმოშობილ ზოგ ამგვარ ცენტრსაც. ამ მხრივ საყურადღებო ჩანს ციხე-ქალაქ დიმნას სახელი, რომლის აგება ქართლის სამეფოს დამაარსებელ ფარნავაზს მიეწერება. დიმნას ადგილსამყოფელს დღევ. ბაღდათის მახლობლად ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ. ეს სახელი უკვე ხეთების ხანაში ფართოდ ბოგინობს მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ პერიფერიაზე (ხეთ. Timnia, Tamnia, Tumana; ასურ. Tumme Tumni; ანტიკური დომანა სატალადან ტრაპეზუნტისაკენ მიმავალ გზაზე, ჭოროხის სათავის მახლობლად, პარიადრის მთის სამხრეთით). შეიძლება დავასახელოთ აგრეთვე ლაზიკის სამეფოს არსებობის პერიოდში დასავლეთ საქართველოში, დღევანდელ სოფელ ტოლებთან (სამტრედიის რაიონში) დამოწმებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის „ტელეფისის“ სახელწოდება, რომელსაც ხეთურ ღვთაება „ტელეფინუს“ სახელს უკავშირებენ. აქედან ჩანს, რომ მცირეაზიული ელემენტის პოლიტიკური ჰეგემონობა ვრცელდება მესხეთსა, შიდა ქართლსა და, სხვათა შორის, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილზეც. ეს ის ტეორიტორიებია, სადაც მიმდინარეობდა ადგილობრივი ქართის, სპერის და მცირეაზიიდან შემოღწეული მესხური ელემენტის წიაღში აღმოსავლურ-ქართული (ქართლის, იბერიის) სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
    როგორც ჩანს მცირე აზიიდან მოსული მესხების ნაწილი აფხაზეთის ტერიტორიაზეც უნდა დასახლებულიყვნენ, რაზეც შემდეგი ცნობები მეტყველებს:
    ჰელანიკე მითელენელი (ძვ.წ. V ს.): „კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი – კორაქსები“.
    პალეფატე აბიდოსელი (ძვ.წ. IV ს.) „კერკეტებს ემიჯნებიან მოსხები, და ხარიმატები, რომლებიც დაეუფლნენ პართენიოსს (დღევ. ბართინი ანუ კოჯა ირმაკი) ევქსინის პონტომდე (ე.ი. ხარიმანტების ნაწილი გადასახლებული სამხრეთ შავიზღვისპირეთში, ისევე როგორც კერკეტები, ჰენიოხები და სხვები)“.
    სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა (გირჩისმჭამელები) და სოანებს (სვანები) და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა“.
    მოსხ-მეშეხ-მესხ ტერმინთან დაკავშირებით საინტერესოა ჩრდილოკავკასიურ ენათა მონაცემები: პ. უსლარისა და ა. დირის კვლევებით, დაღესტნურ ენათა სამყაროში ქართველების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს – მოსოქი/მუსექი; იგი მიემართება, აგრეთვე, წოვა-თუშებსაც.
2. მესხები და კაპადოკია
    კაპადოკია, როგორც გარკვეული ტერიტორიის გეოგრაფიული სახელი, პირველად იხსენიება ბეჰისტუნის სპარსულენოვან წარწერებში, რომლებიც შექმნილია მეფე დარიოსის (ძვ.წ. 522–486) ბრძანებით:
    „მეფე დარიოსი ამბობს: აი ქვეყნები, რომლებიც მერგო და აჰურამაზდას სურვილით მათი მეფე ვიყავი: პერსიდა, სუზიანა, ბაბილონი, ასურეთი, არაბეთი, ეგვიპტე, ზღვათა მიწები, სარდი, იონია, მიდია, არმენია, კაპადოკია, პართია, დრანგიანა, არიია, ხორეზმია, ბაქტრია, სოგდიანა, განდარა, სკვითია, სატაგიდია, არახოზია, მაკა, სულ 23 ქვეყანა.
    მეფე დარიოსი ამბობს: როცა ბაბილონში ვიყავი, ეს ქვეყნები განმიდგნენ: პერსიდა, სუზიანა, მიდია, ასურეთი, ეგვიპტე, პართია, მარგიანა, სატაგიდია, სკვითია.
    მე წავედი საკას მიწაზე... ტიგროსზე გადავედი, მე დავხოცე საკა... სხვები შეიპყრეს ტყვედ და მომგვარეს შებოჭილნი; მე გავაკვირვე ისინი... მე წავიყვანე ტყვედ მათი ბელადი და სხვა ბელადი დავაყენე ჩემი სურვილით. მაშინ ქვეყანა გახდა ჩემი“.
    აკადემიკოსმა ბ.ბ. სტრუვემ ეს ტექსტი ასე აღადგინა: «Говорит Дарий царь: вместе с войском саков я пошел к стране саков, которая за морем, эта шапку острой носит. Затем я корабельный мост близко к морю [имеется в виду Аральское море] восстановил на его месте. От этого корабельного моста прошел я страну и я саков сильно разбил, одну часть я схватил, другая часть связанной была приведена ко мне и их первого, наибольшего из них Скунха по имени, его они захватили и привели ко мне. Там другого наибольшим сделал я, как моя воля была. Затем страна стала моей».
    ამავე პერიოდშია შექმნილი დარიოსის ნაკშირუსტამის წარწერაში, სადაც ასევე იხსენიება კაპადოკია:
    „აჰურამაზდას სურვილით მემორჩილება ქვეყნები, რომლებიც მე მივიღე, ფარსის (სპარსეთი) გარდა. მე ვარ მათი ბატონი; მათ მოაქვთ ხარკი ჩემთვის. მე რასაც ვეუბნები, ისინი ასრულებენ. ჩემი კანონი მათთვის სახელმძღვანელოა; ესენია – მიდია, სუზიანა, პართია, არიია, ბაქტრია, სოგდიანა, ხორასმია, დრანგიანა, არახოზია და სატაგიდა, განდარა, ინდოეთი, ხუმავარგელი სკვითები, წვეტიანქუდიანი სკვითები, ბაბილონი, ასურეთი, არაბეთი, ეგვიპტე, არმენია, კაპადოკია, სარდი, იონია, ზღვის იქეთა სკვითები (ალბათ იგულისხმება არალის ზღვა), სკუდრა, იონიელები, პუტი, კუში, მაკსიი, კარკა (ანუ კარია)“.
    უკვე აღვნიშნეთ რომ გეოგრაფიულ არეალს ჰალისიდან სირიამდე და შავი ზღვიდან კილიკიამდე სპარსელებმა უწოდეს „კაპადოკია“, ანუ „ლამაზი ცხენების ქვეყანა. ჯერ კიდევ ასურეთის მეფე ასურბანიფალი (668–627) აღნიშნავდა, რომ „ტაბალს ხარკად მათი ქვეყნის სასიქადულო მაღალი ცხენები დავუწესეთო“. ტაბალები კი კაპადოკია-კილიკიის სასაზღვრო რაიონებში ცხოვრობდნენ.
    პონტოს კაპადოკიის ქ. ამასიის მიდამოების აღწერისას სტრაბონი  ამბობს, რომ „ეს მიდამოები ხელსაყრელია ცხენებისა და სხვა პირუტყვის მოსაშენებლად“.
    ისტორიკოსი ა. რაონიჩი ამ საკითხზე წერს: „მეცხენეობა განვითარებული იყო კაპადოკიაში ჯერ ისევ ხეთების სამეფოს დროიდან და მას თვალსაჩინო ადგილი ეკავა ამ მხარის მეურნეობაში“.
    კაპადოკია სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად ფულად გადასახადებს გარდა აძლევდა 1500 ცხენს, 2000 ჯორს, 50000 ცხვარს. (ჩრდ. კაპადოკიის უძველესი მცხოვრები ტიბარენები ძველი ავტორების მიერ ცხვარმრავლობით იყვნენ ცნობილნი. მაგ. ა. როდოსელი გვამცნობს: „ხალიბების მახლობლად ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები“.)
    დიადოქოსმა ევმენმა (რომელიც კაპადოკიისა და პაფლაგონიის მმართველად იქნა დანიშნული) 322 წელს მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად კაპადოკიაში შეაგროვა 6500 ცხენოსანი მებრძოლი, რომლითაც სახელგანთქმული მაკედონური ფალანგა დაამარცხა.
    ო. კუდრიავცევი, მოგვითხრობს რა, რომ კაპადოკია რომის არმიას აწვდიდა საკუთარ რაზმებს, ამბობს: „ძირითადად ესენი იყვნენ ცხენოსნები: კაპადოკიელი მხედრები განთქმულნი იყვნენ აღმოსავლეთში“.
    ჰეროდოტე გვაძლევს რა სპარსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას და დეტალურად ჩამოთვლის იმ ხალხებს, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ სატრაპიებში აშკარა ხდება, რომ კაპადოკიის სატრაპიაში ქართველური ხალხები მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები და მარები ცხოვრობენ. კაპადოკიის ჩრდ. ნაწილში ცხოვრობდნენ ხალიბები, მაგრამ როგორც ჩანს ისინი სპარსეთისგან დამოუკიდებელნი იყვნენ და სატრაპიებში არ შედიოდნენ (ამაზე დაწვრილებით ცალკე თავში ვისაუბრებთ.).
    რადგან ელინებისთვის ახალი სახელი „კაპადოკია“ უცნობი მცნება იყო, რამდენიმე საუკუნის მანძილზე კაპადოკია იგივე ასირია ეგონათ, რადგან სინოპელი და სხვა შავიზღვისპირა ელინების მეზობლად პართენიოსის, ჰალისის შესართავისა და თერმოდონტის აუზებში ცხოვრობდნენ ასურელი კოლონისტები – ე.წ. მცირე აზიელი ასირიელები, რომლებსაც ძვ.წ. IV ს-დან ანტიკურმა ავტორებმა ლევკოსირიელები (თეთრი სირიელები) უწოდეს.
    კაპადოკიის მოწყობაზე ცნობებს გვაწვდის სტრაბონი: „კაპადოკია იყოფა მრავალ ნაწილად, რომელთაც განიცადეს ბევრი ცვლილება. კაპადოკიელები საუბრობენ ერთ ენაზე და არიან ისინი, რომელთაც სამხრეთიდან ესაზღვრება ე.წ. კილიკიური ტავრი; აღმოსავლეთიდან – არმენია, კოლხიდა და მათ შორის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხები; ჩრდილოეთიდან – ევქსინის პონტო ჰალისის შესართავამდე; დასავლეთიდან – პაფლაგონიელები და გალატების ტომები, რომელთაც დასახლებული აქვთ ფრიგია ლიკაონებისა და კილიკიელების მხარემდე და კლდოვანი კილიკია.
    ამ ტომებიდან, რომლებიც საუბრობენ ერთ ენაზე, ერთ-ერთს – კატაონებს – ძველად თვლიდნენ დამოუკიდებელ ხალხად, უპირისპირებდნენ რა მათ კაპადოკიელებს, როგორც სხვა ტომელებს. ხალხების ჩამოთვლისას კატაოენებს აყენებდნენ კაპადოკიის შემდეგ, შემდეგ ევფრატსა და მასზე მცხოვრებ ტომებს, ისე რომ კატაონიას ათვლიდნენ აგრეთვე მელიტენას; უკანასკნელი დევს კაპადოკიასა და ევფრატს შორის, კომაგენას მეზობლად; მელიტენა წარმოადგენს კაპადოკიის 1/10 ნაწილს, რადგან თავის მხრივ ქვეყანა იყოფა 10 სასტრატეგოდ. ასეთი დაყოფა ჩამოყალიბეს ჩვენს ეპოქაში მეფეებმა, რომლებიც მართავდნენ არქელაოსამდე (იგიულისხმება არქელაოს I, ძვ.წ. 36–ახ.წ. 17). კატაონია წარმოადგენდა კაპადოკიის ასევე 1/10 ნაწილს. ჩვენს დროში ყოველ ამ ნაწილს ჰყავს საკუთარი სტრატეგოსი. კატაონებს დღეისთვის არ აქვთ არანაირი განსხვავება ენასა და სხვა წეს-ჩვეულებებში დანარჩენ კაპადოკიელებთან, ასე რომ გასაკვირია როგორ გაქრა კვალი მათი სხვა ხალხისადმი კუთვნილებისა. ყოველ შემთხვევაში ადრე ისინი იყვნენ ცალკე ტომი; არიარათმა, რომელიც პირველი ატარებდა კაპადოკიელთა მეფის ტიტულს (ალბათ იგულისხმება არიარათ I, რომელმაც მეფედ თავი 331 წელს გამოაცხადა, თუმცა სპარსეთის სატრაპი იყო 350 წლიდან), შემოუერთა ისინი თავის სამეფოს.
    ეს ქვეყანა წარმოადგენს თითქოს ყელს დიდი ნახევარკუნძულისა, მოქცეული ორ ზღვას შორის – ისიკოსის უბიდან კლდოვან კილიკიამდე და ევქსინის პონტოთი სინოპსა და ტიბარენების სანაპიროს შორის.
    კაპადოკია სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად ფულად გადასახადებს გარდა აძლევდა 1500 ცხენს, 2000 ჯორს, 50000 ცხვარს. (კაპადოკიის ჩრდილოეთის უძველესი მცხოვრები ტიბარენები ძველი ავტორების მიერ ცხვარმრავლობით იყვნენ ცნობილნი.)
    კაპადოკია წაართვეს მაკედონელებმა უკვე ორ სატრაპიად გაყოფილი. მაკედონელებმა დაუშვეს ნაწილობრივ თავისი სურვილით, ნაწილობრივ სურვილის წინააღმდეგ სატრაპიების სამეფოებად ქცევა. ერთ-ერთ ამ სამეფოთაგან მაკედონელებმა უწოდეს საკუთრივ „კაპადოკია“ და „კაპადოკია ტავრთან“, აგრეთვე „დიდი კაპადოკია“, მეორეს კი „პონტო“, თუმცა სხვები უწოდებენ მას პონტოს კაპადოკიას. 
    დიდი კაპადოკიის მოწყობა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. რადგან არქელაოსის სიკვდილის შემდეგ კეისარმა (ტიბერიუსმა) და სენატმა გადაწყვიტეს აქციონ იგი რომის პროვინციად. არქელაოსისა და მისი წინამორბედი მეფეების დროს ქვეყანა დაყოფილი იყო 10 სასტრატეგოდ. 5 სასტრატეგო იყო ტავრში – მელიტენა, კატაონია, კილიკია, ტიანიტიდა და გარსავრიტიდა; დანარჩენი ხუთი იყო – ლავიანსენა, სარგარავსენა, სარავენა, ხამანენა და მორიმენა. მოგვიანებით რომაელებმა არქელაოსის წინაპრებს ჩამოართვეს მეთერთმეტე სასტრატეგო კილიკიის ერთერთი ოლქი კასტაბალი და კიბისტრი დერბამდე, რომელიც ეკუთვნოდა მეკობრე ანტიპატრეს; არქელაოსს კი მისცეს კლდოვანი კილიკიის ნაწილი, ელეუსის ირგვლივ მდებარე მხარე.
    მელიტენა ჰგავს კომაგენას. მხოლოდ ეს მხარე არის მთელს კაპადოკიაში ხეხილით მდიდარი, ასე რომ ის აწარმოებს ზეითუნის ზეთს, არამედ ღვინოსაც, რომელიც არ ჩამოუვარდება ელინურ ღვინოებს. მელიტენა დევს სოფენას პირისპირ, რომელსაც გამოჰყოფს მისგან ევფრატი, მიედინება რა მისსა და კომაგენას საზღვარზე. მდინარეს მეორე მხარეს მდებარეობს კაპადოკიის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე ტომისი. იგი მიჰყიდეს სოფენის მმართველს 100 ტალანტად, მოგვიანებით კი ლუკულუსმა აჩუქა კაპადოკიის მმართველს, რომელიც იყო მისი მოკავშირე მითრიდატეს წინააღმდეგ ომში.
    კატაონია არის ფართო დაბლობების მხარე, სადაც იზრდება ყველა მცენარე გარდა მარადმწვანეებისა. იგი გარშემორტყმულია მთებით. სამხრეთიდან ეტყმის ამანის მთები, რომელიც წარმოადგენს კილიკიის ტავრისა და ანტიტავრის ნაწილს და გადაჭიმულია კატაონიიდან კილიკიამდე და სირიის ზღვამდე დასავლეთით და სამხრეთით, ერტყმის რა ირგვლივ ისიკოსის უბესა და კილიკიის ვაკეებს.
    აღნიშნულ ანტიტავრზე მდებარეობს ღრმა და ციცაბო ხეობები, რომელშიც განლაგებულია ქალაქი კომანი და ენიოს სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ „მა“-ს. ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს მორწმუნეები და ტაძრის მსახურები. ქალაქის მოსახლეები არიან კატაონები; საერთოდ ისინი ექვემდებარებიან მეფეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ემორჩილებიან ტაძრის ქურუმს. ქურუმი არის ტაძრისა და ტაძრის მონების მეთაური. უკანასკნელნი ჩემი იქ ყოფნის დროს იყვნენ 6000 მამაკაცი და ქალი ერთდროულად. ტაძარს ეკუთვნის აგრეთვე აგრეთვე მიწის დიდი ნაკვეთი თავისი შემოსავლებით, რომლითაც სარგებლობს ქურუმი. იგი მნიშვნელობით წარმოადგენს კაპადოკიაში მეფის შემდეგ მეორე პირს. ტრადიციულად მმართველი ქურუმები სამეფო ოჯახიდან იყვნენ. ამ ქალაქზე მიედინება მდინარე სარ, რომელიც ტავრის ხეობის გავლით გადის კილიკიის ვაკეებზე და ჩადის ზღვაში. კატაონიაზე გადის აგრეთვე სანაოსნო მდინარე პირამი.
    არც კატაონიის ვაკეზე და არც მელიტენეში არ არის ქალაქი, თუმცა არის ძლიერი ციხე-სიმაგრეები ამაზორისა და დასტარკის მთებში, რომელთა ირგვლივ მიედინება მდინარე კარმალი. აქ მდებარეობს კატაონური აპოლონის ტაძარი, რომელსაც პატივს სცემენ მთელს კაპადოკიაში. კაპადოკიელები ტაძრებს აგებენ მისი ნიმუშის მიხედვით. ყველა სხვა სასტრატეგოს, გარდა ორისა არ აქვს ქალაქები. სარგარავსენეში არის პატარა ქალაქი გერპა და მდინარე კარმალი, რომელიც ასევე ჩაედინება კილიკიის ზღვაში. სხვა სასტრატეგოში მდებარეობს არგოსი – ციხე-სიმაგრე ტავრთან და ნორისთან /ახლა ეწოდება ნეროასი/, სადაც დიადოქოსმა ევმენემ გაუძლო ხარგძლივ ალყას. ჩვენს დროში ეს იყო სისინის ხაზინის საცავი, რომელიც ცდილობდა კაპადოკიაზე გაბატოებისთვის. მას ეკუთვნოდა ქალაქური ტიპის მოწყობის მქონე კადენი, რომელიც წარმოადგენდა მის დედაქალაქს. ლიკაონიის საზღვართან მდებარეობს პატარა ქალაქი გარსავირი, რომელიც, როგორც ამბობენ, ოდესღაც წარმოადგენდა ქვეყნის მთავარ ქალაქს. მორიმენეს სასტრატეგოში, ვენესაში არის ზევსის სახელობის უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომლის ქურუმი ძალაუფლებით არის მეორე კომანის ქურუმის შემდეგ. ინიშნება კომანის ქურუმივით სიცოცხლის ბოლომდე. მას ემსახურება 3000 ტაძრის მონა და აქვს ნაყოფიერი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქურუმისთვის ყოველწლიურად მოაქვს 15 ტალანტი შემოსავალი.
    მნიშვნელობით მესამეა მორიმენეში, დაკიეისის ზევსის სახელობის ტაძარი. აქ მდებარეობს ლამის ტბის ზომის მარილიანი წყლით სავსე აუზი; ის გარშემორტყმულია ძალიან მაღალი და ციცაბო ბორცვებით.
    მხოლოდ ორ სასტრატეგოში არის ქალაქი. ტიანიტიდეში – ქალაქი ტიანი, რომელიც გალაგებულია ტავრის ძირში, კილიკიის კართან, სადაც მდებარეობს ყველაზე ადვილი შესასვლელი ყველასთვის კილიკიასა და სირიაში. მას უწოდებენ „ტავრის ევსევია“-ს. ეს არის ნაყოფიერი და დიდწილად ვაკიანი მხარე. ტიანიში განლაგებულია სემირამიდას ლამაზად გამაგრებული მიწაყრილები. ამ ქალაქის შორიახლოს მდებარეობენ პატარა ქალაქები – კასტაბალი და კიბისტრი, რომლებიც უფრო ახლოს არიან მთასთან. კასტაბალაში არის პერასიის არტემიდას ტაძარი, სადაც, როგორც ამბობენ ქურუმები უმტკივნეულოდ დადიან ფეხშიშველა ცხელ ნახშირზე.
    მე ამ 10 სასტრატეგოს არ ვათვლი შემდგომ მიერთებულ კასტაბალის, კიბისტრის და კლდოვანი ტავრის ადგილებს, სადაც მდებარეობს საკმაოდ ნაყოფიერი კუნძული ელეუსსა; უკანასკნელი დასახლებულ იქნა არქელაოსის მიერ, რომელიც ატარებდა იქ თავისი დროის დიდ ნაწილს.
    ტიანიტიდაში მდებარეობს ქალაქი ქალაქი ტიანი და ე.წ. მაზაკი (მასახი?) – მთავარი ქალაქი ტომისა განლაგებული კილიკიაში. ამ ქალაქს მეორე სახელით „ევსევია“ და დევს არგეის მთის ძირში. ეს მთა ყველაზე მაღალია და მის წვეროზე მუდამ დევს თოვლი; როგორც ამ მთაზე ასული ადამიანები ამბობენ (ასეთები კი ძალიან ცოტაა), მისი წვეროდან მოჩანს ორივე ზღვა – პონტო და ისიკოსის. საერთოდ ეს რაიონი ბუნებით წარმოადგენს უსარგებლო ადგილს ქალაქური დასახლებისთვის; ქალაქი მოკლებულია წყალს, არ არის გამაგრებული არც ბუნებით და არც ხელოვნური კედლით. გარეუბნები ასევე ძალიან უნაყოფოა და უვარგისია მიწათმოქმედებისთვის; ისინი ქვიაშიანია და ნაწილობრივ ქვიანი. თუ ცოტა შორს გავივლით, შევხვდებით ცეცხლოვანი კრატერებით დაფარულ ვულკანურ ვაკეებს. ამიტომ სიცოცხლისთვის საჭირო რესურსები მოაქვთ შორიდან და ის რაც უხვადაა შეიცავს საფრთხეს. მართალია კაპადოკია თითქმის სრულად უტყეოა, არგეას მიდამოებში გვხვდება ტყეები, თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილი მინდვრიანია. ზოგან გვხვდება ჭაობებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ტყის რეწვითაა დაკავებული, თუმცა იგი ძალიან სახიფათოა. ხიფათი განსაკუთრებით ემუქრება პირუტყვს, რომელიც ცვივა ცეცხლოვან კრატერებში.
    ვაკეზე, ქალაქიდან 40 სტადიონზე მიედინება მდინარე მელასი; მდინარის შენაკადები განლაგებულია უფრო დაბალ ადგილზე ვიდრე თვით ქალაქი. ასე რომ მდინარის კალაპოტი ქმნის ჭაობსა და ტბას და გამოუსადეგარია საცხოვრებლად; ზაფხულში მდინარე ახშობს ქალაქის ირგვლივ ჰაერს, რითაც ურთულებს სამუშაოს ქვისმთლელებს. ამუშავებენ რა ქვებს მაზაკენები, აწარმოებენ სახლის ასაშენებელ დიდძალ მასალებს; თუმცა კი მდინარით დაფარული ქვის ფილები ძნელი მოსაპოვებელია. რადგან მელასს ჰქონდა გასასვლელი ევფრატში ხეობის გავლით, მეფე არიარათმა დააკეტინა იგი და აქცია მახლობელი ვაკე ზღვის მსგავს ტბად; იქ მან გამოჰყო რამდენიმე კუნძული სადაც ატარებდა დროს. მაგრამ, როდესაც წინაღობა გაირღვა ევფრატის დაგუბებულმა წყალმა წალეკა კაპადოკიის ბევრი ძველი დასახლება და გაანადგურა აგრეთვე გალატების ბევრი მხარე. გალატებმა მოთხოვეს არიარათს მიყენებული ზარალის 30 ტალანტით ანაზღაურება და საქმე გადასაწყვეტად გადასცეს რომაელებს. ასეთივე უბედურება შეემთხვა გერპასაც, რადგან არიარათმა გადაკეტა მდინარე კარმალას კალაპოტი. როდესაც მდინარემ წინაღობა გაანგრია, გაანადგურა მალლას მახლობელი ადგილები და მეფეს მოუწია დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება. მართალია მაზაკელების მხარე ბევრი რამის გამო არ ვარგოდა საცხოვრებლად, თუმცა მეფეები მაინც ირჩევდნენ მას, რადგან ამ ტერიტორიას ჰქონდა ტყის რესურსები, ქვა სახლების ასაშენებლად და მეცხოველეობისთვის აუცილებელი საძოვრები. ასე რომ ქალაქი მეფისთვის ერთგვარი ბანაკი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კაპადოკიის მეფეები უსაფრთხოებას თავისთვისა და მისი მონებისთვის პოულობდნენ მთის მრავალრიცხოვან ციხე-სიმაგრეებში, რომელთა ნაწილი სამეფო იყო, ნაწილი კი მეფის მეგობრების. მაზაკი დაშორებულია პონტოსგან სამხრეთით თითქმის 800 სტადიონზე, ხოლო ევფრატი რამდენიმეჯერ ნაკლებ ვიდრე ორჯერ; კილიკიის კარიდან და მეინეკეს ბანაკიდან ტიანის გავლით 6 დღის გზაა. შუა გზაზე მდებარეობს ტიანი, კიბისტრიდან 300 სტადიონზე. ტიგრანმა, არმენიის მეფემ მაზაკელები ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში კაპადოკიაზე თავდასხმის დროს; მეფემ გარეკა ყველა მაზაკელი მესოპოტამიაში და შეადგინა მათგან ტიგრანოკერტის მოსახლეობა. მოგვიანებით, ტიგრანოკერტის რომაელთა მიერ აღების შემდეგ ვინც შეძლო დაბრუნდა სამშობლოში.
    დიდი კაპადოკიის სიგრძე პონტოდან ტავრამდე 1800 სტადიონამდეა, ხოლო სიგანე ლიკაონიიდან და ფრიგიიდან ევფრატამდე და არმენიამდე – 3000 სტადიონამდე. იგი მდიდარია ნაყოფით, განსაკუთრებით პურით და სხვადასხვა სახის პირუტყვით და მდებარეობს პონტოს სამხრეთით, თუმცა მასზე უფრო ცივია. ბაგადანიაში მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკეა, მდებარეობს ყველაზე სამხრეთით ტავრის ძირებში, მცირე რაოდენობით იზრდება ხეხილი; მდელოებზე მრავლად არის ველური ვირები როგორც ამ მხარეში, ისე ქვეყნის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით გარსავირში, ლიკაონიასა და მორიმენში. კაპადოკიაში აწარმოებენ ე.წ. სინოპურ კინოვარს (წითელი ფერის მინერალი), რომელიც ყველას სჯობია; თუმცა მას კონკურენციას უწევს იბერიული. მან სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ თავდაპირველად სინოპელებს შემოჰქონდათ, ვიდრე ეფესოელმა ვაჭრებმა სინოპელების შუამდგომლობის გარეშე შეაღწიეს კაპადოკიაში. როგორც ამბობენ, გალატიის მახლობლად არქელაოსის მაღაროელები მოიპოვებდნენ მთის ხრუსტალის ფირფიტებსა და ონიქსის ქვებს. აგრეთვე იქ რომელიღაც ადგილებში მოიპოვებდნენ თეთრ ქვებს, რომლისგან ამზადებდნენ ხმლის სახელურებს. ბოლოს, ერთი ადგილი აძლევდათ ისეთ დიდ ნაჭრებს გამჭირვალე ქვისა ფანჯრებისთვის, რომ ისინი გაჰქონდათ აგრეთვე საზღვრებს გარეთ. პონტოსა და კაპადოკიის საზღვარს წარმოადგენს ტავრის პარალელური მთიანი მხარე; იგი იწყება ხამმანენის დას. დაბოლოებით, რომლის ციცაბო დაქანებულ ადგილზე დასმენდის ციხე-სიმაგრე, და ვრცელდება ლავიანსენის აღმ. დაბოლოებამდე. აქ არის კაპადოკიის სასტრატეგოები – ხამმანენა და ლავიანსენა.
    როგორც კი ანტიოქოს III-ის დამარცხების შემდეგ რომაელებმა დაიწყეს აზიური საქმეების მოწესრიგება, დადეს ხელშეკრულებები ხალხებთან და მეფეებთან მეგობრობისა და კავშირის შესახებ, ისე მოხდა რომ, ეს პატივი ყველა სხვა მეფეს მიანიჭეს პირადად, ხოლო კაპადოკიის მეფეს ხალხთან ერთად. როცა შეწყდა სამეფო შტო, რომაელები მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დათანხმდნენ მიენიჭებინათ ამ ხალხისთვის თავისუფლება, თუმცა ჩამოსულმა ელჩებმა უარი თქვეს თავისუფლებაზე, რადგან მათივე სიტყვებით არ შეუძლიათ თავისუფლების მხრებით ზიდვა და მოითხოვეს მეფის მიცემა. რომაელებს გაუკვირდათ, რომ არსებობს ხალხი თავისუფლებით ასეთი შეშინებული და ნება დართეს აერჩიათ ხმის მიცემით მეფე ვისაც ისურვებდნენ. და მათ აირჩიეს არიობარზანი. როცა მისი შტო მესამე თაობაზე შეწყდა, ანტონიუსის მიერ მეფედ დაყენებულ იქნა არქელაოსი. ასეთია ჩემი ცნობები კაპადოკიის შესახებ“.
რადგან ისტორიულ წყაროებში ჰეროდოტეს შემდგომი დროიდან მცირე აზიაში აღარ სჩანან მოსხები და ტაბალები, ისტორიოგრაფიაში ჩათვალეს, რომ კიმერიელების შემოსევების შედეგად მათი ნაწილი გაიჟლიტა, ნაწილი კი ჩრდილოეთით დაიძრა და ე.წ. მოსხურ მთებში და შავი ზღვის სანაპიროებზე დასახლდა. მათი ადგილი კი თითქოს სპარსულმა ტომებმა – კაპადოკიელებმა დაიკავესო (არადა არცერთი წყარო არ ადასტურებს კაპადოკიელი ეთნო ჯგუფის არსებობას).
    ამ დროს ჰეროდოტე პირდაპირ ამბობს, რომ, „კიმერიელთა შემოსევა არ იყო სახელმწიფოთა დაპყრობა, არამედ მხოლოდ მტაცებლური თარეში“.
    კურტ ბიტელმა, არქეოლოგიური ნაშთების მიხედვით დაადგინა, რომ „კიმერიელების შემოსევის შემდეგ, ჰალისის ორივე მხარეს მდებარე ქალაქები განვითარებასა და აყვავებას განიცდიან, შეუწყვეტლივ აგრძელებენ რა წინამორბედი ხანის კულტურას და რომ მოსახლეობის რამე მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. სპარსელების მიერ დაპყრობის (546 წ.) შემდეგ, მცირე აზიაში განვითარება მშობლიურ ნიადაგზე გაგრძელდა და აქ არ მოჩანს არც სპარსელთა ჩამოსახლება, არც აქემენიდთა რაიმე გავლენა“.
    მართლაც, ჩვენ არ მოგვეპოვება რამე დამადასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ აქემენიდებს კაპადოკიად წოდებულ რეგიონში, რომელიმე ხალხი ჩამოესახლებინოთ (აქემენიდებს არასდროს არცერთი ხალხი არ გადაუსახლებიათ). ძვ.წ. VI–V ს-ში ე.წ. დიდ კაპადოკიაში ძირითადად მოსხები ცხოვროდბენ. ამის დამადასტურებელი უნდა იყოს ისიც, რომ სტრაბონი არაერთხელ იმეორებს „კაპადოკიაში მცხოვრებნი ერთ ენაზე საუბრობენ და არ შეიჩნევა განსხვავება ზნეჩვეულებებშიო“.
იოსებ ფლავიუსი (ახ.წ. 37–100 წლ.) თავის ნაწარმოებში „იუდაებრივი სიტყუა დასაბამობა“ შენიშნავდა: „თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა/მასახა (შემგომი კესარია, დღევ. კაისერი), მაჩვენებელი იმაათთვის, ვისაც აზროვნების უნარი აქვს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს“.
    იგივეს იმეორებს ევსტათი ანტიოქელი (280–360), იპოლიტე პორტელი (ახ.წ. III ს.) თეოდორიტე კვირელი (ახ.წ. IV ს.) სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.), კონსტანტინე პორფიროგენეტი (ახ.წ. X ს.)  და სხვა ბიზანტიელი ისტორიკოსები. თვით დიდი ქართველი მოღვაწე ექვთიმე მთაწმინდელი (963–1028) თავის ერთ თხზულებაში, რომელიც ნაწილობრივ ნათარგმნი და ნაწილობრივ ორიგინალურია და ეყრდნობა რა ბიზანტიელი მოღვაწის მაქსიმე აღმსარებლის (ახ.წ. VII) შრომას „Questiones Thalassium“-ს, ჩამოთვლის რა ძველ ქართველ ტომებს (ჰერნი, მეგრელნი, ტიბარელნი, ხალიბელნი, მოსინიკელნი, კოლხელნი...) მესხების ნაცვლად ახსნის გარეშე, პირდაპირ სვამს კაპადოკიელებს. აქედან აშკარა ხდება, რომ მცირე აზიელი მესხები არსად გამქრალან, უბრალოდ მათი სახელი გადაფარა კაპადოკიელებმა. თვით ექვთიმეც ზოგადად განმარტავს ბოლოში:  „ხოლო სახელები ამათ ნათესავთა, უკეთუ რომელთამე აწ არა ესრეთ ეწოდების, ვითარცა აქა წერილს არს ნუ გიკვირთ, რამეთუ ჟამთა სიგრძემან სახელნი მრავალნი შეცვალა“.
    უკვე აღვნიშნეთ, რომ ქართლის სამეფოს ცივილიზაციის შექმნელნი სასპერ-იბერებთან ერთად მოსხები იყვნენ. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე ბუნებრივად გამოიყურება, თუ რატომ მოიპოვეს ასეთი გავლენა კაპადოკიელმა წმინდანებმა – გიორგიმ და ნინომ ქართულ ქრისტიანულ კულტურაში.
*      *      *
    რუსმა მეცნიერმა ი.მ. დიაკონოვმა დაუკავშირა ერთის მხრივ ფრიგია და მიზია (ძვ. ბერძნ. Μυσία, ლათ. Mysia) და მეორეს მხრივ მუშქების მეფე მითა და ფრიგიელთა ლეგენდარული მეფე მიდასი და შეცდომით დაასკვნა, რომ მუშქები იგივე ფრიგიელები იყვნენ. შედეგად დიაკონოვმა მუშქების მოღვაწეობა ორ ნაწილად გაჰყო. მისი აზრით ძვ.წ. XII–IX საუკუნეებში ევფრატის აუზში მცხოვრებნი იყვნენ აღმ. მუშქები, ხოლო VIII–VII საუკუნეებში კილიკიაში ცხოვრობდნენ დასავლეთ მუშქებიო. სხვა ფაქტებს, რომ თავი დავანებოთ, ამ აზრის მცდარობას ისიც ადასტურებს, ფრიგიელებს აღმ. მცირე აზიაში არასდროს უცხოვრიათ. დიაკონოვის ამ თეორიას ბუნებრივია ჩაეჭიდა ბევრი არმენიელი ისტორიკოსი, ამოვიდნენ რა იქიდან რომ ბერძნული წყაროებით ფრიგიელებს არმენიელები უკავშირდებიან, დაასკვნეს, რომ მუშქები არმენიული ხალხი იყვნენ (ასევე გულუბრყვილოდ ამტკიცებენ ისინი ხურიტული სამეფოების და მათ შორის ურარტუს არმენიულობას, მიუხედავად იმისა, რომ ამისი დასამტკიცებელი არცერთი რეალური არგუმენტი არ აქვთ და დიდი ალბათობით არმენიელები აღმ. მცირე აზიაში ძვ.წ. VII–VI საუკუნეებში გამოჩნდნენ. სხვათაშორის ზოგმა ქართველმა ისტორიკოსმაც გაიზიარა მუშქების ფრიგიელებთან იგივეობა, სურდა რა ამით ინდოევროპელი ფრიგიელების ქართველობა დაემტკიცებინა).
    ბოლო პერიოდში მუშქების ისტორიის მითვისება ქურთმა ისტორიკოსებმა დაიწყეს, ცდილობენ რა ქურთული ტომებისა და ქალაქების ძველი სახელებით დაამტკიცონ, რომ მუშქების საცხოვრისი არა კაპადოკიაში, არამედ ისტორიული ქურთისტანის ტერიტორიაზე იყო.