пятница, 30 мая 2025 г.

კონფერენციია: 26 მაისი; პირველი რესპუბლიკის დაბადება

პირველი რესპუბლიკის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ სულ 2,5 წელს არსებობდა, უაღრესად საინტერესოა და მრავალმხრივ გასათვალისწინებელია. ეს იყო პირველი ქართული სახელმწიფო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მანამდე ისტორიაში არსებობდა ამა თუ იმ დინასტიის სამეფოები, სადაც ყველაფერს წყვეტდა მეფე და ხალხი უბრალოდ მათი მსახური იყო. პირველი რესპუბლიკა კი იყო ხალხის შექმნილი სახელმწიფო, კონსტიტუციით, ადამიანის უფლებებით, გენდერული თანასწორობით, გამართული საკანონმდებლო და სასამართლო სისტემებით და ისეთი დემოკრატიული ღონისძიებებით, რომელთაც ევროპაც კი მოჰყავდა განცვიფრებაში და დასავლეთიდან ჩამოდიოდნენ პოლიტიკოსები სანახავად, თუ როგორ არსებობდა სოციალისტური იდეების ფონზე აშენებული დემოკრატიული, გენდერულად და რელიგიურად ტოლერანტული სისტემა. ამდენად, მომავალი თაობისათვის პირველი რესპუბლიკის ისტორიის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
XV საუკუნეში საქართველოს სამეფო საბოლოოდ დაიშალა სამეფო-სამთავროებად, რომელთაც 3 წელი ბევრი უბედურების გადატანა მოუწიათ. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთმა თანდათან გააუქმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფო-სამათავროები და ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოაქცია. თანდათან შემოვიდა რუსული ენა, სასამართლო, მართველობის სისტემა და შედეგად მიმდინარეობდა ქართველთა გარუსების პროცესი, რასაც წინ აღუდგნენ „თერგდალეულები“. მათ შექმნეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, ქართული სკოლები, წიგნები და გადაარჩინეს ქართული კულტურა და იხსნეს ერი გარუსებისგან.
XIX საუკუნის მანძილზე რუსეთმა ქართველების მონაწილეობით არაერთ ომში დაამარცხა ოსმალეთი და წაართვა ისტორიული ქართული და სომხური მხარეები: სამცხე, ჯავახეთი, ტაო, კლარჯეთი, აჭარა, კოლა, არტაანი, ყარსის მხარე და ა.შ.
1914 წელს რუსეთის იმპერია პირველ მსოფლიო ომში ჩაება, ინგლისისა და საფრანგეთის მოკავშირედ. მისი წინააღმდეგ იბრძოდნენ: გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, ბულგარეთი და ოსმალეთი. ომში 200000-მდე ქართველი გაიწვიეს. ომში რუსეთი დამარცხდა გერმანიასთან და სულ უფრო უკან იხევდა. ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულმდგომარეობაში ჩავარდა, დაიხურა საწარმოები, ხალხი უმუშევარი დარჩა და ქუჩაში გამოვიდა. მათ შეუერთდნენ უხელფასობით და რესურსების გარეშე მებრძოლი ჯარისკაცები. შედეგად, 1917 წლის თებერვალში რუსეთში მეფის ხელისუფლება დაემხო და შეიქმნა დროებითი მთავრობა ლვოვისა და კერენსკის მეთაურობით. მათი ხელისუფლება არ ცნეს სოციალისტმა ბოლშევიკებმა და მენშევიკებმა, რომელთაც ცალკე მთავრობა შექმნეს და ჯარისა და მოსახლეობის გადმობირებას ცდილობდნენ.
რუსეთის  „დროებითმა მთავრობამ“ ამიერკავკასიის სამართავად შექმნა ხუთკაციანი „ოზაკომი“ (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი), რომელთანაც 2 ქართველი – მენშევიკი აკაკი ჩხენკელი და სოც-ფედერალისტი კიტა აბაშიძე იყვნენ, ხოლო თითო-თითო აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი იყო. ამავე დროს ქართველმა სოციალისტების შექმნეს სამთავრობო სტრუქტურა: „მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო“ ნოე ჟორდანიას მეთაურობით. ანალოგიური ორგანო შეიქმნა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.
ნაწილი 2
რუსეთის დროებითი მთავრობამ განაგრძო გერმანიასთან ომი, თუმცა ვერ ახერხებდა მისი ჯარების შეკავებას და სულ უკან იხევდა. ხელისუფლების მოუცლელობით ისარგებლეს სოციალისტმა ბოლშევიკებმა ტროცკის მეთაურობით და 25 ოქტომბერს დაამხეს რუსეთის დროებითი მთავრობა. ასე გახდა რუსეთის ხელისუფლების მეთაური ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი - მეტსახელად ლენინი. რუსეთმა თანდათან დაიწყო გერმანიასთან და მის მოკავშირე ოსმალეთთან ზავზე მოლაპარაკება და კავკასიიდან გასვლა, რომლის დასაპყრობად მზადება დაიწყო ოსმალეთმა.
ოქტომბრის რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება არ ცნო კავკასიის არცერთმა მმართველმა სტრუქტურამ. კავკასიის სამართავად „ოზაკომი“ ჩაანაცვლა „ამიერკავკასიის კომისარიატმა“ სოციალისტ-მენშევიკი ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით. ნათელი გახდა, რომ ამიერკავკასიის ქვეყნებს საკუთარი თავისათვის უნდა მიეხედათ.
1917 წლის 19-24 ნოემბერს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა საქართველოს პარტიების „ეროვნული ყრილობა“, რომელმაც აირჩია საქართველოს დეფაქტო საკანონმდებლო ორგანო „ეროვნული საბჭო“. მასში რუსეთის სოციალ-დემოკრატი მენშევიკების ქართული განყოფილება ლიდერობდა (თითქმის ნახევარი წევრები) ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით. ისინი კვლავ რუსეთის ორგანულ ნაწილად განიხილავდნენ თავს, და მხოლოდ საქართველოს ავტონომიას ითხოვდნენ (რასაც აპროტესტებდნენ ქართველი „ეროვნული დემოკრატები“).
1918 დასაწყისში რუსეთში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მმართველი ბოლშევიკების პარტია დაამარცხა ლენინის დამხობოლი კერენსკის სოციალ-რევოლუციონერების პარტიამ. მაშინ ლენინმა „დამფუძნებელი კრება“ გარეკა და რუსეთში ერთპარტიული დიქტატურა გამოაცხადა. ქვეყნის მმართველები ლინინის პარტიის წევრები გახდნენ, რომელთა სრული უმეტესობა რუსი ებრაელი იყო, ხოლო ერთი ქართველი იოსებ ჯუღაშვილი.
ლენინის მიერ „რუსეთის დამფუძნებელი კრების“ გარეკვამ აიძულა ქართველი სოციალ-დემოკრატები ოფიციალურად გაეწყვიტათ რუსეთთან კავშირი და „საქართველოს სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტია“ დაეარსებინათ.
ნაწილი 3
1918 წლის 10 თებერვალს რუსეთის დამფუძნებელი კრებიდან გამორეკილმა კავკასიელმა დეპუტატებმა დააარსეს კავკასიის საკანონმდებლო ორგანო „ამიერკავკასიის სეიმი“ (პარლამენტი, მეთაური კარლო ჩხეიძე).
1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთმა გერმანიას დაუთმო: უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთი. ოსმალეთს უფლება მისცა 1877-78 წლების ომის დროს დაკარგულ ტერიტორიებზე (ბათუმის და ყარსის ოლქები) ჩაეტარებინა პლებისციტი (გამოკითხვა) თუ ვისთან სურდა ყოფნა იქაურ მოსახლეობას. „ამიერკავკასიის სეიმი“ ამაზე არ დაეთანხმა (11 მარტს). 14 მარტს საკითხის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად ტრაპიზონში მოლაპარაკება დაიწყო. რადგან სეიმი მიწებს არ თმობდა, ოსმალეთის არმიამ 1918 წლის 9 აპრილს საქართველოს საზღვრები გადმოლახა და 15-21 აპრილს ბათუმი და თითქმის მთელი მესხეთი დაიკავა ბორჯომამდე. თურქეთის შეჩერება ქართულმა ჯარმა გმირული ბრძოლით მხოლოდ მდინარე ჩოლოქზე შეძლო. აშკარა იყო, რომ კავკასიის ხალხებს მოკავშირე სჭირდებოდათ. ამისათვის კი ჯერ სახელმწიფო უნდა შეექმნათ.
კრიტიკულ ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს „ამიერკავკასიის სეიმმა“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს „ამიერკავკასის ფედერაციული რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა (მეთაური აკაკი ჩხენკელი) საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით. თუმცა მალე აშკარა გახდა, რომ ახალი სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებდა, რადგან სომხებს მოკავშირედ ინგლისელები მიაჩნდათ, აზერბაიჯანელებს თურქები, ხოლო ქართველებს გერმანია. ამას გარდა სამივე ქვეყანას ერთმანეთთან სასაზღვრო დავები ჰქონდათ: სომხეთი საქართველოს ბორჩალოს, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებს თხოვდა, აზერბაიჯანი ზაქათალას მაზრას, ხოლო სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან ბევრი სადაო მხარე ჰქონდათ და მუდმივად ერთმანეთთან ომობდნენ.
ნაწილი 4
ოსმალთა ჯარის შეკავება ასეთ არაორგანიზებულ ვითარებაში შეუძლებელი იყო. მაშინ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს აკაკი ჩხენკელს გერმანიის წარმომადგენელმა ფონ ლოსოვმა შესთავაზა გერმანიის დახმარება ოსმალეთთან ურთიერთობისას, თუ საქართველო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას და გახდებოდა მსოფლიო ომში გერმანიის მოკავშირე.
ჩხენკელმა ყველაფერი ეროვნულ საბჭოს აცნობა და მოთხოვა ლოსოვის წინადადების შესრულება. შედეგად 1918 წლის 26 მაისს „ამიერკავკასიის სეიმმა“ კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში „ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა“ და ამიერკავკასიის სეიმი დაშლილად გამოაცხადა. 16 საათსა და 50 წუთზე კი იგივე დარბაზში ნოე ჟორდანიამ „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ გამოაცხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო.
XVIII საუკუნის მიწურულში მტერთაგან ყოველის მხრით გარსშემორტყმული და მეტად შევიწროებული საქართველო რუსეთს შეუერთდა იმ პირობით, რომ რუსეთი მას გარეშე მტერთაგან დაიცავდა.
რუსეთის დიდი რევოლუციის განვითარების დროს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომლის შედეგიც ბრძოლის მთელი ფრონტის დარღვევა და რუსის ჯარის მიერ ამიერკავკასიის დატოვება იყო.
საკუთარ ძალების ამარა დარჩენილმა საქართველომ და მასთან ერთად მთელმა ამიერკავკასიამ თვით მოჰკიდეს ხელი საკუთარ ბედის მოწყობას და საჭირო ორგანოებიც შეჰქმნეს; ხოლო გარეშე ძალთა გავლენამ – კავშირი, რომელიც ამიერ-კავკასიის ხალხებს აერთებდა, დაარღვია და მისი პოლიტიკური მთლიანობა დაშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს საკუთარ სახელმწიფოს შექმნის აუცილებელ საჭიროებას გადაჭრით უკარნახებს, რათა მტრულ ძალთა დამონებისაგან თავი გადაირჩინოს და თავისუფალ განვითარებას მძლავრი საფუძველი ჩაუყაროს.
ითვალისწინებს რა ზემოთჩამოთვლილს პირობებს, საქართველოს ეროვნული საბჭო, ამორჩეული საქართველოს ეროვნული კრების მიერ 22 გიორგობითვეს 1917 წ. დღეს საქვეყნოდ აცხადებს:
1 – დღეიდან ქართველი ერი სუვერენულ უფლებებით აღჭურვილი ერია და საქართველო, სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო.
2 – დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკურ წყობილების სახეა დემოკრატიული რესპუბლიკა.
3 – საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.
4 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ესწრაფვის, ყოველ ხალხთან და განსაკუთრებით მეზობელ ერებთან, მეგობრული განწყობილობა იქონიოს.
5 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის მიწა-წყალზე ყოველი მოქალაქის, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა, პოლიტიკურსა და მოქალაქურს უფლებებს უზრუნველყოფს.
6 – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მის ტერიტორიაზედ მცხოვრებს ყოველს ერს თავისუფალი განვითარების ფართო ასპარეზს მიანიჭებს.
7 – დამფუძნებელ კრების მოწვევამდე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით შევსებული ეროვნული საბჭო და ეროვნულ საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა სრულიად საქართველოს მმართველობის სათავეში სდგანან.
საქართველოს ეროვნული საბჭო, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლის ყვითელი დარბაზი. ტფილისი 1918 წლის 26 მაისი.

ინფორმაცია საქართველოს დროშის, გერბისა და ჰიმნის შესახებ:
სამფეროვანი დროშა (შინდისფერი, შავი, თეთრი) შექმნა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ და მხატვარმა იოსებ შარლემანმა. გერბი „წმინდა გიორგი“ შექმნა შარლემანმა მხატვრების შევარდნაძისა და კაკაბაძის დახმარებით. ჰიმნი „დიდება“ დაწერა კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა.
ნაწილი 5
 2 დღის შემდეგ იგივე დარბაზში დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭოებმაც.
საქართველოს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა: „მინისტრთა საბჭო“, რომელიც 1919 წლამდე იყო კოალიციური. მასში 4 მინისტრი წარმოადგენდა მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ხოლო 4 მინისტრი ოპოზიციურ პარტიებს.
1918-1919 წლებში მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:
მთავრობის თავმჯდომარე — ნოე ჟორდანია (1918 წლის 24 ივნისიდან ნოე რამიშვილის ნაცვლად)
შინაგან საქმეთა მინისტრი — ნოე რამიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი — აკაკი ჩხენკელი, 1918 წლის 4 ნოემბრიდან ევგენი გეგეჭკორი
სამხედრო მინისტრი — გრიგოლ გიორგაძე
ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი — გიორგი ჟურული
იუსტიციის მინისტრი — შალვა ალექსი-მესხიშვილი.
სახალხო განათლების მინისტრი — გიორგი ლასხიშვილი.
მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი — ნოე ხომერიკი
გზათა მინისტრი — ივანე ლორთქიფანიძე.

28 მაისს ფოთში საქართველო-გერმანიის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზე 10 ივლისს გერმანელთა ჯარები შემოვიდა თბილისში.
გერმანელების დახმარებით მოხერხდა თურქების შეჩერება, თუმცა კი რესპუბლიკას საკმაოდ მძიმე ზავის დადება მოუწია 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში, რომლითაც 1829 და 1878 წლებში წართმეული ქართული მიწები (ბათუმის, ართვინის, არტაანის ოკრუგები და ახალციხე-ახალქალაქის მაზრები) უკანვე უბრუნდებოდათ, სამაგიეროდ კი ოსმალეთი პირველი ქვეყანა ხდებოდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა.
ქართველები ზეიმობდნენ, მაგრამ ყველაფერი მალე უკუღმა შეტრიალდა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთისა და გერმანიის წაგებამ ამ შეთანხმების გაუქმება გამოიწვია. მართალია ოსმალები ქართულ მიწებს ტოვებდნენ, მაგრამ უქმდებოდა ქვეყნის საერთაშორისო აღიარება და ამის გარეშე ქვეყანას დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ბრძოლა ძალიან გაუჭირდებოდა. ქვეყნის საზღვრებს არ აღიარებდა არცერთი მეზობელი ქვეყანა და ყველასთან ომი იყო მოსალოდნელი; ასაშენებელი იყო წარმოება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ადმიანისტრაციული მოწყობა, გასაყვანი იყო გზები, მოსაგვარებელი იყო ოსური და აფხაზური სეპარატიზმის საკითხი აფხაზეთსა და შიდა ქართლში და სხვა. ასე რომ ყველაფერი ახლა იწყებოდა.


понедельник, 26 мая 2025 г.

მარკუს ფურიუს კამილუსი (ძვ.წ. 446-365), „რომის მეორე დამაარსებელი“ (პლუტარქე)

1. ფურიუს  კამილუსის1  თაობაზე  არსებულ  მრავალ  გადმოცემაში  ყველაზე  მეტად  თავისებური  და  უცნაური  ის   გარემოება  გახლავთ,  რომ  ეს  კაცი – მრავალგზის  ჯარების  წინამძღოლად  ნამყოფი და  დიდ   გამარჯვებათა   მომპოვებელი, ხუთგზის  დიქტატორად   არჩეული და ოთხგზის   ტრიუმფგადახდილი.  ხოლო  აღწერილობებში  „რომის   მეორე  დამფუძნებლად“2  მიჩნეული,  არც  ერთხელ  კონსული   არ  ყოფილა! ამის  მიზეზი სახელმწიფოს მაშინდელი მდგომარეობა იყო: სენატთან უთანხმოების  გამო  ხალხმა  კონსულების  არჩევნებზე უარი თქვა და მხარი  დაუჭირა წინამძღოლობისათვის სამხედრო ტრიბუნების  ხმის  მიცემით  დანიშვნას.  მართალია, საკონსულო ძალაუფლება  მთლიანად  ამათ  ხელში  გადავიდა,  მაგრამ,  მიუხედავად  ამისა, ტრიბუნთა  რიცხობრივი შემადგენლობა  მათ გამგებლობას  აუტანელს  არ  ხდიდა.  სახელმწიფო  საქმეთა  სათავეში ახლა  ორი კაცი  კი აღარ  იდგა,  არამედ  ექვსი. ეს ვითარება ნუგეშს  აძლევდა ოლიგარქიული მმართველობით  გაწამებულ  ხალხს.  სწორედ  ამ   დროს  ემთხვევა  კამილუსის  სახელის  აღზევება  და  მისი საქმიანობის წარმატებანი. კამილუსმა ხსენებული  ვითარების  მიზეზით  არ  მოინდომა  ხალხის  სურვილს დაპირისპირებოდა  და კონსულის  თანამდებობა მოეთხოვა,  თუმცაღა,  დროის  იმ  შუალედში,  საკმაოდ  ხშირად  იმართებოდა საკონსულო არჩევნებისათვის  დანიშნული თავყრილობანი. სხვა საგამგებლო  თანამდებობაზე  ყოფნის  ჟამს  კი  იგი  ისე იქცეოდა,  ძალაუფლება,  რომელიც მხოლოდ  მას  ეკუთვნოდა, საერთო  ჩანდა,  ხოლო  სახელის  პატრონი  ყოველთვის  თვითონ იყო,  მაშინაც  კი, როცა  მეთაურობა  სხვებთან  ჰქონდა  გაზიარებული.  პირველი  ვითარების  მიზეზი  მისი შურსმოკლებული, ზომიერი  წინამძღოლობა  გახლდათ,  მეორისა  კი  –  საღი  გონება,  რომლის  წყალობითაც,  საერთო  აზრის  თანახმად,  კამილუსს  ქვეყანაში პირველი ადგილი  ეჭირა.
2.  ფურიუსების  გვარი  ჯერ  კიდევ  არ  იყო  დიდად  გამოჩენილი,  როცა  კამილუსმა,  პოსტუმიუს ტუბერტუსის  დიქტატორობის  ჟამს,  თავისი ღვაწლით  პირველმა მოიხვეჭა სახელი  ექვებისა  და  ვოლსკების  წინააღმდეგ  გამართულ  დიდ  ბრძოლაში3. კამილუსი  მაშინ  ლაშქრის  თავში  მიაგელვებდა  თავის რაშს.  იგი თეძოში  დაიჭრა,  მაგრამ  ბრძოლა  არ  მიატოვა,  ჭრილობაში  ჩარჩენილი  სათხედი  ამოიგლიჯა,  მტრის  რჩეულ  მეომრებთან  ხელჩართულ  შეტაკებაში  ჩაება და  მოწინააღმდეგე უკუაქცია.  ამის  გამო  სხვა  ჯილდოებთან  ერთად  წილად  ხვდა ცენზორის  თანამდებობაც,  რასაც  იმ  დროს  ძალზე  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა.  ცენზორის  თანამდებობაზე  მისი  ყოფნის დროიდან  მოიხსენიებენ  ერთ  კეთილ  საქმეს:  ცალკერძ  სიტყვიერი  დარწმუნებით, ცალკერძ  სასჯელის  მუქარით, მან  აიძულა უცოლოები, შეუღლებოდნენ დაქვრივებულ ქალებს,  რომლებიც  ომების  გამო  ძალზე  ბლომად  იყვნენ.  გარდა  ამისა,  აუცილებლობის  გამო,  დაბეგრა  ობლებიც,  რომლებსაც  მანამდე არაფერს  ახდევინებდნენ.  ამისი  მიზეზი  იყო  განუწყვეტელი ლაშქრობები,  რომლებიც  დიდ  ხარჯს  მოითხოვდნენ;  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მსხვერპლი დასჭირდა  ვეის  ალყას4. ამ  ქალაქს  ზოგიერთები  ვეიენტანთას  უწოდებენ.  იგი  ტირენიის  მშვენება  გახლდათ;  იარაღის  რაოდენობით  და  მეომართა სიმრავლით  რომს  როდი  ჩამოუვარდებოდა.  განსაკუთრებულად ბრწყინავდა სიმდიდრით  და ცხოვრებისეული ნეტარებით, ფუფუნებით  და  არაჩვეულებრივი  სიუხვით  რომაელებთან გამართული  ომების ჟამს  მან  მრავალი და  სასახელო ბრძოლა გადაიხადა დიდებისა და ძალაუფლებისათვის.  მაგრამ  შეტაკებებში  განცდილი  დამარცხებების გამო იმხანად  მისი  პატივმოყვარეობა  ერთგვარად  დაიშრიტა  მოსახლეობამ ქალაქს დიდი და მტკიცე ზღუდე  შემოავლო, აღჭურვა იგი იარაღით, სატყორცნი  მოწყობილობებით  დ  პურით,  აგრეთვე  ყოველგვარი  სხვა  მარაგით.  ხანგრძლივი  ალყა – მას  საკმაოდ  მშვიდად გადაჰქონდა. ეს  ალყა – თვით მეალყეთათვისაც არანაკლებ საზრუნავი  და  მძიმე  იყო.  რომაელები  დაჩვეულნი  იყვნენ  გარე  ლაშქრობანი მხოლოდ ზაფხულობით,  ესე  იგი არცთუ  ხანგრძლივი  დროის  მანძილზე  გაემართათ,  ზამთარი  კი  შინ  გაეტარებინათ.  ახლა  კი  პირველად  გახდნენ  იძულებულნი  ტრიბუნთა  წინამძღოლობით  სიმაგრენი  აეგოთ,  ბანაკისათვის ზღუდე შემოევლოთ  და  მტრის  ქვეყანაში ზაფხულიც  და  ზამთარიც  დაეყოთ.  არადა  უკვე  თითქმის  მეშვიდე  წელი  სრულდებოდა  ომისა.  ის  მეთაურები,  რომლებსაც  ბრალად  დასდეს ალყის  სისუსტე, ხელმძღვანელობიდან გადააყენეს  და  ომის  საწარმოებლად  ახალი  წინამძღოლები  აირჩიეს.  მათ  შორის  იყო კამილუსიც,  რომელსაც  მეორეგზის  მოუხდა  სამხედრო  ტრიბუნის  მოვალეობის  ასრულება5.  საალყო  საქმეში  მაშინ  მას არავითარი  მონაწილეობა  არ  მიუღია რადგან წილად  ხვდა ბრძოლა ფალერელებსა6 და კაპენებთან,  რომლებიც  რომაელთა მოუცლელობით  სარგებლობდნენ,  მათ  მხარეს  ხშირად აწიოკებდნენ  და  ტირენიასთან  მთელი  ომის  მანძილზე  განუწყვეტლივ  აწუხებდნენ.  კამილუსმა  ისინი  სასტიკად  დასაჯა, მრავალი  დახოცა,  დანარჩენები  კი  თავთავის  ქალაქთა  ზღუდეებს  შიგნით  შერეკა.
3. გაჩაღებული  ომის  ჟამს  ალბანის  ტბაში უბედურება  დატრიალდა,  რომელმაც  დაუჯერებელ  სასწაულზე  ნაკლებ  როდი   დააშინა  ყველა,  ვინაიდან  მიზეზი  საყოველთაოდ  გაუგებარი  იყო  და  ვერ  იხსნებოდა  იმით,  რომ  ბუნებრივი  მოქმედება  ედო  საფუძვლად.  შუა  შემოდგომა  იდგა.  ზაფხული  კი  ისე დამთავრდა,  რომ  არც  მეტისმეტად  წვიმიანი  ამინდებით  დაარც სამხრეთის  მძლავრი  ნესტიანი ქროლით  არ  გამოირჩეოდა. იტალიის მრავალრიცხოვან ტბებში,  მდინარეებსა  და წყაროებში წყალი  ან სულ ამოშრა,  ანდა  ძლივს ფარავდა  ფსკერს; მდინარეთა  კალაპოტები  ხანგრძლივი  სიცხეების  გამო  გამეჩხერდა  და  დაკნინდა.  რაც  შეეხება  ნაყოფიერი  გორაკებით  შემორკალულ  ალბანის  ტბას,  იგი,  ალბათ  ღვთაებრივი  მიზეზით,  ვინაიდან  სხვა  მიზეზი  არ  არსებობდა,  შესამჩნევად   გაიზარდა, ადიდდა  და  გორაკთა  ძირებს  მიაწყდა;  მერმე  კი, ღელვისა  და. ტალღების  გარეშე  ზეაწეული,  მაღლობთა მწვერვალებსაც, მიწვდა. თავდაპირველად  ამ  მოვლენამ  მწყემსები  და მეჯოგენი გააოცა;  მაგრამ  როცა წყალდიდობის  სიმძიმემ  დაბლობისაკენ ტბის  გადამღობი  ყელი  გაარღვია  და  უზარმაზარი  ნაკადი  ნახნავებსა  და  ნარგავებზე  გადავლით   ზღვისკენ   დაეშვა,  მაშინ. მხოლოდ  რომაელები  კი   არ  შეძრწუნდნენ,  არამედ  იტალიის მთელმა  მოსახლეობამ   მიიჩნია,   რომ  ეს   „მცირე  სასწაულის ნიშანი  არ  იყო!  ამის  თაობაზე  განსაკუთრებულად  დაირხა  ხმა ვეის  მეალყეთა  ბანაკში  და  ალყაში  მოქცეულთათვისაც  ცნობილი  გახდა ტბაზე  ამტყდარი უბედურება. 
4.   ხანგრძლივი  ალყის  ჟამს  სამტროდ  დაპირისპირებულთა შორის  მჭიდრო  კავშირი მყარდებოდა  და საუბრებიც  იმართებოდა ხოლმე.  და  აი, მაშინაც მოხდა  ისე, რომ ერთმა რომაელმა ალყაშემორტყმული  მოქალაქეთაგანი  გაიცნო  და    მას   გულახდილი  საუბარი  გაუმართა.  ეს  მოქალაქე  მიჩნეული  გახლდათ ძველისძველ მისნობებში  ჩახედულ კაცად, რომელმაც  მარჩიელობის  წყალობით  სხეებზე  მეტი  იცოდა.  ამას  გაეხარდა  ტბის ადიდების  ამბავი   და რომაელთა  ალყას  დაცინვა  დაუწყო. ამაზე  რომაელმა  უთხრა:  აწმყო  დრომ  ჩვენ,  რომაელებს, მარტოოდენ  ეს  სასწაული  როდი  მოგვივლინა; კიდევ  უფრო  მეტად სასწაულებრივი  ნიშნებიც  გამოგვიჩნდა;  იმათაც ხალისით გაუწყებ  შენ,  თუკი  შეძლებ  ამ   საერთო  უბედურებაში  ჩვენი საკუთარი  ხვედრის  შემსუბუქებასო.  გაცნობილი  კაცი  ყურადღებით  უსმენდა  და  თვითონაც  ებმებოდა   საუბარში,  რათა რაღაც-რაღაც  საიდუმლოებანი  შეეტყო.  რომაელმა  კი  ამ   მუსაიფით  ნელ-ნელა  გარეთ  გაიტყუა;  როცა  ქალაქის   ჭიშკარს კარგა  მანძილით  გასცდნენ,  ეს  მასზე  უძლიერესი  ვაჟკაცი  მიწიდან  აიტაცა  და  ბანაკიდან  მოვარდნილ  მშველელთა  დახმარებით  დაძლია,  დაიმორჩილა  და  სარდლებს  გადასცა.  რაკიღა ასეთ  იძულებით  ვითარებაში  აღმოჩნდა  და  მიხვდა,  რაც  ბედით  ეწერა,  იმას  ვერ  გაექცეოდა,  შეპყრობილმა  თავისი  სამშობლოს  შესახებ საიდუმლო   წინასწარმეტყველება   მტერს გაუმჟღავნა:  „ქალაქს  ვერ  აიღებთ,  სანამ  ნაპირებზე  გადმოსულ და სხვადასხვა მიმართულებით  მდინარე  ალბანის  ტბის  წყალს უკან  არ  დააბრუნებთ  და  გზის  გადაღობვით  ხელს  არ  შეუშლით,  ზღვას  შეუერთდესო“.  ეს   ამბავი  სენატმა  რომ  შეიტყო, მძიმე  ვითარებაში  აღმოჩნდა  და ყველაზე  კარგ ზომად  მიიჩნია დელფოში  ღმერთისაგან  მისნობის7 შემტყობი ელჩობის გაგზავნა. ელჩებად მივლენილმა  სახელოვანმა  და მაღალი  რანგის პირებმა – კოსუს  ლიკინიუსმა, ვალერიუს პოტიტუსმა  და  ფაბიუს  ამბუსტუსმა  საჭირო  მისნობისათვის  ზღვა  გადაცურეს, ღმერთს  დაეთათბირნენ  და  უკან  დაბრუნდნენ. თან მოიტანეს სხვადასხვაგვარი  წინთქმა,  რომაელებს  ნაკლები მზრუნველობა უნდა  გაეწიათ  წინაპრებისეული დღეობების,  ეგრეთ  წოდებული ლათინური  ზეიმების,8 აღსასრულებლად;  ალბანის წყლისათვის  უნდა  გადაეკეტათ გზა  და,  თუკი შეძლებდნენ,  ზღვიდან ძველი  კალაპოტისაკენ  დაებრუნებინათ;  თუ  ამას  ვერ  იღონებდნენ, თხრილებით  და არხებით ველზხე  უნდა გადაეგდოთ  და სარწყავად  დაეხარჯათ.  როცა  ეს  ამბავი  ეუწყათ,  ქურუმებმა მსხვერპლთშეწირვა  დაიწყეს,  ხალხი  კი  მუშაობას  შეუდგა, რათა წყლისთვის საჭირო მიმართულება  მიეცათ.
5.   ომის  მეათე  წლისთავზე  სენატმა  გააუქმა  ყველა  საგამგებლო  თანამდებობა  და  დიქტატორად   კამილუსი  დანიშნა9. ამან  ცხენოსანი  ლაშქრის  მეთაურად   კორნელიუს   სციპიონი აირჩია  და  ღმერთებს  დაუდო აღთქმა,  თუ  ომი  სახელოვნად დასრულდებოდა,  დიდი  სანახაობანი  მოეწყო  და  ღმერთქალისათვის,  რომელსაც  რომაელები  დედა  მატუტას  ეძახიან,  ტაძარი  შეეწირა.  ამ   ღმერთქალისადმი  აღსრულებადი  წმიდა  სამსახურის  მიხედვით  თუ  კაცი  იმსჯელებს,   შეიძლება  ღვთაება ლევკოთეად  ჩათვალოს10. ქალებს ტაძარში შეჰყავთ მსახური დედაკაცი  და  ლოყებზე  უტყაპუნებენ, შემდეგ გარეთ აგდებენ  და  საკუთარი შვილების ნაცვლად დების შვილებს ეხვევიან.  მერმე  მსხვერპლშეწირვას  ისეთ  მოქმედებას  მოაყოლებენ,  რომლებიც  დიონისეს  აღმზრდელთა  და  ხარჭა  ქალის  გამო  ინოს  ტანჯვათა  მოგონებებს  შეეფერება11.
აღთქმათა  დადების  შემდეგ  კამილუსი   ფალისკების  სამფლობელოში  შეიჭრა  და  დიდ  ბრძოლაში   ისინიც  დაამარცხა და  მათ  საშველად  მოსული  კაპენელებიც.  მერმე  ვეის  ალყას მიუბრუნდა  და  რაკი  დაინახა,  პირდაპირი  იერიში   ძნელი  და მძიმე  საქმე  იყო,  შეუდგა  მიწისქვეშა   გასასვლელის   თხრას, რადგან ქალაქის  ირგვლივ  მდებარე  ადგილები იძლეოდა თხრილის  ამოღებისა  და  ისეთ  სიღრმეში  შეღწევის   საშუალებას, სადაც მტრისათვის  შეუმჩნევლად იმუშავებდნენ.  და  აი,  როცა წარმატების  იმედმა  წინ  წაიწია,  თვითონ  კამილუსმა  გარედან მიიტანა ქალაქზე  იერიში  და მტერი კედლებზე  ამოიტყუა. ამასობაში  სხვები  მიწაში  გათხრილი  გასასვლელებით  გაემართნენ წინ  და  შეუმჩნევლად  აღმოჩნდნენ  ციხესიმაგრეში  ჰერას  ტაძრის  ქვეშ, რომელიც ქალაქში ყველაზე  დიდი  და ყველაზე  საპატიო  ტაძარი  იყო.  ამბობენ,  ზუსტად იმ  დროს  ტირენების მეთაური   მსხვერპლშეწირვით   იყო    გართული;   ქურუმმა მსხვერპლთა  შიგნეულს  რომ  დახედა,  ხმამაღლა წარმოთქვა: „ღმერთი  გამარჯვებას  ანიჭებს  მას, ვინც  ამ მსხვერპლშეწირვას განაგრძობსო“.  როცა  ეს   ხმა   მიწისქვეშ  მყოფმა  რომაელებმა გაიგონეს, მსწრაფლ ამოანგრიეს  იატაკი  და ყვირილითა  და  იარაღის  ჟღარუნით  ზევით  ამოცვივდნენ. თავზარდაცემული მტერი  უკუიქცა;  რომაელებმა  კი  სამსხვერპლო  შიგნეულს  ხელი  სტაცეს  და კამილუსს  მიუტანესო,  ეს ამბავი,  კაცმა   რომ თქვას, ზღაპარს  ჰგავს. 
ქალაქი  ძალის წყალობით აღებულ  იქნა.  რომაელებმა  მისი უთვალავი  სიმდიდრის  დატაცება  და  გატანა  დაიწყეს.   ეს  კამილუსმა  ციხესიმაგრიდან  დაინახა,   ჯერ გაშეშდა   და  თვალებზე  ცრემლი  მოადგა, ხოლო  მერმე,  როს  იქ  მყოფთაგან  მილოცვები  მოისმინა, ხელები ღმერთებისაკენ აღაპყრო  და  ვედრება წართქვა:  „დიდო იუპიტერო  და თქვენც,  სხვა ღმერთებო, კარგსა  და  ავ  საქმეთ რომ თვალყურს  ადევნებთ,  დაგვემოწმეთ რომაელთ, რომ ჩვენ არა სამართლის საწინააღმდეგოდ, არამედ თავდაცვისათვის აუცილებლობის  გამო  ვსჯით ჩვენს  მტერთა. და უკანონოდ  მოქმედთა  ქალაქს! მაგრამ  თუ  აწინდელი  წარმატებისათვის  ჩვენც უნდა ვზღოთ სამაგიერო, ვვედრებ თქვენ და,  რათა  იგი ააცილოთ რომაელთა  ქალაქსა  და  მის  ჯარს და მცირეოდენი  ზიანით  საზღაური  მხოლოდ  და  მხოლოდ  ჩემზე აღასრულოთ“!  წარმოთქვა  თუ  არა  ეს,   ლოცვად  და  თაყვანისცემად  დამდგარ  რომაელთა  ადათის  თანახმად  მარჯვნივ  მიტრიალდა,  მიბრუნებისას  წაიქცა.  დამსწრენი შეშფოთდნენ,  მაგრამ  კამილუსმა  ფეხზე  წამოდგომა  მაშინვე  მოახერხა  და  თქვა: „ყველაფერი  ჩემი  ვედრების.  თანახმად  აღსრულდა  – დიდი: ბედნიერების  ჟამს  მცირეოდენად  წავიბორძიკეო!“
 6.   ქალაქის  დარბევის  შემდეგ  კამილუსმა  გადაწყვიტა აღთქმის  თანახმად,  ჰერას ქანდაკება  რომში  გადაეტანა.  ამ საქმის აღსასრულებლად ოსტატები შეიკრიბნენ კამილუსმა მსხვერპლი შესწირა და ღმერთქალს  შეევედრა,  მათი  მგზნებარე სურვილი  შეეწყნარებინა  და  რომაელთა წილხვედრილი ღმერთების კეთილი  თანამებრძოლი  გამხდარიყო.   ამბობენ  თითქოს  ქანდაკებამ წყნარად  ჩაილაპარაკა,  რომ  მას  ამის  სურვილი აქვს  და  განზრახულ  საქმეს  აქებს.  ლივიუსი   გადმოგვცემს: კამილუსი ღმერთქალის გამოსახულებას ხელით ეხებოდა და ისე ევედრებოდა,  ხოლო  ზოგიერთი  დამსწრე  ვედრებაზე  უპასუხებდა,  რომ  ღმერთქალი  თანახმაა,  აქებს  განზრახულს  და  ხალისით  გაჰყვება  რომაელებსო,  ისინი,  ვინც  მტკიცედ  იცავენ თავისას,   სასწაულის  მეტყველ  დიდ   მოწმედ  იშველიებენ თვით რომის ქალაქის  ბედს:  ეს ქალაქი  მცირე  და უმნიშვნელო საწყისიდან ღვთაების გარეშე ვერ შეძლებდა ეგზომ სახელოვან  და  ძლიერ  წინსვლას,  რაიც  მრავალი  დიდი  მოვლენით  გამოიხატება  ხოლმე.  იმოწმებენ  სხვა  მსგავს  სასწაულებსაც – ქანდაკებიდან  ხშირად  ოფლის  დაღვრას, გმინვა-კვნესის  გამოცემას,  კერპების  თავისთავად  შებრუნებასა და  თვალების  დახუჭვას.  იმ  ამბებს წარსული დროის მწერალთა არცთუ  მცირერიცხოვანი  რაოდენობა  მოგვითხრობს:  ბევრი  რამ,  რაც  გაოცების  ღირსია  და რომელთა  უგულებელყოფაც  შეუფერებელი  საქმეა,  ჩვენ დროშიც  გაგვიგონია თანამედროვეთაგან.  ასეთი  ამბების მეტისმეტად  დაჯერებაც  და ძლიერი უნდობლობაც: საფრთხილოა  ადამიანის  უძლურების  გამო.  მან  ხომ  არ  იცის. საზღვარი  და  ვერ  იმორჩილებს  თავის  თავს,  როცა  მიისწრაფვის  ცრურწმენისა  და  ფუჭი  წარმოსახვების  მხარდასაჭერად, ანდა  როცა  უგულებელყოფს  და  აკნინებს  ღმერთებისადმი ნდობას.  ყველაფერს  სჯობს  სიფრთხილე  და  ზომიერება!12.
7. აღსრულებული  საქმის  სიდიადემ,  იმან, რომ  ალყის  მეათე  წელს აიღო რომის მოწინააღმდეგე ქალაქი, აგრეთვე  მრავალთაგან ნეტარ კაცად შერაცხვამ კამილუსი მეტისმეტად ქედმაღალი  და  ამაყი  გახადა,  რაც  ყოვლად  აუტანელი  იყო კანონიერი  სახალხო  ძალა-უფლების  მქონე  პირის  მხრივ.  მან ფრიად  ზვიადური  ტრიუმფი  გადაიხადა:  რომის  ქუჩებში  გაიარა  ოთხ-თეთრცხენშებმულ  ეტლზე  ამხედრებულმა.  ასეთი რამ არ  უქნია  არც ერთ  მხედართმთავარს,  არც  მანამდე  და არც შემდეგ,  ვინაიდან ოთხ-თეთრცხენიან ეტლს თვლიან მეფისა  და ღმერთთა  მამისათვის  მიძღვნილ  წმიდა  შეწირულებად. ზვიადობასა  და  ფუფუნებას  მიუჩვეველი  მოქალაქენი  ამიერიდან ზიზღით ეკიდებოდნენ  კამილუსს. მეორე მიზეზი  თანამოქალაქეთა  რისხვისა  იყო  კამილუსის  მიერ  ქალაქის  განსახლების კანონის წინააღმდეგ  წასვლა.  სახალხო ტრიბუნებმა  წინადადება  წამოაყენეს, ხალხი  და  სენატი  ორ თანაბარ  ნაწილად  გაეყოთ,  რათა  ერთ  ნაწილს  იქვე  რომში  ეცხოვრა, მეორეს  კი, რომელსაც წილად  ხვდებოდა, გადასახლებულიყო დაპყრობილ ქალაქში.  ამით  ხალხი უფრო შეძლებული  გახდებოდა  და  ორი დიდი  და მშვენიერი  ქალაქის  ფლობით  მიწასაც  და  სხვა  სიკეთესაც  უკეთ  დაიცავდა.  იმ   დროისათვის  რომის  მოსახლეობა გაიზარდა  და  დაღარიბდა,  ამიტომ  ხალხმა  ხსენებული  წინადადება მოიწონა, საორატორო ტრიბუნას  შემოეხვია  და  კენჭისყრა  მოითხოვა.  სენატი  და მოქალაქეთა წარჩინებული  ნაწილი თვლიდა,  რომ  სახალხო   ტრიბუნებს   განზრახული   ჰქონდათ რომის  არა  გაყოფა,  არამედ  მისი  დამხობა.  ამიტომ   სენატმა და  წარჩინებულებმა  დახმარებისათვის  კამილუსს  მიაშურეს. კამილუსი  აშკარა  ბრძოლას  მოერიდა,  სხვადასხვა   საბაბი  და ხალხისათვის გადაუდებელი  საქმეები მოიმიზეზა  და  მათი  წყალობით  წარმოდგენილი  კანონის  მიღებას  განუწყვეტლივ  აბრკოლებდა.  ეს  მას  არასასიამოვნო პიროვნებად  ხდიდა.  ყველაზე უფრო  აშკარა  და უდიდესი ზიზღი  მისადმი  ხალხში  გამოიწვია ნადავლის  მეათედი  ნაწილის  საკითხმა.  საბაბი, რომელსაც ხალხი  ჩაეჭიდა,  თუ გონივრული  არ  იყო,  არც სამართლიან  საფუძველს  იყო  მოკლებული.  როგორც  ჩანს,  როცა  კამილუსი ვეის  მიადგა,  მან  აღთქმა  დადო,  თუ  ქალაქს  აიღებდა,  იქაური ნადავლის  მეათედი  ღმერთისათვის  შეეწირა.  მაგრამ  როცა  ქალაქი  აიღეს  და  გაძარცვეს,  ალბათ  მოქალაქეთა  განაწყენებას მოერიდა,  ანდა  მიმდინარე  საქმეთა  გამო  დავიწყებამ  მოიცვა, ნადავლი  ახალ  მოსარგებლეთ  შეატოვა.  შემდეგ  კი,  გამგებლობის  რწმუნების  ვადა  რომ  გაუვიდა,  ხსენებული  ამბავი  სენატს  აუწყა.  ამავე  დროს  მისნებმა განაცხადეს:  მსხვერპლშეწირვა  გვიჩვენებს  ღმერთების  რისხვას,  ისინი მოლმობიერებასა  და  მათთვის  საამო  სამსახურს  მოითხოვენო. 
8. სენატმა  კენჭისყრით  დაადგინა,  ნადავლი  არ   გადანაწილებულიყო  (გადანაწილება  ძნელზე  ძნელი  იქნებოდა), მაგრამ ვისაც წილი მიღებული ჰქონდა, მეათედი ფიცდადებით უნდა დაებრუნებინა  სახელმწიფოსათვის. დადგენილება მეტად შემაწუხებელი და ძალდატანებითი გამოდგა   ჯარისკაცებისათვის  – ღარიბი  და  ბევრჭირგადანახადი   ადამიანებისათვის, რომლებიც იძულებულნი ხდებოდნენ,  რაც მოიხვეჭეს  და  რისი ნაწილიც  უკვე  მოიხმარეს,  გადაწყვეტილი  რაოდენობით  დანიშნულებისამებრ  შეეტანათ.  მათი  საყვედურებით აფორიაქებულმა კამილუსმა გასასამართლებლად უკეთესი საბაბი რომ ვერ მონახა, სრულ უაზრობას ჩაეჭიდა: აღთქმა დამავიწყდაო.  მისგან  განაწყენებულნი  კი  საყვედურობდნენ:  აღთქმა დასდე,  რომ  მტრის  ქონების  მეათედს  შესწირავდი  ღვთაებას, მოქალაქეთა  საკუთრების  მეათედი  კი  მიგაქვსო,  ასე  იყო,  თუ ისე,  ყველამ  შეიტანა  კუთვნილი  გადასახადი  და  ისიც  გადაწყვიტეს,  დელფოში  გასაგზავნად  ოქროს კრატერი  გაეკეთებინათ.13 ქალაქში  ოქროს  ნაკლებობა  იყო  და  ხელისუფლების წარმომადგენელნი  ერთ  ფიქრში  იყვნენ,  სად  მოეძიათ  იგი.  მაშინ  ქალებმა  მოილაპარაკეს  და თითოეულმა  მოიხსნა  ტანიდან ოქროს  მორთულობა  შესაწირავისათვის.  ამ  გზით  თავმოყრილი  ოქროს  წონა  რვა  ტალანტი  გამოდგა.I4  ქალებისათვის  სამაგიერო  და  შესაფერი  პატივის  მისაგებად  სენატმა  დაადგინა, სიკვდილის  შემდგომ  მათი  ხსოვნის  აღსანიშნავად  წარმოეთქვათ  შესაქები  სიტყვა (უწინ  არ იყო მიღებული მიცვალებული ქალის შესამკობად  საჯარო  სიტყვის წარმოთქმა). 
წარჩინებულ  მოქალაქეთაგან   წმინდა   ელჩებად  აირჩიეს სამი  კაცი,  მერმე  გრძელი სამხედრო  ხომალდი  საზეიმო  მორთულობით  და  შემადგენლობით   აღჭურვეს  და  გაისტუმრეს. ზღვაზე  ქარიშხალიც  და  წყნარი  ამინდიც ზოგჯერ  ერთნაირად სახიფათოა.  ეს ხსენებული  ელჩების მოგზაურობამ დაადასტურა.  ისინი  დაღუპვის  პირზე  იყვნენ  მისულნი,  მაგრამ  სრულიად  მოულოდნელად  გადარჩნენ. ეოლოსის  კუნძულებთან ისინი მეკობრეებად  მიიჩნიეს  და როცა ქარი  ჩადგა,  თავს დაესხნენ  ლიპარას  ტრიერები.  რომაელმა  ელჩებმა  თხოვნა-ვედრებით  ხელები  აღაპყრეს  და  ლიპარელებმა  მათ  ხომალდს  შეჯახება ააცილეს,  ბაგირი  გამოაბეს, სანაპიროზე  ჩაიყვანეს  და  გასაყიდად  გამოაცხადეს ქონებაც  და  მასზე  მყოფი  მეკობრეებად მიჩნეული  ადამიანებიც.  მხოლოდ  ერთმა  იქაურმა  კაცმა,  სარდალმა ტიმესითეოსმა, ვაჟკაცობისა და გავლენიანი ძალის წყალობით, დაარწმუნა ლიპარელები,  გაეთავისუფლებინათ  ელჩები,  თავისი  გემებიც შეაშველა  და  მათთან ერთად მიიღო  მონაწილეობა  წამოღებული  საჩუქრის  შეწირვაში.  ამის  გამო რომში შესაფერი პატივისცემაც დაიმსახურა.
9. სახალხო ტრიბუნებმა კვლავ აღძრეს საკითხი განსახლების კანონის თაობაზე, მაგრამ სწორედ ამ დროს დაიწყო ომი ფალისკებთან.  ამან  შესაძლებლობა   მისცა   წარჩინებულებს,  თანამდებობის  პირები  საკუთარი  აზრის  შესაბამისად აერჩიათ.  რაკი  ვითარება მოითხოვდა  არა მარტო გამოცდილების  მქონე,  არამედ  ღირსებითა  და  სახელით  შემკობილ  წინამძღოლს,  სხვა  ხუთ  პირთან  ერთად  სამხედრო  ტრიბუნად  კამილუსი  დანიშნეს.  მისცა  თუ  არა  ხალხმა  ხმა,  კამილუსმა  ძალაუფლება  აიღო  და  ფალისკების  მხარეში  შეიჭრა.  ალყა  შემოარტყა  ომისათვის  ყოველმხრივ  მომზადებულ  და  გამაგრებულ  ქალაქ ფალერეს.  თვლიდა  რომ  მცირე  გარჯითა  და დროით  ქალაქს  ვერ  აიღებდა,  ამიტომ  გადაწყვიტა,  თანამოქალაქენი  დაძაბულ  მოქმედებაში  ჰყოლოდა,  რათა  შინ  უქმად არ  დამსხდარიყვნენ  და წამქეზებელთა სიტყვებს შფოთის  ასატეხად  არ  დაჰყოლოდნენ.  რომაელები,  ვითარცა  მკურნალი ექიმები,  ყოველთვის  მიმართავდნენ  ხოლმე  ამ  შესაფერ  წამალს  და შფოთის ავადმყოფობას სახელმწიფოდან  აძევებდნენ. 
10.   რაკი  ციხე-ქალაქი   ყოველი   მხრიდან   გამაგრებული ჰქონდათ,  გულდანდობილი  ფალერელები   რომაელთა  ალყას აგდებით  უყურებდნენ.  იმათ  გარდა,  ვინც  ქალაქის  კედლებს დარაჯობდნენ,  ყველანი ტოგებში  იყვნენ გამოწყობილი, ხოლო მოქალაქეთა  ბავშვები  სასწვლებელში დადიოდნენ  და  მასწავლებლის წინამძღოლობით  ხშირად კედლის  გარეთაც ახერხებდნენ გასვლას სასეირნოდ და  სავარჯიშოდ   ფალერელები ელინების  მსგავსად  მხოლოდ  ერთ  საერთო  მასწავლებელს ეყრდნობოდნენ,  ვინაიდან  სურდათ,  ბავშვები  ერთად  გაზრდილიყვნენ  და  ერთად  ყოფილიყვნენ.  და  აი,   ამ   მასწავლებელმა ბავშვები  გამოიყენა  და  ვერაგობა  მოუწყო  ფალერელებს.  მას ყოველდღე  ჩაჰყავდა  ბავშვები თავდაპირველად კედლების საძირკვლის მახლობლად  და  ვარჯიშის  შემდეგ  უკან –  ციხე–სიმაგრის  შიგნით  აბრუნებდა.  მერმე  თანდათანობით   უფრო შორს  დაიწყო  მათი  გაყვანა  და  ნელ–ნელა  ისე   დააჩვია,  რომ ბავშვები  გათამამდნენ,  თითქოს  სრულ   უსაფრთხოებაში  იმყოფებოდნენ. ბოლოს  ყველა  ბავშვი  რომაელ  დარაჯებთან  მიიყვანა,  გადასცა  მათ  და  ითხოვა,  ყველანი   კამილუსთან  წაეყვანათ.  როცა  მის  წინაშე  წარდგა,  მოახსენა:  მე   აღმზრდელი და  მასწავლებელი  ვარ,  მაგრამ  ბავშვების  სამართლიანად  მოპყრობას  მირჩევნია  შენ გაგიწიო  სამსახური;  აი,  მოველ  შენთან და  ამ   ბავშვების  სახით  მათი  ქალაქიც   მომირთმევიაო.  კამილუსმა  მოისმინა,  მაგრამ  მასწავლებლის  მოქმედება  საზარელ საქციელად  ჩათვალა  და  იქ მყოფთ  მიმართა:  ომი  მძიმე  საქმე და  მრავალ უსამართლობასა  და ძალადობას  იქმს,  მაგრამ ზნე–კეთილი ვაჟკაცები  ომშიც  იცავენ  რაღაც  კანონებს.   რაოდენ მისადევარი  საქმეც  არ  უნდა  იყოს  გამარჯვება,  სიკეთის  წყაროდ  ბოროტება  როდი  უნდა   გამოვიყენოთ;  – დიდმა  სარდალმა  სხვის ბოროტ  საქციელზე  კი  არა,  საკუთარ ქველობაზე დაყრდნობით. უნდა  იმოქმედოს ბრძოლისა და ლაშქრობის ჟამსო! კამილუსმა  ქვეშევრდომებს  უბრძანა  მასწავლებლისათვის  სამოსი  შემოეგლიჯათ,  ხელები   ზურგსუკან  გაეკოჭათ, ხოლო  ბავშვებისათვის  როზგები  და მათრახები  დაერიგებინათ, რათა  გამცემი ცემა-ცემით  ისევ შეეგდოთ  ციხე-ქალაქში. 
როგორც  კი   შეიტყვეს  ფალერელებმა  მასწავლებლის  გამცემლობა,  ქალაქი ესოდენი უბედურების  გამო, როგორც  ხდება ხოლმე,  საერთო  გლოვამ  მოიცვა.  მამაკაცებიცა  და  ქალებიც თავდაკარგულნი  გარბოდნენ  ქალაქის  კედლებისა  და  ჭიშკარისაკენ.  ამ   დროს  გამოჩნდნენ  ბავშვებიც,  რომლებიც  შიშველსა  და  გაკოჭილ  მასწავლებელს  მოათრევდნენ  და  თან  კამილუსს  მხსნელად,  მამად  და  თვით  ღმერთად  ხმობდნენ.  ამის მხილველ  არა  მარტო  მშობლებს,  არამედ  ყველა   სხვა  მოქალაქესაც  აღფრთოვანება  და  სიყვარული  მოჰგვარა  კამილუსის სამართლიანობამ.  მათ  სასწრაფოდ  მოიყარეს   თავი  სახალხო კრებაზე   და   კამილუსს  ელჩები  მიუგზავნეს – გნებდებითო. კამილუსმა  ელჩები  რომს  გაგზავნა.  ისინი  სენატს  წარუდგნენ და  განაცხადეს:  რომაელებმა  იმით,  რომ   გამარჯვებაზე  მეტი პატივი სამართლიანობას  დასდეს,  ჩვენ  შეგვაგონეს,  თავისუფლებას დამორჩილება ვამჯობინოთ,  არა  იმდენად  საკუთარი  ძალის  ურწმუნობის  შეგნებით,  რამდენადაც   მოწინააღმდეგის უკეთესი  ზნეობის  აღიარებით.  საკითხის  საბოლოო  განსჯა  და გადაწყვეტა  სენატმა  კამილუსს  მიანდო.  ამან ფალერელებს ხარკი  გადაახდევინა,  რის  შემდეგ   ყველა   ფალისკელთან მეგობრობა  დაამყარა  და  უკან  დაიხია. 
11. ჯარისკაცები  რომელთაც  ფალერეს   გაძარცვის  იმედი ჰქონდათ,  რომს ცარიელი  ხელებით  დაბრუნდნენ.   კამილუსს სხვა მოქალაქეთა  წინაშე  ბრალად  დასდეს  ხალხის სიძულვილი და  ღარიბთათვის  სასარგებლო  საქმის  ჩაშლა.  მალე  სახალხო ტრიბუნებმა  კვლავ  წამოაყენეს  განსახლების  კანონი  და ხალხს  ხმის  მისაცემად  მოუხმეს.  კამილუსი  არ  დაერიდა  არც ერთ მტრულ  და გულახდილ  გამოთქმას  და  ყველაზე  მეტი  წინააღმდეგობა  გაუწია, უმრავლესობის  სურვილს,  ხალხი  იძულებული  გახდა,  წამოყენებული  კანონის  წინააღმდეგ  მიეცა ხმა,  მაგრამ კამილუსზე  ისე  გაწყრნენ,  რომ  პირად  მწუხარებაშიც  კი  არავითარი  თანაგრძნობა  არ  გაუწიეს  (მაშინ  ავადმყოფობამ  ერთ-ერთი  ვაჟიშვილი  გამოსტაცა  ხელიდან  კამილუსს). ბუნებით  მშვიდმა  და  კეთილმა  კამილუსმა  ეს  ტანჯვა  სასოწარუკვეთლად  ვერ  გადაიტანა, როცა  სასამართლოში  უხმეს, ვერ შეძლო, წარმდგარიყო  მათ  წინაშე  და მთელი  ის  დრო  შინ ჩაკეტილმა მგლოვიარე ქალებთან ერთად გაატარა.
12.   მისი  ბრალმდებელი  იყო  ლუკიუს   აპულეუსი,  ხოლო ბრალდება ტირენიაში ქონების  გაქურდვას გულისხმობდა. ლაპარაკი იყო დატაცებული სპილენძის კარებზე, რომლებიც თითქოს ბრალდებულს  დაუნახეს.  ხალხი მრისხანებდა  და  ცხადი  იყო,  ნებისმიერი  საბაბის  საფუძველზე   კამილუსის  წინააღმდეგ  მისცემდა  ხმას. კამილუსმა  თავი  მოუყარა თავის  მეგობრებსას  და  თანამოლაშქრეებს  სასარგებლო   თანამდებობებზე  მასთან ერთად  მყოფ  პირებსაც, რომელთა  რიცხვი არცთუ  მცირე  იყო.  მან  შეკრებილთ  სთხოვა  არ  დაეშვათ  მისი   დასჯა  უსამართლოდ,  ცრუ ბრალდებით არ  გაეხადათ  იგი მტრების  დასაცინად.  მეგობრებმა  იმსჯელეს,  ერთმანეთს. მოელაპარაკნენ  და  კამილუსს   უპასუხეს:   სასამართლოში,  როგორც  ვფიქრობთ,  ვერაფრით  დაგეხმარებით,  მაგრამ  ჯარიმის ნაწილს  გადავიხდითო.  ეს  კი ვეღარ  აიტანა კამილუსმა  და  გამწყრალმა  გადაწყვიტა,  გადგომოდა  და  განშორებოდა  ქალაქს. გამოეთხოვა  ცოლსა  და  ვაჟიშვილს  და  შინიდან  გასულს  ქალაქის ჭიშკრებამდე  ხმა  არ  ამოუღია.  იქ  კი  გაჩერდა,  უკან  შემობრუნდა,  ხელები  კაპიტოლიუმისაკენ  გაიშვირა   და  ღმერთებს  შეევედრა:  თუ  უსამართლოდ,  ხალხის  თვითნებობისა  და შურის  საფუძველზე  ვარ  პატივაყრილი  და  განდევნილი,  დაე რომაელებს  სულ  მალე  სანანებლად  გაუხდეთ  ეს  და   ყოველი კაცისათვის  ცხადი  გახდეს,  რაოდენ  ეჭირდები   მათ  და  როგორ მნატრობენო!
13.  კამილუსმა,  ისე  ვით  აქილევსმა,15  წყევლა-კრულვა დაუტოვა  თანამოქალაქეებს  და  ქალაქი  დატოვა.  დაუსწრებლად  მიუსაჯეს  ჯარიმა  თხუთმეტი  ათასი  ასარიონის16  რაოდენობით,  რაც  ვერცხლის  ფულზე  გადაყვანით  შეადგენს  ათას ხუთას  დრაქმას:  ათი  ასარიონი  უდრიდა  ერთ  ვერცხლის  ერთეულს,  საიდანაც მომდინარეობს  მისი სახელი  „დენარიუსი“17. რომაელთა  შორის  არავინაა  ისეთი,  რომელსაც  არ  სჯეროდეს, რომ  სამართლიანობის  ღმერთქალმა  დიკემ  სწრაფად  შეისმინა კამილუსის  ვედრება  და  მიაგო,  მართალია,  სამწუხარო  და არასასიამოვნო,  მაგრამ  სახელოვანი  და  ყველასათვის  ცნობილი  საზღაური.  რომს  მაშინ  თავს  დაატყდა  ისეთი  შურისძიება, ისეთი  დამღუპველი  საფრთხე  და  ისეთი  შერცხვენა,  რომ  ან ბედი შეუტრიალდა,  ანდა  ეს იყო საქმე რომელიღაც ღმერთისა,  რათა  სიკეთისათვის  უმადურობა  უპასუხოდ   არ  დარჩენილიყო!
14.   დიდი  უბედურების  პირველ  ნიშნად  მიიჩნიეს  იულიუს ცენზორის  გარდაცვალება. რომაელები საერთოდ  დიდ  თაყვანს სცემდნენ  ცენზორთა  ძალაუფლებას  და  მას  წმიდათა  წმიდად თვლიან. მეორე  ნიშანი შემდეგი გახლდათ;  კამილუსის ლტოლვილებამდე  ერთმა  გამოუჩენელმა  და  არა  სენატორმა,  მაგრამ  სხვა მხრივ  წესიერ  და  პატიოსან  ადამიანად  მიჩნეულმა  კაცმა,  მარკუს  ცედიციუსმა, სამხედრო ტრიბუნებს საყურადღებო  ცნობა აუწყა,  თითქოს  წინა  ღამით,  ეგრეთ წოდებულ  „ახალ ქუჩაზე“ მიმავალს,  ვიღაცამ  დაუძახა,  იგი  შებრუნდა,  მაგრამ  ვერავინ დაინახა.   მაშინ  გაცილებით  ძლიერმა  ხმამ,   ვიდრე  ადამიანს აქვს,  აი,   რა  უთხრა:  „აბა,  მარკუს  ცედიციუსო,  დილაადრიან გასწი  უფროსებთან  და აუწყე:  მცირე ხანში გალებს  დახვდით–თქო!“  ამაზე  სამხედრო  ტრიბუნებმა  ერთი  სიცილი  და  ხუმრობა  ატეხეს.  სწორედ  მცირე  ხნის  შემდგომ  დატრიალდა  ამბები კამილუსის  გარშემო. 
15.   გალები  კელტური  წარმომავლობის   ხალხია.  გადმოგვცემენ,  ვინაიდან  მოსახლეობის  სიმრავლის  გამო  ყველას  გამოკვება  არ  ძალუძდა,  გალებმა  მიატოვეს  საკუთარი  მიწა-წყალი  და  სხვა  მხარის  საძებნელად  გაემართნენო.  ლაშქარი  შეიცავდა  მრავალ  ათეულ  ახალგაზრდა,  საბრძოლოდ  გამოსადეგ, კაცს,  რომელთაც  თან  მიჰყავდათ  კიდევ  უფრო  მეტი  ბავშვი და  ქალი.  ნაწილმა  გადალახა  რიპკოსის  მთები,  მიაშურა  ჩრდილოეთ  ოკეანეს  და  ევროპის  უკიდურესი  მხარენი  დაიკავა;  ნაწილი  კი  პირენეის  მთებსა  და  ალპებს  შორის  ჩასახლდა  და მრავალი  ხნის  მანძილზე  სენებისა  და  კელტორების18  მახლობლად  ცხოვრობდნენ.  გალებმა  ძალზე  გვიან,  მხოლოდ  მაშინ  იგემეს  პირველად  ღვინო,  რომელიც  იტალიიდან  ჩამოიტანეს. ამ  სასმელმა  ისინი  ისე  აღაფრთოვანა,  რომ  მანამდე  განუცდელი  სიამისაგან  ყველამ  ჭკუა  დაკარგა.  მათ  იარაღი  აისხეს,  თან  გაიყოლეს  ოჯახები  და  გაემართნენ  ალპებისაკენ,  რათა მოეძებნათ  ის  მიწა, რომელიც  ასეთ  ნაყოფს  იძლევა;  ყველა სხვა  მხარეს  კი  ამიერიდან  უნაყოფოდ  და  უდაბურად თვლიდნენ. 
პირველი,  ვინც  მათ  ღვინო  მიუტანა  და  იტალიამი   შეჭრა შეაგონა,  ამბობენ,  იყოო  არონ  ტირენელი19,  კაცი  გამოჩენილი  და  ბუნებით წაუხდენელი,  მაგრამ  ასეთნაირ  უბედურებას გადაყრილი: იგი იყო  მეურვე ერთი  ობოლი, ოღონდ თანამოქალაქეთა შორის სიმდიდრით უპირველესი, მეტად ლამაზი შესახედაობის  ყმაწვილისა  რომლის  სახელიც  ლუკუმონი გახლდათ. ის თავიდანვე არონთან ცხოვრობდა და  როცა სიმწიფეში  შევიდა,  მეურვის  სახლი  როდი მიატოვა:  ისე  იქცეოდა, თითქოს  ხარობდა  მასთან  ერთად  ყოფნით.  სინამდვილეში  კი დიდი  ხნის  მანძილზე  ფარავდა  იმას,  რომ  მზრუნველის  ცოლი წაბილწა,  თუ  – თვითონვე  იქნა ქალისაგან შეცდენილი.  როცა მათი  ვნებები  წინ  და  წინ  წავიდა  და  უკვე  აღარ  ძალუძდათ ურთიერთ  ლტოლვის  არც  უკუგდება  და  არც  დამალვა,  ყმაწვილმა  კაცმა  ქმარს  ცოლი  წარსტაცა  და  აშკარად  დაეპატრონა.  ქმარმა  სასამართლოს  მიმართა,  მაგრამ  ლუკუმონის  მეგობრების  სიმრავლისა  და  მის  მიერ  უხვად  დახარჯული  ფულის წყალობით ძლეულმა  მიატოვა  თავისი  მხარე.  როცა  მან  გალების  ამბავი  შეიტყო,  მივიდა  მათთან  და  ისინი  იტალიაზე  სალაშქროდ  წაიყვანა. 
16.  შეიჭრნენ  თუ  არა  დათქმულ  ქვეყანაში,  მყისვე  დაიკავეს  ის   მხარე,   რომელსაც   ძველისძველ   ხანაში ტირენები ფლობდნენ  და  რომელიც  ალპებიდან  ორივე  ზღვამდეა  გადაშლილი,  რასაც  მათი  სახელებიც  გვიდასტურებენ.  ჩრდილოეთით  მდებარე  ზღვას  ადრიატიკისას  უწოდებენ,  ტირენიის  ქალაქის  ადრიას  სახელისაგან,  ხოლო  მის  გადაღმა  მდებარეს  და სამხრეთით მოქცეულს ტირენიის  ზღვა  ჰქვია.  მთელი  ეს  მხარე ტყიანია,  უხვი  საძოვრებითაა დაფარული  და  დასერილია  მდინარეებით.  მას  ამშვენებდა თვრამეტი ლამაზი  და დიდი ქალაქი, ეს  ქალაქები ტირენების  განდევნის  შემდეგ  დაიკავეს  გალებმა. მაგრამ  ყველაფერი  ეს  მოხდა  ბევრად  დიდი  ხნით  ადრე. 
17.  ახლა  კი სალაშქროდ დაძრულმა  გალებმა ალყა შემოარტყეს ტირენეულ  ანუ ეტრუსკულ  ქალაქ კლუზიუმს. კლუზიუმელებმა დახმარებისათვის მიმართეს რომაელებს, ბარბაროსებთან ელჩები და რწმუნების ბარათები გაგზავნეთო. გაგზავნეს  ფაბიუსის  გვარიდან  სამი   სახელმოხვეჭილი  და  ქალაქში დიდი  პატივის  მქონე  კაცი.  გალებმა  ისინი  კეთილად  მიიღეს. რომის  სახელოვნების  გამო,  ქალაქის  კედლებთან   ბრძოლაც შეწყვიტეს  და  მოლაპარაკება  გამართეს.  მათ  ჰკითხეს  თავდასხმის  მიზეზი.  გალების  მეფემ  ბრენოსმა  გაიცინა   და  უპასუხა: „კლუზიუმელები  უსამართლოდ  გვექცევიან,  დაპატრონებული არიან  ვრცელ  მიწაწყალს,  ამუშავებენ  მეტად  მცირეს,  ხოლო ჩვენ,  უცხო  ხალხს,  მრავალრიცხოვანსა  და  უპოვარს,  არაფერს გვითმობენ!  განა,  რომაელნო,  თქვენც  ასე    უსამართლოდ  არ, გექცეოდნენ  უწინ  ალბანები,  ფიდენატები  და  არდეატები,  ხოლო  ახლახან  –  ვეიელები, კაპანები   და    ფალისკებისა  და ვოლსკების  მრავალი  წარმომადგენელი?!  თუ  ისინი   ქონების ნაწილს  არ  გითმობენ,  თქვენ  ილაშქრებთ   ხოლმე   მათ  წინააღმდეგ,  მონებად  აქცევთ  მათ,  ძარცვავთ  და  არბევთ  მათ  ქალაქებს, მაგრამ  ამით  არაფერ  საშინელებასა  და  უსამართლობას  არ  სჩადიხართ;  თქვენ  უბრალოდ  მიჰყვებით  კანონთაგან უძველეს  კანონს,   რომელიც  დაძლეულთა  ქონებას აძლევს ძლიერს,  ვინც  განაგებს  ყველას – დაწყებულს  ღმერთისაგან და დამთავრებულს  მხეცებით.  მხეცებშიც  კი  ბუნებითაა გამჯდარი სურვილი  მძლავრი ფლობდეს  მეტს,  ვიდრე  მასზე  სუსტები.  ამიტომ  დაანებეთ  თავი  ალყაშემორტყმულ კლუზიუმელების  სიბრალულს,  რათა  არ  ასწავლოთ  გალებს,   სიკეთითა. და   ლმობიერებით  მოექცნენ  რომაელებისაგან  უსამართლოდ დაჩაგრულებს!“
ამ   სიტყვებით  რომაელები  მიხვდნენ   ბრენოსი  არაფერს დათმობდა.  ამიტომ  ისინი კლუზიუმში  მივიდნენ  და  იქაურებს გამხნევება  და  წაქეზება  დაუწყეს,  მათთან ერთად   აღმდგარიყვნენ ბარბაროსთა  წინააღმდეგ.  რომაელებს  ამით  ან  მათი  ძალის  გამოცნობა სურდათ,  ანდა  საკუთარის  ჩვენება.  კლუზიუმელები  ციხე-ქალაქიდან  გამოხდნენ და როცა კედლებთან ბრძოლა  გაჩაღდა,  ერთმა  ფაბიუსთაგანმა,  კვინტუს  ამბუსტუსმა,  თავისი  ცხენი  ზედ  მიაგდო  ერთს  ახოვანსა  და  ლამაზი  გარეგნობის  გალს,  რომელიც  სხვებზე  ბევრად  წინ  მოაგელვებდა  თავის  რაშს.  დასაწყისში  მოწინააღმდეგეთა  მკვეთრი  შეჯახებისა  და   იარაღის  ბრწყინვალების  გამო  რომაელს  სახე   არ უჩანდა  და  იგი  ვერ  იცნეს,  მაგრამ  როცა  ხელჩართულ  ბრძოლაში  მოპირისპირე  დასძლია,  ძირს  დასცა  და  იარაღის  აყრა დაუწყო, ბრენოსმა  მაშინ შეიცნო  და ღმერთებს  მოწმედ  მოუხმო:  „სად  გაგონილა  ყველა  ხალხში  აღიარებული  წმინდა  და სამართლიანი  საერთო  ადათწესის  ასე   გადალახვა   და  ელჩად მოსული  კაცის მებრძოლად  ქცევა!“  ბრენოსმა  მყისვე  შეწყვიტა  ბრძოლა,  კლუზიუმელებს  მშვიდობა  უსურვა  და  ლაშქარი რომისაკენ  დასძრა.  მას   არ  სურდა,   ჰგონებოდათ,   თითქოს გალები  ომის  საბაბს  წყენინების  გამო  ეძიებდნენ.  ბრენოსმა რომაელებთან  კაცი  აფრინა,  სამაგიეროს  მისაზღვევად   ის  ფაბიუსი  გამოითხოვა,  თვითონ  კი   ნელ-ნელა  წინ  გაემართა. 
18.  რომში  სენატი  შეიკრიბა.  უმრავლესობა  ბრალს  დებდა ფაბიუსს. ქურუმთაგანნი, რომელთაც ფეციალებს  ეძახიან,  ასევე  მკრეხელობად  მიიჩნევდნენ  მომხდარს  და  მოითხოვდნენ, სენატს  დანაშაული  ერთისათვის –  ჩამდენისათვის  დაეკისრებინა  და  ამ  გზით  ყველა  სხვა  განეწმინდა.  ეს  ფეციალები  მეფეთა შორის ყველაზე  სათნო  და  ყველაზე  სამართლიანმა  ნუმა პოპილიუსმა  დააყენა  მშვიდობის  დარაჯებად;  მათვე  მიანდო განესაჯათ  და  დაემტკიცებინათ  საბაბი,  რომელიც  სამართლიანად  იძლეოდა  ომის  აღძვრის  ნებას  როცა  სენატმა  საქმე ხალხს  გადასცა  და ქურუმებმა კვლავ  დასდეს ბრალი  ფაბიუსს. ბრბო  ისე  აგდებით  და  დაცინვით  მოექცა  ღვთიურ  კანონებს, რომ  ფაბიუსი  და  მისი  ძმები სამხედრო ტრიბუნებადაც  კი  აირჩია.  გაიგეს  თუ  არა  ეს, კელტები  გაშმაგდნენ, ყოველგვარ  დაყოვნებას  თავი  ანებეს  და  მთელი  სისწრაფით  ლაშქრად  დაიძრნენ.  ხალხები,  რომელთა  მიწა-წყალზეც  ისინი  გადადიოდნენ,  შეძრწუნებულნი  იყვნენ  მათი  სიმრავლით  და  აღკაზმულობის  ბრწყინვალებით,  მათი  ძალითა  და  შემართებით.  ყველას  ეგონა  საკუთარი  მიწა-წყალი  უკვე  დარბეული  და  ქალაქები სულ  მალე  დასაღუპავად  განწირული.  მაგრამ  მოლოდინის  წინააღმდეგ  კელტები  არავითარ  უსამართლობას  არ  ჩადიოდნენ,  მინდორ-ყანებიდან  არაფერს  იტაცებდნენ  და  ოდეს ქალაქთა მახლობლად  მოუწევდათ  ჩავლა,  ყვიროდნენ:  რომზე მივემართებით, მხოლოდ რომაელებთან  გავმართავთ  ომს,  ყველა  სხვას კი მეგობრებად ვთვლითო. 
ბარბაროსთა  ასეთი  სწრაფი  მოქმედების   საპირისპიროდ სამხედრო  ტრიბუნებმა  საბრძოლველად   გაიყვანეს  რომაელი ჯარისკაცები  არცთუ  მცირე   რაოდენობისა,  –  მარტო სრულად შეიარაღებული  მეომრების  შემადგენლობა ორმოც  ათასს აღწევდა.  ოღონდ  უმრავლესობა  გაუწვრთნელი  იყო  და  ბევრმა  იარაღი  მხოლოდ  მაშინ  დაიჭირა  პირველად   ხელში.  უგულებელყვეს  ღვთაებრივი ადღათ-წესებიც   არ   დაელოდნენ მსხვერპლშეწირვის  კეთილ  ნიშნებს  და  არც  მისნებს  დაეკითხნენ,  რაც მოსალოდნელი საფრთხისა  და  ბრძოლის  წინ  ეგზომ შესაფერისია.  საკმაოდ  აურ-დაურია  საქმე  მრავალუფლებამ. უწინ,  ბევრად უფრო  მცირე  ბრძოლის  წინ  ხშირად  ირჩევდნენ ხოლმე  ერთ  მბრძანებელს  (რომაელები  მას   დიქტატორს ეძახიან), რადგან ესმოდათ, რაოდენ სასარგებლოა საფრთხის ჟამს ერთი აზრისა და გადაწყვეტილების  აღსასრულებლად იმის  მორჩილებაში  ყოფნა,  ვისაც  ხელთ  უპყრია შეუზღუდავი ძალაუფლება  და  სამართალი.  გარჯა  ამისა, მცირე  ვნება როდი მოუტანა  საქმეს  კამილუსის  წყენინებამ.  განსაკუთრებით  იგრძნეს  ეს,  როცა  საშიში  გახდა  ჯარის  მართვა  მისი  მოფერებისა და   გულის  მოგების  გარეშე.  ქალაქიდან  ოთხმოცდაათი  სტადიონის  გავლის  შემდეგ   რომაელები   დაბანაკდნენ  მდინარე ალიასთან,  რომელიც  სწორედ  ბანაკის  მახლობლად  ერთვოდა ტიბრს.  მალე  აქ   ბარბაროსები  გამოჩნდნენ;  რომაელები  მათთან ბრძოლაში  ჩაებნენ,  მაგრამ  სამარცხვინოდ  იბრძოდნენ  და უწესრიგობის  გამო  უკუგდებულ  იქნენ.  მათი  მარცხენა  ფრთა კელტებმა  მყისვე  მიაგდეს  მდინარესთან  და  მოსპეს.  მარჯვენა ფრთამ  მტრის  მოწოლის  გამო  ველიდან  გადაუხვია, ბორცვი დაიკავა და შედარებით  ნაკლებად დაზარალდა. ჯარის  მრავალრიცხოვანი  ნაწილი  მტერს  ხელიდან  დაუსხლტა  და  ქალაქისაკენ  გაეშურა.  ზოგიერთები  გადარჩნენ  იმის  გამო,  რომ  მტერს მობეზრდა  ხოცვა-ჟლეტა.  გადარჩენილთა  ნაწილი  ვეის  ციხესიმაგრისაკენ  გაიქცა:  ეგონათ,  რომი  დაეცა და  იქ   ყველაფერი განადგურდა.
19.  ეს  ბრძოლა  მოხდა  საზაფხულო  მოქცევის  და მთვარის  გავსების  ჟამს,  სწორედ  იმ  დღეს,  როცა  ფაბიუსებს დიდი უბედურება დაატყდათ  თავს:  მათი გვარიდან მაშინ  სამასი ვაჟკაცი  მოსპეს  ტირენებმა20.  მეორე მარცხის აღსანიშნავად საბედისწერო  დღემ21 მდინარისაგან  მიიღო  სახელი   და  აქამდე, „ალიას  დღედ“  იწოდება. 
რაც  შეეხება  კვიმატ  დღეებს,  საჭიროა  მათი  დადგენა,  თუ, მართალია  ჰერაკლიტე,  როცა  კიცხავს  ჰესიოდეს22.   ამან   არ უწყის,  რამეთუ  ყოველი  დღის  ბუნება  ერთია  და  ზოგს  კარგ დღედ  მიიჩნევს,  ზოგს  კი  თარსადო;  –  აი  ეს რთული  საკითხი სხვაგან  გვაქვს  განხილული23,  მაგრამ  წინამდებარე  ნაშრომშიც რომ  დავიმოწმოთ  რამდენიმე  მაგალითი,  ურიგო  არ  იქნება. 
ბეოტიელებს, მეხუთე დღე  რომ  დადგა ჰიპოდრომიონის თვისა,  რომელსაც  ათენელები  ბოედრომიონს   უხმობენ,  წილად  ხვდათ  ორი  ყველაზე  გამოჩენილი  გამარჯვება,  რომლებმაც ბერძნებს თავისუფლება მოუტანეს.  ერთი  იყო ლევქტრასთან,  მეორე  კი  –  ორასი წლით  ადრე  – კერესოსთან,  როცა, თესალიელები  და  მათი  წინამძღოლი  ლატამია   დაამარცხეს. ელინებმა  სპარსები  დაამარცხეს ბოედრომიონის  მეექვსე  დღეს მარათონში,  მესამე   დღეს  პლატეასა  და   ასევე   მიკალესთან, ხოლო  მეხუთე  დღის  დამლევს  –  არბელესთან.  ბოედრომიონის  თვეშივე,  სავსე  მთვარის  ჟამს,  ათენელებმა  ნაქსოსთან გაიმარჯვეს  საზღვაო ბრძოლაში,  რომელსაც  ხაბრია  წინამძღოლობდა,  ხოლო  მეოცე  დღეს  სალამინზე  იმძლავრეს,  რაც  ნაჩვენები  გვაქვს  წიგნში  „დღეთათვის“.  თარგელიონის  თვემაც აშკარად  ბევრი უბედურება მოუტანა  ბარბაროსებს24.  სწორედ თარგელიონის  თვეში  დაამარცხა  ალექსანდრე   მაკედონელმა გრანიკოსთან  მეფის25  სარდლები;  ამ   თვის  მეშვიდე  დღის  გასულს  დასძლია  კართაგენელები  სიცილიასთან  ტიმოლეონტმა; თარგელიონის  ამ   დღეს  ვარაუდობენ  ილიონის  აღებასაც,  როგორც  გადმოგვცემენ  ეფოროსი,  კალისთენე,  დამასტე  და  ფილარქე.  რაც  შეეხება  მეტაგეიტნიონის  თვეს,  რომელსაც  ბეოტიელები  პანემონს  უწოდებენ,  იგი  არ გამოდგა  ელინებისათვის  კეთილი.  ამ   თვის  მეშვიდე  დღეს  ბეოტიელები  კრანონთან ბრძოლაში26 დამარცხდნენ  და სავსებით შეიმუსრნენ ანტიპატრესაგან,  ხოლო  უფრო  ადრე  მათ  ქერონეაში  ფილიპეს წინააღმდეგ  ბრძოლის  ჟამს  დაატყდათ  თავს  უბედურება,  იმავე  წლის  მეტაგეიტნიონის  თვის  იმავე  დღეს  არქიდამეს  მეთაურობით  იტალიაში  გადასული  ბერძნები  მოისვრნენ  იქაურ ბარბაროსთა ხელით. კართაგენელები  ხსენებული  თვის  მეცხრე დღის მიწურულს  ერიდებიან,  ვითარცა მათთვის  ყველაზე  მრავალ  და დიდ უბედურებათა მომტანს.  ჩემთვის ცნობილია,  რომ ალექსანდრემ  მიწასთან  გაასწორა  თებე  წმიდა საიდუმლოებათა აღსრულების  ჟამს,27 ხოლო  ამის  შემდეგ ათენელებმა  მაკედონელთა  მცველი  რაზმი  მიიღეს   ქალაქში ბოედრომიონის თვის  ოცი  რიცხვისათვის,  სწორედ  იმ დროს, როცა  წმიდა საიდუმლოების  აღსასრულებლად  იაკხოსის  გამოსახულება  გამოაქვთ  ხოლმე.  ამის  მსგავსადვე  რომაელებმა ერთსა  და  იმავე დღეს,   ჯერ იყო და კიმბრებთან  ბრძოლაში   დაკარგეს  ცეპიონის  გამგებლობაში  მყოფი  ბანაკი   ხოლო  მერმე – უფრო გვიან – ლუკულუსის  წინამძღოლობით  დაამარცხეს  სომხები და  მათი  მეფე  ტიგრანი.  მეფე  ატალე  და  პომპეუს  დიდი  თავიანთი  დაბადების  დღეს  დაიხოცნენ. საერთოდ მრავალი  მაგალითის  ჩვენება  შეიძლება,  როცა  კაცს  ერთი  და  იგივე  დღე ორივე  მხრივ  – კეთილადაც  და  ავადაც  შემობრუნებია. 
ასეა თუ  ისე, ზემოხსენებული დღე რომაელთათვის  ყველაზე უფრო საბედისწეროდ ითვლება და  ასეთივეა ყოველი  თვის. მომდევნო  ორი  დღე, ვინაიდან  თავს დატეხილი შიში  და ცრურწმენა  ჩვეულებრივზე  მეტად  გაფართოვდა.  ეს ამბავი  საფუძვლიანად  არის  მოთხრობილი  „რომაულ  ძიებებში“28
20.   ხსენებული  ბრძოლის  შემდეგ   გალები  რომ  მაშინვე ლტოლვილთ  გასდევნებოდნენ,  ვერაფერი  ვერ გადაარჩენდა რომს  სრული  აღგვისაგან  და  შიგ თავშეფარებულთ   სრული მოსპობისაგან.  ლტოლვილებმა  მაშინ  ქალაქში  დამხდურთ  მეტისმეტი  შიში  მოჰგვარეს  და  თვითონაც   საშინლად   იყვნენ შეძრწუნებულნი  და  გონებადაკარგულნი.  საქმე  ის   გახლდათ, რომ  ბარბაროსები  რწმენით  ვერ  მოეკიდნენ   მაშინდელ  დიდ გამარჯვებას  და  არც  დიდი  სიხარული  განუცდიათ.  ისინი  ხალისით  მხოლოდ  ბანაკში  ნადავლად  ჩაგდებული  ქონების  განაწილებას  შეუდგნენ  და  ამით  ქალაქიდან   დაძრულ   ბრბოს უადვილესი  გაქცევის, ხოლო დარჩენილთ  – იმედისა  და  მომზადების საშუალება მისცეს. 
ქალაქში  დარჩენილმა  რომაელებმა  რომის  ყველა  ნაწილი ბედის  ანაბარა  მიაგდეს  და მხოლოდ კაპიტოლიუმს ამაგრებდნენ კედლებით და ამარაგებდნენ სატყორცნი იარაღით. უწინარეს ყოვლისა  კაპიტოლიუმში  დააბინავეს  ზოგიერთი  წმინდა საგანი,  ხოლო  ღმერთქალ  ვესტას29  ცეცხლი  გაიტაცეს  ქურუმებთან  ერთად  ქალაქიდან  ლტოლვილმა  ქალწულებმა30. 
ზოგიერთები გადმოგვცემენ,  რომ  ვესტას  მსახური ქალწულები არაფერს  არ  იცავენ  მარად  ჩაუქრობელი  ცეცხლის  გარდა, რომლის თაყვანისცემაც,  ვითარცა ყოვლის  საწყისისა, ჯერ კიდევ  მეფე  ნუმამ  დაადგინა.  მართლაც,  ბუნებაში   ყველაზე უფრო  მოძრავი სწორედ  რომ  ცეცხლია,  წარმოშობა  და  არსებობაც  ერთგვარი  მოძრაობა  ანდა  მოძრაობასთან  დაკავშირებული  მოვლენაა.  ნივთიერების  ყველა  სხვა ნაწილი,  რომელიც მოკლებულია  სითბოს,  გვამების  მსგავსად  უმოძრაოდ  და  ფუჭად  ძევს  და  ნატრობს  ცეცხლის  ძალას,   ვით სულს. როგორც კი  დაეუფლება  ეს  ძალა  რაღაცნაირად  საგანს,  საგანი  იგი  მაშინვე  მიიქცევა  მოქმედებისა  და  მგრძნობელობისაკენ,  სწორედ ამიტომ  ნუმამ, არაჩვეულებრივად გამორჩეულმა  და,  როგორც  ამბობენ,  სიბრძნის  წყალობით  მუზებთან  წილნაყარმა ვაჟკაცმა,  ცეცხლი  წმინდანად  აღიარა   და    ბრძანა  ფხიზლად დაეცვათ  იგი,   როგორც  ყოვლის  მომწესრიგებელი  მარადიული  ძალის გამოსახულება. 
სხვა  მწერლები  გვამცნობენ,  რომ  ეს  ცეცხლი,  ისევე  როგორც  ბერძნებთან,  ტაძრის  წინ  ანთია  ვით  განმწმენდი  ძალა, ხოლო  ტაძრის  შიგნით დაფარულია  წმინდა  საგნები, რომელთა ხილვა ძალუძთ მხოლოდ  და მხოლოდ  ვესტალებად წოდებულ ქალწულებს,  ვინც ზემოთ  მოვიხსენიეთ.  განსაკუთრებით  ჭარბობს  გადმოცემა  იმის  თაობაზე,  თითქოს  ტაძრის  შიგნით  ინახებოდეს  ენეასის  მიერ  იტალიაში  ჩამოტანილი   ტროას  პალადიუმი31. 
არიან  ისეთებიც,  რომლებიც  ზღაპრისებრ  მოგვითხრობენ, თითქოს დარდანოსმა ტროაში  ჩამოიტანა სამოთრაკიული  კერპები  და როცა ქალაქი  დააფუძნა,  მას  შესწირა  ისინი  და  წმინდა  საიდუმლოებათა  აღსრულების  წესიც  დაადგინა.  ტროას აღების  შემდეგ, ხსენებული  კერპები  ენეასმა  გაიტაცა  და  იტალიაში დასახლებამდე  იცავდა  მათ.  ისინი  კი, რომელთაც სურთ ზოგი  რამ  დაუმატონ  ამ  ამბავს,  რაკი  მეტი ცოდმა  აქეთ,  ამბობენ,  რომ  ტაძარში  დგას  არცთუ  დიდი  მოცულობის  ორი  თიხის  კასრი,  რომელთაგან  ერთი  ღიაა  და  ცარიელი,  მეორე  კი სავსე  და  დაბეჭდილი.  მათი  ხილვა  ძალუძთ  მხოლოდ  ზემოხსენებულ  წმინდა ქალწულებს.  ზოგიერთი  ფიქრობს,  ამ  გადმოცემაში  არის  შეცდომა,  რაც  გამოიწვია  იმან,  რომ  ქალწულებმა  ტაძრის  კუთვნილი  ბევრი  საგანი  ჩაყარეს  თიჩის  ორ კასრში,  რომლებიც  მერმე  კვირინუსის  ტაძრის  ქვეშ  ჩაფლეს. ამ  ადგილს  ჯერ  კიდევ  ახლაც  მეტსახელად  „პითისკოსი“  ანუ „კასრეთი“  ეწოდება. 
21. ყველაზე   უფრო  მნიშვნელოვანი  და  დიაღი  წმიდა საგნები  ქალწულებმა  თან  წაიღეს  და  მდინარის  სანაპიროთი გარბოდნენ.  ქალაქიდან  გაქცეულთა  შორის  იყო  ერთი  უბრალო  წარმოშობის  კაცი  ლუციუს  ალბინუსი,  რომელსაც  ურმით  მიჰყავდა  პატარა  ბავშვები,  ცოლი  და  მიჰქონდა  აუცილებელი  საგნები.  როგორც  კი  დაინახა  მის  გვერდით  მიმავალი,  მიუსაფარი  და  ტანჯული  მსახური ქალწულები, რომლებსაც  უბით  ღმერთთა  კუთვნილი  წმინდა  ნივთები  მიჰქონდათ, მყისვე   გადმოსვა  ურმიდან  ცოლ-შვილი,  გადმოზიდა  ნივთებიც  და  ურემი  ქალწულებს  დაუთმო,  რათა  ზედ  დამსხდარიყვნენ  და  რომელიმე  ბერძნულ ქალაქამდე მიეღწიათ. ყველაზე უმძიმეს დროს ალბინუსის მიერ გამომჟღავნებული  ღვთისმოშიშობისა  და კეთილშობილების  მოუხსენებლად  გვერდის  ავლა  არ იქნებოდა ღირსეული  საქმე! 
სხვა  ღმერთების  ქურუმებმა,  ხანში  შესულმა კონსულყოფილებმა  და ტრიუმფატორებმა  ქალაქი  ვერ  დატოვეს:  სავედრებელ  წმიდა  და  ბრწყინვალე  სამოსი   გამოწყობილებმა ქურუმთუხუცესის  ფაბიუსის  წინამძღოლობით   ღმერთების მიმართ  აღთქმა  აღავლინეს,  რომ  სამშობლოს  გულისათვის  საკუთარ  თავებს  უზენაესის  წინაშე მსხვერპლად დებდნენ.  საგანგებოდ  მორთულნი  ამის შემდეგ ფორუმზე  სპილოს  ძვლისაგან  ნაკეთებ  სავარძლებში  ჩასხდნენ  და  თავიანთ  ბედს დაელოდნენ. 
22.   ბრძოლის  მესამე  დღეს  ბრენოსი  თავისი  ჯარით  რომს მიადგა.  ქალაქის  ჭიშკარი  რომ  ღია  და  ზღუდენი  უდარაჯონი იხილა, ჯერ  შეშინდა: ჩასაფრებასა და ვერაგობას არ  ჰქონდეს ადგილიო. არ  სჯეროდა,  რომ  რომაელები  ასე  ხელაღებით  მიატოვებდნენ  წინააღმდეგობას.  მერმე.  კი,  როცა  სინამდვილე  შეიტყო,  „კოლონი  ჭიშკრით“32 რომში  შევიდა  და ქალაქი  აიღო:  მოხდა  ეს  ამბავი  სამას  სამოც წელზე  ცოტა  მეტი ხნის  შემდეგ  დაარსებიდან ქალაქისა, თუ  სარწმუნოდ  მივიჩნევთ  იმ  დროთა აღრიცხვის  სიზუსტეს  მეტადრე, როცა სადაოა გაცილებით უფრო ახალ ხანათა ამბების  ვადის განსაზღვრაც გაურკვევლობის  გამო.33 
უბედურებისა  და  ქალაქის  აღების  ამბავის  თაობაზე  რაღაც  მერყევმა  ხმამ,   ეტყობა,  მაშინვე  მიაღწია  ელადას.  ჰერაკლიდე  პონტოელი,  ვინც  იმ   დროზე  არცთუ  დიდი  ხნის შემდეგ  ცხოვრობდა,  თხზულებაში  „სულისათვის“  ამბობს,  რომ დასავლეთიდან  დაირხა  ხმა, თითქოს  გადაღმა  მდებარე  ჰიპერბორეებიდან  მოვიდა  ლაშქარი  და  აიღო  სადღაც  იმ მხარეში, დიდი  ზღვის  სანაპიროზე  დასახლებული  ელინური  ქალაქი   რომი.  მე   სრულიადაც არ  მიკვირს, ამ  მეზღაპრე  და  ამბავთა  შემთხზველმა  ჰერაკლიდემ,  რომ  ქალაქის  აღების  თაობაზე   ჭეშმარიტ  გადმოცემას  ტრაბახობისათვის ჰიპერბორეები  და  დიდი  ზღვა  მიაკერა.  ცხადია,  რომ ფილოსოფოს  არისტოტელეს  კელტების  მიერ ქალაქის  აღების  თაობაზე  ზუსტი ამბავი  აქვს  მოსმენილი:  ოღონდ  ესაა,  ამბობს:  რომი  ლუციუსმა  დაიხსნაო.  სინამდვილეში  კამილუსი  მარკუსი  იყო  და არა ლუციუსი;  თუმცა,  უნდა  ითქვას   სახელი   ვარაუდზეა მოხსენიებული. 
დაიკავა  თუ  არა  რომი,  კაპიტოლიუმის  გარშემო  ბრენოსმა   დაცვა  ჩააყენა,  თვითონ  კი   ფორუმზე  ჩავიდა  და  გაოცებით  შესცქეროდა  სავარძელში  მდუმარედ  ჩამსხდარ, საგანგებოდ  მორთულ  პირთ,  რომლებიც ფეხზე  არ  წამოდგომიან მოსულ  მტრებს  და  არც  ფერფური  შეცვლიათ  სახეზე.  აუღელვებლად  და  უდრტვინველად  დაყრდნობოდნენ  ისინი  თავიანთ  კვერთხებს  და  მშვიდი  მზერით  შესცქეროდნენ  ერთმანეთს.  ამ   საოცარმა  სანახაობამ   გალები  დააბნია და  კარგა ხანს  ვერ  გაბედეს მიახლოება  და  ხელის  ხლება:  ვაითუ ყოვლისშემძლენი  არიანო.  ბოლოს  ერთმა  გალთაგანმა  მხნეობა მოიკრიბა,  ახლოს  დაუდგა  მარკუს  პაპირიუსს,  ნაზად  მიუტანა  ხელი  ნიკაპთან  და  გრძელ  წვერს  ექაჩებოდა.  პაპირიუსმა  მას  კვერთხი  დაჰკრა  და  თავი  გაუხეთქა.  ბარბაროსმა  მახვილი  იშიშვლა  და  პაპირიუსი  სიცოცხლეს  გამოასალმა.  ამის შემდეგ  გალები  თავს  დაესხნენ  დანარჩენ  მოხუცებს  და  ამოხოცეს.  მერმე  კი  კლავდნენ  ყველას,  ვინც  ხელთ  ჩაუვარდებოდათ  და  ძარცვავდნენ  სახლებს.  მრავალი  დღის  ძარცვა-გლეჯის  შემდეგ  მათ  გადაწვეს  და  მიწასთან  გაასწორეს  ქალაქი  კაპიტოლიუმის  დამცველებზე  განრისხებულებმა:  ამათ უარყვეს  დამორჩილების  წინადადება  და თავდასაცავი  ბრძოლებით  მომხდურებს  დიდ  ვნებას  აყენებდნენ.  განრისხებულმა  გალებმა  დაარბიეს  ქალაქი  და  ამოქლიტეს  ყველა  ტყვე განურჩევლად,  კაციცა  ღა  ქალიც,  მოხუცებიც  და  ბავშვებიც. 
23.   ქალაქის  ალყა  მეტად  გაგრძელდა.  გალებს  სურსათის  მომარაგება  დასჭირდათ.  ამიტომ  დაიყვნენ:  ერთი  ნაწილი  მეფესთან  დარჩა  და  კაპიტოლიუმს   დარაჯობდა,  მეორე ნაწილი  კი   ქვეყანას  აოხრებდა:  თავს  ესხმოდნენ  და  არბევდნენ  სოფლებს,  ცალ-ცალკე  რაზმებად  დაყოფილნი  წარმატებით   გაყოყოჩებულნი  სრულებით   უშიშრად   მოედვნენ იქაურობას.  მაგრამ  მათი  უდიდესი  ნაწილი,  რომელიც  ყველაზე  მეტად  იცავდა  წესრიგს,  დაიძრა   არდეელების  ქალაქისაკენ34,  სადაც   რომიდან  ლტოლვის  შემდეგ  ცხოვრობდა კამილუსი.  იგი,   ვითარცა  კერძო  პიროვნება,  საერთო  საქმეში არავითარ  მონაწილეობას  არ   ღებულობდა.   მაგრამ  იგი როდი   ცდილობდა  როგორმე  დამალვოდა  და  დასხლტომოდა   მტერს.  პირიქით,  იმედოვნებდა  და  გეგმავდა  მასთან  შეხვედრას;  ფიქრით  ნატრობდა  დროს,  როცა  მოიგერიებდა  მას. 
იგი ხედავდა,  არდეელები  საკმაო  სიმრავლისანი  იყვნენ. მაგრამ  სარდალთა  გამოუცდელობისა  და  უნებისყოფობის გამო აკლდათ მხნეობა და გამბედაობა. თავდაპირველად მან სიტყვით მიმართა  ახალგაზრდებს: „ნუ გგონიათ რომაელთა უბედურება  კელტების  მამაცობის  მიზეზი  იყოს;  იმ   ვნებას, რაც   ვითარების  ცუდად  განმსჯელთ  მოუვიდათ,   სრულიად ნუ   ჩაუთვლით  გამარჯვებულს  მისეულ  საქმედ.  იგი  ბედისწერის  გამოვლენად  უნდა  მიიჩნიოთ.  სასახელოა,  თუნდაც  დიდი  საფრთხის  ფასად,  იმ   უცხობარბაროსული  ტომის  ბრძოლის  მოგერიება,  რომელიც  ძლევის  საზღვრად,  ისე  ვით  ცეცხლი,  დამარცხებულთა   სრულ  მოსპობას  თვლის.  მიუხედავად  ამისა,  თუ  მხნეობას  მოიკრებთ  და  სულიერ  სიმტკიცეს გამოიჩენთ,  დაგიდგებათ  დრო  და  სრულიად  უსაფრთხოდ მიაღწევთ  გამარჯვებას“.  ეს   სიტყვები  ახალგაზრდებმა  ხალისიანად  აიტაცეს,  ხოლო  კამილუსი  არდეელთა  გამგებლობისა და  მათი  საბჭოსაკენ  გაეშურა.  ესენი  კამილუსს  დაეთანხმნენ და  მანაც  იარაღი  აასხა  ყოველს,  ვისაც  კი   ბრძოლა  ძალუძდა,   მაგრამ  შეკრებილნი  ქალაქის  ზღუდეთა  შიგნით  დააკავა იმ   ზრახვით,  რომ  ახლოს  მყოფ  მტერს  მზადების  ამბავი  არ გაეგო.  ამასობაში  ცხენებზე  ამხედრებულმა  გალებმა  მთელი მხარე   დააწიოკეს  და   დატაცებული  მძიმე ნადავლით უკან დაბრუნებულნი  ველზე  დაცემულ  ბანაკში  უზრუნველსა  და უდარდელ  განსვენებას  მიეცნენ.  როცა  ღამე  კარგად  ჩამოწვა და შეზარხოშებულ  ბანაკს  სრული  დუმილი  დაეუფლა,  მზვერავთაგან  გაფრთხილებულმა  კამილუსმა  არდეელები  გარეთ გამოიყვანა:  მან  მშვიდად  გამოიარა  მთელი  გზა  და  შუაღამის ჟამს   მტრის  ბანაკს შეერია.  ყოველმხრივ  ამტყდარმა  განუწყვეტელმა  ყიჟინმა  და  ბუკთა  ხმამ  თავზარი  დასცა  მოწინააღმდეგეს;  სიმთვრალისა  და   ღრმა  ძილისაგან   გაოგნებული მეომრები  კარგა ხანს ვერ მიხვდნენ  საერთო შეშფოთების მიზეზს – მხოლოდ  მცირეოდენნი  გამოფხიზლდნენ  შიშისაგან, დაიქსაქსნენ  და  კამილუსის  ხალხს  წინააღმდეგობის  გაწევა  დაუწყეს,  მაგრამ  მალე  ბრძოლაში  დაიხოცნენ.  გალების უმრავლეს  ნაწილს,  რომელიც  ჯერ  კიდევ  ღვინისა  და  ძილის ძალა ჰყავდა  შებოჭილი,  არდეელები  მოულოდნელად დაესხნენ თავს და ულმობელად  დაუწყეს  ჟლეტა   იარაღაუსხმელთ. იმ მეომართა  მცირე  რაოდენობა,  რომლებიც  ღამით  გაიქცა  ბანაკიდან  და   მიმოიფანტა   ცხენოსნებმა  დაიხელთეს  და ერთიანად  მოსპეს.
24. ხმა შესრულებული  საქმის  თაობაზე  სწრაფად  დაირხა   ქალაქებში  და  ბრძოლად  აღაგზნო  მრავალი  კაცი,   ვისაც იარაღის  ტარება  შეეძლო.  ყველაზე  მეტად  ამ   ხმამ   ააღელვა ის   რომაელები,  რომლებიც  ალიასა  და   ვეისთან  გამართულ ბრძოლებს  გამოექცნენ.  ისინი  ერთმანეთს  შესჩიოდნენ:  „რანაირი  სარდალი  წარსტაცა  ღვთაებამ  რომს;  კამილუსის  საბრძოლო  წარმატებებით  მან  არდეელები  შეამკო  მაშინ,  როცა ამ   ვაჟკაცის  შემქმნელი  და   გამზრდელი  ქალაქი  დაეცა  და შეიმუსრა!  ჩვენ,  უმხედართმთავრებოდ  დარჩენილნი  და  იტალიის  ბედზე  მიმტოვებელნი  სხვის  ზღუდეთ  შევფარვივართ! მოდით,  გავგზავნოთ  არდეელებთან  კაცები  და  გამოვითხოვოთ  მათი  სარდალი,  ანდა  ავისხათ  იარაღი  და  ჩვენ  თვითონვე  წავიდეთ  მასთან!  კამილუსი  ხომ  უკვე  ლტოლვილი  აღარ არის  და  არც  ჩვენ  ვართ  მოქალაქენი,  რადგან  ჩვენი  სამშობლო  აღარ  არსებობს,  რამეთუ  მას  მტერი  დაეუფლა!“  აგრე გადაწყვიტეს  და  აფრინეს  კაცები  კამილუსთან  თხოვნით – მიეღო  გამგებლობა.  ამან  განაცხადა,  რომ  მანამდე  არ  შეასრულებდა  თხოვნას,  სანამ კაპიტოლიუმზე  მყოფი  მოქალაქენი  გადაწყვეტილებას  კანონით  არ  მიიღებდნენ:  მე  მათ  სამშობლოს  მხსნელებად  ვთვლი  და  მათ  ბრძანებს  ხალისით დავემორჩილები,  ხოლო  მათი  სურვილის  გარეშე  თითსაც  არ გავანძრევო!  კამილუსის  წინდახედულობამ  და  ზნეკეთილობამ  საერთო  აღფრთოვანება  გამოიწვია;  მაგრამ  მეტად  ძნელი  გამოდგა  ამ  ამბის  მიტანა  კაპიტოლიუმზე.  საერთოდ  შეუძლებელი  ჩანდა  მაუწყებლის  შეღწევა  ციხე-სიმაგრეში, როცა მთელი ქალაქი მტერს  ეკავა. 
25.  რომაელ  ჭაბუკთა შორის  იყო  ერთი  ახალგაზრდა  პონტიუს  კომინიუსი,  წარმოშობით  საშუალო  ფენის  მოქალაქე, მაგრამ  დიდი  სახელისა  და  პატივის მოყვარე.   აი   ამ   ახალგაზრდამ  იკისრა  ძნელი  საქმის  შესრულება.  კაპიტოლიუმის დამცველებთან  მას   წერილი  არ  წაუღია იმიტომ,  რომ  თუ შეიპყრობდნენ,  კამილუსის  განზრახვა  მტრებს  ამ    გზით  არ გაეგოთ. 
სამოსელი უბრალოზე  უბრალო  ეცვა  და  შიგ  კორპის  ხის კანის  ნაჭრები  ეწყო.  ძირითადი  ნაწილი  გზისა  დღისით  უსაფრთხოდ  განვლო  და   შებინდებისას  უკვე  ქალაქს  მიუახლოვდა.   მდინარეზე  ხიდით  გადასვლა  შეუძლებელი  იყო,  რადგან მას   ბარბაროსები  დარაჯობდნენ.  პონტიუსმა  თავისი მცირე და  მსუბუქი  ტანსაცმელი  თავზე  მოიხვია,  კორპის  ნაჭრების მეოხებით  წყალზე  თავი  შეიმაგრა;  მდინარე    გადალახა და ქალაქში  ავიდა.  შუქისა  და  ხმაურის  მეოხებით  გაფრთხილებული,  იგი  განუწყვეტლივ  უვლიდა  გვერდს  ფხიზლად  მყოფ დარაჯებს  და  მიემართებოდა  კარმენტის  ჭიშკრისაკენ, რომელიც  უმშვიდესი ადგილი იყო. კაპიტოლიუმის ბორცვი აქ ყველაზე მეტადაა დაფერდებული და  გარშემორკალულია ციცაბო  კლდეებით.  ამ  ფერდობზე  აცოცდა  შეუმჩნევლად პონტიუსი  და  ზღუდის  უვიწროესსა  და  ძნელად  მისადგომ ადგილის  მცველთ  შეერია,  მიესალმა,  დაუსახელა  თავისი  თავი  და  მათი  თანხლებით ხელისუფალთ  წარუდგა.  სასწრაფოდ შეიკრიბა  სენატი.  პონტიუსმა  სხდომას  კამილუსის  გამარჯვების  უცნობი  ამბავი  აუწყა  და  ჯარისკაცთა  გადაწყვეტილების  თაობაზე  მოუთხრო.  შემდეგ  მან  სენატს  სთხოვა,  დაემტკიცებინა  კამილუსის  ძალაუფლების  რწმუნება:  ქალაქგარეთ  მყოფნი  მხოლოდდამხოლოდ  მას  დაემორჩილებიანო. სენატმა  მოსმენილი  განსაჯა  და  კამილუსი  დიქტატორად  დანიშნა,  პონტიუსი  კი  იმავე  გზით  უკან  გაგზავნა.  ამას  ბედმა კიდევ  გაუღიმა:  მან  შეუმჩნევლად  აუქცია  გვერდი  მტერს და  ქალაქგარეთ  მყოფ  რომაელებს  სენატის  გადაწყვეტილება  აცნობა.
26.   ეს   რომაელები  ხსენებულ  გადაწყვეტილებას  ხალისით  შეეგებნენ  და   როცა  კამილუსი  მათთან   მივიდა, ორი ათასი  კაცი იარაღასხმული დახვდა, მეორეგზის  დიქტატორად არჩეული და  ვეის  ციხე-სიმაგრეში  მისული  კამილუსი  ჯარისკაცებს  შეხვდა  და  მერმე  მოკავშირეთაგან  დამატებითი  ძალების  შეკრება  დაიწყო,  რათა მტერზე  იერიში  მიეტანა.  სწორედ  ამ   დროს  რომში  რამდენიმე   ბარბაროსმა  შემთხვევით  იმ   ადგილს  ჩაუარა, საიდანაც პონტიუსი  ღამით  კაპიტოლიუმზე  აბობღდა.  ბარბაროსებმა მრავალგან  შენიშნეს  კვალი, –  პონტიუსი  ცოცვის  ჟამს  ყველაფერს  ეკიდებ-ებღაუჭებოდა;  ციცაბოებზე  მრავლად  იხილეს  აგრეთვე  გადაგლეჯილი  მცენარეები,  ამოჩიჩქნილი  მიწა   და  ეს   ამბავი  თავიანთ  მეფეს  აუწყეს.   მეფემ  უხმოდ  დაათვალიერა,  საღამოჟამს  კი   თავი  მოუყარა  ყველაზე  მარდსა და  მთებზე  ასვლაში  ყველაზე  უფრო  დაოსტატებულ  გალებს და  უთხრა:  „გზას,  რომელიც  ჩვენთვის  უცნობი  იყო,  მტრები   გვიჩვენებენ.  იგი   სრულიადაც  არ   ყოფილა  გაუვალი  და ადამიანისათვის  ფეხდაუდგმელი.  დიდი  სირცხვილი  იქნება, დაწყებული  საქმე   შეუსრულებლად  მივატოვოთ  და   დავაგდოთ  ეს   ადგილი  ვითარცა  გაუვალი   მაშინ,  როცა  თვითონ მტერი  გვასწავლის  ვით  ავიღოთ  იგი!   სადაც  ძნელია  აღსვლა ერთისათვის,  სრულიადაც  არ  არის  ძნელი  მრავალი  კაცისათვის  – ერთი-მეორეზე  მიყოლებით;  ერთმანეთის  შედგომა და  შემწეობა  დიდ  ძალას  მისცემს  საქმეს!  სამაგიეროდ  გამოჩენილი  მამაცობისათვის  თითოეული  დაჯილდოვდება  საჩუქრებითა  და შესაფერისი პატივით!“
27. გალები  ხალისით  დაეთანხმენ  მეფის  მიერ  წარმოთქმულ სიტყვას, შუაღამისას  მრავლად  მოიყარეს  თავი კლდესთან  და  უჩუმრად  დაიწყეს  ზეაღსვლა,  მართალია,  ადგილმდებარეობა,  რომელზედაც  ბობღვით  ადიოდნენ,  მეტად დაქანებული  იყო  და  ძნელად  დასაძლევი,  მაგრამ  გაცილებით  უფრო  მისაწვდომი  შეიქნა, ვიდრე  მოელოდნენ. წინ მყოფნი, რომლებმაც  მწვერვალს  მიაღწიეს,  უკვე  ემზადებოდნენ  კედელზე  გადასასვლელად,  რათა  მძინარე  მცველებს თავს  დასხმოდნენ.  არც  კაცსა  და  არც  ძაღლს  არაფერი  უგრძვნია. 
იუნოს  ტაძარს  იმ   ხანებში   ჰყავდა   შეწირული   ბატები, რომელთაც  უწინ  უხვად  კვებავდნენ,  ახლა  კი,   როცა  ხალხს თვითონ  აკლდა  საჭმელი,  უყურადღებოდ  დარჩნენ  და  შიმშილობდნენ.   ბატი  ბუნებით    საერთოდ  ძალზე მხდალი  და მგრძნობიარე  სულდგმულია  და ტაძრის  ბატებმაც,  რომელთაც  შიმშილისაგან  ძილი  და   მოსვენება  დაკარგული  ჰქონდათ,  მყისვე  იგრძნეს  გალების  მოახლოება.  ისინი  საშინელი ყიყინით   გაეშურნენ  მომხდურებისაკენ  და   ატეხილი  ხმაურით  ყველა  გააღვიძეს.  ბარბაროსები  მიხვდნენ,  რომ  დაფარული  მოქმედებით  ვერაფერს  გახდებოდნენ  და  ამიტომ უკვე ძალდატანებით  აშკარა  იერიშზე  გადავიდნენ.  რომაელებმა,  ვისაც როგორ მოუხდა,  ხელი  სტაცეს  იარაღს  და მტერს  თავისი  ძალა დაახვედრეს.  რომაელთაგან  მტერს  პირველი  შეეგება  მალიუსი,  კონსულად  ნამყოფი  კაცი,  ძლიერი აღნაგობისა  და  სულიერი  სიმტკიცით  გამოჩენილი,  იგი   ორ ბარბაროსს  წააწყდა  ერთად  და   პირველს,  რომელმაც  უკვე აღმართა  მახვილი,  თავისი  ხმლით  მარჯვენა  მოკვეთა,  მეორეს კი ფარი  დაჰკრა სახეზე და უკანვე  კლდეზე გადააგდო. მალიუსი ზღუდეზე დადგა და მისაშველებლად მოსულ რომაელების  დახმარებით  უკუაგდო  დანარჩენი  გალები,  რომლების კლდეზე არცთუ მრავლად ამოსულიყვნენ და ვერც საჭირო  გამბედაობით  მოქმედებდნენ.  ასე  აიცდინეს  საფრთხე თავიდან  რომაელებმა,  ხოლო  გამთენიისას  დარაჯთა  მეთაური კლდიდან  მტრებთან  გადააგდეს,  მალიუსი  კი  ვაჟკაცობისათვის  დააჯილდოვეს. ჯილდო უფრო მეტად  საპატიო  იყო, ვიდრე ნივთიერად  სასარგებლო.  სახელდობრ:  თითოეულმა  მიუტანა  მალიუსს  თავისი  წილი  დღიური  საზრდო  – იქაური  ჰემილიტროოსი   პური   (რომაულად   ამ    წონას   „სემილიბერი“ ეწოდება),   და   მეოთხედი  ბერძნული  კოტილე  ღვინო.35
28. ამ   ამბის  შემდეგ  კელტთა  საქმენი  უკან-უკან  წავიდა. შემოაკლდათ  სურსათი,  რადგან  კამილუსის  შიშით ჩაკეტილნი იყვნენ  და მარაგისათვის  გარეთ  გაჭრა აღარ ძალუძდათ, თან  შემმუსვრელი  ავადმყოფობაც  შეეყარათ  ნანგრევებთან დადგმული  კარვების  გარშემო   დაზვავებული  გვამებიდან. დამწვარ ლეშთა  სქელი ფერფლი  ქარის ქროლითა  და  სიცხით გამომშრალი,  აქოთებულ  ჰაერს  წამლავდა  და   სასუნთქავად უვარგისს  ხდიდა.  განსაკუთრებით  გაუჭირდათ  ჩვეული  ცხოვრების  ნირის  შეცვლა:  ჩრდილოვანი  და   ზაფხულის  სიცხისაგან  მრავალი  და  მარჯვე  თავშესაფარის  მქონე   ადგილებიდან  ისინი  აღმოჩნდნენ  დაბლობ  და შემოდგომის  არეული ამინდების  მხარეში;  აწუხებდათ  კაპიტოლიუმთან  ხანგრძლივი  და  უქმი  ჯდომა:  მეშვიდე  თვე  იყო, რაც  ალყას იცავდნენ. ბანაკი  სრული  შემუსვრის  პირად  იმყოფებოდა;  დახოცილებს სიმრავლის  მიზეზით  ვეღარ  მარხავდნენ.  არც  ალყაში  მოქცეულთა  მდგომარეობა  გახლდათ  უკეთესი.  შიმშილი  ძლიერდებოდა.  გუნება-განწყობილებს    უფუჭებდათ   კამილუსის შესახებ   ცნობების  უქონლობაც,  ვინაიდან   მისგან   ვერავინ ვერ  აღწევდა  მათთან;  ისე   ბეჯითად  იცავდნენ  ბარბაროსები ქალაქს. ორივე  მხარე  მძიმე  ვითარებაში  იმყოფებოდა,  მათ  შორის  დაიწყო  მოლაპარაკება.  მოლაპარაკება  უწინარეს  ყოვლისა დაიწყეს  დარაჯებმა,  რომლებიც  ხშირად ხვდებოდნენ  ერთმანეთს.  როცა  ხელისუფლებმა  გაიგეს,  სამხედრო  ტრიბუნმა  სულპიციუსმა გამართა  მოლაპარაკება ბრენოსთან,  შეთანხმდნენ  რომ  რომაელები  გადაიხდიდნენ ათას გირვანქა ოქროს, ხოლო გალები, როცა  დათქმულს  მიიღებდნენ,  მყისვე  გაშორდებოდნენ  ქალაქსა  და  საერთოდ რომაელთა  ქვეყანას.  პირობა  ფიცით  განამტკიცეს  და  ოქროც  მოიტანეს,  მაგრამ  კელტებმა  სასწორთან  ჯერ  დაფარულად,  მერმე  კი   აშკარად  მრუდობა  დაიწყეს  და  საპირწონეს თავისკენ  ხრიდნენ,  რაზეც  რომაელები  წყრომით  უპასუხებდნენ.  ბრენოსმა ქედმაღლურად  და  დაცინვით  მახვილი  იშიშვლა,  ქამარიც  შემოიხსნა  და  ორივე  სასწორის  ცალ  მხარეს დააგდო.  „რა  არის  ესო?“  – ჰკითხა  სულპიციუსმა.  „რა  უნდა   იყოს,  თუ  არ   დამარცხებულთა  ვაი-უბედურება?!“36.  პასუხი  შემდგომ  ანდაზად  იქცა.  რომაელთა  ერთი  ნაწილი  ბობოქრობდა  და  თვლიდა,  რომ  საჭირო  იყო  ოქრო  უკან  წაეღოთ,  დაბრუნებულიყვნენ  და  ისევ  ალყაში  დარჩენილიყენენ; მეორე  ნაწილი  კი  რჩევას  იძლეოდა,  დაეთმოთ  ეს  უმნიშვნელო  უსამართლობა,  არ   ეთქვათ  უარი  გასაცემის  წამატებაზე და  არ   ჩაეთვალათ  ეს   სამარცხვინოდ,  რაკი  მათ  ვითარება ხდიდა  იძულებულს  და  არა კეთილი  საბაბი – ხარკი  გაეცათ.
29.   იმ   დროს,  როცა  რომაელები  ხსენებული  ამბის  გამო კელტებთან  და  ერთმანეთშიც  დაობდნენ,  კამილუსი  თავისი ლაშქრით  ქალაქის  ჭიშკარს  მოადგა.  როცა  გაიგო,  რა  ხდებოდა,  თავისიანებს  უბრძანა,  მწყობრად  და  დინჯი  ნაბიჯით მიჰყოლოდნენ  მას,  თვითონ  კი  წარჩინებულთა  თანხლებით მაშინვე  გაეშურა  რომაელებისაკენ.  გამოჩნდა  თუ  არა  იგი, მყისვე  ყველამ  გზა  უტია  და  ისეთი  დუმილით  მიიღეს,  როგორიც  ერთმმართველს  ეკადრებოდა.  კამილუსმა  სასწორიდან  ოქრო  ჩამოიღო  და  ლიქტორებს  გადასცა,  ხოლო  კელტებს  წინადადება  მისცა,  სასწორი  თეფშებ-გირებიანად აეღოთ და  იქაურობას  გასცლოდნენ.  თან  დაუმატა  რომაელებისათვის.  მამაპაპეული  წესია,  სამშობლო  რკინით  დაიხსნან  და არა  ოქროთი.  ბრენოსი  ამაზე  გაწყრა  და  გაიძახოდა:  შეთანხმების  დარღვევით  უსამართლობას  სჩადიხართო.  კამილუსმა  უპასუხა:  „თქვენი  ხელშეკრულება  უკანონოა  და  ამიტომ ძალა  არა  აქვს,  –  იმის შემდეგ,  რაც  დიქტატორად  ამირჩიეს,  მმართველობა  კანონით  აღარ  არსებობს,  ხელშეკრულება  დადებულია  იმათთან,  ვისაც  ამის  უფლება  არ  ჰქონდა. ახლა  კი,  ვისაც  სურვილი  აქვს,  გამოთქვას  თავისი  აზრი:  კანონმა  მე  მომანიჭა  უფლება,  შევიწყალო,  ვინც  პატიებას მთხოვს  და  დავსაჯო  ისიხი,  რომელთაც  დანაშაულის  მონანიება  არ  სურთ!“  ამ  სიტყვებზე  ბრენოსი  რისხვით  აენთო და  ბრძანა,  ბრძოლა  დაეწყოთ.  ორივე  მხარემ  მახვილი  იშიშვლა,  მაგრამ  ერთმანეთს  ხეირიანად  ვერ  შეებნენ.   ამის   მიზეზი  კი   ის   იყო,  რომ  სახლთა  შორის  ვიწრო  შუკებში  დარაზმვასა  და  ბრძოლის  გაშლას  ვერ  ახერხებდნენ.  ბრენოსი სწრაფად  მიხვდა  და  მცირეოდენი  დანაკლისით  კელტები  ბანაკში  გაიყვანა  ღამით  ყველა  აჰყარა,  ქალაქი  დატოვა  და სამოცი  სტადიონი  მანძილის  გავლის  შემდეგ  გაბინის  გზაზე დაბანაკდა.  გამთენიისას  ბრწყინვალედ  შეიარაღებული  კამილუსი  წამოეწია  მხნეობამოკრებილი  რომაელებით.  მძაფრი და  ხანგრძლივი  ბრძოლის შემდეგ  კამილუსმა  მრავლად  ამოხოცა  და  განდევნა  მტერი,  ხოლო  ბანაკი  აიღო.  უკუქცეულთა ნაწილი  მდევრებმა  მყისვე  მოსპეს,  დიდი  ნაწილი  კი,  რომელიც  იმ  მხარეში  მიმოიფანტა,  მახლობლად  მდებარე  სოფლებისა  და  ქალაქების  მოსახლეობამ ამოჟლიტა. 
30. ასე   მოულოდნელად  აღებულ  იქნა  რომი  და  კიდევ უფრო  მოულოდნელად  გადარჩა.  სულ  შვიდი  თვის  განმავლობაში  იყო  იგი  ბარბაროსთა  მორჩილებაში.  ისინი  აქ  მოვიდნენ  კვინტილისის  თვის  იდებზე  რამდენიმე  დღით გვიან, ხოლო  დატოვეს  თებერვლის  იდების  მახლობელ  ხანებში. კამილუსმა  გადაიხადა  ტრიუმფი,  როგორც  ეკადრებოდა  უკვე  დაღუპული სამშობლოს მხსნელს, რომელმაც  ქალაქი თავის  თავს  დაუბრუნა.  კამილუსთან  ერთად  ქალაქში  დაბრუნდნენ  ლტოლვილნი  ცოლ-შვილითურთ.  მათ  შეეგებნენ კაპიტოლიუმის  ალყაში  მყოფნი,  რომლებიც  კინაღამ  დაიღუპნენ  შიმშილისაგან.  არ  სჯეროდათ  დამდგარი  ბედნიერებისა  და  ტირილით  ხვდებოდნენ  ერთმანეთს.  ქურუმებმა  და ღმერთთა  სხვა  მსახურებმა  საჩვენებლად  გამოიტანეს  გადარჩენილი  წმინდა  ნივთები,  რომელთა  ნაწილი  ლტოლვის  ჟამს აქვე  დაემალათ,  ნაწილი  თან  ჰქონდათ  წაღებული.  მოქალაქეთათვის  ეს  სასურველი  სანახაობა  იყო  და  სიხარულითაც მიიღეს  იგი,  თითქოს  თვით  ღმერთები  დაბრუნებულიყვნენ რომში. 
კამილუსმა  ღმერთებს  მსხვერპლი  შესწირა;  მერმე  საქმის მცოდნეთა  შემწეობით  ქალაქი  გაწმინდა,  უწინ არსებული ტაძრები  აღადგინა,  ხოლო  ის ადგილი,  სადაც  ღვთაებრივმა ხმამ მარკუს  ცედიციუსს  ღამით  ბარბაროსთა   ლაშქრობის ამბავი  აუწყა,  თვითონ  იპოვა  და  იქ   წინასწარმეტყველებისა და წმინდა მოწოდების  სავანე  ააგო.
31.   მართალია  ძნელი  საქმე   გამოდგა,   მაგრამ  კამილუსის   პატივმოყვარეობისა  და  ქურუმთა  დიდი  შრომის  წყალობით  იქნა  ნაპოვნი  ნატაძრალი  ადგილები.  ახლა  საჭირო  გახდა მთლიანად  დანგრეული  ქალაქის  აღდგენა.  ამ  საქმის  წარმოდგენაც  კი  გუნება-განწყობას  უფუჭებდა  ხალხს,  რადგან  იგი აღკვეთილი  იყო  ყველაფერს; მას არც ფული ჰქონდა, აღარც ძალ-ღონე  და  იმჟამად,  ამდენი  უბედურების  გადატანის  შემდეგ,  რაღაცნაირად  მოსვენება  და  ამოსუნთქვა  სჭირდებოდა და  არა  დამქანცველი  შრომა  და  გამოფიტვა.  ამის  გამო  ნელ-ნელა  კვლავ  მიუბრუნდნენ  ვეის,  ყველაფრით  შემკობილსა და  თავშენახულ  ქალაქს,  ხალხის  გულის  მოსაგებ  ლაპარაკს მიჩვეულ  პირებს  ამან  ახალ  წაქეზებათა  საბაბი  მისცა.  გაისმა   კამილუსის  წინააღმდეგ  მოწოდების  ხმები: ეს   კაცი  პატივმოყვარეობისა  და საკუთარი  სახელის  გულისათვის  თანამოქალაქეებს  ხელიდან  ართმევს  მზამზარეულ  ქალაქს  და აიძულებს,  აღადგინონ  ნანგრევებად  ქცეული  და   ნახანძრალი  შენობები.  მას   სურს,  უკუაგდოს  რომულუსის   სახელი და  თვითონ  არა  მარტო  წინამძღოლად  და  სარდლად,  არამედ რომის  დამფუძნებლადაც იწოდებოდეს!
მოსალოდნელი  შფოთის  შიშით  სენატმა    მთელი  წლის მანძილზე  ნება  არ  მისცა  კამილუსს,  თავიდან  მოეხსნა  თანამდებობრივი  რწმუნება,  თუმცა  არც  ერთ დიქტატორს  ექვს თვეზე  მეტ  ხანს  არ  გადაუცილებია.  რაც  შეეხება  ხალხს,  სენატი  ამხნევებდა,  ლმობიერი  სიტყვებით  არწმუნებდა  და  ეფერებოდა; მიუთითებდა გმირთა საფლავებსა და   მამა-პაპათა სამარეებზე; ახსენებდა წმიდათა წმიდა ადგილმდებარეობათ, რომლებიც  რომულუსმა, ნუმამ  თუ სხვა  მეფეთაგანმა ღმერთებს  შესწირა  და  დასაცავად  მათ,  რომაელებს  დაუტოვა.   სენატის  წევრებს  მაგალითად  მოჰყავდათ,  უწინარეს  ყოვლისა  ღვთიური  სასწაული  – კაპიტოლიუმის  დაფუძნების ჟამს   მოვლენილი  ახლად  მოჭრილი  თავი,   როგორც  ნიშანი იმისა,  რომ  კაპიტოლიუმს  ბედით  ეწერა  იტალიის  თავად  გახდომა.  ასევე მიუთითებდნენ  სენატორები  ხალხს  ღმერთქალ ვესტას  ცეცხლზე,  რომელიც  ვესტას  მსახურმა  ქალწულებმა ომის  შემდეგ  კვლავ  დააგზნეს.  ამ   ცეცხლს, –  ამბობდა  სენატი, –   ჩაანელებენ  და   ჩააქრობენ  მოქალაქენი,  თუ  ისინი ქალაქ რომს მიატოვებენ. გარედან მათთვის სამარცხვინო იქნება იმის ცქერა, მოსული უცხოელებით თუ დასახლდება, ანდა  დაცარიელდება  და  ცხვრის  ფარის  საძოვრად  იქცევა! აი,  ასეთი  გულისმომკვლელი  სიტყვებით  მიმართავდნენ  განუწყეეტლივ  სენატის  წევრები  ხალხს,  მაგრამ  თვითონაც წუხდნენ  იმის  გამო,  რომ  ხალხი  დასტიროდა  იმჟამად  შექმნილ  თავის  მძიმე  ვითარებას  და  მოითხოვდა,  არ  გაეხადათ იგი  იძულებული,  ვით  ჩაძირული  ხომალდიდან  გადარჩენილი,  გატიტვლებული  და  გაჭირვებული  მეზღვაურები,  დანგრეული  ქალაქის  ნაშთები  შეეკოწიწებინათ  მაშინ,  როცა  აქვე იყო  მეორე – ხელუხლებელი  და  მზამზარეული. 
32. კამილუსმა  გადაწყვიტა,  სენატის სხდომა  დაენიშნა. სხდომაზე  ბევრი  ილაპარაკა  მან და,  მსშენელთ  სამშობლოს დასაცავად  მოუწოდა.  ბევრი  ილაპარაკეს  სხვებმაც  ისე,   როგორც  კამილუსს  სურდა.  მერმე  ფეხზე  წამოდგა  და  ბრძანა, ლუციუს  ლუკრეციუსს,  ვინც  ჩვეულებრივ  ყოველთვის  პირველი  ამბობდა  ხოლმე  გუნებით  განზრახულს,  თავისი  აზრი პირველს  გამოეთქვა,  ხოლო  შემდეგ  რიგრიგობით  – ყველა  დანარჩენს.  როცა  დუმილი  ჩამოვარდა  და  ლუკრეციუსმა ის   იყო  სიტყვის  თქმა  დააპირა,  შემთხვევით  გარედან  შემოიჭრა ხმა ცენტურიონისა,  რომელმაც  თავისი  დღის  სადარაჯო  რახმით  გვერდით  ჩაიარა.  მან  ხმამაღლა  უბრძანა  მეწინავე   მედროშეს,  იქ   გაჩერებულიყო  და  დროშაც  იქვე  დაედგა: ყველაზე  მშვენიერი  ადგილია  დასაჯდომად  და   მოსასვენებლადო.  ეს  სიტყვები  სწორედ  თავის  დროზე  გაისმა  და  ბუნდოვან  მომავალზე  არსებულ  ფიქრსა  და  აზრს   უპასუხებდა. ლუკრეციუსმა  ღმერთს  თაყვანი  სცა  და  თქვა,  რომ  ემორჩილება  მის  აზრს;  ყველა  დანარჩენი  სათითაოდ   მიჰყვა  ლუკრეციუსს.  საოცარი  ცვლილება  მოხდა  ხალხის  განწყობილებაშიც:  ერთმანეთის  მოწოდებით  ყველამ  საქმეს  მოჰკიდა  ხელი  და   ყოველგვარი  დანაწილებისა  და წესრიგის  გარეშე, ვისაც  როგორ  მოუხდა  და  მოესურვა,  ისე   დაეუფლნენ  ადგილმდებარეობას. ქალაქი   აჩქარებული  სიბეჯითით   აღადგინეს;  რის  გამოც  უმწყობრო  გამოვიდა  ვიწრო  შუკებით  და არევდარეულად  ნაგები  სახლებით.  ამბობენ:  ქალაქის  ზღუდენი  და  თავისი  სახლები  რომაელებმა  ერთი  წლის  განმავლობაში აღადგინესო. 
ვინაიდან  ქალაქში  ყველაფერი  ერთმანეთში  იყო   აღრეული,  კამილუსმა  ზოგიერთებს  დაავალა,  დაეძებნათ  და   განესაზღვრათ  წმინდა  მონაკვეთები;  როცა  ესენი  პალატიუმს გარს  უვლიდნენ,  მიადგნენ  მარსის  ტაძარს რომელიც  ვით ყველა  ტაძარი,  ბარბაროსებს  დაენგრიათ  და გადაეწვათ.  ამ ადგილის  დათვალიერებისა  და  გაწმენდის  დროს  წააწყდნენ რომულუსის  სამისნო  კვერთხს,  რომელიც  ფერფლის  სქელი ფენით  იყო  დაფარული.  ეს   გახლავთ  ორივე  მხრივ  მოკაუჭებული  ჯოხი,  რომელსაც  ეწოდება  ლიტიონი.37 მას   იყენებენ ფრინველთა  ფრენაზე  მისნობის  ჟამს  ზეცაზე  ოთხკუთხედების  შემოსაწერად.  სწორედ  ასე  იყენებდა  ამ  კვერთხს  რომულუსი,  ვინც  ყველაზე  დიდი  მისანი  გახლდათ.  იმ დღიდან, როცა  ხალხში  მყოფი  რომულუსი  უეცრად  გაუჩინარდა,  ქურუმებმა  ეს  კვერთხი  აიღეს  და  სხვა  წმინდა  ნივთებთან  ერთად  შეინახეს  ვით ხელუხლებლად  დასაცავი  საგანი.  ყველაფრის  შემმუსვრელ  მოსპობას  გადარჩენილი  კვერთხის  პოვნამ რომაელებს  საამო  იმედები  შთაუნერგა  რომის  ბედის  გამო. მიიჩნიეს,  რომ  ეს  ნიშანი  ამტკიცებდა  მის  მარადიულ  ხსნასა და სიკეთეს. 
33. ხსენებულ  საქმეთაგან  ჯერ  კიდევ  არ  იყვნენ  მოსვენებული  რომაელები,  როცა  ერთდროულად   დაატყდათ  თავს ომი  რომის  სამფლობელოში  შემოჭრილ  ექვებთან,  ვოლსკებსა   და  ლათინებთან,  აგრეთვე  ტირენებთან,  რომლებმაც  ალყაში   მოაქციეს   რომაელთა  მოკავშირე  ქალაქი  სუტრიუმი. როცა  ლათინებმა  ალყა  შემოარტყეს  მარკიუსის  მთასთან  დაბანაკებულ  ჯარს, და  ამ  ჯარის  წინამძღოლმა სამხედრო ტრიბუნებმა,   რომელთაც  ბანაკის   დაკარგვის  საფრთხე  ემუქრებოდა,  რომში  მაცნე  აფრინეს;  აი  მაშინ  კამილუსი  მესამეგზის დანიშნეს დიქტატორად. 
ხსენებული  ომის  თაობაზე  ორგვარ  ამბავს   გადმოგვცემენ. ამათაგან  ჯერ  უფრო  ზღაპრულად  გადმოცემულს  გიამბობთ.  გადმოგვცემენ  კი  შემდეგს:  ლათინებმა  ან  ჩხუბის საბაბისათვის,  ანდა  მართლაც  იმისათვის,  რომ  კვლავ  თავიდან  დამოყვრებულიყვნენ,  მაცნეთა  პირით  რომაელებს  ცოლებად  მოსთხოვეს  თავისუფლად  შობილი  ქალიშვილები. რომაელებმა  არ  იცოდნენ,  რა  ექნათ:  თან  ომის  ეშინოდათ, რადგან  ჯერ  კიდევ  არ  იყვნენ  ფეხზე  მტკიცედ დამდგარნი და  ვერც  ძალ-ღონე  აღედგინათ,  თანა,  ეჭვობდნენ,  რომ ლათინები ქალებს  მოითხოვდნენ  მძევალ-ხასებად, ხოლო  ლაპარაკი  მათთან  ქორწინებაზე  უბრალოდ კეთილი  საბაბი  იყო. და  აი  მაშინ  ერთმა  მონა  ქალმა,  სახელად  ტუტულამ,  ანდა როგორც  სხვები  უწოდებენ  ფილოტიდამ,  ხელისუფალთ  ურჩია:  იქ მე  გამგზავნეთ  და თან  გამაყოლეთ  მონათაგან  ყველაზე  ახალგაზრდა,  შესახედაობით  თავისუფალთა  მსგავსი ქალიშვილები,  საპატარძლოდ  კეთილშობილებივით  მორთულნი,  დანარჩენი  კი  ჩემზე  იყოსო.  ხელისუფალნი  დათანხმდნენ,  აირჩიეს  მსახურ ქალთაგან  ისეთები,  როგორიც  ტუტულამ  სცნო  ვარგისად,  მორთეს  ისინი  სამოსით, ოქროს სამკაულებით  და   გადასცეს  ლათინებს,  რომლებიც  ქალაქიდან არცთუ  მოშორებით  დაბანაკებულიყვნენ.  ღამით  საპატარძლოებმა  მტრის  მახვილები  დაიტაცეს, ტუტულა  თუ  ფილოტიდა  კი   ერთ  მაღალ  ლეღვის  ხეზე   გავიდა,  ზურგსუკან წამოსასხამი  გაშალა  და  ჩირაღდნით  რომს  ნიშანი  მისცა,  როგორც  შეპირებული  იყო  ხელისუფლებთან.  ამ   ნიშნის  თაობაზე  მოქალაქეებმა არაფერი  იცოდნენ,  ამიტომ  ჯარისკაცები, რომელთაც  მეთაურები აჩქარებდნენ, არეულ-დარეულად გამოდიოდნენ, ერთმანეთს მოუხმობდნენ და ძლივძლივობით მწკრივდებოდნენ.  ისინი  მიუახლოვდნენ  უდარდელად  მძინარე  მტრის  მიწაყრილს,  აიღეს  ბანაკი  და  შიგმყოფთა  უმრავლესობა  დახოცეს.  ეს  ამბავი  მოხდა  ახლა  ივლისად,  მაშინ  კი კვინტილისად  წოდებული  თვის  ნონებში.38  ამ   ამბის  მოსაგონარია  დღესასწაული,  რომელიც   დღესაც  იმართება:  უწინარეს   ყოვლისა  ქალაქის  ჭიშკრიდან  თავმოყრილად  გამოსულნი  ხმამაღლა  გაიძახიან  იქაურ  გავრცელებულ   სახელებს, როგორიცაა  – გაიუსი,   მარკუსი, ლუციუსი  და   სხვა   ამდაგვარნი.  ამით  ჰბაძავენ  მაშინდელი  ფუსფუსის  დროს  ერთმანეთის   ხმობას.   შემდეგ   სასეირნოდ   გამოდიან   საგანგებოდ მორთული  მონა  ქალები  და  შემხვედრთ  მოსწრებულად  დასცინიან,   მერმე  იმართება  ბრძოლის  გათამაშება  მონა  ქალთა შორის  იმის   აღსანიშნავად,  რომ  მათ  თავის  დროზე  მოუხდათ ლათინებთან ომში  ჩაბმა.  ლხინის სუფრას  უსხდებიან  ლეღვის  ხის  ჩრდილში  და  ამ  დღესაც  „კაპრატინის  ნონებს“ უწოდებენ,  როგორც  ვარაუდობენ,  იმ  ლეღვის  ხის  გამო,  საიდანაც  ქალიშვილმა  ჩირაღდანი  აღმართა;  ლეღვის  ხეს  კი რომაელები  „კაპრიფიკუსს“  ეძახიან.  უმრავლესობა  ამბობს, ხსენებულ მოქმედებათა და გადმოცემათა დიდი ნაწილი რომულუსის  თავსგადამხდარ  ამბას უკავშირდებაო.  სწორედ  ამ  დღეს,  ირგვლივ  წყვდიადისა  და  ქარიშხლის  დადგომის  ჟამს,  ხოლო როგორც  სხვები  ფიქრობენ,  მზის  დაბნელების  დროს,  ჭიშკრის  გარეთ  გაქრა რომულუსი; ხოლო ამ დღეს იმ  ადგილის  მიხედვით  „კაპრატინის  ნონები“ იმიტომ  ეწოდა, რომ  „კაპრა“ თხის  აღმნიშვნელი  სიტყვაა.  ხალხთან  მოსაუბრე  რომულუსი  კი  სწორედ  ეგრეთ  წოდებულ  „თხის  ჭაობთან“   გაქრა,  როგორც  ეს   მის   ცხოვრებაშია  აღწერილი.39
34.   მეორე  ამბავს,   რომელსაც  მწერალთა  უმრავლესობა მისაღებ  ამბად  მიიჩნევს,  ასე  გადმოგვცემენ:  მესამეგზის დიქტატორად დანიშნულმა კამილუსმა როგორც კი შეიტყო სამხედრო ტრიბუნების  წინამძღოლობაში  მყოფი  ჯარი  ლათინებისა  და  ვოლსკების  ალყაშია  მოქცეულიო,  იძულების გამო  საჭირო  ასაკიდან  უკვე  გასული  მოქალაქეებიც  შეაიარაღა, შორიდან  შემოუარა  მარკიუსის  მთას  და  მტრისგან უჩუმრად.  მის  ზურგს  უკან  დააბანაკა  ჯარი. მერმე  მრავალი კოცონი  დაანთო  და  რომაელებს  ამით  თავისი  მოსვლა  აუწყა. ალყაში  მოქცეულები  გამხნევდნენ  და  განიზრახეს,  ალყა  გაერღვიათ  და  მტერს  შებმოდნენ.  მტრისგან  ორმხრივ  განსაცდელში  მყოფმა  ლათინებმა  და  ვოლსკებმა,  იმ  შეგნებით, რომ  შინიდან  სხვა დამხმარე  ძალის  მოსვლასა  და აგრეთვე  ტირენების  შემწეობას  დაელოდებოდნენ,  თავისიანებს  მიწაყრილის  შიგნით  მოუყარეს  თავი,  ბანაკი  ხშირი  მესერით,  გადაღობეს  და  ყოველი  მხრიდან  გაამაგრეს.  კამილუსმა  გაიგო  და იმის  შიშით,  თვითონვე  არ   აღმოჩენილიყო  მის   მიერ  ალყაშემორტყმული  მტრის  განსაცდელში,  ყოველ  ღონეს  მიმართა ხელსაყრელი ვითარება რომ გამოეყენებინა. რაკი მტრის ღობე  ხისა იყო  და განთიადზე მთებიდან ძლიერი ქარი  უბერავდა,  კამილუსმა  ცეცხლმტყორცნი  იარაღი  მოამზადებინა. დილაადრიან  კი  თავისი  ძალები  გამოიყვანა,  რომლის  ნაწილს  უბრძანა,  ცალი  მხრიდან  ყვირილით  ესროლათ მტრისთვის  შუბ-ისრები,  ხოლო  უშუალოდ  მის  ხელმძღვანელობაში  მყოფი  მეორე  ნაწილი,  რომელსაც  ცეცხლის  ტყორცნა  ევალებოდა  და  ის მხარე  ეჭირა,  საიდანაც  ქარი  ჩვეულებრივ  ძლიერ  აწყდებოდა  მტრის  მიწაყრილს,  თავის  ჟამს დალოდებოდა,  როგორც  კი  დაიწყო  ბრძოლა,  მზე  ამოვიდა და ქარმაც  მძლავრად  დაუბერა;  კამილუსმა  თავდასხმის  ნიშანი  მისცა  და  მტრის  მიწაყრილს  უხვად  დასცხო  ცეცხლოვანი  ისრები.  ცეცხლის  ძლიერი  ალი  სწრაფად  მოედო  ხის ღობურს  და  ირგვლივ  გავრცელდა.  ლათინებს  კი  არავითარი საშუალება  არ  გააჩნდათ  მის  ჩასაქრობად  და  მთელი  ბანაკი უკვე  ცეცხლმა  მოიცვა.  ჯერ  ერთ  მცირე  ადგილას  მოიყუჟნენ  ლათინები,  მაგრამ  მალე  იძულებული  გახდნენ,  იქედან გამოცვენილიყვნენ  და  მიწაყრილთან  გამწკრივებულ  შეიარაღებულ  მოწინააღმდეგეთ  ხელთ ჩავარდნოდნენ. მათგან მცირეოდენნი  გადარჩნენ,  ხოლო  ბანაკში  დარჩენილები  ერთიანად  დაიღუპა  ცეცხლში,  რომელიც  მერმე  რომაელებმა ჩააქრეს,  რათა მტრის ქონება დაეტაცათ. 
35. ხსენებულ  ამბავთა  შემდეგ  ტყვეთა  და  ნადავლის  დასაცავად  კამილუსმა  ბანაკში  დატოვა  თავისი  ვაჟი  ლუციუსი, თვითონ  კი   მტრის  სამფლობელოში  შეიჭრა;   აიღო  ექვების ქალაქი,  დაიმორჩილა  ვოლსკები  და   მყისვე  წაიყვანა  მხედრობა  სუტრიუმისაკენ.  კამილუსმა  ჯერ  კიდევ  არ   იცოდა,  რა ბედი  ეწია   სუტრიუმელებს,  ამიტომ   ჩქარობდა,   დახმარება აღმოეჩინა  ტირენების  მხრივ  ჯერ  კიდევ  საფრთხესა  და  ალყაში  მყოფთათვის.  სუტრიუმელებს  კი   ქალაქი  უკვე  მტრისთვის  ჩაებარებინათ,  ხოლო  თვითონ  გამოერეკათ  ყოველივეს აღკვეთილნი  და   იმის   ანაბარა,   რაც  ტანზე   ემოსათ. ისინი ცოლ-შვილით  შეხვდნენ  გზად  კამილუსს  და  თავიანთ  ბედს დასტიროდნენ.  მათ  შემხედვარე  კამილუსს  თვითონაც  აუჩუყდა  გული  და  როცა  დაინახა  აქვითინებული და მომხდარი ამბის  გამო  აღშფოთებული  რომაელები,  რომელთაც  სუტრიუმელები  მჭიდროდ  ეკონებოდნენ,  გადაწყვიტა,  შურისძიება არ  გადაედო  და  დაუყოვნებლივ,  იმავე  დღეს  წაეყვანა  ჯარი სუტრიუმისაკენ.  იგი  ფიქრობდა,  რომ  ხალხს,  რომელმაც  ახლახან  აიღო  სიკეთით  და  სიმდიდრით  სავსე  ქალაქი  და  შიგ არც  ერთი  მტერი  არ  დატოვა  და  არც  გარედან  მოელოდა მოწინააღმდეგეს,  მთლიანად  მოშვებულსა  და  დაცვაზე  ხელაღებულს  წააწყდებოდა.  კამილუსის  ფიქრი  ზუსტი  გამოდგა.  მან  არა  თუ  ის  მხარე  გადაიარა  შეუმჩნევლად,  არამედ შეუმჩნევლადვე  მიადგა  ქალაქის  ჭიშკარს  და  მისი  ზღუდღეც შეუმჩნევლადვე  დაიკავა.  არც  ერთი  მცველი  არ  ჩანდა:  ყველანი  სახლებში  იყვნენ  მიმოფანტულნი  და  ღვინის  სმაში ატარებდნენ  დროს.  როცა  ტირენები  მიხედნენ,  მტრის  გამარჯვებას,  ღორმუცელობისა  და  სიმთვრალისაგან  ისე  იყვნენ  წამხდარნი,  რომ  ბევრს  თავის  დაღწევაც  არ  უცდია  და, ან  სახლებში  დარჩთენილნი  დაიხოცნენ  სამარცხვინოზე  სამარცხვინოდ, ანდა  მტერს  ჩაბარდნენ  სუტრიუმელთა  ქალაქს წილად  ხვდა  ერთ  დღეში  ორგზის აღება.  ახალმა  პატრონებმა იგი  დაკარგეს,  ხოლო ძველმა  პატრონებმა  კვლავ  დაიბრუნეს კამილუსის წყალობით. 
36.  ამ წარმატებათა  გამო  გადახდილმა  ტრიუმფმა  კამილუსს  წინანდელ  ორ ტრიუმფზე ნაკლები  სახელი  და  აღიარება  როდი  მოუტანა.  ის   მოქალაქენიც  კი, რომელთაც  მეტისმეტად  შურდათ  მისი და  სურდათ  ყველა  მისი  წარმატება ბედნიერი  შემთხვევით  აეხსნათ  და  არა  მამაცობის  მიზეზით, კამილუსის  საგმირო  საქმეებმა   აიძულეს,   ვაჟკაცის  სიჩაუქე   და  ძალის  სიმტკიცე  დამსახურებული  სახელით  შეემკოთ. მის მოწინააღმდეგეთა  და   მეშურნეთა  შორის  ყველაზე  გა მოჩენილი  კაცი  იყო  მალიუსი,   ვინაც   პირველმა  გადაყარა კაპიტოლიუმის  მწვერვალიდან  ღამით   თავდამსხმელი  კელტები  და  ამის  გამო კაპიტოლიუმელი შეარქვეს. 
მას   დიდი  სურვილი  ჰქონდა,  მოქალაქეებში  უპირველესი ყოფილიყო,  მაგრამ  კამილუსის  სახელის  გადალახვა  წესიერი საშუალებით  ვერ  შეძლო, ამიტომ   გაცვეთილსა და  ჩვეულ გზას  დაადგა,  რომელიც  ტირანიის  საფუძველს   ქმნიდა.  მან ბრბოს  გულის  მოგება  დაიწყო  ყევლაზე  მეტად  იმით,  რომ მოვალეებს  გამოექომაგა;  ნაწილს  მევახშეთაგან  იცავდა  სასამართლოში,  სხვებს  კი ძალით  გამოსტაცებდა ხოლმე  ხელიდან  მმართველობას  და  მათ  მიმართ  კანონის  აღსრულებას აბრკოლებდა.  მალე  მის   ირგვლივ  თავი  მოიყარა  მრავალმა ღარიბ-ღატაკმა რომლებიც თავხედურად   იქცეოდნენ  და ფორუმზე  წესრიგს  არღვევდნენ.  საუკეთესო  მოქალაქეებს ეს  დიდ  შიშს  ჰგვრიდა.  არეულობის  ბოლოს  მოსაღებად  დაინიშნა  დიქტატორი  – კვინტუს  კაპიტოლინუსი  რომელმაც საპყრობილეში  ჩასვა  მალიუსი.  მოხდა  თუ  არა  ეს,  ხალხმა სამოსი  შეიცვალა,  რაც  ჩვეულებრივ  დიდი  და  სახელმწიფოებრივი უბედურების  ჟამს  ხდებოდა,  სენატს შფოთის ატეხის  შეეშინდა  და  ბრძანა,  მალიუსი  გაეთავისუფლებინათ.  ციხიდან გამოშვებული  მალიუსი  უკეთესი როდი  გახდა:  იგი  კიდევ  უფრო  მეტი  თავხედობით  იბირებდა  ბრბოს  და  აშფოთებდა  ქალაქს.  მაშინ კამილუსი  კვლავ  აირჩიეს  სამხედრო ტრიბუნად40. მალიუსი  სამართალში  მისცეს,  მაგრამ  ბრალმდებლებს  მეტისმეტად  უშლიდათ  ხელს  ხედი.  საქმე  ის  გახლდათ,  რომ  ადგილი,  სადაც  მალიუსი  გავიდა  და  ღამით  კელტებს  ბრძოლა  გაუმართა,  ფორუმიდან კაპიტოლიუმზე  მოჩანდა  და  შემყურეთ  სიბრალულს  ჰგვრიდა.  თვითონ  მალიუსმაც აღაპყრო  ხელები  იქითკენ  და  თვალებზე  ცრემლმორეულმა მოიგონა  თავისი  ბრძოლები. მოსამართლენი გამოუვალ  მდგომარეობაში  აღმოჩნდნენ  და ბევრჯერ  გადადეს  საქმის  გარჩევა; არც  გათავისუფლება  უნდოდათ  მალიუსისა  და  ვერც  კანონს იყენებდნენ  მის  წინააღმდეგ:  ხსენებული  ხედის ცქერისას ყველას  თვალწინ  ედგა  ბრალდებულის  საგმირო  საქმე.  ამას კამილუსი  მიხვდა  და  სასამართლო  ქალაქგარეთ,  პეტელიუმის  ჭალაკში  გადაიტანა,  საიდანაც  კაპიტოლიუმი  არ  მოჩანდა,  ახლა  კი  ბრალმდებელმაც  წარმოთქვა  საბრალდებო  სიტყვა  და  მოსამართლეებმაც დაივიწყეს  ბრალდებულის ყოფილი  წარმატება  და  თავის  რისხვა  ახლანდელი  დანაშაულისაკენ  მიმართეს.  მალიუსს  სიკვდილი  მიუსაჯეს,  კაპიტოლიუმზე  წაიყვანეს და კლდიდან  გადააგდეს.  აი ასე გახდა  ერთი და  იგივე  ადგილი  უბედნიერესი  წარმატებისა და უდიდესი წარუმატებლობის ძეგლი.  რომაელებმა  მალიუსის სახლი დაანგრიეს,  იქ  ააგეს  ტაძარი  იმ  ღმერთქალისა,  ვისაც  მონეტას  უწოდებენ41 და  დაადგინეს,  ამიერიდან  არც  ერთ  პატრიციუს  არ  ეცხოვრა ციხესიმაგრეში.
37.   კამილუსს  მეექვსე  გზის  მოუხმეს  სამხედრო  ტრიბუნის  თანამდებობაზე,  მაგრამ  იგი  ამაზე  უარს აცხადებდა და მიზეზად უკვე  ხანდაზმულობას  აცხადებდა.  თანაც  ეტყობოდა,   ეშინოდა  გადაკიდებისა  და შურისძიებისა,  რაც   ჩვეულებრივ  ასეთ  სახელსა  და წარმატებას  ახლავს. 
უმთავრესი  მიზეზი  მაინც  სხეულის  უძლურება  გახლდათ: სწორედ  იმ  დღეებში  კამილუსი  ავად  იყო.  ხალხი  არ  ეშვებოდა,  ყვირილით  უხმობდა:  „არც  ცხენზე  ამხედრება  დაგჭირდება  და  არც ბრძოლაში  იარაღით  მოქმედება, – მხოლოდ  რჩევა  და ბრძანება  გვინდა შენიო“! 
ერთი  სიტყვით  მაშინ  კამილუსი  აიძულეს,  ეკისრა  თანამდებობა  და  თანამმართველთან –  ლუციუს  ფურიუსთან  ერთად  მყისვე  წაეყვანა  ლაშქარი  მტრების   წინააღმდეგ.42  ესენი   იყვნენ  პრენესტინელები  და  ვოლსკები,  რომლებიც  დიდი ძალებით  რომაელთა  მოკავშირეებს  არბევდნენ. 
კამილუსმა  ჯარი  წაიყვანა  და   მტრების  პირისპირ  დაბანაკდა.  მისი  აზრით,  დრო  თავისთავად მოუღებდა  ომს  ბოლოს და გადაწყვიტა,  თუ  ბრძოლა  მაინც  დასჭირდებოდა,  მაშინ გაემართა,  როცა  ჯანმრთელობას  აღიდგენდა. მაგრამ  ჯარის მართვაში  მისი ამხანაგი  ლუციუსი,  სახელის  მოხვეჭით  აღტყინებული,  შეუპოვრად  მიისწრაფოდა   საფრთხისაკენ  და ცენტურიონებსა და რაზმთა  სხვა   მეთაურებსაც   აქეზებდა. იმის  შიშით,  ვინმემ  ახალგაზრდების  წარმატებისა  და  სახელის შურისმაძიებლობა  არ  დამწამოსო,  კამილუსმა  თავისი  სურვილის  წინააღმდეგ  ლუციუსს  საბრძოლველად  ჯარის   დარაზმვის  ნება  მისცა,  თვითონ  კი,   შეუძლოდ  ყოფნის  გამო,  მცირერიცხოვან  რაზმთან ერთად  ბანაკში  დარჩა. 
ლუციუსი  თავდავიწყებით  გადაეშვა  ბრძოლაში,  მაგრამ ძლეულ  იქმნა.  გაიგო  თუ  არა  რომაელთა  უკუქცევა,  კამილუსმა  თავი  ვეღარ  შეიკავა, ლოგინიდან წამოიჭრა,  თავის  ამალასთან  ერთად  ბანაკის  ჭიშკართან  უკუქცეულთ  დახვდა  და მდევარი  მტრის  მიმართულებით  დაიწყო  გზის  გაკაფვა.  უკუქცეულთა  ნაწილი  მაშინვე  გაბრუნდა  და კამილუსს  მიჰყვა, ისინი კი, რომლებიც  გარედან  კამილუსისაკენ  გამორბოდნენ,  მის  წინ  ჩერდებოდნენ,  ფარებს  ამჭიდროებდნენ  და  ერთმანეთს   მოუწოდებდნენ,  არ   ჩამორჩენოდნენ მთავარსარდალს. მაშინ  კი მტრებმა  თავი  ანებეს რომაელთა  დევნას.  მეორე  დღეს  კამილუსმა  ჯარი  გამოიყვანა, ბრძოლა   გამართა და  მტრის  ძალა  მთლიანად  შემუსრა, მერმე   ბანაკი  აიღო, ლტოლვილი  მოწინააღმდეგენი  შიგ  შერეკა  და  უმრავლესობა  ამოჟლიტა.  ამის  შემდეგ,  როცა  შეიტყო,  ქალაქი  სატრია ტირენებს  აეღოთ  და  რომაელი  მოსახლენი  მთლიანად  ამოეხოცათ,  თავისი  ჯარის  დიდი  და  მოუქნელი  ნაწილი  რომს გაგზავნა,  ყველაზე  უფრო  მარჯვე  და  მგზნებარე  მეომრებთან  ერთად  კი  ქალაქის  მპყრობელ  ტირენებს  თავს  დაესხა. მან  ისინი დაამარცხა:  ნაწილი  განდევნა,  ნაწილი  კი  მოაკვდინა. 
38.   დიდძალი  ნადავლით  რომს    დაბრუნებულმა  კამილუსმა  დაამტკიცა,  რომ  ყველაზე  გონიერები   იყვნენ ისინი, რომლებიც  გამოცდილი  და  მამაცი  წინამძღოლის  ავადმყოფობასა  და  სიბერეს  არ შეუშინდნენ  და,  მისი  უარისა  და  სნეულების  მიუხედავად,  სწორედ  იგი  აირჩიეს  და  არა  ახალგაზრდა  ვინმე,   ვინც  დაუოკებლად  მიისწრაფოდა  გამგებლობისაკენ. ამიტომ,  როცა ხმა დაირხა ტუსკულუმლები  გადაგვიდგნენო,  კამილუსს  უბრძანეს  მათ წინააღმდეგ  გალაშქრება. კამილუსმა  ხუთ  თანასარდალში  ერთი  შეიამხანაგა. მართალია,  ხუთივეს  დიდი  სურვილი  ჰქონდა,  მას   გაჰყოლოდა,   მაგრამ  კამილუსმა  დანარჩენებს  უარი უთხრა  და  ყველასაგან მოულოდნელად  აირჩია  ლუციუს  ფურიუსი.  ეს   ის   კაცი  იყო,  ვინც  კამილუსის  აზრის  წინააღმდეგ  წავიდა,  მცირე ხნის  წინ  დიდი  მგზნებარებით  ბრძოლა  გამართა  და  ბედგაუღიმებლად  წააგო! კამილუსს, ეტყობა, ამ  სამწუხარო  შემთხვევის  მიჩქმალვა და ვაჟკაცისათვის  სირცხვილის  ჩამოცილება  სურდა;  ამიტომ  ყველას  წინაშე  მისცა  უპირატესობა. ამასობაში  ტუსკულუმლებმა  თავიანთი  შეცდომის  გამოსწორება  მოინდომეს  და  ხერხს  მიმართეს:  როგორც   კი   დაიძრა მათ   წინააღმდეგ  კამილუსი,   მინდორ-ველი,  ვით    მშვიდობიანობის  დროს,  მიწის  მუშაკებით  და  მწყემსებით  გაავსეს, ქალაქის  ჭიშკრები ფართოდ  გააღეს,  ბავშვები  სასწავლებლებში   ჩვეულებრივ  დადიოდნენ,  სახელოსნოებში  კი   მომუშავე ოსტატები  მოჩანდნენ;   განათლებული  მოქალაქენი  ტოგებში  გამოწყობილი  დასეირნობდნენ  მოედანზე   ხოლო  ხელისუფალნი  ათავსებდნენ  რომაელებს  სადგომებში; ერთი  სიტყვით  ისე   იქცეოდნენ,  თითქოს  არავინ  ავს  არ  მოელოდა  და ავი  საქმისა  არავინ  არაფერი  იცოდა.  ასეთი  მოქმედების  მიუხედავად, იქაურთა მოღალატური საქციელი კამილუსს არ გამოპარვია მაგრამ ღალატის მონანიებამ თანაგრძნობა აღუძრა და  ტუსკულუმლებს  ურჩია  სენატს  ხლებოდნენ  და რისხვის  დაცხრომა  გამოეთხოვათ.  მერმე  თვითონვე  დაეხმარა  მთხოვნელებს,  რათა  მათი  ქალაქი  ყველა  ბრალდებისაგან დახსნილიყო  და თავისი უფლება აღდგენოდა. 
ასეთი  გახლდათ  კამილუსის  ყველაზე  გამოჩენილი  საქმენი მეექვსეჯერ  მისი  სამხედრო  ტრიბუნად  ყოფნის  ჟამს. 
39. აღნიშნულ  ამბავთა  შემდეგ   ლიცინიუს   სტოლონმა რომის  ქალაქში  დიდი შფოთი  ატეხა.  აღელვებული  ხალხი  სენატისაგან  მოითხოვდა,  ორ კონსულში  ერთი უსათუოდ  უბრალო  ხალხისაგან ყოფილიყო  და  არა  ორივე  – პატრიციუსი. 
სახალხო  ტრიბუნები უკვე აირჩიეს, მაგრამ კონსულთა არჩევნების დამთავრებას ხალხი   აბრკოლებდა.  უხელისუფლებიანობა  სახელმწიფო  საქმეებს  უფრო  დიდი  შფოთისაკენ   მიაქანებდა;  ამიტომ  სენატმა  კამილუსი   მეოთხედ  დანიშნა დიქტატორად43  ხალხის  სურვილის  წინააღმდეგ  და  არც თვითონ  კამილუსს  ჰქონდა  საამისოდ  დიდი  ხალისი.  მას  როდი   სურდა,  დაპირისპირებოდა  იმათ,   რომელთაც   მრავალი და  დიდი  გადახდილი  ბრძოლა  უფლებას  აძლევდა  მასთან თავისუფლად  ელაპარაკნათ.  მის   საქმეთა  უმრავლესი  ნაწილი  შესრულებული  იყო  სწორედ  ამ ხალხთან  ერთად  ბრძოლებში  და  არა  პატრიციუსებთან  ერთად  სახელმწიფო  მოღვაწეობის  ასპარეზზე. პატრიციუსებმა  იგი  ახლა  შურის  გამო აირჩიეს  დიქტატორად,  რათა  დაეძლიათ  ხალხის მღელვარება, ანდა  თუ  ვერ  გაიმარჯვებდა, თვითონ  დამხობილიყო.  კამილუსი  მაინც  ცდილობდა,  შექმნილი   მდგომარეობისათვის ეშველა.  გაიგო  დღე,  როცა  სახალხო  ტრიბუნებს  კანონის  გატარება  ჰქონდათ  მოსაზრებული  და  ამავე  დღისათვის  ჯარის შეკრება  დანიშნა.   საამისოდ  ხალხს   მოუწოდა,  ფორუმიდან გველზე  ჩამოსულიყო:  ვინც  არ  დაემორჩილებოდა,  დიდი  ჯარიმით  ემუქრებოდა,  თავის  მხრივ ფორუმიდან   კამილუსს კვლავ  აუმხედრდნენ  სახალხო  ტრიბუნები  და  ფიცით  ემუქრებოდნენ:  ორმოცდაათი  ათასი  ვერცხლის  ფლურით44  დაგაჯარიმებთ,  თუ  კანონისათვის  ხმის   მიცემისაგან  ხალხის  განრიდებას  არ   შეწყვეტო.  იმის  შიშით,  კვლავ  არ გამასამართლონ  და  არ   გამდევნონო,  რაც  ესოდენ  დიდ  საქმეთა  შემსრულებელი  მისი   ასაკის   კაცისათვის  შეუფერებელი  იქნებოდა,  ანდა  სულაც  იმიტომ,  რომ არ  ძალუძდა  და  არც  სურდა   ბრბოს  დაუძლეველ  ძალას  შებრძოლებოდა.  კამილუსმა თავი სახლს  შეაფარა. მომდევნო  დღეებში  კი ავადმყოფობის მომიზეზებით  თანამდებობაზე  ხელი  აიღო. სენატმა სხვა დიქტატორი დანიშნა. ამან მხედართა წინამძღოლად45 თვითონ შფოთის თავი  სტოლონი46  დააყენა  და  კანონიც  გაატარებინა, რითაც  მეტისმეტად  დაამწუხრა  პატრიციუსები. მანვე   ბრძანა,   არვის  ჰქონდა  მფლობელობაში  ორმოცდაათ   იუგერუმზე  მეტი  მიწა.   სტოლონმა  ამ    გამარჯვებით  ბრწყინვალე  სახელი  მოიპოვა,  მაგრამ  მცირე  ხნის  შემდეგ,  როცა  თვითონ შეიძინა  იმდენი  მიწა,   რამდენსაც  სხვას  უკრძალავდა,  თავისივე კანონის საფუძველზე  დაისაჯა. 
40.  სადაო  რჩებოდა  კონსულების  არჩევნების  საკითხი – შფოთის  ყველაზე  მძიმე  და  პირველი  მიზეზი, რომელიც  ხალხთან  უთანხმოებაში  ბევრ  ძნელ  საქმეს  უჩენდა  სენატს.  სწორედ  ამ    დროს  მოაღწიეს  ზუსტმა ცნობებმა:  ადრიატიკის ზღვის  სანაპიროებიდან  კვლავ   აღდგა  კელტთა  მრავალათასიანი  ლაშქარი  და  რომისაკენ  მოისწრაფვისო.
მტერი  არბევდა  ქვეყანის და მოსახლეობა, რომელსაც უჭირდა  რომში  შეხიზვნა,  მთებში   იფანტებოდა.   ომის  შიშმა  შინაგანი  შფოთი  შეწყვიტა  და ბრბოცა  და წარჩინებული მოქალაქენიც  ერთ  აზრს  დაადგნენ;  სენატმა  და  ხალხმა  კამილუსი  ერთსულოვნებით  აირჩია  მეხუთეგზის  დიქტატორად.47 იგი  ამ   დროს  ძალზე  მოხუცი  გახლდათ,  ოთხმოც  წელს  ცოტაღა  უკლდა;  მაგრამ  რაკი  დაინახა  აუცილებლობა  და  მოსალოდნელი საფრთხე, წინანდებურად აღარ გამოუყენებია საბაბ-მიზეზნი, მაშინვე შეუდგა  მთავარსარდლობას   და  ჯარის შეკრება  დაიწყო.  მან   იცოდა,  რომ  ბარბაროსთა  უმთავრესი ძალა  იყო  მახვილი,  რომელსაც  ყოველგვარი  ხელოვნების  გარეშე  ბარბაროსულად  იყენებდნენ  და  მოწინააღმდეგეს  უპირატესად  მხრებსა  და  თავში  ურტყამდნენ.  სწორედ  ამიტომ ბრძანა,   ქვეითებისათვის  გამოეჭედათ  მთლიანი  რკინის  მუზარადები  გლუვი   და   სწორი   ზედაპირით,   რათა  მახვილი აესხლიტათ,  ანდა  სულაც   გადაეტეხათ   ფარები   ირგვლივ სპილენძის  ზოლით  შემოაჭედინა,  რადგან  მარტო  ხისაგან  ნაკეთები  ფარი  მეომარს  დარტყმისაგან  ვერ    დაიცავდა.  კამილუსმა  ჯარისკაცებს  ასწავლა  ხელჩართულ  ბრძოლაში  გრძელი  შუბების  ხმარება  და  მათი  მეშვეობით  მტრის  მახვილთა ცემის თავიდან აცდენა. 
41.   როცა  კელტები  მოახლოვდნენ  და  მდინარე  ანიონთან დასცეს  ბანაკი,   რომელიც  სავსე   იყო  მძიმე  და აურაცხელი ნადავლით,  კამილუსმა  ჯარი  გამოიყვანა  და  მრავალი ხევით დასერილ  ტყიან  ბორცვზე  დააბანაკა  ისე,   რომ  ძალთა  უდიდესი  ნაწილი  დაფარული  იყო,  ხოლო  ისინი,  რომლებიც  ჩანდნენ,  თითქოს  შიშით  იყვნენ  ჩაკეტილნი  მაღლობ  ადგილებზე.  კამილუსი  მოწადინებული  გახლდათ,  მტრებს  ასეთი  წარმოდგენა  ჰქონოდათ.  ამიტომ  იგი  მათ  მიერ  ველზე  გამართულ რბევას  ჯერხნობით  არ    აბრკოლებდა   თდავისი    ბანაკი   მან მიწაყრილით  გაამაგრა  და   ადგილიდან  არ   იძვროდა,  სანამ არ  დარწმუნდა,  რომ  მტრის  ნაწილი  საკვების  მოსაპოვებლად იყო  მიმოფანტული,  ნაწილი  კი  ბანაკში  იჯდა  და  მთელ  დროს გაუთავებელ ჭამა-სმაში ატარებდა. 
და აი მაშინ,  ღამით, კამილუსმა  წინ  გაგზავნა  მსუბუქად შეიარაღებული  მეომრები,  რათა  ბარბაროსებისათვის  საბრძოლველად  დამწკრივებაში  ხელი  შეეშალათ  და  უეცარი თავდასხმით  მათში  არევდარევა  გამოეწვიათ.  თვითონ  კი დილაადრიან  ვაკე  ადგილზე  ჩაიყვანა  მძიმედ  შეიარაღებული ქვეითი  ჯარი,  მრავალრიცხოვანი  და  მამაცური  და  არა  რიცხვმცირე  და  გაუბედავი,  მტერი  რომ  მოელოდა.  ამან  იმთავითვე  გატეხა  კელტთა  ზვიადობა, რომელთაც  ამაოდ  ეგონათ  რომაელები  თავს  ვერ  დაესხმოდნენ.  შემდეგ  წინ  გამოიჭრნენ  მსუბუქად  შეიარაღებული  მეომრები  და  განუწყვეტელი  იერიშების  მიტანით  აიძულეს  მტერი  ბრძოლაში  ჩაბმულიყო,  სანამ  ჩვეული  წესით  დალაგდებოდა  და  რაზმებად დამწკრივდებოდა.  ბოლოს  კამილუსმა  მძიმედ  შეიარაღებული  მებრძოლები  გამოიყვანა;  კელტებმა  მახვილი  იშიშვლეს და  ხელჩართულ  ბრძოლაში  ჩაებნენ  რომაელები  მათ  შუბებით  და  რკინისაგან  გამოჭედილი  თორ-მუზარადებით  შეეგებნენ.  რომაელთა  იარაღი  მტრის  დარტყმას  უკუისხლეტდა  და კელტების  არცთუ  მტკიცე  და  სუსტად  ნაწრთობი  მახვილები სწრაფად  იღუნებოდნენ  და  იბზარებოდნენ,  ხოლო  მათ  ფარებს  დაძგერებული  შუბები  ხვრეტდნენ  და  სიმძიმისაგან ზნექდნენ.  ამიტომ  კელტებმა  საკუთარი  იარაღი  გადაყარეს, რომაელთა  შუბებს  ხელებით  ეჭიდებოდნენ  და  ცდილობდნენ მათთვის  მიმართულება  შეეცვალათ. დაინახეს  თუ  არა   რომაელებმა  უიარაღო  კელტები,  სტაცეს  ხელი  მახვილებს  და წინა  რიგებში  მებრძოლი  მრავალი  მოწინააღმდეგე  შემუსრეს,  გადარჩენილები  კი  ველზე  მიმოიფანტნენ.  მათ  იცოდნენ,  რომ  კამილუსს  ბორცვები  და  სხვა  მაღლობი  ადგილები  ადრევე  დაეკავებინა  და  რომ  თავიანთი  ბანაკი,  რომელიც სიმამაცის  იმედით  გაუმაგრებელი  ჰქონდათ,  არცთუ  ძნელი ასაღები  იყო. 
ამბობენ,  რომ  ეს   ბრძოლა მოხდა  რომის  აღების  ცამეტი წლის შემდგომ48 და  რომ  ამ  ბრძოლამ  შეაგონა რომაელებს მტკიცე  აზრი  თავიანთი  უპირატესობისა  კელტებზე.  მანამდე მათ  ძალზე ეშინოდათ   ბარბაროსებისა  და  ფიქრობდნენ,  რომ პირველად  ისინი ავადმყოფობისა  და მოულოდნელი  შემთხვევის  გამო  დამარცხდნენ  და  არა  რომაელთა  ძალისა  და  მამაცობის  მიზეზით.  ეს  შიში  ისეთი  ძლიერი  გახლდათ,  რომ  კანონიც  კი   გამოსცეს,  რომლის  ძალითაც  ქურუმები,  გალებთან  ომის  შემთხვევის  გარდა,  ყოველგვარი  ლაშქრობისაგან თავისუფლდებოდნენ. 
42. ხსენებული  ბრძოლა  კამილუსის  სამხედრო  ლაშქრობათა  დასასრული  იყო.  ამ   ბრძოლის  ჟამს  კამილუსმა  ველიტრელთა  ქალაქი  გავლით  აიღო.  ბრძოლის  გარეშე  დაუთმეს მას   იგი.   ყველაზე  დიდი  და  მძიმე  ბრძოლა  დარჩენილი  იყო სახელმწიფო  მოღვაწეობის  ასპარეზზე;  ეს   გახლდათ   მოსალოდნელი  ბრძოლა  გამარჯვებით  დაბრუნებულ  და ძალმიცემულ  ხალხთან,  რომელიც  დაჟინებით    მოითხოვდა  ერთი კონსული  მათი  ფენიდან  აერჩიათ,  თუმცა  ეს  დამკვიდრებულ კანონს  არღვევდა  და  სენატის   სურვილის  წინააღმდეგ  იყო მიმართული.  სენატმა  კამილუსს  ნება  არ   დართო  რწმუნება მოეხსნა,  რადგან  ფიქრობდა,  მისი  თანამდებობის  ძალითა  და დიდი  უფლებებით  უკეთ  შეიძლებოდა  არისტოკრატიის  საქმისათვის ბრძოლა.
ერთხელ  კამილუსი  ფორუმზე  მჯდარი  რაღაცა  საქმით  იყო გართული.  ამ   დროს  მასთან  მივიდა  სახალხო   ტრიბუნების მიერ   გამოგზავნილი  მსახური,   რომელმაც  უბრძანა   გაჰყოლოდა  და  წასაყვანად  ხელი  ჩასჭიდა.  ფორუმზე  მანამდე  გაუგონარი  ყვირილი  და  ხმაური  ატყდა.  კამილუსის  ამალა  ზემოდან  იმ   მსახურის  გადაგდებას  ლამობდა,  ხოლო  ქვემოთ მყოფი  ბრბო  დიქტატორის  ძალით  ჩამოთრევას  მოითხოვდა. კამილუსი  მძიმე   ვითარებაში  აღმოჩნდა,  მაგრამ რწმუნება მაინც  არ  მოიხსნა  და სენატორებთან ერთად  სენატისაკენ  გაემართა.   სანამ   შევიდოდა,  კაპიტოლიუმისაკენ  მიბრუნდა  და ღმერთებს  შეევედრა,  აწმყო  ვითარება  კეთილად  დაესრულებინათ,  თან  აღთქმა  დასდო,  თუ  შფოთი  დაწყნარდებოდა, თანხმობის  ტაძარს  ააგებდა.49  სენატში  დიდი  და  ცხარე  დავა გაიმართა.  მოპირისპირე  აზრთაგან  გაიმარჯვა  ყველაზე  მშვიდობიანმა,  რომელიც  პლებეებს  ნებას რთავდა, ერთი კონსული თავისი ფენიდან აერჩიათ. ეს   გადაწყვეტილება  დიქტატორმა გამოაცხადა. როგორც მოსალოდნელი  იყო,  გახარებული  ხალხი მყისვე  შეურიგდა  სენატს,  ხოლო  კამილუსი  ტაშისცემითა  და  აღფრთოვანებული  ყიჟინით  გააცილეს  სახლამდე.  მეორე  დღეს  რომაელები  შეიკრიბნენ  და  დაადგინეს:  თანხმობის   ტაძარი,  კამილუსის  აღთქმისამებრ და  მომხდარი  ამბის აღსანიშნავად,  ფორუმისა  და  სენატის  პირისპირ  აეგოთ;  ეგრეთ  წოდებულ  ლათინურ  ზეიმთათვის  დაემატებინათ  კიდევ ერთი  საზეიმო თარიღი, რომელიც ოთხ  დღეს  უნდა გაგრძელებულიყო; ყოველ რომაელს დაუყონებლივ შესწირა მსხვერპლი  და  გვირგვინებით შემკობილიყო. 
კამილუსის  წინამძღოლობით  გაიმართა   არჩევნები,   კონსულები  გახდნენ:  მარკუს  ემილიუსი –პატრიციუსებისაგან და ლუციუს სექსტიუსი – პირველად პლებეებისაგან. ამით დამთავრდა კამილუსის  საქმიანობა.
43.   მომდევნო  წელს  რომს  თავს  დაატყდა  გადამდები  სენი, რომელმაც  აურაცხელი  უბრალო  ხალხი  და  თანამდებობის  მქონეთა  დიდი  ნაწილი შემუსრა.50 გარდაიცვალა  კამილუსიც.  მან  სიცოცხლე  დაასრულა  ისეთ   ასაკში, რომელსაც  ადამიანთაგან  ზოგიერთი   ვინმე   თუ მიაღწევს. 
კამილუსის  აღსასრულმა  რომაელები  უფრო  მეტად  შეაწუხა,  ვიდრე  იმ   დროს  ავი  სენით  შემუსრული  ყეელა  პირის სიკვდილმა.
შენიშვნები
1.     მარკუს  ფურიუს  კამილუსის  (გარდ.   ძვ. წ.   364   წელს)  – პატრიციული   წარმომავლობის  გამოჩენილი  სახელმწიფო  მოღვაწის  შესახებ ცნობები  დაცული  აქვთ ანტიკური  ხანის  სხვა  ავტორებსაც  (ტიტუს ლივიუსს,   დიოდორე  სიცილიელს,   ევტროპიუსს,   სვეტონიუსს...). 
2.     რომის  პირველ  დამფუძნებლად  რომულუსია  აღიარებული.
3.     ძვ.  წ.   431  წელ.   ექვები  და   ვოლსკები  –  ძველიტალიური ტომები. 
4.    ვეი  –   ტირენიის  ანუ   ეტრურიის  უძველესი  ქალაქთაგანი,  რომელიც, რომს  დაუმორჩილა  კამილუსმა  ძვ.   წ.   396  წელს. 
5.    კამილუსის  მეთაურად  არჩევის  თარიღია  ძვ.   წ.    398   წელი. 
6    ფალერე  და    კაპენა  –  ეტრურითს  ქალაქები. 
7.   ღმერთის  (აპოლონის)  სახელით  დელფოში  მისნობას  იძლეოდა  ქურუმი ქალი  პითია. 
8.    ლათინური  ზეიმები  –  ლაციუმის  ქალაქთა  კავშირის   მიერ. ყოველწლიურად  გამართული  ზეიმი   იუპიტერის  პატივსაცემად. 
9.    ძვ. წ.    396   წელს. 
10. დედა  მატუტა  – ძველიტალიური  ღვთაება,  განთიადის  ღმერთქალი, რომელიც  მერმე   ბერძნულ   ლევკოთეას  (ინოს)   გაუთანაბრეს. 
11.   ბეოტიის  გამგებლებმა  ათამანტმა  და  მისმა მეუღლე  ინომ  გამოზარდეს დიონისე.  ამის   გამო  ჰერამ  ისინი  ჭკუოთდან  შეშალა:  ათამანტმა  ერთი  თავისი  ვაჟთაგანი  მოკლა,  ხოლო  ინო  მეორესთან  (მელიკერტესთან)   ერთად  ზღვაში  გადავარდა.   ინო   პოსეიდონმა   შეიფარა   და ღმერთქალ  ლევკოთეად  აქცია.   სხვა   ვერსიით  ინომ  თვითონ  მოკლა საკუთარი   ვაჟი    ათამანტზე   ეჭვიანობის   გამო. 
12.  ბერძ.: ჰედევლაბეია  კაი  მედენ  აგან  არისტონ.
13. კრატერი  –  ღვინისა  და  წყლის  შესაზავებელი  თასი
14. ტალანტი  –  ფულისა  და  წონს   მსხვილი   ერთეული. 1 ტალანტი = დაახ.   26 კგ.
15.   იხ.   „ილიადა“ I, 233  და  შმდგ. 20. 
16.   ასარიონი = ლათინური  ფულის   ერთეული   ასს. 
17.  დენარიუსი  –  „ათის  შემცველი“  (1    ბერძ.  დრაქმა). 
18.   იკითხვისები; ბიტურნიგები?!
19.  ტერმინი   „ტირენელი“   იგივეა,   რაც   –  „ეტრუსკი“. 
20. ძვ. წ.  477 წელს. 
21.   გამოანგარიშებით   ეს   ამბავი   უხდა მომხდარიყო  ძვ. წ.  390  წლის. 18   ივლისს. ბერძ.  ჰე  აპოფრას  ჰემერა. 
22.  ჰესიოდე  „სამუშაონი  და დღენი“,  760  შმდგ. 
23.   პლუტარქეს  თხზულება  „დღეთათვის“,  რომელიც  „ეთიკაში“  შედიოდა, არ შემონახულა. 
24.   თვეთა  ძველბერძნული  სახელებია:   ჰიპოდრომიონი,   ბოედრომიონი, თარგელიონი... 
25.   „მეფე“ = „დიდი   მეფე“  –   სპარსთა   მეფე. 
26.   კრანონი  –   თესალიის   ქალაქი. 
27.    იგულისხმება  ღმერთქალ  დემეტრესადმი  მიძღვნილი  ელევსინის მისტერიები.
28.    პლუტარქე  „რომაული   ძიებები“ XXXV. 
29.   რომ.   ვესტა  ბერძნ.   ჰესტია  –  კერას  მფარველი  ღმერთქალი.
30.   იგულისხმება  ვესტას  ტაძრის  მსახური  ქალიშვილები.  ე.  წ.   „ვესტალები“.
31.    პალადიუმი  (ბერძნ.   „პალადიონი“)  –  ღმერთქალ  ათენას  გამოსახულება,  რომელიც  თითქოს  ზეციდან  ჩამოვარდა  ტროას  ქალაქში  ვით   სიმბოლო   მარადიული   უძლეველობისა. 
32.   კოლინის   ჭიშკარი, „ბორცვის   კიშკარი“,  რომის  შვიდ ბორცვთაგანის – კვირინალის  ჭიშკარი. 
33. ქალაქ რომის  დაფუძნებას  ანტიკური ტრადიცია  ძვ. წ.  753 წელს  სდებს. ასე  რომ,  გალების  მიერ  რომის  აღება  ძვ.  წ.  390  წელს  უნდა  მომხდარიყო. 
34.   არდეა  –   ქალაქი   რომის   მახლობლად. 
35.     „სემილიბერი“ = დაახლ.   136    გრამს;   კოტილე =  დაახ.    0,27 ლიტრს. 
36.  ბერძ.  ნენიკემენოის  ოდინე  –  „ვაი-უბედურება  დამარცხებულთ!“ 
37.  ლათ. - „ავგურთა  (მისანთა)  კვერთხი“ 
38.   ნონები  –  რომაული  თვის  მეშვიდე  ან   მეცხრე  დღე.  
39.   იხ.    პლუტარქე,  „რომულესი“,  27. 
40.  ძვ. წ. 384   წელს. 
41. მონეტა – ღმერთქალ  იუნოს  ეპითეტი,  რომელიც  „კეთილ  მრჩეველს“   აღნიშნავს,   სიტყვა   მომდინარეობს   ზმნისაგან  მონეო  („ვურევ“,   „ვაქეზებ“).   ღმერთქალ   მონეტას  ტაძარში  მზადდებოდა ლითონის  ფული.  აქედანაა  ამ   ფულის  სახელიც  –  „მონეტა“. 
42.  ძვ.   წ.   381  წელს. 
43.  ძვ.    წ.     368   წელს. 
44.    ე.  ი.  50.000   დენარიუსით. 
45.    ე.  ი.     დიქტატორის   თანაშემწედ. 
46.  იუგერუმი – 2.500  კვ.  მეტრი, 
47. ძვ.    წ.     367  წელს.
48.   უფრო   ზუსტად  ოცდასამი   წლის   შემდეგ. 
49. თანხმობის  ტაძარი – ბერძნ.  „ჰომონოია“,  ლათ.  „კონკორდია“
50.    ძვ. წ. 365   წელს.