ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო კუციამ
ესაი ჰასან ჯალალიანცი ნაგვიანევი ხანის სომხური ფეოდალური ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ისტორიკოსი ეკუთვნოდა მსხვილი სომეხი ფეოდალების ჰასან ჯალალიანცების საგვარეულოს, რომელიც ფლობდა მთიან ყარაბაღში მდებარე ქვემო ხაჩენის ოლქს. 1240 წელს ჰასან ჯალალიანცებმა მდინარე ხაჩენ-ჩაის მარცხენა ნაპირზე, განძასარის მთაზე ააგეს მონასტერი და ამ დროიდან მოკიდებული ხელთ იგდეს საერო და სასულიერო ხელისუფლება ქვემო ხაჩენში.
1511 წლიდან განძასარის მონასტერი ალვანთა ეპისკოპოსების ანუ, როგორც მათ უწოდებდნენ, განძასარის კათალიკოსების რეზიდენციად იქცა. განძასარის კათალიკოსებად, როგორც წესი, ჰასან ჯალალიანცების საგვარეულოს წარმომადგენლები ინიშნებოდნენ.
1702 წელს კათალიკოსად აკურთხეს ესაი ჰასან ჯალალიანციც, რომელიც ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე, ე.ი. 1728 წლამდე ასრულებდა. ესაიმ თავისი დროისათვის საფუძვლიანი განათლება მიიღო. სასულიერო მოვალეობის გარდა ესაი ჰასან ჯალალიანცი პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის პოლიტიკურ მრწამსს წარმოადგენდა დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს აღდგენა. ამისათვის, მისი აზრით, საჭირო იყო სომხეთისა და საერთოდ მთელი ამიერკავკასიის განთავისუფლება სეფიანთა ირანის დამოკიდებულებისაგან და ოსმალეთის ექსპანსიის აღკვეთა.
აღნიშნული მიზნის მიღწევა, ისტორიკოსის თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით. ამიტომ ესაი ჰასან ჯალალიანცი მჭიდრო კავშირს ამყარებს XVIII ს. პირველი მესამედის სომხური განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან – ისრაელ ორთან და ვარდაპეტ მინას ტიგრანიანთან. მათი საშუალებით იგი ცდილობს რუსეთის მთავრობის დაინტერესებას ამიერკავკასიის და კერძოდ შირვან-ყარაბაღის საქმეებით. 1711 წელს ესაი ჰასან ჯალალიანცი ისრაელ ორთან ერთად გაემგზავრა რუსეთისაკენ, რათა პირადად შეხვედროდა რუსეთის იმპერატორს, პეტრე დიდს, მაგრამ ისრაელ ორის სიკვდილის გამო იგი იძლებული გახდა ქალაქ ასტრახანიდან უკან გამობრუნებულიყო.
თუმცა ესაი ჰასან ჯალალიანცი ვერ ჩავიდა პეტერბურგს, მაგრამ პეტრე დიდის სახელზე გაგზავნილ წერილებში დაჟინებით სთხოვდა „მოსკოვის ხელმწიფეს“ გამოლაშქრებას კასპიისპირეთში სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და სწერდა: ჩვენ ჩვენის მხრიდან ყველა მელიქით, დიდებულებითა და გლეხებით ველოდებით თქვენს მოსვლას. ამასთან ერთად, განძასარის კათალიკოსი პირდებოდა რუსეთის იმპერატორს, რომ პირადად იგი და მისი „ერთგული ხალხი“ ქმედით დახმარებას გაუწევდნენ რუსეთის ჯარს.
იმავე დროს თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის ესაი ჰასან ჯალალიანცი ცდილობდა გამოეყენებინა კავშირი ქართლის მეფე ვახტანგ VI-თან. ისტორიკოსი პირადად იცნობდა ვახტანგს, რომელთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა თბილისში. მისი ცნობით, ქართლის მეფე დიღი ყურადღებით ეკიდებოდა სომხური ჯარის ორგანიზაციას ყარაბაღის სიღნაღებში. 1722 წელს ქართველ-სომეხთა 40 ათასიანი ჯარი დაიძრა განჯისაკენ, სადაც მას შეუერთდა ყარაბაღის სიღნაღების 12 ათასიანი ლაშქარი. განჯის მახლობლად დაბანაკებული ქართველ-სომეხთა ლაშქარი ელოდებოდა რუსეთის ჯარის გამოჩენას, მაგრამ პეტრე დიდი ქალაქ დარუბანდის აღების შემდეგ მოულოდნელად უკან გაბრუნდა და ლაშქრობა მომავალი წლის გაზაფხულისათვის გადასდო. ამიტომ ვახტანგიც იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო.
ამრიგად რუსეთისა და ქართველ-სომეხთა ერთობლივი ლაშქრობა სეფიანთა სახელმწიფოს წინააღმდეგ უშედეგოდ დამთავრდა და ესაი ჰასან ჯალალიანცის მიზანიც დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს აღდგენისა განუხორციელებელი დარჩა. იმედგაცრუებული ესაი ჰასან ჯალალიანცი თანდათან ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.
1723 წლის შემდეგ ესაი ჰასან ჯალალიანცმა დაწერა მცირე ზომის საისტორიო ნაწარმოები „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“. თხზულების ძირითადი ნაწილი უჭირავს XVIII ს. პირველი მეოთხედის ირანისა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის პოლიტიკური მდგომარეობის და ვახტანგ VI-ს 1722 წლის განჯის ლაშქრობის აღწერას.
„ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“ შესავლისა და ექვსი თავისაგან შედგება. პირველი თავი წარმოადგენს ირანის ისტორიის ზოგად მიმოხილვას უძველესი დროიდან XV საუკუნის დასასრულამდე. მეორე თავში აღწერილია სეფიანთა სახელმწიფოს დაარსება (1501 წ.), სეფიანი შაჰების მოღვაწეობა და ირანის დასუსტება-დაქვეითება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე.
თხზულების ეს ნაწილი ძირითადად ეყრდნობა წინარე ხანის სომეხი ისტორიკოსების მოვსეს ხორენაცის, ვარდან ვარდაპეტის, კირაკოს განძაკეცის, თოვმა მეწოფეცისა და სხვათა თხზულებებს, ე.ი. კომპილატური ხასიათისაა და ამდენად არ შეიცავს რაიმე ახალსა და საგულისხმოს. ამასთანავე ისტორიკოსს ხშირად არასწორად მოაქვს ცნობები აღნიშნული ავტორების საისტორიო ნაწარმოებებიდან, შეცდომებს უშვებს სხვადასხვა ისტორიული ფაქტების დათარიღებაში, ერთი ავტორის ცნობას მეორეს მიაწერს და ა. შ. პირველ ორ თავში მცირე რაოდენობითაა დაცული ცნობები საქართველოს შესახებ.
სრულიად სხვა ხასიათისაა თხზულების მომდევნო ოთხი თავი. აქ ესაი ჰასან ჯალალიანცი მოთხრობილი ამბებისთვითმხილველად და თანადამხდურად გვევლინება. ამიტომ მისი ცნობები პირველწყაროს მნიშვნელობას იძენენ: ისტორიკოსი საქმის ცოდნით აღწერს იმ პოლიტიკურ და ეკონომიურ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ირანსა და ამიერკავკასიაში XVIII ს. პირველ მეოთხეთში.
საყურადღებო ცნობებია მოცემული სეფიანთა სახელმწიფოში საგადასახადო უღლის დამძიმებისა და ახალი გადასახადების (ახრაჯათ-ე შაჰზადე, შეშდინარი, აბიქურენი და სხვ.) შემოღების შესახებ, აღწერილია სპარსელ მოხელე-ხელისუფალთა მექრთამეობა, სხვადასხვა ბოროტმოქმედება და დაბეგრილი მოსახლეობის ექსპლოატაცია. დიდ ყურადღებას აქცევს ესაი ჰასან ჯალალიანცი დაღისტნელი ფეოდალების სურხაი-ხანის და ჰაჯი-დავუდის ხელმძღვანელობით ლეკთა თარეშს ყარაბაღსა და შირვანში და აგრეთვე განჯის, შემახისა და სხვა ქალაქების დაპყრობა-დარბევის აღწერას. იმავე დროს ისტორიკოსი საკმაოდ ვრცლად ლაპარაკობს იმ სახალხო გამოსვლებსა და განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, რომელმაც მოიცვა სეფიანთა სახელმწიფოს ცალკეული ნაწილები.
„ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორიაში“ დიდი ადგილი უჭირავს XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის ქართლის პოლიტიკური ვითარების აღწერას, ვახტანგ VI ურთიერთობას კახეთთან, ამიერკავკასიის მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთთან.
ისტორიკოსის მონათხრობიდან კარგად ჩანს, რომ ქართლი წარმოადგენდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ძალას, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა პოლიტიკური გაბატონება ამიერკავკასიაში. ამიტომ ცდილობდა ვახტანგ VI-ის მომხრობას ირანი, თურქეთი და რუსეთი. მაგრამ ქართლის მეფემ ერთმორწმუნე რუსეთთან კავშირი არჩია, რადგანაც კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში რუსეთისა და საქართველოს ინტერესები ემთხვეოდა ერთმანეთს. XVIII საუკუნის ოციან წლებში, ისევე როგორც XVII-XVIII სს. მიჯნაზე, რუსეთი მიზნად ისახავდა ოსმალეთისა და ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში „ქართველ სამეფო-სამთავროთა შემოკრებას“, ხოლო საქართველო ცდილობდა „რუსეთის მფარველობის ქვეშ გაერთიანებას და აღდგომას.
ესაი ჰასან ჯალალიანცი აღწერს ვახტანგის მზადებას შირვანში ლაშქრობისათვის, სადაც იგი რუსეთის ჯარს უნდა შეერთებოდა. იქვე მოტანილია ცნობები ყარაბაღის სიღნაღების სომხური ლაშქრის აჯანყებაზე სეფიანთა ირანის წინააღმდეგ და მის კავშირზე ქართლის მეფესთან.
ესაი ჰასან ჯალალიანცი არ იფარგლება მხოლოდ განჯის ლაშქრობის აღწერით.
„ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორიაში“ დაცულია აგრეთვე მასალა, რომელშიც ასახულია მაჰმადყული-ხანის ანუ კონსტანტინე კახთა მეფის ბრძოლა ვახტანგის წინააღმდეგ. ქართლისათვის ისტორიკოსის ცნობით, ქართლის მეფეს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ამიერკავკასიაში, მაგრამ „განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი მის მიმართ რჯულიდან განდგომილი მაჰმადყული, კახეთის ხანი“. მან განჯის, ერევნის, ბორჩალოსა და ყაზახის მფლობელებთან ერთად ვახტანგი დაასმინა ირანის შაჰთან თამაზ II-თან (1722–1732), რომ ვახტანგს „განზრახული აქვს აგიჯანყდეს, მიიმხროს სომხები და ქართველები, დესპანი გაგზავნოს რუსეთის ხელმწიფესთან, რათა იგი მოვიდეს და დაეპატრონოს შენს ქვეყანასო“. ასეთი სამსახურის სანაცვლოდ „ახლად გამეფებულმა უგუნურმა“ შაჰ თამაზმა კახეთი და ქართლი „ქართველთა ყველა ოლქთან ერთად უწყალობა მაჰმადყული ხანს“ და სამაგიეროდ მოითხოვა „ვახტანგი ან მისი თავი“.
ესაი ჰასან ჯალალიანცი უარყოფითად ახასიათებს სამშობლოს მოღალატე მეფეს და უწოდებს მას „მეორე იუდას“. იგი სიძულვილით აღწერს მაჰმადყული ხანის ბრძოლას ქართლისათვის, ლეკთა მომხრობას და მათი დახმარებით თბილისის აღებას. და აოხრებას. „სახელგანთქმული და მშვენიერი ქალაქის თბილისის“ დარბევის აღწერით ასრულებს ესაი ჰასან ჯალალიანცი თავის საისტორიო ნაწარმოებს. ისტორიკოსი არაფერს ამბობს ვეხტანგ VI-ის შემდგომი ბედის შესახებ.
ამრიგად „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“ ძვირფასი პირველწყაროა XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის ქართლის სამეთოს პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად.
როგორც აღინიშნა, XVIII საუკუნის ამბების აღწერა „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორიაში“ დაფუძნებულია ავტორის უშუალო დაკვირვებაზე. ამდენად მის მიერ მოტანილი ცნობები, უთუოდ, სერიოზული ყურადღების ღირსია. მით უმეტეს, რომ ესაი ჰასან ჯალალიანცის ცნობები ხშირად დადასტურებას პოულობს, როგორც სომხურ, ისე ქართულ და სპარსულ ისტორიულ წყაროებში.
მაგრამ მიუხედავად ამისა, „ალვანთა ისტორია“ მაინც ფრთხილ და კრიტიკულ მიდგომას მოითხოვს, რადგანაც ესაი ჰასან ჯალალიანცი ზოგჯერ სწორად ვერ განმარტავს ისტორიულ მოვლენებს. იგი ზოგიერთ შემთხვევაში გვერდს უვლის რეალურ ვითარებას და სუბიექტურად აშუქებს ისტორიულ. ფაქტს. ამ მხრივ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს. ისტორიკოსის მიერ ქართველების უარყოფითად დახასიათება.
როგორც მისი თხზულებიდან ირკვევა, ესაი ჰასან ჯალალიანცის გულისწყრომის მიზეზი გახდა 1722 წლის ვახტანგ VI-ის ლაშქრის მიერ მუსლიმანური სოფლების გარდა ზოგიერთი სომხური სოფლის დარბევაც ყარაბაღში. მაგრამ ისტორიკოსი არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ განჯის დასახმარებლად მისულ ქართლის ჯარს განჯელებმა უარი უთხრეს აღთქმული თანხის გადახდაზე. ცხადია, რომ უსახსროდ დარჩენილი მრავალათასიანი ფეოდალური ლაშქარი იძულებული იქნებოდა მისთვის აუცილებელი სურსათ-სანოვაგე ადგილობრივი მოსახლეობის (მუსლიმანური და ქრისტიანული) დარბევით ეშოვა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ვახტანგის ლაშქარში ქართველებს გარდა მრავლად იყვნენ სომხებიც. იგი სინამდვილეში ქართველ-სომეხთა გაერთიანებულ ჯარს წარმოადგენდა. ეს კარგად იცის ისტორიკოსმაც, მაგრამ ყარაბაღის სომხური სოფლების აოხრებას ესაი ჰასან ჯალალიანცი მაინც მარტო ქართველებს აბრალებს, რაც, რასაკვირველია, შორსაა ისტორიული სინამდვილიდან.
ქართველ-სომეხთა ლაშქრის მიერ ყარაბაღის სოფლების დარბევა მხოლოდ გამონაკლისია ამიერკავკასიის ხალხთა ბრძოლაში ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ. მას არავითარი კვალი არ დაუტოვებია ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობაში. ისინი კვლავ გაერთიანებული ძალებით განაგრძობდნენ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის.
საქართველოს გარდა ესაი ჰასან ჯალალიანცის „ალვანთა ქვეყნის მოკლე ისტორია“ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის ირანისა და აზერბაიჯანის რიგი პოლიტიკური და ეკონომიური საკითხების შესასწავლად.
ამდენად ესაი ჰასან ჯალალიანცის საისტორიო ნაწარმოების სომხური ტექსტისა და ქართული თარგმანის გამოცემა თანაბრად სასარგებლო იქნება როგორც საქართველოს ისტორიის სპვციალისტებისათვის, ასევე აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსებისათვის.
ალვანთა ქვეყნის, მოკლე ისტორია
თავი I
გარდასულ დროთა მოკლე ისტორია შეკრებილი ვინმე მაძიებლის მიერ
ჟამსა სპარსელთა მეფობისა, რომლებიც რჯულით მაჰმადიანები არიან, [ისინი] ძალმომრეობით ფლობდნენ [ქვეყანას] კავკასიის მთიდან და კასპიის ზღვის ნაპირის იმ ადგილიდან დაწყებული, [რომელსაც რკინის კარი ეწოდება] მაზანდარამდე1 და ასტრაბადამდე2, ხოლო იქიდან ოზბეგთა საზღვრებით ხორასნამდე3 და ყანდაჰარის ციხემდე4, საიდანაც იგი ვრცელდებოდა ინდოეთის ზღვის ნაპირებამდე5 ქალაქ ბანდარამდე6, აქედან კი – შირაზამდე7 და ხმელეთის საშუალებით აღწევდა ბაბილონამდე (ე.ი. ბაღდადამდე), ხოლო იქიდან და იმ ადგილიდან. მისი საზღვარი მიდიოდა ჰამადანამდე8 და ვანის ზღვამდე9, საიდანაც მარების [სამფლობელოს]10 საზღვრებით აღწევდა ხოის და სალმასტს11 და ნახიჭევანის გავლით – მდინარე არეზს, ხოლო იქიდან საჰათივით, კაღზუანით და კოღბით – მდინარე ახურიანამდე, რომელსაც არფა–ჩაი ეწოდება. იქიდან კი სჭრიდა ყაიყულად წოდებულ ოლქს და აღწევდა საქართველოს საზღვრებს, ქალაქ თბილისს და კახეთს, ყველა მათ თემსა და თუმანს12. ამის შემდეგ [სპარსელთა სამფლობელო] აღწევდა კავკასიის მთებს ისევ იმავე სიმაგრე ჰუნარაკერტამდე, (ე.ი. დარუბანდამდე) და ადგილ-სამყოფელომდე მთიელთა მთავრისა, რომელსაც შამხალს უწოდებდნენ13, ხოლო მისი რეზიდენცია კი თარხუს სახელითაა ცნობილი.
ამრიგად, აღმოსავლეთის ამ ნაწილის მონაკვეთს ევროპის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეებთან ერთად ფლობდნენ სპარსელნი, რომელნიც ყიზილბაშებად იწოდებიან. მათი სამეფო ტახტი და გვირგვინი იმყოფება სახელგანთქმულ მეფეთსაჯდომ დედაქალაქ შოშში, (ე.ი. ისფაჰანში), სადაც სხედან მათი ხელმწიფენი და იღბლიანად განაგებენ დაპყრობილ ხალხებს და ავრცელებენ თავის ძალაუფლებას მარჯვნივ და მარცხნივ.
მაგრამ ამჟამად აქ ვერაფერს ვიტყვით დანამდვილებით მათ წინაპარ მამამთავართა შესახებ თუ რომელი ტომიდან და გვარიდან წარმოსდგნენ მათი ხელმწიფენი, ან და ვის შემდეგ დაწინაურდნენ ისინი, რადგანაც წმინდა მამაი ჩვენი მოვსეს ქერთოღი14 ასეთნაირად გვარწმუნებს ჩვენ, რომ მამაცმა არშაკ პართელმა განდევნა მაკედონელები და ალექსანდრეს ძიძიშვილები, რომელთაც სამოცი ან უფრო მეტი წელი ეპყრათ სპარსელთა სახელმწიფო. მანვე თავისი ძმა – ვალარშაკი თავის შემდეგ მეორე კაცად დანიშნა და მეფედ გაგზავნა სომხეთში15. ასე, ერთი გვარიდან წარმოსდგნენ ორი ტომის, სპარსელთა და სომეხთა, პართელი ხელმწიფენი, [რომელნიც მეფობდნენ] იმ დრომდე, ვიდრე სასანელმა არტაშირმა მოკლა არტაბანი, არშაკუნიანი ხელმწიფე, და თვითონ დაიპყრო სპარსელთა სამეფო16. [სასანელები] ბატონობდნენ ხალხებზე მუჰამედის გამოჩენამდე17, რომლის ოცდაათი ან უფრო მეტი ან ნაკლები წლის ზეობის შემდეგ [არაბებმა] მოკლეს სპარსეთის შაჰინშაჰი იეზდიგერდი18 და დაეპატრონნენ მის სახელმწიფოს. მათ შემდეგ გაბატონდა ვინმე სახელად მაჰმუდი19, გაძლიერდა ბალხში და იქიდან [თავისი ხელისუფლება განავრცო] ხორასნამდე. შემდეგ ერთიმეორის მონაცვლეობით [მისმა მემკვიდრეებმა] წინ წაიწიეს და აიღეს ჰერათი. ხოლო მაჰმუდის ძემ სახელად მაყსუდმა20 ჰერათიდან დაიპყრო ნიშაბური, ყაზვინი, ისფაჰანი, ერაყის მთელი ქვეყანა და ქურთისტანი [წმიდა ვარდაპეტის ვარდანის თანახმად]21. შემდეგ მათ შესახებ მოგვითხრობენ, რომ შვილებისა და მამების მონაცვლეობით ისინი დიდხანს ისხდნენ ყაზვინში22. მათი სახელები შემდეგია: აბუ-ალი, დაუდი, ჩაღრი-ბეგი, აბუთალიბი, თოღრულ-ბეგი23. ეს უკანასკნელი გაძლიერდა ხალიფასაგან, მიიღო სულთნის ხელისუფლება და წოდება და განავრცო თავისი [სამფლობელოს] საზღვარნი ხორასნიდან მოკიდებული სპარსელთა მთელ ქვეყანაზე24.
იგი შეცვალა ალფ-არსლანმა25 მისივე ძმისშვილმა, მის შემდეგ იყო მისი ძე მელიქ-შაჰად წოდებული26, შემდეგ სულთან მაჰმუდი, მის შემდეგ ბაქარუხი. სულთან მაჰმუდის ძემ დაამარცხა ბაქარუხი და თვითონ გახდა სულთანი. მაჰმუდის შემდეგ იყო მისი ძე და სულთან სანჯარი27, რომელმაც მოკლა მაჰმუდი და მიიტაცა ხელისუფლება, შემდეგ მისი ძე დაუდი, შემდეგ თოღრული, მის შემდეგ მაყსუდი, შემდეგ მეორე თოღრული, რომლის შემდეგ იყო ალფ–არსლანი, რომელმაც აიღო ქალაქი ანისი [და სხვა ადგილები] საქართველომდე28 და რომელსაც პატივისცემით ეპყრობოდა თვითონ ხალიფაც. ეს ალფ-არსლანი შეცვალა სხვა თორღულმა, ხოლო შემდეგ იყო შაჰ-არმენი29 შემდეგ ელდღუზი, რომლის შემდეგ ფაჰლავანი და ყიზილ-ასლანი, მისი ძენი ერთად მართავდნენ სახელმწიფოს30. ამან მიაღწია 626 წლამდე სომხური წელთაღრიცხვით31. ამ მონაკვეთის შესახებ ვეღარაფერი მოვიძიეთ, მაგრამ იგივე ვარდაპეტი32 მოგვითხრობს, რომ 674 წელს33 მოვიდნენ თათრები და ხვარაზმშაჰის ძე გაიქცა ხორასანში.
ხოლო თათართა გამოჩენას, სულთან ჯალალ ად-დინის გაქცევას ხორასანში, [თათართა] ჩვენზე წამოსვლას, ჩვენს დამარცხებას და მთელი ქვეყნის დაპყრობას, იღბლიანად ბრძოლას და მსოფლიოს დამორჩილებას და მათ ნაირ-ნაირ ბოროტებასა და განსაცდელს, რომელიც თავს დაატეხეს ყველა ხალხს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ყოველივე ამას ერთიმეორის მიყოლებით გვაუწყებენ ვანაკანი34, კირაკოსი35 და იგივე ვარდანი [და სხვა] ვარდაპეტები და მემატიანენი, რომლებსაც მოჰყავთ მათი ძალმომრეობის ისტორია 715 წლამდე36. ამის შემდეგ ვეღარ გავარკვიეთ მათი მფლობელობის წელთა სიმრავლე, ან რა საშუალებით მოიშორეს თათრები, ან ვინ იყო ის, ვინც განდევნა და გააძევა ისინი ჩვენი ქვეყნიდან ან ვინ იყვნენ ისინი, ვინც დაეპატრონა და დაიმორჩილა სპარსელთა ქვეყანა, ვიდრე, როგორც ამბობენ, 835 წელს37 არ მოვიდა თემურ-ლენგი, რომელმაც მსგავსად ნადირისა ყველაფერი შთანთქა და დაფლითა, ხოლო გადარჩენილნი მხილველთა მოწმობით ფეხით გათელა, მთელ მსოფლიოს ხარკი დაადო დაწყებული სამარყანდიდან სამარამდე და ეგვიპტემდე. თვრამეტი წელი მუსრს ავლებდა ყველა ასაკის [ადამიანს], არბევდა ეკლესიებს ყველგან, სადაც კი ფეხს შედგამდა38. მის ბოროტმოქმედების ამბავს მოგვითხრობს ვარდაპეტი თოვმა არწრუნი39. მის შემდეგ მოგვითხრობენ ვერაგ ყარა-იუსუფის მოსვლას 855 წელს40 და მის სხვადასხვა ბოროტმოქმედებას. მის შემდეგ 870 წელს41 გამოჩნდა ვინმე შაჰრუხი ორჯერ უფრო მასზე ვერაგი42, ხოლო შემდეგ – ჯაღათა. მათ შემდეგ იყო ჯაჰან-შაპი, ტომით თურქი, რომელიც ხელმწიფის მსგავსად გაბატონდა მთელ სპარსეთში. 888 წელს იგი შეცვალა იაყუბ-ფადიშაჰმა, მისმა ძემ 932 წელს სომხური წელთაღრიცხვით43.
ამ ხელმწიფე იაყუბმა, რომელიც იჯდა სატახტო ქალაქ თავრიზში, ჩაისიძა და თავისი და [ცოლად მისცა] შეიხ ჰეიდარს, რომელიც იყო ძე შეის-სეფისა ქალაქ არდებილის მფლობელისა. ხსენებული შეიხის წარმომავლობის, მოდგმისა და მდგომარეობის შესახებ ვერსად ვერაფერი მოვიძიეთ, თუ საიდან ან რომელი ტომიდან დაწინაურდნენ და აქ [როდის] დასახლდნენ44. ამ შეიხმა ჰეიდარმა შვა ერთი ძე, რომელსაც ისმაილს უწოდებდნენ და რადგანაც იაყუბ-ფადიშაჰს არ ჰყავდა ვაჟი, ამიტომ შეიხმა და მისმა მეუღლემ განიზრახეს რაიმე ხერხით მოეკვლევინებინათ იაყუბი, რომ თვითონ ისინი და მათი ძე დარჩენილიყვნენ ტახტის მემკვიდრეებად. სწორედ ასე მოიქცნენ. რადგანაც იგი გამასპინძლების მიზნით თავისთან მიიპატიჟეს და მოუმზადეს მომაკვდინებელი საჭმელი, მაგრამ მან როგორც კი იგემა, მყისვე მიხვდა ყველაფერს და შემდეგ მრისხანედ უბრძანა, რომ მათაც ეჭამათ. ასე ერთდროულად დაიხოცნენ ხელმწიფე, მისი და და შეიხი. ლაშქრის მრისხანებისაგან [დასახსნელად] ყრმა ისმაილი გაიტაცეს ახთამარის კუნძულზე45 (ვარდაპეტ არაქელ დავრიჟეცის გადმოცემის თანახმად)46. ამის შემდეგ აღსდგნენ ყველანი და ისწრაფოდნენ მბრძანებლის ტახტისაკენ. მათ შორის ვინმე სახელად სინხური გაძლიერდა, დაეუფლა [ქვეყანას] და განამტკიცა თავისი ტახტი ისფაჰანში 948 წელს47. მის შემდეგ იყო ალვანდი48 მცირე ხანს. მან იმეფა 950 წლამდე სომხური წელთაღრიცხვით49.
ისე როგორც ჩვენი მოთხრობის დასაწყისშივე თავი ავარიდეთ, აქაც არ გვიცდია მოძიება და დაწერა სრული რიგისა და გენეალოგიისა სპარსელთა ხელმწიფეთა, თუ როგორ სცვლიდა შვილი მამას. აი მხოლოდ ამდენი ამოვკრიფეთ ძველი ისტორიებიდან, გამოჩენილ და შესანიშნავ [პიროვნებათა] სახელები, ულმობელ და ურჯულო ადამიანთა [შესახებ და] მოვაღწიეთ აქამომდე, ჩვენ საყვარელ ძმათა შესაქცევლად. დიდება უფალსა ჩვენსას იესოს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი II
ყიზილბაშებად წოდებული სპარსელების სახელმწიფოს დაარსებისა და მათი ხელისუფლების დასუსტების შესახებ
ამრიგად, როგორც ვთქვით, დაიხოცნენ იაყუბ ფადიშაჰი და შეიხ ჰეიდარი, ხოლო მცირეწლოვანი ისმაილი ახთამარის კუნძულზე გაიტაცეს. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ყრმა წამოიზარდა, დიდმა მშფოთმა და შუღლმა მოიცვა სპარსელთა ქვეყანა. მაშინ პირი შეჰკრეს მხედართმთავრებმა და ლაშქარმა, რომ წამოიყვანდნენ ისმაილს კუნძულიდან და ხელმწიფედ დაისვამდნენ, რადგანაც ამბობდნენ, რომ ესაა ორივე მხრის მემკვიდრე, ე.ი. როგორც ძე შეიხისა და დისწული იაყუბ-ფადიშაჰისა და ხელმწიფობაც მას ეკუთვნისო. ამიტომ ეყმნენ და თაყვანი სცეს მას.
ხოლო იგი აღსდგა 950 წელს1 და ჯერ ზემოხსენებული ალვანდი განდევნა და თვითონ დაიპყრო ხელისუფლება, შემდეგ მარჯვნივ და მარცხნივ ეომა მტრებს ოცდახუთი წელი, შეძლებისდაგვარად განავრცო თავისი [სამფლობელოს] საზღვარნი და სახელმწიფოს მართვაში გარდაიცვალა 975 წელს2. მის შემდეგ იმავე წელს გახელმწიფდა მისი ძე შაჰ-თამაზი3, კაცი მხნე და მამაცი. მან მრავალი ადგილი დაუმორჩილა თავის ხელისუფლებას: ისეთები, როგორიცაა ატროპატაკანი და ქართველთა ქვეყანა, ძალით დაიპყრო და [თავისი ბატონობა] ხორასნის მზარეზეც განავრცო4. მანვე, როგორც მოგვითხრობენ, ბევრი წესი გაასწორა თავის სახელმწიფოში და შეამსუბუქა გადასახადები5. იგი გარდაიცვალა 1024 წელს6 და მის ნაცვლად [ხელმწიფედ] დასვეს მისივე ძე სახელად ისმაილი, რომელმაც მოინდომა თავის მხედართმთავრებსა და ლაშქარში მოესპო თავგამზიდავნი და ურჩი შუღლისმოყვარენი. მაგრამ მათ დაასწრეს და დაუყოვნებლივ სასიკვდილოდ დასჭრეს იგი, რისგანაც, როგორც ამბობენ, ისმაილი გარდაიცვალა7. მის შემდეგ ხორასნიდან მოიყვანეს მისი ძმა ხოდაბანდედ წოდებული, კაცი მხდალი და უსინათლო8. ისიც რამდენიმე წელს სისასტიკითა და სიმწარით მართავდა სახელმწიფოს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. შემდეგ 1029 წელს მისი ძე აბასი დიდად წოდებული, შაჰად დასვეს მეშჰედში9, რომელმაც მცირე ხანში დაიმორჩილა თავისი ახლო-მახლო მტრები და ძალმომრეობით შეუერთდა თავის სამფლობელოს თავის წინაპართა ყველა ქვეყანა, ხორასნიდან მდინარე არეზამდე და ბაღდადამდე, ატროპატაკანის გამოკლებით.
იმის გამო, რომ კონსტანტინოპოლის ოსმალთა ხელმწიფე, ქედმაღალი სულთანი მურადი, ხონთქრად წოდებული ექიშპებოდა მას, მან შეჰყარა ლაშქარი და ბრძანა ატროპატაკანის ქვეყანაზე წასვლა და მისი დაპყრობა. [ოსმალნი] მოვიდნენ და მართლაც აიღეს ერევანი, ნახჭევანი, თავრიზი, განჯა, საქართველოს საზღვარნი – თბილისი და ქართველთა მთელი ქვეყანა და აგრეთვე მდინარე მტკვრის გაღმა მხარე – შაქი, შირვანი, შემახა და დარუბანდი10. ამდენ ქალაქსა და ქვეყანას ფლობდნენ ოსმალნი. იმ მხარეებში ომების დასრულების შემდეგ ხელმწიფე შაჰ-აბასი მშვიდობიანად იჯდა [სპარსეთის] დედაქალაქ ისფაჰანში. რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ დაიძრა ატროპატაკანის ქვეყნისაკენ, მის დასაპყრობლად. დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა თავრიზს და თავისი ბედისა და იღბლის წყალობით ერთი წლის განმავლობაში დაიპყრო თავრიზი, ნახიჭევანი და ერევანი, ხოლო ერთი წლის შემდეგ განჯა და ყარაბაღის მთელი ქვეყანა, შემახა, დარუბანდი და მათი სანახები, ქალაქი თბილისი და მთლიანად საქართველო ხელიდან გამოჰგლიჯა ოსმალოთ. ამ საქმეთა შემდეგ მან ზავიც განამტკიცა ოსმალთა ხელმწიფესთან და გაირკვა თითოეულის საზღვრები და წილი სპარსელთა და ურუმთა ორ ქვეყნის შორის11.
ასე გმირულად და ვაჟკაცურად ცხოვრობდა იგი და გარდაიცვალა 1078 წელს12. ხოლო მის შემდეგ იმავე წელს ისფაპანში გაახელმწიფეს მისი შვილიშვილი შაჰ-სეფი13. ესეც მხნედ და მშვიდობიანად მართავდა თავის სამფლობელოს, შემდეგ გამოესალმა წუთისოფელს და სახელმწიფო დაუტოვა თავის ძეს შაჰ აბას მცირეს14 1091 წელს სომხური წელთაღრიცხვით15. ამან უფრო მეტად განამტკიცა თავისი ხელისუფლების ტახტი, უშიშარჰყო თავისი ქვეყანა და ხალხი ყველა მხრის მტრისაგან. მის დროს მოშენდა ყველა ხარაბა სოფელი, ქალაქი და მიწა სომეხთა და სპარსელთა ქვეყანაში, რადგანაც იყო ქრისტიანთა დიდი მოყვარე და ქვეყნისმაშენებელი, რომლის ღვაწლითაც ყველგან განმტკიცდა ეკლესიები, სავანეები და უდაბნოები, განსაკუთრებით კი ეჩმიაწინის წმინდა ტახტი და წმიდა განძასარი ალვანქში წმ. მამამთავრის ფილოპოსის და კათალიკოსის პეტროსის დროს. ესეც ასე სვებედნიერად მყოფი ამ ქვეყანაში გარდაიცვალა 1110 წელს16 და სახელმწიფოს მმართველობა იმავე წელს [ხელში] აიღო მისმა ძემ შაჰ სულეიმანმა17. მისი [მეფობის] დღეებში უფრო დაწყნარდა ქვეყანა, მოშენდა ხარაბა-ნაოხარი და გამრავლდა ქვეყნის მოსახლეობა, გასწორდა მსაჯულთა სამართალი, ზომიერი გახდა გადასახადების აკრეფა და მოწესრიგდა ყოველგვარი საქმე და წესჩვეულება18. ამნაირად მართავდა იგი თავის ქვეყანას და ქვეშევრდომებს და გარდაიცვალა 1139 წელს19. მის შემდეგ, ჩვენს დროში, 1140 წელს20 გახელმწიფდა მისი ძე შაჰ სულთანი, ჰუსეინად წოდებული, ყმაწვილი ასაკით.
ის, რაც აქამდე მოხდა მოვიძიეთ და ამოვკრიფეთ ძველი საისტორიო მწერლობიდან21, განსაკუთრებით კი არაქელ ვარდაპეტის თხზულებიდან. უფალმა შეიწყალოს იგი. ამის შემდეგ ვალად გვდევს აღვწეროთ ეს დღევანდელი დრო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დადება ქრისტეს უკუნითი უკუნისამდე.
თავი III
სპარსელთა სახელმწიფოს დაცემისა და დაქვეითების შესახებ
თავისი ხელმწიფობის მეათე წელს ჰუსეინად წოდებულმა შაჰ-სულთანმა ბრძანა აეწერათ ხალხი და ქვეყანა სომხებისა და ყველა მოდგმისა, რომლებიც მის ხელისუფლებას ექვემდებარებოდნენ. წასულიყვნენ მისი მოხელენი, ვითარცა მისი სახლის სარწმუნო პირნი, მწერალნი და მოანგარიშენი, რათა შეუცდომლად და დაუფარავად აეწერათ ყველა ასაკის [ადამიანი] თხუთმეტი წლიდან მოკიდებული და ზემოთ და მისი ბრძანებით ასეთნაირად დამუქრებოდნენ [მოსახლეობას]: „თუ ვინმე იპოვის დამალულს და ლტოლვილს და ამის შესახებ ხელმწიფეს აცნობებს, ლტოლვილის თავი ხელმწიფის იქნება, ხოლო მისი დოვლათი დარჩება იმას, ვინც დაასმენს“. სწორად ასეც მოიქცნენ. რადგანაც დიდი გულმოდგინებით ეძებდნენ და სხვადასხვა ხერხითა და დამუქრებით არკვევდნენ [დამალულთა ადგილსამყოფელს]. ყოველ სოფელში სოფლის მამასახლისს, მღვდლებს და მესტუმრეს, რომელსაც გზირს უწოდებდნენ1, რომელიმე სახლში ამწყვდევდნენ ერთმანეთისაგან განცალკევებით, ხოლო შემდეგ ათქმევინებდნენ სოფელში მცხოვრებთა სახელებს და იწერდნენ. [დაწერილებს] ერთად უყრიდნენ თავს, ერთმანეთს უდარებდნენ და თუ მეტს ან ნაკლებს აღმოაჩენდნენ მათ ნათქვამში [რადგანაც მოსახლეობის სიტყვის მიხედვით ვალდებულების წიგნსაც, ე.ი. მუჩალგასაც2 ადგენდნენ, [რომელშიც აღნიშნული იყო], რომ თუ ვინმეს ტყუილში დაიჭერდნენ მას ჯარიმას გადაახდევინებდნენ], [დამნაშავეებს] ძელზე ჰკიდებდნენ და ჯოხით სცემდნენ. რათა ჯარიმა გადაეხადათ. ამასთან ერთად დიდძალ ქრთამს იღებდნენ, ხოლო მეათედი3 და მეომართა სასარგებლოდ დაწესებული გადასახადი დადგენილზე მეტი მიჰქონდათ, შემდეგ კი დაწერილს ხელმეორედ კრეფდნენ. ამის შემდეგ აღწერეს აგრეთვე სავანეები, უდაბნონი და სოფლის ეკლესიები, მათთან ერთად ეპისკოპოსებიც და მღვდელ-მონაზვნებიც ყველანი სათვალავში ჩააგდეს. ამათ რომ მორჩნენ, შეუდგნენ ვაჭრების, მგზავრების და იმათ აღრიცხვას, ვინც რაიმე მცირე ვაჭრობას მაინც მისდევდა. ყველანი ერთმანეთის მიყოლებით აღწერეს და [სიები] წაიღეს და წარუდგინეს ხელმწიფის სამსჯავროს.
ხოლო იქ, აღწერილ პირებზე გადასახადები დააწესეს, რომელნიც სამმაგად აღემატებოდნენ ადრინდელ ოდენობას. ეკლესიის მსახურებს, რომლებიც წინათ სრულიად თავისუფალნი იყვნენ, ათგზის უფრო მძიმე ტვირთი დააკისრეს ვიდრე ერისკაცებს. ეს ქვეყნის აღწერა სამ წელიწადში ძლივს დაასრულეს, რადგანაც დაიწყეს 1148 წელს5 და 1151 წელს6 ბრძანება გამოვიდა [აეკრიფათ] მოსახლეობისაგან სამი წლის სულადი გადასახადი, რომელიც ახლა დააწესეს. მღვდელ-მსახურებსაც და სასულიერო პირებსაც მათთან ერთად თანაბრად ართმევდნენ [გადასახადს]. შემდეგ ადგა ატროპატაკანის7 დიდი ვეზირი, რომელიც ქალაქ თავრიზში იჯდა, სახელად მირზა თაჰერი, ათას ასი კაცით, მოვიდა ყარაბაღის ქვეყანაში და ქალაქ განჯაში და შეუდგა ბევრად მეტის აკრეფას, ვიდრე დადგენილი იყო.
მეომრები განიფანტნენ ქვეყნებსა და სოფლებში, რომლებიც სათვალავში ჩააგდეს აღწერის დროს. რადგანაც მეტად მძიმე იყო უღელი და ხალხს არ შეეძლო მისი ზიდვა, ამიტომ სტანჯავდნენ და აწიოკებდნენ [მოსახლეობას] და ძარცვა-გლეჯვით მიჰქონდათ [ფული] მათი შეძლებისდა მიხედვით ბევრიდან ბევრი და მცირედან მცირე, რადგან [დიდი] სოფლიდან [იღებდნენ] ასორმოცდაათ, ას ან ორმოცდაათ თუმანს, ხოლო ძალიან პატარადან – არა ნაკლებ ოცდაათი ან ოცი თუმნისა. ესევე მოექცნენ ვაჭრებს და ყველა ხელოსანს. ასე აღრიცხავდნენ ხოლმე წლიდან წლამდე მოსახლეობას, შემდეგ მოდიოდნენ გადასახადის ამკრეფნი და უკლებლივ მიჰქონდათ (დადგენილ-დაწესებული). ამის შემდეგ კვლავ შემოიღეს სხვა სახის გადასახადი და მას აბიქურენი8 უწოდეს, შემდეგ ისევ დააწესეს სხვა [გამოსაღები] და მას შაჰზადეს ახრაჯათი დაარქვეს9. ამას კიდევ ერთი დაუმატეს და მას შეშდინარი უწოდეს10. ამათი [ოდენობა] სამჯერ გაზარდეს.
ხელმეორედ გამოვიდა ბრძანება წასულიყვნენ [მოხელენი] და აეწერათ ქვეყნის, სოფლებისა და მამულების ყველა საზღვარნი, მიწები, წყალი, ბაღები, მინდვრები, ხეები, ნარგავები და ყველაფერი, რაც კი საჭიროა ადამიანისათვის. სულ ერთნაირად აღწერეს ყველანი, როგორც სომხები, ისე სხვა მოდგმის ხალხი და აგრეთვე მომთაბარეები11. მათი საძოვრები, ცხვრის ფარები, ცხენის რემები, ნახირი და ყველა სახის პირუტყვის ჯოგები აღრიცხეს და წინანდელთან შედარებით ორმაგად გაზარდეს გადასახადი.
ყველაფერი ეს, რაც აქ დავწერეთ, ახლად მოგონილი ბოროტება იყო, რომელიც მიუმატეს ადრე დაწესებულ გადასახადებს მაშინ, როდესაც წინანდელიც უმძიმეს ტვირთს წარმოადგენდა მოსახლეობისათვის და ახლა შემსუბუქების ნაცვლად კიდევ ამდენი დაუმატეს მას.
გარდა ამისა, როგორც წესია სპარსელთა სახელმწიფოში, თავიანთი სამფლობელოს თითოეულ ქალაქში და ყველა ქვეყანაში, განაწესეს გამგებლები და მხედართმთავრები, როგორიც არის ხანი, სულთანი, ყულბეგი, ვეზირი, ტარუღა და თიულდარი12. წინათ, ვისაც რომელიმე ასეთ სახელოს მისცემდნენ, ძნელად თუ გამოსცვლიდნენ მას და წაართმევდნენ [თანამდებობას]13. თუ ვინმეს რაიმე დიდი დანაშაული ან მავნებლობა დაბრალდებოდა ანდა მისი ძალმომრეობისა და სიხარბის გამო მომჩივანნი და მაბეზღარნი მივიდოდნენ ხელმწიფის კარზე და მის დანაშაულს გამოააშკარავებდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ თუ წაართმევდნენ ხოლმე ასეთ კაცს თანამდებობას.
მაგრამ ახლა ამ ხელმწიფის დროს ასე აღარ არის, პირიქით ხელმწიფეც და მისი დიდებულნიც მექრთამეები არიან, ხშირ-ხშირად სცვლიან და ხსნიან [მოხელეებს] და ერთი წლის მანძილზე ერთმანეთის მიყოლებით ორ ან სამ მმართველს გზავნიან ერთსა და იმავე ქალაქში, ხოლო ისინი მოდიან და როგორც თვითონ ქრთამით აქვთ მიღებული თანამდებობა, თვითონაც ასევე უგულებელყოფენ ყოველგვარ სამართალს და ხალხის უფლებებს, ძარცვავენ და აწიოკებენ თავიანთ ქვეშევრდომებს. ასევე იქცევიან მათი მერჯულენიც, ე.ი. მსაჯულები – შეიხ-ულ ისლამები14 შეიხები55 და ისინი, ვისაც ყაზიებს უწოდებენ.
კვლავ მოიგონეს სხვა ბოროტება, რადგანაც ყველას ვისაც ოდესმე გააჩნდა სოფლები და მამულები, აგრეთვე დაქირავებულებს, ე.ი. დონ-ლუღით16 ნაქირავებ სარდლებს და მეომრებს, რომლებსაც ფულის სახით გარკვეული [შემოსავალი] ჰქონდათ, მათ [სასარგებლოდ დადგენილი] მეათედიც ჩამოაჭრეს და ხელმწიფის კუთვნილებად აქციეს. თვითონ კი მათზე [დაწესებულ] თანხასაც არ იხდიდნენ, პირიქით ისიც დაუმატეს და დააკისრეს თავიანთ ქვეშევრდომებს. ასეთნაირად იქცეოდნენ. ამის მსგავსად სხვა უარესი ბოროტებაც გაამრავლეს: ყმაწვილები და ქალწულები ძალით მიჰყავდათ, მამაკაცებს და ქალებს სარწმუნეობას ძალდატანებით აცვლევინებდნენ, სარწმუნოების ერთგულთა ქონებას, დოვლათს და განძეულობას იტაცებდნენ და რჯულის მოღალატეთ აძლევდნენ, ისე რომ ბევრი შეძლებული და მდიდარი ვიხილეთ ჩვენის თვალით, რომლებიც უკიდურეს სიღატაკესა და გაჭირვებაში იყვნენ ჩაცვენილი და როდესაც ვიკითხეთ, შევიტყვეთ, რომ რჯულის მოღალატეებისა და თავიანთი ქონების მოტაცების გამო იყვნენ ასეთ დღეში. ასე მოსპეს ყოველგვარი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში, რის შესახებაც ყველაფერი ვერ დავწერეთ. იმავე დროს თავიანთი წესებიც შემოიღეს, მაგრამ [მოსახლეობამ] წინააღმდეგობა გაუწია შეცვლილ-დადგენილ ოდენობას, რომელიც სულადი გადასახადისა და მართლმსაჯულების ანგარიშში დააწესეს მათზე.
ამიტომ მოაწია სამართლიანი უფლის მართლმსაჯულებამ მათზეც და სომეხთა მოდგმაზეც, რასაც მომავალში დავწერ: მათი ულმობლობის და უღმერთობის, საწყალობელთა დოვლათის ძარცვისა და რბევის შესახებ, რაზედაც ბევრიდან მხოლოდ ცოტა შევიტყვეთ. ხოლო მათი ურჯულოება, უკანონობა, თავგასულობა, სიბილწე, უჭკუობა და შუღლი, ისევე როგორც მათი ურჩობა მამაზეციერის, საღვთო წერილისა და [ათი] მცნების წინააღმდეგ, რაც გაცნობეთ ღვთის შეწევნით, გახდა მიზეზი მათი წარწყმედისა, რისგანაც გვიხსნას უფალმა იესომ. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი IV
აჯანყებისა და ურჩობის შესახებ, რომელიც ადგილ-ადგილ გამოვლინდა სპარსელთა ხელისუფლების წინააღმდეგ
წმინდა წინასწარმეტყველის დანიელის წინასწარგანჭვრეტის თანახმად და მისი წინათხედვის აღსრულების გამო, ისე როგორც მრავალ ბრძენთა აზრი, რომ ვერძის ათი რქა არის ნიშანი ათი ხელმწიფისა სპარსელთა მოდგმისაგან, რაც [მართლაც] შეესაბამება მათ რიცხვს ან და თანახმად სურვილისა ყოველთა მაცხოვარისა, რომელსაც თავისი მისაგებელი სამართალი ხელთ უპყრია, ვითარცა თასი და ვისაც სურს იმას შეასმევს და იგი უფალია მოკვდავთა სახელმწიფოებისა და ქვეყანას ვისაც სურს იმას უწყალობებს1. ამის [ჭეშმარიტება] ამჟამადაც ჩანს, რადგანაც ამ ხელმწიფის სულთან-ჰუსეინის დროს ხორასნისა და ყანდაჰარის მხარეებში ბინადრობდა ხალხი, რომელსაც ავღანელებს უწოდებენ. ამ ხალხის შესახებ მოგვითხრობენ, რომ თითქოს ისინი წარმომავლობით კავკასიის მთიელნი არიან, ალანთა ქვეყნიდან, რომ მოდგმით ისინი ავღანელებს ეკუთვნიან, რომელთაც ამჟამად წინანდელი სახელით მოიხსენებენ. სარწმუნობით ისინი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ შემდგომ ლანგ-თემურად წოდებულმა დამპყრობელმა, რომელიც თავისი გამარჯვების წყალობით დაეპატრონა მსოფლიოს მომეტებულ ნაწილს, რასაც მის შესახებ მოგვითხრობენ მატიანები და გადმოგვცემენ, რომ მან აჰყარა ეს ხალხი მათი ქვეყნიდან და ოცდახუთი ათასი ოჯახი წაასხა და დაასახლა ხსენებულ ქვეყანაში. დროთა განმავლობაში ისინი მაჰმადის რჯულზე მოიქცნენ2. შემდეგ გაძლიერდნენ და გამრავლდნენ და მთავრებად და ხელისუფლებად დასხდნენ [თავიანთი მხარის] ყველა ნაწილში და დამოუკიდებელნი იყვნენ შაჰ-აბასად წოდებულ ხელმწიფის დრომდე, რომელმაც აიღო ყანდაჰარი3 და დაიპყრო ის მხარეები, დაიმორჩილა ისინიც და მათი სახელმწიფოც. შემდეგშიც [ავღანელები ემორჩილებოდნენ] მის შვილებსაც და შვილიშვილებსაც ვიდრე აქამომდე, ჩვენი წელთაღრიცხვის 1150 წლამდე4, მაგრამ შემდეგ დაიწყეს აჯანყება და იმ მხარეთა აოხრება5.
ასევე იქცეოდა სხვა ტომი, რომელსაც ბელუჯებს6 უწოდებენ და აგრეთვე სოუღ-ბელაღის ქვეყნის7 [მოსახლეობას], რომელიც თურქმენების სახელით არის ცნობილი. ერთ-ერთმა ამათმა ბელადმა სულეიმან–ბაბამ, რომელიც ამბობდა, რომ იგი ენათესავებოდა წინანდელ იმ ხელმწიფეთა საგვარეულოს, რომელნიც ისხდნენ სატახტო ქალაქ თავრიზში და სახელად ჯაჰანშაჰი და იაყუბი ერქვათ8, დალაშქრა ასტრაბადის ქვეყანა, რომლის მფლობელს ადინაღურდს უწოდებდნენ. კავკასიის მთიელნიც, თოვლში მოსახლე ლეკები, რომლებიც ლაზგები არიან და მატიანეში ჰუნებად იწოდებიან9, ოდითგანვე მუდმივი მტრები არიან ატროპატაკანის ქვეყნის, სომეხი ხალხისა და ჩვენი სარწმუნოებისა.
ამათ და ყველა ზემოთ ხსენებულმა მხარი მისცეს ერთმანეთს და აღუდგნენ სპარსელთა ხელმწიფის ხელისუფლებას და დაიწყეს ყველა თავიანთი მახლობელი და მეზობელი ქვეყნის რბევა-აოხრება, [მოსახლეობის] ტყვევნა და მახვილით ხოცვა-ჟლეტვა10. ეს ერთი წელი კი არა, დიდ ხანს გაგრძელდა. მათი აჯანყებები მცირე შესვენებებით ერთიმეორეს მისდევდა და თუმცა ხელმწიფე ლაშქარს აგროვებდა და მხედართმთავრებისა და სარდლების მეთაურობით მათ წინააღმდეგ გზავნიდა და [აჯანყებულთ] დიდძალ განძეულობასაც სწყალობდა, მაგრამ ამას არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა, პირიქით, ისევ [სპარსელნი] მარცხდებოდნენ. მართალია ზოგიერთი მათგანი დიდი ცდით და ძლივსძლიობით დააშოშმინეს; მაგრამ შფოთის აღმოფხერა არა იმდენად გამარჯვებებით მოახერხეს, რამდენადაც მათი გულის მოგებითა და მოთხოვნათა შესრულებით. მაგრამ ყანდაჰარისა და კაეკასიის მხარეებში შფოთი მაინც დიდხანს გაგრძელდა, რასაც თავის დროზე მოგითხრობთ თუ ამას მამაზეციერი ინებებს. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი V
თუ რა მოიმოქმედეს ჰუნებმა ალვანთა ქვეყანაში
ყველასათვის ცნობილია, რომ სახლი ან სხვა რომელიმე ნაგებობა, დიდი თუ მცირე, როდესაც დაძველდება უნდა დაინგრეს. ჯერ ქვის კედლები და საძირკველი შეირყევა და ერთმანეთს დასცილდება, მერე სახლის სახურავი ჩამოწვება, ხოლო ამის შემდეგ მთელი სახლი ჩამოიქცევა და დაინგრევა. ასე დაემართა სპარსეთის სახელმწიფოსაც. კავკასიის მთების მკვიდრნი, რომელთაც ლაზგებს უწოდებენ, [ბინადრობენ] მთის აქეთა მხარის ადგილებში, ღახში, ჭარში, თალაში და სხვა სახელებით ცნობილ სოფლებში1. მათი ბელადი იყო ალისულთანი, რომელიც თავდაპირველად შაჰის ბრძანებით იყო დანიშნული. ამან და სხვა ბევრმა დამოუკიდებელმა მფლობელმა ერთმანეთთან პირი შეჰკრეს, წინ აღუდგნენ და აუჯანყდნენ ხელმწიფეს 1161 წელს2, მაგრამ ამაზე ადრე მათ დაარბიეს, წარტყვევნეს და გაძარცვეს ენისელის ქვეყანა, შაქი, ბასინჯაღი, მუმფარაქი, ჩარღათალუ და სხვა მრავალი ადგილი.
ამჯერად კი თავს დაესხნენ ქანთაქად წოდებულ სოფელს და მთლიანად იავარყვეს იგი. ასეთნაირად გათამამებულნი წლითი-წლობით ლაშქრავდნენ მდინარე მტკვრის გაღმა და გამოღმა მხარეს, შაქის, ყაბალისა და ღასანუს ოლქებს ქალაქ შემახას სანახებამდე. [ასევე მოაოხრეს] აქეთა ნაპირზე მრავალი [ადგილი] ყაზახის ოლქში3. რომელიც არის აღსთევი, და ამირშამშადილუს ქვეყანაში4, რომელიც იგივე ზაკამია. განჯაფასანის4 ოთხი ხეობა, ე.ი. შამქორი, განჯაფასანი, ვოსკანაპატა-ძორი და ქურაქფასანი6 და აგრეთვე ბარდავის მრავალი სოფელი და დაბლობის სოფლები ერთად ააოხრეს, ტყვეები წაასხეს, ალაფი წაიღეს და გააუდაბურეს. გადარჩენილებმა მიაშურეს არცახის7 მთებსა და ტაფობებს, გამაგრებულ ადგილებში გადახვეწით ისინი ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას.
1170 წლის8 8 მარტს ალი-სულთანმა შეჰყარა იმავე ლაზგთა ტომის ლაშქარი, რიცხვით არანაკლები რვა ათასისა, გამოემართა ქალაქ განჯაზე და მოქალაქეთა ნებამიშვებით დაიჭირა იგი იმ ფოლორცამდე (ე.ი. ქუჩამდე), რომელიც სუთოქულანის სახელად წოდებულ სოფლის მხარეს [მდებარეობს]. როდესაც ლეკები შიგნით შევიდნენ, მხოლოდ მაშინ აღსდგნენ მოქალაქენი, დაიჭირეს მათი უკან დასახევი გზები და 1200 კაცი გაწყვიტეს, არც მეტი და არც ნაკლები, ხოლო მათ ვერაფერი ვეღარ გაახერხეს, უკან გაბრუნდნენ და სირცხვილნაჭამი თავიანთი ქვეყნისაკენ გაემართნენ.
ყოველივე, რაც აქამდე დაიწერა ჩვენ მიერ, მოხდა რვა ან ცხრა წლის მანძილზე მოკიდებული 1160 წლიდან9. ხელმწიფემ ბრძანება გასცა, რომ სპარსელთა ლაშქარი დაძრულიყო მათ წინააღმდეგ, ე.ი. ქალაქ შემახაში, განჯაში და მათ სანახებში მდგომ [სპარსელებს] და იქ მჯდომ ხანებს [გაელაშქრათ ლეკებზე], მაგრამ რამდენსაც არ ეცადნენ ვერ შეძლეს ლეკებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. უფრო მეტიც დამარცხდნენ და დაიღუპნენ მათთან [ბრძოლაში], მსგავსად შემახას ხანის ჰასან-ალისა, რომელიც თხუთმეტათასიანი ლაშქრით მიადგა მათ საზღვრებს, მაგრამ ისინი მარხვის დილას მოულოდნელად თავს დაესხნენ სპარსელებს, ლაშქრის დიდი ნაწილი გაწყვიტეს და ხანიც მოკლეს, გადარჩენილები კი გაიქცნენ და უკან დაბრუნდნენ.
ლეკების შამქორზე თავდასხმის დროს, მათ წინ დაუხვდა ოღურლუ-ხან განჯელი, მაგრამ შემდეგ ზურგი უქცია, უკან გამობრუნდა და განჯაში ჩაიკეტა. ამის მსგავსად ვინმე სახელად ქიჩი ხანი, შაქის მმართველი, მცირე ხანს გაუმკლავდა მათ, მაგრამ ისიც მოკლეს. გარდა ამისა უგუნურთა ამ მოდგმამ უფრო მეტიც გაბედა და შემდეგ ხელი აღმართა კახეთის ქვეყანაზე და ქართველებზე. ისინი აქამდესაც რამდენჯერმე ძლიერად შეეტაკნენ ერთმანეთს და დიდი სისხლისღვრა მოხდა ორივე მხარეს. კახეთის [მეფე] მაჰმად ყული-ხანი10 ერთხელ კი არა, სამჯერ გააქციეს ბრძოლის ველიდან და ხელთ იგდეს მთელი მისი დოვლათი11. ასე წლიდან წლამდე სულ უფრო ღრმად იჭრებოდნენ ლეკები [კახეთში] და მოაოხრეს მთელი მისი ქვეყანა მათი წინანდელი მეფეების ადგილსაჯდომისა და საეპისკოპოსოების გამოკლებით. [ადგილობრივი მოსახლეობა] თუშეთის მთების მიუვალ ადგილებში გაიხიზნა.
მათ ასეთ და ამდენ უტიფრობას სხვა მიზეზიც ჰქონდა, რასაც ახლავე მოგითხრობთ.
შირვანის ქვეყანაში, ყაბალის ოლქში არსებობს მელიქად წოდებული ერთი მაჰმადიანური ტომის სამფლობელო, სოფელ ღურთაღშენში ყარასუს სახელით ცნობილ ადგილას. ჩანს, რომ მათი [ხელისუფალი] იყო ვინმე მელიქი, რომელსაც მელიქ მაჰმადს ეძახდნენ, კაცი ჭკვიანი და იღბლიანი, იუდაზე უფრო ხარბი და წურბელაზე გაუმაძღარი. მან ყაბალის მთელი ქვეყანა გამოსთხოვა შემახას ხანს.
ეს ქვეყანა იყო ნაყოფიერი, მოშენებული და დასახლებული, როგორც სომხებით, რომლებიც დიდი რაოდენობით გადმოვიდნენ ყარაბაღიდან და იმ ქვეყანაში დასახლდნენ [და რიცხვით] აღემატებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვა ხალხებით, რომელნიც იმ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ. ხსენებულმა მელიქმა სხვადასხვა ხერხით გამოართვა მათ დიდძალი განძეულობა, მრავალი ოქრო-ვერცხლი, და გაბატონდა ყველაზე. ამისგან შეწუხებულმა ხალხმა ჩივილი დაიწყო მასზე პოზერის სომეხმა მოსახლეობამ თავი მოიყარა ხანის კარზე და ყოველივე ხელმწიფეს მოახსენა. იქვე იმყოფებოდა ვინმე მღვდელი სახელად ბარსეღი, რომელიც იყო ყარაბაღის მკვიდრი, ხაჩენის ქვეყნიდან12, მელიქთა საგვარეულოდან, რომელნიც ხალხის გადასახლების დროს წავიდნენ თავისი ნათესაობით, აღადგინეს სოფელი სოკუთლუ და მასში დასახლდნენ. ისე რომ ბარსეღზე გავლენიანი არავინ იყო სოფლელთა შორის. ბარსეღი აირჩიეს და გაგზავნეს ისფაჰანში ხელმწიფის კარზე, რათა დაედგინათ იქაური სომხური მოსახლეობის მელიქად, რადგანაც იგი მელიქთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ისიც მათი სურვილის თანახმად გაემგზავრა, მიიღო ხელმწიფის ფირმანი და უკან დაბრუნდა. მაგრამ მისი მტერი ძლიერი იყო და ბარსეღმა ვერ შესძლო მას გამკლავებოდა, ამიტომ შემახას მმართველს მან ქრთამით აუხვია თვალები და აღარაფრად ჩააგდეს მღვდლის სიტყვები. მაშინ შურით აღივსნენ მის მიმართ შემახას დიდებულები, ხანსაც აუჯანყდნენ, ეახლნენ ხელმწიფეს, ხანი თანამდებობიდან გადააყენებინეს და მელიქიც დაასმინეს ხელმწიფესთან, რომ დიდძალი სიმდიდრე შეაგროვა და სურს აგიჯანყდესო. [ხელმწიფემ] ბრძანა მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას გააჩნდა, აეწერათ და ხელმწიფის კუთვნილებად გამოეცხადებინათ, ხოლო თვითონ იგი და მისი მახლობლები დილეგში ჩაეყარათ. ასეც მოიქცნენ.
მოვიდნენ ხელმწიფის ჯალათები, აწერეს და აღრიცხეს მელიქის სახლი და ქონება, ხოლო თვითონ ის თავის ძმასთან ერთად, რომელსაც სახელად აჰმადს ეძახდნენ, ბორკილებში ჩასვეს და ქალაქ შემახაში წაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვე ციხეში ჰყავდათ, შემდეგ კვლავ გამოუშვეს იქიდან და ისევ დაუბრუნეს მათ ხელისუფლება.
მათი ქონების შესახებ, რომელიც ხელმწიფის ხაზინაში მოათავსეს, ამბობდნენ, რონ მარტო ოქრო და ვერცხლი სამოცდაათ ათას თუმანს შეადგენდა, გარდა სხვა სიმდიდრისა, ოთხფეხისა და მულქებისა13, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა; რადგანაც მოგვითხრობდნენ, რომ მას ეკუთვნოდა ხუთასი თინკი, რომლითაც არჩევენ ბრინჯს, ხუთასი ქუმი და მაჩინაკი, რითაც ართავენ აბრეშუმს, ხუთასი მდინარე და რუ, რომელსაც არხს უწოდებენ და აუცილებელია მიწათმოქმედებისათვის, ხოლო მის დანარჩენ სიმდიდრეს თვითონ მიხვდები გუმანით.
ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც გავიდა რამდენიმე წელიწადი, ვინმე სახელად ჰუსეინმა, შემახას ხანმა კვლავ შეიპყრო შაჰის ბრძანებით ორივე და თავი მოკვეეთა მათ, ხოლო შემდეგ დაიჭირა მელიქის სამი ვაჟი, რომელთაც ფეიქარი, იბრაჰიმი და ყასუმი ერქვათ და დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ წაართვა მათ დარჩენილი ქონებაც, რომელიც, როგორც ამბობდნენ [შეადგენდა], ოცდახუთ ათას თუმანს, ამჯერადაც, ამდენი წაიღეს და გაათავისუფლეს ისინი. ამის შემდეგ ფეიქრად წოდებული [ერთ-ერთი ძმა] ეახლა შაჰ, მიიღო მელიქობა დაბრუნღა თავის სამფლობელოში და მართავდა ქვეყანას თავის წინაპართა წესის თანახმად. ბოლოს, ოთხი წლის შემდეგ შემახას მეორე ხანსა, სახელად აგრეთვე ჰუსეინმა, ფეიქარს მისსავე სახლში მოჰკვეთა თავი და შემდეგ მისი სახლი, ცოლები, შვილები და მთელი მისი ავლადიდება ხელთ იგდო და შემახაში გადაგზავნა. ამის შემდეგ გამოძებნეს და მიაკელიეს მთელი ქონება, რომელიც მას ჰქონდა და ისიც წაიღეს და ხელმწიფის ხაზინას ჩააბარეს. ამბობდნენ, რომ მისი ქონების ღირებულებაც ოც ათასს თუმანს აღემატებოდა.
მისი ძმები იბრაჰიმი და ყასუმი გაიქცნენ და წავიდნენ ზემოხსენებულ ალი-სულთანთან, ხოლო იქიდან გადავიდნენ მთის იქითა მხარეს ლაზგების მოდგმის თავკაცებთან. როგორც ამბობენ, მუსლიმანები ორ სექტად იყოფიან: პირველს შიიტებს უწოდებენ რომელსაც მისდევენ სპარსელნი და ყიზილბაშები ხოლო მეორეს – სუნიტებს, რომელსაც აღიარებენ ოსმალნი, ხსენებული მთიელები, ყანდაჰარის ავღანელები, ოზბეგები, ბუხარელები, არაბები და მსოფლიოს სხვა ხალხები, რომელნიც მისდევენ ამ სარწმუნოებას14. იმიტომ წავიდნენ ძმები ლეკებთან, რომ ისინი ერთმორწმუნენი იყვნენ. გადმოგვცემენ, რომ ისინი ფეხშიშველა და თავშიშველა დადიოდნენ ლეკთა სახლებში თავიანთი უბედურების გამო, რომელიც მათ შიიტებისაგან განიცადეს, რადგანაც ასეთი იყო იმ ადგილის ჩვეულება.
მათმა ასეთმა სიარულმა გააღვივა ლეკთა შურისძიება, აღიგზნენ გააფთრებულ მხეცებზე უფრო მეტად და დიდ სირცხვილად ჩასთვალეს, რომ ისინი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ლეკებმა ერთმანეთს შეუძახეს, შეერთდნენ და ერთიმეორეს წაქეზებით თავი მოიყარა ერთ ადგილას ბევრზე ბევრმა, უთვალავმა ათასმა [კაცმა] იმის გამო, რომ მთის აქეთა მხარი, ლეკებს, რომელნიც ზემოთ მოვიხსენიეთ, გამუდმებით ესმოდათ მათი თარეშის შესახებ, მათაც განიზრახეს წასვლა და მათთან შეერთება, წინა წელს15, მათი ბელადი, სახელად სურხა თავს დაესხა ქართველთა ქვეყანას, შეიჭრა კახეთსა და თბილისში და დალაშქრა ოლქები, რომელთაც სომხითსა და დმანისს უწოდებდნენ.
ხოლო ამჯერად ზემოთ მოთხრობილ მიზეზების გამო, 1171 წლის 10 აგვისტოს16 გაერთიანებული ძალებით ხსენებული ლაზგების ტომები ყველა თავიანთი ბელადით, ზემოხსენებული სურხაით, შამხალით, უცმით, ჰაჯი დავუდით და ალი-სულთანით, მთელი თავიანთი ძლევამოსილებით თავს დაესხნენ ქალაქ შემახას. რვა დღე გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ ვერ შესძლეს [ქალაქის] აღება. ამასთანავე მათ კვალდაკვალ ამბავი მოვიდა, რომ თითქოს ზოგიერთმა მათმა მახლობელმა შუღლი ჩამოაგდო მათ ქვეყანაში. ამიტომ ერთ ღამეს [ლეკები] მოულოდნელად უკან დაბრუნდნენ და წავიდნენ თავიანთ სამფლობელოში.
ამის შემდეგ შემახას მოსახლეობა შეუდგა ქალაქის მხარეების გამაგრებას ზღუდეებით, თხრილებითა და გალავნით. ამასობაში [მაშველმა] ჯარმაც მოაღწია ყოველი მხრიდან (ე.ი. განჯიდან, ყარაბაღიდან). შაჰის ბრძანებით მოვიდა ქალაქის ახალი ხანიც, რომელსაც ერქვა ჰუსეინ-ხან აქულისეული. იმ წელს შეინარჩუნეს ქალაქი მომდევნო წლის იმავე თვემდე.
კვლავ მოვიდნენ ზემოხსენებული მთიელები წინანდელზე უფრო მრავალრიცხოვანი ლაშქრით, ძლიერად იბრძოლეს თორმეტი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც აიღეს ქალაქი შემახა სომხური წელთაღრიცხვით 1171 წელს17, აგვისტოს თვეში წმინდა ღვთისმშობლის მარხვას, ოთხშაბათ დღეს. [შემახას] აღება ასე მოხდა: როგორც წინათაც ვთქვით მუსლიმანები ორ სექტად იყოფიან – შიიტებად და სუნიტებად. ამ ქალაქის მოსახლეობაც ორად იყო გაყოფილი, მაგრამ სუნიტები სჭარბობდნენ, ამიტომ სარუ თორფახად წოდებული უბნის მოსახლეობამ ღამით თავის მხარის [გალავნის კარები] გააღო და მტრის ლაშქარი შიგნით შეიყვანა. როგორც კი ირიჟრაჟა თვითონაც მას შეუერთდა და ქალაქი [მტერს] ხელში ჩაუგდო. ლეკებმა შიგნით შესვლისთანავე მახვილს მისცეს ყიზილბაში მაჰმადიანები. რა მოგითხროთ იმ უბედურთა და სისხლდათხეულთა შესახებ, რომელთა [სისხლი] მდინარესავით მოსჩქეფდა ქუჩებში. ქალაქის რვაასი თავკაცი და დიდებული გაიქცა და თავი შეაფარა მიზგითში, რომელიც ქალაქის შუაგულში იდგა.
ისინი დახოცეს პირუტყვის მსგავსად, ერთიანად ამოწყვიტეს და ჩაახშეს მათი მოთქმა-ვაების ხმა. სპარსელთა ლაშქრიდან ბევრი [მეომარი] და სარდალი გაიქცა და წავიდა, ვისაც სად შეეძლო. მათი დოვლათი ნადავლად წაიღეს, ოჯახები და შვილები კი ტყვედ წაიყვანეს. ჰუსეინ ხანიც შეიპყრეს, რამდენიმე დღე თავისთან ჰყავდათ, შემდეგ გადასცეს იბრაჰიმ-აღას, ზემოხსენებული მელიქ ფეიქარის ძმას, რომელმაც მოაკვლევინა თავის მამისა და ძმისათვის შურის საძიებლად. სომეხი ქრისტიანები, როგორც მკვიდრნი, ისევე სოფლელნი არც იმდენი დაუხოცნიათ, რადგანაც შეიბრალეს ისინი ქრისტეს წყალობით. სამაგიეროდ მათი ქონება ცოტა როდი წაიღეს. მათმა ოჯახებმა და შვილებმაც თავი დაიხსნეს ტყვეობიდან.
საჭიროა ვიცოდეთ ქალაქ შემახას დიდებულების შესახებ, რომ შაჰ აბას დიდის დროიდან, რომელმაც იგი 1055 წელს18 წაართვა ოსმალოთ, 1170 წლამდე19 მას თივის ერთი ღერიც კი არ დაუკარგაეს. რადგანაც იგი კასპის ზღვის ნავსადგურს წარმოადგენდა, ამიტომ იგი იყო ყველა ქვეყნის, ინდოეთის, რუმის, ჯუღისა და რუსეთის, ვაჭრების საცხოვრებელი, სავაჭრო და აღებ-მიცემობის ადგილი. იგი სავსე იყო ყოველნაირი საქონელითა და სიმდიდრით. ამის გამო ამ ხარბმა და გაუმაძღარმა მოდგმამ, როგორც უგუნურთა ბრბომ, გაძარცვა და მთლიანად დაცალა [ქალაქი დოვლათისაგან], მსგავსად კაცისა, რომელიც უღვთო ავაზაკებს ჩაუვარდათ ხელში. მათ შეაგროვეს ოქროს და ვერცხლის ნაირნაირი ნივთები, გაიტანეს ქალაქგარეთ, ნაკუწ-ნაკუწად დაამსხვრიეს, შემდეგ ერთმანეთში გაინაწილეს და წაიღეს თავიანთ ქვეყანაში. იმდენად უგუნურნი იყვნენ ის ბილწნი, რომ თითო-თითო ოქროს აძლევდნენ ერთ პურსა და ერთ ნესვში. ასე მოხდა სახელგანთქმული დედაქალაქის შემახას დაპყრობა.
ქალაქის აღების შემდეგ განჯისა და ერევნის მმართველებმა ყოველივე შეატყობინეს და იჩივლეს ხელმწიფესთან, ხოლო თვითონ პირი შეჰკრეს და მთელი თავიანთი ლაშქრით წავიდნენ და თავს დაესხნენ ალვანქის ქალაქს – ბარდავს, რომელიც მდინარე მტკვრის ნაპირზე [მდებარეობს]. ერევნის ხანი ყველა თავისი ოლქის გამგებლით, ისევე როგორც განჯის ხანი თავისი დიდებულებით და სხვები მრავალრიცხოვანი ჯარით, რომელიც ოცდაათ ათასს [მეომარს ითვლიდა, გარს შემოადგნენ ბარდავს].
მაგრამ ხელმწიფისაგან არავითარი დახმარება არ ჩანდა, რადგან დიდ განსაცდელში იმყოფებოდა და ომით იყო დაკავებული ყანდაჰარის მხარეში. მან მხოლოდ სიტყვით და ფირმანით უბრძანა მათ გაეკეთებინათ ის, რასაც შესძლებდნენ. ხოლო ის კაციჭამია მხეცები, მსგავსად მონადირეებისა, მამაცები და გაწვრთნილები ბოროტებაში და საზარლები, რომელთა მარტო სახელისა და ხმის გაგონებაც შიშის ზარს სცემდა და აძრწოლებდა მათ ახლომყოფთ, ჩვეულებისამებრ ამჟამადაც წყნარად და უხმაუროდ შეიკრიბნენ დიდი მდინარის გაღმა ნაპირზე და ერთ ღამეს ჩუმად გადმოვიდნენ გამოღმა ნაპირზე, ხოლო სპარსელთა ლაჩარი და ქალაჩუნა მოდგმა თავისი ჩვეულების თანახმად დაბინდებიდან გათენებაპდე ღრეობდა და ღვინოს ეტანებოდა, დილით კი ღრმა ძილს მიეცა. შემდეგ, როგორც კი ირიჟრაჟა და მზემ ამოიწია, ომი გაჩაღდა. მაგრამ ვიდრე სპარსელნი მთქნარებ-მთქნარებით ემზადებოდნენ ლეკებმა დაამარცხეს ისინი, წინ გაიგდეს და მდინარე დრდოვაკანისა და ხაჩენის ხეობებით ხოცვა-ჟლეტით სდევნეს არცახის მთიანეთამდე.
ამგვარად განადგურებულმა სპარსელებმა დაკარგეს ქედმაღლობა. ხოლო ხაზარებმა20 შეაგროვეს ნადავლი და სიხარულით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში.
ეს მოხდა 1170 წლის შემოდგომაზე21.
როგორც კი დაიძრა ზამთარში ყინულით შებოჭილი მდინარე და დაჰქროლა გაზაფხულის ტკბილსურნელოვანმა ქარმა, რომელიც ჩვენ მწარედ გეეჩვენა, მარტის თვეში, უფლის დიდი აღდგომის ახლო დღეებში [ლეკები] კვლავ დაადგნენ ბოროტ განზრახვას, ორჯერ და სამჯერ უფრო მეტნი შეგროვდნენ, დაირაზმნენ და კალიის მსგავსად ბევრზე ბევრმა და უთვალავმა ათასმა [თავი მოიყარა], დაიძრა რკინის კარისაკენ და შემახას მიადგა. იქიდან კი ლეკები მივიდნენ და დაბანაკდნენ იმ ადგილას, სადაც მდინარეები არეზი და მტკვარი ერთმანეთს ერთვიან, მუღანის ნაყოფიერი ველის მოპირდაპირე მხარეს.
სპარსელთა ერთ-ერთმა სარდალმა, სახელად ჩარხაჩმა, რომელიც მრავალრიცხოვანი ლაშქრით ბანაკად იდგა ბარგუშათში22, იმავე არეზის ნაპირზე, როგორც კი შეიტყო მათი ამბავი, ვითარცა უპატიოსნო კაცი, მაშინვე გაიქცა და დატოვა თავისი [სადგომი] ადგილი. ხოლო მამაცი და სისხლისმსმელი ჰუნები23 მიჰყვნენ მდინარის დინებას ბარგუშათის საზღვრამდე, დიზაკის ქვეყნამდე24 და გარს შემოერტყნენ მას მთისა და ბარის მხრიდან. დარაზმეს ლაშქარი და თითქოს თავისთვის მოსამკელად იყვნენ გამზადებული, გამოცდილი მომკალებივით მოედნენ დიზაკს. რადგანაც ის ქვეყანა სავსე იყო ქრისტიანებით და აგრეთვე მრავალრიცხოვანი მუსლიმანებით, ამიტომ დიდშაბათობას თავს დაატყდნენ მათ. სამი დღის განმავლობაში გააუდაბუგეს და გააუკაცრიელეს ის ქვეყანა, ადამიანებისა და პირუტყვის ხოცვა-ჟლეტვითა და წარტყვევნით. იქიდან ვარანდის ქვეყანაში25 გადავიდნენ, სადაც იგივე ამბავი დაატრიალეს, მაგრამ მისმა მელიქმა სახელად პაღირმა, სასწრაფოდ გაგზავნა მათთან თავისი კაცები გამოსასყიდით და ტყვეებისა და თავისი ქვეყნის ნახევარი გაათავისუფლა. იქიდან წამოვიდნენ და უშიშრად და გაბედულად შევიდნენ ხაჩენის ქვეყანაში, არავინ არ შეხვედრია მათ არც სიყვარულითა და არც მტრობით, პირიქით, ყველამ პირის ნაცვლად ზურგი უჩვენა მათ, ამიტომ დაუბრკოლებლად შევიდნენ იმ ქვეყანაში და რაც სურდათ ის მოიმოქმედეს, რის მოთხრობაც არ ძალმიძს ერთ დღეშ მდინარე კარკარიდან26 მდინარე დრდოვაკა- ნამდე27 და ჩარაბერდის ქვეყნამდე28. ერთბაშად თავს დაესხნენ და მოედნენ მთასა და ბარს, ჯერ ხით ნაშენი სახლები და სოფლელთა სადგომები გადაწვეს, შემდეგ მოსახლეობის ტყვევნას მიჰყვეს ხელი, [გადახვეწილნი] მთის მწვერვალებიდან ძირს ჩამოიყვანეს, კლდის ნაპრალებიდან ამოიტყუეს და დაბურული და ბუჩქნარიანი ტყეებიდან გამორეკეს.
მათთან ერთად თავი მოუყარეს მათ სარჩო-საბადებელსაც, შემდეგ ცხვრის ფარებთან, ნახირთან და ძროხებისა და ყველა სხვა ოთხფეხის ჯოგებთან ერთად [ტყვეებიც] გადაიყვანეს მდინარე ხაჩენზე. ერთმანეთში არეული ტყვეები და პირუტყვი ნაკადის მსგავსად მოედინებოდა და დიდი ჯარის ლაშქრობას წააგავდა მათი მსვლელობა, ყველაფერი ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ, რადგანაც ლტოლვილნი ვიმყოფებოდით იმ მთის მწვერვალზე, რომელიც განძასარის წმინდა ტახტს გადმოჰყურებს. მტრის ფეხმა ვერ მოაღწია ჩვენამდე. ჩვენ ზემოდან ვუყურებდით და ვხედვდით ყოველივე მათ ნამოქმედარს. ეს მოხდა 1171 წლის29 აპრილის თვის ოცში, საქვეყნო ეკლესიათა კვირა დღეს. აქედან ჩანდა ჩამორჩენილთა უბედურება ქვეყნის წარტყვევნა, დედათა გოდება, დატყვევებულ ბავშვთა ტირილი, დაობლებულთა მოთქმა და დოვლათის მოტაცება. მოტირალთა მოთქმა-გოდება დაჭრილთა ვაებას ერთვოდა. ჭეშმარიტად მთებმა და სალმა კლდეებმა შეიცვალეს ბუნება და ისინიც თანაუგრძნობდნენ უბედურებს.
მტრის ლაშქარმა წაიღო ნადავლი, ტყვეები თავის რაზმებს შეუერთა, შემდეგ გაემართა ტიგრანაკერტისაკენ და დაბანაკდა მდინარე დრდუს ნაპირზე, რომელსაც ამჟამად სპარსულად თართარს ვუწოდებთ, ღარუ-ქორფუს სახელით ცნობილ ხიდთან.
მაგრამ აქ დიდხანს არ დაუყოვნებიათ. მათ ვერ შესძლეს იმდენი ზარალი მიეყენებინათ ჩარაბერდის ქვეყნისა და ბარდავისათვის, რამდენიც ჩვენ ქვეყანას [მოუტანეს], რადგანაც [ადგილობრივმა მოსახლეობამ] ადრევე შეიტყო [მტრის გამოლაშქრება] და მთების მიუვალ ადგილებში გამაგრდა. ზოგიერთი მათი ახალგაზრდა წინააღმდეგობის გზასაც კი დაადგა და ბევრი მტერიც დახოცა. ამიტომ [ლეკებმა] ნადავლი და ტყვეები სასწრაფოდ გადაიყვანეს დიდი მდინარე მტკვრის თავიანთ ნაპირზე და ქალაქ განძაკზე გაემართნენ.
აქედან ისინი ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ დიდ ბატონს ქალბალი–ბეგს ჩარაბერდის და ღაიანაღის მფლობელს, რომელიც დარგაჰყული სულთანის შვილიშვილი იყო. იმის გამო, რომ იგი გაქცეული იყო წარის ქვეყანაში. იძულებული გახდა მათთან მისულიყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი თავისი ვაჟი მძევლად დატოვა, ხოლო თვითონ იდუმლად წავიდა და დაბრუნდა თავის სამფლობელოში.
ლეკებმა გაილაშქრეს ქალაქ განჯაზე და თორმეტ დღეზე მეტ ხანს გარს ედგნენ [ქალაქს], მაგრამ ვერაფერი გაახერხეს, რადგანაც მოქალაქენი შიგნიდან წინააღმდეგობას უწევდნენ. უფრო კი იმიტომ, რომ განჯელებმა წინასწარ შეიტყვეს ლეკების გამოლაშქრების შესახებ; ქალაქის დიდებულები და წარჩინებულები წავიდნენ ქალაქ თბილისში ქართლის მეფე ვახტანგთან [და სთხოვეს] მათ დასახმარებლად წამოსულიყო. იმანაც აღუთქვა წამოსვლა. ამასობაში ერთიმეორის მიყოლებით მოვიდნენ შიკრიკები და მაცნენი და ხმა დაარხიეს, რომ მათ ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ვახტანგ მეფე ლეკებზე გასალაშქრებლად. როდესაც იგი შამქორს მივიდა, ლეკებმა დაიწყეს მდინარე მტკვრისაკენ უკან დახევა და ასე ერთიმეორის მიყოლებით სამი დღის განმავლობაში დატოვეს ის ადგილები, გადაიკარგნენ თავიანთ ქვეყანაში და [განჯაში] გაწყდა მათი სახსენებელი.
ხოლო ქართველთა მეფე ვახტანგი მოვიდა მრავალრიცხოვანი ლაშქრით, რომელიც 40 ათასზე მეტ [მეომარს ითვლიდა], და დადგა ქალაქ განძაკის სამხრეთით30 ქრისტე-ღმერთის შეწევნით. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თავი VI
ქართველთა მეფის ვახტანგის მეორედ მოსვლა განჯას
როგორც გიამბეთ, ვახტანგი პირველად მოვიდა, რომ ქალაქ განძაკს დახმარებოდა ლეკთა მარბეველი ტომის წინააღმდეგ და რომ მან უბრძოლველად აოტნა ისინი და ერთი თვის განმავლობაში ქალაქის მახლობლად იდგა.
მოქალაქეებმა სიტყვით მიმართეს მას და უთხრეს: „ლეკები ჩვენზე და ჩვენს ქვეყანაზე ვერ გამოილაშქრებდნენ, რომ ჩვენი მეზობელი და მახლობელი ტომები მათი ერთგულები და კეთილმოსურნეები არ იყვნენ. [ლეკები] მათი წაქეზებით მოვიდნენ, რადგანაც ისინი ერთმორწმუნენი, ერთი რჯულისა არიან და სუნიტობას აღიარებენ. თუ შენ დიდი შაჰის ერთგული და მოსურნე ხარ და ჩვენც გვმეგობრობ, გევალება მათი დატყვევება, დარბევა და გაძარცვა“. ამის თქმის მიზეზი იყო ის,რომ მას დახმარებისთვის დიდი და მრავალრიცხოვანი თანხა აღუთქვეს და რომ არ გადაეხადათ დაპირებული [ფული, ამიტომ [თავიანთი მეზობლები] ხელში ჩაუგდეს ვახტანგს.
იდგა გაზაფხულის დღეები, 1171 წლის მაისი1 და მომთაბარე ტომები, რომელთაც თარაქამას უწოდებენ და რომლებიც მეჯოგეობას მისდევენ, ყველანი მთებში ასულიყვნენ და თავიანთი ძველი ჩვეულების თანახმად კარვებსა და გრილ ადგილებში ცხოვრობდნენ. გარდა ამისა ისინი აქ გამოქცეული იყვნენ ლეკების შიშით. განჯელთა წაქეზებით, რომელთა მმართველი იყო ჯავად-ხანი, ვახტანგმა უბრძანა თავის ჯარს თავს დასხმოდა იმათ, ვიზედაც მიუთითეს. მაშინვე რაზმებად დაიყვნენ ქართველები... მოედვნენ მთებს და ხეობებს და თავს დაესხნენ ზაკამის, შამქორის, განჯაფასანის, ვოსკნაპატის, გურაქჩაის და ბარდავის კვეყნებს, სოფელ გულისტანამდე2 და მდინარე დრდუმდე3.
თუმცა ბევრი არ დაუხოციათ და დაუტყვევებიათ, მაგრამ რასაც კი თვალი დაადგეს – ოთხფეხა პირუტყვი თუ ქათამი, კატა თუ ძაღლი [ყველაფერი დაისაკუთრეს], უსულო საგნებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. რადგანაც თვით ხის, სპილენძისა და თიხის ნივთებიც კი წაიღეს. და თუ ეს ასეა, მაშინ რაღა ვთქვათ ძვირფასი და იშვიათი სამკაულების შესახებ? ოქროულის, ვერცხლის და სხვადასხვა სახის ჭურჭლისა და ნივთების შესახებ? ამბობდნენ, რომ ტვირთისმზიდავებმა ვერ შესძლეს უამრავი ნადავლის გადატანა, რომელიც სპილენძის და რკინის ნაწარმისა და ტანსაცმლისაგან შედგებოდა. ამიტომ [ნადავლს] ურმებით მიეზიდებოდნენ თავიანთ ბანაკში, რომელიც განჯის მახლობლად ჩოლაკად წოდებულ ადგილას მდებარეობდა.
ასე მოექცნენ არა მარტო ხსენებულ მაჰმადიანებს. არა! მათი ბედი გაიზიარა აგრეთვე ყველა სომხურმა გავარმაც. ზემოხსენებული ქვეყნებიდან ნადავლად წაიღეს მთელი უძრავ-მოძრავი ქონება. ზოგჯერ, როდესაც ქართველ მეომართა რაზმი რომელიმე ქრისტიანული სოფლისაკენ გაემართებოდა, მათ როგორც ქრისტიანება წინ ეგებებოდნენ სოფლის მღვდელნი და მკვიდრნი ჯვრით, ანაფორით, ზარის რეკვითა და [ანთებული] კელაპტრებით, მაგრამ ქართველები თავს ესხმოდნენ მათ, ართმევდნენ ტანსაცმელს, ძარცვავდნენ ეკლესიებს, [მიჰქონდათ] წიგნები და ყოველგვარი ნივთეულობა, [აწიოკებდნენ] მამაკაცებსა და ქალებს, ითვისებდნენ მთელ დოვლათს, სოფელს დედიშობილად გაშიშვლებულს ტოვებდნენ, მიჰქონდათ ნადავლი და მიდიოდნენ. ასე მოაოხრეს და გაძარცვეს განძაკის მხარის ყველა გავარი და ეკლესია და აავსეს თავიანთი ბანაკი. ვინ მოსთვლის [მათ მიერ წაყვანილ] ცხვრის ფარებსა და მსხვილფეხა საქონლისა და პირუტყვის ჯოგებს? მათი წეს-ჩვეულება იყო მთელი ნადავლის მეათედი თავიანთი სარდლისათვის გამოეყოთ. ამბობდნენ, რომ ამჯერად ვახტანგ მეფის წილს შეადგენდა ოცდახუთი ათასი ცხვარი და ცხრა ათასი მსხვილფეხა საჭონელი, დანარჩენს კი თქვენი გუმანით მიხვდით. ასეთი იყო სარგებელი, რომელიც მოგვიტანა მათმა მოსვლამ, რადგანაც რაც ლეკთა უგუნურ ტომს გადაურჩა, ყველაფერი ქართველებმა მიიტაცეს.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ თვითონ ვახტანგ მეფე იყო კაცი კეთილი, ღვთისმოშიში, ქრისტიანეთა მოყვარე და გულმოწყალე, ამიტომ იგი ხშირად არიგებდა და ეპაქრებოდა თავის მეომრებს, ასე ნუ ექცევით ქრისტიანებს, ნუ ხოცავთ და ნუ ატყვევებთო, მაგრამ ისინი, ქართველთა მკაცრი და უხეში ბუნების გამო, არ უჯერებდნენ და არ ასრულებდნენ თავიანთი მეფის ბრძანებას.
ამ ამბების შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ თავის სამფლობელოში. ჩვენი ქვეყანა კი დარჩა უპატრონოდ და უწინამძღოლოდ. ყველანი მხოლოდ თავიანთი გულის და სულის სიამოვნებაზეღა ფიქრობდნენ. როდესაც ეს ვიხილე, მივხვდი რომ ამ ამბავს კეთილი ბოლო არ უჩანდა. ამიტომ, რადგანაც ვახტანგის ბანაკში ვიყავი, მეც მათთან ერთად გზას დავადექი ქართველთა ქვეყნისაკენ და წავედით კიდეც. განჯიდან დავიძარით და 1171 წლის 8 მაისს4 შევედით ქალაქ თბილისში, სადაც ოთხი თვე დავრჩი.
შემოდგომის დადგომისთანავე, სექტემბრის თვეში ვახტანგი კვლავ დაიძრა განჯისაკენ შემდეგი მიზეზის გამო. სპარსელთა სახელმწიფო ძალზე დასუსტდა და დაქვეითდა, რის შესახებაც შემდგომში მოგითხრობთ, [სამაგიეროდ] უფრო გაძლიერდნენ მისი მტრები, განსაკუთრებით კი დიდი თვითმპყრობელი კეისრები რუსებისა, ე.ი. მოსკოვის ხელმწიფე პეტრე5, და ურუმებისა, კონსტანტინეპოლის მფლობელი ოსმალთა [სულთანი]6. მათ დაიწყეს თავიანთი ჯარების გაგზავნა სპარსელთა ქვეყანაში. რუსებს უნდოდათ დახმარებოდნენ სპარსეთის ხელმწიფეს, ხოლო ურუმელები ისწრაფოდნენ ხელთ ეგდოთ [სპარსეთი] და ამბობდნენ: სხვებს სურთ დაეპატრონონ ამ ქვეყანას, მაგრამ იგი ჩვენ გვეკუთვნისო, რადგანაც ძველთაგანვე ჩვენი იყო ატროპატაკანიო. ამ მიზეზით დაიწყო ორივე მხარემ შიკრიკების გზავნა ქართველთა მეფე ვახტანგთან. ერთი მოითხოვდა მე დამიჭირე მხარი და დამემორჩილეო. მეორე [არწმუნებდა] ერთი რჯულისა ვართ და ამიტომ ვალად გდევს ჩემი დაჯერება და ჩემთან მოსვლაო7. რადგანაც ხელმწიფე პეტრეს ვახტანგთან დადებული ჰქონდა პირობა და [ლაშქრობის] დროც დანიშნული იყო, ამიტომ ამ შემოდგომაზე ოქტომბრის თვის დასაწყისში, თვითონ ქალაქ შემახას მივიდა, ხოლო მას დაავალა თადარიგი დაეჭირა.
მაშინ, სპარსელთა ხელმწიფემ, რომელიც ტახტისა და თავისი სიმაღლიდან ჩამოვარდნის საშიშროების წინ იდგა, სასწრაფოდ გაუგზავნა ვახტანგს ფირმანი: „შენ გაძლევ განჯის ოლქისა და მთელი ატროპატაკანის მმართველობას და გნიშნავ იმ მხარეთა ყველა მფლობელის უფროსად და მთავარსარდლად, ამიტომ დაუყოვნებლივ შეჰყარე ლაშქარი, წამოდი განჯაში და მოუარე და დაიცავი ხსენებული ქვეყნები ჩვენი მტრებისაგან“-ო. როდესაც ვახტანგმა შაჰის ბრძანება მიიღო, იგი ღრმა საგონებელს მიეცა: ორი თვითმპყრობელი მაიძულებს რომ მათ მივეხმარო, მე კი მევალება მესამის ბრძანების შესრულებაო. ურუმელნი სხვა სარწმუნოებისა და უცხონი არიან ჩვენთვის და ამიტომ სურთ ჩვენი ქვეყნის ძალით დაპყრობაო. აქეთა მხარე, ე.ი. სპარსეთის ხელმწიფე, ჩვენი ძველი პატრონია, ხოლო მესამე ჩვენი თანამორწმუნე და ქრისტიანი ხელმწიფეა და ძალზე ძლიერიაო. ავდგები და წავალ მათი მოთხოვნის თანახმად და ვისაც გაუმარჯვებს, იმის ბრძანებას შევასრულებო.
დაუყონებლის ბრძანა ჯარი შეეყარათ. სასწრაფოდ შეაგროვეს ქართველებისა და სომხების დიდძალი ლაშქარიდა არავინ დარჩა ისეთი, რომმეფეს თავისთან არ წაეყვანა. მათთან ერთად მეც წამომიყვანა. თბილისში წასვლის დღიდან და იქიდან უკან დაბრუნებამდე იგი სიყვარულით გვეპყრობოდა და თავისი ხაზინიდან ჯამაგირები დაგვინიშნა. თბილისიდან [ვახტანგ მეფე] დაიძრა უზარმაზარი ჯარით, რომლის ოდენობა ჩვენთვის უცნობი იყო და ამიტომ ვერ შევძელით აღნიშვნა8. წმინდა ჯვრის დღესასწაულის დღეს9 მივაღწიეთ გატეხილის ხიდამდე, რომელსაც ანღქორფუსს უწოდებენ.
იმ ადგილას ამავე დღეს ვახტანგმა თავისთან დამიბარა და მიბრძანა, რომ ვიდრე იგი ჩვენი ქვეყნისაკენ, ყარაბაღისაკენ გამოემართებოდა, ჩვენ წავსულიყავით სომეხთა ლაშქარში, რომელიც იქაურ მელიქებს შეეყარათ და რომელსაც ოთხი ახალგაზრდა სახელად ავანი, შრუანი, შაჰნი და სარუხანი სარდლობდა. მათ ასისთავებს და იუზბაშებსაც10 უწოდებდნენ.
ვახტანგის განჯას პირველად მოსვლისა და უკან დაბრუნების შემდეგ, სპარსელთა ხელისუფლების შერყევის დროს მათ ყარაბაღის მელიქებთან ერთად შეჰყარეს და შემოიკრიბეს ალვანქის გულადი, მამაცი და ძალოვანი ყმაწვილკაცები და ახალგაზრდები. მათთან ერთად შექმნეს მრავალრიცზოვანი ჯარი, რომელიც 12 ათასზე მეტ მეომარს ითვლიდა და გამაგრდნენ არცახის მიუვალ ადგილებში. მრავალი ასეთი საგმირო საქმე უჩვენეს მათ ჩვენს ქვეყანაში, რომლის ამბავსაც შემდეგშიც მრავალჯერ იპოვი (ჩვენ თხუზულებაში).
ამჟამად, როდესაც შეიტყო ვახტანგმა მათ შესახებ სასწრაფოდ გაგვგზავნა, რათა ისინი გაწვრთნილ-შეიარაღებული ჯარით მასთან მიგვეყვანა. ბრძანების თანახმად მივედით და მოვაწესრიგეთ ის ლაშქარი, როგორც იშხანთა ლაშქრის წესია, რადგანაც გაუწრთვნელი იყვნენ სამხედრო სამსახურისათვის. ასე მოვაგვარეთ ყველაფერი და დაახლოებით ათი ათასი რჩეული და შეიარაღებული მეომარი მღვდლების და ღვთისმსახურთა დასთან ერთად დიდი სიხარულითა და ზეიმით წამოვიყვანეთ. გვეგონა, რომ კვლავ აღსდგა სომეხთა სახელმწიფო. წავედით და დავდექით განჯის მახლობლად, ჩოლაკის სახელით ცნობილ ადგილას. სამი დღე აქ გავატარეთ. რადგანაც ვახტანგ მეფეც ბანაკად იდგა ქალაქის მოპირდაპირე მხარეს, წყლის ნაპირზე, რომელსაც ღოჩღარის მდინარესა და შავ არხს უწოდებენ, ამიტომ სამი დღის შემდეგ გვიბრძანა მასთან მივსულიყავით. ჩვენც ავდექით და გავემართეთ. როდესაც მივუახლოვდით მის ბანაკს, მაშინვე უბრძანა თავის მეომრებს წინ გამოგვგებებოდნენ და პატივისცემით მიეღოთ ჩვენი თავი.
ასეთი დიდი სიხარულით შეხვდა ერთმანეთს ორივე მხარის ლაშქარი და მსგავსად ომის წესისა ისინი ერთიმეორეს პირდაპირ დაირაზმნენ, ჩვენი მამაცი ყმაწვილები წინ მიიწევდნენ და მიფრინავდნენ, სწრაფმავალი რაშებით და მორთულ-მოკაზმული ცხენებით როკავდნენ [ვახტანგის ლაშქრის] წინ. ქვემეხების ხვისაგან ჭექდა და გრგვინავდა არე-მარე და მტვერგარეული ბოლი ელვით განათებული ღრუბლების მსგავსად ისე ფარავდა მზის ბრწყინვალებას, რომ მეომრები ძლივსღა არჩევდნენ ერთმანეთს. ასეთი ზეიმით მივედით და ჩამოვქვეითდით მათი ბანაკის მახლობლად: როდესაც ვახტანგმა იხილა ჩვენი ლაშქრის ასეთი სვლა, სულით და გულით გაიხარა. მაშინვე გამოგზავნა შიკრიკი და თავისთან მიგვიხმო, სარდლებად განაწესა ყმაწვილები (ოთხი იუზბაში) და მელიქები და გამამხნევებელი სიტყვებით დაგვაიმედა, რწმენა ჩაგვიდგა და მოგვმართა: „ამიერიდან გამხნევდით და ვაჟკაცურად იყავით, ისე როგორც თქვენს ძლევამოსილებას შეეფერება, ნურაფრისა და ნურავისი ნუ შეგეშინდებათ, რადგანაც აჰა უკვე მოაწია ქრისტიანთა ხსნის ჟამმა“.
ასეთი სიტყვებით მოგვმართავდა და ძალზე მადლიერი იყო ჩვენი. მეორე დღეს ყველა სარდალი საპატიო ხალათებით დაასაჩუქრა. მასთან დავყავით ოცდახუთი დღე. იმის მიზეზი, რომ იგი ჩეენ ასეთი სიყვარულით გვეპყრობოდა, უპირველესყოვლისა იყო, ის რომ გულით უყვარდა სომხები... ამიტომ სწადდა ხსენებული ლაშქარი და პირველ რიგში სომხები თბილისელების მსგავსად უშუალოდ თავისთვის დაექვემდებარებინა. მეორეც მას სჯეროდა და დარწმუნებული იყო რუსეთის დიდი კეისრის პეტრეს მოსვლაში, ამიტომ სურდა სომეხთა და ქართველთა მრავალრიცხოვანი ლაშქრით მთელი ბრწყინვალებით მიჰგებებოდა მას.
მაგრამ პეტრეს [განჯისაკენ] წამოსვლის ცნობის დიდ ცდასა და ლოდინში რომ ვიყავით, ჩვენმა ცოდვებმა უსწრო მის გამოჩენას. [რადგანაც შევიტყეთ], რომ იგი მიადგა რკინის კარს, ე.ი. დარუბანდს, რომლის მოსახლეობამ თავისი სურვილით ჩააბარა მას ციხე-სიმაგრე11. მაგრამ არ ვიცი შემდეგ რა მოხდა: ზოგმა თქვა, რომ ავადმყოფობისა და სხვა უბედურებისაგან დიდი ზარალი მოუვიდა რუსთა ხელმწიფის ჯარს და დაეხოცათ ცხენები, რადგანაც ამ ქვეყნის ჰავა მათთვის უჩვეულო იყო, ზოგმა კი გემების ჩაძირვა თქვა, რაც იარაღის, ე.ი. არსენალისა და ჯარის ჯამაგირის დაღუპვას ნიშნავდა; ზოგი სხვა მიზეზებს ასახელებდა. რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო [რუსთა ხელმწიფე] იქიდან უკან გაბრუნდა, მრავალრიცხოვანი ჯარი დატოვა დარუბანდში და დაპირდა, რომ მომავალ წელს კვლავ მოვიდოდა და გაემართა თავის ქვეყნისაკენ12.
ეს რომ ვახტანგმა შეიტყო, იმანაც დაიწყო მზადება თავის ქვეყანაში წასასვლელად. იმავე დროს ვახტანგს ამბავი მოუვიდა სპარსეთის ხელმწიფის კარიდან, რომ ქალაქი ისფაჰანი, შაჰი და მისი ჯარი ალყაშია მოქცეული და სადაც არის [ავღანელები] ხელთ იგდებენო13. გარდა ამისა მივიდნენ შიკრიკები და აცნობეს, რომ შენ ძველ მტრებს სურთ დაეპატრონონ შენ ქალაქსო, ამიტომ სასწრაფოდ უკან უნდა დაბრუნდეო. ამის გამო, ვახტანგი საჩქაროდ აიყარა, უკან გაბრუნდა, მცირე ომი გადაიხადა ყაზახის ქვეყანაში14 რაღაც ძველი მტრობის გამო. და შემდეგ თავის ქვეყანაში, თბილისში წავიდა.
ჩვენ კი უსასოოდ დარჩენილები, ზემოხსენებულ იმედს მოკლებულნი ყველანი დავბრუნდით ჩვენს სამყოფელოებში და გავმაგრდით მთის ძნელად მისადგომ ადგილებში.
ვახტანგის ბედის და ამბის შესახებ ცოტაოდენი კიდევ გვაქვს სათქმელი. მისი უკან დაბრუნების შემდეგ განჯის, კახეთის, ერევნის, ბორჩალოსა და ყაზაღის მფლობელები [ჯერ კიდევ] თავ-თავიანთ ქვეყნებში ისხდნენ. ყველა ესენი მისი მტრები იყვენენ. განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი რჯულიდან განდგომილი მაჰმადყული, კახეთის ხანი15, რომელსაც წინათ კონსტანტინეს ეძახდნენ, თეიმურაზის16 შვილიშვილი და განჯის ხანი სახელად ოღურლუ, რომლის საგვარეულო ძველთაგანვე მტრობდა ვახტანგის სახლს. ამჯერად ყველანი ესენი შეთანხმდნენ და ვახტანგის აჯანყების შესახებ მისწერეს ახლად ხელდასმულ შაჰ თამაზს. [იმ დროისათვის სპარსელებმა] შაჰ სულთან-ჰუსეინის ერთ-ერთი ვაჟი, სახელად თამაზი ისფაჰანიდან გააქციეს, მიიყვანეს ყაზვინში და შაჰად გამოაცხადეს17.
მას მისწერეს ვახტანგის შესახებ, რომ განზრახული აქვს აგიჯანყდესო, თავისკენ მიიმხროს სომხები და ქართველები და დესპანი გაგზავნოს რუსეთის ხელმწიფესთანო, რათა იგი მოვიდეს და დაეპატრონოს შენს ქვეყანასაო. ეხლა რაც შენს გულს ესიამოვნება, იმის გაკეთება ბრძანეო18. ხოლო ამ ახლად გამეფებულმა უგუნურმა გასცა ფირმანი და კახეთი და ქართლი, [რომლის დედაქალაქი] არის თბილისი, ქართველთა ყველა ოლქთან ერთად უწყალობა მაჰმად ყული-ხანს19, რომელსაც დამხმარედ მისცა აგრეთვე განჯის, ერევნის და სხვა ყველა ზემოხსენებული ქვეყნების მფლობელნი და მათი ლაშქარი და მისწერა: „აჰა, მოვითხოვ თქვენგან ვახტანგს ან მის თავს, ან ერთი ან მეორე სასწრაფოდ ჩემთან გამოგზავნეთო“.
ყოველი მხრიდან შეაგროვეს ლაშქარი მის საწინააღმდეგოდ, შემდეგ მაჰმადული-ხანი ღამით ფარულად შეიპარა ციხე-სიმაგრეში, ისე რომ ვახტანგს არაფერი არ გაუგია და რიჟრაჟზე მოულოდნელად იარაღით თავს დაადგა მის ოჯახს და უთხრა ვახტანგს: „შაჰის ბრძანებაა, ადექი და წამოდი!“.. ვახტანგმა ძლივს იხსნა თავი სპარსელებისაგან, რომლებმაც იგი [უვნებლობის] ფიცით დაიბარეს თავისთან, სამი წელი პატიმრობაში ჰყავდათ სპარსეთის მივარდნილ კუთხეში20, მერე მისცეს სპარსეთის ლაშქრის სპასალარობა, რომელიც 2 წელი ეჭირა21, ხოლო შემდეგ უბოძეს მის წინაპართა ქვეყნის მფლობელობა და უბრძანეს თავის ქვეყანაში დაბრუნება22.
ამის შემდეგ ვახტანგი დაბრუნდა თავის სამფლობელოში და თუმცა გარეგნულად სულ სხვანაირად იქცეოდა, მაგრამ მისი გულის წადილი ყველასათვის ნათელი იყო. ამისათვის სძულდათ იგი სპარსელებს და მტრობდნენ მას. ამჟამად კი იგი მათთან საომრად ემზადებოდა. ამიტომ შეჰყარა რა თავისი ლაშქარი და უპირველეს ყოვლისა ქალაქი მკვიდრნი, მამაცი სომეხი მეომრები, რომლებმაც ხალასი გულით შესწირეს მას თავიანთი სული და შვილები, დოვლათ-მონაგარი და სიცოცხლე. ომი დაიწყო დეკემბრის თვის პირველ ათეულში23. ვახტანგი იბრძოდა ქართველთა და სომეხთა ლაშქრით, მაჰმადყული-ხანი კი სპარსელებით. როგორ აღვწეროთ იმ ქვეყნის იავარქმნა, წარტყვევნა და ხალხის გაწყვეტა?! თავდაპირველად მოხდა ისე, რომ სპარსელთა ლაშქარი დაამარცხეს, მეომრები დახოცეს და აოტნეს, თვითონ მაჰმად-ყული-ხანი დაინახეს მარტომყოფი და ლაშქარს მოცილებული, დაედევნენ მას და ის იყო უნდა დასწეოდნენ, რომ მან ცხენი გააჭენა მდინარე მტკვრისაკენ, ქალაქ თბილისის ქვემო მხარეს და ასე ცხენიანადვე მდინარეში გადაეშვა, ცურვით გავიდა მეორე ნაპირზე და დაბრუნდა თავის ქვეყანაში, კახეთში24. მაგრამ იგი არ დაწყნარდა და ხელი არ აიღო ბოროტებაზე. შურისძიების ცეცხლი დაანთო და ამ მეორე იუდამ თავის მშობლად სატანა მიიჩნია. მაჰმადყული-ხანი სასწრაფოდ წავიდა და შეუთანხმდა ლეკებს და კავკასიის ყველა მთიელს, რადგანაც სპარსელების იმედი აღარ ჰქონდა, და ასეთი პირობა დადო მათთან: „თუ მომემხრობით და მომეშველებით და თქვენი დახმარებითა და შეწევნით ავიღებ ქალაქ თბილისს, რაც მასში მოიპოვება: ოქროთი და ვერცხლით ნაქსოვ ძვირფას ფარჩას, სელისა და შალის ქსოვილებს, სპილენძისა და რკინის [ნივთებს], თვალმარგალიტს და ამასთან ერთად აგრეთვე თქვენს მიერ დატყვევებულ ხალხს თქვენ გიწყალობებთ25. გარდა ამისა, თქვენი ლაშქრისა ყოველ მეომარს სამ-სამ თუმანს გადავუხდით ოღონდ კი დავიკმაყოფილო ჩემი დიდი შურისძიების სურვილი“.
როდესაც „გაიგეს ბოროტებაში გაწვრთნილმა, ქვეყნის დამაქცეველმა, მძვინვარე ურდოებმა, რომ ასეთი სახარბიელო წინადადებით მიმართა მაჰმადყული-ხანმა მათ ბელადებს, სულით და გულით გაიხარეს და აღუთქვეს, რომ შეასრულებდნენ მის წადილს. სასწრაფოდ თავი მოიყარეს ნახევრად ველურმა და ბარბაროსმა ლეკებმა თავიანთ სარდლებთან, რომელთაც ალი-სულთანს და უცმის უწოდებდნენ და აგრეთვე ზოგიერთ სხვებთან. ლაშქარი სამად გაყვეს და სიხარულით გაემართნენ სახელგანთქმულ ქალაქ თბილისზე26, რომელზეც ისინი დიდი ხანია ოცნებობდნენ მოულოდნელად გამოჩნდნენ და გარს შემოადგნენ ქალაქს.
იმის გამო, რომ ვახტანგის ჯარი დაფანტულ-დაქსაქსული იყო, თვითონ კი სათანადოდ ვერ მოემზადა, იგი მხოლოდ რამდენიმე დღეს უწევდა [მტერს] წინააღმდეგობას. შემდეგ დაინახა, რომ არსაიდან მოვიდა მშველელი და ამასთანავე ზოგიერთმა ქართველმა დიდებულმა და წარჩინებულმა მიატოვა იგი, რომელთა შორის იყვნენ ყარაყალ–ხანის27 ერისთავი გიორგი, ყაფლანაშვილები და აგრეთვე ზოგიერთი მოქალაქე. ეს რომ იხილა ვახტანგმა [მიხვდა], რომ ვერაფერ სარგებელს ვერ მოუტანდა ვერც საკუთარ თავს და ვერც ქალაქს. იგი თავისიანებთან ერთად გამოვიდა ქალაქიდან და ცოტა მოშორებით დადგა. შემდეგ უბრძანა ქალაქის თავკაცებს ხლებოდნენ მას და თავიანთი ნებით გამოეყვანათ ჯარი თბილისიდან, რომ იქნებ [მტერს] მთლიანად აღარ აეოხრებინა ქალაქი და თავი ეხსნათ ტყვეობისა და დაღუპვისაგან, რადგანაც ვახტანგს შეებრალა ქალაქი რომელიც მისი წილადხდომილი ადგილი იყო.
ხოლო თვითონ წავიდა და გამაგრდა საქართველოს სიღრმეში28, საიდანაც ზედიზედ უგზავნიდა ელჩებსა და დესპანებს რუსეთის ხელმწიფეს, რათა მისთვის მშველელი გამოეგზავნა, მაგრამ ვერც ამას მოესწრო.
როგორც კი მაჰმადყული-ხანი ლეკების მრავალრიცხოვანი ლაშქრით შევიდა ქალაქში, მათ მაშინვე დაიწყეს ძრწოლა ქალაქში და სახლიდან სახლში და კარიდან კარზე დადიოდნენ, ძარცვავდნენ ყველა ეკლესიისა და სახლების ზემო და ქვემო სართულებსაც. სახელგანთქხული და მშვენიერი ქალაქი თბილისი დიდი ხნის განმავლობაში არ შეუწუხებია მტერს და მოსვენებული იყო ომებისაგან. როგორც ყველასათვის ცნობილია, იმ ქალაქში შრომისმოყვარე ვაჭრები ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ცოლები, ვაჟები და ქალწულები გამოირჩეოდნენ თავიანთი სინაზითა და მშვენიერებით. მათი მშვიდობისმოყვარეობა და თავაზიანობა შეუდარებელია. მათი სასახლეები, რომლებიც ათასნაირად არის მორთულ-მოკაზმული, ბრწყინავენ ძვირფასი ჭურჭლეულითა და ნივთებით. მათი მფლობელობის დროს სომეხთა სახლებსა და სალოცავებში ხშირად სპილენძის ნაცვლად ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებულ ჭურჭელსა და ნივთებს ხმარობდნენ. მათი ტანსაცმელი და სამოსი უძვირფასესი ფარჩაა მარგალიტებით გაწყობილი, რომლის მთელი მშვენიერება ისე წარმოიდგინე როგორც მოგესურვება. რა ვთქვათ მათი ეკლესიების დიდებულებისა და ბრწყინვალების შესახებ, რომლებიც უმაგალითოდ დამშვენებულია ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობით, ყველანაირი სამკაულებით და ძვირფასი ნივთებით.
ყოველივე აქ ჩამოთვლილი ხელთ იგდეს ველურმა, ვერაგმა, ხარბმა, მხეცებივით და წურბელასავით გაუმაძღარმა ლეკებმა, გაძარცვეს და აივსნენ ნადავლით, ხოლო ბავშვები, ყმაწვილები, ქალები და ქალიშვილები, ვინც კი თვალში მოუვიდათ, ყველანი ტყვედ წაიყვანეს. ვის შეუძლიან აღწეროს ხალხის წაბილწვა-შეგინება ან ვინ მოსთვლის ნადავლს, რომელიც მათ წაიღეს? დახოცვით კი ბევრი არ დაუხოციათ და არც ბევრი დაუტყვევებიათ, რადგანაც ამის უფლებას არ აძლევდა [მაჰმადყული-ხანი], მაგრამ ისინი არ უჯერებდნენ რადგანაც იგი დაპირდა, ლეკები ფულს სთხოვდნენ. ამიტომ მაჰმადყული-ხანმა მძიმე ხარკი დაადო მოქალაქეებს, აურაცხელი თანხა, 40 ათასი თუმანი დააკისრა მათ, აიღო და ლეკებს დაურიგა29. ამის შემდეგ დაითხოვა, ისინი რათა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ.
კომენტარები
თავი I
1. მაზანდარანი – ირანის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ოლქი.
2. ასტრაბადი – ქალაქი მაზანდარანში, თანამედროვე გორგანი.
3. ხორასანი – ოლქი აღმოსავლეთ ირანში.
4. ყანდაჰარი – ქალაქი ავღანეთში, XVI–XVII სს. ყანდაჰარი წარმოადგენდა მნიშენელოვან სტრატეგიულ პუნქტს და მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს. მასზე ბატონობისათვის იბრძოდნენ დიდ მოღოლთა სახელმწიფო და სეფიანთა ირანი.
5.. იგულისხმება სპარსეთის ყურე.
6. ქალაქი ბანდარი – იგულისხმება სპარსეთის ყურეზე მდებარე დიდი ნავსადგური ბენდერ-აბასი 1622 წელს სპარსეთის ჯარმა ალაჰვერდი-ხან უნდილაძის ვაჟის, ფარსის ბეგლარბეგის იმამყული-ხანის მეთაურობით, რომელსაც ინგლისის ფლოტი ეხმარებოდა, პორტუგალიელები განდევნა სპარსეთის ყურიდან და სავაჭრო ოპერაციები კუნძულ ჯორუნიდან (თანამედროვე ორმუზი) ხმელეთზე გადაიტანა. სპარსეთის ყურეზე წარმოქმნილ ახალ ქალაქს ბენდერ-აბასი ანუ აბასის ნავსადგური ეწოდა.
7. შირაზი –ცენტრალური ირანის ერთ-ერთი ოლქის – ფარსის დედაქალაქია.
8. ჰამადანი – დასავლეთ ირანის უდღიდესი ქალაქი.
9. ვანის ტბა
10. იგულისხმება სამხრ. აზერბაიჯანი.
11. ხოი და სალმასტი – სამხრეთ აზერბაიჯანის ქალაქები.
12. თუმანი – აქ ოლქის მნიშვნელობითაა ნახმარი.
13. შამხალი – დაღესტანის მმართველი მსხვილი ფეოდალების ტიტული.
14. მოვსეს ქერთოღი – V საუკუნის ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი (ხორენელი), სომხური ისტორიის მამამთავარი. მისი თხზულება „სომხეთის ისტორია“, მოიცავს სომხეთის ისტორიულ თავგადასავალს „დასაბამითაგან სოფლისა“ არშაკუნიანთა სამეფოს დამხობამდე სომხეთში, ე.ი. მოყვანილია 428 წლამდე. გარდა საისტორიო ნაწარმოებისა, მოვსეს ხორენაცის ეკუთვნის ფილოსოფიურ-რელიგიური და გრამატიკული ხასიათის თხზულებები, ლირიკული საგალობლები და სხვ. ამიტომ ძველ სომხურ მწერლობაში იგი ხშირად მოიხსენიება როგორც „ქერთოღი“ (პოეტი, პიიტიკოსი) ან „ქერთოღაჰაირ“ (პოეტთა მამა, მამამთავარი). საინტერესოა, რომ აღნიშნული ეპითეტით იცნობს მოვსეს ხორენაცის აგრეთვე ძველი ქართული მწერლობაც. მაგ. IX ს. ავტორი არსენ საფარელი სომეხ ისტორიკოსს უწოდებს „მოსე-ქერდულ“-ს.
15. ესაი ჰასან ჯალალიანცი მოსე ხორენაცის საისტორიო ნაწარმოებზე დაყრდნობით გადმოგვცემს, რომ ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან (321 წ. ძვ. წ) 60 წლის შემდეგ სომხეთში, ისევე როგორც ირანში გამეფდა არშაკუნიანთა დინასტია. ეს შეცდომა, უეჭველია, მოვსეს ხორენაცისაგან მომდინარეობს. სინამდვილეში, 250 წ. ძვ.წ. სელევკიდებთან ბრძოლაში ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა პართიის სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ედგა არშაკუნიანთა დინასტია, სომხეთში კი არშაკუნიანთა საგვარეულოს ერთი შტო გაბატონდა ძვ.წ. 66 წელს, როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა სომხეთის მეფედ სცნო პართიის ხელმწიფის ვოლოგეზ I (51–79) ძმა ტირიდატ I. ამრიგად, არშაკუნიანთა დინასტიის სომხური შტოს დამაარსებელი იყო ტირიდატი და არა ვალარშაკის, როგორც ამას გადმოგვცემს მოესეს ხორენაცი. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ იგი ერთმანეთში ურევს არტაშესიანთა და არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენლებს და თვლის, რომ ვალარშაკის (ე.ი. მისი ახრით პირველი სომეხი არშაკუნიანი მეფის) შთამომავლები იყვნენ არტაშესი, ტიგრანი, არტავაზდი და არტაშესიანთა დინასტიის სხვა მეფეები. ასეთი აღრევის მიზეზი უნდა იყოს ის ხალხური ეპიკური გადმოცემები რომლებითაც სარგებლობდა მოსე ხორენაცი სომხეთის უძველესი ისტორიის შედგენის დროს.
16. ახ.წ. 224 წ. 20 აპრილს ორმიზდაგანის ველზე ფარსის გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენელმა სასანის შვილიშვილმა არდაშირმა დაამარცხა პართიის უკანასკნელი მეფე არტაბან V. 226 წელს მანვე ხელთ იგდო ქტეზიფონი, მიიღო შაჰანშაჰის ტიტული და ამით დასაბამი მისცა სასანური ირანის სახელმწიფოს, რომლის არსებობა 642 წლამდე გაგრძელდა.
17. მუჰამედი (დაახლოებით 570/1–632) ისლამის ფუძემდებელი. გადმოცემის მიხედვით მუჰამედმა ისლამის ქადაგება პირველად დაიწყო 609 ან 610 წელს.
18. იეზდიგერდ III, უკანასკნელი სასანელი შაჰანშაჰი (632– 651). 642 წელს ნეჰავენდთან ბრძოლაში არაბებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს და ბოლო მოუღეს სასანური ირანის სახელმწიფოს არსებობას.
19. ტექსტში მოხსენებული მაჰმუდი და მისი ძე მასუდი უნდა იყვნენ მაჰმუდ ღაზნევი (998–1030 და მისი მემკვიდრე მასუდი (1030–1041). 1040 წლის მაისში დენდენაკანთან გამართულ ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა დაამარცხეს მასუდი, რომელმაც გაქცევით უშველა თაეს. ამ დამარცხების შედეგად არსებობა შესწყვიტა ღაზნევიანთა სახელმწიფომ, რომელსაც 962 წელს საფუძველი ჩაუყარა თურქმა ღოლამმა (მონამ) ალფ-თეგინმა. ამრიგად, ესაი პასან ჯალალიანცი არაბების მიერ ირანის დაპყრობის აღნიშენის შემდეგ უშუალოდ გადადის მაჰმუდ ღაზნევის ეპოქაზე და უყურადღებოდ ტოვებს ირანის თითქმის ოთხი საუკუნის ისტორიას.
20. სულთან მასუდი (1030–1041).
21. ვარდან ვარდაპეტი ანუ სხვანაირად ვარდან აღმოსავლეთი (ისე) და ვარდან დიდი XIII ს. ცნობილი სომეხი ისტორიკოსი (1200/10–271). ავტორი „მსოფლიო ისტორიისა“, რომელიც მოიცავს სომხეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების ისტორიას „დასაბამიდან სოფლისა“ 1267 წლამდე.
22. ყაზვინის ნაცვლად უნღა იყოს ღაზნა – ღაზნევიანთა სახელმწიფოს დედაქალაქი.
23. ესაი ჰასან ჯალალიანცი მაჰმუდ ღაზნეეის შთამომავლებად მიიჩნევს აბუალის, ჩაღრი-ბეგ დაუდს (ამ უკანასკნელის სახელს ისტორიკოსი ორად ყოფს და ჰგონია, რომ დაუდი, და ჩაღრი-ბეგი სხვადასხვა პიროვნებები არიან) აბუ-თალიბს და თოღრულ-ბეგს. სინამდვილეში ისინი თურქი მომთაბარეების ოღუზთა ტომის ერთ-ერთი ბელადის სელჩუკის შვილიშვილები იყვნენ. უკვე მაჰმუდ ღაზნევის დროს თურქ-სელჯუკთა დიდი ნაწილი ხორასანში დასახლდა (1021 წლიდან) ხოლო 1037–1038 წლებში მათ ხელთ იგდეს ქ. მერვი და ნიშაპური. ნიშაპურის აღების შემდეგ ქალაქის საკრებულო მეჩეთში წაკითხულ იქნა ხუტბა თოღრულ-ბეგის (1038–1063) სახელზე!წ. ამრიგად, 1038 წელი ითვლება თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს დაფუძვნების თარიღად.
24. თოღრულ-ბეგმა ირანის დიდი ნაწილის დაპყრობის შემდეგ 1055 წელს აიღო ქ. ბაღდადი და ბოლო მოუღო ბუვეიდთა დინასტიის ბატონობას. ხალიფა კაიმმა იგი სულთნად დალოცა და ცოლად მისცა თავისი შვილიშვილი. თოღრულ-ბეგმა თავისი თავი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებლად გამოაცხადა. ხალიფა კი კვლავინდებურად მხოლოდ უმაღლესი სარწმუნოებრივი ხელისუფლებით სარგებლობდა.
25. ალფ-არსლანი (1063–1072). 1071 წელს ალფ-არსლანმა აიღო ქალაქი მანაზკერტი და დაეუფლა მცირე აზიის იმ ნაწილს, რომელიც ბიზანტიის სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა.
26. მალიქ შაჰი (1072–1092) მის დროს დიდ-სელჩუკთა სახელმწიფომ პოლიტიკური ძლიერების უმაღლეს წერტილს მიაღწია.
27. სულთან მელიქშაჰის სიკვდილის შემდეგ დიდ-სელჩუკთა სახელმწიფო ტახტის მაძიებელთა ბრძოლამ და ფეოდალურმა შინაომებმა მოიცვა. მელიქ შაჰის შემდეგ ხუთი სულთანი მართავდა დიდ-სელჩუკთა სახელიწიფოს მაჰმუდი (1092–1094), ბარქიაროქი (1094–1104), მელიქშაჰი (1104), მუჰამედი (1105–1118) და სანჯარი (1118–1157). სანჯარის წინამორბედი იყო არა მაჰმუდი, როგორც გადმოგვცემს ესაი ჰასან ჯალალიანცი არამედ სულთან მუჰამედი. სანჯარმა და მუჰამედმა დიდ-სელჩუკთა სახელმწიფო ორ ნაწილად გაყვეს აქედან აღმოსავლეთი ირანი ერგო სანჯარს, ხოლო დასავლეთი ირანი და ერაყი –მუჰამედს, სადაც შეიქმნა ერაყის სელჩუკიანთა სასულთნო (1118–1194).
28. 1157 წელს გარდაიცვალა სულთან სანჯარი. ამით ფაქტიურად შეწყვიტა არსებობა დიდ-სელჩუკთა სახელმწიფომ, რომლის ტერიტორიაზე წარმოიქმნენ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები: საათაბაგოები აზერბაიჯანში, ფარსში, ლურისტანში, გურიდების სახელმწიფო ჰერათის აღმოსავლეთით და სხვ. XII ს. 80-იან წლებში ხორასანი შევიდა ხარეზმშაჰების სახელმწიფოს ფარგლებში. აქედან გამომდინარე სავსებით ნათელია, რომ სომეხი ისტორიკოსის მიერ დასახელებული სინჯარის მემკვიდრე სულთნებს დიდ-სელჩუკთა დინასტიიდან (დაუდი, თოღრული, მასუდღი, თოღრული, ალფ-არსლანი, თოღრული) არასოდეს არ უმეფნიათ ირანში, აქ აშკარა ანაქრონიზმთან გვაქვს საქმე. ასეთი მოსაზრება მით უფრო მართებული ჩანს, რომ ქალაქი ანისი თურქ-სელჩუკებმა აიღეს, არა XII ს. დამლევს როგორც ეს შეიძლება ვიფიქროთ ესაი ჰასან ჯალალიანცის ცნობის საფუძველზე, არამედ ეს ქალაქი დაიპყრო მეორე სულთანმა დიდ-სელჩუკთა დინასტიიდან ალფ-არსლანმა (1063–1072) 1064 წლის 16 აგვისტოს.
29. შაჰ-არმენების ანუ ხლათის სამთავრო (1100 –1207) მდებარეობდა ვანის ტბის დასავლეთით. მის ცენტრს წარმოადგენდა დიდი სავაჭრო ქალაქი ხლათი. განსაკუთრებით გაფართოვდა ხლათის სამთავრო შაჰ-არმენ მიჰრანის ზეობის დროს (1128–1185), როდესაც მის ფარგლებში მოექცა არჭეში, მანასკერტი, მუში, ტაღათაფი და სამხრ. სომხეთის სხვა ქალაქები და ოლქები. ამრიგად, შაჰ-არმენებს ეჭირათ ისტორიული სომხეთის ტერიტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი და ისინი არასოდეს არ ფლობდნენ ირანს.
30. 1150 წელს ათაბეგმა ილდეღიზმა დაიჭირა სამხრეთ აზერბაიჯანი და ირანი, უარი თქვა ერაყის სელჩუკთა სასულთანოს მორჩილებაზე და საფუძველი ჩაუყარა ილდეღიზიდების საათაბაგოს. XII ს. 60- იან წლებში ილდეღიზიდების საათაბაგოს საზღვრებში შევიდნენ აგრეთვე ქ. ისფაჰანი და რეი ესაი ჰასან ჯალალიანცის მიერ მოხსენებული ფაჰლავანი და ყიზილ ასლანი არიან შამს ად-დინ ილდეღიზის შვილები მუჰამედ ჯაჰან ფეჰლევანი (1174–1186) და ყიზილ ასლანი (ქართლის ცხოვრების „ყიზილ-აალან ათაბეგი“) (1186 –1191) ფაჰლავანმა, რომელიც მართავდა ერაყს, თავის სატახტო ქალაქად ჰამადანი გამოაცხადა. იმავე დროს აზერბაიჯანს ფლობდა ყიზილ-ასლანი, რომლის რეზიდენციას ქალაქი თავრიზი წარმოადგენდა.
31. 1177 წელი.
32. ხსენებული ვარდაპეტი – ვარდან აღმოსავლელი ანუ ვარდან დიდი, XII საუკუნის ისტორიკოსი, „მსოფლიო ისტორიის“ ავტორი.
33. 1225 წელი. ვარდანის სიტყვით მონღოლებმა შუა აზიაში ილაშქრეს 669 – 1120 წ. სინამდვილეში მონღოლ-თათრები შუა აზიაში გამოჩნდნენ 1219 წელს, იმავე წელს ხელთ იგდეს ქალაქი ოთრარი, ხოლო მომდევნო წელს აიღეს ბუხარა, ჰამარყანდი და მიადგნენ ხორეზმშაჰთა დედაქალაქს – ურგენჩს. ხორეზმშაჰი ალა ად-დინ მუჰამედი (1200–1220) გაიხიზნა კასპიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე (შესაძლებელია აშურ- ადეზე), სადაც მალე გარდაიცვალა (1200 ან 1221 წწ.). ხორეზმშაჰ მუჰამედის მემკვიდრე, ჯალალ-ედ-დინი (1220–1231) ხორასანში გაიქცა. თან სცადა წინააღმდეგობის გაწევა მონღოლებისათვის, მაგრამ იძულებული იყო გაქცევით ეხსნა თავი: ამჯერად იგი ინდოეთს გადავიდა. ინდოეთიდან დაბრუნებულმა ჯალალ-ედ–დინმა საშინლად მოაოხრა ირანი და მთელი ამიერკავკასია. ჟამთააღმწერელი შემდეგნაირად ახასიათებს ჯალალ-ედ-დინს: „კაცი მხნე და ქველი, შემმართებელი, უშიში ვითარცა უჭორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო“. მაგრამ მიუხედავად თავისი სიმამაცისა და სამხედრო ნიჭისა სპარსეთისა, ადარბაგანისა და საქართველოსათვის ჯალალ-ედ-დინის მოღვაწეობას ზიანის მეტი არა მიუყენებია.
34. ვანაკან – XIII ს. ცნობილი სომეხი სწავლული და ისტორიკოსი ვანაკან ვარდაპეტი. მის საისტორიო ნაწარმოებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მისი მოწაფეების კირაკოს განძაკეცის, ვარდან დიდისა და მალაქია მღვდელმონაზონის ანუ გრიგორ აკანცის ცნობებიდან ვიცით, რომ ვანაკან ვარდაპეტის ისტორიულ თხზულებაში ვრცლად იყო აღწერილი მონღოლთა შემოსევები სომხეთში და საერთოდ ამიერკავკასიაში.
35. კირაკოს ვარდაპეტი ანუ კირაკოს განძაკეცი (1201/3–1272) ცნობილი სომეხი ისტორიკოსი. მისი თხზულება „სომხეთის ისტორია“ მოიცავს სომხეთის ისტორიულ თავგადასავალს სომეხთა მოქცევიდან (301 წ.) 1265/6 წლამდე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მონღოლთა შემოსევებისა და ბატონობის აღწერას სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში.
36. 1266 წელი. მონღოლთა ბატონობის ისტორია სომხეთში და მის მეზობელ ქვეყნებში 1273 წლამდე მოცემულია გრიგოლ აკანელის თხზულებაში „მოისართა ტომის ისტორია“.
37. 1386 წელი.
38. თემურ-ლენგი (1370–1405) ირანი, დაპყრობას შეუდგა 1381 წელს, როდესაც თავის ძალაუფლებას დაუმორჩილა ქართების (ქურთების) ჰერათის სამთავრო, რომლის ცენტრს ქალაქი ჰერათი წარმოადგენდა. შემდეგში თემურ-ლენგის ლაშქრობები ირანში პერიოდულად მეორდებოდა. 1386 წლიდან იგი აწარმოებდა „სამწლიან ომს“, 1392 წლიდან – „ხუთწლიანს“, ხოლო 1398 წლიდან „შვიდწლიანს“. ამ ომების შედეგად მთელი ირანი დაპყრობილ იქნა თემურ-ლენგის მიერ, ხოლო 1386 წლიდან 1403 წლამდე რვაგზის შემოივრა იგი ამიერკავკასიის ქვეყნებში, მიწასთან გაასწორა აქაური ქალაქები, სოფლები, სამეურნეო ნაგებობები, მატერიალური კულტურის ძეგლები“. ამრიგად, ესაი ჰასან ჯალალიანცის მიერ მოტანილი თარიღი 835/1386, უნდა აღნიშნავდეს თემურ-ლენგის პირველ ლაშქრობას სამხრეთ აზერბაიჯანსა და ამიერკავკასიაში და არა ომის დაწყებას ირანის დაპყრობისათვის, როგორც ფიქრობს ჩვენი ისტორიკოსი. ეს რომ ასეა კარგად ჩანს იქიდან, რომ მისი სიტყვით თემურ-ლენგი 18 წლის მანძილზე არბევდა დაპყრობილ ქვეყნებს და სპობდა მოსახლეობას. როგორც ცნობილია, შუააზიელი დამპყრობლის შემოსევებს ამიერკავკასიაში 1386–1403 წწ. ფარგლებში ჰქონდა ადგილი, რაც სწორედ 18 წელს შეადგენს.
1400 წელს თემურ-ლენგმა თურქეთის სულთან ბაიზედთან და ეგვიპტის სულთან ფარაჯთან ბრძოლაში დაიჭირა რამდენიმე ქალაქი მცირე აზიასა და სირიაში (მათ შორის ქალაქი ალეპოც). ამიტომ აღნიშნავს ესაი ჰასან ჯალალიანცი, რომ მან ფეხით გათელა მთელი მსოფლიო სამარყანდიდან სამარაჯადე და ეგვიპტემდე.
39. თოვმა არწრუნი X საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი საისტორიო ნაწარმოებები „არწრუნიანთა ისტორია“ მოგვითხრობს არწრუნიანთა სამთავროს ისტორიულ თავგადასავალს უძველესი დროიდან X საუკუნემდე49 ამიტომ გასაგებია, რომ იგი ვერ აღწერდა თემურ-ლენგის დაპყრობით ომებს ირანსა და ამიერკავკასიაში. თოვმა არწრუნის ნაცვლად ტექატში უნდა იყოს თოვმა მეწოფეცი, XV ს. ერთადერთი სომეხი ისტორიკოსი (1376/9–1446), რომლის თხზულებაში – „ლანგ-თემურისა და მისი მემკვიდრეების ისტორია“ – ვრცლადაა აღწერილი თემურ-ლენგისა და შავბატკნიან თურქმანთა თარეში სომხეთსა და საერთოდ ამიერკავკასიაში.
40. 1406 წელი.
თემურ-ლენგის შემოსევების დროს შავბატკნიან ანუ ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა ბელადი ყარა-იუსუფი და ჯელაირთა დინასტიის უკანასკნელი სულთანი აჰმედი იძულებულნი იყვნენ სირიაში გაქცეულიყვნენ, სადაც ისინი 1406 წლამდე ტყვედ ჰყავდა ეგვიპტის სულთან ფარაჯს. ტყვეობიდან დაბრუნებულმა აჰმედმა ყარაიუსუფის დახმარებით კვლავ დაიპყრო არაბეთის ერაყი და სამხრეთ აზერბაიჯანი. მაგრამ მალე მოკავშირეებს შორის შუღლმა იფეთქა. 1410 წელა თავრიზის მახლობლად, შანბე ყაზანში ყარა-იუსუფმა სასტიკად დაამარცხა აჰმედ ჯელაირი და დააარსა შავბატკნიან თურქმანთა სახელმწიფო, რომლის ფარგლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიის გარდა, შედიოდა აგრეთვე სომხეთი, ქურთისტანი და არაბეთის ერაყი. თავის რეზიდენციად ყარა-იუსუფმა ქალაქი თავრიზი აირჩია, ყარა-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფომ 1468 წლამდე იარსება.
41. 1421 წელი.
42. შაჰრუხი (1405–1447) თემურ-ლენგის ძე და მემკვიდრე. ხორასნის სულთანი. შავბატკნიან თურქმანთა დინასტიის ყველაზე ნიჭიერი და ძლიერი წარმომადგენელი ჯაჰანშაჰი (1435–1467) თავს შახრუხის ვასალად სცნობდა. ამიტომ იგი ებრძოდა აყ-ყოიუნლუს ბელადებს, ალი-ბეგს (1434–1453) და მის მემკვიდრეს ჰასან-ბეგს ანუ უზუნ-ჰასანს (1453–1478). მაგრამ 1467 წელს უზუნ-ჰასანმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა შავ-ბატკნიან თურქმანთა ლაშქარზე და ჯაჰანშაჰის მოკვეთილი თავი შაჰრუხს გაუგზავნა. ახლად დაარსებულ აყ-ყოიუნლუს თურქმანთს სახელმწიფოს (1468-1501) საზღვრები მოიცავდა: სამხრეთ აზერბაიჯანს (არდებილის ოლქის გამოკლებით, რომელიც სეფიანთა შეიხების დომენს წარმოადგენდა), ყარაბაღს, სომხეთს, ქურთისტანს, დიარბექირს, არაბეთისა და სპარსეთის ერაყს, ლურისტანს, ფარსს და ქერმანს. ამრიგად, ამიერკავკასიის ნაწილის გარდა თეთრბატკნიან თურქმენთან სახელმწიფოში ირანს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც შედიოდა. დედაქალაქად კვლავ თავრიზი რჩებოდა.
43, როგორც აღვნიშნეთ, ჯაჰანშაჰს ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ტახტი ეპყრო 1467 წლამდე და არა 1438 (888 წ. სომხური წელთაღრიცხვით), როგორც გადმოგვცემს ესაი ჰასან ჯალალიანცი. სომეხი ისტორიკოსი აქ მეორე შეცდომასაც უშვებს, როდესაც იაყუბ-ფადიშაჰს ჯაჰან-შაჰის ძედ თვლის. სინამდვილეში იაყუბი უზუნ-ჰასანის შვილი იყო და თეთრ-ბატკნიან თურქმანთა სახელმწიფოს მართავდა 1478ალი-ბეგს (1434–1453) 1490 წლებში.
44. სეფიანების წარმომავლობის შესახებ საკმოდ უხვი ცნობებია დაცული სპარსულ აგიოგრაფიულ და საისტორიო მწერლობაში (დერვიშ თავაქოლი ანუ იბნ-ბაზაზი, შაჰ ისმაილ I ანონიმური ისტორია, ხონდემირი, ჰასან რუმლუ, ისკანდერ მუნში, ფაზლალაჰ იბნ- რუზბეჰან ხუნჯი, შეიხ ჰუსეინ იბნ-შეიხ აბდალ ზახიდი და სხვ.) ამ სუფიურ-დერვიშული ორდენის დამაარსებლად ითვლება სეფი ედ-დინ ისჰაკი (1252–1334), რომელიც შიიტების წმინდანადაა აღიარებული. მისი მემკვიდრეები და არდებილის წმინდა შეიხები იყვნენ: სადრედ-დინი (1314–1392), ხოჯა-ალი (1392–1427), იბრაჰიმ შეიხშაჰი (1427–1447), ჯუნეიდი (1447–1456), მისი ძე სულთან ალი (1488–1494/5) და ამ უკანასკნელის ძმა ისმაილი (1494/5), შემდეგში შაჰ ისმაილ I. სეფიანების დომენი – არდებილი თავისი სანახებით თანდათან ტიპიურ ფეოდალურ სამთავროდ იქცა. განსაკუთრებით გაძლიერდნენ სეფიანი შეიხები XV საუკუნეში როდესაც ისინი დაეყრდნენ მცირე აზიიდან გადმოსახლებული შიას მიმდევარ ყიზილბაშურ ტომებს: შამლუს, რუმლუს, უსთაჯლუს, თექელუს, ავშარს, ყაჯარს და ზულყადარს. ამ ტომების სამხედრო ძალის გამოყენებით არდებილის შეიხები განუწყვეტლივ აწარმოებდნენ საღვთო ომებს „ურწმუნოთა“, ე.ი. ქრისტიანების წინააღმდეგ. მაგ, ესაი ჰასან ჯალალიანცის მიერ მოხსენებული, სეფი ედ-დინის შთამომავალი, შეიხ ჯუნეიდის შვილი შეიხ ჰეიდარი ხშირად ლაშქრავდა საქართველოს „და მდიდარი ნადავლით დატვირთული ბრუნდებოდა უკან“ (შერეფ ნამე). არდებილის შეიხების გაზრდილი ძლიერება სცადა თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა უზუნ ჰასანმა, ამიტომ მან ნათესაური ურთიერთობა დაამყარა მათთან და ჯერ თავისი და მისცა ცოლად შეიხ ჯუნეიდს, ხოლო შემდეგ შეიხ ჰეიდარს შერთო თავისი ქალიშვილი ალემშაჰ-ბეგუმი, რომელიც მას ტრაპიზონის უფლისწულის დესპინე ხათუნისაგან ჰყავდა.
45. უკვე იაყუბ-ფადიშაჰის დროს, რომელიც მხარს უჭერდა ჰეიდარის მოწინააღმდეგეს თავის სიმამრს შარვანშა ფარუხ-იასარს (1462–1500) თეთრბატკნიან თურქმენთა სახელმწიფოს და არდებილის კავშირი დაიშალა. 1488 წლის 30 იენის დერბენდის მახლობლად ტაბასარანში ფარუხ-იასარმა იაყუბის დახმარებით დაამარცხა ყიზილბაშთა ლაშქარი. თვითონ შეინ ჰეიდარი ბრძოლაში დაეცა იაყუბმა ტყვედ იგდო თავისი დისწულები, შეიხ ჰეიდარის მცირეწლოვანი შვილები სულთან-ალი, იბრაჰიმ და ისმაილი და ჯერ ვანის ტბის კუნძულზე მდებარე ახთამარის სომხურ მონასტერში ჰყავდა, ხოლო შემდეგ – ფარსის ციხე-სიმაგრე ისტახრში გადაიყვანა. რაც შეეხება იაყუბის მოწამვლას ჰეიდარისა და ალემშაჰ-ბეგუმის მიერ ეს ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება ფადიშაჰი იაყუბი შეცდომით მოწამლა მისმა დედამ რომელმაც შემდეგ მწუხარებისაგან თვითონაც მოიკლა თავი.
46. არაქელ დავრიჟეცი (თავრიზელი) XVII ს. თვალსაჩინო სომეხი ისტორიკოსი მისი თხზულება „ისტორიას“ მოიცავს სომხეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი) ისტორიას 1602-1662 წწ ფარგლებში. არაქელ დავრიჟეცის მიერ მოწოდებული ცნობები ხშირად დადასტურებას პოულობს სხვა საისტორიო ნაწარმოებებში: კერძოდ ისკანდერ მუნშის თხზულებაში „თარიხ-ე ალამარაი აბასი“ („აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია“) ამიტომ ეს ცნობები უმეტეს შემთხვევაში ნდო-ბას იმსახურებენ.
47. 1499 წელი. აღნიშნულ წელს იაყუბ-ფადიშაჰის ძემ და მემკვიდრემ მურადმა ისფაჰანის მახლობლად დაამარცხა თავისი მოწინააღმდეგე მუჰამედი და დაიკავა ისფაჰანი. ისე რომ სომეხი ისტორიკოსის მიერ მოხსენებული სინხური არ უნდა იყოს ისტორიული პიროვნება.
48. 1500 წელს თეთრბატკნიან თურქმანთა სახელმწიფო ორ ნაწილად გაიყო. მურადს ერგო არაბეთისა და სპარსეთის ერაყი და ფარსი, ხოლო მის ბიძაშვილს ალვანდს – სამხრეთ აზერბაიჯანი, ყარაბაღი და სომხეთი. დიარბექირში, ქერმანსა და იეზდში კი ფაქტიურად დამოუკიდებელი სამთავროები შეიქმნა.
49. 1501 წელი.
თავი II
1. 1501 წელი.
1499 წელს 13 წლის ისმაილი დაბრუნდა გილანიდან, სადაც იგი 1495 წლიდან იმყოფებოდა ამიერ გილანის მფლობელის კარკია მირზა ალის კარზე. ჰასან რუმლუს ცნობით, ისმაილს ეახლა შვიდი ათასი კაცი უსთაჯლუს, შამლუს, რუმლუს, თექელუს, ზულყადარის, ავშარის, ყაჯარის, ვარსაყის ტომებიღან და ყარაჯადაღის სუფიებიდან. მაგრამ ვიდრე ისმაილი თავისი მთავრი მოწინააღმდეგეების შირვანშაჰ ფარუხ-იასარისა და ფადიშაჰ ალვანდის წინააღმდეგ გაილაშქრებდა, 1500 წელს თავისი ერთ-ერთი მხედართმთავარი ხოლეფა-ბეგი საქართველოში გაგზავნა. ხოლეფა-ბეგმა დალაშქრა სამცხე, „უზომო ნადავლი აიღო“ და ერზინჯანმი დაბრუნდა, სადაც იმ დროს ისმაილი იმყოფებოდა.
იმავე წელს ყიზილბაშთა ლაშქარმა ისმაილის ხელმძღვანელობით შემახას მახლობლად ჯაბნში სასტიკად დაამარცხა შირვანის ლაშქარი. თვითონ ფარუხ-იასარიც დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო მომდევნო 1501 წელს შარურის ველზე ნახჭევანის მახლობლად ისმაილმა გაიმარჯვა თეთრბატკნიან თურქმენთა ლაშქარზე. ისკანდერ მუნშის ცნობით ალვანდი ერზინჯანში გაიქცა. გამარჯვებული ისმაილი კი თავრიზში შევიდა და თავი ირანის შაჰინშაჰად გამოაცხადა. ამ აქტით საფუძველი ჩაეყარა სეფიანთა სახელმწიფოს (1501–1722). 1510 წლისათვის შაჰ ისმაილ I (1501-1524) მთელი ირანი ემორჩილებოდა.
2. 1526 წელი. სინამდვილეში შაჰ ისმაილ I გარდაიცვალა 1524 წელს.
3. შაჰ თამაზ I (1524–1576).
4. 1538 წელს შირვანი სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთდა. იგი მის ერთ-ერთ ვილაიეთად იქცა რომლის ბეგლარბეგად დაინიშნა შაჰ თამაზის ძმა ალყას-მირზა. ასეთივე ბედი ეწვია შაქის სახანოს 1551 წელს. თუმცა შაჰ თამაზი ცდილობდა ხორასნს საბოლოოდ შემომტკიცებასაც, მაგრამ სეფიანთა ხელისუფლება ამ ოლქში არასტაბილური და საკმაოდ მერყევი იყო. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნდა ჩაითვალოს შუააზიელ უზბეკთა შემოსევები, რომლებიც პერიოდულად მეორდებოდნენ XVI ს. 90-იან წლებამდე.
რაც შეეხება საქართველოს, 1541–1554 წლებში შაჰ თამაზმა ოთხჯერ დალაშქრა იგი, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისი დამორჩილება. როგორც ცნობილია, 1555 წელს ქალაქ ამასიამი თურქეთსა და ირანს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც სეფიანთა სახელმწიფოს ერგო აღმოსავლეთი საქართველო, აღმოსავლეთი სომხეთი და აზერბაიჯანი.
5. 1565 წელს შაჰ თამაზის ბრძანებით სეფიანთა სახელმწიფოში ამოიკვეთა სავაჭრო გადასახადი –თამღა. თამღის გაუქმება მიზნად ისახავდა ქალაქის ვაჭარ-ხელოსანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას და სავაჭრო საქმიანობის გაცხოველება-გაფართოებას.
6. ტექსტში შეცდომით არის სომხური წელთაღრიცხვით 675, წელი. აქ აშკარა შეცდომაა. შაჰ თამაზ I გარდაიცვალა 1576 წელს.
7. შაჰ ისმაილ II (1576–1677). თავისი ხანმოკლე ზეობის დროს შაჰ ისმაილ II -მ სიკვდილით დაასჯევინა თავისი ექვსი ძმა, სეფიანთა დინასტიის სხვა წარმომადგენლები და ბევრი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე. მასობრივი რეპრესიებით იგი ცდილობდა განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების” თანახმად, ისმაილ II „იყო კაცი მოსისხლე და მრავალნი კაცნი დახოცნა“.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით ულმობელი შაჰი შეთქმულებმა მოკლეს თავისსავე ჰარამში. ისკანდერ მუნშის ცნობით ისმაილ II ზომაზე მეტი თრიაქი მიიღო და ამით გარდაიცვალა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით კი შაჰ ისმაილ საწამლავით მოაკვდინეს.
8. შაჰ მუჰამედ ხოდაბანდე ანუ „ღვთის მონა“ (1577–1587). შაჰ მუჰამედი მართლაც ბრმა იყო. მის დროს ირანის სახელმწიფო საქმეებს უძღვებოდა მისი მეუღლე ჰკვიანი და ენერგიული მაჰულია, რომელიც მოაკვლევინეს ყიზილბაშმა ამირებმა.
9. 1580 წელი. სინამდვილეში შაჰ აბას I ტახტზე ავიდა 1587 წელს და სეფიანთა სახელმწიფოს მართავდა 1629 წლამდე.
10. თურქეთის სულთანმა მურად III (1574–1595) ისარგებლა ფეოდალური შუღლითა და შინაომებით რომელმაც მოიცვა სეფიანთა სახელმწიფო შაჰ მუჰამედ ხოდაბანდეს დროს და 1578 წელს დაიწყო ახალი ომი ირანის წინააღპდეგ. ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა აღმოსავლეთი საქართველო, მთელი სომხეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი აზერბაიჯანი (არდებილის ოლქის გამოკლებით), ქურთისტანი და ლურისტანის ნაწილი. ირანმა სცნო თურქების ბატონობა ამ ქვეყნებზე, რაც სათანადოდ განამტკიცა თურქეთ-ირანის ზავით, რომელიც შაჰ აბასის წინადადებით დაიდო 1790 წელს ქალაქ სტამბოლში.
11. შაჰ აბასმა მარჯვედ გამოიყენა მშვიდობიანობის დამყარება და სამხედრო სამზადისს შეუდგა. ყორჩის ჯარის (ტომობრივი ლაშქარი) გარდა მან ჩამოაყალიბა 44 ათასიანი ყულის ჯარის (მონათა ლაშქარი), რომელიც ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველების, სომხებისა და ჩერქეზებისაგან შედგებოდა. ყულარ-აღასად (ყულის ჯარის სარდალი) მიღებული წესის თანახმად ყოველთვის ქართველი ინიშნებოდა. გარდა ამისა შეიქმნა არტილერიისა და მუშკეტერების კორპუსები, შაჰისევენების გვარდია. ამ ღონისძიებათა შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სეფიანთა სახელმწიფოს სამხედრო ძლიერება, განმტკიცდა ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტი და ალაგმულ იქნა ყიზილბაში ამირების ცენტრიდანული ტენდენციები.
1603 წელს შაჰ აბასმა დაარღვია 1590 წლის ზავი და თურქეთთან ომი განაახლა. იმავე წელს სპარსელებმა აიღეს თავრიზი, ხოლო მომდევნო წელს – არეზის ჯულღა, ერევანი, ნახჭევანი და სხვ. თანდათან შაჰ აბასის ხელში აღმოჩნდა აღმოსავლეთი საქართველო, აღმოსავლეთი სომხეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია, რომელიც თურქეთის ფარგლებში მოექცა 1590 წლის ზავის ძალით. 1613 წელს დადებული თურქეთ-ირანის ზავით სეფიანთა სახელმწიფომ შეინარჩუნა ახლად დაპყრობილი მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია, სამხრეთ აზერბაიჯანი ლურისტანი ღა ქურთისტანის ნაწილი. ხოლო 1623 წელს სეფიანთა სახელმწიფოს საზღვრებში შევიდა აგრეთვე არაბეთის ერაყი ქალაქ ბაღდადით.
12. 1629 წელი
13. შაჰ სეფი I (1629–1642).
14. შაჰ აბას II (1642–1666).
15. 1642 წელი.
16. 1651 წელი. ეს თარიღი არაა სწორი. შაჰ აბას II გარდაიცვალა 1666 წელს.
17. შაჰ სულეიმანი ანუ სხვანაირად შაჰ სეფი II (1666–1694).
18. ესაი ჰასან ჯალალიანცი მეტად აზვიადებს შაპ სულეიმანის, ისევე როგორც შაჰ აბას II დამსახურებას ქვეყნის მოშენებისა, ხარაბა-ნაოხარის აღდგენისა და მართლმსაჯულების განმტკიცების საქმეში, რადგანაც უკვე შაჰ აბას II დროს სეფიანთა სახელმწიფო დაადგა დაქვეითების გზას, XVII ს-ის 70-იანი წლების მიწურულს მთელი სიძლიერით გამოვლინდა ირანის პოლიტიკური და ეკონომიური სისუსტე. მნიშვნელოვნად გაუარესდა სოფლისა და ქალაქის ექსპლოატირებული მოსახლეობის მდგომარეობა, დაეცა გლეხის მეურნეობა, მკვეთრად შემცირდა საქალაქო ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა. კვლავ გაძლიერდა მსხვილ ფეოდალთა ცენტრიდანული ტენდენციები. ყოველივე ამის გამო სავსებით გასაგები უნდა იყოს, რომ ესაი ჰასან ჯალალიანცის მიერ მოტანილი შაჰ აბას II და შაჰ სულეიმანის დახასიათება ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება.
19. 1690 წელი. შაჰ სულეიმანი გარდაიცვალა 1694 წელს.
20. 1691 წელი, შაჰ სულთან ჰუსეინი (1694–1722) ტახტზე ავიდა 1694 წელს.
21. არაქელ ვარდაპეტი. იხ. თავი I, შენ. 43.
თავი III
1. სიტყვასიტყვით ნიშნავს მესტუმრეს. ესაი ჰასან ჯალალიანცი მოტანილ ტერმინს ხსნის როგორც გზირს რაც სწორი არ არის, რადგანაც გზირის მოვალეობას შეადგენდა ქალაქისა და სოფლის ხელისუფალთა ბრძანების და ახალი ამბების გამოცხადება და არა სტუმრების მიღება.
2. მუჩალგა თურქ. პირობის წიგნი, ვალდებულების წიგნი. ამ შემთხვევაში საგადასახადო ნუსხა, რეესტრი.
3. მეათედი სპ. შესატყვისი დაჰიქ – მოსავლის მეათედი, რომელსაც მოსახლეობა სახელმწიფოს სასარგებლოდ იხდიდა.
4. სალაშქრო გამოსაღები – როგორც ჩანს, აქ უნდა იგულისხმებოდეს ალაფე და ულუფე გადასახადები ნატურით, რომელიც განკუთვნილი იყო ფეოდალური ლაშქრისა და მეომართა ცხენებისა და სასაპალნე პირუტყვის შესანახად.
5. 1699 წელი. თუ ამ წელს დაიწყო სეფიანთა სახელმწიფოს ხალხთა აღწერა, მაშინ იგი უნდა დასრულებულიყო 1701 წელს, რადგანაც ესაი ჰასა ჯალალიანცის სიტყვით მოსახლეობის აღწერას სამი წელიწადი მოუნდნენ. ამასთანავე უნდა, აღვნიშნოთ, რომ ხალხთა აღწერა სეფიანთა სახელმწიფოში დაიწყო შაპ სულთან-პუსეინის ხელმწიფობის არა მეათე წელს, როგორც ამას გადმოგვცემს ისტორიკოსი, არამედ მისი მბრძანებლობის მეექვსე წელს, რადგანაც სულთან-ჰუსეინი ტახტზე 1694 წელს ავიდა.
6. 1702 წელი. სულადი გადასახადი – სეფიანთა სახელმწიფოში დაწესებული სოფლისა და ქალაქის მშრომელ შოსახლეობაზე. აქედან არამუსლიმანები (ქრისტიანები, ინდუსები, ღებრები და სხვ.) იხდიდნენ ჯიზიას, რომლის ოდენობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა იყო. ჯიზიას მოხდა სომხურ სამღვდელოებასაც ევალებოდა. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში, განსაკუთრებული წყალობის გამო მისი გადასახადისაგან თავისუფლდებოდნენ ცალკეული სომხური მონასტრები და ბერ-მონაზვნები. მუსლიმანური ექსპლოატირებული მოსახლეობა იხდიდა სულად გადასახადს, რომელსაც სარანე ეწოდებოდა. ამიერკავკასიის სახანოებში დამოწმებულია სარანეს სინონიმები; ბაშ-ფული, ბაშ-მალი და სარშომარა.
7. ატროპატაკანი – სამხრეთი ანუ ირანის აზერბაიჯანი.
8. სეფიანთა სახელმწიფოს დედაქალაქი ისფაჰანი წყლის რესურსების ნაკლებობას განიცდიდა. ამიტომ რამდენჯერმე გაკეთდა ცდა ისფაჰანის მდინარე ზაენდე-რუდთან შეეერთებინათ ქალაქის მახლობლად გამავალი მეორე წყალმრავალი მდინარე აბიქურენი. როგორც ჩანს, ამ ორი მდინარის არხით შეერთების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა შაჰ სულთან-ჰუსეინის მმართველობის წლებშიც. სწორედ ამ ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო თანხების მოსაპოვებლად უნდა ყოფილიყო დაწესებული ახალი გადასახადი, რომელსაც „აბიქურენი“ ეწოდა.
9. შაჰზადეს ახრაჯათი – როგორც თვითონ ტერმინი გვიჩვენებს, ეს გადასახადი გამიზნული იყო სეფიანთა უფლისწულების ხარჯების დასაფარავად.
10. შეშდინარი – სპ. ესეც ტერმინიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს გადასახადი იკრიფებოდა ექვსი დინარის ოდენობით. პროფ. ი. პეტრუშევსკის აზრით, შეშდინარი საკომლო გადასახადს წარმოადგენდა
11. თარაქამა – თურქმანული ტომი, რომელიც ყარაბაღში მომთაბარეობდა.
12. XVIII ს. პირეელი მეოთხედის სპარსული ანონიმური ძეგლის „თაზქირათ ალ-მულუქის“ („მეფეთა სამახსოვრო“) მიხედვით სეფიანთა სახელმწიფოში ცალკეულ ოლქებს მათი სიდიდისა და მნიშვნელობის შესაბამისად მართავდნენ ვალიები, ბეგლარბეგები, ხანები და სულთნები, თითოეული მათგანი თავის საგამგებლო ოლქში უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებით სარგებლობდა, მაგრამ იყვნენ სხვა მოხელეებიც: ვეზირი, რომელიც ოლქის ფინანსურ საქმეებს უძღვებოდა და თვალყურს ადევნებდა გადასახადების დროულად აკრეფას, ყულბეგი – სამხედრო კორპუსის სარდალი, ტარუღა ანუ ქალაქის მმართველი, თაჰვილდარი (ჩვენ წყაროში დამახინჯებითაა მოტანილი ეს ტერმინი) – ხაზინადარი და სხვ.
13, ისკანდერ მუნშის ცნობით მოსახლეობის ჩივილი ოლქისა თუ მალაქის მმართველის სისასტიკისა და უსამართლობის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში მათი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი ზდებოდა. ასე მაგ., 1596 წელს შაჰ-აბას I მოსახლეობის შევიწროვების გამო მეჰდი ყული-ბეგ ჩაუშლუს წაართვა გილანის ჰაქიმობა. 1632 წელს ქუჰდაჰომის ოლქის „რაიებისა და ღატაკების“ საჩივრის საფუძველზე შეცვლილ იქნა ამ ოლქის მმართველი.
14. შეიხ „ულ-ისლამი – სასულიერო მსაჯულთა რიცხვს ეკუთვნოდნენ, რომლებიც საქმიანობის გარჩევისა და განაჩენის გამოტანის დროს „დიდებული შარიათისა“ და „ბრწყინვალე სარწმუნოების“ (იგულისხმება ისლამი) წესებით ხელმძღვანელობდნენ!).
15. შეიხი – უხუცესი, მუსლიმანურ-დერვიშული ორდენის მეთაური.
16. ჯამაგირი ქირა
თავი IV
1. დანიელი, VII, 23.
2. შუა საუკუნეების სომხურ საისტორიო მწერლობაში თანამედროვე ოსი ხალხის წინაპრებს – ალანებს ხშირად უწოდებდნენ „ალუანქებს“. ტერმინი „ალუანქი“ აღნიშნავდა როგორც კავკასიელ ალბანებს, აჰევე „ალანებს“. ამ შემთხვევაში ესაი ჰასან ჯალალიანცი „ალუანქს“ ხმარობს „ავღანელების“ აღსანიშნავად და აქედან გამომდინარე თვლის, რომ ალბანები ავღანთა წინაპრები არიან. ასეთი თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, მცდარია, თუმცა იმავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ სომეხი ისტორიკოსის ცნობა, რომ თემურ-ლენგმა ალანთა ერთი ნაწილი ტყვედ წაიყვანა და ავღანეთის ტერიტორიაზე დაასახლა სავსებით შესაძლებელია რომ ისტორიული სინამდვილის ანარეკლი იყოს. ამასთან დაკავშირებით ყურადღების ღირსია შერეფ ედ-დინ ალი იეზდის ცნობა, რომლის მიხედვითაც თემურ-ლენგმა 1936 წ. დალაშქრა ოსეთი და მოსახლეობის ნაწილი ტყვედ წაიყვანა.
3. შაჰ აბას I ყანდაჰარი დაიპყრო 1622 წელს და შეუერთა სეფიანთა სახელმწიფოს.
4. 1701 წელი.
5. 1709 წელს გილზაების ავღანური ტომი ყანდაჰარის ქალანთატისა და მდიდარი ვაჭრის მირვეის-ხანის ხელმძღვანელობით აუჯანყდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ყანდაჰარის ბეგლარბეგი გურგენ-ხანი ქართლის მაჰმადიანი მეფე გიორგი XI მოტყუებით მოკლეს და მირვეისი ფაქტიურად დამოუკიდებელ მმართველად იქცა. გილზაების აჯანყებას მხარი დაუჭირეს სხვა ავღანურმა ტომებმაც.
განსაკუთრებით გაძლიერდნენ ავღანელები მირვეისის ძის მირ-მაჰმუდის დროს (1717–1725). უკვე 1720 წელს მირ-მაჰმუდმა დაარბია სეისტანი, ქერმანი, ხოლო მომდევნო 1721 წ. – ხორასნის მნიშვენელოვანი ნაწილი, ხოლო 1722 წლის 3 მარტს ისფაჰანის მახლობლად მდებარე სოფელთან გულნაბადთან ავღანელებმა გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს სეფიანთა ლაშქარს, რის შემდეგაც ხელთ იგდეს ახალი ჯულღა და ალყა შემოარტყეს ისფაჰანს. იმავე წლის 22 ოქტომბერს სეფიანთა დედაქალაქი დაეცა და შაჰ სულთან-ჰუსეინმა შაჰის გვირგვინი მირ-მაჰმუდს გადასცა. ავღანელთა ბატონობა ირანში გაგრძელდა 1730 წლამდე.
6. ბელუჯები – ირანულენოვანი ტომი, რომელიც სეფიანთა სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომთაბარეობდა. 1721 წელს ბელუჯებმა დაარბიეს სპარსეთის ყურეზე მდებარე მნიშვნელოვანი ნავსადგური ბენდერ-აბასიმ.
7. სოუღბულაღი – ოლქი ცენტრალურ ირანში.
8. ჯაჰანშაჰი შავბატკნიან თურქმენთა ტომს ეკუთვნოდა, ხოლო იაყუბ-ფადიშაჰი თეთრბატკნიან თურქმენებს (იხ. თავი I, შენ. 39, 40). ესაი ჰასან ჯალალიანცი აქაც შეცდომას უშვებს და ფიქრობს, რომ იაყუბი ჯეჰანშაჰის მემკვიდრე იყო.
9. საინტერესოა, რომ ჟ. შარდენიც კავკასიის მთიანეთში მოსახლე ტომებს ალანებს, ჯიქებს, ყარა-ჩერქეზებს, სვანებს და სხვებს „ჰუნებს“ უწოდებს.
10. 1711 წელს ჩრდილოეთ აზერბაიჯანში (შაქი, შირვანი) და დაღესტანში იწყება მოსახლეობის, ანტიირანული გამოსვლები. ეს ფართო სახალხო მოძრაობა თავის ინტერესებისათვის გამოიყენეს არეშის მფლობელმა ალი-სულთანმა, ყიზიყუმუხის მფლობელმა სურხაი-ხანმა, დაღესტნის სუნიტური სამღვდელოების ერთ-ერთმა მეთაურმა ჰაჯი-დაუდმა, რომელთაც მხარს უჭერდა თურქეთი. ლეკების შეიარაღებულმა რაზმებმა ჰაჯი დაუდისა და სურხაი-ხანის მეთაურობით აიღეს, დაარბიეს და გაძარცვეს შირვანის მდიდარი ქალაქები შაბრანი (1711) და შემახა (1712 წ.). მათ ხშირად ადგილობრივი სუნიტური მოსახლეობაც ეხმარებოდა.
თავი V
1. როგორც ჩანს, აქ დასახელებული სოფლები ჭარის ოლქში მდებარეობდნენ, რომელიც თავის მხრივ დაღესტანსა და აზერბაიჯანს შორის იდო.
2. 1712 წელი.
3. მცირე ყიზილბაშური ტომი ყაზახი უკვე XVI ს საუკუნეში მომთაბარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, მდინარე აღსტევის (აკსტაფას) დაბლობზე. XVIII ს. მეორე ნახევარში ყაზახის სულთნები ქართლ-კახეთის სამეფოს ვასალები იყვნენ.
4. ამირშამშადილუს ქვეყანა („ქართლის ცხოვრების“ – შამშადილო, შამშადილუ) მდებარეობდა ზაგემის დასავლეთით. აღნიშნულმა ადგილმა თავისი სახელწოდება მიიღო შამშადდინლუს ტომისაგან, რომელიც შაჰ ისმაილ I-ის ბრძანებით ჩასახლდა კახეთში.
5. განჯის ოლქი. ასე უწოდებს მას აგრეთვე აბრაჰამ კრეტაცი.
6. ქურაქფასანი – განჯის ოლქის ერთი ნაწილი.
7. არცახი – სომხური ფეოდალური სახელმწიდო ყარაბაღში.
8. 1721 წელი.
9. 1711 წელი.
10. იმამყული-ხანი – ერეკლე 1-ის ძე, კახეთის მეფე დავით II “(1703––1722).
11. ანალოგიურ ცნობას გვაწვდის სეხნია ჩხეიძეც: „ამავე ქორონიკონს დაუმარცხდა კახთ ლეკთაგან, ამოსწყვიტეს კახნი. მას ჟამსა ბატონობდა კახეთის მეფის ერეკლეს ძე დავით, სპარსთა ენითა იმანყული -ხან. მიაშველა მეფემ იესემ ქართველთ ჯარი და სარდალი ლუარსაბ, შეიბნენ ლეკნი და ქართველნი წინა მინდორსა, დაუმარცხდა ქართველთა, მოვიდნენ დამარცხებულნი.
12. ხაჩენი – ყარაბაღის მთიანეთში მდებარე სომხური ფეოდალური სამფლობელო (სამელიქო). მელიქი – XVI – XVIII სს. წვრილი სომეხი ფეოდალის აღმნიშვნელი ტერმინი.
12. აზრი გაურკვეველია.
13, მულქი – ფეოდალებისა ·და გლეხების კერძო მესაკუთრული მიწები. მულქს შეადგენენ აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ობიექტები: წისქვილები, ზეთსახდელები და სხვ.
14. ისლამის ორი ძირითადი მიმართულებაა ორთოდოქსალური ანუ მართმადიდებლური ისლამში, რომლის მიმდევრებსაც სუნიტები ეწოდებათ და შია, რომელსაც შიიტები აღიარებენ. შიიტები სუნიტებისაგან განსხვავებით არ სცნობენ პირველ სამ ხალიფას (აბუ-ბექრი, ომარი, ოსმანი), უზურპატორებად თვლიან მათ და პირველ ხალიფად მიაჩნიათ მუჰამედის სიძე, მისი საყვარელი ქალიშვილის, ფატიმას მეუღლე – ალი. შიიტობა სეფიანთა სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიად იქნა გამოცხადებული 1501 წელს.
15. 1720 წელს.
16. 1722 წელი. ეს თარიღი სწორი არაა. სინამდვილეში ქალაქი შემახა ლეკებმა აიღეს 1721 წლის აგვისტოში, რაც სხვა წყაროებიდანაც არის ცნობილი.
17. 1721 წელი.
18. 1606 წელი.
19. 1721 წელი
20. იგულისხმებიან ლეკები.
21. 1721 წლის შემოდგომაზე.
22. ბარგუშათი – მთიანი ოლქი თანამედროვე სომხეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
23. ე.ი. ლეკები.
24, დიზაკის ქვეყანა – მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი სომხური სამელიქო.
25. ვარანდის ქვეყანა – ყარაბაღის მთიანეთში მდებარე სომხური სამელიქო
26. კარკარი – ყარაბაღის ერთ-ერთი მდინარე.
27. იგულისხმება მდ. ტერტერი.
28. ჩარაბერდის ქვეყანა – მთიანი ყარაბაღის სომხური სამელიქო.
29. 1722 წლის აპრილი.
30. პირველად ვახტანგ VI ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ჯარით განჯისაკენ ლეკების წინააღმდეგ გაილაშქრა 1722 წლის გაზაფხულზე.
თავი VI
1. 1722 წლის მაისი
2. სოფელი გულისტანი ყარაბაღში მდებარეობდა.
3. ე.ი. მდინარე ტერტერამდე.
4. 1722 წლის 8 მაისი.
5. პეტრე I (1696--1725).
6. იგულისხმება თურქეთის სულთანი აჰმედ III (1703 –– 1730).
7. მსგავსი ცნობა მოეპოვება ვახუშტი ბატონიშვილსაც: „მაშინ მოუწერა ყეენმან მეფესა, რათა მწე ექმნეს. კვალად მიადგნენ განჯას ლეკნი, განჯელნიცა ევედრებოდნენ განრინებასა. კვლავ მოვიდა წარმოვლინებული რუსთ ხელმწიფეთაგან მამუკა, რათა მოვიდეს მეფე მისთანა, ოდეს გამოვიდეს სპარსეთს. ამისს მცნობს ხონთქარს მოემცნო მეფისათვის, რათა ექმნეს მორჩილ მას“.
8. ვახტანგ VI-ს თან ახლდა 40-ათასიანი ლაშქარი.
9. 1722 წლის 11 სექტემბერი.
10. იუზბაში – ასისთავი.
11.1722 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ჯარმა უბრძოლველად აიღო დარუბანდი. ქალაქის ნაიბი იმამყული-ხანი მიეგება პეტრე I და გადასცა დარუბანდის ვერცხლის გასაღები.
12. 1722 წლის სამხედრო კამპანიის შეწყვეტის მიზეზი იყო რუსეთის ფლოტის ორი ესკადრის დაღუპვა კასპიის ზღვაზე, რის შედეგადაც რუსეთის ჯარს მოაკლდა არა მარტო არტილერია, არამედ აუცილებელი პროვიანტიც. გარდა ამისა გახშირდა ჯარისკაცების ავადმყოფობა აღმოსავლეთის უჩვეულო ჰავის გამო, ცხენების დაუძლურება და გაწყვეტა და სხვ. მაგრამ მთავარი მიზეზი როგორც ჩანს, მაინც იყო ის, რომ სპარსეთის ლაშქრობა გაცილებით უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ეგონა პეტრე I-ს იგი უფრო მეტ მომზადებას მოითხოვდა.
13. ისფაჰანის ალყა გაგრძელდა 1722 წლის მარტიდან იმავე წლის 22 ოქტომბრამდე, როდესაც შაჰ სულთან-ჰუსეინი დანებდა ავღანელებს.
14. შდრ. ვახუშტის „საქართველოს ცხოვრება“, გვ. 126.
15. ერეკლე I ძე, კახეთის მეფე კონსტანტინე,
16. თეიმურაზ I კახეთის მეფე (1606–1616, 1625–1633; 1634-1648), ქართლ-კახეთის მეფე (1625–1633).
17. შაჰ თამაზ II (1722–1732) არ ცნობდა მაჰმუდ-შაჰ ავღანელის ხელისუფლება. შაჰ თამაზ II-ის ხელისუფლება სეფიანთა სახელმწიფოს მხოლოდ მცირე ნაწილზე ვრცელდებოდა, სახელდობრ გილანზე, მაზანდარანსა და სამხრეთ აზერბაიჯანზე.
18. სეხნია ჩხეიძე გადმოგვცემს: „გაგზავნა კახმა ბატონმა ყაენთან კაცი და შეასმინა მეფე ვახტანგ ამაზე არის მტერი შენიო და უყმო ხელმწიფეს რუსეთისასა, ამოსწყვიტა რჯულისა შენი მოსავნიო, მიბოძე საქართველო, გიახლო ქართლისა და კახეთის ჯარითა და ვსძლო მტერთა შენთაო “.
19. შაჰ თამაზ II-ის მიერ მაჰმადყული-ხანისათვის ქართლის, ერევნიასა და სხვა ადგილების ბოძების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პ. ბუტკოვი და სხვ.
20. 1712–1716 წლებში ვახტანგ VI ქერმანის ტყეეობაში იმყოფებოდა.
21. 1716 წელს შაჰ სულთან-ჰუსეინმა მეორედ მოსთხოვა ვახტანგ VI მიეღო მუსლიმანობა ამჯერად იგი იძულებული შეიქნა დაჰყოლოდა ამ მოთხოვნას, რის შედეგადაც მან მიიღო ქართლის მეფობაც და ირანის სპასალარობაც. სეხნია ჩხეიძე წერს: „მიიყვანეს ქირმანიდან ბატონიშვილი ვახტანგ, გაათათრეს, მისცა ყაენმან პატივი და უშურველი წყალობა, გაათათრეს და დაარქვეს უსეინ-ყული-ხან, უბოძა ქართლი, ირანის სპასალარობა, თავრიზი და ბარდა. გამოეგზავნათ ქართლში რაყამი და ბრძანება ბატონიშვილისათვის ბაქარისათვის ნაიბობა ქართლისა.
22. ვახტანგ მეფე საქართველოში 1719 წელს დაბრუნდა.
23. 1722 წლის დეკემბერი.
24. ვახუშტი ბატონიშვილისა და სეხნია ჩხეიძის ცნობით, ქართლის ჯარმა მაჰმადყული-ხანი დაამარცხა თბილისის მისადგომებთან, მთაბორთან. პ. ბუტკოვის სიტყვით თვითონ მაჰმადყული-ხანმა სამი თანმხლები პირით ძლივს უშველა თავს დაღესტანში გაქცევით.
25. პ. ბუტკოვის ცნობით, მაჰმადყული-ხანმა აღუთქვა ლეკებს, რომ თბილისის აღების შემთხეევაში, ქალაქს სამი დღის განმავლობაში მათ სათარეშოდ დაუთმობდა და გაძარცვული საქონელი მათი გასამრჯელო იქნებოდა. ასეთ წინადადებას „ლეკები და სხვა დაღისტნელები“ სიამოვნებით დათანხმდნენ“.
26. XVIII საუკუნის პირველი ნახევრის სომეხი ისტორიკოსის აბრაამ ერევანცის ცნობით მაჰმადყული-ხანმა 6 ათასი ლეკი მეომარი წამოიყვანა თბილისზე გასალაშქრებლად. საფიქრებელია, რომ ლეკების რიცხვი გაცილებით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. ვახტანგ VI ომისათვის მოუმზადებლობას აღნიშნავს სეხნია ჩხეიძეც.
27. ე.ი. არაგვის.
28, პ. ბუტკოვის ცნობით „ვახტანგ VI იმერეთს გადავიდა“.
29. ლეკების მიერ თბილისის აოხრების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „ხოლო მისცეს მაჰმადყული-ხანს ქართლი და შევიდნენ ლეკნი იავარჰყვნევს და მრავალი ტყვე ჰყვნეს. აგრეთვე გამოვიდნენ მცველნი ციხის თათარნი და დასწვეს სიონი და შემუსრეს ხატი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა (ლევან შეამკო, კონსტანტინემ შემუსრა)“. ანალოგიური ხასიათისაა სეხნია ჩხეიძის ცნობაც: „კახი ბატონი შეუხდა ქალაქს, ააოხრა ამოსწყვიტნეს მოქალაქენი, აიკლეს საქონელი ურიცხვი, შეუხდნენ სიონსა, დასწვეს. შეაგინეს სიწმინდე, ხატი პატიოსნისა სიონის ღვთისმშობლისა წაიღეს, დღესაც არ ვიცით რა უყვეს, ზოგი ვინმე დამსხვრევას იტყვის, ზოგი დამალვას.
