понедельник, 24 сентября 2018 г.

დიდაზნაურ ტბელთა საგვარეულო IX-X ს-ში

ტბელთა საგვარეულო IX-X ს-ში ლაპიდარული წარწერების მიხედვით. (გ. სოსიაშვილი)
ტბელების დიდ აზნაურთა საგვარეულო IX-X საუკუნეების საქართველოში ყველაზე დიდი ფეოდალური საგვარეულო იყო შიდა ქართლში. საფეოდალო მდებარეობდა ლიახვის ხეობაში (სოფლები: ტბეთი, ერედვი, ნიქოზი, ბორცვისჯვარი, დოდოთი და სხვ.). მათი საგვარეულო ტაძრები იყო ერედვის წმინდა გიორგის, სოფელ დოდოთის ცხრაკარისა და სოფელ ტბეთის ბორცვისჯვრის ეკლესიები.  ერედვის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის სამხრეთ ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილზე შესრულებული წარწერა, სადაც მოიხსენიება ქართლის უფალი ივანე ტბელი. წარწერაში ვკითხულობთ: „[სახ]ელითა ღ(მრთისა)თა, მ[ამისა, ძისა და] სუ[ლისა წ]მიდის[ათა], მეოხებითა წმ(ი)დ(ი)სა ღ(მრ)თი[სმ/შ]ობელისათა, [შეწევნითა წმ(ი)დ(ი)სა გი](ორგი)სითა, ხელმწიფობასა ღ(მრ)თ(ი)ვდამყარ[ე]ბ]ულისა წმიდ[ი]სა კ[ოსტანტი]ნე მეფისასა, რ(ომე)ლ(მა)ნ ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს [შ]იგან, ჰერთა მეფ[ე] გა(ა)[ქ]ცია და მუნით მშუიდობით [მო]იქცა, ცისკრად ა/ლავერდს ილოცა, [მ]წუხრი ბრეძას გადახთა; მეორედ კ(უ)ლა ავიდა, ვეჯინ/ისა ციხე დალეწა; ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარ/ე[ბი] სკო[სო]ბასა სანატრელისა ყ~ესა, ჯ(უა)რითა მისითა; გაზრახვითა ნიქოზ/ე[ლი]სა – სანატრ[ე]ლისა სტეფანე ებისკოსისათა, ძალითა, შეწევნითა მოყუას/თათა, მე თ(ევდორ)ე თაფლაისძემან დავდე საძირკველი – წელნი იყ(უ)ანეს ხფი, ქრონიკ[ონსა ჩკვ]“.
ივანე ტბელი გვხვდება აგრეთვე დოდოთის სამეკლესიანი ბაზილიკის შუა ეკლესიის სამხრეთი კარის მარჯვენა წირთხლზე არსებულ წარწერაში: „სახელით/ა ღ(მრ)თი(სათა) ივანე ე/რ[ისთ]ავმ(ა)ნ ტბ(ელ)მ(ა)ნ/ აღ(ა)შენა ესე წ(მიდა) ე/კლესია სალო/ცველად მისთვი/ის და ხუთთა ძე/თ[ა მისთ]/ათუ[ის]“.
დოდოთის ეკლესიის დასავლეთის კარის ტიმპანზე ამოღარულ ოთხსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში, რომელიც დაახლ. 914 წლით თარიღდება, იხსენიება ივანე ტბელის ძე ქავთარი: „წ(მიდა)ო ნ(ა)თლ(ისმ)ც(ე)მ(ელ)ო, მ(ეო)ხ ექმ(ე)ნ მ(ო)ნ(ა)სა შ(ე(ნსა/ ტბ(ე)ლ(ი)სა ძესა ქ(ა)ვთ(ა)რსა/ ორსავე ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)სა“.
ერედვის ტაძრის სამკვეთლოს სარკმლის ორივე მხარეზე ამოღარული ასომთავრული წარწერაც გვაუწყებს: „აღეშე[ნ]ა/ წ(მიდა) [ეკ](ლესია) [ე/სე ყოვ(ე)ლ]/თა [ტ]ბე[ლ]თ/ა ბრძანე/ბითა“.
არ არის გამორიცხული, რომ წარწერაში მოხსენიებული ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანეც ტბელთა ფეოდალური სახლის წევრი იყო. ი. მეგრელიძეს გამოქვეყნებული აქვს ნიქოზის ღვთაების ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე მიკვლეული მინაწერები: „იოვნე სტფნე ზქრ ქე შე“. მკვლევარი მინაწერს ასე კითხულობს: „იოვანე, სტეფანე, ზაქარია, ქრისტე, შეიწყალე!“. იქვეა სხვა მინაწერიც: „ქე ბი შე ჩ აისი წო სტეფნე შე“.
„ტბელების აღზევება შიდა ქართლის ერისთავებად IX ს. უკავშირდება. სწორედ IX ს. დასაწისში გაუქმდა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება და, შესაძლებელია, ამის შემდეგ იწყება შიდა ქართლის ძლიერი ფეოდალური სახლის, ტბელების, გაძლიერება და მათი გაერისთავება“. (მ. ლორთქიფანიძე) ტბელები სარგებლობენ აფხაზთა მეფეების შიდა ქართლში ექსპანსიით, გამოდიან მათ მოკავშირეებად და სანაცვლოდ აფხაზთა მეფეებისაგან ქართლის გამგებლობას იღებენ. ტბელების ძლიერება ზენიტს აღწევს ივანეს დროს. ის კონსტანტინე აფხაზთა მეფის მოკავშირეა, ამიტომაც იწყება ერედვის წარწერა ჰერეთში კონსტანტინე აფხაზთა მეფის ლაშქრობის აღწერით. ტბელთა საფეოდალოს დიდ მნიშვნელობას სძენდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც რამდენიმე ციხით იყო გამაგრებული, ასეთი ციხეები იყო: აჩაბეთი, კეხვი და სხვ. (რ. მეფისაშვილი).
ზუსტად ძნელი დასადგენია, ტბელთა ფეოდალური სამფლობელოს საზღვრები, როგორც რ. მეფისაშვილი აღნიშნავს: „ტბელთა სამფლობელოს ამ დროს, როგორც ჯერჯერობით ჩვენს ხელთ არსებულ ხუროთმოძღვრულ ძეგლთა მასალა გვიჩვენებს, დაახლოებით მდ. დიდი და პატარა ლიახვის შუა წელის ტერიტორია ეკუთვნოდა. ამ კუთხის ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას X-XI საუკუნეთა მანძილზე გვიჩვენებს ფართოდ გაშლილი სააღმშენებლო მოღვაწეობა. ტერიტორიულად ერედვთან დაკავშირებული რიგი მნიშვნელოვანი ძეგლე ბისა X საუკუნისა და XI საუკუნის დასაწყისის ხანით თარიღდება. ასეთებია: ერედვის წმ. გიორგის ეკლესიის გარდა, სოფ. ხეითის საბა-წმინდა (X საუკუნე), ერედვის ე.წ. ბერის საყდარი (X საუკუნე), ზემო-ნიქოზის მცირე გუმბათიანი ტაძარი (X-XI საუკუნეთა მიჯნა), დოდოთის ცხრაკარა, აგებული ერისთავის ივანე ტბელის მიერ (X-XI საუკუნეთა მიჯნა), და ბოლოს, სოფ. ტბეთის დიდი დარბაზული ეკლესია, სადაც ტბელნი იხსენიებიან (X-XI საუკუნეთა მიჯნა). ამას გარდა სხვა რიგი ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლებისა, დაცულია ერედვის და ტბეთის მიდამოებში“.
დოდოთის სამეკლესიანი ბაზილიკის შუა ეკლესიის სამხრეთი კარის მარჯვენა წირთხლზე გამოსახულ ასომთავრულ წარწერაში ივანე ტბელი და მისი ხუთი ძე იხსენიება. იმავე დოდოთის ეკლესიის დასავლეთის კარის ტიმპანზე ამოღარულ ოთხსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში ტბელის ძე ქავთარია მოხსენიებული. დოდოთიდან 10 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს ტბეთის „ბორცვის ჯვრის“ სახელით ცნობილი დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერებშიც ტბელთა საგვარეულოს წევრები იხსენიებიან.
ერთ-ერთ წარწერაში, რომელიც ბალავრის ქვაზეა ამოკვეთილი ქავთარის ძე პატრიკ ტბელი იხსენიება: „+სახ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)ა ესე ბ(ა)ლ(ა)ჰვ(ა)რი მე, ტბ(ე)ლმ(ა)ნ პ(ა)ტ(რი)კმ(ა)ნ, ძ(ე)მ(ა)ნ ქ(ა)ვთ(ა)რ(ი)სამან/ დ(ა)ვდ(ე)ვ, ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ ს(უ)ლისა ჩ(ე)მ(ი)სა და შვ(ი)ლთა ჩ(ე)მთ(ათუი)ნ. ჯ(უა)რო ბ(ო)რც(ვისა)ო, მ(ეო)ხ (მე)ქ(მე)ნ“.
ტბეთის ეკლესიის კედელზე X საუკუნის II ნახევრით დათარიღებული პატრიკ ტბელის მოსახსენებელიც ყოფილა, წარწერიანი ქვის შესახებ ინფორმაციას მ. ბროსე და ვ. თოფურია გვაწვდიან, ქვა შემდგომში დაკარგულა. წარწერა ასე იკითხებოდა: „ქ(რისტ)ე, გ(ანუ)ს(უე)ნე ს(უ)ლ(ს)ა ტბ(ე)ლ(ი)სა/ პ(ა)[ტრ(ი)კ](ი)ს, დ[ღ](ე)სა მას“.
ტბეთის ეკლესიის კედელზე ასევე ყოფილა X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ოქროპირ ტბელის ძის მოსახსენებელი. აღნიშნული წარწერის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მ. ბროსე. წარწერა მოგვიანებით უნახავს ვ. თოფურიას. წარწერა ასე იკითხებოდა: „ქ(რისტ)ე, ა(დი)დე ოქრ(ო)პირ ძე ტბ(ე)ლ(ი)ს(ა)ი“. ოქროპირ ტბელი ქავთარ ტბელთან ერთად ტბეთის ბორცვისჯვრის სხვა წარწერაშიც იხსენება, რომელიც ასევე დაკარგულია: „+ჯ(უა)რო ბ(ო)რცვის(ა)ო, ა(დი)დ(ე)ნ შვ(ი)ლნი მ(ა)თნი: ოქრ(ო)პ(ი)რ, პდღ~დ (ტბელი და ?) ქ(ა)ვთ(ა)რ“. აღნიშნულ წარწერას ვ. თოფურია ასე კითხულობდა: „ჯ~რო ბრცსა დნ შვვლნი მთ~ნი ოქრ~აი სპდ~ღდ დვ~თ ქვთრ ჯუარო ბორცვისაო ადიდენ შვილნი მათნი ოქროპირი სპდღ(?) დავით ქავთარ“. ამ წარწერას, როგორც ვ. თოფურია აღწერს ორსტრიქონიანი წარწერა მოსდევდა: „ქ~სე გს~ნე სლ~ა ტბ~ლსა ეპრქს დსა მსსა ქრისტე განუსუენე სულსა ტბელისასა(?) ეპრაქსის(?) დასა(დედასა?)მისსა“.
დისევის ძელიცხოვლის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ი. მეგრელიძეს აღწერილი აქვს ვერტიკალურად ორ-სამ ასო-ასოდ ჩამოწერილი 6-7 სტრიქონიანი ასომთავრულით შესრულებული წარწერა. რომელიც მკვლევარმა ასე წაიკითხა. „ირჩევა ასოები: გს(ლიგატურა-გიორგის?) ო (ან-ე)პს/ნ ა(ან ე) სლ/სა(სულსა)/ ჩემ(მ თუ ვ?) ა/სა“. ხომ არ უნდა აღნიშნავდეს „ოპს“ გრაფემების ჯგუფი „ოქროპირს“? რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე დისევის ტაძარს, ვანათის და არბოს ტაძრებთან ერთად, ერთ ქრონოლოგიურ ჩარჩოში განიხილავენ და X საუკუნით ათარიღებენ. თუ ი. მეგრელიძის მიერ გამოქვეყნებულ წარწერაში მართლაც ოქროპირი იგულისხმება, არ არის გამორიცხული, რომ დოდოთის ბორცვისჯვრის წარწერებში მოხსენიებული ოქროპირი და დისევის წარწერის ოქროპირი („ოპს“) ერთი და იგივე პიროვნება იყოს.
შესაძლოა, ოქროპირ ტბელს, დისევი ებოძა და ძელიცხოვლის ტაძარი სწორედ მისი ინიციატივით აიგო X საუკუნის შუა წლებში (ან II ნახევარში). არც ის არის გამორიცხული, რომ დისევში მცხოვრები ოქროპირიძეთა გვარი სწორედ ოქროპირ ტბელს უკავშირდებოდეს. ტბეთის ეკლესიის კედლებზე ასომთავრულით შესრულებული სხვა მოსახსენებლებიც არსებობდა. მათ შორის X საუკუნის შუა წლებით დათარიღებული ვახტანგის ძეების: „ქ(რისტ)ე ა(დი)დ(ე)ნ ძ(ე)ნო ვ(ა)ხტ(ა)ნგ(ი)ს(ა)ნი: მ(ი)ქ(აე)ლ სა~ რმ~ ე (?)“. ასევე ვინმე ცუატასი: „+ უ(ფალ)ო გ(ანუ)ს(უე)ნე ს(უ)ლ(სა) ც(უა)ტ(ა)სა“.
მ. ბროსეს, ასევე ვ. თოფურიას ცნობით, ტბეთის ეკლესიის სამხრეთის ფასადის მარჯვენა სარკმლის ზემოთ, ყოფილა ასომთავრულით შესრულებული წარწერა, სადაც ვინმე თეკლა იხსენიებოდა: „+ ჯ(უა)რო ბ(ო)რცს(ა)ო მ(ეო)ხ (ე)ქ(მე)ნ ს(უ)ლ(ს)ა თ(ე)კლ(ა)სა.“ „თეკლა“ იხსენიება ცხინვალიდან 2 კმ.-ის დაშორებით სოფელ კუსირეთის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ერთსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაშიც: „ქრისტე შეიწყალე თეკლა“.
კუსირეთის ეკლესია სამეცნიერო ლიტერატურაში VIII-IX საუკუნით თარიღდება. ტბეთის მოსახსენიებელი და კუსირეთის წარწერა ქრონოლოგიურად განსხვავდებიან, როგორც ჩანს, „თეკლა“ ამ არეალში გავრცელებული სახელი იყო. ჩვენი აზრით, ორივე „თეკლა“ ტბელთა ფეოდალურ გვარს უკავშირდება და არ არის გამორიცხული, აღნიშნული სახელი ორი თაობის წარმომადგენლებს ერქვათ. ტბეთის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა პატარა სარკმლის ზემოთ, ჩუქურთმებში, ასევე ჩუქურთმების ზემოთ დატანილი იყო აბაზასი და მისი ძეების მოსახსენებელი ასომთავრული წარწერები, რომლებიც ერთად გამოაქვეყნა ნ. შოშიაშვილმა: „ჯ(უა)რო ბ(ო)რც(ვი)/ საო ა(დი)დე/ აბ(ა)ზი/ +და ძ(ე)ნი მ(ი)სნი: ივ(ა)ნე, ქ(ო)ბუ(ლ)ი“. გ. ოთხმეზურის აზრით: „ამ წარწერებში (იგულისხმება: ვახტანგის ძეების, ცუატას, თეკლას, აბაზას და მისი ძეების მოსახსენებლები – გ. ს.) მოხსენიებულ პირთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ტბეთის ეკლესიის ფასადებზე მათი მოსახსენებლების ამოღარვა შესაძლებელს ხდის დავუშვათ, რომ ისინიც ტბელთა საგვარეულოს ეკუთვნიან, ოღონდ რომელ თაობას, ამის დადგენა არ ხერხდება. ამიტომ ეს წარწერები, ზოგადად, X ს-ის შუა წლებით და II ნახ-ით თარიღდება“. ვ. თოფურია ამ წარწერების გაცნობის შემდეგ სვამდა კითხვას: „ხომ არ არის ეს ეკლესიის აშენების შემდეგ სხვადასხვა დროს ამოჭრილი?“, თუმცა, პალეოგრაფიული მსგავსებებიდან გამომდინარე, ამ კითხვას თვითონვე სცემდა პასუხს: „მაგრამ პალეოგრაფიულად ასოები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, აგრეთვე ქარაგმების ერთნაირად გამოყენება, ორთოგრაფია და სხვა მოწმობს იმას, რომ ყველა ეს წარწერა ერთი კაცის მიერაა ამოჭრილი“.
გ. ოთხმეზურის შეხედულებას ჩვენც ვიზიარებთ, რადგან ტბეთში ტბელთა საგვარეულოს მიერ აგებულ ტაძრის კედლებზე, იმ დროს, როცა აღნიშნული საგვარეულო შიდა ქართლში დიდი გავლენით სარგებლობდა, სხვა საგვარეულოს წარმომადგენლები თავიანთ მოსახსენებლებს ვერ ამოკვეთდნენ. არ არის გამორიცხული, რომ მოსახსენებლებით ცნობილი ვახტანგი, ასევე ცუატა, ბალავრის ქვის წარწერაში მოხსენიებული პატრიკ ტბელის უმცროსი ძმები ყოფილიყვნენ. მართალია, ბალავრის ქვის წარწერის თანახმად, პატრიკს შვილებიც ჰყავდა, მაგრამ ვახტანგი და ცუატა რომ პატრიკის შვილები ყოფილიყვნენ, მაშინ წარწერაში ისინი უსათუოდ ტბელის ძეებად მოიხსენიებოდნენ, როგორც ეს ოქროპირ ტბელის ძის შემთხვევაში გვაქვს. მოსახსენებელ წარწერაში ცნობილი „თეკლა“, ტბელთა ფეოდალური სახლის ერთ-ერთი წევრის, (შესაძლებელია პატრიკის, რადგან ბალავრის ქვის დამდები სწორედ ის იყო) მეუღლე იყო.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგის ძეების, ასევე ცუატას და თეკლას მოსახსენებლებს ნ. შოშიაშვილი პატრიკ ტბელის წარწერის, აგრეთვე პატრიკ ტბელის ძეების ოქროპირის და ქავთარის მოსახსენებლების თანადროულად თვლის, ამის მიზეზად მკვლევარი წარწერათა ამოკვეთის ერთნაირ სიმეტრიას მიიჩნევს.
ტბელთა ფეოდალური სახლის დაწინაურება IX საუკუნიდან იწყება. მათ სხვა ფეოდალურ საგვარეულოებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვეს, როგორც ჩანს, აფხაზთა მეფეებთან ტბელებს გარკვეული ნდობა ჰქონდათ, გარდა ამისა, მათ საფეოდალოს აფხაზეთის მესვეურთათვის კონკრეტული ფუნქცია გააჩნდა. აფხაზთა მეფეები შიდა ქართლს, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილს ტბელთა საფეოდალოზე გამავალი გზით უკავშირდებოდნენ. ერედვის წარწერაში, სადაც საუბარია კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობაზე, აღნიშნულია, რომ „მუნით (ჰერეთიდან) მშვიდობით მოიქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰხდა“. ე.ი. ალავერდიდან გამთენიისას წამოსული კონსტანტინე მეფეს ბრეძას შემოაღამდა. ბრეძაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დგას. რ. მეფისაშვილის განმარტებით: „სოფ. ბრეძა სადგ. გომიდან ჩრდილოეთით 15-ოდე კმ. მანძილზე მდებარეობს. სოფ. ატოცის დას. სოფ. ტკოცას შუა. ბრეძაში დღეს დაცულია ორი ეკლესია, ერთი სოფელში დგას, მეორე კი სოფლის გარეთაა. ის, რომელიც სოფელშია (ზღუდერს უწოდებენ), როგორც თავისი ზოგადი სახით, ისე ცალკეული ნიშნებით, გარკვეულ მსგავსებას იჩენს ერედ ვის ძეგლთან“. ბრეძა, ჩვენი აზრით, ტბელთა საფეოდალოში შედიოდა. დასავლეთ საქართველოდან ბრეძაზე გავლით გზა მოემართებოდა შიდა ქართლში, პატარა ლიახვის ხეობის მეშვეობით ეს გზა ქსნის ხეობაში გადადიოდა და აქედან კახეთ-ჰერეთს უკავშირდებოდა. პატარა ლიახვის ხეობიდან ქსნის ხეობაში გადასასვლელი გზა გვიანდელი პერიოდის არაერთ წყაროში იხსენიება. კონსტანტინე აფხაზთა მეფის უკან დაბრუნების მარშრუტს რ. მეფისაშვილი ასე განმარტავს: „ვეჯინიდან წამოსული კონსტანტინე გომბორის უღელტეხილის გადავლით ჟინვანში უნდა ჩასულიყო, აქედან შესაძლოა, იგი, მლეთაში გაემგზავრა. მლეთიდან გადავიდა ქარჩოხის ხეობაში, სადაც ალავერდი იმყოფება. შემდეგ კონსტანტინეს შეეძლო პატარა ლიახვის ხეობით ერედვის გავლით ცხინვალში ჩასულიყო, ცხინვალიდან კი ბრეძაში გადასულიყო. ალავერდიდან ბრეძამდე დაახლოებით 60-70 კმ და ამ გზის გავლა ერთი დღის განმავლობაში უფრო შესაძლებელია, ვიდრე კახეთის ალავერდიდან ბრეძამდე, მაგრამ ჩვენ არავითარი მონაცემები არა გვაქვს, რომ კონსტანტინეს უკან დაბრუნება ამ გზით ვივარაუდოთ“.
აფხაზთა მეფეებისათვის ტბელთა საფეოდალოს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პატარა ლიახვის ხეობა ქსნის ხეობას ემიჯნებოდა. ცნობილია ის ფაქტი, რომ IX საუკუნეში აშოტ კურაპალატსა და გრიგოლ კახეთის მთავარს შორის ბრძოლა მოხდა „ქსანსა ზედა“, „მატიანე ქართლისას“ ცნობით: „და შეიბნეს ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქუეყანა, რომელი ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსნამდე“.
კახეთის ქორეპისკოპოსებს ქსნის ხეობაში ციხეებიც კი ჰქონდათ აგებული, რომ ქართლი მტკიცედ შეენარჩუნებინათ, ერთერთი ასეთი მათგანი იყო ლოწობნის ციხე, რომლის აგებაც X საუკუნის დასაწყისში კახთა ქორეპისკოპოსს – ფადლა II უკავშირდება. როგორც ჯ. გვასალია განმარტავს: „ქართლსა ზედა“ ბრძოლის ასპარეზი ლოწობნის გარდა გაიშალა ქსნისპირა სხვა ციხეებზეც, კერძოდ წირქოლსა და გრუზე, რომლებსაც კახელები ფლობდნენ XI ს. შუა ხანებამდე. ასე რომ კახეთის სამთავრო XI საუკუნემდე ვრცელდებოდა ქსნამდე“. ტბელთა ფეოდალური სახლის ხელმძღვანელი ივანე ტბელი აფხაზთა მეფეების მოკავშირე გახდა, მის ტერიტორიას აფხაზთა მეფეები თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ამიტომაც ივანეს აფხაზთა მეფეებმა ქართლის გამგებლობა ჩააბარეს. როდიდან დაწინაურდა ივანე ტბელი? საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ცხინვალიდან 28 კმ.-ის დაშორებით ყორნისის რაიონში, სოფელ წორბისიდან 8 კილომეტრზე მდინარე ფრონის მარცხენა ნაპირზე პროფ. ი. მეგრელიძემ აღმოაჩინა წარწერიანი ქვა. წარწერა მან შემდეგნაირად ამოიკითხა: „ს(ა)ხელითა ღ(მრ)თის(აი)თა ესე კ(ო)ნქიშ(ე)მნ(ა) ივ(ა)ნე ერ(ი)სთ(ა)ვმან (სალო)ცვ(ე)ლ(ა)დ მ(ა)თდა ქრ(ო)ნიკ(ო)სარს ს(ა)ბაის მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლ(ი)ს(ო)ბ(ა)სა“.
როგორც ჩანს, მამასახლისი ერისთავის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელე იყო და იგი უფრო წვრილ ტერიტორიულ ერთეულს განაგებდა. თუმცა, მას იმხელა პრივილეგია ჰქონდა, რომ ერისთავის ინიციატივით ამოკვეთილ წარწერაში მოიხსენიეს. მამასახლისები თვითონაც აგებდნენ ტაძრებს. ამას ადასტურებს მდ. რეხულის ზემო წელზე არსებული 864 წლით დათარიღებული არმაზის ტაძრის წარწერა, სადაც იხსენიება მამასახლისი გიორგი, რომელსაც ეკლესიის მშენებლობა დაუწყია. მსგავსი წარწერები სხვაგანაც გვხვდება. ი. მეგრელიძის წაკითხვით კიდის წარწერა ასე იკითხება: „(ი)ქ(მ)ნა ხ(ე)ლ(ი)თა ბარვ(ე)ლის(აი)თა“.
მკვლევარი აღნიშნულ წარწერას 880 წლით ათარიღებდა. თუმცა, ერთი უზუსტობა გაეპარა. ი. მეგრელიძე წერს: „ამავე წარწერის ივანე მხოლოდ ერისთავია (მხარის მფლობელი). ლიტერატურაში კარგად ცნობილი ცხინვალის რაიონის ერედვის ტაძრის 906 წლის წარწერაში (ე. ი. კონქის შექმნის 26 წლის შემდეგ) ივანე ეპისკოპოსად იხსენიება, ხოლო ცხინვალიდან წორბისისაკენ მდებარე დოდოთის ე.წ. ცხრაკარას ეკლესიის წარწერით კი იგივე უკვე არის „ივანე ერისთავი ტბელი“, – აქაურივე ტბეთის „ეპარქიის გამგებელი“. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერედვის წარწერაში ივანე ტბელი ქართლის „უფლად“, ანუ გამგებლად იხსენიება და არა ეპისკოპოსად, ერედვის წარწერაში მოხსენიებულია ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე, ასევე მთავარეპისკოპოსი ყ~ე (ყვარყვარე?). არ არის გამორიცხული, რომ ქართლის ერთ-ერთი ფეოდალი, ივანე ტბელი, ჯერ ერისთავად იწოდებოდა, მან წორბისის ეკლესიის კონქი ააშენა, წარწერაში ხაზგასმულია: „სალოცველად მათდა“, საუბარი უნდა ეხებოდეს ტბელთა ფეოდალურ სახლის წევრებს. რამდენიმე წლის შემდეგ ივანემ ქართლის სხვა ფეოდალებზე უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა, ამ საგვარეულოებს „მატიანე ქართლისაც“ იცნობს.
ცოტა უფრო მოგვიანებით კონსტანტინე აფხაზთა მეფის ძის – გიორგის მოღვაწეობის დროს ქართლში რამდენიმე ფეოდალური სახლია, მათ შორის: „გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხუა“. წორბისის წარწერაში მოხსენიებული ივანე ერისთავი, იგივე ტბელი, ქართლის სხვა აზნაურებზე, მათ შორის ფხუენელებზე და ყანჩაელებზე მეტად დაწინაურდასოფელი ფხვენისი, მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზეა, ცხინვალიდან რამდენიმე კმ-ის დაშორებით და ფხუენელთა ფეოდალური სახლის ცენტრი სწორედ აქ უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ „ფხუენელი“ ოდნავ განსხვავებული „ფხუენელაის“ ფორმით გვხვდება მეჯუდის ხეობაში აღმოჩენილ ქვის ფილაზე ნუსხურით შესრულებულ 16 სტრიქონიან წარწერაში. წარწერა თარიღდება X საუკუნით. ეს არის „დაწერილი ზაზისა და თუთასი ბაჰრამისა და ლომასადმი“. წარწერაში მოხსენიებულია კოლონკელი ფხუენელაისძე. და ქართლის „უფალი“ გახდა. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „უფალი“ X საუკუნის სხვა წარწერაშიც გვხვდება. ბიეთის წარწერაში იხსენიება იოანე ერისთავთ-ერისთავი (ყანჩაელი), „უფალი“. ამაზე ქვემოთ შევჩერდებით. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, X-XI საუკუნეებში სოციალურ ცხოვრებაში ახალი ტერმინი „პატრონი“ ჩნდება. უფრო ადრე, „პატრონის“ ნაცვლად „უფალი“ გამოიყენებოდა. ტბელთა საგვარეულომ ძლიერების ზენიტს კონსტანტინეს მეფობის დროს მიაღწია. მოგვიანებით, კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, ტბელთა ფეოდალურმა სახლმა ქართლის გამგებლობა დაკარგა. ტახტზე კონსტანტინეს ვაჟი გიორგი ავიდა. მან ქართლი თავის უფროს ძეს კონსტანტინეს ჩააბარა. ჩვენი აზრით, ივანე ტბელს გიორგი აფხაზთა მეფესთან ურთიერთობა დაეძაბა, რის გამოც გიორგიმ ივანეს ქართლის გამგებლობა ჩამოართვა და თავის ძეს კონსტანტინეს გადასცა. თუმცა, გიორგის ქართლის დაუფლება ბრძოლით მოუხდა. ვახუშტი ამის შესახებ აღნიშნავს: „ამანვე გიორგი მეფემან, შემდგომად მეფისა ადარნასე კურაპალატის სიკუდილისა დაიპყრა ქართლი და დასუა ძე თვისი კოსტანტინე“. გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობასთან დაკავშირებით აკად. მ. ლორთქიფანიძე აღნიშნავს: „გიორგი მეფის წინაშე მწვავედ დადგა ქართლის საკითხი. როგორც აღნიშნული გვაქვს, ქართლი გიორგის მამამ, კონსტანტინემ (რომელიც ერედვის წარწერაში იხსენიება – გ. ს.), დაიპყრო X ს. დასაწყისში. მაგრამ, როგორც ჩანს, აფხაზთა მეფეებმა ქართლი დაკარგეს, რადგან გიორგის ისევ უხდება ქართლისათვის ბრძოლა. აფხაზთა მეფეების მეტოქეები, ქართლისათვის ბრძოლაში, სომეხთა მეფეები და ქართველთა მეფეები იყვნენ. აფხაზთა სამეფოს ქართლი უნდა დაეკარგა ან აბულკასიმის შემოსევის, ან აფხაზთა სამეფო სახლში ტახტისათვის წარმოებული ბრძოლის დროს“. მ. ლორქიფანიძემ ყურადღება მიაქცია ვახუშტის ცნობას, რომელიც გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობას ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალებას უკავშირებს: „შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ ვახუშტი გიორგი აფხაზთა მეფის მიერ ქართლის დაპყრობას ადარნასე ქართველთა მეფის გარდაცვალებას უკავშირებს. ვიცით, რომ აბულ-კასიმის შემოსევის დროს, სუმბატ სომეხთა მეფის და კონსტანტინე აფხაზთა მეფის საპირისპიროდ, ადარნასე ქართველთა მეფემ შემოსეული მტრის მხარე დაიჭირა. შესაძლებელია, ქართლი ადარნასე ქართველთა მეფემ საჯი ამირასაგან მიიღო მოკავშირეობისათვის, ან დაიპყრო იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ტახტისათვის ომი მიმდინარეობდა. ეს ძალიან ხელსაყრელი დრო იქნებოდა ქართველთა მეფისათვის“.
ჩვენი აზრით, სწორია ის მოსაზრება, რომ ადარნასემ აფხაზთა სამეფო კარზე არსებული არეულობით ისარგებლა და ქართლს დაეუფლა. ამ დროს მისთვის მხარი უნდა დაეჭირა ივანე ტბელს, რომელსაც ადარნასე შესაძლებელია ქართლის გამგებლობის შენარჩუნებას დაპირდა. ივანე ტბელი ადარნასე ქართველთა მეფის ბანაკში აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ადარნასეს მხარს უჭერდა ვასპურაკანის მეფე სუმბატ ტიეზიკარელი. სომეხი მემატიანის – იოანე დრასხანაკერტელის ცნობით სუმბატმა: „დიდი პატივითა და დიდებით გვირგვინი დაადგა, შესაფერისი ლამაზი სამკაულითა და საჭურვლით შეამკო მეფეთა წესის თანახმად, ქართველთა მეფედ დაადგინა და თავისი სამფლობელოს მეორე პირად [მეფის შემდეგ] დაამტკიცა იგი“. ე. ცაგარეიშვილი, საქართველო VII-X საუკუნეების სომხურ საისტორიო წყაროებში, თბ., 2012, გვ. 69. სუმბატმა და ადარნასემ 904 წელს, უფლისციხესთან ერთობლივად დაამარცხეს კონსტანტინე აფხაზთა მეფე. კონსტანტინე სუმბატმა დაატყვევა, თუმცა მალე გაათავისუფლა, რასაც ადარნასეს უკმაყოფილება მოჰყვა. იქვე, გვ. 133. სუმბატის მიერ კონსტანტინე აფხაზთა მეფის დამარცხების ფაქტს განსხვავებულად გადმოგვცემს სომეხი მემატიანე ფსევდო შაპუჰი, მისი ინფორმაციით, აფხაზთა მეფე ამ დროს იყო თეოდოსი. სომეხთა და აფხაზთა მეფეებს შორის ბრძოლა მოხდა არა უფლისციხესთან, როგორც ამას იოანე დრასხანაკერტელი გადმოგვცემს, არამედ გორთან.
სწორედ ამიტომ, როდესაც ადარნასე გარდაიცვალა, ტბელები მფარველის გარეშე აღმოჩნდნენ და გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლი დაიპყრო. არც ის არის გამორიცხული, რომ საჯი ამირას შემოსევის დროს ადარნასემ მოკავშირეობის გამო ქართლი საჩუქრად მიიღო. ივანე ტბელი, იმის გამო, რომ აფხაზთა სამეფო კარზე ტახტის პრეტენდენტთა შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, პატრონის გარეშე დარჩა და ადარნასეს ბანაკში აღმოჩნდა. ერთი რამ ცხადია, გიორგი აფხაზთა მეფე ქართლის დაპყრობის შემდეგ ადგილობრივ ფეოდალებს (ტბელებს) აღარ ენდო და ქართლი თავის ვაჟს - კონსტანტინეს ჩააბარა, რომელიც მამას მალე განუდგა. საინტერესოა, რომ კონსტანტინე უფლისწულს მხარს უჭერდნენ ტბელნი და სხვა აზნაურები: `და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი“.
კონსტანტინე ქართლის გამგებლობას არ დაჯერდა. მას აფხაზეთში გამეფება უნდოდა. როგორც ჩანს, ივანე ტბელმა მას დახმარება იმ პირობით აღუთქვა, თუ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ აფხაზეთში გამეფებული კონსტანტინე ქართლს კვლავ ივანე ტბელს ჩააბარებდა. თუმცა, კონსტანტინე დამარცხდა. ტბელთა ფეოდალურმა სახლმა, ქართლის გამგებლობის იმედი დაკარგა. მათი საფეოდალოს საზღვრები ამ მარცხის შემდეგ მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. ის, რომ ივანე ტბელის მომდევნო თაობის წარმომადგენელთა სახელები, მხოლოდ ტბეთის ბორცვისჯვრის ტაძრის წარწერებიდან არის ცნობილი, შემთხვევითი არ არის. ქართლის „უფლობიდან“ ტბელები კვლავ ტბეთს და მის შემოგარენ ადგილებს უბრუნდებიან. კონსტანტინე აფხაზთა მეფის ძის ქართლში გამგებლად ყოფნის შესახებ „მატიანე ქართლისას“ გარდა, ძალზე საინტერესო ინფორმაციას გვაწვ დის მდ. მეჯუდას ხეობაში, სოფ. ჭალისუბანში ნაპოვნი თექვსმეტსტრიქონიანი წარწერა. წარწერა პირველად გამოქვეყნდა 1925 წელს. მასში ვკითხულობთ: „სახ[ელით]ა ღმრთისათა ესე ხელი [ჩუენ] რამინ და გიორგი დავწერეთ ოდეს [კოსტა]ნტი ქართლისა გამგებელი იყო, ჩუენ ცხრაზმის ხევის ხევისუფლად [ვ]იყვენით, მას ჟამსა ავაგეთ წისქოლნი და ზემოთ სახლი ერთი სამსახოვრი, ჰკიდავს 1000 კაცი. ქე ა ცისკარ ამინ. ესე ხელი მე გიორგი დავწერე. ქრისტე განმგებლო ორთავე ცხორებათაო, დაწესე სოლი ფარაისი წიაღთა აბრაჰამისთა მიეც განსოენებაო † ამ[ა]“. ძალზე საინტერესოა, რომ ჭალისუბნის წარწერაში, რომელიც კონსტანტინეს გამგებლობის დროს არის შექმნილი (923-926 წ.წ) ცხრაზმის ხევისუფლები ადგილობრივ, მათზე იერარქიულად მაღლა მდგომ ერისთავს არ იხსენიებენ.
ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ხევისუფლები ერისთავებს ექვემდებარებოდნენ. ამის დასადასტურებლად მეცნიერი, როგორც ა. ბაქრაძემაც შენიშნა, შიომღვიმისადმი გრიგოლ ერისთავთერისთავის მიერ ბოძებულ „დაწერილს“ იმოწმებს. იმ გარემოებას, რომ ჭალისუბნის წარწერაში ადგილობრივი ერისთავები არ იხსენიებიან, ყურადღება მიაქცია ა. ბაქრაძემ. იგი წერს: „თუ ხევისუფალნი მართლაც ერისთავებს ემორჩილებიან, ისმება კითხვა, თუ რატომ არ იხსენიებენ ჩვენი წარწერის (იგულისხმება ჭალისუბნის 923-926 წ.წ. წარწერა – გ. ს) პირები მას, როგორც თავიანთ უშუალო უფროსს, რატომ იხსენიებენ ისინი ქართლის გამგებელს და არა ადგილობრივ ფეოდალს?“ ა. ბაქრაძე ამ ფაქტს შემდეგნაირ ახსნას უძებნის: „რადგანაც იურიდიული ხასიათის ასეთ იშვიათ საბუთში, როგორსაც წარმოადგენს ჩვენი ძეგლი, არ იხსენიება ადგილობრივი ფეოდალი (ამ შემთხვევაში ერისთავი) უნდა ვიფიქროთ, რომ ცხრაზმის ხევში ასეთი თანამდებობა ჯერ კიდევ არ არსებობდა“.
ჩვენ ვერ დავეთანხმებით აღნიშნულ მოსაზრებას. ის, რომ წარწერიანი ქვა მეჯუდის ხეობაში, სოფ. ჭალისუბანშია ნაპოვნი, შემთხვევითი არ არის. მეჯუდის ხეობა ცხრაზმის ხევს ემიჯნება, არ არის გამორიცხული, რომ ცხრაზმის ხევისუფალთა რეზიდენცია სწორედ ამ არეალში იყო. როგორც ქვემოთ ვნახავთ, მეჯუდის ხეობაში ბიეთის ტაძრის X საუკუნის საამშენებლო წარწერაში იხსენიება „ერისთავთ-ერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა, უფალი და პატრონი“. გამოდის, რომ X საუკუნეში მეჯუდის და მის მეზობლად არსებული ხეობები ყანჩაელთა საკუთრებას წარმოადგენდა და მათ თავიანთი ხევისუფალნიც ჰყავდათ. არ არის გამორიცხული, რომ ყანჩაელები ტბელთა საპირისპიროდ მამისაგან განდგომილი კონსტანტინეს მოწინააღმდეგეები იყვნენ. არც ის არის გამორიცხული, რომ კონსტანტინეს ქართლის ძლიერი ფეოდალების – ყანჩაელების წინააღმდეგ მათ დაქვემდებარებაში მყოფი ცხრაზმის ხევისუფლები წაექეზებინა, რომლებმაც წარწერაში თავიანთ უშუალო „პატრონი“ აღარ მოიხსენიეს. კონსტანტინეს ბანაკის დამარცხების შემდეგ, მას მერე, რაც გიორგი აფხაზთა მეფემ ქართლი დაიკავა, შესაძლებელია მან ქართლი თავის მომხრე ყანჩაელებს გადასცა და ბიეთის წარწერაში ამიტომაც არის მოხსენიებული იოანე ერისთავთ-ერისთავი „უფლად“ და „პატრონად“. შეგვიძლია ვთქვათ, რომ X საუკუნის დასაწყისში ქართლში ასეთი პოლიტიკური სურათი გვქონდა: კონსტანტინე აფხაზთა მეფის დროს ქართლის „უფალი“ ივანე ტბელია. კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზთა სამეფო სახლში არსებული არეულობის დროს ივანე ტბელი აფხაზთა მეფეებს განუდგა და ადარნასე ქართველთა მეფის ბანაკში გადავიდა. ადარნასეს გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა მეფემ გიორგიმ ქართლი დაიპყრო და იქ გამგებლად თავისი ძე კონსტანტინე დასვა. კონსტანტინე სამი წელი იყო ქართლის გამგებელი. სამი წლის შემდეგ იგი მამას – გიორგი მეფეს განუდგა. ამ დროს ივანე ტბელი კონსტანტინეს მხარეს იბრძოდა, ხოლო ყანჩაელები კონსტანტინეს მოწინააღმდეგენი იყვნენ. ივანე ტბელს, კონსტანტინეს გამეფების შემდეგ ქართლის „უფლობის“ დაბრუნების იმედი ჰქონდა. კონსტანტინეს დამარცხების შემდეგ ტბელებმა სამუდამოდ დაკარგეს ქართლის „უფლობის“ დაბრუნების პერსპექტივა. ქართლის „უფალი“ ტბელთა მოწინააღმდეგე ყანჩაელი გახდა. ჩვენს მოსაზრებას ამყარებს „მატიანე ქართლისას“ ცნობა, რომელიც ზემოთაც მოვიყვანეთ: „და ვითარ დაყო სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და ვითარ გამოცხადნა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგეს თანა ტბელნი და სხუანი მრავალი აზნაურნი“. კონსტანტინეს ბანაკში რომ ყანჩაელიც ყოფილიყო, ამას მემატიანე უსათუოდ აღნიშნავდა. სიტყვებში „სხუანი მრავალნი აზნაურნი“ ტბელთა დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა წვრილი აზნაურები (შესაძლოა ხევისუფალნიც) უნდა იგულისხმებოდეს. გიორგი აფხაზთა მეფისათვის მხარი ბიეთის წარწერაში მოხსენიებულ იოანე ყანჩაელს უნდა დაეჭირა, რომელმაც შემდეგ ერისთავთ-ერისთავობა და ქართლის „უფლობა“ მიიღო. ყანჩაელების და ტბელების ფეოდალური საგვარეულოების შესახებ აზრი გამოთქვა ჯ. გვასალიამ, მკვლევარი წერს: „IX საუკუნისათვის ქართლის აზნაურებს შორის აღზევდებიან ყანჩაელები, რაზეც მეტყველებს მეჯუდის ხეობის სოფელ ბიეთში ჩატარებული დიდი მშენებლობა და სამშენებლო წარწერა. აქ იხსენიება ერისთავთ-ერისთავი იოანე ძე ბაკურ ყანჩაელისა. იგი უნდა იყოს ქსნის ერისთავი. ამ დროს ცხრაზმისხევი ქსნის ხევისადმია ადმინისტრაციულად დამორჩილებული. არაა გამორიცხული, რომ ერისთავთ-ერისთავი იოანე იყოს მთელი ქართლის ერისთავი. X საუკუნისათვის ყანჩაელთა განსაკუთრებული მდგომარეობა ქრება და ისინი ქართლის ჩვეულებრივი აზნაურები არიან, წინაურდება ტბელთა სახლი“. ყანჩაელების IX საუკუნეში აღზევების დათარიღებისას მკვლევარი ბიეთის საამშენებლო წარწერის რ. მეფისაშვილისეულ დათარიღებას ეყრდნობა. თუმცა, ბიეთის წარწერას ნ. შოშიაშვილი X საუკუნით ათარიღებს, რასაც ჩვენც ვეთანხმებით. პალეოგრაფიული ნიშნების გარდა, ამ დათარიღებას მხარს უჭერს „მატიანე ქართლისა“. ყანჩაელთა გვარი გიორგი აფხაზთა მეფის დროს (X საუკუნის I ნახევარში იხსენიება). ჩვენი აზრით, ტბელთა ფეოდალურმა სახლმა კი არ ჩაანაცვლა ყანჩაელთა სახლი, როგორც ჯ. გვასალიას მიაჩნია, არამედ პირიქით. ტბელთა საფეოდალოს პირველობა ქართლში, კონსტანტინე აფხაზთა მეფის გარდაცვალების შემდეგ ყანჩაელთა ფეოდალურმა სახლმა წაართვა.
აღსანიშნავია, რომ კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსთან დაპირისპირების დროს, ყანჩაელთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელი „მამა ყანჩაელი“ ქართლის სხვა აზნაურებთან ერთად, კვირიკეს ემხრობოდა: „გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვლოსელნი, სარ და გრიგოლ ძმანი ფხუენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაურნი სხუა“. ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 369. „მატიანე ქართლისას“ ამ ადგილს ამ სახით კითხულობს მ. ლორთქიფანიძე. ივ. ჯავახიშვილს „მატიანე ქართლისას“ ეს ადგილი განსხვავებულად ჰქონდა დამოწმებული: „გოდერძიანი, მგდეური, ყანჩაელი მამა დაჩი, კორინთალი დაჩი და იოანე, სხვლოსელი სარა და გრიგოლ, ძმანი ფხვენელნი და მათთანა ორმოცდაათი აზნაურნი სხუა“. ჩვენი აზრით, წყაროში მითითებული „მამა“ საკუთარ სახელს არ უნდა აღნიშნავდეს, რადგან შიდა ქართლში ასეთი ანთროპონიმი არცერთ სხვა ძეგლში არ გვხვდება. ხომ არ იგულისხმება „მამა ყანჩაელში“ ბიეთის წარწერაში მოხსენიებული იოანე ყანჩაელის მამა-ბაკური?
დოდოთის და ტბეთის წარწერებზე დაყრდნობით, ნ. შოშიაშვილი ტბელთა ოთხ თაობას გამოყოფდა და წერდა: „როგორც ვხედავთ, ტბეთის წარწერებში ჩანს ტბელების 2 თაობა: I პატრიკ ტბელი; II პატრიკის ძეები (ოქროპირი, ქავთარი). ტბელების ამ ორ თაობას წინ უსწრებს ორი თაობა, მოხსენიებული დოდოთის ცხრაკარის ეკლესიის წარწერებში: 1-ივანე ტბელი (914 წ. ახლო) (#80); II-ტბელის ძე (ივანე ტბელის ძე) ქავთარ (#81). ტბეთის წარწერების პატრიკი ძეა ქავთარის (#83). ასე, რომ დოდოთისა და ტბეთის წარწერები იხსენიებენ ტბელთა ოთხ თაობას: ივანე – ქავთარ I – პატრიკ – ქავთარ II“.
ტბელები ქართლის სათავეში ყანჩაელებმა რომ ჩაანაცვლეს ამას ადასტურებს ბიეთის ტაძრის X საუკუნის წარწერა: „ქ(რისტ)ე, მე(უ)[ფეო]//ყოველთ(ა)ო, ა[დ](ი)/დე ე(რისთავთ)-ე(რისთავი) ი(ოვან)ე,// ძე ბაკ(ურ)/ ყ(ა)ნჩაელ(ისა)//, უფალი და / პ[ა]ტრ[ო]ნი ამ(ი)ს წ(მი)დისა/ ეკლ(ე)სი(ის)ა, //[დ]აიც(ე)ვ წ(მი)და/ [მრ]ემლი ს(ა)მე//[ბის]ა] ყო[ვ(ე)ლი.]“
ბიზანტიის იმპერიის უცნობი ქართველი დიდი მოხელე და მისი საგვარეულო (. ალექსიძე)
ბალატუნუსის ბილინგვა
სირიაში, ბიზანტიურ ციხე-ქალაქ ბალატუნუსის ერთ-ერთი ბურჯის ნანგრევებში 2008 წელს აღმოჩნდა ორენოვანი (ბერძნულ-ქართული) წარწერა, რომელიც ამჟამად ინახება სირიის მთავარი საპორტო ქალაქის ლატაკიის (ლაოდიკეა) მუზეუმში. 2009 წლის ბოლოს წარწერა სათანადო გამოკვლევით ჩემი მეგობრისა და კოლეგის, საფრანგეთის ინსტიტუტის (წარწერებისა და ბელლ-ლეტრის აკადემია) წევრის, ჟან-პიერ მაეს საშუალებით გადმომიგზავნა მაშინ ახლო აღმოსავლეთის (დამასკოს) ფრანგული ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა ჟულიენ ალიკომ. ცხადია, მას აინტერესებდა ბილინგვის ქართული წარწერის შინაარსი, რომლის ამოკითხვა პარიზში ვერ მოხერხდა.
როგორც ბატონი ალიკოს შენიშვნებიდან ჩანდა, ორენოვან წარწერიანი ქვის (ქვიშაქვა) ზომებია 57X162X21. ბილინგვა მე თვითონ არ მინახავს, ამიტომ ქვემოთ ყველაგან ვეყრდნობი ბატონ ალიკოს მიერ კარგად შესრულებულ აღწერას და ასევე კარგად დამზადებულ ფოტოებს.
ბატონი ალიკოს მიერ წაკითხული და ფრანგულად თარგმნილი ბერძნული წარწერის თარგმანი ქართულად:
«ეს ღრთივხსნილი კასტრონი, რომელიც უკეთილშობილესმა კატეპანმა ნიკეტასმა, პატრიკიოსმა და ანტიოქიის რექტორმა, ხელიდან გამოსტაცა მტრულ ბარბაროსებს ქრისტესმოყვარული რომანოსისა და ზოიას მმართველობის დროს და რომელიც დაარსებულ (ან დაფინანსებულ) იქნა სპანტაგუდე ტეპელის, პატრიკიოსისა და ლაოდიკეის სტრატეგოსის მიერ, გასრულდა ივნისის თვეში, ინდიქტიონს 14, 6539 წელს სამყაროს შექმნიდან». იგულისხმება რომაული წელთაღრიცხვის 1031 წელი (6539-5508=1031).
შენიშვნები ბერძნული წარწერის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით
ბატონი ალიკოს თარგმანი ქმნიდა შთაბეჭდილებას (ასევე იყო განმარტებული კომენტარებში), რომ წარწერა უკავშირდებოდა კატეპან ნიკეტას და არა სპანტაგუდე ტეპელის, რომელიც შესაძლოა არც იმყოფებოდა იმ დროს ბალატუნუსში. ასეთი ინტერპრეტაციის სისუსტე ადვილად ჩანდა ბერძნული ტექსტის პირველივე წაკითხვიდან: ბიზანტიელებმა კატეპან ნიკეტასის მეთაურობით ბალატუნუსი აიღეს 1031 წლის გაზაფხულის დასაწყისში (მარტში), ხოლო წარწერა შესრულებულია ამავე წლის ივნისში. ამრიგად, ცხადია, რომ ტექსტში «დაარსებულ იქნა» (ან თუნდაც, «დაფინანსდა») სპანტაგუდეს მიერ», თარგმანსი უნდა შეიცვალოს ბერძნული ენისათვის გაცილებით უფრო ბუნებრივად: «აიგო//აშენდა სპანტაგუდეს მიერ».
მეორე ჩემი შენიშვნა ეხებოდა კვლავ ბერძნული ტექსტის არაბუნებრივად წაკითხვას. ჟულიენ ალიკომ სწორად განსაზღვრა (ამაში მას დაეხმარა ბერძნული წარწერის ქვემოთ ქართული წარწერის მხოლოდ არსებობაც კი), რომ «ტეპელი» ტბელს უნდა აღნიშნავდეს. იმ ცოდნით, რაც ტბელებთან დაკავშირებით მან ლიტერატურიდან მოიპოვა, ცხადია, უნდა ეფიქრა, რომ ტბელი გვარის აღმნიშვნელი სახელია და სრულიად ბუნებრივად მიიჩნია, რომ «სპანტაგუდე . . . ტეპელი» ერთი და იმავე პირის სახელი და გვარია. იგი იმდენად დარწმუნებული იყო ასეთ ინტერპრეტაციაში, რომ ანგარიში არ გაუწია კვლავ ბერძნული ტექსტის ჩვენებას და იქ მოხსენიებული სიტყვა-სიტყვით უეჭველად უნდა უნდა ითარგმნოს როგორც «სპანტაგუდე ტეპელისა» ანუ «სპანტაგუდე ტეპელის ძე». ასეთი გააზრება ზუსტი ანალოგიაა სახარებისეული შესიტყვების: იუდა იაკობისი ანუ იუდა იაკობის ძე) და ა.შ.
მესამე შენიშვნა ბერძნული ტექსტის აღდგენილ დასაწყისს ეხებოდა. ჩემი აზრით, ეპიგრაფიკული ტექსტი, სადაც „ურჯულოებზე“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ არის ლაპარაკი, არ შეიძლება ასეთი გამოთქმით დაიწყოს. ჩემი ვარაუდით, და ბერძნული ეპიგრაფიკისა თუ საისტორიო თხზულებებისათვის დამახასიათებელი ტრაფარეტით, ტექსტის დასაწყისი უნდა აღდგენილიყო შემდეგნაირად: „შეწევნითა ღმრთისათა“.
ჟულიენ ალიკომ მთლიანად გაიზიარა ჩემი შენიშვნები და საბოლოოდ ბერძნული ტექსტის აღდგენამ და თარგმანმა ასეთი სახეს მიიღო:
[ღმრთის შეწევნით] ეს ღვთივდაცული (შეიძლება ღმრთივხსნილიც) კასტრონი, რომელიც უკეთილშობილესმა კატეპანმა ნიკეტასმა, პატრიკიოსმა და ანტიოქიის რექტორმა მტრულ ბარბაროსებს ხელიდან გამოსტაცა ქრისტესმოყვარე რომანოსისა და ზოიას მმართველობის დროს, აშენებულ იქნა პატრიკიოსისა და ლაოდიკეის სტრატეგოსის სპანტაგუდე ტეპელის ძის მიერ ივნისის თვეში, ინდიქტიონი 14, [სამყაროს შექმნიდან წელსა 65]39.
ბერძნული ტექსტის ბიზანტიური ტრანსკრიპცია კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული XI ს-ის ბერძნული ტექსტის წაკითხვისას, ეს არის ბიზანტიური ბერძნული წარმოთქმა. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ონომასტიკასა და ანთროპონიმებს, მით უფრო, თუ ეს ონომასტიკა და ანთროპონიმები არ არის ბერძნულენოვანი და საჭიროებს იდენტიფიკაციას. სპანტაგოუდ-ჰ ბიზანტიური ბერძნულის და ქართული ენის ფონეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით ქართულად შესაძლებელია გადმოიცეს ასეთი ფორმებით: სპანტაღუდ-ი, სპანდაღუდ-ი, სპანტაღუტ-ი, სპანდაღუტ-ი (შდრ. αγαπη>აღაპი)1 . გარდა ამისა, სპანტაგოუდჰ არ არის ჩასმული ნათესაობით ბრუნვაში, როგორც ამას მოითხოვს მის წინ მდგარი პარა ; წინდებული. ამ ფუნქციას მისთვის ასრულებს გენეტივში დაყენებული მისი მსაზღვრელი ტიტულატურა პატრი[კ]ივოუ კაი; [სტრატჰგოუ ¿]. შპანტაგოუდჰ ქართულად მე გადმოვეცი „სპანტაღუდ-ი“ ფორმით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ქართულისათვის (სახელობითი ბრუნვა). ჩემი აზრით, ამის საფუძველს იძლევა ბიზანტიურ ბერძნულში ჰ-ს „ი“-თ წაკითხვის ტრადიცია. ასევე, სპანტაღუდის მამის სახელი „ტეპელი“-ს პირველი მარცვლის ჰ (ეტა) უნდა წავიკითხოთ „ი“-დ (შდრ. ზემოთ შპანტაგოუდ-ჰ სპანდაღუდ-ი): „ტიპელი“. ასე უფრო გასაგები გახდება, საიდან გაჩნდა ბერძნულში ტპ ტპ//ტბ თანხმოვნებს შორის „ი“ ხმოვანი (შდრ. სომხ. თრდატ > ბერძნ. თჰრიდავტჰß ტირიდატეს2). ვინაიდან ბიზანტიურ ბერძნულში ბ „ბეტა“ აღარ გადმოსცემს „ბ“-ს და იკითხება როგორც „ვ“, ბუნებრივია, რომ „ბ“-ს აღსანიშნავად გამოყენებულია პ პ, (შდრ. ბაგრატ//პანკრატ3, „ბაკურიან“//„პაკურიან“). „ტეპელი“//„ტიპელი“, რა თქმა უნდა, ბიზანტიური გამოთქმაა ქართული ანთროპონიმისა “ტბელი”: ბ>პ (ბ>პ), აგრეთვე, ორ თანხმოვანს შორის გაჩენილი “ი” (შდრ. ტფილის>ტიფლის). საყურადღებოა, რომ სომხურ საისტორიო მწერლობაშიც (სტეფანოს ორბელიანი, გვ. 355) ივანე ტბელის სახელი ამ ფორმით გვხვდება: Իվան Տպէլ.
ქართული წარწერა
ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ბალატუნუსის ორენოვანი წარწერის ქართულ ნაწილზე. ქართული წარწერა შესრულებულია შედარებით ღრმად ამოკვეთილი, საკმაოდ ლამაზი, საგანგებო საჭრეთელით შეიარაღებული, გამოცდილი ხელით, მრგვლოვანი ასომთავრულით. სიტყვათა უმრავლესობა დაქარაგმებულია. სიტყვათა შორის განკვეთილობის ნიშნად გამოყენებულია ერთი წერტილი. პალეოგრაფიულად იგი, ბუნებრივია, XI საუკუნით თარიღდება. ტექსტის მარჯვენა ნაწილი (მაყურებლიდან) მნიშვნელოვნად არის დაზიანებული (შესაძლოა ატმოსფერული ზეგავლენით), თუმცა იკითხება, ხოლო ერთგან ამოტეხილია, რამაც რამდენიმე გრაფემა შეიწირა. ვინაიდან ქვის მარცხენა ნაწილი ჩამოტეხილია, ამასთანავე ქართული წარწერის მეორე სტრიქონის პირველი ოთხი გრაფემა გადარეცხილია, აღდგენის, ქარაგმების გახსნისა, სიტყვათა დაშორიშორების გარეშე და განკვეთილობის ნიშნებით (როგორც ეს ტექსტშია) იგი ასე იკითხება:
ესე.ვითა.ზ~მოი.ბ~რძლდ.სწ~რია
- - - ს.ძ~მნ.ავ~ე.ე.ციხე.ესე.შ~წვ. . .ღ~თსა თა
თანამედროვე ქართული დამწერლობით, ქარაგმების გახსნითა და სიტყვათა შორის ინტერვალის დაცვით წარწერა ასეთ სახეს მიიღებს:
ესე, ვითა ზ(ე)მოÁ ბ(ე)რძ(უ)ლ(ა)დ სწ(ე)რია,
- - -ს ძ(ე)მ(ა)ნ ავ(აგ)ე .ე. ციხე ესე შ(ე)წ(ე)ვ. . . . ღ(მრ)თ(ი)სა(Á)თა.
ვცადოთ ახლა ბალატუნის ქართული წარწერის აღდგენა ბერძნული წარწერების მონაცემების გამოყენებით. ბატონი ალიკოს შენიშვნით ქვას მარცხენა მხარეს მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ჩამოტეხილი, სადაც დაახლოებით თორმეტი ბერძნული გრაფემა დაეტეოდა. ქართული გრაფემები, რომ ბერძნულთან შედარებით ვიწროა, ამასთანავე მასში თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებულია, ერთი შეხედვითაც ცხადია. ისიც ცხადია, რომ დაახლოებით ოთხი გრაფემის ფარგლებში, ჩამოტეხილამდე, ქართული წარწერის მეორე სტრიქონის ნაწილი გადარეცხილია. ამიტომ მარცხნივ აღსადგენი, ჩემი აზრით, ოცამდე ქართული გრაფემა უნდა იყოს. ამიტომ მთლიანად ქართულ წარწერას ასე აღვადგენდი:
ესე ვითა ზ(ე)მო ბ(ე)რძ(უ)ლ(ა)დ სწ(ე)რია, [მე, პ(ა)ტრ(ი)კმ(ა)ნ სპ(ა)ნტ(ა)ღ(უ)დ ტბ(ე)ლ(ი)]ს ძ(ე)მ(ა)ნ, ავ(აგ)ე 5 ესე ციხე შ(ე)წ(ე)ვ[ნითა] ღ(მრ)თ(ი)სათა.
[მე, პ(ა)ტრ(ი)კმ(ა)ნ და ლ(აო)დ(ი)კს სტრ(ატე)გმ(ა)ნ, სპ(ა)ნტ(ა)ღ(უ)დ ტბ(ე)ლ(ი)]. . .
სპანტაღუდის ტიტულატურის მთლიანად აღდგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან ჩამოტეხილ ნაწილში არ არის ამისათვის საკმარისი ადგილი. ქართული წარწერა ბერძნულზე უფრო მოკლეა და ტიტულატურა შესაძლოა არც იყო (ან სრულად არ იყო) მასში შეტანილი. ბერძნული წარწერისაგან განსხვავებით ქართული წარწერა აზუსტებს, რომ სპანტაღუდმა ბალატუნუსის კასტრონში ხუთი ციხე ააგო (აღადგინა). როგორც ჩანს, სპანტაღუდ ტბელის ძე აჭარბებს და ხუთ ციხეში ბალატუნუსის კასტრონის ხუთ ბურჯს გულისხმობს. მართლაც, ბალატუნუსი ხუთი ბურჯით (ციტადელი) იყო გამაგრებული. შესაძლოა, ერთერთი მათგანი არის სწორედ ის, სადაც 2008 წელს ორენოვანი წარწერა აღმოჩნდა (იხ. ფოტო 2). როგორც ზემოთაც ითქვა, ბერძნული წარწერის კე ; კტისქე ;ნ ქართული წარწერის ანალოგიით, უმჯობესია ითარგმნოს “აგებულ იქნა”/”აშენებულ იქნა” შესიტყვებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართული ეპიგრაფიკა (არა მარტო ქართული) ტერმინ “აშენებას” არ ანსხვავებს “აღდგენისაგან” (რესტავრაცია).
როგორც ჩანს, ორენოვანი წარწერა შესრულებულია სპანტაღუდის დაკვეთით და ბერძნულ წარწერაში მოცემული თარიღი აღნიშნავს ციხეების აღდგენის თარიღს (ამიტომ არ არის თვის ზუსტი რიცხვი დასახელებული) და არა კასტრონის აღებისა ნიკიტა კატეპანის მიერ (მაშინ ზუსტი თარიღი იქნებოდა).
როგორც წარწერიდან დავინახეთ, სპანტაღუდი ატარებდა პატრიკიოსის ტიტულს და იყო ლაოდიკეის სტრატეგოსი. პატრიკიოსი (მომდინარეობს ლათ. პატრიციუს-ისგან) ბიზანტიის იმპერიის კარზე უმაღლესი რანგის ჩინია, რომელიც შემოიღო კონსტანტინე დიდმა როგორც საპატიო, ადმინისტრაციული ფუნქციის გარეშე. იუსტინიანე I-ის დროს ეს ტიტული შეეძლო მოეპოვებინა იმპერიის ყველა წარჩინებულს დამსახურების მიხედვით. VIII-X სს-ში პატრიკიოსის ტიტული ავტომატურად ენიჭებოდათ იმპერიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების განმგებლებსა და სარდლებს.4 სწორედ ასეთი იყო სტრატეგოსი, რომელიც აღნიშნავდა რომელიმე მნიშვნელოვანი რეგიონის სარდალს, ხოლო სანაპირო ზოლში - ადმირალსაც. XI ს-ისათვის სტრატეგოსი იყო თემის სამხედრო მმართველი, რომელიც ითავსებდა საფინანსო და იურიდიულ ადმინისტრაციას.5
ლაოდიკეა იყო საზღვაო პორტი ჩრდილო სირიაში და სირიის ყველაზე უფრო მდიდარი ქალაქი, რომელიც 968 წელს ფოკა კეისარმა დაიბრუნა არაბებისაგან. სპანტაღუდი ატარებდა პატრიკიოსის ტიტულს და იყო ლაოდიკეის თემის განმგებელი და სარდალი (ადმირალი). მართალია, XI ს-ში პატრიკიოსობა აღარ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ჩინი, როგორც გვიან ანტიკურ ხანაში, მაგრამ სპანტაღუდი მას ფლობდა სწორედ იმ წესებით და სიმაღლეზე, როგორც ეს მიღებული იყო უფრო ადრე.
ქართული წარწერა სპეციალური საჭრეთელი იარაღით აღჭურვილი პროფესიონალი ქვაზე მწერლის შესრულებულია. იგი, ცხადია, გამოცდილია წარწერების ამოკვეთაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მას საქართველოდან სპეციალურად ამისთვის ვერ ჩამოიყვანდნენ, სირიის ამ ნაწილში კი ეს წარწერა ქართველთა აქ ყოფნის პირველი დადასტურებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მწერალი ჩამოყვანილია ანტიოქიიდან და სპანტაღუდსაც ანტიოქელი ქართველები კარგად იცნობდენ.
1040 წ. კალიპოს მონასტერში (შავი მთა) იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პროხორესათვის გადაწერილი ხელნაწერის (ამჟამად პეტერბურგში ინახება ნომრით P3), კოლოფონში ვკითხულობთ:
„დაიწერა წმიდა ესე წიგნი დასაბამითგან წელთა ხქკდ(1020)6 ხელითა ჩუენითა ცოდვილითა და შეიმოსა-ცა ქუეყანასა ასურეთისასა ანტიოქისათა, სანახებთა წმიდისა სვიმეონ საკვირველთმოქმედისათა, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა მონასტერსა ქართველთა კალიპოსს, მეფობასა ბერძენთა ზედა წმიდისა მეფისა მიხაილისსა, და აფხაზთა და ქართველთა ზედა ბაგრატ კურაპალატისასა, ადიდენ ღმერთმან მეფობა მათი ქორონიკონსა სჲ (1040). ქრისტე, ადიდე სულითა სულა ზოლავარი7 და შვილნი მათნი.
ღმერთო სახიერო, ადიდენ ორთავე ცხორებათა შინა სტეფანე და ვაჩე ერთობით.
უფალო ღმერთო, შეიწყალენ ძმანი ჩუენნი სანანო და ვაშაჲ ძმითურთ და ძმისწულნი ჩუენნი გიორგი, თეოდორე და იოვანე.
ქრისტე, მფლობელო ყოველთა არსთაო, ადიდე ორთავე ცხორებათა სპანდაღუტ პატრიკი8, ამენ.
უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამაჲს ძენი თეოდორე და კალოჟან“.9
რა თქმა უნდა, კოლოფონში მოხსენიებული სპანდაღუტ პატრიკი არის იგივე ბალატუნუსის ბერძნული წარწერის სპანტაღუდ ტბელის ძე. ვ. ჯობაძე, რომელმაც, ცხადია, არ იცის ბალატუნუსის წარწერის შესახებ, სპანდაღუტს მონასტრის ძმობის წევრად მიიჩნევს.10 ანდერძის მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ 1040 წელს სპანდაღუტ პატრიკიოსი უკვე აღარ არის ლაოდიკეის სტრატეგოსი (ასეთი დაშვება არ არის სავალდებულო, მაგრამ მოსალოდნელია, რადგან სტრატეგოსების გაძლიერების შიშით მათ, როგორც წესი, მხოლოდ 3-4 წლით ნიშნავდნენ ხოლმე), მაგრამ ჯერ კიდევ გამოჩენილი საერო მოღვაწე რომ არის, ცხადია. ამაზე მიუთითებს მისი პატრიკიოსად წოდება და მონასტრის ძმობის მიერ ქრისტესთვის შევედრება, ადიდოს იგი „ორთავე ცხორებათა შინა“. ვფიქრობ, ანდერძში კარგად არის გამიჯნული ერთმანეთისგან საერო პირები და ბერები, ცოცხალნი თუ გარდაცვლილნი. საერონი: „ქრისტე, ადიდე სულითა სულა ზოლავარი და შვილნი მათნი“; „ღმერთო სახიერო, ადიდენ ორთავე ცხორებათა შინა სტეფანე და ვაჩე ერთობით“; „ქრისტე, მფლობელო ყოველთა არსთაო, ადიდე ორთავე ცხორებათა სპანდაღუტ პატრიკი, ამენ“; „უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამაჲს ძენი თეოდორე და კალოჟან“. ბერები: „უფალო ღმერთო, შეიწყალენ ძმანი ჩუენნი სანანო და ვაშაჲ ძმითურთ და ძმისწულნი ჩუენნი გიორგი, თეოდორე და იოვანე“; უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამაჲს ძენი თეოდორე და კალოჟან“.
აქვე შეიძლება შევნიშნოთ, რომ ამ ხელნაწერის კოლოფონის ასომთავრულით ნაწერი საზედაო ასოები შესამჩნევად გავს ბალატუნუსის ქართულ წარწერის გრაფემებს.
ტბელების საგვარეულო
ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სპანდაღუტის მამის სახელზე «ტბელი».
X ს-ის მანძილზე ტბელები ორჯერ თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში. ორჯერვე ისინი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ გამოდიან. პირველად ისინი დაუპირისპირდნენ აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფეს გიორგი II-ს (922-957) და მხარი დაუჭირეს მის განდგომილ ძეს კონსტანტინეს. გიორგიმ, „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, ტბელები მკაცრად არ დასაჯა და სომხეთის პროვინციაში, ვასპურაკანში (ასპურაგანს) გაასახლა.11
ამით ქართლში ტბელების ერისთავობა არ შეწყვეტილა. მეორედ ერთიანი საქართველოს პირველი მეფეს ბაგრატ III-ს (960-1014) დროს ქართლის ფეოდალებმა, ქავთარ ტბელის მეთაურობით 982 წლის ახლოს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ სოფელ მოღრისთან.12 წყაროდან არა ჩანს, რა ბედი ეწიათ თვითონ ტბელებს, მაგრამ მარცხის შედეგები რომ პირველ რიგში მათ შეეხებოდათ, ამაში ეჭვი არ უნდა იყოს: „რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს“.13
ტბელი - ანთროპონიმი მართალია „ტბელი“ ქართლის ერისთავების საგვარეულო სახელია, მაგრამ ამავე საგვარეულოში იგი ანთროპონიმადაც გვხვდება. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ბორცვის ჯვრის წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ქავთარის ძე ტბელი და ტბელის ოთხი ძე (ამ წარწერის შესახებ ქვემოთ ცალკე იქნება საუბარი); ცხრაკარის წარწერა: „ქრისტე, ადიდე ოქროპირი ძე ტბელისა“; იქვე: „ქრისტე, განუსვენე სულსა ტბელისასა“14. ხობის მონასტრის კუთვნილ ჭედურ ხატზე (XI ს.) მოთავსებულია წარწერა ტბელ გრიგოლის ძის, რომელსაც ხატი შეუწირავს მრავალ გამარჯვებათა სანაცვლოდ15.
ტბელი, როგორც საგვარეულო და საკუთარი სახელი დაახლოებით ამავე ხანებში გავრცელდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც16, ვინაიდან აქაც მდებარეობდა სოფელი ტბეთი და ტბეთის მონასტერი, შემდეგში საეპისკოპოსო (მტბევარი) რეზიდენცია. ამ სახელის მატარებელთა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ტბელ აბუსერის ძე.17 როგორც ჩანს, ქართლის ტბელებს პატრიკიოსის ტიტულიც ჰქონდათ18 ჯერ კიდევ საქართველოში, შესაძლოა, მთელი X საუკუნის მანძილზე. ამ ტიტულით ბორცვისჯვრის წარწერებში (X ს-ის ბოლო) გვხვდება ტბელი, ძე ქავთარისა;19
ამავე ეკლესიის წარწერებს შორის ყურადღებას იქცევს ორი ერთმანეთის მომდევნო წარწერა, რომელთაც ვ. თოფურია ერთ წარწერად მიიჩნევს. ერთში მოხსენიებულია პატრიკიოსი ტბელი როგორც გარდაცვლილი და მისი მეუღლე(?) ეპრაქსი20 (ბერძნული წარმოშობის სახელი „ევპრაქსი“ დღევანდელ საქართველოშიც გვხვდება), ხოლო მეორეში - მათი ოთხი ვაჟიშვილი: ოქროპირი, სპდღ~დ, დავით, ქავთარ. მართალია, ეს წარწერა 1924 წლიდან რამდენჯერმე არის გამოცემული, მაგრამ სპეციალისტებმა ტბელის მეორე შვილის დაქარაგმებული „სპდღ~დ“-ის გახსნა ვერ შესძლეს.21 დღეს ჩვენთვის უკვე ნათელია, რომ ეს არის ტბელის ძე სპ(ან)დ(ა)ღ(უ)დ-ი, სწორედ ის, სპ(ან)დ(ა)ღ(უ)დ-ი<>სპანტაღუდ-ი<>სპანდაღუტ (დ<>ტ-ს ერთმანეთთან ასიმილაციის ან დისიმილაციის მიხედვით), რომელმაც ბალატუნუსის ბურჯები აღადგენინა და ორენოვანი წარწერები გააკეთებინა.
ერთდროულად ამ სახელისა და მამის სახელის მატარებელი სხვა პირი, რამდენადაც მე ვიცი, არ არის დადასტურებული. ამიტომ ბორცვის ჯვრისა და ბალატუნუსის წარწერის პროტაგონისტები ერთი და იმავე პირად უნდა ჩავთვალოთ.
შიდა ქართლის წარწერების მიხედვით სპანდაღუდის მამა ტბელი პატრიკიოსია და მისი მამის სახელია ქავთარ. როგორც ჩანს, იგი 982 წლის ახლოს თავის მამასთან ერთად იბრძოდა ბაგრატ მესამის წინააღმდეგ და, შესაძლოა,ამ ბრძოლაში დაიღუპა ან სიკვდილით დასაჯეს.
ერედვის წარწერების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ტბელის შვილები X ს-ის ბოლო ოცეულის დასწყისში ჯერ კიდევ არასრულწლოვანები ან ბავშვები იქნებოდნენ და ამან გადაარჩინათ. ამრიგად, ტბელების ამ შტოს გენეალოგიური ხე ასეთია:
ქავთარ-ი
I
ტბელ-ი _ ეპრაქს-ი(?)
I
ოქროპირ-ი, სპანდაღუდ-ი, დავით-ი, ქავთარ-ი
სპანდაღუდი - ტბელების საგვარეულო სახელი
წარწერები ტბელების საგვარეულოში უეჭველად ადასტურებენ შემდეგ სახელებს: ივანე, ტბელი, სპანდაღუდ, ქავთარ, ოქროპირ, დავით, (სხვებს, რომელთა შესახებ პირდაპირი მითითება არ არის, მაგრამ შეიძლება ვარაუდი, მე არ შევეხები). თეორიულად მოსალოდნელია საგვარეულოში სახელები მეორდებოდეს. ვნახოთ, როგორ არის საქმე ამ მხრივ საკმაოდ უჩვეულო სახელის „სპანდაღუდ“-ის მიმართ.
კლდეისას წარწერა
2010 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბალატუნუსის ბილინგვის შესახებ წაკითხული მოხსენების შემდეგ ჩემთან მოვიდა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე და გადმომცა კლდეისის წარწერის ფოტო, რომელიც 2009 წლის 15 მაისს გადაუღია რეჟისორ გელა ქოქიაშვილს (მადლობას მოვახსენებ მათ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოწოდებისთვის).
კლდეისას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს თრიალეთში, ხრამის ხეობაში, კლდეისის წყლის ნაპირას.22 სამხრეთი კარის თავზე, თაღსა და ბალავრის ქვაზე განთავსებულია სამი წარწერა.
კარის თაღის წარწერა (მარჯვენა მხარეს დაკარგულია წარწერის დაახლოებით ორი მესამედი):
(ქ~ე შ~ე ჲვ~ნე - - -); ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ჲვ(ა)ნე - - -.
სამხრეთი კარის კარგად მოჩუქურთმებული არქიტრავი (ბალავარის ქვა) გაყოფილია ჯვრით ორ ნაწილად. ორივე მხარეს განთავსებულია წარწერა. მარცხენა მხარეს სამ სტრიქონად ამოკვეთილია:
1. ქ~ე შ~ე 2. სპ~ნდ~ღ 3. დ
1. ქ(რისტ)ე 2. შ(ეიწყალ)ე 3. სპ(ა)ნდ(ა)ღ 4. უდ).
მარჯვენა მხარეს ოთხ სტრიქონად ამოკვეთილია:
1. ქ~ე შ~ე 2. ქვ~თ~რ 3. ტ~ბლ 4. ნ~ი
1. ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე 2. ქ(ა)ვთ(ა)რ 3. ტბ(ე)ლ 4. ნი).
წარწერა ე. თაყაიშვილს, სამწუხაროდ, გამოქვეყნებული აქვს ფოტოს გარეშე. ასომთავრულით იგი სწორად გადმოსცემს მას, მაგრამ კითხულობს შეცდომით: „სპ(ა)ნდ(ა)ღუდ“ ე. თაყაიშვილს წაკითხული აქვს როგორც „სპირიდონ დაღუდი“. ამ შეცდომის წყაროა ერთი მხრივ მისთვის სრულიად უცნობი სახელი და მეორე მხრივ ერთი სახელის ორი დაქარაგმებით გადმოცემა (წარმოიდგინა როგორც სახელი და წოდება ან გვარი), თუმცა ასევე ორი დაქარაგმება აქვს „ქავთარსაც“, მაგრამ ეს სახელი მისთვის კარგად იყო ნაცნობი. გარდა ამისა, ე. თაყაიშვილს უკვირს, რატომ არის “ქავთარ ტბელნი” მრავლობითში და თარგმანში წერს მხოლობითს („ტბელი“) კითხვის ნიშნით. ცხადია, მას „სპირიდონ დაღუდი“ და „ქავთარ ტბელი“ ერთი გვარისად ვერ წარმოუდგენია, რადგან „სპირიდონს“, მისი აზრით, თავისი „დაღუდი“ აქვს გვარად.23
ჩემთვის ცხადია, რომ ბალავრის წარწერა ეკუთვნის ძმებს სპანდაღუდ და ქავთარ ტბელებს და იგი ასე უნდა იქნას წაკითხული:
ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე სპ(ა)ნდ(ა)ღუდ; ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ქ(ა)ვთ(ა)რ - ტბელნი.24
ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს ისიც, რომ სამხრეთის კარის წარწერები ქმნიან ერთ ჯგუფს და ეკუთვნიან ერთ ოჯახს. დიდია ალბათობა, რომ ივანე არის მამა (მთავარი წარწერა), ხოლო სპანდაღუდი და ქავთარი მისი შვილები. მათი საერთო საგვარეულო სახელია ტბელი („ტბელნი“). ივანე [ტბელის] წარწერა ამოკვეთილია სატრიუმფო თაღზე მეტი კალიგრაფიული დახვეწილობით და, ცხადია, ის უნდა იყოს ეკლესიის ამშენებელი. დაკარგულ ნაწილში მოსალოდნელია, რომ ეწერებოდა მისი საგვარეულო სახელი და ტიტულატურა. პალეოგრაფიულად ეს წარწერები X ს-ის მეორე ნახევარზე ადრინდელი არ უნდა იყოს.
ერედვისა და დოდოთის ეკლესიების წარწერებში ორჯერ გვხვდება ივანე ტბელის სახელი: ერედვში ის მოხსენებულია როგორც “ქართლის უფალი”, ხოლო დოდოთის წარწერაში როგორც ერისთავი. ნ. შოშიაშვილი მათ ერთსა და იმავე პირად მიიჩნევს და ორივე წარწერას ათარიღებს 914 წლის ახლო ხანებით, ხოლო რ. მეფისაშვილის აზრით დოდოთის წარწერა X-XI სს. მიჯნით უნდა დათარიღდეს. ჩემი აზრით, იმდენად განსხვავებულია ეს ორი წარწერა პალეოგრაფიულად, რომ ერთ პერიოდში დაწერილი არ უნდა იყოს. მეორე (დოდოთის) ივანეს წარწერა აშკარად უფრო გვიანდელია, ვიდრე პირველი. ზუსტად თარიღის განსაზღვრა პალეოგრაფიულად ძნელია, მაგრამ რადგან ტბელების წარწერები X ს-ის 80 წლებზე გვიანი არ შეიძლება იყოს, მის თარიღის ზედა ზღვარიც ასევე უნდა განისაზღვროს: X ს-ის II ნახევარი 80-იან წლებამდე.
კლდეისის წარწერის ივანე ერისთავს ან ერისთავთა ერისთავს მე ვაიგივებ დოდოთის წარწერის ივანე ერისთავთან: „სახელითა ღმრთისათა, ივანე ტბელმან ერისთავმან აღაშენა ესე წმიდა ეკლესია სალოცველად მისთუის და ხუთთა ძეთათუის“.25
ე. თაყაიშვილს იქვე ეკლესიასთან უნახავს ქვების გროვა, რომელთა შორისაც მისი ვარაუდით წარწერიანიებიც იქნებოდა. სამწუხაროდ, მას ქვების გროვის გაშლა და დათვალიერება ვერ მოუხერხებია (მოსალოდნელია, რომ სამხრეთის კარის წარწერის ნაწილის მოძებნაც შესაძლებელი იქნებოდა), მაგრამ, რისი (ეკლესიის გარშემო მიმოფანტული ქვები) ნახვა და წაკითხვაც შესძლო, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ერთი მათგანიც, რომელმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო:
1. ქ სხ~[ელითა] ღ~ათა მებ~თა წ~სა ღმ~შბ~თ აღ
2. ვაშენე ესე - - ეკლეს~ჲ - - [გლეთ] ივ~ნე [ე~]ემან
ქარაგმების გახსნით წარწერა შემდეგ სახეს მიიღებს:
1. ქ ს(ა)ხ[ელითა] ღ(მრთის)ათა, მე(ოხე)ბ(ი)თა წ(მიდი)სა ღმ(რთი)შ(ო)ბლ(ისაÁ)თა აღვაშენე ესე- - ეკლეს(ია) - - [გლეთ] ივ(ა)ნე [ე(რისთავთ]ე(რისთავ)მან.
ძალიან ძნელია მსჯელობა წარწერაზე, რომლის არც ფოტოა გამოქვეყნებული, არც მონახაზი, არც პალეოგრაფიული აღწერილობა და არც მიახლოებითი დათარიღება. მიუხედავად ამისა, სამხრეთი კარის თაღის წარწერის ივანე და ეკლესიის საამშენებელო წარწერის ივანე ერისთავი (ე. თაყაიშვილის აღდგენით - ერისთავთ-ერისთავი) მე ერთი და იგივე მგონია.
წორბისის წარწერა
1980 წლის შემოდგომაზე შიდა ქართლში, ტბელების სამფლობელოში აღმოჩნდა წარწერიანი (ასომთავრული) ქვა წორბისის ეკლესიიდან. პირველად იგი ამოიკითხა და გამოაქვეყნა (1981 წელს) ი. მეგრელიძემ.26 სამწუხაროდ, ქრონიკონის ამოკითხვაში მან შეცდომა დაუშვა და წარწერა 880 წლით დაათარიღა. იმავე 1981 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის რუსულად გამოქვეყნებულ ანგარიშში იგივე წარწერა ახლად წაიკითხა და თარიღიც სამართლიანად გაასწორა (960 წ.) ო. ტყეშელაშვილმა.27 ფოტოსთან შედარების შემდეგ ტექსტმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:
„სახელ(ი)თა ღმრთის(ა)თა, ესე კ(ო)ნქი შ(ე)ქმნა ივ(ა)ნე ერ(ი)სთ(ა)ვმ(ა)ნ) ს(ალოც)ვ(ე)ლ(ა)დ მ(ა)თდა ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა რპ ს(ა)ბაის მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლ(ი)ს(ო)ბ(ა)სა“.
როგორც ი. მეგრელიძემ, ისე ო. ტყეშელაშვილმა წორბისის წარწერის ივანე ერისთავი ივანე ტბელ ერისთავთან გააიგივეს, მაგრამ თარიღი რომ სხვადასხვა ჰქონდათ, იდენტიფიკაციაც სხვადასხვა ივანესთან გააკეთეს.
ჩემი აზრით, დოდოთის, კლდეისას და წორბისის წარწერის ივანე ერისთავები (ერისთავთ-ერისთავები) ერთი და იგივე პიროვნებაა და მათი ქართლის (არა მხოლოდ შიდა ქართლის) ერისთავობის მიახლოებითი დათარიღებისათვის უკვე საყრდენიც მოგვეპოვება: ეს არის 960 წლის ახლო პერიოდი. თუ ასეა მაშინ, ჩვენ შეგვიძლია ტბელების გენეალოგიური ხისთვის კიდევ ორი თაობის შემატება:
როგორც ჩანს, ტბელების „ქართლს შინა უფლობა“ გაცილებით მეტის მთქმელი იყო, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია და არც მათი ერისთავობა გრძელდებოდა სულ რაღაც ოცი წელი28. ტბელები ეკლესიას აშენებენ შიდა ქართლშიც და ქვემო ქართლშიც (სამშვილდის რეგიონში), ხოლო ივანე ტბელი ქართლის ერისთავთ-ერისთავის ტიტულსაც ატარებს. მართალია, „ქართლის ცხოვრების“ ცნობებით აფხაზთა მეფეები პერიოდულად მათ შეცვლას ცდილობენ, მაგრამ, ჩანს, ტბელები თავის უფლებებს მთელი X ს-ის მანძილზე არა თმობენ და მათი მეთაურობით ქართლის წარჩინებულთა ბრძოლაც ქვეყნის გასაერთიანებლად მებრძოლი აფხაზთა მეფეების წინააღმდეგ, ამის ნიშანია. შემთხვევითი არ არის, რომ კლდეკარის ერისთავების აღზევება მოღრისის ბრძოლის შემდეგ, ტბელების მიერ ქართლის ერისთავობის დაკარგვის შემდეგ იწყება. „რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს“.
ივანე ტბელს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა. ამათგან ჩვენ უკვე ვიცნობთ სპანდაღუდსასა და ქავათარს. რადგან ქავთარის ძე ტბელი მისი შვილიშვილია, მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ივანეს მესამე ვაჟიც ტბელის სახელს ატარებდა. ბაგრატ III-სთან ბრძოლაში ქართლის დიდებულებს სათავეში უდგას ქავთარ ტბელი. ეჭვი არ უნდა იყოს, რომ მას მხარში ამოუდგებოდნენ ძმა სპანტაღუდ და ვაჟი ტბელიც. თქმა არ უნდა, მისი სულ ცოტა კიდევ ერთი ძმა, მოსალოდნელია სახელად ტბელი, აგრეთვე მონაწილეობდა ბრძოლებში.
ზემოთაც დავწერე, რომ ბაგრატ მესამესთან ბრძოლაში მის მოწინააღმდეგეთაგან ზოგი რომ დაიღუპა, ზოგი ტყვედ ჩავარდა, ხოლო ზოგი გადაიხვეწა და გაიფანტა სხვადასხვა მხარეს, ცხადია პირველ რიგში ტბელებს უნდა ეხებოდეს. სხვების შესახებ ზუსტად ჯერ არაფერი ვიცით, მაგრამ ქავთარის ძე ტბელი რომ გარდაცვლილია (ალბათ დაღუპული), ვიცით ბორცვისჯვრის წარწერიდან.
ისიც კარგად ვიცით ბალატუნუსის წარწერიდან, რომ სპანტაღუდ ტბელის ძე 1031 წელს ბიზანტიის იმპერიის დიდი მოხელეა, ლაოდიკეის სტრატეგოსი. დაახლოებით 982 წლიდან 1031 წლამდე გასულია 49 წელი, ხოლო 1040 წლამდე - 58. გასაგებია, რომ მოღრისის ბრძოლის დროს სპანტაღუდი და მისი ძმები მცირეწლოვანები იქნებოდნენ. მაგრამ ქართლში მათ მაინც არ დატოვებდნენ, ასაკში შესულებს თავისი საგვარეულო უფლებებისთვის ბრძოლა რომ არ დაეწყოთ.
სპანდაღუდ ტბელი ბიზანტიაში
სპანდაღუდი არ უნდა იყოს საქართველოდან დიდი ხნის, ჯერ კიდევ ბავშვობაში წასული. მისთვის ქართულ ენაზე წარწერის გაკეთება, მიუხედავად იმისა, ეყოლებოდა თუ არა მას მკითხველი, ჯერ კიდევ დიდად მნიშვნელოვანია. მაშ, სად არის იგი მოწიფულობამდე?
სუმბატ დავითის ძე გვამცნობს:
„გარდაიცვალა გიორგი (გიორგი I), მამა ამის ბაგრატისი (ბაგრატ IV), თრიალეთს ... ქორონიკონსა ს~მ~ზ (1027), თუესა აგვისტოსა ი~ე (15) . . . და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭისძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა[ანი], რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი. განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო“.29
ამავე მოვლენების თვითმხილველი სომეხი ისტორიკოსი არისტაკეს ლასტივერტელი (XI ს.) მოგვითხრობს: „1027 წელს მეფემ (ბიზანტიის კეისარმა რომანოს მესამემ - ზ.ა.) აღმოსავლეთ მხარეში გამოგზავნა მმართველად საჭურისი ვინმე ნიკიტ[ა], რომელიც მოვიდა საქართველოში და მაცდური სიტყვებით ქვეყნის ბევრი აზნაური გამოიყვანა სამშობლოდან და მეფის კარზე გაგზავნა. ეს რომ [კეისარმა] იხილა, განიხარა, პატივი სცა მათ დიდი ძღვენითა და სახელისუფლებო ჩინით, თვითეულ მათგანს უბოძა მათი ღირსებისამებრ სოფლები და დაბები ხელწერილითა და ბეჭდით სამარადისო სამემკვიდრეოდ“.30
მატიანე ქართლისა31 და სუმბატ დავითის ძე32 არ ასახელებენ ბიზანტიის კეისრის მიერ აღმოსავლეთის მმართველად დაყენებული ნიკიტას სახელს და მოიხსენიებენ მას თანამდებობით - კატაბანი (ბერძნ. კატეპანო) აღმოსავლეთისა ანუ იბერიის თემისა, ისევე როგორც მის შემდეგ გამოგზავნილ სიმონს33 მხოლოდ პარკიმანოზის (პარაკიმენოს, ქართ. „მესაწოლეთ-უხუცესი“34) ტიტულით მოიხსენიებენ.
დიდია ალბათობა, რომ საჭურის ნიკიტა კატეპანის მიერ გადაბირებულ ქართველ წარჩინებულთა შორის იყო ტაოში გადახვეწილი სპანტაღუდ ტბელის ძეც.
როგორც ჩანს, ამავე რიგის მოვლენას ასახავს მეორე სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის (XII ს.) ცნობა: რომანოს III-ის ალეპოზე ლაშქრობაში (1030) მონაწილეობს „ვინმე მთავარი აპუქაპ (ბიზანტ. წყაროებში „აპოკაპეს“, არაბ. აბუ ხაფ), რომელიც წინათ ქართველთა მეფის დავით კურაპალატის „მესაწოლეთ-უხუცესი“ (სომხ. Վրանապահ ვრანაპაჰი, ბერძნ. παρακοιμεVνος პარაკოიმენოს, ქართულ წყაროებში „პარკიმანოზ“-ი35) იყო. მომდევნო წელს ბიზანტიის კეისარი რომანოსი ედესას იღებს და მას აძლევს ედესის დუქსის თანამდებობას.36
ვნახოთ ახლა, რა დამთხვევები გვაქვს მოვლენებსა და პიროვნებებს შორის 1027 წელს საქართველოდან (ტაოდან) საჭურის ნიკიტა კატეპანის ბიზანტიაში დაბრუნებისა და თან ქართველი წარჩინებულების გაყოლიების გათვალისწინებით.
1. საქართველოდან დაბრუნებული პატრიკიოსი ნიკიტა კატეპანი რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ანტიოქიის რექტორი37 და ხელმძღვანელობს ჩრდილო სირიის მაკონტროლირებელი ძლიერი ციხე-სიმაგრის, ბალატუნუსის ბიზანტიის იმპერიისათვის დაბრუნებას. ბალატუნუსის ბილინგვის მიხედვით, ციხე-ქალაქი 1031 წელს დაიბრუნა საჭურისმა ნიკიტა კატეპანმა და ამავე წელს აღადგინა ლაოდიკეის სტრატეგოსმა და პატრიკიოსმა სპანტაღუდ ტბელის ძემ, რომელიც როგორც ლაოდიკეის თემის ჯარების სარდალი, უეჭველია ქალაქის აღებაშიც მონაწილეობდა და იგი მის განმგებლობაში შედიოდა. სად შეიძლებოდა ესენი ერთმანეთს შეხვედროდნენ სირიაზე ლაშქრობამდე, თუ არა ტაოში, როდესაც ნიკიტამ ვაჩე კარიჭისძე და სხვა ქართველი დიდებულები ბიზანტიაში წაიყვანა, ხოლო რომანოზ მესამემ მის მხარეს გადასული ქართველები სხვადასხვა თანამდებობებითა და ტერიტორიებით დაასაჩუქრა. თუ ვისმეს ექნებოდა საკმარისი მოტივაცია საქართველოს დატოვებისა, ეს უნდა ყოფილიყო ბაგრატ მესამის წინააღმდეგ მებრძოლი ქავთარ ტბელის შვილიშვილი სპანდაღუდ ტბელის ძე.
2. შავ მთაზე კალიპოს მონასტრის ხელნაწერის კოლოფონში სპანდაღუდის ზუსტად ანალოგიური ეპითეტით („ადიდე ორთავე ცხორებათა შინა“), რომელიც ბიზანტიაში მაღალ ადმინისტრაციულ ან სამხედრო თანამდებობას გულისხმობს, მოხსენებულია ვაჩე, ვფიქრობ, სერიოზული ალბათობით, იგივე ვაჩე კარიჭისძე. ადვილი შესაძლებელია, რომ ვაჩე კარიჭისძემ რომანოზ მესამისგან „მისი ღირსების“ შესაფერისი თანამდებობა და მამულები მიიღო სწორედ ჩრდილოეთ სირიაში, ისე როგორც აპუქაპმა (ედესა) და სპანდაღუდმა (ლაოდიკეა). საქმე ის არის, რომ ამ ხანებში ბიზანტიისათვის უმთავრესი მიზანი იყო სირიის დაბრუნება არაბებისგან და მისი ტერიტორიების თავისი ერთგული პირების მიერ ათვისება როგორც პოლიტიკურად ისე სოციალურად. გავრცელებული შეხედულებით, ვაჩე კარიჭისძის შვილია შავ მთაზე მოღვაწე ეფრემ მცირე. თუ ვაჩე 1027 წლის შემდეგ დასახლდა ამ რეგიონში მაშინ გასაგებია, რომ ეფრემი ბავშვობიდანვე სირიაში აღიზრდებოდა, შესაძლოა, შავ მთაზე, რადგან სხვაგან კარგი განათლების მიღება ვერ მოხერხდებოდა.
არა მგონია, უეჭველი იყოს კ. კეკელიძის ვარაუდი, თითქოს 1057 წელს ბერძნებთან გიორგი მთაწმიდლის კამათის დროს ეფრემი ჯერ კიდევ იქ არა ყოფილა, რადგან ბერძნულიდან ქართულად მთარგმნელად მხოლოდ გიორგის ასახელებენ ქართველები.38 ცხადია, 1057 წელს ეფრემი ჭაბუკი, განსწავლის პროცესში იქნებოდა და მას გიორგისთან არავინ გაათანაბრებდა.39 სწორედ შენიშნავს ქ. ბეზარაშვილი, რომ ეფრემ მცირე „თავის კოლოფონებში საკუთარ მოღვაწეობასთან დაკავშირებით არსად ახსენებს კონსტანტინეპოლს“.40 ამასვე უნდა მოწმობდეს ეფრემ მცირის ანდერძი, რომელშიც იგი პირდაპირ წერს, რომ ბერძნული განათლება მან შავ მთაზე მიიღო „ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა“.
კალიპოს მონასტრის ხელნაწერის კოლოფონის მოსახსენებელში, ცხადია, შემთხვევითი პიროვნება ვერ მოხვდებოდა. ცხადია, აგრეთვე, კოლოფონში მოხსენიებულ ყველა პირს რაღაცა სიახლოვე და დამსახურება ჰქონდათ შავი მთის ქართულ მონასტრებთან.
ტბელები სვანეთში
„მატიანე სუანეთისა კრებისა“-ში (გამომცემელი პ. ინგოროყვა XIII ს-ის მეორე ნახევრით ათარიღებს41) მაჲს კრების მოსახსენებელში 107-ე ნომრად დასახელებულია გ(იორგ)ი ტბელიანი42, ხოლო 67-ე ნომრად - ფურთუხ ტბელიანი.43 ღეშტერის კრების მოსახსენებელში 23-ე ნომრად დასახელებულია ი(ვან)ე ტბელიანი.44 რადგან სვანთა გვარების უმეტესობა სახელებიდან ან მეტსახელებიდან არის ნაწარმოები, ცხადია, უკვე სხვადასხვა ოჯახად ჩამოყალიბებული ტბელიანები ტბელის ჩამომავლები არიან.
საინტერესოა, რომ ბეჩუს კრების მოსახსენებელში მე-8 ნომრად დასახელებულია „ტბელის დედა მთვარე“.45 ეს ცნობა იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახსენებლის შედგენისას სახელი „ტბელი“ სვანეთში ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ რომელი ტბელი უნდა ასულიყო სვანეთში, სამუდამოდ იქ დასახლებულიყო და სათავე დაედო მისი სახელის მატარებელი საგვარეულოსათვის, ქართლის თუ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოსი? ვფიქრობ, „სვანეთის კრების მატიანემ“ ამისი პასუხიც შემოგვინახა.
ლჰას კრების მოსახსენებელში 324-ე ნომრად დასახელებულია სპანდაღუდიანი მომაჲ. საქმე ის არის, რომ გამომცემელმა პავლე ინგოროყვამ (და ყველამ სხვამ, ვინც კი ამ მასალაზე იმუშავა) ვერ წარმოიდგინა, რომ „სპანდაღუდი“ შეიძლება მთლიანი ანთროპონიმი იყოს და დაშალა ორ ნაწილად: „სპანდა“ და „ღუდიანი“, სადაც მისი აზრით „სპანდა“ სახელი იყო, ხოლო „ღუდიანი“ - გვარი.46 შეუძლებელია შემთხვევითი იყოს ტბელიანისა და სპანდაღუდიანის ერთდროული დადასტურება სვანეთში. ცხადია, ქართლის ტბელები სვანეთში ასულები არიან და აქვე შეუქმნიათ თავიანთი საგვარეულო: ტბელიანები და სპანდაღუდიანები.
ქართლის ტბელების გენეალოგია
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტბელების საგვარეულოში უნდა ვიგულისხმოთ ორი ტბელის (საკუთარი სახელი) არსებობა, რადგან სპანდაღუდის მამა ტბელი უკვე ქართლშია გარდაცვლილი (თუ მოკლული) და სვანეთში ვერ გადასახლდებოდა. რაც შეეხება სპანდაღუდს ქართლის ტბელებში ორი გვყავს ამ სახელის მატარებელი: სპანდაღუდ ივანეს ძე და სპანდაღუდ ტბელის ძე. სპანდაღუდ ტბელის ძე ბიზანტიაში გადავიდა (ჩემი აზრით, ტაოს გავლით), სპანდაღუდ ივანეს ძე კი, როგრც ჩანს, სვანეთში.47 დაგვრჩა ტბელი, რომელსაც ადგილი უნდა ვუპოვოთ X ს-ის ტბელების გენეალოგიურ ხეში.
ვინაიდან ივანე ტბელის ხუთი შვილიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის სახელი ვიცით, ვვარაუდობ, რომ აჯანყებულთა მეთაურის, ქავთარ ტბელის ერთერთი ძმა შესაძლოა სახელად ტბელი ყოფილიყო. ამიტომ ტბელების ზემოთ აღდგენილ გენეალოგიურ შტოს შეგვიძლია გავუკეთოთ დამატება, რომელიც ფაქტიურად დაფარავს მთელ X ს-ს დასაწყისიდან 80-იან წლებამდე:
ივანე „უფალი ქართლისა“ (X ს-ის პირველი ოცეული)
I უცნობი
I ივანე ერისთავი//ერისთავთ-ერისთავი (960 წელი და მის ახლოს)
I სპანდაღუდ-ი, ქავთარ-ი, ტბელი (?) და კიდევ ორი ძმა (960 წლის ახლოს)
I ტბელ-ი პატრიკი _ ეპრაქს-ი? (982 წლის ახლოს)
I ოქროპირ-ი, სპანდაღუდ-ი, დავით-ი, ქავთარ-ი (982 წლის ახლოს)


1 комментарий:

  1. უღრმესი მადლობა,ასეთი ფუნდამენტური ნაშრომისათვის!

    ОтветитьУдалить