ჯუანშერის ავტორობით ცნობილი ისტორიული თხზულების ბოლო, სტეფანოზ ადარნასე ერისმთავრის ძის ზეობის ხანით დაწყებული მონაკვეთი [1, 228] შეიცავს ისტორიულ თხრობას, რომელიც ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მიერ ცალკე არსებული ისტორიული თხზულებიდან მომდინარედ არის მიჩნეული. მართალია, „ქართლის ცხოვრების“ ეს მონაკვეთი საგანგებოდ არ არის გამოყოფილი ძირითადი ტექსტიდან, მაგრამ მასში ერთიანი სიუჟეტური და კომპოზიციური სტრუქტურა შეინიშნება. თხზულება განსხვავდება წინამავალი ტექსტიდან თავისი მოცულობითა და თხრობის სტილითაც. მატიანისებურ თხრობას, რომელიც „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას“ მოსდევს, პირველად „არჩილის ცხოვრების“ ვრცელი მოთხრობა არღვევს. „ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიულ ტრადიციას თუ გავითვალისწინებთ, ვრცელი „ცხოვრებები“ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მეფეებს ეძღვნებათ და მათში, გარდა მოღვაწეობის დეტალების აღწერისა, იდეოლოგიური დატვირთვის მქონე სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათის ეპიზოდებია ჩართული [2, 103]. ამ თვალსაზრისით არც „არჩილის ცხოვრებაა“ გამონაკლისი. ნაშრომის ამ მონაკვეთის მიზანია „არჩილის ცხოვრების“ სიმბოლიზმისა და იდეოლოგიური მიზანდასახულების კვლევა.
„არჩილის ცხოვრების“ ტექსტის მოცულობა და თარიღი
ამ თხზულების ცალკე სახით არსებობის შესახებ მოსაზრება პირველად გამოთქვა პავლე ინგოროყვამ. მას მიაჩნდა, რომ ეს VIII საუკუნის ისტორიული თხზულება ექსცერპტის სახით ჩართულია „ქართლის ცხოვრების“ ჯუანშერის სახელით ცნობილ მონაკვეთში [3, 143].
დავით მუსხელიშვილმა გაიზიარა პავლე ინგოროყვას ეს მოსაზრება. მან მცირე კორექტივი შეიტანა ანონიმის ტექსტის მოცულობის განსაზღვრის საკითხში. პავლე ინგოროყვას მიაჩნდა, რომ ანონიმის თხზულება იწყება მურვან ყრუს ლაშქრობის აღწერილობით [1, 233], ხოლო მუსხელიშვილმა ტექსტის დასაწყისად არჩილის მამის სტეფანოზის ზეობის აღწერა მიიჩნია [1, 228].
მკვლევრის მთავარი არგუმენტი არის ანონიმის (ასე უწოდებს დავით მუსხელიშვილი „ქართლის ცხოვრების“ ხსენებულ მონაკვეთს) წინამორბედ თხზულებათაგან (ლეონტი მროველი და ჯუანშერი) განსხვავებული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კონცეფცია: თუ ჯუანშერის მიხედვით, „ჰერეთი“, „კახეთი“, „ეგრისი“ და „კლარჯეთი“ „ქართლის“ როგორც ერთიანი სახელმწიფოს შემადგენელი ხევებია, „ანონიმთან“ სრულიად სხვა ვითარებაა. ანონიმთან ვკითხულობთ: „ხოლო სტეფანოზს ესხნეს ორნი ძენი არჩილ და მიჰრ და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვერცხლისა... ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროსი ხევსა კახეთისასა და საგანძური ქართლისა და ჯავახეთისა დასხნა გორს...“ [1, 232-233]... აქ „ეგრისი“, „კახეთი“, „ქართლი“, „ჯავახეთი“ ტოლფასი ისტორიულ გეოგრაფიული ცნებებია. როგორც მკვლევარი შენიშნავს, „ქართლი“ ანონიმთან ეთნოგრაფიული ცნებაა და არა პოლიტიკური, რაც სრულიად გამორიცხულია ლეონტისა და ჯუანშერის სახელმწიფოებრივი კონცეფციისათვის [4, 367]. ასეთივე ვითარებაა ეგრისის პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ცნებასთან დაკავშირებით. თუ წინამორბედ მემატიანეებთან „ეგრისი“ მთელს დასავლეთ საქართველოს (მდინარე ეგრისწყლამდე) გულისხმობდა, ანონიმთან კვლავ სხვაგვარი ვითარებაა. მომაკვდავი მირი ეუბნება არჩილს: „გქონდეს საუხუცესოდ ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია“ [1, 241]. დ. მუსხელიშვილის დასკვნით, „ეგრისი“ ანონიმთან არის არა პოლიტიკური, არამედ, აგრეთვე, ეთნოგრაფიული ცნება“ [4, 368]. მაშასადამე, დავით მუსხელიშვილის დაკვირვებით, ის გეოპოლიტიკური სურათი რომელიც, არჩილის ცხოვრებას, იგივე ანონიმს ახასიათებს, უკვე სტეფანოზ ერისმთავრის ზეობის აღწერიდან იჩენს თავს.
დავით მუსხელიშვილს, პავლე ინგოროყვასგან განსხვავებით, ანონიმის თხზულება X საუკუნის ძეგლად მიაჩნია, მაგრამ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ამ ძეგლის ავტორი VIII საუკუნის პირველი ნახევრის პირველწყაროს იყენებდა [5, 83-84].
ისტორიულ ქრონიკას, რომელიც „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას“ მოსდევს, გივი წულაია ფსევდო-ჯუანშერს უწოდებს. ხოლო ამ ქრონიკაში ის ორ ნაწილს გამოყოფს. პირველი ნაწილი იწყება ვახტანგის სიკვდილის შემდგომ და გრძელდება იმ ადგილამდე, სადაც არაბთა პოლიტიკურ აქტივიზაციაზეა საუბარი (იგულისხმება ჩვენთვის საინტერესო ანონიმის „არჩილის ცხოვრება“). კერძოდ მას მიაჩნია, რომ ის იწყება სიტყვებით „მათ ჟამთა გამოჩენილ იყო მუჰამედ, ნათესავი ისმაელისი“ [1, 229]. მკვლევარი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ავტორთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებზე. მას მიაჩნია, რომ ქრონიკის პირველ ნაწილში სრულიად აღარ არის ვახტანგ გორგასლის განდიდების ტონი, რომელიც ასე დამახასიათებელია „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებისათვის“. მაგრამ ქრონიკის მეორე ნაწილიდან (ე.ი. ანონიმის თხზულებიდან) კი ვახტანგის განდიდების თემა ისევ იჩენს თავს. ამ მოვლენას გივი წულაია ხსნის იმით, რომ ფსევდო-ჯუანშერის ქრონიკის მეორე ნაწილი სხვა იდეოლოგიური ტენდენციის მატარებელია. ის თვლის, რომ ქრონიკის პირველ ნაწილში აღწერილი ერისთავების „საერისთაოთა მამულობა შვილითი შვილამდე“ უარყოფილია („გადახედვას“ ექვემდებარება) ამავე ქრონიკის მეორე ნაწილში. ეს პროცესი, მისი აზრით, საქართველოში გამაერთიანებელი მოძრაობის დასაწყისსა და ტაო-კლარჯეთში პირველი ბაგრატიონების გამოჩენას უკავშირდება. ასე რომ, გივი წულაია უკვე იდეოლოგიურ საფუძველს უძებნის „არჩილის ცხოვრების“ ცალკე თხზულებად გამოყოფის აუცილებლობას [6, 51]. მკვლევარი იხრება იქითკენ, რომ თხზულების შექმნის თარიღი IX საუკუნის ბოლოთი და X საუკუნის დასაწყისით განისაზღვროს [6, 53].
ამ თხზულების შედგენილობისა და დათარიღების შესახებ განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა ედიშერ ხოშტარია-ბროსემ. მართალია, ის თვლის, რომ „არჩილის ცხოვრება“ დამოუკიდებელი თხზულების სახით არსებობდა და ის VIII საუკუნეში შეიქმნა, მაგრამ ამასთანავე მიაჩნია, რომ „არჩილის ცხოვრება“ მის წამებასაც მოიცავს. მკვლევარი წერს: „არჩილის ცხოვრება“ (დასაწყისი ნაწილიც და „წამებაც“) ჩვენ თავდაპირველად ერთიან ნაწარმოებად გვაქვს წარმოდგენილი. ამაზე მეტყველებს ის, რომ „წამების თხრობა წინა ნაწილის ორგანული გაგრძელებაა: ორივე ტექსტში ძირითადად ერთნაირი ტერმინოლოგიაა: გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, სოციალური ტერმინები, შეინიშნება შინაარსობრივი კავშირები (მაგალითად, მეორდება გადმოცემა განძის დაფლვის შესახებ და სხვა) მხოლოდ – „წამებაში“ თხრობა უფრო გამარტივებულია, არჩილის სახელს ყოველთვის ერთვის „წმინდა“ [7, 76].
ედიშერ ხოშტარია-ბროსეს მიერ წამოყენებული არგუმენტები „არჩილის ცხოვრებისა“ და „არჩილის წამების“ ერთ ნაწარმოებად გაერთიანების შესახებ, ვფიქრობ, არასაკმარისია. „წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი რომელი იყო მეფე ქართლისა“ ცალკე სათაურითაა შესული „ქართლის ცხოვრებაში“, რაც ამ თხზულების ცალკე არსებობაზე მეტყველებს. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ტიპოლოგიური მახასიათებელი არის სწორედ დასათაურების პრინციპი. სათაურები დასაწყის ნაწილში „ქართლის ცხოვრების“ წყაროთა, ე.ი. მასში ჩართული თხზულებების კუთვნილებას წარმოადგენს, როგორც ეს „ნინოს მიერ ქართლის მოქცევის“ მატიანისეული ტექსტიდან კარგად ჩანს [8, 100-101]. მოვლენები, ტერმინოლოგია, რეალიები „წამების“ ავტორს შესაძლოა „არჩილის ცხოვრების“ უკვე არსებული ტექსტიდან აეღო. ის აუცილებლად ისარგებლებდა „არჩილის ცხოვრებით“. მაგრამ რით უნდა ავხსნათ, რომ „ცხოვრების“ ავტორი, „წამების“ ტექსტისგან განსხვავებით, არჩილს „წმინდა“ ზედწოდებით არ მოიხსენიებს? ალბათ იმით, რომ ამ თხზულების დაწერის დროს არჩილი წმინდად არ იწოდებოდა და, შესაბამისად, არ იყო წმინდანად შერაცხილი. ცხოვრება, როგორც ვიცით, არჩილის სიკვდილის ამბავს არ გვიყვება და უნდა დავუშვათ, რომ, როდესაც ეს თხზულება თუ მისი თავდაპირველი ვარიანტი იწერებოდა, არჩილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მართლაც, დავით მუსხელიშვილმა კარგად აჩვენა, რომ „არჩილის ცხოვრებაში“ მოცემული პოლიტიკურ-გეოგრაფიული სურათი ასახავს VIII საუკუნის I ნახევრის ვითარებას და მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ისტორიულ-გეოგრაფიული და სოციალური რეალიების აღსადგენად. მკვლევარი წერს: „რაც შეეხება, „არჩილის ცხოვრებაში“ წარმოდგენილ პოლიტიკურ სურათს, ესეც სავსებით ადეკვატური უნდა ყოფილიყო იმ პერიოდისათვის, რომელსაც ანონიმი ეხება. ეს არის VIII საუკუნის პირველი ნახევარი და შუახანი. ამ დროს სრულდება საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური განვითარების პროცესის ერთი, კერძოდ, ფეოდალიზმის გენეზისის ანუ ადრეფეოდალური ურთიერთობის ეტაპი და ძალაში შედის სრულყოფილი ფეოდალური ურთიერთობანი, რის შედეგადაც დგება პოლიტიკური დაქუცმაცების პერიოდი...“ [5, 83].
არანაკლებ მნიშვნელოვანია „არჩილის ცხოვრება“ VIII საუკუნის ქართლის სამეფოს იდეოლოგიური კონცეფციისა და დინასტიურ დაპირისპირებათა თვალსაზრისითაც, რის შესახებაც ქვემოთ საგანგებოდ ვილაპარაკებ. ამგვარად, „არჩილის ცხოვრება“ უნდა იწყებოდეს სტეფანოზ ერისმთავრის ზეობის დასაწყისით, („ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმენდელი სჯულისა“ [1, 228,10] და მთავრდებოდეს იქ, სადაც ჯუანშერის სახელით ცნობილი ტექსტი მთავრდება, სიტყვებით: „და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან“ [1, 244,18-19]. სწორედ ამ ფარგლებში „ქართლის ცხოვრების“ ტექსტს ერთიანი იდეოლოგიური კონცეფცია ახასიათებს.
ის ავტორები, რომლებიც „არჩილის ცხოვრებას“ ცალკე არსებულ თხზულებად გამოყოფენ (პ. ინგოროყვა, დ. მუსხელიშვილი, გ. წულაია, ე. ხოშტარია-ბროსე) თითქოს თანხმდებიან იმაში, რომ ამ თხზულებაში გადმოცემული სოციალურ-პოლიტიკური სურათი VIII საუკუნეში ქართლში არსებული ვითარების ადეკვატურია. თუმცა მათზე (პავლე ინგოროყვასა და ედიშერ ხოშტარია-ბროსეს გარდა, რომელთაც თხზულება VIII საუკუნის ძეგლად მიაჩნიათ), ჩემი აზრით, ზემოქმედებს ჯუანშერის თხზულების ტრადიციული დათარიღება, რომელიც ივანე ჯავახიშვილიდან მომდინარეობს. ივანე ჯავახიშვილი ცალკე არ გამოყოფდა არც ე.წ. ანონიმის თხზულებას, არც „ფსევდო ჯუანშერის“ მონაკვეთზე ლაპარაკობდა. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან“ დაწყებული, „არჩილის ცხოვრებით“ დამთავრებული „ქართლის ცხოვრების“ ტექსტი შექმნილია XI საუკუნეში და ეკუთვნის ვინმე ილარიონ ჯუანშერის კალამს [9, 189-194]. ეს შეხედულება სხვადასხვა მკვლევარმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კუთხით გააკრიტიკა და ამჟამად არ შევუდგები ამ კრიტიკის დეტალების ხელახლა გადმოცემას, ვიტყვი მხოლოდ, რომ ივანე ჯავახიშვილის მიდგომა ქართული წყაროებისადმი დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჰიპერკრიტიკული და, ამდენად, ხშირად არამართებული“.
რაც შეეხება ამ ეპიზოდის იდეოლოგიურ მიმართულებას, ამ კუთხით საგანგებოდ „არჩილის ცხოვრება“ ჯერ არავის შეუსწავლია, მკვლევარები ძირითადად იხრებიან იქითკენ, რომ „არჩილის ცხოვრება“, ერისთავთა წრეში შეთხზული ლეგენდაა და იმავდროულად ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების დროინდელი დიდებულების სულისკვეთებას გამოხატავს. შესაბამისად, თხზულების დათარიღებაც IX-XI საუკუნეებს შორის მერყეობს. ამასთანავე, აღინიშნება, რომ ამ იდეოლოგიური პასაჟის ავტორი, შესაძლოა, VIII საუკუნის წყაროებით სარგებლობდა. მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობ, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ „არჩილის ცხოვრების“ კვლევა როგორც წყაროსი ქართული ფეოდალური (ან ადრეფეოდალური) ხანის არისტოკრატიის იდეოლოგიისა უფრო დაწვრილებით შესწავლასა და მეტ კონკრეტულ პასუხს მოითხოვს.
„არჩილის ცხოვრება“ – ლეგენდა თუ ისტორია?
ქართველოლოგიაში დღეს გაბატონებულია შეხედულება, რომ „არჩილის ცხოვრება“, კერძოდ, კი ამ თხზულების ფარგლებში გადმოცემული მისი ცენტრალური ეპიზოდი – ერისთავთა მირის სიძეობით დანათესავების შესახებ, არის „ლეგენდა“, რომელიც ფეოდალური საზოგადოებრივი წესრიგის დასაფუძვლებას ემსახურება. როდესაც ნიკო ბერძენიშვილი მიუთითებდა „არჩილის ცხოვრებაში“ არსებულ მეტად საყურადღებო ისტორიულ-გეოგრაფიულ და სოციალურ-პოლიტიკურ ცნობებზე, და ეხებოდა ერისთავების მეფესთან სიძობით დანათესავების ეპიზოდს, მას სიტყვა „ლეგენდა“ არ გამოუყენებია. მკვლევარი აღნიშნავდა: „წარმოდგენილი სახით ცნობა, უეჭველია, გარკვეულ „იდეოლოგიებს“ განიცდის და ამიტომაც მისი ისტორიული უეჭველობა სათუოა. მიუხედავად ამისა ეს ცნობა მეტად საინტერესოა და ისტორიულად გამოსაყენებელია... ეს იყო მთავართა წრეში წარმოშობილი ცნობა. მათივე შეკაზმული... ეს ცნობა წერილობითი თუ ზეპირი ხელში უვარდება მეფის პოლიტიკის მომხრე ჯუანშერს და ის სათანადო დირექტივს უკეთებს მას და მეფის თეორიისათვის მისაღებს ხდის“ [10, 45]. მეცნიერის ნააზრევში სრულიად სამართლიანად ჩნდება ისეთი ცნებები, როგორიცაა „იდეოლოგია“, „მთავართა წრე“, „მეფის თეორია“, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ ავტორის დებულებები შედგომ კვლევა-ძიებას მოითხოვს, სადაც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული მოცემული იდეოლოგიის, მეფობის იდეისა და მთავართა სოციალურ-პოლიტიკური ინტერესების, განწყობილებების და, საერთოდ, იმდროინდელი არისტოკრატული კულტურისა და იდენტობის არსი. თუმცა ნიკო ბერძენიშვილის ამგვარი მსჯელობის შედეგად თუ დამოუკიდებლივ შემდგომში „არჩილის ცხოვრების“ ეპიზოდი ერისთავთა სამეფო სახლთან დანათესავების შესახებ უკვე პირდაპირ ინტერპრეტირებულ იქნა როგორც „ლეგენდა“.
გურამ მამულიამ მიიჩნია, რომ „ლეგენდა“ ერისთავთა სამეფო სახლთან დანათესავების შესახებ შეიქმნა ერისთავთა წრეში ბაგრატიონთა მეფობის დროს X-XI სს. „ამ ლეგენდის (ხაზი აქაც და შემდგომ ჩემია – ლ. პ.) მთავარი მიზანი – წერს ავტორი – ვახტანგ გორგასლის სახლის მემკვიდრეთა – ქართლის „მეფეთა“ მირის და არჩილის სახლის სიძობით ერისთავთა მფლობელობის კანონიერების დამტკიცებაში მდგომარეობს“ [11, 120]. ანრი ბოგვერაძე, ასევე, საუბრობს „ერისთავთა წრეში შექმნილი ლეგენდის“ შესახებ. ის წერს: „არჩილის „რეფორმები“, ერისთავთა თვალსაზრისით, მათი პრეტენზიების დაკმაყოფილების „კანონიერი“ საშუალება უნდა ყოფილიყო. ამის გამო ადვილად შესაძლებელია, რომ ისტორიკოსს ამ შემთხვევაში თავის თხზულებაში ერისთავთა წრეში შექმნილი ლეგენდა ჰქონდეს შეტანილი [12, 296].
გ. წულაია ასევე ლაპარაკობს მემამულე ფეოდალების წრეში წარმოქმნილ „ლეგენდაზე“: „სწორედ ამ დროს შეიძლება წარმოშობილიყო ლეგენდა, რომლის მიხედვით ქართველი მემამულე დიდებულები თავიანთ სამემკვიდრეო მფლობელობას უკავშირებდნენ არა ზემოხსენებულ სამამულოდ „დაწერილ“ საბუთებს, არამედ თავის წარმომავლობას, რომელიც თითქოსდა ვახტანგ გორგასლიდან მომდინარეობდა“ [6, 51].
რადგან სამეცნიერო ლიტერატურაში ძალზე ხშირად გვხვდება ტერმინი „ლეგენდა“ არჩილის ცხოვრების კონტექსტში, ამიტომ ამ ტერმინის გამოყენების თაობაზე მინდა შევჩერდე ორიოდე სიტყვით.
ლეგენდა ძალზე ფართო მნიშვნელობით იხმარება და, ამდენად, რაიმე ჟანრისა თუ სპეციფიკის განსაზღვრა ამ ტერმინით ერთგვარ უზუსტობებს შეიძლება შეიცავდეს. მაგალითად, ლეგენდა არის წარსული დროიდან შემორჩენილი გადმოცემა წერილობითი ან ზეპირი, რომლის დადასტურება (ვერიფიკაცია) არ ხერხდება. ან ლეგენდას უწოდებენ ისეთ ნარატივს, ადამიანთა ქმედებების შესახებ (ღმერთების ქმედებებისაგან განსხვავებით, რომელსაც უწოდებენ მითს), რომელიც როგორც მთხრობელის, ისე მისი მსმენელის მიერ გაიგება როგორც ამბავი, რომელსაც საკაცობრიო ისტორიის მანძილზე ჰქონდა ადგილი და შესაძლოა ახასიათებდეს ისეთი ნიშნები (მაგალითად კონკრეტული ადგილის, ან ისტორიული პირის, ან რაიმე ცნობილი მოვლენასთან კავშირი), რომელიც ამ მოთხრობას სიმართლესთან მიმსგავსებულად წარმოაჩენს. ერთ-ერთი დეფინიცია ლეგენდისა, მაგალითად ასეთია: „ლეგენდა საზოგადოდ არის მოკლე, მონოეპიზოდური, ტრადიციული, დრო-სივრცით განსაზღვრული გაისტორიებული ნარატივი (თხრობა), ადამიანთა მოქმედებების შესახებ გადმოცემული სასაუბრო კილოთი; ის სიმბოლურად ასახავს კოლექტიურ გამოცდილებასა და ხალხურ რწმენა-წარმოდგენებს და ემსახურება იმ ჯგუფის საყოველთაოდ მიღებული ღირებულებების ხელახლა განმტკიცებას, რომლის ტრადიციასაც ის მიეკუთვნება“ [13].
კიდევ უფრო ზოგადი აზრით, „ლეგენდა“ უპირისპირდება „ისტორიას“ და ამ დაპირისპირების ქვაკუთხედი არის სინამდვილესთან ანუ რეალობასთან ტექსტის მიმართების საკითხი. თუ პირველი (ლეგენდა) ამ თვალსაზრისით ძალზე განურჩეველია და არაზუსტი, მეორის (ისტორიის) მიზანი ამის საპირისპიროა: გადმოსცეს წარსულის ამბები ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. მაგრამ როდესაც შუა საუკუნეებში შექმნილ ტექსტზეა საუბარი, აქ ასეთი მკვეთრი გამიჯვნა რეალურ და არარეალურ ისტორიას შორის არ შეიძლება იყოს. გამონაკლისი არც „ქართლის ცხოვრებაა“ და მის შესახებ საუბრის დროს რეალურის და არარეალურის გაგება მხოლოდ შედარებითობის (რელატიურობის) ფარგლებშია შესაძლებელი.
„არჩილის ცხოვრება“ „ქართლის ცხოვრების“ – ისტორიული ჟანრის ნარატივის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. „ქართლის ცხოვრება“, განსაკუთრებით კი მისი დასაწყისი ნაწილი, ეს არის საერო ისტორიოგრაფიული ტრადიცია, რომლის მეურვეობა სწორედ სამეფო სახლის პრეროგატივაუნდა ყოფილიყო. ამაში გვარწმუნებს, თავად „ქართლის ცხოვრების“ ტექსტის სპეციფიკა, მისი იდეოლოგიური მიმართულება; ასევე ის ტრადიცია, რომელიც ამ თხზულების შედგენას ეხება და რომელიც ჯუანშერ ჯუანშერიანის მინაწერის საშუალებითაა გამოთქმული; ასევე, ამ თხზულების გაგრძელებებისა და შევსების უფრო გვიანდელი ტრადიციაც, და საბოლოოდ ისევ და ისევ მეფის ვახტანგ VI-ის მეურვეობით განხორციელებული სამუშაო და ახალი „ქართლის ცხოვრების“ შექმნის ისტორია. ამდენად, ეს არის ძლიერ იდეოლოგიზებული ძეგლი, რომელიც ყველა შემთხვევაში კონკრეტულ პოლიტიკურ, სოციალურ ინტერესებს გამოხატავს და შესაბამის პოზიციას იცავს. დიახ, „არჩილის ცხოვრებას“ ახასიათებს ერთგვარი სიმბოლიზმი, შესაძლოა, სქემატურობა და იდეოლოგიური მიმართულება, მაგრამ არცერთ ამ თვისებას „ქართლის ცხოვრების“ სხვა დანარჩენი ნაწილები არ არის მოკლებული. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ფარნავაზის, მირიანისა და ვახტანგ გორგასლის „ცხოვრებათა“ მომცველ ტექსტის მონაკვეთებზე. გარდა ამისა, „არჩილის ცხოვრება“ ქართლის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. VIII საუკუნის აქ მოხსენებული პირები სრულიად ისტორიულნი არიან, გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული და ისტორიულ-პოლიტიკური გარემო შესაბამისი ისტორიული სურათის სრულიად ადეკვატურია. მეფე არჩილის მიერ მირის ქალიშვილების გათხოვება ქართლის სამეფოს ერისთავებზე და ამ ერისთავთა ვინაობის, წარმომავლობისა და საგამგეო ტერიტორიის ფარგლების მითითება „ქართლის ცხოვრების“ ისტორიოგრაფიული ტრადიციისათვის სრულიად ორგანულია. გავიხსენოთ „ფარნავიზის ცხოვრების“, „ვახტანგ გორგასლის ცხოვრების“ ერისთავთა ჩამონათვალი ან თუნდაც შესავალში მოცემული ქართლოსის ძეთა ჩამონათვალი. ყველა ეს ეპიზოდი, მართალია, სხვადასხვა ეპოქის ვითარებას ასახავს, მაგრამ ერთი ისტორიოგრაფიული ტრადიციის გამოხატულებას წარმოადგენს. ამ ტრადიციაში დამკვიდრებული წესის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიულ-პოლიტიკური მოწყობის სქემა გადმოიცემა სწორედ ერისთავთა (ან ეპონიმთა) ჩამონათვალის და მათი საგამგეო ტერიტორიის მითითების მეშვეობით. მაშასადამე, ალბათ უფრო სწორი იქნება „არჩილის ცხოვრების“ შემთხვევაში იდეოლოგიური დატვირთვის მქონე ისტორიულ ტექსტზე (ისტორიულ სიუჟეტზე, ან ისტორიულ ნარატივზე) ვილაპარაკოთ და არა ლეგენდაზე.
იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ „არჩილის ცხოვრების“ იდეოლოგიურ მოტივებში, რამდენიმე სხვადასხვა მომენტის შეჯერება მიგვიწევს. კერძოდ, უნდა განვიხილოთ თავად „არჩილის ცხოვრების“ ნარატივი და მისი სიმბოლიზმი და გავარკვიოთ საზოგადოდ როგორია ფეოდალური ურთიერთობის არსი, როგორია „არჩილის ცხოვრების“ დროინდელი არისტოკრატიის იდეოლოგია და კულტურული იდენტობა. უნდა დავადგინოთ, აგრეთვე, როგორია ისტორიული ვითარება VIII სში და რამდენად შეესაბამება მას თხზულებაში წარმოდგენილი იდეოლოგიური კონცეფცია.
1. „არჩილის ცხოვრების“ ნარატივი და მისი სიმბოლიზმი
მაშ როგორია არჩილის ცხოვრების სიუჟეტი? ჯერ თხრობის ძირითად ქარგას მივყვეთ: დასაწყისში საუბარია სტეფანოზ ერისმთავრის მოღვაწეობაზე, თავიდანვე ის შეფასებულია როგორც „უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმენდელი სჯულისა“ [1, 228,10] და მცხეთაში საეკლესიო მსახურების განმაცხოველებელი და მოამაგე. ამის შემდგომ ისტორიული დრო უკან ბრუნდება და მატიანეში „მუჰამედის გამოჩენა“ და არაბთა სახელმწიფოს გაძლიერებაზეა საუბარი. თხრობაში შემოდის ჰერაკლე კეისრის თემა. ჰერაკლე კეისრის ლაშქრობებზე და მისი ქართლში შემოსვლის ამბებზე „ქართლის ცხოვრებაში“ ადრე უკვე იყო საუბარი. ამიტომ საფიქრებელია, რომ აქ, მართლაც, სხვა ისტორიულ ნარატივთან გვაქვს საქმე, რომელსაც ხელახლა სჭირდებოდა ჰერაკლეს მოღვაწეობაზე ყურადღების მიქცევა. მართლაც, ჰერაკლესთან ერთად თხზულებაში შემოდის ლეგენდარული ხასიათის თემა: ჰერაკლეს უწინასწარმეტყველეს, რომ ბერძენთა ბატონობა დამთავრებულია აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რომ მსოფლიოს ამ ნაწილს არაბები (სარკინოზები) დაეპატრონებიან. ამ წინასწარმეტყველების საფუძველზე „ბერძნებმა“ იწყეს საგანძურის დაფლვა, სამალავებში შენახვა, და ტერიტორიის კანონიერ მფლობელთა ვინაობის, წარმომავლობისა და სამფლობელოების აღწერა, რათა არაბთა წასვლის შემდგომ კვლავ დაპატრონებოდნენ მათ კუთვნილ ტერიტორიებს. ამ მოვლენებიდან ბუნებრივად გადადის თხრობა სტეფანოზ ქართლის მთავარზე, მის ძეებზე არჩილსა და მიჰრზე, რომელთაც მამამ ქვეყნის საგანძური გაუყო, ნახევარი არჩილს დაუტოვა, ხოლო მეორე ნახევარი ეგრისში წაიღო და თავადაც უფროს ვაჟთან მირჰრთან ერთად ეგრისში გადავიდა. მართლაც, ქართლში „ამირა აგარიანი“ შემოდის, არჩილი, ჰერაკლეს მსგავსად დაფლავს თავის წილ საგანძურს და მამისა და ძმის კვალს გაუყვება ეგრისში. შემდგომ თხზულებაში მოთხრობილია არაბების მიერ ქართლის მოოხრება, ეგრისსა და აფხაზეთში შესვლა, ანაკოფიის ბრძოლა და ღვთის შეწევნით ქართველთა სასწაულებრივი გამარჯვება, არაბთა განდევნა. საგანგებოდ აღნიშნულია, რომ ბერძენთა მეფემ მირსა და არჩილს „წარმოსცა გვირგვინნი და გუჯარნი“, რომელნიც მათი მეფობის აღიარებას ნიშნავდა. ამ მოვლენებს მოჰყვება მირის სიკვდილი, მირის ანდერძი თავისი ქალიშვილების ერისთავებზე გათხოვების შესახებ, აფხაზთა ერისთავის ლეონის ერთგულების ფიცი არჩილისადმი, მათი დანათესავება სიძობის გზით. სხვა სიძე-ერისთავთა ნუსხა, ადარნასე მთავრის არჩილთან დამოყვრება, არჩილის კახეთში დამკვიდრება. თხზულება არჩილ მეფის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ არაფერს გვეუბნება და სრულდება მისი შვილების ვინაობის აღნიშვნით: „და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გურანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან“ [1, 244].
ამ თხრობაში რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობის მოტივია: განძის დაფლვა; ქრისტიანთა სასწაულებრივი გამარჯვება ურწმუნოებზე – აგარიანებზე; მეფობის დაბრუნება ბიზანტიიდან; ერისთავების დანათესავება მეფესთან და ამ გზით საერისთავოთა ლეგიტიმური დამტკიცება მემკვიდრეობის უფლებით; საკუთრივ ერისთავთა დიდებული წარმომავლობა. ყველა ეს მოტივი ფოკუსირებულია არჩილის, როგორც ხოსროიანთა დინასტიის წარმომადგენლის, ტახტის ფლობის კანონიერ უფლებაზე. ერისთავები ერთგულების ფიცით და ყმობით არიან დაკავშირებულნი მეფესთან. სურათი მერვე საუკუნის ავბედითი ხანის ფონზე მეტად იდილიურად გამოიყურება, თუმცა მისი იდეოლოგიური სარჩული ჩვენ ამ სურათის გაგებაში დაგვეხმარება.
განძი და მეფობა
„არჩილის ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ, როდესაც ჰერაკლე კეისარმა დატოვა აღმოსავლეთი, განძი დაფლა მიწაში, რათა წინასწარმეტყველებით აღთქმული დრო რომ მოაწევდა, დაფლული განძი „ბერძნებს“ ხელახლა ამოეღოთ თავიანთი სამალავებიდან: „მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი“ [1, 230]. განძის დაფლვასთან ერთად, როგორც მემატიანე გვეუბნება, „შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თვისი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თვითოეულად განუყონ ქუეყანა და განძი“.
მაშასადამე, „გუჯართა“ აღწერა პორდაპირ მიუთითებდა, რომ განძის დაფლვა უშუალო კავშირში იყო ტერიტორიის ფლობასთან და წარჩინებულთა კანონიერ ძალაუფლებასთან, რაც მიანიშნებდა, რომ აგარიანთა წასვლის შემდგომ ყოველივე თავის კანონიერ უწინდელ სტატუსში უნდა აღდგენილიყო. როდესაც აგარიანნი ქართლში მოვიდნენ, ასევე მოიქცა ქართლის მეფე. მართალია, სტეფანოზი ერისმთავარია, მაგრამ „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ის ლეგიტიმური მეფური წარმომავლობის მქონეა, ხოსროიანია, ვახტანგ გორგასლის შთამომავალია უფროსი ძის დაჩის ხაზით, რადგან ადარნასე ბაკურის ძის შვილია. ის ლეგიტიმურია ქრისტიანი მეფის ბიზანტიური კონცეპტის თანახმადაც. იმპერატორი ბიზანტიურ პოლიტიკურ თეოლოგიაში გაიაზრება როგორც ღვთის ხატი; იმპერატორს ლეგიტიმურობას სძენს არა წარმომავლობა და დინასტიური პრინციპი, არამედ ღვთის კანონების თანახმად ცხოვრება და ქვეყნის მართვა [14, 17-23]. მემატიანე ხომ საგანგებოდ აღნიშნავს სტეფანოზის სარწმუნოებრივ პოლიტიკასა და მის დამსახურებას ამ სფეროში. როდესაც სტეფანოზმა დაფლა განძი და დასავლეთისაკენ გაემართა, ამით მან ჰერაკლეს ქმედება გაიმეორა, რაც მას, ავტორის შეხედულებით, კიდევ მეტ ლეგიტიმურობას სძენდა.
როგორც ცნობილია, განძი, მეფობის უნივერსალური სიმბოლოა. „ქართლის ცხოვრებაში“ მეფობის ლეგიტიმაციის სიმბოლოდ განძი უკვე გამოყენებულია „ფარნავაზის ცხოვრებაში“. ფარნავაზი სწორედ განძის პოვნით, რომელიც სიზმრით ნაწინასწარმეტყველები და სასწაულებრივად ზებუნებრივი ძალით იყო მითითებული, მოიპოვებს მეფობას ქართლის სამეფოში. ფარნავაზის ცხოვრების ეს სიუჟეტი და მისი სიმბოლიკა ფართოდ განიხილა ზურაბ კიკნაძემ [15]. როგორც მკვლევარი შენიშნავს, განძს მრავალი სიმბოლური კონოტაცია აქვს, რომელნიც ძალაუფლების იდეაში იყრიან თავს: განძი და ოქრო, დაფლული განძი და ტერიტორიის ფლობა, განძი როგორც ღვთის მადლი – დავლათი (შეად. დოვლათი), განძის პოვნა – მიღმური სამყაროდან მოპოვებული დასტური არა მარტო ამ განძის კანონიერ მფლობელობაზე, არამედ იმ მიწის პატრონობაზეც, რომელიც ამ განძს იფარავდა. „არჩილის ცხოვრების“ ავტორი ქართლის მეფობის იდეას განძის მეშვეობით სიმბოლურად გამოხატავს. მაგრამ თუ მითოლოგიურ ტექსტებში განძი ძალაუფლების პირდაპირი სიმბოლოა, „არჩილის ცხოვრების“ ავტორი თითქოს ამ სიმბოლოს რაციონალიზაციას ცდილობს. ის მკითხველს უხსნის, რომ განძი დაიფლა, რათა მომავალში „რაჟამს მოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კუალად გამოღებისა“ [1, 230]. ეს სიმბოლური სიუჟეტი გვეუბნება, რომ ქართლის ლეგიტიმური მეფობა შენახულია, დაფლულია და მას კანონიერი პატრონი დაეუფლება.
ქართლის ხოსროიან მეფეთა ტრიადა
მეფე არის ქვეყნის კეთილდღეობის გარანტი: ეს ლეგიტიმური მეფობის კიდევ ერთი უნივერსალური ფუნქციაა. ამ გარანტის როლს მეფე ღვთაებრივი მხარდაჭერით მოიპოვებს. ამიტომ მეფობის ლეგიტიმაციის დანიშნულების მქონე ტექსტებში, როგორც წესი დემონსტრირებულია, თუ როგორ იმარჯვებს ის ღვთის შეწევნითა და თანადგომით. სწორედ ასე იმარჯვებენ მირი და არჩილი ანაკოფიის ბრძოლაში. მეფეებმა მირმა და არჩილმა ანაკოფიის ციხეში დასვენებულ ღვთისმშობლის ხელთუქმნელ ხატთან ილოცეს და შემწეობა ითხოვეს. ამის შემდგომ არჩილს ღამე ანგელოზი ეჩვენა და უბრძანა „წარვედით და ეწყუენით აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე. და გან-რა-ხვიდეთ, გესმეს ბანაკით მათით ხმა ვაებისა და ტირილისა. ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა“ [1, 237]. ამას მოჰყვა, როგორც „არჩილის ცხოვრება“ გადმოგვცემს, ქართველთა (ქრისტიანთა) გამარჯვება ურწმუნოებზე. ეს გამარჯვება ავტორს წარმოდგენილი აქვს როგორც „ხოსროიან“ მეფეთა კიდევ ერთი დამსახურება ქრისტიანთა (იგივე ბიზანტიელთა) წინაშე. ამ დამსახურების წყალობით, არჩილმა და მირმა კეისრისაგან გვირგვინი მიიღეს, რაც მისი მეფობის აღიარებასა და დადასტურებას ნიშნავდა. მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რომლებიც „ბერძენთა მეფემ“ მოსწერა მირს, არჩილსა და ლეონს. ის ასე მიმართავს ლეონ ერისთავს: „ყოვლადვე საზღვართა ქართლისათა ჩვენგან ქნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანადადგომა და რგება. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად ნათელი მიიღეს ხელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშვიდობა. რამეთუ იგივე ვახტანგ შუამდგომელ იქმნა და ხრმლითა მისითა უკმოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუმცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა ბოროტი ეგე მტერი, შემომცასრულ იყო ვიდრე კონსტანტინოპოლემდე, და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულისხმისმყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგვითხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით “... [1, 239-240].
წერილში ხაზგასმულია, რომ მირისა და არჩილის ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ მესამე მნიშვნელოვანი სამსახურია, რომელიც ბერძენთათვის არჩილის წინაპართა საგვარეულოს – ნებროთის შთამომავლებს, მაშასადამე ქართლის „ხოსროიან“ მეფეებს გაუწევიათ. პირველი მირიანის გაქრისტიანებაა, მეორე გორგასლის მიერ პონტოს დიდი ქალაქის გადარჩენა და პალესტინისა და ჯაზირეთის ნაწილის ბიზანტიისათვის დაბრუნება. ხოლო მესამე არის არჩილისა და მირის მიერ არაბთა დამარცხება და ამით კონსტანტინოპოლის აღების დაბრკოლება. აქ „დიდი“ „ხოსროიანი“ მეფეების ტრიადა იკვეთება, რომელთაგან პირველ ორს მემატიანე „ღვთივგანბრძნობილად“ მოიხსენიებს. კეისრის ამ სიტყვებით, ვფიქრობ, სრულიად ღიად არის ნათქვამი, თუ ვის ინტერესებსა და რომელი სამეფო სახლის იდეოლოგიას გამოხატავს თხზულების ავტორი. ის „ბერძენთა“ (იგივე ქრისტიანთა) წინაშე არჩილის დამსახურებას არჩილისავე დინასტიის დიდი წარმომადგენლების კონტექსტში განიხილავს. იკვეთება „ხოსროიან“ მეფეთა ტრიადა: მირიანი, ვახტანგ გორგასალი და არჩილი. კეისრისაგან გამოგზავნილი გვირგვინიც სწორედ ამ დინასტიის მიერ გაწეული სამსახურისა და ღვაწლის დაფასებადაა წარმოჩენილი.
ამავე დროს საყურადღებოა, რომ კეისრის სიტყვებში ნახსენებია ის „გუჯრები“, რომელთა შესახებ ადრე იყო საუბარი და სადაც აგარიანთა გამოჩენისას „ბერძენთა“ მიერ აღნუსხული მეფეებისა და წარჩინებულთა ვინაობა, წარმომავლობა და სამფლობელოები ყოფილა მითითებული. ბერძენთა მეფეს, როგორც წერილიდან ვიგებთ, სწორედ ამ დოკუმენტით უსარგებლია და მასზე დაყრდნობით უცვნია მირისა და არჩილის მეფობა და წარმოუცია მათთვის გვირგვინი: მაშასადამე, ჰერაკლე კეისრის მიერ დაფლული განძისა და აღწერილ გუჯართა იდეოლოგიური საზრისიც სწორედ ეს არის. ამ გუჯართა საფუძველზე იბრუნებს ქართლის მეფე არჩილი სამეფო გვირგვინს. ამგვარად, ბერძენთა მეფის მიერ არჩილის მეფობის აღიარების სიუჟეტი ნათელს ფენს „არჩილის ცხოვრების“ დასაწყისში მოთხრობილი ამბის (ჰერაკლე კეისრის მიერ აღმოსავლეთის დატოვება, განძის დაფლვა, გუჯართა აღწერა) იდეურ და სიმბოლურ დატვირთვას. ამ სიუჟეტის მეშვეობით ავტორს სურს საქმის ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ლეგიტიმური მეფობა ქართლში არაბთა შემოსევის შედეგად გაუქმდა, ისევე როგორც იმპერიის მთელ აღმოსავლეთ ნაწილში. ნებროთის ძეთა მეფობა ვითარცა საუნჯე და განძი შენახული (დამარხული) იყო და არჩილისა და მირის ზეობის დროს აღდგა ბერძენთა მეფის დახმარებით როგორც ამ სამეფო საგვარეულოს ქრისტიანობისათვის გაწეული ღვაწლის დაფასება და აღიარება.
„თქუენი იყო მეფობა, ... ჩუენ თანავე იდიდნეთ“
ახლა, როცა ჰერაკლე კეისრის მიერ განძთა დაფლვისა და გუჯართა აღწერის იდეოლოგიური მიზანდასახულება გარკვეულია, ვფიქრობ, შესაძლებელია იმ წინასწარმეტყველების ხელახლა გააზრებაც, რომელიც ჰერაკლე კეისარმა მიიღო მაშინ, როცა აღმოსავლეთს ტოვებდა. „არჩილის ცხოვრებაში“ ორჯერ არის წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკი. პირველად, როდესაც ჰერაკლე ტოვებდა აღმოსავლეთს და, მეორედ, როდესაც იგივე წინასწარმეტყველება ბიზანტიის კეისარმა შეახსენა მირსა და არჩილს თავის ეპისტოლეში. პირველი წინასწარმეტყველება ასეთია: უთხრეს მეფესა ჰერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირად, რომელ არს შუამდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათამცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინმე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა“. და მონაზონისა მის სიტყვითა ესე უთხრეს ჰერაკლე მეფესა ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა „მშვიდობა შუამდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარხდეს შვიდნი შვიდეულნი“. შვიდეულისათვის ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმეს ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათვის, რომელ არს ორის ორმოცდაათი წელი“ [1, 230].
მეორეჯერ წინასწარმეტყველებაზე ლაპარაკობს „ბერძენთა მეფე“ თავის მიერ გამოგზავნილ წერილში მირისა და არჩილისადმი. თქუენი იყო მეფობა, სიმხნე და სიბრძნე ქართლსა შინა. „აწ დაღაცათუ იდევნებით, ჩუენ თანა მსახურებისათვის ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანავე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარხდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ“ [1, 239].
საქმე ისაა, რომ ეს წინასწარმეტყველება არის მთავარი არგუმენტი და მიზეზი იმისა, რომ „არჩილის ცხოვრება“ X-XI საუკუნის ძეგლად და ბაგრატიონთა ხანაში შექმნილ თხზულებად არის მიჩნეული. პირველად ეს თვალსაზრისი ივანე ჯავახიშვილმა გამოთქვა. მეცნიერი ასე მსჯელობდა: „არაბების შემოსევის შესახებ ნათქვამია, თითქოს ბიზანტიის კეისარს აფხაზთა ერისთავისათვის შემოეთვალოს: „დაადგერით სიმაგრეთა შინა თქვენთა, ვიდრემდის წავიდეს წელიწადნი მათნი სამასნი, რამეთუ ორას და მეერგასესა წელსა განიყოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წელიწადისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩვენსა და შევმუსრნეთ აგარიანნი“-ო. აქ ერთი სიტყვით ვითომდა წინასწარმეტყველებაა, რომ არაბთა ბატონობა საქართველოში 300 წელიწადს გასტანს. ჩვეულებრივ ამგვარი წინასწარმეტყველება ითხზვება ხოლმე პოსტ ფაქტუმ, და აქაც რასაკვირველია ცხადია, რომ როცა ჯუანშერს ეს ვითომცდა წინასწარმეტყველება თავის ისტორიაში შეჰქონდა, 300 წელიწადი არაბთა შემოსევიდან უკვე აღსრულებული და არაბთა ბატონობაც შესუსტებული იყო, ესე იგი XI საუკ. პირველ ნახევარში [9, 190].
ფაქტობრივად ასეთივე ინტერპრეტაცია წინასწარმეტყველებისა მოგვცა გივი წულაიამ, ოღონდ მისი გამოანგარიშებით, „წელიწადნი მათნი სამასნი“ გავიდოდა 938 წელს. ამოსავალი თარიღი გივი წულაიასათვის არის არა არაბების მიერ ქართლის დაპყრობა, როგორც ეს ივანე ჯავახიშვილს მიაჩნდა, არამედ ჰერაკლე კეისრის მიერ სირიის დატოვება 638 წ. მასაც ივანე ჯავახიშვილის კვალობაზე მიაჩნია, რომ წინასწარმეტყველება შეთხზულია პოსტ ევენტუმ [6, 52-53].
თუ კარგად დავუკვირდებით, ბიზანტიის კეისრის სიტყვებს, დავინახავთ, რომ ეს სიტყვები პოსტ ევენტუმ ვერ დაიწერებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ამ სიტყვების დამწერს მიაჩნია, რომ 300 წლის შემდგომ, როდესაც აგარიანთა მეფობა დაემხობა და ბერძენთა მეფობა აღდგება, ბერძნებთან ერთად სწორედ ის დინასტია აღდგება ქართლის სამეფოში, ვის დამსახურებაზეც ქრისტიანთა წინაშე ის ამდენს ლაპარაკობს: „თქუენი იყო მეფობა, სიმხნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით, ჩუენ თანა მსახურებისათვის ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანავე იდიდნეთ“. ეს სიტყვები, როგორც უკვე დავინახეთ, არჩილისა და მირის მიმართ არის მიწერილი და მათი დინასტიის დამსახურებასა და პატივს შეეხება. ასე რომ, როცა კეისარი ამბობს, რომ „ჩუენ თანავე იდიდნეთ“, ის, რა თქმა უნდა, ამავე დინასტიას გულისხმობს. ეს სიტყვები ამდენად მაშინ დაიწერა, სანამ დინასტიური ცვლილება მოხდებოდა ქართლის სამეფო ტახტზე. მაშასადამე, სწორედ VIII საუკუნე შესაფერისი დროა ამგვარი წინასწარმეტყველების წარმოსათქმელად. ჩანს ისიც, რომ ავტორი მკაფიოდ არ ამბობს, თუ როდის დაემხობა არაბთა მფლობელობა და აღდგება „ბერძენთა“ მეუფება. ერთგან ის შვიდ შვიდეულზე ლაპარაკობს და არც თუ ისე გასაგებია, თუ რატომ ნიშნავს შვიდი შვიდეული (7X7=49) არა დაახლოებით ორმოცდაათ წელიწადს არამედ ორასორმოცდაათს. შემდგომ უკვე ლაპარაკია სამას წელიწადზე. როგორც კორნელი კეკელიძემ აჩვენა, ჰერაკლე კეისრის გამომშვიდობება „აღმოსავლეთთან“ სირიასთან და არაბთა სამასწლოვანი ბატონობის შესახებ ცნობა სხვადასხვა სირიულ, სომხურ და ბერძნულ წყაროთა კონტამინაციას წარმოადგენს [16, 70-77]. ასე რომ, ამ ცნობას საქართველოს ისტორიის მოვლენათა ქრონოლოგიასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ერთი რამ ცხადია: ამ წინასწარმეტყველების იდეოლოგიური აზრი არა ქრონოლოგიურ მაჩვენებლებშია ჩადებული, რომლებიც შესაძლოა ინტერპოლაციაც იყოს, არამედ ქართლის „ხოსროიან“ მეფეთა ლეგიტიმურობის დადასტურებაში, რასაც ვერას გზით პოსტ ევენტუმ შეთხზულად ვერ მივიჩნევთ. როგორც ცნობილია, როდესაც არაბთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლდა საქართველო, სამეფო ტახტი უკვე ბაგრატიონთა დინასტიის ხელში იყო.
მიმაჩნია, რომ „არჩილის ცხოვრების“ ნარატივი სამეფო იდეოლოგიის თვალსაზრისით ორგვარი გაგების საშუალებას არ იძლევა: აქ ლაპარაკია „ხოსროიან“ მეფეთა, კერძოდ, არჩილისა და მირის კანონიერ უფლებაზე, რომელიც ბიზანტიის კეისრის მიერ იქნა აღიარებული.
ვფიქრობ, „არჩილის ცხოვრების“ ამ სიუჟეტს რეალურ-ისტორიული დასაყრდენიც ჰქონდა. საქმე ისაა, რომ არჩილი პირველი „ღმრთივგვირგვინოსანი“ მეფეა. მირონის კურთხევის ტექსტში, რომელიც XIII საუკუნით არის დათარიღებული, მაგრამ უთუოდ VII საუკუნის დედნიდან მომდინარეობს, რადგან მიქაელ ქართლის კათალიკოზის მიერ გაცემულ საბუთს წარმოადგენს, სადაც საუბარია არჩილის ბრძანებით ქართლში მირონის კურთხევის შესახებ, არჩილი მოხსენიებულია როგორც „ღმრთივ-გვირგვინოსანი“ [17, 47]. VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (680-681) ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის დადასტურებისა და მირონის კურთხევის ნებართვის მოპოვების დროს ქართლში არსებული პოლიტიკური ვითარება შეისწავლა ვახტანგ გოილაძემ. მისი აზრით, მირონი უკურთხებიათ დაახლოებით 682 წელს, იმ დროს, როდესაც „ჟამთა შლილობის“ გამო სტეფანოზ II ეგრისში გაიხიზნა და ქართლს მისი უმცროსი შვილი არჩილი მართავდა [18; 19]. ზედწოდება „ღმრთივ-გვირგვინოსანი“ არჩილამდე ქართლის ხოსროიან მეფეების მიმართ არ იხმარებოდა. როგორც აღვნიშნე, „არჩილის ცხოვრებაში“ მირიანი და ვახტანგ გორგასალი მოხსენიებულნი არიან როგორც „ღვთივგანბრძნობილი“ მეფეები. გარდა ამისა, 739 წლის ატენის სიონის ფრესკულ წარწერაში მოხსენებულია „ღმრთივგვირგვინოსანი“ მეფე. მისი სახელი სამწუხაროდ, არ არის გადარჩენილი. თუმცა ამ წარწერის მრავალმხრივი შესწავლის შედეგად, როგორც ერთადერთი შესაძლო ვარიანტი, გურამ აბრამიშვილმა აღადგინა სახელწოდება „არჩილი“ [20, 11-36].
როგორც ცნობილია, მეფეებად სახელდების უფლება საერთოდ არ ჰქონდათ ერისმთავრებს. ტერმინი „ღვთივგვირგვინოსანი“ ბიზანტიური მეფობის კონცეპტს გულისხმობს, სადაც მეფედ კურთხევის ცერემონიალის მთავარი შემადგენელი ნაწილი სწორედ გვირგვინის დადგმაა (და არა ცხება, როგორც ეს დასავლურ ქრისტიანულ ტრადიციაშია). ამიტომ „ღმრთივგვირგვინოსანი“ წოდება არჩილის მიმართ უსათუოდ ბიზანტიური გავლენით უნდა იყოს დამკვიდრებული. თუ აქამდე „ბერძენთა შიშისაგან“ ქართველი ერისმთავრები მეფობის სახელს „ვერ იკადრებდნენ“, ახლა არჩილის შემთხვევაში ეს შესაძლებელი გამხდარა. როგორც ჩანს, არაბთაგან შევიწროებულმა ბიზანტიის სამეფო კარმა, ქართლის სამეფო სახლს მეფის ტიტულის ტარების უფლება აღუდგინა, რისი გამოხატულებაც უნდა იყოს მთელი ეს სიმბოლური ნიშნებით შემკული სიუჟეტი კეისრის მიერ არჩილისთვის გვირგვინის გამოგზავნის შესახებ.
ამგვარად, „არჩილის ცხოვრება“ ცალსახად მირიანისა და ვახტანგ გორგასლის ჩამომავალთა და, კერძოდ, არჩილის სამეფო ლეგიტიმაციის ტექსტია. მაგრამ ამით არ სრულდება „არჩილის ცხოვრების“ იდეოლოგიური პროგრამა. ეს ისტორიული თხზულება უდაოდ წარჩინებულთა თუ დიდებულთა ლეგიტიმურობის საკითხითაც არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომ მას „დიდებულთა“ თუ „ფეოდალთა წრეში“ დაწერილ თხზულებად მიიჩნევენ.
ერისთავთა ნუსხა
ზევით უკვე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მკვლევრები ერისთავების სამეფო სახლთან დანათესავების სიუჟეტს, რომელიც „არჩილის ცხოვრებაშია“ მოცემული მთლიანად ან ნაწილობრივ ლეგენდარულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ აქ ფეოდალთა („ერისთავთა“) პრეტენზიაა გაცხადებული, თავიანთი საგამგეო ტერიტორიების შთამომავლობითი მფლობელობის დამკვიდრების შესახებ. განსახილველი ტექსტი ასე გამოიყურება: „ხოლო არჩილ მოუწოდა ერისთავთა ქართლისათა, და მისცნა ძმისწულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმისწულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა პეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის ხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ხევი და ტფილისი“ [1, 242].
მკვლევართა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ერისთავთა ეს ჩამონათვალი და მათ მიერ მირის ქალიშვილებთან დაქორწინების ფაქტი ისტორიულ სიმართლეს არ შეეფერება და როგორც უკვე ვთქვი, ერისთავთა წრეში წარმოშობილ ლეგენდას წარმოადგენს. ყველაზე რადიკალურად ეს მოსაზრება ვახტანგ გოილაძემ გამოთქვა [21, 47-48]. მკვლევარს მიაჩნია, რომ დასახელებული სიძეებიდან მხოლოდ ლეონ აფხაზთა ერისთავი შეიძლება იყოს არჩილ მეფის (VIII საუკუნის I ნახევრის მოღვაწის) თანამედროვე. ვახტანგ გოილაძეს არ დაეთანხმა ედიშერ ხოშტარია-ბროსე [7]. მკვლევარი მსჯელობს იმის შესახებ, რომ მოცემულ ჩამონათვალში ლაპარაკია არა თავად ერისთავთა ვინაობაზე, არამედ ხაზგასმულია მირის სიძე – ერისთავების წინაპრების ვინაობა. ჩანს თუ არა ეს თავად ტექსტიდან? ყველაზე პირდაპირი მითითება, სადაც ვახტანგ გორგასლის თანამედროვე პიროვნებებზეა ლაპარაკი აი, ეს არის: „მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა, რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა; მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთავე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი... მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა შვილთაგან რევისთა...“.
სამივე შემთხვევაში, თითქოს პირდაპირ არის ნათქვამი ხსენებულ პიროვნებათა შესახებ, რომ ისინი არიან ვახტანგ გორგასლის დროინდელი ერისთავები. „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ ნახსენები არიან ერისთავები: ნერსარან და ადარნასე და სპასპეტი ჯუანშერ. თუ უფრო ყურადღებით წავიკითხავთ ხსენებულ მონაკვეთს, ცხადი გახდება, რომ სიძე-ერისთავების ჩამონათვალში ყოველი ერისთავი წარმოდგენილია მისი სახელით, წინაპრის ვინაობით, საგამგეო ტერიტორიის მითითებით. ვახტანგ გორგასლის დროინდელ პიროვნებათა სახელებია ადარნასე, ნერსარან და ჯუანშერ, ხოლო სიძეების სახელწოდება გაორმაგებულია ადარნასე ადარნასიანი, ნერსე ნერსიანი, ჯუანშერ ჯუანშერიანი. ამიტომ ცხადია, პირველი ნაწილი ამ სახელწოდებისა – ნერსე (შესაბამისად, ადარნასე, ჯუანშერ) არის სახელი, ხოლო მეორე ნაწილი ნერსიანი (შესაბამისად, ადარნასიანი, ჯუანშერიანი) მიუთითებს ამ ნერსეს (ასევე, ადარნასეს, ჯუანშერის) წინაპრის ვინაობაზე. განსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება: „რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა“ ამ შემთხვევაში მიემართება სახელის მეორე ნაწილს ე. ი. წინაპარს. ამაზე მიუთითებს ასევე, კავშირის განსხვავებული ფორმით გამოყენება. მაგალითად წინადადებაში „მეხუთე მისცა ვარზმანს. და მისცა კოტმანითგან ქურდის-ხევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერისთავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტაგ მეფისა“ [1, 142].
აქ კავშირი „რომელი“ მიემართება უშუალოდ ამის წინ ნახსენებ ბარდაველ ერისთავს. შესიტყვებებში „ნერსეს ნერსიანსა“, „ადარნასეს ადარნასიანსა“ და „ჯუანშერ ჯუანშერიანსა“ – იმის მისანიშნებლად, რომ შესიტყვების მეორე წევრს განმარტავს, ავტორი „რომელი“-ის ნაცვლად ხმარობს „რომელი-იგი“-ს. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ ავტორის მიზანია ყველა ერისთავის წარჩინებული წინაპრის ვინაობა გააცნოს მკითხველს. ამგვარად, ის ასახელებს ერისთავთა (წარჩინებულთა) ვინაობას; გვეუბნება, რომ ეს წარჩინებულები სამეფო სახლთან უშუალოდ არიან დანათესავებული, რადგან მეფის ასულები შეურთავთ ცოლად, იმავდროულად ეს წარჩინებულები სახელოვანი წინაპრების შთამომავალნი არიან. ეს წინაპრებიც, თავის მხრივ „ხოსროიანთა“ სამეფო სახლთან ყოფილან დანათესავებულნი. ეს სანათესაო ქსელი ხსენებულ ერისთავებს საერისთავო თანამდებობათა (მითითებულია საერისთავოს საზღვრებიც) მემკვიდრეობითი ფლობის ლეგიტიმურ უფლებას აძლევს. დასტურდება ფეოდალური არისტოკრატიის იდეოლოგია, როდესაც ერისთავები თავიანთი საგამგეო უფლების მემკვიდრეობითი მფლობელობის ლეგიტიმურობას სამეფო ოჯახთან ნათესაობით, და ხოსროიან მეფეებთან ახლოს მყოფი წინაპრების შთამომავლობით ასაბუთებენ. ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბების რომელ საფეხურზე უნდა შექმნილიყო ამგვარი იდეოლოგია?
ნიკო ბერძენიშვილმა „ქართლის ცხოვრებაში“ მოცემული „სიძობის თეორია“ ბაგრატიონთა ხანაში, კერძოდ, XI საუკუნეში შექმნილად ივარაუდა. იგი წერს: „XI საუკუნე ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის საუკუნეა, მოხელეობისა და სამოხელეო ქვეყნების მკვიდრად დაუფლებისათვის. ... სიძობის თეორია მეტად უდგება სწორედ XI საუკუნეს...“ [10, 35]. შესაძლებელია თუ არა, რომ ამგვარი იდეოლოგია უკვე განმტკიცებული ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების პირობებში ვივარაუდოთ?
გურამ მამულიამ კიდევ უფრო განავითარა ნიკო ბერძენიშვილის იდეა, თითქოს „არჩილის ცხოვრებაში“ მოცემული ერისთავთა „ლეგენდა“ გამოხატავს ბაგრატიონთა სამეფო სახლთან დაპირისპირებული ფეოდალური არისტოკრატიის იდეოლოგიას. აი, როგორ და რატომ შეიქმნა ეს „ლეგენდა“ მისი აზრით: „IX საუკუნის მიწურულიდან, როდესაც აშოტ კურაპალატის ჩამომავალმა ადარნასემ „ქართველთა მეფის“ ტიტული მიიღო, ერისთავებს აღარ აკმაყოფილებდათ თავისი ბატონობის გასამართლებლად გადმოცემა „მკვიდრობის სიგელთა“ შესახებ და მათაც შეთხზეს ლეგენდა, რომ ერისთავები „სიძობის“ გზით ისევე „კანონიერად“ სხედან თავიანთ საერისთავოებში, როგორც თვით ბაგრატიონებმა კანონიერად დაიმკვიდრეს ქართლის მეფეთა ჩამომავალთა მიწა-წყალი“ [11, 126].
ეს მსჯელობა ეფუძნება ავტორის ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ბაგრატიონთა სახლის „მამამთავრებმა“ ადარნასემ და აშოტმა „გუარამიანთა“ სახლი დაიმკვიდრეს“, რადგან: „აშოტ დიდი დედის ხაზით „გუარამიანი“ ჩანს“ [11, 126]. ასეთ მსჯელობას ძალზე ბევრი მეთოდოლოგიური ხარვეზი აქვს. ჯერ ერთი, „გუარამიანი“ – ასეთ დინასტიას „ქართლის ცხოვრება“ (და არც სხვა ქართული წყაროები) არ იცნობს. თუ ამ გამოთქმაში პირველი ერისთავის გუარამ კურაპალატის „შვილობას“ გულისხმობს ავტორი, „ქართლის ცხოვრების“ ეს სიტყვა მას, პირდაპირი აზრით აქვს გაგებული. თავად გუარამ პირველის ლეგიტიმაციის საფუძველი კი, „ქართლის ცხოვრების“ მტკიცებით, „ხოსროიანთა“ დინასტიასთან ნათესაობით (ვახტანგ გორგასლის დისწულობით) იყო განმტკიცებული. ამდენად, მხოლოდ „გვარამიანობა“ ჯერ კიდევ იდეოლოგიური საფუძვლის როლს ვერ შეასრულებდა. მეორე, წარმოდგენილი იდეოლოგიური კონცეფცია ეფუძნება მკვლევრის ვარაუდს, რომ ადარნასე ბაგრატიონი „სიძობით“ იმკვიდრებს მამულს. განა, „სიძობის“ სიუჟეტის განხილვა და მისი იდეოლოგიური მიზანდასახულების რეკონსტრუქცია შესალებელია „არჩილის ცხოვრების“ სიმბოლიზმის გაუაზრებლად და, საერთოდ, ამ თხზულების საერთო კონტექსტიდან მოწყვეტით? დაბოლოს: მიმაჩნია, რომ განსახილველი სიუჟეტი „სიძობის“ შესახებ, ვერას გზით ვერ იქნებოდა ფეოდალური არისტოკრატიის იდეოლოგიური დასაყრდენი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „ხოსროიანთა“ სიძობა არგუმენტის როლს ვეღარ ითამაშებდა იმ დროს, როდესაც ბაგრატიონთა სამეფო სახლს ბევრად მძლავრი იდეოლოგიური დასაყრდენი ჰქონდა – ამ დინასტიის ღვთაებრივი წარმომავლობა: ბაგრატიონთა იესიან-დავითიანობა და უფლის იესო ქრისტეს ნათესაობა. სიცხადისთვის გ. მამულიას თვალსაზრისის ოდნავ უტრირებას მოვახდენ. ის დაახლოებით ასე მსჯელობს: დიდებული მოხელეები ამ თავის მიერ შეთხზული ლეგენდის საშუალებით ეუბნებიან მეფეს – „როგორც თქვენ გახდით მეფეები, გორგასლის ჩამომავალთა სიძობით, ჩვენც ასევე შეგვიძლია გახელმწიფება. ყოველ შემთხვევაში, მამულების მკვიდრად დაუფლება მაინც ხომ შეგვიძლიაო“. კი მაგრამ, ასეთი გულუბრყვილოები იყვნენ ერისთავები? მათ განა არ იცოდნენ, რომ ბაგრატიონების იდეოლოგიურ არსენალში უკვე ძლიერი კონტრარგუმენტი იყო:, ისინი ხომ ღვთისგან არიან გახელმწიფებული და არა „სიძობით“? გურამ მამულიას მსჯელობა ერისთავთა იდეოლოგიის შესახებ უფრო ახალი დროის რაციონალისტურ და ლოგიკურ არგუმენტაციას ჰგავს, ვიდრე შუა საუკუნეების რელიგიური სულით გაჟღენთილ იდეოლოგიურ ნარატივს. ამის მიზეზი ისაა, რომ საბჭოური პერიოდის ქართული ისტორიოგრაფია, სამწუხაროდ არ სვამდა ასეთ კითხვებს: რა მენტალურ გარემოში იმკვიდრებდა თავს შუა საუკუნეების ადრეფეოდალური თუ ფეოდალური ხანის არისტოკრატია? რა იდეები ედო საფუძვლად ფეოდალიზმის სოციალურ ინსტიტუციებს? როგორ, რა სიმბოლოებით და სახეებით გამოხატავდა არისტოკრატია თავის პრივილეგირებულ სტატუსს?
2. ადრეფეოდალური არისტოკრატიის კულტურული იდენტობა და იდეოლოგია
როგორია ფეოდალური ურთიერთობის არსი? როგორია არისტოკრატიის იდეოლოგიისა და კულტურული იდენტობის ქმნადობის პროცესი? ამ კითხვებზე თუნდაც ძალიან მოკლე პასუხი აუცილებელია, რომ საანალიზო თხზულების ინფორმაციის ადეკვატური ინტერპრეტაცია შევძლოთ.
მსოფლიო ისტორიაში ფეოდალური ურთიერთობის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს დასავლეთ ევროპული ფეოდალიზმი, რომელიც დასავლურ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი. ამ ლიტერატურაზე დაყრდნობით, შევეცდები მოკლედ გადმოვცე ის ძირითადი დასკვნები, რომლებიც ფეოდალური ურთიერთობის სოციალურ, იდეოლოგიურ და კულტურულ საფუძველს შეეხება.
საკუთრივ ფეოდალიზმის ისტორია დასავლეთ ევროპაში კაროლინგების სახელმწიფოდან იწყება. სწორედ კაროლინგების ხანაში განხორციელებულმა რეფორმებმა, რომლებიც იმპერიის გამტკიცებისაკენ იყო მიმართული და მასშტაბურ იდეოლოგიურ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს გულისხმობდა, განმსაზღვრელი როლი ითამაშა ფეოდალური სისტემის ჩამოყალიბებაში. 733 წელს კარლოს მარტელის მიერ პუატიესთან მოპოვებული გამარჯვების შემდგომ, როდესაც დასავლეთში ისლამური მოწოლა შეჩერებულ იქნა, ფრანკთა სამეფოში ადმინისტრაციული და კულტურული აღორძინების ხანა დაიწყო. კაროლინგური ფრანკთა სამეფოს ადმინისტრაციული ღონისძიებები ძირითად ხაზებში ასეთი იყო: შეიქმნა ადმინისტრაციული ქსელი, რომელიც ფარავდა იმპერიის მთელ ტერიტორიას. ამ ქსელის ძირითადი ერთეული იყო საგრაფო (county – ქართული ერისთავის შესატყვისი ლ.პ.). გრაფი აღჭურვილი იყო სამხედრო და სასამართლო ხელისუფლებით. გრაფებად ინიშნებოდნენ მეფის სანდო და ერთგული პირები წარჩინებულთა წრიდან. გრაფი არ იყო მემკვიდრეობით დაკავშირებული თავის თანამდებობასთან, ის შეიძლება სხვა რეგიონში გადაეყვანათ ან გაეთავისუფლებინათ თანამდებობიდან, თუმცა ასეთი შემთხვევები არც თუ ხშირი იყო. ქორწინებებისა და მიგრაციების საშუალებით ხელისუფალთა ამ წრის მობილურობა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ შექმნილიყო „სუპრა ეთნიკური“ არისტოკრატია, რომელიც, პერი ანდერსონის თქმით „დაჟღენთილი იყო იმპერიული იდეოლოგიით“ [22, 137-142].
კომიტალური (საგრაფოების) ქსელის ინტეგრაციას ხელს უწყობდა ასევე, missi diminici-ის ინსტიტუცია. ისინი იყვნენ იმპერატორის უშუალო წარმომადგენლები, რომლებიც წყვილ-წყვილად იგზავნებოდნენ იმპერიის სხვადასხვა ნაწილში განსაკუთრებით რთული პრობლემების გადასაჭრელად. missi diminici რეგულარული ინსტიტუცია გახდა 802 წლიდან კარლოს დიდის დროს. კაროლინგური იმპერიის ამ სახელმწიფო მანქანას, მაინც ბევრი ხარვეზი ჰქონდა; მაგალითად, სერიოზული ბიუროკრატული სისტემის არარსებობა. თუმცა კაროლინგების ადმინისტრაციულმა სისტემამ მაინც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ფეოდალური სისტემის წარმოშობა ამ ადმინისტრაციული სისტემის მიღმა, მაგრამ მასთან მჭიდრო კავშირში მიმდინარეობდა. ეს იყო ვასალიტეტის წარმოშობა. უკვე კარლოს დიდის ეპოქაში ჩამოყალიბდა მიწის გასხვისებისა და სამსახურის ერთიანი სისტემა. მერვე საუკუნის ბოლოს „ვასალობა„ (პირადი ერთგულება) და „ბენეფიციუმი“ (მიწის საჩუქრად გაცემა) შეერწყა ერთმანეთს, ხოლო მეცხრე საუკუნიდან „ბენეფიციუმი“ კიდევ უფრო მეტად გახდა ასოცირებული საჯარო თანამდებობასთან და იურისდიქციასთან (ჰონორ). მიწის გაცემა აღარ იყო საჩუქარი, არამედ ეს იყო პირობითი მფლობელობა ფიცით აღთქმული სამსახურისთვის. ასევე წარმოიშვა იმპერატორის უშუალო ვასალთა (Vassi dominici) კლასი. უზენაესი ხელისუფლების ვასალები სარგებლობდნენ სამართლებრივი იმუნიტეტით და დაცულნი იყვნენ კომიტალური ჩარევისაგან (საგრაფოებისაგან დამოუკიდებელნი იყვნენ). როგორც ფეოდალური საზოგადოების ცნობილი სპეციალისტი ფრანსუა ლუი განსჰოფი აღნიშნავს, კარლოს დიდმა გარდა იმისა, რომ სამეფო ვასალების რაოდენობა გაზარდა, გრაფებს და მაღალი თანამდებობის სხვა პირებს უყენებდა მოთხოვნას, რომ მისი პირადი ვასალები გამხდარიყვნენ. ამ უკანასკნელთგან განსხვავებით, სამეფო ვასალებს (Vassi dominici) არ ჰქონდათ გადაცემული თანამდებობა (honor), მაგრამ სამაგიეროდ ჰქონდათ ბენეფიციუმები სამეფოს სხვადასხვა კუთხეში. სწორედ ამ ადამიანებს ეყრდნობოდა მეფე ადგილობრივი დიდებულების მიერ ძალაუფლების უზურპაციის თავიდან ასაცილებლად [23, 52-53]. IX საუკუნის ბოლოდან და X საუკუნის დასაწყისიდან დინასტიური და რეგიონული სამოქალაქო ომებისა და ვიკინგების, მუსულმანთა თუ მადიარების საგარეო შემოტევის შედეგად ცენტრალური ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდა და ადგილობრივმა დიდებულებმა მოახერხეს სამეფო ვასალთა საკუთარი ხელისუფლებისათვის დაქვემდებარება. საბოლოო შედეგი ამ სისტემისა კი იყო ფეოდის წარმოქმნა. (ფეოდი არის გაცემული მიწის ფართობი, რომელიც აღჭურვილია იურიდიული და პოლიტიკური ძალაუფლებით სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ). მას შემდეგ, რაც ბენეფიციუმი დაუახლოვდა თანამდებობას, ეს უკანასკნელიც მემკვიდრეობითი გახდა. ბენეფიციუმის სისტემამ მოიტანა კაროლინგების ისედაც სუსტი სახელმწიფო აპარიტის რღვევა და კომიტალური სისტემის მოშლა. 890-იანი წლებისათვის გრაფები რეგიონალურ მემკვიდრეობით ლორდებად იქცნენ. მთელი სახელმწიფო დაისერა კერძო სასახლეებითა და ციხეებით, რომლებსაც სენიორები აგებდნენ ყოველგვარი იმპერიული ნებართვის გარეშე. ციხე-სიმაგრეების ლანდშაფტი უკვე განვითარებული ფეოდალური საზოგადოების თვალნათლივი გამოხატულება იყო. მიუხედავად ამისა – შენიშნავს განსჰოფი – საბოლოო ჯამში ვასალიტეტი მაინც ის საშუალება იყო, რომელმაც დაიცვა სახელმწიფო სრული დეზინტეგრაციისაგან [23, 60-61].
ცვლილებები საზოგადოებრივ წყობილებაში ფეოდალური არისტოკრატიის იდეოლოგიაშიც აისახა. როგორ წარმოაჩენდა საზოგადოების ეს ნაწილი თავის სოციალურ განსხვავებულობას კულტურის დონეზე? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს რეგინ ლე ჟანი თავის წერილში „ტრადიცია და ინოვაცია მეათე საუკუნის არისტოკრატიაში“ [24, 53-68]. კაროლინგების საზოგადოების მოწყობის იერარქიული იდეა შესაბამის გამოძახილს პოვებდა არისტოკრატულ იდენტობაში. იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იდგა მეფე. მართალია, თავად ეს საგვარეულო არისტოკრატთა წრიდან მომდინარეობდა, მაგრამ ეკლესიისა და დიდებულთა დახმარებით, ამ სამეფო სახლმა თავისი ლეგიტიმურობის ძიება ღმერთში დაიწყო. და მიიღო კიდევაც წოდება Gratia Dei Rex, რომელიც ღვთაებრივი მადლისა და სამეფო სახლის კავშირს გამოხატავდა. კაროლინგებმა განავითარეს კონსენსუსის იდეოლოგია და პრაქტიკა. სოციალური აღმასვლა შესაძლებელი იყო მეფესთან სიახლოვის საშუალებით და სამეფო ოჯახის წევრთან ქორწინების გზით. Domus Carolingica ეს არის დინასტია და მის გარშემო ორგანიზებული ფართო კოგნატური განშტოებები. დიდებულთა ეს სახლები, თავის მხრივ, ბატონობდნენ სანათესაოსა და ერთგულთა ვრცელ ქსელზე. ასე რომ, კაროლინგების დროინდელი არისტოკრატია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მოწყობილია Domus Carolingica-ს გარშემო. „მაშინღა გამოჩნდა კაროლინგების წამოწყების მარცხი – წერს ავტორი – როდესაც 879 და შემდეგ 888 წელს მთავრებმა აირჩიეს მეფე, რომელიც არ ეკუთვნოდა კაროლინგების საგვარეულო სახლს... კონსენსუსი დაირღვა“ [24, 56]. დიდებულებმა განაცხადეს, რომ კაროლინგების სახლს აღარ გააჩნია მონოპოლია სამეფო ხელისუფლებაზე, იმ შემთხვევაშიც თუ არავინ უპირისპირდება მის ლეგიტიმურობას. თანდათან და უკანმოუბრუნებლად ყველა სამთავრო სახლმა (princely families) დაიწყო მეფის დარად თავისი ძალაუფლების განმტკიცება და ლეგიტიმაცია. დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ძალაუფლება, რომელსაც ისინი ფლობენ მეფისგან კი არ არის დელეგირებული, არამედ მომდინარეობს ღვთისაგან და დიდებული ოჯახის ღირსებისაგან. „როცა ბერნარ პლანტევილი [Plantevelue „ბანჯგვლიანი თათები“ (ეს სახელი მას შეერქვა მისი მელიის დარი ეშმაკობის გამო)], წერს ავტორი, ბედავს და თავის თავს უწოდებს Gratia Dei Comes (გრაფი ღვთის მადლით), ჯერ 864 და შემდეგ 886 წელს, გადამწყვეტი საზღვარი უკვე გადალახულია. სხვა მთავრებიც მეტ-ნაკლები სისწრაფით მიჰყვებიან მის მაგალითს“ [24, 56].
ამგვარად, კაროლინგების დროინდელი არისტოკრატია თავის ლეგიტიმურობას ამ სამეფო სახლთან ნათესაობით ამკვიდრებს. მისი სიამაყის საგანს წარჩინებული წინაპრებიც წარმოადგენენ. მთელი არისტოკრატული ქსელი კაროლინგების ოჯახის ღვთაებრივი მადლმოსილების მეფური დიდების შუქის ფონზე განიხილება. კაროლინგების დროინდელი სამეფო სახლი და არისტოკრატია ერთი დინასტიის დიდებასა და ღვთაებრიობას ინაწილებს.
ადვილად შესამჩნევია, რომ ზემოთ წარმოდგენილ ფეოდალიზმის ევროპულ მოდელს არაერთი პარალელი ეძებნება „არჩილის ცხოვრებასთან“.
ადრეფეოდალური ხანის სოციალური და იდეოლოგიური სურათი „არჩილის ცხოვრებაში“
თუ ადრეფეოდალური ხანის ფრანკული არისტოკრატია წარმოგვიდგება როგორც ერთი დიდი სანათესაო ქსელი, რომელიც კაროლინგების დინასტიის გარშემო იყრის თავს, „არჩილის ცხოვრებაში“ დაცული სურათის მიხედვით ასევე, ადრეფეოდალური ხანის ქართლის არისტოკრატიაც წარმოგვიდგება როგორც მირიანისა და ვახტანგ გორგასლის სამეფო დინასტიის – „ხოსროიანების“ გარშემო „მოქსოვილი“ სანათესაო ქსელი:
პირველი ერისთავი მეფე არჩილის „მამის ძმის წული“ და გუარამ კურაპალატის „შვილია“. ეს გამოთქმა ასე უნდა გავიგოთ: არჩილის „მამა“ ანუ წინაპარი დაჩია, დაჩის ძმა – მირდატი. მირდატის „შვილი“ ე.ი. შთამომავალი არის ხსენებული ერისთავი, რომელიც იმავდროულად გუარამ კურაპალატის „შვილიც“ ე.ი. შთამომავალიც არის. გუარამ კურაპალატის „შვილობა“ აქ პირდაპირი აზრით არ უნდა გავიგოთ. (ასეთმა ინტერპრეტაციამ მთელი რიგი უზუსტობები გამოიწვია. მაგალითად, გურამ მამულიამ მიიჩნია, რომ „არჩილის ცხოვრების“ ერისთავთა ჩამონათვალში ნახსენები გვარამი არის „მოქცევაი ქართლისაიში“ მეორე სტეფანოზის შემდეგ დასახელებული გუარამ კურაპალატი [25, 97]. ვინაიდან მამულიამ არჩილის მამა – სტეფანოზი და „მოქცევაი ქართლისაის“ მეორე სტეფანოზი ერთ პიროვნებად მიიჩნია, გამოვიდა, რომ გუარამ ერისმთავარი იყო არჩილისა და მირის ძმა და გუარამის შვილმა თავისი ბიძაშვილი შეირთო ცოლად, ხოლო არჩილმა – თავისი ძმის შვილი [11, 120-126], რაც, ბუნებრივია, დაუშვებელია შუა საუკუნეების ქრისტიანული სამართლის ნორმების მიხედვით. „ქართლის ცხოვრება“ არჩილამდე მხოლოდ ერთ გუარამს ასახელებს და, ბუნებრივია, ავტორი როგორც „ქართლის ცხოვრების“ იდეოლოგიური ტრადიციის მიმდევარი და გამგრძელებელი, სწორედ ამ გვარამს გულისხმობს და არა „მოქცევაი ქართლისაიში“ დასახელებულ მეორე გუარამს.
მეორე ერისთავი ჩამონათვალში არის „პეროზის ნათესავი“. პეროზი კი, როგორც ვიცით, ქართლის „ხოსროიანთა“ დინასტიის მამამთავრის მირიან მეფის „თვისი“ ანუ ნათესავი იყო [26, 68].
მესამე, მეოთხე და მეექვსე ერისთავებზე უკვე გვქონდა საუბარი – ისინი ვახტანგ გორგასლის დროინდელი ერისთავების შთამომავლობით ამაყობენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვახტანგ გორგასლის დროინდელი არისტოკრატია (მკვიდრნი) „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ მოიხსენებიან, როგორც „ნათესავნი მეფეთა ქართლისათანი“ [1, 161], ვერც აქ გამოვრიცხავთ სამეფო სახლთან ნათესაობის ფაქტს.
მეხუთე ერისთავი – ვარზმანი კი ყოფილა სპარსთა ერისთავის ბარდაველის „ნათესავი“, ე.ი. შთამომავალი. ავტორი არ ივიწყებს, შეგვახსენოს ამ უკანასკნელის ვახტანგ გორგასალთან კავშირი („რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა“ [1, 242].
როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილთაგან ყველა „ხოსროიანთა“ საგვარეულოსთან არის კავშირში. გამონაკლისი მხოლოდ ლეონ აფხაზთა ერისთავია, და მის შესახებ საგანგებოდ ლაპარაკობს ავტორი. ამგვარად, „არჩილის ცხოვრებაში“ წარმოდგენილი ეპიზოდი ერისთავების სამეფო სახლთან ქორწინების გზით დანათესავების შესახებ, ადრეფეოდალური ხანის არისტოკრატიის იდეოლოგიის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. „არჩილის ცხოვრებაში“ არ შეინიშნება დაძაბულობა სამეფო საგვარეულოს („ხოსროიანებსა“) და ფეოდალებს შორის. პირიქით, ფეოდალები თავიანთ წარჩინებულობას, და მასთან დაკავშირებულ პრივილეგიებს სამეფო სახლთან ნათესაობით განამტკიცებენ. თხზულების აშკარა იდილიური ტონი, და ის ჰარმონია, რომელიც მეფესა და ერისთავებს შორისაა დამყარებული მიუთითებს, რომ „კონსენსუსი ჯერ დარღვეული არ არის“ (რეგინ ლე ჟანის გამოთქმის პერიფრაზი ლ.პ.). ფეოდალური არისტოკრატია ჯერ თავის ღვთაებრივ წარმომავლობაზე არ ლაპარაკობს და მხოლოდ მეფის ღვთაებრივი შარავანდედის ჩრდილში ყოფნით კმაყოფილდება. ცოტა მოგვიანებით, IX საუკუნის დასაწყისიდან, კონსენსუსი მეფესა და არისტოკრატიას შორის დაირღვა და ბაგრატიონებმა საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობის მითი შექმნეს და დაიმკვიდრეს კიდევაც სამეფო ხელისუფლება. მაგრამ „არჩილის ცხოვრების“ მიხედვით ბაგრატიონთა წარმომადგენლები ჯერ კიდევ „ხოსროიანთა ნათესაობის“ საფუძველზე ეძიებენ თვითდამკვიდრების გზებს.
როგორც უკვე ვახსენე, დიდებული ერისთავები თავიანთი წინაპრების – მირიანისა და ვახტანგ გორგასლის დინასტიასთან ნათესაური კავშირით ამაყობენ. გამონაკლისი ლეონ აფხაზთა ერისთავია. აი, რას გვეუბნება „არჩილის ცხოვრება“ ამ უკანასკნელისა და მეფის ურთიერთობის შესახებ: ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩვენ ადგილთა შენთა მშვიდობით: გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათვის რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა“. ხოლო ლეონ რქუა: „მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარდემდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი ესე ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს. „მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმისწული მისი გურანდუხტ და გვირგვინი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთვის. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა“ [1, 242-243].
ლეონისა და არჩილის დიალოგი ვასალად შედგომის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ვასალად გახდომის ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ერთგულების ფიცი. კაროლინგების იმპერიაში ვასალად შედგომის სამართლებრივ-რიტუალური ცერემონია შედგებოდა ვასალის მიერ პატრონის ხელებში თავისი ხელების მოთავსებისა და ერთგულების ფიცისაგან, რომლსაც სიწმინდეებზე ხელის დადებით მომავალი ვასალი მომავალ სიუზერენს აღუთქვამდა [23, 26]. სწორედ ასეთი ფიცის მიცემაა აღწერილია „არჩილის ცხოვრებაში“, როცა ლაპარაკია ლეონ ერისთავის მიერ არჩილის ყმობაზე: „და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა“. ზევით უკვე იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ფეოდალური ურთიერთობის დასაწყისი აღინიშნა იმით, რომ ერთგულების ფიცი და ვასალისათვის ბენეფიციუმის (მომავალი ფეოდის) გადაცემა უშუალოდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ამ წესის არსებობაც კარგად ჩანს არჩილისა და ლეონ ერისთავის დიალოგიდან. ლეონმა იცის, რომ მისი ვასალად („შვილად და ძმად“) შედგომა აუცილებლობით გულისხმობს მისთვის მიწა-წყლის ბოძებას. ამიტომ ის არჩილს ეუბნება: „არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემიცა ესე შენდავე იყოს“. ეს უკვე ფეოდალური ურთიერთობის დასაწყისის მაუწყებელია. თუ ვახტანგ გორგასალი არისტოკრატიას – მკვიდრებს მეფეთა ნათესაობის პრინციპით არჩევდა, ფეოდალური ურთიერთობის ანუ ვასალიტეტის პირობებში სიუზერენისა და ვასალის ურთიერთობაში მიწის თუ სამოხელეო თანამდებობის ბოძებისა და სანაცვლოდ ერთგულების ფიცის მიცემის პრინციპი შემოდის. ამ შემთხვევაში ჩანს ლეონ ერისთავი არჩილის ვასალად რაცხს თავს, თუმცა მისი სტატუსი, როგორც ჩანს, დანარჩენ ერისთავებზე უფრო მაღალია – ის ხომ „შვილიცა“ და „ძმაც“ არის ერთროულად და თანაც არჩილისგან მხოლოდ „სახელოს“ იღებს და არა მის წილ ტერიტორიას, რომლის მკვიდრობით მფლობელი იგი ისედაც იყო („მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკვიდრობით კეთილად სიმხნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკვიდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარდემდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის“).
არჩილის ვასალი ხდება ადარნასე მთავარიც: „მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავთაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან და რქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკვიდრი შენი, მომეც ქუეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი“ [1, 243].
წარმოდგენილი მონაკვეთიდან კარგად ჩანს, რომ ვასალად გახდომა აუცილებლად დაკავშირებული იყო „ქუეყნის“ გადაცემასთან. არ ჩანს, რომ არჩილს რაიმე სამოხელეო თანამდებობა გადაეცა ადარნასესთვის, აქ მხოლოდ ქვეყნის ბოძებაზე და ამის სანაცვლოდ გაწეულ სამსახურზეა ლაპარაკი. ადარნასე მეფის უშუალო ვასალი ხდება („ვითარცა მკვიდრი შენი“) და ამის სანაცვლოდ იღებს ბენეფიციუმს („ქუეყანას“). ვინ არის ადარნასე თუ არა მეფის უშუალო ვასალი (შეადარე კაროლინგების დროინდელი vassi dominici). აქ მხოლოდ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რომლებიც კაროლინგების დროინდელ ამ ფეოდალურ ინტიტუტებზე უკვე ვთქვი: სამეფო ვასალებს (vassi dominici) არ ჰქონდათ გადაცემული თანამდებობა (honor), მაგრამ სამაგიეროდ ჰქონდათ ბენეფიციუმები სამეფოს სხვადასხვა კუთხეში. სწორედ ამ ადამიანებს ეყრდნობოდა მეფე ადგილობრივი დიდებულების მიერ ძალაუფლების უზურპაციის თავიდან ასაცილებლად [23, 52-53]. მართლაც, არჩილი ადარნასეს აძლევს არა ერთ ქვეყანას, არამედ ორს, თანაც ქვეყნის საკმაოდ დაცილებულ რეგიონებში (შულავერი და არტანი). აქედან უნდა დავასკვნათ, რომ მეფის უშუალო ვასალებს (vassi dominici) ქართულ ადრეფეოდალურ სინამდვილეში ეწოდებოდა „მეფის მკვიდრი“. მკვიდრი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინი იყო, მიწისმფლობელობასთან და თავისუფლებასთან მისი კავშირი სრულიად აშკარად ვლინდება ზემოთ განხილულ „ქართლის ცხოვრების“ წინამავალ მონაკვეთებში. ამჟამად მკვიდრი ტერმინი გვხვდება უკვე სრულიად განსხვავებული სოციალური შინაარსით. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ „არჩილის ცხოვრება“ განსხვავებულ სოციალურ გარემოში იქმნება, ვიდრე „ქართლის ცხოვრების“ წინა ნაწილი. ადარნასეს ვინაობის შესახებ ავტორი მნიშვნელოვნად თვლის მკითხველს შეატყობინოს მისი დიდებული წარმომავლობა: „მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავთაგან დავით წინასწარმეტყველისა, სახელით ადარნასე, ძმისწული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო“. კარგად ჩანს, რომ აღნიშნული წარმომავლობა, ავტორის აზრით, ადარნასეს სოციალური სტატუსის შესაფერისია. ჩანს, რომ ცნობა იმ დროისაა, როცა ბაგრატიონთა საგვარეულო გენეალოგიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამეფო იდეოლოგიისათვის საჭირო გაფორმება და სტატუსი მინიჭებული. ყოველ შემთხვევაში, არჩილის დინასტიური პრეტენზიების გამომხატველ თხზულებაში ეს ასე გამოიყურება.
როდესაც ავტორი ამბობს, რომ არაბთა შემოტევის ჟამს ადარნასე კლარჯეთში გვარამ კურაპალატის „შვილთა თანა“ იყო ჩასული, მას ეს ისე ბუნებრივად აქვს წარმოთქმული, რომ გვაფიქრებინებს – ავტორს მათი ნათესაობის შესახებ კარგად მოეხსენება: „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ხომ გუარამ ერისმთავარი ბაგრატიონთა ქართული დინასტიის მამამთავარია. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ტექსტი ასე უნდა გავიგოთ: არაბთაგან შევიწროვებული ადარნასე ბაგრატიონი სომხეთიდან გამოქცეულა და თავის ნათესავებთან კლარჯეთში შეუფარებია თავი. რატომ არ ლაპარაკობს „არჩილის ცხოვრების“ ავტორი გუარამის „შვილთა“ ბაგრატიონობის შესახებ? ცხადია, იმიტომ, რომ, როგორც ზემოთ ვაჩვენე, „არჩილის ცხოვრებაში“ გუარამის შთამომავალი ერისთავი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ერისთავი ჯერ კიდევ „ხოსროიანი“ ნათესაობით მოიპოვებს ლეგიტიმურობას.
„არჩილის ცხოვრებაში“ ნათქვამია, რომ როდესაც არჩილი კახეთში დამკვიდრდა („მოვიდა არჩილი კახეთად“), „ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურყვნა იგინი“ [1, 243]. „ტაძრეულნი“, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ადრეფეოდალური სოციალური სინამდვილის ამსახველი ტერმინია. მისი ამგვარი ინტერპრეტაცია ქართულ ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია შენიშნულია. ანრი ბოგვერაძე იზიარებს ნიკო ბერძენიშვილის შეხედულებას და ლაპარაკობს ტაძრეულის ინსტიტუტის სასახლის (ძვ. ქართული „ტაძრის“) მსახურიდან წარმომავლობის შესახებ: „შემდეგში „მსახურნი“, რომლებიც მანამდე ძირითადად ალბათ უფლის კარზე და უფლის ხარჯზე ცხოვრობდნენ, ფეოდალური ურთიერთობის განვითარების შემდეგ თანდათან უფლისაგან სამსახურის სანაცვლოდ ნაბოძები მიწების მქონებელნი შეიქნენ“ [27, 207]. „ტაძრეული“, როგორც ავტორი ფიქრობს, წამოდგება წინაფეოდალური საზოგადოების იმ ფენიდან, რომელიც, სტრაბონის თქმით „სამეფო მონები„ იყვნენ და რომელთაც ლაოი ეწოდებოდა [27, 208]. გიორგი მელიქიშვილი „ტაძრეულს“ ადარებს სომხურ სინამდვილეში დადასტურებულ „ვოსტანიკის“ სოციალურ ინსტიტუტს: „ვოსტანიკები“ თავისუფალი მიწათმოქმედები იყვნენ და სამეფო მიწაზე (ვოსტან) ცხოვრობდნენ... ამ მიწის მესაკუთრედ მეფე რჩებოდა. ვოსტანიკები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი სამეფო ხელისუფლებასთან და სამეფო ცხენოსანი ჯარის ძირითად ნაწილს ქმნიდნენ. მარზპანობის პერიოდშიც კი ნახარარული ლაშქარი უპირისპირდებოდა ვოსტანიკებისგან შექმნილ ლაშქარს“ [28, 606-607].
ტაძრეულის შესახებ „არჩილის ცხოვრება“ უფრო ადრეც ლაპარაკობს. არჩილსა და მირს ანაკოფიის ბრძოლაში ახლავან „ტაძრეულნი“. ჩანს, რომ ეს მეფის უშუალო მცველი რაზმია: „და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერისთავთა და პატიახშთა ათასი ოდენ და სპანი აფხაზთა მბრძოლი ორი ათასი“ [1, 237]. მაშასადამე, ბრძოლაში მონაწილეობს სამი სხვადასხვა სამხედრო შენაერთი. 1) ტაძრეულნი – სიმრავლე მცირედი; 2) ნათესავნი ერისთავთა და პატიახშთა – ათასი ოდენ; 3) სპათაგან აფხაზთა – ორი ათასი. აქაც, ისევე როგორც ვოსტანიკის შემთხვევაში, ტაძრეულთა ლაშქარი უპირისპირდება ერისთავთა ლაშქარს. ტაძრეულნი მეფის უახლოესი გარემოცვიდან შემდგარი მცველი რაზმია, რომელსაც სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ არჩილი უბოძებს კახეთს – მის უშალო მფლობელობაში მყოფ მიწა-წყალს. ამით მაღლდება ტაძრეულთა სოციალური სტატუსი – ისინი აზნაურთა, მაშასადამე, თავისუფალთა ფეოდალურ იერარქიაში იკავებენ თავის ადგილს.
ცნობილია, რომ ფეოდალიზაციის პროცესი ევროპაში სოციალური მობილურობის ხანაა, რომლის აუცილებელი თანმხლები მოვლენა არის სამხედრო არისტოკრატიის რიცხოვნების ზრდა და თავისუფალ მიწათმოქმედთა ჩამოცილება სამხედრო სამსახურიდან. „არჩილის ცხოვრება“ კარგად გვიხატავს, თუ როგორ ხდება მსახურთა კლასის გადასვლა სამხედრო სამსახურის პირობით მიწისმფლობელთა და წარჩინებულთა კლასში. ხსენებული პროცესის ამსახველად მიიჩნია „არჩილის ცხოვრების“ ეს ცნობა გია ანჩაბაძემაც. ავტორი მიუთითებს, რომ ეს ცნობა ფეოდალური ურთიერთობის გამარჯვების საბოლოო ეტაპს ასახავს. ამ დროს შეიცვალა ქართული ჯარის შედგენილობა. ჯარში დომინანტური ადგილი დაიკავა ფეოდალურმა ლაშქარმა, რომელიც შედგებოდა ფეოდალთა და აზნაურთა რაზმებისაგან. უწინდელი ერი (ხალხი-ჯარი), რომელიც მოლაშქრე მიწათმოქმედ თავისუფალ მეთემეთაგან შედგებოდა, ახლა თითქმის სრულიად გამქრალია. გლეხი-მიწათმოქმედი უკვე სამხედრო საქმეს ჩამოცილებულია, ხოლო ფეოდალური ლაშქრის შემადგენლობაში ამ ერის მხოლოდ ზედა ფენა – მსახურები მოექცნენ. სწორედ ამ გასამხედროებულ მსახურებად მიაჩნია გიორგი ანჩაბაძეს „არჩილის ცხოვრების“ ტაძრეულნი [29, 56-57].
იდეოლოგიის პლანში კაროლინგების არისტოკრატიაში შემდეგი პროცესი შეინიშნება: თავდაპირველად, კაროლინგური არისტოკრატია თავისი წარმოშობით, წინაპრებითა და ნათესაობით იმკვიდრებდა წარჩინებულთა სტატუსს, მაგრამ თანდათან სამხედრო საქმე სულ მეტად ხდება არისტოკრატიის პრეროგატივა. ამის პარალელურად ყალიბდება სამხედრო-არისტოკრატული იდეოლოგია. ამ იდეოლოგიის მიხედვით მხედრობა (მილიტია) წარმოგვიდგება როგორც ქრისტიანული იდეებისა და ღირებულებების, დაჩაგრულთა და ობოლთა, საბოლოოდ მთელი ეკლესიის – ქრისტიანი ხალხის დამცველი. და მხედრობაც უკვე თავს იმკვიდრებს არა დაბადებითა და წარჩინებული სანათესაოთი, არამედ თავისი სამხედრო პროფესიით; იმ პროფესიით, რომელიც თავად გახდა არისტოკრატიის დაბალი ფენების ლეგიტიმაციის საფუძველი [24, 67]. როგორც ითქვა, „არჩილის ცხოვრების“ მიხედვით, ჩანს, რომ სამხედრო ოპერაციებში ძირითადად არისტოკრატული ლაშქარი იბრძვის („ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერისთავთა და პატიახშთა“); ამ არისტოკრატიის ზედა ფენის იდეოლოგიური დასაყრდენი მეფეთა და ერისთავთა ნათესაობაა, მაგრამ იმავდროულად ჩანან ტაძრეულნი – სამხედრო სამსახურის შედეგად სოციალურ კიბეზე აღმავალი ახლად წარმომდგარი არისტოკრატია. რა უნდა ყოფილიყო მათი იდეოლოგიური დასაყრდენი, თუ არა ქრისტიანობის დასაცავად წარმოებული წმინდა ომი, რისი ნიშნებიც ჩანს „არჩილის ცხოვრებაში“. ეს ადამიანები „არჩილის ცხოვრების“ მიხედვით, იბრძვიან და იმარჯვებენ უფლის სახელით და ღვთისმშობლის მეოხებით. ამის შესახებ ზევით უკვე იყო საუბარი და სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მინდა აღვნიშნო მხოლოდ, რომ საქართველოში არჩილის ხანაში „მხედრობის“ იდეოლოგიის როგორც რაინდული ფენის ლეგიტიმაციის წყარო დამატებითი წყაროებით დადასტურებას მაინც საჭიროებს.
ამგვარად, „არჩილის ცხოვრება“ იდეოლოგიური დანიშნულების მქონე თხზულებაა, სადაც სამეფო სახლისა და ერისთავთა ძალაუფლების ლეგიტიმურობაზეა საუბარი. ფეოდალური არისტოკრატია თავის ძალაუფლებას სამეფო სახლთან ნათესაობითა და მათი დიდებული წინაპრებით (რომლებიც ამავე სახლის შარავანდით არიან შემოსილნი) განამტკიცებდა. ეს სამეფო სახლი ხოსროიანთა და გორგასლიანთა სახლია. თავად ბაგრატიონებიც ამ სახლთან ნათესაობით იმკვიდრებენ თავის სტატუსს და არა საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობით, როგორც ეს უფრო მოგვიანებით მოხდა.
3) ისტორიული სინამდვილე და „არჩილის ცხოვრების“ იდეოლოგიური ნარატივი
VII-VIII საუკუნეების მიჯნის ვითარების შესახებ მოგვითხრობენ უცხოური – სომხური, არაბული, ბერძნული წყაროები; არსებობს მოქცევაი ქართლისაის ცნობები (ერისთავთა სია) და არსებობს ასევე ეპიგრაფიკული წყაროების მონაცემებიც (ატენის სიონის ფრესკული წარწერა). ეს ცნობები მნიშვნელოვნად ავსებენ „ქართლის ცხოვრების“, კერძოდ, „არჩილის ცხოვრების“ ნარატივს ამ პერიოდის ისტორიულ-პოლიტიკური სურათის შესახებ. აშკარად გამოიკვეთება შემდეგი ვითარება: ამ ისტორიულ მონაკვეთში ბევრ ისეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომლის შესახებაც „არჩილის ცხოვრების“ ავტორი არაფერს გვეუბნება. ასახსნელია, რატომ დუმს „არჩილის ცხოვრება“?
VII საუკუნის მეორე ნახევარი და VIII საუკუნის პირველი ნახევარი საქართველოში არაბთა და ბიზანტიელთა (მათ მოკავშირე ხაზარებთან ერთად) ბრძოლისა და მეტოქეობის ასპარეზად იქცა. ამ პერიოდში რამოდენიმეჯერ შეიცვალა კავკასიის რეგიონში ძალთა თანაფარდობა ხან ერთი, ხან მეორე მხარის სასარგებლოდ.
მაგალითად, თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები ადასტურებენ, რომ 685-6 წელს ქართლში ბიზანტიელთა მხარდაჭერითა და უშუალო ხელშეწყობით ანტიირანული აჯანყება დაიწყო, რომლის მონაწილე ქართლის ერისმთავარი ნერსე იყო. დავით მუსხელიშვილი იმოწმებს თეოფანე ჟამთააღმწერლის ცნობას, რომლის მიხედვით 686 წელს ბიზანტიის იმპერატორმა „ლეონტი სტრატეგოსი გააგზავნა არმენიის წინააღმდეგ რომაული ჯარითურთ. ლეონტიმ გაჟლიტა სარკინოზები და დაუმორჩილა რომაელებს აგრეთვე იბერია, ალბანია, ბუკია და მიდია“. იოანე დრასხანაკერტელის ცნობით კი, VII საუკუნის 70-იან წლებში „ვინმე ბარაბას არაბთა ჯარისას, სძლევდა და სდევნიდა ნერსე ქართლის მთავარი“ [4, 357]. ამ წყაროთა საფუძველზე ავტორი სამართლიანად ასკვნის, რომ ქართლის ერისმთავარი ნერსე სომეხ-ქართველთა გაერთიანებული ჯარის მხედართმთავარია და მას აიგივებენ „მოქცევაი ქართლისაის“ ერისმთავარ ნერსესთან: „ნერსე და ძენი მისნი: ფილიპე, სტეფანოზ ადარნასე“ [25, 97]. ასეთი დასკვნა უფრო ადრე (1977) ჩამოაყალიბა გურამ აბრამიშვილმა თავის წიგნში „სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში“. შემდეგ ის ვახტანგ გოილაძემაც გაიზიარა.
„არჩილის ცხოვრება“, როგორც ცნობილია, არჩილის მამის – სტეფანოზის ზეობით იწყება. სწორედ მისი ან მისი უფროსი ძის – მირის ზეობის დროს მომხდარა ხსენებული ანტიარაბული აჯანყება კავკასიაში, რომელსაც ქართლის ერისმთავარი ნერსე ხელმძღვანელობდა. მაშ რატომ არაფერს ამბობს „არჩილის ცხოვრების“ მემატიანე ამ აჯანყების შესახებ და რატომ არ ახსენებს ის ნერსე ერისთავს. ის ხომ ასევე კარგადაა ცნობილი „მოქცევაი ქართლისაიდანაც“?
გურამ აბრამიშვილმა და ვახტანგ გოილაძემ კარგად აჩვენეს, რომ სტეფანოზ II-ის ქართლიდან ეგრისში გახიზვნა სწორედ ნერსესა და მისი მოკავშირე ბიზანტიელების მიერ მოწყობილი ანტიარაბული აჯანყების შედეგად მოხდა [20; 19]. გურამ აბრამიშვილი წერს: „ქართლის პოლიტიკურ სარბიელზე ნერსეს გამოჩენა და არჩილ II-ის ეგრისში განდევნა ბიზანტიური პოლიტიკური პროგრამის გამოხატულებაა“ [20, 45-46]. ვახტანგ გოილაძე სავსებით ეთანხმება გურამ აბრამიშვილს და დეტალურად განიხილავს ჯერ მამის სტეფანოზ II-ისა და შემდეგ არჩილის ეგრისში გახიზვნის მიზეზებს[19]. ეს მიზეზი კი შემდეგია: ბიზანტიური პოლიტიკური და სამხედრო წარმატებები კავკასიის რეგიონში.
ნათლად ჩანს ისიც, რომ „არჩილის ცხოვრების“ ავტორმა ძალიან კარგად იცის ნერსე ერისთავის ოჯახური ისტორიის და პოლიტიკური მოღვაწეობის დეტალები, მაგრამ საგანგებოდ ჩქმალავს მათ. გავიხსენოთ მისი ცნობა „ვინმე“ ადარნასე მთავრის შესახებ. ეს ადარნასე, როგორც გაირკვა, ნერსე დიდის შვილია და სწორედ მას გულისხმობს „არჩილის ცხოვრების“ მემატიანე, როცა ამბობს – „ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერისთავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს“. „არჩილის ცხოვრების“ ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადარნასე გვარად ბაგრატიონია, ხოლო მისი მამა (ნერსე) „მზახებულ იყო ბაგრატონიანთადვე“. მაშასადამე ძალზე დიდია ალბათობა, რომ მემატიანის დუმილი და მის მიერ მთელი რიგი პოლიტიკური მოვლენების მიჩქმალვა არჩილის დინასტიური ინტერესებით აიხსნას.
მაგრამ გარდა დინასტიური დაპირისპირებისა, ორ სახელისუფლო დაჯგუფებას განსხვავებული შიდა და გარე პოლიტიკური ორიენტაციაც ჰქონდა. ჩანს, არჩილის მხარდამჭერი გარეპოლიტიკური ძალა უფრო არაბები ყოფილან, ვიდრე ბიზანტიელები; სწორედ არაბთა მიერ მოპოვებული წარმატებები აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში VIII საუკუნის დასაწყისში „არჩილის ცხოვრების“ ავტორს წარმოდგენილი აქვს როგორც ქრისტიანობის გამარჯვებისა და ქვეყნის გაერთიანების იდილიური სურათი. არჩილის სიცოცხლის ბოლოს პოლიტიკური ვითარება შეცვლილა და არჩილი არაბებს უწამებიათ (745 წელს). ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ „არჩილის ცხოვრება“ ამ პოლიტიკური ვითარების ცვლილებამდე არჩილის სიცოცხლეში იწერებოდა.
როგორც დავინახეთ, სტეფანოზისა და არჩილის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთ ნერსე ერისთავს და შემდეგ მის ძეს, ბიზანტია უმაგრებდა ზურგს. სწორედ ამიტომ არ არიან დასახელებულნი ნერსე და მისი ძე ერისთავთერისთავთა უფალი სტეფანოზი (ანუ ატენის სიონის ფრესკული წარწერაშია დასახელებული და ამავე წარწერით სავსებით მყარად დათარიღებული არჩილის თანამედროვე სტეფანოზ III (710/11-739) „არჩილის ცხოვრებაში“. სამაგიეროდ, ეს პირები „მოქცევაი ქართლისაი“ ერისმთავართა სიაში არიან დასახელებულნი. ერისმთავართა „მოქცევაისეული“ სია კი, თავის მხრივ, არჩილსა და მირს, საერთოდ არ ახსენებს, და, ბუნებრივია, არც მათ დინასტიურ პრეტენზიებს ცნობს.
გამოდის, რომ „მოქცევაი ქართლისაი“ ერისმთავართა იდეოლოგიის გამომხატველი ისტორიული თხზულებაა, ხოლო „არჩილის ცხოვრება“ და „ქართლის ცხოვრების“ არჩილამდელი ტრადიცია – ხოსროიანთა დინასტიის. დინასტიის ლეგიტიმურობის პრობლემა რომ „არჩილის ცხოვრების“ საგანგებო ზრუნვის საგანია, ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე. რაც შეეხება „მოქცევაი ქართლისაის“, ის პირიქით, აშკარა პრობიზანტიური ორიენტაციით გამოირჩევა[30]. ერისმთავართა ბიზანტიური ტიტულატურის აღნიშვნა მისთვის აშკარად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე დინასტიური კავშირების მითითება. ყოველ შემთხვევაში, ერისმთავართა რომელიმე საგვარეულოსადმი კუთვნილების შესახებ თხზულება არაფერს ამბობს. საჭიროების შემთხვევაში „მოქცევაი ქართლისაის“ ავტორი უთითებს მხოლოდ ერისმთავრის წოდებას – კურაპალატი. მიუხედავად იმისა დამტკიცდება თუ არა პირველი ერისმთავრის – გვარამის ბაგრატიონობა და დანარჩენ – ყველა ან ზოგიერთ – ერისმთავართა ამავე საგვარეულოსადმი კუთვნილება, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თავად „მოქცევაი ქართლისაი“ არსად ახსენებს ბაგრატიონთა დინასტიას. ამის მიზეზად მიმაჩნია არა ის, რომ გუარამი და შესაბამისად მისი შთამომავალი ერისმთავრები არ ყოფილან გვარად ბაგრატიონნი (ზოგიერთი მათგანი მაინც), არამედ ის გარემოება, რომ ბაგრატიონთა დინასტიას იმ დროს, როცა „მოქცევაი ქართლისაი“ იწერებოდა (VII ს.), საკუთარი ბაგრატიონობა უზენაესი საერო ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყაროდ ჯერ არ მიაჩნდა. იგივე ტრადიციას მიჰყვება VII-VIII საუკუნეების ერისმთავართა სიაც, რომელიც აშოტ კურაპალატამდეა მიიყვანილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა „მოქცევაი ქართლისაის“ ისტორიული ქრონიკა დგებოდა, ბაგრატიონთა საგვარეულო გენეალოგია ჯერ არ იყო სამეფო დინასტიის იდეოლოგიურ საფუძვლად ქცეული. თუმცა, რახან ამჟამად „მოქცევაი ქართლისაის“ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ორიენტაციას არ ვიხილავ, ამის შესახებ სიტყვას აღარ გავაგრძელებ.
საინტერესოა, ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე „არჩილის ცხოვრების“ შიდაპოლიტიკური პროგრამის არსიც. არაერთგზის ითქვა, რომ ეს თხზულება ერისთავთა წრეშია წარმოშობილი და მისი იდეოლოგიის გამომხატველი უნდა იყოს. ის ამავე დროს „ხოსროიანთა“ მეფობის ლეგიტიმაციის ტექსტიც არის. აქ კიდევ ერთი დაპირისპირება იკვეთება. ეს არის დაპირისპირება მეფისა და ერისმთავრის ინსტიტუტს შორის: ერთ მხარესაა ერისმთავართა ინსტიტუტი „ერისთავთერისთავთა უფლის სტეფანოზ მამფალის“ სახით, რომელსაც უფრო ცენტრალისტური და უნიტარული პოზიცია ეკავა ალბათ, როგორც ამას მისი სახელწოდება გვეუბნება. ხოლო მეორე მხარეს დგას დევნილებიდან დაბრუნებული მეფე არჩილი, რომელიც კახეთში ზის და რეალურად მხოლოდ კახეთის მფლობელია. მისივე იდეოლოგიის გამზიარებელად და მხარდამჭერად ჩანან სხვა ერისთავებიც, რომლებსაც ხელს აძლევდა ლეგიტიმური, მაგრამ სუსტი მეფის ინსტიტუცია.
ამ კონტექსტში არ შემიძლია არ გავიხსენო მარიამ ჩხარტიშვილის მსჯელობა სტეფანოზ I ერისმთავრისა და კურაპალატის პოლიტიკური პორტრეტის დახატვის დროს. როგორც მკვლევარმა შენიშნა, ხსენებულ ერისმთავარს სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს „მოქცევაი ქართლისაი“ და „ქართლის ცხოვრება“. თუ „მოქცევაი ქართლისაის„ მიხედვით სტეფანოზ I „დიდი“ ერისმთავარია, და ამ ეპითეტით იგი ყველა სხვა დასახელებულ ერისმთავართაგან გამოირჩევა, „ქართლის ცხოვრება“ მას აშკარად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს: „ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა“ [1, 222]. მარიამ ჩხარტიშვილი ამ განსხვავებულ შეფასებათა მიზეზად სწორედ „მოქცევაი ქართლისაის“ და „ქართლის ცხოვრების“ განსხვავებულ იდეოლოგიურ პროგრამაზე მიუთითებს [31, 84-104]. ავტორის საფუძვლიანი მტკიცებით, სტეფანოზ ერისმთავარს „იერიში მიჰქონდა მთელ ფრონტზე, ქართლის ცენტრიდანულ ძალთა ერთიანი ბლოკის წინააღმდეგ. მის შემადგენლობაში კი საეკლესიო იერარქიასთან ერთად იყვნენ ადგილობრივი საერო ხელისუფალნი“ [31, 94]. ერისმთავართა იდეოლოგიის გამტარებლად მას „მოქცევაი ქართლისაი“ ესახება, ხოლო „ცენტრიდანულ ძალთა“ ინტერესების გამომხატველად – „ქართლის ცხოვრების“ ჯუანშერ ჯუანშერიანის ავტორობით ცნობილი ტექსტი, მისი ის ნაწილიც, რომელსაც ჩვენ „არჩილის ცხოვრებას“ ვუწოდებთ. განა იგივე შიდაპოლიტიკურ ძალთა დაჯგუფება არ იხატება მეფე არჩილისა და ერისთავთა „პარტიასა“ და „ნერსე ერისთავისა და სტეფანოზ III მამფალის“ პოზიციას შორის?
ამგვარად, „არჩილის ცხოვრებისა“ და პარალელური წყაროების განხილვამ დაგვანახა, რომ საქართველოში VIII საუკუნის I ნახევარში იდეოლოგიური და პოლიტიკური ძალები ასე იყო დაჯგუფებული: ერთ მხარეს იდგა – სუსტი „ხოსროიანი“ ლეგიტიმური მეფე, ერისთავები, (რომლებიც თავიანთი სახელოებისა და სამფლობელოების სამემკვიდრეოდ დაკანონებისათვის ზრუნავენ) და არაბული მმართველობა (რომელსაც ჯერ კიდევ გადამწყვეტი გამარჯვება კავკასიაში არ ჰქონდა მოპოვებული და ადგილობრივ დასაყრდენს საჭიროებდა ლეგიტიმური მმართველის სახით). მეორე მხარეს იდგა – ერისმთავრების იდეოლოგია, ბიზანტიური ორიენტაცია, ბიზანტიური პოლიტიკური მხარდაჭერა და სახელმწიფო ტიტულატურა, რომელიც ბიზანტიის სახელმწიფოს პოლიტიკური თეოლოგიით უნდა ყოფილიყო გამყარებული.
„არჩილის ცხოვრების“ სიმბოლიზმის, იდეების, სოციალური და პოლიტიკური პროგრამის განხილვამ დაგვარწმუნა, რომ ეს თხზულება არის მოვლენათა თანამედროვის მიერ აღწერილი ავთენტური წყარო. ამასთანავე ის ძლიერ იდეოლოგიზებული ნარატივია და ამიტომაც ისტორიულ სიმართლეს ძალზე სპეციფიკური სახით წარმოაჩენს. სამაგიეროდ, „არჩილის ცხოვრება“ ძვირფასი წყაროა VII-VIII საუკუნეების საქართველოში სოციალური და კულტურული იდენტობების, იდეოლოგიური და პოლიტიკური მიმართულებებისა და განწყობილებების შესასწავლად.
დამოწმებული ლიტერატურა
1. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა.
2. ლ. პატარიძე, მეფობის იდეა ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, IX, თბილისი, 2008.
3. პ. ინგოროყვა, ლეონტი მროველი ქართველი ისტორიკოსი VIII ს., ენიმკის მოამბე, X, 1941.
4. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003.
5. დ. მუსხელიშვილი, „ქართლის ცხოვრების“ უძველესი ნაწილის შედგენილობა და ჯუანშერის თარიღი, კრ.: „საქართველო ვახტანგ გორგასლის ეპოქაში“, თბილისი, 1999.
6. Джуаншер Джуаншериани, Жизнь Вахтанга Горгасала, Перевод, введение и примечания Г.В. Цулая, Тбилиси, 1986.
7. ე. ხოშტარია-ბროსე, ლეონტი მროველი და „ქართლის ცხოვრება“, თბილისი, 1996.
8. Аласания, Г. Г., Классификация грузинских письменных исторических источников, Тбилиси, 1986.
9. ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VIII, თბილისი, 1977.
10. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, IX, თბილისი, 1979.
11. გ. მამულია, პატრონყმობა, თბილისი, 1987.
12. ა. ბოგვერაძე, არაბი დამპყრობლები და ბრძოლა მათ წინააღმდეგ VII-VIII საუკუნეებში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, საქართველო IV-X საუკუნეებში, თბილისი, 1973.
13. Tangherlini, „It Happened Not Too Far from Here...“: A Survey of Legend Theory and Characterization~ Western Folklore 49.4 (October 1990:371-390) p. 85.
14. Dagron G., Emperor and Priest: The Imperial Office in Byzantium. Cambridge, 2003
15. ზ. კიკნაძე, ფარნავაზის სიზმარი, ჟურნ.: „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, #1, 1984.
16. კ. კეკელიძე, რამდენიმე, ჯერ კიდევ გაურკვეველი, ტერმინი ჩვენი საისტორიო მწერლობისა, წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბილისი, 1957.
17. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბილისი, 1965.
18. ვ. გოილაძე, როდის დაწესდა მირონის კურთხევა საქართველოში, ჟურნ.: „მნათობი“, #11-12, 1992.
19. ვ. გოილაძე, რატომ გადავიდა ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II ოჯახით ეგრისში? ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, #8, 2008.
20. გ. აბრამიშვილი, სტეფანოზ მამფლის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბილისი, 1977.
21. ვ. გოილაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი, თბილისი, 1991.
22. Anderson P., Passages from Antiquity to Feudalism, London, New-York, 1996, reprinted 2006.
23. Ganshof F. L., Feudalism. Translated by Philip Grierson, New-York, 1964, reprint in medieval Academy of America, 1996. 90
24. Le Jan R., Continuity and Change in the Tenth-Century Nobility, In: Anne J. Duggan (ed.) Nobles and Nobility in Medieval Europe, Concepts, Origins, Transformations, Woodbridge, 2000, reprinted, 2002.
25. მოქცევაი ქართლისაი, წგნ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელაშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი, 1963.
26. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა.
27. ა. ბოგვერაძე, ქართლის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური განვითარება IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 1979.
28. გ. მელიქიშვილი, სამეფო მიწათმფლობელობა, დამორჩილებული თემების წევრები – „გლეხნი“ და სამეფო მიწების პირობითი მფლობელი თავისუფალნი – „ტაძრეულნი“, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, თბილისი, 1970.
29. Анчабадзе Г., Источниковедческие проблемы военной истории Грузии, Исследование грузинских исторических сочинений), Тбилиси, 1990.
30. ე. აბაშიძე, ქართლის ცხოვრების წარმოქმნისა და განვითარების პრობლემები, თბილისი, 1993
Комментариев нет:
Отправить комментарий