вторник, 19 февраля 2019 г.

მონღოლთა გადასახადები საქართველოში (გ. ჟუჟუნაშვილი)

ყოველი ერისათვის უცხოელთა ბატონობა არის არა მარტო უბედურება, არამედ დიდი გამოცდაც. უცხოელ დამპყრობლებთან მჭიდრო კონტაქტების შედეგად ერი იძენს ფსიქიკის ახალ ნიშნებს, დამპყრობელთა ეროვნული კულტურისათვის და იდეოლოგიისათვის დამახასიათებელ ელემენტებს. თუ დაპყრობილმა ერმა შეძლო და ორგანულად გადაამუშავა და შეისისხლხორცა ნასესხები, იგი შეძლებს მონობისაგან საბოლოოდ თავის დაღწევას. ამ შემთხვევაში უცხოტომელთა ბატონობისაგან შეძენილი გამოცდილების სიკეთესა თუ ზიანზე საუბარი შეიძლება იმის მიხედვით, თუ რა სახით წარმოგვიდგა გათავისუფლებული ერი(ტრუბეცკოი 1993: 59-76).1
ცნობილი რუსი მოაზროვნის ნაღვაწიდან ვრცელი ამონარიდის მოყვანა დაგვჭირდა ჩვენი ნაშრომის მიზნების უკეთ გამოსახატავად. თავშივე შევნიშნავთ, რომ არ ვცილობთ მონღოლთარეაბილიტაციას. მხოლოდ გვსურს გავერკვეთ რამდენიმე საკითხში, რაშიც ხელს გვიშლის წყაროების მიერ ვითარების, ჩვენი აზრით, ზედმეტად დრამატიზებულად წარმოდგენა. სადავო და საკამათო ჩვენ მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებში შეიძლება მრავლად იპოვოს მკითხველმა, მაგრამ იმაში, რომ აღნიშნული პერიოდის ხელახალი განხილვა აუცილებელია, ვფიქრობთ, ყველა დაგვეთანხმება. ეს თუნდაც იმიტომ, რომ გავარკვიოთ საქართველომ ყველაზე ადრე ანუ XIV საუკუნის 30-იანი წლებისათვის, როგორ მოახერხა უზარმაზარი იმპერიის მარწუხებიდან თავის დაღწევა, იგი ხომ ამ იმპერიის ყველაზე პატარა ნაწილს შეადგენდა.
მსჯელობა გვექნება რამდენიმე სამონღოლო გადასახადის, გასაწვევთა თუ ზოგადად მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის შესაძლო ოდენობის და სხვა საკითხების შესახებ. მათ გარშემო არსებული ქართული წყაროები არასაკმარის ინფორმაციას გვაძლევს. უცხოური წყაროები კი მონღოლთა ბატონობის პერიოდის საქართველოს შესახებ საზოგადოდ მწირია. ამიტომ შევეცდებით საყაენოში შემავალ სხვა ქვეყნებში მიმდინარე მსგავსი მოვლენების ანალოგიით წარვმართოთ ჩვენი მსჯელობა.
* * *
მონღოლთა ელვისებური წარმატებების, მათ მიერ სამხედრო თუ სხვა სიახლეების გამოყენების შესახებ არაერთხელ დაწერილა. ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებთ. ჩვენ გვაინტერესებს მათ მიერ შემოტანილ-დამკვიდრებული სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ეს არც თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ახერხებს ბატონობის გავრცელებას და დიდი ხნის განმავლობაში მის შენარჩუნებას უზარმაზარ ტერიტორიაზე და არაერთ ხალხზე.
ჩინელი მოღვაწის ელუი ჩუ-ცაოს მიერ განხორციელებული ლიბერალური რეფორმების შედეგად მთელ იმპერაში დამყარდა ერთიანი ფისკალურ-ადმინისტრაციული სისტემა. პროვინციებში გამგებლების თანაშემწეები – „ტარუღაჩები“ 2 (ბარტოლდი 1963: 468, 536) პასუხს აგებდნენ აღწერაზე, გადასახადთა აკრეფაზე, რეკრუტების გაწვევაზე, რაიმე სამსახურის გამართულ მუშაობაზე და სხვა.3
მოღოლებმა შემოიღეს „აღთვალვის“ ათობითი სისტემა, რომლის მიხედვითაც საყაენო გაიყო ერთმანეთთან ურთიერთთავდებობით დაკავშირებულ უჯრედებად: ათეულები, ასეულები – სოფელი, ათასეული – მცირე ქალაქი, ათიათასეული – დუმანი – საოლქო ცენტრი.
ცნობილია, რომ ჩინეთისათვის ტრადიციული სისტემის დანერგვისას ელუი ჩუ-ცაოს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა სპარსელებისაგან, რომელნიც მათთან არსებული ტრადიციული „ჩათვლების“ სისტემის დანერგვას მოითხოვდნენ. საბოლოო ჯამში დამყარდა შერეული სისტემა.4
„ჩათვლების“ სისტემის დანერგვით დაკავებული ტერიტორიების მოსახლეობისაგან გასადახადების ამოღება შეეძლო ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც ახერხებდა მოცემულ რეგიონში დაწესებული გადასახადის აკრეფას. ეს არაკეთილსინდისიერი „მევახშის“ ხელში მოსახლეობის ძარცვის საუკეთესო საშუალება იყო (ბარტოლდი 1963: 535-536).5 რუსული „კორმლენიეს“ ეს პროტოტიპი მომავალში არაერთი აჯანყების მიზეზი გამხდარა და, როგორც ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, სწორედ ეს შეიქნა იმპერიის ნაადრევი დასასრულის დასაწყისი (ბერძენიშვილი 1966: 98).
მოგვიანებით ჩათვლების სისტემა გაუქმდა, მაგარამ ამ დროისათვის მონღოლთა ბატონობასაც წყალი შეუდგა ჩვენში.
მონღოლებმა დაპყრობილი ტერიტორიები დაყვეს ერთმანეთისაგან სტატუსით მეტად განსახვავებულ ნაწილებად: ა) ნებით დამორჩილებულნი; ბ) სახასო, იგივე ხასინჯუ (ჟამთააღმწერელთან „ულოსიანი“ ანუ „საუფლისწულო“) და გ) „ხმლით შოებულნი”.6
არსებული მონაცემებით ირკვევა, რომ ყველას თავისი წილი მოვალეობები აკისრია, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილია სახაზინო დავთრებში ჩარიცხული მიწები: „ურჩთა ქვეყანა მოისრვოდაო“ ამბობს ჟამთააღმწერელი (ყაუხჩიშვილი 1959: 190).
გადასახადთა მთელი სიმძიმეც ქვეყნის ამ ნაწილს დააწვა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია მოსაზრება, რომ სათათრო გამოსაღები მოიცავდა 40-მდე გადასახადს. ჩვენში დაწესებულია 14 სახის გადასახადი, რომლის საერთო მოცულობას კომლის წლიური შემოსავლების 60 % ითვლიან (ლომინაძე 1979: 553; პეტრუშევსკი 1960: 289; კარგალოვი 1967: 180; შაპირო 1987: 4, 59).
ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ რიცხვს, რადგან თანამედროვენი სამონღოლო გადასახადს (ზემოთაც აღვნიშნეთ) მშვიდად შეხვდნენ. 60 % გადასახადი კი „დრაკონულზე“ უფრო „დრაკონულია“. მემატიანეთა წუხილი გადასახადთა სიმძიმეზე შეინიშნება მოგვიანებით. ამის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად ვიტყვით.
იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხში გავერკვეთ, გვჭირდება დავადგინოთ: ა) რას წარმოადგენს „კომლი“; ბ) რამდენი ადამიანი გაიწვეოდა სამხედრო ბეგარის მოსახდელად და რამდენს უდრიდა იმდროინდელი საქართელოს მოსახლეობა? გ) რა ძირითად გადასახადებს იხდიდნენ და რამდენს?
ა) მონღოლური საგადასახადო სისტემის ანალიზისას ყველა განსახილველ ქვეყანაში ათვლის მინიმალურ ერთეულად გამოყოფილია „კომლი“, რასაც შეესაბამება რუსული «соха», სპარსული „ჯუფთი“, არაბული „ფადნი“ (პეტრუშევსკი 1960: 289). ეს ერთეული ყველგან თითქმის ერთნაირი იყო. მიწის ოდენობა კომლზე (რუსეთში «соха» ერთ ქცევა მიწას უდრიდა) განისაზღვრებოდა მიწის ხარისხით და შემოსავლის მიხედვით წესდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს არანაირი მონაცემები, თუ რა შემადგენლობისა იყო კომლი, თუ რამდენი კომლი იყო საქართველოში. ეს საკითხი გადაჯაჭვულია საქართველოს მოსახლეობის და სამხედრო ვალდებულთა ოდენობაზე, ამიტომ მათ ერთად განვიხილავთ. არც ერთ ქართულ წყაროში არ არის განმარტებული, თუ ათვლის ერთეულად მიჩნეულ კომლში ვინ ან რამდენი წევრი იანგარიშებოდა, მაგრამ ალბათ ეს იმ მიზეზის გამო, რომ იგი ტრადიციული იყო. სამაგიეროდ, მისი განმარტება აუცილებელია იქ, სადაც მსგავსი ტრადიცია ახლად მკვიდრდება და საჭიროა მკვეთრად განისაზღვროს ვის რა ვალდებულებები აქვს. მაგალითად, რუსეთში მიუთითებენ, რომ კომლი, ანუ «соха» შედგებოდა 2 მამაკაცისა და 2-3 ცხენისაგან (კარგალოვი 1967: 180; შაპირო 1987: 4, 59). მიწა, რომელიც იბეგრებოდა, შეადგენდა იმდენს, რასაც ამ შემადგენლობით და ერთი გუთნით კომლი ერთ დღეში დაამუშავებდა.
ბ) ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია მოსახლეობის ოდენობის შესახებ:
1) ჟამთააღმწერელზე დაყრდნობით ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ „აღთვალვა“ წარმოებდა ყოველ 9 სრულფუძიანი კომლიდან ერთი კაცი და ამ ანგარიშით გამოჰყავს 810000 კომლი (ანუ 810000 მამაკაცი) და მოსახლეობის ოდენობასაც ითვლის 4000000 ტოლად (ჯავახიშვილი 1982: 55).
2) ვახუშტი ბატონიშვილის მონაცემებით: „ხოლო 10 კუმმლს გლეხზედ მეათე მოლაშქრედ წამსვლელი გამოხდა დავითის სამეფოსაგან უ~ჩ~ (400 000) წამსლველი ლაშკარსა შინა“; იქვე აშიაზე მინაწერია: „მაშ კომლი კაცი იქნებოდა სულ ოთხი მილიონი“ (ყაუხჩიშვილი 1973: 215-216). ყოველ მეათეს გაყვანის შესახებ მონაცემები ემთხვევა პლანო კარპინის მონაცემებს (მალეინი 1957: 56-57).
3) ბ. ლომინაძე მიუთითებს, რომ საომრად ვარგის მამაკაცთა 20 % იწვევდნენ (ლომინაძე 1979: 554).7
პირველ მოსაზრებასთან დაკავშირებით ეჭვის აღმძვრელია შემდეგი მომენტები: ერთი რომ, ქართველებისთვის სამონღოლოში გამონაკლისს 18 კაციდან ერთის გაწვევას – არავინ დაუშვებდა; მეორეც – განა კომლში ერთი კაცის მეტი არ იყო? შესაბამისად, ეჭვი გვეპარება მოსახლეობის გამოთვლის სიზუსტეშიც.
რაც შეეხება მეორე მოსაზრებას: აქ გათვლის პრინციპი (ყოველი მეათე) კი ზუსტია, მაგრამ გადაჭარბებულად გვეჩვენება 400000 მოლაშქრე და აქედან გამოთვლილი 4 მლნ მოსახლეობა.
მესამე მოსაზრებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი: იგი საქართველოში შექმნილ ვითარებას არ უნდა ასახავდეს. არც ერთი მონაცემით 20 % გაწვევა არ დასტურდება.
შესაბამისად, ჩვენი აზრით, გამოდის შემდეგი: სულ გადიოდა 90000 მოლაშქრე. მოლაშქრედ გაჰყავდათ ყოველი მეათე მამაკაცი, კომლში იყო 2 მამაკაცი. გამოდის, რომ საქართველოში ყოფილა 900000 მამაკაცი ანუ 450000 ოჯახი (კომლი). საქართველოს მოსახლეობა უდრიდა 2.25 მლნ.
გ) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საყაენოში გავრცელებული იყო ორმოცამდე სხვადასხვა სახის გადასახადი. ამათგან აბსოლუტური უმრავლესობა იყო დროებითი. იბეგრებოდა ყველაფერი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გადასახადთა ოდენობა ადიოდა შემოსავლის 60 %. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევადარებთ ძირითადი გადასახადების ოდენობას და ერთ კომლზე შემოსავალს.
ცნობილია, რომ საყაენოში არსებობდა სამი სახის ძირითადი გადასახადი მიწაზე, სულადობრივ-კომლობრივი და საბაზრო მოსაკრებელი, რომელიც საქონლის ღირებულების 3 % შეადგენდა. ვინაიდან არ გვყოფნის მონაცემები საქართველოს მოსახლეობის შემოსავლებისა და ასევე გადასახადების ზუსტი ოდენობის შესახებ, კვლავ ანალოგიებს მივმართავთ:
უმთავრესი გადასახადი იყო „მალი“, იგივე „ხარაჯა“.8 ეს არის კომლობრივი გადასახადი და დამოკიდებული იყო კომლის შემოსავალზე. აღწერის შემდეგ იგი იქცა ფიქსირებულ გადასახადად და, როგორც აღნიშნავენ, მცირედი განსხვავებით ერთნაირი იყო მთელ საყაენოში. რაც მთავარია, იგი არცთუ დიდი უნდა ყოფილიყო. პლანო კარპინის თქმით, ეს იყო მეათედი შემოსავლისა; ამასვე ადასტურებენ რუსული წყაროებიც, რომლებიც უბრალოდ „მეათედად“ იხსენიებენ მას.
რუსეთში აღნიშნული გადასახადი შეადგენდა 98გ ვერცხლს (ტატიშჩევი 1965: 85, 210). მალაქიას ცნობით, ეს იყო 60 თეთრი, ხოლო ჯუვეინის ცნობით 7 დრაჰკანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მალაქიას და ჯუვეინის ცნობები წელიწადში გათვალისწინებულ გადასახადს აღნიშნავს, ხოლო რუსული წყარო ე.წ. „დიდ გამოსაღებს“ («дань великая»), რაც ვ. იანინის და ს. კაშტანოვის გამოთვლებით 7-8 წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა (იანინი 1983: 106; კაშტანოვი 1965: 45), მაშინ ამ მონაცემთა შედარებით გამოდის, რომ საყაენოში კომლიდან “დიდ გამოსაღებად” 100 გ ვერცხლის ოდენობის გადასახადს იღებდნენ. წელიწადში ეს გადასახადი შეადგენდა შემოსავლის 1.6-2 %, რაც 7-8 წლის განმავლობაში უტოლდებოდა მეათედს. ამ გამოთვლების შედეგად დგინდება, რომ კომლის წლიური შემოსავალი იყო 350 დირჰემი, 3000 თეთრი, ანუ 3750 კაპიკი, რაც შეადგენდა 37.5 მანეთს ანუ 59 დინარს, რაც, თავის მხრივ, უდრიდა 752 გ ვერცხლს. როდესაც 752 გ ვერცხლიდან გადასახდელი იყო 15 გ ვერცხლი, ეს როგორღაც ასატანი იყო, მაგრამ, როდესაც გადასახდელი ნაგროვები იყო და შეადგენდა 100 გ, ვითარებას უკვე საკმაოდ რთულდებოდა. ამით აიხსნება მემატიანეთა წუხილი, რომ მონღოლებს მოსახლეობის საკუთრება ერთიანად მიჰქონდათ.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება საქართველოს მაშინდელი შემოსავლის დადგენა და ასევე მოსახლეობის ოდენობის დაზუსტებაც. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას თუ გავითვალისწინებთ და მივიჩნევთ, რომ საქართველოში ცხოვრობდა 810000 კომლი, მაშინ ქვეყნის შემოსავალი ყოფილა 810000 X 59 = 47790000 დინარი; ჩვენი გამოთვლებით კი იგი უდრის: 450000 X 59 = 26550000 დინარს (ყაზვინი 1983: 47).9
ანალოგიას თუ მოვიშველიებთ და გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მსგავს პროვინციებში (აზერბაიჯანი) დაახლოებით 20 მლნ დინარი წლიური შემოსავალი აღირიცხებოდა (მალეინი: 1957: 56, 57), მაშინ ჩვენ მიერ მითითებული ციფრი რეალობასთან უფრო ახლოა.
ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ 1243 წლის ზავით დადებული გადასახადი 50000 პერპერა. აღნიშნულ გამოსაღებთან დაკავშირებითაც გვიჩნდება რამდენიმე კითხვა: ამ გადასახადის ზუსტი ოდენობა უცნობია. პლანო კარპინი, რომლის თხზულებაზე დაყრდნობითაც დგინდება მისი არსებობა, ცალსახა მონაცემებს არ იძლევა. იგი ერთგან მიუთითებს 40000, მეორეგან 50000, თუ 40000 (მალეინი: 1957: 56, 57). შეიძლება არსებითი განსხვავება არ იყოს, მაგრამ გაუგებარია, რატომ ავიღეთ მაინცდამაინც მაქსიმუმი? საინტერესოა ასევე ის, თუ რისთვის იხდიდნენ ქართველები ამ თანხას.
იგივე ავტორი შენიშნავს: „…რათა მათზე კვლავ არ ილაშქრონ და სხვებსაც ეშინოდეთ ღალატისო“ (იქვე).
ამ ცნობას აზუსტებს ჟამთააღმწერელი: „…წამოუვლინა ავაგ მოციქული ზავისა თხოვად და თქუა მათ წინაშე მისლვა; ხილვა და მსახურება და ხარაჯის მიცემა, და დადება ქუეყანისა მისისა და ითხოვა ფიცი და სიმტკიცე…“ (ყაუხჩიშვილი 1959: 189).
რის მიხედვით განისაზღვრა ეს თანხა?
ჩვენი აზრით, აქ ერთი საინტერესო ანალოგია შეიძლება გამოვიყენოთ. 1225 წელს ჯალალედდინმა ამიერკავკასიაში ლაშქრობისას შირვან-შაჰ აფრიდონ იბნ ფარიბურზას მოთხოვა მელიქ-შაჰის ხაზინისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც 5000 დინარს უდრიდა (ან-ნასავი: 202).
როგორც ჩანს, ამ გადასახადს გარკვეული ტრადიცია ჰქონდა. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილ გამოთვლებს თუ გამოვიყენებთ 50000 პერპერა პლანო კარპინისთან ბიზანტინი, ანუ აკადემიკოს ვ. ბარტოლდის განმარტებით დინარი უნდა უდრიდეს 650 კგ ვერცხლს (სირიული წყაროები 1960:77) 10 და იგი შეადგენდა 900 ოჯახის წლიურ შემოსავალს. ეს უდრის 43 ათასი ოჯახის, ანუ ჩვენი გამოთვლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 10 % წლიურ გადასახადს. ამ ფულით 1278 წელს ზამთრის შიმშილობისას გაზრდილი ფასების მიხედვით შეიძლებოდა შეეძინათ მაქსიმუმ 56 ტონა ხორბალი (ვერნადსკი 1997: 237).
საინტერესოა, რა შემოსავალს ფლობდა ქართველი მეფე? ამის შესახებ ქართული წყაროები არაფერს გვეუბნებიან და უნდა დავჯერდეთ ანალოგიებს.
რუსული წყაროების მონაცემებით დიმიტრი დონელის შემოსავალი შეადგენდა 75000 მანეთს (საფარგალიევი 1996: 364), ურდოელი ემირის შემოსავალი მერყეობდა 100000 და 200000 დინარამდე. ეს დამოკიდებული იყო ქვეყნის შემოსავალზე, კომლთა ოდენობაზე. თუ გავითვლისწინებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში 15 დუმანია, საქართველოში კი – 9, საქართველოს მეფის შემოსავალი უნდა ყოფილიყო ≈45000 მანეთი, ანუ 70000 დინარამდე. მაგრამ აქ მხედველობაშია მისაღები, რომ დასავლეთ საქართველოს, მოგვიანებით სამცხე-საათაბაგოს და ეკლესიის ქონებას დავით ულუ ვერ განკარგავდა, ძირითად გადასახადებს სწორედ ულუს განკარგულებაში მყოფი მიწები იხდიდნენ. აქედან გამომდინარე დავით ულუს მცდელობები ნარინის, ჯაყელთა და ეკლესიის ქონების დასაუფლებლად სავსებით გასაგები ხდება.11
გვინდა მცირედი კომენტარი გავაკეთოთ გადასახადთა კიდევ რამდენიმე სახეობის შესახებ. კერძოდ, შევეხებით სავაჭრო 3 % გამოსაღებს. როგორც ირკვევა, აღმოსავლეთში ეს იყო ტრადიციული გადასახადი და მონღოლებმა მას მხოლოდ სახელი შეუცვალეს და დამღა უწოდეს. ამ მოსაკრებელს იხდიდნენ ჩინეთშიც, არაბთა სახალიფოშიც. სავსებით ვეთანხმებით ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ „ჩინგიზ ხანს კარგად ჰქონდა შეგნებული ვაჭრობა-მრეწველობის დიდი მნიშვნელობა. ამიტომ პირადად ისიც და მისი მომდევნო ყაენებიც ცდილობდნენ ვაჭრებისა და ხელოსნებისათვის თითქოს ხელშეწყობის პირობები შეექმნათ“ (ჯავახიშვილი 1982: 42).
აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ქვეყანას, რომელიც ძირითადად ვაჭრებით სულდგმულობდა, ეს გადასახადი დაემძიმებინა. მძიმე იყო ალბათ ის, რომ ერთდროულად რამდენიმე წლისას კრებდნენ. როგორც ჟამთააღმწერლის მონაცემებიდან ჩანს, იბეგრებოდა მყიდველიც და გამყიდველიც.
ამავე პრობლემასთან არის დაკავშირებული „საიამე“ გადასახადიც. გზების მოწყობის გარეშე უზარმაზარ იმპერიაში ვაჭრობის შეუფერხებლად განვითარება წარმოუდგენელია. საგზაო გადასახადი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო და ყველა ეპოქაში მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს გადასახადი მძიმეთა კატეგორიას მიაკუთვნეს, მაგრამ არსად გვხვდება იმის განმარტება, რამდენი იამი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენში და, შესაბამისად, რა შემოსავალი მიჰქონდა. აქაც ანალოგიებს უნდა მივმართოთ.
ვ. ბარტოლდის მითითებით, ფოსტების (იამების) დაწესებით ცენტრალური ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ჯერ ერთი, ადმინისტრაციის მუშაობაში შეფერხებებს აიცილებდნენ თავიდან, და, მეორეც, მოსახლეობას იხსნიდნენ მოხელეთა მხრიდან შევიწროვებისაგან. ამ მიზნით იამები დაწესდა დასახლებული პუნქტებისაგან მოშორებით. ყოველ 1000 მოსახლისაგან მიჰყავდათ ერთი ძროხა და მასთან კაცი მის მოსავლელად. ჯუვეინის მიხედვით, ყოველ ორ დუმანს ერთი სადგური უნდა შეენახა. სხვა ვერსიით ყარაყუმიდან ჩინეთისაკენნ მიმავალ გზაზე არსებობდა 37 იამი ყოველ 5 ფარსაგზე (ბარტოლდი 1963: 537). ჯუვეინისა და ამ მონაცემების შედარებით წინააღმდეგობაში ვვარდებით – ჯუვეინის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აზერბაიჯანსა და საქართველოში უნდა ყოფილიყო 4-5 იამი, მეორე მონაცემებით კი მარტო აზერბაიჯანში გამოდის 19 იამი. მართალია, ქარვასლები და ფუნდუკები მგზავრისათვის ყოველ 30 კმ, ერთდღიანი საქარავნო გზის მანძილზე იყო, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ 1000-კაციანი გარნიზონით თუნდაც 9 იამი მაინც დაცული ყოფილიყო ჩვენში.
ამგვარად, როგორც ჩანს, მინიმალური ფისკალური ერთეული საყაენოში იყო ყველგან თითქმის ერთნაირი – კომლი, «соха», „ჯუფთი“, „ფადნი“ და მოიცავდა ერთ ქცევა (დღიურ მიწას), რასაც ამუშავებდა ორი მამაკაცი პირობითად ერთი გუთნით და 2-3 ცხენით (ან სხვა გამწევი საშუალებით). კომლში შედიოდა საშუალოდ ორი მამაკაცი. შესაბამისად, საქართველოში მოსახლეობდა 900000 მამაკაცი ანუ იყო 450000 კომლი, ხოლო მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა, საეკლესიო მიწებზე დასაქმებულთა გარდა, შეადგენდა 2.25 მლნ. კომლზე დაწესებული გადასახადი (მალი, ხარაჯა), შეადგენდა წლიური შემოსავლის 2 %, ხოლო „დიდი ხარკი“, იკრიბებოდა 7-8 წელიწადში ერთხელ და უდრიდა 100 გ ვერცხლს. სახასო მიწებიდან შემოსავალი უდრიდა 25 მლნ დინარს ანუ 325000 კგ ვერცხლს. შესაბამისად პერპერა უდრის 650 კგ ვერცხლს. არც სავაჭრო (დამღა) და არც საიამო (საფოსტო) გადასახდი არ უნდა ყოფილიყო უსაშველოდ დიდი; იამების ოდენობა საქართველოში არ აღემატებოდა 5, თუმცა ზოგადად მონღოლთა იმპერიაში 1000-კაციანი გარნიზონით უზრუნველყოფილი საფოსტო განყოფილება ჩვენში არ დასტურდება.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონღოლების მიერ შემოღებულ იქნა საკმაოდ მსუბუქი „ლიბერალური“, ადგილობრივ ტრადიციებთან შეთანხმებული საგადასახადო სისტემა, რომლის „მთავარი მტერიც“ სწორედ მისი „ლიბერალობა“ იყო, რის გამოც მოხელეთა (ჩამთვლელთა) თავნებობა ხშირად ზღვარს სცილდებოდა და იწვევდა იმგვარ საერთოსახალხო გულისწყრომას, რომელთა შესახებ ცნობებს ასე ხშირად ვხვდებით წყაროებში.
შენიშვნები
1. უნდა შევნიშნოთ, რომ მხოლოდ დამპყრობლებისაგან არ იძენენ გამოცდილებას. თავად დამპყრობლები, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მონღოლები მათ მიერ დაპყრობილი ხალხებისაგან ბევრს სწავლობდნენ. მონღოლთა განსაკუთრებული ღირსებაც იმაში მდგომარეობდა, რომ მათ სწრაფად აითვისეს და შემდეგ სწრაფადვე დანერგეს და გაავრცელეს ამგვარი გზით შეძენილი გამოცდილება (ბარტოლდი 1963: 529, 539).
2. ჩინურ ტერმინს „ტარუღაჩი“ შეესაბამება თურქული „ბასკაკი“. ჩვენში სწორედ ეს უკანასკნელი დამკვიდრდა.
3. სპეციალურ ლიტერატურაში მითითებულია, რომ მონღოლებმა შექმნეს ისეთი სისტემა, რომელმაც მათ სახელმწიფოზე დიდხანს იარსება (პოკროვსკი 1966: 77). ურთიერთდავდებობის სისტემამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ რუსეთში მან ძალიან დიდხანს იარსება და იქ გარკვეულწილად ბატონყმური სისტემის სიმძიმე განაპირობა.
4. უფრო კონკრეტული მაგალითები მრავლადაა ცნობილი და ქვემოთ განვიხილავთ. აქ დავამატებთ, რომ „მშვიდობის ჩამოგდების“ ანუ დაპყრობითი ომების შემდეგ მოსახლეობის ოდენობა გაიზარდა. სამონღოლო გამოსაღები კი იგივე რჩებოდა, მაგრამ „ჩამთვლელები“ თავიანთ სასიკეთოდ ზრდიდნენ სულადობრივ გამოსაღებს, რაც მოსახლეობის აღშფოთებას, ჩვეული ადგილებიდან აყრა-გახიზვნას იწვევდა. აღსანიშნავია შემდეგიც: ჩვენ ისტორიოგრაფიაში სამონღოლო ხარკად ითვლება ყველაფერი, რაც მათ დააწესეს, მაგრამ ხშირად არ კონკრეტდება ადრესატი, ვისთვისაც იკრიბებოდა გადასახადი. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ყაენი, მეფე, ეკლესია და სხვა. ჟამთააღმწერელთან ვხვდებით ერთ საინტერესო ცნობას: „…და განაწესა ძღუენი სოფლისაგან: ათასისა მხედრისა მთავარსა კრავი ერთი და დრაჰკანი ერთი, ხოლო ბევრისა მთავარსა ცხოვარი ერთი და დრაჰკანი ორი და მიზდი ცხენისა თეთრი სამი, დღისა ერთისა“ (ყაუხჩიშვილი 1959: 235). თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ათისთავები და ერისმთავრები – დუმანოინები ქართველი დიდებულები იყვნენ, მაშინ „სამონღოლო გადასახადის“ ეს ნაწილი ადგილობრივთა შესანახად დანიშნულა.
5. ამის შესახებ სიანტერესო ცნობებს გვაწვდის სხვადასხვა წყარო: ჟამთააღმწერელთან ესაა ეპიზოდი დავით ულუს აჯანყების შესახებ; ჰამდალაჰ ყაზვინთან – ხორასნელი მდივნების თავნებობათა აღწერა (ყაუხჩიშვილი 1959: 143-244; მასალები 1939: 147).
6. ჟამთააღმწერელთანაც ნათლად იკვეთება აღმოსავლეთ საქართველოს („ხმლით შოებული“) დასავლეთ საქართველოსა („ნებით მორჩილის“) და სამცხე საათაბაგოს (ხასინჯუ) შორის განსხვავება.
7. ამ მონაცემებს იძლევა ბარ ებრეი: „მონღოლთა ყაენმა ბრძანა, რომ სალაშქროდ ყოველი ათიდან ორი წავიდესო“ (სირიული წყაროები 1960: 60).
8. ეს გადასახადი 1231 წლის ყურულთაიზე დაადგინეს, როგორც „ღარიბებზე სახარჯო“ (მატიანეთა კრებული 1960: 36). სწორედ ამიტომ მეცნიერები მას ყურანისეულ „ზაქიასაც“ ადარებენ. როგორც ჩანს, ყველა სამონღოლო გადასახადი ტრადიციულია არა მარტო არაბულ-ირანული, არამედ ჩინური სამყაროსთვისაც და მონღოლებმა უბრალოდ სახელები შეუცვალეს და მთელს საყაენოს ტერიტორიაზე დანერგეს ერთიანი სისტემა (მუნკუევი 1965: 26, 28). თავად „მალი“ ანუ „ხარაჯა“ ასახავდა დამპყრობელთათვის უფლისაგან ბოძენულ ნებას ამ მიწაზე (იეორ ბატი).
9. საერთო შემოსავალში არ არის გათვალისწინებული საეკლესიო მიწები, არც ის მოსახლეობა, ვინც ამ მიწებს ემსახურებოდა. იმის ვარაუდით, თუ რა დავა-კამათია ამ შემოსავლების გარშემო ატეხილი დავით ულუს მეფობისას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ დიდი თანხასა და მნიშვნელოვან ცოცხალ ძალაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ნებისმიერ ეპოქაში მცხეთის კათედრალისათვის კუთვნილი მიწები მნიშვნელოვან ფონდს შეადგენდა.
10. ანალოგიისათვის დავამატებთ, რომ XVII საუკუნის შუა ხანებში ამ თანხის ნახევარს (შეადგენდა 5000 მანეთს) იხდიდა გაჩანაგებულ-გაპარტახებული კახეთი ირანის სასარგებლოდ, ხოლო 1675 წელს ამდენივე ვერცხლი საჩუქრად გამოუგზავნა ალექსი მიხეილის ძემ თეიმურაზ პირველს (ჟუჟუნაშვილი 1995).
11. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვლადიმირის დიდი მთავრები 75000 მანეთიდან სამონღოლო გამოსაღებს იხდიდნენ მხოლოდ 5000-7000 მანეთს, დანარჩენი თანხა მათ რჩებოდათ (გრეკოვი და იაკუბოვსკი 1988: 8).
დამოწმებები
ან-ნასავი: Ан-Насави. Жизнеописание султана Джалал ад-дина Макбурны. ელექტრონული ვერსია: vostlit.ru.
ბერძენიშვილი 1966: ნ. ბერძენიშვილი. ეპიზოდი ფეოდალურ საგვარეულოთა სამამულო ბრძოლიდან XIII საუკუნის საქართველოში. საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი III. თბილისი (1966).
ბარტოლდი 1963: В.В. Бартольд. Туркестан в эпоху монгольского нашествия. Сочинения. Том I. Москва (1963).
გრეკოვი და იაკუბოვსკი 1988: Б.Д. Греков и А.Ю. Якубовский. Золотая Орда и ее падение. Москва–Ленинград (1950).
ვერნადსკი 1997: Г.В. Вернадский. Монголы и Русь. Москва (1997).
იანინი 1983: В.Л. Янин. «Черный бор» в Новгороде XIV-XV вв. Куликовская битва в истории и культуре нашей Родины. Москва (1983).
იეორ ბატი: Йеор Бат. «Земии»: Христиане и еврей под властью ислама. ელექტრონული ვერსია: www.gumer.info.
კარგალოვი 1967: В.В. Каргалов. Внешнеполитические факторы развития феодальной Руси. Феодальная Русь и кочевники. Москва (1967).
კაშტანოვი 1965: ჩ.М. Каштанов. Финансы средневековой Руси. Москва (1988).
ლომინაძე 1979: ბ. ლომინაძე. მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII საუკუნის 40-იან – XIV საუკუნის 10-იან წლებში). საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტომი III. თბილისი (1979).
მალეინი 1957: Иоанн де Пеано Карпини, Архиепископа Антиваннийского. История монголов, именуемых нами татарами. Перевод А.И. Малейна. Москва (1957).
მატიანეთა კრებული 1960: Рашид ад-дин. Сборник летописей. Том II. Москва (1960).
მასალები 1939: Хамдаллах Казвини. Услада сердец. Материалы по истории Туркмен и Туркмении. Том 1. Москва (1939).
მუნკუევი 1965: Н.Ц. Мункуев. Китайский источник о первых монгольских ханах. Москва (1965).
პოკროვსკი 1966: М.Н. Покровский. Избранные пройзведения в 4 книгах. Книга I. Москва (1966).
პეტრუშევსკი 1960: И.П. Петрушевский. Земледеление и аграрные отношения в Иране XIII-XIV веках. Москва–Ленинград (1960).
ჟუჟუნაშვილი 1995: გ. ჟუჟუნაშვილი. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVII საუკუნის 40-იანი წლების შუახანებში. ქართული დიპლომატია (წელიწდეული), II. თბილისი (1995).
საფარგალიევი 1996: М.Г. Сафаргалиев. Распад Золотой Орды. На стыке континентов и цивилизаций. Москва (1996).
სირიული წყაროები 1960: Бар Эйбрей. Всеобщая история. Сириийские источники XII-XIII веков об Азербайджане. Баку (1960).
ტატიშჩევი 1965: В.Н. Татищев. История российская. Том 11. Москва–Ленинград: ПСРЛ (1965).
ტრუბეცკოი 1993: М. Трубецкой. О туранском элементе в русской културе. Россия между Европой и Азией: Евразийской соблазн. Москва (1993). ელექტონული ვერსია: http://www.gumer.info/bibliotek_buks.
ყაზვინი 1983: Хамдамах Кавзини. Услада сердец. Баку (1983).
ყაუხჩიშვილი 1959: ჟამთააღმწერელი. ქართლის ცხოვრება. ტომი 2. ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი (1959).
ყაუხჩიშვილი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსი. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ტექსტი დადგენილი ყველა ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი (1973).
შაპირო 1987: А.Л. Шапиро. Русское крестьянство перед закрепощением (XIV-XVI века). Ленинград (1987).
ჯავახიშვილი 1982: ი. ჯავახიშვილი. მონღოლნი, მათი სოციალ-პოლიტიკური წყობილება, ყოფაცხოვრება და კულტურული განვითარების დონე მე-12 საუკუნის დამლევსა და მე-13 საუკუნის დამდეგს. ქართველი ერის ისტორია. წიგნი III, ნაწილი I (XIII-XIV სს ). თხზულებანი 12 ტომად. ტომი III. თბილისი (1982).

Комментариев нет:

Отправить комментарий