пятница, 22 февраля 2019 г.

ირან-საქართველოს ურთიერთობები შაჰ სეფი I-ის ზეობის ხანაში (ნ. გელაშვილი)

       სეფიანთა ირანის და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში მრავალმხრივ საყურადღებო პერიოდია XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულიდან 40-იანი წლების დასაწყისამდე, რამდენადაც აღნიშნული ხანა არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტითა და მოვლენით აღინიშნა. სეფიანთა სახელმწიფოს სათავეში შაჰ სეფი I-ის (1629-42) მოსვლით ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო. ცნობილია, რომ შაჰ აბას I (1587 1629) თავისი ზეობის უკანასკნელ წლებში იძულებული გახდა ძალადობრივი მეთოდები საქართველოს მიმართ, უფრო ლიბერალურით შეეცვალა, რაც განპირობებული იყო ახლო აღმოსავლეთში და ამიერკავკასიის რეგიონში იმხანად შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. შაჰ აბას I-ის მიერ დაწყებული ახლებური, ე.წ. კომპრომისული კურსი რეალურად ცხოვრებაში მისი ტახტის მემკვიდრე შვილიშვილის – შაჰ სეფი I-ის ზეობის ხანაში განხორციელდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს საკმაოდ მძიმე ვითარება იყო: ქართველ მეფე-მთავართა უმეტესობა ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა, რაც ადეკვატურად აისახებოდა მათ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში სეფიანთა სახელმწიფოსთან, ოსმალეთის იმპერიასთან, რუსეთთან და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, ანუ მთლიანად გარე სამყაროსთან მიმართებაში. ამის მიუხედავად, თითოეული მათგანი, უთუოდ, ერთი საერთო მიზნისათვის იღვწოდა, რაც სამშობლოს უსაფრთხოების დაცვის ინტერესით იყო ნაკარნახევი. საამისოდ ისინი დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, გარკვეული დოზით დათმობებზეც მიდიოდნენ, მოქნილი პოლიტიკური თუ დიპლომატიური სვლების საშუალებით. ყოველივე ამის თაობაზე უხვი მასალა მოიპოვება როგორც ქართულ, ისე უცხოურ (სპარსულ, თურქულ, სომხურ, რუსულ და ევროპულ) წერილობით წყაროებში. სანამ უშუალოდ ირან-საქართველოს ურთიერთობებს განვიხილავდეთ, უპრიანია ორიოდე სიტყვით შაჰ სეფი I-ის პიროვნული პორტრეტის წარმოჩენა, რომლის ზეობის პერიოდშიც ჩვენთვის საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა. სამ-მირზა (ასე ერქვა მას გამეფებამდე) შაჰ აბასის უფროსი ვაჟის, სეფის ძე იყო, რომელიც შაჰს ქართველი ქალისაგან შეეძინა. 1615 წელს შაჰ აბასმა სეფი-მირზა ღალატის ეჭვის გამო მოაკვლევინა, თუმცა უფლისწული უდანაშაულო აღმოჩნდა და შაჰი თურმე ძალიან ნანობდა თავისი ქმედების გამო.1
კარმელიტების ქრონიკაგვაუწყებს, რომ სამ-მირზა 3 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს. ის ძალზე ჭირვეული, მგრძნობიარე და სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი იყო და შაჰ აბასის ბრძანებით, მას ოპიუმის დღიურ ნორმას ასმევდნენ.2
სამ-მირზას დედა კი, რომელმაც კარგად უწყოდა სასახლის კარის ინტრიგების შესახებ, შვილს განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა და ყველა ღონეს მიმართავდა, რომ ის ჯანმრთელი და ღონიერი გაზრდილიყო.3
ასეა თუ ისე, საისტორიო წყაროებიდან ცნობილია, რომ შაჰ აბასს ძალიან უყვარდა სამ-მირზა, ანებივრებდა და სწორედ მას მოიაზრებდა თავის მემკვიდრედ. როგორც ჩანს, ამით ის უსამართლოდ დასჯილი შვილის სისხლის გამოსყიდვას ცდილობდა, რომ სეფი-მირზას კუთვნილი სამეფო გვირგვინი მის ვაჟს მაინც რგებოდა.4
ადამ ოლეარიუსის ცნობით (რომელიც XVII საუკუნის 30-იან წლებში ირანში იმყოფებოდა ჰოლშტაინის ელჩობის შემადგენლობაში), როდესაც სამ-მირზა გაჩნდა, ორივე ხელი მას სისხლით ჰქონდა სავსე. შაჰ აბასს მაშინ უთქვამს: „ეს ბიჭი გვარიანად დაიბანს ხელებს სისხლში“.5
მართლაც, გამეფებისთანავე (მამის პატივსაცემად შაჰ სეფის სახელით) მან საშინელი სისხლისღვრა გააჩაღა, მტყუან-მართლის განურჩევლად, მთელი სისასტიკით სჯიდა და ხოცავდა შაჰ აბასის კარზე აღზევებულებს, ასევე თავის ნათესავებს. მას არც ნიჭი და ენერგია მოსდგამდა თავისი პაპისა, სახელმწიფო საქმეებიც ნაკლებად აინტერესებდა და უმეტეს დროს სმასა და გართობაში ატარებდა. ყოველივე ამას ხაზს უსვამენ თანამედროვე ირანელი მკვლევარებიც.6 საბოლოოდ სწორედ გადამეტებულმა სმამ იმსხვერპლა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. გარდაცვალებისას ის მხოლოდ 31 წლის იყო.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაჰ სეფის ზეობის პერიოდში არა ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც ის გულმოწყალებას, ხელგაშლილობას და სიკეთეს ამჟღავნებდა, ასევე რელიგიურ შემწყნარებლობას იჩენდა სხვადასხვა კონფესიების მიმართ.7
ასე რომ, საბოლოო ჯამში, შაჰ სეფი ძალზე წინააღმდეგობრივი ხასიათის და იმპულსურ პიროვნებად წარმოჩინდება. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, შაჰ სეფი I საქართველოსთან (კონკრეტულად, აღმოსავლეთ საქართველოსთან) მიმართებაში ცნობილია, როგორც ლოიალური და შემწყნარებლური პოლიტიკის გამტარებელი. თუმცაღა, ეს მეტწილად ქართლის ვალის – როსტომის (1633-58), იგივე ხოსრო-მირზა ბაგრატიონის დამსახურება იყო და არა უნიათო შაჰის რაიმე პოლიტიკური ალღოსი. ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ ხოსრო მირზას დიდი ძალისხმევის წყალობით ასცდა სეფიანთა სამეფო კარი დინასტიურ სისხლისღვრას და შაჰ აბას I-ის სურვილისამებრ, შაჰის ტახტი სამ-მირზამ დაიკავა. ფარსადან გორგიჯანიძის და ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ამიერიდან ხოსრო-მირზას ავტორიტეტი ირანში კიდევ უფრო ამაღლდა, მადლიერებით აღსავსე ახალგაზრდა შაჰი მას მამას ეძახდა,8 დიდ ნდობას უცხადებდა და რჩევებსაც მისგან იღებდა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას.
ამის შესახებ ვრცლად და ხატოვნად მოგვითხრობენ XVII საუკუნის ირანელი მემატიანეები (ისქანდერ მუნში, მოჰამად იუსუფი, მოჰამად მა’სუმი, მირ თემურ მარაში, მოჰამედ თაჰერ ვაჰიდი), აღსანიშნავია ასევე ევროპელ მისიონერთა და მოგზაურთა მონაცემები. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მირ თემურ მარაშის ცნობები, რომელიც დაწვრილებით აღწერს ხოსრო-მირზას წინდახედულ ნაბიჯებს და სიფრთხილეს იმ მისიის შესრულებისას, რომელიც შაჰ აბასმა თავისი ანდერძით მას დააკისრა.9
ხოსრო-მირზას მიმართ შაჰ სეფის განსაკუთრებული დამოკიდებულების ნათელ გამოხატულებას წარმოადგენდა მისთვის ქართლის სამეფო ტახტის ბოძება 1632 წელს. ამიერიდან მას როსტომი ეწოდა ქართლის ვალის ტიტულით, იმავდროულად ის „ძმობის მაღალი ტიტულის“ მატარებელი გახდა.10 შაჰ სეფი I-ის ოფიციალურ საბუთებში ის შემდეგნაირადაა მოხსენიებული: „ჩემი ძმა, ქართლის ვალი როსტომ-ხანი“.11 ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ შაჰ სეფი საქვეყნოდ აღიარებდა როსტომს თავის ტოლ-სწორად. სხვა საკითხია, ეს რეალურად ასე იყო თუ არა.
როსტომის ქართლში გამეფებაში ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა თეიმურაზ I-ის (1606-63) და დაუდ-ხან უნდილაძის მიერ განჯა-ყარაბაღში ორგანიზებულმა აჯანყებამ, რომელიც ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შაჰ სეფიმ სწორედ ასეთ დაძაბულ ვითარებაში გადაწყვიტა როსტომის საქართველოში გაგზავნა, როგორც მისთვის ძალზე სანდო ადამიანის და თანაც გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწისა (როსტომი იმ დროისათვის 67 წლის იყო). ირანში მუსლიმურ ტრადიციებზე აღზრდილი ქართველი ბატონიშვილი მართლაც შესანიშნავ კანდიდატურას წარმოადგენდა ქართლში გასამეფებლად. შაჰის ბრძანებით, უშუალოდ აჯანყების ჩასახშობად, როსტომის ამალას წინ უძღოდა ყიზილბაშთა ჯარი სპასალარ როსტომხან სააკაძის სარდლობით.12 ხსენებული ამბოხების პერიპეტიები კარგადაა ცნობილი ისტორიოგრაფიაში. კერძოდ, აჯანყებულები დამარცხდნენ, რის შემდეგაც თეიმურაზმა სამეფო ტახტი დაკარგა და მისი ადგილი 1633 წელს როსტომმა დაიკავა.13 დაუდ-ხანი მცირე ხანს საქართველოში იმალებოდა, შემდეგ კი ოსმალეთს შეაფარა თავი. განრისხებულმა შაჰ სეფიმ ირანში მყოფ უნდილაძეთა საგვარეულოზე იძია შური: უპირველეს ყოვლისა, დაუდ-ხანის უფროსი ძმა და მისი შვილები გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ კი თითქმის მთლიანად გაჟლიტა ეს საგვარეულო. თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც გადაურჩა ამ საშინელ რეპრესიებს.14 ისქანდერ მუნშის სიტყვით, „ალავერდიხანის მთელი საგვარეულო, რომელიც ისფაჰანიდან ომანის სანაპირომდე, ერთი თვის სავალ გზაზე ბატონობდა, წყეული დაუდის უღირსი საქციელის გამო, არარაობის ქარს მიეცა“.15
დევნილი და შეურაცხყოფილი თეიმურაზი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა ქართლში როსტომის მეფობას, წლების მანძილზე თავგამოდებით ებრძოდა მას. ამ ბატალიებში მას გვერდს უმაგრებდა იმერეთის მეფე გიორგი III (1605-39). არანაკლებ დრამატულ პროცესებში იყო ჩართული თეიმურაზი ცოტა უფრო ადრე  XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს. კერძოდ, როდესაც შაჰ აბას I გარდაიცვალა (1629 წ.) და ოსმალეთმა ომი განაახლა ირანის წინააღმდეგ, თეიმურაზ მეფე შეეცადა შექმნილი ქაოსური სიტუაციით ესარგებლა და ქართლის სამეფო ტახტი მეფე სიმონ II-ისათვის წაერთმია (რომელიც იმხანად ფაქტობრივად, სომხით-საბარათიანოს განაგებდა). საამისოდ ის ყველა ღონეს მიმართავდა და მალე ცნობილი გახდა, რომ სიმონ მეფე მოღალატურად მოკლა თეიმურაზ მეფის სიძემ – ზურაბ არაგვის ერისთავმა (1630 წ.), რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა თეიმურაზს ქართლის სამეფო ტახტის დაუფლება შესთავაზა. ქართულ საისტორიო წყაროთა ცნობით, თეიმურაზი არ ენდობოდა მოღალატე ზურაბს, უფრო მეტიც – მის თავიდან მოცილებას ესწრაფოდა და საამისოდ მკვლელიც მიუჩინა, რომელმაც არაგვის ერისთავი სიცოცხლეს გამოასალმა. ამის შემდეგ კი ირანის შაჰისათვის ერთგულების დამტკიცების მიზნით, მოკლული ზურაბის თავი გაუგზავნა და შეუთვალა, რომ ის სიმონ მეფის ღალატის გამო მოკლა.16 ფარსადან გორგიჯანიძე გვაუწყებს, რომ შაჰ სეფიმ მას საქციელი მოუწონა და ჯილდოდ „ქართლიცა და კახეთიც ბატონ თეიმურაზს მისცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს“.17 აღსანიშნავია, რომ ქართულ წყაროებში აზრთა სხვადასხვაობაა სიმონის მოკვლაში თეიმურაზის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბერი ეგნატაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის, მეფე არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა~ თანახმად, კახეთის მეფე ამაში უდანაშაულო იყო.18 ფარსადან გორგიჯანიძე, როსტომ მეფე (თავის 1648 წლის სიგელში), ანონიმური „პარიზის ქრონიკა“ (იგივე „ცხოვრება საქართველოისა“) კი თეიმურაზს ზურაბის თანამონაწილედ მიიჩნევენ სიმონის მკვლელობაში.19 ფრიად საყურადღებოა ისქანდერ მუნშის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მისი გადმოცემით, თეიმურაზმა სიკვდილით დასაჯა ორგული არაგვის ერისთავი, სიმონის მოკვლის გამო და ამის შესახებ შაჰს აცნობა. „მისმა უდიდებულესობამ ამ სამსახურის საზღაურად, ქართლი, თბილისის ციხის გამოკლებით, მის ვაჟს – გურგენ მირზას20 უბოძა, რომელსაც მემკვიდრეობის უფლება ჰქონდა დედის მხრიდან“. იქვე ავტორი დასძენს, რომ „თეიმურაზმა სასახლის ზღურბლზე სინამდვილე არასწორად მოახსენა“, შაჰმა კი ეს დაიჯერა21. ამრიგად, ნათელია, რომ ისქანდერ მუნშიმ, რომელიც ღრმად იყო ჩახედული სახელმწიფო საქმეებში, როგორც სასახლის კარის ისტორიკოსი, დაზუსტებით იცოდა, რომ თეიმურაზმა შაჰს სიმართლე დაუმალა.
1630 წელს ქართლში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ხატოვნად აღწერს იმხანად გორში მყოფი თეათინელი მისიონერი დონ ჯაკომო დი სტეფანო. რომში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ის აღნიშნავს, რომ თეიმურაზ მეფემ შაჰს ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო და შეუთვალა, რომ სიმონის სიკვდილში მისი ხელი არ ერია. შემდეგ კი თეიმურაზმა მასთან სტუმრად მოწვეული არაგვის ერისთავი თავის მცველს მოაკვლევინა. ეს ინფორმაცია და თეათინელ მისიონერთა სხვა წერილები იტალიელმა ავტორმა ბართლომეო ფერომ გამოაქვეყნა თავის ნაშრომში „თეათინელ მისიონერთა ისტორია“.22 სხვადასხვა წერილობით წყაროთა მონაცემების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ თეიმურაზ მეფე პირადად არ იყო დაკავშირებული სიმონ მეფის მკვლელობასთან, თუმცა ეს ზედმიწევნით ზუსტად მიესადაგებოდა მის ინტერესებს. მართლაც, ზემოხსენებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად, ირანის ხელისუფლების ხელდასხმით, თეიმურაზმა საწადელი აისრულა და ქართლის სამეფო ტახტი მიიღო. ისქანდერ მუნშის სიტყვით, შაჰის წყალობით ამიერიდან თეიმურაზის სამეფო აყვავებისა და აღმავლობის გზას დაადგა.23 მაგრამ თეიმურაზის კეთილგანწყობა ირანის ხელისუფლების მიმართ მოჩვენებითი აღმოჩნდა, რაც მალევე გამომჟღავნდა. ამის ნათელი დასტურია 1632 წელს დაუდ-ხან უნდილაძისა და მის მიერ ორგანიზებული აჯანყება, რის შესახებაც ზემოთ იყო საუბარი.
ამრიგად, განჯა-ყარაბაღის აჯანყების მარცხის შემდგომ ქართლის სამეფო ტახტი 1633 წელს როსტომმა დაიკავა. მისი ზეობის სხვადასხვა ასპექტები სათანადოდაა გაშუქებული ისტორიოგრაფიაში, ამასთან, არა ცალსახად; მკვლევართა ერთი ნაწილი მის მმართველობას დადებითად აფასებს, გარკვეული ნაწილი კი – უარყოფითად. ჯერ კიდევ აკად. ივ. ჯავახიშვილი ხაზს უსვამდა როსტომის ორბუნებოვან პოლიტიკას, კერძოდ, როგორც ირანული, ისე ქართული პოლიტიკის გამტარებელს.24 უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ შაჰ სეფის მიერ ხელდასხმული როსტომი ერთგულად და პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა იმავდროულად, შეფარვით თუ ღიად, თავისი მშობლიური მხარის საკეთილდღეოდაც იღვწოდა. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება მის საშინაო პოლიტიკაში თითქმის არ ერეოდა, მათ შორის, არც ქრისტიანობას დევნიდა. აქედან გამომდინარე, ქართლის მეფე ამ კუთხით ლოიალურობას იჩენდა. თავისი მეუღლის – მარიამის მხარდამხარ (რომელიც უაღრესად ღვთისმოსავი და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს დიდი ამაგდარი იყო), როსტომი თითქმის თანაბარ მზრუნველობას ამჟღავნდებდა მართლმადიდებლობის, კათოლიკობისა და გრიგორიანელობის მიმართ. ის არა მხოლოდ ეკლესიების აღდგენა-აღმშენებლობაზე ზრუნავდა, არამედ მატერიალურ დახმარებას უწევდა მათ და საქართველოს ფარგლებს მიღმა არსებულ მონასტრებსაც.25 საამისო მაგალითები მრავლად მოიპოვება განსახილველი პერიოდის ქართულ რეალობაში, რაც საუბრის ცალკე თემას წარმოადგენს. ამ კონტექსტში ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ შაჰ სეფი, როსტომის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულების გამო, ზოგ რამეზე თვალს ხუჭავდა. ამასთან, ამგვარი პოლიტიკა საქართველოს მიმართ შემუშავებული კომპრომისული ურთიერთობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, ამ ახლებური ურთიერთობის დამყარებას თან ახლდა ქართლის სამეფოს სახელისუფლებო სტრუქტურებში ირანული გავლენის გაძლიერება. კერძოდ, ზოგიერთი თანამდებობის ქართული დასახელება სპარსულით შეიცვალა (მაგალითად: ყორჩიბაში, სუფრაჯი, ნაზირი და სხვ.), თუმცა მათი არსი იგივე რჩებოდა.26 ქართულ სინამდვილეში სპარსულ-მუსლიმურმა ადათწესებმა მოიკიდა ფეხი, გარდა ამისა, ქართლში ყიზილბაშთა გარნიზონი იყო ჩაყენებული და თბილისში ფული შაჰის სახელით იჭრებოდა.27 საქართველოში ისლამისა და მუსლიმური ადათ-წესების გავრცელება არცაა გასაკვირი, მეზობელ მუსლიმურ სახელმწიფოებთან – ირანთან და ოსმალეთთან მისი იმჟამინდელი ურთიერთობის ფორმებიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, ფაქტია და ისტორიიდან ცალსახად ცნობილია, რომ ქართველი ერი სხვადასხვა საშუალებით შეურიგებელ ბრძოლას უცხადებდა უცხო სარწმუნოების დანერგვას მშობლიურ მიწა-წყალზე.28 როსტომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შიდა ომებისაგან და გარეშე მტრისაგან დაუძლურებულ ქართლის სამეფოში მშვიდობიანობის დამყარება და სამეურნეო-ეკონომიკური აღორძინების მიღწევა. ამასთან, ეს ყველაფერი ირანის სახელმწიფოებრივ ინტერესთა ჩარჩოს არ უნდა გადასცდენოდა, რასაც ის შესანიშნავად ახერხებდა.
ირანის ხელისუფლებამ მშვიდობიანი დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა აგრეთვე ოდიშის მთავართან – ლევან დადიანთან (1611-57) მას შემდეგ, რაც როსტომ მეფემ ცოლად შეირთო ლევანის და – მარიამი. ხსენებულ ქორწინებას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რამდენადაც ის მეტად ხელსაყრელი იყო როგორც ქართლის მეფისათვის საქართველოში პოზიციების განმტკიცების თვალსაზრისით, ისე ოდიშის მთავრისათვის; კერძოდ, როსტომთან ნათესაური კავშირის შეკვრა მას უადვილებდა ბრძოლას თეიმურაზისა და იმერეთის მეფის წინააღმდეგ, რომლებთანაც, როსტომის მსგავსად, ძველი მტრობა ჰქონდა. ისქანდერ მუნშის მომდევნო ხანის ირანელი მემატიანის მოჰამად იუსუფის ინფორმაციით, ლევანს იმისთვის სურდა როსტომთან დანათესავება, რომ „ამ გზით ქვეყნის საფარველის სასახლის ზღურბლის მონათა რიცხვში მოხვედრილიყო“29 ანუ ირანის შაჰის კარს დაკავშირებოდა. როსტომ მეფემ, როგორც შაჰ სეფის ხელდასხმულმა, თავისი დაქორწინების საკითხი ჯერ მასთან შეათანხმა. შაჰმა მოიწონა მისი არჩევანი და ძვირფასი საქორწილო საჩუქრებიც გამოუგზავნა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ თეიმურაზისა და იმერეთის მეფის, გიორგის ძალისხმევით ქორწინება ცოტათი გაჭიანურდა. საქმე ის იყო, რომ ქორწინების ჩაშლის მიზნით, მათ საომარი ოპერაცია წამოიწყეს. მოჰამად იუსუფის გადმოცემით, როსტომი და ოდიშის მთავარი, რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ მოწინააღმდეგეთა გეგმის თაობაზე, მათ იმერეთის საზღვართან ჩაუსაფრდნენ და სისხლისმღვრელი შეტაკების შედეგად, მტერი დაამარცხეს. ყოველივე ამის შემდეგ როსტომ მეფემ თავის სამფლობელოში დიდი ზარ-ზეიმით გადაიხადა ქორწილი.30 ანალოგიურად, მაგრამ უფრო მოკლედ მოგვითხრობენ ამ მოვლენათა შესახებ მოჰამად იუსუფის თანამედროვე მემატიანე მოჰამად მა’სუმი31 და ქართული საისტორიო წყაროები.32 ევროპელი ავტორებიდან საყურადღებოა იტალიელი მისიონერის დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის ცნობები, რომელიც განსახილველ პერიოდში სამეგრელოში იმყოფებოდა. მისი გადმოცემით, როსტომმა გადაწყვიტა ოდიშის მთავართან დანათესავება მის დაზე დაქორწინებით. „დადიანმა და როსტომმა გადაწყვიტეს ორივე მხრიდან ომი გაუმართონ იმერეთის მეფეს, რათა მერე შუაზე გაიყონ ეს მხარე იმ საბაბით, რომ იმერეთში გადმოხვეწილ თეიმურაზს იმერეთის მეფემ თავშესაფარი მისცა“.33
ცხადია, რომ ირანის პოლიტიკური მიზნებისათვის ოდიშის და ქართლის კავშირი ძალზე ხელსაყრელი იყო, უპირველეს ყოვლისა იმ თვალსაზრისით, რომ შაჰის ერთგული პიროვნება – როსტომი საქართველოში პოზიციებს გაიმყარებდა, ამასთანავე ლევან დადიანიც თავისი მომხრე დიდებულებითურთ, ირანის პოზიციების დამცველი ხდებოდა. ეს ყველაფერი კი იმერეთის წინააღმდეგ ერთობლივი წარმატებული ბრძოლის საწინდარს წარმოადგენდა და რაც მთავარია, ირან-ოსმალეთის ომის შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. როგორც ჩანს, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, „50 000 მარჩილი შაჰ სეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის“. მისივე ცნობით, ამას მალე მოჰყვა ოდიშის მთავრის მიერ ირანში ელჩობის გაგზავნა.34
ამრიგად, როსტომისა და ოდიშის მთავრის დამოყვრებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა მას ოსმალეთის ხელისუფლების მხრიდან. XVII საუკუნის თურქი ისტორიკოსის მუსტაფა ნაიმას გადმოცემით, ოსმალეთის სულტანი ძალზე შეაშფოთა საქართველოდან მიღებულმა ცნობამ როსტომის ქორწინების შესახებ, რადგანაც ამაში ის ხედავდა ოსმალეთის წინააღმდეგ მტრული პოლიტიკური ნაბიჯის გამოვლინებას როგორც ირანის, ისე ოდიშის მთავრის მხრიდან.
ამას ზედ დაერთო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ხელისუფლება, დადიანი, გურიელი და მათთან ერთად „30 ათასამდე საქართველოს ურწმუნო მოსახლეობა“ გაერთიანდნენ და შავი ზღვის სანაპირომდე მიაღწიეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს გონიოსა და ტრაპიზონის საზღვრებს.35 ანალოგიურია მეორე თურქი ისტორიკოსის, ქათიბ ჩელების მიერ მოწოდებული ცნობაც.36 ამის შედეგი იყო ის, რომ სულტანმა მურად IV-მ (1623-1640) სასწრაფოდ რადიკალური ღონისძიებების გატარება დაიწყო სასაზღვრო ტერიტორიების გასამაგრებლად. 1634 წელს ოსმალეთის ჯარი სამეგრელოში შეიჭრა და სასტიკად ააოხრა. ამის გამო დადიანი, შემდეგ კი გურიელიც იძულებულნი გახდნენ ოსმალეთის სულტნისათვის მორჩილება გამოეცხადებინათ.37
შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თეიმურაზ მეფემაც იცვალა პოლიტიკური ორიენტაცია (თუმცა დროებითი), როგორც როსტომთან, ისე შაჰ სეფისთან დამოკიდებულებაში. როგორც ჩანს, მან ადეკვატურად შეაფასა იმხანად არსებული ვითარება და კომპრომისზე წასვლა არჩია. კერძოდ, თეიმურაზმა ქართლის მეფეს შერიგება სთხოვა, შაჰ სეფის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კი განაცხადა, რომ მას თავისი ქალიშვილს – თინათინს გაუგზავნიდა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, გულმოწყალე როსტომმა თეიმურაზის თხოვნა შეისმინა და ამის შესახებ ირანის შაჰს აცნობა.38 ირანის ხელისუფლებისათვის თეიმურაზის შემორიგება მეტად დროული და სასურველი იყო, რამდენადაც ქვეყნის საგარეო ვითარება იმხანად საკმაოდ მძიმე იყო; როგორც ზემოთ აღინიშნა, ოსმალეთის საომარ ოპერაციებს ახორციელებდა ამიერკავკასიის რეგიონში, რითაც ახალი ბიძგი მიეცა ირანსა და ოსმალეთს შორის მიმდინარე გაუთავებელ ომს.
რაც შეეხება თეიმურაზის ქალიშვილის ირანში გამგზავრებას და მის შემდგომ ბედ-იღბალს, საისტორიო წყაროებში ამის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, შაჰის სურვილისამებრ როსტომმა თინათინი ძვირფასი მზითვით ირანში გაამგზავრა. საპასუხოდ, შაჰ სეფიმ თეიმურაზი კახეთის მეფედ აღადგინა, ჯამაგირი დაუნიშნა და ძვირფასი საჩუქრებიც გამოუგზავნა. თინათინი მან ცოლად შეირთო, მოგვიანებით კი, მისი ბრძანებით, ის მოუხრჩვიათ.39 რუსი ელჩების ე. მიშეცკისა და ი. კლუჩარევის ინფორმაციის თანახმად, რომლებიც 1640-1643 წწ. თეიმურაზ მეფესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კახეთში, თინათინი მოკლულ იქნა ირანის მომდევნო შაჰის, აბას II-ის (1642-1666) მიერ.40 თვალი გავადევნოთ სპარსულ წყაროთა მონაცემებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით. მოჰამად იუსუფის სიტყვით, „როდესაც თეიმურაზი ამბოხების ღრმა ძილიდან გამოფხიზლდა, დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, შაჰ სეფის თავისი ქალიშვილი გაუგზავნა“.
ამის სამაგიეროდ შაჰმა მას კახეთის სამეფო დაუბრუნა. სწორედ ამ დროს ირანში შეტყობინება მოვიდა იმერეთის მეფის, გიორგის გარდაცვალების შესახებ.41 აქ ირანელი მემატიანე აშკარად ურევს მოვლენების თანამიმდევრობას, რადგანაც შაჰ სეფიმ თეიმურაზი კახეთის მეფედ 1635 წელს აღადგინა, იმერეთის მეფე კი რამდენიმე წლის შემდეგ – 1639 წელს გარდაიცვალა. ანალოგიურია მოჰამად მა’სუმის ნაშრომში დაცული ინფორმაცია იმ განსხვავებით, რომ იქ მითითებულია, თითქოს როსტომმა თავად ჩაიყვანა თეიმურაზის ქალიშვილი ირანში და შაჰ სეფის მიჰგვარა.42 თინათინის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ კი სპარსულ წყაროებში არაფერია ნათქვამი.
ფრანგი მოგზაურის ჟან ბატისტ ტავერნიეს ცნობის თანახმად, მთვრალმა შაჰ სეფიმ თავისი დედის წაქეზებით, რომელსაც თინათინი სძულდა, მას ხანჯლით ყელი გამოსჭრა.43 ადამ ოლეარიუსიც მოგვითხრობს თინათინის ირანში ჩასვლისა და მასზე შაჰ სეფის დაქორწინების შესახებ, მაგრამ მისი შემდგომი ბედის თაობაზე არაფერს ამბობს.44 ცნობილია, რომ ოლეარიუსი ისფაჰანში 1637 წლის აგვისტოს დასაწყისში ჩავიდა, როდესაც კახეთის მეფის ასული უკვე შაჰ სეფის მეუღლეთა შორის ირიცხებოდა. თეათინელი მისიონერის დონ პიეტრო ავიტაბილეს გადმოცემით, თეიმურაზი 1634 წლის იანვრიდან მოყოლებული შიშით ელოდა ირანიდან ბრძანებას ქალიშვილის გაგზავნის თაობაზე, რომელიც თურმე უკვე 10 წელი ირანის შაჰის ცოლად ითვლებოდა. ამიტომაც მან ქართლის მეფეს მიაბარა თინათინი და „ახლა ყოველ წუთს უცდიან შაჰის მოსვლას მის წასაყვანად“.45 1635 წლის სექტემბერში თეიმურაზის მიერ რუსეთის მეფისადმი გაგზავნილ წერილიდან კი ჩანს, რომ მისი ასული, რომელსაც შაჰი დაჟინებით ითხოვდა, ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა“.46
ზემოთ ხსენებულ წყაროებში დაცული მონაცემების და ისტორიული მოვლენების განვითარების ანალიზი ცალსახად გვიჩვენებს, რომ თეიმურაზი ყველანაირად ცდილობდა შაჰისათვის მიცემული პირობის შესრულების გაჭიანურებას. საბოლოოდ, როგორც უკვე აღინიშნა, თინათინი მაინც აღმოჩნდა ირანის სამეფო კარზე, რაც სავარაუდოდ 1635 წლის შემოდგომიდან 1637 წლის აგვისტომდე დროის შუალედში უნდა მომხდარიყო.
საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის სასურველად დარეგულირების შემდეგ, შაჰ სეფი ოსმალეთთან მიმდინარე ომის პერიპეტიებზე გადაერთო. თავისი გარემოცვის თავდაჯერებულობით გულმოცემული შაჰ სეფი (რომელიც ნაკლებად ერკვეოდა სახელმწიფო საქმეებში) საომარ ფრონტზე სეფიანთა სახელმწიფოსათვის წარმატებული გარდატეხის მოხდენას იმედოვნებდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა; ყიზილბაშებს არ ძალუძდათ ოსმალთა მძლავრ შეირაღებულ ძალებთან გამკლავება, რომლებიც სულ უფრო წარმატებულ შეიარაღებულ ოპერაციებს ახორციელებდნენ ამიერკავკასიის რეგიონში.47 რამდენადაც ეს საუბრის ცალკე თემას წარმოადგენს, აქ მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლებით, რომ 1639 წელს ირან-ოსმალეთს შორის სამშვიდობო ზავი დაიდო, რომელიც ფაქტობრივად 1555 წლის ამასიის ზავის პირობებს იმეორებდა. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველო წილად ერგო სეფიანთა სახელმწიფოს, დასავლეთ საქართველო – ოსმალეთს. სიახლე კი ის იყო, რომ სამცხე-საათაბაგო მთლიანად ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა.48 
უშუალოდ საქართველო-ირანის ურთიერთობები XVII საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს უწინდებურად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ამის განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენდა ერთი მხრივ, როსტომ მეფის დაბალანსებული მმართველობის ფორმა და მეორე მხრივ, შაჰ სეფის გულთბილი დამოკიდებულება მის მიმართ, რაც მნიშვნელოვანწილად ზურგს უმაგრებდა როსტომს. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ ქართლში მშვიდობიანობამ დაისადგურა, შიდა ომებიც დროებით მინელდა და რაც მთავარია, შეწყდა გარეშე მტრის თარეში. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზოგადად საქართველოში სტაბილურობის განმტკიცებას საგრძნობლად ამუხრუჭებდა ქართველ მეფე-მთავრებს შორის არსებული დაპირისპირება. ეს კი თავის მხრივ, ხელს უშლიდა გარე სამყაროსთან ქვეყნისათვის სასარგებლო საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას.
შაჰ სეფი I მოულოდნელად გარდაიცვალა 1642 წლის მაისში (ის მხოლოდ 31 წლისა იყო), რის შემდეგაც მისმა ვაჟმა სულთან მუჰამად მირზამ დაიკავა სამეფო ტახტი შაჰ აბას II-ის სახელით (1642-66). მართალია, აღნიშნული დროისათვის ირანის ტერიტორიული საზღვრები და გავლენის სფეროები უფრო შემცირებული იყო, ვიდრე შაჰ სეფის გამეფებისას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ ქვეყანას არ ემუქრებოდა რაიმე სერიოზული გარეშე საფრთხე, განსაკუთრებით ოსმალეთის მხრიდან. ეს საკმაოდ პოზიტიური გარემოება მიეწერება არა იმდენად შაჰ სეფის, რამდენადაც განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე მაღალჩინოსნებს მის სამეფო კარზე.49 ამავე დროს, ფაქტია, რომ სწორედ შაჰ სეფის ზეობის ხანის მიწურულს გამოიკვეთა პირველად სუსტი მხარეები სეფიანთა სახელმწიფოს სტრუქტურებში, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მომდევნო ხანებში მმართველი სეფიანთა დინასტიის დაქვეითებასა და საბოლოო დამხობაში.
შენიშვნები
1. ჰოლშტინის ელჩობის დეტალური აღწერა მოსკოვსა და სპარსეთში 1633, 1636 და 1639 წლებში.; ნასროლა ფასლაფი, ზენდეგანი-ე შაჰ აბბას-ე ავვალ, II (თეირანი, 1954), 176 (სპარსულ ენაზე).
2. კარმელიტების ქრონიკის ცნობები პაპის მისიების შესახებ სპარსეთში მე-17-მე-18 საუკუნეებისა. თავი I.
3. მოჰამად აჰმად ფენაჰი სემნანი, შაჰ აბბას-ე ქაბირ მარდ-ე ჰეზარ ჩაჰრე (თეირანი, 1991),
258-9 (სპარსულ ენაზე).
4. ნანა გელაშვილი, შაჰ სეფი I-ის გამეფების საკითხისათვის. დავით კაციტაძე 80, რედ.
გიული ალასანია (თბილისი, 2009), 143.
5. ჰოლშტინის ელჩობის დეტალური აღწერა .. 861-2.
6. მაშქურ მოჰამმად ჯავად, თარიხ-ე ირან ზამან აზ რუგზარ-ე ბასთან თა ასრ-ე ზაჰერ
(თეირანი, 1977); სემნანი, შაჰ აბბას-ე ქაბირ მარდ-ე ჰეზარ ჩაჰრე, 265-6.
7. Vera B. Moreen, “The Status of Religious Minorities in Safavid Iran 1617-61, Journal of Near Eastern Studies, vol. 40, N2 (1981), 179; The Cambridge History of Iran, vol. 6, The Timurid and Safavid Periods, ed. by Peter Jackson and Laurence Lockhart (Cambridge, 1986), 280.
8. ფარსადან გორგიჯანიძე, „ისტორია“, გამომცემელი სარგის კაკაბაძე, საისტორიო
მოამბე, 2 (1925), 238; ვახუშტი ბატონიშვილი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“,
ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.
ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV (თბილისი, 1973), 441.
9. ნანა გელაშვილი, „მირ თემურ მარაშის ცნობები საქართველოს შესახებ“, ივ.
ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 338 (2001), 152-3.
10. მოჰამად იუსუფ, ხულდ-ე ბარინ, ბე თასჰიჰ-ე სოჰიელ ხანსარი (თეირანი, 1939), 238 (სპარსულ ენაზე); ისქანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, სპარსულ ტექსტს გამოკვლევა, ქართული თარგმანი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა (თბილისი, 1981), 57.
11. ვლადიმერ ფუთურიძე, სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი I, ნაკვ. I ( თბილისი, 1961), 48.
12. მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, 58.
13. ნანა გელაშვილი, „ერთხელ კიდევ როსტომ-ხანის ქართლში გამეფების საკითხისათვის“, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 2 (1993), 28-9.
14. ნანა გელაშვილი, „უნდილაძეთა საგვარეულო ირანის კულტურულ ასპარეზზე“, სამეცნიერო პარადიგმები, პროფ. ნათელა ვაჩნაძისადმი მიძღვნილი კრებული (თბილისი, 2009), 236-7.
15. მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, 59.
16. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი“, ქართლის
ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959), 415; ვახუშტი, „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, 437.
17. გორგიჯანიძე, „ისტორია“, 238.
18. ბერი ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი“, 413; ვახუშტი,
„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, 437; არჩილი, „გაბაასება თეიმურაზისა და
რუსთაველისა“, ჩვენი საუნჯე, ტ. 4 (თბილისი, 1960), 232.
19. გორგიჯანიძე, „ისტორია“, 236; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა
და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თედო ჟორდანიას მიერ, წიგნი II (თბილისი, 1897), 461-3; ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი მოამზადა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გიული ალასანიამ (თბილისი, 1980), 92.
20. აქ, უთუოდ, დავით (დათუნა) ბატონიშვილი უნდა იგულისხმებოდეს.
21. მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, 54.
22. Bartlomeo Ferro, Istoria della Missioni de Chierici Regolari Teatini con le Descricione de Regni, de Quattro Regni della Georgia: Iberia, Odishi, Gurieli, Imereti, t. I (Roma, 1704), 120; ილია ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნთსაცავებში, ტ. III (თბილისი, 1987), 173.
23. მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება, 54.
24. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV (თბილისი, 1967), 132.
25. გულქან ჟორჟოლიანი, საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში (თბილისი, 1987), 55-7; გივი ჟორდანია, ზურაბ გამეზარდაშვილი - კათოლიკური მისაი და საქართველო. ნაწ. პირველი, თბ. 1994 (რუს)
26. ვალერიან გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI – XVII საუკუნეებში
(თბილისი, 1958), 270.
27. თინათინ კუცია - საქართველო და სეფევიდური ირანი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. (რუს) 25-7.
28. კარლო კუცია, „სეფიანთა ირანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობის
რელიგიური ასპექტი“, სადიცატიო, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი (თბილისი, 2001),
369; ნანა გელაშვილი, „რელიგიური ასპექტი როსტომ მეფის მმართველობაში (1633-1658)“, ნოდარ შენგელია 75, რედ. როინ მეტრეველი (თბილისი, 2008), 121-2.
29. იუსუფი, ხულდ-ე ბარინ, 158.
30. იქვე, 159.
31. მოჰამად მა’სუმ, ხულასათ ას-სიიარ, პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის
ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილება, მიკროფილმი 127, 80ა-80ბ (სპარსულ ენაზე).
32. ეგნატაშვილი, „ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი“, 419; ვახუშტი, „აღწერა
სამეფოსა საქართველოსა“, 441, 828; ცხოვრება საქართველოისა (პარიზის ქრონიკა), 51.
33. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქართველოზე, XVII საუკუნე, იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ (თბილისი, 1964), 34.
34. გორგიჯანიძე, „ისტორია“, 241-2.
35. მუსტაფა ნაიმა, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თურქული ტექსტი
ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა ნოდარ
შენგელიამ (თბილისი, 1979), 190.
36. გიული ალასანია, „საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი ქათიბ ჩელების
ცნობათა შუქზე“, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 2
(1973), 236.
37. მიხეილ სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები (თბილისი, 1990),
237.
38. გორგიჯანიძე, „ისტორია“, 244.
39. იქვე.
40. მიშეცკისა და კლიუჩარევის ელჩობა კახეთში. (რუს.)
41. იუსუფი, ხულდ-ე ბარინ, 230.
42. მა’სუმი, ხულასათ ას-სიიარ, 164 ბ.
43. Johann Baptista Tavernier, Beschreibung der Sechs Reisen in Turkey, Persien und Indien (Genf, 1681), 285.
44. ჰოლშტინის ელჩობის დეტალური აღწერა  , 879.
45. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე), შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბეჟან გიორგაძის (თბილისი, 1977), 68.
46. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიული მასალები. (რუს)
47. ნაიმა, ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 75-7; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები
საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 91.
48. მიხეილ სვანიძე, თურქეთის ისტორია (თბილისი, 2007), 208-9.
49. The Cambridge History of Iran, 288.
ბიბლიოგრაფია
ავიტაბილე დონ პიეტრო. ცნობები საქართველოზე (XVII საუკუნე). შესავალი, თარგმანი და კომენტარები ბეჟან გიორგაძის. თბილისი, 1977
ალასანია გიული. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი ქათიბ ჩელების ცნობათა შუქზე. მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 2, 1973
არჩილი. გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა. ჩვენი საუნჯე. ტ. 4. თბილისი, 1960
ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV. თბილისი, 1973
გაბაშვილი ვალერიან. ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში. თბილისი, 1958
გელაშვილი ნანა. ერთხელ კიდევ როსტომ ხანის ქართლში გამეფების საკითხისათვის. მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 2, 1993
გელაშვილი ნანა. მირ თემურ მარაშის ცნობები საქართველოს შესახებ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 338, 2001
გელაშვილი ნანა. რელიგიური ასპექტი როსტომ მეფის მმართველობაში (1633-1658). ნოდარ შენგელია 75. რედ. როინ მეტრეველი. თბილისი, 2008
გელაშვილი ნანა. შაჰ სეფი I-ის გამეფების საკითხისათვის. დავით კაციტაძე 80. რედ. გიული ალასანია. თბილისი, 2009
გორგიჯანიძე ფარსადან. ისტორია. გამომცემელი სარგის კაკაბაძე. საისტორიო მოამბე, 2, 1925
ეგნატაშვილი ბერი. ახალი ქართლის ცხოვრება. პირველი ტექსტი. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბილისი, 1959
იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო სერგი ჯიქიამ. თბილისი, 1964
იუსუფ მოჰამად. ხულდ-ე ბარინ. ბე თასჰიჰ-ე სოჰიელ ხანსარი. თეირანი, 1991 (სპარსულ ენაზე)
კუცია კარლო. სეფიანთა ირანისა და აღმოსავლეთ საქართველოს ურთიერთობის რელიგიური ასპექტი. დედიცატიო, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი. თბილისი, 2001
მა’სუმ მოჰამად. ხულასათ ას-სიიარ. პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ხელნაწერთა განყოფილება, მიკროფილმი 127 (სპარსულ ენაზე)
მუნში ისქანდერ. აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება. სპარსულ ტექსტს გამოკვლევა, ქართული თარგმანი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ნანა გელაშვილმა. თბილისი, 1981
ნაიმა მუსტაფა. ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევებითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა ნოდარ შენგელიამ. თბილისი, 1979
ჟორჟოლიანი გულქან. საქართველო XVII საუკუნის 30-50-იან წლებში. თბილისი, 1987
სემნანი მოჰამად აჰმად ფენაჰი. შაჰ აბბას-ე ქაბირ მარდ-ე ჰეზარ ჩაჰრე. თეირანი, 1991 (სპარსულ ენაზე)
სვანიძე მიხეილ. საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები. თბილისი, 1990
ტაბაღუა ილია. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. ტ. III. თბილისი, 1987
ფალსაფი ნასროლა. ზენდეგანი-ე შაჰ აბბას-ე ავვალ, II. თეირანი, 1954 (სპარსულ ენაზე)
ფუთურიძე ვლადიმერ. სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში. წიგნი I, ნაკვ. I. თბილისი, 1961
ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თედო ჟორდანიას მიერ. წიგნი II. თბილისი, 1897
ცხოვრება საქართველოსა (პარიზის ქრონიკა). ტექსტი მოამზადა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო გიული ალასანიამ. თბილისი, 1980
ჯავად მაშქურ მოჰამმად. თარიხ-ე ირან ზამან აზ რუგზარ-ე ბასთან თა ასრ-ე ზაჰერ. თეირანი, 1977 (სპარსულ ენაზე)
ჯავახიშვილი ივანე. ქართველი ერის ისტორია. ტ. IV. თბილისი, 1967
ჯუდიჩე მილანელი დონ ჯუზეპე. წერილები საქართველოზე, XVII საუკუნე. იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ. თბილისი, 1964.

Комментариев нет:

Отправить комментарий